კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

თემის განსხვავებული  დიფერენცირება

0

მეთერთმეტე კლასის დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრიგონომეტრიის საფუძვლიანად შესწავლას ეთმობა. ამ ეტაპზე იმ მოსწავლეებს, რომლებიც აქამდე ხალისით და დაუზარლად სწავლობდნენ, შესაძლოა დაეკარგოთ სწავლის სურვილი. მოსწავლეები რთულად აღიქვამენ ამ მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს. ჩვენ აუცილებლად უნდა შევიტანოთ გაკვეთილებზე მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და დავარწმუნოთ ისინი ტრიგონომეტრიის აუცილებლობაში. ამისათვის პირველ რიგში, მაღალი მზაობის მოსწავლეები თანაშემწეებად გავიხადოთ და მათთან ერთად მოვამზადოთ პრეზენტაციები თემებზე:

  1. ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობა;
  2. პარალელი ცხოვრებასთან (მაგ: გაზეთის პერიოდული გამოცემა);
  3. წელიწადის ოთხი დროის და ზოგადად დროის პერიოდულობა;
  4. აკუსტიკაში დრეკადი ტალღების წარმოშობა და გავრცელება;
  5. გულის ცემის პერიოდულობა;
  6. არქიტექტურული ძეგლები და მისი ჩუქურთმების და ორნამენტების პერიოდული განმეორება;
  7. მუსიკაში მეორდება ხოლმე ბგერათა შერწყმა და ამით ძლიერდება ზემოქმედება;
  8. მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილის გაზომვა ტრიგონომეტრიის გამოყენებით;
  9. გრავიურის განხილვა, სადაც მოცემულია, როგორ ზომავდნენ ძველად ასტრონომიაში პლანეტებს შორის მანძილს ტრიგონომეტრიის გამოყენებით.

 

ეს დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს ამ თემის საჭიროების დანახვაში. პრეზენტაციები მივაწოდოთ ეტაპობრივად. ამით იმ მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას შევძლებთ, რომლებიც ამ პრეზენტაციებზე იმუშავებენ.

ინფორმაცია მივაწოდოთ რაც შეიძლება თვალსაჩინოდ. გრაფიკები ავაგებინოთ კომპიუტერული პროგრამების გამოყენებითაც.

დავამზადოთ სამი კამათელი,  რომელთაგან პირველის წახნაგებზე მოვათავსებთ: sin, cos, tg ,sin2x+cos2x= ,sinx/cosx ,1/tg2x. მეორის წახნაგებზე ვაწერთ: მაქსიმუმი, მინიმუმი, ლუწობა-კენტობა, პერიოდი, სიმეტრიის ღერძი; მესამის კი – ტრიგონომეტრიული ცხრილის რიცხვებს.

წესად გავიხადოთ, რომ დაბალი მზაობის მოსწავლეების ნაწილი დროდადრო ამ კამათლებს აგორებდეს და კითხვებზე პასუხებს გვცემდეს. სამივე კამათელი გორდება ერთდროულად. ხოლო თუ ძირითადი ფორმულა მოვა, იგი დაასრულებს მას და პირველ კამათელს თავიდან აგორებს. ეს ძალიან საინტერესო პროცესია.

    საშუალო მზაობის მოსწავლეებისთვის დავამზადოთ ტრიგონომეტრიული წრე შუაში მოთავსებული ბზრიალა ნივთით. ამ საშუალებით მათ გაუადვილდებათ ისეთი სერიოზული საკითხების შესწავლა, როგორებიცაა ტრიგონომეტრიული ფუნქციების ნიშნები მეოთხედების მიხედვით და დაყვანის ფორმულები. ამ მოსწავლეებს დროდადრო შევთავაზოთ მათი მზაობის შესაბამისი ამოცანებიც.

მაღალი მზაობის მოსწავლეები კი ჩვენთან ერთად ხსნიან საინტერესო რთულ ამოცანებს და მსჯელობენ ისეთ სერიოზულ საკითხებზე, როგორიცაა ფუნქციის ცვლილება პარამეტრებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოსწავლეები უნდა მოვადუნოთ და არ ვამუშაოთ ბლუმის ტაქსონომიის დაბალ და საშუალო დონის მასალაზე.

შეჯამების დღეებში მათ მივცეთ არჩევნის საშუალება, თავად გადაწყვიტონ, რომელი დონის დავალებას აირჩევენ.

მთავარია,  ხედავდნენ ტრიგონომეტრიის საჭიროებას; ხვდებოდნენ, რომ მათი გულებიც თურმე ტრიგონომეტრიულად ცემს.  არ დაგვეზაროს დასარწმუნებლად კარდიოგრამის ლენტებიც კი მოვიტანოთ.  თუ ინტერესი დიდია,  ამ პროცესში ფიზიკის და ბიოლოგიის მასწავლებლებიც ჩავრთოთ. კამათლები და ტრიგონომეტრიული წრე მათ მოტივაციას გაზრდის.

ამ სტატიის მთავარი მიზანია: გაგიზიაროთ ამ თემის დიფერენცირებისა და მოტივაციის გაზრდის ერთ-ერთი მოდელი. ამ მოდელის გამოყენების დროს შეგვიძლია ბლუმის ტაქსონომიის ექვსივე დონის დაფარვა.

 

შეფასება მოვახდინოთ კლასზე მორგებული და კრიტერიუმებად ჩაშლილი ცხრილით, რომელსაც წინასწარ იცნობენ. არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი კლასი და ამიტომ კრიტერიუმები კონკრეტულ კლასზე უნდა იყოს მორგებული.

 

 

 

 

 

ვინ იცავს ადამიანის უფლებებს?

0

ძირითადი უფლებები და თავისუფლებები აქვს ყველას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

შეუძლებელია ადამიანს წაართვა, ჩამოართვა უფლებები და თავისუფლება. ყველა უფლება და თავისუფლება დაკავშირებულია ერთმანეთთან. უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მიღებული 1948 წელს. და ამ დეკლარაციას ეყრდნობა მრავალი სახელმწიფოს შიდა რეგულაცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ.

1989 წელს მიღებულ იქნა კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ. ბავშვებს განსაკუთრებული მზრუნველობა და დაცვა ესაჭიროებათ. საზოგადოების ყველა წევრის, მათ შორის, ბავშვების ღირსების, თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის საფუძველია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ბავშვის განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით და გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვთა უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, 23 და 24 მუხლებით); ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, 10 მუხლით); აგრეთვე, იმ სპეციალიზებული დაწესებულებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებითა და შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებიც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მუშაობენ.

სასწავლო პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ბავშვს აქვს თანაბარი უფლებები და თავისუფლებები, ყველა თანასწორია და დაუშვებელია დისკრიმინაცია რაიმე მოტივით ან ნიშნით.

ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრების სტატუსის, საქმიანობის, გამოთქმული შეხედულებების ან მრწამსის საფუძველზე დაუშვებელია ბავშვის დისკრიმინაცია ან დასჯა.

ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ გადაწყვეტილებებს გავლენა აქვთ ბავშვებზე, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის.

აუცილებელია საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლების დაცვა, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე; ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.

 

ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღებისა და გადაცემის თავისუფლებას, საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევნის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით.

და ვინ იცავს ამ უფლებებს?

უფლებების დაცვა საზოგადოების თითოეული წევრის საქმეა და არამხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ან სასამართლოს საქმე.

ამ საქმეში მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს – პირველ რიგში, მან არ უნდა შელახოს ბავშვის უფლებები და, ზოგადად, ბავშვისთვის უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვის მაგალითი. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს ბავშვს, გაიგოს და გაიაზროს თავისი უფლებები და თავისუფლება და გაუჩინოს მას სურვილი, მომავალში თვითონაც იბრძოლოს უფლების დასაცავად.

 

 

 

„სიხარბის“ ხვრელი

0

ტურისტის ფეხი სად არ დადგმულა. ყველაზე მამაცები და ფულიანები კოსმოსშიც კი გაიჭრნენ, თუმცა ს. ბჰატიას ერთ-ერთი ნაშრომის (Industrial and Electronic Pollution) მიხედვით,  არის ადგილი, სადაც ტურისტს ფეხი ჯერ არ დაუდგამს, რადგან ჯოჯოხეთში მოგზაურობა არავის სურს. აქ ნაგავია. რისი ნიშანია ნეტავ ნაგავი? სიკვდილის თუ სიცოცხლის? თუ ცოცხალი ხარ, ნაგავიც არის, მაგრამ იგივე ნაგავი გვკლავს. ერთი თეორიით, ნაგავი  ჩვენს დეგრადაციას გამოიწვევს, მეორეთი კი   გვიშველის და ევოლუციის ახალ საფეხურზე აგვიყვანს.

აფრიკა, განა,  ქალაქ აკრას ცენტრი, თებერვალში აქ ჩრდილში +36 გრადუსია.  გვერდით ატლანტის ოკეანეა და იქიდან მობერილმა ნიავმა წესით  ოდნავ სიგრილე უნდა მოიტანოს.  თუმცა, ამის სანაცვლოდ ნიავს რაღაც უსიამოვნო მეტალური სურნელი მოაქვს, რომელიც პირში ასევე მეტალის გემოს ტოვებს.  ნიავთან ერთად ჭვარტლიც მოდის და გარშემო ყველაფერს ფარავს. ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ქალაქს შავი სმოგი ეპარება.  სწორედ იქ არის პლანეტის ერთ-ერთი საშიში ადგილი, რომელსაც ჯოჯოხეთის კარიბჭე უწოდეს. ის 21-ე საუკუნეში ჩამოყალიბდა.  ეს ქალაქი – ნაგავსაყრელია. აქ არც ბალახია და არც არანაირი სულიერი.  აქ არც „სხვებს“ უშვებენ, თითოეული ადგილი დაკავებულია. აქ მთელი მსოფლიოდან ელექტრონულ ნაგავს ეზიდებიან. გადაყრილი ტელევიზორები, კომპიუტერები, სარეცხი მანქანები… ყველაფერი აქ არის.  აქაური მცხოვრების საშუალო ასაკი 12-30 წელია…   მოხუცები არ არიან.

ნაგავი დედამიწაზე  ყოველთვის იყო. ის კი არა, შუა საუკუნეების ევროპა ანტისანიტარიასა და ნარჩენებს  მიჰქონდა. მეცამეტე საუკუნის პარიზში გამოიცა კანონი, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებს ავალდებულებდა, სამჯერ დაეყვირა – „ვისვრი, ვაგდებო“, სანამ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქუჩაში მოისროდა ან გადაღვრიდა. მეთოთხმეტე საუკუნის ლონდონში ჩამდინარე წყლები ტემზაში ათასობით საყოფაცხოვრებო ნარჩენს ეზიდებოდა. ქალაქის ყველა ჭა მოწამლული იყო. მეცამეტე საუკუნის ბერლინში ნაგვით სავსე ქუჩებში მხოლოდ სპეციალური ამაღლებული ფეხსაცმლის მსგავსი მოწყობილობით თუ გადაადგილდებოდნენ. დღეს იმ ნაგვის ადგილას უდიდესი მეგაპოლისებია. გამოდის, რომ ნაგავს გაუმკლავდნენ. თუმცა, 21-ე საუკუნემ „ჰაი-ტექ“ ნაგავი წარმოშვა.

