კვირა, აგვისტო 17, 2025
17 აგვისტო, კვირა, 2025

ქართული ღვინო ოკეანის გაღმა

0

ამერიკის ღვინის ბაზარზე გზა პირველად, საქართველოში მცხოვრები ამერიკელი მხატვრისა და ახლა უკვე მეღვინის, ჯონი უორდემანის ღვინის კომპანია, “ვაზის ცრემლებმა“ გაკვალა. კომპანია “ვაზის ცრემლები“ საქართველოს სამ რეგიონში: ქართლში, კახეთსა და იმერეთში მოწეული ყურძნისაგან ათზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს და ამ ღვინის მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ ამერიკელ მეღვინეს ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის გზა აქვს არჩეული და ღვინოს ტრადიციული ქვევრის მეთოდით აყენებს. უნიკალურ და განსხვავებულ ღვინოს კი დასავლეთში განსაკუთრებულად აფასებენ.

ამის პარალელურად, საქართველოს ღვინის სააგენტო (ყოფილი სამტრესტი) აგრძელებდა საერთო სტანდარტების შემუშავებაზე თანამშრომლობას ამერიკელ ღვინის სპეციალისტებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ევროპული და ამერიკული ხარისხის სტანდარტები მკვეთრად არა, მაგრამ მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ამერიკის ღვინის ბაზარი ქართული ღვინისა და ზოგადად ქართული მეღვინეობისათვის არამხოლოდ რუსული ბაზრის ალტერნატივაა, არამედ თავიდანვე ცხადი იყო, რომ ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებისათვის სწორედ ასეთი ბაზარი მოძებნა იყო აუცილებელი. ბაზრისა, სადაც ღვინის ხარისხს უდიდეს ყურადღებას აქცევენ. დღეს ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამს და ამ გზაზე, ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებულმა სტაჟირების პროგრამამ წესით დადებითი როლი უნდა შეასრულოს.

2010 წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში გაყიდულია 276 მილიონი ყუთი ღვინო. ამერიკაში ყუთში 12 ბოთლი ღვინო ეწყობა (9 ლიტრი ღვინო). თუ ამ ციფრებს ბოთლებში თუ გადავიყვანთ, 3 მილიარდ 312 მილიონი ბოთლი გამოვა. თავად ციფრები მეტყველებს ყველაფერზე. აქედან 90% მოდის მშრალ ღვინოებზე. მშრალი ღვინოები ამერიკაში განსაკუთრებულად პოპულარულია. თუმცა, ბოლო წლების ტენდენციით შეინიშნება, რომ ტკბილ ღვინოებსაც ემატება მომხმარებელი.

ბოლო ორი წლის მანძილზე, აშშ-ში ტკბილი ღვინოების მოხმარება 40%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ღვინის მომხმარებლებს შორის ქალებისა და მამაკაცების რიცხვი თითქმის თანაბარია. შეერთებულ შტატებში გაყიდული ღვინიდან მხოლოდ 28% არის იმპორტირებული. დანარჩენი ადგილობრივი წარმოების ღვინოა. ამერიკაში ღვინის მოხმარების მხრივ, ყველაზე მეტ ღვინოს კალიფორნიის შტატი მოიხმარს. შემდეგ მოდის ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატები.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მცხოვრები ალკოჰოლური სასმელების მოყვარულთა მხოლოდ 20% სვამს ღვინოს. დანარჩენები კი ვისკის, არაყს, ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს ეტანებიან. შტატებში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში დაახლოებით 11 ლიტრი ღვინო მოიხმარება, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. ამ დროს საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტი ღვინო ჩვენთან ისმევა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში დაახლოებით 4-5 ლიტრი ღვინოს სვამს. ეს მაშინ, როდესაც ქართული ღვინის გაყიდვის კუთხით ყველაზე წარმატებულ 2006 წელს, ანუ რუსეთის ემბარგომდე, წელიწადში სულ 58 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო იყო გაყიდული.

მოუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ღვინის ხარისხი მკაცრად კონტროლდება, ღვინის კანონი ასევე ითვალისწინებს შემთხვევითობის მომენტებსაც. ანუ, თუკი მეღვინეს ღვინის ბოთლში შემთხვევით თითზე გადასახვევი ლენტი ჩაუვარდა, ამის გამო მას არ დასჯიან და შეიძლება არც დააჯარიმონ. მაგრამ თუკი ღვინის მასაში კრიმინალური ხასიათის ნივთები და ნივთიერებებია ჩავარდნილი, მაშინ სასწრაფოდ ურეკავენ სპეციალურ სამსახურებს და აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ამერიკელებისათვის არა აქვს მნიშვნელობა იმას, ღვინოს უცხოეთიდან შეიტან თუ ადგილზე აწარმოებ. ადგილობრივი ბიზნესის “თამაშის წესები“ ყველასათვის ერთია. ღვინის რელიზაციისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი საფეხურის გავლაა საჭირო – იმპორტიორი-დისტრიბუტორი-მაღაზია. აქედან გამომდინარე, თუკი ღვინო დახლზე ღირს, ვთქვათ, 10 დოლარი, მისი ღირებულება ოთხზე უნდა გავყოთ და მივიღებთ იმ თანხას, რა ფასადაც მეღვინემ ღვინო იმპორტიორს ან ადგილობრივ სავაჭრო-სარეალიზაციო კომპანიას მიჰყიდა.

სკოლის ფსიქოლოგი – პირველი ნაწილი

0

მასწავლებლები და მოსწავლეები სასწავლო პროცესში გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. ხანდახან უჭირთ ემოციებთან გამკლავება, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადაჭრა, სწავლისა და სწავლებისთვის საკუთარ თავში საჭირო ძალების მობილიზება.  ასევე, ადმინისტრაციას შეიძლება გაუჭირდეს თანამშრომლების მოტივირება, მოსწავლეების აკადემიური მიღწევების ამაღლება, მშობლებთან ურთიერთობა. ამ სირთულეებთან საბრძოლველად საჭიროა სკოლის ფსიქოლოგი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, მათ ოჯახებს, მასწავლებლებსა და სკოლასთან დაკავშირებულ სხვა ადამიანებს მათ წინაშე მდგარი გრძელვადიანი გამოწვევებისა და მოცემულ მომენტში არსებული საჭიროებების დანახვასა და გამოსავლის ძიებაში.

სკოლის ფსიქოლოგის მოვალეობაა – მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ხელშეწყობა საჭირო უნარების განსავითარებლად. ის ამოწმებს ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობას, სწავლას, ქცევას და ეხმარება მათ, ჰქონდეთ წარმატებები აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ სფეროებში. სკოლის ფსიქოლოგი თანამშრომლობს ოჯახებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა პროფესიონალებთან, რათა შექმნას ძლიერი კავშირი სკოლასა და სახლს შორის.

სკოლის ფსიქოლოგების ეროვნული ასოციაციის (The National Association of School Psychologists (NASP)) მიხედვით, სკოლის ფსიქოლოგობის მსურველმა უნდა გაიაროს  სპეციალური მომზადება, რომელიც მოიცავს საკურსო ნაშრომს და პრაქტიკულ გამოცდილებას განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროში. სპეციალისტის ხარისხის მისაღებად მან უნდა დააგროვოს 60 საათი სემესტრში, ხოლო 90 საათი დოქტორის ხარისხისთვის. ამასთანავე, სუპერვიზიის 1200 საათი. ეს პროგრამა ითვალისწინებს ცოდნის მიღებას ამ პროფესიისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა  მონაცემების შეგროვება და ანალიზი, შეფასება, პროგრესის მონიტორინგი, ოჯახი-სკოლა-საზოგადოების თანამშრომლობა, პრევენციული და ინტერვენციული სერვისები, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა.

საქართველოში სკოლის ფსიქოლოგად, უმეტესად განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგები და გადამზადებული მასწავლებლები მუშაობენ. ხშირად, სკოლის ადმინისტრაცია არ მიიჩნევს საჭიროდ სკოლაში ფსიქოლოგის შტატის აუცილებლობას, რადგან სკეპტიკურადაა განწყობილი ან არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას მისი პროფესიის შესახებ. მაინც რა სარგებლობა მოაქვს სკოლის ფსიქოლოგს? რა ევალება მას? რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება სასწავლო პროცესში? მისი მოვალეობაა რიგ საკითხებში სკოლის დახმარება:

აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება: მოსწავლეებისა და კლასების მონაცემების შეგროვებითა და დამუშავებით სკოლის ფსიქოლოგს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მოსწავლეების აკადემიური მიღწევების შესახებ. შემდეგ ის ცდილობს, იპოვოს დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი და შესაბამისად დაგეგმოს ჩარევის სქემა. მაგალითად, თუ მონაცემების მიხედვით, ცუდი ნიშნების მიზეზი დაბალი მოტივაციაა, ის იზრუნებს მის ამაღლებაზე;

პოზიტიური ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება:  ამ მიზნის მისაღწევად სკოლის ფსიქოლოგი ზრუნავს მოსწავლეების კომუნიკაციური და სოციალური უნარების ამაღლებაზე, მათი ემოციური და ქცევითი საჭიროებების გამოვლენაზე, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციებით ცდილობს მიაწოდოს ასწავლოს მათ პრობლემის აღიარება, ბრაზის მართვა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზები;

დაცული, პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნა: სკოლის ფსიქოლოგი უზრუნველყოფს  ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების პრევენციას;

ოჯახსა და სკოლას შორის ძლიერი კავშირის ჩამოყალიბება: სკოლის ფსიქოლოგი აწვდის მშობლებს ინფორმაციას შვილების სწავლებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე, იღებს მათგან უკუკავშირს და გეგმავს ერთობლივი ჩარევის სტრატეგიას.  უზრუნველყოფს ოჯახსა და სკოლას შორის ძლიერი კავშირის ჩამოყალიბებას.

განსხვავებული მოსწავლეების მხარდაჭერა: განსაზღვრავს მათ საჭიროებებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ცვლის კურიკულუმსა და ინსტრუქციებს მრავალფეროვან ჯგუფზე მოსარგებად.

სასარგებლო რესურსები:

https://www.apa.org/ed/graduate/specialize/school.aspx

https://www.nasponline.org/

მეორე წერილი სანტა- კლაუსს

0

ჩემი თაობა ბილ ესპრისაც ეკუთვნის. გახსოვთ საღეჭი რეზინი LOVE IS და მისი „ნაკლეიკები”. მესამე კლასელი ბავშვებისთვის ეს უდიდესი რომანტიკა (კინაღამ ეროტიკა დავწერე) იყო – ამასთანვე მეგობრობის დღიურებს და მკვდარი მაცივრის ტატუირებულ კარს ნიშნავდა. კიდევ Turbo, final და ძმანი მისნი. ჟან კლოდი, არნოლდი და სილვესტერი. ცემენტის მაგიდაზე მათით თამაში, გადატყავებული ხელისგულები, გაცვლა-გამოცვლა – საბაზრო ეკონომიკის ნამდვილი ჩანასახი.

ჰო, ბილ ესპრი LOVE-ს გოგო-ბიჭის მხატვარია.

