შაბათი, აგვისტო 9, 2025
9 აგვისტო, შაბათი, 2025

ახსნის ხელოვნება

0

მოსწავლეები ზოგჯერ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მასწავლებლის მიმართ, თუმცა ის შესაძლოა თავისი საგნის კარგი სპეციალისტი იყოს: „ეჭვი არ გვეპარება, კარგად იცის საგანი, მაგრამ ეტყობა, ტვინი ენასთან ცუდად აქვს შეერთებული!“

წყენასა და გაღიზიანებას საფუძვლად უდევს ორი მომენტი, რომლებიც თითქმის ყველა პედაგოგისთვის ნაცნობია: უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეები ახსნის უნარს მასწავლებლის აუცილებელ თვისებად განიხილავენ; მეორე – საგნის კარგი ცოდნა არ ნიშნავს, რომ კარგი მასწავლებელი ხართ. ამრიგად, როდესაც თქვენი მოსწავლეები ჩივიან, რომ არ ესმით ახსნილი მასალა, ყველაფერს მათ „სიჩლუნგეს“ ნუ დააბრალებთ – იქნებ თვითონვე გჭირდებათ ახსნის უნარის განვითარება?

ლომ1

როგორ ვისწავლოთ ახსნა? მოდი, განვიხილოთ ახსნის რამდენიმე მაგალითი და გავარკვიოთ, რატომაა ისინი ეფექტური ან უეფექტო.

ავიღოთ მაგალითები, სადაც ახსნილია, როგორ მოვხვდეთ ჩარლზ-სტრიტზე:

  1. „პირდაპირ წრიულზე; მოუხვიეთ მესამე დაღმართთან, ისრით დრიუმეზე. ნახევარი მილის შემდეგ ჩაუხვიეთ მარჯვნივ, სადაც გზა იტოტება. ეს იქნება პირველივე შესახვევი მარცხნივ. მაშასადამე, მარჯვნივ წრიულთან, მარჯვნივ დატოტვილთან და მერე პირველივე შესახვევი მარცხნივ“.
  2. 2. „ჩარლზ-სტრიტი, გადის კემბერტონ-სტრიტიდან. თუ ცენტრისკენ იმოძრავებთ, ის მარცხნივ იქნება. გაივლით კარინგტონს, იქ ახლა ბაზრობაა, წარმოგიდგენიათ, კოსტიუმ-სამეულები 500 გირვანქაზე იაფად იყიდება! მერე გაივლით რკინიგზის სადგურთან, რა თქმა უნდა, ვაგზალთან კი არა, არამედ ფარინგტონ-სტრიტთან – ხომ იცით, იუსტონის განშტოებაა. გაუყევით იმავე ქუჩას, სანამ ბულ-რინგს არ მიადგებით. თითქმის მილია, არმისული ცენტრამდე. მოუხვიეთ მარჯვნივ. მარჯვენა მხარეს დაინახავთ ისარს, რომელიც ფეხბურთის მოედნისკენ მიუთითებს – მას სტადიონს უწოდებენ, თუმცა გაუგებარია, რატომ… ამის შემდეგ აღმოჩნდებით კამბერტონ-სტრიტზე, ხოლო იქიდან როგორ უნდა მოხვდეთ ჩარლზ-სტრიტზე, უკვე აგიხსენით“.

რა ღირსება და ნაკლი აქვს ამ ორ მაგალითს?

მეორე ახსნა შეიცავს უსარგებლო ინფორმაციას, რომელიც აჭიანურებს და ბუნდოვანს ხდის ახსნას. ამასთან, გულისხმობს, რომ ადამიანს უკვე აქვს გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ, შეუძლია იცნოს ბულ-რინგი. ეს ახსნა ლოგიკურად არ არის ჩამოყალიბებული, მისი ბოლო ნაწილი თავშია მოცემული.

პირველი ახსნა ვცელია, ლოგიკურადაა აწყობილი, შეიცავს რეზიუმეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტები ინტონაციურად არის ხაზგასმული.

კარგი ახსნა:

  • უნდა იძლეოდეს საკმარის ინფორმაციას ასახსნელი ცნების არგუმენტირებული და ლოგიკურად გამართული აღწერისთვის;
  • ორიენტირებას ახდენდეს მხოლოდ იმ ცოდნაზე, რომელიც მოსწავლეებს უკვე აქვთ;
  • ადაპტირებული იყოს კონკრეტულ აუდიტორიაზე, მაშინაც კი, თუ ეს მოითხოვს შინაარსის რომელიმე ელემენტის გამოტოვებას, რომელიც სპეციალისტს (ამ შემთხვევაში – მასწავლებელს) მნიშვნელოვნად მიაჩნია;
  • წარმოთქმული იყოს მოთმინებით და დამაჯერებლად.

ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ფაქტის უბრალო მიწოდება, მაგალითად: „მოძრაობის დაწყებისას მუხრუჭიდან ფეხი ნელ-ნელა უნდა ავიღოთ“, – არ ნიშნავს ახსნას. ახსნა ითვალისწინებს, რომ მოსწავლეები გაიგებენ ყველაფერს – „რატომ?“ „რა?“და „რისთვის?“

ახსნა უნარია, რომელიც უნდა განვივითაროთ –  როგორც დამოუკიდებლად, ისე კლასთან ერთად.

გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ ისწავლოთ. ამოვდივარ იმ დაშვებიდან, რომ მასწავლებელი ცდილობს რაღაც ისეთის ახსნას, რაც მოსწავლეების ძირითადი ნაწილისთვის ძნელი გასაგებია.

დაეყრდენით მოსწავლეების ცოდნასა და გამოცდილებას.

ეს ადვილი არ არის და მოითხოვს საგნის ფართოდ ცოდნას, ასევე – სწორ წარმოდგენას კლასის ცოდნასა და გამოცდილებაზე. აუცილებელია დაწვრილებითი დაგეგმვაც.

ქვემოთ მოყვანილია სქემა იმის საილუსტრაციოდ, რომ ახალი ცოდნის მიღებას საფუძვლად უდევს უკვე არსებული. გვახსოვდეს, რომ დიაგრამაზე გამოსახული პროცესი მოსწავლის გონებაში მიმდინარეობს. განმარტებები, რომლებიც არ უკავშირდება ჩვენს საბაზისო ცოდნას, არათუ არაადეკვატურია, არამედ უაზროც.

ცხ

გაამარტივეთ

ახსნის პროცესში მასწავლებლის მთავარი მტერია ხანმოკლე მეხსიერების შეზღუდული მოცულობა. ნუ ეცდებით ყველაფრის მოყოლას, რაც საკითხის შესახებ იცით. გამოიყენეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, ურომლისოდაც საკითხის ახსნა შეუძლებელია.

ნუ შეგეშინდებათ გამარტივების, თუნდაც ჭეშმარიტებას ოდნავ ასცდეთ. როცა იდეის არსს ყველა გაიგებს, მერეც შეძლებთ მათთვის თავისებურებებისა და გამონაკლისების გაცნობას.

უკიდურეს გამარტივებას ხშირად მიმართავენ საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის მასწავლებლები, რათა მოსწავლეებს საერთო პრინციპი გააგებინონ. აი, მაგალითად, მასწავლებელი ხსნის ტოლობას:

მანძილი = სიჩქარე X დრო

მასწავლებელი: წარმოიდგინე, რომ მოძრაობ საათში 20 მეტრი სიჩქარით. რამდენს გაივლი ერთ საათში?

მოსწავლე: ოც მეტრს.

მასწავლებელი: ორ საათში?

მოსწავლე: ორმოც მეტრს.

მასწავლებელი: და ხუთ საათში?

მოსწავლე: ას მეტრს.

მასწავლებელი: შესანიშნავია, როგორ გამოთვალე?

მოსწავლე: სიჩქარე გავამრავლე დროზე.

მასწავლებელი: ძალიან კარგი, მაშასადამე, მანძილი უდრის სიჩქარისა და დროის ნამრავლს.

ახალი ცნებების ახსნა ძალიან ადვილია. დაეხმარეთ მოსწავლეებს, აუხსნან მასალა ერთმანეთს და საკუთარ თავს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუღრმავდით დეტალებს.

გაფრთხილება:

გამარტივება საკმაოდ რთული პედაგოგიური უნარია და განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს.

ლომ2

აირჩიეთ სირთულის ხარისხი

გამარტივების პრინციპი მოითხოვს, თავი ავარიდოთ უსარგებლო გართულებებს. გამარტივების ერთ-ერთი ხერხია „შავი ყუთის“ წარმოდგენა. ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, რა შედის ყუთში და რა გამოდის იქიდან, ისე, რომ არ ანაღვლებდეს, რა ხდება შიგნით. მაგალითად, ბავშვს, ზრდასრულ ადამიანს, რომელიც არ იცნობს ავტომობილის მექანიკას, მოყვარულ მექანიკოსს და პროფესიონალს მანქანის მუშაობა სირთულის სხვადასხვა დონეზე ესმით. ამავე დროს, არც ერთ მათგანს არ გააჩნია ამ საკითხის სიღრმისეული და ფართო ცოდნა. საწვავის წვის თერმოდინამიკის სპეციალისტს შესაძლოა არ ესმოდეს სავარძლის მოწყობილობის ერგონომიკა. ადამიანთა უმრავლესობა ობიექტთა დიდ ნაწილს „შავ ყუთად“ აღიქვამს, ამიტომ ნუ ეცდებით, ასახსნელი მასალის შესახებ ყველა წვრილმანი გააცნოთ. აირჩიეთ სირთულის მინიმალური დონე, რომელიც იმავდროულად დაწვრილებითიცაა, მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფისთვის.

ეფექტური გამარტივება მიიღწევა გაკვეთილების გააზრებისა და დაგეგმვის გზით.

მასალის აქცენტირება

როდესაც გაუგებარია, რაზე ლაპარაკობს გამომსვლელი, ვკითხულობთ: „მაინც რას ეხება მისი გამოსვლა?“ ცალ–ცალკე ყველა წინადადება გვესმის, მაგრამ ერთიანი აზრი – არა. ყველაზე ხანმოკლე ახსნაც კი ათ წუთს გრძელდება, რომელთა განმავლობაშიც 2000-მდე სიტყვას წარმოვთქვამთ. არის კი ყველა მათგანი ერთნაირად მნიშვნელოვანი? მოსწავლეს, რომლისთვისაც ძნელი გასაგებია ახალი მასალა, უჭირს მთავარის გამოყოფა. ჭკვიან და მოტივირებულ მოსწავლესაც კი დაუხმარებლად შესაძლოა გაუჭირდეს, მეორეხარისხოვანი დეტალებისგან დედააზრის გარჩევა.

მასალის ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დასვათ აქცენტი საკვანძო ფრაზაზე, ჩამონათვალზე ან არგუმენტების ჯაჭვზე.

საკვანძო ფრაზა

შეგიძლიათ, მთელი ასახსნელი მასალის კონცენტრირება მოახდინოთ ერთ ფრაზაზე ან ფორმულირებაზე, რომელიც საკითხის დედააზრს გამოხატავს.

ნუ შეგეშინდებათ, თუ ის მეტისმეტად მარტივი გამოჩნდა – სიმარტივე, პირიქით, თავდაჯერებას შემატებს მოსწავლეებს და დაანახებს, რომ მოცემული მასალა შეიძლება მარტივადაც გადმოიცეს. ძალზე მნიშვნელოვანია, წინასწარ ჩამოაყალიბოთ საკვანძო ფრაზა და რამდენჯერმე გაიმეოროთ ახსნისას.

საკვანძო ფრაზების ნიმუში:

„დენის ძაბვა – ეს არის ელექტრონებზე ზეწოლა“.

„თუ არ ამოვთხრით სანგრებს, საფლავების ამოთხრა მოგვიწევს“.

საკვანძო ფრაზაზე ყურადღების გასამახვილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • ინტონაცია;
  • ჟესტი;
  • გამეორება;
  • პაუზა საკვანძო ფრაზის წარმოთქმამდე და მის შემდეგ.

შეგიძლიათ, დედააზრი დაფაზე დაწეროთ ან ეკრანზე მოახდინოთ მისი პროეცირება, რათა ის მთელი გაკვეთილის განმავლობაში თვალწინ ედგეს კლასს. სასურველია საკვანძო აზრის ჩართვა დასარიგებელ მასალაში. სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩაიწერონ ის. უთხარით: „ყურადღებით მომისმინეთ, ეს მნიშვნელოვანი ფრაზაა…“

დასვით კითხვები, რათა გაარკვიოთ, გაიგო თუ არა კლასმა თემის დედააზრი.

ჩამონათვალი

ზოგიერთი თემის ახსნა უმჯობესია ჩამონათვალის სახით შევაჯამოთ.

