ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025
5 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

მხატვრული ნაწარმოების გააზრებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები – ეპიგრაფი

0

მხატვრული ლიტერატურის სასკოლო კურსი მოსწავლეს აცნობს ტექსტის გაგებისა გააზრებისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს.  ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და ტექსტის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება  საგნობრივი პროგრამითაა გათვალისწინებული. საპროგრამო თხზულებებიდან რამდენიმეში მხატვრულ ტექსტს დართული აქვს ეპიგრაფი.

მოსწავლეებს ხშირად უჭირთ ეპიგრაფის მნიშვნელობის ამოცნობა ან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე შესწავლისას წვრილი შრიფტით დაწერილ პატარა ფრაზას, ციტატას, ანდაზას, მიწერილს ნაწარმოების დასაწყისში.

წერილში თავი მოვუყარეთ მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ცნობებს ეპიგრაფის შესახებ. გთავაზობთ ასევე მეთოდურ მასალას, რაც მასწავლებელს დაეხმარება საპროგრამო ნაწარმოების ეპიგრაფის დამუშავების პროცესში.

 

რას ნიშნავს ეპიგრაფი?

ეპიგრაფი ბერძნული სიტყვაა და ქართულად წარწერას ნიშნავს. ანტიკურ ხანაში ასე იწოდებოდა წარწერები საფლავის ქვებსა და შენობების კედლებზე. პირველი ეპიგრაფები მხატვრულ ტექსტებში აღორძინების ხანიდან გვხვდება, თუმცა საკმაოდ იშვიათად. მე-18 საუკუნის ბოლოდან ეპიგრაფს აქტიურად იყენებენ მწერლები საკუთარი ერუდიციისა და განსწავლულობის წარმოსაჩენად, ნაწარმოებებისთვის ღრმა აზრისა და დამატებითი შინაარსობრივი დატვირთვის მისანიჭებლად.

ეპიგრაფი საკმაოდ ხშირად გვხვდება მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილ ქართულ მხატვრულ ტექსტებში. ილია ჭავჭავაძის ბევრი ნაწარმოები სწორედ ეპიგრაფითაა დამშვენებული, ილია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ეპიგრაფს და გულდასმით ირჩევდა ამა თუ იმ ნაწარმოებისთვის წასამძღვარებელ ციტატას, ანდაზას თუ ფრაზას.

 

ეპიგრაფის დანიშნულება

ეპიგრაფად, როგორც უკვე აღინიშნა, მწერალი ირჩევს ანდაზას, აფორიზმს, ციტატას სხვა თხზულებიდან ან რაიმე გამონათქვამს, ზოგჯერ – რიტორიკულ კითხვას ან შეძახილს. ეპიგრაფი დაერთვის როგორც მთლიან ნაწარმოებს, ისე ცალკეულ თავს და გამოხატავს ავტორის  სათქმელს, ძირითად აზრს, იდეას. ეპიგრაფი სათაურის, ქვესათაურის ან თავის აღმნიშვნელი ციფრის ქვევით, მარჯვენა კუთხეში იწერება. გამოირჩევა წვრილი შრიფტით. ციტატის ავტორი, უმეტესწილად, მითითებულია. მწერალი თავისუფალია ეპიგრაფის დართვისას და არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც გარკვეული მხატვრული დანიშნულებით ან სხვა მიზეზის გამო ორიგინალური ციტატა ავტორის მიერაა შეცვლილი.

  • ეპიგრაფი მკითხველის ყურადღებას ამახვილებს მწერლისთვის მნიშვნელოვან რაიმე მონაკვეთზე, სიუჟეტურ ხაზსა თუ პერსონაჟის ხასიათზე.
  • ეპიგრაფის მეშვეობით მკითხველს წინასწარ ექმნება გარკვეული განწყობა ( ისეთი, როგორიც მწერალს აქვს ჩაფიქრებული), იქმნება შესაბამისი ატმოსფერო.
  • ეპიგრაფის მეშვეობით „გახსნილია“ რომელიმე პერსონაჟის ხასიათი, ახსნილია ქცევის მოტივი, მკითხველს დამატებით ექმნება წარმოდგენა მასზე.
  • ეპიგრაფით მწერალი გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ნაწარმოებში აღწერილი ამბის, სიტუაციის, მოცემულობის მიმართ, მკითხველს თვალნათლივ წარმოუჩენს საკუთარ განწყობას პერსონაჟის ან მისი ქცევის შესახებ, ტექსტში გამოხატული იდეის ან თემის მიმართ.

ეპიგრაფი – როგორც საკვლევი მასალა

მე-12 კლასში მოსწავლეები შეისწავლიან ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს „შელოცვა რადიოთი“. ამ ტექსტის ეპიგრაფთან დაკავშირებით  მათ ხშირად უჩნდებათ კითხვები. ორი ნაწილისგან შემდგარი ეპიგრაფის მნიშვნელობისა და დანიშნულების ამოცნობა მოსწავლეებს უჭირთ. იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით წარვმართოთ მათი მსჯელობა, მნიშვნელოვანია ორივე ეპიგრაფის განხილვა, კვლევა, გაანალიზება. მზამზარეული პასუხების მიწოდების ან კრიტიკული წერილის გაცნობის ნაცვლად, სადაც დეტალურადაა მიმოხილული ეპიგრაფი[1], სთხოვეთ მათ დამოუკიდებლად მოიძიონ ვეფხისტყაოსნის სტროფი, სადაც ტარიელი ავთანდილთან საუბრის დროს ეკითხება მას:

“რას მაქმნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით…“

ამის შემდეგ განმარტონ სიტყვა „მაქმნევდის“(მაქნევდით) მნიშვნელობა. შეადარონ ლორთქიფანიძისეულ ვარიანტს ( „რას მიქნევდით“) და ამჯერად ამ სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობას შეეცადონ.

საბოლოო ჯამში, მათ უნდა განსაზღვრონ, რომ ტარიელი სიტყვას იყენებს „გამომიყენებდით“, „გამაკეთებინებდით“ – მნიშვნელობით. ის ინტერესდება, რას მერჩოდით, რაში გამოგადგებოდითო.

ნიკო ლორთქიფანიძე კი სიტყვაში „მიქნევდით“ აქეთ-იქით მიგდებას, მიქნევ-მოქნევას უნდა გულისხმობდეს. საფიქრებელია, რომ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ელი სვამს ამ კითხვას და თავის უცნაურ ბედსა თუ ბედისწერას გვაცნობს.

ცხადია, მკითხველს სრულიად სხვაგვარი გააზრებისა ან ინტერპრეტაციის უფლებაც უნდა დავუტოვოთ. მახსოვს ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის გულწრფელი შეძახილი, იქნებ, უბრალოდ, ასე ახსოვდა ნიკოს ციტატა და გამიზნულად სულაც არ ჩაუნაცვლებიაო. ამ შემთხვევაში ერთი და სწორი, უტყუარი, უეჭველი პასუხის მიღება კი არა, კვლევის უნარის გაუმჯობესება უფროა ჩვენი, როგორც მასწავლებლების მიზანი და არა ტოლობის ნიშნის დასმა ინტერპრეტაციასა და ნაწარმოებს შორის.

ეპიგრაფის მეორე ნაწილის გასააზრებლად მოსწავლეებმა სახარებას უნდა მიმართონ. მათეს სახარების 26-ე  თავის 28-ე მუხლში ისინი ამოიკითხავენ:

„ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“…

ლუკას სახარების 22-ე თავში კი მე-20 მუხლი გამოადგებათ:

„ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ­ ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული“…

ავტორისეულ ეპიგრაფზე დაკვირვებისა და მოცემულ მუხლებთან შედარების შემდეგ იკვეთება, რომ მწერალს ამოუღია სახარებებიდან გარკვეული სიტყვები, შეუერთებია ორი ფრაზა და თვითნებურად მიუმატებია სიტყვები „გასაწამებლად სიცოცხლისა“.

სიცოცხლის გაწამება – ამ მეტაფორის ამოსახსნელად კვლავ „ვეფხისტყაოსანთან“ მიბრუნება დაგვჭირდება. მოსწავლეები თავად დაძებნიან, თუნდაც, ინტერნეტში საძიებო სისტემების დახმარებით, სად და რა მნიშვნელობით გვხვდება სიტყვა „გა-წამ-ება“ და შესაბამის დასკვნებსაც თავად გამოიტანენ.

ამრიგად, ერთი ნაწარმოების ეპიგრაფის ანალიზი საინტერესო საკვლევ პროექტადაც შეიძლება იქცეს.

[1]იხ. სერია: ქართველი მწერლები სკოლაში. წიგნი 9, ლალი დათაშვილის წერილი„ეპიგრაფის გაგებისთვის“

სოციალურ–ემოციური სწავლების სიკეთე

0

SEL – სოციალურ-ემოციური სწავლება – არის პროცესი, რომლის დროსაც ბავშვები და მოზარდები იძენენ და ეფექტიანად იყენებენ ცოდნას, დამოკიდებულებას და უნარებს, რომლებიც საჭიროა ემოციების გასაგებად, პოზიტიური მიზნების განსასაზღვრად და მისაღწევად; გრძნობენ და ამჟღავნებენ ემპათიას სხვების მიმართ, ამყარებენ და ინარჩუნებენ პოზიტიურ ურთიერთობას და იღებენ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს.

