ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

როცა მასწავლებლის გეშინია

0

უმცროსკლასელთა შორის სკოლაში სიარულზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი მასწავლებლის შიშია, მასწავლებელთან დაკარგული კონტაქტი. მსგავს პრობლემას ხშირად ჯახებიან მგრძნობიარე და ნაკლებად თავდაჯერებული ბავშვები. როგორ უნდა იქცეს მშობელი შვილის დამცველად და ესაუბროს მასწავლებელსა თუ სკოლის დირექტორს ისე, რომ მათი გაღიზიანება არ გამოიწვიოს?

„ძალიან დავიღალე. მასწავლებელი თითქმის ყოველდღე უჩივის თაკოს. ბავშვსაც აღარ უნდა სკოლაში სიარული. ხან რას მოიმიზეზებს, ხან – რას. ერთხელ ლოგინიდან არ ადგა. გვეგონა, გრიპი ჰქონდა, ახლა კი ვეჭვობ, რომ უბრალოდ, ისე შეეშინდა მასწავლებლის, სიცხემაც კი აუწია…

ერთი შვილი გვყავს, სათუთად ვზრდით და საკმარისია ვინმემ ხმას აუმაღლოს, რომ ბავშვი პანიკაში ვარდება, ჰგონია, უბრაზდებიან. ამ თემაზე მასწავლებელს არაერთხელ ვესაუბრე, მაგრამ მას ეგონა, შვილის გამართლებას ვცდილობდი. არ მისმენდა, მხოლოდ მეწინააღმდეგებოდა, დარწმუნებული იყო თავისი პედაგოგიური მიდგომების სისწორეში. ათასი არგუმენტი მოჰყავდა, თითქოს ყველაფერში ბავშვი იყო დამნაშავე.

დირექტორს რომ მივმართე, გვიპასუხა: ბავშვი გაიზრდება, სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მოუწევს ურთიერთობა, ამიტომ სკოლაშივე უნდა ისწავლოს პრობლემების მოგვარებაო. რასაკვირველია, დავეთანხმე, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. ბავშვს მასწავლებლის ეშინია. მე კი მინდა, სწავლაზე გული არ აუცრუვდეს“, – ამბობს თაკოს დედა.

თაკო მართლაც დამფრთხალი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის საცოდავადაა მოხრილი მხრებში. როცა ლაპარაკობს, იატაკს ჩასქცერის და ხმა უთრთის. მშობელი წუხს. არ იცის, როგორ დაიცვას შვილი ისე, რომ გული არავის ატკინოს, არც ბავშვს, არც მასწავლებელს.

ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები მშობლებს ბავშვის ადვოკატირებას ურჩევენ. ეს რთულია, ძალისხმევას, მოთმინებას და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ამ პრობლემას მშობელზე უკეთ ვერავინ მოაგვარებს. მხოლოდ მშობელს შეუძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ის შვილთან ერთად განიცდის მორალურ სიმძიმეს, ყველაზე უკეთ იცის, რა მდგომარეობაშია ბავშვი.

ასეთ დროს მშობლები, როგორც წესი, თავდაცვით პოზიციას ირჩევენ, რაც არცთუ მისაღებია. ფსიქოლოგები ურჩევენ მათ, გაითვალისიწინონ მასწავლებლის ცხოვრების წესი, მისი დატვირთული გრაფიკი. გაიხსენონ, რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ასევე განიცდის სტრესს სამსახურში და შინ, პასუხისმგებელია ბავშვთა დიდ ჯგუფზე – კლასზე, ყოველდღიურად უწევს მძიმე სამუშაოს შესრულება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მშობელმა უნდა შეარჩიოს სწორი გზა მასწავლებელთან ურთიერთობისთვის, მასთან ნაყოფიერი დიალოგისთვის. აუცილებელი როდია მასწავლებელზე იერიშის მიტანა. ამაზე მეტად მშობელს საკომუნიკაციო უნარების გამომუშავება სჭირდება.

მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ფსიქოლოგების ინსტრუქციას:

უპირველეს ყოვლისა, მშობელი მასწავლებელს პირადად უნდა შეხვდეს. ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია უეფექტოა.

იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოუსმინოს, მშობელი ხაზგასმით უნდა დაეთანხმოს მის რომელიმე სამართლიან არგუმენტს. მაგალითად, თუ მასწავლებელი ამბობს, რომ თაკო ზედმეტად ემოციურია, მშობელმაც უნდა დაუდასტუროს – თაკო შინაც ასეთია. როგორც კი მასწავლებელი და მშობელი შეხების წერტილს იპოვიან, მათი ურთიერთობა გამარტივდება.

მშობელს მართებს, ყურადღებით მოუსმინოს მასწავლებელს და დროებით დაივიწყოს თავისი ინტერესი. თუ რამეს ვერ გაიგებს, უნდა ჩაეკითხოს. ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ინტონაციას. მასწავლებელმა უნდა იგრძნოს, რომ მშობელი მას დაკითხვას კი არ უწყობს, არამედ ცდილობს გაუგოს. ვთქვათ, თუ მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვი თავს ვერ ართმევს დავალებებს, მშობელმა უნდა ჰკითხოს, ხომ არ შეუძლია, თვალსაჩინოებისთვის ბოლოდროინდელი მაგალითები მოუყვანოს?

მშობელმა უნდა მიაგნოს პრობლემის სათავეს – თუ ბავშვი ცუდად იქცევა, რა არის ამის ნამდვილი მიზეზი, თუ იტყუება, რა უბიძგებს ტყუილისკენ. გარდა ამისა, შეუძლებელია, ბავშვს უმიზეზოდ ეშინოდეს მასწავლებლის. ჰკითხეთ მასწავლებელს, თვითონ რას ფიქრობს ამის თაობაზე, რა მიზეზს დაასახელებდა, რას ამჩნევს ბავშვს.

თუ ისე მოხდა, რომ მშობელმა ვერაფრით გაარკვია, რას განიცდის ბავშვი და რა აფუჭებს მის განწყობას სკოლის მიმართ, გააანალიზეთ მისი ტემპერამენტი. იქნებ მხოლოდ იმიტომ ტირის, რომ არ შეუძლია სკოლის თავგადასავლების მონელება? იქნებ, ინტროვერტია და პირადი სივრცე სჭირდება? იქნებ მასწავლებლისა იმიტომ არ ესმის, რომ ზემგრძნობიარეა? იქნებ დავალებებს ნელა იმიტომ ასრულებს, რომ ბევრ ყურადღებას უთმობს დეტალებს და მერეღა ხვდება, საიდან უნდა დაეწყო? ამ ყველაფრის დადგენა მხოლოდ მასწავლებელთან გასაუბრებით ვერ მოხერხდება. აუცილებელია ბავშვის ჩართვა. ჰკითხეთ, რას გრძნობს ამა თუ იმ სიტუაციაში. მისი პასუხი შესაძლოა მოულოდნელიც კი აღმოჩნდეს.

მასწავლებელთან საუბრის დროს მშობელს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პედაგოგი კარგად ერკვევა ბავშვის ტემპერამენტის საკითხებში. მას შესაძლოა აზრადაც არ მოუვიდეს, რომ ბავშვის განსხვავებულობის მიზეზი სწორედ მისი ტემპერამენტია.

მასწავლებლისადმი სწორი მიდგომა, მისი მოსმენა, გაგება იმის გარანტიაა, რომ მასწავლებელიც მოუსმენს მშობელს, ისიც ეცდება დეტალურად გაერკვეს, რა ხდება ბავშვის თავს.

მასწავლებლის პრიორიტეტების გარკვევის შემდეგ მშობელმა ყურადღება მისთვის მტკივნეულ თემაზე უნდა გადაიტანოს. თავის ინტერესებზე კონცენტრირდეს და არა პოზიციაზე. მაგალითად, მშობელს შეუძლია თქვას: „მინდა,თაკო სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობდეს“. მან თავი უნდა არიდოს რადიკალურ განცხადებებს, მაგალითად, ასეთს: „მინდა, შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო სხვა კლასში!“ ამ შემთხვევაში თავდაცვითი ბარიკადების აგება მშობელს არაფერში არგებს, რადგან მასწავლებელთან ერთად გონივრულ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეს. მშობელს შეუძლია, სთხოვოს მასწავლებელს გაკვეთილზე დასწრება, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რა შეიძლება აშინებდეს მის შვილს.

მშობელს შეუძლია, მასწავლებელს გაუზიაროს – მეთოდი, რომელსაც თავად იყენებს და შედეგიანია.

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ მასწავლებელსაც აქვს თავისი ტემპერამენტი. მისი პირველადი რეაქცია შესაძლოა ნეგატიური იყოს, ნელა ადაპტირდებოდეს ან ჯიუტობდეს. ნუ იძალადებთ მასწავლებელზე. გაუზიარეთ თქვენი იდეები. თუ პირველმა შეხვედრამ დაძაბულად ჩაიარა, ხელს ნუ ჩაიქნევთ და აუცილებლად შეხვდით მეორედ. იმავდროულად, მშობელმა საკუთარი ტემპერამენტის თავისებურებებიც უნდა გაითვალისწინოს. თუ იცის, რომ ჰიპერემოციურია და გაუჭირდება მასწავლებელთან საუბრის დროს წონასწორობის შენარჩუნება, შეუძლია, შეხვედრაზე მშვიდად მოსაუბრე ახლობელი გაიყოლოს, რომელიც საჭირო მომენტში დროულად განმუხტავს სიტუაციას.

მასწავლებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემთხვევაში მშობელს შეუძლია, სკოლის ფსიქოლოგს ან დირექტორს შეხვდეს და ამ გზით გამოასწოროს სიტუაცია. სასურველია, შეხვედრაში ჩართოს ადამიანები, რომლებიც მის შვილს პატარაობიდანვე იცნობენ, მაგალითად, ბაღის მასწავლებელი, ბებია, ძიძა.

თაკოს დედა ჰყვება: „ერთხელ შვილის ცურვის გაკვეთილს ვესწრებოდი. ვუყურებდი, როგორ ნავარდობდნენ ბავშვები და უცბად მივხვდი, რომ ჩვენ არ ვასწავლით მათ ღრმა წყალში ცურვას. ცურვას ისინი ჯერ წელამდე წყალში სწავლობენ, იქ, სადაც არ ეშიანიათ და იმედიანად არიან… სკოლის დირექტორს რომ შევხვდი, ამას მოვუყევი. ისიც დამეთანხმა. დიახ, ვუთხარი, ბავშვმა სკოლაში უნდა შეძლოს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს თანდათანობით უნდა მოხდეს და არა იმის შიშით, რომ მასწავლებელი და სკოლა მას მაღალი წყალივით დაახრჩობენ.

დირექტორმა ყურადღებით მისმინა. გამოიძახა მასწავლებელი და გაესაუბრა. თაკო სხვა კლასში გადავიყვანეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი მასწავლებელი ცუდი პედაგოგი იყო, არამედ იმიტომ, რომ თაკო სხვა მასწავლებელთან უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს. ძველი მასწავლებელი ამ ამბავს მშვიდად შეხვდა…. თაკო არ არის რთული ბავშვი და სავსებით იმსახურებს ისეთ მიდგომას, რომლის შედეგად სკოლაში ცოდნას და პოზიტიურ ემოციებს მიიღებს“.ირმა

ვაჟა-ფშაველადან სვეტლანა ალექსიევიჩამდე

0

ბაგრამის სიახლოვეს… შევედით ყიშლაკში (თურქ. „სოფელი“), ვთხოვეთ, ეჭმიათ რამე. მათი კანონებით, თუ ადამიანი შენს სახლშია და მშიერია, მას უარს ვერ ეტყვი ცხელ პურზე. ქალებმა დაგვსხეს მაგიდასთან და გაგვიმასპინძლდნენ. როდესაც ჩვენ გავემგზავრეთ, ეს ქალები და მათი შვილები ყიშლაკმა სასიკვდილოდ გაიმეტა: ქვები და ჯოხები დაუშინეს. მათ იცოდნენ, რომ დახოცავდნენ, მაგრამ მაინც არ გამოგვყარეს. ჩვენ კი მათთან ჩვენი კანონებით მივდიოდით… მეჩეთებში ქუდდახურული შევდიოდით…

რიგითი არტილერისტის ეს მონათხრობი შესულია ნობელიანტი მწერლის – სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნში – „ცინკის ბიჭები“, რომელიც ავღანეთის ომსა და საბჭოთა კავშირის იმპერიალისტურ სისასტიკეს ეხება. მხატვრულ-დოკუმენტური რომანი, რომელიც რუსულიდან ზურაბ ქუთათელაძემ თარგმნა და ქართველი მკითხველისთვის მალე იქნება ხელმისაწვდომი, სრულად ეფუძნება ავღანეთში მივლენილი საბჭოელი ჯარისკაცების რეალურ ამბებს.

ეს ომის კანონია და არა მშვიდობის: ნებისმიერი ხერხით შეიტანო შენი „კულტურა“ მტრის ყოფაში. რაც შეეხება წესს – „სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო“ – ის სხვისი პატივისცემისას და კეთილგანწყობილი სტუმრობის პირობებში მოქმედებს. ვიცი, ამ ეპიზოდის წაკითხვისას თქვენც ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ გაგახსენდებოდათ და კარგი იქნება მისი სწავლებისას ავღანურ ადათებსა და ალექსიევიჩის „ცინკის ბიჭებსაც“ თუ შეეხებით ხოლმე.

ავღანელები და კავკასიელები ძალიან რომ ჰგვანან ერთმანეთს ადათ-წესებითა თუ მენტალიტეტით, ეს ალექსიევიჩის შემდგომი თაობის მწერლის შემოქმედებაშიც კარგად ჩანს. მხედველობაში მაქვს ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის რომანები, რომლებშიც პერსონაჟები ავღანელები არიან. სტუმარი მათთვისაც საკრალურია. მაგალითად „ფრანით მორბენალში“ არის ეპიზოდი, სადაც ახალგაზრდა კაცი ცინიკურად, შეურაცხმყოფელად საუბრობს ძმის სტუმარზე, რის პასუხადაც ძმა დაუღრიალებს: „დაგავიწყდა, სად ხარ? ეს ჩემი სახლია! ამირ-აღა ამაღამ ჩემი სტუმარია და შერცხვენას არ გაპატიებ, იცოდე!“ „ათას მოელვარე მზეშიც“ რეალური ისტორიული ფონი ჩანს და ვკითხულობთ:

თალიბებმა გამოაცხადეს, რომ ბინ ლადენს არ გადასცემდნენ, რადგან იგი მათი მეჰმანი, სტუმარი იყო. ავღანეთში მას თავშესაფარი მისცეს, სტუმრის გაძევება კი პაშტუნთა ეთიკის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა. თარიყმა სიმწრით ჩაიცინა. ლაილამ მის ღიმილში პაშტუნების ღირსეული ადათ-წესების, მისი ხალხის თავისებურებების განზრახ დამახინჯებით გამოწვეული აღშფოთება ამოიცნო.

