შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

ფიზიკა ამოცანებში ოპტიკა – გაგრძელება

0

სინათლის არეკვლისა და გარდატეხის კანონების გამოყენებით შესაძლებელია საგნის გამოსახულების სარკეებსა და ლინზებში აგება.

ჩვენ ვამბობთ, რომ საგნის (ანუ სინათლის წყაროს) გამოსახულება ბრტყელ ან სფერულ სარკეში არის ნამდვილი, თუ ის მიიღება არეკლილი სხივების გადაკვეთის წერტილში და არის წარმოსახვითი, თუ ის მიიღება არეკლილი სხივების გაგრძელებების გადაკვეთით. ამ პრინციპის თანახმად ბრტყელ სარკეში საგნის გამოსახულება ყოველთვის წარმოსახვითია.

ვრცლად  ოპტიკა-2

 

ეფექტური განმავითარებელი შეფასება

0

,,ხომ ვერ მეტყვით, საით უნდა წავიდე?

– გააჩნია, სად გინდა მისვლა.

– ამას მნიშვნელობა არ აქვს.

– მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, საით უნდა წახვიდე.

ლუის კეროლი, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“.

თუკი თითოეული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესს მოგზაურობად აღვიქვამთ, მაშინ განმავითარებელი შეფასება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მოგზაურობის პროცესში მოსწავლეებისთვის გზის ჩვენება.

ჩეშირული კატა ელისისთვის კარგი მასწავლებელი შეიძლება ყოფილიყო, გოგონას ან თავად კატას რომ სცოდნოდა, სად უნდოდა ელისს მისვლა.

სასურველი აკადემიური შედეგის მისაღწევად მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღიურად ადევნონ თვალი, თუ საით მიდიან მოსწავლეები. განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც შეძენილ ცოდნასა და უნარებს აფასებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმისთვის გამოდგება, რომ გავარკვიოთ, მივაღწიეთ თუ არა შედეგს. ამგვარი შეფასება მნიშვნელოვანია, როცა მოგზაურობის კონკრეტული მონაკვეთი დასრულდება – მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა ნახონ, მიაღწია თუ არა მოსწავლემ, მაგალითად,  A პუნქტს, ან იქნებ გზა აებნა და მოხვდა B პუნქტში. მასწავლებელს შეუძლია მუდმივი თვალყურის დევნებით და მიმართულების მიცემით დაეხმაროს მოსწავლეს, რომ ის არ აცდეს გზას. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ყველაზე საიმედო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გზას არ გადაუხვიონ.

გამოცდილი მასწავლებლები ხშირად მიმართავენ განმავითარებელ შეფასებას, თუმცა ზოგჯერ არ არქმევენ ამ სახელს და არ გამოყოფენ ცალკე, როგორც სწავლებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს. ალბათ ამის გამოცაა, რომ პირად საუბრებში, როცა მასწავლებლებს ვეკითხებით, იყენებენ თუ არა განმავითარებელ შეფასებას, ისინი გვპასუხობენ, იშვიათად ვიყენებთ, ამისთვის დრო თითქმის არ გვჩებაო. მასწავლებლები განმავითარებელ შეფასებას ძირითადად აღიქვამენ, როგორც მოსწავლეთა დავალებებზე გაკეთებულ წერილობით კომენტარს/უკუკავშირს.

ამ სტატიის მიზანია, დაანახოს მასწავლებლებს, რომ სინამდვილეში განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა თუ სტრატეგიებს. ყოველდღიური პრაქტიკა მეტისმეტად რთული არ არის და არც იმდენი დრო სჭირდება, რამდენიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მეორე მხრივ, როგორც საერთაშორისო კვლევებით დასტურდება (OCED, 2005; Black and William, 1998), შედეგი იმდენად კარგია, რომ დროის დახარჯვა ღირს. თუ განმავითარებელი შეფასება ყოველდღიურ პრაქტიკად იქცევა, მომავალში ბევრ დროს დაგვიზოგავს. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა, რომელიც, ერთი მხრივ, ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და, მეორე მხრივ, მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესონ სწავლების პროცესი.

განმავითარებელი შეფასების განმარტება

განათლების სპეციალისტებმა განმავითარებელი შეფასების არაერთი განმარტება შემოგვთავაზეს მას შემდეგ, რაც პირველად გამოიყენეს ეს ტერმინი (Wiliam, 2011). თუ ამ დეფინიციებს შევაჯამებთ, დაახლოებით ასეთ განმარტებას ჩამოვაყალიბებთ: განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით, სწავლების სტრატეგიითა თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონეზე და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად. სტატიაში იმ საშუალებებს, რითაც მსგავს ინფორმაციას ვაგროვებთ, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს ვუწოდებთ.

ნებისმიერი აქტივობა თუ სწავლების სტრატეგია შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თუკი იგი ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ, გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, ნათელი წარმოდგენა შეიქმნან, თუ რა გზით უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად. მეორე მხრივ, ერთი და იგივე აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ შეიძლება ემსახურებოდეს განმავითარებელი შეფასების პროცესს და ზოგჯერ – არა. მაგალითად, კითხვების დასმა ცნობილია, როგორც განმავითარებელი შეფასების მძლავრი ინსტრუმენტი. თუმცა ზოგ შემთხვევაში კითხვების დასმა ქმნის განმავითარებელი შეფასების საფუძველს, ზოგ შემთხვევაში კი – არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვაძლევს საშუალებას კითხვები, გავიგოთ მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე (იხ. მაგალითი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ქვეთავში).

მსგავსი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტიც (მაგ., ტესტი) ზოგ შემთხვევაში შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. მაგალითად, თუ ტესტში ქულებს კი არ დავწერთ, არამედ მოსწავლეებს დავყოფთ მცირე ჯგუფებად და ვთხოვთ, პასუხები შეადარონ წყვილებში, შეარჩიონ პასუხი, რომელიც, მათი აზრით, უფრო ადეკვატურია და ახსნან, რატომ ჩათვალეს ასე – ეს აქტივობა უკვე შეიძლება ჩაითვალოს განმავითარებელი შეფასების პროცესად. ამ პროცესის საფუძვლად სწორედ განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტი იქცა.

როგორ ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს? განმავითარებელი შეფასება მას აძლევს საშუალებას, შეამოწმოს მოსწავლეების გაგების/გააზრების დონე და შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი. მასწავლებელს შეუძლია დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკაზე და თითოეული ბავშვის მიღწევებზე; იმაზე, თუ რა დაეხმარება მას თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

ძირითადი განსხვავება განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს შორის ისაა, რომ განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს. ეს არის ინტერვენცია რეალურ დროში, რაც გვეხმარება, დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ მას, სანამ ცოდნას ნიშნით/ქულით შევაფასებთ.

შესაბამისად, ასეთი შეფასება არ გამოიხატება ნიშნით/ქულით, მაშინ როცა განმსაზღველი შეფასება უკვე კონკრეტული მასალის ათვისებას/უნარების განვითარებას აფასებს სკალის გამოყენებით და ნიშნით/ქულით გამოიხატება.

არასწორი შეხედულებები განმავითარებელი შეფასების შესახებ

 

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე არასწორ შეხედულებას განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით.

 

განმავითარებელი შეფასება მასწავლებლისგან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს

სინამდვილეში განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები სულაც არ მოითხოვს ბევრ დროს. მაგალითად, მასწავლებლები ისედაც უსვამენ კითხვებს მოსწავლეებს და შეიძლება ეს კითხვები ისე დავსვათ, რომ მათ განმავითარებელი ფუნქცია შეიძინონ.

განმავითარებელი შეფასება არის მასწავლებლის კომენტარი

კომენტარი, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი, არის განმავითარებელი შეფასების მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

განმავითარებელი შეფასება არის მოსწავლის შექება

თუკი მოსწავლეს ვეტყვით: „ყოჩაღ“, „კარგი გოგო/ბიჭი ხარ“ და ზუსტად არ განვუმარტავთ, რა გააკეთა კარგად, მაშინ შექება ვერ იქნება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი.

კლასის წინაშე დასმული კითხვა გასაგებია? არის განმავითარებელი შეფასება

კითხვები განმავითარებელი შეფასების კარგი ინსტრუმენტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალი დონის სააზროვნო უნარებზეა გათვლილი. შესაბამისად, კლასის წინაშე დასემული ისეთი კითხვები, როგორიცაა „გაიგეთ?“ ან „არის რამე, რაც ვერ გაიგეთ?“ არ არის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი.

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები

ის, თუ რა გამოდგება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თავადაც შეგიძლიათ მოიფიქროთ. არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომლებიც მასწავლებლებმა შემოგვთავაზეს – გამოსცადეს და გაუზიარეს უამრავ სხვა მასწავლებელს. მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა მოიფიქრა ასეთი აქტივობა: მოსწავლეებს უთხრა, გაკვეთილის ახსნისას თუკი რამეს ვერ გაიგებთ, ხელი აწიეთო. თუ მოსწავლე ხელს აწევს, მასწავლებელი სხვა მოსწავლეს უსვამს შეკითხვას და სთხოვს, განმარტოს გაუგებარი ცნება. ეს მასწავლებელი იხსენებს, თავიდან საშინელება იყო, რადგან მუდმივად აწეული ჰქონდათ ხელი მოსწავლეებს, რომ კითხვა მათთვის არ დამესვაო. თუმცა პროცესი დარეგულირდა და ეს სტრატეგია უკვე ძალიან კარგად მუშაობს.

რაც შეეხება უკვე გამოცდილ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს, მათ შორისაა ერთწუთიანი ესე, შემაჯამებელი ბარათები, თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, “შუქნიშანი” და ა. შ. გთავაზობთ რამდენიმე საკმაოდ ცნობილ ინსტრუმენტს, რომლებსაც დღეს უამრავი მასწავლებელი იყენებს.

შემაჯამებელი ბარათები

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს პატარა ფურცლებს – „შემაჯამებელ ბარათებს“, სთხოვს, ანონიმურად უპასუხონ ერთ ან ორ შეკითხვას და დატოვონ მაგიდაზე. ბარათებს რომელიმე მოსწავლე აგროვებს.

კითხვები შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემულის მსგავსი, ან სულაც თქვენ მიერ შერჩეული.

  • დაწერეთ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს პირველად გაიგეთ. რატომ არის ეს საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი?
  • რა ვისწავლე დღეს?
  • როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
  • რომელი საკითხი დარჩა ბუნდოვანი და რატომ?

შემაჯამებელი ბარათები გამოგადგებათ, გაარკვიოთ, თუ რა უჭირთ მოსწავლეებს, როგორ წარიმართა თქვენი გაკვეთილი, მიაღწიეთ თუ არა მიზნებს. მომდევნო გაკვეთილზე აუცილებლად გააკეთეთ წინა გაკვეთილის მცირე შეჯამება და ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებზე, რომლებიც მოსწავლეებმა აღნიშნეს ბარათებში. იმის მიხედვით, თუ რომელ კლასში შეგაქვთ შემაჯამებელი ბარათები, პასუხები შესაძლოა განსხვავდებოდეს. ზოგჯერ მოსწავლეები შეიძლება ზერელედ მოეკიდონ ბარათების შევსებას, თუმცა თუ მათ დაანახებთ, რა შედეგი მოჰყვება პასუხების გაცემას, მათი დამოკიდებულებაც შეიცვლება.

