კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

   მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის სწავლება საბაზო საფეხურზე იწყება. პირველი წლის განმავლობაში მასწავლებელი განსაზღვრავს მოსწავლეთა ინტერსებსა და მოტივაციას, ზოგად უნარ-ჩვევებს. ძალზე მნიშვნელოვანია პირველი წლის დაგეგმვა, რადგან სწორედ მაშინ ყალიბდება მოსწავლის დამოკიდებულება საგნის მიმართ. როგორ შეიძლება ყველაზე რაციონალურად დაიგეგმოს დიფერენცირებული დამოუკიდებელი სამუშაოები ახალი თემების შესწავლისას:

  1. სამსაფეხურიანი სირთულის დავალებები – მარტივი, საშუალო სირთულის და რთული;
  2. საერთო ჯგუფური დამატებითი დავალებები;
  3. ინდივიდუალური დიფერენცირებული დავალებები;
  4. დიფერენცირებული ჯგუფური დავალება;
  5. ზოგადი პრაქტიკული დავალებები მინიმალური რაოდენობის ამოცანებით;
  6. სხვადასხვა სახის სირთულის ინდივიდუალური ჯგუფური დავალებები.

„განათლება თავად ცხოვრებაა“ – ეს სიტყვები ჯ. დიუის ეკუთვნის. დიუის მიხედვით, განათლების მთავარი დანიშნულება მოზარდის დემოკრატ მოქალაქედ ჩამოყალიბებაა. მან პირველმა დაამკვიდრა ტერმინი ბავშვზე ორიენტირებული განათლება (child-centered education).

დიუი მასწავლებელებს მოუწოდებდა, არ მიეწოდებინათ „მზა ცოდნა“ მოსწავლეებისათვის, არამედ მორალური ღირებულებების საშუალებით, ურთიერთთანამშრომლობითა და დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით, მოზარდები თავად მისულიყვნენ „სწორ დასკვნებამდე“. დიუის განათლების ხედვას გამოცდილებითი სწავლების თეორიასაც უწოდებენ. მისი მთავარი პრინციპია, თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების სწორ დასკვნებამდე მიყვანა. (London,2000).

დიუის თეორია დღემდე აქტუალურია და მასში მნიშვნელოვანია სწავლების ოთხი ძირითადი ფორმის გამოყოფა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს დემოკრატი მოქალაქის ჩამოყალიბებაში.

  1. გამოცდილებითი – საზოგადოებრივი სწავლება (community-service-based learning). სწავლების ეს ფორმა ითვალისწინებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული სასწავლო პროექტებით მოსწავლეებში აამაღლოს კონკრეტული საგნის სწავლების დონე და დაამკვიდროს დემოკრატიული ფასეულობები. მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაცია ამ სახის სწავლების მთავარი მიზანია;
  2. დისციპლინაზე დამყარებული სწავლება (discipline-based learning). ამ სახის სწავლება მიზნად ისახავს, გზა გაუხსნას პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას და მოახდინოს ნებისმიერი დისციპლინის (ტექნიკური საგნები, ფიზიკა, მათემატიკა; ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი საგნები, ისტორია, ლიტერატურა) ღრმა ანალიზი აზროვნების მეთოდების გამოყენებით;
  3. თანამშრომლობითი სწავლება (collaborative learning). სწავლების ამ ფორმის მეშვეობით მნიშვნელოვანია წარმოჩნდეს თანამშრომლობის უპირატესობა ტრადიციულ, ინდივიდუალურ სწავლებასთან შედარებით, რათა დემოკრატიული ფასეულობების განვითარება მოზარდებში დაფუძნებულ იყოს ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებზე;
  4. ახალი ტექნოლოგიური სწავლება (new technology learning). სწავლების ეს ფორმა ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური ხდება. ტრადიციული სასწავლო მეთოდები ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და მათი ეფექტიანობის გასაზრდელად სასწავლო გეგმებში შეტანილია არატრადიციული, არაფორმალური სასწავლო სტრატეგიები (კლასში მერხების წყობის მენეჯმენტი, ჯგუფური სწავლება, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება).

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფორმებიდან – სასწავლო პროექტებია. ამისთვის გეოგრაფიის გაკვეთილებზე საკმაო დიდი შესაძლებლობები  არსებობს.

ძალიან ხშირად გამოიყენება მინიპროექტები. მაგალითად, მერვე კლასში მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის შესწავლისას მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა დარგის განვითარების ისტორიულ წინაპირობებს, დაადგენენ გავრცელების კანონზომიერებებს. თავად შეარჩევენ პროექტის წარმოდგენის ფორმებს.

მეცხრე კლასში საქართველოს გეოგრაფიის მეუნეობის სტრუქტურის შესწავლისას მოსწავლეები გაიხსენებენ წინა კლასში შესრულებულ პროექტებს და უკვე შესაძლებელია ექსკურსიაზე რომელიმე საწარმოში წავიყვანოთ. ისინი შეისწავლიან საწარმოს დაარსებისა და განვითარების ფაქტორებს,  ისტორიასა და განვითარების პერსპექტივებს.

პროექტები შეიძლება გრძელვადიანიც იყოს. მაგალითად, მე -7 კლასში მთელი წლის განმავლობაში ბავშვები შექმნიან გამოგონებული ახალი კონტინენტის მოდელს. ეს სამუშაო მთელი წლის განმავლობაში სრულდება. გეოგრაფიული კოორდინატების შესწავლისას ისინი რუკაზე შეარჩევენ გამოგონილი კონტინენტის კოორდინატებს, ფორმასა და ზომას. განსაზღვრავენ მატერიკის რომელ მერიდიანებსა და პარალელებს შორის მდებარეობს, უკიდურეს წერტილებს, რომელი ოკეანეები და კონტინენტები ესაზღვრება. ამრიგად, მსოფლიო რუკაზე „დაარეგისტრირებენ“ ახალ კონტინენტს.

შემდგომი თემების შესწავლისას ახალ კონტინენტზე ახალი გეოგრაფიული ობიექტები გამოჩნდება. მოსწავლეები ლითოსფეროს შესწავლისას რელიეფის ფორმებს დაიტანენ; ატმოსფეროს შესწავლისას მოსწავლეები ქმნიან კლიმატურ რუკას, განსაზღვრავენ კლიმატურ სარტყლებსა და ქარების მიმართულებას. დაადგენენ ყველაზე ცივ და ყველაზე თბილ ადგილებს, ყველაზე მშრალსა და ყველაზე ნალექიან ტერიტორიებს.

ჰიდროსფეროს შესწავლისას ბავშვები წარმოადგენენ მდინარის სისტემებს, მოიფიქრებენ კვების როგორი რეჟიმი იქნება მათთვის დამახასიათებელი და რა სამეურნეო დანიშნულება ექნებათ; დაადგენენ ტბების არსებობასა და მათი წარმოშობის მიზეზებსაც.

ბუნებრივი ზონების შესწავლისას სხვა კონტინენტების ანალოგიურად განსაზღვრავენ, რა ცხოველები და მცენარეები შეიძლება არსებობდეს მოცემული ბუნებრივი პირობების გავითვალისწინებით,  შეადგენენ ბუნებრივი ზონების თემატურ რუკებს.

დედამიწის მოსახლეობის თემის შესწავლისას ბავშვები მოიფიქრებენ, როგორი ქვეყნები და ქალაქები შეიძლება არსებობდეს „მათ” კონტინენტზე. მოსწავლეები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან ნაციონალურ კოსტიუმებს და მოიფიქრებენ მათთვის დამახასიათებელ ტრადიციებს.

ბავშვები პროექტზე მუშაობენ  როგორც ინდივიდუალურად, ასევე – ჯგუფურად.

ამ პროექტით დიუის ოთხივე ფორმას ვეხმიანებით და მაღალ სააზროვნო დონეზე გავდივართ. მოსწავლეები არა მარტო გაიგებენ და დაიმახსოვრებენ გეოგრაფიული გარსის შემადგენელ კომპონენტებს, არამედ ანალიზისა და შეფასების შედეგად თავად შექმნიან ახალს (სინთეზი), ამ შემთხვევაში კონტინენტს. სინთზისა და შეფასების დონეების ადგილების გადანაცვლება ჩემთვის უფრო მისაღებია.

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მოსახლეობის თემას ეხება.

გაკვეთილი-სემინარი – საკმაოდ ნაცნობი ფორმაა. მუშაობა სრულდება ჯგუფებში. დავალება ყველა ჯგუფს განსხვავებული აქვს. როგორც წესი, დავალება არის პრობლემაზე ორიენტირებული და გამოიყენება ახალი თემის შესწავლისას.

პირველ გაკვეთილზე მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად და მივცეთ დავალებები: პირველ ჯგუფს – მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები; მეორე ჯგუფს – ეროვნული და რელიგიური შემადგენლობა, განსახლებისა და კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები; მესამე ჯგუფს – შრომითი რესურსები, რეგიონებში არსებული უმუშევრობის პრობლემები, გამომწვევი მიზეზები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები; მეოთხე ჯგუფს – მიგრაციული პროცესები; ძირითადი მიგრაციული ნაკადები, მათი გამომწვევი მიზეზები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მოსწავლეები გამოყოფენ პრობლემას და სახავენ განვითარების გზებს.

მოსწავლეები ამ გაკვეთილზე ადგენენ მუშაობის გეგმას:

  1. შეიმუშავებენ საჭირო ინფორმაციის სიას;
  2. ადგენენ საჭირო შეკითხვების სიას, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს მუშაობის პროცესში.

მასწავლებელი ამ გაკვეთილზე მხოლოდ კონსულტანტია. მოსწავლეები სახლში აგროვებენ საჭირო რესურსებს და მეორე გაკვეთილზე პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ: აგებენ გრაფიკებს, დიაგრამებს, ადგენენ თემატურ რუკებს.

მესამე გაკვეთილზე თითოეული ჯგუფი წარადგენს ანგარიშს. პრეზენტაციის დროს მოსწავლეები ინიშნავენ მათთვის სასურველ ინფორმაციას და გაურკვეველ საკითხებზე სვამენ კითხვებს.

ასე რომ, ყველა მოსწავლე თემის გარშემო აგროვებს ინფორმაციას, ფიქრობს, ადგენს გეგმებს, აანალიზებს და აფასებს.

როგორც ვხედავთ, მთავარი პრიორიტეტი მოდელის  არჩევისას დამოუკიდებელი მუშაობაა, რომელიც მიზნად მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობის განვითარებასა და მისი პიროვნების ჩამოყალიბებას ისახავს.

 

პოეზიის აბები რობერტ ფროსტისგან

0

(გიგი თევზაძის ერთი თარგმანის გამო)

 

“კარგი ლექსი ჰქვია ისეთ ლექსს, სადაც ემოცია აზრითაა გადმოცემული, ხოლო აზრი – სიტყვებით”.

რობერტ ფროსტი

 

სწორედ ასეთი „კარგი ლექსები“ აქვს რობერტ ფროსტს, ლექსები, რომლებშიც ღრმა აზრია, ეს აზრი კი დიდი ემოციების შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აზრებს ვკითხულობთ, საგრძნობია ის ემოციაც, რომლის გავლითაც მივიდა ავტორი ამ აზრამდე და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის გადმოსაცემად ზუსტი სიტყვები, ქარაგმები (როგორც თავად უწოდებდა) და ინტონაციებია შერჩეული. ფროსტის ლექსებში ყოველთვის „სევდიანი ნაკვალევი“ რჩება… ეს სევდა არამც და არამც არ არის ტრაგიკული, არამედ სიბრძნესთან თანაზიარია.

ამერიკელმა პოეტმა და კრიტიკოსმა მარკ ვან დორენმა ფროსტი ასე შეაფასა: “იგი ფილოსოფიური პოეტი იყო, რაც, მისი გაგებით, ნიშნავდა ღრმა და ფაქიზი გულის შერწყმას ინტელექტთან, რომელიც მუდამ დაეძებს ღრმა აზრს ცხოვრებაში”.