თუ ყველა მოსწავლეს რთავთ საკლასო დისკუსიებში, სთავაზობთ პასუხისმგებლობას და არჩევანს, თბილად ეპყრობით და სათანადო მხარდაჭერასაც გამოხატავთ, სავარაუდოდ, უკვე იყენებთ SEL-ს.

სკოლებში მუშაობისას ხშირად მესმის: „სად მცალია SEL-ისთვის, ამდენი საქმე მაქვს“. მართალია, სოციალური და ემოციური სწავლების პროგრამებისა და სერვისების წარმატებით დასანერგად მასწავლებლებმა და სკოლებმა ყველაზე ძვირფასი რესურსი – დრო უნდა გამოიყენონ. SEL-ის კურიკულუმის შესამუშავებლად, საერთო–სასკოლო აქტივობების განსახორციელებლად და პროფესიული განვითარებისთვის ასევე საჭიროა შესაბამისი მზადყოფნა და სტრატეგიული დაგეგმვა. მაგრამ ეს გულს ნუ აგიცრუებთ. ამ მედალს მეორე მხარეც აქვს: ბევრი მასწავლებელი უკვე იყენებს სწავლების სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ამ მხრივ მოსწავლეთა ზრდას. განიხილავენ თქვენი მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს? აღნიშნავთ თუ არა მათ მიღწევებს? თუ ასეა, თქვენ უკვე უწყობთ ხელს მოსწავლეების სოციალურ და ემოციურ განვითარებას.

 

ეფექტიანი მასწავლებლები უკვე აკეთებენ ამას

ბევრმა მასწავლებელმა ინტუიციურად იცის, რომ მოსწავლეებთან ემოციური კავშირი მნიშვნელოვანია მათი აკადემიური, სოციალური და ემოციური ზრდისთვის. ასეთი მასწავლებლები ზრუნავენ მოსწავლეებზე, ყურადღებას აქცევენ კლიმატს საკლასო ოთახში, მოსწავლეების ჩართულობას თუ უკუკავშირს. SEL-ის სფეროში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა ის, რასაც ეფექტიანი მასწავლებლები უკვე აკეთებდნენ: სოციალური და ემოციური უნარები სწავლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მოსწავლეებს საკლასო ოთახში მოაქვთ ემოციები სკოლისგარე ცხოვრებიდან. ისინი შესაძლოა განიცდიდნენ სტრესს ოჯახში, ვთქვათ, მშობლის მიერ სამუშაოს დაკარგვასთან დაკავშირებით, მეგობართან შელაპარაკებას. კარგი მასწავლებლები საკლასო ოთახში შესვლისთანავე ამჩნევენ, რომ მათ მოსწავლეებს რაღაც აწუხებთ და იციან, რომ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ ემოციების გასანელებლად ან გასანეიტრალებლად, სანამ სასწავლო პროცესში ჩაერთვებოდნენ.

მოსწავლეები ასევე შესაძლოა განიცდიდნენ ემოციებს, რომლებიც წარმოიშობა საკლასო ოთახში და ეხება სწავლას. მაგალითად, მიღწევის ემოცია არის წარმატების ან წარუმატებლობის განცდა, რომელიც საკლასო აქტივობებს უკავშრდება. მოსწავლეები შესაძლოა ღელავდნენ ლაბორატორიული სამუშაოს ან სახელოვნებო შეჯიბრების წინ, აშინებდეთ მათემატიკური ამოცანები ან პოეზია… კარგ მასწავლებლებს ემოციური დამოკიდებულება აქვთ იმ საგნის მიმართ, რომელსაც ასწავლიან და მრავალნაირად შეუძლიათ ამ ვნების კლასისთვის გაზიარება. მიმზიდველი გაკვეთილების დაგეგმვა შესანიშნავი გზაა სოციალური და ემოციური უნარების ჩასართავად. ჰკითხეთ თქვენს თავს: „რა მინდა იცოდნენ მოსწავლეებმა, რას მინდა გრძნობდნენ და აკეთებდნენ ისინი ამ გაკვეთილის ბოლოს?“

 

სწავლება SEL-ის ჭრილში

სწავლა-სწავლებაში სოციალური და ემოციური უნარების ჩართვა ნიშნავს სწავლისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას. მაგალითად ისეთი საკლასო გარემოსი, სადაც მოსწავლეები:

* აქტიურად ერთვებიან ასაკის შესაბამის სასწავლო აქტივობებში;

* უვითარდებათ ცხოვრების პოზიტიური მიზნების მისაღწევად საჭირო უნარები;

* არ ეშინიათ და გრძნობენ აკადემიურ ინტერესს;

* ურთიერთობენ მასწავლებლებსა და თანატოლებთან;

* აქვთ მიკუთვნებულობის გრძნობა.

 

The Center on Great Teachers & Leaders-მა გამოავლინა სწავლების 10 პრაქტიკა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრატეგიები ხშირად გამოიყენება სკოლებში, მათ არ განიხილავენ როგორც რესურსებს მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების განსავითარებლად. სტატიის ბოლოს სამ ასეთ სტრატეგიას შემოგთავაზებთ:

  1. დისკუსიები კლასში. ეს პრაქტიკა მიემართება მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარებს და იძლევა აკადემიურ დისკურსში ჩართვის შესაძლებლობას. საკლასო დისკუსიებში გააზრებული მონაწილეობისთვის მოსწავლეებმა ყურადღებით უნდა უსმინონ სხვებს, გამოარჩიონ მათი იდეები და თავაზიანად დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ მათ. საკლასო დისკუსიები იყენებს მოსწავლეთა სოციალურ ცნობიეერბასა და თვითცნობიერებას და უვითარებს მათ თანაკლასელებთან ურთიერთობის უნარებს.
  2. პასუხისმგებლობა და არჩევანი. რამდენად აძლევენ მასწავლებლები მოსწავლეებს უფლებას, მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებით? ეს შეიძლება მოიცავდეს საკლასო ნორმებისა და პროცედურების შემუშავებას, აგრეთვე მოსწავლეებისთვის არჩევანის მიცემას იმის თაობაზე, როგორ ჩატარდეს გაკვეთილები და აქტივობები. საკლასო ოთახში არჩევანის უზრუნველყოფა მოსწავლეებს განუმტკიცებს განცდას, რომ მათი სწავლა მათ ხელთაა და უვითარებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების უნარებს.
  3. მასწავლებლის ენა. მნიშვნელოვანია, როგორ ესაუბრებიან მასწავლებლები მოსწავლეებს. SEL-ის პერსპექტივით, მასწავლებლის ენამ, სითბომ და მხარდაჭერამ უნდა წაახალისოს მოსწავლეები, აკონტროლონ თავიანთი ქცევა. მასწავლებელი ძლიერი როლური მოდელია, როცა საქმე სოციალურ და ემოციურ უნარებს ეხება. მოსწავლეებს შეუძლიათ, მისგან ისწავლონ სხვისი წახალისების პოზიტიური გზები, ემპათიის გამოხატვა ან კონფლიქტების მოგვარება.

ეს სამი მაგალითი გვიჩვენებს, როგორ შეუძლია სწავლების პრაქტიკებს მოსწავლეთა სოციალური და ემოციური უნარების მხარდაჭერა და განვითარება. მომდევნო დღეებში დააკვირდით თქვენს საქმიანობას SEL-ის პერსპექტივით. რამდენად უწყობს ხელს თქვენი სწავლება მოსწავლეების SEL-ის გაუმჯობესებას? კიდევ რომელი სტრატეგიების დანერგვაა საჭირო მათი სოციალური და ემოციური უნარების განსავითარებლად?

 

წყარო: ლორეა მარტინესი, https://www.edutopia.org/blog/sel-is-good-teaching-lorea-martinez

