კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

მკათათვის საკითხავი

0

 

ციკლიდან „პირთა საძიებელი“

1.

იმედგაცრუებისა და გულგატეხილობის დროს მხოლოდ ჩემი შვილები მახსენდება. ძალიან სუსტია ხოლმე ადამიანი, მით უმეტეს, უზღვავი პრობლემის წინ რომ აღმოჩნდება. მაგრამ მაშინ, როცა ჩემს შვილებზე ვფიქრობ, გაუგონრად ვმაგრდები და ვძლიერდები. მათ ჩემში დიდი ხანია დაძლიეს მეოცნებე და გულჩათხრობილი ბიჭი, გულში წყენის ჩადება რომ უყვარდა და საკუთარი თავი ამ ჭრელი ბალაგანისთვის არ ემეტებოდა.

 

2.

პირველად დიდ სტადიონზე როდის ითამაშეო, – გამომცდელად მკითხა ერთმა ტიპმა. ის დრო იყო, ჩემზე უკეთესი მეკარე რომ გამოჩნდა გუნდში, სათადარიგო სკამზე დამსვეს და სალაპარაკოდ ბევრი დრო მქონდა. იმ ტიპსაც, სხვათა შორის. ჰოდა, პასუხიც არ დავუგვიანე:

– მეოთხე კლასში ვიქნებოდი, სოფლის სტადიონზე ზაფხულის სეზონი ცოლიანებისა და უცოლოების მატჩით გაიხსნა. ისე მოხდა, რომ ცოლიანების მეკარემ ოჯახური ვალდებულებებისგან თავი ვერ გაითავისუფლა და მის ნაცვლად კარში მე დამაყენეს. ასე შედგა ჩემი დებიუტი დიდ სტადიონზე.

 

3.

გენო კალანდია კარგი პოეტი ხომ იყო, მაგრამ იშვიათად მახსენდება მასზე უფრო ყურადღებიანი ადამიანი, ყველას ხელშემწყობი, გულშემატკივარი, ჭირსა და საქმეში სიტყვის შემაწევარი.

ის თავის მონატრებულ ძმასთან წავიდა, ჩვენ კი, ყველას, სიკეთისა და ადამიანური თანაგრძნობის წუთები და წამები დაგვიტოვა. სხვების არ ვიცი, მე კი სამუდამოდ ჩამრჩა მის მიერ თავისი 100 ლექსის წარდგენაზე უჩვეულო ემოციით წაკითხული „კომპოზიცია გვანჯი ჩიქოვანის პორტრეტისათვის (რობერ დესნოსის განწყობით)“:

„შაბათს ან კვირას, – ადრიან დილით, ფეხით

ან ცხენით, ან ფაეტონით ის აფხაზეთში მიიჩქაროდა.

 

ფეხით ან ცხენით ან ფაეტონით…

 

იქ, ზღვას მძინარეს, ვით მზეთუნახავს,

შორიდან ჭვრეტდა და უხაროდა,

მზე უხაროდა ამომავალი…

 

გავიდა ხანი, – დრო უნდობარი.

ის ერთ დღეს მშვიდად გარდაიცვალა.

 

ჩვენ  ლერწმებივით სუსტებს და მოკვდავთ,

განძივით გვერგო მოგონებები, –

წარსულის ხსოვნა და სიყვარული.

 

შაბათს, ან კვირას, – ადრიან დილით,

ფეხით, ან ცხენით ან ფაეტონით

მეც აფხაზეთში ჩავალ, ძვირფასო!“

 

4.

ეს ის შემთხვევაა, როცა არშემდგარი ფეხბურთელობა ხელს კი არ გიშლის, პირიქით – გაქეზებს: რაც (ფეხბურთისთვის) სტადიონზე ვერ გააკეთე, სხვა სივრცეში სცადო მაინც.

ფეხბურთი, ფეხბურთელები და მათ მიერ მოყოლილი ამბების კითხვა ალბათ ყოველთვის დარჩება ჩემს საყვარელ საქმედ, და ყოველ ჯერზე, როცა მორიგ გამოცემაზე მუშაობას დავიწყებ, ის დღე გამახსენდება (მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი), როცა ბიძაჩემმა პაატა პაჭკორიამ მეკარის შავ-წითელი, ულამაზესი მაისური და შორტები მაჩუქა.

გვიან საღამოს, ყველა რომ წავიდა, სკამზე კოხტად დაკეცილი ფორმა ავიღე, ჩავიცვი, სარკესთან დავდექი და მღელვარებისგან რომ ამ მეტირა, ალბათ ყველაზე ხმამაღლა ჩემს ცხოვრებაში, არაამქვეყნიური ხმით დავიყვირე.

 

5.

29 აპრილი, ჩემი შუათანა შვილის – დემეტრეს დაბადების დღე. გურამ პეტრიაშვილს ტაქსით გავუარე სახლში, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ რომ მივიყვანო, სადაც ბავშვებს თავისი ზღაპრები უნდა წაუკითხოს. გზაში ბევრ რამეზე ვსაუბრობთ და ბოლოს ისევ ზღაპარს და მეზღაპრეებს ვუბრუნდებით. ვთხოვ, მოკლედ შეაფასოს ამ ჟანრის ახლანდელი მდგომარეობა.

– ქართული ზღაპრების უმეტესობაში პედაგოგიური მოგეზულობა ჩანს, – ამბობს გურამ პეტრიაშვილი და სევდიანად გასცქერის უქმე დღისგან შეხალვათებულ ჭავჭავაძის გამზირს.

 

6.

ბავშვობიდან მახსოვს: ჩემს სოფელში ორი ძმა ცხოვრობდა – ჯგირი (კარგი) და უჯგუში (უკეთესი). თუ არ ვცდები, უჯგუში ახლაც ცოცხალია.

 

7.

შუკო ჯიქიამ მითხრა, – უცნაური განცდაა: ხანდახან ისევ ახალგაზრდა მგონია თავი და მოხუცს რომ ვნახავ, სკამიდან წამოდგომა მინდებაო.

 

8.

ტუსკია გეხსომებათ, ჩემი მეგობარი, ახლახან ვწერდი მაგაზე და ერთიც ახლა წამომაგონდა.

ამასწინებზე მიყვება, – ჩემს ნათლულს დავურეკე, მარტო ვიყავი, გაბრუებული და შრომისგან დაგლახავებული, გამოდი, ჩავუჯდეთ სადმე, ლუდი და ხინკალი შევუბეროთ-მეთქი. ჩემმა პირველმა ნათლულმა, რომელიც ღამენათევი და შუადღის ძილისგან დაბეგვილი იყო, მხარი ვერ აუბა ჩემს თხოვნას და სხვა დროს ვქნათო, თავაზიანად დამემშვიდობა.

არ უნდა მეწყინოს, მაგრამ გულში გამაცია მაინც. ვიცი, ხშირად არ გვახსენდება ერთმანეთი, მაგრამ როცა გვახსენდება, მაშინაც რომ ასეთ ალიყურს ვაჭმევთ ხოლმე, რაღა უნდა ქნა!

არაფერი, წამოვედი სახლისკენ. შინისკენო, შემისწორებს მცოდნე გრამატიკოსი. ჯერ ერთი – მაგ წესების შენზე ნაკლებად მცოდნის დედაც! მეორეც – ეს ქალაქი ჩემთვის შინ ვერასდროს გახდება, დამთავრებული ამბავია.

მივეცი ტაქსის ხუთი ლარი და მომიყვანა. გზაში ცოტა კი მაცინა, მაგრამ უარყოფილის ნაღველი გულიდან მაინც ვერ გადავიყარე.

არავის არაფერი არ უნდა თხოვო. წერტილი.

9.

ადამიანების პარტიების მიხედვით დაყოფა ცხოვრების წესად იქცა, ამიტომ შარშან ზაფხულს ზუგდიდში ჩასულს „პოლიტიკურ ნიადაგზე“ დაშორებული ბევრი მეგობარი დამხვდა. მათ ერთადერთ შემაკავშირებლად ჩემი იქ ერთთვიანი ყოფნა უკვე აღარ იყო საკმარისი. ისე გაეთიშა ისინი ერთმანეთისგან „პარტიულ კუთვნილებას“, რომ ძველი კარგი დროისგან არაფერი დაეტოვებინა.

 

10.

ისევ ტუსკია:

– ჩემნაირი ვინმე მე რომ მყავდეს: მეგობარი, შეყვარებული, კოლეგა, მტერი… იქნებ მყავს კიდეც და ერთმანეთი ვერ გვიპოვნია… თუმცა კი, როგორ არ მყავს, მაგრამ მას ვერ ვესაუბრები, მასთან საუბარს გადავეჩვიე – საოცარია, ამდენ წყენას იმახსოვრებ ადამიანი და ლოცვები გავიწყდება.

ემოციათა შორის აღმატებული

0

ფრენა უგვირგვინოდ

ბავშვობიდან გული მქონდა შევარდნილი სპორტზე. არცთუ ურიგოდ ვთამაშობდი კალათბურთს, ფეხბურთი და რაგბიც ბევრჯერ მითამაშია ჩემს კლასელ ბიჭებთან ერთად, ხელბურთში, კარში ვიდექი „კარგი რეაქციებით“ და, მშობლებს უარი რომ არ ეთქვათ, ალბათ ჭიდაობაზეც შევიდოდი. აი, ფრენბურთით კი უფრო სერიოზულად ვიყავი გატაცებული. ვთამაშობდი სკოლისა და რაიონის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებში და უფრო დიდ მომავალზეც ვოცნებობდი. დღემდე არც მოგებული და წაგებული მატჩები დამვიწყებია და არც სათადარიგო სკამზე ჯდომისას თუ მოედანზე თამაშისას განცდილი ემოციები. თუმცა ჩემი სპორტული ცხოვრებიდან ერთი რამდენიმეწამიანი კადრი მაინც ყველაზე უკეთ დამამახსოვრდა: რაიონის პირველობაზე მეზობელი სოფლის ძლიერ გუნდს ვხვდებოდით. სუსტი გუნდი არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ არ წაგვივიდა თამაში. თანაგუნდელების გასამხნევებლად რაღაც გმირობის მაგვარი საქციელის ჩადენა იყო საჭირო, რისი შესაძლებლობაც მალე მომეცა. ის იყო მოწინააღმდეგის გუნდს კიდევ ერთი ქულა უნდა აეღო ბადესთან „ჩაპარებული“ ბურთით, რომ, არ ვიცი, როგორ მოვახერხე ამის გაკეთება, მესამე უკანა ხაზიდან, ახლაც შემიძლია დავიფიცო, ნამდვილად „ვიფრინე“ და მოედანზე გაწოლილმა ჩვენს ნახევრზე დაშვებული თითქმის „უიმედო“ ბურთი ხელის მსუბუქი მოსმით ისევ მაღლა ავაგდე. ორი მალაყის შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი და ამაყად გავადევნე თვალი, ჩემმა თანაგუნდელმა და კლასელმა, ეთო კილასონიამ, თავისი „მწარე“ ცაციათი, როგორ ტყვიასავით ჩაუხალა ის ფეხებში ბადესთან „ბლოკზე“ ამხტარ მეტოქე გუნდის კაპიტანს. ჩემი თავგანწირვა გოგოებისთვის მართლაც მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა. ის მატჩი, როგორც სპორტული კომენტატორები ამბობენ, „დამაჯერებელად“ მოვიგეთ.