ამიტომ არის პოეზიის თარგმნა ურთულესი, განსაკუთრებით – ფროსტის სტილის პოეზიისა (თავად ფროსტი თარგმანებს საერთოდ არ ცნობდა და არც კითხულობდა). საკმარისია, დაარღვიო რიტმის სიფაქიზე, შინაგანი დინამიკა და მორჩა, დაკარგულია განწყობა და მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენად ზუსტად გადმოიტან სახეებს. ამ შემთხვევაში პოეზია კარგავს თავის უნიკალურ მელოდიას, რომელიც სიტყვებისგან დამოუკიდებლად და სიტყვებთან ერთადაც ქმნის განსაკუთრებულ ველს, სიხშირეს შემეცნებისთვის.

ფროსტის ლექსები ფილოსოფიისა და პოეზიის შეხვედრის ადგილია. ოღონდ ცალ-ცალკე კი არ არიან, არამედ ერთად, ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნიან. თავად ფროსტი ყველაზე ზუსტად განმარტავს ამ პროცესს: “ლექსი იწყება აღტკინებით და მთავრდება სიბრძნით – განვითარების გზა იგივეა, რაც სიყვარულში. ვერავინ იტყვის, რომ ექსტაზი შეიძლება სტატიკური იყოს და ერთ ადგილას გაჩერდეს. ასე რომ, იგი იწყება აღტკინებით, შემდეგ მიელტვის პირველად იმპულსს, იღებს მიმართულებას, რომელიც მას მისცა პირველმა ფრაზამ, გაივლის ბედნიერ შემთხვევათა წყებას და მთავრდება ცხოვრების კლარიფიკაციით (გასხივოსნებით), – არა დიდი კლარიფიკაციით, რომელსაც ემყარება სექტები და რელიგიური კულტები, არამედ გაურკვევლობასთან წუთიერი დაპირისპირებით… იგი პოულობს თავის სახეს თავისსავე მსვლელობაში, მოელის მას რომელიმე ფინალურ ფრაზაში, რომელიც ბრძნული იქნება და თან სევდიანი“ (თარგმნა ზვიად გამსახურდიამ).

ამ განმარტების მიხედვით (და დედანთან მიმართებითაც), ფროსტის პოეზიის სული, ჩემი სუბიექტური აზრით, ქართული თარგმანებიდან ყველაზე მეტად გიგი თევზაძის თარგმანში იგრძნობა. გიგი სულაც არ არის პროფესიულად გაწაფული მთარგმნელი და იქნებ სწორედ ამიტომაც ასცდა იმ ხელოვნურობას და მანერულობას, რომელიც ქართული თარგმანების უმეტესობას ახასიათებს. იქნებ იმიტომაც, რომ მთარგმნელი ფილოსოფოსია. ან იმიტომ, რომ ეს დიდი სურვილით და სიყვარულით გააკეთა.

ეს ლექსია ფროსტის „თოვლიან საღამოს, ტყეში“ („Stopping by Woods on a Snowy Evening“).

ნახეთ, რა ღრმა და სევდიანი ფროსტისეული ინტონაციები ახლავს რიტმს, რომელიც მთარგმნელმა შეარჩია და რასაც ამ თარგმანის ყველაზე დიდ ღირსებად მივიჩნევ:

 

ვფიქრობ, რომ ვიცი, ვის ეკუთვნის ტბა და ხეები,

ამ ადგილიდან მისი სახლი არცთუ შორია,

ის კი ვერ მხედავს, აქ რომ ვდგავარ და ვაკვირდები

ტყის არემარეს. ყველგან თოვლია.

 

ახლა კი – ფროსტის ამ ლექსის შესახებ: რატომ არის საინტერესო და შთამბეჭდავი ეს სტრიქონები? უპირველეს ყოვლისა, მკითხველი ხედავს, როგორ უყურებს ლირიკული პერსონაჟი -დამკვირვებელი, ბუნების წიაღ მდგომი და თითქოს ბუნებასთან შერწყმული – სხვის საკუთრებას (ტბას, ხეებს და სახლს). თოვლი და სითეთრე გარემოს იდუმალებასა და მედიტაციურობას მატებს და თითქოს დამკვირვებელი იქვე, ხეს კი არ არის ამოფარებული, არამედ სადღაც სხვა სივრცეშია, ან ზემოდან დაჰყურებს ამ ყველაფერს. ის ერთსა და იმავე დროს ბუნების ნაწილიც არის და გამოყოფილიცაა მისგან. ეს ლექსი პირველად რომ წავიკითხე, ტარიელ ჭანტურიას ლექსის ფრაგმენტი გამახსენდა:

 

ბაღი – სხვისია?

– ჩემია, ფოთოლცვენა და ფოთლები.

 

პოეტი, რომელსაც, შესაძლოა, საკუთარი არაფერი გააჩნდეს, მაინც ფლობს ყველას და ყველაფერს, რასაც უმზერს, რასაც მისი თვალი გასწვდება.

მდიდარი სიტყვიერი საღებავებით დახატულ კადრებს თან ახლავს მსუბუქი სევდა-მელანქოლია, რომელსაც ხატებთან ერთად ქმნის ლექსის რიტმი, სიტყვათა წყობა, ბგერადობა… მსუბუქი სევდისა და ვიზუალური ხატების შემდეგ იბადება კინესთეტიკაც: შევიგრძნობთ თოვლის სუსხს, სითეთრის თანამდევ სიმშვიდეს, ტყის იდუმალებას (ინდივიდუალური ინტერპრეტაციები კიდევ უფრო მდიდარი იქნება). მკითხველი მთლიანად უნდა იდენტიფიცირდეს დამკვირვებელთან, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს, მიჰყვეს მის აზრთა მდინარებას შერჩეული სახეებით და დანიშნულების ადგილამდე მივიდეს. აქ ისევ ფროსტის ციტატას დავიმოწმებ: “მწერალი არ ტირის, მკითხველიც არ ტირის; მწერალს არაფერი აოცებს, მკითხველსაც – არაფერი”.

მომდევნო სტროფებში კიდევ უფრო ძლიერდება მკითხველის შთაბეჭდილება:

 

ჩემი ცხენუკა, ალბათ, ფიქრობს, სისულელეა

აქ დგომა ღამე, რაკი სითბო არ გვაქვს არსიდან,

არც ფერმაა და არც სადგომი სადმე შორ-ახლოს,

მარტო ხეები გვიყურებენ თოვლის გარსიდან.

პატარა ცხენი აწკარუნებს წვრილ ზანზალაკებს,

ალბათ, კითხულობს: ნეტავ რამე ხომ არ გვეშლება?

ამ ხმის გარდა კი – მხოლოდ ქარი ზუზუნებს ტყეში

და ტბის ზედაპირს გაყინული ჩქამით ეხლება.

 

ლირიკული გმირის ერთადერთი თანამგზავრი ცხენუკაა, რომელსაც ის ესაუბრება და დიალოგში შემოჰყავს. ცხენი (პოეტის სხვა მე, ან არაცნობიერი) თითქოს ეკამათება პატრონს: რა სისულელეა ამ სიცივეში დგომა, არც სითბოა და ფერმაც არასად ჩანსო (სხვათა შორის, ფროსტი ცხრა წელი ცხოვრობდა ფერმაში და სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა). ზანზალაკის წკარუნიც გვესმის და ქარის ზუზუნიც ტყეში… ყველაფერი გვესმის, ვხედავთ და შევიგრძნობთ. ადამიანის აღქმის სამივე პარამეტრი ამ ლექსში ჰარმონიულად „მუშაობს“. მთავარია, იგივე პარამეტრები მკითხველსაც ჰქონდეს ცნობიერებაში მხოლოდ „ჩატვირთული“ კი არა, გააქტიურებულიც. აზრი განსაკუთრებულ სიღრმეს იძენს აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური არხებით ერთიანი შემეცნებისას. მხოლოდ „ლინგვისტური წაკითხვა“ მხატვრულ ტექსტს ძალიან აღარიბებს.

ზემომოყვანილ სტროფებში ის „წინააღმდეგობა“ იკვეთება, რაც პოეტის ციტატაშია: „გაურკვევლობისადმი წუთიერი დაპირისპირება“. ლექსის აზრი საბოლოოდ „პოულობს თავის სახეს თავისსავე მსვლელობაში, მოელის მას რომელიმე ფინალურ ფრაზაში, რომელიც ბრძნული იქნება და თან სევდიანი“. სწორედ ასეთია ამ ლექსის ფინალური სტროფი – სევდიანი და ბრძნული:

 

ტყე ლამაზია და თეთრ-მუქად დგანან ნაძვები,

მაგრამ ხომ უნდა შევასრულო ჩემი აღთქმები,

კილომეტრები გავიარო, სანამ დავწვები,

კილომეტრები გავიარო, სანამ დავწვები.

 

ადამიანური ყოფა – მოგზაურობაა. ეს მოგზაურობა ორ განზომილებაში ერთდროულადაც შეიძლება მიმდინარეობდეს და გარეგანი (ფიზიკური) მოგზაურობა შინაგანი (ცნობიერებაში) მოგზაურობის მეტაფორაა ყოველთვის (თუ ამას ადამიანი გააცნობიერებს), როგორც ამ ლექსშია: ბუნების განწყობა შინაგან განწყობასთანაა რეზონანსში. კილომეტრები უნდა გაიარო დაწოლამდე (ეს „დაწოლა“ საწოლში დაწოლაცაა და მოგზაურობის დასასრულიც). მანამდე კი… წინ დიდი გზაა და აღთქმები შესასრულებელი.

 

P.S. შემთხვევითი არ მგონია, რომ გიგი თევზაძის ერთადერთი თარგმანი მხედრის (ცხენისა და ადამიანის) მოგზაურობაზეა. შემთხვევითია, რომ მე დიდი ხანია ვაპირებდი ამ ლექსზე დაწერას, მაგრამ გუშინ დავიწყე წერა. შემთხვევითია, რომ დღეს, უთენია, გიგი თევზაძე თელავისკენ ცხენით სამოგზაუროდ წავიდა. ყველაფერი რეზონანსშია… და ფინალური ფრაზაც მაქვს შალვა ბაკურაძის ლექსიდან: „გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი“.

თქვენ კი, „პოეზიის აფთიაქის“ მომხმარებლებო, გირჩევთ, რობერტ ფროსტის აბს (გიგი თევზაძის უნიკალური შეფუთვით) წყალი არ მიაყოლოთ, რაც შეიძლება კარგად დაღეჭეთ და რაც შეიძლება დიდხანს. შეიძლება, ცოტა გემწაროთ, მაგრამ შედეგი აუცილებლად დადგება!

