ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
10 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

      ადამიანთა საზოგადოების ისტორია ეკოლოგიური კრიზისების დაძლევის ისტორიაა

0
  1. კლასი -VII კლასი.
  2. საგანი – გეოგრაფია, ისტორია.
  3. სასწავლო მიზნები – მოსწავლემ უნდა შეძლოს ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა; ბუნებრივი პირობების გავლენა დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე და დააკავშიროს ერთმანეთთან ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა და გააკეთოს დასკვნა, ადამიანთა საზოგადოების ისტორიისა და ეკოლოგიური კრიზისების დაძლევის ისტორიის ურთიერთმიმართებაზე (ისტ. VII. 10;  ისტ.VII.5 ).
  4. კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან – გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა; ისტ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე;
  5. გაკვეთილის ტიპი – ინტეგრირებული;
  6. 7. ლექსიკონი: გლობალური დათბობა — დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენისა და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი; გენეზისი(ბერძნ.genesis) –  აღნიშნავს წარმოშობას, გაჩენას და შემდგომი განვითარების პროცესს.
  7. საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი:
  8. ნარატივი – ისტორია, VII კლ., შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ., 2012; მასწავლებლის ინტერაქტიური მინილექცია; გეოგრაფია, VII კლ., მაია ბლიაძე, გია ჭანტურია, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ. 2012
  9. დაფა; მარკერი;
  10. 3. მულტიმედია რესურსები:

ა) „გლობალური კლიმატცვლილება“, მ. რატიანი, https://mastsavlebeli.ge/?p=1349;

ბ) მაია ბლიაძე, „ვინ გადაიხდის ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაბინძურებისთვის?”  https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=4&id=669

გ) ვიდეოფილმი:   ,,გლობალური დათბობა“ https://video.nationalgeographic.com/video/101-videos/global-warming-101

  1. 4. სლაიდები: „გლობალური კლიმატცვლილება“, „კიოტოს ოქმი“;
  2. 9. გაკვეთილის დროში  გაწერილი  მიმდინარეობა:

აქტივობა N1  (6 წთ)  – მასწავლებელი  მიმართავს მოსწავლეებს კითხვებით. მოსწავლეები გამოცდილებიდან და წინარე ცოდნიდან გამომდინარე გასცემენ პასუხებს, მიღებული პასუხები აისახება სქემაზე (სქემა 1):

 

 

კითხვები პასუხები
დაასახელეთ ყველაზე ცნობილი გლობალური პრობლემები. პოლიტიკური კონფლიქტები, სასურსათო პრობლემები, დემოგრაფიული პრობლემები,    ჰიდროსფეროს  დაცვა,  სტიქიური კატასტროფები…
რომელია ყველაზე უფრო გლობალური პრობლემა?  დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი. პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები ყველას თანაბრად შეიძლება არ შეეხოს, ყველა ქვეყნის მაცხოვრებლისთვის არ იყოს ერთნაირად მნიშვნელოვანი, მაგრამ ეკოლოგიური პრობლემები თანაბრად მნიშვნელოვანია პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის; ამიტომ ეკოლოგიური პრობლემა ყველაზე უფრო გლობალური ხასიათისაა.
ეკოლოგიური პრობლემებიდან რომელია ყველაზე აქტუალური თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემა?  გლობალური დათბობა.

სლაიდი 1- „გლობალური კლიმატცვლილება“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სქემა 1.

 

აქტივობა N2 (5 წთ) –მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას გლობალურ დათბობაზე, კლიმატცვლილების შედეგებზე და სათბურის ეფექტზე (სლაიდი 1- „გლობალური კლიმატცვლილება“):

სლაიდი 1- „გლობალური კლიმატცვლილება“

სლაიდი. 1

 

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს: ა) ნახონ ვიდეოფილმი, ბ) უპასუხონ შეკითხვებს  და  შეავსონ სქემა 2:

 

ა) ვიდეოფილმი – „გლობალური დათბობა“

ინფორმაცია / ვიდეოფილმი პასუხი
 

 

 

https://www.youtube.com/watch?v=VbiRNT_gWUQ

 

ფილმში აღწერილია ყინულის დნობისა და გლობალური დათბობის შედეგები, თუ რა ბედი ეწევა ქვეყნებს მყინვარების დნობის შედეგად, რომელი ქალაქები გაქრება რუკიდან, როგორ შეიცვლება დედამიწის რუკა და რა შედეგებამდე მიგვიყვანს გლობალური დათბობა.

 

ბ) სქემა 2:

 

კითხვა პასუხი
ფილმიდან გამომდინარე, როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესები?

 

 

უნდა შეწყდეს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, დედამიწაზე ტემპერატურის მომატებას და  ყინულის ხელოვნურად დნობას.
თუ აღნიშნული ეკოლოგიური კრიზისი არ მოგვარდება, რა შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში?

 

გლობალური დათბობა მთლიანად შეცვლის გარემომცველ სამყაროს, ადამიანებს მოუწევთ მშობლიური ადგილების დატოვება წყლის დონის მომატების გამო, რადგან ბევრი ქალაქი აღმოჩნდება წყლის ქვეშ, ადამიანი იძულებული იქნება შეიცვალოს დასახლების ტიპი, სხვაგან დასახლდეს, შეცვალოს საქმიანობას სტილი და ა.შ. ანუ საზოგადოებას გაუჩნდება ბევრი პრობლემა.
მოდით, განვსაზღვროთ, ჩამოვაყალიბოთ ბუნებათსარგებლობის როლი საზოგადოების  ისტორიაში. ადამიანის ცხოვრებაზე ბუნებათსარგებლობის როლი ძალიან დიდია, რადგან ბუნებაზე არასწორი ზემოქმედება და ეკოლოგიური პრობლემები  საფრთხეს უქმნის  ადამიანის საარსებო პირობებს, თავად სიცოცხლის არსებობას დედამიწაზე, ადამიანის ისტორიის გაგრძელებას

 

პრობლემის გამოკვეთა: უნდა დაიძლიოს ეკოლოგიური კრიზისები, როგორც  საფრთხე  ადამიანის საზოგადოების ისტორიისათვის!

 

აქტივობა N3 (8 წთ) ისტორიის მასწავლებლის შეკითხვა  მოსწავლეებს:

 

 

კითხვები სავარაუდო  პასუხები
რომელი ეკოლოგიური კატასტროფა, წყალდიდობა, სტიქიური მოვლენა, ამბავი გახსენდებათ ისტორიიდან, როდესაც ბუნებრივი კრიზისებისგან გამოწვეული  კატასტროფით საფრთხე შეექმნა ზოგადად ადამიანის, საზოგადოების ისტორიას? წარღვნა… ნოეს ისტორია.
კლიმატცვლილების შედეგად ბუნებათსარგებლობის დარღვევის სხვა მაგალითებსაც ხომ ვერ გაიხსენებდით ისტორიიდან,   რომელსაც ასევე გლობალური ხასიათი ჰქონდა?  დაახლოებით 100 ათასი წინ მომხდარმა გლობალურმა კლიმატურმა ცვლილებებმა დედამიწაზე  დიდტანიან მცენარეთა  ზრდის შეჩერება და მცენარეულ საკვებზე დამოკიდებული დიდი ცხოველების გადაშენება გამოიწვია.
რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა ადამიანის გენეზისზე? ანთროპოიდებიდან (ჰომინიდებიდან) მივიღეთ გონიერი ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ჰომო საპიენსის, ანუ გონიერი ადამიანის გაჩენა – ეს იმდროინდელი ეკოლოგიური კრიზის  უმთავრესი შედეგი იყო.
რით დამთავრდა  ამ კონკრეტული ეკოლოგიური კრიზისის დაძლევის ისტორია? დასაბამი მიეცა თანამედროვე ადამიანის ისტორიას! თუმცა ისინიც მთლიანად ბუნებაზე აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი.  საკვები რომ  გამოელეოდათ, მის ძებნაში ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, ამის გამო დაიწყო მიგრაციების ეპოქა, ადამიანი მთელ დედამიწაზე განსახლდა.
საცხოვრებელი ადგილის ძიებაში შეძლო თუ არა ადამიანმა ბუნებაზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა? რაღაც დროით შეიძლება ამას ახერხებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შეუძლებელია – ადამიანი ცოცხალი ბუნების ნაწილია და ბოლომდე ბუნებრივი გარემოსაგან, ბუნებისაგან ვერ გათავისუფლდება.

 

აქტივობა N4 (8 წთ) – ისტორიის მასწავლებლის ინტერაქტიური მინილექცია. მინილექციის მოსმენის  პარალელურად   მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ  შეკითხვებს:

 „ადამიანის, ბუნებისა და  ცივილიზაციის ურთიერთობა – ეს მარადიული პრობლემების თემაა. ამ პრობლემების მასშტაბურობაზე, მის გლობალურ ხასიათზე აქ უკვე ვისაუბრეთ, ყურადღებას გავამახვილებ ეკოლოგიური პრობლემების, ეკოლოგიური კრიზისების ლოკალურ ხასიათზე და მის შედეგებზე:  მიუხედავად ხანგრძლივი ევოლუციისა, 35-50 ათასი წლის წინ ადამიანი მივიდა რესურსების – საკვების – კრიზისთან, როგორც შემგროვებლობის, ისე ნადირობის თვალსაზრისით. კრიზისული სიტუაციის დაძლევა მოხერხდა სტიქიური ბიოტექნიკის გამოყენებით – ადამიანმა გააუმჯობესა  სანადირო იარაღი, გამოიგონა მშვილდ-ისარი, მოქსოვა ბადე, გააკეთა სეგმენტური იარაღი და ა.შ.  შედარებით დაიხვეწა იარაღი 10-50 ათასი წლის წინ, მაგრამ ამ დროს შემცირდა თავად სანადირო ობიექტები –  ის დიდი ძუძუმწოვრები, რომლებიც გამყინვარებას გადაურჩნენ – რამაც ისევ  გამოიწვია რესურსების კრიზისი.

 

კითხვა                                    პასუხები
რით დამთავრდა მოცემული კრიზისი? როგორ გადარჩა ადამიანი?

 

კრიზისი დამთავრდა სასოფლო-სამეურნეო მიწათმოქმედებაზე გადასვლით, ე.წ. ნეოლითური რევოლუციით: ადამიანმა შეცვალა ცხოვრების ხასიათი, გადავიდა მწარმოებლურ  მეურნეობაზე, ბინადარ ცხოვრებაზე ამ გზით გადაწყვიტა საკვების  მოპოვების პრობლემა: წარმოიშვა მიწათმოქმედება, მოიშინაურეს ცხოველები, გაჩნდა ხელოსნობა, პრიმიტიული ვაჭრობა, გაიზარდა ადამიანების რაოდენობაც.

 

ისტორიის მასწავლებელი აგრძელებს ინტერაქტიურ მინილექციას:  მაგრამ შეგახსენებთ, რომ მოცემული ეტაპიც დასრულდა კრიზისით – პრიმიტიული მიწათმოქმედების კრიზისით, მიწის, ნიადაგის, სარწყავი სისტემების დაცემით, მოშლით, რამაც სტიმული მისცა რთული სარწყავი მიწათმოქმედების განვითარებას,  ამას კი ორგანიზებული შრომა დაჭირდა. შესაბამისად, ადამიანთა  საზოგადოებაც გადავიდა სახელმწიფოდ ორგანიზების ფორმაზე.

 

კითხვა პასუხები
გაიხსენეთ, როდის მოხდა სახელმწიფოს წარმოშობა? დაახლ. 4-3 ათასი წლის წინ.