ისევ სვეტლანა ალექსიევიჩს რომ დავუბრუნდეთ, ჩემი აზრით, მან სათავე დაუდო ახალ ლიტერატურულ ჟანრს, რომელსაც პირობითად პუბლიცისტური რომანი შეიძლება ეწოდოს. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ჟურნალისტიკაა, თუმცა უამრავი ინტერვიუდან/ისტორიიდან რა არ შეიტანო წიგნში და რა შემოუნახო კაცობრიობას, კომპოზიციურად როგორ დაალაგო ისე, რომ „უტოპიის ხმებს“ (ალექსიევიჩის რომანების ციკლის საერთო სახელი) არც სიმძაფრე მოაკლდეს და არც ლიტერატურული ღირებულება – ამას განსაკუთრებული ნიჭი და მწერლური ალღო სჭირდება. აღსანიშნავია, რომ რეალური მთხრობელის ინტონაცია მის რომანებში ყველგან შენარჩუნებულია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. ვფიქრობ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ წიგნებისათვის (რა ჟანრსაც არ უნდა მივაკუთვნოთ ისინი), რომლებიც, მწვავე თემებიდან გამომდინარე, მწერლისგან როგორც ობიექტურობას, ისე დიდ გამბედაობასა და შეუპოვრობას მოითხოვდა. თუნდაც ზემოთ მოტანილი ეპიზოდი წიგნიდან, მშრალი თხრობა არტილერისტისა, დიდი შენაძენია 21-ე საუკუნის ადამიანისათვის და ის განსჯისა და დაფიქრების საგნად უნდა იქცეს. ეს ფრაგმენტი ქართველ მკითხველს უნებურად „სტუმარ-მასპინძლის“ რამდენიმე ეპიზოდს გადაუშლის თვალწინ. შესაძლოა სწორედ მსგავსი სიტყვებით მიემართათ ბაგრამელ კაცებს ორ ცეცხლს – სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციასა და შიშს – შუა მყოფი ქალებისათვის, რომლებსაც საბჭოელები ხშირად ბავშვებსაც კი უხოცავდნენ, ხელნაკეთ ნაღმს არ გვიდებდნენო:

„თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტების ამომგდე
სტუმრად რადა გყავ სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.“

ჩაქოლვა დღემდე საკმაოდ გავრცელებულია ბევრ ქვეყანაში. მას ქალების წინააღმდეგ უმეტესად ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევაში იყენებენ. ეპიზოდი „ცინკის ბიჭებიდან“, სავარაუდოდ, ავღანელების თვალთახედვით, ქალების მხრიდან ერთგვარი ღალატიც იყო. მასპინძლობისას ქალს ალბათ სინანული „წაესობოდა“ და საბჭოელების მიერ მოკლული თავისიანების მოგონებისას „თითქოს ნატყორცი ისარი ზედ გულის კოვზზე“ დაესობოდა, მაგრამ ამასთან ძველი ადათიც გაახსენებდა თავს:

„დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,

მითაც მე ვერ ვუღალატებ,

ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.“

„მათ იცოდნენ, რომ დახოცავდნენ, მაგრამ მაინც არ გამოგვყარეს…“ აღაზასგან განსხვავებით, ავღანელ ქალებს გააზრებული აქვთ, რომ მტერს უმასპინძლდებიან. ქისტი აღაზა მოგვიანებით შეიტყობს ზვიადაურის ვინაობას და მისი მამაცობით აღფრთოვანებული დასტირის ხევსურს. ქალი, რომელსაც მტრის მასპინძლობისთვის თემი გარიყავს, რომელსაც სასაფლაოდან მკვდარი ქისტების, მათ შორის საკუთარი ძმის, გამკიცხავი ხმები ჩაესმის, რომელსაც ღალატის გამო ქმრისათვის საფლავიც არ გამოუყვეს მშობლიურ მიწაზე, ჯოყოლაზე უფრო დამნაშავედ მიიჩნევს თავს: „მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს, / უცხოსთვის ცრემლი ვღვარია.“ ავღანელი ქალებიც არ გასცემენ საბჭოელი რიგითი ჯარისკაცების სტუმრობას, რასაც თემი, ამ შემთხვევაში – ყიშლაკი, მტერთან თანამშრომლობაში ჩაუთვლის.

გაორებული ქალებისა და მათი შვილების ტრაგედია ალექსიევიჩთან სულ ერთ აბზაცშია თავმოყრილი, მინიატურასავით. აქ არაა გახსნილი პერსონაჟების ხასიათი, არ ჩანს მათი ჟესტები თუ ფიქრები, აქ ვერ ნახავთ ხელმოსაჭიდ დეტალებს, რომელიც სრულყოფილად აღადგენდა ფსიქოლოგიურ ფონს ან ავღანურ სოფრას (ჩვენებურად – სუფრას). მხოლოდ ცხელი პურია ნახსენები. ამიტომაც იძლევა ეს ეპიზოდი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას. აკი 1893 წელს დაწერილი ვაჟას შედევრიც გაგვახსენა უნებურად. „სტუმარ-მასპინძლისგან“ ერთი საუკუნით დაშორებული, 1991 წელს გამოცემული წიგნი ბევრ საფიქრალს დაგიტოვებთ და ქართულ ხალხურ ლექსთანაც გაპოვნინებთ საერთოს. აი, თუნდაც ცინკის კუბოთი ჩამოსვენებული ერთ-ერთი ჯარისკაცის დედის ხილვა:

და ერთხელ მესიზმრება კუბო… სარკმელია გამოჭრილი იქ, თავის მდებარეობის ადგილას, დიდი… დავიხრები საკოცნელად… მაგრამ ვინ წევს იქ? ეს ჩემი შვილი არ არის… ვიღაც შავია… ვიღაც ავღანელი ბიჭი, მაგრამ საშას მსგავსი… მახრჩობს ფიქრი: ეს მან მოკლა ჩემი შვილი… მერე ვხვდები: ისიც ხომ მკვდარია?! ისიც ხომ ვიღაცამ მოკლა!.. ვიხრები და ვკოცნი, სარკმლიდან გადახრილი…

საოცარია, მაგრამ ფაქტია: ხშირად მხატვრული ტექსტების სიუჟეტები რეალურ ცხოვრებაში „გადმოდიან“, წინასწარმეტყველებასავით ახდებიან და შემდეგ ისევ წიგნებში, ოღონდ სხვა ავტორის წიგნებში „ბრუნდებიან“.

„ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!“

კაცობრიობა ხომ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. წიგნებიც სწორედ ამის მუდმივი შეხსენებაა. და სვეტლანა ალექსიევიჩის რომანების არაერთი გმირი არაერთხელ დაიჩივლებს:

რატომ მაიძულებთ წარსულის გახსენებას?

საბჭოთა წარსულის ამ ეპიზოდის გახსენებამ უძველეს სტუმარ-მასპინძლობის ადათთან დაგვაბრუნა და რამდენიმე ქვეყნის ლიტერატურისთვისაც შეგვავლებინა თვალი. ბელარუსი ნობელიანტის წიგნის ერთ-ერთი შეკითხვის ადრესატებიც ალბათ ჩვენ, მკითხველები, ვართ:

„ვის ვესროლო ეს სიტყვები, როგორც ყუმბარა?“

 

 

შავ-თეთრიდან ნათელი ფერებისკენ       

0

ყველაფერი ცუდი რომ დასრულდა, თოთხმეტი წლის იყო. ხატვა ამის მერე დაიწყო. ჯერ ფურცლები და ფანქრები მოითხოვა, მერე – საღებავები, ფუნჯები, ტილოები. მოლბერტი დედას მეგობარმა აჩუქა. ხატავდა თითქმის ყოველდღე და იმას, რასაც ხელი „თავისით დახატავდა“. ხატვის ტექნიკაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ისიც კი არ იცოდა, ზეთის საღებავის გახსნა ზეთში რომ შეიძლებოდა…

მანამდე ფუნჯი არასოდეს მოესვა, ფერები არასოდეს გაეზავებინა. ყოფილა ისეც, რომ არც ფურცელი ჰქონია და არც ტილო და საღებავები. ასეთ დროს კედლებზე ხატავდა, ნაქირავები ბინის გაურემონტებელ, ღია ცისფერ კედლებზე. ხატავდა ფანქრებით, ფუნჯებით, თითებით, საღებავში ჩაწობილი თმის ბოლოებით. ხატავდა იმას, რაც გამოვიდოდა. ღამეებს ათევდა. არ ადარდებდა, შეუქებდნენ თუ დაუწუნებდნენ ნახატს. მთავარი იყო, რომ თავს კარგად გრძნობდა, უსიამოვნო მოგონებები გარეთ გამოჰქონდა, თავისუფლდებოდა. გამთენიისას იძინებდა, დაღლილი, მაგრამ ბედნიერი. ოჯახის წევრებს კი მოლბერტზე ახალ-ახალი ნახატები ხვდებოდათ.

სულ პირველად პორტრეტი დახატა – „ღამისთვალება“ გოგო სისხლის ცრემლებით (ოღონდ არ ვიცი, ეს მე ვარ თუ არაო, ამბობს). მეორეც შავ-თეთრ ფერებში შესრულებული პორტრეტი იყო, რომელზეც უკვე გახელილი, მაგრამ ნაღვლიანი და შეშინებული თვალებით მოცქირალი გოგონა ფანჯრის რაფას ათივე თითით ჩაბღაუჭებია (წერილის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ თითები ამ ნახატის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია). ამას, მართალია, უსახო, მაგრამ წითელკაბიანი დედის პორტრეტი მოჰყვა – სასთუმალთან „ღამისმთეველი დედის“ პორტრეტი. მერე ისევ „შიში“ და „შავი კლანჭები“ შემოეჭდო ქალის (თუ გოგოს) შიშველ სხეულზე, რასაც მოგვიანებით კვლავ „ნათელი“ შიშველი სხეულების სერია მოჰყვა – თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული გოგოს „კვლავდაბრუნება“ ადამიანებთან.

მინდა, რაც შეიძლება მეტმა თანატოლმა გაიცნოს ის – ყოჩაღი, ლამაზი, მიზანდასახული მეთერთმეტეკლასელი მარიამ პატაშური. სიფრიფანა გოგო, რომელმაც დაამარცხა უმძიმესი დაავადება, დაძლია ბევრი კომპლექსი, თითქმის სრულიად მარტომ მოახერხა ბულინგისგან თავის დაღწევა, დღეს კი მზად არის, თავისი გულახდილი ნაამბობით (და არა მხოლოდ ნაამბობით) სხვებსაც (ალბათ უფროსებსაც) დაეხმაროს.

 

ტრავმა

ხუთი წლის ვიყავი, ველოსიპედის ბორბალში რომ ჩამიყვა თითი. მარცხენა ხელის არათითი (ხელს მაღლა სწევს და მიჩვენებს). უმძიმესი ტრავმა მივიღე. თითის დაკარგვა გარდაუვალი იყო. ცოტა ხანში კი ისე გამირთულდა ეს მოტეხილობა, ჭრილობა თუ დაჟეჟილობა, – მოკლედ, ყველაფერი ერთად, – თითს ვინღა ჩიოდა, კინაღამ მთელი ხელი დავკარგე. არ ვიცი, ვეღარც ვითვლი, იმდენი ოპერაცია გავიკეთე. ზაფხული იყო მაშინაც, ივლისის დასაწყისი, ეს ამბავი რომ დამემართა და ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღე დავყავდი ჩემს მშობლებს საავადმყოფოში თითის დასამუშავებლად. ბევრჯერ ანესთეზიის გარეშეც მიფხეკდნენ ძვალს, მაგრამ არასოდეს მიტირია. თან მე თვითონაც ვუყურებდი ოპერაციებს, ვითხოვდი, შემახედეთ-მეთქი. ასე უფრო ადვილი იყო ტკივილის მოთმენა. ჩემი მშობლები თავს არ ზოგავდნენ ჩემს გადასარჩენად და მეც მინდოდა, რამით დავხმარებოდი. სხვა რა შემეძლო 5 წლის ბავშვს? – მხოლოდ მოთმინება. და ვითმენდი კიდეც. შეიძლება არც დაიჯეროთ, რომ ასეთი პატარა გოგო იმ დროს ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ მართლა ასე იყო (ამას რომ ამბობდა, ღაწვებზე სიწითლე აჰყვა).

მერე, როგორც იქნა, თითმა მორჩენა დაიწყო. უმეტესად უკვე სახლში ვიმუშავებდი და ვიხვევდი ჭრილობას. ექიმმაც დაგვრთო ნება და თან აღარც ფულის გადახდის საშუალება გვქონდა. დედა თავიდან მარტოს არ მანდობდა ხელს შესახვევად, მაგრამ როცა დარწმუნდა რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, ის ექთნად იქცა, მე კი ექიმად – „ძირითად სამუშაოს“ მე ვასრულებდი (იცინის). როგორც თავიდანვე ივარაუდეს ექიმებმა, ზუსტად ისე მოხდა: თითის მთლიანად შენარჩუნება ვერ მოხერხდა, ორი ფალანგი დავკარგე. უფრო სწორად, ფალანგნახევარი (თითი აღარ უჩვენებია. თუმცა თვალსაჩინოდ ედო მუხლზე).

 

მარტოობა და ბულინგი

როდესაც ჩემი მშობლებისთვის, ანუ უფროსებისთვის, ყველაფერი ასე თუ ისე მშვიდობიანად „დასრულდა“, არანაკლებ რთული ახალი ცხოვრება მაშინ დაიწყო ჩემთვის. მეზობლის ბავშვები აღარ მეთამაშებოდნენ, თავს მარიდებდნენ. ხან კითხვებს მისვამდნენ თითის შესახებ, ხან დამცინოდნენ, ხან კი მეუბნებოდნენ, თითი არ გაქვს და როგორ უნდა ითამაშოო. ვიდექი და მხოლოდ მათ ვუყურებდი, ან ჩემთვის მარტო ვთამაშობდი. რამდენჯერმე თითიც ვიტკინე თამაშის დროს, მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ღობესთან თუ კართან ატუზული სხვა ბავშვების ასეთი დამოკიდებულების გამო განვიცდიდი. მარტო ვიყავი. უმეგობროდ. შინ ამაზე არ ვლაპარაკობდი. ახლაც მგონია, რომ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა შენ თვითონ უნდა მოაგვარო, უფროსები არ უნდა ჩარიო, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.

