შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

ბლოგი, რომელიც სხვა უნდა ყოფილიყო

0

წუხელ ჩემი სოფლის ბიბლიოთეკა დამესიზმრა: გაყინულ ოთახში კლასიკოსი მწერლების წიგნებით გამოტენილ თაროებს შორის ვიჯექი და ვკითხულობდი… საკუთარ რომანს. არადა, ამ რომანის მხოლოდ ორი თავი მაქვს ჯერ დაწერილი. ბლოგის დაწერას სხვა თემაზე ვაპირებდი, მაგრამ ამ ნარცისულმა სიზმარმა გადამაწყვეტინა, რომ სოფლის ბიბლიოთეკაზე დამეწერა.

ზოგადად ბიბლიოთეკა და, მით უმეტეს, სოფლის ბიბლიოთეკა ესაა სულიერი არსება, მეგობარი, შეყვარებული და მასწავლებელი. სოფლის ბიბლიოთეკები თითქმის ყველა ერთმანეთს ჰგავს, ყველგან ერთნაირი სუნია.

ჩემი სოფლის ბიბლიოთეკა ორი მოზრდილი ოთახისგან შედგებოდა. მისაღები ოთახი, სადაც ბიბლიოთეკარი (მამიდაჩემი) იჯდა, რატომღაც უფრო დიდი იყო, ვიდრე ის ოთახი, რომელშიც წიგნის თაროები ჩაემწკრივებინათ. მისაღები ოთახის ორი მოპირდაპირე კედლის სტენდებზე ცნობილი მხატვრების ალბომები და  იკონოგრაფიული ალბომები გაშლილად იყო დალაგებული. ასევე ნახავდით გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული გამოფენა-კონკურსისთვის შექმნილ ნახატებს, რომელიც მერე არავის აუღია და, მგონი, დღესაც იქ დევს (სხვათა შორის, ბავშვობაში ვხატავდი, აღნიშნულ კონკურსში ერთ-ერთ საპრიზო ადგილზე გავედი და ბადმინტონი მაჩუქეს). ოთახში იდგა თუნუქის მომცრო ღუმელიც, რომლის ზედაპირი ზაფხულობით მკვდარი მწერებით იყო მოფენილი, ზამთრობით კი ღუმელი ისე ხურდებოდა, რომ გვერდები უწითლდებოდა, მაგრამ მაინც ვერ ათბობდა უშველებელ ოთახს და მამიდაჩემი და სოფლის გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი (გამგეობა ბიბლიოთეკის ზევით იყო)  ახლოს მიუსხდებოდნენ.

სქელშუშაგადაფარებულ მაგიდაზე ცალხაზიანი თაბახის ფურცლები, ფურცლის სახვრეტი და კალმისტრები ელაგა, მაგიდის მარჯვენა მხარეს კართოტეკის უჯრები იყო დატანებული. მე მარცხენა მხარეს დატანებული, ჩაკეტილი უჯრა მაინტერესებდა, რადგან იქ ინახავდა მამიდაჩემი ასლგადამყვან ქაღალდებს, ე. წ. „კაპიროვკებს“. სულ სამი ფერისა იყო: შავი, ლურჯი და იასამნისფერი. თავისი პროზაულობიდან გამომდინარე, შავი არ მიყვარდა, ლურჯზე და, განსაკუთრებით, იასამნისფერზე ვგიჟდებოდი.

მამიდაჩემი დევნილთა ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარეც იყო და სულ სიებს ადგენდა. სამუშაო სახლშიც მოჰქონდა, ნახმარ ასლგადამყვან ქაღალდებს ისედაც მაძლევდა, მაგრამ ახლებს ვპარავდი ხოლმე. ვპარავდი და ვხატავდი, რადგან ნახატის ასლი უფრო უცხოდ და საინტერესოდ გამოიყურებოდა, ვიდრე ორიგინალი.

წიგნებით გამოტენილ მეორე ოთახში რომ შევრგავდი თავს, ძნელი იყო იქიდან ჩემი გამოყვანა. ზაფხულობით გრილოდა, მაგრამ ზამთრობით ისეთი სიცივე და ნესტი იყო, რომ მახსენდება, ახლაც მაძაგძაგებს. თაროებში ქექვა მიყვარდა, თაროები კი სავსე იყო წიგნებით – დიადი სოციალიზმის მამამთავართა ნაშრომებიდან დაწყებული „ცნობიერების ნაკადის“ მამამთავართა რომანებით დამთავრებული.

ამ გადაქექვა-გადმოქექვაში არ იყო გამორიცხული, მაგალითად, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებული – „ბაქანი“ მურმან ქოიავას ლექსების პირველ კრებულ – „მზის სადღეგრძელოს“ გვერდით აღმოჩენილიყო. მხატვრულ უთანასწორობას დავანებოთ თავი, უბრალოდ სად „დ“ და სად „ქ“. ამიტომ არ უყვარდა მამიდაჩემს ჩემი იქ შეშვება, მაგრამ კვირაში სამჯერ მაინც იქ ვიყავი.

ერთხელ რომელიღაც ღვთისნიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით ბიბლიოთეკაში თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნები მოიტანეს. პირველად მაშინ წავიკითხე აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე და სხვები. იყო ასევე მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილი ოთხმოცდაათიანი წლების ქართული პოეზიის ანთოლოგია, სამხედრო კამუფლაჟიანი ყდით. სწორედ იქ გავეცანი თანამედროვე ქართველი პოეტების უმრავლესობას. მახსოვს, როგორ დაჰქონდათ წინ და უკან უფროსებს ეს ანთოლოგია და გაოგნებულები აჩვენებდნენ ერთმანეთს კოტე ყუბანეიშვილის ლექსს, რომელშიც მამაკაცის სასქესო ორგანო იყო ნახსენები.

არ ვიცი, დღეს მარაგდება თუ არა ჩემი სოფლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით. მამიდაჩემი ისევ იქ მუშაობს, უბრალოდ მე არ ვყოფილვარ დიდი ხანია.

 „ბლუმის კუბიკის“  გამოყენება გაკვეთილზე                                                                                                        

0

ბ. ბლუმის  პედაგოგიური თეორია („ტაქსონომია“) საგანმანათლებლო მიზნებს კოგნიტურ, ფსიქომოტორულ და აფექტურ ნაწილებად ჰყოფს. სხვაგვარად იგი შეიძლება ასეც განისაზღვროს – „ვიცი“ (კოგნიტური), „ვქმნი“ (ფსიქომოტორული)  და „შემიძლია“ (აფექტური), რაც მიუთითებს იმაზე, რომ  მოსწავლეს ვთავაზობთ არა მზა ცოდნას, არამედ პრობლემას. მან კი მიღებული ცოდნის, საკუთარი გამოცდილებისა და შემეცნების საფუძველზე უნდა იპოვოს  პრობლემის   გადაჭრის გზები და წამოჭრილ საკითხებზე პასუხები მიიღოს.

სხვადასხვა პედაგოგიურ სტრატეგიას შორის, ე.წ. „ბლუმის კუბიკი“ გამორჩეულად ხელსაყრელია მოსწავლეთა ცოდნის, სააზროვნო პროცესების გააქტიურებისა და დასკვნების გაკეთებისთვის. ამავდროულად ის ხელს უწყობს თემის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას და რეფლექსიას მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე (იხ. სურ.1):

სურ.1.

 

მეთოდის გამოყენება:

პირველი – გაკვეთილის თემის ფორმულირება, რომელიც შეკითხვების მთელ ჯგუფს მოიცავს.  მათ  აუცილებლად   გაეცემა  პასუხი  გაკვეთილის მსვლელობისას;

მეორე – ესაა თავად კუბიკის,  ჩვეულებრივი ქაღალდის კუბიკის  გამოყენება, რომლის წვეროებზეც   „ბლუმის ცნებებია“ დაწერილი (სურ.2):

სურ.2.

  • დაასახელე… ჩამოთვალე… დაალაგე… აღწერე… განსაზღვრე… გაიხსენე… შეარჩიე… დააკავშირე…;
  • რატომ… ;
  • ახსენი… შეაჯამე… განსაჯე… მოიყვანე მაგალითი… დააჯგუფე… შენი სიტყვებით ჩამოაყალიბე…;
  • შემოგვთავაზე, როგორ… გამოიყენე… გადაწყვიტე… განახორციელე… მოამზადე… შეცვალე…  ააგე…;
  • გაანალიზე…; შეამოწმე…;  ააგე  დიაგრამა…;  შეადარე…;
  • მოიფიქრე..; შეიმუშავე გეგმა; გადაამოწმე; გარდაქმენი; ააწყვე; შეცვალე;  შეიმუშავე  ჰიპოთეზა  და  შეამოწმე..;
  • „გამოყავი… ხაზი გაუსვი… შეაფასე… დაასაბუთე…  გამოიკვლიე… მოიყვანე არგუმენტები..;

მესამე –  ვისვრით  კუბიკს,  დაცემის  კუთხე მიგვითითებს შეკითხვაზე, რომელიც უნდა დაისვას.

მეოთხე: კუბიკის კუთხეების ვარირება – შეკითხვების მრავალგვარობა – საკითხის ყველა მხრიდან  შესწავლის საშუალებას იძლევა,  რაც სასწავლო მიზნების მიღწევაში გვეხმარება.

„ბლუმის კუბიკის“ გამოყენებისას  შეკითხვას აყალიბებს ან თავად მასწავლებელი (შედარებით მარტივი გზა, როდესაც მაგალითს, ნიმუშს აძლევს თავად მასწავლებელი), ან მოსწავლეები (რასაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდება – შეკითხვის მოფიქრებისა და კითხვის  დასმის უნარის გამომუშავება).  სწავლის ზედა საფეხურზე შეკითხვებისათვის გამოიყენება ცხრილიც –  მოსწავლეებს სთავაზობენ,  შეავსონ ცხრილი შესაბამისი ტიპის შეკითხვებით, რომლის მიხედვითაც ისინი გააანალიზებენ თანკლასელების პასუხებს, მაგალითად:

 

სააზროვნო დონეები  ზმნები
ცოდნა დაალაგე; აღწერე; განსაზღვრე; გაიხსენე; შეარჩიე; დააკავშირე; დაასახელე; გაიხსენე (მაგალითად, „დაასახელე“ /რეპროდუქციული ხასიათის ცოდნა/ – ამ ტიპის შეკითხვა ყველაზე მარტივია.   მოსწავლემ უბრალოდ უნდა დაასახელოს  მოვლენა, ტერმინი,  საგანი და ა.შ. მაგ. „დაასახელე „აბო ტფილელის ცხოვრების“ ძირითადი პერსონაჟები“, ანდა „დაასახელე რევოლუციური სიტუაციის   დამახასიათებელი სამი ძირითადი  ნიშანი“, ან – „რას ნიშნავს უძრაობის ხანა?“ და სხვ. მთავარია,  შეკითხვა ისე დაისვას, რომ თემის შესახებ  მოსწავლის ზოგადი ცოდნა გამოჩნდეს, ანუ შეკითხვამ უნდა „უბიძგოს“ მოსწავლეს,  გამოავლინოს  ტექსტის  ცოდნა).
გაგება ახსენი; შეაჯამე; განსაჯე; მოიყვანე მაგალითი; დააჯგუფე; შენი სიტყვებით  ჩამოაყალიბე (მაგალითად, „ახსენი“ –  ამ  ტიპის შეკითხვები „აზუსტებს“ ინფორმაციას. ისინი გვეხმარებიან პრობლემის სხვადასხვა კუთხით დანახვაში. ამავდროულად არსებობს ფრაზები, რომლებიც გვეხმარებიან ამ საფეხურის შეკითხვების ფორმულირებაში, როგორიცაა –   „შენ ნამდვილად ფიქრობ, რომ…“, „შენ დარწმუნებული ხარ, რომ…“ მაგალითად, „შენ ნამდვილად ფიქრობ, რომ დავით IV-ის მიერ გატარებული რეფორმები აუცილებელი იყო?“ „დარწმუნებული ხარ, რომ ვარსკვლავების გაქრობა მათ ასაკზეა დამოკიდებული?“ და ა.შ.
გამოყენება გამოიყენე; გადაწყვიტე; განახორციელე; მოამზადე;  შეცვალე;  ააგე („შემოგვთავაზე“ –  მოსწავლემ უნდა შემოგვთავაზოს ისეთი დავალება, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ესა თუ ის წესი, ან უნდა შემოგვთავაზოს პრობლემის მისეული ხედვა, თავისი იდეა, უნდა ახსნას, როგორ გამოიყენება ესა თუ ის ცოდნა პრაქტიკში, კონკრეტულ  სიტუაციაში. მაგალითად, „სად და რა სიტუაციაში შეიძლება რეფორმების გატარება?“ „როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა კოსმოსის შესასწავლად?“ და სხვ.).

