კვირა, ივნისი 22, 2025
22 ივნისი, კვირა, 2025

რას მივირთმევთ?!- იმპროვიზირებული თამაშები, ჯანსაღი ცხოვრების წესებზე

0

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ჯანსაღი და სწორი კვების საკითხებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისა და მოზარდებისათვის. მათი საკვები უნდა შეიცავდეს ყველა იმ აუცილებელ კომპონენტს, რაც საჭიროა ჯანმრთელი ორგანიზმის ფორმირებისა და ზრდისათვის.

კვების კულტურის განვითარება, სწორ და ჯანსაღ კვებაზე წარმოდგენა, სასარგებლო უნარ-ჩვევებისა და საკუთარი ჯანმრთელობისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კუთხით სწორი ინფორმირება, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა პირდაპირი მოვალეობაა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ კლასგარეშე ღონისძიებას. იგი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ქიმიისადმი ინტერესის გაღვივებას შეუწყობს ხელს, რადგან აქ შერწყმულია თამაშის ტექნოლოგია და სასწავლო-კვლევითი სამუშაო.  ღონისძიება, ორგანული ქიმიის შესწავლისას ახალი ცოდნის ათვისებისა და ახალი უნარ-ჩვევების ფორმირება-განვითარების პროცესს უფრო ინტენსიურს გახდის.

მოცემული კლასგარეშე ღონისძიება ქიმიაში ინტეგრირებული სახისაა და შემუშავებულია, როგორც თეატრალიზებული წარმოდგენა, სადაც გამოყენებულია აქტიური სწავლების ტექნოლოგიის მეთოდები, სადაც სასწავლო-კვლევით სამუშაოებში მოსწავლეებიც ერთვებიან. თამაშის მთავარი მიზანია, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრებისა  და სწორი კვების უნარის გამომუშავება.

ამ დროს ისახება რამდენიმე ამოცანა: ა) საკვები პროდუქტების შედგენილობის, საკვების შემადგენელი ძირითადი კომპონენტების ნივთიერებათა აგებულებისა და თვისებების და მათი ათვისებისას ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესწავლა. რაციონალური კვების ძირითადი პრინციპების განხილვა; ბ) მოსწავლეთა ხედვების გაფართოება; საგნებისადმი შემეცნებითი ინტერესისა და ერუდიციის გაღრმავება. საკუთარი აზრის სწრაფად და გარკვევით ფორმულირების, ლოგიკურად განსჯისა და  განზოგადების, კვლევითი უნარების განვითარება. მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება; გ) პიროვნული თვისებების აღზრდა-განვითარება, როგორიცაა: საკუთარი თავის რწმენა, დაკისრებული საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა, ჯგუფური მუშაობის ჩვევა, ურთიერთობები ინფორმაციის მიღების მიზნით, საკვანძო საკითხების განსაზღვრა, სხვებისათვის ინფორმაციის გადაცემა, სიტუაციისთვის შესაფერისი კითხვების დასმა, პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრა, მოცემული ამოცანის პრეზენტაციის უნარი.

საჭირო ინვენტარი: ცხრილები, შტატივები, სინჯარები, დამჭერები, პიპეტები, ხილისა და კერძების მულიაჟები, პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, ხორცი, კვერცხი, კარაქი, თევზი და ბურღულეული), თემატური პლაკატები, რეაქტივები ( NaOH, CuSO4, HNO3, KMnO4).

მოქმედება მიმდინარეობს იმპროვიზირებული „მრგვალი მაგიდის“ ირგვლივ, რომელსაც უსხედან – წამყვანი, ექიმი-დიეტოლოგი, ქიმიკოსი, ლაბორანტი, ტექნოლოგი და მზარეული.

ღონისძიების მსვლელობა:

წამყვანი: მოგესალმებით, ჩვენი საუბრის თემაა საკვები, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბუნებაში არ არსებობს პროდუქტი, რომელიც ადამიანისათვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას შეიცავდეს (გამონაკლისი დედის რძეა და ისიც მხოლოდ ჩვილობის ასაკისთვისაა განსაზღვრული).

საკვები – მრავალკომპონენტიანი ქიმიური სისტემაა, რომელიც ორგანიზმის სასარგებლო, უსარგებლო და მავნე ნივთიერებებით მომარაგების წყაროს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში, მხოლოდ განსხვავებულ პროდუქტთა სწორი კომბინაცია უზრუნველყოფს ორგანიზმს ისეთი აუცილებელი ნივთიერებებით, როგორიცაა ვიტამინები და მიკროელემენტები. მათი ათვისებისა და გადამუშავების პროცესი ბევრადაა დამოკიდებული კიდევ სხვა კომპონენტებზე, რომლებიც საკვების მრავალფეროვნების აუცილებლობაზე მეტყველებს.

იმისათვის, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ პროდუქტების სასარგებლო თვისებები, აუცილებელია მათი ქიმიური შედგენილობის, ტექნოლოგიური დამუშავების სპეციფიკის, რაციონის სწორად შედგენისა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო რეჟიმის ცოდნა.

იმისათვის, რომ უკეთ გავერკვეთ სასარგებლო ნივთიერებების რა  სახეობებს რომელი საკვები შეიცავს, მოვიწვიეთ ექიმი-დიეტოლოგი, ქიმიკოსი, კვების ტექნოლოგი, ლაბორანტი და მზარეული.

ექიმი-დიეტოლოგი: ადამიანი საკვებიდან იღებს, იმ აუცილებელ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისა და განვითარებისათვისაა საჭირო. ეს გახლავთ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები. თითოეულ მათგანს ორგანიზმში თავისი ფუნქცია ეკისრება. ორგანიზმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცილები, რომლებიც ორგანიზმის ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. სწორედ ცილებთანაა დაკავშირებული მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მუშაობა: ნივთიერებათა ცვლა, ზრდა-განვითარება, გამრავლების და აზროვნებითი უნარები.

ცილებისგან ფორმირდებიან ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს საშიში ვირუსებისგან იცავენ, ანუ ცილა ორგანიზმის ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევას, მისი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ჩვენი ორგანიზმის საშენ მასალას, სწორედ ცილები წარმოადგენს, რადგან ცილოვანი სტრუქტურა ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ცილის ფასეულობას არა მისი რაოდენობა, არამედ ხარისხი წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცილები, რომელთა შემადგენლობაშიცაა ამინომჟავები, სწორედ მათ უწოდებენ სრულფასოვანს და ისინი შედის ცხოველური საკვების შემადგენლობაში, მაგალითად: ხორცში, თევზეულში, რძეში და რძის პროდუქტებში, კვერცხსა და ზღვის პროდუქტებში. მცენარეული ცილები ნაკლებად ღირებულია ორგანიზმისათვის. მათ არასრულფასოვან ცილებს უწოდებენ.

წამყვანი: ცილებთან მიმართებაში ხშირად ამბობენ, „რაც მეტი, მით უკეთესი“ – ეს პრინციპი მიუღებელია. ხორცეულის ჭარბი მიღებისას, ნაწლავებში მიმდინარეობს ლპობის პროცესი, რაც იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ისტორიკოსთა გადმოცემით, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ერთგვარი სასჯელის ფორმა არსებობდა – სიკვდილმისჯილს მხოლოდ მოხარშული ხორცით კვებავდნენ, და ისინი 28-30 დღეში კვდებოდნენ, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე შიმშილობით კვდება ადამიანი. ახლა კი, მოწვეულ ქიმიკოსს და ლაბორანტს ვთხოვთ, ცდით დაგვიდასტურონ, რომ შემოთავაზებულ პროდუქტებში არის ცილები.

ქიმიკოსი და ლაბორანტი ატარებენ ცდას. საკვლევად აღებულია რძე, კვერცხი, ხაჭო, ქათმის ბულიონი, ხორცი და თხილი. ისინი ატარებენ რეაქციას ცილაზე, რეაქტივებად გამოყენებულია HNO3, Cu(OH)2.

ქიმიკოსი:  ხარისხიან ფერად რეაქციებს  ცილაზე წარმოადგენს: HNOურთიერთქმედება, რომლის დროსაც ყვითელი ფერის ნალექს ვიღებთ და Cu(OH)2 ურთიერთქმედება, როდესაც ლურჯი ფერის ნალექია. ( შეგიძლიათ ჩაატაროთ ცდები „ხარისხის რეაქციები ცილაზე“).

ექიმი-დიეტოლოგი: ორგანიზმი უკეთ ითვისებს იმ ცილებს, რომლებიც თერმულად არის დამუშავებული. (მოსწავლეები ახდენენ ცდის დემონსტრირებას – პროცესები, რომლებიც ცილის თერმული დამუშავებისას მიმდინარეობს, მაგალითად, კვერცხის შეწვისას.) ტემპერატურაზე მიმდინარეობს ცილის დენატურაცია, ირღვევა ცილის მოლეკულის სამმაგი სტრუქტურა და ამ დროს იგი კარგავს თავის თვისებებს – ხდება გაუმჭვირვალე, წყალში უხსნადი და იძენს შედედების უნარს. ეს ყველაფერი კი აიოლებს მის ხელმისაწვდომობას, კუჭ-ნაწლავური ტრაქტის  ფერმენტთა მოლეკულასთან, ამასთან გამოცალკევდება ნახშირწყლები და ხდება ფერმენტების ბლოკატორის ინაქტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის 1/5 ცილისაგან შესდგება, ორგანიზმს უმნიშვნელო ცილოვანი რეზერვი გააჩნია. ამიტომ საჭიროა კვების რაციონში, ყოველდღიურად იქნეს ჩართული ცილის შემცველი კერძები. (მოსწავლეები პროდუქტის მულაჟების დემონსტრირებას ახდენენ). ცილის ენერგეტიკული დანიშნულება კი, არც ისე დიდია, ორგანიზმის მიერ გახარჯული ენერგიის მხოლოდ 12–14% მოდის ცილაზე. 1 გრამი ცილა, ორგანიზმს მხოლოდ 4 კკალ-ით ამარაგებს.

წამყვანი:  რა წარმოადგენს ენერგეტიკულ მასალას ორგანიზმისათვის?- რა თქმა უნდა ცხიმები. მათი ფუნქცია ორგანიზმში ისეთივე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია, როგორც ცილებისა.

ყოველი გრამი ცხიმისა წვის შედეგად იძლევა 9,0 კილო კალორიას, რაც ორჯერ აღემატება ნახშირწყლებისა და ცილების ენერგეტიკულ ღირებულებას.

ქიმიკოსი: მაინც რა შედის ცხიმების შემადგენლობაში? ცხოველური ცხიმების შემადგენლობაში  ძირითადად ნაჯერი მჟავები შედის, მცენარეულ ცხიმებში კი – უჯერი მჟავები. ამიტომ ცხოველური ცხიმები მყარი ნივთიერებებია, მცენარეული კი – ძირითადად თხევადი.

ზეთების კოლექციის დემონსტრირება: მოსწავლეები ახდენენ მცენარეული ზეთების და ცხოველური ცხიმების კოლექციის ჩვენებას და ატარებენ ცდას, მზესუმზირის ზეთში შემავალი მჟავების თვისებების  დასადგენად.

ცდის მსვლელობა: სინჯარაში, რომელშიც მოთავსებულია კალიუმის პერმანგანატის ხსნარი, ამატებენ რამდენიმე წვეთ მზესუმზირის ზეთს. აკვირდებიან ხსნარის გაუფერულების პროცესს.

ექიმი: ორგანიზმისთვის მცენარეული ცხიმებით შევსების ძირითად წყაროს წარმოადგენენ მცენარეული ზეთები: თხილეული (53-65,6%), შვრიის (6,5%) და წიწიბურას (3,3%) ბურღულეული, ზეთები (99,9%). ცხიმების ნაკლებობა იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის რიგ დარღვევებს, იმუნიტეტის დაქვეითებას, თირკმლის ფუნქციის და მხედველობის დარღვევას, აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

წამყვანი: ახლა ვისაუბროთ ნახშირწყლებზე.  ცნობილია, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი საკვების ძირითად ნაწილსა და ენერგიის წყაროს. ნახშირწყლებზე მოდის დაახლოებით 56-58% ენერგიისა, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება კუნთოვანი ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მოთხოვნილება ნახშირწყლებზე განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როცა ადამიანი ინტენსიურ ფიზიკურ სამუშაოს ეწევა.

ექიმი: ბევრი პროდუქტი (გარდა ფრინველის და სხვა ხორცისა, თევზეულისა და ყველისა), ნახშირწყლებს შეიცავენ სახამებლის ან შაქრის სახით. შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ იმ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაშიც ნახშირწყლები არა შაქრის, არამედ სახამებლის სახითაა. მოერიდეთ ტკბილეულს (კანფეტებს, კულინარიულ ნაწარმს, მურაბებს), მაგრამ უარი არ უთხრათ საკუთარ თავს ხილზე. გახსოვდეთ, რომ ჭარბი ტკბილეული, გარდა სხვა მრავალი მავნებლობისა, აზიანებს კბილებს.

მოსწავლეები ახდენენ ცდის დემონსტრირებას სახამებლის და გლუკოზის შემცველობაზე. ცდისათვის კარტოფილზე, პურსა და ყურძენზე აწვეთებენ იოდს.

წამყვანი: რა ვიცით ვიტამინების შესახებ? შეგახსენებთ, რომ სიტყვა „ვიტა“ ლათინურად  „სიცოცხლეს“ ნიშნავს. ვიტამინები გარკვეული დოზით ყველა ჩვენგანს სჭირდება ჯანმრთელობისათვის.

ექიმი: თუკი ორგანიზმი ვერ იღებს ვიტამინების საჭირო რაოდენობას, მაშინ შეფერხებულია მისი ზრდა-განვითარება, სუსტდება იმუნიტეტი, ინფექციებისადმი და ნერვიული სტრესებისადმი წინააღმდეგობის უნარი იკლებს. ასევე იზრდება დერმატოლოგიური დაავადებების ალბათობა, სუსტდება ძვლები და კბილები, იწვევს სისხლნაკლებობას, ანუ ანემიას და თმის ცვენას.

 დავალება პირველ ჯგუფს: დაასახელეთ რომელი ვიტამინები იცით და რომელი პროდუქტები შეიცავენ მათ? (პლაკატების დემონსტრირება, ვიტმინები; A,D,B,E,C,K)

წამყვანი: ჯანმრთელობისათვის ადამიანის ორგანიზმს ასევე ესაჭიროება განსხვავებული მინერალები.

დავალება მეორე ჯგუფს: დაასახელეთ მინერალური ნივთიერებები და პროდუქტები, რომლებიც მათ შეიცავენ.(პლაკატების დემონსტრირება).

წამყვანი ატარებს ვიქტორინას. მონაწილეებს უსვამს კითხვებს, რაზეც ჯგუფები პასუხობენ. გამარჯვებულია ჯგუფი, რომელსაც მეტი სწორი პასუხი აქვს.

