ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
29 მაისი, ხუთშაბათი, 2025

უწყვეტი განათლების პრინციპები და  მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობები

0

თანამედროვე  საგანმანათლებლო პროცესი სწავლებაში ისეთი მიდგომების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომლის შედეგად მოსწავლე შეძლებს დამოუკიდებლად  შეიძინოს ცოდნა, მასწავლებელი კი მხოლოდ მისი საქმიანობის წარმმართველის როლს შეასრულებს. ასეთი გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოდულური სწავლება, რომელიც დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო პოპულარული ხდება. პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში იგი კომპეტენციების ათვისებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტადაც მიიჩნევა.

 

ტერმინი „მოდულური სწავლება“ დაკავშირებულია  ცნება „მოდულის“ საერთაშორისო გაგებასთან, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობაცაა „ფუნქციური ჯაჭვი“, ანუ ერთგვარი კვანძი, რომელიც თავს უყრის სწავლების შინაარსსა და ტექნოლოგიას. ამ დროს სწავლის შინაარსი წარმოდგენილია დასრულებული, დამოუკიდებელი ბლოკების სახით (მაგ., საინფორმაციო ბლოკი, პრაქტიკული აქტივობა და ა.შ..). მოდულური ტექნოლოგია განსაკუთრებით პოპულარული გახდა XX საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ის ჩაითვალა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში“  სწავლის მნიშნელოვან  საშუალებად.

 

რა არის ამ მიდგომის არსი? მოდულური სწავლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლე სასწავლო შემეცნებითი საქმიანობისას დამოუკიდებელია (ან მუშაობს მასწავლებლის დახმარებით) და ამ გზით მიაღწევს მოდულის კონკრეტულ მიზანს.

გაკვეთილის მოდულის შექმნა/შესრულება გულისხმობს  შემდეგი პირობების დაცვას:

  1. სწავლების შინაარსი წარმოდგენილია დამთავრებული, დამოუკიდებელი ბლოკების (კომპლექსური თემების, საინფორმაციო ბლოკების) სახით;
  2. ყოველ თემატურ ბლოკში გამოიყოფა რამდენიმე მოდული:

  • 1-ლი მოდული – მასწავლებლის მიერ თემის ძირითადი საკითხების ზეპირი გადმოცემა, ძირითადი ცნებების განმარტება (მას შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი);
  • მე-2 მოდული – დამოუკიდებელი და პრაქტიკული სამუშაო, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით მუშაობენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე, შეიმუშავებენ თხზულების მასალას, განიხილავენ. ამ ეტაპზე ეფექტურია პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება, კონფერენციების, თამაშების, პრეზენტაციების გამართვა (მას შეიძლება დაეთმოს 3-5 გაკვეთილი);
  • მე-3 მოდული – თემის განმეორება და განზოგადება (შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი);
  • მე-4 მოდული – მთლიანი თემის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის კონტროლი/შემოწმება (შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი).

მოცემული მუშაობის დროს მოსწავლეს აქვს ინსტრუქცია, რომელშიც განსაზღვრულია:

  • მოდულის ათვისების მიზანი;
  • როგორ მოიძიოს სასწავლო მასალა;
  • როგორ დაეუფლოს, შეიძინოს ცოდნა ამ მასალის შესახებ;
  • როგორ შეამოწმოს შესრულებული დავალების სისწორე.

მასწავლებლის როლია:

  • შეადგინოს მოდულის ინსტრუქცია;
  • დააზუსტოს რესურსები, საშუალებები;
  • მოახდინოს ათვისებული მასალისა და უნარების  კონტროლი და კორექცია.

შეფასებისთვის გამოიყენება:

  • კონტროლი;
  • თვითკონტროლი;
  • მოსწავლეთა ურთიერთკონტროლი;
  • მასწავლებლის მიერ გაკეთებული დასკვნა.

კარგი ნიშნის მიღება – მოდულური ტექნოლოგიის დროს ყველაზე ეფექტური მოტივატორია. მოსწავლემ ზუსტად იცის, რომ მისი შრომა შეფასდება მუშაობის ყოველ ეტაპზე და შეფასება ადეკვატურად იქნება გაკეთებული, თუმცა მოდულური სწავლების დროს ძირითადად გამოიყენება განმავითარებელი შეფასება.

აღსანიშნავია, რომ მოდულური ტექნოლოგია ინტეგრირებული ტექნოლოგიაა, რამდენადაც მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, რომელსაც მოსწავლე მუდმივად  ამტკიცებს თვითკონტროლისა და მასწავლებლის კონტროლის საფუძველზე, შედეგად კი ვიღებთ კომპეტენტურ მოსწავლე/მასწავლებელს.

 

აღსანიშნავია, რომ მოდულური სწავლება შეიძლება განხორციელდეს ერთი საგაკვეთილო დროის განმავლობაშიც.  განვიხილოთ მაგალითი:

 

მოდულური სწავლების ეტაპები ერთი გაკვეთილის ფარგლებში  

 

საგნობრივი ჯგუფი: საზოგადოებრივი მეცნიერებები.

საფეხური:  საბაზო.

თემა: სახელმწიფოს არსი და ორგანიზაცია.

მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს სახელმწიფოს არსისა  და ორგანიზაციის შესახებ წარმოდგენების ფორმირება; შეიძინოს ცოდნა სახელმწიფოს ძირითადი ნიშნების შესახებ; აღწეროს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპი და თავისებურებები კონკრეტული მაგალითების მოყვანით; იმუშაოს სხვადასხვა ტიპის წყაროებზე.

გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის ახსნის გაკვეთილი;

რესურსები: მოდულის ინსტრუქცია; მსოფლიო პოლიტიკური რუკა; სქემა: „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“.

 

ეტაპი: მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ჯგუფს გააცნობს გაკვეთილი/მოდულის ზოგად მიზნებს, იწყება   „გონებრვი იერიში“, რომლის   მიზანია წინარე ცოდნის აქტუალიზაცია თემაზე: „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“ (წინა ცოდნის აქტუალიზაციისას გამოჩნდება მოდულის როგორც ინტეგრირებული სწავლის სისტემის მთელი უპირატესობა, როდესაც მოსწავლეს ცოდნის ტრანსფერის რეალური საშუალება მიეცემა);

 

ამ ეტაპის დავალებაა: ხელისუფლების  რომელი ტიპის (ქარიზმატული, ტრადიციული/ლეგალური…) დროს შეხვდებით მსგავს სიტუაციას:

ა) ქვეშევრდომებს მოსწონთ   თავიანთი მმართველები და ხელისუფლება;

ბ) მმართველის მხარდაჭერა და ერთგულება თაობიდან თაობას გადაეცემა;

გ) სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს იურიდიული ნორმების მიმართ ერთგულება და წესების ზუსტად დაცვა;

დ) ექვემდებარებიან არა ხელმძღვანელის პიროვნებას, არამედ კანონებს, რომლის ფარგლებში ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების არჩევა და ხელისუფლების განხორციელება. სავარაუდო პასუხებია:

  • ხელისუფლების ქარიზმატული ფორმა; 1.2. ხელისუფლების ტრადიციული ფორმა; 1.3. ლეგალური ხელისუფლება.
  • განსაზღვრეთ თქვენი ცოდნა სქემაზე:

სწორი პასუხი/მაღალი დონე = 4 ქ.

სწორი პასუხი/საშუალო დონე=3 ქ.

სწორი პასუხი/დაბალი  დონე=3 ქ.

არასწორი პასუხი/ყველაზე დაბალი დონე=1/2 ქ.

  • შეცდომების გაანალიზება.

მოსწავლის საქმიანობა:  დამოუკიდებლად მუშაობს რვეულებში.

 

II  ეტაპი: ახალი მასალის ახსნა

მიზანი – გაეცნოს საზოგადოების პოლიტიკურ სისტემას;

ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა და ცნება –   „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“ – დამუშავება; 2) კითხვაზე პასუხის გაცემა: „რა როლს ასრულებს საზოგადოების ცხოვრებაში სახელმწიფო“?

მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე, და აკეთებს პატარა კონსპექტს/ჩანაწერს.

 

III  ეტაპი:  ახალი მასალის ახსნა

მიზანი  –  ცნება „სახელმწიფოს“ განსაზღვრა; სახელმწიფოს ძირითადი ნიშნების გაცნობა და შესწავლა.

ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა; ბ) მასწავლებლის მინი-ლექცია სახელმწიფოს დამახასიათებელ ნიშნებზე და კლასტერის –
„სახელმწიფოს ნიშნები“ – დახატვა.

მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე; ისმენს მასწავლებლის მინი-ლექციას და  აკეთებს რვეულში ჩანაწერებს.

 

IV   ეტაპი: ახალი მასალის ახსნა და მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა

მიზანი – სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის გაცნობა;

ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმღვანელოს ტექსტზე მუშაობა და ცნებების –   „უნიტარული სახელმწიფო“, „ფედერაცია“, „კონფედერაცია“ – განმარტება

ბ) თითოეულ ტიპის მიხედვით მაგალითების მოყვანა.

მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე; მუშაობს და ადგენს  სქემებს სახელმწიფოს ტიპების მიხედვით. აკეთებს ლოგიკურ დასკვნას, თუ რა რატომ აღმოჩნდა კონფედერაცია  ისტორიულად არაპერსპექტიული?

 

VII ეტაპზე: განვლილი მასალის კონტროლი:

მიზანი: მიღებული ცოდნის განზოგადება

დავალება: მუშაობა სქემებზე. იპოვეთ შესაბამისობა სახელმწიფოებსა და ტერიტორიული მოწყობის ფორმებს შორის.

მოსწავლე: წერილობით  ასრულებს დავალებას.

  უნიტარული ფედერაციული კონფედერაცია
აშშ      
რუსეთი      
კანადა      
პორტუგალია      
ბელგია      
გერმანია      
იტალია      
ჩინეთი      

 

V   ეტაპი – პასუხების შემოწმება: მასწავლებელი ამოწმებს მიღებულ  შედეგებს და აკავშირებს მას დასახულ მიზანთან.

 

მოდულური სწავლებისას მოსწავლის მოტივაცია მაღალია, თანამშრომლობა თითქმის ყველა დონეზეა შემდგარი და საკმაოდ კონსტურქციულია; მოსწავლე თავად ირჩევს სწავლის დროსა და ტემპს, მსჯელობს, აკავშირებს, ხარისხებს, აჯგუფებს, აკეთებს ჩანაწერებს, ამზადებს პრეზენტაციას, განაზოგადებს მასალას.  მასწავლებელი ყველა ეტაპზე აკვირდება მოსწავლეს, ახორციელებს მისი ცოდნის  კონტროლსა და კორექციას, შედეგად კი ვიღებთ კომპეტენციების განვითარებაზე აქცენტირებულ მოსწავლეს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მართოს თავისი სასწავლო პროცესი, მოიძიოს და აითვისოს მასალა და გააგრძელოს ეს პროცესი უსასრულოდ, მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ ითვლება მოდულური სწავლება უწყვეტი განათლების ერთ-ერთ აქტიურ ხელშემწყობ ტექნოლოგიად.  

 

 

 

იდეები სოციალური პროექტების დაგეგმვისათვის  განათლების დაწყებით საფეხურზე

0

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. ის  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სკოლაში სოციალური პროექტების განხორციელება ამის საუკეთესო საშუალებაა. სოციალური პროექტები მიმართულია გარემოს გაუმჯობესების, კონკრეტულ სოციუმში რეალური სოციალური საჭიროების შესწავლისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ (არსებულ პრობლემათა პრევენციის/მინიმიზაციისკენ), რის საბოლოო მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. ვინაიდან, სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინებს სწავლობენ, არამედ სკოლა ოჯახთან თანამშრომლობით ზრუნავს მათ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ სხვაზე პასუხისმგებლობა, სხვებზე ზრუნვა – ბავშვებს ეხმარება საკუთარი თავის, როგორც ღირებულის, აღქმაში და უქმნის მათ პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობას. ეს კი საბოლოოდ მოზარდთა რისკიანი ქცევების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად ითვლება. აგრეთვე, ზოგი მეცნიერის აზრით (Eisenberg, 1992), აგრესიული ქცევის შემცირება შესაძლებელია  პროსოციალური ქცევის (სხვებზე ზრუნვა, ისე რომ არ მოელი პირად გამორჩენას) წახალისებით.

ამავდროულად, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში – სოციალური პროექტი, როგორც მასწავლებლის დამატებითი საქმიანობა, გათვალისწინებულია პრაქტიკოსის, უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პედაგოგს  0.5 კრედიტი ენიჭება.

სოციალური პროექტის განმახორციელებელი შეიძლება იყვნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და თემი. შესაბამისად, პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება იყოს – კონკრეტული მოსწავლე, კლასი, სკოლა, სასკოლო ქსელი ან თემი.

აქედან გამომდინარე, სოციალური პროექტის მიზნები შეიძლება იყოს:

  • სოციალური ადაპტაციის გაუმჯობესება;
  • მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირობების გაუმჯობესება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება;
  • ტოლერანტობის გაზრდა მრავალფეროვანი ჯგუფების მიმართ;
  • დაპირისპირების, კონფლიქტების პრევენცია;
  • უშუალო გარემოს (მათ შორის ფიზიკურის) გაუმჯობესება;
  • მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება.

სოციალური პროექტები შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ თემებზე: ეკოლოგია, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სერვისის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, განათლება, დასვენების ორგანიზება,  შემოქმედება.

შესაძლოა დაგებადოთ კითხვა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს განვუვითაროთ უნარები, რომლებიც გარემოს გაუმჯობესებისა თუ სხვებზე ზრუნვისკენ იქნება მიმართული.

ვფიქრობთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე. ემპათიის ქვეშ მოიაზრება სხვისი ემოციების გაგების, წვდომისა და თანაგანცდის  უნარი. ემპათიის მნიშვნელობის განმარტება პატარა ბავშვებისთვის ერთი შეხედვით შეიძლება საკმაოდ აბსტრაქტულ და რთულ ამოცანად მოგვეჩვენოს. მაგრამ, იმისთვის, რომ ბავშვმა სხვისი ემოციის აღქმა და შესაბამისად რეაგირება შეძლოს, მნიშვნელოვანია, ესმოდეს გრძნობათა ფართო სპექტრი, რომელსაც იგი ყოველდღიურად განიცდის და ისიც, რომ სხვა ადამიანებს შეიძლება მსგავს სიტუაციაში განსხვავებული ემოციები დაეუფლოთ. ვინაიდან მიიჩნევა, რომ რაც უკეთ შეგვიძლია საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, მით მეტად შეგვიძლია თავის მართვა და სხვათა დახმარებაც. ეს კი აუცილებელი უნარებია მეგობრებთან თუ თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.

ამ ამოცანის მიღწევა პირველ რიგში საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. მართალია, თანაგრძნობის უნარი ასაკთან ერთად გვიმუშავდება, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სტრატეგია, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ბავშვებს ეს გრძნობა განვუვითაროთ.