 

ანალიზი გაანალიზე;  შეამოწმე;  ააგე  დიაგრამა;  შეადარე; გამოყავი.. ხაზი გაუსვი („გამოყავი… ხაზი გაუსვი…“ – ძალიან ააქტიურებს  მოსწავლის აზროვნებას, ასწავლის გაანალიზებას, ფაქტებისა და დასკვნების  გამოყოფას, შედეგების შეფასებას).
სინთეზი შეიმუშავე გეგმა; გადაამოწმე; გარდაქმენი; ააწყვე; შეცვალე; შეიმუშავე  ჰიპოთეზა  და  შეამოწმე;  მოიფიქრე („მოიფიქრე“ – ეს შემოქმედებითი ხასიათის შეკითხვაა, რომელიც შეიცავს „შეთავაზების“, „გამონაგონის“ ელემენტს. მაგალითად, „რა მოხდება, თუ დედამიწაზე მტკნარი წყლის  მარაგი მთლიანად დადნება?“ „მოიფიქრე, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ცხოვრებაში ქვეყნის ძირითადი კანონი – კონსტიტუცია?“ და ა.შ.)
შეფასება შეაფასე;  დაასაბუთე;  გამოიკვლიე; მოიყვანე არგუმენტები

(უმჯობესი იქნება, თუ ამ საფეხურის შეკითხვას „ემოციას დავუმატებთ“, გრძნობებს გამოვიწვევთ. მაგალითად, „რას გრძნობ, როდესაც მოცარტის მუსიკა გესმის?“ ანდა  – „რატომ აირჩიე მაინდამაინც  ეს  საგანი?… მოვლენა…?“ და  ა.შ.)

 

რაც შეეხება დაწყებით საფეხურს, შეკითხვები სტანდარტულის მაგივრად შესაძლოა იყოს შემდეგნაირი:

  • დაასახელე ასოციაცია (რასთან ასოცირდება მოცემული საგანი, მოვლენა?);
  • აღწერე (ფორმა, ზომა, ფერი და ა.შ.)..;
  • გამოიყენე (მოიყვანე მაგალითები მისი გამოყენების მიხედვით, ანდა გვიჩვენე, როგორ გამოიყენება);
  • შეადარე (მოცემული საგანი ანდა მოვლენა შეადარე მსგავსს, მიუთითე მსგავსება და განსხვავება);
  • გააკეთე ანალიზი (მოგვითხრე, გვიამბე, რისგან შედგება, როგორაა გაკეთებული და ა.შ.);
  • შეაფასე (მიუთითე ყველა „პლიუსი“ და „მინუსი“).

ბლუმის კუბიკის საფეხურებს ადვილად იმახსოვრებენ მოსწავლეები, მასწავლებლებს კი ის ეხმარება, განავითაროს  მოსწავლეებში  კრიტიკული აზროვნება.

 

„ბლუმის კუბიკის“  გამოყენების მაგალითები ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე:

 ისტორიის გაკვეთილზე

  • დაასახელე XIX საუკუნის დამდეგის რუსეთის სამეფო ხელისუფლების ძირითადი საგარეო  მიმართულებები;
  • რატომ შეფერხდა ქართული კულტურის განვითარება XIX საუკუნის დასაწყისში?
  • ახსენი, რა მიზნებს  ისახავდა რუსეთის ხელისუფლება, როდესაც გიორგი XII-ის ოჯახის წევრები  პეტერბურგში გაიწვია?
  • მოიყვანე არგუმენტები, რამდენად აქტუალური იყო რუსული მიმართულება ქართლ-კახეთის საგარეო პოლიტიკაში;
  • მოიყვანე 6 არგუმენტი XIX საუკუნის დასაწყისში  სქართველოში დამყარებული რუსული ხელისუფლების ანტიქართული ხასიათის შესახებ;
  • როგორ ფიქრობ, XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების რომელი მიმართულებაა დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანი?

სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე:

  • დაასახელე შრომის ბაზრის ძირითადი თავისებურებები;
  • რატომაა შრომის ბაზარი ძალიან მნიშნელოვანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში?
  • ახსენი,  რა კავშირი არსებობს სახელმწიფო  შემოსავალებსა და შრომის ბაზარს შორის;
  • რა  სტრატეგიას შესთავაზებდი ხელისფლებას შრომის ბაზრის გაზრდისთვის?
  • მოიფიქრე, როგორ შეიცვლება ეკონომიკა, თუ გაქრება უმუშევრობა?
  • როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა, შრომის ბაზრის მდგომარეობის მიხედვით მთლიანად საზოგადოების სოციალ-ეკონომიკურ  მდგომარეობაზე მსჯელობა?

რამდენადაც თანამედროვე  სკოლა მოწოდებულია, აღზარდოს თავისუფალი, განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნება, რომელიც ზრუნავს თვითგანათლებაზე, ორგანიზებულობაზე, ფლობს გარკვეულ სუბიექტურ გამოცდილებას, შეუძლია რთულ პირობებში ორიენტირება და გადაწყვეტილებების მიღება,  ბლუმის კუბიკი პედაგოგების ხელში ამ ამოცანების განხორციელების ერთ-ერთ ეფექტურ სტრატეგიას  წარმოადგენს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. BLOOM’S TAXONOMY & THINKING STRATEGIES – PLANNING MATRIX.,https://reapgatecluster.wikispaces.com/file/view/Bloom%E2%80%99s+taxonomy+and+thinking+strategies+-+Planning+matrix.pdf
  2. Bloom´s Cube., https://sddial.k12.sd.us/esa/doc/teachers/differ_instruc.htm
  3. „Кубик Блума“, https://nitforyou.com/cubblum/
  4. კახაბერ ჩაკვეტაძე, „ბენჯამენ ბლუმის განათლების მიზნების ტაქსონომიის გამოყენება ისტორიის გაკვეთილებზე“., GESJ: Education Science and Psychology 2016 | No.1(38)., The 4th Teacher Conference “University and School” (Problems of Teaching and Education) The exchange of Good Practices 17 October, 2015, Materials; ლინკი მოცემულ დროზე: file:///C:/Users/User/Downloads/2669%20(2).pdf

 

 

 

„ბავშვის გულისკენ მიმავალი ხუთი გზა“

0

(შესავალი)

დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები წიგნიდან: „ბავშვის გულისკენ მიმავალი ხუთი ბილიკი“. წიგნში აღწერილია მშობლების ქცევის ხუთი მოდელი. ეს მოდელები ეხმარება მშობლებს განსაზღვრონ ის ბილიკი, რომელიც მისი შვილის გულისაკენ მიდის. მას შემდეგ, რაც მშობელი გაარკვევს, რომელი მიმართულება დაეხმარება მასა და მის შვილს, აუცილებელია დანარჩენი ოთხი მიმართულებაც შეისწავლოს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება სიყვარულის გამოხატვის ხერხების შეცვლა: ბავშვი იზრდება – ესე იგი, იცვლება.

წიგნის ავტორები – როს კემპბელი და ჰარი ჩეპმენი – ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში უმთავრესია სიყვარული. ბავშვის რომელი თვისების განვითარებაზეც არ უნდა მუშაობდეს მშობელი, უმნიშვნელოვანესია – აღზრდა სიყვარულზე იყოს დაფუძნებული. ბავშვი ყოველთვის შეისმენს მშობლის რჩევა-დარიგებას, თუ ის დარწმუნებულია მის სიყვარულში.

 

  როგორ გამოვძებნოთ ბავშვთან საერთო ენა

ყველა უფროსს მოუსმენია ბავშვების საუბარი. დამეთანხმებით, რომ ხშირად დაბნეულხართ და გიფიქრიათ: „რა თქვეს? ვერაფერი გავიგე“. ჩვენი შვილები ზოგჯერ ისეთ ენაზე საუბრობენ, რომ ძნელია მათი გაგება. ზუსტად ასევე, უჭირთ ბავშვებს უფროსების გაგება, რადგან მათ უძნელდებათ საკუთრი აზრების ნათლად და მკაფიოდ გადმოცემა. თუმცა უარესია, როდესაც უფროსები ვერ გადასცემენ შვილებს საკუთარ ემოციებს, განცდებსა და სიყვარულს. თქვენ შეგიძლიათ შვილთან მისთვის გასაგებ „სიყვარულის ენაზე“ საუბარი?

ყველა ბავშვს თავისებურად ესმის მშობლების სიყვარულის ენა. და თუ მშობლებმაც ეს ენა იციან, მათ კარგად ესმით ერთმანეთის. სიყვარული ნებისმიერ ბავშვს სჭირდება, მის გარეშე ის ვერასოდეს გახდება სრულფასოვანი პიროვნება. სიყვარული – მშვიდი ბავშვობის ყველაზე საიმედო საძირკველია. თუ ეს კარგად ესმით უფროსებს, ბავშვი გაიზრდება და კეთილ, გულისხმიერ ადამიანად ჩამოყალიბდება.

როგორ შეიგრძნობენ სიყვარულს ბავშვები

ჩვენს დროში ემოციურად ჯანსაღი ბავშვის აღზრდა სულ უფრო და უფრო რთული ამოცანა ხდება. საგანმანათლებლო სისტემა იმდენად არასრულყოფილია, რომ მშობლები ხშირად საკუთარი შვილებისათვის  კერძო სკოლებს ირჩევენ. მშობლებს აშფოთებთ ნარკომანიის პრობლემა, დანაშაულის ზრდა. ჩვენს დაუნდობელ სამყაროში არავინაა დაცული ძალადობისგან.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვინდა დავაიმედოთ მშობლები. ჩვენი სურვილია, არაფერმა მიაყენოს ჩრდილი თქვენს შვილებთან ურთიერთობას. მშობლების ძირითადი მოვალეობაა – დააკმაყოფილონ შვილების მოთხოვნილება, იყვნენ სიყვარულით გარემოცული. თუ ბავშვები გრძნობენ, რომ ისინი ნამდვილად უყვართ, მაშინ უფრო მეტად უჯერებენ უფროსების რჩევა-დარიგებებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი დაეხმარება მშობლებს, უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ ბავშვის ფსიქოლოგია და შეძლონ, აჩვენონ შვილებს, რა ძლიერ უყვართ ისინი. ამისათვის აუცილებელია უფროსებმა იცოდნენ სიყვარულის გამოხატვის ის ფორმა, რომელსაც ბავშვი ადვილად გაიგებს.

იმისათვის, რომ შვილმა შეიგრძნოს თქვენი სიყვარული, საჭიროა იპოვოთ მისი გულისკენ მიმავალი განსაკუთრებული გზა და ამავე დროს უნდა ისწავლოთ სიყვარულის გამოხატვა. ბავშვები სხვადასხვანაირად შეიგრძნობენ სიყვარულს. საერთოდ არსებობს ხუთი საშუალება, რომლითაც ბავშვები (და უფროსებიც) სიყვარულს გამოხატავენ. კერძოდ: შეხება, გამამხნევებელი სიტყვები, დრო, საჩუქრები და დახმარება. ერთი ოჯახის შვილებსაც კი სიყვარულის განსხვავებული ენა აქვთ. ყველა ბავშვს განსხვავებული ხასიათი აქვს და ამიტომაც სიყვარულსაც განსხვავებულად აღიქვამენ, ხოდა სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ყოველ მათგანს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბროთ.

უპირობო სიყვარული

უპირობო სიყვარული – ეს თქვენი გზამკვლევი შუქურაა და თუ ეს შუქი ჩაგიქრებათ, სიბნელეში ხელების ცეცებით მოგიწევთ გზის გაკვლევა.

მაინც რა არის უპირობო სიყვარული? მას ვერაფერი შეარყევს. ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი, მაშინაც, როცა ის ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს; მაშინაც, როცა ის ვერ ამართლებს მშობლის მოლოდინებს. მისი ნაკლი ან ღირსებები არანაირ როლს არ თამაშობს. მშობლებს უყვართ შვილები ისეთი როგორებიც არიან  და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უყვართ მაშინაც, როცა ისინი ცუდად იქცევიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობლებმა უნდა გაამართლონ შვილის არასწორი საქციელი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ უყვართ ბავშვი მაშინაც კი, თუ მისი საქციელი მისთვის ბოლომდე მისაღები არ არის.