 

სკოლა, ცხრა თითი და კვლავ ბულინგი

სკოლაში რომ მივედი, სამი თვე ხელი ისევ შეხვეული მქონდა. კლასელები მეზობლის ბავშვებზე სასტიკები აღმოჩნდნენ. არავინ მეგობრობდა ჩემთან. „ცხრათითას“ მეძახდნენ. ერთმა კლასელმა ჩემი მარცხენა ხელი დახატა დაფაზე ოთხი თითით და მთელი კლასი ამაზე იცინოდა. იმიტომაცაა, პირველი კლასის ბოლოს გადაღებულ სურათში ყველა ბავშვს ბედნიერი სახე რომ აქვს, მე კი ნატანჯი გამომეტყველებით ვდგავარ…

მიჭირდა, მაგრამ ვიბრძოდი, როგორც შემეძლო. რვა წლის ვიყავი, „როლიკებზე“ დადგომა რომ გავბედე. ჩვენი დიასახლისის შვილი მასწავლიდა. ერთხელაც დავეცი და თითი დავარტყი (ჯერ კიდევ მტკიოდა). გავმწარდი. ჩემი თანატოლი ბიჭები იდგნენ იქ და დამცინეს. ძალიან შემრცხვა. მაშინვე სახლში წავედი. დედა წამოწოლილი დამხვდა. არაფერი მითქვამს. ჩახუტება მინდოდა და ესევე, ტანსაცმლიანად, მეც გვერდით მივუწექი. პირველი შეტევა იმ ღამით დამემართა. უცნაური რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. დედა სასოწარკვეთილი დამძახოდა: „მარიამ, მარიამ, გაიღვიძე, რა გემართება, გამოფხიზლდი, გთხოვ!“ მე მესმოდა დედას ხმა, მინდოდა მეთქვა, მღვიძავს, დედა, მესმის შენი ხმა–მეთქი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ყველაფერი შავ-თეთრი იყო… (ველოდი,აი, ახლა ჩამოუგორდება ცრემლი, აი, ახლა-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ხმა აუკანკალდა ოდნავ, სულ ოდნავ).

 

ეპილეფსია

ამ კრუნჩხვით ჩემთვის ახალი ჯოჯოხეთი დაიწყო. რვა წელი ვებრძოლეთ ეპილეფსიას მე და ჩემმა მშობლები. ყოველთვის ძილში მემართებოდა – ძილის პარციალური ეპილეფსია იყო. წუთი, წუთნახევარ გრძელდებოდა და მერე კარგად ვხდებოდი. პირველ ხანებში დედა თავზე მადგა და ჩემს სახელს იმეორებდა, ნერვიულობდა. მერე და მერე დამშვიდდა, ცუდად როცა ვხდებოდი, თავთან მეჯდა და „მამაო ჩვენოს“ კითხულობდა, თან მეფერებოდა. დედას არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ კარგად გავხდებოდი და მეც გადმომედო ეს განწყობა. იმედი გადამდებია, მით უმეტეს – დედის (ამაყად მოიღერა მაღალი ყელი). ისე, საშინელი დაავადებაა, ყოველდღე წამალს სვამ და მერე სულ გეძინება. თავს ვაიძულებდი, რომ გაკვეთილებზე არ ჩამძინებოდა. ჯერ თითის გამო როგორ დამცინოდნენ ბავშვები და ახლა ამას ეპილეფსიაც რომ დამატებოდა, ძალიან გამიჭირდებოდა მათი მოგერიება. თან რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მწვავდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ცუდად ვგრძნობდი თავს. ამხელა სკოლაში ერთი ბავშვიც არ აღმოჩნდა, ვისაც ჩემთან მეგობრობა მოუნდებოდა, ვინც გამომესარჩლებოდა. მასწავლებლებს ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. მერე დედა მოვიდა და მშვიდად ელაპარაკა დირექტორს და ჩემს მასწავლებლებს – დედა ფსიქოლოგია და ასეთი ლაპარაკი იცის, არასოდეს ჩხუბობს, მაგრამ ადამიანებს თამამად ეუბნება სიმართლეს – და მეორე დღეს სხვა სკოლაში გადამიყვანა. კარგად მახსოვს, სკოლიდან რომ გამოვდიოდით, მითხრა, ჩვენ ჯერჯერობით მოთმინება და სიყვარული გვჭირდება და არა ბრძოლაო. დედა სხვადასხვა ფორმით ცდილობდა ჩემს დახმარებას. ერთხელ წამიყვანა და ისეთი ადამიანები გამაცნო, რომლებსაც სხვისი დახმარება სჭირდებოდათ – შშმ პირები, მარტოხელა დედები, მოხუცები… ამით მაჩვენა, რომ ზოგს ჩემზე მეტად უჭირს. მე დღესაც ვმეგობრობ ზოგიერთ მათგანთან და ვეხმარები, როგორც შემიძლია.

 

გამარჯვება და ლამაზი მეგობარი

რა თქმა უნდა, ღმერთს რომ არ ნდომებოდა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ – მე, დედამ, მამამ და ჩემმა ძმამ – ბევრი ვიბრძოლეთ და დიდმა ძალისხმევამ, მოთმინებამ, წლობით ნათევმა ღამეებმა შედეგი გამოიღო. უკვე ორი წელი გავიდა, რაც საბოლოოდ დავამარცხე ეპილეფსია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სავსებით ჯანმრთელი ვარ. ყველაფერი ცუდი ჩემს ცხოვრებაში უკან დარჩა. ახლა მეგობარიც მყავს. არა, შეყვარებული არ გეგონოს (ისევ იცინის), დაქალია. ულამაზესი ლანა. ყველაზე ნიჭიერი და კეთილი გოგო. აღარც სხვა ბავშვები მერიდებიან და მეც უფრო თამამად ვურთიერთობ მათთან.

წლების მატებასთან ერთად აგრესიის მოგერიებაც ვისწავლე. ახლა უკვე აღარავის გავაბედვინებ, ცუდად მომექცეს. ის კი არა, როცა ვინმე დაუცველია ჩემ გვერდით, ვფიქრობ, რომ მის მაგივრადაც უნდა ვიყო ძლიერი და სამართლიანი (აქ მუშტს კრავს). აღარც თითის გამო ვნერვიულობ. ადრე სულ ვმალავდი, სათითეს ვატარებდი, ახლა აღარ. საბოლოოდ გადავლახე „ცხრათითას“ კომპლექსი.

ზოგი რამ ალბათ ჩემი ბრალიც იყო. როცა იცი, რომ ნაკლი გაქვს, საკუთარ თავში იკეტები, გარეთ გასვლა არ გინდა, გგონია, ყველა შენ გაკვირდება. ვცდილობდი, მეპოვა ჩემს თავში ძალა, დედაც მეხმარებოდა, მაგრამ ავადმყოფობა ხელს მიშლიდა. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, საგანგებოდ არასოდეს დავმდგარვარ სარკის წინ და არ მითქვამს ჩემი თავისთვის: „აბა მარი, შენ იცი, არავის დაეჩაგვრინო–მეთქი“. უფრო თავისით მოხდა გარდატეხა. ალბათ, გავიზარდე და ამის ბრალიცაა.

 

რეცეპტი

ბულინგისთვის თავის დასაღწევი, კომპლექსების გადასალახავი ჩემეული რეცეპტი ისაა, რომ აგრესიით ვერაფერს გახდები. შეიძლება, რაიმე თანდაყოლილი ან შეძენილი გარეგნული ნაკლი გქონდეს, მაგრამ ასჯერ მეტი ღირსება და სიკეთე იმალებოდეს შენს შიგნით. ამის მოძებნა და პოვნაა აუცილებელი. ბევრი რამის წამალი, ჩემი აზრით, კარგი მეგობრები და ურთიერთობებებიცაა, და კიდევ – საყვარელი საქმე ან ჰობი. ჩემი ჰობი ჯერჯერობით ხატვაა. პროფესია კი… უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ექიმი გამოვიდე. ექთნის როლს ათი წლიდან ვირგებ – დიდი ხანია ვიცი წნევის გაზომვა, ნემსის გაკეთება, ჭრილობების დამუშავება და კიდევ ბევრი რამ; საჭმელების გამომგონებელიც ვარ – რაც უნდა უცნაური ინგრედიენტები ავურიო ერთმანეთში, მაინც გემრიელი კერძი გამომდის. ახლახან კერვაც ვისწავლე და ძალიან მომწონს ჩემი შეკერილი ტანსაცმლით სიარული. მოდელობაც ვცადე, მაგრამ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვარ უკვე. არც მინდა არაჩვეულებრიობა. უბრალოდ, ჯანმრთელი და ბედნიერი მინდა ვიყო და იმავეს ვუსურვებ ყველას.

მობოდიშება

0

ბავშვებს ხშირად ვაიძულებთ, მოუბოდიშონ და-ძმას, მეგობარს ან უფროსს, მაგრამ ყველას გვეთაკილება, თავად მოვუბოდიშოთ ბავშვს. თავს იმით ვიმართლებთ, რომ მობოდიშებამ შესაძლოა შეასუსტოს ჩვენი ავტორიტეტი. მაგრამ თქვენც ხომ უფრო მეტ პატივს სცემთ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეცდომების აღიარება და გამოსწორება შეუძლიათ? არასწორი საქციელისთვის ბოდიშის მოხდა იმას არ ნიშნავს, რომ შვილებს შეცდომები არ უნდა შეუსწოროთ. მათ ისედაც კარგად იციან, ვინ არის უფროსი.

ადამიანების უმრავლესობა დისკომფორტს გრძნობს მობოდიშებისას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეცდომის აღიარება უწევს, არამედ იმიტომაც, რომ ეს აღვიძებს სირცხვილის შეგრძნებას, რადგან გვახსენდება, რომ ბავშვობისას ჩვენც გვაიძულებდნენ ბოდიშის მოხდას.

და მაინც, რას სწავლობს ბავშვი, როდესაც მშობელი თავს არიდებს ბოდიშის მოხდას?

  • ბოდიშის მოხდა ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი ჩაიდინეთ ან თქვენ თვითონ ხართ ცუდი ადამიანი. სირცხვილის გრძნობა ბოდიშს მოხდასთანაა გადაჯაჭვული.
  • არაფერი დაშავდება, თუ ურთიერთობას ვავნებთ და შეცდომას არ ვაღიარებთ ან არ ვეცდებით მის გამოსწორებას.
  • როდესაც ბოდიშს იხდი, სტატუსს კარგავ.

ნაცვლად ამისა, უმჯობესია, მობოდიშებით შვილებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი გავუგზავნოთ:

  • ყველას მოგვდის შეცდომა, მაგრამ შეგვიძლია, რაღაცების გამოსწორება ვცადოთ.
  • ხანდახან ყველანი ვაყენებთ ტკივილს სხვებს. მთავარია მივხვდეთ, როდის ვაკეთებთ ამას და მოვიბოდიშოთ.
  • როცა ბოდიშს იხდი, შენზე უკეთესი წარმოდგენა ექმნებათ.
  • მობოდიშება ძნელია, შესაძლოა გამბედაობის მოსაკრებად დრო დაგვჭირდეს, მაგრამ სამარცხვინო არ არის, რადგან საბოლოოდ ყველანი უკეთ ვიგრძნობთ თავს.

 

მაშ ასე, როგორ და როდის უნდა მოუბოდიშოთ შვილს:

 

  1. მოიბოდიშეთ მარტივად და ხშირად, ისეთ მომენტებშიც კი, რომლებიც უმნიშვნელო გეჩვენებათ, მაგრამ ცხოვრების ნაწილია: “უი, ბოდიში, რომ შეგაწყვეტინე”. გაითვალისწინეთ, რომ როცა ისე იქცევით, როგორც არ გინდათ იქცეოდეს თქვენი შვილი, ბოდიშის მოხდაც მოგიწევთ. ჩვენი საქმეა, ვმართოთ საკუთარი ემოციები, განურჩევლად იმისა, რას აკეთებს ჩვენი შვილი.
  2. თუ თქვენი შვილი რამეს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გაითვალისწინეთ მისი აზრი, განურჩევლად იმისა, ეთანხმებით თუ არა. “დაგვპირდი, რომ ახალ რვეულს მოგიტანდი, მაგრამ სულ დამავიწყდა. ძალიან ვწუხვარ. ვიცი, ელოდებოდი…”
  3. აღწერეთ, რა მოხდა. “ყველა წყობიდან გამოვედით. შენ ყვიროდი. მერე მეც ყვირილი დავიწყე, შენ კი ატირდი. ძალიან ვწუხვარ, თუ შეგაშინე. იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ თავის შეკავება უნდა მომეხერხებინა. ყვირილი არ არის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევის საუკეთესო გზა”.
  4. ბოდიშიდან ნუ გადახვალთ დადანაშაულებაზე. “მართალია, გიყვირე, მაგრამ ამას იმსახურებდი”. ჩვენ უფროსები ვართ და თავშეკავების მაგალითი უნდა მივცეთ.
  5. აუხსენით, რატომ დაკარგეთ წონასწორობა: “ძალიან მძიმე დღე მქონდა, კიდევ ერთ უსიამოვნებას ვეღარ გავუმკლავდი. ამიტომაც გიყვირე. მაგრამ ეს არ მამართლებს. არავინ იმსახურებს, რომ უყვიროდნენ”.
  6. მიეცით ბავშვს პასუხისმგებლობის მაგალითი: “ვწუხვარ, რომ შენ გვერდით არ ვიყავი და ვერ დაგეხმარე”. თქვენ თავს არ იდანაშაულებთ – თქვენ წუხხართ, რომ იქ არ იყავით და პასუხისმგებლობა ვერ გაიზიარეთ. ეს დაეხმარება ბავშვს, საპასუხო ნაბიჯი გადმოდგას და თვითონაც მოიბოდიშოს.
  7. თუ რამე არ გამოგივიდათ, სცადეთ კიდევ ერთხელ. “მაპატიე, საყვარელო, არ მინდოდა, გაგბრაზებოდი. მოდი, კიდევ ერთხელ ვცდი. აი, რა მინდოდა მეთქვა…”
  8. შეიმუშავეთ გეგმა სიტუაციის გამოსასწორებლად. “იცი, რას გეტყვი? დილით, სკოლაში რომ წავალთ, გზად მაღაზიაში შევიაროთ შენი რვეულის საყიდლად”. ეს ნებისმიერი მობოდიშების აუცილებელი პირობაა.
  9. თქვენი შვილი ბევრს ისწავლის თქვენგან, თუ ჰკითხავთ, როგორ ჯობდა მოქცეულიყავით და განიხილავთ ამას თავდაცვით პოზიციაში ჩადგომის გარეშე. შემდეგ პირობა დადეთ: “მომავალში შევჩერდები და ღრმად ვისუნთქებ, სანამ არ დავმშვიდდები”, – და აუცილებლად შეასრულეთ. თუ საყვარელი ადამიანი ბევრჯერ გატკენთ გულს, ადრე თუ გვიან მის ბოდიშს აღარ დაიჯერებთ. პატიების თხოვნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა იცით, რომ ადამიანი მართლაც აღარ გაიმეორებს თავის შეცდომას.
  10. ჰკითხეთ შვილს, მზად არის თუ არა შერიგებისთვის. “იმედი მაქვს, მაპატიებ.” ეს დაეხმარება ბავშვს, მოერიოს აღშფოთებისაგან და ხელახლა დაამყაროს ემოციური კავშირი. მაგრამ თუ ბავშვი მზად არ არის პატიებისთვის, ნუ აიძულებთ. ნაცვლად ამისა, წყენისაგან გათავისუფლებაში დაეხმარეთ.

