ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
29 მაისი, ხუთშაბათი, 2025

პიროვნული ღირსების გადარჩენისათვის

0

(პიროვნული ღირსების გადარჩენისათვის , ანუ რატომ არ სთხოვს თემი პასუხს ჯოყოლას მუსას მოკვლის გამო და სხვა)

პიროვნული  ღირსებების დაცვა და საზოგადოებრივი ურთიერთობები ყველა დროის პრობლემური საკითხებია, მაგრამ, ვაჟასი არ იყოს, „ამის თქმით ვწარამარაობთ”, თუმცა პრობლემა დღესაც,  ბოლომდე,  სრულად,  ჯერ კიდევ მოსაგვარებელი და გადაუჭრელია. ვინ უნდა მოაგვაროს ეს და როგორ? – სწორედ ამას იძიებს ვაჟა თავისი შემოქმედებით.

ადამიანური ღირსება ადამიანის ფარია! ღირსებაშელახული, ღირსებაწართმეული, ღირსების შეგრძნების უნარს მოკლებული პიროვნება აღარ არის სრული სახე ადამიანისა  – ის ან მონაა, ან პირიქით, დამმონებელი.

თუ საკუთარი ღირსების შეგრძნება არ გაგაჩნია, ვერც სხვისას შეიგრძნობ.

ადამიანური ღირსების წარმოჩენის  ასპარეზად  ვაჟამ სისხლის აღებისა და სტუმარ-მასპინძლობის  ადათ-წესი  გამოიყენა, რომელმაც  ერთმანეთს დაუპირისპირა  პიროვნება და თემი. სწორედ ესაა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში პიროვნებასა და საზოგადოებას და თვით პიროვნებებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ამ ჭიდილის, ბრძოლის ფონად „სტუმარ-მასპინძელში“ ორი ადათ-წესის ურთიერთდაპირისპირებაა გამოყენებული, რომლის აქეთ და იქით მდგარნი, უპირველესად, პირადი ღირსების დაცვას ფარად აღმართვიან, რამეთუ სხვაგვარად მათ  სიცოცხლე არ ძალუძთ. ეგაა მხოლოდ, ვის როგორ ესმის, ან რომელს ანიჭებს უპირატესობას ურთიერთბრძოლის დროს. ამიტომაცაა, რომ პოემა, თემისა და ჯოყოლას დაპირისპირებამდეც, ოჯახსა და ოჯახს გარეთ ადამიანური ღირსების წარმოჩენას ემსახურება, რომელიც კულმინაციას უკვე მათი დაპირისპირების შემდეგ აღწევს, როცა ღირსების გადარჩენისთვის ბრძოლა ემსგავსება ბრძოლას ერთი ღირსების მიერ მეორის განადგურებისათვის.

პიროვნებათა ღირსების წარმოსაჩენად პოემის ორი პერსონაჟის – ზვიადაურისა და ჯოყოლას დაძმობილებაც საკმარისი იქნებოდა მიპატიჟებისთვის. მიპატიჟების შემდეგ, ჯერ სტუმრით „თავმოწონებული“ ჯოყოლა შედის სახლში, უკან მიჰყვება ცოლი, შემდეგ კი „თან მისდევს ზვიადაური, ძმობილი გაიჩინაო“, მაგრამ ვაჟას, როგორც ჩანს, სხვა ჩანაფიქრი აქვს. მივყვეთ ტექსტის თანმიმდევრობას: ჯოყოლას სახლში შემთხვევით დამხვდური ჭაღარაშერეული, ხნიერი ქისტი იცავს რა სტუმარ-მასპინძლობის წმინდა წესს, ფეხზე ადგომით მიესალმება სტუმარს: „სტუმრად მოსული უცნობი, სტუმარს პატივს სცემს სხვისასა, ფეხზე ადგომა წესია, წესს ვერ დაარღვევს მთისასა“. მაგრამ მოხუც ქისტს ,,ფერი დაედო მგლისა“ , როდესაც სტუმარში მტერი შეიცნო – ხანჯლისკენ წაიღო ხელი, თუმცა თავი შეიკავა, რადგან ისიც მთის წესია, რომ ,,…სტუმარი სხვის სახლში ვერ გაშლის ხათაბალასა“.

„დროულმა ქისტმა“ საოცარი თავშეკავება გამოიჩინა და არ შელახა ჯოყოლას ღირსება. მაგრამ ახლა იწყება უმთავრესი – კარიკარ სიარული და ყველა ქისტისთვის ზვიადაურის ადგილსამყოფლის შეტყობინება:

,,…დღეს ჩვენს ხელთ არის, ვეცადოთ, ვაგემოთ გემო მწარეა“… – ეს კი სისხლის აღების წესის აღსრულებისთვის მოწოდებაა. რა ხდება? საქმე ისაა, რომ მოხუცი ქისტი ორი სიმართლის შუა აღმოჩნდა. ასევე აღმოჩნდა ჯოყოლაც ამ პრობლემების წინაშე. განსხვავება ერთია მხოლოდ – ჭაღარაშერეული ქისტი იცავს ჯოყოლას ოჯახის ღირსებასა და სიწმინდეს, მაგრამ სისხლის აღებისაკენ მოუწოდებს თემს, როგორც თემის ერთგული წევრი.  ჯოყოლა, რჩება რა თემის ადათ-წესების ერთგული, მოუწოდებს თანამოძმეებს, თავი შეიკავონ ზვიადაურის გათოკვისაგან, რადგან ამით მის ოჯახს ელახება ღირსება – საშუალება მისცენ ხევსურს, რათა გასცდეს აქაურობას და მერე „მოეპყრონ ავად“.

ჯოყოლაც და მოხუცი ქისტიც, ორივენი, ორი „მართალი სამართლის“ – ორი სიმართლის შუა აღმოჩნდნენ. არცერთი მათგანი არ უარყოფს არცერთ სიმართლეს, ოღონდ ბედისწერამ თუ შემთხვევითობამ დააყენა ისინი არჩევნის წინაშე, თუ რომელი სიმართლე დაიცვან მეორის ფასად.

საოცარია! – ჯოყოლამ, რომლის სტუმარზე – ზვიადაურზე შურისძიება გამხდარა თემისთვის მთავარი, სიცოცხლეს გამოასალმა მუსა. თემს ამაზე რეაქცია არ აქვს. მხოლოდ იმიტომ გათოკავენ  ჯოყოლას, რომ  ხელი არ შეეშალოთ ზვიადაურის წაყვანაში. როგორ, თემს პასუხი არ უნდა მოეთხოვა ჯოყოლასთვის, რომელმაც ყველას თვალწინ მოკლა მუსა? – თემი პასუხს არ სთხოვს ჯოყოლას. ვაჟა თითქოს კონკრეტულად არაფერს ამბობს ამაზე, მაგრამ ნათელია, – მუსამ შეურაცხყოფა მიაყენა  ჯოყოლას:

აყეფდი ქოფაკივითა,

აბდაუბდაუბ შტერადა;

ამ გიაურის გულისთვის

ძმებსაც ეპყრობი ტერადა“

ამ სიტყვების თქმა დაუჯდა კიდეც სიცოცხლის ფასად მუსას:

რაო? ქოფაკო, შენ ამბობ?

ახლა ძაღლადაც გამხადე?!“_

იძრო ხანჯარი, მუსასა

გულში უმარჯვა დამდე“.

 

როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, თემი ჯოყოლას პასუხს სთხოვს ზვიადაურის სტუმრობაზე და პასუხს არ სთხოვს მუსას მოკვლაზე. პასუხი, ალბათ, ასეთი უნდა იყოს: პირადი ღირსების გადარჩენისას, როცა ერთი შეურაცხყოფს  მეორეს, თემი პიროვნებას უტოვებს ბრძოლის ასპარეზს და არ ერევა მათ საქმეში. პირადულ ანგარიშსწორებად მიიჩნია თემმა ჯოყოლას საქციელი მუსას მიმართ და ხანჯლითვე არ გაუსწორდნენ მას, მაგრამ იმ წინააღმდეგობისთვის, რომელიც თემს გაუწია ჯოყოლამ ზვიადაურის გამო, სიკვდილზე არანაკლები – სირცხვილი აწვნიეს:

 

წყევლა ხალხისა ჭექაა,

ნაფურთხი წვიმის ცვარია“.

თემმა, ამგვარად, უკვე მოიკვეთა ჯოყოლა ოჯახიანად“.

 

სტუმარ-მასპინძლობის ადათ-წესი, ადამიანური ურთიერთობის ეს ულამაზესი ,,რიტუალი“ მართლაც  „ღვთის წყალობაა“, რომლის დაცვა კაცური ღირსებით ამკობს ჯოყოლას, ხოლო მისი უარყოფა პირიქით, „ცა-ქვეყნის მადლის“ უარყოფაა, „რჯულის დავიწყებაა“ და, ამდენად, არაკაცობაა. „ვის გაუყიდავ სტუმარი? ქისტეთს სად თქმულა ამბადა?“ – შესძახის ჯოყოლა თავისიანებს.

 

ვაჟა-ფშაველა წერდა: „ოჯახი, ფშაველის წარმოდგენით, სადგურია არა მარტო იმათი, ვინც ოჯახში ცხოვრობს, არამედ მას სხვა პატრონიცა ჰყავს; იმ სხვა პატრონს სახლის ანგელოზი ეწოდება“. ეს  ძლიერი  რწმენა და ოჯახის ღირსების დაცვა წარმოადგენს ჯოყოლასათვის, როგორც მამაკაცისთვის, მთავარს. ამიტომაც ვერ მოახერხა თემმა თემისავე ადათ–წესების ერთგული ჟოყოლას დაყოლიება:

„მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა                                                                                                                      

თქვენს გულისთქმასთან ძაფითა“.

როდესაც თემისა და პიროვნების ურთიერთობის საკითხია განსახილველი, სწორედ ამ  „გულისთქმის ძაფია“  ზოგან გაწყვეტილი, ზოგან კი – მთელი. როცა ეს „გულისთქმის ძაფი“ წყდება, მაშინ ხდება ღვთის დაგმობა და თვითონვე ვისჯებით. ამიტომ აცხადებს ვაჟა:

„ბუნების ცოდვა ესაა,                                                                                                                                                       

მუდამ საწყინო ჩემია:                                                                                                                                                

   ავსა და კარგსა ყველას კლავს,                                                                                                               

არავინ გადურჩენია.                                                                                                                                    

 ყველა მგზავრთათვის ინთქმევა,                                                                                                                    

 როცა იღუპვის გემია!..“

ვიღა კითხულობს, თუ როგორი ვაჟკაცია ზვიადაური, ის მხოლოდ და მხოლოდ მტერია ქისტებისა და უნდა დააკლან თავიანთ მკვდარს – მორჩა და გათავდა! – თემის გონებას მხოლოდ ეს ერთადერთი  მიზანი  მართავს.  ამიტომაც არ უწევენ ანგარიშს იმას, რომ:

„სიკვდილი ყველას გვაშინებს,

სხვას თუ ჰკლვენ, ცქერა გვწადიან;                                                                                                                                    

კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯელა,                                                                                                           

როგორ დიდ ცოდვას სჩადიან“.

 

როგორც უკვე ვთქვით, შურისძიებით შეპყრობილ ქისტებში დროებით გამოანათა გონებამ, მაგრამ ჯოყოლასავით, ხმამაღლა, ამას არავინ ამბობს, იმიტომ კი არა, რომ ეშინიათ, ან არ ეშინიათ. აქ მთავარი ერთია – ყველას დავიწყებია (ჯოყოლას გარდა) სტუმარი – „ღვთის წყალობა“ და ყველას ახსოვს მხოლოდ ერთი –

 

„…მტერს მტრულად მოექეც“– 

  თვითონ უფალმა ბრძანაო..“

     და დროებით განათებულ გონებას უფრო მეტი სიბნელე მოეფინა: დასამარხადაც არ გაიმეტეს ზვიადური:

„თუნდა ძაღლებმა ითრიონ,                                                                                                       

 ფრინველთა ჯიჯგნონ ზიარად;                                                                                                            

   „არ შაეწირა, ეგდოსო,                                                                                                                          

 ეგეც ეყოფა ზიანად“.

 

ომში  სიკვდილი არ ეღირსა ხევსურ ზვიადაურს, „ტიალად გაწირეს“ ის ქისტებმა, მაგრამ ეღირსა „დამარცხება მტრისა“ – „გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა“ – მთავარი ესაა; ამიტომაც არის აუცილებელი ასეთი ვაჟკაცის დატირება, და, ტირის აღაზა…

 

როგორც ცნობილია, ვაჟა „ორი თვე შეაჩერა“ იმ ადგილმა, თუ რა უნდა ეპასუხა აღაზას ქმრისათვის კითხვაზე, ნამტირალევი რადა ხარო. საბოლოოდ, როგორც იუზა  ევგენიძე შენიშნავს, „ვაჟამ… ცოლ-ქმარს შორის გამგებიანი ურთიერთობის მაღალი დონე შესთავაზა მკითხველს, როცა ჯოყოლას ათქმევინა:

 

„იტირე?! მადლი გიქნია,                                                                                                                         

  მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება                                                                                                                                       

  გლოვა ვაჟკაცის კარგისა“.

