კვირა, ივნისი 22, 2025
22 ივნისი, კვირა, 2025

პოეზია და პერფორმანსი- პოეტური ნაწარმოების სწავლება

0

პოეტური ნაწარმოებები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე დაწყებითი საფეხურიდანვე შეისწავლება. მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ლექსების შესწავლისა და დამუშავების „ძირითადი პაკეტი“, ცხადია, განსხვავებულია. საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწალეები, დაწყებითი საფეხურისგან განსხვავებით, უფრო ღრმად და საფუძვლიანად ამუშვებენ პოეტურ ტექსტებს.

  • რა არის პოეტის მთავარი სათქმელი?
  • ვინ არის ლექსის ლირიკული გმირი?
  • რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს პოეტი?
  • ტროპის რა სახეებია გამოყენებული?
  • რას გულისხმობს პოეტი ამა თუ იმ მხატვრულ სახეში?
  • რა მოიაზრება ამა თუ იმ სტრიქონში/სტროფში/ტაეპში?
  • რითმა, რიტმი და ვერსიფიკაციის სხვა საკითხები…

ლექსზე მუშაობა, ძირითადად, ამ კითხვებზე პასუხების გაცემას, მსჯელობას, საუბარს მოიცავს. არც თუ იშვიათ შემთხვევებში მოსწავლეებს ლექსების ზეპირად დასწავლაც ევალებათ.

აუცილებელია თუ არა ლექსების ზეპირად დასწავლა, რათა უკეთ ჩავწვდეთ აზრს/არსს/სათქმელს? შესაძლებელია თუ არა პოეტურ ტექსტებზე მუშაობის გამრავალფეროვნება? როგორ შეიძლება დავაინტერესოთ მოსწავლეები ტექსტებით, რომლებიც არ/ვერ ეხმიანებიან მათ ინტერესებს?

დღევანდელ წერილში სწორედ ამ კითხვებზე შევეცდები პასუხების გაცემას.

დავიწყოთ მნიშნელოვანი კითხვით – საჭიროა თუ არა დაზეპირება?

დაზეპირებას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

ლექსების ზეპირად დასწავლის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ ფაქტორებზე:

  • ლექსების ზეპირად სწავლა ავარჯიშებს მეხსიერებას
  • ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს
  • მოსწავლეს საშუალებას აძლევს მიზნობრივად ( არგუმენტაციისთვის, დასაბუთებისთვის…) გამოიყენოს ციტატები ზეპირი თუ წერითი მსჯელობის დროს
  • დაზეპირება საჭიროა ლიტერატურული გემოვნების დასახვეწად;

მოხმობილი არგუმენტები მართლაც მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად, საგულისხმოც.

თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პირობა –  ყველა ამ სასიკეთო შედეგს აუცილებლად უნდა ახლდეს გააზრებისა და ანალიზის ელემენტებიც და ამის უგულებელყოფის გარეშე ლექსის დაზეპირება  გაუმართლებელი იქნება. ნებისმიერი აქტივობის, დავალების, სავარჯიშოს, მითითების მიცემის სავალდებულო წინაპირობაა მისაღწევი მიზნის წინასწარ გათვლა. თუ ლექსის დაზეპირება თვითმიზანია ( დაზეპირება-დაზეპირებისთვის), შედეგი ნაკლებად სასარგებლო იქნება, თუ მასწავლებელი ლექსის დაზეპირების პროცესს სახალისოდ, საინტერესოდ და არარუტინულად წარმართავს,  შედეგიც უკეთესი იქნება(ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ).

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტორიც – ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის თანახმად ლექსის ზეპირად დასწავლა მოსწავლეს არ მოეთხოვება არც ერთ საფეხურზე. შესაბამისად, მისი შეფასება ( ნიშნის დაკლება) ამ მიმართულებით ყოვლად გაუმართლებელია!

ლექსის დაზეპირების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები:

  • პროცესი მექანიკურია და საკუთრივ დაზეპირება არ ეხმარება მოსწავლეს გააზრებასა და ანალიზში.
  • არიან მოსწავლეები, რომლებიც ვერ იმახსოვრებენ ტექსტებს ზეპირად. ისინი წამგებიან მდგომარეობაში არიან, თუ მასწავლებელი ლექსს ზეპირად აძლევს კლასს და ამის მიხედვით აფასებს .
  • მეხსიერების გავარჯიშება შესაძლებელია სხვა, მეტად სახალისო და საინტერესო სავარჯიშოებით. ლექსის ზეპირად დასწავლის იძულება კი უკუეფექტს იძლევა და მოსწავლეს, შესაძლოა, საერთოდ შესძულდეს პოეზია ( კონკრეტული ავტორი, კონკრეტული ლექსი…).
  • ზეპირად დასწავლა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს მოსწავლისგან, გააზრება-ანალიზისა და სხვა უფრო მაღალი დონის სააზროვნო აქტივობებისთვის ნაკლები დრო რჩება.

ცხადია, ყველა ეს არგუმენტიც საგულისხმო და საინტერესოა. ზოგადად, იმის პირდაპირ თქმა, უნდა ვასწავლოთ თუ არა მოსწავლეებს ლექსები ზეპირად რთულია და ერთი „საყოველთაო რეცეპტი“ ამ შემთხვევაში არ არსებობს. თუმცა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორები, რაც ზევითაც აღინიშნა:

  1. ლექსების დასწავლა არ უნდა იყოს „მისაღწევი შედეგი“. ეს აქტივობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც “დამხმარე ინსტრუმენტი” სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებისთვის.
  2. დაუშვებელია დაზეპირების „ხარისხის“ მიხედვით ნიშნის დაწერა. მოსწავლეს არ უნდა შეუფასდეს მეხსიერება. ეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კომპეტენცია ნამდვილად არ არის.

ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ აქტივობა, რომელიც ორივე პოზიციის ( დაზეპირების მომხრეები და დაზეპირების მოწინააღდეგეები)მომხრეებს დაეხმარება პოეზიის შესწავლის პროცესში.

პოეზია და პერფორმანსი

რას ნიშნავს პერფორმანსი და როგორ გამოვიყენოთ ის სასწავლო მიზნებისთვის?

პერფორმანსი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფორმაა. სიტყვასიტყვით ნიშნავს – შესრულებას, წარმოდგენას, გამოსვლას. გულისხმობს ხელოვანის ან ხელოვანთა ჯგუფის მიერ წინასწარგანსაზღვრულ დროსა და ადგილზე გარკვეული წარმოდგენის გამართვას. პერფორმანსად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ინდივიდის/ინდივიდების დამოკიდებულებას, მოსაზრებას, სათქმელს გამოხატავს კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის წინაშე. შესაძლებელია ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგის ელემენტების გამოყენება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. პერფორმანსი ხშირად მოიცავს ცეკვის, მუსიკის, თეატრის, ცირკის და სხვა მომიჯნავე დარგების ელემენტებს და მიიჩნევა კონცეპტუალურ ფორმად. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, პერფორმანსი მხატვრული შემოქმედების სახეობაა, რომელიც აერთიანებს თეატრსა და სახვით ხელოვნებას. პერფორმანსში მხატვარი თავად წარმოუდგენს მაყურებელს გაცოცხლებულ კომპოზიციებს.

სათქმელის ამ საინტერესო და განსხვავებული ფორმის მოსწავლეებისთვის წარდგენის, გაცნობის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს მოცემული (შესასწავლი, საპროგრამო ან საგანგებოდ შერჩეული) ლექსის გადაკეთება პერფორმანსად.

მოსწავლეები არ იქნებიან შეზღუდულნი გამოხტვის ფორმებით, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი საშუალება „ლექსის გასაცოცხლებლად“. შეუძლიათ გაერთიანდნენ ჯგუფებში ან წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე მითითებას:

1.ლექსის ზეპირად დასწავლა სავალდებულო არაა. წარმოდგენის დროს მათ შეუძლიათ ხელთ ჰქონდეთ ტექსტი.

2.მოსწავლის მიზანია „გააცოცხლოს“ პოეტის სათქმელი, უფრო გასაგები გახადოს ესა თუ ის მხატვრული სახე.

3.მოსწავლეს შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი დამოკიდებულება ქმედებით. გამოიყენოს სამსახიობო ოსტატობა, მიმიკა, ჟესტიკულაცია, წინასწარ შერჩეული რეკვიზიტი.

  1. მას შეუძლია გამოიყენოს აუდიო/ვიდეო/მედიასაშუალებები – შეარჩიოს შესაფერისი მუსიკალური გაფორმება, გააკეთოს ვიდეოჩანაწერი, დახატოს ილუსტრაცია, გააკეთოს ფოტოკოლაჟი.
  2. მოსწავლეს შეუძლია გამართოს „წარმოსახვითი დიალოგი“ პოეტთან. დაუსვას მას მისთვის საინტერესო კითხვები, თავად შეეცადოს გასცეს პასუხები „ღიად დარჩენილ“ კითხვებს, დახატოს სიტყვიერი ილუსტრაცია – წარმოიდგინოს და აღწეროს ლექსის დაწერის დროს შექმნილი ატმოსფერო, გარემო, პოეტის სულიერი, ემოციური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. შემოგვთავაზოს პოეტის „ფსიქოპორტრეტი“ ლექსის მიხედვით.
  3. 6. მოსამზადებლად სასურველია მივცეთ გარკვეული დრო ლექსის სირთულის ან სხვა საჭიროებების გათვალისწინებით. დავალებას პერმანენტული პროექტის სახე შეგვიძლია მივცეთ. სამუშოს გადანაწილების შემდეგ კვირაში ერთი შერჩეული დღის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფი ან მოსწავლე წარმოადგენს ერთ პოეტურ პერფორმანსს.

ამგვარად დაგეგმილი სამუშაო სასწავლო პროცესს ნამდვილად გაამრავალფეროვნებს. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ღრმად ჩაწვდნენ პოეტურ ქმნილებას, ბოლომდე შეიგრძნონ ლირიკული ტექსტის არსი  და ყოველგვარი მექანიკური დამახსოვრების გარეშე გაითავისონ ტექსტი. შეადარეთ – ერთ ან ორ საგაკვეთილო საათში სქემატურად „დამუშავებული“ ლექსი და ლექსი, რომელზეც მოსწავლე გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობს, ამუშავებს მხატვრულ სახეებს, საშუალებებს, ცდილობს შეარჩიოს გამოხატვის საკუთარი ფორმები.

პოეზია იმდენად მრავალფეროვანი და ღირებული რამაა, რომ ნამდვილად იმსახურებს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალო გაზეპირება ან „მარტივ მამრავლებად“ ( მხატვრულ სახეებად, მხატვრულ საშუალებებად, რითმებად და ა.შ.) დაშლაა.

პოეზიისა და პერფორმანსის ტანდემი კი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი, მარტივი და საინტერესო ფორმაა ამ მიზნის მისაღწევად.

 

 

 

 

 

სად გაქრნენ ბეღურები?- საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლებისათვის

0

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლას, სადაც ორმოცამდე წელია ვმუშაობ, გამორჩეული ისტორიისა და არქიტექტურის მქონე შენობასთან ერთად მოვლილი ეზო-გარემოც ამშვენებს. აქ, მრავალწლოვან ხეთა წიაღში, ყოველთვის უამრავი სახეობის ფრინველი ბინადრობდა.

რეზო ინანიშვილის „ჩვენი ყოჩაღი სკვინჩას“ შესწავლისას მეოთხეკლასელებს ეზოს ბინადარი ფრინველების დახმარებისა და გამოკვების სურვილი გაუჩნდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ვეღარსად  დავინახეთ. აღარც მათი ხმა ისმოდა. ბეღურებიც კი აღარ ჩანდნენ, რომლებიც მანამდე თითქმის ყოველ ხეზე ჟღურტულებდნენ. ვიკითხეთ: „სად გაქრნენ ბეღურები?“ – და ერთად გადავწყვიტეთ, კვლევა დაგვეწყო.

დავგეგმეთ პროექტი, დავისახეთ მიზანი, მოვიძიეთ ინფორმაცია ფრინველებზე. ყურადღება ბეღურებზე გავამახვილეთ. დაკვირვების მიზნით ყოველ პარასკევს დავდიოდით რომელიმე სკვერში ან ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში. სამწუხაროდ, არც იქ ისმოდა ბეღურების ჟივჟივი. გარდა შაშვებისა, ვერც ერთი ჩიტი ვერ აღმოვაჩინეთ. ბუნებისმეტყველების მასწავლებელ მაია ფანცხავათან ერთად ჩავატარეთ ინტეგრირებული ღია გაკვეთილი, მოვაწყვეთ ჯგუფური ნამუშევრების შეფასება-გამოფენა, გამოვუშვით სპეციალური კედლის გაზეთი – „გიყვარდეთ ფრინველები!“ ბავშვებმა ფრინველების შესახებ პატარა წიგნი-ბუკლეტები დაამზადეს. ბოლოს გაიმართა შეგროვებული მასალების პრეზენტაცია, პროექტის განხილვა-ანალიზი.