გამარჯვების გამო არც ზეთისხილის, არც ფიჭვის და არც დაფნის გვირგვინი არავის დაუდგამს ჩემთვის თავზე, მაგრამ ამდენი წელი გავიდა და მსგავსი სიხარული თითქმის არაფერს მოუნიჭებია. საერთოდაც, მგონია, რომ ნებისმერი სპორტული შეჯიბრისგან მიღებული ემოცია – მონაწილე ხარ თუ გულშემატკივრი – ერთ-ერთი ყველაზე აღმატებულია ამა თუ იმ მოვლენით გამოწვეულ სხვა დადებით ემოციებს შორის.

თუმცა,  შესაძლოა, არც ემოციებზე დავობენ!..

მოთამაშე და გულშემატკივარი

სპორტისადმი ჩემი სიყვარული, ალბათ ჩემივე სოფლის ეზოდან დაიწყო. უფრო სწორად, ეზოში დღემდე მყარად მდგარი რკინის ძელიდან, რომელზეც მამაჩემი დილაობით ვარჯიშობდა და რამდენიმე წუთი მე და ჩემს დასაც ჩამოგვაკონწიალებდა ხოლმე. შემდეგ იყო ასკინკილა, ტუხტის ბუჩქების კენწვლა,  წითელი ჰულაჰოპი, რომლის ტრიალშიც ისე დავხელოვნდი, რომ ქვედაბოლოსავით მოვირგე წელზე და აღარ მვარდებოდა, რეზინობანა, ჩვენს მეორე სოფლის სახლამდე დილა-საღამოს თითქმის 2-2 კილომეტრის ფეხით გავლა… და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ – ფრენბურთით გატაცება, რაშიც, ჩემს მონდომებასთან და სპორტის სიყვარულთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა და სკოლის ფრენბურთელთა გუნდის მწვრთნელმა, არნე ხატიაშვილმა.

გულშემატკივარობით კი ყველაზე მონდომებით ჩვენს ქართველ ფეხბურთელებს და კალათბურელებს ვგულშემატკივრობდი. მიზეზი რამდენიმე იყო: ჯერ ერთი, მაშინ ყველაზე ხშირად სწორედ ამ სახეობების ნახვა შეგეძლო ტელევიზიით (და, ალბათ, ზამთრის სახობებიდან – ფიგურული სრიალის, „მოსკოვზე“); მეორეც, ნამდვილი დღესასწაული იყო,  არცთუ იშვიათად, მსოფლიო დონის ქართველი სპორტსმენების ლამაზი თამაშის ყურება; და მესამე,  გუნდებში იმედის მომცემი და სიმპათიური ახალგაზრდა  სპორტსმენების ყოფნა უმნიშვნელო ფაქტორი როდი იყო იმისთვის, რომ სპორტის მოყვარულ მოწიფულ გოგოს ხან  სიხარულის  და ხანაც მწუხარების ცრემლებით მეგულშემატკივრა (და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მსგავსი დამოკიდებულება უამრავ ჩემხელა გოგოს ჰქონდა) მათთთვის. ფავორიტებიც ორივე სახეობაში მყავდა: ფეხბურთელთა თბილისის „დინამოში“ – ჩემზე ოთხი წლით უფროსი გელა კეტაშვილი, ხოლო კალთბურთელთა თბილისის „დინამოში“ – შეუდარებელი გელა დარსაძე.

გელა კეტაშვილი და გამოტოვებული პენალტები

1985 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში ჩატარდა. საბჭოთა ნაკრები, რომლის შემადგენლობაში გელა კეტაშვილიც თამაშობდა, ოქროს მედლების ერთ-ერთ-რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ნახევარფინალში „ჩვენს“ ნაკრებს არ გაუმართლა და მესამე ადგილისთვის მოუხდა ბრძოლა ნიგერიელებთან. აქ კი შეხვედრა უგოლო ფრეთი დამთავრდა და დაინიშნა პენალტები.

ყველა გულშემატკივარმა იცის, რამხელა ემოციებთან არის დაკავშირებული ფეხბურთში ჯერ თავად მატჩის და, დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ კი – პენალტების ყურება. დაიწყო პენალტებიც და ლამის ტელევიზორში მჯდომი მე და ჩემი და ერთმანეთს ვაწყნარებთ. ხან ერთი ვიფარებთ პანალტის დროს თვალებზე ხელს და კანკალით ვკითხულობთ შედეგს და ხან მეორე. თუმცა შეძახილებითაც მშვენივრად ვხვდებით გატანილ და „გაფუჭებულ“  ბურთებს. ოთახის კარი დაკეტილი გვაქვს, ჩვენი წივილ-კივილი ცას სწვდება და არავინ და არაფერი გვახსოვს ფეხბურთის გარდა. უცებ ოთახში შიშისგან ფერდაკარგული მამაჩემი შემოვარდა, რომელიც ამ დროს ბაღში მუშაობდა (ფეხბურთი მისი სუსტი წერტილი არასოდეს ყოფილა). ჩვენი კივილის ხმა რომ გაუგონია, ჰგონებია, გოგოებს რაღაც საშინელება დაემართათო. ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უსასტიკესად დავისაჯეთ ჩვენი სპორტული ემოციების გამო: მამამ ტელევიზორი გამოგვირთო და ეზოში გამოგვაბრძანა. ასე გამოვტოვეთ დარჩენილი პენალტები და სამწუხრო შედეგიც მეორე დღესღა  გავიგეთ მეზობელი ბიჭებისგან. მაშინდელი დამარცხებით ნატკენი გული რამდენიმე წელიწადში, 1988 წელს მოვირჩინე,  როცა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურმა ნაკრებმა გელა კეტაშვილთან ერთად, სეულის ოლიმპიური თამაშების ფინალურ მატჩში ბრაზილიიის ნაკრები დაამარცხა, რის შემდეგაც გელა პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ფეხბურთში.

კალათბურთის დენდი გელა დარსაძე

რაც შეეხება გელა დარსაძეს, მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი მოედანზე მის დინჯი, გაწონასწორებული სათამაშო „ხელწერით“. თითქოს ახლაც ვხედავ, მოედნის შუაგულიდან როგორ იწყებს ბურთის გათამაშებას, თვალს ვაყოლებ მისი ხელების რბილ მოძრაობას და თანაგუნდელებისთვის  აზრიანად, კომფორტულად მიწოდებულ  ბურთს. დღეს გელას მიმართ ორგვარი განცდა მაქვს: ერთი – მადლიერების, იმ ჩემი გულწრფელი, ყმაწვილური სიხარულის გამო, რომელსაც ის  თავისი „დენდური“ თამაშით მანიჭებდა (და ჩემ გარდა, კიდევ რამდენ ათას ქართველ გულშემატკივარს); და  მეორე – ტკივილისა, რომელიც ახლობელი ადამიანის ამქვეყნიდან წასვლისას გიჩნდება. გელა დარსაძის გარდაცვალების შემდეგ ერთი სპორტული ჟურნალისტი, რომლის სახელი და გვარიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს, წერდა: ქართული კალათბურთის ისტორიაში გელა დარსაძის ადგილს ვერავინ დაიკავებს. ჩვენ მასზე სახელოვანი კალათბურთელებიც გვყოლია, მაგრამ თბილისის „დინამოში“ მეტეორივთ შემოჭრილი გელა დარსაძე მაინც განსაკუთრებული კალათბურთელი იყოო,  რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. ხოლო ის ფაქტი, რომ დღეს კალათბურთში გელა დარსაძის სახელობის ტურნირი არსებობს, უკვე ნიშნავს ამ არაჩვეულებრივი სპორტსმენის სიცოცხლის გაგრძელებას, რაც უზომოდ მახარებს.

უცნაური დამთხვევა და მესამე გელა

უკან დარჩა წლევანდელი ივნისის თვეში თბილისში ჩატარებული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში. გამიმართლა და, ჩემი მეგობრის, მწერლისა და ამ არაჩვეულებრივი ბიჭების ერთ-ერთი მწვრთნელის, ლადო კილასონიას წყლობით, რომელმაც მატჩებზე დასასწრები ბილეთები და უზარმაზარი ემოციები გვაჩუქა ახლობლებს, არგენტინასთან და სამხრეთ აფრიკასთან ჩატარებულ მატჩებს ავჭალის სტდიონზე ვუყურე. დანარჩენი სამის ყურებაც  შემეძლო სტადიონზე, მაგრამ სახლში დავრჩი და ტელევიზორთან ჯდომა გადავწყვიტე სწორედ გულშემატკივრის ზემოთ ნახსენები იმ მოზღვავებული ემოციების გამო, რომლითაც, შესაძლო იყო, უკვე ზიანიც კი მიმეყენებინა საკუთარი ჯანმრთელობისთვის (თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ტელეეკრანის წინ ნაკლებად ვნერვიულობდი).

ჩვენმა ბიჭებმა ამ ჩემპიონატზე, როგორც ვიცი, პროგრამა მინიმუმი შეასრულეს. შესაძლოა, მეტიც შეეძლოთ და ჩვენც ასე გვინდოდა, მაგრამ, მოდით, ნუ განვსჯით მათ დაშვებული შეცდომებისთვის, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ არც თავი დაუზოგავთ და, თანაც,  ისეთი ქვეყნების გუნდებს ეთამაშებოდნენ – არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ისევ არგენტინა და ირლანდია – რომელთაც, როგორც ამბობენ, სისხლში აქვთ გამჯდარი სპორტის ეს სახეობა (ნეტავ ფეხბურთშიც ასე გვქონდეს საქმე!).

