ორშაბათი, ივნისი 2, 2025
2 ივნისი, ორშაბათი, 2025

მხატვრულობის ალგორითმი

0

კაცობრიობას ქათმისა და კვერცხის პირველობაზე არ უკამათია იმდენი, რამდენსაც ფილოლოგები მხატვრულ ხერხებსა თუ სახეებზე  კამათობენ ( მომიტევეთ ჰიპერბოლიზება).

ძალიან რომ გამიმართლა ცხოვრებაში და რეზო სირაძე რომ მასწავლიდა, გვეუბნებოდა: მხატვრული ხერხები კი არა, მხატვრული სახეებიო. ის, ვინც მხატვრული ხერხებით წერს და საუბრობს, საუკეთესო შემთხვევაში, მოხერხებულია და მეტი არაფერიო. მერე  საოცარი სიბრძნით და სიღრმით გვესაუბრებოდა ხოლმე ამა თუ იმ ნაწარმოების სახისმეტყველებაზე.

მაგრამ მოსწავლეებისთვის სიტყვა ხერხები უფრო მოსახერხებელია რატომღაც, შედარებით მარტივად ჟღერს, ალბათ. ისედაც არ უყვართ და „მხატვრული სახეზე“ მსჯელობა ძალიან განყენებული და მიუწვდომელი ჰგონიათ.

ასეა თუ ისე, ამ ამბავს გვერდს მაინც ვერ აუვლიან. ამიტომ ტექსტის მხატვრული მხარის ანალიზისას მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ 5 რამ:

  1. ნაწარმოების ფორმა და შინაარსი ისეთივე მთლიანობაა, როგორც ადამიანის სხეული და სული;
  2. ნაწარმოების ფორმა,მხატვრული მხარე, ცალკეული მხატვრული სახე ისევე მიუთითებს ნაწარმოების იდეაზე, როგორც ადამიანის გარეგნობა, თვალები, გამოხედვა, მიმიკები და ჟესტები გვკარნახობს, როგორი სული იმალება ამ სხეულში.
  3. ყოველი გააზრებულ -ახსნილი მხატვრული სახე ნაწარმოების იდეის გაგებისკენ გადადგმული ნაბიჯია;
  4. როცა ნაწარმოებში მწირად ან საერთოდ არ გვხვდება ტროპის სახეები, მაგრამ მაინც ვხვდებით რომ საგაზეთო სტატია კი არა, მხატვრული ლიტერტურაა, ესაა სწორედ მისი მახასიათებელი ანუ მხატვრული მხარე ( მაგალითად მომყავს ხოლმე ნაირა გელაშვილის მოთხრობა ,,ჩვენება“, რომელიც თავიდან ბოლომდე დოკუმენტებითაა აწყობილი და სწორედ ესაა მისი მხატვრული ღირებულება).
  5. ნაწარმოებს არა მხოლოდ იდეა, ფორმაც განუმეორებელს ხდის და ამიტომაც ყველა მწერალი ცდილობს, საკუთარი ხელწერა ჰქონდეს.

2 რამ, რაც მასწავლებელებმა უნდა გავითვალისწინოთ:

  1. ნუ ვამტვრევინებთ თავს ბავშვებს იმ მხატვრულ სახეებზე, რომელთათვის სახელის დარქმევა ჩვენვე გვიჭირს, ეს არ არის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მთავარია, მხატვრული სახის მეშვეობით ბავშვმა ტექსტის, სათქმელის, იდეის ნამდვილობა, სიღრმე და სილამაზე დაინახოს.
  2. მხატვრული სახეების სრულფასოვნად აღქმასა და გააზრებას გამოცდილი ( ზოგჯერ ფილოლოგიური განათლების მქონე) მკითხველი სჭირდება და ნუ მოვთხოვთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამოცდილებას.

ამ წერილში მე შევეცდები გაგაცნოთ არა თეორია მხატვრული სახეების შესახებ, არამედ ის სტრატეგიები, რომლებიც გამოცდილებით დამიგროვდა და მეხმარება, უკეთ ავუხსნა მოსწავლეებს მხატვრულობის ალგორითმი.

დავიწყებ მოკლე ვიდეოამონარიდით ფილმიდან ,,წიგნის ქურდი“. ამ მცირე ნაწყვეტში ასახული სიტუაცია ასეთია: გერმანია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდია. საუბრობენ 9 წლის გოგონა და ებრაელი ბიჭი, რომელიც სარდაფში ემალება ფაშისტებს და დიდი ხანია ფანჯარაშიც კი არ გაუხედავს (ტიტრები ოდესღაც ჩემმა მოსწავლემ დაადო ჩემი თხოვნით).

 

მე მგონი, კარგად ჩანს, რა შეუძლიათ სიტყვებს, სახეებს, მხატვრულ ხერხებს. ყოველ შემთხვევაში, იმ ბიჭმაც დაინახა და მოსწავლეებიც კარგად ,,ხედავენ“.

ამ სლაიდსაც ვაჩვენებ ხოლმე მოსწავლეებს და ვუხსნი, რომ სიუჟეტი, იდეა ჰგავს სურათზე მოცემულ ჩონჩხს, რომელსაც მწერალმა ზუსტად ისე უნდა შეასხას ხორცი, როგორც ეს, ამ შემთხვევაში, კლიმტმა და გუდიაშვილმა გააკეთეს: ორივე ქალია, მაგრამ ერთმანეთში არ აგვერევა არასოდეს.

სტრატეგია, რომელსაც აუცილებლად მივყვები არის მარტივიდან რთულისაკენ. ჩემი დაკვირვებით, მხატვრულ სახეებს შორის, შედარების გაგება მოსწავლეებს ყველაზე მეტად უადვილდებათ,რადგან შედარებას უმეტესად მიმანიშნებელი/დამხმარე სიტყვები და ნაწილაკები ახლავს: როგორც, მსგავსად, ჰგავს, – ვით,  – ებრ…

ხოლო ყველაზე რთული მეტაფორის ამოცნობა – გაშიფვრაა,  ამიტომ ყოველთვის ბოლოსთვის ვიტოვებ ხოლმე. მეტაფორა ხომ ,,გადატანას“ ნიშნავს, ამიტომ მოსწავლეებს ვეუბნები, ძალიანაც რომ გვინდოდეს, მეტაფორას პირდაპირი მნიშვნელობით ვერაფერს გავუგებთ ( ზოგჯერ ვერც გადატანითი მნიშვნელობით). აბა,რა უნდა მოგვცეს ამ სტრიქონის – ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“ -პირდაპირ გაგებამ? ან ამ ფრაზის – ,, და მწუხარების მალე ნიავში მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები“- ზუსტი შინაარსის ძებნამ?

 

მოსწავლეები თითოეულ მხ.ხერხს ცალ-ცალკე, ნაბიჯ-ნაბიჯ ეცნობიან. როგორც წესი, ამ ეტაპზე ნაკლებად იჩენს ხოლმე თავს პრობლემები. ვითარება რთულდება, როცა რამდენიმე მხატვრული ხერხი ,,დაუგროვდებათ“. აი, მაშინ ერევათ ერთმანეთში, ზოგჯერ მხოლოდ სახელები,ზოგჯერ არსიც. ამ დროს ძალიან კარგი სტრატეგიაა ტროპის სახეობათა შეპირისპირება,დაწყვილება და ასევე მახასიათებელი სიტყვების მოძებნა.

თუ შედარებასა და მეტაფორას შევუპირისპირებთ ერთმანეთს, კარგად გამოიკვეთება ორივე მხ.ხერხის მახასიათებელი: შედარების დროს ჩანს ორივე საგანი (შესადარებელიც და შედარებულიც), ხოლო მეტაფორის დროს მთავარი საგანი, ცნება იმალება იმ საგნის უკან, რომელიც აუცილებლად გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.

პირველ სლაიდზე ჩანს ორივე საგანი, მეორე სლაიდზე ტარიელის სურათი გადაფარულია ლომის სურათით. ასე თვალსაჩინო ხდება მოსწავლეებისთვის მთავარი განსხვავება ტროპის ამ ორ სახეობას შორის.

რამდენადაც რთული და ღრმაა მეტაფორა თავისი არსით, იმდენად უნივერსალური ხასიათისაა და მისი შეპირისპირება ბევრ მხ. სახესთან შეიძლება:

მეტაფორა და გაპიროვნება

გაპიროვნება იგივე გაადამიანურებაა ( და არა უბრალო გასულიერება, როგორც ხშირად ეშლებათ ხოლმე). მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ გაპიროვნება გულისხმობს სულიერ თუ უსულო საგანზე ცალსახად ადამიანური თვისებების გადატანას. მაგალითად: ლაპარაკის ნებისმიერი ფორმა( ჩურჩული, ბუტბუტი, კამათი, ბაასი…),შესაბამისად დუმილიც; ფიქრი, ოცნება, ნატვრა,სიცილი, ტირილი ( ამ უკანასკნელზე ბავშვები აუცილებლად შეგეკამათებიან, რომ ცხოველებიც ტირიან, მაგრამ შეგიძლიათ აუხსნათ, რომ მათ შემთხვევაში ეს მაინც უფრო ფიზიოლოგიურია, ვიდრე გრძნობისმიერი)

მეტაფორისა და გაპიროვნების შეპირისპირება უფრო თვალსაჩინოს გახდის მათთვის ამ განსხვავებას

გაპიროვნება მეტაფორა
1.    დაგლასის ბეჭებქვეშ ბალახი აჩურჩულდა“(რ.ბრედბერი)

2.    ,, ატირდნენ მთები და

            ლამის მეც ავტირდე,

              ნაძვები დაღონდნენ

და მეც, მეც         ვღონდები“  (ა.კალანდაძე)

3.       „ზღვა გამბედაობას მოიკრეფდა და შეუდგებოდა ამ მართლაც ვერაგული განზრახვის აღსრულებას“ ო.ჭილაძე

1.       ცახცახებს მთელი ბალახი ჩემს მკერდში“ ფ.მაირიოკერი

 

2.       შეაბიჯებენ მთები თეთრში…“ (ს.პლათი)

 

 

 

 

3.       კავკასიონის ფერხთით თვალუწვდენელ, გაუთავებელ და უსასრულო ზღვას ეძინა“ ნ.დუმბაძე

 

 

 

ამ პრინციპით ვაჟა- ფშაველას ცნობილი სტრიქონებიდან-

,,დღემ დაიხურა პირბადე,

 მთებმა დახუჭეს თვალები“- პირველი გაპიროვნებაა, ხოლო მეორე სტრიქონი მეტაფორა.

შემდეგ მხატვრულ ხერხს ძალიან ყოფით სიტყვას, ჰიპერმარკეტს, უკავშირებენ და ისე  იმახსოვრებენ – ჰიპერბოლა. ძალიან მოკლედ – ტროპის ეს სახეობა ზომის, წონის, ოდენობის, მოცულობის … გაზვიადებას გულისხმობს. მაგალითად:

,,მთას ირემი წამოუხტათ,

  ცასა სწვდება რქანი მისნი“  (ხალხ.)(ზომა)

,,ცხენ- კაცისა დავდგი გორი“ (შ.რუსთაველი) (ოდენობა)

 

მეტაფორასთან თუ შევაპირისპირებთ, მოსწავლეები დაინახავენ, რომ მეტაფორაში რასაც ვამბობთ, რეალურად არაფერი არსებობს, ყველაფერი გადატანითი მნიშვნელობისაა. ხოლო ჰიპერბოლაში ფაქტი ნამდვილია, უბრალოდ გაზვიადებულია. ზემოთ მოყვანილ მაგალითებში, ირემს ნამდვილად აქვს რქები, მაგრამ არა იმხელა, რომ ცას მისწვდეს. ტარიელმაც ნამდვილად დახოცა ადამიანები, მაგრამ გორის დადგმა მეტისმეტია.

ალბათ, აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მოსწავლეებს ხშირად უჩნდებათ კითხვა ფრაზეოლოგიზმებზე/იდიომებზე – ისინიც ხომ გადატანითი მნიშვნელობითაა?! უნდა ავუხსნათ, რომ იდიომი ყველასთვის ცნობილი, საყოველთაოდ გავრცელებული, აღიარებული მეტაფორაა, რომელსაც კონკრეტული ავტორი არ ჰყავს, ხალხურად იქცა და მისი შინაარსი ყველასთვის ერთნაირია. მაგალითად: ყველასთვის გასაგებია გამოთქმა ,,დაფნის გვირგვინით შეიმოსა“, მაგრამ გალაკტიონის მეტაფორას – „ მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..– თითოეული მკითხველი თავისებურად გაიგებს.

ჰიპერბოლასთან შეპირისპირებით ძალიან ადვილია ლიტოტესის ახსნა, მისი ანტიპოდია.პირველი თუ ზომის,წონის, ოდენობის გაზვიადებაა, მეორე ამ ყველაფრის დაკნინება-შემცირებაა.

 „ მე არა ერთხელ გამიგონია
ნატვრა მიწაზე, –
სულ ერთ მტკაველზე
(მ.მაჭავარიანი)

მას მუშტის ოდენა მელოტი თავი აქვს“ (მ.ჯავახიშვილი)

 

შეპირისპირებისა და საკვანძო სიტყვის სტრატეგია ეპითეტის ახსნისასაც ეფექტურია. საკვანძო სიტყვებია მთქმელის დამოკიდებულება და უჩვეულობა.

სიტყვა უჩვეულო რომ ავხსნათ, საკმარისია, რამდენიმე ეპითეტი და ლოგიკური განსაზღვრება შევუპირისპიროთ. მაგალითად:

ლოგიკური განსაზღვრება ეპითეტი
1.       მძაფრი სუნი

 

2.       ცვრიანი ბალახი

 

3.     მკაცრი კაცი

1.       „მძაფრი ქარტეხილი შენ ნუ შეგეხება“ გ.ტაბიძე

2.     „ცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება…“ ლ.ასათიანი

3.     „ყომრალი კაცი, მგლისფერი“  გ.ლეონიძე

 

ასევე უნდა იცოდნენ, რომ ეპითეტი ცალკეული სიტყვაა და არა მთლიანი ფრაზა ან სტრიქონი, წინადადება, სტროფი მეტაფორისაგან განსხვავებით.

აქ შევჩერდები, ერთი წერილისთვის საკმარისია. ისე კი რა დალევს მხატვრულ სახეებსა თუ ხერხებს?! კიდევ უამრავი რამაა სათქმელი, ასახსნელი და ამოსახნელი, კითხვაც უამრავი გაჩნდება. დანარჩენებზე ან მე განვაგრძობ, ან სხვა.

