ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
12 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

კეთრი

0

 

ჩვენ შორის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების სტილითა და ყაიდით გარშემო მყოფთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ. ხშირად მათდამი ინტერესი იმდენად ცხოველია, რომ თაობებს გაჰყვება ხოლმე ჭორ-მართლად. ყველა ჩვენგანი ერთ ასეთ ნაცნობს მაინც გაიხსენებს.

ათი თუ თხუთმეტი წლის წინ ცხოვრობდა ერთი ასეთი ადამიანი – დავითო. ომიანობის შემდეგ ფშავიდან შირაქში გადასახლებულიყო ფშაველ-ხევსურ-მთიულთა დიდი მიგრაციის დროს. ხატის ხელმკადრე გახლდათ, ამიტომ ათენგენობას ფშავში ბრუნდებოდა ხატისა და ხალხის სამსახურისთვის. პირველად რომ ვნახე, სამოცდაათს კარგა ხნის გადაცილებული იქნებოდა. დრო-ჟამს კვალი დაეჩნია მისთვის – სახე მთის ფერდობივით დაღარვოდა, დაკოჟრილი ხელები მიწიდან ამოჩრილ მუხის ფესვებს მიუგავდა, წელში გამართვაც უჭირდა და მუხლიც ღალატობდა. ერთადერთი, რისთვისაც წლებს ვერაფერი დაეკლო, ხმა და გამოხედვა იყო. ჩაწითლებული უპეებიდან თვალებს ისევ ძველებურად აბრიალებდა. ხმაც ძველებურად ომახიანი ჰქონდა. მისი ნათქვამი დიდება ავის გორიდან მაღლა უბისთავს სწვდებოდა. სიტყვა არ აეროდა. ფშავ-ხევსურეთისა და სრულიად საქართველოს წმინდანებს უკლებლივ ჩამოთვლიდა დალოცვისას. ბებერი ხარისა რქებიცა ხნავენო, მასზე იყო ნათქვამი. სწორები „ოქროს მგელს“ ეძახდნენ, ბალღები კი „მგელს“ ვერ ვკადრებდით და – ოქრო პაპას.

ერთხელ თბილისისკენ მომავლებს დაგვემგზავრა. უკანა ფშავიდან ჟინვალამდე გზა ვიწრო ხეობაში, არაგვის პირას მოიკლაკნება, სოფლები კი ხეობის ორივე მხარეს, ფერდობებზეა შეფენილი. სოფელ სწროფავს რომ გავუსწორდით, მანამდე მდუმარედ მჯდომმა ოქროს მგელმა ამოიგმინა და მსწრაფლ მიიბრუნა სახე. მისი ეს მოძრაობა უკანა ხედვის სარკეში დავიჭირე – ჩაწითლებული თვალები ცრემლს აევსო. ვერ მოვითმინე და მიზეზი ვკითხე. მოკლედ მოჰყვა: ახალგაზრდობაში იქ უცხოვრია, დაოჯახებულა კიდეც, შვილებიც შესძენია, მერე კი „ისპანკა“ გაჩენილა და ყველა წაურთმევია… უკანასკნელი შვილის ცხედარი მარტოს წაუთრევია მარხილით წელამდე თოვლში, მარტოს ამოუთხრია საფლავი და მარტოსვე დაუმარხავს… სოფელს ისე ეშინოდა, ახლოს ვერავინ გაჰკარებია…

ეპიდემია მხოლოდ ამ მიყრუებულ სოფლის მკვიდრთ როდი სცემდა თავზარს – დროდადრო მთელ ევროპას გადაუვლიდა ქარიშხალივით კეთრის, ქოლერის, ტიფისა თუ სხვა სახელით და მილიონობით სიცოცხლესთან ერთად გადარჩენისა და მშვიდად ცხოვრების იმედსაც ანადგურებდა…

დღეს ეპიდემიები ისე ვეღარ გვაშინებს. დაგვრჩა უკურნებელი სნეულებანი, მაგრამ, იმედი გვაქვს, კეთრისა თუ ისპანკის მსგავსად, მათაც მალე მოვუგრეხთ კისერს. ოღონდ ერთი ახალი უცნაური სნეულება შემოგვეჩვია – ქიმიის შიში. სწორედ იმ ქიმიისა, რომელმაც ზემოთ ჩამოთვლილი ეპიდემიებისგან გვიხსნა.

დღეს თუ პროდუქტი თვალში არ მოგვდის, ქიმიურია, თუ საიმედო გვეჩვენება – ბუნებრივი. სამწუხაროდ, ასეთი კლასიფიკაცია ჩემი კოლეგებისგანაც გამიგონია, რომელთაც ავიწყდებათ, რომ „ბუნებრივი“ მასალებიც „ქიმიური“ მოლეკულებისგან შედგება. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული წარმოდგენა, თითქოს ბუნებრივი უეჭველად უსაფრთხოს ნიშნავს. რიცინის – ბუნებრივი ტოქსინის – სადარი შხამი ადამიანის ხელს ჯერ არ შეუქმნია. და რიცინი ერთადერთი არ არის…

დროა, მასალების დაყოფისას უფრო „მეცნიერული“, კორექტული მიდგომები გამოვიყენოთ. ბუნებაში სულ სამი სახის მასალა არსებობს: ბუნებრივი, ხელოვნური და სინთეზური. პირველის შემოქმედი ბუნებაა. მეორეც ბუნებრივი პროდუქტია, ოღონდ ადამიანის ხელით შექმნილი თითქმის იმავე მეთოდებით. სინთეზური კი ეწოდება მასალას, რომელიც ადამიანის გონებისა და შრომის ნაყოფია. აპრიორულად არც ერთი მათგანი არ შეიძლება მივაკუთვნოთ მავნეთა ან უვნებელთა კატეგორიას.

ფიშტოც და ზარბაზანიც უგუნურთა ხელშია საშიში, თორემ ავტომატმომარჯვებული გონიერი ადამიანი ჩვენი სიმშვიდისა და ტკბილი ძილის გარანტია. ასეა ქიმიაც. და, ვაჟასი არ იყოს: „ნუ გეშინიათ, არ გავნებთ…“

PS. რამდენიმე დღეში საქართველოში ერთი უჩვეულო ამბავია მოსალოდნელი: ჩვენს ქვეყანას მთელი ათი დღით ესტუმრება 75 ქვეყნის 600-ზე მეტი წარმომადგენელი. მიჭირს მონაწილე ქვეყანათა რიცხოვნობის თვალსაზრისით ასეთი მასშტაბის სხვა ღონისძიების გახსენება. ამან კი ფართო საზოგადოების ყურადღება ვერაფრით დაიმსახურა, მხოლოდ მასში უშუალოდ ჩართულთა მუსაიფის საგნად დარჩა. მიზეზი? – ეს ღონისძიება ქიმიას ეხება.

ლიტერატურული დღიური

0

დამთავრდა სასწავლო წელი. მოსწავლეებმა ქართული ენისა და მასწავლებლებისგან მიიღეს ჩამონათვალი იმ ნაწარმოებებისა, რომლებსაც ზაფხულის არდადეგებზე უნდა გაეცნონ. მასწავლებლებს იმედი აქვთ, რომ სექტემბერში გაკვეთილებზე მობრუნებული მოსწავლეები, დოჩანაშვილის არ იყოს, „ოდნავ იმაზე უკეთესები იქნებიან“, ვიდრე ამ ტექსტების წაკითხვამდე იყვნენ. სექტემბერში კი უცილობლად დაისმება ორი მარადიული სასექტემბრო კითხვა – როგორ გაატარე ზაფხულის არდადეგები და რა წიგნები წაიკითხე.

ხშირად შემიმჩნევია, რომ წაკითხული წიგნების შესახებ საუბრისას მოსწავლეები არ ან ვერ ასახელებენ ავტორებს, სათაურებს, პერსონაჟებს და უმეტესწილად, ნაცვალსახელების გამოყენებით ცდილობენ ნააზრევის გადმოცემას.

შემიმჩნევია ისიც, რომ ვიღაცები იოლად ცდილობენ ფონს გასვლას და ან სულაც წაუკითხავ წიგნს ასახელებენ ჩამონათვალში, ანაც კლასელისგან მოსმენილი მოკლე შინაარსით კმაყოფილდებიან.

დასახელებული უსიამოვნებების პრევენციის მიზნით, მასწავლებლებს ვთავაზობ მოსწავლეებისთვის წასაკითხი წიგნების ჩამონათვალთან ერთად მათთვის ერთი სასარგებლო და ამავდროულად საინტერესო დავალების მიცემასაც. სთხოვეთ მათ ლიტერატურული დღიურის წარმოება.

ლიტერატურული დღიურის წარმოება ეხმარება მოსწავლეს:

  • დაიხსომოს წაკითხული წიგნის ავტორი, სათაური, სიუჟეტი;
  • გაეცნოს მწერლის ბიოგრაფიას, მოღვაწეობის ეპოქას;
  • გადმოსცეს წაკითხულით აღძრული შთაბეჭდილებები წერილობით;
  • წარმოადგენოს პრობლემა, რომელიც დაინახა ნაწარმოებში;
  • გააკრიტიკოს ან გაიზიაროს ავტორის (პერსონაჟების) თვალსაზრისი ამა თუ იმ სიტუაციასა და მოცემულობაში;
  • გამოხატოს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულება წერილობით;
  • იმსჯელოს იმის შესახებ, რა იყო კონკრეტულ ნაწარმოებში მისთვის მისაღები და რა – მიუღებელი;
  • მიეჩვიოს შესაბამისი ადგილების დამოწმებას საკუთარი აზრის დასასაბუთებლად;

ლიტერატურული დღიურის ფორმა:

რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები ლიტერატურული დღიურის წარმოების ფორმის მხრივ არ არსებობს. მოსწავლეებმა შეიძლება აიღონ ჩვეულებრივი რვეული, თაბახის ფურცლები, ბლოკნოტი. მთავარი პირობაა, რომ მათ შეძლონ ყოველდღიურად კითხვის ჩვევის გამომუშავება და წაკითხვისთანავე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება დღიურში. სავალდებულოა ჩანაწერების გაკეთებამდე ავტორის სახელის, გვარის და ნაწარმოების სათაურის აღნიშვნა. ასევე თარიღის და წაკითხული გვერდების მითითება.

შაბლონი

მასწავლებელმა კლასის ან მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით შეიძლება წინასწარ შეადგინოს კითხვარი ან ცნობარი. მაგალითად, თუ რომელიმე მოსწავლეს სჭირდება წაკითხულის გააზრების უნარის განვითარება, მისი დავალება შეიძლება იყოს დღის განმავლობაში წაკითხული ტექსტიდან ერთი აბზაცის გადმოცემა საკუთარი სიტყვებით ან მოცულობითი აბზაცის გადმოცემა 10 ( და მხოლოდ 10)წინადადებით…

სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე წინასწარ შაბლონის დამზადება და მოსწავლეებისთვის დარიგებაც. დაწყებით კლასებში წინასწარ შედგენილი შაბლონით მუშაობა, შესაძლოა, მეტად ეფექტიანი გამოდგეს.

უფროსკლასელებისთვის მიზანშეწონილი იქნება ექსტრატექსტუალური ცოდნის გასააქტიურებელი მითითებების მიცემაც.