მიიჩნევა, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საკმაოდ რთულია სხვისი ემოციების წვდომა. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ფაქიზად გამოხატავდნენ უფროსები ბავშვების მიმართ ემოციებს, რამდენად ხედავდნენ პატარები სხვების მიმართ გამოხატულ ემპათიას, და რამდენად იყო წახალისებული სხვა ადამიანის თუ ბავშვის მიერ განხორციელებული პროსოციალური ქცევა. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ექმნება წარმოდგენა,  რომ სხვათა ემოციების წვდომა და სხვაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში თანაგრძნობა  სხვისი ემოციების გაგებით იწყება.

ამისათვის გთავაზობთ აქტივობას ,,ამოიცანი ემოცია’’, რომელიც  6-10 წლის ბავშვებზეა გათვლილი. აქტივობის განხორციელებისთვის საჭიროა ბარათები სიტუაციებით, რომელიც შეიძლება იყოს ტიპური უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (სიტუაციათა გამრავალფეროვნება სასურველია მოსწავლეთა ინტერსების, ასაკისა თუ კულტურის გათვალისწინებით).

სიტუაციათა სავარაუდო ჩამონათვალი:

  • ბავშვს ნაყინი ჩამოუვარდა კონუსიდან;
  • მას დაბადების დღე აქვს და სტუმრებს ელოდება;
  • ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
  • სურს, რომ უფროსებმა ახალი სათამაშო უყიდონ;
  • სკოლაშია და მოშივდა;
  • მიდის სტუმრად ახალ გადმოსულ თანაკლასელთან;
  • ყური სტკივა და სიცხე აქვს;
  • ბავშვს ბიძაშვილმა საჩუქარი აჩუქა;
  • მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
  • ქურთუკს იცვამს და ელვა გაეჭედა მისი შეკვრის დროს;
  • სკოლაში ბებიას ელოდება, რომელიც აგვიანებს;
  • ბავშვის ლეკვს ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მასწავლებელი უკითხავს სიტუაციას ან სთავაზობს ბარათს შესაბამისი ილუსტრაციით. მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ბარათები სხვადასხვა ემოციათა სახელწოდებებით (ან ემოტიკონებით). მაგ, მოწყენილი, მხიარული, შეშინებული, შეშფოთებული, გაკვირვებული, გაბრაზებული, ამაყი, ბედნიერი. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებზე: რას გრძნობს ბავშვი?/რას იგრძნობდით თქვენ ამ დროს? ბავშვებს შეუძლიათ ამოირჩიონ ნებისმიერი ბარათი, აჩვენონ ჯგუფს და დაასახელონ. ასეთ დროს ბავშვები აკვირდებიან, რომ ადამიანებს ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება განსხვავებული ემოციები გაუჩნდეთ.

იმისთვის, რომ აქტივობა მეტად სახალისო იყოს მოსწავლეებისთვის, შესაძლებელია ემოტიკონების დასამზადებლად გამოვიყენოთ ფოტოები სხვადასხვა ჟურნალებიდან ან მანამდე სპეციალურად დამზადებული ხელის თოჯინები. ემოციების გამოსახულებების გამოყენება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. მაგ. შესაძლოა რომელიმე ემოციის ამორჩევის შემდეგ ბავშვებმა იმსჯელონ, რა ემოციაა გამოსახული და როდის განიცდიდნენ ისინი მსგავს ემოციებს.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს მივაწვდით ინფორმაციას ემოციების შესახებ, შეგვიძლია წამოვიწყოთ დისკუსია – ჩვენი გარშემომყოფების როგორმა ქცევამ/კეთილმა საქმემ შეიძლება დაგვაყენოს კარგ ხასიათზე და ზოგადად, კლასში, თუ ჩვენ ქალაქში შექმნას კარგი კლიმატი.

იდეების გენერირების შემდგომ შესაძლოა, კლასში გავაკრათ კეთილი საქმეების ჩამონათვალი, საიდანაც მოსწავლეები თავად აირჩევენ მათთვის სასურველ კეთილ საქმეს.

შესაძლოა ეს იყოს:

  • ღიმილიანი მისალმება ნაცნობებისადმი;
  • კარის დაჭერა ვინმესთვის, ვინც ოთახში შემოდის;
  • მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა;
  • კარგი სურვილებით ბარათების დატოვება თანაკლასელის მერხზე ან ბიბლიოთეკის წიგნში;
  • ასაკოვანი ადამიანის ბავშვობის ისტორიით დაინტერესება, მათი მოსმენა;
  • მეგობრისთვის კომპლიმენტის თქმა;
  • ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა მაგიდის გაშლასა და ალაგებაში;
  • ოჯახის წევრებისთვის ლოგინის გაშლა;
  • დაფის გაწმენდა, კლასის მოწესრიგება მანამ, სანამ ვინმე ამის გაკეთებას დაგვავალებს;
  • ყვავილების მორწყვა;
  • სკოლის ეზოს გალამაზება ფერადი ცარცებით.

აგრეთვე იდეები შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ სიკეთის ყოველდღიურ, მარტივ გამოვლინებებს, არამედ იმგვარ საქმიანობებს, რომელთა განხორციელებასაც შედარებით მეტი დრო და გარკვეული რესურსი სჭირდება. კერძოდ:

  • ზამთარში ფრინველებისთვის საკვებურების მოწყობა;
  • ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა ან საყვარელი თამაშობების სწავლება;
  • ჯარისკაცების, მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებელთათვის სადღესასწაულო დღეებში მისალოცი, ხელნაკეთი ბარათების გაგზავნა;
  • ექიმების, ექთნების, 112-ის თანამშრომლების, პოლიციელებისა და მეხანძრეებისთვის სამადლობელი წერილების დაგზავნა, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე;
  • საბავშვო წიგნების, გასაფერადებლების, სახატავი საშუალებების შეგროვება და გადაცემა ბავშვთა პოლიკლინიკისა და სტომატოლოგიური კაბინეტის მოსაცდელებისათვის;
  • სანიშნეების დამზადება სკოლის ბიბლიოთეკისთვის;
  • ცხოველთა თავშესაფრისთვის სათამაშოების დამზადება (მაგ., ძაფზე გამობმული ბაფთების შექმნა კატებისათვის).

საქმიანობის განხორციელების შემდეგ მიზანშეწონილია პროცესის რეფლექსია. რომ მოსწავლეებმა გააანალიზონ ის, თუ რა განცდებს იწვევს მათში ან იმ ადამიანებში, ვისაც ეს შეეხო, მათ მიერ განხორციელებული სიკეთის ჟესტები. აგრეთვე, საპასუხოდ რა რეაქცია მიიღეს ამ დროს სხვა ადამიანებისაგან. სასურველია აგრეთვე დისკუსია და დაფიქრება იმის შესახებ, თუ რა სიკეთე გაგვიკეთეს დღის თუ კვირის განმავლობაში სხვა ადამიანებმა და როგორ შეიძლება ამგვარმა ქცევამ შეცვალოს კლიმატი ჩვენს კლასსა თუ სკოლაში. რეფლექსიისთვის შესაძლებელია როგორც კლასში დისკუსიის წამოწყება, ისე სპეციალურად შექმნილი ჟურნალების გამოყენება.

სიკეთის ჟურნალი შეიძლება შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

თარიღი:

  • კვირის განმავლობაში რა კეთილი საქმის/საქმეების გაკეთება შემიძლია ჩემი თანაკლასელისათვის/სკოლელისათვის?
  • მოიფიქრეთ და დახატეთ, რა კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლიათ კვირის განმავლობაში?
  • რა კეთილი საქმე გაგიკეთათ სხვა ადამიანმა?
  • რას გრძნობთ, როდესაც სიკეთეს გიკეთებენ?
  • დახატეთ, რა სიკეთე გააკეთა სხვა ადამიანმა თქვენთვის.

თარიღი:

  • კეთილი საქმე, რომელიც ამ კვირაში გააკეთეთ სხვა ადამიანისთვის?
  • თქვენი აზრით, რას გრძნობდა ის ადამიანი?
  • თქვენ როგორ გრძნობდით თავს?
  • მოახდინა თუ არა თქვენმა საქციელმა გავლენა კიდევ ვინმეზე?
  • რის გაკეთებას აპირებთ ხვალ?

თარიღი:

  • მე შემიძლია ჩემი სიკეთე ჩემს მშობლებს დავანახო იმით, რომ….
  • შემიძლია სიკეთე ჩემ და-ძმას დავანახო იმით, რომ…
  • მე შემიძლია სიკეთე ჩემ მეგობარს დავანახო იმით, რომ…
  • შემიძლია სიკეთე ჩემი კლასის დამრიგებელს დავანახო იმით, რომ…
  • რა კეთილი საქმეების მაგალითებს ვხვდები ჩემს კლასში?
  • დახატეთ, თქვენი კლასი, როდესაც იქ კეთილი საქმეები ხდება.

თარიღი:

  • მე რომ აღმენიშნა სიკეთის დღე, მე ამ დღეს გავაკეთებდი…
  • დახატეთ ადამიანები, რომლებიც სიკეთის დღეს აღნიშნავენ…

თარიღი:

  • ჩემთვის სიკეთე არის..
  • დახატეთ, რა არის სიკეთე…
  • სიკეთის გაკეთება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ…
  • ყველა ადამიანი დღეში ერთ სიკეთეს რომ აკეთებდეს, როგორი იქნებოდა, თქვენი აზრით, ჩვენი ქალაქი/სოფელი/სამყარო?

მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული ჟურნალის როგორც გამარტივება, ისე გამრავალფეროვნება. აღნიშნულ ჟურნალს მოსწავლეები დამოუკიდებლად აწარმოებენ, თუმცა ზოგად საკითხებზე შესაძლოა, პედაგოგმა კლასში წამოიწყოს დისკუსია.

ჟურნალის ნაცვლად რეფლექსიისთვის შეგვიძლია უფრო მარტივი ვერსიის გამოყენება, როდესაც მოსწავლეები მათ მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეს ხატავენ ან წერენ და აკრავენ წინასწარ შექმნილ სიკეთის ხეზე.

აგრეთვე შესაძლებელია კლასში კალენდრის გაკეთება, სადაც მოსწავლეები დღეების მიხედვით ჩაწერენ მათ მიერ გაკეთებული კეთილ საქმეებს.

იხ. სავარაუდო ნიმუში

ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
კლასი გავაფორმე ჩვენი ნამუშევრებით, რამაც კლასი  უფრო კომფორტული გახადა. დავეხმარე თანაკლასელს დავალების შესრულებაში;

მოვიკითხე თანაკლასელი, რომელიც ავად არის.

მოვრწყე ყვავილები;

მოვაწესრიგეთ საკლასო ოთახი.

დავეხმარეთ სკოლის ბიბლიოთეკარს კატალოგის შექმნაში. დავეხმარე ბებიას ნამცხვრის გამოცხობაში. ჩემს დას წავუკითხე ზღაპარი. დავეხმარე მამას მანქანის გარეცხვაში.

 

შესაძლებელია მეოთხე კლასის შემდეგ ორგანიზაციის Life Vest Inside (შინაგანი სამაშველო ჟილეტი) მიერ შექმნილი ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი – ერთი დღე’’ ჩვენება – https://www.youtube.com/watch?v=nwAYpLVyeFU.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ იწყება დღე იმით, რომ მშენებელი მუშა ეხმარება პატარა ბიჭუნას, რომელიც სკეიდბორდიდან ვარდება, შემდეგ კი ფეხზე წამომდგარი ბიჭუნა მოხუც ქალბატონს ეშველება მძიმე ჩანთის აწევაში და ასე გრძელდება მანამ, სანამ სიკეთე თავად მუშას არ დაუბრუნდება. ვიდეოს ჩვენების შემდეგ შესაძლებელია დისკუსიის წამოწყება. თუ რატომ ჰქვია, მათი აზრით, ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი?’’ თქვენ როგორ მოიქცეოდით ბიჭუნას, მოხუცი ქალბატონის, მიმტანის ან სხვა პერსონაჟის ადგილზე? როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევიან ადამიანები ამგვარად?

იმედი გვაქვს, სტატიაში მოწოდებული იდეები გარკვეულ დახმარებას გაუწევს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სოციალური პროექტების დაგეგმვისას. ვინაიდან, ბავშვებისთვის საკუთარი და სხვათა ემოციების ამოცნობის უნარების განვითარება, პროსოციალური ქცევის წახალისება და მისი რეფლექსია მნიშვნელოვანია კლასის ერთობის, სკოლის საერთო კულტურისა და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმირებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროსოციალური ქცევის წახალისება შესაძლოა, სასკოლო ბულინგის პრევენციის მიზნითაც გამოვიყენოთ. თუ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანი სხვას შეიძლება ჩაგრავდეს საკუთარი ძალის დემონსტრირებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ზემოთ აღწერილი საქმიანობების შეთავაზებით ბავშვებს ვუბიძგებთ, რომ ენერგია ცივილიზებული და სოციალურად მისაღები  ფორმით დახარჯონ. აგრეთვე იგრძნონ საკუთარი და სხვა ადამიანთა ღირებულება, შესაძლებლების ფარგლებში იზრუნონ გარემოს გაუმჯობესებაზე და იგრძნონ, რომ თითოეულ ადამიანს შესწევს ძალა და უნარი, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი და უკეთესი გარემოს შექმნაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Eisenberg, N. (1992). The Caring Child, Harvard University Press. Pp 189.
  2. gl/Aonn1h (ნახვა 01.03.2018).
  3. gl/ZyL5VT(ნახვა 01.03.2018).
  4. gl/ozpMGJ(ნახვა 01.03.2018).
  5. gl/9QKjWy(ნახვა 01.03.2018).
  6. gl/jZW4Uv ( ნახვა 02.03.2018).
  7. gl/9gP6Zc ( ნახვა 02.03.2018).
  8. gl/RdPF2k (ნახვა 01.03.2018).
  9. gl/tAe8Zx(ნახვა 01.03.2018).
  10. gl/AVq5tC(ნახვა 01.03.2018).
  11. gl/rNBrhG(ნახვა 01.03.2018).
  12. gl/LzuxRx (ნახვა 01.03.2018).
  13. gl/oPYq56(ნახვა 01.03.2018)
  14. https://www.lifevestinside.com

 

რატომ აჩუმებენ მასწავლებლები მოსწავლეებს

0

ნუ მისცემ უფლებას სხვისი აზრების ხმაურს თაქვენი შინაგანი ხმა დაჯაბნოს!

