შაბათი, მაისი 31, 2025
31 მაისი, შაბათი, 2025

ეროვნული ბიბლიოთეკის ესეების კონკურსი „წიგნიერი “

0

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი”  წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება. კონკურსი  ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდება  თბილისის ფარგლებს.

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა,  X და  XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა დაევალებათ.

წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები – კნუტ ჰამსუნის „შიმშილი”, ალბერ კამიუს „დაცემა” და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა” შეირჩა.

მოსწავლეებმა წიგნები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კი კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.

„წიგნიერს” ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად წელს ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” წარმოადგენს, რომელიც სამ გამარჯვებულს ელექტრონული წიგნებით დაასაჩუქრებს, ასევე მათ ტექსტებს წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე. თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსი პირველად თბილისის გარდა რეგიონებში – ქუთაისსა და ამბროლაულშიც ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს, რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა   2018 წლის 16 აპრილამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 032 2971618 ან მიწერეთ “წიგნიერის” facebook გვერდს

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 23 აპრილს ერთდროულად სამ ქალაქში:

ა) თბილისი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)

ბ) ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1)

გ) ამბროლაური – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32)

 

კონკურსანტი თავად ირჩევს კონკურსში მონაწილეობის ადგილს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე 2018 წლის 15 მაისს.

 

ცხადდება რეგისტრაცია ! მეორე სამეცნიერო კონფერენცია : “სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის”

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს და სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „განათლების მეცნიერების“ პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 27 ოქტომბერს ატარებს მეორე სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის“.

განათლების მეცნიერების მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს გაუზიარონ პირადი გამოცდილება სწავლა – სწავლების უწყვეტობის მნიშვნელობაზე განათლებაში, პროფესიულ განვითარებაში და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში მათთვის საინტერესო საკითხებზე. კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.

მოხსენება შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ზეპირი და პოსტერული სახით. კონფერენციის სტატიები გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში –განათლების მეცნიერება.

კონფერენციაზე მეცნიერ–მკვლევრებისათვის სპეციალური მოხსენებებით წარსდგებიან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული მეცნიერები.

კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული ცნობილი მეცნიერების პლენარულ მოხსენებას, სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეულ ზეპირ მოხსენებებსა და პოსტერულ (სტენდურ) მოხსენებებს.

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის საიტს

შეკითხვებით მოგვმართეთ  აქ

 

პატივისცემით,

საორგანიზაციო კომიტეტი

სკოლაში ძალადობის დაძლევის გზები

0

სკოლაში ძალადობა აქტუალური თემაა. მინდა შემოგთავაზოთ გერმანელი მკვლევრის ტიმ ბერშის სტატია, რომელიც 2012 წელს გამოქვეყნდა საერთაშორისო სემინარის მასალების ფარგლებში.

 

სკოლაში ძალადობის მაჩვენებლების შემცირების ამოცანა ორი პოზიციიდან განიხილება. ერთია აგრესორების მიმართ ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერება, მეორე – აგრესიის ახალი შემთხვევების პროფილაქტიკა.

ძალადობრივი ქცევა, ბიჰევიორიზმის თანახმად, შესაძლებელია შემცირდეს განცდების პედაგოგიკის, არაძალადობრივი ქცევის განხორციელების შესასწავლი ტრენინგებისა და ყველა იმ აქტორის ჩართვით, რომლებიც მონაწილეობენ სასკოლო ძალადობაში ყველა დონეზე.

საზოგადოდ, ადამიანებს ახასიათებთ ნებისმიერი მოვლენისთვის მარტივი ახსნის ძიებისადმი სწრაფვა. მაგალითად, „კომპიუტერული თამაშები, რომლებშიც სროლისა და მკვლელობის სცენებია, ბავშვებს აღუძრავს მსგავსად ქცევის სურვილს. ამის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია – თუ ასეთ თამაშებს ავკრძალავთ, მკვლელები აღარ გვეყოლება“. სამწუხაროდ, ცნობილია, რომ ძალადობრივი ქცევის ჩამოყალიბებას უამრავი მიზეზი აქვს. შესაბამისად, უამრავია ასეთი ქცევის პროფილაქტიკის გზაც.

სკოლაში, საბავშვო ბაღში, სოციალურ დაწესებულებაში ძალადობის დონის შესამცირებლად არ არის საკმარისი „ცუდი ბიჭუნების“ „ძალადობის საწინააღმდეგო“ ტრენინგზე დასმა; საჭიროა გაცილებით მეტის გაკეთება. წესებს უფროსები ადგენენ და თუ ისინი შექმნიან ერთიან სისტემას, კარგ შედეგს მიიღებენ. ამისათვის საჭიროა:

  • უფროსები იყვნენ კეთილსინდისიერები, დაინტერესებულები და საკითხის გადაწყვეტაში ჩართულები;
  • დადგინდეს მიუღებელი ქცევის მკაფიო საზღვრები;
  • წესების დარღვევას მოჰყვეს თანამიმდევრული რეაგირება და არა შურისმაძიებლური, უხეში რეაქცია;
  • დაწესდეს გარკვეული ხარისხის ზედამხედველობა და კონტროლი და არა ტოტალური თვალთვალი;
  • უფროსებს ჰქონდეთ ავტორიტეტი.

იმისთვის, რომ სკოლაში კლიმატის გამოსწორება მოვახერხოთ, საჭიროა რამდენიმე დონეზე მოქმედება, კერძოდ:

  • სკოლის დონეზე – ამაღლდეს გაკვეთილებს შორის, შესვენებებზე, ზედამხედველობის ხარისხი; ამაღლდეს მასწავლებლების კვალიფიკაცია; გაძლიერდეს მშობლებსა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობა;
  • კლასის დონეზე – შემუშავდეს ქცევის წესები, რომლებიც შეამცირებს გამომწვევ/აგრესიულ ქცევას; დაინერგოს როლური თამაშების მეთოდი, რომელიც ასწავლის ბავშვებს პრობლემის სოციალურად მისაღები მეთოდებით – თანამშრომლობით, მოსმენით, სადავო საკითხებზე საუბრით – გადაჭრას;
  • ინდივიდუალურ დონეზე – პირისპირ საუბარი აგრესიულ ბავშვებსა და მათ მშობლებთან, იმავდროულად – ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერა.

ადმინისტრაციულ სადამსჯელო ღონისძიებებს განეკუთვნება: 1. წერილობითი საყვედური; 2. პარალელურ ჯგუფში/კლასში გადაყვანა; 3. დროებით, ერთი ან ორი კვირით, სკოლიდან გარიცხვა; 4. სკოლიდან გარიცხვის შესახებ გაფრთხილების მიცემა; 5. სკოლიდან გარიცხვა; 6. მოცემული ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სახელმწიფო სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (ეს სკოლების მართვის ინსპექციის კომპეტენციაა).

მნიშვნელოვანია ავუხსნათ ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს, რომ ძალადობა ვნებს და უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას. ამის გათვალისწინებით, საჭიროა რამდენიმე მიმართულებით მუშაობა:

  1. კონფლიქტური, ძალადობის შემცველი სიტუაციის ამოცნობისა და მისი ვერბალიზაციის სწავლება;
  2. ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი შემთხვევის განხილვა;
  3. მოზიდვა ნებისმიერი ფიგურანტისა (თუნდაც სასწრაფო დახმარების ექიმებისა), მსხვერპლებისა, თავად იმ ყოფილი მოძალადეებისა, რომლებსაც შესწევთ უნარი, ემპათიით გაუზიარონ სხვებს საკუთარი მატრავმირებელი და დესტრუქციული გამოცდილება;
  4. სპეციალური პრაქტიკული გარემოს შექმნა, რომელშიც აგრესიული მოსწავლე ნათლად დაინახავს და გააცნობიერებს ძალადობის სავარუდო მიზეზებს და მის შესაძლო შედეგებს;
  5. ისეთი სოციალური კლიმატის შექმნა, რომელსაც ერქმევა „ბოიკოტი ძალადობას“;
  6. საკუთარ ქცევაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება, საკუთრი პოზიციების ხელახალი გააზრების, გაცნობიერების და შეცვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  7. მოძალადის მხრივ მუქარის შემთხვევაში შესაბამისი ქცევის შემუშავება, რათა მსხვერპლმა სათანადო რეაგირება მოახერხოს (ზოგ შემთხვევაში – ჩარევა და ზოგ შემთხვევაში – გაქცევა);
  8. საფრთხის შემცველ სიტუაციაში მაპროვოცირებელი ქცევისგან თავის შეკავება;
  9. ისეთი სოციალური გარემოს შექმნა, სადაც ძალადობის (მისი მიზეზებისა და შედეგების) შესახებ მუდმივად იქნება შესაძლებელი საუბარი.

 

ჩვენს შემთხვევაში მთავარია არაძალადობრივი ქცევის მოდელის დასწავლა. ამ სფეროში ტრენინგების უმრავლესობა დასწავლის თეორიებზე დაყრდნობით წარიმართება, სადაც ასევე მნიშვნელოვანია აგრესიის შესახებ თეორიული ცოდნის მიღება. ასეთ ტრენინგებში მონაწილეობა შედარებით ნებაყოფლობითი უნდა იყოს, რათა ის მეტად შედეგიანი აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ ადამინებს მხოლოდ მაშინ უჩნდებათ ნდობა არაძალადობრივი სასწავლო პროცესების მიმართ, როცა თავად სურთ, თავი დააღწიონ ქცევის ძალადობრივ ფორმებს.

ძალადობრივი ქცევა შეძენილია, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, ადამიანი ძალადობას გადაეჩვიოს.