აქ შეიძლება ვინმემ იკითხოს: „ხომ არ ვუბიძგებთ ბავშვს იფიქროს, რომ მისთვის არ არსებობს შეზღუდვები?“ არა. უბრალოდ საჭიროა ყველაფერში თანამიმდევრულობა. თავდაპირველად, მშობლები ბავშვის გულს  სიყვარულით ავსებენ და მხოლოდ, ამის შემდეგ იწყებენ მის აღზრდა-განათლებას, რადგან მათი შეგონებები მასში ძლიერ პროტესტს აღარ გამოიწვევს.

ზოგიერთი მშობელი შიშობს, რომ ამგვარი მიდგომით შესაძლებელია ბავშვი „გაფუჭდეს“. ეს შეცდომაა. ბავშვებს უმალ მშობლების მხრიდან არასაკმარისი ყურადღება „აფუჭებს“. გვინდა გითხრათ, რომ სიყვარულსაც შეუძლია ზიანის მოტანა, მაშინ, როდესაც მშობლებს არ შეუძლიათ მისი სწორად გამოხატვა. უპირობო სიყვარულს ჯერ არცერთი ბავშვი არ „გაუფუჭებია“, ის არ შეიძლება ძალიან ბევრი იყოს.

შესაძლებელია უპირობო სიყვარულის პრინციპები ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის აღზრდაზე თქვენს წარმოდგენას. თუ ასეა, მოგიწევთ დაამსხვრიოთ სტერეოტიპები, ეს უდავოდ რთულია. მაგრამ მაინც უნდა სცადოთ. შედეგის დანახვისთანავე, გულზე მოგეშვებათ. ნუ დაივიწყებთ – თქვენ თქვენი შვილების კეთილდღეობისათვის წვალობთ ამდენს. შვილებს ესაჭიროებათ უპირობო სიყვარული და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი გაიზრდება თქვენი შვილი: გახდება ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, თუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და იქნება მერყევი, გაბოროტებული და უპასუხისმგებლო ადამიანი.

თუ თქვენ მიეჩვიეთ, თქვენი სიყვარული ბავშვს რაიმეში „გაუცვალოთ“, მაშინ დასაწყისში გაგიჭირდებათ განსხვავებული მიდგომით ხელმძღვანელობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ, ისწავლეთ უპირობო სიყვარული. ეფექტი გაგაოცებთ: გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საკუთარ შვილთან, ოჯახის სხვა წევრებთან, მეგობრებთან და თქვენ წარმოიდგინეთ კოლეგებთანაც კი.

ჩვენ არ ვართ სრულყოფილი არსებები და ამიტომ ყოველთვის არ გამოგვდის უპირობოდ სიყვარული, მაგრამ ამისკენ უნდა ვისწრაფოთ. რაც უფრო მეტად შეეცდებით, მით უფრო მიუახლოვდებით უპირობო სიყვარულის იდეალს.

შესაძლებელია ეს ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობისას კარგი იქნება თუ საკუთრ თავს ხშირ-ხშირად შეახსენებთ ხოლმე რომ:

  1. ჩემ წინაშე არიან ბავშვები;
  2. ისინი იქცევიან როგორც ბავშვები;
  3. თუ მე ვასრულებ მშობლის მოვალეობებს და მიყვარს შვილები, მიუხედავად მათი კაპრიზებისა, ისინი გაიზრდებიან და გამოსწორდებიან;
  4. თუ შვილებს ჩემი სიყვარულის მოსაპოვებლად ჩემთვის „თავის მოქონვა“ სჭირდებათ, გამოდის, რომ ჩემი სიყვარული არ არის უპირობო და ბავშვები მას ვერ შეიგრძნობენ. ამის გამო ისინი საკუთარი თავის რწმენას დაკარგავენ და ვერ შეძლებენ საკუთარი ქცევების ადეკვატურ შეფასებასა და გაკონტროლებას. ესე იგი, ყველა შემთხვევაში მათ ქცევებსა და განვითარებაზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება;
  5. თუ სიყვარულის დასამსახურებლად ბავშვები უნდა გახდნენ ისეთები, როგორებიც მშობლებს სურთ, მაშინ ისინი ვერასოდეს გახდებიან დამოუკიდებლები. ანუ ყველა შემთხვევაში მათ მიმართ მოთხოვნები ძალიან მაღალია. და შედეგად ვიღებთ – შფოთვას, დაბალ თვითშეფასებას, გაღიზიანებას. იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, მშობლებს მუდამ უნდა ახსოვდეთ: ბავშვის განვითარებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
  6. თუ მშობელს, მიუხედავად ყველაფრისა, უყვარს შვილები, ისინი მშვიდები და გაწონასწორებულები გაიზრდებიან. ისინი შეძლებენ გააკონტროლონ საკუთარი ქცევა და არ იქნებიან მუდმივად უსარგებლო შფოთვაში.

რა თქმა უნდა, შვილების ქცევა დამოკიდებულია ასაკზე. ცამეტი წლის ასაკში ბავშვები სხვანაირად იქცევიან, ვიდრე თუნდაც შვიდი წლის ასაკში. ზოგჯერ მოზარდს შეუძლია ზრდასრულივით მოქცევა, მაგრამ მაინც მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ წინაშეა ცამეტი წლის ბავშვი და არა სრულწლოვანებას მიღწეული ადამიანი.

სიყვარული… და არა მხოლოდ

ბავშვებს სჭირდებათ სიყვარული. სწორედ ამაზეა ეს წიგნი. სიყვარულის მოთხოვნილება უმთავრესია. ჩვენ გასწავლით როგორ დააკმაყოფილოთ ბავშვების ეს მოთხოვნილებები და ამავე დროს დაამყაროთ მათთან სწორი ურთიერთობები. სიყვარულის მოთხოვნილება ერთადერთი არ არის, მაგრამ დანარჩენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გაცილებით ადვილია, განსაკუთრებით, თუ საუბარია ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. მშობლებმა უნდა უზრუნველყონ შვილები ტანსაცმლით, ჯანსაღი ფიზიკური გარემოთი და ასევე, მშობლების პასუხისმგებლობაა შვილების გონებრივ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვს შეეძლოს საკუთარი თავის ადეკვატურად შეფასება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მრავლად არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც შეუსაბამოდ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს. ზოგი თვლის, რომ  სხვებზე მაღლა დგას: ის ღვთის საჩუქარია, მისი ყველა კაპრიზი უნდა შესრულდეს; ნაწილი, რომელსაც დაბალი თვითშეფასება აქვს, მუდმივად შფოთავს, რომ ის არ არის სხვებივით ჭკვიანი, ძლიერი და ლამაზი. ის გამუდმებით ეუბნება საკუთრ თავს: „მე ვერ შევძლებ ამის გაკეთებას“ და მართლაც ვერ აკეთებს.

მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ შვილს, ირწმუნოს საკუთარი თავის და აიმაღლოს თვითშეფასება. ამის შემდეგ კი ბავშვი შეძლებს, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, რომელიც საკუთარი ტალანტისა და უნარების რეალიზებასაც წარმატებულად მოახდენს.

გარდა ამისა, ბავშვს უფროსების მხრიდან დაცვა სჭირდება. ის მუდმივად უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ. ეს ყველა პატარის მოთხოვნილებაა. სამწუხაროდ, დღევანდელ არასტაბილურ საზოგადოებაში ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველა მშობელს არ შეუძლია.

აუცილებელია, მშობელმა ბავშვს ასწავლოს ურთიერთობების აგება. ბავშვმა უნდა იცოდეს ადამიანებთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობები, მას უნდა შეეძლოს მეგობრების შეძენა, სიყვარულის გაცემა და უნდა იყოს მადლიერი სხვების მიერ გაღებული სიყვარულისათვის. სხვაგვარად არის რისკი, რომ ბავშვი ჩაიკეტება საკუთარ თავში და აღმოჩნდება იზოლაციაში. ადამიანი, რომელმაც ბავშვობაში ურთიერთობების მთავარი წესების ათვისება ვერ შეძლო, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს უსიამოვნო პიროვნებად, რადგან საკუთრი მიზნის მისაღწევად ის გარშემომყოფებით მანიპულირებას დაიწყებს.

 

ამ წიგნის ავტორებია არიან: როს კემპბელი – ამერიკელი ფსიქიატრი, რომელიც ძირითადად ოჯახური ურთიერთობების სფეროში მოღვაწეობდა. დღესდღეობით ის წერს წიგნებს და სტატიებს, ატარებს ლექციებს ბავშვთა აღზრდის თემაზე.

ჰარი ჩეპმენი – ბაპტისტური ეკლესიის მოძღვარი, რომელიც ოჯახური ურთიერთობების სფერო ექსპერტ-კონსულტანტი. მისი წიგნები, რომლებიც 38 ენაზეა თარგმნილი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

 

 

 

ხსნადი სკოლა (ნაწილი I)

0

 

საოცარ დროში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილების სწავლება დიდი ხანია გასცდა საკლასო ოთახის საზღვრებს. მასწავლებელი აღარ არის ცოდნის ერთადერთი მიმწოდებელი.

როგორ უნდა ვისწავლოთ და ვასწავლოთ? – ამაზე გვპასუხობს ანატოლი შპერხი, მკვლევარი მასწავლებელი, ოთხი შვილის მამა და უბრალოდ ის ადამიანი, რომელსაც რთულ ჭეშმარიტებებზე მარტივად საუბარი შეუძლია.

„ბოლო დროს მეჩვენება, რომ სკოლა ხსნადი სასმელივითაა, მაგალითად, ყავასავით. ასი წლის წინ ყავის მირთმევა ჩინურ ცერემონიას ჰგავდა – მას სურნელოვანი მარცვლების არომატით გაჯერებულ ტერასაზე, გაზეთის კითხვასთან ერთად აგემოვნებდნენ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ყავა გაუბრალოვდა. მას ერთჯერად ჭიქებში გვისხამენ და ავტომობილის ოდნავ ჩაწეული ფანჯრიდან ნაჩქარევად გვაწვდიან.

თუმცა, ცხადია, სკოლა კვლავ არსებობს და არც ფუნდამენტალური სკოლის შენობები გამქრალა სადმე, მაგრამ სკოლის ადგილი ბავშვის ცხოვრებაში სწრაფად მცირდება.

ჩვენ გვსურს ჩვენმა შვილმა კარგად ჩააბაროს მისაღები გამოცდები, თუმცა სკოლის იმედი დავკარგეთ და რეპეტიტორებს ვებღაუჭებით, ანდა როდესაც ბავშვი სპორტის სახეობით ინტერესდება, უგულებელვყოფთ სასკოლო სექციებს და უპირატესობას სხვა წრეებს ვანიჭებთ. სკოლა სხვადასხვა ადგილებში გაფანტულ კლასტერებად იშლება, ტრადიციული სკოლა მისი ერთ-ერთი ნაწილთაგანია.

ყოველდღიურობაში სკოლა ბავშვს ნისლივით აკრავს ყველა მხრიდან. მიმართულებას აძლევს, ის ყველგანაა და არსად. მაგრამ ჩვენეული სკოლის კედლები დიდი ხანია ჩაიშალა და მაინც, კლასში ჯიუტად ვსხედვართ და მასწავლებელს ვუსმენთ.

სასწავლო სივრცედ/სკოლად შეიძლება ნებისმიერი ადგილი გამოდგეს, რომელსაც კონკრეტულად იმ წუთებში სწავლებისთვის გამოვიყენებთ. არ არის აუცილებელი სპეციალურ ნაგებობას მაინცდამაინც „სკოლა“ ერქვას. ტრადიციული სკოლის ტერიტორია აღარ წარმოადგენს ძირითად საგანმანათლებლო სივრცეს და როგორი მწარე მოსასმენიც არ უნდა იყოს, ეს უნდა ვაღიაროთ.

კი, მაგრამ, იკითხავთ თქვენ, რომელი სივრცეა ძირითადი?

პასუხი პარადოქსულია – ნებისმიერი, სადაც მოსწავლისთვის კონსტრუქციული მოქმედების ასპარეზი გაიშლება და სადაც ის შეძლებს ინფორმაციის არა პასიურად, არამედ აქტიურად გამოყენებას; სადაც მზა რესურსის გარდა, ბავშვი თავად მიიღებს მონაწილეობას ამ ინფორმაციის განვითარებაში, გაუზიარებს თანაგუნდელებს თავის შედეგებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასეთი გზით შეუძლია მოსწავლეს საკუთარი ცოდნის „გარედან“ დანახვა და შეფასება, მისი ხარისხის განსაზღვრა. ასეთ სიტუაციებში მოსწავლე დროდადრო მოირგებს ხან მოსწავლის, ხან ექსპერტის, ხანაც ექსპერიმენტატორის როლს და სწავლების ყველა სტადიას გაივლის.