გახსოვდეთ, რომ მობოდიშებაში არაფერია სამარცხვინო. პირიქით, მთელი ძალისხმევა შვილთან ურთიერთობის გამოსწორებისკენ მიმართეთ. შეცდომის აღიარებას და პატიების თხოვნას გამბედაობა სჭირდება, მაგრამ ეს უკეთეს მშობლად გაქცევთ, ასე აღზრდით უფრო ჯანსაღ პიროვნებას, რომელიც აფასებს ურთიერთობებს და შეუძლია პასუხისმგებლობის აღება.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/peaceful-parents-happy-kids/201706/how-and-when-apologize-your-child

სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის

0

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური მთელი საქართველოდან ჩამოსულ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს საშუალება აძლევს თავიანთი და მოსწავლეების საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა საექსპოზიციო დარბაზში გამოფინონ, ერთმანეთს შეხვდნენ, სიახლეებზე შთაბეჭდილებები გაუზიარონ, ძველი გაიხსენონ და მომავალი თანამშრომლობა დაგეგმონ.

ფორუმი რომ მზარდი ორგანიზაციაა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველწლიურად მისი წევრების რიცხვი იმატებს. ამ პროფესიულ გაერთიანებაში უკვე ათასზე მეტი სამოქალაქო განათლების პედაგოგია. წლევანდელ კონფერენცია-გამოფენაში 300-მდე მათგანი მონაწილეობდა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბდა და უკვე დამოუკიდებელ გაერთიანებას წარმოადგენს, თუმცა მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობასთან“, რომლის აქტივობებიც პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ წარმოადგინა.

ფორუმის უმთავრეს მიზანს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ეს გახდა იმ მემორანდუმის საფუძველი, რომელიც მასწავლებელთა სახლსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს შორის გაფორმდა. ამ თანამშრომლობის პერსპექტივაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ისაუბრა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგების მოლოდინს  გამოფენა-კონფერენციისადმი ისიც ამძაფრებს, რომ ყოველწლიურად ფორუმი სამოქალაქო განათლების პედაგოგებს სხვადასხვა ნომინაციებით აჯილდოვებს და ეს მათთვის მამოტივირებელ ფაქტორს ქმნის. წელსაც გაიცა დამსახურებული ჯილდოები და ბევრი პედაგოგის შრომა დაფასდა. ფორუმის უმთავრესი პრიზი და წოდება ,,სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი“ 11-ივე  რეგიონიდან შერჩეულ პედაგოგებს გადაეცათ;

კონფერენციის მეორე ნაწილი სასემინარო მუშაობას დაეთმო. თემები საჭიროებაზე მორგებული და აქტუალური იყო: თანასწორობის საკითხები სკოლაში, არაფორმალური განათლების როლი სკოლაში, პედაგოგიური სტრატეგიები და სამოქალაქო განათლების სწავლება, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. პედაგოგების წარმოდგენილ გამოცდილებაზე დისკუსიებს დარგის ექსპერტები უძღვებოდნენ.

მთავარი, რაც გამოიკვეთა, და რაც სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების კოორდინატორის ნიკოლოზ სილაგაძის გამოსვლაშიც აღინიშნა, სამოქალაქო განათლება, როგორც საგანი თანდათან რეალურ ადგილს იკავებს საგანმანათლებლო სივრცეში და სულ ნაკლებად მიდის საუბარი, მის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე. ახლა განსჯის საგანს წარმოადგენს ის საკითხი, თუ როდის, როგორ, რა გზით ვასწავლოთ საგანი და როგორ შევაფასოთ შედეგები. საგნის სწავლება უკვე მესამე კლასიდან დაიწყება და უწყვეტად გაგრძელდება. ესგ-ში ეს ვალდებულება უკვე ასახულია და განხილვის საგანს საშუალო საფეხურზე სწავლებაღა წარმოადგენს.

მთავარი ვექტორი მიმართულია იქით, რომ მომავალმა მოქალაქემ სკოლაში მიიღოს ცოდნა კარგი მოქალაქეობის შესახებ, რომ მისი ცოდნა იყოს ფუნქციური, აქტიური მოქალაქეობისკენ მიმართული.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტომასალა შთამბეჭდავ ინფორმაციას აწვდიდა დამთვალიერებელს იმის შესახებ, რომ პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელება შეძლეს და სკოლისა და თემის საჭიროებაზე მორგებული პროექტები განახორციელეს. გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა, საქველმოქმედო ღონისძიებები, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობა, ადვოკატირება და ასე შემდეგ – ის ზოგადი მიმართულებებია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ  ასობით აქტივობას მოიცავს. მათი განხორციელების დროს პედაგოგებს საშუალება ეძლეოდათ სწავლა-კეთებით გაეაქტიურებინათ  პროექტული სწავლების, პრობლემური სწავლების მიდგომები და ეფექტურ შედეგზე გასულიყვნენ. საამისოდ მათ რესურსს პროგრამა ,,მომავლის თაობა“ სთავაზობდა.

საგნობრივი პროფესიული ასოციაციების შექმნა და მათი ეფექტური საქმიანობა ნამდვილად კარგ გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუჯობესებაზე. როცა პედაგოგები თავად ერთიანდებიან პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისათვის. ეს არის პროცესი ქვემოდან ზევით, რაც მის მნიშვნელოვნებას უფრო ზრდის.

 

 

 

 

          მდინარე

0

გავდივარ ჩემი კორპუსიდან (პოლიტკოვსკაიას 44. ყოფილი ჯიქიას 18 ა). წინა კორპუსთან ზევით ვუხვევ. მარცხნივ ბავშვთა სახლია – ძველი, ერთსართულიანი შენობა. ბავშვები ეზოში დარბიან, ჩერდებიან და მიყურებენ. ხელს ვუქნევ, ისინიც მიქნევენ. მე გზას ვაგრძელებ, ისინი – თამაშს. ბავშვთა სახლის წინ სამხედრო პოლიგონია, სადაც ბოლო ორი წელია აღარ ისვრიან, თორემ ადრე სულ ისროდნენ. ავტომატის ხმა ყოველდღე ისმოდა.  კვირაში რამდენჯერმე კი, რა იყო არ ვიცი, მაგრამ ისეთ იარაღს ისრვოდნენ ხოლმე, მის ხმაზე ავტომანქანების სიგნალიზაციები ირთვებოდა და სახლებში ბზარს ბზარი ემატებოდა. საოცარი რამეა: ბავშვთა სახლი და მის წინ სამხედრო პოლიგონი.

ზევით კერძო სასაფლაოა. საფლავები ფერდობზე მთის სოფელივითაა შეფენილი. სასაფლაოს გავცდი და უფრო ზევით მივუყვები მოასფალტებულ გზას. აღმართის თავში მაღალი ძაბვის უშველებელი ბოძის ქვეშ ვდგები და ვერეს ხეობას გადავყურებ. პატარა ეზოდან ძაღლი მიყეფს. მარჯვნივ და ზევით, შორს, სააგარაკე სახლები მოჩანს. პირდაპირ და ზევით კი – წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. წყნეთისკენ ამავალ გზაზე ავტომანქანები მოძრაობენ, გზიდან ვერემდე ღვარცოფებით ჩამორეცხილი უშველებელი კლდეა. ვერე ამ კლდეს მიუყვება, მეორე ნაპირზე კი ნაძვნარია. აქედან არ ჩანს, მაგრამ ნაძვის ტოტებზე პოლიეთილენის პარკები და მდინარის ადიდების დროს ჩამოტანილი ხმელი ბალახი და ლამია შერჩენილი.

უკვე ორი წელი გავიდა ცამეტი ივნისის ტრაგედიიდან და ამ ხეობაში მას მერე არ ვყოფილვარ. რაღაცნაირად გული ამიცრუვდა ამ მდინარეზე. არადა, ადრე სულ დავდიოდი ხოლმე. სტიქიის მსხვერპლთა შორის ჩემი ნაცნობი და ახლობელი არავინ ყოფილა, მაგრამ ის ღამე მაინც უდიდეს კოშმარად გამყვება მთელი ცხოვრება. თბილისის ქუჩებში მოსეირნე ზოოპარკის ცხოველები. ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მუშა. მაშინ ბროსეს ქუჩაზე ვცხოვრობდი. კალაპოტიდან გადმოსულმა მტკვარმა ლამის ჩვენს სახლამდეც მოაღწია. მხოლოდ ტელევიზორით ვადევნებდი თვალს იმ ახალგაზრდებს, სტიქიის მერე რომ იდგნენ გმირთა მოედანზე და მზიურში და ქალაქს ასუფთავებდნენ. მეც მინდოდა მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ ჩემი ცოლი მუშაობდა, ბავშვი მაშინ ბაღში არ დადიოდა და დამტოვებელი არავინ იყო.

ჩავყურებ ვერეს ხეობას. ისევ სამშენებლო ნაგვის გორები დგას. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მხოლოდ ჩემი სახლის გარშემო ხუთი მაღალსართულიანი სახლი შენდება, მთელ ქუჩაზე რამდენი – ღმერთმა უწყის. ჰოდა, სამშენებლო ნაგავი აქ მოაქვთ და ყრიან, შორს წასაღებად თავს არ იწუხებენ.

ოდესღაც, თხუთმეტი წლის წინ, როცა ჩემს კორპუსში ფართი შევიძინეთ, მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა პირველ სართულზე. მე და მამაჩემმა ამ სამშენებლო ნაგავსაყრელზე აგურები მოვაგროვეთ. ძირითადად გადატეხილი აგურები იყო, მაგრამ მთელებიც ერია. დაქირავებული სატვირთო მანქანით კორპუსამდე მივიტანეთ და ზურგით ავზიდეთ მეექვსე სართულზე. მოგროვილი აგურებით გამოვყავით ჩვენი ფართი სხვისი ფართისგან და ამოვიყვანეთ უკლებლივ ყველა კედელი.  ამისთვის, ალბათ, მადლობელი უნდა ვიყო, მაგრამ ჩემი მადლიერება რა სახსენებელია, საკითხავი ის არის, როდის ადიდდება ისევ ვერე და როდის ამოქოლავს ამ და ხეობის სხვა ადგილებში დახვავებული სამშენებლო ნაგვით რომელიმე გვირაბს.

დიახ, საკითხავი აი ეს არის.

 

 

 

შვილების ადვოკატები

0

 

ადრე რამდენიმე გამორჩეული მამა გაგაცანით (https://mastsavlebeli.ge/?p=10727), ახლა კი იმ ქართველ დედებზე მინდა გიამბოთ, რომლებიც გარემოებების გამო შვილების ერთგვარ ადვოკატებად იქცნენ. მეტყვით, ყველა დედა მზრუნველია და ამაში არაფერია განსაკუთრებულიო, მაგრამ რადგან ჩემი სტატიის გმირები დროთა განმავლობაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი შვილების უფლებადამცველებადაც ჩამოყალიბდნენ და სხვა დაბნეული, გნებავთ თავზარდაცემული, მშობლების გზამკვლევებადაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ საზოგადოება უფრო კარგად უნდა იცნობდეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებმა ამ დედებს საკუთარ თავში დიდი პოტენციალი აღმოაჩენინეს და უბიძგეს სულ სხვა სფეროში გამოევლინათ ნიჭი.

 

*

დაუნის სინდრომის მქონე ირაკლის (აკლის) დაბადებამ პროფესიით ფილოლოგი დედის  საქმიანობის სფერო რადიკალურად შეცვალა. ნინო ცინცაძემ 2006 წელს დააფუძნა „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი“, ასევე საქართველოს „პორტიჯის“ ადრეული განვითარების პროგრამა და მას შემდეგ ზრუნავს ბაღებში ინკლუზიური სწავლების გაფართოებისათვის. ბოლო წლებში მისი ინიციატივით ქართულად ითარგმნა ამ დარგისათვის ისეთი მნიშვნელოვანი წიგნები, როგორიცაა „დაუნის სინდრომი – ნათელი მომავლისაკენ“, „მსხვილი მოტორიკა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში“, „როგორ ვასწავლოთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს კითხვა“; მომზადდა დაუნის სინდრომის მართვის სამედიცინო მეთოდური რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფომ აღიარა და ახლა მათ რეგიონების სამედიცინო პერსონალს აცნობენ. 2012 და 2017 წლებში, სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ადრეული ინტერვენციის პროგრამა დააფუძნა ლაგოდეხსა და ახალციხეში. ამჟამად ილიას უნივერსიტეტთან ერთად „პორტიჯი“ ავითარებს ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამას, რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა იმ ბავშვისათვის, ვისაც მეტყველების განვითარების დარღვევა აქვს.

 

*

 

 

„ვფიცავ, ვიქნები მისი ადვოკატი, მისი ხმა და მხარდამჭერი ყველგან, სადაც საჭირო გახდება. თავს შევაკლავ ყველას, ვინც მას დამიჩაგრავს!“ – ეს სიტყვები ხშირად გამიგონია მარი კორკოტაძისგან, აუტიზმის მქონე დათას დედისგან, რომელმაც რამდენიმე წელიწადში მოახერხა აქტიურად ჩაბმულიყო შშმ პირების უფლებების დაცვის საქმეში და გამხდარიყო ბევრი მშობლისათვის მაგალითი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)“ ერთი წლის წინ დააარსა და უშურველად უწევს კონსულტაციას დედებს, როცა მათ შშმ შვილებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ. მაგალითად მისი დახმარებით უკვე რამდენიმე ბავშვს დაენიშნა სპეცმასწავლებელი ბაღსა თუ სკოლაში; მისი ინიციატივით განათლების სამინისტრომ დააფინანსა პროექტი „მასწავლებლების სუპერვიზია საჯარო სკოლებში“, რისი საშუალებითაც მასწავლებლები შეისწავლიან იმ მოსწავლეებთან მუშაობის ტექნიკას, რომლებსაც აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები. ეს კი ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების განვითარებას საქართველოში. „FAD“-ის მოთხოვნით თბილისის მერიამ საკრებულოს დადგენილებიდან ამოიღო დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აუტიზმის აბილიტაციის პროგრამაში მოხვედრა შეეძლოთ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც 2015 წლის პირველ ივლისამდე იყვნენ თბილისში ჩაწერილი. ახლა ამ დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ნებისმიერ თბილისელ თუ თბილისში გადმოწერილ პირს ეძლევა საშუალება გარკვეული დროის შემდეგ მიიღოს უფასო მომსახურება.