ძალადობრივი ქცევის წინასწარ აღმოჩენა/გაფრთხილება შესაძლებელია სამ ძირითად დონეზე. გთავაზობთ ცხრილს:

 

დონე სამიზნე ჯგუფი მიზანი მოქმედი პირები
პირველადი ყველა ბავშვი და ახალგაზრდა საჭირო კომპეტენციების შეძენა ახლობელი ადამიანები, პედაგოგები
მეორეული საფრთხეში მყოფი ბავშვები და ახალგაზრდები ძალადობის შესახებ სათანადო პროგრამების საშუალებით, მისი წინსწრებით გაფრთხილება პედაგოგები, ახალგაზრდების დამხმარე სპეციალური ცენტრების სპეციალისტები, პოლიცია,სოციალური მუშაკები
მესამეული მსჯავრდებული ბავშვები და ახალგაზრდები რესოციალიზაცია, რეციდივის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები კონკრეტული ადამიანები (კონსულტანტები, თერაპევტები) და ორგანიზაციები, რომლებიც დახმარებას უწევენ მსჯავრდებულებს

 

პრინციპში, ნებისმიერი ეს ქმედება შეიძლება განვიხილოთ როგორც ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გამაფრთხილებელი ქმედება, მაგრამ უპირველესია აღზრდა, სკოლისა და სხვადასხვა გაერთიანების ერთობლივი ზრუნვა და განცდების პედაგოგიკა (მოვლენების პედაგოგიკა). ამ ტერმინის განმარტება შეიძლება მოვიძიოთ სოციალური სამსახურის პროფესიულ ლექსიკონში: „განცდების (თუ გნებავთ, თანაგრძნობის, თანაგანცდის) პედაგოგიკის მთავარი, განმსაზღვრელი მოტივია ორიენტაცია სწავლებასა და განვითარებაზე. ამ პედაგოგიკისთვის ამოსავალი ის არის, რომ:

* ადამიანებს აქვთ ძალისა და შესაძლებლობების უზარმაზარი მარაგი, რომელიც მათ ფიქრებსა და განცდებში ეხმარებათ;

* ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა ჯგუფისთვის უნდა შეიქმნას სერიოზული გამოწვევების მქონე (ექსპერიმენტული) სიტუაცია, რათა ამ დროს გამოვლინდეს დაფარული სასიცოცხლო უნარ-ჩვევები;

* განსხვავებულ ჯგუფებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ბევრ სულიერ და ფიზიკურ გამოცდას;

* ნებისმიერ ადამიანს პრობლემურ სიტუაციაში შეუძლია პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილების მიღება;

* ხანგრძლივი შედეგის მქონე სწავლება შესაძლებელია ხანმოკლე განცდების საშუალებითაც.

 

შვესაძლებელია გამოიყოს განცდების პედაგოგიკის შემდეგი თავისებურებები:

* იმისთვის, რომ თავად შევიტანოთ წვლილი რამის მიღწევაში, საჭიროა პასუხისმგებლობის აღება;

* აუცილებელია:

. შესაბამისი ინფორმაცია, რათა შესაძლებელი იყოს ადეკვატური ღონისძიებების გატარება;

. სოციალური კავშირების შექმნა;

. რისკების გათვლა;

. სააღმზრდელო მიზნების ჩამოყალიბება.

სამიზნე ჯგუფი – გარდატეხის ასაკის ზღვარზე მყოფი ახალგაზრდები;

პრაქტიკული სპეციალისტები – მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან მოზარდებს, მაგალითად, მთამსვლელობას, ნაოსნობას.

 

თანამედროვე განცდების პედაგოგიკა ორი პარალელური მიმართულებით ვითარდება. ერთია Outward Bound (ინგლისურადეს ნიშნავს: „ის, ვინც სახლს ტოვებს; მოგზაურობის მოყვარული“; ბუნებაში შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი პირობა) , მეორე – City Bound. ამ უკანასკნელის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები არ არის მიმართული მხოლოდ ბუნებასთან კონტაქტზე. სწორედ City Bound მიმართულების განვითარების ხარჯზე შეიცვალა განცდების პედაგოგიკის კრიტერიუმები. მისი საფუძვლები ამჟამად ასე განისაზღვრება:

* სწავლება ქმედებით (Lerning by doing);

* სწავლება და განცდა;

* კომპლექსურობა (ანუ გრძნობის ყველა ორგანოს ამოქმედება);

* მოსაზღვრე სიტუაციები;

* კოლექტიური განცდები;

* თეორიული წიაღსვლების ნაცვლად პრაქტიკული გამოცდილება და გამოცდა;

* საკუთარ სხეულთან კავშირი;

* ქმედებები და შედეგები;

* ქმედებები და რეფლექსია;

* სივრცესთან ურთიერთქმედება.

ლიტერატურული სასამართლო

0

 

ქართული ენა და ლიტერატურა იმ ტიპის სასწავლო საგანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სხვადასხვა (საგნობრივი, ზოგადი) კომპეტენციის განვითარებაზე კომპინირებული მეთოდებით ზრუნავს. მთავარი მაინც ისაა, რომ მოსწავლეებს მშობლიურ ენასთან დაკავშირებული აკადემიური უნარების საჭიროებისამებრ გამოყენება ვასწავლოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საკმაოდ ეფექტური და პოპულარული სასწავლო მეთოდი – ლიტერატურული (იმიტირებული) სასამართლო. სამოქალაქო განათლებისა და ქართული ლიტერატურის საგნობრივ კომპეტენციათა შეწყვილება საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას იძლევა და თან ინფორმაციის დამუშავების, პრობლემაზე ორიენტირების, სიტუაციური ანალიზის, კავშირების დამყარების და სხვა მსგავსი სააზროვნო უნარების დახვეწას ემსახურება.

ლიტერატურული სასამართლოს, როგორც სამოქალაქო განათლებისა და ქართული ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება ძირითადად საბაზო საფეხურიდანაა რეკომენდებული, თუმცა ამ მეთოდის გამარტივებული სახით გამოყენება საწყებით საფეხურზეც შესაძლებელია. პირადად მე მეოთხე კლასიდან აქტიურად ვიყენებ დისკუსიის, დებატების და ლიტერატურულ სასამართლოს ფორმატს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს კანონების მოძიებასა და მათ დამოწმებას ვერ მოსთხოვ, ამიტომ თავად ვირგებ-ხოლმე მოსამართლე-მომწესრიგებლის როლს და ,,პროცესის მონაწილეებს“ სიტუაციის შესაბამისი კანონის ადაპტირებულ ვერსიას ვაცნობ. ჩემი აზრით, მოზარდებს ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეთ ადამიანის/მოქალაქის უფლება-მოვალეობებზე.

ქართული ენის ერთ-ერთი სახელმძღვანელოს მიხედვით, მეოთხე კლასში ისწავლება ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან ,,კუკარაჩა“, სადაც გარემოს დაცვასა და ბავშვთა უფლებებზეა საუბარი. სასწავლო მასალის თემატიკიდან გამომდინარე, ვიშველიებ, როგორც საქართველოს კანონს გარემოს დაცვის შესახებ, ასევე –  ,,ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციას“. ამ უკანასკნელის მიხედვით, მოსწავლეები ქმნიან ,,კანონების კრებულს“ და აფორმებენ სიტუაციური ილუსტრაციებით. ამას გარდა, შეარჩევენ ,,მისაღებ“ კანონს და მისი დამტკიცების მიზნით, მართავენ ე.წ. მოსმენას. შეხვედრაზე თითოეული მომხსენებელი ცდილობს მოიყვანოს არგუმენტები, რომელთა დახმარებითაც ,,ახალი“ კანონი ძალაში უნდა შევიდეს.

ამავე კლასში ისწავლება ეკატერინე გაბაშვილის ,,მაგდანას ლურჯა“. ეს თხზულება მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. ტექსტის სხვადასხვა მეთოდით გააზრების შემდეგ, მოსწავლეებს ლიტერატურულ სასამართლოსთვის ვამზადებ. შემდეგ ვმართავთ საქმის ზეპირ მოსმენას (მოდავე მხარეების უშუალო მონაწილეობით საჩივრის განხილვა) და საკუთრების უფლების დაცვის ორ განსხვავებულ შემთხვევას განვიხილავთ. რა თქმა უნდა, მოსწავლეებს წინასწარ ვაწვდი საჭირო ინფორმაციას. მომჩივანისა და მოპასუხის გარდა, მოსამართლე  მოწმეებსაც დაკითხავს, რათა საქმეში მითითებული გარემოებები, სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები დეტალურად გამოიკვლიოს. მოსწავლეები რომ დაკისრებულ მოვალეობას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, შეგვიძლია განვუმარტოთ, რომ საქმის ზეპირი მოსმენა მთავარი სხდომაა, რადგან ის დავის განხილვის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, პროცესში ჩართული მხარეები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

ზემოაღნიშნულ სასწავლო პროცესში დამხმარე მასალად ,,საქართველოს კონსტიტუციის“ თემის შესაბამის მუხლების მოძებნა და დამოწმება დაგვჭირდება. ამას გარდა, მოსწავლეებმა  მომჩივანი და მოპასუხე მხარეების პოზიციის გასამყარებელი ინფორმაციის სასწავლო მასალაში მოძიებაც უნდა შეძლონ. მოთხრობაში არ არის აღწერილი სასამართლო პროცესის მსვლელობა, რაც მონაწილეებს ათავისუფლებს კონკრეტულ ფაქტებზე დამოკიდებულებისგან და პროცესის შემოქმედებითად წარმართვის საშუალებას იძლევა.

პირველ რიგში, უნდა დაიწეროს სარჩელის მოკლე ვარიანტი (დავის საგანი, დავის არსის მოკლე მიმოხილვა, ფაქტობრივი გარემოებები, მოთხოვნის განმამტკიცებელი ფაქტები). რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, მოსწავლეებს შეგიძლიათ მიაწოდოთ შემდეგი კანონების ადაპტირებული ვერსია:

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 21

,,1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის,  გასხვისების  ან  მემკვიდრეობით  მიღების  საყოველთაო  უფლების გაუქმება.

  1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
  2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. (საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი, №3710 – სსმI, №62, 05.11.2010წ., მუხ.379 )“

( იხ. ბმული: https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/konstitucia.pdf )

ორივე მხარეს – მოსარჩელესაც და მოპასუხესაც შეუძლია, თავისი ინტერესის დასაცავად გამოიყენოს შემდეგი დოკუმენტი:

,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 191. ნაპოვარი

  1. დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, _ პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი.
  2. განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე.
  3. თუ უფლებამოსილი პირი იბრუნებს ნივთს, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს მას ჯილდო (საპოვნელი) ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე. გარდა ამისა, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს ან სათანადო ორგანოს ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება…
  4. თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება, ხოლო მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა.