შაბლონის ნიმუში

გთავაზობთ შაბლონის ნიმუშს. მოცემული ჩამონათვალი სასურველია შეივსოს ან პირიქით, შემოკლდეს კლასის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით:

ლიტერატურულ დღიურში უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ავტორის სახელი, გვარი (*სავალდებულო გრაფა)

ნაწარმოების სათაური *

გვერდების რაოდენობა*

ნაწარმოების გვარი/ჟანრი*

ავტორის სადაურობა*

ნაწარმოების დაწერის თარიღი ( ექსტრატექსტუალური ცოდნის გასააქტიურებლად ისტორიული ცნობების მოპოვება იმ ეპოქის ან კონკრეტულად დაწერის თარიღის მიხედვით)

ნაწარმოებში აღწერილი ეპოქა, გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული მოცემულობა…

მთავარი გმირები * ( შესაძლებელია უბრალოდ, ჩამონათვალის გაკეთება პერსონაჟების ვინაობის გათვალისწინებით (-ის ძმა, -ის შვილი…) ან მოკლე ანკეტური მონაცემების გაკეთება, მათი გარეგნული თუ ხასიათობრივი თავისებურებების მიმოხილვა, შესაბამისი ეპიზოდების გვერდების დამოწმება. მაგალითად, ამა და ამ პერსონაჟის მზაკვრობასა და ფლიდობაზე იხ. გვ. N…)

სიუჟეტი

რეცენზია

ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდების მოკლე შინაარსი

განსაკუთრებული ციტატები, ფრაზები, გამონათქვამები

ლიტერატურული დღიური საინტერესო მასალაა მომდევნო წლებში საკუთარი განვითარებაზე, გემოვნებასა და ღირებულებებზე დასაკვირვებლად. მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ის, რაც მნიშვნელოვნად ან განსაკუთრებულად ეჩვენებოდათ წინა წლებში, ნაკლებად მნიშვნელოვნად ეჩვენებათ ახლა ან პირიქით. ისინი თვალნათლივ დაინახავენ და გაიაზრებენ საკუთარი ლიტერატურული გამოცდილების გზას,  აითვისებენ და განივითარებენ წაკითხულის გაგება-გააზრების მნიშვნელოვან უნარს, მიეჩვევიან სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ტექსტების სოციალური,კულტურული და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებას.

ლიტერატურული დღიური ხელს შეუწყობს ასევე კრიტიკული აზროვნების, კითხვის, აკადემიური წერის, საკუთარი თვალსაზრისის გადმოცემისა და დასაბუთების უნარ-ჩვევების განვითარებას.

მუსიკალური სმენა: ინტონაციის განვითარება (წერილი მეორე)  

0

 

დიაპაზონი

არასწორი ინტონირების კიდევ ერთი მიზეზი ხმის შეზღუდული დიაპაზონია. ბავშვები, როგორც წესი, ორი-სამი ნოტის ფარგლებში მღერიან. გამოსავალია მელოდიის ტრანსპონირება, რათა ბავშვმა ის მისთვის მოხერხებულ ტესიტურაში გაიმეოროს. პატარები თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ, როდესაც დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მათი ხმა საკრავის ბგერას თანხვდება.

ჩვეულებრივ, ბავშვების მეტყველებას მონოტონურობა (ინტონაციური განუვითარებლობა) და პრიმარული ტონების საზღვრებში ხმის შეზღუდული დიაპაზონი ახასიათებს (პრიმარულია ბუნებრივი ხმა. ყველაზე მოხერხებული ბგერა, რომლის გამოცემა არავითარ ძალდატანებას არ მოითხოვს). სიმღერაში მონაწილე ორგანოების მართვის არცოდნის გამო ბავშვებს პრიმარული ტონების საზღვრებიდან გამოსვლა უჭირთ.

ცუდი ინტონაციის მქონე ბავშვებს მუსიკალური ბგერები შეიძლება სწორად გავამეორებინოთ მარტივი ვოკალური ვარჯიშით: მათ ხმა უნდა შეუწყონ მოცემული ბგერის სიმაღლეს ანუ ზუსტად გაიმეორონ ის. მაღალი ბგერების სისტემატური გამოყენება ხელს უწყობს ხმის დიაპაზონის განვითარებას. ინდივიდუალური მიდგომით და რეგულარული მეცადინეობით ბავშვს დიაპაზონი ფრთხილად, თანდათან უნდა განვუვითაროთ. შესანიშნავი შედეგის მიღება მოკლე ხანში სავსებით შესაძლებელია.

ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის დროს უმთავრესია, მასწავლებელმა საქმის ღრმა ცოდნით განსაზღვროს მათი ხმების შესაძლებლობები დიაპაზონთან მიმართებით. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოსწავლის ხმაში პრიმარული ტონის პოვნა, რომელიც მისი მშვიდი მეტყველების ტონს დაემთხვევა. მოსწავლემ ამ პრიმარულ სიმაღლეზე რაც შეიძლება მეტხანს უნდა შეძლოს რომელიმე ხმოვნის გამღერება ანუ რაც შეიძლება მეტხანს დაიჭიროს ბგერა (ყველაზე რთული ვარჯიშია ერთ ნოტზე ხანგრძლივი ინტონირება, განსაკუთრებით – აკორდების ცვლის დროს). შემდეგ მარცვალზე „ლა“ ნახევარ-ნახევარი ტონით იწყოს სვლა ზევით და ქვევით, ვიდრე ბგერის შესრულება არ გაუჭირდება. ბავშვი სწორ ინტონირებას დიაპაზონის თანდათანობითი გაშლის ხარჯზე დაიწყებს მისთვის უჩვეულო მაღალ ან დაბალ ტონალობაში. ვიდრე ბავშვს ჯერ კიდევ არ გააჩნია სიმღერის მყარი ჩვევები, აუცილებელია, მიღწეული წარმატება მომდევნო გაკვეთილებზე განმტკიცდეს.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, როდესაც ხდება პრიმარული ტონიდან გადახტომა ოქტავით ზევით ანუ მასწავლებელი ბავშვს სთხოვს, „დაიწრიპინოს“. ეს გვეხმარება ბავშვის მაღალ, ფალცეტურ რეგისტრზე ერთბაშად გადართვაში. საინტერესოა, რომ ბავშვს პრიმარულ ზონაზე ერთი საფეხურით მაღლა ბგერის გაჟღერება უჭირს, მაგრამ 6-7 საფეხურით მაღლა ხმის სხვა მანერის გამოყენებით უცებ იწყებს მოცემული ტონის სწორად ინტონირებას.

ვოკალურ-ინტონაციური კოორდინაციის განმტკიცებისთვის პირველ ეტაპზე ბავშვმა თუ საკუთარი ხმის დაძლევა მოახერხა და ახლა საკმაოდ სუფთად იმეორებს მარტივ მელოდიებს, მეორე ეტაპზე ხმის ფლობის ეს უნარი უფრო დამაჯერებელი და ზუსტი უნდა გახდეს. ამისთვის წინა სავარჯიშოებზე მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, უსმინოს და აკონტროლოს საკუთარი ნამღერი.

ხმაში წარმოქმნილი ზედმეტი დაძაბულობა ბგერის დიაპაზონის ზღვარზე მიანიშნებს, ბგერის სიმაღლის მიმართ „მგრძნობელობის ზრდა“ კი მუსიკალური სმენის განვითარებაზე. ხმა, როგორც მუსიკალური ბგერების აღქმის ორგანო, მთავარი ხელსაწყოა სმენის განვითარებისთვის.

გამღერება

ვოკალურ უნარ-ჩვევათა ათვისების ერთ-ერთი ფორმაა გამღერება. ის გულისხმობს სპეციალურ ვოკალურ ვარჯიშს, რომელიც მომღერალს მიზანმიმართულად უვითარებს სასიმღერო ხმის განსაზღვრულ თვისებებს. როგორც წესი, გამღერება გაკვეთილის დასაწყისში მიმდინარეობს. რეპერტუარზე მუშაობისას ის სახმო აპარატის მომზადებისა და აწყობის ფუნქციას ასრულებს. მუშაობა გაცილებით ეფექტურია, როდესაც ბავშვები თავიანთი შეცდომების სწორად შეფასებას ახერხებენ.

ბავშვთა სმენითი განვითარებისთვის დამაბრკოლებელია კვირაში სიმღერის მხოლოდ ერთი გაკვეთილის ჩატარება, ასევე – კოლექტიური მუშაობა. ბავშვებს, რომლებსაც მუსიკალურ სმენასა თუ ხმაში რაიმე ნაკლი აქვთ, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. ინტენსიური ინდივიდუალური მეცადინეობა ძალზე მნიშვნელოვანია: ბავშვები მობილიზებულნი ხდებიან და ამ დროს მუსიკის აღქმის ხარისხიც უმჯობესდება, რაც შემდგომი წარმატების საწინდარია.

მარტივი სავარჯიშო სმენის განვითარებისთვის

გამების სიმღერა. ფორტეპიანოზე ვუკრავთ: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო – დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დო, – და ვმღერით. შემდეგ იმავეს ვაკეთებთ ფორტეპიანოს გარეშე. გზადაგზა აუცილებლად ვამოწმებთ ბგერის სიზუსტეს ანუ განუწყვეტლივ ვაკონტროლებთ სმენას. თუ ზუსტად ვმღერით – ძალიან კარგი. თუ არა, ვარჯიშს ვაგრძელებთ.

ინტერვალების სიმღერა. ვუკრავთ და ვმღერით: დო-რე, დო-მი, დო-ფა და ა.შ. და პირიქით, რე-დო, მი-დო, ფა-დო და ა.შ. შემდეგ ვიმეორებთ იმავეს საკრავის გარეშე.

 

რეკომენდაციები

  1. თუ ბავშვს აჟღერებული ბგერის (ნოტის) გამეორება ანუ კოპირება უჭირს, შეგვიძლია, სახალისო ვარჯიში შევაშველოთ. მაგ., მივბაძოთ ძროხის ბღავილს, მგლის ყმუილს ან საყვირის ხმას. ამით ბავშვისთვის უფრო საინტერესო გახდება ბგერის სწორი ინტონაციის პოვნის პროცესი. გარდა ამისა, ამგვარი გადართვით ბავშვებს მეცადინეობით გამოწვეულ დაძაბულობასა და გადაღლას მოვუხსნით.
  2. მეცადინეობის დაწყებამდე და მეცადინეობებს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში მოკუმული პირით მთქნარება რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.
  3. გასათვალისწინებელია ერთი დეტალი: სმენის განვითარებას ხელს უშლის თუნდაც სულ ოდნავ აშლილ საკრავზე დაკვრა ან ერთ ოთახში ორი ადამიანის ერთდროული მეცადინეობა.
  4. „თამაშის“ მეთოდმა მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ბავშვებთან ვოკალური მეცადინეობის დროს. ამასთან ერთად სიმღერების თეატრალიზება ბავშვის შემოქმედებისა და სიხარულის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

რეზიუმე

მუსიკის მასწავლებელს მეცადინეობებზე დიდი მოთმინება, პრინციპულობა და გამომგონებლობა მოეთხოვება. ამასთან, იუმორიც დადებითი ემოციების გამოსაწვევად. მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, დროულად შეამჩნიოს წინსვლა და მოსწავლე შეაქოს. ასეთი სტიმული სწავლის სურვილს აორმაგებს.

რაც უფრო ადრე დავიწყებთ ვარჯიშს ინტონირების გამოსასწორებლად, მით უკეთესი იქნება შედეგი. თუ მასწავლებელი განსაკუთრებით ჩამორჩენილი ბავშვების მუსიკალურ განვითარებას გულისყურით მოეკიდება და საერთოდ, ყოველი მოსწავლის მუსიკალურ აღზრდაზე იზრუნებს, მათ ესთეტიკურ გემოვნებასა და კულტურის დონეს საგრძნობლად აამაღლებს.