 

კოდოსკოპი (ფირის პროექტორი)

მისი უპირატესობა დაფასთან:

  • ფირები შეიძლება წინასწარ მომზადდეს;
  • შესაძლებელია ფირების განახლება და შენახვა შემდგომი გამოყენებისთვის;
  • იძლევა ზუსტი სქემებისა და სურათების (ნახატების) სწრაფი დემონსტრირების საშუალებას;
  • საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ხერხები „გადაფარვა“ და „ახალი ელემენტის გაჩენა“.

ლოგიკური ჯაჭვი

როცა ახსნილი საკითხის არსის ერთ ფრაზაში მოქცევა ვერ ხერხდება, უმჯობესია, ეს ლოგიკური ჯაჭვის მეშვეობით გავაკეთოთ. მაგალითად, როდესაც ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ხსნის, რატომ ადის თბილი ჰაერი ზემოთ, მას შეუძლია დაეყრდნოს მსჯელობათა შემდეგ ჯაჭვს:

აირი გაცხელებისას ფართოვდება;

გაფართოება ამცირებს აირის სიმკვრივეს;

ნაკლებად მკვრივი მასალა ამოტივტივდება უფრო მკვრივში (როგორც კორპი წყალში);

ამიტომ თბილი ჰაერი „ატივტივდება“ ცივში.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თბილი ჰაერი ადის ზემოთ“.

ოთხივე მოყვანილი მტკიცებულება მოითხოვს დამატებით განმარტებას. იმისთვის, რომ გასაგები იყოს, რატომ ადის თბილი ჰაერი მაღლა, გასაგები უნდა იყოს მსჯელობის საერთო მსვლელობაც.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებთან ერთად გაიხსენებთ ან აუხსნით მათ ყოველ მტკიცებულებას, რამდენჯერმე მოკლედ უნდა გაიმეოროთ მსჯელობა. ყოველი მტკიცებულება ცალ–ცალკე უნდა იქნეს გააზრებული, მაგრამ შემდეგ მათ თავი უნდა მოიყარონ ხანმოკლე მეხსიერებაში, რათა მოსწავლეებმა დააკავშირონ ჯაჭვის ყველა ელემენტი და გაიგონ მისი აზრი.

რა ფორმითაც არ უნდა მოახდინოთ ახსნილის რეზიუმირება – საკვანძო ფრაზით, ჩამონათვალით თუ ლოგიკური ჯაჭვით, მნიშვნელოვანია, როგორმე გამოყოთ თქვენი რეზიუმე.

ლომ3

წყარო:

Geoff Petty. Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher. Oxford University Press, 2009, p. 195-201

განათლების მომავალი – მასწავლებელთა აზრით

0

ოგორია განათლების მომავალი? რამდენად განსხვავებულად ისწავლიან მოსწავლეები ათეული წლების შემდეგ? როგორი იქნება მომავლის სკოლა? ტედ-ის ინოვაციური განათლების ჯგუფის წევრებს  ამ საკითხების შესახებ თავიანთი იდეების გაზიარება ვთხოვეთ. მათი პასუხები განსხვავებულია, საინტერესო და დამაფიქრებელი. გიწვევთ განათლების მომავალში, სადაც „ყველა თვითონ აირჩევს საკუთარ თავგადასავალს“.

განათლებაში მეტი დრო დაეთმობა შემოქმედებით უნარებს.

„რადგან სწორედ ეს იქნება მნიშვნელოვანი მომავლის სპეციალობებში. განათლება აღარ იქნება მხოლოდ ცოდნის მიღებისა და გაზიარების პროცესი, არამედ იმის სწავლება, თუ როგორ გამოიყენო ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში“ – ჟოზეფინო რივერა, მასწავლებელი, ბუენოს აირესი, არგენტინა.

საკლასო ოთახი ერთი დიდი შემოქმედებითი სივრცე იქნება.

„Evernote, Google და Siri-ს მსგავსი ტექნოლოგიები განათლების სისტემის არსებითი ნაწილი გახდება და შეცვლის სწავლებისა და შეფასების ფორმებს. მაგალითად, თუკი შეკითხვაზე Siri-ს შეუძლია პასუხის გაცემა, მაშინ ასეთი შეკითხვა ვერ გახდება მოსწავლის შეფასების ნაწილი. ამის ნაცვლად, სწავლება დაეფუძნება პროექტებს. შეფასდება არა მოსწავლის ცოდნა, არამედ მისი კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. ლიტერატურისა და მათემატიკის სწავლება ისევ გაგრძელდება, მაგრამ განსხვავებული ფორმით. მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანი იქნება პრობლემების გადაჭრისა და ლოგიკური ამოცანების ამოხსნის უნარების განვითარება. ლიტერატურის სწავლებისას მთავარი შეკითხვა იქნება, თუ რას ნიშნავს კონკრეტული ნაწარმოები მოსწავლისთვის. ტესტების ჩაბარების ნაცვლად, მოსწავლეები სწავლის შედეგს შემოქმედებითი პროექტებით აჩვენებენ. მასწავლებლის დანიშნულება იქნება, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მოსწავლეს, ინოვაციური პროექტის მიმართულების პოვნაში. როგორ გავხადოთ ბავშვები ინოვატორები? უბრალოდ მივცეთ ამის შესაძლებლობა და თავის ნებაზე მივუშვათ“ – ნიკოლას პროვენზანო, მასწავლებელი, მიჩიგანი, აშშ.

სკოლის შენობა არ იარსებებს.

„ამის ნაცვლად, მოსწავლეები მოძრავ საკლასო ოთახებში ისწავლიან. რეალური სამყარო მათი სკოლა იქნება. მოსწავლეები გამოიყენებენ საჯარო ბიბლიოთეკებსა და საჯარო ლაბორატორიებს პროექტების შესასრულებლად. განათლების მიღება არ შეიზღუდება სკოლის შენობით. უკვე არსებობს ამის მოდელი: მინერვას სკოლები“ – ჰიუკ ჯენგი, მასწავლებელი, ბუსანი, სამხრეთ კორეა.

მოსწავლეები ისწავლიან, რომ არაფერია შეუძლებელი.

„განათლება გაავრცელებს იდეას, რომ ყველაფერი, რაც ამჟამად შეუძლებელია, მომავალში აუცილებლად გახდება შესაძლებელი. ეს უნდა გავხადოთ განათლების ნაწილი“ – კრისტინე სარქსიანი, მასწავლებელი, ერევანი, სომხეთი.

მომავლის განათლება სრულიად განსხვავებული იქნება ამჟამინდელისგან.

სკოლები იქნება მულტიდისციპლინარული, სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული. საკლასო ოთახის შეცვლისთვის რეალური სამყაროს შეცვლაა საჭირო, ხოლო ამჟამად განსხვავება ღარიბ და მდიდარ რაიონებს შორის უზარმაზარია“ – ედუარდო გოდოი, მასწავლებელი, სან პაულო, ბრაზილია

იარსებებენ კი სკოლები 2050 წელს?

„მასწავლებლობა მომაკვდავი პროფესიაა? თუ ეს ასე არ არის, მაშინ საკლასო ოთახი არსებითად შეიცვლება. არა მგონია, რომ ამავე ფორმატით, მერხებისა და სკამების სტრუქტურით იარსებოს სკოლამ მომავალში. ამის ნაცვლად, განათლების არსებითი ნაწილი გახდება ვირტუალური რეალობა და მრავალი თვალთახედვის გააზრება. მოსწავლეები ისწავლიან, როგორ შეთანხმდნენ პრობლემურ საკითხებზე და გაცვალონ იდეები“ – შერონ ჰადარი, მასწავლებელი, რაანანი, ისრაელი.

სანამ სამსახური თანამედროვე სახით არსებობს, იარსებებს სკოლაც.

„ზოგადსაგანმათლებლო სკოლები მოსწავლეებს სოციალური ინფრასტრუქტურის გამოცდილებასაც აძლევს, რომელიც ამზადებს მათ სამსახურეობრივი სივრცისთვის. 2050 წლის „სამსახურებს“ დღევანდელთან ცოტა რამ ექნება საერთო. იმედი ვიქონიოთ, რომ სკოლებიც შესაბამისად შეიცვლება. თუკი ჩვენ დავეხმარებით ბავშვებს, გაიაზრონ საკუთარი ძალა, ინტერესები და ღირებულებები, თუკი სკოლაში ვასწავლით, როგორ გაიძლიერონ მისწრაფებები და აღმოაჩინონ საკუთარი ადგილი ამ სამყაროში – მაშინ ჩვენ სწორი მიმართულებით ვიმუშავებთ, იმის მიუხედავად, სწავლების რა ახალი ტექნოლოგიები იქნება განვითარებული და ხელმისაწვდომი“, – დევიდ მიყასირო, კაჯონ ველის გაერთიანებული სკოლების რაიონის ხელმძღვანელი, კალიფორნია, აშშ.

სკოლის დიზაინი უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული

„სკოლებში უფრო უსაფრთხო ოთახები შეიქმნება. კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებს, რომელთა გამო სწავლის პროცესი ხშირად შეწყდება, ამიტომ სკოლა გახდება მუდმივმოქმედი ცენტრი, ადგილი, სადაც მოსწავლეები დროდადრო, საჭიროების შემთხვევაში  მივლენ“, – შენონ ბრეიკი, მასწავლებელი, კანზასი, აშშ.

 TED-Ed Innovative Educators, ლორა მაკლური

 

 

ვიზუალური წყაროს ანალიზი

0

ეს სტრატეგია  ვიზუალური წყაროს ანალიზისთვის და მოსწავლეებში დაკვირვების, ინტერპრეტაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გასავითარებლად გამოიყენება.

პროცედურა:

პირველი ეტაპი:

დაკვირვებით დაათვალიერეთ სურათი და ყურადღებით დააკვირდით ამ სურათზე მოცემულ ფორმებს, ფერებს, სურათის სტრუქტურას, ადამიანებისა და ობიექტების განლაგებას და სხვა.

მეორე ეტაპი:

აღწერეთ და ჩაიწერეთ, თუ რას ხედავთ სურათზე (რა არის გამოსახული სურათზე), ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციის გარეშე.

ჩანაწერი შეიძლება ასე დაიწყოს:

მე ვხედავ ……

მესამე ეტაპი:

სანამ დაიწყებდეთ   სურათზე მსჯელობას ,რა შეკითხვები დაგიგროვდათ და რომელ მათგანზე პასუხის გაცემას თვლით აუცილებლად?

ჩანაწერი შეიძლება ასე დაიწყოს:

მინდა ვიცოდე …..

ვინ?

რა?

როგორ?

სად?

როდის?

რატომ?

მეოთხე ეტაპი:

იმსჯელეთ  ორ თანაკლასელთან ერთად, რათა პასუხი გასცეთ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს

მეხუთე ეტაპი:

ისტორიული კონტექსტისა და კონკრეტული ვიზუალური წყაროს მიხედვით, განსაზღვრეთ, თუ რა უნდოდა  ეთქვა ავტორს და ვისზე იყო გათვლილი ეს წყარო (ვის მოიაზრებდა ავტორი წყაროს აუდიტორიად)

შეიძლება ასე დაიწყოთ:

ჩემი აზრით, ავტორს უნდოდა ეთქვა ………

მე ვფიქრობ, რომ ამ წყაროს აუდიტორია იყო ……….

ეს სტრატეგია შეიძლება გამოვიყენოთ:

ფერწერული ტილოს, ფოტოს, პოლიტიკური კარიკატურის, სააგიტაციო პლაკატის, ვიდეოკლიპის და სხვა ვიზუალური წყაროს ანალიზისას

ანბანური გონებრივი იერიში

გონებრივი იერიში ერთ-ერთი საინტერესო სასწავლო სტრატეგიაა, რომელიც გამოიყენება სწავლების პროცესში. ამ სტრატეგიის დანიშნულებაა დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი იდეები გადაიტანოს ფურცელზე. ამავე დროს, გონებრივი იერიში იდეების გენერირებისკენაა მიმართული. ეს იდეები ანბანის ნებისმიერი ასო-ბგერისგან შეიძლება იწყებოდეს. ამიტომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული „ანბანური გონებრივი იერიში“ გულისხმობს იდეების დალაგებას ანბანის მიხედვით. ამ სტრატეგიის განხორციელება შეიძლება როგორც ინდივიდუალურად, წყვილებში, მცირე და დიდ ჯგუფებში,  ასევე მთელ კლასთან.

პირველი ეტაპი:

შეარჩიეთ ტექსტი ან თემა, რომლის მიხედვითაც გინდათ მოსწავლეებმა გონებრივი იერიში განახორციელონ. უმჯობესია ისეთი თემების შერჩევა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საზოგადოების განვითარებაში ან ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდს მოიცავენ. მაგ., მეორე მსოფლიო ომი, აღორძინება, რეფორმაცია, ინდუსტრიალიზაცია, საქართველოს გაერთიანება, საქართველოს გაქრისტიანება და სხვა. გონებრივი იერიში შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ რომელიმე ფილმის, წიგნის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ანალიზისას.

