შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

ინტერნეტგაზეთი “mascavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ მასწავლებლის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას,  სიხარულს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ, ერთმანეთან თანამშრომლობით, ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

ინკლუზიის ინსტრუმენტები – პოზიტიური დასაწყისი

0

აქტიური სასწავლო პროცესის წარმართვისა და მოწაფეთა შემოქმედებითი პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო წლის პოზიტიური დასაწყისი. ამისთვის ყველა პედაგოგს თავისი გზები, ხერხები, საშუალებები აქვს და შეძლებისდაგვარად ცდილობს, ახალ თაობას თავი კარგად დაამახსოვროს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ და მათთვის თანამონაწილეობითი გარემოს შესაქმნელად მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება მოგვეთხოვება.

გასაკვირი არაფერია, მეთოდოსისა და ოდოსის ძმობის ოდინდელი ამბავი დღემდე ლაიტმოტივად მოჰყვება საგანმანათლებლო სივრცეს და თუ პირველი ქმედების რაგვარობას კარნახობს პედაგოგს, მეორე გზაა, გეზი და ვექტორი, რომელიც მოწაფეს მართებულად უწინამძღვრებს მისთვის საჭირო სივრცის ათვისებისას. მთელ ამ ამბავში კი მთავარი მაინც პოზიტიური დასაწყისია, ოდნავ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდოლოგია ან თუნდაც ნებისმიერი ტიპის მეთოდოლოგია.

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! მე მარიამი ვარ და მიხარია, რომ თქვენთან ურთიერთობის საშუალება მომეცა. ჩვენ სწორად დავგეგმავთ და ავითვისებთ სასწავლო აქტივობებს საუკეთესო შედეგების მიაღებად, – ბანალური და ცოტა ვრცელი, მაგრამ მაინც პოზიტიური დასაწყისია, რადგან ბავშვებს ახარებთ უფროსებთან მეგობრობის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მეგობრობის ცნება კარგად ჯერაც არ ჰქონდეთ გააზრებული. თანაც აქვე ჩანს მიზანი, რომლისკენაც მთელ შემდგომ აქტივობებს მივყავართ.

უფრო პოზიტიური დასაწყისისთვის ათასგვარი სახალისო ამბის მოფიქრება ან გათამაშებაც შეიძლება, მაგალითად, ასე:

ძვირფასო მეგობრებო! მე შრომელი და იზანდასახული არიამი ვარ და მსურს, თავადაც მითხრათ თქვენს სახელთან ერთად სახელის პირველი ასო-ბგერით დაწყებული თუნდაც ერთი, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, ზედსართავი.

ბავშვები იოლად იღებენ ახალ გამოწვევას და ასე ჩნდებიან კლასში იჭიერი ინო, ონიერი იო, რძენი ერიკა, ავისუფალი ათო… ეს იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი სახალისო და, იმავდროულად, შემეცნებითი უნარების განმავითარებელი, ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო აქტივობაა, რომელსაც სიამოვნებით უნდა შევწიროთ ჩვენი დროის 10 წუთი, რადგან მთელი სასწავლო სემესტრისა თუ წლის განმავლობაში დაგვეხმარება მოსწავლეებთან/ სტუდენტებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებაში.

რაც შეეხება იდენტობისა და მიზნის უკეთ განსაზღვრას: ფსიქოლოგიის პროფესორი მაურის ჯ. ელიასი (Maurice J. Elias) მიიჩნევს, რომ სკოლაში დაბრუნება საუკეთესო დროა პედაგოგებისთვის, დაეხმარონ მოსწავლეებს პერსონალური თუ სხვა ტიპის რესურსების თავმოყრასა და მობილიზებაში, რაც წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა. იდენტობის გამოსარკვევი აქტივობის დროს ვინ ვარ მე? სტუდენტები/მოსწავლეები ავსებენ კითხვარს, რომელსაც ჯერ მხოლოდ მეწყვილეს უზიარებენ, მართავენ დისკუსიას მცირე ჯგუფებში და საბოლოოდ მთელ კლასს აცნობენ თავიანთ პასუხებს (მოსწავლეები/სტუდენტები ირჩევენ მათთვის ყველაზე კომფორტული კითხვების ნომრებს ფართო ჯგუფში გასაზიარებილად). შესაძლოა, მათ გაზიარების უფრო კრეატიული ფორმა შეარჩიონ. მაგალითად, შექმნან კოლაჟი ან ჩატი – დიაგრამა, ცხრილი… – თავიანთი პასუხებისთვის ან პირველ სამ კითხვაზე პასუხისთვის ისე, თითქოს ამას რომელიმე ჟურნალისთვის აკეთებდნენ.

კითხვები ასეთია:

  1. რა მიქმნის მოტივაციას?
  2. რომელია ჩემი საუკეთესო უნარი/უნარები?
  3. როგორ მოქმედებს ჩემზე მეწყვილე?
  4. როდის და ვისთან ვიხარჯები ბოლომდე?
  5. ვინ მეხმარება ყველაზე მეტად?
  6. როგორ მივაღწევ მეტს ან რა დამეხმარება წარმატების მიღწევაში?

ცოცხალი გადარჩევა (A living poll)

ცალკეული მოცემულობის წაკითხვის შემდეგ, სტუდენტები/მოსწავლეები ერთი და იმავე ტიპის პასუხებს ათავსებენ მასწავლებლის მიერ ოთახის წინასწარ განსაზღვრულ ნაწილში. საჭიროა, გამოიყოს სამი არე შემდეგი სამი ტიპის თვალსაზრისის გამოსახატავად:

  • უმეტესწილად სიმართლეა
  • ნაწილობრივ სიმართლეა
  • უმეტესწილად არ არის სიმართლე

შეგვიძლია წარმოვადგინოთ და შემდეგ ამოვარჩიოთ კითხვები პოზიტიური ან ნეგატიური გადაწყვეტისთვის:

  1. „სკოლა უგუნურებად მიმაჩნია“ ან „მიმაჩნია, რომ სკოლა მნიშვნელოვანია და წარმატების მისაღწევად სწავლაა საჭირო“.
  2. „ზოგჯერ ძალადობა მისაღებია“ ან „ძალადობა მიუღებელია, ძალას მხოლოდ რეალური საფრთხის შემთხვევაში ვიყენებ“.
  3. „მიმაჩნია, რომ ცდა არაფერს შეცვლის ან „მჯერა, რომ თუ მეტად მოვინდომებ, მეტს მივაღწევ“.
  4. „მხოლოდ პოპულარობისთვის გავაკეთებ რამეს“ ან „ვაკეთებ იმას, რაც მინდა და რაც მართებულია“.
  5. „სკოლაში დროის გასაყვანად დავდივარ“ ან „მე ვარ ის, ვისაც სურს ჩართულობა და სწავლა“.

თითოეული მოცემულობის ჩანაცვლება შესაძლებელია ჩვენი სურვილისამებრ. მათი წარდგენის შემდეგ ვთხოვთ სტუდენტებს ოთახის თითოეული არიდან, გაგვანდონ, რატომ ფიქრობენ ასე. ძალზე ღირებულია მეწყვილეთა ურთიერთდამოკიდებულების გაცნობა მეტი პოზიტიური აზროვნების მისაღწევად. მეორე მხრივ, პედაგოგისთვისაც სამოქმედო ინსტრუქციაა ბავშვების აზრის მიღება. ამ თამაშში მოწაფეს შეუძლია, წარმოდგენის შეცვლის შემთხვევაში ადგილი  შეიცვალოს და სასურველ მხარეს გადავიდეს.

ვთხოვოთ მათ, გამოყონ თავიანთი თვალსაზრისები ჩვენი წარმოდგენებისგან და ახსნან და დაასაბუთონ, რატომ შეიცვალეს მიდგომა. აქტივობა სრულდება ერთმანეთისთვის სამართლიანი აზრის გაზიარებით.

 

შეხედულებების ჩაწერა

ყოველივე ამის შემდეგ ბავშვები იწერენ საკუთარ შეხედულებებს და დამატებით ავსებენ სამიდან თუნდაც ერთი პუნქტს:

  • მე ვიყავი _______ , მაგრამ ახლ ა ვარ_______
  • მიმაჩნდ ა , რომ _______, მაგრამ უკვე ვფიქრობ, რომ_______
  • ვაკეთ ებდი _______, მაგრამ ახლ ა გავაკეთებ ისე, რომ _____

დამატებითი სარგებელია ამგვარ აქტივობათა წლის შუაში გამოყენებაც იმის გასარკვევად, პოზიტიურად იცვლება ბავშვების აზრები თუ ნეგატიურად.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი შთაბეჭდილება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ საკლასო ოთახის დეკორაცია აუცილებლად მიიპყრობს სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეების ყურადღებას და, იმავდროულად, მათ ფიქრის საშუალებასაც მისცემს. შევავსებინოთ კითხვარები საკლასო დეკორაციების შესახებ სხვადასხვა ასპექტის მოსანიშნავად. ერთად ვიმსჯელოთ განსხვავებებზე, რომლებიც შეამჩნიეს, ან ვკითხოთ, რას დაამატებდნენ, ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ.