მხატვრულობის ალგორითმი ამოუწურავია.

 

 პოლონეთი – ეკლესიების, სასახლეების  და მოედნების ქვეყანა 

0

  გასულ საუკუნეში პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში  ვსწავლობდი.  მას შემდეგ ძალიან  ბევრ ქვეყნაში ვიყავი, მაგრამ  პოლონეთი ჩემთვის მაინც სხვაა. ამ ქვეყანამ განუმეორებელი კვალი დატოვა  ჩემს ცხოვრებაში.

პოლონეთის რესპუბლიკა  აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს და ფართობის მიხედვით (312 658 კვ.კმ) კონტინენტზე მე-9 , ხოლო მსოფლიოში 69-ე ადგილი უკავია. ქვეყნის საზღვრების საერთო სიგრძე 3528 კმ-ია, აქედან  528 კმ საზღვაოა, დანარჩენი კი – სახმელეთო.

პოლონეთის რელიეფი მეტად მრავალფეროვანია. მისი ტერიტორიის დაახლოებით 54,2% ზღვის დონიდან  150 მ. სიმაღლეზე მდებარეობს, 36,9% – 150-დან 300 მ სიმაღლემდე, 5,7% – 300-დან 500 მ-მდე და 2,9 % 500-დან 1000 მ-მდე.  ქვეყნის  ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში დაბლობები ჭარბობს. ბალტიის ზღვის სანაპირო კი ლამაზი, ქვიშიანი და ფართო პლაჟებითაა წარმოდგენილი. პოლონეთის უდიდესი მდინარეებია ვისლა და ოდრა, რომლებიც სათავეს კარპატებისა და სუდეტების მთებში იღებენ.

თანამდეროვე პოლონეთის ტერიტორია უძველესი დროიდანაა დასახლებული, რადგან  მისი ნაყოფიერი მიწები  იქ ცხოვრებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მეტად ხელსაყრელი იყო. მე-10 საუკუნეში  პოლონელებმა მეზობელი ტომები შემოიკრიბეს და პირველი სახელმწიფო შექმნეს, ხოლო 966 წლიდან ქრისტიანობა მიიღეს. სიტყვა პოლონეთი polanie-ს ტომების სახელიდან მოდის და ნიშნავს „ხალხს, რომლებიც ღია მინდორში ცხოვრობენ“.

პოლონეთი ეთნიკურად ერთეროვანი სახელმწიფოა. ქვეყნის ტერიტორიაზე მცირე რაოდენობით ცხოვრობენ  ეთნიკური უმცირესობები: უკრაინლები, ბელორუსები, სლოვენები, ლიტველები და გერმანელები. სლავურ ენებს შორის კი პოლონური მეორე ენაა მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით რუსულის შემდეგ. 60 მილიონი პოლონელიდან დაახლოებით 35% საზღვარგარეთ ცხოვრობს. დიდი პოლონური დიასპორებია აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიასა და არგენტინაში.

პოლონელები  ღრმად მორწმუნე  ხალხია. ამიტომ  გასაკვირი არაა, რომ პოლონეთს ეკლესიების  ქვეყანას უწოდებენ.  ალბათ გარკვეულწილად სწორედ რწმენა დაეხმარა პოლონელებს, რომ გასული საუკუნის  ტრაგიკული მოვლენებისთვის გაეძლოთ. მეორე მსოფლიო ომმა ღრმა კვალი დატოვა პოლონეთის ისტორიაში. იმის გასააზრებლად, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში, ყველაზე  კარგად ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი მეტყველებს. ეს მართლაც შემზარავი ადგილია, მაგრამ ამავე დროს ევროპის წარსულის განუყოფელი ნაწილიცაა. ოსვენციმში დაახლოებით 4 მლნ. ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ებრაელი იყო. ათასობით ტუსაღი სამედიცინო ექსპერიმენტების მსხვერპლი  გახდა, ხოლო ბანაკში დაბადებულ ბავშვებს მაშინვე წყალში ახრჩობდნენ.  ოსვენციმის ტუსაღები 1945 წელს გაათავისუფლეს. დღეს აქ მუზეუმია გახსნილი, სადაც დაღუპულთა ფოტოები და პირადი ნივთები ინახება.

მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთი ებრაელების ევროპულ ცენტრად ითვლებოდა. აქ დაახლოებით 3.3 მლნ. ებრაელი ცხოვრობდა. 450 ათასმა პოლონელმა ჰოლოკოსტის დროს ებრაელები სიკვდილისგან  იხსნა. ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთი ერთადერთი ტერიტორია იყო, სადაც  ებრაელების დახმარება ოფიციალურად ისჯებოდა სიკვდილით. დაახლოებით 50 ათასი პოლონელი სწორედ ებრაელების გადარჩენის გამო ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს.

დღეს პოლონეთი ევროკავშირისა და ნატო-ის წევრი ქვეყანაა.

პოლონეთს სასახლეების, ციხე-სიმაგრეებისა და მოედნების  ქვეყანასაც უწოდებენ. პრაქტიკულად ყველა მსხვილ ქალაქს თავისი ღირშესანიშნაობა აქვს და თანაც არაერთი. ვარშავაში ეს  სასახლის მოედანი და სამეფო სასახლეა, კრაკოვში – ვაველის ციხე-სიმაგრის კომპლექსი და მარიაცკის ეკლესია, პოზნანში –  ძველი ბაზარი. საერთოდაც პოლონეთი ძალიან ფოტოგენური ქვეყანაა: აქ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეხვდეთ არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშებს. ამიტომ თუ პოლონეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, თქვენი დრო არა რომელიმე კონკრეტული ობიექტის მონახულებას დაუთმეთ, არამედ მთლიანად ქალაქში ვიზიტს.

პოლონეთს შეუძლია, იამაყოს თავისი ნობელის პრემიის 17 ლაურეატით (ამით იგი აღემატება იაპონიას, ჩინეთს,  ინდოეთსა და ავსტრალიას), მათ შორის  4 მშვიდობის დარგშია პრემიის მფლობელი, ხოლო 5 ლიტერატურის დარგში.  პოლონეთში დაბადებული მარია კიური (მარია სკლოდოვსკაია)  პირველი და ერთადერთი  ადამიანი, რომელმაც ნობელის პრემია ორ სხვადასხვა დარგში მიიღო და ასევე პირველი ქალი-პროფესორია სორბონის უნივერსიტეტში.

264-ე რომის პაპი იოანე პავლე მეორე (კაროლ ვოიტილა)  ერთადერთი პოლონელი პაპი იყო. მისი პაპად ყოფნის პერიოდი (1978-2005 წ.წ.) რომის პაპების ისტორიაში  ხანგრძლივობის მიხედვით მეორეა.  მისი სახლი  ვადოვიცეში, კრაკოვთან ახლოს, ამჟამად მომლოცველთა ადგილს წარმოადგენს.

პოლონეთი მსოფლიოში  ქარვის  ყველაზე დიდი  ექსპორტიორია.  ქვეყანა უძველესი დროიდანაა  განთქმული ქარვით, რომელიც  1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქარვის გზით ბალტიის ზღვიდან  ადრიატიკის ზღვამდე გადაჰქონდათ.  ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი გდანსკი დღესაც  ქარვის  მაღაზიების ქსელითაა ცნობილი.

პოლონეთი  „ევროპის  არყის სარტყელში“  შედის.  არყის წარმოების ისტორია ქვეყანაში 500 წელზე მეტს ითვლის. პირველი პოლონური არაყი მე-11 საუკუნეში  გაჩნდა. მას „gorzalks“ ერქვა და  ისე  იყენებდნენ, როგორც წამალს.  სხვათა შორის, პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში  მდებარეობს ევროპაში ყველაზე ძველი რესტორანი   „Piwnica Świdnicka“. ის ჯერ კიდევ  1275 წელს გაიხსნა.

პოლონეთის ქალაქები გდანსკი, ტორუნი, ვროცლავი და ჩენსტოხოვო  დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის.  ეს უკანასკნელი ევროპაში მომლოცველთა ერთ-ერთი  მთავარი ცენტრია. აქ, იასნოგორსკის  მონასტერში ღვთისშობლის ჩენსტოხოვოს  სასწაულმოქმედი ხატი ინახება.  ითვლება, რომ  ხატი წმინდა ლუკამ, ევანგელიის ერთ-ერთმა ავტორმა დაწერა. ხატი  ძვირფასი თვლებითაა შემკული, რომლებიც მას განკურნებულმა მორწმუნეებმა შესწირეს.

იუნესკო-ის მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში პოლონეთის 8 ძეგლია შესული. ესენია: ვარშავის ძველი ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნანგრევებიდან აღადგინეს. ქალაქის რეკონსტრუქცია ძველი გეგმების, სურათებისა და აღწერების მიხედვით ხდებოდა. შედეგად  დანგრეული კვარტლის ადგილას არტიტექტურული კომპლექსი შეიქმნა, რომელიც  შუასაუკუნეების ორიგინალს უფრო ჰგავს, ვიდრე ომამდელს.

კრაკოვის ოფიციალური სახელწოდება – სამეფო დედაქალაქია (Stołeczne Królewskie Miasto Kraków), თუმცა მას რას აღარ ეძახიან – პოლონეთის კულტურული დედაქალაქი, ტურისტული დედაქალაქი, პოლონეთის ათენი და ა.შ. კრაკოვის თითოეული ქუჩა და ისტორიული ძეგლი გულითადად ინახავს და გადმოსცემს პოლონეთის ისტორიას დაარსების დღიდან დღემდე. კრაკოვი პოლონეთის ქალაქებიდან ერთ-ერთი ულამაზასია. მის ძველ დასახლებებს პოლონელები „სტარი რინოკს“ უწოდებენ და ეს ადგილები სწორედ რომ სიძველისა და სილამაზის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს. თუ ვაველი კრაკოვის და მთლიანად პოლონეთის სულს განასახიერებს, მაშინ კრაკოვის გული  – ძველი ქალაქია.  იუნესკო-ის  ნუსხაში ასევე შესულია კრაკოვთან  მდებარე ხელოსნების ძველი  დასახლებები  სტრადომი და კაზიმეჟი, ოდესღაც პოლონელი ებრაელების ქალაქები.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მარილის მაღარო – ველიჩკა – მე-13 საუკუნიდან მოქმედებს. ველიჩკას მარილის საბადოები შვიდსართულიანი მიწისქვეშა ქალაქია და  კორიდორებისა და გალერეებისგან შედგება, რომელთა საერთო სიგრძე 200 კმ-ია. ტურისტული მარშრუტი სამ დონეზე გადის და მარილისგან შექმნილ ძეგლებს, დარბაზებსა და ტბებს მიუყვება. 100 მეტრ სიღრმეზე აქ ბანკეტებსა და სადღესასწაულო მეჯლისებსაც კი აწყობენ.

შუასაუკუნეების ქალაქი ტორუნი ასეულობით გოთიკური სტილის სახლითაა ცნობილი. მათ შორისაა ის სახლიც, რომელშიც ნიკოლოზ კოპერნიკი დაიბადა. სწორედ მან  პირველმა წამოაყენა მსოფლიოს ჰელიოცენტრული სისტემის მოდელი და ამტკიცებდა, რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და არა პირიქით, როგორც ეს ადრე მიაჩნდათ.

ბელოვეჟის ეროვნული ნაკრძალი ორი სახელმწიფოს  – პოლონეთისა და ბელარუსიის ტერიტორიაზე მდებარეობს.  იგი ყველაზე მსხვილი ტყის მასივია ცენტრალურ ევროპაში, რომელიც ბუნებრივი სახითაა შენარჩუნებული. ბელოვეჟის ნაკრძალის სიმბოლოა ზუბრი – ევროპის ყველაზე დიდი ცხოველი.

იუნესკოს სიაში ასევე შესულია „ჯვაროსანთა სასახლე“ მალბორკში, ციხე-ქალაქი – ზამოსცი და ოსვენციმი.

დაბოლოს, ორიოდე სიტყვა ჩემს  საუნივერსიტეტო ქალაქ ლოძზე. ლოძი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე ქალაქი პოლონეთში. იგი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვარშავის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს  და მისგან  120 კმ.-ითაა დაშორებული. ლოძი პოლონეთის მსუბუქი და ელექტრონული მრეწველობის ცენტრად ითვლება.

 

ნუ ჩაუკეტავთ მშობლებს სკოლის კარს

0

 

მშობლები ხშირად მიიჩნევენ, რომ სკოლა მოვალეა „მიხედოს მათ შვილს“, მასწავლებლები კი ამბობენ, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული მშობლების მხრიდან. მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ამ თემაზე დიალოგი რთულია და ეს კიდევ უფრო აღრმავებს მათ შორის არსებული ნდობის ნაპრალს. რატომ ვერ ხერხდება ბავშვის აღზრდაში ერთად ჩართვა, რისი შეცვლა შეიძლება ამ მხრივ?

 

მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ იწყება სკოლისა და მშობლის ურთიერთობა – საკმაოდ მცირე ასაკში უსაყვარლესი შვილი მშობლებს საჯარო სკოლაში შეჰყავთ და მის აღზრდას ანდობენ ადამიანებს, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი ან ძალიან ცოტა რამ სმენიათ. თავდაპირველად მშობელთა განწყობა სკოლის მიმართ პოზიტიურია, ისინი მზად არიან უსმინონ მასწავლებელს და ითანამშრომლონ მასთან, მაგრამ ბოლოს ყველაფერი „შპიონობანას“ თამაშს ემსგავსება.

 

ბავშვის სკოლაში შეყვანამდე მშობლები ცდილობენ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ სკოლაზე – გუგლავენ, კითხულობენ სხვა მშობლების კომენტარებს სოცქსელებში, ითვალისწინებენ მეზობლებისა და ნაცნობების რეკომენდაციებს. შემდეგ ბავშვი მიდის სკოლაში, რომელიც მედგრად ცდილობს შეინარჩუნოს „ავტონომიურობა“, რათა სკოლის შიდა პრობლემებმა „გარეთ“ არ გაჟონონ. სკოლასა და მშობლებს შორის გარკვეული დისტანცია წესდება – სკოლა სასწავლო დაწესებულებაა, სადაც არა მშობლები, არამედ ბავშვები სწავლობენ. ამიტომ სკოლის კარი მშობლებისთვის დახურულია. „ღია კარის“ დღეებშიც კი ბევრი სასკოლო კაბინეტი მშობლებს დაკეტილი ხვდებათ. მათი დათვალიერების საშუალება ნაკლებად აქვთ და ამგვარად, ხავერდის ფარდებიანი სააქტო დარბაზის იქეთ, სადაც მოსწავლეთა ზეიმები და პრეზენტაციები იმართება, მშობლებმა არ იციან რა ცხოვრებით ცხოვრობს სკოლა.