როგორც აღვნიშნეთ, მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენთვის სკოლა ერთადერთი საგანმანათლებლო სივრცე იყო, მაგრამ გონივრულმა პედაგოგიურმა დიზაინმა სკოლად  უამრავი სხვა სივრცე აქცია. მთავარია, ამ სივრცეში შეიძლებოდეს სასწავლო პროცესის წარმართვა და მოსწავლეთა გააქტიურება.

რაღაც მსგავსის განხორციელება – სასწავლო სიტუაციებით სასწავლო გარემოს „კეთილმოწყობა“ – გაცილებით ადვილია ვირტუალურ სივრცეში. თუმცა, როგორც წესი, პედაგოგიური საზოგადოება სიფრთხილით ეკიდება სხვადასხვა ქსელებს. „დაფასა და ცარცზე უკეთესი რაა?“ – კითხულობენ მასწავლებლები და თვითონვე მოსწონთ ეს მოსაზრება.

დიახ, ასეა! დაფას უდავოდ აქვს დადებითი მხარეები. ის მასწავლებლისა და მოსწავლის „მეგობარია“. დაფაზე წერს მასწავლებელიც და მოსწავლეც. დაფაზე შესაძლებელია ტექსტების, სქემების გასწორება, ხაზვა, ხატვა. ყველას შეუძლია დაფაზე დაფიქსირებული შინაარსი საინტერესო ათვლის წერტილად აქციოს  და ახალი შინაარსით გაამდიდროს. ამ შემთხვევაში დაფას იყენებენ როგორც საერთო რესურსს, კოლექტივის მიერ გამოყენებად საერთო სივრცეს.

ქსელს კი პასიურ მოვლენად აფასებენ – ის ინფორმაციის გადამცემად მიიჩნევა, ან ცოდნის გადაცემის სატრანსპორტო არხად (ვები), ან მას ერთმანეთის (მოსწავლეების, მასწავლებლების) სათვალთვალოდ იყენებენ (სოციალური ქსელები). სასწავლო სიტუაციების მოდელირების თვალსაზრისით კი ეს ნაკლებად საინტერესოა.

სასწავლო სიტუაციად ვერ ჩაითვლება იმაზე დაკვირვება, თუ როგორ უგზავნიან „მპოსტველები“ ერთმანეთს გულებსა და სელფებს. ინფორმაციის გადაცემაც ცუდად მუშაობს – გამზადებული რეფერატების ტირაჟირება სინამდვილეში არავის რგებს. განათლების ტრადიციული პარადიგმა ახალ ინსტრუმენტთან მიმართებაში კაპიტულაციას განიცდის და გაკვეთილის პრეზენტაციის შაბლონების ჩამოტვირთვით შემოიფარგლება.

პედაგოგიური არსენალიდან სოციალური ქსელების მსგავსი ინსტრუმენტების ჩამოშორებას, მხოლოდ საიტების და ელექტრონული ბიბლიოთეკების ჩამონათვალით შემოფარგვლას, სიკეთე არ მოაქვს. ასეთ „ვიწროჩარჩოებიან ინტერნეტში“ სკოლა მართლა ყავასავით იხსნება და უნალექოდ – ცოდნის გარეშე რჩება.

არადა, მოზარდი დროის დიდ ნაწილს სწორედ სოციალურ ქსელში ატარებს, უსმენს მუსიკას, ურთიერთობს თანატოლებთან სხვადასხვა რესურსზე. მაგრამ პოულობს თუ არა ამ გზით  მისთვის გამოსადეგ ინფორმაციას? შეუძლია თუ არა ერთმანეთისგან სასარგებლო და უსარგებლო ინფორმაციის გარჩევა და „ფრენდლისტის“ იმგვარად ფორმირება, რომ „სელფებისა“ და „გულების“ გარდა, სხვა ტიპის ინფორმაციაც მიიღოს? იცის კი, როგორ უნდა ებრძოლოს კიბერბულინგს და გავრცელებულ ქსელურ თაღლითობას?

შეიძლება ვინმემ განაცხადოს, რომ სოციალური ქსელი პირადი სივრცეა და არ არის სკოლის საქმე. დიახ, პირადი სივრცეა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ვინ ასწავლის ბავშვს ამ პირადი სივრცის შექმნას და მის სწორად გამოყენებას? ვინ ასწავლის სოციალური ბაღ-ვენახის მოვლას ისე, რომ აყვავდეს და ნაყოფი გამოიღოს?

მოსწავლემ, რომელიც ცუდად სწავლობს და 24 საათი ტელეფონზეა მიბმული, არ იცის როგორ შეიძლება საყვარელი ანდროიდის უფრო საინტერესოდ გამოყენება. უამრავ მოზარდს ვერც კი წარმოუდგენია, რომ უშინაარსო პოსტებისა და ფოტოების გარდა, „ფრენდლენტი“ მის განვითარებასაც წარმატებით მოემსახურება და სწავლის მოტივატორის ფუნქციასაც შეითავსებს. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს.

თუმცა ეს მოზარდმა კი არა, ჩვენ, უფროსმა თაობამაც არ ვიცით. არ ვიცით, როგორ დავამყაროთ სოციალური ქსელის მეშვეობით კავშირი პროფესიონალებთან, გონიერ და საქმიან ადამიანებთან; როგორ დავიხმაროთ პროფესიული ამოცანების გადაჭრაში, როგორ მივიღოთ რჩევა მათგან, ვის აზრსაც ჩვენთვის წონა აქვს…

მეჩვენება, რომ დღესდღეობით ეს კომპეტენცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. „ბევრი ფულის ნაცვლად უმჯობესია ბევრი მეგობარი გყავდეს“ – ამ მოსაზრების ახლებურად რეინკარნაცია, უნარი იმისა, რომ გარშემო მყოფი ადამიანები ჩვენი ინტერესების გამტარებელი გახდნენ, რთული სამუშაოა. მას ცოდნა სჭირდება.

ვინ მოეხმარება ბავშვს ვირტუალური სივრცის „აღჭურვაში“? აქვს კი უფლება სკოლას რაიმე დოზით შეაღწიოს მოსწავლის პირად სოციალურ სივრცეში ისე, რომ არ ავნოს და სწავლებაში  სარგებელი მოუტანოს მას?

სხვათა შორის, ცოტა ვინმე თუ ფიქრობს იმის შესახებ, რა სარგებელი მოაქვს სოციალურ ქსელს, საინფორმაციო ნაკადებს. დღეს ინფორმაციის მთავარი მომწოდებელი სოცქსელია, რომელმაც წარმატებით ჩაანაცვლა გაზეთი, რადიო, სატელევიზიო ახალი ამბები. საიდან იგებს ბავშვი, რა მუსიკაა პოპულარული? რა ფილმი  გამოვიდა? თავის რიდერში რომელი წიგნია გადმოსაქაჩი? სოციალური ქსელი ამ მრავალფეროვანი ინფორმაციის უმძლავრესი აგრეგატია. ამ არხით გამავალ ინფორმაციას ის ადამიანები და მედეასაშუალებები  გვთავაზობენ (არ იგულისხმება „რიგით მომხმარებელთა“ ინფორმაცია), რომლებსაც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ფილტრავს. სწორედ მათი სტატუსებისა და პოსტების გაზიარებით აგურ-აგურ იწყობა საინფორმაციო ნაკადი.

როდესაც სოციალურ ქსელებში ვინმეს „ვუმეგობრდებით“, ამას შეგნებულად ვაკეთებთ. ამ ადამიანთან რაღაც საერთო გვაკავშირებს. თუმცა ხდება, რომ ახალი „მეგობარი“ ჩვენი ნაცნობის „მეგობარია“ და მას სულ არ ვიცნობთ. დროთა განმავლობაში ვარკვევთ, რომ მასთან საერთო არაფერი გვაქვს, ჩვენთვის ის უინტერესოა და თავს ვარიდებთ. შეუძლიათ თუ არა ამის განსაზღვრა ბავშვს ისე, რომ კონფლიქტისგან იყოს დაზღვეული? ვინ უნდა ასწავლოს მას ეს?

არის საკითხის კიდევ ერთი მხარე. საქმე ისაა, რომ ინდივიდისთვის არ არსებობს არანაირი ერთიანი ინტერნეტი, ანუ ერთ ადამიანს არ შეუძლია მისი მთლიანად მოცვა. ყველა ხედავს თავის პატარა ველს, სადაც საკუთარ ადგილს პოულობს. ნებით თუ უნებლიეთ, ქსელის ყველა მომხმარებელი თავის გარშემო საინფორმაციო „ბუშტს“ ქმნის, რომელიც მეზობლის „ბუშტისგან“ განსხვავდება. „ბუშტის“ შინაარსი დამოკიდებულია მომხმარებლის გამოცდილებაზე, რადგან სისტემა ავტომატურად ცდილობს გაარკვიოს ჩვენი სამოქმედო ინტერნეტარეალისა და ინტერესების კონტექსტიდან გამომდინარე ახალი თემა ამ გზით  „შემოგვიგდოს“.

მაგალითად, პერსონალიზირებული გუგლი მოთხოვნაზე „ღეროვანი უჯრედები“ დიამეტრალურად საპირისპირო შედეგებს გამოაგდებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ითხოვს განმარტებას: მეცნიერი, რომელიც იკვლევს ღეროვან უჯრედებს თუ დაავადებული პირი. მოთხოვნაზე „კლიმატის ცვლილების მტკიცებულება“ ასევე სხვადასხვა შედეგებს დაინახავს გარემოს დაცვის აქტივისტი და ნავთობკომპანიის მენეჯერი. არადა, ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ საძიებო მექანიზმი მიუკერძოებელია. სინამდვილეში კომპიუტერის მონიტორი სწრაფად იქცევა „სარკე-ჯაშუშად“. ის ირეკლავს ჩვენს ინტერესებს, ჩვენი დამკვირვებელი ალგორითმები აფიქსირებენ, თუ რას „ვაკლიკებთ“.

გამოდის, რომ ცნობისმოყვარე სტუდენტი, რომელიც ინტერნეტს მუდმივად საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყენებს, სისტემას „თავის თავზე“ ირგებს, რაც აიძულებს სისტემას მეტი საგანმანათლებლო ინფორმაცია გასცეს. და, პირიქით, ბავშვი, რომელიც ინტერნეტს მხოლოდ გასართობად იყენებს, „ანარეკლად“ ასეთივე დამატებით გასართობ ინფორმაციას იღებს. ესმით თუ არა ეს ჩვენს შვილებს? სავარაუდოდ, არა და ეს მათ ჩვენ უნდა ავუხსნათ.

იგივე ხდება სოციალური ქსელებთან მიმართებაში. ისინი რეაგირებენ ჩვენს შედეგებზე, თემებზე, რომელიც გვაინტერესებს და სიახლეებში მსგავსს ინფორმაციას გვიგდებენ. ეს ინფორმაცია მეტ-ნაკლებად შეესაბამება ჩვენს პირად გემოვნებას. გამოდის, რომ, თუ ბავშვი აზიარებს ან იწონებს სულელურ ფოტოებს, „ინტელექტუალური“ სისტემა ფიქრობს, რომ ეს მისთვის ყველაზე შესაბამისი შედეგია. პლიუს აქ კომერციული ინტერესებიც ერთვება. ვგულისხმობთ რეკლამას. ამაზე ბევრი ტეხს განგაშს. ბევრი შიშობს, რომ საინფორმაციო მომსახურების მომხმარებელი სულ უფრო ადვილად მანიპულირებადი გახდება.

თუმცა მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სკოლა განზე გადგა. ის ყავასავით „გაიხსნა“. შეგნებულად აარიდა თავი სოცქსელებს. სწორედ სკოლის უმოქმედობამ გამოიწვია  ინფორმაციის ნაკადების მართვის უნარ-ჩვევების უქონლობა, პერსონალური საკომუნიკაციო მოწყობილობებით ბავშვთა კონტროლის ზონიდან გასხლეტა.

რა უნდა გააკეთოს სკოლამ? ძალიან ბევრი. უპირველეს ყოვლისა, ისაუბროს საინფორმაციო „ბუშტების“ ფორმირების მექანიზმებზე.