ყველაფერი გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. განვითარებულმა ქვეყნებმა თავისი „ჰაი-ტექ“ ნაგავი ინდოეთში, ჩინეთსა და პაკისტანში გაამწესეს. ასევე ჩაზიდეს, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ბოლოს ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი აფრიკაში მოეწყო. ასე დაიწყო ნაგავმა მიგრაცია და პლანეტის დაპყრობა. 1859 წელს პენსილვანიის ქალაქ ტაიტსმილში ნავთობის ჭაბურღილიდან ნავთობმა ამოხეთქა. ეს ახალი ეპოქის სიმბოლური დასაწყისია. თანდათანობით ნავთობიდან ფრაქციების გამოხდა ისწავლეს, რომლებიც საწვავისთვის არ იყო საჭირო. დადგა საკითხი, რა მოეხერხებინათ მათთვის. ყველაზე მსუბუქი ნახშირწყალბადებისგან ახალი საოცარი ნივთიერებები მიიღეს – ხელოვნური პოლიმერები. პოლივინილქლორიდი, პოლიეთილენი, პოლისტიროლი… მათ ყველგან შეხვდებით. ნავთობმა ჩვენი პლანეტა  პლასტმასის სამყაროდ გადააქცია, რომელიც თითქოს  უფრო მოხერხებული, მსუბუქი და სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. პლასტმასები გამოიყენება ტექნიკის შექმნაშიც. თუმცა, ნებისმიერი ტექნიკა ერთ მშვენიერ დღეს ნაგავი გახდება. აი, ახლა სტატიას კომპიუტერზე ვბეჭდავ. ეს კომპიუტერი მომწონს და მჭირდება, მაგრამ დრო მოვა, ავიღებ და შევცვლი. ის კი ნაგავი გახდება. იგივე ბედი ეწევა თქვენს კომპიუტერებსაც, ტელევიზორებსაც, ტელეფონებსაც და ყველაფერს, რაც დღეს გვემსახურება და გვახარებს. რაც უფრო ტექნიკურად სრულყოფილია ცივილიზაცია, მით უფრო საშიშად  სრულყოფილია მისი ნარჩენი.

აკრას ნაგავსაყრელზე ადამიანები მუშაობენ. ნარჩენებში მეტალებს ეძებენ, რომ გაყიდონ. სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, კალა, ფრეონი მაცივრებიდან, ბენზინი, ნავთი, ანტიფრიზი, მოკლედ, ქიმიკატების წვნიანია. ნაგავს სულ 10 წელი დასჭირდა, რომ ეს ტერიტორია საშიშ ზონად გარდაექმნა. 2011 წელს კაცობრიობამ 41 000 000 ტონა ელექტრონული ნაგავი წარმოქმნა. 2014 წელს 50 000 000 ტონა აწარმოა. სულ იმიტომ, რომ დღეს ნივთებს განსაცვიფრებლად იოლად ყრიან. დღეს ასეთი ტელეფონი მინდა, ხვალ ისეთი, ზეგ კიდევ აიიიი, იმნაირი. ჰოდა, იქმნება „ჰაი-ტექ“ ნაგავი.

ფსიქოლოგიაში ტერმინიც კი გაჩნდა – „ერთჯერადი ნაგვის ფსიქოლოგია“. გამოიყენე – გადააგდე.

1908 წელს ამერიკაში ჰარვარდის სტუდენტმა ჰილ მურიმ საერთო მოხმარების  ჭიქების გამოყენების საშიშროებაზე სტატია გამოაქვეყნა. წერდა, რომ ეს არაჰიგიენურია და საერთო მოხმარების ჭიქებით სარგებლობა ათასნაირ ინფექციას, ვირუსებს და დაავადებებს ავრცელებს. ჰილი ერთჯერადი ჭიქების საწარმოებელ ფირმას აარსებს. ჯერ ქაღალდისგან აკეთებენ, შემდეგ პლასტმასისგან. 1970 წელს ამერიკაში 50 000 000 დოლარის ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი გაიყიდა. ჰიგიენა მართლაც დიდი საქმეა, თუმცა წარმოიშვა, ე.წ. „ერჯერადი“ ფსიქოლოგია – გამოიყენე-გადააგდე. დღეს პლასტმასი ყველგანაა, ოკეანეში, ნიადაგში, ჰაერში, ჩვენს ორგანიზმშიც კი.

ერთ-ერთი გამოსავალი ნაგვის კვლავწარმოებაა, რომლისგანაც, მაგ. შეიძლება წარმოიქმნას ელექტროენერგია. მას სპეციალური მიკროორგანიზმები გამოიმუშავებენ, რომელთაც ნარჩენებით კვებავენ. პლასტმასისგან აკეთებენ სინთეზურ ბენზინს, ნავთობს და დიზელს. თუმცა, ძვირი ჯდება, ეკონომიკისთვის  წამგებიანია.

ზემოთ დავწერე ნაგავსაყრელზე რომელ მეტალს აღარ შეხვდებით-მეთქი. ნიადაგში სხვადასხვა მეტალების (და არა მხოლოდ) აღმოჩენა მარტივი ქიმიური ცდებით გაკვეთილზეც შეგვიძლია. პირველ რიგში ნიადაგი გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ ორი განსხვავებული ადგილიდან მოიტანთ, შედარება გამოვა საინტერესო.

500 მლ.-იან ქიმიურ ჭიქაში 100  დანაყოფამდე  ნიადაგი მოათავსეთ და გამოხდილი წყლით 200 მლ.-მდე შეავსეთ. მინის წკირით კარგად მოურიეთ და ასე ათიოდე წუთით გააჩერეთ. შემდეგ გაფილტრეთ, ფილტრატი თქვენი საკვლევი ხსნარი იქნება.

ზოგადი რკინის აღმოჩენა: ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით 10 მლ. საკვლევი ხსნარი, დაამატეთ 1-2 წვეთი კონცენტრირებული აზოტმჟავა, 50%-იანი წყალბადის პეროქსიდის ხსნარის რამდენიმე წვეთი და 2 მლ. კალიუმის როდანიდი. 0,1მგ/ლ-ზე რკინის არსებობის შემთხვევაში ვარდისფრად შეფერადდება. რკინის მეტი შემცველობის შემთხვევაში, ფერი წითლისკენ გამუქდება.

რკინა (II)-ის აღმოჩენა: 10 მლ საკვლევ ხსნარს დაუმატეთ 5 წვეთი კონცენტრირებული გოგირდმჟავა და 2-3 წვეთი კალიუმის ჰექსაციანო (III) ფერატის 2-3 წვეთი. ბერლინის ლაჟვარდის წარმოქმნის გამო შეიმჩნევა  ლაჟვარდისფერი შეფერილობა.

რკინა (III)-ის  აღმოჩენა: 10 მლ. საკვლევ ხსნარს დაუმატეთ 1-2 წვეთი კონცენტრირებული მარილმჟავა. შემდეგ კი, დაუმატეთ კალიუმის ჰექსაციანო (II) ფერატის 2-3 წვეთი. შეიმჩნევა ლაჟვარდისფერი შეფერილობა ბერლინის ლაჟვარდის წარმოქმნის გამო.

მანგანუმის იონების აღმოჩენა: 10 მლ. საკვლევ ხსნარს ამატებენ რამდენიმე წვეთ 25% აზოტმჟავას. წვეთობით უმატებენ 2%-იანი ვერცხლის ნიტრატის 5-6 წვეთს. შემდეგ, შეაქვთ 0,5გ. ამონიუმის პერსულფატი ან თუთიის დიოქსიდის რამდენიმე კრისტალი. ადუღებამდე აცხელებენ. მანგანუმის არსებობის შემთხვევაში ღია ვარდისფერ შეფერილობას იღებს.

სპილენძის იონების აღმოჩენა: ფაიფურის ჯამში საკვლევი ხსნარის 3-5 მლ.-ს ათავსებენ. სპირტქურის ალზე ფრთხილად ამოაშრობენ და კონცენტრირებული ამიაკის რამდენიმე წვეთს დააწვეთებენ. მუქი ლურჯი ან იისფერი შეფერილობის წარმოქმნა სპილენძის იონების არსებობაზე მიუთითებს.

სპილენძის იონების მეორენაირად აღმოჩენა: 5 მლ. საკვლევ ხსნარს ამატებენ 10 მლ. ნატრიუმის სულფატის ნაჯერ ხსნარს. სპილენძის არსებობის შემთხვევაში სულფიდის წარმოქმნის გამო ხსნარი შავად შეიფერება სპილენძის.

ტყვიის იონების აღმოჩენა: 5 მლ საკვლევ ხსნარს ამატებენ 10 მლ. ნატრიუმის სულფატის ნაჯერ ხსნარს. ტყვიის არსებობის შემთხვევაში, ხსნარი შავად შეიფერება ტყვიის სულფიდის წარმოქმნის გამო.

ვერცხლის იონების აღმოჩენა: 5 მლ. საკვლევ ხსნარს ამატებენ კალიუმის ბიქრომატის ნაჯერი ხსნარის 1-3 მლ-ს. ვერცხლის იონების არსებობის შემთხვევაში, წარმოიქმნება ვერცხლის ქრომატის აგურისფერი ნალექი. მიღებული ნაერთი არ იხსნება ძმარმჟავაში, მაგრამ კარგად იხსნება აზოტმჟავაში.

ბარიუმის იონების აღმოჩენა: 5 მლ. საკვლევ ხსნარს ამატებენ კალიუმის ბიქრომატის ნაჯერი ხსნარის 1-3 მლ-ს. ბარიუმის იონებთან დიქრომატი ყვითელ ნაერთს წარმოქმნის.

ქლორიდ იონების აღმოჩენა: 10 მლ საკვლევ ხსნარს დაუმატეთ 10%-იანი აზოტმჟავას რამდენიმე წვეთი. შემდეგ, 0,1N-ის ვერცხლის ნიტრატის ხსნარის 1-2 წვეთი. თეთრი ფიფქისებრი ნალექის წარმოქმნა ქლორის იონების არსებობაზე მიუთითებს.

სულფატ იონების აღმოჩენა: 10 მლ. საკვლევ ხსნარს დაუმატეთ კონცენტრირებული მარილმჟავას რამდენიმე წვეთი. შემდეგ, 20%-იანი ბარიუმის ქლორიდის 3 მლ; თეთრი მიკროკრისტალური ნალექის წარმოქმნა სულფატ იონების არსებობაზე მიუთითებს.

ნიტრატ იონების აღმოჩენა: 10 მლ. საკვლევ ხსნარს დაუმატეთ დიფენილამინის სპირტხსნარის 5მლ. ლურჯი შეფერილობის განვითარება ნიტრატ იონების არსებობაზე მიუთითებს.