პრეზენტაციაზე პრობლემის მიზეზები გამოიკვეთა.

მოსწავლეებმა განიზრახეს, პრობლემის აღმოსაფხვრელად აქცია გაემართათ – დაამზადეს ხელოვნური ბუდეები და სკოლის ეზოში ხეებზე ჩამოკიდეს. მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ერთად აქციაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის დირექტორი და სხვა თანამშრომლებიც.

ეს აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის და, ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ. გადავწყვიტეთ, ეს ყოველივე, პროცესის ამსახველი ფოტოსურათებითურთ, თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.

  1. 1. პროექტის დასახელება: „სად გაქრნენ ბეღურები?“
  2. პროექტის სახეობა: სასწავლო
  3. პროექტის მიზანი: ფლორისა და ფაუნის დაცვა
  • ბუნების, ფრინველების სიყვარული
  • ფრინველთა ნაირსახეობების გაცნობა
  • ბუნებაში მათი როლისა და მნიშვნელობის დანახვა და ფრინველებისადმი საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
  1. 4. საგანი: ქართული ენა
  2. პროექტის იდეის ავტორი: გულნარა დავიდოვა
  3. პრობლემის არსი: რ. ინანიშვილის მოთხრობა „ჩვენი ყოჩაღი სკვინჩას“ გაცნობის დროს მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ეზრუნათ სკოლის ეზოში მობინადრე ფრინველებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, შაშვისა და გვრიტის გარდა სკოლის ეზოში ფრინველი ვეღარ შევამჩნიეთ.

დაისვა კითხვა: რატომ აღარ ისმის ბეღურების ჟღურტული? სად გაქრნენ ისინი?“

  1. პროექტის ამოცანები:
  • პროექტის მიზნის გაცნობა
  • პროექტის განსახორციელებლად დასახული გზები
  • სამუშაო ბუკლეტის დამზადება
  • მოსწავლეთა შორის ფუნქციების განაწილება
  • მიზეზების დადგენის მიზნით ქ. ქუთაისის გარემოს დაცვის თანამშრომლებთან: ქ.-ნ. ლალი გამყრელიძესა და ქ.-ნ. ქეთევან ცხაკაიასთან კავშირის შენარჩუნება
  • გასეირნება სკვერებში და დაკვირვება ბეღურებზე
  • ქალაქის მცხოვრებლებთან შეხვედრა, ინტერვიუს წარმართვა და მოსაზრებების აღრიცხვა
  • დაკვირვების მიზნით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ექსკურსიის მოწყობა
  • მოძიებული მასალების გაცნობა-გაანალიზება
  • ინტეგრირებული ღია გაკვეთილის ჩატარება ბუნების მასწვალებელთან (მაია ფანცხავასთან) ერთად
  • ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაცია და თვალსაჩინო ადგილას გამოფენა
  • წიგნ-ბუკლეტების – „გაზაფხული და ფრინველები“ – დამზადება
  • კედლის გაზეთის გამოშვება და მასში აღნიშნულ თემაზე სათანადო მასალების განთავსება
  • ხელოვნური ბუდეების დამზადება და სკოლის ეზოში ხეებზე ჩამოკიდება
  • პროექტის ხანგრძლივობა – 4 თვე; ვადა – 28.11.2015/12.04.2016
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალური რესურსები: მოსაწვევები, ბუკლეტები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები და ჩიტის ბუდეების დასამზადებელი მასალა
  • შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები: მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ილუსტრირებულ საინფორმაციო ტექსტში (ენციკლოპედიაში და სხვა) ინფორმაციის მოძიება და გაგება; სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და სათანადოდ გაფორმება; ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა; ფრინველთა სახეობების და მათი საცხოვრებელი გარემოს აღწერა; ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგება და დემონსტრირება (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა და გამორთვა).

  1. 21-ე საუკუნის უნარები:
  • მოძიებული მასალების გაგება-გააზრება
  • ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ–სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა
  • უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონისა და სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით
  1. მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:
  • ზოგადი კითხვა: „რა ცვლილებებს ვამჩნევთ ბუნებაში?“
  • თემატური კითხვა: „რა მიზეზით შეიძლება შემცირებულიყო ბეღურების რაოდენობა?“
  • შინაარსობრივი კითხვა: „რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ფრინველებს, განსაკუთრებით – ბეღურებს?“
  1. შეფასების დროის ჩარჩო:
  • მოკლე განმავითარებელი თვითშეფასება, რამელიც მოსწავლეს დაეხმარება როგორც ძლიერი მხარის შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარის გაუმჯობესებაში
  • საჭირო კითხვარები და მათი შეფასება
  • ჯგუფური ნამუშევრების შეფასება
  • წიგნ-ბუკლეტებისა და ხელნაკეთი ბუდეების შეფასება
  • გამოყენებული იქნება შეფასების დაგეგმვის ცხრილი

 

  1. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს.
  2. საჭირო მასალები: თაბახის ფურცლები, ფერადი ქაღალდები, ფანქრები, ჩიტის ბუდის დასამზადებელი მასალა

აუდიომასალა: კომპიუტერი, პროექტორი

ინტერნეტრესურსები (საავტორო უფლებების დაცვა)

 

შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

შეფასებისთვის გამოვიყენე სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტები. განვსაზღვრე პროექტისთვის საჭირო მოსწავლეთა რაოდენობა, დავყავი ისინი ჯგუფებად, მივაწოდე შეფასების კრიტერიუმები, რომელთა საშუალებითაც შეაფასეს როგორც საკუთარი თავი, ისე ხელმძღვანელიც. იმისთვის, რომ შეფასება მოსწავლეზე ყოფილიყო ორიენტირებული, გამოვიყენე მოკლე განმავითარებელი თვითშეფასების კითხვარი, რაც დამეხმარა როგორც ძლიერი მხარის შენარჩუნებაში, ისე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაშიც.

პროექტის მსვლელობისას გამოვკვეთე მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი, – რომლებიც შევაფასე საკვანძო კითხვების რუბრიკით. მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად გამოვიყენე კითხვარი, მოვახდინე მათი შეფასება „ვ.მ.ვ. ცხრილით“. მთლიანი პორტფოლიო შევაფასე რუბრიკით. შევადგინე სავარაუდო ნაშრომები, რომლებიც შევაფასე სავარაუდო შეფასების ცხრილით. მოსწავლეების ჯგუფურად შესაფასებლად გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის ცხრილი. ყველა ტიპის შეფასებისთვის გამოვიყენე შეფასების დაგეგმვის ცხრილი.

 

სასწავლო პროცედურები

შევარჩიე პროექტის თემა, რომელიც მოსწავლეებზე იყო ორიენტირებული. შევქმენი პუბლიკაცია, რათა რეკლამირება გამეწია ჩემი პროექტისთვის და განმესაზღვრა მასწავლებლის, ადინისტრაციისა და მშობლის როლი. იმისთვის, რომ მოსწავლეები გამეყვანა ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მაღალ სააზროვნო დონეზე, შევარჩიე 21-ე საუკუნის უნარები. მიზნის სწორად და მკაფიოდ ჩამოყალიბებისთვის ავიღე სტანდარტები საგნების მიხედვით, რომლებიც ჩემს საპროექტო გეგმას სჭირდება ზედა დონის მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად. დავსვი ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომლებმც წარმოაჩინა მოსწავლეთა ინტერესები. დავიცავი ბიბლიოგრაფია და საავტორო უფლებები. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და მივეცი სათანადო ნიმუშები. მთელი პროექტის განმავლობაში ვახდენდი შეფასებას.

 

მიზეზები და შედეგები

კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ბეღურების რაოდენობის შემცირებას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მიზეზი:

  1. შეიცვალა მშენებლობათა არქიტექტურული იერსახე, რომელიც აღარ აკმაყოფილებს ბეღურებს ბუდეების ასაშენებლად;
  2. ქალაქის ახლომახლო აღარ ითესება მარცვლოვანი კულტურები;
  3. გლობალურმა დათბობამ გამოიწვია დიდი სიცხეები, როგორსაც ვერ უძლებენ ფრინველები და ზოგიერთი მწერი, ჩიტები კი ორ დღეზე მეტხანს ვერ ძლებენ მშივრები და იხოცებიან;
  4. შხამ-ქიმიკატები, რომლებითაც ორჯერ შეწამლულა აღნიშნული სკოლის ეზო;
  5. ველური კატების მომრავლება, რომლებიც ანადგურებენ ჩიტის ბარტყებსაც და კვერცხებსაც.

 

იმისთვის, რომ ჩვენი სკოლის ეზოში კვლავ აჟღურტულდნენ ბეღურები, მოსწავლეებმა გამართეს აქცია: ხეებზე ბავშვების ხელით დამზადებული ბუდეები ჩამოიკიდა, რაც ფრინველებს გამრავლების საშუალებას მისცემს.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოება: სკოლის დირექტორი – ბ-ნი მურად ჯიშკარიანი; სასწავლო ნაწილის გამგეები: ამირან ძაგნიძე, ომარ ავალიანი; კათედრის გამგე – ნათია ბრეგაძე; ბუნების მასწავლებელი – მაია ფანცხავა; მოსწავლეთა მშობლები: შორენა ხვიჩია, ლიკა მოგელაძე, მზია ხურციძე, ნათია კიკოლიაშვილი, ნესტან ცხადაშვილი და სხვები.

მოძიებული მასალებიდან პრეზენტაციაზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხებია:

  1. რა არის ფრინველი?
  • მსოფლიოში ფრინველთა დაახლოებით 8600 სახეობა არსებობს. ფრინველები ხერხემლიანები და თბილსისხლიანები არიან. ბუმბული მათ გარდა არც ერთ სხვა არსებას არ აქვს.
  • ყველა ფრინველს აქვს ფრთები და დაფრინავს კიდეც. ფრინველს, რომელსაც ფრენა არ შეუძლია, მაგ., აფრიკულ სირაქლემას, მტრისგან გაქცევაში ძლიერი ფეხები ეხმარება.
  • ფრინველებს მკლავივით შეუძლიათ ფრთების მოქნევა, ისინი ფრთებს შლიან ან კეცავენ, რომ ჰაერში მიმართულება ცვალონ.
  • ფრინველები ძალიან მსუბუქები არიან, რადგან ძვლები ჰაეროვანი და წვრილი აქვთ. მათი სხეული ისეა აგებული, რომ ფრენა შეძლონ. მიწას რომ მოსწყდებიან, ჰაერში შეინავარდებენ და ფრთებს ძალზე სწრაფად იქნევენ. საკვების ძებნაში ჰაერის ნაკადს სრიალით მიჰყვებიან და ირაოსაც აკეთებენ.
  • პატარა ჩიტები ფრთებს სწრაფად იქნევენ. კოლიბრი იმდენად სწრაფად იქნევს ფრთებს, რომ შეუძლია ჰაერში დაეკიდოს ან უკან-უკან იფრინოს.
  • ზოგი ფრინველი შემოდგომაზე თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავს, სადაც აუარება საკვებია. მათ გადამფრენ ფრინველებს უწოდებენ. ზოგი დღისით მიფრინავს, ზოგი – ღამით. ისინი გზის გასაკვლევად მზეს, ვარსკვლავებს და ხმელეთის ნიშნებს იყენებენ.
  • ფრინველებს ღეჭვა არ შეუძლიათ, რადგან კბილები არ აქვთ, ისინი საკვებს მთლიანად ყლაპავენ.
  • ფრინველები ისუფთავებენ, იბანენ, და ცხიმით იპოხავენ ბუმბულს. ცხიმი კუდის ზემოთ მოთავსებული ჯირკვლიდან გამოიყოფა. ისინი წელიწადში ერთხელ იცვლიან ბუმბულს.

წყარო: საბავშვო ენციკლოპედია.

 

 

ინფორმაცია ბეღურებზე

ამბობენ, თვალი ამტყუნებს ბეღურებს, ცოდნა კი ამართლებსო.

თვალი გვეუბნება: ბეღურა ჩიტი თქვენი მტერია, ზარალს გაძლევთ, სდიეთ და ჟლიტეთო. ცოდნა კი გვარწმუნებს: ბეღურა შეუდარებელი მეველეა ჭირნახულისა, დიდი მოკეთეა თქვენი, სარჩლი გაუჩინეთ და ამრავლეთო.

თუ თვალს დავუჯერებთ, ბეღურები მართლაც ხარბად კენკავენ პურის მარცვლებს, ბაღში ხეხილს სტუმრობენ და პირს იტკბარუნებენ ტკბილი ხილით. ყველაფერ ამას თვალი ხედავს.

გონება ამბობს, რომ ეს ზარალი ძალიან მცირეა, უჩინარი სიკეთე ჩიტისა იმოდენაა, რომ ყელამდე ვალში ვართ ამ პატარა ჩიორას წინაშე.