*

 

„ლევანის სიყვარული მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო ცვლილებებისთვის. სწორედ მან ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. როცა ვიღლები, ის მეხუტება. დაღლა მალევე ქრება და მე ისევ განვაგრძობ ბრძოლას. ჩემი საქმიანობით რეალურად მე ჩემი შვილის მომავალს ვქმნი.“ – ეს მაია შიშნიაშვილის სიტყვებია. ანგელმანის სინდრომის მქონე ლევანის დედა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის განათლების მეცნიერებათა მაგისტრია. შვილის მომავალზე ფიქრმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, დაეფუძნებინა სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელი ხელს“, რომელიც მიზნად დაისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას საოჯახო საცხოვრისის სერვისით, მათ გაძლიერებას, დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და დასაქმებას. პირველი საოჯახო ტიპის სახლი საკუთარი მშობლების სახლში, გურჯაანში, 2011 წელს გახსნა. ახლა უკვე ამ ტიპის ექვსი სახლი არსებობს (სამი გურჯაანში, სამიც თბილისში), რისი მეშვეობითაც ოცდახუთი ადამიანი დაუბრუნდა საზოგადოებას. „ხელი ხელს“ ძირითადად იმ ადამიანებს სთავაზობს საოჯახო საცხოვრისს, ვინც ინსტიტუციებში ცხოვრობდა. პრიორიტეტი ენიჭებათ ინტელექტუალური შეზღუდვებისა და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს, როგორც ყველაზე მეტად უგულებელყოფილ და სტიგმატიზებულ ადამიანებს. ორგანიზაციის დამფუძნებელი მუდმივად ზრუნავს შშმპ თემებზე ცნობიერების ამაღლებისა და საოჯახო ტიპის სახლების მოდელის ადვოკატირებისთვის.

*

 

ცნობილი ტელეწამყვანის – ნინო მეუნარგიას შემთხვევა სხვა დედების ამბებისგან ოდნავ განსხვავებულია, რადგან ის იმავე სფეროში, ჟურნალისტიკაში, დარჩა. ცერებრული დამბლის მქონე დაჩის დაბადების შემდეგ იგი ოთხი წლის განმავლობაში მოწყდა თავის საქმიანობას, თუმცა შემდეგ ისევ აქტიურად დაბრუნდა რადიოში პირველი ქართული სოციალური პროექტით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ერთგვარ ხმად იქცა. „ჩვენ აქ ვართ“ რადიო „იმედის“ გადაცემაა, რომელიც თითქმის 5 წელია აშუქებს შშმპ თემებს. ნინო მეუნარგია წამყვანია მეორე სოციალური გადაცემისაც – „ვუსმენთ ერთმანეთს“. ის აქტიურად იყენებს თავის პროფესიას და ტრიბუნას შშმ პირთა შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად; არის ამ თემებზე არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი მედიის მიმართულებით. მისი საქმიანობა ამჟამად საქართველოს ეროვნულ პარალიმპურ კომიტეტსაც დაუკავშირდა, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს და ცდილობს ის დიდი შედეგები, რაც ჩვენს პარასპორტსმენებს აქვთ, სათანადოდ წარმოაჩინოს, რითაც ხელს უწყობს როგორც სტერეოტიპების მსხვრევას საზოგადოებაში, ისე სხვა შშმ პირების სპორტით დაკავების წახალისებას.

ყვარლის საიდუმლო

0

ყვარლის რაიონი საქართველოს ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად ჩამოყალიბდა. წლიდან წლამდე ათასობით ადამიანი სტუმრობს კახეთის ამ უმშვენიერეს კუთხეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ტრადიციული ტრეინინგების ჩასატარებლად ხშირად ადიან ლოპოტის ტბაზე. ახალდაქორწინებული წყვილები და შეძლებული ადამიანები მეგობრებთან ერთად ყვარლის ტბაზე ატარებენ თავისუფალ დროს. ადგილობრივი მოსახლეობისა და ღარიბი სტუმრებისთვის ილიას ტბაა გამოყოფილი, რადგან ყველა სხვა ობიექტისკენ მიმავალ გზაზე დაცვის პოლიციის პუნქტისა და შლაგბაუმის გასავლელად ფულის გადახდაა საჭირო. ვიღაცებს ჯერ კიდევ ახსოვთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის არსებობა. ისინი ყვარლის მარშრუტს მწერლის მშობლიური კერის მოსანახულებლად ირჩევენ. ამავე მუნიციპალიტეტის მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა ნეკრესის უმშვენიერესი ტაძარი, საიდანაც ალაზნის ველი და მთელი კახეთი ხელისგულივით მოჩანს.

თავბრუდამხვევი ტურისტული ობიექტების მიღმა უამრავი საიდუმლო იმალება. სამწუხაროდ, დღეს აღარავის ახსოვს, რომ ყვარელი ერების პატარა მუზეუმია. ამ რაიონში კავკასიელი ხალხები მშვიდობიანად ცხოვრობენ გვერდიგვერდ.

მრავალი საუკუნის წინ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ალბანეთის სახელმწიფო მდებარეობდა. ალბანელები ძლევამოსილი მებრძოლები იყვნენ და სხვადასხვა დროს ახლო აღმოსავლეთსა თუ ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი ლაშქრობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ალბანეთი კავკასიის სამხრეთ საზღვარს ამაგრებდა. ყველა გავლენიანი იმპერიის პირველი შემოტევის მოგერიება ამ უძველეს სახელმწიფოს უწევდა. ისლამური სამეფოების მომძლავრებამ და ინტენსიურმა შემოტევებმა ალბანეთის ისტორიას წერტილი დაუსვა. შუა საუკუნეების მეორე ნახევარში სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა, მისი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კი იდენტობა დაკარგა. პოლიტიკური ერთეულის განადგურებას ალბანური ენისა და კულტურის ბოლომდე მოსპობა არ მოჰყოლია. თანამედროვე მსოფლიოში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი, რომელსაც ალბანელთა მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია. მათ უდები ეწოდებათ. უხეში გათვლებით, დედამიწაზე უდების საერთო რაოდენობა 10 000-ს აღწევს, მაგრამ ისინი უმეტესად გაფანტულად ცხოვრობენ. მთელ მსოფლიოში სამი სოფელიღაა, სადაც უდიები კომპაქტურად არიან დასახლებულნი. ამგვარ დასახლებათა შორის ერთ-ერთი, ზინობიანი, საქართველოში, ყვარლის რაიონში მდებარეობს, დანარჩენი ორი კი აზერბაიჯანში. მაშასადამე, ვინმე თუ გადაწყვეტს გამქრალი სახელმწიფოს საიდუმლოთა ამოცნობას და უძველესი წარწერების გაშიფვრას, უპირველესად ზინობიანს უნდა მიაშუროს, რადგან ძველი ენის რებუსების ამოსახსნელად იქ მცხოვრებ ორასამდე უდთან კავშირის დამყარებაა აუცილებელი.

ზინობიანიდან რამდენიმე წუთის სავალზე ერთმანეთის გვერდით სამი ულამაზესი სოფლის – თივის, თებელჯოხისა და არეშის ნახვაა შესაძლებელი. სამივე სოფელი დაღესტნური ტომებითაა დასახლებული. მათ ყველა ლეკებად მოიხსენიებს. ჩვენს ცნობიერებაში ლეკების შესახებ არაერთი შემზარავი ისტორიაა დალექილი. დაღესტნელებზე საუბრის დროს ქართველები უმთავრესად სოფლების დარბევისა და დაწიოკების, ახალგაზრდების გატაცებისა და გაყიდვის ამბებს იხსენებენ. სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება, რომ არც ჩვენ ვყოფილვართ შეუცდომელნი ლეკებთან ურთიერთობის დროს. ქართველი გენერლების წყალობით დამარცხდნენ შამილიცა და მისი თანამებრძოლებიც, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ლეკების რუსულ საპყრობილეში გამოკეტვა. ისინი დღემდე ებრძვიან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ასიმილაციურ და ჩაგვრაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. თიველებს, თებელჯოხელებსა და არეშელებს დღემდე ახსოვთ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე მომხდარი ტრაგედიაც. მეოცე საუკუნის დამლევს ქართველმა ექსტრემისტებმა არაერთხელ მოაქციეს ალყაში ლეკური სოფლები. ისინი ადგილობრივებს დამოუკიდებელი საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. მოკლედ, ჩვენც და დაღესტნელებსაც ერთმანეთის მიმართ ბევრი ცოდვა გვაქვს ჩადენილი. თუმცა მაინც ბევრი რამ გვაერთიანებს – კულტურა და ტრადიციები, იდენტური სოციალური ინსტიტუტების პატივისცემა, ერთი ცივილიზაციისადმი მიკუთვნებულობის განცდა… ქართველებსა და ლეკებს შორის კავშირის სიმტკიცის შესამოწმებლად ყვარლის რაიონში მოგზაურობას გირჩევთ.

საქართველოს სხვა სოფლების მსგავსად, მიგრაციას, უმუშევრობასა და სიღარიბეს პრობლემას ებრძვის სოფელი წიწკანაანთსერიც. აქაც მოუწესრიგებელია გზები და სხვა კომუნიკაციები. ადგილობრივები ხშირად უჩივიან სარწყავი და სასმელი წყლის უქონლობას. სოფელში შეიმჩნევა მოწესრიგებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მწვავე დეფიციტიც. წიწკანაათსერს სხვა, რიგითი სოფლებისგან ის განასხვავებს, რომ წლებია, აქ ქართველებთან ერთად ოსებიც ცხოვრობენ. შუაგულ ყვარელში მდებარე ულამაზესი სოფლის მოსახლეობის ორი მესამედი ეროვნებით ოსია.

ოსები, ლეკები, უდები და ქართველები ერთად ქმნიან ყვარლის რაიონის განსაკუთრებულობას.

