სამშაბათი, მაისი 19, 2026
19 მაისი, სამშაბათი, 2026

თავისუფალი წერილი როგორც ცოდნის დიაგნოსტიკის საშუალება

0

მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისა და დიაგნოსტიკის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ორიგინალურობითა და შემოქმედობითობით გამოირჩევა თავისუფალი წერილის (Freewriting) მეთოდი.

ის პირველად პიტერ ელბოუმ (Peter Elbow) აღწერა წიგნში „Wraiting without teachers“ (1973). წიგნს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ნატალი გოდბერგმა ხსენებული მეთოდი ძენ-ბუდიზმის პრინციპებთან გააერთიანა და მიიღო ე.წ. წერის პრაქტიკა, რომელიც გადმოსცა კიდეც თავის წიგნში „Writing down the bones“ (1986). განსაკუთრებული პოპულარობა თავისუფალი წერილის მეთოდმა XX საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა. მეთოდი საკმაოდ მარტივია, საჭიროა მხოლოდ ცარიელი ფურცელი, კალამი (ცხადია, შეიძლება კომპიუტერის გამოყენებაც) და დროის საზომი. წერა მიმდინარეობს შეუჩერებლად გარკვეული ხნის განმავლობაში, ადამიანი წერს ყველაფერს, რაც თავში მოსდის, ისე, რომ არ ფიქრობს სტილსა და ორთოგრაფიულ შეცდომებზე.

მოცემული ტექნიკა გამოადგება ყველას, ვისაც საქმე აქვს სიტყვასთან, მწერალი იქნება, ბლოგერი, რიგითი სტუდენტი თუ მოსწავლე. ამიტომ იყენებენ მას ფართოდ სასკოლო პრაქტიკაშიც.

რითია სასარგებლო თავისუფალი წერილის მეთოდის გამოყენება სასწავლო პრაქტიკაში?

მეთოდის საფუძველია იდეა, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც სათქმელი ნებისმიერ თემაზე (კოტექსტური ცოდნა), მაგრამ არსებობს სუბიექტური ფაქტორები: შფოთვა, კრიტიკის მიმართ შიში, აპათია და ფრუსტრაციის მომენტები, – რომლებიც არ გვაძლევს გახსნის საშუალებას. თავისუფალი წერილი ის გზაა, რომლითაც მოსწავლე თავის თავში აღმოაჩენს ახალ იდეებს, წარმოდგენებს, შესაძლებლობებს, ასე ვთქვათ, გაარკვევს, „რა იცის“ და „რა აინტერესებს“, ესაუბრება საკუთარ თავს, შესაძლოა გაუჩნდეს რაიმე ახლის წაკითხვის ან გაკეთების სურვილი, ან თუნდაც წარმოიდგენს, რას და როგორ დაწერს მომავალში, ხოლო მასწავლებლებს უფრო ახლოს გააცნობს მოსწავლეებს, დაეხმარება მათ მიერ აღმართული კედლების დანგრევაში (ვიწრო გასასავლელის პოვნაში მაინც, რომელიც მათ მოსწავლესთან უფრო მეტად მიახლოების საშუალებას მისცემს).

თავისუფალი წერილი ეხმარება მოსწავლეებს:

  • ლექსიკური მარაგის განვითარებაში;
  • აზრებისა და წინადადებების ფორმულირებაში;
  • შეფასების მიმართ შიშის დაძლევაში;
  • საკუთარი თავით სწავლაში;
  • საკუთარი აზრების გამოხატვაში;
  • ფანტაზიის, რეალიზმისა და წარმოსახვის განვითარებაში;
  • დროის დაფასებასა და სწორ გამოყენებაში;
  • თემის კონტექსტის გააზრებაში;
  • რთული ტექსტის დამუშავებაში;
  • პრეზენტაციის მომზადებაში;
  • საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვაში;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში;
  • კრეატიულობაში;
  • ცოდნის კონსტრუირებაში;
  • იმპროვიზაციაში;
  • თამაშში.

თავისუფალი წერილის წესები გაკვეთილზე:

  1. დავალებას ეთმობა განსაზღვრული დრო, უმეტესად – 10-20 წუთი;
  2. იწერება ყველაფერი, რისი მოფიქრებაც შეიძლება მოცემული თემის შესახებ (ან უბრალოდ რაც მოსწავლეს თავში მოუვა);
  3. თემა წარმოდგინილია მთლიანობაში, მისი ყველა ნაწილი დაკავშირებულია ერთმანეთთან, არ იწერება ცალკეული თეზისები;
  4. ტექსტთან დაბრუნება, მისი ჩასწორება არ ხდება, რჩება ისე, როგორც დაიწერა;
  5. წერა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მოსწავლეს არავითარი აზრი არ მოსდის თავში; მან უნდა აიძულოს თავი, წეროს მანამდე, სანამ თემას არ დაუბრუნდება;
  6. წერისას ორთოგრაფიას ყურადღება არ ექცევა;
  7. მთავარია პროცესი და არა შედეგი;
  8. თუ მოსწავლე ცუდ გუნებაზეა, უმჯობესია, ესეც აღწეროს წერილში (მაგალითად: „რატომ მიკანკალებს ხელი წერისას?“, „რატომ ვნერვიულობ?“, „რას ვგრძნობ ახლა?“ – და ა.შ.);
  9. შეიძლება შევთავაზოთ ნაწერის ხმამაღლა წაკითხვა ჯგუფის ან კლასის წინაშე, მაგრამ ეს უნდა იყოს ნებაყოფილობითი;
  10. სურვილის შემთხვევაში შეიძლება ჯგუფურად წერაც.

თავისუფალი წერილის ერთ-ერთი ვარიანტია კონკრეტულ თემაზე წერილის დაწერა (focused freewriting), რომლის დროსაც მოსწავლე:

  • დამოუკიდებლად ირჩევს თემას (მაგალითად, რაიმე პროექტის ან გაკვეთილის შესახებ წერს, ან თავისუფალ თემას ამჯობინებს, თუნდაც „როგორ გავატარე არდადეგები“;
  • მოსწავლეს მიეცემა განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც ის წერს ყველაფერს, რაც თავში მოუვა, ყურადღებას არ აქცევს ტექსტის შინაგან ლოგიკას, სტილისტიკას და ა.შ.;
  • შეუძლია, დაწერილი ტექსტი გადაიკითხოს, გამოყოს ძირითადი იდეა, ჩაამატოს ან ამოაკლოს რამე, ახლებურად შეხედოს პრობლემას, იპოვოს ჩიხიდან გამოსავალი.

თავისუფალი ან ფოკუსირებული წერილის დაწერა შეგვიძლია შევთავაზოთ მოსწავლეს გაკვეთილის დასაწყისში ან ბოლოს, რეფლექსიის ეტაპზე, გაზოგადებისა და გამეორების გაკვეთილებზე, „კლასის საათზე“ და ა.შ., მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურია დიაგნოსტიკისთვის, რომლის დროსაც მოსწავლის ცოდნის შემოწმება ხდება სრულიად უშფოთველად, ძალდატანებისა და შეფასების შიშის გარეშე. წერის პროცესში აქტიურდება მოსწავლის გონება, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მოცემული მასალები საშუალებას მისცემს მასწავლებელს, გამოიტანოს დასკვნა მოსწავლის ცოდნის შესახებ და თავადაც დაისახოს კლასთან მომავალი მუშაობის გეგმა.

მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე მასწავლებელმა კლასს შეიძლება შესთავაზოს დაწერა რომელიმე ეპოქაზე, ბავშვთა უფლებებზე, ტექნიკური სიახლეების გამოყენებაზე, ან წერილის მიწერა ისტორიული პირებისთვის და სხვ. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე რენესანსის ეპოქაზე ფოკუსირებული წერილის დაწერისას მეშვიდეკლასელებმა ნიმუშად გამოიყენეს საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ურთიერთობები, ინტერესები და ისე ააგეს თხრობა, რომ გამოჩნდა, რა იცოდნენ რენესანსზე, იდმროინდელი ადამიანების ოცნებებზე, საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ქვეყანაზე, ქალაქზე, საცხოვრებელი სახლებისა თუ სასახლეების სტილზე, რა შესაძლებლობები ჰქონდათ მიზნების მისაღწევად იმდროინდელ ადამიანებს და ა.შ.

რაც შეეხება „თავისუფალ წერილს“, მაგალითად გთავაზობთ მეცხრეკლასელის ნამუშევარს (სურ.1.):

„მასწავლებელმა – ფრაირაიტინგიო… რად მინდა ფრაირაიტინგი? რას მომცემს ახალს? რაც ვიცი, ისედაც ვიცი, რაც არ ვიცი და რას მოვიგონებ?.. ან რაში მჭირდება ახლა რაიმეს წერა?.. როსტომ ხანზე ვისაუბრო თუ ქართლ-კახეთის გაერთიანებაზე? რამეს შევცვლი თუ რა?.. რა უნდა გავიხსენო ახლა ისეთი, სამომავლო მაგალითად რომ გამომადგეს?.. ოცდამეერთე საუკუნეში ხმალი და შუბი რაიმე ცოდნის მომცემია?.. დროს ვკარგავთ და მეტი არაფერი… ან ესენი, ჩემი კლასელები რას წერენ ნეტავ? თავისუფალი წერა მესმის ლიტერატურის გაკვეთილზე, ისტორია რა შუაშია?.. ან იქნებ შუაშია?.. პრინციპში ყველაფერი ხომ ისტორიის ნაწილია, ლიტერატურის გაკვეთილებიც კი… რა ვილაპარაკო ახლა? მოდი გაკვეთილს დავწერ, რაც დღეს გვქონდა… მაგრამ ამდენ მასალას რა დაწერს, თანაც 10 წუთშიო… ამხელა გაკვეთილის დაწერას 10 წთ. ვერ მოვასწრებ… ერთი თავი რომ დავწერო?. ერთი თავის დაწერასაც რა აზრი აქვს, რა უნდა გაიგოს ადამიანმა ერთი ქვეთავით… ცოტა-ცოტა რომ ყველაფერი დავწერო?.. ოოო, ახლა ყველაფერი თუ დავწერე 10 წუთი რას მეყოფა… ნეტავ ჰეროდოტე ისტორიის წიგნის წერას რამდენ ხანს მოუნდა?.. აუ, ახლა ვინმეს რომ მისთვის წამზომი ჩაერთო, ალბათ გადაიფიქრებდა დაწერას… ოჰ, არაფერსაც არ დავწერ, თუ ზეპირად მკითხავს, მაშინ ვუპასუხებ… ასე უბრალოდ, უმიზნოდ რა უნდა დავწერო.. ისე ჰეროდოტე იმდენ რამეს წერდა, ზოგჯერ სასაცილოებსაც, მგონი ისიც თავისუფალ წერილს წერდა.. გაუმარჯოს ჰეროდოტეს… ისე წარმოგიდგენიათ ხალხო? კაცი თურმე 25 საუკუნის წინ წერდა თავისუფალ წერილს და მე 21 საუკუნეში ვერ დამიწერია… ჰმ, ამიტომ არის ის „წინ“ და მე – უკან… რანაირად შეიძლება 21 საუკუნე იყოს უკან და ჰეროდოტეს დრო – წინ?.. ოოო, აღარ მინდა ეს წერილი, რომელი მწერალი მე ვარ… ბოდიშს გიხდით მასწავლებელო“.

 

სურ. 1.

 

ასეთი დავალებები მასწავლებელს წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლის მდგომარეობაზე – რა და როგორ იცის, რას და როგორ აღიქვამს, რა აინტერესებს და აღელვებს, რა აოცებს, რითია დაკავებული, როგორი პიროვნებაა და ა.შ., რაც დაეხმარება მომავალში სასწავლო მიზნების დასახვაში, მიღწევაში და მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ამაღლებაში.

 

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

0

სქესობრივი განათლების შესახებ იუნესკოს რეკომენდაციის თანახმად, ბავშვებთან აივ ინფექციაზე საუბარი პირველად 5-8 წლის ასაკშია მიზანშეწონილი. ამ ასაკში სასურველია ვუამბოთ იმის შესახებ, რომ აივინფიცირებულებს შეუძლიათ იცხოვრონ სრულფასოვნად, იყვნენ ჩვენს გვერდით.