  1. რატომ აქვს გამომცხვარ პურს ქერქი? პასუხი: ფქვილი შეიცავს სახამებელს, როცა პური ცხვება, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით სახამებელი ნაწილობრივ გადადის დექსტრინში – წებოვან ნივთიერებაში, რომელიც სახამებლის ცალკეულ ნაწილაკებს ერთმანეთთან აწებებს და წარმოქმნის დაბრაწულ ქერქს.
  2. რომელი ორგანული მჟავები წარმოიქმნება ნაღების კარაქში, მისი ხანგრძლივი შენახვისას? პასუხი: ნაღების კარაქში წარმოიქმნება კარაქის მჟავა, რომელიც ხანგრძლივი შენახვისას პროდუქტს მძაღე გემოს აძლევს.
  3. რატომ აქვს გაყინულ კარტოფილს მოტკბო გემო? პასუხი: კარტოფილში არსებული სახამებელი ყინვის პირობებში ფოტოსინთეზის შედეგად ნაწილობრივ გარდაიქმნება შაქრად. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს სხვა მცენარეულ პროდუქტებში მათი ზამთრისათვის შენახვისას.
  4. როგორ განვსაზღვროთ ახალია თუ არა თევზი ლაკმუსის ქაღალდის მეშვეობით? პასუხი: თევზის ზედაპირზე კეთდება ღრმა ნაკვეთური და შიგნით ვათავსებთ ლაკმუსის ქაღალდს. თუ ლაკმუსის ქაღალდი ფერს შეიცვლის ეს იმის ნიშანია, რომ თევზი ახალი არაა ან მისი ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.
  5. რატომ წარმოიქმნება ქაფი ხორცის ბულიონის ხარშვისას? პასუხი: ხორცის ხარშვისას მიმდინარეობს ცილების დენატურაცია, ესაა ქაფის წარმოქმნის მიზეზი.
  6. ბორშის დიდხანს ხარშვისას, ჭარხლის წითელი ფერი იკარგება, როგორ დავუბრუნოთ წვნიანს ფერი? პასუხი: დავამატოთ ცოტაოდენი ძმარი.
  7. რატომ მუქდება ვაშლზე დანით ჩაჭრილი ადგილი? პასუხი: ვაშლში შემავალი რკინა იჟანგება და წარმოქმნის მუქ ფერს.
  8. თუკი ალუმინის ქვაბში ვხარშავთ ბორშს ან კომპოტს, ამის შემდეგ რამდენიმე ხნის მანძილზე ის გამჭვირვალე ფერს ინარჩუნებს, რატომ? პასუხი: ხილში, ბოსტნეულსა და კენკროვანებში შემავალი მარილები და ორგანული მჟავები შლიან ალუმინის ზედაპირზე არსებულ ოქსიდურ აპკს.

ექიმი:  კვებასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია  კვების ჰიგიენა, რომელიც შეისწავლის ადამიანის სრულფასოვანი და სწორი კვების საკითხებს. კვების ჰიგიენის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ, თავად ჰიპოკრატე საუბრობდა ამაზე. „ჰიგიენა“ ბერძნული სიტყვაა და „ჯანმრთელობას“ ნიშნავს, ამგვარად ტერმინი „კვების ჰიგიენა“ განსაზღვრავს ისეთ კვებას, რომელიც მაქსიმალური სარგებლობის მომტანია ადამიანის ორგანიზმისათვის, მისი ასაკის, სქესის, საქმიანობის, ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის და საცხოვრებელი ადგილის კლიმატური პირობების გათვალისწინებით. კვების ჰიგიენის წესების თანახმად, პირველ რიგში საყურადღებოა ის საკვები პროდუქტები, რომელთაც ადამიანი მოიხმარს, ასევე მათი მომზადებისა და შენახვის წესები. არასწორი შენახვისას ყველა პროდუქტი ადრე თუ გვიან ფუჭდება. ასეთი პროდუქტის გამოყენებისას კი ადამიანი შეგნებულად უქმნის საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. კვების ჰიგიენის წესების უგულვებელყოფა იწვევს კვებით მოწამლვას, ინფექციურ დაავადებებსა და სხვა გართულებებს. ამიტომ საკვებად გამოყენების წინ აუცილებელია: გულდასმით გაირეცხოს პროდუქტები, ყურადღება მივაქციოთ ვარგისიანობის ვადას და თუ პროდუქტი ვადაგასულია გადავაგდოთ. ხორცპროდუქტები საკვებად გამოყენების წინ თერმულად კარგად უნდა დამუშავდეს. სამზარეულოში მკაცრად უნდა იყოს დაცული სისუფთავის ნორმები, ჭამის წინ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა და დაუშვებელია ხელით ჭამა, საჭმელი გულდასმით უნდა დაიღეჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომნელებელი სისტემას პრობლემები ექმნება, რაც გამოიწვევს ნაწლავებისა და კუჭის ფუნქციონალურ დარღვევებს. ასევე მნიშვნელოვანია საკვების სწორად მიღება, მაგალითად: ტრაპეზი უმჯობესია დავიწყოთ იმ პროდუქტით ან კერძით, რომელიც მეტად წვნიანია, ბოლოს კი მივიღოთ ნაკლებწვნიანი ან მშრალი კერძი. ჭამის დროს არაა რეკომენდებული წყლის მიყოლება, რადგან სითხე კუჭ-ნაწლავური ტრაქტიდან გამორეცხავს სასარგებლო ფერმენტებს, რომლებიც საკვების გადამუშავებასა და მონელებას უწყობენ ხელს.

ცდა#1. რძის პასტერიზაციის ხარისხის განსაზღვრა.

 პასტერიზაცია ითვალისწინებს პათოგენური მიკრობების განადგურებას, რომლებიც რძის ხარისხს აფუჭებენ, მაგრამ ამ პროცესში არ უნდა შემცირდეს მასში ცილის შემცველობა.

  1. 3 მლ. რძეს ვამატებთ 3 მლ. დისტილირებულ წყალს.
  2. ნარევს წვეთ-წვეთობით ვუმატებთ 0,1 ნორმალობის H2SO4-ის ხსნარს, კაზეინის ლექი გავფილტროთ.
  3. ფილტრატი გავაცხელოთ ადუღებამდე. გასაღები: უმ რძეში ისევ წარმოიქმნება კაზეინის ლექი.
  4. საკვლევ ნიმუშებში, რძის პასტერიზაციის ხარისხი ივარაუდეთ.
  5. ივარაუდეთ განსხვავებული ნიმუშების ფალსიფიკაციის მიზეზები.

მიღებულ ნიმუშს დაამატეთ რამდენიმე წვეთი კონცენტრირებული აზოტმჟავა. გააცხელეთ. ყვითელი შეფერილობა მეტყველებს, ცილაში არომატული რგოლების არსებობაზე (ქსანტოპროტეინული რეაქცია).

ცდა#2. დავადგინოთ ახალია თუ არა რძე.

3 მილილიტრ 1% ფენოლის ხსნარს დავამატოთ ამდენივე 1%-იანი სამვალენტიანი რკინის ქლორიდის ხსნარი, აღვნიშნოთ იისფერი შეფერილობა დაუმატოთ 3 მლ. რძე.

გასაღები: ამჟავებული რძე იძლევა მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას.

დაადგინეთ განსხვავებული ნიმუშების სიახლის ხარისხი და ფალსიფიკაციის მიზეზები.

ცდა#3.  არაჟანში მინარევების განსზღვრა.

ქიმიურ ჭიქაში ჩავასხათ 10 მლ. ადუღებული წყალი და მასში მოვათავსოთ ერთი კოვზი არაჟანი. გასაღები: მინარევების არსებობის შემთხვევაში (ხაჭო, კეფირი ან სახამებელი), ცხიმი ამოტივტივდება, კაზეინი კი დაილექება.

ცნობილია, რომ სუფთა სახით არაჟანი არ იძლევა ნალექს, განსაზღვრეთ ნიმუშების ფალსიფიკაციის სავარაუდო მიზეზები.

ცდა#4. ხორცის ხარისხის განსაზღვრა (რამდენად ახალია ის?).

  1. მოვამზადოთ ხორცის ბულიონი (4მლ წყალი და ხორცის ნაჭერი გავაცხელოთ დუღილამდე)
  2. ნახარში გავფილტროთ კოლბაში.
  3. დავუმატოთ 5 წვეთი გოგირდმჟავა და რამდენიმე წუთში ჩავინიშნოთ შედეგები.

გასაღები: თუ ხორცი ახალია, მისი ნახარში გამჭვირვალეა, ნაკლებად ახალი ხორცის ბულიონი მღვრიე ხდება, ხოლო ძველისა კი ჟელესებურია და ნალექიანი.

განსაზღვრეთ სინჯის ფალსიფიკაციის დონე, შეადარეთ რამდენიმე ნიმუში, დაადგინეთ განსხვავებული შედეგების მიზეზი.

ცდა#5.  მოცემულ პროდუქტებში განსაზღვრეთ ცილის შემცველობა.

  1. სამ სინჯარაში ჩავასხათ 4მლ. წყალი. პირველს დაუმატოთ მზა ბულიონის მშრალი მასა (კუბიკი) 1/2. მეორეში მოვათავსოთ ხორცის ნაჭერი, ხოლო მესამეში სოსისის ნაჭერი. სამივე ავადუღოთ.
  2. გავფილტროთ.
  3. ყოველ მათგანში, წვეთ-წვეთობით დავამატოთ კონცენტრირებული აზოტმჟავა და ოდნავ შევათბოთ.

გასაღები: იმ სინჯარაში, სადაც ცილის შემცველობაა, ხსნარი ყვითელ შეფერილობას მიიღებს.

მზარეული: კვება მრავალფეროვანი უნდა იყოს. ადამიანის დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების აუცილებელ რაოდენობას, ასევე მინერალებსა და ვიტამინებს. აფთიაქში შესაძლებელია დავამზადოთ საკვები მასა, რომელშიც ზუსტად იქნება დაცული ყველა აუცილებელი ნორმა და მის შემადგენლობაში ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი ყველა კომპონენტი იქნება. თუმცა ეს არ იქნება ჯანმრთელი საკვები, რადგან უგემური გამოვა და ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას. შესაბამისად, ორგანიზმისთვის ცუდად შეთვისებადი იქნება. მენიუს შედგენისას უნდა გვახსოვდეს რაციონალური კვების მთავარი პრინციპი – კვებისას უნდა დავიცვათ ზომიერება. საკვებიდან მიღებული ენერგია უნდა შეესაბამებოდეს გაცემული ენერგიის რაოდენობას. საკვები ნივთიერებებისადმი მოთხოვნილება იცვლება:  სქესის, ასაკის, წონის, სიმაღლის, ადამიანის საქმიანობისა და საცხოვრებელი კლიმატური პირობების თავისებურებების მიხედვით. მოზარდი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. ეს აიხსნება მათი ორგანიზმის განვითარების თავისებურებებით – ზრდისა და კუთოვანი ქსოვილის აქტივობით.

საქმიანობიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, კოლეჯის სტუდენტებისათვის დღიური კალორიების ნორმა შეადგენს დაახლოებით 3000 – 3200 კკალ.-ს. მოზარდების დღიური კვების რაციონში, ძირითადი პროდუქტების კალორაჟი პროცენტებში ასეთი უნდა იყოს:

კვების რეჟიმი   1-საუზმე   2-საუზმე  სადილი   ვახშამი

ოთხჯერადი       20%;             15% ;          45%;            20%.

ჯგუფის მონაწილეები ასრულებენ შემდეგ დავალებას.

 

დავალება: შეადგინეთ დღიური კვების რაციონი 14-16  წლის მოზარდთათვის.

გამოთვლის შედეგები, შევიტანოთ ცხრილში.

გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები, ოპტიმალურ კვებით რაციონზე, საკვები ნივთიერებების მოხმარების დღიური ნორმების დაცვაზე:

 

ანგარიშის ფორმა:

 

კვების რაჟიმი პროდუქტის დასახელება მასა() მოცემულ პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა () კალორიულობა (კკალ)
ცილები ცხიმები ნახშირწყლები
1 საუზმე            
2 საუზმე            
სადილი            
ვახშამი            

 

საჭირო მასალები: საკვები პროდუქტების ქიმიური შემადგენლობისა და მათი კალორიულობის ცხრილები.

ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დღიური ნორმები ბავშვისა და მოზარდის საკვებში.

დღიური ენერგეტიკული მოთხოვნილება.

 

ასაკი ცილები(გ) ცხიმები(გ) ნახშირწყლები(გ)
3-4 50-60 60-70 150-200
5-7 65-70 75-80 250-300
8-11 75-95 80-95 350-400
12-14 90-110 90-110 400-500
15-16 100-120 90-110 450-500

 

ბავშვებსა და მოზარდებში დღიური ენერგეტიკული მოთხოვნილება(კკალ),ასაკის მიხედვით.

 

ასაკი რაოდენობა სხეულის საშუალო მასაზე გათვლით
3-4 1603-1804
5-7 1804-2305
8-11 2355-2906
12-14 2806-3307
15-16 3207-3508

 

          

წამყვანი: მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუდევრად ექცევა საკუთარ ჯანმრთელობას. დროის უკმარისობა, კვების კულტურის საკითხებში არაკომპეტენტურობა, თანამედროვე ცხოვრების რითმი – ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ არ ხდება საკვები პროდუქტების სათანადოდ შერჩევა. სწორი და ჯანსაღი კვება უზრუნველყოფს ჰარმონიულ ფიზიკურ და ფსიქო-ნერვოლოგიურ განვითარებას, აძლიერებს იმუნიტეტს და გარემოს მავნე ზეგავლენისადმი ორგანიზმის მედეგობას.

ჩვენს კვებაზეა დამოკიდებული, როგორ ვრძნობთ თავს, როგორ გამოვიყურებით და ისიც კი – როგორ ვაზროვნებთ.

მეცნიერებას კვების შესახებ ნუტრიციოლოგია ეწოდება. ადამიანის ბიოლოგიური მოთხოვნილებები ევოლუციის პროცესში იცვლებოდა. დღეისათვის შეგვიძლია გამოვყოთ, ცივილიზებული ადამიანისათვის შემდეგი არასახარბიელო ცვლილებები კვების სტრუქტურაში,  ეს თანამედროვე ტენდენციები  ასე გამოიყურება:

  • ცხოველური ცხიმებისა და ქოლესტერინის ჭარბი მოხმარება;
  • მარილისა და შაქრის ჭარბი ამოყენება;
  • საკვები ბოჭკოს ანუ უჯრედისის მიღების მკვეთრად შემცირება;
  • ვიტამინების გამოხატული წლიური დეფიციტი;
  • მიკროელემენტების დეფიციტი როგორც ბავშვთა, ასევე ზრდასრულთა რაციონში;
  • განსხვავებული ბუნების მქონე, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყენების მნიშვნელოვნად შემცირება, მათ შორის, ეგრეთ წოდებული, საკვების „მინორული“ კომპონენტებისა.

მადლობას მოგახსენებთ ყველას მონაწილეობისათვის. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთაა, სწორი და ჯანსაღი კვება კი ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.

 

 

 

წყარო:

  1. https://www.fooddudes.ie/lesson_sphe_5.pdf
  2. https://www.heart.org/HEARTORG/HealthyLiving/HealthyKids/HowtoMakeaHealthyHome/Dietary-Recommendations-for-Healthy-Children_UCM_303886_Article.jsp#.WO_FCvmGOUl
  3. https://www.planet-health.org/pdf/lesson_3.pdf
  4. https://www.tes.com/teaching-resource/healthy-eating-key-fact-2-balanced-diet-6048805
  5. https://www.sev-chem.narod.ru/opyt.files/pischa.htm
  6. https://www.takingcharge.csh.umn.edu/explore-healing-practices/food-medicine/how-does-food-impact-health

 

 

 

წინწკლების ქოხი. სიტყვები და საგნები

0

მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!“

„ჩინარი“, ნიკოლოზ ბარათაშვილი

„წინწკლების ქოხი“ 2004 წელს აღმოვაჩინე. მაშინ, დამწყები მასწავლებელი, წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში ვმუშაობდი. წიგნი უფროსმა მეგობარმა, გამოცდილმა მასწავლებელმა, ელიკო ჩერქეზიშვილმა მათხოვა, როგორც საუკეთესო რესურსი კითხვის კომპეტენციების განვითარებისთვის.