სტივ ჯობსი

სტივ ჯობსი წერდა, რომ მან კოლეჯში სწავლა მიატოვა იმიტომ, რომ იქ ვერ იპოვა პასუხები თავის მთავარ კითხვებზე და დაიწყო დამოუკიდებელი ძიება. როდესაც გვგონია, რომ საუნივერსიტეტო განათლება მხოლოდ სარფიანი სამსახურის პერსპექტივაა, ალბათ სწორედ ამ დროს ვცდებით. ცოდნა, პირველ რიგში, ცნობიერების გაფართოებაა და ამ გაფართოებულ ცნობიერებაში საკუთარი უნარების აღმოჩენისა და რეალიზების გზების ძიება. ჩვენ კი რას ვაკეთებთ…? დაბადებისთანავე უკვე გამზადებულ გზას მივყვებით. ჩვენზე ზრუნავს: ოჯახი, სახელმწიფო, ნათესავები და მეზობლებიც კი… ურთიერთზრუნვის ამ მაგიურ წრეში ჩვენი შინაგანი ადამიანი ან საბოლოოდ იძინებს, ან კვდება, ან თვლემს და ძალიან იშვიათად იღვიძებს და უფრო იშვიათად აღარ უბრუნდება თვლემის პროცესს. ასეთ პერსპექტივაში ადამიანი წარმოგვიდგება, როგორც შინაგანი და გარეგანი ადამიანის ერთობა, თუმცა ამ შინაგანი ადამიანის გამუდმებული შევიწროების გამო ცხოვრებას მხოლოდ გარეგანი ადამიანი აგრძელებს. და ვინ არის გარეგანი ადამიანი? რომლის გზა უკვე განსაზღვრულია: რომელიც ამთავრებს სკოლას, სადაც ასწავლიან ყველაფერს, ცხოვრების გარდა, შემდეგ ასრულებს უნივერსიტეტს, სადაც აძლევენ თეორიულ ცოდნას, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში, ცხოვრებაში ვერ გამოიყენებს… შემდეგ ეძებ და პოულობ სამსახურს, სადაც ფულს შოულობ, მაგრამ სამსახური არ მოგწონს (თუმცა რა უნდა ჰქნა? ოჯახი გყავს უკვე სარჩენი), შემდეგ ზრდი შვილებს და იწყებ მათ დამოძღვრას და ემგვანები მშობლებს… ბოლოს აუცილებლად მოკვდები უსიხარულოდ, რადგან ყველაფერი აქციე მოვალეობად, დაივიწყე შინაგანი ადამიანი, იქეცი ბიოლოგიურ რობოტად – დაპროგრამებული ტანჯვით, სევდით, გამარჯვებებით და დამარცხებებით და არასდროს არ ყოფილხარ ნამდვილი…

აი, ამ მდგომარეობაზე წერს სწორედ Manuel Vicent-ი:  როგორც კი ადამიანმა პალეოლითს გადააბიჯა, კეფაში მოვალეობა გაეჭედა: უნდა ადგეს 8-ზე, წავიდეს სამსახურში, უნდა გაიჩინოს შეყვარებული, გახდეს წარმატებული, უნდა მისწვდეს ცას, უნდა დაემორჩილოს კანონებსა და წესებს. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ უნდა გააკეთოს, რომ უბრალოდ, მოვალეა
კატეგორიული იმპერატივი სახიფათო დაავადებააროგორ შეიძლება მისგან განკურნება?”

და მაინც ვინ არის ეს უჩინარი, ჩვენი „შინაგანი ადამიანი“? აი, ლექსიკაშიც ხომ შემოიჭრა – გარეგანი და შინაგანი… გარეგანი ენა და შინაგანი ენა… ზედაპირი და სიღრმე, სარჩული და პირი… განსხვავებული მეტაფორებით შეგვიძლია გამოვხატოთ ისინი. როდის ვაჩუმებთ ჩვენს შინაგან ადამიანს და არ ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოიხატოს? – როცა ვხდებით სხვებზე დამოკიდებული, როდესაც ანგარიშს ვუწევთ ყველას, საკუთარი შინაგანი ადამიანის გარდა.

რამდენჯერ გაუჩუმებიხართ მასწავლებელს სიტყვებით: „რა სისულელეს ლაპარაკობ?“, „თავში როგორ მოგდის ასეთი აზრები?“, „შენ მეტი ვინ იქცევა ასე…?“ „ხმა ჩაიწყვიტე“, „შენი ხმა არ გავიგონო“, „ენა დაიმოკლე“, და  სხვა და სხვა. და რატომ აჩუმებენ მასწავლებლები მოსწავლეებს ასეთ შემთხვევაში? – რადგან მისი ნათქვამი არ დაემთხვა სახელმძღვანელოს ავტორის მიერ გამოთქმულ აზრს, ან არ დაემთხვა მასწავლებლის აზრს, ან საყოველთაოდ მიღებულ აზრს, მაგალითად, რომელიმე ლიტერატურულ პერსონაჟზე, რომელიმე მეტაფორის (გ)ახსნსისას… ასეთი მოსწავლეების საპირწონედ მასწავლებელს ყოველთვიის ჰყავს კლასში მისაბაძი, წინა მერხზე მჯდომი მოსწავლე და ხშირად ისმის კლასში ხმა: მიბაძე დათოს, მიბაძე თეკლეს, მიბაძე პეტრეს… ისინი კარგად იქცევიან, გაკვეთილებს სწავლობენ, მასწავლებელსაც თვალებში შესციცინებენ, მოწესრიგებულები არიან, წესებს ემორჩილებიან, ზარის დარეკვამდე კლასიდან არ გადიან და დარეკვისთანავე კლასში შერბიან… ჰო და, უნდა მიბაძო მათ. შენ კი სხვა ადამიანი ხარ, სხვა ნიჭი გაქვს, სხვა უნარი… დაზუთხვაშიც ვერ დახელოვნდი, აზრის გამოთქმისას სახელმძღვანელოში არ იყურები და არც მასწავლებელს უყურებ თვალებში… ჰო და, როგორ უნდა მიბაძო სხვას? იმ სხვას სხვა უნარები აქვს. თუმცა ამაზე ვინ ფიქრობს? თუ კლასში ზიხარ, შენც ყველასნაირი ხარ და მასწავლებელიც ყველას ერთნაირად ექცევა (აბა, ხომ არ გაარჩევს?), ასეთია კოლექტივის წესები. სინამდვილეში კი, ყველა განსხვავებულია, მაგრამ ვის შეუძლია დაინახოს და აღმოაჩინოს მათში ეს განსხვავებულობა? მაგალითად, შენ ვერ იზუთხავ ლექსებს, მაგრამ შეგიძლია წაიკითხო და ისაუბრო იმ ემოციაზე, რომელიც ლექსმა დაგიტოვა, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, რადგან ყველაფერი სტანდარტულ წესებს უნდა დაემორჩილოს, მასწავლებელსაც ტყუილად კი არ დაუწერია გაკვეთილის გეგმა-კონსპექტი, რომელშიც ყველაფერი წინასწარ გაწერილია და კითხვებზე სავარაუდო პასუხების ნუსხაც…

აი, ასე იჩქმალება და იკარგება შინაგანი ადამიანი… მერე სწავლობ არა მარტო გაკვეთილებს, არამედ იმასაც, როგორ ისწავლო ისე, რომ მასწავლებელს (მშობელს, ნათესავს, მეზობელს) მოეწონოს და აღარასდროს ფიქრობ იმის გამოთქმაზე, სინამდვილეში შენ რას განიცდიდი გალაკტონის რომელიმე ლექსის წაკითხვის დროს ან განიცდიდი თუ არა საერთოდ რამეს, არამედ ფიქრობ იმაზე, „მასწავლებელს როგორი პასუხი გაეხარდება“. მოსწავლეების ამ „შედეგს“ კარგად ვამოწმებ პირველკურსელებთან ლექციის დროს, როდესაც კითხვაზე პასუხისას სკოლიდან გამოყოლილი ჩვევით ისინი თვალებში გიყურებენ და გამოწმებენ, როგორი პასუხი მოეწონება პროფესორს…

აი, ასე იკარგება კავშირი საკუთარ თავთან; ამ კავშირის გაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობენ: მშობლები, მასწავლებლები, მღვდლები, მეზობლები, ნათესავები… ყველამ შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა მოიქცე, რომ ცხოვრებაში კაცი (ქალი) დადგე და ქვეყანა შენ შემოგნატროდეს, როგორ უნდა ასახელო სკოლა, ოჯახი, ნათესაობა… როგორ უნდა გახდე სანიმუშო… ანუ როგორ გახდე კარგი „პროგრამა“, რობოტი; ამ პროგრამაზე ხომ შენი დაბადებიდან მუშაობდნენ…? ჰოდა, ნუ ჩაუყრი წყალში ამაგს.

მერე კი… ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე დადგება დრო, როცა ვიღაც გკითხავს: შენ რას ფიქრობ…? მართლა რას ფიქრობ და არა მოჩვენებითად, როგორც მიჩვეული იყავი, რომ გეპასუხა… შენ კი პასუხს ვერ გაიხსენებ, რადგან უკვე აღარ იცი, სინამდვილეში რას ფიქრობ ან სინამდვილე რა არის საერთოდ? იქნებ გალაკტიონის ეს ლექსიც გაგახსენდეს (თუ წაკითხული გაქვს, რა თქმა უნდა):

„არ ვემდური სინამდვილეს,

არ ყოფილა თითქმის,

არყოფილზე სამდურავი

არასოდეს ითქმის…“

არც სინამდვილე ყოფილა, არც შენ ყოფილხარ ნამდვილი, რადგან მეტაფორულადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც ყოველთვის იმას აკეთებდი, „რაც მამას უნდოდა“. ჰოდა, გალაკტიონი თუ არა, ერეკლე დეისაძე მაინც გაგონილი/მოსმენილი  გექნება, აი, ის, გახსოვს…? დიახ, დიახ…  „რაც მამას უნდა…“ ტექსტს გაგახსენებ, თუ გინდა:

„შენ დგახარ იქ,

სადაც მამას უნდა;

თანდათან ხვდები,

რაც მამას უნდა;

შენ აღებ პირს,

როცა მამას უნდა;

უსიტყვოდ ხვდები,

რაც მამას უნდა….“

დანარჩენი შეგიძლიათ ამ ლინკზე მოისმინოთ და გაბრაზდეთ: https://www.youtube.com/watch?v=22mVZ4oewao

 

ამის შემდეგ კი რეკომენდირებულია ჩარლზ ბერნშტეინის ლექსი „აჯანყდი“ წაიკითხოთ (ნუ დაიზეპირებთ):

აჯანყდი,რადგან მამა ძალიან ბევრს გატყუებდა ბავშვობაში
აჯანყდი,რადგან გულს გირევს დაპირებები და გადაგდებები
აჯანყდი,რადგან იმედი იმედგაცრუებით იწყება
აჯანყდი,რადგან მხოლოდ კოლექტიური ქმედებები გვაშორებენ ბოროტოკრატიას
აჯანყდი ,რადგან შენი გაყიდვა არ შეიძლება
აჯანყდი,რადგან თავი დაკარგე
ერთიდაიგივე კოშმარების წრეზე სიარულში
აჯანყდი ,რადგან შვილები ამტკიცებენ რომ ეს არაფერს მოიტანს
ხოლო მშობლები ამტკიცებენ რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა

აჯანყდი,რადგან დემონებიც მოკვდავნი არიან
აჯანყდი,რადგან ტკივილი აუტანელია, სამუშაო ძალიან ბევრი
ხოლო ჯილდო ზედმეტად ძუნწი
აჯანყდი,რადგან ლაპარაკს არ გაცლიან
აჯანყდი ,რადგან ეს ასე არ უნდა ყოფილიყო
აჯანყდი,რადგან უნდა მოიგერიო ყველა შემოტევა
და უპასუხო ყველა შეურაცხყოფას
აჯანყდი,რადგან შენი ღირსება მეტია მათ ორპირობაზე
აჯანყდი,რადგან ხელები მოგვეცა რათა შევქმნათ
და არა იმისთვის, რომ უკანასკნელი წვეთი გამოვადინოთ
სასოწარკვეთილ ადამიანებს
აჯანყდი,რადგან ხელისუფლება ესაა ქუჩა ორმხრივი მოძრაობით,
შესახვევებით, გადასვლელებით და შეუსწაველი გვირაბებით
აჯანყდი, რადგან შენი შიშველი ხელები შენი ერთადერთი ჰეჯ-ფონდია
აჯანყდი,რადგან ნახშირის მტვერი ახრჩობს
ხოლო შახტა ცოცხალთა სასაფლაოა

აჯანყდი, რადგან გულს გირევს ყველაფერი,რასაც ახალს ეძახიან
შენ კი სასოწარკევეთილი ხარ იმით, რომ არაფერი იცვლება
აჯანყდი, იმიტომ რომ შენ მიგატოვეს
აჯანყდი, იმიტომ რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია
აჯანყდი, იმიტომ რომ ყველა უსმენს და არავინ ლაპარაკობს
აჯანყდი, იმიტომ რომ ამის სხვაგვარად გამოხატვა არ შეგიძლია

აჯანყდი, იმიტომ რომ აზრი უნდა შექმნა, მისი სწავლა შეუძლებელია
აჯანყდი, რადგან ცხოვრება მოთხრობაა, ხოლო შენ მთხრობელი ხარ
აჯანყდი, რადგან ეს მე გითხარი
აჯანყდი, რადგან მე არასდროს გიღალატებ,
აჯანყდი, რადგან მე ერთი გითხარი, მეორე კი გავაკეთე
აჯანყდი, რადგან მე იმედი გაგიცრუე
აჯანყდი, რადგან მე გაგასულელე და გაიძულე გეყვირა
აჯანყდი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ, თუ წააგებ,
მთავარია რაღაც ქნა

აჯანყდი, იმიტომ რომ შოუზე დასასწრები ბილეთები ვერ იშოვე
აჯანყდი, რადგან საკუთარი აზრი არასდროს გქონია
აჯანყდი, რადგან შენ შეგიძლია, ან გგონია რომ შეგიძლია
ან გეგონა რომ შეგეძლო
აჯანყდი, რადგან ეს შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს
აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია
აჯანყდი, რადგან ბნელ რესტორანში ასანთის ღერიც კი საკმარისია
მენიუს წასაკითხად
აჯანყდი, რადგან შენ არ მოგწონს როგორც გადააკეთეს სამყარო
აჯანყდი, რადგან შენი ჩადენილი ბოროტება მათ ბოროტებასთან ვერ მივა
აჯანყდი, რადგან ზარები რეკენ, შენ კი თითქმის ყრუ ხარ
აჯანყდი, რადგან თვითდამშვიდება დროის ფუჭად კარგვაა

შენ არ აჯანყდი, როცა შეგეძლო, ახლა კი ძლიერ გვიანაა.
აჯანყდი, რადგან ხმაურია
აჯანყდი, რადგან შენს ცხოვრებაში არასაკმარისია პოეზია,
ან ეს ის პოეზია არ არის
აჯანყდი, რადგან ყველაფერი მოგბეზრდა
აჯანყდი, რადგან შეყვარებული ხარ, ან გადაიყვარე,
ან აღმართში ხარ, ან დაღმართში, ან ჩიხში,
თავი ცარიელი გაქვს, თუ იდეებით სავსე,
კრიზისში ხარ, თუ მშვენიერ სპორტულ ფორმაში.

აჯანყდი, რადგან მდიდრებს ურჩევნიათ შენ ჩაძაღლდე,
ვიდრე, გადასახადები სრულად გადაიხადონ
აჯანყდი, რადგან სიღარიბე კანონს მიღმა დააყენეს,
ხოლო კორპორაციების მძარცველობა დააკანონეს
აჯანყდი, რადგან ტანგოს მარტო ცეკვა უხალისოა
აჯანყდი, რადგან ეს აუცილებელია
აჯანყდი, რადგან ზოგჯერ უნდა ადგე, რათა ჯდომისგან სიამოვნება მიიღო
აჯანყდი, რადგან შენ ვერ წარმოგედგინა რომ ეს შეგეძლო
აჯანყდი, რადგან შენ ამის ტრაკი არ გაქვს
აჯანყდი, რადგან შენ გამოტოვე რევოლუცია
აჯანყდი, რადგან რევოლუცია ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ხდება
აჯანყდი, რადგან შენს აპათიას შენთვის უსაზღვრო სიხარული მოაქვს
აჯანყდი, რადგან შენი ხმა დაკარგე
აჯანყდი, იმიტომ რომ შენ გაქვს არჩევანი
აჯანყდი, რადგან გუნდში სიმღერა გინდა
აჯანყდი, რადგან სულ გინდოდა სოლისტი ყოფილიყავი,
აჯანყდი, ეს დიდხანს იწელება
აჯანყდი, რადგან გინდა იმღერო ეს სიმღერა.

