კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

 საქმიანი თამაშები გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

სასწავლო საქმიანი თამაში  აქტიური სწავლების ერთ-ერთი  ფორმაა და ერთდროულად  ბევრი პედაგოგიური ამოცანის გადაწყვეტას ემსახურება. მათ შორისაა  მოსწავლის შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბება, წინარე ცოდნისა და საკუთარი გამოცდილების გამოყენება, პრობლემის  იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის უნარის ფორმირება, საგნის მიმართ შემეცნებითი ინტერესის გაღვივება, საკუთარი პოზიციების   ჩამოყალიბება და დაცვა, სიტუაციის ანალიზი და უკუკავშირი,  საქმიანობის დაგეგმვა ხანგრძლივი პერსპექტივის გათვალისწინებით,

საქმიანი თამაშების პროცესში აქტიურდება ასოციაციური, მექანიკური, მხედველობითი, ემოციური და  ინფორმაციის დამახსოვრების სხვა სახეები სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე და არა მასწავლებლის მოთხოვნით.

საქმიანი თამაშების დროს მოსწავლეების მხრიდან საჭიროა თითოეულის ცოდნის, რესურსების, ინფორმაციის გაერთიანება.  თამაშის მსვლელობისას იმიტაციურ სიტუაციაში ისინი ირგებენ  როლებს და ცდილობენ მათ ზუსტად შესრულებას, რადგან   მთლიანი ჯგუფის შედეგი თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული.  გთავაზობთ საქმიანი თამაშის რამდენიმე მაგალითს.

პრაქტიკული გაკვეთილი

თემა: მსოფლიო ბუნებრივი რესურსების გეოგრაფია.

მიზანი:  მოსწავლეები გაეცნონ მსოფლიოს ბუნებრივ რესურსებს.

საჭირო მასალა: დავალებების ბარათები, სახელმძღვანელო, ატლასი.

კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი  პირობითად წარმოადგენს   ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის კათედრას.  ეს კათედრებია: სათბობ-ენერგეტიკული რესურსების კათედრა, მიწის რესურსების კათედრა, წყლის რესურსების კათედრა, ბიოლოგიური რესურსების კათედრა, აგროკლიმატური რესურსების კათედრა.

ყველა ჯგუფს ეძლევა მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილი დავალებების ბარათი. ბარათებზე მოცემულია 4-5 კითხვა. კათედრებმა 15 წუთის განმავლობაში უნდა უპასუხონ მოცემულ კითხვებს. გარკვეული დროის შემდეგ თითოეული კათედრის ხელმძღვანელი წარმოადგენს თავის პასუხს.

გაკვეთილი-სემინარი

თემა: მსოფლიოს რეგიონალური დახასიათება.

მიზანი: მოსწავლეები უნდა გაეცნონ საერთაშორისო ეკონომიკურ  ურთიერთობებს და მათ მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში.

საჭირო მასალა: ბარათები დავალებებით, ატლასი, დამატებითი ლიტერატურა,  ინტერნეტი, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, სახლემძღვანელო.

კლასი იყოფა 5-6-კაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება:

1 ჯგუფის დავალება: პოლიტიკური საკითხები – ეკონომიკური  განვითარების 3 მთავარი ცენტრის ფორმირება, პარტნიორობა და დაპირისპირება მათ შორის;

მე-2 ჯგუფის დავალება: ეკონომიკური საკითხები – შრომის საერთაშორისო  გეოგრაფიული დანაწილება, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ადგილი და ტრანსეროვნული მონოპოლიების როლი ამ პროცესში.

მე-3 ჯგუფის დავალება: სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია თანამედროვე ეტაპზე –  ცვლილებები და წარმატებები მეურნეობის დარგობრივ და ტერიტორიულ სტრუქტურაში სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პერიოდში;  მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების  მაღალი დონე თანამდეროვე პირობებში.

მე-4 ჯგუფის დავალება: ეკოლოგიური საკითხები – გარემოს მდგომარეობაზე მონიტორინგის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების განხილვა.

ჯგუფები აღნიშნული საკითხების გარშემო ინტერნეტის, დამხმარე მასალების, ატლასების თემატური რუკების  გამოყენებით ამზადებენ მოხსენებას და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.

გაკვეთილი-აუქციონი

თემა: შრომის საერთაშორისო  გეოგრაფიული დანაწილება

მიზანი:  მოსწავლეები ეცნობიან საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმებსა და შრომის საერთაშორისო  გეოგრაფიული დანაწილებაში  ქვეყნების  როლს.

საჭირო მასალა: ატლასი, ცნობარი, პატარა ალმები, ემბლემები, პროდუქციის ნიმუშები ან ყუთები,  მუყაო, ფერადი ქაღალდები,  წებო, მაკრატელი, მსოფლიოს რუკა, სახელმძღვანელო.

მოსამზადებელი პერიოდი: მასწავლებელი კლასს აცნობს თამაში არსს და წესებს.   მოსწავლეებთან ერთად განმარტავს სიტყვა „მარკეტინგის“ მნიშვნელობას.  მოსწავლეები  მუშაობენ 3-4-კაციან  ჯგუფებში. თითოეული ჯგუფი ირჩევს რომელიმე ქვეყანას.

თამაში მიმდინარეობს რამდენიმე რაუნდად:

1 რაუნდი: ინფორმაციის მოიძიება თავიანთი ქვეყნისა და ამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის შესახებ;

მე-2 რაუნდი: რეკლამის მომზადება ამ ქვეყანაში წარმოებული რომელიმე პროდუქციის  შესახებ;

მე-3 რაუნდი: თავიანთი ქვეყნის პროდუქციის გასაღებისა და მოთხოვნის  ბაზრის  შესწავლა – ჯგუფები ერთმანეთს სთავაზობენ თავიანთი ქვეყნის პროდუქციის  ყიდვას ან გაცვლას.

მე-4 რაუნდი:  ბრიფინგი – ქვეყნების წარმომადგენელები წარმოადგენენ  ინფორმაციას, თუ რა  შეთანხმებები დადეს მათ სხვა ქვეყნებთან და რა  პროდუქციაზე  და რა მიმართულებით ( მაგ; ტურიზმი, მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაცია და სხვ.)

გაკვეთილი-მოგზაურობა

თემა: მოგზაურობა ინდოეთში

მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ ინდოეთის ბუნებრივ-რესურსულ პირობებს. მოსახლეობას და მეურნეობას, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებს.

საჭირო მასალა: ატლასი, სახელმძღვანელო.  თვალსაჩინო მასალა – ნახატები, ფოტოები,  დამატებითი ინფორმაცია ქვეყნის შესახებ.

მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად: ტურისტებად და კორესპონდენტებად. მათი დავალებაა, მოიძიონ  ინფორმაცია და ფოტომასალა ინდოეთის შესახებ.  შემდეგ  მრგვალი მაგიდის გარშემო  ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს ამ ქვეყნის შესახებ.

სავარაუდო საკითხები ინდოეთის შესახებ:

ინდოეთი მსოფლიოში; ტერიტორიის, ბუნებრივი და შრომითი რესურსების გამოყენების პრობლემები; მნიშვნელოვანი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეოს რაიონები;  ეკონომიკის განვითარების ინდური მოდელი;  მსხვილი ქალაქები და ფსევდოურბანიზაციის პროცესი;  ეკონომიკური და სოციალური პრობლემები;   ეკოლოგიური პრობლემები და მდგრადი განვითარება.

გაკვეთილი-პანორამა

თემა: ჯუჯა სახელმწიფოები.

მიზანი:  მოსწავლეები ეცნობიან  ევროპის ჯუჯასახელმწიფოებს;  მათი შემეცნებითი  საქმიანობის გააქტიურება, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებთან მუშაობის უნარ-ჩვევების ფორმირება;

საჭირო მასალა: ბარატები, სავიზიტო  ბარათები ქვეყნების მიხედვით, ევროპის პოლიტიკური რუკა,  ატლასი, თვალსაჩინო მასალა, სახელმძღვანელო.

კლასი  იყოფა ორ ჯგუფად: გაზეთის კორესპონდენტებად, ჟურნალისტებად და თითოეული  ქვეყნის წარმომადგენლად.

შემოქმედებით ჯგუფებს წინასწარ აქვთ მიცემული დავალება:  დახატონ ქვეყნის გერბი და დროშა;  შეადგინონ ქვეყნის მოკლე დახასიათება:  მოიძიონ და შეაგროვონ ქვეყნის შესახებ მასალები – ფოტოსურათები, გრაფიკები,  სტატისტიკური მონაცემები და სხვ.; მოამზადონ პრეზენტაცია  ქვეყნის  ტრადიციების, კულტურის, დღესასწაულების, ღირსშესანიშნაობების შესახებ;

სახელმწიფოთა წარმომადგენლები  აკეთებენ მოკლე პრეზენტაციას თავიანთი ქვეყნების შესახებ და შემდეგ პასუხობენ  კორესპონდენტებისა და ჟურნალისტების კითხვებს ამ ქვეყნების შესახებ.

ამ ტიპის  საქმიანი თამაში პროექტული საქმიანობის სახეს წარმოადგენს, რადგან  მუშაობის დაწყებამდე  მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული დავალება ან პრობლემა მიცემული, სახავენ მისი გადაჭრის გზებს და წარადგენენ თავიანთ შესრულებულ ნამუშევარს.

 

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია და სიახლეები მისი განხორციელების წესში

0

გარე დაკვირვება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ის კომპონეტია, რომელიც აქამდე მხოლოდ საპილოტე რეჟიმში და მხოლოდ ორ რეგიონში – იმერეთსა და შიდა ქართლში – განხორციელდა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევასა და ორ სამოდელო გაკვეთილთან ერთად, გარე დაკვირვება სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლისთვის, რომელიც წამყვანის სტატუსზე ზრუნავს. ამ აქტივობაზე რეგისტრაციის გამოცხადებას უფროსი მასწავლებლების დიდი მოლოდინი ახლდა თან. რეგისტრაცია 19 თებერვალს დაიწყო  და 26 თებერვლამდე გაგრძელდება. ის მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

გარე დაკვირვების წარმართვის პროცედურებსა და მისი განხორციელების წესში შესულ სიახლეებზე გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგის მიმართულების კოორდინატორი ქრისტინე ინგოროყვა.

– გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის უფლება აქვს უფროს მასწავლებელს, რომელიც წინაპირობებს უკვე აკმაყოფილებს, ანუ მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა, ამათგან ორი – სავალდებულო აქტივობებისთვის (კვლევა და/ან 2 სამოდელო გაკვეთილი), და მასწავლებელს, რომელსაც უფროსის სტატუსი მიენიჭა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად. რეგისტრაციის დროს eshool-ის ელექტრონულ სისტემაში, სპეციალურ ბმულზე, მასწავლებელი მიუთითებს საგანს, რომელსაც ასწავლის და რომელშიც სურს გარე დაკვირვების გავლა და კლასს, რომელშიც გეგმავს გაკვეთილს.

რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამტკიცებს გარე დაკვირვების განხორციელების პერიოდს თითოეული მასწავლებლისთვის, რის თაობაზეც ინფორმაცია მიეწოდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს. გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული მასწავლებელი ვალდებულია, მისთვის განსაზღვრული პერიოდის დადგომამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე სისტემაში ატვირთოს მითითებულ ვადაში მიყოლებით ჩასატარებელი 5 გაკვეთილის გეგმა. გარე დაკვირვება განხორციელდება ცენტრის მიერ შერჩეულ გაკვეთილზე, რომლის შესახებაც მასწავლებელს ერთი სამუშაო დღით ადრე მივაწვდით ინფორმაციას.

– ეს ნაწილი, ფაქტობრივად, უცვლელია და პილოტირების დროს მოქმედ წესს იმეორებს. რა სიახლეა გათვალისწინებული გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით?

ცვლილება შევიდა შეფასების ინსტრუმენტში, ანუ რუბრიკაში. გაკვეთილის შეფასების რუბრიკაში საგნობრივი ცოდნის კომპონენტი გამოყოფილი არ ყოფილა – ის ჩაშლილი იყო სხვადასხვა კრიტერიუმის ინდიკატორებში. ახლა მოხდა ამ მიმართულებათა თავმოყრა. რუბრიკა უახლოეს მომავალში დამტკიცდება და გამოქვეყნდება. აქვე დავძენ, რომ განახლებული შეფასების რუბრიკა ამოქმედდება შიდა შეფასების გაკვეთილებისთვისაც. უცვლელი დარჩა გაკვეთილის გეგმის ფორმატიც. ასევე, არ შეცვლილა გაკვეთილის ოქმის/აღწერის ფორმა.

სიახლეა ისიც, რომ გაკვეთილზე დაკვირვებას განახორციელებს ერთი შემფასებელი. დამკვირვებლები შეირჩევიან რეგიონული უნივერსიტეტებიდან. ყველა მათგანი წინასწარ გადამზადდება სხვადასხვა მოდულით, რათა შესაბამისი კომპეტენციით აღიჭურვოს. გარდა ცენტრიდან წარგზავნილი დამკვირვებლისა, გაკვეთილზე დასწრების უფლება ექნებათ მასწავლებლის ფასილიტატორსა და რესურსცენტრის წარმომადგენელს, თუმცა ისინი შეფასებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. გაკვეთილის შემდგომი პროცედურაც უცვლელი რჩება – მასწავლებელმა ორი დღის ვადაში უნდა ატვირთოს რეფლექსია გაკვეთილის შესახებ. გაკვეთილის შეფასება მას სისტემის საშუალებით ეცნობება.

სიახლეა ისიც, რომ მასწავლებელს, რომელსაც პრეტენზია გაუჩნდება შეფასების მიმართ, შეეძლება, მიმართოს აპელაციას.

– როგორია წინასწარი სტატისტიკა, რამდენ მასწავლებელს შეუძლია რეგისტრაციის გავლა?

– ჩვენი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრაცია გაეხსნება 560 მასწავლებელს, რომლებიც სარეგისტრაციო წინაპირობებს აკმაყოფილებენ. მათთვის, ვინც ამჟამად ვერ ახერხებს ან არ გეგმავს რეგისტრაციას, აღვნიშნავ, რომ რეგისტრაცია გაიხსნება ყოველი ახალი სემესტრის დასაწყისში და რეგისტრირებულები იმავე სემესტრში გაივლიან გარე დაკვირვებას.

– მიეცემა თუ არა მასწავლებელს შესაძლებლობა, წარუმატებლობის შემთხვევაში ხელახლა გაიაროს გარე დაკვირვება?

დიახ, მიეცემა, ოღონდ მომდევნო წელს. ამასთან, გარე დაკვირვების ხელახლა გასავლელად მასწავლებელს განსაზღვრული თანხის გადახდა მოუწევს. თუ საპილოტე პროცესის სტატისტიკას გადავხედავთ, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარა 105-მა მასწავლებელმა. მათგან გარე დაკვირვება 100-მა გაიარა. 86-მა მასწავლებელმა შეფასების დროს გადალახა 75%-იანი ზღვარი და მოიპოვა შესაბამისი კრედიტქულა. ამ შედეგის საფუძველზე 42-მა უფროსმა მასწავლებელმა უკვე მოიპოვა წამყვანის სტატუსი და შესაბამისი ანაზღაურება, ხოლო 44 მათგანი, რომლებსაც არ ჰქონდათ საჭირო კრედიტქულების სრული რაოდენობა, სასწავლო წლის ბოლომდე დაგროვების შესაბამისად მიიღებენ ახალ სტატუსს.