 

გიგი თევზაძის თარგმანი შეგიძლიათ წაიკითხოთ და დედანს შეადაროთ ამ ლინკზე:

https://blogmedia.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90/

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, გახდეს წარმატებული

0

ვფიქრობ, ძნელად იპოვით მშობელს, რომელსაც არ სურს, მისი შვილი წარმატებული იყოს. უფროსები, წესისამებრ, ადრევე იწყებენ ამაზე ზრუნვას და ძალას, ენერგიას, მცდელობას არ იშურებენ იმისთვის, რომ ჯერ კიდევ მცირეწლოვანი შვილის წარმატებით გაიხარონ. თუმცა ხშირად, მიუხედავად მშობლების ძალისხმევისა, ბავშვი წარუმატებლობის მსხვერპლი ხდება. ალბათ, საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, რა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ასეთი შედეგი და რა უნდა გააკეთოს მშობელმა შვილის წარმატების ხელშესაწყობად, რითაც თავადაც გაიხარებს და საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს, ვინაიდან წარმატებული და რეალიზებული ადამიანების სიმრავლე ქვეყანაში ფსიქოლოგიურ კლიმატს სასიკეთოდ ცვლის.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ ბავშვის წარმატება-წარუმატებლობა არა მხოლოდ ოჯახზე, არამედ სკოლასა და საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პიროვნების ჩამოყალიბება ოჯახში იწყება და სწორედ მშობელი განსაზღვრავს, რა მიმართულებას მიიღებს ეს პროცესი, ვფიქრობ, მისი როლის გამოკვეთა და მასზე ყურადღების გამახვილება ღირს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ განსაზღვრულ დრომდე ყველაზე დიდი ავტორიტეტი ბავშვისთვის მშობელია. სწორედ მისი აზრია პატარასთვის განსაკუთრებით ფასეული. ხშირად – იმდენად მნიშვნელოვანიც კი, რომ, თუნდაც გარშემო მყოფები ერთხმად აღიარებდნენ მის მიღწევებს, თუ მშობლის კმაყოფილება და მოწონება ვერ იგრძნო, თავდაჯერებას კარგავს. ამას მოწმობს პატარა გიოს შემთხვევაც, რომელმაც ერთ-ერთი საკონცერტო ნომრის შესრულებით აღაფრთოვანა მსმენელი. დარბაზში დიდხანს ისმოდა მოწონების შეძახილები. ბავშვი სიხარულს ვერ მალავდა, მაგრამ როგორც კი დედის უკმაყოფილო სახეს მოჰკრა თვალი, ღიმილი სახეზე შეაცივდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გიოს მუსიკოსი დედიკო არასოდეს რჩებოდა კმაყოფილი შვილის გამოსვლით, აძლევდა შენიშვნებს და უფრო და უფრო მეტს მოითხოვდა მისგან. მშობლის ასეთი დამოკიდებულების გამო გიო მოკლებული იყო წარმატებით განცდილ სიხარულს და მოუთმენლად ელოდა იმ დღეს, როდესაც დედის სახეზეც დაინახავდა მოწონების გამომხატველ ღიმილს. რაკი ამას ვერ მიაღწია, მოგვიანებით, როცა დედისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, უარი თქვა მუსიკალურ განათლებაზე და მუსიკალურ სასწავლებელში სიარულს თავი დაანება, რითაც ძალიან გაანაწყენა მასწავლებლები, რომლებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.

მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ გიოს დედისნაირი მშობლები იშვიათად გვხვდებიან. ჭარბობენ ისეთები, რომლებიც შვილის მცირედ წარმატებასაც კი აღფრთოვანებით ხვდებიან და გარშემო მყოფებისგანაც მოითხოვენ ბავშვის „უნიკალური ნიჭის“ აღიარებას. ვერც პირველ, ვერც მეორე შემთხვევაში უფროსები ვერ უქმნიან ბავშვს სათანადო პირობებს, რათა მან მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, წარმატებულობის განცდა დაეუფლოს და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს.

მაინც რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, როგორ იპოვოს ის ოქროს შუალედი, რომელიც წარმატებული, რეალიზებული და ბედნიერი პიროვნების აღზრდაში დაეხმარება?

* ცნობილია, რომ ადამიანი მაშინ გრძნობს თავს ბედნიერად და წარმატებულად, როცა მისთვის საინტერესო და საყვარელ საქმეს აკეთებს. ამდენად, კარგი იქნება, თუ ზედმეტად არ ჩავერევით ბავშვის არჩევანში და მივცემთ საშუალებას, თავად გაერკვიოს, რას გააკეთებდა სიყვარულით და სიამოვნებით.

*  პატივი ვცეთ ბავშვის არჩევანს, მაშინაც კი, თუ ის ჩვენს გეგმებსა და სურვილებს ეწინააღმდეგება.

* ნუ მოვითხოვთ ბავშვისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. ამ შემთხვევაში მუდმივი მარცხი მას საკუთარი ძალების რწმენას დაუკარგავს და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სერიოზულ დაბრკოლებად ექცევა.

* არ იქნება გამართლებული, მოვთხოვოთ ბავშვს, ყველაფერში პირველი და შეუდარებელი იყოს. ამან შესაძლოა უარყოფითი განცდები აღუძრას, რაც წარმატების მიღწევაში ნამდვილად ვერ დაეხმარება.

* გავითვალისწინოთ, რომ წარმატება შეფარდებითი ცნებაა. ის, რაც ერთს წარმატების განცდის საფუძველს აძლევს, მეორისთვის შესაძლოა მარცხის მომასწავებელი აღმოჩნდეს. როცა ვხედავთ, რომ ბავშვი მაქსიმალურად იყენებს თავის შესაძლებლობებს, უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ მის მონდომებას და თითოეული მიღწევა აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შესაძლოა მინიმალური ძალისხმევით ახერხებდეს იმავეს.

* წარმატებული მშობლებისთვის უფრო ადვილია წარმატებული პიროვნების აღზრდა. ადამიანი, რომელმაც მიზეზთა გამო ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობების რეალიზება, შვილისგან მოითხოვს იმას, რაც თავად ვერ შეძლო. ამით ის საკმაოდ მძიმე ტვირთს ჰკიდებს მხრებზე პატარას და წარმატებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში ხელს უშლის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი არ არის ბავშვის აღზრდის პროცესის ისე წარმართვა, რომ მან თავისი შესაძლებლობების ზედმიწევნით რეალიზება მოახერხოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია, რომ ყველას თავისი გზა აქვს და არ არის სასურველი სხვისი, თუნდაც მშობლების გაკვალული გზით იაროს, გაგვიადვილდება იმ აზრთან შეგუება, რომ არ უნდა გადავახვევინოთ ბავშვს განვითარების საკუთარი გზიდან. პირიქით, ჩვენი თანადგომით დავეხმაროთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, თვითაქტუალიზებასა და წარმატების მიღწევაში.

მასწავლებელთა პროფკავშირის სათავეებთან

0

კარგი მეგობრის გვერდით დგომა უდიდესი ბედნიერებაა. მეც გამიმართლა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემს ძვირფას თანამებრძოლთან ერთად საქართველოს ეროვნულ არქივში მუშაობა მომიწია. საქართველოს პროფკავშირული წარსულის შესახებ მოკლე საინფორმაციო ბროშურა და გამოფენის მასალები მოვამზადეთ. საძიებო კვლევის დროს უმთავრესად 1910-იანი წლების დოკუმენტები დავახარისხეთ. განსაკუთრებით იმან გამახარა, რომ მასწავლებელთა მოძრაობის განვითარების ამსახველი უამრავი მასალა ჩამივარდა ხელში. პედაგოგებმა მრავალწლიანი შრომა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებითა და თავიანთი პროფესიული ინტერესების დამცველი თავისუფალი კავშირის ჩამოყალიბებით დაასრულეს. მოდი, ამჯერად ჩვენც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედ მასწავლებელთა ასოციაციაზე ვისაუბროთ. ჩვენს პედაგოგებს დარაზმვისა და გაერთიანების უმდიდრესი გამოცდილება აქვთ. სამწუხაროდ, დღეს თითქმის არავინ იცის საშური მემკვიდრეობის შესახებ და ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო პროფკავშირული იდეაც მთლიანად საბჭოთა წარსულთან არის ასოცირებული.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პატივსაცემი პროფესია გახლდათ. რევოლუციურ თუ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაბმულ თითქმის ყველა ინტელექტუალს პედაგოგიური მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მასწავლებლობა მოქალაქეებისთვის არც მხოლოდ მოწოდება ყოფილა და არც მხოლოდ ლუკმაპურის შოვნის გზა. სოფლისა თუ ქალაქის სკოლებში სამსახურით განათლებული ადამიანები წერა-კითხვასთან ერთად პოლიტიკური იდეების გავრცელებასაც ცდილობდნენ. დღის მეორე ნახევარში სასწავლებლები ბავშვებთან ერთად უფროსებსაც მასპინძლობდნენ. ღუმლის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები ხან თანამედროვე პოლიტიკურ მოვლენებს, ხან კი საგანმანათლებლო ტექსტებს განიიხლავდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პირველ საყოველთაო წესით არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში არაერთი პედაგოგი აღმოჩნდა. ზოგიერთმა მათგანმა უმაღლესი თანამდებობაც დაიკავა. ჩიტო შარაშიძე დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრიც კი იყო. ხოლო მასწავლებლებმა, რომლებსაც სახელისუფლებო თუ პარტიულ იერარქიაში ადგილის მოპოვების სურვილი არ ჰქონდათ, თავისუფალი ასოციაციის დაფუძნება გადაწყვიტეს.

„მასწავლებელთა კავშირი“ სავსებით დემოკრატიული ორგანიზაცია გახლდათ. მისი ყოველი ორმოცდაათი წევრი ერთ წარმომადგენელს ირჩევდა პედაგოგთა ყრილობის დელეგატად. ყრილობის მიზანი იყო კავშირის მმართველი საბჭოს დაკომპლექტება, რომელიც ათი მასწავლებლისგან შედგებოდა. ყრილობებს შორის საბჭოს გასაკონტროლებლად ცალკე ყალიბდებოდა 30-50-წევრიანი ორგანო – კონფერენცია. საგანგებო შემთხვევებში საბჭოს სხდომებს რეგიონებიდან საგანგებოდ წარმოგზავნილი დელეგატებიც ესწრებოდნენ. თანამედროვე გაერთიანებათა მსგავსად, 1918 წელს შექმნილ „მასწავლებელთა კავშირშიც“ შესანიშნავად იყო განაწილებული ფუნქციები. ასოციაციას ჰყავდა თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე საორგანიზაციო და სასკოლო პოლიტიკის დარგში, მდივანი და ხაზინადარი. პროფკავშირის შემადგენლობაში ცალკე ავტონომიურ სტრუქტურებად ირიცხებოდნენ მასწავლებელთა სამაზრო ორგანიზაციები. „მასწავლებელთა კავშირის“ მართვა-გამგეობაში განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა „სომეხ მასწავლებელთა კომიტეტს“. მაშასადამე, პროფკავშირები მხოლოდ რეგიონული ნიშნით არ იყო დაყოფილი, მის მუშაობაში თავის როლს ასრულებდნენ ეროვნულ უმცირესობათა პროფესიული ინტერესების დამცველი ჯგუფებიც.

ასი წლის წინ მოქმედ „მასწავლებელთა კავშირს“ არასტანდარტული სტრუქტურებიც ჰქონდა. მაგალითად, პედაგოგთა პროფკავშირის ეგიდით მუშაობდა კოოპერატივი. ის რამდენიმე მაღაზიას აერთიანებდა. მაღაზიებში შეღავათიან ფასად იყიდებოდა მასწავლებელთათვის საჭირო ნაწარმი, ლიტერატურა და საკანცელარიო საქონელი. მცირედი მოგებით კი ორგანიზაცია გაფიცვებსა და პოლიტიკურ ბრძოლას აფინანსებდა.

კავშირს ჰქონდა თავისი სტამბა, გამოსცემდა წიგნებსა და ორ შესანიშნავ გაზეთს – „განათლებასა“ და „სკოლა და ცხოვრებას“. ცნობილი ქართველი მწერლის, საბავშვო თეატრის დამფუძნებლისა და რევოლუციონერი ქალის ნინო ნაკაშიძის რედაქტორობით გამომავალი საყმაწვილო ჟურნალი „ნაკადულიც“ მასწავლებელთა პროფკავშირების გამომცემლობის შემადგენლობაში შედიოდა. გაზეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული მოკრძალებული თანხებიც მასწავლებლის პროფესიის გასაძლიერებლად იხარჯებოდა.

ასოციაციას ჰქონდა ორი სალარო – დამზღვევი და საპენსიო. სალაროებში დაზოგილი გროშების საშუალებით მოულოდნელ გასაჭირში აღმოჩენილი მასწავლებლები შეძლებისდაგვარად იღებდნენ პროფკავშირულ დახმარებას. საბჭოთა კავშირს რომ არ მოესპო თავისუფალი ასოციაცია, შესაბამის ასაკს მიღწეული წევრები საბაზისო სახელმწიფო პენსიაზე დანამატსაც მიიღებდნენ.

კავშირის საწევრო გადასახადი ხელფასის 1% გახლდათ. საწევრო შემოსავლის 10% კავშირის ცენტრალურ ანგარიშზე ირიცხებოდა, 90% კი მაზრაში რჩებოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 1910-1920-იან წლებში კავკასიაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრი პროფკავშირელი ჯამაგირის აღებასაც ვერ ახერხებდა. ბუნებრივია, ასოციაცია მიუღებელი ხელფასიდან საწევროს გადახდას ვერ მოითხოვდა.