9-12 წლის ასაკში უკვე შეიძლება ავუხსნათ ბავშვს, როგორ იცვლება ვირუსი, რატომ არის მნიშვნელოვანი აივპოზიტიური ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა და ამაზე ღიად საუბარი.

მოზარდებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად განიხილოთ მითები, რომლებიც მათ ინტერნეტში აღმოაჩინეს ან მეგობრებისგან გაიგეს. იუნესკო მიუთითებს, რომ „ეს სტერეოტიპები შესაძლოა ეხებოდეს აივ ინფექციას, ორსულობას, რასასა და სქესს. ბავშვებმა უნდა გაიხსენონ, რა სახის დისკრიმინაცია უნახავთ“. კარგი იქნებოდა, მითებზე ბევრი გესაუბრათ. მაგალითად, შეგიძლიათ დაუსაბუთოთ, რომ ეს ვირუსი „მოკვდავია“. დიახ, აივი ადვილად ინაქტივირდება გარემოში. მშრალ პირობებში ვირუსი რამდენიმე საათში იღუპება, თუმცა შესაძლოა, 1-3 დღეც გაძლოს. ქსოვილოვან კულტურაში ვირუსი ოთახის ტემპერატურაზე 15 დღე ძლებს, ხოლო 370 გრადუსზე – 11 დღე, 1000 გრადუსზე კი რამდენიმე წუთში კვდება. ვირუსი ადვილად ექვემდებარება დეზინფექციას და სტერილიზაციას.

შეგიძლიათ, უფროსკლასელ მოსწავლეებს ცნობილი აივინფიცირებული ადამიანების შესახებ რეფერატები მოამზადებინოთ. დაავალოთ, მეტი გაიგონ ინფექციის, აივტესტირებისა და მკურნალობის ცენტრების შესახებ მათ ქალაქსა და ქვეყანაში. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რა არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, თავდაცვის რა საშუალებები უნდა გამოიყენონ სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას.

სამწუხაროდ, საქართველო ისევ რჩება ქვეყნად, სადაც აივსა და შიდსთან დაკავშირებული სტიგმა მძლავრია. ბევრ მშობელსა და მასწავლებელს ამ თემის განხილვა ბავშვების თანდასწრებით უხერხულად მიაჩნია ან უბრალოდ არ იცის როგორ ესაუბროს ამაზე. ბევრიც დარწმუნებულია, რომ ეს პრობლემა მათ ბავშვებს არასოდეს შეეხება. ნამდვილად შესანიშნავი სურვილია, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და მკაცრი – საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს და სიფრთხილე აუცილებელია.

2018 წლის 2 აპრილის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივით ინფიცირების 6942 შემთხვევა (5197 მამაკაცი და 1745 ქალი). პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. შიდსი განუვითარდა 3761 პაციენტს, 1424 კი უკვე გარდაიცვალა.

2018 წელს გამოვლინდა 180 ახალი შემთხვევა. მართალია, მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი უკავია, მაგრამ, მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერისთვის სოლიდური რიცხვია.

აივის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. სხვადასხვა კვლევით მიღებული საიმედო შედეგების მიუხედავად, ისევ უცნობია, როგორ უნდა შეფასდეს აივსაწინააღმდეგო იმუნური რეაქცია. რაც შეეხება რისკჯგუფებს, მათ შორის ყოველთვის მოიაზრება ახალგაზრდა თაობა, მით უფრო – საქართველოში, სადაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პროფილაქტიკურ პროგრამებს. შიდსის ეპიდემია საქართველოში მზარდია. ამიტომ მშობლები ვალდებულებიც არიან, ესაუბრონ შვილებს ამ ინფექციაზე.

 

რა არის დამოკიდებული მშობლებზე

არსებული მოსაზრებით, მშობლები მოზარდებზე გავლენას ნაკლებად ახდენენ, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია თანატოლების აზრი. სინამდვილეში ასე არ არის: ყველაზე აქტიური მოზარდული ამბოხებების დროსაც კი მშობლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბავშვის მომდევნო ქცევის ჩამოყალიბებაში და ეს მრავალი კვლევით დასტურდება.

მაგალითად, პუერტო–რიკოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა პირდაპირი კავშირი 14-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში აივ ინფექციის გადაცემის რისკსა და დედასთან ბავშვების ურთიერთობის შედეგებს შორის. აღმოჩნდა, რომ ოჯახებში, სადაც დედები მეტ-ნაკლებად ღიად საუბრობდნენ ბავშვებთან სქესობრივი ცხოვრების შესახებ, მოზარდების სარისკო ქცევა იკლებდა. ასეთი საუბრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო იყო სქესობრივი მომწიფების პერიოდი, სქესობრივი ცხოვრების პირველი გამოცდილების მიღებამდე.

სტერეოტიპების წინააღმდეგ აივ ინფექციის პრევენციაზე ბავშვებთან მშობლების საუბრები ძალზე ეფექტიანია. კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების უმეტესობას სურს მშობლებთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ არ სჯერათ, რომ მოახერხებენ, ამიტომ საუბრის ინიციატივა მშობლისგან უნდა მოდიოდეს.

 

საუბარი სერიოზული იქნება

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე ძირითად წესს იმის შესახებ, თუ როგორ ვესაუბროთ შვილებს ყველაზე რთულ საკითხებზე – სექსუალობაზე, ნარკოტიკების მოხმარებასა და აივ ინფექციაზე.

თუმცა ერთჯერადი საუბარი საკმარისი არ არის. რთულ საკითხებზე ხშირად უნდა ისაუბროთ. დროთა განმავლობაში ბავშვი ბევრ რამეს ივიწყებს ან ერთი ინფორმაცია მეორეში ერევა. ჩვენ არაერთხელ უნდა მივუბრუნდეთ თემას იმის გასაგებად, თუ რა ახსოვს ბავშვს.

ასევე, მშობლებმა ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ შვილებს. პედაგოგთა მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ ბავშვები ცუდად აღიქვამენ ლექციებს და ნოტაციებს. ვკითხოთ ბავშვებს, თვითონ რა აინტერესებთ. მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ მოთმინება. მაგალითად, თუ ბავშვი გვეკითხება სექსისა და ნარკოტიკების შესახებ, უმჯობესია ჯერ ვკითხოთ, თავად რას ფიქრობს ამ თემებზე. ეს დაგვეხმარება მისი ცოდნის დონის შეფასებაში და ოპტიმალური პასუხის შერჩევაში.

ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება. კვლევები აჩვენებს, რომ დაბალი თვითშეფასება ერთ-ერთი ძირითადი რისკფაქტორია აივთან მიმართებით. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის ცოდნის დონეს. თავმოყვარეობის ნაკლებობა საბოლოოდ იქამდე მიიყვანს, რომ ის ვერ გაბედავს უარის თქმას, როდესაც ნარკოტიკებს შესთვაზებენ, ანდა გოგონა თანახმა იქნება, ჰქონდეს დაუცველი სექსი, თუკი პარტნიორი სთხოვს. ხშირად შეაქეთ შვილები, წააქეზეთ, დაუსახეთ ადვილად მისაღწევი მიზნები, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მათთან ერთად.

ასწავლეთ ბავშვს უარის თქმა. გაითამაშეთ სიატუციები, როდესაც მან უარი უნდა უთხრას მეგობრებს, მაგალითად, თუ ალკოჰოლს შესთავაზებენ. მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც საშუალებას მისცემს, არ დაუშვან ზეწოლა ნარკოტიკების მოხმარების საკითხებში. ასევე, მნიშვნელოვანია იმის ახსნაც, რით განსხვავდებიან ნამდვილი მეგობრები ყალბისგან. აუხსენით, რომ კარგი მეგობარი არასოდეს შეუქმნის საფრთხეს.

მკაფიოდ გამოთქვით თქვენი აზრი ნარკოტიკების შესახებ. ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ მათი ნეგატიური დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი თავისთავად ცხადია და ბავშვს ეს უთქმელად უნდა ესმოდეს, მაგრამ ასე არ არის. ბავშვის მიერ ნარკოტიკების მიღების რისკი მაშინ მცირდება, როდესაც ოჯახი ღიად განიხილავს ამ საკითხებს. დაუზარლად უნდა უმეოროთ, რომ ნარკოტიკების გასინჯვა დაუშვებელია, რადგან ისინი იწვევენ დამოკიდებულებას, დამოკიდებულება კი მძიმე დაავადებაა. უნდა შთააგონოთ, რომ თქვენს ოჯახში ბავშვებს არ შეუძლიათ ალკოჰოლის მიღება, რადგან მას შეუძლია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

განიხილეთ შვილთან ერთად თქვენი ზნეობრივი ღირებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა შეისწავლონ საკუთარი სხეული და სქესის ფიზიოლოგიური მხარე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც გიყვართ. რასაკვირველია, არ არსებობს გარანტია, რომ ბავშვები თქვენს ზნეობრივ ღირებულებებს გაიზიარებენ, მაგრამ გააცნობიერებენ, რომ თქვენ გაქვთ ასეთი ღირებულებები, გრძნობები, სურვილები.

ნუ აარიდებთ თავს საპირისპირო სქესის შვილებთან საუბარს. ზოგ მშობელს არ სურს, ესაუბროს შვილს სექსზე, ეშინია ამისი ან რცხვენია. ეს გასაგებია, მაგრამ ამაზე დელიკატურად საუბრის მრავალი ხერხი არსებობს. გახსოვდეთ, რომ სხვა სქესის წარმომადგენლის აზრი ხელს შეუწყობს ბავშვს, უკეთესად გაერკვეს ურთიერთობების საკითხებში. მომავალში მას მაინც მოუწევს მსგავსი თემების განხილვა თავის პარტნიორთან.

 

საიდან დავიწყოთ?

გამოცდილება აჩვენებს, რომ მშობლები, როდესაც ბავშვთან „სერიოზულ საუბარს“ აპირებენ, იბნევიან და არ იციან, როგორ დაიწყონ. საბედნიეროდ, საუბრის საფუძველი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ: სტატია, გადაცემა, ფილმი, სარეკლამო რგოლი. საუბრის დასაწყებად საკმარისია ჰკითხოთ ბავშვს: „რას ფიქრობთ ამაზე? რა იცი ამ თემაზე?“ დისკუსიის დაწყებამდე მოუსმინეთ შვილს – რას ფიქრობს, რისი ეშინია? შემდეგ გაუზიარეთ საკუთარი მოსაზრებები და უპასუხეთ მის კითხვებს.

არაფერია ბავშვისთვის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ნამდვილი ცხოვრებისეული მაგალითები. ეს შეიძლება იყოს „ვარსკვლავი“, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობს ან აივინფიცირებული ცნობილი ადამიანი. თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს ნაცნობი ან ნათესავი, რომელიც ნარკოტიკების/ალკოჰოლის მოხმარებით გარდაიცვალა. ბავშვმა უნდა იცოდეს სიმართლე. ზოგჯერ მისთვის აუცილებელია მძიმე დეტალების ცოდნა.

 

რა უნდა ვუთხრათ ბავშვს აივზე?

აივ ინფექციის საკითხებს მრავალი სპეციფიკური ასპექტი აქვს და მშობლებს შესაძლოა დამატებითი დახმარებაც დასჭირდეთ. ინფორმაციის მოძიება საგანმანათლებლო თემატურ ვებგვერდებზე შეიძლება. აი, ის ძირითადი თემები, რომელთა მიტანაც ბავშვებამდე მნიშვნელოვანია: აივი ვირუსია, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას. აივ ინფექცია არ ვრცელდება ყოფით სიტუაციებში, აივინფიცირებულ ადამიანებთან კომუნიკაცია სრულიად უსაფრთხოა. ბევრ ბავშვს ეშინია და მათი შიშის განეიტრალება აუცილებელია.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ვირუსის გადაცემის რისკი მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციებში არსებობს, ძირითადად – სხვისი საინექციო საშუალებების გამოყენებისას, დაუცველი სქესობრივი ცხოვრებისას და ორსული დედისგან ბავშვზე.

