ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

ლანდებთან ლაციცი შემოდგომისას

0

იმ ძველ 90-იანებში, როდესაც ქალაქებში უშუქოდ დარჩენილ მოსახლეობას პურის რიგები და გაყინული სახლები ერგოთ, ზოგიერთმა ოჯახმა, მათ შორის ჩემმაც, სოფელს მიაშურა. სოფელშიც ციოდა, იქაც არ იყო შუქი, მაგრამ გადარჩენის ინსტიქტით ავსებულმა მშობლების თაობამ იფიქრა, რომ აქ უფრო შეიძლებოდა საკუთარი თავის და შვილების გადარჩენა, აქ შეიძლებოდა ქათმების მოშენება, საკუთარი პირუტყვის ყოლა და ბავშვების სუფთა ჰაერზე გაზრდა.

საღამოს ჭრაქის ალზე ბუხარს შემოვუსხდებოდით. მერე გამოზოგილ სანთლებსაც ავანთებდით. ბევრ-ბევრ ამბავს მოჰყვებოდა ბებია. მამაც გაიხსენებდა ჯარის ამბებს. ჯარიდან დაბრუნებული როგორ წავიდა სოფლის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, შემდეგ კი ყოფილმა მოსწავლემ გამოუგზავნა ლექსების კრებული, რომელსაც  მერე ბიძაშვილებთან ერთად ვკითხულობდი.

ამ სოფელზე ბევრი დამიწერია, ოღონდ დანაწევრებულად, ფრაგმენტებით და ამოგლეჯილად. ალბათ ახლაც იგივე გამოვა, რადგან ძნელია ყველაფრის ერთად მოყოლა ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს. ეს იმერეთის ერთი პატარა სოფელია, რომელსაც ბზვანი ქვია. აქ ერთიმეორეზე თეატრალური ხალხი ცხოვრობს და ყოველდღიურობის ჭაპანს მიათრევს. აქ არის ბზების და დაფნის გორები, სიმინდის ჭალები. აქ ზაფხულობით სულგატრუნული შუადღეები იცის, როცა ყველა და ყველაფერი თბილ მყუდროებაში ჩაეფლობა, მშრომელი ხალხი სადმე გრილ ადგილას მოკალათდება და ცოტას „ამოიფოფინებს”, რაც ამოსუნთქვას ნიშნავს იქაურ კილოკავზე. სადაც ხალხი დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობს, მერე კი როგორც კი დროს მოიხელთებენ, სვამენ და ერთი ჟრიამული აქვთ. სადაც ჭირის თუ ლხინის სუფრა – ორივე კონცერტია და თავისებური სანახაობა, რომელსაც რეჟისორი „თავქალი” და „თავკაცი” დგამენ და ისინი ამ სანახობის შემოქმედი არიან. სწორედ, მათ კისერზეა, რომ წარმოდგენამ ეფექტურად და შედეგიანად ჩაიაროს, მომსვლელი ხალხი უკმაყოფილოდ და უყურადღებოდ არ დარჩეს, სუფრაზე სადმე რამე არ „მიაკლდეთ”. ამ ორომტრიალში ყველა თავის გამოჩენას ცდილობს – ახალგაზრდა გოგონებმა ყველას თანდასწრებით უნდა იტრიალონ, რომ სხვებმა შეამჩნიონ, მერე მეზობლებს მოუყვნენ ამ გოგოების შესახებ და მერე იქნებ, ვინმე კარგი ბიჭი გამოუძებნონ. თუ ლხინის სუფრაა, იუმორით და მხიარულობით უნდა გააჯერონ იქაურობა, „დამსწრე საზოგადოება” გულიანად აცინონ, იოხუნჯონ და ანეკდოტები მოჰყვნენ. ამ წარმოდგენების მთელი მენეჯმენტის დაგეგმვა და ფინანსური ხარჯის შედგენა თავქალის და თავკაცის კისერზეა. მანამდე, ხომ ისიც უნდა დაიანგარიშონ, ვის რა ჰქონდა მოტანილი ოჯახში, რომ დაახლოებით გამოთვალონ ბიუჯეტი. როცა ამ ყველაფერს ვუყურებდი, ყოველთვის მაოცებდა მათი ასეთი გულითადი მიდგომა საქმისადმი, ბოლომდე გაეზიარებინათ სხვისი ჭირი და ლხინი, მიეტოვებინათ თავიანთი საქმეები და გვერდით დადგომოდნენ მეზობელს, რომელსაც იმ დროს მათი დახმარება სჭირდებოდა და მათი ეს თვისება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნაკლონი იყვნენ და საერთოდ არ სცოდავდნენ. პირიქით, სიცოცხლეში არაერთ მწარე სიტყვას ეტყოდნენ ერთმანეთს და გულს მოუკლავდნენ, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მაინც დავიწყებას მიეცემოდა.

ეს სოფელი გადასარევი სოფელი იყო მანამდე, სანამ ბებია, მამა და ბიძა ცოცხლები იყვნენ და იქაურობას აცოცხლებდნენ. გაზაფხულობით იქ სიცოცხლით გაჯერებული სურნელი ტრიალებდა. ეზოები საგულდაგულოდ იყო მოვლილი, ყვავილები ჩაწიკწიკებული, ფანჯრები და მინები გაკრიალებული, თეთრეული გამოხარშული და თოკზე აფრიალებული. ისმოდა მეზობლების გადაძახილი, ,,ნარგიზა, უუუუუ”, ,,ციალა უუუუუ”, ,,ბაბუცა უუუ“, ,,შურაააა უუუუუ”. საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობის გამო სხვადასხვა უბანში  მცხოვრები ადამიანებიც კი ამ პირველყოფილი “უუუს” წყალობით ერთმანეთს გადასცემდნენ ინფორმაციას – დაკარგული ძროხის ამბავი იქნებოდა ეს თუ გარდაცვლილი თანასოფლელის პანაშვიდის.

გარემოებები შეიცვალა.  ის ადამიანები,  რომლებიც იქაურობაზე ზრუნავდნენ, “წავიდნენ”, თუმცა ის ლანდები მაინც ცოცხლდება, როგორც მათ სიცოცხლეში, როცა ბიძაჩემი გადაიკიდებდა მონადირის თოფს და წავიდოდა თავის ძაღლებთან ერთად სანადიროდ, როცა ბებია გაგვიყოლებდა ბაზარში, იქ მოხერხებულად ვაჭრობდა და გამყიდველებს ეხუმრებოდა. ან კიდევ, შემოდგომისას ყურძენს ვჭყლეტდით საწნახელში, შემდეგ დიდ თუჯის ქვაბში ფელამუშში ჩურჩხელებს ვავლებდით და მთელ სოფელს ყურძნის მომჟავო სუნი ასდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ შემაღლებულ გორაკებზე გაფანტული სახლები, ერთმანეთისგან შორს იდგნენ, ყველამ მაინც შესანიშნავად იცოდა ერთმანეთის ცხოვრების ავან-ჩავანი. დილაადრიან, ბებია ჩუმად იტყოდა, რომ ხარაბაძეების უბანში ასთმით იხრჩობოდა კაცი, რომელიც მამაჩემის ნათლია უნდა ყოფილიყო – ასე მახსოვს. შემდეგ, მეც ვაყურადებდი გავიგონებდი თუ არა ასთმიანი კაცის ხველებას, სადღაც შორს, მაღალი გორაკების თავზე მდგარი სახლიდან, მაგრამ არასდროს არ მესმოდა. როგორც ჩანს, ბებიას უკეთესი სმენა ჰქონდა.

მე ჩვენი სახლი მიყვარდა ყველაზე მეტად, რომელიც ბებიამ და ბაბუამ მას შემდეგ ააშენეს, რაც ბებია ჩვენს სოფელში თავისი სოფლიდან – გადიდან – მოიყვანეს, რომელიც მაღალ მთებშია. სულ მეგონა, რომ იქ დევები სახლობდნენ, გრძელნაწნავიან გოგონებს იტაცებდნენ და მაღალ კოშკებში ჰყავდათ გამოკეტილი. ბებიაც ხომ დაახლოებით ასეთ ამბებს მიყვებოდა თავის თანასოფლელ, გრძელნაწნავიან გოგოზე, რომელიც ბიჭებმა ხეზე თმებით მიაბეს. ბებია მოვიდა ჩემს სოფელში, დახვდა ერთი „გაკერილი თეფში” და ,,გადახურული”; დახვდა დედამთილი – ლამაზი ქალი ვენერა და ამის მერე ბებიამ და ბაბუამ დაიწყეს შრომა და სიკვდილამდე აღარ გაჩერებულან. ააშენეს ისეთი სახლი, სადაც  ყველაზე ბედნიერი წლები გავატარე და მერე ბებიამ აგვიშენა საკუთარი სახლი, რომ გვქონოდა საკუთარი „ყურე” და როგორც ყოველთვის არ შემცდარა. ბრძენი და ძლიერი ქალი იყო, რომელსაც შეეძლო თხილით სავსე ტომრები ზურგზე მოეკიდებინა და წასულიყო ბაზარში და იქიდანაც დატვირთული და „ჩაჭუჭკული” ამოსულიყო, ეზრუნა ყველაზე და ეკეთებინა კაცის და ქალის საქმე შეთავსებით. ბებია იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებსაც “მამა-მარჩენალ” ქალებს ეძახიან და რომ არა ბებიას არსებობა, მთელი ოჯახი ჩამოიშლებოდა და იყანყალებდა.

ბებიამ წერა-კითხვა კარგად არ იცოდა. როგორც თვითონ გვიყვებოდა სკოლას თავი ,,50 კაპიკის” არქონის გამო დაანება და საკუთარ ხელმოწერას ჯვრის სახით წერდა. დაწერდა „შრას” შურას მაგივრად, დაუსვამდა ჯვარს და ეს იყო ხელმოწერაც. თუმცა ჯარში მყოფ შვილს დიდ წერილებსაც უგზავნიდა უშეცდომოდ. სამაგიეროდ, ბებიამ უამრავი სიმღერა, შაირი, შელოცვა, ზეპირი ამბავი იცოდა და სხვადასხვა წამლების დამზადება ნაღრძობი და მოტეხილი ფეხისთვის და ცაში ყურება, რომ გამოეცნო შესაფერისი ამინდი და სხვა ზეციური ნიშნები, რომლის გათვალისწინებით უფრო კარგ მოსავალს მიიღებდა.

ყოველ წელს, შემოდგომით ასეთია ჩემი დანაწევრებული, დაგლეჯილი შემოდგომა, რომელსაც ფრაგმენტ-ფრაგმენტ, ფაზლივით ვკინძავ და ვუზიარებ ადამიანებს და ალბათ ესაა  მონატრებისგან და სევდისგან გათავისუფლების კარგი საშუალება – ილაპარაკო მათ შესახებ, რომლებიც უკვე ლანდად ქცეულ შემოდგომას შერევიან.

რაზე უნდა ვთქვათ უარი სკოლაში

0

პარადოქსია, მაგრამ ხშირად სკოლაში იმას გვასწავლიან, რაც ცხოვრებაში არასოდეს გამოგვადგება. ამას აღიარებენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. რაზე უნდა ვთქვათ უარი სკოლაში? ამ თემამ ჰარვარდის პროფესორი დევიდ პერკინსიც დააინტერესა და წიგნი – „მომავლის სიბრძნე“ – დააწერინა. ამჟამად პროფესორი ჰარვარდის განათლების უმაღლეს სკოლაში იმ სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფუძემდებელია, რომელიც ადამიანის კაპიტალსა და მის განვითარებას შეისწავლის. პერკინსი ამერიკული განათლების რეფორმებში აქტიურად არის ჩართული.

პროფესორს შემდეგი ისტორიის მოყოლა უყვარს: ერთხელ მაჰატმა განდის მატარებელში ასვლის დროს შემთხვევით ცალი ფეხსაცმელი გაძვრა. მატარებელი უკვე დაიძრა და ფეხსაცმლის დაბრუნების საშუალება აღარ იყო. მაშინ განდიმ მეორე ფეხსაცმელიც მოისროლა. ნაცნობის კითხვაზე, ასე რატომ მოიქცა, განდიმ უპასუხა, რომ ერთ ფეხსაცმელს მაინც ვერაფერში გამოიყენებდა, წყვილი კი ვინმეს გამოადგებოდა. ხშირად ეს ისტორია გულუხვობის მაგალითადაც მოაქვთ, მაგრამ, სინამდვილეში ის იმაზეა, თუ რა სჭირდებათ ადამიანებს უფრო მეტად. პროფესორი ამბობს, რომ მასწავლებელმა ამის გარჩევა კარგად უნდა შეძლოს.

მთავარი კითხვა, რომელიც მასწავლებელმა უნდა დასვას, ასეთია: რით არის ღირებული სკოლაში მიღებული ცოდნა? ამას მოსწავლეებიც კითხულობენ: „მასწ, ეს ყველაფერი რას მომცემს?“ მაგრამ მასწავლებლებს ეს შეკითხვა ნაკლებად მოსწონთ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ კომპეტენციაში ეჭვი შეაქვთ. არადა, კითხვაზე პასუხს თვითონაც გამუდმებით ეძებენ და უნდა ეძებონ კიდეც, ისევე, როგორც სკოლის სახელმძღვანელოების და სასწავლო პროგრამების ავტორებმა.

ამ საკითხს ჰარვარდელმა პროფესორმა არა მხოლოდ წიგნი, არამედ ლექციები და დისკუსიები მიუძღვნა. დევიდ პერკინსის აზრით, განათლების სისტემაში კონტენტის კრიზისი დადგა, თუმცა სხვა სადისკუსიო კონკურენტი თემების  გამო, ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ეს თემებია: ინფორმაცია, მიღწევები და კომპეტენტურობა.

ინფორმაცია  – ნებისმიერი განათლება უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის გადაცემას ემყარება. თუმცა მასში ნაკლებად არის გათვალისწინებული კონკრეტული მოსწავლეების ცხოვრებისეული საჭიროებები. შესანიშნავია მიიღო ახალი ცოდნა, მაგრამ აუცილებელია ბალანსის დაცვა, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში. სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია ყოველთვის არ შეესაბამება იმას, რაც გვინდა, რომ მოსწავლემ იცოდეს.

ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით მთელი ცხოვრება უნდა გვევლო, მაგრამ სკოლის კედლებში მიღებული ცოდნა ხშირად არ შეესაბამებოდა ამ მიზანს. მასწავლებლები დღესაც „იციკლებიან“ „ცოდნის რეზერვუარების“ შექმნაზე, რადგან ჰგონიათ, რომ მასწავლებელმა მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს.

ამიტომ ტრადიციული სასწავლო გეგმა გაყინულივითაა. სტერეოტიპები მშობლებშიც მდგრადად არის გამჯდარი: „მე ამას ვსწავლობდი და ჩემმა შვილმა რატომ არ უნდა ისწავლოს?“ სასწავლო გეგმა ემსგავსება ძველი ნივთებით გამოტენილ ავტოსადგომს, სადაც უმჯობესია ყველაფერი ძველებურად დარჩეს, ვიდრე ვინმემ მისი დალაგება დაიწყოს.  შედეგად, პროგრამაში არსებული ფაქტებისა და იდეების ხროვა ზოგადი და პირობითია. ის ცოდნა კი, რომელიც არანაირი კონტექსტით არ აქტუალიზირდება, მალევე ეძლევა დავიწყებას.

თავის სემინარებზე პერკინსი ხშირად თხოვს მასწავლებლებს, გაიხსენონ, რა ცოდნა გამოჰყვათ სკოლიდან და რა გამოადგათ ცხოვრებაში (საბაზისო ცოდნის გარდა, რომელიც წერა-კითხვას გულისხმობს). როგორც წესი, ამ კითხვაზე აუდიტორია მკაფიო პასუხს ვერ იძლევა.