მეორე ეტაპი:

ანბანური გონებივი იერიში შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სასწავლო ამოცანის გადასაწყვეტად:

მასწავლებელი ამ სტრატეგიას მიმართავს მაშინ, როდესაც სურს:

  • წინასწარ დაადგინოს, თუ რა იცის აუდიტორიამ განსახილველი თემის შესახებ. ამ შემთხვევაში ანბანური გონებრივი იერიში გავარჯიშებისა და მოთელვის ხასიათს ატარებს.
  • მოსწავლეებმა ხელახლა განიხილონ უკვე შესწავლილი ტექსტი ან თემა. განსაკუთრებით, ტესტირების ან თხზულების დაწერის წინ. ამ შემთხვევაში აქტივობა გამოიყენება განვლილი თემის გამეორებისას.
  • მოსწავლეებში ნანახი ფილმის ან წაკითხული ტექსტის ირგვლივ დისკუსიის სტიმულირება.
  • გაიგოს, თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინეს მოსწავლეებმა შესწავლილი თემიდან.

მესამე ეტაპი:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოწერონ ანბანი ფურცლის მარცხენა ქვედა კუთხეში.

მეოთხე ეტაპი:

ანბანური გონებრივი იერიშის განხორციელება –  თითოეული აზრი ჩამოწერონ  ანბანის რიგის მიხედვით.

ანბანური გონებრივი იერიში სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზანს ისახავს მასწავლებელი. ამიტომ საჭიროა გავითვალისწინოთ ზოგიერთი რამ:

  • ორგანიზება – მუშაობენ მოსწავლეები ინდივიდუალურად, წყვილებში, მცირე და დიდ ჯგუფებში თუ მთელი კლასი?
  • დრო – ეს სტრატეგია კარგად მუშაობს მაშინ, თუ მოსწავლეებს დავალების შესრულებისთვის ფიქსირებულ დროს გამოვუყოფთ. მთელ კლასთან ან ჯგუფურად მუშაობისას საკმარისია 4-5 წუთი, ხოლო ინდივიდუალური მუშაობისთვის დრო მეტი უნდა იყოს. (დროის ლიმიტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მომზადებულნი არიან მოსწავლეები და რა სირთულის თემას ან ტექსტს განიხილავენ ისინი).
  • ანბანური გონებრივი იერიშის მომზადებისას საჭიროა მოსწავლეებმა დაიცვან სიჩუმე და მხოლოდ განხილვის დროს გამართონ დისკუსია.
  • დაკვირვება – მოსწავლეთა შეფასებისას მასწავლებელი უნდა დააკვირდეს: ვინ რამდენი აზრის ჩამოყალიბება მოახერხა და რამდენად შემოქმედებითი და ადეკვატური იყო ეს აზრები.

მეხუთე ეტაპი:

ანბანური გონებრივი იერიშის შედეგები შესანიშნავ მასალას იძლევა როგორც მოსწავლეთა სადისკუსიოდ (თუ მათთან ერთად განვიხილავთ ამ სტრატეგიის შედეგებს), ასევე მათი შესაძლებლობების გასაანალიზებლად. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მასწავლებელმა შემდეგი კითხვები დასვას: რომელი საკითხები ჩაინიშნეს მოსწავლეებმა? რა დასკვნები გამოიტანეს? რა გამორჩათ?

სხვა ვარიანტები:

  • შეჯიბრება – მასწავლებელს შეუძლია მოაწყოს შეჯიბრება ჯგუფებს შორის, თუ ვინ უფრო მეტ ფრაზას (ანბანის მიხედვით) ჩამოწერს გარკვეული დროის განმავლობაში.
  • ანბანის მხოლოდ ნაწილი – მასწავლებელს შეუძლია ანბანის მხოლოდ ნაწილის მიხედვით ჩამოაწერინოს მოსწავლეებს ფრაზები. მას შეუძლია ანბანი სამ ან ოთხ ნაწილად დაყოს და თითოეულ ჯგუფს დაუნაწილოს.
  • ზეპირი გონებრივი იერიში – მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ანბანური რიგის მიხედვით მოსთხოვოს შესაბამისი ფრაზების დასახელება. პირველმა მოსწავლემ ასო- ბგერა „ა“ – თი უნდა დაიწყოს წინადადება, მეორე მოსწავლემ – „ბ“-თი და ა.შ.

 

„დიდი ფურცელი“

ეს სადისკუსიო სტარტეგია ეხმარება მოსწავლეებს ღრმად შეისწავლონ ისტორიული თემა ან მოვლენა. „დიდი ფურცელი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ნაკლებად მონაწილეობს სიტყვიერ დისკუსიებში და გაკვეთილებზე ნაკლებად აქტიურობს.

წერისა და სიჩუმის გამოყენებით, ეს სტრატეგია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მშვიდად და ღრმად ჩაწვდნენ განსახილველ მოვლენას.  წერილობითი „საუბრის“ მეშვეობით, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ყურადღებით გაეცნონ  თანაკლასელთა მოსაზრებებს. ამრიგად, ეს მეთოდი ქმნის ვიზუალურ დოკუმენტს მოსწავლეთა აზრებისა და  შეკითხვებისა, რომლებიც შესაძლებელია მომავალშიც იქნას გამოყენებული. სტატეგიას „დიდი ფურცელი“ შეუძლია ჩართოს სასწავლო პროცესში ის მოსწავლეები, რომლებიც სავარაუდოდ არ მიიღებენ მონაწილეობას ვერბალურ დისკუსიაში. ამ მეთოდის რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ, მოსწავლეთა თვითდაჯერებულობა, სწავლის მოტივაცია და სასწავლო უნარები აშკარად პროგრესს განიცდის.

პირველი ეტაპი:

მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს იმგვარი განსახილველი მასალა, რომელიც მოსწავლეთათვის საინტერესო იქნება. ამ მასალაში იგულისხმება შეკითხვები, ციტატები, ისტორიული დოკუმენტები, ამონარიდები რომანებიდან, ლექსები ან სხვადასხვა სახის მატერიალური ძეგლები (ფერწერული ტილოები, ფოტოები, ქანდაკებები, ბარელიეფები, არქიტექტურის ნიმუშები და სხვა). მოსწავლეთა ჯგუფებს სადისკუსიოდ ერთი და იგივე მასალას ვუნაწილებთ, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, შესაძლებელია განსხვავებული მასალა დავურიგოთ, რომლებიც ერთ ისტორიულ თემას განეკუთვნებიან.  სტრატეგია ყველაზე კარგად მუშაობს მაშინ, თუ მოსწავლეები წყვილებში ან ტრიადებში არიან განაწილებულნი. მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა მოსწავლეს აქვს კალმისტარი ან მარკერი, რაც დაკვირვებასა და წერილობით კომუნიკაციას ბევრად აადვილებს. ამასთანავე, ყოველ ჯგუფს უნდა ჰქონდეს საკუთარი დიდი ფურცელი (უმჯობესია ფლიფჩარტის ფურცელი), რომელზეც დაეტევა როგორც წერილობითი „საუბარი“, ასევე სხვადასხვა სახის კომენტარები. ფურცლის შუაში იწერება განსახილველი მასალა (თუ ამონაბეჭდია, შესაძლებელია უბრალოდ დავაწებოთ ან მოვათავსოთ), რომლის ირგვლივაც უნდა გაიმართოს წერილობითი დისკუსია.

მეორე ეტაპი:

მასწავლებელმა  წინასწარ უნდა გააფრთხილოს კლასი, რომ ეს აქტივობა წარიმართება  სიჩუმეში, კომუნიკაცია მოსწავლეებს შორის წარიმართება წერილობითი ფორმით. მათ შეუძლიათ აქტივობის დამთავრების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში (მასწავლებლის მიერ მითითებულ დროში)  ისაუბრონ.  სამუშაო პროცესის დაწყების წინ, მასწავლებელმა კიდევ ერთხელ უნდა გაუმეორეს მოსწავლეებს ინსტრუქციები და დაუსვას შეკითხვა: „ხომ არ აქვს ვინმეს დამატებითი კითხვა?“,  რათა აქტივობის განხორცილებისას აღარ გაჩნდეს შეკითხვები და არ დაირღვეს სიჩუმე.

მესამე ეტაპი:

ყოველ ჯგუფს ურიგდება ერთი დიდი ფურცელი, ხოლო თითოეულ მოსწავლეს კალამი ან მარკერი. ჯგუფები კითხულობენ ტექსტს (ან უყურებენ გამოსახულებას) ჩუმად. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტს, ისინი სვამენ შეკითხვებს და ურთავენ კომენტარებს განსახილველ ტექსტს (ტექსტის ირგვლივ), რომლებსაც დიდ ფურცელზე ათავსებენ.  წერილობითი „საუბარი“ უნდა დაიწყოს ტექსტის ირგვლივ, თუმცა, თუ ჩათვლიან საჭიროდ,  შესაძლებელია მოსწავლეებმა დროებით გადაუხვიონ  თემას. თუ ჯგუფის ერთი მოსწავლე წერს შეკითხვას, მეორე წევრს შეუძლია პასუხი გასცეს ამ შეკითხვას. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ ჯგუფის რომელიმე წევრის შეკითხვას ხაზებით დაუკავშირონ მათი კომენტარები. დიდ ფურცელზე გააკეთონ სხვადასხვა სახის ჩანაწერები, რომელიც თემას ეხება და სხვა. ეს აქტივობა 15 წუთზე ნაკლები არ უნდა გაგრძელდეს.

მეოთხე ეტაპი:

საკუთარ დიდ ფურცელზე მუშაობის შემდეგ, მოსწავლე ტოვებს თავის ჯგუფს და გადადის სხვა ჯგუფში. ის აკვირდება მათ ნამუშევარს და ტოვებს შეკითხვებს, კომენტარებს და ჩანაწერებს ამ ჯგუფის დიდ ფურცელზე. ამით მოსწავლე ეხმარება მეორე  ჯგუფს პრობლემის უკეთ დანახვაში. ასე შეუძლიათ მოსწავლეებს „მოიარონ“ სხვადასხვა ჯგუფები. ამ შემთხვევაშიც მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეოთხე ეტაპის ხანგრძლივობა, თემის სირთულისა და მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

მეხუთე ეტაპი:  

სიჩუმე ირღვევა. მოსწავლეები უბრუნდებიან საკუთარ დიდ ფურცლებს და  ყურადღებით ეცნობიან სხვა ჯგუფის წევრთა კომენტარებს, შეკითხვებსა და ჩანაწერებს. იწყება დისკუსია. ახლა ისინი არიან თავისუფლები და შეუძლიათ ხმამაღლა გამოთქვან მოსაზრებები როგორც საკუთარი ტექსტის (გამოსახულების) , ასევე სხვა ჯგუფების ნამუშევრების, მათ მიერ მიცემული კომენტარებისა და სხვების მიერ დიდ ფურცელზე გაკეთებული  ჩანაწერების თაობაზე.  ამის შემდეგ, მასწავლებელს შეუძლია გამოარჩიოს ის შეკითხვები და კომენტარები, რომლებიც მისი აზრით ორიგინალური და საინტერესოა და დაუსვას მათ ავტორებს შეკითხვები.

მეექვსე ეტაპი:

დასასრულ,  შემაჯამებელი საუბარი იწყება მთელ კლასთან. ეს საუბარი შეიძლება დაიწყოს მარტივი შეკითხვით: რა ისწავლეთ მუშაობის პროცესში? ამგვარი გასაუბრება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს უფრო ღრმად ჩაწვდნენ განსახილველი წყაროს იდეებსა და არსს, კარგად გაიაზრონ დიდ ფურცლებზე გამოთქმული მოსაზრებები.  შესაძლებელია საუბარი შეეხოს ამ სტრატეგიის დადებით და უარყოფით მხარეებსაც, კერძოდ, რამდენად რთულია ან კომფორტულია ჩუმი (წერილობითი) დიალოგი.