როგორ შევძლოთ შთამბეჭდავი წარდგინება

0

როგორ იქმნება სიტყვა, რომელიც ხალხს დიდხანს ამახსოვრდება? როგორ ახერხებენ მსახიობები, პოლიტიკოსები და სხვები, დაძლიონ მღელვარება და მსოფლიო აალაპარაკონ?
ბევრ ადამიანს დიდი აუდიტორიის შიში აქვს, რაც შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვესაუბრებით – გვინდა, ყურადღებით გვისმენდნენ და სათქმელი ისე გაიგონ, როგორც ჩავიფიქრეთ. გარკვეული წესების დაცვით კი ყველას შეუძლია, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა ისწავლოს.
უთხარით აუდიტორიას რამე სასარგებლო
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წესია: თქვენმა ნათქვამმა მსმენელს რამე უნდა შემატოს. ბევრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი მიღწევების დემონსტრირება, მაგრამ ასე არ არის. თქვენი საქმეა, დაეხმაროთ სხვებს. სწორედ ამიტომ გითმობენ ადამიანები დროს და ყურადღებას. სანაცვლოდ თქვენც უნდა გასცეთ ღირებული ცოდნა ან გამოცდილება.
გაუზიარეთ სიახლე
წინა პუნქტში შევთანხმდით, რომ თქვენი გამოსვლა, პირველ რიგში, სასარგებლო უნდა იყოს. სასარგებლო კი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ადამიანებს რამე ახალს ასწავლით. როგორ გაიგებთ, რა არის მათთვის ახალი? სამწუხაროდ, ვერანაირად, მაგრამ თუ თავად ინფორმაცია იქნება ახალი ან ექსკლუზიური, დიდი შანსია, აუდიტორიის ყურადღება მიიპყროთ.
აირჩიეთ ერთი მიზანი
ჰკითხეთ თქვენს თავს: „რა არის ჩემს სიტყვაში მთავარი? ჩემი მოხსენება რომ ათიოდე სიტყვით შემეჯამებინა, როგორ გამოვთქვამდი მთავარ იდეას?“ ყველა სიტყვა, რომელსაც იტყვით, ერთ იდეამდე უნდა მიდიოდეს. თუ ერთდროულად რამდენიმე სათქმელს აირჩევთ, აუდიტორიას გაუჭირდება, თქვენს აზრთა მდინარებას მიჰყვეს.
დაანახეთ აუდიტორიას, თავად რამდენად გაღელვებთ ეს საკითხი
შეგიმჩნევიათ, რომ გაცილებით დამაჯერებლად საუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებზეც მართლა შეგტკივათ გული? თუ აღფრთოვანებული ხართ გამოსვლის თემით, გადასდეთ ხალხს ეს აღფრთოვანება. ასე უფრო ეფექტურად ილაპარაკებთ.
მოიყვანეთ არგუმენტები
თუ თქვენი იდეის სისწორეში დარწმუნებული ხართ, დაარწმუნეთ სხვებიც. თუ ლაპარაკობთ სექსიზმზე, მოიყვანეთ სტატისტიკა ან სულაც გააცანით პირადი გამოცდილება. თუ ასე მოიქცევით, თქვენი სიტყვები გადამდებად იმოქმედებს. სამწუხაროდ, ხალხის ყურადღების მიპყრობა გაგიჭირდებათ, თუ სასაუბრო თემასთან თქვენც მხოლოდ ირიბი შეხება გქონიათ.
ესაუბრეთ ცალკეულ პირებს და არა მთელ ჯგუფს
გამოსვლის დაწყებისას ამოირჩიეთ ერთი ადამიანი დარბაზიდან. ეს შეიძლება იყოს თქვენი ნაცნობი ან სულაც რომელიმე დამსწრე სულ უკანა რიგში. დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი და გაუღიმეთ. შემდეგ გადაინაცვლეთ სხვაზე და კვლავ სცადეთ საპასუხო რეაქციის გამოწვევა. ეს ჟესტი დაგეხმარებათ, სიტყვით გამოსვლის დროს ერთდროულად მოკრძალებული და შთამბეჭდავი იყოთ.
დაიმახსოვრეთ თქვენი სიტყვის პირველი და ბოლო ფრაზები
თუ დაწერილ ტექსტს თვალს არ მოაშორებთ, მარცხისთვის იქნებით განწირული. თვალით კონტაქტის გარეშე აუდიტორიის აღფრთოვანება შეუძლებელია. სიტყვით გამოსვლის დროს თქვენ გჭირდებათ სიახლოვე აუდიტორიასთან, მთავარი კი გულიდან წამოსული სიტყვებია. თუ ძალიან ღელავთ და ფურცლების გარეშე ვერაფერს გახდებით, საუკეთესო ვარიანტია, მთავარი ფრაზები ბარათებზე დაწეროთ და დროდადრო ჩაიხედოთ. მნიშვნელოვანი ნაწილები მაინც ზეპირად უნდა თქვათ.
აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა და ტაშის დამსახურება ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეთ და კარგად მოემზადოთ.

დრო ყველას ცოტა გვაქვს!

0

რეჟისორ ლორან კანტეს ფრანგული მხატვრული ფილმი „კლასი” ყველა მასწავლებელმა უნდა ნახოს. ფილმი 2008 წელსაა გადაღებული და კანის კინოფესტივალის გამარჯვებულია. იმდენად გულწრფელად, დამაჯერებლად და ძალდაუტანებლადაა წარმოჩენილი ლიტერატურის მასწავლებლის, კლასისა და სწავლა-სწავლების პრობლემები, რომ თავი ფილმის გმირი მეგონა. ეს გმირი – ფრანსუა მორენი – თითქოს მე ვიყავი, ჩემი ფრაზებით საუბრობდა. მისი ექსტრავაგანტური პირდაპირობა, როგორც ფილმის ანოტაციაშია ნათქვამი, თითქოს ჩემგან იყო წაღებული. არც მკაცრი, არც ლოიალური მასწავლებელი – ეს ნამდვილად მე ვიყავი…

გენიალური ხედვა ჰქონია ლორან კანტეს, რომელიც ამავე დროს სცენარის ავტორიც არის, რომ ასე ზუსტად ხედავს თანამედროვე სკოლის პრობლემებს… სუპერორიგინალურია ყველა სცენის ჩანაფიქრი თუ რეფლექსია და პირდაპირ ჩვენი რეალობიდან ამოდის. ჩემი სკოლისა და კლასების პრობლემები გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს, ზოგჯერ სკეპტიციზმი და სასოწარკვეთა მიპყრობს… ნუ მთლიანობაში მაინც ოპტიმიზმია, რაც მაცოცხლებს და მაძლებინებს, მაგრამ ფრანგული გამოცდილების გაზიარება ნამდვილად წამალი იყო ჩემთვის… ერთგვარი ნუგეში აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ ჩვენ და ევროპელებს პრობლემები ზუსტად ერთნაირი გვქონია… ბავშვების დამოკიდებულებაც მასწავლებლებისადმი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩვენს სკოლებში…

მასწავლებლობა კედელზე შუბლით დატაკების, ზოგჯერ კედლის გატანის, ხან შემოვლის, ხან უკან დახევის და ხან საკუთარი თავის ნგრევის ანატომიაა. ეს საქმე ფანატიკურად უნდა გიყვარდეს, რომ გაუძლო ყველა გამოწვევას, რადგან რეალობა ასეთია: სამყარო მასწავლებლის წინააღმდეგ! წარსულს ჩაბარდა მასწავლებლის, როგორც ურყევი ავტორიტეტის ხატი… დღეს მას ყველა უტევს: სახელმწიფო აპარატი, სკოლის ადმინისტრაცია, კოლექტივი, მოსწავლე, მშობელი, საზოგადოება… ჩემი პოეტი და მასწავლებლობის გამოცდილების მქონე მეგობრის თქმით, მასწავლებლობა ალმოდებული კოშკიდან ბავშვების გამოპარებას ჰგავს, ოღონდ ისე, ბავშვებს არ გავაგებინოთ, რომ ვიწვით…

მე კი ამასწინათ მეგობარს ვეუბნებოდი, რომ ჩემი სოფლის ბავშვობის მოგონებებიდან აბრეშუმის ჭიების შარიშურს მაგონებს ხშირად კლასი… ასოციაციურად ხშირად მეჩვენება, რომ კლასი აბრეშუმის ჭიის ჩელტია, მე თუთის ფოთოლი ვარ, რომელსაც აბრეშუმის ჭიები შრაშუნით ახრამუნებენ, ან ჩემი მეთოდებია თუთის ფოთლები, რომლებიც უნდა მივუყარო ბავშვებს ყოველ ჯერზე და თუ სადმე ფოთლები შემომაკლდა, დაუნანებლად შემახრამუნებენ შარიშურით… ან: ქართული ჯადოსნური ზღაპრების ფასკუნჯები არიან ბავშვები. ფასკუნჯი გმირს ქვესკნელიდან შუასკნელში მიაქროლებს გველეშაპისგან შვილების გადარჩენის საფასურად და როცა ანიშნებს, ხორცის ნაჭერი ნისკარტში უნდა ჩაუდოს გმირმა. როცა ხორცის ნაჭერი გაუთავდა, გმირმა ბარძაყიდან ამოიჭრა ხორცი და ის აჭამა… ფასკუნჯს ყველაზე მეტად ეს ნაჭერი ეგემრიელა. როცა ერთად ამოაღწიეს ქვესკნელიდან  და ფასკუნჯმა სისხლიანი ბარძაყი დაინახა, ჭრილობას თავისი ჯადოსნური ფრთა მოუსვა და გაამრთელა, გმირს კი ასე უთხრა, რომ მცოდნოდა, ასეთი გემრიელი ხორცი გქონდა, შეგჭამდიო… დიახ, ჩვენ ასე მივქრივართ ერთად თოლია ჯონათანის ზესკნელებისკენ და მასწავლებელს სულ ხელთ უნდა ეპყრას ხორცის ნაჭერი, საზრდო, რომელიც თუნდაც გულის სისხლი შეიძლება იყოს… სხვა შემთხვევაში ბანკროტისთვის განწირული ხარ! ხოლო მოსწავლე მასწავლებლისთვის საზრუნავი და სატანჯველიც არის და ისეთი არამიწიერი სიხარულიც, როგორსაც სხვა ვერაფერი მოგანიჭებს.