ამას წინათ ერთი რეკლამა ვნახე.  კაცმა რაღაც დიდი ზომის ქაღალდი იპოვა, სადაც ცენტრში შავი ხვრელი ეხატა. თვალიერებისას აღმოაჩინა, რომ ამ ხვრელში ხელის შეყოფა შეიძლებოდა. უფრო მეტიც, თუ დაკეტილ კარადას მიადებდით და ხელს შეყოფდით, კარადიდან ნივთებსაც გამოიტანდით. გაუხარდა… გაიქცა ოფისში, ფულით სავსე ჩაკეტილ სეიფს ფურცელი სკოჩით მიაკრა, შეყო ხვრელში ხელი და ფულის გადმოლაგება დაიწო. ალაგა და ალაგა, მაგრამ სულ ეცოტავებოდა. ახლა უკვე ხვრელში წელამდე შეძვრა, რომ უფრო მეტი ფული გამოეღო. წონასწორობა ვერ შეიკავა და შავ ხვრელში ჩავარდა. სკოჩმა ფურცელი ვერ დაიკავა და სეიფის კედლიდან დაბლა ჩამოცურდა. ეკრანზე დარჩა „უპატრონო“ ფულის გროვა, დაგდებული ფურცელი და სიხარბეში გაუჩინარებული კაცი. ჰოდა, დღეს ასეთი ტექნიკა მინდა, ხვალ ისეთი, ზეგ კიდევ აიიიი, იმნაირი… საკუთარ სიხარბეს აყოლილმა ადამიანებმა პლანეტა არ გადააყოლონ  „სიხარბის ხვრელს“…

 

ემოციური რეგულაცია და მისი სწავლების ასპექტები

0

უკეთეს, არაძალადობრივ საზოგადოებაში ცხოვრებას, ალბათ, ბევრი ჩვენგანი ნატრობს. არადა, ძალადობასა და მის გამაოგნებელ შედეგებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ძალადობენ უგულებელყოფით, ირონიით, დაცინვით, ბრაზით, ყვირილით, გინებით, ხელის წამოკვრით, ცემით, ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით – მოკლედ, ნებისმიერი ფორმით, შეუნიღბავად და შენიღბულად, დღისით და მზისით. რისკები, რომლებიც ამ საშინელ მოვლენას ახლავს თან, განუზომელია და ერისთვის დამღუპველი, რადგან სარკესავით აირეკლება მომავალი თაობების ცნობიერებაში.

ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების საფუძვლად ნეიროფსიქოლეგები ემოციური რეგულაციის არცოდნას მიიჩნევენ. მათი აზრით, დამღუპველია, რომ ქართველების მსგავსი ტემპერამენტის მქონე ხალხს ემოციური რეგულაციის სწავლება ამოღებული აქვს ყოველგვარი ცნობიერებიდან, მაშინ როდესაც დასავლეთში დიდი ძალისხმევა იხარჯება ემოციური რეგულაციის შესასწავლად. ემოციურ რეგულაციად ისინი მოიაზრებენ:

* სხვისი ემოციის გაგებას;

* საკუთარი ემოციის გაგებას;

* ბრაზის მართვას.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციური უნარების სწავლება?

ჯანსაღი ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება ბავშვებს მხოლოდ მეგობრების შეძენასა და სხვებთან შეწყობაში კი არ ეხმარება, არამედ საშუალებას აძლევს:

* ამოიცნონ და მართონ თავიანთი ემოციები (Fabes&Eisenberg, 1992);

* განიმტკიცონ თავდაჯერება და თვითშეფასება (Michelson&Mannarino, 1986);

* გადაჭრან კონფლიქტები უფრო ადვილად და ნაკლებაგრესიულად (Fabes&Eisenberg, 1992);

* თავიდან აიცილონ თანატოლებისგან გარიყვა და ვიქტიმიზაცია (Perry, Kusel&Perry, 1988);

* უკეთესი შედეგები ჰქონდეთ სწავლაში (Elias&Schwab, 2006);

* შეამცირონ დანაშაულის ჩადენისა და ძალადობის რისკი (Nagin&Tremblay, 2001).

 

ბავშვის ემოციური განვითარება და პოზიტიური, კოოპერაციული სოციალური ურთიერთობები გადაჯაჭვულია: ერთი მეორეს აძლიერებს (Hawkins, Smith&Catalano, 2004). კურიკულუმში ამ უნარებისთვის ფორმალური ადგილის მინიჭება სწავლებას წინასწარგანზრახულს და არა უნებლიეს გახდის (Elias&Schwab, 2006), ხაზს გაუსვამს მათ ღირებულებას და გააძლიერებს ჯგუფის პროსოციალურ კლიმატს. ამასთან, ემოციური და სოციალური განვითარების პროგრამა პრობლემური ქცევის მქონე ბავშვებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ ის უნარები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ვერ გამოიმუშავებდნენ. სოციალური ურთიერთობების მართვა შეგიძლიათ არა მხოლოდ ინკლუზიური და პროსოციალური გარემოს შექმნით, არამედ ქცევებით, დამოკიდებულებებით, ქმედებებითა და სიტყვებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ პოზიტიური სოციალური ურთიერთობები სწავლებით (Rubin, Bukowski&Parker, 1998).

კვლევების თანახმად, ემოციური და სოციალური უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან გამოსული ბავშვებისათვის, რათა მათ ცხოვრებაში არსებული სტრესი მართონ და აკადემიურ წარმატებას მიაღწიონ (Raver, 2002). პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები სოციალურადაც და ემოციურადაც დიდ სირთულეებს აწყდებიან (Bierman&Erath, 2006). თანატოლებისგან გარიყულებს და ხშირად უმეგობროებს, ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება უჭირთ და თავდაჯერებაც აკლიათ. რაც უფრო ექცევიან იზოლაციაში, მით უფრო გულჩახვეულები ხდებიან და საფრთხის შეგრძნება აქვთ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მათი აგრესიული ქცევა გახშირდეს (Fabes, Gaertner&Popp, 2006; Raver et al., 2007).

ემოციური განვითარება დაკავშირებულია შემეცნებით განვითარებასთან, შესაძლოა, ბავშვის აზროვნების უნარი შეიზღუდოს, რაც თავისთავად გამოიწვევს სკოლაში წარუმატებლობას (ნაციონალური მეცნიერული საბჭო განვითარებად ბავშვზე, 2004). ბავშვებს, რომლებიც აგრესიულად იქცევიან, შესაძლოა გაუჭირდეთ სოციალური ინფორმაციის გადამუშავებაც, ვერ მოახერხონ სოციალური მინიშნებების სწორად გაგება და გადაწყვიტონ, რომ სხვებს მტრული განზრახვები აქვთ; შესაძლოა, არც კი მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია ან არ იფიქრონ პრობლემიდან ალტერნატიულ გამოსავალზე; დაბოლოს, არ გაითვალისწინონ აგრესიული ქცევის შედეგი (იხ. 1 თავი). მის თანაკლასელებს (და მასწავლებლებსაც) მისი ეშინიათ, მის საქციელს ხშირად უარყოფითად აღიქვამენ. პრობლემური ქცევის მქონე ბავშვების რეპუტაცია ართულებს მათ ინტეგრირებას თანატოლებსა და მასწავლებლებთანაც მაშინაც კი, როდესაც ისინი სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას იწყებენ (Coie&Koeppl, 1990). სწორედ ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ყველაზე მეტად სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება.

 

როგორ იძენენ ბავშვები ემოციური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო უნარებს?

უფროსები სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების მოდელირებას ახდენენ და მათ მაგალითზე ბავშვებიც სწავლობენ. თუმცა ადრეულ ასაკში ბავშვები გაცილებით მეტს სწავლობენ თანატოლებთან ურთიერთობისას (Fabes et al., 2006). ისინი სოციალურად თანასწორებთან ერთად (რომლებიც ოჯახის წევრებთან შედარებით ნაკლებად მიმტევებლები არიან) გაითამაშებენ როლებს და აწყდებიან ისეთ დილემებს, რომლებიც უფროსებთან არ ხვდებათ. შედეგად, თუ ისინი სოციალურად უნარიანები არიან და ურთიერთქმედებაც პოზიტიურია, სწავლობენ მართვას, დამორჩილებას, იდეების გაცვლა-გამოცვლას, კომუნიკაციას, ხიფათსა და მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხის გაცემას, შეთანხმებას, კომპრომისს, ანგარიშის გაწევას, პრობლემების მოგვარებას, განსხვავებული პერსპექტივების დანახვას, დარწმუნებას, რიგის დაცვას, აზროვნებას, თანამშრომლობას, გაზიარებას, თანადგომას, მჭიდრო კავშირების დამყარებას და მშვიდი ურთიერთქმედების ხელშემწყობ წესებსა და დეტალებს.

სოციალური უნარების მქონე ბავშვები ერთად ყოფნას ამჯობინებენ. რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, სოციალურად მით უფრო კომპეტენტურები ხდებიან. მათთვის კონფლიქტიც სასარგებლოა – ეხმარება მათ ყველა ამ უნარის განვითარებაში, სხვა ადამიანების განცდების გაგებაში (Fabes et al., 2006).

ამის საპირისპიროდ, რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს შესაძლოა თანატოლებისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეთ. მათი სოციალური ურთიერთქმედება ხშირად ხანმოკლეა, ნეგატიური და დესტრუქციული, რადგან ამ ბავშვებს სათანადოდ არ აქვთ გამომუშავებული სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარები, უჭირთ თავიანთი განცდების მართვა. სოციალურ-ემოციურად მათზე მეტად განვითარებული ბავშვებისგან უარყოფილებს და გარიყულებს, არ ეძლევათ საჭირო უნარების (Fabes et al., 2006) შეძენის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჯგუფიდან გარიყვის შემდეგ ბავშვს შესაძლოა ჰყავდეს მეგობარი (Katz&McClellan, 1997) და სწორედ ეს მეგობრობა იცავს გარიყულობის საზიანო ეფექტებისგან (Andrews&Trawick-Smith, 1996). მეორე მხრივ, ის ბავშვები, რომლებიც აგრესიულობის გამო გარიყეს, ხშირად ერთად იკრიბებიან და ერთმანეთის ანტისოციალურ მიდრეკილებებს განამტკიცებენ (Bagwell, 2004).

თანატოლები ძალიან მნიშვნელოვანი როლური მოდელები არიან: ბავშვები ცდილობენ, მიბაძონ მათ, ვინც სოციალურ-ემოციურად მათი მსგავსია (Michelson&Mannarino, 1986). როდესაც ურთიერთობაში სოციალურად უნარიანი თანატოლები არიან ჩართული, პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები ნაკლებად აგრესიულები და მეტად მიღებულებიც არიან (Bierman, 1986). სასტიკი მოპყრობის მსხვერპლ და უგულებელყოფილ ბავშვებზე ჩატარებული კვლევის დროს მასწავლებლის მიერ სასურველი ქცევის განმტკიცებამ მხოლოდ 12%-ში გამოიღო ნაყოფი, მაგრამ როდესაც პროცესში თანატოლებიც იყვნენ ჩართული, პოზიტიური პასუხები 53%-მდე გაიზარდა (Strayhorn&Strain, 1986). სოციალურად კომპეტენტური თანატოლები, რომლებსაც ყოველდღიურად შეუძლიათ მისაღები ქცევის მოდელირება და განმტკიცება, პრობლემური ქცევის მქონე ბავშვებისთვის საუკეთესო მასწავლებლები არიან (Slaby et al., 1995; Vitar&Tremblay, 1994).

 

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარები?

ვინაიდან პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები უკეთესად სწავლობენ, როდესაც სოციალურად უნარიან თანატოლებთან ერთად არიან, სასურველია სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების მთელი ჯგუფისთვის ან სკოლისთვის სწავლება, როგორც ამას პოზიტიური ქცევის განმტკიცების სისტემა გვთავაზობს. ყველა ბავშვი მოგებული რჩება: არავინ არის გარიყული ან გამორჩეული; ყველა სწავლობს ერთსა და იმავე ცნებებს და ლექსიკას, რაც გაცილებით ამარტივებს დღის განმავლობაში უნარების მოდელირებას, გამოყენებასა და განმტკიცებას (Elias&Schwab, 2006). ამ ტიპის უნივერსალური ინტერვენცია (ჩარევა) ბავშვების 80-90%-თან წარმატებულია (Sugai, Horner&Gresham, 2002). მხოლოდ რამდენიმე მათგანს შეიძლება დასჭირდეს ინტენსიური ინტერვენცია, რომელიც შეიძლება მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული პატარა ჯგუფზე ან ინდივიდუალიზებული იმ ბავშვისთვის, რომელსაც მუდმივად პრობლემები აქვს.