სხვა ვარიანტები:

  • შესაძლებელია ამგვარი სტრატეგია თაბახის ფურცელზეც განვახორციელოთ. ამისთვის საჭიროა ფურცლის ცენტრში განსახილველი ფრაზის, შეკითხვის ან ციტატის დაწერა. ხშირად მასწავლებლები ამგვარ 4 ან 5 ფრაზას წერენ თითოეულ ფურცელზე (ეს ფრაზები ერთ თემას ან მოვლენას უნდა გამოხტავდნენ) და ამ ფურცლებს ჯგუფებს ურიგებენ. ჯგუფში ერთი მოსწავლე იწყებს ამ ფრაზის კომენტირებას, შემდეგ გადააწვდის მარცხნივ ან მარჯვნივ ჯგუფის სხვა წევრს. ასე გრძელდება მანამ, სანამ  ფურცელი არ შემოივლის მთელ ჯგუფს.
  • შესაძლებელია თითოულ ფუცელზე რამდენიმე ფრაზა ჩამოიწეროს და ყველა ჯგუფს ერთი და იგივე შინაარსის ფრაზა, შეკითხვა ან ციტატა დაურიგდეთ. ამგვარი აქტივობის შემთხვევაში, სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები უცვლიან ერთმანეთს საკუთარ ნამუშევრებს. ასე ტრიალებს ფურცლები ჯგუფებს შორის იქამდე, სანამ ყველა ჯგუფი არ გაეცნობა სხვათა ნამუშევრებს. ამის შემდეგ იმართება დისკუსია.

რას ვუყუროთ საახალწლოდ

0

უკაცრავად. ამ წერილს უნდა ერქვას, რას ვუყუროთ ნაახალწლევს.

ჩვენთან ახალი წლის აღნიშვნა თითქმის ერთ თვეს გრძელდება. გონებას თუ დავძაბავ, გავიხსენებ ხუთ-ექვს შემთხვევას, როცა თებერვალშიც კი მომილოცეს ახალი წელი. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს საახალწლო სუფრიდან თავი ჯერაც არ აუწევია; იქნებ თქვენი ქვაბების ძირზე ჯერაც შემორჩა საცივის წვენი და ინდაურის ფრთა. ამიტომაც, სასხვათაშორისოდ გეტყვით, რომ 2017 დადგა, სადაცაა პირველი თვეც მიილევა და რია-რიამ, რომლის მოწყობაშიც ბღუჯა ფული დახარჯეთ – ჩაიარა. სამწუხაროდ, 31 დეკემბერს შაბათი დღე მოუწია და საახალწლო ეიფორიიდან სწრაფად მოგვიწია გამოსვლა. სამშაბათს უკვე სამსახურებში ვიყავით და ვცდილობდით სამუშაო განწყობა დაგვებრუნებინა. უფრო სწორად, კი არ დაგვებრუნებინა, ქეჩოში ჩაგვევლო და წინა წლიდან გადმოგვეთრია.

დღესასწაულების აღსასრულის აღიარება ძალიან გვიჭირს ხოლმე. ეს  იქიდანაც ჩანს, რომ ხანდახან, ამ დღესასწაულის ტყუპისცალს ვიგონებთ. მაგალითად, ორჯერ აღვნიშნავთ ახალ წელს ან ერთ წმინდანს წელიწადში ორჯერ მოვიხსენიებთ – ერთხელ გაზაფხულზე, მეორედ ზამთარში. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ძლივძლივობით შექმნილი განწყობის დათმობა გვენანება. ცხადია, ძლივს, ხელოვნურად შექმნილ კარგ განწყობაზე მობღაუჭებაში ცუდი არაფერია, მითუმეტეს, თუკი ეს განწობა შენს ყოველდღიურ საქმეს წაადგება.

რას ვაკეთებ ხოლმე, როცა საახალწლო განწობა მიდის, მე კი მინდა, რომ ერთხანსაც მიერთგულოს? – ვრთავ ფილმს „Love Actually“.

გო1

მეტყვით, რაღა დროს ეგ ფილმია, აგერ, თუ სიყვარული გინდა, „La La Land“-ი გამოვიდა, უყურე, შეიყვარე, იტირე, იმღერე, ჩაეხუტე, იცეკვე და იცინე, შენი საახალწლო განწყობაც ეგ იქნება და სააღდგომოცო. შეიძლება მართლები ხართ, მაგრამ არსებობს ფილმები, რომლებიც წნევის ან გულის წამლების ფუნქციას ასრულებენ – კონკრეტულ მომენტებში სწორედ ის უნდა მიიღო, რადგანაც შენი ორგანიზმი სწორედ მის კეთილთვისებიანობასაა ნაჩვევი. ასეა ჩემთვის „Love Actually“.

თუკი მარინა ბერიძესთან გვერდით, სუფრაზე თფილისი იჯდა, ამ ფილმში, ზის ბრიტანეთი მთელი თავისი სიკეთეებით – ეშხიანად ყურისმომჭრელი აქცენტით, სულმნათი ალან რიკმანის დაუვიწყარი ხმის ტემბრით, ზომიერად უნიჭო ჰიუ გრანტის ტრადიციული დაბნეულობით, ლიამ ნისონის მამობრივი ზრუნვით, კოლინ ფერტის გმირებისთვის დამახასიათებელი გამაღიზიანებელი სიტყვაძუნწობით, ბილ ნაის ამაძიგძიგებელი Christmas is all around-ით, იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მარტინ ფრიმანის მოუხელთებლობით.

გო2

ეს ფილმი ზარდახშაა, რომელშიც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მოიძებნება სამკაული. აქ პატარ-პატარა ან დიდ-დიდი სიყვარულის ამბებია, რომლებიც თხელი, შეუმჩნეველი ძაფითაა ერთად აკინძული. მე ამ ფილმში ვხედავ საკუთარ თავს, ვხედავ ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, ნათესავებს, მეზობლებს, გხედავთ თქვენ. მთავარია, რომ ეს, ხან ჯადოსნური, ხან კი ჩვეულებრივი სიყვარულის ამბები, ხდება ახალ წელს, როცა საკუთარ თავს ვაიძულებ ახალი მიზნები დავისახო და მათი განხორციელებისთვის ძალა ვიპოვო.

იპოვეთ თავში ძალა, რომ სამსახურიდან შინ მიბრუნებულს არ დაგეზაროთ, საძიებო ველში ლათინური ასოებით ჩაწეროთ Love Actually და წახვიდეთ ბრიტანეტში. სამწუხაროდ, სულ რაღაც 136 წუთით.

ალბომი ახალგაზრდობისთვის

0

მეოცნებე კომპოზიტორს რობერტ შუმანს ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრს წერდა მათთვის. „დიდებისა“ და „ბავშვებისთვის“ განკუთვნილ მუსიკას შორის ის მკაფიო ზღვარს არ ავლებდა და ერთნაირად აქსოვდა მათში მუსიკალურად მდიდარ შინაარსს.

საბავშვო საფორტეპიანო ლიტერატურას, კერძოდ, კრებულებს „საბავშვო სცენები“, „12 პიესა პატარა და დიდი ბავშვებისთვის“, „საბავშვო მეჯლისი“ და „ალბომი ახალგაზრდობისთვის“, წამყვანი როლი ენიჭება შუმანის შემოქმედებაში, თავად ამ უკანასკნელს კი საბავშვო რეპერტუარში დამსახურებულად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი.

ალბომში შემავალი პიესები ზედმიწევნით ითვალისწინებს პატარა მუსიკოს-შემსრულებელთა შესაძლებლობებს. შუმანი მათში ბავშვების მხიარულ და გასაოცარ, ზღაპრულ სამყაროს გადმოსცემს.

შუმანის საბავშვო მუსიკა და ნაწილობრივ – „ალბომი ახალგაზრდობისთვის“ საკმაოდ განსხვავდებოდა იმ დროის საბავშვო მუსიკალური ლიტერატურისგან უჩვეულო სირთულით, გულწრფელობით, აღმაფრენით, სიფაქიზითა და პროგრამულობით. „პიესები, რომელებსაც ბავშვები უნდა სწავლობდნენ, ძალიან უხარისხოა“, – წერდა კომპოზიტორი ერთ-ერთ ჩანაწერში. მას მოაფიქრდა, შეექმნა და გამოეცა კრებული ბავშვებისთვის. კრებულის შექმნის ისტორიას მჭიდრო კავშირი აქვს კომპოზიტორის მამობრივ მუსიკალურ-აღმზრდელობით ცდასთან. ეს ის დროა, როდესაც მისი შვილები მუსიკის შესწავლას იწყებენ. პირველი საფორტეპიანო პიესები შუმანმა უფროსი ქალიშვილის მარიას დაბადების დღის (1848 წლის 1 სექტემბერი) აღსანიშნავად დაწერა. სწორედ ეს ნამუშევრები დაედო საფუძვლად კრებულს „ალბომი ახალგაზრდობისთვის“.

ეს „მოწიფული“ საბავშვო კრებული, რომელსაც ატყვია შუმანის სტილისთვის დამახასიათებელი სიღრმე და ორიგინალობა, სავსებით მისაწვდომია ბავშვებისთვის. ალბომი, მასში წარმოდგენილი ფართო ინტონაციური სამყაროთი, სამართლიანად მიიჩნევა კომპოზიტორის ყველაზე უნივერსალურ ნაწარმოებად. უბრალოებითა და გამჭვირვალობით გამორჩეული კრებული აგებულია სერიოზულობისა და თამაშის კონტრასტზე. „ალბომი ახალგაზრდობისთვის“ მოიცავს 2 რვეულს 43 პროგრამული პიესით. პირველი რვეული პატარებისთვის არის განკუთვნილი. რვეულში შემავალ პიესებს საერთო ტონალობა – დო მაჟორი აერთიანებს. მეორე რვეული კი, რომელიც სამი უსათაურო ლირიკული პიესისგან შედგება, მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი. ალბომში თავმოყრილ „მუსიკალურ ნოველებს“ იმ მრავალფეროვან სამყაროში შევყავართ, რომლითაც გარემოცულია ბავშვი. ეს არის სახლი, საბავშვო ოთახი, ბუნების სურათები, სოფლის სცენები და ა.შ.

გაკვეთილზე მეცადინეობის ნიმუში:

ყოველი შეცნობა აღქმით იწყება, ამიტომ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ბავშვებს მუსიკის მოსმენა ვასწავლოთ. თანდათან შევაჩვიოთ მუსიკალური ნაწარმოების ხასიათის, ჟანრული განსაკუთრებულობის, ფორმის წარმოქმნის მომენტების განსაზღვრას, მუსიკალური ენის გაგებას.

სოლფეჯიოს პროგრამა მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზს ითვალისწინებს. განიხილება ნაწარმოების ხასიათი, ფრაზების რაოდენობა, კილო, აღმავალი და დაღმავალი საფეხურებრივი სვლები, მყარი და მერყევი საფეხურების მოძრაობა, ზომა, ტემპი, რიტმი, მაჟორული და მინორული სამხმოვანების განსაზღვრა, ტონიკური სამხმოვანების, ინტერვალებისა და დინამიკური შეფერილობების ამოცნობა და ა.შ

დღეისთვის შევარჩიე რობერტ შუმანის მეტ-ნაკლებად ადვილად ამოსაცნობი პიესა „მამაცი მხედარი“. სასწავლო-მეთოდური მიზნით ის უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.

უპირველეს ყოვლისა, მოვისმინოთ და გამოვიცნოთ, როგორი ხასიათია გადმოცემული მუსიკით და რას მოგვითხრობს ეს პიესა. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მუსიკას საკუთარი ენა აქვს და ის ბგერებით „ჰყვება“.

ბავშვებს მარტივად ავუხსნათ, რომ პიესა „მამაცი მხედარი“ სწრაფია, ენერგიული, მხიარული, ლაღი, გაბედული; მამაცი მხედარი დაბრკოლებათა გადალახვით უშიშრად მიაქროლებს ცხენს. ამის შემდეგ პიესა კიდევ ერთხელ მოვასმენინოთ. ყურადღება მივაქციოთ რიტმსა და ტემპს.

საინტერესო მოსასმენი იქნება ბავშვების პასუხი კითხვაზე, რატომ ჰქვია პიესას „მამაცი მხედარი“. მოსმენით მიღებული შთაბეჭდილება ბავშვების წარმოდგენაში აუცილებლად დაუკავშირდება ცხენის სწრაფი ქროლას და ჩლიქების თქარუნს. მათ ასევე უნდა დაადგინონ, იცვლება თუ არა პიესაში მუსიკის ხასიათი და რამდენ ნაწილად შეიძლება დაიყოს ის. თუ სწორი პასუხი ვერ მივიღეთ, ავუხსნათ, რომ პიესის დასაწყისში და დასასრულს მუსიკა ერთნაირია – ენერგიული, გამბედავი, ხოლო შუაში ჟღერადობის შეფერილობა იცვლება; ის მღელვარე და მოუსვენარია, ვინაიდან მხედარს საფრთხეებთან გამკლავება უწევს. შესაბამისად, პიესა 3 ნაწილისგან შედგება.

ახლა გადავხედოთ მუსიკალურ გამომსახველობით ხერხებს. ერთმანეთისგან განვასხვაოთ წყვეტილი ჟღერადობა, მახვილები, ტემპი, რეგისტრი, დინამიკა.

მასწავლებლებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ, შუმანისავე პიესების „მელოდიისა“ და „მარშისგან“ განსხვავებით, „მამაც მხედარში“ პატარა მუსიკოსის საშემსრულებლო ამოცანა რიტმის (ტრიოლური) თვალსაზრისით უფრო რთულია. აქ, ერთი მხრივ, აკორდებში ხელების სწრაფი კოორდინაცია და დინამიკური ბალანსი მოითხოვება, მეორე მხრივ კი – დომინირებულ სტაკატოებთან ერთად აქა-იქ გადაბმით დაკვრა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მელოდიასა და აკომპანემენტს შორის ჟღერადობის ბალანსის მიღწევა.

პიესას მარტივი სამნაწილიანი ფორმა აქვს ზუსტი რეპრიზით. შუა ნაწილში მელოდია და აკომპანემენტი „სივრცის“ შეგრძნებას ბადებს. მინიატურის მთავარი სახე მხედრის „პორტრეტია“ – გმირის აღფრთოვანება საკუთარი თავგანწირვით, სიმამაცითა და მოხერხებულობით. მხედრის სახისა და ემოციური ატმოსფეროს შესაქმნელად კომპოზიტორი ძალზე ზუსტად არჩევს გამომსახველობით ხერხებს.

დაწერილია 6/8 ზომაში, მინორულ ტონალობაში. მოტივები ერთმანეთზეა „გადაჯაჭვული“ და შეუჩერებელი რიტმული პულსაციით მიქრის. სწრაფი, მოუსვენარი ტემპით აკომპანემენტის წყვეტილი აკორდები გადმოსცემს ნახტომისებურ რიტმს. მელოდია ზევით, კულმინაციისკენ მიისწრაფვის. მელოდიური ხაზის საფუძველში ჩადებული აღმავალი კვარტებით სვლა დამახასიათებელია შუმანის მუსიკისთვის.

მეოთხედებზე მითითებულ sforzando-ს მოკლე ლიგებთან შეხამებით უთანაბრობისა და ბიძგების შეგრძნება შეაქვს საერთო მოძრაობაში. ასეთი აქტიური და ოპტიმისტური განწყობა მცირეწლოვან მუსიკოსზე ძალზე დადებით გავლენას ახდენს.

განვიხილოთ მეორე პიესაც – „ჯარისკაცის მარში“. ის დაწერილია მარტივი სამნაწილიანი ფორმით ყველა ნაწილის გამეორებით. პიესა ნათელი, მხნე, ენერგიული და შეუპოვარი ხასიათისაა. სათაურის არცოდნის შემთხვევაშიც კი ნაწარმოების ჟანრის (მარში) ამოცნობა ადვილია – მასზე მიუთითებს ზომა 2/4, პუნქტირული რიტმი და მწყობრი ნაბიჯის ტემპი. ამავე დროს, გვაოცებს მარშისთვის ნაკლებად დამახასიათებელი მსუბუქი, სკერცოზული, თითქმის საცეკვაო ხასიათი.

სისადავითა და ბუნებრიობით გამორჩეულ მელოდიას არ ახასიათებს ნახტომები, ჭარბობს საფეხურებრივი მოძრაობა აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით, რაც მელოდიური ტალღების ასოციაციას იწვევს. ქვედა ხმაში მელოდიის დუბლირება ინტერვალ დეციმაში მიმდინარეობს. ნაწარმოებზე მუშაობისას უნდა ვეცადოთ, დანაწევრებისკენ მიდრეკილმა პაუზებმა ხელი არ შეგვიშალოს ფრაზის გამთლიანებაში.

პიესის უცვლელი, თანაბარი ხასიათის გამო ნაგებობაში მელოდიური კულმინაცია არ გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ორ – მეორე ოქტავის მი (e 2) და სოლ (g 2) – მწვერვალს. მთლიანობაში პიესა არ შეიცავს კონტრასტულ სახეებსა და თემებს.

ამ პიესის ანალიზის შემდეგ პარალელების გასავლებად სასურველია ამავე ჟანრის სხვა პიესებიც განვიხილოთ.

***

შუმანის 1848 წელს გამოცემული „ალბომი ახალგაზრდობისათვის“ დღემდე მიიჩნევა პედაგოგიური რეპერტუარის უბადლო ნიმუშად და მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საბავშვო ენციკლოპედია“.

უნდა ითქვას, რომ ჩაიკოვსკიმ არა მხოლოდ მაღალი შეფასება მისცა ამ კრებულს, არამედ თავადაც შექმნა შესანიშნავი „საბავშვო ალბომი“. კომპოზიტორი წერდა: „მსურს, შევქმნა პატარა, მსუბუქი პიესების წყება მიმზიდველი სათაურებით, როგორებიც აქვს შუმანს“.

იმედი დავიტოვოთ, რომ პედაგოგების მზერა მუდამ იქნება მიმართული რობერტ შუმანის აღმზრდელობითი დანიშნულების მდიდარი შემოქმედებისკენ.

პინგ-პონგი

0

ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში, ერთი ოთხსართულიანი შენობა იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავატარე იქ და სოფლის სასაფლაოთი დაწყებული, თითოეული ოჯახით დამთავრებული, გარშემო ყველაფერი მოვლილი მქონდა, იმ შენობაში არასდროს შევსულვარ. სკოლის გვერდით იდგა, სულ რაღაც ასიოდე მეტრის დაშორებით. სკოლა ერთსართულიანია, შორიდან გეგონება, მიწითაა აშენებული; ახლოს მისული, ხვდები, რომ უცნაური ფერის ბლოკითაა ნაგები, მეტალოპლასტმასის ფანჯრები აქვს და იფიქრებ, შიგნითაც იქნება რამე სასწავლო სიკეთეებიო, მაგრამ შესვლისთანავე ამოჩრილ ფიცარს წამოსდებ ფეხს და სამასწავლებლოში შევარდები.

იქ ორი-სამი ახალი კარადა დგას, ერვანდ ვარდერესიანმა, სერგო აპინიანმა და მე რომ ავაწყვეთ და ადგილი მივუჩინეთ. ოთახი, სადაც ინფორმატიკის გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს, ჩაკეტილია. იქ ღუმლის დადგმა შეუძლებელია და მუდმივად ყინავს.

სკოლის გვერდით მდგარ დიდ შენობაზე ვსაუბრობდი… არ მახსოვს, რა იყო იქ საბჭოთა პერიოდში, რისთვის ააშენეს, მაშინ კი, როცა იმ სოფელში ვმუშაობდი, მეორე სართულზე მხოლოდ ბილიარდისა და პინგ-პონგის თითო მაგიდა იდგა და თბილ დღეებში თამაშობდნენ სოფლის ახალგაზრდები.

იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი, ის დიდი შენობა რამდენჯერმე გარემონტდა. ჯერ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს, მერე, შიგნითაც მოაწყვესო, ამბობდნენ, თუმცა დანიშნულება არაფერი ჰქონდა, გარდა იმ ერთი ოთახისა, სადაც სათამაშოდ იკრიბებოდნენ.

მერე ვიღაცები იძახდნენ, ასე ფული კეთდება – წერენ ხარჯებს, რომ მთლიანად რემონტდება, ცოტას გააკეთებენ, დანარჩენს კი ჯიბეში იდებენო. მე ეს ამბები არ ვიცი და არც შეთქმულების თეორიებს ვიჯერებ ადვილად, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუნდაც მთელი მუნიციპალური ხარჯი უკანასკნელ თეთრამდე მოხმარებოდა პროექტით გაწერილ სამუშაოებს, ასე დახარჯული ფული მაინც წყალშია გადაყრილი.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვა რეგიონებში, სოფლებსა და დაბებშიც უაზროდ, უმიზნოდ იხარჯება თანხები, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა შეიძლება საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის გადაანაწილონ. იქ, კარწახში, ჩემი მოსწავლეები ისე ამთავრებდნენ სკოლას, რომ ზოგიერთი მათგანი არათუ ქვეყნის დედაქალაქში, ახალქალაქშიც კი არ ყოფილა და როდესაც მცირე თანადაფინანსება მოვითხოვეთ თბილისში მოსწავლეთა ექსკურსიისთვის, შვიდი სკოლის მოსწავლეებისთვის მხოლოდ ერთი ტრანსპორტის გამოყოფა მოახერხეს.

ჩვენ ვაშენებთ ტაძრებს, მაღაზიებს, სახლებს, ვაკეთებთ გზებს, ვხარჯავთ ამისთვის ადმინისტრაციულ რესურსს, მაგრამ გვავიწყდება მთავარი – ადამიანების, მოსწავლეების სიკეთეებზე ზრუნვა. თანხებისა და სხვა რესურსების დაბანდება განათლებაში, ყოველდღიურობაში.

ოთხი წელია, კარწახში აღარ ვყოფილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის შენობა ისევე ისე დგას – მეტალოპლასტმასის ფანჯრებით და ბათქაშჩამოცვენილი ჭერით, სველი კედლებით. ორი-სამი მოცლილი ახალგაზრდა თამაშობს პინგ-პონგს და საუბრობს. კარგია ასეთი სივრცე, თუმცა იქვე, სულ რაღაც ასიოდე მეტრზე, სკოლაა, რომლის მოსწავლეებსაც არათუ ლეპტოპი, პროექტორი ან ფლიპჩარტი არ გააჩნიათ, აზრადაც არ მოსდით, რომ ყოველი დღე სკოლაში შეიძლება უფრო საინტერესო, მიმზიდველი და ხალისიანი იყოს და რომ მათ ამის უფლებაც აქვთ.

ჩემი სკოლის დირექტორის ძმა

0

***

წვრილი, ხორხოშელა თოვლით დაიწყო ზამთარი სოფელში. ფანჯარასთან მიდგმულ ტახტზე ძაღლივით მუხლებზე ვარ  დაყუნცული და შუბლით მინას ვებჯინები. დედაჩემის ხელით გულისმომკვლელად თანაბარი გვირისტით აკინძული სახიანი, გახამებული თეთრი ნახევარფარდა, რომელიც, მგონი, მარტო ჩვენღა გვიკიდია, თავზე მაქვს გადაფარებული და ვუყურებ, როგორ იფიფქება დეკემბერში ჯერ კიდევ გაშლილი ვარდები. ჩემ გვერდით კი, რაფაზე, დეკემბერა იგიჟებს თავს, ლამის შუშა ჩაამსხვრიოს ყვავილებით  და თოვაში გააბიჯოს. ფიფქები სწრაფად  იკიდებენ ფეხს მშრალ მიწაზე. სულ მალე ერთი შავი წერტილიც კი აღარსად მოჩანს.

***

წელს შეშის თადარიგი დროულად ვერ დავიჭირეთ.  აქამდე ძველი მოგვყვა  და სწორედ დღეს ველოდებით, ორთვალათი უნდა მოგვიტანონ. აქ ასეა, „ორთვალობით“ ან „კოლხოზნიკობით“ იზომება შეშა. თუ იმდენი ფული არ გაქვს, რომ სამხიდიანი მანქანით თავიდანვე ერთ გზად მოიტანო, მერე მთელი ზამთარი ასე უნდა იწუნწურო: თვეში ერთხელ შეიპირო ვინმე და ხან შედარებით მშრალ, ხან პირდაპირ იმ დღეს მოჭრილ ჭონჭოხ ხის  კოტრებს 50-60 ლარად მოგიტანენ სახლში. თუ ცუდი ამინდები წაეწყო, როცა ტყეში შესვლა ჭირს, უფრო მეტიც ღირს. სოფლის ოჯახების უმეტესობას, ჩვენსავით, მარტო ამ მეორეზე მიუწვდება ხელი.

Image6187

***

გარედან  ამოიღლიავებული, წინა წლიდან შემორჩენილი ხმელი შეშა შემოაქვს დედაჩემს და ქოშინით ამბობს:

– შეშას კი მოგვიტანენ, მაგრამ, ვის დავაჭრევინოთ?- უფრო თავის თავს ეკითხება. იცის, მე ამ საქმეში  ვერ დავეხმარები, სკოლის დამთავრების შემდეგ სულ წასული ვარ და თითქმის აღარავის ვიცნობ სოფელში. – ავდგები და იმ ბიჭს ვეტყვი ისევ, ჩემს ძველ მეზობელს, შარშანაც იმას დავაჭრევინე. დღიურ მუშად დადის, პატიოსანი ბიჭია, ლევანასავით არ გაგვიჯანჯლებს.

– ვინ ბიჭს, ლევანას გარდა ახალგაზრდა ვინ  მოგივა აქ შეშის დასაჭრელად? მაგასაც ისე აქვს კუდი ყავარზე გადებული, რომ არ შიოდეს, ფეხს არ მოადგამდა. მთელი დღე  ბრიოლინით გადაგლესილი ქოჩრის სწორებას  და მობილურზე ლაპარაკს უნდება. ნეტა ის მაინც გამაგებინა, ვინ ურეკავს! – დედაჩემი სინანულით მიქნევს თავს. –  ლევანას, თუ გამოჩნდა, ისე მივცეთ რამე. ის ბიჭი ვინ არის, ვისზეც თქვი, ვეტყვიო?