 

ისტორიის მასწავლებელი აგრძელებს ინტერაქტიურ მინილექციას:   დაახლ. 2500 წლის წინ რკინის იარაღის მასობრივად გამოყენებამ გამოიწვია საწარმოო ძალების გაზრდა, მაგრამ ადამიანთა რაოდენობის ზრდამ დროთა განმავლობაში გაზარდა მოთხოვნილება მცენარეულ საფარზე, სამშენებლო მასალაზე, მივიღეთ ტყის ფართობების და მცენარეული რესურსების სიმცირე. შედეგად კი –  ლოკალური ეკოლოგიური კრიზისები და თანმდევი სავალალო ადამიანური ისტორიები: მაგალითად, მაიას ცივილიზაციის ისტორიაში მიწის  ხელოვნურად „გადაწვამ“  და ამ გზით სათესი ფართობების გაზრდამ თავად მიწების გამოფიტვა გამოიწვია, რამაც დაასუსტა მაიას ცივილიზაცია და მისი განადგურების მიზეზი გახდა; ლიბანის მიწები გამოუყენებელი გახდა ლიბანის კედრის გაჩეხვის გამო, რადგან მიწები ზედმეტად „გამოშრა“და  გამოიფიტა. ასევე, მაგალითად, ძველ საბერძნეთსა და მესოპოტამიაში ჯოგების სიმრავლემ მდიდარი საძოვრები პრაქტიკულად გააუდაბურა, გათელა და შეამცირა ნათესების ფართობები, ისრაელში გვალვის გამო მოსავალი არ მოდიოდა, ინდოეთში ადიდებული მდინარეების შეკავება შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

კითხვა პასუხები
ხომ ვერ გაიხსენებდით, რით დასრულდა აღნიშნული მოვლენები? ე.წ. ძველი ბერძნული კოლონიზაციით, ებრაელების გადასახლებით ეგვიპტეში, არიელების შემოსევებით ინდოეთში, მაიას დაცემით…

 

 

 

ისტორიის მასწავლებელი აგრძელებს ინტერაქტიურ მინილექციას:  ამ პროცესებს სხვა გაგრძელებაც ჰქონდა – ლოკალურმა კრიზისებმა და ადამიანთა გამოკვების პრობლემამ გამოიწვია  ე.წ. ხალხთა დიდი გადასახლება IV-VII სს-ში, არაბული  და მონღოლური ტომების ამოძრავება შუა საუკუნეებში, საფუძველი ჩაუყარა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს და სხვ. მრავალი. მაგრამ ეკოლოგიური კრიზისებიდან თავის დაღწევა ილუზია აღმოჩნდა და  დაახლ.  350  – 150 წლის წინ მივიღეთ კიდევ ერთი რევოლუცია –  სამრეწველო რევოლუცია. ადამიანი გადავიდა შედარებით ხელსაყრელ ენერგო-სათბობებზე, რამაც გაზარდა პროდუქციის რაოდენობა, მაგრამ მივიღეთ უკუპროცესი – გამონაბოლქვი, ნარჩენი პროდუქტების რაოდენობა და მისი უარყოფითი გავლენა ბიოსფეროზე. 30-60 წლის წინ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წყალობით გაჩნდა ნაკლებნარჩენიანი ტექნოლოგიები და  ეკონომიური რესურსები. თითქოს მდგომარეობა ნაკლებად საგანგაშო იყო, მაგრამ ძალიან მოკლე დროში, თითქმის ერთდროულად, ისევ დადგა ორი ეკოლოგიური პრობლემა:

  • გლობალური დათბობა
  • და ეკოლოგიური მგომარეობის გაუარესება.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ბუნების გამოყენების, ბუნებათსარგებლობის როლი ცივილიზაციის ისტორიაში, რომ ამ მოვლენასთან დაკავშირებულია ცივილიზაციის  განვითარების პერიოდები, რომ ბუნებრივი პირობები უდიდეს გავლენას ახდენენ და გარკვეულწილად განაპირობებენ კიდეც ადამიანთა საზოგადოების განვითარებას, რომ ეკოლოგიური კრიზისების ისტორია  ადამიანთა საზოგადოების ისტორიაა; მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ გამოსავალი ეკოლოგიური კრიზისიდან, რომლის მოგვარების გარეშე თავად ადამიანთა საზოგადოებას არ ექნება მომავალი.

 

კითხვა   პასუხები
რა გამოსავალს ხედავთ აქედან? აშკარაა, რომ „სხვა“  ტექნოლოგიების პოვნაა საჭირო და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაც.
ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას შეუძლია იხსნას თანამედროვე მსოფლიო? შესაძლებელია, რომ ეს მართლაც ასე მოხდეს. ბუნებათსარგებლობის ცოდნის შემთხვევაში, საზოგადოება შეძლებს საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი პირობების შექმნას.

 

აქტივობა  N6  (3 წთ) – გეოგრაფიის მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას გარემოს ცვლილებების მარეგულირებელ საერთაშორისო შეთანხმებაზე (სლაიდი 2 –„კიოტოს ოქმი“):

სლაიდი 2 – „კიოტოს ოქმი“

სლაიდი 2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა N7 (10 წთ) – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს იმუშაონ წყვილებში და ინფორმაციების შეჯამების, გააზრების საფუძველზე გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის,  რომ  ეკოლოგიური კრიზისების ისტორია არ დარჩეს უბრალოდ ბუნების ისტორიად და კვლავაც გაგრძელდეს  ეკოლოგიური კრიზისებიდან თავის დაღწევის ისტორიით, ანუ ადამიანის  საზოგადოების ისტორიით. მიღებული პასუხებით ივსება  ფლირჩატი:

 

  • შევცვალოთ ნათურები  ენერგოდამზოგავით;
  • დავზოგოთ წყალი;
  • ზედმეტი ელექტრონული  მოწყობილობები  გამოვრთოთ;
  • სამგზავროდ  გამოვიყენოთ  საზოგადოებრივი  ტრანსპორტი;
  • მანქანის ნაცვლად  გამოვიყენოთ  ველოსიპედი;
  • ხალხის ინფორმირება  გლობალური  დათბობის  შესახებ;
  • დავზოგოთ  ენერგია;
  • ვიზრუნოთ გარემოზე, მასზეა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი.

 

აქტივობა N 8 (3 წთ)  – შეფასება და საშინაო დავალების  მიცემაჩამოწერეთ,  თქვენს საცხოვრებელ გარემოში რა სახის ეკოლოგიურ პრობლემები არსებობს.  შეიძლება თუ არა მათი გადაწყვეტა ადგილზე? რა გამოსავალი არსებობს ამისთვის?

 

აქტივობა N9 (3 წთ)  შეფასების ინსტრუმენტები და  კრიტერიუმები (2 წთ):

 

განმსაზღვრელი:

 

2-3 მოსწავლე ვერ ახერხებს  ჩამოთვალოს  გლობალური პრობლემები; იმსჯელოს ეკოლოგიურ პრობლემებზე,  გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებზე და სავარაუდო შედეგებზე, საზოგადოების ისტორიისა და ეკოლოგიური კრიზისების ურთიერთკავშირზე; ვერ ახერხებს შეადაროს, გაანალიზოს და  დააკავშიროს ინფორმაციები ერთმანეთთან; ვერ აყალიბებს თეზისებს და ვერ აკეთებს დასკვნებს.
4-5 მოსწავლეს უჭირს  ჩამოთვალოს  გლობალური პრობლემები; იმსჯელოს ეკოლოგიურ პრობლემებზე,  გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებზე და სავარაუდო შედეგებზე,   საზოგადოების ისტორიისა და ეკოლოგიური კრიზისების ურთიერთკავშირზე; უჭირს  შედარება, ანალიზი და ინფორმაციების  ერთმანეთთან დაკავშირება; უჭირს  თეზისების ჩამოყალიბება  და  დასკვნების გაკეთება.
6-7 მოსწავლემ შედარებით კარგად  ჩამოთვალა  გლობალური პრობლემები; იმსჯელა  ეკოლოგიურ პრობლემებზე,  გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებზე და სავარაუდო შედეგებზე,   საზოგადოების ისტორიისა და ეკოლოგიური კრიზისების ურთიერთკავშირზე; შედარებით კარგად  შეადარა, გაანალიზა და დააკავშირა ინფორმაციები  ერთმანეთთან;  შედარებით კარგად    ჩამოაყალიბა თეზისები  და  გააკეთა დასკვნები.
8-9-10 მოსწავლემ კარგად/საუკეთესოდ ჩამოთვალა გლობალური პრობლემები; კარგად/ სრულად იმსჯელა  ეკოლოგიურ პრობლემებზე,  გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებზე და სავარაუდო შედეგებზე,   საზოგადოების ისტორიისა და ეკოლოგიური კრიზისების ურთიერთკავშირზე; კარგად/სრულად შეადარა, გაანალიზა და დააკავშირა ინფორმაციები  ერთმანეთთან;  კარგად/საუკეთესოდ  ჩამოაყალიბა თეზისები  და  გააკეთა დასკვნები.

 

 

ან –  განმავითარებელი – მასწავლებლის ზეპირი კომენტარი:

 

შეფასების კრიტერიუმები სრულიად ნაწილობრივად გასავითარებელია
მოსწავლეები აცნობიერებენ საკითხის აქტუალობას.      
მოსწავლეები გამოყოფენ არსებულ პრობლემებს.      
მოსწავლეები სახავენ  პრობლემების გადაჭრის გზებს.      
მოსწავლეებს შეუძლიათ საკითხის ირგვლივ მსჯელობა და დასკვნების გაკეთება.      
მოსწავლეები აკავშირებენ ინფორმაციებს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ერთმანეთთან.      

 

 

გაკვეთილის რეფლექსია: …გაკვეთილი მოსწავლეებისათვის იყო საინტერესო, ხალისით ასრულებდნენ ყველა დავალებას. გაკვეთილი თავისი შინაარსით, სტრუქტურით აკმაყოფილებდა პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის შეფასების კომპონენტებს. მოსწავლეებმა  ამ ტიპის გაკვეთილების ინტენსიურად  ჩატარების სურვილი გამოთქვეს.

 

 

 

 

ბარათაშვილი Live

0

მისგან (რუსთაველივით) მხოლოდ გვარ-სახელი რომ დარჩენილიყო და ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიიდან არაფერი გვცოდნოდა, ეჭვი არ მეპარება, ჩვენ მაინც უზომოდ შევიყვარებდით ტფილისური სალონების მუდმივ ბინადარს, ერთდროულად ქალაქური ჭორების მოტრფიალეც რომ იყო და მტკვრის პირას, ფიქრთ გასართველად სეირნობას დაჩვეული მარტოსული პოეტი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტო არა, მაგრამ ცხოვრების ამბები ნამდვილად შემოინახა ისტორიამ, თუმცა რაღა ისტორიამ – ყველაზე უწინ მაინც იონა მეუნარგიას უნდა ვუთხრათ მადლი, რომ ბარათაშვილის მნახავ-ნაცნობი, კლასელი და შინაური არავინ დატოვა და მათგან სათითაოდ ჩაიწერა – როგორც თვითონ უყვარდა თქმა, „მოაქუჩა“ – ის წვრილმანები, რომელიც ახლა ათასმაგად ფასეულია და წვრილმანი ხომ არც მაშინ იყო.

მაგრამ, ალბათ დაუფიცებლად დამიჯერებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის პირად წერილებთან მაინც ვერაფერი მივა. როგორც ჩვენი ძველები იტყოდნენ, სხვა ვერრა წყაროს ფეხი ვერ ჩაუვა იმ რამდენიმე ბარათის სიღრმესა და მნიშვნელობაში. ჰო, ზოგჯერ ლექსებსაც კი დაჩრდილავს ხოლმე, იმდენაც ცოცხალი და ამქვეყნიური ვნებებით ასხმული კაცი გვიყურებს იქიდან.

ბიძამისს – გრიგოლ ორბელიანს (რომელსაც თავიდან „ძიას“ ეძახის, შემდეგ კი „ძმაო“-თი უფრო გაუშინაურდება) მიმართავს თუ მიხეილ თუმანიშვილს, მაიკო ორბელიანს თუ ბაბალე საგინაშვილს, „მერანის“ ავტორი ყველგან თავის ბედისწერის ამბავს ჰყვება, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილივით ერთადერთია – სხვა არც შემდგარა და ვერც შედგება ამ „გზა უვალზე“. გულგადახსნილი, ყოველ ჯერზე ცდილობს, უფრო ცოცხლად და მკვეთრად გვიჩვენოს, რაც მასშია და მის გარშემოა:

ბავშვობის ოცნება: „…ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამომეპარება ხუალმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი, რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხუაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც ფერხი უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს, ასე, რომ ჩემებურად კიდეც ვჰხტი და კიდეც ვტანცაობ… უბედურებისა გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქნა და ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: „შვილო, ხომ ჰხედავ შენის სახლის გარემოებასაო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?“ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით…“

ჭორიანობითა და ჭირიანობით მოცული ქალაქი: „დიდი დაძგერებაებია ქალებისა, დიდი აყალ-მაყალი, დიდი ტირილი, დიდი ღამის თევაები, დიდი წვეულებაები ერთმანერთის ჯავრით. დაწვრილებით მოგწერდი ყოველს ფერს, მაგრამ კვლავ იყოს, როცა მოცლით ვიქნები. ამ ამბავს დიდი აწერა უნდა…“

ბიძასთან შეხუმრება: „შევიტყეთ, რომ თურმე фრანციცულს ჰსწავლობ. ერთმა ქალმა შემოგითვალა: „სპარსულად ნათქვამიაო: ოც და ათ წელიწადს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო!“. მოგვიანებით: „საყვარელო ძმაო გრიგოლ, არა, უკაცრავად, მთავარო ავარისაო, ემირ-ავარო, ატტილას ტახტზედ მჯდომარეო… კნიაზი ჭავჭავაძე თავისი კნეინათი მარტყობს იყვნენ ჯვარობას. ამათ დასტაში იყვნენ სავარსამიძის ცოლი, სივრიჩის ცოლი და ბეზაკის ცოლი; ეს კი მუხრავანიდგან გადმოვიდა, ამ ზაფხულს იქ იდგა უქმროდ. არ გინდა, რომ ერთს საათს მაგ მთებში გამომძვრალიყავ და მუხრავანში, იმის ოთახში შუაღამისას დაბადებულიყავ?“

სისხლსავსე ტიპები, ხასიათები, პირად ბარათებში ჩადებული ინტონაციები, სარკაზმი და ირონია, რომელიც ჩინსა და დაწინაურებას მომლოდინე ქართული საზოგადოების დანახვაზე ჩნდება. ნიკოლოზ ბარათაშვილიც ამ წრის შვილია, გაცემული შეთქმულებით დემორალიზებული, დასჯილი, გადასახლებული, გადასახლებიდან დაბრუნებული და რუსთა მეფის სამსახურში ჩამდგარი თავად-აზნაურთა ოჯახიდან. დრამა და კომიკური სიტუაციები მის ცხოვრებაში/ბარათებში ხშირად მონაცვლეობს: „ჩვენს დიდს პლატონს (იოსელიანი) ძილში კატა დაჰსწოლოდა ბაკენბარდზედ და ასე გაეთელა, რომ ვეღარას გზით ვერ გაუსწორებია. ეს ერთი ბაკენბარდი ასე გათელილი დარჩა. ვურჩევთ, რომ მოიპარსოს, მაგრამ არ გვიჯერებს. ეს აკლდა ამის ფილოსოფიურს სახეს!“.