 

ფორმალურად ნებისმიერი საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოუწოდებს მშობლებს თანამშრომლობისკენ, მაგრამ ბუნდოვანია, რაში გამოიხატება ეს. თანამშრომლობის ამოცანას მეტ-ნაკლებად თავს უმცროსკლასელთა მშობლები ართმევენ. ისინი დარსა და ავდარში სკოლის ცენტრალურ შესასვლელთან იკრიბებიან და ელიან, რას ეტყვით მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ, მონდომებით დაჰყვებიან ბავშვებს ექსკურსიებსა და თეატრებში, მოდიან მშობელთა კრებებზე.

 

სამწუხაროდ, სკოლის „კარი“ დანარჩენი მშობლებისთვის მხოლოდ მაშინ „იღება“, როდესაც ეს უშუალოდ სკოლის ინტერესებშია და მის მიერ ინიცირებული რომელიმე ინიციატივის აღსრულებას ემსახურება. რაც უფრო მჭიდროდ „იკეტება“ სკოლის კარი, მით უფრო აქტიურდებიან მშობლები და ცდილობენ ყველა ხერხის გამოყენებით დაადგინონ, რა ხდება სკოლის „შიგნით“ მაშინაც კი, როდესაც იქ შესაძლოა, არც არაფერი ხდებოდეს.

 

მასწავლებლები იშვიათად სთავაზობენ მშობელს დაესწროს გაკვეთილს, თავად იხილოს, რა მდგომარეობაა კლასში, როგორ სწავლობს მისი შვილი, ცოდნის რა დონეს ფლობს ესა თუ ის მასწავლებელი. მშობელი იძულებულია თავად მოიპოვოს ინფორმაცია – ის ეძებს შვილის მეგობრებს ფეისბუქზე, კითხულობს მათ ჩანაწერებს, ჩუმად ათვალიერებს ბავშვის მობილურს და თავს აბეზრებს გამოკითხვით, როგორ ექცევა მას ესა თუ ის მასწავლებელი, რა ხდება გაკვეთილებზე… ბევრი ბავშვი ამ მხრივ მშობელთან გულწრფელია და უყვება კიდეც რატომ არ მოსწონს/მოსწონს სკოლა. თუ პრობლემა არ აქვს ან ის უმნიშვნელოა, მშობლები დუმილს და მასწავლებლებთან პასიურ დამოკიდებულებას არჩევენ. ალბათ იმიტომ, რომ სხვა საჯარო სკოლაში ბავშვის გადაყვანას აზრი არ აქვს, ყველა სკოლას სტანდარტული მიდგომები აქვს.

ვიდრე ბავშვი სკოლაში დადის, მშობლებს კითხვებიც აქვთ. ერთმანეთთან კერძო საუბარში მშობლები არაერთ პრეტენზიას გამოთქვამენ, ესმით, რომ სკოლაში ბევრი რამაა შესაცვლელი, მაგრამ, როგორც ჩანს, უიმედოდ არიან განწყობილნი. მასწავლებლები მშობელთა შენიშვნებს მხრების ჩეჩვით პასუხობენ: „გვესმის, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?“. გულგატეხილობა მათი მხრიდანაც იგრძნობა: ისინი არ აპროტესტებენ სახელმძღვანელოებს, რომლებიც არ მოსწონთ, სასწავლო პროცესისადმი შემოქმედებით მიდგომებს კი იმის გამო უგულებელყოფენ, რომ დამატებით ენერგიას მოითხოვს, მასწავლებლის ანაზღაურება კი, ხელისუფლების არაერთჯერადი დაპირების მიუხედავად, დაბალია, ეს შემოქმედებითობის სურვილს აფერმკრთალებს.

უამრავი მშობელი, რომლებსაც ბავშვის სასკოლო ამბები აინტერესებს, თავს არიდებს სკოლას, ათას რამეს იგონებს, რომ სკოლაში არ მივიდეს და მასწავლებლები არ მოინახულოს. ის მშობელთა კრებებზე დასწრებით შემოიფარგლება. ბევრ მშობელს სწავლაზე მეტად შვილის უსაფრთხოების საკითხი და კომფორტი აღელვებს. რასაკვირველია, სწავლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ „ამას ეშველება“ – თუ გაჭირდა, მშობლები რეპეტიტორს იქირავებენ და ბავშვის ჩავარდნებს ამ გზით „ამოქაჩავენ“.

სკოლა არა მხოლოდ მასწავლებლის და ადმინისტრაციის, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაა, არამედ მასწავლებლისა და მშობლის კომუნიკაციაც. სამწუხაროდ, მშობელს, რომელსაც შეიძლება ორ შეკითხვაზე მეტი ჰქონდეს მასწავლებელთან, მასწავლებლები და სკოლის დირექცია ინტრიგანად აღიქვამენ. ზოგჯერ მშობლების მიერ დაყენებული საკითხი სკოლის მხრიდან ფასდება როგორც პრეტენზია და არა როგორც პრობლემა, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია. მაგალითად, თუ სკოლის ეზოში კალათბურთის ფარი დიდი ხნის შესაცვლელია და ამის შესახებ რომელიმე მშობელი განუწყვეტლივ საუბრობს მასწავლებელთან, ეს პრეტენზიად აღიქმება და არა პრობლემად, რომელიც რეაგირებას საჭიროებს და მოგვარებადიცაა.

ეროვნული სასწავლო გეგმა ავალდებულებს კლასის დამრიგებელს, მშობლებთან ჰქონდეს რეგულარული კომუნიკაცია, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა. მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი უნდა იყოს. სკოლა ანგარიშვალდებულია მშობლის წინაშე, ასევე, მშობელი უნდა ეხმარებოდეს სკოლას შვილის განვითარებაში.

უერთმანეთოდ ვერც მასწავლებელი გახდება რამეს და ვერც მშობლები. სასკოლო ცხოვრებაში მშობლების პასიურ მონაწილეობას ადასტურებს „კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველოს“ გასული წლის ანგარიში. კვლევის ფარგლებში გამოკითხვა ჩატარდა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან.

კვლევამ აჩვენა, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას მშობლები ძირითადად გამოხატავენ ბავშვის მეცადინეობაში ჩართვით, პედაგოგებთან ფორმალური კომუნიკაციით, ექსკურსიებზე სიარულით. სხვა სახის ყველა ჩართულობა კი კერძო ინიციატივას წარმოადგენს. მშობელთა აქტიურობა მკვეთრად იკლებს განათლების უფრო მაღალ საფეხურებზე. მასწავლებელთა აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები თავად იყვნენ მშობელთა ჩართულობის ინიციატორები. ვთქვათ, ისე დაგეგმონ გაკვეთილი, რომ მოსწავლის მხრიდან მშობლის ჩართულობაც იყოს გათვალისწინებული.

 

ხშირად მშობელი, თუ სკოლის ხელმძღვანელობასთან საერთო ენა ვერ გამონახა, „უხილავი ფრონტის მებრძოლი“ ხდება. ცდილობს სასკოლო დარღვევები დააფიქსიროს განათლების სისტემის ზედა ეშელონებში, წერილობით მიმართოს სამინისტროს, რათა მან შეამოწმოს, რა ხდება სკოლაში. თუ ასეთი მშობლის ვინაობა სკოლაში გაცხადდა, მისი სკოლის ადმინისტრაციასთან კონფლიქტი გარდაუვალია. ამან კი შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს ბავშვზე.

 

მშობლებისა და ადმინისტრაციის კონფლიქტმა არ უნდა იმოქმედოს ბავშვზე, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საქმე პროფესიონალ მასწავლებელთან და სკოლის დირექტორთან გვაქვს. თუ არადა, ბავშვი შესაძლოა, ბულინგის მსხვერპლი გახდეს. ბულინგის შიშით მშობლები არც კი ცდილობენ სკოლის ადმინისტრაციასთან მათთვის მტკივნეული თემის განხილვას. მშობლების უმეტესობამ არაფერი იცის განათლების ნორმატიულ დოკუმენტებზე, ბავშვის უფლებებზე. ამიტომ ისღა დარჩენიათ თავიანთი გულისტკივილი ფორუმებზე გააზიარონ და უკმაყოფილება სოციალურ ქსელის სტატუსებად გამოთქვან.

განათლების სამინისტროს არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტის მიუხედავად – რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლებს, მშობელთა ინფორმირებულობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა – სკოლებში ბოლო წლებში ბევრი არაფერი შეცვლილა. ოფიციალური უწყებები ვერც ვერაფერს შცვლიან, თუ მშობლებმა არ გააცნობიერეს, რა მიმართულებით შეუძლიათ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და ბავშვის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში.

 

მასწავლებლებს კი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მშობელთა პასიურობით, შეუძლიათ მოიწვიონ მშობლები და ერთად დაგეგმონ საინტერესო ბევრი რამ, გამოიყენონ ერთმანეთის რესურსი. ამისათვის სურვილია მასწავლებელს ჰქონდეს კონკრეტული სტრატეგია ბავშვების განვითარებაში დასახული მიზნის მისაღწევად.

  თამაშის მეთოდების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებაში

0

სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო და შემეცნებითი საქმიანობის გააქტიურების მიზნით თამაშები უფრო მეტად გამოიყენება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მზა ცოდნის გადაცემა ყოველთვის არ იწვევს მოსწავლეებში მოტივაციას, ვერ აღვივებს ანალიზის უნარს. სწავლების ორგანიზაციისთვის სრულიად განსხვავებული მიდგომაა საჭირო, ზოგადად იცვლება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთკავშირი და ურთიერთქმედების სისტემა. პედაგოგი მოსწავლეებისთვის მხოლოდ ცოდნის წყარო აღარ არის, იგი გახდა კონსულტანტი, რომელიც ხელმძღვანელობს მოსწავლეების შემეცნებით საქმიანობას, იგი მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას. მოსწავლე არის საგანმანათლებლო პროცესში აქტიური მონაწილე. იგი თავად ქმნის მიზანს, ახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას, ინფორმაციის გაანალიზებას, კრიტერიუმების განვითარებას და სახავს პრობლემების გადაჭრის გზებს. მოსწავლე ხდება სასწავლო პროცესის ძირითადი ფიგურა, რაც სწავლებას მართლაც მოსწავლეზე ორიენტირებულს ხდის.

როლური თამაშის დაგეგმვა მომზადების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც წყდება,  როგორ  გათამაშდეს იდეა ან სიტუაცია. ამისათვის მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს კონკრეტული მასალა, რომელზეც სიტუაცია დაიდგმება, გამოკვეთოს მოსწავლეთა როლი, უზრუნველყოს “რეკვიზიტები”, რესურსები.

თავისუფალი “ატმოსფეროს” შესაქმნელად, მასწავლებელმა უნდა გამორიცხოს ცენზურა და კრიტიკა და თავადაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

მოსწავლეებს როლური თამაშის შესახებ ინფორმაცია შეიძლება  მიეწოდოთ როგორც კლასში გაკვეთილზე, ასევე წინასწარ. ეს უკანასკნელი ვარიანტი უფრო მეტად სასურველია, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოსწავლეები არ დაკარგავენ დროს გაკვეთილზე.

მასწავლებელმა უნდა აუხსნას მონაწილეებს თამაშის თავისებურებები, ჩატარებისა და განხილვის წესები. ყურადღება მიაქციოს როლური თამაშის შეფასების კრიტერიუმებს, იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილეები, ძირითადად, მცირე ჯგუფებში მუშაობენ და თამაში თითქმის შეჯიბრებითობის ხასიათისაა.

ბევრ ქვეყანაში სიმულაციური თამაშები გეოგრაფიის გაკვეთილებზე პრიორიტეტულია. ხშირად იმიტირებული თამაშები საკმაოდ კომპლექსურია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებთან. მაგალითად ინგლისურ სკოლებში არის თამაში “საძოვრები”, რომელშიც მოსწავლეებმა მთელი რიგი რაოდენობრივი პარამეტრების საშუალებით უნდა გამოთვალონ ოპტიმალური დატვირთვა გარემოზე მეცხოველეობის განვითარებისას, რათა არ გამოიწვიოს მცენარეული საფარის დაზიანება, რომელიც შეუქცევადი პროცესია.

კანადის მოსწავლეთა თამაში “რკინიგზის პიონერები” არის ტრანსკანადური სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის სიმულაცია, სადაც მითითებულია დანიშნულების სავარაუდო პუნქტები.  იგი განკუთვნილია 14-16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. თამაშისთვის მზადდება სპეციალური სქემა, რომელზეც კანადურ ქალაქებს კვადრატების, წრეებისა და სამკუთხედების საშუალებით აღნიშნავენ. წერტილები რუკაზე მიუთითებს ათ საკონტროლო პუნქტს (კვებეკში, მონრეალში, და ა.შ.), სადაც მშენებლებს გარკვეული დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეთ. მზადდება აგრეთვე “შემთხვევის ბარათები”, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები დაძლევენ დაბრკოლებებს. ეს იქნება ჭაობისა თუ უდაბნოს გადაკვეთა, ბუნებრივი კატასტროფები (წყალდიდობა). მასწავლებელი მსაჯის როლშია. გარდა ამისა, თითოეული ჯგუფი კანადის ექვსი სარკინიგზო კომპანიიდან ერთერთს წარმოადგენს. თამაში მთავრდება, როდესაც ერთერთი კომპანია აღწევს საბოლოო დანიშნულების ადგილს.

მეტად გავრცელებულია როლური თამაშები, რომლებშიც სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციის ინსცენირება ხდება.

შემდეგი მაგალითი კარგია გეოგრაფიის, ისტორიის ან ეკოლოგიის გაკვეთილებისთვის. თამაში “დროის ხაზი”, რომელიც მდგრადი განვითარების გააზრებისთვის გამოდგება.

თამაშის განვითარების გეგმა

მონაწილეთა ასაკი – 12 – 17 წელი

  1. თემა: ბიოსფეროსა და საზოგადოების განვითარება (დროის ხაზი).
  2. მიზანი: დედამიწის არსებობის ხანგრძლივობის დაკავშირება ბიოსფეროსა დ ა ადამიანს შორის; დედამიწის იერსახის შეცვლაში ადამიანის როლის განსაზღვრა.

ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარების გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

  1. ამოცანები:
  • ბიოსფეროს არსებობის ეტაპების შეფასება მისი წარმოშობიდან ადამიანის გამოჩენამდე;
  • მეთოდოლოგიის დემონსტრირება და მომავლის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, პროგნოზირებადი აზროვნების განვითარება;
  • ადამიანის როლის განსაზღვრა ბუნების შეცვლაში, რათა შეაფასოს ანთროპოგენური ზემოქმედების ნეგატიური და დადებითი მხარეები.
  1. თემის მთავარი იდეა: ბიოსფერო ჩამოყალიბდა ათასობით მილიონი წლის განმავლობაში. ტექნიკური პროგრესის მოკლე ისტორიული პერიოდის განმავლობაში კი ბუნება მნიშვნელოვნად განადგურებულია. ადამიანის პასუხისმგებლობის განსაზღვრა ბიოსფეროს შეცვლაში.
  2. ძირითადი ცნებები: წარსული, აწმყო, მომავალი, დროის ხაზი, სასურველი მომავლის იმიჯი, მომავლის საერთო ხედვა.

ევოლუცია, მეცნიერულ – ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.

  1. შედეგი (რა უნდა იყოს მიღწეული გაკვეთილის ბოლოს): მოსწავლეს დროის ხაზის ვიზუალური წარმოდგენა საშუალებას მისცემს გააცნობიეროს, თუ როდის წარმოიშვა ბიოსფერო, რამდენი ხანი ვითარდებოდა და რამდენად ცოტა დრო დასჭირდა მის განადგურებას.

მოსწავლემ უნდა გამოავლინოს  ადამიანის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა ბუნებაზე (შეიძლებოდა თუ არა ადამიანის განვითარება ბუნების განადგურების გარეშე?).

  1. რესურსები:

ძაფის გორგალი სიგრძე 5მ (უკეთესია, ვიდრე 10 მ), მუყაოს ბარათები, რომლებზეც გამოსახულია  დედამიწის, ბიოსფეროსა და კაცობრიობის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები და ვადები.

გაკვეთილის პროცესში ბარათები საკმარისი უნდა იყოს   ყველა მონაწილესთვის (20-30 ბარ ათ ი).

ბარათების ნიმუშები:

ა) პლანეტა დედამიწის წარმოშობა – 4.6 მილიარდი წლის წინ.

ბ) ცხოვრების მარტივი ფორმების წარმოქმნა – 4 მილიარდი წლის წინ.

გ) პირველი მწერები – 350 მილიონი წლის წინ.

დ) ცეცხლის გამოყენების დასაწყისი – 200 ათასი წლის წინ.

ე) სამრეწველო რევოლუცია – 250 წლის წინ.

ვ) პირველი კოსმოსური ხომალდი (ადამიანთან ერთად) – 196

  1. მომზადება.

დროის ხაზი (ძაფი) უნდა იყოს 4.6 მ. როდესაც მასშტაბი 1მმ – 1 მლნ. წელია, ძაფის სიგრძე შეესაბამება 4.6 მლრდ. წელს. ძაფზე აღინიშნება დასაწყისი და ყოველ ერთ მეტრში კეთდება აღნიშვნები.

თუ ძაფის სიგრძე 10 მეტრია, შეიძლება გავზომოთ 9.2 მ, მაშინ მასშტაბი იქნება 1 მმ – 500 ათასი წელი.

  1. გაკვეთილის მიმდინარეობა: მოსწავლეებმა თვალნათლივ უნდა წარმოიდგინონ დრო როგორც ხაზი (ძაფი), რომელზეც წარსულის, აწმყოსა და მომავლის მოვლენებია განლაგებული.

აუხსენით, რომ დედამიწის ისტორია 4,6 მილიარდი წლისაა. შესთავაზეთ გამოთვალონ თუ რა მასშტაბი უნდა მიიღონ, რომ დედამიწის მთელი ისტორია აჩვენონ 4.6 მ სიგრძის ძაფით.

ძაფი ორივე მხრიდან დააფიქსირეთ. მონაწილეებს ბარათები დაურიგეთ. მათ დამოუკიდებლად უნდა განსაზღვრონ ბარათების ადგილი დროის ხაზზე და შემდეგ დაამაგრონ.

გაკვეთილის დასასრულს შეგიძლიათ შემდეგი კითხვები დასვათ:

  1. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ დედამიწის ისტორიას, ბიოსფეროს, კაცობრიობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ? (დედამიწის ისტორიასთან შედარებით კაცობრიობის ისტორია უმნიშვნელოა)
  2. რა ცვლილებები განიცადა დედამიწის იერსახემ ადამიანის საქმიანობის შედეგად? (სფეროები, დასახლებები, გზები, ხიდები, კაშხლები, დამბები, ხელოვნური კუნძულები და სხვ.)

 

გამოყენებული ინტერნეტ გვერდი: https://xn--i1abbnckbmcl9fb.xn

კლასგარეშე საკითხავი გოგოებისთვის, ბიჭებისთვისაც

0

პირველად როდის იწყებ ფიქრს, რომ რაღაც დააშავე, რადგან გოგოდ გაჩნდი?  ვიღაც, მაგალითად, ამ პოსტის ავტორი, შესაძლოა 9 წლის ყოფილიყო, როცა პირველად იფიქრა, რომ ბიჭად დაბადება ჯობდა.

თბილისისთვის უჩვეულო თოვლი, ყველა გარეთაა, მეზობლები, და-ძმა, ბავშვები, დიდები, თოვლის კაცს დგამენ, გუნდაობენ,  გზაზე მანქანები აღარ დადიან, ახლა მოლიპულია და მხოლოდ გოგო-ბიჭები სრიალებენ ჟივილ-ხივილით. საოცარი ღამეა, მერე რა, რომ ოთხმოცდაათიანებია, გარეგანათება არაა და თითქმის ყველა სახლის ფანჯრიდან ჟანგიანი მილია გამოჩრილი, ღუმლის.

დღემდე მახსოვს ის ხელთათმანები, თეთრი, ულამაზესი ნაქარგებით, სიფრიფანა, ვიღაცამ მაჩუქა, აბა, იმ ზამთარში  რას მიშველიდა, ამიტომ მალევე დასველდა და სახლში ასვლა დავაპირე, რომ გამეშრო და სხვა, უფრო ნაცრისფერი და ულამაზო, სამაგიეროდ თბილი ხელთათმანი ჩამომეტანა.

ჩემი სახლის სადარბაზო არაფრით განსხვავდება გარეუბნის ცხრასართულიანი კორპუსების ჭუჭყიანი და ბნელი სადარბაზოებისგან, არც კიბე, პრინციპში.

ზურგს უკან მესმოდა ადამიანის სუნთქვა, კიბეებზე უკან მომყვებოდა, იმ დღის მერე თუ ჩემს ზურგს უკან ნაბიჯების ხმას ვგრძნობ, მოსვენებას ვკარგავ, დღესაც ასეა, დღემდე მომყვება ეს შეგრძნება.

მოკლედ, დეტალები არაა საჭირო, მე მაშინ გადავრჩი – ორი მეზობლის ხმამაღალი საუბარი გავიგონე თუ არა სადარბაზოში, ძალი და ღონე მოვიკრიბე და კიბეებზე შეშლილივით ავვარდი.

ის ბოლო არ ყოფილა. მთელი ჩემი ბავშვობა, მოზარდობა და სტუდენტობა სავსე იყო ამ საშიში აჩრდილებით, ჩემი სახლის კიბეებს ახსოვს ჩემი ბათინკების ბრახაბრუხი, მეოთხე სართულამდე ვერ ვაღწევდი და პირველივე სართულის მეზობლის კარზე ვაბრახუნებდი გამალებით, კიდევ ერთი ჩვევა მაქვს, გიჟივით ავრბივარ სახლში, ფაცხაფუცხით ვარგებ კარს გასაღებს, ვაღებ, შიგნიდან კარგად ვკეტავ და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქავ. მახსოვს მეტრო, ავტობუსი, უნივერსიტეტის ეზო, მზიურის პარკი, განსაკუთრებით ეს ბოლო, წესით რომ მწვანე  ოაზისი უნდა ყოფილიყო ბავშვებისთვის, სინამდვილეში, იყო ადგილი, სადაც გავლა საშიში იყო.

დღემდე ვფიქრობ, რატომ ვიყავი სამიზნე მე – ხუთოსანი, არაფრითგამორჩეული, ნაცრისფერი თაგვი ორი ზომით დიდი ჯინსებითა და უფროსი ძმის ჯემპრით, სანამ არ მივხვდი, რომ ყველა სამიზნეა. მიზეზი თუ საბაბი მოუფიქრო მოძალადის ქცევას, ოდნავ მაინც დაადანაშაულო მსხვერპლი, დააბრალო  სამოსს, საუბარს, თმას, ტატუს, საყურეს, ღამეს, ქუჩაში მარტო სიარულს და ა.შ და ა.შ. ერთი, დიდი ნაბიჯია მოძალადის გასამართლებლად. არ არსებობს ასეთი მიზეზი, ამ ყველაფერს არ აქვს ლოგიკა!

ასე, რომ ძვირფასო მასწავლებლებო,

დროა, უფრო მეტის დანახვა მოსთხოვოთ  თვალებს, უფრო მეტის გაგონება -სმენას, უფრო მეტი იგრძნოთ და არაფერი გამოგეპაროთ.

მოძალადეს და მსხვერპლს გარეგნობით თუ სამოსით ვერ ამოიცნობთ, სამაგიეროდ, ამოიცნობთ შეშინებული თვალებით, კოორდინაციის პრობლემებით, დაბნეულობით, გულმავიწყობით ან სასტიკი მზერით, დაცინვით…

თუ ასეც ვერ იპოვეთ, ხშირად ისაუბრეთ ამ თემაზე.

არაფერია, მოვაკლოთ რამდენიმე წუთი ქართულ ენასა და ლიტერატურას, ნესტანის წერილის კითხვას თუ შუშანიკის პერსონაჟის ამოცნობას, სამაგიეროდ, ვასწავლოთ ჩვენს გოგონებს, რომ მათი ბრალი არაა, თუ ძალადობისა და დაცინვის მსხვერპლები გახდნენ, ვასწავლოთ გოგონებს, რომ დუმილი ოქროდ მხოლოდ ლიტერატურაში იქცევა და ისიც ზოგან, სიუჟეტს უფრო საინტერესოს ხდის. ცხოვრებაში – პირიქითაა,

ვასწავლოთ, რომ ილაპარაკონ და მოუსმინონ, რომ სწავლა და კითხვა შესანიშნავი იარაღია,  რომ  სპორტიც მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ გაძლიერდე. რომ არ არის აუცილებელი ისეთი იყო, როგორიც სხვების წარმოსახვის ოქროსფერ ჩარჩოს მოუხდები, ისეთი უნდა იყო, როგორც ხარ, რომ ძალიან დიდი ძალაა მათში, რომ ისინი მართავენ თავიანთ ცხოვრებას, რომ თანასწორობის გარეშე ნებისმიერი ურთიერთობა, მეგობრობა თუ ოჯახი თავის მთავარ აზრს კარგავს.

ასწავლეთ პოლიციის, ცხელი ხაზის, ფსიქოლოგის ნომერი, უთხარით, რომ მათ გვერდით ხართ, ეცადეთ გენდონ და  თავიანთი პრობლემები გაგიმხილონ.

ფრთიანი დიდაქტიკური ფრაზები, ანდაზები და აფორიზმები არაფერს გიშველით – შექმენით თანასწორი გარემო თქვენს კლასში, კონკრეტული მაგალითები მოიშველიეთ, ყოფითი, სასიცოცხლო ჩვევები ასწავლეთ.

სამწუხაროდ, პატარა გოგოებისთვის ჩვენი გარემო, ქუჩა, სკოლა ჯერ კიდევ ძალიან საშიშია – ასწავლეთ თქვენს მოსწავლეებს, როგორც გაუმკლავდნენ ყოველდღიურ პრობლემებს. სხვა ყველაფერი მოიცდის!

 

სიცოცხლის ფერი და სურნელი –  ვაჟა-ფშაველა „ღამე მთაში“ (სწავლებისთვის)

0

ამ ლექსის  მხატვრული სამყარო კიდევ ერთხელ გვაჯერებს, რომ ვაჟა-ფშაველა უნივერსალური ხედვისა და აზროვნების პოეტია. მის თვალთახედვაში სამყარო ირეკლება, როგორც მთლიანი, განუყოფელი, ღვთის მიერ შექმნილი, რომლის დაშლა შეუძლებელია. ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაც ასეთი უნდა იყოს, სხვაგვარად ის ვერ შეიმეცნებს იმ კანონზომიერებებს, რომლებიც სიცოცხლის აზრს განაპირობებენ. პოეტი ბუნების საოცარ თანხმიერებაში პოულობს ბედნიერებას:

„ამაზე ტურფა და კარგი

მე სხვა აღარა მგონია!“

ადამიანიც სამყაროს ნაწილია და ამიტომ  საკუთარი თავი ამ სრულყოფილ მთლიანობაში უნდა გაიაზროს, ამაზე უნდა დაასაქმოს გონება, იშრომოს, პირზე ოფლი გადაიდინოს და ჩასწვდეს არსებობის აზრსა და მიზანს:

„ხევი მთას ჰმონებს, მთა – ხევსა,

წყალნი – ტყეს, ტყენი – მდინარეთ,

ყვავილნი – მიწას და მიწა –

თავის აღზრდილთა მცინარეთ

და მე ხომ ყველას მონა ვარ,

პირზედ ოფლ-გადამდინარედ!“

ადამიანი სხვაგვარად თუ მოიქცევა, გაუცხოვდება იმ მადლისა და სიყვარულისაგან, რომელიც კოსმოსის ცალკეულ ნაწილს ერთ „ღვთაებრივ ტაძრად“ ადუღაბებს, სამლოცველოდ, რომელშიც ნებისმიერი რჯულის, რასის, ეთნოსის, კულტურის, წარსულისა და მომავლის ადამიანს თანაბრად შეუძლია მუხლის მოდრეკა და მხურვალე ლოცვა. ეს ლოცვა იმ სიხარულის გაზიარება იქნება, რომელიც სიცოცხლის სიხარულის შეგრძნებიდან იბადება. სწორედ ამაზეა ლექსი „ღამე მთაში“. რადგან ვაჟასთვის „ენა მწერლის სულია“ („ნიჭიერი მწერალი“), იგი მხატვრულ სახეებში შიფრავს სათქმელს, ოღონდ ისე, რომ გულისხმიერ მკითხველს არ გაუჭირდეს მათი დეკოდირება, ახსნა და შემეცნება:

„ლამაზის მთების ასულთა

ხმა ხმისთვის შაუწონია,

მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,

უფალო, დაუმონია“.