მუსიკალური სმენისა და ინტონაციის განვითარებისთვის გამოცდილი მეთოდების დახმარებით საუკეთესო შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

კუმირული ნარკომანია

0

1987 წლიდან გაერო-ის ეგიდით 26 ივნისს მსოფლიო ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის ერთ-ერთი მიზანი ნარკოტიკების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაცაა. ქართული საზოგადოებისთვის ნარკოტიკების თემა ძალიან მტკივნეულია. ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება (ბოლო მონაცემებით საქართველოში ის 50 ათასს აღწევს). ქვეყანაში არავინ აწარმოებს ქალი და მოზარდი წამალდამოკიდებულების სტატისტიკას. არავინ იცის, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის რეალური მასშტაბებიც.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, საშუალო ასაკი, რომელიც ნარკოტიკების მიღების პირველ გამოცდილებას უკავშირდება, შესამჩნევად გაახალგაზრდავებულია – 15 წლიდან 12 წლამდეა შემცირებული. მოზარდების ნარკოტიკებით დაინტერესების მიზეზთა ჩამონათვალიც ვრცელია: მშობლების სიყვარულისა და სითბოს დეფიციტი, ექსპერიმენტის სურვილი, ცნობისმოყვარეობა, სხვა მომხმარებელი მოზარდების ზეგავლენა, პროტესტი, შინაგანი დისციპლინისა და მოტივაციის არქონა, კონფლიქტების, კომპლექსების, დეპრესიის პრობლემები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოზარდების ჯანმრთელობას ერთ-ერთ  პრიორიტეტად მიიჩნევს. „მოზარდები ყოველთვის დგანან განსაკუთრებული რისკის ქვეშ.  ბევრი მათგანი არ იჩენს დროულ ინტერესს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, გულგრილია სამედიცინო დახმარების საკითხებისადმი. თუმცა დგება მომენტი, როდესაც მოზარდები აღიარებენ მათ ცხოვრებაში არსებული პრობლემების შესახებ. მაგრამ არ იციან, ვის მიმართონ დახმარებისთვის“, – აცხადებს ანტონი კოსტელო, ჯანმოს დედათა, ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი.

იმის დადგენა, არის თუ არა მოზარდი ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებელი, მშობლისთვის დელიკატური ამოცანაა. აღგზნებადობა ან აპათია, უმიზეზო სიცილი ან ძილიანობა – არასაკმარისი მიზეზებია, იმის სავარაუდოდ, რომ ახალგაზრდა ნარკომანია. არსებობს კლასიკურ სიმპტომთა სია, რომელიც მშობელმა უნდა იცოდეს. მნიშვნელოვანია, მოზარდთან ამ თემაზე გამუდმებით საუბარი. მოზარდის გამოკითხვის (და არა დაკითხვის) პროცესი ფრთხილი უნდა იყოს, რათა ბავშვთან კონტაქტი საერთოდ არ გაწყდეს.

მხოლოდ ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება მოზარდის ნარკომანიის მკურნალობის რთული გზა, რომელიც მშობლებისა და ფსიქოლოგების ხანგრძლივ ჩართულობას მოითხოვს. ნარკოტიკების მომხმარებელი მოზარდი აბსტინენციის სინდრომის მოხსნის მერე კიდევ უფრო საპასუხისმგებლო ეტაპზე გადადის – იწყებს ბრძოლას ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან. ამ ბარიერის დაძლევისას აუცილებელია სპეციალისტებთან თანამშრომლობა. მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია, დაეხმაროს მოზარდს თვითგამორკვევაში, იმ შედეგების გააზრებაში, რის გამოც დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება. სწორედ ფსიქოლოგს შეუძლია დახმარება დეპრესიისა და ნარკოტიკზე მორალური მიბმულობის დაძლევაში.

მოზარდებში ახალი ემოციების მიღების სურვილი პიკს აღწევს. ამიტომ მოზარდი იოლად ექცევა შთაბეჭდილებების და გავლენების ქვეშ. ის მარტივად ხდება დამოკიდებული რომელიმე მუსიკალურ მიმდინარეობაზე, კინოვარსკლავების „ფანი“.დიდ ინტერესს იჩენს თავისი კუმირების ცხოვრებისეული დეტალების მიმართ, ხშირად კი, სრულიად შეუგნებლად, მიბაძავს მას, რითაც „ვარსკვლავთ წვდომის“ ქვეცნობიერ სურვილს იკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ბევრი ცნობილი ადამიანი, მით უფრო ხელოვნების სფეროში  მოღვაწე, ნარკომანიით იყო დაავადებული, მაგრამ მოზარდი მაინც იწონებს მის ნებისმიერ ქცევას და კოპირებას ახდენს.

ამის შესახებ მშობელი მოზარდს უნდა ესაუბროს. აუცილებელია საუბრისას სწორი რაკურსის შერჩევა. უამბეთ მოზარდებს იმის შესახებ, რომ ბევრი „ვარსკვლავი“ ცდილობდა დაეძლია ნარკოტიკული ან ალკოჰოლური დამოკიდებულება, დაბრუნებოდა ჯანსაღ ცხოვრებას, ოჯახსა და  კარიერას. მშობელს შეუძლია ესაუბროს მოზარდს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში საზოგადოების სხვა წევრების თანადგომა – მეგობრების, საყვარელი ადამიანების, მშობლების. გაუზიარეთ მოზარდებს შემდეგი ისტორიები:

დრიუ ბერიმორმა პირველად 9 წლის ასაკში მოწია სიგარეტი, კოკაინი 12 წლისამ გასინჯა, 13 წლის უკვე სარეაბილიტაციო კლინიკის პაციენტი იყო, სადაც მას ნარკოდამოკიდებულებას და ალკოჰოლიზმს მკურნალობდნენ. მოზარდმა რთულად გაიარა რეაბილიტაცია, მაგრამ შეძლო პრობლემებთან გამკლავება და წარმატებით დაუბრუნდა კინემატოგრაფიას. პირველად დრიუ სარეკლამო რგოლში ცხრა თვის ასაკში გადაიღეს, ორი წლისა ფილმ „Suddenly, Love“-ში მონაწილეობდა. პატარა დრიუ მთელ ამერიკას უყვარდა, დედასთან ერთად მას უამრავ წვეულებაზე პატიჟებდნენ. გოგონას მუდმივად აგემოვნებინებდნენ  ალკოჰოლურ სასმელებს, რამდენიმე წელიწადში კი ის ნარკოტიკებს შეეჩვია და ღამეებს სულ კლუბებში ატარებდა. ნელ-ნელა კინოსტუდიებისგან შემოთავაზებები შეუმცირდა და დეპრესიაში ჩავარდა. 1989 წელს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ნარკორეაბილიტაციის შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, თავიდან დაიბადა.

ამერიკელი მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი ალოკოჰილიზმითა და ნარკომანიით იყო დაავადებული, რის გამოც მისი კარიერა ჩაესვენა, მაგრამ რობერტს გაუმართლა – ის თავის მომავალ მეუღლეს, სიუზანს შეხვდა, რომელიც დაეხმარა გათავისუფლებულიყო დამოკიდებულებისაგან და კინოს დაბრუნებოდა. რობერტ დაუნმა მარიხუანა პირველად 6 წლის ასაკში გასინჯა. 1987 წელს კი ნარკოდამოკიდებულება სარეაბილიტაციო ცენტრში პირველად იმკურნალა. 1996-2006 წლებში ის ნარკოტიკების მოხმარება-შენახვისთვის სასჯელსაც იხდიდა.

ბრიტანელმა სოულ, ჯაზ და რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებელმა ემი უაინჰაუსმა პირველი სიმღერა დაწერა და ნარკოტიკი პირველად 14 წლის ასაკში დააგემოვნა. 2011 წელს ემი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. თავიდან მისი გარდაცვალების მიზეზად ყველამ ნარკოტიკების გადამეტებული დოზა დაასახელა, მაგრამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ემის ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების გამო გაუჩერდა გული.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები რობინ უილიამსსაც ჰქონდა – 70-იანი წლებში ის თავაშვებულად ცხოვრობდა და ეს გრძელდებოდა მანამდე, სანამ არ შეხვდა ქალს სახელად მარშა. მარშა მისი ცოლი გახდა და დაეხმარა დაეძლია დამოკიდებულება. რობინი ოსკარის და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი გახდა.

უიტნი ჰიუსტონმა, ყველასათვის საყვარელმა შემსრულებელმა, რომელმაც თავი გაითქვა მუსიკალური მიღწევებით, თავისი უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებითა და სკანდალური პირადი ცხოვრებით, რამდენჯერმე მიმართა ნარკოლოგებს, რათა დაეძლია დამოკიდებულება კოკაინზე. ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პირველ სკანდალში მომღერალი 2000 წელს გაეხვა, როდესაც აეროპორტში მარიხუანა აღმოუჩინეს. ის 2012 წლის 23 მარტს გარდაიცვალა. ასევე, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე საკულტო ფიგურამ კურტ კობეინმა. დღეს არსებობს ბევრი ვერსია, რატომ მოიკლა მან თავი. ერთ-ერთის მიხედვით, ამისკენ დეპრესიით გამოწვეული ნარკოტიკების მოხმარებამ უბიძგა. შემსრულებელი 16 წლიდან ეწეოდა მარიხუანას, მოიხმარდა კოკაინს და ჰალუცინოგენებს.

კოკაინის მომხმარებელი სერ ელტონ ჯონიც გახლდათ. ელტონმა, 1975 წლის ზედოზირების შემდეგ, 80-იან წლებში მაინც მოახერხა ნარკოდამკიდებულებისგან განკურნება. მომღერალმა მხოლოდ მკურნალობის მერე განაცხადა საჯაროდ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და სურვილი გამოთქვა დახმარებოდა სხვა წამალდამოკიდებულ ადამიანებს.

ემინემის ნარკოდამოკიდებულების ისტორია პრეპარატ ვიკოდინიდან დაიწყო, რადგან თავდაპირველად მას ნარკოტიკების ფული არც გააჩნდა. კარიერულ ზრდასთან ერთად ის  უფრო „დახვეწილ“ ნარკოტიკებზე გადავიდა. ცნობილი რეპერი აღიარებს, რომ წამალდამოკიდებულების დაძლევაში ელტონ ჯონი დაეხმარა. სარეაბილიტაციო კლინიკაში ის 2005 წელს მოხვდა. 2008 წელს მან განაცხადა, რომ ბოლომდე განიკურნა და მუსიკალურ ოლიმპს განახლებული ძალებით დაუბრუნდა.

ბრიტანელ მომღერალ სტინგს, რომლის პოზიტიური იმიჯი ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ფართო წრის სიმპათიას, ბევრი მავნე ჩვევა ჰქონდა. თავისი როკჯგუფი პოპულარობის პიკზე მყოფმა სტინგმა 1984 წელს მიატოვა. იდეალური ქმარი და მზრუნველი მამა ნარკომანი იყო. გარდა ამისა, მისი ლოთური გამოხდომები სულ უფრო საჯარო ხდებოდა მანამდე, ვიდრე მეგობარმა – ტრუდი სტაილერმა ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობა არ შესთავაზა. რეაბილიტაციის კურსის გავლის მერე სტინგმა სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა და ვარსკვლავად იქცა. თავის ერთ-ერთ ბლოგში მან მოუწოდა მთავრობას მარიხუანის ლეგალიზაციისკენ და შესთავაზა გაყიდვიდან მოგებული თანხა დანაშაულთან, სიღარიბესთან და გლობალურ დათბობასთან ბრძოლისკენ მიემართათ.