კითხვების დასმა

კითხვების დასმა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტია, თუმცა საგულისხმოა ის, რომ ნებისმიერი კითხვა ვერ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას. თუ კითხვა მაღალი დონის სააზროვნო უნარებს კი არა, მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს, მასწავლებელი ვერ იგებს, რამდენად გაიაზრა მოსწავლემ ახალი მასალა. მაგალითად, კითხვა – „რომელ წელს ავიდა ტახტზე დავით აღმაშენებელი?” არ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას. თუმცა შემდეგი კითხვა – „რომელი აქტივობა უფრო ეფექტურია გულის მუშაობის სტიმულირებისთვის – სიარული, სირბილი, გოლფის თამაში, პარაშუტით ხტომა თუ ველოსიპედით სეირნობა?“ (Clarke, 20015, p.9) შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების მიზნით. როცა მოსწავლეებმა გულის მუშაობის ზოგადი პრინციპები იციან, ასეთი კითხვა ნამდვილად დაგვანახებს, რამდენად ღრმად აქვთ გააზრებული საკითხი.

აუხსენი შენზე პატარას/აუხსენი ბებიას

მოსწავლეებს სთხოვეთ, აუხსნან უმცროს მეგობარს (წარმოსახვითს, ან წარმოიდგინონ, რომ ეს უმცროსი მეგობარი გვერდით მჯდომი მოსწავლეა) ახალი ცნება ან მასალა უფრო მარტივად, ვიდრე მასწავლებელმა აუხსნა მათ. განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ წარმოსახვითი მეგობარი, მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობის გამო, შესაძლოა ბევრად უფრო ნაკლებ ცოდნას ფლობდეს. ამიტომ მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ შეძლონ მოცემული ცნების ახსნა ბევრად უფრო მარტივი ენით, ვიდრე ეს გააკეთა მასწავლებელმა. დააკვირდით, როგორ ხსნიან მოსწავლეები ახალ ცნებებს, რათა გაიგოთ, რამდენად ღრმად გაიგეს/გაიაზრეს საკითხი. თუ გადაწყვეტთ, რომ ამით მოსწავლებთა ბებიებს შეურაცხყოფას არ მიაყენებთ, შეგიძლიათ ეს აქტივობა ასე გადააკეთოთ: „აუხსენით ბებიას“.

თანატოლთა შეფასება

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანატოლთა შეფასება შესანიშნავი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტია და მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. სთხოვეთ მოსწავლეებს, გადახედონ ერთმანეთის საშინაო დავალებებს და არასწორ პასუხებს დაურთონ კომენტარები (და არა ქულები. თუ მაინც გადაწყვეტთ ქულების გამოყენებას, მათ აუცილებლად უნდა ახლდეს კომენტარები). კომენტარი უნდა აღწერდეს არა მარტო იმას, თუ რა არის არასწორი, არამედ ნაშრომის გაუმჯობესების გზებსაც. ეს სტრატეგია მასწავლებელს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის იმაზე, თუ რამდენად კარგად გაიგეს მასალა მოსწავლეებმა.

ტექნოლოგიები და განმავითარებელი შეფასება

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო მარტივი ხდება განმავითარებელი შეფასების გამოყენება. არსებობს სხვადასხვა აპლიკაცია, რომლებიც განმავითარებელი შეფასებისთვის შეიძლება გამოყენოს მასწავლებელმა (ბიბლიოგრაფიაში იხილეთ ლინკი ინგლისურენოვანი ვებგვერდიდან Edutopia; ინგლისურის მასწავლებელთან ერთად ნახეთ, რამდენად მზად ხართ, გამოიყენოთ ტექნოლოგიები განმავითარებელი შეფასების მიზნით).

ასევე შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი აქტივობა, რომელიც მოსწავლეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებას წაახალისებს და თან განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტადაც გამოდგება: დაავალეთ მოსწავლეებს, გააკეთონ რეკლამა ახლად შესწავლილ ცნებასთან დაკავშირებით. მათ უნდა მოიფიქრონ ტექსტი და შესაბამისი ვიზუალიზაცია ახალ მასალაში გამოყენებული ცნებების გასაგებად. ეს აქტივობა დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ იმის თაობაზე, თუ რა და როგორ გაიგეს მოსწავლეებმა.

კომენტარი/უკუკავშირი

კომენტარი/უკუკავშირი განმავითარებელი შეფასების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ინსტრუმენტია. მკვლევარებმა 600-ზე მეტი კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ არსებობს წამახალისებელი უკუკავშირი და უკუკავშირი, რომელიც უარყოფითად მუშაობს – წახალისების ნაცვლად გულს უცრუებს სწავლაზე მოსწავლეს და აუარესებს აკადემიურ შედეგებს (Kluger and DeNisi, 1996). მსგავსად ფორმულირებულმა უკუკავშირმაც კი შეიძლება სხვადასხვაგვარად იმუშაოს მოსწავლეზე, რომელიც წარმატებაზე ორიენტირებულია (მისთვის უკუკავშირი მნიშვნელოვანია, რათა გააუმჯობესოს მოსწრება) და მოსწავლეზე, რომელიც ყველა გზით ცდილობს, თავი აარიდოს წარუმატებლობას. ამიტომ მასწავლებელმა უნდა ეცადოს, ისე მიაწოდოს უკუკავშირი ცუდი შედეგის მქონე მოსწავლეს, რომ ეს შედეგი არ იქნას ინტერპრეტირებული, როგორც წარუმატებლობა. მეორე მხრივ, მასწავლებელმა უნდა დაანახოს მოსწავლეებს, რომ ძალისხმევა და გაუმჯობესებული შედეგი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია (Marzano, 2001).

დაკვირვება, როგორც განმავითარებელი შეფასება

დაკვირვება ასევე ითვლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. ამ დროს მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს დაკვირვების რამდენიმე ობიექტი, ან დააკვირდეს მთელ კლასს, მაგრამ აირჩიოს კონკრეტული თემა (მაგ., კომუნიკაცია). მასწავლებელს შეუძლია მთელი კლასის წინაშე გააკეთოს კომენტარები, ან ინდივიდუალურად გაესაუბროს მოსწავლეებს, შეაჯამოს დაკვირვების შედეგები და გამოიყენოს სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ნებისმიერი აქტივობა თუ სტრატეგია განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი ხდება მხოლოდ მაშინ, თუკი მასწავლებელი და მოსწავლე (გარდა იმისა, რომ გაარკვევენ, როგორია მოსწავლის პროგრესი, რას ვერ იგებს ის) იპოვიან გზებს, როგორ უნდა გაიაზროს მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. შესაბამისად, განმავითარებელი შეფასების ვერ ერთი ინსტრუმენტის გამოყენება ვერ ჩაითვლება ეფექტურად, თუკი საბოლოო შედეგი არ იქნება საკითხის/ცნების ღრმად გაგება/გააზრება თუ უნარის ათვისება.

როგორც აღვნიშნეთ, თავად შეგიძლიათ შექმნათ/შემოგვთავაზოთ განმავითარებელი შეფასების აქტივობები, გამოსცადოთ, თუ როგორ მუშაობს ეს კლასში და გაუზიაროთ სხვა მასწავლებლებს. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

Black, P & Wiliam, D (1998). ‘Assessment and Classroom Learning’, Education: Principles, Policy and Practice, March, vol 5, no 1, pp 7-74.

.

Clarke, S (2005). Formative Assessment in Action: Weaving the elements

Together. London, United Kingdom: Hodder Murray

Edutopia (2015). Empowering Teachers with tech-friendly Formative Assessment tools.

https://www.edutopia.org/blog/tech-friendly-formative-assessment-tools-monica-burns

Kluger, A. N., DeNisi A. (1996). “The effects of feedback interventions on performance. A historical review, a meta-analysis, and a preliminary feedback intervention theory.” Psychological Bulletin, 119, 254–284.

Marzano, R. (2001).Classroom Assessment and Grading the Work. Alexandria, VA: ASCD.

OECD (Organisation for Economic Co-operation and Development) 2005, ‘Formative Assessment in Secondary Classrooms’, Policy Brief, November.

Wiliam, D. (2011.) Embedded Formative Assessment. Bloomington, IN: Solution Tree Press

    მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი

0

გაერო-ის ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი „მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ (The World’s Largest Lesson) გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა სკოლაში გაერო-ის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გასაცნობად. საქართველო ამ პროექტს მეორე წელია შეუერთდა.

ამ ინტერნეტმისამართზე https://worldslargestlesson.globalgoals.org/ თქვენ 17 მიზნის შესაბამისი გაკვეთილის გეგმებსა და რესურსებს ნახავთ. რადგან მასალა ინგლისურ ენაზეა, უცხო ენის მასწავლებლის ჩართვაც სასურველი და აუცილებელია (საკომუნიკაციო კომპეტენციის განვითარებაც ძალზე მნიშვნელოვანია).

მაინც რა არის მდგრადი განვითარების გლობალური მიზნები და რატომ გეოგრაფიის გაკვეთილი?

 გეოგრაფია ერთადერთი საგანია სკოლაში, რომელიც ბუნებრივი  და საზოგადოებრივი სისტემების ობიექტებსა და პროცესებს განიხილავს. სწორედ ამიტომ  მისი მიზნები ძალიან ფართო და მრავალმხრივია. მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბებაში გეოგრაფიას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. მნიშვნელოვანია ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების, თითოეული მოქალაქის გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური განათლების, ეკონომიკური და სოციალური სივრცითი განვითარების ასპექტების შესწავლა.

  გეოგრაფია უშუალოდ არის დაკავშირებული იმ მუდმივ, სწრაფ, ინტენსიურ ცვლილებებთან, რომელსაც ადგილი აქვს როგორც საზოგადოებრივ, ასევე ბუნებრივ სისტემებში ადგილობრივ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე. შესაბამისად, გეოგრაფიის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი და ბუნებრივი სისტემების ფუნქციონირების სივრცე-დროითი ასპექტებისა და შესაბამისი სწრაფცვალებადი გარემოს შესწავლა. აქედან გამომდინარე, გეოგრაფიის გაკვეთილზე ხდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების განხილვა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი გაერო-ის მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებია“.

   2015 წლის 25 სექტემბერს გაერო-ის 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.

  2015 წლის დეკემბერში ნიუ-იორკში ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრებმა, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, მიიღეს ღია მმართველობის ერთობლივი დეკლარაცია 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების (შემდგომში – მიზნები) განხორციელების შესახებ. ბევრმა მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ვალდებულება აიღეს, განახორციელონ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და ამ გზით ხელი შეუწყონ გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას გამჭვირვალობის, ჩართულობის, ანგარიშვალდებულების გაზრდის და ტექნოლოგიების განვითარების საფუძველზე.

საქართველომ 2014 წლის 15-16 სექტემბერს ჟენევაში გამართულ მინისტერიალზე მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების განხორციელების ვალდებულება აიღო.