ბეღურები ანადგურებენ ჭია-მატლებს. თვითონ ადამიანს მათთან ბრძოლა არ შეუძლია. სადაც ადამიანი უძლურია, იქ ფრინველები ძლიერნი არიან და დიდ სიკეთეს გვიკეთებენ. ამ ფრინველთა შორის პირველი ადგილი ეკუთვნის ბეღურას.

ბეღურა ჩიტი არამც თუ დიდი მოკეთეა ჩვენი და ჩინებული მეგობარი, არამედ ძლიერი, ჭკვიანი, მარდი და გულადია, ამიტომ სრული სიყვარულის და მფარველობის ღირსია.

წყარო: იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“.

 

მოქმედების კალენდარული გეგმა

ვადა: 28 ნოემბრიდან 12-14 აპრილამდე

აქტივობა ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი აქტივობის ტიპი
პროექტის მიზნის გაცნობა,ფუნქციების განაწილება, ჯგუფების შექმნა 28/11

29/11

      30/11 ინდივიდუალუ-რი; ჯგუფური; მასწავლებელთან ერთად
პუბლიკაციის დამზადება, ადმინისტრაციის, კოლეგებისა და მშობლების როლის განსაზღვრა 1/12       2/12 ადმინისტრაცია, ბუნების მასწავლებელი; ქალაქის ეკოლოგიის წევრები; მშობლები
რესურსების შერჩევა; რა არის ფრინველი; ინფორმაციის მოძიება ბეღურებზე; მიზეზთა კვლევა;

გამოკითხვები

      2/12

9/12

16/12

23/12

25/1

29/1

ყოველი პარასკე-ვი მთელი კლასი;

ჯგუფები

დამოუკიდებელი სამუშაო, ლიტერატურის შერჩევა. კვლევა.   16/ 02

18/02

14/03     ინდივიდუალური და დამოუკიდებელი სამუშაოები
ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში, ღია გაკვეთილი, ჯგუფური მუშაობა, დასრულებული მასალების სისრულეში მოყვანა. 6/04   6/04 1/04 8/04 მთელი კლასი; ჯგუფები; მასწავლებელთან ერთად
პრეზენტაცია; გამოფენა; დამზადებული ბუდეების ხეებზე განთავსება.   11/04

12/04

      ჯგუფები, მთელი კლასი, დამსწრე საზოგადოება, მასწავლებლები, მშობლები

პროექტის ხანგრძლივობა – 4 თვე

ბიუჯეტი

N დასახელება რაოდენობა ერთეულის ფასი ჯამი
1. თაბახის ფურცელი 1 შეკვრა 02 თ 8 ლ
2. ფერადი ფანქრები 5 ც 1 ლ 15 ლ
3. მარკერი 5 ც 1 ლ 5 ლ
4. ფორმატის ქაღალდები 10 ც 1 ლ 10 ლ
5. ხელოვნური ჩიტის ბუდეების დასამზადებელი მასალა      

20 ლ

6. ექსკურსია     30 ლ
7. წებო 1 ც 2 ლ 2 ლ
ჯამი.       90 ლ

 

 

პროექტის ავტორი: ი. ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი გულნარა დავიდოვა

ბულინგი. თათა ჭანტურია

0

ბავშვის ადრეული განვითარება

0

მასარუ იბუკა- სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია“

 

„მასარუ იბუკას ეს წიგნი არის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც აქამდე ამ თემაზე დაწერილა.

ვფიქრობ, ის უნდა წაიკითხოს ყველა მშობელმა“.

გლენ დომანი.

 

 

უმთავრესია გარემო და არა გენები

 

ჩემი აზრით, ბავშვის განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს განათლება და გარემო და არა გენეტიკა.

იაპონიაში მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა ტყუპ ბავშვებზე, რომლებიც დაბადებისთანავე იზრდებოდნენ სხვადასხვა ოჯახებში. კვლევებმა აჩვენეს, რომ განსხვავებულ გარემო პირობებში აღზრდილი ტყუპები განსხვავებულები არიან ხასიათისა და უნარ-ჩვევების მიხედვით.

როგორი გარემოა ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარებისათვის უმჯობესი? ამ კითხვაზე პასუხი, რაღა თქმა უნდა, იმ შედეგის მიხედვით გაიცემა, რომლებსაც სხვადასხვა მეცნიერები, განსხვავებულ სიტუაციებში და განსხვავებული მეთოდებით ატარებდნენ. გარდა ამისა, არსებობს მრავალი მაგალითი, როდესაც სასკოლო განათლებით უკმაყოფილო მშობლები, თავად ცდილობდნენ შვილებისათვის განათლების მიცემას. სწორედ მსგავსი ექსპერიმენტების განხილვას ვაპირებ ახლა.

 

ბავშვი, რომლის მამა მეცნიერია, აუცილებლად თავადაც მეცნიერი გამოვა?

მე ხშირად მსმენია, როგორ საუბრობენ დედები: „როგორც ჩანს ჩემი შვილი მამას დაემსგავსა, რადგან მასაც არ აქვს მუსიკალური სმენა“; ან „ჩემი ქმარი მწერალია და ეტყობა ამიტომ ჩვენი შვილიც შესანიშნავ თხზულებებს წერს“.

„დედა ნახე მამა ნახე, შვილი ისე გამონახე“ ყველა ხალხს აქვს მსგავსი შინაარსის ანდაზა და იაპონელებიც არ არიან გამონაკლისნი.

და მართლაც, არის შემთხვევები, როდესაც ექიმის შვილი ექიმი ხდება, მასწავლებლის შვილი მასწავლებელი და მეცნიერის ოჯახში, ისევ მეცნიერები იზრდებიან. მაგრამ ეს მაგალითები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პროფესიული უნარები გენეტიკურად გადაეცემა შემდეგ თაობებს. ჩემი აზრით, მსგავს ოჯახებში ბავშვების აღზრდა მიმდინარეობს ისეთი სულისკვეთებით, რომელიც უნერგავს შვილებს მშობლების პროფესიის გაგრძელების სურვილს.  სწორედ გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, განაპირობებს მამის პროფესიისადმი შვილის ინტერესს.

ადამიანების უნარების ფორმირებაში წარმოშობა  გადამწყვეტი რომ იყოს, მაშინ აუცილებლად თაობიდან თაობაში შვილებს მამების პროფესია გადაეცემოდა. მაგრამ ცხოვრება გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანია და სწორედ ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმის შვილი მეცნიერი ხდება, ხოლო მუსიკოსის  შვილი-  მწერალი. საკმარისია ჩვენს გარშემო მცხოვრებ ოჯახებს გადავხედოთ, რომ ვნახავთ, რამდენ ნიჭიერ ოჯახს ჰყავს არასათანადოდ ნიჭიერი შვილი და პირიქით.

სწორედ გარემო პირობების და ცხოვრებისეული გამოცდილების წყალობით, დაბადებისას  მსგავსი ბავშვები, ზრდასრულობაში ყალიბდებიან სრულიად განსხვავებული უნარების და ხასიათის მქონე პიროვნებებად. მშობლების პროფესია და უნარები, პირდაპირ გავლენას არ ახდენენ შვილების ხასიათსა და უნარ-ჩვევებზე.

„ერთ კოვზ კუპრს შეუძლია მთელი კასრი თაფლის გაფუჭება“.

ერთ ამბავს მოგიყვებით, რათა მიგახვედროთ, რისი თქმა მინდა. ახალგაზრდა მამაკაცი ერთი წლით სამუშაოდ უცხოეთში გაუშვეს. მისი მეუღლე ახალშობილ ბავშვთან ერთად მშობლებთან პროვინციაში გადავიდა საცხოვრებლად. ბებიას და ბაბუას ძალიან უყვარდათ შვილიშვილი, ისინი მთელ დროს ბავშვთან ატარებდნენ და პატარას პროვინციულ დიალექტზე ესაუბრებოდნენ. ერთი წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად კვლავ ტოკიოში დაბრუნდა. როდესაც პატარა გოგონამ ლაპარაკი დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ის პროვინციულ დიალექტზე საუბრობდა, დედ-მამის სალიტერატურო ენით მეტყველების  მიუხედავად.  რამდენიმე წლის შემდეგაც კი, როდესაც ბავშვი სკოლაში მივიდა, ბოლომდე ვერ გათავისუფლდა დიალექტისგან. აღმოჩნდა, რომ იქამდე სანამ გოგონა საუბარს დაიწყებდა, მის თავის ტვინში ჩაიბეჭდა დიალექტისათვის დამახასიათებელი სიტყვები. ძალიან ძნელია ძველი კვალის წაშლა და ახალი გზის გაყვანა.

ადრეულ ბავშვობაში პატარაზე მომხდარმა შთაბეჭდილებამ შესაძლებელია წარუშლელი კვალი დაამჩნიოს მთელს მის შემდგომ ცხოვრებას. „ ერთი კოვზი კუპრი თაფლიან კასრში“ სწორედ ამას ნიშნავს.  ამიტომ მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი შვილების ადრეული ბავშვობა დაცული იყოს გარემოს მავნე გავლენებისგან.

ოთახი, სადაც პატარები იზრდებიან, უღიმღამო არ უნდა იყოს.

წარმოიდგინეთ ერთგვაროვან ფერში შეღებილი ბავშვის საცხოვრებელი ოთახი, რომელიც ამავე დროს სრულიად იზოლირებულია გარე ხმაურებისაგან. შესაძლებელია რომელიმე დედა ფიქრობდეს, რომ ასეთი გარემო იდეალურია პატარისათვის. სინამდვილეში კი, ისეთი ოთახი, რომელიც ყოველგვარი ატრიბუტებისაგან  დაცლილია, არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ მავნებელიცაა  ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის.

ამერიკელი პროფესორის ჯერომ ბრუნერის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ბავშვის ინტელექტის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის გარემო, რომელშიაც იმყოფება პატარა. ბრუნერმა ეს მოსაზრება განამტკიცა შემდეგი ექსპერიმენტით: ახალშობილი ბავშვები გაყვეს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი მოათავსეს ოთახში, სადაც არანაირი გარემო სტიმულატორები არ იყო. მეორე ჯგუფის ბავშვები განათავსეს მკაფიო, კაშკაშა ფერებით მოხატულ ოთახში. მათი საწოლების გადასაფარებლებიც მკვეთრი ფერების გახლდათ. ფანჯრებიდან მოფუსფუსე მედ-პერსონალი ჩანდა და მუსიკის ხმები ისმოდა. განსხვავებულ პირობებში ბავშვები რამდენიმე თვის განმავლობაში იზრდებოდნენ, რის შემდეგაც მათ ჩაუტარეს ინტელექტის განვითარების დასადგენი ტესტი. თითოეულ პატარას აჩვენებდნენ კაშკაშა საგანს და ზომავდნენ იმ დროს, რომელიც სჭირდებოდა მას საგნამდე მისაღწევად. ამით იზომებოდა ბავშვის განვითარების დონე. შედეგებმა მკაფიო განსხვავება აჩვენა: ბავშვები, რომლებიც სრულიად „სუფთა“, გარემო სტიმულებისაგან დაცლილ ოთახში ცხოვრობდნენ,  ინტელექტუალური  განვითარებით სამი თვით ჩამორჩნენ მეორე, ფერადი ოთახის   ბავშვებს.

ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე სამთვიანი ჩამორჩენა  საკმაოდ მნიშვნელოვანია. ითვლება, რომ პატარას გონებრივი განვითარება დაბადებიდან სამ წლამდე, განვითარების მაშტაბით  ოთხიდან ჩვიდმეტ წლამდე პერიოდის ანალოგიურია. მეცნიერებს მიაჩნით, რომ სწორი აღზრდის პირობებში მსგავსი ჩამორჩენა სრულად აღმოიფხვრება, მაგრამ  ეს პროცესი დიდ ძალისხმევას და ბავშვზე სერიოზულ ზეწოლას საჭიროებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი უაითი, რომელიც ადრეული განვითარების საკითხებს იკვლევს, მიიჩნევს, რომ თუ დაბადებიდანვე ბავშვს შევუქმნით მრავალფეროვან გარემოს, ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პატარას ინტელექტუალურ  განვითარებაში.

ბავშვზე გავლენას ახდენენ უნებლიე შემთხვევები.

მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მათემატიკოსი, კარლ ფრიდრიხ გაუსი, მხოლოდ რვა წლის იყო, როდესაც აღმოაჩინა არითმეტიკული  მწკრივების ჯამის ფორმულა. მისი მამა უბრალო ქვის მთლელი გახლდათ. კედლების, ღობეების და ღუმელების შეკეთებით ირჩენდა თავს. მას შვილი სამუშაოზე ხშირად მიჰყავდა. პატარა აგურებს ითვლიდა და სავარაუდოდ, მათემატიკური უნარები სწორედ ამ დროს ჩამოუყალიბდა.

ადრეული ბავშვობა – ყველაზე მგრძნობიარე პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ის, რასაც მშობლები ხანდახან უმნიშვნელო და უაზრო შემთხვევად მიიჩნევენ, შესაძლოა ბავშვისათვის იმდენად სერიოზული და მრავალმნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, რომ განსაზღვროს მთელი მისი შემდგომი ცხოვრება.