ამ  სტრიქონებით იგი წარმოაჩენს, რა წარმოქმნის ბუნების მშვენიერებას, რა უდევს საფუძვლად მის ჰარმონიულობას. ეს არის ერთმანეთს „მონობა“, ურთიერთშეთანხმებულობა. ღვთის იმგვარი განგებულება, რომლის მიხედვითაც,  „მონობა“ თავისუფლებაა, სიყვარულია. ყოველივე არსებულს თავისი იდუმალი ფუნქცია აქვს. ვაჟა ცდილობს ჩასწვდეს ბუნების ამ საიდუმლოს, რომელიც ყველა ფერს თავის ადგილს მოუნახავს ერთგვარ სამოთხისეულ აღქმაში, რომელიც სიკეთისა და ბოროტების, სიცოცხლისა და სიკვდილის მიღმა არსებობას გულისხმობს:

„საცა პირიმზეს ახარებს,

იქვე მთხრელია ზვავისა…

მაინც-კი ლამაზი არის,

მაინც სიტურფით ჰყვავისა!..“

ვაჟას, როგორც შემოქმედს, თანაბრად აქვს „თვალი“ და „ყური“ გამახვილებული, ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს იდუმალ ხმებს ისმენს და ფერწერულად აღიქვამს ყოველივეს. მასაც სჯერა ბარათაშვილივით, რომ:

„არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის“ („ჩინარი“).

ეს იგივე „სასუფევლის ენაა“ (ბარათაშვილი „ჩჩვილი“). რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ეხმიანება „ვეფისტყაოსნისეულ“ სამყაროს, რომელშიც ადამიანი და კოსმოსი ჰარმონიულად ურთიერთობს:

„რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან“ (რუსთაველი).

ბუნება ადამიანს ელაპარაკება ფერითა და სურნელით, როგორც რომანტიკოსებს სჯეროდათ. რაც მთავარია, ვაჟას თავისი მუსიკალური თუ ფერადოვანი შეგრძნებები, სამყაროს ესთეტიკური აღქმა მკითხველამდე მოაქვს მხატვრული სახეებით:

„დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი

აყვავდნენ, დასხდენ ცაზედა“.

ვარსკვლავთა აყვავება იმგვარი მეტაფორაა, რომელიც ერთდროულად იწვევს ფერისა და სურნელის შეგრძნებას. აყვავება პირდაპირ ასოცირდება ყვავილებთან, რომლებიც, თავის მხრივ, სურნელსაც მოიყოლებენ. გვახსენდება გიორგი ლეონიძე, ვაჟას პოეტური მემკვიდრე, რომელიც ცას ასე ხატავს: „ცა ატმებით, მსხმოარე, ჩახჩახა“ („ნინოწმინდის ღამე“).   აქაც თვალით აღქმული ფერადოვნებაა გამოკვეთილი. აკაკის პოეზიაში, მაგალითად, სხვაგვარადაა, იქ  ვარსკვლავებს კოსმიური ხმოვანება ახლავთ თითქოს:

„და ვარსკვლავებიც იმავ დროს

დაჰფეთქენ, დასჭიკჭიკობენ“ („თორნიკე ერისთავი“).

ლექსში ბუნება  თითქოს ადამიანური ყოფისგან განუყოფლად აღიქმება. მთვარეს ჯერ არ გაუღვიძია და ტკბილად სძინავს მკლავზე, როცა გაიღვიძებს, სხივებს პირის საბანად წყალზე გაგზავნის, მერე გორაზე შემოჯდება და გამარჯობას იტყვის, მაგრამ მანამდე ჯერ შუაღამეა – მგლების ღავღუვის დრო. პოეტი  ხატავს, როგორ ენაცვლება ერთმანეთს სიმშვიდე და ხმაური, დარი და ავდარი. ყველაფერი, რაც ხდება, სასიცოცხლო  მისტერიაა, ამიტომაც არაფერს გაუნაპირდება პოეტი, ყოველივეს ყურს უგდებს და მკითხველსაც ამ საყოველთაო სასიცოცხლო რიტუალში ჩართავს, სინათლისა და სიბნელის მარადიული მონაცვლეობის აუცილებლობას აზიარებს. ამიტომაც უწოდებდა გრიგოლ რობაქიძე ვაჟას „მითოლოგიური წარსულის ძეს“. მისი აზრით: „მისთვის, განმჭვრეტი მწყემსისათვის, ჩუმ და იდუმალ ღამეში გადახსნილია ვარსკვლავთა ზეცა, და იგიც სამყაროს საერთო მდუმარების ჟამს გარდასახავს ცის ამ საიდუმლოთ თავისი ლერწმის სალამურის მომხიბლავ ხმებად. ამ გამოუცნობი პოეტის შემოქმედებითი ცნობიერება  შესაძლოა განისაზღვროს – როგორც მითოლოგიური; ის – გრძნობა და აზრი პოეტისა – ყურს უგდებს ბუნების ყოველ მოვლენას და ინტენსიურად შეიცნობს რაღაც მახლობელსა და მშობლიურს, თუმცაღა გარკვეული სახით მოწყვეტილსა და დაკარგულს; ესმის მას – გულსა და გონებას პოეტისას – რაკრაკი მთის ნაკადულისა და ამაში თავის სულიერ მღელვარებათა რიტმის გამოძახილს გრძნობს. ცნობიერება (პოეტისა) თავის სახეს ჰქმნის ბუნებაში და ამით მას ასულიერებს, – და ბუნების ასარკვაში ქმნილი სახე ცნობიერებისა ხდება სიმბოლო მათი – ცნობიერებისა და ბუნების – ერთიანობისა. ასე იქმნება მითი მათ წინასამყაროულ მდგომარებაზე: რადგან ვ. ივანოვის შესანიშნავი თქმით: „მითი გახსენებაა მისტიკური ამბისა, კოსმიური საიდუმლოსი“. სწორედ ამ ამოუხსნელ სამყაროს, სიმბოლოსა და მითის სამყაროს ბიოკლინის საღებავებით გადაგვიხსნის პოეტი ვაჟა-ფშაველა“.

 

 

ქართველი მწერალი და თანამედროვეობა

0

მწერლობა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე არასერიოზული ხელობაა. ვერავის დააჯერებ, რომ წერა საქმიანობაა და არა გართობა.

– რას საქმიანობ?

– ვწერ.

– ეგ ხო, მაგრამ სადმე არ მუშაობ?! – ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული კითხვებია, განსაკუთრებით – იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც შენი ნაწერები საერთოდ არ წაუკითხავთ და არც საამისო სურვილი აქვთ. მწერლობა გართობად, მეორად პროფესიად მიიჩნევა, სულ რომ გენიოსი იყოს მწერალი, მაინც.

ასეთი დამოკიდებულების მიზეზი სხვა რამაა და არა ის, რომ მწერალი ჩვენს ქვეყანაში მწერლობით თავს ვერ შეინახავს. არადა, მართლა ასეა, ყველა მწერალი სადღაც მუშაობს, არა იმიტომ, რომ ეხალისებათ, უბრალოდ, პური ხომ უნდა ჭამონ. აი, ის ადამიანები, რომლებიც ზემოთ მოყვანილ შეკითხვებს სვამენ, წიგნებს რომ ყიდულობდნენ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სამმილიონნახევრიან ქვეყანაში კარგი წიგნის მყიდველთა რაოდენობა მინიმუმ ასი ათასს რომ არ აღწევს, საქმე არც ისე კარგადაა. შესაძლოა შემომედავოთ, ხალხს პურის ფული არ აქვს, რა დროს წიგნიაო, მაგრამ დამიჯერეთ, უმეტესობას ყველაფრის ფული აქვს, წიგნის საყიდელი ფულის გარდა. თანაც წიგნი არც ისე ძვირი ღირს.

ერთხელ სოფლიდან ძველი წიგნები ჩამოვიტანე, თარო ახალი წიგნებით მქონდა სავსე, ადგილი ვერ გამოვნახე და კედელთან მეწყო. მეზობელი, შუახნის ქალი შემოვიდა და დედაჩემს ეუბნება: ეს ძველი წიგნები რად გინდათ, გადაყარეთ, ახლები ხომ გიწყვიათ თაროებზეო. იმაზე არ დაფიქრებულა, რომ შეიძლებოდა, ისინი სრულიად სხვადასხვა წიგნები ყოფილიყო. კი, ასეთი კატეგორიაც არსებობს, ისინი ორ-სამ განყოფილებიან თაროს ოთახის დიზაინს მორგებული გარეკანის მიხედვით ნაყიდი წიგნებით აავსებენ და მორჩა, არც რამეს მიამატებენ და არც იმ წიგნებს გადმოიღებენ წასაკითხად. თუმცა ისიც კარგია, რომ სახლში წიგნების ქონა კარგ ტონად მიიჩნევა.

არ არსებობს ხელოვნების დარგი, რომლის წარმომადგენელთა მიმართ ისეთი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდეთ, როგორიც მწერლების მიმართ აქვთ. ვინმემ რომ მიმართვა ან წერილი დაიწყოს ასე: „მე, მხატვარი ესა და ეს, ვფიქრობ ამას და ამას“, ან: „მე, მუსიკოსი ესა და ეს…“, ან სულაც: „მე, იურისტი ესა და ეს…“ – და ეს მიმართვა ან წერილი ინტერნეტში გავრცელდეს, არავინ შეიტანს ეჭვს ავტორის მუსიკოსობაში, მხატვრობასა თუ იურისტობაში, მაგრამ მწერალმა იგივე რომ გააკეთოს, აბობოქრდება ხალხი: „გვაჩვენოს ერთი, რა დაწერა, თავს მწერალს რომ უწოდებს!“ – და ა. შ. შე კაი დედმამიშვილო, რატომ უნდა გაჩვენოს, თუ გაინტერესებს, წადი, იყიდე მისი წიგნი და ნახე. მაგრამ ზოგს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ამქვეყნად წიგნის მაღაზია არსებობს. სრულიად უნიკალური კითხვაა: „სად შემიძლია შევიძინო შენი წიგნი?“ ამაზე სულ ლაშა ბუღაძის ხუმრობა მახსენდება, ზუსტად ასეთი კითხვის პასუხად თქმული: „სადდა აფთიაქში!“

მწერლებისადმი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ თანამედროვე ქართველმა პროზაიკოსებმა თამასა საკმაოდ დაბლა დასწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მწერლები გვყავს, უნდა ვაღიაროთ: ოთარ ჭილაძის, გურამ დოჩანაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ჯემალ ქარჩხაძის რომანების დონისა თანამედროვე ქართულ პროზაში ჯერ არაფერი დაწერილა. პოეზიაში ამ მხრივ საქმე უკეთაა, ძველი თაობის პოეტებს რომ თავი დავანებოთ, საშუალო თაობაშიც შემიძლია რამდენიმე დიდი პოეტი დავასახელო, თუმცა პოეტური კრებულები კიდევ უფრო ნაკლებად იყიდება.

კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა გატელევიზორებული მწერლები იყვნენ, რომლებსაც ეკრანზე ლამის ყოველდღე ხედავენ, მაგრამ მათი არაფერი წაუკითხავთ. მე ასეთი მწერლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, ალბათ, მოსაბეზრებელია, როცა პერანგის საყელოში კუბოკრულკაშნეჩაფენილი პოეტი ყველა თოქშოუში ზის და ყველაფერზე გამოთქვამს აზრს, „ასტერ-30–ის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემით დაწყებული, ქართული თხილისა და ციტრუსისთვის ევროკავშირის ბაზრის აუცილებლობით დამთავრებული.

დაბოლოს, როგორც აკა მორჩილაძე იტყოდა: „სულელი არ ვიყავი, თბილისში მწერლობა რომ გადავწყვიტე? მაინც მგონია, რომ უფრო გულუბრყვილო, ვიდრე სულელი“.

სკოლებში ბულინგის პრვენცია

0

სკოლების უმრავლესობას აქვს პოლიტიკა, რომლითაც წარმართავს ბულინგთან დაკავშირებულ სტრატეგიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკა სასიცოცხლოდ აუცილებელია, პროფესიონალთა, მშობელთა და მოსწავლეთა უმრავლესობა ეთანხმება აზრს, რომ პოლიტიკა არ ცვლის ადამიანებს, ადამიანებს ცვლიან ადამიანები.
ახალგაზრდები, ვისაც უჭირს სოციალური ინტერაქცია, ვერ გამოიმუშავებენ ახალ უნარებს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკა ურჩევს ამას; და ბავშვები, ვისაც დომინირება და სხვისი კონტროლი მოსწონს, მსგავს ქცევას თავს არ დაანებებენ იმის გამო, რომ პოსტერზე წესი წაიკითხეს. CASEL კვლევები (2011) კი ადასტურებს, რომ სოციალურ-ემოციური სწავლების (SEL) აქტივობებში ჩართული მოსწავლეები პროსოციალური ქცევის უფრო მაღალ დონეს აჩვენებენ, ავლენენ ემოციური დისტრესის უფრო დაბალ დონეს, აქვთ სკოლისა და თანატოლებისადმი უფრო კეთილმოსურნე დამოკიდებულება და მათი აკადემიური მოსწრება უფრო მაღალია.

სკოლებში ბულინგის პრევენციის ეფექტურ პროგრამებს შეუძლია, გაზარდოს ბავშვების სოციალური და ემოციური კომპეტენცია შემდეგ ხუთ ძირითად სფეროზე ყურადღების გამახვილებით:

 

  1. 1. ემოციების მართვა

 

საკმაოდ ხშირია, რომ ძლიერი ბრაზის, მოწყენილობის, შიშის ან ფრუსტრაციის გრძნობები ისე „იპყრობს” ხოლმე ახალგაზრდებს, რომ მთელი სხეული რეაგირებს ამაზე. ყველას გვინახავს: წითელი სახე, ცრემლები, კანკალი, შეკრული მუშტები, ყვირილი, აგრესია. ძლიერი გრძნობების კონსტრუქციული მართვის სწავლა ახალგაზრდებისთვის განგრძობადი პროცესია. ზოგისთვის ეს უფრო მეტ ხანს გრძელდება და უფრო დაწვრილებით ინსტრუქციებს საჭიროებს, ვიდრე სხვებისთვის.