მორის ჯ. ელიასის ყველა ეს რჩევა საინტერესოა და მოწაფეთა სასწავლო პროცესით დაინტერესების, მასში ჩართულობისა და თანამონაწილეობის წინაპირობაა. აკი არისტოტელეც ამბობს, რომ „კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია“. ჰოდა, დავიწყოთ პოზიტიურად და სასურველი შედეგიც აუცილებლად მოვა.

 

გამოყენებული ელექტრონული რესურსი:

https://www.edutopia.org/blog/helping-students-start-year-positive-mindset-maurice-elias

თვარაძის მონტებულსუ

0

ასეა:

ხშირად ეგრე ხდება, შენს დროში გარდაცვლილ ახალგაზრდა მწერალზე წერა გიჭირს. მიზეზი ბევრია, მაგრამ გასაჭირის მთავარი ბიძგი ის არის, რომ ხან ვიღაცას სიტყვა სიცოცხლიდან უდროოდ წასვლაზე გაეპარება და ავტორის ტექსტის მნიშვნელობას ამით აორმაგებს. ზაზა თვარაძე ირიბ ილეთებს არ საჭიროებს. მეტიც – ხელოვნურად დაკრული ტაში კი არა, ის სიკვდილის მერეც ჩრდილში დარჩა. არადა, ეს კარგი ამბავი სულაც არ არის – ბოლოს და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან მკითხველს, ბავშვებს სჭირდებათ ზაზა. კაცი, რომელსაც მე მისი თაობის ჩემი მეგობრებისგან ვიცნობ.

„მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ იმითაცაა არაჩვეულებრივი, რომ ჩვეულებრივ ამბებს ამითებს. საგანგებო სცენების დადგმა ავტორს არც უცდია, ის, რაც აწმყოშია, წარსულში გადაიტანა, გააზღაპრა, დიდმეცნიერულად რომ ვთქვათ, უკუ-უტოპია შემოგვთავაზა – „მდინარეს მტკვარი ერქვა“ „ზოგან ჩაჭრილი და ციცაბო იყო. იქნებ ამიტომაც ერქვა უბანს ღრმა ღელე“. დღევანდელი იყო გუშინ. ეს არის ზაზას მოულოდნელი პროლოგი და მონტებულსუს გასაღები.

მეორე არაჩვეულებრივი ამბავი ის არის, რომ ზაზამ მოახერხა იქ აღეწერა ომი, სადაც ამას ყველაზე ნაკლებ ელიან. ამ ომს ქართულმა პროზამ, როგორც სჩვევია, თვალი მოუხუჭა და გვერდი აუარა. აქ სისხლი და ჭურვები როდია, ტკივილს დიდოსტატურად, დისტანციიდან გვანახებს: „ჩაფიქრებული იყო დედა, ჩაფიქრებული იყო ბებია“. და ასეც უნდა იყოს. ბავშვები ასე უფრო გრძნობენ იმ საშინელებას, რომელიც დიდობისას არ უნდა გაიმეორონ. თორემ ავტომატის ჯერის ხმა მიხაროდა პატარაობისას, მერე დაყრილ, ცარიელ ვაზნებს ვაგროვებდი და სათამაშო პისტოლეტით დავრბოდი. ბაც-ბაც-ბაც და ეს მეგონა საუკეთესო არჩევანი მომავლის საქმეთაგან, სანამ აფხაზეთის ომში მოკლული ჩემი მეზობლის დედა არ დავინახე, რომელიც სიმინდს არჩევდა და უკიდურესად შემაშინებელი, სასტიკი და ამავდროულად უმწეო თვალებით გაშტერებით უყურებდა საკუთარ თითებს. არც ტიროდა და არაფერი. არჩევდა და უყურებდა. აი, მაშინ მივხვდი, რომ ომი კარგი არ იყო. რომ ომი გულისხმობდა შემოდგომის შუაში სიმინდის მარტო დამრჩევ ქალს, ამ ქალის თითებსა და თვალებს. სათამაშო არ გადამიგდია, მაგრამ მივხვდი.

მესამე არაჩვეულებრივი ამბავი ის არის, რომ ელის მამა მიდის. მამის დაკარგვის და ძებნის თემა ახალი არ არის, მაგრამ ზაზა ამასაც თავისებურად „ფუთავს“: ჯადოქრობისა და რეალური ცხოვრების ზღვარზე, ზუსტად ისე, როგორც ბავშვები ხედავენ ცხოვრებას. ბავშვობა ხომ მაშინ მთავრდება, როცა ლოგინის ქვეშ აღარ იხედები სავარაუდო სულების შესამოწმებლად. ჰოდა, ელის ჰგონია, რომ ბებიამისი ჯადოქარია, რადგან ბებიას მოაქვს პური (აქ საოცრად ზუსტი ირონიაა საშინელ ოთხმოცდაათიანებზე), მწვანე წყალი და ასე შემდეგ, ელის უკვირს, რატომ ვერ „აჩენს“ ბებია დაკარგულ მამას. მამას, რომელმაც ელის საოცარი თილისმა აჩუქა – სპილენძის ბუ სრულიად სპონტანური სახელით: „მონტებულსუ“. და ელი იწყებს მამის ძებნას. ამ თავგადასავლის ფანტასტიკურ დინებას აღარ მოგიყვებით, თქვენვე შეცურეთ. ზოგადად კი ზაზა მოულოდნელობების კაცია, უცაბედი გადასვლების, კონტრასტების, მსუბუქი სარკაზმის და დიდი, არაპათეტიკური სიკეთის კაცი. და ისეთი კითხვების კაცი, რომელსაც პასუხი არ აქვს: „საიდან გაჩნდნენ აქ პორფილე და გვირისტინე?“ და არც არასდროს ექნება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი.

მეოთხე არაჩვეულებრივი ამბავი ის არის, რომ შეიძლება კიტრი ალაპარაკდეს. წიგნი ფანტასტიკურ სამყაროში შედის. ისე, კიტრის ლაპარაკი ჩვენ თეიმურაზ მეფის ლექსებიდანაც გვახსოვს, მაგრამ ეს სხვა კიტრია. აქ უკვე ღრმაღელე დროებით მთავრდება და კუზლანდია და მისი მსგავსი სამეფოები იწყება. ან კი როგორ არ უნდა დაიწყოს, ელის ხომ დიდი თილისმა აქვს და ელიმ ხომ მამა უნდა იპოვოს. და თან ეს თილისმა გაცოცხლდა! და რა გასაკვირია, რომ ელის ეხმარება! თუნდაც „გოჭის ხუთშაბათი“ იდგეს.

მეხუთე არაჩვეულებრივი ამბავი ის არის, რომ ელი „მამასთან და მეგობრებთან ერთად თბილისში დაბრუნდა“. პოვნა ისევ ჯადოსნურისა და რეალურის ზღვარზე ხდება და შემდეგ ისევ ჩვეულებრივ სამყაროში, ღრმაღელეში ვბრუნდებით. ყველაფერი ჩვეულებრივია და ნაცნობი. საგნები და გარემო ცხადი. მხოლოდ ერთი, ზღაპრული პერსონაჟი შემოგვრჩება, ისიც სხვებისგან დაფარულად, მხოლოდ ელისთვის და იტყვის: „ძნელი სათქმელია, რა არის სიზმარი და რა სინამდვილე, ყოველ შემთხვევაში, ახლა რომ მე და შენ ვლაპარაკობთ, ნამდვილად ფაქტია!“

როგორი იქნება საოცნებო სკოლა?

0

მალე ერთი წელი გახდება, რაც აშშ-ში მიმდინარეობს უნიკალური,  ტოტალური და გონივრული საგანმანათლებლო რეფორმა. მისი ორგანიზატორი არც მთავრობაა, არც დეპუტატები, ან მეცნიერები, არამედ სტივ ჯობსის ქვრივი _ ლორენ ჯობსი.

როგორც ჩანს, ამგვარი ინიციატივისაკენ მას დარგის კონსერვატულობაზე მთელი ქვეყნის წუხილმა, ხელისუფლებისგან ცვლილებების უიმედო მოლოდინმა და რაც მთავარია, ქმრის ხსოვნის პატივისცემამ უბიძგა.

ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში  მან გამოაცხადა ,,XQ  ახალი სუპერ-სკოლის“ კონკურსი 50 მილიონიანი პრიზით  საუკეთესო პროექტის წარმდგენისათვის. ამასთან, მან თავიდანვე განაცხადა, რომ არ იქნებოდა არავითარი ინდივიდუალური პროექტი.

რადგანაც გამარჯვებული ინდივიდი  როგორ  მოახდენდა ამ სკოლის ტირაჟირებას მთელ ქვეყანაში? განათლების  სისტემის რეფორმირება  მასშტაბური პროცესია და მასში მონაწილეობს  მილიონობით ადამიანი, თან სწრაფად და თან ხანგრძლივად. ლორენ ჯობსმა შეძლო მთელი ეროვნული მოძრაობის ორგანიზება. მან კონკურსი დაანაწევრა ეტაპებად, რომ გაეხანგრძლივებინა ინტრიგა და პროცესი არ მოდუნებულიყო.