 

დიაცსაც უხდება კარგი ვაჟკაცის დატირება და კარგი ვაჟკაციც უნდა დაიტიროს დიაცმა. ცრემლის,  დატირების გარეშე  ცოდოა ვაჟკაცის იმ ქვეყნად გასტუმრება. თუ უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით აღაზას საქციელს, მივალთ  შემდეგ აზრამდე: „… ცოცხალ ადამიანში კი მოწონების გრძნობაც არის და სხვისი გმირული ქცევით გატაცებისაც, სიბრალულისაც და სიყვარულისაც, მოვალეობისა და საკუთარი ქცევის თვითშეფასებისაც. ქმრისადმი დიდი სიყვარული არ გამორიცხავს სხვა მამაკაცის მოწონების შესაძლებლობასაც…“ (იუზა ევგენიძე).

ჯოყოლასათვის არაფერია მიუღებელი იმიტომ, რომ აღაზას ოჯახის საზიანო არაფერი ჩაუდენია:

„მაგისთვის ჰოგორ შეგრისხავ? 

  ტყუილს სჯობს სიმართლის თქმაო“.

ასე შეგნებულად განსჯის ჯოყოლა,  მაგრამ  თუ  ვინმემ  გაბედა და მისი ღირსება  შელახა, ის მზადაა ოჯახის სიწმინდის, საკუთარი კაცური ღირსების შებღალვისათვის აზღვევინოს ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს იგი:

„ხომ არავინ მოიწადინა                                                                                                                           

გადაეგორე მკლავზეო?..                                                                                                                                 

  მითხარ, არ გაჭმევ იმის ჯავრს,                                                                                                                                                                                

  ვანანებ ემავ წამზეო,                                                                                                                                                                                    

ჩემის ნამუსის შემბღალავს                                                                                                                                                           

მალე მოვიყვან ჭკვაზეო“.

 

აღაზასაც  და ჯოყოლასაც საკუთარი ღირსების შეგრძნება რომ შეუძლიათ, იმიტომ ძალუძთ სხვისი ღირსების შეფასებაც და დაფასებაც. ცოლ-ქმრის ასეთი თანხვედრაც იშვიათი და მისასალმებლია. ისინი დარწმუნებული არიან თავიანთ სიმართლეში, მაგრამ თემს ვერ არწმუნებენ. ასევე თემიც, დარწმუნებული თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, სიმართლედ თავისას მიიჩნევს და ჯოყოლას ოჯახიანად მოკვეთენ. როგორ დაამტკიცოს ჯოყოლამ, რომ მოღალატე არ არის? – კარგად იცის, როგორ! –

„მარტოკამ უნდა ვიომო,                                                                                                                                                  

მთელმა ჯარეგამ მნახოსა;                                                                                                                             

    ვინ ერთგულია, ვინ–არა,                                                                                                                

  ქვეყანამ დაინახოსა“.

 

მაგრამ საკუთარი სიცოცხლის შეწირვითაც  ვეღარ დაუმტკიცებია ჯოყოლას ერთგულება თანამოძმეთათვის, გიჟადაც თვლიან. მტრისადმი შურისძიებით აღვსებულნი, სავსებით გულგრილად იმეტებენ თავისიანსაც, ოღონდ პატივი მიაგონ თავიანთ მკვდარს. რა ხდება? – ალბათ ის, რაც ხდებოდა და ხდება ხშირად  – მკვდარი გვახსოვს,  ცოცხალი კი – არა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, ზოგს არც სიკვდილში აქვს ბედი. ჯოყოლას, როგორც  მასპინძელს, არც სიცოცხლეში  აღმოაჩნდა ბედი (თემმა ვერ გაუგო) და არც სიკვდილის შემდეგ. მიზეზი ამისა კი ის არის, რომ, როგორი მართალიც არ უნდა იყო,  „სოფელ–ქვეყანას“ თუ განუდექი, მარტოდმარტო დაიღუპები. ჯოყოლა თავისიანებს არც კი განდგომია, მაგრამ თემმა მიიჩნია, თემმა ჩათვალა ასე. თავად თემი, პატივს სცემს სტუმარ-მასპინძლობის ადათს, მაგრამ როცა შურისძიება მიზანი გამხდარა, სწორედ სისხლის აღების წესი  გადასწონის სტუმარ-მასპინძლობისას.

   

     საზოგადოებისაგან მოკვეთილი ადამიანები არაერთხელ გამხდარან ამავე საზოგადოებისათვის სამაგალითონი. მათ, აკაკი ბაქრაძისა არ იყოს, „სიკვდილით მეტი გვასწავლეს“. ვაჟას პოემის ტრაგიკულად  დაღუპული პერსონაჟები იმქვეყნად აგრძელებენ სიცოცხლეს. სულეთიდან გადმოსულები, უფრო ძლიერ განგვაცდევინებენ იმას, რაც მათი ამქვეყნად ცხოვრებით განვიცადეთ:

„ვაჟკაცობისას ამბობენ,                                                                                                                                         

   ერთურთის დანდობისასა,                                                                                                                                                           

სტუმარ–მასპინძლის წესზედა                                                                                                                                                                                         

ცნობის და და-ძმობისასა“.

     მთავრდება პოემა „სტუმარ–მასპინძელი“. ჩვენ ამაღლებული გრძნობით ვემშვიდობებით ღირსებით შემკულ საოცარ პერსონაჟებს და გვეუფლება შეგრძნება, რომ, მართლაც, ღირსება ფარია ადამიანისთვის და რა საბრალოა ის, ვისაც ამის განცდა და გაცნობიერება არ შეუძლია.

                                                                                                                                         

მშობლის ანბანი, როგორ მოვიქცეთ როცა სახლში დედისერთაა

0

დედისერთას შესახებ ორი ყველაზე გავრცელებული თვალსაზრისი არსებობს: პირველი -დედისერთა თურმე ემოციურად უფრო მდგრადია, ვიდრე სხვა ბავშვი, რადგანაც მისთვის უცხოა სხვა დედმამიშვილებთან მეტოქეობასთან დაკავშირებული განცდები; და მეორე – დედისერთას უფრო მეტი სიძნელეების გადალახვა უხდება  ფსიქოლოგიური წონასწორობის მოსაპოვებლად, რადგანაც მას არ ჰყავს და-ძმა. რაც არ უნდა იმსჯელონ ფსიქოლოგებმა, დედისერთას ცხოვრება ოჯახში ხშირად ისე ყალიბდება, რომ სწორედ მეორე თვალსაზრისს ამტკიცებს. თუმცა მას სიძნელეები აუცილებლად შეხვდება. ისინი იმდენად ხშირია, რომ მათი არშემჩნევა შეუძლებელია.

მშობლები დედისერთას, უდავოა, მეტისმეტ ყურადღებას უთმობენ. ისინი ძალიან ზრუნავენ მასზე მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ერთია, მაშინ, როდესაც სინამდვილეში იგი მხოლოდ პ ი რ ვ ე ლ ი ა. მართლაც, მხოლოდ ზოგ ჩვენგანს აქვს უნარი, მშვიდად, საქმის ცოდნით მიუდგეს თავის პირმშოს ისე, როგორც მომდევნო შვილებთან იქცევა. აქ მთავარი მიზეზი გამოუცდელობაა. თუმცა, სხვა მიზეზებიც არსებობს. ზოგიერთ მშობელს აშინებს ბავშვების გაჩენით აღებული პასუხისმგებლობა, სხვანი შიშობენ, რომ მეორე ბავშვი გავლენას მოახდენს მათ მატერიალურ მდგომარეობაზე. ზოგიერთებს კი უბრალოდ არ უყვართ ბავშვები, თუმცა არასდროს აღიარებენ ამას. მათთვის სრულიად საკმარისია ერთი შვილი.

ასე და ამგვარად, შეიძლება ვიპოვოთ სხვა ასევე მნიშვნელოვანი მიზეზები, რომლებსაც შეუძლიათ განაპირობონ სწორედ ასეთი მეტისმეტი მზრუნველობა ბავშვის მიმართ. გამოუცდელი, თავის ძალებში ნაკლებად დარწმუნებული მშობელი თავს მოვალედ გრძნობს, იზრუნოს ერთადერთ შვილზე, რათა ჩაახშოს ან დამალოს გრძნობები, რაც მას ხელს უშლის ჰყავდეს უფრო დიდი ოჯახი. თუნდაც არამყარი მატერიალური მდგომარეობის ადამიანები, როგორც წესი, უფრო მეტს ხარჯავენ ერთადერთ შვილზე, ვიდრე რამდენიმე შვილიანი ოჯახები. ასეთი ადამიანი თავის გამოუცდელობას სძლევს შვილისადმი მეტისმეტად ფრთხილი დამოკიდებულებით,  რაც არასწორი მიდგომაა.

ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში ზოგიერთ დაბრკოლებას სრულიად ზუსტი სახელი ჰქვია – სათბურის პირობები. როცა ბავშვს აფუფუნებენ, ანებივრებენ, ზედმეტად ეფერებიან,  ერთი სიტყვით, ხელისგულზე ატარებენ.  მეტისმეტი ყურადღებისაგან მისი ფსიქიკური განვითარება უთუოდ ფერხდება. ის უსათუოდ შეეჯახება სერიოზულ სიძნელეებსა და გულგატეხილობას, როცა ოჯახის გარეთ აღმოჩნდება, რადგან სხვებისგანაც ისეთივე ყურადღებას მოელის, როგორსაც მშობლების ოჯახში მიეჩვია. ამავე მიზეზით მეტად სერიოზულად უდგება საკუთარ თავსაც, წვრილმანი მეტისმეტად დიდად და მნიშვნელოვნად მოეჩვენება.

ამის შედეგად ადამიანებთან ურთიერთობა მისთვის შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე სხვა ბავშვებისთვის. იგი იწყებს კონტაქტიდან გარიდებას, განმარტოებას, მას არასოდეს განუცდია ძმებსა და დებს შორის მშობლის სიყვარულის გაყოფა, რომ არაფერი ვთქვათ თამაშებზე, თავის ოთახსა და ტანსაცმელზე. მას გაუძნელდება სხვა ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა და ბავშვების საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ყველაფერი? სწორედ მეორე ბავშვის დახმარებით – ასე იტყვის ბევრი ჩვენგანი და მართალიც იქნება. მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი განსაკუთრებული პრობლემა შეიძლება გადაწყდეს ამ გზით.  ვერ ვიტყვით, რომ კიდევ ერთი ბავშვის გაჩენისთანავე სრულ ჰარმონიას მივაღწევთ პირველთან. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მთელი ძალით გადავლახოთ ჩვენი სწრაფვა – სათბურის პირობებში გავზარდოთ ბავშვი.

ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს მისი ურთიერთდამოკიდებულება თანატოლებთან. ამ დროს ერთადერთი შვილისთვის პრობლემების თავიდან ასაცილებლად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და, რაც მთავარია – შეგვიძლია დავეხმაროთ მას სამყაროსთან კონტაქტების გაფართოებაში. თუ ბავშვს ბევრი მეგობარი ჰყავს და იგი მათთან თავს კარგად გრძნობს, მაშასადამე, ჩვენ არ ვიჩენდით მის მიმართ მეტისმეტ მზრუნველობას და ხელს არ ვუშლიდით მეგობრების შეძენაში. როცა ბავშვს უფლებას ვაძლევთ, ყველაფერი გააკეთოს, რასაც მის ასაკში სხვა ბავშვები აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მას ვეხმარებით გაიგოს, როგორ მოიქცეს თანატოლთა გარემოცვაში. მისი აზრები და ქცევები რაც უფრო ნაკლებად განსხვავებულია თანატოლების ქცევებისგან, ე.ი. მით უფრო ნაკლებად იგრძნობს ის თავს „დედისერთად“.

 

 

ღვინის ისტორია

0

არქეოლოგიური აღმოჩენები მეტყველებენ იმაზე, რომ ადამიანებმა მეღვინეობა ჯერ კიდევ 5-7 ათასი წლის წინ დაიწყეს. ვენახები გაშენებული ჰქონდათ ეგვიპტეში, ასირიაში, ბაბილონში, შუა აზიაში, ასევე იაპონიასა და ჩინეთში. ეგვიპტის ერთ-ერთ პირამიდაში უამრავი ღვინის დოქია ნაპოვნი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავად ფარაონებიც არ ამბობდნენ ამ სითხეზე უარს.