– ჩემი ტოლი ბიჭია. –  მეღიმება, ბიჭს რომ ამბობს, მაგრამ არ მიკვირს. მეც გოგოებად და ბიჭებად ვიხსენიებ ჩემს ორმოცს გადაცილებულ მეგობრებს და ვიცი, ასე იქნება ყოველთვის. მაგრამ დედაჩემის ნათქვამ „ბიჭზე“ რაღაც მწყდება გულში. ალბათ იმიტომ, რომ ამ „ბიჭის“ უკან, რომლის სახელიც ჯერ არ ვიცი, ბავშვი და ყმაწვილი ქალი დედაჩემი დგას, რომელიც თავისი ბავშვობის ზამთრებში ამ „ბიჭთან“ ერთად სკოლაშიც წასულა ნაქსოვი ბადით ჩანთაზე ჩამოკიდებული სამელნის კონწიალით, გზად მიმავალს მასთან ერთად უგუნდავია კიდეც და გალიპულ „საცურაოზეც“ არაერთხელ უსრიალია; და ალბათ, კიდევ იმიტომ, რომ  სწორედ ეს „ბიჭი“ და მისი ნაცნობი სხვა „გოგო-ბიჭებიღა“ დაატარებენ მოგონებებს ერთმანეთის ახალგაზრდობის წლებზე.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ***

ლამბერსექსუალი – შეუძლებელია არაფერი გსმენოდათ  2015 წლის მამაკაცური მოდის ამ ახალ  ტენდენციაზე. ლამბერსექსუალ მამაკაცს ოდნავ უხეში გარეგნობა, მოვლილი, გრძელი წვერი ჰქონდა და ფლანელის უჯრულა პერანგი ეცვა, სახელი კი ინგლისური სიტყვიდან – “lumberjack” – “შეშის მჭრელი”- მომდინარეობს. თუ მოხდა ისე, რომ ეს მოვლენა თქვენი ყურადღების მიღმა დარჩა, მაშინ იმას მაინც აუცილებლად შეამჩნევდით, ბოლო დროს ჩვენში ლამის სანთლით საძებარი რომ გახდა წვერგაპარსული ახალგაზრდა კაცი. ეს ამბავი კი იმან გამახსენა, რომ შეშის მოტანიდან რამდენიმე დღეში ჩვენს ეზოში შეიძლება ყველაზე არამოდურმა, მაგრამ, ალბათ, მაინც  ყველაზე ნამდვილმა “lumberjack”-მა შემოანათა თავისი პრიალა ნაჯახით.

***

მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი იყო. ფართოშუბლიანი. მორიდებით შემოვიდა, თვალი სწრაფად მოავლო ეზოს და  სიტყვის უთქმელად გაემართა დახვავებული კოტრებისკენ. ერთი კოხტა, საშუალო ზომის კოტრი ამოარჩია, ნაჯახის წვერით თავისკენ გადმოითრია და პირველი მოზრდილი ნაჭერი მსუბუქად, მოკლე ჩახანით ჩამოათალა. მერე მეორე მიაყოლა, მერე მესამე. ბახ, ჭახ, ჩახ… ერთმანეთს ენაცვლებოდა დაგუდული და მჭახე ხმები. დაპობილი შეშა სწრაფად მატულობდა და უსაშველოდ დიდი ზომის ყელგადაკეცილი სამხედრო  ჩექმები ნელ-ნელა წიფლისა და რცხილის თეთრ-წითელი ნაჭრების გროვაში იმალებოდა. დრო და დრო ორი-სამი წუთით შეისვენებდა, სიგარეტს მოუკიდებდა და მორზე შემოდგმულ ძლიერ მუხლზე იდაყვით დაყრდნობილი, რომაელივით გახედავდა ხოლმე ჩვენს ბებერ ლეღვს, როგორც სიწმინდეს.

***

– რა ჰქვია? –  ვეკითხები ღუმელს მიფიცხებულ დედაჩემს ჩვენს შეშის მჭრელზე და თავს  ეზოსკენ ვაბრუნებ.

– არავის გაგონებს სკოლიდან? – კითხვას მიბრუნებს დედაჩემი.

– არა, ვის უნდა მაგონებდეს?

– ირაკლი ჰქვია, შენი სკოლის დირექტორის, თემოს, ძმაა.

–  სიმაღლით კი ჰგავს.  ოღონდ თემოს უფრო რბილი ნაკვთები და ღაჟღაჟა სახე  ჰქონდა, არა?

– რა ვიცი, ფერი რაღა მახსოვს, რამდენი წელია აღარ არის, საწყალი!

– სთხოვე, იქნებ ცოტა ხნით შემოვიდეს, ან არაყი დალიოს გასათბობად, ან ერთი-ორი ლუკმა შეჭამოს.

– არ შემოვა, – თავდაჯერებით მპასუხობს, მაგრამ მაინც მიდის. ვიცი, თვითონაც უნდოდა ამის გაკეთება.

– ხომ გითხარი – სანამ შებინდდება და ყინვა მოუჭერს, დავჭრი, იქნებ დღეს მოვრჩეო, – უარით და შეფაკლული სახით ბრუნდება უკან დედაჩემი.

***

სკოლის დამთავრების შემდეგ არასოდეს გამხსენებია ჩემი სკოლის დირექტორი. უფრო სწორად, ალბათ გამხსენებია, მაგრამ რაიმე შემთხვევითობის გამო – ან მასზე ლაპარაკს მოვკარი ყური, ან მის შესახებ მკითხა ვინმემ რამე, ან მისი გვარი ამოვიკითხე სადმე… ჩემდა სამარცხვინოდ, მისი გარდაცვალების ამბავიც კი არ ვიცოდი დიდხანს.

იმას ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მახსოვდა მასზე, რომ დამავიწყდა მისი „მარადიული“ ნაცრისფერი პიჯაკი, მისი სახასიათო მანერები, სპეციფიკური მეტყველება,  ფართო შუბლი და გამორჩეული სიმაღლე, რბილი ბუნება, და, ზოგჯერ, სკოლის დერეფნებში უმიზეზოდ აწეული ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწავლეებს, და, ეჭვი მაქვს, მასწავლებლებსაც, ცოტაოდენი შიში ან მორიდება მაინც ჰქონოდათ; მისი დირექტორობის დროინდელი რამდენიმე ამბის გახსენებაც შემიძლია, თუნდაც, ჩემი კლასის გახმაურებული „დიდი გასეირნებისა“, შატალოსი, მეზობელი ლეკების სოფელში, კინაღამ ყველანი რომ გაგვრიცხეს სკოლიდან… და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ჩემი სკოლის დირექტორი  მაინც არასოდეს გამხსენებია…

***

…ჩვენ რომ სკოლაში, ვინ მოთვლის, რამდენჯერ, ერთ გზაზე მიმავლებს ერთხელ მაინც გვერდიგვერდ „თანასწორი“ ადამიანებივით გვევლო და არა ქუჩის სხვადასხვა მხარეს, როგორც უცხოებს, როგორც უფროსსა და უმცროსს, ჩვენ რომ ერთხელ მაინც, ერთად გაგვეკვალა დილით ჩვენს ქუჩაზე ფეხდაუკარებელი თოვლი, ან ის რომ წინ წასულიყო, თავისი დიდი ფეხსაცმელებით, მე კი მის ნაკვალევში ჩავმდგარიყავი, და  ამ სიარულში ჩვენს შორის ასეთი „არაფრის მომცემი“ დიალოგი გაბმულიყო:

– მე: რამხელა თოვლი მოვიდა, არა, მას!

– დირექტორი: აბა!.. მიყვარს დიდი თოვლი. ჩემს ბავშვობაში ამაზე დიდიც მოდიოდა, მაგრამ  თოვლი მაშინ უფრო კარგია, თუ შეშა დამარაგებული გაქვს სახლშიც და სკოლაშიც.

– მე: სკოლაში ხომ გვაქვს  შეშა, მას.

– დირექტორი: სკოლაში ხო, სახლში ვერ მოვასწარი წელს მოტანა.

– მე: თქვენ ციგით სრიალებდით ხოლმე, მას, ბავშვობაში?

– დირექტორი: როგორ არა, ჩემი ხელით გაკეთებული ციგა მქონდა, სამი-ოთხი ბავშვი ვეტეოდით ზედ.

– მე: ძნელია, დირექტორობა, მას?

– დირექტორი (თვალს მიკრავს): ადვილი არ არის, სცადე თუ გინდა, დიდი რომ გახდები…

მერე, შენობაში შესვლის წინ, ერთი რბილი გუნდა რომ ესროლა ჩემთვის, თოვლიანი ფეხები ერთად რომ დაგვეფერთხა დერეფანში და მეორე სართულზე, იმას თავისი კაბინეტისკენ გაეხვია ღიმილით, მე კი ჩემი კლასისკენ კმაყოფილს გამეგრძელებინა გზა…

გამახსენდებოდა, აუცილებლად გამახსენდებოდა!..

***

ირაკლის დაჭრილი შეშა გადახურულში  დავაწყვეთ მე და დედაჩემმა, ქვიტკირის კედელს  მეორე, შეშის კედელიც ავაყოლეთ. მერე მე ფოტოც გადავიღე ამ კედლის ფონზე და ფეისბუკში დავდე. წინასწარ ვიცი, ბევრი მოწონება ექნება, ჩემ გამო არა, სიგრძე-სიგანეზე მართლა კოხტად დაწყობილი შეშის გამო.

მეც მიყვარს შეშის დაჭრა. სოფელში ისე არ ჩავალ, გასართობად, ანუ „ხილად“, როგორც დედაჩემი ამბობს, ჩემი დაჭრილი ერთ-ორი ნაჭერი არ შევუკეთო ღუმელში. შეიძლება თქვენც შეგიყვარდეთ, თუ ერთხელ მაინც უყურეთ, როგორ ოსტატურად ჭრიან ირაკლისნაირი ნამდვილი “lumberjack”-ები შეშას. მთავარია, უკოჟრო, საშუალო ზომის კოტრი  აირჩიოთ, მიწაზე მოხერხებულად დადოთ, დასარტყმელი ადგილი თვალით  წინასწარ მოინიშნოთ და მაღლა აწეული ნაჯახი შეძლებისდაგვარად ძლიერად და მყარად დაუშვათ ზევიდან. ვინ იცის, იქნებ მერე ამ ამბავმა თქვენც გაგახსენოთ რაიმე ძველი ისტორია, ან ვინმე დიდი ხნის დავიწყებული ადამიანი. სულაც არ არის აუცილებელი, ის თქვენი სკოლის დირექტორი იყოს.

სქემატური რუკების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე

0

სასწავლო პროცესში რუკების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს: ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა სივრცითი და გრაფიკული აზროვნების განვითარებას და ეხმარება მათ საგნობრივი კომპეტენციების დაუფლებაში. რუკებს შორის გამოიყოფა სქემატური რუკები. მათზე მონიშნულია რუკის მხოლოდ ძირითადი ელემენტები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ ისტორიული პროცესის აღსაწერად. გეოგრაფიული რუკებისთვის დამახასიათებელი მრავალი ატრიბუტი აქ არ გვხვდება. უფრო მეტიც: ასეთ რუკებზე ხშირად უგულებელყოფილია დედამიწის მხარეების მკაცრი ორიენტაციაც და ხაზგასმულია მხოლოდ ობიექტების სივრცობრივი მდებარეობა. გამოსახულების სიმარტივე, ვიზუალი, ზედმეტი ელემენტებისგან თავისუფლება სქემატური რუკების მნიშვნელოვანი უპირატესობებია.

გაკვეთილზე სქემატური რუკების გამოყენება ხელს უწყობს ისტორიული ფაქტების გააზრებას კონკრეტული გეოგრაფიული გარემოს გათვალისწინებით, ამიტომ ისინი მოხერხებულია ცალკეული თემებისა და საკითხების შესასწავლადაც და ცოდნის ორგანიზებისთვისაც, რის გამოც მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენს, განსაკუთრებით – რთული პოლიტიკური ვითარებისა და საომარი სიტუაციების გადმოსაცემად.

განვიხილოთ მარტივი სქემატური რუკების როგორც ცოდნისა და უნარების გააქტიურების და მასალის ორგანიზების საშუალების გამოყენების მაგალითები VIII კლასის ისტორიის სწვალების კურსიდან. დროთა განმავლობაში, როდესაც მოსწავლე დაძლევს ამ ტიპის მარტივ დავალებებს და გაუვარჯიშდება ხედვა/ორიენტაცია რუკაზე, შესაძლებელი გახდება უფრო რთული დავალებების მიცემაც, რაც გაზრდის მოსწავლეთა კომპეტენციასა და სწავლის ხარისხს.