არ დაიჯერებთ ამ უცნაურ და უნებლიე დამთხვევას, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევ გელა – ჩემი აზრით, მთელ ჩემპიონატზე უკონკურენტო მე-9 ნომერი -გელა აფრასიძე გახდა ჩემი ფავორიტი. ამჯერად უკვე რაგბისტი ბიჭი, რომელიც სულ რამდენიმე წელია გამოჩნდა ქართულ რაგბში და უკვე მოახერხა, უამრავი ქართველი და უცხოელი  გულშემტკივარი მოენუსხა თავისი გამორჩეული თამაშით. ყველაზე შთამბეჭდავი კი ამ ჩემპიონატზე ირლანდიასთან  დადებული მისი შოკისმომგვრელი, ულამაზესი და უსწრაფესი ლელო იყო. თუმცა უფრო დიდი სიხარული, პირადად მე, თურმე წინ მელოდა:

მატჩის მეორე დღეს ვურეკავ ლადო კილასონიას და ტელეფონზე ჩემს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ. უფრო სოწრად, ტყვიასავით ვაყრი ემოციებს. ყველაზე ბევრს, ცხადია, გელა აფრასიძეზე ვლაპარაკობ. მოულოდნელად, ლადო სიცილით მაჩერებს და მეუბნება: გელა ახლა აქ არის, ჩემს გვერდით, დაგალაპარაკებ და მას უთხარი, რისი თქმაც გინდაო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა: ისევ იმ პატარა 15-16 წლის გოგოდ ვიქეცი, რომელიც წლების წინ  გელა კეტაშვილს და გელა დარსაძეს  გულშემატკივრობდა;  თითქოს მაშინდელი ოცნებები, ოდესმე „ცოცხლად“ მენახა ჩემი საყვარელი სპორტსმენები (თუმცა, გელა დარსაძის თამაშს ერთხელ ვუყურე სპორტის სასახლეში), გელა აფრასიძემ ერთად ამიხდინა, თითქოს მასთან ლაპარაკით სამივე გელას ველაპარაკებოდი და ყველას ერთად ვეუბნებოდი მადლობას იმ სიხარულისთვის, იმ უზარმაზარი ემოციებისთვის, რაც თავიანთი თამაშით მომანიჭეს…

აი, ასე, კამარასავით  შეკრა გელა აფრასიძემ უეცრად მთელი ჩემი ცხოვრების „ოცნება და სინამდვილე“. ბოლოს კი, ბარემ ერთ ჩემს გოგოურ თუ ქალაბიჭურ საქციელსაც გავამხელ და   ჩემს სპორტულ ემოციებზე საუბარსაც ამით დავასრულებ: ავჭალის რაგბის სტადიონზე, ვინ იცის,  რამდენი წლის შემდეგ, კვლავ გავიხსენე ოთხი თითით სტვენა. ყვირილისგან ხმა რომ ჩამიწყდებოდა, სასწრაფოდ გადავდიოდი სტვენაზე, და აბა ეს იყო, თუ იყო, მართლაც  შეუდარებელი ემოცია, ემოციათა შორის აღმატებული!..

 

 

 

მყვირალობის დღიური

0

ვინ არ იცის დრაკონის ამბავი, რომელმაც სიყვარულის დიდი ტვირთის მარტოკამ ტარება ვერ შეძლო, ამოთხარა ორმო და შიგ ჩასძახა. ორმოზე ხე ამოვიდა, ხეს ქარმა დაუბერა, ტოტმა ტოტს უთხრა სიყვარულის ამბავი, ხემ ხეს. საიდუმლო ყველამ გაიგო.

ამ ამბავს, 1956 წლის მარტის დღიურში, გურამ რჩეულიშვილი წერს. გურამი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და თავგადასავლის, სიყვარულის, მოგზაურობის, შემოქმედების ვნებით ატანილს და ამ ვნების ბარგ-აკიდებულს გაუწევია შორეულ გზებზე სახეტიალოდ.

ცხოვრების გზებზე, უფრო სწორედ. და ამ გაგანია 1956 წლის მარტში, ვინ წარმოიდგენს, რომ გურამს სულ რაღაც ოთხი წელიღა დარჩა ამ ვეებერთელა ვნებების გამოსახატად, მათგან გასათავისუფლებლად.

თუმცა, ვინ ითვლის მის გვერდით წლებსა და დღეებს, გურამ რჩეულიშვილი ხომ ის მოვლენაა, ვისთანაც დრო ვერასდროს ვერაფერს გახდება, ვინც თავისივე მოთხრობების გმირი რაშებივით გადაუქროლა დროის და სივრცის განზომილებებს, ჩვენ ამ რაშების ფლოქვებისგან ავარდნილი ვერცხლისფერი მტვერი წავიკითხეთ ჯერ.

ჰო, სულ ასე მგონია, რომ ჯერ კიდევ არაფერი ვიცით მარადიულად 26 წლის ბიჭზე, რომელზეც უკვე ამდენი დაიწერა და ითქვა, რომელიც არამხოლოდ თავისი თაობის, არამედ ყველა მომავალი თაობის ყველა გოგოს  ერთი დღით მაინც ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარდა და ამ სიყვარულმა ღირსების განცდა გაუმძაფრა, გაალამაზა; ბიჭზე, რომელმაც თავად დაგვიტოვა ზღვა შემოქმედება, რათა უფრო კარგად ჩავიძიროთ, ჩავყურყუმალავდეთ, ჩავუწვეთ შეუცნობლის ფსკერს…

4 ივლისს გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღე იყო. 23 აგვისტოს მისი გარდაცვალების დღე დადგება. ეს _ ამქვეყნიური ქრონიკისთვის, საბედისწერო ციფრების წარწერა მისი სახელის ქვეშ… ისე კი, გურამის ბიოგრაფია ალბათ გაცილებით შორიდან დაიწყო, უხნესი დროიდან, შესაძლოა, ეს სულაც იმ დროს დაემთხვა, როცა ადამიანის სული იმ ფორმით ყალიბდებოდა, რა ფორმითაც ის ჩვენ მოგვეცა.

სხვაგვარად, ამხელა გამოცდილება ასეთ ახალგაზრდა სულში და სხეულში _ ძნელი დასაჯერებელია. ვკითხულობ მის წიგნებს _ მოთხრობებს, დღიურებს, პიესებს, ლექსებს, და მაკვირვებს ეს დიდებული გამოცდილება. ახალგაზრდული ვნებით განახლებული, მომავლის ძალით აყვირებული დიდი ადამიანური დრო, რომელსაც გურამი გვახსენებს.

მისმა დამ, მარინე რჩეულიშვილმა, ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია საიმისოდ, რომ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება მკითხველისთვის სრულყოფილად, კომპეტენტური შენიშვნების და კომენტარების  დართვით გაეცნო. ცნობილია, რომ მან წერა 22 წლის ასაკში დაიწყო და გარდაცვალებამდე იმხელა შემოქმედება შექმნა, რომ ესაც გაკვირვებას და აღტაცებას იწვევს _ რამხელა ძალისხმევა, შესაძლებლობა აქვს ადამიანის შემოქმედებით სულს, რა სიმაღლის ამოფრქვევას შევესწრებით ხოლმე, როცა განგება ჩაიფიქრებს და ვინმეში ამ სულს აამეტყველებს!..

გურამ რჩეულიშვილის რამდენიმე მოთხრობა სასკოლო პროგრამაშიცაა შეტანილი და ეს შესანიშნავია. მოსწავლეები, როგორც წესი, უპირობო აღფრთოვანებით კითხულობენ და ეცნობიან მის შემოქმედებას და ბიოგრაფიას, მოსწონთ და იზიდავთ მისი პიროვნული ხატი, რომელიც მისსავე მთხრობებშიც მკაფიოდ ჩანს (გურამი ხომ ის შემთხვევაა, ვისზეც იტყვიან _ „როგორც წერს ისე ცხოვრობსო, და პირიქით“); მისი საქციელი, თვისებები, ენერგია _ ეს ყველაფერი გადამდებად მოქმედებს ახალგაზრდებზე, მე ბევრი მინახავს, ვისი ცხოვრებაც შეუცვლია კიდეც გურამის პიროვნულ მაგალითს, ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანთა შორის ვარ თავად მეც, და სიკვდილამდე დავრჩები მისი მადლიერი, რადგან გურამ რჩეულიშვილმა საჭირო დროს და საჭირო ძალით, პირდაპირი მნიშვნელობით _ გადამარჩინა.

ეს იმ გაუგებარ, სევდიან 90-იანებში იყო, ჩვენი ბავშვობის ნალექიან წლებში, როცა შინ და გარეთ ერთნაირი უკუნი იდგა, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით (ომი, უშუქობა, უღონობა, უგონობა…). გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების კრებული ვიპოვე, გარეკანზე მზისკენ მოწითალო ცხენით მიმქროლავი მხედრით, იმ წიგნს დავათენე მთელი ზამთარი, ათჯერ, ოცჯერ, მეტჯერ წავიკითხე, სანთლის შუქზე, გათოშილ ოთახში, ხელთათმანებიანი ხელებით ვფურცლე და ვფურცლე და ყოველ წაკითხვაზე ახალი ნაკადით შემოდიოდა ჯერ აქამდე განუცდელი იმედი, იმედს შუქი მოსდევდა, შუქს ძალა, და თანდათან ვგრძნობდი, რომ ხელში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მეჭირა _ თოთო სამყარო, რომელიც ამ ომებს, ამ სიკვდილებს, ამ ჯოჯოხეთებს გადაურჩა და ახლა ჩვენს გადარჩენას ცდილობს!.. არასდროს აღარაფერი ყოფილა ასეთი შთამბეჭდავი როგორც მაშინ, მერე ბევრჯერ ვიხსენებდი იმ წუთებს, დღეებს და ღამეებს და ვამოწმებდი კიდეც ეჭვიანი ფიქრებით _ ხომ არ გადავაჭარბე რამე, ძალიან ხომ არ მოვიხიბლე და რამე გამომრჩა… მაგრამ არა, პირიქით, ეს ისეთი სუფთა და მშვენიერი აღტაცება იყო, ისეთი უანგარო გადარჩენა, ისეთი მუდმივად გასახსენებელი და მოსაყოლი!..

ჰოდა, სადაც შემიძლია ყველგან ვყვები, სადაც შემიძლია ყველგან გურამზე ვსაუბრობ, მეც მინდა სხვებსაც ჰქონდეთ ასეთი წუთები, სხვებიც გალამაზდნენ, სხვებიც გადარჩნენ!..

ამ ივლისის დღეებში კიდევ ერთხელ გადავიკითხე მისი დღიურები. ზოგი ფანქრით, ზოგიც კალმით, ლურჯ ან სხვა ფერის რვეულებში ნაწერი (როგორც მარინე რჩეულიშვილი აღნიშნავს) მისი ცხოვრების ქრონიკა. ოთხწლიანი ცხოვრების _ დიდი მყვირალობის ამბები.

მყვირალობა ირმების მდგომარეობაა, როცა ხარი და ფური ერთმანეთს დაეძებენ, მთიდან მთაზე გასძახიან, ქედებს, კლდეებს და ხევებს აზანზარებენ. ვისაც ერთხელ მაინც ამ მყვირალობისთვის მოუსმენია, იგრძნობდა ბუნების შემაძრწუნებელ ვნებას, ამ ვნების გამოხატვის საშინელ სილამაზეს… ქართულად ეს ვნება კარგად ჟღერს: „მყვირალობა“. გურამიც ხშირად ახსენებს თავის დღიურებში. „ჩემი ყვირილი ღრიალში იზრდება და საცაა დამაყრუებს. დავეხეტები და დავეძებ. უნდა ვიოვო, ვინ ვიპოვო?..“ აქ მხოლოდ ქალის ძებნაზე, ქალის გამო მყვირალობაზე არაა საუბარი. ეს გურამის უკიდეგანო სულიერი ვნების და ენერგიის ამოძახილია, ეს მისი მაძიებლობაა _ დიდი ღვთაებრივი შუქის, ძალის, სიყვარულის!..