ადრეული ბავშვობის შთაბეჭდილებები განსაზღვრავს შემდგომში ბავშვის აზროვნებას და მის ქმედებებს.

როდესაც თქვენ  ადრეული ბავშობის დროინდელი რაიმე ამბის გახსენებას მოგთხოვენ,  დიდად გაოცებით, როდესაც აღმოაჩენთ, რომ თითქმის არაფერი გახსოვთ, გარდა იმ ამბისა, რომელიც სრულიად განსხვავებული, ყველაზე გამორჩეული და ყველა ნორმის დარღვევით მიმდინარე იყო. და მაინც, თუ შეძლებთ თქვენი 2-3 წლის ასაკიდან რაიმე ამბის გახსენებას, ის აუცილებლად იქნება მოვლენა, რომელსაც დედა ან რომელიმე სხვა უფროსი გიყვებოდათ ხოლმე.

ის ფაქტი, რომ ადამიანს საკუთარი ადრეული ბავშვობის პერიოდიდან ცოტა რამ ახსოვს, სულაც არ ნიშნავს მეხსიერების სრულ დაბინდვას. სამ წლამდე ასაკში მიღებული ნებისმიერი შთაბეჭდილება და გამოცდილება ხდება ზრდასრული ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბების ძირითადი განმსაზღვრელი. ამბობენ, რომ ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ნებისმიერ ადამიანს თუ შთავაგონებთ, რომ ის მხოლოდ ერთი წლისაა, ერთი წლის ბავშვივით დაიწყებს ლაპარაკს. ეს ნიშნავს, რომ ადრეული ბავშვობის დროინდელი ნებისმიერი შთაბეჭდილება სამუდამოდ ინახება ადამიანის ცნობიერებაში.

იაპონიის ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი,  მირიატსუ მინატო, დაიბადა ჩინეთში, სადაც ადრეული ბავშვობა გაატარა. როცა მისი ოჯახი იაპონიაში დაბრუნდა, მას არასოდეს დასჭირვებია ჩინური ენა და თვლიდა, რომ ეს ენა სრულიად დაავიწყდა. მრავალი წლის  შემდეგ,  როცა მირიატსუ მინატო  საქმიანი შეხვედრით ეწვია ჩინეთს,  აღმოაჩინა, რომ ჩინური ენა იმდენად კარგად ახსოვდა, რომ თავისუფლად შეეძლო ამ ენაზე საუბარი.

ეს შემთხვევა იმიტომ მოგიყევით, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რამდენად ძლიერად იბეჭდება ადამიანის თავის ტვინში ადრეული ბავშვობის დროინდელი გამოცდილებები. შენობის აშენება წარმოუდგენელია, თუ დასაწყისშივე არ ჩაიყრება მყარი ფუნდამენტი. რაც არ უნდა ლამაზი შენობა ააგოთ, მყარი საფუძვლის გარეშე ის მაინც დაინგრევა ძლიერი ქარის ან მიწისძვრის შედეგად.

ადრეული განვითარება არის ის მყარი ფუნდამენტი, რომელიც შემდგომი ცხოვრების მდგრადობას განაპირობებს. დასაწყისიდანვე უნდა ვიზრუნოთ მის საიმედოობაზე, რადგან შეუძლებელია შენობის აშენების შემდეგ დაიწყო ფუნდამენტის ამოყვანა.

 

ფეისბუკგამოთხოვება, ანუ მცირე თანალექტრონული ბიოგრაფია

0

33 წლის ვხდები და გადავწყვიტე ამ სივრციდან დაგემშვიდობოთ, ანუ პირად fb ანგარიშს ვაუქმებ. იმ ტრაგიკულ ცხრა აპრილს, სკოლაში ჯერაც არ ვიყავი. ტელევიზორთან ზურგით დამსვეს, რომ არ დამენახა და ისე მაჭმევდნენ. გვიან დავფიქრდი – როგორ უნდა დავსვათ მსგავს ამბებთან ბავშვი – ზურგით თუ პირდაპირ. ამ ფიქრებზე სხვაგან და სხვა დროს. აი აქ კი 2008 წლიდან ვარ. მეგობარმა მითხრა, ომისშემდგომი დისკუსიებია რუს კოლეგებთან და ეგებ ჩაერთოო. ჰოდა, მას მერე ათასმა ქარიშხალმა გადაიარა და ამ ქარიშხლების ფრთები აქაურობასაც მოხვდა. ხან მძლავრადაც. ჰო, თუ რამე მძულს ამქვეყნად – ეს ცერემონიული და მოპათეტიკურო დამშვიდობებაა, მაგრამ ნაწილობრივ ალბათ მაინც ასე გამოვა. რა ვუყოთ.

ის, რითაც ვამაყობ, ჩემი მშფოთვარე ცხოვრება გახლავთ, საშინლად საინტერესო და თავგადასავლიანი, რთული და წინააღმდეგობრივი, ათასჯერ მრავალფეროვანი, ვიდრე აქედან მოჩანს და – არ ვიქნები ყალბად თავმდაბალი – აქედანაც, ლამის საათში თუნდაც ათი დღის სამყოფ სიახლეს გიყვებით. გურულობის ამბავია ალბათ. არ ვიცი. მე მინდა ის ოცნებები ავასრულო, რაც მამაჩემს ჰქონდა და ვერ შეძლო – ეს არის ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი – საღამოობით, გაჭვარტლული ლამფის შუქზე ვაკვირდებოდი, როგორ კვდებოდნენ მისი ოცნებები და მერწმუნეთ, არაფერია ამაზე საშინელი. 16 წლიდან მარტო ვცხოვრობ ან თანავცხოვრობ. ბევრი რამე ვისწავლე, ბევრი ვერ და ბევრიც არ – როგორც ჯიუტი ადამიანების წესია. არასდროს ვყოფილვარ არავის მონა და მოლაქუცე, არავისთვის მიმიძღვნია დითირაბმი და არც არავისგან მომითხოვია იგივე. სად აღარ მიმუშავია ადრეულ წლებში, ციხეში მასწავლებლად თუ სოფელში მანდარინების გადამტანად. სადაც ვმუშაობდი, მაშინაც და მერეც, იმთავითვე ვიტოვებდი საზღვრებს და არავის კუთვნილებად არ ვქცეულვარ. ჩემს საქმეს ვაკეთებდი და გავაკეთებ. სად აღარ მიცხოვრია – მეგობრებთან ერთად სუნთქვაუკმარ ბინაში, ჩადგმულ ,,ლეჟანკაზე“ რომ მეძინა თუ სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელში, აწ უკვე მღვდელ მამიდაშვილთან ერთად. საერთოდ, დღესაც იმ ბინაში ვცხოვრობ, სტუდენტობისას რომ ვიქირავე – ნუ იფიქრებთ ვწუწუნებდე, არაერთი სამსახური მაქვს და ამ აზრით საკმარისზე მეტი შემოსავალიც – უბრალოდ, დოვლათის მოპოვება არასდროს ყოფილა ჩემი უმთავრესი ვნება – თუ გახდება, იოლად შეიტყობთ. ჩემი ვნება გზა და კეთებაა. სახელის მოხვეჭაცაა ჩემი ვნება – რუსთაველის ფრაზის ამბავში – მე ხომ იმ ტექსტების გავლენის ადამიანი ვარ, მამა და ბებია რომ მიკითხავდნენ ძილის წინ – ასფურცელა, ვაჟა, ლოხინვარ ჭაბუკი, ჰეკი ფინი, ვეფხისტყაოსანი. დიახ, სახელის მოხვეჭა დიდი და ამბიციური საქმეების კეთებით. მგონია, რომ ადამიანად ყოფნა გამოწვევაა დასაზღვრულ დროში – ამიტომაც ვიბრძვი უამრავ ფრონტზე. ვიღლები, განა არ – მაგრამ ეს დაღლაც ჩემი არჩევანია. ოჯახიდან, რომელიც არ იყო მცირერიცხოვანი – მხოლოდ დედა დამრჩა. ოზურგეთის და სურების სახლები. ეს სახლები და ეზოებიც ჩემი გამოწვევაა. ბევრი რამ მაქვს დასაწერი – ლექსები, რომანები, ზღაპრები – ზოგან კარგი ტექსტიც დამიწერია, ზოგან მხოლოდ ვვარჯიშობ და აწი დავწერ. ის პოპულარობა, რაც ერთმა უწყინარმა ესეების კრებულმა მომიტანა, ცდება თანამედროვე ქართველი მწერლის სოციალური მდგომაროების საზღვრებს და ჩემი ვარაუდით, ბევრი ჩემი კოლეგის გაღიზიანებასაც იწვევს. ღმერთია მოწამე, არ მინდოდა. მაგრამ ღმერთმა ისიც იცის, იმავე კრებულის სახელით ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთე და გავაკეთებთ. #ეროვნულიბიბლიოთეკა ჩემი უმთავრესი სახლია – იმ ხალხთან ერთად, რომელიც იქ მუშაობს. ბევრი ვიშრომეთ და შევძელით, ბიბლიოთეკა დავაბრუნეთ ყოველდღიურ რუკაზე – დღეს თუ რამე ხდება კულტურ-საგანმანათლებლო მიმართულებით, ჩვენთანაც ხდება. მიზანი დიდია – აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბიბლიოთეკად უნდა ვიქცეთ – ათობით დარბაზ-მუზეუმი შევქმენით, ათიათასობით ახალი გამოცემა მოვიპოვეთ და მილიონობით წიგნი, ლექსიკონი, გაზეთი, ფოტო, ნახატი გავაციფრულეთ. #ეკვილიბრიუმი მასშტაბური საგანმანათლებლო მოძრაობა – რაიონებისა და სოფლების ბიბლიოთეკების აღდგენა და განახლება (700 და მეტი სოფელი მოვიარეთ) – წიგნი, კომპიუტერი, ინტერნეტი, სადისკუსიო სივრცე – მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა უკეთესი გახდეს. უკეთესად გახდომას მხოლოდ განათლება თუ განაპირობებს. მნიშვნელოვანი სიახლეა #გურულიდღიურები-ს ფონდი #მომავლისთვის – ეს არის სტიპენდიები შეჭირვებული, ოღონდ წარმატებული სკოლის მოსწავლეებისთვის, უკვე რვა სტიპენდიატი გვყავს და გაცილებით მეტი გვეყოლება. ჰოდა კიდევ – წავიკითხავ ლექციებს, მექნება გადაცემები და ათას რამესაც მოვედები, ერთი შეხედვით ბანალური, მაგრამ აუცილებელი სლოგანით – განათლება უპირველეს ყოვლისა.
მოკლედ, სიტყვა გამიგრძელდა. ის სიყვარული რასაც ,,გარეთ“ თუ აქ ვგრძნობ, მართლა დაუმსახურებელი მგონია ჯერაც. ცუდია გრძნობაა-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. მაგრამ ახლა მე თვითონაც მჭირდება მეტი განთლება, სწავლა, ფიქრი და განვითარება. ახალი გამოწვევების მიღება და დაძლევა. თქვენთვის და თქვენთან ერთად. შესაბამისად, ცოტა უფრო მეტი დროა საჭირო. 27 წლის ვიყავი, როცა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გავხდი. მანამდე იყო ლ’ილ, lib.ge და სხვა საჯარო საქმეები. ამ საჯაროობიდან გამომდინარე სულ მეკითხებოდნენ და სულ ერთს ვპასუხობდი, ახლაც იმავეს გეტყვით: კლასიკურ პოლიტიკაში არასდროს მოვალ, არც რაიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე – არ არის ეგ ჩემი საქმე. ის რასაც ვაკეთებ, ისედაც პოლიტიკაა – განათლების და კულტურის – სამოხელეო ,,წინსვლა“ არ სჭირდება. რაც შეეხება ხშირად გაგონილ ფრაზას: ,,შენ ყველას უყვარხარ“ – ამის მიხედვით იმ მდინარეში შესვლა, რომელიც შენად არ გეგულება – სწორი ქმედება არ არის. და მეორეც – ეს საყოველთაო სიყვარული, ვაღიაროთ, ძალიან ადვილად შეიძლება გადაიქცეს სიძულვილადაც – თუ ოდნავ ფეხი გადაგიბრუნდა. ამიტომაც, ამ ,,ხიბლით“ არ ვხელმძღვანელობ.