ევროპა ჩემს გაკვეთილზე, ანუ ევროპა როგორც სამოდელო გაკვეთილი

0

„ევროპა ჩემს გაკვეთილზე ანუ ევროპა როგორც სამოდელო გაკვეთილი“ – ეს ფრაზა ამოვიკითხე მასწავლებლებისა და მომავალი მასწავლებლებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში ევროპა ჩემს გაკვეთილზე“. ჩემს სამოდელო გაკვეთილსაც მარტივად „ევროკავშირი“ დავარქვი. გზამკვლევში რატომღაც გეოგრაფიის გაკვეთილის გეგმა არ არის, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ გეგმა სამოდელო (ინოვაციური) გაკვეთილისა, რომელიც მე და ჩემმა მეათეკლასელებმა ჩავატარეთ. ეს ის ახალი გმირები არიან, რომლებზეც წინა სტატიაში მოგითხრობდით.

ევროკავშირის შესწავლის დროს გამოიკვეთა, რომ მეტის გაგება სურდათ. თავდაპირველად დავგეგმეთ მარტივი გამოკითხვა. ისე შევიჭერით როლებში, რომ კვლევა გამოგვივიდა. გამოკითხვის შედეგების განხილვისას აღმოჩნდა, რომ მოსახლეობამ ცოტა რამ იცის ევროკავშირის შესახებ. სამოდელო გაკვეთილიც ამ კვლევის შედეგების მიხედვით ავაგეთ. მოსწავლეებს წინასწარ მივეცი დასამუშავებლად სტატიები და ევროკავშირის ვებგვერდი.

ჩვენმა სკოლამ გადაწყვიტა, გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმატით ვიხელმძღვანელოთ, ამიტომ ჩემი გეგმაც ახალი ფორმატით არის წარმოდგენილი.

საგანი: გეოგრაფია

სწავლების საფეხური/კლასი: X კლასი

გაკვეთილის თემა: ევროკავშირი

გაკვეთილის ტიპი: სამოდელო – ინოვაციური (შინაარსობრივი)

მოსწავლეთა რაოდენობა: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.

მიზანი: მოსწავლემ

  • ტესტებისა და ანამორფული რუკების საშუალებით გააანალიზოს ევროკავშირის როლი მასში გაწევრებული ქვეყნების განვითარებაში;
  • არგუმენტირებულად იმსჯელოს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე;
  • გამოთქვას ვარაუდი საქართველოს სამომავლო პერსპექტივის შესახებ (სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი);
  • განუვითარდეს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

 

N აქტივობის აღწერა მეთოდი/

მეთოდები

კლასის ორგანიზების

ფორმა

სასწავლო

რესურსები

დრო
1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

 

  მთელი კლასი საკლასო ჟურნალი 1 წთ.
2  გაკვეთილის მიზნების გაცნობა

მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის მიზნებს

 

ვერბალური

 

მთელი კლასი გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა, ფორმატზე დაწერილი და კედელზე გაკრული 1 წთ.
3 აქტივობა N 1. პლებისციტი

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას აცნობენ პლებისციტის შინაარსს, ურიგებენ ბარათებს, რომლებზეც წერია ერთი კითხვა:

გსურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრება?

პასუხის გაცემის შემდეგ ბარათებს სპეციალურად მომზადებულ ყუთში ყრიან. რამდენიმე მოსწავლე დაითვლის და გამოკითხვის შედეგებს დაამატებს. ერთი მოსწავლე საზოგადოებას გააცნობს პლებისციტის შედეგებს და მითებს ევროკავშირის შესახებ.

კვლევა მთელი კლასი, დამსწრე მასწავლებლები ყუთი, ბარათები.

კომპიუტერი.

 

3 წთ.
4 აქტივობა N 2. როლური თამაში. ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის განხილვა.

მასწავლებელს წინასწარ აქვს გაგზავნილი ევროკავშირის შესახებ მასალა: ტექსტი, რუკები და ინტერნეტგვერდის მისამართი. მოსწავლეები უნდა გაეცნონ არსებულ მასალას. ინტერნეტსაიტის მისამართები: სტატია: „ვიშეგრადის ქვექნები“ – https://mastsavlebeli.ge/?p=7892; https://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=52; https://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

კლასი იყოფა ჯგუფებად: იქმნება ,,ევროკავშირის ექსპერტთა“, საზოგადოების წარმომადგენელთა და ჟურნალისტების ჯგუფები. დაჯგუფება ხდება შემთხვევითობის პრინციპით. მოსწავლეები იღებენ ბარათებს, რომლებსაც აწერია: ჟურნალისტი (5 ბარათი), საზოგადოების წარმომადგენელი (5 ბარათი), ექსპერტი (16 ბარათი). მასწავლებელი ურიგებს ტექსტს და რუკებს, რომლებზეც მოცემულია ევროკავშირის ქვეყნების კვლევა და ბიუჯეტი, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. ჯგუფების რესურსი საერთოა. მოსწავლეები დამოუკიდებლად ირჩევენ მათთვის საჭირო რესურს.

ჯგუფებმა მოცემული სტატიების დახმარებით უნდა აჩვენონ ევროკავშირის ქვეყნების განსხვავება განვითარების ადმინისტრაციული, სოფლის მეურნეობისა და მდგრადი განვითარებისთვის გაწეული ხარჯების მიხედვით.

ექსპერტთა ჯგუფებმა საზოგადოებას უნდა გააცნონ ევროკავშირის სამომავლო გაფართოების პერსპექტივა და სამომავლო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი, არგუმენტირებულად (მინიმუმ 2 არგუმენტი) დასაბუთებული ვარიანტი, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული პრიორიტეტები (აღმოსავლეთ ევროპის განვითარება, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების დონის თანაფარდობის მიღწევა, მეურნეობის დარგების განვითარების, ეკოლოგიული პრობლემების გააზრება და ა.შ.).

აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჯგუფებმა უნდა მოამზადონ ევროკავშირის გერბი და პოსტერები.

ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ადგენენ კითხვებს, რომლებსაც დაუსვამენ პრეზენტაციის დროს. მოამზადებენ ევროკავშირის გერბს და პოსტერებს.

პრეზენტაციას წარმოადგენენ სასურველი ფორმით.

შებრუნებული საკლასო ოთახი;

ტესტებისა და რუკების ანალიზი

ჯგუფური მუშაობა ფლიპჩარტები, მარკერები, ტექსტი, ანამორფული რუკები, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. ინტერნეტსაიტების მისამართები:

1.      https://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=52;

2.      https://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

ბარათები ჯგუფების სახელწოდებით

10 წთ
5. აქტივობა N 3. პრეზენტაცია – პანორამა.

მოსწავლეები მოაწყობენ პანორამას. საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ და მართავენ მოკლე პრეზენტაციას, მერე კი საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობენ.

პანორამა -პრეზენტაცია  

 

 

 

Powier point-ში აწყობილი გაკვეთილი

 

პროექტორი

15 წთ.
6. აქტივობა N4. სინქვეინი – ხუთსტრიქონიანი ლექსი

მოსწავლეები შეადგენენ ხუთსტრიქონიან ლექსს ევროკავშირის შესახებ.

(სათადარიგო – საჭიროებისამებრ ამოვიღებ)

სინქვეინი ჯგუფები   10 წთ
8 აქტივობა N5. შეფასება.

აქტივობა ”სამიზნე”

მასწავლებელი ფორმატზე ხატავს სამიზნეს, რომელიც დაყოფილია ოთხ სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები. მაგ; 1-ელში – შინაარის შეფასება; მე-2-ში – გამოყენებული მეთოდების შეფასება; მე-3-ში – მასწავლებლის საქმიანობის შეფასება; მე-4-ში – საკუთარი საქმიანობის შეფასება. თითოეული მოსწავლე დასვამს წერტილს ან „+“ ნიშანს და ა.შ. ეს აღნიშვნა შეესაბამება მისი შედეგების შეფასებას. თუ მოსწავლე დაბალ დონეზე აფასებს თავის შედეგებს, მაშინ სამიზნეზე წერტილი ახლოს უნდა იყოს 0-თან, თუ მეტად – 5-თან, თუ კიდევ უფრო მეტად – 10-თან. რეფლექსიურ სამიზნეზე აღნუსხული შედეგების მიხედვით მასწავლებელი ახდენს მის მოკლე ანალიზს.

მთელი მთელი კლასი

 

ფლირჩატზე დახატული სამიზნე. იხილეთ ქვემოთ. 5 წთ.

 

ეროვნული სასწავო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:

გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია, შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით და იმსჯელოს მსგავსებაგანსხვავების მიზეზებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აანალიზებს ტექსტურ ინფორმაციას და სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიულ საშუალებებს და განსაზღვრავს, როგორ იცვლებოდა შერჩეული ქვეყნის როლი მსოფლიოს ფონზე; გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე (სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი).

გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია, გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აანალიზებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური, საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციების როლს მათში გაწევრებული ქვეყნების განვითარებაში; ქვეყნებს მიაკუთვნებს ძირითად ორგანიზაციებს; მსჯელობს მათი გაფართოების პერსპექტივებზე და ქმნის შესაბამის რუკებს.

 

მე მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოვიყენე, თუმცა მიმაჩნია, რომ განმსაზღვრელის გამოყენება აჯობებდა.

 

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას არ გავაზიარებ, ის ყველასთვის კარგად არის ნაცნობი.

 

შეფასების ანალიტიკური რუბრიკა

შეფასება 1-2 3-5 6-7-8 9-10
აანალიზებს ევროკავშირის როლს მასში გაწევრებული ქვეყნების განვითარებაში ვერ აანალიზებს ევროკავშირის როლს მასში გაწევრებული ქვეყნების განვითარებაში ცდილობს გააანალიზოს ევროკავშირის როლი მასში გაწევრებული ქვეყნების განვითარებაში აანალიზებს ევროკავშირის როლს მასში გაწევრებული ქვეყნების განვითარებაში, მსჯელობა არადამაჯერებელია აანალიზებს ევროკავშირის როლს მასში გაწევრებული ქვეყნების განვითარებაში
აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმატებით გადაჭრის შესახებ ვერ აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და ვერ გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმატებით გადაჭრის შესახებ

 

ცდილობს გააანალიზოს ქვეყანაში არსებული პრობლემები და გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმატებით გადაჭრის შესახებ

 

აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმატებით გადაჭრის შესახებ, თუმცა მსჯელობა არადამაჯერებელია აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმატებით გადაჭრის შესახებ

 

არგუმენტირებულად მსჯელობს გაფართოების პერსპექტივებზე, მოჰყავს 2 არგუმენტი

 

არგუმენტირებულად ვერ მსჯელობს გაფართოების პერსპექტივებზე, ვერ მოჰყავს 2 არგუმენტი

 

ცდილობს არგუმენტირებულად იმსჯელოს გაფართოების პერსპექტივებზე, ცდილობს მოიყვანოს არგუმენტი არგუმენტირებულად მსჯელობს გაფართოების პერსპექტივებზე, მოყავს 1 არგუმენტი

 

არგუმენტირებულად მსჯელობს გაფართოების პერსპექტივებზე, მოჰყავს 2 არგუმენტი

 

 

რეფლექსიის მაგივრად

მეთოდად შევარჩიე შებრუნებული საკლასო ოთახი: წინა გაკვეთილზე მივუთითე წასაკითხი სტატიები: „ვიშეგრადის ქვეყნები“ – https://mastsavlebeli.ge/?p=7892; ევროკავშირის ვებგვერდი და კვლევების ანგარიშები – https://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=52; https://www.viewsoftheworld.net/?p=3049. ინტერნეტმისამართები გავაზიარე სოციალურ ქსელში არსებულ ჩვენი კლასის გვერდზე.

გაკვეთილი დავიწყეთ კლასის ორგანიზებით და მიზნის გაცნობით.

რამდენიმე გაკვეთილით ადრე მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა: გსურთ თუ არა ევროკავშირში საქართველოს გაწევრება? სასურველი იყო, რესპონდენტს საკუთარი პოზიცია არგუმენტირებულად დაესაბუთებინა. სამოდელო გაკვეთილამდე ბავშვებმა მოიტანეს კვლევის შედეგები, რომლებიც შეაჯერეს და საერთო დასკვნა გამოიტანეს. ჯგუფებს დაევალათ, შემდეგი გაკვეთილისთვის მონაცემები გრაფიკულად გამოესახათ.

პირველი აქტივობა პლებისციტის შედეგების წარდგენა და ანალიზი იყო. დამსწრე საზოგადოების მიერ შევსებული ბარათების ანალიზის შემდეგ ერთმა მოსწავლემ გააცნო შედეგები.

აქტივობის მიზანი მიღწეულად მიმაჩნია, რადგან მოსწავლეებმა დაამუშავეს კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, შესაბამისად, განუვითარდათ კვლევა-ძიების უნარი, გავიდნენ მაღალ სააზროვნო დონეზე.

მომდევნო აქტივობისთვის კლასი შემთხვევითობის პრინციპით დავყავი ჯგუფებად: მოსწავლეებმა სპეციალური ყუთიდან აიღეს ბარათები, რომლებსაც ეწერა: ჟურნალისტი (5 ბარათი), საზოგადოების წარმომადგენელი (5 ბარათი), ექსპერტი (16 ბარათი). წინასწარ მომზადებული ბარათები წარწერებით მერხებზე დავაწყვე, შეიქმნა ,,ევროკავშირის ექსპერტთა“, საზოგადოების წარმომადგენელთა და ჟურნალისტების ჯგუფები.

ჯგუფების გადანაწილების შემდეგ დავარიგე ტექსტები და რუკები, რომლებზეც მოცემული იყო ევროკავშირის ქვეყნების კვლევები და ბიუჯეტი, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები – მასალა, რომელსაც უნდა გასცნობოდნენ შინ. იგივე რესურსი მქონდა პრეზენტაციის სახით (ფერადი ვარიანტი). ჯგუფების რესურსი საერთო იყო. მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა აერჩიათ მათთვის საჭირო რესურსი. ეს მინიაქტივობა, ვფიქრობ, მათ ანალიზისა და შეფასების უნარების გამომუშავებაში დაეხმარა. რადგან განსხვავებული დავალებები განსხვავებულ არგუმენტებსა და რესურსებს მოითხოვდა.

მომდევნო აქტივობა: როლური თამაში – ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის განხილვა, – აქტიურად წარიმართა. ვფიქრობ, ამ აქტივობის მიზანიც მიღწეულ იქნა, რადგან მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული სტატიების განხილვაში და პრეზენტაციის მომზადებაში. ჯგუფში როლები გაანაწილეს, ყველა საკუთარ დავალებას ასრულებდა.

გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა, აქტიურობა და კრეატიულობა, რაც მათ ნამუშევრებში გამოჩნდა. მოსწავლეებმა შექმნეს ევროკავშირის გერბები და ლოგოები, რომლებშიც საკუთარი ხედვა ასახეს. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეები გაეცნენ ევროკავშირის შესახებ არსებულ დამატებით ინფორმაციას (ევროკავშირის ქვეყნების კვლევები და ბიუჯეტი) და კრიტიკულად შეაფასეს არსებული რესურსები. შესაბამისად, გავიდნენ მაღალ სააზროვნო დონეზე. გაკვეთილზე მოხდა რამდენიმე კომპეტენციის განვითარება: წიგნიერების, სემიოტიკური და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების კომპეტენციებისა.

გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ინტერნეტრესურსების გამოყენების მეთოდიც, რომელიც მედიაწიგნიერების კომპეტენციას ავითარებს. მოსწავლეები სტატიებს გაეცნენ სოციალურ ქსელში არსებული ჩვენი კლასის გვერდის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ რესურსები ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყო, გაკვეთილზე ყველა ჯგუფს მივეცი რამდენიმე ვარიანტად ამობეჭდილი მასალა, ფერადი კარტოგრაფიული ანამორფული რუკები კი შეეძლოთ სლაიდშოუს საშუალებით გამოეყენებინათ.

გაკვეთილი იყო სახალისო და დინამიკური. მასში ყველა მოსწავლე ჩაერთო. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ის მოსწავლეები, რომლებსაც გაანალიზებული ჰქონდათ წინასაგაკვეთილო მასალა. გამოირჩეოდა ჟურნალისტების ჯგუფი, რომელმაც საინტერესო და მაღალ სააზროვნო დონეზე გამსვლელი კითხვები დასვა. ექსპერტთა ჯგუფებმაც კარგად გაართვეს თავი დავალებას და მაქსიმალურად ამომწურავად უპასუხეს კითხვებს. გამოიკვეთა დისკუსიის საჭიროება, რომელიც მომდევნო გაკვეთილზე გავაგრძელეთ.

გაკვეთილის გეგმის მნიშვნელოვანი მოდიფიცირება არ მომიხდენია, თუმცა ერთი აქტივობა (სინქვეინი, რომელიც თავიდანვე სათადარიგო აქტივობად მოვიაზრე) ამოვაგდე, რადგან კითხვა-პასუხმა დროს გადააჭარბა.

გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმაჩნია ის, რომ განმსაზღვრელი შეფასება არ გავაკეთე, რადგან შეფასებისთვის გამოვიყენე „სამიზნე“. ეს აქტივობა შეფასების უნართან ერთად მეტაკოგნიტურ უნარებსაც ავითარებს. ჯობდა, განმავითარებელი შეფასება მეტად კონკრეტული ყოფილიყო. სამომავლოდ ამას აუცილებლად გავითვალისწინებ.

ამ გაკვეთილზე მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებსა და ნააზრევს მომდევნო სტატიაში გაგაცნობთ.

ევროკავშირის ემბლემები

„სამიზნე“

ახლომხედველის მეხსიერება

0

ფანჯარასთან ოთხნი ვდგავართ: მე, დედა, ვახო და ბებო. ზამთრის შუაღამეა. ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის პირველ კვარტალში ჩამოწოლილ სიბნელეს ორად ორი ფანჯრიდან გამომავალი მკრთალი შუქი ებრძვის. ერთი ჩვენია, მეორე კი მეთერთმეტე კორპუსის მეორე სართულის ბინის. ჩვენ იმ სახლის ფანჯარას მივჩერებივართ და მშვიდობის რაიმე სიგნალს ველით. იმ სახლის მაცხოვრებლებს ჩვენთვის არ სცალიათ – ოჯახის წევრი უკვდებათ.

ფარდებს შორის ბუნდოვნად ვხედავ მამაჩემს, რომელიც მომაკვდავს გულის მასაჟს უკეთებს. მამაჩემს კი არა, ადამიანის ჩრდილს ვხედავ, რომელიც მოძრაობს და ვხვდები, რომ ზურაბისაა. მამაჩემი რამდენიმე წუთის წინ კარზე თავგანწირული ბრახუნით გააღვიძეს. მას შემდეგ ვცდილობ, გული დავიმშვიდო, მაგრამ არ გამომდის. ზურაბი ერთადერთი ექიმი არ არის ჩვენს კვარტალში, მაგრამ მაგარი ექიმის სახელი აქვს და ყვითელი კორპუსის 23-ე ბინის კარზე თავგანწირული ბრახუნი ხშირია. იმდენად ხშირი, რომ გონება შევაჩვიე, მაგრამ გული – ვერა. მეზობლებმა იციან, რომ სასწრაფოში დარეკვას აზრი არ აქვს, დილამდე მაინც არ მივლენ. აჯობებს, ზურაბს დაუძახონ.

ჩემი მხედველობა კარგა ხანია დაქვეითებულია, მაგრამ ჯერ სათვალეს არ ვატარებ. თვალებს ვჭუტავ და ვცდილობ, ისე გავარჩიო, რა ხდება კვანჭიანების სახლში. გათოშილი ვარ. გამათბობელი, რომლის ასანთებად საჭირო ნავთის ამოტანა მე მომიხდა, რამდენიმე საათის წინ ჩავაქრეთ. ხის ძველი ფანჯრიდან ქარი მიბერავს და უარესად მაკანკალებს. დედა და ბებია ოხრავენ. „ღმერთო, უშველე!“ – ისტერიულად იმეორებს ბებო. მას სწამს, რომ ღმერთი ღამის ვაზისუბნიდანაც კი ისმენს ლოცვებს. რაკი ახლომხედველობა მომესაჯა, იძულებული ვარ, ნანახი მეხსიერებითა და წარმოსახვით შევავსო. ამიტომ წარმოვიდგენ, როგორ ატუზულან ოთახის კუთხეში ჩემი მეგობრები – ზურა და ბაჭია, რომლებთან ერთადაც ფეხბურთს ვთამაშობ ხოლმე კორპუსის წინ, ორმოებით სავსე ასფალტის წარმოსახვით მოედანზე. ზურა ჩემი პარალელურკლასელია, ჩუმი, წყნარი და წესიერი ბიჭი. ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამს და ბუზს ხელს არ უქნევს. ყოველთვის სუფთად აცვია და სახეზე არასოდეს ემჩნევა ძილის ნარჩენები. ბაჭია მისი უმცროსი ძმაა. მისი ნამდვილი სახელი არავის გვახსოვს. როცა ვაზისუბანში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, დედამისი აივნიდან ეძახდა ხოლმე ბაჭიას და აზრადაც არ მოგვსვლია, რაიმე სხვა მეტსახელი მოგვეფიქრებინა მისთვის. საერთოდ, ადამიანებს ყველაზე ზუსტ მეტსახელებს დედები ურჩევენ. დედაზე უკეთ ვერავინ ამჩნევს შვილის კარიკატურულ მხარეებს. ბაჭიას კი ჰქვია ბაჭია, მაგრამ იმ დათვის ბელს უფრო ჰგავს, ზღვის სანაპიროზე რომ დაატარებენ ხოლმე ფოტოგრაფები. მე და ბაჭია გუნდელები ვართ, რაგბის ვთამაშობთ. ვაზისუბნელი ბიჭისთვის რაგბის თამაში ისეთივე გარდაუვალი აუცილებლობაა, როგორიც 40 დღის ასაკში ქრისტიანად მონათვლა. ჩვეულებრივი სავალდებულო სამხედრო სამსახურია. რაგბიში ღმერთს არც ერთი ვუქნივართ და არც მეორე, მაგრამ ბაჭიას ხალისის შეტანა მაინც შეუძლია გუნდის ცხოვრებაში. მე ვერც მაგაში ვვარგივარ. ლელო არც ერთს არ გაგვიტანია, ვარჯიშზეც კი. ცირეკიძესთან დაჯახებისა ორივეს გვეშინია. მოკლედ, დიდი სანაკრებო კარიერა არც მე მეჯღანება და არც ბაჭიას, მაგრამ ჩვენს ჭიას ვახარებთ და ვაზისუბნელის ვალს ვიხდით.

ზურას და ბაჭიას ბინაში ჩრდილების მოძრაობა უფრო ქაოსური ხდება. ფანჯრის ღრიჭოებიდან ქარს ქალის კივილი შემოაქვს და ოთახში ფანტავს. შიში და სიცივე ჩემს მდგომარეობას აუტანელს ხდის. „დათუნა, დაწექი შე“, – გვეუბნება მანანა. „ღმერთო, უშველე“, – იმეორებს ბებო. ჩვენს კორპუსებს ერთმანეთთან ათობით სადენი აკავშირებს. ზოგი მათგანი გენერატორებისაა, რომელთა დახმარებითაც ერთმანეთს სინათლეს ვუნაწილებთ. მხოლოდ სინათლეს, მეტს გენერატორი ვერ ქაჩავს. კვარტალში ორი დიდი გენერატორია. ერთი მეთოთხმეტე კორპუსთან დგას, მეორე – მეცხრესთან. ესაა ჩვენი მეცხრე ბლოკიც, ალისია გუარდიოლაც და ჯულია რობერტსიც. ღამის სიბნელეში სადენები არ ჩანს, მაგრამ ისინი ახლომხედველის მეხსიერებაშია ჩაბეჭდილი. ვგრძნობ, ბაჭიასთან და ზურასთან სკოლის, რაგბისა და ქუჩის ფეხბურთის გარდა ეს სადენებიც რომ მაკავშირებენ.

ჩრდილების მოძრაობა ნელდება, ბოლოს კი ჩრდილები ქვავდება. კივილი იმატებს. მე შემცბარი ვუყურებ მანანას იმის გასარკვევად, რა მოხდა. მანანა – ბებიაჩემს. „ვერ უშველა“, – ამბობს ბებიაჩემი და ვგრძნობ, როგორ მივლის სხეულში ცხელი ტალღა. უცაბედად ფიქრი სხვაგან გამირბის: „რა ვუთხრა ზურას და ბაჭიას ხვალ? როგორ მივესალმო? ასეთ დროს ხომ გამარჯობას არ უებნებიან. ნეტა ვარჯიშზე როდის მოვა? ივლის საერთოდ? რო აღარ მოვიდეს? ნეტა რას გრძნობენ ახლა…“ ცოტა ხანში სადარბაზოსთან მოძრაობას ვხედავთ. ვხვდები, მამაჩემია. ორ წუთში კარი იღება და ზურაბი შემოდის. ჩვენ ისევ ფანჯარასთან ვდგავართ. ზურაბი სიტყვის უთქმელად ჯდება სკამზე და ხელებს თავზე იწყობს.

– ზურაბ… – მიმართავს დედაჩემი. პასუხად ღრმა ამოსუნთქვას ვიღებთ.

ცოტა ხანში ყველანი საწოლებისკენ მივდივართ. როგორც საშინელებათა ჟანრის ფილმის ნახვის შემდეგ იშლება ხალხი კინოთეატრებიდან. მხოლოდ მამაჩემი რჩება სკამზე. ხელები ისევ თავზე აქვს შემოწყობილი და ოხრავს. მე არ ვიძინებ. ვიცი, თუ ჩამთვლიმა, სიზმარში სწორედ ისინი მეწვევიან, ვისიც ყველაზე მეტად მეშინია. ალბათ ის მოხუცი, გამხდარი ქალიც გამომეცხადება, მეზობელ კორპუსში რომ ცხოვრობდა და ცოტა ხნის წინ, გამოსვენებისას, შემთხვევით დავინახე კუბოში მწოლიარე. მისი მწვანე სახე ბოლო ხანებში მოსვენებას არ მაძლევს. ვცდილობ, ფიქრები სხვაგან მივმართო, მაგრამ ჩრდილები ყველგან ჩნდებიან.

ის ღამე წვალებით თენდება. თითქოს ურემი ჭრიალით მიგორავდა ალიონამდე. მიგორავდა და მისი ხმა გულს მიწვრილებდა. მე ვხვდებოდი, რომ ცხოვრებაში იქნებოდა მომენტები, რომლებთანაც შერკინებაში ვერ შევიდოდი. რომც შევსულიყავი, ვერ დავძრავდი. ვერც ცრუ მოძრაობით ავუვლიდი გვერდს და ვერც გადავასწრებდი. ვხვდებოდი, რომ წინ იყო კონტაქტები, რომელთა შემდეგაც ძირს დაცემა მომიწევდა, რადგან წესია ასეთი – დაეჯახო იმას, ვინც წინასწარ იცი, რომ წაგაქცევს.

ბაჭია რაგბიზე აღარ მოსულა. მალე აღარც მე გამიწია გულმა. ხანდახან დროულად უნდა წამოხვიდე იქიდან, სადაც ბედნიერებას ვეღარავის ანიჭებ. მერე რა, თუ ამას არ გეუბნებიან.

ნამდვილად ასეა: ახლომხედველისთვის თვალით ნანახს წარმოსახვა და მეხსიერება ავსებს. რაც უფრო ბუნდოვანია კადრი, მით უფრო მეტი საღებავის ჩაღვრა გიწევს მეხსიერებაში მის აღსადგენად. ჩვენ რესტავრატორები ვართ და ვცდილობთ, ფრესკას ნამდვილი სახე დავუბრუნოთ, მაგრამ ჩვენ მიერ შექმნილი ნახატი ვერასოდეს იქნება ბოლომდე ნამდვილი. სწორედ ასეთი, ფრაგმენტ-ფრაგმენტ შეკოწიწებულია ჩემი მოგონება ბაჭიასა და ზურას მამაზე, მამაჩემის ჩრდილზე, რომელიც მომაკვდავს გულის მასაჟს უკეთებდა, იმ ღამეზე, რომელიც ჭრიალით გათენდა და კიდევ ბევრ ღამეზე, რომლის განთიადიც, ერთი შეხედვით, ძალიან შორს იყო, მაგრამ მაინც დადგა.

და მაშინაც კი, როცა სათვალიანთა კავშირში ჩავეწერე და კადრები ჩემ თვალწინ ჯადოსნური ლინზის დახმარებით ხელოვნურად გადაიწმინდა, მივხვდი, რომ მაინც ორი რამისთვის ვიყავი განწირული: ნანახი შემეღება და მერე ამაზე დამეწერა.

 

რა გავლენას ახდენენ ცხოველები ბავშვის განვითარებაზე

0

ცხოველებისა და ბავშვების განსაკუთრებული ურთიერთობა ყველასათვის კარგად არის ცნობილი და ბევრისთვის ის ამოუხსნელი მოვლენაა. ცხოველებს გამორჩეულად უყვართ ბავშვები და ისინიც ასეთივე სიყვარულით პასუხობენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს. თუმცა, ბევრი მშობელი არა მხოლოდ სახლში შინაური ცხოველის ყოლის სასტიკი წინააღმდეგია, არამედ ყველანაირად უკრძალავს ბავშვს მათთან ურთიერთობას სახლის გარეთაც, ნათესავის ან მეგობრის ოჯახში და ამას შვილის ჯანმრთელობის დაცვისა და მისი უსაფრთხოების მოტივით ხსნის. ხშირად მშობლები, ბავშვის დასამშვიდებლად და შინაური ცხოველის ყოლაზე უარის სათქმელად, მზად არიან უყიდონ მას ნებისმიერი ძვირადღირებული სათამაშო. მართალია, სათამაშოები და მათთან ურთიერთობა თავის როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, მაგრამ უსულო საგანი ვერასოდეს ჩაანაცვლებს ბავშვისთვის საყვარელ ცხოველთან ურთიერთობას და ვერასოდეს შეასრულებს იმ ფუნქციას, რასაც ეს უკანასკნელი ასრულებს მის ცხოვრებაში.