 „მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ (The World’s Largest Lesson), რომელიც გაერო-ის ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გახორციელდა, გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობას, რადგან აღნიშნული თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის. რაში მდგომარეობს ეს 17 მიზანი და რით განსხვავდება ათასწლეულის განვითარების მიზნებისგან, რატომ არის მდგრადი განვითარების მიზნები უფრო ფართო და რა ელემენტები ამყარებენ მდგრადი განვითარების მიზნებს? ამ და კიდევ უამრავ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა და მსჯელობა გეოგრაფიის გაკვეთილებს აქტუალურს და საინტერესოს გახდის. გლობალური მიზნების გაცნობის გარდა, ამ თემების განხილვა მოსწავლეს არაერთ კომპეტენციას (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, სემიოტიკური, ციფრული, სამოქალაქო) განუვითარებს.

რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

2015 წელს დასრულდა ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის 15-წლიანი ციკლი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი გლობალური დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2015 წლის შემდეგ. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. იგი ორიენტირებულია მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური და გარემოს დაცვა. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არ არიან – მათი განხორციელება ინტეგრირებულად უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ წარმოადგენს გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის მნიშვნელოვან თემას.

s

ათასწლეულის განვითარების საკითხებს გლობალური გეოგრაფიის კურსში მე-11 კლასში განვიხილავდით. ახალი მიზნების დასახვა ძველთან შედარების საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.

მდგრადი განვითარების 17 მიზანი 169 ამოცანით,  უფრო ფართო სპექტრისაა და უფრო შორს მიმავალი, ვიდრე ათასწლეულის განვითარების მიზნები, რადგან მოქმედებს სიღარიბის გამომწვევ ძირითად მიზეზზე და განვითარების უნივერსალურ საჭიროებაზე, რაც ყველა ადამიანისათვის  მნიშვნელოვანია. ათასწლეულის განვითარების მიზნები ორიენტირებულია განვითარებად ქვეყნებზე, კერძოდ მათ უღარიბეს ნაწილზე, ანუ მდგრადი განვითარების მიზნები ეხება მთელ მსოფლიოს, განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს. ახალი მიზნები განსაზღვრავენ, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარება აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის შემცირებისთვის. მდგრადი განვითარების 13 მიზანი კლიმატის ცვლილების და მისი გავლენის წინააღმდეგ ქმედებების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება მდგრადი განვითარების შესახებ 193 წევრ ქვეყანას შორის. გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ მიღებული იქნა გაერო-ის წევრი ქვეყნების მიერ, კონფერენციაზე მდგრადი განვითარების შესახებ (რიო + 20), რომელიც 2012 წელს რიო დე ჟანეიროში ჩატარდა.

მსოფლიომ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია 15 წლის მანძილზე, მაგრამ განვითარების ძირითადი გამოწვევების გლობალური დაძლევა კვლავაც აქტუალურია:

დაახლოებით  800 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და 795 მილიონი – ისევ იტანჯება შიმშილით (https://www.ungeorgia.ge/geo).

  • 2000 -დან 2015 წლამდე დაახლოებით განახევრდა სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების რაოდენობა. თუმცა 57 მილიონ ბავშვს მაინც შეზღუდული აქვს დაწყებითი განათლების უფლება.
  • გენდერული უთანასწორობა ისევ პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მეტი ქალია პარლამენტში და მეტი გოგონა დადის სკოლაში.
  • ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 53%-ით შემცირდა 1990-დან 2015 წლამდე, თუმცა ბავშვთა სიკვდილიანობა დაბადებიდან პირველ თვეში, კვლავაც კონცენტრირებულია უღარიბეს რეგიონებში.
  • ეკონომიკური უფსკრული ისევ არსებობს უღარიბეს და უმდიდრეს ოჯახებს და ქალაქის და სოფლის დასახლებებს შორის. უღარიბესი ოჯახების შვილებს უფრო დიდი შანსი აქვთ ზრდაში ჩამორჩნენ, ვიდრე მათ, ვინც ყველაზე მდიდარ ოჯახებში ცხოვრობს, გაუმჯობესებული პირობები სოფლის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს აქვს, ხოლო ქალაქში – 82%-ს.

მოკლედ, თემები გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის ამოუწურავია.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები: https://www.ungeorgia.ge/geo; https://worldslargestlesson.globalgoals.org/ .

“მრგვალი მაგიდა” – ბრიტანეთის სკოლებში ახალი საგნის დამატებას ითხოვენ

0

ენტონი სელდონს მიაჩნია, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა დასვას სკოლებში ახალი საგნის – ე.წ. “მრგვალი მაგიდის” – შემოღების საკითხი, რათა მოზარდებს, რომლებიც გონებრივი პრობლემებით ან აგრესიული ქცევით გამოირჩევიან, საშუალება მიეცეთ, მშვიდ ატმოსფეროში ესაუბრონ, პრობლემები გაუზიარონ ერთმანეთს და თავი უკეთესად იგრძნონ. ენტონის სკოლების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, არის ველინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი, ბაკინგემის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი და ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი განათლების დარგში.

“ტელეგრაფთან” ინტერვიუში სელდონი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები დიდ დანაშაულს სჩადიან, როცა უგულებელყოფენ მოსწავლეთა კეთილდღეობას. მას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული საგნის დანერგვის შემთხვევაში მოსწავლეები გაცილებით მშვიდად და კომფორტულად იგრძნობენ თავს, მეტი მონდომებით იმეცადინებენ და აღარც სკოლები იქნება მხოლოდ მათ ჩაჭრაზე ორიენტირებული “საგამოცდო ქარხნები”.

ექსპერტი საგამოცდო სისტემასაც აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ გამოცდები მოსწავლეებს წარმატებული კარიერისთვის ვერ ამზადებს. “ყველა დამსაქმებელი ისეთი სპეციალისტის დაქირავებაზეა ორიენტირებული, რომელსაც მტკიცე ხასიათი, მაგარი ნერვები და პერსონალური პასუხისმგებლობა აქვს, ბრიტანეთის სკოლებში დანერგილი საგამოცდო სისტემა კი, პირიქით, ვნებს სტუდენტების ნერვულ სისტემას და აფერხებს მათ მომავალ პროფესიულ განვითარებას“, – ამბობს სელდონი.

ექსპერტის მოსაზრებას საფუძველს უმყარებს სტატისტიკაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს ბრიტანეთში თინეიჯერთა თვითმკვლელობის 186 შემთხვევა აღირიცხა. უკანასკნელ სამ წელიწადში ეს მაჩვენებელი 48%-ით გაიზარდა.

ლონდონში სიტყვით გამოსვლის დროს ექსპერტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია, მთავრობამ პრიორიტეტად აქციოს სტუდენტების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მის მიერ მთავრობისთვის წარდგენილი გეგმის თანახმად, მრგვალი მაგიდის ირგვლივ სტუდენტებს შეეძლებათ ისაუბრონ თავიანთ დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ საკითხის მიმართ, გამოთქვან მოსაზრებები და სურვილები. სელდონის აზრით, ყოველივე ეს პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, შეაფასონ მოსწავლეთა ქცევა და მათი მენტალური მდგომარეობა, რათა შესაბამისი მეთოდები გამოიყენონ მათი სწავლების დროს, მენტორები კი დააკვირდებიან, როგორ აფასებენ და ზომავენ მოზარდები თავიანთი ბედნიერების მაჩვენებელს და რა გავლენას ახდენს სასწავლო დაწესებულება მათ კეთილდღეობასა და ხასიათზე.

– უკანასკნელ სამ წელიწადში დიდი ბრიტანეთის ბევრმა სკოლამ დამოუკიდებლად დაიწყო ამ პრობლემის კვლევა და მოსწავლეთა კეთილდღეობას სერიოზულად მოეკიდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მასობრივი იმედგაცრუება იგრძნეს, რადგან მათი შრომა არავინ მოიწონა და დააფასა. ეს მაშინ, როდესაც ყველა მოზარდს აქვს უფლება, იზრდებოდეს ისეთ გარემოში, სადაც თავდაჯერებას გრძნობს, სადაც მას მხარს უჭერენ. ამიტომ აუცილებლად უნდა წავახალისოთ სკოლები, ხელი შეუწყონ მოსწავლეთა ინფორმირებას გონებრივი სიჯანსაღისა და კეთილდღეობის შესახებ და საშუალება მისცენ, გულახდილად ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე, – ამბობს სელდონი.

მისტერ ელი (ნაწილი I)  

0

„მუსიკას რომ არ ეარსება, ალბათ მას მე გამოვიგონებდი“.

ელ ჯერო

მსურს, გესაუბროთ ლეგენდარულ მუსიკოსზე, რომლის დაუვიწყარ გამოსვლას თავად ვესწრებოდი 14 წლის წინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

 

მისი მუსიკა არავის აინტერესებდა

ელ ჯერო – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ქარიზმატული „მელოდიური“ ჯაზმენი – ფართო საზოგადოებისთვის დიდი ხნის განმავლობაში უცნობი რჩებოდა. მას უამრავი სტუდიისთვის მიუმართავს, მაგრამ ამაოდ – მისი მუსიკა არავის აინტერესებდა. დიდმა სურვილმა და შეუპოვრობამ მომღერალი იმად აქცია, რაც დღესაა. ამ ადამიანის საკვირველი ბედი ბედნიერ შემთხვევას წააგავს, თუმცა მხოლოდ თვითონ იცის, რა ძნელი იყო მწვერვალისკენ მიმავალი გზა.

ცნობილი გახდა დაახლოებით 35-40 წლისა, როდესაც მისმა სადებიუტო ალბომმა „We got by“ საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა. განსაკუთრებული მოწონება ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაიმსახურა. 1977 წელს მუსიკოსმა ალბომით „Look to the rainbow“ თავისი პირველი მსოფლიო ტურნე გამართა.

მისი განსაკუთრებულობა ერთდროულად სამ ჟანრში წარმატებული მოღვაწეობით გამოიხატა: პოპში, ჯაზსა და რიტმ–ენდ–ბლუზში. ამავე დროს, საზოგადოებამ მუსიკოსის ორმაგი საკონცერტო ალბომი გაიცნო. აქ სრულყოფილად წარმოჩნდა მისი იმპროვიზაციული ნიჭი. 80-იან წლებში გაყიდულმა მილიონობით ალბომმა და უამრავმა ჯილდომ ელ ჯეროს თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა.

პირველი სასცენო მოედანი

მომავალი დიდი ჯაზმენი 1940 წლის 12 მარტს დაიბადა აშშ–ში, ქალაქი მილუოკიში, მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. 4 წლისას სიმღერა დედამ ასწავლა. მის პირველ ასპარეზად ეკლესიის გუნდი იქცა. „დედა ორგანზე უკრავდა ბაპტისტურ ეკლესიაში და სულ თან დავყავდი“, – იხსენებს ელი. გუნდში მთელი ოჯახი მღეროდა – ხუთი ძმა და ერთი და. მიუხედავად ასეთი მუსიკალური გარემოცვისა, ელ ჯეროს მუსიკასთან თავისი ცხოვრების დაკავშირება იმთავითვე არ გადაუწყვეტია.