დამოუკიდებელ საქართველოში ეპიდემიებიც მძვინვარებდა. გავრცელებული იყო მალარია და ტუბერკულოზი. „მასწავლებელთა კავშირს“ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მანგლისის სანატორიუმი გადასცა საჩუქრად. სანატორიუმის ერთი შენობა შვებულებისთვის იყო გამოყოფილი, იზოლირებული კომპლექსი კი დაავადებულთა რეაბილიტაციისთვის გახლდათ განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ „მასწავლებელთა კავშირი“ გარიყული, მხოლოდ საკუთარ პრობლემებში ჩაფლული, საზოგადოებისა თუ სახელმწიფოსგან უყურადღებოდ მიტოვებული დაწესებულება არ ყოფილა. პროფკავშირების გასაძლიერებლად თბილისის ოპერა საგანგებოდ დგამდა წარმოდგენებს. მაგალითად, 1920 წლის გაზაფხულზე გამართული „აბესალომ და ეთერის“ რამდენიმე სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად პედაგოგთა გაერთიანების მმართველ საბჭოს გადაეცა. დიმიტრი უზნაძე „განათლებასა“ და „სკოლა და ცხოვრებასთან“ თანამშრომლობას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა. ამ გამოცემათა მნიშვნელობა ესმოდა სახალხო განათლების სამინისტროსაც, რომელიც უხვად აფინანსებდა ორივე მათგანს. კონსტანტინე გამსახურდიაც კი არ უარობდა მასწავლებლებისთვის ლექციების მომზადებას. ის პედაგოგებს გერმანული სკოლების მუშაობის სპეციფიკას აცნობდა.

მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურებთან კარგი ურთიერთობისა, პროფკავშირი არ ერიდებოდა საპროტესტო ღონისძიებათა ორგანიზებას. ხშირად ის ერთადერთი სტრუქტურა იყო, რომელიც რეალურ პრობლემებს უქმნიდა აბსოლუტური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მაშასადამე, პროფკავშირი თავისი საქმიანობით დემოკრატიული და ქმედითი ოპოზიციის ფუნქციასაც ითავსებდა. ამასთანავე, „მასწავლებელთა კავშირის“ წევრები არასდროს გაურბოდნენ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას. პედაგოგები საქართველოს ჯარის დახმარების კომიტეტის, ფრონტის შემწეობის კომისიის დამფუძნებელთა შორის იყვნენ, უსასყიდლოდ მონაწილეობდნენ ქართული ენის დამდგენი პალატისა და სხვა სახელისუფლებო სათათბირო სტრუქტურების მუშაობაში.

სამწუხაროდ, ასი წლის წინანდელ პროფკავშირულ რეალობას ბევრი რამ გვაშორებს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ოდესმე ვინმე თბილისის ოპერის სცენაზე ისევ იმღერებს აბესალომის არიას შრომის უფლების დაცვისთვის წამოწყებული მოძრაობის გასაძლიერებლად.

მედიაწიგნიერება, როგორც კავშირი

0

დიტერ ბააკე – კონიუნქტურის  შემცველი ტერმინის მოცულობა და ფოკუსი

 

 

შენიშვნა:

დიტერ ბააკეს ტექსტის თარგმანი წარმოადგენს მედიაწგნიერებაში დამკვიდრებული გერმანული მიდგომისა და ცნებების ანალიზს. აუცილებელია მკითხველმა გაითვალისწინოს მედიაწიგნიერების გერმანული გაგება. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, კერძოდ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მედიაწიგნიერება, ერთი მხრივ, განიმარტება როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევნის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე განმარტავს ციფრულ წიგნიერებას, როგორც ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარს. გერმანულ საგანმანათლებლო სივრცეში ორივე ტერმინს ცნება „მედიაკომპეტენცია“ აერთიანებს. ასევე არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა მედიაგანათლება, მედიაპედაგოგიკა, მედიააღზრდა. შესაბამისად, მკითხველმა მასალის გაცნობისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს მსგავსი ტერმინოლოგიური სხვაობები და მედიაწიგნიერებაში ციფრული წიგნიერებაც მოიაზროს.

 

  1. ერთ ნაბიჯით უკან

„Habent sua feta“ (თავისი ბედი აქვთ) არამხოლოდ „libeli”-ის (წიგნებს), არამედ ცნებებსაც. „მედიაწიგნიერებას“, როგორც ტერმინს დღეს ყველა იყენებს – მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, განათლების თეორეტიკოსები, კურიკულუმის ექსპერტები, განათლების პოლიტიკის დამგეგმავები, განმახორციელებლები და განათლების საკითხებზე მომუშავენი. ეს ცნება შეიცავს კონიუნქტურას, რომელიც, ერთი მხრივ, გასაგებად და ნათლად გვეჩვენება, მეორე მხრივ კი, აბსტრაქტული, გაუგებარი, მრავალმნიშვნელოვანი და რთულია. როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე? თუ საკითხს ზედაპირულად მივუდგებით, ეს ფაქტი შეიძლება უბრალოდ შემთხვევითობას  ან ძალაუფლების მქონე სუბიექტებს დავაბრალოთ. „შეთქმულების თეორია“ მოვიშველიოთ და ვიფიქროთ, რომ ვინმეს საკუთარი ინტერესები აქვს, მაგრამ თუ საქმეში ლოგიკასაც ჩავრთავთ, მივხვდებით, რომ არსებობს კიდევ ერთი გონივრული მიზეზი იმის ასახსნელად, თუ რატომ გახდა ეს ტერმინი მოკლე დროში ასეთი პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე დიდი ხანია არსებობს, საინტერესოა, რატომ იყენებენ მას სწორედ დღეს განათლებაში კომპლექსური მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებების ასახსნელად?  ამიტომ ნამდვილად ღირს ერთი ნაბიჯით უკან დაბრუნება და  ნახვა – როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე.

ცნება „მედიაწიგნიერება“ წარმოიშვა დღეს მიღებული სხვადასხვა ცნების შერწყმის შედეგად, საზოგადოებრივად და პოლიტიკურად განსხვავებულ დროში: 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში. მანამდე საგანმანათლებლო სივრცეში ტერმინ „მასმედიას (Massen Medien)” განვითარების საკმაო გზა ჰქონდა გავლილი და სწორედ ზემოაღნიშნულ წლებში შევიდა გარდატეხის ფაზაში. უხეშად რომ ვთქვათ, პედაგოგები ორიენტირებული იყვნენ კონტროლზე: მედია აღიქმებოდა, როგორც საშიში ელემენტი ბავშვებისა და მოზარდებისათვის, განსაკუთრებით მათი სოციალიზაციის პროცესში. ამიტომ მედიის, როგორც პრობლემის, „დაძლევის“ პედაგოგიური პრაქტიკა უფრო გამართლებულად მიიჩნეოდა.

პირველად 60-იანი წლების დასაწყისში, ტელევიზიასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პოლემიკის შედეგად განვითარდა ისეთი მიმართულებები, რომლებიც კრიტიკული პედაგოგიური იმპულსებით ცდილობდნენ კონსერვატიული შეხედულებებისაგან გათავისუფლებას და ახალი თეორიების ჩამოყალიბებას. შედეგად ფრანკფურტში იდეოლოგიური პედაგოგიკის საპირწონედ კრიტიკული თეორია განვითარდა.

თეორიულად ეს მოვლენა ორი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი. პირველი: გაიზარდა და გადამუშავდა განათლების თეორიებით გამყარებული არგუმენტების რაოდენობა  მედიაწიგნიერების სასარგებლოდ და, მეორე, ბოლოს და ბოლოს გაიხსნა გზა საკითხის სოციალური მეცნიერებების ჭრილში გადასატანად. ასე გაითავისუფლა თავი მედიაკომპეტენციის ცნებამ ფილოსოფიური და კონსერვატიული ტრადიციისაგან. წარმოიშვა კრიტიკული მედიათეორიები (Baacke 1974), რომლებიც იმ დროისთვის ძირითადად ინდივიდუალური მიდგომის ცნებაზე დაფუძნებით ვითარდებოდა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობის გამყარებას საზოგადოებრივი საჭიროებებით ცდილობდა. მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ მედიაწიგნიერების საშუალებით ხდებოდა კულტურის ინდუსტრიალიზება და მკაცრად აკრიტიკებდნენ მოთხოვნა-მიწოდებაზე დაფუძნებული საზოგადოების მედიისადმი დამოკიდებულებას, მიაჩნდათ იგი საზოგადოებირივი ცნობიერების მართვის იარაღად ნეოკაპიტალისტების ხელში და მათ მიერ მიზანმიმართულად შეფერხებულ პროცესად. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე გვქონდა „ცრუ ზმანებასთან“ – ტელევიზიით მოწოდებული ინფორმაცია აღიქმებოდა, როგორც მოცემულობა, უტყუარი ფაქტი, რომელიც მკვიდრდებოდა როგორც იდეოლოგიური ჭეშმარიტება.

ასეთმა ფაქტებმა მედიაპედაგოგიკა საგანმანათლებლო დისკუსიების საშუალებით ერთი ნაბიჯით წინ წასწია. ფრაკფურტის კრიტიკული სკოლის წარმომადგენლის, გერმანელი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის, ადორნოს შემდეგ, კულტურის კრიტიკა არამხოლოდ სამოქალაქო ფასეულობების ზედაპირულ ლამენტოდ (სამგლოვიარო სიმღერა. მთარგ.) იქცა, არამედ გზად საზოგადოების ფასეულობების კრიტიკული ანალიზისკენ. ობიექტური ჭეშმარიტება არაა ის, რასაც მედიის საშუალებით გვაწვდიან, რაც ხილვადია. ობიექტური ჭეშმარიტებაა ის, რასაც იდეოლოგიების მიღმა (ობიექტური მომენტების ყალბი ინტერპტრეტაციის მიღმა) ჰერმენევტიკულ-კრიტიკული ცნობიერება წარმოაჩენს, როგორც ინდუსტრიალიზებული, თუმცა ბევრისგან ჯერ კიდევ ვერდაუფლებულ წარმოება (ახალი პროდუქტი). ეს ახალი მედიათეორიები ამავდროულად სოციალური თეორიებია, რადგან მედია სხვა არაფერია თუ არა კაპიტალისტური საზოგადოების პროდუქტი.

ამგვარმა დებატებმა, რომლებიც ისტორიულად ზემოხსენებული კონკრეტული მიმართულებით მიმდინარეობდა (მიუხედავად იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არცერთ პუნტქში არ უსწრებს წინ კომუნიკაციის კაპიტალიზაციის პროცესს), მტკიცედ დააკავშირა ერთმანეთთან მედიაპედაგოგიკა და სოციალური მეცნიერებები. მიუხედავად იმისა, რომ მედიაპედაგოგიკის სამიზნე კრიტერიუმები ჯერ კიდევ ფორმალური იყო, ისინი მეტად აღარ ეფუძნებოდნენ ტრადიციულ ფასეულობებს. მნიშნელოვანი იყო მხოლოდ ინდივიდის ემანსიპაცია, მისი გამოხსნა აზროვნების დამკვიდრებული ფორმებისგან, მოთხოვნა პიროვნების თვითგამორკვევისა და მისი პარტიციპაციის შესაძლებლობების კუთხით.

ამგვარი თეორიული კავშირების გვერდით ამავე წლებში არაფორმალური განათლებისა და არასასკოლო აქტივობების (თავისუფალი დროის დაგეგმვა, ახალგაზრდული დასაქმების პროგრამები, ახალგაზრდული ცენტრების დაფუძნება, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით ახალგაზრდობის აქტივობები) მნიშვნელობის გააზრება მოხდა. აქ უკვე გაჩნდა თავისუფალი სივრცე, სადაც მედია აღიქმებოდა არა როგორც ორგანიზებული სასწავლო პროცესის ინსტრუმენტი, არამედ როგორც ახალგაზრდების თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების იარაღი. წარმოიშვა ქმედებაზე დაფუძნებული პედაგოგიკა, რომელმაც მედიამწარმოებლები მის მომხმარებლად აქცია.