მაია ცერცვაძის გულმოდგინე, მრავალწლიანი შრომის შედეგად ჩვენ გვაქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები, სრულყოფილი სამეცნიერო აპარატით, როგორც იტყვიან ხოლმე – ისეთი, მკითხველს რომ წიგნს გარეთ გასვლამ აღარ მოუწიოს. უამრავი ტიპი, გეოგრაფიული სახელი და წერილებში ნაგულისხმევი გარემოებაა მიკვლეული და დაზუსტებული. XIX-XX საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა მემუარებისა და ეპისტოლური მემკვიდრეობის ფონზე აღდგენილია ერთი კაცის თავგადასავალიც და ყველაფერი ის, რაც მის გარშემოა.

ესეც კიდევ ერთი საქმიანი ნაბიჯი. თორემ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დღის წესრიგშია მტკივნეული საკითხი, ნიკოლოზ ბარათაშვილი სასკოლო სახელმძღვანელოების გაქვავებულ პერსონაჟად დარჩეს თუ მუდმივი ძიება-გააზრებისა და ინტერპრეტაციების საგნად; ბარათაშვილი ქუჩას, ხიდს, ძეგლსა და მუზეუმს გვახსენებდეს თუ ყოველ დროში აქტუალური გენიოსის პოეტურ სამყაროს. დროზე გარკვევა სჯობს. თუ არადა, როგორც მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ ბარათში ამბობს: „ვისაც ვახსოვდე, მომიკითხე, და ვისაც არა… რაც მოუვიდეთ, მოუვიდეთ!“

ბოლო ზარი – ხმაური და უაზრობა

0

 

24 მაისის საღამოს ახალციხეში აღმოვჩნდი. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მე და ჩემი თანამგზავრები ახალი შთაბეჭდილებებისთვის, ნანახ-გაგონილის გაანალიზებისთვის მზად არ ვიყავით. ჩვენი ფიქრები ისევ აჭარის მთების თოვლშერჩენილ ფერდობებს დასტრიალებდა. რაბათის კომპლექსის დათვალიერება მომდევნო დღისთვის გადავდეთ.

– რა სევდიანი ქალაქია! – თქვა ანემ, როცა რესტორანს ვეძებდით.

ცხრა საათი იქნებოდა. წვიმდა.  ცუდად განათებულ ქუჩებში არავინ ჩანდა.

როცა სასტუმროში ვბრუნდებოდით – ასე, თორმეტის ნახევრისთვის – ერთიანად სველი, ენაარეული, უკვე ყვირილზე გადასული, 17-18 წლის მთვრალი ბიჭები დავინახეთ. სადაცაა, გაწევ-გამოწევა დაიწყება-მეთქი, – გავიფიქრე. იქვე რამდენიმე გოგოც ჩანდა, სხვების დაწყნარებას კივილით რომ ცდილობდნენ. ხმამაღალი შეძახილებიდან და დიალოგების ნაწყვეტებიდან შევიტყვე, რომ წინასაბანკეტო  საორგანიზაციო შეკრების დასასრულს შევესწარით. რაღაც აირია. უხილავი ჯაჭვი ხმაურით გაწყდა.

– რა ხდება? – მკითხეს თანამგზავრებმა.

– არაფერი, – ვუპასუხე. – ზედმეტი დალიეს და უაზროდ კამათობენ.

დილით რაბათის კომპლექსის ის ნაწილი, სადაც ჩვენი სასტუმრო იყო, საზეიმოდ მორთული დამხვდა. ეზოში თეთრპერანგიან გოგო-ბიჭებს, მასწავლებლებსა და საერთო სიხარულის გამზიარებელ კეთილისმსურველებს მოეყარათ თავი. ხმამაღალი მუსიკა. ფერადი ბუშტები. კაცი ვიდეოკამერით. მიკროფონთან ერთმანეთს ცვლიდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კლასის დამრიგებლები, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. მათი სიტყვების გამოცნობა სულ მცირე სირთულესაც კი არ წარმოადგენდა – ტრადიციული ქართული სადღეგრძელოებისა და წლების მანძილზე გაზეპირებული პროფესიული შეგონებების ნაზავი გახლდათ. სკოლადამთავრებულები რიგრიგობით მღეროდნენ ბავშვობის ტკბილ წლებზე, ონავრობასა და პატარ-პატარა უსაქციელობებზე, მასწავლებლების დიდ გულსა და მათგან ნასწავლ სამშობლოს სიყვარულზე, ბრწყინვალე მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმედების გამართლებაზე.

ვცდილობდი, ყური არ დამეგდო. ვცდილობდი, მთელი ყურადღება ახმედიეს მეჩეთის ოქროსფრად მოელვარე გუმბათისთვის მიმეპყრო, მაგრამ არ გამომდიოდა.

– ახლა მისმინეთ: სანამ არ გეტყვით, ფეხს არ მოიცვლით! სანამ პატრული არ მოვა, ასე იდგებით, როგორც დგახართ!

ვიფიქრე, მომესმა-მეთქი. თუმცა მალევე შევნიშნე ფორმიანი წესრიგის დამცველები. წინადახედულ მასწავლებლებს ყველაფერი გაეთვალისწინებინათ. მათი გამართლება ვცადე: ისევ სიფრთხილე სჯობს, ხომ შეიძლება თავისუფლებით თავბრუდახვეულმა ამ საყვარელმა გოგოებმა და ბიჭებმა აურიონ, რაღაც გამოუსწორებელი ჩაიდინონ, ყველას დიდი თავსატეხი გაუჩინონ-მეთქი (საბჭოთა სკოლის შვილი ვარ – ეს ფრაზები თავისით ჩნდებოდა გონებაში; ზაფხულის მწერებივით რიალებდნენ და თავს არ მანებებდნენ). მაგრამ, მეორე მხრივ, მთელი ეს აურზაური, მღელვარება, აზრგამოცლილი ზეიმი, აბსურდამდე დასული დღესასწაული სასაცილოდაც მეჩვენებოდა და შემზარავადაც.

თეთრპერანგიანები უკვე ჭრელპერანგიანებად ქცეულიყვნენ.

ყველა დაძაბული ჩანდა – ამ დღის სერიოზულობას ბოლომდე აცნობიერებდნენ და სურდათ, თითოეული  რიტუალი წესისამებრ შეესრულებინათ.

ბოლოს მანქანებში გადანაწილდნენ და თავაწყვეტილი რბოლაც დაიწყო. როგორც ჩანს, წესრიგის დამცველების მოვალეობა მხოლოდ დათქმულ დროს გამოჩენა და საზოგადოებისთვის მოქუფრული სახეების ჩვენება იყო. მანქანების ჩაწეული ფანჯრებიდან გაშლილი ხელები გამოჩნდა, იმწამს გახსნილი ცქრიალა ღვინის ბოთლებით. თეთრი ქაფი. მზის შუქზე აციმციმებული ნაკადული.

– თქვენთან როგორ აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას? – ვკითხე ავსტრიელ და გერმანელ თანამგზავრებს.

მხრები აიჩეჩეს – საერთოდ არ აღნიშნავენო.

განა სკოლაში, სკოლის ეზოში ყველაზე ბუნებრივი არ იქნებოდა დამშვიდობება? უბრალოდ, უპრეტენზიოდ. წარმოვიდგინე, როგორ სხედან ბალახზე და ძველ ამბებს იხსენებენ, ან მომავალზე საუბრობენ – რაც ენაზე მოადგებათ, იმას ამბობენ. თავს არავინ დასტრიალებთ ვიდეოკამერით – ჰოდა, არავინ ზრუნავს იმაზე, რომ უფრო მიმზიდველად გამოჩნდეს, უფრო გულის ამაჩუყებლად ილაპარაკოს. მეგობრობა გაგრძელდება. რაც ნამდვილია, დროს გაუძლებს.

დანარჩენი გაქრება. და ეს სწორია, სამართლიანია.

ბანკეტი – ამ სიტყვის გაგონებაც კი მკლავს. არადა, ბევრჯერ გავიგონე 25 მაისს, ახალციხელი ახალგაზრდების „ბოლო ზარზე“. დაძაბულობის წყარო ესეცაა – სწორად შერჩეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა გეცვას; თუ გოგო ხარ, იდეალური ბარბი უნდა იყო, თუ ბიჭი ხარ – მამის ასლად უნდა იქცე და ზუსტად ისე უნდა მოიქცე, როგორც ის იქცეოდა 20-25 წლის წინ. გაზეპირებული სადღეგრძელოები. მასწავლებლების თვალწინ დაღვრილი ცრემლი. რესტორნის ხელოვნური განათების ფონზე ახსნილი სიყვარული.

საბედნიეროდ, სულ უფრო ხშირად მესმის, რომ გოგოები და ბიჭები უარს ამბობენ სკოლის დამთავრების პომპეზურად აღნიშვნაზე, გულის ხმას მიჰყვებიან და არა – ეგზალტირებული მრჩევლებისას. ისინი მალე გაიგებენ ნამდვილი თავისუფლების გემოს – ვინც გულის მოსმენა ისწავლა, უაზრო ხმაურს ყური არ შეაჩვია.

 

 

 

 

უკეთესი დღეები წინ არის…

0

გულჰანეს ბაღის უზარმაზარ შესასვლელიდანვე იგრძნობა, შიგნით სხვანაირი ნიავი და ჰაერია. რაღაცნაირი სუფთა და არომატით სავსე. ეს ვარდების არომატია და ბაღსაც ვარდების ჰქვია. თუმცა, ვარდის სურნელი შემწვარი წაბლის სუნსაც ერევა და თუ შეუჩვეველი ხარ, შეიძლება თავიდან თავბრუც კი დაგეხვეს.

სიგრილეა, მაგრამ ყველაფერი შედარებითი გახლავთ და სტამბულის უძველესი წყალგაყვანილობის მიწისქვეშა სისტემასთან შედარებით, აქ ნამდვილად ცხელა. ე.წ. „Yerebatan Sarnıcı“ ანუ ბაზილიკის წყალსაცავზე ვსაუბრობ, სადაც ცნობილი მედუზას ორი თავი გახლავთ დაცული. უფრო სწორედ, თავი ორი უზარმაზარი სვეტის საყრდენს წარმოადგენს. სვეტი სულ სამი ყოფილა, თუმცა, მესამე იქვე ახლოს მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმში გადაუტანიათ.

საერთოდ, ეს კონსტანტინეპოლის დროინდელი,  ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგად შენახული მიწისქვეშა წყალსაცავია. აქ სასმელი წყლის მარაგი იმ შემთხვევისთვის ინახებოდა, თუ ქალაქს გვალვა ან მტერი დაატყდებოდა თავს. წყალი მილებში აქვადუქების მეშვეობით მიემართებოდა და ერთ-ერთი უდიდესი აქვადუქი  კონსტანტინეპოლის ვალენტას აქვადუქი გახლავთ. ეს სწორედ ის ადგილია, რომლის მოსანახულებლადაც საზაფხულო სკოლის მთელი შემადგენლობა  წავედით, მაგრამ გზის დაკეტვის გამო ტყე-ტყე მოგვიწია სიარული და გზად გადაყრილმა მოპიკნიკეების ერთმა ჯგუფმა, ჩვენს დანახვაზე ჰაერში  სროლა ატეხა. მოგვიანებით თქვეს, ვიხუმრეთო, მაგრამ ჩვენ სახუმაროდ ნამდვილად არ გვქონია საქმე.

წყალსაცავის მშენებლობა ბერძნებმა იმპერატორ კონსტანტინეს დროს დაიწყეს და 532 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობისას დაასრულეს. 80 000მ3 წყალს იტევს და 336 სვეტია განლაგებული. სვეტების უმეტესი ნაწილი ანტიკური ტაძრებიდან არის აღებული, ამიტომაც ერთმანეთისგან მარმარილოს ხარისხით და დამუშავებით განსხვავდებიან. ზემოთაც დავწერე, რომ ორი სვეტის საფუძველს მედუზა გორგონას თავი წარმოადგენს. ერთი თავით ქვევით იყურება, მეორე გვერდზეა მიბრუნებული. არავინ იცის, საიდან მოიტანეს და ადრე რომელ ძველ ნაგებობას ამშვენებდა.