 

 

ბზის დერეფნების საიდუმლო

0

ჩვენს გარდაცვლილ მასწავლებლებს

 

აღდგომის უქმეები იმერეთში, ჩემს მშობლიურ სოფელში გავატარე და ის უნებლიე რიტუალებიც გავიხსენე, რითაც სავსე იყო ჩემი ბავშვობის სააღდგომო შთაბეჭდილებები – მაინცდამაინც კვირა დღეს (კომუნისტებისგან დატოვებული მავნე ჩვეულების გამო) წინაპრების საფლავებზე გასვლა, იქ გემრიელად მოლხენა და ხანდახან ღრეობაში გადაზრდილი სიამტკბილობა იმქვეყნიურ ბინადართა სამფლობელოსთან. ეს ყველაფერი ყოველთვის იდუმალ, ცოტათი საშიშ და თან საშინლად მიმზიდველ განცდებს ბადებდა ჩემში და რაც მთავარია, იმ ჭეშმარიტებაში განმამტკიცებდა, რომლის თანახმადაც – წარმავალსა და მარადიულს შორის ღვთაებრივი ჰარმონია სუფევს…

ამაში თავად სასაფლაოს გარემოც მეხმარებოდა – ერთ ბორცვზე შეფენილი, უხსოვარი ასაკის ჭადრებით და ბზებით გამიჯნული ყველაზე საიდუმლო ადგილი მთელს ჩემს იმდროინდელ თვალსაწიერში, სადაც წუთისოფლის ყველა ვნება თხელ ბალახში გაყუჩებულიყო.

ხოლო ის დალოცვილი და პირველი კი, ვინც ჩემი სოფლის სასაფლაოს შესასვლელში ბზების დერეფანი გააშენა, რათა საუკუნო მწვანით ყოფილიყო განათებული საიქიოს კარიბჭე, ისტორიის მასწავლებელი იყო, მღვდლის შვილი და ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი იმ სკოლაში, რომელიც ჯერ საქონლის სადგომი ფარეხიდან გამოყვეს, მერე რამდენიმე საკლასო ოთახი მიუშენეს, მერე სულაც ხელახლა ააგეს და კეთილმოაწყვეს… აბაშიძის კაცი იყო ეს ისტორიის მასწავლებელი, ამაყი სახელით – ქაიხოსრო, და იმერეთის ერთ პატარა, ტყე-ღრეთი შემოღობილ სოფლის მოსწავლეებს წარსულთან ერთად დედამიწის, უფრო სწორად – მსოფლიოს ამბებს ასწავლიდა. თვითონ საიდან იცოდა ეს ამბები, ეგ არავინ იცის. იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში (ან რამდენი უნდა ყოფილიყო ეს ჟურნალ-გაზეთები) ახალს ბევრს ვერაფერს გაიგებდი, მაგრამ ამბობენ, რომ სოფელში აკაკი წერეთელთან ერთად დასასვენებლად ჩამოსულ მარჯორი და ოლივერ ურდროპებთან მეგობრობდა და ამ ორ ქართველების გულშემატკივარ ინგლისელსაც გამორჩეულად ჰყვარებია ქაიხოსროსთან ფინჯანი ჩაის დალევა საღამოობით, მდინარე ყვირილას ჩუხჩუქაექოებიანი და ციცინათელებიანი შებინდებისას…

ჰოდა, ამ ქაიხოსრო მასწავლებლის იდეა იყო ბზის დერეფნები სოფლის ყველა სასაფლაოზე, მოსწავლეებს კი საგულდაგულოდ ასწავლიდა: მკლავებგაშლილებმა უნდა გაიაროთ, თითქოს ხელისგულებით ჰორიზონტს ეხებით, ეგრე უნდა შეხვიდეთ და გამოხვიდეთ და იგრძნოთ, რა არის მარადიული!..

დიდხანს იცოცხლა, ძალიან დიდხანს, ალბათ, სიცოცხლის ფასი რომ იცოდა და მისი წამალიც, იმის გამო, მამაჩემიც კი მოესწრო თავის უხსოვარ ბავშვობაში და მერე მთელი ცხოვრება მას ბაძავდა. ასეთი გამოსხივება ჰქონდა ქაიხოსრო მასწავლებელს – ბაძავდნენ მოსწავლეები, მისგანვე დამოუკიდებლად, მისგან უკითხავად და ძალდაუტანებლად. ადამიანობაში ბაძავდნენ.

ვიცნობდი მის მოსწავლეებს, ერთი ხომ მამაჩემიც იყო. უკვე ღრმად მოხუცს მოუწია ქაიხოსროს მისი მასწავლებლობა, მაგრამ მაინც მოასწრო და ჩადო თავისი მარცვალი. ამიტომ, სულ მიყვარდა ქაიხოსრო მასწავლებელი დაუსწრებლად, უნახავად.

საფლავის ქვაზე ცილინდრითაა გამოხატული, რომელიღაც ფილმის გმირი გეგონება, უფრო სხვა მხარის მგზავრი, მკაფიო ევროპული სიდინჯით და კავკასიური სიგოროზით. მამა ყოველ აღდგომას აკითხავდა მის საფლავს „ქრისტე აღდგა“-თი…

წელსაც გამახსენდა, როცა დიდი ხნის მერე ისევ გავედი ჩემი სოფლის სასაფლაოზე, ახლა იქ სხვა ხალხის ჟრიამული ისმოდა, გალაკტიონის არ იყოს, მაგრამ ის ბზების დერეფანი ხომ იყო!.. ყველა თავის მკვდარს იგონებდა და ულოცავდა და, გამახსენდა, რომ, ჩვენი მასწავლებლებიც, იმქვეყნის ბინადრები, ხომ ჩვენი მკვდრები არიან, ხშირად იმაზე უფრო ახლობლები, ვიდრე ვინმე სისხლხორცისმიერი, თუკი დაუშვა განგებამ და შენს ცხოვრებაში მათ რაღაც დიდი განაპირობეს!

ვისხედით მე და ჩემი ძმა აღდგომის მზისგან დათაფლულ იასამნებიან სასაფლაოზე და ჩვენს მასწავლებლებს ვიხსენებდით – ვინც წავიდა, ვინც ისე წავიდა, რომ ჩვენში კვალი დატოვა!

მეც სულ ვბაძავდი ჩემს მასწავლებლებს – რამდენიმეს, ვინც თავიდანვე მიმიზიდა თავისი გამოსხივებით. მინდოდა მეც ისევე მელაპარაკა, როგორც ისინი ლაპარაკობდნენ, ისევე ღრმად მეაზროვნა, ისეთივე უშიშარი გადაწყვეტილებები მიმეღო, ისეთივე კეთილი ვყოფილიყავი… მახსოვს, სპიტაკის მიწისძვრა რომ  მოხდა და მერე რომ პანიკურად მიება ერთმანეთს მიწისძვრები და მისი მოლოდინით გამოწვეული შიშები, როგორ გაგვამხნევა ჩემი კლასის დამრიგებელმა, რომლის ორი შვილი ჩვენივე სკოლაში სწავლობდა – რამე თუ მოხდა, მე თქვენ არ დაგტოვებთ, თქვენ გაგიყვანთ შენობიდან მშვიდობით და მერე ვიფიქრებ შვილებზე, რადგან ასევე მოიქცევა მათი მასწავლებელიც და ამის გამო არ მეშინიაო…

ჩვენი ერთად დამარცხებული შიშები… ერთმანეთს გადაჭდობილი პატარა და მოკანკალე გულები, მასწავლებლები რომ უბერავდნენ სულს სანთლებივით, რომ არ ჩამქრალიყვნენ…

ვიხსენებდით ყველა იმ კეთილ და ნათელ ადამიანს, ვინც ის საზარელი, ნაცრისფერი წლები თავგანწირვით გამოგვატარა, ვინც ჩვენთან ერთად იზრდებოდა და მწიფდებოდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაში, საკუთარ მასწავლებლობაში; ვინც თავის წილ თავისუფლებას ჩვენს თავისუფლებასთან ისე უმტკივნეულოდ მიჯნავდა, რომ ეს ყველაფერი გვანიჭებდა უსაზღვრო ძალას, საკუთარი თავის რწმენას, კეთილშობილ სიამაყეს და, რაც მთავარია – სიყვარულს…

ჩვენი გარდაცვლილი მასწავლებლები… ვისაც არც თავისი შეცდომების აღიარება შერცხვენია, როცა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გაზრდისთვის.

ცხოვრება, ურთიერთობა ხომ დიდწილად ამ მოდელამდე დაიყვანება – მოსწავლეობა და მასწავლებლობა. ჰოდა, რაღა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ან ვინ უნდა იყოს უფრო ახლობელი, თუკი მიიღებ, ირწმუნებ და მიენდობი.

ეს აღდგომა ჩვენი მასწავლებლების გახსენების დღედ გვექცა მე და ჩემს ძმას. აღდგომის ძალაც ეგაა და არც უკეთესი მასწავლებლობა არსებობს ამქვეყნად, ვიდრე ამ დღეს შენი საქმის და სიყვარულის ხსოვნით აღდგენა, ვიდრე შენი გაცოცხლება და განახლება, ბზების დერეფნიან მარადისობის კარიბჭესთან…

 

 

 

„თამარს ვაქებდეთ მეფესა“…

0

2013 წელს 800 წლისთავი შესრულდა თამარ მეფის გარდაცვალებიდან (თუსწორად მივიჩნევთ უმეტეს ისტორიულ წყაროებში ნახსენებ თარიღს – 1213). ისეთი მნიშვნელობის ქალი-მონარქის არსებობა, როგორიც თამარია, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ისტორიისთვის ნამდვილი მარგალიტი და ზოგადსაკაცობრიო დისკურსის ინსპირაცია იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამ მოვლენის მიმართ უფრო ემოციური კავშირით შემოვიფარგლებით და როგორც სხვა შემთხვევებში მივეჩვიეთ (თუ მიგვაჩვიეს), ჩვენს ოქროს სხვის ბამბაზე ბევრად ნაკლებად ვაფასებთ. გვიყვარს, როგორ არ გვიყვარს თამარ მეფე, უფრო მეტიც – ამ სიყვარულმა ბევრი რამ ლეგენდად და მითად აქცია (რამაც თავის მხრივ ცივ ისტორიულ ანალიზს ბევრჯერ ხელიც შეუშალა). თამარის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ერთგვარი სახალხო სიყვარულის ქრესტომათიული ნიმუშია, რომელიც, ცხადია, დიდ საიდუმლოს იტევს და თან ამ სიყვარულს მუდმივად რაღაც აკლია…

ჰოდა, დიდი მეფის გარდაცვალების მერვაასე წლისთავმაც ისე ჩაიარა, მისი მოყვარული ქართველი საზოგადოების დიდ უმრავლესობას ამის შესახებ არც გახსენებია, არც არაფერი გაუგია. როგორც ვიცი, იგეგმებოდა ღონისძიებები, მაგრამ ყველაფერი ქვეყანაში განვითარებულმა უახლესმა პოლიტიკურმა ამბებმა, ხელისუფლების გადაბარების და პოსტ-ოქტომბრის ქრონიკებმა გადაფარა.

კინოსტუდია „ხომლი“ მეექვსე წელია არსებობს და მასში ჩემი მეგობრები მუშაობენ საინტერესო და საჭირო პროექტებზე, რომლებიც ძირითადად საგანმანათებლო-შემეცნებითი ხასიათისაა. სწორედ „ხომლმა“ გადაწყვიტა, თამარის გარდაცვალების 800 წლისთავთან დაკავშირებით, შეექმნა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი და მთავარ სამიზნე აუდიტორიად კი სკოლა – მოსწავლეები და მასწავლებლები აირჩია. „ხომლი“ დამოუკიდებელი სტუდიაა და მან ეს ფილმი საკუთარი ძალებით შექნა.

უამრავი პრობლემის გამო, რომლებიც საქართველოში კინოს კეთებას (მით უფრო, ეპოქაში მუშაობას) ახლავს თან, ფილმი არა 2013 წელს, არამედ 2015 წელს დასრულდა. ის შვიდი ნოველისგან შედგება და თამარის ცხოვრების იმ საკვანძო ეპიზოდებს აცოცხლებს, რომლებზე დისკუსიაც ისტორიკოსებს შორის დღემდე არ წყდება.

მხატვრული სცენები ისეა აწყობილი, რომ მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც ინტერპრეტირების საშუალება ეძლევათ – შეუძლიათ არგუმენტირებულად იმსჯელონ იმაზე, თუ რა იქნებოდა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ან რატომ მოხდა ეს ასე, ან ვინ იყო რეალურად დამნაშავე და ა.შ.

პირველი ჩვენება გორის გიმნაზიაში შედგა და მას რამდენიმე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. პრემიერამ სხვა სკოლებშიც წარმატებით ჩაიარა და ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, მაყურებლები ფილმის უპირატესობად იმასაც მიიჩნევენ, რომ მასში თითქმის ყველა ის გეოგრაფიული  ლოკაციაა გამოყენებული, რაც თამარისა და მისი ეპოქის ისტორიას უკავშირდება. და ეს იმ ფონზე, როცა ჩვენი წარსულის „ოქროს ხანის“ არტეფაქტები თითქმის აღარც გვაქვს – აღარ არსებობს სამეფო სასახლეც კი არც თბილისში, არც გეგუთში, არც სხვაგან…

საკუთარი წარსულის მიმართ უდიერი დამოკიდებულება ბევრჯერ გამოგვიმჟღავნებია, იმაზეც არაერთხელ დაგვიმუნათებია თავი, რომ ეს წარსული მხოლოდ სადღეგრძელოებში და ეგზალტირებულ სამიტინგო ეიფორიაში გადავანაცვლეთ და გავაწყალწყალეთ… ხშირად ვწუხვართ, რომ გამუდმებით ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, რომ შეცდომებისგან ვერაფერს ვსწავლობთ, რომ… და ეს რეფლექსია მხოლოდ იმაში გვეხმარება, რომ ბუნდოვნად გავარჩიოთ სინამდვილე ილუზიისგან, ბუნდოვნად, ხელის ცეცებით. სხვა არაფერი.