მედიის გამოყენება ამბივალენტურია. ის შედგება არამხოლოდ „მწარმოებლის“ მიერ მოწოდებული შეტყობინებებისაგან, არამედ „პროდუქტის“ ინდივიდუალური შინაარსისგანაც. განსაკუთრებით ვიდეოპროდუქციის შექმნისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების შემდეგ არსებულ მედიას (იგულისხმება ტელევიზია) საზოგადოების ალტერნატიული მოდელის შექმნის მცდელობა ჰქონდა, რომელიც უკვე არსებული და დამკვიდრებული მოსაზრებების კრიტიკულად შემფასებელი გახდა.

ამგვარად, მის ქმედებებს საფუძვლად დაედო არა მედიის კრიტიკისაგან დაცვა,  არამედ მისი ანალიტიკური  შეფასება. ამჟამად მთავარ საკვანძო საკითხს  მედიის პედაგოგიკის ქუდქვეშ განვითარება წარმოადგენს, რადგანაც ინფორმაციული ტექნოლოგიები სწორედაც რომ მოიცავენ მოქმედების ფართო შესაძლებლობებს, აფართოებენ ესთეტიკურ გამოცდილებებს და ახალგაზრდებს ანიჭებენ შესაძლებლობას, ჩაებან საზოგადოებრივ დისკურსში, იფიქრონ და იმოქმედონ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მედიაპედაგოგიკა თეორიული დებატების საგნად იქცა. რაზეა დამოკიდებული ის გარემოება, რომ ტერმინებში, როგორიცაა კომპეტენცია, კომუნიკაციის კომპეტენცია, გარემო, ყოველდღიურობა, დაძაბულობა კოვენცინალიზმს, ინტენციონალიზმსა და ქმედებას შორის, ქმედების უნარი და მედიაწიგნიერება – არსებული კავშირის მიუხედავად, აქცენტი მხოლოდ მედიაწიგნიერებაზე კეთდება?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივი მეჩვენება: რადგან ჩვენ ვერ გავუმკლავდით ყოველდღიური კომუნიკაციისა და ქმედებების პრობლემებს, ამიტომაც ამის მოგვარებას საყოველთაო კიბერსაზოგადოების მეშვეობით ვცდილობთ, რომელიც შეტყობინებებისა და ინფორმაციის გაცვლის საერთო კავშირს წარმოადგენს. რადგან გვერდს ვერ ავუვლით თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამიტომ შემდგომი განხილვისას კომუნიკაციის პროცესების ანალიზის ცენტრშიც მას დავაყენებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს სიფრთხილის გამოჩენა, რომ დღეს აქტუალურ ცნებათა წარმომავლობაც შესაბამისი იყოს.

 

თარგმანი თამთა კობახიძის

 

 

პრობლემის ამოხსნა – პოლიას სქემა მათემატიკაში

0

მინდა დავიწყო გეორგ პოლიას სიტყვებით: „If you can’t solve a problem, then there is an easier problem you can solve. Find it.“ George P lya. თანამედროვე საერთაშორისო (IB პროგრამა) განათლების ძირითადი მიზნებია, მოსწავლეებს განუვითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. მოსწავლეებში დანერგოს საერთაშორისო ღირებულებები და აღზარდოს გლობალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც აღიარებენ საერთო ადამიანურ ფასეულობებს, იზიარებენ პლანეტაზე ზრუნვის პრინციპებს, ეხმარებიან და ქმნიან  მშვიდობიან სამყაროს. პროგრამის მიზანია, რომ მოსწავლეები იყვნენ: მაძიებელნი, მცოდნეები, მოაზროვნეები, კომუნიკაბელურები, პრინციპულები, გონებაგახსნილები, მზრუნველები, გაბედულები, დაბალანსებულები და გონიერები. ყველა საგნის სწავლება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე,  მოსწავლეებში სწორედ ამ თვისებების განვითარებისთვისაა მიმართული.

ამ უნარების განვითარებისთვის აუცილებელია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება, რასაც უზრუნველყოფს პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება მათემატიკაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები თავიდანვე შევაჩვიოთ პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას და ამასთან დაკავშირებით შევთავაზოთ მათ პრობლემის ამოხსნის შემდეგი სქემა, რომელიც ცნობილია პოლიას სქემის სახელწოდებით.

ზოგიერთი პრობლემა შეიძლება იყოს კოპლექსური, შეიცავდეს ბევრ (რამდენიმე) მათემატიკურ ამოცანას, ზოგიერთი პრობლემა კი შეიძლება იყოს მარტივი. ერთი და იგივე საკითხი შეიძლება ზოგიერთი მოსწავლისათვის იყოს მარტივი და ზოგიერთისთვის  – გამოწვევა.

გეორგ პოლია (George P lya 1887-1985) იყო უნგრელი მათემატიკის პროფესორი. მან აღწერა  პრობლემის ამოხსნის გზები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა პრობლემის გასაჭრელად მათემატიკაში და სხვა საგნებში. ჩამოვაყალიბოთ ეს ნაბიჯები შემდეგი სქემის სახით:

 

·         პრობლემის გაგება-გააზრება

·         დარწმუნდით, რომ გაიგეთ ყველა სიტყვა;

·         დაადგინეთ, რა უნდა იპოვოთ;

·         დაადგინეთ, რა იცით უკვე;

·         დაადგინეთ უცნობები;

·         დაადგინეთ,  რა პირობებს აკმაყოფილებს უცნობები;

·         დახაზეთ დიაგრამა, ნახაზი , რაც დაგეხმარებათ პრობლემის უკეთ გაგებაში;

·         დარწმუნდით პრობლემის გაგებაში, თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ ის და გაიაზრეთ რას გეკითხებიან.

·         გეგმის შექმნა

·         გამოიცანით და შეამოწმეთ;

·         შეხედეთ კანონზომიერებას;

·         გამორიცხეთ ვარიანტები;

·         გამოიყენეთ ფორმულა;

·         ამოხსენით განტოლება;

·         იფიქრეთ სხვა სტრატეგიაზე, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ.

 

·         გეგმის შესრულება

·         აჩვენეთ ყველა ნაბიჯი ისე, რომ  ნებისმიერი მკითხველისთვის ადვილი იყოს მიჰყვეს მას;

·         შეამოწმეთ, რომ ყველა შუალედურ პასუხს აქვს აზრი;

·         თუ ვერ ასრულებთ, სცადეთ სხვა გზა;

·         თუ ვერ ასრულებთ, შეიმუშავეთ ახალი გეგმა.

·         დაუბრუნდით პრობლემას

·         შეამოწმეთ საბოლოო პასუხი, თუ ეს შესაძლებელია;

·         დარწმუნდით,  პასუხი უკავშირდება თუ არა საწყის პრობლემას ?

·         დარწმუნდით  შედეგში

·         რამ იმუშავა? რამ არ იმუშავა ?

·         შესაძლებელია გეგმის განხორციელება სხვა (უკეთესი) გზით ?

თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ მოსწავლეებს, რომ  ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას იმუშავონ ამ სქემით, მათ გაუადვილდებათ  მათი გადაწყვეტა. მოვიყვანოთ ამ სქემის გამოყენების პრაქტიკული მაგალითი.

ამოცანა: ანას სჭირდება 20 წუთი მანქანის გასარეცხად, ხოლო ნინოს 30 წუთი  იმავე მანქანის გასარეცხად. რა დრო დასჭირდებათ მათ, თუ ისინი ერთად გარეცხავენ იგივე მანქანას ?

ამოხსნა:

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. MYP Mathematics, Rose Harrison, Clara Huizink,AidanSproat-Clements, Marlene Torres-Skoumal, Oxford University Press, 2016
  2. Polya’s Problem Solving Techniques, https://math.berkeley.edu/~gmelvin/polya.pdf

მსოფლიოს ქვის მატიანეები – თანამედროვეობაში შემონახული წარსული   I ნაწილი

0

აღმოსავლური არქიტექტურული სტილის ისტორია

 

ისტორიის შესწავლაში ძალიან დიდია კულტურულ-ისტორიული მასალის როლი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რადგან ძირეული, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ-ისტორიული ცნებების გაცნობა–შესწავლა უმთავრესად სწორედ ამ ეტაპზე ხდება. მოსწავლის შემეცნებითი პროცესების გააქტიურება და თვალსაწიერის გაფართოება შესაძლებელს ხდის გარდასულ ეპოქათა ადამიანებთან კულტურულ დიალოგს, ხელს უწყობს მოსწავლის იდეალების, ესთეტიკური და ეთიკური ღირებულებების ფორმირებას და, შესაბამისად, საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების შესრულებას.

საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სტანდარტის შესაბამისად, მასწავლებლებმა ისე უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროცესი, რომ საფეხურის დასასრულს მოსწავლემ შეძლოს საგნობრივი კომპეტენციების დაუფლება, კერძოდ, კულტურის შემადგენელ ნაწილებზე მსჯელობა, სხვადასხვა წესის, ნორმის, კანონისა და ტრადიციის განსხვავება ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით (ისტ.VII. 8; ისტ.VIII.10; ისტ.XI.7; 8; ისტ. XII, 8 ).

განვიხილოთ მაგალითი კულტურის, კერძოდ, მსოფლიო არქიტექტურის ისტორიიდან და სხვადასხვა პერიოდის არიქტექტურული ნაგებობების გაცნობით მოსწავლეს საშუალება მივცეთ, გადაჭრას რამდენიმე ამოცანა:

  • გამოყოს ხუროთმოძღვრების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები;
  • იმსჯელოს თითოეული სტილის დამახასიათებელ ნიშნებზე;
  • წარმოიდგინოს ის კულტურულ-ისტორიული კონტექსტი, რომელმაც სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული ხუროთმოძღვრული სტილის ჩამოყალიბება გამოიწვია;
  • შეძლოს კულტურული დიალოგი;
  • განუვითარდეს სასწავლო კომპეტენციები;
  • კაცობრიობის კულტურული წარსული შეაფასოს გლობალურად, მსოფლიოს კულტურული მიღწევების გათვალისწინებით.

 

თემა: „არქიტექტურული სტილი“

საფეხური – საბაზო; საშუალო;

გაკვეთილის ტიპი: შემაჯამებელი ლექცია ინტერაქციული ელემენტებით;

დრო: ორი საგაკვეთილო საათი;

რესურსები: ისტორიის სახელმძღვანელოები (VII-XII კლ.); მულტიმედიური მოწყობილობა; მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდშოუ (ინტერნეტრესურსების გამოყენებით).

 

 

გაკვეთილის მსვლელობა:

I – ორგანიზაციული მომენტი;

II – გონებრივი იერიში:

  • რა არის ხუროთმოძღვრება?
  • რით განსხვავდება ის ხელოვნების სხვა დარგებისგან?
  • როგორ გესმით გამოთქმა: „არქიტექტურული ნაგებობები მსოფლიოს ქვის მატიანეებია“?

III – მასწავლებლის მინილექცია (აქცენტირება თემის ძირითად ცნებებზე): „გარმომცველ სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი ფორმა – ბუნებისგან შეძენილი, ბუნებრივი თუ დროთა განმავლობაში გარკვეულ სტილად ჩამოყალიბებული. სტილი – ესაა ხელწერა, რომელიც მოვლენათა წყებას აერთიანებს, რაც მათთვისაა დამახასიათებელი. არსებობს ჩაცმულობის სტილი, მუსიკალური სტილი და ა.შ. ასეა ხუროთმოძღვრებასთან დაკავშირებითაც. ისტორიის ცალკეულ ეტაპებზე საზოგადოებამ დატოვა არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლები. მათში ასახულია ადამიანთა დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ, მათი იდეები, ემოციები და გრძნობები, სილამაზის თავისებური აღქმა. გადის ასწლეულები და ათასწლეულები და ამ მონუმენტების მშენებლები ქრებიან, მაგრამ ეპოქის ამსახველი ძეგლები რჩებიან და საუკუნეთა განმავლობაში „სტილის ნიშნებს“ იძენენ ანუ „გარკვეულ სტილად“ ყალიბდებიან“.