მონაწილეთა განაცხადების მიღება 2015 წლის 15 ნოემბერს შეწყდა, ესკიზების  წარდგენის ვადა 11 თებერვალი იყო, მონაწილეთა მოწვევა 4 აპრილისთვის დამთავრდა, ფინალისტების შერჩევა 23 მაისისათვის, ხოლო გამარჯვებულების გამოცხადების დრო ახლა დადგა: 2016 წლის აგვისტო.

კონკურსის პირობით  50 მილიონ დოლარს ნამდვილად მიიღებს 5 საუკეთესო პროექტი, მაგრამ არა ერთბაშად, არამედ ტრანშებად, 5 წლის მანძილზე _ 2-2 მილიონს წელიწადში.

მედიაში ამის გამო, ძუნწიც კი უწოდეს ქვრივს, მაგრამ ექსპერტებმა დადებითად მიიჩნიეს ასეთი მიდგომა, რადგან ინარჩუნებს რეფორმების ,,ცეცხლს“ მთელი 5 წლის განმავლობაში, მართავს, რომ ეს ცეცხლი არ მინავლდეს.

ასე წარმოიშვა მონაწილეთა 70 ათასიანი  ნიაღვარი, დაიწყო პირველი გუნდების შექმნა, მათი ლიდერების გამოყოფა. თვითდინებით შეიქმნა ასეთი 2000-ზე მეტი გუნდი, ყველა შტატის მასშტაბით.  იქვე დაიწყო საზოგადოების გაშლილად ინფორმირება!  შედეგად გამოიკვეთა წარმოუდგენელი მხარდაჭერა მთელი ქვეყნისაგან.

პროექტი შემდეგ  მიმართულებებს მოიცავს:

  1. კვლევა და პროგნოზები. (აქ უნდა აღეწერათ რა და როგორ უნდა ისწავლონ 21-ე საუკუნის მოსწავლეებმა დღეს, რომ გახდნენ ვინმე ან მიაღწიონ რამეს _ ხვალ.)
  2. დიზაინი. ( როგორია სკოლის მისია? რა გინდათ ააშენოთ? დღეს და ხვალ რა იქნება ყველაზე ეფექტური განათლებაში? როგორ უნდა აღვუძრათ მოსწავლეებს მოტივაცია დამოუკიდებელი სწავლისათვის? როგორი უნდა იყვნენ  მასწავლებლები?)
  3. განვითარება. (როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ტალანტი? როგორ მოვახდინოთ მენეჯმენტისა და შეფასების ორგანიზება? როგორ მივაგნოთ წესებს იმის შესახებ, რა ვასწავლოთ, როგორ ვასწავლოთ და სად ვასწავლოთ? როგორი უნდა იყოს ვადები, სამუშაო სივრცე და ტექნოლოგიები. როგორ უნდა მართოს ხელმძღვანელობამ თქვენი სკოლა.

და ბოლოს, მთავარი: მზად ხართ ააშენოთ თქვენი ოცნების სკოლა ყველა მოსალოდნელი სირთულის გათვალისწინებით?

XQ  კონკურსის მიმდინარეობისას ბევრი არ ელოდა, ვადის ამოწურვასა და გამარჯვებულის გამოცხადებას. მათ უკვე დაიწყეს თავიანთი სასკოლო პროცესების მთლიანი გარდაქმნა, რადგან ამ განწყობამ მთელ ქვეყანაზე იმუშავა.

გზადაგზა იკვლევდნენ რა სურთ თავად მოსწავლეებს?

  • ქეისებითა და პროექტებით სწავლა და არა მოსაწყენი ლექციები და ტესტები.
  • გუნდური მუშაობა წყნარ, მყუდრო ოთახებში და არა ხმაურიან საკლასო ოთახებში.
  • კარგად აღჭურვილი კლასები, რომ შეიძლებოდეს ხელით რამის კეთება.
  • მასწავლებელი იყოს მრჩეველი და არა მასწავლებელი; მზად იყოს უსმინოს და უსმინოს და  ნიშნებით არ დააშინოს მოსწავლეები.
  • მეტი სივრცე სპორტისა და ტრენაჟორებისთვის.
  • საკლასო სივრცის გახსნა (ღია სივრცე) და არა _ დახურვა.

ასეთია ახალგაზრდების სურვილთა არასრული ჩამონათვალი.

და აი, მთელ ქვეყანაში უკვე ეძებენ და პოულობენ კიდეც საამისოდ დიდ თანხებს. ყველა აზარტშია.  არავინ ეხეთქება შუბლით კანონებსა და ინსტრუქციებს. არავინ ტეხავს წუწუნს: ოხ, რა ცუდია ყველაფერი, არავის  ესმის, არავის  უნდა გაგება….

რაც ყველაზე საინტერესოა, კონკურსში მონაწილე ყველა ადმინისტრატორი და განათლების მენეჯერი ამბობს, რომ თუნდაც არ მოიგონ პრიზი, ცვლილები უკვე ყველა შემთხვევაში დაწყებულია და გაგრძელდება, ძველებურად  გაგრძელება შეუძლებელია.

ნახევარფინალში გავიდა 50 გამარჯვებული. ამ წერილის ავტორი წერს, რომ მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ძნელად, მაგრამ მაინც დართეს ნება ჩართულიყო ერთ-ერთი გუნდის მუშაობაში, როგორც რიგითი წევრი. ამ გუნდმა წარადგინა 5 ვარსკვლავიანი სკოლის პროექტი, რომელიც კარდინალურად ცვლის განათლების მთელ სისტემას.  გუნდის ნამუშევარი ნახევარფინალში გავიდა.

ამერიკელები იმედოვნებენ, რომ თუ XQ პროექტი  იქცევა უფრო დიდი მოძრაობის დასაწყისად, არქაულ სკოლას სრულიად ახალი სკოლა ჩაანაცვლებს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ამერიკას სხვა ქვეყნები გაასწრებენ.

რაც შეეხება პროექტის სახელწოდებას ,,XQ სუპერ-სკოლის პროექტი“, თავდაპირველად, ბრენდის სახელწოდებაში აბრევიატურა IQ  გამოყენებას აპირებდნენ, მაგრამ განსჯის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი ,,კოეფიციენტი“ ყველასთვის უცნობია. ამიტომაც ის აღნიშნეს X-ით. ასე მიიღეს XQ.

ვინც ამ X -ს მიაგნებს პრიზიც მას დარჩება.

      

 

«A holy smokes moment»  – პრეზენტაციის გაკვეთილები სტივ ჯობსისგან

0

სტივ ჯობსი არ ყიდის მხოლოდ კომპიუტერებს, ის ყიდის შთაბეჭდილებებს

Carmine Gallo

 

სტივ ჯობსის პრეზენტაციები იყო სპექტაკლი, წარმოდგენა… ეს არ იყო პროდუქტის უბრალოდ წარდგენა. პროდუქტთან ერთად ჯობსი ჰყიდდა იდეას, ოცნებებს, შთააგონებდა ადამიანებს და ამ ყველაფერს აღწევდა თავისი ქარიზმატულობით და კიდევ იმით, რომ ყველაფერზე დეტალურად მუშაობდა, ვარჯიშობდა…

სტივ ჯობსი პრეზენტაციებისას ქმნიდა ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს. როცა მან 2001 წელს გაუშვა iPod -ი, მაშინ თქვა: „ჩვენ მივდივართ ჩვენს მოკრძალებულ გზაზე, რათა გავხადოთ სამყარო უკეთესი“.  ბევრისთვის iPod -ი იყო უბრალო მუსიკალური პლეერი, ჯობსისთვის კი ეს იყო ადამიანთა ცხოვრების გამდიდრების პოტენციური ინსტრუმენტი. ემოციები, ვნება, ენთუზიაზმი – შეუფასებელია პროფესიონალურ ბიზნეს-ურთიერთობაში, ამასთანავე, ეს თვისებები მოტივაციას უჩენენ მსმენელებსაც. “გააკეთეთ რაღაც მშვენიერი! აიძულეთ თქვენი თავები, იფიქროთ რამე მნიშვნელოვანზე“ (სტივ ჯობსი).

სტივ ჯობსის კომპანიონი, კომპანია NeXT-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სტივ ჯობსის პრეზენტაციების შესახებ წერდა: „თითოეული სლაიდი იყო ბოლომდე გაშალაშინებული… ჩვენ ვხარჯავდით საათებს იმაზე, რასაც ადამიანთა უმეტესობა უმნიშვნელო დეტალებად ჩათვლიდა. სტივი ძვრებოდა პრეზენტაციის ყველა დეტალში. ჩვენ ვცდილობდით პრეზენტაციის „გაორკესტრებას“ და „ქორეოგრაფიის დადგმას“ ყველაფრისთვის, რაც სცენაზე უნდა მომხდარიყო, ამიტომ ყველაფერი იყო „ცოცხალი“.