იმის განსაზღვრა, აქვს თუ არა ადამიანს აივ ინფექცია, გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა სისხლის სპეციალური ანალიზი. ის იძლევა საშუალებას, დაინიშნოს მედიკამენტები იმუნიტეტის დაცვის მიზნით.

გახსოვდეთ: ივარაუდეთ აივ ინფექცია ბავშვებში, როცა მშობელი აივინფიცირებულია.

როდესაც ზრდასრულ ადამიანს დაესმება აივ/შიდსის დიაგნოზი, ექიმმა მას უნდა გამოჰკითხოს ოჯახის წევრების, მათ შორის – შვილების შესახებ; ბავშვები შეიძლება იყვნენ აივინფიცირებული, მაგრამ სიმპტომები 20 წლამდეც კი არ გამოუვლინდეთ, ამიტომ, აივინფიცირებულის ოჯახის წევრებს ყოველთვის უნდა შესთავაზონ ტესტირება აივ ანტისხეულებზე. ყოველთვის უნდა შეიკრიბოს საოჯახო ანამნეზი, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს აივ ინფექციის სიმპტომები.

იდეალური აირის კანონების გამოსახვა ტემპერატურული კოეფიციენტების საშუალებით

0

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით, მე-11 კლასში სითბური მოვლენების ნაწილში ისწავლება იდეალური აირის კანონები – მოცემული მასის აირის მახასიათებელი სამივე პარამეტრის (წნევის, მოცულობისა და ტემპერატურის) დამოკიდებულებები, როცა ამ სამი სიდიდიდან ერთ-ერთი მუდმივია. სახელმძღვანელოებში გეი-ლუსაკის და შარლის კანონები წარმოდგენილია მოცემული მასის აირის წნევისა და მოცულობის აბსოლუტურ ტემპერატურაზე დამოკიდებულებით.

ვფიქრობთ, მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება, თუ ისინი გაეცნობიან აღნიშნულ ტემპერატურულ დამოკიდებულებას ცელსიუსის სკალის მიხედვითაც და შემდგომ შეადარებენ ამ დამოკიდებულებებს აბსოლუტურ ტემპერატურაზე როგორც მათემატიკური, ასევე გრაფიკული ანალიზის კუთხით. ამ ასპექტში საკითხის წარმოდგენისას აუცილებელი გახდება მოვლენის საფუძვლიანი გრაფიკული ანალიზი, რაც ხელს შეუწყობს ფიზიკაში მათი მათემატიკური ცოდნის ტრანსფერს.

სასკოლო კურსიდან მოსწავლეები იცნობენ ბოილ-მარიოტის კანონს და იციან მისი მათემატიკური ფორმულირება აბსოლუტური ტემპერატურის საშუალებით. ამ კანონის ცელსიუსის სკალით ჩაწერა აზრს მოკლებულია, რადგან ეს კანონი აღწერს მოცემული მასის აირის წნევის დამოკიდებულებას აირის მოცულობაზე მუდმივი ტემპერატურის პირობებში.

ვრცლად

იდეალური აირი

ეპოქის პარადიგმებს აცდენილი (თუ შეცდენილი) მკითხველი

0

ლიტერატურის სწავლების პროცესში სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ტექსტების ადეკვატურად წაკითხვის უნარებზე მუშაობა. ლიტერატურის მოყვარულებს შორის მუდამ საკამათოა მხატვრული ტექსტების ინტერპრეტაციების უსასრულო ვარიაციების შეჯერების საკითხი. ხშირად ვფიქრობ ამ თემებზე და უფრო ხშირად ცხელ-ცხელ პოლემიკაში მიწევს ხოლმე ჩართვა… ამასწინათ ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ გამოქვეყნდა ჩემთვის უსაყვარლესი და უაღრესად პატივსაცემი ადამიანის, თავადაც უნიჭიერესი პოეტის, ცირა ბარბაქაძის წერილი სათაურით „იდეა (გ)ამოცანაა ანუ რისი თქმა უნდოდა ავტორს?“ ცირას წერილის მთავარი მესიჯია, რომ მხატვრული ტექსტიდან იდეის სწორად ამოცნობა მოძველებული სტერეოტიპია და რომ აქ ფანტაზიას და იმპროვიზაციას სრული გასაქანი უნდა მივცეთ. ეფექტურ არგუმენტად კი მოჰყავს მაგალითი პოსტმოდერნისტული ტექსტისა, სადაც, მისი აზრით,  იდეა ავტორისგან და ტექსტისგან დამოუკიდებლად ცოცხლობს და ხშირად თამაშია: „ პოსტმოდერნი ლამის ამართლებს იმ აზრს, რომ მხატვრულ ტექსტებს იდეა არა აქვს. არსებობა, როგორც თამაში – პოსტმოდერნული ლიტერატურის გამაერთიანებელი იდეაა“.

ვინაიდან პლურალიზმი, განსხვავებულ მოსაზრებათა შეჯერება ყოველთვის სასარგებლო რამაა, შევეცდები არგუმენტირებულად შევეკამათო ცირას თვალსაზრისს. ილიას დავესეხები რიტორიკის კანონებისადმი მორჩილებაში („ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო“) და იმთავითვე შევჯერდეთ, რა მოვლენაა მხატვრული ტექსტი? ლიტმცოდნეობა თუ ზუსტი მეცნიერება არ არის და ალგორითმებით არ ზომავს ტექსტების მნიშვნელობას, ჰუმანიტარული მეცნიერებაა და მას თავისი მეთოდოლოგიები აქვს. თუ ყმაწვილმა გრიგოლ ხანძთელმა ჯერ კიდევ შორეულ მერვე საუკუნეში იცოდა მწყობრად და ლოგიკურად მეტყველების საიდუმლოებანი, ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრება, რომ ვცადოთ ლოგოსის ლოგიკის აკვანში ჩაწვენა?.. ფილო-ლოგოსები, სიტყვისმოყვარენი, ხომ ამაოდ არ დაურქმევიათ ჩვენთვის?

მხატვრული ტექსტის ღირებულება სამი პარამეტრით იზომება:

  • რამდენად ნოვატორულ იდეას ახმოვანებს;
  • რამდენად დასამახსოვრებელ სახეებს ძერწავს;
  • რამდენად დახვეწილი და ორიგინალური სტილით მოაქვს სათქმელი მკითხველამდე.

ლიტმცოდნეობა ამ მიმართულებებით იკვლევს ტექსტებს, რომლებიც სწორედ იმითაა მკითხველისთვის მიმზიდველი, რომ ღრმად ემოციურია. მათი აღმქმელობაც ემოციურ ფონზე გვიწევს და მეცნიერული ძიებებშიც ეს ემოციები თავისებურად აისახება. მეცნიერება ძირითადად გონების, რაციოს პროდუქტია, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ინტუიცია და ემოცია რაციოს განუყრელი ტყუპისცალები არიან და ხშირად მას კარნახობენ კიდევაც სათქმელს. ყოველი მკვლევარი უწინარეს ყოვლისა ადამიანია და საკუთარი მგრძნობელობის ქურაში გამოატარებს ხოლმე აზრებს.

მოვიყვანოთ რამდენიმე ფართოდ გავრცელებული მაგალითი, რომლებიც ტექსტების და ეპოქების პარადიგმების სწორი გაგებისგან აცდენად მიმაჩნია:

  • დაუსრულებლად ისმის საუბარი იმაზე, რომ ჰაგიოგრაფიამ დაკარგა თანამედროვე მკითხველის გულამდე მისასვლელი გზა, რომ ის უკვე ანაქრონიზმია და დროა, სასწავლო პროგრამებს მოვაშოროთ. ჩვენი უახლესი წარსულის ღრმად პატივცემული განათლების მინისტრიც კი ღაღადებდა, რომ ჰაგიოგრაფია და „ვეფხისტყაოსანი“ მკვდარი ტექსტებია და სკოლებში მათი სწავლება საჭირო აღარ არის. ერთი ფრიად განათლებული მშობელი ხშირად იმეორებს ხოლმე ჩემთან, რომ ახლანდელი უფროსკლასელები მილენიუმის თაობა არიან და შეუძლებელია მიიღონ საუკუნეების წინანდელი მხატვრული ტექსტები, რადგან მათ მკვეთრად განსხვავებული იდენტობა და გემოვნება აქვთ.
  • სისტემატურად მიწევს კლასიკური ტექსტებისადმი მოსწავლეთა და აბიტურიენტთა სკეპტიკური დამოკიდებულების მოგერიება. კლასებში ხშირად იმართება ხოლმე ცხარე დებატები ტექსტის იდეების გარშემო და ბავშვებს ტრადიციული წაკითხვებისგან მკვეთრად განსხვავებული აღმქმელობა აქვთ.
  • ხშირად ისმის კლასიკური ტექსტების გმირებისა და იდეების დილეტანტური შეფასებები. მაგალითად, მოისმენთ, რომ წმინდანი მაზოხისტია და წამების თავიდან არიდება შეეძლო, მაგრამ მაზოხისტურმა ვნებებმა იმსხვერპლა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირი რაინდი სადისტია, ტარიელი უმიზეზოდ კლავს სასიძოს, ხოლო ავთანდილი – ჭაშნაგირს და ჩვეულებრივი მრუში და მოღალატეა, როცა ფატმან-ხათუნთან ხორციელ კავშირში შედის, ასევე მატყუარაც, რადგან ფატმანსაც ატყუებს, ხოლო ტარიელი ზოოფილია, ლომ-ვეფხვისადმი სექსუალური ლტოლვა ჰქონდა და რომ გამოქვაბულში მისი და ასმათის ერთობლივი ცხოვრება ამორალურია. დაუშვებელია, რომ წლების მანძილზე ქალი და მამაკაცი გამოქვაბულში ერთად ცხოვრობდნენ და მათ შორის სექსუალური კავშირი არ იყოს, რომ რომანტიკოსი პოეტების ცრემლების ზღვა აუტანელი და გაუგებარია, რომ ოთარაანთ ქვრივი და გიორგი მართლა გიჟები არიან და ერთ-ერთ თავს ილიამ ამაოდ როდი დაარქვა „გიჟია თუ რა?“

დავიწყოთ იქიდან, რომ ყოველი ტექსტი თავისი ეპოქის პროდუქტია და ეპოქის გემოვნების, ესთეტიკის, იდეოლოგიური მეინსტრიმის ამსახველია. თუკი ვინმე იტყვის, რომ ეპოქებად და ლიტერატურულ მიმდინარეობებად ტექსტების დიფერენციაცია უაზრო პირობითობაა და რომ ყველა ეპოქის ტექსტს გააჩნია ყველა მიმდინარეობის მახასიათებლები, სრულ აბსურდამდე მივალთ. რომანტიზმი, რეალიზმი და იმპრესიონიზმი მსოფლიო მწერლობის ფართოდ გავრცელებული მიმდინარეობებია. მათი სტილური თავისებურებები შეიძლება ვიპოვოთ ნებისმიერი ეპოქის ტექსტებში. განა რომანტიკული განცდების გარეშე წარმოსადგენია პოეტური თვითგამოხატვა? განა რეალისტური მსოფლაღქმა რომანტიკოსებთან და იმპრესიონისტებთან არ გვხვდება? განა იმრესიონისტულ ნოველაში ვერ შევხვდებით რომანტიკულ და რეალისტურ ნიუანსებს? მაშ, რად ალაგებს ლიტმცოდნეობა ეპოქებად და მიმდინარეობებად ავტორებს? აქ მუშაობს პრინციპი, რომ სტილი ეპოქის მოდაა და ტექსტში წარმმართველი სწორედ მისი მახასიათებლებია. მაგალითად, რომანტიკულ პოეზიაში მეტია რომანტიკული ოცნება გარდასულის გამო, არასასურველი რეალობის უარყოფა და ილუზორული სამყაროს გამოგონება, რეალისტურ ნაწარმოებში მეტია კრიტიკული მიდგომა რეალობისადმი, მამხილებელი პათოსი და ყოფის შეულამაზებელი სურათები, ხოლო იმპრესიონისტულ ტექსტში მწერლის შთაბეჭდილება ასახვის უმთავრესი ინსტრუმენტია. ლიტმცოდნეობა ყოველივე ამას მეცნიერულად აღწერს, ალაგებს, სისტემატიზებას უკეთებს. თუ სერიოზულად ვუდგებით მხატვრული ტექსტების აღქმას, ვიღებთ ლიტმცოდნეობის ამ მეცნიერულ მიგნებებს, ხოლო თუ არ გვინდა, არავინ გვაიძულებს არამცთუ მეცნიერული აზრის მოსმენას, არამედ წერა-კითხვის ცოდნას და საერთოდ წიგნის წაკითხვასაც კი.