 

ჩვენი ამოცანაა, გავეცნოთ კაცობრიობის კულტურულ წარსულს, განვიხილოთ ცალკეული სტილის ჩამოყალიბების პერიოდები, გამოვყოთ ის ძირითადი ნიშნები, რომლებითაც ამა თუ იმ ეპოქის სტილი განირჩეოდა სხვათაგან, შევძლოთ ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა მათ მიმართ, ამ ძეგლების აგების კულტურულ-ისტორიული კონტექსტის წარმოდგენა და კაცობრიობის კულტურული წარსულის შეფასება გლობალურად, მსოფლიო მიღწევების გათვალისწინებით.

 

აქტივობა N1 – რას და როგორ აშენებდნენ ეგვიპტესა და აზიაში? უპირველეს ყოვლისა, ვეცნობით ძვ. წ. აღ.-ის IV-III ათასწლეულების ეგვიპტეს, რადგან სტილის ჩამოყალიბების პირველი მცდელობები აქ ხდება, აქ ყალიბდება მშენებლობაში ერთგვარი ტრადიცია, რომელიც შემდეგში სტილად გვევლინება. ესაა პირამიდების ე.წ. კანონიკური სტილი. ის იმ ფორმებისა და ხაზების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის წყალობითაც მივიღეთ გრანდიოზული და „მძიმეწონიანი“ პირამიდები – ფარაონების სულის უკვდავსაყოფად აგებული ნაგებობები. ისინი იგივე ტაძრებია (პირამიდა-ტაძრები),მკაცრად სიმეტრიული მასიური კოლონების რიგით, ჰარმონიული გეომეტრიული ფორმებითა და იეროგლიფებით დაფარული კედლებით (იხ. სურ.1,2):

 

1. ხეოფსის, ხეფრენის და მიკერენის პირამიდები;

2. იეროგლიფები და კოლონები რამზეს II-ის სამარხის კედლებზე

 

  • მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს: ა) გაიხსენეთ, როდის აიგო პირველი პირამიდები; ბ) რა იცით რამზეს II-ის შესახებ? გ) თქვენი აზრით, რატომ გაუჩნდათ იმდროინდელ ადამიანებს ასეთი გრანდიოზული ნაგებობის აგებისკენ მისწრაფება? დ) რამდენად შეესაბამებოდა ეგვიპტელების რელიგიურ წარმოდგენებს მსგავსი ნაგებობები? ე) უწყობდა თუ არა ხელს ეგვიპტის ისტორიული განვითარება ასეთ მშენებლობებს? ვ) რისი თქმა სურდათ ამ სტილით ეგვიპტელებს?

აქტივობა N2ეგვიპტის ქვის არქიტექტურისგან განსხვავებით, აღმოსავლური არქიტექტურის ძირითადი ელემენტი გახლდათ ხის სვეტები, რომლებიც ქვის საძირკველზე იდგა. მცირე აზიის მთიანი რეგიონები, მესოპოტამია, ირანის ზეგანი ხის საუკეთესო ჯიშების სიმრავლით გამოირჩეოდა. სქელი კედლებით გამაგრებულ ქალაქებში იდგა მაღალკიბეებიანი სასახლეები. ნაგებობათა საძირკველი სწორკუთხა იყო, თუმცა თავად ძირითადი შენობა ძირითადად არასიმეტრიულობით გამოირჩეოდა. მცირე აზიის ხეთურმა ქალაქებმა გავლენა მოახდინა კრეტა-მიკენის კულტურაზე. ხეთური მეგარონი (ოთხკუთხა ნაგებობა შუაში გამართული კერიით) შემდგომ ბერძნული არქიტექტურის წამყვან დეტალად იქცა. აღმოსავლური არქიტექტურის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო კაპიტელიც (ვერტიკალური საყრდენის – ბოძის ან სვეტის) დამაგვირგვინებელი ნაწილი, რომელიც ასევე ძველბერძნული იონიური სვეტისთავების წინარე სახე გახდა.

3. მეგარონის ნაშთები კრეტაზე;

4. კნოსოსის სასახლის ნანგრევები კრეტაზე

აქტივობა N3 – შუამდინარეთის მოსახლეობა აშენებდა საფეხურებრივი კოშკების ფორმის ტაძრებს. დასაფლავების წესს ისინი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, რადგან სამარხი ნაგებობის ფორმებს არ უკავშირებდნენ სულის უკვდავებას. ნაგებობები ძირითადად თიხისა იყო, რადგან ყველაზე მეტი სწორედ ეს მასალა მოიპოვებოდა. მშენებლობაში გამოიყენებოდა პირამიდისებური ფორმა, თუმცა ამ ტაძრებს შიგნითა სივრცე არ ჰქონდა. თიხის ზიკურათები ბაბილონის კოშკსაც გჰავდა, წვერზე კი სამხვერპლო იყო გამართული. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დეკორსაც (სურ. 5, 6, 7)

5. ნაბუქოდონოსორ II-ის სასახლის ნაშთები ბაბილონში, ერაყი;

6. ზიკურათი. რეკონსტრუქცია;

7. იშთარის კარიბჭის დეტალი. ბაბილონი

აქტივობა N4 – აღმოსავლური არქიტექტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო აქემენიდური სპარსეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები. სპარსელები, რომლებიც აღმერთებდნენ მიწას, წყალს, ცეცხლსა და ჰაერს, ტაძრებს, სხვა ხალხისგან განსხვავებით, დიდ დატვირთვას არ ანიჭებდნენ, ძირითადად აგებდნენ ქვის პატარა ზომის კოშკისებურ, კვადრატული ფორმის ნაგებობებს, რომლებსაც რელიეფი ამშვენებდა. სამეფო სამარხები ქალაქისგან მოშორებით იდგა, როგორც, მაგალითად, კიროსის მავზოლეუმი ფასარგადეში ან კლდეში ნაკვეთი აკლდამები პერსეპოლისის ახლოს. ქალაქების კედლები მეფეთა დიდებულების ამსახველი ბარელიეფებით იყო შემკული და მნახველზეც დიდ გავლენას ახდენდა (სურ. 8, 9, 10)

  1. კიროსის მავზოლეუმი;

9.დარიოს I–ის აკლდამა;

10. პერსეპოლისის ნანგრევები

 

·         მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს: გამოყავით ძველი აღმოსავლური სტილის ძირითადი ნიშნები. რით განსხვადება ის ეგვიპტურისგან? ასახავდა თუ არა ეს ძეგლები იმდროინდელი საზოგადოების ინტერესებს?

აქტივობა N5 – ადრეული ინდური არქიტექტურის ნიმუშია ჩაიტია (სამლოცველო დარბაზი), რომელიც უმთავრესად ბუდიზმის პირველ ხანებში იყო გავრცელებული. საზოგადოდ, ბუდისტური ტაძრების დაგეგმარებაში ასახული იყო ინდოელების წარმოდგენა სამყაროზე – მიწა, რომელიც გარშემორტყმული იყო ოკეანით (რაც აისახებოდა ტაძრის გარშემო განლაგებული აუზების სისტემაში); მაღალი კედლები განასახიერებდა მთას, რომლის წვერზეც გამართული იყო სამსხვერპლო – დედამიწის კოსმიური ცენტრი (სურ. 11, 12, 13):

 

  1. სამლოცველო დარბაზი;

12.  ჩაიტია;

13. ბუდისტური ტაძარი კუნმინში

 

  • მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს: აგრძელებს თუ არა ინდური სამშენებლო სტილი აღმოსავლურ ტრადიციას? რით ჰგავს მას და განსხვავდება მისგან?

 

აქტივობა N6 – შუა საუკუნეების აზიაში გაბატონებული იყო ე.წ. აღმოსავლური სტილი. ესენია მავზოლეუმები, სალოცავები, მეჩეთები, მედრესეები. ძირითადი ნაგებობა ბოლოვდება გუმბათით, რომელსაც წრიული, მწვანე, ვარსკვლავისებური, საფეხურებრივი ფორმა აქვს. ნაგებობები დაფარულია მოზაიკური ორნამენტებით, შემკულია მაღალი მინარეთებით (კოშკებით) და სხვ. მაგალითად, არისტანბაბეს მავზოლეუმი (XII ს., ყაზახეთის სამხრეთში), თაჯ-მაჰალი ინდოეთში (XVII ს.) და სხვ. (სურ. 14, 15)

  1. არისტანბაბეს მავზოლეუმი;

15. თაჯ-მაჰალი

 

  • მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს: რამდენად გააგრძელა ისლამურმა კულტურამ აღმოსავლური სტილი მშენებლობაში?

 

I ნაწილის შემაჯამებელი დავალება: ისაუბრეთ მსოფლიოს ქვის მატიანეებზე – აღმოსავლეთის არქიტექტურულ ნაგებობზე როგორც კაცობრიობის კულტურის შემადგენელ ნაწილზე.

სისხლიანი სპორტი

0

მასწავლებლებისგან ნაჭამი ალიყური აბა ვის არ გვახსოვს. ორი სკოლა გამოვიცვალე და ამ მიმართულებით საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა. წესრიგის დამრღვევი მოსწავლისადმი ტრადიციული და ინდივიდუალურ შტრიხებს მოკლელბული ფიზიკური ანგარიშსწორება (პანჩურის ამორტყმა, სახეში გაშლილი ხელის გარტყმა, ქოჩორის მოწიწკვნა) იმდენად გავრცელებული იყო, რომ გახსენებადაც არ ღირს. მე მინდა გავიხსენო საუკეთესო ხუთი მეთოდი, რომელიც გამოირჩეოდა უზადო ტექნიკით (ათწლეულების მანძილზე ყოველდღიური (შაბათ-კვირის გამოკლებით) პრაქტიკის გამო) და, რაც მთავარია, ეფექტურობით (მრავალჯერად გამომიცდია საკუთარ ტყავზე ხუთივე). არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მეთოდები სხვა სკოლების მასწავლებლების გონებაში სრულიად დამოუკიდებლად დაბადებულიყო, ბოლოს და ბოლოს ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ და მიხეილ კალატოზიშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდნენ კინოში ინდივიდუალური კამერის გამოყენების მეთოდამდე. ადამიანები ვართ.

ჩემს ტოპ ხუთეულს დავიწყებ ბოლოდან:

 

  1. ვახტანგ მასწი.

მისეული მეთოდი არავითარ გამომგონებლურ უნარებს არ ეფუძნებოდა, ოდენ ფიზიკური დეფექტით იყო შთაგონებული, მაგრამ მტკივნეულობის ხარისხით მომდევდო ოთხს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ვახტანგ მასწი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ (მგონი ტყვედაც ჩავარდა), ერთ-ერთი შეტაკების დროს მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითში ტყვია მოხვდა. თითი მართალია ამპუტაციას გადაურჩა, მაგრამ სამუდამოდ გაუქვავდა (“გაუხმა”, როგორც სოფელში ამბობდნენ) და მოხრითაც ვერ ხრიდა, ცხადია. თანაც მუქი და საოცრად პრიალა იყო, რატომღაც. სახიფათო იარაღად ქცეულ სხეულის ნაწილს რომ ფლობდა ვახტანგ მასწმაც იცოდა, ამიტომ მას მხოლოდ კინკრიხოზე სამჯერ ურტყამდა მოსწავლეს, თანაც საქმის დიდი ცოდნით, რადგან ხელი ოდნავ რომ აცდენოდა და არმატურის ნაჭრად ქცეული თითი საფეთქელში რომ მოეხვედრებინა ბავშვისთვის, შეიძლებოდა დიდი ტრაგედია მომხდარიყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგ მასწი ღრმა სიბერემდე ასწავლიდა სკოლაში და მიზნისთვს (კინკრიხოსთვის) არასდროს აუცილებია.

 

  1. თინა მასწი.

მისეული მეთოდი საფეთქლიდან და კეფიდან თმის ერთდროულ, სწრაფ აქაჩვაში მდგომარეობდა, მის ხელს ინსტინქტურად ზევით მიჰყვებოდი, სანამ ხელს არ გაგიშვებდა, ცერებზე იდექი და ხელს ჰაერში ასავსავებდი, რომ გულის შეღონების შემთხვევაში რამეს ან ვინმეს (რა თქმა უნდა, არა თინა მასწს) მოპოტინებოდი. ამაზე მტკივნეული და, ამავე დროს, შეურაცხმყოფელი არაფერი მახსოვს, რადგან ტკივილს მედგრად ვიტანდი, მაგრამ ცრემლები თავისით მოდიოდა თვალებიდან. ძირგასისხლიანებული თმის ბღუჯები ორპირ ქარს ხშირად დაჰქონდა მერხებს შორის წინ და უკან ჩვენს საკლასო ოთახში.