მეგავარსკვლავს მუსიკალური განათლება არ მიუღია. მან უნივერსიტეტი დაამთავრა და ფსიქოლოგის დიპლომი მიიღო. ახალგაზრდა ფსიქოლოგი ერთხანს რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობდა და ცდილობდა, ინვალიდები აქტიურ ცხოვრებაში დაებრუნებინა, მაგრამ ნიჭმა თავისი გაიტანა… ძირითადი საქმიანობის პარალელურად ელ ჯერო ახალგაზრდულ საღამოებზე კლუბებში „მომღერლის სტატუსით“ გამოდიოდა. საკუთარი ჯგუფიც კი შექმნა – „The Indigos“. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ გართობად მიაჩნდა. მოგვიანებით ელი სან-ფრანცისკოში გადასახლდა. სწორედ იქ შედგა მისი საბედისწერო შეხვედრა მუსიკოს ჯორჯ დიუკთან და დაიწყო კიდეც ელ ჯეროს გამოსვლები სერიოზულ ჯაზკლუბებში. ლოს-ანჯელესში დამკვიდრების შემდეგ კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი საქმე მუსიკა იყო. „ეს გახლდათ შესანიშნავი პერიოდი – ჰიპისა და როკ–ენ–როლის, რევოლუციის დრო, ლოზუნგით „Make love, not war“.

დაიწყო მსოფლიო ტურნეები, ჯაზური ფესტივალები, დუეტები ცნობილ მუსიკოსებთან, გამოსვლები ბროდვეის მიუზიკლებში, ტელეგადაღებები და ჯილდოები, ჯილდოები, ჯილდოები…

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი. 76 წლის ელ ჯეროსთვის მუსიკა მთელი ცხოვრებაა… თითქმის უწყვეტი გასტროლების გამო ოჯახს ძალიან ცოტა დროს უთმობს. მომღერლის მეორე ოჯახი მისი ბენდის მუსიკოსები არიან.

კონტაქტური მომღერალი

მოღიმარი, სათნო და ენაწყლიანი მომღერალი კითხვებს ვრცლად და იუმორით პასუხობს. ამავე დროს მონათხრობს საკუთარი სიმღერებიდან მოკლე ციტატებით ილუსტრირებს, რითაც მსმენელებს უმალ დადებითად განაწყობს.

ასე რომ, ელ ჯეროს კონცერტზე დასწრება არა მხოლოდ შესანიშნავი მუსიკის მოსმენაა, არამედ უშუალო ურთიერთობაც ჯაზის ლეგენდასთან.

 

უნიკალური საკრავი

თავისი უნიკალური „საკრავის“, ხმის, შესანიშნავ მდგომარეობაში შენარჩუნება ელ ჯერომ ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური თვალყურის დევნებით მოახერხა. უწინარეს ყოვლისა, მან უარი თქვა მავნე ჩვევებზე… თუმცა ეს სულაც არ ყოფილა ადვილი. მომღერლის აზრით, ხმის შენარჩუნების საუკეთესო გზა მისი დაზოგვაა. რა თქმა უნდა, როდესაც კვირაში 4-5 დღე ყოველ საღამო 2–2 საათი გიწევს სიმღერა, „ხმის დაზოგვა“ აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ექიმთა რჩევების გათვალისწინება განსაკუთრებით ძნელია მუდმივი გასტროლების ფონზე, როცა იმდენი დროც კი არ გრჩება, რომ კარგად გამოიძინო… მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ახერხებს ხმის სათანადო დონეზე შენარჩუნებას.

ადამიანი–ორკესტრი

მისთვის დამახასიათებელი შემპარავი ხმა და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკა არავის ნამღერში არ აგერევა. ხმა როგორც მუსიკალური ინსტრუმენტი მის ჯაზურ რეპერტუარში ორგანულად იხსნება. წარმოუდგენელი ვოკალური ტექნიკის მფლობელს, თითქმის ყველა საკრავის გახმოვანება შეუძლია. პრესის შეფასებით, ქარიზმატული ჯერო „ათასი ხმით“ მღერის. „ინსტრუმენტალისტი“ გამუდმებით თამაშობს ტემბრებით, ბაძავს საყვირს, საქსოფონს…

მომღერალი ჟანრიდან ჟანრში მარტივად გადადის. მუსიკის კრიტიკოსები აღიარებენ, რომ ელ ჯეროს რომელიმე განსაზღვრული ჟანრისთვის მიკუთვნება უჭირთ – ის ხომ მსოფლიოში ერთადერთია, ვინც მუსიკის სამყაროს უმაღლესი ჯილდო „Gremmy“ 3 სხვადასხვა კატეგორიაში – ჯაზში, პოპსა და რიტმ–ენდ–ბლუზში მიიღო. გარდა ამისა, ვირტუოზმა საკუთარი თავი იპოვა ფანკში, სოფთ როკში, კროსოვერ ჯაზში, ვოკალურ ჯაზსა და თანამედროვე პოპ როკში.

მხურვალე ემოციები, ოსტატობა და შესრულების განსხვავებული მანერა, საუკეთესო ჯაზური სკეტი, საკრავთა ხმოვანების იმიტაცია და თვით მაესტროს უკიდეგანო ენერგიის ფეთქვა მსმენელზე ბომბის გასკდომის ეფექტს ახდენს.

ჟანრების უპირატესობა

როდესაც მომღერალს ჰკითხეს, ამ სამი ჟანრიდან რომელს ანიჭებს უპირატესობას, უპასუხა: „თუ აუცილებელია რომელიმე ფორმულირების არჩევა, ჩარჩოში მოქცევა, ვიტყოდი, რომ ვმღერი რიტმ–ენდ–ბლუზს და პოპს ჯაზური ელფერით. სინამდვილეში თანამდროვე მუსიკაში ყველაფერი ისეა არეულ-დარეული, რომ რაიმე ჩარჩოს დადგენა შეუძლებელია. უფრო მეტიც – უაზრობაა. ჟანრები შერევით ავსებენ და ალამაზებენ ერთმანეთს. მუსიკოსები კარგა ხანია შერევის სხვადასხვა ხერხს იყენებენ – ჯაზს პოპში ან კლასიკას როკში…

მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში ბევრი ალბომი ჩავწერე, მივიღე უამრავი ჯილდო და, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, გული მწყდება, რომ ჩემს ერთადერთ წმინდა ჯაზურ ალბომს „Accentuate the Positive“–ს ყველა სხვა ალბომზე ნაკლები გამოძახილი მოჰყვა. უფრო ზუსტად, კრიტიკოსების შეფასება მაღალი იყო, მაგრამ მსმენელებმა ალბომის შეძენა არ მოისურვეს. მათ სურდათ რაღაც ნათელი, მელოდიური, მსუბუქი და როდესაც შევთავაზე მუსიკის ღრმა აღქმა, დაფიქრება, მათ ზურგი მაქციეს. ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს შესანიშნავი ნამუშევარია.

ჩემი უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი „Christmas“ შევეცადე, ტრადიციული საახალწლო თემატიკით ისე დამებალანსებინა, რომ „ზედმეტად ჭკვიანური“ არ გამოსულიყო და ის შუალედურ მდგომარეობაში დამეტოვებინა – ცოტა ჯაზით, ცოტა პოპით და ცოტაც რიტმ–ენდ–ბლუზით. იმედი მაქვს, ის ყველას მოეწონება“.

ვინაიდან მსოფლიოს საზოგადოება მომღერლისგან ერთსა და იმავე – ძველ ჰიტებს მოითხოვს, პროგრამის საფუძველი ისევ და ისევ კარგად ნაცნობი სიმღერებია. რომ არა საზოგადოებრივი დაკვეთა, ელ ჯეროს არჩევანით პროგრამა განსხვავებულ ელფერს მიიღებდა, თუმცა ახალი ჩანაწერებიდან მომღერალი გამორჩეულ კომპოზიციებს მაინც აწვდის აუდიტორიას.

ელ ჯეროს ცხოვრების საუკეთესო პერიოდთან დაკავშირებული სიმღერებია „We Got By“, „Heart’s Horizon“, „Mornin“.

მასწავლებელიც ადამიანია ანუ როგორ გავუმკლავდეთ წყენას

0

იყო დრო, როცა „მასწავლებლები შეცდომებს არ უშვებდნენ“. დღეს კი მოსწავლეებზე ხშირად ლამის მასწავლებლები იღებენ საყვედურებს: გაკვეთილზე დაგვიანების გამო; იმისთვის, რომ სიცხიანმა გაკვეთილი გააცდინა; იმისთვის, რომ გაკვეთილზე ჟურნალის შევსება ვერ მოასწრო, ან შეიძლება უკმაყოფილო მშობელმა გამოთქვა საყვედური, ბავშვებს სახალისო აქტივობებს ხშირად არ აკეთებინებსო… ვინ იცის, რამდენნაირი საყვედური შეიძლება გაისმას სკოლის კედლებში.

მასწავლებლებიც ადამიანები არიან, საყვედურის მოსმენისას ზოგი მაშინვე ტირის, ზოგი უფრო გვიან, შინ დაბრუნებული, ზოგი მაშინვე აბრუნებს პასუხს, სხვები კი თავიდან თავს იკავებენ, მაგრამ შეიძლება ოდესმე მათმა დაგროვებულმა წყენამ იფეთქოს და ძალიან ძვირად დაუჯდეთ გამოხატული ემოციები.

სტრესს ვერავინ დაემალება, უსამართლობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ადამიანებს ერთმანეთისგან ბევრი რამ გვწყინს.

  • თუ თქვენ კრიტიკას ან უარყოფით უკუკავშირს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ვერ უძლებთ;
  • თუ თქვენი თვითშეფასება სხვების აზრზეა დამოკიდებული;
  • თუ წყენა დიდხანს მიგყვებათ და ბრაზი გულში გიტრიალებთ;

გახდით „სქელკანიანი!“ – აი რას გვირჩევენ ფსიქოლოგები.

ზემოთ ჩამოთვლილი შინაგანი მდგომარეობის გამომჟღავნება სხვებს ხელში ჩაუგდებს თქვენი ფიქრების, გრძნობებისა და მოქმედებების მართვის სადავეებს.

წყენის დროს ადამიანს თავი მსხვერპლად მიაჩნია და ავიწყდება, რომ მასაც აქვს ძალა, რითაც არასასურველი სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

საინტერესოა, რას გულისხმობს ფსიქოლოგი ბარბარა ბერკანი „სქელკანიანობაში“. ცხადია, არა იმას, რომ წარბი არ შევუკრათ უმსგავსობას, ან არ მოვისმინოთ და არ მივიღოთ უფროსის შენიშვნა. „სქელკანიანობა“ არის დამოკიდებულება ამა თუ იმ სიტუაციის მიმართ. მისი ქვემოთ მოტანილი რჩევები დაგვეხმარება დამოკიდებულების შეცვლაში.

როცა წყენა გულში გვიტრიალებს, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გვიშველის, რა დაგვეხმარება პრობლემის გადაჭრაში, რა უფრო სასიამოვნოა, და არა იმაზე, თუ რა გვანერვიულებს, რა გვიშლის ხელს და რა გვიქმნის უსიამოვნებებს.

საკუთარ თავს დავუსვათ შემდეგი კითხვები:

  • სადამდე მიმიყვანს სტრესი, ნერვიულობა და ბრაზი?
  • რა შეიძლება ვისწავლო ამ სიტუაციიდან?
  • რომელი მოლოდინი არ უნდა მქონოდა?
  • რა მომცემს ძალას?
  • როგორი ფიქრები დამამშვიდებს?

მართალია, უსიამოვნო მოვლენებს სასიამოვნოს სტატუსი არ უნდა მივანიჭოთ, მაგრამ რთულ სიტუაციებშიც უნდა შევძლოთ საკუთარი სიძლიერის პოვნა.

როგორ შევძლოთ ეს? როგორ შევიცვალოთ წარმოდგენა და როგორ გავხდეთ გულგრილები დიდი თუ პატარა წყენის მიმართ?