მიღწევები –  რადგან მასწავლებელი დიდ ყურადღებას უთმობს „ცოდნის რეზერვუარის“ შექმნას, ის ათვისებულ მასალაზეც ფოკუსირდება. მიღწეულის შეფასების ინსტრუმენტად  მასწავლებელი ქულებს იყენებს. ტრადიციულ პირობებში მიღწევად მიიჩნევა ის, თუ როგორ არის ათვისებული თემა და არა ის, რამდენად გამოადგება ეს ცოდნა მოსწავლეს რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ხომ არ არის უკეთესი გადაცემული ცოდნა იყოს აქტუალური და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მოსწავლის ცხოვრებაში?

მაგალითად, გეოგრაფიის სასწავლო კურსი მოსწავლეებს აიძულებს, დაიმახსოვრონ სხვადასხვა ქვეყნების ქალაქები და მდინარეები. ამ ინფორმაციის ათვისება მიღწეულ მიზნად მიიჩნევა. თუმცა, ცარიელი ფაქტები მოსწავლეს რამეში რომ გამოადგეს, მათ მნიშვნელოვნებასაც უნდა გაესვას ხაზი. ვთქვათ, ქალაქებისა და მდინარეების განლაგება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის, ანუ ამ ცოდნის გამოყენება ისტორიის გაკვეთილზეც შეიძლება. ასეთი ტიპის „გადამკვეთი ბმულები“ სასკოლო დისციპლინებში „ცოდნის რეზერვუარებს“ არ გაყინავს.

ამდენად, მიღწევებზე საუბრისას  ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი.

კომპეტენტურობა  პერკინსი სკოლაში სწავლების „წმინდა გრაალად“ ექსპერტობას ასახელებს. კარგი მაგალითია სასწავლო გეგმა მათემატიკაში. არითმეტიკა გადადის ალგებრაში, გეომეტრიაში და რთულ გამოთვლებში, რომელთა უმეტესობას ცხოვრებაში არ ვიყენებთ. თუ სკოლაში სწავლის დროს იმ სფეროს ექსპერტები გავხდებით, რომელიც არაფერში გვარგია, საქმეებში, რომლებიც ჩვენი ყოფის ნაწილს შეადგენენ, „მოყვარულებად“ დავრჩებით: ბავშვების აღზრდაში, იურიდიული დავების გადაწყვეტაში, ჯანმრთელობაზე ზრუნვაში… პერკინსი გვირჩევს, რომ კოლეჯში ან უნივერსიტეტში გავხდეთ გარკვეულ სფეროს ექსპერტები. სკოლის განათლების პერიოდში კი უმჯობესია ვისწავლოთ სწავლა.

რაზე უნდა ვთქვათ უარი?

პერკინსი ამბობს, რომ არ  შეგვიდგენს ჩამონათვალს, თუ რაზე არ უნდა ვთქვათ უარი სკოლაში, რადგან ის დამოკიდებულია დროის გარკვეულ მონაკვეთზე, იმაზე, თუ რის სწავლა მოგვწონს და სხვ. მაგრამ რაზე უნდა ვთქვათ უარი, ამის შესახებ პროფესორი მეტს გვესაუბრება.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ენციკლოპედიური მიდგომა, რომელიც სასკოლო განათლებისთვის სრულიად უსარგებლოა. ბევრი ინფორმაციით გაჯერებული სახელმძღვანელო-ენციკლოპედია პრობლემის ერთ-ერთი ნაწილია. ასეთი წიგნით სამიზნეს კი არ ვუახლოვდებით, ვშორდებით და ვსაუბრობთ იმაზე, რაც უკვე შეიცვალა.

ისტორიულად ასე მოხდა, რომ სწავლების პირველი 10-12 წელი აღზრდის უკვე ნაცად კანონს ეთმობოდა. ამის წყალობით სხვადასხვა ეპოქებში ბავშვთა ცხოვრება, ასე თუ ისე, ჰგავდა მათი მშობლების ცხოვრებას, მაგრამ იდეა, თითქოს ხვალ ისე იქნება, როგორც გუშინ იყო,  აშკარად შეიცვალა. ამიტომ საჭიროა განათლების სხვა ხედვა: პირველ პლანზე გადავა ის, რაც ჯერ კიდევ შეუცნობელია და არა ის, რაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა.

უარი უნდა ვთქვათ განათლებაზე, რომელიც ტესტირებებით მიღებულ მაღალ შედეგზეა ორიენტირებული. საქმე ისაა, რომ ტესტირების დროს ყურადღება ფოკუსირდება ბოლო ქულაზე და არა სწავლების პროცესის შეფასებაზე – როგორ ემზადებოდა მოსწავლე გამოცდისთვის, როგორია მისი წინა შედეგი და უკუკავშირი პედაგოგთან, რომელიც შენი სწავლების პროგრესზე უნდა ზრუნავდეს.

პროფესორი ამბობს, რომ აუცილებელია ფაქტების გააზრება. მაგალითად, საფრანგეთის რევოლუციის ფაქტების შესწავლის ნაცვლად, უმჯობესია საფრანგეთის რევოლუციის შესწავლა, რათა გაიაზრო ისეთი თემები, როგორიცაა: მსოფლიო კონფლიქტები, სიღარიბე, უთანხმოება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. მაშინ შეკითხვას: „მასწ, ამის ცოდნა რას მაძლევს?“ პასუხი მოეძებნება.

დევიდ პერკენსი აღნიშნავს: „მე ალბათ გამიმართლა – ბავშვობაში ცნობისმოყვარე ვიყავი და სიამოვნებას ვიღებდი სწავლისგან. ალგებრა, ისტორია, ამ საგნებს აზარტით ვუღრმავდებოდი“. მაგრამ საკუთარი გამოცდილების მიუხედავად, ის ურჩევს მასწავლებლებს ხშირად მოიგონონ განდისა და მისი ფეხსაცმლის ამბავი. „ყველა მასწავლებელი ურჩევს თავის მოსწავლეს იმ ფეხსაცმლით იაროს, რომელიც გრძელ მოგზაურობაში გამოადგება“, – დარწმუნებულია პროფესორი.

ნახშირბადი და მეცნიერების უახლესი მიღწევები

0

სიახლე არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ ნახშირბადი იმ ძირითად ელემენტთაგანია, რომლებსაც ფართოდ იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნახშირბადი ელემენტთა მეოთხე ჯგუფს მიეკუთვნება. პერიოდულ სისტემაში მისი რიგითი ნომერია ექვსი. ნახშირბადი მდგრადი ელემენტია, თითქმის ყველა ელემენტთან შედის რეაქციაში და სასარგებლო და ფართოდ გამოყენებად ნაერთებს წარმოქმნის. ნახშირორჟანგი, მშრალი ყინული, ცეცხლმაქრობი, სითბურად მდგრადი მოწყობილობები, აირის შთამნთქმელი ნახშირბადის გამოყენების მაგალითების მცირე ჩამონათვალია.

ქვემოთ თანამედროვე მეცნიერების უახლეს მიღწევებზე მოგითხრობთ, რომლებმაც კიდევ უფრო გააფართოეს ამ ელემენტის გამოყენების სფერო.

ს

* * *

ბოლო დრომდე ნახშირბადის სამი ძირითადი ნაირსახეობა (ალოტროპია) იყო ცნობილი: გრაფიტი, ალმასი და ამორფული ნახშირბადი. მეოცე საუკუნის მიწურულს აღმოაჩინეს ფულერენი (1985) – ნახშირბადის მოლეკულა, რომელსაც ღრუ სფეროს1 (ნახ. 1), ელიფსის ან მილაკის (ნახ. 2) ფორმა აქვს – და ნახშირბადის ნანომილაკი2 (1991) – ღრუ ცილინდრი, რომელიც ნახშირბადის ატომების თხელი ფენისგან შედგება და რომლის დიამეტრი 1 ნანომეტრია.

ს1

ოცდამეერთე საუკუნეში (2004) მათ გრაფენი3 (ნახ. 3) შეემატა. საშუალო სკოლიდან ვიცნობთ მყარი სხეულების მოლეკულურ სტრუქტურას – კრისტალურ მესერს, ატომების სიმეტრიულ სივრცულ უსასრულო განლაგებას, რომელსაც უზრუნველყოფს ატომებს შორის უხილავი ბმები. გრაფენის განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მისი სტრუქტურა სამგანზომილებიანი კი არა, არამედ ბრტყელი, ორგანზომილებიანია. ეს ნიშნავს, რომ გრაფენი წარმოადგენს სიბრტყეზე განლაგებული ატომების ფენას. ატომები ქმნის ექვსკუთხედს, ხოლო გრაფენის სისქე ატომის დიამეტრს უტოლდება.

ს2

მართალია, გრაფენი 2004 წელს აღმოაჩინეს (უფრო ზუსტად, შექმნეს), მაგრამ ამ აღმოჩენას ხანგრძლივი სამეცნიერო საქმიანობა უძღოდა წინ. 1947 წელს კანადელმა მეცნიერმა ფილიპ უოლესმა შეისწავლა გრაფიტის (რომლის მოლეკულური სტრუქტურაც ასევე ბრტყელია) ელექტრული თვისებები. მისმა კვლევამ მაშინვე მიიპყრო მეცნიერთა ყურადღება. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ქიმიკოსმა ლაინუს პოლინგმა, 1960 წელს გამოთქვა მოსაზრება ნახშირბადის თხელი ფენის ყოფაქცევის შესახებ. სახელწოდება „გრაფენი“ კი 1962 წელს შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა ჰანს-პიტერ ბიომმა, რომელმაც ეს სტრუქტურა ელექტრონულ მიკროსკოპში შეამჩნია. თეორიული კვლევები კიდევ რამდენიმე ათეულ წელიწადს გაგრძელდა, ვიდრე მანჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე რუსმა ფიზიკოსებმა ანდრე გეიმმა და კონსტანტინ ნოვოსელოვმა 2004 წელს ფიზიკურად არ მიიღეს გრაფენი. მათ გამოიყენეს წებოვანი ლენტი გრაფიტიდან თხელი ფენის ასაძრობად, მერე კი ეს ლენტი რამდენჯერმე დაკეცეს და გაშალეს, რათა უფრო მეტად გაეხლიჩათ გრაფიტის ფენა. საბოლოოდ მათ მიიღეს ფენა, რომლის სისქე ნახშირბადის ატომის ზომისა იყო. სწორედ ეს გახლდათ გრაფენი. ოთხი წლის შემდეგ მანჩესტერელ მეცნიერთა ჯგუფმა მიიღო გრაფენის ტრანზისტორი, რომლის სისქე ერთი ატომის დიამეტრის ტოლია, ხოლო სიგანე – ათი ატომის დიამეტრის ტოლი. 2010 წელს ანდრე გეიმს და კონსტანტინ ნოვოსელოვს ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიანიჭეს.

რა თვისებებით გამოირჩევა გრაფენი? ეს არის საოცრად სუფთა ნივთიერება, რაც მისი მარტივი მოწესრიგებული სტრუქტურის დამსახურებაა. ნახშირბადი ლითონი არ არის, მაგრამ გრაფენი უფრო მეტად ლითონის თვისებებს ამჟღავნებს. გრაფენი ძალიან მტკიცე ნივთიერებაა, ფოლადზე დაახლოებით 200-ჯერ მტკიცე, და, ამავე დროს, ძალზე ელასტიკური – შესაძლებელია მისი გაჭიმვა სიგრძის 20-25 პროცენტით. ის, როგორც ვთქვით, ძალიან თხელია და მსუბუქი – ფეხბურთის მოედანი შეიძლება დაიფაროს გრაფენის ფენით, რომლის მასა დაახლოებით ერთი გრამი იქნება. გრაფენის სითბური გამტარობა მრავალჯერ აღემატება ისეთი ნივთიერებების გამტარობას, როგორებიცაა ვერცხლი და სპილენძი, ელექტროგამტარობა კი სპილენძისას. ამ კუთხით ის ძლიერ კონკურენციას უწევს ზეგამტარებს, რომელთა ზეგამტარობა ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მჟღევნდება, მაშინ როდესაც გრაფენი ოთახის ტემპერატურაზე ამჟღავნებს ამ თვისებას.

გრაფენი სინათლესაც ატარებს – მისი სტრუქტურა ფოტონს საშუალებას აძლევს, ადვილად განჭოლოს ამ ნივთიერების ფენა. გრაფენში გაივლის სინათლის 97-98 პროცენტი, მაშინ როდესაც ერთმაგი მინის შუქგამტარობა 80-90 პროცენტს არ აღემატება.

ამრიგად, გრაფენში თავმოყრილია სხვადასხვა ნივთიერების თვისებები, რაც მას ფასდაუდებელს ხდის, განსაკუთრებით – ელექტრომოწყობილობებში, ენერგოეფექტურ მოწყობილობებში და სხვა. წარმოიდგინეთ, რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს ნივთიერებას, რომელიც ზეთხელი, ზემსუბუქი, ზემტკიცე, ოპტიკურად, სითბურად და ელექტრულად ზეგამტარია. იმის გარკვევა, არის თუ არა გრაფენი ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც ყველა ეს თვისება აქვს, მომავლის საქმეა.

* * *

2014 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის ქალაქ ფარნბოროში გამართულ უდიდეს ავიასალონზე დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფიზიკის ლაბორატორიისა და კომპანია „სურეის ნანოსისტემების“ მეცნიერთა ჯგუფმა წარმოადგინა ახალი ნივთიერება ვანტაბლეკი. სახელწოდება მიღებულ იქნა სიტყვების Vertically Aligned NanoTube Arrays („ვერტიკალურად განლაგებული ნანომილაკების წყება“) აბრევიატურისა და სიტყვა Black-ის („შავი“) შეერთებით. ნივთიერებამ გამოჩენისთანავე მიიპყრო საყოველთაო ყურადღება სამეცნიერო და კომერციულ წრეებში.

ვანტაბლეკი წარმოადგენს ნახშირბადის ნანომილაკებს, „დანერგილს და აღმოცენებულს“ ალუმინის კილიტაზე. ნანომილაკები ისეა დალაგებული, რომ ფოტონებს მათ შორის შეჭრა შეუძლია, ხოლო მრავალჯერადი არეკვლის შემდეგ ხდება მათი შთანთქმა, მაშასადამე, სითბოდ გარდაქმნა. ნანომილაკების კედლები იმდენად თხელია, რომ თავისუფალი რჩება საკმაოდ დიდი სივრცე – ფოტონები სწორედ ამ სივრცეში შთაინთქმება. თვით ნანომილაკების მოცულობა მთელი ფენის 0.05%-ს შეადგენს. შესაბამისად, ფენაზე დაცემული სხივების მიზერული ნაწილი თუ შეიძლება დაეჯახოს ნანომილაკის კიდეს და აირეკლოს მისგან, ამიტომ დაცემული გამოსხივების უდიდეს ნაწილს – 99.965-ს – ვანტაბლეკი შთანთქავს.

ვანტაბლეკით დაფერილი ალუმინის კილიტა

ს3

ამრიგად, ვანტაბლეკი ყველაზე შავი ნივთიერებაა, რომელიც კი ოდესმე შექმნილა. ის ყველაზე ახლოს არის შავ ხვრელთან. აღსანიშნავია, რომ ვანტაბლეკი შთანთქავს გამოსხივების როგორ ხილულ, ისე უხილავ სპექტრსაც.

გამოსხივების შთანთქმის წარმოუდგენელ უნართან ერთად, ვანტაბლეკს სხვა გამორჩეული თვისებებიც აქვს:

  1. ძალიან მსუბუქია – მისი ერთი კვადრატული მეტრის მასა დაახლოებით 2.5 გრამს შეადგენს. ვანტაბლეკის საფარის სისქე დაახლოებით 20-30 მიკრონის ტოლია.
  2. ძალიან ელასტიკურია. ძალიან მაღალია მისი დრეკადობის მოდული, რაც მეტად მნიშვნელოვანია დარტყმის ან ვიბრაციის დროს.
  3. პრაქტიკულად არ ხდება მისი აქროლა.
  4. მტკიცედაა დაკავშირებული ფუძესთან (ალუმინთან), ამიტომ დარტყმის, ვიბრაციისა თუ ტემპერატურის ცვლის შემთხვევაშიც კი ძნელად შორდება.