თავად მედუზა გორგონა დებ გორგონებში ერთ-ერთი გახლდათ. სახე – ქალის, თმის ნაცვლად კი გველები ჰქონდა. პერსევსმა გამოასალმა სიცოცხლეს. პერსევსსაც შეგახსენებთ, ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირია, ზევსის და დანაის ვაჟი. მედუზა გორგონაზე გამარჯვებული და დედოფალ ანდრომედას მხსნელი. ერთი სიტყვით, კარგი და მართალი კაცი. ლეგენდის თანახმად, პერსევსი მედუზას გამანადგურებელ მზერას უჩინმაჩინის ქუდით გადაურჩა. გახსოვთ ხომ, მედუზა ვისაც შეხედავდა, ქვად გადააქცევდა. ჩვენ წყალსაცავში მედუზას თვალებში შევხედეთ, მაგრამ გადავრჩით. დაღლილია უკვე, თან იქ ყოველდღე მილეთის ხალხი დადის და მათი ყურების თავიც აღარ აქვს. მის გვერდით „სურვილების აუზია“. სურვილების, რომ იყო, ეგ მერეღა გავიგე, ამიტომ ხუმრობით ვიტყვი, უეჭველი მისაბრუნებელი ვარ, სურვილი, რომ ჩავიფიქრო. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე წყალსაცავი აქტიური იყო, შემდეგ მიატოვეს და ძლიერ დაბინძურდა. მხოლოდ 1987 წლიდან გაწმინდეს და მუზეუმად გადააკეთეს.

ჰოდა, თხრობას ზუსტად იმ ადგილიდან ვიწყებ, წყალსაცავიდან გამოსული კვლავ გულჰანეს ბაღში, რომ შევდივარ, სადაც თითქოს გრილა, მაგრამ წყალსაცავთან შედარებით ცხელა.

ბაღში სეირნობის დრო არ არის, საზაფხულო სკოლის მორიგი ლექცია იწყება. საუბარი სწორედ მედუზას თავზეა, უფრო სწორედ, იმ შადრევნებზე, რომლებსაც მედუზას თავი ამშვენებს. პრეზენტაციის სლაიდებში ალ-ჯაზარის მიერ გაკეთებული მედუზას თავის ჩანახატებიც გვაჩვენეს და იქვე აღნიშნეს, რომ ცნობილი ინჟინერი იყო (ისლამური ძველი პერიოდის ცნობილი ინჟინერი იყო და ოთხმოცამდე შადრევანი დააპროექტა). ხატვისას თურმე, ძირითადად გალისგან (ალეპოს მუხის კაკალსაც ეძახიან) დამზადებულ მელანს იყენებდა.  ისლამური ალქიმიის პერიოდში მელნის დამზადების უამრავი რეცეპტი არსებობდა, თუმცა ხელნაწერებში ერთ-ერთი პოპულარული რეცეპტი ხის კორძის, იგივე გალისგან დამზადებული მელანია. უფრო მეტიც მეხუთე საუკუნიდან დაწყებული, მთელი მეცხრამეტე საუკუნე გამოიყენებოდა.

მელნის შესახებ ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ ლექსიკონში ვკითხულობთ: უძველესი საწერი საშუალება. ერთგვარი სითხე, რომელიც მზადდებოდა სხვადასხვა ტიპის ორგანული და არაორგანული ნივთიერებებისგან. ადამიანები ფლობდნენ მელნის დამზადების სხვადასხვა ხერხს. მელანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელნაწერთა დაცვა-შენარჩუნებისთვის, ამიტომ ისეთი მელნის დამზადებას ცდილობდნენ, რომელიც დროსაც და ბუნებრივ პირობებსაც კარგად გაუძლებდა. საგულისხმოა, რომ მცხეთაში აღმოჩენილ იქნა ელინისტური ხანის სამელნე და საწერკალმები, რაც იბერიის სამწერლობო საქმიანობის უეჭველ დადასტურებას წარმოადგენს.

აქაც და იქაც მელნის დამზადების ერთი გავრცელებული ხერხი ყოფილა.

იმდროინდელი მელანი ძირითადად ტანინის მჟავას და რკინის (II) სულფატის ურთიერთქმედებით მზადდება, თუმცა რკინის სხვა მარილებიც გამოიყენება. ტანინის მჟავა პოლიფენოლი გახლავთ, გლუკოზის პოლიგალოლების ნაშთს შეიცავს და   ფორმულაა C76H52O46. ის ყვითლიდან ყავისფერში გადასულ ამორფულ ფხვნილს წარმოადგენს, 2850 გრამი იხსნება ერთ ლიტრ წყალში (1,7 მოლი). თავად მჟავას ხის კორძისგან, გალისგან (კაკლისგან) გამოყოფენ და ზოგჯერ ჰალის მჟავათიც მოიხსენიებენ. მედიცინაში კი პერუს ბალზამის სახელით შეხვდებით და ძირითადად სხვადასხვა მალამოებს ამზადებენ. ტანინის მჟავის და რკინის (II) სულფატის ურთიერთქმედებით რკინის ტანატის კომპლექს-ნაერთი წარმოიქმნება.  გაფილტვრის შედეგად  რუხიდან შავ ფერში გადასულ (კონცენტრაციის მიხედვით) სითხეს ვღებულობთ, რომელიც მელანს წარმოადგენს და სხვა მელნისგან განსხვავებით (მაგ. ინდური მელანი) მდგრადია. წყალში ხსნადობის გამო შეუძლია ქაღალდის ზედაპირში შეაღწიოს და მისი წაშლა რთული ხდება. რკინა-ტანინის პიგმენტი ცელულოზას ბოჭკოებთან არ წარმოქმნის ქიმიურ ბმებს. ის მჭიდროდ ეკვრის ქაღალდს, ოღონდ უფრო მექანიკურად. ეს უფრო გაშრობის შემდეგ ხდება, როცა პიგმენტი ფაქტობრივად ცელულოზას ბოჭკოებში „იხლართება“.

ჟანგბადის თანაობისას რკინის ტანატის პიგმენტი წარმოიქმნება, ეს უკვე წყალში უხსნადი გახლავთ და ასეთი მელნით დაწერილი ტექსტი ან შესრულებული ჩანახატი წყლითაც ვერ ჩამოირეცხება.

დაწერილი ტექსტი ნელ-ნელა მუქდება, რადგან ჰაერის ჟანგბადის მეშვეობით Fe+2 Fe+3-მდე იჟანგება. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჭურჭელი, სადაც  მელანი ინახება, კარგად უნდა იყოს თავდაცობილი. რადგან, თუ ჭურჭელში ჰაერი შეიპარა, წარმოქმნილი Fe+3 იონი დროთა განმავლობაში მელანში არსებულ ტანინის მჟავას ან მის წარმოებულებს პოლიმერულ ორგანო-მეტალურ ნაერთებად გარდაქმნის.

ჰალის მჟავა, იგივე ტანინის მჟავა ახლა იყიდება გამზადებული, თორემ ისლამური ალქიმიის დროს სად იყო. ამიტომ, მელნის დამზადებამდე სწორედ ჰალის მჟავა უნდა მიეღოთ. ამას, ჰალის გალებისგან/კაკლებისგან აკეთებდნენ. კარგად დანაყავდნენ და შემდეგ 4-5 კვირის განმავლობაში 26 გრადუსზე აშრობდნენ. შედეგად, წარმოიქმნებოდა ობნარევი მასა, რომელსაც პრესავდნენ და მდუღარე წყალში ათავსებდნენ. გარკვეული ხნის დუღილის და აორთქლების შემდეგ, ღებულობდნენ შესაბამის მჟავას. ზოგიერთ წყაროში რკინის მარილების ნაცვლად სპილენძის მარილების დამატებაზეა საუბარი.

მაიკლ დე ჩამპნორმა და მ. მალეპეიერმა 1862  „ქიმიის ლექსიკონში“ შემდეგი რეცეპტი გამოაქვეყნეს:

ალეპოს მუხის გალები/ კაკლები (დაჩეჩქვილი) – 8 უნცია (226.796 გრამი);

შავი სანდალოზის ხის ქერქი – 4 უნცია;

რკინის სულფატი – 4 უნცია;

აკაციის ფისი – გუმი არაბიკუსი – 3 უნცია;

სპილენძის სულფატი – 1 უნცია;

კრისტალური შაქარი – 1 უნცია.

ჰალის კაკლები ადუღეთ 5 ლიტრ წყალში ერთი საათის განმავლობაში. ან, სანამ წყლის ნახევარი არ აორთქლდება. მიღებული ხსნარი გავფილტროთ და ფილტრატს დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, სანამ ბლანტ სითხეს არ მივიღებთ. დავტოვოთ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ მუქ ჭურჭელში ჩავასხათ, კარგად მოვარგოთ სახურავი და შევინახოთ.

ვინმე ჯოზეფ ჰორსლი შემდეგ რეცეპტს გვთავაზობს (Chemicalo News; 1862):

ფაიფურის როდინში გასრისეთ 36 ცალი კაკალი, ჩადეთ ჭურჭელში, სადაც იმავე ხის ქერქის ნაყენია სამი ლიტრი და დაამატეთ ერთი უნცია (1უნცია=28.3495გრ.) კონცენტრირებული ამიაკი. შემდეგ, ერთი უნცია რკინის სულფატი გახსენით ერთ ნახევარ უნცია გამოხდილ წყალში (შეიძლება გათბობა დაგჭირდეთ), კარგად მოურიეთ და უკვე დამზადებულ ნარევს შეურიეთ. მცირე ხნით დააყოვნეთ და თქვენი მელანი მზად იქნება. ამგვარად დამზადებული მელანი გამჭირვალეა, ნალექის და შესქელების გარეშე. ოღონდ, ცხიმიან ქაღალდზე საწერად არ გამოდგება.

კიდევ ერთი რეცეპტი შემდეგნაირია: ფაიფურის როდინში გასრისეთ 4 უნცია (1უნცია=28.3495გრ.) ალეპოს მუხის კაკალი (გალები), დაამატეთ ერთი უნცია იმავე ხის დამტვრეული ქერქი და დაასხით 3 პინტა ( pints; 1 პინტა-1.41953ლ.) რბილი წყალი. ნელა ადუღეთ, სანამ არ განახევრდება. შემდეგ,  დაამატეთ რკინის სულფატის 2 უნცია, შაბიამანი ან სპილენძის კარბონატის (ეს უკანასკნელი უკეთესია) 1/2 უნცია,  აკაციის ფისი/გუმი არაბიკუსი 2 უნცია და ყავისფერი შაქარი, ასევე, 2 უნცია. კარგად შეანჯღრიეთ და დატოვეთ ერთი კვირით. შემდეგ გაფილტრეთ და ოდნავ სპირტი დაუმატეთ, მელანი მზად არის.

ალ-ჯაზარის მედუზას თავიან შადრევნებზე საუბრის შემდეგ ერთ-ერთი შადრევნის იმიტაცია უნდა გვაჩვენონ. მეცნიერების ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებს დაუმზადებიათ და აგერ ახლა ბორბლებზე ამხედრებული მაკეტი, საგანგებოდ ჩვენთვის შემოაგორეს. პირველი კურსის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები რომ ყოფილიყვნენ, ვიტყოდი, ასეთი მაკეტი არ გეკადრებათ-მეთქი. თუმცა, მეცნიერების ისტორიის სტუდენტებისთვის, ურიგო სულაც არ არის, მედუზაც ადგილზეა და წყალიც ჩუხჩუხებს.

ჰო, მაკეტზე ალ ჯაზარის ამოჩემებული ფრაზაც წერია:

უკეთესი დღეები წინ არის!