პროდუქციის წარდგენისას სტივი ქმნიდა ისეთ ფრაზებს, რომლებიც აუდიტორიის მეხსიერებაში დიდხანს უნდა დარჩენილიყო, ამიტომ ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობდა…. ბევრს ფიქრობდა იმაზე, როგორ გამოეთქვა ძალიან მოკლედ და ეფექტურად. როცა  ამაზე მუშაობდა, ის ზოგჯერ აუტანელი იყო ურთიერთობისას. ერთხელ მან კოპირაიტერს, ჯეიმს ვინსენტს, უთხრა, რომ მისი ტექსტები iPad – ზე, სრული კრახი იყო… „_ კი მაგრამ, თქვენ როგორი გინდათ…? თქვენ ხომ არ გითქვამთ, რა გინდათ?“ – არ ცხრებოდა ჯეიმსი. ამაზე ჯობსი სულ აფეთქდა… ბოლოს ვინსენტმა კატეგორიულად მოითხოვა: „თქვენ უნდა მითხრათ, რა გინდათ!“

„_ ეს თქვენ უნდა მაჩვენოთ და მე მაშინ გეტყვით, ეს არის თუ არა ის, რაც მინდოდა…“ – განაგრძობდა ჯობსი. „გავიგებ, როცა დავინახავ“ – ასეთი იყო ჯობსის კრედო…

ის მაქსიმალისტი იყო და ამას ითხოვდა საკუთარი თავიდანაც და სხვა თანამშრომლებიდანაც. სტივ ჯობსმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა სურდა და როგორ, მაგრამ ამის ვიზუალიზაცია თავად ყოველთვის არ შეეძლო… როცა დაინახავდა ან მოისმენდა ფრაზას, მხოლოდ მაშინ შეეძლო ეთქვა, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც უნდოდა, ან პირიქით: ეს ის არ იყო…

სტივ ჯობსის ეფექტურობას მისი სხარტი და მოქნილი სარეკლამო ტექსტებიც განაპირობებდა. ინფორმაციით გადავსებულ სამყაროში ამ ფრაზებს უნდა გერღვია ინფორმაციული საცობი და დროულად და სხვებზე ადრე შეეღწია ადამიანთა ცნობიერებაში, დაეპყრო მათი ყურადღება კაშკაშა შთაბეჭდილებებით… სწორედ ეს იყო სტივ ჯობსის წარმატების ერთი საიდუმლო.

მოკლე და სხარტი ფრაზები, ტვიტერატურული ტექსტები, 140 სიმბოლოში ჩატეული სათქმელი…. ასე აღწერდა სტივ ჯობსი თავის პროდუქტს ტვიტერისთვის, დეპეშების სტილი – ეს თანამედროვე სამყაროს ერთი ნიშანია, რომელსაც ჯობსი წარმატებით ფლობდა.

Carmine Gallo აღწერს 5 ელემენტს, რომელსაც სტივ ჯობსი იყენებდა ნებისმიერი პრეზენტაციის დროს:

  • მთავარი ფრაზა – ჰედლაინი
  • მოწინააღმდეგე
  • მარტივი სლიადები
  • დემო-ვერსია
  • «A holy smokes moment»- „ერთი ამას უყურე“

სტივ ჯობსი ჰედლაინებს ტვიტერზე განათავსებდა, შემდეგ ეს ფრაზები იპყრობდა დიდ აუდიტორიას. მაგალითად, MacBook Air მან აღწერა, როგორც „სამყაროში ყველაზე თხელი ნოუთბუკი“. ის, რაც გინდათ, რომ თქვენს პროდუქტზე იცოდნენ პირველ რიგში, უნდა გაიმეოროთ პრეზენტაციისას, სლაიდებში, პრეს-რელიზში, სათაურებში…. ამით პირველ, ყველაზე მნიშვნელოვან, ინფორმაციას აწვდით მომხმარებელს თქვენს პროდუქტზე.

კლასიკურ ისტორიებში გმირი ყოველთვის ამარცხებს მოწინააღმდეგეს. თქვენს იდეას, პროდუქტს, აუცილებლად ჰყავს კონკურენტი; მისი მოწინააღმდეგედ განხილვა და ღირსეული დამარცხება თქვენი მოწოდებაა.

Apple-ს პროდუქტები მარტივი და უბრალოა, მოშორებული აქვს ყველაფერი, რაც ზედმეტია. ამავე მიდგომას ავითარებს სტივ ჯობსი პროდუქტის პრეზენტაციისას. მარტივი და მრავლისმთქმელი სლაიდები… უმთავრესად, ეს სურათებია. როდესაც ჯობსი წარადგენდა MacBook Air-ს, ვერავითარი სიტყვები ვერ შეცვლიდა სურათს, რომელზეც „ხელი ოფისის თხელი კონვერტიდან იღებდა ნოუთბუკს“. ზოგ პრეზენტაციაზე ჯობსი იყნებდა სულ 7 სიტყვას და 10 სლაიდს… უხვსიტყვაობა საჭირო არ არის, ის ღლის მსმენელის გონებას…

სტივ ჯობსი არავითარ შემთხვევაში არ გადაღლიდა აუდიტორიას და არ დაუკარგავდა ინტერესს. ყოველ 10 წუთში მსმენელების განსატვირთად ის ახალი პროდუქტის შესაძლებლობებს აჩვენებდა. 2007 წელს როდესაც ის წარადგენდა iPhone Macworld -ს, მან აჩვენა როგორ მუშაობდა ტელეფონზე Google Maps-ი. მან გახსნა სტარბაქსის მაღაზიათა ქსელის სია  და ერთგან დარეკა, როდესაც უპასუხეს, ჯობსმა უთხრა: „მინდა შევუკვეთო 4 000 ყავა-ლატე, თუ შეიძლება…. არა, უბრალოდ, ვიხუმრე“. ასეთი ქმედებით სტივი აუდიტორიას განტვირთავდა, ახალისებდა და ინფორმაციასაც აწვდიდა…

სტივ ჯობსის პრეზენტაციებში არის მომენტი, რომელსაც ნევროპათოლოგები უწოდებენ „ემოციურ მოვლენას“, ასეთი ემოციური მოვლენები გვევლინებიან ერთგვარ სტიკერებად, რომლებიც ტვინს ეუბნებიან: ეს დაიმახსოვრე!

Macworld-ის წარდგენისას ჯობსს შეეძლო დაეწყო პრეზენტაცია ასე: Apple პირველად წარმოგიდგენთ მობილურ ტელეფონს, რომლითაც მოისმენთ მუსიკას, ითამაშებთ და უყურებთ ვიდეოს. ამის მაგივრად მან შექმნა ინტრიგა: “ ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ სამ რევოლუციურ პროდუქტს: პირველი – ეს არის ფართოეკრანიანი  iPod, მეორე – რევოლუციური მობილური ტელეფონი, მესამე – ხარისხიანი მოწყობილობა ინტრენეტისთვის. iPod-ი, ტელეფონი და ინტერნეტ-კომუნიკატორი… გესმით? და ეს არის მხოლოდ ერთი მოწყობილობა!“

სწორედ ეს არის: «A holy smokes moment».

პრეზენტაციის დასასრულს სტივ ჯობსი კიდევ ერთ ინტრიგას ქმნიდა. როცა სათქმელს დაასრულებდა და ამოწურავდა, აჩენდა ახალი მოლოდინის სივრცეს ფრაზით: „… და კიდევ ერთი რამ…“ და ამას მოაყოლებდა ახალ ინფორმაციას.

ისტორია, რომელიც (არ) გვიყვარს

0

ფოტოები, რომელიც ამ წერილს ერთვის, ერთი თვის წინაა გადაღებული ერთ ჩვეულებრივ სოფელში – ძველ ხიბულაში, ზუგდიდიდან ორმოცი წუთის სავალზე. გზაზე, უფრო ზუსტად, უგზოობაზე არც დავიჩივლებდი, ეს სოფელი რომ მართლა ჩვეულებრივი იყოს.

იშვიათია ხალხი, ვისაც ისტორიის, მისტიკისა და ბედისწერის კანონების ჩვენსავით სჯეროდეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ეს ყველაფერი შეგვიძლია აბუჩად ავიგდოთ და საკმაო წარმატებით დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ქვეყნის წელთაღრიცხვა ჩვენგან იწყება და მანამდე მხოლოდ პირველქმნილი ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა. რაც ჩვენ მოვედით ამქვეყნად და შემდეგ ხელისუფლებაში, იმ დროიდან დაიწყო „თემის დალაგება“, ნამდვილი თავისუფლებაც მაშინ ვიგემეთ და დემოკრატიაზე ხომ ჩვენამდე არც გაჩუჩუნებულა ვინმე. დანარჩენი უკვე წარსულის ნაშთია, ზოგი, უკეთეს შემთხვევაში, მუზეუმში დაიდებს ბინას, ზოგს მალევე მიივიწყებენ, ზოგსაც ბუნება მიხედავს.