ვანტაბლეკის გამოყენების არეალი ძალზე ფართოა. კერძოდ, მას უკვე იყენებენ:

  1. ოპტიკურ სისტემებში გაბნეული სინათლის ჩასაქრობად. გაბნეული სინათლე ამცირებს ოპტიკური სისტემების ეფექტურობას, ამიტომ მის ჩასაქრობად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ვანტაბლეკი ამ მხრივ იდეალურია;
  2. კოსმოსურ აპარატებში როგორც დარტყმის, ვიბრაციის, მაღალი ტემპერატურის მიმართ მედეგ ნივთიერებას;
  3. მზის ენერგიის დასაგროვებლად. მზის ენერგია, როგორც ცნობილია, შავ ზედაპირზე გროვდება. ვანტაბლეკს აქ კონკურენტი არ ჰყავს;
  4. სპექტროსკოპიის გასაუმჯობესებლად გაბნეული სინათლის მკვეთრად შემცირების უნარის გამო;
  5. ინფრაწითელი ოპტიკური სისტემების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომლებსაც კოსმოსშიც იყენებენ;
  6. როგორც თბოსაიზოლაციო საშუალებას მიკრომექანიკური და ელექტროსისტემების მაღალი ტემპერატურისგან დაცვის მიზნით.

ვანტაბლეკის შთანთქმის უნარი შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას სამოსი რადიაციული გამოსხივებისგან ადამიანის დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ სინათლის შთანთქმის ძლიერი უნარის წყალობით ადამიანი ვანტაბლეკს აღიქვამს არა როგორც შავ ნივთიერებას, არამედ როგორც არაფერს, უფსკრულს, ამასთან, ორგანზომილებიანს და არა სამგანზომილებიანს. ვანტაბლეკით დაფარული სფერო სიბრტყედ აღიქმება.

დასასრულ, შევნიშნავთ, რომ კომპანია „სურეის ნანოსისტემებმა“ შეიმუშავა ვანტაბლეკის მიღების ახალი, შესხურების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, ამ ნივთიერებით დაიფაროს არა მარტო ალუმინის, არამედ სხვა ნივთიერებათა ზედაპირიც.

გამოყენებული რესურსები:

  1. https://www.chm.bris.ac.uk/webprojects2002/knowles/
  2. https://www.carbonallotropes.com/6-carbon-nanotubes
  3. https://www.indium.com/blog/graphene-an-unlikely-candidate-to-replace-ito-in-flat-panel-displays.php
  4. https://www.surreynanosystems.com/media/images-videos

ოზა

0

 

დღეს დედამიწაზე რამდენიმე მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მათი ერთმანეთისაგან განსხვავება კანის ფერით, იერითა თუ ნაკვთების მოხაზულობით, სამეტყველო ენითა და ინტონაციით, რჯულით,  ტრადიციებითა თუ დასახლების ადგილის მიხედვით შეიძლება. მაგრამ არის კიდევ ერთი „დამღა“, რომლის  მიხედვითაც მათი განსხვავება თუ რომელიმე კუთხისათვის მიკუთვნება მარტივად, მათი თვალით უნახავადაც შეიძლება. ეს „დამღა“  გვარია, უფრო სწორად კი გვარის დაბოლოება. „შვილი“, „ძე“, „ვა“ და „იანი“ და კიდევ რამდენიმე სუფიქსი ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობია. ასევე, „ბერგზე“, „ოღლზე“, „სკიზე“ და სხვა მრავალზე დამთავრებული გვარები კარგ ინფორმაციას იძლევიან, თუ „ვისი გორისანი“ არიან. ერთი პატარა გამონაკლისი „ოვ“ დაბოლოებაა, თუმცა ეს სხვა თემაა, და მასზე შესაძლოა სხვა დროს ვისაუბროთ.

მოლეკულებიც ასევეა დაყოფილი ცალ-ცალკე ტომებად, მათ გვარ-სახელების რეგისტრაციას კი მკაცრად აკონტროლებს საერთაშორისო ორგანიზაცია IUPAC (International Union of Pure and Applied ompounds). ამ ზედმეტად პედანტი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული კოდექსის თანახმად ერთი გვარის მოლეკულები არასოდეს აგვერევა სხვა ტომისებში.

მოლეკულების მრავალფეროვან დაბოლოებებში ერთ-ერთი არის „ოზა“. ამ გვარის მოლეკულები ყველაზე ტკბილ ქვეყანაში ცხოვრობენ, ამიტომაც მათ, როგორც წესი, შაქრებს უწოდებენ. ამ ტომის რამდენმე წარმომადგენელი კი თითქმის ყველასათვის ნაცნობია. ძნელია ვიპოვოთ ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ სმენოდეს გლუკოზასა და ფრუქტოზას შესახებ.

გლოკოზა ფლორა-ფაუნისათვის ისეთივე რამაა, რაც ბენზინ-საწვავი მანქანა-ტრაქტორებისათვის, შეშა-ღუმლისათვის, ქვანახშირი – ორთქლმავლისათვის. მის გარეშე ცოცხალი სამყარო ვერ იარსებებს.

მეტად საინტერესო ცხოვრება აქვს გლუკოზას. თითქმის „არსაიდან“ ჩნდება ეს პირდაპირ ცით მოვლენილი მოლეკულა. იგი მცენარეების ფოთლებში იბადება ჰაერში არსებული ნახშირორჟანგისა და წყლის მოლეკულებიდან მზის სხივების მისალბუნებით. ექვსი ცალი ნახშირბადის, ამდენივე ჟანგბადისა და ორჯერ მეტი წყალბადის ატომი სჭირდება,  რომ მზის შუქი იხილოს მისმა ქათქათა კრისტალებმა.

ელ

გლუკოზის მოლეკულაში ჟანგბადის ატომები თანაბრად ნაწილდებიან ნახშირბადის ატომებზე. ასეთი განაწილება მკაცრი აკრძალვის შედეგია – ერთ ნახშირბადზე ორი ჰიდროქსილის ჩანაცვლებას არ უშვებს დედა ბუნება.  კიდევ ერთი, თვალში საცემი დეტალი, ზემოთ მოყვანილი მოლეკულური ფორმულიდან, მესამე ჰიდროქსილს უკავშირდება – იგი თითქოს გაბუტვია დანარჩენ მოძმეებს   და ნახშირბადოვან ზღურბლს იქით განმარტოებულა. ისიც რომ შეუერთდეს თავისიანებს, გლუკოზა აღარ იქნება გლუკოზა.

ახლად მიღებული გლუკოზის მოლეკულა გარე სამყაროს მიმართ ახლად დაბადებულ ჩვილზე  უფრო სუსტი და მგრძნობიარეა. მასში არსებული ჰიდროქსილების და განსაკუთრებით  ალდეჰიდის ჯგუფი უმალ შეიძლება დაიჟანგოს ჰაერის ჟანგბადით. ამიტომ ბუნებამ მისი გადარჩენის ერთობ საინტერესო მეთოდს მიაგნო – ალდეჰიდის ჯგუფს ნახევარაცეტალურ ფორმაში გარდაქმნის. მოლეკულა „იღუნება“ და შიდამოლეკულური  გადაჯგუფებით ციკლურ სახეს იღებს.

ელ1

გლუკოზა რამდენიმე ჰიდროქსილს მოიცავს, მაგრამ ალდეჰიდის ჯგუფი სასთუმალს მე-5, ყველაზე დაშორებულ ჰიდროსილზე პოულობს. რატომ გადადის წყალბადის ატომი მეხუთე ატომიდან და არა უახლოესი მეორე ჰიდროქსილიდან?  მარტივად შეიძლება ითქვას, რომ წელში გამართული თუ მოვიხრებით, იატაკს ხელებით უფრო მარტივად შევეხებით, ვიდრე შუბლით. ქიმიური ტერმინებით კი – ექვსწევრიანი ციკლი უფრო მდგრადია, ვიდრე სამ და ოთხწევრიანი.

ფოთლები მხოლოდ გაზაფხულ-ზაფხულში ასხიათ ხეებს. შესაბამისად გლუკოზის წარმოქმნაც მხოლოდ ამ დროსაა შესაძლებელი. მაგრამ მცენარეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად წელიწადის ყველა დროს სჭირდება კვება. განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე,  როცა ზამთრის ძილქუშიდან გამოღვიძებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას იწყებს. ამიტომ, მთელი ზაფხული უნდა იშრომოს ფოთოლმა და დააგროვოს გლუკოზის ის მარაგი, რომელიც ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულს გაატანინებს. როგორც აღმოჩნდა, გლუკოზის ციკლურ ფორმაში გარდაქმნაც ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ გარემო ფაქტორებით იგი არ დაიშლება. ისევ საინტერესო გამოსავალი იქნა მოძებნილი. ბუნება გლუკოზის მოლეკულებს მძივივით კინძავს ერთ დიდ მოლეკულად, რომელსაც სახამებელი ეწოდება. დიდ მოლეკულას კი ცხოვრების ქარტეხილები ნაკლებად აშინებს.

ელ2

სახამებელს პირდაპირი სახით ცოცხალი ორგანიზმი ვერ ითვისებს.  იგი ფერმენტების საშუალებით ნელ-ნელა იშლება მონომერამდე – გლუკოზამდე (ციკლურ ფორმამდე). ეს უკანასკნელი კი თავისი მოლეკულების 0,04%-ს გამოათავისუფლებს ღია ჯაჭვიანი ფორმით, რომელიც  აგრერიგად სჭირდება ორგანიზმს არსებობისათვის. გლუკოზის ღია და ციკლური ფორმები ერთმანეთის მიმართ წონასწორობაში იმყოფებიან. ამიტომ, მცენარის მიერ ყოველი ათვისებული გლუკოზის მოლეკულის შემდეგ წონასწორობა ხელახლა აღდგება და ასე ნელ-ნელა იხარჯება მთელი გლუკოზა სახამებლის  მარაგის ამოწურვამდე – ზაფხულის დადგომამდე. შემდეგ კი დედა-მცენარე ამ მარაგს ხელახლა შეავსებს – მომავალ წელს ახალი პირმშოების გამოსაკვებად.

დედის მკერდს ორი ხელით ჩაბღუჯული ჩვილი დიდი მონდომებით რომ ეწაფება რძის ნაკადულს,   რძეში არსებული შაქრებით იტკბარუნებს პირს. დედის რძეში კი ისინი იმიტომ მოხვდა, რომ მცენარეებმა თავიანთი ღივების გამოსაკვებად გადანახული სახამებელი გვიწილადა. ალბათ ამიტომაც ვეძახით ადამიანები მობიბინე წყალ-ჭალას დედაბუნებას.

ნეტამც არ დაგძინებოდა, ჩიტოვ, ნიბლიავ ნარზედა

0

ამას წინათ 17-18 წლის თბილისელმა მოსწავლეებმა მკითხეს:

– ნიბლია რა არის, მასწავლებელო?

– ნიბლია ჩიტია, არ გახსოვთ ბავშვობიდან – “ნეტამც არ დაგძინებოდა, ჩიტოვ ნიბლიავ ნარზედა, ჩამოგიქროლებს ალალი, წაგიყვანს მაღალ მთაზედა”? – დავუბრუნე კითხვა გაოცებულმა.

არ ახსოვდათ. არც ნიბლია, არც მერცხალი, ბიჭ სესეს რომ სთხოვს, ქვები არ მესროლოო, არც გვრიტი, შვილებს რომ დაიხსნის ტყვეობისგან მეგობრების დახმარებით, არც მახეში გაბმული ჩიტი, ბავშვებს რომ უხსნის, მისთვის გალია რა არის.

წამოვედი და წამომყვა რაღაცნაირი სევდა დავიწყებული ჩიტების გამო, იმ დანაკარგის გამო, ბუნებრივად თან რომ სდევს ცხოვრებას. იცვლება დრო, ბევრი კარგი მოაქვს, ბევრ ცუდს შლის, მაგრამ თან რაღაც მნიშვნელოვანსაც გაიყოლებს ხოლმე. ეს ის თაობაა, მუდმივად გაჯეტებში რომ აქვს თავი ჩარგული და ეს იმ ქალაქის ცაა, სადაც ყველაზე გამძლე ბეღურები და მტრედები თუ შემორჩნენ, სადაც ძალიან ცოტაა ტყე და პარკი, სადაც ბავშვი ისე გაიზრდება, ჩიტის ბუდეებს ვერსად ნახავს, კოდალას კაკუნს ვერსად გაიგებს, გუგულის დაძახილით არ გაიხარებს და საერთოდაც, ცისკენ იშვიათად გაექცევა თვალი. ჩვეულებრივი ამბავია დიდი და ეკოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამედროვე ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ისეთივე  ჩვეულებრივი, როგორც ალალის მიერ ნიბლიას მონადირება, ჩვეულებრივია, მაგრამ სევდიანი.

იაკობ გოგებაშვილის  “დედა ენას” თუ გადავშლით, ვნახავთ, რომ იქ უამრავი ჩიტია. დღევანდელთან შედარებით მეცხრამეტე საუკუნეში შედგენილი ეს სახელმძღვანელო გაცილებით უფრო ადეკვატურად ასახავს იმდროინდელ გამოწვევებს პედაგოგიკაში და უფრო მეტად თანამედროვე და ადეკვატური ლექსიკაა მეცხრამეტე საუკუნის ბავშვისთვის, ვიდრე დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში არსებულ სახელმძღვანელოებში.

ერთ-ერთი სასაუბრო ჩიტებზეა: “რომელმა ფრინველმა იცის ჭუკჭუკი, ჟივჟივი, ჭყივილი, ჩხავილი, რომელი იძახის „ყვაა“? „გუგუ“? „კუკუ“?” მერე მოსდევს კითხვების წყება, რომლის შვილს რა ჰქვია, რითი იკვებებიან და ა. შ. თან ფრინველთა ნახატებიც ახლავს. როგორც ჩანს, იმდროინდელი ბავშვისგან იაკობი ძალიან ბუნებრივად ელოდა მსგავს კითხვებზე პასუხებს. დღეს, რაღა თქმა უნდა, ასეთ დავალებას კლასში ვერ შევიტანთ. რამე თუ გვინდა მსგავსი ვასწავლოთ, ვიდეომასალის გამოყენება მოგვიწევს, რადგან ჩვენმა ქალაქელმა პატარებმა ნამდვილად არ იციან, რა ჟივჟივებს და რა ჭიკჭიკებს, რა ჭუკჭუკებს და რა ჭყივის. შესაბამისად, იკარგება ლექსიკაც, ყოველ შემთხვევაში, ენის აქტიური მარაგიდან პასიურში გადადის, სადღაც ძველ ნაწერებსა და ლექსიკონებში აგრძელებს შეუმჩნეველ არსებობას.

სახელმძღვანელოს შედგენისას ავტორს არაერთი პედაგოგიკური ამოცანის გათვალისწინება უწევს. იაკობ გოგებაშვილის “დედა ენაში” ჩიტებთან დაკავშირებული ტექსტები შეიძლება შემდეგნაირად დავყოთ:

  1. სასაუბროები, რომლებიც ნაცნობი ლექსიკური მარაგით მოსწავლეებში მეტყველების კულტურის ამაღლებას ემსახურება.
  2. ინფორმაციული ხასიათის ტექსტები, რომლებიც ბავშვისთვის საჭირო ცოდნის გაფართოებისკენაა მიმართული.
  3. ტექსტები, რომლებიც მოსწავლეების სულიერ აღზრდას ემსახურება და ცდილობს, თანაგრძნობის, თანალმობის გაღვივებას მათზე უფრო სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ.
  4. ტექსტები, რომლებიც მოსწავლეებს ბუნებასთან, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად ფრინველებთან კავშირს აჩვევს და ამავდროულად ფანტაზიის განვითარებას ეხმარება.
  5. ალეგორიული ხასიათის ნაწარმოებები, რომლებშიც პერსონაჟები ფრინველებია, თუმცა სათქმელის განზოგადებაა შესაძლებელი და მოსწავლეებს მხატვრული ტექსტის აღქმა-გაგებას აჩვევს.