ზოგიერთი ექსპერტი საბავშვო ბაღის პერიოდს ოპტიმალურ დროდ მიიჩნევს ინტერვენციის დასაწყებად (Bierman&Erath, 2006; Mize&Ladd, 1990).

სოციალური და ემოციური სწავლების პროგრამები ხშირად ალბერტ ბანდურას დასწავლის სოციალურ-კოგნიტიურ თეორიას ეყრდნობა და მეთოდების ნაირსახეობას იყენებს, მათ შორის – დიდაქტიკურ ინსტრუქციას, მოდელირებას, როლურ თამაშებს, უკუკავშირსა და ჯგუფურ დისკუსიებს. როდესაც ბავშვი სტრესშია, რთულია ახალი უნარის გამომუშავებაზე გადასვლა (Elias&Butler, 1999), შესაბამისად, მრავალფეროვანი რეპეტიცია და პრაქტიკა წყნარ და უსაფრთხო გარემოში მეტად მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ კლასსა და ეზოში ინტერაქციის დროს ამ უნარებს ყოველდღიურად განამტკიცებთ, რათა ბავშვებს მათ გენერალიზებაში დაეხმაროთ (Mize&Ladd, 1990).

სოციალური და ემოციური სწავლების კურიკულუმში ინტეგრირება მას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის (Elias&Schwab, 2006). მაგალითად:

* ფიქციური პერსონაჟების გრძნობებზე საუბრით ან თემის დაწერით;

* მათი ქმედებების სხვებზე გავლენის განხილვით და იმაზე სპეკულირებით, რა მოხდებოდა, სხვა არჩევანი რომ გაეკეთებინათ – შესაძლოა, ბავშვები სხვისი აზრის გათვალისწინებაში გავარჯიშდნენ;

* როდესაც აქტივობას ემოციურ-სოციალური უნარის გამომუშავებაზე ატარებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ როლური მოდელი ხართ და ყურადღება მიაქციეთ, რომ პროსოციალურობის თქვენი მაქსიმუმი აჩვენოთ;

* ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებში გათვითცნობიერება.

ხშირად ბავშვი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩართულობა, ყველაზე ნაკლებადაა დაინტერესებული, რომ მონაწილეობა მიიღოს. შესაძლოა, იმიტომ, რომ ეს იდეა ეწინააღმდეგება ქცევათა იმ შაბლონს, რომელსაც ჩვეულებრივ ეყრდნობა, ან აკლია თვითშეფასება, რათა დაიჯეროს, რომ რამეს საერთოდ შეუძლია ჯგუფში მისი სტატუსის შეცვლა. თუ მას მონაწილეობა არ სურს:

* ოთახის ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია მოსმენა;

* შენიღბეთ და გააცოცხლეთ რეალური ამბები მარიონეტების, სურათების, ნახატების, წიგნების, როლური თამაშებისა და დისკუსიების საშუალებით.

ამ უსუბიექტო და ექსტერნალიზებული მიდგომით არავინ იფიქრებს, რომ აქცენტს პირადად მასზე სვამენ და მომდევნო ჯერზე უნარებს ყველა განავითარებს. როგორც ყოველგვარი სწავლების პროცესი, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო სწავლებაც უნდა იყოს სახალისო, ბავშვის განვითარების დონის შესაბამისი და კულტურის მიმართ სენსიტიური.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე იდეა:

* ჩართეთ პროგრამაში როლური და სხვა თამაშები.

* გადაიღეთ ვიდეო და შემდეგ განიხილეთ.

* სთხოვეთ ბავშვებს, გაგიზიარონ ამბები პროსოციალურ ქცევაზე, რომლის მოწმეებიც გახდნენ.

* საჯაროდ იზეიმეთ მიღწევები.

* დაუკავშირეთ აქტივობები ბავშვების მიზნებს – მეტი მეგობარი, უკეთესი აკადემიური მიღწევები, უფრო უსაფრთხო სკოლა (Thornton et al., 2000).

ბავშვები რეალურ სიტუაციებში იყენებენ ნასწავლს. ჩვენი მოვალეობაა, ყურადღებით ვიყოთ და ბიძგი მივცეთ, ვუკარნახოთ, რათა უზრუნველვყოთ სასურველი შედეგის მიღება. სასურველი ქცევის განმტკიცება ბავშვს მიანიშნებს, რომ ის სწორი მიმართულებით მიდის და სტიმულს მისცემს მცდელობის გაგრძელებისთვის. როდესაც ბავშვი ამ უნარებს მყარად გაითავისებს, შეგვიძლია, ჩვენი ჩარევის ხარისხი თანდათან შევამციროთ, რადგან ბუნებრივი ჯილდო – უკეთესი ურთიერთობა თანატოლებთან – საკმარისი იქნება. კვლევებმა ცხადყო, რომ სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების შედეგიანი სწავლების გასაღები მასწავლებლის ენთუზიაზმია (Thornton et al., 2000).

მთავარია, ვირწმუნოთ, რომ ძალადობის პრევენცია შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია. მიჯაჭვულობის თეორიის მიხედვით ხომ რაც უფრო სენსიტიურია მზრუნველი და ხშირად რეაგირებს ბავშვის მინიშნებებზე, მით უფრო უკეთესად მართავს ბავშვი საკუთარ ემოციებს. მეორე მხრივ, თუ მასზე მზრუნველი არაპროგნოზირებადია, მიუწვდომელი ან უარმყოფელი, ბავშვი სწავლობს თავისი გრძნობების იმ ფორმით მართვას, რომელიც ჯგუფში შესაძლოა მიუღებელი იყოს (Greenberg, DeKlyen, Speltz&Endriga, 1997). მისი ურთიერთობა თავის მზრუნველთან მომავალი ურთერთობის მოდელი და ღირსების განცდის საფუძველი ხდება (Bowlby, 1969/1982).

გრძნობებზე საუბარი – მათი ამოცნობა, აღიარება, დასახელება და გათამაშება –იმის სწავლაში ეხმარება ბავშვებს, როგორ განასხვაონ და გამოხატონ თავიანთი ემოციები (Dunn&Brown, 1991). ეს ემოციური გათვითცნობიერება სოციალური კომპეტენციებისა და ემოციური რეგულაციისთვის ფუნდამენტურია და, ამავე დროს, ბავშვებს ძლიერი იარაღით ამარაგებს: ნაცვლად გრძნობების ფიზიკურად გამოხატვისა, სიტყვების გამოყენების საშუალებას იძლევა (Raver, 2002). ყოველთვის, როცა ბავშვებს ემოციები მოსჭარბდებათ, კარგი იქნება, მათი სახელდება და ერთად განხილვა.

* ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობს და შესთავაზეთ ერთი ან ორი ვარიანტი, მაგალითად, „იმან გაგაბრაზა, რომ ჯეფრიმ სარბოლი მანქანა აიღო?“

* ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ პოზიტიურ ემოციებზე: „ჩანს, შენ და ლეოს ეს წიგნი ძალიან მოგეწონათ”.

* დაეხმარეთ ბავშვებს, გაარკვიონ, რომელი სიტუაცია რა ემოციას აღძრავს: „მოწყენილი ხარ, რაკი ნოა თამაშის საშუალებას არ გაძლევს?“

* ესაუბრეთ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანს ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვაადასხვა ემოცია გაუჩნდეს: „გიო აღგზნებულია სასრიალოდან დაშვების წინ, ირინე კი ძალიან შეშინებულია“.

ბავშვები საკუთარი გრძნობების გაცნობიერებას სწავლობენ:

* წარმოსახვით თამაშებში ჩართვით;

* სხვებზე დაკვირვებით;

* სარკეში ყურებით:

* სხვადასხვა ემოციის გამომხატველი ადამიანების სურათების თვალიერებით;

* კითხვების დასმით, რთულ სიტუაციებში უფროსისგან დახმარების მიღებით;

* ისეთი სტრატეგიების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, საკუთარ თავთან საუბარი (Dunn&Brown, 1991).

საუკეთესო იარაღი იმისთვის, რომ ბავშვმა თავისი ემოციები მართოს, ჩვენი ურთიერთობის სტილია. როდესაც ემპათიით (სხვა ადამიანთა ქცევის გაგების უნარი) ვუსმენთ და ვპასუხობთ ბავშვს, არა მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ, არამედ ვეხმარებით კიდეც, გაუმკლავდეს თავის გრძნობებს და ვუძლიერებთ იმის განცდას, რომ ემოციების გაკონტროლება შესაძლებელია (Karen, 1998).

ასეთივე მესიჯს ვაგზავნით, როდესაც გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს (პოზიტიურსა თუ ნეგატიურს): ბავშვი სწავლობს, რომ სავსებით ბუნებრივია, გვქონდეს და გამოვხატავდეთ ემოციებს და, ამასთან, მათი მართვაც შეიძლება. თუკი ეცოდინება, რომ საჭიროების შემთხვევაში მის გვერდით ვიქნებით, შესაძლოა, მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოს თავი, თვითონვე გაუმკლავდეს საკუთარ რთულ გრძნობებს და მეტიც – გაითვალისწინოს სხვისი (Karen, 1998).

მას შემდეგ, რაც ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ყველა არ განიცდის იმას, რასაც თვითონ განიცდიან და რომ სხვადასხვა ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა გრძნობა ჰქონდეს, მათ შეუძლიათ ისწავლონ სხვათა ემოციების წინასწარ განჭვრეტა და ადეკვატურად რეაგირება. შესაძლებლობა, დაინახო სიტუაცია სხვისი თვალით, სამყაროს შესახებ ბავშვების ხედვას სრულიად ცვლის და აგრესიული ქცევის გაკონტროლებისთვის გადამწყვეტია (Beland, 1996; Cartledge&Milburn, 1995; Slaby et al., 1995).

პრობლემური ქცევის მქონე ბავშვებს ვითარებისა თუ სხვათა ემოციების სხვისი თვალით დანახვა უჭირთ. თანატოლის გაბრაზების ან განცდების გამო მათ შესაძლოა საფრთხის შეგრძნება გაუჩნდეთ და თავი დაიცვან მისი იგნორირებით ან ტკივილის მიყენებით (Thompson&Lagattuta, 2006). ბავშვებმა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ყოფილან ან შესწრებიან ძალადობას, შესაძლოა ემპათიის უნარი დაიბლოკონ, რათა ტრავმას გაუმკლავდნენ (Beland, 1996).

ამის საპირისპიროდ, ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ სხვისი გრძნობების წარმოდგენა, აგრესიული ქცევისკენ ნაკლებად არიან მიდრეკილნი. როდესაც ბავშვს შეუძლია გაუგოს და თანაუგრძნოს თანატოლს, მეტი შანსია, დაეხმაროს მას და ნაკლები, რომ მასზე გაბრაზდეს ან არასწორად შეაფასოს ვითარება და მისი ზრახვები (Eisenberg&Fabes, 1998). ასეთ ბავშვებს შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი სიტყვებისა და ქმედებების შედეგები და მიხვდნენ, რომ ხელის კვრამ ან დაცინვამ შესაძლოა ვინმე დააზიანოს. ისინი უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ, ითვალისწინებენ სხვების გრძნობებს პრობლემების გადაწყვეტისას, რითაც სასურველი გამოსავლის პოვნის შანსს ზრდიან (Ianotti, 1985).