მართლაც იმდენად ფართო ჰორიზონტის, უხვი ტექსტი აღმოჩნდა, შოშიებივით შემეცნებას მოწყურებული ბავშვების საჭიროებებში თავით გადაშვებული, აღფრთოვანებას ვუზიარებდი კოლეგებს.  აქ იყო მასალა, რომელიც გამოდგებოდა ფონემატური სმენის განმავითარებელ სავარჯიშოებად, მთელი სიტყვებით თუ მარცვლებით, ხმამაღალი, თუ გუნდური კითხვისთვის. დამეთანხმებით, ეს ოქროს საბადოა მასწავლებლისთვის, ვინც კარგად გაიაზრა არსებული სახელმძღვანელოების (მაშინდელიდან დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა) „უშვერი რიტორიკა“ (როგორც ილია იტყოდა) და უხერხული პათეტიკა.

გარდა იმისა, რომ წიგნი პირველკლასელებს შორის კითხვის კომპეტენციების განვითარების დიდ შესაძლებლობებს იძლეოდა, მთავარი მაინც ის იყო, რომ ჩემს პედაგოგიურ დამოკიდებულებებთან ამ კრებულის დიდაქტიკური პათოსი ძალიან ახლო იდგა. ის ბავშვებს არ ახვევდა თავს მზა სააზროვნო თუ ქცევით სქემებს, არ აყალიბებდა იმპერატივებს, თუ როგორი უნდა იყოს ბიჭი და გოგო, დიდი და პატარა; არ ცდილობდა ბავშვების „ბეჯითებად“ და „უქნარებად“, „ყოჩაღებად“ და „ყაჩაღებად“ კატეგორიზებას, აქ ვერც ყალბ პათეტიკას შენიშნავდით, ვერც მენტორულ რიტორიკას ან ენისმოჩლექას. ეს თამაშებრივი, თუმცა უკიდურესად სერიოზული კონცეპტუალური ტექსტია, სადაც სიმძიმის ცენტრი არა „წესებია“, არამედ – თავად ბავშვი.

2014 წელს, როგორც დედა და კრიტიკოსი, რომელიც ქართულ საბავშვო პოეზიაში ბიბლიოთერაპიის რესურსებს იკვლევდა, კვლავ მივუბრუნდი „წინწკლების ქოხს“. ამჯერად სხვა შრეებში არქეოლოგიამ გამიტაცა. ჩემი უფროსი შვილი, რომელიც მაშინ 3-ის ხდებოდა, ყველა იმ პრობლემის წინაშე იდგა, რაც 3 წლის ბავშვებს აწუხებთ ხოლმე – სიჯიუტე, სიბნელის შიში, არასწორი კვებითი ჩვევები და ა.შ. ვფიქრობდი, რომ პოეზია, როგორც თამაშის სრულქმნილი ფორმა და პრობლემების რეფლექსიის ყველაზე ხალისიანი მეთოდი ჩვენს გამოწვევებთან გამკლავებაში დაგვეხმარებოდა. „წინწკლების ქოხი“ ამ თვალსაზრისითაც მდიდარი და მრავალმხრივი აღმოჩნდა და ნარკვევის ძირითადი წყარო, რომელიც ჟურნალ „ახალ საუნჯეში“ ქართული საბავშვო პოეზიის ბიბლიოთერაპიულ რესურსებს მივუძღვენი, ეს წიგნი გახდა.

ზღაპრები და ლექსები „წინწკლების ქოხიდან“ მთლიანად პოზიტიური განმტკიცების სტრატეგიაზეა აწყობილი. ტექსტები ემსახურება ბავშვის შინაგანი სიფაქიზის, ემპათიის განვითარებას. ლექსები საბრალო კნუტების, მიუსაფარი ძაღლების, მოსაჭრელად განწირული ნაძვებისა და ბზების შესახებ აუცილებლად უნდა წავუკითხოთ ჩვენს მოსწავლეებსა და შვილებს, რათა მათ არასდროს გაივლონ გულში ცხოველების წამება და ბუნებისადმი ეთიკური დამოკიდებულება გამოიჩინონ ცხოვრების ყველა ეტაპზე. ეს ტექსტი ქართულ საბავშვო (და არამხოლოდ საბავშვო) ლიტერატურაში ჰუმანისტური ეთიკის გავლენით ყალიბდება მე-19 საუკუნის 70-80-იანი წლებიდან, ვაჟა-ფშაველას, ეკატერინე გაბაშვილის, ბაჩანასა და სხვათა შემოქმედებაში. ბუნების გაპიროვნებისა და მისი განცდების არტიკულირების ტრადიცია ორი, ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული კონტექსტიდან ამოიზრდება – ფოლკლორიდან და რომანტიზმიდან.

კონფლიქტი „ადამიანურ“ და „ბუნებრივ“ სამყაროებს შორის „წინწკლების ქოხშიც“ გაკრთება („ნაძვის ხეების საახალწლო სიმღერა“, „ბზების სიმღერა“), თუმცა ავტორის ფილოსოფიური და ეთიკური პოზიცია ამ კონფლიქტის უსაფუძვლობის წარმოჩენა უფროა. რომანტიზმისეული ოპოზიციის (ბუნება – ადამიანი) სანაცვლოდ აქ ადამიანიც ნაწილია ბუნებისა, სადაც ყველაფერი – ხევი, მთა, მდინარე, მცენარეები ერთმანეთს ჰარმონიულად „ემონება“. ეს ეკოსისტემის ვაჟა-ფშაველასეული გაგებაა – „მადლი შენ, ყველა ერთმანეთს, უფალო, დაუმონია“.

წიგნს კრავს, ამთლიანებს ბუნების, როგორც ჰარმონიული მთლიანობის კონცეპტი, რაც ყველაზე ხატოვნად გადმოცემულია განუყრელი მეგობრების – ნიკორასა და ნიკოს შესახებ ლექსით: „იყო და არა იყო რა, / იყო პატარა ნიკორა, / ნიკორას ჰყავდა ნიკო, / იყო და არა იყო“. ეს მინიმალისტური მეტაფორა ნაივური სტილითა და ჭვრეტის სიღრმით პირადად მე თენგიზ მირზაშვილის ნახატებს მომაგონებს. ლექსი ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის გავრცელებულ მოდელს (ნიკოს ჰყავს ნიკორა / ადამიანს ჰყავს ცხოველი, რომლის შესაძლებლობებსაც ის მოიხმარს) ინვერსიულად წარმოადგენს (ნიკორას ჰყავს ნიკო / ცხოველს ჰყავს ადამიანი, როგორც პატრონი). აქ უთუოდ გვახსენდება გერგეტის სამებაზე მინაწერიც „ხარი ლომა. მწყემსი თევდორე“, რომელიც, შესაძლოა, იყო კიდეც ავტორის შთაგონების საფუძველი ამ ლექსის შექმნისას, ვინ იცის.

ადამიანისა და ცხოველის ჰარმონიული თანაარსებობის იდეა კონცეპტუალიზებულია ენობრივ დონეზეც – ნიკო / ნიკორა – აღმნიშვნელთა ფორმობრივი მსგავსებით. ეს მეთოდი, რომელიც ვრცელდება არამხოლოდ ერთ ლექსზე, არამედ მთელ წიგნში  სხვადასხვა ლოგიკის ენობრივი თამაშების სახით იშლება, ითვალისწინებს ლექსიკურ მასალაში იდენტური  პატერნების ძიებას და მათ შორის, ლოგიკური, ან შემთხვევითი კავშირების წარმოჩენას.

მწერალი, პირველ რიგში,  წარმოშობით ხმაბაძვითი (გუგული, კაკაბი) და ფუძეგაორკეცებული სიტყვების (ბულბული, ოფოფი) ფორმებით ინტერესდება. საგნებსა და მათ აღმნიშვნელებს შორის ლოგიკური შესაბამისობების წარმოჩენის მიზნით ავტორი აჯგუფებს  შემდეგ სიტყვებს – თოვლი / თოლია (თოლია თოვლის ფერია), ბელი / ღრუბელი (ბელი ღრუბელს ჰგავს); შოშია / შია (შოშიას აღწერენ ხოლმე, როგორც საჭმლის მომლოდინესა და პირღიას) ჩიორა / ჩიოდა (ჩიორა უმწეოა, ჩივის), სლოკინი / ლოკოკინა (ლექსში ლოკოკინებს ასლოკინებთ), ბზა / ბზინვარე (ბზის ფოთლები ბზინავს), ობობა / ობი (ობობას ყველაფერი ობიანი მოსწონს) როჭო / ორჭოფობს (წიგნში ვკთხულობთ ლექსს როჭოზე, რომელიც ორჭოფობს).

სიტყვიდან სიტყვაზე მონაცვლე ბგერებს ადევნებული ჭკვიანი ბავშვები პირდაპირ ენობრივი საიდუმლოებების ტყეში ამოყოფენ თავს. „ვაიმე, რა მოგდით, რა ხდება! სულ მალე ნათელი გახდება / სიტყვები, რომლებიც არ გესმით, / დაიბნენ ჭკვიანი ბავშვებიც“. პატარებს დაფარული ენის იდუმალება აბნევთ, იმ ენისა, სადაც იდეა და მატერია ერთია, სადაც სიტყვები საგნების არსზე ღაღადებენ, სადაც რუ მღერის „რუ / რუ / რუ“, ბუ კი – „ბუ / ბუ / ბუ“.

ენობრივი ელემენტებით თამაშით „წინწკლების ქოხი“ გარკვეულწილად ლიტერატურული ნონსენსის გამოცდილების გაგრძელებაა, მაგალითად, ქრისტიან მორგენშტერნის სიმღერების. რაც შეეხება, ტექსტის ფაბულას – პატარა გოგონას მოგზაურობა უჩვეულო, შეშლილ სამყაროში – ის ლუის კეროლის საოცრებათა ქვეყნის ინტერტექსტია. ეს გამოცდილებები ავტორის შემოქმედებით პოზიციაში იყრის თავს, სადაც, ცხადია,  „ახალ სიცოცხლეს იძენს“. აქ თამაში შორსაა ლიტერატურული ნონსენსისთვის დამახასიათებელი არასერიოზულობისგან, ხუმრობისგან; ტექსტი არც მაინცდამაინც გროტესკული სახეებითაა დატვირთული. პირიქით, მისი ფორმობრივი ფაქტურა მოწესრიგებულია და კონცეპტუალიზებული.

წიგნის ერთ-ერთი მთავარი ტექსტი, სადაც ორი ცენტრალური თემატური ხაზი (ენა, სინათლე) ხვდება ერთმანეთს, არის „სამი სიტყვა“ (ამ ტექსტის ერთი პასაჟი ზემოთაც განვიხილეთ). ალიტერაციებისა და ასონანსების საშუალებით, საგნებსა და სიტყვებს შორის ლოგიკური კავშირების განჭვრეტით ავტორი ამჯერად იმგვარი სემანტიკური და ფონემატური ველის სიტყვებს აჯგუფებს – ციაგი, კიაფი, ციმციმი, რომელთა შინაარსობრივი ინვარიანტია – „პატარა სინათლე, რომელიც საგნებზე თამაშობს“. ფორმობრივი კი – „ცი“ მარცვალი (შდრ. ქართულ ენაში: ციცინათელა, ციალი, ციაგი, ციმციმი და სხვ). ამ თვალსაზრისით „წინწკლების ქოხი“ არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავლის“ გამოძახილიცაა, რომელიც 1969 წელს გამოქვეყნდა და ბავშვებს ციცინათელების მწყემსი გოგონას გმირითაც დაამახსოვრა თავი.

„წინწკლების ქოხის“ მთავარი გმირიც პატარა გოგოა – ანისულა, რომელსაც საწინწკლეთის ხელმწიფე – კეთილი და სასაცილო ჯუჯა „ა“ (ასე შეარქვა მას ანისულამ) ტყის საიდუმლოებს გაანდობს. მთავარი საიდუმლო ისაა, რომ დედამიწაზე ყველაზე საყვარლები მის მიერ დაწინწკლული არსებები არიან – თევზები, პეპლები, კენჭები, მუსტანგები, ნუკრები, ციცრები, ჩიტის კვერცხები და ჭიამაიები. საწინწკლეთის ხელმწიფე ბავშვებსაც აფრქვევს ფრჩხილებზე თეთრ წინწკლებს, მზე კი სწორედ მისგან მოპარული წინწკლებით მოუხატავს ბავშვებს ლოყებს ჭორფლებით. ჯუჯა ბავშვების სიზმრებსაც წინწკლავს, რათა მათ წინწკლებიანი ფიქრები ჰქონდეთ და ასეთივე  ნახატები ხატონ. ეს არის წიგნის მთავარი იგავი –  თუკი ნათლის, იდეებისთვის პირდაპირ თვალის გასწორება არავის ძალუძს, მის მცირე ანასხლეტებში – წინწკლებში, მოკიაფე, მოციაგე, მოციმციმე შუქებში, ბავშვები ჭვრეტენ ჭეშმარიტებას, გამოქვაბულის მითის ნაირა გელაშვილისეული ინტერპრეტაცია.

ჰერმენევტიკული წრე ვერ შეიკვრება, თუკი უკიდურესად არასაბავშვო რომანს – „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ არ გადავწვდებით. ყველას გვახსოვს უმწეო და ბავშვურად უმანკო გმირი ქალი – მერცია, რომლის სახელსაც, ასევე, ნათების, ციმციმის მნიშვნელობასთან მივყავართ („ცი“, мерцать რუს. – კიაფი). მეტაფორას ქალის გარეგნობის ერთი ნიშანდობლივი შტრიხი სრულქმნის  – „კისრისა და ხერხემლის მალების შესართავთან წვრილი, ფერმკრთალი ხალების ხომლი მოჩანდა, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედივით იყო განლაგებული“. სწორედ ამიტომ მერციას სატრფო „პატარა დათვად“ მოიხსენიებს.

სიმბოლოთა გენეტიკას აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მითოსთან, კერძოდ, „ნაწილიანობის“ შესახებ წარმოდგენასთან მივყავართ. მნიშვნელოვანია, რომ რომანში მოქმედება, სწორედ შატილში ხდება, იმ კულტურულ გარემოში, სადაც სჯერათ, რომ „ნაწილიანები“ ზებუნებრივი ძალების მიერ გამორჩეული, განსაკუთრებული ადამიანები არიან. მათი ამოცნობა შესაძლებელია სხეულზე მნათობთა სიმბოლოებით (ნაწილით). ნაწილიანები ზებუნებრივ ძალებთან არიან „წილნაყარნი“ და  უცნაური ხასიათის გამო, ხშირად ხდებიან თემის სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლნი[1].

ასეთი თანმიმდევრული და ლოგიკური ენობრივი თამაშებით, სიტყვებისა და საგნების ასოციაციური კავშირებით იკვრება ციაგის, ციმციმის, წინწკლების, ხალების თანავარსკვლავედის, ნაწილიანების ჰერმენევტიკული წრე. ეს არის ნაირა გელაშვილის საბავშვო ტექსტი, რომელიც არ შემოიფარგლება მაინცდამაინც „საბავშვო“ თემებითა და სტანდარტული ვერსიფიკაციით. ეს წიგნი ბავშვებს შეუძღვება სიტყვებისა და საგნების იდუმალ ტყეში და ენისა და სამყაროს შემეცნების შეუზღუდავ შესაძლებლობებს სთავაზობს.