ასევე ბევრნი არიან ჩიტები ხალხურ პოეზიასა და მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის საბავშვო ლიტერატურაში.

„მე პაწია მერცხალი ვარ,

მოჭიკჭიკე, მოალერსე;

ნეტავი რა დაგიშავე,

ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!“

                    შიო მღვიმელი

ბიჭი სესესადმი ნათქვამი ეს საყვედური, ასე მეგონა, ყველა თაობისთვის, ყოველთვის და ყველგან ცოცხალი იქნებოდა. ახლა დავფიქრდი, თუკი ბავშვს მერცხლის ბუდე არც უნახავს, თვალ-ყური არ უდევნებია, როგორ აშენებენ, ბარტყებს  აფრთიანებენ, აუჩუყდება კი გული პატარა არსების ჩივილზე? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, ისე იმოქმედოს, როგორც ჩემზე მოქმედებდა.

მახსოვს, როგორი გულისფანცქალით ველოდი ხოლმე „მახეში გაბმული ჩიტის“ დასასრულს.

„გალია ჩემთვის ციხეა,

ეს ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ:

ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ

და თქვენვე გული დაგწყდებათ.

გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა

აწ მოგიმართოს ხელიო!

გაფრინდი, გადაიარე

ჭიკჭიკით მთა და ველიო“.

აკაკი წერეთლის ეს ლექსი უამრავჯერ მქონდა მოსმენილი, მაგრამ მაინც ველოდი, როგორ შეძლებდა პატარა ჩიტი ბავშვების დარწმუნებას და ყოველ ჯერზე სულის შეკვრის შემდეგ შვებით ამოვისუნთქავდი ხოლმე. სიხარული არ ნელდებოდა ალბათ იმიტომაც, რომ ზაფხულობით და შაბათ-კვირას სულ სოფელში ვიყავი, იქ კი უამრავი ჩიტი იყო, ცოცხალიც და მკვდარიც. მერცხლები სახლთან აშენებდნენ ბუდეებს, შაშვები ხმელ ფოთლებში იქექებოდნენ, კოდალა მოძველებულ დენის ბოძს იმხელა კაკუნს აუტეხდა ხოლმე, სულ მაოცებდა, როგორ შეეძლო ამ პატარა ჩიტს, ამხელა ხმაურის გამოწვევა.

იყვნენ ნიბლიებიც, ბოლოქანქარებიც, ჩიტბატონებიც. ერთხელ ოფოფიც მოფრინდა და მახსოვს, ბებიამ გააქშია – სიკვდილი იცის, არ ვარგა ოფოფი ეზოშიო. ნეტავი რას ერჩოდა ხალხური ცნობიერება ოფოფს, რომ სიკვდილიანობა დააბრალა?!

საბძლის გვერდზე, თავდაღმართში ჩიტების სასაფლაოც გვქონდა. ბევრნი იყვნენ და ბევრნიც იხოცებოდნენ. დავიტირებდით, ამოვუთხრიდით საფლავს, დავმარხავდით და მერე დიდ ხანს ვცდილობდით, ორი პატარა ჯოხი ისე გადაგვება, ჯვარი მიგვეღო. გავმართავდით და დავდგამდით როგორღაც, მაგრამ მოვიდოდა წვიმა, ჩვენს სასაფლაოს მიწასთან გაასწორებდა ხოლმე.

მოგვიანებით ჩიტების დამარხვის ასეთივე ამბავი ქართველმა პოეტმა, ელა გოჩიაშვილმა საოცარი სიცხადითა და სიმძაფრით აღწერა ლექსში „ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის“. ელას ლექსში მკვდარი დედა ჩიტის ადგილს ფინალში ნამდვილი დედა იჭერს. ამ ლექსის წაკითხვისას კიდევ ერთხელ მწარედ ვიგრძენი, როგორ თამაშობს ბავშვი მომავალ ცხოვრებას და როლების მორგებით ემოციურად ემზადება ცხოვრებისათვის.

ჩემს ბავშვობაში, ისევე როგორც ფოლკლორსა და ლიტერატურაში უამრავი ჩიტი იყო, მაგრამ ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ფრინველი ქართულ სინამდვილეში მაინც ვაჟა-ფშაველას „არწივია.“ მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა გაცილებით დიდი პოეტია, ვიდრე ეს ამ ლექსში ჩანს, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ ქართველს ეცოდინება, ვიდრე, ვთქვათ,  „ალუდა ქეთელაური“.

ამისი მიზეზი შეიძლება საკმაოდ მარტივი იყოს. ბევრი აიგივებს საკუთარ თავს არწივთან, ძლიერების სიმბოლოსთან და ბევრიც გალახულ-თავმოყვარეობა შელახული ადვილად აბრალებს დამარცხებას „ცუდ დროს,“ ძნელია, აღიარო, რომ მოგერივნენ, იმიტომ რომ სუსტი ხარ, უფრო ადვილია, ბოღმიანი დაჩივლება: „ვაჰ, დედას თქვენსას ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს, გაშლილს, გაფანტულს ველადა“. არ ვიცი დაწერა თუ არა სადმე ამის შესახებ კრიტიკოსმა გია არგანაშვილმა, პირადი საუბრისას კი მითხრა, ვაჟას „არწივი“ ფრთებგაჩაჩხული დგას მისი პოეზიის კართან და ქართველებს დანარჩენის დანახვას უშლისო. მოსწრებული ნათქვამია, თუმცა ალბათ იმათ უშლის, ვისაც პირიმზეს დანახვა ისედაც არ შეუძლია, ვინც არასდროს გაითავისებს: „ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტონ ჩვენ გვზრდიან დედანიო“.

ასეა თუ ისე, სამწუხაროა, თითქოს ჩვენი ცნობიერებიდან ქრებიან მერცხლები და ნიბლია ჩიტები, სევდიანებიც და მხიარულებიც, ქალაქელი ბავშებისთვის ყველაზე საყვარელი ჩიტი გალიაში მცხოვრები თუთიყუშია.

როდესმე შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომელისთვისაც დამარცხებული, დაბოღმილი არწივის პათეტიკა ასე მშობლიური აღარ იქნება და რომლის ქალაქებშიც ჩიტები ისევ დაბრუნდებიან?!

კლასი – შემოქმედებითი ლაბორატორია

0

კლასი შეიძლება შემოქმედ ადამიანთა გაერთიანებად ვაქციოთ. ამ ადამიანებს სამყაროს გაუმჯობესების სურვილი გააერთიანებს. იდეის ხორცშესხმა მარტივია –  საკმარისია მოიფიქრო საქმე, რომელიც შენი შთაგონების წყარო გახდება.

თუკი ინტერნეტის მმართველი Google-ის გამოცდილებას დავესესხებით, ვნახავთ, რომ ამ კომპანიის თანამშრომლები სამუშაო საათების 20%-ს განათლებასა და თავისუფალ შემოქმედებაზე ორიენტირებულ პროექტებს უთმობენ და არა თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას. კომპანიის მესვეურებმა კარგად უწყიან, რომ შემოქმედებითი წვა დაკარგულ დროს არ ნიშნავს. სწორედ ეს ეხმარება Google-ს არასტანდარტული ამოცანების გადაჭრაში.

რატომ არ უნდა გაიზიაროს იგივე გამოცდილება სკოლამ, სადაც საკმაოდ რეალისტურია, სასწავლო დროის 20% შემოქმედებით პროექტებს დაუთმო? ეს დრო ქაოსად რომ არ იქცეს, აუცილებელია შემოქმედებითი ლაბორატორიის ორგანიზება. ადგილის, სადაც ბავშვები სხვა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად შემოქმედებით პროცესში იქნებიან ჩართული, პროცესის შედეგად კი დასრულებულ პროდუქტს მიიღებენ.

ასეთი პროექტების ხიბლი სწორედ ის გახლავთ, რომ  მიღებულ პროდუქტს პრაქტიკაში გამოიყენებ. ჩვენს გარშემო არსებული უამრავი პროდუქტი ხომ ისეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებს, თითქოსდა შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის მუდამ უნდა ვაკეთოთ არჩევანი, მაგრამ ცხოვრება გაცილებით საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც შენ თვითონაც შეგიძლია შექმნა და არა მარტო მომხმარებელი იყო.

სტივენ რიცი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღარიბული რაიონში, სამხრეთ ბრონქსში ასწავლის. ერთხელაც ის არა მასწავლებლის, არამედ მამის პოზიციიდან დაფიქრდა  და დაასკვნა, რომ თანამედროვე ბავშვებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არაჯანსაღი საკვების გამო უჩნდებათ. ერთადერთი გამოსავალი ჯანსაღი საკვების მოყვანა იყო, მაგრამ როგორ უნდა მოეხერხებინა ეს თვალუწვდენელ მეგაპოლისში?

სტივენმა თავის კლასში „მწვანე კედელი“ (დაპატენტებული როგორც Green living wall) შექმნა – სპეციალური სისტემა, რომელიც ბოსტნეულისა და მწვანილის მოყვანის შესაძლებლობას პრაქტიკულად ნებისმიერ პირობებში, ტრადიციული ნიადაგის გარეშე იძლევა. სტივენის მიერ ინიცირებულ  ფერმერობაში უამრავი მოსწავლე ჩაერთო. მას მერე, რაც ბავშვებმა თესვისა და მოსავალიც აღების გრძელი გზა ერთად გაიარეს, „მწვანე ბრონქსის მანქანა“ უფრო სწრაფად ამუშავდა. თავისი ინოვაციური პროექტით მასწავლებელმა ადგილობრივი ხელისუფლებაც დააინტერესა, შემდეგ საქმეში ტექნოლოგები ჩართო და საბოლოოდ, ღარიბ უბანში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტი ბაზარში გაასაღეს და ბავშვთა თავშესაფრებს დაეხმარნენ, ფერმერული გამოცდილება კი სხვა სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს.

მალე სტივენის შემოქმედებითმა ლაბორატორიამ სოციალური მოვლენის სახე მიიღო და არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

აი, კიდევ ერთი მაგალითი:

სიტყვა „დრონი“ – ამ შემთხვევაში უპილოტო საფრენი აპარატი – ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს გვახსენებს, სადაც ამ აპარატის მეშვეობით მტრის ბანაკს უთვალთვალებენ. სინამდვილეში კი, დრონებს მშვიდობიან პირობებშიც იყენებენ: სოფლის მეურნეობაში, მშენებლობასა და… განათლებაში.

ყოველდღიურობაში ყველაზე პოპულარული დრონი კვადრაკოპტერია, რომელზეც ფოტო ან ვიდეოაპარატურა მაგრდება. სწორედ მისი გამოყენება შეიძლება საგანმანათლებლო პროექტებში. შემოქმედებით ლაბორატორიაში მოსწავლეები დრონს აპროგრამირებენ, მუშაობენ გადაღებულ მასალაზე, ამზადებენ უჩვეულო ფოტოშეფასებებს, ორიგინალურ ვიდეორგოლებს სასკოლო მოვლენების შესახებ.

მაგრამ იმისათვის, რომ დრონი დააპროგრამო, მოსწავლეებს ტრიგონომეტრიის ზედმიწევნით ცოდნა სჭირდებათ. ტრიგონომეტრიის სწავლება გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი ხდება, როდესაც ზუსტად იცი სად და რატომ უნდა გამოგადგეს მოსაწყენი ფორმულები. ფლორიდელმა მასწავლებლებმა პეგი ბრუკინსმა და რაიმონდ ჯეიმსმა შეიმუშავეს ციკლი „მფრინავი ტრიგონომეტრია“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები დრონებს აპროგრამირებენ და საკმაოდ რთულ მათემატიკურ თემებს იოლად ითვისებენ.

კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი: სასკოლო ცხოვრების კლასიკაა – კედლის გაზეთი, რომელიც, სამწუხაროდ, პედაგოგებში საბჭოთა პერიოდთან ასოცირდება. არადა, ის ყოველთვის აქტუალური იყო და დღეს, უბრალოდ, ტრანსფორმირდა. კედლის გაზეთი სკოლის დერეფნებს აღარ ამშვენებს. მან ონლაინსივრცეში გადაინაცვლა და განუსაზღვრელი რაოდენების მკითხველი ჰყავს.

სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების დამნერგავი, პიონერი ესტერ ვოჯიკი  ჟურნალისტიკის კითხვის მდიდარი გამოცდილების მქონეა, რაც იმას ნიშნავს, რომ „არასერიოზული“ საბავშვო ჟურნალისტიკა კარგა ხანია გაცდა სკოლის კედლებს და საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა.

„ყველა ჩემი მოსწავლე მუშაობს თავის ისტორიაზე. ზოგი ისტორია ძალიან სენსიტიურია სკოლისთვის, რაიონისთვის, ქალაქისთვის, რადგან აქტუალურ პრობლემებს ეხება. ეს საქმე  ბავშვებისადმი დიდ ნდობას მოითხოვს – მათ უნდა მისცე იმის საშუალება, რომ თავად მოიპოვონ ინფორმაცია პირველწყაროდან, დაწერონ სტატია დამოუკიდებლად, ისე, როგორც შეძლებენ. სტატია იბეჭდება ონლაინ და ბევრი მნახველი ჰყავს, ბეჭდურის ტირაჟის კი სამი ათასს აღწევს“, – ამბობს ესტერ ვოჟიკი სტატიაში, რომელიც შერეულ სწავლებას ეხება.

ვოჟიკი ურჩევს მასწავლებლებს მეტად ენდონ მოსწავლეებს, მაგრამ მანამდე კარგად შთააგონონ, რომ მათი ნამუშევარი რაღაც თამაშის ნაწილი არ არის და ამ სტატიებს უფროსები წაიკითხავენ. ვოჟიკი წერს, რომ სტატიების მომზადების პერიოდში მასწავლებელი „ხაზზე“ უნდა იყოს. მოსწავლეს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს მასწავლებელთან დაკავშირება ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით. თუ მოსწავლე შეცდომას დაუშვებს, კატასტროფად არ უნდა აღიქვას. შეცდომა ცხოვრების ნაწილია და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ის არის, რომ მოსწავლე ხშირად უნდა აღმოჩნდეს სიტუაციაში, სადაც ის საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი. მოსწავლეს ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს, მაგრამ სამომავლოდ ეს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

…ამ დროისთვის არსებობს უამრავი პლატფორმა პროგრამირებისთვის, რის გამოც ეს საქმე ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. Newtonew-ზე პერიოდულად ჩნდება ისეთი პროექტების განხილვები, როგორიც Scratch-ია – პლატფორმა ნორჩი პროგრამისტებისთვის. გაჯეტებით  გატაცებული მოსწავლეებისთვის მასწავლებელს თამამად შეუძლია დამატებებზე მომუშავე შემოქმედებითი ლაბორატორიის გახსნა.

უფროსკლასელები უმცროსკლასელებს გამოცდილებას გაუზიარებენ, მოიგონებენ სერვისებს და თამაშებს, რომლებიც სწავლის პროცესს გაუმარტივებენ მათ. მასწავლებელს შეუძლია გეიმერების შეჯიბრი მოაწყოს, სადაც ჩართული იქნებიან ნორჩი სცენარისტები, მხატვრები, პროგრამისტები.

შემოქმედებითი ლაბორატორიები თანამედროვე სკოლის აწმყო და მომავალია. მოიფიქრეთ საინტერესო იდეა და გაერთიანდით მოსწავლეებთან ერთად მის გარშემო, რათა სამყარო, სადაც ცხოვრობთ, უკეთესი გახდეს.