(იხ. ბმული: https://www.gccc.ge/wp-content/uploads/2016/07/Artikel-191.pdf )

როგორც ვიცით, ზემოაღნიშნული კანონის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მაგდანას სოფლის მამასახლისისთვის მიუმართავს. ქვრივის მდგომარეობას ვერც მეორე პუნქტი გაართულებს. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯას პოვნიდან მხოლოდ რვა თვე გავიდა, მეხუთე პუნქტის თანახმად, ამ შემთხვევაში ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება. ამავე პუნქტის თანახმად, შესაძლოა მაგდანას სახედრის შენარჩუნების სანაცვლოდ მისი საფასურის (შენახვისა და მკურნალობის ხარჯების გამოკლებით) გადახდა მოსთხოვონ, ის კი, სავარაუდოდ, საჭირო თანხის მოძიებას ვერ შეძლებს, რაც მოსარჩელეს დაზარალებულის პოზიციაში ჩააყენებს. თუ საკუთრების დაბრუნების ვერსიას განვიხილავთ, მოპასუხის ზარალს ალბათ მესამე პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებაც ვერ გადაწონის, რადგან დავის საგანი მაგდანას ოჯახის მომავალ კეთილდღეობას უკავშირდება და არა – ერთჯერად შემოსავალს. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, მისი აღსრულების მოთხოვნას სასამართლო აუცილებლად დააკმაყოფილებს (ვირის პოვნის, მკურნალობისა და შენახვის ფაქტს ალბათ მთელი სოფელი დაადასტურებს). მაგდანას ისღა დარჩენია, მენახშირის ვერსია (ცხოველის დროებით მიტოვება) ნაპოვნი სახედრის პირვანდელი მდგომარეობის აღწერითა და მოწმეთა ჩვენებებით გააბათილოს და მომჩივანი ცხოველთა მიმართ გულგრილობისა და სისასტიკის გამოვლენაში დაადანაშაულოს. არგუმენტის გადამყარებლად, მოპასუხეს ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონი (მუხლი 4) შეგვიძლია მივაშველოთ. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის:

,,ურთიერთობებს იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება.

 

პასუხისმგებლობას იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, მოვლა-პატრონობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების დარღვევისათვის, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება.“

 

( იხ. ბმული https://matsne.gov.ge/ka/document/view/33352 )

 

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაწყებით საფეხურზე ზემოაღნიშნული დამხმარე მასალის (კანონები) ადაპტირების და მკაფიო ინსტრუქციების გარეშე ლიტერატურული სასამართლო პროცესის წარმართვა გაჭირდება. ამიტომ თემის შესაბამისი მასალები წინასწარ მოამზადეთ და მოსწავლეებთან ერთად დაამუშავეთ, წესრიგის დაცვის მიზნით, ჩამოწერეთ სხდომაზე გამოსაძახებელი ,,მოქალაქეების“ თანმიმდევრობა და სხდომაში მონაწილეობის წესები, გაანაწილეთ როლები (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი, სხდომის მდივანი, მომჩივანი (მენახშირე), მოპასუხე (მაგდანა), მომჩვანისა და მოპასუხის მოწმეები, გამშველებელი პოლიციელი, კონფლიქტის შემსწრე გამვლელები და სხვ.) და მოამზადეთ გამოსასვლელი სიტყვა. ზეპირი მოსმენის მსვლელობასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვას არავინ გავალდებულებთ. მთავარია, სამუშაო პროცესი დაგეგმოთ და მოსწავლეები საჭირო ინფორმაციითა და ინსტრუქციებით აღჭურვოთ. ზემოაღნიშნული სიმულაციის წყალობით, თითოეული მონაწილე დიდ გამოცდილებას შეიძენს და ანალიტიკური აზროვნებისა და  პრეზენტაციის უნარ-ჩვევებსაც ეფექტურად განივითარებს.

ევროპული რეკომენდაციები. ავსტრიის გამოცდილება სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა  

0

სკოლა ინტერაქციული სისტემაა, რომელიც თავადაც სწავლობს და იცვლება. სკოლა არის ღია სასწავლო დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც ეხმარება საზოგადოებას და თავადაც იღებს მხარდაჭერას მისგან. ამიტომ საჭიროა საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა. კურიკულუმის მიღმა აქტივობებში მოსწავლეებს შეუძლიათ უკეთ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და აიმაღლონ მოტივაცია.

მოსწავლის წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნას ხელს უწყობს სკოლის გახსნილობა და თანამშრომლობა სამთავრობო, არასამთავრობო თუ ბიზნესორგანიზაციებთან. ასეთი ორგანიზაციები თუ სხვა დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ სოციალური მუშაკები, დასაქმების სერვისები, ფსიქოლოგები, ბავშვთა დაცვის სამსახურები, პოლიცია, კავშირები, ბიზნესორგანიზაციები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ სპორტისა თუ კულტურის სფეროში ან ეწევიან აქტიურ სამოქალაქო საქმიანობას. აუცილებელია პოლიტიკური მხარდაჭერა თანამშრომლობითი პროექტების წასახალისებლად.

აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირის არც ერთ ორგანოს არ აქვს გამოცემული რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც უშვებს ან ახალისებს სკოლის ღიაობის შეზღუდვას.

საქართველოში არსებობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წელს გამოცემული 837-ე ბრძანება, რომელიც სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობითი პროექტების (ლექციები, სემინარები, ტრეინინგები) განსახორციელებლად ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც, თითოეული პროექტი უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. სამინისტრო თანხმობას გასცემს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ვინაიდან საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, აუცილებელია ვახსენოთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 1980 წელს მიღებული რეკომენდაცია, რომელიც ეხება სახელმწიფო დაწესებულებების და, საზოგადოდ, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს. რეკომენდაციაში მითითებულია შემდეგი პრინციპები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას გადაწყვეტილების მიღების დროს:

  • ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს მისი მიზნის საწინააღმდეგოდ.

ეს ჩანაწერი გულისხმობს, რომ წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული დისკრეციის მიზანი. სამწუხაროდ, მინისტრის 837-ე ბრძანებაში დისკრეციის მიზანი არ არის განსაზღვრული.

  • ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას ახორციელებს ობიექტურად და მიუკერძოებლად, ითვალისწინებს მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს.

იმისთვის, რომ სამინისტრომ თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ ობიექტურად და მიუკერძოებლად მიიღოს გადაწყვეტილება, აუცილებელია არსებობდეს კრიტერიუმები და პირობები. 837-ე ბრძანება ასეთ კრიტერიუმებსა და პირობებს არ შეიცავს.

ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს იცავს

ამ პრინციპის დაცვა შესაძლებელია ერთმნიშვნელოვანი და არაორაზროვანი კრიტერიუმებისა და პირობების არსებობის შემთხვევაში.

  • ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას ახორციელებს და გადაწყვეტილებას იღებს გონივრულ ვადაში.

არც კანონმდებლობაში და არც სამინისტროს მიერ გამოცემულ 837-ე ბრძანებაში არ არის მითითებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ეხება სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის პრობლემებს, მოცემულია ავსტრიელი ექსპერტის ზიგლინდე ვეირინგერის მოსაზრებები. მისი განმარტებით, სკოლა ადამიანს აკავშირებს საზოგადოებასთან, წარმოადგენს საზოგადოების ცვლილებების რესურსს. სკოლას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა საზოგადოებასთან, რათა შეამციროს ნაპრალი სკოლასა და რეალურ ცხოვრებას შორის. სკოლა არის ადგილი, სადაც საფუძველი ეყრება მომავალ საზოგადოებას. მომავალი სოციალური ცვლილებების წინასწარმეტყველება კი შეუძლებელია. არავინ იცის, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები დასჭირდება 10 წლის ბავშვს იმისთვის, რომ ზრდასრულ ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს. ამასთანავე, სკოლაში სასწავლო მასალასა და შინაარსს ნაკლები კავშირი აქვს რეალურ ცხოვრებასთან. სწავლება თეორიულ პრინციპებს მიჰყვება და არა რეალურ ცხოვრებას. ზიგლინდე ვეირინგერის აზრით, სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით შეიძლება გაძლიერდეს კავშირები სასკოლო ცხოვრებასა და რეალურ ცხოვრებას შორის. ერთობლივი პროექტების განხორციელებით შესაძლებელი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ცოდნისა და უნარების გადაცემა. სკოლას შეუძლია, თანამშრომლობა წამოიწყოს სხვა სკოლებთან. შესაძლებელია, სკოლამ ითანამშრომლოს კულტურულ ან სპორტულ დაწესებულებებთან, არასამთავრობო ინსტიტუციებთან და სთხოვოს მათ ღონისძიების ჩატარება ან ერთობლივი პროექტის განხორციელება. ბიზნესორგანიზაციებს, კომპანიებს შესწევთ უნარი, ნოუ-ჰაუ შესძინონ სასკოლო კურიკულუმს. ასეთი პროექტები შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი (რეგულარული ან არარეგულარული), გაგრძელდეს მოკლე ხნის განმავლობაში ან უვადოდ. თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია მხარეთა მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. სკოლის შემთხვევაში, მიზნები მოცემულია კურიკულუმსა და სილაბუსებში. ურთიერთთანამშრომლობის პროექტები შეიძლება მიზნად ისახავდეს კურიკულუმით გათვალისწინებული სპეციფიკური საგნის მხარდაჭერას, ასევე – გამჭოლ პრიორიტეტებთან ან კურიკულუმთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგრამ რა წინაპირობების შესრულებაა საჭირო ურთიერთთანამშრომლობის დამყარებამდე? სკოლის დირექტორი უფლებამოსილია გააღოს სკოლის კარი ინიციატივებისა და თანამშრომლობისთვის. თუ ის მხარს უჭერს ინიციატივას ან პროექტს, ძირითადი წინაპირობა დაკმაყოფილებულია. მასწავლებელთა გუნდი კი ინიციატივების მამოძრავებელი ღერძია.