ოთხი წელი გაგრძელდა მისი მყვირალობის დრო. ეს მუდმივი ექსტაზის მდგომარეობასავითაა, თითქოს გამუდმებით ჩართული ხარ რაღაც კოსმიურ გამოსხივებაში და ეს შენს ბედისწერადაც იქცევა, ეს გფლეთს სხვა ადამიანური მატერიისგან და გტოვებს ცარიელ შუქს, არა _ ჯერ წყვდიადს, უკუნს, რომელმაც დიდი სინათლე უნდა შვას. სწორედ ამიტომაა, რომ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებაში არის ამხელა, დაწმენდილი შუქი. ეს მის ბიოგრაფიაში გავლილი წყვდიადის შედეგია, მისი შინაგანი სულიერი ორომტრიალი, მისი მუდმივ გამოსხივების ველში ყოფნა, სადაც თანაბარი ძალით ტრიალებს ცოდვა და მადლი, ტკივილი და სიხარული. თანაბარი და, რაც მთავარია _ გაასმაგებული ძალით.

„სანამ ამბავი _ სიკვდილი არ შემიძლია, უნდა ვწერო მასზე. როცა გამოილევა, თავს მოვიკლავ, ალბათ _ ეს იქნება ერთადერთი ამბავი, თანაც ყველაზე ღირსშესანიშნავი ჩემს ცხოვრებაში, რაზეც ვერ დავწერ“.

ესაც მისი დღიურიდანაა. სიკვდილი გურამმა თვითონ გამოიხმო _ თავისი მუდმივი ექსტაზით. თანაც როგორი სიკვდილი! ერთადერთი ფაქტობრივი შეცდომაა ამ ჩანაწერში _ მან ამ მშვენიერ სიკვდილზე (თვითმკვლელობას გულისხმობდა მაგრამ ადამიანისთვის თავის გაწირვა _ რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა _ რაღაც მომენტში შესაძლოა თვითმკვლელობადაც მივიჩნიოთ) უკვე დაწერა, თავის ყველა ტექსტში ამ სიკვდილზე წერდა, საკუთარ თავსაც და ადამიანებსაც ისე აჩვევდა, როგორც ყველაზე ამაღლებულ და ღვთაებრივ გამოგონებას. როგორც სამაგალითო საქციელს, რომელიც მარადისობაში შეგიძღვება.

გურამი იმ დრაკონს ჰგავდა, ვისი ამბითაც ეს წერილი დავიწყე _ თავისი ტვირთი _ სიყვარული ვეღარ დაიტია, ორმო ამოთხარა და ჩასძახა. ამ ჩაძახილზე ორმოდან ხე ამოვიდა. ხის ტოტმა ტოტს უთხრა, ქარმა კი სიყვარულის ამბავი სხვა ტოტისკენ წაიღო. მალე ის მთელ ქვეყანას მოედო.

გურამ რჩეულიშვილის ამბავი მთელმა ქვეყანამ იცის. ეს ამხნევებს ამ ქვეყანას, პასუხისმგებლობასაც სძენს და თავისუფლების ღვთაებრივი ძალითაც აშლევინებს მკლავებს სამყაროში.

და ბოლოს, ამ ამბავში კიდევ ბევრი საიდუმლოა. ჯერ ჩვენ ყველაფერი არ გაგვიგია. კიდევ ბევრი ტოტი უნდა დაირხეს და ბევრმა ქარმა გადაიქროლოს, სიყვარული კი პლანეტებში გაქვეყნდეს…

 

 

 

 

 

მასწავლებლის წიგნი – “ლიტერატურის სწავლება”

0

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ჟურნალ “მასწავლებლის და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ს  ფარგლებში, მასწავლებლის ბიბლიოთეკის სერიით  კიდევ ერთი ახალი წიგნი –  “ლიტერატურის სწავლება” გამოსცა.

წიგნი საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

სახელმძღვანელოს ავტორები: ნესტან რატიანი, თეონა ბექიშვილი,  ნინო ლომიძე  გვთავაზობენ ლიტერატურის სწავლების იმ მეთოდებს და მიდ­გომებს, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებზეა დაფუძნებული და პასუხს სცემს უმთავრეს კითხვას – როგორ ვასწავლოთ ლიტერატურული საკითხები სკოლაში ისე, რომ მოსწავლემ შეძლოს მხატვ­რული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა და პროცესმა ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული უნიკალური – ინდივიდუალური და შემოქმედებითი – პოტენციალის გამოვლენას.

კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩა­მოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს უნარი ემსახურება მშობლიურ და მსოფ­ლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშა­ვებას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოს­წავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალუ­რი პერსპექტივა. პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახუ­ლი სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები.

ლიტერატურასთან ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკუ­რი გემოვნება, გაუღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.

წიგნის რედაქტორები : ნატო ინგოროყვა, მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი

დიზანი : ბესიკ დანელია

 

მასწავლებლის ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ახალი წიგნი – “სწავლების ფსიქოლოგია”

0

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ჟურნალ “მასწავლებლის და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ს  ფარგლებში, მასწავლებლის ბიბლიოთეკის სერიით  კიდევ ერთი ახალი წიგნი –  “სწავლების ფსიქოლოგია” გამოსცა. წიგნის ავტორებია: მარიამ გოდუაძე და ცვატა ბერძენიშვილი.
სწავლების ფსიქოლოგია ცოდნის მიღებისა და ადეკვატური უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესს სწავლობს. მის ამოცანას კი ამ პროცესის ბუნების, მახასიათებლების, ეტაპების, კრიტერიუმების, სწავლების დონისა და ხარისხის დიაგნოსტირების მეთოდების შემუშავება წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, სწავლების დროს ბავშვის შემეცნებითი განვითარება განხილული იყოს სისტემატური სწავლების პირობებში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია:
– შიდა და გარე ფაქტორების შესწავლა, რომლებიც განაპირობებენ შემეცნებითი საქმიანობის განსხვავებულობას სხვადასხვა დიდაქტიკურ სისტემებში;
– სწავლების მოტივაციური და ინტელექტუალური თანაფარდობის დადგენა;
– ბავშვის სწავლებისა და განვითარების პროცესების მართვის შესაძლებლობათა განსაზღვრა;
– სწავლების ეფექტურობის ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური კრიტერიუმების გამოვლენა და ა.შ.
პრაქტიკულ პედაგოგიკაში მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ კითხვას „როგორ?“
ამ სახელმძღვანელოს მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლავთ. ავტორები გვთავაზობენ აქტივობებს და მეთოდურ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც მასწავლებელს დაეხმარება სრულყოს სასწავლო პროცესი.

წიგნი საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

 

წიგნის რედაქტორები : ნატო ინგოროყვა, მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი

დიზანი : ბესიკ დანელია

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან :

 

სწავლების ფსიქოლოგია

ჟურნალ “მასწავლებლის” კიდევ ერთი ახალი ნომერი!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2017 წლის მესამე  ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

 

სარჩევი

 

დასჯილი ბავშვების მეხსიერება

0

არასასურველი ქცევის სამართავად ბავშვის დასჯა რომ გამოსავალი არ არის და მას კარგი ქცევის წახალისების სტრატეგია სჯობს, ამაზე სპეციალისტები უკვე კარგა ხანია საუბრობენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველდღიურად ვაწყდებით მოზარდებზე ძალადობისა თუ მათი დასჯის სცენებს როგორც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ისე სასწავლო დაწესებულებებში (ბაღებში, სკოლებში და სხვ.). მკითხველისთვის ყოველთვის ემოციურია ეპიზოდები წიგნებიდან, რომელიც არასრულწლოვნების გაროზგვას, ხელებზე სახაზავის დარტყმასა თუ სხვა ტიპის დასჯას ასახავს. სამწუხაროდ, ეს ჩვეული პრაქტიკა იყო საუკუნეების განმავლობაში და მას ზოგან დღესაც მიმართავენ.

ქვემოთ მოყვანილი ფრაგმენტები ცნობილი მწერლების წიგნებიდან, ვფიქრობ, მშობლებს დააფიქრებს, მასწავლებლებს დაეხმარება ამ თემაზე დისკუსიის გამართვაში, მოსწავლეებს კი უბიძგებს, მეტი მასალა მოიძიონ მხატვრული ლიტერატურიდან თუ კინემატოგრაფიიდან, რაც ზუსტი ანარეკლია ხოლმე დროისაც და ნაწარმოებების შექმნის ადგილისაც.

ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელიც ფიზიკურ დასჯას უკავშირდება, ხშირ შემთხვევაში ღრმა კვალს ტოვებს მოზარდზე, გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე, მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება ადამიანს, აისახება ხასიათზე, განსაზღვრავს შეხედულებებს, ქმედებებს და სხვ. ამიტომ მასზე დაკვირვება, მსჯელობა სკოლაში და გამოსავლის პოვნა აუცილებელი მგონია. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, რა სახეცვლილება განიცადა ამ, დღეისთვის უკვე მიუღებელმა, ქმედებამ სხვადასხვა ეპოქაში და როგორ აისახა ის რამდენიმე ქვეყნის ლიტერატურაზე.

 

*

აკაკი წერეთლისჩემი თაგადასავალი“, 1894-1908 წწ.