იდეის სწორად ამოცნობას თავისი მეთოდოლოგია აქვს. ცხადია, სასურველი და საინტერესოა განსხვავებული მიდგომები, ინვარიანტული წაკითხვები, მაგრამ გაუგებარი და მიუღებელია მხატვრული ტექსტის იდეის აბსურდამდე დაყვანა. მკვლევრები ამბობენ, რომ დასაბამიდან დღემდე მსოფლიო მწერლობის ნარატიულ ტექსტებში სულ 20-25 თემა შეიძლება განვითარდეს და რომ მწერლები სულ ერთსადაიმავე თემებს ატრიალებენ ახლებური გადაწყვეტით,  რომ ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია, ნოვატორულად სულშთაბერილი. თუ თემების ოდენობა ასე შეზღუდულია, ხომ არ იქნება უსასრულო ამ თემებიდან ამოზრდილი იდეების დეფინიციები? ზოგჯერ იდეა ისე მკვეთრია, ისე ნათელი, რომ მისი ჩანაცვლება თითიდან გამოწოვილი, ეპატაჟური, ფსევდონოვატორული რაკურსებით სრულიად უადგილოა. მაგალითად, როცა ილია ჭავჭავაძის ტექსტებს ვკითხულობთ, რანაირად შეიძლება, რომ ისინი ეპოქის კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიური ორიენტირებისგან მოწყვეტით განვიხილოთ? ამასწინათ ფეისბუქზე ვკამათობდით, თანაუგრძნობდა თუ არა ილია თავის გმირს, ლუარსაბ თათქარიძეს და იკითხება თუ არა ტექსტში გმირისადმი ავტორის სიყვარული. დადებითი პასუხი ამ კითხვაზე, რა მოსაზრებასაც ჩემი ოპონენტები ავითარებდნენ, სრული აბსურდი მგონია. ეს ყველაფერი მარტივი არგუმენტებით მტკიცდება: მოთხრობის სათაური „კაცია-ადამიანი?!“ რომელიც ილიამ „ვეფხისტყაოსნიდან“ ისესხა (ავთანდილის სიტყვების პერიფრაზი, როცა გმირი უცხოს ხილვით შეშინებულ ასმათს ამშვიდებს გამოქვაბულთან: „ნუ გეშის, სულე, რამც გიყავ, კაცი ვარ, ადამიანი“…), ცხადია, რომ ლუარსაბის სახე ჩაფიქრებულია, როგორც ავთანდილის, ქართველთა რჩეული გმირის პაროდია, სხვაგვარად მწერალი  პოემის ალუზიას არ დაეყრდნობოდა. კითხვა კაცია-ადამიანი?! ქვეტექსტში უთუოდ გულისმობს, რომ ეს გმირი არც კაცია, არც ადამიანი, რასაც ადასტურებს ტექსტში მისი ყოველმხრივი გამიჯვნა ადამიანურობის არსისა და მისიისგან. აკი ილიაც შენიშნავს, რომ ის კერძო პირებზე კი არა, საზოგადო ჭირზე წერს, რითაც ცხადი ხდება, რომ გმირი არის სახე-სიმბოლო ქართველი თავადობის მანკიერებებისა. რანაირად შეიძლება მანკიერებების კრებითი სახის შეყვარება? არსად, ტექსტის არცერთ მონაკვეთში, არ იძებნება ილიას ლუარსაბისადმი თანაგრძნობის გამომხატველი არცერთი ფრაზა და სიტყვა… ავტორი დაუნანებლად კლავს თათქარიძეებს, როგორც უსარგებლო ნივთებს… „აქიმმა დედაკაცმა… დარეჯანს ფეხები გააჭიმინა“, „ლუარსაბი… ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა“…

რამდენიმე წლის წინ რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში დადგა „კაცია-ადამიანი?!“ მახსენდება ტელეეთერში შემოქმედებითი ჯგუფის შეფასებები. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ამტკიცებდნენ, რომ ლუარსაბი სულაც არ არის უარყოფითი გმირი, დარდიმანდი ქართველია, ზანტი და ჭამა-სმის მოყვარული და რომ თუკი დონ კიხოტსა და სანჩო პანსას ესპანელები ეთაყვანებიან და ძეგლებს უდგამენ, ჩვენშიც უნდა დაიდგას ლუარსაბის ძეგლი, რომ ლუარსაბს არაფერი დაუშავებია, არავინ მოუკლავს, არ უმრუშია და ა.შ. საერთოდ გაუგებარი და საღ აზრს აცდენილი რიტორიკაა. თათქარიძეები მკვეთრად განსხვავდებიან სერვანტესის გროტესკული გმირებისგან. დონ კიხოტი სამყაროს მოუწყობლობით გაგიჟებულ მესია-გმირად წარმომიდგენია, ხოლო ლუარსაბის ღირსებად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, თუ მას არ უმრუშია ან კაცი არ მოუკლავს. არასდროს არავის კაცობრიობის საღად მოაზროვნე ნაწილში აზრად არ მოსვლია, ადამიანის ღირსებად ჩაეთვალა ის, რომ არ იპარავს, არ მრუშობს ან კაცთა კვლაში არა აქვს ხელი გასვრილი.

როცა ზემომოხმობილი არგუმენტები გავუზიარე ოპონენტს, პასუხად მივიღე, რომ არავის აქვს უფლება, დაიჩემოს, რა თვალსაზრისს ეყრდნობოდა ავტორი. ესეც მცდარი აზრი მგონია, რადგან თუ ჩვენ ავტორის მსოფლაღქმაზე, გემოვნებაზე, იდეებზე, აქცენტებზე ჩვენი თვალსაზრისის ჩამოყალიბება არ შეგვიძლია არგუმენტირებულად, გამოდის, რომ გაგება და ანალიზი მისი შემოქმედებისა არ შეგვძლებია. ცხადია, არავინაა უფლებამოსილი დაიჟინოს, რომ მისეული შეფასება უცდომელი ჭეშმარიტებაა, მაგრამ თუკი იდეის ამოცნობა ლოგიკურ მსჯელობებს ეფუძნება, ის მისაღები და გასაზიარებელია. ახალ თაობებსაც ვერანაირად ვერ ვასწავლით ანალიტიკურ აზროვნებას, თუკი ტექსტებში ამგვარ ჩაღრმავებებს არ შევაჩვევთ.

რაც შეეხება ეპოქის პარადიგმებს, ყველა ეპოქას ხომ თავისი ესთეტიკა და მსოფლხედვა აქვს? რანაირად შეიძლება, რომ „ვეფხისტყაოსნის“, შუა საუკუნეების რაინდული ეპოსის, გმირის ქმედება ან ფრაზები შეაფასო 21-ე საუკუნის ადამიანის თვალთახედვით? თუკი იმ ეპოქის აზროვნებისგან მოწყვეტით აღვიქვამ იმ გმირს, ალბათ კომიკურ სახეს მიიღებს ჩვენ მიერ წაკითხული პორტრეტი, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ კომიკური იყოს რაინდის ცრემლთა ღვრა ან გადაჭარბებული მკლავმაგრობის აღწერა, გარეგნობის, სიმდიდრის, საგმირო და სამიჯნურო ამბების ჰიპერბოლიზებას სიუჟეტში თავისი ფუნქცია, მნიშვნელობა, ქვეტექსტები, ალეგორიები და დატვირთვა აქვს. საერთოდ გაუგებარია, მეხუთე საუკუნის მარტვილი ქალის თვალთახედვის 21-ე საუკუნის სააზროვნო  კრიტერიუმებით შეფასება. მაგალითად, „შუშანიკის წამებაში“ მარტვილის მიერ საკუთარი შვილების უარყოფას ზოგჯერ გმირის კომპრომეტაციისთვის იყენებენ, რაც აბსურდის თეატრის ნაწილია. ტრადიციული სარწმუნოების დასაცავად თავგანწირული ბრძოლის გზაზე დედოფალ შუშანიკის გვერდით დადგა მთელი ჰერეთი, თვით ჯოჯიკის ოჯახიც განუდგა ვარსქენს. შუშანიკის შვილებმა განსაცდელში მიატოვეს დედა, თავადვე რცხვენოდათ გამაზდეანების შემდეგ მასთან მისვლის, ხოლო შუშანიკმა ისინი გამოიტირა და ისევე დამარხა დედობა, როგორც საკუთარი თავი, დედოფლობა, სიყვარული… შუშანიკს რომ თავისი მოგვი შვილებისთის შეენდო, ის ჰერეთელებისთვის წმინდა და ნეტარი დედოფალი ვერ იქნებოდა. თანაც ფრაზა „სახელიცა მათი სძაგდა სმენად“ არ გულისხმობს, რომ შუშანიკმა შეიძულა შვილები. ამ ფრაზას მრავალმხრივი სემანტიკა აქვს და გულისხმობს, რომ მოცემულ სიტუაციაში მას სხვაგვარად მოქცევის უფლება არ აქვს,  ის სიკვდილისთვის ემზადება („უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ“)… ვისაც ქრისტესადმი რწმენა აქვს, დამოკიდებულება წმინდანისადმი ისედაც ნათელია, ხოლო სულაც რომ ათეისტის თვალთახედვით შევხედოთ, ვერ უარვყოფთ, რომ ქრსიტიანულმა რელიგიამ და მის დასაცავად თავგანწირულმა მარტვილებმა ქართულ სულიერებას, კულტურას, განათლებას უდიდესი ამაგი დასდეს.

უდავოა, რომ ყველას აქვს თავისუფალი თვითგამოხატვის უფლება და შეუძლია მხატვრული ტექსტები წაიკითხოს, როგორც თავად სურს, ვერავინ ვერასდროს შეზღუდავს ამ უფლებას, მაგრამ… რა ვუყოთ პატრიოტულ მოტივაციებს? ამდენი საუკუნის წინანდელი ტექსტი, როგორც ძეგლი, როგორც ეროვნული სიამაყე, რომელსაც მსოფლიო ცივილიზებული ერების სათავეებთან მივყავართ, არ უნდა იქცეს უსაგნო კრიტიკის, ასოკირკიტობის, ვიღაცის ფსევდოორიგინალობის ვნებების გამო მისი მნიშვნელობის დაკნინების საგნად. კლასიკური ტექსტი არის ფასეულობა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, ის მოდიდან არასდროს გადადის, არ ხუნდება, ფერებს არ კარგავს… თუკი ახალ თაობებს არ ვასწავლით ჩვენი ეროვნული საგანძურისადმი პატივისცემას, ეს ყოველივე ბუმერანგის ეფექტით დაგვიბრუნდება…

მასწავლებლის როლი ტექსტების გაგებისა და ანალიზის გზაზე უმნიშვნელოვანესია. მასწავლებელი უნდა იყოს ავტორიტეტული მოდერატორი, მიმართულების მიმცემი, რომ ქართული მწერლობის რელსებზე ისე ისრიალონ მკითხველებმა, არც მატარებელი გადაყირავდეს, არც მგზავრი გადმოვარდეს ვაგონიდან და არც საუკუნეების მანძილზე ხელისხელ საგოგმანები ტექსტი იქცეს საეჭვო შეფასებების ობიექტად.

მილენიალებს რაც შეეხებათ… თაობები უწყვეტად იცვლებიან, მილენიალების შემდეგ უკვე Generation Z გვიახლოვდება თავისი მკვეთრად განსხვავებული ღირებულებებითა და იდენტობებით, მაგრამ მტკიცედ მჯერა და მწამს, რამდენი თაობაც არ უნდა მოვიდეს, კლასიკურ მწერლობას ყველა წაიკითხავს, მართალია, ცოტა გაიგებს, როგორც აქამდე იყო, თუმცა მისი დაგემოვნება, მის ამაღლებულ იდეებთან თანაზიარობა მაინც ყოველ ახალ თაობას მოუნდება…

 

 

მშობლები, ოქროს ხანა და პროფესიის არჩევა

0

როგორც ამბობენ, სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, რომანტიკული ელფერით შეზავებული წლები. თუმცა ჩემს შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა. ის ოთხი წელი, რომელიც სწავლას მოვანდომე, შეიძლება ყველაზე ჯოჯოხეთური არ იყო, მაგრამ ნაკლებად მიმზიდველი უთუოდ იყო ჩემთვის.

თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა სოხუმის უნივერსიტეტში ექსტერნად ჩავაბარე. ეს საკმაოდ პატარა ასაკია საიმისოდ, რომ თვითონ აირჩიო, სად გინდა ჩაბარება და, რაც მთავარია, კონსერვატორულად და პრაგმატულად მოაზროვნე მშობლებთან შენი გაიტანო. მე ვიცოდი, სადაც მინდოდა ჩაბარება: ეს იყო სამხატვრო აკადემია. მთელი ბავშვობა ვხატავდი და ვაქანდაკებდი. სველი მერგელით (არის ასეთი დანალექი ქანი) ვძერწავდი და საიზოლაციო პენოპლასტიდან სამართებლით პატარა ფიგურებს ვთლიდი. მერგელი გამოშრობის შემდეგ იბზარება და იშლება, ამიტომ დღემდე მხოლოდ პენოპლასტის ფიგურები შემომრჩა.

თბილისში რომ გადმოვედით, ჯერ ბიძაჩემთან, შემდეგ კი დეიდაჩემთან ვცხოვრობდით, სანამ ჯიქიას ქუჩაზე, დევნილების კორპუსში ვიყიდდით ბინას, უფრო სწორად, მონიშნულ ფართს, რომელსაც მეზობლებისგან გამყოფი ტიხრებიც არ ჰქონდა. ორ სადარბაზოიან კორპუსში წყალი და კანალიზაცია მარტო ერთ სადარბაზოში იყო გაყვანილი. ორი თუ სამი ოჯახი შვიდსართულიანი სახლის სწორედ ამ მხარეს ვცხოვრობდით.

მე ხატვას და ძერწვას აქაც ვაგრძელებდი, მაგრამ უჩუმრად: მშობლების მოთხოვნით იურიდიულზე უნდა ჩამებარებინა. როცა დროს მოვიხელთებდი, მოვისვროდი სამართლის წიგნს და საყვარელ საქმეს ვუბრუნდებოდი. ბევრჯერ დავუჭერივართ ფაქტზე და ბევრი დავიდარაბაც მოჰყოლია ამ ამბავს.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ იურიდიულზე საბუთების შეტანა დამაგვიანდა. იქვე მირჩიეს, საბუთები პოლიტოლოგიაზე შემეტანა, რომელიც ახალგახსნილი იყო და სტუდენტების პირველ ნაკადს იღებდა. ჩემთვის სულერთი იყო, სად ჩავაბარებდი და ასეც მოვიქეცი. ოცდაათი სტუდენტი იყო მისაღები, ჩვენ კი მხოლოდ ოცდაორი ვიყავით. ამიტომ მხოლოდ ისტორიის გამოცდა ჩაგვაბარებინეს და ყველა ჩაგვრიცხეს.

მერე სოფელში წავედი სექტემბრამდე. მეზობლები მოდიოდნენ და მილოცავდნენ, როგორც ხდება ხოლმე. მე კი ეს ყველაფერი საერთოდ არ მაინტერესებდა. ისევ ვხატავდი და ვძერწავდი, მაგრამ ამჯერად არავინ მეჩხუბებოდა: უკვე სტუდენტი ვიყავი. სექტემბერში დაიწყო მოსაწყენი ოთხწლიანი პერიოდი. იქაური არაფერი არ მაინტერესებდა, ოთხი წლის განმავლობაში ყველა ჯგუფელის სახელიც ვერ დავიმახსოვრე, თუმცა რამდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე.

როცა სოფელში ვცხოვრობდი, სკოლამდე ექვსი კილომეტრის ფეხით გავლა მიწევდა. თითქმის არასდროს ვიგვიანებდი, აქ კი ყურის ძირში მქონდა უნივერსიტეტი და პირველ ლექციაზე არასდროს ვყოფილვარ. ვცდილობდი არ დამეგვიანა, მაგრამ ათ საათს ორი წუთიც რომ გადაცდებოდა, კარისკაცი ცოცხალი თავით არ აგიშვებდა ზევით, ამიტომ ისევ სახლში ვბრუნდებოდი. აივნის შეღებული კარიდან ზარის ხმას რომ გავიგონებდი, აივანზე გავიდოდი და უნივერსიტეტს გავხედავდი, ჩემს აუდიტორიაში აშლილ ჯგუფელებს რომ დავინახავდი, ისევ მივდიოდი.

თავიდან, მშობლებისადმი პროტესტის ნიშნად გადავწყვიტე, რომ არცერთი საგანი არ მესწავლა, მაგრამ ერთი-ორჯერ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და გადავიფიქრე. იყო საგნები, რომლებიც მაინტერესებდა და სემინარებზე ვაქტიურობდი. იყო საგნები, რომლებსაც დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გვასწავლიდნენ. ძირითადად მაღალი ნიშნები მყავდა. ერთი ლექტორი, რომელიც სიმკაცრითა და სტუდენტების ჩატოვებით იყო განთქმული, ჯგუფში ხუთიანს მხოლოდ მე და ჩემს ძმაკაცს გვიწერდა.

ლექციებზე კარიკატურების ხატვით და იუმორისტული ლექსების წერით ვერთობოდი. ეს ერთადერთი შვება იყო. ჩემს ძმაკაცს მგონი დღემდე აქვს შენახული მაშინდელი ჩემი ნახატები და ნაწერები.

რამდენიმე ლექტორთან ვძმაკაცობდი კიდეც, ყოველ პარასკევს ფეხბურთს ვთამაშობდით ლუდზე. თორმეტი წელი გავიდა, რაც სწავლა დავამთავრე, და სოხუმის უნივერსიტეტის წინ, როცა ავტობუსს ველოდები ხოლმე, ზოგიერთ ჩემს ყოფილ ლექტორს ახლაც ვახსოვარ და დიდი ამბით მესალმება.

ამასობაში თანდათან ხატვის სურვილი დავკარგე. ესეც ალბათ ერთგვარი ქვეცნობიერი პროტესტი იყო იმის გამო, რომ მთელი ოთხი წელი ის მაკეთებინეს, რაც არ მინდოდა, ან შეიძლება ხატვის მიმართ სათანადო ვნება არ აღმომაჩნდა, თუმცა მერჩივნა ამას თვითონ მივმხვდარიყავი.

ჩემს მშობლებს, ცხადია, კეთილი ზრახვები ამოძრავებდათ და მათი მადლობელი ვარ, მაგრამ ერთ რამეში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული: ჩემს შვილს პროფესიის არჩევაში ხელს არაფრის დიდებით არ შევუშლი, რომ წლების შემდეგ მანაც ასეთი სევდიანი ბლოგი არ დაწეროს.

 

როგორ მოგზაურობენ სტუდენტები

0

საკუთარი ფულით მოგზაურობა, ალბათ, ყველაზე რთულია, როცა სტუდენტი ხარ. თუ დამოუკიდებლად ცხოვრება გსურს, მთელი დანაზოგი, რასაც ნახევარგანაკვეთიანი სამსახურიდან იღებ, ყოველდღიური საჭიროებებისთვის უნდა გადაიხადო. ცხადია, გამონაკლისები არსებობენ, თუმცა, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მაინც ზემოხსენებული მდგომარეობაა. ამ წერილში გიამბობთ 23 წლის სტუდენტი გოგონას, ემი ჰეუჩის შესახებ, რომელსაც სწავლასთან ერთად, ძალიან უნდოდა ემოგზაურა, რაც შესანიშნავად გამოუვიდა. მის შესახებ ბრიტანული გამოცემა theguardian გვიამბობს, რომელსაც ამ ისტორიით სხვა სტუდენტების წახალისება სურს. მათი, ვინც ისევე ოცნებობს მოგზაურობაზე, როგორც ემი ოცნებობდა.

 

  • ამჟამად მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებული ვარ და ჩემს მშობლებთან ერთად ღენტში ვცხოვრობ. ასეთ ცხოვრებაზე დიდად არ ვოცნებობდი, თუმცა ხანდახან, იმისთვის, რომ რაღაც სასურველი მივიღოთ, ბევრ რამესთან გვიწევს შეგუება. ჩემი თანატოლების ზოგიერთი მშობლებისგან განსხვავებით, ჩემები ძალიან გულუხვები არიან. ისინი საცხოვრებელი ოთახის ქირას არ მახდევინებენ. დედაჩემი „ბუმერანგ გოგონას” მეძახის. სანამ სამოგზაუროდ წავიდოდი, ლონდონში ვცხოვრობდი. იქ სასწავლებლად წავედი, სადაც პირველად შევიგრძენი დამოუკიდებლობის გემო.

ლონდონში ცხოვრების დროს სამსახური მარტივად ვიშოვე. ერთი აუქციონერის პერსონალური ასისტენტი გავხდი, ვისთვისაც დღის მეორე ნახევარში ვმუშაობდი. ჩემი მოვალეობა გასაყიდი ნივთების აღრიცხვა და აუქციონის ორგანიზება იყო. როცა დამოუკიდებლად ფულის გამომუშავება დავიწყე, მივხვდი, რომ ხელმომჭირნე გავხდი. მაგალითად, გამოვიცვალე მატარებელი, უფრო ნელი მატარებლით ვმგზავრობდი და სამაგიეროდ, თვეში 250 ფუნტს ვზოგავდი. უარი ვთქვი გარეთ სადილობაზე. პროდუქტებს სუპერმარკეტში, გაცილებით იაფად ვყიდულობდი და სადილი კონტეინერებით სახლიდან დამქონდა. ლონდონში ავტობუსი მეტროზე იაფია. ამიტომ, ავტობუსში გადავინაცვლე.

ნიუქასლის უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტზე რომ ჩამებარებინა, სტუდენტური სესხის აღება მომიხდა. სესხის თანხა 42,000 ფუნტს შეადგენდა. ამხელა ვალს რომ ვიღებდი, გაცნობიერებული მქონდა, მისი უკან დაბრუნება მომიწევდა. ვნერვიულობდი. ვიცოდი, რომ ეს თანხა არანორმალურად დიდი იყო ჩემი ყოველდღიური შემოსავლისთვის. თუმცა, რისკი ჩემს განათლებად ღირდა. ბანკთან კონტრაქტი ისე შევადგინე, რომ ყოველთვიურად ძალიან ცოტას ვიხდიდი. ეს ნიშნავდა, რომ სესხის გადახდა მრავალი წლის მანძილზე მომიწევდა, თუმცა ნაკლები სტრესი მექნებოდა. თანაც, ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანია დიპლომის მოპოვება.

თავდაპირველად ფულს სახლისთვის ვაგროვებდი. ნახევარგანაკვეთიანი სამსახურებით წელიწადში 20,000 ფუნტის გადანახვა შემეძლო და მოგზაურობაზე ისე ვოცნებობდი, იმის წარმოდგენაც კი მიჭირდა, რომ ამ ოცნებას ასე ახლო მომავალში ავიხდენდი. ჩემი გათვლებით, სამოგზაუროდ წასვლას შვიდ წელიწადში შევძლებდი, თუმცა ამ დროისთვის, ლონდონში ბინის ყიდვის ფული მაინც არ მექნებოდა. ამიტომ, სადმე, უფრო ხელმისაწვდომი ადგილი უნდა შემერჩია. არ მიფიქრია, რომ ეს წარმოუდგენელი იყო.

იმ ზაფხულს ნიუქასლიდან შინ დავბრუნდი და შემდეგ, საზაფხულო სამუშაო უიმბლდონზე დავიწყე. მათი რეგულაციების გამო, იმ ზაფხულს მართლა ბევრი ფული ვიშოვე. ორ კვირაში დაახლოებით 1500 ფუნტი გამოვიმუშავე და გადავინახე. ამის შემდეგ, ოთხი თვე ვმუშაობდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში ტურების დასაგეგმად, სადაც კვირაში 100 ფუნტს მიხდიდნენ. ეს ფული თითქმის არაფერში მყოფნიდა. ვერაფერი დავზოგე.