ავსტრიის განათლების სისტემა შეიცვალა 1962 წელს მიღებული კანონით „სკოლის საქმიანობის შესახებ“. კანონის მე-6 პარაგრაფში ვიპოვით სკოლისთვის ავტონომიის მიმნიჭებელ რეგულაციას: „ფედერალური სამინისტრო ვალდებულია, სკოლას მისცეს უფლება, მიიღოს ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისი სპეციფიკური კურიკულუმი, რომელიც ეფუძნება მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან შეთანხმებას… სკოლის შესაბამისი ორგანოები გასცემენ თანხმობას“. კანონის მე-8 პარაგრაფის თანახმად, სკოლას შეუძლია დანერგოს სავალდებულო გაკვეთილების ალტერნატივები, დაამატოს არჩევითი საგნები, ასევე კურსები სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. საკანონმდებლო აქტის მიღებით შესაძლებელი გახდა სკოლებში დიდაქტიკური ინოვაციებისა და საგანმანათლებლო ექსპერიმენტების განხორციელება. 1971 წელს კი განათლების ფედერალურმა სამინისტრომ დააფუძნა სასკოლო ექსპერიმენტებისა და განვითარების ცენტრი. ამ ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულება იყო სკოლისთვის სამეცნიერო და ლოგისტიკური მხარდაჭერის შეთავაზება პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების დროს. 1986 წელს მიღებულ იქნა ცვლილებები კანონში „სკოლის საქმიანობის შესახებ“. ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა არჩევითი კურსების დანერგვა და ღონისძიებების ჩატარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებასთან პირდაპირი და მრავალფეროვანი კავშირების დამყარების მიზნით. ღონისძიებები დაფუძნებული უნდა ყოფილიყო კურიკულუმზე, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას ღონისძიება უნდა გამოეცხადებინა როგორც „სკოლასთან ან კურიკულუმთან დაკავშირებული“. თუ მანამდე მასწავლებელი იყო მთავარი მოქმედი პირი, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სასწავლო აქტივობების ცენტრში მოსწავლე მოექცა.

ავსტრიელი ექსპერტის აზრით, სკოლას შესაძლოა ჰქონდეს ურთიერთობა ინდივიდებთან, სკოლებთან, ბიზნესკომპანიებთან, კულტურულ დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ღია იყოს კერძო ინციატივებისთვის. ავსტრიაში ძირითადად შემდეგი აქტივობებია გავრცელებული: დონორების მხარდაჭერა და დახმარება; გარემოსდაცვითი ღონისძიებები; გარემოსდაცვითი აქტივობები; კლასგარეშე სწავლება; ექსკურსიები. პროექტები შესაძლებელია განხორციელდეს სკოლის ინიციატივით და რესურსებით ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგად. ავსტრიაში ასეთი თანამშრომლობის მაგალითებია:

* სკოლების თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან;

* სააღმზრდელო დაწესებულებების მასწავლებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა;

* სკოლებისა და სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლობა;

* სკოლებისა და უნივერსიტეტების, ასევე საუნივერსიტეტო კოლეჯების თანამშრომლობა;

* მედიისა და სკოლების თანამშრომლობა;

* ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებისა და სკოლების თანამშრომლობა.

 

სტატია მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე.

გეოგრაფიის გასვლითი გაკვეთილი  მუზეუმში

0

როგორ  დავაინტერესოთ მოსწავლეები გეოგრაფიით? როგორ მოვიქცეთ, რომ   გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყოს?  როგორ მოვახერხოთ, რომ მოსწავლეებმა გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ?  ეს გეოგრაფიის მასწავლებლის ოსტატობასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. მისი ამოცანაა, დაანახოს მოსწავლეებს გეოგრაფიის კავშირი  რეალურ ცხოვრებასთან, დააინტერესოს ისინი საგნით, სწავლების ყოველ ეტაპზე შექმნას დადებითი მოტივაცია,  მოძებნოს ინდივიდუალური  მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან.

გეოგრაფიის სწავლებისას ბევრი ახალი პედაგოგიური ტექნოლოგია გამოიყენება, მაგრამ მათ  შორის ყველაზე შემოქმედებითი სამუზეუმო პედაგოგიკაა.  სამუზეუმო პედაგოგიკა სასწავლო მასალის ორგანიზაციისა და მიწოდების ეფექტური ფორმაა. სამუზეუმო პედაგოგიკაში  შემდეგი ძირითადი მიმართულებები გამოიყოფა: ინფორმაციული, სასწავლო, შემოქმედებითი, ზოგადი და დასვენებითი.

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის ინოვაცია  სწავლებისადმი ერთდროულად კომპლექსურ, ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ მიდგომებში მდგომარეობს. ასეთი გაკვეთილები საშუალებას იძლევა, ცხადი გავხადოთ შესასწავლი მასალის მნიშვნელობა და პრაქტიკულობა, რთული მასალა მივაწოდოთ  მარტივი თვალსაჩინოების გამოყენებით, ავამაღლოთ მოსწავლეთა ემოციური და ინტელექტუალური დონე. თავად მოსწავლეებს კი თვითრეალიზაციის საშუალება  ეძლევათ. მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილები ასევე ხელს უწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, დაკვირვების, მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას. მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები, გარდა შემეცნებით-ესთეტიკური მნიშვნელობისა, მოსწავლეთა პროფორიენტაციასაც ემსახურება. ასეთი  გაკვეთილი შეუზღუდავია, სახალისოა და სტიმულის მომცემია შემდგომი  სწავლებისათვის.

მუზეუმში დაცული მრავალფეროვანი, ულამაზესი და უზადოდ შესრულებული ექსპონატებით ხდება სპეციალობის ვიზუალიზაცია, პოზიტიური ფსიქო-ემოციური გარემოს სასიკეთო ზემოქმედების უზრუნველყოფა, მოზარდებში ინტერესის გაღვიძება და ზრდასრულთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება.

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის დროს მიღებული შთაბეჭდილებები  და მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ფოტომასალების გამოყენება სწავლების შემდგომ ეტაპებზე იწვევს არა მარტო სწავლების მოტივაციის ხელშეწყობას,  არამედ სწავლის ხარისხის ზრდასაც.

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის  სცენარის მაგალითი:

საორგანიზაციო მომენტი:  მზადება გაკვეთილისათვის, მუზეუმში ქცევის ნორმების შეხსენება.

გაკვეთილის მსვლელობა:   პედაგოგის შესავალი საუბარი; სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერება პედაგოგისა და ექსკურსიამძღოლის მონაწილეობით;  ნანახისა და მოსმენილის ანალიზი, მიღებული შთაბეჭდილებების ურთიერთგაზიარება;   გაკვეთილის ღირებულებითი შეფასება.  ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ ამობეჭდილ კითხვარს:

კითხვარი:

  1. რომელ მუზეუმში იყავი?
  2. რა დროიდან არსებობს ეს მუზეუმი?
  3. ვინ არის/არიან ამ მუზეუმის დამაარსებელი?
  4. რა იყო ამ მუზეუმის დაარსების მიზანი?
  5. რა საგნები, ექსპონატებია წარმოდგენილი?
  6. როგორ ივსებოდა მუზეუმის კოლექცია დროთა განმავლობაში?
  7. რომელმა ექსპონატმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? შენი აზრით, რა ინფორმაციის მატარებელია ის და რითია გამორჩეული?
  8. დაახასიათე სამი ექსპონატი სურვილისამებრ.
  9. რა ახალი ცოდნა შეიძინე მუზეუმის დათვალიერების შედეგად?
  10. რაში გამოგადგება ეს ცოდნა მომავალში?
  11. შენი აზრით, როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი მუზეუმში?
  12. როგორ ფიქრობ, რატომ არ შეიძლება ექსპონატების ხელით შეხება?
  13. შენ რომ ამ მუზეუმის თანამშრომელი იყო, რას შემატებდი ან რას შეცვლიდი, რომ ექსპონატები და მათი ისტორია უკეთ აღსაქმელი იყოს?
  14. ვის ურჩევდი ამ მუზეუმში მისვლას და რით დაასაბუთებდი ამის აუცილებლობას?

მუზეუმები, რომლებიც გეოგრაფიის სწავლებისას შეგიძლიათ მოინახულოთ:

გეოგრაფიის მუზეუმიმისამართი: ჭავჭავაძის 1 (I კორპუსი მე-3 სართული)

1958 წლის 1 სექტემბერს, უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე გეოგრაფიის მუზეუმი დაარსდა, რომელიც გეოგრაფიული საზოგადოების მიერ გადმოცემული და ქართველ მეცნიერთა მიერ მოპოვებული მასალებით  შეივსო.

გეოგრაფიის ფონდის კოლექციებიდან გამოსარჩევია დიდი ქართველი მამულიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის ნაქონი, 1711 წელს გერმანიაში გერმანულ ენაზე დაბეჭდილი, მსოფლიო ატლასი.  გეოგრაფიის ფონდში ინახება ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით შედგენილი კავკასიის რელიეფური რუკა. აქვეა დაცული კავკასიისა და სხვა მხარეების რელიეფური რუკებიც. გეოგრაფიის ფონდში გვხვდება უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ეთნოგრაფიულ ყოფასა და ანთროპოლოგიურ ტიპებს ასახავს. აქვეა მოთავსებული კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონე კარტოგრაფიული მასალებიც.

მინერალოგიის მუზეუმიმისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა N11 (ბიოლოგების კორპუსი მე-4 სართული)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმი 1919 წელს პროფესორმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ დააარსა. იგი კოლექციების უნიკალურობითა და მრავალფეროვნებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთია. მუზეუმში განთავსებულია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ყოფილი სსრკ-სა და ევროპის ქვეყნებიდან, აგრეთვე კერძო პიროვნებებისაგან შეძენილი და საჩუქრად მიძღვნილი დაახლოებით 10000-მდე ექსპონატი.

მუზეუმი ღია ცის ქვეშ ( ეთნოგრაფიული მუზეუმი)

მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ. მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული. ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი. საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიული, რეალობისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი. ხურომოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა. სულ მუზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული. მუზეუმი გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ხალხურ ფესტივალებსა და გამოფენებს მთელი წლის განმავლობაში.

პროფ. . ხარატიშვილის სახელობის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი. მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის III კორპუსი (სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი)

პროფ. გ. ხარატიშვილის სახელობის გეოლოგიგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმის შექმნა 1953 წლიდან  იწყება. მუზეუმი ფართოვდებოდა მასალის დაგროვებასთან ერთად,  რომელიც სათანადოდ მოწმდებოდა, მუშავდებოდა, თანდათან იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. ამგვარად შეიქმნა უნიკალური სასწავლო მუზეუმი, სადაც გამოფენილი ძირითადი თემატური მასალა ასახავს დედამიწის აგებულებისა და განვითარების ისტორიას. მუზეუმს აქვს მდიდარი ფონდები, რომელსაც დიდი სამეცნიერო და სასწავლო მნიშვნელობა აქვს. მის საცავებში ინახება ათასობით ქანის, ნამარხის და მინერალის ნიმუში. გამოფენილია გეოლოგიური ჭრილების ამსახველი მასალაც, პანოები, მაკეტები, ნამარხი ორგანიზმების მულიაჟები, სურათები, გამოჩენილ მეცნიერთა პორტრეტები, ძველი ლანდშაფტების სქემები, რუკები, განმარტებითი ტექსტები, რომლებიც სტუდენტებს მასალის ათვისებაში ეხმარება.