ბავშვებს ემპათია შეიძლება ვასწავლოთ იმავე ტაქტიკით, რომლითაც ემოციების გაცნობიერებასა და სახელდებაში ვეხმარებით. აუცილებელია, ავუხსნათ:

* პროვოკაციულ ქმედებასა და ემოციურ შედეგს შორის კავშირი (“სარას ცუდ გუნებაზე აყენებს ის, რომ არ ათამაშებ”);

* წავახალისოთ და განვამტკიცოთ ემპათიის ნიშნები ჯგუფში;

* დავგეგმოთ აქტივობები, რომლებიც ბავშვებს სხვისი აზრისა და განცდის დანახვა-გაზიარებაში გაავარჯიშებს.

როგორც ყველა სხვა სოციალურ და ემოციურ უნარს, ემპათიასაც სჭირდება ვარჯიში. სხვადასხვა კულტურას ემოციების რეგულაციისა და გამოხატვის შესახებ განსხვავებული დამოკიდებულება და ხედვა აქვს. ინდივიდუალისტურ ევროპულ და ამერიკულ კულტურებში ბავშვებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი გრძნობები თავისუფლად გამოხატონ. კოლექტივისტური კულტურების მქონე ქვეყნებში, იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში, სადაც ჯგუფური ჰარმონია ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები გრძნობებს მალავენ, რომ სხვებს არ აწყენინონ (Chan&Lee, 2004). ერთი კულტურიდან მეორეში მოხვედრისას ბავშვებმა შესაძლოა ძნელად აღიქვან განსხვავებული ემოციური ხერხები (Gonzalez-Mena, 2008). მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების რეაქციები და სწავლება იყოს კულტურულად სენსიტიური. მაგალითად, ვეცადოთ, ბავშვი კოლექტივისტური კულტურიდან არ მოვახვედროთ ისეთ სიტუაციაში, სადაც თანაკლასელის საპირისპირო აზრის გამოთქმა მოუწევს.

სოციალური და ემოციური უნარების ზოგიერთი პროგრამა ბავშვს ასწავლის, ბრაზის ან იმედგაცრუების (ფრუსტრაციის) განცდისას ხმამაღლა შეახსენოს საკუთარ თავს: „შეჩერდი, დააკვირდი და მოუსმინე”. ხმამაღლა საუბრითა და აზროვნების ფარული პროცესების გახმოვანებით მასწავლებლებს მაგალითის მიცემა შეუძლიათ. ბავშვებმა ასევე შეიძლება ისწავლონ:

* ღრმად სუნთქვა,

* ხუთამდე დათვლა,

* სარელაქსაციო ვარჯიშები.

სანამ ყოველივე ამას რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ, სასურველია, ბავშვებმა მშვიდ ვითარებაში ივარჯიშონ. კარგი იქნება, მასწავლებელსა და თანატოლებთან ერთად გაითამაშონ პოტენციურად პროვოკაციული სიტუაციები. აუცილებლად გამოიყენონ მინიშნებები, რეპლიკები და განმარტებები.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. https://www.weareteachers.com/emotional-regulation/
  2. https://www.youtube.com/watch?v=gpPgmJJyeXY
  3. https://portage.ge/sites/default/files/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.pdf

სიყრმის წიგნების საზოგადოება

0

 

მესიზმრებოდა, რომ განძის საპოვნელად მიწას ვთხრიდით მე და ჩემი მეზობელი, რომელიც სულაც არ ჰგავდა ჰეკლბერის და ეზოს უკან, ჩაის სიმბოლურ პლანტაციებში გამოყოლაც კი ეზარებოდა სათამაშოდ. მაგრამ სიზმარი რისი სიზმარია. ჰოდა, ვთხრიდით. საქმე და მთელი უბედურებაც ის იყო, რომ სწორედ მაშინ მეღვიძებოდა, როცა ნიჩაბს სკივრს დავკრავდი და სიამაყით გადავხედავდი ჩემს თანამზრახველს. ან იქნებ ამ ამბის მთავარი სიკეთე სწორედ ეს გამოღვიძება უნდა ყოფილიყო? მერე რაღა მენახა სიზმრად?

მე და ჩემი მშობლები ერთი დასახელების წიგნებს ვკითხულობდით ჩვენ-ჩვენს ბავშვობაში. გარდა, ვთქვათ, ვინმე საშუალო რანგის ინგლისელი მწერლის საყმაწვილო დეტექტივებისა, რომელთა მსგავსი წიგნები 90-იანების კოოპერატივ-გამომცემლობებმა მრავლად ბეჭდეს და სადაც, ვთქვათ, კოლეჯის მოსწავლის ამბავია მოთხრობილი, რომელიც ფოტოაპარატის საყიდლად ფულს აგროვებდა, მაგრამ იმ დანაზოგით დურბინდი იყიდა, რადგან რაღაც კერძო გამოძიებაში ჩაერთო. მეც დავიწყე ფულის გროვება და მერე მთელი ეს ოთხი ათასი კუპონი რობერტო ბაჯოს „ნაკლეიკაზე“ გადავცვალე, 4 ნომერი იყო და ძნელად ამოდიოდა, როგორც მაშინ ვიტყოდით ხოლმე.

არ ვიცი, რატომ ერქვა „ბიძია თომას ქოხს“ საბავშვო, მაგრამ ტვენის თავზარდამცემად გენიალური ამბების გვერდით ეს წიგნი მომაჩეჩეს და მთელი კითხვის პროცესი უცხადესად მახსოვს. აჰა, ჩემი სოფლის ოდის ოთახი. კოღოები. და კედელზე რატომღაც ლომონოსოვის სურათი, რომელიც სულაც სამყაროს შემქმნელი მეგონა. მონები. ბამბა. ამერიკა. საბძელში მცხოვრები გომბეშოს ყიყინი. და სხვა მსგავსი რომანტიკანი. ძალიან მაგარი და დაუბრუნებელი – ჩემი აზრით. ხოლო ამის მერე რატომღაც „სალამურას თავგადასავალი“ წავიკითხე – დიდი ქართული ზღაპარი.

მაგრამ მარტო წიგნები როდი გახსენდება – ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა. აი, ერთი გოგო, რომელიც ასაკით ჩემზე უფროსი იყო. მე ბეკი დავარქვი და მიყვარდა. ბებიაჩემი ასწავლიდა და დავყვებოდი გაკვეთილზე. და მინდოდა, რამე დაეშავებინა და მერე ეგ ამბავი ჩემს თავზე ამეღო და ბებიაჩემს მის მაგივრად გავეწკეპლე. ასე იცის…

მაგრამ იმ დიდი, აუცილებელი ავტორების გარდა (ვერნი, რიდი, სტივენსონი და სხვანი), რომლებსაც მგონი ახალი თაობა აღარასდროს წაიკითხავს, იყო სხვა წიგნებიც – ვანო ურჯუმელაშვილის „სამხრეთის ვარსკვლავი“, მოთხრობა საბჭოთა, სამაგალითო პიონერზე, იური ოლეშას „სამი გოდორა“, რომელსაც ბოლო სამი გვერდი აკლდა და დღემდე მათი დარდი მაქვს, „ფილმი ზღაპრები“ – ანიმაციები ტექსტად, ლამის მთელი ტელედანაკლისი რომ ამინაზღაურა და სხვანი. ვინ იცის, სად აწყვია ახლა ეს წიგნები, ან აწყვია კი?

„ბემბის“ რომ ვკითხულობდი, გარდა ამბის განვითარებისა, საშინლად მაინტერესებდა, რა ერქვა ავტორს. საბჭოთა გამომცემლებს დაჟინებით მიეწერათ: ფ. ზალტენი. წიგნს ასეთი, გარე-ფეტიშებიც აქვს. ბლომად. მერე მოძებნი. უი, ფელიქსი, – იტყვი და თითქოს დიდი ამოცანა ამოხსენი.

რაღაც წიგნები საერთოდაც გამოვტოვე. არ მქონდა. მერე დამეზარა. მაგალითად, „პინოქიო“ (მისი წვრილცხვირა კლონის საქმე ვიცოდი) და „კარლსონიც“ სულ ახლახან გადავშალე. პრინციპით „წაკითხული ხომ უნდა გქონდეს“. მივხვდი, რომ დიდი წიგნებია, მაგრამ იმასაც, რომ რაღაც ბავშვობაში უნდა წაიკითხო. ემილის ახლა ვერაფერი ჩაანაცვლებს, თავისი გამოთლილი კაცუნებით.

ასე ბევრი გამოვა, წერტილი უნდა დავსვა.

როგორი დასასმელია, იმ სიზმრიდან გამოფხიზლებას ჰგავს, ზევით რომ მოგიყევით – სკივრს ნიჩაბს დაარტყამ და უნდა გაიღვიძო. რას იზამ.

მის ლიზი, თავგადასავლების მაძიებელი მასწავლებელი ამერიკიდან

0

ოცდარვა წლის ლიზ კარლსონი საქართველოში ცხოვრობს და ასწავლის. პირველად 2014 წელს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოვიდა, მაშინ 25 წლის იყო. ლიზი ამერიკიდან, მინესოტას შტატიდანაა.

 

“ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”  პროგრამა 2010 წელს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად  ინგლისურენოვან მოხალისეთა ჯგუფი სტუმრობს. მოხალისე მასწავლებლები  მასპინძელ  ოჯახებში ცხოვრობენ და დასაქმებულები არიან საჯარო სკოლებში, სადაც უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული სასკოლო და სათემო ცხოვრებაში.

საგანმანათლებლო პროგრამის  შესახებ ლიზს დედის მეგობარმა შეატყობინა  და  პროგრამის ბმული გაუგზავნა. ეს იყო 2012 წელს. ლიზი ადგა და საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად ბიბლიოთეკაში წავიდა და მოიძია ცნობები ქვეყნის შესახებ. ” ასე გავიგე, რომ ქართველები სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხია. ვფიქრობდი “ჰმმ, ლიზ, ეს “ღვინისა და მშვენიერი ბუნების ქვეყანა შესაფერისია შენი მომავლისთვის” .  ასეთი ოპტიმისტური დასაწყისი აქვს ამერიკელი მოხალისე მასწავლებელის  ურთიერთობას საქართველოსთან.

ლიზი თავგადასავლების   და სიახლეების მოყვარული მასწავლებელია. სანამ საქართველოში  ჩამოვიდოდა 2013-2014 წლებში იყო მოხალისე ფერმებში ( worldwide opportunities on organic farms: wwoof.net) სლოვენიაში, უელსში, გერმანიაში, ისრაელში და შვეიცარიაში.  უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივ საშუალო სკოლაში ინგლისური ლიტერატურის და წერის მასწავლებელი იყო და ეს საქმიანობა ძალიან მოსწონდა. მაგრამ, ამის მიუხედავად რადგან 24 წლის იყო და თავგადასავლები უნდოდა, ერთი გზის ბილეთი იყიდა და ასე ჩამოვიდა საქართველოში.

საქართველოში ჩამოსული ლიზი პირველად კასპის N 3 სკოლაში მოხვდა. მეორე წელს კი რუსთავში ასწავლიდა N 14 და N7 სკოლაში. ” ვფიქრობდი , რომ საჭმელი ძალიან გემრიელი იყო, ბუნება შესანიშნავი, ენა მშვენიერი, ცეკვა მაგარი, ბავშვები იყვნენ კაშკაშა  და თვალებბრიალები , ქალები პრანჭიები და კაცები უხეშები. თუმცა, ახლა უკვე ბევრი კარგი მეგობარი მყავს”- იხსენებს ლიზი  პირვანდელ შთაბეჭდილებებს.