ამაში შემდეგი ოთხი სტრატეგია დაგვეხმარება.

გამღიზიანებელი სიტუაციისგან დაიცავით როგორც სივრცითი, ისე გონებრივი დისტანცია. კარგია, თუ გავალთ იმ ოთახიდან, სადაც სტრესს ვგრძნობთ, ჩავისუნთქავთ სუფთა ჰაერს, განვმარტოვდებით თავის მოსაწესრიგებლად. თუ ფიზიკური დისტანცია შეუძლებელია, მაშინ გონებრივად უნდა გავემიჯნოთ სიტუაციას, თავი მდინარის პირას წარმოვიდგინოთ და შორიდან შევხედოთ მღელვარე ცხოვრებას.

გადავამოწმოთ საკუთარი ინტერპრეტაცია.  ჩვენზე სხვისი ქცევის ზეგავლენა დამოკიდებულია არა ამ ქცევაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ სხვის მოქმედებას და რა მნიშვნელობას ვანიჭებთ მას. თუ გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, მაშინ შემდეგნაირად უნდა ავხსნათ ჩვენი წყენა: სხვას წინასწარ კი არ ჰქონდა განზრახული, რომ ჩვენთვის ეწყენინებინა, არამედ ეს  წყენა არის სხვისი ქცევის ჩვენმიერი ინტერპრეტაცია. დავსვათ ღია კითხვები და გავარკვიოთ, რას გულისხმობდნენ იმ ქცევასა თუ ფრაზაში, რამაც გვაწყენინა. განა შეიძლება ჩვენი წარმოდგენა სიმართლეს შეესაბამებოდეს, როცა არ ვიცით, რა იგულისხმეს ნათქვამში და რა მიზანი ჰქონდა სხვის ქცევას.

ნუ გვექნება ბევრის მოლოდინი სხვებისგან. ნუ ველოდებით, რომ სხვებსაც ჩვენნაირი სურვილები გააჩნიათ, რომ მათი ინტერესები ჩვენსას უნდა ემთხვეოდეს. თუ მეგობარს ვთხოვეთ სასეირნოდ  წასვლა, მას კი ბაღში ჯდომა და წიგნის კითხვა ურჩევნია, არ უნდა გვეწყინოს. ვეცადოთ, მოვძებნოთ ისეთი ვინმე, ვისაც სეირნობა ენდომება. სურვილების გამოხატვა კარგია, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი აუცილებლად შესრულდება. ვინც ასე ფიქრობს, ის დაცულია წყენისგან. გაწონასწორებულობა და დაფიქრებულობა ზრდის სულიერ იმუნიტეტს. როცა სხვა ღირებულებებს საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებთ, ნაკლებად დაგვემუქრება წყენის საფრთხე.

გვახსოვდეს, რომ რაც ხდება, მაშინვე არ შევაფასოთ; ნურც გავაზვიადებთ და ნურც დავაკნინებთ იმას, რაც ხდება; დროთა განმავლობაში წყენა ნამდვილად გაივლის; მხოლოდ ჩვენ არ გვტანჯავს ეს წყენა, რადგან მეორე მხარეც შეიძლება იმავეს განიცდიდეს. დაბოლოს, ვკითხოთ საკუთარ თავს: რას ვიფიქრებთ ამ ამბავზე ათი წლის შემდეგ? სასაცილოდ ხომ არ მოგვეჩვენება ეს ყველაფერი?

ამგვარად „გასქელებული“ კანი დაგვიცავს არამარტო წყენისგან, არამედ დაგვეხმარება ჩვენი ენერგიისა და ძალების დაზოგვაში. ყოველი გადალახული წყენა კი ჩვენი გამარჯვება იქნება, რადგან საკუთარ ამპარტავნებას ვძლიეთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

“Drueberstehen” Birgit Schoenberger, PsychologieHeute, July, 2016

იავნანა საცობისთვის

0

სამსახურიდან გამოდიხარ. დღეს ყველა საქმე ერთად გეყარა თავზე. ნაწილის მოგვარება მოასწარი, ნაწილის – ვერა. დაუსრულებელი საქმეების გამო, უფროსმა შენიშვნა მოგცა. შინ წასვლის დრო დადგა. ერთი სული გაქვს სახლში მიხვიდე, სადაც ცხელი წვნიანი და  შემწვარი კარტოფილი გელოდება. ჯერ ამას ჩაატკბარუნებ და მერე Homeland-ის სამ სერიას დააყოლებ დესერტად, გარჩეული მზესუმზირასავით აკოწიწებ მესამე კვირაა. იმედოვნებ, რომ დაძაბულობას მოიხსნი, ოჯახის წევრებს დაელაპარაკები, ძველ ამბებს გაიხსენებთ და ამასობაში, ძილის დროც მოვა. ხვალიდან კი, კუნთებში ჰერაკლეს ძალასავით მომდგარი ენერგიით მიასიკვდილებ კისერზე ალესილი ხანჯალივით შემოლაგებულ საქმეებს.

ფიქრები მძიმე სკაფანდრივით გახურავს თავზე. მთვარეულივით დააბიჯებ და ვერც კი ამჩნევ, რომ გზის პირს მიუახლოვდი. ფიქრის უღრანებიდან სიგნალის მჭახე ხმას გამოჰყავხარ და რას ხედავ – მანქანების სანათებს თეთრი და წითელი მდინარეები შეუქმნიათ ტრასაზე. უძრავი მდინარეები.

ორთქლს პირიდან სიგარეტის ბოლივით უშვებ და გზაზე გამოკიდებულ რკინის კოლოფებს მისჩერებიხარ, რომლებშიც ადამიანთა ათასნაირი დარდი და სიხარული ჯინივით გამომწყვდეულა. ცივა და მძღოლები ფანჯრებს დაბლა აღარ უშვებენ. ამიტომ, გარეთ ვერც მათი დარდი აღწევს და ვერ სიხარული. ტაქსის გაჩერება არ გიწევს, ის მდორედ მოძრაობს გზაზე. უბრალოდ, კარი უნდა გამოაღო. „ვაზისუბანში რვა ლარად გამიყვანთ?“ – კითხულობ მორცხვად, თითქოს აქეთ სთხოვდე რვა ლარს ან შენი ბრალი იყოს, ამოდენა საცობი რომ დგას. „რომელში გინდა?“ – გკითხავს ეჭვით და როცა ეტყვი, აქა და აქო, მძიმედ დაიწყებს ფიქრს, თითქოს ქალიშვილის ხელი გეთხოვოს. დაჯეო, გეტყვის…

უკვე ნახევარი საათი გავიდა, თქვენ კი ჯერ ვერ გაიქეცით, მუხლიც  ვერ გამართეთ, ვერ კი გაიძუნძულეთ. ნელ-ნელა გეპარება აზრი, რომ აჯობებს სერიალი ხვალისთვის გადადო და მისთვის გამოყოფილი დრო ძილს დაუთმო. გაწვიმდა. ჰაერი ჩაიხუთა და საქარე მინები დაიორთქლა. მძღოლები თან ბუზღუნებენ და თან ისტერიულად უსვამენ  მინას ნაჭერს. ზოგიერთი, ვინც თადარიგიგი ვერ დაიჭირა და კარის უჯრედში ნაჭერი არ მოიმარაგა, მინაზე მოდებულ ორთქლს ხელით წმენდს. ოდნავ ჩამოწეული ფანჯრებიდან ისმის ცნობილი გინების უკანასკნელი თანხმოვნები. წყვილები, რომლებიც მანქანაში კარგ ხასიათზე ჩასხდნენ, გზამ ისე გააბოროტა, ახლა ცდილობენ ერთმანეთს შარი მოსდონ და მანქანაში ისე სხედან, როგორც ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი წევს საწოლში.

  • რო მოვწიო, ხო არ შეგაწუხებ? – გკითხავს მძღოლი და გაგახსენდება, რომ მეექვსე თვეა აღარ ეწევი.
  • მოწიეთ – ეტყვი იმ იმედით, რომ მოწყალებას გაიღებს, ერთი-ორჯერ სახეში შემოგაბოლებს და გაგახსენებს მწეველობის დიად დღეებს, როცა ჯიბეში მუდამ გედო ერთგული მეგობარი – წითელი Marlboro, რომელიც არასოდეს გტოვებდა მარტოს.

მძღოლი უკიდებს და ნერწყვი გადგება. ფიქრობ, რომ ახლა, სულ ერთი ნაფაზისთვის ცალ თირკმელს დათმობდი, რადგანაც ორი მაინც არაფერში გჭირდება (სიმართლე ითქვას, თირკმლის დანიშნულება საერთოდ არ იცი). მძღოლი ახველებს და ხელს მომდგარი ხრინწის ხმა გაფიქრებინებს, რომ მის ფილტვებში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს სიმსივნე და ადრე თუ გვიან წააქცევს ამ ვეება კაცს, რომელიც პატიოსნად დგას თავის ხაზში და გზას მიჰყვება. გრძნობ, რომ მორფეოსი ნელ-ნელა მკლავებს გხვევს და საძილეთში მიჰყავხარ. ფიქრობ დანებდე და თავი გადაქინდრო, მაგრამ უხერხულობ, ვაი თუ პირღიას ჩაგთვლიმოს. მიდიხარ ასე, ძილ-ღვიძილში და ხედავ, რომ ვიღაც ნაძირლები საპირისპირო ზოლებში იმოკლებენ გზას, რათა უფრო სწრაფად მიაღწიონ თავიანთ დამპალ სახლებში, შენზე სწრაფად დახვრიპონ წვნიანი, ეთამაშონ ბავშვებს, ტახტრევანზე წამოკოტრიალდნენ და უყურონ საინფორმაციო გამოშვებას, რომელშიც იტყვიან, საღამო მშვიდობისაო და როგორც ერთ ხუმრობაშია, მერე მოჰყვებიან, რატომ არ არის ასე.

თქვენ კი მიღოღავთ ისე დინჯად და ისე ნელა, რომ ფიქრობ, ამასობაში ხომ არ გამოიგონეს კიბოს წამალი. ან, იქნებ სირიის კონფლიქტსაც მოეღო ბოლო – ჯარისკაცებმა იარაღები დაყარეს და ხელი ხელს მისცეს.

„ახლა მარჯვნივ, მერე ზემოთ და მერე ისევ მარჯვნივ“ – ეტყვი მძღოლს და ისიც თავს გიქნევს. უკვე გენანება კიდეც მისი მიტოვება. ბოლო-ბოლო, იმდენი დრო გაატარეთ ერთად. ქაღალდის ფულს უწვდი და აყოლებ: „იყოს ათი, ხურდა არ მინდა“. ის დაიმორცხვებს და მადლობას გეტყვის.

ლიფტთან მიდიხარ და ოცნებობ, იქნებ ღმერთმა ამჯერად მაინც გაიღოს წყალობა შენზე და არავინ დაგემგზავროს. ამ დროს, სადარბაზოში სწორედ ის შემოდის, ვისთან ერთად მგზავრობაც ყველაზე ნაკლებად გაგიხარდებოდა – ახალი მეზობელი, რომელმაც ერთხელ უკვე სცადა შენთან დამეგობრება –  ფეხბურთის ნახვა შემოგთავაზათ ლუდისა და თევზის თანხლებით. შენ კი უთხარი – „როგორღაც მოვახერხოთ, ჩავუსხდეთ“ – მას შემდეგ კი თავსა და თვალს არიდებ. გგონია, რომ ახლა მოვა და ისევ დამეგობრებას შემოგთავაზებს, მაგრამ ცდები. მგონი ახალ მეზობელს უფრო ეზარება შენთან ერთად მგზავრობა და მობუზული დგება გვერდით. შენ იძულებული ხარ საყველპურო დიალოგისთვის პირველმა დაიკნავლო:

  • რა საცობი იყო.
  • ეჰ – ამოიოხრებს – ორი საათია სახლისკენ მოვდივარ.