I – თემა: კონფლიქტები ევროპაში, ისტ. VIII. 2

ანოტაცია: შვიდწლიანი ომი ევროპაში ახალი ისტორიის კურსის შემადგენელი ნაწილია, აღნიშნული თემა ვიზუალური მასალის თანხლებით გაცილებით ადვილად აღსაქმელი იქნება მოსწავლისათვის (რის საშუალებასაც მოცემულ შემთხვევაში არ იძლევა სახელმძღვანელო).

სქემატური რუკა„სამხედრო პოლტიკური გაერთიანებები ევროპაში შვიდწლიანი ომის წინ“

f1

დავალება: რუკის გამოყენებით და სახელმძღვანელოს ტექსტზე დაყრდნობით:

  • ა. ჩამოთვალეთ კონფლიქტში მონაწილე ქვეყნები;
  • ბ. დაასახელეთ კონფლიქტის მხარეები;

 (2) გ. ვის მხარეზეა ტერიტორიული უპირატესობა?

 (1) დ. რა იცით ამ კონფლიქტის შედეგებზე? რით დასრულდა ის?

 (1) ე. რა გავლენა მოახდინა ამ დაპირისპირებამ მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ მდგომარეობაზე?

მოცემული სქემატური რუკა დაეხმარება მოსწავლეს, წარმოიდგინოს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სივრცობრივი მასშტაბები, ხოლო დამატებითი აქტივობების გამოყენებით – კითხვებით, რომლებსაც ერთვის შეფასების კრიტერიუმები შეგვიძლია მოსწავლეს შევაჯამებინოთ აღნიშნული საკითხი.

II – თემა: ბიზანტია-ირანის ომები, ისტ. VIII, 2.

ანოტაცია: ბიზანტიისა და ირანის ომები VII ს-ში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები იყო, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ამიერკავკასიის და, კერძოდ, საქართველოს იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე.

დაკვირვებით შეისწავლეთ „ხაზართა განსახლებების რუკა“ (VII ს-ის 20-იანი წ.წ.) და შეასრულეთ დავალებები:

f2

(3) ა. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ხაზართა განსახლების ძირითადი არეალი VII ს-ის 20-იანი წლებისთვის;

(2) ბ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით ჩამოთვალეთ ხაზართა მეზობლები აღნიშნული პერიოდისთვის;

(3) გ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ხაზართა ექსპანსიის მიმართულებები აღნიშნული დროისთვის;

(2) დ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ, რომელი გზით უნდა შემოსულიყვნენ ხაზარები საქართველოში.

მოცემული სქემატური რუკის გამოყენებით მოსწავლეს შეუძლია წარმოიდგინოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ხაზარების ჩართულობის ხელშემწყობი პირობები, ხაზარების კონკრეტული ექსპანსიის მიმართულებები და 627-628 წლებში ქართლში ხაზარების შემოსვლის უშუალო მიზეზი და გზა.

III – თემა: პოლიტიკური კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისტ. VIII, 2

ანოტაცია: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბირთვული იარაღის გავრცელებამ მსოფლიო პოლიტიკაში ძალისმიერი დაპირისპირების საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ამ საფრთხის მასშტაბსა და დაძაბულობის შექმნაში კონკრეტული ქვეყნების „წვლილზე“ მოსწავლე გაცილებით მეტს გაიგებს მოცემული სქემატური რუკის დახმარებით და მითითებული დავალებების შესრულებით:

f3

დავალება:

(2) ა. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნები;

(2) ბ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ქვეყნები, სადაც სხვა ქვეყნის იარაღი გამოსცადეს;

(3) გ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ, სსრ კავშირის რომელ მხარეში ტარდებოდა უმთავრესად ბირთვული იარაღის გამოცდა;

(3) დ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ბირთვული იარაღის მასშტაბური გამოცდის ადგილი (100-ზე მეტი).

მოცემული სქემატური რუკა მეოცე საუკუნის მსოფლიო გლობალური პრობლემების მათლიანობაში წარმოდგენის საშუალებასაც მისცემს მოსწავლეს და კონკრეტული რეგიონების შესახებ გაცილებით მეტის გაგებაშიც დაეხმარება.

IV – თემა: მსოფლიო ომები, ისტ. VIII, 2

ანოტაცია: მეორე მსოფლიო ომი XX ს-ის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ ომს თავისი მასშტაბურობის გამო მსოფლიო ომების ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. სქემატური რუკის გამოყენებით მოსწავლეს შეუძლია, ადვილად წარმოისახოს ომის არა მარტო მასშტაბი, არამედ პირველი ნაბიჯებიც კონფლიქტის გაჩაღების გზაზე და მონაწილე მხარეთა შემდგომი აქტიურობაც.

f4

დავალება:

  • ა.მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ კონფლიქტის პირველი კერის ადგილმდებარეობა და თავდასხმის მიმართულებები;
  • ბ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ, სად და როდის შეიქმნა ომის მეორე კერა;

(3) გ. აღწერეთ „ღერძის ბლოკის“ გეგმები;

(1) დ. რომელ წლებში მიმდინარეობდა აღნიშნული მსოფლიო ომი?

2) დაკვირვებით შეისწავლეთ რუკა „გეგმა ბარბაროსა“ და შეასრულეთ დავალებები:

 (3) ა.მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ გერმანელების შეტევის 3 ძირითადი მიმართულება;

(2) ბ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ გერმანელთა მხარეზე მყოფი ფინური არმიის მიმართულებები;

(1) გ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ გერმანელთა მხარეზე მებრძოლი რუმინული არმიის შეტევის მიმართულებები;

(2) დ. გაიხსენეთ, ძირითადად რომელი არმიის მიმართულებებს ევალებოდა თბილისის აღება და რით დასრულდა ეს;

(2) ე. ისაუბრეთ ომის შედეგებზე.

f5

3) წინა ორი დავალების პასუხების საფუძველზე შეასრულეთ ტესტური დავალება:

 (1) 1. დაასახელეთ ომში მონაწილე მხარეები …………………………………………….

 (2) 2. რომელ წლებში მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი?……………………

 (2) 3. შეადგინეთ მეორე მსოფლიო ომის გეგმა ………………………………….

 (2) 4. გამოყავით ომის ძირითადი რეგიონები …………………………………….

 (2)5.იმსჯელეთ, რატომ ეწოდებოდა ამ ომს „მსოფლიო ომი“……………………………………………………………………………………………………………………..

 (1) 6. რა გამოარჩევს ამ ომს სხვა ომებისგან?……………………………..

ამ ტიპის სქემატური რუკები კონკრეტული მიზნების მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს და ამავე დროს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეამოწმოს მოსწავლის სივრცესა და დროში ორიენტირების ხარისხი, სივრცობრივ აღქმაზე დამოკიდებული ფაქტობრივი მასალის ცოდნა და ანალიზის უნარებიც, ამიტომ ისინი, როგორც სასწავლო მასალის ორგანიზების მნიშვნელოვანი რესურსი, წარმატებით გამოიყენება საგაკვეთილო პროცესში.

ქართული ენის გაკვეთილები: ზმნისწინი

0

თუ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს გადაშლით, შესაძლოა გაგიჭირდეთ მთელ წიგნში მიმობნეული გრამატიკული საკითხების თავმოყრა. გრამატიკის კარგად სწავლებაზე ორიენტირება მოითხოვს დამატებით რესურსს, დროსა და ენერგიას, რომლებიც უმეტესად ტექსტში მოცემული სავალდებულო მხატვრული ტექსტების სიღრმისეულ სწავლებაზე იხარჯება.

ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორის, ავთანდილ არაბულის თქმით, ქართული ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა. გრამატიკა ენის სისტემის აღწერის მხოლოდ ნაწილია და ის ბავშვს დაბადებიდან ეძლევა. გრამატიკა ყველაზე მცირე პრობლემაა ენობრივ კომპეტენციაში. აი, ლექსიკური მარაგის სიღარიბესა და დაუხვეწავ ზეპირმეტყველებაზე წუხილი ნამდვილად გვმართებს.

ჩვენს წიგნებში პარაგრაფებად გაბნეულ ენობრივ ამოცანებს სპეციალისტები პრაქტიკულ გრამატიკას უწოდებენ. ის მიზნად ისახავს სწავლებას ენობრივ მასალაზე დაკვირვების გზით. უნდა ითქვას, რომ ამ სიახლის მიღება გამოცდილ კადრებს უფრო უჭირთ, რადგან მასწავლებლის პროფესია მაინც რუტინულია და წლების განმავლობაში შემუშავებულ მიდგომებს ძნელად ელევა ადამიანი, თუმცა არსებობენ „ექსპერიმენტატორებიც“, რომლებსაც შესაძლოა ენის თეორიული ნაწილი ალილუიასავით გაზეპირებული არ ჰქონდეთ, მაგრამ გრძნობდნენ ენობრივ ნორმებს, შეეძლოთ მათზე დაკვირვება და ამ პროცესში მოსწავლეების სათანადოდ ჩართვაც.

დღევანდელი სასკოლო სახელმძღვანელოები პრაქტიკული გრამატიკის კურსს მიჰყვება. დაწყებითი საფეხურის გრამატიკული მასალა მოიცავს ფრაზეოლოგიას, ფონეტიკას, სიტყვების ფორმაცვალებასა და სიტყვათშეხამებას, რაც, თავის მხრივ, მშობლიური ენის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლების მეთოდს ეფუძნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართული გრამატიკის მასწავლებლად ლიტერატურა გვევლინება – მწერლისეული ლექსიკა მოსწავლის ლექსიკონის გამდიდრებაზე ზრუნავს, თანაც უშუალოდ მოქმედების ეპიცენტრში – მხატვრულ ტექსტში – გვაძლევს სიტყვის მართლწერასა და ფორმაცვალებაზე დაკვირვების საშუალებას. გრამატიკულ-ენობრივი ნორმების დაცვით შესრულებული ნამუშევარი კი შესანიშნავ თვალსაჩინოებას წარმოადგენს. მაგალითად ავიღოთ „ნეკერჩხლის ღუდღუდა ფოთოლი“ – მოსწავლე მხოლოდ ლექსიკონს კი არ იმდიდრებს უცნობი სიტყვით, არამედ წარმოსახვაში ქმნის სიტყვის ვიზუალურ ხატსაც (ნეკერჩხლის ფოთოლი შემოდგომაზე წითლდება, ე.ი. სიტყვა „ღუდღუდა“ ნეკერჩხლის ფოთოლივით წითელს ნიშნავს). ამგვარად, სიტყვები მნიშვნელობასთან ერთად ფორმას, ფერსა და სხვადასხვა თვისებასაც იძენს.

მხატვრული ტექსტების დახმარებით ფრაზეოლოგიზმების/ იდიომური გამონათქვამების გამოყენებასაც ვეჩვევით. მათზე დაკვირვებისა და მათი გაშიფვრის უნარის განვითარება მოსწავლის ენობრივ კომპეტენციას ერთმნიშვნელოვნად ამაღლებს.

ენა ცოცხალი ორგანიზმია, ის ეპოქიდან ეპოქამდე იცვლება. ხანდახან ზედმეტი გამარტივება ენას აღარიბებს. ამიტომაც მიმაჩნია აუცილებლად, ხშირად მივუბრუნდეთ გასული საუკუნეების ლიტერატურულ საგანძურს. თანამედროვე მოზარდების უმეტესობის სასაუბრო ლექსიკა შემაშფოთებლად მწირია. ისინი ინტერნეტსივრცეში განთავსებული „პოსტების“ ენით გვესაუბრებიან და თხზულებებსაც ამავე ფორმატში წერენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ სწავლებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. კარგია, რომ გრამატიკული საკითხები მხატვრულ ტექსტს ერწყმის და მეტიც – ტექსტს დასაკვირვებელ მასალად იყენებს, თუმცა სწავლების მაღალ საფეხურზე ლიტერატურული მასალის გაზრდამ ენობრივ-გრამატიკული მასალის შემცირება გამოიწვია. აღსანიშნავია მოსწავლეთა რაოდენობა და დროის სიმცირეც, რაც შეუძლებელს ხდის ერთი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლის შემოწმებას და იმავდროულად – ლიტერატურული და ენობრივი მასალის ახსნას.

დაწყებით საფეხურზე ენობრივ კომპეტენციებზე მუშაობას ძალზე მცირე დრო ეთმობა, თუმცა პრაქტიკული გრამატიკის მეთოდები ამ საფეხურზე განსაკუთრებით ამართლებს. პატარები პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით აკვირდებიან სიტყვას, მის ადგილს სამეტყველო სიტუაციებში, სიტყვების დამეგობრება-შეერთებას და ა.შ.