ლედი გააგამ ნარკოტიკებთან მეგობრობა 2011 წელს აღიარა და თხოვა თავის თაყვანისმცემლებს, მისგან მაგალითი არ აეღოთ. ის აკრძალულ ნივთიერებებს, კერძოდ, მარიხუანას მოიხმარდა. გააგამ განმარტა, რომ ახალგაზრდობაში ძალიან უნდოდა თავის კუმირებს დამსგავსებოდა, დაიწყო მარიხუანის მოწევა, მაგრამ ამან ლამის მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. მავნე ჩვევის დაძლევის მერე ლედი გააგა ქველმოქმედებით დაკავდა და დიდძალი თანხა წამალდამოკიდებულთა სამკურნალოდ გადარიცხა.

კიდევ ერთი ამერიკელი კინოვარსკვლავი და მომღერალი, მოდელი და სამოსის დიზაინერი, რომელმაც სახელი სარებილიტაციო კლინიკებში ხშირი მიმართვით გაითქვა, ლინდსეი ლოჰანია. 2005 წლიდან დაწყებული ლოჰანი კლინიკებს პერმანენტულად მიმართავდა და შესაშური თავგანწირვით ებრძოდა დამოკიდებულებას. მის პრობლემებზე მედია ბევრს წერდა. ლინდსეი ლოჰანი ამბობდა, რომ ნარკომანია ერთ ღამეში ვერ განიკურნება.

კელი ოსბორნმა შეძლო წამალდამოკიდებულების დაძლევა. მან აღიარა, რომ ნარკოტიკების უმეტესობა (კრეკის გარდა) გასინჯული ჰქონდა. წამალდამოკიდებულობისკენ კი დეპრესიამ უბიძგა. მკურნალობის პირველი კურსი 2005 წელს გაიარა, მეორე – 2009 წელს. ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნების შემდეგ კელიმ მონაწილეობა მიიღო შოუში „ცეკვა ვარსკვლავებთან“, რის მერეც აქტიურად დაკავდა ფიტნესით, თავი იხსნა ზედმეტი წონისგან და გარეგნული სრულყოფილება დაიბრუნა.

.

ეთოსი, პათოსი, ლოგოსი და დარწმუნების სისუსტეები

0

ეთოსი, პათოსი და ლოგოსი – დარწმუნების ელემენტებია, რომლებიც ჯერ კიდევ ძველმა ელინებმა შემოგვთავაზეს საინტერესო და შინაარსიანი, კარგი დაწმუნებისათვის. ძვ. წ. 384-322 წლებში არისტოტელემ წარმატებულ დებატი, დისკუსია, კამათი – ზოგადად, რიტორიკული ხელოვნება – დარწმუნების მეთოდს მიაკუთვნა და განსაზღვრა, რომ „ადამიანისათვის აუცილებელია იმ საშუალებებისა და მეთოდების ცოდნა, რომლითაც დარწმუნება შეიძლება“. მისივე თქმით, რიტორიკის მეთოდი დარწმუნების მეთოდია, დარწმუნება კი ყოველთვის რაღაცის დასაბუთებაა.

დარწმუნებას სხვაგვარად არგუმენტაციას ვეძახით. არგუმენტი ის მნიშვნელოვანი ღერძია, რომელსაც მივყავართ ლოგიკურ აზროვნებამდე. კორექტულობა, ტოლერანტობა, პატივისცემა, ობიექტურობა – არგუმენტის ეთიკურ ელემენტს განსაზღვრავს; ემოცია, იუმორის გრძნობა, კონტაქტი, ჟესტიკულაცია – პათეტიკურ ელემენტს; ორგანიზაცია, მეხსიერება, მიზნობრიობა, ანალიზი, ორგანიზება, კრიტიკული აზროვნება – ლოგიკურ ელემენტს.

„დარწმუნება ჯანმრთელობაა, ის წმენდს ჰაერს“ – ასეც უთქვამთ არგუმენტირების შესახებ. თუმცა ამ ჯანმრთელობას სისუსტეებიც გააჩნია. მთავარია, შევძლოთ მათი დანახვა და სასარგებლოდ გამოყენება. როგორც წესი, არ არსებობს ისეთი არგუმენტი, რომლის უარყოფაც არ შეიძლება. არსებობს არგუმენტის სხვადასხვა სახე, რომლებიც მისი შინაარსობრივი მხარეა და სისუსტეები სწორედ ამ მხარეთა უკან იმალება. არგუმენტის სახეებად გამოიყოფა: 1. არგუმენტი მაგალითის, კონკრეტული ფაქტის გამოყენებით; 2.არგუმენტი ანალოგიის მოშველიებით; 3. არგუმენტი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით; 4. არგუმენტი გარკვეული ნიშნის მიხედვით; 5. არგუმენტი ავტორიტეტული პირის გამონათქვამით.

ზეპირი თუ წერითი მეტყველების დროს მნიშვნელოვანია არგუმენტების მოშველიება ფაქტის გამოყენებით, იქნება ეს ისტორიული წყარო, სტატისტიკური მონაცემი თუ სამეცნიერო დანასკვი. ამგვარი დარწმუნება ძლიერ არგუმენტაციად განიხილება, თუმცა საფუძვლიანი  კონტრარგუმენტი ასევე  სხვადასხვა ფაქტით შეიძლება გამყარდეს და დაპირისპირება გააბათილოს. მაგალითად, თუ მსჯელობის თემა განათლების სისტემაში შეფასების საკითხია, საილუსტრაციოდ გამოგვადგება ტესტებით შეფასების ის მოდელი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ამერიკასა და ბევრი სხვა მოწინავე ქვეყნის სკოლებშიც აქვს ადგილი. ძლიერი ოპონენტი ამ არგუმენტს დაუპირისპირებს განათლების ფინურ მოდელს, სადაც  სკოლაში მცირე დატვირთვის, დავალებების ნაკლებობისა თუ მოსწავლეთა  შეფასების მიუხედავად, მოსწავლებები გაკვეთილზე არსებული კრეატიული და სახალისო გარემოს წყალობით მსოფლიოში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

არგუმენტი ანალოგიის გამოყენებით მეორე ტიპის რწმუნებად მიიჩნევა. ასეთ დროს ხაზს უსვამენ მსგავსებებს ორ ან მეტ განსხვავებულს შორის. ლოგიკურ სტრუქტურას კი ამგვარად აყალიბებენ: A და B მსგავსია, მაშასადამე, თუ რაიმე A-ს შესახებ სიმართლეა, B-ს შესახებაც სიმართლე იქნება. მაგ., თუ კვლავ განათლების ფინური მოდელის უპირატესობაზე ვისაუბრებთ,  მოდებატეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოში არსებული შეფასების სისტემა ისეთი წამყვანი ქვეყნის სისტემის მსგავსია, როგორიც არის ამერიკა  (აქ მომხსენებელმა ნათლად უნდა დაგვანახოს ეს მსგავსება). თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა შეფასების ტესტურ მოდელებს უჭერს მხარს, რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს საქართველოში, სადაც მოსწავლეთა და მშობელთა სამოქალაქო შეგნების დაბალი დონე, ასევე პედაგოგთა უმრავლესობის წინააღმდეგობა ყოველივე კრეატიული სიახლისადმი გვაფიქრებინებს, რომ ქულების გარეშე შეფასებას ჩვენში ექნება უკუეფექტი – მოსწავლეები აღარ ისწავლიან საგნებს, მასწავლებლებს კი არ ეყოფათ კომპეტენცია კრეატიულ თამაშებში მათი ჩაბმისა და შესაბამისად, განათლების პრობლემა ჩვენს საზოგადოებას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს.

ანალოგია არგუმენტის ყოველთვის ეფექტურ ტიპად მოიაზრება. მისი სისუსტე ის არის, რომ ყოველთვის არ ნიშნავს ძლიერ რწმუნებას. თუკი კონტრარგუმენტით დავასაბუთებთ, რომ ამ ორი საგანმანათლებლო სისტემის ანალოგიად  გამოყენება შეცდომაა, მაშინ უპირატესობა მის მხარესაა.

არგუმენტი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით ყველაზე ძლიერ ლოგიკურ მტკიცებად მოიაზრება და იგი გამომდინარეობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან. ეს კავშირი, პრობლემის მიზეზი და შედეგი კონკრეტულ მაგალითში კარგად გამოჩნდება: საქართველოს საჯარო სკოლებში დიდი ყურადღება არ ეთმობა ლაბორატორიების გამოყენებას. შესაბამისად, საბუნებისმეტყველო საგნებში – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია – კვლევები თითქმის არ ტარდება. სახელმწიფო პოლიტიკის გამო მოსწავლეთა დაინტერესებაც მეცნიერების ამ დარგებით ძალიან შემცირდა. საბოლოოდ კი ლაბორატორიაში მომუშავე ტექნიკურ სპეციალისტთა კადრები დღითი დღე მცირდება.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირით რწმუნების სქემა შემდეგია: გუშინ რა იყო? დღეს რა ვითარებაა? ხვალ რა შედეგი გვექნება? ამგვარ არგუმენტს ლოგიკური აზროვნების, წარსულის დღევანდელობასთან დაკავშირების, საკითხის ღრმა წვდომისა და ანალიზის უნარის  გამო ყოველთვის ეფექტურად მიიჩნევენ.

ჩვენთვის სასურველი მიმართულების მისაცემად შესაძლებელია ერთი ტიპის რწმუნების სხვა არგუმენტად ქცევა, მაგ., მიზეზ-შედეგობრივი ტიპის ანალოგიის შემცველ რწმუნებად ან ფაქტის შემცველ არგუმენტად გადაკეთება. ამ ბოლო შემთხვევისათვის საჭირო გახდება დასახელება რამდენიმე ისეთი ქვეყნისა, სადაც ტექნიკურ საგნებზე ყურადრება გამახვილებულია და მოსახლეობას უფრო მეტი რაოდენობა ჰყავს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისა, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც სახელმწიფოს ინტერესი ამ სფეროში ნაკლებია და, შესაბამისად, ნაკლებია ამ დარგში მუშაობის გამოცდილებები.

ამგვარი არგუმენტის სისუსტედ შეიძლება დასახელდეს ის ფაქტი, რომ არაფერი თქმულა ეკონომიკურ ფაქტორზე, კონტრრწმუნებისას კი შეიძლება ჩვენება ამ პრობლემის მიზეზის ჩვენება და ეს არ იქნება რეალობას მოკლებული (ფირცხალავა, 2005). მოსწავლეთა ნაკლებობა იმით არის განპირობებული, რომ 20 წლის წინ ლაბორატორიებში მუშაობა იყო ყველაზე კარგად ანაზღაურებადი სამუშაო. დღეს კი, დავუშვათ, საბანკო სისტემაში უფრო კარგად უხდიან. მაშასადამე, განათლების სისტემის დადანაშაულება არ არის მართებული, მით უფრო, რომ ლაბორატორიებში კვლევა-ძიება კვლავაც მიმდინარეობს.

გარკვეული ნიშნის მიხედვით რწმუნების სისუსტედ არასწორი დასკვნები სახელდება. მაგ.,თუ X პოლიტიკოსი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, ეს არ გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ იგი კორუმპირებულია.