 

 

   როგორ გავხადოთ გეოგრაფიის სწავლება სახალისო ინტერნეტრესურსების გამოყენებით 

0

ახალი მასალებისა და რესურსების  ძიება, განსაკუთრებით კი ინტერნეტრესურსების, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია გაკვეთილზე  ერთ-ერთი რთული პრობლემაა, რომელსაც გეოგრაფიის მასწავლებლები აწყდებიან. არადა, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ბაზარზე გეოგრაფიული შინაარსის  ბევრი კარგი თამაში და რესურსი არსებობს და მათი გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე თავისუფლად შეიძლება. ზოგიერთი მათგანი კარგი თვალსაჩინოებაა, ზოგი  კარგი მასალაა ახალი ინფორმაციის მისაწოდებლად, ზოგი მოტივაციის გასაძლიერებლად და  ზოგიც განვლილი მასალის განსამტკიცებლად.  განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

GOOGLE EARTH ყველაზე გავრცელებული და მოხმარებადი საიტია.  იგი მომხმარებელს  საშუალებას აძლევს ვირტუალურად იმოგზაუროს არა მარტო ჩვენი პლანეტის გარშემო, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. GOOGLE ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია  გამოვიკვლიოთ ისტორიული ობიექტები, მეგაპოლისების ცხოვრება, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის ლანდშაფტები, თავი ამოყოთ ჯუნგლებში, ოკეანის ფსკერზე და ღია კოსმოსშიც კი. ამის  გაკეთება კი სულ მარტივად  შეიძლება: საკმარისია მხოლოდ რუკის მასშტაბის გადიდება ან  თქვენთვის საინტერესო გეოგრაფიული ადგილის ჩაწერა ძიების ველში, რომ აღმოჩენებიც დაიწყება.    https://www.google.com/earth/

EARTHVIEWER უფასო საიტია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დავადგინოთ, როგორ გამოიყურებოდა ჩვენი პლანეტა მილიარდი წლის წინ. ეს ნამდვილი დროის მანქანაა, რომელიც პატარა მკვლევრებს იმ დროში გადაიყვანს, როცა გრენლანდიის ვულკანების ფორმირება ხდებოდა; აჩვენებს როგორ იცვლებოდა კლიმატი და ლანდშაფტი ან როგორ  წარმოიქმნა და  განვითარდა  თანამედროვე ქალაქები. რუკაზე აღნიშნული თითოეული ობიექტი  ისტორიულ და გეოლოგიურ ცნობას შეიცავს. საიტი ინგლისურენოვანია.   https://www.hhmi.org/biointeractive/earthviewer-online-and-downloadable-version

National Geographic-ის მსოფლიო ატლასი  – NATIONAL GEOGRAPHIC WORLD ATLAS არაჩვეულებრივი, დაწვრილებითი და ინტერაქტიური საშუალებაა, რომელსაც მთლიანად შეუძლია შეცვალოს ქაღალდის რუკა. რუკებს აქვს გრადუსთა ბადე, რაც საშუალებას იძლევა  ნებისმიერი გეოგრაფიული ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობა განისაზღვროს.  ასევე  შესაძლებელია ნებისმიერი ობიექტის  დათვალიერება თანამგზავრიდან. თითოეულ ქვეყანას  თან ახლავს დეტალური ინფორმაცია მოსახლეობის, ისტორიის, კლიმატის, ეკონომიკის  შესახებ. NATIONAL GEOGRAPHIC WORLD ATLAS მსოფლიოს მთავარი გეოგრაფიული ბიუროს ოფიციალური ატლასია. https://kids.nationalgeographic.com/world/.

GEOMASTER PLUS საიტია, რომელიც  ძალიან დინამიკურ თამაშს გვთავაზობს ქვეყნების, დედაქალაქების,  მათი ძირითადი ღირშესანიშნაობების და დროშების შესახებ.  საიტი  იძლევა რომელიმე გეოგრაფიული ობიექტის დასახელებას,  რომელიც მოსწავლემ მოცემულ რუკაზე უნდა მოძებნოს  და პირობითი ნიშნით აღნიშნოს. ამისათვის მას  გარკვეული დროის რეჟიმი აქვს მიცემული. ვიქტორინის შემდეგ დონეზე გადასასვლელად საჭიროა ქულების დაგროვება. ასეთი თამაშ-ვიქტორინა ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებას.

საიტი WHERE IS THAT წარმოადგენს მეტად აქტიურ ვიქტორინას, სადაც თამაში რამდენიმე მომხმარებელს  ერთდროულად შეუძლია. თამაშისას მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მცირე დროში, რუკაზე აჩვენოთ დასახელებული გეოგრაფიული ობიექტი. ობიექტი კი შეიძლება იყოს, როგორც რომელიმე სახელმწიფო, ისე  დედაქალაქი, ცნობილი ცათამბჯენი ან ქედი.  თითოეული ეს ობიექტი მიბმულია ვიკიპედიის შესაბამის სტატიასთან, რაც ცოდნის მიღების  კარგი და მარტივი  საშუალებაა. https://itunes.apple.com/us/app/what-is-there-learn-geography/id660164295?mt=8

საიტი GEOGRAPHY LEARNING GAME გთავაზობთ თამაშ-ვიქტორინას, რომელიც  გეოგრაფიული ობიექტების ფართო სპექტრს მოიცავს: მდინარეებს, მთებს, ტბებს ზღვებს, კუნძულებს, ყურეებს, არხებს, უდაბნოებს და სხვ. ფიზიკური რუკის შესწავლის გარდა, ამ საიტზე ასევე შესაძლებელია პოლიტიკურ რუკაზეც მუშაობა და ქვეყნების, მათი დედაქალაქებისა და დროშების შესწავლა. თამაშის პრინციპია გეოგრაფიული ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრით ქულების დაგროვება და შემდეგ დონეზე გადასვლა. https://world-geography-games.com/

დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საიტი ANSEL & CLAIR’S ADVENTURES IN AFRICA ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო საიტია, სადაც ისინი მხიარულ და მეგობრულ გალაქტიკათა შორის ფოტოგრაფ ანსელთან და ვირტუოზების პლანეტის რობოტ კლერთან ერთად  ეცნობიან და სწავლობენ გეოგრაფიული და ისტორიული მეცნიერების საფუძვლებს.  ეს შემეცნებითი თამაში ინგლისურენოვანია, რაც მოსწავლეებს ამ ენის უკეთ შესწავლაშიც დაეხმარება.   https://www.commonsensemedia.org/app-reviews/ansel-and-clairs-adventures-in-africa

STACK THE COUNTRIES ასევე ინგლისურენოვანი საიტია, სადაც ფლეშ-ბარათის საშუალებით  მოსწავლეები ადვილად იმახსოვრებენ კონტინენტების, ქვეყნებისა და დედაქალაქების  სახელწოდებებს. ბარათებზე მუშაობის შემდეგ  მათ შეუძლიათ აირჩიონ სამიდან ერთი თამაში: Stack the Countries (ტეტრისის მსგავსი თამაში, სადაც რომელიმე ქვეყნის ფორმის მსგავსი აგურები ადგილზე მხოლოდ სწორი პასუხის შემთხვევაში დგებიან), Map It (სადაც რომელიმე გეოგრაფიული ობიექტი უნდა მოძებნონ რუკაზე), и Pile Up (თამაში რეაქციაზე ტაიმერით).  მასწავლებელს შეუძლია  შესასწავლი თემები დამოუკიდებლად დააყენოს და შემდეგ თვალყური ადევნოს მოსწავლეების  წარმატებებს. https://www.commonsensemedia.org/app-reviews/stack-the-countries

საიტი GEOGUESSR 2013 წელს ძალიან პოპულარული გახდა. საიტის  ჩანაფიქრი მარტივია: მოსწავლე ხედავს ადგილმდებარეობის სურათს, რომელიც გადაღებულია Google Street View-ის ტექნოლოგიის დახმარებით. საიტის გამოყენებით მოსწავლეს შეუძლია აღმოჩნდეს იქ, სადაც მოესურვება: ევროპის პატარა ქალაქში ან ყაზახეთის უდაბნოს გზაზე და ცოტა იხეტიალოს კიდეც.  მთავარია, მან გამოიცნოს, პლანეტის რომელ წერტილში იმყოფება. ორიენტირებად კი მას გამოადგება პეიზაჟის თავისებურებები, საგზაო ნიშნები, შორიდან დანახული  ღირშესანიშნაობები, კადრში მოხვედრილი ცხოველები, ადამიანები ან ავტომობილები. რაც უფრო ზუსტად გამოიცნობს ადგილს, მით მეტ ქულას აგროვებს. საიტი არაჩვეულებრივი რესურსია  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად და ახალი ინფორმაციის მისაღებად. https://geoguessr.com/

 

 

 

ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ – ს  კიდევ ერთი წარმატება და კონკურსის  გამარჯვებული ავტორი

0

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი შშმ პირთა უფლებების დაცვის თემაზე გამოცხადებული ჟურნალისტთა ნამუშევრების კონკურსში, ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე  გამოქვეყნებულმა სტატიამ  და ავტორმა, თეონა ბექიშვილმა გაიმარჯვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კონკურსის  მიზანი იყო შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთა  უნიკალური  შესაძლებლობების  პოპულარიზაცია საზოგადოებაში, მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება და ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესება შშმ პირთა საკითხებში.

კონკურსი ასევე ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის და მისი იმპლემენტაციის, საქართველოში მცხოვრები შშმ პირთა თანასწორუფლებიანობის  უზრუნველყოფის  (განათლება,  დასაქმება,  გარემოს  ხელმისაწვდომობა  და სხვა) კუთხით არსებული მდგომარეობის, საჭირობებისა და გამოწვევების შესახებ.

კონკურსი ოთხი გამარჯვებული ნომინაციის გამოვლენას ემსახურებოდა: 1. საუკეთესო სატელევიზიო გადაცემის ავტორი; 2. საუკეთესო რადიო–გადაცემის ავტორი; 3. საუკეთესო ბეჭდური მედია ნამუშევრის ავტორი; 4.  საუკეთესო ინტერნეტ (ონ–ლაინ) მედია ნამუშევრის ავტორი.

2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, კონკურსის ფარგლებში 37მა ჟურნალისტმა 77 ნამუშევარი წარმოადგინა, რომლებიც 5 მედია ექპერტით დაკომპლექტებულმა კომისიამ განიხილა და გამოავლინდა  ოთხი გამარჯვებული შემდეგ ნომინაციაში:

საუკეთესო ინტერნეტ მედია ნამუშევრის ავტორად დასახელდა თეონა ბექიშვილიინტერნერ ჟურნალი maswavlebeli.ge

ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება  და ლობირება“ ფარგლებში.

ვულოცავთ თეონა ბექიშვილს წარმატებას და გამარჯვებული სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ :

გამარჯვებული სტატია

რამდენიმე საინტერესო ფსიქოლოგიური ეფექტი

0

მეთოდოლოგიურ თუ საგნობრივ ცოდნასთან ერთად თანამედროვე მასწავლებელი ფსიქოლოგიის საფუძვლებსაც უნდა იცნობდეს, რათა შეძლოს მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება და მიაღწიოს დასახულ სასწავლო მიზნებს. აღნიშნული ცოდნა მნიშნელოვანია არამხოლოდ საგნობრივი კომპეტენციის ამაღლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის პრაქტიკაში განსახორციელებლადაც. ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ფსიქოლოგიურ ეფექტს, რომლის ცოდნა მასწავლებელს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება.

Stroop effect (სტრუპ ეფექტი) – ფაქტობრივად შეუძლებელია დავინახოთ წარწერა და არ წავიკითხოთ ის. აღნიშნული პროცესი თავის ტვინში ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ეს ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ეფექტია ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, რომელიც ინფორმაციის გადამუშავების დროს გვხვდება და მეხსიერების ავტომატურ ფუნქციონირებასთან ერთად ყურადღების კონცენტრირებასაც მოითხოვს. ფენომენი პირველად მსოფლიო ყურადღების ცენტრში 1935 წელს ჯონ რიდლი სტრუპის კვლევის შედეგად მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტის კვლევით რამდენიმე წლით ადრე გერმანელი ფსიქოლოგები იყვნენ დაკავებული. აღნიშნული გამოქვეყნების შემდეგ Stroop effect-ის კვლევის ასობით ვარიაცია ჩატარდა. კლასიკური Stoop ტესტი შედგება სამი დავალებისგან:

  1. კვლევაში მონაწილე პირები იღებენ ფურცელს, რომელზედაც შავი მელნით დაბეჭდილი (ან დაწერილია) ფერების ჩამონათვალი. მათ შეძლებისდაგვარად სწრაფად და უშეცდომოდ უნდა წაიკითხონ ფურცელზე არსებული ტექსტი.
  2. კვლევაში მონაწილე პირები იღებენ ფურცელს, რომელზეც ფერადი მელნით დაბეჭდილია ფერების ჩამონათვალი. დავალების შინაარსიც იგივეა – სწრაფად და უშეცდომოდ წაიკითხონ ტექსტი. მაგ: სიტყვა „მწვანე“ დაბეჭდილია წითლად. ამ შემთხვევაში სწორი პასუხია მწვანე.
  3. კვლევაში მონაწილე პირები იღებენ ფურცელს, რომელზეც დაბეჭდილია ფერების ჩამონათვალი ფერადი მელნით. ტექსტი და ფერები ერთმანეთს არ ემთხვევა. მათ შეძლებისდაგვარად სწრაფად და უშეცდომოდ უნდა დაასახელონ ის ფერი, რომლითაც სიტყვაა დაბეჭდილი. მაგ: „მწვანე“ დაბეჭდილია წითლად, ამ შემთხვევაში სწორი პასუხია წითელი.

მრავალმხრივი ექსპერიმენტების შედეგი მუდამ ერთი და იგივეა – ექსპერიმენტული ჯგუფის მონაწილეები მესამე დავალების შესრულებას დაახლოებით ორჯერ მეტ დროს ანდომებენ და ბევრად მეტ შეცდომებს უშვებენ, ვიდრე პირველი და მეორე დავალების შესრულებისას. მკვლევრების აზრით, საქმე ინფორმაციის გადამუშავებისა და მეხსიერების ავტომატიზებულ პროცესებშია. კითხვა, ფერები და სხვა მრავალი გარემოება ადამიანის გონებაში მრავალმხრივი „ვარჯიშის“ შედეგად ავტომატიზებულია. შესაბამისად, საპირისპირო რეალობის დადგომისას, როდესაც ყურადღების კონცენტრირებაა აუცილებელი, ადგილი აქვს ერთგვარ კონფლიქტს და არ შეგვიძლია ისევე სწრაფად მოვახდინოთ ორივე სფეროზე რეაგირება, როგორც ამას სხვა შემთხვევაში გავაკეთებდით – ანუ არ შეგვიძლია ორი მოქმედების ერთდროულად შესრულება (Multitaking), რომელიც ყურადღების კონცენტრირებას და მეხსიერების არაავტომატიზებული პროცესების გააქტიურებას მოითხოვს. მსგავსი კლასიკური მაგალითია ავტომანქანის მართვა და მობილურით საუბარი. Strayer და  Johnston (2001) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ მანქანის მართვისას მობილურით საუბარი იწვევს საავარიო სიტუაციების დროს დამუხრუჭების შენელებას, რადგან ადამიანის გონებას არ შეუძლია სწრაფად მოახდინოს რეაგირება მაშინ, როდესაც ტვინში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები მონაცვლეობით აქტივირდება, ხოლო ზეწოლის შემთხვევაში იკლებს რეაგირების სისწრაფე.