„მახსოვს და არც დამავიწყდება ჩემს დღეში: ერთი რუსის ბავშვი იყო – კრიჟანოვსკი, ძლიერ მოუსვენარი რამ, მაგრამ სხვებრ კარგი იყო. ერთხელ ნახევარი საათით დააგვიანდა კლასში მოსვლა და დირექტორმა „გააროზგვინა“; იმ დღესვე გაკვეთილი არ იცოდა და მასწავლებელმა „გააროზგვინა“; სწავლა რომ გათავდა, ზედამხედველმა „გააროზგვინა“: სახლში გიცელქია და მეზობლის ბავშვისათვის ქვა გისროლია – გიჩივლესო! ამითაც ვეღარ გადარჩა. ყველამ ერთად დააბეზღეს ინსპექტორს და იმანაც მოუნდომა „გაროზგვა“. ეს ინსპექტორი შეუბრალებელი რამ იყო და მისი ისე ეშინოდათ, როგორც სულთამხუთავისა. კრიჟანოვსკიმ, ტანჯვა რომ ვეღარ აიტანა, იშვირა ხელი და ფეხი და გადავარდა რიონში. რომ შემთხვევით იქვე არ დასწრებოდა ერთი მეგრელი მოსწავლე, ძალიან კარგი მცურავი, დაიღუპებოდა. ისე ცემა-ტყეპას ხომ ანგარიში არ ჰქონდა. ვაი, მისი ბრალი, ვისაც კარგი ხუჭუჭი თმა ჰქონდა! ერთ ყმაწვილს, გვარად ჭაჭიაშვილს, დიდი ყურები ჰქონდა. დიდი და პატარა ყველა ყურებში ავლებდა ხელს. ერთხელ გამხეცებულმა ზედამხედველმა შუამდი აახლიჩა ყური; გაუსივდა და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ დაუწყო შეხორცება. მაგრამ ვინ აცალა შეხორცება! სტაცებდნენ ხელს და ხელახლა აგლეჯდნენ… ასე რომ გავიდა სასწავლებლიდან. ერთ მოსწავლეს – კლდიაშვილს – პირით დაჰკრა შუბლზე „ლინეიკა“ და თავთხლე გადაადინა, ძვალიც კი გაუტეხა. გულშემოყრილი ბავშვი შინ წაიღეს. ამ გარემოებისათვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. ამისთანები რამ უთვალავი იყო. ღვთის მადლით, მე ამცილდა ტანჯვა და ერთხელ მეტად არ გავლახულვარ, მაგრამ ეს ერთიც საკმაო იყო, მთელი ჩემი სიცოცხლე მოეტანჯა! დირექტორმა რომ მიმიყვანა, იმ დღიდან ჩემი მასწავლებელი სულ გულაღრენილი იყო ჩემზე და, თუკი შემთხვევა ექნებოდა, რასაკვირველია, არ დამზოგავდა. ერთხელ რომელიღაც მოსწავლემ ხაჭაპურები მოიტანა კლასში და ლატარიაში ჩააგდო თითო კაპეიკად, ყველამ მოაწერა ხელი. წამძლია სულმა და მეც მოვაწერე. შემოგვესწრო მასწავლებელი და იწყინა, როგორ გაგიბედიათ ხელის მოწერაო! აიღო დიდი, უშველებელი „ლინეიკა“ ხელში. თითო-თითოდ გაჰყავდა ხელის მომწერლები; ჰკითხავდა: რომელი ხელით მოაწერეო? და, პასუხს რომ მიიღებდა, დაჰკრავდა ხოლმე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. „კიდევ მოაწერო?“ – ეკითხებოდა დაცინვით. მე ყველაზე ბოლოში ვეწერე, რადგანაც ჩემი გვარი წილზეა, და „ჟურნალში“ ანიდან იწყება გვარების წერა. იმ დროს საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაკითხული მქონდა და მომაგონდა ოფოფის ხრიკი, თავის გადარჩენა რომ უნდოდა და მელა გააბრიყვა. იმ განყოფილებაში წერის გაკვეთილი იყო. მე ვიფიქრე, რომ, თუ მარჯვენა ხელი მეტკინა, წერა გამიფუჭდება და მოდი მარცხენას გავიმეტებ-მეთქი. მეც რასაკვირველია მითხრა: „აბა დამნაშავე ხელი გამოაშვირეო!“ მე მარცხენა გავუშვირე. ჯერ დამკრა და მერე ეჭვი შეიტანა, რასაკვირველია განგებ, მარცხენა ხელით როგორ მოაწერდიო? რომ გამოვუტყდი, მარჯვენა ხელზეც დამკრა და გამიშვა. ტკენა ხომ ტკენა იყო, მაგრამ მე ის უფრო მტანჯავდა, რომ ჭკუა წავაგე და ორი „ლინეიკა“ დამკრეს, მაშინ როცა სხვები კი თითოთი გადარჩენ! ვტიროდი, ხელი მიკანკალებდა და, რასაკვირველია, კარგად ვეღარ დავწერდი!.. ნაწერები რომ გაარჩია მასწავლებელმა, დამიწუნა და კიდევ დამკრა „ლინეიკა“: უკეთ დაწერეო! კლასის გათავებამდი ოთხჯერ კიდევ დამკრა!.. ის დღე იყო და მას აქეთ ვეღარ გამოვბრუნდი. არ იქნა ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა. წერაში ხელი გამიფუჭდა და დღესაც კიდევ გაურკვევლად ვწერ; ვინც ჩემ ნაწერებს დახედავს, გაუკვირდება, რომ ზოგან კარგი ხელია და ადგილ-ადგილ კი ნაჯღაბნი და გაუგებარი. ეს მაშინ მემართება, როცა ინსტიქტურად მაგონდება ხოლმე მაშინდელი ჩემი ტანჯვა. ეს შემთხვევა რა გასახსენებელი იყო, მაგრამ მიტომ ვამბობ, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა იგულისხმონ, თუ რა ძნელია სათუთ ბავშვებთან სასტიკად მოპყრობა და რა შედეგი მოჰყვება ხოლმე…“

 

*

ფრანც კაფკასწერილი მამას“, 1919 . (გერმანულიდან თარგმნა დევი ბერძენიშვილმა)

„ბავშვობის მოგონებიდან უშუალოდ მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება. შეიძლება ის შენც გახსოვდეს. ერთ ღამეს წყალს განუწყვეტლივ და წუწუნით ვითხოვდი, ალბათ არა იმის გამო, რომ წყლის დალევა მინდოდა, არამედ, სავარაუდოდ, ნაწილობრივ თქვენს გასაბრაზებლად, ნაწილობრივ კი გასართობად. მას შემდეგ, როცა ძლიერმა მუქარებმა არ იმოქმედა, შენ საწოლიდან გამომიღე, აივანზე გამიტანე და ერთხანს იქ მარტო, ღამის პერანგის ამარა, დაკეტილ კარს მიღმა დამტოვე. იმის თქმა არ მინდა, რომ ეს არასწორი იყო, შესაძლებელია, სხვა გზით შუაღამისას მოსვენების მიღწევა შეუძლებელი იყო, ამით მხოლოდ შენი აღზრდის მეთოდების და ჩემზე  მათი ზემოქმედების დახასიათება მსურს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დავმორჩილდი, მაგრამ შინაგანად მოვტყდი. ჩემი აზრთა წყობით ვერაფრით შევძელი, წყლის დალევის სრულიად გასაგები, თუნდაც უშედეგო თხოვნის და ოთახიდან ჩემი გამოძევებით გამოწვეული ენით აუწერელი საშინელების ერთმანეთთან დაკავშირება. წლების შემდეგ ისევ მტანჯავდა იმის წარმოდგენა, რომ უზარმაზარ კაცს, მამაჩემს, უმაღლეს ინსტანციას, თითქმის უმიზეზოდ, შუაღამეს შეუძლია მომიახლოვდეს, საწოლიდან გამომაძროს და აივანზე გამიტანოს. აი, თურმე მისთვის როგორი არარაობა ვყოფილვარ.

იმ დროს ეს მხოლოდ უმნიშვნელო დასაწყისი იყო, მაგრამ საკუთარი არარაობის ხშირი განცდა (განცდა, სხვა მხრივ, კეთილშობილი და ნაყოფიერი) დიდწილად შენი გავლენის შედეგია. მე მხოლოდ ცოტაოდენი წახალისება, ცოტა მეგობრობა, საკუთარი გზით სიარულის მცირე შესაძლებლობა მსურდა, შენ კი ეს დამიხშე, რა თქმა უნდა, ყველაზე კეთილი განზრახვით, რადგან ჩათვალე, რომ სხვა გზით უნდა წავსულიყავი. თუმცა საამისოდ არ ვვარგოდი“.

 

*

მაია ენჯელოუსვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი, 1969 . (ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა)

„თავიდან მეგონა, მეხუმრებოდა. უშნო ხუმრობა მეგონა, რომელსაც ასე დაამთავრებდა: „და მე რატომ არაფერი გამომიგზავნა?“ მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ოთახში ატმის ხისაგან გამოთლილი გრძელი, დრეკადი წკეპლით დაბრუნდა, რომელსაც ჯერაც ხილის თავბრუდამხვევი სუნი ასდიოდა. მან თქვა:

– დაიჩოქე! ბეილი უმცროსო, შენც აქ მოდი.

სამივე მუხლებზე დავეცით და მან დაიწყო:

– მამაო ჩვენო, შენ კარგად უწყი ყოველი გასაჭირი შენი მორჩილი მხევლისა. შენი შემწეობით ორი ვაჟკაცი აღვზარდე და ფეხზე დავაყენე. ბევრჯერ მგონებია, რომ ფარ­ხმალს დავყრიდი, მაგრამ ყოველთვის მაძლევდი ძალას, გზა გამეგრძელებინა. უფალო, ახლაც ჩაიხედე ჩემს დამძიმებულ გულში. ძალ­ღონეს არ ვიშურებ, ჩემი შვილიშვილები შენს კვალს შევუყენო, მაგრამ ეშმაკი ყოველ წამს ფეხს მიდებს. მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრება შენს სახელს ვადიდებდი, რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ჩემს ჭერქვეშ ღვთის გმობა გაისმებოდა, უფალო. და მას ყრმათა ბაგენი წარმოთქვამდნენ. მაგრამ შენ ბრძანე, რომ სამყაროს აღსასრულისას ძმა ძმის წინააღმდეგ აღსდგება, ხოლო შვილები მშობლებს აუმხედრდებიან. ბრძანე, იქნება კბილთა ღრჭენა და ხორცთა თელვა. მამაო, მუხლებზე ვხოხავ შენ წინაშე და გთხოვ, მიუტევე ამ ბალღს.

ახლა კი უკვე მთელი ხმით ვბღაოდი. დედუს ლოცვა კი ყვირილში გადაიზარდა და ხმა კუპრივით ჩაუსქელდა. მივხვდი, ჩემი დანაშაული უპატიებელი იყო და მძიმე სასჯელიც მომეზღვებოდა. მაღაზიაც კი უპატრონოდ მიაგდო, რომ ღვთის წინაშე ჩემთვის ნამუსი მოეწმინდა. როდესაც მორჩა, სამივე ვტიროდით. მან თავისკენ მიმიზიდა და ორიოდეჯერ გადამარტყა წკეპლა. ცოდვისგან მოგვრილმა გაოგნებამ და ლოცვით გამოწვეულმა კათარსისმა ქანცი გააცალა მას.