ავტორიტეტული პირის გამოყენებით  არგუმენტის ტიპის გამოყენებისას არ უნდა გაჩნდეს ეჭვები. აუცილებელია ფარო აუდიტორიისათვის აღიარებული პიროვნების ციტატის მოხმობა. მაგ., არისტოტელეს შემდეგ ფრაზაში განსჯას, ალბათ, არავინ შეიტანს: „აზრის კარგად გამოთქმის ცოდნა განსაკუთრებით საჭიროა ცუდად მოწყობილ სახელმწიფოში, სადაც იმარჯვებენ არა ისინი, რომელთა მხარეზეც სიმართლეა, არამედ ისინი, რომლებმაც მხოლოდ კარგი ლაპარაკი იციან“; ისევე, როგორც ფრანსის ბეკონის მიერ ნათქვამ ფრაზაში: „იმიტომ კი არ იკითხო, რომ წინააღმდეგობა გაუწიო, არც იმიტომ, რომ დაიჯერო და ეჭვიც არ შეგეპაროს, არამედ იმიტომ, რომ აწონ-დაწონო და გაითვალისწინო”.

ამ უკანასნელი აზრის კვალდაკვალ, ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას არგუმენტი, როგორც დარწმუნების ხერხი, გვივითარებს ლოგიკური კავშირების მოძებნისა და ანალიზის უნარებს, გვასწავლის დარწმუნების მეთოდებსა თუ კამათის ხელოვნებას, გვეხმარება საკითხის ღრმა წვდომასა და აზრების მართებულ ორგანიზებაში. შესაბამისად, ზედაპირული და არასაფუძვლიანი ცოდნის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია მოვუხმოთ ეთოსს, პათოსსა და ლოგოსს, რათა შევქმნათ მეტი ეთიკური, კორექტული, ობიექტური, ემოციური, მიზნობრივი და კარგად ორგანიზებული ზეპირი თუ წერითი ტექსტები, რომლებშიც იმაზე კი არ იქნება მსჯელობა, მარწყვის ნაყინი სჯობს თუ ჟოლოსი, არამედ არგუმენტთა სისუსტეების გათვალისწინებით საშუალებას მოგვცემს ჩვენი აზრები ყველასთვის გასაგებად ვაქციოთ. დასაბუთებული და დამაჯერებელი რწმუნება პოზიციაა, რომელიც პატივისცემასა და მოსმენას იმსახურებს. პატივისცემა და მოსმენა კი ყველა პედაგოგის მოღვაწეობის გამართლებაა.

 

 

სასარგებლო რესურსი:

  1. ნათია ფირცხალავა, არგუმენტაცია, არგუმენტის შექმნის გზები და სტრატეგიები, თბ., 2005.
  2. https://cdi.org.ge/main/wp-content/uploads/2012/04/pre-final-Finland-The-Best1.pdf

 

 

  სასწავლო პროექტი ქართულ ლიტერატურაში

0

პროექტით სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომელიც ბოლო წლების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში დაინერგა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მისი მაზანი მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მოძიებაა და უფრო სერიოზული სასწავლო შედეგები არ მიიღწევა. ბავშვები ინტერნეტში რაღაცას პოულობენ, ბეჭდავენ, დიდ ფუეცლებზე აკრავენ და სულ ესაა.

პროექტი რომ მოსწავლეთა მიერ არამხოლოდ ინფორმაციის მოძიების, არამედ ამ ინფორმაციის გადამუშავების, საკითხის ერთიანობაში გააზრების, პარალელების გავლების, მსჯელობის უნარების განვითარებას ემსახურობოდეს, საჭიროა, პედაგოგს ნათლად ჰქონდეს წარმოდგენილი  პროექტის მიზნები და ის შედეგები, რომლებსაც პროექტის განხორციელების შემდეგ მიიღებს.

პროექტი და პროექტით სწავლება გარდა კონკრეტული აკადემიური მიზნებისა, გათვლილია ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი სოციალური უნარების განვითარებაზეც. მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ თანატოლებთან მუშაობის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები, როგორც კონკრეტულად იმ ჯგუფში, რომელშიც პროექტის ესა თუ ის ნაწილი კეთდება, ასევე ჯგუფს გარეთაც, როდესაც მათი თანაკლასელები წარადგენენ საკუთარ ნამუშევარს.

ჯგუფში ინტერესი და ურთიერთანამშრომლობა შედარებით ადვილად მისაღწევია. როგორც წესი, მოსწავლეებს აინტერესებთ, როგორ სახეს მიიღებს საბოლოოდ მათი პრეზენტაცია და ამიტომ მეგობრების ნამუშევრებითაც ინტერესდებიან. შედარებით რთულია  ინტერესის გამოწვევა სხვა ჯგუფის ნამუშევრების მიმართ. გაკვეთილზე, რომელზეც პროექტის ფარგლებში შესრულებულ თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ, ნაკლებია ჯგუფებს შორის ინტერაქცია და ინტერესი იმ ნამუშევრის მიმართ, რომელიც მათ არ შეუქმნიათ. გამოდის, რომ ხშირად პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან მხოლოდ იმ პრობლემასა და ინფორმაციას, რომელიც კონკრეტულად მათ ჯგუფს დაევალა. დანარჩენი ძალიან ზედაპირულად ეხებათ და საკითხის შესახებ კლასში მოპოვებული ცოდნა ვერ მთლიანდება, ვერ ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ამიტომ, ვფიქრობ, პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მასწავლებელმა თავიდანვე ნათლად დაგეგმოს პროექტის მიზანი და სასურველი იქნება, თუ სხვადასხვა ჯგუფებში შექმნილი ინტელექტუალური პროდუქტით კლასი შეეცდება საერთო, შემაჯამებელი დასკვნების გამოტანას. კიდევ უფო გაზრდის ინტერაქციას და პროექტის შედეგს, თუკი ან წერილობით, ან დისკუსიისას სხვადასხვა ჯგუფებს დაევალებათ საბოლოო დასკვნების გამოტანა არა თავიანთი, არამედ სხვა ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით. ეს აიძულებს მათ, რაც შეიძლება ყურადღებით მოისმინონ თანატოლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ამასთანავე გაუფართოვებთ წარმოდგენას  საკუთარი სოციალური კუთვნილების შესახებ. ნათლად დაინახავენ, რომ რამდენიმეკაციანი ჯგუფის კი არა, მთელი კლასის წევრები არიან.

ქვემოთ, როგორც ერთ-ერთ შესაძლო მაგალითს, შემოგთავაზებთ პროექტს _ „რწმენა და მისი გამოხატულება ქართულ ლიტერატურაში“

პროექტი სასურველია, ჩატარდეს მეთორმეტე კლასში, თუკი სკოლა და მასწავლებელი ახერხებენ მეთორმეტე კლასში, მაშინ როცა ყველა კერძოდ მომზადებითაა დაკავებული, შეინარჩუნონ ცოცხალი სასწავლო პროცესი, თუკი ტიპობრივი სიტუაციაა (მოსწავლეები სკოლაში ფრაგმენტულად დადიან და მაშინაც კერძო მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას ასრულებენ), შესაძლებელია მეთერთმეტე კლასში ჩატარებაც.

პროექტი დაეხმარებათ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გამოცდებისთვის მზადებაშიც, რადგან მის ფარგლებში მოუწევთ ქართული ლიტერატურის ბევრი ძეგლის გადაკითხვა, გამეორება, რაც თავისთავად დაეხმარებათ როგორც საატესტატო გამოცდისას, ასევე ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.

თავისთავად ცხადია, საკითხი იმდენად ფართოა, მასწავლებელს საშუალება ექნება, საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩიოს საკვლევი თემები, მაგრამ შევეცდებით რამდენიმე ვარიანტი შემოგთავაზოთ.

სასულიერო მწერლობასთან დაკავშირებით შეიძლება მოსწავლეებს დაევალოთ შემდეგი საკითხების დამუშავება:

სახარება, როგორც ტროპული მეტყველების საფუძველი ქართულ მწერლობაში

რწმენა ძალმომრეობის წინააღმდეგ

ეროვნული და ქრისტიანული ინტერესების თანხვედრა

სულიერი მოძღვრისა და შვილის ურთიერთობა

ქრისტიანი გმირი და მისი ბრძოლის ასპარეზი

„ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებითაც თემების არჩევანი საკმაოდ დიდია, მაგალითისთვის რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

ღმერთი და წუთისოფელი „ვეფხისტყაოსანში“

ქრისტიანობის რენესანსული ხედვა

სამყაროს პირველქმნილი მოდელის აღდგენა „ვეფხისტყაოსანში“

დავით გურამიშვილის „დავითიანში“:

ღვთისმშობლის სახე „დავითიანში“

პოეტის ქრისტიანული ხედვა

„მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“ _ ემოციის გულწრფელობის საიდუმლო

ნიკოლოზ ბარათაშვილი _ დაკარგული ტაძრის ძიებაში

თერგდალეულები  _ ქრისტიანობა ეროვნული მიზნების სამსახურში

„განდეგილი“ _ დამარცხების მიზეზები

გალაკტიონ ტაბიძე „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“

ბესიკ ხარანაული „სირცხვილის შემდეგ“

ვგონებ, შეუძლებელია და არცაა საჭირო ყველა შესაძლო ვარიანტის ჩამოთვლა.

ასევე შესაძ;ლებელია პროექტის საწყისს ეტაპზე მოსწავლეებს დაევალოთ ქართული ლიტერატურის რომელიმე ძეგლისა თუ პერიოდის გადაკითხვა და საკუთარი საკვლევი თემის თავად მოფიქრება.

ეს სტრატეგია გაზრდის ახალგაზრდებში მოტივაციას და მათი შემოქმედებითი უნარის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს.

როდესაც საკვლევ თემებზე შეთანხმდებიან, მოსწავლეებში საკუთარი მნიშვნელობის აღქმისა და მოსწავლესა და მასწავლებელთან თანამშრომლობითი ურთიერთობის განვითარების მიზნით, სასურველი იქნება, თუკი თავად დაადგენენ პროექტის მომზადებისთვის განსაზღვრულ ვადებს. სასკოლო ცხოვრებაში არის შედარებით მსუბუქი თუ დატვირთული პერიოდები, როდესაც უფრო ნაკლები შრომა უწევთ ან პირიქით, როდესაც ყველა საკონტროლოსთვის ერთბაშად უნდა მოემზადონ. მსგავს პროექტში მონაწილეობა საკმაო დროსა და ძალისხმავას მოითხოვს. ამიტომ, სასურველია თავად განსაზღვრონ დრო და ვადები.

როდესაც თითოეული ჯგუფი მზად იქნება პრეზენტაციისათვის, შესაძლებელია, ჯგუფებს დაევალოთ, ერთმანეთში გაცვალონ თემები თუ ინფორმაცია და მისცენ თანაკლასელებს შენიშვნები თუ მითითებები, რათა პრეზენტაციის მსვლელობისას პირველად არ ისმენდნენ მეგობართა მოსაზრებებს და მეტად იყვნენ ჩართულნი. მოსწავლე უფრო იჩენს ყურადღებას ნაცნობის მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებული ლიტერატურა მათთვის უცხო არაა, მაინც უკეთესი იქნება მეტი მონაწილეობისათვის.

პროექტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგად გამოკვეთილი საერთო მიზანი და მას მხოლოდ სათაური არ უნდა აერთიანებს.