 

მეღვინეობის აყვავების ხანად სამართლიანად ითვლება ელინური ეპოქა. ღვინოს ხოტბას ასხამდნენ პოეტები და ფილოსოფოსები. ღვინო ნებისმიერი დღესასწაულისა თუ სამეცნიერო დისპუტების აუცილებელი მონაწილე იყო. სხვათა შორის, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ბერძნულად მეცნიერების მიერ მოწყობილ მსუბუქ „ლოთობას” დღეისათვის საკმაოდ პოპულარული სიტყვა „სიმპოზიუმი” ეწოდება. ღვინოს ძველად არა მარტო მეცნიერები სვამდნენ, არამედ უშიშარი და სახელგანთქმული მეომრებიც. „ილიადაში” ჰომეროსი მოგვითხრობს, რომ სწორედ ღვინო დაეხმარა აქაველებს, თავი დაეღწიათ ტროას მიერ მოწყობილი ხანგრძლივი ალყისათვის.

 

იმის თქმაც შეიძლება, რომ ღვინო იმ პერიოდში ნაწილობრივ წყლის შემცვლელიც იყო. ღვინით ვაჭრობდა მრავალრიცხოვანი ბერძნული კოლონიები. ხმელთაშუა და შავ ზღვებზე ღვინით სავსე, დაბეჭდილი ამფორებით დატვირთულები ხომალდები მიდი-მოდიოდნენ.

 

ასევე წარმოიშვა ღვინისა და მხიარულების მფარველი დიონისეს კულტიც. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ერთხელ დიონისე შეხვდა ძალზე ლამაზ სატირას, სახელად ამპელოსს, რომელიც მისი ერთგული მეგობარი და თანამგზავრი გახდა. როდესაც ამპელოსი გარდაიცვალა, დიონისემ იმდენად მოიწყინა, რომ ზევსს შეეცოდა იგი და გარდაცვლილი სატირა ყურძნის ვაზად გადააქცია. ამის შემდეგ დიონისემ ადამიანებს ღვინის დაყენება შეასწავლა.

 

მას შემდეგ, რაც რომაელებმა დიონისეს სახელი გადაარქვეს და მას „ვაკხა” უწოდეს, მის საპატივცემულოდ მოწყობილ დღესასწაულებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახელი „ვაკხანალია” ეწოდებოდა. გალების, იბერიელებისა (დღევანდელი ესპანეთი) და გერმანიის დაპყრობის შემდეგ რომაელებს ამ ქვეყნებში მეღვინეობის კულტურა შეჰქონდათ. ბარბაროსები სიამოვნებით ითვისებდნენ ახალ მეცნიერებას.

 

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე ღვინის კეთება ბერების საქმიანობად ითვლებოდა. შუა საუკუნეების მონასტრები არა მარტო მეღვინეობის ლაბორატორიები იყო, არამედ ამ ადგილებში თავაშვებული ლოთობები და ღრეობები იმართებოდა. მუდმივად მთვრალი ბერის იერი მონასტრის მსახურებისა და ტრუბადურების განუყოფელ ატრიბუტად იქცა. მოგვიანებით კი ლიტერატურაშიც დამკვიდრდა.

 

შუა საუკუნეებში მეღვინეობის ცენტრმა თანდათანობით ბურგუნდიაში გადაინაცვლა. ვისაც დიუმას რომანი „სამი მუშკეტერი” აქვს წაკითხული, ალბათ ახსოვს სცენა, როდესაც ათოსმა ბურგუნდიული ღვინით დათრობის შემდეგ ერთ-ერთ ტრაქტირში დებოში მოაწყო. სამეფო მუშკეტერებს, ისევე, როგორც კარდინალის გვარდიელებს, მართლაც ძალიან უყვარდათ ღვინო, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ უძველეს პროვინციაში – ბურგუნდიაში მზადდებოდა. მხოლოდ მე-14 საუკუნის დასასრულიდან საუკეთესო ღვინის ტიტული ბორდოს პროვინციაში დამზადებულმა ღვინომ დაისაკუთრა.

 

ზოგიერთი ქვეყნის სახელგანთქმული ღვინის წარმოშობა არა მეღვინეების თავდაუზოგავი შრომით, არამედ სრულიად შემთხვევით დაიბადა. მაგალითად – „მადეირა”.

 

ხუთი საუკუნის წინ ერთ-ერთმა ვაჭარმა ინდოეთში ღვინის დიდი პარტია გაგზავნა. ხომალდმა კუნძულ მადეირადან აიღო გეზი, შემოუარა აფრიკას და როგორც იქნა, ბომბეიმდე მიაღწია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ღვინის დამკვეთი უკვე ცოცხალი აღარ იყო, მისი შვილები კი შეკვეთის საფასურის გადახდას არ აპირებდნენ.

 

გემის კაპიტანი იძულებული გახდა, ღვინო ისევ უკან წაეღო. ღვინის მეპატრონემ, როდესაც უკან მობრუნებული ღვინით დატვირთული ხომალდი დაინახა, ჩათვალა, რომ გაკოტრებული იყო და თავის მოკვლა გადაწყვიტა. ამ მდგომარეობამ მას არ შეუშალა ხელი, ინდოეთიდან მობრუნებული ღვინო გაესინჯა. ღვინო იმდენად არაჩვეულებრივი აღმოჩნდა, რომ მის მეპატრონეს თვითმკვლელობა მაშინვე დაავიწყდა.

 

ამ არაჩვეულებრივი ღვინის საიდუმლოების გარკვევის მცდელობის დროს მეღვინეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ეს ზღვაზე ხანგრძლივმა მოგზაურობამ გამოიწვია. ამიტომ მათ უზარმაზარი სარწეველები ააშენეს და რამდენიმე თვის მანძილზე ღვინით სავსე კასრებს არწევდნენ.

 

მათი ეს მცდელობა სრულიად წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ მეღვინეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ამის მიზეზი კლიმატის ცვლილება ყოფილიყო და ღვინის კასრებს მზეზე დგამდნენ, ხოლო ცივ ამინდებში ხელოვნურად ათბობდნენ. სწორედ ეს აღმოჩნდა „მადეირას” დაყენების საიდუმლოება. დღემდე სამარკო „მადეირას” მზეზე, ღია მოედნებზე, სასახლეების ეზოებში ან შუშის სპეციალურ ორანჟერეებში გაჩერებით იღებენ.

 

ლევან სებისკვერაძე

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს…“

0

  „მე მაქვს ცოდნა“ და „მე ვიცი“ – ეს არის ფლობისა და ყოფნის ორი განსხვავებული პრინციპის გამოხატულება ცოდნის სფეროში. ცოდნის ფლობა ნიშნავს – ცოდნის შეძენასა და არსებული ცოდნის შენახვას; ხოლო „ცოდნა“- ფუნქციონალურია და პროდუქტიული ფიქრის პროცესში მონაწილეობს.

ერიხ ფრომი

 

ახალი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ განათლების სისტემა, და არა მხოლოდ ქართული, ორინეტრირებულია სტანდარტიზაციაზე – ისეთი ცოდნის გადაცემაზე ან ცოდნის იმგვარი მეთოდებით გადაცემაზე, რომლის შედეგიც სტანდარტული ცნობიერებაა. ვაგროვებთ ცოდნას სკოლასა და უნივერსიტეტებში და გვაქვს იმედი, რომ ეს ცოდნა როდესმე „გამოგვადგება“, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი მინახავს, თვითგანვითარების გარეშე რომ წარმატებული გამხდარიყოს.

ეს პრობლემა რომ უნივერსალურია, ფრომის ეს ციტატიც საკმარისია: “არსებული განათლების სისტემა, როგორც წესი, მიმართულია იმაზე, რომ ასწავლოს ადამიანებს ცოდნის, როგორც გარკვეული ქონების შეძენა, რომელიც მეტნაკლებად შეეფერება იმ საკუთრებას და საზოგადოებრივ მდგომარეობას, რომელსაც მათთვის ეს ცოდნა მომავალში უზრუნველყოფს. ადამიანების მიერ მიღებული ცოდნის მინიმუმი, ზუსტად არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ მოცემულობის მიხედვით შეასრულონ სამსახურეობრივი მოვალეობები.“

დიახ, განათლების სისტემა ფუთავს ადამიანებს გასაყიდად, სარეალიზაციოდ. და არის ერთი ამბავი: როგორ დავწეროთ CV-ი, როგორ დავწეროთ CV-ი ისე, რომ დამსაქმებელმა მაშინვე „ხელი გვტაცოს“ და სამსახურში აგვიყვანოს. მერე ჩავებათ რუტინაში და ვაკეთოთ ის, რაც არასდროს გვსიამოვნებს, შედეგად კი მივიღოთ ფული, რომლსაც ბევრი არაფერი შეუძლია. მას შეუძლია დაგვაკმაყოფილოს საგნებით, მაგრამ ეს უბრალო დაკმაყოფილება სიამოვნებას და სიხარულს ვერ მოგვანიჭებს ან მხოლოდ –  მცირე დროით…

ბოლო დროს სულ უფრო მეტს საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის ეფექტურ გამოყენებაზე, შორს არ არის ის დრო, როდესაც ბევრ ავტომატურ საქმიანობას ჭკვიანი რობოტები ჩაანაცვლებენ. ბევრი პროფესია გაქრება, გაჩნდება ახალი პროფესიები… აი, მერე კი ნამდვილად მოუწევს ადამიანს იმაზე ფიქრი, რა დარჩა მისი გასაკეთებელი? ბუნებრივია, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო დანიშნულებით გამოყენებას (ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეაა)  აუცილებლად დიდი ხმაური და ეჭვი მოჰყვება: რომ სწავლის პროცესში სწავლება ორიენტირებულია ინდივიდუალურ მოსწავლეზე (სტუდენტზე), რომ თითოეული განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს… რომ რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს რობოტი, ის ვერ შეძლებს ყველაზე ცუდი მასწავლებლის ჩანაცვლებასაც კი და ასე შემდეგ…  ახლა კი გულწრფელები ვიყოთ და შევიხედოთ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში… როგორი მასწავლებელი/ლექტორია იქ უმეტესად? რომელსაც თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი სწავლის მეთოდი აქვს? – ეს ხომ სიცრუეა…? ცოდნა სტანდარტიზებულია, მისი გადაცემის გზებიც… მასწავლებელს ყველა წუთი გათვლილი აქვს: როგორ უნდა ახსნას მასალა და როდის რომელი კითხვა უნდა დასვას – წინასწარ შემუშავებული… დიახ, მასწავლებელი სარგებლობს პროგრამით, ვფიქრობ, არაეფექტური პროგრამით და  რატომ არ შეიძლება, კარგად დაპროგრამებულმა რობოტმა ასწავლოს ?  მაშინ მითხარით, რით არის მასწავლებელი კარგ რობოტზე უკეთესი? (კითხვები პროვოკაციულია და მაინცდამაიინც, ჩემს კითხვად ნუ მიიღებთ) მით უფრო, თუ გაკვეთილში ჩართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები და უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი იქნება სასწავლო პროცესი. ვიცი, უკვე მესმის ხმები, თუნდაც ამ სტატიის ჩაკითხვისას: „ის ხომ რობოტია, ის ხომ რობოტია?“… დიახ, ის იქნება ჭკვიანი რობოტი, რომელშიც ჩატვირთული იქნება დარგის მთელი ცოდნა… დიახ, ასეთი ჭკვიანი რობოტი გაკვეთილზე არ იჭორავებს კატებზე და ძაღლებზე, არც საკუთარ პრობლემებზე და ვერც მოსწავლეს „გადაეკიდება“… ინტერაქციაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს ხდება გაკვეთილზე…

ამ ყველაფერს იმიტომ არ ვყვები, რომ დავასაბუთო, რობოტიზაცია მომწონს თუ არ მომწონს. ეს, უბრალოდ, ახლო მომავლის რეალობაა. თანამედროვე განათლების სისტემა, რომელიც სრულიად არ არის შემოქმედებითი, თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს ხელოვნური ინტელექტით. წარმოიდგინეთ, რამდენი მასწავლებელი ვეღარ ჩაარტყამს თავში სახაზავს მოსწავლეს, ვეღარ დაჩაგრავს, ვეღარ დაუძახებს: დებილს, დეგენერატს, უტვინოს… ვეღარ დააკომპლექსებს და ასე შემდეგ (დიახ, კარგი მასწავლებლებიც არსებობენ, რომლებიც პირიქით იქცევიან, მაგრამ ისინი ერთეულები არიან და, დარწმუნებული ვარ, ისინიც დამეთანხმებიან ამაში).