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება და გაცნობიერება, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ცხოველმა ბავშვის განვითარებაში და რას დაკარგავს პატარა იმ შემთხვევაში, თუ ამ შესაძლებლობას მოვაკლებთ:

  • ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვისთვის ემოციური განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. პატარა, უწყინარი ფუმფულა არსება ხშირად თავის პატარა მეგობარს სტრესის, მარტოობისა და სიბნელის შიშის დაძლევაში სერიოზულ დახმარებას უწევს და საშუალებას არ აძლევს სხვადასხვა სახის შიშებს ფობიაში გადაიზარდოს.
  • ცხოველები ბავშვს გარემომცველი სამყაროს მიმართ, ამა თუ იმ მიზეზით აღმოცენებული, მტრული დამოკიდებულების შეცვლაშიც ეხმარებიან. ბავშვები თავის მეგობარ-ცხოველებს ხშირად ადამიანურ თვისებებს მიაწერენ, მათთან ურთიერთობენ, როგორც თანატოლთან, ესაუბრებიან და ანდობენ თავიანთ საიდუმლოებებს. მშობლებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად დაკავებული არიან, ოთხფეხა მეგობარი ყოველთვის უსმენს და უგებს პატარას. თანატოლებისგან განსხვავებით კი მისი საყვარელი ძაღლი ან კატა არასოდეს ჭორაობს მასზე და გულსაც არ სტკენს. გარკვეული აზრით, ბავშვისთვის ისინი იდეალური თანამოსაუბრეები არიან, ყოველ შემთხვევაში იდეალური მსმენელები მაინც.
  • აგრესიულობისა და კონფლიქტურობის დონე იმ ბავშვებში, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ, ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებში, რომლებიც მოკლებულნი არიან ცხოველებთან ურთიერთობას. ის პატარები, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ და განებივრებული არიან მათთან ურთიერთობით, ნაკლებად აგრესიულები, ნაკლებად ფეთქებადი და ნაკლებად ეჭვიანები არიან, გამოირჩევიან აქტიურობით. შფოთიანობა, როგორც წესი, მათთვის უცხოა და არიან საკმაოდ დამთმობები. ისინი, ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ასაკში  ეჩვევიან სხვისთვის ანგარიშის გაწევას.
  • ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება ბავშვობაში ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვა ადამიანების შეგრძნებებისა და განწყობების მიმართ, უმუშავებს მოთმენის, საკუთარი თავის ფლობისა და თვითკონტროლის უნარს.
  • ცხოველები ბავშვისთვის ბუნების შესახებ ცოდნის პირველი წყარო და სენსორული განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ამ შემთხვევაში ბუნებას ვერ შეედრება ვერცერთი, ყველაზე სრულყოფილი სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოც კი.
  • ცხოველის დანახვისას პატარა მისკენ იწევს, აკვირდება მის ქცევას, იგებს რა ცხოველია, ეძებს სხვა ცხოველებისაგან მის განმასხვავებელ ნიშნებს, აღიქვამს მის ფორმას, სიდიდეს, ფერს, მდებარეობას სივრცეში, მოძრაობის ტიპს, ბეწვის სირბილეს. ცხოველების ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე ბავშვი სწავლობს მრავალფეროვანი კავშირებისა და დამოკიდებულებების დანახვას, ხვდება, თუ რატომ იქცევა მისი ოთხფეხა მეგობარი ასე ან ისე, რატომ გამოსცემს სხვადასხვა ბგერებს განსხვავებულ სიტუაციებში. ყოველივე აღნიშნული კი ხელს უწყობს ბავშვის არა მხოლოდ სენსორულ, არამედ ინტელექტუალურ განვითარებასაც კი.
  • ცხოველები ხშირად ბავშვური შემოქმედების მასტიმულირებლები ხდებიან. მათთან ურთიერთობისას ბავშვები სწავლობენ შინაური ცხოველების ბუნებრივი სილამაზის აღქმას და ცდილობენ ცხოველებთან დაკავშირებული საკუთარი განცდების ასახვას ლექსებში, მოთხრობებში, უფრო ხშირად კი – ნახატებში.
  • შინაური ცხოველები შეუდარებლები არიან ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეში. ძაღლთან ერთად სეირნობა, კატასთან თამაში, ასევე მათი მოვლა ბავშვს ფიზიკურად მნიშვნელოვნად ავითარებს. ამასთან ერთად, ცხოველებს შეუძლიათ ფსიქო-ემოციური დაძაბულობის მოხსნა, ენის ბორძიკისგან ბავშვის განკურნება; ეხმარებიან ჩაკეტილ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობაში, იძლევიან თამაშისა და საუბრის საშუალებას. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსებს არ ჰყოფნით დრო და ძალა ბავშვთან ურთიერთობისთვის. რა თქმა უნდა, ცხოველი ვერ შეცვლის მშობლიურ სიყვარულს, მაგრამ მათთან ურთიერთობა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება.
  • შინაური ცხოველები, არცთუ იშვიათად, შესანიშნავად ახერხებენ ჩაანაცვლონ მეგობრები გაუბედავ და ჩაკეტილ ბავშვთან, ვინაიდან პატარები იოლად ანდობენ ცხოველს საკუთარ საიდუმლოს, სიხარულსა და მწუხარებას, თავს იწონებენ მასთან საკუთარი მიღწევებითა და განსაკუთრებული უნარებით. ამ ყოველივეს ისინი აკეთებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცხოველი არ დასცინებს, ზურგს არ შეაქცევს მას და ამასთან არავის მოუყვება მის საიდუმლოს.
  • ცხოველების ქცევაზე დაკვირვებისა და მათთან ურთიერთობის პროცესში ბავშვები სწავლობენ თანაგრძნობას, თანაგანცდას და გარშემომყოფების გაგებას. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი ხდება იმის გამო, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობისა და შეგრძნებების დაფარვა. მართალია, ისინი ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ გამოსცემენ ბგერებს, რომლითაც გვამცნობენ თავიანთი მოთხოვნილებების და გუნება-განწყობის შესახებ, ამაში მათ პოზა და მზერაც ეხმარება. ყოველივე ეს კი ბავშვს საშუალებას აძლევს, ისწავლოს, როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების გაგება უსიტყვოდ. ცხოველებთან ურთიერთობას მოკლებულ პატარას ეს ბევრად უფრო გაუჭირდება, ვინაიდან ბავშვები ეგოცენტრულები არიან. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაყენება სხვა ადამიანის ადგილას და გაგება, თუ რას გრძნობს ის.
  • სახლში ცხოველის ყოლა და მასთან ურთიერთობა ბავშვს, ხშირ შემთხვევაში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, დისციპლინასაც აჩვევს. ის უფრო სწრაფად და უკეთესად იგებს, რომ ყველა ცოცხალი არსება საჭიროებს მოვლას, კვებას, სუფთა ჰაერზე გასეირნებას. აღნიშნულის გამო, ადვილი შესაძლებელია, მან თავისი დღის განრიგსაც გადახედოს ოთხფეხა მეგობრის  საჭიროებების შესაბამისად. ბავშვს უმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა, მოთხოვნილება და უნარი იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. ეს კი საუკეთესო საშუალებაა ეგოიზმთან საბრძოლველად, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლში მარტოა.
  • შინაური ცხოველები ხშირად „ფსიქოთერაპევტის“ როლსაც ასრულებენ. ცნობილია, რომ ბავშვები, განსაკუთრებით, თუ ისინი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ან მშობლებისგან მიტოვებული არიან, გაცილებით ადვილად შედიან კონტაქტში ცხოველებთან, ვიდრე ადამიანებთან. ამაში არაფერია გასაკვირი იმდენად, რამდენადაც ბავშვის სიყვარულს ოთხფეხა მეგობარი ერთგულებითა და უპირობო სიყვარულით პასუხობს. ამასთან ერთად, უქმნის უსაფრთხოების განცდას, მწუხარებისას ამშვიდებს და საიდუმლოსაც უნახავს.
  • შინაურ ცხოველებს შეუძლიათ დიდი დახმარება გაუწიონ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებს, რამდენადაც მათთვის უფრო ადვილია ყურადღების კონცენტრირების უნარის გამომუშავება, როცა ისინი ცხოველებთან ურთიერთობენ.
  • ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთაც ჰყავთ ცხოველები, ნაკლებად ავადმყოფობენ, ვინაიდან სახლში ძაღლის ან კატის არსებობა აიძულებს პატარა ბავშვის ორგანიზმს უფრო აქტიურად გაუწიოს წინააღმდეგობა ინფექციებს. ამასთან ერთად, ქვეითდება ბავშვში ალერგიის აღმოცენების რისკი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ არ მოვაკლებთ ბავშვს შინაური ცხოველის ყოლისა და მასთან ურთიერთობის სიხარულს, არ შევეცდებით ამ ურთიერთობების ძვირადღირებული სათამაშოებითა და უსარგებლო ნივთებით ჩანაცვლებას. გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი შინაური ცხოველი, განურჩევლად სახეობისა, ზომისა და სქესისა, დიდ როლს თამაშობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში.

 

 

 

ყველა გზა ქიმიისა და რომისკენ მიდის

0

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ შემემთხვა. იტალიაში სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტატიის რეზიუმე გავგზავნე. თავიანთი ფორმა ჰქონდათ. ჯერ სათაური იწერებოდა, ქვეშ – ავტორის (ავტორების) გვარი, სულ ბოლოს კი – უნივერსიტეტის სახელწოდება და მისამართი. ჩემი უნივერსიტეტის ოფიციალური მისამართი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირია. ასეც დავწერე. თანხმობა და მიწვევის წერილი დაპირებულ დროში მომივიდა. ცოტა ხანში პროგრამის სამუშაო ვერსიაც გამომიგზავნეს. გამგზავრების დაფინანსებაც მიღებული მქონდა და თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, ერთი გარემოება რომ არა: პროგრამაში აღმოვაჩინე, რომ თანაავტორი მყავდა… არც მეტი, არც ნაკლები – ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

მოდი, კონფერენციაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. IUPAK-ის ეგიდითა და მასპინძელი ქვეყნის ქიმიის საზოგადოების ორგანიზებით იმართებოდა. ანუ ორღობის კონფერენცია არ ყოფილა. არადა, აიჩემეს, ქაქუცა თანაავტორიაო. წერილზე მიპასუხეს, ჰაა, გამოტყდი ახლა, რომ ავტორობიდან მისი მოტეხვა გინდაო. იძულებული გავხდი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიმეწერა, ქაქუცაზე მასალები გამეგზავნა და მეთხოვა, მიშველეთ რამე, აქ მე – ჯანდაბას, იმ სულგანათლებულს მაინც ნუ შევაწუხებთ–მეთქი იქ. მადლობა ღმერთს, იმ ბატონმა გამიგო და პროგრამის განახლებულ ვერსიაში ჩემ გვერდით ქაქუცა აღარ იყო.

ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა ქიმიის ისტორიით უფრო და უფრო ვინტერესდებოდი. ჰოდა, მისი არც ერთი სექცია არ გამიცდენია. ხუთამდე სხვადასხვა სესია იმართებოდა და საინტერესო კვლევებიც ჰქონდათ.

ისლამური მეცნიერების ისტორიის სექციაზე ერთი მოხსენება ალ-რაზის, იმავე რაზესს ეძღვნებოდა. თუ უფრო ზუსტი და ოფიციალური სახელი გნებავთ, აბუ მუჰამედ იბნ ზაქარია ალ-რაზის. 30 წლამდე ბაღდადში ფულის გადამცვლელად და მუსიკოსად მუშაობდა. მერე, ეტყობა იფიქრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და მედიცინისა და ალქიმიის შესწავლას მიჰყო ხელი… 200-ზე მეტი ნაშრომის ავტორი გახდა მედიცინაში, ფილოსოფიაში, თეოლოგიაში, მათემატიკაში, ასტრონომიასა და ალქიმიაში. გამოდის, რომ სწავლა გვიანი არასოდეს არის და ოცნების ასასრულებლად მუშაობა ყოველთვის შეიძლება.

ალ-რაზის ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო ნაშრომია Kitab al-Hawi fi al-tibb – კომპლექსური სამედიცინო წიგნი და სამედიცინო ჩანაწერების ერთობლიობა, რომელსაც ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაკვირვებების საფუძველზე ქმნიდა. მეცამეტე საუკუნეში მისი წიგნი ლათინურად ითარგმნა და მეჩვიდმეტე საუკუნემდე ევროპაში განუწყვეტლივ იბეჭდებოდა სახელწოდებით Liber Continens. 23 ტომისგან შედგებოდა და ადამიანის სხეულის თითოეული ნაწილის დაავადებებს დეტალურად აღწერდა. მაგალითად, იქ, სადაც აღწერილი იყო სახსრები და პოდაგრა, საუბრობდა მუცლის ღრუში მობინადრე პარაზიტებსა და ვენების ვარიკოზულ დაავადებაზეც. იმასაც ამბობდა, რომ სახსრის ტკივილს საფუძვლად ანთებითი პროცესები და ხრტილის ასაკობრივი დეგენერაცია უდევს. აღწერილი აქვს 900-ზე მეტი ავადმყოფობის რეალური ისტორია. მისი ზოგიერთი ჩანაწერი განცვიფრებას იწვევს, რადგან დღესაც აქტუალურია. მაგალითად, ალ-რაზის მიაჩნდა, რომ თუნდაც ექიმი ეჭვით ყოფილიყო შეპყრობილი, პაციენტი უნდა გაემხნევებინა და დაერწმუნებინა, რომ გადარჩებოდა, რათა ეს უკანასკნელი მხნედ და იმედიანად შებრძოლებოდა დაავადებას. მართლაც, რწმენა სასწაულებს ახდენს.

წამლების ზედმეტად სმის წინააღმდეგი იყო. თუ ექიმს შეუძლია, პაციენტს საკვებით უმკურნალოს, ჩათვალოს, რომ გაუმართლაო. თუ მაინც წამალი უნდა დაუნიშნოს, მაშინ მარტივი საშუალებები შეარჩიოს და არ გაართულოს, რადგან წამალი ერთს რომ არჩენს, სხვაგან საქმეს აფუჭებს – ორგანიზმს გავუფრთხილდეთო.

სახსრებს მცენარე სათოვლიათი (უცუნა, ლათინური სახელწოდება – Colchicum) მკურნალობდა. ეს შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა, მოკლეღეროიანი და გორგბოლქვიანი ბალახი დიდი და ნაირფერი ყვავილებით. მისი 60-მდე სახეობაა გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ირანში, ინდოეთსა და საქართველოში. სათოვლიას თესლსა და გორგბოლქვებში არის ალკალოიდები, რომელთაგან კოლხიცინს ალ-რაზი სახსრების დაავადების და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ იყენებდა, კოლხამიანს კი – სისხლის ზოგიერთი დაავადებისა და ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. კოლხიცინი დღესაც გამოიყენება მედიცინაში.

ალ-რაზის ერთ-ერთი რეცეპტი ასეთი იყო: როდესაც სახსრების ტკივილს და ანთებას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, პროპორციით 1:1:1 ერთმანეთში ავურიოთ კოლხიცინი, საზამთროს და კიტრის თესლი, დავამატოთ ცოტაოდენი ოპიუმი და დავლიოთ. წამლის მთლიანი დოზა ოთხი დიჰრამია, ანუ 12 გრამი. თუ ოდნავ გემწარათ, შაქრიანი წყალი მიაყოლეთო. ასეთი წამალი ავადმყოფს ორი საათით შეუმსუბუქებდა ტკივილს.

თუ ტკივილი სიცხის გარეშე მიმდინარეობდა, საკმარისი იყო კოლხიცინი, ოპიუმი და მთის ბეგქონდარა (Thymus). ეს უკანასკნელი ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. აქვს გართხმული ღერო და სწორმდგომი საყვავილე ყლორტები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედად. გავრცელებული 400 სახეობიდან საქართველოში 17 ხარობს.