ამ შემთხვევაში, პროექტის მიზანი იქნება ქრისტიანული ხედვისთვის თვალის გადევნება საუკუნეების განმავლობაში და საერთო სურათის შექმნა-წარმოდგენა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებმა განივითარონ ლიტერატურაში აზროვნების, პარალელების გავლების, ურთიერთ შეპირისპირების უნარები.

ამიტომ პრეზენტაციის მსვლელობისას კლასს უნდა დაევალოს საერთო, შემაჯამებელი დასკვნების გამოტანა საკითხთან დაკავშირებით. ჯგუფებს შორის ინტერესის გაზრდისთვის სასურველია, საბოლოო დასკვნები ამა თუ იმ ეპოქასთან თუ მწერალთან დაკავშირებით სხვა ჯგუფის წევრებმა წარმოადგინონ. თუნდაც ჩაინიშნონ მეგობრების პრეზენტაციისას ან მათთან ერთად დისკუსიის რეჟიმში შეთანხმდნენ საბოლოო დებულებებზე.

სასკოლო სივრცეში მთავარი მოტივატორი ნიშანია. ის არის მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანი ახლო მიზანი, რომლისკენ სწრაფვაც, ასაკიდან გამომდინარე, უფრო უადვილდებათ, ვიდრე ზოგადი, შორსმიმავალი გეგმებისკენ. ამიტომ პრეზენტაცია და მასში მონაწილეობა აუცილებლად უნდა შეფასდეს. სასურველია, თუკი პედაგოგს წინასწარ ექნება გაწერილი იმ ათი ქულიდან, რომელიც მაქსიმალური შეფასებაა საჯარო სკოლებში, სხვადასხვა კომპონენტები. მაგ. ინდივიდუალური მუშაობა, მუშაობა ჯგუფში, ინტერაქცია ჯგუფებს შორის, პრეზენტაციის უნარი, თანამონაწილეობა საბოლოო დასკვნებისათვის და ა. შ. თუკი მოსწავლეებს ნათლად ექნებათ წარმოდგენილი რომელ აქტივობაში რამდენ ქულას მიიღებენ და შეფასების რა კრიტერიუმები აქვს მასწავლებელს, ვფიქრობ, მათი შრომისუნარიანობაცა და მოტივაციაც საგრძნობლად მოიმატებს.

ბოლოს შეიძლება მოვთხოვოთ თავად ჩადგნენ მსაჯულების როლში და მთლიან პრეზენტაციას დაუწერონ ქულა. შეაფასონ იმავე სისტემით, რა სისტემითაც მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. ეს აქტივობა საშუალებას მისცემთ, უკეთ გაუგონ პედაგოგს და განუვითარებთ კრიტიკული აზროვნების უნარს.

მამის დღე  და ევრობურთი

0

მამების დღე იყო 19 ივნისს

   გამარჯობა, მამა. შენ ყველაზე მორცხვი და მშრომელი კაცი იყავი, ვისაც კი ვიცნობდი ან მსმენია. მარტო ყოფნა გერჩივნა. ამიტომაც, ვიცი, მანდ წოლა გიჭირს. მანდ ბევრი ხალხია. შენი ადგილი მანდ არ არის. ზაფხული დადგა, სათხილეში ბალახი გაკვირვებულია, უკვე სოფელში უნდა ასულიყავი.  ფიქრს გავურბივარ, როგორ შეძელი, ასე ავადყოფმა ამდენი თხილის მარტომ მოგროვება, ჩამოტანა და  ის თხილი ისევ არ გაყიდულა, რომც გავყიდო, არ ვიცი რა ვუყო იმსიმძიმე ფულს, ყველაზე დიდი და მძიმე ფულს მსოფლიოში. ალბათ გახსოვს, საღამოობით, ძილის ამბებს რომ მიყვებოდი, იმ ამბებით გაგყავდი შენი ვერახდენილი ოცნებების სასაფლაოზე. შენ მსოფლიო გინდოდა გენახა, მაგრამ ორი ავტობუსის გზა აღმოჩდნა დაბედებული საზღვარი. ამიტომაც, დღეიდან, სადაც წავალ, ყველგან წავიღებ შენს პატარა ფოტოს, ამ სურათით შეგახედებ სხვა სოფლებს და ქალაქებს. განა მე არ ვიცი ზეპირად ის ფრაზები, სხვები რომ იტყვიან: ,,რა აზრი თავის მოტყუებას, ის მაინც ვერაფერს დაინახავს, ვერაფერს იგრძნობს, რომ ყველაფერი რასაც ფორმა აქვს, დაიშლება და გაქრება ადრე თუ გვიან’’. ვიცი, მაგრამ ცხოვრება ცოდნაზე უფრო განცდა მგონია. და რადგან სამყარო ჩვენ წარმოდგენაა მასზე, ყველაფერი ისე იქნება, როგორადაც გამოვიგონებთ. ამიტომაც, შენ ცოცხალი ხარ, ადექი და  გამომყევი ახალ გზებზე, მამა.

ახლა გამახსენდა: საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე ასე კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა, ევროპის ჩემპიონატს ახალ, დიდი ტელევიზორში ვნახავთო. თქვენ იცით რა არის ახალი, დიდი ტელევიზორი? მოგიყვებით: მე და მამაჩემმა ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის თამაშებს ვუყურეთ ერთად . პირველად ისეთ ტელევიზორში, თავში რომ უნდა ჩაგერტყა და ციმციმი ათი წუთით ჩერდებოდა. სახელად ,,ჰორიზონტი’’ ერქვა. სიმბოლური კი იყო ეს სახელი. კარგად აჩვენებდა იმდროინდელი ჰორიზონტის ახლო საზღვარს, თუმცა მაშინ ასეთი დასაზღვრულობაც მიხაროდა. ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ. სადაც ხვდები, რომ საზღვარი არ არსებობს, ყველა სიხარული გეცოტავება და ახალს ითხოვ. ამიტომაც ყველა სხვა ასაკში უბედურების განცდა ჭარბობს. ეს იქით იყოს და მეორე ტელევიზორი უკვე ფერადი გახლდათ, ოღონდ ხშირად დასაბომბი ეკრანით. ფერები ადვილად ბაცდებოდა და ამ საკითხის ოზურგეთელი ოსტატი, რაღაც ხელსაწყოს ადებდა და გეფიცებით, ამუქებდა. დაბომბვა ერქვა ამ ალქიმიას. მგონი ,,ტაურასი’’ ერქვა. მგონი არა, ნაღდად. შუა ჩემპიონატისას, ერთ-ერთ ასეთ დაბომბვას ემსხვერპლა. მერე ჩემი ზაფხულები ოზურგეთს აცდა. წელს კიდევ ახალ, დიდი ტელევიზორში უნდა გვეყურებინა. მაგრამ უკვე ხომ გითხარით – ბავშვობა დამთავრდა. ბავშობის მერე ძნელია ასეთი ამბების მოხერხება.

შენი სიტყვებით თქვი, შენი სიტყვებით დაწერე

0

როცა ვსაუბრობთ, ვიყენებთ სიტყვებს ჩვენი შეხედულებებისა და თვალსაზრისის გამოსახატავად. ვცდილობთ, სიტყვებით აღვწეროთ რეალობა და ფაქტები, გავიხსენოთ მოვლენები და ჩვენი ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში დაგვიგროვდა, პირად თუ საჯარო საუბრებში გამოვიყენოთ.

ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვები ჩვენს საკუთარ თავსაც წარმოაჩენს, რადგან მშრალი ფაქტების გარდა, ის ჩვენს ღირებულებებსა და აზრებს, ჩვენს განცდებს გადმოსცემს.  ეს სიტყვები ხშირად ემოციურად დატვირთულია. სწორედ ემოციური დატვირთულობის გამო  მარტივი არ არის, ამ ყველაფრის ისე გადმოცემა და გამოხატვა, რომ შესაბამისად წარმოვაჩინოთ ჩვენი სათქმელი, სწორედ ის ვთქვათ, რისი თქმაც გვინდოდა, რასაც ვფიქრობდით, რასაც ვგრძნობდით და რამაც უსწრაფესად გაიელვა ჩვენი გონების ყველაზე მიუწვდომელ კუნჭულებში.

ყველა ადამიანს  სურს, შეეძლოს აზრის სხარტად და დახვეწილად გამოთქმა, რომელიც საზოგადოებისთვის  მკაფიო და გასაგები იქნება. ამ ყველაფრის მისაღწევად კი საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო და ეს შრომა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როდესაც ბავშვი ლაპარაკს იწყებს. ნელ-ნელა აგროვებს საჭირო სიტყვებს, რომელიც მას ეხმარება გამოხატოს საკუთარი თავი და მისი პიროვნება გააცნოს გარშემომყოფებს. ბავშვის  ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან ერთად, მისი მეტყველებაც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი ხდება. მათთან ურთიერთობისას ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს თავიდან გავიცანით ისინი, რადგან ბავშვები განსაკუთრებით კარგად ახერხებენ საკუთარი თავის გამოხატვას და სითამამეც ჰყოფნით ყველაზე ორიგინალური იდეებიც გაგვიმხილონ და არ ინაღვლონ იმაზე, თუ რას ვიფიქრებთ უფროსები.

მხატვრული ლიტერატურის კითხვა სწორედ ის დაუშრეტელი წყაროა, რომელიც გვეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, ჩვენი აზრებისა და საუბრის დახვეწაში. მკითხველი ადამიანი, რომელიც  წიგნთან ურთიერთობას არ წყვეტს, განსაკუთრებით  გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან. ის უფრო კარგად აყალიბებს საკუთარ აზრებს და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, საკუთარი ცოდნა გადაიტანოს საუბრის ცოცხალ პროცესში. თუ ბავშვებს ადრიდანვე მივაჩვევთ, რომ მათი აზრები ღირებულია და ყურადღებით მოვუსმენთ, მათ შემდეგ აღარ შეეშინდებათ საკუთარი სათქმელის ხმამაღლა გამოთქმა. არც საკუთარი შეკითხვები მოეჩვენებათ ისე ნაივურად, რომ ხმამაღლა გაჟღერება ვერ გაბედონ. მხატვრული ლიტერატურის კითხვა კი ამ პროცესს უფრო გაუიოლებთ და საშუალებას მისცემს მათ, იყვნენ ორიგინალურნი, თვითმყოფადმი და მრავალფეროვანი თემების შესახებ მრავალფეროვანი ლექსიკით ისაუბრონ.

“მეშინია, ინტერვიუ არ ჩაგიშალოთ”; “მართალია, წერა კარგად გამომდის, მაგრამ კამერასთან ცოტა არ იყოს ვღელავ, ალბათ ყველაფერი  დამავიწყდება, რისი თქმაც მინდა”; „ვითომ რამე გამოვა. ძალიან ვნერვიულობდი. ყველაფერი დამავიწყდა, რაზეც უნდა მესაუბრა”, – ეს იმ წინადადებების ჩამონათვალია, რომელსაც რესპონდენტები ინტერვიუმდე ან ინტერვიუს შემდეგ მეუბნებიან. რა დასამალია და მეც მითქვამს მსგავსი სიტყვები, როდესაც არც ისე კმაყოფილი  დავრჩენილვარ საკუთარი თავით. ეს რეაქციები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რადგან მათ  აერთიანებთ შიში და უკმაყოფილება, თუ რამდენად სწორად და მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი სათქმელი, ზოგჯერ კი პირიქით კმაყოფილები ვრჩებით საკუთარი საუბრით და ვამბობთ: ”მგონი, არც ისე ცუდი გამოვიდა”.

ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, რომელთაც მშვიდად შეეძლოთ საკუთარი ხმის მოსმენა. ჩვენი ხმა, რომელიც გვესმის სხვადასხვა ხმის თუ ვიდეოჩამწერი მოწყობილობიდან, ცოტა არ იყოს გვაღიზიანებს და დისკომფორტს გვიქმნის. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს მოსმენა ან საერთოდ ვწყვეტთ მას. ეჭვიც კი გვეპარება საერთოდ სერიოზულად ვლაპარაკობდით თუ არა ჩანაწერში. ის თავდაჯერება, რომელიც ამ შიშებს გაფანტავს და აქარწყლებს, მხოლოდ სიტყვებს შეუძლია. სიტყვებს, რომლებიც გაბედულად და თავდაჯერებულად წარმოითქმება. რომელიც, ჩვენი  ყოველდღიური მეტყველებისგან დიდად არ განსხვავდება და არ არის ყალბი. მრავალფეროვან სიტყვებსა და ემოციებს შეუძლიათ გამოაცოცხლონ საუბრის პროცესი, გახადონ ის უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი და საკუთარი ხმის მოსმენასაც შეგვაჩვიონ.

საჯაროდ საუბარი და საკუთარი შესაძლებლობების რეპრეზენტაცია სკოლის ასაკიდან იწყება, როდესაც მოსწავლე თავის აუდიტორიას ელაპარაკება, რომელიც მასწავლებლისგან და თანკლასელებისგან შედგება. ალბათ, ყველას გამოგვიცდია, როგორია საკუთარი ხმის გაგონების შიში, ხმა ოდნავ გიწყდება, ხრინწი ერევა, იმ წერტილს ვერ პოულობ, რომელიც საუბრისას კონცენტრაციის მოპოვებაში დაგვეხმარება და თუ ამ წერტილს იპოვი, მერე უკვე ჩვენი სათქმელიც პოულობს თავის გზას, ძალდაუტანებლად.

დაფასთან გამოძახება და გაკვეთილის მოყოლაც არანაკლებ აფრთხობთ მოსწავლეებს. ისეთი განცდა აქვთ თითქოს მათი სამსჯავრო იწყება და ესეც, არანაკლებ ამუხრუჭებთ, თქვან ის, რაზეც  ხშირად უფიქრიათ. წერის დროსაც, ხომ ასე ხდება, ვცდილობთ გავითვალისწინოთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია, ვისაც ველაპარაკებით და მარტივად მივაწოდოთ ჩვენი აზრები. ამ შფოთს და ,,სამსჯავროს” ტანჯვას ამარტივებს ერთი გარემოება, ვუბიძგოთ მოსწავლეს იმისკენ, რომ გაამარტივოს საკუთარი მეტყველება, ისაუბროს თავისი სიტყვებით და ბოლომდე, შინაურული ლექსიკით გამოთქვას თავისი თვალსაზრისი. წერის დროსაც, ასე მოიქცეს და ამ ბარიერის გადალახვის შემდეგ, მას უფრო მეტად გაუჩნდება სურვილი, წარმოაჩინოს საკუთარი ცოდნა. ამიტომ მიეცით მათ თავისუფლება და შეუქმენით ისეთი გარემო, რომ გესაუბრონ და წერონ საკუთარი სიტყვებით.

მოსწავლეთა თვითმენეჯმენტი

0

თუ განათლების მიზანია, აღზარდოს თვითგანათლების უნარის მქონე ხალხი, მაშინ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ საკუთარი ცხოვრების მართვა, მიზნების დასახვა და თავიანთი განმამტკიცებლების მიღება. ზრდასრულ ასაკში ჯილდო ხშირად გაურკვეველია და მიზნის მიღწევასაც ბევრი დრო სჭირდება. დაფიქრდით, რამდენი პატარა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო განათლების მისაღებად და პირველი სამსახურის საშოვნელად. ცხოვრება აღსავსეა ისეთი ამოცანებით, რომლებიც ამ სახის თვითმენეჯმენტს მოითხოვს.

მოსწავლეები შეიძლება ჩართული იყვნენ საბაზისო ქცევის ცვლილების პროგრამის ყოველი ნაბიჯის განხორციელებაში. ისინი შეიძლება დაგვეხმარონ მიზნების დასახვაში, სამუშაოზე დაკვირვებაში, მათი მუშაობის, მათი მოქმედების შეფასებაში. დაბოლოს, მათ შეიძლება შეარჩიონ და მიიღონ განმამტკიცებლები.

მიზნის დასახვა. მიზნის დასახვის ფაზა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი კვლევის თანახმად, სპეციფიკური მიზნის დასახვა და მათი ყველასთვის გაცნობა შესაძლოს თვითმენეჯმენტის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ელემენტები იყოს. მაგალითად, ჰაიესმა და მისმა კოლეგებმა ამოარჩიეს სწავლაში სერიოზული პრობლემების მქონე კოლეჯის სტუდენტები და მათ სპეციფიკური მიზნების დასახვა ასწავლეს. იმ სტუდენტებმა, რომელთაც დაისახეს მიზნები და ექსპერიმენტის ავტორებს აცნობეს მათ შესახებ, უკეთესი შედეგი აჩვენეს ტესტირებისას, ვიდრე მათ, რომლებიც მიზნებს თავისთვის ისახავდნენ და არავის უმხელდნენ.

მაღალი სტანდარტები, როგორც წესი, უკეთეს შესრულებას იწვევს. სამწუხაროდ, მოსწავლეთა მიზნებს აქვს უფრო და უფრო ნაკლები მოლოდინის ასახვის ტენდენცია. მასწავლებელს შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეებს მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაში მათი მიზნების მონიტორინგისა და მაღალი სტანდარტების განმტკიცების გზით.

წარმატების შეფასება და მონიტორინგი. მოსწავლეებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ქცევის შეცვლის პროგრამის შეფასებასა და მონიტორინგში. თვითმონიტორინგისთვის შესაფერისი ქცევის რამდენიმე მაგალითია: შესრულებულ დავალებათა რაოდენობა, რაიმე უნარის ათვისებისას დახარჯული დრო, წაკითხული წიგნებისა და გამოსწორებული პრობლემების რაოდენობა ან თუნდაც ერთი კილომეტრის გარბენისას დახარჯული დრო. მასწავლებლის ზედამხედველობის გარეშე შესასრულებელი დავალებები, მაგალითად, საშინაო დავალება და დამოუკიდებელი სამუშაო, ასევე კარგი საშუალებებია თვითმონიტორინგისთვის. მოსწავლეები აწარმოებენ ცხრილს ან დღიურს, სადაც ჩაინიშნავენ კითხვის ნიშნით აღნიშნული ქმედების სიხშირესა და ხანგრძლივობას. წარმატების ჩასანიშნი ბარათი ეხმარება უფროსკლასელებს დავალებების მცირე ნაწილებად, ნაბიჯებად დაყოფაში, მათი თანმიმდევრობის განსაზღვრასა და ყოველდღიური მიზნების დასახვის საშუალებით ყოველდღიური პროგრესისთვის თვალის მიდევნებაში. ეს ბარათები ასევე ასრულებს მინიშნებების ფუნქციას, რომლებიც შეიძლება ისევე თავისუფლად გაქრეს, როგორც გაჩნდა.

თვითშეფასება რამდენადმე უფრო რთული რამაა, ვიდრე უბრალო თვითაღრიცხვა, რადგან ხარისხის შეფასებას გულისხმობს. მოსწავლეებს შეუძლიათ, გონივრული სიზუსტით შეაფასონ თავიანთი ქცევა. განსაკუთრებით მაშინ, თუ აითვისებენ კარგი შესრულებისა და ნაწარმის შეფასების სტანდარტებს. მაგალითად, სვინიმ, სალვამ, კუპერმა და ტალბერტ-ჯონსონმა ასწავლეს მოსწავლეებს, როგორ შეეფასებინათ საკუთარი კალიგრაფია ასოების ზომის, დახრილობისა და დაშორების მიხედვით. სწორი თვითშეფასების ერთი-ერთი საშუალებაა მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა შეფასებების პერიოდული შემოწმება და სწორი განსჯისთვის განმტკიცების მიცემა. უფროსკლასელები თვითშეფასების სასწავლად უფრო მეტად არიან მზად, ვიდრე უმცროსკლასელები. შესაძლებელია აგრეთვე ბონუს-ქულების დაწერა, როცა მასწავლებლისა და მოსწავლის შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა. თვითშეფასებას შეიძლება თან სდევდეს თვითშესწორებაც. მოსწავლეები ჯერ აფასებენ, მერე ცვლიან და აუმჯობესებენ თავიანთ ნამუშევრებს. დაბოლოს, კიდევ ერთხელ ადარებენ გაუმჯობესებულ ვარიანტს სტანდარტს.

თვითგანმტკიცება. თვითმენეჯმენტის უკანასკნელი საფეხური თვითგანმტკიცებაა. თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, საჭიროა ეს ეტაპი თუ არა. ზოგი ფსიქოლოგის აზრით, მიზნის დასახვა და პროგრესის მონიტორინგიც საკმარისია და ამ პროცესში თვითგაძლიერება არავითარ დამატებით ეფექტს არ წარმოშობს. სხვები მიიჩნევენ, რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის საკუთარი თავის დაჯილდოებას შესრულების უფრო მაღალ დონემდე მივყავართ, ვიდრე მხოლოდ მიზნის დასახვასა და პროგრესისთვის თვალის დევნებას. თუ შეუპოვრად სწავლობ და მიზნის მიღწევამდე უარს ამბობ იმაზე, რაც მთელი გულით გინდა, ჯილდოს მიღების პერსპექტივა შეიძლება შენი სამუშაოსთვის დამატებით სტიმულად იქცეს.

ზოგჯერ შეიძლება ოჯახებიც ჩაერთონ შვილების თვითმენეჯმენტის გამომუშავებაში. ერთობლივი მუშაობით მასწავლებელს და მშობლებს შეუძლიათ, ყურადღება ახალ მიზნებზე გაამახვილონ და ამავე დროს ხელი შეუწყონ მოსწავლის დამოუკიდებლობის ზრდას.

ზოგჯერ მოსწავლეთათვის თვითმენეჯმენტის სწავლება აგვარებს მასწავლებელთა პრობლემებს და დამატებით სარგებელს გვაძლევს. მაგალითად, შეჯიბრებებში მონაწილე 9-16 წლის მოცურავეთა გუნდის მწვრთნელები სირთულეებს აწყდებიან ბავშვების მიერ ინტენსიური მუშაობის მაჩვენებლების შენარჩუნებაში, ამიტომ მწვრთნელებმა შეიმუშავეს საწვრთნელი პროგრამა და ის ოთხი გრაფიკის სახით წარმოადგინეს. ამ გრაფიკებს ყველა გუნდის ყველა წევრი უნდა მიჰყოლოდა. ეს ცხრილები აუზთან გამოიკრა. მოცურავეებს თავად უნდა აღენიშნათ ამ ცხრილებზე ტურნირების რაოდენობა და მათ მიერ თითოეული საწვრთნელი ეტაპის დასრულება. ვინაიდან ეს აღნიშვნები ღიად კეთდებოდა, მოცურავეები ხედავდნენ თავიანთ და სხვათა მიღწევებს და თვალყურს ადევნებდნენ სამუშაოს ეტაპების დასრულებას. სამუშაოს ხარისხმა და ინტენსივობამ 27%-ით მოიმატა. მწვრთნელებს ეს სისტემა იმიტომაც მოსწონდათ, რომ მოცურავეებს მუშაობის დაწყება დაუყოვნებლივ, მწვრთნელის ნებართვის გარეშე შეეძლოთ.