შემდეგ ზამთარი დადგა და მე, თხილამურებზე სრიალზე გაგიჟებულმა, გადავწყვიტე უიმბლდონზე მუშაობისას დაზოგილი ფულით საფრანგეთში წავსულიყავი და მესრიალა. მოგზაურობა ძვირი ჯდებოდა. ფრენისა და ცხოვრების გარდა, აღჭურვილობის, დაზღვევის, საბაგიროს გამოყენების ხარჯები უნდა გადამეხადა და ბევრი სხვა წვრილმანი დანახარჯიც უნდა დამეფარა. ამ მოგზაურობამ ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა. თუმცა, მე თუ მკითხავთ, სამართლიანად და წარმატებით. მას შემდეგ ერთი წლის განმავლობაში Savills-ში ვმუშაობდი, სადაც 22,500 გამოვიმუშავე და 8.000 ფუნტი შევინახე. ვიცი, რომ ამ დანაზოგითაც ვიმოგზაურებ. ამჟამად ისევ სტუდენტი ვარ, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ სამოგზაუროდ ფული შევაგროვო. თუ ბევრი დრო არ მაქვს, მეზობლების ძაღლს ვასეირნებ, რისთვისაც საათში 10 ფუნტს მიხდიან.

რაც შეეხება სახლის ყიდვას, მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, რომ საწყის ეტაპზე ერთად ვიქირავებთ ბინას, რაც კომუნალური გადასახადების ჩათვლით 850 ფუნტი ღირს. ამ ფულს შუაზე გავიყოფთ და უფრო მარტივად შევძლებთ მოგზაურობისთვის ფულის დაზოგვას.

კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ კომპანიამ, სადაც ამჟამად ვმუშაობ, გადაწყვიტა, რომ სამაგისტრო სწავლა დამიფინანსოს, რაც ძალიან მაბედნიერებს.

 

 

 

როცა მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად კითხულობენ…

0

უაღრესად მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰყავდეთ მოდელი … მოწიფული ადამიანისა, რომელსაც უყვარს კითხვა. სასურველია, ეს იყოს, უპირველეს ყოვლისა, მშობელი და მასწავლებელი.

/თამარ კერძაია, მარინე ჯაფარიძე, კვლევა – კითხვის ინტერესები 13-17 წლის მოზარდებში, 2012/

 

როდის კითხულობენ მოსწავლეები?

მაშინ, როცა მათი მასწავლებლებიც კითხულობენ.

ეს არაა ამ შეკითხვის ერთადერთი  სწორი პასუხი, თუმცა ერთ-ერთი ნამდვილად არის.

 

მასწავლებლობა რომ დავიწყე, ჩემი მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის კითხვა შემეყვარებინა, მინდოდა, თავისუფალ მოაზროვნეებად ჩამოყალიბებულიყვნენ და ყოველი წაკითხული წიგნი მათთვის გამოცდილებად ქცეულიყო. მალევე მივხვდი, რომ მხოლოდ საზაფხულო საკითხავის სიის შედგენით ან სარეკომენდაციო ლიტერატურის შეთავაზებით ამას ვერ შევძლებდი, მეც მოსწავლეებთან ერთად უნდა მეკითხა. ვკითხულობდი იმას, რაც მათ მოსწონდათ და კითხულობდნენ იმას, რასაც ვურჩევდი. ამან ძალიან დაგვაახლოვა და ლიტერატურამ ერთმანეთი უკეთ გაგვაცნო. ვფიქრობ, როცა მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად კითხულობენ, მათი ცხოვრება უფრო შინაარსიანი ხდება.

მიუხედავად ამისა, მარტივი არ არის წიგნით დაინტერესება. ყოველ ჯერზე საჭიროა სიახლეები და მოტივაცია კითხვისთვის.

ცოტა ხნის წინ მეშვიდეკლასელებს ჯინ ვებსტერის ,,გრძელფეხება მამილო” შევთავაზე წასაკითხად. წიგნი რამდენიმე ნიშნით შევარჩიე:

  1. მოსწავლეები ხშირად მეკითხებოდნენ, რომელი იყო ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი წიგნი და გადავწყვიტე, გამეცნო მათთვის;
  2. გარდა იმისა, რომ ,,გრძელფეხება მამილო” სასიამოვნო საკითხავია, სასწავლო რესურსადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ორენოვანია, ტექსტი დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე და ერთვის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. იგი გვეხმარება არა მხოლოდ წიგნიერების, არამედ მრავალენობრივი კომპეტენციების გამოსამუშავებლად.
  3. მას შემდეგ, რაც ბავშვები ამ წიგნს წაიკითხავდნენ, ინტეგრირებული შემეცნებითი თამაშის ჩატარება მოვინდომე.

ვიდრე მოსწავლეებს ,,გრძელფეხება მამილოს” წარვუდგენდი, ჩემს კოლეგებს გავაცანი იდეა და შევთავაზე, თუ მოისურვებდნენ, წაგვეკითხა ეს წიგნი ბავშვებთან ერთად, დაგვეგეგმა და ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული თამაში, ლიტერატურულ კლუბში მოგვეწყო შეხვედრა,  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შთაბეჭდილებები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა.

ვვარაუდობდი, რომ მხოლოდ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები შემოგვიერთდებოდნენ, რადგან წიგნი ორენოვანი იყო, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – მოსწავლეებთან ერთად ,,გრძელფეხება მამილოს” წაკითხვა მოისურვეს ქართულის, მათემატიკის, ინგლისურის, რუსულის, ბუნებისმეტყველების, ისტორიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებმა.

ცხადია, ბავშვების კითხვის ინტერესი და მოტივაცია გაიზარდა, როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს. აქამდე მათ ჰქონდათ ერთ მასწავლებელთან ან კლასის დამრიგებელთან ერთად კითხვის გამოცდილება, მაგრამ მსგავსი რამ ნებისმიერი ჩვენგანისთვის უჩვეულო იყო.

მოსწავლეებმა დაიწყეს კითხვა. დავიწყეთ ჩვენც. ეს პროცესი რომ უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, ყველა მასწავლებელს ერთი წიგნიდან წაგვეკითხა. ,,გრძელფეხება მამილო” ხელიდან ხელში გადადიოდა, ნებისმიერ აზრს ვიწერდით, რომლებიც კითხვის დროს გვიჩნდებოდა ან ინტეგრირებული თამაშის ჩასატარებლად გამოგვადგებოდა. კომუნიკაციაც უფრო ეფექტური გახდა.

წიგნმა გაგვაერთიანა და უფრო საინტერესო გახადა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. საოცარი პასუხისმგებლობა ვიგრძენით. ვეცნობოდით ერთმანეთის მინაწერებს და გვაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ მოსწავლეები ამა თუ იმ ეპიზოდის შესახებ, ვცდილობდით, მათი თვალითაც წაგვეკითხა.

მოსწავლეებთან ერთად კითხვამ ახალი იდეები გაგვიჩინა:

  1. წერილების დაფა

მოვინდომე, სამასწავლებლოში წერილების დაფა გაგვეკეთებინა და პედაგოგებს ერთმანეთისთვის მიგვეწერა. ეს სამომავლო, შორეული სურვილი მეგონა.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ერთ დილას სამასწავლებლოში შესულს მათემატიკის მასწავლებლის ყვითელი წერილი დამხვდა. ჩემი კოლეგა შთაბეჭდილებებს მიზიარებდა და მწერდა, როგორ შეიძლებოდა ამ ტექსტის გამოყენება მათემატიკის სწავლების დროს.

  1. ილუსტრაციები

ხელოვნების მასწავლებელმა ,,გრძელფეხება მამილოს”  კითხვის პროცესში ხატვა დაიწყო და ასე  გადმოსცა თავისი ემოციები. ბუნებრივია, ეს ილუსტრაციებიც ინტეგრირებული თამაშის ელემენტებად მოვიაზრეთ. მკითხველებმა უნდა გამოიცნონ, რომელი ეპიზოდია დახატული.

  1. დავალებები

მოვიფიქრეთ განსხვავებული დავალებები, დავგეგმეთ და ჩავატარეთ გაკვეთილები ,,გრძელფეხება მამილოს” თემატიკის გათვალისწინებით. ამან, ერთი მხრივ, გაამრავალფეროვნა სასწავლო რუტინა, მეორე მხრივ კი, ბავშვებმა პრაქტიკულად დაინახეს მასწავლებლების ჩართულობა, პასუხისმგებლობაც მოემატათ და მეტად ჩაუღრმავდნენ ტექსტ

4. თვითრეფლექსია

ჩვენს პრაქტიკას სხვა პოზიციიდან შევხედეთ და თვითდაკვირვების სურვილიც გაგვიჩნდა, დავინტერესდით, რომელ სიტყვას ვიყენებდით ხშირად და ვიპოვეთ კიდეც პასუხები.

გზა წიგნის კითხვის დაწყებიდან დასრულებამდე განსაკუთრებული და ემოციებით სავსე იყო. მთავარი ლიტერატურულ კლუბში გამართული შეხვედრა აღმოჩნდა. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ვუამბეთ, თუ როგორ წავიკითხეთ ,,გრძელფეხება მამილო”, რას განვიცდიდით, რამ მიიქცია ჩვენი ყურადღება და ყველაზე მნიშვნელოვანი – როგორ გვაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ ისინი. ბავშვებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვანდეს. თითქოს ერთმანეთი თავიდან აღმოვაჩინეთ, მივხვდით, რამდენი რამ გვქონდა საერთო, რამდენი – განსხვავებული და საოცრად გვიხაროდა.  საგაკვეთილო რეჟიმი ისეთი აჩქარებულია, მუდამ რაღაცის (პროგრამული მასალის) მოსწრებას  ვცდილობთ  და ნაკლები დრო გვრჩება საუბრისთვის, ერთმანეთის მოსასმენად. სინამდვილეში ეს ყველაზე ღირებულია.

საინტერესო იყო ისიც, რომ თითოეულმა მასწავლებელმა თავის საგანთან დაკავშირებული იპოვა წიგნში და ეს დაკვირვება გაგვიზიარა. ამან თვალსაწიერი უფრო გაგვიფართოვა, ისეთ საკითხებს მივაქციეთ ყურადღება, იქამდე რომ გამოგვრჩა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როგორი შედეგიანი იყო ერთად კითხვა და რამდენად მრავალმხრივია ნებისმიერი წიგნი. ყოველთვის ახლის პოვნა შეგიძლია, მთავარია, ეს მოისურვო. განსაკუთრებით ამის დანახვა ესაჭიროება ბავშვს, რომელიც მკითხველად ყალიბდება – კითხვა ხომ არ არის მხოლოდ შინაარსის გაცნობა, უმთავრესი ტექსტის ინტერპრეტაცია, მისი გააზრებაა და ესეც უნდა ისწავლოს. მასწავლებელი მოდელია ბავშვისთვის და მოსწავლე როდესაც ხედავს, როგორ კითხულობს იგი, თავადაც ითვალისწინებს მის გამოცდილებას.

ინტეგრირებულ თამაშის ჩატარებას სემესტრის ბოლოს ვგეგმავთ. მოსწავლეების ინტერესი მაღალია.

ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ იმდენად ვისიამოვნეთ ერთად კითხვით, ერთმანეთის აზრების მოსმენით, შეხედულებების გაზიარებით, რამდენიმე დღეში მეორე წიგნის კითხვას შევუდექით. ეს ორმხრივი სურვილი იყო.

მსგავსი აქტივობის განხორციელება შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს. მთავარია, წიგნი ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შევარჩიოთ და კითხვის მსურველი პედაგოგები შემოვიკრიბოთ. მოსწავლეები უზომოდ გაიხარებენ, როცა გაიგებენ, რომ მასწავლებლები მათთვის და მათთან ერთად კითხულობენ.