მთავარი, ამ ფილმმა რისი რწმენაც განმიმტკიცა, ისაა, რომ ლიტერატურის მასწავლებლის მისია არის დაეხმაროს მოსწავლეებს თვითგამოხატვაში. ფრანსუა „ანა ფრანკის დღიურს” აკითხებს თინეიჯერებს და ისინი ასკვნიან, რომ ლიტერატურა გვეხმარება თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, ჰარმონიისკენ მიმავალი გზების მიგნებაში. ფრანსუას ურთულესი ქცევის, უღრმესი ფსიქოლოგიური პრობლემების მოსწავლეებთან უწევს ურთიერთობა, თუმცა ის არცერთხელ, არცერთი წამით არ წარმოჩენილა მაყურებლის წინაშე იმედგაცრუებული და რწმენაშერყეული, სულით გატეხილი. დაღლილი კი, მაგრამ ეს დაღლაც მას ზრდის, როგორც მასწავლებელს. ფრანსუას უმნიშვნელოვანესი რეფლექსია ასევე ის არის, რომ სირცხვილი და კომპლექსები არის ბავშვებში დევიაციური ქცევის მაპროვოცირებელი და მასწავლებლის (დამრიგებლის) მისიაა, დაეხმაროს მოსწავლეს მათ დაძლევაში. ამ გზაზე უმთავრესია ლიტერატურული ტექსტების წიაღში საკუთარი თავის დანახვა-გააზრება. ამიტომ მისიე მორენი ბავშვებს ავტოპორტრეტებს აქმნევინებს. ავტოპორტრეტი და არა ავტობიოგრაფია! – მისი მითითება მკვეთრია! ეს წლის მანძილზე უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. სასწავლო წლის დასასრულ კი მორენი მოსწავლეების მიერ შექმნილი ავტოპორტრეტების რვეულებს კლასის ერთობლივ ფოტოს დააკრავს და შინ ატანს, რათა მოსწავლემ საკუთარი თავი კოლექტივის ნაწილად გაიაზროს და ამოიცნოს საკუთარი პასუხისმგებლობები კოლექტივის წინაშე. ბავშვებში საოცარი ემოციები აღძრა მასწავლებლის ამ მეთოდმა.

ფრანსუასაც წამოსცდება ისეთი რამ, რაც არ უნდა ეთქვა მოსწავლე გოგონებისთვის, მაგრამ ის არ გაურბის არც საკუთარ გადაცდომებს, თამამად აღიარებს მათ და თავისუფლად შეუძლია მოსწავლეებთან თავის ლაფსუსებზე საუბარი. მისთვის მასწავლებლობა უწყვეტი ფურორი და წარმატებების კასკადი კი არა, ხელმოცარულობების ისტორიაც არის და ამ ტკივილში, თვითგვემაში, მარცხში ძლიერდება და იწრთობა მისი სული.

არ დამავიწყდება ერთი ჩემი არაკეთილგანწყობილი კოლეგის კატეგორიული ტონი, როცა ვცადე მასთან გაუგებარი აგრესიის მიზეზებზე საუბარი. ასე მითხრა: თქვენზე ამბობენ, რომ მიუხედავად თქვენი სტატუს-ხარისხებისა, არაფერი მასწავლებელი არ ხართ, წარუმატებელ გაკვეთილებს ატარებთო. მივხვდი, რომ ის გულისხმობდა ერთ საჩვენებელ გაკვეთილს, რომლითაც ყველაზე უკმაყოფილო მევე დავრჩი და ეს არავისთან დამიმალავს. წარუმატებლობის მიზეზი კი იყო მრავალმხრივ მიზნებზე გათვლილი გაკვეთილი, რამაც შედეგზე გასვლაში ხელი შეგვიშალა, ვერ დავძლიეთ გაკვეთილის გეგმით გაწერილი ყველა აქტივობა, დრო არ გვეყო. კოლეგისგან ამგვარი შეფასება მწარე სილა იყო, მაგრამ თავი როგორღაც შევიკავე და კითხვა შევუბრუნე:

– თქვენ ყოველთვის უზადო გაკვეთილებს ატარებთ? არასოდეს განგიცდიათ მარცხი? მისი კატეგორიული და დაბეჯითებული პასუხი სიკვდილამდე არ დამავიწყდება:

– დიახ, მე ყოველთვის საუკეთესო გაკვეთილს ვატარებ! არასოდეს მომსვლია მარცხი! არასოდეს!

ნეტარ არიან თავდაჯერებულნი! მე მათთან ხელი არ მაქვს. ჩემდათავად კი ვაღიარებ, რომ საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდა ჩემი ძალიან ხშირი სტუმარია და არც იმის აღიარება გამიჭირდება, კონკრეტულად რა არ გამომდის ხოლმე.

თუკი საკუთარ თავს გავიაზრებ, როგორც უწყვეტი პედაგოგიური თვითგანვითარების ობიექტს, უკან დამრჩება მასწავლებელი, რომელმაც გუშინ ან გუშინწინ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცოდა, რომელსაც პრაქტიკამ სწავლა-სწავლების უამრავი სრულიად წარმოუდგენელი რაკურსი აჩვენა, ის კი ხშირად მზად არ იყო ჩიხებიდან თავის დასაღწევად. თუმცა იმას კი ახერხებდა, რომ იმ ჩიხში დიდი ხნით არ მოქცეულიყო და სწრაფი, ადეკვატური  რეაგირებით გამოსავალი მოეძებნა, არასასურველი რეალობა შეეცვალა. ერთხელ სადამრიგებლო კლასს ავტოპორტრეტის მაგვარი დავალება მივეცი, მისი ზუსტი ფორმულირება ახლა არ მახსენდება, მაგრამ არ დამავიწყდება საუკეთესო მოსწავლის თვალით დანახული პირადი ცხოვრება: უკვე მერამდენე წელია სკოლიდან სახლამდე და სახლიდან სკოლამდე დავდივარ იმის მოლოდინში, რომ ჩემს ცხოვრებაში რამე საინტერესო გამოჩნდება, მაგრამ ამაოდო. ამ ფრაზამ მთელი ჩემი მასწავლებლური თავდაჯერებულობა ამოაყირავა. მას არ აქვს სათქმელი, რომ სკოლა და გაკვეთილები მისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი, სასურველი და დაუვიწყარი სამყაროა. მისი სამყარო იმდენად ფართო, ღრმა და მრავალშრიანია, სკოლამ უნდა შესთავაზოს რაღაც განუმეორებელი, რომ ამ ბავშვის ყურადღება, სული და გული დაიპყროს. მას შემდეგ ჩემს თვალთახედვას იმ ბავშვის თვალები და შეგრძნებებიც შეემატა. მინდა მაქსიმუმი გავაკეთო, რომ გაკვეთილი და სასკოლო გარემო მისთვის უფერული სამყარო არ იყოს.

ლორან კანტეს ფილმს ლაიტმოტივად გასდევს დევიაციური ქცევის მოსწავლეთა პრობლემების მართვა. კლასებში არიან მოსწავლეები, რომლებიც დაბალი თვითშეგნების თუ დევიაციური ქცევების გამო სერიოზულად აფერხებენ სასწავლო პროცესს, ხელს უშლიან სწავლამოწყურებულ თანაკლასელებს სრულფასოვნად მუშაობაში. მისიე მორენის ჰუმანიზმი უსაზღვროა, მაგრამ ფილმში ხაზგასმულია, რომ სკოლაში მოსწავლის უფლებების ხარჯზე მისი პასუხისმგებლობების ნიველირება ცუდი შედეგის მომტანია, რომ ადეკვატური რეაგირება კლასისთვის ხელისშემშლელი ქცევის გასანეიტრალებლად აუცილებელია და აქ ცალკეული მასწავლებელი ვერაფერს გახდება. ეს საკითხები სკოლის ადმინისტრაციის, დისციპლინური კომიტეტის, კოლეგებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობით უნდა მოგვარდეს.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ერთი უპირატესობა გვაქვს: ჩვენ ვასწავლით სამყაროს უდიდეს ხელოვნებას – სიტყვებით კეთილ ჯადოქრობას, რასაც ყველაზე მეტად ძალუძს ადამიანის სულში გარდატეხა და მეტამორფოზები, ვიდრე ნებისმიერ მეცნიერულ ან პრაქტიკულ ცოდნას. ვინაიდან ლიტერატურის სწავლება – ეს არის გზა საკუთარი თავის ძიების, სამყაროს შემეცნების, სულიერი ჰარმონიის მიღწევის, სიყვარულისა და ჰუმანიზმისკენ, უმთავრეს საშუალებად სწორედ ის უნდა გამოვიყენოთ. აკი კანტეს ფილმის ფინალშიც მხოლოდ სასწავლო წლის ბოლო დღეს გამოუტყდა ფრანსუას ურჩი თინეიჯერი, რომელიც მთელი წელი უარს აცხადებდა სწავლასა და მასწავლებელთან თანამშრომლობაზე, რომ მან ამ წელს ვერაფერი ისწავლა, ხოლო პროფსასწავლებელში წასვლა არ სურდა. ფრანსუამ კი მიუგო, რომ მას კიდევ ჰქონდა დრო არჩევნის გასაკეთებლად – ერთი წელი!.. და მას ყველაფრის შეცვლა შეეძლო…

ცოტაა ეს დრო გოგონასთვის? არა მგონია! შეცვლა ყოველთვის ყველაფრისა შეიძლება! დრო კი ყველას ყოველთვის ყველაფრისთვის ძალიან ცოტა გვაქვს!