(გაგრძელება იქნება)

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 

ორი ბიჭის ამბავი

0

(მეტროში მოსმენილი)

შესავალი

ამ შემთხვევის შესახებ ორი-სამი თვის წინ უნდა მომეყოლა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერ მოვახერხე. თუმცა ბევრს ვფიქრობდი მასზე, მეგობრებს, ახლობელ თინეიჯერებს და სტუდენტებს აზრს ვეკითხებოდი, პასუხებს ვიწერდი და დასკვნები გამომქონდა. ამასობაში კი დროც გამომითავისუფლდა, შევიარაღდი ნოუთბუქით და ფრანც კაფკას  მოთხრობის – „ერთი ძაღლის კვლევა-ძიებანი“- პერსონაჟი ძაღლივით, რომელიც „საზოგადოების შუაგულში ცხოვრობს“ და ყველა მის პრობლემას ჩხრეკს და უკირკიტებს, მეც შევუდექი  საჭირბოროტო საკითხზე წერას. ოღონდ საკუთარ თავთან დადებული ერთი პირობით:  ისევ კაფკას პერსონაჟს რომ დავესესხო, გადავწყვიტე, ამ ამბავთან დაკავშირებული „სულიერი მღელვარება“ ჩემთვის დამეტოვებინა და კომენტარებისგანაც  თავი შემეკავებინა.

 

გამოკითხვა

როგორი რეაქცია გაქვთ უცენზურო სიტყვების  გამოყენება-მოსმენაზე?

მარი (15 წლის): არ მომწონს, მაგრამ, რა ვქნა, აზრი არ აქვს შენიშვნის მიცემას, მით უმეტეს, უცხოებისთვის;

მაკო (15 წლის): არა მგონია, ეს პრობლემა იყოს. ყველა თაობა იყენებს იმ უცენზურო სიტყვებს, რომელიც მისი ახალგაზრდობის დროს მოდაში შემოდის;

ლუკა (19 წლის): არაფერია, გაივლის, თავის დამკვიდრების პონტია, ძიებისაც;

ვაჟა (17 წლის): ვერ ვიტყვი, რომ მომწონს, მაგრამ, თუ საჭიროა, ვიყენებ. ხან არც მინდა, რომ ვთქვა, მაგრამ წამომცდება ხოლმე;

თამარი (23 წლის): ჩვეულებრივი ქართული ქაჯობაა.  ბიჭები უფრო, და არცთუ იშვიათად უკვე გოგონებიც, ამით ვითომ თავიანთ უპირატესობას ამტკიცებენ.  არადა, ჩვეულებრივი დაკომპლექსებული ტიპები არიან. ძალიან სასაცილოა;

ეკა (18 წლის): ნორმალურია, ჩემს შეყვარებულს უხდება – უფრო კაი ტიპია ამ დროს – და მეც მომწონს რაღაცნაირად. ოღონდ მთლად არ უნდა აიქოთოს პირი. ლამაზი სიტყვებიც მიყვარს ისე;

დანიელი (22 წლის): სიტყვებია რა, ჩვეულებრივი სიტყვები. აბა მაშ როგორ გინდათ, ცოცხალი ენა ასეთია. მთავარია, ადამიანი იყო;

ანა (23 წლის): საერთოდ არ მიშლის ხელს. არც სმენას მიბინძურებს. გაირჭოს ყურსასმენები ვისაც არ მოსწონს. დემოკრატია და თავისუფლება ესაა;

ირაკლი (25 წლის): აღარ ვიყენებ უცენზურო სიტყვებს, ან თითქმის არა. არც ვყოფილვარ „მაგათზე შემჯდარი“ არასდროს. უფრო საჭესთან ვიყენებ ხოლმე, ან როცა რაიმე არ გამომივა და ვბრაზობ;

ნიკა (24 წლის):  საგანგაშოს ამაში ვერაფერს ვხედავ. არ უნდა გადაამეტო უბრალოდ. დროს მოაქვს, სიტუაციას. ასაკობრივი სენიცაა ერთგვარი. ჩამოყალიბებული, შემდგარი პიროვნება ნაკლებად იყენებს უწმაწურ სიტყვებს, იმიტომ, რომ ხვდება, რამხელა უაზრობაა.  განათლების ამბავიცაა;

ზურა (21 წლის): ეგეთ რამეებს მღვდლები და ეკლესია კრძალავენ და მშობლებს და მასწავლებლებსაც არ ევასებათ. ახალგაზრდებს არა მგონია, რეაქცია ჰქონდეთ ამაზე. აბა წაიკითხეთ თანამედროვე ავტორები, უცენზურო სიტყვებითაა სავსე წიგნები და ასწორებს. იმიტო, რო ნაღდია. დროც ასეთია, ოცდამეერთე საუკუნეა!  აბა, „ჩემო ყველავ“, „საყვარელო“ და „სიხარულოა“  სიტყვები?  მე თუ მკითხავ, მაგარი გულის ამრევი „ყ…ბაა“.

 

ბაქანი

ვისაც ხშირად უხდება მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ჩასვლა, იმან იცის, რომ  იქ ზამთარ-ზაფხულ მუდმივად უსიამოვნო ორპირი ქარი უბერავს, რომელიც თავის პიკს მაშინ აღწევს, როცა საპირისპირო გვირაბებიდან მატარებლები ერთდროულად გამოდიან. ჩემი აზრით, ამ დროს  ბაქანზე ყველაზე ჯანმრთელები, თავზეხელაღებული ახალგაზრდები, ან ამ სადგურში შემთხვევით მოხვედრილები დგანან; კიდევ, ალბათ, ისინი, ვინც ბოლო გაჩერებაზე ჩამოდის და სკამის დასაპყრობად თადარიგს იჭერს. აი, ჩემსავით გაცივების შიშით შეპყრობილები, ან უკვე გაცივებულები, ნიკრისის ქარიანები და მოხუცები კი  მოსაცდელი დარბაზის საკმაოდ გემოვნებით მოხატულ მთავარ კედელს და მძლავრ სვეტებს ვეფარებით და ისე ველით მატარებლის ჩამოდგომას.

მიუხედავად არცთუ საამურ მდგომარეობაში ყოფნისა, ზოგჯერ მომწონს კიდეც აქ დგომა. ნამდვილად არის ამ ცოცხალ მიწისქვეშეთში რაღაც მითოლოგიური: ლეთესავით მოედინება მატარებელი, შენ კი დგახარ და ფიქრობ: ალბათ იქაც ასე მარტივად ხდება ყველაფერი – სხდებიან სულები ნავებში და  მიწიერი ცხოვრება დავიწყებას ეძლევა… შეიძლება ზოგიერთი ქალი ან კაცი თვითონ ჰადესს ან პერსეფონესაც კი მიამსგავსო – შენეული წარმოსახვისას, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე დიდი ხიბლი ალბათ მაინც ის არის, რომ აქ, მატარებლის მოლოდინში, ვითომ შენთვის აბუზული, უამრავ საინტერესო სახეს ხედავ და გვერდით მდგომი ადამიანებისგან ისეთ ამბებს ისმენ, რომლებსაც მერე, ჩემსავით „ცუდად“ თუ მოიქცევით, „სათანადოდ“ გამოიყენებთ.

 

შეხვედრა

მოსაცდელ დარბაზში მოყვითალო მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ ერთ-ერთ განიერ სვეტს ვეფარები და მატარებლის ჩამოდგომას ველი. იგვიანებს. ჯერ კიდევ 3 წუთზე მეტი რჩება. ტრადიციული ორპირი ძვლებამდე ატანს. ჩემი მარადიული აქსესუარის, შარფის, ბოლოებს ორივე ხელით ვიჭერ, რომ ქარმა არ გამიფრიალოს. დილის მიუხედავად, სასიამოვნო სიჩუმეა მოსაცდელ დარბაზში. ჩემ წინ ერთი ახალგაზრდა, 16-17 წლის კედებიანი ბიჭი რბილი ნაბიჯებით, ნერვიულად გადი-გამოდის. პირი საკმაოდ სუფთად აქვს გაპარსული ასაკის კვალობაზე. ჯინსები და სადა ლურჯი მაისური აცვია. არანაირი წარწერა – არც გულზე, არც ზურგზე. ხელები არ იცის სად წაიღოს. ხან შარვლის წინა ჯიბეებში ჩაიწყობს, ხან უკანაში. მერე ერთ მომუჭულ ხელს მეორეში იქცევს, მერე პირიქით – მეორეს პირველში. შიგადაშიგ თმასაც ისწორებს. თმიდან ისევ ჯიბეებში ჩამოაქვს ხელები და თავიდან იწყება ყველაფერი.  ჯიბეში მობილურიც უჩანს, მაგრამ რატომღაც ხელში არ უჭირავს და ძალიან მიკვირს. ცოტა ხნით ბიჭს უყურადღებოდ ვტოვებ, შარფი მაინც ჩამომომისრიალა ქარმა ყელიდან და იმას ვისწორებ. ამასობაში კი ბიჭის მეგობრის მოსვლა გამომრჩა. მაღალი, აწოწილი ბიჭია. უჯრულა, მაჯებზე გადაკეცილი პერანგი აცვია, ჯინსები

და უთასმო ბოტასები. თმა გადაპარსული აქვს, წვერი… თუმცა ჯერ წვერი არ ჰქვია ამას…

 

დიალოგი

მეორე ბიჭი – რაშვები, შეჩემა!

პირველი ბიჭი – რავი, ვარ რა.

მ.ბ.– ხო ამოხვალ?

პ.ბ. – რავი, შეჩემა, მაგრად მიტყდება, ხო იცი.

მ.ბ. – აქეთ გამიტყდება, რო არ ამოხვიდე. თან ხო იცი, ჯიგარია ნანა და ეგეთ რამეებზე არ ვარდება. შენ ძმობას ვფიცავარ, თუ რამე ცუდი ეთქვას. დაჟე იცინოდა. ისე მართლა მაგარი ყ.. ხარ, როგორ ვერ მოტვინე ტოო, რო დაგეტორმუზებინა…

პ.ბ. – აუ, რავი, შეჩემა, საიდან უნდა მცოდნოდა… მაგრა კი გამიჩალიჩე – (ოდნავ წითლდება და ვერ ვიჯერებ).

მ.ბ. – მე რა გაგიჩალჩე, მთლად გამოყ…ი, აბაზანაში აღარ შევიდე შეჩემა?.. კაი, შეეშვი ახლა მაგ ფერებში  გადასვლებს და კარგად მომიყევი, რა მოხდა.

პ.ბ. – აუ, ბიჭო (ადგილზე იწნიხება პირველი და ტელეფონს იღებს ჯიბიდან, ხელში ნერვიულად ათამაშებს), შენ ძმობას ვფიცავარ, ავდექი თუ არა დილით, ვიფიქრე, დაურეკავ და ვკითხავ, სად შევხვდეთ-მეთქი. ხო იცი, გაურკვევლობები და ტყუილა წინ და უკან სიარული არ მევასება. ჰოდა, ვრეკავ და, იმდღევანდელზეც ხო ვიყავი აჭრილი და, როგორც კი ოქეი მიცა, ხმის ამოღებას აღარ დაველოდე და ეგრევე დავიწყე – აუ ჩემი, როგორ მიტყდება ნანა დეიდასთან (წრეზე დატრიალდა და რომ შემობრუნდა უფრო წითელი იყო) – და აღარ გავჩერდი. სადა ხარ, შე ყ..ო-მეთქი, ეგრე რო ვთქვი პირველი,  მახსოვს და მერე ალბათ, უარესი ყ…ობები მოვაყოლე… შენ რამე გითხრა?

მ.ბ. – (იცინის) ჰო, მითხრა, მაგრამ არ არი-მეთქი ნაწყენი, შეჩემა. ალბათ შენც ეგრე ელაპარაკებიო, შენზე მითხრა. მაგარი საძმაკაცო მიმართვები აგირჩევიათო და ცოტა წაუისტერიკა კიდეც, როგორ მოვიფიქრებდი, ჩემი შვილი თუ  ესე ილაპარაკებდაო… შენც ხომ შეიძლება მოგსვლოდა დედამისთან ეგეთი რამე და, რომ გამეგო, სირცხვილით თინას ვეღარ დავენახვებოდიო…

პ.ბ. – აუ როგორ ტეხავს, რა ვქნა, ტოო… და შენ რა უთხარი?

მ.ბ. – რას ვეტყოდი, შეჩემა, გავუიასნე, რო ეგეთი მიმართვა და ლაპარაკი ძმაკაცობაში მოსულა-მეთქი, ნანა კიდე რომელი სოფლელი ნახე, რო ვერ გაეგო… ისე თავს კი იქნევდა კაიხანს…არა, მეც რას ვეუბნებოდი უპასუხე-მეთქი… მაგრა არ მევასება, როცა სხვა იღებს ჩემს მობილურს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რო შენ რეკავდი და იმიტომაც ვუთხარი. დაიკიდე მოკლედ, რა!..

პ.ბ. – ჰო, მაგრამ ამოსვლა მაინც მიტყდება შეჩემა…

მ.ბ. – იცოდე მაგრად მაწყენინებ, შენს ძმობა ვფიცავარ და ნანასაც გაუტყდება, რო არ ამოხვიდე. არც შეიმჩნევს, ხო იცი, რო ჯიგარია, და ამდენს რაღას მაბაზრებ, ტოოოო…

პ.ბ. – რავი, კაი, ხო, შეჩემა, წავიდეთ.