ცოტა ფენტეზურ ხედვასაც შემოგთავაზებთ ამ მიმართულებით და გეტყვით, რომ შესაძლოა, სრულიადაც გაუქმდეს სკოლები და ოჯახის მასწავლებლის დახმარებით და კომპიუტერის მეშვეობით, სადაც ელექტრონული ფორმატით იქნება გაკვეთილები, მოსწავლე მიიღებს განათლებას და შეძლებს სწავლას, თანაც ისე, რომ მაინცდამაინც, 7 საათზე მაღვიძარა არ გააღვიძებს: „დროზე ადექი, გაგვიანდება“.  ჯარისკაცებივით სკოლებისკენ სირბილიც დამთავრდება, ტრანსპორტისგან დილის საათებში ქალაქებიც განიტვირთება… შემდეგ, წლის ბოლოს, ბავშვი წავა და ჩააბარებს შემდეგ კლასში გადასასვლელ გამოცდებს; მეტ თავისუფალ დროს კი ბავშვები მოახმარენ შემოქმედებითი არაფორმალური განათლების მიღებას, სპორტს და ასე შემდეგ. თუ მკითხავთ, რომ როგორ შეძლებს ყველა ოჯახი დაიქირავოს ოჯახის მასწავლებელი? – გიპასუხებთ, რომ ეს აუცილებელი არ იქნება და მშობელსაც შეეძლება ამის გაკეთება, რადგან ელექტრონულად ყველაფერი გამზადებული იქნება და მხოლოდღა ზედამხედველობა იქნება საჭირო, თანაც, მითხარით, რომელ ოჯახში არ დადის ამა თუ იმ საგანში მოსამზადებლად მასწავლებელი?

თუ ადამიანები ამ მხრივ დროის ეკონომიას გააკეთებენ და ამ დროს დახარჯავენ მიღებული ცოდნის შემოქმედებით გააზრებაში და იმაში, როგორ აამოქმედონ მიღებული ცოდნა, დამერწმუნეთ, ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება…

ეს იქნება გადასვლა ცოდნის დაგროვებიდან ცოდნის მოხმარებაზე…

ჩემი იდეა მთლად ფენტეზური არ მოგეჩვენებათ, თუ გაიაზრებთ იმას, რას აძლევს თანამედროვე სკოლა მოსწავლეს და როგორ იყენებს ის ამ ცოდნას? როგორც წესი, სკოლა „დაგეშილია“ უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოამზადონ მოსწავლეები და ორიენტირებულები არიან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ პროგრამებზე, მერე სტუდენტმა არ იცის, რატომ ამთავრებს საერთოდ უნივერსიტეტს, რაში ეხმარება ის ცოდნა, რომელსაც უმაღლესი აძლევს? შემდეგ იწყება დიპლომების თაროებზე შემოდება და ორდიპლომიანი ტაქსტსტების მონოლოგები ტაქსიში ჩაჯდომისთანავე…

და მაინც, რა არის ცოდნა? როგორი ცოდნა გვჭირდება და რას ნიშნავს, რომ ცოდნა ფუნქციონალური უნდა იყოს?

ამ სტატიაში ისევ ფრომს დავიხმარ, რადგან რისი თქმაც მინდა, მას უკვე აქვს კარგად ჩამოყალიბებული: „ცოდნის“ პრინციპის ყოფნასთან მიმართების გასაგებად, გამოგვადგება ისეთი მოაზროვნეების იდეები, როგორებიც იყვნენ, ბუდა, იუდეველი წინასწარმეტყვეები, იესო, მაისტერ ეკჰარტი, ზიგმუნდ ფროიდი და კარლ მარქსი. მათი აზრით, ცოდნა იწყება ჩვენი უბრალო მგრძნობელობითი აღქმის არასანდოობის გაცნობიერებით, რომ ჩვენი წარმოდგენა ფიზიკური რეალობის შესახებ არ შეესაბამება „ჭეშმარიტ რეალობას“, და უპირველეს ყოვლისა იმისი შეგნებით, რომ ადამიანების უმრავლესობა, სანახევრო ძილის მდგომარეობაში ცხოვრობს და არ იცის იმის შესახებ, რომ დიდი ნაწილი იმისა, რასაც ჭეშმარიტებად და თავისთავად მოცემულობად მიიჩნევენ, მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, რომელიც მათი საცხოვრებელი სოციალური გარემოს სუგესტიური გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა. ამრიგად, ჭეშმარიტი განათლება ილუზიის დანგრევით იწყება, დიდი იმედგაცრუებით. იცოდე – ნიშნავს შეაღწიო მოვლენის ზედაპირს მიღმა მის ფესვებამდე, მიზეზებამდე; იცოდე – ნიშნავს „ხედავდე“ რეალობას ისეთად, როგორიც არის, ყოველგვარი გაფორმებების გარეშე. ცოდნა – არ ნიშნავს ჭეშმარიტების ფლობას; ეს ნიშნავს შეაღწიო მოვლენების წიაღში და კრიტიკული პოზიციის შენარჩუნებით, აქტიურად უახლოვდებოდე ჭეშმარიტებას.“

 

ცოდნა, რომელიც ჩვენს ტრანსფორმაციას არ იწვევს, ცოდნა, რომელიც ჩვენს კითხვებზე პასუხს არ გვცემს, ცოდნა, რომელიც ჩვენ არ გვეხება, ცოდნა, რომელიც ქმედებაში არ გადადის, ცოდნა არ არის… დაგროვილი ინფორმაციაა.

სად იყო ფრომი, რუსთაველი რომ წერდა: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისაო“.

კაცობრიობამ ცოდნა დააგროვა, ახლა კი ცოდნის გამოყენების დროა… გამოყენებისას კი ახალ ცოდნასაც ვიძენთ.

გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს !!!

0

ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და ნაყოფიერ ცხოვრებას გისურვებთ!

მოუსმინეთ მშობლებს, მათ უამრავი რამ აქვთ სათქმელი

0

მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ოჯახებს არ უნდათ მონაწილეობის მიღება, როცა სინამდვილეში ოჯახებმა არ იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა“

– კარინ სალინასი

თითქოს ყველაფერი კარგად არის: რუტინაში გადაზრდილი სასწავლო პროცესი ჩვეული რიტმით მიდის, გაკვეთილები ტარდება, ზოგი კარგად სწავლობს, ზოგიც – ნაკლებად. ერთ დღესაც შვილის კლასელის მშობლებს დაბადების დღის ცენტრში შეხვდები და გაიგებ, რომ თურმე სასწაული ამბები ხდება. ის მასწავლებელი დავალებებს არ აძლევს, ეს მასწავლებელი ძალიან ბევრს ატანს სახლში სამეცადინოდ. აი, ის მესამე კიდევ საერთოდ არ ამოწმებს, რას წერენ ბავშვები საშინაო დავალების რვეულში. ხო, იმას რომ ბავშვისთვის უცემია, იმასაც გაიგებ. აი, მეხუთე კიდევ – თურმე საერთოდ არ იყენებს თანამედროვე სწავლების მეთოდებს. მეექვსე -კლასს ვერ იმორჩილებს. იგებ, რომ საკლასო ოთახი არ ნიავდება, რომ დერეფნებში საპირფარეშოს სუნი დგას და ტუალეტში ხელის დასაბანად საპონი არ არის. ბავშვებმა რომ იჩხუბეს და სკოლა ვერ გაუმკლავდა პრობლემას, ამასაც დაბადების დღის ცენტრში იგებ. რომელი მასწავლებლის დაბადების დღე ან რომელი დღესასწაული მოდის და ფული რამდენი უნდა დადო, ამასაც იქ გეტყვიან. სხვათაშორის, იგივე მშობლები, ვინც რამდენიმე წუთის წინ საშინელ ისტორიებს ყვებოდა სკოლაზე. 2 საათი გაქვს ამ ამბების მოსასმენად. რომ არა დაბადების დღის ცენტრი, შესაძლოა სასკოლო ყოველდღიურობის შესახებ ვერასოდეს გაგეგო. იმიტომ კი არა, რომ სკოლაში არ დადიხარ. არა! იმიტომ რომ ამ თემებზე სკოლაში არ ლაპარაკობენ.

დაბადების დღის ცენტრები ის ადგილია, სადაც სკოლის მოსწავლეთა მშობლები გულახდილად საუბრობენ პრობლემებზე. რას არ გაიგებ, რას არ მოისმენ. ყველა პრობლემა ხელის გულზე უდევთ. ყველაფერი იციან. ყველაფერი ესმით, მაგრამ როცა საქმე იდენტიფიცირებული პრობლემის მოგვარებაზე მიდგება, იქ „ყველა“ ერთ აზრზეა – „დალაპარაკებას რა აზრი აქვს“, „პრობლემა პრობლემად დარჩება“, „დამრიგებელმა რა ქნას“, „დირექტორი არც მიგვიღებს“, „ტყუილად ბავშვს გადაეკიდებიან“, „შვილს დამიჩაგრავენ“ და ა.შ.

ამასობაში ბავშვების გასართობად ნაყიდი 2 საათი იწურება. ყველა თავის გზაზე მიდის. მეორე დღიდან ისევ ყველაფერი „კარგად არის“. რუტინაში გადაზრდილი სასწავლო პროცესი ჩვეული რიტმით გრძელდება, გაკვეთილები ტარდება, ზოგი კარგად სწავლობს, ზოგიც – ნაკლებად…

რატომ არ მიდიან მშობლები სკოლაში?! რატომ იოხებენ გულს ერთმანეთთან ლაპარაკში და რატომ ვერ მიაქვთ სათქმელი იქ, სადაც საჭიროა?! მიზეზი მარტივია – მშობლები თვლიან, რომ მათ სკოლაში სიხარულით არ ელიან. იქ მშობლებისთვის თბილი, კონსტრუქციული გარემო არ არის. სკოლასა და მშობლებს შორის კომუნიკაციის პრობლემაა.

მასწავლებლებს და დირექციას ხშირად ავიწყდება აზიდული წარბის დაშვება და ღიმილი, რაც ჯანსაღი ურთიერთობის საწინდარია. დაძაბულ გარემოში ყოფნა მშობლისთვის ისეთი სტრესია, რომ  მხოლოდ ვალდებულების გამო მიდის სკოლაში. მაშინაც კი როცა მივა, დიალოგი ნეგატიურ კონტექსტში მიმდინარეობს და საუბრის ტონი შორს არის თანაბარუფლებიანი პარტნიორების დიალოგისგან, მეტიც, ხშირად სცილდება კონსტრუქციულ ჩარჩოებს. არც მშობელმა იცის რა და როგორ მოსთხოვოს სკოლას და არც სკოლაში იციან, რომ უნდა მოუსმინონ და ანგარიში ჩააბარონ მშობელს.

შედეგად გვაქვს ერთმანეთზე გაბრაზებული ორი მხარე – სკოლა და მშობელი, რომლებიც ერთმანეთს ჩასაფრებულის პოზიციიდან უყურებენ. სწორედ ამ დროს ზიანდება ბავშვის ინტერესი. მოსწავლე, რომელიც მთელი ამ პროცესის მთავარი გმირი უნდა იყოს, უკან ზოლში ინაცვლებს და წინ გამოდის უფროსებს შორის მტყუან-მართალის გარჩევა. ორივე მხარისთვის უსიამოვნო პროცესი წლები გრძელდება.

სკოლა ფასს კარგავს, მშობელი – ფულს, მოსწავლე – დროს. და ყველა ერთად სიმშვიდეს.

დანაკარგის ფასს ყველა რგოლი აცნობიერებს. კომუნიკაციის ბარიერები რომ არა, როგორც სკოლებს, ასევე მშობლებს სურვილი აქვთ, ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს. ეს სურვილი  იმ შემთხვევაში ძლიერდება, თუ პასიურმა მშობლებმა დაინახეს, რომ აქტიურის გარჯამ შედეგი გამოიღო. შედეგი კი უფრო სწრაფად დგება, თუ აქტიური მშობელი მარტო არ არის და მას თანამოაზრეები ჰყავს, რომლებსაც ღიად შეუძლიათ დააფიქსირონ აზრი ან მისცენ „მინდობილობა“ აქტიურ მშობელს, ისაუბროს მათი სახელით.

ვის შეუძლია სკოლასა და ოჯახს შორის ჩატეხილი ხიდის აშენება? ცალ-ცალკე ვერც ერთს, თუმცა დომინანტი როლი მაინც სკოლას აქვს. დირექციას შეუძლია შექმნას მშობლებისთვის მისაღები გარემო, შეუძლია ჩართოს ისინი სხვადასხვა აქტივობებში. შეუძლია „სკოლაში დაბარების“ ტრადიცია „სკოლაში მიწვევით“ ჩაანაცვლოს. შეუძლია სხვადასხვა საკომუნიკაციო ხერხებით მათთან მუდმივ კავშირზე იყოს. გამოკითხოს აზრი კითხვარების საშუალებით, მოისმინოს მათი სურვილები და საჭიროებები.

რა დაუჯდება სკოლას მშობლებთან ურთიერთობის სისტემის დანერგვა? მეტი დრო და მეტი საქმე, ვიდრე ახლა აქვთ. იმის შიში, რომ მშობელთა ჩართულობით მხოლოდ „ინტრიგან“ მშობლებს გაუღებენ სკოლის კარს, არსებობს, თუმცა ესეც დროის ამბავია, ერთგვარი გამოწვევაა, რომელსაც სკოლამ უნდა „უმკურნალოს“. გამოამზეუროს ის ნაკლოვანებები, რაც ჰიპერაქტიურ მშობლებს ახასიათებთ და კარგი მაგალითების საფუძველზე აუხსნას, როგორია მშობლისა და სკოლის კონსქტუციული, პარტნიორული ურთიერთობა.