ბულინგისას როგორც მოძალადე, ისე მსხვერპლ ბავშვებს სჭირდებათ სტრესის მართვისა და თავიანთი იმპულსების კონტროლის უნარები. ემოციების მართვის პროგრამა ასევე ეხმარება ბავშვებს თვითრეგულაციისა და თვითდამშვიდების ტექნიკის ათვისებაში.

 

  1. ემპათია

ემპათია არის უნარი, „გაიარო მილი  სხვის ფეხსაცმელებში”, რათა გაიგო, რას გრძნობს ან ფიქრობს სხვა მოცემულ სიტუაციაში. ბულინგის პრევენციისას ემპათია ახალგაზრდებში აუცილებლად განსავითარებელი უნარია, რადგანაც ბავშვებს, ვინც ბულინგს ახორციელებს, იზიდავს ის სოციალური „ჯილდოები”, რასაც თავიანთი ქცევით იღებენ, მაგ. სხვებზე ძალაუფლების და კონტროლის გრძნობა, თანატოლების გაზრდილი ყურადღება, ან/და უფრო მაღალი სოციალური სტატუსი. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მათ დაკარგონ იმ მტკივნეული ეფექტის შეგრძნების უნარი, რასაც მათი აგრესია მსხვერპლ(ებ)ში იწვევს.

ემპათიის განვითარებაზე ორიენტირებული სოციალურ-ემოციური სწავლება (SEL) ბულინგისას პრევენციულ როლს ასრულებს, რადგან ასწავლის ბავშვებს, ადამიანურად გაუგონ ერთმანეთს და არ უყურონ თანატოლებს, როგორც პაიკებს პოპულარობისათვის თამაშში. ემპათიის განვითარების ეფექტური აქტივობები ეხმარება ახალგაზრდებს, იცოდნენ, რას შეიძლება გრძნობდნენ და ფიქრობდნენ სხვები.

3. პრობლემების გადაჭრა და კონფლიქტების გადაწყვეტა

 

ბულინგისაგან თავისუფალი კულტურის შექმნა არ უნდა ავურიოთ უკონფლიქტო გარემოში. კონფლიქტი ადამიანური ურთიერთობების ბუნებრივი ნაწილია და უთანხმოება შეიძლება პროდუქტიული იყოს, როცა ადამიანებს ყველა რელევანტური პერსპექტივის გათვალისწინებაში ეხმარება. ბულინგის პრევენციის SEL პროგრამებში მნიშვნელოვანია, ბავშვებმა ისწავლონ პრობლემების გადაჭრის უნარები, რაც დაეხმარება მათ, მართონ ცხოვრების გარდაუვალი კონფლიქტები დამოუკიდებლად და შეინარჩუნონ სხვების პატივისცემა.  კვლევებით დადგინდა, რომ პრობლემების გადაჭრის სტრატეგიები 13-ჯერ უფრო ეფექტიანია კონფლიქტების დეესკალაციისას, ვიდრე აგრესიული, ემოციურად რეაქტიული პასუხები (Wilton, et al, 2000).

 

  1. ასერტიულობა

ასერტიულობა კომუნიკაციის ისეთი სტილია, როცა ადამიანი თავის აზრებსა და გრძნობებს გამოხატავს ვერბალურად, არაბრალმდებლურად, თავაზიანად (Long, Long & Whitson, 2008).

მაშინ, როცა ბულინგისათვის დამახასიათებელი აგრესია დესტრუქციულია ურთიერთობებისათვის, რადგანაც მიზნად ისახავს სხვებისთვის ტკივილის მიყენებას ან დათრგუნვას, ასერტიულობა ქმნის პოზიტიურ ურთიერთობებს თავისი გულწრფელი მიდგომით. როცა ბავშვები სწავლობენ და იყენებენ ასერტიულობის უნარებს, უკეთ შეუძლიათ კომუნიკაცია, კონფლიქტების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანატოლების ზეწოლასთან გამკლავება, საკუთარი საჭიროებების (მოთხოვნილებების) დაკმაყოფილება და თანატოლებთან და უფროსებთან ეფექტური კავშირ(ებ)ი.

 

  1. მეგობრობის აგება

სასკოლო ასაკის ბავშვებში მეგობრობა ქმნის მიკუთვნებულობის მძლავრ გრძნობას. SEL-ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, განსაკუთრებით ბულინგის პრევენციის კონტექსტში, არის ახალგაზრდებისთვის დახმარების გაწევა როგორც დამეგობრების,  ისე პოზიტიური მეგობრობის უნარების განვითარებაში. მეგობრობის „აგება” ბავშვებისათვის ორ კომპონენტად უნდა დაიყოს:

ა. დამეგობრება:
ბევრი ახალგაზრდისათვის მეგობრების შეძენის უნარი სუნთქვასავით ბუნებრივია, მაგრამ სხვებისათვის თანასწორებთან ურთიერთობა უკიდურესად უხერხულია. ჩვენ ვიცით, რომ თანატოლების ქრონიკული უარყოფა ართმევს ბავშვებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, წარმატებული ურთიერთობა ჰქონდეთ თანატოლებთან და, ამავდროულად, განავითარონ ის ჯანსაღი სოციალური უნარები, რომელთაც სოციალური მხარდაჭერისკენ მივყავართ. ამ დროს ბულინგის მსხვერპლი ბავშვები აღმოჩნდებიან უარყოფის, სოციალური განრიდებისა და იზოლაციის მანკიერ წრეში.

ფოკუსირებული SEL პროგრამა შესაძლოა ძალიან ეფექტური იყოს იმ ბავშვებთან ურთიერთობისას, რომლებიც სოციალურად იბრძვიან პროსოციალური ქცევების დასანერგად. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კარგი SEL პროგრამირება არ შემოიფარგლება მხოლოდ ბულინგის მსხვერპლი ბავშვებით და არც მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ ბავშვებს „ნორმალურად მოქცევა” ასწავლოს,  რათა არ გახდნენ მსხვერპლი. პირიქით, ეფექტური SEL შეეხება ყველა მოსწავლეს და ეხმარება ყველანაირი შესაძლებლობის ბავშვებს სოციალური დინამიკის მართვაში.

ბ. პოზიტიური მეგობრობის არჩევა:
ბევრი მოსწავლისათვის, სკოლა წარმოადგენს არამეგობრულ ტერიტორიას მჭიდრო ურთიერთობების მოსაძიებლად და ჩამოსაყალიბებლად. შეჯიბრება გარკვეული რანგის მოსაპოვებლად სკოლის სოციალურ კიბეზე შეიძლება იყოს დაძაბული. ზოგი ბავშვი ირჩევს თავისი თანატოლების ჩაგვრას, როგორც ლოკალურ სოციალურ იერარქიაში აღმასვლის გზას. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ამასთან საკმაოდ მძლავრი რამ, რის გაკეთებაც შეუძლიათ უფროსებს ბავშვებისათვის, ვინც ასეთ გარემოშია მოქცეული, არის სკოლისგარე შესაძლებლობების უზრუნველყოფა ბავშვებისათვის თანატოლებთან პოზიტიური ურთიერთობების შესაქმნელად. პროფესიონალებსაც და მშობლებსაც შეუძლიათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ბავშვების წახალისებაში, ეძიონ მეგობარი სამეზობლოში, გუნდში, კლუბებში, ახალგაზრდულ ჯგუფებში და სხვ. მსგავსი ქცევით უფროსები აცნობენ ბავშვებს თანატოლთა მრავალგვარ ჯგუფებს და მეგობრობის ყველანაირ სახეს. როდესაც ბავშვი უკავშირდება პოზიტიურ თანატოლს, მშობელი კრიტიკულ როლს თამაშობს ამ მეგობრობის შესანარჩუნებლად.

იმასთან ერთად, თუ სად ეძებონ ბავშვებმა პოზიტიური მეგობრობა, უფროსებმა უნდა ასწავლონ მათ, როგორი უნდა იყოს პოზიტიური მეგობრობა. ადრეულ ასაკში ბავშვები უფრო ინტუიციურები არიან სამეგობროს არჩევისას; ისინი გადაწყვეტენ, ვის უნდა ეთამაშონ, იმის მიხედვით, თუ ვის უყვარს იგივე თამაშები ან სათამაშოები და ვინ ექცევა მათ კარგად. ბავშვები იზრდებიან, სოციალური დინამიკა რთულდება და იცვლება მეგობრების მოძიების მოტივაცია. ამ დროს არც თუ იშვიათია მეგობრების შერჩევა მხოლოდ სოციალურ სტატუსზე დაფუძნებით, დაახლოებით მსგავსი ლოგიკით:
– ის პოპულარულია, შესაბამისად, თუ მისი მეგობარი გავხდები, მეც პოპულარული ვიქნები.
ან ასე: – ის პოპულარულად  არ მიიჩნევა. მე ის მომწონს, მაგრამ თუკი მასთან გავატარებ დროს, ხალხი იფიქრებს, რომ უცნაური  ვარ, ამიტომ მე მას აღარ დაველაპარაკები.
შესაძლოა მავნე მეგობრობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებაც კი:
– მართალია, ის მაბრაზებს და ხშირად დამცინის მეგობრების წინაშე, მაგრამ თუ არ ვიმეგობრებ მასთან, არავინ მეყოლება, ვისთანაც ურთიერთობა შემეძლება, ამიტომ თვალს დავხუჭავ იმაზე, როგორც მექცევა.

 

საწყენია, რომ მოზარდები კარგავენ  ბავშვობის ინსტინქტებს, რამაც მათ პირველი რეალური მეგობრობა მოუტანა. ბევრს წლები სჭირდება თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად, რომ მეგობრები მათი თვისებების მიხედვით და არა მისი სოციალური სტატუსის მიხედვით შეარჩიოს. მაგრამ უფროსებს შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ბავშვების არჩევანზე, როცა ეს მეგობრობას ეხება და შეზღუდონ ამ მეგობრობის მავნე შედეგები.

SEL-მა ყველაფერი უნდა იღონოს ისეთი სიტუაციების მხარდასაჭერად, როცა ბავშვებს იღებენ და აღიარებენ თანატოლები და ისიც გრძნობს ამას. მსგავსი მომენტების განცდით ბავშვები ხელახლა სწავლობენ, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობრობა. პროფესიონალებს და მშობლებს შეუძლიათ ამ პროცესის ხელშეწყობა ბავშვების იმ დიალოგში ჩართვით, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება ნამდვილი მეგობრობისას.

ბოლო სიტყვა თემასთან დაკავშირებით
მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემა ძირითადად სტანდარტიზებული ტესტების წარმატებულ ჩაბარებაზეა ორიენტირებული, არ არსებობს დასკვნები, რომ მაღალ ქულებს ტესტებში ზრდასრულ ცხოვრებაში უკეთეს შედეგამდე მივყავართ. მეორე მხრივ, არის ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ კარგად განვითარებული სოციალური უნარები დადებითი შედეგების საწინდარია როგორც სკოლაში სწავლისას, ასევე მომდევნო წლებში (Winner, 2013). მთელი ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის მანძილზე სასკოლო კურიკულუმებში სოციალურ-ემოციური სწავლების ჩართვა ბავშვების ბულინგისაგან დაცვისა და ყველანაირი ინტერპერსონალური ინტერაქციებისას წარმატების მიღწევის დადასტურებული გზაა.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/passive-aggressive-diaries/201801/5-key-skills-school-based-bullying-prevention-program

 

კვლევითი უნარების განვითარება  და   სამუზეუმო კოლექციები  ისტორიის გაკვეთილებზე

0

ბოლო ხანებში აქტუალურია მუზეუმისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის სკოლების, შემოქმედებითი თანამშრომლობა. ამის ამსახველ მასალას მრავლად შეხვდებით პრესასა და ინტერნეტსივრცეში. ამჯერად ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ამ საკითხზე არსებული ლიტერატურის მიმოხილვა. მსურს,  დაინტერესებულ მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო მუზეუმთან თანამშრომლობის და მოსწავლეებში სააზროვნო და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესში სამუზეუმო კოლექციების გამოყენების შესახებ.

მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებების საშუალებით  სწავლებისა  და  მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. მოზარდებისთვის ეს არის კომფორტული, სასიამოვნო  და  უჩვეულო სასწავლო სივრცე,  განსხვავებული გარემო.   მუზეუმში  შეგვიძლია დავათვალიეროთ  ექსპოზიცია, სტენდები, ვნახოთ ფილმი ინტერაქტიულ მონიტორებზე,  ხანაც საკუთარი  ხელით შევქმნათ არტეფაქტების ასლები.

ესგ–ს ძირითადი მიზნები და ამოცანები საშუალო საფეხურისთვის განსაზღვრავს, რომ ისტორიის სწავლებამ მოსწავლეს უნდა დაანახოს, რომ ისტორია არის უწყვეტი პროცესი,  უნდა განუვითაროს პრობლემის გადაჭრის უნარი.

ამ ამოცანების შესრულება მოითხოვს, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს ისტორიული აზროვნება, მას უნდა შეეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას მოვლენების დანახვა იმ პერიოდში  მცხოვრები ადამიანების თვალით), ისტორიული მოვლენის მიზეზებისა და შედეგების განსხვავებული შეფასებების შედარება და ანალიზი, დამოუკიდებელი  ისტორიული კვლევა, კერძოდ, ისტორიული კვლევა-ძიების მიზნის განსაზღვრა და დაგეგმვა, წერილობითი, ვიზუალური, ლიტერატურული წყაროების მოძიება, ისტორიული დოკუმენტის  ანალიზი, ისტორიკოსთა განსხვავებული შეხედულებების შედარება, ჩატარებული კვლევის საფუძველზე ისტორიული თემის დაწერა. დღეს აქტუალურია, რომ ახალ თაობას სკოლაც და მუზეუმიც  დაეხმაროს არტეფაქტების მიმართ  ახალი, ინტერაქტიული ხედვის ჩამოყალიბებაში.

ამ რთული ამოცანის დაძლევას შევეჭიდეთ მე და ჩემი მეთერთმეტე კლასელები, როცა დავიწყეთ საქართველო-რომის ურთიერთობების შესწავლა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში. აჭარა ის რეგიონია, რომელიც მდიდარია რომაული ეპოქის ამსახველი თვალსაჩინო მასალით.  იქნება ეს გონიოს ციხე თუ  აჭარის მუზეუმებში დაცული ექსპონატები.