Stroop ტესტის მრავალი ვარიაცია არსებობს, როგორც ციფრებით ასევე ფერებით. შედეგი დაახლოებით მსგავსია, რაც კლასიკურ შემთხვევაში – რეაგირების დრო იზრდება მაშინ, როდესაც წარმოიქმნება, ე.წ. „კონფლიქტი“ მეხსიერების ავტომატიზებულ პროცესებსა და ყურადღებას შორის.

Coctailparty-Effekt – კოქტეილ-ფართი ეფექტი, წარმოაჩენს ადამიანის შესაძლებლობას სმენის საშუალებით მიიღოს ინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე წყაროდან. მაგალითად, წარმოვიდგინოთ წვეულება, სადაც ადამიანთა ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საუბრობენ. ჩვენც ერთ-ერთი მათგანის წევრი ვართ და მთლიანად ვართ ჩართული ჯგუფს შიდა დისკუსიაში. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენგან მოშორებით მდგომი ადამიანები დაასახელებენ იმ სიტყვებს, რომლებიც გვეხება (სახელი, გვარი, პიროვნების დამახასიათებელი ნიშან-თვისება და ა.შ.), მაშინვე „ვიჭერთ“ არსებულ სიგნალებს. ეფექტის წარმოსაქმნელად აუცილებელი არაა მხოლოდ ისეთ ინფორმაციაზე ფოკუსირება, რომელიც გვეხება. ჩვენი ყურადღება შეიძლება მეზობელ ჯგუფში ნათქვამმა ნებისმიერმა სიტყვამ მიიპყროს. აღნიშნული ეფექტი წარმოაჩენს ყურადღების ერთ-ერთ მახასიათებელს. აკუსტიკური ნიშნის „დაჭერის“ შემდეგ ჩვენ გაუცნობიერებლად ვახდენთ მასზე ფოკუსირებას.

Weapons Effect – ცნობილი ექსპერიმენტული კვლევის შედეგად გამოვლენილი ეფექტი (Barkowitz & LePaga, 1967). მკვლევრებმა კვლევაში ჩართულ მამაკაცებს შესთავაზეს არჩევანი – სამუშაო პირობებში გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში სხვა კვლევაში ჩართული პირი (თანამშრომელი) დაესაჯათ ელექტრული შოკით. კვლევამ აჩვენა, რომ შეთავაზებული ალტერნატივა მამაკაცებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეს, როდესაც თავს საფრთხის ქვეშ გრძნობდნენ. მაგალითად, თუ მათ სიახლოვეს იყო რევოლვერი ან ნებისმიერი ნივთი, რომელიც აღიქმებოდა როგორც იარაღი. მკვლევრებმა ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბეს თეორია, რომ აგრესიული ქმედება ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია გამოწვეული იყოს გარემოსაგან მიღებული სიგნალების შედეგად. საფრთხის აღქმის შემთხვევაში იზრდება აგრესიული ქმედების ალბათობა. აღნიშნული ეფექტის კვლევა აქტიურად გაგრძელდა სხვა მკვლევრების მიერ, თუმცა მრავალი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა.

Hawthorne Effect – 1939 წელს, Roehlisbergerდა Dickson-ის მიერ ჩატარებული კვლევა ამერიკულ საწარმოში. კვლევის მიზანი იყო, დაედგინა, რას შეეძლო გამოეწვია თანამშრომლების პროდუქტიულობის ამაღლება. კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად მენეჯმენტის მხრიდან გატარებული პოზიტიური თუ ნეგატიური ღონისძიებებისა, თანამშრომელთა პროდუქტიულობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი კვლევისა და დაკვირვების პროცესში იზრდებოდა. ამ აღმოჩენამ ექსპერტები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ადამიანები დაკვირვების დროს ცვლიან თავიანთ ქმედებებს – იციან რა კვლევის მიზნები – მათი სამუშაოს შეფასება. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ დატოვონ კარგი შთაბეჭდილება და მიუხედავად გარემო პირობებისა, ცდილობენ კარგად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა.

აღნიშნული ფსიქოლოგიური ეფექტები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ბავშვის ქცევა დაკვირვების დროს, რამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესია, ყურადღების გაფანტვა და რატომ შეიძლება ბევრ მოსწავლეს კონკრეტული დავალებების შესრულებისას დასჭირდეს ბევრად მეტი დრო. ამ ყველაფრის გათვალისწინება აუცილებლად დაეხმარება მასწავლებელს ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

თამთა კობახიძე

 

 

გარდატეხის ასაკი

0

(ნაწილი მეორე)

 

„გარდატეხის ასაკი“- „კრიტიკული ასაკი“, როგორც გენებოთ ისე დაუძახეთ. სიმართლე გითხრათ, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ვფიქრობ, მთავარია გავერკვეთ მოვლენის არსში. სტატიის პირველ ნაწილში უკვე აღვნიშნე, რომ უფროსებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, გააცნობიერონ მოვლენის მექანიზმი. მშობლები/აღმზრდელები უნდა შეეცადონ იმის გარკვევას, რატომ იცვლება მათი შვილების/აღსაზრდელების ქცევა გარკვეულ ასაკში და, რაც მთავარია, როგორ უნდა შეიცვალოს თავად უფროსების დამოკიდებულება და ქცევა ამ მოვლენასთან მიმართებაში.

მოდით, ვცადოთ, გავარკვიოთ „ვინ არის დამნაშავე“ და „რა უნდა მოვიმოქმედოთ უფროსებმა“.

მინდა მოკლედ აღვწერო, ე.წ. ფიზიოლოგიური ფაქტორების გავლენა ამ მოვლენაზე: გოგონები დაახლოებით 10-13, ბიჭები კი – 12-15 წლის ასაკში სქესობრივ მომწიფებას იწყებენ. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ამ დროს ვლინდება სერიოზული ცვლილებები ენდოკრინულ სისტემაში. მოზარდები მატულობენ სიმაღლეში, ზოგ შემთხვევაში მატულობს სხეულის წონაც, ჩნდება მეორადი სასქესო ნიშნები. ამ პერიოდში შეიმჩნევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთგვარი გარდაქმნაც, მოზარდების მოძრაობა შესაძლებელია მცირედ დაირღვეს, ანუ ბავშვები თითქოს ხდებიან  „მოუხერხებლები“. ექიმები გვიხსნიან, რომ სიმაღლეში სწრაფი ზრდა შესაძლებელია გულის მუშაობის სერიოზული დატვირთვის მიზეზად იქცეს. მოზარდებს ეწყებათ გულის აჩქარება, არტერიული წნევის მატება, თავბრუსხვევები, გადაღლილობის შეგრძნება. ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს შორის ირღვევა ბალანსი, რადგან ეს უკანასკნელი სქესობრივი მომწიფების პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ეს ყველაფერი ერთად კი აისახება მოზარდის შინაგან მდგომარეობაზე, მის ხასიათსა და გუნება-განწყობაზე. ხშირად, მოზარდები სწრაფად ღიზიანდებიან, აღგზნებული ან აპათიური ხდებიან.

კიდევ ერთხელ იმიტომ დამჭირდა მოზარდების ამ მძიმე მდგომარეობის შეხსენება მშობლებისა და აღმზრდელებისათვის, რომ ამ პერიოდში მოზარდებს სჭირდებათ უფროსებისაგან ამ მდგომარეობის ახსნა-განმარტება მათთვის გასაგებ ენაზე.

„კრიზისულ ასაკში“ მოზარდებში იწყება საკუთარი „მეს“ გადაფასება. მათ ეწყებათ, ასე ვთქვათ, „დიდიობის პერიოდი“ .

  • „ბავშვი კი აღარ ვარ, რომ სულ ჭკუას მასწავლით“;
  • „მე თვითონ შემიძლია გადავწყვიტო რა ვჭამო და რა ჩავიცვა“;
  • „ძალიან გთხოვთ, ხშირად ნუ დამირეკავთ. რამდენჯერ უნდა შემახსენოთ, რომ სახლში დაბრუნების დროა?“
  • „მე უკვე დიდი ვარ და ძალიან გთხოვთ, გამუდმებით ნუ მიმეორებთ, რა ვაკეთო და რა – არა, დავიღალე უკვე ამდენი შენიშვნებისაგან“;
  • „და საერთოდ, ნუ ერევით ჩემს საქმეებში“.

 

მსგავსი ფრაზები თქვენც მოგისმენიათ? რა თქმა უნდა, თქვენ ხომ მოზარდის მშობელი ხართ.

მას უნდა, რომ თანასწორივით მოექცეთ, რადგან „გრძნობს, რომ უკვე დიდია და ამას იმსახურებს“. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მშობლების უმეტესობას უჭირს შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება უცაბედად, მათთვის მოულოდნელად „გაზრდილი“ შვილის მიმართ. ნამდვილად არ არის ადვილი მშობლისათვის, რომელსაც მიჩნია, რომ მისი შვილი ჯერ ისევ პატარა ბავშვია და მასზე უნდა იზრუნოს, შეეგუოს იმას, რომ შვილმა გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს რეალობა იწვევს კონფლიქტს მოზარდსა და უფროსებს შორის.

 

მოდით, ახლა ერთ-ერთი პრაქტიკოსი ფსიქოლოგის, ირინა მილიუტინას განსხვავებულ მოსაზრებას გავეცნოთ:

 

„მე საერთოდ არ მივიჩნევ ამას პრობლემად. ეს ცხოვრებაა. უბრალოდ ბავშები რაღაც გამოსავალს პოულობენ სიტუაციიდან. უფროსებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, სწავლისადმი ინტერესის დაკარგვა, სახლიდან წასვლა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გამოყენება (ესეც სახლიდან წასვლის ერთგვარი სახეცვლილებაა) – ეს ყველაფერი მოზარდების რეაგირების, პროტესტის ფორმაა მათთვის თავსმოხვეული თამაშის წესების წინააღმდეგ. როდესაც ბავშვები ცუდად იქცევიან, მათ სურთ, ყურადღება მიიქციონ. 12-14 წლის ასაკის ჩვენი შვილები სიმაღლეში თითქმის უტოლდებიან საკუთრ მშობლებს, რაც მათ აფიქრებინებს, რომ უფროსებთან ურთიერთობაში უკვე თანასწორი უნდა იყვნენ. მშობლები კი ვერაფრით აღწევენ თავს სტერეოტიპებს. ისინი მოზარდს ისევ პატარა ბავშვივით ექცევიან. სინამდვილეში, თუ უფროსებს არ სურთ, გააღვივონ კონფლიქტი, აუცილებელია ესმოდეთ მოზარდის მდგომარეობა და შეეცადონ დაეხმარონ მას წარმოქმნილი სიძნელეების დაძლევაში.

 

თუ მოზარდი გრძნობს, რომ მას სიყვარულით და მზრუნველობით ექცევიან, მაშინ მისი თვითშეფასება  რეალობის ადეკვატური იქნება. ის ოჯახში თავს კომფორტულად იგრძნობს და არ ექნება, ე.წ. „გარდატეხის ასაკის“ პრობლემები. იქ, სადაც თავს იჩენს ასაკობრივი პრობლემები, ნიშნავს, რომ რაღაც არ არის წესრიგში, ამიტომ მშობლებმა უნდა სცადონ შვილის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. ბავშვის აღზრდის პროცესი – საკუთარი თვიდან უნდა დავიწყოთ“.

 

„გარდატეხის ასაკი“, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მოზარდების სწავლისადმი ინტერესის დაქვეითების და ზოგ შემთხვევაში, პრაქტიკულად სრულად დაკარგვის გამო იქცევა ყველაზე მძიმე პერიოდად მშობლების ცხოვრებაში. მშობლებისათვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ სწავლობს მათი შვილი, დღეს ყველა აცნობიერებს, რომ სწორედ სწავლაზეა დამოკიდებული მისი შვილის მომავალი წარმატებული ცხოვრება და მშობლის „მშვიდი სიბერე“.

 

ეს კრიტიკული ასაკი სწორედ აქ იჩენს თავს და აძლიერებს მოზარდებსა და უფროსებს შორის „ღირებულებით“ კონფლიქტს. მოზარდისათვის მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში მისი პირადი შეხედულება და უფროსების ვერავითარი გადარწმუნება მომავალი სასურველი პროფესიის უპირატესობებზე ვერ იქონიებს გავლენას მასზე.