 

მკითხველები უკეთესი ადამიანები არიან

0

ოდესმე დაგისრულებიათ წიგნის კითხვა? ვგულისხმობ ნამდვილად დასრულებას, გარეკანიდან გარეკანამდე. დაგიხურავთ ყდა ნელი გამოღვიძებით, რომელიც ცნობიერებაში ხელახლა დაბრუნებას ახლავს?

ღრმად ამოისუნთქავთ, ფილტვების ფსკერიდან ჰაერს გამოუშვებთ და სხედხართ. წიგნი ორივე ხელით გიჭირავთ, თქვენ კი გარეკანს, უკანა გვერდს ან თქვენ წინ კედელს უცქერით დაჟინებით, მადლიერი, ჩაფიქრებული და ოცნებებში წასული. გრძნობთ, თითქოს სიმშვიდე მოიპოვეთ და თან დაკარგეთ. თქვენ სწორედ ახლა გამოსცადეთ რაღაც ღრმა, რაღაც ინტიმური. ახლახან გქონდათ ინტენსიური და გარკვეულწილად წარმავალი მეტამორფოზა.

უცხო ადამიანის ერთი ნახვით შეყვარების მსგავსად, – ადამიანისა, რომელსაც ვეღარასოდეს ნახავ, – გკლავს ძლიერი სურვილი და მწუხარება დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობის გამო, მაგრამ, ამავე დროს, კმაყოფილი ხარ, სავსე გამოცდილებით, კავშირითა და სიმდიდრით, რომელიც მეორე სულის შეთვისებიდან მოდის და გრძნობ, რომ დანაყრდი, სულ ცოტა ხნით მაინც.

კითხვის ამ ტიპს ჟურნალ TIME-ის ავტორი ენი მერფ პოლი ღრმა კითხვას უწოდებს და ამბობს, რომ ეს პრაქტიკა მალე დინოზავრებივით გადაშენდება, რადგან ხალხი ზერელედ და ნაკლებს კითხულობს. მკითხველები, ხმოვანი ფოსტისა და ბარათების მომხმარებლების მსგავსად, მომაკვდავი რასაა და მათი რიცხვი ყოველი ახალი ონლაინ ტაბლოიდის გამოსვლასთან ერთად მცირდება.

ამ მოსალოდნელი გადაშენების ყველაზე უარესი მხარე კი ის არის, რომ მკითხველები სხვა ადამიანებთან შედარებით უფრო სასიამოვნოები და ჭკვიანები არიან. ჟურნალისტი ამბობს, რომ ის, ვინც კითხულობს, ერთადერთია, ვისი შეყვარებაც ღირს ამ ჯოჯოხეთურ დედამიწაზე.

კანადის იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის რაიმონდ მარისა და ტორონტოს უნივერსიტეტის კოგნიტიური ფსიქოლოგიის პროფესორის ქეით ოტლის მიერ 2006 და 2009 წლებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, მხატვრული ლიტერატურის მკითხველებს ყველაზე მეტად შეუძლიათ თანაგრძნობა და აქვთ გონების თეორია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს საკუთარი შეხედულებები და ინტერესები. მას, ვისაც კითხვა უყვარს, შეუძლია გაითვალისწინოს სხვისი, თუნდაც მათი აზრებისგან რადიკალურად განსხვავებული იდეები და იმავდროულად შეინარჩუნოს საკუთარი.

როგორც მკვლევრები ამბობენ, გასაკვირი არ არის, რომ მკითხველები უკეთესი ადამიანები არიან, რადგან მათ სხვისი ცხოვრების აბსტრაქტული განცდის შემდეგ ისწავლეს, როგორ დატოვონ საკუთარი სხეულები და სამყაროს სხვა ჩარჩოებიდან შეხედონ.

მათ შეხება აქვთ ასობით ადამიანთან და ყველა მათგანისგან აგროვებენ სიბრძნეს. მათ უნახავთ ის, რასაც თქვენ ვერასოდეს გაიგებთ და განუცდიათ იმ ადამიანების სიკვდილი, რომლებსაც თქვენ ვერასოდეს გაიცნობთ.

ასე რომ, დაფიქრდით, ოდესმე დაგისრულებიათ წიგნის კითხვა? ვგულისხმობ ნამდვილად დასრულებას, გარეკანიდან გარეკანამდე. დაგიხურავთ ყდა ნელი გამოღვიძებით, რომელიც ცნობიერებაში ხელახლა დაბრუნებას ახლავს?

მდუმარე ნოტები მუსიკაში

0

მუსიკა მუსიკალურ „ხმაურთან“ ერთად აღსავსეა სიჩუმით და ის პაუზებით „გამოითქმება“. ვინაიდან პაუზაც მუსიკაა, ნაწარმოები ბგერებისა და პაუზების დიალოგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. პაუზის დროს შემსრულებელი და მსმენელი, ფაქტობრივად, სიჩუმეს უსმენს.

პაუზები, განსაკუთრებით თანამედროვე მუსიკისთვისაა დამახასიათებელი, რომელსაც ნაწარმოებში უმნიშვნელოვანესი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. იმედია, ხელოვნებაში სიჩუმის ზრდის ტენდენცია თანდათან ერთ დიდ პაუზად, თეთრ ტილოდ, სიცარიელედ არ გარდაიქმნება. ბუნებრივია, აქ უმალ თავს შეგვახსენებს მუსიკის აღსაქმელად „განწირული“ მსმენელთა აუდიტორია კეიჯის „სიჩუმის 4 წუთისა და 33 წამის“ ცნობილი ექსპერიმენტით.

 

   მუსიკალური სასვენი ნიშნები

თუ კარგად დავაკვირდებით, მუსიკაში პაუზები, თავისებურად, სასვენ ნიშნებს მოგვაგონებს. პაუზები აზრობრივი აქცენტების დასმაში გვეხმარება – ფრაზებს და წინადადებებს ერთმანეთისგან განაცალკევებს.

შეგახსენებთ, მუსიკალურ ნაწარმოებში სინტაქსური სტრუქტურების დაყოფას, ანუ ნაწილების გამიჯვნის მომენტს ცეზურა ეწოდება. ცეზურის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი პაუზაა. ცეზურა, როგორც წესი, იქ შეიგრძნობა, სადაც მუსიკა „ჩერდება“, როდესაც ჟღერადობა რეალურად წყდება, ანუ პაუზა „ჩამოვარდება“. გამოცალკევებული ნაწილები, ანუ ამგვარი მუსიკალურ-მხატვრული ხერხი ნაწარმოების ხასიათის მაქსიმალური სიმძაფრის შესაქმნელად გამოიყენება და მთლიანობაში მუსიკის მკაფიოდ აღქმაში გვეხმარება.

 

ყველას შეგვიმჩნევია, რომ საუბრისას ყველაფერს არ ვახმოვანებთ, მაგრამ ვგულისხმობთ. ეს რაღაცით ჰგავს მუსიკაში „მდუმარე, გაჩერებულ ნოტებს“, ანუ პაუზებს, რაშიც სწორედ მუსიკას ვგულისხმობთ ხოლმე. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გაჩერება უსასრულო დასვენებას არ გულისხმობს, და რომ პაუზები, ანუ წილები პაუზებში გულისყურით უნდა დაითვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რიტმიდან ამოვარდებით და ნაწარმოებში გზას ვეღარ გავიკვლევთ.

 

როგორც ვიცით, მუსიკალურ ნაწარმოებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება რიტმულ მხარეს. აქ მონაწილეობს როგორც სხვადასხვა გრძლიობის ბგერები, ასევე ერთგვარი დუმილის მომენტები – პაუზები. ვინაიდან მუსიკა მუდმივად მიედინება, ნაწარმოებში ნოტებთან ერთად პაუზებიც ტაქტიდან ტაქტში მშვიდად გადადის. ნოტების (ბგერების) მსგავსად პაუზებსაც თავისი ხანგრძლივობა და გადათვლის წესი აქვს.

                                                

  სანოტო ნიშნები ნაწარმოებში სიჩუმის აღსანიშნად. პაუზების დამწერლობა

სანოტო ნიშანი „პაუზა“ ჟღერადობის გარკვეული დროით შეწყვეტა-შესვენებას აღნიშნავს.

თითოეული გრძლიობის ნოტს შესატყვისი გრძლიობის პაუზა აქვს (ბგერის გრძლიობაზე უკვე გესაუბრეთ წერილში „მუსიკალური ანბანი – მოსწავლეებისთვის აუცილებელი ცოდნა“).

მაგ: მთელ ნოტს (4 თვლა) მთელი პაუზა (4 თვლა) შეესაბამება, ნახევარს (2 თვლა) – ნახევარი პაუზა (2 თვლა), მეოთხედს (1 თვლა) – მეოთხედი პაუზა (1 თვლა) და ა. შ.