იმ მშობლებში, დაბადების დღის ცენტრებში რომ იკრიბებიან და სასკოლო პრობლემებს განიხილავენ, დიდი ძალაა. მათი ნდობის მოპოვება ყველა გონიერ მენეჯერს უნდა სურდეს, მათ შორის სკოლის დირექტორს. მშობელთა ჩართულობით სკოლას შეუძლია იმაზე მეტი სარგებელი მიიღოს, ვიდრე მათთან ურთიერთობის ხარჯებია. მოიპოვო მშობლების  ნდობა, ნიშნავს: მეტ გადაჭრილ პრობლემას, უკეთეს რეპუტაციას, მეტ მხარდაჭერას, მშობლების რესურსების ათვისებას და რაც მთავარია, სკოლებში დანაშაულის შემცირებასა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

ცნობილი ფსიქოლოგი თომას გორდონი, რომელიც მსოფლიომ ოჯახში, სკოლასა და სამსახურში ადამიანური ურთიერთობების ექსპერტად აღიარა, წერს: „მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან“.

ასწავლეთ მშობლებს სკოლებთან ურთიერთობა.

დასაწყისში კი მოუსმინეთ მშობლებს, მათ უამრავი რამ აქვთ სათქმელი.

 

 

 

 

 

 

 

კლასი, როგორც კოლექტივი და მისი ღირებულებათა სისტემა

0

მე დამრიგებელი ვარ. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩამაბარეს ერთ-ერთი მეხუთე კლასი და უკვე მესამე სასწავლო წელია, მაქვს პატივი, მათი დამრიგებელი ვიყო. საქართველოს საჯარო სკოლებში ძირითადად ასეთი პრაქტიკაა. დაწყებითი საფეხურის მეოთხე კლასის ჩათვლით კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავს, ხოლო მეხუთედან ბოლომდე – მეორე. არსებობს გამონაკლისები, რომელთა გამოც დამრიგებელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ტრადიცია ასეთია და ოპტიმალურ ვარიანტადაც ეს მიიჩნევა – მეხუთე კლასიდან ბოლომდე კლასთან ერთი მასწავლებლის მუშაობა.

კლასი! ვისაც მასწავლებლად არ უმუშავია, სკოლაში ხომ უსწავლია? თითქოს ყველამ იცის, რა არის კლასი… მაგრამ არა, კლასი, როგორც ფენომენი, როგორც უნივერსალური კოლექტივი, როგორც მიკროკოსმოსი, რომელიც მაკროკოსმოსის პროექციაა თავისი უღრმესი და ურთულესი იმანენტური კანონებით, მხოლოდ დამრიგებელმა შეიძლება იცოდეს. ზოგადი განათლების შესახებ კანონში წერია, რომ კლასი არის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების  მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს”. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, 25 მოსწავლით განისაზღვრება, მაგრამ გამონაკლისების დაშვებაზე უფლებამოსილი უწყებების წყალობით თბილისის საჯარო სკოლების უმრავლესობაში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ხშირად 30-ს აჭარბებს. ჩემს კლასში 35 მოსწავლეა. კლასის გაყოფა ხდება რამდენიმე საგანში. კლასიკურ გიმნაზიაში მხოლოდ უცხო ენასა და ისტ-ში. კლასში მოსწავლეთა მიმოსვლა ხშირად ხდება, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა მაინც უცვლელია და ახლად მიღებული მოსწავლე მალევე ახერხებს ადაპტაციას კლასის გარემოსთან. გამოცდილი მასწავლებლები ამბობენ, რომ წინა წლებში 45 და მეტი მოსწავლეც კი ყოფილა დედაქალაქის საჯარო სკოლების კლასებში, მაგრამ კლასების მართვა არ იყო ისე რთული, როგორც ახლაა.

სწავლა-სწავლების აქტორების: სკოლის პედკოლექტივის, მოსწავლისა და მშობლის ურთიერთობების სიჯანსაღის, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის  პირდაპირპროპორციულია კლასის წარმატებულად მართვისა და ხარისხიანი განათლების შესაძლებლობაც. არსებობს დოკუმენტი, რომელსაც „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები” ეწოდება, ასევე ყოველ სკოლას შემუშავებული აქვს საკუთარი მისია განათლების კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც გაწერილია საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი ორიენტირები. სკოლის მისიის უმთავრესი მიმართულებაა თანამედროვე ცივილიზაციის მოთხოვნების ადეკვატური მოქალაქის აღზრდა, რაც წარმოუდგენელია კულტურის ღირებულებათა სისტემების კლასებში იმპლემენტაციის გარეშე.

ღრმად მწამს, რომ ყოველი კოლექტივი თავისი არსით უნივერსალურია, წევრების მრავალფეროვნებასთან ერთად მას აქვს თავისი ერთსახოვნების კანონებიც და მისი მართვა არანაკლებ რთულ საქმედ მიმაჩნია, ვიდრე თუნდაც სახელმწიფოს მართვა. შესაძლოა, ჩემი ეს განაცხადი ცოტა ეპატაჟურადაც ჟღერდეს, მაგრამ ვინაიდან სკოლაში მუშაობის საკმაოზე მეტი გამოცდილება დამიგროვდა, თავს უფლებას მივცემ განვაცხადო, რომ კლასის მართვა და მისთვის ფასეულობების სწორად მიწოდება, ახალი თაობის ჯანსაღ ნიადაგზე აღზრდა დიდი საქვეყნო-საკაცობრიო საქმეა.

ვინაიდან ფილოლოგი გახლავართ და, დილეტანტური ცოდნის გარდა, არ ვფლობ სოციოლოგიის, კულტუროლოგიისა და ფსიქოლოგიის დარგებში ფუნდამენტურ მეცნიერულ ცოდნას, ჩემი პედაგოგიური დაკვირვებების რეფლექსიად წარმოგიდგენთ ღირებულებათა იმ სისტემას, რომელიც კლასის ჯანსაღი განვითარებისა და სრულფასოვანი მოქალაქის აღზრდისთვის აუცილებლად მიმაჩნია:

Ø  გამოხატვის თავისუფლება;

Ø  თვითრეალიზაცია, პასუხისმგებლობა, მოტივაცია;

Ø  შემოქმედებითობა;

Ø  სოლიდარობა და თანამშრომლობა;

Ø  ტოლერანტობა, თანასწორობა, მიმღებლობა-გამტარობა;

Ø  ზრუნვა სასკოლო გარემოს ოპტიმიზაციაზე;

Ø  ეფექტური კომუნიკაცია და გარემოსადმი კეთილგანწყობა;

Ø  სოციალური თანალმობა.

საქართველოს საზოგადოებრივი პროცესების მეტ-ნაკლებად მცოდნე ადამიანებს მოეხსენებათ ჩვენი სოციუმის საზოგადო პრობლემების შესახებ. ჩვენ ამჟამად სკოლებში ვზრდით გასული საუკუნის ავბედითი 90-იანი წლების კოშმარში აღზრდილი თაობების შვილებს. მშობლების ფსიქოემოციური ფონი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჰარმონიული ადამიანის ფორმირების გზაზე, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. სამოქალაქო და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპულთა ოჯახები, დამსხვრეული კეთილდღეობის, ნარკო- და ალკოჰოლდამოკიდებულების, პატიმართა და მძიმე სნეულებებით დაავადებულთა ოჯახებიდან გამოსული თაობები და პლუს ეს გაუსაძლისი, დაუმარცხებელი სიღატაკე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი სატკივარია, მაგრამ ვერა და ვერ დავძლიეთ… ყოველივე ეს მძიმე კვალს ტოვებს ახალი თაობების მენტალურ და კოგნიტურ განვითარებაზე. საქართველოს ბევრ სკოლაში კურსდამთავრებულები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ ტრადიციული გამოსამშვიდობებელი ღონისძიებების ორგანიზებას. უამრავი საჭირო და აუცილებელი რესურსი ხელმიუწვდომელია მოსწავლისთვის, მშობლისთვის და მასწავლებლისთვის. ვინაიდან სკოლის სახელმწიფო დაფინანსება გამორიცხავს გასვლითი, შემეცნებითი, კლასგარეშე სასწავლო აქტივობების დაფინანსებას, ხშირად მშობლები თავს იკავებენ დამრიგებლის მიერ შეთავაზებული ერთობლივი ინიციატივების ხორცშესხმაზე, რადგან საამისო სახსრების მოძიება ყველასთვის შესაძლებელი არ არის. ძნელია კლასის დაინტერესება საგაკვეთილო პროცესში, ვინაიდან მასწავლებელი მოკლებულია რესურსებს. ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ეფექტურად სასწავლებლად სკოლების უმრავლესობაში არ მოიპოვება შესაბამისი ლაბორატორიები და ინსტრუმენტები, ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლებს ხელი არ მიუწვდებათ მასალის ბეჭდვასა და საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის ჩართვაზე, უცხო ენების მასწავლებლებს, მოსაწყენი სახელმძღვანელოს გარდა, სხვა რესურსების მოძიება და შეთავაზება უძნელდებათ. ამ დროს მოსწავლეს ხელთ უპყრია მობილური ტელეფონი, სადაც უამრავი თამაში, გასართობი პროგრამა, ინტერნეტში ნავიგაცია, სოციალურ ქსელში ვირტუალური კომუნიკაციებით საინტერესო თავგადასავლებში გადაშვება შეუძლია. ცხადია, რომ ის უარს ამბობს დამღლელ და მოსაწყენ სწავლაზე და ირჩევს ტელეფონით თვითგანვითარებას, რასაც უამრავი ხარვეზი და პრობლემა ახლავს და მასწავლებელი ხშირად უძლურია მასთან გასამკლავებლად. ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გასულ წელს თავის საპრეზიდენტო პროგრამაში ჰქონდა შეტანილი სკოლებში სასწავლო პროცესიდან მობილური ტელეფონების ამოღება. არ ვიცი, ეს რამდენად რთულად განსახორციელებელია, მაგრამ თუ ამას ჩვენს საჯარო სკოლებში ვერ მივხედეთ, სულ უფრო და უფრო გაძნელდება ნაყოფიერი და შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება.

სასწავლო წლის დასაწყისში სადამრიგებლო პროგრამებში დამრიგებლები უამრავ აქტივობას გავწერთ ხოლმე, მაგრამ ზოგი მათგანის აღსრულება გვიძნელდება. აი, კლასის საათებს კი უსათუოდ ვატარებთ ხოლმე, რომ სააღმზრდელო ნაწილში ჩავარდნები არ გვქონდეს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი სასურველი ღირებულებების მოსწავლეთათვის ორგანულ ფასეულობებად ქცევა კი მაინც პრობლემაა.

აი, სოციალურ ქსელში პორტალ „დეილი სოუშელის” (DailySocial) მიერ გავრცელებული ვიდეოს ბმული (https://www.facebook.com/DailySocial7/videos/467619073627500/), სადაც იაპონური სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობაა ასახული. როცა მოსწავლისთვის სკოლა იქცევა მშობლიურ გარემოდ, სახლად, რომელზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება, ის ჰარმონიულად გამოიმუშავებს მრავალმხრივ უნარებს: სუფთა გარემოს ორგანიზება, სკოლის, როგორც პატივსაცემი ინსტიტუციის ქონების გაფრთხილება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, შრომისმოყვარეობა, ხელმარჯვეობა და მოქნილობა, თანამშრომლობა. დასანანია, რომ მშობელთა ნაწილი სასკოლო გარემოზე მოსწავლის ზრუნვის ვალდებულებას აპროტესტებს. როცა მოგვითხოვია საკლასო ოთახის მოწესრიგება გაკვეთილების შემდეგ, ხშირად მსმენია მშობლის პროტესტი: „ჩემი შვილი აქ დამლაგებელი რატომ უნდა იყოს?” „სახლში არ ვაკეთებინებ არაფერს!” „სკოლას დამლაგებლები არ ჰყავს?” – ამგვარი მიდგომის შედეგია ის, რომ ჩვენი შენობების კედლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავარძლები ასე დაზიანებული, დაფლეთილ-დაჯღაბნილი და ამორტიზებულია, ქუჩები და სკვერები – დაბინძურებული. მეზობელი აზერბაიჯანის დედაქალაქში ამ რამდენიმე თვის წინ ვიზიტისას ამ მხრივ საქართველოსგან რადიკალურად განსხვავებულმა ვითარებამ, ცოტა არ იყოს, შურით ამავსო, მაგრამ ხომ შეიძლება, სასიკეთო გამოცდილება ოდესმე მაინც გავიზიაროთ და ჩვენც დავნერგოთ?