ზემოთ დავწერე, ალ-რაზის წამლები არ უყვარდა, სამკურნალოდ ბუნებრივ საშუალებებს ამჯობინებდა–მეთქი. რა ეამება ჩვენს სახსრებს? თუნდაც არ გვტკიოდეს, დროა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არც გაის ამ დროს და არც იმის იქით არ გვეტკინოს.

ხომ გახსოვთ, ალ-რაზი სახსრების ტკივილს მუცლის ღრუში მობინადრე პარაზიტებს უკავშირებდა. აღმოჩნდა, რომ სისხლში ნაწლავებიდან მართლაც შეიწოვება ბაქტერიები, რომლებიც ვრცელდება ორგანიზმში და იწვევს ანთებით პროცესებს, მათ შორის – სახსარშიც. მათ შეწოვას ხელს უშლის უხეში საკვები ბოჭკოები, ამიტომ სიმინდის ქატოს პრევენციულ ეფექტს თანამედროვე მედიცინაც აღიარებს. ხორბლის ქატოს გამოყენებაც შეიძლება, ოღონდ მასში უხეში ბოჭკო ოდნავ ნაკლებია. ქატო არ მოინელება, ნაწლავებში ჯირჯვდება და როგორც აბსორბენტი, ყველაფერ ცუდს იწოვს. შესაბამისად, აღარც ანთების გამომწვევი ბაქტერიები გადადის სისხლში. 100 გრამ ქატოში 30 გრამი უხეში ბოჭკოა. გემრიელია–მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ცხელ წყალში გახსნილს თავისუფლად მიირთმევთ. თუ მაინცდამაინც, ჩირი დაუმატეთ.

ზეითუნის ზეთი ომეგა–3 უჯერ მჟავებსა და პოლიფენოლურ ნაერთებს შეიცავს. ესენი ანტიოქსიდანტებია, პოლიფენოლებს კი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვთ. დღეში ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის დალევით ორგანიზმს 50 გრამ აუცილებელ პოლიფენოლს მიაწვდით. სხვათა შორის, იმავე პოლიფენოლებს შეიცავს ალ-რაზის მიერ გამოყენებული მცენარეებიც.

მომდევნო პროდუქტი გრეიპფრუტია. ის მცენარეული პოლიფენოლების არაერთ სახეობას: ფლავონოიდებს – ჰესპერიდინს, ნარიჰგენინს და ეროდიქტოლს შეიცავს. ეს უკანასკნელნი ბლოკავენ ანთების ფერმენტებს, შესაბამისად, ტკივილსაც აყუჩებენ. იმავე ნივთიერებებს აღმოაჩენთ ყვითელ და მწვანე ლიმონში.

ქიმიური თვალსაზრისით, ფლავონოიდები ფლავონის ჰიდროქსილნაწარმებია. ჯერ კიდევ ალ-რაზი იცნობდა მათ როგორც მცენარეულ პიგმენტებს, თუმცა პირველი ნაშრომი მათ შესახებ (თუ ალ-რაზის და იბნ სინას არ ჩავთვლით) 1936 წელს გამოაქვეყნა ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ალბერ დე სენტ-დიერდიმ. ის აღნიშნავდა, რომ წითელი ბულგარული წიწაკიდან გამოყოფილი ფლავონოიდი სისხლძარღვების კედლებს ამაგრებდა. იქვე ივარაუდა, რომ ვიტამინებისთვის უნდა მიეკუთვნებინა და მათ P ვიტამინი უწოდა, თუმცა შემდეგ ეს იდეას აღარ განუვრციათ.

ფლავონოიდების კვლევის ახალი ტალღა 90-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში მათი ანტიოქსიდანტური თვისებები და თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი აღმოაჩინეს. სწორედ იმ პერიოდიდანაა ცნობილი, რომ ბანანი ციანიდინს და დელფინიდინს შეიცავს, ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი – ცხიმის მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ ქატექინებს და ეპიკატექინებს, თანაც ყველაზე მეტი რაოდენობით ისინი კანშია კონცენტრირებული (აქსიფრთხილეა საჭირო, რადგან დღეს კანში მძიმე მეტალების იონებიც იქნება თავმოყრილი). დადგინდა ისიც, რომ რაც კი მწვანე ან ფერადია, ყველაფერშია ფლავონოიდების გარკვეული რაოდენობა.

თხრობა რომში გამართული სამეცნიერო კონფერენციით დავიწყე. ზემოთაც ვთქვი, იმხანად ქიმიის ისტორიას უკვე ჩათრეული ვყავდი და არც ერთი სესია არ გამიცდენია. დახურვის ცერემონია დიდ დარბაზში ჩატარდა და დასკვნითი სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა წარმოთქვა. დამავიწყდა მეთქვა, რომ თავად კონფერენცია ეკონომისტების კორპუსში მიმდინარეობდა.

ჰოდა, დეკანი მოგვიყვა, რომ ქიმიის საფუძვლები ეკონომისტების აუცილებლად გასავლელი საგანია, რადგან… ეკონომისტი მართავს ცხოვრებას, ქიმია კი თავად ცხოვრებაა, ამიტომ ეკონომისტი უნდა იცნობდეს ცხოვრებას, ანუ ქიმიას, ან პირიქით.

წინათ თუ ყველა გზას რომისკენ მიჰყავდი, – გვითხრა მან, – დღეს ეს გზები ქიმიისკენ მიდისო…

საიმპერატორო პინგვინების ძიებაში: კაცები ადრეულ განათლებაში

0

შესავალი

საიმპერატორო პინგვინები ანტარქტიდაზე ურთულეს კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ და პინგვინებს შორის ყველაზე დიდი ზომისანი არიან. თუმცა მხოლოდ ამით არ გამოირჩევიან – მამალი პინგვინები განსაკუთრებულად მზრუნველი მამები არიან. დედა პინგვინი, მას შემდეგ, რაც კვერცხს დადებს, საკვების მოსაპოვებლად ორი თვით მიდის, კვერცხს კი დიდი სიფრთხილით გადასცემს და მოსავლელად უტოვებს მამა პინგვინს. ორი თვის განმავლობაში მამა ზრუნავს კვერცხზე, რაც უკიდურეს სიცივეში განსაკუთრებით ძნელია. პატარა პინგვინი დედის დაბრუნების დროისთვის იჩეკება, რის შემდეგაც დედას და მამას მისთვის მონაცვლეობით მოაქვთ საკვები.

ცხოველთა სამეფოში საიმპერატორო პინგვინი არ არის მზრუნველი მამობის ერთადერთი მაგალითი. ანალოგიური ქცევა გვხვდება მაიმუნებს, მგლებს, მელიებს, სირაქლემებს, ცხენთევზებსა და სხვა ცხოველებს შორისაც.

რითია ეს ინფორმაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი? საზოგადოების პატრიარქალური მოდელი ბავშვების აღზრდასა და მათზე ზრუნვას, განსაკუთრებით – ადრეულ ასაკში, ქალის საქმედ მოიაზრებს. ეს ხედვა გულისხმობს, რომ კაცის მოვალეობა მხოლოდ ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფაა და არა ბავშვის აღზრდის პროცესში პირდაპირი მონაწილეობა. საზოგადოების ასეთივე მოდელი უდევს საფუძვლად სკოლამდელ განათლებას. ამიტომ, დღესაც კი, ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მართალია, საქართველოში საბავშვო ბაღებში დასაქმებული კაცებისა და ქალების შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება, მაგრამ საკმარისია, ზოგადი წარმოდგენა გვქონდეს ამ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა დავასკვნათ: სკოლამდელ დაწესებულებებში კაცები არათუ უმცირესობას, არამედ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რამდენიმე კერძო სკოლამდელი დაწესებულება ცდილობს თანამშრომლებს შორის გენდერული ბალანსის დაცვას და ოჯახებთან ამ მიდგომის მნიშვნელობისა და პოზიტიური შედეგების ადვოკატირებას ახდენს.

სტატიაში მიმოვიხილავთ არგუმენტებს სკოლამდელი განათლების სფეროში კაცების დასაქმების მნიშვნელობის შესახებ, არსებულ გამოწვევებს და გენდერული ბალანსის მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს სხვადასხვა დონეზე.

 

რითია მნიშვნელოვანი ადრეულ განათლებაში კაცების მონაწილეობა?

ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვასა და განათლებაში კაცების მნიშვნელოვანი როლის შესახებ დისკუსია გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გახდა აქტუალური. სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსის ხელშეწყობა რამდენიმე ქვეყანაში (ახალი ზელანდია, დანია, ნორვეგია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი და სხვა) სფეროს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. მომრავლდა ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევებიც, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვა პროფესიაში მეტი კაცის მოზიდვის მიზნით.

ადრეულ განათლებაში კაცების მონაწილეობის შესახებ არგუმენტები პირობითად სამ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სოციალური.

ეკონომიკური თვალსაზრისით, პროფესიაში კაცების მოზიდვა მნიშვნელოვანია კადრების უკმარისობის გამო. ბევრ ქვეყანაში ზრუნვისა და განათლების სექტორში იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე; ადრეული განათლება ხელმისაწვდომი ხდება სულ უფრო მეტი ბავშვისთვის, რაც მოითხოვს დასაქმებული პერსონალის რაოდენობის წლიდან წლამდე ზრდას. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გათვლების მიხედვით, მხოლოდ ქალი პედაგოგების საშუალებით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება და კადრების შევსების მიზნით აუცილებელი გახდება კაცების დაინტერესება და პროფესიაში მოზიდვა.

სოციალური არგუმენტები შეეხება, საზოგადოდ, გენდერული თანასწორობისა და კაცებისა და ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ხშირად მამაკაცების მოზიდვისთვის საჭირო ღონისძიებები მოიცავს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას (ხელფასის ზრდა, სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა და ა.შ.), რაც პოზიტიურად აისახება პროფესიაში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანზე. პროფესიაში კაცების ხილვადობა და აქტიურობა ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების დაძლევას კაცისა და ქალის ტრადიციული ფუნქციური როლების შესახებ და თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, პროფესია საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით აირჩიონ. შვედეთში ჩატარებულმა კვაზიექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა, რომ საბავშვო ბაღში, სადაც დაცული იყო გენდერული ბალანსი (პერსონალის ნახევარი ქალი იყო, ნახევარი კი – კაცი), პერსონალი უფრო მჭიდროდ და პოზიტიურად თანამშრომლობდა, ვიდრე იმ ბაღებში, სადაც თანამშრომლების უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ.

საგანმანათლებლო თვალსაზრისით, კაცებს შეუძლიათ, მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. საბავშვო ბაღში კაცი პედაგოგების არსებობა გავლენას ახდენს ბავშვების გენდერულ სოციალიზაციაზე: მათ ჰყავთ მზრუნველი კაცის როლური მოდელები, რომელთა საქმიანობაც ბავშვის მოვლა და განათლებაა. ეს ბავშვები მომავალი დედები და მამები არიან, რომლებიც თანაბრად გაინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობას, რაც, თავისთავად, უფრო თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, კვლევები ადასტურებს, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში კაცი აღმზრდელებისა და პედაგოგების დასაქმება წაახალისებს მამების გააქტიურებას და დაინტერესებას ბავშვის ყოველდღიური საქმიანობით, ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას საბავშვო ბაღის ცხოვრებაში და ბავშვის პოზიტიურ აღზრდაში. საბავშვო ბაღში კაცი პერსონალის არსებობა გზავნილია მამებისთვის: საბავშვო ბაღი ის სივრცეა, სადაც კაცებისთვის(აც), ანუ ჩემთვისაც, არის ადგილი და ბავშვის აღზრდაში კაცებს(აც), ანუ მეც, შეგვიძლია მონაწილეობა. მამების გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან კაცები, რომლებსაც უფრო ხშირად უწევთ შვილებთან მარტო დარჩენა და მათზე ზრუნვა, უფრო მეტად არიან დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობებში და ბავშვის მოვლა „ქალის საქმედ“ არ მიაჩნიათ.

ამასთანავე, კვლევები აჩვენებს, რომ კაცი და ქალი პედაგოგების მუშაობის სტილი ხშირად განსხვავებულია, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ და განვითარდნენ უფრო მრავალფეროვან გარემოში. ბელგიაში ამ განსხვავებებზე თავად კაცი მასწავლებლებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ, მათი დაკვირვებით, კაცები ქალ მასწავლებლებთან შედარებით მეტ სიმკაცრეს იჩენენ წესების დაცვისას, უფრო ხშირად თამაშობენ აქტიურ ფიზიკურ თამაშებს და იყენებენ იუმორს. აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ როგორც ქალებს, ისე კაცებს ეს განსხვავებული „სტილი“ბავშვების განვითარებისთვის პოზიტიური შედეგის მომტანად მიაჩნიათ. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, კაცი და ქალი პედაგოგების მუშაობის სპეციფიკის ასე დაყოფა შესაძლოა ეფუძნებოდეს პედაგოგების მიერ გათავისებულ სტერეოტიპულ გენდერულ როლებს (მაგ., სტერეოტიპი, რომ კაცი ბუნებრივად უფრო აქტიური, მკაცრი და რაციონალურია), ეს კი ხელს შეუშლის მათ თავიანთი პროფესიულ ფუნქციების სრულფასოვნად რეალიზებაში.

 

რატომ არ სურთ კაცებს ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობა?

მიუხედავად ზოგიერთი სახელმწიფოს მიზანმიმართული ღონისძიებებისა, ადრეული განათლების სფეროში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ქვეყნების უმრავლესობაში საბავშვო ბაღის აღმზრდელობა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გენდერულად სეგრეგირებულ პროფესიად. ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც კი (მაგალითად, ნორვეგიაში, დანიაში, ახალ ზელანდიაში) კაცი აღმზრდელების წილი 9-10%-ს არ აღემატება. პროფესიის მიმართ ინტერესის ნაკლებობის კვლევისას მკვლევრები რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებენ, რომელთა ნაწილი საზოგადოებაში არსებული მითებითა და განწყობებით არის განპირობებული. ეს მიზეზები შეგვიძლია დავაჯგუფოთ სამ ურთიერთდაკავშირებულ კატეგორიად:

  • პროფესიის პრესტიჟი და სამუშაო პირობები;
  • სკოლამდელი განათლების ტრადიციული პატრიარქალური მოდელი;
  • საზოგადოებისა და სკოლამდელი დაწესებულების პერსონალის დამოკიდებულება კაცი აღმზრდელებისა და პედაგოგების მიმართ.

გავრცელებული მოსაზრებით, პროფესიის არჩევის დროს განათლების სფერო ნაკლებად მიმზიდველია კაცებისთვის, რადგან, როგორც წესი, ნაკლებად პრესტიჟულია, მცირეა ანაზღაურება და მწირია კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. კაცები, რომლებიც განათლებას თავიანთი საქმიანობის სფეროდ ირჩევენ, უფრო ხშირად ადმინისტრაციულ და მმართველ პოზიციებზე აგრძელებენ კარიერას და არა ბავშვებთან – საბავშვო ბაღის ჯგუფსა თუ საკლასო ოთახში. მრავალ ქვეყანაში სკოლამდელი განათლების სექტორში ანაზღაურება განსაკუთრებით დაბალია, რაც უფრო მეტად აფერხებს პროფესიაში კაცი პედაგოგების მოზიდვას, განსაკუთრებით – კაცის როლის ტრადიციული გაგების ფონზე: მას ხომ „ოჯახის რჩენის“ ვალდებულება აკისრია.