მ.ბ. – ძმა ხარ.

 

ამბის დასასრული

ისინი რომ ერთმანეთს გადაეხვივნენ, სწორედ ამ დროს მოვარდა გიჟივით მატარებელი. აფრიალებულ შარფზე ვიტაცე ხელი, საფარიდან გამოვედი და ბიჭებს საბოლოოდ გავხედე. წინა ვაგონისკენ გარბოდნენ სიცილით,  ხელის კვრითა და მათი ასაკისთვის დამახასიათებელი  უხერხული მოძრაობებით.

 

აქ შეიძლებოდა ყოფილიყო მკითხველის კომენტარები

……………………………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………

…………………………………………………………………………………………….

………………………………………………………………………

 

 

 

 

 

 

 

საჩუქარი მასწავლებლებს, მშობლებს, ჩვენს მკითხველებს!!!

0

კვირას, 24 სექტემბერს,  მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი, ჟურნალი  “მასწავლებლი” და ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”  საუკეთესო საჩუქარს შესთავაზებს მასწავლებლებს, მშობლებს და ჩვენს მკითხველებს.

მასწავლებლის ბიბლიოთეკის სერიით გამოცემული  მასწავლებლის წიგნები საჩუქრად გადაეცემა ჩვენს  სტენდთან მოსულ სტუმრებს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა გქონდეთ მნიშვნელოვანი წიგნები, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ პროფესიულ საქმიანობაში.

 

ასევე უნდა გახაროთ, რომ  გვაქვს  კარგი საჩუქარი მშობლებისთვის: თომას გორდონის “როგორ გავხდე კარგი მშობელი” რომელსაც ასევე  მიიღებთ საჩუქრად .  გელოდებით !!!

მისამართი: თბილისი, რიყის პარკი , დასაწყისი 12:00 საათზე !

ადვილად მოსაგნებად, აქვე მიმაგრებულია   რუკა.  ჩვენი სტენდის ნომერია 44

 

ჩემი „ფრენდი“ მასწავლებლები

0

რას იტყვიო, მეკითხება ცუკერი.

ვიტყვი, რომ მათი ამბები მაინტერესებს და თვალს ვადევნებ. ახლა არდადეგებია. ტრენინგ-სქემა-ტესტირებაგამოვლილები, ცოტა ხნით ისვენებენ. დასვენება და ხალისიანი ცხოვრება მათაც უყვართ. თან თვალი სასკოლო სიახლეებზე უჭირავთ, წერენ, აზიარებენ. ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან.

საინტერესო ჯგუფები და ინდივიდები მხვდება მეგობარ მასწავლებლებს შორის. ზოგიერთს თქვენც გაგაცნობთ. მკაცრი კრიტერიუმებით არ ვაჯგუფებ – არდადეგები იმპროვიზაციის უფლებას გვიტოვებს.

უშვებულბოები – დასვენება არც ახსოვთ. მუშაობენ, ეძებენ, იმუხტებიან, იმუხტებიან, შედეგებს ამოწმებენ, კრედიტებს ითვლიან, ახალს გეგმავენ, გამოცდილებას აზიარებენ. მუშაობენ, მუშაობენ. გადაღლილი, დაძაბული სახეები აქვთ. სულ ვფიქრობ: სასწავლო წელი რომ გაიჭიმება, ეყოფათ ენერგია თუ ეს დაღლილობა უკმაყოფილებაში გადაიზრდება?

მოგზაურები – არდადეგებს მოუთმენლად ელიან, თეთრს თეთრზე აწებებენ და სამოგზაურო ჩანთას ალაგებენ. მიდიან, რომ შთაბეჭდილებები და განცდები დააგროვონ, ნანახი თვალის სარკეში გადაინახონ და მერე სკოლაში გოგო-ბიჭებს გაუზიარონ. ერთი მთას მიელაპარაკება – რომ იტყვიან, აბოდებს იქაურობაზე, მეორე ბერძნულ მიწას აცვეთს ფეხსაცმელს, მესამე აქვე, ბაქოში წასულა… ჰა, ჰა, ჰა… იქაც ტრენინგები, კაცო?!

პრანჭიები – ყოველ დილით სარკეს რომ ღლიან, სანამ მოსწავლეებს ეჩვენებოდნენ. არ ტყდებიან, თორემ მათი ყველაზე დიდი პოდიუმი გაკვეთილია, 20-30 წყვილი თვალის მოსაწონად ახამებენ კაბას და ფეხსაცმელს, ჩანთას და შარფს. დარწმუნებული ვარ, ძილის წინ უკვე იმაზე ფიქრობენ, სასწავლო წლის პირველ დღეს რა ჩაიცვან. საყვარლები! როგორები მოდიან ტრენინგებზე, ხომ ვიცი, რა ღედე-ღუდე აქვთ გამოვლილი, ქუსლების პაკაპუკით შემოვლენ, თმა – დალაგებული, ფრჩხილები – გალაქული. დედაქალაქელი „სვეტსკები“ პრესტიჟული ბრენდების პოსტებს აზიარებენ… მასწავლებელთა სახლის ლიფტთან შემხვდნენ ამას წინათ. სამნი იყვნენ და დაველმდი, რომლისთვის შემეხედა, აღარ ვიცოდი. პირდაპირ მოდების ჟურნალის გარეკანიდან გადმოსულებს ჰგავდნენ.

ემიგრანტები – კარგები, პროფესიონალები, სკოლა რომ ნატრობს, ისეთები. მაგრამ ცხოვრებას თავისი მიაქვს. სამი მცრეწლოვანი შვილის პატრონმა, ბარგი ჩაალაგა და სხვა კონტინენტზე იწყებს ცხოვრების ფაზლის აწყობას. 15 აგვისტოს უფროს გოგონას იქაურ სკოლაში უშვებს. ნეტავი მოეწონებათ იქაური სკოლა? ვთხოვ, გვიამბოს… მეორე ესპანეთშია გადახვეწილი – აქ რომ ემიგრანტი დედების შვილებს უმყუდროებდა სკოლაში, ახლა საკუთარ შვილიშვილს იქიდან ეფერება… აი, კიდევ ერთი. უკვე დიდი ხნის წასულია. მოწოდებით პედაგოგიაო, რომ იტყვიან, ეგ იყო. ახალგაზრდული თავდაუზოგაობით ეჭიდებოდა მასწავლებლობას. წავიდა, ხან მარწყვი კრიფა, ხან – ყვავილები… მოეწია ცხოვრებას, მაგრამ მასწავლებლობის სურვილი არ ასვენებდა და მეგობართან ერთად საკვირაო სკოლა გახსნა ქართველი ბავშვებისთვის. ჩამოვლენ, წიგნებს, რვეულებს მოკრებენ, წაიღებენ… აქაური სიახლეები აინტერესებს. როგორმე სქემაში ვერ ჩავერთვებიო? დაბრუნება მინდა და სკოლა მენატრებაო.

რეტროგრადები – ცოდნა და მონდომება არ აკლიათ. პასუხისმგებლობა – თავზე საყრელად. შრომობენ, საყვედური არ ეთქმით, მაგრამ აშკარაა, მოვლენებს ჩამორჩნენ, მოსწავლეებს უკან ექაჩებიან… თანამშრომლობით მიდგომას არ აღიარებენ, დომინანტობა მოსწონთ თუ შეჩვეულები არიან… ცვლილებები აშინებთ, არადა, შეუძლიათ, ახალი უნარები შეიძინონ, ახალი ჰაერი შემოუშვან ბავშვებისა და საკუთარ ფილტვებში. შეგულიანება, ხელის შეშველება უნდათ, რომ – ბევრი არაფერი – პროფესიული სტანდარტის შესატყვისი გარემო შექმნან.

ფამილარულები – ბევრნი არ არიან, თითებზე ჩამოთვლი. მოსწავლეებთან ზედმეტად გაშინაურებულები და შეხუმრებულები. ფრთხილად, ძვირფასებო, ოქროს შუალედი შეინარჩუნეთ. დღეს თუ „ეეე…“ გახდი, ხვალ საჭირო ფორმატში დაბრუნება გაგიჭირდება, თუ საერთოდ მოახერხე.

ამას კი ჯგუფი ვერ შევუსაბამე. მხოლოდ ვირტუალურად და ერთი მოსწავლის დახასიათებით ვიცნობ: „მკაცრია, მაგრამ სამართლიანი, ამიტომ ყველას ძალიან გვიყვარს მათემატიკის გაკვეთილები, ციფრებსა და მოქმედებებზე ზღაპარ–მოთხრობებსაც გვაწერინებს. ჩემი საყვარელი პერსონაჟი ტოლობის ნიშანია, რადგან ხანდახან მათემატიკიდან იპარება და ცხოვრებაში დახეტიალობს. მასწავლებელმა მითხრა, სხვა პერსონაჟებს არ უთხრა და მეც ძალიან მესიმპათიურებაო“. ამ მოსწავლის გავლენით ტოლობის ნიშანიც შემიყვარდა და ეს მასწავლებელიც. ვცდილობ, გავიცნო და გავიგო, მაინც როგორ ახერხებს, მათემატიკა ასე შეაყვაროს ბავშვებს. მინდა, მერე თქვენც გიამბოთ. ჯერჯერობით თავს მარიდებს.

კიდევ რას იტყვიო, ცუკერი მეკითხება. იმას, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თქვენი მჯერა.

გერტ რობერტ გრუნერტი – „როგორ უნდა გადარჩეს კაცობრიობა სამყაროსეული კატაკლიზმების ეპოქაში?“

0

ძალიან მიყვარს და ხშირად ვიმოწმებ ვიგოტსკის მეტაფორას აზრისა და სიტყვების ურთიერთმიმართების შესახებ: „აზრი შეიძლება შევადაროთ მაღალ ღრუბელს, რომელიც იღვრება სიტყვების წვიმით“. ჩვენ ძალიან ხშირად თანამოაზრეებს სწორედ სიტყვების, ტექსტების მეშვეობით ამოვიცნობთ ხოლმე. ასეთი გრძნობა გამიჩნდა, როდესაც თანამედროვე გერმანელი პოეტის, მეცნიერისა და დრამატურგის გერტ რობერტ გრუნერტის შემოქმედებას გავეცანი. პირველად მას მაშინ შევხვდი, როდესაც ქართული პოეზიის ანთოლოგიას ამზადებდა გერმანულად და საქართველოში იყო ჩამოსული. მერე ქართულადაც გამოჩნდა მისი ლექსები (მთარგმნელი ნინო პოპიაშვილი) და ახლახან კი მისი პიესა „ნოსტრადამუსი“ (მულტიმედია სპექტაკლისათვის) ქართულად წავიკითხე (მთარგმნელები: შორენა შამანაძე, ნინო პოპიაშვილი, თამარ ზიგერ-პოპიაშვილი) და მაშინვე გამიჩნდა იდეა, რომ კარგი იქნებოდა, ამ პიესას ილიაუნის „პოეზიის აფთიაქი“ თუ დადგამდა, რადგან საბოლოო მიზანდასახულობით ჩვენ ვემთხვევით ერთმანეთს.