ის თავის სართულზე გამოდის და ცალყბად გემშვიდობება. შენ გზას განაგრძობ და მხოლოდ ერთი აზრი გაწუხებს: იქნებ წვნიანიც ხვალისთვის გადადო.

კითხვები მხატვრული სახის გასააზრებლად

0

ნაწარმოების შესწავლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მთავარი გმირის (ზოგჯერ, ერთი შეხედვით, არამთავარი), პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრებას. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს, არა მხოლოდ გაიგოს ნაწარმოების შექმნის მიზეზი (იდეა), არამედ ჩასწვდეს ეპოქის ტკივილსა და მწერლის სატკივარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ეს მეოცე საუკუნის მწერალთა ნააზრევის შესწავლისას, როცა ეპოქალური ძნელბედობით გადათელილი  „სისხლიან-ცხედრიანი“ გზა-სავალი ქვეყნისა და მამულიშვილისათვის ბუნდოვანი გამხდარა და როცა „სიტყვა ნაწყვეტი“ გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე თუნდაც ერთი დიდი ნარკვევი. ამ პრობლემის გადასაჭრელად მასწავლებელს მართებულად დასმული კითხვა და ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დაეხმარება. სხვაგვარად, წარმოუდგენელია მოსწავლის დაინტერესება, მისგან მართებული პასუხის მოსმენა.

      ამ საკითხით დაინტერესებულთათვის განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს:

  1. დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ კითხვისას მოსწავლემ უნდა გაიაზროს კირილე მიმინოშვილის სახე.

ეს პერსონაჟი ნაწარმოებში გამოჩნდება მამის გადაწყვეტილებით გამტკნარებული და-ძმის (პლატონი, დარიკო)  საუბრისას, თუმცა მისი ოჯახის წევრების დარდის საგანმა („კრიჭაშეკრული“ დარიკო) კირილე უზომოდ გაამხიარულა. მკითხველს თავიდან ესმის მისი სიცილის მიზეზი (სიტუაცია ტრაგიკომიკურია, კირილე კი, მისივე თქმით, იქ არის, „სადაც სიამე და მოლხენაა“) აკი, პლატონსაც ეღიმება, მაგრამ მალევე იხსნება „გვაროვნობით“ მხიარული მიმინოშვილის („მიმინოს შვილი“) ხასიათის თავისებურება („შვილი რომ ეყოლოს, სეირი არ იქნება?“), შემდეგ იგი შემზარავად დამაფიქრებელ ფრაზასაც ამბობს: „ჩხუბი და ცილობა უნდა ავუტეხოთ ერთმანეთში საწყალ დედაბრებს“. პლატონი მასთან ყოფნას „საფრთხილოდ“ მიიჩნევს და არც ცდება. მთვრალი კირილე შაფათაძის ოჯახში ჯერ „დაჩემებით სცლიდა“ ყანწებს, შემდეგ აურზაური ატეხა. ბოლოს, ბიძამისის (ჯიმშერ სალობერიძის) ოჯახში მისულმა სტუმრების თვალწინ სირცხვილისაგან ცოცხალ-მკვდარ პლატონს („ცოცხლებში აღარ ერია“) „უშვილო დედაბრის“ საძებნელად სიარული დააყვედრა და ბოღმამორეული ცხენის მოსაკლავად გაექანა… (მხიარული, ხუმარა, სეირის მოყვარული, თანაგრძნობის ნიჭის უქონელი, გამმეტებელი თუ „უინტელექტო პროტესტით“ გამსჭვალული კირილე?).

კირილეს ხასიათის გასააზრებლად მოსწავლემ უნდა ახსნას კონკრეტულ სიტუაციებში კირილე მიმინოშვილის ქცევის მიზეზი.

ა) მართლა ის კაცია კირილე, რომელიც მხიარულია იმიტომ, რომ „სხვასაც ეამება მისი შეხედვა“ (ანუ სხვისი დუხჭირი ცხოვრების შემამსუბუქებელია) თუ სეირის მოყვარული ცინიკოსია („შვილი რომ ეყოლოს, სეირი არ იქნება?“)?

  ბ) მხოლოდ უსაქმური და უპასუხისმგებლო ადამიანია (რომელსაც თვეში ერთხელ სახლში მისულს ყველაფერი ძველებურად ხვდება) თუ ბოღმისა და ჯავრის სხვაზე გადამტანი (შაფათაძის სტუმრებზე), გამმეტებელი (ჯიმშერ სალობერიძის ოჯახში ატეხილი აურზაური) უბედური, უმიზნო ადამიანია, რომელსაც „მხიარულება“ ადამიანის დამცირება, მისი ნაკლის ხაზგასმა ჰგონია, ხოლო გართობა (ქორწილი, სუფრასთან მოლხენა) ჯავრის ამოყრის საშუალება (იქნებ, ამიტომ ცლის „დაჩემებით“ ყანწს ყანწზე)?

 ამ კითხვებზე პასუხის გაცემისთანავე მკითხველს (მოსწავლეს) ებადება კითხვა:

  • რა ჯავრსა და ბოღმაზეა საუბარი?
  • რამ გააბოროტა კაცი, რომელიც ერთი სუფრიდან მეორე სუფრაზე მოსახვედრად „შეუსვენებლად“ ირთობს თავს?

  ამ კითხვაზე მართებული პასუხის ძიებისას კი უკვე ეპოქალური სატკივარიც გამოიკვეთება და იკვრება სურათი ფუნქციადაკარგული აზნაურისა, რომელსაც საკუთარი თაობისა და წოდების უუნარობა, უარსობა გაუსიგრძეგანებია და გალიაში გამომწყვდეული ცხოველივით გზადაკარგულსა და უღონოს თითქოს „მამხილებლის“ მისიის შესრულება გადაუწყვეტია. ეს მხილება კი სასტიკი, დაუნდობელი, მაგრამ „უინტელექტოა“. ამიტომაც, აღიზიანებს საზოგადოებას, მაგრამ ვერ წამლობს.

  1. მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ წაკითხვისას მოსწავლემ უნდა გაიაზროს ივანეს სახე.

ნაწარმოებში იგი გამოჩნდება, როგორც ავთანდილ ხევისთავის გაზრდილი მღვდელი, რომელიც „აჩრდილივით“ დასდევს ახალდაქორწინებულებს, „ეკლესიურ დარიგებას“ აძლევს მათ და „ულევი ლოცვით“ ლოცავს –  თან ჩუმჩუმად ჯაყოს ოინბაზობას „ყურში აწვეთებს“ ჯერ კიდევ „უფლებამოსილ“ თეიმურაზს. თავის მამულში ხიზნად ჩასულ ნათავადარს უკვე „გესლიანი“ ნახუცარი ივანე ხვდება, რომელიც გამზრდელის (ავთანდილის) შვილს „ქვიშაზე გაგუდულ თევზად“ მოიხსენებს და მკვახედ ეტყვის, რომ „წყლის წასვლის“ მოლოდინს სამსახურის შოვნა სჯობდა. „ახალი რელიგიის“, ანუ მიწიერი ფასეულობების (მატერიალური საფუძვლის) განმტკიცების „მქადაგებელი“ „ცხოვრების ნამდვილ აზნაურს“ (ჯაყოს) ადღეგრძელებს და ერთი ტომარა ფქვილის ფასად მას „ღარიბ-ღატაკი გლეხობისა თუ გაჭირვებული ქვრივ-ობლის პატრონად“ მოიხსენებს. ივანეს მთავარი არგუმენტია ის, რომ ადრე ღატაკი ქართველობის უმეტესობა „ახალი დროების“ შემოსვლის შედეგად „ერეკლე მეფეზე“ უკეთ ცხოვრობს: მან ირწმუნა „ახალი ქვეყანა“, ძველს რწმენა (ანაფორა) გააყოლა. მან ღვთის რწმენა დაკარგა იმიტომ, რომ უფრო ძლიერი – მშრომელი ხალხის ძალა და მომავალი – ირწმუნა. მისთვის „ბედთან ჭიდილი“ გმირობა არ არის (ეს სახიფათოა!); სამაგიეროდ, „ბედთან შეგუება“ ხსნის გზაა, რადგან სხვა შემთხვევაში დაიღუპება. ეს არის კაცი, რომლის დევიზია: „საკუთარი თავი და სარგებლობა“ – აკი, თეიმურაზსაც შერიგების გზას ურჩევს.

 

ივანეს სახის გასააზრებლად სასურველია აიხსნას ივანეს „ცხოვრებისეული ფილოსოფია“:

 

  • როგორ და რატომ იქცა „მლოცველი“ და „ღვთის რწმენის“ მქადაგებელი ნახუცრად?
  • რატომ არ შეებრალა ნაამაგარი ოჯახის თუნდაც „წყალწაღებული“ თეიმურაზი?
  • რამდენად შეეფერება ყოფილ მღვდელს ჯაყოს (პირუტყვი, მოძალადე) დალოცვა?
  • იცის თუ არა მან, რას ნიშნავს „სიკეთის თესვა და ქვრივ-ობლის პატრონობა“?
  • იქნებ, დასცინის „ახალ დროებას“ („კოჭლ დროებას“) და შავბნელი ეპოქის შედეგად აღზევებულ ჯაყოს (აკი ჯაყომაც „იჭვის თვალი გადაავლო ყველას და პირი ღია დარჩა“)?
  • მის მიერ განმარტებული „საამქვეყნო რელიგია“ რატომ გულისხმობს „ჩემი მოყვასის მტრის“ გასრესასა და მოსპობას?
  • ივანეს მართლა სჯერა, რომ ქართველთათვის „ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულობის გადასარჩენად, თუ ამგვარი შეფასება საკუთარი „უბადრუკი“ არსებობის ხსნის გზების მტკივნეული ძიების გამომხატველია?
  • მართლა უნდა შეურიგდეს ღვთის ხატად დარჩენილი ადამიანი „ერთი ტომარა ფქვილის ფასად“ (თუ ოცდაათ ვერცხლად) ავსაც და კარგსაც, არ უწესებდეს ზღვარს ბნელსა და ნათელს?
  • რა არსებაა ის, ვინც „მთლიანად, უეჭვოდ, გულღიად“ „უკლებლად, დაუმატებლად და შეუსწორებლად“ მიიღებს მზესაც და ჭუჭყსაც მხოლოდ იმიტომ, რომ „ერთი წვეთი ეჭვისა“ ცხოვრებას მოუწამლავს?
  • რა ცოდნას „ეტანება“ იგი, თუ „დაღუპვა“ მხოლოდ ამქვეყნიური არსებობის, კეთილდღეობის დაკარგვად გაუაზრებია?
  • გამარჯვებულის მეხოტბე „ბრბოს ნაწილად თუ არა, მის „მეხოტბედ“ ქცეული ივანე რატომ არ რიყავს თეიმურაზს? ეცოდება თუ შემფასებელია დიდებული გვარის „ნაკაცარი“ ნაშიერისა?