 

  1. ირა მასწი.

მისეული მეთოდი მეტწილად ცბიერებას და მოთმენის უნარს (რაც, სიტუაციის გათვალისწინებით, მეტად რთული უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა მასწავლებლებისთვის არასდროს შემინიშნავს, ამიტომ უნიკალურ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს) ეფუძნებოდა. როცა წესრიგს არღვევდი, ის იმავე წამს ადასდროს მოდიოდა ანგარიშის გასაწორებლად, სიტყვიერად, ზრდილობიანად გაჩუმებდა, ხოლო სიბრაზეს გულში ინახავდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ხელსაყრელი მომენტი კი  წერის დრო იყო, როცა თავი რვეულისკენ გქონდა დახრილი. ამ დროს ირა მასწი მშვიდად დადიოდა მერხებს შორის, მოგეპარებოდა და ისე, რომ შენ სრულიად არ ელოდი, გაშლილ ხელს კეფაზე ისეთი ძალით გირტყამდა, მერხზე გაშლილ რვეულს ცვირ-პირით ეხეთქებოდი. ხშირად ვიცვლიდით სისხლით მოთხვრილ რვეულებს.

 

  1. სვეტლანა მასწი.

მისეულ მეთოდს საფუძვლად სიზარმაცე ედო. გაკვეთილის დაწყებისთანავე სვეტლანა მასწი ცელქ ბავშვებს თავისი მაგიდის ახლოს სვამდა. ჩანთიდან ორ მნიშვნელოვან ნივთს იღებდა და მაგიდაზე გვერდიგვერდ დებდა, როგორც ოპერაციის წინ ქირურგი – სამედიცინო იარაღებს. ერთი ნივთი იყო დაახლოებით ოცდაათსანტიმეტრიანი, გალაქული ხის (სავარაუდოდ ბზის ან კაკლის) მძიმე ჯოხი, ხოლო მეორე იყო რადიომიმღების ამოსაწევი ანტენა. მსუბუქ ცელქობათა შემთხვევაში სვეტლანა მასწი ამოსაწევ ანტენას ამოსწევდა (ვეჭვობ სპეციალურად იყო დამზადებული, რადგან იმ სიგრძე ანტენა არასდროს მინახავს) და ადგილიდან დაუშენდა წესრიგის დამრღვევს. ხოლო მძიმე ცელქობათა შემთხვევაში დამნაშავეს თავისთან იხმობდა,
მაგიდაზე თითებს გააშლევინებდა და გალაქულ ჯოხს გამეტებით ურტყამდა. საშინლად მძულდა ოთხშაბათი და პარასკევი, რადგან ამ დღეებში გქვონდა რუსული, რომელსაც სვეტლანა მასწი გვასწავლიდა. სვეტლანა მასწს ორცხობილა და ჩაი უყვარდა.

 

1.ამირან მასწავლებელი.

მისეული მეთოდი ძალის, საქმის ცოდნის და გამჭრიახობის ნაზავი იყო და ამიტომაც შევაუკეთესე, როგორც შალიკო ხვინგიაძე იტყოდა. უნდა დამდგარიყავი თავდახრილი, ხელები უკან უნდა დაგეწყო, მარჯვენა ფეხი კი წინ წაგედგა. ამირან მასწი, რომ არ გაქცეულიყავი, გამოწეულ ფეხზე მარცხენა ფეხს გაბიჯებდა და ლოყაზე გაშლილ ხელს გილაწუნებდა, დარტყმის რაოდენობა დანაშაულის მისეულ კვალიფიკაციაზე იყო დამოკიდებული. თავს უკან თუ გადაწევდი, ამირან მასწი შუათითის ზედასახსარგამოწეულ მუჭს სადღაც კუჭის თავსა და ღვიძლს შორის ისე ამოგარტყამდა (საშურად იცოდა ანატომია, თუმცა ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა), რომ ეგრევე წინ იხრებოდი და კარგახანს სუნთქვა გეკვროდა.

ეს ის ხუთეულია, რაც საკუთარ თავზე გამომიცდია. ვიცნობდი მასწავლებელს, რომელიც დასჯილ მოსწავლეს მუხლებით სიმინდის და მუხუდოს მარცვლებზე აყენებდა, თუმცა ის მე არ მასწავლიდა. იყო შემთხვევა, როცა მოსწავლის მამა მივიდა სიმკაცრით (ანუ მოსწავლეთა ცემით) ცნობილ მასწავლებელთან და თავისი შვილისთვის ჭკუის სწავლება სთხოვა, მეორე დღეს სახედასიებული და სასტიკად ნაცემი ბავშვი ძლივს მიიყვანეს სახლში. ვიღაც ღვთისნიერმა ამ საქმეში პოლიცია ჩარია, მაგრამ ბავშვის მამამ თქვა მე ვაცემინეო და პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ.

რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც (უფრო ახალგაზრდები), რომლებსაც მოსწავლეებთან ურთიერთობის ცივილური და, შესაბამისად, უფრო ეფექტური მეთოდები ჰქონდათ, ძველი თაობის მასწავლებლებში კი ასეთი ლიბერალიზმი სამარცხვინო სისუსტედ ითვლებოდა.

პ. ს. ვერაფრით მოვიფიქრე, რა დამერქმია ამ ბლოგისთვის, სანამ შემთხვევით “იმედზე” არ გადავრთე ტელევიზორი, სადაც გადიოდა ფილმი “სისხლიანი სპორტი”, ჩემი ბალღობის კუმირის ჟან-კლოდ ვანდამის მონაწილეობით. ჟანმა პირველად მაშინ მიშველა, როცა უკანა სოფლელ (ჩემი დაჩაგვრის მოსურნე)  უფროს ბიჭს ჟანის ფილმებიდან ნასწავლი მავაში-გერი ყბაში მოვდე და ღელეში თავით ჩავამხე, ხოლო მეორედ – ახლა, რისთვისაც დიდი მადლობა მას!

 

არალის ზღვის  თავგადასავალი

0

არალის ზღვა-ტბა მლაშე ტბაა, რომელიც ცენტრალურ აზიაში და ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე მდებარეობს. ჯერ კიდევ არც ისე გვიან არალის ზღვა განთქმული იყო უმდიდრესი ბუნებით, ხოლო არალის სანაპირო ზონა აყვავებად და ბიოლოგიურად მრავარფეროვან ადგილად ითვლებოდა. უნიკალურად ჩაკეტილი და მრავალფეროვანი არალი არავის არ ტოვებდა გულგრილს თავის ადგილის მიმართ. სრულიად გასაგებია, თუ რატომ მიიღო არალის ზღვამ ასეთი სახელწოდება. „არალი“ თურქულად კუნძულს ნიშნავს, იგი უზარმაზარ უდაბნოში სიცოცხლისა და მრავალფეროვნების კუნძულად ითვლებოდა. თუმცა ადამიანის დაუდევრობის გამო არალის ზღვა საკმაოდ შეიცვალა და დღეს ის გაქრობის საშიშროების წინაშეა.

ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია და  მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ფართობია დარჩენილი, რომლებიც ამ დროისათვის ერთმანეთს წყლით არ უკავშირდება.  ტბა მდინარეების –  სირდარიისა და ამურდარიის წყლებით საზრდოობდა. ორივე მდინარე სათავეს  მთებში იღებს და  ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე გადის. 1960-იან წლებში ამ მდინარეებიდან გაიყვანეს არხები ბამბის მინდვრების მოსარწყავად, რის გამოც, მათ არალის ზღვაში ზღვის შესავსებად საჭირო წყლის რაოდენობა ვეღარ ჩაჰქონდათ. მანამდე ისინი ჩაკეტილ ზღვას  წელიწადში  60 კმ3 წყლით ამარაგებდნენ, რაც არხების გაყვანის შემდეგ  კი 4-5 კმ3-მდე  შემცირდა. დღეისათვის ორივე მდინარე მოწყვეტილია ზღვას, ხოლო მდინარის დელტების ნაწილი დაჭაობებულია.

1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად ითვლება. დაშრობამდე ტბის ფართობი დაახლოებით 68 000 კმ2-ს შეადგენდა. ის  მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში ფართობის მიხედვით. სწორედ სიდიდის გამო ეძახდნენ მას ზღვას. დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთისა და სამხრეთის არალის ზღვებად. 2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგენდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს, სამაგიეროდ მარილიანობა ზღვაში 2,5-ჯერ გაიზარდა.

 

წყლის სწრაფ დაშრობას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ წლის განმავლობაში მოსული  ნალექების რაოდენობა აქ ძალიან მცირეა – დაახლოებით 100 მმ. აორთქლებული წყალი კი  მიღებულზე 12-ჯერ მეტია.  სწორედ აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება, რასაც თავის მხრივ  ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება მოჰყვა. თევზის გაქრობის შედეგად შეწყდა მანამდე ტბაზე გავრცელებული საქმიანობა –  მეთევზეობა. და მშრალ ტერიტორიაზე დარჩა და რჩება მარილის სქელი ფენები.

როდესაც არალის ზღვის თევზის ინდუსტრია თავის ზენიტში იმყოფებოდა, მაშინ თევზჭერის სფეროში დაახლოებით 40 000 ადმიანი იყო დასაქმებული და მთელი საბჭოთა კავშირის თევზჭერის 1/6 აქ ხდებოდა. ახლა ეს სფერო განადგურებულია და ის ქალაქები, რომლებიც ადრე ზღვის ნაპირას მდებარეობდნენ და თევზჭერის ცენტრებს წარმოადგენდნენ, ახლა გემების სასაფლაოებად იქცნენ. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს უზბეკეთში მდებარე ქალაქი მიუნაკი, რომელიც თავის დროზე განვითარებულ პორტსა და თევზჭერის ინდუსტრიის ადგილს წარმოადგენდა. ახლა კი ნაპირიდან კილომეტრებითაა მოშორებული. სათევზაო ნავები მშრალ მიწაზეა მიმოფანტული, იმ ადგილას, რომელიც ადრე წყლით დაფარულ ტერიტორიას წარმოადგენდა. ამ ნავების უმეტესობა აქ უკვე 20 წელზე მეტია განისვენებს. ასევე განადგურდა ონდატრების (მუსკუსის ვირთხა) ტყავის წარმოება, რომელიც ცხენის აღკაზმულობისათვის გამოიყენებოდა. ეს სირდარიისა და ამურდარიის დელტებში ხდებოდა, სადაც წელიწადში დაახლოებით 500 000 ონდარტის ტყავს ამუშავებდნენ.

ფაქტია, რომ არალი შრება, ქრება და ეს კატასტროფა უკვე გასცდა არალის ზღვის საზღვრებს. ზღვის აკვატორიიდან, როგორც ვულკანის კრატერიდან, სხვადასხვა მხარეს  დაახლოებით 100 000 ტონა მარილი, ტოქსიკური მტვერი, სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებია მიმოფანტული. ეს ყველაფერი კი ზემოქმედებს და ანადგურებს ცოცხალ ბუნებას. დაბინძურების ეფექტს ზრდის ისიც, რომ არალის ზღვა ძლიერი აღმოსავლეთის ქარის გავრცელების გზაზე მდებარეობს, რომელსაც შორ მანძილზე   დიდი რაოდენობით მარილი გადააქვს. სწორდ ამ ქარის წყალობით  ხვდება მარილი მთელ ევროპაში და ზოგჯერ  ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანემდეც კი ვრცელდება.