 

„გარდატეხის ასაკზე“ საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით პედაგოგიურ შეცდომებზე საუბარს. „ცოდვა გამხელილი სჯობსო“ – უთქვამთ ჩვენს წინაპრებს და მართლაც არავისთვის არ არის სიახლე, რომ მასწავლებლები ზოგ შემთხვევაში არასწორად ექცევიან კრიტიკულ ასაკში მყოფ აღსაზრდელებს. მნიშვნელოვანია, უფროსები გაერკვნენ, საიდან მოდის მოზარდის „ცუდი ქცევა“. პედაგოგებმა კარგად იციან ამ „საზიზღარი ასაკის“ შესახებ და ხელიდან არ უშვებენ მომენტს, ყველაფერი მას გადააბრალონ.

 

  • „ყოველთვის ასეა ამ ასაკში. სწავლა აღარ უნდათ, აგრესიულები და უზრდელები ხდებიან“;
  • „იმდენ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“;
  • „არა უშავს, გაიზრდებიან და გადაუვლით ყველაფერი. საჭირო არ არის ზედმეტი ყურადღება, უფრო აუვარდება თავში, ამ ასაკში ბავშვებს ისედაც ყველა ანებივრებს“;
  • „ეგენი ბევრნი არიან, მე კიდევ ერთი და რამდენს უნდა გავწვდე? თანაც ყველას აქვს ეგ ასაკი და ყველა თავისებურად გამოხატავს“;
  • „რა ვიცი, ჩვენც ვიყავით მაგ ასაკში და არაფერი ზედმეტი არ გაგვიბედავს და ვერც გავბედავდით“.

 

ვფიქრობ, საკმარისი მაგალითები მოვიყვანე და მკითხველი მიხვდა, რის თქმაც მსურს. მოზარდებს ყველა მხრიდან „ვერგაგების“ კედელი ხვდებათ და ამიტომაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ საკუთრი ქცევით შესაძლებელია „შურისძიების აქტს“ ახორციელებენ.

მასწავლებლებს უმჯობესია ესმოდეთ, რომ საჭიროა მკვეთრი საზღვრები დააწესონ საკუთარ პრობლემებსა და მოზარდების პრობლემებს შორის, რათა არცერთი მხარის ინტერესები არ დაზარალდეს.

 

არსებობს ისეთი ცნება, როგორიც არის: „მშობლის რეაქცია შვილის ქცევაზე“.

 

  • „მაცადე, ხომ ხედავ საქმე მაქვს, შენ კი მაწყვეტინებ, არ შეგიძლია მერე მითხრა, რაც გინდა?“
  • მე არ შემიძლია ყოველთვის, როცა შენ მოინდომებ, მაშინვე შევასრულო შენი მოთხოვნები. დიდი ხარ უკვე და ამდენი უნდა გესმოდეს“.

 

ეს ის მაგალითებია, რომლებიც გვეუბნება, რომ არ ღირს მოზარდს იმედი გაუცრუოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მისთვის მნიშვნელოვან თემაზე აპირებდა საუბარს. ამ ასაკში ბავშვები ხომ ძალიან მგრძნობიარეები არიან, მათ ისედაც უჭირთ უფროსებისათვის საკუთარი განცდების გაზიარება და ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო აშორებს მოზარდებს უფროსებისაგან. თუ ბავშვი სახლში თავს ცუდად გრძნობს, ის ვერც გარეთ მოახერხებს საკუთარი თავისათვის „კომფორტის შექმნას“.

დასასრულ მინდა მეოცე საუკუნის გამოჩენილი კანადელი პედაგოგის პიტერ ლოურენსის ძალიან გონებამახვილური სიტყვები შეგახსენოთ:

„როდესაც ბოლოს და ბოლოს მიხვდები, რომ შენი მშობლები სიმართლეს გეუბნებოდნენ, აღმოაჩენ, რომ თავად ხარ მოზარდი შვილის მშობელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი მშობლები მუდამ ცდებიან“.

 

ქეთევან კობალაძე

 

ფაზლის პირველი დეტალები – გიორგის და დიანას კოლაბორაციული ტექსტი

0

თბილისის წიგნის ფესტივალზე, როგორც წესი, რამდენჯერმე მივდივარ ხოლმე – სხვადასხვა ამოცანებით; ბავშვებით, მეგობრებით, ან მათ გარეშე, შესაბამისად, აღჭურვილი. სანამ თბილისში ვცხოვრობდი, ყოველთვის მქონდა საკმარისი დრო, რიგიანად და მშვიდად გავცნობოდი ახალ ლიტერატურულ მოსავალს. წელს კი, მარტვილის გზაზე მდგარმა, ექსპო ჯორჯიას დასალაშქრად ნახევარი საათი თუ მოვიხელთე. ამჯერად მხოლოდ ქართული საბავშვო ლიტერატურით შემოვიფარგლე  და აღმოჩნდა, რომ დრო არათუ არ მეყო, საკმარისად დამრჩა. შარშანდელი ფესტივალის შემდეგ მხოლოდ სამი ახალი გამოცემა შეემატა ქართული საბავშვო ლიტერატურის ისედაც მოკრძალებულ  გამოცდილებას – ირმა მალაციძის „ექიმი კოდალა“, გიორგი  კეკელიძის „თომას ზღაპრები“ და სულ ახლახანს – დიანა ანფიმიადისა და გიორგი ბარბაქაძის „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“. ვარდისფერ-ცისფრებად აღაღანებული ნახევარფაბრიკატი თარგმანების – გოგონებისა და ბიჭების ბაფთა-ბორბლიანი სასაჩუქრე წიგნების მარათონში, თვით, საბავშვო ლიტერატურის პანთეონის ღვთაებებიც უხერხულად გრძნობდნენ თავს, ჩვენებური წიგნები კი ამ ფონზე ერთიორად დაუცველად  გამოიყურებოდნენ.

რადგან ახალია და ცხელია, თან მიზნობრივ აუდიტორიაზე – ჩემი ოჯახის ორ ყველაზე პრეტენზიულ და, ამასთანავე, განსხვავებული გემოვნების მკითხველზე გამოცდილი მაქვს, „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრებით“ დავიწყებ. ეს დიანა ანფიმიადის პირველი საბავშვო ტექსტია, სადაც მან საკუთარი შვილის – 5 წლის გიორგი ბარბაქაძის ნახატები თხრობით სიუჟეტებად აქცია.

წარმოსახვის ფართო შესაძლებლობებით, ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური თამაშებით, აქა-იქ გროტესკული სახეებით ეს წიგნი უფრო მეტად მსოფლიო კლასიკოსების – დონალდ ბისეტის, ასტრიდ ლინდგრენის, ანე-კატარინე ვესტლის – გამოცდილების გაგრძელებაა, ვიდრე – ქართული ტრადიციის. თუმცა დეკონსტრუქციული პათოსი / პოლიტიკა  – მოშალოს  ნორმატიული ჩარჩოები, მყარი და ტიპური ენობრივი კლიშეები, წიგნს ახალ სულს შთაბერავს და უნიკალური ენით აამეტყველებს. ვფიქრობ, ფილოსოფიით თუ წერის მანერით ამ წიგნს აქვს რესურსი, სრულიად ახალი ლიტერატურული გამოცდილების ათვლის წერტილი გახდეს.

მთხრობელი ცდილობს, ბავშვის პერსპექტივიდან აღწეროს ამბები, ჩაწვდეს მოვლენების აღქმისა და ინტერპრეტაციის მისეულ წესებს. ამ თვალსაზრისით, წიგნი არამხოლოდ წიგნად, სიტყვიერების ნიმუშადაა ღირებული, არამედ ის თანამედროვე ლიტერატურული პრაქტიკების – კოლაბორაციული წერის, ბიბლიოთერაპიის, არტთერაპიის განვითარებისთვის ყველა პირობას ქმნის. მეთოდი – შვილის / მეურვის / მოსწავლის / პაციენტის ნახატების ამეტყველება, ყველას შეუძლია გამოიყენოს. პრინციპი ეფექტურია ნებისმიერი პრობლემის რეფლექსიისა და მართვის საქმეში, განსაკუთრებით, იმ პატარებთან, რომლებიც მეტყველების სირთულეებს ეჭიდებიან.

დიანა წერს, გიორგი ხატავს. მისი თვითგამოხატვის  სტილია საკუთარი წარმოსახვების,  ფიქრებისა და განცდების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წესით სტრუქტურირება და ამ სტრუქტურების ვიზუალური რეპრეზენტაცია, ვიდრე საგანთა აღმნიშვნელების,  როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტების პრაგმატული გამოყენება. შემოქმედებითი მეთოდი ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თეორიას -ფსიქოანალიზსა და მის ტექნიკას – არტთერაპიას ეფუძნება. თერაპიის  რესურსია ყველაფერი,  რაც კი ადამიანმა ხატვისა და წერის პროცესში შეიძლება  გამოიყენოს, მასალიდან და უმცირესი მორფემებიდან – ფერი, ხაზი, დეტალი, ბგერა, სიტყვა – ვიდრე კომპლექსურ ფორმებამდე, ენობრივ კონსტრუქტებამდე და სიუჟეტურ კომპოზიციებამდე. ეს დასრულებული მეტაფორები გზავნილია არაცნობიერიდან, რაც ფსიქოანალიზის ინტერესის  ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენს – კაცი, ხე („კაცი და ხე“), ცალრქა ცხენები („ორი“) და რა თქმა უნდა, სახლები, კორპუსები, სასახლეები, რომლებიც, თითქმის, ყველა ტექსტში გვხვდება და  რომლებიც ყველა ნახატში ერთმანეთს უკავშირდებიან  – ხაზებით  თუ კიბეებით.

წიგნის დიდი პარადოქსია მსუბუქ, საბავშვო, მარტივ ენობრივ ქსოვილში შებურული ეგზისტენციური კითხვები და აქედან აღმოცენებული ტკივილები, ადამიანური შიშები, გატაცებები და აღმაფრენა. ვინ ვართ – საიდან „ვიწყებით“ და სად „ვმთავრდებით“, რა ვართ სხვისთვის, რას ნიშნავს „მე“ / „ჩვენ“ და სხვა  / სხვები. შემთხვევითი არ არის, რომ ონტოლოგიურ კითხვებს დედა-შვილი სვამს, რადგან თავად დედაშვილობის არქეტიპის გააზრება ამ კითხვებში ჩაღრმავების  ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

როგორებიც ვუყვარვართ, ისეთები ვართ („როგორ ვჩანვართ მთვარიდან“); „ზუსტი მხოლოდ  რომელიმე გეომეტრიული ფიგურაა,  ან – სიყვარული“. („ზუსტი“); „ორია, მაგრამ  ერთია“ („ორი“), – ასე ჟღერს იმ მეტაფორული ინვარიანტის მწერლისეული ინტერპრეტაცია, რომელიც გიორგის, თითქმის, ყველა ნახატში მეორდება – ორსახოვნება, პარალელური გმირები. მისი აზრით, თითოეული ეს მეტაფორა, მეტყველებს, რომ ყოფიერების უტყუარი ნიშანი სიყვარულია. განსაკუთრებით ცხადად ეს ჩანს ზღაპარში – „ორი“. ენობრივ დონეზე ამ პოსტულატის მეტაფორიზება შესაძლებელია ზმნით „მიყვარხარ“ – ზუსტი ცნებით, რომელიც „ვარ“-სა და „ხარ“-ს თანასწორად აერთიანებს, სწორედ ისე, როგორც გიორგის დახატული ტოლგვერდა რომბი.

დავუბრუნდეთ ისევ გრამატიკულ პირსა და პირის ნაცვალსახელებს, რასაც ბავშვები ხშირად  ნორმატიულად არ იაზრებენ, განსაკუთრებით, აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელი თავისებურებების არსებობის შემთხვევაში. პირის ნაცვალსახელების არევა არა თვითკმარი ლინგვისტური მოვლენაა, არამედ განსაზღვრული კოგნიტური მოდელის ენობრივი მარკერი. შესაძლოა, ამიტომაც იშლება / ვრცელდება გიორგის ნახატებში „მე“ პარალელურ მეტაფორებად – კაცი-ხე, მეფე-სასახლე, სევდიანი-მხიარული ცალრქა ცხენები, ნოტი ნიტა – მხიარული მელოდია, გიო – მთვარელი ბიჭი და სხვ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეგო „სხვაზე“, როგორც სარკეზე, თვითშეცნობის ობიექტზე პროეცირდება. უფრო ფართოდ თუ განვიხილავთ, საკუთრივ  შემოქმედებითი მეთოდიც აქეთაა მიმართული – ერთმანეთის ნახატებსა და ნაწერებში საკუთარი თავის განჭვრეტა.