თუმცა ეს ლოვე იმიტომ გამახსენდა,  რომ პირველი კაცი, ვისაც მობილური ეპყრა, თან ეგეც ჰქონდა, მთელი ,,ბლოკი’’ – ჩვენთვის საჩუქრად. ჩვენი შორი ნათესავი. და რომ ურეკავდნენ, საგანგებოდ, რაღაც ხანი არ იღებდა. დაჰყურებდა ვნებით. დიდი მაგია მეგონა. საბოლოოდ გამოდგა, რომ ეგრეც ყოფილა და აი, რატომ:

ტელეფონის ზარი და ზუმერი ხომ სულ იგივეა, როგორც წესი. ძნელად რომ ვცვლიდეთ. იგივეა და ტრივიალური. ყურისთვის შესამჩნევი და ფიქრისთვის შეუმჩნეველი. ის ზარებიც ასეთი იყო. ამიტომაც აღარ გვახსოვს, რამდენჯერ გაისმა – ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ. მაგრამ ხმები, რომლებიც ამ ზარების უკან იდგნენ. ხმები და წერილები. ეს მთავარი ხმები და წერილები. ჰო, ზარები ერთნაირად ჟღერენ, მაშინაც როცა, მის უკან ჩასაფრებული ხმები და წერილები სიკვდილს გვამცნობენ და მაშინაც, როცა ვინმეს დაბადებას ან სიყვარულს, ან განშორებას. და კიდევ ბევრ სხვა ამბებს. ცენტრალურ ამბებს. როგორც მზეები არიან ერთნაირი და მთვარეები, ეგრე არიან ეს ზარები. ეს ერთნაირი ზარები. მათ ქვეშ და მათ უკან ხდება დიდი ამბები.

  ჰოდა, მინდა სანტა-კლაუს, რომ ზარებმა ის მაგია დაიბრუნონ მხოლოდ, რაც იმ უცხო კაცის ხელში ჰქონდათ, კი არ გაჩვეულებრივდნენ ან ასე გასასტიკდნენ, არამედ 1997 თუ რომელიღაც წლის ხმით დარეკონ. და რეკონ.

შექსპირი – ტკბობისა და წამების საათები 

0

„აურზაური არაფრის გამო“ – მრავალმხრივ გამორჩეული, საგულისხმო კომედია შექსპირმა მე-16 საუკუნის მიწურულს დაწერა. მხოლოდ ვარაუდები არსებობს იმის თაობაზე, რა მასალას უნდა დაყრდნობოდა იმ დროისთვის უკვე საკმაოდ გამოცდილი მწერალი. ტექსტის დიდი ნაწილი პროზად არის დაწერილი, მთლიანი ნაწარმოები კი შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად ითვლება. ვარაუდების განხილვას არ შევუდგები – ამ პიესისა და სხვადასხვა ეპოქაში მისი სასცენო ინტერპრეტაციების შესახებ ინფორმაციის მოძიება მსურველს სულ იოლად შეუძლია.

2016 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „აურზაური არაფრის გამო“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა. ახალი სეზონი პრემიერით დაიწყო. ორმოქმედებიანი სპექტაკლის ნახვა, მცირეწლოვანი მაყურებლისთვის განსაზღვრული დადგმებისგან განსხვავებით, საღამოს საათებშია შესაძლებელი – იმ დროს, როცა უფროსკლასელებისთვის და, ზოგადად, ზრდასრული მაყურებლისთვის განკუთვნილი წარმოდგენები იმართება ხოლმე.

პირველი კოცნა, სიყვარულისა თუ მოულოდნელად გაჩენილი ფიზიკური ლტოლვის არსში გარკვევის მცდელობები, გამართლებული თუ გაუმართლებელი ეჭვიანობა, ბრალდებები, უმანკოებისა და მისი დაკარგვის მნიშვნელობა სამყაროში, სადაც ნიშანი ყველაფერია, გაუმხელელი გრძნობების ტვირთი, სიტყვები მთქმელის წინააღმდეგ, მოქმედებები მოქმედის წინააღმდეგ და ბევრი სხვა რამ, რასაც შექსპირის გმირებთან ერთად სიარულისას ვაწყდებით, შეუძლებელია, მაყურებლის ერთგვარ მზაობას არ მოითხოვდეს. ვგულისხმობ პირად გამოცდილებას, ინტერესს საკუთარი სხეულის მიმართ, საზოგადოების რეაქციებზე დაკვირვებისა და რეფლექსიის უნარს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, საჭიროა პუბლიკის სწორად შერჩევა – სპექტაკლი, ცხადია, მეოთხეკლასელებსა თუ მეხუთეკლასელებს გულგრილს დატოვებს.

დეკორაციისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ სექსუალური სიმბოლიკა ამოვიცნოთ – ყველაფერი, რასაც სცენაზე ვხედავთ, დიდების თამაშის ნაწილია, ან მათი, ვინც ეს-ესაა შეაბიჯა დიდობაში. ასოციაციები წარმოსახვის დაუძაბავად ჩნდება. თეთრი და წითელი ფერები მეტისმეტად აშკარად მიანიშნებს უმანკოებასა და მის დაკარგვაზე, გაშლილი კიბეები, კიბეებზე გაუთავებელი ასვლა-ჩამოსვლა… ვხვდები, როგორი მომხიბვლელი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი იმ მოზარდისთვისთვის, ვისთვისაც საკუთარი სხეულის ბოლომდე შეცნობაზე, მისი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაზე მნიშვნელოვანი არაფერია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სპექტაკლზე მომუშავე ჯგუფს ზომიერების გრძნობა არ ღალატობს – მათი მიზანი უფრო წარმოსახვის მსუბუქად გაღიზიანებაა, ვიდრე სერიოზული პროვოკაცია.

სპექტაკლზე ჩემს თოთხმეტი წლის ძმისშვილთან ერთად წავედი. მრავალთვიანი ძებნის შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ შექსპირის კომედიას გადავაწყდი, რომელსაც, წესით, ეს გოგო გულგრილი ვერ უნდა დაეტოვებინა. მართალია, მოქმედი პირების რიცხვი არც ისე მცირეა, რომ ნებისმიერმა პირველივე მცდელობისას დაიმახსოვროს,  ორმოქმედებიანმა წარმოდგენამაც შესაძლოა მიუჩვეველი მაყურებელი დაღალოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ახალგაზრდა მსახიობების ამოუწურავი ენერგია, წარმოდგენის უწყვეტი დინამიკა თავის საქმეს აკეთებს. შენიშვნებისგან თავს შევიკავებ – მახსოვს, რომ რეცენზიას არ ვწერ.

დარბაზი სანახევროდ იყო სავსე. მაყურებლების დიდ ნაწილს მოსწავლეები და მათივე მასწავლებლები წარმოადგენდნენ. როგორც ჩანს, სასკოლო აბონემენტებით ესარგებლათ, რაც, თავისთავად, მოსაწონი პრაქტიკაა, მაგრამ თვალშისაცემი და გულდასაწყვეტი სხვა რამ გახლდათ: ბავშვები მეტისმეტად პატარები იყვნენ საიმისოდ, რომ თუნდაც სულ მცირე სიამოვნება მიეღოთ სცენაზე გათამაშებული შექსპირის კომედიისგან. მათ, უბრალოდ, ვერაფერი გაიგეს და ამის მანიშნებელი ფრაზები არაერთხელ წამოიძახეს ისე ხმამაღლა, რომ მეც და მასწავლებლებსაც კარგად გაგვეგონა. „რა უაზრობაა!“, „მართლა აურზაურია და მეტი არაფერი!“ – ამბობდნენ და მობილურ ტელეფონებს ჩასცქეროდნენ. მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდნენ, კლავდიო ჰეროს რომ ჰკოცნიდა. „გაგუდა! გაგუდა!“ – გაისმა ახალი შეძახილები. მეორე მოქმედების დროს გაძლებაზე იყვნენ – სკამებზე წრიალებდნენ, ენას არ აჩერებდნენ. მერე ბენედიქტმა აკოცა ბეატრიჩეს და თვალებგაფართოებული მაყურებლებიც კიდევ უფრო ახმაურდნენ – ეს ეპიზოდი მობილური ტელეფონებით გადაიღეს. ალბათ მეორე დღეს უბნის ბავშვებს აჩვენებდნენ და იმის მტკიცებას მოჰყვებოდნენ, რა უაზრობაა თეატრში სიარული – ჰა-ჰა ასეთი რამის სანახავად კიდევ ღირდეს…

არა მგონია, მათ ოდესმე გადაშალონ წიგნი, რომლის ყდაზეც ეწერება „უილიამ შექსპირი“. თითქმის დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვების წარმოდგენით, ყველა დროის უდიდესი დრამატურგის კომედიებსა თუ ტრაგედიებზე მოსაწყენი არც არაფერი არსებობს სამყაროში.

თანამედროვე შესაძლებლობების გათვალისწინებით, რამდენი წუთი დასჭირდებოდა მასწავლებელს იმისთვის, რომ თეატრში მოსწავლეების წაყვანამდე წარმოდგენა შეექმნა შექსპირის პიესისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმის შესახებ?

ალბათ, რამდენიმე.

 www.mozardi.ge – ფოტოებისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისი იქნებოდა.

 

 

ჩემი ეკონაკვალევი

0

თუ გიფიქრიათ, რას ნიშნავს სიტყვა „ნაკვალევი“? ეს ნიშნავს, რა წვლილი შეიტანა ადამიანმა რაიმე საქმეში, რით დაამახსოვრა თავი სხვებს, რა მოგონებები დატოვა. თითოეული ჩვენგანი ტოვებს კვალს – სკოლაში, სამსახურში, შინ, მეგობრების წრეში და, რაღა თქმა უნდა, ჩვენს პლანეტაზე. მაგრამ ყოველთვის გვაქვს კი საფუძველი, ჩვენი ნაკვალევით, განსაკუთრებით – ეკონაკვალევით, ვიამაყოთ?

ეკოლოგიური ნაკვალევი ერთი ადამიანის მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით გარემოზე ზეგავლენას ნიშნავს. ეს გზები გულისხმობს ცხოვრების წესს, ენერგოეფექტურობას, მოხმარებული ენერგიის რაოდენობასა და წყაროებს… ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მაგალითად, როცა ანთებულ ნათურას უსარგებლოდ ვტოვებთ, არა მარტო ჭარბ ელექტროენერგიას მოვიხმართ, არამედ წყლის ზედმეტ რესურსსაც ვხარჯავთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ჩვენი ენერგოსისტემა იძულებული გახდება, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდეს, ატმოსფეროში უფრო მეტი ნახშირორჟანგი გატყორცნოს და ბუნებაზეც უფრო მავნე ზეგავლენა მოახდინოს. მნიშვნელოვანია ყოფითი ცხოვრების წესიც. თუ, მაგალითად, კბილების გახეხვისას, ჭურჭლის რეცხვისა თუ შხაპის მიღებისას ონკანი მუდმივად მოშვებული გვაქვს, წყალს ამ შემთხვევაშიც ფუჭად ვღვრით.

იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რა სიმძლავრის ძრავა აქვს თქვენს მანქანას? რაც უფრო მცირე ლიტრაჟისაა ავტომობილი, მით უფრო ნაკლებ ნახშირორჟანგს უგზავნით გარემოს. ან რამდენად ხშირად დადიხართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ფეხით? შესაძლოა, ამაზე არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ თქვენი ყოველდღიური საქმინობითა და ცხოვრების წესით გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენთ და მასზე ეკოლოგიურ ნაკვალევსაც ტოვებთ.

ადამიანი გარემოზე ზემოქმედებას დაბადებისთანავე, ავტომატურად იწყებს, თუმცა რამდენად მტკივნეული იქნება ეს პროცესი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.

ეკონაკვალევის იდეა 1992 წელს უილიამ რიზომ წამოაყენა. მისი გამოთვლის კონცეფცია ფართოდ გავრცელდა მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდის (WWF) წყალობით. 2003 წელს კი შეიქმნა ეკოლოგიური ნაკვალევის გლობალური ქსელი (Global Footprint Network), რომელმაც გააერთიანა სამეცნიერო და სამთავრობო წრეები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ამ ქსელმა წამოიწყო მეტად საინტერსო და ქმედითი აქცია – ეკოლოგიური მოვალეობის დღე.