ოცნება

0

ოცნებაზე ვწერ. არა, პოლიტიკაზე წერა აზრადაც არ მომსვლია. მე და პოლიტიკა ერთმანეთთან დათვი და რაჭველივით ვართ. გახსოვთ ხომ? რაჭველი ტყეში არ მიდიოდა, დათვი კი სახლში არ აკითხავდა. ჩვეულებრივ ადამიანურ ოცნებაზე ვწერ. გვახასიათებს ადამიანებს რაღაცების წარმოდგენა და შემდეგ მუდმივად ჩვენივე წარმოდგენილ მოვლენებსა თუ ობიექტებზე ფიქრი. ოცნებას შესრულება უნდა, ამიტომ ფუჭი კი არა, ასრულებადი უნდა იყოს.

მაგალითად, თუ მე კოსმოსში გასეირნებაზე ვიოცნებებ, ეს ასრულებადი იქნება. ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, უბრალოდ ბევრი ფულია საჭირო, რომ კოსმოტურიზმის ტურისტი გავხდე. ნახეთ, ოცნებამ უცბად მიმართულება იცვალა, ამაღლებულ კოსმოსზე ვოცნებობდი, საქმე კი  ფულის გამომუშავებაზე მიდგა. უკაცრავად, ბეეევრი ფულის გამომუშავებაზე. ჰოდა, კოსმოსში სასეირნოდ თუ საკმარის ფულს დავაგროვებ, უკვე ისეთი დაღლილი ვიქნები, რომ კოსმოსის გახსენებაც არ მომინდება. ანუ, მაინც არარეალური ოცნება გამოდის. თუმცა ყველაფერი შედარებითია და ახლა კიდევ უფრო არარეალურს დავწერ. შორს კი არ წავალ, იქვე კოსმოსში ვიტრიალებ.  პლანეტა სატურნის ერთ-ერთი რგოლი ყინულის ნაწილაკებისგან ფორმირდება. ეს ნაწილაკები კი მისივე თანამგზავრ  პლანეტაზე, იგივე ერთ-ერთ მის მთვარეზე, ენცელადუსზე, ყინულის შადრევნებიდან იფრქვევა. ჰოდა, ჩემი არარეალური ოცნება ასეთია, ენცელადუსზე მინდა ყინულის შადრევანთან გავლა-გამოვლა. ამის გაკეთება უზარმაზარი ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია.

ამას წინათ ოცნებაზე თურქულის გაკვეთილზეც ვსაუბრობდით. ჩვეულებრივ ოცნებაზე, პოლიტიკაზე არა.  მასწავლებელმა შეკითხვა დაგვისვა, აბა, თქვით, ვის რა ოცნება გაქვთო. ჰო, უნდა ისაუბრო, თქვა, დაასაბუთო, დაამტკიცო, ახალი გრამატიკა და ლექსიკა გამოიყენო, შეცდომებიც დაუშვა და მხოლოდ ასე გაიტეხავ ენას. თორემ, სინამდვილეში, შენ რა ოცნება გაქვს,  სულაც არ არის საინტერესო. აუდიტორია ჩაფიქრდა. თუ ოცნებას გააჟღერებ, უეჭველი ლამაზი უნდა იყოს, აბა ისე რა ოცნებაა.

ჩვენმა ჰოჯამ (მასწავლებელმა) გაგვამხნევა და თქვა, მე ბრაზილიაში წასვლაზე ვოცნებობო. ამაზე მაშინვე უთხარი, რომ ეს ცუდი ოცნება იყო. ცუდი იმიტომ იყო, რომ იქ  კრიმინალური სიტუაცია ძალიან სახიფათოა და წასვლა კი შეიძლება, მაგრამ,  როგორც იტყვიან, ასი თვალი და ასი ყურია საჭირო. სინამდვილეში „ცუდის“ თქმა არ მინდოდა, მსურდა მეთქვა, სახიფათოა-მეთქი, მაგრამ უცებ ეს სიტყვა ვერ გავიხსენე და „ცუდით“ დავკმაყოფილდი. ერთმა გოგონამ ისურვა, ყველა თურქ მსახიობს პირადად გავიცნობდიო. მეც მაშინვე კომენტარი გავაკეთე: დიდი და ლამაზი თეთრი ოცნებაა-მეთქი. თუმცა სხვების ოცნებებზე ხმა აღარ ამომიღია, რადგან გამოდიოდა, რომ კომენტატორის როლი მოვირგე და არა მეოცნების. თუმცა ესეც საქმე იყო, კომენტარებსაც ხომ თურქულად ვაკეთებდი. შესაბამისად, ვიყენებდი ლექსიკას, გრამატიკულ დროებს, შეცდომებსაც უშვებდი და ენის გატეხვას ვცდილობდი.

მერე, დავფიქრდი, ნეტავ ჩემი ოცნება რა არის-მეთქი (კოსმოსი არ ითვლება) და აღმოვაჩინე, რომ ოცნება არ მქონია. არაფერზეც არ ვოცნებობ. ერთმა ბიჭმა თქვა, ჩემი ოცნება თურქულის სწავლააო. თუ მეც მასთან ერთად გაკვეთილზე ვზივარ, გამოდის, რომ ჩემი ოცნებაც არის? არა, არ არის. უფრო სურვილია, ვისწავლო ახალი ენა და ბარემ აგერ მეზობლის ენა იყოს, რაღა სხვა ენებში ვარჩიო. ამისთვის სახლში არ ვზივარ და არ ვოცნებობ, კურსებზე ჩავეწერე და სწავლას ვცდილობ.

კიდევ მრავალი რამ მინდა და ვცდილობ რაიმე გავაკეთო, რომ მიზანს მივუახლოვდე. ნახეთ, მიზანს-მეთქი წამომცდა. გამოდის, რომ ოცნებები კი არა, პატარ-პატარა მიზნები მქონია, რომელთა მიღწევას ოცნება კი არა, მოძრაობა  სჭირდება. ისიც დიდი ხანია შევამჩნიე, რომ მავანს ოცნება დიდი ძალისხმევით უხდება, მეორეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ერთი რამეც სახეზეა, ადრე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი ოცნებები სხვებს უსრულდებოდათ. ალბათ  დამთხვევაა, მაგრამ ასე იყო და მომკალით.

თუმცა ოცნებას  კაცი არ მოუკლავსო და წავიოცნებოთ, თუ გნებავთ. ოცნებას შესაბამისი პირობები უნდა, ან მთვარის შუქზეა აუცილებელი ან სანთლის მკრთალ სინათლეზე.

ჰოდა, ამ სტატიასაც სანთლის შუქზე დავწერ. თუმცა… რამდენიმენაირი სანთელი მაქვს და რომელი ავანთო?

სანთლის დამზადების პრინციპი ერთნაირია, ნივთიერებებია განსხვავებული.  სანთელი შეიძლება იყოს ცვილის, სტეარინის, პარაფინის, გელისაც კი. ცვილის სანთელს ფუტკრის ცვილისგან ამზადებენ. თაფლის ფიჭა ხომ ყველას გაგისინჯავთ, საოცრად გემრიელია. ჰოდა, თაფლი სწორედ ცვილშია მოთავსებული. თუ ცვილს გავალღობთ, შეგვიძლია სანთელი ჩვენი ხელით დავამზადოთ. რა თქმა უნდა, ცვილი სუფთა უნდა იყოს, თაფლს აღარ უნდა შეიცავდეს. გამლღვარი  ცვილი შეგვიძლია სანთლის პატარა მრგვალ ფორმაში ჩავასხათ, ოღონდ შიგნით წინასწარ ფითილის ჩადგმა არ დავივიწყოთ. ცვილი გამყარდება და სანთელიც მზად არის.

თავად ცვილი, იგივე ცერიდი, უმაღლესი ცხიმოვანმჟავების და უმაღლესი ერთატომიანი სპირტების რთული ეთერებია. ბუნებრივი ცვილები, გარდა ამ რთული ეთერებისა, შეიცავს უმაღლეს სპირტებს, თავისუფალ კარბონმჟავებს და უმთავრესად ნახშირბადის ატომების კენტი რიცხვის შემცველ ნახშირწყალბადებს.

ფუტკრის ცვილის აგებულებაში მონაწილეობს მირიცილის სპირტი (C30H61OH) და პალმიტინმჟავა. მედიცინაში ცვილები მალამოების დასამზადებლად გამოიყენება.

ცვილის სანთლები შეიძლება სპერმაცეტისგანაც დამზადდეს, ოღონდ ასეთი ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ ცერიდს შეიცავს ვეშაპის, კაშალოტის და დელფინის თავის ქალა. ის ცეტილის სპირტის (C16H33OH) და პალმიტინის მჟავას რთული ეთერია.

სტეარინის სანთელი როგორღა მზადდება? დამზადების პრინციპი იგივეა. სტეარინი ცვილის მაგვარი ნივთიერებაა, ხელის შეხებისას საპონივით სლიპინა. ეს ისე, მარტივად, რომ ვთქვათ. ქიმიურად თუ ვიტყვით, ის თვრამეტი ნახშირბად ატომისგან შემდგარი ცხიმოვანი მჟავაა (C18). შესაბამისად, მისი ფუნქციონალური ჯგუფი კარბოქსილის არის.

ცხიმოვანმჟავები ნახშირბადის ოთხი ან მეტი ატომის შემცველი მონოკარბონმჟავებია. პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: 1) მოკლე ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C4-C10) და 2) გრძელი ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C4-C10) შემცველ ცხიმოვანმჟავებად. მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს უმაღლეს ცხიმოვანმჟავებს უწოდებენ. ისინი შეიძლება იყოს ნაჯერი ან უჯერი. სტეარინის მჟავა ნაჯერია.

სტეარინის შესახებ ცნობილი მეცხრამეტე საუკუნეში გახდა. საფრანგეთში ქიმიკოსებმა დავალება მიიღეს, შეესწავლათ საპონი, რომელსაც ფრანგი მკერავები ქსოვილების შესაღებად იყენებდნენ. საქმეში მიშელ შევრელი ჩაერთო. საპნის ხარისხზე რა დაადგინა, ვერ გეტყვით, მაგრამ  უცნობი ნივთიერება, რომ გამოყო, ეგ ვიცი. სახელი ასეთი უწოდა – მარგარინის მსგავსი ცხიმოვანი მჟავა. შევრელზე ნაკლები რითი ვართ? ავიღოთ, ე.წ. სარეცხის საპონი, ლანცეტით ან დანით ჩამოვფხიკოთ და  პატარა ჭურჭელში ჩავყაროთ, თუნდაც  რაიმე ჯამში. დავამატოთ წყალი და გასახსნელად ქურაზე დავდგათ. მღვრიე ხსნარს მივიღებთ, რომელსაც ძმარი უნდა დავამატოთ. წარმოიქმნება თეთრი ფერის ნალექი. თუ ხსნარს გავფილტრავთ და ნალექს გავაშრობთ, მივიღებთ სტეარინს.

ისიც უნდა ითქვას, რომ დღეისათვის სტეარინისგან სანთლებს უკვე იშვიათად ამზადებენ. თანამედროვე სანთლები უფრო პარაფინისგან მზადდება. პარაფინები ნახშირწყალბადებია (ალკანები). მათ ჰომოლოგიურ რიგში ნახშირბადატომთა რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება დნობის, დუღილის ტემპერატურა და სიმკვრივე. ჩვეულებრივ პირობებში ამ რიგის პირველი ოთხი წევრი აირია – სითხეები C15H32ის ჩათვლით, უმაღლესი წევრები კი მყარი ნივთიერებებია. სხვათა შორის, თუ ცხიმოვან მჟავას კარბოქსილის ჯგუფს ჩამოვაცილებთ, ერთ-ერთი პარაფინი შეგვრჩება ხელში.

ზემოთ გელის სანთელიც ვახსენე, ძირითადად დეკორატიულია. ლამაზ ჭურჭელში გელთან ერთად ათასნაირი ნიჟარები და სამშვენისებია მოთავსებული. გელის კონსისტენციის შემქმნელი  მთავარი ქიმიური  ნივთიერებებია ჟელატინი, გლიცერინი და ტანინი.

ვწერ… სანთელი ანთია და ცეცხლის ალი სასაცილოდ თამაშობს.

ალი ნათებაა, რომელიც წვას ახლავს თან. ალი გავარვარებული აირები ან ორთქლია. თუ დააკვირდებით, ალი სამი ნაწილისგან შედგება. ქვედა, მუქი მოლურჯო, ნაკლებად მხურვალე ნაწილია (700 გრადუსამდეა ტემპერატურა), შუაში კაშკაშა მხურვალე ნაწილი გახლავთ (1100 გრადუსამდეა ტემპერატურა), ზედა ნაწილი კი ყველაზე მხურვალეა  (1400 გრადუსამდეა ტემპერატურა).

როდესაც სანთელს ვანთებთ, მასალა, რომლისგანაც დამზადებულია, სრულად არ იწვის. დაუწვავი ნახშირბადის ნაწილაკები ვარვარდებიან და ანათებენ. აუცილებელია ჟანგბადი და აალების ტემპერატურა.

მაღალ ტემპერატურაზე სანთლის შემადგენელი მასალის ორთქლი იშლება ნახშირად და წყალბადად. ალის შუა ნაწილში ნახშირის ნაწილაკები ვარვარდებიან და ალი კაშკაშა ხდება. წვის პროდუქტები ნახშირორჟანგი და წყალია.

სანთელი დაიწვა და წერაც უნდა დავასრულო.

მხოლოდ ერთს დავწერ… ოცნების ასრულებას წინაღობები ახლავს ხოლმე თან.

„- ახლა ხომ წვიმს, პეპი, – გაუკვირდა ტომის, – წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?

– მე ვრწყავ, – უპასუხა პეპიმ, – მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?“

ოცნებისას  წვიმას  ყურადღებას ნუ მიაქცევთ. უბრალოდ, იმუშავეთ, იმუშავეთ… რომ აგიხდეთ.

ცნებების სწავლება: აღმოჩენა და დემონსტრირება

0

აზროვნების სფეროში ჯერომ ბრუნერის ადრეულმა კვლევებმა განაპირობა მისი  ინტერესი აზროვნების განვითარებისა და ცნების სწავლის მიმართ. ბრუნერის კვლევებმა  აჩვენა,  რაოდენ მნიშვნელოვანია  შესასწავლი  საგნის  სტრუქტურის  აღქმა.  აქტიურ  სწავლას  ავტორი განიხილავდა, როგორც ინფორმაციის სწორად გააზრების საფუძველს; ხაზს უსვამდა ინდუქციური მსჯელობის მნიშვნელობას სწავლის პროცესში.

სტრუქტურა და აღმოჩენა.  საგნის სტრუქტურაში ნათლად ჩანს არსებითი აზრი,  კავშირები,  ანუ  ძირითადი  ინფორმაცია  ამა  თუ  იმ  სფეროს  შესახებ.  ვინაიდან  სტრუქტურა  სპეციფიკურ  ფაქტებს,  დეტალებს  არ  მოიცავს,  შესაძლებელია  აზრის  მთავარი  სტრუქტურის  წარმოდგენა მარტივი  დიაგრამის, პრინციპების  სისტემის  ან  ფორმულის  სახით.  ბრუნერის  მიხედვით,  სწავლის პროცესი  უფრო  სასარგებლო  იქნება  და  მოსწავლე  უფრო  კარგად  დაიხსომებს, თუ ყურადღებას გაამახვილებს შესასწავლი საგნის სტრუქტურაზე.

ბრუნერის  აზრით,  ინფორმაციის  სტრუქტურის  გაგება  გულისხმობს,  რომ   მოსწავლე  აქტიური  უნდა  იყოს,  ანუ  მან  მასწავლებლისაგან  მზა ”პროდუქტი” კი  არ  უნდა  მიიღოს,  არამედ  თავად  უნდა დაადგინოს  მთავარი  პრინციპები.  ამ პროცესს “აღმოჩენის  გზით  სწავლება” ეწოდება. ასეთი სწავლებისას მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს მაგალითებს,  რომლებზეც  ისინი  მანამდე მუშაობენ,  სანამ  არ  აღმოაჩენენ,  დაადგენენ  ურთიერთკავშირებს – საგნის სტრუქტურას. ამრიგად, ბრუნერის აზრით, კლასში მუშაობა ინდუქციური მსჯელობების  ხასიათს  უნდა  ატარებდეს,  რაც  გამოიხატება  კონკრეტული მაგალითების  გამოყენების  საფუძველზე  ძირითადი  პრინციპების  ჩამოყალიბებაში.