თარგმანი : გიორგი ხასაია

 

წერილი 1: როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეების წერითი კომუნიკაციის უნარი – სახელდახელო ნაწერები

0

გქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ კითხულობთ მოსწავლეების ნაწერებს და ამ ნაწერებში ვერ ხედავთ თქვენს მოსწავლეებს და თქვენი მოსწავლეების ხმის ნაცვლად უცნობის ხმა გესმით? ანდა ასწორებთ ნაწერს და ზუსტად იცით, რომ ის, რაც თქვენს ხელშია, ის რაც ამ ნაწერში წერია, იმის მეათედიც არ არის, რაც რეალურად იცის მოსწავლემ? სიტყვების რახარუხი დალაგებული აზრების ნაცვლად, ერთმანეთთან  დაუკავშირებელი წინადადებები – კითხულობ და გიპყრობს გაოცება, გაბრაზება, უსუსურობის განცდა, კარგავ იმედს, ყრი ფარხმალს. ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენც გქონიათ არაერთი ამგვარი შემთხვევა და თქვენც გეუფლებათ ასეთ დროს აქ ჩამოთვლილ ემოციათა სპექტრიდან რომელიმე მაინც. არ გიკვირთ, სად აორთქლდა ის ცოდნა, რომელიც მოსწავლეს აქვს, სად გაქრა ის აზრები, რომელთაც ზეპირი განხილვების დროს დაუზარებლად გიზიარებდათ მოსწავლე გაკვეთილზე, რატომ ვერ ახერხებს გამოამჟღავნოს ეს ყველაფერი წერისას და თავისთვის არ დაიტოვოს სათქმელი? არადა, დანამდვილებით იცით, რომ ახლა ამას არ უნდა კითხულობდეთ, ახლა სხვა ნაწერი უნდა გეჭიროთ ხელში. რომ მეორე დღეს, როცა გამოჰკითხავ მოსწავლეს, პასუხებს სწორად გაძლევს, ჩაეძიები, რა დაემართა, რატომ დაეზარა და არ ასახა მისმა ნაწერმა ეს პასუხები და პასუხად მხოლოდ მხრების აჩეჩვას იღებთ.

რეალობა მწარეა, განსაკუთრებით, როცა დამწყები მასწავლებელი ხარ. მერე და მერე კი ეგუები, იცი, რომ მოლოდინები უფრო დიდია ხოლმე, რეალობა კი სხვა, მაგრამ მაინც გიჭირს, ამ რეალობას უბრძოლველად დანებდე. საგამოცდო ნაწერების გამომზეურება აჩვენებს, რომ ბევრი მასწავლებელი ნებდება. ალბათ ბევრი იმიტომაც ნებდება, რომ იმასაც ხედავს, როგორც აგრძელებენ ამ უვარგისი ნაწერების ავტორები სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. აი იქ კი ნამდვილად აღარაა არც იმის ადგილი და არც იმის დრო, ვინმემ მათი წერითი უნარების განვითარებაზე იზრუნოს.

ვაღიაროთ: სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას, ზეპირი მეტყველებისგან განსხვავებით, ძალიან უჭირს წერა. წერის სწავლება ალბათ ყველაზე რთული ამოცანაა, რომლისთვის თავის გართმევაც ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს უჭირთ, ხოლო როგორ ვასწავლოთ კარგად წერა ალბათ ყველაზე რთულად გასაცემი შეკითხვაა. ერთია გამართულად წერა, როდესაც ენის კანონებს იცავ და მეორეა აზრის გამართულად კომუნიკაციის უნარი. პირველის სწავლება ბევრ რამეს უკავშირდება, მათ შორის, გრამატიკის – სინტაქსის თუ მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნას. მეორეს სწავლება კი წარმოუდგენელია, თუკი მოსწავლეები, დაწყებითი კლასებიდან დამამთავრებელი კლასების ჩათვლით, ხშირად არ შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს: წაკითხულის შინაარსის გადმოცემის უნარი, დასმული შეკითხვის გააზრებისა და მასზე ამომწურავი პასუხის გაცემის უნარი, თავისუფალ თემაზე წერილი დავალებების შესრულების უნარი – ეს ყველაფერი ნელ-ნელა უვითარებს ბავშვს წერით უნარებს. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს ის მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე უნდა დააყენოს სწორ გზაზე. დამამთავრებელ კლასებში ხშირად ვაწყდებით პრობლემას, რომ მოსწავლეებს არათუ რთულად გადმოსაცემი აზრის ჩამოყალიბება უჭირთ წერით, არამედ ელემენტარულ უმარტივეს დავალებასაც ვერ ასრულებენ. პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ, მივიღოთ როგორც მოცემულობა და თავის მართლების ნაცვლად, რომ ეს ჩვენი დანაშაული არაა, მის დროულად აღმოფხვრას უნდა შევეცადოთ. ძალიან ძნელია, როცა მასწავლებელს ერთდროულად ერთმანეთისგან დაშორებული საქმეების გაკეთება გიხდება: თან ნაწარმოებების ესთეტიკურ ტკბობაზე, მწერლის სათქმელის ამოცნობაზე, ტექსტის ფარულ შრეებზე ესაუბრებოდე მოსწავლეებს, ცდილობდე, მისი ლიტერატურული გემოვნების განვითარებაზე იზრუნო, ლიტერატურული პარალელების დაძებნით იყო დაკავებული და თან უმარტივეს წერით დავალებებს აძლევდე, რომ მერე იმის გადმოცემაც შეძლონ მოსწავლეებმა წერისას, რომელიც ნამდვილად იციან, მაგრამ უნარი არა აქვთ, წესიერად ასახონ ნაწერში. რას ვიზამთ? ელემენტარულით უნდა დავიწყოთ და ნელ-ნელა გადავიდეთ რთულ დავალებებზე.

ერთ-ერთი და არა ერთადერთი დავალება, რომელიც ხშირად უნდა მოვთხოვოთ მოსწავლეებს, ეს არის „სახელდახელოების“(prompt) დაწერა (პრომპტების შესახებ ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე, რომელზე წვდომაც შეზღუდულია). პრომპტი ითარგმნება, როგორც ჩქარი, დაუყოვნებელი, ხოლო, თუკი ზმნის ფუნქცია აქვს, მაშინ ის წაქეზებას აღნიშნავს. გადავწყვიტე, მეთარგმნა როგორც „სახელდახელო“, რადგან მათ მართლაც სახელდახელოდ ვაწერინებ ხოლმე მოსწავლეებს. ნუ დაგეზარებათ, აწერინეთ თქვენს მოსწავლეებს სახელდახელოები და, დამიჯერეთ, ეს მეთოდი ძალიან დაეხმარება მათ ისწავლონ, როგორ დაალაგონ სათქმელი, როგორ გადმოსცენ მარტივად ის, რაც მთავარია, არ მიედ-მოედონ ზედმეტს. ხშირად მოსწავლეები იმ დავალებებს არც ასრულებენ სახლში, მასწავლებელი რომ აძლევს მათ. ამიტომ სახელდახელოების დასაწერად გაკვეთილის ბოლო წუთები უნდა გამოიყენოთ. ყველაზე კარგია, თუკი მოსწავლეები ერთ სამუშაო რვეულს კლასში დატოვებენ. მათ შეეძლებათ, რომ რაღაცები ჩაინიშნონ გაკვეთილზე, რომელსაც მერე სახელდახელოების წერისას გამოიყენებენ. არ შეგეშინდეთ, რომ ამ რვეულს სხვა მიზნითაც გამოიყენებენ მოსწავლეები, მაგალითად, სახატავად, „კრესტიკი-ნოლიკის“ სათამაშოდ. თუკი ეტყვით, რომ ეს რვეული კლასში რჩება და მას დროდადრო მასწავლებელი წაიკითხავს, მაშინ რვეულს დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ. თუმცა, თუკი სხვა ჩანაწერებს და ნახატებს წააწყდებით რვეულში, ამისთვის მოსწავლეს კი ნუ უსაყვედურებთ, დაფიქრდით, ხომ არ იყო თქვენი ჩატარებული გაკვეთილი უინტერესო ბავშვისთვის და შეეცადეთ, უფრო საინტერესო გახადოთ ის. არაა საჭირო, სახელდახელოებს ყოველ ჯერზე კითხულობდეთ და უსწორებდეთ მოსწავლეებს. სახელდახელო იმიტომაცაა სახელდახელო, რომ მარტო მათ წერას კი არ უნდა ეთმობოდეს მცირე დრო, მათმა კითხვამაც არ უნდა წაიღოს თქვენი საქმიანობის დიდი დრო. დაასრულეთ ნაწარმოებზე მუშაობა? აი მაშინ რომ გადაავლოთ თვალი სახელდახელოებს, ესეც საკმარისია. აუცილებელი პირობაა, სახელდახელოებში მოსწავლეს ნიშანი არ დაუწერთ. სახელდახელო ნაწერები ნიშნით არ უნდა ფასდებოდეს. ამიტომ არც ისაა საჭირო, მოსწავლემ რედაქტირება გაუკეთოს სახელდახელოებს და არც ის, მასწავლებელმა გაასწოროს ისინი. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ ეს სახელდახელოები სემესტრის ბოლოს დაეხმარება მასწავლებელს, განსაზღვროს, სწორად გაიგო თუ არა მოსწავლემ ამა თუ იმ გაკვეთილზე განხილული მასალა, გაიაზრა თუ არა მთავარი სათქმელი, შეძლო თუ არა დასკვნის გამოტანა. არც ის არის საჭირო, ზედმეტად გაგიტაცოთ სახელდახელოებმა და ყველა გაკვეთილის ბოლოს სახელდახელოები აწერინოთ მოსწავლეს. თითო ტექსტზე სამის დაწერა სავსებით საკმარისი იქნება. თავიდან მოსწავლეების დაწერილი სახელდახელოები არ მოგეწონებათ. ამიტომ თავიდან ცოტა ხშირად მოგიწევთ მათი წაკითხვა და მითითებების მიცემა. ნელ-ნელა მოსწავლე ისწავლის ლაკონიურად წერას, მნიშვნელოვანის გამორჩევას, თანმიმდევრულ და მწყობრად წერას, ამიტომ მათი ხშირად წაკითხვაც აღარ იქნება აუცილებელი. სახელდახელოებისთვის განკუთვნილი სპეციალური რვეული იმითიცაა კარგი, რომ ეს შესანიშნავი მტკიცებულებაა, ნებისმიერმა მსურველმა ნახოს, რას აკეთებდით და როგორ აკეთებდით გაკვეთილებზე; მოსწავლისთვის კი საუკეთესო გზაა, ასათვისებელ მასალასთან ერთად ისწავლოს, წერით გამოხატოს სათქმელი.

სახელდახელოებისთვის თქვენს მოსწავლეებს რამდენიმე შეკითხვა გაუმზადეთ და ჩამოაწერინეთ რვეულის თავში ან ბოლოში. ეს შეკითხვები მათი გზამკვლევი იქნება წერის პროცესში. თითო სახელდახელო ერთ რომელიმე შეკითხვაზე გაცემული პასუხი უნდა იყოს. მოსწავლე თავისუფალი უნდა იყოს შეკითხვის არჩევისას. ეს შეკითხვები თქვენც დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ გაკვეთილი. თუკი მიხვდებით, რომ მოსწავლე ჩამოთვლილი შეკითხვებიდან ვერცერთს პასუხობს, ეს იმას ნიშნავს, რომ გაკვეთილს რაღაც მოაკელით. ამიტომ მოიფიქრეთ თქვენ თვითონ თქვენთვის სასურველი შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის გასაანალიზებლად. გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას, რომელსაც მე ვიყენებ გაკვეთილებზე. ეს შეკითხვები საიტიდან მაქვს აღებული:

  1. რისი გაგება გაგიჭირდათ და რისი გაგება გაგიადვილდათ ტექსტზე მუშაობისას?
  2. რა კავშირები დაინახეთ ნაწარმოებში ასახულ საკითხებსა და თქვენს გამოცდილებას შორის? ან: როგორ დაუკავშირებთ ნაწარმოებში ასახულ საკითხებს თქვენს კულტურულ გამოცდილებას?
  3. მწერლის მიერ გამოყენებული მხატვრული ოსტატობის რომელი ასპექტი იყო განსაკუთრებით საინტერესო თქვენთვის?
  4. რა როლი ეკისრება მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შესწავლილ ნაწარმოებში?
  5. რამდენად მნიშვნელოვანი იყო დრო და ადგილი ნაწარმოებისთვის (სიუჟეტისთვის, მწერლის სათქმელის უკეთ გამოსახატად)?
  6. ამოიცანით რომელიმე სიმბოლო, მოტივი ან გამომსახველობითი საშუალება და იმსჯელეთ მასზე.
  7. რომელი პერსონაჟია ნაწარმოებში ისეთი, რომლის ფუნქციაც კულტურული ღირებულებების დაცვაა?

სახელდახელოს წერისას თხოვეთ მოსწავლეებს გაითვალისწინონ და, სანამ წერას დაიწყებენ მიუთითონ, რომელ ნაწარმოებს განიხილავენ და რომელ ეპიზოდს შეეხებიან. ასე რვეული უფრო მოწესრიგებულად გამოიყურება. მაგ.:

ნაწარმოების დასახელება: „ჯაყოს ხიზნები“

განხილული ეპიზოდი: თეიმურაზის და ნახუცარი ივანეს საუბარი

შეკითხვა 4

ანდა:

ნაწარმოების დასახელება: „ჰაკი აძბა“

განხილული ეპიზოდი: ფინალური სცენა

შეკითხვა 7

ანდა:

ნაწარმოების დასახელება: „სტუმარ-მასპინძელი“

განხილული ეპიზოდი: ჯოყოლას დაპირისპირება თემთან

შეკითხვა 7

თუკი გაკვეთილზე პოეზიას განიხილავდით, მაშინ მოსწავლეები მეორეს გამოტოვებენ და მიუთითებენ მხოლოდ ლექსის სათაურს და შეკითხვის რიგით ნომერს (ცხადია, ლექსის განხილვისას მხოლოდ მესამე და მეექვსე შეკითხვები გამოდგება). ამის შემდეგ მოსწავლეებმა პასუხი გასცენ შეკითხვას.

არ დაგავიწყდეთ რჩევები, რომლებიც უნდა მისცეთ მოსწავლეებს, სანამ სახელდახელოების წერას დაიწყებენ:

სათქმელი მოკლედ გადმოეცით, წერეთ მოკლე წინადადებებით!

ნუ გამოიყენებთ მაღალფარდოვან სიტყვებს (თუ დარწმუნებული არა ხართ მნიშვნელობაში) და ჟარგონს!