1.

2

როგორც ჩანს, კაცთაგან მივიწყებული და ბუნების ამარაა დარჩენილი ის სახლი ძველ ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაიღუპა. ეს კარმიდამო, შეიძლება ითქვას, ქვეყნის სულიერი და მენტალური ლაკმუსის ქაღალდია, სადაც ჩვენი ყველა მანკიერება, შეცდომა და დანაშაულია აღბეჭდილი. ტრადიციაც აქვეა და ისტორიის პატივისცემაც – მხოლოდ კონცერტებზე, გაუგებარ დღესასწაულებსა და სუფრებზე დამღერებული. და სახელმწიფოც (გნებავთ ხელისუფლება იგულისხმეთ), რომელსაც იმის მოჩვენებითი სურვილიც არ შერჩა, რომ ეროვნული ტრაგედიები ღორების საჯიჯგნად არ აქციოს. თავის კუთვნილ და ღირებულ სახელს თუ არ დაარქმევს, სულ ცოტა, გაუფრთხილდეს მაინც და მიხედოს, მოუაროს, პირვანდელი სახე შეუნარჩუნოს.

3

4

5

პირვანდელი სახისგან უკვე ძალიან განსხვავდება კარლო ღურწკაიას კარმიდამო ძველ ხიბულაში: სახლი დაზიანებული და მორყეულია, კედლები დამპალი და შელახული, კარ-ფანჯრები – გამოცლილი. შემოუღობავი ეზო გავერანებულია. პირველი სართული პირუტყვის სადგომადაა ქცეული. მეორე სართულის აივანზე კი დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ მყარი ფიცარი იპოვნო. ოთახებში სულ რამდენიმე ნივთს შეიძლება წააწყდე – წაქცეული კარადას, ტანსაცმლის საკიდს და რაღაც ძველმანებს.

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახლაც მგონია არ არის გვიან, ყველამ გამოვიჩინოთ კეთილი ნება და საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც დავარწმუნოთ, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულის ადგილი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძეგლად (მუზეუმად) იქცეს. ეს ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებასაც შეგვახსენებს, ისტორიის პატივისცემის განცდასაც (ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა მსგავსი მნიშვნელობის ყოველ წვრილმანს უფრთხილდება) დაგვიბრუნებს და მომავალშიც გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ, რომ სხვების თვალშიც ღირსეული ქვეყნის მოქალაქეები გვერქვას და არა ყველაფრის მომთმენი, ყველა „სიკეთეზე“ თვალის დამხუჭავი არსებები.

* მაია კუდავას ფოტოები

სიცილის დადებითი გავლენა სწავლის პროცესზე

0

განათლება სერიოზული საქმეა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიგვაჩნია ჩვენ. სკოლებში ბავშვებს სთხოვენ, ზრდილობიანად ისხდნენ და სერიოზულად, ყურადღებით უსმინონ გაკვეთილს. მაგრამ იქნებ ვცდებით? იქნებ სწავლება გასართობი უნდა იყოს? იქნებ მათემატიკისა და ისტორიის გაკვეთილებს შორის ღიმილია საჭირო?

სიცილი სერიოზული საქმეა, განსაკუთრებით – პატარებისთვის

ამას წინათ ფრანგი ფსიქოლოგების ჯგუფმა, რომელიც პარიზის უნივერსიტეტ Ouest Nanterre La Defense–ში მუშაობს, აღმოაჩინა, რომ იუმორი, გარდა იმისა, რომ სულისა და სხეულის შესანიშნავი წამალია, ბავშვებს სწავლაშიც ეხმარება. ამისთვის მათ მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს: 18 თვის ბავშვებს აყურებინეს, როგორ ცდილობდა ზრდასრული ადამიანი მიუწვდომელი სათამაშოს აღებას ხელსაწყოს დახმარებით. ერთ ჯგუფში უფროსი უბრალოდ თამაშობდა მოპოვებული სათამაშოთი, მეორეში კი სათამაშო ძირს დააგდო და დაიჭყანა, რამაც ბავშვების ნახევარი გააცინა.

მოგვიანებით ბავშვებს საშუალება მისცეს, ეს სათამაშო თვითონვე აეღოთ. გაირკვა, რომ იმ ბავშვების 93,7%-მა, ვინც უფროსის მანჭვაზე იცინოდა, მოახერხა მისი ქმედების გამეორება და საჭირო ხელსაწყოს დახმარებით სათამაშოს მოპოვება, ხოლო იმ ბავშვებიდან, ვინც არ იცინოდა ან იმ საკონტროლო ჯგუფის წევრი იყო, სადაც არ შექმნილა სასაცილო სიტუაცია, მხოლოდ 25% მისწვდა ნივთს.

რატომ უწყობს ხელს სიცილი სწავლას?

სავარაუდოდ, ახსნა ტვინში უნდა ვეძებოთ. პოზიტიური ემოციები, მათ შორის – სიცილიც, ზრდის ტვინში დოფამინის დონეს და ააქტიურებს წახალისების სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ სიცილი მოტივაციას გვმატებს, რაც დადებით გავლენას ახდენს სწავლაზე.

გაირკვა ისიც, რომ სიცილი აუმჯობესებს მეხსიერებას, რადგან ხელს უწყობს ახალი ინფორმაციის ინტეგრაციას, აადვილებს მის დამახსოვრებას. ჩვენ, ზრდასრულებიც, სასაცილო ფორმით გადმოცემულ ახალ ამბებს უკეთ ვიმახსოვრებთ, ვიდრე ჩვეულებრივი ფორმით მიღებულს.

ეს სემ ჰიუსტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა. ახალგაზრდა სტუდენტები უკეთ ახერხებდნენ სტატისტიკური მონაცემებისა და სასწავლო მასალის დამახსოვრებას, როცა პროფესორს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა.

გარდა ტვინზე ზემოქმედებისა, იუმორის გრძნობა იმითაც უწყობს ხელს სწავლას, რომ დადებით ატმოსფეროს ქმნის, აქრობს სტრესს და დაძაბულობას გაკვეთილის მიმდინარეობისას. გარდა ამისა, ცოტა რამ თუ იპყრობს ყურადღებას ისე, როგორც კარგი ხუმრობა.

 

ბავშვებს იუმორის გრძნობა მშობლებისაგან დაჰყვებათ

გართობის თანხლებით სწავლა მხოლოდ მასწავლებლის სამუშაო არ არის, მშობელებსაც ეკისრებათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა. ნიუ–ჰემფშირის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 6 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვები მშობლების რეაქციებზე დაკვირვებით სწავლობენ სასაცილოსა და არასასაცილოს გარჩევას.

6 თვიდან ბავშვები იწყებენ მშობლებზე დაკვირვებას, რათა გაიგონ, როგორ იმოქმედონ სხვადასხვა სიტუაციაში. ამის შემდეგ მშობლები შვილებისთვის ემოციური ინფორმაციის წყაროდ, იუმორის ერთგვარ კონსულტანტებად იქცევიან. როცა მშობლები ხშირად იცინიან და წარუმატებლობას ღიმილით ხვდებიან, მოსალოდნელია, შვილებმაც ისწავლონ ასეთივე რეაგირება.

ყველაფერი ზომიერად

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლები “კომედიის უნივერსიტეტებად” უნდა ვაქციოთ. იუმორის სიჭარბე შესაძლოა ყურადღების გაფანტვის მიზეზადაც იქცეს და ბავშვებმა ვერ მოახერხონ მნიშვნელოვანისა და მეორეხარისხოვანის გარჩევა, მაგრამ თუ იუმორს საჭირო დოზით გამოვიყენებთ, სწავლა ნამდვილად სახალისო გამოცდილებად იქცევა.

წყარო:

https://psychology-spot.blogspot.com/2016/05/early-child-education-apprenticeship.html

რეკლამა – ჰიპნოზი ბავშვებისათვის

0

„ქუჩაში ნაყიდ გაუგებარი წარმომავლობის შაურმას და ჩიფსებს მშვენივრად ეახლებიან, სახლში მომზადებულ საჭმელზე კი ცხვირს იბზუებენ“, – ასეთ ჩივილს მშობლებისგან  ხშირად მოისმენთ. მართლაც, სასკოლო ასაკის ბავშვები სიამოვნებით ეტანებიან ჯანმრთელობისთვის არცთუ უსაფრთხო პროდუქტსა და გაზიან სასმელს. მშობლები ვერ აკონტროლებენ, რაში ხარჯავენ ბავშვები ჯიბის ფულს და ვერც იმ სარეკლამო მანიპულაციებისგან იცავენ, რომლის მსხვერპლი არა მხოლოდ მცირე ასაკის, არამედ მოზრდილი ადამიანიც შეიძლება გახდეს.