მაშინ დედუს არაფერი აუხსნია, მაგრამ მოგვიანებით, იმავე საღამოს, აღმოვაჩინე, რომ ჩემი გამათრახების მიზეზი იყო ფრაზა „სიმართლე გითხრა“. დედუმ აგვიხსნა, რომ „იესო იყო გზა ხსნისა, სინათლე და სიმართლე“, და ყველა, ვინც ამბობს „სიმართლე გითხრა“, გულისხმობს „იესოს შესახებ გესაუბრო“, ხოლო მის სახლში უფლის სახელის მოხსენიება ამაოსა ზედა აკრძალულია. როდესაც ბეილიმ ჩემს დასაცავად თქვა, თეთრკანიანები „სიმართლე გითხრას“ უბრალოდ საუბრის წამოსაწყებადაც ამბობენო, დედუმ გააწყვეტინა, რომ თეთრკანიანების ბაგეები ყველაზე მეტადაა შებილწული, ხოლო ყოველი სიტყვა, მათი პირიდან წარმოთქმული, უფალს განარისხებს“.

 

*

სვეტლანა ალექსიევიჩისცინკის ბიჭები“, 1989 . (რუსულიდან თარგმნა ზურაბ ქუთათელაძემ)

„რატომ მაიძულებთ წარსულის გახსენებას? ეს ყველაფერი ხომ ძალიან ინტიმურია: ჩემი პირველი მოკლულიც, ჩემი პირველი სისხლიც მსუბუქ ქვიშაზე და აქლემის თავის წოწოლა მილიც, რომელიც შეტორტმანდა ჩემს თავს ზემოთ, ვიდრე გონს დავკარგავდი. და ამავე დროს, სხვებივით, მე იქ ვიყავი. მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვთქვი უარი, ვყოფილიყავი ისეთი, როგორც სხვები… ერთხელ… საბავშვო ბაღში ჩვენ გვაიძულებდნენ, ხელები ჩაგვეკიდა ერთმანეთისთვის და წყვილ­წყვილად გვევლო. მე კი მარტო სიარული მიყვარდა. ახალგაზრდა აღმზრდელები კარგა ხანს ითმენდნენ ჩემს ასეთ ქცევას, მაგრამ მალე ერთ-ერთი გათხოვდა და წავიდა ჩვენგან, ხოლო მის ნაცვლად მოგვიყვანეს დეიდა კლავა.

– ჩაჰკიდე ხელი სერიოჟას! – მომიყვანა ვიღაც ბიჭი დეიდა კლავამ.

– არ მინდა.

– რატომ არ გინდა?

– მარტო მიყვარს სიარული.

– გააკეთე ისე, როგორც აკეთებენ სხვები – დამჯერი ბიჭები და გოგონები.

– არ ვიზამ!

სეირნობის შემდეგ დეიდა კლავამ გამხადა – ტრუსები და მაისურიც კი, გვერდზე გამიყვანა და სამი საათით დამტოვა ცარიელ ბნელ ოთახში. ბავშვობაში კი მარტო დარჩენაზე საშინელი არაფერია… სიბნელეში… გეჩვენება, რომ ყველას დაავიწყდი. ვეღარასდროს გიპოვნიან. მეორე დღიდან მე დავიწყე სერიოჟასთან ერთად ხელიხელჩაკიდებულმა სიარული. და გავხდი ისეთივე, როგორებიც სხვები იყვნენ. სკოლაში წყვეტდა კლასი, ინსტიტუტში – კურსი, ქარხანაში – კოლექტივი. ყველგან ჩემ მაგივრად იღებდნენ გადაწყვეტილებას. მე შთამაგონებდნენ, რომ ცალკე არსებულ ერთ ადამიანს არაფერი შეუძლია. რომელიღაც წიგნში წავაწყდი ფრაზას: „სიმამაცის მკვლელობა“. როდესაც იქ მივდიოდი, აღარაფერი იყო ჩემში მოსაკლავი; „მოხალისენო, ორი ნაბიჯი წინ!“ ყველანი დგამდნენ ორ ნაბიჯს და მეც ორ ნაბიჯს ვდგამდი“.

 

 

სწავლება და არა მხოლოდ,  დაგუგლვა

0

რაც არ უნდა ვიღონოთ, გუგლის აჩრდილს ვერსად გავექცევით, მით უფრო სკოლაში. ბევრ მასწავლებელს არ მოსწონს, რომ მოსწავლე გამუდმებით ატარებს ჯიბით ტელეფონს – ჯადოსნურ ჭკუის კოლოფს, რომელიც ნებისმიერ წუთში, ყოველგვარი გარჯის გარეშე, ნებისმიერ კითხვაზე იპოვის პასუხს. მაშ, რა საჭიროა გეოგრაფიაში ქალაქების დამახსოვრება? მათემატიკაში გამრავლების ტაბულის ცოდნა? ისტორიაში ბრძოლის თარიღების დაზეპირება?

საკმარისია, მოსწავლემ „ვიკიპედია“ გახსნას და ცალი თვალით ჩახედოს, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა. რა თქმა უნდა, თქვენ, მასწავლებელს, ეს არ მოგეწონებათ, რადგან მიგაჩნიათ, რომ ასეთი გზით მიღებული „ცოდნა“ სხვა რამეა და არა მოსწავლის ტვინში ჩაბეჭდილი  ცოდნა, რომელიც ყოველთვის შენთანაა და ადრე თუ გვიან გამოგადგება. ის არ არის დამოკიდებული ვაიფაის სიჩქარეზე, არც იმაზე, თუ რამდენად გამართულად მუშაობს ანდროიდი. თუმცა ასეთ მყარ არგუმენტებზეც კი, მოსწავლე თავის კონტრაარგუმენტს მოიყვანს: თუ ჯიბეში საკუთარი ტელეფონი არ გიდევს, მეგობრის პლანშეტით ისარგებლებ; ან თუ ვაიფაი არ გაქვს, მეზობლისგან დაგუგლავ. ინტერნეტი ხომ ყველგანაა.

აი, რას წერს ერთ-ერთი ცნობილი ფორუმის მომხმარებელი დაგუგლვაზე: „ჩემი უბნის ექიმი დღეს ვიკიპედიიდან მკურნალობდა. არ მორიდებია და ჩემი თანდასწრებით რამდენიმე პრეპარატის ანოტაცია დაგუგლა. ახლა აღარ ვიცი, ვენდო თუ არა მას: იმიტომ დაგუგლა, რომ თავისი ცოდნა გადაამოწმა, თუ იმიტომ, რომ ეს ცოდნა უბრალოდ არ ჰქონდა?“.

გუგლვა ცოდვა არ არის, მაგრამ მას ვერ გამოიყენებს კოსმოსური ხომალდის დამპროექტებელი ინჟინერი, ვერც ნეიროქირურგი, რომელმაც მნიშვნელოვან მომენტში სკალპელი უნდა გადადოს და არტერიის შესახებ გუგლში ინფორმაცია ამოიკითხოს.

მეორე მხრივ, განა რამდენ ფაილს იტევს ჩვენი მოქნილი ტვინი? მასაც ხომ აქვს ლიმიტი? აუცილებელია თუ არა გვახსოვდეს ყველაფერი, რაც ვისწავლეთ? ალბათ ყველაფრის ცოდნა საჭირო არ არის, არც აუცილებელი. იმისათვის, რომ ჩვენი გონება არ გადაიტვირთოს,  კაცობრიობამ ცნობარი და განმარტებითი ლექსიკონი მოიგონა.

ექიმისთვის/პაციენტისთვის არ უნდა იყოს ტრაგედია პროფესიული ლიტერატურის გაცნობა. არც ინჟინერს უნდა რცხვენოდეს მისთვის საჭირო კოეფიციენტების ცნობარში დაზუსტება.

მაშინ რატომ ვაზუთხვინებთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს ასობით და ათასობით ფაქტს? ვიყოთ ადექვატურები, სკოლაში დაზეპირებული უამრავი რამ თვითონაც აღარ გვახსოვს. მეტიც, ამ ინფორმაციის გამოყენება ზრდასრულობაში არასოდეს დაგვჭირვებია.

რასაკვირველია, ადამიანს, რომელსაც ერთი და იგივე ჰგონია ავსტრია და ავსტრალია, სლოვაკეთი და სლოვენია, არ შეიძლება ვუწოდოთ განათლებული ადამიანი,  მაგრამ ხომ შიძლება ვერ გავარჩიოთ სინუსი კოსინუსისგან? ამის გამო, იმედია, გაუნათლებლობას არავინ დაგვწამებს.

დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განიტვირთოს სასკოლო პროგრამა ნაკლებად საჭირო ინფორმაციისგან, მსოფლიოში გამუდმებით მიმდინარეობს. განათლების სპეციალისტები ყოველწლიურად ცდილობენ დააზუსტონ, რას წარმოადგენს ფუნდამენტური ცოდნა, რა არის ის კულტურული მინიმუმი, რომელიც ადამიანმა დაგუგლვის გარეშე უნდა იცოდეს.

ეს ძალიან პრინციპული მომენტია. დიახ, სმარტფონებიდან ნებისმიერი რამ შეგვიძლია დავგუგლოთ, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ დავსვამთ კითხვას, რათა ჩვენთვის სასურველი და ს ა ჭ ი რ ო პასუხი მივიღოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კითხვის დასმა.

იქნებ ბაზისური განათლების მიღებაც  გუგლში სწორად დასმულ შეკითხვებს უკავშირდება? ზედაპირული განმარტებების და ფაქტების იქით, დაგუგლვით მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც საკითხს უფრო სიღრმისეულად შევისწავლით.  ამაში ყოვლისმცოდნე გუგლი ნამდვილად გამოგვადგება და მეგობრად მოგვევლინება.

ამდენად, თუკი მოსწავლე მასწავლებლის კითხვებზე დაგუგლვით ეძებს პასუხებს, ეს ცუდი არ არის, პირიქით.

და მაინც, რატომ აშინებს დაგუგლვა მასწავლებელს?

მასწავლებელს აშინებს მოსწავლის ილუზიური ცოდნა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ცოდნა ჯერ უნდა მივიღოთ, შემდეგ კი გავამყაროთ. იძლევა ამის შესაძლებლობას დაგუგლვა თუ ის მხოლოდ ზედაპირულ პასუხებს იძლევა?

სწავლა/სწავლება შემოქმედებითი პროცესია. შემოქმედებითი პროცესი კი უწყვეტია.  ჩვენ თავში გვიტრიალებს ათასობით ფაქტი, მონაცემი, ინფორმაცია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს თავებში საიდანღაც ხვდება. ამ ყველაფრის „ჩატვირთვაში“ ბავშვობასა და მოზარდობაში  სკოლაში მასწავლებელიც გვეხმარება. თუმცა „ჩატვირთული“ ცოდნა უძრავ ტვირთად დევს მანამდე, ვიდრე მას არ გამოვიყენებთ. მის გამოყენება-გადამუშავებას კი დაგუგლვა უფრო საინტერესოს გახდის! მასწავლებლის ამოცანაა სწავლების გამრავალფეროვნება, მოსწავლეების დაინტერესება და ჩართვა კვლევის, კითხვების დასმისა და პასუხების ძიების პროცესში.