 

 

 

[1] საინტერესო იქნებოდა აღათოს ლეგენდადქცეული ამბის (ჩაწერილია ეთერ  თათარაიძისა და ამირან არაბულის მიერ) შესახებ მსჯელობის გაშლაც, რაც, როგორც ინტერტექსტი, რომანში იჭრება სულ სხვა გმირ აღათოს სახით და რეალური გმირი ქალის ამბის აპოფატიკურ ვერსიას წარმოგვიჩენს. თუმცა ამჯერად, კონკრეტული პუბლიკაციის თემატიკა და ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა.

როცა მკვდარი დიქტატორი ცოცხალია

0

 

  1. თავისი მთავარი დასაყრდენისა და თანამებრძოლის ჩამოცილება რომ გადაწყვიტა, სტალინმა „მეგრელთა საქმის“ მომზადება ბრძანა. საქმის ფიგურანტები თანამდებობიდან მოხსნეს და დააპატიმრეს. კვალი უეჭველად „ყველაზე დიდ მეგრელამდე“ – ლავრენტი ბერიამდე უნდა მისულიყო, მაგრამ ამ დროს პროლეტარიატის ბელადი კუნცევოს აგარაკზე, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და ამ ამბავმა მატარებლის სატვირთო ვაგონში მყოფ ბრალდებულებს გზაში მიუსწრო. აბაშის რაიკომის მდივანმა სევერიან ებრალიძემ ვაგონის კუთხეში გაკეთებული ჭუჭრუტანიდან სამგლოვიარო წესით მოწყობილი ერთ-ერთი სადგური შენიშნა, ეს ამბავი პატიმრების მოსკოვიდან თბილისში მოულოდნელ გადმოყვანასთან დააკავშირა და თანამგზავრებს ახარა, – რაღაც დიდი ამბავია ჩვენს თავს, მე მგონი სტალინი უნდა იყოს მკვდარიო. ამის გაგონებაზე დახურულ სივრცეში გამოკეტილი და თვეობით ნატანჯი პატიმრები ჯერ განცვიფრდნენ, შემდეგ კი დაუნდობლად, წიხლებით შესდგნენ კოლეგას, ესაო და, რა წამოგცდა, ამის თქმა კი არა, გაფიქრებაც როგორ გაბედეო.
  2. შეთქმულება დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორის – ტრუხილიოს წინააღმდეგ დიდხანს მზადდებოდა. ამ პროცესში სასულიერო პირებთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტი, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები იყვნენ ჩაბმული. მათ შორის ტრუხილიოს ნათესავი, თავდაცვის მინისტრი პუპო რომანიც, რომელიც შეთქმულებს შეპირდა, დიქტატორის გვამს თუ მაჩვენებთ, სამხედრო მობილიზაციას გამოვაცხადებ, ჯარს გამოვიყვან და რეჟიმისგან გავათავისუფლებ ქვეყანასო. ტრუხილიოს მკვლელობის შემდეგ, ყველაფერი თითქოს გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში გენერალი პუპო რომანი ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს აკეთებდა, რაც უნდა გაეკეთებინა. „რა მოხდა, პუპო? რატომ არაფერი გააკეთე? რატომ დაიმალე? გეგმა ხომ გვქონდა? შეთქმულთა ჯგუფმა თავისი წილი შეასრულა. გვამი მოიტანეს, როგორც ითხოვდი. რატომ არ შეასრულე დანაპირები, პუპო?“ – სასოწარკვეთილი ძმის შეკითხვებზე მას პასუხი არ ჰქონდა. მარიო ვარგას ლიოსა რომანში „ვაცის ნადიმი“ რამდენიმე სიტყვით, ზუსტად და შთამბეჭდავად გადმოსცემს თავისი პერსონაჟის სულიერ მდგომარეობას: „(ეს იყო) პირუტყვული შიში, ტრუხილიოს მკვლელობის დღიდან მასზე რომ ამხედრდა“.

ორივე შემთხვევაში თითქმის ერთნაირი სურათია: დიქტატორი, რომელიც სულ ახლახან ქვეყანას აზანზარებდა, ცოცხალი აღარ არის. ეს, როგორც საქმეში ჩახედული ექსპერტები იტყვიან ხოლმე, ზედაპირული ვიზუალური დათვალიერებითაც დასტურდება. ერთ შემთხვევაში ამაზე მეტყველებს პომპეზური სამგლოვიარო ნიშნები და მოვლენების ლოგიკური ჯაჭვი, მეორეგან – თვითონ დიქტატორის გვამი. მაშინ რა არის დაუჯერებელი? რატომ უჭირს ადამიანს (მით უმეტეს ისეთ ადამიანს, ვინც ამ დიქტატორის მსხვერპლია) ირწმუნოს სიმართლე და სიხარულით თუ არა, შვებით მაინც შეხვდეს მტრის განადგურებას? იქნებ ისაა მიზეზი, რომ სისხლიანი რეჟიმის წინაშე დაუცველისა და განწირულის გონება ურყევ, უცვლელ მოცემულობას სანდო წყაროდ ვერ იღებს, ვერ იაზრებს ერთი შეხედვით მარტივ ჭეშმარიტებას.

შეიძლება დიქტატორი მოკვდეს – შეიძლება კი არა, ერთხელაც ყველა დიქტატორი კვდება – მაგრამ თუ დიქტატორის ძლევამოსილი ხატი გონებაში დარჩა, ის მხოლოდ ფორმალურადაა გვამი, რადგან კვლავაც (და ალბათ უფრო მეტი ძალისხმევითაც კი) განაგრძობს ხალხზე ზემოქმედებას, ახალ-ახალი თაობების დათრგუნვასა და დამონებას.

ასე იყო აქამდე, ასეა ახლაც. ისინი ყველა გზით ცდილობენ ჩვენს გონებაში შემოძრომას და იქ დამკვიდრებას. ცოცხლები, და უფრო მეტად – მკვდრები. ნივთიერად ძალაუფლებადაკარგულები ყველაფერს იყენებენ ამისთვის – სათავისოდ მოქცეულ ისტორიას, ძალაუფლებაზე შეყვარებულ კაცებს, კონტექსტს, სადაც წესრიგის სახელით თავისუფლების შეზღუდვა/წართმევა გამართლებულია.

„მეგრელთა საქმეს“ გადარჩენილმა სევერიან ებრალიძემ კიდევ სამი ათეული წელი იცოცხლა (გარდაიცვალა 1982 წელს, ზუგდიდში) და იმ დრამატული, საბედისწერო ეპიზოდის გახსენებისას, შინაურებთან იტყოდა ხოლმე, – ციხის ჯალათების აუტანელ წამებას ისე არ უმოქმედია ჩემზე, როგორც იქ, მატარებელში მომხდარ ამბავსო; ლიოსას რომანის პერსონაჟი – გენერალი პუპო რომანი ტრუხილიოს დაკრძალვის ცერემონიაზევე დააპატიმრეს, დიდხანს აწამებდნენ, მაგრამ მას უკვე დაემარცხებინა „პირუტყვული შიში“, თავის უმოქმედობასა და ამ მიზეზით ციხეებში ჩაყრილი დომინიკელების გამო პასუხისმგებლობაც აეღო და სიკვდილსაც ღირსეულად ელოდა: „გენერალი ხოსე რენე რომანი ბედნიერი შეეგება ტყვიების უკანასკნელ ჯერს.“

ბავშვები და გენდერი

0

დედაჩემის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, აგარაკზე ყოფნის დროს, თმა შემიმოკლა. დედამ ხმაურიანი სკანდალი ორი მიზეზით მოაწყო – მე მის დაუკითხავად შემჭრეს თმა და თანაც, მას ძალიან არ უნდოდა „ბიჭურად გახოტრილი“ შვილი ვყოლოდი. მაშინ სხეულის სიგამხდრითაც ბიჭს ვგავდი და როგორც ამბობდნენ, ხასიათიც „ბიჭური“ მქონდა. სხვა ბავშვებივით საჯაროდ არასოდეს ვქვითინებდი, დეიდაშვილი ბიჭების გამონაცვალ კომბინიზონებს მშვენივრად ვიხდენდი და ეზოს სიახლოვეს ყველა ბინძური კუთხე-კუნჭულიც გატაცებით მქონდა შესწავლილი. დედა შფოთავდა. მას უნდოდა მაქმანებიანი გოგო ვყოფილიყავი და მეც არ ვეწინააღმდეგებოდი.  უბრალოდ, ყველა სათამაშო, ყვითელთმიანი თოჯინა იქნებოდა ეს თუ პულტიანი მანქანა, ჩემთვის მხოლოდ თამაშის ინსტრუმენტს წარმოადგენდა და ერთნაირად მაინტრიგებდა, უპირატესობის გარეშე.

გენდერულ სტერეოტიპებს ბავშვებს ჩვილობიდანვე ვუნერგავთ და შემდგომ მათ გავლენიან სოციალურ ინსტიტუციაში – სკოლაში ვამყარებთ. ჩვენ ყველანი ვემორჩილებით საზოგადოებაში დაწერილ ქცევის ნორმებს და მათ დაცვას ბავშვებსაც ვთხოვთ. მცირე ასაკის გამო, ბავშვები ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც იოლად ექცევიან გავლენების ქვეშ. უფროსები კი, ნებით თუ უნებლიეთ, საკმაოდ ხშირად ვუქმნით ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან, მათ შორის, გენდერულ ზეწოლასთან გათანაბრებულ სიტუაციებს.

ყოველწლიურად ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია და სახელმწიფო სტრუქტურა გენდერის რაობასა და სიახლეებზე მსუყე ინფორმაციას გვაწვდის. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც რჩება ქვეყნად, სადაც პატარა ბიჭებს ჩასჩიჩინებენ, რომ გოგოებივით ტირილი სამარცხვინოა, პატარა გოგოებს კი შთააგონებენ, რომ ლეგოთი თამაში მათი საქმე არ არის. გენდერული სტერეოტიპები ცვლიან ბავშვთა აზროვნებას და შედეგად ვიღებთ თაობას, რომელიც ისევე ემორჩილება იმ დაუწერელ ნორმებს, რომელსაც ოდესღაც ჩვენ დავემორჩილეთ.

ამ ყველაფერისთვის გვერდის აქცევა არცთუ იოლი ამბავია, მაგრამ ყველაფერი მინიმალურიდან იწყება, მაგალითად, საკუთარი მეტყველების გაკონტროლებიდან, რასაც მშობელიც მარტივად მოახერხებს და სკოლის მასწავლებელიც. ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ გენდერულ სტერეოტიპების გამამყარებელი ყოველდღიური ფრაზები.

„ნუ ჩხუბობ, შენ ხომ გოგო ხარ!“ – ეს ფრაზა ხშირად გვესმის სკოლაში, ქუჩაში, პარკებში, სახლში. არადა, ჩხუბი არ არის ქცევის განსაკუთრებული ფორმა. ჩხუბი შეუძლია ბიჭსაც და გოგოსაც, ქალსაც და მამაკაცსაც. ბავშვს უნდა განემარტოს არა ის, რომ ჩხუბი მხოლოდ ბიჭისთვის დამახასიათებელი ქმედებაა, მისთვის ბუნებრივი ქცევა, არამედ, ის რომ, საზოგადოდ, ცუდია. ფიზიკური აგრესია ტაბუ უნდა იყოს ნებისმიერი სქესის ბავშვისთვის.

„შენ ხომ გოგო ხარ, არ შეიძლება ასეთი ფეთხუმი იყო“, – კიდევ ერთი გავრცელებული ფრაზა, რომლის ტირაჟირებასაც დაუფიქრებლად ვახდენთ. იმისათვის, რომ აკურატული და მოწესრიგებული იყო, არ არის აუცილებელი გოგოობა. მოსწავლე ბიჭისა და მოსწავლე გოგოს გენეტიკურ კოდში არსად არის მითითებული ის, რომ გოგოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფრო კარგი კალიგრაფია, ვიდრე ბიჭს; მის სასკოლო ზურგჩანთაში წიგნები უფრო ლამაზად უნდა ეწყოს, ვიდრე ბიჭის ჩანთაში. ეს არის აბსურდული სტერეოტიპი, რომელსაც ჩვენ ბავშვებს თავად ვახვევთ თავს.

„თმას იმიტომ გქაჩავს, რომ მოსწონხარ!“ – ასე ვამშვიდებთ გოგონებს, რომლებზეც ბიჭები არცთუ უწყინრად ძალადობენ. თმის ქაჩვას ხშირად თან სდევს წამორტყმა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხელის კვრა და სხვ. რატომ ვარწმუნებთ ბავშვ გოგოს, რომ ეს მან უნდა აიტანოს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭის ქცევას სიმპათია განაპირობებს?.. მოზრდილების მხრიდან სიტუაციის ამგვარი შეფასება ძალადობის კულტურის ფარული პროპაგანდაა და სხვა არაფერი. გოგონას აქვს უფლება ჰქონდეს პირადი სივრცე და მისი შელახვა სიმპათიის ეგიდით, რბილად რომ ვთქვათ, არანორმალურია. მით უფრო თუ ბიჭის აგრესიული ქცევა აშკარა დისკომფორტს უქმნის გოგონას და ის წუხს ამაზე.

„ეს გოგო როგორ დამშვენებულა, ბიჭი კი დავაჟკაცებულა“ – რამდენად კარგია საჯაროდ, სკოლაში თუ ქუჩაში, ამაზე ხაზგასმით მითითება? ამით ჩვენ ვამბობთ, რომ გოგონა უნდა იყოს ჰაეროვანი, ნაზი, ლამაზი, ბიჭი – ძლიერი, მამაცი. ის ბავშვი, რომელიც ამ ნორმაში ვერ ჯდება, იოლად შიძლება იქცეს დაცინვის ობიექტად, მაგალითად, ჭარბწონიანი გოგონა ან გრძელთმიანი, ჭრელპულოვერიანი ბიჭი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების გარეგნობა, მათი გემოვნება, მსოფლმხედველობა   ბევრჯერ შეიცვლება, ტრანსფორმირდება მათი შინაგანი სამყარო, ანდა რომც არ შეიცვალოს, ნუთუ არ უნდა მივიღოთ ისეთებად, როგორებიც არიან, თავიანთი წილი მშვენიერებით?.. ამიტომ ხაზის გასმა მხოლოდ, ე.წ. „გარეგნულ ღირსებებზე“, სხვა ბავშვების თანდასწრებით, არცერთ შემთხვევაში არ ღირს.

„ბიჭმა კარგად უნდა ისწავლოს, გოგო უნდა გათხოვდეს და პატრონს ჩაბარდეს“ – ამ მოარული ფრაზის აფიშირება ნამდვილი დანაშაულია. ჯერ ერთი, განათლება ერთნაირად ხელმისაწვდომია ყველა ბავშვისთვის, სქესის მიუხედავად. ასევე, ოჯახის შექმნის მომენტი ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ბიჭისთვის, ისე გოგოსთვის. ბავშვების თანდასწრებით იმაზე საუბარი, ვისთვის რა უფრო საჭიროა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ბავშვების დაპროგრამებას უდრის. ხომ შეიძლება რომელიმე ადამიანს არც მოუნდეს ოჯახის შექმნა, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლოს სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობის აღება ან არ ისურვოს სწავლის გაგრძელება და თავისი ცხოვრებას სხვა მიმართულება მისცეს?..