თანამედროვე ტექნოლოგიური გარემო, ინტერნეტის რეალობა, გადააზრებული ფასეულობები ახალ მომავალ თაობას აყალიბებს, ახალი ხედვებით და შესაძლებლობებით. მათთან სასაუბროდ გასული საუკუნის 60-70-იანი წლების პათოსი აღარ გამოდგება, მათ საკუთარი ენა აქვთ, კომუნიკაციის სრულიად ახალი მოდელი, და თუკი ვინმეს ვერ მოატყუებ, ეს სწორედ ახალგაზრდებს – მოსწავლეებს, რომლებიც მკაცრი კონკურენციის გარემოში იზრდებიან და ბოლომდე ისრუტავენ ყველა სასიცოცხლო (და საბრძოლო) უნარს, რათა ჯერ მიზანი დაისახონ და მერე კი ამ მიზნისკენ იარონ.

სწორედ ასეთ პირობებში, ამ რეალობაში, ვიზუალური სახელმძღვანელოები – ვიდეო-გაკვეთილები, ფილმები, ანიმაცია, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი საკომუნიკაციო ენაა, როგორც შექსპირი იტყოდა, იმისათვის, რათა არ დაირღვეს დროთა კავშირი. მოსწავლეები უფრო მეტი ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში, მათთვის უფრო ნათელი ხდება პრობლემა და მისი გადაჭრის გზები, ჩნდება სადისკუსიო კითხვები – ამ ყველაფერში გვარწმუნებდა ის გამოხმაურებები, რაც სკოლებიდან სტუდია „ხომლს“ ჰქონდა ფილმის ჩვენების შემდეგ. სტუდიის მიზანია, „თამარი“ დვდ-დისკების სახით, საქართველოს ყველა სკოლაში შევიდეს, ასევე გაჩნდეს სხვა მსგავსი პროდუქცია, ვიდეო-სახელმძღვანელოები, ვიდეო-ბიბლიოთეკები შეივსოს ახალი სასწავლო ნამუშევრებით.

„პარლამენტის იდეა ევროპაში 1250 წელს დაიბადა. ზუსტად ნახევარი საუკუნით ადრე კი ის საქართველოში ერთი პროგრესული კაცის თავში მომწიფდა. იცოდით ამის შესახებ?..“ – ეს ერთ-ერთი სადისკუსიო თემაა, რომელიც ამ შემთხვევაში თუნდაც ამ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ახალ სამსჯელო საკითხებს ხსნის. ვინ იყო ყუთლუ-არსლანი – სახელმწიფოს მტერი თუ დიდი ნოვატორი, ფილოსოფოსი თუ ხელისუფლების ხამი, ან იქნებ სულაც, სწორედ ის იყო შოთა რუსთაველი, როგორც ამას რამდენიმე ღვაწლმოსილი მეცნიერი ხელაღებით ამტკიცებდა საბჭოთა საქართველოში? – ესეც საინტერესო უნდა იყოს მოსწავლეებისთვის, მით უფრო, თუ ფილმში მათ პროფესიონალი მსახიობები ასახიერებენ და კინოს კი ის თვისება აქვს, რომ ცოტა ხნით ის სინამდვილე დაგაჯეროს, რომელსაც უყურებ…

კიდევ ბევრი საუკუნე გავა და ჩვენი ისტორიისგან, წარსულისგან სულ აღარაფერი დარჩება, თუკი ვერ შევძლებთ მის აწმყოში განცდას და გააზრებას, თუკი ინფორმაციული ბუმის, გლობალიზაციის და ტექნოკრატიის პირობებში სულ უფრო და უფრო დაგვეზარება (დრო აღარ დაგვრჩება) ამ წარსულს შევხედოთ სხვადასხვა რაკურსიდან, მათ შორის მხატვრულად, ანუ, ვინ იცის, ეგებ ყველაზე რეალურად…

 

 

 

 

დღეს, ჟურნალი “მასწავლებელი” 9 წლის გახდა!

0

ვულოცავთ და მადლობას ვუხდით თითოეულ  ადამიანს, ვინც 9 წლის მანძილზე ჰქმნიდა ჟურნალს, მხარდაჭერას უცხადებდა, ვინც  ჟურნალთან თანამშრომლობდა და თავისი წვლილი შექონდა ჟურნალის გამოცემაში.

მადლობა ჩვენს ერთგულ მკითხველს, ჩვენ ერთმანეთან თანამშრომლობით ერთმანეთისათვის  უფრო მეტად მნიშვნელოვანი და სასრგებლო  გავხდით და მომავალშიც შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ყოველთვის  საინტერესო იყოს თქვენთვის ჟურნალი.

როგორც ჟურნალის დაარსებისას, დღესაც ჩვენი სურვილია, რომ ჩვენ,  მასწავლებლები, იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე გუშინ ვიყავით და რომ ჩვენი  შრომა  დაფასდეს და უფრო მეტად სასურველი და საამაყო  გახდეს ჩვენი პროფესია.

მადლობას გიხდით ყველას თქვენი შრომისა და ამაგისთვის!

ციფრული რეალობა – გამოწვევა მასწავლებლებისთვის

0

“ტექნოლოგიები დრამატულად ცვლის ცხოვრების პირობებს”, – ამბობს ეკა ჯელაძე, რომელიც წლების წინ მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის მენეჯერი და ექსპერტ-კონსულტანტი იყო და ქართველ მასწავლებლებს შორის ისტ უნარების კომპეტენციის ამაღლებას ცდილობდა. ამ დრამატულად ცვლადი სასწავლო გარემოებების ფონზე საკლასო ოთახს და სწავლების პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ იმ უნარების განვითარება, რომლებსაც თანამედროვე გარემო მოითხოვს მათგან.

 

– რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ტრადიციული საგაკვეთილო მასალის ტექნოლოგიებით გამრავალფეროვნება?

 

– თავდაპირველად განვსაზღვროთ, რა მოთხოვნების წინაშე დადგებიან ის მოსწავლეები, რომლებიც დღეს სკოლაში სწავლობენ და რამდენად ვამზადებთ მათ იმ გარემოსთვის, რომელშიც მოუწევთ ცხოვრება. ტექნოლოგიები დრამატულად ცვლის ცხოვრების პირობებს და გარემოს. სულ უფრო ნაკლებად საჭირო ხდება ფიზიკური შრომა, ყველაფერი სულ უფრო მეტად ავტომატიზებულ რეჟიმში გადადის და ეს ყოველდღიურობის ნაწილია. მაგალითად, მაღაზიებში გამოჩნდა ე.წ. self-check დანადგარები, რაც ნიშნავს, რომ მე, მომხმარებელს, აღარ მჭირდება სალაროსთან მომუშავე კონსულტანტის დახმარება. შემიძლია, პირდაპირ მივიდე სპეციალურ დანადგართან და თავად გავატარო პროდუქტები. დანადგარი დამიანგარიშებს გადასახდელ თანხას და შესაძლებლობას მომცემს, შენაძენის საფასური დამოუკიდებლად, კონსულტანტის ჩარევის გარეშე გადავიხადო. ადამიანები, რომლებიც ხელით ასრულებდნენ სამუშაოს, დანადგარებმა ჩაანაცვლა. რას ცვლის ეს საერთო სურათში? მომავალში სულ უფრო ნაკლებად დაგვჭირდება ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ასრულებდნენ ამ სამუშაოს; სამაგიეროდ, დაგვჭირდება ადამიანები, რომლებიც შეძლებენ მსგავსი დანადგარების შექმნას, პროგრამულ უზრუნველყოფას, გაფუჭების შემთხვევაში შეკეთებას და ა.შ. ადამიანები გათავისუფლდებიან ფიზიკური შრომისგან და ეს რესურსი ახალი, ინოვაციური რესურსების შექმნისა და მომსახურებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

 

დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ გავცდით ინდუსტრიულ ერას ან 4.0 ინდუსტრიაში შევაბიჯეთ. პირველი ინდუსტრიული რევოლუცია ე.წ. მექანიზაცია, ორთქლმავლების გამოგონება და ამუშავება იყო, მეორე ინდუსტრიული რევოლუციის დროს მასობრივი პროდუქციის წარმოება დავიწყეთ, ელექტროობა შევქმენით, მესამე ინდუსტრიული რევოლუცია კომპიუტერების გამოგონებას და პროცესების ავტომატიზებას უკავშირდება, ამჟამად მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოწმეები ვართ, რომელიც ხასიათდება კიბერნეტიკული სისტემებით, “საგნების ინტერნეტით” (Internet of things), ღრუბლოვანი გამოთვლებით (cloud computing). ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განვუვითაროთ უნარები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად იცხოვრონ ამ გარემოში და თავიანთი წვლილიც შეიტანონ მის განვითარებაში.

 

ტექნოლოგიებმა შეცვალა სწავლება-სწავლის არსი, იმ გაგებით, რომ წინათ მთავარი აქცენტი ინფორმაციის დამახსოვრებაზე დაისმოდა, ვინაიდან ინფორმაციის გადამტანები ადამიანები იყვნენ. დღეს ინფორმაციის დამახსოვრება აღარ გვჭირდება, რადგან ამას ჩვენზე უკეთ ტექნოლოგიები აკეთებს. ინფორმაცია შეგვიძლია შევინახოთ კომპიუტერში, ღრუბლოვან საცავში და ა.შ. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ზღვა ინფორმაციაში ეფექტური ნავიგაცია, საჭირო ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება, ახალი ინფორმაციის შექმნა და გაზიარება. ეს თავისთავად მოითხოვს მაღალ სააზროვნო უნარებს, ასევე – სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნას, მათთან სწრაფი ადაპტაციის უნარს. საკლასო ოთახი და სწავლების პროცესი სწორედ ამ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, მოსწავლეებს იმ უნარებს უვითარებდეს, რომლებსაც მათგან თანამედროვე გარემო მოითხოვს.

 

თავად მასწავლებლები ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ასახელებენ. ეს, ბუნებრივია, მძლავრი ინსტრუმენტია სწავლის პროცესის წარსამართავად. მოტივაციასთან ერთად მნიშვნელოვანია სწავლის პერსონიფიცირების – მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების – შესაძლებლობა. დღესდღეობით განათლების სისტემის აქტუალური საკითხია სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ტექნოლოგიების წყალობით შეგვიძლია მდიდარი ინფორმაცია შევაგროვოთ სასწავლო პროცესის, ცალკეული მოსწავლეებისა და მთელი კლასის მოსწრების შესახებ. ეს საშუალებას გვაძლევს, მიზანმიმართული ინტერვენციები განვახორციელოთ სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. სასწავლო პროგრამული უზრუნველყოფაც ამ მიმართულებით ვითარდება. რესურსებში ჩაშენებულია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს, დაინახოს, რომელი დავალების შესრულებისას შეყოვნდა, სად დაუშვა შეცდომა, დააკვირდეს მის პროგრესს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, დახმარება შესთავაზოს კონკრეტული საკითხის დაუფლებაში იმ პრობლემების ანალიზის საფუძველზე, რაც პროგრამამ დაუთვალა და შეუჯამა. შეუძლია, ერთმანეთს შეადაროს მოსწავლეთა შედეგები, თვალი მიადევნოს მთელი კლასის პროგრესს და ა.შ. ამრიგად, ტექნოლოგიები მასწავლებელს სთავაზობს ზედმიწევნით ზუსტ ინფორმაციას და დიაგნოზს მოსწავლისა და კლასის მოსწრებისა და საჭიროებების შესახებ. მთავარია, სასწავლო პროცესში ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გამოყენება შეგვეძლოს. ქართველი მასწავლებლებისთვის ყველაზე ნაცნობი რესურსი ამ მიმართულებით ალბათ “ხანის აკადემიაა”, რომლის გაქართულებაც მიმდინარეობს ამჟამად და, რაც მთავარია, უფასოა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ, კვლევების თანახმად, განათლების სფერო, კერძოდ, სკოლები, ყველაზე ნაკლებად იყენებენ ტექნოლოგიების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც სასწავლო პროცესის შესახებ მონაცემების შეგროვებას და ანალიზს გულისხმობს.

 

თქვენ და თქვენმა რამდენიმე კოლეგამ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ისტ სწავლებაში, ცოტა ხნის წინ დააფუძნეთ ორგანიზაცია “დიჯი-სოლთი”. რა სტრატეგიული მიზნები აქვს მას?