აღმოჩენა აქტივობის პროცესში.  ინდუქციური  მიდგომისას,  მოსწავლეს  მოეთხოვება ინტუიციური აზროვნება. ბრუნერის აზრით, მასწავლებელს შეუძლია ხელი შეუწყოს ინტუიციური აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას მუშაობის პროცესში სპეციალური  სავარჯიშოების  (მაგალითად, აზრის  დასრულება)  გამოყენებით,  აგრეთვე,  მოსწავლეთა  მიერ  გამოთქმული ვარაუდების დადასტურებით ან უარყოფით მათივე არგუმენტების  საფუძველზე. ვთქვათ,  მას  შემდეგ,  რაც  მოსწავლეები  გაეცნობიან მასალას  ოკეანის  დინებებისა  და  გემთმშენებლობის  შესახებ,  მასწავლებელი აჩვენებს  მათ  ძველი  პორტების  რუკებს  და  აძლევს  დავალებას:  დაადგინონ, რომელმა  პორტმა  მოიპოვა  ძირითადი  პორტის  სტატუსი. სისტემატური კვლევის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი ვარაუდების შემოწმებას. სამწუხაროდ, რეალურად ინტუიციური  აზროვნების  ჩამოყალიბებას  ხშირად ხელს  უშლის  ის  გარემოება,  რომ  არასწორი  პასუხების  გამო  მოსწავლე  ისჯება და  სწორი,  მაგრამ  ხშირად  არაკრეატიული  პასუხების  გამო – ჯილდოვდება.

ჩვეულებრივ,  განასხვავებენ  ნამდვილი,  დამოუკიდებელი  აღმოჩენის  გზით სწავლას,  როცა მოსწავლე მუშაობს  დამოუკიდებლად, მასწავლებლის დახმარების გარეშე; და აღმოჩენის დახმარების, ხელმძღვანელობის გზით სწავლას, როცა მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს გარკვეულ მიმართულებას.

დამოუკიდებელი  აღმოჩენის  მეთოდი  სკოლამდელი  ასაკის  მოსწავლეთათვის უფრო მისაღებია, მაშინ როცა დაწყებით ან საშუალო სკოლაში გაკვეთილზე დამოუკიდებელი  აქტივობა  სწავლის  პროცესზე  ხშირად  უარყოფით  გავლენას ახდენს  და  უმართავია.  უფრო  მიზანშეწონილია,  რომ  მოსწავლეებმა მასწავლებლის  დახმარებით  იმუშაონ.  მასწავლებელი  წარუდგენს  მოსწავლეებს რთულ სიტუაციებს, უსვამს საინტერესო კითხვებს. ვთქვათ, რატომ ქრება ალი დახურულ  ჭურჭელში? ფანქარს წყალში რომ ჩადებ, რატომ გგონია, რომ მან  დეფორმაცია განიცადა? რა საერთო აქვს ამ სიტყვებს? ამასთანავე, მასწავლებელი  მოსწავლეებს  განმარტებას  კი  არ  აძლევს,  არამედ  აწვდის  სათანადო საგნებსა თუ მასალას და უბიძგებს ამოცანის ამოხსნისაკენ.

ცნების სწავლება დემონსტრირების მეთოდით

ბრუნერისაგან  განსხვავებით,  დევიდ ოზიბელს მიაჩნდა,  რომ  ადამიანი  ცოდნას  იძენს  არა  აღმოჩენის,  არამედ  მიღების გზით.  ცნებების,  პრინციპებისა  და  აზრების  წვდომა  ხდება დედუქციური  მსჯელობის  მეშვეობით,  ანუ  არა  კონკრეტული  მაგალითებიდან ზოგად  პრინციპზე  გადასვლით,  არამედ  ზოგადი  აზრის  კონკრეტულ  მაგალითზე დაყვანით.  ოზიბელის  დემონსტრაციული  მეთოდით  სწავლების  მოდელში მნიშვნელოვანია  აზრის  მქონე ვერბალური სწავლის  პრინციპი – ერთად აღებული ვერბალური ინფორმაცია, იდეები და იდეებს შორის კავშირები. მექანიკური დახსომება  გააზრებული  სწავლა  არ  არის,  რადგან  მექანიკურად დასწავლილი  მასალა  არ  არის  დაკავშირებული  არსებულ  ცოდნასთან.

წინსვლის წინასწარი მაორგანიზებელი. ოზიბელის  სტრატეგიის  ამოსავალი წერტილი  ყოველთვის  არის „წინსვლის  წინასწარი  მაორგანიზებელი”,  ანუ  წინასწარ  შერჩეული  ინფორმაცია,  რომელსაც  მასწავლებელი აწვდის  მოწაფეს  ძირითადი  მასალის  გაცნობამდე.  ეს  სამ  მიზანს  ისახავს: ჯერ  ერთი,  აჩვენებს,  რა  არის  მნიშვნელოვანი  გასაცნობ  მასალაში;  მეორე – ეხმარება მოსწავლეებს ტექსტში მოცემულ აზრებს შორის არსებული კავშირების დადგენაში;  მესამე – ახსენებს  მოსწავლეებს  მათთვის  უკვე  ნაცნობ ინფორმაციას.

წინასწარი მაორგანიზებელი ორ კატეგორიად იყოფა: შეპირისპირებითი და სადემონსტრაციო.  პირველის  მეშვეობით  ხდება  მუშა  მეხსიერებაში არსებული სქემების აქტივაცია, ანუ მოსწავლისთვის იმის შეხსენება, რაც მან  უკვე  იცის,  თუმცა  ვერ  აცნობიერებს,  არის თუ არა ის მართლაც რელევანტური. მაგალითად,  ისტორიის  გაკვეთილზე  რევოლუციის  ეპოქის სწავლებისას  ამგვარი  ფუნქცია  შეიძლება შეასრულოს  ინდუსტრიული და სოციალურ-ეკონომიკური  რევოლუციის  შედარებამ.  კერძოდ,  მასწავლებელი განმარტავს,  რომ ინდუსტრიული რევოლუციით გამოწვეული მატერიალური და სოციალური  ცვლილებები,  როგორც  წესი,  არსებითად  განსხვავდება  შეიარაღებული აჯანყების  გზით  მიღებული  შედეგისგან.  შეიძლება,  აგრეთვე საფრანგეთის,  ინგლისის,  მექსიკის,  რუსეთის,  ირანისა  და  აშშ-ის  რევოლუციების ძირითადი ასპექტების შედარება.

ამის  საპირისპიროდ,  სადემონსტრაციის  მაორგანიზებელი მოსწავლეს ახალ ცოდნას აწვდის მომავალი ინფორმაციის გასაგებად. მაგალითად, ქართული ენის გაკვეთილზე  ლიტერატურული ნაწარმოების იმ მონაკვეთის განხილვა, რომელიც ადათ-წესებს  უკავშირდება,  შეიძლება დავიწყოთ  იმის  ახსნით,  თუ  რატომ  ეთმობა  ამ  თემას  ასეთი  მნიშვნელოვანი ადგილი  ლიტერატურაში.

ამ  მეთოდით  სწავლების  შესახებ  ზოგადი დასკვნა  ასეთია:  ის  ეხმარება  მოსწავლეებს სწავლის  პროცესში,  განსაკუთრებით მაშინ, როცა შესასწავლი მასალა არის სრულიად  უცნობი,  რთული  და  მრავლისმომცველი. მაგრამ  ხაზგასმით  აღსანიშნავია, რომ  ამ  როლის  ეფექტურად  შესრულებისთვის  ეს  მეთოდი  უცილობლად  უნდა აკმაყოფილებდეს  ორ  პირობას.  ჯერ ერთი,  წინასწარ მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლისათვის  გასაგები  უნდა  იყოს. ეს  ნათლად  დაადასტურა  დინელისა  და გლოვერის კვლევამ, რომლის  შედეგმა  აჩვენა,  რომ  ამ მეთოდის  ეფექტიანობა  მნიშვნელოვნად  იზრდება,  თუ  მასწავლებელი  ეხმარება მოსწავლეებს  წინასწარ  მიწოდებული  ინფორმაციის  განმარტებაში,  რაც, რა  თქმა  უნდა,  შესაძლებელია  მხოლოდ    მაშინ,  როცა  მათ ესმით  მისი  მნიშვნელობა. მეორე პირობა კი ისაა, რომ ამ ინფორმაციის წყალობით მოსწავლემ დაინახოს კავშირი სწავლების პროცესში გამოყენებულ ძირითად ცნებებსა და ტერმინებს შორის. ამგვარი წინასწარი ინფორმაციის როლი კარგად შეიძლება შეასრულოს კონკრეტული  მაგალითის  საფუძველზე  შექმნილმა  ნიმუშებმა, დიაგრამებმა  ან  მსგავს  მოვლენებთან  პარალელის  გავლებამ.

    ქალები ქართულ პოეზიაში

0

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ლიტერატურული დისკუსიის მონაწილე, იქნება ეს მეგობრული საუბრები თუ რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ფართო აუდიტორიასთან ერთად,  აუცილებლად შეგხვდებოდათ ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყოდა, რომ ლიტერატურა ძირითადად კაცებმა შექმნეს, და,  მითუმეტეს, რაც კი ქართულ პოეზიაში კარგი ლექსებია, კაცებმა დაწერეს. ბოლოს ალბათ, მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით ზემოდანაც გადმოგხედავდათ და მისი აზრით, საკონტროლო შეკითხვას დაგისვამდათ- აბა, სად არიან ქალები ლიტერატურაში?

არადა, თუ დავაკვირდებით და სათანადო ლიტერატურასაც გავეცნობით, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ლიტერატურული რეფორმის, ცვლილების, მიმართულების თუ მიმდინარეობის სათავესთან დგანან ქალები – ქალი მწერლები და პოეტები, რომელთა სახელსაც არ ნაკლებად ან საერთოდ არ ვიცნობთ.

მოუყევით მათ შესახებ თქვენს მოსწავლეებს,

ზოგიერთ მათგანზე კი მე მოგითხრობთ.

  1. ბორენა დედოფალი

 რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი,
ჰრქუი რაჲ გაბრიელს: „ვარ უფლისა მჴევალი“,
მაშინ ისტუმრე ქუეყნად მოუვალი, –
დაემჴო ძალი, პირველვე სისხლდამთრვალი;
ქალწულო, მიჴსენ ბორენა ჭირმრავალი!..

ეს იამბიკო მეთერთმეტე საუკუნის ავტორს – ბაგრატ მეოთხის მეუღლეს, ოვსთა მეფის ასულს, ბორენას ეკუთვნის. ეს პოეტური ტექსტი რითმიანი პოეზიის ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბებული ნიმუშია, კორნელი კეკელიძის მტკიცებით, ლექსში რითმა ხალხური პოეზიის გავლენის შედეგია.  ლექსის დახვეწილი მხატვრული ფორმა გვავარაუდებინებს, რომ საქმე გვაქვს გამოცდილ პოეტთან, რომლის სხვა პოეტურმა ტექსტებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

  1. მანანა

მანანა ზედგინიძე მეთვრამეტე საუკუნის პოეტი და კალიგრაფია, რომლის ცნობილი ლექსი – „მანანასა და ციების გაბაასება“ ხალხურმა პოეზიამ შემოგვინახა. პოეტის გარდა, მანანა კალიგრაფიც იყო, მან ორჯერ გადაწერა „ვეფხისტყაოსანი“, ერთხელ საერო ცხოვრებაში, მეორედ კი მონაზვნად აღკვეცის შემდეგ. მისი პირველი ხელმნაწერი მრავალი თვალსაზრისით არის საინტერესო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინაწერები, სადაც მანანა თავის მოსაზრებებს აყალიბებს რუსთველის პოემასთან დაკავშირებით, საკუთარ ცხოვრებისეულ დეტალებს ააშკარავებს საინტერესო პოეტური ფორმით.

  1. ბარბარე ჯორჯაძე

ბარბარე ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. გარდა მრავალმხრივი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, საინტერესოა მისი დამოკიდებულება ქართულ ენასთან, როგორც კულტურულ მოვლენასთან,  მისი მნიშვნელობის გააზრება და  საკამათო, თუმცა უაღრესად საინტერესო მოსაზრებები ენასა და მეტყველებასთან დაკავშირებით.

იგი პუბლიცისტურ წერილებს წერდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან  პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, ქალთა განათლებასა და ქალთა უფლებებზე,  აქტუალურ ლიტერატურულ თემებზე, საკუთარი პოზიციის დასაცავად ყოველთვის ერთვებოდა პოლემიკაში, რაც მთავარია, ყოველთვის ჰქონდა საკუთარი პოზიცია –   13 წლის ასაკში გათხოვილი ქალისათვის ეს ყველაფერი ცოტა რთული უნდა იყოს.

თუ ადამიანი თავისი სამეტყველო ენაა, მაშინ გამოდის, რომ ერთდროულად ორი ბარბარე ცხოვრობდა, ერთი – საკუთარ მხატვრულ ნაწარმოებებში დადასტურებული, ოდნავ მძიმე, არქაული ფორმებით სავსე, მეორე  – მისსავე პუბლიციტურ და კულინარიულ ტექსტებში არსებული  თავისუფალი, გახსნილი, ოდნავ დაუდევარი ენის მატარებელი ავტორი.

  1. ელენე დარიანი

დისკუსია ელენე დარიანის ციკლის ლექსების შესახებ დიდი ხანია არ წყდება, ვინ იყო ამ ლექსების ავტორი, პაოლო იაშვილი თუ სხვა, მის ჩრდილს მიღმა დამალული, ძალიან ნიჭიერი პოეტი – ელენე ბაქრაძე, რომელიც თავის მოგონებაში წერს:

„ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით ყველა ჩემია. როდესაც შალვა დემეტრაძე პაოლოს კრებულს ადგენდა, ამის შესახებ მოვახსენე. მან მიპასუხა, რადგან ერთობლივი ლიტერატურული მოღვაწეობაა, შესაძლებელია, მის კრებულში შევიდესო”.

ელენე ბაქრაძე ცისფერყანწელების ორდენის წევრი, მათი მესაიდუმლე და მეგობარი, მეტიც – ნათლია იყო. როგორც მისი მონათხრობიდან ვიგებთ, სწორედ მას ეკუთვნოდა იდეა ჟურნალის სახელწოდებისა – „ცისფერი ყანწები”:

დარიანული ციკლის ლექსები პირველად 1915 წელს პაოლო იაშვილის ლექსების კრებულში გამოქვეყნდა. ლიტერატურულმა საზოგადოებამ ის უარყოფითად მიიღო სითამამისა და ეროტიკულობის გამო. პროტესტი აშკარა იყო – ქუთაისში ამ ლექსების კითხვის დროს მაყურებელმა დარბაზი დატოვა. საზოგადოების ეს დამოკიდებულება კარგად ხსნის, რატომ დაიმალა ელენე ბაქრაძე ჯერ ფსევდონიმის, მერე კი პაოლო იაშვილის სახელის უკან.

კიდევ ბევრის მოყოლა შემიძლია. როგორ შეცვალა ქართული პოეტური აზროვნება ანა კალანდაძემ, ლექსისა და ტროპის როგორი რეფორმატორია ლია სტურუა, როგორ განსაკუთრებით მრავალფეროვანი და საინტერესო გახადეს ქართული პოეზია იზა ორჯონიკიძემ, ელა გოჩიაშვილმა, რუსუდან კაიშაურმა და კიდევ ბევრმა ქალმა ავტორმა, მაგრამ ამაზე სხვა დროს, მანამდე კი, კიდევ ერთხელ გააცანით თქვენს მოსწავლეებს განსაკუთრებული ქალი ავტორები, რომელთა პოვნა არ გაგიჭირდებათ ქართული პოეზიის წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში.