აგრესიული რეკლამის გავლენით გაჩენილი ბავშვთა სიმსუქნის პრობლემა მთელ მსოფლიოში ნამდვილი ეპიდემიის სახეს იძენს. ზედმეტი კილოგრამები ბავშვებსა და მოზარდებში ზრდიან ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა, დეპრესია, სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. სიმსუქნის შემცირების ერთ-ერთ გზად, ფიზიკური აქტივობის გარდა, კვების რაციონის მოწესრიგება რჩება, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში ჭარბი წონის შემთხვევები ბავშვებში გასამმაგდა. იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო, თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს არაჯანსაღი საკვების რეკლამა ბავშვთა ქცევასა და, საბოლოოდ, მათ ჯანმრთელობაზე, ამერიკელებმა 29 სხვადასხვა კვლევის შედეგი შეაჯამეს. მთლიანობაში, ამ კვლევებში მონაწილეობა 6 ათასამდე ბავშვმა მიიღო.

აღმოჩნდა, რომ ბავშვები ფასტფუდის, მავნე პროდუქტებისა და ტკბილეულის რეკლამას დიდი სიამოვნებით უყურებდნენ: ტელევიზიით, ინტერნეტით, კომპიუტერულ თამაშებში, ჟურნალებში, ბუკლეტებში, ქუჩებსა და სხვა პროდუქტის შესაფუთზე. კვლევების ავტორებმა დაასკვნეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ასეთ რეკლამას „იყვარებდნენ“ და იმახსოვრებდნენ, დღის განმავლობაში გაცილებით მეტ კალორიას იღებდნენ. ყველაზე ხშირად კი რეკლამის ზეგავლენის ქვეშ 8 წლამდე ასაკის ბავშვები ექცეოდნენ, რადგან სწორედ ისინი ცდილობდნენ მიებაძათ სარეკლამო პერსონაჟებისთვის. ბავშვების თქმით, საყვარელი სარეკლამო პროდუქტის გამოჩენის დროს ტელევიზორის ეკრანის მოლოკვაც კი უცდიათ.

კიდევ ერთი კვლევა რეკლამირებულ პროდუქტთან დაკავშირებით სიმსივნის შემსწავლელმა ბრიტანული ცენტრის მედიკოსებმა ჩაატარეს. მათ რამდენიმე სკოლას მიაკითხეს და ბავშვებს კვების პროდუქტის რეკლამები აჩვენეს, მერე კი რეკლამასთან დაკავშირებული პირადი გამოცდილების გაზიარება თხოვეს. აი, რას პასუხობდნენ ბავშვები:

„როდესაც ხილს ჭამ და რეკლამას ხედავ, ხილის გადაგდება გინდა, დედასთან გარბიხარ და ფულს სთხოვ, რომ მაღაზიაში ტელევიზორით ნანახი პროდუქტი იყიდო“.

„უყურებ რეკლამას და თავს მხიარულად გრძნობ, გინდა ამ პროდუქტის გემო შენც გაიგო, რადგან ის, ვინც მას არეკლამებს, ამბობს, რომ ძალიან გემრიელია“.

„დედას ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, მეყიდა ტელევიზორით ნანახი პროდუქტი. მან მითხრა, რომ არა. მე ძალიან გავბრაზდი და მთელი დღე ვთხოვდი, ეყიდა. ბოლოს დედა დაიღალა, ფული მომცა და მაღაზიაში წავედი“.

„მოზარდებში სიმსუქნის ეპიდემია ღელვის საგნად დიდი ხანია იქცა. დიდი რისკია, რომ ჭარბი წონის ბავშვები მოზარდობაში სიმსუქნით დაავადდნენ.  სიმსუქნე ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკს. ჩვენი შვილების ჯანმრთელობის სასარგებლოდ უნდა აიკრძალოს ან შეიზღუდოს მაინც არაჯანსაღი საკვების რეკლამა“, – ამბობს დოქტორ ელისონ კოქსი, სიმსივნური დაავადებათა პროფილაქტიკის სპეციალისტი.

4-6 წლის ბავშვებიც სარეკლამო რგოლების მოყვარული აუდიტორიის წევრებს წარმოადგენენ. ისინი რთულად ასხვავებენ ერთმანეთისგან რეკლამასა და რეალობას. ამიტომ რეკლამა მათზე ჰიპნოზივით მოქმედებს. თანაც, როგორც წესი, რეკლამა ფილმს ყველაზე დრამატულ მომენტში „ჭრის“. ბავშვი, რომელიც კინოსცენის ყურებითაა გატაცებული და  ფილმის გმირებს გულწრფელად უთანაგრძნობს, უცბად იცვლის გუნება-განწყობას ბედნიერი სარეკლამო პერსონაჟების დანახვისას და მარტივად იჯერებს იმას, რაც რეკლამაშია ნაჩვენები.

ამერიკელი ფსიქოლოგი ადამს სალვანი მიიჩნევს, რომ მცირე ასაკის ბავშვთა დამოკიდებულებას რეკლამის მიმართ მნიშვნელოვანწილად მშობლები განსაზღვრავენ. ფსიქოლოგი მშობლებს რამდენიმე დადგმული სცენის გათამაშებას სთავაზობს, სადაც ბავშვი და მშობელი რიგ-რიგობით გამყიდველისა და მყიდველის როლს ითავსებს. მშობელი ცდილობს, ბავშვს პროდუქტი ისე „მიჰყიდოს“, რომ მისი მავნებლობაც აგრძნობინოს და ისიც დაანახოს, რომ მისი გაყიდვა აუცილებელია. შემდეგ იმავე როლს ბავშვი ირგებს. შესაძლოა ასეთი თამაშის შემდეგ ბავშვი რეკლამას როგორც თამაშს, ისე შეხედავს და გააცნობიერებს რისკენ არის ის მიმართული. მშობელმა უნდა აუხსნას ბავშვს, რომ რეკლამირებული ნივთის ან კვების პროდუქტის გარეშე ცხოვრება არ იცვლება და თუ ის არ გაქვს, ამაში ტრაგიკული არაფერია.

ინტერნეტრეკლამის შემსწავლელი ფრანგი მკვლევრების ჯგუფმა დაადგინა, რომ რეკლამის კვალი ჩვენს გონებაში სამი თვის განმავლობაში რჩება. რამდენ საათს ვატარებთ ინტერნეტში? რამდენ რეკლამას ვხედავთ და ვიმახსოვრებთ? ჩვენი გონება უნებურად ფოკუსირდება არა მხოლოდ ინტერნეტტექსტებზე, ფოტოებზე და ჩვენთვის საინტერესო ახალ ამბებზე, არამედ საიდანღაც „ამომხტარ“ რეკლამაზე, რომელიც ეკრანის სივრცეს იპყრობს. „კოსმეტიკა, ტელეფონები, საჩუქრები, ავტომობილები, მოციმციმე ისრები, რომლებიც გვაიძულებენ მათ მიმართულებას გავყვეთ. ეს ყველაფერი ჩვენს ტვინში ხვდება და ილექება“, – ამბობს დიდიე კურბე, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი. სარეკლამო ხრიკების მსხვერპლი ბავშვებიც არიან, რომლებიც ინტერნეტში უფროსებზე მეტ დროს ატარებენ.

მეცნიერთა ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს მოტივტივე სარეკლამო „ფანჯრები“, ავტომატურ რეჟიმში  გააქტიურებული პატარა ზომის გამოსახულება, რომელსაც ვცდილობთ, რომ არ შევხედოთ ან წავშალოთ. ასეთი ტიპის რეკლამის ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების შეფასებისთვის მკვლევრებმა 400 მოხალისე მოიწვიეს. მათ ინტერნეტის მოხმარება ჩვეულ რეჟიმში თხოვეს, თუმცა პერიოდულად, დროის გარკვეულ ინტერვალში, სარეკლამო ბანერებს სპეციალურად უგზავნიდნენ. შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს ჰკითხეს, შეამჩნიეს თუ არა ეს რეკლამა. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რეკლამა შეამჩნიეს, მაგრამ ნაკლებად დაინტერესდნენ მისი შინაარსით. ყველაზე საინტერესო რამ კი მოგვიანებით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის მოხალისეები არ ინტერესდებოდნენ რეკლამით, ტვინმა მაინც „გადაინახა“ თვალით დასკანერებული ინფორმაცია.  სამი თვის თავზე მოხალისეებს ექსპერიმენტის დროს რეკლამირებული პროდუქტი წარმოუდგინეს, სთხოვეს მათი ამოცნობა და ასევე სთხოვეს სწრაფად გადაეწყვიტათ იყიდიდნენ თუ არა მას. უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ამ პროდუქტს შეიძენდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ პროდუქტს პირველად არ ხედავდნენ და ტვინს მისი გამოსახულების სურათი სადღაც ჰქონდა შენახული.