 

ლიზი ამჟამად თბილისში, ერთ-ერთ სახელოვნებო სკოლაში ასწავლის. როდესაც, დიდ ზურგჩანთამოკიდებული ლიზი მძიმე რკინის კარს აღებს და ოთახში შემოდის,   მის დანახვაზე, პატარა მოსწავლეებს თვალები უბრწყინდებათ და მასთან ჩასახუტებლად რიგი დგება. ხოლო ის სიმღერები, რომელსაც გაკვეთილზე მღერიან პატარა ბავშვების ყოველდღიურობის მელოდიად იქცევა. თამაშით და მუსიკით პატარები ინგლისური ენის შესწავლას ხალისით და დაუზარლად ცდილობენ.

 

ახალგაზრდა მასწავლებელი  რუსთავში ცხოვრობს მასპინძელ ოჯახთან ერთად. ” რუსთავი კარგი და წყნარი ქალაქია. ხშირად მივდივარ ტყეში სარბენად. ძალიან მომწონს ჩემი ქართული ცხოვრება, ჩემი მასპინძელი ოჯახი, სადაც მასპინძელი ბებოს და პაპას ქართულად ველაპარაკები, მომწონს ქართული სტუმართმოყვარეობა, ხალხური მუსიკა და ცეკვა, ჩემი მოსწავლეები და სწავლების პროცესიც. ახალგაზრდების აზრი ძალიან მაინტერესებს. ისინი ახალ იდეებს შთამაგონებენ. გაკვეთილების შესახებ კი  ვფიქრობ, რომ გაკვეთილები აუცილებლად უნდა იყოს მხიარული და ორგანიზებული” – ამბობს ლიზი და გაკვეთილების პარალელურად, ახალ პროფესიას ეუფლება  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის ფაკულტეტზე. ლიზის სურვილია მუდმივად იყოს მასწავლებელი და სტუდენტიც. თავგადასავალი, სიახლეები, სწავლა, თან სტაბილურობა და საყვარელი საქმის კეთება არის ის სურვილი, რაც საქართველოში ჩამოსულმა ლიზმა ერთბაშად მოიპოვა.

 

 

 

 

 

 

 

რატომ ამბობს ბავშვი ტყუილს

0

რამდენჯერ გითქვამთ ტყუილი თქვენს სიცოცხლეში? ალბათ იმდენჯერ, რომ თითოეული მათგანისთვის მიზერულ თანხას რომ იღებდეთ, ახლა მანჰეტენზე საკუთარი პენტჰაუსის მფლობელი იქნებოდით.
თუმცა, რა თქმა უნდა, სიცრუეც არის და სიცრუეც. ის ერთ-ერთი ყველაზე რთული და, იმავდროულად, მრავალფეროვანი კონცეფციაა. მაგალითად, როდესაც ადამიანს შეუძლია ეფექტურად გაყიდოს მეორადი, უკვე კარგად ნახმარი მანქანა, ეს სხვა ტიპის სიცრუეა, რომელიც ბევრ ადამიანს ახასიათებს და შეიძლება, ერთგვარ ნიჭადაც მივიჩნიოთ.
ვიქტორია ტალვარის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ბავშვების მკაცრი აღზრდა და მშობლების მკაცრი მიდგომა მატყუარა და ორპირ შთამომავლობას გვიქადის. კვლევა დასავლეთ აფრიკის ორ სკოლაში ჩატარდა. ერთგან ბავშვებთან მშვიდად ურთიერთობდნენ, ხოლო მეორეგან – მკაცრად. ბავშვებს უნდა გამოეცნოთ, რომელი საგანი რა ხმას გამოსცემდა, ისე, რომ მისთვის არ შეეხედათ. თანაც ეს ხმები დამახინჯებული, შეცვლილი იქნებოდა. კვლევის ბოლოს კი ამ საგნების იდენტიფიცირება უნდა მოეხდინათ.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც მკაცრი რეჟიმის სკოლაში სწავლობდნენ, იტყუებოდნენ, თითქოს ხმა სწორად გაიგეს. მკვლევრები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ეს ადასტურებს მათ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მშობლები, რომლებიც მკაცრი წესებით ცდილობენ შვილების აღზრდას და ხშირად სჯიან მათ, საბოლოოდ იღებენ მატყუარა გოგო-ბიჭებს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან დაშინებულ ბავშვს სიმართლის თქმისა ეშინია და ცდილობს, სასჯელი ტყუილის თქმით აიცილოს თავიდან.
კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ ბევრ მშობელს გაუჩნდა კითხვა, როგორ აღზარდოს შვილი ისე, რომ ის მატყუარად არ ჩამოყალიბდეს.
აღიარეთ ტყუილი და მისი სხვადასხვა ხარისხი
სიცრუე ყველა ადამიანის ბუნებაში ზის, მაგრამ ის ერთმანეთისგან განსხვავდება.
ბავშვი ტყუილზე დამოკიდებული რომ არ გახდეს, მთავარია, მისი პირველი ტყუილი დროზე გამოვააშკარაოთ და ძალიან მკაცრად არ დავსაჯოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ჯერზე ის შიშის გამო დამალავს სიმართლეს. ნაცვლად ამისა, ჯობს ჩაუღრმავდეთ მისი ტყუილის მიზეზს, გაარკვიოთ, რატომ მოიქცა ასე და მშვიდად აუხსნათ, რომ “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა”.
შეისწავლეთ თქვენი შვილის შემოქმედება და ბავშვური აზროვნება
ხშირად ბავშვები მიამიტურად იტყუებიან. იგონებენ ისტორიებს, თხზავენ ლეგენდებს, ზღაპრებს და ამით საკუთარი კომფორტის ზონის შექმნას ცდილობენ, რაც სულაც არ არის საშიში, პირიქით, შესაძლოა, ბავშვის მდიდარი ფანტაზიის, მაღალი ინტელექტის გამოხატულება იყოს. ამიტომ შეეცადეთ, გამოიყენოთ მათი ტყუილები მათსავე სასიკეთოდ. მაგალითად, ამ ფანტაზიებზე დაყრდნობით შექმნათ პროექტები, ნახატები, ახალი ისტორიები, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თქვენი შვილის ინტელექტის განვითარებას.
შექმენით უფრო მიმტევებელი და კომფორტული გარემო თქვენი შვილისთვის
დაანახეთ შვილს, რომ მის დასჯას კი არა აპირებთ, არამედ, პირიქით, გინდათ, გაუგოთ. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან შიშის გარეშე დაიწყოს თქვენთან კომუნიკაცია და მიხვდეს, რომ ტყუილი არ სჭირდება, ეს კი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მშობლის დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს.
ასე რომ, მშობლებო და მომავალო მშობლებო, ვისაც გყავთ ან ძალიან გინდათ მემკვიდრეები, გახსოვდეთ, დაშინება, მკაცრი მოპყრობა, თითის ქნევა და ყურის აწევა თქვენს შვილს მატყუარად აქცევს და მომავალში ამ ტყუილების წყალობით ის თქვენი ათას ერთი თეთრად გათენებული ღამის მიზეზი გახდება.

   ალექსანდრე დიუმა  თბილისში

0

  „ აი, უეცრად, სიხარულისგან შევყვირეთ. გზის გადაღმა, უსკრულის სიღრმეში ბობოქრობდა მტკვარი. მთის ფერდებზე კი იარუსებად გაშლილიყო და მდინარის ნაპირებამდე ეშვებოდა ქალაქი, დაწიოკებული ჩიტების გუნდის მსგავსი სახლებით, რომლებიც თითქოს ისე დამსხდარიყვნენ აქა-იქ, როგორც მოხვედროდათ”- ეს ალექსანდრე დიუმას პირველი თბილისური შთაბეჭდილებაა. მწერალი 1858 წელს ჩამოვიდა თითქმის უცნობ, მისი წარმოდგენით ნახევრად ველურ ქვეყანაში თავის თამმხლებსა და მეგობართან, მხატვარ მუანესთან ერთად.

დიუმას „კავკასიაში“ ცოცხლდება საუკუნის საქართველო, მისი ცხოვრება, პოლიტიკური მოვლენები და კულტურული ვითარება, სოციალური მდგომარეობა და გასტრონომიული მიმოხილვა, რასაკვირველია. ამის გარეშე, დიდი ენციკლოპედიის ავტორის მოგზაურობა წარმოუდგენელია.

მწერალი ერთგვარი ფრანგული კრიტიკით უდგება  ქართველთა ზოგიერთ წესსა და ჩვევას, მაგრამ მალევე ასკვნის, რომ  საწყენი იქნება, რომ ევროპამ, ადგილობრივთა სამოსის ცვლასთან ერთად შეცვალოს მათი „ იარაღის ბრწყინვალება და  გულების ოქრო“.

აზიისა და ევროპის პაწია გზაჯვარედინი საინტერესო და უცნაური ქალაქი იყო, ტალახიანი გზებით, ხაბარდებითა და აქლემებით, ოპერითა და მეთევზეებით, მწერლებითა და  მსახიობებით, არისტოკრატიით, ათასი ჯურის ავანტიურისტითა და ყაჩაღით, აბანოებითა და ნოქრებით…ხმაურიანი, ცოცხალი, საინტერესო ქალაქი…

მუშკეტერების ავტორის თავგადასავლები იმავე საღამოს დაიწყო….

თავზეხელაღებულმა დალაქმა ისე მოკლედ შესჭრა თმა, რომ დიუმა დიდხანს ფიქრობდა, წარსულიყო თუ არა თეატრში იმ საღამოს, „ლომბარდიელებზე“. ბოლოს მოხერხებული, მაგრამ საკმაოდ ძვირიანი შლიაპა იშოვა, ოპერაში წასვლა გადაწყვიტა და არც უნანია, რადგან თუ თბილისის სულის შეგრძნება გსურდა, თბილისელების ნახვა  და საერთოდ, თბილისური ყოფის გააზრება, ოპერის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

იმდროინდელი თბილისი ოპერით ცხოვრობდა, ქუჩაში არიებს მეეტლეები და მწვანილის გამყიდველი, ფეხშიშველა ბიჭები მღეროდნენ, საოპერო მუსიკა ძველ ტფილისურ მელოდიებთან ერთად მშვენივრად თანაცხოვრობდა მუშტჰაიდისა თუ ორთაჭალის ბაღებში…

ულამაზესმა ოპერის თეატრმა და სცენის ფარდამ მწერლის აღტაცება დაიმსახურა, იტალიელთა დასიც მშვენიერი იყო, თუმცა იქ დამსწრე მანდილოსნები და ოპერის საუცხოო შემკულობა უფრო იტაცებდნენ ფრანგი  დამკვირვებლის მახვილ  თვალს.

მეორე დღეს ქარვასლა და თბილისელი არისტოკრატები მოიარა, სადილი ზუბალაშვილებთან, ჭავჭავაძეებთან, ორბელიანებთან და ბოლოს, თბილისის აბანოების ჯადოქარი მექისეების ხელოვნება საკუთარ თავზე გამოსცადა…

მწერლის თაყვანისმცემლებმა, განსაკუთრებით, მანდილოსნებმა იმდენ ოჯახში დაპატიჟეს, რომ თბილისში სტუმრობის ბოლოს მან უკვე  მეტი რამ იცოდა ქართული სუფრისა და ღვინის შესახებ, ვიდრე თავად მასპინძლებმა.