ინკლუზიის ინსტრუმენტები. შემეცნებითი უნარების განვითარება უმცროს სასკოლო ასაკში

0

(მეორე ნაწილი)

ადამიანის თავის ტვინში შემავალი ინფორმაცია ცოდნის ბანკში შემეცნებითი პროცესების გავლის შემდეგ ხვდება. შემეცნებითი უნარების გაწვრთნა-განვითარებისთვის კი მნიშვნელოვანია გონებრივი სავარჯიშოები, რომლებსაც ადამიანის ტვინი ფიქრისა და სწავლისთვის იყენებს. უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვი შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების უნებლიე ფორმიდან ფსიქიკური აქტივობის ნებისმიერ, დამოუკიდებელ ფორმაზე თამაშის ან პრაქტიკული აქტივობის დროს გადადის, რასაც თავისი მოტივი, მიზანი, განხორციელების ხერხები და საშუალებები აქვს. თითოეული ბავშვის განვითარება უნიკალური და, იმავდროულად, კომპლექსური მოვლენაა; ყოველი მათგანი განვითარების განსხვავებულ გზას გადის, რაც უმთავრესად იმ სოციოკულტურულ გარემოზეა დამოკიდებული, რომლის წიაღშიც იზრდება ბავშვი, იმ გამოცდილებაზე, რომელსაც აღნიშნულ გარემოში იღებს.

გოდ

უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია აღქმის განვითარება. ამისთვის მას დაკვირვება უნდა ვასწავლოთ. საგნის მასწავლებელსა თუ სპეცმასწავლებელს ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ სწორად შეურჩევს მას ნახატებს და აღქმის ორგანიზებაში დაეხმარება. მაგალითად, მისცემს მითითებას, დაათვალიეროს ნახატის დეტალები განსაზღვრული თანმიმდევრობით, იპოვოს ესა თუ ის დეტალი, ააწყოს ნაწილებისგან მთელი და ა. შ.

უმცროს სასკოლო ასაკში ვითარდება სინთეზური აღქმა – აღქმული ობიექტის ელემენტებს შორის კავშირის დამყარების უნარი. თუ მანამდე ნახატის აღწერისას ბავშვი ასახელებდა მასზე გამოსახულ ობიექტებს, 6-7 წლისას უკვე შეუძლია ნახატის აღწერა, 8 წლისას კი ინტერპრეტაცია.

აქტივობა 1:

  • წიგნებსა თუ ბუკებში ვაჩვენოთ ბავშვებს ცისარტყელა.
  • თავდაპირველად ერთად დავთვალოთ ფერები, მერე – ცალ-ცალკე.
  • დავასახელოთ ფერები, ჯერ – ერთად, მერე – ცალ-ცალკე.
  • დავაკვირდეთ ფერების განლაგებას: რომელი ფერია ქვემოთ? რომელი ფერია ზემოთ? შესაძლებელია თუ არა ფერების შებრუნება? რა თანმიმდევრობით?

აღქმისთვის ასევე დამახასიათებელია ემოციურობა. ემოციური ქება ბავშვზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ნეიტრალური ტონით ნათქვამი „საქებარი“ სიტყვები.

აღქმის კიდევ ერთ თავისებურებად განიხილავენ მოქმედებასთან მის კავშირს. 6-7 წლის ბავშვებთან აღქმა მჭიდროდ უკავშირდება პრაქტიკულ საქმიანობას. ბავშვისთვის საგნის აღქმა ნიშნავს აქტივობას ამ საგნის გამოყენებით, რაღაცის შეცვლას, ხელში აღებას. ამიტომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების სწავლებისას მეტი დრო უნდა დაეთმოს საგნებზე პრაქტიკულ ზემოქმედებას და თვალსაჩინო მასალაზე მუშაობას. ვითარდება აღქმის სოციალიზაცია, ბავშვი უპირატესობას ანიჭებს ადამიანისგან წამოსულ სიგნალებს.

აღქმის განვითარებაში ასეთი წინსვლის მიუხედავად, ამ პერიოდში წამყვანი მაინც საგნის თვალსაჩინო ორგანული მახასიათებლებია. ამას ბავშვი ხშირად შეცდომაში შეჰყავს, რადგან დასკვნა თვალსაჩინო გარეგნულ თვისებებზე დაყრდნობით გამოაქვს. მაგალითად, ამ ასაკის ბავშვისთვის თუ საგანი დიდია, ის მძიმეც უნდა იყოს.

5-6 წლის ასაკში აღქმა არასაკმარისადაა დანაწევრებული, რის გამოც ბავშვს ხანდახან ერთმანეთში ერევა მსგავსი მოხაზულობის ასოები და ციფრები (6 და 9, შ და წ, ძ და ხ). აღქმის განვითარებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს წერისა და კითხვის სწავლებისთვის. მიჩნეულია, რომ 6-9 წლის ბავშვები ხშირად ვერ ცნობენ ფიგურას, როცა ის სივრცეში განსხვავებულად მდებარეობს. მაგალითად, ზოგი ბავშვი სწორ ხაზსაც კი ვერ აღიქვამს სწორად, როცა ის დახრილია. ბავშვი აღიქვამს ნიშნის, სიმბოლოს ზოგად გამოსახულებას, მაგრამ ვერ ამჩნევს მის ელემენტებს. ამ ასაკის ბავშვის აღქმა, უპირველეს ყოვლისა, თავად ობიექტის მახასიათებლებით განისაზღვრება, ამიტომ ბავშვები საგანში ამჩნევენ არა მთავარს, მნიშვნელოვანს, არამედ მის თვალშისაცემ, მკვეთრ თვისებებს: ფერს, ფორმასა თუ ზომას [მელიქიშვილი 12, 2013].

აღქმა სწავლების შედეგად ანალიზური ხდება. ის იძენს ორგანიზებული დაკვირვების ხასიათს. საგნის მასწავლებელმა ან სპეცმასწავლებელმა უნდა ასწავლონ ბავშვს ობიექტის არსებითი ნიშნების, საგნებისა და მოვლენების თვისებათა გამოვლენა. აღქმის განვითარების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია შედარება. მაგალითად, როცა ბავშვებს აჩვენებენ ცალკეული ობიექტების (მგელი, მელა, ტურა, დათვი) ნახატებს, ისინი თითოეული მათგანის უფრო ნაკლებ მახასიათებელს ამჩნევენ, ვიდრე ერთდროულად ჩვენებისას.

უმცროს სასკოლო ასაკში დროისა და სივრცის აღქმას განსაზღვრული მახასიათებლები აქვს, რაც გასათვალისწინებელია ბუნების, ისტორიის, გეოგრაფიის სწავლებისას. დროისა და სივრცის აღქმა უმცროსკლასელებისთვის მჭიდროდ უკავშირდება მათ პირად გამოცდილებას, რომელიც ამ ასაკში საკმაოდ მცირეა. მაგალითად, ბავშვმა, რომელმაც იცის, რომ მისი პაპა 60 წლისაა, შესაძლოა ჰკითხოს მას, უნახავს თუ არა დინოზავრი, ვინაიდან მისთვის პაპის დაბადებაც და დინოზავრებიც ერთნაირად დიდი ხნის წინანდელი მოვლენებია. თუ ბავშვს ვკითხავთ, რამდენი კილომეტრია მის სახლამდე, შესაძლოა გვიპასუხოს, ათასიო, ვინაიდან მისთვის 1000 კილომეტრიც, 500–ც და 20–ც „ძალიან შორია“ [მელიქიშვილი, 2013].

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აღქმის განვითარება შესაძლებელია ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ხატვა, სურათების თვალიერება, მათი აღწერა, მსგავსება-განსხვავებათა პოვნა, ძერწვა, ზღაპრების, ლექსების, მოთხრობების მოსმენა და თხზვა, გამოცანების გამოცნობა. ეს აქტივობები ბავშვს აჩვევს ობიექტური მასალის გარდაქმნას და აიძულებს, ანგარიში გაუწიოს საგნის ობიექტურ თვისებებს. შესაბამისად, აღქმა უფრო დანაწევრებული და ორგანული ხდება.

აქტივობა 2:

  • დავსვათ კითხვა: როგორ ჩნდება ცისარტყელა?
  • დავაზუსტოთ პასუხი.
  • ფერადი საღებავების, ფურცლების, ქსოვილების ან სხვა მასალის გამოყენებით გავითამაშოთ ცისარტყელა.
  • მოვიფიქროთ მოთხრობა ან ზღაპარი ცისარტყელაზე, მაგალითად, ასეთი:

 გოდ1

 

ყურადღება

სასწავლო პროცესი კარგად განვითარებულ ყურადღებას მოითხოვს. ბავშვს უნდა შეეძლოს სასწავლო ამოცანისკენ ყურადღების მიმართვა, განსაზღვრული ხნით ინტენსიური ყურადღების შენარჩუნება ან მისი გადატანა ერთი საგნიდან მეორეზე. მიჩნეულია, რომ 5-8 და 9-11 წლის ასაკში ყურადღება აღმოცენდება მხოლოდ ძალთა მობილიზაციისა და ძლიერი დაძაბულობის ან გარედან მოქმედი ძალისხმევის შედეგად. ჩვეულებრივ სიტუაციაში ბავშვს უჭირს ყურადღების ნებისმიერად მართვა.

უმცროსი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელია სუსტად განვითარებული ნებისმიერი ყურადღება. სამაგიეროდ, უნებლიე ყურადღება კარგად არის განვითარებული. ყოველივე ახალი, მოულოდნელი, საინტერესო ადვილად იქცევს ბავშვის ყურადღებას. შესაძლოა, ბავშვმა ყურადღება არაარსებით დეტალებზე შეაჩეროს. მას უჭირს ყურადღების კონცენტრაცია მისთვის გაუგებარ, ბუნდოვან მასალაზე.

პირველკლასელებს და ნაწილობრივ მეორეკლასელებსაც არ შეუძლიათ ერთსა და იმავე საგანზე ყურადღების დიდხანს შეჩერება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაო უინტერესო და მონოტონურია. შედეგად ბავშვი ვერ ასრულებს დავალებას, ტოვებს ასოებს სიტყვაში, სიტყვებს წინადადებაში. მიიჩნევენ, რომ 5-6 წლის ბავშვს ერთ საგანზე ყურადღების კონცენტრირება შეუძლია მხოლოდ 15-20 წუთით. რაკი I-II კლასებში ყურადღება გარე აქტივობის დროს უფრო ძლიერია, ვიდრე გონებრივი აქტივობის დროს, საჭიროა გონებრივი აქტივობის ჩანაცვლება პრაქტიკული აქტივობებით (ხატვა, ძერწვა, სიმღერა, ვარჯიში). მხოლოდ მესამეკლასელებს შეუძლიათ, ყურადღება მთელი გაკვეთილის განმავლობაში შეინარჩუნონ. ყურადღების ხანგრძლივ კონცენტრირებას ერთსა და იმავე ობიექტზე ფსიქოლოგიაში ყურადღების სიმტკიცე ეწოდება. უმცროს სასკოლო ასაკში ცუდი დისციპლინისა და სწავლის სირთულეების ერთ-ერთი მიზეზია ნებისმიერი ყურადღების სისუსტე, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ მიმდინარეობს ნებისმიერი ყურადღების ფორმირება და როგორ შეიძლება მისი განვითარება. მიჩნეულია, რომ ნებისმიერი ყურადღება, უნებლიესგან განსხვავებით, არ არის ორგანიზმის მომწიფების პროდუქტი. ის ყალიბდება სოციალურ კონტექსტში, ბავშვისა და მოზრდილის ურთიერთობის შედეგად. ნებისმიერი ყურადღების ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის აქტივობის ორგანიზება. თავდაპირველად ბავშვს ყურადღების ნებისმიერად წარმართვა შეუძლია იმ მიზანზე, რომელსაც უსახავს უფროსი, მერე კი იმაზეც, რასაც თვითონ დაისახავს მიზნად.

3 წლის ბავშვი 10 წუთის განმავლობაში თუ 4-ჯერ გადაიტანს ყურადღებას სხვა საგანზე, 6 წლისა – მხოლოდ ერთხელ. მარტივი, მონოტონური სამუშაოს დროს ბავშვის ყურადღება მეტად იხრება, ვიდრე რთული ამოცანის შესრულებისას. ბავშვები ყურადღებას აჩერებენ მათთვის საინტერესო საგანსა თუ მოვლენაზე, რომლის მიმართაც ემოციური დამოკიდებულება უჩნდებათ. ნებისმიერი ყურადღების გასანვითარებლად საჭიროა მოტივირება, მაგალითად, შექება, და სხვა ტიპის სტიმულაცია.

ყურადღების სიმტკიცის შესანარჩუნებლად შემდეგი რჩევები და რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ:

  1. გამოვიყენოთ სიგნალები. შევარჩიოთ სიგნალი, რომელიც ეუბნება მოსწავლეს, ყურადღება ჩვენ მოგვაპყროს. გამოვიყენოთ ვიზუალური და სმენითი სიგნალები, გადავინაცვლოთ ერთი ადგილიდან მეორეზე.
  • თავი ვარიდოთ ყურადღების გამფანტავ მოქმედებას (მაგალითად, საუბრის დროს ფანქრის თამაშს).
  • გავცეთ მოკლე და მკაფიო მითითებები გადაადგილებამდე და არა გადაადგილების დროს.
  • უმცროს მოსწავლეებთან ვიყოთ მხიარული და ემოციური.
  1. შევამციროთ მანძილი მოსწავლემდე.
  • მივუახლოვდეთ მოსწავლეს.
  • ვესაუბროთ მტკიცედ და დამაჯერებლად, მაგრამ არა მუქარით.
  • მივმართოთ სახელით.
  1. გავააზრებინოთ მოსწავლეებს დავალების მიზანი.
  • დავწეროთ ეს მიზანი დაფაზე.
  • დავუკავშიროთ ახალი მასალა წინა გაკვეთილებს.
  1. ახსნას შევძინოთ ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი იმპულსი, მოულოდნელობა, მრავალფეროვნება.
  • დავსვათ კითხვები: „რა მოხდებოდა, რომ?..“; „ასე რომ მომხდარიყო?..“
  • გაკვეთილის დაწყების წინ ჩავატაროთ გასართობი (განმავითარებელი) აქტივობა.
  • გამოვიყენოთ მიმიკა, ხმის ტემბრი, ჟესტები, მოძრაობა.
  1. დავსვათ კითხვები და პასუხისთვის მივცეთ მითითებები.
  • ვკითხოთ მოსწავლეს, რატომ არის მასალა მნიშვნელოვანი, როგორ აპირებს მის სწავლას, რა სტრატეგიას გამოიყენებს სწავლისთვის.
  • ყურადღება გავამახვილოთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე. დავაწყვილოთ მოსწავლეები, რათა ერთმანეთის შეცდომები იპოვონ.

მეხსიერება

უმცროს სასკოლო ასაკში მეხსიერების წამყვანი ფორმებია ემოციური მეხსიერება და თვალსაჩინო-ხატოვანი მეხსიერება. თუ რაიმე მოვლენა ბავშვისთვის ემოციურად მნიშვნელოვანია და მასზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ამ შემთხვევაში უნებლიე მეხსიერებას დიდი სიზუსტე და სტაბილურობა ახასიათებს. ბავშვები ადვილად და მტკიცედ იმახსოვრებენ თვალში საცემ, ნათელ, საინტერესო მასალას. ხატოვანი მეხსიერების წყალობით კონკრეტული საგნები, მოვლენები, სახეები მათ უფრო უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე განმარტება, აღწერა, ახსნა. ამიტომ სასწავლო მასალის უკეთ დასამახსოვრებლად უხვად უნდა იქნეს გამოყენებული თვალსაჩინო მასალა. თუმცა დამახსოვრებულმა ხატმა შესაძლოა განსაზღვრული ხნის შემდეგ ცვლილებები განიცადოს. მეხსიერების ხატოვანი ფორმა ძნელად ექვემდებარება ნებისმიერ აღდგენას. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს კარგ მეხსიერებას. კარგი მეხსიერება, ტრადიციულად, სიტყვების, შინაარსის დამახსოვრებას გულისხმობს, ხოლო უმცროსი ასაკის მოსწავლეებს სიტყვიერი ინფორმაციის დასწავლისას მისი მექანიკური დამახსოვრება სჩვევიათ. ტექსტთან ახლოს შინაარსის აღდგენას უფროსები იმის დასტურად მიიჩნევენ, რომ ბავშვმა კეთილსინდისიერად შეასრულა საშინაო დავალება და მაღალ შეფასებას იმსახურებს, ეს კი უბიძგებს ბავშვს, გადმოსცეს მასალა ტექსტთან რაც შეიძლება ახლოს.