საგულისხმოა ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, განათლების სექტორი ყველაზე დაბალანაზღაურებადი საქმიანობის სფეროა. 2015 წელს განათლების სფეროში საშუალო თვიური ანაზღაურება 483 ლარი იყო, რაც ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შემოსავლის თითქმის ნახევარია (53.7%). იმავდროულად, თვალსაჩინოა ანაზღაურების სხვაობა განათლების სექტორში დასაქმებულ ქალებსა (453 ლარი) და კაცებს (590 ლარი) შორის. კაცების საშუალო ხელფასი ქალებისაზე 30%-ით მეტია, რაც შესაძლოა აიხსნას კაცების მმართველ პოზიციებზე დასაქმებით. სამწუხაროდ, სკოლამდელ განათლებაში აღმზრდელთა საშუალო ანაზღაურება კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე, საზოგადოდ, განათლების სექტორში. 2011-2012 წლების მონაცემებით, აღმზრდელის საშუალო ხელფასი ქვეყნის მასშტაბით იყო 235 ლარი – ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის – განათლების სფეროშიც, სადაც ამ დროს საშუალო ხელფასი 355 ლარი იყო. მიუხედავად ზემომოყვანილი არგუმენტებისა, ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ დაბალი ანაზღაურება და ცუდი სამუშაო პირობები არ არის მთავარი მიზეზი პროფესიაში კაცების ნაკლებობისა; ბევრი კაცი თანხმდება სხვა სფეროში არასახარბიელო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას, ამიტომ ინტერესის ნაკლებობა სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა განვიხილოთ.

სკოლამდელი განათლების სისტემის განვითარება ოჯახის პატრიარქალურ მოდელს ეფუძება. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, პირველი საბავშვო ბაღების დაარსებისთანავე აქ მთავარი როლი ერგოთ ქალებს. ისინი ბუნებით დედებად და, შესაბამისად, საუკეთესო აღმზრდელებად მოიაზრებოდნენ. ქალის მგრძნობიარობა, პასიურობა, ემოციურობა და სხვებზე ზრუნვის ბუნებრივი ინსტინქტი ის თვისებები იყო, რომლებიც საჭიროდ მიიჩნეოდა ადრეული ასაკის ბავშვების აღზრდისა და განათლებისთვის. მამაკაცური თვისებებისთვის (აქტიურობა, რაციონალურობა, აგრესიულობა) სკოლამდელ განათლებაში ადგილი ნაკლებად მოიპოვებოდა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ბავშვის აღზრდის პროცესში მამაკაცების მარგინალიზაციას და ადრეული განათლების სერვისების ერთგვარ დემონიზაციას ხელი შეუწყო მიჯაჭვულობის თეორიის პოპულარობამ, რომელიც ფოკუსირებას ახდენდა დედის ცენტრალურ როლზე ბავშვის განვითარებაში. რა უცნაურიც უნდა ჩანდეს, ადრეულ განათლებაში ქალის განსაკუთრებული როლის შესახებ წარმოდგენა კიდევ უფრო განამტკიცა ფემინისტურმა მოძრაობამ 70-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ 80-იანი და 90-იანი წლებიდან აქტუალობას იძენს კაცი პედაგოგების მოზიდვა სკოლამდელ განათლებაში, სკოლამდელი განათლების მკვეთრად ფემინიზებული სისტემა არ აღმოჩნდა ღია მამაკაცი აღმზრდელების მისაღებად. კვლევებმა ცხადყო, რომ პედაგოგების საგანმანათლებლო პროგრამები, ტრენინგკურსები, სასწავლო ლიტერატურა და გარემო სკოლამდელ დაწესებულებებში ეფუძნება ნორმას, რომ აღმზრდელი და პედაგოგი აუცილებლად ქალი უნდა იყოს; მაგალითად, სასწავლო ლიტერატურაში მოცემული მაგალითები და ფოტოები მხოლოდ ქალი აღმზრდელების შესახებაა, სკოლამდელ დაწესებულებებში კი არ არის გამოყოფილი სივრცე კაცი თანამშრომლებისთვის (გასახდელი, ტუალეტი). შესაბამისად, სისტემა ისე ახდენს რეპროდუცირებას, რომ კვლავ ქალებს იზიდავს პროფესიაში, ხოლო კაცებისთვის შედარებით მიუწვდომელ და ნაკლებად სასურველ სამუშაოდ რჩება.

დაბოლოს, კაცების დაინტერესებას ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები, წარმოდგენები „მამაკაცურობის“ შესახებ, რომელიც ბავშვზე ზრუნვასა და განათლებას არათუ ძლიერ მხარედ, არამედ ნაკლად მოიაზრებს. კაცები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობას ირჩევენ, ხშირად შესაძლოა უარყოფით დამოკიდებულებას გადააწყდნენ საზოგადოებაში. ერთი მხრივ, მათი არჩევანი შეიძლება შეფასდეს როგორც სისუსტე, არასრულფასოვანი, „შეუმდგარი“ მამაკაცურობის გამოვლინება („ბავშვის მოვლა რა კაცის საქმეა?!“, „ასეთ დაბალ ხელფასზე როგორ უნდა იმუშაოს კაცმა?“), მეორე მხრივ კი – როგორც საეჭვო და საშიში: ბავშვებთან მუშაობის სურვილი იგივდება ქალურ ბუნებასთან/ჰომოსექსუალობასთან ან ასოცირდება მოძალადეობასთან. ასეთივე დამოკიდებულება არც სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისთვისაა უცხო. ნებისმიერი ქალი აღმზრდელი ავტომატურად მოიაზრება ამ პროფესიისთვის შესაფერისად და უმიზეზოდ არავის უჩნდება ეჭვი მისი მოძალადეობისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ, კაცი აღმზრდელის არჩევანი და მოტივაცია კი ბევრისთვის იმთავითვე ეჭვის საფუძველია. კვლევების მიხედვით, კაცებს ხშირად უჭირთ ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც მათ საქმიანობას მუდმივად გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და მკაცრი საზომებით აფასებენ, სადაც ძალადობის ბრალდების რისკის თავიდან ასაცილებლად სათანადოდ ვერ ზრუნავენ ბავშვზე (მაგ., ქალებისგან განსხვავებით, ჩახუტებით ვერ ამშვიდებენ ატირებულ პატარას, არ აქვთ უფლება, საფენი გამოუცვალონ ბავშვს და ა.შ.). შესაბამისად, ბევრი კაცისთვის, ამ სფეროში დასაქმების სურვილის მიუხედავად, პროფესია არ არის მიმზიდველი.

 

როგორ შევუწყოთ ხელი გენდერულ ბალანსის გაუმჯობესებას სკოლამდელ განათლებაში?

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადრეულ განათლებაში კაცების მოზიდვისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და მიზანმიმართული ღონისძიებები ყველა დონეზე – სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც წაახალისებს კაცების ინტერესს, პროფესიაში შესვლას და დარჩენას, პედაგოგების მოსამზადებელი პროგრამების გაუმჯობესება, სკოლამდელ დაწესებულებებში კაცი თანამშრომლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ხელშეწყობა, ბავშვის აღზრდასა და განათლებაში კაცების მნიშვნელოვანი როლის ადვოკატირება.

სახელმწიფო პოლიტიკა:

  • სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგებისა და აღმზრდელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება: სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა, ანაზღაურების ზრდა;
  • ადრეული განათლების პროფესიაში შესვლის და პროფესიული განვითარების ალტერნატიული გზების შეთავაზება;
  • აბიტურიენტების (გოგონების და ბიჭების) ინფორმირება პროფესიის შესახებ;
  • სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, პროფესიის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, ადრეულ განათლებაში პროფესიული გადამზადების შესაძლებლობების შექმნა.

მოსამზადებელი და პროფესიული განვითარების პროგრამები:

  • მოსამზადებელ პროგრამებსა და ტრენინგპროგრამებზე პოზიტიური კლიმატისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბება კაცი აღმზრდელებისა და პედაგოგების მიმართ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების განახლება, რათა შინაარსი ეხმიანებოდეს როგორც ქალ, ისე კაც პედაგოგებს; კაცი ლექტორების/ტრენერების ჩართვა საგანმანათლებლო პროგრამებში; პროგრამების შეთავაზება ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც, ტრადიციული გაგებით, „ქალის“ და „კაცის“ პროფესიებს ასწავლიან;
  • შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება მხოლოდ კაცებისთვის (წარმატებული მაგალითია ინგლისი), რაც კაცებს კაც კოლეგებთან ურთიერთკავშირის საშუალებას აძლევს, ხელს უწყობს მათი პროფესიული მოტივაციის ამაღლებას;
  • სასწავლო რესურსების შემუშავება და მონიტორინგი, რათა მათში ასახული იყოს როგორც ქალი, ასევე კაცი აღმზრდელები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას;
  • უნივერსიტეტებისა და ტრენინგორგანიზაციების მიერ კაცი სტუდენტების მოხალისეობრივი სამუშაოს წახალისება ბაღებში.

სკოლამდელ დაწესებულებებში პოზიტიური გარემოს შექმნა:

  • სკოლამდელ დაწესებულებაში კაცების მიმართ პოზიტიური კლიმატის შექმნა, სადაც აქტიურობენ და „ჩანან“ მამები და კაცი პედაგოგები;
  • კაცების მოსაზიდად მათთვის საინტერესო ნიშის გამოძებნა, მაგალითად, დაწესებულების ფოკუსირება ეზოს აქტივობებსა და გასვლით ღონისძიებებზე, ადრეულ განათლებაზე როგორც საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და სოციალური სამართლიანობისთვის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ყურადღების გამახვილება და ა.შ.;
  • დაწესებულებაში ისეთი წესებისა და პოლიტიკის დანერგვა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბავშვის დაცულობასა და უსაფრთხოებას, მეორე მხრივ კი საშუალებას აძლევს კაც მასწავლებლებს (ისევე როგორც ქალებს), სრულფასოვნად შეასრულონ აღმზრდელის როლი;
  • დაწესებულებაში კაცი თანამშრომლების დასაქმება; კვალიფიციური კაცი პედაგოგების ნაკლებობის შემთხვევაში შესაძლოა თავდაპირველად თანაშემწეებად დასაქმდნენ, ხოლო შემდგომ მიეცეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. თუ ბაღში არის კაცი მზარეული, დარაჯი ან სხვა თანამშრომელი, სასურველია, ხელი შევუწყოთ მათ პოზიტიურ ურთიერთობას ბავშვებთან.

 

ადვოკატირება და სოციალური ნორმების შეცვლა

  • ბავშვის აღზრდაში კაცების მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
  • სკოლამდელი განათლების პროფესიის პოპულარიზება;
  • კაცი პედაგოგებისა და აღმზრდელების პოზიტიური როლური მოდელების წარმოჩენა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2013). საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღწერის მონაცემები დაწყებით განათლებასა და ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით. https://unicef.ge/uploads/UNICEF_Preschool_Census_GEO_FINAL.PDF 23/09/2017

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2017). დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეებისა და სქესის მიხედვით. 1999-2015. ჩამოტვირთულია ბმულიდან https://geostat.ge/?action=page&p_id=148&lang=geo 23/09/2017

Honig, A.S. (2009). Supporting men as fathers, caregivers and educators. In Men in the lives of Young Children. An International Perspective. Ed. D. Jones & R. Evans, pp. 7-29. Oxon: Routledge

Peeters, J. (2007). Including men in Early Childhood Education: Insights from the European experience. New Zealand Research in Early Childhood Education, 10

Sargent, P. (2004). Between a Rock and a Hard Place: Men Caught in the Gender Bind of Early Childhood Education. The Journal of Men’s Studies 12, (3), 173-192

Vandenbroeck, M. & J. Peeters. (2009). Gender and professionalism: a critical analysis of overt and covert curricula. In Men in the lives of Young Children. An International Perspective. Ed. D. Jones & R. Evans, pp. 44-56. Oxon: Routledge

National Geographic. Emperor Penguins. ჩამოტვირთულია https://www.nationalgeographic.com/animals/birds/e/emperor-penguin/ 23/09/2017

Penguins World. Emperor Penguin- Aptenodytes forsteri. ჩამოტვირთულია https://www.penguins-world.com/emperor-penguin/ 23/09/2017

 

გამოტანები

 

საგანმანათლებლო თვალსაზრისით, კაცებს შეუძლიათ, მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. საბავშვო ბაღში კაცი პედაგოგების არსებობა გავლენას ახდენს ბავშვების გენდერულ სოციალიზაციაზე: მათ ჰყავთ მზრუნველი კაცის როლური მოდელები, რომელთა საქმიანობაც ბავშვის მოვლა და განათლებაა.

 

 

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადრეულ განათლებაში კაცების მოზიდვისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და მიზანმიმართული ღონისძიებები ყველა დონეზე

 

მთები, წიგნები და ცენზურა

0

(ციკლიდან „პირთა საძიებელი“)

1

დალი ფანჯიკიძემ მითხრა ერთხელ:

– გამომცემლობებიდან მიგზავნიან ხოლმე თომას მანისა და მაქს ფრიშის ახალგამოცემულ წიგნებს. გაოცებული ვუყურებ – განსაკუთრებით თომას მანს – მიკვირს, როგორ მოხდა, რა ძალამ გადამაგორებინა ეს მთები, ეს წიგნები…

 

2

ერთი ცნობილი პარიკმახერი იყო ზუგდიდში, შოთა ერქვა. მე არ ვიყავი მისი მუშტარი, მაგრამ მეგობრებს ხშირად მივყვებოდი. გამგეობის პირველ სართულზე ჰქონდა თავისი მოკრძალებული ოთახი.

შოთა ბიძია (ასე ეძახდნენ) თმის შეჭრას რომ მორჩებოდა, კლიენტს კეფაზე დაადებდა ხელს და ხმამაღლა იტყოდა, – ასეთი თავი გოდოგანს აქეთ არ არისო.

 

3

ტუსკია შემხვდა ამასწინათ მიწისქვეშა გადასასვლელში, რუსთაველზე. თვალი ჩამიკრა, ღონივრად ჩამომართვა ხელი და უცებ მეუბნება:

– ბიჭო, ლიტერატურული პრემიის შორტლისტში ვერმოხვედრას რომ ვერ გადაიტანს ადამიანი, იმას სამოქალაქო გმირობა არ უნდა მოსთხოვო.

 

4

წოწერიებს – ჩვენი კარის მეზობლებს – ეზოს ძაღლი, ე. წ. „დვარნიაშკა“ ყოველთვის ჰყავდათ. საგულისხმოა, რომ მათ მხოლოდ ორ სახელს – ჩიბოს და პიკას არქმევდნენ, ამიტომ ისტორიამ შემოინახა ჩიბო 1, 2, 3 და ა. შ. და პიკა 1, 2, 3 და ა. შ.

 

5

ჩემს მეორე წიგნს – „ქარაგმას“ ვამზადებდით, ქართულ-ევროპულ ინსტიტუტს უნდა გამოეცა. რედაქტორთან – ლია ნაროუშვილთან ერთად მთელი ტექსტი გავასუფთავე, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, მაინც გაგვეპარა შეცდომა… სატიტულო გვერდზე. თუ სწორად მახსოვს, ასე ეწერა: გამომკცემელი ჯანრი კაშია.

უკვე დაბეჭდილი ეგზემპლარების თვალიერებისას, პირველივე გადაშლაზე ეს დასანანი კორექტურა მომხვდა თვალში. მაშინვე დავურეკე ბატონ ჯანრის.