„თბილისში იცნობენ პარიზულ კორსეტებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ პარიზში იცოდნენ, რას წარმოადგენს თბილისური, ქართული სუფრა…
 სუფრაზე ჭამენ ყველაფერს, რაც კი მოხვდებათ. კერძი ყველაზე უმნიშვნელო ნაწილია სადილისა, რომელიც ახალი მწვანილებისგან შედგება. რაც შეეხება სასმელს, ეს უკვე სხვა საქმეა,  ქართულ სუფრაზე ჩვეულებრივი მსმელები 5-6ბოთლ ღვინოს სვამენ, უფრო დიდი მსმელები კი 12-15 ბოთლს.  იატაკზე ეგო დიდი ხალიჩაზედ გაშლილი სუფრით. სუფრა, ჩვენთვის, ვინც ფუფუნებას ვიყავით შეჩვეული, გაწყობილი იყო თეფშებით, დანა-ჩანგლითა და კოვზებით. ადგილობრივსტუმრებს კი ძველი პატრიარქალური ჩვეულების თანახმად, ხელით უნდა ეჭამათ“.

დიუმას საქართველოში მოგზაურობას ბევრი საინტერესო სადილი და გასტრონომიული თავგადასავალი ახლდა,  სადილი მელიქიშვილებთან, სადაც ნანადირევის, კერძოდ, კურდღლისა და ხოხბისგან მომზადებული კერძები მიართვეს. სადილი წინანდალში, ჭავჭავაძეების ულამაზეს სასახლეში. საზეიმო სადილი ფოთში, ფოთისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად, სადაც თავად დიუმამ მოამზადა საოცარი კერძები – ღორის თირკმლები თუ შებრაწული შაშვი.

თუმცა, ყველაზე საინტერესო, ალბათ მაინც „ცისკრის“ რედაქციაში სადილია, რომლის საუკეთესო საბუთად ეს ცნობა  დაგვრჩა:

„„ბ-ნი ალექსანდრე დიუმა ეწვია ჩვენს უბადრუკ რედაქციას, სადაც მისთვის გამართულ სადილზე ქართველებზე მეტი ღვინო დალია.

1858 წლის 28 ნოემბერი.

ქართულ ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი ივანე კერესელიძე“.

 

 

 

 

 

„თეთრი ბაფთა“: სად იწყება ტერორი?

0

ამასწინათ ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ინტერვიუს ფრანგულად ნათარგმნ ნაწყვეტებს გადავაწყდი. ავსტრიულ ჟურნალ „კურიერში“ გამოქვეყნებული ვრცელი ინტერვიუ, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს. ნათარგმნი ნაწყვეტებიდან და ფრანგი მიმომხილველის კომენტარებიდან ჩანდა, რომ ცნობილი რეჟისორი მეტად გაეღიზიანებინა მოძრაობას #Metoo, რომელშიც ის „ახალი პურიტანიზმის“ საფრთხეს ხედავდა. ეს ყველაფერი სულ უფრო მეტად ემსგავსება კუდიანებზე ნადირობასო, – ამბობდა და იქვე განმარტავდა: ცხადია, ძალადობისა და შევიწროების ყოველგვარი გამოვლინება უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება – მთელი ეს ისტერიული განსჯა ჩემთვის სრულიად მიუღებელი და შემაძრწუნებელიაო.

მახაელ ჰანეკე ის რეჟისორია, რომელსაც უდავოდ ბევრი უფიქრია ძალადობაზე, სამყაროს ბნელ მხარეზე, ბოროტების ფესვებზე, დედამიწის გულამდე რომ უწევს. „ჩვენში იმდენივე ბოროტებაა, რამდენიც სიკეთე“, – ეს მისი სიტყვებია, რომელთა საილუსტრაციოდაც მისივე ფილმები გამოდგება. ამ ფილმებიდან კი ერთის გამორჩევა თუ მომიხდებოდა, ეს ნამდვილად „თეთრი ბაფთა“ იქნებოდა – მის ნახვას ყველა მშობელს, ყველა მასწავლებელს ვურჩევდი.

„Das weiße Band – Eine deutsche Kindergeschichte“ – ფილმის გერმანული სახელწოდება შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ: „თეთრი ბაფთა – გერმანული ამბავი ბავშვებზე“. არა, ეს საბავშვო ისტორია არ არის. იმ ბავშვების ამბავია, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდელ გერმანიაში, პროტესტანტული სულისკვეთებით აღსავსე გარემოში იზრდებიან. ჩრდილოგერმანულ სოფელში ერთმანეთს მოჰყვება ცუდი, უცნაური, თავზარდამცემი ამბები. დამნაშავე არსად ჩანს, დანაშაული კი შემაძრწუნებელი სიცხადით მიგვანიშნებს რომელიღაც ჭეშმარიტებაზე,  რომელიც ხელის გაწვდენაზე უნდა იყოს, მაგრამ მას ვერ ვხედავთ. დასაწყისში ყოვლად შეუძლებელია დაინახო ის, რამაც ფილმის დასასრულს მოულოდნელად უნდა გამოგაფხიზლოს.

ახალგაზრდა მასწავლებელი მომხდარში გარკვევას ცდილობს – პასუხისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. სანამ თვალი აეხილება, მანამდე უამრავი რამ უნდა მოხდეს…

2009 წელს გადაღებული ეს შავ-თეთრი ფილმი, რომელიც კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზით – ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოეს, სწორხაზოვანი ანალიზის, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა. ცხადია, ჩნდება ცდუნება – ნანახი ფაშისტური გერმანიის იმ სახეს დაუკავშირო, ნასწავლს, წაკითხულსა თუ ბებია-ბაბუების მონათხრობს რომ შეუქმნია: ფაშიზმის საწყისი პროტესტანტულ მორალსა თუ ყოველდღიურ პრაქტიკაში ეძებო. პასტორი ხელებს საწოლზე მიუბამს საბრალო ბიჭს, რომელიც თურმე ღამღამობით „საშინელ ცოდვას“ სჩადის. ბავშვებს მკლავზე თეთრ ბაფთას აბამენ, რომელმაც მათ დაკარგული უმანკოება, პირველქმნილი სისუფთავე უნდა გაახსენოს, ხან წკეპლას ურტყამენ, ხან უვახშმოდ აძინებენ… ოღონდ ეს ფილმი მხოლოდ გერმანული ფაშიზმის საწყისს არ იკვლევს. ის, ზოგადად, ძალადობისა და ტერორის, მათი ყოველდღიური გამოვლინებების კინემატოგრაფიული ანალიზის უდავოდ წარმატებული მცდელობაა.

სხვაგვარად ვერ ავხსნი იმას, რომ „თეთრი ბაფთის“ ნახვისას საბჭოთა ეპოქა, საბჭოთა სკოლის საშინელებები გამახსენდა. წარმოვიდგინე ასეთივე შავ-თეთრი ფილმი, თეთრპერანგიანი, მუქყელსახვევიანი ბავშვებით, პიონერული ატრიბუტიკით, სკოლის დერეფნებით, კიბეებით, პორტრეტებიანი კედლებით, სამასწავლებლოთი, დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით, სავალდებულო სამედიცინო შემოწმებით… მიხაელ ჰანეკე ამბობს, რომ პირველ მსოფლიო ომამდელი, ჩრდილოგერმანული სოფლის ნაცვლად შეეძლო გადაეღო ფილმი თანამედროვე ირანზე, რადგან მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის პოვნასაც ცდილობს, ასეთია: სად იწყება ტერორი? სად არის ძალადობის სათავე?

მძიმე, დამთრგუნველი ატმოსფერო, ჩაკეტილი სივრცის მოწამლული ჰაერი, რომელსაც მთავარი გმირები სუნთქავენ, ბოროტების გადამდები სენი, რომლის გასავრცელებლადაც ყველა პირობა არსებობს სოფელში… როგორც ჩანს, ერთმნიშვნელოვანი პასუხის ძებნის ცდუნებას ვერც მე გავექეცი. მეორე მხრივ, „ახალი პურიტანიზმის“ საფრთხე, რომელზეც ავსტრიელი რეჟისორი ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში საუბრობს, ღია საზოგადოებაში ჩნდება – თანამედროვე დასავლეთის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში. იქნებ თეთრი ბაფთის მკლავზე შებმის პრაქტიკაც გამართლებული აღმოჩნდეს მათ თვალში, ვისაც სურს, მუდამ გვახსოვდეს დაკარგული უმანკოება, დაშვებული შეცდომები, დღისით თუ ღამით ჩადენილი ცოდვები?

და მაინც, რატომ არის ეს ფილმი შავ-თეთრი? მიხაელ ჰანეკე ამბობს, რომ უნდოდა, ძველისძველ ფოტოსურათებზე ასახული გარემო გაეცოცხლებინა, ამ ფოტოსურათების შესაბამისი განწყობა შეექმნა. ამასთანავე, შავ-თეთრი ფილმი მაყურებელსა და კინოეკრანს შორის ერთგვარ დისტანციასაც გააჩენდა – ვერ წარმოიდგენდი, რომ იქაურობის ნაწილი ხარ,  რასაც ხელი უნდა შეეწყო დაკვირვებისთვის, რეფლექსიისთვის, პასუხების ძებნისთვის. ჩვენი მოგონებებიც ხომ უმეტესწილად შავ-თეთრია. მათ მუდმივად ვუბრუნდებით, აწმყოსა და წარსულს შორის გაბმულ ძაფებს ვითვლით. „თეთრი ბაფთაც“ ესაა – თავის უკან მიბრუნება, შორეული წერტილისთვის თვალის გაშტერება და ძველი კითხვების გადამეორება.

ბავშვი-ჯარისკაცები

0

ინტერვიუ ფრანგ ავტორთან, ჯონათან ლიტელთან.

ჯონათან ლიტელი (Jonathan Littell) ეროვნებით ამერიკელი, ფრანგულენოვანი მწერალი 1967 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და საფრანგეთში გაიზარდა. 1993 წელს ლიტელი ფრანგულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (Action Internationale Contre La Faim) შეუერთდა და მრავალი მისია მოიარა ბოსნიაში, ჩეჩნეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ავღანეთში. 39 წლის ასაკში ლიტელმა თავისი პირველი რომანი „კეთილგანწყობილნი“ (ფრანგ. Bienveillantes) დაწერა, რომელიც 2006 წელს ძმები გონკურების ლიტერატურული პრემიითა და საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემიით დაჯილდოვდა.

ჯონათან ლიტელის მომდევნო ესეები და ანგარიშები კონფლიქტებსა და კონფლიქტურ გარემოში მცხოვრებ ადამიანებს ეხება.

2017 წელს ლიტელმა თავისი პირველი დოკუმენტური ფილმი „მავნე ელემენტები“ გადაიღო, რომელშიც უგანდელი აჯანყებულების – Lord’s Resistance Army (LRA)-ის რიგებში მებრძოლი ბავშვი-ჯარისკაცების ამბებია მოთხრობილი.

ბენუა მირიბელთან (ორგანიზაცია Humanitarian Alternatives – ჰუმანიტარული ალტერნატივა – ჰ.ა.) ინტერვიუში, ჯონათან ლიტელი გულწრფელად გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს აფრიკელ ბავშვ-ჯარისკაცებზე, მათი ქცევის თავისებურებებზე და მათთან ურთიერთობებზე.

 

ჰ.ა. – თქვენი პირველი ფილმი „მავნე ელემენტები“ აღწერს უგანდის ბავშვი-ჯარისკაცების ცხოვრებას LRA-ის რიგებში. რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი პროექტის დაწყება?