მაგალითად, ნილოსი მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. მისი სიგრძე კაგერის სათავიდან 6853 კილომეტრია. თუმცა, ამ მონაცემის დაგუგლვით გადამოწმებისას, ვიპოვით უამრავ წყაროს, სადაც მდინარის სიგრძედ 6852 კილომეტრია მითითებული. საიდან გაჩნდა ერთკილომეტრიანი სხვაობა? რატომ? ნილოსი ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება, გადის უდაბნოს, ძველი ეგვიპტის ძეგლების სიახლოვეს. ერთკილომეტრიანი სხვაობის გამოძიებისას მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ერთმა უბრალო ცნობისმოყვარე  კითხვამ შესაძლოა უამრავი ახალი თემა გაშალოს და რუტინული სწავლების პროცესი კვლევის  შემოქმედებით კალაპოტში გადაიყვანოს. ამ გზით მიღებული ცოდნა გაცილებით მყარია, ვიდრე იმის დაზეპირება, რომ ნილოსი ამდენკილომეტრიანი მდინარეა.

მაშინ ისმის კითხვა: რა უნდა ვიცოდეთ ზეპირად, რომ სხვა დანარჩენი ინტერნეტით მოვიძიოთ?  სკოლის მიზანია  მოგვცეს საფუძვლიანი განათლება, აღზარდოს სრულფასოვანი მოქალაქე. ამიტომ საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რას ითხოვს სკოლისგან, სკოლამ კი – მასწავლებლისგან და მოსწავლისაგან. სკოლადამთავრებულ ახალგაზრდას არა მხოლოდ დაგუგლვა უნდა შეეძლოს, არამედ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოიყენება მომავალი განვითარებისთვის.

არცთუ დიდი ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში  მოსწავლეებისთვის გამოცდებზე ინტერნეტის მოხმარების უფლება მოითხოვეს. ამან გარკვეულ  წრეებში, მათ შორის ინტერნეტის აქტიურ მომხმარებლებში დისკუსია გამოიწვია.

აი, ერთ-ერთი სიმპტომატური რეპლიკა: „რა სახალისო ამბავი იქნებოდა, გუგლის ყველა ინფორმაცია ყალბი ცნობებით რომ შეგვეცვალა. ნეტავი, ვინმე თუ შეამჩნევდა?“

ყალბი მონაცემების მასობრივი მოხვედრა საძიებო სისტემაში, ცხადია, არარეალურია და ისედაც, ინტერნეტის მომხმარებელს, რომელიც ყოველდღიურად ციფრული მედიის ეპოქით სუნთქავს, მოეთხოვება კიდეც ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

ბრიტანელი მარკ დოური, საგამოცდო საბჭოს წარმომადგენელი, ამბობს, რომ თუ ამის საჭიროება არსებობს, კლასში ყველას შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტით. თანამედროვე სამყაროში აღარავინ ითხოვს ყველანაირი ინფორმაციის საკუთარ თავში „ჩაბეჭდვას“, მეტი მოთხოვნა სწორად დასმულ კითხვებსა და მიღებული პასუხების გააზრებაზეა.

მაშასადამე, ნელ-ნელა უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს კითხვის დასმის ხელოვნება მექანიკურად დამახსოვრებულ პასუხებზე მნიშვნელოვანია. თუ ბავშვს აზრად კითხვის დასმა მოუვიდა, ე.ი. შანსია, მან ახალი ცოდნა და უნარები შეიძინოს.

ვიცით კი, როგორ უნდა ვიმუშაოთ ბავშვთა კითხვებთან? ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი სასწავლო პროცესში მოსწავლის სასარგებლოდ?

რვა ათეული წლის წინ საფრანგეთის სამხრეთით, ალპებში, ცხოვრობდა მასწავლებელი სელესტენ ფრენე. ერთხელ მის გაკვეთილზე მოსწავლემ სამასხარაოდ და გაკვეთილის ჩასაშლელად ჯიბიდან მკვდარი ცხოველის თავის ქალა ამოიღო და იატაკზე დააგდო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მასწავლებელი გაბრაზებულიყო, გაუხარდა და ცელქ ბიჭუნას თხოვა ყველა ბავშვისთვის ეჩვენებინა ის, რაც მოიტანა. მას შემდეგ, რაც ბავშვებმა მკვდარი მღრღნელი დაათვალიერეს, მასწავლებელმა დაგეგმილ გაკვეთილს მიმართულება შეუცვალა და მოუყვა მღრღნელებზე, როგორც სახეობაზე, იმაზე – რა პირობებში სახლობენ, რით იკვებებიან და ა.შ.

ერთი შეხედვით, ამ ისტორიას არაფერი აქვს საერთო გულგთან. მაგრამ, სინამდვილეში, გუგლი თანამედროვე მოსწავლისთვის მკვდარი მღრღნელის ქალაა – ასეთივე ეპატაჟური და ნაყოფიერი. „მკვდარი მღრღნელის ქალა“ თქვენი მოსწავლის ჩანთაში უკვე დევს და მასწავლებელზეა დამოკიდებული, რაში გამოიყენებს მას მოსწავლე – გოგოების დასაშინებლად სასკოლო შესვენებაზე თუ ერთგვარ თვალსაჩინოებად ბიოლოგიის გაკვეთილზე. „ქალაში“ სმარტფონი იგულისხმება, უფრო გლობალურად კი ინტერნეტი, რომლის სიყვარულით თავის დროზე ბავშვებმა და მოზარდებმა ეზოში თამაშიც კი დათმეს.

თუკი ბავშვი რამეს გკითხავთ, მასწავლებელი ხართ თუ მშობელი, ეცადეთ, უპასუხოთ და ინტერნეტში დასაგუგლად არ გადაამისამართოთ, მაგრამ თუ მის კითხვას ვერ პასუხობთ, ე რ თ ა დ დაგუგლეთ. ჩვენ ერთად უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ დაგუგლვა, არამედ მიღებული ინფორმაციის გამოყენება და კითხვების დასმის კულტურა, რადგან, სადაც კითხვაა, იქ პასუხიც აუცილებლად მოიძებნება.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 

,,გამარჯობა“ მასწავლებელი ჯავახეთიდან

0

ნინოწმინდიდან საზღვრამდე 22 კილომეტრიღა რჩება. ივნისი განახევრდა და მთებში წუხელაც წამოთოვა. შუადღისას ცხელა, ღამით შეიძლება მოყინოს კიდეც. ნინოწმინდაში იასამანი ახლა ყვავის. აქაური მთების ისედაც მრგვალი კონტურები ალპურ საფარს უფრო შეურბილებია. სიმწვანე პირდაპირ ტბებიდან და მდინარიდან იწყება. მინდვრები კესანეებითა და გვირილებით მოჩითულა.

– ეს სოფელი საღამო და საღამოს ტბაა, – მიხსნის ნანული მიხანაშვილი, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი, რომელიც განძის მე-2 საჯარო სკოლაში მუშაობს, – თამარ მეფეს ჰყვარებია ეს ადგილი. არაჩვეულებრივი სანახავია მზის ჩასვლა. ამ სანახაობით მოხიბლულ თამარს უთქვამს, რა ლამაზი საღამოაო და ასე შერქმევია ამ ადგილს სახელი.

ახლაც საღამოა, თამარს რომ მოეწონებოდა, ისეთი. კვლევის მოდულის ტრენინგი უკან მოვიტოვეთ. განძამდე ერთი გზა გვაქვს.

ნანა მასწავლებელი, როგორც მას კოლეგები და მოსწავლეები მიმართავენ, გორიდანაა. მისი პედაგოგიური გამოცდილების უდიდესი პერიოდიც გორს უკავშირდება. მეექვსე წელია ჯავახეთშია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროგრამაში, რომელთა მიზნებიც ერთიმეორეს აგრძელებს და აქაურებისთვის სახელმწიფო ენის სწავლაში მხარდაჭერას გულისხმობს. ამ ექვს წელიწადში ქალბატონმა ნანამ მოასწრო მასპინძელთა ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვება. მისდამი პედაგოგების თბილი და მოკრძალებული დამოკიდებულება იმაზე მეტყველებს, რომ პროგრამას აქ საიმედო წარმომადგენელი ჰყავს. გუშინ კონფერენციაზე თემა ,,თავისუფლება“ თავისუფალ გაკვეთილზე“ წარადგინა და დღეს ტრენინგსაც ჩამოუსწრო.

ჯავახეთში მოკლე ზაფხული და გრძელი, ნამქერ-ყინვიანი ზამთარი იცის. ზამთრის გრძელი ღამეები საზრუნავ-საფიქრალითაა გაჯერებული. ნანა მასწავლებელმა მათი საზრუნავიც შეიცნო და საფიქრალიც.

– მოსწავლეებსაც ვასწავლი ქართულს და მასწავლებლებსაც. ნამდვილად აინტერესებთ. კვირაში სამი დღე ვმეცადინეობთ. პირველი დონე 30-მა მსმენელმა გაიარა, მეორე – 7-მა. უმრავლესობას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა საჭიროა და მათსავე კეთილდღეობას უკავშირდება.

თავიდან ალბათ გაგიჭირდათ. რა დაბრკოლებებს წააწყდით?

– სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია, კეთილი საქმისთვის მოვედი და ეს ძალას მაძლევდა. თავად გრძნობდნენ ერთგვარ შიშს, ეგონათ, სკოლებს ქართულენოვან სწავლებაზე გადასვლას მოსთხოვდნენ. მუშაობა პროგრამა „ქართული როგორც მეორე ენის“ ფარგლებში დავიწყე, ვამზადებდი თვალსაჩინო მასალას, პლაკატებს, ვაკრავდით სკოლაში. ერთხელაც ისინი ჩამოხეული დამხვდა. წყენა არ დამიმალავს, გულახდილად ვუთხარი, რომ საუკეთესო სურვილები მამოძრავებდა და მათგანაც იმავეს ველოდი. ცოტა ხანში დამოკიდებულება შეიცვალა და დღეს ჩვენს სკოლაში უხვადაა ქართულენოვანი თვალსაჩინო მასალა. მოსახლეობასთანაც საუკეთესო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. როცა მხედავენ, ქართულად მესალმებიან, მომიკითხავენ. ამას წინათ, ერთმა პატარამ რომ დამინახა, ,,გამარჯობაც“ აქ ყოფილაო, დედას მიახარა. ეგონა, ეს ჩემი სახელი იყო. დიდხანს ვცდილობდით, ქართულის მასწავლებელს საბავშო ბაღშიც ესწავლებინა, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად, და ეს მოხერხდა. პატარაობიდანვე თუ შევუწყობთ ხელს სახელმწიფო ენის სწავლებას, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უმტკივნეულოდ წარიმართება. ასაკოვანი ადამიანების საუბარში ბევრჯერ მომისმენია სინანული, რომ ადრე ამ საკითხს ყურადღება არ ექცეოდა და მხოლოდ რუსულისადმი ამჟღავნებდნენ ინტერესს.