 

პლაგიატის “ხიბლი”

0

უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა გახდა. პირველ კურსზე ყოფნის დროს, როდესაც ლექტორმა პირველი დავალება მოგვცა, ვიფიქრე, მას აუცილებლად თავი უნდა შევაყვარო და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი გავხდე-მეთქი. დავალება მაშინ საკმაოდ რთული მომეჩვენა, თან წარმოდგენა არ მქონდა, რა შეიძლებოდა დამეწერა ხელოვნების ფსიქოლოგიაში. ავდექი, ინტერნეტში ვიძრომიალე, არაჩვეულებრივი სტატიებიც ვნახე და წარბშეუხრელად გადმოვაკოპირე, მეილზე ავუტვირთე ლექტორს და გავგზავნე. გაგიკვირდებათ და 0 ქულა მივიღე. გავბრაზდი, როგორ გაბედა და შრომა როგორ არ დამიფასა-მეთქი (არადა, რა შრომაზე ვსაუბრობ?! როგორ არ მრცხვენია?!). შევხვდი და ამიხსნა, რომ ის, რაც მე გავაკეთე ჩვეულებრივი ქურდობა იყო, იმაზე უფრო დიდიც, ვიდრე რაიმე ნივთის მოპარვა; არ შეიძლება ასე უსინდისოდ ადგე და სხვისი ინტელექტუალური საკუთრება მიითვისო. მიზეზი არ მქონდა, რატომ არ უნდა დავთანხმებოდი მის ნათქვამს. ბოდიშიც მოვიხადე და ეს ჩემთვის ძალიან მწარე გაკვეთილი აღმოჩნდა.

მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა ბევრი მსჯელობის შემდეგ პლაგიატობის მიზეზებზე ღიად დაიწყეს საუბარი. თუ რამ შეიძლება აიძულოს ადამიანი, რომ სხვისი ინტელექტუალური საკუთრება მიითვისოს?

ასე რომ, წარმოგიდგენთ 8 მიზეზს, რომელიც განმარტავს, თუ რატომ მიმართავენ ადამიანები პლაგიატს:

  1. პირველი და ერთ-ერთი მთავარი წარუმატებლობისა და სოციალური იზოლირების შიშია. ზუსტად ის, რამაც მე თავის დროზე სხვისი სტატიის მითვისებისკენ მიბიძგა. ამ დროს გეშინია, რომ გარშემომყოფები შეეცდებიან შენს განსჯას და მათ იმედებს გაუცრუებ. ამიტომ პლაგიატობა მარტივი (თუმცა ძალიან ცუდი) მიზეზია იმისთვის, რომ სტატუსი და მდგომარეობა შეინარჩუნო.
  2. მეორე მიზეზი, რის გამოც შეიძლება სხვისი აზრების ქურდი გახდე „უფრო უკეთესი” და მნიშვნელოვანი შედეგების მიღების შესაძლებელობაა.
  3. როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობ, ხარ აფორიაქებული და უბედური, ან ხარ წნეხის ქვეშ, ერთი სული გაქვს, რაც შეიძლება მალე დაამთავრო სიტყვა, ამიტომ ამ დროს ხშირად მიმართავ პლაგიატს, რათა თავი ისევ მშვიდად და უკეთ იგრძნოთ. შესაბამისად, სტრესი კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რაც ადამიანს პლაგიატობისკენ უბიძგებს.
  4. ხშირ შემთხვევაში შენი ეგო იმდენად მაღალია, რომ გიჩნდება ხელშეუხებლობის სინდრომი. გგონია, ვერასდროს ვერავინ გამოგიჭერს ტყუილში.
  5. პლაგიატი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი უუნარობა გაიძულებთ, ამ გზას მიმართოთ, რათა ხელი შეუწყოთ საკუთარი იდეების განხორციელებას.
  6. თემის გაცნობის სურვილი: თემა, რომელზეც უნდა დაწერო ან ისაუბრო თქვენთვის ახალი და უცნობია. სწორედ ამიტომ იპარავთ სხვის უკვე დაწერილ ტექსტს და გგონიათ, რომ ასე თავიდან აირიდებთ ყველა სახის გართულებას.
  7. მეშვიდე მიზეზად ფსიქოლოგები თემისადმი უინტერესობას ასახელებენ, ანუ როცა თემა საერთოდ არ გადარდებთ; სხვისი ტექსტი კი გთავაზობს, სრულიად უმტკივნეულოდ მოაგვაროთ პრობლემა.
  8. მერვე და ფინალური მიზეზი კი იმის რწმენაა, რომ თქვენ გარკვეული მიზეზების გამო ამართლებთ და მიგაჩნიათ, რომ ხანდახან პლაგიატი საჭიროც კია წარმატების მისაღწევად.

ყველამ ვიცით რომ მოპარული ხილი ტკბილია, თუმცა კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება სხვისი იდეების, სიტყვების და აზრების მითვისებას. ასე რომ, ნება იბოძეთ და იშრომეთ, გახსოვდეთ რომ სხვა თქვენსავით ვერასდროს დაწერს და იფიქრებს.

       აკაკი წერეთელი და შამილი

0

თავისუფლების იდეა მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის უმთავრესი ღირებულებაა, რომელიც აკაკი წერეთლის შემოქმედებაში მრავალმხრივ არის წარმოჩენილი. შამილის, როგორც ისტორიული პიროვნების, კავკასიის ხალხთა თავისუფლებისთვის დაუმორჩილებელი მებრძოლის, პოეტური ნიღაბი მისთვის უმნიშვნელოვანესი მხატვრული სახეა, რომლითაც მთავარ სათქმელს გამოხატავს – ეს არის კავკასიური ხალხის ერთიანობის იდეა. ამ იდეით იყო გამსჭვალული მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მოაზროვნეთა შემოქმედება, განსაკუთრებით, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგისა. ეს იდეა დღესაც აქტუალურია და გულისხმობს სხვადასხვა რელიგიური შეხედულებისა და ტრადიციის ხალხის კულტურულ დიალოგს, თანამშრომლობასა და მშვიდობიან თანაარსებობას გლობალურ სივრცეში, რომელსაც კაცობრიობა წარმოადგენს. როგორც ელიოტი წერს: „ახალი ნაწარმოები, იმავდროულად, გავლენას ახდენს ხელოვნების ყველა ადრინდელ ნიმუშზე“.

აკაკი წერეთლის მხატვრული ნაწარმოებებიც თანამედროვე ლიტერატურის კონტექსტში ახალ ღირებულებას იძენს. ამჯერად გამოვარჩევთ მის ლექსს, „შამილის სიზმარს“, რომელშიც წარმოჩენილია ოცნება თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. ამავე დროს, ლექსი აჯერებს მკითხველს თავისუფლებისათვის ბრძოლის აუცილებლობაში. ამ თემას არაერთხელ წარმოაჩენს აკაკი თავის შემოქმედებაში, მაგალითად, „ბაში-აჩუკში” თავგანწირულ პერსონაჟს, ელიზბარ ერისთავს, ათქმევინებს: „ხე, როგორც მცენარე, მოურწყველად ვერ იხარებს; ისე ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამებრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად!”

აკაკი წერეთელი  ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ყურადღება მიაქცია შამილის სახეს და შესანიშნავ პოეტურ ნიღბად აქცია. მანამადე კი ალექსანდრე ყაზბეგის პროზაში, კერძოდ, „მამის მკვლელში” დაიხატა შთამბეჭდავი სახე იმამისა, კავკასიელ ხალხთა რელიგიურ-პოლიტიკური ლიდერისა, რომელსაც დაუკავშირდა და მასთან გაიგივდა თავისუფლების იდეა. მოთხრობაში ჩანს მთიელი არწივის შინაგანი თავისუფლება როგორ ერწყმის ხალხის წინაშე პასუხისმგებლობასა და მოვალეობას: „ის დაუფიქრებლივ მამულის კეთილდღეობას შესწირავდა  პირველიდგან უკანასკნელს კაცამდინ. თითონაც შიგ ჩაენაყებოდა წამლად, მაგრამ, რა შეხედავდა სიცოცხლით და მშვენიერებით სავსე თავის მამულიშვილებს, რომელთაც სიყმაწვილე ნებას არ აძლევდა მხიარულს და ბედნიერს ცხოვრებაზედ, რა მოაგონდებოდა, რომ რომელიმე გზადაკარგულს ტყვიას  შაუძლიან გაუხუნოს ლალისფერი ტუჩები, გაუქროს აღგზნებული სიცოცხლით სავსე თვალები, მოძრავნი, მოტიტინენი. ერთბაშად უძრავს და უსულო საგნად გადააქციოს – შამილს გული უდუღდა, მწარის ოხვრით წარმოათქმევინებდა ღვთის სახელს და წარმოუდგენლად სტანჯავდა. შამილი მამა იყო – დანარჩენნი იმის შვილები: შამილი გრძნობდა იმას, რასაც ჰგრძნობს მშობელი, როდესაც თავის თვალით უყურებს მებრძოლს შვილს და იმის ყოველი დაკვრა, ყოველი ტკივილი მშობელს მწარე ხაზად ესმება გულში! მაგრამ სამშობლოს სამსახურს, მამულის თავისუფლებას ის მაღლა აყენებდა თავის მშობლიურ გრძნობაზედ, თავის პირად შეხედულებაზედ. შამილი იბრძოდა იმისთვის, რომ თავის, სამშობლოს დღეგრძელობას და ბედნიერებას თავისუფლებაში ხედავდა, და დღესვე რომ დაერწმუნებინათ, რომ მოძმეთათვის მეტი საბედნიერო სხვა რიგი მოქმედება იქნებოდა – ის ბრძოლას თავს დაანებებდა, აიღებდა ყავარჯენს და მწყემსად ცხვარს მოუდგებოდა”.

მას შემდეგ გაგრძელდა ეს ტრადიცია და ქართულ ლიტერატურაში შამილის სახე წარმოჩნდა, როგორც ერთგვარი პარადიგმა დაუმორჩილებლობისა. ქართული ლიტერატურული ტრადიცია შამილს აღიარებს, როგორც ზნეობრივად სრულყოფილ, უკომპრომისო მებრძოლს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. საგულისხმოა, რომ ქართულსა და სხვა კავკასიელი ხალხის წარმოდგენებში მისი სახელი დაუკავშირდა ალექსანდრე ბატონიშვილს. მათი მამაშვილობის ამბავი ლეგენდად იქცა და სიმბოლურად გამოხატა თავისუფლების იდეის უკვდავება. ეს დაუმორჩილებელი სული შამილმა „მემკვიდრეობით” მიიღო ალექსანდრესგან. მან ღირსეულად ატარა განმათავისუფლებლის სახელი და სიცოცხლეშივე მითად და ლეგენდად იქცა.

შამილი დღემდე რჩება ქართველ შემოქმედთა შთამაგონებლად. მისი პოეტური ნიღაბი განსხვავებული და საგულისხმო ინტერპრეტაციით წარმოჩნდა სხვა ქართველ მწერალთა, მაგალითად, ალექსანდრე ყაზბეგის, გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, აკაკი გაწერელიას, ანა კალანდაძის და სხვათა შემოქმედებაშიც.

კავკასიის ერთიანობის იდეა კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული თერგდალეულებს, ილია წერდა „აჩრდილში”:

„როს ესე ტოტნი ერთ ცხოვრების, ერთ-არსებისა,

ეხლა გაყრილნი, ერთ მდინარედ შეერთდებიან?

როს იგი ტომნი ცად მიღწეულ მძლავრ კავკასისა

ერთისა აზრით, ერთის ფიქრით განდიდდებიან?”

აკაკი წერეთლის ლექსის სემანტიკური ველი სიზმრის საშუალებით წარმოჩნდება. ეს სიზმარი უპირისპირდება რეალობას. აკაკის შემოქმედებაში, საზოგადოდ, დიდი ადგილი უკავია სიზმრის მეტაფორას. ამ შემთხვევაში, სწორედ ამ სახეს მიენიჭა მთავარი დატვირთვა. ქვეტექსტებითა და სიმბოლოებით დატვირთულ ლექსში იკითხება კავკასიის ხალხთა ბედისწერა.

როგორი იყო ის სოციოკულტურული სივრცე, რომლის კონტექსტშიც ეს ლექსი დაიწერა? მე-19 საუკუნე – „დარღვეული ქართველობის” (ილია „მგზავრის წერილები”) ხანა. როგორც აკაკი ბაქრაძე წერს, დამოუკიდებლობის დაკარგვამ ქართველის ცნობიერების რღვევაც გამოიწვია. ქართულმა ლიტერატურამაც იდეალის ძიება არა რეალობაში, არამედ სიზმარსა თუ ხილვაში დაიწყო. „შამილის სიზმარიც” ამ რიგის მხატვრული ტექსტია, რომლის ლირიკული გმირიც შვებას ირეალურ სამყაროში პოულობს. მე-19 საუკუნის ლიტერატურა სავსეა ამგვარი სიზმრებითა და ხილვებით, რომლებშიც გადმოცემულია, როგორ ამარცხებს გმირი ვეშაპს („ბაში-აჩუკი” და „ბახტრიონი”), როგორ გადარჩება ლუხუმი („ბახტრიონი”), რა ღვთაებრივი დალოცვისა და წყალობის მოიმედენი არიან გმირები („აჩრდილისა” და „თორნიკე ერისთავის”) ფინალები. აკაკი ბაქრაძის აზრით, მიუხედავად ქონებრივ-გონებრივ-სულიერი სიღატაკისა, ქართველმა მაინც არ დაკარგა რწმენა გადარჩენისა: „უნდა გადალახულიყო სასოწარკვეთილებისა და განწირულების განცდა. სასოწარკვეთილებასა და განწირულებას მე-19 საუკუნის ქართულმა მწერლობამ ოთხი მხრიდან შეუტია: ნიკოლოზ ბარათაშვილის ეროვნული და პიროვნული თავისუფლების ამბოხით, რაფიელ ერისთავის სოფლის ყოფის მშვენიერებით, ილია ჭავჭავაძის ეროვნული და სოციალური პროგრამით და აკაკი წერეთლის შემოქმედებითი არსებობის სიხარულით. ამ ოთხ დარტყმას უნდა დაენგრია რუტინა და ქართველი ერისათვის ისტორიის ასპარეზი გაეკაფა”.

გალაკტიონ ტაბიძე წერდა: „ის იყო მგოსანი, რომელიც ჰკაფავდა გზას წარსულისაგან მომავლისკენ. თავისი ცხოვრებით და გაბედული ლიტერატურული გამოსვლებით მან უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ერის განმათავისუფლებელ მოძრაობაში. აკაკის ჩანგის მომხიბვლელობა გამოიხატებოდა იმ ზნეობრივ სიძლიერეში, რომელიც შეადგენდა პოეტის პიროვნებას. მან შესწირა თავი ერს, წმინდათაწმინდას, სამშობლოს. აი, რანაირად ისახება ჩემს წარმოდგენაში მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტის ისტორიული მდგომარეობა და პიროვნება„. აკაკის მეფური ლანდი გალაკტიონს მუდამ თან დაჰყვებოდა, როგორც ფარული შემწე და წამქეზებელი პოეტური ძიებებისკენ სწრაფვაში.

აკაკი წერეთლის ამ ლექსში ქვეტექსტურად იყო მოცემული ის ინფორმაციები, რომლებიც ქართველ მკითხველს უნდა დაეშიფრა, გაეანალიზებინა და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლაში სტიმულად გამოეყენებინა.