რეპორტაჟი დილიდან

0

კარგი ხალხია მეეზოვეები, უხარიათ, როცა ესალმები!
სხვა ამბავია ნაცნობის მისალმება; რაღაც – სოციალური სტატუსი (შენი ან მისი), ვალდებულებები, წარსული კავშირები – აიძულებს გაგიღიმოს. შენც ხშირად ხარ იმ იძულებულის ადგილას. შენც იღიმები ნაძალადევად. რაღა თქმა უნდა, ხშირად გულითაც იღიმები, ვიღაცებს შენი ნახვაც უხარიათ, მაგრამ მეეზოვეები მაინც სულ სხვაა. მათ არაფერი ავალდებულებთ, გაგიღიმონ, მაგრამ ხშირად იმდენად შეუმჩნეველი რჩება მომსახურე კლასი, რომ მეეზოვეებს გულწრფელად უხარიათ მისალმება.
და მეც გავდივარ შინიდან დილის ექვსი საათისთვის, გავდივარ, რომ ვიარო. ეს სიარული რაღაცნაირი მიზეზია, თითქოს ბურჟუაზიულ კლასს მიგაკუთვნებს, რაღა თქმა უნდა, დილით, ექვს საათზე, როცა მეეზოვეები შრომას იწყებენ, როცა გამვლელი თუ შეგხვდა, ისიც მძინარე სახით მირბის რომელიღაც, სავარაუდოდ, მცირეანაზღაურებად სამსახურში. თორემ დღისით რამდენიც გინდა, იარე, უამრავი იქნება შენნაირი.
გამოვდივარ და ხარბად ვიღებ დილის ენერგიას. ნახევარი წელიწადია, სიგარეტს თავი დავანებე და ძალიან გავსუქდი. ახლა ვცდილობ, უკვე მერამდენედ როგორმე მოვერიო კილოგრამებს.
პირველი სიხარული ჩემი მეეზოვეა, ლამაზი შუახნის ქალი, ამას წინათ გაბრწყინებული სახით მომიყვანა და გამაცნო თავისი ქალიშვილი, 25-27 წლის, ისიც ლამაზი. ფორმა არ ეცვა და სულ სხვანაირი, ლაღი და გაშლილი გაუყვა ჩვენს ქუჩას ქალიშვილთან ერთად, თითქოს ყველას გვაჩვენებდა, აი, მეც რა განძის პატრონი ვარო. ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. მეც გავილექსე, დედათქვენი ეზოში ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს, ეჭვიც არ მეპარებოდა, ასეთ ლამაზ ქალს შვილიც რომ ლამაზი ეყოლებოდა-მეთქი. იცინოდნენ და ერთმანეთს მხრით ეყრდნობოდნენ.
უნდა ვაღიარო, სახელი არ ვიცი, რაღაცნაირად ისე გახდა ახლობელი, ვერ ვკითხე, ახლა მერიდება. მაგრამ ვიცი, რომ ყოველთვის გვახარებს ერთმანეთის დანახვა, მარტო კი არ გვახარებს, მე მალაღებს კიდეც. ახალგაზრდაა, ლამაზი, ჯან-ღონით სავსე და თავისი ფართო ღიმილით, ასე მგონია, მეც მჩუქნის ენერგიის რაღაც ნაწილს.
ყველა მეეზოვე, რა თქმა უნდა, ასეთი არ არის. ზოგი უშნოა, ზოგიც – ლამაზი, ზოგი უჟმურია და ზოგიც – სევდიანი, მაგრამ სალამი ყველას უხარია. შეიძლება, დილის ბრალიცაა. სიჩუმეა, ჩიტები ჭიკჭიკებენ, გარემო თითქოს რაღაცნაირად უფრო ჰგავს საკუთარ თავს და ადამიანს მეორე ადამიანის შემჩნევის საშუალებას უფრო აძლევს.
აი, წინა მეეზოვე სულ სხვანაირი იყო, დაღლილი და სევდიანი, და მისი ამბავიც ძალიან სევდიანად დასრულდა.
სამოცს იქნებოდა გადაცილებული, საშუალოზე მსუქანი იყო და რაღაცნაირად სათუთად თეთრი. უცნაურია, როგორ შეიძლება, მეეზოვის სახის კანს არასოდეს მოეკიდოს მზე, მაგრამ ყოველთვის თეთრი იყო, თეთრი, ფითქინა, და საოცარი ცისფერი თვალები ჰქონდა. მისალმებაზე ისიც ღიმილით გპასუხობდა, ამოსწევდა ამ დიდრონ ცისფერ თვალებს და ისე შემოგაფეთებდა, სახის კანზე იგრძნობდი მათ შეხებას. სევდა მაინც სულ ედგა. აი, რომ არიან, რაც არ უნდა აცინო და ამხიარულო, მარადიული სევდა რომ არ გადასდით მზერიდან, ეგეთი იყო. საქმითაც რაღაცნაირად დაღლილი მუშაობდა. ზურგიდანაც რომ გეყურებინა, ის სევდა მარტო მოძრაობაშიც ეტყობოდა. ავად ყოფილა, წნევები ჰქონია, მაგრამ მაინც არა მგონია, მხოლოდ ფიზიკური მონაცემების, ჯანმრთელობის და ასაკის ბრალი ყოფილიყო.
ერთ დღეს ეზოში შემომავალი ცუდ ამბავს შევესწარი. მუშაობისას ინსულტმა დაარტყა. არ იყო ძალიან მძიმედ, მეტყველება გაუჭირდა, მაგრამ ბოლომდე არ გათიშულა, ხელ-ფეხიც თითქოს უმოძრავებდა. რამდენიმე მეზობელმა გამოვუძახეთ სასწრაფო, დავურეკეთ შვილთან, დაველოდეთ, სანამ წაიყვანდნენ. ერთი იყო ძალიან ცუდი – მეცხრე სართულიდან ჩამოვიტანეთ სკამები, რომ ექიმების მოსვლამდე დაგვესვა და ფეხები აგვეწევინებინა. სხვებმა, უფრო ახლო სართულებზე მცხოვრებლებმა, ალბათ სკამები დასამტვერიანებლად ვერ გაიმეტეს.
მერე ეს მოვიდა, ეს ახალგაზრდა და ლამაზი. ამან იმ ცისფერთვალებასი არაფერი იცოდა, გვერდით ქუჩის მეეზოვეს ვკითხე და ბიულეტენს აღარ უნაზღაურებენ და ძალიან უჭირს, შვილიც ავად ჰყავსო. მერე ინსულტს გაუმეორებია და გარდაცვლილა.
ჰო, ასეა, ყოველთვის მხიარული და ჯანიანი ამბებით არ იწყება დღე თუ გზა, ხანდახან ძალიან სევდიანია.
დიდუბეში ვცხოვრობ, მირცხულავას ქუჩაზე. შინიდან ორნაირად შემიძლია გავიდე: უკანა ეზოდან, რომელიც მაუდკომბინატის ( ქარხანა იყო ასეთი) კედელს და საბავშვო ბაღს ესაზღვრება და წინიდან – სკოლისა და წერეთლის გამზირისკენ მიმავალი თაღის გავლით.
ეს მაუდის ქარხანა ახლა ნაქარხნალია, მაგრამ მაშინ, ჩემს საბჭოთა ბავშვობაში, ქუხდა და გუგუნებდა, მგონი, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში. იმ საბავშვო ბაღში მუშებს ბავშვები ღამითაც შეეძლოთ დაეტოვებინათ. სკოლაში 1979-ში შევედი, ბაღი სულ ერთი წელი მომიწია, ბოლოში მომისწრო.
უნდა ვთქვა, ძალიან მიყვარდა: ბაღიც, იქაური სუპებიც, იქაური მეგობრებიც (ერთი დღემდე გამომყვა) და იქაური შეყვარებულიც. ისიც მახსოვს, როგორ ვაწყობდი გეგმებს, ერთი კვირა სულ მემხიარულა იმ ბიჭის თვალწინ, ერთი კვირა მოწყენილს მევლო. თუ შევძელი, აღარ მახსოვს, მაგრამ სიყვარული უპასუხოდ არ დარჩენილა და მერე სკოლაშიც გაგრძელდა, სანამ მესამე კლასში ტრაგიკულად არ გადავიდა სხვა სკოლაში. მე კი ერთი 5 წელი მაინც ვინახავდი მის ნაჩუქარ პენალსა და სახაზავს, რომელზეც უბრალო ფანქრითა და ბავშვური ასოებით ეწერა: „კობასაგან“. ჩემი სახელი არ ეწერა, ისედაც ცხადი იყო, მაშინ კიდევ იმას არ ვიფიქრებდი, თავის სახელს აწერს, ჩემსას – არა, ესე იგი საკუთარ არსებობას პრიორიტეტს ანიჭებს-მეთქი. მაშინ უბრალოდ მიხაროდა.
ახლაც მიხარია ამ ბაღთან გავლა. მართალია, წერეთლის გამზირის მხარეს ნახევარი დაცვის სამსახურმა იქირავა და აგურის ლამაზი ფასადი ლურჯად გადაღება, მაგრამ ჩვენკენ, ეზოსკენ, ისევ აგური და საბავშვო ბაღია. ამ ბაღის ეზოს კუთხეში ალუჩა იდგა და რაც თავი მახსოვს, მისი აყვავებით ვიგებდი გაზაფხულს. წელს ადგნენ და მოჭრეს. მართალია, ნაძვები დარგეს და გაიხარა, ის კიდევ ძალიან ბებერი იყო, მაგრამ მაინც, ასე მეგონა, ბავშვობა მომიჭრეს. იმ ნაძვებზე ისე ვიეჭვიანე, გადავწყვიტე, ეს უთავმოყვარეოდ მთელი წელი მწვანე ხეები საერთოდაც არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ მერე გამიარა. გამოფენის ბაღში, სადაც ასევე დავდივარ ხოლმე, ერთი-ორი ისეთი მაგარი ნაძვი დგას, რომ არ გიყვარდეს, არ გამოდის.
მოკლედ, აქეთ, უკანა ეზოსკენ, ბევრი რამე შეიცვალა. მაგრამ მარცხნიდან რომ ქარხნის ღობე მიუყვება, რაც თავი მახსოვს, ეგეთია.
გავიდოდი ამ ეზოდან და გულისფანცქალით ვხვდებოდი ხოლმე რომელიმე შეყვარებულს. ტელეფონის აპარატი იქვე ეკიდა და შეეძლოთ, დაერეკათ. უფრო სწორედ, შეყვარებული ერთი იყო, დანარჩენები იმ ერთისგან გაქცევის მცდელობებს წარმოადგენდნენ.
ეზოდან რომ გავდივარ, ხანდახან მგონია, უამრავი თეონა, უამრავი ჩემი თავი მომყვება, მოდის ჩემთან ერთად: ზოგს კრემისფერი, ნავივით საყელოიანი მანტო აცვია, ძონძებში რომ ვიყიდე და გემრიელად ვატარე ბევრი წელიწადი, ზოგს – ჭრელი სარაფანი, დეიდაშვილმა რომ შემიკერა, ზოგი სკოლაში მიდის, ზოგი – სოფელში და ყველანი სევდიანად, თვალის გამოპარებით ცდილობენ, მე კი არ დამინახონ – თავიანთი თავი დამანახონ, მე კიდევ უკვე სხვა ვარ, სხვა რაღაც მაცვია და არსადაც არ მივდივარ, უბრალოდ დავდივარ, ეგეთები ადრე არ მიქნია.
მოკლედ, ამ უკანა მხარემ ცუდად იცის მოურჩენელი წარსულივით თავის წამოწევა და ისევ წინიდან გავალ. აი, სკოლა და თაღიანი გასასვლელ რომაა, იმ მხრიდან. თანაც აქეთ ერთი კარგი გასართობი მეგულება.
ეს წერეთლის გამზირზე გამავალი თაღი სამნაწილიანია. შუაში მანქანები გადიან, აქეთ-იქით პატარა ნაწილებში ფეხით მოსიარულეების ადგილია. ამ ფეხით მოსიარულეების ადგილსა და სამანქანო გზას შორის კიდევ რაღაცნაირად ოთხი მანქანის შემოყენებაა შესაძლებელი. მესმის, ადგილების ნაკლებობაა ქუჩაში, მაგრამ ის მძღოლები ცოტათი მაინც თუ მოინდომებენ, ადვილად დადგებიან ისე, რომ, ფეხით მოსიარულე იქნება თუ ეტლით მოსარგებლე, ადვილად გაიაროს. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველ მძღოლებს სასტიკად აგვიანდებათ, ნახევარ წუთსაც ვერ დახარჯავენ ფეხით მოსიარულეთათვის და ამიტომ ხშირად ტოვებენ მანქანებს ისე გაჩხერილს, რომ მოსიარულე უნებურად შუა სამანქანო გზაზე გადადის. იქვე სკოლაა, ამ ფეხით მოსიარულეთა შორის ბევრია ბავშვიც. მოკლედ, ეს ამბავი ძალიან მაწუხებს და როცა მცალია, პატრულს ვიძახებ პატრული სხვადასხვანაირი მხვდება და სხვადასხვა დროს ანდომებს მოსვლას. ერთი ვისწავლე – არასწორი პარკირებისთვის მძღოლს ეკუთვნის ათლარიანი ჯარიმა და პატრული კიდევ უპრობლემოდ იგებს მათ ტელეფონს და ისე კარგად ჩამოაბუნძულებს ხოლმე, ამ ძალიან რომ აგვიანდებოდათ იმ მძღოლებს, მათ ნახვას არაფერი სჯობს. განსაკუთრებით – დილის ექვს საათზე.
თან უკვე სტრატეგიაც მაქვს შემუშავებული, გამოიძახებ და მიდიხარ, მოვლენ, გირეკავენ და მოდიხარ, მაინც ახლოს ხარ და მაინც სწრაფი ნაბიჯით დადიხარ.
დილით ერთხელ რომ გამოაძვრენ საწოლიდან, ის მძღოლი მეორედ ეგრე აღარ დადგება, მაგრამ ეგრე უთენია ამბავი არ ვრცელდება, მე კიდევ დღისით ნაკლებად მცალია ხოლმე, თორემ დღისით როცა ვიძახებ, მერე ერთხანს აღარ ეჩხირებიან.
მოკლედ, დავდივარ, ტელეფონში მუსიკას ვუსმენ. ცოტა მიხარია, ცოტას ვმაიმუნობ, ცოტა სამოქალაქო ვალსაც ვიხდი, მერე ავალ, წყალს გადავივლებ და სამსახურისკენ გავექანები.
იქაც, სამსახურში, ისეთ დროს მივალ, დამლაგებლები გამოფენილნი იქნებიან, იმათაც ყველას ვეტყვი დილა მშვიდობისას, ისინიც გულით შემომღიმებენ, მერე ფიქრები წამიღებს და გასაღებით ხელში აღმოვაჩენ, რომ დაცვას ეს გასაღები ისე გამოვართვი, გამარჯობა არ მითქვამს.

სპილენძი და მასთან დაკავშირებული საინტერესო ცდები

0

მოსწავლეები ქიმიის საოცარ სამყაროს რომ ჩასწვდნენ, აუცილებელია, ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარების უნარები გამოუმუშავდეთ. ეს ხელს შეუწყობს მათი მსოფლმხედველობის გაფართოებას და სურვილს აღუძრავს, დამოუკიდებლად მოიპოვონ ცოდნა ქიმიაში.

სასწავლო თემატიკის შესაბამისად შერჩეული ეფექტური და შემეცნებითი ცდები მათ უკეთ გააცნობს ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს, გაამდიდრებს მათ თეორიულ ცოდნას ქიმიური ელემენტების შესახებ.

მოდი, განვიხილოთ სპილენძი და მისი ნაერთები. რა აქვთ საერთო მაცივარს, მიკროტალღურ ღუმელსა და თვითმფრინავს? საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჩარხები, ელექტროსადგურის დანადგარები და თვითმფრინავები – ყველგან სპილენძია, მის გარეშე ამ ყველაფრის წარმოება შეუძლებელია, რადგან ამ ლითონს იდეალური გამტარობა ახასიათებს. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მისი გამოყენების არეალი სულ უფრო იზრდება და სწორედ ესაა ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი.

პერიოდული სისტემის ეგრეთ წოდებულ ძვირფას ლითონთა სამეულში სპილენძს საპატიო ადგილი უკავია ოქროსა და ვერცხლის გვერდით. ადამიანი ჩვენს ერამდე შვიდი ათასი წლის წინ ეზიარა სპილენძის დამუშავების საიდუმლოს და იმ დროიდან იყენებდა მისგან დამზადებულ ნაკეთობებს. სპილენძი თავისი დაბალი აქტივობის გამო სუფთა სახით მიღებული პირველი ლითონია.

სპილენძი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მიმოცვლის ყველა რეაქციის ძირითადი კომპონენტია. ის მრავალი ორგანოსა და ქსოვილის შემადგენლობაში შედის, ამიტომ ის თეორიული მედიცინის სპეციალისტთა ყურადღების საგანს წარმოადგენს. ირლანდიისა და საფრანგეთის ექსპერიმენტული ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ნარევი, რომელიც ეპიდერმისთან ურთიერთქმედებით ააქტიურებს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან სასიცოცხლო რეაქციებს.

სახელწოდება Cuprum (ლათინურიდან – სპილენძი) სათავეს იღებს კუნძულ კვიპროსიდან. სწორედ კვიპროსის საბადოებში ხდებოდა მისი მოპოვება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სპილენძისა და მისი შენადნობებისგან კონსტრუირებული ობიექტები არ აფრქვევს ნაპერწკლებს. ეს აღმოჩენა გამოიყენება იმ სამუშაოთა წარმართვისას, სადაც მაღალია ცეცხლის წარმოქმნის ალბათობა. მაგალითად, იაპონიაში, სადაც ხშირია მიწისძვრები, სპილენძისგან ამზადებენ გაზსადენ მილებს, რომლებიც მიწისქვეშა ბიძგებისადმი მაღალი მედეგობით ხასიათდება.

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ წყაროებსა და ტბებში, სადაც სპილენძის მაღალი კონცენტრაციაა, თართები განსაკუთრებით დიდი ზომისანი არიან. წყლებში, სადაც სპილენძი ნაკლებია, სწრაფად მრავლდებიან მიკროორგანიზმები, რომლებიც ვნებენ თევზებს.

ზვიგენები, თართებისგან განსხვავებით, ვერ იტანენ სპილენძის სულფატს. ამ ფაქტთან დაკავშირებული ცდები მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ამერიკაში ჩატარდა. ბომბების მიზეზით მაშინ ბევრი გემი იძირებოდა და აუცილებელი გახდა ისეთი საშუალების შექმნა, რომელიც მტაცებელ თევზებს დააფრთხობდა. ამის წყალობით ბევრი მეზღვაური გადაურჩა ზვიგენებს.

სატვირთო გემმა „ანატინამ“, რომელსაც ნორვეგიიდან იაპონიაში სპილენძის მადანი გადაჰქონდა, კატასტროფა განიცადა. მიზეზი კი სპილენძი გახდა, რომელმაც გემის ფოლადის კორპუსთან წარმოქმნა გალვანური წყვილი. ელექტროლიტის როლი ოკეანის წყლის ორთქლმა შეასრულა. გალვანურმა დენმა, რომელიც ამგვარი ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა, დაშალა გემის კორპუსი და მასში ხვრელი გააჩინა. გემში წყალი შევიდა და ჩაძირა.