ძალიანაც რომ არ გვინდოდეს, ტვინი მაინც ბევრ ინფორმაციას ინახავს, მიუხედავად იმისა, გვჭირდება თუ არა ის ჩვენ. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ იმ საინფორმაციო ნაკადს, რომელიც ყველა მხრიდან გვიტევს ფერადი, ხმოვანი, ტექსტური თუ სხვა ტიპის რეკლამის სახით. დიდე კურბეს ჯგუფის წევრთა აზრით, ჩვენ შეგვიძლია მცირედი წინააღმდეგობა გავუწიოთ რეკლამის ზემოქმედებას. ამისათვის უნდა ვაღიაროთ, რომ რეალურად ხშირად ვექცევით მისი ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები ამ შემთხვევაში და როგორ დაიცვან თავი აგრესიული რეკლამისაგან, ჯერჯერობით უცნობია.

გრაფიკული საშუალებების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

საბაზო საფეხურის გეოგრაფიის სტანდარტში სამივე კლასისთვის გაწერილია ერთი მიზანი, რომელიც ცხრილებისა და დიაგრამების ანუ გრაფიკული საშუალებების წაკითხვისა და ინტერპრეტირების უნარ-ჩვევების განვითარებას გულისხმობს. რაც უფრო მრავალფეროვან გრაფიკულ საშუალებებს შევთავაზებთ მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში (სვეტოვანს, წრიულს, ხაზოვანს…), მით უფრო უკეთ ისწავლიან მათ ინტერპრეტირებას.

გრაფიკული საშუალებები გეოგრაფიული ინფორმაციის ეფექტური გამოსახვის ფორმაა, რადგან რაოდენობრივი მაჩვენებლების ზეპირად თუ წერილობით ნარატიული ფორმით გადმოცემა ხშირად ართულებს ტექსტის აღქმას. დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს აზროვნების უნარს, საშუალებას აძლევს მათ, მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ. ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენება ერთსა და იმავე დროს სემიოტიკურ და რაოდენობრივ კომპეტენციებს ავითარებს.

გთავაზობთ სამუშაო გაკვეთილის სცენარს, სადაც ოფიციალური საიტიდან აღებული მონაცემებია გამოყენებული.

 

აქტივობა №1. მასწავლებელი სვამს კითხვებს.

რა განსხვავებაა:

ა) ექსპორტსა და იმპორტს შორის?

ბ) საცალო და საბითუმო ვაჭრობას შორის?

გ) სპეციალიზებულ და უნივერსალურ ბირჟებს შორის?

დ) ბაზარსა და ბაზრობას შორის?

ე) საშინაო და საგარეო ვაჭრობას შორის?

მოსწავლეები ლექსიკონში პოულობენ ტერმინთა განმარტებებს. შემდეგ მასწავლებელი აძლევს მათ დავალებას: გაარკვიონ ამ ორგანიზაციის მიზნები და როლი მსოფლიო ეკონომიკაში და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკების გამოყენებით დაადგინონ ორგანიზაციის დამაარსებელი, წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები.

ტექსტი: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (World Trade Organization, akronimi WTO) საერთაშორისო ორგანიზაციაა, შექმნილი 1995 წელს. ის აწესებს გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს და აგვარებს უთანხმოებებს წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობას დაახლოებით 30 ერთობლივ შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში (შვეიცარია). გენერალური დირექტორია რობერტო კარვალიუ დე აზევედო. 2013 წლის 2 მარტისთვის მასში გაერთიანებული იყო 159 ქვეყანა. ოფიციალური ენებია ინგლისური, ფრანგული და ესპანური. დაარსების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითადი სამიზნეა მრავალ ქვეყანაში.

გრ1

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

 წევრი ქვეყნები

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ევროკავშირის წევრი ქვეყნები

დამკვირვებელი ქვეყნები

არაწევრი ქვეყნები

 

აქტივობა №2.

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტზე (https://www.economy.ge/ ) მოძებნონ საქართველოს საგარეო ვაჭრობა, სადაც მოცემულია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დინამიკა, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისა და ძირითადი საექსპორტო პროდუქციის ამსახველი დიაგრამები წლების მიხედვით.

დავალებები:

I ჯგუფს ევალება, ტექსტისა და დიაგრამების მიხედვით დაადგინოს:

  1. როგორია ექსპორტ-იმპორტის წილი;
  2. როგორია საქართველოს რეგიონული ვაჭრობის წილის დინამიკა;
  3. რომელი ქვეყნები არიან საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორები 2016 წლის ექსპორტ-იმპორტის მიხედვით და ეს ქვეყნები მსოფლიოს კონტურულ რუკაზე მონიშნონ.

გრ2

 

გრ3

II ჯგუფს ევალება, ტექსტისა და დიაგრამების მიხედვით დაადგინოს:

  1. რატომ და როგორ შეიცვალა საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურა ბოლო წლების განმავლობაში;
  2. რა განსხვავებაა საქართველოს საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციას შორის და რით შეიძლება აიხსნას ასეთი განსხვავება;
  3. როგორია სამი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში.

გრ4

III ჯგუფს ევალება, ტექსტში არსებული ინფორმაციისა და დიაგრამების ანალიზის საფუძველზე:

  1. დაადგინოს ძირითადი საექსპორტო პროდუქცია;
  2. დაადგინოს საქართველოს ათი ძირითადი საიმპორტო პროდუქცია;
  3. გამოთვალოს, რამდენს შეადგენს საქართველოს სავაჭრო ბალანსი მის ათ უდიდეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან.

გრ5

გრ6

აქტივობა №3. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი წარმოადგენს შესრულებულ დავალებას.

დასასრულ, მასწავლებელი კიდევ ერთხელ მოკლედ აჯამებს გაკვეთილს და აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას: გამოიკვლიონ მათი საცხოვრებელი ადგილის ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიის გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი და დააჯგუფონ ადგილობრივ და შემოტანილ პროდუქტებად; შეადარონ საკუთარი კვლევის შედეგები გაკვეთილზე ჩატარებული კვლევისას, დაადგინონ მსგავსება-განსხვავება და იმსჯელონ მათ მიზეზებზე.

გამოყენებული ელექტრონული რესურსი:

https://www.wto.org/; https://www.economy.ge/ .

„ფერადი კლიმატი“  და   პრობლემების გადაჭრა  გაკვეთილზე                                                                                                                                  

0

სასწავლო პროცესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა ჩართულობა. მასწავლებლები მოსწავლეებს გაკვეთილზე საინტერესოდ ვესაუბრებით, ვაჩვენებთ ვიზუალურ მასალას, ვცდილობთ დავაინტერესოთ, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლისთვის მთელი ეს ინფორმაცია უმნიშვნელოა. ისინი თითქოს გვისმენენ, მაგრამ, ფაქტობრივად, არ აცნობიერებენ მოყოლილს; ათვალიერებენ ვიზუალურ მასალას, მაგრამ რეალურად  ვერ აღიქვამენ, რადგან სინამდვილეში თავიანთი  საქმიანობით  არიან დაკავებულნი: ოცნებობენ, ფიქრობენ თავის საფიქრალზე. უმეტესად ეს ხდება მაშინ, როდესაც გაკვეთილის ტექსტი ზედმეტად  მშრალია ან პირიქით, გადატვირთულია ინფორმაციით და მოსწავლე გაურბის მათ დამახსოვრებას. ასეთი მოსწავლეების ჩართულობისა და გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია მათი ფიქრებისა და ოცნებებისთვის  „სხვა გზის მოძებნა“ და  იმ ტიპის დავალებების შეთავაზება, რომელიც მოსწავლეებს აიძულებს, იაზროვნონ და აქტიური კომუნიკაცია დაამყარონ საკლასო სივრცესთან.

პრობლემური სიტუაციის შექმნა, პრაქტიკული და შემეცნებითი ამოცანების შეთავაზება ეფექტური საშუალებაა მასწავლებლისთვის, „აიძულოს“ მოსწავლეებს, გახდნენ აქტიურები,  დამოუკიდებლად წამოაყენონ არგუმენტები,   მოიძიონ მტკიცებულებები და ერთობლივად გადაწყვიტონ   პრობლემები.  საკუთარი  „აღმოჩენები“  დადებით  ემოციებს გამოიწვევს მოსწავლეებში, გაზრდის მათ კომპეტენციას, ღირსების შეგრძნებას და აიძულებს მათ გულისყურით  მოუსმინონ თანაკლასელებსა და მასწავლებელს. მრავალფეროვანი  თვალსაჩინოებების შეთავაზებაც (რუკების, სქემების, ისტორიული პერსონალიების პორტრეტების და სხვ.)  დამატებითი სტიმულატორია  სახალისო   საგაკვეთილო  საქმიანობისთვის.

მაგალითად, მეშვიდეკლასელებს შუა საუკუნეების პერიოდის შესწავლისთვის   საკმაოდ ვრცელი მასალის ათვისება უწევთ. გადატვირთული პროგრამის გამო ტექსტური მასალა   ხშირად  სტილისტურად ერთი ფორმისაა, არ აქვს „საინტერესოს მოლოდინის“ ეფექტი,  რაც ხშირად მოსწავლეთა გაფანტულობის მიზეზიც ხდება.  როგორც კი მსგავს სიტუაციას შეამჩნევს,  მასწავლებელმა წინასწარ უნდა დაგეგმოს გაკვეთილი, შექნას პრობლემური სიტუაცია და გაახალისოს და გაამრავალფეროვნოს იგი მრავალგვარი აქტივობებით.