ლექსის ლირიკული გმირი ჭაღარით მოსილი შამილია, ბრძოლებითა და ხნოვანებით დაღლილი, მაგრამ მაინც შეუპოვარი. აკაკის შემოქმედებაში ჭაღარა მებრძოლის სახეც პარადიგმად იქცა. გავიხსენოთ, თუნდაც, მისი  თორნიკე ერისთავი („თორნიკე ერისთავი”) ან ლექს „ჭაღარას” ლირიკული გმირი, რომელიც არ კარგავს საბრძოლო სულისკვეთებას:

„რა ვუყოთ, თეთრი მერიოს,

სისხლით შევღებავ ჭაღარას

და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ

ამ ჩემს დაფსა და ნაღარას”.

აკაკი წერეთელმა კარგად იცოდა, როგორ ეწინააღმდეგებოდა შამილი რუსეთის იმპერიას, რა ძალა, გონება და რწმენა ჰქონდა ამ კაცს, თითქმის მარტოდმარტო ებრძოდა გოლიათს, ამიტომაც იქცა იგი სიცოცხლეშივე ლეგენდად ჰყვებოდნენ მის საქმეებს.

აკაკისა და გრიგოლ ორბელიანის ცხადი თუ ფარული პოლემიკის მიზეზი შესაძლებელია ისიც იყო, რომ სწორედ გრიგოლ ორბელიანი ებრძოდა შამილს, როგორც რუსეთის არმიის გენერალი და გადამწყვეტი როლიც ითამაშა მის დამარცხებაში. ეს ლექსი აკაკიმ 1959-1960 წლებში დაწერა. ამ დროს ის ოციოდე წლის ჭაბუკი იყო, რომელსაც სიღრმისეულად ჰქონდა გააზრებული სამშობლოს ბედისწერა. დაბეჩავებული კოლონიური ქვეყნის შვილი  პეტერბურგში განათლების მისაღებად წასული ფიქრობდა სამომავლო ბრძოლის აუცილებლობაზე. სავარაუდოდ, ეს ლექსი სწორედ იმ შთაბეჭდილების შემდეგ დაიწერა, რომელსაც გამოიწვევდა 1859 წელს რუსების მიერ შამილის დამარცხება და ტყვედ ჩავარდნა.

ლექსის დასაწყისში  იხატება სამყაროს ჰარმონიულობა:

„შუაღმეა, გავსილი მთვარე

დედამიწაზე სხივებს უხვად ჰფენს;

მთები, ტყეები, კლდე და მდინარე –

ყველა მდუმარებს და გრძნობით ისმენს:

ვით განისვენებს ანგელოზნი ცით,

გადმოეფინნენ გუნდად ხმელებად,

თვისი ნეტარის და მსუბუქის ფრთით

და მყუდროებას ჰგალობენ ერთხმად”.

მაგრამ ეს ხმა არ ჩაესმით ადამიანებს, რადგან დაკარგულია ღვთაებრივთან კავშირი. ამ ხმების გაგონება მხოლოდ პოეტს შეუძლია, „ღმერთთან მოლაპარაკე” (ილია) კაცს, რომელიც „არ მიწისაა და არც ცისა”:

„მაგრამ კავკაზსა ეს მყუდროება,

ცით მოვლენილი, არ ეყურება,

გაურჩეველი აქვს მას დროება

მხოლოდ სხვა რამეს ემსახურება”.

აკაკის პოეზიაში ღვთის მიერ შექმნილი სამყარო ყოველთვის წარმოჩნდება, როგორც სრულყოფილი, თუმცა ადამიანთა ხელით შელახული. თავისუფლება პიროვნებისა თუ ერისა აკაკისთვის უმაღლესი ფასეულობა იყო, ღვთის ჯილდო, რომლის გარეშე არა მხოლოდ კონკრეტულ კაცსა თუ ერს, არამედ კაცობრიობას ემუქრებოდა დაღუპვა.

შუაღამის სიბნელე სიმბოლურად იმ ვითარებაზეც მიანიშნებს, რომელშიც კავკასია იყო, დამონებული და ღირსებააყრილი. აკაკისთვის მნიშვნელოვანი იყო, მკითხველს დაენახა ის კონტრასტი, რომელიც ცასა და მიწას შორის იყო. ცას, ღვთაებრივ ძალებს, ანგელოსებს მხოლოდ მშვიდობა და ნეტარების განცდა მოჰქონდათ, ხოლო მიწიერი ძალები, ადამიანის სახედ მოვლენილი ეშმაკი ამ ჰარმონიას არღვევდა, ადამიანებს თავისუფლებას ართმევდა, იმონებდა. შუაღამის ამგვარი შემოტანა ლექსში ილიას „ელეგიაშიც” გვხვდება:

„მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა

მშობელ ქვეყანას ზედ დაჰყურებდა

და  თეთრი ზოლი შორის მთებისა

ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა”.

ლექსის მშვიდ მდინარებას არღვევს კონტრასტულად შემოტანილი ფერები. ერთი მხრივ, ზეციური სიმყუდროვისა და ჰარმონიის განცდა, მეორე მხრივ კი:

„იმას ჰსურს სისხლი, ომი ფიცხელი,

მისთვის საღმრთო ხმას რათა ჰგალობენ?

სისხლს სთხოვენ მთები, კლდეები, ველი

და მდინარენიც მას ჰღრიალებენ”.

აკაკი ამ შემთხვევაშიც იყენებს პარადიგმას, როდესაც თავისუფალი სამყარო, ბუნება ვერ იგუებს მონობას და მოითხოვს თავისუფლებას, ნებისმიერ ფასად. ადამიანი ბუნების ნაწილია და  სამყაროს მთლიანობისთვის აუცილებელია თავისუფლება. ამას უკარნახებს ლექსი მკითხველს. ამიტომაცაა, რომ ლექსის ლირიკულ გმირს შამილს, რომელიც სიზმრად ხედავს ყოველივეს, მთები, კლდეები, მდინარეები, ცხოველები, ფრინველები, ქარი და ზვავი მოუწოდებენ შურისძიებისაკენ: „გვწყურიან სისხლი”/ და თერგისაც ეს არის ღრიალი”.

ლექსში შემოიჭრება თემა ადამიანისა და ბუნების აუცილებელი ერთიანობისა. გულისხმიერ კაცს უნდა ესმოდეს ბუნების ენა, რადგან, როგორც ბარათაშვილი ამბობს: „არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთა და უსულთ შორის,/ და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის” („ჩინარი”). ბუნება ადამიანებს თავისი  ენით ელაპარაკება. ეს ენა იცოდნენ სამოთხეში ადამმა და ევამ, პირველადამიანებმა, ზეციური სამოსით მოსილებმა. აკრძალული ნაყოფის ჭამას, ღვთის საკრალური ნების დარღვევას, რასაც სამოთხიდან მათი გამოდევნა მოჰყვა, თან ახლდა ამ ენის ცოდნის დაკარგვა. მას შემდეგ ბუნება გადაიქცა „სიმბოლოების, ნიშნების” ტყედ, რომელიც სულიერ-ინტელექტუალური ძალების დაძაბვით, არამატერიალური თვალის ახელით, ერთგვარი ჭვრეტითა თუ ხილვით უნდა დაეძლია ზეცნობერებით დაჯილდოებულ ადამიანს. ამგვარი ზეცნობიერების მატარებელნი იყვნენ პოეტები, ვაჟასეული მინდიას მაგვარნი, რომელთაც უნდა ეზიდათ ამგვარი ზემხედველობის ტვირთი.

შამილი ამ ლექსში სწორედ ამგვარ ადამიანად წარმოჩნდება, მას შეუძლია ბუნების ნიშნების გაშიფვრა და ჭეშმარიტი საზრისის ამოკითხვა. სწორედ ამას მიანიშნებენ ეს სტრიქონები: „მხეცთა ღრიალი, ფრინველთ ჩხავილი,

ქართა ქრიალი, ზვავთა გრიალი – ამას ნიშნავენ”.

მისთვის ეს მხოლოდ ბუნების სტიქიური მოვლენები როდია, არამედ ღვთაებრივი სამყაროს შემოჭრა მატერიალურში ადამიანური გონების გამოსაფხიზლებლად. სამყაროსეული უნივერსალური კანონზომიერების შეცნობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ამგვარი რჩეულია ლექსში დახატული შამილი, ადამიანური და ზეციური, გამოუთქმელი სიბრძნით დატვირთული კაცი, რომელსაც შეგრძნობილ-გააზრებული აქვს თავისი ამქვეყნიური ვალი. მისთვის სამშობლო არა მხოლოდ კავკასია, არამედ მთელი სამყაროა. ის თითქოს შუამავალია ადამიანურსა და ზეციურ ძალებს შორის. მას თითქოს ღმერთი კარნახობს და აძლევს ბრძოლის გეგმას.

თუ გრიგოლ ორბელიანისთვის „მოღრიალე თერგი” მხოლოდ ამ გამორჩეული მდინარის ერთგვარი გარეგნული დახასიათება იყო, ილიამ და აკაკიმ მას სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭეს, ილიამ იგი „მგზავრის წერილებში” მოძრაობის, სიცოცხლის სიმბოლოდ აქცია. ამ ლექსშიც ამ აზრითაა დატვირთული. არ შეიძლება თერგის ნაპირას გულხელებდაკრეფილი იჯდე, დამარცხებას შეგუებული, უიმედო, დაბეჩავებული და ღირსებააყრილი. ეს კავკასიელისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია.

ამ ორკესტრალურ ხმოვანებაში, რომელსაც ბუნების შვილთა სხვადასხვაგვარი ხმა ქმნის, წარმოჩნდება სურათი – შამილი ზის მებრძოლ მიურიდებთან ერთად. მკითხველისთვის ეს ცხოვრების სცენაა. იგი ხედავს დასისხლიანებულ ვაჟკაცებს, რომლებიც ახლახან დაბრუნებულან ბრძოლიდან:

„ზოგს დახმობია გულმკერდზე სისხლი

მისგან მოკლულის ჩხუბში გიაურის,

ზოგს ჩასწკურწკურებს ისევ ახალი”.

ეს  წვეთებად მომდინარე სისხლი წარმოაჩენს მიურიდების თავგანწირვას, მზადყოფნას, თავის შესწირონ ღირსების დაცვასა და თავისუფლებას. თუმცა ბუნებაც და მიურიდებიც მხოლოდ ფერადოვანი შთამბეჭდავი ფონია შამილის პორტრეტის, მისი სულიერი სამყაროს გამოსაკვეთად. ამ ფონზე წამოიმართება მისი მონუმენტური ფიგურა. სიტყვების საშუალებით აკაკი წერეთელი საოცარი სიცხადით აქანდაკებს იმამის სახეს, თითქოს მკითხველი ხედავს მისი შუბლის ნაოჭებს, დაღარულ სახეს, კუშტსა და მკაცრ გამოხედვას, ყველგანშემღწევ, საიდუმლოთა ამხსნელ ძალას. იგი ერთგვარი ზეკაცივითაა, რომელსაც მიწიერი ძალები ვერასოდეს დაამარცხებენ:

„ამბობს ჰიმამი: „მართლმორწმუნენო!

ჩვენი გაკიცხვა მაჰმადს არა ჰსურს

დროა გამხნევდეთ ერთგულო ძენო,

და თავს ნუ მისცემთ მონად გიაურს”.

აკაკიმ იცის, რომ ლექსის პირობითი საზღვრები უნდა გაარღვიოს ლირიკულმა გმირმა, მისი სიტყვები არ უნდა დარჩეს ფურცლის სამყაროში. ის არ არის მხოლოდ „ქაღალდის პერსონაჟი”, მისმა სიტყვებმა მკითხველიც ისევე უნდა ააღელვოს, როგორც წარმოსახვით დახატული მიურიდები, თავისუფლებისთვის „საღვთო ომისთვის” მზადმყოფნი. ამიტომაც არის, რომ განსაკუთრებული მუხტით და ენერგიით იტვირთება მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა. აკაკის ლექსში შამილი ფლობს მჭევრმეტყველების საოცარ უნარს, რომელიც აუცილებელია ყოველი წინამძღოლისათვის. ღვთის რწმენა აძლევს ძალას ისე ილაპარაკოს, თითქოს თვითონ ღმერთი მეტყველებს მისი პირით, ამიტომაცაა, რომ იფიცებს მიწასა და ქვას და არა რომელიმე ცოცხალ ადამიანს. ის თითქოს მარადისობის წინაშეა პასუხისმგებელი და არა მხოლოდ იმ კონკრეტული დროისა, რომელიც მას  განგებამ „მისაქცევ-მოსაქცევად” (ილია) შემოუხაზა.

მისი სიტყვა ცეცხლოვანია, მაგრამ არა იმით, რომ ხატოვანია, არამედ პირდაპირია და ცხადი. რამ უნდა დააჯეროს ბრძოლის აუცილებლობაში მკითხველიცა და ლექსის პერსონაჟებიც, თუ არა უკვე მოპოვებული გამარჯვებული ბრძოლების გახსენებამ. ამიტომაც შამილი სიტყვას აგებს სწორედ ამ მოგონებებზე. ის იხსენებს:

„ხომ გახსოვთ ჩემი დარღოში ომი

და სხვანი კიდევ ბევრგან მრავალი?”

მე არ გეგონოთ ცრუ მოწმის მდომი,

მოწმედ მეყოფა მიწა და ქვანი”.

მკითხველს უნდა ახსოვდეს „დარღოში” ომი. რა მოხდა იქ და რატომ არის მნიშვნელოვანი მაინცდამაინც ამ ბრძოლის გახსენება? დარღო ისტორიული მეხსიერების კოდია, რომლის გაშიფვრა, ე.ი. გახსენება, აუცილებელია მომავლის წარმოსადგენად და შესაქმნელად. აკაკიმ იცის აწმყოს, წარსულისა და მომავლის დიალექტიკური ერთიანობა. ამ შეგრძნების გარეშე წარმოუდგენელია რაიმე მიზნის მიღწევა, ამიტომაც შამილსაც ასეთ შორსმჭვრეტელს ხატავს. დარღოში შამილმა რუსების არმია დაამარცხა. ლევ ტოლსტოი „ჰაჯი-მურატში” ამის თაობაზე წერს: „ყველამ იცოდა, რომ ვორონცოვის მეთაურობით მოწყობილი დარღოს ლაშქრობა, რომლის დროსაც რუსებმა უამრავი დახოცილი, დაჭრილი ჯარისკაცი და რამდენიმე ზარბაზანი დაკარგეს, სამარცხვინო ამბავი იყო. ამიტომ თუ ვინმე ამ შემთხვევაზე ვორონცოვის თანდასწრებით ხმის ამოღებას გაბედავდა, უნდა ელაპარაკა იმ აზრით, რომლითაც ვორონცოვმა მეფეს უპატაკა, ესე იგი, რომ ეს იყო რუსთა ჯარების ბრწყინვალე გმირობა”. მართლაც, ამ ბრძოლაში რუსებმა 3500-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს, თვითონ ვორონცოვიც კინაღამ ტყვედ ჩავარდა.