აუტისტური სპექტრის აშლილობაზე (ASD) მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი ემპირიული კვლევა ტარდება, თუმცა ჯერჯერობით  ძალიან ბევრი მოსაზრება ჰიპოთეზად რჩება და ამ მდგომარეობის შესახებ თანამედროვე მსოფლიომ ცოტა რამ იცის. ფაზლის ერთი დეტალი, რომელიც აუტიზმის სიმბოლოდ  იქცა, სწორედ ამას შეგვახსენებს  – ჩვენი ცოდნა ზღვაში წვეთია, საერთო სურათის უმცირესი ნაწევარია. დიანაც, როგორც დედა, მწერალი, ლინგვისტი, სხვადასხვა მიმართულებით გაფანტული დიდი სურათის ასეთი დეტალების  მოხელთებას ცდილობს.

ჭიქაში გამომწყვდეული გემი, რომელიც  გიომ დახატა, დიანასთვის ბრაზის მეტაფორაა, რომელსაც მან, ვფიქრობ, საუკეთესო განვითარება მოუძებნა. „დედამ წყალი დაალევინა, ჩაეხუტა და წყენა თითქოს, არც ყოფილა, პატარა გემივით წყალს გაჰყვა. მიხვდა, რომ გაბრაზება დიდხანს  არ უნდა დაიტოვო გულში, უნდა თქვა, ანდა დაივიწყო, მით უმეტეს, როცა საყვარელ ადამიანებს ეხება. თორემ ბრაზი დიდხანს, დიდხანს დაცურავს და არსად მიდის, როგორც გემი შუშის ჭიქაში“. კონფლიქტის გადაჭრა ბრაზის გათავისუფლებაა (ამ შემთხვევაში, დავიწყება), როცა ბრაზი მისი გარემომცველი სივრცის გაფართოების პირდაპირპროპორციულად  მცირდება. სწორედ აქ არის ბიბლიოთერაპიისა და არტთერაპიის ეფექტი – უარყოფითი ემოციის დასურათხატება, თან  ასე მართებულად. პატარა  გემი არც არაესთეტიკურია, არც საზარელი, არც ძლევამოსილი, მასთან თანაცხოვრება, პრინციპში, შესაძლებელია, თუმცა ნაკლებ კომფორტული – ეს არის დიანასა და გიორგის  გზავნილი ბავშვებს და მათ მშობლებს, რომლებიც უარყოფით  ემოციებს თვალს ვერ  უსწორებენ და მათი მიღება უჭირთ. ეს  შთამბეჭდავი და მშვენიერი პასაჟი, ჩემი აზრით პატარა მკითხველს ბრაზთან  გამკლავებაში ყოველდღიურად ძალიან დაეხმარება.

ვფიქრობ, ასეთი  ტექსტები,  გარდა აუცილებელი ემპათიისა ბავშვების ფიქრების, მათი განცდების მიმართ, სპეციალური  ცოდნის  გარეშე ვერ დაიწერება. საბავშვო  ლიტერატურის ავტორებმა კარგად უნდა იცოდნენ – ვისთვის წერენ და ღრმად შეისწავლონ მკითხველთა თავისებურებები. „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“ ამ მოლოდინს წარმატებით ამართლებს. გარდა ამისა, ის მოუწოდებს სხვა ბავშვებსა და მათ დედებს კოლაბორაციული შემოქმედებისკენ, რათა ყველამ ერთად, მცირე დატალებით შექმნან სხვადასხვა ასაკის, შესაძლებლობების, ინტერესის  ბავშვთა საჭიროებების სრულყოფილი  სურათი.

         რას ამბობენ საფლავის ქვები?!

0

     აჰა, ბეჭედნი საფლავისანი ჰგიან აღუტეხელად…

                                                                                                                      მიქაელ მოდრეკილი

 

პირველი სამაროვნები, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საფლავები, საქართველოში ძვ.წ. XVII-XVI საუკუნეებით თარიღდება და აქედანვე ირკვევა, რომ მიცვალებულის პატივისცემა ჩვენში ოდითგანვე საყოფაცხოვრებო კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ეს კულტურა კი ბუნებრივად უკავშირდება ზოგადად, სიკვდილის არსის გააზრებას, ვთქვათ ასე _ სიკვდილის ესთეტიკას, და საბოლოოდ, საუკუნეების მანძილზე ამ კავშირს შედევრებიც კი შეუქმნია ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვინც ასე თქმაც შეძლო: „შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა!“..

ჰოდა, სიცოცხლის დამამშვენებელს პატივიც სჭირდება და ღრისეულად შეტოქებაც!

ამ ოპოზიციური ტანდემის _ სიკვდილის და სიცოცხლის მარადიული ორთაბრძოლის თუ სიყვარულის ანასხლეტებია საფლავის ქვები, ჩვენს მიწაზე გაბნეული _ ეს სრულიად უნიკალური ძეგლები, ლამის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ყველაზე ზუსტად ყვებიან ადამიანის ბედზე წუთისოფელში…

ისინი ჩვენს ისტორიაზეც ყვებიან, ყოფაზე, ნაღველზე და სიხარულზე, რაც მათ დახავსებულ ზურგებს ამოეფარა, რამაც ისინი _ უბრალო ქვები _ მარადისობის ქრონიკებად აქცია…

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელს რისხვასავით გადაუარა ინფორმაციამ იმაზე, რომ მთიულეთში, ერთ-ერთ სოფელში, ელექტროგადამცემი ანძების დასადგმელად სხვა ადგილი რომ ვერ მონახეს, საფლავების თხრა დააპირეს და მათ ნაცვლად რკინის ჩონჩხების ჩაშენება… ამაზე დიდი მითქმა-მოთქმაც იყო, მტყუან-მართალიც კარგა ხანს ირჩეოდა, ზოგი ინფორმაციის გადაუმოწმებლობაზე და ცრუ განგაშზე ჩიოდა, ზოგიც (უმეტესობა) ფაქტმა შეაძრწუნა _ ერთ-ერთი იმ ცოტა სიძვირფასეთაგანი, რაც შემოგვრჩა, წინაპრების და იმათი საფლავების პატივისცემაა და, ესე ხელაღებით თუ ამის განადგურებაც უკვე შეგვიძლია!.. მოკლედ, გათხრები შეჩერდა და იქ არავითარი სამუშაოები ჯერჯერობით აღარ წარმოებს, სამაგიეროდ, ამ ფეისბუქ-საგიჟეთში ერთი გადასარევი გოგოს, ხატია მაღლაფერიძის ფოტოებს გადავაწყდი, _ ყველაზე ნათელ შეკითხვებსაც და ცხად პასუხებსაც ეს ფოტოები ინახავენ და, ძალიან მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა _ ხატია იმ დღესვე მთიულეთში წავიდა თავისი ფოტოაპარატით და მცხუნვარე და მოცახცახე გულით, ყოველთვის ასე იქცევა ხოლმე, როცა და სადაც რამე სახიფათოს დაინახავს ან იგრძნობს, როცა და სადაც ადამიანს ადამიანი სჭირდება, ან ბუნებას სჭირდება ადამიანი…

ეს ფოტოები ხატიამ გადაიღო სოფელ მუგუდაში, ეს სწორედ ის საფლავის ქვებია, რომლებიც მრავალი ათეული წელიწადია, იქაურობის სასაფლაო ადგილებს ამშვენებს. სწორედ ასე – ამშვენებს და, ჩვენ, ჯერ კიდევ ცოცხლებს, სიკვდილის საიდუმლოზე გვიამბობს…

„ჭირისუფალს წყურვილი ახრჩობს, როგორმე მკვდრის ხსოვნა მაინც დაიჭიროს, დაიბას, ჩაიბეჭდოს. მშიერი დარჩება, მაგრამ საფლავის ქვას იყიდის. აღარ ჩაიცვამს, ოღონდ საფლავს ყვავილები ჩააცვას. უკანასკნელს გაჰყიდის, ოღონდ ძეგლი უყიდოს. იქაურობა ცრემლით მორწყოს და თავის თავთან ერთად სხვებიც აატიროს…“ _ ეს მიხეილ ჯავახიშვილია. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ შექმნა ეს უცნაური, მისტიკური მუზეუმი ცისქვეშეთში, ცალკე ხელობა იყო საფლავის ქვის მთლელობა, ცალკე ოსტატობა და ხელოვნება. ჩვენ ამ ოსტატთა სახელები აღარ ვიცით, თუმცა მათი ნამუშევრებით ბევრი რამის წაკითხვა კი შეგვიძლია _ მაგალითად, ერთმანეთისგან გაარჩევ სხვადასხვა კუთხის საფლავის ქვებს, ქართლში ქვათა ზედაპირებზე სხვა ორნამენტს დააქარგავდნენ, იმერეთში _ სხვას, მთიულეთში კი სულ სხვას; შეამჩნევ იმ საყოფაცხოვრებო რიტუალებსაც, რომლებიც ამა თუ იმ მხარეშია გავრცელებული; უბრალო, ცხოვრებისეულ ეპიზოდებსაც, რაიმე დეტალს, რაც კი განსვენებულს უკეთ, მხატვრულად გამოსახავდა…

მამაკაცი _ ან სანადირო, ან საომარი თოფით, ხელში ცხენის აღვირით და, შესაძლოა, იქვე, ცხენიც სადმე… უფრო ბევრი კი _ ცხვრები, ცხვრები და ბატკნები საფლავის ქვებზე, როგორც მაცხოვრის სიმბოლო, წუთსოფლის სიმშვიდის და იმქვეყნიური საუფლო სიწმინდის გამომხატველი! გოდერძი ჩოხელის საფლავის ქვა გაიხსენეთ, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში _ ცისფერ-ვერცხლისფერი ქვა, ზედ თეთრი ბატკნით _ გოდერძის სამყარო, მთელი მისი სულიერი ვნება-შფოთის და სისპეტაკის დაბოლოება!..

ტბეთში, გადაღებების დროს, მთელ „სერიას“ წავაწყდი ქოლგიანი და ჩიხტიკოპიანი ქალებით დატვიფრული საფლავის ქვებისას, ალბათ რამე საერთო „მოდა“ იყო, მათი უწყინარი ტენდენცია, ქალები ასე გამოესახათ, ყველაზე ლამაზები ალბათ ამ ქოლგებით გამოდიოდნენ _ კოპწიები, დახვეწილები… ამ ქოლგების და თოფების და აღვირების ქვეშ ან გასწვრივ კი, ეპიტაფიებს კაწრავდნენ _ ყველაზე ბუნებრივ, ნაღდ პოეზიას…

ხანდახან ღიმილიც მოგერევა, ზოგიერთ ქვაზე რომ დიდი ამბით ნაწერ ეპიტაფიას ამოიკითხავ, იფიქრებ _ ეს რა ადვილი ყოფილა სიკვდილის ზღურბლზე გადაბიჯება, თუ ცოტა იუმორსაც ჩაიყოლებ, თუ, მაგალითად, შენს ტრაგედიას აი ასე შეხედავ:

„ბედშავი მწყემსი ვიყავი დაღლილმა არაგვის წყალი დავლიე რა ჩავაყოლე არ ვიცი იმ ღამეს სული დავლიე“ (ვინმე ნიკოლოზ ილიას ძე მამულაშვილის საფლავის ქვის ეპიტაფია)…

და როგორც ქვის მთლელები, შესაძლოა, ცალკე იყვნენ ამ ეპიტაფიების ოსტატებიც, ისინიც თავიანთ სტილს ამკვიდრებდნენ, თავიანთი „მოდა“ ჰქონდათ, ხანდახან მარტო ერთი სოფლის გაწვდენაზე, მაგრამ ეს ერთი სოფელიც ჰყოფნიდათ თავიანთი შემოქმედების ასპარეზად, ერთი სოფელი ხომ ბოლოს და ბოლოს, მთელი წუთისოფელია…

ხოლო, როცა ეპიტაფიებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არგახსენება იმ დიდებული არმაზული ბილინგვასი, გურამ ასათიანი როგორც იტყოდა _ „სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან“ დღემდე რომ გიზგიზებს ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა:

„მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.“

საფლავის ქვებზე და მათ უნიკალურ შინაარსზე ჩვენი საყოფაცხოვრებო კულტურის ისტორიაში, შესანიშნავი წიგნი გამოსცეს ამირან არაბულმა და ეთერ თათარაიძემ. „შენდობით მომიხსენიეთ“ _ ასე ჰქვია წიგნს და, მასში უამრავ საინტერესო რამეს პოულობს მკითხველი _ ამბით დაწყებული, ფოტოებით გათავებული, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში აღბეჭდილი, საგულდაგულოდ შესწავლილი საფლავების შესახებ.

ხატია მაღლაფერიძის ფოტოებიც, ამ წერილს რომ ერთვის, იმ საფლავის ქვებს აცოცხლებს, რომლებიც ერთხელ უკვე აღბეჭდეს ბატონმა ამირანმა და ქალბატონმა ეთერმა სოფელ მუგუდაში.

თუმცა, დღეს ისინი კვლავ გვახსენებენ თავს, ჩვენს თვალწინ ხელახლა იფურცლებიან, რათა ის მთავარი აზრი ამოვიკითხოთ, რისთვისაც მათი ცხოვრება ღირდა და ჩვენი ცხოვრება ღირს, რის გამოც უხილავი კავშირი _ სულთა საუფლოს და აქაურთა შორის, დღემდე ცოცხალია და თუ მტკიცედ ვიდგებით, არც არასდროს გაქრება…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...