ზმნა გრამატიკის, ასე ვთქვათ, ყველაზე მსუყე ნაწილია, თუმცა დაწყებით საფეხურზე მისი სწავლა ფაქტობრივად არ სცდება მოქმედების მიმართულებას, ზმნის ცვალებადობაზე დაკვირვებას, სხვადასხვა დროსა და პირში მის ჩასმას.

წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ მესამე ან მეოთხე კლასში და თქვენი გაკვეთილის თემა ზმნისწინია. პირადად მე პირველივე მცდელობის დროს მივხვდი, რომ დაფაზე ჩამოწერილი თავსართების დასწავლა მხოლოდ დროებით შედეგს გამოიღებდა, ამიტომ მოსწავლეთა ნაწილი ე.წ. მხარნაქცევ ზმნებად ვაქციე, ნაწილს კი მათთვის გეზის შეცვლა დავავალე. „ზმნისწინები“ გზააბნეულ მოქმედებებს მიმართულებას უცვლიდნენ. მოსწავლეები ხან ერთი „ნაპირიდან“ მეორეზე გადახტნენ, ხან კი მაგიდის ქვეშ შეძვრნენ-გამოძვრნენ… ასე გამოიკვეთა ზმნისწინის მთავარი დანიშნულება – მიმართულების მართვა.

  • ზევიდან ქვევით: და/ჩა (და/ჩა – ვარდა; და/ჩა-ხტა, და/ჩა-ენარხცა, და/ჩა -ასხა…)
  • ქვევიდან ზევით: ა/ამო (ა/ამო-ვიდა, ა/ამო-ვარდა, ა/ამო-ვიდა, ა/ამო-იყვანა…)
  • გარედან შიგნით: შე/შემო (შე/შემო-ვიდა, შე/შემო-ვარდა, შე/შემო-იარა…)
  • შიგნიდან გარეთ: გა/გამო (გა/გამო-ვიდა, გა/გამო-იხედა, გა/გამო-ვიდა…)

მოსწავლეებმა ისიც დაიმახსოვრეს, რომ ზმნისწინი მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვის ნაწილია და ის სიტყვის თავში უნდა ვეძებოთ.

აქტივობის დასასრულს მოქმედების დაწყებისა და გაგრძელების ადგილის გარკვევა აღარავის უჭირდა.

მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების თავსართების გამოყოფითა და მათზე დაკვირვებით მოსწავლეებმა ზმნისწინების კლასიფიკაციაც შეძლეს. გაირკვა, რომ ზმნისწინი ორი ტიპისაა – მარტივი და რთული, ამასთან, რთული ზმნისწინები მარტივებზე „მო“-ს დართვით მიიღება (ა-მო, ჩა-მო, შე-მო, გა-მო, წა-მო, გად-მო…)

ამის შემდეგ დაფაზე არეულად ჩამოვწერე ზმნები, რომლებიც საერთოდ არ დაირთავს ზმნისწინს (უყვარს, აქვს, ჰყავს და სხვ.), მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები, რომლებიც ზმნისწინის გარეშე არ გამოიყენება (მოდის, გავიგე, გადაფრინდა და სხვ.) და ზმნები, რომლებიც ზმნისწინითაც და მის გარეშეც გვხვდება. მათი საერთო ნიშნებით დაჯგუფების შემდეგ მოსწავლეები თავადვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არსებობს:

  • ზმნები, რომლებიც საერთოდ არ დაირთავს ზმნისწინს;
  • ზმნები, რომლებიც უზმნისწინოდ არ გამოიყენება;
  • ზმნები, რომლებსაც შეუძლია, ზმნისწინი დაირთოს ან არ დაირთოს.

ვფიქრობ, მოსწავლეებს აუცილებლად დააინტერესებთ ზმნის ქცევის კვლევაც, რადგან თავსართები, მოქმედების მიმართულებასთან ერთად, დროზეც მოქმედებს. ზოგი ზმნისწინი მოქმედების დასრულებაზე მიუთითებს, ზოგი კი მოქმედების პროცესს აღწერს.

დაფაზე ჩამოვწერთ ზმნის წყვილებს, მაგალითად:

ვხატავ / დავხატე

ვდებ / დავდე

ვამზადებ / გავამზადე

პირველ მწკრივში ჩამოთვლილი მოქმედებები დაუსრულებელია, მეორეში – დასრულებული, შესაბამისად, მოქმედება სხვადასხვა დროში მიმდინარეობს. შეგვიძლია, ზმნები ერთმანეთში ავურიოთ და მოსწავლეებს მათი საერთო მახასიათებლების მიხედვით დალაგება ვთხოვოთ, მერე კი სიტყვის შინაარსზე დაკვირვების საშუალებაც მივცეთ.

ზმნისწინი აწმყოს ფორმებისგან მომავალ დროსაც აწარმოებს, მაგალითად:

ხატავს –> დახატავს

შლის –> წაშლის

წერს –> დაწერს

ზმნისწინს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლაც შეუძლია, მაგალითად:

მო-იგო (თამაში) –> გა-იგო (ამბავი)

ჩა-აგო (ხმალი ქარქაშში) –> წა-აგო (თამაში) –> და-აგო (ლოგინი)

მიმაჩნია, რომ წარმოდგენა, თითქოს გრამატიკის გაკვეთილები აუცილებლად რთული და მოსაწყენი უნდა იყოს, ნელ-ნელა აუცილებლად შეიცვლება, თუ ენობრივ მასალას სახალისო აქტივობებით და ნოვაციური მიდგომებით გავამდიდრებთ.

ფრანსუა ტრიუფო – თამაშის გაგრძელება

0

„როდესაც მესმის, ზრდასრულ ადამიანს როგორ ენატრება ბავშვობა, მგონია, რომ მას, უბრალოდ, ცუდი მეხსიერება აქვს“, – წერდა ფრანსუა ტრიუფო, ბავშვობის სიმძიმეზე, ხილულ თუ უხილავ წინაღობებზე გადაღებული საუკეთესო ფილმის, „400 დარტყმის“ ავტორი. მართალია, სისასტიკითა და ძალადობით სავსე სამყაროში ასეთი ფილმები ბევრს ვერაფერს ცვლიან, მაგრამ რეჟისორს მაინც სწამდა, რომ მისი თითოეული ნამუშევარი კვალს დატოვებდა; სწამდა ცვლილების შესაძლებლობის და იმისაც, რომ ფილმის გადაღება ბავშვობის თამაშების გაგრძელებაა.

მაყურებლის მეხსიერებაში ჩარჩენილი თორმეტი წლის ბიჭის – ანტუან დუანელის სახე ამოცანას ყოველთვის თავს გაართმევს: გულმავიწყ უფროსებს ბავშვობის წლებს გაახსენებს, მტანჯველი გაურკვევლობით, მოულოდნელი ტკივილის შიშით, ყოველდღიური წყენითა და დიდების სამყაროს უაზრობის განცდით სავსეს. კითხვებიც გაჩნდება: იქნებ მხოლოდ ანტუან დუანელის, ისევე როგორც თავად ფრანსუა ტრიუფოს ბავშვობა იყო მეტისმეტად მძიმე და განზოგადებას თავი უნდა ავარიდოთ? იქნებ მხოლოდ იმიტომაა მიშელ უელბეკის რომანებში შავბნელი სინამდვილე, მწერალს დედის სითბო და ალერსი რომ არასდროს ღირსებია? (ეს კითხვა ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში მოვისმინე). სახელდახელო ფსიქოანალიზის საფრთხეს თუ უკან მოვიტოვებთ, მარტივ პასუხებამდე მისასვლელი გზაც გამოჩნდება.

ბავშვობის განცდები არც არავის ავიწყდება.

„400 დარტყმაში“, დიდწილად ავტობიოგრაფიულ ფილმში, ფრანსუა ტრიუფომ მაყურებელს ბავშვობის სირთულეები დაუფარავად აჩვენა. მოგვიანებით კი დაწერა: „მინდა იცოდეთ – ჩემი გამოცდილება კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რაც ფილმში გადმოვეცი“. მისი ჩანაწერების კითხვისას თვალშისაცემი სწორედ ეს სურვილია – იყოს ბოლომდე გულწრფელი, თქვას ძნელად მოსასმენი სიმართლე, არც საკუთარი თავი დაზოგოს და არც – სხვები. ქართულ ენაზე ცოტა ხნის წინ გამოსულ მისი ესეების კრებულში „რაც თვალს სიამოვნებს“ (მთარგმნელი – ნუცა ალექსი-მესხიშვილი) ვკითხულობთ: „როდესაც ჩემს მეგობარ მარსელ მუსისთან ერთად სცენარის წერა დავიწყე, ორივემ ვიგრძენით, რომ ეს ამბავი უნდა განგვევრცო და მისთვის სრულმეტრაჟიანი ფილმის განზომილება მიგვენიჭებინა. ჩვენს მუშაობას გასდევდა ერთი იდეა: გველაპარაკა ბავშვობაზე არა ჩვეული სევდიანი ნოსტალგიით, არამედ, პირიქით, აღგვეწერა ის, როგორც „მძიმე ხანა“, რომელიც უნდა გადააგორო“.

იშვიათი გულახდილობით დაწერილი ამ ესეების წაკითხვას, ისევე როგორც „400 დარტყმის“ ნახვას ყველას ვურჩევდი, ვისაც ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, ასევე მათ, ვინც პედაგოგიური პრაქტიკის დაწყებას აპირებენ.

ცამეტი წლისა მოუთმენლად ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ ყველანაირი ცუდი საქციელი დაუსჯელად ჩამედინაო, – აღიარებს ფრანსუა ტრიუფო და მაშინვე საკუთარი მეხსიერების გადასინჯვას ვიწყებთ: ჩვენ რას ვფიქრობდით ცამეტი წლის ასაკში? რა გვსურდა ყველაზე მეტად? როგორ წარმოგვედგინა ჩვენი თავი დიდების სამყაროში?

თხუთმეტი წლისა, ხულიგნობის გამო, ვილჟუიფის არასრულწლოვანთა კოლონიაში მოხვდა.

მე კი სწორედ ამ ასაკში ვნახე პირველად მისი ფილმი – „მეზობელი ქალი“, დაუვიწყარი ფანი არდანით და ჟერარ დეპარდიეთი, რომელსაც ფრანგული კომედიებიდან ვიცნობდი – ერთ შაბათ საღამოს, გადაცემა „ილუზიონში“. მსგავსი არაფერი მენახა და შთაბეჭდილებით გაბრუებული დავდიოდი მომდევნო დღეებში. მოზარდობის ხანაში სიმართლეს სულ სხვაგვარი გულმოდგინებით ეძებ. გეჩვენება, რომ ყველა რაღაცას გიმალავს. დიდების სამყაროს საიდუმლოებები გიზიდავს და ამავე დროს გაშინებს კიდეც. ცოტაც და ამ სამყაროს ნაწილი გახდები, საიდუმლოსაც ფარდა აეხდება, მაგრამ ვერ ითმენ – წარმოსახვა წაკითხულისგან, ნანახისა და ყურმოკრულისგან ახალ სინამდვილეს ქმნის, რომელიც ისევე საეჭვოდ გამოიყურება, როგორც სხვა დანარჩენი. ფრანსუა ტრიუფოს გმირები კი შენიანები არიან – ამას თავიდანვე გრძნობ და მშვიდად აგრძელებ ფილმის ყურებას. უკვე დიდი ხარ. აღარაფერს გიმალავენ.

„თავის შემოქმედებაში ფრანსუა ტრიუფო ორ თემას უტრიალებს სულ – სიყვარულსა და ბავშვებს. მოზრდილები, მაშინაც კი, როცა მათი ურთიერთობა ვნებიან სიყვარულს გამოხატავს, ტრიუფოსთან ყოველთვის ბავშვებს ჰგვანან. ისინი თამაშობენ სიყვარულით და თამაშს არ წყვეტენ მაშინაც კი, როცა სიყვარული სახიფათო ხდება; მაშინაც კი, როცა აშკარაა – სიყვარულობანას თამაში სიკვდილთან თამაშში გადადის“ (გოგი გვახარია, „ფრანსუა ტრიუფოს კინო ურჩევნია“). რა გასაკვირია, რომ ამ სიტყვების წაკითხვისას სწორედ „მეზობელი ქალი“ გამახსენდა – მივხვდი, რამ გახადა შეუძლებელი ამ ფილმის დავიწყება.

ფრანსუა ტრიუფო ამბობდა, ფილმებს ბავშვობის ოცნებების ასასრულებლად ვიღებო. ბავშვობის აჩრდილები მუდმივად თავს დასტრიალებდნენ, ის კი მათ სულაც არ უფრთხოდა, თამაშის გაგრძელება უხაროდა და იცოდა, რომ ყოველი ფილმის გამოსვლისას სამყაროში რაღაც იცვლებოდა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...