მოსწავლეებისთვის ასევე  საინტერესო იქნება, გაიგონ სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმების შესახებ ინტერნეტრესურსის მეშვეობით.

ინტერნეტრესურსი:

https://www.nationalgeographic.org/traveling-exhibitions/

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ერთი ადგილის გააზრებისთვის

0

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ შესწავლისას მოსწავლეებს, მართალია, უკვე აქვთ ძველ ქართულ ტექსტებზე მუშაობის გამოცდილება შუშანიკისა და აბოს წამების გაცნობის შედეგად, მაგრამ მაინც თავისებურ სირთულეს წარმოშობს ამ თხზულებაში გამოყენებული სახე-სიმბოლოები, რომელთა ახსნა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.

ერთ–ერთი ასეთი სახეა „ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი“ – იმ მრავალფეროვან ეპითეტთაგანი, რომლებითაც ამკობს ჰაგიოგრაფი წმინდანს. ტროპული მეტყველების ეს ნიმუში თხზულების პირველსავე თავში გვხვდება: „მადლითა სავსე, განსრულებული სიბრძნით, დიდი მღვდელი და კეთილად განმგებელი, მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. „კაცისა“ და „ანგელოზის“ ერთ კონტექსტში მოხსენიება შესაძლოა პარადოქსულად მოეჩვენოთ მოსწავლეებს, ამიტომ ანგელოზზე სრული წარმოდგენა უნდა შევუქმნათ, რომ ადვილად შეძლონ გრიგოლთან მისი დაკავშირება და სიმბოლოს გააზრება.

ვუსვამ კითხვებს: ვინ არიან ანგელოზები? როგორი თვისებები ახასიათებთ? თქვენი ვარაუდით, რა კუთხით უნდა უკავშირდებოდეს ხანძთელი ანგელოზს? ერთ-ერთ მოსწავლეს მოვაძებნინებ ამ სიტყვის განმარტებას ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში. „ანგელოზი – (ბერძ.) მოციქული, უსხეულო არსება, სიმშვიდის, სიკეთის, სინაზის განსახიერება“. ავუხსნი, რომ გრიგოლი სიმშვიდითა და სიკეთით უახლოვდება ზეციურ ქმნილებას. შემდეგ ბიბლიური ფაქტების მოშველიებით ჩავუტარებ მინილექციას იმის შესახებ, ანგელოზის რომელი თვისების გამოვლენის გამო ეწოდა მას „ქუეყანისა ანგელოზი“.

ადამიანის ანგელოზთან გათანასწორებას პირობითი დატვირთვა აქვს, რადგან წმინდა წერილებში ანგელოზებს ადამიანებთან შედარებით აღმატებული მდგომარეობა უკავიათ. ისინი ზეცაში ღმერთს ემსახურებიან და მფარველობენ ადამიანებს, რასაც ავთანდილიც აღნიშნავს („მცავს თუ ცისა ძალთა დასი“, 169-ე სტროფი).

ანგელოზმა საოცარი თავმდაბლობა გამოავლინა, როდესაც მას იოანემ დაუჩოქა: „და დავვარდი წინაშე ფერხთა მისთა თაყვანსაცემად მისა და მრქუა მე: იხილე ნუ, შენისთანა მონაი ვარ მე და ძმათა შენთა, ღმერთსა თაყვანის-ეც“ (გამოცხ. 19:10) წავუკითხავ წერილიდან ამ ადგილს და ავუხსნი, რომ ჰაგიოგრაფი გრიგოლს ანგელოზურ თავმდაბლობას მიაწერს, ხოლო ზეცისათვის ის ჩვეულებრივი ადამიანია, „ზეცისა კაცი“.

თხზულების IVთავი იძლევა იმის საშუალებას, კვლავ დავუბრუნდეთ ამ სახე-სიმბოლოს, რადგან ახლა უკვე ხუედიოსს მოიკითხავენ გრიგოლი და მისი თანამოაზრენი „ვითარცა ზეცის ანგელოზს“. ანგელოზი, რომელსაც ზეცაში იერარქიის გარკვეული საფეხური უკავია, არის სიმბოლური სახე გრიგოლისა და ხუედიოსის მიწიერი წმინდა ცხოვრებისა. ზეციერი თავმდაბალი ანგელოზები და მიწიერი ღვთისმოშიში ადამიანები სხვადასხვა განზომილებაში საერთო საქმის მსახურებად დგანან: იცავენ სიწმინდეს და ერთობლივად სცემენ თაყვანს უზენაეს შემოქმედს.

ბიბლიური ტექსტის დამოწმება და ციურ არსებებზე მიწოდებული განმარტება მოსწავლეებს სწორ წარმოდგენას ჩამოუყალიბებს ამ საკითხზე, ხოლო სწავლებისადმი ასეთი მიდგომა მათ განუვითარებს ჰაგიოგრაფიული ტექსტების აღქმისა და წვდომის უნარს, გაუფართოებს ცოდნის თვალსაწიერს.

ესგ-თან კავშირი:

  1. ქართ. X.1. იყენებს ფაქტებსა და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
  2. ქართ.X.8. მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;

3, ქართ.X.9. მსჯელობს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, მათ შორის – სახე-სიმბოლოებსა და მათ ფუნქციაზე ნაწარმოებში;

  1. ქართ.X.10. იყენებს ლექსიკონს უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასადგენად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სასკოლო სახელმძღვანელო, X კლასი, ქართული ენა და ლიტერატურა, გიგინეიშვილი, როდონაია
  2. ახალი აღთქუმაი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, გამომცემლობა „ალილო“, თბილისი, 2009 წელი
  3. შ. რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი“, სასკოლო გამოცემა
  4. გ. მურღულია, „საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე“
  5. მასწავლებლის წიგნი, „ქართული ენა და ლიტერატურა“, X კლასი, გიგინეიშვილი, როდონაია
  6. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

სამშვილდე

0

ვერშემდგარი არქეოლოგი ვარ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვისწავლე და არაფერი გამომივიდა. უბრალოდ, მოწოდებით, ბუნებით, ყველაზე დამუხტული ოცნებებით არქეოლოგობისკენ ვიხრებოდი ბავშვობიდან, მაგრამ პროფესიად არასოდეს ამირჩევია. თხრა და ძიება მეტაფიზიკურ ჭრილში გადავიტანე და ჩემს ისტორიულ მიწად ფურცელი ვაქციე. არქეოლოგია კი დღემდე ჩემს დიდ, პლატონურ სიყვარულად რჩება და სუნთქვის შეკვრამდე ვღელავ, თუკი სადმე გათხრების კვალს, მიმდინარე ან დაკონსერვებულ სამუშაო პროცესს წავაწყდი.

ასეთ ადგილებს კი საქართველოში რა დალევს. საერთოდაც, მთელი ქვეყანა ერთი დიდი არქეოლოგიური პავილიონი არ არის?! სადაც გინდა, ჩაყავი ხელი – მაჯის სიღრმეზე უკვე წინა, იმის წინა და იმის-იმის წინა საუკუნეებისა და ათასწლეულების ნიმუშებს იპოვი.

მაგრამ ამ საძიებო ადგილებს შორისაც არიან „უფლისწულები“ – ადგილები, რომლებიც ყველაზე უხნესია, ყველაზე მრავლისმთქმელი და ყველაზე გამოსაკვლევი.

სამშვილდე ერთ-ერთი ამ უფლისწულთაგანია. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იქ, დამეთანხმება.

მე კი ახლა იმის თქმა მინდა, რომ სამშვილდეში ერთხელ მოხვედრაც არ არის საკმარისი.

ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და სხვებისგანაც მოვისმინე.

კარგი წიგნივითაა, ყოველ წაკითხვაზე ახალი საიდუმლოებებით რომ გეხსნება და შენც გზრდის, სიახლეს გმატებს.

პირველად შვიდი წლის წინ წავედი სამშვილდეში. მეგობრებთან ერთად, ლაშქრობით. გაზაფხულის პირი იყო და გამჭვირვალე ჰაერში ლამის პარალელური სივრცეებიც ჩანდა. მომნუსხა იქაურობამ, იმ ინფორმაციამ, რასაც იტევს ეს ისტორიული ადგილი. ჩამებეჭდა გულსა და გონებაში.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ სანახავი მქონია. არ ვიცი, რა უფრო აქტიურობს ხოლმე ასეთ დროს სამყაროს კავშირებში – თვითონ ადგილები, რომლებიც გვიწვევენ, გვიზიდავენ და თავს გვაკითხებენ თუ ჩვენ – იდუმალ და აუხსნელ ამბებს დახარბებული, რაღაც ახლისა და მოულოდნელის სურვილით დატენილი, მაძიებელი ადამიანები. ფაქტია, ეს კავშორები – ადამიანისა და ადგილისა –  ძალიან მყარია და მგონია, რომ სულაც ბევრისთვის დაუჯერებელი ამ მისტიკის წყალობით მოხდა დიდი საკაცობრიო აღმოჩენები, ამერიკა-ტროა-მიკენის ოდისეები და რეალური თავგადასავლები…

ჰოდა, მოვხვდი ცოტა ხნის წინ მეორედაც სამშვილდეში.

ეს იყო ხელახალი აღმოჩენა, დიდი წაკითხვა. განა მარტო უფლისწული ადგილისა? არა, ბატონო – უწინარესად საკუთარი თავისა.

რადგან არსად ისეთი შიშველი არ დგას ადამიანი, როგორიც ხეობის გამაყრუებელ სიჩუმეში, ხეობის უფსკრულებიდან ნაორთქლი ჰაერის გამჭვირვალობაში.

სამშვილდე კი ორ მდინარეს – ჭივჭავსა და ხრამს შორის ამოზრდილი ბუნებრივი კონცხია.

ძველისძველი ნაქალაქარი, რომელსაც თავისი არქიტექტურა, რელიეფი, იერი, თვითმყოფადი და ძალიან საინტერესო აგებულება აქვს. ისტორიულ წყაროებში „ციხე ორბისა“ ჰქვია. ის ახლაც ორბების სამშობლოა, ერთადერთი, რაც იმ უხნესი წარსულიდან ცოცხალი სახით შემორჩა, ორბებია – ლამაზი, ხეობისფერი ჩიტები, მდინარის სულებივით რომ დაქრიან სამშვილდის თავზე, თავიანთ ფრინველურ ამბებში გართულები.

„ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე და მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთაოდ და ქალაქად“, – ვკითხულობთ მატიანეში. სამშვილდის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით, ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარსა და III ათასწლეულს მიეკუთვნება. დროდადრო ის უფლისწულთა სამყოფელი იყო. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა. მეათე საუკუნეში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას. სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სამშვილდე XVII საუკუნის II ნახევრამდე ქალაქი იყო, შემდეგ მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქცია შერჩა.

ნაქალაქარში არაერთი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობის ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურგუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის – სამშვილდის სიონის ნაშთი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები – ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმოსი და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა – 759-777 წლები.

არქიტექტურულად ის წნორის ეკლესიას ენათესავება და საგულისხმოა, რომ ორივე ნაგებობაში სამშვილდის სიონის ტაძრის ქვებია გამოყენებული.

პირველი არქეოლოგიური გათხრები აქ XX საუკუნეში ჩატარდა. გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი.

დღეს ნაშთების წყალობით ძველი ქალაქის სურათის აღდგენაც შესაძლებელია:

ქალაქის შუა ნაწილი გამოყოფილია გალავნით, რომლის ალაყაფის კარს უკან იწყება სამი მეტრი სიგანის ქვის ფილებით მოკირწყლული მთავარი ქუჩა. აქედან მიემართება ვიწრო ჩიხები. მათ შორის გამოიყოფა საკარმიდამო ნაკვეთები. აქ ყველგან არის შენობათა კვალი; ლოდების გროვა და ზედ ყურძნის ვაზი, ველური ლეღვი, ტყემალი, დახლართული ფესვები შლიან საუკუნეებს. ამ პატარა, მაგრამ ძლიერ ქალაქში ცხოვრობდნენ ფეოდალები, მხედართმთავრები, ციხისთავი და მოხელეები. აქვე შემორჩენილია რამდენიმე ორსართულიანი სახლის ნანგრევები. პირველი სართული ალბათ მარანს და სამეურნეო საწყობს ეთმობოდა, ხოლო მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია კედლის ნიშებითა და ბუხრებით. გალავნის მახლობლად დგას მდარე ქვით ნაგები ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ეკლესია, რომლის ინტერიერში სანთლების ალისგან გაჭვარტლული დიდი შავი მენჰირია, საფიქრებელია, ძვ.წ. II ათასწლეულიდან. მასზე ამოკვეთილია ჯვარი და სომხური წარწერა – „სუმბათ ერისთავთ-ერისთავი“. ეს წარწერა XI საუკუნით თარიღდება, ხოლო ეკლესია შემდგომ პერიოდშია აგებული.
სამშვილდეში არქეოლოგიური გათხრები დღესაც მიმდინარეობს. საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრმა 2017 წლის 13 მაისს განახორციელა პირველი პროექტი „აღმოაჩინე სამშვილდე“. არქეოლოგთა მცირე ჯგუფი ჩვენც დაგვხვდა – დარიან ამინდში მუშაობას ეშურებოდნენ.

თვალით ჩავყევი მათ სამუშაო იარაღებს ბებერ მიწაში და რა აღარ წარმოვიდგინე – რამდენი რამე იქნება ჯერ კიდევ საპოვნელი, აღმოსაჩენი, რამდენ რამეს აეხდება ფარდა, რამდენი თეორია გაჩნდება ან გაბათილდება – ძველი კულტურების ურთიერთობაზე, მასშტაბურ მიგრაციებზე, ბატალურ ამბებზე, მეფეთა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეთა პირად ისტორიებზე…

და ამ ყველაფერს ორი მონაპირე ხეობის დამამუნჯებელი სიჩუმე და გამჭვირვალე ორთქლი ინახავს, როგორც ყველაზე ბუნებრივი რეზერვუარი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ალქიმიური რიტუალებისთვის.

სამშვილდე საქართველოს უფლისწული ადგილია, რომელსაც არა ერთხელ და ორჯერ, არამედ კარგი წიგნივით ხშირად უნდა ეახლო და ისტორია გადაფურცლო.

მერწმუნეთ, ეს აქტი ბუნებრივად დაემთხვევა საკუთარი თავის გადაკითხვასაც.

ფორტეპიანოს პოეტი

0

როგორც წინა წერილში აღვნიშნავდი, იმ დროის ტრადიციით, ყოველი ნიჭიერი შემოქმედი საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა ქვეყანაში აჩვენებდა. შოპენის შემთხვევაშიც ასე მოხდა. 1829 წელს ვენაში ახალგაზრდა მუსიკოსის კონცერტი გაიმართა. რეცენზიები ხოტბას ასხამდნენ შოპენის შესრულების ტექნიკურ სრულყოფილებას, პოეტურ სინაზესა და არტისტულობას. იგი გამორჩეული იყო შესრულების მანერით და ამასთან ერთად საკომპოზიტორო ნიშნით, რაშიც იკვეთებოდა ფორტეპიანოსთვის „გაუგონარი ეფექტები“ აღსავსე ფანტაზიითა და გაბედული მდიდარი აზროვნებით. საზოგადოება ფრიდერიკ შოპენის ნიჭს მართლაც დიდი ოვაციებით შეხვდა. გავლენიანი გაზეთი წერდა: „ბატონებო, ქუდები მოიხადეთ, თქვენ წინაშეა გენიოსი“. ამ სიტყვების ავტორი კომპოზიტორი რობერტ შუმანი გახლდათ.

 

შოპენისთვის უცხო ქალაქში რვათვიანი განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. მისი ილუზიები და იმედები ერთი-მეორის მიყოლებით იმსხვრეოდა. გასული წლის აღფრთოვანებული მიღება-შეხვედრები, გამოსვლები და ბრწყინვალე წარმატება აღარ განმეორებულა. შექმნილი გარემოება შოპენის არტისტულ კარიერას აფერხებდა, რადგან 1830 წლის რევოლუციურმა მღელვარებამ ვენის ჩვეული ცხოვრებაც შეარყია.

ვენის საზოგადოების დამოკიდებულება პოლონელების მიმართ თანდათან გულგრილი გახდა. ხალხმრავალ ადგილებში შოპენს მუდმივად ანტიპოლონური გამოხდომების მოსმენა უწევდა. ფრიდერიკის ყოველი ახალი მცდელობა, კონცერტი გაემართა ზრდილობიან, მაგრამ გულგრილ კედელთან, იმსხვრეოდა. იმედგაცრუებული თავს მოტყუებულად გრძნობდა. როდესაც სევდა მოეძალებოდა წყევლიდა ვენაში გამომგზავრების საათს, ვენის მაღალი საზოგადოების გართობებს. შოპენს სამშობლო ენატრებოდა და იტანჯებოდა, რომ არ შეეძლო მედოლე მაინც ყოფილიყო პოლონურ ჯარში.

 

ვენის მოუსვენარმა და თავაშვებულმა ცხოვრებამ შოპენი კალაპოტიდან ისე ამოაგდო, რომ შემოქმედებითადაც კი მიჩუმდა. ამ პერიოდში ვენის მუსიკალური ცხოვრება სწრაფად დეგრადირებდა. ბეთჰოვენისა და შუბერტის უდიდესი ფიგურები წარსულს ჩაბარდა. ოპერა დაეცა. ვენის გააზნაურებული მდაბიონი მსუბუქ და სასიამოვნო მუსიკას მოითხოვდნენ. მოახლოებული იყო შოპენის ძვირფასი სამშობლოს – პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ტრაგიკული დაცემაც. შოპენისთვის ეს დიდი ნაციონალური ტრაგედია იყო. პოლონეთის რევოლუციის დამხობამ მომდევნო დარბევებმა და რეაქციამ საბოლოოდ გადაუკეტა შოპენს გზა სამშობლოსკენ.

ამავე დროს, ევროპაში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. დაიწყო მოსახლების საყოველთაო გასვლა ქალაქიდან და შოპენმაც გადაწყვიტა დაცარიელებული ვენის დატოვება. შოპენმა ბედის ძიება პარიზსა და ლონდონში გადაწყვიტა.

საბოლოოდ დარჩენილი ცხოვრება დასავლეთ ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის უმსხვილეს ცენტრს – პარიზს დაუკავშირა.

 

                                                                       „პარიზი ყველაფერია, რაც გსურს“ (ფ. შოპენი)

 

პარიზში ლიტერატურის სამყარო წარმოდგენილი იყო ისეთი გამოჩენილი მწერლებით, როგორებიც იყვნენ: ბალზაკი, სტენდალი, ჰიუგო, მერიმე, ჟორჟ სანდი, მიუსე და მრავალი სხვა. ეს საოცარი ქალაქი თავისუფალი აზროვნების სალოცავ ადგილად იყო მიჩნეული. პროზაიკოსები და პოეტები პარიზს ზღვას, უფსკრულს, მორევს, გარყვნილთა ბუნაგს ადარებდნენ. სინამდვილეში პარიზი XVIII საუკუნის 30-იან წლებში მართლაც ასეთი იყო.

 

მშვიდ და აუჩქარებელ ვარშავურ ყოფას შეჩვეულმა, შთაბეჭდილებებით გაბრუებულმა გამოუცდელმა ჭაბუკმა ფრიდერიკმა როგორღაც მოახერხა მორგებოდა მტრულად განწყობილ საზოგადოებასა და გაუფერულებულ ვენას. მაგრამ აქ, პარიზის ნამდვილ ქაოსში სწრაფად ორიენტირება და მოქმედება ესაჭიროებოდა. შოპენი იძულებული გახდა დასაყრდენი პოლონელ ემიგრანტებთან ეპოვა, რომლებმაც აჯანყების დამარცხების შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქს თავი შეაფარეს. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ემიგრირებულმა პოლონელმა არისტოკრატიამ შეუწყო ხელი შოპენის პოპულარობის ზრდას პარიზის მაღალ საზოგადოებაში.

შოპენმა პარიზელების სიყვარული – შესანიშნავი პიანისტისა და კომპოზიტორის რეპუტაცია 26 წლის ასაკში მოიპოვა. მაღალი საზოგადოების ეგზალტირებული ქალბატონები აღფრთოვანებაში მოჰყავდა მის პოლონეზებს, მაზურკებსა და ვალსებს.