შეიძლება ერთი დაბრკოლებაც შეგხვდეთ, პასუხად მიიღოთ, რომ ამისთვის დრო არ აქვთ, მაშინ შეგიძლიათ დანიელ პენაკის სიტყვები მოიშველიოთ. მისი აზრით, კითხვა სიყვარულს ჰგავს და განა შეიძლება ვთქვათ, რომ დრო არ გვაქვს სიყვარულისთვის? ასევე ვერ ვიტყვით, რომ საკითხვად არ გვცალია. უბრალოდ, ეს ჩვენი არჩევანი ან იქნება, ან – არა.

სცადეთ, რადგან…

როცა მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად კითხულობენ:

  • მათი სასკოლო ცხოვრება, გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება;
  • ისინი უკეთ ეცნობიან ერთმანეთს;
  • გამოცდილებას იძენენ;
  • ცდილობენ, ერთიმეორეს გაუგონ, უფრო ემპათიურები ხდებიან;
  • ერთად კითხვით სიამოვნებას იღებენ;

შედეგების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.

კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული დავალებები

0

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს პედაგოგიურ საზოგადოებას და სკოლის საგნობრივ კათედრებს. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწავლებაში კონსტრუქტივისტული სწავლების პრინციპებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული დავალებების გამოყენება, რომლებიც ფართოდ უხსნის გზას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას, იწვევს აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ მათ დადებით დამოკიდებულებას.

ამ დავალებების საშუალებით მასწავლებელი უფრო ადვილად:

  • დაინახავს, როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
  • დაადგენს ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე მოსწავლის წინარე ცოდნას და წარმოდგენებს;
  • გამოავლენს, რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს მოსწავლე კონკრეტული სასწავლო მიზნის მისაღწევად;
  • შეამოწმებს სამივე კატეგორიის ცოდნას;
  • დაინახავს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნათა ერთობლიობის კომპლექსურად გამოყენებას.

ასეთი გაკვეთილები ძირითადად სამეტაპიანია და მოიცავს:

  • გონებრივი იერიშს;
  • გააზრებას;
  • განხილვა/რეფლექსიას.

გაკვეთილზე მასწავლებლის მოვალეობაა, კოორდინირება გაუწიოს, წარმართოს მოსწავლის საქმიანობა, უჩვენოს გზა, მაგრამ არ შესთავაზოს მზა გადაწყვეტილებები. მასწავლებელს გაკვეთილის ყოველი ეტაპისთვის შემუშავებული აქვს თავისი მიდგომა, რომელიც კონკრეტული საგაკვეთილო აქტივობის გადაწყვეტას ემსახურება.

კრიტიკული აზროვნების განვითარების ერთ-ერთ ტექნოლოგიაა „ჭეშმარიტია-მცდარია“, რომელიც დიდი ხანია ცნობილია პედაგოგებისთვის. თავისი კონცეფციით, ინფორმაციასთან დამოუკიდებელი მუშაობის, შედარების, შეფასების, ანალიზის, განზოგადების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებისკენ მიმართული დავალებებით და, საზოგადოდ, მიდგომის თავისებური ალგორითმით, გადაწყვეტით, ის ეფექტური შედეგებით გამოირჩევა კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგიებს შორის.

როგორ და როდის შეიძლება ამ მიდგომის გამოყენება საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე?

აღიარებულია, რომ მისი გამოყენება ხელსაყრელია გონებრივი იერიშის დროს, გაკვეთილის საწყის ფაზაში, როდესაც მიმდინარეობს განვლილი მასალის გამეორება და მოსწავლეთა მომზადება ახალი მასალის ათვისებისთვის. ასეთ დროს მისი დანიშნულებაა მარტო შემოწმება, რა იციან მოსწავლეებმა განვლილი მასლიდან ან რა მოეწონათ და დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად, არამედ მოსწავლეთა დაინტერესება, ინტერესის გამოწვევა მომავალი სამუშაოს მიმართ. ის ეხმარება მოსწავლეს დროსა და სივრცეში ორიენტირებაში, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციაში, ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენებისა და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში.

„ჭეშმარიტია-მცდარიას“ გამოყენების ალგორითმი სამფაზიანი გაკვეთილის დროს:

  • გაკვეთილის თემის გამოცხადება;
  • მასწავლებელი თემის შესახებ ჩამოთვლის ვერსიებს, „მტკიცებულებებს“ /დაახლ. 10-12 წთ/.
  • მოსწავლეები პასუხებს რვეულში ინიშნავენ რიგობითი ნიშნების მიხედვით და ნიშანთა სიმბოლოების გამოყენებით: „+“ , „-“.
  • რეფლექსიის ეტაპზე მასწავლებელი უბრუნდება საწყის ვერსიებს, აქცენტს სვამს სწორ ვარიანტებზე, მოსწავლეები აფიქსირებენ თავიანთ პასუხებს და ამოწმებენ საკუთარ ცოდნას.

მოცემული მიდგომების გამოყენების დროს კითხვები/„ვერსიები“ შეიძლება არა მარტო ჩამოვთვალოთ, არამედ ვუჩვენოთ ეკრანზე, წავიკითხოთ ხმამაღლა, რომ დავალება სმენითაც და მხედველობითაც ადვილად აღსაქმელი იყოს.

ზოგადად, მიდგომა გამოიყენება მაშინ, როდესაც საჭიროა, სწრაფად გაიაზრო, შეამოწმო, რამდენად ზუსტად აითვისეს მოსწავლეებმა ინფორმაცია. ამისთვის ჯერ მოსწავლებს ვაკითხებთ ტექტს, მერე კი ისინი უპასუხებენ დასმულ კითხვებს, მიუთითებენ, რომელი ვერსიაა სწორი და რომელი – მცდარი. აღნიშული სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტურია ნარატივზე მუშაობის დროს, მასწავლებელს საშუალება ეძლევა, თვალყური ადევნოს, რამდენად ზუსტად გაიაზრეს მოსწავლეებმა ტექსტის ყველა დეტალი. განხილვა ხდება არა გაკვეთილის ბოლოს, არამედ აქტივობისთანავე.

მაგალითად, როდესაც მიზნად გვაქვს შევამოწმოთ, რამდენად დეტალურად გაიაზრეს მოსწავლეებმა საკითხი, კითხვა ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ მოსწავლისგან თემის ღრმად გააზრებას მოითხოვდეს, უბიძგებდეს მას შედარების, ანალიზის და კრიტიკული აზროვნების სხვადასხვა ოპერაციის შესრულებისკენ. მაგალითად, ისტორიის კურსში, რომის რესპუბლიკის სწავლებისას, ძმები გრაკხუსების მოღვაწეობასთან დაკავშირებით კითხვები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

  • ჭეშმარიტია თუ არა მტკიცებულება, რომ ძმები გრაკხუსების რეფორმა დაკავშირებული იყო იმ დროს რომის იმპერიაში შექმნილ რთულ მდგომარეობასთან?
  • ჭეშმარიტია თუ არა, რომ ძმები გრაკხუსების რეფორმა მოგებიანი იყო მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის ადამიანებისთვის?
  • ჭეშმარიტია თუ არა, რომ რეფორმას მხოლოდ დადებითი შედეგი ჰქონდა?
  • ჭეშმარიტია თუ არა, რომ რეფორმამ გამოიწვია სოფლის მეურნების განვითარება და უბრალო ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება? – და ა.შ.

ამგვარად დასმული შეკითხვები „აიძულებს“ მოსწავლეს, გამოიმუშაოს საკითხის „ხედვა“, ღრმად ჩასწვდეს რომის წინაშე მდგარ სირთულეებს და რესპუბლიკის კრიზისზე საკუთარი შეხედულებ ჩამოაყალიბოს.

მიდგომა „ჭეშმარიტია-მცდარია“ გამოსადეგია მხატვრული ლიტერატურის შესწავლის დროსაც. ის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, დაფიქრდნენ ნაწარმოებში გაშლილ მოვლენებზე. ის შეიძლება გამოვიყენოთ საშინაო დავალების მიცემის დროსაც: დავავალოთ მოსწავლეებს, თვითონ შეადგინონ კითხვები გაკვეთილის ტექსტის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას, დაეხმარება მათ უკვე ნასწავლის საფუძველზე ცოდნის ჯაჭვის აგებაში.

თუმცა მოცემული სტრატეგია წარმატებით გამოიყენება შემაჯამებელი დავალებების შესრულების დროსაც, როდესაც მასწავლებელს სჭირდება, თვალი გაადევნოს მოსწავლის შედეგებს განსაზღვრული სასწავლო თემების ფარგლებში და დაინახოს, რა ცვლილებები განიცადა მისმა აზროვნებამ განვლილ პერიოდებთან შედარებით, რა არის გასაუმჯობესებელი, დასახვეწი.

კონკრეტული მაგალითები ტესტური შემაჯამებელი დავალებებისთვის VIII კლასის ისტორია-გეოგრაფიის პროგრამიდან (ასეთი დავალებები ჩართულია ტესტის სტურუქტურში და ხალისსა და ინტერესს სძენს მთელ დავალებას, კარგი მოტივატორია დაძაბული რეჟიმის პირობებში):

კლასი: VIII

დავალების ტიპი: „ჭეშმარიტია თუ მცდარი?“

ფორმა: დააჯგუფე ცხრილში ნუმერციის მიხედვით

საგანი: ისტორია

თემა: „კავკასიის ზოგადი დახასიათება“ და „I მსოფლიო ომი“:

  • კოპტები – კავკასიის ძირითადი მოსახლეობა;
  • ჩერქეზები თურქებმა გადაასახლეს;
  • ქართველები საქართველოში სამხრეთიდან გადმოსახლდნენ;
  • კახეთი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს;
  • VIII საუკუნეში საქართველოში ტახტზე მონღოლთა ყაენი იჯდა;
  • ჰერეთი დღეს სომხეთის შემადგენლობაშია;
  • ილია ჭავჭავაძე 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი იყო;
  • რუსეთმა კავკასიის სამხრეთი ნაწილი წარმატებით შემოიერთა XX საუუნის დამდეგს;
  • ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა 1802 წელს გააუქმა;
  • პეტრე I-მა ვახტანგ VI-ს დიდი დახმარება გაუწია გარეშე მტერთან ბრძოლაში;
  • 1918 წლის 11 ნოემბერს იაპონიამ პირველ მსოფლიო ომში კაპიტულაცია გამოაცხადა;
  • რუსეთის ბოლშევიკურ პარტიას შემდეგში „კომუნისტური პარტია“ ეწოდა;
  • ფაშისტური პარტია იტალიაში დააფუძნა ადოლფ ჰიტლერმა;
  • პირველი შრომითი ბანაკები დაფუძნებულ იქნა ბენიტო მუსოლინის მიერ;
  • პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა სამხედრო ბლოკი „ანტანტა“;
  • სამთა კავშირის“ ქვეყნებმა დიდი დახმარება გაუწიეს 1918 წელს ომში მონაწილე ქვეყნებს;
  • მეორე მსოფლიო ომი ვერსალის ზავით დამთავრდა;
  • 1918 წელს საბჭოთა რუსეთმა აჭარა დაიბრუნა, – და ა.შ.

საგანი: გეოგრაფია (I სემესტრის ბოლოს შემაჯამებელი დავალებებისთვის)

  • ევროპის რელიეფის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა გამყინვარებამ;
  • აზია როგორც ფართობით, აასევე მოსახლეობის რიცხოვნობით უდიდესი კონტინენტია დედამიწაზე;
  • მკვდარი ზღვა უნიკალური გამდინარე ტბაა;
  • აფრიკის დიდი ნაწილი ზომიერ სარტყელში მდებარეობს;
  • ტაიგის სამხრეთით, სითბოს საკმარისი რაოდენობის გამო, ბუნებრივი ზონების ჩამოყალიბების მთავარი ფაქტორი ტენის რაოდენობაა;
  • ტაიგის სამხრეთით ბუნებრივი ზონებისთვის მერიდიანული მიმართულება არ არის დამახასიათებელი;
  • უდაბნო სონორა ერთ-ერთი ულამაზესი უდაბნოა დედამიწაზე;
  • კლიმატური პირობების გამო ჩრდილო ამერიკაში ყველაზე ნაკლები ეროვნული პარკი და ნაკრძალია;
  • ამერიკა უძველესი დროიდან იყო დასახლებული ინდიელთა სხვადასხვა ტომით;
  • ტაიგის სამხრეთით ბუნებრივი ზონებისთვის მერიდიანული მიმართულება არ არის დამახასიათებელი;
  • ამერიკის კონტინენტზე ფართობის მიხედვით უდიდესი ქვეყანაა კანადა, მოსახლეობის რიცხოვნობით, ასევე ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალით კი – აშშ;
  • ცათამბჯენებით განთქმული ნიუ-იორკი მდ. ორონტის შესართავში კუნძულებზეა გაშენებული, – და ა.შ.