უმცროს სასკოლო ასაკში საგნის მასწავლებელმა და სპეცპედაგოგმა ვერბალური და ლოგიკური ანუ სიმბოლური მეხსიერების განვითარებაზე უნდა იმუშაონ. ვერბალური მეხსიერება მეტყველებასთანაა დაკავშირებული და საბოლოდ 10-13 წლის ასაკში ფორმირდება. მისი მახასიათებელია შინაარსის ზუსტი აღდგენა საკუთარი სიტყვებით. ლოგიკური მეხსიერების მახასიათებელია ტექსტის დედააზრის დამახსოვრება, ამიტომ ის მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნებასთან. ლოგიკური დამახსოვრების ერთ-ერთი ხერხია მასალის აზრობრივი დაჯგუფება, რასაც უმცროსი ასაკის მოსწავლეები მასწავლებლის დაუხმარებლად ვერ ახერხებენ. საგნის მასწავლებელი ან სპეცპედაგოგი უნდა დაეხმარონ ბავშვს მეხსიერების ამ ფორმის განვითარებაში – უნდა მოხდეს მასალის ანალიზი, გამოიყოს ცალკეული (აზრობრივი, რთულად დასამახსოვრებელი) ნაწილები; მნიშვნელოვანია სასწავლი მასალის გაგება, სწავლის მოტივაციის ამაღლება.

თანდათანობით ნებისმიერი მეხსიერება იქცევა იმ შემეცნებით, ფსიქიკურ პროცესად, რომელსაც ეფუძნება სწავლა. მასალის დასამახსოვრებლად 8-10 წლის ბავშვები აქტიურად იყენებენ გამეორების ტექნიკას, რასაც 5-6 წლისები არ აკეთებენ. თუ ამ ასაკის ბავშვებს მასალის დასამახსოვრებლად გამეორების ტექნიკის გამოყენებას ვასწავლით, ისინი მას გამოიყენებენ, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს დამახსოვრებას, თუმცა ახალი მასალის მიწოდებისას ამის შეხსენება აუცილებლად დასჭირდებათ.

7-8 წლის ბავშვები დაჯგუფების ტექნიკასაც იყენებენ. მაგალითად, გვჭირდება 6 ციფრის დამახსოვრება: 3, 5, 4, 8, 7, 1. ადვილად დამახსოვრების მიზნით შეიძლება ისინი სამ ჯგუფად (35-48-71) ან ორ ჯგუფად (354-871) დავყოთ. ინფორმაციის დამახსოვრებაზე ნაწილების რაოდენობა ახდენს გავლენას და არა მოცულობა. ასევე შეიძლება დავაჯგუფოთ მსგავსი ობიექტები, მაგალითად, ხილი და ბოსტნეული. 5-6 წლის ბავშვმა შესაძლოა სპონტანურად გამოიყენოს ეს ტექნიკა, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, როგორ შეიძლება მისი გამოყენება,  ვერ ხედავს სარგებელს. ამ მდგომარეობას შესაძლოა 8-9 წლის ბავშვებსა და მოზარდებთანაც წავაწყდეთ.

რჩევები და რეკომენდაციები:

  1. დავეხმაროთ მოსწავლეებს, ერთმანეთისგან განასხვაონ აუცილებელი და მეორეხარისხოვანი დეტალები.
  • ყურადღება გავამახვილოთ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.
  • მნიშვნელოვანი აზრის გამოთქმისას მოვხდინოთ მისი პერიფრაზირება და გავიმეოროთ.
  1. დავეხმაროთ მოწავლეებს, დაუკავშირონ ერთმანეთს ახალი ინფორმაცია და ძველი ცოდნა.
  • გამოვიყენოთ თვალსაჩინოება, დიაგრამები, სქემები.
  • გავახსენოთ მოსწავლეებს ინფორმაცია, რომელიც დასჭირდებათ ახალი მასალის გასაგებად.
  • დავიწყოთ გაკვეთილი საშინაო დავალების მოკლე მიმოხილვით.
  • ჩავრთოთ გაკვეთილში ვარჯიში, თამაში, რომლითაც გამეორდება ნასწავლი მასალა.
  1. ყურადღება გავამახვილოთ მნიშვნელობაზე და არა დამახსოვრებაზე.
  • ახალი სიტყვების სწავლებისას დავეხმაროთ მოსწავლეებს, ასოციაციურად დაუკავშირონ ახალი სიტყვა უკვე ნასწავლს. მაგალითად, სიტყვა „მეგობრობას“ იგივე ძირი აქვს, რაც სიტყვა „მეგობარს“.

 

 

აზროვნება

„მასწავლებელმა მოსწავლეს ფიქრი უნდა ასწავლოს… იმის ახსნა, რა არის ფიქრი, აზროვნება, ნიშნავს ფეხი შეადგმევინო ბავშვს იმ კიბის პირველ საფეხურზე, რომლის ბოლოც ცაში იკარგება“, – ასეთია რობერტ ფროსტისეული განსაზღვრება აზროვნებისა, რომელიც შემეცნებით ფსიქიკურ პროცესად განიხილება და რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მიზეზშედეგობრივი კავშირებისა და მიმართებების დამყარება გარე სამყაროს მოვლენებსა და ობიექტებს შორის. ბავშვის შემეცნებითი აქტივობა და ცნობისმოყვარეობა გარემოს შემეცნებისკენაა მიმართული. აზროვნება უშუალოდაა დაკავშირებული მეტყველებასთან. რაც უფრო მაღალია ბავშვის გონებრივი აქტივობა, მით უფრო მეტ და მრავალფეროვან კითხვას სვამს იგი. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია თვალსაჩინო-ხატოვანი აზროვნება, რომლის დროსაც ამოცანა აღქმისა და წარმოდგენის საფუძველზე გადაიჭრება. 6-8 წლის ბავშვი დამკვირვებელია. აზროვნებს „აქ“ და „ახლა“ კატეგორიებით. უჭირს დროის, სივრცისა და რიცხვის გაგება. ახალ მასალას მხოლოდ იმ შემთხვევაში აითვისებს, თუ ის მისთვის ნაცნობ ინფორმაციასთან იქნება დაკავშირებული. ბავშვები ხშირად მიმართავენ ანალოგიით მსჯელობას. ამიტომ პედაგოგმა კარგად უნდა იცოდეს, რა იცის ბავშვმა და ახალი ცოდნა ძველს დაუკავშიროს, მასალის ახსნისას მოიყვანოს ბავშვისთვის ნაცნობი ანალოგიური მაგალითები.

უნდა გვახსოვდეს, რომ 6-7 წლის ბავშვები ეგოცენტრულები არიან. ეგოცენტრიზმი არ აძლევს ბავშვს საშუალებას, გაიგოს სხვისი გამოცდილება. ამ სირთულის დაძლევაში დიდ როლს ასრულებს როლური თამაშები და ზღაპრებ, მაგალითად:

წიწილა სეირნობდა. მოსწყინდა მარტოს და ამხანაგის პოვნა გადაწყვიტა, რომ მასთან ეთამაშა. თავდაპირველად ჭიაყელას შეხვდა, რომელმაც თამაშზე უარი უთხრა – ძალიან დიდი ხარო. წიწილამ გზა განაგრძო და შეხვდა ხბოს, რომელმაც თამაშზე უარი უთხრა – პატარა ხარო. „როგორი ვარ სინამდვილეში?“ – ჰკითხა საკუთარ თავს დაბნეულმა წიწილამ და ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ჭიაყელასთან შედარებით დიდი იყო, ხოლო ხბოსთან შედარებით – პატარა. /ნორვეგიული ზღაპარი /

თუ ბავშვებს ვთხოვთ, თავად მოიგონონ ამ ტიპის ზღაპარი, ეს მათ ეგოცენტრიზმის დაძლევასთან ერთად სხვა კოგნიტიური სქემების განვითარებაშიც დაეხმარება. კერძოდ, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვს უნდა განვუვითაროთ ისეთი კოგნიტიური სქემები, როგორებიცაა: შექცევადობა, მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, სერიაცია. ეს სქემები წარმოადგენს ლოგიკური აზროვნების საფუძველს და მათში უმნიშვნელოვანესია შექცევადობის ოპერაცია, გაგება იმისა, რომ ყველა ფიზიკური თუ გონებრივი მოქმედება შეიძლება იყოს შექცევადი, ანუ ობიექტი შეიძლება დაუბრუნდეს პირვანელ სახეს. მაგალითად, ძაღლები და კატები ერთად შეიძლება განვიხილოთ როგორც „საყვარელი ცხოველების“ კატეგორია, ხოლო „საყვარელი ცხოველების“ კატეგორია ძაღლებსა და კატებს აერთიანებს, ან თუ Α მეტია B-ზე, მაშინ B ნაკლებია Α-ზე. როცა სველ ღრუბელს ვხედავთ, ვხვდებით,რომ ის წყალში დაასველეს, წყლიდან ამოღების შემდეგ კი ის გაშრება. შექცევადობით ოპერირება აუცილებელია რესურსოთახში, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ქვიშა, ქაფი, ბრინჯი და სხვა რესურსები.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ობიექტების იერარქიული კლასიფიკაცია და გავააზრებინოთ, რომ ობიექტი შეიძლება ეკუთვნოდეს სხვადასხვა დონეს. ეს მათ საშუალებას მისცემს, გაიგონ მიმართება ნაწილსა და მთელს, მთელსა და ნაწილს და მთელის ნაწილებს შორის.

აქტივობა:

  • ბავშვს ვაჩვენებთ წითელი და ლურჯი კვადრატების, შავი და თეთრი წრეეების ნაკრებს. თუ მას ესმის კლასისადმი მიკუთვნების მიმართება, მაშინ იტყვის, რომ ნაკრებში არის 2 ძირითადი კლასი (კვადრატები და წრეები). თითოეულ მათგანს აქვს 2 ქვეკლასი (კვადრატი არის წითელი და ლურჯი, წრე კი – შავი და თეთრი).
  • ვეკითხებით ბავშვს: როგორი ან რამდენი შეიძლება იყოს კვადრატი? წრე? რა არის ფორმა? რა არის ფერი? – და სხვ.

ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ სხვადასხვა ობიექტი უნდა გავაერთიანოთ ზომის, ფორმის, ფერის ან თუნდაც ასაკის მიხედვით და რომ ყოველი ობიექტი ერთდროულად შეიძლება მიეკუთვნებოდეს რამდენიმე კლასს. მაგალითად, ბავშვი შეიძლება ერთდროულად იყოს გოგონა, მეორეკლასელი, მოცეკვავე და ქერა.

ასევე მნიშვნელოვანია სერიაციის – ზრდადობა-კლებადობის მიხედვით ობიექტების დალაგების – უნარის განვითარება. მაგალითად, ატამი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მსხალი, მსხალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ვაშლი. ე. ი. ატამი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ვაშლი. აღნიშნული პერიოდის ძირითადი კოგნიტიური ამოცანაა კლასების, მიმართებებისა და რაოდენობის ცნებების დაუფლება. უნდა გვახსოვდეს, ბავშვს შეუძლია მხოლოდ ორი კლასით – მიმართებისთა და რაოდენობით – ოპერირება, ასევე – ინდუქციური ლოგიკის გამოყენება (კერძოდან ზოგადი დასკვნის გამოტანა), შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან ზოგად პრინციპზე გადასვლა, მისი აზროვნება კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენაა მიმართული.

9-11 წლის ბავშვებს მკვლევრის ტიპს მიაკუთვნებენ. მიიჩნევა, რომ ისინიც კარგი დამკვირვებლები არიან, მაგრამ უფრო ყურადღებით აკვირდებიან და ლოგიკურად აზროვნებენ. სვამენ ბევრ კითხვას და თავად შეუძლიათ მათზე პასუხის პოვნა. ისინი აგროვებენ საგნებს, თუმცა მნიშვნელობას ანიჭებენ არა ხარისხს, არამედ რაოდენობას. 11 წლამდე ბავშვი უფროსის დაუხმარებლად ვერ ახერხებს თავისი კოლექციის კლასიფიკაციას, თუმცა უკვე ესმის მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულება, აქვს დროის (ქრონოლოგიურისა და ისტორიულის) განცდა, სივრცის, ადგილმდებარეობის, მანძილის კარგი აღქმა. მსჯელობს იმის შესახებ, რასაც ხედავს და ესმის. თუ პირველკლასელისა და მეორეკლასელისთვის არგუმენტია კონკრეტული ფაქტი ან ანალოგია, მესამეკლასელს სწავლის შედეგად უკვე შეუძლია არგუმენტის მოყვანა და მარტივი დედუქციური დასკვნის გამოტანა.

რეკომენდაციები:

  • ცნებითი ლოგიკური აზროვნების განსავითარებლად საჭიროა ობიექტებს შორის მიმართებათა გაგება. შევცვალოთ ობიექტები და დავაკვირდეთ შედეგებს. ეს შესაძლებელია თამაშის, შრომის ან ექსპერიმენტის პროცესში.
  • დავსვათ კითხვები ახალნასწავლი ცნებებისა და პრინციპების გასააზრებლად.
  • პირდაპირ არ გავცეთ პასუხები მოსწავლეთა კითხვებს.
  • მივცეთ მოსწავლეებს ისეთი დავალებები, რომლებიც მოქმედების საწინააღმდეგო მიმართულებით შესრულებას მოითხოვს. ამ დავალებებისთვის თავდაპირველად კონკრეტული საგნები გამოვიყენოთ, მერე კი გავაცნოთ მათემატიკური სიმბოლოები.
  • მივცეთ დავალებები, რომლებიც რაოდენობის, წონის, მოცულობის პრინციპების ცოდნას მოითხოვს.
  • წავახალისოთ ბავშვები ჯგუფური მუშაობისა და საკუთარი აზრების გაზიარებისთვის.
  • ახალი მასალის ახსნისას გამოვიყენოთ ვიზუალური საშუალებები – ნახატები, სქემები, გრაფიკები, საგნები.
  • განვავითაროთ ლოგიკური აზროვნება – გამოვიყენოთ თავსატეხები, გამოცანები.
  • განვიხილოთ თავისუფალი თემები, მაგალითად: „როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს?“ – და ა.შ.

ზემოთ მოყვანილი რჩევები თუ აქტივობები შესაძლოა კარგად ნაცნობიც კი იყოს მკითხველისთვის, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია: მიუხედავად არსებული თეორიებისა და კვლევის შედეგებისა, ჩვენ, მოაზროვნე არსებებმა, უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი გამოცდილება და ის სამომავლო პერსპექტივაში განვიხილოთ.

გამოყენებული ლიტერატურა და ელექტრონული რესურსები:

  1. მანანა მელიქიშვილი, ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, თბ., 2013
  2. Donald Wilcox Thomas, School Mastery: Notes on Teaching and Learning, Massachusetts, 2006
  3. https://www.learningrx.com/brain-training-101/what-are-cognitive-skills/
  4. https://www.learningrx.com/cognitive-stages-for-child-development.htm
  5. https://www.pbs.org/parents/childdevelopmenttracker/six/

6.https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome-instant&ion=1&espv=2&ie=UTF-8#q=cognitive%20skills

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...