 

შოპენის მიერ ესტრადულ-ვირტუოზული ჟანრის მიმართ ყურადღება ესტრადის კანონებით იყო ნაკარნახევი. იმ დროის საკონცერტო პროგრამები აჭრელებული იყო ვარიაციებით, პოპურებით, ფანტაზიებითა და პარაფრაზებით. შოპენმა ამ სახეობათა დიდი მოთხოვნა გაითვალისწინა და ასპარეზად არტისტული შემოქმედება აირჩია. შოპენს საზოგადოება იღებდა, როგორც პირველი რანგის ვირტუოზს და XIX საუკუნის პოპულარულ პიანისტთა გვერდით აყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ შოპენის ტალანტი ევროპულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, მას მაინც მშობლიური ტყეებისა და მინდვრებისკენ, მშვიდი ცხოვრებისკენ მიუწევდა გული.

 

პოლონეთის რევოლუციამ თითქოს რაღაც ზღვარი გაავლო შოპენის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ორ დიდ პერიოდს შორის. ვარშავა – უღრუბლო ახალგაზრდობა ნაირფერი იმედებით. პარიზი კი მზარდი სულიერი სიმწიფით, საკომპოზიტორო მწვერვალების დაპყრობით და ცხოვრება – ყველა მისი დრამატული კონტრასტებით.

შოპენისთვის პარიზში გატარებული წლები მრავალმხრივი ევროპული მუსიკალური კულტურის ათვისების ხანა გამოდგა. ის ეცნობოდა იტალიურ და ფრანგულ ოპერებს, სიმღერის ხელოვნებას, წარმოდგენილი პირველი კლასის იტალიელი და ფრანგი მომღერლების მიერ, პიანიზმის უმაღლეს მიღწევებს, ვირტუოზულ სავიოლინო სკოლას და ა.შ. შოპენზე გავლენას ახდენდა ხელოვნებისა და ლიტერატურის გამოჩენილ ადამიანებთან ურთიერთობა, იზრდებოდა მისი ინტელექტი, სიღრმე, მუსიკალური იდეების მრავალმხრივობა და ოსტატობა.

25 წლის ასაკისთვის ამ უდიდესმა ვირტუოზ-პიანისტმა საკონცერტო მოღვაწეობაზე, პრაქტიკულად, უარი განაცხადა, ვინაიდან ფართო საზოგადოების წინაშე თავს არაბუნებრივად, შებოჭილად გრძნობდა. შოპენი თავისუფლად მხოლოდ სალონებსა და მუსიკოსების წრეში უკრავდა.

შოპენმა ძალზე სწრაფად იპოვა საკუთარი ინტონაციის ღრმად ინდივიდუალური სისტემა, რომელმაც მთლიანად განსაზღვრა მისი მუსიკალური სტილის თავისებურება. ორგანული და განუმეორებელი „შოპენური ინტონაციით“ გამსჭვალულია ყოველი მისი ნაწარმოები, რაც ავტორის ადვილად ამოცნობის საშუალებას იძლევა. დაახლოებით ცხრამეტი წლის იყო, როცა ფორტეპიანოდან ახალი ჟღერადობის მოპოვებაში – ხმოვანების დიაპაზონის გაფართოებაში დახელოვნდა. მან გამოიგონა სრულიად ახალი მიდგომა, შექმნა ახალი მუსიკალური ენა და ფრაზირება, რომელსაც დღემდე აღფრთოვანებაში მოვყავართ.

 

განუმეორებელია შოპენის მელოდიების ორნამენტულობა, ფაქიზი პასაჟები, რომლებიც მოგვაგონებს კოლორატურულ რულადებს, მელიზმებს, გრუპეტოს, ფორშლაგს, საკონცერტო კადენციების ბრუნვებს. ყოველივე ეს შოპენის მუსიკას უნაზეს გრაციოზულობას ანიჭებს.

 

შოპენი XIX საუკუნის კომპოზიტორთა შორის ერთადერთი იყო, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ერთადერთი საკრავის – ფორტეპიანოს ერთგული დარჩა და შემოქმედება მხოლოდ საფორტეპიანო მუსიკის ჩარჩოებით შემოფარგლა. ერთი შეხედვით, შოპენის განსაკუთრებული ერთგულება საფორტეპიანო მუსიკის მიმართ შეიძლება მის შეზღუდულ შესაძლებლობად ჩაითვალოს. მაგრამ არა, შოპენმა მრავალწახნაგოვანი ხელოვნების ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომლებსაც სხვა კომპოზიტორები უამრავი სახეობის ინსტრუმენტული მუსიკის შექმნით თუ აღწევდნენ. შოპენისთვის როიალი უნივერსალური საკრავი იყო. მასთან ურთიერთობით ინტიმურ ენაზე საუბარის, სულის საიდუმლოებების გაზიარების შესაძლებლობა ეძლეოდა. იგი არასდროს არღვევდა ფორტეპიანოს სპეციფიკას და ამავე დროს ამ ერთი საკრავით მთელი ორკესტრის ფერთა პალიტრას გადმოსცემდა. ფორტეპიანოს ყველა გამომსახველობით რესურსში გენიალური წვდომით შოპენმა შეძლო უსასრულოდ გაეფართოებინა ამ საკრავის საზღვრები და მისთვის მანამდე გაუგონარი მნიშვნელობა მიენიჭებინა.

 

         „ფოლკლორმა შოპენს უფრო მეტი მისცა, ვიდრე ყველა მასწავლებელმა ერთად“    

 

პოლონეთის ფოლკლორთან უშუალო შეხება შოპენის ბავშვურ და ახალგაზრდულ წლებს უკავშირდება, როდესაც ქალაქელი ყმაწვილი ზაფხულის თვეებს  მეგობრების მამულში – ძირძველ სოფლებში ატარებდა. აქ იგი ღრმად წვდებოდა ხალხური მუსიკალური შემოქმედების წყაროებს, საათობით აკვირდებოდა სოფლურ ცეკვებსა და სიმღერებს, დაკვირვებით უსმენდა ორკესტრის მიერ თავმომწონედ აჟღერებულ მაზურკებსა და პოლონეზებს. შოპენი თავად აღიარებდა: „დიდხანს ვსწავლობდი შემეგრძნო პოლონური ხალხური სიმღერა“. პოლონელი ბიოგრაფის აზრით: „ფოლკლორმა შოპენს უფრო მეტი მისცა, ვიდრე ყველა მასწავლებელმა ერთად“. ფრიდერიკი პირველი მუსიკალური შთაბეჭდილებებისთვის დედის მადლიერია, რომელმაც ჩვილობის ასაკიდან ჩაუნერგა ხალხური მელოდიების სიყვარული.

 

შოპენი ხალხურ მუსიკას განადიდებდა. საკუთარი სულის დახვეწილ პრიზმაში „გატარებით“ ყოველგვარი სიუხეშისგან და ტრივიალურობისგან „ასუფთავებდა“, რომელიც ასე ორგანულად შეერწყა დასავლეთ ევროპულ მუსიკას. ევროპული ქვეყნების პროფესიონალური შემოქმედებიდან გამქრალი ხალხური კილოები შოპენისთვის ქმედითი და სრულფასოვანი აღმოჩნდა. სწორედ ფოლკლორი დაედო საფუძვლად შოპენის მუსიკალურ ენას.

 

შოპენის შემოქმედება გაჟღენთილი იყო პოლონური ხალხური სიმღერებისა და ცეკვების არომატით, მშობლიური ბუნების სურათებით. ბუნებრივია, ამგვარი მუსიკა პოლონელებს აღაფრთოვანებდა რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი ცხოვრების დიდი ნაწილი შოპენმა სამშობლოს საზღვრებს გარეთ გაატარა, უპირველესად აღიქმება, როგორც პოლონელი ხალხის შვილი. ამავდროულად, მისი მუსიკა მსოფლიოს ყოველი კულტურული ადამიანის სულიერი ცხოვრების ნაწილი გახდა.

 

 

ფრიდერიკის ახირებანი  

 

წერილის დასასრულ ყურადღება მივაპყროთ შოპენის ერთ-ერთ საუკეთესო ოპუსს –

Barcarole (Fis-dur), Op. 60, შექმნილი სასიყვარულო გრძნობების მოზღვავებისას ბუნების წიაღში. ბავშვობიდანვე კარგად გათვითცნობიერებული იტალიური მუსიკალური კულტურით და აღფრთოვანებული ბელინის ოპერით „ნორმა“, შოპენმა „ბარკაროლას“ სახით დაგვიტოვა იტალიური ატმოსფეროს შესაქმნელად უშესანიშნავესი ნიმუში.
შოპენის მიერ ფორტეპიანოსთვის შექმნილი ნაწარმოები „ბარკაროლა“ წარმოდგენილია ბალადურ-პოემურ ფორმაში და ითავსებს რთულ სამნაწილიან და სონატური სტრუქტურის ნიშნებს. სამნაწილიანი ფორმა ტრადიციულია ბარკაროლასთვის, ხოლო სონატური ფორმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს ჟანრის სიმფონიზაციისთვის. შოპენმა გააფართოვა მარტივი, თითქმის ცხოვრებისეული ჟანრის ჩარჩოები და შექმნა დიდი გაქანების ნაწარმოები.


P.S. კონცერტზე დამსწრეების გადმოცემით, შოპენმა „ბარკაროლა“ ჩუმად დაასრულა და უკანასკნელი ორი ოქტავა პიანისიმოზე (pp) აიღო, მაშინ, როცა სანოტო გამოცემაში სამი ფორტე (fff) მკაფიოდ იკვეთება. რას შეიძლება მიეწეროს აღნიშნული „გადახვევა“ – ფიზიკურ სისუსტეს, ერთგვარ კონცეფციას თუ მისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ახირებათაგანს? ასეა თუ ისე, თამამად შეგვიძლია ერთ რამეზე შევთანხმდეთ, „ბარკაროლა“ კომპოზიტორის საუკეთესო ქმნილებაა.

ილია და ილია

0

თავი უნდა გავთქვა: არცერთ სხვა წერილზე არ დავმჯდარვარ იმდენი ხანი, რამდენიც ამ წერილზე საფიქრალად დამჭირდა,  არასდროს. ერთი პირობა ისაც ვიფიქრე, ხომ არ შევეშვა და რამე უფრო იოლს გადავწვდე-მეთქი. მაგრამ ბავშვობიდან მეშინია იოლი გზების და ფიქრების, ჰო, შიში ჰქვია ამას, მე რასაც განვიცდი ხოლმე, და ამიტომ როგორც ყველა მშიშარა ადამიანი, ჩემთვის უშიშარ გზებზე და ფიქრებში გავურბივარ მათ.