აკაკი აღწევს მიზანს, შამილის სახით მკითხველის თვალწინ ტიტანური ძალისა და სულისკვეთების ადამიანი წამოიმართება, მაგრამ, ღმერთებისგან განსხვავებით, ადამიანი მოკვდავია. სწორედ სიბერისა და მოკვდავობის, როგორც ბრძოლის გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი თემა, ბუნებრივად შემოიჭრება ლექსის მხატვრულ დრო-სივრცეში:

„დრო გადავიდა! მოვხუცდი ჰალლა!

მაჰმადო, ვატყობ, ღონე მაკლდება”.

რით უნდა გადაილახოს, ერთი შეხედვით, ეს საბედისწერო, ადამიანური ძალებისთვის გადაულახავი წინააღმდეგობა? აკაკის ქვეტექსტურად შემოაქვს მითოლოგიური ფენიქსის ფენომენის განცდა. ადამიანსაც შეუძლია განახლება, ფერფლიდან აღდგენა, ძალების მოკრება, მაგრამ ეს უნდა გამოიწვიოს მხოლოდ უკვდავმა, ჩაუქრობელმა სულმა, რომელსაც დრო და სივრცე ვერ ეკარება. ლექსის ერთგვარ დაღმავალ ტონალობას, მინორულობას, რომელიც გამოიწვია მოხუცებულობისა და ღონის დაკლების ხსენებამ, გადაფარავს ახალი მაჟორული ტალღა:

„მაგრამ დღეს ჩემში ახლდება ძალა,

და დამჭკნარ ძარღვში სისხლი სდუღდება”.

აკაკი მკითხველს სასწაულის თანამონაწილედ აქცევს. ამ სასწაულმა მისი შეძვრა, შეცვლა და განახლება უნდა გამოიწვიოს. მკითხველი ხედავს, როგორ იქმნება რაღაც ახალი, იგეგმება ბრძოლა, რომელიც გამარჯვებით დასრულდება:

„წინ წაგიძღვებათ კაზი-მაჰომეტ,

მაგაზე დამრჩა მხოლოდ იმედი.

„თქვენ მიაშურეთ  მარცხენა მხარეს,

სადაც განაგებს თვითონ კნიაზი!”

„და სიბერის ჟამს ამ შიშველის ხრმლით

მარჯვენა მხარეს მე შევეჭრები:

დღეს უნდა გავსძღე გიაურის სისხლით,

მათ მჩქეფარე სისხლს მივეყურჭები”.

კაზი-მაჰომეტ შამილის შვილია, რომელიც მამის მხარდამხარ თავდაუზოგავად ებრძოდა რუსულ არმიას.

აკაკის უყვარდა, როცა ბატალურ სცენებს ხატავდა, აუცილებლად წარმოეჩინა ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა, მაგალითისთვის „თორნიკე ერისთავის” გახსენებაც კმარა. ავტორი დაწვრილებით, დეტალურად წარმოაჩენს, როგორ ანაწილებს თორნიკე 12-ათასიან ჯარს, თითოეულ ნაწილს რა საბრძოლო დავალებებს აძლევს. მკითხველს, ამ შემთხვევაში, უფრო იოლად წარმოუდგება ის ვიზუალური ხატები, რომლებიც სიტყვიერად იქმნება. სწორედ ამიტომ მიიჩნევდა გრიგოლ რობაქიძე, რომ აკაკი ფლობდა კინოსთვის დამახასიათებელ თხრობის ტექნიკას. თავის წერილში „ბაში-აჩუკი, როგორც კინო-რომანი” ეს არაჩვეულებრივად წარმოაჩინა და დაასაბუთა.

საგულისხმოა მებრძოლთა მოტივაციის ასამაღლებლად რა ჯილდოს ჰპირდება იმამი. ის არ საუბრობს საიქიო საფასურზე, არამედ სახელის დატოვებაზე: „და თქვენც თაყვანს გცემთ მაშინ კავკაზი!”. უკვდავება – ეს არის მთავარი ჯილდო!

აკაკი რუსთველისეული გატაცებითა და ხატოვანებით ხატავს ბრძოლას:

„შეიქმნა ომი მეტად ფიცხელი,

საზარელი და ცუდ-სანახავი,

ლეკებმა სისხლით შეღებეს ხელი,

ველს ეფინება რუსების თავი!”

აკაკი ახერხებს მკითხველს დაუხატოს ომის სისასტიკე, დაღვრილი სისხლი, მოჭრილი თავები. მკითხველმა კიდევ ერთხელ უნდა შეიგრძნოს თავისუფლებისთვის ბრძოლის გარდაუვალობა:

„ომიც გათავდა, მუნ კმაყოფილმა

ყურანს შესწირა გმირმა ნამაზი”.

ეს არის ადამიანისა და ღვთის ერთობლივი შურისძიების აღსრულება, ამიტომაცაა, რომ ლექსი მთავრდება გიაურისთვის, რუსი წინამძღოლისთვის, თავის მოკვეთით.

რატომ გადაიტანა თავისუფლებისთვის ბრძოლის ამბავი აკაკიმ ლირიკული გმირის სიზმარში? ეს, ერთი მხრივ, ცენზურას თვალს აუხვევდა, მეორე მხრივ, კი, სიზმარი იქცეოდა წინასწარმეტყველებად. აკაკი ამ შემთხვევაში კავშირს აბამდა წარმოსახვასა და რეალობას შორის. ლექსში ნანახი სიზმარი რეალობაში უნდა განხორციელებულიყო. იმ მაგიური საზღვრების მოხსნა და დაძლევა კი, რაც მხატვრულსა და მატერიალურ სივრცეს ჰყოფდა, მხოლოდ გონიერ, შორსმჭვრეტელ, მართალ, პატრიოტ მკითხველს შეეძლო, რომლის არსებობაში არც აკაკისა და არც ილიას არასოდეს შეპარვიათ ეჭვი.

ვაჟა-ფშაველა წერდა: „თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა… თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი… იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! – სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი… როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა… მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..“.

შამილი ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, აკაკის გულისწადილს ამხელდა და მისი პირით თვითონ მეტყველებდა პოეტურ ნიღაბს ამოფარებული.  მან ისიც იცოდა, რომ იმ დროს, როცა ამ ლექსს წერდა და მკითხველს დაშიფრულ სამომავლო გეგმასავით მიაწვდიდა, შამილის სახელს  დიდი ძალა ექნებოდა, ვიდრე ახალგაზრდა პოეტისას, რომელიც ეს-ესაა უნდა დაბრუნებულიყო დამპყრობელი ქვეყნის მეტროპოლიიდან გუბერნიად ქცეულ მივარდნილ პროვინციაში, რომელიც თავის „შამილს” მთელი მეცხრამეტე საუკუნე ამაოდ ელოდა.

 

 

 

კარგი ესეს დასაწერად საჭიროა თქვენი გზავნილი იყოს ნათელი

0

კარგი ესეის დასაწერად ნათელი უნდა გახადოთ თქვენი გზავნილი. ეს ნიშნავს მნიშვნელოვანი პუნქტების ჩამოყალიბებას მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტებით და ამ ყველაფრის ისე „შეფუთვას”, რომ მკითხველი მიხვდეს, რა ისწავლა. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოახერხოთ, თქვენ მკითხველის პერსპექტივა უნდა დაიკავოთ. თუ თქვენ შეძლებთ იმის დანახვას, სად „წაიბორძიკებს” მკითხველი თქვენი ნაშრომის კითხვისას, შეგეძლებათ თავი აარიდოთ „მახეებს”, რაც დამაბნეველი ან მოსაწყენი იქნება მათთვის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ზემოთ თქმულისთვის თავის არიდებაში.
1. თქვენი პირველი აბზაცი ნათლად უნდა აღწერდეს, თუ რის განხილვას აპირებთ ესეიში. არსებითია სამი რამ: რა არის თეზისი, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ მიუდგებით თქვენ მას. თუ ეს ყველაფერი პირველ აბზაცშია თავმოყრილი, თქვენს მკითხველს ეცოდინება, რას კითხულობს, რატომ კითხულობს და რის მიღებას უნდა ელოდეს მისგან.

2. მოახდინეთ ესეის ორგანიზება ისე, რომ ყველა ქვეთემა ასაბუთებდეს მთავარ თეზისს. თუ ესეი გრძელია, სასურველია მისი სათაურ(ებ)იან სექციებად დაყოფა, რომლებიც სპეციფიკურ ქვეთემაზეა ორიენტირებული. წარმოადგინეთ ეს თემები ესეის პირველ აბზაცში (იხ. 1-ლი პუნქტი ზემოთ). თქვენ ისე უნდა დაალაგოთ ინფორმაცია, რომ ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელი იყოს.

  1. ყველა აბზაცის პირველ წინადადებაში ახსენით, რაზე აპირებთ საუბარს. შემდეგ დაწერეთ წინადადებები, რომლებიც ერთმანეთიდან გამომდინარეობს და ადვილად წასაკითხია. ერიდეთ აბზაცებს, რომლებიც ძალიან გრძელია, სიებივით იკითხება, ან არ აქვს ძირითადი თეზისი. რთული აბზაცები შეაჯამეთ მოკლე წინადადებებით, რომლებიც განმარტავენ, რა ითქვა ამ აბზაცში.
  2. აბზაცები ისე დაალაგეთ, რომ ერთი მეორისგან გამომდინარეობდეს. უნდა ეცადოთ, რომ ყველაფერი ადვილად გასაგები გახადოთ მკითხველისათვის. რაც უფრო მეტად ორგანიზებულია თქვენი ნაწერი, უფრო ნათლად შეძლებთ საკუთარი იდეების გაგებასა და მათთან ურთიერთობას.
  3. მოერიდეთ გრძელ წინადადებებს. თუ რაიმე გაეჭვებთ, დაყავით გრძელი წინადადებები უფრო მოკლე წინადადებებად. მოერიდეთ წინადადებებს, რომლებიც განმეორებადია და არ შეიცავს ახალ ინფორმაციას. მოიშორეთ სუსტი და ცარიელი წინადადებები („ანგიოპლასტიკა მნიშვნელოვანი პროცედურაა”, „ემოციები ადამიანების ცხოვრების ცენტრალური ელემენტია”). წინადადებები ასევე კრისტალურად ნათელი უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ რამდენად ნათელია წინადადება. წაიკითხეთ ისინი ხმამაღლა ან წააკითხეთ სხვას.
  4. ახსენით ახალი ტერმინები, როდესაც პირველად იყენებთ მათ. ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენმა მკითხველმა იცის, რას ნიშნავს ეს ტერმინი. მოერიდეთ პროფესიულ ჟარგონს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მნიშვნელოვან ცნებებს ეხება. წარმოიდგინეთ, რომ მკითხველმა გაცილებით ნაკლები იცის ამ თემის შესახებ, ვიდრე თქვენ.

    7. სამეცნიერო ნაწერში შეგიძლიათ გამოიყენოთ სინონიმები მნიშვნელოვანი ცნებებისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ხსნით (განმარტავთ) მათ. ამის შემდეგ, ყოველთვის გამოიყენეთ ერთი და იგივე სიტყვა იდეასთან მიმართებაში. მაგალითად, თქვენ შეიძლება გსურდეთ დაწეროთ „აფექტი”, შემდეგ „ემოციები”, შემდეგ „გრძნობები”. თუ ყოველთვის სხვადასხვა სიტყვას გამოიყენებთ იდეასთან მიმართებაში, თქვენი მკითხველი დაიბნევა. განმარტეთ ტერმინი, შემდეგ კი მუდმივად გამოიყენეთ ის.

  5. ფრთხილად იყავით ისეთი სიტყვების გამოყენებისას, როგორიცაა „ეს”, „ის”, „ესენი”, „ისინი”, „მათი” და სხვ. ეს სიტყვები ხშირად არც ისე მჭიდრო კავშირშია იმასთან, რასაც ეხებიან, როგორც თქვენ ფიქრობთ. შეამოწმეთ თითოეული მათგანი და ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა მათი სხვაგვარად, უფრო ნათლად დაწერა. თქვენ თუ დაუდევრად იყენებთ ამ  სიტყვებს, თქვენს მკითხველს მეტი დაფიქრება დასჭირდება იმის გასაგებად, თუ რაზე საუბრობთ. ეს დაარღვევს აზრის მდინარებას და გაართულებს იმის გაგებას, რისი თქმაც გსურთ. ისინი  (მკითხველები) ვერ გაიგებენ, რაზე საუბრობთ. მარტივად განმარტეთ, რაზე საუბრობთ და თქვენს ნაწერს უფრო ნათელს გახდით. უკეთესია გაიმეოროთ, ვიდრე ვერ გაგიგონ.

    9. გამოიყენეთ კონკრეტული ინფორმაცია. კონკრეტული ინფორმაციას შეუძლია გავლენის მოხდენა, მიმზიდველია, უფრო ადვილად გასაგებია და უკეთ დასამახსოვრებელი, შეიცავს მაგალითებს, სტატისტიკას, ციტატებს, ფაქტებსა და სხვა დეტალებს. რაც უფრო მეტი წინადადება ავითარებს თქვენს თეზისს ახალი ინფორმაციის ან იდეების გარეშე, მით მეტია შესაძლებლობა, რომ თქვენი მკითხველი მოიწყენს.

  6. თუ გაქვთ საინტერესო იდეა, შეამოწმეთ, ვინმეს უკვე ხომ არ ჰქონია მსგავსი და თუ ასეა – მოიყვანეთ ციტატა. შესაძლებელია, სხვამ სულ მცირე, მიანიშნა თქვენს იდეაზე და თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ როგორც ტრამპლინი რაიმე უფრო საინტერესოს სათქმელად. ეს წარმოაჩენს თქვენს განსწავლულობასა და უფრო ფართო კონტექსტს.

    11. დარწმუნდით, რომ ყველაფერი რელევანტურია. ნუ ჩაურთავთ შეუსაბამო შემთხვევით ფაქტებს. ნუ გამოიყენებთ არასაჭირო, ზედმეტ სიტყვებს. ნუ ჩაურთავთ აბზაცებს, რომლებიც ბევრ საინტერესო ფაქტს შეიცავს, მაგრამ კავშირში არ არის თქვენს ცენტრალურ თეზისთან. ეს აბრკოლებს მკითხველს და აბნევს მას, რადგანაც ელიან იმის წაკითხვას, რაც თქვენს თემასთანაა კავშირში. პირველადი მონახაზის შემდეგ (სადაც უბრალოდ ცდილობთ იდეების ჩაწერას ფურცელზე), ნახეთ, რისი ამოღება შეგიძლიათ, რათა თქვენი მსჯელობა მნიშვნელოვანზე იყოს ფოკუსირებული.