– არ იღელვო, ზვიად, – დამამშვიდა, – ეგ არაფერი… მოიცა, როგორ წერია? – ჩამეკითხა უცებ, – გამომკცემელი? – და მერე ჩამოჰყვა, – გამომცემელი, გამომკცემელი, გამომკმეველი, კათაკმეველი… კარგია, რა გინდა.

 

6

მამაჩემის ბიძას, კეთილ და კოლორიტულ კაკო თოლორაიას ოთხი შვილი ჰყავს – სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. სამივე ვაჟი სასულიერო პირია. მახსოვს, ერთხელ შვილების მეგობარი შეეხუმრა სუფრაზე:

– კაკო ბიძია, ისეთი პიროვნება ხართ და იმდენი კაცი ლოცულობს თქვენზე, ასი წლის მერე, როცა იქნება, სამოთხეში სულ სიმღერით შეხვალთო: „ეს წყარო და ეს მინდვრები ჩემია…“.

 

7

კახმეგ კუდავამ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს „აფრიკელის“ (მთარგმნელი დალი იაშვილი) წარდგინებაზე ითხოვა სიტყვა.

– აქ მოსვლამდე, გზაში, ერთი უცნაური ფიქრი ამეკვიატა: ცხოვრებაში ყველაზე ხშირად რომელ სიტყვას ვიყენებ? ცოტა ხნით დავფიქრდი და უცებ გამახსენდა: „დალი“. „დალი, სად ხარ?“, „დალი, პერანგი გაუთოვებულია?“, „დალი, საჭმელი მზადაა?“, „დალი, შვილები როგორ არიან? შვილიშვილები?“ და ა. შ. ამ ბოლო დროს ამ სიტყვას ახალი ფრაზები დაემატა: „დალი, როგორ მიდის თარგმნა?“, „დალი, ტექსტი გასუფთავებულია? შესწორებები ხომ შეიტანეთ?“, „დალი, არ დავაგვიანოთ!“ მოკლედ, აქაც დალი, იქაც დალი… ყველგან დალი…

დარბაზი გახალისდა.

 

8

ერთი ეპიზოდი ქართული ცენზურის ისტორიიდან:

გაბრიელ გარსია მარკესის შედევრის – „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ 1992 წლის ქართულენოვან გამოცემაში საფინალო, დამაგვირგვინებელ სიტყვად ყოვლად უწყინარი, ემოციისგან დაშრეტილი „ნეხვი“ წერია.

ახალი გამოცემისას მოთხრობის მთარგმნელმა თეა გვასალიამ გვთხოვა აღგვედგინა სამართლიანობა, რადგან ესპანური Mierda უფრო მეტი იყო, ვიდრე ზემოთხსენებული უწყინარი სიტყვა.

„ინტელექტის“ მიერ 2014 წელს გამოცემული „პოლკოვნიკის“ ფინალური სცენა ასე იკითხება:

– კი მაგრამ, რა ვჭამოთ მთელი ეს დრო? – ქმარს პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი და შეანჯღრია, – თქვი, რა ვჭამოთ-მეთქი?

პოლკოვნიკს მთელი სამოცდათხუთმეტი წლის სიცოცხლე დასჭირდა, ამ წუთამდე რომ მიეღწია, სამაგიეროდ თავი უძლეველად იგრძნო, როცა მოკლედ და მკაფიოდ უპასუხა:

– მძღნერი“.

მოწყენილობა

0

პირველი შესავალი, ანუ რამ შთამაგონა ამ წერილის დაწერა

გიორგი კეკელიძის TEDx გამოსვლით აღფრთოვანებულმა ჩემმა სტუდენტმა გოგონამ  ფეისბუქზე  გააზიარა შთაბეჭდილებები, რომელსაც რამდენიმე კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთი კომენტარი რომ წავიკითხე (ასევე ჩემი სტუდენტის), პასუხის გაცემა არ დავაყოვნე. ვწერდი, რომ უკმაყოფილო ვიყავი გამომსვლელით (სხვათა შორის, ისიც ჩემი სტუდენტი იყო) – არ დავეთანხმე რომ „ზის“ ფორმის პარალელური ფორმა „სხედს“ ფორმაა; მინდოდა, რობერტ ფროსტის ლექსზეც გაემახვილებინა ყურადღება, როდესაც ზღაპრის გმირის მიერ გზის არჩევაზე საუბრობდა; ლევაბ ბრეგაძის წერილიც რომ ენახა გამოსვლაში ნახსენებ ზღაპარზე, უფრო საინტერესო მოსაზრება გაუჩნდებოდა; ჰეკლბერი ფინის ამბავიც ინგლისურ ენაზე ამ ზამთრის არდადეგებზე წავიკითხე, ბევრ რამეს ახლებურად შევხედე და ამიტომ გამოსვლაში მე ამ ნაწარმოებს და პერსონაჟს ცოტა განსხვავებულად განვიხილავდი.

მეორე დღეს უამრავი საქმე მქონდა, სკოლიდან ინსტიტუტში გავიქეცი, ინსტიტუტიდან ისევ სკოლაში დავბრუნდი, ე.ი. ოთხი გაკვეთილი ჩავატარე, რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის ახალგაზდა მონაწილეებს რჩევები მივეცი, მივლინებაში გასამგზავრებელი საბუთები მოვაწესრიგე, სხვადასხვა ეროვნების ოცდაათ მოსწავლეს კვლევითი ტიპის ნაშრომის რაობაზე ორმოცი წუთი ვესაუბრე, დაღლილ-დაქანცული  ავტობუსში ავედი, სკამზე ჩამოვჯექი და ის იყო, მოწყენილობის კონცეპტზე ფიქრის გაგრძელება დავაპირე (რამდენიმე კვირაა, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე სახლში და გზაში, შესვენებებზე და ძილის წინ), რომ მობილურზე ზარი გაისმა. გიორგი კეკელიძე ვარო. ეს სახელი და გვარი წინა დღის მოვლენებს ვერ დაუკავშირა ჩემმა გადაღლილმა ტვინმა. ვიფიქრე, ისევ კრედიტს მთავაზობენ ბანკიდან ან აქციის ფარგლებში რომელიღაც კოსმეტიკური ცენტრი მეპატიჟება პროცედურაზე-მეთქი. მაგრამ უცნობმა სასიამოვნო ხმამ ისეთი რაღაც მითხრა, მაშინვე გადამიარა დაღლილობამ. ის კი არა, მოსაუბრის სიტყვებმა ღიმილიც მომგვარა. თურმე ჩემს კომენტარს ვიღაც ქალბატონმა აგრესიულად შეუტია, შურიანი მიწოდა და ახლა გიორგი კეკელიძე მირეკავდა – წუხდა, გული არ მტკენოდა და უცნობი ქალბატონის აგრესია ჩემს მიმართ მის განწყობასთან არ დამეკავშირებინა. გიორგი დავამშვიდე, ასეთ აგრესიას შეჩვეული ვარ-მეთქი, მანაც დამარწმუნა, რომ არც მას აკლდა აგრესიული მლანძღველები, მადლობა გადამიხადა კრიტიკული შენიშვნებისთვის, ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ საინტერესო იქნებოდა, დროს თუ გამოვძებნიდით და ერთმანეთის არგუმენტებს უფრო დაკვირვებით მოვისმენდით. საუბრის ბოლოს გიორგიმ ლექციის ჩასატარებლადაც მიმიწვია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, და ბოლო სიტყვა მას დარჩა: „ყველაფერზე შევთანხმდით, ოღონდ ჰეკლბერი ფინის შესახებ მაინც ვერ დაგეთანხმებიო“.

სახლში რომ მოვედი, ფეისბუქის მესინჯერში სტუდენტების სახელდახელო ჯგუფი შევქმენი და ეს ამბავი მოვუყევი, თან დავამატე, კარგი იქნებოდა, ერთი ლექცია ჰეკლბერი ფინზე მე და გიორგიმ ერთად ჩავატაროთ-მეთქი. იდეა ერთხმად მომიწონეს სტუდენტებმა, მაგრამ მეკო, პოსტის ავტორი ცოტა შეწუხებული ჩანდა – როგორ მომძებნა იმ აგრესიულმა ქალმა, საერთოდ არ ვიცნობ, არც მეგობრებში მყავს და რა უნდოდა, რას შემომიხტა გვერდზეო. კითხვაზე პასუხმაც არ დააყოვნა. აღმოჩნდა, რომ გიორგი კეკელიძის ჩვენთვის უცნობ გულშემატკივარს ასე მოუგნია ჩვენთვის: ყველას გვერდზე შესულა, TEDx გამოსვლა ვისაც გაუზიარებია და აბსოლუტურად ყველა პოსტი და კომენტარი უნახავს. წარმოიდგინეთ, ამდენი გამზიარებელ-კომენტატორიდან მხოლოდ მე აღმოვჩნდი „შურისგან“ დაბრმავებული და გამოსვლით უკმაყოფილო. ამას აღუშფოთებია თაყვანისმცემელი უცნობი ქალბატონი, თანაც იმ ფონზე, როდესაც კრიტიკის მამად მიჩნეული ლევან ბერძენიშვილი და თვით ზალიკო ჩხეიძეც კი იწონებდნენ გამოსვლას… ნეტა რამდენი დრო დაუთმო ამ საქმიანობასო, წუხდნენ სტუდენტები; „ვაიმე, რა უსაქმური ყოფილა საწყალი-მეთქი“ – აღვნიშნე მე. ამის აღნიშვნა და ჩემი ფიქრების დაბრუნება მოწყენილობის კონცეპტთან ერთი იყო. ამდენი დღე რომ ვერ მოვიფიქრე წერილის დასაწყისი, ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორც დავიწყებდი წერილს „მასწავლებელი“-სთვის. ჩემი მიგნება სტუდენტებსაც გავუმხილე, მთხოვეს, იმ ქალის სახელი მაინც არ ახსენოთ, თორემ თქვენი ბედის ამბავი რომ ვიცით, კიდევ ახალ შარში გაეხვევითო. ჰოდა, ვუსრულებ ამ კარგ ადამიანებს თხოვნას, თითებს გადავაჯვარედინებ იმ იმედით, რომ მართლა არ გავეხვევი შარში. აი წერილის მკითხველებს კი ვთხოვ, მაპატიონ ორი შესავალი.

მეორე შესავალი, ანუ მცდელობა იმის ახსნისა, თუ რატომ ვერ ვწერდი წერილს

ახალი წლის დღეებში ჩემი ყურადღება მიიპყრო იოსიფ ბროდსკის ერთმა საინტერესო სიტყვამ, რომელიც ჟურნალ „არილის“ 2003 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა. ამ სიტყვით ბროდსკიმ დართმუტის უნივერსიტეტის (კურსდამთავრებულებს მიმართა და აღნიშნა, რომ არცერთი უნივერსიტეტი არ ასწავლის, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ადამიანები მოწყენილობას. სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, უცნაურად მომეჩვენა, ასეთ ბედნიერ დღეს, როდესაც ე.წ. აივი ლიგის (Ivy League ანუ კედლებზე სუროშეფენილი რვა უნივერისტეტის გაერთიანება) ერთ-ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დიპლომებს იღებენ, მათ მოწყენილობაზე ესაუბრო.

ლიზის, ჩემს შვილს გადავულაპარაკე, ვერაფერი გავუგე ბროდსკის, მოწყენილობაზე რატომ უნდა ელაპარაკო ახალგაზრდებს-მეთქი. „კარგი რა, დე, – მითხრა ლიზიმ, – ჩახედე ინგლისურ ტექსტს, ალბათ boredom-ზე ლაპარაკობს ბროდსკიო“. ჩავხედე ინგლისურ ტექსტს და, როდესაც იქ სიტყვა „boredom” აღმოვაჩინე, მაინც ვერაფერს მივხვდი. ისევ ლიზის გადავხედე და, როცა მან განმარტებები მომცა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

საკუთრივ წერილი

ის უნივერსიტეტები, რომელთა სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დიადი წიგნების შესწავლას ეთმობა, თავიანთ სტუდენტებს იმასაც ასწავლიან, რომ „boredom“, “ennui” (სხვათა შორის ინგლისური სიტყვა “annoyance”, “annoying” ანუ „გაბეზრება, მოყირჭება“ და „მოსაბეზრებელი“ აქედან მოდის) ჩვეულებრივი სიტყვა კი არა, საინტერესო კონცეპტია, ის მოვლენა კი არაა, სოციო-კულტურული ფენომენია, რომლის შესახებაც თავიანთ თხზულებებში სხვადასხვა მოაზროვნეები საუბრობდნენ.

ბლეზ პასკალი „აზრებში“ წერდა, რომ უღმერთოდ დარჩენილი ადამიანი მოწყენილობისთვისაა განწირული და ეს მოწყენილობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი არარაობის განცდა. მოწყენილობის ჟამს ადამიანი სრულიად მარტო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აღარაფერთან არა აქვს კავშირი. ადამიანები ცდილობენ, სატანჯველს თავი დააღწიონ და ამიტომაც ეძლევიან გართობას. აქ კი უკვე უფრო დიდ მოწყენილობას გადააწყდებიან. პასკალი მკითხველს თხოვდა, წარმოედგინათ ოთახში გამოკეტილი ადამიანი, რამდენ ხანს გაძლებდა უქმად. ძალიან მალე დაეტყობოდა მას მოუსვენრობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწყენილობა ადამიანის პირველი მტერია და მისგან თავის დასაღწევად რა საშუალებას აღარ მიმართავენ, გართობის რა საშუალებას არ იყენებენ. ადამიანი წუწუნებს თავის რთულ ხვედრზე, უამრავ საქმეზე, პრობლემაზე, მაგრამ, როგორც კი ამ პრობლემებს მოაგვარებს, როგორც კი დაასრულებს ურთულეს საქმეს, მაშინვე ახალ მოწყენილობას მიეცემა და მასთან გასამკლავებლად ახალ თავშესაქცევს იგონებს.

შარლ ბოდლერთან მოწყენილობა გაპიროვნებულია, მას მკითხველი ამოიცნობს, როცა დაინახავს, როგორ ეწევა თვალცრემლიანი ჩილიმს – განცხრომისა და ფუფუნების სიმბოლოს. გამოსავალი, რომ თავი დააღწიო მოწყენილობას, თრობაშია და არა აქვს მნიშვნელობა, რითი იქნები მთვრალი, ღვინით,თრიაქით, პოეზიით თუ სხვა რამით, მთავარია, მიეცე თრობას: „თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს. ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი. და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები – სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, – მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების…“ (ზვიად გამსახურდიას თარგმანი). ბოდლერი მოწყენილობას წვიმიანი სამეფოს მბრძანებლის მდგომარეობასაც ადარებს, რომლის საწოლიც საფლავს წააგავს, რადგან მას უკვე  ყველაფერი მოყირჭებია და ვეღარაფერი ართობს, ვერც ქალები, ვერც ლაშქრობები, ვერც შევარდნებით, ვერც მწევრებით ნადირობა: „მე მეჩვენება, რომ წვიმიანი ქვეყნის მეფე ვარ და მბრძანებელი, მდიდარი, მაგრამ მაინც უძლური, ჭაბუკი, მაგრამ მაინც ბებერი“ (გივი გეგეჭკორის თარგმანი).

მოწყენილობაზე საუბრობენ რომანტიკოსებიც, სიმბოლისტებიც, ეგზისტენციალისტებიც… მოწყენილობაზე საუბრობდენ და საუბრობენ პოეტებიც, ფილოსოფოსებიც, ფსიქოლოგებიც, ჩვეულებრივი ადმიანებიც… მწერლებს დამხმარე ტერმინებიც შემოაქვთ, ტერმინები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მოწყენილობასთან: მარტოსულობა, სევდა, ნაღველი, კაეშანი (სამწუხაროდ, ამ სიტყვას, რუსი მთარგმნელების მსგავსად, არ თარგმნიან ქართველი მთარგმნელები და გადმოაქვთ როგორც „სპლინი“).