კაცობრიობის ეკოლოგიური ნაკვალევი უფრო და უფრო იზრდება. მსოფლიოში უამრავი ადამიანი მოიხმარს იმაზე მეტ ენერგიასა და რესურსს, ვიდრე სჭირდება, მათ მიერ დატოვებული ნაკვალევის მოცულობა კი გარემოსთვის მიყენებული ზიანის პირდაპირპროპორციულია. ექსპერტთა და მეცნიერთა კვლევების მიხედვით, გლობალურმა ეკოლოგიურმა ნაკვალევმა დედამიწის ბიოლოგიურ შესაძლებლობას 25%-ით ჯერ კიდევ 2003 წელს გადააჭარბა. შესაბამისად, თუ ყველა ადამიანი ენერგიების ჭარბ მოხმარებას გააგრძელებს, დედამიწას რესურსი უბრალოდ არ ეყოფა.

ეკ

მსოფლიოს ქვეყნები ეკონაკვალევის მიხედვით

კომფორტი ყველას მოსწონს, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რა ფასს ვიხდით ამისთვის. ენერგოეფექტურობა კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ კომფორტიც გქონდეს, ნაკლები ენერგიაც დავხარჯოთ და გარემოსაც ნაკლები ზიანი მივაყენოთ. სწორედ ამას ისახავს მიზნად ეკონაკვალევის შემცირების პროგრამა, რომლის ძირითადი პუნქტებია:

  1. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შემცირება და საბოლოოდ შეჩერება
  2. ერთ სულ მოსახლეზე პროდუქციის მოხმარებისა და მომსახურების შემცირება
  3. წარმოებასა და მომსახურების სფეროში გამოყენებული რესურსების მოცულობის შემცირება
  4. ბიოპროდუქტიული რეგიონების ფართობების გაზრდა, მცირეპროდუქტიანი მიწების გაუმჯობესება (ირიგაცია, დატერასება)
  5. ბიოპროდუქტიული ეკოსისტემების გაფართოება.

თუ გადაწყვეტ, შეიცვალო ცხოვრების წესი – გადაჯდე ველოსიპედზე, გადახვიდე ჯანსაღ კვებაზე, დაზოგო ენერგია და სხვ., ანუ იზრუნო საკუთარ ეკონაკვალევზე, მაშინ ეცადე, შემდეგი წესები დაიცვა:

  1. დაზოგე ელექტორენერგია:

* შეცვალე ვარვარა ნათურები შუქდიოდურით. იმავე განათებას მიიღებ, თანაც ელექტროენერგიის 80%-ს დაზოგავ.

* თუ კომპიუტერით 10-15 წუთი მაინც არ სარგებლობ, გამორთე მონიტორიის ყველაზე მეტ ენერგია სმოიხმარს. პარამეტრების გასწორებისას კი screensaver–ის ნაცვლად sleep mode ფუნქცია აირჩიე.

* ნუ მოათავსებ მაცივარში ცხელ კერძს და ნუ დატოვებ კარს ღია. დადგი ის ყველაზე გრილ ადგილას. გაითვალისწინე, რომ რაც უფრო მეტია კედლიდან დაშორება, მით უფრო ეფექტურად მუშაობს მაცივარი.

* ყოველთვის მიაქციე ყურადღება სარეცხის წონას. ნურც გადააჭარბებ და ნურც დააკლებეს 10-30%-ით მეტი ელექტროენერგიის ხარჯვას გამოიწვევს. სწორად შეარჩიე რეცხვის პროგრამაც.

* საკვების თავღია ჭურჭელში მომზადება ენერგიის 2-6%-ს გვაკარგვინებს. ნუ ჩაასხამ ამ ჭურჭელში ზედმეტ წყალსეს არა მარტო კერძის მომზადების ხანგრძლივობას, არამედ დახარჯულ ენერგიასაც ზრდის.

* გაწმინდე მტვერსასრუტი – როცა ტომარა და ფილტრი გაუწმენდავია, ხელსაწყო 40%-ით მეტ ენერგიას ხარჯავს.

* გამორთე ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი თუ დამმუხტველი მოწყობილობები ქსელიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მაინც გააგრძელებენ ელექტროენერგიის მოხმარებას.

* ელექტრომოწყობილობის შეძენისას ყურადღება მიაქციე ენერგეტიკულ იარლიყსმასზე მოცემულია ინფორმაცია წლიური ენერგომოხმარების შესახებ. ეცადე, ყველაზე ეკონომიური შეარჩიო.

 

  1. გაუფრთხილდი წყალს:

* შხაპის მიღებას თუ 1-2 წუთით ადრე დაასრულებ, თვეში 600 ლიტრ წყალს დაზოგავ, თუ კბილების გახეხვისას ონკანს დაკეტავ – 100 ლიტრს.

 

  1. ნაკლებად იმოძრავე ავტომობილით.
  2. საკვების მიღებისას იფიქრე ბუნებაზე – რასაც ხვალ მიირთმევ, დღეს უნდა დათესო და მოაშენო.
  3. ნაკლებად გამოიყენე ნახევარფაბრიკატები და გაყინული პროდუქტები.
  4. შეამცირე ნარჩენების რაოდენობა.
  5. გამოიყენე ნარჩენები რეციკლინგის გზით.

ამჟამად „ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველო“ ქართულენოვანი ეკონაკვალევის გამოსათვლელი კალკულატორის შექმნაზე მუშაობს. აპლიკაცია ეკოლოგიური ნაკვალევის ზომის დადგენაში დაგეხმარება: ადამიანებმა უნდა დაინახონ, რა მტკივნეულ გავლენას ახდენს თითოეული მათგანი გარემოზე საკუთარი ცხოვრების წესით. დაფიქრდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია რესურსების ოპტიმალური გამოყენება. თუ ჯერ ფიქრს, მერე კი მოქმედებას დავიწყებთ, იმედია, სამყარო ოდნავ უკეთესი მაინც გახდება.

ქართულენოვანი კალკულატორის გამოსვლამდე კი გარემოზე თქვენი ზემოქმედების ხარისხისა და ეკოლოგიური ნაკვალევის ზომის დადგენაში უცხოურენოვანი კალკულატორები დაგეხმარებათ, რომელთა ნახვა ამ ბმულებზეა შესაძლებელი:

https://myfootprint.org/subscription.php https://www.earthday.net/Footprint/index.asp

პრაგმატული მეტყველების  შეფასების კომპონენტები და შეფერხებების დაძლევის გზები

0

(ასპერგერი, სხვა და მწიკვი სიყვარული)

მარიამ გოდუაძე

…დედა – ის, ვინც მეშინია, არ დამიბერდეს.

გზა – ის, რაც ფეხქვეშ მაქვს და მაინც ვეძებ…

სიყვარული – მატარებელი, უნდა მივუსწრო…

დედამიწა – ბურთი, მასზე ყველა თამაშობს…

იორიკის ეს ტექსტი მხატვრული პრაგმატიკის, პრაგმატული მეტყველების  კარგი მაგალითია, რამდენადაც მასში  ნიშნებსა და მის მომხმარებელს შორის მიმართება აშკარა და თვალსაჩინოა. ადამიანები სიტყვებს, მათ მნიშვნელობებს საგნებივით ვიყენებთ და ამით ვძენთ ღირებულებას, თორემ მხოლოდ ნიშნებს, მათ შემადგენლებსა ან რეფერენტებს როდი აქვთ ძალა.  მომხმარებლების გარეშე ვერანაირი კონტექსტი ან თანტექსტი იარსებებდა, რადგან იქ, სადაც მომხმარებელი არ ჩანს, შინაარსიც რამდენადმე დაკარგულია.

ამიტომაც იყო, რომ პრაგმატული მეტყველების, როგორც სოციალურ-კომუნიკაციური აქტის შეფერხებას თავდაპირველად სემანტიკურ-პრაგმატულ დარღვევას უწოდებდნენ, რაც კორელირებს ინტელექტუალურ დარღვევებთან, მაგ., ჰიპერაქტივობასა და ყურადღების დეფიციტის სინდრომთან, თუმცა უფრო მჭიდროდ უკავშირებენ აუტიზმსა და ასპერგერის სინდრომს, რადგან ამ შეფერხების მქონე ადამიანებს ხვდებათ განსაკუთრებული სიძნელეები ენის სემანტიკურ ასპექტსა და პრაგმატიკაში – ისინი ვერ იგებენ სიტყვების მნიშვნელობებს; ისინი ვერ იყენებენ ენას სწორად შესაფერის სიტუაციებში [Wenche Andersen Helland, Astri J. Lundervold, Mikael Heimann, Maj-Britt Posserud 2014].

ენის პრაგმატული დარღვევის მქონე ბავშვებს გააჩნიათ კომპლექსური, ფუნქციური და გასაგები არტიკულარულ-ექპსრესიული მეტყველება, მაგრამ ახასიათებთ პრობლემები ენის სწორად გამოყენებაში. ამ ბავშვებს უჭირთ თემაზე საუბრის წამოწყება, მსჯელობა და საკითხის გააზრება, ვერ გადადიან თემიდან თემაზე, მათთვის რთულია სხვადასხვა ისტორიის მოყოლა (Bishop,2002).

პრაგმატული მეტყველება მოიცავს იმას, თუ რას ვამბობთ, როგორ ვამბობთ, ასევე ჩვენს სხეულის ენასა და არის თუ არა ჩვენი საუბარი სიტუაციის შესაფერისი.  პრაგმატული   უნარების შესაფასებლად ძალზედ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მისი კომპონენტები, რომლებიცაა:

  1. წყვილში მეტყველების ანალიზირამდენად ადეკვატურად იცვლის ბავშვი მსმენელი-მთქმელის როლს, აკეთებს თუ არა კომენტარებს და სვამს თუ არა დამაზუსტებელ კითხვებს;
  2. მეტყველების მოქმედების სხვადასხვაობა – შეიმჩნევა თუ არა მეტყველების სტილის ცვლილება, სიტუაციის შესაბამისად სვამს თუ არა კითხვას, სთხოვს თუ არა მოსაუბრეს რაიმეს:

ა. თემის შერჩევა – რამდენად იწყებს აქტივობის შესაბამის თემაზე საუბარს;

ბ. თემის გაცნობა – ლაპარაკობს თუ არა კონკრეტულ სიტუაციასთან, ან ისტორიასთან დაკავშირებულ თემაზე;

გ. თემის შენარჩუნება – პასუხობს თუ არა დასმულ შეკითხვებს და ავრცობს თუ არა თემას;

დ. თემის შეცვლა – გადადის თუ არა სიტუაციურად თემიდან თემაზე, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას, სიტუაციას ან აქტივობას უკავშირდება;

ე. ენის (ქართულიდან ინგლისურზე ან რუსულზე გადასვლა) ცვლილება პროვოცირების გარეშე – როდესაც კონკრეტული სიტყვის ინგლისურ ან რუსულ შესატყვისს ამბობს, აფრთხილებს თუ არა მოსაუბრეს, რომ ეს ინგლისური ან რუსული სიტყვაა.