 

არალის ზღვის კატასტროფის დინამიკის თანახმად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ 2015 წლისათვის არალის ზღვა სრულიად  უნდა დამშრალიყო და  ახალი უდაბნო არალ-ყუმი წარმოქმნილიყო, რომელიც ყარაყუმისა და ყიზილყუმის გაგრძელება იქნებოდა. ამის გამო მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი მარილი და შხამ-ქიმიკატები პრობლემებს შეუქმნის მთელ დედამიწას. ასევე მიღებული შხამი დააბინძურებს ჰაერს და დაანგრევს აზოტის ფენას. კლიმატის შეცვლა გამოიწვევს მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს მთელ რეგიონში. აქ ახლაც უკვე ნათელია კლიმატური ცვლილებები. ამ მომენტისათვის არალის ტერიტორიაზე ზაფხული შემცირდა და უფრო ცხელი და მშრალი გახდა, ხოლო ზამთარი – უფრო ცივი და გრძელი.

ამ სიტუაციით პირველ რიგში იტანჯება ადგილობრივი მოსახლეობა. ამ რეგიონში წესით ერთ სულ მოსახლეზე საჭიროებისათვის ნორმის სახით გათვალისწინებულია 150 ლ. წყალი, მაშინ როდესაც ადგილობრივები მხოლოდ 15-20ლ. წყლის მიღებას ახერხებენ.
არალის ზღვის გარშემო ტერიტორია ძალიან დაბინძურებულია, რის გამოც ადგილობრივები განიცდიან სუფთა წყლის ნაკლებობასა და აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ხშირია კიბოსა და  ფილტვების დაავადებათა შემთხვევები. რეგიონში ასევე გავრცელებულია რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ტუბერკულიოზი და კიბო, კუჭ-ნაწლავის სისტემათა დაზიანება, ანემია და სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. ღვიძლის, თირკმლისა და თვალების პრობლემებიც შეგვიძლია ტოქსიკურ ქარებს მივაწეროთ. რეგიონში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განაპირობებს სიკვდილიანობის მაღალ დონეს, რომელიც 2012 წელს 5, 29 პრომილე იყო უზბეკეთისათვის და 8, 52 პრომილე ყაზახეთისათვის, რაც შეეხება ჩვილთა სიკვდილიანობას აქ უზბეკეთი – 21, 2 და ყაზახეთი – 23, 6 პრომილე. უშუალოდ არალის ზღვის არეალში კი 75 პრომილე, ხოლო დედათა სიკვდილიანობა 12 პრომილე.

არალის ზღვის მომავალი და პასუხისმგებლობა მის გადარჩენაზე ახლა ხუთი სახელმწიფოს ხელშია, ესენია: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. 1994 წელს მათ მიიღეს ASBP -აზაპ (Aral Sea Basin Program – არალის ზღვის აუზის პროგრამა). პროგრამის ოთხი მიზანია: არალის ზღვის აუზის გარემოს სტაბილიზაცია; ზღვის გარშემო არსებული კატასტროფული გარემოს რეაბილიტაცია; არალის ზღვის აუზის, როგორც საერთაშორისო წყლების მართვის გაუმჯობესება; კომპეტენციის გაზრდა პროგრამის მიზნების მისაღწევად, როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეებზე.
გამოყენებული ლიტერატურა:

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90

https://fcnews.site.ge/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90.html

https://en.wikipedia.org/wiki/Aral_Sea

https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/uz.html

https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/kz.html

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D0%BD%D0%B4%D0%B0%D1%82%D1%80%D0%B0

https://www.aralsea.org/

https://www.boku.ac.at/iwhw/onlinepublikationen/nachtnebel/EU_INTAS_0511_Rebasows/Files/Summary_report.pdf

 

 

საკითხავები არდადეგებისთვის

0

ყოველ ჯერზე, როცა ზაფხულობით ბავშვებთან ერთად დასასვენებლად სადმე მივდივარ, ვფიქრობ, რა კარგი იქნება უფროსებსაც ჰქონდეთ არდადეგები, ანუ ბევრი დღე დასვენებისთვის, ბავშვებთან და საკუთარ თავთან ყოფნისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, კითხვისა და აღმოჩენებისთვის, მშვიდად სუნთქვისა და ვალდებულებებზე ფიქრისგან თავისუფალი დღეები, რომელიც არ იქნება ისეთი დათვლადი, როგორიც მომუშავე უფროსებისთვის განკუთვნილი შვებულებაა, რომლის დროსაც უმეტესი ჩვენგანი მაინც ვერ ახერხებს “დასვენებას” კლასიკური გაგებით.

ყოველ ჯერზე, როცა ზაფხული მოდის და დასვენებაზე ვიწყებ ფიქრს, რამდენიმე ამბავი მახსენდება სხვადასხვა დროს წაკითხული წიგნებიდან, რომელიც სწორედ ოჯახურ არდადეგებს აღწერს და ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ როგორ მოყვებოდა ვინმე კარგი მწერალი ჩვენი დასვენების ამბებს. როგორ აღწერდა ახალგაზრდა ოჯახს და მათ ზოგჯერ წარმატებულ და ზოგჯერ წარუმატებელ მცდელობებს, გახადონ დასვენებისთვის განკუთვნილი დღეები ბავშვებისთვის დაუვიწყარი, ამ წარუმატებლობებით განცდილ იმედგაცრუებებს და წარმატების სიხარულებს, ბავშვების შთაბეჭდილებებს, ახალი მთების, ტბების, მდინარეების, ადამიანების, ცხოველების შესახებ და გარშემომყოფებს, რომლებიც ამ ამბებში ეპიზოდურად ან სულაც ინტენსიურად არიან ჩართულები.

წელს პირველი ზაფხულია, როცა ჩემმა უფროსმა შვილმა შედარებით დიდი მოცულობის მქონე წიგნების “წაკითხვა”, უფრო სწორად, “წაკითხება” დაიწყო და ვინაიდან რამდენიმე კარგად ნაცნობმა ამბავმა ჩემთვის მოულოდნელად ჩამითრია, ვიფიქრე, სხვა უფროსებისთვისაც შესაძლოა სასიამოვნო აღმოჩნდეს ბავშვებისთვის განკუთვნილი საკითხავების გულდასმით გადაკითხვა ზრდასრულ ასაკში, ამიტომაც ვეცდები შემოგთავაზოთ საკითხავები არდადეგებისთვის, რომელიც არა ბავშვებისთვის, არამედ მათთან მყოფი დიდებისთვის იქნება განკუთვნილი.

1) ჩვენც სალტკროკელები ვართ – ასტრიდ ლინდგრენის სრულიად გადასარევი ამბავი მამასა და მის ოთხ შვილზე, რომლებიც სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიდიან ზაფხულის გასატარებლად და ყველას, ძია მელკერს, მალინს, იუხანს, ნიკლასს და პელეს იმედი აქვთ, რომ ამ კუნძულზე შესანიშნავ დროს გაატარებენ. ამბავი იმით იწყება, რომ სახლი, რომელიც ზაფხულისთვის მამამ შეარჩია, საკმაოდ შელანძღული აღმოჩნდა, მჭვარტლავი ღუმელით და დაზიანებული სახურავით, საიდანაც წვიმიან დღეებში წყალი ოთახებში თავისუფლად ჩამოდიოდა. მამა იმედგაცრუებულია, ბავშვები კი უმალ უმეგობრდებიან ადგილობრივებს, რომელთან ერთადაც მართლაც საუცხოოდ ატარებენ ზაფხულს.
ამ წიგნს ბავშვობაში უამრავი ადამიანი კითხულობს, თუმცა მშობლების ვნებები, ინტერესთა კონფლიქტები უფროს და უმცროს ბავშვებს შორის, ახალ ადამიანებთან დამეგობრების ბავშვებისეული სტრატეგიები ზრდასრულობისას სხვანაირი სიმძაფრით აღიქმება. ამიტომაც არის სალტკროკაზე გატარებული ზაფხულის ამბავი პირველი, რომელიც მახსენდება ხოლმე, როცა ჩვენს დასვენებაზე ვიწყებ ფიქრს.

2) მუმინების სერია ტუვე იანსონისგან, რომლის თითოული წიგნი პატარა არსებებთან ერთად ჯადოსნური მოგზაურობაა, სადაც უამრავ დრამას შეხვდებით, დაწყებული ბავშვთა სახლში მკაცრი აღმზრდელის ხელში გატარებული ბავშვობით, გაგრძელებული მეგობრობის თანმხლები სევდებითა და სიხარულებით, ოჯახური ამბებით, სიყვარულით, მოგზაურობით, თავგადასავლების წყურვილით და ამ თავგადასავლების ძიებისას სასოწარმკვეთი დაღლილობებით. მუმინტოლები, ჰატიფნატები, ჰემულები და სხვა გმირები ჯადოსნური არსებები არიან, მაგრამ მათი თავგადასავლები ძალიან ახლოს არის ადამიანების ცხოვრებასთან, იმდენად ახლოს, რომ ზრდასრულებსაც გამოდგება ფიქრის საბაბად.
თუკი ამ წიგნებს ბავშვებს ახლა აცნობთ, აუცილებლად მოძებნეთ მუმინების ხეობაში კომეტის გამოჩენის ამბავზე გადაღებული ბოლო ეკრანიზაცია, რომელსაც ბიორკის მუსიკა ახლავს თან და წიგნში აღწერილი ამბების ხარისხიანი ანიმაციაც აჩვენეთ.

3) დედა, მამა, 8 ბავშვი და სატვირთო მანქანა – ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ზღაპრების სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე ზრდასრულობისას აუცილებლად გადასაკითხი ამბავია იმაში დასარწმუნებლად, რომ ბავშვებს ბედნიერებისთვის იმაზე გაცილებით ცოტა რამ სჭირდებათ, ვიდრე უფროსებს გვგონია ხოლმე და მთავარია გულწრფელობა, სიყვარული და ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭების სურვილი. წვეულება პაწაწუნა ოთახშიც შეიძლება დაუვიწყარი იყოს, დასვენება ტყის ან ზღვის პირასაც შეიძლება მარტივად დაორგანიზდეს, თუ მთელი ოჯახი ერთ მანქანაში ჩასხდება და შერჩეული ადგილისკენ გაემგზავრება, ტანსაცმელი შესაძლოა სხვისი ნახმარი გეცვას და შინაური ცხოველის მოვლასაც ყოველთვის მოახერხებ, თუკი მის ყოლას გადაწყვეტ. უფროსებს ბავშვებივით გვჭირდება ხოლმე, ვინმემ გვითხრას, შენ ეს გამოგივა, შენც შეგიძლია, შენ სწორად ფიქრობ და ვინაიდან ამას ხმამაღლა იშვიათად ვამბობთ, საჭირო ფრაზებსაც იშვიათად ვისმენთ, ანა-კატარინე ვესტლის ამბები კი სწორედ ამ დანაკლისს ავსებს, კითხულობ ნაცნობ ამბებს და ხვდები, რომ ცხოვრება ისეთია, როგორ სახელსაც დაარქმევ, მისი ფორმა დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ კი ალბათ ყველაფერი შეგვიძლია, თუკი ერთმა დედამ და მამამ, რომლებიც 8 შვილზე ზრუნავდნენ, ეს უკვე შეძლეს;

უფროსების საკითხავების გავრცობა უსასრულოდ შეიძლება და გრძელი სია შესაძლოა დაიყოს სკოლამდელი ბავშვების, დაწყებითი კლასების მოსწავლეების, თინეიჯერებისა და ყმაწვილებისთვის განკუთვნილ წიგნებად, რომლებსაც უფროსები მათთან მყოფი ბავშვების ზრდის პარალელურად “გადაიმეორებენ”.

ბავშვების საკითხავების “გადამეორებას” გარდა უფროსების ტკბობისა, მეორე ფუნქციაც აქვს: “დიდებმა” სასურველია იცოდნენ, რას კითხულობს ბავშვი, ესაუბრონ საყვარელ გმირებზე, ყოველდღიურ სიტუაციებში გადმოიტანონ წიგნების სიუჟეტები და ჰქონდეთ საერთო საფიქრალი და საკომუნიკაციო ველი, რაც ნდობის მოპოვებასა და უკეთ გართობას შეუწყობს ხელს.
ასე, ხანგრძლივი არდადეგების ქონის გარეშეც შეიძლება თურმე დრო, რომელსაც ბავშვებისა და დასვენებისთვის მოვიპოვებთ, ბავშვობაში დასაბრუნებლად, ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლებისთვის გამოვიყენოთ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...