ჯონათან ლიტელი (ჯ.ლ.) - სხვადასხვა დროს, 2008-2012 წლებში, მომეცა საშუალება მენახა და დამეწერა აფრიკაზე. იქ ყოფნისას პირველად შევეჩეხე პირისპირ ბავშვ-ჯარისკაცებს. ერთხელ „ლე მონდისთვის“ სტატიის მოსამზადებლად, ფოტოგრაფთან ერთად ქვეყნის განაპირა მდებარე რაიონში გავემგზავრეთ. ამ მისიის დროს, თანმხლებად და დამცველებად უგანდიის არმიის ჯარისკაცები გვახლდნენ. მათგან რამდენიმე, LRA-ის ყოფილი წევრები აღმოჩნდნენ, რომლებმაც მოგვიანებით სამთავრობო ჯარში დაიწყეს მსახური. ეს ჩემი პირველი კონტაქტი გახლდათ LRA-ის ოფიცრებთან – ყველანი ძალიან გამოცდილი მებრძოლები აღმოჩდნენ. ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსია გავმართეთ ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის თემაზე. მე ამჯერად არ ვფიქრობ ისეთ ცნებებზე, როგორებიცაა „კარგი“ ან „ცუდი“, მაგრამ ამ საუბრებმა მიმახვედრეს, რომ  LRA-ის ყოფილი მეთაური, მათი ყოფილი ბელადი, ჯოსეფ კონი, სისხლისმსმელი რეპუტაციის კრიმინალი, რომელზეც  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ძებნაა გამოცხადებული, აჯანყებული ჯგუფის ყოფილი მეომრებისთვის,  „დახვეწილი“ და „თავაზიანი“ კაცი იყო.

ეს მოგვიანებით აღვნიშნე ჩემს ერთ-ერთ სტატიაში და ამან დამაფიქრა იმ ინდივიდუალურ და კოლექტიურ პასუხისმგებლობებზე, რომელიც LRA-ის უფროსობას ეკისრება, ბავშვებისა და ახალგაზრდების ძალდატანებით რეკრუტირებაზე აჯანყებულთა არმიებში.

დამთხვევა იყო, როდესაც პროდიუსერი დამიკავშირდა, შემომთავაზა დოკუმენტური ფილმის გადაღება ამ თემაზე. ვიფიქრე, რომ ეს იყო შესაძლებლობა, LRA-ის ბავშვი-ჯარისკაცების თემაში უფრო ღრმად  ჩამეხედა.

აფრიკაში, გარდა უგანდისა, ბევრგან იყვნენ ბავშვი-ჯარისკაცები, მაგრამ LRA-ის აშკარად გამოხატული შტრიხები ახლდა, რომელიც მათ სხვებისგან გამოარჩევდა – ეს გახლდათ ძალიან მკაცრი, პურიტანული ფსევდო-ქრისტიანული სექტა, რომლის მიზანი იყო უგანდაში „პლურალისტური დემოკრატიის“ დამყარება. ერთ-ერთი მთავარი წესი LRA-ში იყო ის, რომ ჯარისკაცებს კატეგორიულად ჰქონდათ აკრძალული ალკოჰოლი და ნარკოტიკები და ეს მთავარი განსხვავება იყო ლიბერიის, სიერა-ლეონეს თუ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბავშვი-ჯარისკაცების შენაერთებისგან, რომლებშიც ამ ნივთიერებების მოხმარება ბავშვი-მეომრების მიერ წესად იყო ქცეული და ბავშვების ინდოქტრინაციის მეთოდი გახლდათ.

ალბათ ამიტომაც, LRA-ის ბავშვი-ჯარისკაცები ყველაზე მეტად აცნობიერებდნენ მათ ქმედებებს და იმ მანკიერ წრეს, რომელშიც ისინი იყვნენ.

ჰ.ა. ხომ არ შეგიმჩნევიათ მსგავსება LRA-ის და ISIS-ის („ისლამური სახელწიფო“) მეთოდებს შორის სისასტიკის დაძლევასა და დისციპლინის დამყარებაში?

ჯ.ლ. – მე ეს პროექტი 2013 წელს დავიწყე, ISIS-ის („ისლამური სახელწიფო“) გამოჩენამდე, ყოველ შემთხვევაში, მისი დღევანდელი სახით. ეს მართალია, რომ შესაძლებელია მსგავსების პოვნა LRA-ის და ISIS-ის ძალადობრივ ქმედებებს შორის, თუმცა  ISIS-ის სისასტიკე და პრაქტიკა უფრო დისციპლინარულ და რელიგიურ მიდგომებს მოიცავს ბავშვების ინდოქტრინაციისათვის და ძალადობის ღიად ჩადენისათვის. ჩვენ მსგავსი ძალადობის პოვნა დედამიწის სხვადასხვა ადგილებში შეგვიძლია, რაც იმას მიუთითებს, რომ ISIS-ის საქმიანობა და მასშტაბები არ არის მხოლოდ რადიკალური ისლამით შემოფარგლული. ზღვარგადასული ქმედებები ხდება ბევრგან, მიუხედავად იმისა, თუ რას ქადაგებს კონკრეტული რელიგია.

ჰ.ა. – ძალადობის ფორმებს შორის, რომელსაც თქვენ შეხვედრიხართ, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ძალადობა, რომელიც სპეციფიკურია აფრიკისათვის?

ჯ.ლ – ჩემი შესწავლის ინტერესი უმეტესწილად პოლიტიკურ ძალადობასთან, მასობრივ ძალადობასთან და ჯგუფურ ძალადობასთან არის დაკავშირებული.

მარგერიტ იოსენარი[1] ამბობდა: „ყველა რეგიონს თავისი საკუთარი ომი აქვს: ეს ლოკალური პროდუქტია, ჭვავის ან კარტოფილის მსგავსად“. ყოველ კონფლიქტს თავისი საკუთარი სპეციფიკა აქვს, რომელიც ძერწავს ძალადობის საკუთარ ფორმებს. თუმცა, გარდა ადგილობრივი, კულტურულად განსაზღვრული (ხანდახან ფოლკლორულიც კი) ფორმებისა, მე ვერაფერს ვპოულობ, რაც ძალადობის ფორმებს ერთმანეთისგან ფუნდამენტურად ან ანთროპოლოგიურად განასხვავებდა.

ნებისმიერი სახის რწმენა, ნებისმიერი სახით – სტრუქტურირებული ან თუნდაც მიამიტური და გულუბრყვილო, შეიძლება აერთიანებდეს პოლიტიკური თუ რელიგიური ძალადობის მამოძრავებელ ძალებს.

ჩემი აზრით, ძალადობის სხვადასხვა ფორმებს ყოველთვის აქვთ თავიანთი „ტექნიკური“ თავისებურებები, მაგრამ მათი მასტიმულირებელი ფაქტორი, რომელიც ძალადობას რეალობად აქცევს, ყოველთვის ერთნაირია, განსაკუთრებით თავისი აბსურდულობით.  მე მაინტერესებს, „გავცდე“ ადგილობრივ დონეს და გავიგო უნივერსალურად გაზიარებული თავისებურებები. ადამიანი ბარბაროსობას ადვილად იზიარებს:  ვერცერთი რელიგია ამაზე მონოპოლიას ვერ განაცხადებს.

ძალადობის ინსტრუმენტები შესაძლოა განსხვავებული იყოს, ისევე როგორც ძალადობის ტექნიკის ცოდნა, მაგრამ ძალადობის მოტივები კარგად შეიძლება შეადარო ერთმანეთს. თუ ზოგადად ვისაუბრებთ, ძალადობას საზღვრები არ აქვს და არ ექნება მანამდე, სანამ ლიდერები ან საზოგადოება, რომელიც ძალადობას ახორციელებს, არ შეიცვლიან აზრს. ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია შეეწინააღმდეგოს დაწყებულ (ძალადობრივ) მოვლენებს. ბარიერები, როგორც წესი, სოციალურად არის განსაზღვრული, როგორც ეს „კეთილგანწყობილებში“ ვთქვი.

ჰ.ა. – თქვენს ფილმში იმედი გამოსჭვივის. იმედი იმისა, რომ 30,000-ზე მეტი ბავშვი, LRA-ის ყოფილი მებრძოლები, რომლებიც ერთდროულად მსხვერპლიც არიან და მკვლელებიც და რომლებმაც შეძლეს თავი დაეღწიათ LRA-ისთვის, დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანებს „ცხოვრებაში დააბრუნებს“?

ჯ.ლ. – პირველ რიგში, სოციალურმა განზომილებამ და საზოგადოების კეთილგანწყობამ შესაძლებელი გახადა ამ ბავშვების დაბრუნება მშვიდობიან ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც ეს ბავშვები მსხვერპლად აღიარა და მათთვის ამნისტია დააწესა – ამან მათ შესაძლებლობა მისცა, გამხდარიყვნენ სოციალური ჯგუფის წევრები, რომლებსაც საზოგადოება ცნობს, აღიარებს მსხვერპლად და მიესალმება მათ მცდელობას. მადლობა ღმერთს რომ ისინი, მიუხედავად მათი დანაშაულისა,  არ მოისროლეს და არ გარიყეს… რაც ხშირად ხდება სხვა შემთხვევებში. საზოგადოების მცდელობა, გადაელახათ ძალადობა და მიეცათ ბავშვებისთვის ცხოვრებაში რეინტეგრაციის საშუალება, შეიძლება ითქვას, რომ უგანდისა და აჩოლის თემის (ჩრდილოეთი უგანდა – აჩოლი, ნილოტური ტომი, რომელიც ძირითადად მონადირე-შემგროვებლები და მეცხოველეები არიან) სპეციფიკური კონტექსტია. ეს შეიძლება შევადაროთ ალბათ ვიეტნამის ომის ამერიკელი ვეტერანების პატივით მიღებას აშშ-ში, მაშინ როცა მათ, დანარჩენი მსოფლიო, აგრესორებად განიხილავდა.  შედეგად მივიღეთ ძლიერი სოციალური მექანიზმი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, LRA-ის ყოფილ მეომრებს,  ომის კოშმარიდან „დაბრუნდნენ“ ადამიანთა ცხოვრებაში.

რა თქმა უნდა, თითოეული ბავშვის პერსონალური მონაცემები, ხასიათი და თვისებები ის ფაქტორებია, რომლებიც „დაბრუნების გეგმაზე“ მოქმედებს. ყველას რეაქცია და „გზა“ განსხვავებულია. ფილმში ამის ჩვენება მსურდა – ერთი მხრივ, ბავშვები-მსხვერპლი და ბავშვები-ჯალათი; ხოლო, მეორე მხრივ – ძლიერი სოციალური მხარდაჭერა, რათა ეს ბავშვები არ აღექვათ  „მავნე ელემენტებად“ და „ცუდ ბავშვებად“.

ა.ჰ. – რა შეგიძლიათ ურჩიოთ აფრიკაში მომუშავე სხვა ჰუმანიტარულ სააგენტოებს იმ საკითხებზე (ბავშვი-ჯარისკაცები, ახალგაზრდების ტრეფიკინგი და ექსპლუატაცია), რომელიც თქვენს ფილმშია ნაჩვენები?

ჯ.ლ. –  ჰუმანიტარული სააგენტოს პოლიტიკაში ჩარევა  ყოველ ჯერზე მისიის დახურვით და ფიასკოთი სრულდება. ეს იმ დროიდან ვიცი, როდესაც ჯერ კიდევ ველზე ვიყავი და მისიებში ვმუშაობდი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული მისიებისთვის, როცა მათ სურთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში იმუშაონ და ადამიანებს წარმატებით დაეხმარონ; ისევე. როგორც ფილმის ერთ-ერთი გმირი, ბავშვი-ჯარისკაცების ყოფილი და სასწაულებრივად გადარჩენილი მსხვერპლი ამბობს: „სხვას ვერაფერს მოვიმოქმედებთ – ერთადერთი გზაა – შევუნდოთ და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“.

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

[1] Marguerite Yourcenar – ფრანგი მწერალი ქალი. პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს საფრანგეთის აკადემიის (ე.წ. „უკვდავთა აკადემია“) წევრად.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...