  1. ჯერის დაცვა: ა. დაწყება – იწყებს თუ არა რაიმე მოქმედებას რიგის განსაზღვრის შემდეგ;

ბ. პასუხის გაცემა – პასუხობს თუ არა დასმულ კითხვას შეძლებისდაგვარად;

გ. პაუზა – ერთი თემიდან მეორეზე გადასვლამდე იყენებს თუ არა პაუზას;

დ. გადაფარვა/გაწყვეტინება – აცდის თუ არა მოსაუბრეს კითხვის დასმას და ამის შემდეგ პასუხობს თუ არა მას;

 ე. უკუკავშირი – აზუსტებს თუ არა გაგონილს და გამოთქვამს თუ არა თავის მოსაზრებას და შეფასებას;

ვ. შემთხვევითობის დაფიქსირება/მოულოდნელობის აღნიშნვნა, მოულოდნელად აღმოჩენილი მსგავსების აღნიშვნა – კონკრეტული აქტივობის განხორციელების დროს აღმოაჩენს თუ არა რაიმე მსგავსებებს ან განსხვავებებს;

ზ. ლაკონურობა – რამდენად ლაკონიურად გადმოსცემს თავის აზრს.

  1. ლექსიკური სელექცია: ა. სპეციფიკურობა/სიზუსტე – რამდენად ზუსტად არჩევს საჭირო სიტყვებს;

ბ. ლოგიკური გადასვლა თემიდან თემაზე – რამდენად ლოგიკურად აგრძელებს მეტყველებას და შემოაქვს ახალი თემა საჭიროებისამებრ;

  1. სტილისტური ვარიაციები –კომუნიკაციის სტილის ცვლილება – იცვლის თუ არა სტილს როლების მიხედვით;
  2. პარალინგვისტური ასპექტები: ა. რამდენად ადეკვატურია ვოკალური ინტონაცია; ბ. რამდენად ადეკვატურია ვოკალური აქცენტი;

გ. რამდენად მოქნილია საუბრის დროს.

  1. არავერბალური ასპექტები: ა. ფიზიკური სიახლოვე;

ბ. ფიზიკური კონტაქტი;

გ. სხეულის პოზა;

დ. ჟესტები;

ე. სახის გამომეტყველება;

ვ. მზერა [შუკაკიძე, 2016].

ფსიქიკური დარღვევების სტატისტიკური და სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოს  გამოცემებში (DSM-5) განხილულია არაერთგვაროვანი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციური შეფერხებები. ისინი ვერ აიხსნება დაბალი კოგნიტური შესაძლებლობებით, ანუ სავსებით შესაძლებელია, რომ პრაგმატული მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებს კარგად ჰქონდეთ განვითარებული შემეცნებითი უნარები.  სიმპტომები მოიცავს სიძნელეებს საუბრის აღქმასა და წერითი ენის გამოყენებისას, ისევე, როგორც დიალოგურ მეტყველებაში შეუსაბამო პასუხების პრობლემებს. დარღვევა ამცირებს ეფექტურ კომუნიკაციას, სოციალურ ურთიერთობებს, აკადემიურ თუ პროფესიულ მიღწევევებს. ეს სიმპტომები აღმოცენდება ადრეულ ბავშვობაში, მიუხედავად იმისა, რომ  ხშირად  არ აღიარებენ დიდი ხნის განმავლობაში. სოციალური, პრაგმატული კომუნიკაციის დარღვევა (SCD), შესაძლოა, არ ერგებოდეს მეტყველების სპეციფიკურ დარღვევებს (SLI)  –  აუტიზმსა თუ სხვა ნეიროგანვითარების ფორმებს და, შესაძლოა, მათ გარეშეც წარმოიქმნებოდეს. პრაგმატული მეტყველების დარღვევის მქონე ( 84 ბავშვი) და ტიპური განვითარების ბავშვებზე (82), სადაც გამოჩნდა, რომ მათი აღწერა და დახასიათება არსებული ტერმინოლოგიის ფარგლებში ძალიან რთულია (Botting, Conti-Ramsden 1999).

 აუტისტური სპექტრის დარღვევა თავის ტვინის ნეირობიოლოგიური განვითარების შედეგია. იგი მოიცავს კლასიკურ აუტიზმსა (იგივე კენერის სინდრომი, ბავშვთა აუტიზმი) და ასპერგერის სინდრომს. აუტისტური სპექტრის დარღვევებისას, ადამიანებს პირველ რიგში ახასიათებთ გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა. მათ უჭირთ ფუნქციონირება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოციალიზაცია, კომუნიკაცია და წარმოსახვა.

ასპერგერის სინდრომი განვითარების პერვესიულ აშლილობათა ტიპს მიეკუთვნება (pervasive developmental disorder – PDD). PDD არის ჯგუფი მდგომარეობებისა, რომლებიც გულისხმობს ბევრი ბაზისური უნარის შეფერხებას. ეს სინდრომი აუტიზმის ფორმაა, რომელიც ქრონიკულ მდგომარეობას წარმოადგენს და პიროვნების მიერ სამყაროს აღქმაზე, ინფორმაციის გადაცემასა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე ახდენს გავლენას. ამ დროსაც ყველაზე მეტად შეფერხებულია სოციალიზაციის, კომუნიკაციისა და წარმოსახვის უნარები. რთულად უმეგობრდებიან ადამიანებს და უჭირთ ინტრეპერსონალური კონტაქტების დამყარება. ურთულდებათ კომუნიკაციის წამოწყება და მისი წარმართვა. ხშირად ვერ იგებენ, რა თემაზე ილაპარაკონ, როდის დაიწყონ ან დაასრულონ საუბარი. ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს ახასიათებთ ექსცენტრული ან განმეორებადი ქცევები, უცნაური და განმეორებადი მოძრაობები, როგორიცაა, მაგალითად, ხელების მოკუმშვა, დაგრეხვა და წვალება – უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მათი სხეულის ენაა და პრაგმატიკა აქაც მორღვეულია. ამიტომაც იქცევიან ექსცენტრულად ან ხშირად – სტერეოტიპულად. უგულებელყოფენ საზოგადოების დაუწერელ კანონებს, რომლებსაც ჩვენ უყოყმანოდ ვემორჩილებით. ახასიათებთ უცნაური და სპეციფიკური რიტუალები, რომლებსაც არასდროს ცვლიან. მაგ., ყოველთვის რაღაც გარკვეული თანმიმდევრობით იცვამენ. მათთვის ასევე დამახასიათებელია წარმოსახვითი საქმიანობის შეზღუდული არეალი, რომელიც შეიძლება გამეორდეს მკაცრი სიზუზტით. მაგ., სათამაშოების მწკრივად დალაგება ან თავისი ინტერესის სფეროს საგნების შეგროვება-მოწესრიგება. აქვთ პრობლემები კომუნიკაციაში: სხვებთან საუბრისას ხშირად ვერ ახერხებენ თვალებით კონტაქტის დამყარებას. უჭირთ მიმიკებისა და ჟესტების გამოყენება, ურთულდებათ სხეულის ენის გაგება. ხშირად უჭირთ საუბრის კონტექსტის აღქმა. ვერ იგებენ ხუმრობას, სარკაზმს ან მეტაფორას. ახასიათებთ ზედმიწევნით პირდაპირი მეტყველება და სხვისი საუბრის პირდაპირი აღქმა. მაგ., ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანი შეიძლება დააბნიოს ფრაზამ  „რა მაგარია”, რომელსაც, როგორც წესი, ადამიანები რაიმეს მოწონების ნიშნად იყენებენ. შეზუდული აქვთ ინტერესთა სფერო: ხშირად ავლენენ უცნაურ, აკვიატებულ ინტერესებს, მაგალითად, სპორტის, რუკების ან ამინდის მიმართ. მათი ინტერესთა სფერო საკმაოდ მწირი, მაგრამ აკვიატებული და უცნაურია. აქვთ კოორდინაციის პრობლემები: ამ ბავშვების მოძრაობები უმეტეს შემთხვევაში მოუქნელი და მოუხეშავია. ზოგი ბავშვი საოცრად ნიჭიერია ცალკეულ სფეროებში, მაგ. როგორებიცაა მუსიკა და მათემატიკა. მაგრამ, ესეც მხოლოდ ერთეულებში. მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული ზეპირი მეხსიერება.

როგორ დავეხმაროთ?

ვინაიდან ამ ადამიანებს პრაგმატული ენის (ვერბალური თუ სხეულის) მოშლა ახასიათებთ, პრაგმატიკაში კი მნიშვნელოვანია ორი ცნების – კონტექსტისა და თანატექსტის ერთმანეთისაგან გარჩევა, მნიშვნელოვანია, შევასწავლოთ გამოთქმის სიტუაციები. ცხადია, ეს ვერ მოხერხდება პირდაპირი ინსტრუქტირებით, არამედ – მრავალფეროვანი მეთოდებით, კერძოდ: დიალოგური ტექსტების მოსმენითა და კითხვით; კომიქსებით, ფილმებით, ღონისძიებებში, როლურ თამაშებსა და აქტივობებში ჩართვით და ა.შ.

კონტექსტის გასაცნობიერებლად კარგად უნდა დავაკვირვოთ და შევასწავლოთ დროითი და სივრცითი ჩარჩო, ასაკი, მოსაუბრეთა სქესი, წარმოთქმის მომენტი, წარმომთქმელთა სოციალური სტატუსი და ა. შ. ყველა ეს კონტექსტური ნიშანი ფიგურირებს დისკურსში და წარმოადგენს დეიქსისის ნაწილს. ტრადიციულად, დეიქტური კატეგორიების  შემდეგი ტიპები გამოიყოფა:

  • პირის დეიქტური კატეგორიებია გამოთქმის სიტუაციაში პირის მარკერთა გრამატიკალიზაციის საშუალებები. ამგვარი დეიქტური კატეგორიებია: „მე”, „შენ”, „ჩვენ”, „თქვენ”.
  • დროის დეიქტური კატეგორიებია დროის მარკერები, რომლებიც ათავსებენ გამონათქვამს გამოთქმის მომენტთან. მაგ.: „დღეს”, „სამი დღის წინ”, „ამ ზაფხულს” და ა. შ.
  • სივრცობრივი დეიქტური კატეგორიებია ადგილის მარკერები, რომლებიც გამონათქვამს ათავსებენ გამოთქმის ადგილთან მიმართებით. მაგ.: „აქ”, „იქ” და ა.შ.
  • დისკურსული დეიქტური კატეგორიები ვითარდება დისკუსიებში თანამონაწილეობით. შესაძლებელია შინ ან კლასში იმგვარი გარემოს შექმნა, როგორშიც ბავშვს ექნება თავისი როლი და იტყვის თავის სათქმელს ამა თუ იმ ფორმით.
  • სოციალური დეიქტური კატეგორიები მჭიდროდ უკავშირდება პერსონალურ/პირის დეიქტურ კატეგორიებს.