 

– “დიჯი-სოლთი” იანვარში დაარსდა. ძალიან დინამიკური გუნდი გვაქვს. მისი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებაა. გვინდა, საზოგადოების წევრებს დავეხმაროთ იმ უნარების გავნითარებაში, რომლებიც თანამედროვე, ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში მათ სრულფასოვან ცხოვრებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი სამიზნე ჯგუფი მხოლოდ მასწავლებლებს არ მოიცავს. გვაქვს იდეები მოსწავლეებსა და სტუდენტებთან დაკავშირებით, ასევე – ზრდასრულთა განათლების შესახებ. იმედი გვაქვს, სექტემბრიდან საზოგადოებას არაერთ სიახლეს შევთავაზებთ.

 

– თქვენს ვებ პლატფორმაზე უამრავი სტატია ქვეყნდება იმის შესახებ, როგორ შეიძლება ვებ აპლიკაციების გამოყენებით ამა თუ იმ საგნის უკეთ სწავლება. როგორია მასწავლებლებთან უკუკავშირი, ითვალისწინებენ თუ არა თქვენ მიერ შეთავაზებულ სტრატეგიებს და რა შედეგი აქვთ?

 

– იმედი გვაქვს, ეს სასარგებლო რესურსებია და მათი გაზიარებით მასწავლებლებს დავეხმარებით, სასწავლო პროცესი უფრო ნაყოფიერი გახადონ. ნახვების რიცხვი გვაფიქრებინებს, რომ მასწავლებლები ინტერესით კითხულობენ ჩვენს სტატიებს. თუმცა არ ვიცით, როგორ იყენებენ ამ ყველაფერს სასწავლო პროცესში. აქვს მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ სტატიების მიზანი არ არის მხოლოდ სხვადასხვა საგნის სწავლებისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების შეთავაზება; გვინდა, მოვუყვეთ მასწავლებლებს, საზოგადოდ, ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სწავლებაში მიმდინარე ცვლილებებზე, გამოწვევებსა და გამოცდილებებზე. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ცვლილებათა აუცილებლობის შესახებ სათანადო დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.

ამჟამად ესტონეთში, დოქტორანტურაში სწავლობთ და ესტონური სკოლების გამოცდილებაზე დაყრდნობით ქართული სკოლების შესახებ კვლევას ამზადებთ. რა განსხვავებები აღმოაჩინეთ კვლევის პროცესში?

 

– ამჟამად კვლევას ქართულ სკოლებში ვატარებ. მომდევნო ეტაპი უკვე ესტონეთის სკოლების ჩართვას და საქართველოში არსებულ ვითარებასთან მათ შედარებას ითვალისწინებს. ამ ორი ქვეყნის შედარების იდეა იმიტომ დაიბადა, რომ საქართველოში სკოლების კომპიუტერიზაციის პირველი პროგრამა “ირმის ნახტომი” სწორედ ესტონური “ვეფხვის ნახტომის” ანალოგიით შეიქმნა. თუმცა ეს პროგრამა ორივე ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით განავითარა. საქართველომ უფრო ცენტრალიზებული გზა აირჩია, მაშინ როდესაც ესტონეთში სკოლებისგან ელიან მეტ ინიციატივას. ამჟამად, როგორც გითხარით ქართულ სკოლებს ვიკვლევ და შემიძლია, ზოგადი სურათი გაგაცნოთ. სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე სკოლები ორ ჯგუფად დავყავით. ერთ ჯგუფში გავაერთიანეთ სკოლები, რომლებიც მეტად იყენებენ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სწავლებას, მეორეში კი – ტექნოლოგიებზე ნაკლებად ორიენტირებული სკოლები. ჩვენს ინტერესს უმთავრესად ტექნოლოგიურად განვითარებული სკოლები იმსახურებს. რას აკეთებენ ეს სკოლები განსხვავებულად, რა უწყობს ხელს იქ ტექნოლოგიებით სასწავლო პროცესის გამდიდრებას, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი სწავლების შედეგებზე? ორ ჯგუფს შორის განსხვავება უმთავრესად მოდის “ცვლილებათა მენეჯმენტის” ცვლადის წილად, რაც მოიაზრებს ისტ სტრატეგიის დაგეგმვას, მასწავლებლების წახალისებას, მათ შორის გამოცდილების გაზიარების წახალისებას და ხელშეწყობას, სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. თითოეული ეს ასპექტი ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. “ცვლილებათა მენეჯმენტის” შესწავლის საფუძველზე საინტერესო სურათი გამოიკვეთა. ტექნოლოგიურად განვითარებული სკოლები ტექნოლოგიებს იყენებენ ქვეყნის საგანმანათლებლო ეკოსისტემაში ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო ნიშის დასაკავებლად. ისინი ერთი ძირითადი აქტივობის გარშემო ახდენენ ტექნოლოგიების ინტეგრაციის მობილიზებას, ტექნოლოგიების დიფუზიას, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის შეფასებას მიბმული ელექტრონული პორტფოლიოების დანერგვა სკოლის ბაზაზე, “გუგლ დრაივის” დანერგვა შიდასასკოლო მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად. ინიციატივა, როგორც წესი, დირექტორისგან მოდის და აქტივობებიც მისივე უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება, თუმცა, ყველა ამ აქტივობაში ტექნოლოგიებს უმთავრესად მაინც ადმინისტრაციული საქმის წარმოების დატვირთვა აქვს. უბრალო ენით რომ ვთქვათ, მასწავლებელს მოეთხოვება, დოკუმენტაცია ელექტრონულად მოაწესრიგოს და დირექციას წარუდგინოს. უშუალოდ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებლის პირად მოტივაციასა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამას შეიძლება თავისი ახსნა მოეძებნოს. ქვეყნის მასშტაბით სკოლების ტექნიკური ინფრასტრუქტურა და მათი მუშაობის უზრუნველყოფა დირექტორს საშუალებას არ აძლევს, ეს მოთხოვნა წაუყენოს მასწავლებელს. ვგულისხმობ, რომ ტექნიკა კომპიუტერულ ლაბორატორიაშია თავმოყრილი, ლაბორატორია კი ძირითადად ისტ-ის გაკვეთილებისთვის გამოიყენება და საგნის მასწავლებელს უჭირს საგნის სწავლებისას ისტ-ის ინტეგრირება. ამას ემატება ტექნიკური გაუმართაობა, მოძველებული ტექნიკა, ერთ კომპიუტერთან რამდენიმე მოსწავლე ზის დავალების შესასრულებლად და ა.შ. ეს ყველაფერი მასწავლებლისთვის მომხიბვლელ გარემოს ნამდვილად არ ქმნის. საინტერესოა, რომ ეს დამოკიდებულება ბუკებზეც ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ყველა მოსწავლე აღჭურვა ნეთბუქით, სკოლა მას აღიქვამს როგორც გარე რესურსს, რომელიც მოსწავლეს ეკუთვნის და არ გრძნობს პასუხისმგებლობას მის სასწავლო რესურსად გამოყენებაზე. ბუკების გამოუყენებლობის მიზეზად, როგირც წესი, იმას ასახელებენ, რომ მოსწავლეებს დაზიანებული მოაქვთ სახლიდან, რომ არ არსებობს ეფექტიანი სისტემა დაზიანებული ბუკების შესაკეთებლად, არ არსებობს მათი ტექნიკური მომსახურების გამართული მექანიზმი სკოლის დონეზე და ა.შ., ძნელია, არ დაეთანხმო ამ მიზეზებს, თუმცა, მეორე მხრივ, მიზეზები ყოველთის არსებობს…

 

ამ კუთხით, მინდა, საინტერესო მაგალითი მოვიყვანო ესტონეთის სასკოლო ცხოვრებიდან. ესტონეთი მოსწავლეებს ნეთბუქებს არ ურიგებს საჩუქრად. ნაცვლად ამისა, სკოლამ უნდა წარადგინოს განაცხადი, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და დაასაბუთოს, რომ ნამდვილად მზადაა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოსაყენებლად. მან უნდა ახსნას, სახელდობრ როგორ აპირებს მათ გამოყენებას, რა შედეგებს ელის ტექნოლოგიების დანერგვის გაძლიერებისგან. მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა სკოლას ტექნიკა. ხშირად ეს არის ტაბლეტები, რომლებიც სკოლის ბიბლიოთეკაში ინახება, მასწავლებელს საჭიროებისამებრ გააქვს საკლასო ოთახში და იყენებს მოსწავლეებთან სამუშაოდ. ვფიქრობ, ეს არსებული რესურსების საკმაოდ ეფექტიანი გამოყენებაა.

 

– საქართველოში ყოფნისას თქვენ ბრძანდებოდით მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის მენეჯერი, ისტ-ის ექსპერტ-კონსულტანტი და არაერთი ტრენინგი ჩაგიტარებიათ ამ მიმართულებით. რამდენად შეინიშნება ქართველ მასწავლებლებში მზაობა  ისტ პროგრამების შესასწავლად და რამდენად სწორად ესმით ამ უნარების მნიშვნელობა?

 

– ტექნოლოგიების ტრენინგები 2006 წლიდან ტარდება და ისინი მასწავლებლების საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა. ამასთან, ეს ტრენინგები საფეხურებრივად იმართება ისტ-ის გამოყენების სირთულის მიხედვით. ვიწყებთ საბაზო კურსით და თანდათან რთულ საფეხურებზე გადავდივართ. ყველა კურსი მოიცავს პედაგოგიურ ნაწილს, ანუ იმას, სახელდობრ როგორ შეუძლია მასწავლებელს სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენება. მასწავლებლებისგან ყოველთვის იგრძნობოდა ამ ტრენინგებში მონაწილეობისადმი ინტერესი, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მთელ რიგ პროცესებს თანმიმდევრულობა აკლდა, ეს ტრენინგები სერტიფიკატების მიღებისა და კრედიტების დაგროვების საშუალებად იქცა, ვინაიდან სკოლაში მასწავლებელს არავინ უწყობს ხელს, რომ მიღებული უნარები მოსწავლეებთან გამოიყენოს.

 

– არაერთი საინტერესო ინიციატივის ავტორი ბრძანდებით: შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის, ქოუჩინგის, რომელიც დღეს აქტიურად იკიდებს ფეხს სხვადასხვა პროფესიაში…

 

– შებრუნებული საკლასო ოთახის იდეა მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ცნობილი უნივერსიტეტები ამ მოდელით წარმართავენ სწავლებას. ასევე არიან სკოლებიც. შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელი ითვალისწინებს სასწავლო პროცესის შეტრიალებას. ტრადიციულად, მასწავლებელი საკლასო ოთახში ხსნის ახალ მასალას, რომელიც მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა განიმტკიცოს შინ, საშინაო დავალების შესრულებისას. მაგრამ ტემპი, რომლითაც მასწავლებელი ხსნის ახალ მასალას, ყველა მოსწავლისთვის ეფექტიანი ვერ იქნება, ვინაიდან მათ განსხვავებული შესაძლებლობები და სწავლის სტილი აქვთ. განურჩევლად იმისა, როგორ გაიგო ახსნილი მასალა, მოსწავლეს უწევს, დავალება დამოუკიდებლად შეასრულოს შინ. მეორე დღეს კი კლასი ახალ მასალაზე გადადის, განურჩევლად იმისა, როგორ დაეუფლა წინას ცალკეული მოსწავლე. შებრუნებული სასწავლო ოთახის მოდელის მიხედვით, მასწავლებელი ახალ მასალას სახლში გასაცნობად აძლევს მოსწავლეს ვიდეოგაკვეთილის, ტექსტური ინფორმაციის, ინფოგრაფიკისა თუ სხვა სახით. მოსწავლეს შეუძლია, სახლში საკუთარი ტემპისა და მუშაობის სტილის შესაბამისად გაეცნოს მას, დაუბრუნდეს გაუგებარ ადგილებს და იმდენჯერ გაიმეოროს, რამდენჯერაც საჭიროა. მასალის განმტკიცება კი საკლასო ოთახში ხდება, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, გაუგებარი ადგილები მასწავლებელს და თანაკლასელებთან ერთად გაიაროს, ივარჯიშოს, სანამ არ დაეუფლება ახალ კონცეპტს. ამრიგად, ამ ორი კომპონენტის გადაადგილებით სასწავლო პროცესისადმი მიდგომა სრულიად იცვლება და შეიძლება თითოეული მოსწავლის მიღწევების რადიკალურად შეცვლაც. თუ ამას დავუმატებთ სასწავლო პროცესის მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მასწავლებელს ხელთ ექნება სრულიად ახალი და მძლავრი ინსტრუმენტები, რათა რადიკალურად შეცვალოს თავისი სამუშაო პროცესი და შედეგები.