  7. საუკეთესო ესეები არ გამორიცხავს საკუთარ კრიტიკას. საბოლოო შეჯამებამდე შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი მნიშვნელოვანი პუნქტების  სათანადოდ დამოწმებული კრიტიკა, შემდეგ კი – კრიტიკის კრიტიკა (ასევე სათანადოდ დამოწმებული). თუ თქვენ შეძლებთ ამის კარგად გაკეთებას, მოახდენთ პრობლემების დაწვრილებითი გაგების დემონსტრირებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ დასკვნაზე.
  8. დასკვნაში შეარჩიეთ პოზიცია, გააკეთეთ პროგნოზი ან შესთავაზეთ მკითხველს მომავალი მოქმედებები (ექსპერიმენტი, თანამშრომლობა, ახალი საკითხი და სხვ.). მოკლედ შეაჯამეთ თქვენი თეზისი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/statistical-life/201803/13-rules-writing-good-essays-0

 

 მთელი ზაფხული და ყველა კითხვა ერთ სკოლაში

0

ბოლო დროს, ამ თუ იმ პროექტის ფარგლებში თანამედროვე ქართველ ავტორებს სკოლებში სტუმრობა გვიწევს. შეხვედრაზე საკუთარი გემოვნებით შერჩეული წიგნები მიგვაქვს, ვსაუბრობთ მათ მნიშვნელობაზე, ლიტერატურულ ტენდენციებზე, უმცროსი თაობის წიგნთან გაუცხოვებაზე, იმასაც აღვნიშნავთ ყოველდღიურ განრიგში კითხვისთვის საჭირო დროის გამოყოფა უფრო და უფრო რომ რთულდება. თუმცა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან სერთო ენის გამონახვისთანავე გამოსავალის ერთად მოძებნის სურვილიც გვიჩნდება. გარდა ამისა, სკოლებში შეხვედრებმა წიგნიერებასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა გამოკვეთა და პროექტების დახვეწა-გაუმჯობესებაზე ფიქრიც დაგვაწყებინა.

თანამედროვე ავტორებთან საუბრები ორი კვირით ადრე იგეგმება. ვემზადებით აუდიტორიის ასაკისა თუ სხვა საორგანიზაციო დეტალების გათვალისწინებით. სკოლისკენ გზაზე, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებს კი უამრავი ფიქრი დაგვტრიალებს: ნეტავ, ვინ და როგორ დაგვხდება? მოსწავლეებს გაცდენილი გაკვეთილების ხათრით მოაგროვებენ თუ პროექტის მესვეურების გზავნილების დახმარებით შეძლებენ მათ დაინტერესებას? იქნებ, ბედმა გაგვიღიმოს, ჩვენი გვარ-სახელი გუგლის საძიებელ პროგრამაში ჩაწეროს ვინმემ და ჩვენი შემოქმედებიდან ერთ-ორ აბზაცს მაინც გაეცნოს წინასწარ? მასწავლებლებელს ხომ არ გააღიზიანებს უცხოური ლიტარატურის პროპაგანდა? ქართული წიგნების წარდგენითაც ზედმეტად არ უნდა შევიჭრათ მათი კომპეტენციის ზღვრებში. ბეწვის ხიდის გავლა გვიწევს, სანამ მსმენელებს შორის წიგნის ჭიებს აღმოვაჩენთ, საინტერესო რეპლიკებითა და შეკითხვებით გავმხნევდებით.

დარწმუნებული ვარ, მსგავსი ეჭვებით არაერთ ჩემს კოლეგას შეუღია სკოლის კარი და იქ სიურპრიზებით სავსე, საინტერესო და შინაარსიანი საათები გაუტარებია.

64 წლიანი გამძლეობით

შეხვედრაზე შესაძლოა ყველა სასურველი წიგნი თან არ ვიქონიოთ, თუმცა გონებაში უამრავ ნაწარმოებს ვინიშნავთ, რომლებსაც მოსწავლეების გემოვნების, საუბრის ხასიათისა თუ დინამიკის მიხედვით მივმართავთ. გვაქვს გულისგულში გადამალული, განსაკუთრებულ გარემოებაში გამოსამზეურებელი წიგნებიც, ისინი მართალია მთელ სამყაროს გვინდა გავაცნოთ, თუმცა იოლად ხელწამოსაკრავებიც არ გახლავთ (ზღაპრულ საგზალს ჰგავს, ყველას რომ უნდა გაუნაწილო და შინაც ხელუხლებლად მიიტანო).

ჩემს გულით სატარებელ მოთხრობებეს შორის პირველ ადგილზე ერთი მცირე, ფანტასტიკური ელემენტებით შეზავებული ამბავია, რომლის მოსაყოლად და გასააზრებლად თხუთმეტი-ოცი წუთიც საკმარისია. მისი მცირე დროში გადმოცემა კი ისეთივე ამაღელვებელია, როგორც მთელი ზაფხულის ერთ დღეში ჩატევა.

„მთელი ზაფხული ერთ დღეში“ ამერიკელი  მწერლის, რეი ბრედბერის მოთხრობაა, რომელიც პირველად 1954 წელს, ჟურნალ The Magazine of Fantasy and Science Fiction გამოქვეყნდა. მას შემდეგ ნაწარმოები არაერთ ენაზე ითარგმნა, უამრავმა ადამიანმა წაიკითხა და შეიყვარა. თუ სკოლებსა და მკითხველთა კლუბებში სტუმრობის დროს მოსწავლეების მზაობა შევნიშნე, ბრედბერიზე საუბარს ვიწყებ და მისი მოთხრობის 64 წლიან გამძლეობას ვინ მოთვლის მერამდენედ ვცდი.

 

მთავარი დანაშაული

იცნობთ მარგოს, ცხრა წლის გოგონას, რომლის მთავარი დანაშაული ის გახლავთ, რომ მას მზე ახსოვს?! დიახ, მის სახეს, მკლავებს, ხელის მტევნებს, ფეხებს ჯერაც არ დავიწყებიათ მზის სითბო. მარგოს „უპირატესობა“ თანატოლების არაკეთილგანწყობის მიზეზად იქცევა. უამრავი ნიშნის მიხედვით განსხვავებულ ადამიანებზე, მათი დაცინცვისა და გარიყვის მრავალ მიზეზზე გვსმენია, მაგრამ მზის სიყვარული, მზესთან ნაცნობობა ცოტა არ იყოს ადარაჯებს ჩემს მსმენელს, კითხვის ნიშნებით ევსებათ თვალები: კი მაგრამ, როგორ, ეს ხომ წარმოუდგენელია?!

რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია! ბრედბერისთან ყველფერი წარმოუდგენელი და იმავდროულად მწვავე და რეალურად ხელშესახებია. რამდენიმე აბზაციც და უჩვეულოდ სულაც არ მოგვეჩვენება ვენერაზე კოსმოსური ხომალდებით ჩასული ადამიანები ახალ ცივილიზაციას რომ ქმნიან, შვიდი წელი გადაუღებლად რომ წვიმს, „ათასობით დღე, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ ივსება წარღვნოთ, დოლაბზე ბრაგუნის მსგავის ხმაურითა და თავსხმა წვიმით.“ ვენერაზე გადასახლებულ ბავშვებს მხოლოდ ის დრო ახსოვთ, როდესაც სულ წვიმდა. „ყველანი ცხრა წლისანი იყვნენ და შვიდი წლის წინათაც რომ ყოფილიყო ის დღე, როდესაც მზე ერთი საათით გამოვიდა, მაინც არ ეხსომებოდათ.“

ცხრა წლის ბავშვები შანსს ხელიდან არ უშვებენ, ვენერაზე მათზე გვიან ჩასული მარგოს დასაცინად. გოგონა, რომელიც ულამაზეს ლექსებს უძღვნის საყვარელ მნათობს, ვისთვისაც „მზე იმ დიდ მონეტას ჰგავს, მთელი სამყაროს საყიდლად რომაა საკმარისი“ განწირულია. შვიდწლიანი წვიმის შემდეგ, როდესაც მთელმა ზაფხულმა ერთი დღე უნდა იკმაროს, როდესაც მოლოდინით სავსეა ყველას გული, ერთს (დანარჩენებისგან განსხვავებულს) სასტიკ განაჩენს გამოუტანენ!

შინაარსის გაცნობამდე, მოსწავლეებს ვთხოვ საკუთარი ვარაუდი გამოთქვან, რას უნდა ნიშნავდეს გამოცანასავით სათაური „მთელი ზაფხული ერთ დღეში.“ ამოხსნის უამრავ კოდს მთავაზობენ და ამ ოთხი სიტყვით დასათაურებული, საკუთარი თხზულების შეთხზვა უნდებათ. სურვილს სამომავლო გეგმებში ვინიშნავთ და მოთხრობას ვუბრუნდებით. 15 წუთიც და აღმოვაჩენთ, რომ სინათლითა და სითბოთი გაჯერებული სათაურის ქვეშ არცთუ სახალისო ამბავი მჟღავნდება. ნაწარმოები ააშკარავებს ადამიანის არაჯანსაღ სურვილს, ბოროტად მოექცეს, დაჩაგროს, ავნოს და არ დაინდოს სხვა ადამიანი.

რა უცნაურია, ვოცნებობთ კოსმოსის კოლონიზაციაზე, უცხოპლანეტელებთან შეხვედრაზე, მაგრამ გვიჭირს ლმობიერები ვიყოთ მათ მიმართ, ნებსით თუ ეუნებლიეთ უმრავლესობისგან განსხვავაებულები რომ აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ, ბრედბერის ნებისმიერი მოთხრობის დასასრულს სულერთი ხდება სად ვიმყოფებით, დედამიწაზე, ვენერაზე თუ გამოგონილ განზომილებაში – ადმიანი ხომ უცვლელია! „მთელი ზაფხული ერთ დღეში,“ მოკლე და მსუბუქი მოთხრობა, გაწელილი ფრაზებისა და ქვეწყობილი წინადადებების გარეშე, რამდენიმე წუთში იკითხება, თუმცა მისგან დატოვებული მწარე ნალექი და საფიქრალი მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსენებს თავს.

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები მოთხრობის პერსონაჟებს მაგონებენ: თუ დასაწყისში „ბორბლებივით ერთ ადგილას წრიალებდნენ,“ ახლა „თითქოს ვიღაცამ იატაკზე ფეხებით მიაწებათო,“ ჩაფიქრებულები გასცქერიან ფანჯრებს. ვენერაზე გადასახლებული ბავშვების მსგავსად არ ასვენებთ კითხვა, რა ხდება საკუჭნაოს ჩაკეტილ კარს მიღმა. მარგოს ტყავში ჩაძრომის სურვილი მოთხრობის გაგრძელების ხასიათზე აყენებთ და ამ სურვილსაც სამომავლო გეგმებში წერენ.

ამიერიდან კიდევ ერთი სკოლა მეგულება, „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ და უამრავი კითხვა ერთ გაკვეთილში რომ ჩავტიეთ. დღემდე, ასეთ სკოლებს რომ ჩავუვლი, წარმოვიდგენ, ჩემს პატარა მეგობრებს, როგორ აგრძელებენ ბრედბერის მოთხრობებს, იგონებენ საკუთარ ვერსიებს, ოცნებობენ, აზროვნებენ… მათი საკლასო ოთახების ფანჯრებს გავყურებ და სასიამოვნოდ მეღიმება.

ფარაონების თამაში

0

ძველ ეგვიპტელებს ძალიან უყვარდათ სპორტი. ღარიბები ჭიდაობითა და შუბებით ბრძოლით ერთობოდნენ, ფარაონებსა და სხვა დიდგვაროვნებს კი მშვილდოსნობა, ეტლებით რბოლა და ბოულინგი ჰყვარებიათ.

 

საიდან გამოქექეს ყოველივე ეს ისტორიკოსებმა? ეგვიპტელებს თავიანთი ათლეტური მოღწევებით ტრაბახი უყვარდათ. ასეულობით გადარჩენილი შენობის კედლებზე გამოსახულია სპორტული მოვლენების ილუსტრაციები. ეგვიპტელი სპორტსმენების ინვენტარიც შენარჩუნდა. მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში ნახავთ ეგვიპტურ მშვილდებს, სამიზნეებს, შუბებსა და ტყავის ბურთებს. ასე რომ, პირამიდებსა და სფინქსის საფარქვეშ უამრავი სპორტსმენი ცხოვრობდა. მაგრამ იყვნენ თუ არა მათ შორის ბოულერები?

 

ბოულინგის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სპორტის ეს სახეობა დაახლოებით 5000 წლის წინ შეიქმნა. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია. ბოულინგის იდეა იმდენად ჰარმონიულია, რომ მის გამოგონებას გამოქვაბულის ადამიანიც კი შეძლებდა. მართლაც, რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი? კეგლის ფუნქციის შესრულება ნებისმიერ საგანს შეეძლო, საჭირო იყო მხოლოდ ბურთის დამზადება. მარტივია და ამავდროულად გენიალური. ამიტომაც ბოულინგი და მისი მსგავსი თამაშები, სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში ოდითგანვე არსებობდა.

 

და მაინც, ბოულინგის არსებობის შესახებ პირველი არქეოლოგიური მტკიცება, სწორედ ეგვიპტეს უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში ასეთი ჰიპოთეზა ბრიტანელმა ანთროპოლოგმა სერ ფლინდეს პეტრიმ წამოაყენა. მისი აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500-3000 წელს ძველ ეგვიპტეში ბოულინგს თამაშობდნენ. ინგლისელი მეცნიერი ამ ჰიპოთეზას 1930 წელს მის მიერ აღმოჩენილი საგნებით ადასტურებს. მაშინ ბავშვის ერთ-ერთ სამარხში მან იპოვნა საგნები, რომლებიც თანამედროვე ბოულინგის იარაღების პროტოტიპი იყო.

 

ამის შემდეგ კეგლებით თამაშის უამრავი ნაირსახეობა შეიქმნა. ბოულინგის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სახეობა ედინბურგში დღესაც არსებობს. მოთამაშე ბურთს ფეხებს შორის იქცევს და ნახტომში სროლის შემდეგ მუცელზე ეცემა.

ბოულინგი ნელ-ნელა სულ ახალ და ახალ ქვეყნებს იპყრობდა, თანამედროვე სახე კი 19-ე საუკუნის აშშ-ში მიიღო. მას შემდეგ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბოულინგმა მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა.

1875 წელს ნიუ-იორკის 11 ბოულინგ კლუბის წარმომადგენელმა თამაშის საერთო წესები და სტანდარტები დაადგინა. საერთო აზრის მიღწევა მხოლოდ კეგლების ზომასა და ბილიკების სიგანეზე არ მოხერხდა.

კიდევ ოცი წლის შემდეგ ნიუ-იორკში ბოულინგის ამერიკული კონგრესი დაარსდა, დადგინდა ქულების მაქსიმალური რაოდენობა – 300, და კეგლებს შორის მანძილი – 12 დუიმი.

 

ასევე დადგინდა, რომ ბურთის მაქსიმალური წონა 16 ფუნტი უნდა იყოს (7,258კგ.), რა თა საშუალო აღნაგობის ადამიანს ზედიზედ სამი თამაშის გამართვა ფიზიკურად არ გაუჭირდეს. ბილიკის სიგრძედ 60 ფუტი (18,228მეტრი) განისაზღვრა. სხვათა შორის, წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოჩენილია უძველესი ხანის მოედანი, რომლის სიგრძე ზუსტად 18,228 მეტრს შეადგენს. ეს დამთხვევაა? შესაძლებელია.

 

ბიულინგის მოყვარულ ქართველებს რომ ჰკითხოთ, ამ თამაშის მთელი ეშხი კონკრეტულად თამაშის პროცესია და კარგი მოთამაშე დაგროვილი ქულებით მხოლოდ და მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ ინტერესდება. სპორტული შეჯიბრისადმი ასეთი, მე ვიტყოდი, ქართული მიდგომა ცოტა არ იყოს უცნაურია, მაგრამ თავის დროზე თბილისში ჩოგბურთიც ოდენ მარტივ გასართობად აღიქმებოდა, მანამდე, სანამ დიდი წარმატებები მოვიდოდა.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...