3.ნ. ლორთქიფანიძის ნაწარმოების „შელოცვა რადიოთი“ წაკითხვისას მოსწავლემ უნდა გააანალიზოს შემდეგი საკითხი: ელის გაქცევა დასაბრუნებლად ანუ იმის ფასის გასაგებად, რა არის ჭეშმარიტად ღირებული („მთავარი მაინც სამშობლო არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი“…). ნაწარმოების ქვესათაურად მწერალს ჩაუსვამს: „დიდი გოდების მცირე ნაკადი“.

  „ქართული მშვენიერების“ ნაწილად ქცეული ქალი უარს ამბობს „ყველასაგან მოწონებულ, მაგრამ უღირს ქმარზე, შემდეგ „უბედურების (მოვლენის მამისეული შეფასება) ადვილად გადამტანი“ ჯერ „სულელი“ შვინდაძის ცოლი ხდება, მერე კი „მძიმედ დატვირთულ ურემში“ გაბმული ბედკრული საქართველოს გარედან მაყურებელი ევროპელი ავანტიურისტის თითქმის შეუფასებელი ნადავლი. ქვეყნის დატოვებისას მერსედესში მჯდარი ელი იმახსოვრებს ქართული სივრცის „ფერად ველებსა“ თუ „კოშკების გასალკლდევებულ ნანგრევებს“… ევროპის მდიდრულ სამყაროში უცხოა და სევდიანი („მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა“) – სიყმაწვილეს რიდლის „საკუნტალა“ ახსენებს, ხოლო შვილის მონატრების ტკივილს ლენბახის „დედა და შვილი“ უძლიერებს. „გალიაში გამომწყვდეული ბულბული“ (ნ. ბარათაშვილი) ხვდება, რომ სულიერებას მოკლებული კაცისთვის გამდიდრება ადვილია (ბრომლეი), რომ სხვათა უბედურების ხარჯზე დაგეშილ, გამდიდრებულ ავანტიურისტთა სამიზნე საუკუნეობრივი ქარტეხილისაგან („მოვარდნილი კორიანტელი“) განწირული ქვეყნის („ეროვნული სხეულის შესანარჩუნებლად მებრძოლი) შვილები ხდებიან და იმასაც, რომ ყველაფერი არ იყიდება (რამინო, რომელიც ბედნიერია იმიტომ, რომ წავიდა). არსებობს რაღაც გაცილებით მნიშვნელოვანი, ღირებული, უმთავრესი, რომლის დაკარგვა ადამიანს საკუთარ თავსაც აკარგვინებს – ამიტომ, გადაწყვეტს, დაბრუნდეს, თუნდაც სიცოცხლის ფასად.

საკითხის – ელის გაქცევა დასაბრუნებლად, ანუ ჭეშმარიტად ღირებულის შესაცნობად – გასაგებად მოსწავლემ უნდა გაიაზროს ყველა ის მიზეზი, რომელთა გამოც მან სამშობლო დატოვა:

  • იმიტომ, რომ ცხოვრებამ ჯერ „უხამს“, შემდეგ კი „სულელ“ უპასუხისმგებლო კაცს გადაჰყარა?
  • მხოლოდ იმიტომ, რომ მან და მამამისმა „გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც“?
  • იქნებ, იმიტომ, რომ „სამოქალაქო ბრძოლის მოვარდნილ კორიანტელს“ ვერ გაუძლო „ცხოვრების ნაპტკვენმა ბუმბულმა“?
  • მართლა სჯობია „ჭკვიანი“ კაცის ხასობა (გაყიდვა იმისა, რაც იყიდება) „სულელის“ შვილობას (ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობის მემკვიდრეობა)?
  • რას ნიშნავს ამ კონტექსტში გამოყენებული ჭკვიანი ან სულელი: „ჭკვიანი“ – მატერიალურად უზრუნველყოფილს, „სულელი“ – ცხოვრების ორომტრიალისა და „კოჭლი დროებისაგან“ განადგურებულ რაინდს?
  • მართლა ასეთი ბედნიერებაა „საბურთალოს მტვრის“ მოცილება (თინო) და ქვეყნიერების დათვალიერება?
  • მაშინ რატომ უჭირს იქ ყოფნა, სადაც გაიქცა?
  • რატომ ცდილობს ხელოვნების ნაწარმოებთა საშუალებით პირად ტკივილთა გამწვავებას? მივიწყებულის გახსენებას?
  • როგორ უნდა გავიგოთ ელის ბიოგრაფია – არის თუ არა იგი „დიდი გოდების მცირე ნაკადი“ თუ „უძღები შვილის“ ბრძოლაა დაკარგული სამყოფლის დასაბრუნებლად?

  ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას მოსწავლეს საშუალებას ვაძლევთ, გაიაზროს ნაწარმოების შექმნის მიზეზი და წინაპირობა, მწერლის სატკივარიცა და სათქმელიც. ნაწარმოების  იდეის გააზრებისას კი მოსწავლე მზად არის, იმსჯელოს და იკამათოს, შეაფასოს და მიღებული ცოდნა შესაბამისად გამოიყენოს.

ბულუ, ბავშვობა გახსოვდეს…

0

ფეისბუქი ყოველდღე მახსენებს:

– გახსოვს?

– შარშან ეს სურათი რომ გააზიარე, გახსოვს?

– შარშანწინ კი ეს პოსტი დაგიწერია, გახსოვს?

უჰ, მუსიკალური კლიპიც გამიზიარებია. ფრანგი მომღერალი მღერის: არ იტირო, ბულუ, ყველაფერი გაივლის, გაიზრდები და ბედნიერი იქნები, ოღონდ, ბულუ, ბავშვობა მაინც არ დაივიწყო, გახსოვდეს…

მეც მახსოვს, ყველა წვრილმანი მახსოვს…

მახსოვს, ნათესავ გოგოსთან ერთად როგორ შევექცევი კიტრს ბებიას ბოსტანში. ის გოგო ჩემზე უფროსია, მაგრამ ჩემი ჭკუისაა. უფროსებისგან გაურეცხავი კიტრის ჭამისთვის რომ მოგვხვდა, ისიც მახსოვს…

მახსოვს ბატკანი… ეზოში ერთად ვთამაშობთ, რაც ჩემი წაქცევით და მუხლში შუშის ნატეხის შერჭობით მთავრდება. მერე ბებოს ქოთქოთი ისმის:

– ჰოი, ქეთო, ქეთო (თავის თავს ელაპარაკება), ყველანაირი უბედურება ამ ბავშვმა როგორ უნდა დაიმართოსო.

ნეტავი იმ დროს…

მახსოვს, გაზეთ „მასწავლებლისთვის“ რომ ვწერდი… ნეტავი იმ დროს…

ოღონდ მეხსიერებას ხელის შეწყობა და ვარჯიში სჭირდება.

– ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთო, – წერდა პარაცელსი, ამიტომ მეხსიერება უნდა ვკვებოთ.

პირველი, რაც გვჭირდება, ვიტამინი B12-ია, კობალამინი. ეს ვიტამინი კობალტის იონს შეიცავს და დღეში 10 გრამია საჭირო. კობალამინი ორგანიზმში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, ნერვული უჯრედების მიელინის გარსს დაშლისგან იცავს. მისი უკმარისობისას ანემია ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლი უჯრედებს საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს ვეღარ მიაწვდის.

ამ ვიტამინით მდიდარია ხორცი და ღვიძლი. რძესა და კვერცხშიც მოიპოვება, მაგრამ შედარებით ნაკლები.

ვიტამინ B12-ს ნაწლავებში არსებული მიკროფლორაც ასინთეზებს. ის ერთადერთი წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს. უმთავრესად – ღვიძლში.

კარგი მეხსიერებისთვის და, საზოგადოდ, ორგანიზმის სწორი ფუნქციობისთვის ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვალია აუცილებელი. ეს ნიშნავს, რომ ის საჭირო რაოდენობის ჰორმონებს  უნდა გამოიმუშავებდეს – არც მეტს და არც ნაკლებს, ამისთვის კი თუთიაა საჭირო.

თუთია აუცილებელია ლითონდამოკიდებული (ამ შემთხვევაში – თუთიადამოკიდებული) ფერმენტებისთვისაც. ეს ელემენტი ბევრია ზღვის პროდუქტებში, მარცვლეულში და… გოგრის თესლში. საჭირო რაოდენობის თუთიის მისაღებად, ასე, 140 გრამი თესლის ჩაკნატუნებაა საჭირო. ჰოდა, იოლი საქმეა, არა?

მეხსიერებას კიდევ ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი სჭირდება – ოხრახუში უნდა მივირთვათ, დღეში, ასე, ერთი კონა. ის აპეგინინს შეიცავს.

აპეგინინი ფლავინების ჯგუფის ნივთიერებაა და უმთავრესად მცენარეების შემადგენლობაში შედის. ის უნგრელმა ბიოქიმიკოსმა ალბერტ სენტ-დიერდიმ აღმოაჩინა 1938 წელს და ვიტამინის მსგავს ნივთიერებებს მიაკუთვნა. ძლიერი ანტიოქსიდანტია და უჯრედს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. რეგულარული მიღებისას აპეგინინი:

* მოქმედებს როგორც:

ანთების საწინააღმდეგო საშუალება;

ანტიოქსიდანტი;

ანტიალერგენი;

* სპაზმისგან იცავს კუნთებს;

* ეწევა:

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას;

სიმსივნეების პროფილაქტიკას (მათ შორის – სარძევე ჯირკვლების, სწორი ნაწლავის, ფილტვების, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისასაც);

* ამცირებს სისხლში ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის რაოდენობას.

100 გრამი პიტნა 8,71 მგ აპიგენინს შეიცავს; ისპანახი – 62,2 მგ-ს; დაფნის ფოთლები – 2,84 მგ-ს; არტიშოკი – 4,7 მგ-ს; ერთი ჭიქა შავი ღვინო – 1,33 მგ-ს; ოხრახუში კი 225,93 მგ-ს. როგორც ხედავთ, ამ უკანასკნელში აპეგინინი ყველაზე მეტი და ყველაზე ხელმისაწვდომია.

„…ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა…“ (ლადო ასათიანი)

სილამაზეს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება და მერე როგორი… მაგრამ ყოველდღე სამი პროდუქტიც რომ  მივირთვათ, კანი მადლობას გვეტყვის. სილამაზე კანიდან იწყება.

პირველი მათგანი ბულგარული წიწაკაა. კანს ყოველგვარი წიწაკა უხდება, მაგრამ მწარე ნაღვლის ბუშტს და ნაწლავებს აღიზიანებს, ბულგარული – არა. ჰო, ის არ მითქვამს, რომ ერთი ცალი ბულგარული წიწაკა C ვიტამინის სამი დღის ნორმას შეიცავს – 390 მგ-ს.

ელასტიკურობას კანი ცილების – ელასტინისა და კოლაგენის ხარჯზე ინარჩუნებს. C ვიტამინი სწორედ ამ ცილების სინთეზისთვის არის აუცილებელი (თუმცა არაერთი  სხვა ფუნქციაც აქვს). ამ ცილების გარეშე ეპიდერმისი ვარდება და კანი ბერდება.

C ვიტამინი იმ ხილსა და ბოსტნეულშია, რომელიც მწვანე, ყვითელი, წითელი ან ნარინჯისფერია, ბულგარულ წიწაკაში კი – ყველაზე მეტი.