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების, თვითრეალიზაციის, ჯანსაღი კოგნიტური განვითარებისა და მოტივაციის ღირებულებებს, ისინი სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლესთან მიმართებაში. შემოქმედებითობა და თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობის პროდუქტებად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო ტოლერანტობა, მიმღებლობა, თანასწორობა, პასუხისმგებლობა, კეთილგანწყობა, სოციალური თანალმობის უნარები, რასაკვირველია, სკოლაშიც გამოუმუშავდება კლასს, მაგრამ აქ გადამწყვეტია ოჯახის როლი და მოსწავლის პიროვნული ფსიქოემოციური ფონიც.

ჩვენს სკოლებში (კერძო სექტორშიც და საჯაროშიც) ხშირად ვხვდებით ხოლმე სამწუხარო რეალობას, რომ კლასი გვევლინება, როგორც არშემდგარი კოლექტივი. საკმარისია, სათითაოდ მიუახლოვდეთ მოსწავლეს, ყველაში დაინახავთ უნიკალურ, ნიჭიერ, გონიერ, საინტერესო ადამიანს, მაგრამ რატომღაც კლასი მოწყვეტილია ჯანსაღი განვითარების მიმართულებებს, რაც გამოწვეულია ღირებულებათა დევალვაციით. თავის დროზე სწავლა-სწავლების აქტორებმა – სკოლამ, ოჯახმა და სოციუმმა არ იზრუნეს ამ დეკლარირებული ღირებულებების საკლასო გარემოში იმპლემენტაციაზე, რის გარეშეც შეუძლებელია ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება. ამიტომ ვხვდებით საკლასო გარემოში დამსხვრეულ პერსონებს, ვისაც გაქცევა და გარიდება უნდა საკლასო სიტუაციიდან, მოსწავლე პასიურია ყველა ახალ აქტივობაში, წლების მანძილზე ვერ ხერხდება ერთობლივი საკლასო ღონისძიებების ორგანიზება. ბავშვებს ნდობა აქვთ დაკარგული სკოლის, მასწავლებლებისა და ერთმანეთისადმი, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი ხშირად მათ სტიგმატიზებას მიმართავს. „ცუდი კლასი”, „აუტანელი კლასი”, „იქ ვერ ვატარებ გაკვეთილს”, „ყველა უვიცია და არავის არაფრის გაკეთება არ უნდა”, „არ უნდათ სწავლა და მასწავლებელი უძლურია”, – იშვიათად, მაგრამ მაინც მოჰკრავთ ყურს ჩვენს სკოლებში მსგავს სიტუაციებს. თავის მართლება, რომ ამდენნაირი ფსიქოლოგიური პრობლემა მოსწავლეებში ადრე არ იყო და შეუძლებელია ამასთან გამკლავება, ვერ გვიშველის.

გამოსავალი ერთ რამეშია: დამრიგებლის პასუხისმგებლობა მძიმე და დამღლელია, ანაზღაურება – დაბალი, მაგრამ ღირებულებათა გარშემო კლასის გაერთიანებით და სწორად შერჩეული საკლასო-სადამრიგებლო აქტივობებით თავისუფლად შეიძლება ჩვენი კლასების იმად ქცევა, რასაც კანონები, მისიები და დეკლარირებული დოკუმენტები სასურველ რეალობად ან მისაღწევ შედეგად გვიხატავენ.

 

თანამედროვე ქართული რომანი სკოლაში

0

ფილოლოგიურზე რომ ვსწავლობდი, უახლესი ქართული ლიტერატურის შესწავლა, სადღაც ჭაბუა ამირეჯიბთან მთავრდებოდა. და რა გასაკვირია, რომ სასკოლო პროგრამაშიც ძალიან ცოტა მეგულება თანამედროვე ავტორის ტექსტი. მხოლოდ თანამედროვე კი არა, ცოცხალი ავტორის ტექსტი, აი, იმის განცდას რომ დაუტოვებს ბავშვს, შეიძლება, ოდესმე სადმე გადაეყაროს თავის საყვარელ ავტორს, ან ის მივიდეს რომელიმე შეხვედრაზე, ან თავად მწერალი მოვიდეს მის კლუბში, მის სკოლაში… კიდევ დაწეროს რაიმე ახალი და თვითონ ჩაუსაფრდეს ამ სიახლეს… ამიტომ მგონია, რომ კიდევ სხვა გულისფანცქალები ახლავს ცოცხალი ავტორის ტექსტს. სასკოლო პროგრამიდან სულ რამდენიმე ავტორი მახსენდება: აწ უკვე „ხატზე გადაცემული“ შატაიძე,  ბესიკ ხარანაულის ორიოდე ლექსი მეგულება, საბედნიეროდ, ჯერ ისევ პროგრამაში, მაგრამ მგონია, რომ სათანადოდ ვერდაფასებული გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები, დოჩანაშვილის ერთი მოთხრობაც შევიტანეთ და მის კლასიკოსობაზე მაინც არ ვკამათობთ, მადლობა ღმერთს! ამ ჩამონათვალს რამდენიმე თანამედროვე პოეტიც ემატება, თითო- თითო ლექსით რომ არიან წარმოდგენილნი. ვფიქრობ, ეს არსებული სახელმძღვანელოების თვალშისაცემი, ქართული ლიტერატურის სრულფასოვნად სწავლების ხელის შემშლელი და სასწრაფოდ გამოსასწორებელი ნაკლია.

პატარა ადამიანის მკითხველად ჩამოყალიბება, რომ ურთულესი საქმეა, ამის აღნიშვნა არასდროს მომბეზრდება. საიდანაც ჩემი მასწავლებლობის ისტორია იწყება, იქიდანვე იწყება ჩემი ამ  საკითხში მისიონერობაც. ორ პოლარულ ფრონტზე მიწევს ხოლმე ბრძოლა: კლასიკისა და კლასიკოსების დაგემოვნებას მივაჩვიო პატარა და ჯერ კიდევ გამოუცდელი მკითხველი და ქართული უთანამედროვესი მწერლობაც შევაპარო, რათა მისი არსებობა ირწმუნოს. ან კითხვის გაკვეთილებზე, ან კლუბში, აუცილებელ საკითხავად გვექცა უკვე აკას ,,ქართულის რვეულები“, ნაირა გელაშვილის,  კოტე ჯანდიერის არაჩვეულებრივი მოთხრობები, თამთა მელაშვილის ,,გათვლა“, ლია ლიქოკელის ლექსებიც და პროზაც…(ამ და კიდევ რამდენიმე ნაწარმოებზე მოკლედ ვისაუბრე სხვა სტატიაშიც  – ,,უთანამედროვესი ქართული ლიტერატურა“) აქ შევჩერდები – კლასს, პატარა მკითხველების მზაობას, გაკვეთილზე შემთხვევით თუ წინასწარგანზრახვით ამოტივტივებულ საჭიროებას, თემასა და განწყობას გააჩნია…

მოთხრობების ან ნოველების წაკითხვა უფრო ადვილია ამ ფორმატში, ძირითადად, წაკითხვისა და განხილვის დროის გამო. მაგრამ ამ სტატიაში ქართულ რომანზე უნდა ვისაუბრო.

მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახან იხილა სამზეო, ამ ნაწარმოებზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ბევრს წერენ და ლიტერატურული პრიზებიც საკმარისად დაიმსახურა.

ვეცდები, ჩამოვაყალიბო ის მიზეზები, რის გამოც ჩავთვალე, რომ არჩილ ქიქოძის რომანი ,,სამხრეთული სპილო“ საინტერესო ტექსტია უფროსკლასელთათვის.

  1. მწერლის ენა აქ მთავარი პერსონაჟის ენაა, ახალგაზრდა თბილისელი მამაკაცი ყვება თავის ამბებს, მთელი რომანი შინაგანი მონოლოგია. მისი მონოლოგი არის ძალიან ბუნებრივი, სადა, თავისუფალი ზედმეტი სტილიზაციისაგან, ჟარგონებისგან, უხამსი სიტყვებისგან, თბილისური კილოს მახასიათებლებისაგან, მაგრამ არც ძალიან მხატვრულ- ლიტერატურულია. თან გასდევს მსუბუქი იუმორი, ისე, შენთვის რომ ჩაგაცინებს. ამიტომაც ძალიან ადვილად იღებს და უშინაურდება მკითხველი პერსონაჟს.

2.მრავალფეროვანი თემატიკა: წარმოიდგინეთ, რამდენი ფიქრი და დარდიან – სიხარულიანი მოგონება, რამდენი მოსაყოლი ამბავი შეიძლება  აუფუთფუთდეს გონებაში კაცს, რომელსაც დიდი ხნის უნახავი, უკვე გაუცხოებული  უახლოესი მეგობარი ეწვევა დილით და მან, უბრალოდ, ოთახი უნდა დაუთმოს და მეტი არაფერი.

რამდენი ნაცნობი ახლობელი ან უცნობი ახლობელი ადამიანი შეიძლება შეხვდეს  თუ საკუთარ ქალაქში საკუთარ ფიქრებსა და ემოციებს აყოლილი დილიდან საღამოომდე იხეტიალებს?

მერე იმ შეხვედრილ ნაცნობ- უცნობებს როგორი ერთმანეთისგან განსხვავებული აურა, ბედი, ცხოვრება და შეხედულებები ექნებათ?

თან უკლებლივ ყველა ადამიანი და ყველა ამბავი ერთნაირად საინტერესოა. ზოგი სევდიანი, ზოგი სახალისო, ზოგი შთამბეჭდავი, ზოგი საინტერესო, ზოგი ყველაფერი ერთად… ყველა ამბავს ცალკე სიცოცხლე აქვს თითქოს და ამავე დროს რომანის ორგანული ნაწილია:

ძალიან სევდიანი და მნიშვნელოვანი, ლამის ჩვენს ყოველდღიურ რეალობად ქცეული ამბავი   პატარა ბიჭის მიერ უფრო პატარა ბიჭის მკვლელობა, რომელიც ფაქტობრივად საზოგადოების გულგრილობის მსხვერპლი ხდება და ამის საკუთარი თავისთვის ვერმპატიებელი თაზოს ამბავი…

სვანი რეჟისორი როზეტას და უცნაური ენერგოყაჩაღის ამბები, საოცრად ნამდვილი სევდითა და იუმორით მოთხრობილი მარტოკაცის ომი ან თემიდან მოკვეთილი მკვდარი მოძალადის დედის ამბავი, რომელიც ნაწარმოებშივე იქცა კინოდ. ჩემთვის, მაგალითად, არც ერთი სვანებზე გადაღებული ფილმი არ ყოფილა ისეთი ღრმა და შთამბეჭდავი, როგორც ამ რომანში მოთხრობილი სვანების ამბები.

მეტისმეტად საინტერესო პერსონაჟია მთავარი გმირის დედა – პროფესიით არქეოლოგი ( თავისთავად ძალიან საინტერესო და უჩვეულო პროფესია ქალისთვის) მარტოხელა დედაა (პრობლემა, რომელზეც ყოველგვარი ზედმეტი დრამატიზებით საუბრობს მწერალი), რომელიც ,,ზვიადისტია“ (უახლესი ისტორიის თანმდევ ამ უცნაურ ფენომენზე ასე მსუბუქად და ემოციურად დაწერილი მე, პირადად, მხატვრულ ლიტერატურაში არაფერი და ზოგადად, მხოლოდ უარყოფითი წამიკითხავს).

,,მაგარი ვინმე“ ლეოს და ანგელოზივით, ,,სხვანაირი დასტოინი“, პროფესორის შვილი მედიკოს უცნაური სიყვარულის ამბავი – ,,ნეტა მსოფლიოს კიდევ რომელ ქალაქში შეიძლება მოხდეს ეგეთი რამ? უფრო სწორად, არაფერიც არ მოხდეს. ერთმანეთისგან ას ნაბიჯში მცხოვრებმა ორმა ადამიანმა, რომლებსაც სრულიად არაფერი აქვთ საერთო, მთელი ცხოვრება ერთმანეთზე უხილავი ძაფით გადაბმულებმა გაატარონ.“ და ლეოს ნაჩუქარი მანქანის ყველაზე რომანტიკული ისტორია…

ან კიდევ მედიკოს მამა, გაუცხოებულ ქალაქს თვითონაც რომ გაუუცხოვდა და ერთ დღესაც გადაწყვიტა, გაჯახუნებული კარი არასოდეს გამოეღო და მხოლოდ მუსიკის სამყაროში ეცხოვრა… გაუცხოების დიდი სევდაა მედიკოს მამის ისტორია.