საინტერესოა, რომ ზოგიერთი პაუზა, მაგ: მთელი და ნახევარი ერთმანეთს ქვაბურა ქუდით ჰგავს. მთელ პაუზას ფარფლი ზევით აქვს მიმართული, ხოლო ნახევარ პაუზას – ქვევით.

ნოტებში ჩასაწერად პაუზების გრაფიკული ნიშნები ასე გამოიყურება:

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი პაუზა ჰორიზონტალური მოკლე შავი ხაზია, რომელიც სანოტო სისტემის მეოთხე ხაზზეა „დაკიდებული“ და ტაქტის შუაში იწერება. ნახევარი პაუზა ფორმით მთელის მსგავსია, მხოლოდ მესამე ხაზზეა „წამოსკუპებული“.

მეოთხედი პაუზა ელვას ჰგავს და ზიგზაგის ნიშნით გამოისახება.

ასევე ერთმანეთს ჰგავს მერვედი და მეთექვსმეტედი პაუზა. მერვედი პაუზა ძალიან ჰგავს შვიდიანს ერთი კუდით, მეთექვსმეტედი პაუზაც – შვიდიანს, მხოლოდ ორი კუდით. კუდების რაოდენობა პაუზებს მერვედი და მეთექვსმეტედი ნოტების მსგავსად ერთნაირი აქვთ.

დავალება: მუსიკალურ-მათემატიკური „ამოსახსნელი“ ამოცანა

 

წარსულშიც და აწმყოშიც კომპოზიტორები ნაწარმოებებში სიჩუმე-პაუზებს, როგორც შეწყვეტილ სუნთქვას, უხვად იყენებდნენ. XX საუკუნის ბოლოდან კი პაუზებმა განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა.

მდუმარება, როგორც კულტურის ენა, სრულიად ახალ მოვლენად იქცა. ხელოვნებაში მდუმარებას თავისთავად არსებობა არ შეუძლია. სიჩუმეს მრავალმნიშვნელოვნად მეტყველება უნდა შეეძლოს. სიჩუმე უნდა „გაჟღერდეს“.

საყურადღებოა პაუზების განსაკუთრებული გამომსახველობა შესანიშნავი ავსტრიელი კომპოზიტორის ანტონ ბრუკნერის შემოქმედებაში. „მისი პაუზები“ მსმენელთა წინაშე როგორც მუსიკის სრული გათიშვით, ისე თანდათანობითი ჩაჩუმების ნიშნებად „წარსდგება“ გარინდების სახით გაგრძელებული და თითქოს არაფერში გარდასახული.

ბრუკნერი ამ უკანასკნელ სიმფონიაზე მძიმედ დაავადებული მუშაობდა. ვინაიდან გრძნობდა, რომ მისი „გედის სიმღერა“ შესაძლოა დაუსრულებელი დარჩენილიყო, ნაწილებს გულმოდგინედ ათარიღებდა. მე-9 სიმფონიის მესამე ნაწილი, თავისი ღრმა ჩანაფიქრით კომპოზიტორის მთელი შემოქმედების ერთგვარი „ეპილოგია“.

 

P.S. „პაუზა გასვლაა სიჩუმეში, რის შემდეგ კვლავ ბგერა იბადება… და ეს სიჩუმე შევსებული უნდა იყოს წარმოდგენილი მუსიკით, თუმცა უკვე მსმენელის წარმოდგენაში. მუსიკა არ ჟღერს, მაგრამ ცუდია, თუკი პაუზის დროს მსმენელი მუსიკას გამოეთიშება და წყვეტა წარმოიქმნება. მაგრამ თუ პაუზა მუსიკის გაგრძელებად აღიქმება, მაშინ ეს პაუზა „მუშაობს““ (გია ყანჩელი – სიჩუმის მაესტრო).

 

 

რატომ არის ცურვა სპორტის შეუცვლელი სახეობა მოზარდისათვის

0

ცურვა რომ სასწაულებს ახდენს, ყველამ იცის. ორგანიზმისათვის მის მარგებლობასა და ცალკეულ ეფექტებზე ჩვენს ჟურნალშიც არაერთი საინტერესო ინფორმაცია დაბეჭდილა. ცურვის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ მათი ჯანმრთელობისა და მხნეობის მთავარი საფუძველი წყალია. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ცურვის შესახებ:

 

კალორიების სწრაფად დაკარგვა

წყალში ყოფნა სხეულს აიძულებს, აქტიურად დახარჯოს კალორიები. ცურვის წყალობით საათში დაახლოებით 500 კილოკალორია იხარჯება. ერთი საათის განმავლობაში წყლის ზედაპირზე სხეულის შენარჩუნებით (ტივტივით) თქვენ დაწვავთ 200-300 კილოკალორიას, რაც ნოყიერი საუზმის ტოლფასია.

 

წყლის ოპტიმალური ტემპერატურა

ადამიანის ორგანიზმისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსია. აკვააერობიკისთვის გამოყენებულ აუზებში, ჩვეულებრივ, წყლის ტემპერატურა 22-25 გრადუსს შეესაბამება, რაც ენერგიის კიდევ უფრო აქტიურად ხარჯვას უწყობს ხელს. საყურადღებოა, რომ 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალი მხოლოდ მომადუნებელი აბაზანებისთვისაა რეკომენდებული.

 

სიმაღლეში ზრდა

ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან ეხმარება (20-ჯერ ზრდის!) ზრდის ჰორმონის – სომატოტროპინის გამომუშავებას.

 

სარგებლობა სისხლძარღვებისა და გულისათვის

სტატისტიკურად, პროფესიონალ მოცურავეებ შორის ორჯერ უფრო იშვიათია ჰიპერტონიული დაავადება, ვიდრე სპორტის სხვა სახეობის მიმდევართა შორის. რეგულარული ცურვა აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს.

 

სარგებლობა გონებისათვის

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 3-დან 5 წლამდე ასაკის 180 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ცურავდნენ, თანატოლებზე გაცილებით გონებამახვილები და ჭკვიანები იყვნენ.

 

სარგებლობა კუნთებისა და სახსრებისათვის

ესპანური (ექსტრემადურა) და პორტუგალიური (ევორა) უნივერსიტეტების მკვლევრები 8 თვე აკვირდებოდნენ ფიბრომიალგიით დაავადებულ 33 ქალს. აღმოჩნდა, რომ პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც კვირაში სამჯერ თითო საათის განმავლობაში მაინც ცურავდნენ, სახსრებისა და კუნთების ტკივილი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდათ (ზოგს სულაც მოეხსნა) მათთან შედარებით, ვინც აუზზე საერთოდ არ დადიოდა.

 

ცურვა ზრდის ჰემოგლობინის დონეს

20-გრადუსიან წყალში ერთი წუთით დგომაც კი საკმარისია სისხლში ჰემოგლობინის დონის მოსამატებლად.

 

ბრასი წონის კლებისთვის

წონის დასაკლებად ყველაზე სასარგებლოა ცურვის სტილი – ბრასი.

წვრილი მოტორიკის როლი ბავშვის განვითარებაში

0

რთულია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი ბავშვის განვითარება არ არის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, სკოლამდელ პერიოდში, მისი მოვლით, სასკოლო პერიოდში კი მის სწავლებაზე ფიქრით შემოიფარგლება. ბევრი მშობლის აზრით, თუ მის შვილს ბევრი ეცოდინება, მაღალ შეფასებებს დაიმსახურებს, მუდმივად კითხვით და მეცადინეობით იქნება დაკავებული, ის ინტელექტუალურად კარგად განვითარდება. იმდენად დიდია ასეთი მშობლების სურვილი, რომ მათი შვილი რაც შეიძლება ადრე დაეუფლოს წერა-კითხვას, თვლას, რომელიმე უცხო ენას, რომ ისინი ჯერ კიდევ სკოლამდელი პერიოდის ბავშვთან სპეციალურად იწვევენ მასწავლებელს კერძო გაკვეთილების ჩასატარებლად. ამასთან, თავის ქმედებას ისინი შვილის სკოლისათვის მომზადების და მის განვითარებაზე ზრუნვის მოტივით ხსნიან. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი „მზრუნველობა“ არც სკოლაში  სწავლისათვის მომზადების თვალსაზრისით იძლევა რაიმე შედეგს და არც მისი ინტელექტუალური განვითარების ხელშემწყობი ხდება.