სპილენძის უძველესი კონსტრუქცია ეგვიპტეში აღმოაჩინეს. ეს გახლავთ წყალგაყვანილობის ნაწილი, რომელიც გამოიყენებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია – მილები დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. ეგვიპტელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჰიგიენის საკითხებს. ჰიპოკრატეს გადმოცემით, ეგვიპტელები მხოლოდ სპილენძის სასმისებს მოიხმარდნენ, რომლებსაც ყოველდღიურად წმენდნენ.

სპილენძი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ის აფერხებს მიკროორგანიზმების გავრცელებას ჰაერსა და წყალში. ამ თვისების გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ ლითონისგან დამზადებულ სახელურებს მინიმუმამდე დაჰყავს ინფექციის გავრცელების ალბათობა.

ცნობილია, რომ ამერიკის თავისუფლების ქანდაკება სპილენძის კონსტრუქციაა, თუმცა მონუმენტი მთლიანად ამ ლითონისგან არ არის დამზადებული. მის ჩამოსასხმელად 30,5 ტონა სპილენძი იქნა გამოყენებული. ქანდაკება 125 ტონას იწონის. მისი საფარის სისქეა 2,57 მმ. არსებობდა ვერსია, რომ ქანდაკებისთვის სპილენძი ურალში მოიპოვეს, თუმცა ეს ფაქტი დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. ოფიციალური ცნობებით, სპილენძი ამ ქანდაკებისთვის ნორვეგიიდან ჩამოიტანეს.

სპილენძი გამოიყენება ელექტროხელსაწყოებისა და დიდი სიმძლავრის კაბელებისა და გამტარების დასამზადებლად. მინარევები ამცირებს მზა ნაწარმის ელექტროგამტარობას. თუ, მაგალითად, სპილენძი შეიცავს 0,03% ალუმინს, მზა პროდუქციის გამტარობა 11%-ით მცირდება. ამიტომ ლითონი სუფთა სახით უნდა იყოს გამოყენებული. კომპანია „აგარტი“ მომხმარებელს სთავაზობს სუფთა სპილენძის სადენების ფართო ასორტიმენტს ხელმისაწვდომ ფასად.

სპილენძი კოროზიაგამძლე ლითონია. მისი ეს თვისება გამოიყენეს შვედმა მეცნიერებმა, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ, სახიფათო რადიაქტიური ნარჩენები სპილენძის კაფსულებში მოეთავსებინათ და ისე დაემარხათ. ეს კონსტრუქცია დაახლოებით 5 სმ სისქისაა და გამჭოლი კოროზიით მის დარღვევას 750 000 წელი დასჭირდება.

სპილენძი თბოგამტარი ლითონია, ამიტომ მას იყენებენ სითბოს ამრიდებელი ხელსაწყოების, კომპიუტერის კულერების და გამათბობელი და გამაგრილებელი დანადგარების წარმოებაში.

ბუნებაში სპილენძი არსებობს როგორც სუფთა, ასევე სხვა ლითონებთან ნარევი სახით. თვითნაბადი სპილენძი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხვა კეთილშობილი ლითონები.

 

ქიმიური ცდები

სპილენძისა და იოდის იონთა კავშირი

რასთან გვექნება საქმე, თუ წყალხსნარში უცებ აღმოჩნდა სპილენძის Cu+2 კათიონები და იოდის I-1 ანიონები? წარმოიქმნება თუ არა ნაერთი და რომელი? თუ შეხვდებიან ერთმანეთს და მერე თავთავიანთი გზით წავლენ? მოდი, ვცადოთ ამ ქიმიურ სიტუაციაში გარკვევა ექსპერიმენტის მეშვეობით.

კოლბაში ვათავსებთ 50 მლ სპილენძ (II)-ის სულფატის ხსნარს, რომელიც 100 მლ წყალში გახსნილ 2გ CuSO4–ს წარმოადგენს. ხსნარს ვამატებთ 5-10 მლ კალიუმის იოდიდის KI ხსნარს (20 გ მარილი და 80 გ წყალი). თუ კოლბაში არსებულ ნარევს დავაყოვნებთ, ფსკერზე შევამჩნევთ დაბურულ ნალექს, რომლის თავზეც ყავისფერი სითხეა. თუ კოლბის შიგთავსს, რევის რეჟიმში დავუმატებთ ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარს Na2SO4S (2 გ Na2SO4S თიოსულფატი 100 მლ წყალში), ხსნარი და ნალექი გაუფერულდება. თეთრი ნალექიდან გადავღვაროთ სითხე, დავამატოთ დაახლოებით 100 მლ დისტილირებული წყალი, მოვურიოთ კოლბის შენჯღრევით, სუსპენზიის ნაწილი გადავიტანოთ ქიმიურ ჭიქაში. აქ დავამატოთ ნატრიუმის თიოსულფატის ჭარბი ხსნარი, სანამ ნალექი არ გაქრება და არ მივიღებთ გამჭვირვალე ხსნარს.

ახლა განვიხილოთ მიმდინარე ქიმიური მოვლენები. პირველ რეაქციაში მოხდა იოდის I2 გამოყოფა და სპილენძი(I)-ის იოდიდის CuI ნალექის გამოყოფა:

2Cu2SO4 + 4 KI = 2Cu +I2 +2K2SO4

თავდაპირველად გვეჩვენება, რომ CuI ნალექი მუქი ფერისაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ იოდი I2 იოდიდ-იონების I სიჭარბისას გარდაიქმნება დიიოდოიოდატ- იონებად [I(I)2], რომლებიც ხსნარს ინტენსიურ ყავისფერ შეფერილობას აძლევს:

I2 + KI – K[I(I)2]

ნატრიუმის თიოსულფატის Na2 SO3 S მცირე რაოდენობით დამატებისას კოლბაში დაიწყება ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია:

2Na2SO4S + K[I(I)2] = Na2S4O6 + 2NaI + KI

ამ რეაქციის ყველა პროდუქტი უფერულია. აი, რატომ კარგავს ნალექიც და სითხეც მუქ შეფერილობას. სპილენძი (|)-ს იოდიდის თეთრი ნალექის გახსნა CuI-ში ნატრიუმის თიოსულფატის იონების ჭარბად დამატებისას დაკავშირებულია თიოსულფატური კომპლექსის წარმოქმნასთან [Cu(SO3S)2]+NaI ბი(თიოსულფატი)კუპორატ(I)-ის იონი

CuI + 2Na2SO3S –Na3[Cu(SO3S)2]+NaI

 

სპილენძისა და გრაფიტის კრისტალები

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ქიმიური სახლის მცენარე, რომელსაც გრაფიტის ღერო და სპილენძის ბრჭყვიალა წითელი კრისტალის ტოტები აქვს? ეს “მცენარე“ ასე შეიძლება გამოვზარდოთ:

შუშის ცილინდრში ვასხამთ გაფილტრულ წყალხსნარს, რომელიც შეიცავს სპილენძ (II)-ის სულფატს და ნატრიუმის ქლორიდს. ამ ხსნარის მოსამზადებლად 100 მლ წყალს ვამატებ 15 გ სპილენძის კუპაროსს CuSO5H2O და 15 გ სუფრის მარილს. ამის შემდეგ ვამზადებთ გრაფიტის 5-6 სმ–იან ღეროს (შეგვიძლია ამოვიღოთ მსხვილი ფანქრიდან ან ელექტრობატარეიდან), მასზე წამოვაცვამთ 5 მმ სისქის პარალონის წრეს, რომლის დიამეტრიც თითქმის ცილინდრის დიამეტრის ტოლია. წრის ზემოთ, გრაფიტის ღეროზე, 5-6–ჯერ გადავახვევთ ალუმინის მავთულს, რომელსაც ღეროს თავში წებოვანათი ვამაგრებთ. პარალონის წრეჩამოცმულ ღეროს მავთულით ვათავსებთ ცილინდრში. პარალონი სითხის ზედაპირს ისე უნდა ედებოდეს, რომ მათ შორის არ იყოს ჰაერის ფენა. წრის თავზე ვასხამთ ნატრიუმის ქლორიდის კონცენტრირებულ წყალხსნარს. პარალონის წრე ხელს უშლის ორი ხსნარის შერევას.

ცოტა ხნის შემდეგ ალუმინის მავთულზე ჩნდება წყალბადის ბუშტუკები, გრაფიტის ღეროს გარშემო, წრის ქვემოდან, კი წარმოიქმნება ყავისფერი ღრუბელი და ხსნარი იღებს ყავისფერ, თითქმის შავ შეფერილობას. რამდენიმე საათში წრის ქვემოთ ხსნარის ზედა ფენა იწყებს გაბაცებას, ღეროზე ჩნდება სპილენძის მოწითალო-მოყავისფრო კრისტალები. საბოლოოდ წრის ქვემოთ მდებარე ღერო მთლიანად იფარება სპილენძის კრისტალებით, ამასთან ყველაზე მსხვილი კრისტალები ყველაზე ქვემოთაა განლაგებული.

ამ შემთხვევაში ცილინდრი ელექტროლიზერად გვევლინება, რომელშიც კათოდზე (გრაფიტის ღერო) ადრე წარმოქმნილი ნატრიუმ (II)-ის ტეტრაქლოროკუპორატის Na2[CuCL4] კომპლექსის გამო მიმდინარეობს სპილენძის აღდგენის რეაქცია:

CuSO4 + 4NaCl- Na2[CuCl4] +Na2SO4

[CuCl4]2- +2e=Cu+4Cl

გრაფიტის ზედა ნაწილი ანოდის მაგივრობას ასრულებს, რომელზეც ალუმინი ელექტრონების დაკარგვის შედეგად გადადის ხსნარში ჰექსა-აქვაკათიონის სახით:

Al + 6H2O -3e = [Al(H2O)6]3+

 

ქიმიური აკვარიუმი

თუ შუშის მაღალ ქილაში ჩავასხამთ 1 ლ თხევად მინას – ნატრიუმის პოლისილიკატს, რომლის პირობითი ფორმულაა Na2SiO3 და დავამატებთ 0,5-0,7 ლ წყალს, ავურევთ და მერე ორი ჭიქიდან ამ ქილაში ერთდროულად ჩავასხამთ ქრომ (III)-ის სულფატის Cr2(SO4)3 წყალხსნარს და რკინილორიდს FeCl3, ქილაში „გაიზრდება“ მომწვანო-მოყვითალო ფერის სილიკატური „წყალმცენარეები“, რომლებიც ზღაპრულად ეშვება ზემოდან ქვემოთ და ერთმანეთს ეხვევა.

„წყალმცენარეების“ ზრდა სილიკატური რკინის, სპილენძისა და ქრომის კრისტალიზაციის შედეგია, რასაც მიმოცვლითი რეაქციები იწვევს. პირობითად ეს რეაქციები შეიძლება შემდეგნაირად გამოვსახოთ:

Cr2(SO4)3 + 3Na2SiO3 = Cr2(SiO3)3 + 3Na2SO4

2FeCl3 + 3Na2SiO3 = Fe2(SiO3)3 + 6NaCl

იმავე ქილაში წვეთ-წვეთობით დავამატოთ სპილენძ (II)-ის სულფატი CuSO4, აკვარიუმში გაჩნდება საოცარი „ზღვის ვარსკვლავები“ და მრგვალი, ეკლიანი ლურჯი „ზღვის ზღარბები“:

CuSO4 + Na2SiO3 = CuSiO3 + Na2SO4

 

პელიგოს ყვავილნარი

1851 წელს, ფრანგმა აგროქიმიკოსმა ეჟენ პელიგომ კოლეგები თავის მიერ ჩატარებული ცდით გააოცა. ვცადოთ, გავიმეოროთ ეს ცდა.

შუშის მოზრდილი ცილინდრი საგულდაგულოდ გავრეცხოთ ცხელი წყლით და კედლის გასწვრივ ჩავასხათ ნატრიუმის თიოსულფატის ცხელი წყალხსნარი ისე, რომ ცილინდრის 1/3 შეივსოს. ეს ხსნარი შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ: 45 მლ ცხელ წყალში უნდა შევიყვანოთ 450 გ ნატრიუმის თიოსულფატის პენტაჰიდრატი Na2SO3S ·5H2O. მინის წკირის მეშვეობით, დიდი სიფრთხილით, ამ ხსნარს რევის გარეშე დავუმატოთ ნატრიუმის აცეტატის ცხელი ხსნარი (300 გ ნატრიუმის აცეტატის სამჰიდრატი CH4COONa·3H2O 45 მლ წყალზე). აცეტატის ხსნარმაც უნდა დაიკავოს ცილინდრის 1/3. ცილინდრის ზედა მესამედი კი ისე შევავსოთ ცხელი წყლით, რომ ქვედა ფენებს არ შევურიოთ. ცილინდრს დავაფაროთ საათის მინა და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. ამის შემდეგ მინის წკირის ბოლოზე ცვილით ან პარაფინით მიამაგრეთ Na2SO3S·5H2O-ს კრისტალი და ფრთხილად ჩაუშვით ხსნარის სულ ქვედა ფენაში. კრისტალის გარშემო მყისვე დაიწყება ნატრიუმის თიოსულფატის პენტაჰიდრატის უფერული კრისტალებისგან შემდგარი „ყვავილის“ წარმოქმნა. მეორე მინის წკირს ასეთნაირადვე მიამაგრეთ ნატრიუმის აცეტატის CH3COONa·3H2O კრისტალი და ფრთხილად ჩაუშვით მეორე ხსნარის ფენაში. აქაც დაიწყება „ყვავილის“ გამოკრისტალება, მაგრამ კრისტალები სხვა ფორმისა იქნება. ამგვარად თქვენ მიიღებთ ცილინდრში გამოზრდილ „ყვავილნარს“ საუცხოო ყვავილებით, რომლებიც შედგება სინათლეზე მბრწყინავი გამჭვირვალე კრისტალების ორი ფენისგან. ეს საოცრად ლამაზი სანახაობაა.

 

ფანტასტიკური პეიზაჟი შუშაზე

მინაზე მარილების ფერადი კრისტალებისგან შემდგარი ორნამენტები რომ აღიბეჭდოს, ამისათვის არსებობს ასეთი ხერხი: ამზადებენ ჟელატინის თბილ ხსნარს (2-3 გ ჟელატინი 100 მლ წყალზე) და 10-15%-იანი მარილების შეფერილ ხსნარებს (სპილენძი (II)-ის სულფატი CuSO4, კალიუმის დიქრომატი K2Cr2O7, ნიკელი(II)-ის ქლორიდი NiCl2, კობალტი(II)-ის ქლორიდი CoCl2 და ა.შ.). თითოეული ხსნარი შეიცავს 10-15 გ მარილს 100 გ წყალშზე.