ისეთი ამბებიც ბევრია, მკითხველისთვის რომ ძალიან ნაცნობი და მარადსაინტერესოა – ისე ცოცხალია ბერიასა და მიხეილ ჯავახიშვილის საბედისწერო ,,ურთიერთობის“ სურათები… 13 ივნისის ტრაგედიის გულისმომკვლელი ამბებიც და არა მხოლოდ ადამიანების, ცხოველების სევდა…

3.კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც საინტერესოს ხდის რომანს ახალგაზრდებისთვის ( და არა მხოლოდ მათთვის), ჩემი აზრით, არის ის, რომ მასში ცოცხლობს სხვა ხელოვნებაც: კინო, მუსიკა, მხატვრობა…

მხოლოდ ერთგან, თითქოს „შემთხვევით“ ახსენებს თენგიზ მირზაშვილს, მაგრამ შეუძლებელია, გულგრილად გააგრძელო კითხვა და არ დაინტერესდე მისით: ,,კედელზე თენგიზ მირზაშვილის რამდენიმე ნახატი, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს სახლიც, ისევე, როგორც თავად თაზოს სახლი, ნაწილია ქალაქის შიგნით მეორე ქალაქისა, რომელიც ამ მხატვარმა თავისი უანგარო საჩუქრებით მონიშნა… შეიძლება ის ქალიც, თაზოს რომ ელოდება, „ ჩუბჩიკას“ ქალაქიდან არის. მარტოობა ხომ ორივე ქალაქში ერთნაირად აუტანელია.“

კინო საერთოდ სუნთქავს ტექსტის პარალელურად და მკითხველი მაშინვე გრძნობს, რომ მწერლისთვის ეს სფერო ძალიან ნაცნობი და ახლობელია. ისე საინტერესოდ საუბრობს ოთარ იოსელიანზე, ბერგმანზე … ვისთვისაც უცნობია ეს სახელები, შეუძლებელია, მათი შემოქმედების გაცნობა არ მოუნდეთ: ,, … ხმა კიდევ, არასოდეს ყოფილა ჩვენი კინოს ძლიერი მხარე. იოსელიანი არ თვლება – ის მანიაკური გულმოდგინებით თავად ქმნიდა საკუთარი კინოს ხმას. მისი ფილმების გასაოცარი ხმაურები მხოლოდ მისი დამსახურებაა და არა ხმის რომელიმე სპეციალისტის. ხმისთვის მიძღვნილი მისი ლექციაც გვაქვს მოსმენილი მე და თაზოს და ეგეთი რამე თქვა მაშინ: ნიაგარის ჩანჩქერის ხმაური მაქვს ჩაწერილი და ცოტაოდენს ყოველთვის ვადებ ქუჩის ხმაურსო. სრული სიგიჟე- ვიღებთ ნიაგარის ხმას და ვამატებთ გემოვნებით. სიგიჟეა, მაგრამ მჯერა.“

ასე რომ მივყვე, ან მთელი რომანის გადაწერა მომიწევს, ან ამ რომანისხელა ნაშრომის დაწერა.

დასაწყისზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას და დავასრულებ. „კადრი“ ასეთია: ორი ახალგაზრდა კაცი დილით ადრე ხიდზე დგას და უყურებს, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ პოლიციელები მდინარიდან გვამის სხვა ადგილას გადაცურებას. იქმნება განცდა, თითქოს ჩვეულებრივია პოლიციელთათვის ეს საქმე, მათი რუტინის ნაწილია, რომ ყოველ დილით მზის ამოსვლასთან ერთად რომელიმე თვითმკვლელის თუ მოკლულის გვამი ჭოკებით გაადააცურონ ერთი ადგილიდან მეორეზე და ერთმანეთს სიყოჩაღეში ეჯიბრებიან…ისეთი უსუსურების, სასოწარკვეთის განცდა გეუფლება კითხვისას… ამ დაძაბულ მომენტს თაზოს სიზმარიც უერთდება თავისი ფინალით, ერთადერთი უხამსი სიტყვით მთელ რომანში და ქმნის ერთგვარ თანამედროვე ტრაგი – კომედიას: პოლიციელები ხიდზე ამჩნევენ ორ მოხარხარე კაცს, რომელთა სიცილი ტრაგიკულ  კონტრასტს ქმნის მათ საქმიანობასთან.

მოკლედ, ბევრი განსაცდელი ამბავია ამ წიგნში და ვფიქრობ, მოსწავლეებმაც უნდა განიცადონ მასწავლებლების დახმარებით.

 

 

წითელი ფეხსაცმელი

0

არახალია, რომ ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმები, ხშირ შემთხვევაში, თავისდაუნებურად ხელს უწყობენ ხელოვნების და ლიტერატურის აღმავლობას, რადგან მწერლები და ხელოვანები ალტერნატიული, შეფარვითი გზებით ცდილობენ, თქვან სათქმელი, თავისუფლების წყურვილი მათში გაცილებით მძაფრია.
ამისი მაგალითი საბჭოთა ქართული კინოა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მდგომარეობა ამ მხრივ მკვეთრად შეიცვალა, გასაგებია, რომ ოთხმოცდაათიან წლებში კინოს გადასაღები ფული არ იყო. დღეს, ასე თუ ისე ფული არის, მაგრამ დიდი ფილმი მაინც ვერ გადავიღეთ.
ქართული კინოსთვის დამახასიათებელმა საბჭოთა დროინდელმა შეფარვითმა ენამ ახლა ირანულ კინოში გადაინაცვლა. დღეს ირანული კინო ერთ-ერთი გამორჩეულია, ირანული „ახალი ტალღის” რეჟისორები: აბას ქიაროსტამი (ერთი-ორი წლის წინ გარდაიცვალა), მოჰსენ მაჰმალბაფი, ჯაფარ პანაჰი, ასგარ ფარჰადი, მაჯიდ მაჯიდი და სხვები ბრწყინვალე ფილმებს იღებდნენ და იღებენ. ზოგს, მაგალითად ჯაფარ პანაჰს, აკრძალული თემების კვლევა თავისუფლების ფასადაც დაუჯდა: მას შინა პატიმრობა აქვს მისჯილი და ეკრძალება ფილმების გადაღება და ჟურნალისტებთან კონტაქტი. თუმცა ორი წლის წინ მან მობილური ტელეფონით მაინც გადაიღო ფილმი, დიდი გაჭირვებით (ფუნთუშაში დამალული) აატანინა მეგობარს თვითმფრინავში და ევროპელებს კიდევ ერთხელ შეახსენა თავი.
ყველა ირანელი რეჟისორი, რომლის ინტერვიუც მომისმენია ან წამიკითხავს, აღიარებს, რომ ქართულმა კინომ და კინორეჟისორებმა მათზე დიდი გავლენა მოახდინეს.
მინდა მაჯიდ მაჯიდის „ზეცის შვილებზე” ვისაუბრო. ნეორეალიზმის ერთ-ერთ მთავარ ფილმ “ველოსიპედის გამტაცებლებთან” ერთად მაჯიდის ფილმმა შეიძლება „მაგდანას ლურჯაც” გაგახსენოთ. თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯასა” და „ზეცის შვილებს შორის” არანაირი პირდაპირი მსგავსება არ არის, ალუზია მძაფრი სოციალური თემატიკით არის გამოწვეული.
პატარა ბიჭს თავისი დის წითელი ფეხსაცმელი მოაქვს სახელოსნოდან, სადაც შესაკეთებლად იყო მიტანილი. გზად მაღაზიაში შეივლის, რომ ნაცნობ გამყიდველს, მშობლების დავალებით, ნისიად გამოართვას კარტოფილი. სანამ ბიჭი კარტოფილს არჩევს და პარკში ყრის, გამყიდველის ნაცნობი ბრმა კაცი მოდის, რომელიც მუყაოს ნარჩენებს და პარკებს აგროვებს, და შემთხვევით ხელს პარკში გახვეულ ფეხსაცმელსაც გააყოლებს, რომელიც გარეთ, დახლზე დევს. ყველაფერი აქედან იწყება: ბიჭი მშობლებს ვერ ეტყვის, რომ ფეხსაცმელი დაკარგა, რადგან ახლის საყიდელი ფული არა აქვთ, ამიტომ და-ძმა მის კედებს რიგრიგობით იცვამს: დილით გოგონა მიდის სკოლაში, სკოლის დამთავრების მერე სირბილით მოდის სახლისკენ, ძმას უბრუნებს ხოლმე ფეხსაცმელს და ახლა ის გარბის სკოლაში, მაგრამ ხშირად იგვიანებს, რადგან გოგონა დროზე მოსვლას ვერ ასწრებს. დირექტორი ბიჭს რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ სკოლიდან გააგდებს, მაგრამ მათემატიკის მასწავლებელი დაელაპარაკება დირექტორს და დაატოვებინებს, როგორც კარგ მოსწავლეს.
ერთხელაც გოგონა სახლში მირბის, არხზე გადახტომისას რამდენიმე ზომით დიდი ფეხსაცმელი გასძვრება და წყალი წაიღებს, ატირებული მანამდე მისდევს, სანამ ფეხსაცმელი მილში არ გაიჭედება. ერთ კაცს შეეცოდება და მილიდან მის ფეხსაცმელს ჭოკით გამოიღებს.
ამასობაში სკოლებს შორის სირბილში შეჯიბრი მოახლოვდება, მესამე ადგილზე გასულს პრიზად კედები ერგება, პირველ-მეორეზე გასულებისთვის სხვა პრიზებია, ამიტომ ძმა გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მესამე ადგილზე გავიდეს, კედები მოიგოს, მერე გოგოს ფეხსაცმელში გადაცვალოს და დას მიუტანოს, მაგრამ იმდენს იზამს, რომ პირველ ადგილზე გავა და დამწუხრებული დაბრუნდება სახლში.
ფილმი მაინც ოპტიმისტურად მთავრდება: ბიჭი დამსკდარ ფეხებს შადრევანში ჩაყოფს და ცრემლიანი თვალებით ლამაზ, წითელ თევზებს დაჰყურებს, რომლებიც ფეხებზე ეხვევიან, ამ დროს კი მამამისი მისი დისთვის ახალ ფეხსაცმელს ყიდულობს.
პ. ს. ამ ფილმის ყოველი ნახვისას არხში ფეხსაცმლის ჩავრდნის ეპიზოდი სულ ბავშვობას მახსენებს: მე და ჩემი ძმაკაცი ადიდებულ, მღვრიე მდინარეზე ანკესით ვთევზაობდით. ვერაფერი დავიჭირეთ და მეორე ნაპირზე გადასვლა გადავწყვიტეთ, მოისროლა ჩემმა ძმაკაცმა ფეხსაცმლები მეორე ნაპირზე. დავხედე ჩემს ახალნაყიდ ჩუსტებს, ცოტა შევყოყმანდი, მაგრამ მეც მოვისროლე ჯერ ერთი, მერე მეორე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნაპირამდე ვერ მიაღწია და წყალში ჩავარდა. ჩუსტებს მძიმე რეზინის ძირი ჰქონდა და ჩაიძირა. მე და ჩემი ძმაკაცი გაყინულები დიდხანს ვეძებდით ქვიშიან ფსკერზე ხელებისცეცებით, ბოლოს ჩემს ძმაკაცს მობეზრდა, წყლიდან ამოვიდა და თბილ ქვიშაზე გაწვა, მე ჯიუტად ვაგრძელებდი ძებნას ცრემლჩამდგარი თვალებით. ნაპირზე უფროსი ბიჭები ისხდნენ და ჯოკერს თამაშობდნენ. მათ შორის იყო ერთი მეზობელი, რუსეთიდან ახალჩამოსული ბიჭი, ქურდი და ნარკომანი. მან თამაშს თავი დაანება, ცივ წყალში ჩამოვიდა და ერთად გავაგრძელეთ ძებნა, ბოლოს მან იპოვა. ეტყობა, ძალიან მეტყობოდა სახეზე ჩუსტის დაკარგვით გამოწვეული ვარამი, რადგან ჩემზე მეტად მას გაუხარდა. ახლა არ ვიცი, სადაა ის ბიჭი (ახლა უკვე კაცი), შეიძლება ციხეში ზის ან სულაც მკვდარია, მაგრამ ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება. ასეა, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, სიკეთე არ იკარგება.