ნეტა მოსწავლეებს რომ ვუთხრათ, მოწყენილობაა ყველაფრის ამოსავალი და სამყაროს მამოძრავებელი-თქო, თუ დაგვეთანხმებიან ან თუ დაფიქრდებიან მაინც? ნეტა წამოგვყვებიან მსჯელობაში, რომ დავანახოთ: მოწყენილობის შიშის გამოა, რომ ათას გასართობს ვიგონებთ, ეს გასართობი ხან უვნებელია, ხანაც საკმაოდ ბოროტი; მოწყენილობასთან პირისპირ დარჩენის შიშის გამოა, რომ ბევრ რამეზე, რაზეც უარი უნდა ვთქვათ, არ ვამბობთ უარს; გვეშინია, მარტოები ვიქნებით, მეგობრებს აღარ მოუნდებათ ჩვენთან ყოფნა და ისე ავყვებით ხოლმე მათ, შეიძლება, უნებლიეთ საკმაოდ ცუდ ისტორიაშიც ამოვყოთ თავი; მოწყენილობის გამოა, რომ ვჩხუბობთ, სადმე ხომ უნდა დავხარჯოთ ენერგია… არადა მოწყენილი ვერ იქნება ადამიანი, რომელმაც იცის, რომ არასოდესაა მარტო, ფიზიკურ სიმარტოვეს არ ვგულისხმობ, შინაგან მარტოობაზე ვსაუბრობ. სანამ მეტყოდეთ, რომ მეშლება, ვცდები, დავფიქრდეთ ერთად, რა როლი აქვს მოწყენილობას, გაბეზრებას, მოყირჭებას ჩვენს ცხოვრებაში, როგორი გავლენა აქვს მას ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს საქციელზე, გავაანალიზოთ, რას უკავშირდება სევდა, გართობის ნაკლებობა…

მას შემდეგ, რაც ბროდსკის გამოსვლა წავიკითხე და, უფრო მას შემდეგ, რაც მოწყენილობის კონცეპტით (ennui, boredom) დავინტერესდი, ცხადია, მომინდა, ჩამეხედა ქართული მწერლობისთვისაც, კონკრეტულად კი მენახა, რომელი სიტყვებით გადმოსცემდნენ ამ კონცეპტს ჩვენი მწერლები და მიიჩნევდნენ თუ არა მას კონცეპტად. რუსთველი, რომანტიკოსები, გალაკტიონი – სხვადასხვა გამოცემა გავშალე სამუშაო მაგიდაზე. იმდენ სიტყვას მივაგენი, რომელიც, შესაძლოა, მოწყენილობის კონცეპტს გამოხატავდეს, რომ მეც დავიბენი, ხომ არ ვაბრალებ ავტორებს და ხომ არ ვეძებ მათ შემოქმედებაში იმას, რაზეც მათ არც კი უფიქრიათ-მეთქი… მივხვდი, რომ საკითხს მეტი კვლევა და ჩაღრმავება სჭირდებოდა, მე კი არ მინდოდა, წერილი ისეთ რამეზე დამეწერა, რაშიც მე თვითონაც არ ვიყავი დარწმუნებული.

ბოლოს გადავიფიქრე და ასეთი რამ გადავწყვიტე: ცუდი არ იქნება, თუნდაც ყოველგვარი მომზადების გარეშე, თუნდაც ექსპრომტად. ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ვიფიქროთ ამ კონცეპტზე მაშინ, როდესაც ბარათაშვილს გავდივართ; ან მაშინ, როცა გალაკტიონის პოეზიაზე ვმსჯელობთ; ან მაშინ, „ვეფხისტყაოსანს“ რომ ვასწავლით. მაგალითად:

როდესაც გავდივართ რუსთველს, შევჩერდეთ როსტევანის სიტყვებზე და ვიმსჯელოთ, რატომ მიაწერს არაბეთის მეფე ღმერთს ადამიანის უნარს, მოწყინდეს რაიმე: „ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დავღლება…“ ანდა დავარის სიტყვებზე, რომელსაც თვითმკვლელობამდე წარმოთქვამს: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვიდრე მომკვლიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა“;

როდესაც ვკითხულობთ ბარათაშვილს, დავფიქრდეთ სიტყვებზე – „აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით“, „მაგრამ ვინ იცის, იქნება, რომ ბედსაც მოვსწყინდე და სხვა მან ჩემი სახელითა დააგვირგვინოს“ და ამ ტიპის ამონარიდებზე სხვადასხვა ლექსებიდან;

როდესაც ვასწავლით გალაკტიონს, შევჩერდეთ უფრო დიდხანს ლექსებზე „მე და ღამე“, „რომელი საათია“ (მით უმეტეს, ამ ლექსში პოეტი შარლ ბოდლერს ციტირებს და საინტერესოა, სწორედ მოწყენილობის პასკალისეული და ბოდლერისეული პერსპექტივიდან ამ ლექსის წაკითხვა).

დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე თქვენ სხვა ავტორების სიტყვებიც გაგახსენდებათ ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან. თემა ამოუწურავია და, როგორც კი ჩემსავით დაფიქრდებით (ცხადია, თუკი მანამდე არ გიფიქრიათ), ალბათ მიხვდებით, ასე ძალიან რატომ გამიჭირდა სათქმელისთვის თავის მოყრა და რატომ დამჭირდა ორი შესავალი ამ წერილისთვის.

და კიდევ ერთი: იმედია, წერილის კითხვისას ცოტათი მაინც გაერთეთ და არ იფიქრეთ, რომ ეს წერილი მოსაბეზრებელი იყო, მე კი ჩემი მოსაზრებებით თავი შეგაწყინეთ

 

სახალისო  ჯგუფური  გაკვეთილი                                                                                            გეოგრაფიაში

0

მოგესალმებით! მოგეხსენებათ, სწავლების ორგანიზების ჯგუფური ფორმა მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესოა,  თუ მას თამაშის ელფერიც დაჰყვება – ორმაგად სახალისო ხდება.  ამ ტიპის  გაკვეთილები მოსწავლეებს ერთმანეთთან აახლოებს, რის საფუძველზეც  ისინი წარმატებას აღწევენ –  გუნდურ მუშაობაში, ჯგუფის წევრებთან შეთანხმებაში; ასეთ დროს საქმე უფრო კოორდინირებული,  მოტივაცია ამაღლებული,  პიროვნული თვისებები და შემეცნება  კი გააქტიურებულია;  ამავე დროს ხდება საკუთარი თავისა თუ  ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება….  თუ მოსწავლე ამ ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს, ის თანამედროვეობის ურთულეს მოთხოვნებთან  და სოციალურ რეალობასთან სხვებზე მარტივად ადაპტირდება. პედაგოგის მოვალეობაც ხომ სწორადაც ესაა – გაზარდოს მრავალმხრივ  განვითარებული პიროვნება.

ამჯერად, მინდა შემოგთავაზოთ ჯგუფური სახალისო გაკვეთილი მინიმალური რესურსით  (4 თაბახის ფურცელი,  კალმები,  დაფა და ცარცი).  ამ ტიპის გაკვეთილი იდეალურად მუშაობს განვლილი მასალის გამეორებისა და ერთი ან რამდენიმე თავის შეჯამებისთვის.   რეკომენდაციისთვის:  ასეთი შემაჯამებელი,  ჯგუფური სახალისო გეოგრაფიის გაკვეთილი განკუთვნილია  VII-XI კლასებისთვის და მისი გამოყენება  სხვა საგნის პედაგოგებსაც შეუძლიათ.   კითხვების რაოდენობა დამოკიდებულია კლასის შესაძლებლობასა და მოსწავლეთა ინდივიდუალურ  საჭიროებაზე.

 

ჩემს სკოლაში თითქმის ყველა კლასში  35 მოსწავლეა.  შესაბამისად, თითოეული ჯგუფი კომპლექტდება 9–9–9–8 მოსწავლით, ხოლო მცირეკონტიგენტიან კლასებში მოსწავლეთა რაოდენობრივი სიმცირე თამაშ-გაკვეთილს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

თამაშში  ჩართულია ყველა მოსწავლე, რადგან არ ვირჩევ,   ე.წ.  ,,ჯგუფის ლიდერებს“, კითხვის დასმა და პასუხის გაცემა შეუძლია ყველას.  გაკვეთილზე დრო სწრაფად და სასიამოვნოდ გარბის და, რაც მთავარია, ასეთ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, უმაღლდებათ ინტელექტი  და უმძაფრდებათ ემოციური მუხტი.

მოსწავლეებს უმუშავდებათ:  დროის სწორი მენეჯმენტის,  სწრაფი,  კრიტიკული  აზროვნების,  ინფორმაციის გახსენების,  დახარისხების უნარი (მარტივი, საშუალო და რთული საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა);  ანალიზისა და სინთეზის, კითხვის სწორად ფორმულირების, პასუხის სწორად და სწრაფად გაცემის,  ვერბალური,   სხვისი აზრის გათვალისწინების, სხვათა მოსმენის, ქცევის გამოცდილების ჩვევები.

ჯგუფების სპონტანურად  დაკომპლექტება გამორიცხავს შესაძლებლობების ან მეგობრობის მიხედვით მოსწავლეთა განაწილებას. ამ ტიპის გაკვეთილზე ახალგაზრდები მხოლოდ საკუთარი პრობლემებით არ არიან დაკავებული – წარმატებისა თუ წარუმატებლობის საკუთარ ,,ნაჭუჭში გამოკეტილნი“, არამედ ერთად მსჯელობენ,  გამოაქვთ დასკვნები,  არჩევენ რთულ კითხვებს,  პასუხობენ საკუთარ ან სხვა ჯგუფის მიერ დასმულ შეკითხვებს,  გრძნობენ და აცნობიერებენ, რომ ჯგუფის წარმატება თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული,  დიდ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარი თავისა თუ ჯგუფის წევრთა წინაშე და გაასმაგებული ენერგიით უძღვებიან საქმეს ,,ერთობლივად კეთების“ დევიზით.

ახლა მოგახსენებთ ,,თამაშის“ წესების შესახებ.   მეტი თვალსაჩინოებისთვის გადავწყვიტე  თავად დამეხატა ჩემ მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის ფრაგმენტები.  სტატიის გაცნობისა და დაინტერესების შემთხვევაში, თქვენც სცადეთ.

 

სახალისო ჯგუფური მუშაობის დაგეგმილი აქტივობები:

  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაითვალონ ერთიდან ოთხამდე (იხ. ნახატი 1). 2წთ.
  2. მოსწავლეები გადანაწილდებიან ოთხ ჯგუფად (ნახ.2). 2 წთ.
  3. ეძლევათ დავალება: 15 წუთის განმავლობაში განვლილი მასალიდან სახელმძღვანელოებისა და სხვა დამატებითი რესურსების გამოყენების გარეშე თითოეულმა ჯგუფმა მოამზადოს 8 ძირითადი და 4 სარეზერვო რთული შეკითხვა (იმ შემთხვევისთვის, თუ სხვა ჯგუფიც იმავე შეკითხვას დასვამს), რომელსაც თავადაც შეუძლიათ გასცენ პასუხი.
  4. აუცილებელია, კითხვა სწორად  იყოს ფორმულირებული, არ შეიცავდეს ქვეკითხვებს, არ იყოს ორაზროვანი და ჰქონდეს ერთი ცალსახა პასუხი.
  5. ჯგუფურ მუშაობაში ჩართული უნდა იყოს უკლებლივ ყველა მოსწავლე, კითხვის მოფიქრება და თამაშის მიმდინარეობისას აქტიურობა  ჯგუფის ყველა წევრს ევალება (გამოკვეთილი ლიდერები, ე.წ. ,,გუნდის კაპიტნები“არ გვყავს).
  6. პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ იმ ჯგუფმა (ერთიდან სამ თვლამდე), რომელსაც კითხვა დაუსვეს. პასუხის არქონის შემთხვევაში პასუხობს თავად კითხვის ავტორი ჯგუფი.
  7. თითოელ სწორად გაცემულ კითხვაზე ჯგუფს ეწერება +1 ქულა.
  8. ის ჯგუფი (ან მისი ნებისმიერი წევრი), რომელიც შეაფერხებს გაკვეთილის მსვლელობას, იხმაურებს, ექნება სახელმძღვანელოს ან სხვა დამატებითი საინფორმაციო საშუალების გამოყენების მცდელობა, ანუ ნეგატიური ქცევისთვისთვის,  თითოეულ ჯერზე დააკლდებათ   1 ქულა.
  9. ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს შემდეგი თანმიმდევრობით (25 წთ.):

1 – საათის ისრის მიმართულებით (იხ.ნახ. 3);

2 – საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით (ნახ. 4 );

3 – ,,დიაგონალი“ (ნახ. 5 , 6 );

4 – ,,ბუმერანგი“  (ნახ. 7, 8, 9, 10 );

5 – ,,შადრევანი“ (ნახ. 11, 12, 13, 14 ).

 

 

 

 

მასწავლებლის მიზანია, მოსწავლეები გაკვეთილზე თავს კომფორტულად გრძნობდნენ, თანამშრომლობდნენ თანაკლასელებთან და მაქსიმალურ შედეგს აღწევდნენ. თითოეული ჯგუფის მიერ მოფიქრებული 12-12  შეკითხვა ჯამში 48-ს აღწევს. დამეთანხმებით ერთი გაკვეთილისთვის ზღვა ინფორმაციაა…

მასწავლებელი  მუდმივად მოძრაობს საკლასო ოთახში,  არ ერევა ჯგუფების საქმიანობაში,  მას ევალება თამაშის წესების გაცნობა,  დაკვირვება და ქულების დაფაზე დაფიქსირება.  იგი რეგულარულად  ამოწმებს შეკითხვებისა თუ პასუხების სისწორეს, აკონტროლებს დროს, დაფაზე აფიქსირებს თითოეული ჯგუფის  ქულებს, მას უფლება აქვს  +1 ქულით შეაფასოს ყველაზე მეტად მოწესრიგებული  და საქმეზე ორიენტირებული ჯგუფი და +1 ქულა დაუწეროს იმ ჯგუფსაც, რომელმაც განსაკუთრებულად საინტერესო და რთული შეკითხვა მოიფიქრა.

გაკვეთილის მიწურულს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ითვლის (1 წთ.) თითოეული ჯგუფის მიერ დაგროვილი ქულების რაოდენობას (ნახ. 15, 16 ) და გამარჯვებული ჯგუფის თითოეულ წევრს აფასებს 10 ქულით.

ამ ტიპის გაკვეთილის განმეორებით ჩატარების შემთხვევაში მოსწავლეთათვის თამაშის წესების შეხსენება აღარ არის საჭირო. ისინი მას ზედმიწევნით  იმახსოვრებენ დადებითი ემოციებისა და თავდაუზოგავი შრომის, გუნდური მუშაობის აზარტისა და დროის ხალისიანად გაყვანის ფონზე.

საგაკვეთილო პროცესში  მოსწავლეთა  გონება მუდმივად აქტიურია, სასიამოვნოდ აქტიური…   ჩემი მიზანიც სწორედ ესაა.

 

ქ. თბილისის 52–ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის  მასწავლებელი :  თამარ ტეტელოშვილი

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...