ამ თემაზე მუშაობისას ჩემი მიზანი ასე განვსაზღვრე:

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • რომის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, კერძოდ, რომისა და პართიის ინტერესის მიზეზები ქართლის და კოლხეთის მიმართ; გაიაზრონ საქართველოს როლი და ადგილი მოცემულ ეპოქაში გეოპოლიტიკურ სივრცეში;
  • სხვადასხვა ტიპის წყაროების ანალიზი, მათი დაჯგუფება კრიტერიუმების მიხედვით, ამ არტეფაქტების ეპოქასთან მიმართებაში გააზრება;
  • ნასწავლი და გაანალიზებული მასალის საფუძველზე   ისტორიული  და კულტურული მემკვიდრეობის ახალ, თანამედროვე კონტექსტში გამოყენება;  

(ისტ.XI.3.    მოსწავლეს შეუძლია  სახელმწიფოს  რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი. ისტ.XI.4.  მოსწავლეს შეუძლია  მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და დროში ცვალებადობის ანალიზი. ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა. ისტ.XI.7.  მოსწავლეს შეუძლია  ამა თუ იმ ქვეყნის მატერია­ლურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენის ანალიზი. ისტ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა კულტურების ურ­თიერთზეგავლენის საკითხების კვლევა).

საქართველო-რომის ურთიერთობის შესასწავლად  მეთერთმეტე კლასელებთან ერთად რამდენიმე აქტივობა დავგეგმე.  ჩვენს სკოლას დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმთან და გონიოს ციხის მუზეუმ-ნაკრძალთან. რესურსად გამოვიყენე ორივე მუზეუმში დაცული ექსპონატები. ამ მუზეუმების თანამშრომელთა  კეთილი ნებით და დახმარებით ეს ერთი კვირა დაუვიწყარი გამოდგა ბავშვებისთვის. ისტორია და ტურიზმი უძველესი დროიდან არის ერთმანეთთან დაკავშირებული. პირველი „ტურისტები“  მოგზაურები, ვაჭრები, სარდლები და მეომრები იყვნენ. ისინი, ვისი ჩანაწერებიც, სამარხები, პირადი ნივთები, ყოველდღიური ყოფის ამსახველი მასალა დღეს ფასდაუდებელი საგანძურია. ამ ყველაფერს კვლევა, კრიტიკული ანალიზი, შედარება, დასკვნების გაკეთება, შემდეგ კი პოპულარიზაცია სჭირდება.

ძალიან საინტერსო იყო ექსკურსია ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმში, სადაც ამ ეტაპზე  მეტი ყურადღება გავამახვილეთ რომაული ეპოქის არტეფაქტებზე (იხ. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ფეისბუქის გვერდი);

გონიოს ციხის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა დახმარებით ჩავატარე იმპროვიზირებული იმიტირებული გაკვეთილი გონიოს ციხეში. მუზეუმს კარგი მასალა გააჩნია მოზარდთათვის განკუთვნილი პროგრამების ფარგლებში. მუზეუმის არტეფაქტების ასლების გამოყენებით ახალგაზრდებმა გააცოცხლეს რომაული ეპოქა გონიოს ციხეში, მოირგეს ძველ რომაელთა სამოსი, საჭურველი, სამკაული, სცადეს ლეგიონერთა იარაღის „გამოცდა“.
ეს სკოლისა და მუზეუმის აქტიური თანამშრომლობის კიდევ ერთი სასარგებლო შედეგი იყო. (იხ.https://batumigimnazia.edu.ge/274-).

ამ აქტივობების საფუძველზეც მოსწავლეებმა დაწერეს მცირე ესე: „რამდენად    უწყობს ხელს სამუზეუმო სივრცე თეორიული მასალის აღქმას ისტორიის შესწავლისას?“ რა თქმა უნდა, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს უკვე გააჩნიათ კვლევის,  ანალიზის, წყაროს, სტატიის დამუშავების, ცხრილის შედგენის, პრეზენტაციის მომზადების და სხვა უნარ-ჩვევები და ა.შ.

ამის შემდეგ დავგეგმეთ გაკვეთილი, რომელიც ჩავატარე ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში. ამ დღის სასიამოვნო და გაუთვალისწინებელი მოულოდნელობა იყო ცნობილი არქეოლოგის, ამ მუზეუმის შემქმნელის ბატონ ამირან კახიძის შეხვედრა მოსწავლეებთან გაკვეთილის დაწყებამდე (იხ. https://www.batumigimnazia.edu.ge/276 ). გთავაზობთ ამ გაკვეთილის გეგმას;  გაკვეთილის მსვლელობისას თითქმის არ მომხდარა გეგმის მოდიფიცირება; გაკვეთილის ხანგრძლივობა იყო 60 წუთი.

 

გაკვეთილის გეგმა:

თემა: საქართველო-რომის ურთიერთობა ანტიკურ ხანაში.

კლასი: XI;

კლასში ირიცხება 25 მოსწავლე.

აქტივობა N1

ორგანიზება:  ინდივიდუალური, მთელი კლასი;

დრო – 15  წთ.

მიზანი:  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ: რომის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, კერძოდ, ქართლის და კოლხეთის მიმართ რომისა და პართიის ინტერესის მიზეზები. გაიაზრონ საქართველოს როლი და ადგილი მოცემულ ეპოქაში გეოპოლიტიკურ სივრცეში;

( ისტ.XI.3.    ისტ.XI.4. ისტ. XI.5. ისტ.XI.7. )

მსვლელობა: გამოვიკითხავ საშინაო დავალებებს:

  • როგორ გესმით ციცერონი ეს ფრაზა? „აზია რომის სახელმწიფო ხაზინის ძირითადი სასიცოცხლო წყაროა“.
  • ჩამოაყალიბეთ ის მიზეზები, რამაც ანტიკურ პერიოდში განსაზღვრა  რომისა და პართიის  ინტერესები მახლობელ აღმოსავლეთის და, კერძოდ, საქართველოს მიმართ?

 

მსჯელობის გასაღრმავებლად მოსწავლეებს შევთავაზებ ანალიტიკურ შეკითხვებს:

  1. რა პროცესები მიმდინარეობს რომში ძვ.წ. II-I სს-ში?
  2. რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს პართიაში, პონტოსა და სომხეთში?
  3. დაახასიათეთ მმართველობის სისტემა ქართლსა და ეგრისში; შეადარეთ ისინი ერთმანეთს პომპეუსის ლაშქრობამდე და მის შემდეგ?
  4. რა როლს ასრულებს ამ დიდ პროცესებში ქართლი? გამოყავით ფარსმან პირველისა და ფარსმან მეორის პერიოდები.
  5. შეადარეთ ეს ორი ეპოქა ერთმანეთს.
  6. რა გავლენა მოახდინა კულტურული თვალსაზრისით რომის იმპერიამ ქართულ კულტურაზე, გამოყავით ქრისტიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით?

შეფასება:  ინდივიდუალური განმავითარებელი და შეფასების სქემების მიხედვით გამნსაზღვრელი.

 

აქტივობა N2

ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა.

დრო–  15 წთ.

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ნივთიერი წყაროების ანალიზი, კონკრეტული არტეფაქტების ეპოქასთან მიმართებაში გააზრება; მათი დაჯგუფება კრიტერიუმების მიხედვით, ახსნა, რატომ მიაჩნიათ ასე;

 

მსვლელობა: მოსწავლეებს შევახსენებ მათ მიერ დაწერილ მცირე ესსეს: „რამდენად    უწყობს ხელს სამუზეუმო სივრცე თეორიული მასალის აღქმას ისტორიის შესწავლისას?“ და ვთავაზობ უკვე მიღებული გამოცდილების გამოყენებით პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას.

 

ჯგუფებს ურიგდებათ მუზეუმში დაცული არტეფაქტების სურათები (ანტონიუს პიუსის მონეტა, მინის და კერამიკის ჭურჭელი, თიხის საამშენებლო მასალა- კრამიტი და თიხის მილი, იარაღი -სამკაული) შესაბამისი დავალებით: „2 წთ-ის განმავლობაში ჩამოწერეთ ყველა შესაძლო შეკითხვა, რომელიც ამ ნივთის შესწავლისას შეიძლება დასვას მკვლევარმა“.

ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.  მასწავლებელს დაფაზე გადააქვს მოსწავლეთა პასუხები და მოსწავლეების დახმარებით  გამოარჩევს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესასწავლად აქტუალურ კითხვებს. ზოგიერთი შეკითხვა ორივეს შეესაბამება. მოსწავლეებს ვთხოვ, დაასაბუთონ თავიანთი პასუხები.

სურვილის მიხედვით, დაფაზე ჩამოწერილი კითხვების მიხედვით მოსწავლეები შეძლებისდაგვარად  ახასიათებენ რომელიმე ნივთიერ წყაროს.

შეფასება:  განმავითარებელი, რომელშიც ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, თუ რამდენად   აკადემიური  და მრავალწახნაგოვანი შეკითხვები წარმოადგინა ჯგუფმა, რამდენად ასაბუთებენ თავიანთ პასუხებს.

 

 

აქტივობა N3

ორგანიზება:  ჯგუფური მუშაობა.

დრო–  10 წთ.

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წერილობითი წყაროს ანალიზი, მისი საშუალებით უნდა გააკეთონ დასკვნები.

მსვლელობა: მოსწავლეებს მოკლედ ვაწვდი ინფორმაციას არმაზის ბილინგვაზე. შემდეგ დავურიგებ ტექსტს (რომელიც ამავე დროს ეკრანზეც არის გაშუქებული) და ვთხოვ, ზეპირად უპასუხონ შეკითხვებს. მოსაფიქრებლად -2 წთ.

  1. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ წარწერა ბერძნულ და არამეულ ენებზეა შესრულებული?
  2. როგორ შეძლებთ დათარიღებას (რომელი ინფორმაციის საფუძველზე)?
  3. რა ინფორმაცია არის დაცული ქართლის სახელმწიფო მოწყობის შესახებ?
  4. რომელი ისტორიული პირები არიან წარწერაში ნახსენები?

შეფასება:  განმავითარებელი, რომელშიც ყურადღებას ვამახვილებ იმაზე,    სწორად უპასუხა თუ არა  შეკითხვებს  ჯგუფმა. შეცდომებს ვაანალიზებ და ვუხსნი, სად დაუშვეს შეცდომა.

 

აქტივობა N4

 

ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა.

დრო–  20 წთ.

მიზანი:  მოსწავლეებმა ნასწავლი და გაანალიზებული მასალის საფუძველზე  შეძლონ  ისტორიული  და კულტურული მემკვიდრეობის ახალ, თანამედროვე კონტექსტში გამოყენება;  

მსვლელობა: მოსწავლეებს საშინაო დავალებად უნდა მოემზადებინათ სარეკლამო სახის პროდუქცია თემაზე: „ მზადება რომაული კვირეულისთვის მუზეუმში“;

ჯგუფების პრეზენტაციები  (თითო ჯგუფი 2 წთ-ის განმავლობაში წარმოადგენს შემთხვევითი შერჩევის წესით მიღებულ დავალებებს) :

  1. სატელევიზიო სარეკლამო ვიდეორგოლის სცენარის შექმნა;
  2. სარეკლამო ფლაერის მაკეტის დამზადება;
  3. კოსტიუმირებული წარმოდგენის პროექტი გონიოს განძის ელემენტების გამოყენებით;
  4. სარეკლამო პრეზენტაცია უცხო ქვეყნის ტუროპერატორებისათვის რომაული პერიოდით დაინტერესებული ტურისტების მოსაზიდად;
  5. სარეკლამო ბანერის პროექტი უცხო ქვეყნის ტუროპერატორებისათვის რელიგიური ტურიზმით დაინტერესებული ტურისტების მოსაზიდად;

 

შეფასება: მასწავლებელი აკეთებს თავისთვის ჩანაწერებს საბოლოოდ შეფასებისთვის; ჯგუფური მუშაობის შეფასებისთვის ვიყენებ სქემას.

ყველა ჯგუფი ერთმანეთის ნამუშევრებს აფასებს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ცხრილების საშუალებით.

ყველა ჯგუფი გამოარჩევს იმ პრეზენტაციას, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ. მაგრამ უნდა ახსნან, რატომ. ამის შემდეგ მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას. ხოლო ჯგუფის თითოეული წევრი ავსებს თვითშეფასების სქემას.

შეფასება – განმსაზღვრელი და განმავითარებელი (შეფასებისა და თვითშეფასების სქემების საშუალებით).

რესურსად გამოვიყენე:

  1. სახელმძღვანელო, ისტორია, XI კლასი, ავტ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
  2. თემატური ისტორიული რუკები;
  3. საქართველოს ისტორიის ატლასი;
  4. რომის იმპერატორები, ცხრილი;
  5. ილუსტრაციათა ფოტოები ;
  6. წყაროს ანალიზისათვის საჭირო შეკითხვები;
  7. PowerPoint- ით გაკეთებული პრეზენტაცია;
  8. შეფასების სქემები;

 

რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს მოვაწოდე მასალაზე მუშაობის დროს:

  1. ნ. შოშიტაშვილი, რომი და საქართველო, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, პალიტრა L, თბილისი, 2016.
  2. ა. კახიძე, თ შალიკაძე, თ. ფარტენაძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის საგანძური, კატალოგი, ბათუმი, 2015.
  3. დ. ბოლქვაძე, ესე ისტორიის სწავლებაში, https://mastsavlebeli.ge/?p=4179
  4. ნ. ხოფერია,იბერიელები, ჭანები და აბაზგები რომის არმიაში Notitia Dignitatum-ს მიხედვით (IV ს.), https://samxedro-istoria.blogspot.com/2016/12/notitia-dignitatum-iv.html#more
  5. იბერიელი უფლისწული სომხეთის ხელისუფლების სათავეში (და დედოფალი ზენობია), https://www.georoyal.ge/?MTID=1&TID=24&id=852
  6. ნ. ხოფერია, რომაული ფორტიფიკაციები საქართველოში და აფსაროსის ციხის რეკონსტრუქცია, https://samxedro-istoria.blogspot.com/2017/01/blog-post.html#more
  7. ე. ბუბულაშვილი, წმინდა მოციქულთა მოღვაწეობა საქართველოში და მათ სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები, “საეკლესიო ბიბლიოთეკა”, ტ. VIII. თ. IV. გამომცემლობა “ახალი ივირონი”, თბილისი, 2007 წ.
  8. ფარსმან II ქველი, www.youtube.com/watch?v=CS8SiHtZ7UE
  9. მთავარსარდალი ფარსმან ქველი, youtube.com/watch?v=AgSgw3BeN4c

 

ჩემი აზრით,  ამ გაკვეთილის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ უნდა ჩაითვალოს  ის, რომ , მოსწავლეები ძალიან ახლოს ამოჩნდნენ არტეფაქტებთან, გაითავისეს.  არც ისეთი მოსწავლეების ჩართვა გახდა რთული, ვისაც ადრე მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია დავალებების ჯგუფურად  ან ინდივიდუალურად შესრულებისას. ჯგუფში მუშაობის დროს კვლევითი სამუშაოს შესრულებისას მოსწავლეებმა ისეთ ნიუანსებზე გაამახვილეს ყურადღება, რაზეც, ალბათ, ნაკლებად დაფიქრდებოდნენ. ეს მომავალში მნიშვნელოვან გამოცდილებას შესძენს მათ. ბოლო აქტივობა აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო და სახალისო მოსწავლეებისთვის. ამან განსაზღვრა კიდეც აბსოლუტური უმრავლესობის ჩართვა მუშაობის პროცესში. ეს დავალება შემოქმედებითი და ინტერაქტიულია, მოითხოვს  ელექტრონული რესურსის გამოყენებას, იმ ტიპის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც ახალი ტექნოლოგიების ფლობას გაამარტივებს.