ადრეულ ბავშვობაში და სკოლის წინარე პერიოდში შვილის გონებრივ განვითარებაზე მზრუნველი მშობელი, პირველ რიგში, მის მოტორულ განვითარებაზე, უფრო კონკრეტულად კი, ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებაზე უნდა ფიქრობდეს და ყურადღებას სწორედ აღნიშნული მიმართულებით წარმართავდეს. ვფიქრობ, ასეთი მტკიცებულება ბევრს ძალიან გააკვირვებს და კითხვის ნიშნებსაც გაუჩენს – რა კავშირშია ინტელექტუალური განვითარება და ხელის წვრილი მოტორიკა. უნდა ითქვას, რომ მათ შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირი არსებობს, ვინაიდან, კარგად განვითარებული წვრილი მოტორიკა ბავშვის საერთო ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი მეტყველების განვითარებისთვის. ბავშვის მეტყველების განვითარების დონე პირდაპირ არის დამოკიდებული ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების დონეზე. თუ ხელის თითების მოძრაობის განვითარება (წვრილი მოტორიკის განვითარება) ჩამორჩება, ფერხდება მეტყველების განვითარებაც, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში საერთო მოტორული განვითარების დონე ნორმაზე მაღალიც კი შეიძლება იყოს. ხელის თითების მოძრაობები სტიმულს აძლევს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, აჩქარებს მეტყველების განვითარებას. ხელის წვრილი მოტორიკის კარგად განვითარების შემთხვევაში  მეტყველებაც სწორად ვითარდება. მეტყველებას კი, თავის მხრივ, არსებითი მნიშველობა აქვს აღქმის განვითარებისთვის. სამყაროს შემეცნების პროცესში პატარა ბავშვი ყველაზე აქტიურად ხელს იყენებს. მას აუცილებლად ესაჭიროება საგანთან შეხება, მისი ხელით მოსინჯვა. რაც უფრო კარგად არის განვითარებული წვრილი მოტორიკა, მით უფრო მეტ ინფორმაციასა და წარმოდგენას მიიღებს ბავშვი საგნის შესახებ მასთან შეხებისას და მით უფრო სრულყოფილად შეძლებს სიტყვიერად მის აღწერას. შემდგომ, ისევ წვრილი მოტორიკის წყალობით, ბავშვი გამოსახავს საგანს ქაღალდზე, ხატავს მას. ეს კი ხელს უწყობს საგნის სრულყოფილ აღქმას, სხვა საგნებისგან მის გამოყოფას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, განმასხვავებელი ნიშნების საფუძველზე. ამ ნიშნების წყალობით პატარა უკეთესად იმახსოვრებს მას და ამ ყოველივეს მოჰყვება ბავშვის ყურადღების, აზროვნებისა და მეხსიერების განვითარებაც.

წვრილი მოტორიკის განვითარება განსაზღვრავს ასევე ბავშვში სენსორული კოორდინაციის  –  თვალისა და ხელის შეთანხმებული მოქმედების ფორმირებასაც. მხედველობის დახმარებით ბავშვი შეიცნობს გარემომცველ სამყაროს, აკონტროლებს მოძრაობებს, რომლებიც, დროთა განმავლობაში უფრო სრულყოფილი, დახვეწილი და ზუსტი ხდება. თვალი თითქოს „ასწავლის“ ხელს. ხელის მოძრაობებით, საგნებთან შეხებითა და მათი მანიპულირებით კი ბავშვი სულ უფრო მეტ და ახალ ინფორმაციას იღებს სამყაროს შესახებ. მხედველობა და ხელის მოძრაობები ბავშვის მიერ გარემომცველი სინამდვილის შეცნობის ძირითადი წყარო ხდება. სხვადასხვა საგნების შესწავლისას მათი შეხებით ბავშვი მიდის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, წვრილი მოტორიკის განვითარების გარკვეული დონე წარმოადგენს ბავშვის სკოლისათვის მზაობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება დაეუფლოს წერას და გამოიმუშაოს საჭირო უნარები.

ჩვეულებრივ, ბავშვი, რომელსაც წვრილი მოტორიკა გამოკვეთილად მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, გამოირჩევა მსჯელობის, კონცენტრაციის, კოორდინაციის, წარმოსახვის კარგი უნარით.  მას ასევე კარგად აქვს განვითარებული მეხსიერება, ყურადღება, გაბმული მეტყველება. ამიტომ, წვრილი მოტორიკის განვითარებაზე ზრუნვა ბავშვის სკოლაში შეყვანამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში უნდა დავიწყოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის  შვილის აღნიშნული მიმართულებით განვითარება ნაკლებად საინტერესოა. მათ შეიძლება ძალიან აწუხებდეთ, რომ 6 წლის პატარა კარგად ვერ წერს, ვერ კითხულობს, მაგრამ თუ ის ჩამორჩება მოტორულ განვითარებაში, რის გამოც ჯერ კიდევ არ არის დაუფლებული თვითმომსახურების ჩვევებს, უჭირს დამოუკიდებლად გახდა, ჩაცმა, ღილების და ფეხსაცმლის ზონრების შეკვრა, სასწავლო ნივთებისა და სათამაშოების დალაგება, კოვზის ნორმალურად ხმარება ჭამის დროს, როგორც წესი, ეს დიდად   შემაწუხებელი და შემაშფოთებელი არ ხდება მშობლისთვის. უფრო მეტიც, თავიანთი ქმედებით ისინი ხშირად თავადვე აფერხებენ აღნიშნული მიმართულებით ბავშვის განვითარებას და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ეს კი, თავის მხრივ, წვრილი მოტორიკის განვითარების მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება.

ამდენად, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებაზე ვზრუნავთ, ყურადღების მიღმა ნუ დავტოვებთ მის მოტორულ განვითარებას, პირველ რიგში კი ხელის წვრილი მოტორიკის  განვითარებას. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, მივცეთ ბავშვს ცალკეული მოქმედებების დამოუკიდებლად განხორციელების საშუალება, მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში თავადაც მიისწრაფის ამისაკენ. ალბათ, ბევრჯერ გავმხდარვართ ისეთი სცენის მოწმე, როდესაც 3-4 წლის ბავშვი დედას ხელიდან სტაცებს ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს და ცდილობს თავად, დამოუკიდებლად ჩაიცვას, ან ითხოვს, რომ კოვზი მისცენ, რათა დამოუკედებლად ჭამოს. მართალია, მისი მოქმედებები ჯერ კიდევ საკმარისად დახვეწილი არ არის, მაგრამ, ბავშვის მონდომების და მცდელობის უგულებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება, რადგანაც ამ პერიოდში აღნიშნულ მოქმედებებში ჩვენმა აქტიურმა ჩარევამ ადვილი შესაძლებელია, ბავშვს დაუკარგოს დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, რაც მოგვიანებით ახალ პრობლემებსა და სირთულეებს წარმოშობს აღზრდის პროცესში. მივცეთ ბავშვს საშუალება დამოუკიდებლად ჩაიცვას, გაიხადოს, შეიკრას ღილები, ფეხსაცმლის ზონრები, დამოუკიდებლად ჭამოს, ჩაალაგოს თავისი ნივთები ჩანთაში, დაალაგოს სათამაშოები საჭირო ადგილას. აღნიშნული მოქმედებები  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ერთის მხრივ, თვითმომსახურების უნარ-ჩვევების გამომუშავებას და, მეორეს მხრივ, ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ბავშვის, როგორც მოტორული, ასევე ინტელექტუალური განვითარებისთვის და სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად.

 

 

 

 

სიტყვის თავისუფლების დილემა

0

სიტყვის თავისუფლებასა და რელიგიური გრძნობების პატივისცემას შორის საზღვრის გავლება მთელ მსოფლიოში უჭირთ ხოლმე. გამონაკლისი არც საქართველოა. ამ საკითხზე ადგილობრივი მაგალითების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა კალამი გაგვექცეს და ჟურნალ „მასწავლებლის“ მაღალ სტანდარტებს ერთგვარი საფრთხე შევუქმნათ. აქედან გამომდინარე, ალბათ, აჯობებს, ისევ ევროპას მივაშუროთ და ჩვენი საუკუნის ათიან წლებში მომხდარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი გავიხსენოთ.

რამდენიმე წლის წინ საყოველთაოდ ცნობილმა ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა. კარიკატურების გამოქვეყნებას წინ დიდი პოპულისტური კამპანია უძღოდა. ტირაჟის გაზრდისა და სკანდალების საფუძველზე აქტუალობის შენარჩუნების მიზნით „შარლი ებდოს“ ავტორები არ ერიდებოდნენ ისლამის თემაზე საკმაოდ ვულგარული შინაარსის მასალების გამოქვეყნებას. კამპანია შემაძრწუნებლად დასრულდა: ფუნდამენტალისტური ისლამის წარმომადგენლები, ტერორისტები, რედაქციას თავს დაესხნენ. ექსტრემისტებმა ათზე მეტი ადამიანი იმსხვერპლეს. ჟურნალის თანამშრომლებთან ერთად სიცოცხლეს ორი პოლიციელიც გამოესალმა. მილიარდობით ადამიანმა საკუთარი თვალით ნახა ტერორისტული აქტის ამსახველი კადრები. მთელი სამყარო შეძრა განწირული ადამიანების ყვირილის ხმამ.

ტერორისტული აქტების დასრულებისთანავე ყველა შეთანხმდა, რომ ტერორიზმი და ძალადობა დაუშვებელი და გაუმართლებელია. არავის აქვს უფლება, გამოთქმული მოსაზრების გამო სხვა გაანადგუროს. ტერორისტები ნებისმიერ შემთხვევაში უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. საზოგადოებისგან მათი იზოლირება და ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა ქსელის გაცამტვერება სამართალდამცავი ორგანოების უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. ტერორიზის მიზეზი შეიძლება ახსნა, მაგრამ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელი და ამორალურია.

თუმცა ტერორისტულმა შეტევამ, საზოგადოების კონსოლიდაციასთან ერთად, საკმაოდ მძიმე დისკუსიებსაც დაუდო სათავე. კერძოდ, მოქალაქეთა და საჯარო ინტელექტუალთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაეთანხმა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შარლი ებდოს“ ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებას შეწირული გმირები არიან.