არადა, როგორია, დაჯდე და სრული სერიოზულობით ორ ილიაზე რამე ჭკვიანური დაწერო.

ერთზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა და მეორეზე კიდევ – ვისაც არ ეზარება, თავის ცხოვრებისეულ ბოღმასაც და სიყვარულსაც მისით იწყებს, დილის ფიზკულტურასავით.

ორ ილიას შორის ერთი ზუსტად 111 წლის წინ მოკლეს „პროგრესის“ მამებმა. მეორეს, უკვე მერამდენე წელია, ყოველდღე კლავენ. კარგი სამიზნე კია – ილიაობით გაუმართლა თუ კიდევ, ჩვენ რომ ვერც ჩავწვდებით და დავინახავთ, იმ საკრალური ბედისწერით – დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საჩინო კაცად რჩება საქართველოში.

ჩანს და იმიტომ. ზოგს ეს შუქი აბრმავებს, ზოგს პირიქით – ათბობს და გზას უნათებს.

ერთმა ილიამ რა ქვეყანაშიც გაიღვიძა არყოფნის ქვეყნიდან, 1837 წლის 8 ნოემბერს, ყველამ იცის – ქვეყანა აღარც ერქვა, ცარისტული რუსეთის რეჟიმის მსხვერპლი, შეგუებულ მონობაში ამთქნარებდა წლებს და წინ გზასაც ვეღარ ხედავდა. ეს პირველი ილია რომ არა, ალბათ ორი საუკუნის წინ დამთავდრებოდა ჩვენი ისტორია. მისი ღონიერი, ახალი ენერგია რომ არა, მისი თანამედროვეების, თანამოაზრეების დიდი ძალისხმევა რომ არა!..

საერთოდაც, როცა იმ ქართველებზე ვფიქრობ – ილიას დროის მოღვაწეებზე, მათ ურთიერთობებზე, მათ ბიოგრაფიულ ნაბიჯებზე, ცხოვრებაზე – ადამიანურ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე რომ ვფიქრობ – იმ სამყაროს ინტერესი მკლავს, იმ სივრცის და ჰაერის, რომელმაც ეს დიდი ცხოვრება დაიტია, მათი ნაბიჯები და მიმოწერა, მათი ტვინებიდან და გულებიდან დათხეული სისხლი, მათი სიყვარულის საიდუმლოებები და ქვეყნის მიმართ მათი ერთგულება – ეს ყოვლად არაპათეტიკური, ბუნებრივი მდგომარეობა, თუკი დღეს მისი წარმოდგენა და გააზრება შეგვიძლია!..

რა იყო ეს ეპოქა? რა იყო ეს დრო? რა რიხიანი გამოღვიძება იყო, რა მათრახები სულზე, რა სამსჭვალები შუბლზე და მაჯებზე, რა აღდგომა იყო ასეთი?! როგორ დაიშვა ან რისთვის დაიშვა, ნუთუ მხოლოდ იმ ერთი დროისთვის?

…მეორე ილია თოვლიან 25 დეკემბერს, 1977 წელს, სვეტიცხოველში აკურთხეს პატრიარქად. ეროვნული მოძრაობის კულმინაციამდე რამდენიმე წელი რჩებოდა. ეკლესიები ცარიელი ან სულაც, გამოკეტილი იყო. იმ ადამიანების მონაყოლი დღემდე მღელვარე და შთამბეჭდავია, ვინც „ახალი სამწყსოს“  პირველ ტალღად იქცა, ვინც პირველმა შეავსო ეშმაკების სათარეშოდ ქცეული ტაძრები ლოცვით და სანთლებით. ისინი რასაც ჰყვებიან, ის ყველაზე ნათელი და მართალი განცდებია, ბავშვის სინათლის და სიმართლისოდენა. იქ არაა არც ანგარება, არც ცბიერი დაეჭვება, არც სამომავლო გეგმურობა. იქ დახშული კარის პირველად შეღების სიხარულია და რაღაც დიდად დავიწყებულის თუ უარყოფილის ხელახლა გაცოცხლების მშვინვიერება!..

ამ მეორე ილიასაც ურთულესი გზა ედო – მგელთა შორის უნდა გაეტარებინა ქრისტიანობის იდეა და ამ იდეის ხორცშესასხმელი ცხოვრება – სავსე ტკივილებით, დაბრკოლებებით, ღალატით, პირმოთნეობით, მოკლედ,  ადამიანის გონებისთვის ცნობილი და ნაცადი თუ ჯერაც უცნობი და გაუგონარი მანკიერებებით.

2017 წელს ორმოცი წელი შესრულდა იმ აღსაყდრების დღიდან და ეს ორმოცი წელი კიდევ, ხომ ვიცით, რაც იყო; ყველამ თავის ტყავზე და სულზე გამოსცადა, ქვეყანამ კი თავის ხორცზეც, ნაწილზეც… მოსეს ორმოცწლიან გზას უხსენებენ ხოლმე, ამით ასიმბოლოებენ, მორწმუნეები – აღტაცებითა და კრძალვით, ცინიკოსები – ირონიითა და სარკაზმით. გინდ იქიდან თქვი და გინდ აქედან – ისტორიას ხომ თვალს ვერ აუქცევ. ეს მან შეიძლება ამოგტყორცნოს თავის ბრუნვიდან. მან – ისტორიამ, დიდმა ვეშაპმა, რომელსაც აქვს ეგ ცბიერება, თვალსა და ხელს შუა გაგეპაროს და დაგტოვოს ხახამშრალი, ნარწყევივით ამოგდებული თავის წიაღიდან, დარჩენილი უდროოდ და უსამშობლოდ, როგორც მსხვერპლი მისი დიადი საქმეებისა და ჩანაფიქრებისა. თორემ შენ თვალს ვერ აუქცევ, რადგან, ძალიანაც რომ მოინდომო, არც არაფერი გაქვს ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, მხოლოდ ეს, ერთადერთი მონაპოვარი, სადაც დგინდები ადამიანად – ისტორია!..

ჰოდა, ამ ისტორიას კიდევ გადასაწერი აქვს თავისი ფურცლები და კიდევ ბევრჯერ გადასაკითხი, რაც აქამდე შიგ სისხლიანი ხელებით, ხილვებიანი უძინარი და არასანდო თვალით ჩავჯღაბნეთ. ეს მეორე ილიაც თავისთავში ამ ორმოცი წლის საიდუმლოს ატარებს და ეს კი ერთი გვარიანი დროა ისტორიაში, ეს იმ სიდიდის დროა, რომელიც თავადვე გამოიხურავს ხოლმე კარს, თავადვე ირჩევს დიდ დასასრულს და სულ რომ ზედ ასი ციხის ქაჯები შეასკდნენ, მაინც ვერც დააჩქარებენ და ვერც შეანელებენ – ის თავის დიდ საათზე ბრუნავს და იძვრის, და მისი ბოლოც ისეთივე საგულისხმოა, როგორც დასაწყისი…

2017 წელი პირველი ილიას დაბადებიდან 180 წლის საიუბილეო წელი იყო. როცა ვსაუბრობთ ილია ჭავჭავაძის თანამედროვეობაზე, როცა გვაოცებს მისი მუდმივი სიახლე, მუდმივი თანაყოფნა ჩვენს დღევანდელ ფიქრებთან, გასაჭირთან და პრობლემებთან, როცა ვნატრობთ კიდეც ხოლმე მას, ან ვინმე მის მსგავსს – გადარმჩენელს, ყველას მაგივრად მოფიქრალს და საქმის მკეთებელს, ისიც გავიხსენოთ, ამ 180 წლის მანძილზე რამდენჯერ აღვკვეთეთ ჩვენი შესაძლო ორსულობა კიდევ ბევრ ილიაზე; გავიხსენოთ ჩვენი უცნაური სიყვარულის ჟამი ბოროტებასთან და სიკეთესთან, ჩვენი პოლიტიკური ეროტიკა, მუდმივი, დაუსრულებელი, უნაყოფო.

ქრისტიანობა ერთი ადამიანის რელიგიაა, თუკი ის ერთი თავისთავში მთელ კაცობრიობას იკრებს. არაფერია ასეთ „ერთზე“ უფრო ბევრი და სანდო. ასეთი „მეც“ სამყაროს ცენტრია და უზღვავი ენერგიით ეფინება კოსმოსის ტალღებს. მეორე ილია ორმოცი წელი სწორედ ამას ამბობდა, ითხოვდა, ქადაგებდა: ასეთი „ერთი“ და ასეთი „მე“ დამთხვეოდნენ ერთმანეთს, ანუ ადამიანს თავისთავში კაცობრიობა აღექვა, სამყარო დაეტია და ამით გამხდარიყო კრებითი „ჩვენ“, გნებავთ სამშობლო, გნებავთ – მთელი დედამიწა. სხვა, უფრო დიდი და მიუწვდომელი, არაფერი ყოფილა მის სიტყვებში და ქადაგებებში.  ადამიანის სიყვარული, ადამიანის თანაგრძნობა, ადამიანის ერთგულება, ადამიანის, ადამიანის, ადამიანის…

მგელთა შორის იარა-მეთქი და, ის მგლები სულ ახლოს ჰყავდა, გარშემო. ცხვრისტყავიანებიც და ლურჯდინგიანებიც. ორმოცი წელი მაინც გავიდა და გასრულდა, ვინმე ძველი აედი ამოიძახებდა კიდეც: ჰოი, გასრულდა თავისთავად, მზიანი ღამე!..

წინ ისევ ისტორიაა. გათითოკაცებული გუნდის ფერხული.

პირველმა ილიამ წყვდიადიდან გამოკვეთა ჩვენი გადარჩენის შესაძლებლობა და დიდი ენერგიით გვიბიძგა მომავლისაკენ.

მეორე ილიამ აწმყოს სადავე ამოიგო ლაგამივით და ორმოცი წელი სახედარივით ათრია შეუძლებლის და შესაძლებლის ზღვარზე. ფესვები უმაგრებდა ღონეს და ეს ფესვები კი უხსოვარიდან იწყება და მათ არსებობას არც ჩვენ გვეკითხება ვინმე, არც ჩვენ გვამადლის.

ზედაპირზე მხოლოდ ჩრდილები ჩანს, ვინმეს შესაძლოა მღილის ღოღვადაც მოეჩვენოს მსგავსი სურათი. ხედვას ვინ ვის დაუშლის, მით უფრო, თუ ღმერთს მაინც თანაბრად უყვარს ბრმებიც და მხედველნიც.

იქნებ, ბრმები უფრო მეტად… რადგან…

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...