 

საგანი: სამოქალაქო განათლება (საბაზო საფეხურისთვის)

  • საერთო სახალხო გამოკითხვას განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე ამომრჩეველთა აზრის გასაგებად ეწოდება პლებისციტი;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების დამახასიათებელი თავისებურებაა მოგებაზე ორიენტირებულობა;
  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი აზრისა და შეხედულების გამოთქმის უფლებას;
  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ინფორმაციის მიღებისა და ხელმისაწვდომობის უფლებასაც;
  • კანონი ეწოდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობას, რომელთა შესრულებასაც სახელმწიფო სხვადასხვა იძულებითი საშუალებით უზრუნველყოფს;
  • სახელმწიფოს დემოკრატიულობას განსაზღვრავს მმართველობის ფორმა: რესპუბლიკური მმართველობის მქონე სახელმწიფოები დემოკრატიულია, ხოლო მონარქიული – არადემოკრატიული;
  • დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს პოლიტიკური და იდეოლოგიური შემწყნარებლობა;
  • საკონსტიტუციო სასამართლო არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების არცერთ შტოს, – და.ა.შ.

 

 

 

ჭეშმარიტია

 

 

 

 

მცდარია

 

 

 

„ჭეშმარიტია თუ მცდარი?“ არ არის ახალი პედაგოგიური მიდგომა, მაგრამ ის ძალიან ამრავალფეროვნებს, აფერადებს გაკვეთილს. ეს მთელი სისტემაა, რომლის გამოყენებით სასწავლო მიზნების მიღწევა უფრო ადვილია, შედეგები – უფრო ეფექტური, ამიტომ მას აქტიურად ვიყენებთ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სასწავლო ამოცანების შესრულების დროს.

 

ევროკავშირის მოდელირება – 2018

0

ევროკავშირის თემა გრძელდება…

მინდა, შემოგთავაზოთ პროექტი „ევროკავშირის მოდელირება-2018“, რომელიც ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე და ჩავატარე.

პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:

პროექტი ემსახურება ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაციას.

პროექტის მიზანი:

  • მოსწავლეებმა იმუშაონ მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე;
  • განუვითარდეთ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • დააფიქსირონ საკუთარი აზრი და დაიცვან თავიანთი პოზიცია;
  • ისწავლონ და პრაქტიკაში დანერგონ გუნდური მუშაობის პრინციპები;
  • გაიღრმაონ ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას;
  • გაეცნონ ევროკავშირის ინსტიტუტების მოდელს, პოლიტიკასა და აქტუალურ, პრობლემურ, გლობალურ საკითხებს.

შედეგები:

  • მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევისა და მაღალი სააზროვნო უნარები, პრეზენტაციის და თანამშრომლობითი მუშაობის უნარ-ჩვევები.
  • მოსწავლეები დაეუფლებიან საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევებს.
  • გაეცნობიან ევროკავშირის ინსტიტუტების მოდელს, პოლიტიკასა და აქტუალურ პრობლემურ, გლობალურ საკითხებს.
  • ჩამოუყალიბდებათ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, რაც დაეხმარებათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერებაში.
  • განუვითარდებათ სოციალური უნარები. გააცნობიერებენ ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას, ერთობლივად გადაჭრიან პრობლემებს, იმუშავებენ ინდივიდუალურად და ჯგუფურად.

პროექტის მნიშვნელობა

საქართველო დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს ევროპა და ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტია.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა და თემმა გაიგონ და გაიაზრონ ევროპა-საქართველოს ურთიერთობათა მნიშვნელობა, ევროკავშირის როლი საქართველოს დემოკრატიული პრინციპებით მოწყობაში. ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება არა მარტო მოსწავლეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, არამედ საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, რომელიც ნაკლებად არის ინფორმირებული. პროექტი მათ შეუქმნის მეტად პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროპისა და საქართველოს მომავალი ურთიერთობების მიმართ.

ბავშვებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, პრეზენტაციის, თანამშრომლობითი მუშაობის, დებატების, ამა თუ იმ პრობლემის შესახებ პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევები. გაიზრდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ეს ყველაფერი მომავალში როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებსაც სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში დაეხმარება. შინაარსობრივად ისეთი თემების შერჩევაში, რომლებიც მომავალშიც დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე, კერძოდ, იმ დემოკრატიული პრინციპების უკეთ გააზრებაზე, რომლებიც ასე აუცილებელია დღეს ქართული საზოგადოებისთვის, რათა ის გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და პარტნიორი.

პროექტის აღწერა და განხოციელება

  1. პროექტის დაგეგმვა და ვადების განსაზღვრა – იანვარი
  2. კვლევა – თებერვალი
  3. „ევროკავშირის მოდელირება-2018“-ის დაგეგმვა, სამუშაოს განაწილება სკოლებსა და კლასებს შორის – მარტი

შეიკრიბა საორგანიზაციო საბჭო (10 მოსწავლე). ინტერნეტში შეიქმნა დელეგატთა სარეგისტრაციო გვერდი. განაცხადი დელეგატის პოზიციაზე – https://docs.google.com/forms/d/1QY2TTG6x7m3Tjo3hfWcHNVtUbAxVaDBOXnrNpiH1yU/edit

დელეგატები 4 კომიტეტში (სამუშაო ჯგუფში) განაწილდნენ. თითოეულ კომიტეტში 13 -15 მოსწავლე გაერთიანდა:

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თემა – მიგრაცია;
  • უშიშროების კომიტეტი – ტერორიზმი;
  • სამოქალაქო უფლებებისა და მართლმსაჯულების კომიტეტი – ლოიალური კანონმდებლობა და კრიმინალთან ბრძოლის ხერხები;
  • ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტი – ქალთა სოციალური და პოლიტიკური დისკრიმინაცია.

სოციალურ ქსელში შევქმენით სამუშაო ჯგუფები.

„ევროკავშირის მოდელირება-2018“ გაიმართა შაბათს და კვირას.

მოსწავლეებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს კომიტეტებში, სადაც გაეცნენ ევროკავშირის მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში.

თითოეულმა მონაწილემ მიიღო ქვეყნის დელეგატის სტატუსი და კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საკუთარი ქვეყნის პოზიცია (პოზიციის ფურცელი) მოცემული თემის მიმართ. განხილვებისა და დისკუსიის შედეგად კომიტეტმა შეიმუშავა რეზოლუცია.

პარალელურ რეჟიმში გარე ორგანიზატორებმა ევროკავშირის მოდელირების დელეგატებისგან აიღეს ინტერვიუ.

პროექტის დასასრულს თითოეულმა კომიტეტმა გენერალურ ასამბლეაზე წარადგინა შემუშავებული რეზოლუცია. გაიმართა დებატები და კითხვა-პასუხი კომიტეტებს შორის. თითოეული დელეგატის მოსაზრების გათვალისწინებით გადაწყდა რეზოლუციის დამტკიცების საკითხი.

პროექტის მასალა იხილეთ ბლოგზე: ევროკავშირის მოდელირება 2018 https://evrokavsiri.blogspot.com/

პროექტში ჩართული იყო 58 მოსწავლე, ძირითადად  – VIII-XII კლასის მოსწავლები.

ეს კი პროექტის ორგანიზატორის გვანცა ცერიაშვილის ჩანაწერია:

„სკოლის პირველ სართულზე, დერეფანში, ბავშვები ნერვიულად დადიოდნენ, დაძაბულად საუბრობდნენ, დიდი ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით აკვირდებოდნენ ვითარებას, ყოველი მათგანის თვალებში დაძაბულობასთან ერთად ამოიკითხავდით ინტერესსა და მოუთმენლობას.

ბავშვებმა გაიარეს რეგისტრაცია და თავიანთ ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრნენ გახსნის ცერემონიას. დაახლოებით ნახევარ საათში დელეგატები უკვე ისხდნენ კომიტეტებისთვის განკუთვნილ ოთახებში. მათ ელოდათ დიდი, დატვირთული და, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ნაყოფიერი დღე.

პირველ რიგში, დელეგატებმა წარუდგინეს საკუთარი თავი სხვებს, გაიცნეს „კოლეგები“, მერე კი აქტიურად შეუდგნენ პოზიციის ფურცლების კითხვას. ჩანდა, რაოდენ დიდი შრომა იყო ჩადებული თითოეულ დოკუმენტში. ყოველი კომიტეტი მუშაობდა ერთობლივად, როგორც ერთი დიდი ოჯახი, მეტად თბილი და მეგობრული გარემო იყო.

სამსაათიანი შრომით გადაღლილი დელეგატები შესვენებაზე ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ყველას სასიხარულოდ, შთაბეჭდილებები მეტად დადებითი იყო.

დღის ბოლომდე ყოველი კომიტეტი დაუღალავად შრომობდა. შრომას თამაშები ენაცვლებოდა, რამაც ხელი შეუწყო დაძაბული ვითარების განმუხტვას. დიდი ხალისით ასრულებდნენ დავალებულ სამუშაოს ორგანიზატორები და ხელმძღვანელებიც; ყველა ერთ დიდ, სიყვარულით სავსე ოჯახად ვიქეცით.

პირველი სამუშაო დღე 5 საათზე დასრულდა, ზოგი კომიტეტი იძულებული გახდა, გარემო შეეცვალა და სხვაგან გაეგრძელებინა მუშაობა. მეტად სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ მათ ესოდენ დატვირთული დღის შემდეგ უსიტყვოდ გააგრძელეს მუშაობა.

დადგა 1–ლი აპრილი, გენერალური ასამბლეა, დღე, როდესაც გამომჟღავნდებოდა წინა დღის შედეგი და წარმატება. როგორც მოსალოდელი იყო, დელეგატები, ხელმძღვანელები და ორგანიზატორებიც კი მეტად დაძაბულნი იყვნენ, ყოველი კომიტეტი ელოდებოდა თავისი რეზოლუციის წარდგენას, დამეთანხმებით, ყოველთვის სასიამოვნოა საკუთარი შრომის ნაყოფის დანახვა.

ოთხივე კომიტეტმა გაამართლა მოლოდინი, შედეგი მართლაც რომ ნაყოფიერი იყო. დაისვა უამრავი შეკითხვა, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, გამოიკვეთა უსაზღვრო ცოდნა, გასაოცარი იყო, რა ლოგიკურად უკავშირებდნენ მონაწილეები მოვლენებს ერთმანეთს, რა გასაგებად ხსნიდნენ ყოველ კონცეპტუალურ საკითხს.

დელეგატებს სახეები კმაყოფილებისგან უბრწყინავდათ, არა იმიტომ, რომ მათ მიერ შემუშავებული რეზოლუცია დამტკიცებულ იქნა, არამედ იმიტომ, რომ თითოეულმა დაინახა საკუთარი შესაძლებლობები.

გენერალური ასამბლეის დასრულებას თან სდევდა დელეგატთა დაჯილდოება, თბილი სიტყვები და სიყვარულის გამოხატვა.

ტრიბუნასთან მდგარმა მთავარმა ორგანიზატორმა თითოეული მონაწილე თუ ორგანიზატორი დააჯილდოვა, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით, დაფასებითა და თბილი სიტყვით, თავადაც დაინახა და მიიღო იგივე, რაც გასცა. გამოაცხადეს საუკეთესონი და გამორჩეულნი, დაუვიწყარია მათი ემოცები, მათი გამომეტყველება. ორივე სკოლის მოსწავლეები მზად არიან, სასწავლო წლის ბოლომდე კიდევ ჩაატარონ მოდელირება“.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...