სასურველია, პრაგმატული მეტყველების დარღვევის მქონე პირები ადრე ბავშვობიდანვე ვათამაშოთ სხვადასხვა სახის თამაშის სცენარით, როგორიცაა: მანქანა ავტოფარეხში; თამაში ბურთით. ბიჭებთან ძირითადად ფეხბურთი, გოგონებთან კი – ხელბურთი ან მათი სურვილისამებრ; ფაზლი; სამზარეულოს ნაკრები და თოჯინა რომელიმე მულტფილმიდან; თამაში საპნის ბუშტით; თამაში სხვადასხვა ფერის პლასტელინით და სხვ. ამ სცენარების მოფიქრება ნებისმიერი ზღაპრის, მოთხრობისა თუ მულტფილმის საფუძველზე იოლად არის შესაძლებელი. შედარებით უფროს ასაკში თამაშის გზით ვავარჯიშოთ სხვადასხვა სიტუაციურ საკომუნიკაციო სავარჯიშოებზე, რომლებიც მარტივად შეიქმნება ა. ლეონტიევის მიერ შემოთავაზებული საკომუნიკაციო ტიპების მიხედვით, როგორიცაა:

  1. 1. კომუნიკაცია შესაბამის როლებს შორის (მყიდველი, მგზავრი და ა.შ.). სოციალური კონტაქტები – მყიდველი მაღაზიაში, სტუმარი რესტორანში (მკაცრად კონვენციური მეტყველება); ფამილიარული კონტაქტები – დედა-შვილი, მამა-შვილი (არაკონვენციური მეტყველება).
  2. 2. „საგნობრივი” კომუნიკაცია შემოქმედებით პროცესში, მაგალითად, როგორიცაა ჯგუფში დღესასწაულის ხის ან კედლის გაზეთის შექმნა. იგულისხმება ის კომუნიკაცია, რომელიც წარმოებს ერთობლივი ქმნადობის დროს.
  3. 3. სოციალური კომუნიკაცია/სოციუმზე მიმართული კომუნიკაცია – მასწავლებელ-მოსწავლეს შორის კომუნიკაცია, თოქ-შოუების მოდერაცია, ანუ როგორ ურთიერთობს წამყვანი/ მოდერატორი აუდიტორიასთან, ბევრ ადამიანთან.
  4. 4. პირადულზე მიმართული კომუნიკაცია მეგობრებს, ნაცნობებს შორის. ა. ლეონტიევი მიიჩნევდა, რომ უფრო ადვილია სოციალური დომენის კომუნიკაციის სწავლება, რადგან ასეთ დროს ურთიერთობები დიდწილად მკაცრად განსაზღვრულია და წინასწარ დადგენილია [მინდაძე 2006].

 თავად მიცდია ეს ყოველივე და შედეგი იყო. იქნებ იმიტომ, რომ ერთი პოეტის პრინციპით ვიცხოვრე და „გავაჩუქე სიტყვა მიყვარხარ, როცა იგი თავად არ მქონდა“.

რაღაც დაირღვა?

გამოყენებული რესურსები:

  1. Levinson, S.,Pragmatics, Cambridge: Cambridge University Press, 1983.
  2. შუკაკიძე, მ., პრაგმატული მეტყველების განვითარება, თბ., 2016.
  3. Bishop, N.D. Pragmatic language impairement: A correlat of SLI, a distinct subgroup, or part of the autistic continuum, 2000.
  4. Bishop, N.D. Children’s communication cheklist, 2003
  5. https://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000065/Disertacia.pdf
  6. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90
  7. https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/37011-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98/93/
  8. ნატო ინგოროყვას პოეზია https://poetry.ge/poets/nato-ingorokva/poems
  9. იორიკის(დათო ყანჩაშვილის) პოეზია

სოციალური სამართლიანობა და მისი განზომილებები

0

„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა – კავკასიურმა სახლმა“ მსოფლიოში ცნობილი გარემოსდამცველებისა და სოციალური თეორეტიკოსების ტექსტები თარგმნა. თარგმნილი ტექსტები ერთ წიგნად შევკარით და მას „მწვანე ანთოლოგია“ ვუწოდეთ. ჩვენ მიერ შერჩეული ავტორები თავიანთ სტატიებში გლობალური დათბობის, გენდერული უთანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის შესახებ მსჯელობენ. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დახმარებით ისიც მოვახერხეთ, რომ თბილისში გერჰარდ შიკს ვუმასპინძლეთ. გერჰარდ შიკს ევროპის პოლიტიკური და ფინანსური წრეები კარგად იცნობენ. ის ბუნდესტაგის წევრი, აქტიური პარლამენტარი და ანგარიშგასაწევი ეკონომისტი გახლავთ. ბოლო დროს ბევრი გამომცემლობა ნადირობს მისი პუბლიცისტიკის დასტამბვის უფლების მოპოვებაზე.

რამდენიმე ათეულ ადამიანს ძალიან გაგვიმართლა კიდეც, ჩვენ ხელიდან არ გავუშვით გერმანელი კანონმდებლის საჯარო ლექციაზე დასწრების შანსი. დოქტორმა შიკმა ბევრ საინტერესო საერთაშორისო ტენდენციასა თუ გამოწვევაზე ისაუბრა. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მისმა ერთმა მოსაზრებამ დაიმსახურა. პუბლიცისტმა ყურადღება გაამახვილა სოციალური სამართლიანობის სხვადასხვა განზომილების არსებობის საკითხზე.

რა არის სოციალური სამართლიანობა?

სოციალური სამართლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის რესურსების სამართლიან განაწილებას გულისხმობს. რესურსების განაწილების შედეგად ჯგუფებსა თუ ცალკეულ ინდივიდებს თანაბარი განვითარების შანსები უნდა მიეცეთ. სოციალურად სამართლიანი საზოგადოება მეტ-ნაკლებად თავისუფალია ჩაგვრისა და შევიწროვებისაგან (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედამიწაზე სამოთხე არ არსებობს).

საქართველოში სოციალური სამართლიანობის მხოლოდ ერთ განზომილებაზე საუბრობენ ხოლმე. რიგი მოაზროვნეები მსჯელობის მთავარ საგნად მხოლოდ კაპიტალს განიხილავენ და აქცენტს მხოლოდ ეკონომიკური რესურსების არათანაბარ განაწილებაზე სვამენ. მათ მიაჩნიათ, რომ უსამართლობის ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი ფულის მასაზე ხელმისაწვდომობის საკითხი გახლავთ. ცხადია, მდიდრებსა და ღარიბებს, შემოსავლიანებსა და შემოსავლის არმქონე პირებს შორის არსებული უფსკრული ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი, პირველხარისხოვანი პრობლემაა, მაგრამ საზოგადოების ანტაგონისტურ ჯგუფებად დაყოფა  არაერთი  სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს. არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ფინანსური უთანასწორობა ჩაგვრის სხვა ფორმების წინაპირობაც ხდება ხოლმე.

მაგალითად, დოქტორმა შიკმა სოფლისა (პერიპერიული დასახლებების) და ქალაქის ყოველდღიურობის ერთმანეთისგან გამიჯვნისკენ მოგვიწოდა. მთელ მსოფლიოში, ევროპაშიც და საქართველოშიც რეალურ პროდუქციას სოფლებში და პერიფერიულ ინდუსტრიულ ქალაქებში  ქმნიან. ამგვარ ადგილებში იწარმოება აგრარული საქონელიც და მძიმე მრეწველობის პროდუქციაც. მიუხედავად ამისა, მანქანათმშენებელ ქალაქ ვოლფსბურგზე ათასჯერ უფრო მდიდარი და განვითარებული დასახლეებაა ბირჟებისა და ბანკების ევროპული დედაქალაქი მაინის ფრანკფურტი. საქართველოს საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს პატარა, ეკოლოგიურად დაბინძურებულ და კატასტროფის პირას მყოფ ქალაქებში იქმნება, მაგრამ შრომის კვალი ამ დასახლებებს საერთოდ არ ეტყობათ. გერმანელმა ავტორმა ჩვენთან დისკუსიის დროს სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოფაზეც მიანიშნა. შეიძლება ადამიანი მდიდარი იყოს, მაგრამ უამრავ სიკეთეზე არ მიუწვდებოდეს ხელი მხოლოდ იმიტომ, რომ ცენტრისგან მოშორებით ცხოვრობს.

სოციალურ სამართლიანობას ეკოლოგიური განზომილებაც აქვს. ყოველდღიურად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სუფთა ჰაერისა და წყლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. სუფთა ჰაერისა და წყლის დეფიციტი მსოფლიოს არაერთ მრავალმილიონიან ქალაქსა თუ ქვეყანას აწუხებს. ეკოლოგიური კატასტროფა და გლობალური დათბობა უკანასკნელ ეტაპზე ადამიანებს ერთმანეთისაგან აღარ განარჩევს.

ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ სოციალური სამართლიანობის კულტურულ და გენდერულ ასპექტებზეც. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ის გარემოება, რომ პლანეტის ყველა კუთხეში ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისათვის, ერთი და იმავე კვალიფიკაციის ადამიანები განსხვავებულ ანაზღაურებას იმსახურებენ. როგორც წესი, კვალიფიციურ ქალებს ნაკლებს უხდიან.

კინომატოგრაფში კარგად ნამდვილად ვერ ვერკვევი. ჩემი და ხუმრობს, რომ ჯამში სამი კინო მაქვს ნანახი. რამდენიმე დღის წინ მეოთხე ფილმსაც ვუყურე. 2007 წელს გადაღებულ დრამას „თავისუფლების მწერლები“ ჰქვია. ფილმის მთავარი გმირი მასწავლებელია, რომელიც თავისი ლათინოსი, აფროამერიკელი, აზიელი, მუსლიმი სტუდენტების გაუსაძლისი მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს. მისი მოსწავლეები ყოველდღიურად მხოლოდ იმიტომ გადიან ჯოჯოხეთურ გზას, რომ ისინი გაბატონებული კულტურის წარმომადგენლები არ არიან. ვფიქრობ, დოქტორმა შიკმა კულტურებს შორის უსამართლობის ხაზგასმის დროს სწორედ ჰილარი სუონქის მოსწავლეების ცხოვრების წესი იგულისხმა.

სულ ბოლოს, ევროპელმა ეკონომისტმა მთელი დასავლური საზოგადოება გააკრიტიკა. ის წუხს, რომ ჩვენ ყველანი ევროპაცენტრულად ვაზროვნებთ. ევროპაცენტრული აზროვნება ყველაფრის დასავლური პერსპექტივიდან განხილვას გულისხმობს. ჩვენ კარგად არ ვიცით რა უჭირთ „მესამე სამყაროს“ ქვეყნებს, რა ადარდებთ ახლო აღმოსავლეთში, რას მიიჩნევენ პირველხარისხოვან ამოცანად ლათინურ ამერიკაში, როგორი დღის წესრიგი აქვთ ავსტრალიელებს და ა.შ. ძალაუფლება გლობალურ ჩრდილოეთშია კონცენტრირებული, სამხრეთის ქვეყნები კი თამაშგარე მდგომარეობაში არიან აღმოჩენილნი, ისინი სათანადოდ დედამიწის მომავლის შესახებ მიმდინარე დისკუსიებშიც კი ვერ მონაწილეობენ. სოციალურ სამართლიანობას საერთაშორისო განზომილებაც აქვს.

მე რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვიყო, ჩემს მოსწავლეებთან ერთად აუცილებლად განვიხილავდი სოციალური სამართლიანობისა და მისი მრავალგანზომილებიანი შინაარსის საკითხს.

„შეტევითი ქარიშხლიდან“ „განდგომილ სიჩუმემდე“           

0

რომანტიზმის ეპოქა ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საფორტეპიანო მუსიკის განვითარებისათვის და გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ რობერტ შუმანის სახელი ამ მიმდინარეობის სინონიმად იქცა. მან შეძლო მუსიკაში რომანტიზმის ჭეშმარიტი ბუნების გამოვლენა (რომანტიკოსების აზრით, რომანტიზმი სიყვარული და პოეზიის პოეზიაა).  კომპოზიტორისთვის მუსიკა მისი სულის გამოვლენის, ფანტასტიკური სახეებისა და ოცნებების განხორციელების საუკეთესო საშუალებად იქცა.