ახლა კი დავუბრუნდები იმ აზრს, რომლის განვითარება პირველი წინადადებიდან დავიწყე და ისევ „შორიდან მოვუვლი“. არიან შემოქმედი ადამიანები, რომლებსაც ძალიან თრგუნავთ სამყაროს, კაცობრიობის თანამედროვე მდგომარეობა და სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, დაანახონ ადამიანებს ეს კრიზისი და მიასწავლონ გამოსავლის გზაც. პიესა „ნოსტრადამუსის“ შესავალში ვკითხულობთ: „მიშელ დენოსტრდამი, იგივე ნოსტრადამუსი (1503-1566), ფარმაცევტი, შავი ჭირის მკურნალი, ასტრონომი, ფრანგ მეფეთა მრჩეველი და სამეფო კარის ექიმი იყო.  ჩვენთვის კი დღეს ნოსტრადამუსი არის ავტორი ჩ.წ.აღ.-მდე 3797 წელს შექმნილი წიგნისა „წინასწარმეტყველებები“, რომელიც დღემდე არც სტრუქტურულად და არც შინაარსობრივად ბოლომდე გაშიფრული არაა. ეს წინასწარმეტყველებები გამოკვეთს კაცობრიობის ეგზისტენციალურ პრობლემატიკას თანამედროვე გეოცენტრული და გლობალური სამყაროს შუქზე. ათი „ცენტურიონის” საიდუმლოდ კოდირებული სტრიქონები მარადიულ კითხვას სვამს: როგორ უნდა გადარჩეს კაცობრიობა სამყაროსეული კატაკლიზმების ეპოქაში?“

გერტ რობერტ გრუნერტის ცხოვრება და შემოქმედება – ეს არის პასუხი სწორედ ამ მთავარ შეკითხვაზე: „როგორ უნდა გადარჩეს კაცობრიობა სამყაროსეული კატაკლიზმების ეპოქაში?“

ნოსტრადამუსის – როგორც კონცეპტის, აქტუალიზებამ გრუნერტთან უნებური ანალოგია გამიჩინა გასულ წელს წამოწყებულ ჩემს შემოქმედებით პროექტთან: „პოეზიის აფთიაქი“, რომლის იდეა გახლავთ სწორედ ის კითხვა, რომელიც ზემოთ დავიმოწმე. „პოეზიის აფთიაქის“ მეტაფორით ჩვენც იმ აზრს გამოვხატავდით, რომ პოეტურად გამოთქმულ სიტყვას ზემოქმედების დიდი ძალა ჰქონდა ადამიანზე, „პოეზიის აფთიაქისთვის“ კონცეპტუალური იყო ფრანგი ფსიქოლოგისა და ფარმაცევტის, ემილ კუეს ცხოვრება და შემოქმედება. როდესაც წამლების გაცემისას მან აღმოაჩინა, რომ სიტყვა გაცილებით უკეთ მოქმედებდა, ვიდრე წამალი. ამის შემდეგ კუემ შეისწავლა ეს პროცესი და ადამიანებს ასწავლიდა,  როგორ უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ თვითშთაგონებით და აფირმაციებით (სწორად ჩამოყალიბებული პოზიტიური წინადადებებით).

დიახ, თანამედროვე ადამიანი ავადაა და არა მხოლოდ ფიზიკურად… მან დაივიწყა საკუთარი თავი, დაკარგა შემოქმედებითი ბუნება, გახდა მექანიკური და ავტომატური… გაძლიერდა  აგრესია სამყაროში, კატაკლიზმები – ბუნებაში… პიესა „ნოსტრადამუსი“ ახსენებს და აფრთხილებს ადამიანებს… ეს არის ინტერაქციული პიესა, რომელსაც დიალოგში შემოჰყავს მკითხველი (მსმენელი), ეს არის გზავნილი პლანეტის ადამიანებისთვის, რომლებიც ერთ დიდ სახლში, სახელად დედამიწა, ვცხოვრობთ და არ ვინდობთ ერთმანეთს.

გრუნერტი  „ნოსტრადამუსის“ შესავალში წერს: „…რელიგიასა და მეცნიერებას, პოლიტიკასა და ფილოსოფიას, ხელოვნებასა და ეკონომიკას შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლის შეცნობამ ნოსტრადამუსი აქცია „შუასაუკუნეების ფუტუროლოგად“ და თანამედროვეობის წინასწარმეტყველად, რომელიც ჩვენს, ინფორმაციული სიუხვითა და პროპაგანდისტული ტერორით გამორჩეულ მედიასაუკუნეს განსაკუთრებული წინასწარმეტყველური ნიჭით ბევრად წინ უსწრებს…… სტრუქტურული, კომუნიკაციურ-ტექნოლოგიური და გლობალურ-ეკონომიკური პროცესების წინასწარი განჭვრეტის თემად დღესაც, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში, ე.წ. „ანთროპოცენის“ ეპოქაში, კვლავაც აქტუალურია.

სწორედ ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი, ე.წ. „ადამიანური საზრისის“ (“conditiohumana”) გასაჯაროება და ამ სპექტაკლის მეშვეობით გამოცდილებათა გაზიარება“.

სამყაროს მარადიული წრებრუნვა დაკვირვებულ ადამიანს წინასწარხედვის უნარს აძლევს. ყველას შეუძლია „გამოთვალოს“ მომავალი… ის ხომ აქვე, აწმყოში ცხოვრობს. ადამიანი რაც უფრო მეტად დააკვირდება და ახსნის ფაქტებს, მოვლენებს, ხდომილებებს, კანონზომიერებასაც აღმოაჩენს… თითქოს არაფერია ახალი ამ ცისქვეშეთში… იცვლება მხოლოდ სახელები… კოსმოსი უცვლელია, მზე და მთვარე ისევ ჩვეულ წრეზე მოძრაობს… მხოლოდ ადამიანია სიბრიყვის მსხვერპლი, სიბრიყვე კი ეპიდემიასავით მოსდებია სამყაროს, შავი ჭირიც (რომელსაც ნოსტრადამუსი მკურნალობდა) – ადამიანის ამ მენტალური მდგომარეობის ფიზიკური გამოვლენაა… ძნელია, ებრძოლო სარეველების მომრავლებას მაშინ, როდესაც ადამიანები ამ სარეველებს თავად თესენ  და ამრავლებენ… ის კი, ვინც ამოიცნო ამ სამყაროს კანონზომიერებანი და განჭვრიტა მომავალი, სასოწარკვეთილი გაჰყვირის და  „წინასწარმეტყველებით“ აფრთხილებს ადამიანებს.

უბრალოდ დამთხვევაა თუ სხვა მიზიდულობა, სწორედ ახლა, როდესაც „ნოსტრადამუსის“ ქართულად თარგმანს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლე, ამ სტრიქონებთან შევყოვნდი:

„მაგრამ უკან გაიხედეთ,
როგორი კვამლი ასდის ბურთს (დედამიწა იგულისხმება)
რომელიც ჩვენი ცხოვრება იყო…“ და ასე შემდეგ.
ახლა, როდესაც ყოველდღიურად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ხანძრებს ითვლიან… მართლაც სხვაგვარად იკითხება ეს სტრიქონები, როგორც მეტაფორა და როგორც სინამდვილე, სხვადასხვა დროის ნიშანი.

სხვა ადგილას კი ვკითხულობთ:

 

„ამასობაში ვხედავ, როგორ გაფერმკრთალდა ვენერა და გაწითლდა მარსი,

სასიყვარულო სცენებზე უფრო ხშირად  მომავალი

ბრძოლების სურათებს ვხედავ,

ადამიანთა ენით აღუწერელ გაჭირვებებს ვჭვრეტ,

როგორ გარბიან დამფრთხალნი, როგორ იტანჯებიან და იხოცებიან.

უსასრულო ცის ტატნობზე კარგად მოსჩანს,

ძმათამკვლელი ომი ამ სოფელშიც და თვალსაწიერს მიღმა სოფლებშიც,

როგორ ცელავს შავი ჭირი ხალხებს ქალაქებში,

როგორ გავრცელდა კიდითკიდემდე სიბრიყვის ეპიდემია,

რომელიც გამოიწვია სულელურმა რწმენამ ან კიდევ უფრო ძლიერმა სიბრიყვემ,

ჩანს, როგორ იცელებიან ადამიანები როგორც საკუთარი ხელით,

ასევე უცხო არსებათა მიერ,

წარღვნის შედეგად, კომეტების მეშვეობით,

დიდი ხნის წინ, მოგვიანებით, სულ ახლახან,

არასდროს ვიცოდი,  რაში გამომეყენებინა ეს ცოდნა,

როგორ დავხმარებოდი ხალხს ამ ცოდნის წყალობით!“

 

„დიდი ხნის წინ, მოგვიანებით, სულ ახლახან“ – დროსთან ასეთი დამოკიდებულება იმის ნიშანია, რომ, როგორც ავტორიც წერს: დროში ყველაფერი გათვლადია: ის, რაც იყო, ისევ არის და კიდევ იქნება. მთავარია, ადამიანმა დაინახოს და აღმოაჩინოს კანონზომიერებები და მერე „გათვლა“ ადვილია… თითქოს ყველაფერი დაპროგრამებულია, თითქოს დედამიწა უკვე დაწერილი პროგრამით მოქმედებს და ყველანი მატრიცაში ვართ… მაგრამ არის „ვიღაც“ ჩვენში, ვინც მატრიცას გარედანაც უყურებს და ამიტომ ამბობს პიესის  პერსონაჟი:

არასდროს ვიცოდი,  რაში გამომეყენებინა ეს ცოდნა,

როგორ დავხმარებოდი ხალხს ამ ცოდნის წყალობით!

ამის მთქმელი მატრიცის გარეთაა, მცოდნე ადამიანია, რომელმაც გააღწია გარეთ, დაძლია ბრმა ბედისწერის მიზიდულობა და თანაგრძნობითა და დახმარების წყურვილით შეპყრობილი ფიქრობს, როგორ დაეხმაროს ადამიანებს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, მკითხველებო, უნდათ ადამიანებს „გადარჩენა“? ან იცის ადამიანმა, რომ „გადასარჩენია“ და კიდევ მთავარი შეკითხვა: რა არის „გადარჩენა“?

….

სპოილერები რომ ძალიან არ გავამრავლო, დაველოდოთ ამ პიესის გამოცემასაც და სცენაზე დადგმასაც…

მე კი, როგორც მჩვევია, ამ ტექსტიდან ჩემს „სიუჟეტს“ შევქმნი და ამ ფრაგმენტით დავასრულებ:

მოსახდენი მოხდა! და დარჩა ჩემშიო დენ სურვილი
და ძაფები (მყესები)უდიდესი სიყვარულისა,
რომელიც ყოველზე ციურ მატარებელს ამოძრავებს,
იმ სიყვარულის ძალით, რომელიც მზისა და ვარსკვლავების სვლასაც კი აჩერებს….
გერტ რობერტ გრუნერტის შესახებ:

(დაიბადა 1959 წელს გერმანიაში, კოლნში), გერმანელი ლირიკოსი, დრამატურგი, ლიტერატორი და მეცნიერი.

გამოქვეყნებული წიგნები:

  • „დათოვლილი მწვერვალი“ (ლექსები და მათი ინტერპრეტაციები), 2013;
  • „ჟანგი“(ლექსები და მათი ინტერპრეტაციები), 2012;
  • „ნაფეხურები“(ლექსები და მათი ინტერპრეტაციები), 2011;
  • „ნოსტრადამუსი“, პიესა, 2012;
  • 1990 წლიდან წერს ლიბრეტოებს გერმანელი კომპოზიტორის, დიტერ შონბახის (1931-2012) ოპერებისა და მუსიკალური ნაწარმოებებისათვის;
  • მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში. მათ შორის კრებულში: „დაკავშირებული შვიდი“, 2017;
  • „ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე – „გული მიმიწევს კავკასიისკენ“,  მთარგმნელი და თანაგამომცემელი, გამომცემლობა Pop Verlag, Ludwigsburg, 2015.

 

გერტ რობერტ გრიუნერტის წიგნები ამაზონზე:

https://www.amazon.de/s/ref=dp_byline_sr_book_1?ie=UTF8&text=Gert+Robert+Gr%C3%BCnert&search-alias=books-de&field-author=Gert+Robert+Gr%C3%BCnert&sort=relevancerank

გერტ რობერტ გრიუნერტი რაინლანდ-ერფტის ავტორთა საზოგადოების ვებგვერდზე:

https://www.autorenkreis-rhein-erft.de/gerd-gruenert/index.php

 

 

 

 

 

 

„მაგრამ სული ნამდვილად ჰქონდა“

0

ვუდი ალენის „კუგელმასის შემთხვევა“ იმ ტექსტებს შორისაა, ასმეერთე წაკითხვისასაც რომ გულიანად გაცინებს. ვერც ცდუნებას გაექცევი: მთავარი გმირის ადგილას უთუოდ საკუთარ თავს წარმოიდგენ და ოცნებას მიეცემი – რაღაც ჯადოქრობით, წიგნებში მოხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეს, რომელ დიდ რომანს აირჩევდი? წლების წინ შეყვარებული გმირებიდან რომელს გაჰყვებოდი წუთისოფლის გზებზე სახეტიალოდ? ვის შეიყვარებდი კიდევ უფრო დიდი სიყვარულით?

იმ მკითხველს, ვისაც ვუდი ალენის ეს მოთხრობა არ წაუკითხავს, შეუძლია შემდეგ ბმულს მიჰყვეს:

https://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12169

მე კი ერთ შორეულ ამბავს გავიხსენებ. ცამეტი წლისას მთელი არსებით შემიყვარდა ჟიულიენ სორელი, რომელიც ბედნიერი შემთხვევის წყალობით გავიცანი – მამაჩემის დეიდაშვილის სახლში, სამეგრელოს პატარა და მშვენიერ ქალაქში, წიგნების თაროების თვალიერებისას თვალში სტენდალის სქელი წიგნი მომხვდა. გამოსაჩენ ადგილას იდო, სათაურიც მიმზიდველი ჰქონდა, ისტორიის დრამატიზმსა და უკიდურეს სერიოზულობზე მიმანიშნებელი.