შემდეგ ჟელატინის ხსნარს ურევენ მარილის ათმაგ მოცულობაში და მიღებულ ნარევს ასხამენ გაუცხიმოვნებულ მინის ფირფიტაზე ისე, რომ მიიღონ 2-3 სისქის ფენა. ფირფიტას ტოვებენ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წყლის ასაორთქლებლად. ერთი-ორი დღის შემდეგ, თხლად და ერთმანეთის პერპენდიკულარულად, ისე, რომ ერთი მეორეში არ გადავიდეს და ჭიქის კედლებიდან 4-5 მმ–ით იყოს დაცილებული, ჭიქაში ასხამენ სპილენძ (II)-ის სულფატის CuSO4 ხსნარს ასეთი შემადგენლობით: 50-100 გ მარილი 1 ლ წყალზე. სითხე ჭიქის მოცულობის 4/5–ს უნდა შეადგენდეს. ჭიქას აფარებენ საათის მინას და გასაცივებლად მაცივარში დგამენ.

დიდ სინჯარას ამაგრებენ მეტალის ან ხის სადგარზე და მისი მოცულობის 1/3-ში ყრიან გოგირდის ნატეხებს. ამ ცდისთვის წვრილად დაფხვნილი გოგირდი არ გამოგვადგება, რადგან ლღობისას ეს ნივთიერება ძლიერ ქაფდება. სინჯარას იქამდე ახურებენ, ვიდრე გოგირდი მთლიანად არ გარდაიქმნება ყვითელ, ადვილად მოძრავ სითხედ. შემდეგ უმატებენ სიმხურვალეს. ნალღობი ჯერ ბლანტი ხდება, მერე კი, ადუღებისას, ისევ თხიერი. როცა გოგირდი დუღილს დაიწყებს, მას სპილენძის სულფატის ხსნარში ასხამენ. სითხეს ასხამენ წრიული მოძრაობებით, რათა ნაკადი დამაგრებულ მინის წკირების სხვადასხვა ადგილას მოხვდეს. ამ მომენტში გოგირდი ზოგჯერ ალდება, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევენ – მას ხომ წყალთან მოუწევს შეხვედრა. თუ სინჯარამ გოგირდის გადმოსხმის შემდეგ განაგრძო წვა, ის დამატებითი ჭიქიდან წყლით უნდა შევავსოთ.

რეაქციის შედეგად წარმოიქმნება მინის წკირზე დაკიდებული წელვადი, ელასტიკური, მოყავისფრო-მოყვითალო ფერის გოგირდის ძაფები – იქმნება გადაგრეხილი ლიანებით მოსილი ტროპიკული ჯუნგლების ილუზია. ერთ საათში „ლიანები“ მყარდება და მათ ზედაპირზე ჩნდება გოგირდის მოყვითალო, წვრილკრისტალური ნაფიფქი. სპილენძის სულფატის წყალობით „ლიანები“ მომწვანო შეფერილობას იღებს, რადგან ლურჯი ხსნარის ფონზე მოჩანს.

  1. S. გოგირდი საოცარი ნივთიერებაა. ის ლღვება 119 გრადუსზე და გარდაიქმნება ბაცი ყვითელი ფერის მოძრავ სითხედ. შემდეგ სითხე მუქდება, ყავისფერი და ბლანტი ხდება. 200 გრადუსზე ნალღობი კიდევ უფრო მუქდება და სიბლანტეც ემატება, ფისისებრი ხდება. 250 გრადუსის ზევით თხევადი გოგირდი უფრო მოძრავი ხდება, მისი სიბლანტე იკლებს და მინიმუმს აღწევს 400 გრადუსზე, ხოლო 445 გრადუსზე ის დუღილს იწყებს.

 

ხავსმოდებული ქვები

ფართოფსკერიან და სქელკედლებიან მინის ჭურჭელში ფრთხილად ათავსებენ მდინარის ქვას ან 3-5 სმ სისქის ფენად ყრიან მდინარის უფერო ქვიშას. შემდეგ ჭურჭლის მოცულობის ნახევარს ავსებენ სპილენძ (II)-ის სულფატის CuSO4 კონცენტრირებული წყალხსნარით. ამის შემდეგ ხსნარს უმატებენ თუთიის მტვრისა და გრანულირებული თუთიის ნარევს, სანამ სითხე ცისფერ შეფერილობას არ დაკარგავს.

თუთიის ნაწილაკები იფარება აგურისფერ-მოწითალო ხაოიანი, ხავსისმაგვარი ნადებით, რომელიც ქვაზე ან ქვიშაზე ილექება. ეს მიუთითებს სპილენძის კრისტალების გამოყოფაზე, რაც ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის შედეგია:

CuSO4 + Zn = ZnSO4 + Cu

თუთია შეიძლება შევცვალოთ ალუმინით, მაგრამ ამ შემთხვევაში ალუმინის სულფატის (რომელიც რეაქციისას წარმოიქმნება) ჰიდროლიზის თავიდან ასცილებლად სპილენძის სულფატის ხსნარს წინასწარ უნდა დავუმატოთ 5-10 ლ განზავებული გოგირდმჟავა, რომელიც სპილენძთან არ ურთიერთქმედებს.

3CuSO4 +2Al = Al2(SO4)3 +3Cu

ის, რასაც არაბი ალქიმიკოსი ჯაბირ ალ-ხაიანი I-II ათასწლეულების დასაწყისში უწოდებდა „რკინის სპილენძად გარდაქმნის“ პროცესს, სინამდვილეში ძალიან ჰგავდა აქ აღწერილ ცდას. სპილენძის კუპაროსის ხსნარში რკინის მახვილები იფარებოდა სპილენძის ფენით, რომელიც გამოიყოფოდა შემდეგი რეაქციის შედეგად:

CuSO4 + Fe = FeSO4 + Cu

ერთი ლითონის მეორედ გარდაქმნა სრული ილუზიაა! დასანანია, რომ ალქიმიკოსების ეპოქაში ალუმინი ჯერ არ იყო ცნობილი.

 

ცელულოზის წყალმცენარეები

1857 წელს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა მატიას შვეიცერმა აღმოაჩინა, რომ სპილენძის ტეტრაამინ ჰიდროქსიდის კომპლექსური ნაერთის [Cu(NH3)4](OH)2 კონცენტრირებულ წყალხსნარში იხსნება ბამბა და ფილტრის ქაღალდი. ეს მისთვის პირველი მოულოდნელობა იყო, მეორე კი ის გახლდათ, რომ თუ მიღებულ ბლანტ ხსნარს წვრილ ნაკადად ჩავასხამდით ჭურჭელში, რომელშიც განზავებული მჟავა ესხა, ხსნარი ძაფისებრ „წყალმცენარეებად“ გადაიქცეოდა. ამგვარად შვეიცერმა ქიმიის ისტორიაში პირველმა მიიღო სუფთა ცელულოზის ძაფები.

აღვადგინოთ შვეიცერის ცდა. 1-2–ლიტრიან ქიმიურ ჭიქაში ჩავასხათ განზავებული გოგირდმჟავა (54 მლ კონცენტრირებული გოგირდმჟავა 1 ლ წყალზე) – დაახლოებით ჭიქის 3/4.

ამის შემდეგ მოვამზადოთ შვეიცერის რეაქტივი. ამისათვის 150-200 მლ სპილენძის სულფატის ხსნარს (10-15 გ მარილი 100 მლ წყალზე) ოდნავ ჭარბი რაოდენობით დავუმატოთ ნატრიუმის ჰიდროქსიდის განზავებული ხსნარი. გამოლექილი ცისფერი სპილენძ (II)ის ჰიდროქსიდის Cu(OH) ნალექი გავფილტროთ, მერე კი დავამუშაოთ 15%-იანი ამიაკის ხსნარით. ნალექი გარდაიქმნება ხსნად, ბაცი ლურჯი ფერის კომპლექსად – სპილენძ (II)-ის ტეტრაამინ ჰიდროქსიდად [Cu(NH3)4](OH)2

CuSO4 +2NaOH = Cu(OH)2| + Na2SO4

Cu(OH)2 + 4NH3 = [Cu(NH3)4](OH)2

ახლა შევუდგეთ ცელულოზის გახსნას. 500 მლ–იან ქიმიურ ჭიქაში ჩავასხათ 100 მლ მიღებული ამიაკის კომპლექსის ხსნარი (შვეიცერის რეაქტივი) და მასში მოვათავსოთ ბამბის ქულა ან ფილტრის ქაღალდის ნაკუწები. მორევის შემდეგ ცელულოზა გაიხსნება და წარმოიქმნება მუქი ლურჯი სითხე. ეს სითხე 25-50 მლ-იანი შპრიცით ამოვიღოთ და შევიყვანოთ განზავებულ გოგირდმჟავიან ჭიქაში. წარმოიქმნება წვრილი აბრეშუმისმაგვარი ძაფები, ერთგვარი „წყალმცენარეები“. ამასთან, ხსნარი მიიღებს ლაჟვარდოვან-მოცისფრო შეფერილობას, ისეთს, როგორიც მთის ტბაში არეკლილი მოწმენდილი ცაა.

მჟავა გარემოში ამიაკის კომპლექსი იშლება შემდეგი რეაქციით:

[Cu(NH3)4](OH)2 + 3H2SO4 = CuSO4 + 2(NH4)2SO4 + 2H2O

შედეგად გამოიყოფა ცელულოზის ნალექი. სპილენძ-ამიაკური აბრეშუმიის ბოჭკო, რომლისგანაც შედგება ჩვენ მიერ მიღებული „წყალმცენარეები“, ნატურალურ აბრეშუმსა და ობობას ქსელზე გაცილებით თხელი. მათ დიდხანს იყენებდნენ თხელი ქსოვილების დასამზადებლად, ურევდნენ შალისა და სინთეტიკურ ბოჭკოში.

 

 

მინანქრის პეიზაჟები ლითონზე

ძველი ეგვიპტის, ინდოეთისა და ჩინეთის ხელოსნები და ევროპელი ალქიმიკოსები ამზადებდნენ ფერად მინანქარს და მისი მეშვეობით ლითონზე გამოსახავდნენ  მითოლოგიურ სიუჟეტებს, ჟანრობრივ სცენებსა თუ პეიზაჟებს. ამ ხელოვნების დაუფლება შეიძლება, თუმცა ეს მოთმინებას და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვს.

მინანქრის მიღებისა და გამოყენების ერთ-ერთი მარტივი ხერხი ასეთია: ფაიფურის როდინში ფხვნიან 5 გ ნატრიუმის ტეტრაბორატს (ბურა), 10 გ ტყვია(II)-ის ოქსიდს და 2 გ კობალტ(II)-ის ოქსიდს, მიღებული ნარევი გადააქვთ ფაიფურის ტიგელში და მინის წკირით ან ფაიფურის კოვზით ისე პრესავენ ფენას, რომ შუაგულში კონუსი წარმოიქმნას, რომლის სიმაღლე ტიგელის შუამდე აღწევს. დატკეპნილი ნარევი ტიგელის საერთო მოცულობის 3/4–ს არ უნდა აღემატებოდეს. ტიგელს ათავსებენ მუფელის ან ტიგელის ღუმელში და 800-900 გრადუსამდა ახურებენ. აირის ბუშტუკების გამოყოფის შემდეგ ნარევი ლღვება და ადვილად ლღობადი მინანქარი მზადაა. გახურებულ ტიგელს იღებენ ორკაპით და მაშინვე გადმოღვრიან ფოლადის გლუვზედაპირიან ფირფიტაზე. გაცივების შემდეგ ნარევი წარმოქმნის მოლურჯო-მოიისფრო „მინას“. ეს მინანქრის მიღების შუალედური ეტაპია. მწვანე მინის მისაღებად საწყის ნარევში კობალტის ოქსიდის ნაცვლად უმატებენ 2 გ სპილენძ (II)-ის ოქსიდს.

მინანქრისებური ლურჯი ამ მწვანე „მინა“ უნდა დაიმტვრეს ჩაქუჩით და ისევ დაიფხვნას ფაიფურის როდინში. მიღებულ ფხვნილს გადმოყრიან სქელი მინის ფირფიტაზე, ამატებენ წყალს და სრესენ როდინის ბრტყელი მხრიდან არაჟნისებური მასის მიღებამდე. მომინანქრებისთვის შერჩეულ ლითონის (ალუმინის ან სპილენძის) სქელი ფირფიტის ზედაპირს ასუფთავებენ წვრილხორკლიანი ზუმფარის ქაღალდით, ცხიმოვანების მოსაშორებლად რეცხავენ სარეცხი ფხვნილით და აშრობენ ჰაერზე. ამის შემდეგ გასუფთავებულ და გამშრალ ლითონიის ზედაპირზე ამოკაწრავენ ნახატის კონტურებს და ჩაღრმავებას ფუნჯის მეშვეობით ავსებენ დაფხვნილი მინანქრის „მინის“ ნახევრად თხევადი მასით ისე, რომ ის ზედაპირზე ამოიბურცოს. ამის შემდეგ ლითონის ფირფიტას დაუხრელად იღებენ ორკაპებით და აშრობენ ქურის ალზე, მერე კი იმავე ალზე ახურებენ, სანამ მინანქარი ფირფიტას დატანილ კონტურზე მოლურჯო-მოიისფრო ან მწვანე მოხატულობასავით არ შეელღობა. ამის შემდეგ ფირფიტას ჰორიზონტალური მდგომარეობის უცვლელად გადმოდგამენ გასაცივებლად ლითონის სადგარზე.

 

წყაროები:

 

  1. https://www.healthline.com/health/heavy-metal-good-for-you-copper#overview1
  2. https://www.copper.org/consumers/health/cu_health_uk.html
  3. https://www.thebalance.com/copper-applications-234011
  4. https://melscience.com/en/experiments/ghost-copper/
  5. https://www.rsc.org/learn-chemistry/resource/res00000839/turning-copper-coins-into-silver-and-gold
  6. https://www.rsc.org/learn-chemistry/resource/res00000972/dissolving-copper-in-nitric-acid#!cmpid=CMP00007919
  7. https://www.rsc.org/learn-chemistry/resource/res00000542/the-determination-of-copper-in-brass
  8. https://www.rsc.org/learn-chemistry/resource/res00000542/the-determination-of-copper-in-brass\
  9. https://www.rsc.org/learn-chemistry/resource/res00000408/the-properties-of-a-copper-envelope?cmpid=CMP00005939
  10. https://drive.google.com/file/d/0B_wZY6F7HzuZcnNFY1dZRUEtSWs/view
  11. https://www.rsc.org/learn-chemistry/resource/res00000542/the-determination-of-copper-in-brass

 

 

  1. Experiments with copper. https://www.pianetachimica.it/olimpiadi/47icho/47_icho_Soluzione_Problema_09.pdf

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...