გარდა მიზანზე ორიენტირებული დავალებებისა,  შევეცადე, შემერჩია, ასევე, ყველასთვის დაძლევადი ინდივიდუალური დავალებები, ხოლო სირთულის შემთხვევაში  შეეძლოთ ჯგუფებში თანამშრომლობით შედეგის მიღწევა. რაც შეეხება შეფასების სქემებს,   მასალა წინასწარ მივაწოდე ბავშვებს. მათ უკვე იცოდნენ რა შეფასდებოდა და რომელი რუბრიკებით. ყველა მოსწავლისათვის შევქმენი ინდივიდუალური საქაღალდე, სადაც თემის შესწავლის პროცესში შესრულებული ყველა დავალება მოვათავსე თავისი შეფასების სქემებით.

მოსწავლეთა ნამუშევრებიდან კარგად გამოიკვეთა, რომ მათ იცოდნენ მასალა, შეძლეს  რუკის, ცხრილის და სხვა რესურსის გამოყენებით   დავალების შესრულება. გაკვეთილმა ხელი შეუწყო თანამშრომლობის, პრეზენტაციის მომზადების, წარდგენის, ანალიზის უნარების   განვითარებას.

 

 

 

საინტერესო პრეზენტაციის გაკეთებისთვის აუცილებელი გზები

0

არსებობს პრეზენტაციის ჩატარების ორი გზა – შემეცნებითი და გაყიდვადი. პირველ მიდგომას იყენებენ სკოლის მასწავლებლები, უნივერსიტეტების პედაგოგები და მეცნიერები, მოსწავლეები და სტუდენტები, მეორეს – ბიზნესმენები. ორივეს მსგავსი მიზნები აქვს: ინფორმირება, დარწმუნება, ჩართვა, შთაგონება მოქმედებისკენ. თუმცა, მასწავლებლების პრეზენტაციები, ბიზნესის წარმომადგენლებთან შედარებით, ნაკლებადაა დამუშავებული. ყველაზე ხშირად, ისინი ბევრ ტექსტს და ცოტა გამოსახულებას შეიცავს, გამოირჩევა ძალიან სუსტი დიზაინით. რატომ ხდება ასე? არსებობს პრეზენტაციის ჩატარების უამრავი საერთო პრინციპი. გთავაზობთ რამდენიმეს:

 

პრეზენტაციის ჩასატარებლად აუცილებელი შინაარსის ფლობის უნარი. კარგი მასწავლებელი ინფორმაციას 200%-ით ფლობს.

 

ბუნებრივია, ადამიანები, რომლებსაც სურთ გაყიდონ პროდუქცია ან მომსახურება, უნდა ფლობდნენ ინფორმაციას. ეს გამომსვლელს თავდაჯერებას მატებს და ეხმარება მსმენელის დარწმუნებაში. მასწავლებლები ბიზნესმენებს ამ საკითხში არაფრით ჩამოუვარდებიან. ვინ, თუ არა მასწავლებელმა, შინაარსი ყველაზე უკეთ იცის? გამოცდილმა პედაგოგმა არა მხოლოდ საკუთარი მასალა იცის, არამედ თავიდანვე ხვდება, რა შეიძლება გაურთულდეს თავის მოსწავლეს. ისინი კავშირს ამყარებენ სხვა თემებთან და საგნებთან. ეს მასწავლებლების ერთგვარი პრივილეგიაა.

პრეზენტაცია – დიალოგი თანაბარ პირობებში

ეს რთული პრინციპია. საქართველოს სკოლებში საუბარი-პრეზენტაცია თანაბარ პირობებში ცოტა წარმოუდგენლად ჟღერს. საქმე მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ სოციალურ-ასაკობრივი იერარქია ყველა სფეროში იჩენს თავს. მასწავლებლები და მშობლები ბავშვების სიცოცხლესა და ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაზე არიან პასუხისმგებლნი, შესაბამისად, ნებისმიერი მოზრდილი ადამიანი ბავშვების დიდ ჯგუფში მოხვედრისას ინსტინქტურად იწყებს მათთვის მიმართულების მიცემას და მართვას, ეს კი უკვე გამორიცხავს თანაბარ პირობებში ურთიერთობას. სავარაუდოდ, ეს უფრო ნიშნავს  პატივისცემის დამსახურებას, დისციპლინის კონტროლს, შენიშვნების მიცემას, სათანადო დროს „არა“-ს თქმას.

სამწუხაროდ, პრეზენტაციის ჩატარებისას ძალიან გავრცელებული შეცდომაა „მასწავლებელი-ბოსის“ როლის მორგება. კარგი საგანმანათლებლო პრეზენტაციის დროს მასწავლებელი არ დომინირებს მსმენელზე, არ ცდილობს მოახვიოს საკუთარი აზრი. გაყიდვებს თუ შევადარებთ – ეს შეთავაზებაა, აუდიტორიისთვის საჭირო პროდუქტის რეკლამა. ეს არ არის უსარგებლო ნივთის გაყიდვის მიზნით ჩატარებული მანიპულაცია, არამედ სასარგებლოს გაზიარების გულახდილი სურვილია.

გთხოვთ, შემაწყვეტინოთ

გამომსვლელები შემეცნებით და მეცნიერულ პრეზენტაციებში ამ პრინციპს ხშირად არღვევენ. დაფასთან მდგარი „პულტიანი“ მასწავლებელი რატომღაც ხელშეუხებელი ხდება. პრობლემა მხოლოდ მასწავლებელი როდია, რომელსაც არ სურს თავისი ავტორიტეტის შელახვა. ხშირად გამომსვლელი გამყოფ ხაზს ავლებს აუდიტორიასთან და კითხულობს მონოტონურ მონოლოგს, რადგანაც ეშინია, რომ ვერ შეძლებს კლასის მობილიზებას. განსაკუთრებით ეს ეხება დაბალი და საშუალო კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული ყურადღების კონცენტრირების უნარი.

პრინციპის რეალიზებისთვის საჭიროა დისკუსიის მართვა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეგიძლიათ ითხოვოთ, რომ პრეზენტაცია არ შეგაწყვეტინონ. ამავდროულად, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლის შეთავაზება და დიალოგის ორგანიზება. შეგიძლიათ უთხრათ მოსწავლეებს, რომ ჩაინიშნონ პრეზენტაციის განმავლობაში გაჩენილი კითხვები. თუ კითხვები არ ექნებათ, ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ინფორმაციამ უკვალოდ ჩაიარა, მსმენელისთვის ის უმნიშვნელო იყო.

მთავარი გმირი თვითონვე ხართ

სკოლის მასწავლებლებს შორის მხოლოდ რამდენიმე გვამახსოვრდება. რა აქვთ საერთო ამ მასწავლებლებს? ალბათ ისინი საინტერესო ადამიანები იყვნენ და აუდიტორიის გარეთაც თავიანთი პროფესიით ცხოვრობდნენ. ეს ყველაზე მოქმედი პრინციპია. მხიარულ, ქარიზმატულ მასწავლებელს აუდიტორია ყველაფერს აპატიებს: უზუსტობას, გაზვიადებას, საუბრის არასრულყოფილ ტექნიკას, გადამეტებულ ემოციურობას. ეს ნამდვილი ჯადოქრობაა.

საკვირველია, მაგრამ ამ წესის დაცვა მარტივია. საკმარისია, იყოთ ის, ვინც ხართ. გაუზიარეთ მოსწავლეებს თქვენი პირადი გამოცდილება, მოყევით რომელმა ისტორიულმა ფაქტმა გაგაოცათ, რომელი ლექსი დაგამახსოვრდათ ან რა საგანმა იქონია თქვენზე დიდი გავლენა. მთავარია, არ იცრუოთ. ინტერესი ჩნდება ცოცხალი ადამიანის მიმართ, ცოცხალი ადამიანი კი არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, იდეალური. მას შეცდომებიც მოსდის და ამის აღიარებაც შეუძლია. მასწავლებელი საუბრისას შეიძლება წაბორძიკდეს, ეს ნორმალურია. ეს მას აახლოვებს მსმენელთან, რომელიც ხედავს საკუთარ შეცდომებს და იმასაც, როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. მაშინ მოსწავლე „გმირ“ მასწავლებელში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასაც დაინახავს და ეცდება იყოს მისი „ხატების“ შესაბამისი.

თქვენი სამიზნე აუდიტორია შედგება ცოცხალი ადამიანებისგან

ამ პრინციპის გამოყენების შესაძლებლობა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ნამდვილად არსებობს. კარგი მასწავლებლები იცნობენ თავიანთ მოსწავლეებს, ახსოვთ, როგორ იზრდებოდნენ ისინი, როგორ ეცნობოდნენ მათ ოჯახებს. ეს კი დიდი უპირატესობაა პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების დროს. ადამიანთან ურთიერთობაზე დაყრდნობით კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი ხდება. მსმენელთან მყარდება ემოციური კავშირი.

როგორც წესი, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი დროის განმავლობაში იცნობენ, ამიტომ გამოსვლის დროს ორატორის თვითპრეზენტაციაზე დრო აღარ იხარჯება.

დიდი მნიშვნელობა აქვთ ტექნოლოგიებს

დაკვირვების თანახმად, მასწავლებლების თითქმის 80%-ს აშინებს პრეზენტაციების გაკეთება  და თუ აკეთებენ, აშინებთ ცოცხალი ილუსტრაციების გამოყენება. მათ ეშინიათ ცარიელი სივრცის და ცდილობენ ყოველი სანტიმეტრი ეკრანზე ტექსტით შეავსონ. მასწავლებლები ნაკლებად ფიქრობენ შრიფტზე, არ ფიქრობენ პრეზენტაციის შაბლონების გარეშე გაკეთებაზე. Power Point ფართო შესაძლებლობების მქონე არაჩვეულებრივი პროგრამაა, მაგრამ ბევრი პედაგოგი (და მათი შემყურე მოსწავლეც) იმაზე შორს არ მიდის, რომ გამოიყენოს პირველივე მოცემული შაბლონი და სწორედ ის შეავსოს ტექსტით.

ეს ეხება ყველა სფეროს, სადაც პრეზენტაციები გამოიყენება, არა მხოლოდ განათლებას. შესაძლოა, შინაგანი ხმა გვეუბნება „მე ხომ არ ვარ დიზაინერი“ ან „მე არასდროს მეხერხებოდა ხატვა“ და ვირჩევთ პროფესიონალების მიერ შექმნილ შაბლონებს, მაგრამ, ძალიან ცუდია, როდესაც უკვე მეასედ იყენებთ ერთსა და იმავე შაბლონს (იმავე შრიფტით, ხაზებით, ბლოკებით). შეიცოდეთ თქვენი მოსწავლეები. დაგუგლეთ „პრეზენტაციის შაბლონები“ (ან „უჩვეულო პრეზენტაციის შაბლონები“ – „unusual presentation templates“) და მოძებნეთ ისეთი შაბლონი, რომელიც აქამდე არასდროს გამოგიყენებიათ, ისეთი, რომელიც თემას, თქვენს ხასიათს შეეფერება. სცადეთ პრეზენტაციის გაკეთება სხვა პროგრამაში.

ნუ შეგეშინდებათ შაბლონებს გარეთ გაღწევის და დაინახავთ, როგორ მოეწონება ეს თქვენს მოსწავლეებს.

რა უფრო მნიშვნელოვანია, იყოთ სამართლიანი თუ წარმატებული?

რთულია გაუგო მასწავლებელს, რომელიც კლასში ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს. მასწავლებელი ეს არის უფროსი ადამიანი აუდიტორიაში, გამოცდილი, პატივსაცემი პერსონა, რომელიც ფლობს ცოდნას. ამიტომ კონტროლისთვის დამატებითი ზომების მიღება სრულიად ზედმეტია. რადგან ამ დროს ბავშვები (და სტუდენტები) მასწავლებლის მხრიდან არცოდნის კომპენსირების მცდელობას და თავდაჯერებულობის ნაკლებობას გრძნობენ. ისინი ინტუიციით გრძნობენ უსამართლობას და დიდებისგან განსხვავებით, ამ თავიანთ აღმოჩენას არ მალავენ. პირიქით, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სიცრუე გამოვლინდეს.

ეცადეთ, სამართლიანი იყოთ და არ გაექცეთ სიმართლეს, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს (განსაკუთრებით უფროსკლასელებს) ესმით, რაც არის ცხოვრება, ხანდახან კი მასწავლებლებზე უკეთაც. მათ იციან, როგორ არის მოწყობილი სამყარო. ამიტომ ზოგი რამის დამალვას აზრი აღარ აქვს.

თუმცა, სიმართლის თქმისას აკონტროლეთ თავი. ეცადეთ, არ ისაუბროთ ავადმყოფობებზე, ოჯახურ და პირად პრობლემებზე – ეს აღიქმება როგორც თანაგრძნობის გამოწვევის მცდელობა. ფრთხილად იყავით პოლიტიკაზე, შემოსავლებზე და რელიგიაზე საუბრისას. ამან შეიძლება კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...