 

ვითომ რომ მჯერა, როცა არ მჯერა 

0

ხომ გახსოვთ ის არაჩვეულებრივი კადრები დოკუმენტური ფილმიდან, თოჯინების თეატრში ბავშვები პიესის პერსონაჟ მანანას რომ მოუხმობენ მელიის კლანჭებიდან უმწეო ბატის ჭუკის დასახსნელად და საწყალი ფრინველის გადასარჩენად? ის დაუვიწყარი კადრიც ხომ გახსოვთ, პატარა მაყურებლების ბუნებრივ რეაქციას რომ ასახავს სპექტაკლის ცქერისას? თუ არ გახსოვთ, მაშინ აუცილებლად უნდა გახსნათ ეს ლინკები:

არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში დააფიქსირა კამერამ ბავშვები. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის ან ეროვნების არიან ეს ბავშვები. მთავარი ისაა, რომ თითოეულმა მათგანმა შესანიშნავად იცის, რომ სპექტაკლი მიმდინარეობს და სცენაზე არც ნამდვილი მელიაა და არც ბატის ჭუკი, არც გველეშაპი და არც მგელი და რომ სინამდვილეში თოჯინებს რეალური საფრთხე არ ემუქრებათ. ბავშვები ადვილად ახერხებენ, დროებით მოწყდნენ რეალობას და ბუნებრივები იყვნენ მაშინაც კი, როცა ვითომ სჯერათ იმისი, რისიც სინამდვილეში არ უნდა სჯეროდეთ. ჩვენც, უფროსებსაც არ გვიჭირს ლოგიკის შეჩერება თეატრში. ამიტომაც არ წამოვხტებით სპექტაკლის მსვლელობის დროს და არ გავაპროტესტებთ შეუსაბამობებს: არ ვიტყვით, რომ ჰამლეტი ქართულად არ მეტყველებს; არ შევიმჩნევთ, რომ ციხესიმაგრე მუყაოსგანაა დამზადებული და იქ გამაგრება მტრისგან დასაცავად წარმოუდგენელია; არ მოვითხოვთ, ბუტაფორიის ნაცვლად, ნამდვილი საჭმელი ელაგოს სუფრაზე, მერე კი შხამგარეული ღვინო დალიოს მსახიობმა და მოწამლული დაენარცხოს ძირს; არ გამოვუძახებთ პატრულს, თუკი სცენაზე ერთი პერსონაჟი მეორეს მოკლავს; თუკი ცხენის ან ხის როლს ადამიანი შეასრულებს, კი არ აღვშფოთდებით, მისი გარდასახვის უნარის შეფასებას დავიწყებთ; თუკი სპექტაკლში სხვა დროსა და ეპოქას გააცოცხლებს რეჟისორი, თვალს დავხუჭავთ მრავალ უზუსტობაზე; სცენაზე არც ის გაგვაკვირვებს, სხვა სახელით რომ მიმართავენ დასის წევრები ჩვენს ნაცნობს. მაყურებლის ამგვარ მდგომარეობას ტერმინით “suspension of disbelief” აღწერენ. ეს ტერმინი, რომელიც დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას და გადასარევად აღწერს იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც სიამოვნების სასარგებლოდ გარკვეული დროით შეაჩერებს ლოგიკას, პირველად ინგლისელმა პოეტმა სემუელ ტეილორ კოლრიჯმა გამოიყენა 1917 წელს. ამ ტერმინის შემოღების საჭიროება იმან განაპირობა, რომ კოლრიჯს სჯეროდა მკითხველის, რომელსაც საღი აზრის გადავადების უნარი შესწევდა მხატვრული ლიტერატურიდან სიამოვნების მიღების სანაცვლოდ. ფანტასტიკური ჟანრი, საშინელებათა ჟანრი, კომედია – ეს ყველაფერი განსჯის უნარის დროებით შეწყვეტას მოითხოვს. და მწერალი, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ის, პასუხს აღარ აგებს, თუკი ამ აქტის განხორციელებას მკითხველი ვერ შეძლებს. მკითხველია პასუხისმგებელია, თუ როგორ, რამდენად წარმატებით შეძლებს ლოგიკის გათიშვას, ერთი რეალობიდან მეორეში გადასვლას და დროებით ახალი რეალობის შემოშვებას ძველის შეჩერების ხარჯზე.

საქმე ისაა, რომ მკითხველი ამ ყველაფერს ბავშვობაში უნდა სწავლობდეს. თუკი მკითხველს შეხება არ ჰქონია ზღაპართან, მას გაუჭირდება იმის მიხვედრა, როგორ უნდა დაიჯეროს ზღაპრული ურჩხულების არსებობა მაშინ, როცა მათი არსებობის არ უნდა სჯეროდეს; როგორ უნდა მოახდინოს გონების რეალობისგან გათიშვა ისე, რომ სინამდვილეში გონება უმუშავებდეს; როგორ უნდა დასვას შეკითხვები ისე, რომ ისინი თან კრიტიკული იყოს და თან აკრიტიკებდეს არა მთავარს; რეალობას მოწყვეტილმა დაივიწყოს, რომ ის რეალობა, რომელიც მთავარია, აღარ უნდა იყოს მთავარი და არარეალური უნდა გახდეს მთავარი. სწორედ იმ რეალური არარეალურის ფარგლებში უნდა დასვას კრიტიკული შეკითხვები და გამოიყენოს განსჯა. მოკლედ, უნდა აამუშავოს ერთდროულად „იყო“ და „არა იყო“.

თუკი მკითხველი ბავშვობაში არ სწავლობს ლოგიკის დროებით შეჩერებას, მას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძალიან გაუჭირდება სკოლაშიც და რეალურ ცხოვრებაშიც.

ამ წერილის დასაწერად რომ ვემზადებოდი, ჯერ, როგორც მჩვევია ხოლმე, რამდენიმე ადამიანთან გავიარე კონსულტაცია (უფრო სწორად, წერილის თემის გასაშლელად გონებრივი იერიში რომ მესაჭიროება, რამდენიმე ახლობელს ვაწუხებ). ერთი ასეთი ადამიანი ჩემი შვილიცაა, რომელსაც საღამოობით სკაიპში შემოსულს ხშირად ვუყვები ჩემი ჩანაფიქრის შესახებ. ამ წერილის დაწერის წინაც, როდესაც სანდროს ავუხსენი, რას ნიშნავდა „suspension of disbelief” და როგორ უჭირდათ იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეეძლოთ ამ აქტის განხორციელება. გამიხარდა, რომ სანდრომ წერილის თემა მომიწონა, იმიტომ რომ მეგონა, ეს თემა არ დააინტერესებდათ იმ ადამიანებს, რომლებიც იჩემებენ, მათემატიკური აზროვნება გვაქვს და ჰუმანიტარებმა თქვენს გამოგონილ სამყაროს მიხედეთო. ამის გაგონებაზე სანდრო სამართლიანად აღშფოთდა და, როგორც ადამიანმა, რომელიც უნივერსიტეტში ზუსტ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს სწავლობს, რამდენიმე მაგალითი მომიყვანა და, სანამ წერილს დავწერდი, ამაზე დაფიქრებაც მირჩია. ჯერ მარტივით დაიწყო: „დედა, შენ რა, მართლა ხომ არ ფიქრობ, რომ დედამიწას პოლუსიდან პოლუსამდე ღერძი აქვს გაყრილი და იმის გარშემო ტრიალებსო“…  მერე: „წარმოსახვითი რიცხვების შესახებ თუ გსმენია რამეო“… მერე რელიგიაც გავიხსენეთ, თუმცა სანდროც და მეც აღარ ჩავუღრმავდით რელიგიურ საკითხებს, რადგან ახლა, ამ შუა მარხვის დროს ორივენი, როგორც მორწმუნე ქრისტიანები, მოვერიდეთ თემას… მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც საუბრის დასასრული აღმოჩნდა. სანდროს სადიპლომო თემად კრიპტოვალუტა აქვს არჩეული და, როგორც საკითხში კარგად გათვითცნობიერებულმა ადამიანმა,  ასეთი კითხვა დამისვა: „ეგ შენი “suspension of disbelief“ მაშინ არ გახსენდება, ქაღალდის ნაგლეჯი რომ გიჭირავს ხელში და ფულს რომ ეძახიო?“ ეეეჰ, როგორი მართალია სანდრო! განსაკუთრებით მაშინ, როცა წარმოვიდგენ, როგორ ეკარგება ფასი ლარს და როგორ იქცევა მართლაც ქაღალდის ნაგლეჯად ფულის ბანკნოტი, როდესაც ქვეყანას ვტოვებ… ის ვალუტაც კი, რომელზეც უარს არ ვიტყოდი, თუკი ხელფასის სახით მომცემდნენ, ქაღალდის ნაგლეჯად იქცევა განსხვავებულ კონტექსტში. თუმცა „თამაში“, ფული რომ მნიშვნელოვანია, მთელი ჩვენი ცხოვრება გრძელდება და ამ თამაშის პროცესში განსჯის შეწყვეტაც უფრო დიდი დროით გვიწევს, ვიდრე თეატრში სპექტაკლის ცქერისას რომ ვწყვეტთ. და კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და გავყვეთ მსჯელობას, უფრო სიღრმისეულად რომ დავფიქრდეთ,  კოლრიჯის ტერმინის ფარგებში დროის ცნების განხილვაც შეგვეძლება. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ამ თემაზე სასაუბროდ საკმარისი კომპეტენცია არ გამაჩნია.

ზემოთ მოხმობილი მაგალითები იმის ნათელი დასტურია, რომ ადამიანებმა შესანიშნავად ვიცით, როდის უნდა გვჯეროდეს და როდის არა, ისიც ვიცით, რომ ზოგჯერ, როცა ვითომ ვიჯერებთ, ისე უნდა შევიჭრათ როლში, რომ სიტყვა „ვითომ“-მა საზღვრები დაკარგოს და დავიჯეროთ ის, რისიც თან არ უნდა გვჯეროდეს და თან აუცილებლად უნდა გვჯეროდეს. ის კი, ვინც ვერ მოახერხებს, დროებით შეაჩეროს ლოგიკა და გადაერთოს შემოთავაზებულ „თამაშში“, პრობლემა შეექმნება. პრობლემა შეექმნება იმასაც, ვინც უკან ვეღარ გადმოერთვება და შეწყვეტილ ლოგიკას, კრიტიკულ აზროვნებას დროულად არ აამუშავებს.

და ბოლოს, ამ წერილს ისე ვერ დავასრულებ, ჩემი, როგორც ფილოლოგის, საყვარელი თემა, ენა რომ არ გავიხსენო. არ მეგულება ადამიანი, მეტყველების დროს იდიომებს რომ არ იყენებდეს. განმარტების მიხედვით, იდიომია „ამა თუ იმ ენის თავისებური, დაუშლელი გამოთქმა, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში, როდესაც იდიომებს ვიყენებთ, არ უნდა გვჯეროდეს სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობის, უნდა შევწყვიტოთ ლოგიკა და არ ჩავეძიოთ სიტყვების ნამდვილ მნიშვნელობას. რატომ? იმიტომ რომ ენამ კომუნიკაციისას ესთეტიკური ტკბობაც უნდა მოგვანიჭოს. როდესაც თანამოსაუბრე შეგვაღონებს და შეწუხებულები, ოღონდაც თავიდან მოვიშოროთ და დიალოგი სხვა თემაზე გადავიტანოთ, ვეტყვით, „დამანებე თავი, კისერიც გიტეხია“, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მან ტირილი უნდა დაიწყოს, რატომ მწყევლიო. A-ს ბედნიერებით გახარებულები, თუკი B-ს, რომლისთვისაც მსგავსი ბედნიერება გვსურს, ვეტყვით, „A-ს წყალი გადაგსხმოდესო“, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ B შეშინებული გაიქცეს, ახლა გამწუწავენო. არც მაშინ გამოიძახებს ვინმე სასწრაფო დახმარებას, თუკი ვიტყვით, რომ შიშისგან „გული გამისკდა“, ანდა, თუკი საჩუქრის გახსნა გვინდა  და ვიტყვით, რომ „სული მიმდის“ ან, როცა ვინმეზე გულმოსულები საპასუხოს მოვიმოქმედებთ და ვიტყვით, რომ „ანგარიში გავუსწორე“ ან „ხურდა დავუბრუნე“, ჯიბეში ფულის ძებნას არ დაიწყებენ. ჰოდა, ახლა ამ წერილს ასე დავასრულებ: ერთი სული მაქვს, როდის გადავაგზავნი წერილს დასაბეჭდად. გული მისკდება,  რედაქტორმა გული არ დამწყვიტოს და გამოქვეყნებაზე უარი არ მითხრას… მერე  მკითხველმა პირი არ იბრუნოს ჩემგან… მხოლოდ მაშინ მომეშვება გულზე და სიხარულით ცას ვეწევი, როცა მკითხველი არ დამზარდება და გულხელდაკრეფილი კი არ იჯდება, არამედ მოწონების ნიშნად  წერილის ბოლოს ღილაკს თითი დააჭერს, სათქმელსაც გულში კი არ დაიმარხავს, კომენტარში გამოთქვამს… თუმცა გესლიანი კომენტარებისთვისაც მზად ვარ, მაგრამ ასეთ მკითხველს მაინც ვურჩევ, ენას კბილი დააჭიროს და, რაც ენაზე მოადგება, ყველაფერს ნუ დაწერს, იმიტომ რომ ცხვირის ჩამოშვება არ მჩვევია, ბოროტ სიტყვებზეც აცრილი ვარ და ბავშვობაში მასწავლეს, როგორ უნდა შევუშვა ერთ ყურში და მეორიდან გამოვუშვა…  ხუმრობა იქით იყოს და გულწრფელად მჯერა, რომ ამ წერილით დროს არ წავართმევ მკითხველს და ნადვილად სასარგებლო და საინტერესო თემაზე დასაფიქრებლად გამოვიწვევ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...