ამასთანავე, ეფექტური იქნება, თუ მასწავლებელი პედაგოგიკის ფსიქოლოგების რჩევებსაც გაითვალისწინებს და სწავლების სტიმულაციისთვის, ინტელექტის გაღვიძების და შემოქმედებითი აქტივობისთვის გამოიყენებს „ფერადი  კლიმატის“ ეფექტს, ანუ გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა  ფერში გადაწყვეტილ  თვალსაჩინოებას შესთავაზებს მოსწავლეებს. მაგალითად, მიჩნეულია, რომ გაკვეთილის დასაწყისში, პირველ ვიზუალურ მასალაში,  გამოკვეთილი უნდა იყოს ვარდისფერი, რომელიც შემდეგ გაგრძელდება წითლით, ხოლო გაკვეთილის დასკვნით ნაწილში უნდა ჭარბობდეს  მწვანე და ცისფერი. გონების მობილიზებისა და ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციისთვის სასურველია სქემების და ცხრილების საწყის ფონად  ყვითლის  და ფირუზისფრის შერჩევაც, სადაც  ჩარჩოდ გამოყენებული იქნება შავი და ა.შ.  მსგავსი „ჩანართებით“ მიღებული შედეგები ყოველთვის იმედის მომცემია.

მაგალითად მომაქვს პრობლემურ სიტუაციაზე ორიენტირებული გაკვეთილი:

 საგანი -ისტორია;

კლასი – VII;

გაკვეთილის თემა – „ილ დე ფრანსი,  კაპეტინგები საფრანგეთში“;

მიზანი: მოსწავლე მუშაობს ნარატივზე, აანალიზებს ძლიერი სამეფო ხელისუფლების ჩამოყალიბების მიზეზებს, გამოყოფს ფეოდალური იერარქიის დამახასიათებელ ნიშნებს, ახასიათებს სახელმწიფო მმართველობის ფორმას, მსჯელობს ქვეყნის ისტორიაში პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე, ადარებს კაპეტინგების მმართველობის თავისებურებებს  და  იყენებს  ვიზუალურ მასალას   (ისტ.VII.3,4);

რესურსები: დაფა, მარკერი, სახელმძღვანელო, ვიზუალური მასალა (სქემა, რუკა), პროექტორი;

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური;

ლექსიკონი: „დომენი-მეფის ან რომელიმე ფეოდალის სამფლობელო შუა საუკუნეებში“.

გაკვეთილის  ეტაპები:

I – კლასის ორგანიზება და  გაკვეთილის თემის გამოცხადება.  გონებრივი იერიში: მასწავლებლის შეკითხვა კლასს – „გაიხსენეთ, რის საფუძველზე ჩამოყალიბდა დასავლეთ ფრანკთა სამეფო?“

მოსწავლეები პასუხობენ: 843 წლის ვერდენის ხელშეკრულების  საფუძველზე (დაახლ.3 წთ).

II – მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს,  გამოიყენონ თვალსაჩინოება და  უპასუხონ შეკითხვას: ა) „რა ინფორმაციას გვაწვდის სურ.1. X საუკუნის საფრანგეთის შესახებ? ბ) რა შეიძლება გავიგოთ რუკების დახმარებით შუა საუკუნეების საფრანგეთის ტერიტორიული მდგომარეობის შესახებ?“ (სურ.1).

მოსწავლეთა  სავარაუდო პასუხი: „საფრანგეთი X საუკუნეში არ იყო ერთიანი  ქვეყანა, ის დაყოფილი იყო მრავალრიცხოვან სამფლობელოებად, თუმცა მოგვიანებით მაინც მოახერხა გაერთიანება“  (დაახლ.3 წთ).

III – მასწავლებლის შეკითხვა კლასს: ა) „რა განაპირობებდა შუა საუკუნეებში  სახელმწიფოს გაერთიანების აუცილებლობას?“ ბ) „ვინ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის გაერთიანება?“

სავარაუდო პაუხები: „უსაფრთხოება, მტრებისგან თავდაცვა; ხალხის მოთხოვნა  წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით; გაერთიანებისთვის ბრძოლას სჭირდება  ხელმძღვანელი, მეთაური; მეთაურს  მხარს  დაუჭერს  ხალხი;  ქვეყნის გაერთიანებასა და ხალხის მშვიდობიან ცხოვრებაზე პასუხი მოეთხოვებოდა მეფეს; ქვეყნის გაერთიანებისთვის მეფეს სჭირდებოდა ხელისუფლების  გაძლიერება;  მეფის ხელისუფლების გამტკიცება იწვევდა ქვეყნის გაძლიერებას, გაერთიანებასა და უსაფრთხოებას …  და ა.შ. “.

მოსწავლეთა  პასუხებში  გამოიკვეთება  გაკვეთილის პრობლემა, რომელიც დაიწერება დაფაზე:  (დაახლ.4 წთ).

„რა  გახდა  საფრანგეთის  გაერთიანების საფუძველი და ჰქონდა თუ  არა  მას  კავშირი   სამეფო ხელისუფლების გაძლიერებასთან?“

IV – მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დამოუკიდებლად იმუშაონ სახელმძღვანელოს ტექსტზე (I აბზაცი), შემდეგ კი წყვილებში გააანალიზონ ინფორმაცია და  შეასრულონ დავალება: „რატომ გაერთიანდნენ დასავლეთის ფრანკები  ჰუგო კაპეტის გარშემო?“

მოსწავლეების  პასუხები  მასწავლებელს დაფაზე გადააქვს.

V – მასწავლებელი  მიმართავს მოსწავლეებს,  განიხილონ ჯგუფებში ყველა  შესაძლო ვარიანტი, რომლითაც მეფე განიმტკიცებდა მონარქიულ ხელისუფლებას და აფართოებდა სამეფო დომენს, მიღებული პასუხების საფუძველზე კი შეივსება   პროექტორზე  განთავსებული   სქემა  (სქემა 1) (დაახლ.5 წთ).

VI – მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს, იმსჯელონ  იმ უპირატესობებზე, რასაც  მეფე ჰუგო კაპეტი ფლობდა დიდებულებთან შედარებით.  მიღებული პასუხებით ივსება  პროექტორზე  განთავსებული  სქემა  (სქემა 2) (დაახლ.5 წთ):

VII – მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს:  ა) დაასახელეთ, კონკრეტულად საზოგადოების  რა ნაწილი დაუჭერდა მხარს მეფის გამაერთიანებელ პოლიტიკას და რატომ?“

მოსწავლეები ჩამოთვლიან იმდროინდელ საზოგადოებრივ  ფენებს, გამოყოფენ მათ დამახასიათებელ ნიშნებს, მსჯელობენ მათ შესახებ. მიღებული დასკვნებით პროექტორზე  განთავსებული  სქემა  ივსება   (სქემა 3) (დაახლ.5 წთ):

VIII – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, იმუშაონ  ჯგუფებში  სახელმძღვანელოს  ტექსტზე  (აბზაცი 2, 3, 4), წყარო 2-ზე, რუკებზე (სურ.1), გააანალიზონ მასალა და გააკეთონ დასკვნა, როგორ წარიმართა საფრანგეთის გაერთიანება XII-XIII ს-ში, რა ასახვა ჰპოვა მან თანამედროვე საფრანგეთის პოლიტიკურ საზღვრებზე და როგორია პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობა ამ საქმეში.

მოსწავლეები ასრულებენ  დავალებას, დასკვნები ჩამოიწერება დაფაზე  (დაახლ.5 წთ).

IX – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, იმუშაონ ჯგუფებში და შეადარონ კაპეტინგების მმართველობის თავისებურებები.

მოსწავლეები მუშაობენ და ავსებენ  სქემა 4-ს (დაახლ.5 წთ).

Xმასწავლებელი  მიმართავს   მოსწავლეებს,  იმსჯელონ  ქვეყნის    ისტორიაში პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე, შეაფასონ მათი მმართველობის შედეგები   და გადაწყვიტონ გაკვეთილზე დასმული  პრობლემა:  რა კავშირია  ძლიერ სამეფო    ხელისუფლებასა  და სახელმწიფოს ერთიანობას შორის?! (დაახლ.5 წთ).

XI – რეფლექსიის ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას და საშინაო დავალებას თემაზე: „კაპეტინგების მმართველობა საფრანგეთში“   (დაახლ.2 წთ).

მსგავსი გაკვეთილები სწავლის მეტ მოტივაციას აძლევს  მოსწავლეს,  უვითარებს  სასწავლო კომპეტენციებს,  კომუნიკაციურ უნარებს  და  ხელს უწყობს სასწავლო პროცესის წარმატებას.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...