შუმანის სახელი გამორჩეულია XIX საუკუნის ბრწყინვალე ევროპული რომანტიკული ხელოვნების ფონზე; მას ცოტა ვინმე თუ შეედრებოდა ზემგრძნობელობაში… შუმანის გაშიშვლებული სული ფაქიზად შეიგრძნობდა ადამიანის განცდებს. მოაზროვნე რობერტ შუმანი ხელოვანის გენიალური ალღოთი, გასაოცარი სიღრმით პოეტური სახეებისა და ადამიანური განცდების რთული გამის ჩვენებისკენ ისწრაფოდა. უდიდესი ლირიკოსის მუსიკა მსმენელს აოცებდა სწრაფად ცვალებადი სახეებით, უჩვეულო კონტრასტით – „შეტევითი ქარიშხლიდან“ მშვიდ, თითქმის „განდგომილ სიჩუმემდე“. მის ვნებიან, აღელვებულ მუსიკაში  დაუკმაყოფილებელი, მეამბოხე და მშფოთვარე პიროვნების პროტესტი გაისმოდა, თუმცა კომპოზიტორის შემოქმედებას პოეტური ოცნებები  მუდმივად გასდევს. შუმანის გრძნობათა სამყაროში ლიტერატურა მუსიკალურ-პოეტური სახეების შექმნის დაუშრეტელი ფანტაზიის წყარო იყო.

შუმანის მუსიკა, როგორც მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგი, სამყაროს ახლებურ ხედვას გამოხატავს. მუსიკალური ენის ახალი გამომსახველობითი ხერხების ძიებაში თამამი ნოვატორი ქმნის ახლებურ მუსიკალურ ჟანრებსა და ფორმებს, მელოდიურ ინტონაციებს, ჰარმონიულ თანმიმდევრობებს, რიტმულ მონახაზებს, რაც ავტორისეულ გამოკვეთილ სტილზე მიანიშნებს. შუმანის შემოქმედება მის თანამედროვეებს გამოუცნობად, მიუწვდომლად მიაჩნდათ. თვითმყოფადი კომპოზიტორის მუსიკალური ენა, ახალი სახეები და ფორმები დაძაბულ და ღრმა წვდომას მოითხოვდა, რაც იმ დროის საზოგადოებისთვის ძალზე უჩვეულო აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მისი ხელოვნება მუსიკოსთა შორისაც ძნელად იკვლევდა გზას, თუმცა შუმანის შემოქმედებამ ხელი შეუწყო მუსიკალური ხელოვნების შემდგომ განვითარება-განახლებას.

შუმანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად საკმარისია გამოვყოთ მისი პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი – იმპულსურობა, რის მკვებავ ნიადაგად რომანტიკული ნატურის ისეთი თვისებები მოიაზრება, როგორიცაა მომეტებული მგრძნობიარობა, ხასიათის გაუწონასწორებლობა, გარშემომყოფთა მიმართ მწვავე რეაქციები, მოულოდნელი ფეთქებადობა,მუდმივი შფოთვა, გულგრილობის სრული შეუძლებლობა; ხასიათის უწყვეტი ცვლა – ნერვული აღგზნების პიკიდან სრულ აპათიამდე, ექსტაზური სიხარულიდან „მსოფლიო მწუხარებამდე“. ამასთან ერთად, ყოველივე ეს გადაჯაჭვული იყო ზეშთაგონების, პოეტურობის, უშუალობისა და გულწრფელობის გამოვლინებასთან.

სუ

რობერტ შუმანის ბიოგრაფიული ცნობები: დაიბადა 1810 წლის 8 ივნისს საქსონიის ქალაქ ცვიკაუში წიგნის გამომცემლის ოჯახში. 7 წლისა უკვე ქმნიდა პატარ-პატარა ნაწარმოებებს. მოზარდის სულიერ განვითარებაში უდიდეს ადგილს ლიტერატურისადმი ინტერესი იკავებდა. მოგვიანებით მას იტაცებს გერმანელებისთვის უსაყვარლესი რომანტიკოსი ჟან პოლი და ჯორჯ ბაირონი. შუმანს განსაკუთრებით იზიდავდა ჟან პოლის გადამეტებული ემოციურობა, სწრაფვა არაჩვეულებრივისკენ, თავისებური ენა გადატვირთული რთული მეტაფორებით, რამაც შემდგომ დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. აქვე უნდა ითქვას, შუმანის ხელოვნების ერთ-ერთი  დამახასიათებელი ნიშანია ლიტერატურული და მუსიკალური სახეების ერთიანობა. საგულისხმოა, რომ შუმანი მუსიკასა და ლიტერატურას (პოეზიის) შორის არჩევანში დიდ ხანს მერყეობდა, თუმცა ეს უსაზღვრო სიყვარული მის მიერ დაარსებულ გავლენიან ჟურნალში, როგორც მუსიკალურმა კრიტიკოსმა, მაინც გამოამჟღავნა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შუმანი, დედის დაჟინებული თხოვნით, ლაიპციგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. გერმანიის კულტურული ცენტრის საზოგადოებრივ-მუსიკალურმა სიცოცხლით სავსე ატმოსფერომ – მრავალფეროვანმა შთაბეჭდილებებმა, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებმა ახალგაზრდა ხელოვანი უმალ დაიპყრო. ერთ-ერთ ამგვარ შეხვედრაზე შუმანი შეხვდა ლაიპციგის ავტორიტეტულ მუსიკოს-პედაგოგს ფრიდრიხ ვიკს და მის ქალიშვილს, ცხრა წლის ვუნდერკინდ პიანისტ კლარას (მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ ლისტი, მენდელსონი, პაგანინი, გოეთე…). კლარა ვიკის – „ფორტეპიანოს პაგანინის“ გასაოცარმა დაკვრამ და ამასთან ერთად მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე ნიკოლო პაგანინის მოსმენამ, რობერტს გადააწყვეტინა სამუდამოდ მიეძღვნა თავი მუსიკისათვის და საკუთარი საშემსრულებლო ხელოვნება გაეღრმავებინა გამოცდილ პედაგოგ ფრიდრიხ ვიკთან. ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა მომავალი კომპოზიტორისთვის; მისი ცხოვრება და შემოქმედება კლარას სახელთან, მათი სიყვარულის ისტორიასთან სამუდამოდ გადაიჯაჭვა.

შუმანი ფორტეპიანოს დაუფლებას ენთუზიაზმით შეუდგა, სურდა, რაც შეიძლება სწრაფად აღედგინა დაკარგული წლები. ტექნიკური სავარჯიშოების გადამეტებულმა ფორსირებამ და თითების მექანიკურმა გაჭიმვამ იგი მარჯვენა ხელის სამუდამო დაზიანებამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, 24 წლის შუმანის გზა ვირტუოზ-პიანისტის კარიერისაკენ სავალალოდ დასრულდა. ეს შემთხვევა მისი არამდგრადი ფსიქიკისთვის პირველი დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ამ დროს რობერტს მაშველ რგოლად კლარა გამოეცხადა, მომავალში მეუღლე და მისი ნაწარმოებების პოპულარიზატორი.

ვინაიდან შუმანისთვის განსაკუთრებით ახლობელი იყო ფორტეპიანოს ჟღერადობა და საკრავიც მის ჭირვეულ ფანტაზიას ადვილად ემორჩილებოდა, იგი მთლიანად და დიდი გატაცებით გადაერთო საფორტეპიანო მუსიკის შექმნაზე.

პედაგოგ ფრიდრიხ ვიკის სახლში ცხოვრების პერიოდში, კლარასა და რობერტს შორის მჭიდრო სულიერი მეგობრობა წარმოიშვა. კლარას ბავშვური წარმოდგენები შუმანის მდიდარი ფანტაზიების – პოეტური ზღაპრებისა და მუსიკალური იმპროვიზაციების ტყვედ იქცა. კომპოზიტორი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს მის მუსიკალურ და არტისტულ ზრდას. დროთა განმავლობაში მეგობრობა ძლიერ გრძნობაში გადაიზარდა.

1840 წელს კლარას სრულწლოვანებამ შუმანს დიდი ხნის ოცნება აუსრულა. კლარამ უფლება მოიპოვა საკუთარი ბედი დამოუკიდებლად გადაეწყვიტა და ამავე წლის სექტემბრის თვეში რობერტ შუმანი და კლარა ვიკი დაქორწინდნენ. ეს ამბავი შუმანის ცხოვრებისა და შემოქმედებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ნაყოფიერ მოვლენად იქცა. მუსიკა თითქოს მისი სულიდან იღვრებოდა… იქმნებოდა სიმფონიები, სიმებიანი კვარტეტები, სონატები, ორატორიები.

სამწუხაროდ, ამ რომანტიკულმა სიყვარულმა თანდათან საბედისწერო ხასიათი მიიღო, რაც რობერტისთვის ყოფნა-არ ყოფნის საკითხად გადაიქცა. 1849 წლიდან შუმანის ჯანმრთელობა მკვეთრად უარესდებოდა: გამწვავებული ფსიქიკური  მდგომარეობა მძიმე აპათიით იცვლებოდა, რასაც თან მტანჯველი ჰალუცინაციები და შიშები ერთვოდა. კომპოზიტორი ჩიოდა, რომ ბგერა „ლა“ მოსვენებას არ აძლევდა. ხანდახან კი ეჩვენებოდა, მისი სათაყვანებელი შუბერტი ღამღამობით ახალ მუსიკალურ თემებს კარნახობს. კლარასთვის არაერთხელ უთქვამს: – „ჩემს თავში მუდმივად ცხოვრობენ ბგერები“. მოახლოებული კატასტროფის შეგრძნება გულჩათხრობილ შუმანს უფრო  კარჩაკეტილს ხდიდა.

რობერტ შუმანი უკანასკნელ წლებში პროგრესირებად, მძიმედ მიმდინარე ფსიქიკურ დაავადებას ებრძოდა. ტრაგედია ახლოვდებოდა. 1854 წლის გაზაფხულზე სასოწარკვეთილი და თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილი შუმანი მდინარე რაინში გადაეშვება. მას გადაარჩენენ, მაგრამ საღი გონება სიცოცხლის ბოლო 2 წლის განმავლობაში აღარ დაუბრუნდება.

1856 წლის 29 ივლისს, 46 წლის ასაკში შუმანის ცხოვრება სულიერად დაავადებულთა ჰოსპიტალში შეწყდა. მომაკვდავის საწოლთან მუხლებზე იდგა მისი ცხოვრების სხივი – კლარა.

 

     როგორ ვაკეთებ ცოდნის საზოგადოებრივ დათვალიერებას

0

მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივიზაციის ფორმებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცოდნის  კონსტრუირებას და დიდაქტიკურ თამაშს.    მინდა,  გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება: შევადგინე სამუშაო გეგმა, რომელიც გავაცანი კლასს, მოსწავლეებს მივეცი დავალებები და მივუთითე დამატებითი ლიტერატურა.

ჩემი უშუალო მონაწილეობით ბავშვებმა დაამუშავეს საკითხები, შეადგინეს კითხვები, კროსვორდები და სხვა..

  ორი კვირით ადრე  სკოლაში გავაკარით განცხადება, სადაც მითითებული იყო დიდაქტიკური თამაშის ჩატარდების დრო. განცხადებასთან ერთად მოსწავლეები გაეცნენ  საინტერესო კითხვარებს, რომელთა მომზადება დაევალა როგორც  ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს, ასევე სხვა კლასის მოსწავლეებსაც.

  ღონისძიება  მიეძღვნა  უჯრედის აგებულების შესწავლას.  ღონისძიება ჩატარეთ VII-VIII-X-კლასებში.  გეგმაში მოცემული საკითხები ითვალისწინებდა სხვადასხვა ლიტერატურულ სამუშაოებს. აკიმუშკინის „სახალისო ბიოლოგია“-დან მოსწავლეებს დასამუშავებლად   თემისთვის საჭირო მასალა  მივუთითე.