უშინაარსო, ერთთფეროვანი დღეები მაშინვე შეიცვალა – ამაღელვებელმა, თაბრუდამხვევმა ამბებმა გამიტაცა, წიგნის გვერდებზე გამოჩენილმა მთავარმა გმირმა კი რაღაც მანამდე განუცდელი განმაცდევინა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს სიყვარული არ იყო – ცამეტი წლის გოგოს მოულოდნელი და ამავე დროს ლოგიკურად გაჩენილი სიყვარული. როდესაც წიგნის გვერდებზე მისი სახელი და გვარი მხვდებოდა, ვწითლდებოდი, გულისცემა მიჩქარდებოდა, თავში აზრები მერეოდა და ერთიანად ვიბნეოდი. მის სიტყვებს ვკითხულობდი და ვკითხულობდი, ბოლოს ზეპირადაც ვსწავლობდი… თუ გამოჩენა შეაგვიანდებოდა, გულზე დარდი შემომაწვებოდა ხოლმე – სანამ სხვა გმირებს დავყვები აღმა-დაღმა, ჟულიენ სორელის თავს ცუდი ამბავი ხდებოდეს-მეთქი.  ვჩქარობდი, მინდოდა, მალე წამეკითხა მის შესახებ, მალე შემეტყო მისი გადაწყვეტილებები, გუნება-განწყობილება, ახალ-ახალი იდეები.

სტუდენტობის წლებში ევგენი ონეგინი მიყვარდა. არა, აღარ ვწითლდებოდი. არც საპასუხო გრძნობის იმედი მქონდა.

ვუდი ალენის ზემოთ ნახსენებმა მოთხრობამ სხვა გმირებიც გამახსენა, ჩემს წარმოსახვაში სრულიად ხელშესახებნი რომ იყვნენ და ნამდვილზე ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ – იდეალურად არასრულყოფილნი, ნაოცნებართან მეტისმეტად მიახლოებულნი. ლიტერატურის მასწავლებელი სიდნი კუგელმასი რომანტიკული ურთიერთობისთვის ემა ბოვარის აირჩევს და მასთან ერთად სეირნობს ფრანგული სოფლის შემოგარენში. რა უნდა იყოს უკეთესი? კლასიკოსის წიგნში შენი ადგილი გაქვს, ენით აუწერელ ბედნიერებას არაფერი ემუქრება, გაწეულ რისკს თავდავიწყების წუთები ანაზღაურებს.

„კუგელმასი მელოტი და დათვივით ბანჯგვლიანი იყო, მაგრამ სული ნამდვილად ჰქონდა“, – ვკითხულობთ მოთხრობის დასაწყისშივე. რამდენჯერაც უნდა წავიკითხო ეს სიტყვები, იმდენჯერ მეცინება – მთავარი გმირი ჩემ თვალწინ დგას, მისი წამწამების გარჩევა შემიძლია, მისი გახშირებული სუნთქვა მესმის. ავტორი მეტისმეტი მონდომებით მარწმუნებს, კარგი კაცია, მის სურვილებში გასაკიცხი არც არაფერიაო. და მეც ვეთანხმები. მოთხრობის დასასრულს კი მთელი გულით განვიცდი ესპანური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოში სამუდამოდ გამომწყვდეული ლიტერატურის მასწავლებლის ბედ-იღბალს.

გაუძლებდი ცდუნებას მის ადგილას?

მწერლებს უყვართ ყველაზე დიდ ოცნებებზე ხუმრობა, თავშესაქცევი ამბების მოყოლა სამოთხის ბინადრებზე, უკვდავთა გასაუბრება, მარადისობის მკვიდრთა ყოველდღიურობის აღწერა. მილან კუნდერას რომანში „უკვდავება“ გოეთე და ჰემინგუეი გულითადად საუბრობენ მთისა და ბარისაზე. როგორც კი ეს დიალოგი წავიკითხე, მაშინვე დავფიქრდი: რომელ მწერლებს დავაწყვილებდი? რა მოხდებოდა სამოთხის ამწვნებულ გორაკებზე სეირნობისას?

ჯულიან ბარნსის „მსოფლიოს ისტორია ათნახევარ კარად“ სამოთხის სურათებით მთავრდება. მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ ამ ადგილას ადამიანს ყველა სურვილი უსრულდება – ინგლისური საუზმე იდეალურად ინგლისურია და შეგიძლია სადილადაც მიირთვა და ვახშმადაც; საყიდლებზე წასული ყველაფერს იყიდი, რაზეც კი თვალი წაგიგორდება; სპორტულ თამაშებში რეკორდს ზედიზედ ამყარებ, ცნობილ ადამიანებს ხვდები და სასურველ თემებზე ესაუბრები, საწოლში ყველას იწვენ, ვიზეც კი გული მიგდის… შესაძლებლობები განუსაზღვრელია: თუ გინდა, ყველა წიგნი წაიკითხე, რაც კი სამყაროში არსებობს.

სული ამ წიგნის გმირსაც აქვს და ამიტომაც შეუჩნდება რაღაც – ვერ ისვენებს, კითხვებზე პასუხს ეძებს, ახდენილი ოცნებები თუ დაკმაყოფილებული სურვილები ბოლომდე ვერ ავსებს მის იმქვეყნიურ ცხოვრებას. ჯოჯოხეთი (ესპანური ენის გრამატიკის სახელმძღვანელო!) რომ არსებობდეს, იქნებ აზრიც მისცემოდა ჰემფრი ბოგარტთან თუ მერლინ მონროსთან სეირნობაში გატარებულ საღამოებს. მაგრამ აუხსნიან – რაც ჯოჯოხეთზე გსმენია, მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი პროპაგანდა იყო, ყველა გზა სამოთხისკენ მოდისო.

ესეც ძალიან სახალისო წიგნია – ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ფრაზებზე რომ გეცინება და გინდა, ირგვლივ ყველას წააკითხო, დიდსა თუ პატარას – ვისაც კი სული ნამდვილად აქვს.

 

 

 

 

 

 „ვარდისფერი“ ზაფხული

0

ვარდისფერ ღვინოებს (როზეს) მეორენაირად ზაფხულის ღვინოებსაც ეძახიან, რადგან აღნიშნული ღვინოები განსაკუთრებით წელიწადის ამ პერიოდში ფასობს და ისმება. ამას თან ემატება ზაფხულისათვის დამახასიათებელი კულინარიული თემები (მსუბუქი სალათები, თევზეულობა და სხვა…) რაც ვარდისფერ ღვინოებს განსაკუთრებით კარგად უწყვილდება.

ვარდისფერი ღვინოები ერთმანეთისგან სტილით ძალიან განსხვავდებიან. ზოგი უფრო თხელი და უფერულია, ზოგი კი – გაცილებით მუქი. ასევე ნახავთ ლალისფერ (ხვანჭკარას ფერის) ღვინოებს.

„როზეს“ რაობისა და ამ ტიპის ღვინის უცნაური (ტრადიციული ღვინოებისათვის ნაკლებად დამახასიათებელი) შეფერილობის შესახებ ბევრი რამ შეიძლება ითქვას. მეტად საინტერესოა კლასიკური ფრანგული შამპანურის მაგალითი, რომელიც ბევრის გასაკვირად წითელი შეფერილობის ყურძნისგან მზადდება. ფრანგი მეღვინეები წურავენ ყურძენს და წამიერად ხსნიან ჭაჭიდან. ამ პროცესს თავისი სახელიც აქვს – „ბლანდენვუ“, ანუ თეთრი-შავიდან. ვარდისფერი ღვინოებიც დაახლოებით ამ პრინციპით ყენდება, თუმცა ყველაფერი მაინც მეღვინეზეა დამოკიდებული.

სხვათა შორის, წითელი ფერის ყურძნის მარცვალს წითელი გული არ აქვს. საფერავის მარცვალიც კი არაა შიგნიდან წითელი. ზოგიერთი ჰიბრიდული ყურძნის მარცვალი რომ გავჭყლიტოთ, შეიძლება შიგნიდან წითელი იყოს, თუმცა ყურძნის ეს ჯიშები მეღვინეობისთვის ხელსაყრელად არ ითვლებიან.

ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ საფერავის ვარდისფერი ღვინო უფრო მუქია, ვიდრე თავკვერის ვარდისფერი. ეს არასწორი ნათქვამია, რადგან მთლიანი პროცესი აბსოლუტურად მეღვინეზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდხანს დააყოვნებს მეღვინე ღვინოს ჭაჭაზე – უფრო მუქი იქნება ღვინოც. ვარდისფერი ღვინოების შეფერილობაც ჭაჭასთან ღვინის ხანმოკლე შეხებას უკავშირდება.

ძველ დროში ევროპაში, ისევე როგორც საქართველოში, როზე ტრადიციულად თეთრი ღვინის წითლით შეფერვით მიიღებოდა. დღეს ევროპაში ამ მეთოდით მიღებული როზე ნამდვილ როზედ ვერ ჩაითვლება და წითელი ჯიშებიდან იწურება, ისევე როგორც წითელი ღვინო. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წვენს ყურძნის გარსთან, ჭაჭასთან გაცილებით ხანმოკლე შეხება აქვს, ვიდრე ეს წითელი ღვინის შემთხვევაში.

როგორც იცით, ჩვენს ქვეყანაში ვარდისფერი ღვინის წარმოება ათწლეულების მანძილზე მივიწყებული იყო. თუმცა ბოლო დროს მრავალმა ღვინის კომპანიამ ამ ტიპის ღვინის წარმოება კვლავ დაიწყო და ეს მეტად სასიხარულო ფაქტია.

ვარდისფერი ღვინის წარმოება საქართველოში ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა. ამ დადებით ტენდენციას მხარი აუბა თითქმის ყველა დიდმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ, ასევე ზოგიერთმა მცირე მარანმაც.

ქართული ვარდისფერი ღვინო მზადდება თითქმის იმავე წესით, როგორითაც თეთრი მშრალი ევროპული სტილის ღვინო. მხოლოდ მცირე ხნით (რამდენიმე საათით) ხდება წითელი ან ვარდისფერი ყურძნის შეხება ჭაჭასთან, რათა მოხდეს საღებავი ნივთიერებების მცირედ გამოწვლილვა ყურძნის კანიდან.

(საფერავის ჯიშის შემთხვევაში, ნაყოფის რბილობიც შეფერილია წითლად, რაც იშვიათობას წარმოადგენს, რის გამოც, ყურძნის უბრალოდ დაწნეხვაც და მხოლოდ ტკბილის დადუღებაც საკმარისია და აღარ საჭიროებს ჭაჭასთან შეხებას).

ვარდისფერი ღვინო შესაძლებელია თეთრი და წითელი ღვინის შერევითაც დამზადდეს.

„როზეები“ გამოირჩევა სასიამოვნო მჟავიანობით. ეს უფრო საზაფხულო სასმელია, ისმევა გრილად 8-10 ცელსიუს ტემპერატურაზე. რაც ახალგზარდაა ვარდისფერი ღვინო, უფრო უკეთესია, რადგან მისი ფერიც და გემოც უფრო ცოცხალია.

ქართული „როზეებიდან“, ანუ ზაფხულის ღვინოებიდან უდავოდ გამორჩეულად საინტერესოა გურული ჩხავერისგან დაყენებული როზე და თავკვერისგან დაყენებული ვარდისფერი ღვინო.

საფერავის ჯიშის ყურძნისგან ვარდისფერი ღვინის დაყენების შემთხვევაში კახეთში, როგორც წესი, ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლის შემდეგ 4°ცელსიუსამდე გაციებულ დურდოს მაცერაციაზე 8-10 საათის განმავლობაში ტოვებენ. როდესაც წვენი სასურველ ვარდისფერს მიიღებს, მას გამოდენიან და რამდენიმე დღე აჩერებენ დასაწდომად. დუღილი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში კონტროლირებად ტემპერატურაზე (18°ც). დადუღების შემდგომ ღვინო გადადის სხვა ჭურჭელში რამდენიმე თვით დასავარგებლად. ბოთლებში თებერვალი-აპრილის თვეებში ისხმება.

საფერავისგან  დაყენებული „როზეები“, როგორც წესი, ფერზე ღია ვარდისფერია. ბროწეულის და კოწახურის არომატით შეზავებული ატმის და ჟოლოს სურნელთან. რაც შეეხება გემოს – ქორფა და ხალასია, იმავდროულად ელეგანტური. სრულად იმეორებს არომატების პალიტრას ხავერდოვანი, გლუვი ტექსტურით და ვარდის ფურცლის ჰაეროვანი სურნელით.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...