რეკომენდაციები: მოსწავლის თვითმენეჯმენტი

  1. სისტემა დადებითი კუთხით გააცანით მშობლებსა და მოსწავლეებს.
  2. მოიწვიეთ მოსწავლის ოჯახი და ხაზი გაუსვით, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ოჯახის ყველა წევრისთვის.
  3. შეიმუშავეთ პროგრამა მხოლოდ მოხალისეებისთვის.
  4. აღწერეთ, თავად როგორ იყენებთ თვითმენეჯმენტის პროგრამას.
  5. დაეხმარეთ ოჯახებს და მოსწავლეებს, დაისახონ რეალური მიზნები.
  6. მოუყვანეთ მოსწავლეებს თვითმენეჯმენტის მიზნების ისეთი მაგალითები, როგორებიცაა საშინაო დავალების ადრე დაწყება, უკვე წაკითხული წიგნების აღრიცხვა და ა.შ.
  7. აჩვენეთ ოჯახებს, როგორ უნდა დაისახონ მიზანი და აღრიცხონ წარმატებები.
  8. ასწავლეთ მშობლებს შვილების წარმატებათა ჩაწერა და შეფასება.
  9. დაყავით სამუშაო ადვილად შესასრულებელ ეტაპებად.
  10. წარმოადგინეთ კარგი ნამუშევრების ისეთი ნიმუშები, სადაც განსჯა უფრო რთულია, მაგალითად, შემოქმედებითი წერა, ნაწერი თავისუფალ თემაზე და ა.შ.
  11. მიაწოდეთ მშობლებს სარეგისტრაციო ფორმა ან საკონტროლო კითხვარი, რომ თვალყური ადევნონ თავიანთი შვილების პროგრესს.
  12. წაახალისეთ ოჯახები, დროდადრო შეამოწმონ მოსწავლის ჩანაწერების სიზუსტე და დაეხმარონ შვილებს თვითგანმტკიცების ფორმების განვითარებაში.
  13. პირველ ეტაპზე ხშირად შეამოწმეთ მოსწავლეები, მომდევნო ეტაპებზე – უფრო და უფრო იშვიათად.
  14. შეამოწმებინეთ და-ძმას ერთმანეთის ნამუშევრები.
  15. შეამოწმეთ ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები შინ უნდა ითვისებდნენ და დააჯილდოეთ ის მოსწავლეები, რომელთა თვითშეფასებაც ემთხვევა მათი ტესტების შედეგებს.
  16. ნება მიეცით მოსწავლეებს, მშობლებთან გამოთქვან მოსაზრება კარგად შესრულებული სამუშაოსთვის დაჯილდოების შესახებ.

მაჩხაანის მარშრუტი

0

სკოლაში ორიათასიან წლებში ვსწავლობდი. ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეული ისეთივე ტრაგიკული და მძიმე არ ყოფილა, როგორიც დამოუკიდებლობის საწყისი წლები გახლდათ. მიუხედავად შედარებითი სტაბილურობისა და რიგი სფეროების მოდერნიზაციის მცდელობისა, საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის კვალი ნამდვილად არ გვეტყობოდა. კლასის სოციალური მდგომარეობა ექსკურსიების მარშრუტთა შერჩევაზეც ახდენდა გავლენას. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფი შორს და დიდი ხნით იშვიათად მიდიოდა ხოლმე. პედაგოგებს რამდენიმე ადგილი ჰქონდათ ამოჩემებული, რომელთაც დროდადრო ვსტუმრობდით. ყოველთვის გვქონდა სურვილი რაღაც ახალი, განსაკუთრებული გვენახა. ყოველთვის ვცდილობდით გვერდი აგვევლო დიდი ხნის წინ მობეზრებული ღირსშესანიშნაობებისთვის. ჩვენი მცდელობები  თითქმის ყოველთვის წარუმატებლად სრულდებოდა.

ძველი სურვილების განხორციელებისთვის ბრძოლა სტუდენტობის პერიოდში განვაახლე. ამჯერად, ვფიქრობ, რომ რაღაც მაინც გამომივიდა. მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ქიზიყში ვიმოგზაურე. სოფელ მაჩხაანის მოსანახულებლად ჩვენმა ძველმა მეგობარმა და თანაბარი რეგიონალური განვითარებისთვის მებრძოლმა ცნობილმა სამოქალაქო აქტივისტმა ნანა ბაგალიშვილმა დაგვპატიჟა. სოფელში ძალიან მალე ჩავედით. გზად იმაზე ვიმტვრევდი თავს, ნეტავ რითი შეიძლება იყოს გამორჩეული ეს დასახლება-მეთქი. რამდენიმე ნანგრევისა და თვალწარმტაცი ბუნების ნახვას მოველოდი. ერთ სოფელში მოგზაურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნანამ დაგვიმტკიცა, რომ ორგანიზებისა და დასახლებაზე ზრუნვის წყალობით ყველაზე პატარა სივრცის ღია მუზეუმად ქცევაც კი შესაძლებელია.

სოფელში ჩასვლისთანავე ჩვენმა მასპინძელმა რუკები დაგვირიგა. შესანიშნავად გაფორმებული მასალა ყველა საინტერესო ადგილის მდებარეობასა და ისტორიას გვამცნობდა. თურმე მეცხრამეტე საუკუნეში მაჩხაანზე სავაჭრო გზა გადიოდა. ამ გზაზე აღმოსავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ქარავნები გადაადგილდებოდნენ. სოფლის მთავარ ქუჩას დღემდე ამშვენებენ უძველესი ნაგებობები. მაჩხაანის ცენტრში თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ შესანიშნავი თაღებითა და ჩუქურთმებიანი აივნებით დამშვენებული ძველი დუქნები, სახელოსნოები და პატარა ქარვასლები. ალბათ, ნებისმიერ უცხო ადამიანზე მოახდენს შთაბეჭდილებას მინდორ-ველებს, ბაღ-ვენახებსა და მთებს შორის  მოულოდნელად აღმოჩენილი ეს სანახაობა. მთავარი ქუჩის ყველა შენობას თავისი უნიკალური ისტორია აქვს.

თუ ცენტრალური გზიდან ოდნავ გადაუხვევთ მაჩხაანის კიდევ ერთ თვალსაჩინოებასაც აღმოაჩენთ. პატარა ქოხში ანტიფაშისტი პარტიზანის, იტალიაში გმირულად დაღუპული ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმია გახსნილი, რომელიც უამრავ ექსპონატს, დოკუმენტს, უაღრესად საინტერესო პირად წერილებსა და ფოტოებს აერთიანებს. აქვე ნახავთ მეორე მსოფლიოს ომის დროინდელ საბრძოლო უნიფორმასაც. ამ უნიფორმაში გამოწყობილი პარტიზანი ათობით თანამებრძოლის ნაცვლად საკუთარ თავს სწირავდა.

მაჩხაანი მხოლოდ ცნობილი პარტიზანისა და მეცხრამეტე საუკუნეში დაწინაურებული ხელოსნების სოფელი არ გახლავთ. თავის დროზე დასახლებაში ვაჭრობასთან ერთად სამოქალაქო პასუხისმგებლობით განპირობებული საზოგადოებრივი საქმიანობაც ძალიან მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული.

ჯერ კიდევ 1880-იან წლებში მოახერხეს მაჩხაანელებმა სოფლის ბიბლიოთეკის დაარსება. ბიბლიოთეკა ერთ კონკრეტულ ადამიანს არ შეუქმნია. იგი კოლექტიური ძალისხმევის შედეგი გახლდათ. ზოგიერთმა მოქალაქემ წიგნთსაცავის დასახმარებლად თეატრალური წარმოდგენა გამართა, ზოგიერთმა ვაჭარმა რამდენიმე დღის ნავაჭრი თანხა შესწირა საერთო საქმის წარმატებით დასრულებას. ადგილობრივმა მუშებმა და დურგლებმა კი შენობისა და თაროების მოწყობა ითავეს უსასყიდლოდ. ბიბლიოთეკა გახლდათ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. სოფელში გაჩაღებულმა განმანათლებლურმა მოძრაობამ საბოლოოდ იმას მიაღწია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში მაჩხაანში უკვე ორი სკოლა და ერთი სახელოსნო სასწავლებელი მოქმედებდა.

„სათემო განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცემულ კრებულში ვკითხულობთ: „სავაჭრო სახელოსნოების სიმრავლის გამო, ქვემო მაჩხაანში ეწყობოდა ხელოსანთა, მევენახეთა, მეცხვარეთა ერთობლივი კრებები, რომელთა ფარგლებშიც ერთიანი ძალებით აარსებდნენ მაღაზიებსა და საამქროებს, არა მარტო სოფელში, არამედ სხვა ქალაქებშიც. სწორედ ადგილობრივთა ასეთი გაერთიანება გახდა იმის საფუძველი, რომ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, 1895 წელს, სოფელში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი სავაჭრო-სახელოსნო დეპო-ბანკი“. მაშასადამე, მაჩხაანელებმა ასოცი წლის წინ მოახერხეს ის, რაც ბევრისთვის დღემდე საოცნებოა. ისინი გაერთიანდნენ, დაჯგუფდნენ, რათა ერთად და ორგანიზებულად ეშრომათ, მიღებული შემოსავალი სამართლიანად გადაენაწილებინათ კოოპერატივის მრავალრიცხოვან წევრებს შორის და თან საერთო საზოგადოებრივი საქმეც გაეკეთებინათ. მაჩხაანის ბანკი იყო დაწესებულება, რომელიც ერთი მძარცველის ნაცვლად ყველა ადგილობრივ მშრომელს ეკუთვნოდა. დეპოს არსებობის წყალობით კიდევ უფრო გაძლიერდნენ სასოფლო სკოლები, ბიბლიოთეკა. რაც მთავარია, ადგილობრივებმა შეძლეს „ქსენონის“ დაარსებაც, რომელიც თანამედროვე აფთიაქისა და ამბულატორიის კომბინაციას წარმოადგენდა.

ნანას მიერ ნაჩუქარ რუკაზე ყველა დასახელებული პუნქტი აღნიშნული გახლდათ. ჩვენ ყველაფერი მოვიარეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ჯერ კიდევ არ გვქონდა დათვალიერებული. მაჩხაანის მარშრუტი თეატრის შენობით სრულდება. სოფლის  მშვიდ დაგამწვანებულ  ადგილას ორსართულიანი, ულამაზესი სახლია წამოჭიმული. დიდი სახლის პირველსავე სართულზე კი შესანიშნავი დარბაზია განთავსებული, ძველისძველი სკამებით, წინა საუკუნეში მოქარგული ფარდით, ჭაღითა და აივნებით. დარბაზში ორასამდე ადამიანი ეტევა. წარსულში მაჩხაანის სცენაზე საქართველოში ყველაზე პოპულარული წარმოდგენებიც იდგმებოდა. აქ რევოლუციონერებიც მართავდნენ საიდუმლო პოლიტიკურ თათბირებს რუსეთის მეფის დასამხობად.

იმედია, რამდენიმე მასწავლებელი მაინც დამიჭერს მხარს და შემოდგომის საექსკურსიო მარშრუტში მაჩხაანის შეტანას გადაწყვეტს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...