უჯ

  ღონისძიება უფრო საინტერესო რომ  ყოფილიყო,  დიდაქტიკური თამაში დავასტრუქტურეთ.  თითოეულ ბავშვს დაევალა უჯრედის თითოეული ორგანოიდის განსახიერება. ამ ორგანოიდის აღმოჩენის ისტორიის , მათი აგებულების  და ფუნქციის შესახებ ინფორმაციის დამუშავება. ანტიბიოტიკების აღმოჩენის ისტორია, მათი გამოყენება, დადებითი და უარყოფითი მხარეები.

   დავამზადეთ ემბლემები, ტრანსპარანტები „მე ვამზადებ ორგანიზმის საშენ მასალას“, „გულის მუშაობას ვარეგულირებ“, „მე ყველგან უდიდეს როლს ვთამაშობ“. დავალება განაწილებულია.  მოსწავლეები სათანადო წარწერით და ემბლემით დამშვენებულები  დარბაზში მუსიკის თანხლებით შემოდიან.  ღონიძიების წამყვანი მონაწილეებს და მსმენელებს აცნობს გეგმას:

  1. უჯრედის მნიშვნელობა
  2. მისი აგებულება
  3. ანტიბოტიკები_ მათი აღმოჩენის ისტორია

იწყება პრეზენტაციები:

I-მოსწავლე-უჯრედი.  მე  უჯრედი ვარ- ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი ერთეული. ჩვენ ისე მცირე ზომისანი ვართ, რომ ჩვენი დანახვა მხოლოდ XVII-საუკუნეში მიკროსკოპის გამოგონების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ინგლისელმა  ბუნებისმეტყველმა რობერტ ჰუკმა თავისივე  დამზადებული  მიკროსკოპით  დაათვალიერა კორპის  საცობის თხელი ანათალი და აღმოაჩინა პატარა საკნები და თითოეულ ასეთ საკანს  უჯრედი  გვიწოდა.  მეცნიერი შეცდა, მან  ჩვენ ვერ დაგვინახა. იგი აკვირდებოდა დიდი ხნის წინ მკვდარ უშიგთავსო მცენარეული უჯრედების გარსს.  უჯრედს ლათინურად „ცელულა“, ბერძნულად კი  „ციტო“ ქვია.

II-მოსწავლე-ციტოპლაზმა.  მე ციტოპლაზმა მქვია, წარმოვადგენ ნახევრად თხევად გარემოს. ჩემში გაბნეულია ორგანოიდები და ჩანართები. 90% წყალს შევიცავ. ჩემთან იმყოფებიან ცილები, ნუკლეინის მჟავები, ცხიმები, მინერალური მარილები. ჩემთვის ძირითადია უწვრილესი ძაფები, რომელთა დიამეტრი 5 ნანომეტრია. ისინი მინარჩუნებენ ფორმას. ჩემი ძირითადი ნივთიერებით ვაკავშირებ ერთმანეთთან ჩემს ორგანოიდებს.

III-მოსწავლე-ბირთვი.   მე ბირთვი ვარ , ჩემი ფორმა , ზომა და სტრუქტურა მრავალფეროვანია. ზოგ ორგანიზმში მომრგვალო, ზოგან ოვალური, ზოგან ჩხირისებრი ფორმით ვარ. მე ძალიან დიდი საქმე მაბარია. ჩემთან წყდება უჯრედის რომელმა ორგანოიდმა რა საქმე უნდა შეასრულოს. ჩემთან ინახება ინფორმაცია  უჯრედის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების შესახებ. მე განვაგებ უჯრედში მიმდინარე ყველა პროცესს. 1831 წელს ინგლისელმა მეცნიერმა რობერტ ბრაუნმა აღმომაჩინა და სახელად ბირთვი მიწოდა.

IV-მოსწავლე-პლაზმური მემბრანა. მე პლაზმური მემბანა ვარ. დიახ, მე ვგავარ იმ კედლებს, რომელიც შენს სახლს გარს აკრავს. როგორც შენი სახლის კედლები ქმნიან ბარიერს შენსა და გარე სამყაროს შორის, ასევე უჯრედის მემბრანა,  ანუ მე ვქმნი ბარიერს უჯრედის შიგთავსსა და უჯრედის გარე სივრცეს შორის. არის ნივთიერებები, რომელთაც არ ვატარებ, ბარიერი მათთვის გადაულახავია, ზოგს ვცნობ  და ფართოდ ვუღებ კარებს უჯრედის შიგნით. მე შემოვსაზვღვრავ ყველა ორგანოიდს , ვასრულებ დამცავ ფუნქციას და ვაკონტროლებ უჯრედსა და მის გარემოს შორის წყლის , საკვების და სხვა ნივთიერებათა შესვლასა და გამოსვლას.

V-მოსწავლეები  — ენდოპლაზმური ბადეები. ჩვენ ენდოპლაზმური ბადეები ვართ და  აუცილებელნი  ყველა ეუკარიოტული უჯრედისათვის. ელექტრონულ მიკროსკოპს ვერ დავემალეთ. ჩვენი ბრტყელი ღარები და არხები ერთმანეთთანაა  დაკავშირებული  და მემბრანით შემოსაზღვრული . ჩვენ ორნი ვართ. მე გლუვს მეძახიან და ვასინთეზებ ნახშირწყლებს და ლიპიდებს. აი, ჩემი ძმის ხორკლიანი ბადის  მემბრანებზე  რიბოსომები სხედან და ცილებს ამზადებენ. ხომ იცით,  უჯრედს სამშენებლო მასალა სჭირდება.

VI-მოსწავლე- რიბოსომები.  ჩვენ რიბოსომები ძალიან პატარები ვართ.  ერთ უჯრედში, ანუ ერთ  სახლში, ათიათასობით ვართ. ბირთვაკში დავიბადეთ და ციტოპლაზმაში გადმოვედით, სადაც საბოლოოდ ვემზადებით შრომისათვის. შემდეგ ზოგნი ხორკლიან ენდოპლაზმური  ბადისკენ  მივემართებით,  ზოგნი  ციტოპლაზმაში  ვრჩებით,  რათა  ორგანიზმისათვის საშენი მასალა დავამზადოთ.

VII-მოსწავლე  -მე გოლლჯის აპარატი ვარ.    მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იტალიელმა ბიოლოგმა და ექიმმა კამილო გოლჯიმ მიპოვა თავისა  და ზურგის ტვინის უჯრედებში. ბრტყელ ტომსიკებს მამგავსებენ. მე მიგზავნიან სინთეზირებული ცილის, ცხიმის და ნახშირწყლების  მოლეკულებს.    მე მათ ვაწესრიგებ , შემდეგ თითოეულ მათგანს  ვათავსებ  წვრილ ბუშტუკებში და ვაგზავნი დანიშნულების ადგილას.

VIII-მოსწავლე -მე ლიზოსომა ვარ. 1945-1955 წლებში დე დიუვის ლაბორატორიაში აღმომაჩინეს გრანულების სახით და ბერძნულად ლიზოსომები დამარქვეს, ქართულად კი ასე მქვია- ვხსნი სხეულს. მე შევიცავ ათამდე ჰიდროლიზურ ფერმენტს. მე ვაჩქარებ ნივთიერებათა დაშლას. ძალიან პატარა ვარ 0,2-0,5მიკრონი, მაგრამ ფაგოციტოზის დროს ვიზრდები.

IX-მოსწავლე-მე ქლოროპლასტი ვარ. ვსახლობ მცენარეულ უჯრედში. ორი მემბრანა მაქვს,  გარედან გლუვი ვარ, შიგნით კი გრანები მაქვს. გრანები თილაკოიდებისაგან შედგება. თილაკოიდებში ქლოროფილის მოლეკულებია მოთავსებული. ქლოროფილი შთანთქავს მზის ენერგიას. მე ვაწარმოებ ფოტოსინთეზს.

X-მოსწავლე-მე მიტოქონდრია მქვია  და უჯრედის ორგანოიდების ძმა ვარ. ჩემი ძმადნაფიცები კი არიან, მაგრამ ზომით მაინც განვსხვავდებით. ზოგი დაბალია,ზოგი მაღალი. მათი რაოდენობა დამოკიდებულია ჩემს აქტიურობაზე. რაც უფრო აქტიურად მიმდინარეობს უჯრედში ცხოველქმედების პროცესები, მით უფრო მეტნი (მიტოქონდრიები) ვართ. ჩემს შიდა მემბრანებზე  ჩაშენებულია  ფერმენტები , რომელთა მეშვეობითაც ხდება უჯრედისთვის და ასევე მთლიანი ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიის  წარმოქმნა.

პრეზენტაციების  შემდეგ გაიმართა დისკუსია. ბავშვებმა თამაშ-თამაშში ისწავლეს უჯრედის აგებულება და გაეცნენ  პირველადი დახმარების ნიმუშებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია, რათა საჭიროების შემთხვევაში  თითოეულმა  შეძლოს სხვისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა.

გამოყენებული ლიტერატურა

1.ნ.ზაალიშვილი, ნ.იოსებაშვილი-ბიოლოგია X-კლასი

2.ე.შუბნიკოვა- უჯრედის მორფოლოგია და ფუნქციები.

თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა-1971წ.

3.ი.აკიმუშკინი-სახალისო ბიოლოგია

მეცნიერება-,,ათინათი“

 

 

კაკაბეთის საჯარო სკოლის

ბიოლოგიის მასწავლებელი

ლიანა ოქრომჭედლიშვილი

ჰიპერაქტიური ბავშვი და მისი ქცევის მართვა

0

უკანასკნელ წლებში ჰიპერაქტიური ბავშვის ცნება ისე დამკვიდრდა პედაგოგთა და მშობელთა მეტყველებაში, რომ ძალიან ხშირად ნებისმიერი ზედმეტად მოძრავი ბავშვის ქცევის მიზეზების ახსნას სწორედ ჰიპერაქტიურობით ცდილობენ.

     მაინც რა არის ჰიპერაქტიურობა და როგორ ბავშვს შეიძლება ვუწოდოთ ჰიპერაქტიური? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი აღმზრდელთათვის საინტერესო იქნება, ვინაიდან ჰიპერაქტიურის იარლიყის გაუმართლებლად მიკერება ბავშვისთვის შეიძლება საკმაოდ საზიანო აღმოჩნდეს მომავალში. უნდა ითქვას, რომ მოჭარბებული მოტორული აქტივობა არ არის საკმარისი ნიშანი იმისათვის, რომ მის ჰიპერაქტიურობაზე მივიტანოთ ეჭვი. ასეთი ბავშვები ზედმეტი და შემაწუხებელი მოძრაობის გარდა, უყურადღებობითა და იმპულსურობითაც გამოირჩევიან. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჰიპერაქტიურობის დიაგნოზის დასმას აუცილებლად ესაჭიროება ნევროპათოლოგისა და ფსიქოლოგის დასკვნა. მშობელს კი ერთადერთი,  რაც შეუძლია, უნდა  დაუკვირდეს საკუთარი შვილის ქცევას და ეჭვის გაჩენის შემთხვევაში დროულად მიმართოს სპეციალისტს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმის აღნიშვნა, რომ ბავშვის ჰიპერაქტიურობის ნიშნები ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში ვლინდება:

  • როგორც წესი, ჰიპერაქტიური ბავშვები ფიზიკურად კარგად განვითარებული არიან. თანატოლებთან შედარებით უფრო ადრე იწყებენ გადაბრუნებას, ცოცვას, ჯდომას და სიარულს, რაც მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების აღფრთოვანებას იწვევს. მაგრამ არცთუ ისე იშვიათად ასეთ ნახტომს განვითარებაში საწოლიდან გადმოვარდნა და ბევრი სხვა უსიამოვნება მოჰყვება, რისთვისაც ყველაზე ფრთხილი მშობლები მზად არ აღმოჩნდებიან ხოლმე. მათ იმდენ თავსატეხს უჩენს ბავშვის გაუთავებელი მოძრაობა, რომ არ იციან უხაროდეთ თუ არა, როცა მათი პატარა ყველგან დაცოცავს, მისი თანატოლები კი მშვიდად წვანან საწოლებში და არ აწუხებენ მშობლებს;
  • ჰიპერაქტიურ ბავშვებს სიცოცხლის პირველ თვეებშიც კი ძალიან ცოტა სძინავთ. ამასთან, მათ დიდი დრო სჭირდებათ ჩასაძინებლად და ძილიც ძალიან ფრთხილი აქვთ. ასეთი პატარა მგრძნობიარეა უბრალო ხმების მიმართაც კი. შეიძლება ჩაძინებულმა უცებ გაიღვიძოს და ძალიან გაუჭირდეს კვლავ დაძინება;
  • ახასიათებთ ჭირვეულობა, მათი აგზნებადობის დონე მაღალია;
  • არ უყვართ ცვლილებები გარემოში და მწვავედ რეაგირებენ მასზე, ახალ სახეებსა და უცხო ხმებზე. რაც უფრო მეტი უცხო ადამიანია ასეთი ბავშვის გარშემო, მით უფრო ჭირვეული ხდება ის;
  • ასეთ ბავშვებს ყურადღების ერთი მიმართულებით დიდი ხნით წარმართვა არ შეუძლიათ. ამას ჩვენ მისთვის ძალიან საყვარელი და საინტერესო სათამაშოებითაც ვერ მოვახერხებთ;
  • ადრეულ ასაკში ჰიპერაქტიურობის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს ბავშვის დედაზე ზედმეტი მიჯაჭვულობა და უცხო ადამიანების შიში. ისინი ვერ ეწყობიან სტუმრებს და გაურბიან მათ. არ უყვართ, როცა უცხო ადამიანები ეფერებიან. ამასთან, ისინი დედაზეც იწყებენ ეჭვიანობას, თუ ის სხვა ბავშვისკენ წარმართავს ყურადღებას და ეფერება მას;
  • ჰიპერაქტიურობის გამოვლინებები საბავშვო ბაღის ასაკიდან კიდევ უფრო მწვავდება. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ამ პერიოდიდან მისგან გარკვეული წესებისადმი მორჩილებას მოითხოვენ, რის გაკეთებაც მას იმ უბრალო მიზეზის გამო არ შეუძლია, რომ თვითკონტროლის მექანიზმი მასში ვერ მოქმედებს;
  • ჰიპერაქტიურ ბავშვს არ შეუძლია ყურადღების დეტალებზე კონცენტრირება, რის გამოც ხშირად უშვებს შეცდომებს ნებისმიერი დავალების შესრულების დროს;
  • არ შეუძლია ასევე მისკენ მიმართული სიტყვების მოსმენა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იგნორირებას უკეთებს შენიშვნებს;
  • უჭირს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ხშირად შეიძლება იფიქროთ, რომ ის ამგვარად გამოხატავს პროტესტს იმის გამო, რომ არ მოსწონს სამუშაო. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ ბავშვს უბრალოდ არ შეუძლია ინსტრუქციით შეთავაზებული მუშაობის წესების მიღება და დაცვა. ბავშვი უდიდეს სირთულეებს განიცდის საკუთარი საქმიანობის ორგანიზაციის მიმართულებით;
  • ჰიპერაქტიური ბავშვი გაურბის დავალებებს, რომლებიც ხანგრძლივ გონებრივ დაძაბვას საჭიროებს;
  • ხშირად კარგავს საკუთარ ნივთებს, საგნებს და უჭირს მათი პოვნა, ყველაფერი ავიწყდება;
  • მოუსვენარია, არასოდეს ზის მშვიდად, არ შეუძლია ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა, შეიძლება წამოხტეს ნებართვის გარეშე და დაიწყოს კლასში სიარული. ის ყოველთვის მომართულია მოძრაობაზე. მის მოძრაობით აქტივობას, როგორც წესი, არა აქვს რაიმე მიზანი. მას არ შეუძლია წყნარად, მშვიდად ჯდომა და რაიმეთი გართობა, წყნარ თამაშებში ჩართვა. ხშირად ბევრს ლაქლაქებს;
  • შეკითხვებს პასუხს სცემს დაუფიქრებლად, ამასთან ისე, რომ ბოლომდე არ ისმენს, რას ეკითხებიან, უბრალოდ წამოიყვირებს პასუხს;
  • ხშირად აწუხებს სხვებს, ერევა საუბარში, თამაშში;
  • ახასიათებს გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება, ჯიუტობა, ფეთქებადობა და აგრესიულობა;
  • მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერაქტიური ბავშვები ინტელექტუალურად საკმაოდ განვითარებული არიან, ისინი არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასებით ხასიათდებიან. ალბათ ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ისინი, მათი ქცევიდან გამომდინარე, გარშემომყოფთაგან მხოლოდ უარყოფით შეფასებებს იმსახურებენ. თვითშეფასება კი, როგორც ცნობილია შეფასებითი ურთიერთობების საფუძველზე ყალიბდება.

ჰიპერაქტიურობის გამომწვევი მიზეზები:

  • რთული ან ნაადრევი მშობიარობა;
  • საკეისრო კვეთა;
  • ახალშობილის მცირე წონა;
  • დედის ავადმყოფობა ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში;
  • სხვადასხვა ინფექციური დაავადებები;
  • სამშობიარო ტრავმები;
  • ქიმიური მინარევების სიჭარბე საკვებ პროდუქტებში;
  • მემკვიდრეობითობა, გენეტიკური მიდრეკილება.

     საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჰიპერაქტიურობა მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ ქრება გარდამავალი ასაკისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სწორად წარვმართავთ ბავშვთან მუშაობას.

რეკომენდაციები ჰიპერაქტიური ბავშვის ქცევის სამართავად:

  • მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ჩვენი მცდელობა ცელქი და მოუსვენარი ბავშვი მშვიდ არსებად გადავაქციოთ, შეიძლება სრული მარცხით დამთავრდეს. მოძრაობითი აქტივობა ჰიპერაქტიური ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, და თუ ჩვენ მას ამას ავუკრძალავთ, შეიძლება მისი განვითარება შეფერხდეს;
  • ნუ შევეცდებით ბავშვის მართვას ყვირილით და ძალის გამოყენებით. ჰიპერაქტიური ბავშვები ძალიან აგზნებადნი არიან, ამიტომ, ისტერიული ნოტები ჩვენს ხმაში შეიძლება მათი აქტივობის გაძლიერების მიზეზად იქცეს. ვესაუბროთ ბავშვს რბილად, მშვიდად და თავშეკავებულად. მზად ვიყოთ იმისთვის, რომ თავისი საქმით გატაცებული ბავშვი მაშინვე ვერ გაიგებს ჩვენს სიტყვებს, ამიტომ, ნუ გახდება ეს ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი;
  • ყურადღებით მოვეკიდოთ დღის რეჟიმს. ბავშვის ფსიქიკა საჭიროებს სრულფასოვან დასვენებას. შევადგინოთ დღის რეჟიმი და შევეცადოთ, დავაცვევინოთ ის ბავშვს. ბავშვი ერთსა და იმავე დროს უნდა დგებოდეს, ჭამდეს, იძინებდეს და ა.შ. დღის რეჟიმი აუცილებელია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის, რადგან მათ ძალიან უჭირთ დროის განაწილება. თანმიმდევრობის დაცვა, დღის რეჟიმი დადებითად მოქმედებს და აუმჯობესებს არა მარტო ქცევას, არამედ მის ნერვულ სისტემასაც;
  • შევეცადოთ ისე დავგეგმოთ დღე, რომ ბავშვმა რაც შეიძლება ნაკლებად უყუროს ტელევიზორს და ნაკლებად იჯდეს კომპიუტერთან;
  • ბავშვთან ურთიერთობაში გამოვიყენეთ „პოზიტიური მოდელი“ – შევაქოთ და წავახალისოთ ის კარგი ქცევისთვის და შევამციროთ შენიშვნები. ბავშვის ქცევა შექების და წახალისების გარეშე ვერ გაუმჯობესდება. ამავე დროს შექება უნდა იყოს დამსახურებული, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო, მაგრამ მაინც კარგი და სწორი ქცევისთვის. რასაკვირველია, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს გარკვეული საქციელი, რომელსაც არ მოიწონებენ და რომლისთვისაც ის დაისჯება (მაგალითად, აგრესიული ქცევა და იმ წესების დარღვევა, რომელიც ოჯახსა და სკოლაშია მიღებული), მაგრამ, ყოველ წვრილმანზე შენიშვნა, ყოველ წამს ბავშვის გაკრიტიკება არ არის მართებული. ამას მხოლოდ უკურეაქცია ან აგრესიული ქცევა მოჰყვება; ხაზგასმით აღვნიშნოთ ბავშვის წარმატებები, ეს მას საკუთარი ძალების რწმენას შეჰმატებს. მოვერიდოთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „არა“ და „არ შეიძლება“;
  • დროის გარკვეულ მონაკვეთში ბავშვს მხოლოდ ერთი დავალება უნდა მივცეთ იმისთვის, რომ მან შეძლოს მისი დასრულება;
  • წავახალისოთ ბავშვი ყველა იმ საქმიანობისათვის, რომელიც მისგან ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს;
  • მოვარიდოთ ბავშვი ხალხმრავალ ადგილებს. იქ ბავშვი ცუდად გრძნობს თავს. შეიძლება გამოვლინდეს სომატური ჩივილებიც, მაგ. თავის ტკივილი;
  • თამაშის დროს სასურველია, ბავშვს ერთ პარტნიორთან ჰქონდეს ურთიერთობა. მოვარიდოთ ის ხმაურიან და შფოთიან მეგობრებს;
  • დავიცვათ ბავშვი გადაღლილობისაგან, რადგან ის მასში თვითკონტროლის დაქვეითებასა და ჰიპერაქტიურობის მომატებას იწვევს;
  • გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები და მისგან ზედმეტს ნუ მოვითხოვთ. მოვთხოვოთ ის, რის შესაძლებლობებიც მას გააჩნია. ეს ეხება ბავშვის, როგორც გონებრივ, ასევე ქცევით და სოციალურ სფეროებს;
  • ნუ დაველოდებით ბავშვისგან სწრაფ ცვლილებებს; მოვიკრიბოთ ნებისყოფა და აღვიჭურვოთ მოთმინებით. გვახსოვდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ჩვენგან დიდ მოთმინებას და ძალისხმევას მოითხოვს;
  • გვახსოვდეს, რომ ბავშვმა ხშირად იცის კიდეც, ცუდად რომ იქცევა, მაგრამ ვერაფრით ერევა თავს. სინამდვილეში მის ცუდ ქცევას განსაზღვრავს ის ბიოლოგიური დისბალანსი, რომელსაც თავის ტვინში აქვს ადგილი; ან გენი, რომელიც მას ახლო ნათესავისგან გადმოეცა;
  • კორექტულად გავაანალიზოთ ბავშვის ქცევა და შევეცადოთ ავუმაღლოთ მას თვითშეფასება, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობის გრძნობა.

     დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ მართალია ჰიპერაქტიურობა გარდაუვალია, მაგრამ შეიძლება მისი გამოვლინებების შემცირება ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთან, ნუ დავივიწყებთ, რომ ასეთი ბავშვები სხვებზე მეტად საჭიროებენ სითბოს, ზრუნვას, ყურადღებას და სიყვარულს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...