მეორე აუცილებელი პროდუქტი მზესუმზირაა. ის E ვიტამინითაა მდიდარი. ეს ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. თავისუფალი რადიკალები დაბერების პროცესს უწყობენ ხელს, E ვიტამინი კი მათ ბოჭავს და ანეიტრალებს. ამ ვიტამინის ნაკლებობა, უპირველეს ყოვლისა, კანზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნით იჩენს თავს. 100 გ მზესუმზირა 182 მგ E ვიტამინს შეიცავს. ეს ორი დღის ნორმაა. თანაც რა მშვენიერი საკნატუნოა…

E ვიტამინს ასევე შეიცავს რძე, კარაქი, კვერცხი, ხორბალი, მწვანე ბოსტნეული, ლობიო, ასკილი, ღვიძლი, კუნთი, ელენთა…

ადამიანის ორგანიზმს E ვიტამინის დეპონირების უნარიც შესწევს. ის უმთავრესად ცხიმოვან ქსოვილში დეპონირდება. ასე რომ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ. ზედმეტი არაფერი ვარგა. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ვიტამინი E.

მესამე მნიშვნელოვანი პროდუქტი პომიდორია. ის უხვად შეიცავს წითელ პიგმენტ ლიკოპინს. თერმული დამუშავება ამ პიგმენტს ააქტიურებს და უფრო იოლად ასათვისებელს ხდის (დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში https://mastsavlebeli.ge/?p=11176).

ვწერ და დროდადრო ფეისბუქს ჩავცქერი… თურქი კოლეგა შინ მარტო დარჩენილა და იძულებული გამხდარა, სადილი თავად მოემზადებინა. მერე უფიქრია, ეს ამბავი მთელ ფეისბუქს უნდა გავაგებინოო, კერძისთვის სურათი გადაუღია და გამოუფენია. მოიცა, წარწერაც აქვს. ვკითხულობ, მესმის და მიხარია – თურქული ენა სულ უფრო უკეთ მესმის, ანუ ჩემი მეხსიერება კარგია და ახალი სიტყვების მარაგს საიმედოდ ინახავს. წერია, პომიდორი შევწვი, კვერცხი გადავასხი, მერე წიწაკა დავამატე და ახლა გემრიელად მივირთმევო.

…სოფლის ეზოში ვზივარ. გზაზე ვიღაც ბიჭი ხან აივლის, ხან ჩაივლის. მორიგი ავლის დროს ჯოხზე დაყრდნობილ სანდრო პაპას ხედავს და ხმამაღლა გასძახის:

– როგორა ხარ, ბებერო?

ასეთი მიმართვის მოსმენაზე უსიამოვნოდ ვიშმუშნები, ბიჭი კი აგრძელებს.

-ბებერო, გზაზე ხომ არ გინდა გადასვლა? გადაგიყვანო?

პაპამ ეტყობა თავი გაუქნია, არაო და ბიჭმაც:

– მაშ, კარგი, ჭკვიანად იყავი, ბებეროო.

ცოტა ხანში ბიჭი ისევ ქვემოთ მოდის, ჩემი ეზოსკენ უნდა გამოიაროს. თავს ვერ ვიკავებ და ვეუბნები:

– ბიჭო, პაპას ასე რატომ მიმართე?

– შენ რა, რო? – მივიღე ორიგინალური პასუხი.

– მე არც არაფერი, მაგრამ შენ რომ ასე მოგმართონ, მოგეწონება?

– მე ჯერ ახალგაზრდა ვარ!

– ააა, – ვპასუხობ მე.

ჰოდა, ახალგაზრდებო, იცოდეთ, რომ ეს დროებითი უპირატესობაა. სწორი კვებითა და ცხოვრების წესით შეგიძლიათ სიბერე ოდნავ შეაფერხოთ, ოღონდ ახლავე უნდა დაიწყოთ… წამზომი ჩართულია.

დიალოგურობა და სინერგიის ეფექტი – მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები

0

„დი: თან, დიალოგი ალბათ, ყველაზე უფრო ჰგავს იმ პროცესს, აზრის გაჩენა რომ ჰქვია – სხვადასხვა აზრების შეჯერება, წინააღმდეგობების ძებნა, რაიმე დასკვნების გაკეთება და ასე უსასრულოდ…

თეთრი ორქიდეა: ანუ, დიალოგი თვითონ არის აზრი.

…………………………………………

ტომი: მართალია – დიალოგი არის აზრის გადმოცემა – ამიტომ ის სალაპარაკოდ არ გიბიძგებს, ის გიბიძგებს ფიქრისაკენ და საკუთარ თავში დიალოგის აღმოჩენისაკენ

გიგი თევზაძე „აქ და ყველგან“

 

დიალოგურობა არ არის დიალოგი… ხშირად მოგისმენიათ, საუბრობს ორი ადამიანი, ორივე „თავისას“ ლაპარაკობს და ამტკიცებს, არ უსმენენ და არ ესმით ერთმანეთის… სხვა შემთხვევაში, ისმენთ მონოლოგს, სულაც ქუჩაში, სულაც უცხო ადამიანისგან და მოულოდნელად მას თქვენზე ისეთი გავლენა აქვს, იწყებთ ფიქრს…

 დიალოგი ზოგჯერ სულაც არ არის „დიალოგური“, ზოგჯერ მონოლოგი ზედმიწევნით დიალოგურია…

რას ნიშნავს დიალოგურობა…? როგორია დიალოგურობა პრეზენტაციის დროს, როდესაც ფატქობრივად მონოლოგში ვიმყოფებით?

დიალოგურობა, პირველ რიგში, ეს არის ცნობიერების გახსნილობა, მიიღოს და გადაამუშაოს ინფორმაცია, ამ მზაობის გარეშე კომუნიკაცია არ არის ეფექტური.

დიალოგურობა _ ცნობიერების თვისებაა, მისი მზაობა თანასწორი ურთიერთობისათვის;

დიალოგურ კონტექსტს არა აქვს საზღვრები, ის ვრცელდება წარსულშიც და მომავალშიც…

დიალოგური დამოკიდებულება იწვევს ახალი აზრის წარმოქმნას, რომელიც არასდროს არ არის სტაბილური და ერთხელ და სამუდამოდ დასრულებული …

პრეზენტაციის დასაწყისში ყოველთვის ყველა ცდილობს, ჯერ ერთგვარი რეზონანსი დაამყაროს აუდიტორიასთან და მერე გადავიდეს მთავარ სათქმელზე. სწორედ ამ დროს ხდება უხილავი ენერგიის „გაგზავნა“ ადრესატისადმი. აუდიტორიაც ამ გზავნილს იღებს, რა თქმა უნდა, და ის ან იკეტება, ან იხსნება მოსაუბრის მიმართ…. რეზონანსის მიღწევის შემდეგ კი ნებისმიერი მონოლოგი ხდება დიალოგური, ანუ ტექსტი, ინფორმაცია, რომელსაც „იღებს“ მსმენელი, უკვე აღწევს მასში და იწყებს შერევას, „გადამუშავებას“, რაც ნიშნავს, რომ მიღწეულია მთავარი – შინაგანი დიალოგი.  დიალოგური ტექსტი სწორედ  „ … ამიტომ  სალაპარაკოდ არ გიბიძგებს, ის გიბიძგებს ფიქრისაკენ და საკუთარ თავში დიალოგის აღმოჩენისაკენ“ (გიგი თევზაძე, „აქ და ყველგან“).

დიალოგურობას და მოტივაციის გაძლიერებას ხელს უწყობს გადასაცემი შინაარსის პოზიტივზე აგება. მსმენელებს უნდა „ეხებოდეთ“ ის, რაზეც ესაუბრებით და თანაც პოზიტიურად; უნდა ურთიერთქმედებდეს მათ ცნობიერებაზე. გადასაცემ ტექსტში შეგიძლიათ ფონად გამოიყენოთ:

  • პოზიტიური მტკიცება – ე. წ. აფირმაციები;
  • პოზიტიური განწყობა – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ;
  • პოზიტიური აზროვნება – სამყაროს აღქმა პოზიტიური რაკურსით;

დიალოგურობა და სინერგია

დიალოგურობის ეფექტი გამოიხატება მის სინერგეტიკულობაში. რაც ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრები ქმნიან ერთ მთლიანს, აძლიერებენ საგნის, მოვლენის აღქმას. დიალოგურობა აფართოვებს ცნობიერებას.

თუ ჩვენ ვაშლებს გავცვლით ერთმანეთში, ისევ ვაშლები დარჩება… მაგრამ იდეების გაცვლის სინერგეტიკული ეფექტი იმაში ვლინდება, რომ იდეების გაცვლით ორივე მხარე მდიდრდება და იდეებიც ერთის მაგივრად თითოეულს ორი უხდება.

ჯამში, ჩვენ ვიღებთ გამდიდრებულ იდეებს თითოეული მხარისთვის, რომელიც ბევრად აღემატება ცალკე აღებულ თითოეულის იდეას.

1+1=2x   სადაც  x>1

სინერგია – ურთიერთქმედებაა.

როგორც კომპოზიტორი 7 ნოტისგან ქმნის მუსიკას, მხატვარი ფერების შერევით – ტილოს, როგორც 33 ასო-ბგერისგან ვიღებთ უამრავ აზრს და შინაარს… ამ კანონს ეფუძნება   სინერგიაც.

 ამიტომ იძენს თანამედროვე სამყაროში დიალოგურობა სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას. სინერგია წარმოქმნის და  ბადებს ახალ ცნობიერებას, რომელშიც მეტი თავისუფლება და შემოქმედებითობაა. ცნობიერების ამ მდგომარეობის მიღწევის გარეშე ბედნიერების განცდაც უსუსურია.

ზოგადად, ადამიანის და სამყაროს ბუნებაც სინერგიითაა განსაზღვრული. აქ კლასიკური მათემატიკის კანონები უძლურია… ერთს როცა ერთი ემატება, ყოველთვის ორზე მეტია… ეს ძალიან ჰგავს შექმნას და დაბადებას…  თუ პოეტის ლექსს მეტაფორულად გავიგებთ, სინერგიის არსი კარგად აიხსნება:

„ერთს როცა ერთი ემატება

სამი ყოფილა –

თქვა სიყვარულმა პირველყოფილმა…

თქვა და კრუსუნით შეაწება ადამი ევას.

არად დააგდო ცათა შინა ქვეყნისა წყევა.

დაიბინდება ყველაფერი,

ჟამი დაწდება…

ორს თუ მივიღებთ,

როცა ერთი ერთს ემატება.“

(მორის ფოცხიშვილი)

ასევე მეტაფორულია გამოთქმა: „იდეების სექსი“, რომელიც სწორედ ორი იდეის იმგვარ ურთიერთგავლენას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ახალი იბადება.

სინერგია – ჩვენი ცნობიერების მდგომარეობაა, რომელშიც გამუდმებულად მიმდინარეობს „იდეების სექსი“, სწორედ ამის გამო ცნობიერების ამ ფაზაში „ცხოვრობს“ შემოქმედება, თავისუფლება, სიყვარული და ბედნიერება.

დიალოგურობა – ეს არის სინერგიის საფუძველი. ამიტომ ნებისმიერი ცოდნა, სწავლება, ადამიანთა შორის ურთიერთობა, კულტურათა შორის კავშირი უნდა ეფუძნებოდეს დიალოგურობას…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...