– რამდენად ეფექტურია თქვენი პროგრამის რესურსები?

– ჩვენი პროგრამა მიზნის მისაღწევად სხვადასხვა აქტივობას მიმართავს. გვაქვს კარგი სახელმძღვანელოები. ამ წლებში არაერთი პედაგოგი გადამზადდა. ეს შედეგს აუცლებლად გამოიღებს. ვცდილობ, ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები ჩავრთო პროექტებში, კონფერენციებში, ვიზიტებში, რათა აღვუძრა ინტერესი ქართული კულტურისადმი, ლიტერატურისადმი, საერთოდ, სწავლისადმი. მრავალი მათგანი ნიჭიერი და მოწადინებულია და პროგრამის სიკეთეს კარგად ხედავს. დიდ  მხარდაჭერას ვგრძნობთ პროგრამის ხელმძღვანელისგან – თამარ კეკელიძისგან. ვთანამშრომლობთ ჟვანიას სახელობის ცენტრთან ნინოწმინდაში, ახალგაზრდა და საქმის ერთგულ პიროვნებასთან – ელმირა ქსპოიანთან. ახალგაზრდებს სწავლა სურთ, მშობლებიც ხელს უწყობენ, მაგრამ ბევრი ერევანში მიდის სწავლის გასაგრძელებლად. ვუხსნი, რომ თბილისში სწავლა მათთვის უფრო ეკონომიური და მოხერხებულია. ახლაც ჩვენი სკოლის პედაგოგის შვილი ამთავრებს ბაკალავრიატს ერევანში და დედა უკვე ურჩევს, მაგისტრატურა თბილისში გაიარეო.

– ჩვენ პატარა სოფელი გვაქვს და ძნელად აღსაზრდელი ბავშვები არ გვყავს, წესიერები არიანო, თავმომწონედ გვითხრა შესვენებაზე არშალუის პოლოიანმა, ტამბოვკის საჯარო სკოლის დირექტორმა, თქვენს სკოლაშიც როგორი სიტუაციაა?

– განძა დიდი სოფელია, ორი სკოლაა, შედარებით მრავალრიცხოვანი, მაგრამ გასაკუთრებული დარღვევები არ შეინიშნება. საზოგადოდ, კანონმორჩილი და გამრჯე ხალხია, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, კარტოფილის მოყვანა – ძირითადად ეს არის მათი მეურნეობა. მამაკაცები ამ დროს რუსეთში მიდიან სამუშაოდ და ზამთარში ბრუნდებიან. გაზმომარაგებამ აქაურებს დიდი შეღავათი მისცა. ტრადიციების ერთგული ხალხია, მეპატიჟებიან თავიანთ დღესასწაულებზე, საოჯახო შეკრებებზე. საინტერესოა მათი კულტურის გაცნობა. ამ კუთხით ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობაც მიიღეს მოსწავლეთა სასახლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.

ჩვენი საერთო გზაც ილევა. ვემშვიდობებით ქალბატონ ნანას და გზას ვაგრძელებთ.

ნინოს მთები ფარავნის ტბის ლივლივა წყალში აკვირდებიან საკუთარ თავს. ხესა და ბუჩქს იშვიათად თუ მოჰკრავ თვალს. წეროებსაც უპოვიათ გამოსავალი და ბეტონის ელექტრობოძებზე ან სახლის სახურავებზე ქუდებივით მოურგიათ ბუდეები. ზოგი ბუდე ცარიელია, ზოგსაც ცალფეხაკეცილი პატრონები წამოსდგომიან დარაჯებად.

განათლების რეფორმა – უსამანო და უსასრულო

0

რაც თავი მახსოვს, საქართველოში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს განათლების რეფორმის პროცესი, იცვლება რეფორმატორთა თაობა, მოდიან განათლების მკვლევრები და სპეციალისტები, განუწყვეტლად იდგმება ახალი ნაბიჯები განათლების ხარისხის გასაზრდელად, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება  – დღენიადაგ ახალი რეფორმის იმედად ვართ.

აქ ვეცდები არცთუ ვრცლად ჩამოვთავალო ის მიზეზები და შეხედულებები, რომლებიც მიმაჩნია ამ უსამანო და უსასრულო განათლების რეფორმის განმაპირობებლად.

მთავარ და უმნიშვნელოვანეს პრობლემად მესახება განათლების პოლიტიკისათვის ფუნდამენტური პრინციპების – სისტემურობის, სისტემატურობის, თანმიმდევრულობისა და მემკვიდრეობითობის –  არდაცვა. ყოველი ახალი მინისტრი თუ ხელისუფალი „წელთაღრიცხვას“ თავისი მოღვაწეობის პერიოდიდან იწყებს და ყველაფერ მანამდელს მამა აბრამის ბატკნად სახავს და პოლიტიკური ქულების დაწერის ატრიბუტად იყენებს.

განათლების სისტემის მართვის ზედა ეშელონებში მიღებული გადაწყვეტილებები – მაგალითად,  ტრიმესტრული სწავლების შემოღება, შემდეგ გაუქმება, დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყება, რამდენიმე წელში ცალსახა ცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარება, ყველა სკოლისთვის ლინუქსის ოპერაციული სისტემით ჩატვირთვა და ტრენინგების ჩატარება და 2-3 წელში მთლიანად Windows-ის ოპერაციული სისტემაზე გადასვლა, შესაბამისად, არამიზნობრივად გასროლილ რამდენიმე მილიონზე თვალის დახუჭვა, გრიფირების პროცესის ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში გადასროლა  და უამრავი სხვა – როგოც წესი, კონკრეტულ სუბიექტთა დამოკიდებულებებსა და ხედვებს ეყრდნობოდა და არა, განათლების სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზს.

შემდეგ მთავარ მიზეზად მესახება განათლების სისტემის ფარგლებში ჩატარებული ეროვნული თუ საერთაშოისო კვლევების ანგარიშებისა და რეკომენდაციების არგამოყენება რეფორმის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელების პროცესში. ასე მაგალითად:

2003-2004 წლიდან მოყოლებული შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ ჩატარებული სახელმწიფო თუ საერთაშორისო კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების შესაბამისად რეფორმა არ გადაისინჯა;

სამეურვეო საბჭოებისა და კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების შედეგად რეფორმა არ გადაიხედა. ამ ეტაპამდე არ აქვს სახელმწიფოს შემუშავებული სკოლების ფინანსური, მატერიალური, პროფესიული მხარდაჭერის პოლიტიკა, რომელიც დივერსიფიცირების ლოგიკით იქნება განსაზღვრული – არა სამინისტროს ერთ ოთახში (თუნდაც რამდენიმეში ერთად) 4-5 კაცის მიერ შემუშავებული „რეცეპტურა და მედიკამენტების პაკეტი“ ყველა სკოლისათვის, არამედ კონკრეტული სკოლების „დაავადებებისათვის“ განსაზღვრული სხვადასხვა, მრავალფეროვანი, საჭიროების შესაბამისი შეთავაზებები. ეს უკანასკნელი მეტად რთული გადასაჭრელია, რადგან სახელმწიფოს, ერთი მხრივ, არ ეთმობა ცენტრალურის, დემიურგის ფუნქცია და, მეორე მხრივ, არაფერს არ აკეთებს, რომ გაზარდოს დამოუკიდებლად, საკუთარ საჭიროებებზე მოფიქრალი ორგანიზაციული კულტურის ადამიანური რესურსი სკოლებში.

ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სკოლის ადმინისტრაციის მომზადების დონეს – მარტივი პრინციპით – 60 000 კარგი პედაგოგის მოძებნასა და მომზადებაზე იოლი 2000 კარგი მენეჯერის მოძებნა-მომზადებაა. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყველაზე სერიოზული ადამიანური და მატერიალური რესურსი სწორედ აქეთკენ უნდა მიმართოს.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგადი განათლების ხარისხის ერთადერთ ინდიკატორად არ უნდა მივიჩნიოთ გამოსაშვები და უმაღლეს სკოლაში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ზოგადი განათლების სხვადასხვა დონეზე ჩატარებული კვლევების (მუდმივად ტარდება სახელმწიფო შეფასებები საშუალო განათლების სხვადასხვა საფეხურზე ამა თუ იმ საგანში   ) ანალიზი და მისი შედეგების გააზრების შედეგად განათლების პოლიტიკის პრინციპებისა და შინაარსის გადასინჯვა.

მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გაამახვილოს სახელმწიფომ პედაგოგების არა მხოლოდ გადამზადებაზე, არამედ, მომზადებაზე, ამ საკითხს ე.წ. „უფასო ფაკულტეტების“ პრინციპი ვერ შველის. საჭიროა სახელმწიფოს მიერ საუნივერსიტეტო პედაგოგიური საგანანმანათლებლო პროგრამების რევიზია, კურსდამთავრებულთა პროფესიით დასაქმებისა და მიღებული სწავლის შედეგით კმაყოფილების გაზომვა-ანალიზი. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ხარისხის რეგულაციის მაღალი სტანდარტების დაწესება და მრავალი სხვა, მით უფრო, რომ გვაქვს საქართველოში ამ შინაარსის კვლევების გამოცდილება და, სამწუხაროდ, სავალალო შედეგები  (TIMSS 2007/2011 /  TEDS-M 2008 / TALIS (2013)2014 ) .

ვფიქრობ, განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს უმაღლეს სასწავლებლებთან განათლების მეცნიერებებისა და მასწავლებელთა განათლების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მიმართულებით. სხვადასხვა უნივერსიტეტში არა ერთი წარმატებული, მაღალხარისხიანი სამაგისტრო თუ სადოქტორო კვლევითი ნაშრომი მზადდება, რომლებიც განათლების სფეროს მრავალფეროვან სპექტრს შეეხება – როგორც განათლების პოლიტიკისა და შინაარსის, ისე ესგ -ით გათვალისწინებული ძირითადი საგნობრივი ჯგუფების სწავლების მეთოდიკის საკითხებს. ვფიქრობ, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ ამ კვლევებით და, როგორც მინიმუმ, ეცნობოდნენ სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს.

ცხადია, თემა ამით რომ არ ამოიწურება და არც სრულდება, ფორმატი არ ითვალისწინებს ჩვენს თავს დამოკლეს მახვილივით დაკიდებული განათლების რეფორმის ვრცელ, სისტემურ ანალიზს, ამ შემთხვევაში შევეცადე დამეფიქსირებინა სუბიექტური განცდები და ხედვები, რომლებზეც ვფიქრობ, ვესაუბრები მეგობრებს და მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა.

 

https://eppmge.blogspot.com/2015/05/blog-post.html

https://naec.ge/#/ge/post/1603

https://docs.google.com/file/d/0B9RC0lzxlY4ZZmMwYzllMzktMTQwNy00OGY1LWI2ZDgtYTc0N2I1YWU0ZDVk/edit?pli=1#

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...