გენდერული სტერეოტიპების თავსმოხვევით არ ვუტოვებთ ბავშვებს არჩევნის საშუალებას. ჩვენ დაუკვირვებლად ვისვრით ფრაზებს, რომლებიც ბავშვებისთვის მათი მომავლის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს.

„ნუ ჯდები ცივ ქვაზე, შვილები არ გეყოლება“, – როგორც წესი, ამ რეპლიკით გოგოებს მივმართავთ. თუმცა მცირე ასაკის ბავშვისთვის ეს რეპლიკა არაფრის მთქმელია, ბავშვს რეპროდუქციის არაფერი გაეგება. გარდა ამისა, ცივ ქვაზე ჯდომით გამოწვეული  ანთებითი პროცესი არანაკლებ მავნებელია ბიჭისთვის და ნებისმიერი ზრდასრულისთვის. ამ რეპლიკით გოგონებს მივუთითებთ, რომ მათი პიროვნება ნაკლებად მნიშვნელოვანია და გაცილებით მნიშვნელოვანია შობადობაზე პასუხისმგებელი ორგანიზმის გარკვეული ფუნქცია. ეს იგივეა, რომ მწეველ გოგოებს ვუთხრათ: „შენ არასოდეს გეყოლება შვილი“, თითქოსდა მოწევა მხოლოდ გოგოების ჯანმრთელობისთვის იყოს მავნებელი.

„სახლობანა ითამაშეთ, შენ (გოგო) – საჭმელი გააკეთე, შენ (ბიჭი) სამსახურში წადი“ – მშობლის ეს მოწოდება ამყარებს სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქალი ვალდებულია იყოს დიასახლისი.

ახლა გაიხსენეთ, როგორ დიდხანს ვარჩევთ გოგოებისთვის სათამაშო ჭურჭელს, ბიჭებისთვის კი ბურთებს. არადა, არაფერი დაშავდება, თუ ხანდახან მაინც ჩავრთავთ ბიჭებს ნამცხვრის ცხობის პროცესში, გოგოებს კი ლურსმნის მიჭედებას ვასწავლით.

როგორი უნდა იყოს ოჯახის მოდელი, ბავშვის ცნობიერებაში მცირე ასაკიდან ყალიბდება. ქალისა და მამაკაცის როლებს ბავშვი საკუთარი მშობლების მაგალითით საზღვრავს, რაც სარკისებურად აისახება მის თამაშში. ამიტომ როდესაც ბავშვებს სახლობანას თამაშისკენ მოვუწოდებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ კარს მიღმა 21-ე საუკუნეა და ქალი და მამაკაცი მხოლოდ ანატომიურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცივილიზებულ სამყაროში  ქალი დიდი ხანია გამოვიდა „ოჯახის ბურჯის“ და „კარგი დედის“ სტატუსიდან. ბევრ საზოგადოებრივ სფეროში ქალები და მამაკაცები თანაბრად გადანაწილდნენ, თანასწორად მონაწილეობენ პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე. გენდერული თანასწორობა კი ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია.

„სახლობანას“ თამაშში მამაკაცისა და ქალის როლების განაწილება გაამყარებს გენდერული სტერეოტიპს თუ ბავშვებს ვაჩვენებთ, რომ ქალის ადგილი სახლშია, ის უნდა იყოს დამთმობი და მას არ შეუძლია უხელმძღვანელოს დიდ საქმეს.

დააკვირდით თქვენს შვილებს. თამაშში არ უნდა ჩანდეს, რომ ქალის მოვალეობა მხოლოდ შვილებსა და საკვებ-სისუფთავეზე ზრუნვაა. ასევე, თამაშში არ უნდა ჩანდეს, რომ მამა აგრესიულია, რომ მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტლებას, არის დედაზე უფრო შემოქმედებითი.

პატრიარქალური ჩარჩოებიდან გაღწევა, სტერეოტიპების გარღვევა ყოფით წვრილმანებზე დაკვირვებით იწყება და პარლამენტში წარმოდგენილი ქალების პროცენტული მაჩვენებლით მთავრდება. ჩვენი შვილები – ქალები იქნებიან თუ მამაკაცები, ერთნაირად უნდა მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარების წარმატება. ასე რომ, ნუ ეტყვით ბავშვებს „გოგო ხარ და იმიტომ“, „ბიჭი ხარ და იმიტომ“.

 

 

 

რა არის გის-ი

0

გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა (შემოკლებით – გის-ი (GIS)) განკუთვნილია სივრცითი მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის (გის-ში წარმოდგენილი ობიექტების შესახებ) შეგროვების, შენახვის, ანალიზისა და გრაფიკული ვიზუალიზაციისთვის. სხვა სიტყვებით, ეს ის ინსტრუმენტებია, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოძებნოს, გააანალიზოს და მოახდინოს ციფრული ბარათების, აგრეთვე ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის (მაგალითად, შენობის სიმაღლის, მისამართის, მობინადრეთა რაოდენობის) რედაქტირება.

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები დედამიწაზე არსებული ობიექტების და მასზე მიმდინარე მოვლენების გაანალიზების კომპიუტერულ საშუალებას წარმოადგენს. გის–ტექნოლოგიები მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ოპერაციებს, როგორებიცაა ძიება და სტატისტიკური ანალიზი, გეოგრაფიული რუკის ისეთ უნიკალური უპირატესობებთან აერთიანებენ, როგორიცაა, მაგალითად, ვიზულიზაცია და სხვა. ეს შესაძლებლობები გის-ს ყველა სხვა საინფორმაციო სისტემებისგან განასხვავებს და კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო სპექტრისთვის სასარგებლოს ხდის. მისი გამოყენება შეიძლება მოვლენების ახსნისას, შედეგების პროგნოზირებისას და სტრატეგიების დაგეგმვისას.

კარტოგრაფია და გეოგრაფიული ანალიზი საიხლეს არ წარმოადგენს, მაგრამ გის-ი ამ ამოცანებს უკეთესად და უფრო სწრაფად ახორციელებს, ვიდრე სხვა, მანუალური მეთოდები. მის შექმნამდე გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემების გადაწყვეტაში გეოგრაფიული ინფორმაციის გამოსაყენებლად აუცილებელი უნარები მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს ჰქონდათ.

დღესდღეობით გის-ი მრავალმილიარდდოლარიანი ინდუსტრიაა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანია დასაქმებული. გის-ს ასწავლიან სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. პროფესიონალები ყველა სფეროში სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ გეოგრაფიული მიდგომებით აზროვნება და მოქმედება უფრო ხელსაყრელია. მაგალითად, ვეძებთ ახალი ოფისის ჩასადგმელ ადგილს, ბანანის პალმების გასაზრდელად საუკეთესო ნიადაგს თუ სასწრაფო დახმარების მანქანის ოპტიმალურ მარშრუტს, აუცილებლად გვიწევს გეოგრაფიული კომპონენტის გათვალისწინება. გის-ი რუკების შექმნის, ინფორმაციის ინტეგრირების, სხვადასხვა სცენარის ვიზუალიზაციის, კომპლექსური პრობლემების გადაჭრის, ახალი იდეების წარდგენისა და ეფექტური გადაწყვეტილებების პოვნის ისეთ შესაძლებლობებს მოგცემთ, როგორიც მანამდე არასოდეს გქონიათ. გის-ს იყენებენ როგორც ინდივიდები, ისე ორგანიზაციები, სკოლები, მთავრობები და საწარმოები, რომლებსაც პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების პოვნა სჭირდებათ.

გის-ი ინფორმაციას მსოფლიოს შესახებ თემატური ფენების კოლექცის სახით ინახავს. ამ ფენების ერთმანეთთან დაკავშირება გეოგრაფიის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ მარტივმა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანმა კონცეფციამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ გის-ი შეუცვლელია მრავალი რეალური პრობლემის გადაჭრისას, ავტომანქანების მოძრაობისთვის თვალყურის დევნება იქნება ეს თუ დაგეგმარების დეტალების სათანადოდ დაფიქსირება ან გლობალური ატმოსფერული ცირკულაციების მოდელირება.

ნებისმიერი გეოგრაფიული ინფორმაცია შეიცავს კონკრეტულ გეოგრაფიულ მონაცემებს (მაგალითად, განედი და გრძედი ან კოორდინატთა სისტემა) ან უფრო ზოგად მითითებებს, როგორებიცაა მისამართი, საფოსტო ინდექსი, აღწერის რაიონის სახელი, ტყის ადგილმდებარეობა ან გზის დასახელება. ავტომატური პროცესი, რომელსაც გეოკოდირება ეწოდება, ზოგადი გეოგრაფიული მონაცემებიდან (მაგალითად, მისამართი) კონკრეტული გეოგრაფიული მონაცემების (მრავალი ადგილისთვის) გამოყვანის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ტყის ან საწარმოს ან თუნდაც რაიმე მოვლენის (მაგალითად, მიწისძვრის) ზუსტი მდებარეობა დედამიწის ზედაპირზე, მერე კი გავააანალიზოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები გეოგრაფიული მოდელების ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ ტიპს იყენებენ: ვექტორულ და რასტრულ მოდელებს. ვექტორულ მოდელში ინფორმაცია წერტილების, ხაზებისა და პოლიგონების შესახებ X და Y კოორდინატების სახით ინახება. წერტილოვანი ობიექტის (მაგალითად, ჭაბურღილის) ადგილმდებარეობის განსაზღვრა ასეთი კოორდინატების ერთი წყვილის მეშვეობით არის შესაძლებელი. ხაზობრივი ობიექტების (მაგალითად, გზებისა და მდინარეების) განსაზღვრა შესაძლებელია წერტილოვანი კოორდინატების ნაკრების მეშვეობით. პოლიგონური ობიექტები, მაგალითად რეალიზაციის არეალები, შეიძლება ასეთი კოორდინატების მარყუჟების მეშვეობით განისაზღვროს. ვექტორულ მოდელს განსაკუთრებული წარმატებით იყენებენ უცვლელი ობიექტების განსაზღვრისას. მაგრამ ცვლადი ობიექტების (მაგალითად, ნიადაგის ტიპის ან საავადმყოფოში მკურნალობის ფასების) განსაზღვრისას მისი გამოყენება შეზღუდულია. ასეთი დროში ცვალებადი ობიექტების განსაზღვრისას რასტრული მოდელი გამოიყენება. რასტრული გამოსახულება ქსელური უჯრედების ნაკრებია და ძალიან ჰგავს დასკანერებულ რუკას ან ნახატს.

გეოგრაფიული მონაცემების შენახვის როგორც ვექტორულ, ისე რასტრულ მოდელებს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. თანამედროვე გის-ები ორივე მოდელს წარმატებით იყენებს.

გის-ი გამოიყენება კარტოგრაფიაში, გეოლოგიაში, მეტეოროლოგიაში, მიწათმოწყობაში, ეკოლოგიაში, მუნიციპალურ მართვაში, ტრანსპორტში, ეკონომიკაში, თავდაცვაში, ბიზნესში.

გის-ი საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ტიპის საქმიანი ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის მიხედვით ვმართოთ. შეგვიძლია, განვსაზღვროთ მომხმარებლების ადგილსამყოფელი, ოფისების ადგილმდებარეობა, დავგეგმოთ სამარკეტინგო კამპანიები, მოვახდინოთ გაყიდვების ტერიტორიების ოპტიმიზაცია და საცალო ვაჭრობის სქემების მოდელირება. გის-ი მოგვცემს დამატებით უპირატესობას, რომელიც დაგვეხმარება, ჩვენი ფირმა წარმატებულ და კონკურენტუნარიან საწარმოდ ვაქციოთ. გის-ი მონაცემების უკეთესად გაგებისა და შეფასების საშუალებას მოგცემთ, რადგან მისი მეშვეობით თქვენს მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციას გრაფიკულ ფორმატში გამოსახავთ. გის-ის მეშვეობით სიმბოლოების, ფერების ან მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების მნიშვნელობათა შეცვლის შედეგად თქვენი ფირმის შესახებ არსებულ გეოგრაფიულ ინფორმაციასაც შეცვლით.

გის-ი ქალაქების, რაიონების ან სულაც მთავრობების მიწათსარგებლობის საჭიროებათა ვიზუალიზაციისა და დაგეგმარებისთვის გამოიყენება. მას სოფლის მეურნეობის არაერთ დარგში იყენებენ. მისი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა კულტურის მოსავლის მართვა, კულტურების როტაციის მეთოდიკის მონიტორინგი და ცალკეული ფერმებისთვის ან მთელი სასოფლო-სამეურნეო რეგიონებისთვი ნიადაგების გამოფიტვის წინასწარმეტყველება.

ადგილობრივი მთავრობები გის-ს ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ. ხშირად ერთი უწყების ან დეპარტამენტის მიერ შეგროვებული და გამოყენებული მონაცემები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი და სასარგებლოა.

გის-ი შეიძლება რისკების მართვასა და შეფასებაში დაგვეხმაროს, რადგან გვიჩვენებს, რომელი რეგიონები შეიძლება დაზარალდნენ ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების შედეგად. ამის განსაზღვრის შემდეგ მოვლენათა სხვადასხვა სავარაუდო განვითარებისთვის შესაძლებელია პრევენციული ზომების დაგეგმვა. სამხედრო ანალიტიკოსები და კარტოგრაფები გის-ს ფართოდ იყენებენ, მაგალითად, საბაზისო რუკების შესაქმნელად, დისლოკაციების შესაფასებლად და ტაქტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.

გის-ი მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება ახალი ობიექტებისთვის ადგილმდებარეობის შესარჩევად ან უკვე არსებული ობიექტებისთვის ალტერნატიული ადგილმდებარეობის მოსაძებნად. მას ასევე იყენებენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვასა და ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებაში. გის-ი სასარგებლოა როგორც სარკინიგზო სისტემის ან საავტომობილო გზების მდგომარეობის მონიტორინგის განსახორციელებლად, ასევე საქონლის ან მომსახურების მიწოდებისთვის საუკეთესო მარშრუტების განსასაზღვრად.

გის-ის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია რუკების შედგენაა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ფართოდ იყენებენ მას, რათა სხვებისთვის უფრო გასაგები გახადონ გეოგრაფიული მონაცემები. გის-ში რუკის შესაქმნელად არ არის აუცილებელი, გამოცდილი კარტოგრაფი იყოთ.

გის-ი დიდად გვეხმარება გარემოს დაცვაში. თუ პროფესიონალი ეკოლოგი ხართ, გის-ი შეგიძლიათ გამოიყენოთ რუკების შესაქმნელად, სახეობათა ინვენტარიზაციის განსახორციელებლად, გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად ან დამაბინძურებლების კვალის მისაგნებად. ჩვენს დროში ტყეების მართვა სულ უფრო რთული და კომპლექსური ამოცანა ხდება. გის-ის დახმარებით მეტყევეებს შეუძლიათ ადვილად დაინახონ ტყე როგორც ერთიანი ეკოსისტემა და მისი პასუხისმგებლობით მართვა უზრუნველყონ. გის-ის გარემოსდაცვითი მიზნებით გამოყენების მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.