 

შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის შესახებ ტრენინგები 2013 წელს დავიწყეთ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც აქვთ ბუკები და რეალურად შეუძლიათ ამ მოდელზე გადართვა. როგორც ნებისმიერი სიახლის დანერგვისას, პროცესი ნელა მიმდინარეობს. არიან ინოვატორი მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ მოდელს, მაგრამ არა რეგულარულად, უფრო – სადემონსტრაციოდ. ძალიან პოპულარულია შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გამოყენება საჩვენებელი, ე.წ. ღია გაკვეთილის ჩატარებისას. მასწავლებელი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ აქვს კომპეტენცია, მოამზადოს ციფრული რესურსები, დაგეგმოს და წარმართოს გაკვეთილი ინოვაციური მოდელის გამოყენებით. მაგრამ არ იყენებს ამ კომპეტენციას სასწავლო პროცესის რეალურად შესაცვლელად.

 

ასეა თუ ისე, ტრენინგების მიზანი, მასწავლებლებისთვის შესაბამისი უნარების განვითარება, მიღწეულია. ახალი მიდგომების სასწავლო პროცესში  რეალურად დასანერგავად კი სხვა ტიპის მექანიზმები და ინსენტივებია საჭირო, უფრო მეტად – სკოლის დონეზე.

 

რაც შეეხება ქოუჩინგს, ეს პროცესი პირველი კლასის მასწავლებლების მხარდასაჭერად წამოვიწყეთ 2011 წელს, ბუკების პროგრამასთან ერთად. ტერმინი ქოუჩინგი, ისევე როგორც მისი არსი, ბიზნესიდან არის გადმოღებული და გულისხმობს პირის დახმარებას, მისი განვითარების ხელშეწყობას სრული ციკლის განმავლობაში. ჩვენი სასწავლო ციკლი მოიცავდა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვას, შესაბამისი ციფრული რესურსების მომზადებას და გაკვეთილის ჩატარებას. ტრენერები, რომლებიც მასწავლებლებთან მუშაობდნენ ტრენინგის განმავლობაში, სკოლაშიც მიჰყვებოდნენ მათ, რათა ტრენინგზე შეძენილი უნარების საკლასო ოთახში გამოყენებაში დახმარებოდნენ. ტრენერი მასწავლებელთან ერთად ინდივიდუალურად გეგმავს გაკვეთილს მასწავლებლის მიერ შერჩეულ თემაზე, ეხმარება მას ციფრული რესურსების მომზადებაში, ბოლოს კი ერთად ატარებენ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ გაკვეთილს.

 

მასწავლებლებს მართლაც სჭირდებოდათ დახმარება, ვინაიდან “ერთი-ერთთან ელექტრონული სწავლება” (ერთ მოსწავლეზე ერთი კომპიუტერი) ახალი კულტურა იყო სკოლაში და არც მასწავლებლებს ჰქონდათ საკმარისი ტექნოლოგიური უნარები. დღეს 2011 წელთან შედარებით ვითარება შესამჩნევად უკეთესია. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში სკოლაში დაგროვდება შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება, რათა ქოუჩინგის პროცესი შიგნიდან, გარე რესურსის ჩარევის გარეშე  წარიმართოს.

 

ინტერნეტი შესაძლებლობას გვაძლევს, სწავლება უფრო საინტერესო და ინტერაქტიური გავხადოთ. რა რესურსების გამოყენებას ურჩევდით მასწავლებლებს?

– გააჩნია სასწავლო მიზანს, საგანს, მოსწავლეების ასაკს… რაკი ამაზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა, ერთ პრობლემასაც შევეხო. როგორც აღვნიშნე, მასწავლებლებს ინტერნეტის გამოყენება მხოლოდ კომპიუტერულ ლაბორატორიაში შეუძლიათ. ვაი-ფაი სკოლებში გათიშულია და ზოგჯერ ინფორმაციულმა მენეჯერმაც კი არ იცის პაროლი. ამის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებენ. მასწავლებლებს ეშინიათ, რომ თუ მოსწავლეებს ინტერნეტზე წვდომის საშუალება მისცეს, ვეღარ გააკონტროლებენ, რას აკეთებენ ისინი გაკვეთილზე. ამავე მიზეზით კრძალავენ გაკვეთილებზე მობილური ტელეფონების ტარებას. არადა მობილური შეგვიძლია მძლავრ სასწავლო ინსტრუმენტად ვაქციოთ და წარმატებით გადავჭრათ ტექნოლოგიების უკმარისობის პრობლემა. სახელმწიფოს ნაკლები ფულის დახარჯვა მოუწევს, თუ სასწავლო რესურსად მოსწავლეების მობილურებს, სმარტფონებს, ტაბლეტებს ან ნოუთბუქებს გამოვიყენებთ. დღევანდელი ტენდენცია მსოფლიოში სწორედ ასეთია – სკოლები მოუწოდებენ მოსწავლეებს, სკოლაში მიიტანონ პირადი მოწყობილობა და BYOD (Bring Your Own Device) კლასებიც კი არსებობს. ცხადია, ეს შესაბამის ინფრასტრუქტურას მოითხოვს, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო გონივრული და ეფექტიანი იქნება, სახელმწიფო სახსრები სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯოს.

 

– რა მდგომარეობაა ამ მხრივ სოფლის სკოლებში?

 

– იქ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება რესურსებთან წვდომა, ინტერნეტის უქონლობა, კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობა, ვინაიდან ძნელად მოიძებნება კადრი, რომელიც ტექნიკის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, თუმცა პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების მოტივაცია განსაკუთრებით მაღალია.

 

 

პეპელა რაფაზე ანუ კორფუს სკოლა

0

ზაფხულის დილა იყო. ფანჯარასთან ვიდექით და მოზრდილ პეპელას დავყურებდით, იქვე, ხის რაფაზე რომ გარინდულიყო. სიზმრიდან გადმოფრენილს ჰგავდა – ფართოდ გაშლილ ფრთებს წარმოუდგენელი ფერები უმშვენებდა. კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ასე, ერთიანად მონუსხული, ჩემს ცხრა წლის ძმისშვილს რომ არ გამოვეფხიზლებინე: პეპელას დავიჭერ და ჰერბარიუმში, გამხმარი ყვავილებისა და ფოთლების გვერდით ჩავაწებებო. თვალები უბრწყინავდა – როგორც ჩანს, ეს აზრი ძალიან მოსწონდა. ზაფხულის დასაწყისში ჰერბარიუმის გაკეთებას მასწავლებელი ავალებდა ხოლმე და ესეც ყოველ ჯერზე დიდი ხალისით ასრულებდა დავალებას.

ვუთხარი, რომ პეპლის სიცოცხლის შეწყვეტის უფლება არავის აქვს; რომ ადამიანი შეცდომას უშვებს, როცა იმის მისაკუთრებას ცდილობს, რაც ძალიან მოსწონს – ყვავილის მოწყვეტისას სილამაზეს დაუფიქრებლად ანადგურებს; რომ სინამდვილეში სულაც არ გვჭირდება მკვდარი პეპლები თუ დაკრეფილი ყვავილები – მათი სიცოცხლე ჩვენს სიცოცხლესთან არის გადაბმული და ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარს; რომ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია სამყაროში, რომლის მრავალფეროვნების შენარჩუნებაზეც ყოველდღე უნდა იზრუნოს ადამიანმა; მცენარეების, ცხოველებისა და ფრინველების დამცველი უნდა იყოს – მათი მეგობარი…

ჩემი თანამოსაუბრე ერთხანს დუმდა, მერე კი დაეჭვებით მკითხა:

– აბა, ქათმებს რატომ ჭამ?

გამომიჭირეს. თავი პირსისხლიან მტაცებელ ცხოველად ვიგრძენი, კბილებს შორის მოგდებული ნახევრად ცოცხალი, ბუმბულაშლილი, ფეხებგაფარჩხული ქათმით. არ ვიცოდი, თავი საით წამეღო.

როგორც ჩანს, დასაწყისშივე არასწორი გზა ავირჩიე. მხოლოდ სიტყვებით, ზოგადი ფრაზებით ვერავის შეაყვარებ ბუნებას, ცხოველთა სამყაროს, სიცოცხლეს… როცა ცხრა წლის ვიყავი, არავის უთქვამს, რომ ძაღლები და კატები უნდა მყვარებოდა, გაზაფხულზე მოფრენილი მერცხლებისთვის საკვირველი გულმოდგინებით ნაშენები ბუდე არ უნდა დამენგრია, ეზოს ყვავილებისა და სხვა მცენარეებისთვის უნდა მომევლო. ძაღლები, კატები, მერცხლები, ყვავილები – ჩემი სამყაროს ნაწილი იყო და მათზე ზრუნვის აუცილებლობაც თვითონვე დავინახე. სიყვარულიც ბუნებრივად გაჩნდა.

იმ ზაფხულს კიდევ ერთხელ წავიკითხე ბრიტანელი ნატურალისტისა და მწერლის, ჯერალდ დარელის  წიგნი „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ და ჩემს ძმისშვილსაც წავაკითხე. მსუბუქი, სახალისო საკითხავია. გამაოგნებლად არის აღწერილი საბერძნეთის კუნძული კორფუ – მიწიერი სამოთხე სიცოცხლის ყოველგვარ გამოვლინებაზე დაკვირვების მოყვარული მოზარდისთვის. ალბათ არ არსებობს მკითხველი, რომლის ბუნებისადმი, განსაკუთრებით კი ცხოველთა სამყაროსადმი დამოკიდებულებასაც ეს წიგნი ვერ შეცვლიდა. სამწუხაროდ, ჯერალდ დარელის ავტობიოგრაფიული ტრილოგიის მეორე და მესამე წიგნები ქართულად ჯერ არ უთარგმნიათ.

კორფუზე გატარებულმა ბავშვობამ მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა, ჯადოქარი რომ ვიყო, ყველა ბავშვს ჩემს ბავშვობას ვაჩუქებდიო, – წერდა ის.

ამ მხრივ უდავოდ გამიმართლა – კორფუ არ ერქვა, მაგრამ კარგ ადგილას კი ვცხოვრობდი: ვზრდიდი, ვუვლიდი, ვეთამაშებოდი, ყოველდღიურად ვაკვირდებოდი…

„ადამიანი ეხმარება პირუტყვს შთამომავლობის გაჩენაში, კვებავს და ზრდის მას, უშენებს ბოსელ-ფარეხებს, ზრუნავს და იფარავს ნადირისაგან. ზოგიერთ საზოგადოებაში კი (მაგალითად, ზემო სვანეთში) ადამიანი ზამთრობით საქონელთან ერთად, ერთ ჭერქვეშ, საერთო სივრცეში ცხოვრობს. მათ მხოლოდ დაბალი ტიხარი მიჯნავს. ისინი საერთო ნასუნთქში ცხოვრობენ. ამის გამო მათ შორის დიდი სიახლოვეა. დადასტურებულია რიტუალურ-სადღესასწაულო კვება შინაური ცხოველებისა, განსაკუთრებით ზამთარში… აწყობენ სადღესასწაულო ტრაპეზს, რომელშიც ადამიანებთან ერთად შინაური პირუტყვიც მონაწილეობს; ისინი მათი პატრონების სუფრიდან იღებენ ნაწილს, ანუ ისინიც იმასვე ჭამენ, რასაც მათი პატრონები; მათთვის საგანგებო ნამცხვრებსაც კი აცხობენ, რომელთაგან ზოგიერთს ცხოველთა და სამეურნეო იარაღების (მაგ., გუთნის) ფორმა აქვს“, – წერს ზურაბ კიკნაძე ქართული საზოგადოების არცთუ შორეულ წარსულზე. მისივე აზრით, ადამიანი შინაურ ცხოველს სახელს რომ არქმევს – ესეც მათი სიახლოვის დასტურია. სახელდების ამ აქტით დანარჩენებისგან მის გამორჩევას, ინდივიდუალობის მინიჭებას ცდილობს.

მახსენდება ყველა ის სახელი, რაც დიდი თუ პატარა მეგობრებისთვის დამირქმევია. მახსენდება ყველა, ვინც კი ბავშვობისას გამიზრდია – მოვლა-პატრონობის წესების უცოდინარს, მხოლოდ ზრუნვის ინსტინქტს მინდობილს.

მეცხვარე ძაღლებთან გადაღებული ფოტოები.

შავ-თეთრი კატების თაობები.

მერცხლების პირდაფჩენილი ბარტყებით სავსე ბუდე.

შინდის ხეები. მოცვის ბუჩქი. გეორგინები.

მაგრამ სიტყვებით მაინც ვერავის შეაყვარებ…

უნდა აჩვენო.

ხელი უნდა მოკიდო და კორფუზე წაიყვანო (კორფუ იქ იქნება, სადაც მოინდომებ).

დაკვირვების სიამოვნება უნდა განაცდევინო, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს: სხვა ყველაფერთან ერთად შენც დაკვირვებისა და კრიტიკული ანალიზის ობიექტად იქცევი („აბა, ქათმებს რატომ ჭამ?“, „რა გითხრა – გემრიელია და…“, „პეპელაც ძალიან ლამაზი იყო და მინდოდა“…).

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველებიო, – ასე დაარქვა თავის სახალისო წიგნს იმ კაცმა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...