გის-ს ასევე ფართოდ იყენებენ გეოლოგები ყოველდღიურ საქმიანობაში, კერძოდ, გეოლოგიური მახასიათებლების შესასწავლად, ნიადაგებისა და გეოლოგიური შრეების გასაანალიზებლად, სეისმური ინფორმაციის შესაფასებლად ან გეოგრაფიულ თავისებურებათა სამგანზომილებიანი მოდელების შესაქმნელად. გის-ის გამოყენება ასევე შესაძლებელია სადრენაჟო სისტემების შესასწავლად, გრუნტის წყლების შესაფასებლად, წყალგამყოფების ვიზუალიზაცისთვის და სხვა ჰიდროლოგიური მიზნებისათვის. გაზისა და ელექტროკომპანიები გის-ს ყოველდღიურად იყენებენ რუკების შესადგენად და სისტემების ინვენტარიზაციის ჩასატარებლად, ტექნიკური უზრუნველყოფის აღსარიცხავად, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად, დისტრიბუციის ანალიზის მოდელირებისას, ტრანსფორმატორების განლაგებისა და კრედიტების ანალიზისთვის.

     დავალებები   დებატების   ელემენტებით                                                                                                                         

0

თანამედროვე საგანამანათლებლო სივრცეში  აქტიურად გამოიყენება დებატების ტექნიკა, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ შეჯიბრებას არგუმენტებით ორ გუნდს, ან ორ ადამიანს შორის, თუმცა გარდა არგუმენტირებული მსჯელობისა, დებატები ავითარებს სიტყვიერი და გამომსახველობითი უნარების, კომუნკაციის, ინფორმაციის მოძიების, კვლევით და სხვა კოგნიტურ უნარებს.  ფრანგი ფილოსოფოსი ჟოზეფ შუბერტი ამბობდა, სჯობს იდებატო პრობლემაზე და თუნდაც ვერ გადაჭრა ის, ვიდრე გადაჭრა პრობლემა დებატების გარეშეო. ასეთი დამოკიდებულების ფონზე გასაგებია რაოდენ დიდია დებატების  გამოყენების მნიშვნელობა ისტორიის  სწავლებაში.

დებატების ელემენტებს ისტორიის სწავლებაში ძირითადად იყენებენ მაშინ, როდესაც    მოსწავლეები მუშაობენ:

ა) გარკვეული ხასიათის  ცნებებზე;

ბ) არგუმენტების და კონტრარგუმენტების  ჩამოყალიბებაზე;

გ) არგუმენტების შედარებაზე;

დ) რეგლამენტირებული სიტყვის  წარმოთქმაზე და ა.შ.

დებატების სხვადასხვა ფორმატი არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება თამაშის სტილით, მონაწილეთა რაოდენობით, დროის ხანგრძლივობით და სხვადასხვა ასპექტით. ძირითადად გავრცელებული დებატების ფორმატებია:  

  1. ბრიტანული საპარლამენტო დებატები;
  2. 2. კარლ პოპერის ფორმატი;
  3. 3. ლინკოლნდუგლასის ფორმატი;
  4. 4. საჯარო ფორუმდებატები და სხვ.

მაგრამ დებატების ჩატარებას ისტორიის გაკვეთილზე მთელი რიგი თავისებურებები გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია: მასალის, გაკვეთილის ორგანიზაციის  და  სასწავლო მიზნების თავისებურებებთან, ამიტომ ნებისმიერი ფორმატის დებატის შერჩევისას დიდი ყურადღებაა საჭირო.

კონკრეტულად, მასალის თავისებურება გულისხმობს, რომ სხვა სახის დებატებისგან განსხვავებით  ისტორიაში დებატებისას  ხშირად იქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც  მონაწილეები ისტორიული პროცესებისა და მოვლენების მოდელირების აუცილებლობის წინაშე დგებიან, რაც მათგან დამატებით მომზადებას მოითხოვს და  ეს წინასწარაა  გასათვალისწინებელი მასწავლებლის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში მას აუცილებლად ჭირდება საკმაოდ მოზრდილი დრო,  რაც ხშირად ქმნის არახელსაყრელ სიტუაციას.

დებატებს როგორც გაკვეთილის ორგანიზაციის ფორმასაც, ფაქტია, რომ საკმაო მომზადება ჭირდება: მოსწავლეებმა ყველა წესი წინასწარ უნდა იცოდნენ, რადგან თამაშის მსვლოლობისას მასწავლებელი ვეღარ ეტყვის, რომ მან არაფერი არ  იცის და  ვერ უმკლავდება თავის როლს და დროზე ადრე ვერ დაამთავრებინებს გამოსვლას,; მათ  უნდა ჰქონდეთ ცოდნის გარკვეული მარაგიც ცოცხალი დიალოგის წარმოებისთვის და თამაშის მსვლელობისას მასწავლებელიც მუდმივად უნდა იყოს მზად გარკვეული კორექტირებითვის (კორექტირება უნდა მოხდეს შინაარსის მხრივ და არა  თამაშის/დებატის  ტექნიკის მხრივ). ასეთი „მუდმივი მზადყოფნაც“   არაა მარტივი, ამიტომ გარკვეული პრობლემა ამ მხრივაც არსებობს.

ისტორიის გაკვეთილზე დებატები სასწავლო მიზნების თავისებურებიდან გამომდინარე  ზოგჯერ სამეცნიერო დისკუსიებს ემსგავსება, ამიტომ მასწავლებელი ხშირად თანახმაა  „სინთეზაური ჯგუფების“ გამოყენებაზე, რაც ასევე დამატებით სირთულეს ქმნის დროის დეფიციტის მხრივ;  ამავე დროს სასწავლო მიზნები შესაძლოა ითხოვდეს თამაშის შემდგომ კომუნიკაციასაც   (თამაშის ანალიზს და ა.შ.) და ეს ყველაფერი არამარტო წინასწარ უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, არამედ საუკეთესო შემთხვევაშიც კი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისგანაც და  ყველა მონაწილესგან.

აღსანიშნავია, რომ  განსხვავებით კონკრეტულად დებატების ფორმატისაგან, არსებობს დავალებებიც, რომლებიც უბრალოდ შეიცავენ  დებატების ელემენტებს და არ მოითხოვენ წინასწარ რაიმე განსაკუთრებულ მომზადებას. ასეთი დავალებები ძირითადად წერილობითია და ისინი მოსწავლეზე დაკვირვების უფრო მეტ საშუალებას  აძლევენ მასწავლებელს, მოსწავლეც  სქემატურ ფორმას აძლევს ინფორმაციას  და ამგვარი ორგანიზებით  გაცილებით ეფექტურად იმახსოვრებს მასალას. ამავე დროს თანაბრად ვითარდება ყველა ის კოგნიტური უნარი, რომელსაც დებატების დროს ექნებოდა ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის  დავალებების შესრულებაში სრულიად შესაძლებელია  განვითარების  სხვადასხვა  დონის მოსწავლეების მონაწილეობაც.  ამიტომაც ისეთი დავალებების გამოყენება პრაქტიკულ საგაკვეთილო საქმიანობაში,  რომლებიც შეიცავენ დებატების ელემენტებს და   სწორად  მიწოდების შემთხვევაში შედეგით დებატების  „თანატოლები“  არიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ის დავალებები,  რომლებიც შეიცავენ დებატების ელემენტებს,  შეიძლება  შემდეგნაირად დავყოთ:

 

დავალება 1ცნებებზე მუშაობა  (რომელიმე თემის მიხედვით), ცნების განმარტება და მისი შემოღების მიზეზებზე აქცენტირება;

დავალება 2 –   ნარატივის  (მოთხრობის)   შედგენა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს, ერთ მთლიანობაში აქცევს თემის ძირითად  ასპექტებსა და არგუმენტებს  (რეგლამენტის გათვალისწინებით);

დავალება 3 – სპიკერების/ჯგუფის ლიდერების მიერ საგაკვეთილო თემაზე არგუმენტების მომზადება;

დავალება 4 –  წაკითხული ტექსტის შესახებ შეკითხვების მომზადება;

დავალება 5 – რაიმე თეზისის შემუშავების დროს   „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“ არგუმენტების ჩამოყალიბება. დავალების ეს ტიპი შეიძლება გამოყენებული იყოს ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას, რადგან ამ დროს  უმნიშვნელოვანესია წყაროში არგუმენტების მოძიება.

მაგალითად –  საკითხი შეიძლება ასეთი იყოს:

„სახელმწიფომ უნდა შექმნას კარგი გარემო ინვესტიციებისათვის“

 

არგუმენტი „დიახ“/“მომხრე“                                       არგუმენტი „არა“/“მოწინააღმდეგე“

არგუმენტი 1—————–                                         არგუმენტი 1————————-

არგუმენტი 2 —————-                                         არგუმენტი 2 ————————-

არგუმენტი 3 —————-                                         არგუმენტი 3 ————————-

 

დავალება 6 – დამოუკიდებელი სამუშაო ისტორიულ წყაროზე ანდა სახელმძღვანელოს ტექსტზე. ასეთი სამუშაოს დროს  შეგვიძლია მოსწავლეებს წინასწარ გავაცნოთ არგუმენტები.  მტკიცებითი არგუმენტების მოშველიების ფორმა:

 

 

        

         

        ასპექტი 1.                                         ასპექტი 2.                                   ასპექტი 3.

         ეკონომიური                                  სოციალური                           პოლიტიკური

     არგუმენტი 1.                                       არგუმენტი 1.                             არგუმენტი 1.

მტკიცება / ყუარყოფა                            მტკიცება./ უარყოფა             მტკიცება/უარყოფა

 

ასპექტების, არგუმენტების და მკიცებულებების რაოდენობა დამოკიდებულია თემის შინაარსზე  და მის  მოთხოვნებზე.

დავალება 8 – არგუმენტების და პოზიციების შეფასება (გაკვეთილის შინაარსის  შესაბამისად):

მე მომხრე ვარ ამ პოზიციის, რადგან…..                        მე არ ვარ  მომხრე ამ აზრის, რადგან…

არგუმენტი…………………………………………                          არგუმენტი ————————–

დებატების ელემენტების შემცველი დავალებები ხელს უწყობს განმავითარებელ სწავლებას, ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გააქტიურებას, საგნობრივი კომპეტენციების ათვისებას და მაღალ შედეგებზე გასვლას, ამიტომ მათ აქტიურად ვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

 

 

 

 

 

აუტისტური სპექტრის აშლილობა და წინასასკოლო მომზადება, ფსიქოლოგის  რჩევები

0

კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, ცოტა ხნის წინ მოგიყევით ჩემს პირად გამოცდილებაზე, როგორ ვემზადებით პირველი კლასისთვის, როგორ შევარჩიეთ სკოლა და რა წინასასკოლო აქტივობები დავგეგმეთ, რომ მომავალი სასწავლო წელი ჩემი პატარა პირველკლასელისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო და სასარგებლო იყო.

ამ წერილში ფსიქოლოგის რჩევებსაც მოგაშველებთ. ყველასთვის აქტუალურ წინასასკოლო მომზადების პროცესზე ნეიროფსიქოლოგს, ნეიროგანვითარების ცენტრის ქცევითი თერაპიის სერვისის ხელმძღვანელს, ილიასა და ივავე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტების ლექტორს,  ნინო ოქროსაშვილს ვკითხე, შემდეგ მისი რეკომენდაციები შევკრიბე, ერთად ჩამოვაყალიბე და ახლა მინდა, თქვენ გაგიზიაროთ.

მშობლისა და ფსიქოლოგ-თერაპევტის მოსაზრებები ბევრგან გადაიკვეთა, რაც, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნებისმიერი თერაპია, ნებისმიერი ახალი ნაბიჯი და მოვლენა, ნებისმიერი სასიკეთო ცვლილება მშობლის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია და ბევრი იდეა, რომელიც პრაქტიკული გამოცდილებით ჩნდება, წარმატებული შედეგის გარანტიაა.

მაშ, ასე, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, როგორ მოვამზადოთ აუტისტური სპექტრისა და აუტიზმის მქონე ბავშვი სკოლისთვის.

როგორ უნდა იყოს აღჭურვილი სკოლა, რა უნდა იცოდნენ მასწავლებელმა და მშობელმა, როგორ  უნდა მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის, როგორ ვარჩევთ სკოლას, რა პროცედურებია გასავლელი და ა.შ.

პირველ რიგში, რასაკვირველია, მთავარი როლი მასწავლებელს ენიჭება, სწორედ მან უნდა დაგეგმოს თავისი სტრატეგია, გაესაუბროს მშობლებს, ფსიქოლოგს,  გააგებინოს დანარჩენ მოსწავლეებს აუტიზმის შესახებ.  სწორედ მასწავლებლის სურვილით, საჭიროების შემთხვევაში  მულტიდიციპლინური ჯგუფი აფასებს მოსწავლეს, სასწავლო გეგმას არგებს მის საჭიროებებს,  ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და სვამს დამხმარე თერაპევტის საჭიროების საკითხს.  თუმცა, შესაძლოა,  სწორედ მულტიდიციპლინური ჯგუფი დაეხმაროს მშობლებს კონკრეტული სკოლის მოძებნაში.

სასურველია მომავალი მოსწავლე სასკოლო მზაობის ტესტითაც შეფასდეს. „სასკოლო მზაობის ტესტი“ არის კვლევა, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება მოსწავლისათვის, რადგანაც გამოაჩენს სამუშაო სტრატეგიის ინდივიდუალურ თვალსაჩინოებებს.

ის, რომ მასწავლებლის როლი ამ პროცესში უმთავრესია, არავისთვის არაა ახალი. სწორედ მან უნდა შეარჩიოს სწორი მეთოდები იმისათვის, რომ მოსწავლის მოტივაცია გაზარდოს, დააკვირდეს მის უნარებს და ძლიერი მხარეების საშუალებით სცადოს მოსწავლეს კლასთან ურთიერთობა გაუმარტივოს.  აუცილებელია მშობელმა მასწავლებლებს წინასწარ გააცნოს ბავშვის მოთხოვნების რეპერტუარი, როგორი ფორმით ითხოვს ყურადღებას, პასუხს ანდაც ტუალეტში თუ წყლის დასალევად გასვლას.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა. აუტისტური სპექტრის ბავშვმა შესაძლოა ვერ მოახერხოს რიგის დაცვა, თხოვნის გარეშე წამოიძახოს პასუხი, გაუჭირდეს სურვილების გადავადება, მოთმინების გრძნობამ უმტყუნოს. აქ საჭიროა ბალანსი, რასაკვირველია, კლასში მოქცევის გარკვეული წესები მასაც უნდა ეხებოდეს, თუმცა ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, რომ არ ჩავახშოთ მისი ინიციატივა, რომლის გამოვლენაც მან დიდი ბარიერის გადალახვის შემდეგ გაბედა.

თუ მოსწავლეს ხმაურის ეშინია, საწყის ეტაპზე შეიძლება ყურსასმენებიც გამოვიყენოთ, რომელსაც ზარის დარეკვის წინ მოვარგებთ, ან წინასწარ გავაფრთხილოთ, რომ ახლა ზარი დარეკავს, თუ ხალხმრავლობა აწუხებს, კლასში ყოფნას თანდათან უნდა შევაჩვიოთ.

მშობელს შეუძლია წინასწარ იმუშაოს ბავშვთან მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარებაზე, ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგალითად, შეგვიძლია ბავშვს ვთხოვოთ ორი მოქმედების ერთად შესრულება – ვთქვათ, იმღეროს რომელიმე მელოდია და ამავდროულად, რიტმულად დაუკრას დოლზე, ან იმღეროს და იმავდროულად გააფერადოს. როდესაც ორი მოქმედების სინქრონიზებას შეძლებს, შემდეგ მესამეც შეგიძლიათ დაუმატოთ.

მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, წინასასკოლო მომზადებისა და ორგანიზების რა  საფეხურებს გადის ბავშვის მშობელი : სასურველია გქონდეთ ბავშვის ახალი შეფასება და ახალდასმული დიაგნოზი. არჩევთ სკოლას, რეგისტრირდებით, მიდიხართ განათლების სამინისტროში და ითხოვთ თქვენი შვილის უნარების შეფასებას მულტიდიციპლინური ჯგუფის მიერ. მულტიდიციპლინური ჯგუფი ფსიქოლოგსა და მასწავლებელთან ერთად გეგმავს სასწავლო პროცესს, ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, განსაზღვრავს სპეცპედაგოგის საჭიროებას. მოსწავლეს ამზადებთ სკოლისთვის, წინასწარ ანახებთ  იმ სივრცეს, სადაც უნდა ისწავლოს, გააცნობთ მასწავლებელს და სკოლის ფსიქოლოგს.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ თქვენ, მშობელი, ამ რგოლის უმთავრესი წევრი ხართ, გაითვალისწინეთ,  რომ თქვენი ჩართულობის, მონიტორინგის, ყურადღების გარეშე არაფერი გამოვა, როგორც არ უნდა გაგიმართლოთ სკოლასა და მასწავლებელში.

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

 

 

 

 

 

მოსწავლის უფლებები და მოვალეობები

0

მოსწავლეს შეუძლია თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებით. სკოლას კი შეუძლია დაადგინოს მოსწავლის უფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორცილდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე. დაუშვებელია მოსწავლის უფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია.

 

კანონმდებლობით განსაზღვრული მოსწავლის უფლებებიდან აღსანიშნავია:

 

ზოგადი განათლების მიღების უფლება

 

ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება იმ მიზნით, რომ განივითაროს პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის.

 

განსაკუთრებული რეგულირება არის გათვალისწინებული სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. მათთვის უნდა შეიქმნას ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ასევე შეიძლება შეიქმნას დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის საფუძველზეც ხორციელდება სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში, მოსწავლის დაფინანსება უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

 

პირს აქვს უფლება, ზოგადი განათლება ექსტერნატის ფორმით მიიღოს. ექსტერნს შეუძლია მიიღოს ატესტატი, თუ ის დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

სკოლას ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ კანონით აკრძალულია მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

 

სკოლას ასევე ეკისრება ვალდებულება შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო.

ამასთან, ზოგადი განათლების მიღების უფლება უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან. მას აქვს უფლება სწავლა განაგრძოს სხვა სკოლაში. გარდა ამისა, მოსწავლე უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გადავიდეს სხვა სკოლაში.

 

საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება

 

სკოლა ვალდებულია ყოველ ახალ მოსწავლეს და მის მშობელს გააცნოს მისი უფლებები და თავისუფლებები. მოსწავლეს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია მისი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ. სკოლას ეკისრება ვალდებულება, მოსწავლეს და მის მშობელს განუმარტოს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

 

სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება

 

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი მოსწავლეს ანიჭებს უფლებას, პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში.

 

გასაჩივრების უფლება

 

მოსწავლეს თავისი უფლებების დაცვის მიზნით შეუძლია, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო გადაწყვეტილებები ან ქმედებები და  მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. აღნიშული უფლების განხორციელების მიზნით, სკოლას ეკისრება ვალდებულება შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის საშუალება.

 

ნეიტრალურობის პრინციპი და დისკრიმინაციის დაუშვებლობა

 

სკოლაში არ შეიძლება სასწავლო პროცესის პოლიტიზება. აკრძალულია სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. დისკრიმინაცია აკრძალულია. დაუშვებელია სკოლამ ისე გამოიყენოს საკუთარი უფლებები და რესურსები, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის დისკრიმინაცია. დისკრიმინაციად ითვლება ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია და ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

 

სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას. სკოლამ უნდა დაიცვას უმცირესობების წევრების უფლება, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.

 

გამოხატვის თავისუფლება

 

მოსწავლეს აქვს უფლება მოიძიოს, მიიღოს, შექმნას, შეინახოს, დაამუშაოს ან გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენოს სკოლის რესურსები. მოსწავლეს უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი. არ შეიძლება სასკოლო გამოცემათა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასკოლო ბიბლიოთეკის ცენზურა. თუმცა, ეს არ ზღუდავს სკოლის უფლებას დააწესოს არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვები იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურისაგან.

 

სკოლას აქვს უფლება შემოიღოს სასკოლო ფორმა. თუმცა, ამით არ უნდა შეიზღუდოს მოსწავლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს აქვს უფლება, უარი თქვას სასკოლო ფორმის ტარებაზე. უარი უნდა იყოს დასაბუთებული. სკოლას ეკისრება ვალდებულება, გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი სასკოლო ფორმით.

 

შეკრების თავისუფლება

 

მოსწავლეებს შეუძლიათ, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შეიკრიბონ სკოლის ტერიტორიაზე.

 

გაერთიანების თავისუფლება

 

მოსწავლეებს აქვთ გაერთიანების თავისუფლება კანონით დადგენილი წესით. სკოლას არ აქვს უფლება ჩაერიოს მოსწავლეთა გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აკრძალულია გარეშე პირის მიერ მოსწავლეთა გაერთიანების საქმიანობის წარმართვა და მისი კონტროლი.

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

 

მოსწავლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. არც მასწავლებელს და არც სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს არ აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსწავლეს თავის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის გამჟღავნება. დაუშვებელია მოსწავლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლის პირად სარგებლობაში ან სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.

 

რწმენის თავისუფლება

მოსწავლეს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. აკრძალულია მოსწავლეს დაეკისროს ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვის უფლებებს ან ხელს არ უშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას.

 

დისციპლინა

 

სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნას იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.

 

დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. დისციპლინური დევნის პროცედურა უნდა იყოს სამართლიანი. მისი განხორციელების დროს, სკოლა ვალდებულია, განუმარტოს მოსწავლეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ ინფორმაცია სკოლამ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მოსწავლის მშობელს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინურმა სახდელმა არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისაგან. ამ მიზნით, სკოლა ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები.

 

კანონით აკრძალულია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა. თუმცა, თუ მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შემდეგ გამოვლინდება გადაცდომა, მანდატურს ან სკოლის მიერ დანიშნულ უფლებამოსილ პირს, დირექტორის ან დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით შეუძლია მოსწავლის პირადი გასინჯვა.

 

ძალადობის აკრძალვა

 

დაუშვებელია სკოლაში მოსწავლის მიმართ ძალადობა. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლას ეკისრება სათანადო რეაგირების ვალდებულება.

 

რევაზ ხოფერია

 

 

ძველი თბილისის სპორტული ამბები

0

მუშტის კრივი საქართველოს ქალაქებში გავრცელებული სამხედრო-სპორტული თამაში იყო, რომელიც უბნებს შორის ძირითადად კვირა და უქმე დღეებში იმართებოდა. თბილისში მუშტის კრივის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ქალაქის ჩრდილოეთი და სამხრეთი („ზემო“ და „ქვემო“) უბნები. მათ შორის საზღვარი სიონის ტაძარი იყო. ზემო უბანში შედიოდა: კუკია, გარეთ უბანი, ავლაბრის ჩრ. ნაწილი და ჩუღურეთი; ქვემოში – მაიდანი, სეიდაბადი, ხარფუხი, შავი სოფელი და ავლაბრის სამხ. ნაწილი. მოკრივენი მკერდგაღეღილნი, ჩოხის კალთებაკეცილნი და ხშირად ფეხშიშველნიც კი იბრძოდნენ. ზოგი კი დაჩოქილი კრივობდა.

„კრივი იმართებოდა სხვადასხვა ადგილას: ზარაფხანის ახლოს, საცა ახლა ბაყალხანაა (მეტეხის ციხის ქვემო ნაწილი); არსენალთან, ე.წ. „ჭირიაანთ ხევში“; „ბოსტნის ურმებზე“ (ძველი დამოჟნის უბდანი); ავლაბრის იქით „ნახირის უბანში“, სადაც ეხლა ყაზარმებია; უფრო ხშირად კი სიონის ქუჩაზე; აბას-აბადის და კოლორ-თაღის მოედნებზე; აგრეთვე მოღნინის ეკლესიის ახლობელ ქუჩაზე; ბოტანიკური ბაღის ზემოთ, ჩანჩქერის თავზე და მამადავითის ყელთან, სადაც წინათ დაცემული ადგილი ყოფილა“ (იოსებ გრიშაშვილი). მუშტის კრივი იმართებოდა ქუთაისში, გორსა და თელავშიც.

„ცოტა ხნის შემდეგ ეს გუნდები ერთად შეგროვდნენ და უფროსები მათში რაღაც ფიცი-ფუცში და მოძრაობაში არიან, ესენი ეძებენ ორ-ორ მოწინააღმდეგე პატარა ბიჭებს საკრივოდ. აი, ერთმა მოზრდილმა ბიჭმა აიყვანა ხელში 7-8 წლის ბიჭი და მეორეს ეძახის: „აბა, ამის ტოლი მოიყვა!“ მეორე მხარეთგანაც მოჰყავთ პატარავე ბიჭი ყვირილით: „მოვიდეს, მოვიდეს!“ დაიტაკნენ პატარა გმირები. შეიქნა ერთი კიჟინა, ზედაგორა და ერთიმეორეზედ მიხეთქება, ეგება კარგად დავინახოთ მეომარნიო. 2 წამის შემდეგ მეომარნი გააშველეს. ეს არის კრივის საძირკველს პირველი ქვა დაიდვა. ამის შემდეგ ორ-ორის ბრძოლა-კრივი შეუწყვეტლად გრძელდებოდა, ისეთივე კიჟინით და დავიდარაბით, როგორც პირველებისა. ამასთანავე, რაც დრო გადის, ბრძოლაში უფრო მოზრდილები და დიდები იღებენ მონაწილეობას.

ქუჩა ისე გატენილია ხალხითა, რომ ცხენისა და ეტლის გავლა აქ შეუძლებელი ხდება. დაბინდდა. მოკრივე ხალხი მზად დგას ჩოხა გახდილი, დასტა-დასტად. მხოლოდ „გაჭირვების ტალკვესებს“ (თავი მოკრივენი) ჯერ არ გაუხდიათ. თელავის მხრიდან ჩავარდა ”ქაქა”, მუშტის ქნევით დაერივა ძველ გალავნელთ ყვირილით: „მოდი, მოდი! უჰ! ჰე!“. „ქაქამ“ თავისი ჯარით კარგა მანძჳლზე გარეკა ცემა-ტყეპით ძველ გალავნელები. ძველ გალავნითგან გადმოხტა ერთი ჩასხმული ბიჭი და ახლა ამან წამოიღო აქეთურები. ვიდრე კარგად დაბინდდება, ამგვარი გაქცევა-გამოქცევა აქეთ-იქით შეზავებული მუშტისა და სილი ბაგა-ბუგ ტკაცა-ტკუცითა. ხშირი ბინდია. დაჰკრეს „ურათი“ ათიოდე თელაველმა ტალიკმა ბიჭმა და დაერივნენ ძველ გალავანელთ. შეიქნა საშინელი ყვირილი და სასტიკი დაუნდობელი ცემა-ტყეპა. რამდენსამე წამს გალავნელნი გამაგრდნენ, ბოლოს, შეწუხებულთ მუშტის ცემით დაიხიეს უკან. თელაველნი უფრო ცხარედ და მედგრად ეკვეთნენ ძველ გალავნელთ და გაფანტეს, გააქცივეს. შეიქმნა ძველ გალავნელთ ძახილი: „ბიჭი, ბიჭი! ბიჭი მოაშველეთ, ბიჭი!“ , მაგრამ არავინ მოაშველეს ამათ, ვიდრე დამარცხებულნი არ მოვიდნენ მეორე გამზადებულ დასტასთან. აქამდე მოჰყვნენ გამარჯვებულნიც და აქ კი შედგნენ, რაკი დიდ ძალას ახალის მოკრივეებისას ვეღარ გაატანეს და ვეღარ დასძრეს. ძველ გალავნელნი ეკვეთნენ დაღლილს თელაველთ.

ახლა აქ შეიქნა საშინელი ბრძოლა. შესვენებულთ ძალას ვეღარ გაუმკლავდა თელაველთ დასტა და დაიწია უკან. მთელი ძველ გალავნის მოკრივე ხალხი დაედევნა ამათ. „ბიჭი მოაშველეთ!“ ძახილმა თელაველთ ვერაფერი უშველა და მოგერებით მოდიან უკან.  ხამ კაცს ჰგონია, ეს არის თელავის ხალხი დაიღუპაო, მაგრამ აქ დგას შვიდიოდე მარჯვე, შესვენებული და ბრძოლის მწყურვალე ბიჭი. უეცრად დაჰკივლეს და ეკვეთნენ მრავალრიცხოვან ძველ გალავნელთა. ეს დაცემა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ძველ გალავნელთ თავზარი დაეცათ. თქვენს მტერს დაადგეს ის დღე, რაც 20 თელაველმა დააყენა 60-80 ძველ გალავნელს; უკანასკნელნი გაიქცნენ. ამათ ცემით მისდევდნენ გამარჯვებულნი. თუმცა დამარცხებულთ ბევრი იყვირეს: „ბიჭი, ბიჭი! კენჭიას დაუძახეთ! კენჭიას!“ მაგრამ ვერც ამათ გააწყვეს თელაველთ საშინელი მუშტების წინააღმდეგ. თელაველთ მისდიეს დამარცხებულთ რიყემდის და გახარებულნი დაბრუნდნენ სიმღერით . . . საზოგადოდ უნდა ვსთქვათ, რომ მოკრივენი დიდს მოხერხებას და გამჭრიახობას იჩენენ კრივში: თუ ერთს მხარეს მოხერხებული ადგილი უკავია, თუნდაც სუსტი იყვნენ, მაინც არ დაეცემიან და ცდილობენ მოწინააღმდეგენი მოიტყუილონ 3-4 კაცის ჩაგზავნით კრივში. გარდა ამისა, მრავალგვარ ხერხს ხმარობენ, ასე რომ , შეიძლება დიდის ღონის მქონე კაცი, სულ პატარა და უღჴნოსგან იცემოს და დამარცხდეს”. (გაზ. ”შრომა”, 1883 წ. N 8).

თბილისში ყველაზე დიდი მუშტის კრივი, „ავლაბრის კრივი” იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამ დღესასწაულის სახელობის ეკლესიის მახლობლად. ამ დროს ყველა დუქანი იკეტებოდა. კრივს, როგორც წესი, თავადები მფარველობდნენ. ისინი გამოჩენილ მოკრივეებს ფულითაც ასაჩუქრებდნენ. თქმულების მიხედვით, კრივს მეფე ერეკლეც ესწრებოდა ხოლმე. თბილისელი სახელგანთქმული მოკრივეები ყოფილან: შერმაზანა, საათო (მთავარმმართებელ ციცინოვის ფალავანი), ქარაფ-ქანდოღა (კლდის დამქცევი), დნგრა სოლომონა, ქაჩალ სტეფანე, გიჟუა, ლოპიანა (გრიგოლ ორბელიანის ფალავანი), ოქრომჭედელი ფაფანა, ცხრაფეხაანთ გოლა, გამხდარი სიმონა, ლეჰენძაანთ ავეტიქა, ბაბამ სირქია, მჭედელი სია, წითელფუფაიკა კოლა, გიჟ-მიხაკა, დაბალი ლოხოშა, ბაყალი გომფუა, ფარქასტუ კოლა და სხვები.

 

არგუმენტირებული ესე – როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს

0

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საქართველოში გეგმავენ, სხვა მრავალ, პროგრამით გათვალისწინებულ მასალასთან ერთად, არგუმენტირებული ესეს წერასაც უნდა ასწავლიდნენ. ჩემი მოსწავლეების (საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა) ძირითადი ნაწილი სასწავლებლად უცხოეთში მიდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ უწევთ არგუმენტირებული ესეს დაწერა. მეთორმეტე კლასის სექტემბრის შუა რიცხვებში მათთვის ექვსი სათაური ქვეყნდება, რომელთაგან უნდა აირჩიონ ერთი და 1600 სიტყვიანი არგუმენტირებული ესე დაწერონ. მოსწავლეებს სამუშაოდ ექვსი თვე აქვთ. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ესეს დაწერენ, მას გარე შეფასებისთვის ელექტრონულად აგზავნიან ანონიმ გამსწორებელთან. მე, როგორც მასწავლებელი, ვალდებული ვარ, დავადასტურო ამ ესეების ავთენტურობა და შესაბამისი დოკუმენტი დავურთო გაგზავნილ ესეს. ერთი შეხედვით, ვიღაცას მოეჩვენება, რომ ჩემი მოსწავლეები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ის აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდაზე წერენ ესეს და მათ სათაურის გასააზრებლად მცირე დრო აქვთ. მაგრამ, თუკი ქულებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით (136 ქვეყანა) სადიპლომო პროგრამის კურსდამთავრებულთა (150.000) მხოლოდ 5% იღებს უმაღლეს შეფასებას არგუმენტირებული ესესთვის (არადა, ჩემი მოსწავლეები, რომლებიც დაბალ ქულას იღებენ და საქართველოში რჩებიან სასწავლებლად, უმაღლეს ქულებს იღებენ ხოლმე მისაღებ გამოცდებზე და არგუმენტირებულ ესეშიც საუკეთესო შეფასება აქვთ. ეს იმას მიუთითებს, რომ ან IB არის კორუმპირებული ან ჩვენთან შეფასებული ესეების უდიდესი ნაწილი თარგმნის შემთხვევაში და უცხოეთში გასწორების შემდეგ ვერ დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია, მე ჩემი შეხედულება ამ თემაზე ჩამოყალიბებული მაქვს, რადგან პარალელურად თბილისის ე.წ. პრესტიჟულ უნივერსიტეტებშიც ვასწავლი). საგამოცდო ქულების ანალიზი უჩვენებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მოსწავლეები მასწავლებლებისგან ვერ იღებენ სათანადო მითითებებს, რაც აისახება კიდეც შედეგზე; ამიტომაც ორგანიზაცია ხშირად მართავს სამუშაო შეხვედრებს მასწავლებლებისთვის, რომელთაც სურთ, გააუმჯობესონ თავიანთი გამოცდილება და მომავალში უკეთ უხელმძღვანელონ თავიანთ მოსწავლეებს. წელს მეც მომეცა საშუალება უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელთა ერთ-ერთ ასეთ  ტრენინგს დავსწრებოდი დუბაიში. ვფიქრობ, იქ მიღებული გამოცდილება იმ ქართველ მასწავლებლებსაც დაგაინტერესებთ, ვინც არგუმენტირებული ესეს წერას ასწავლით თქვენს მოსწავლეებს და იმავდროულად ხარისხზე ხართ ორიენტირებულნი. როგორც წესი, საწყის ეტაპზე მასწავლებლები ესეს სტრუქტურას ვუხსნით მოსწავლეებს და ვასწავლით, რომ მათ ესეს სამი ნაწილი უნდა ჰქონდეს: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა. საქმე ისაა, რომ ჩემ ტრენერს ეს საკვანძო სიტყვები არც უხსენებია, რადგან თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ნებისმიერი ფორმალური ესე შესავალით იწყება და დასკვნით მთავრდება. მხოლოდ ამ მარტივი მითითების მიცემით ვერცერთი ჩვენი მოსწავლე საუკეთესო ესეს ვერ დაწერს.

 SEXI-დან SEXCI-მდე

თუკი ახსნის პროცესში ჩვენ ვისარგებლებთ ისეთი აბრევიატურით, რომელიც ასახავს ყველა იმ მოთხოვნას, მოსწავლემ რომ უნდა გაითვალისწინოს ესეს წერისას, ძალიან დაგვეხმარება საუკეთესო გამოგონება – აბრევიატურა SEXI და SEXCI. აბრევიატურები SEXI და SEXCI არცერთ მოსწავლეს არ დაავიწყდება, რადგან ეს სიტყვები მათ მოაგონებთ ინგლისურ სიტყვა sexy-ის, თუმცა სამივე მათგანი განსხვავებულად იწერება. ოქსფორდში დასტამბულ მასწავლებლის წიგნში (The Oxford Union Society Guide to Schools` Debating), ქვეთავში, რომელიც არგუმენტირებულ ესეებს შეეხება, აბრევიატურა SEXI გამოიყენება არგუმენტების ტექნიკის სასწავლებლად. ეს აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: S – state; EX – explain; I – illustrate, ე.ი. წარმოადგინე, ახსენი, დაასურათე. უფრო უკეთ რომ განვმარტოთ, პირველი ზმნა გულისხმობს იმას, რომ ესეში პირველ რიგში დებულება უნდა წარმოვადგინოთ, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება ახსნა-განმარტება სათანადო მაგალითების მოხმობით, იქნება ეს მაგალითი საკუთარ თუ სხვის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული. წარმოდგენილი დებულება აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რისიც ავტორს სჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება ამ დებულების გააზრება ყველა მხრიდან. ახსნისას ავტორმა უნდა შეძლოს, ლოგიკური მსჯელობით დაასაბუთოს დებულების მართებულება. ამ დროს მან უნდა შეძლოს, თავიდან აირიდოს ლოგიკური ცთომილებანი, რაც ხშირად ახლავს ამგვარ მსჯელობას და საფრთხეს უქმნის მის ვალიდურობას (თუ რა არის ლოგიკური შეცდომა, იხილეთ ჩემი წერილი: https://mastsavlebeli.ge/?p=12068). ეს იმას ნიშნავს, რომ დებულების ახსნა ან, უკეთესი იქნება, თუკი ამ შემთხვევისთვის სიტყვა დაცვას ვიხმართ, ავტორს შეეძლება, რადგან ის მისთვის სხვის მიერ კი არაა თავს მოხვეული, არამედ ეფუძნება და გამომდინარეობს იმ ღირებულებათა სისტემიდან, რომელიც ავტორს გააჩნია. აი სწორედ ამ დროს ხდება აბრევიატურის მესამე ზმნის საჭიროება, რადგან ის მაგალითები, რომლებიც ახსნისას ამოტივტივდება, ხელოვნური კი არა, მართლაც ავტორის გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული. ეს კი ახსნას მიმზიდველს გახდის და არგუმენტს ინდივიდუალობას შესძენს, თანაც აჩვენებს, რომ ახსნა მხოლოდ თეორიულ დონეზე კი არაა მართებული, არამედ მას პრაქტიკული დანიშნულებაც გააჩნია.

განხილული აბრევიატურა ნამდვილად ადვილად დასამახსოვრებელია და მას პრაქტიკული გამოყენებაც აქვს. თუმცა, კარგი იქნებოდა, მისთვის ერთი ასოც დაგვემატებინა. ასე მივიღებთ SEXI-დან SEXCI-ის, სადაც SEXCI ოდნავ განსხვავებულად იშიფრება: S – statement, E- example, eX – explanation, C – counter-argument, I – implication. ეს ხუთი სიტყვა ასე ითარგმნება და ასე უნდა გავიგოთ: თავდაპირველად ესეს ავტორი წამოაყენებს საწყის დებულებას (ამ დროს ის იმავე წესებს იცავს, რომელზედაც წინა აბზაცში ვსაუბრობდით). თუკი წინა აბზაცში ვისაუბრე დებულების ახსნაზე, რომელიც გამყარებული იქნებოდა სათანადო მაგალითით, უკვე შეცვლილია და ახლა უკვე დებულებას უნდა მოსდევდეს მაგალითი, რომელიც ამ დებულების საილუსტრაციოდ გამოდგება. განსხვავებით წინა აბზაცში წარმოდგენილი წესისა, ახლა უკვე მაგალითს სჭირდება ახსნა-განმარტება, რამდენად მოდის ის შესაბამისობაში დებულებასთან. ე.ი. განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: პირველ შემთხვევაში ჯერ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობას მაგალითით ვამყარებთ, მეორე შემთხვევაში კი დებულებას თან ახლავს მაგალითი, რომელსაც ეს დებულება ეფუძნება და ხდება მოცემული მაგალითის ახსნა. შემდეგი ეტაპი უკვე კონტრ-არგუმენტის მოფიქრებაა, თუმცა, როგორც კი ესეს დასაწყისში ავტორის გამოთქმულ დებულებას საწინააღმდეგო მოსაზრება შეუპირისპირდება, ამ საწინააღმდეგო მოსაზრებასაც სათანადო მაგალითი და შესაბამისი ახსნა დასჭირდება. და ბოლოს აბრევიატურის ბოლო ასო აღნიშნავს სიტყვას (implication), რომლის არსის გაგებაც ყველაზე მეტად უჭირთ მოსწავლეებს. ეს სიტყვა ითარგმნება როგორც დასკვნა, როლი, მნიშვნელობა, შედეგი. იმისთვის რომ კარგი ესეს დაწერისას აბრევიატურის ბოლო სიტყვის არსი შევასრულოთ, ესეს ავტორს უნდა ავუხსნათ, რომ მან, იმის ნაცვლად რომ ესეს ბოლო აბზაცში მანამდე გამოთქმული მოსაზრებები უბრალოდ შეაჯამოს, აჯობებს, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვას და მიღებული პასუხები გადმოსცეს დასკვნაში. ეს კითხვები კი ასე გამოიყურება: და მერე რა? თუკი ზემოთქმული (ესეში გამოთქმული მსჯელობა) მისაღებია, მაშინ რა გამომდინარეობს აქედან? რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მთლიანი სურათიდან ან შემდგომ დასაფიქრებლად რა ტიპის შეკითხვები შეიძლება წამოეჭრას მკითხველს ესეს წაკითხვის შემდეგ?

თუკი ჩვენი მოსწავლე ხუთივე პუნქტს სწორად შეასრულებს, მაშინ მას საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული მაღალი ქულა გარანტირებული ექნება, ხოლო, თუკი ის ამ ხუთი პუნქტიდან მხოლოდ პირველ სამს დააკმაყოფილებს, მაშინ მისი ქულა საშუალოს ვერ ასცდება.

გამოსავალი

წელს პირველად გავაგზავნე საბუთები, რომ საერთაშორისო გამსწორებელი გავმხდარიყავი. სანამ გასწორებას შეუდგებიან, გამსწორებლები საკვალიფიკაციო პროცედურებს გადიან, რათა, გამსწორებლის არაობიექტურობის გამო, მოსწავლეები არ დაზარალდნენ. პირველ საკვალიფიკაციო ტურში კარგი შედეგი ვერ ვაჩვენე, ჩემი გასწორებული ხუთი ესედან მხოლოდ ერთი ქულა დაემთხვა გუნდის ლიდერის დაწერილ ქულას. მეორე საკვალიფიკაციო ტური აღარ გავიარე და დაველოდე ტრენინგს. მას შემდეგ, რაც ტრენერმა აბრევიატურები აგვიხსნა, ჩემთვის უფრო გასაგები გახდა ყველაფერი და თბილისში დაბრუნებულმა მეორე საკვალიფიკაციო ტურში ხუთიდან ოთხი, ხოლო მესამე ტურში ხუთიდან ხუთივე ქულა დავამთხვიე გუნდის ლიდერის ქულას. ამის შემდეგ ოფიციალურ გამსწორებლადაც დამამტკიცეს.

ამ წერილს ისე ვერ დავამთავრებ, თუკი ერთ მიგნებასაც არ გაგიზიარებთ, ტრენერმა რომ გაგვიმხილა: დარწმუნებული ვარ, თქვენს მოსწავლეებსაც, ჩემი მოსწავლეების მსგავსად, ზეპირად საუბარი უკეთ გამოსდით, ვიდრე – წერა. ამიტომაც ისინი, სანამ არგუმენტირებული ესეების წერაზე გადავიდოდნენ, ეგებ სოკრატული დიალოგების წერაში გავავარჯიშოთ. დიალოგი ძალიან წააგავს დრამას, რადგან პიესებიც ხომ დიალოგის პრინციპზეა აგებული. თუკი ფიქრობთ, სიტყვით „სოკრატული დიალოგი“, შეაშინებთ თქვენ მოსწავლეებს, მაშინ თხოვეთ, რომ მოკლე პიესა დაწერონ. წარმოიდგინონ სიტუაცია (კაფე, გაკვეთილი, სკოლის დერეფანი, ავტობუსის გაჩერება, ექსკურსია, სხდომათა დარბაზი…), პერსონაჟები (მოსწავლე, მასწავლებელი, რეპორტიორი, რესპონდენტი, მშობელი, მინისტრი…), გაათამაშონ, აკამათონ ერთმანეთში ეს პერსონაჟები და შემდეგ „ჩაიწერონ“ ამ წარმოსახვითი პერსონაჟების კამათი. დიალოგი ხომ ის ჟანრია, რომელშიც საშუალება გვეძლევა არაჩვეულებრივად დავაპირისპიროთ ერთმანეთთან მოსაზრებები, არ შეგვეშინდეს უკიდურესი აზრის გამოთქმის, რადგან საჭიროების შემთხვევაში თავს იმით დავიცავთ, რომ რადიკალურ აზრებს შესაბამის პერსონაჟს ვათქმევინებთ და ამ აზრებს ჩვენ ვერ მოგვაწერენ (თუკი გვეშინია რომელიმე შეხედულების ხმამაღლა დაფიქსირება). მესმის, რომ ეს ყველაფერი მასწავლებლის მსრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ჩვენი მოსწავლეების შედეგი ნამდვილად უნდა გვიღირდეს ამად: სოკრატული დიალოგების წერაში გავარჯიშებული ჩვენი მოსწავლეები შემდეგ ეტაპზე უკვე არგუმენტირებულ ესეებსაც ადვილად დაწერენ. სოკრატული დიალოგები მეც ძალიან მიყვარს, მეც მიცდია ასე წერა და ახლა შევეცდები, დრო და ენერგია არ დავიშურო და ჩემს მოსწავლეებსაც ავუხსნა, როგორ დაწერონ კარგი დიალოგები და შემდეგ უკვე როგორ აქციონ ეს დიალოგები კარგ ესეებად. ვისაც მაგალითი გაინტერესებთ, ამ ლინკზე წლების წინ დაწერილი ჩემი სოკრატული დიალოგის წაკითხვა შეგიძლიათ .

(https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL1.10&d=HASH017f99e60f96f3fa91f2e372.6.4)

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...