რა არგუმენტებით გამოდიოდნენ პრეზიდენტის მოსაზრების მოწინააღმდეგეები?

უპირველეს ყოვლისა, „მთავარი დინების“ ოპოზიციაში მყოფმა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ სატირა მნიშვნელობას კარგავს, თუ ის სუსტების დაჩაგვრას ემსახურება. ტრადიციული ისლამის მიმდევარი პირები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ ფუნდამენტალიზმთან, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობენ და საფრანგეთის უღარიბესი, უსამართლოდ სტიგმატიზებული მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ამასთანავე, მათი ყოფა, მათი ოჯახების ისტორია დამძიმებულია საფრანგეთის კოლონიური და იმპერიალისტური წარსულის ტრაგიკული შეცდომებით. შეუძლებელია, მუჰამედის კარიკატურები მხოლოდ ექსტრემისტების საქმიანობის გასაპროტესტებლად იქმნებოდეს – მათ პირდაპირი გავლენა აქვთ ყველა მუსლიმზე, მათ შორის – პატიოსან მოქალაქეებზეც. იაფფასიანი სატირა მათ არაფორმალურ დისკრიმინაციასა და შევიწროებას, ასევე რადიკალიზაციას უწყობს ხელს.

დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მედიის ორმაგ სტანდარტებზეც. ევროპული საზოგადოება და პრესა ხშირად ძალიან მკაცრად აკრიტიკებს ირანულ გაზეთებს, რომლებიც ანტისემიტური კომპოზიციების შექმნისა და გავრცელების მთავარ ბასტიონს წარმოადგენენ. ამ გამოცემებს სამართლიანად ადანაშაულებენ რასიზმში. საფრანგეთის პრეზიდენტის ოპოზიციონერებს უჩნდებათ კითხვა: რატომ არ ვრცელდება აღმოსავლური პრესის კრიტიკის სტანდარტები დასავლურ პრესაზე? აქვე ევროპელმა ინტელექტუალებმა „შარლი ებდოს“ ისტორიიდან ერთი მოვლენაც გაიხსენეს. 2008 წელს რედაქციიდან გაათავისუფლეს კარიკატურისტი, რის მიზეზადაც ნიკოლა სარკოზის შვილის გამოსახულებით შექმნილი ნაშრომის „ანტისემიტისტური“ შინაარსი დასახელდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ებრაელთა რასობრივი ნიშნით ჩაგვრა უბედურებაა. ანალოგიურად უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ მუსლიმთა რელიგიური ნიშნით დამცირებაც არაჰუმანური და ანტიდემოკრატიული ქმედებაა.

რა მოითხოვეს მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებით აღშფოთებულმა პირებმა?

მათ ცენზურის დაწესება და გემოვნების სტანდარტების განმსაზღვრელი სამინისტროების ან ინსტიტუტების შექმნა არ მოუწადინებიათ. არც ძალადობისა და შევიწროების მომხრეებად ქცეულან. ოპოზიციონერებმა მხოლოდ იმაზე მიანიშნეს, რომ მეტი თვითკრიტიკაა საჭირო; რომ ტირაჟის გაზრდისთვის ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა სოციალურად არასასურველი და არაპრესტიჟული უნდა გახდეს. მოაზროვნეებმა საზოგადოებას მოუწოდეს, რომ სიტყვის თავისუფლებისა და სხვათა პატივისცემის ღირებულებებს შორის იერარქია მოეშალათ და ისინი თანასწორ პრიორიტეტებად მიეჩნიათ.

ყველაფერს კანონი ვერ დაარეგულირებს, ბევრ დამოკიდებულებას შინაგანი კულტურა განაპირობებს. მასწავლებლებმა უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ მოსწავლეებს არასდროს მოუნდეთ სიტყვის თავისუფლების პრივილეგიის სხვათა დასამცირებლად გამოყენება.

გაკვეთილების შემდეგ საკითხავი 

0

(ახალი სერია და ძველი წერილები)

 

– ბავშვებო, ოდესმე თუ გიოცნებიათ, თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლისთვის წერილი მიგეწერათ, მისგან კი პასუხი მიგეღოთ? ციფრულ გზავნილებსა და სოციალურ ქსელში მიმოწერას როდი ვგულისხმობ, ნამდვილ წერილზე გეკითხებით: ფურცელზე პასტით  დაწერილზე, მარკიან კონვერტში დალუქულზე, საფოსტო ყუთში რომ ჩააგდებთ და ადრესატამდე ფოსტალიონს მიაქვს… და თუ გიოცნებიათ, რომელ ავტორს აირჩევდით „კალმის მეგობრად?“

ჩემი აზრით, ზემოთ დასმული კითხვები ორიგინალური გაკვეთილის ჩატარების მშვენიერი წინაპირობაა. პასუხების მოსმენაც საინტერესო იქნება და ხელასყრელ ნიადაგსაც მოვამზადებთ ერთი წიგნის წარსადგენად, რომელსაც „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ ჰქვია.

„შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“  შვედი გოგონა სარა იუნგკრანცისა და საქვეყნოდ ცნობილი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ოცდაათწლიან მიმოწერას ასახავს. წიგნში გაერთიანებული 80 წერილი თავიდან ასტრიდ ლინდგრენის არქივში, შემდგე შვედეთის ბიბლიოთეკაში ინახებოდა, 2005 წლიდან კი მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადდა. წელს წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და მნიშვნელოვან სერიასაც ჩაუყარა საფუძველი.

„გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა დროის, ჟანრობრივად განსხვავებულ ბესტსელერებს გააერთიანებს. ამ სერიით გამოცემულ წიგნებში განსაკუთრებულ აქცენტს თინეიჯერების პრობლემებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე დასვამენ. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ მოზარდებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებსაც დააინტერესებს.

სწორედ ასეთი წერილები

„გამარჯობა ასტრიდ ლინდგრენ! მე მქვია სარა იუნგკრანცი. მე ვარ 12 წლის. მსახიობი უნდა გამოვიდე,“ – ასე იწყებოდა პირველი წერილი, რომელიც 1971 წლის აპრილში სარამ ასტრიდს მისწერა. გოგონას მხატვრულ ფილმ „თეთრ ქვაში“ ფიდელის როლის შესრულება სურდა და იმედოვნებდა, სახელგანთქმული მწერალი მიზნის მიღწევაში დამეხმარებაო.

ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ათასობით ნახატს, სკოლის მოსწავლეები კი აურაცხელ წერილს უგზავნიდნენ თავიანთ ფავორიტ მწერალს. ლინდგრენი თვლიდა, უპასუხოდ არც ერთი ბავშვის წერილი არ უნდა დარჩენილიყო, წერილების ავტორებიც მოლოდინით იყვნენ განმსჭვალულები. ასტრიდი ხომ ერთხელ მაინც  ყველა ბავშვს პასუხობდა, სარას შემთხვევა კი სრულიად განსაკუთრებული აღმოჩნდა!

12 წლის გოგონა

„ძალიან ხშირად მემართება ასე, ჯერ რაღაცას ვაკეთებ და მერე ვნანობ; აურზაური გამოვიწვიე, გავიქეცი, გავიპარე, სკოლა გავაცდინე და… შედეგიც შესაბამისი მოჰყვა; მოზარდთა ფსიქიატრიულ კლინიკაში მომათავსეს, იმის გამო სიბნელის რომ მეშინია და სახლში კი სულ ჩხუბი და დავიდარაბაა; თუ გინდა ამ ცხოვრებაში რამეს მიაღწიო, შენზე ძლიერს (პოპულარულ მეგობრებს) უნდა დაეთანხმო და მიეკედლო; თუ ვინმე მაწყენინებს, ტყეში შევრბივარ და იქ ვბღავი და მოვთქვამ. საკუთარი თავი მებრალება და იმიტომ; ზოგჯერ ხმამაღლა სიცილს ვიწყებ და მთელ კლასს ვიყოლიებ; მე თან კარგად ვარ თან ცუდად – ყოველდღე სხვადასხვანაირად ვარ;  რომ შემეძლოს საერთოდ არ ვივლიდი სკოლაში, მეზიზღება სკოლა, ქანცს გაძრობს და არანაირი სარგებლობა არ მოაქვს… სადაც არ უნდა გადახვიდე, სკოლა ყველგან ერთნაირად საძაგელია; მეზიზღებიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავისი უპირატესობა დამიმტკიცონ; მეზიზღება ყველა, ვინც რაიმე სახით ძალადობს სხვა ადამიანზე. დაჯერებაც მიჭირს, რომ ისინიც პატარა ბავშვები იყვნენ და მოსიყვარულე მშობლები ჰყავდათ; დიდი ხანია მინდა გავერკვე იმაში, ჩემი ცხოვრება რატომ არ ჰგავს ნამდვილ ცხოვრებას; შენიშვნები მცდარი იქნება თუ ნამდვილი, ყველა ერთნაირად მეზიზღება;  მთელი სამყარო სიყალბით არის სავსე; ნეტავ ერთი ვინმე მაინც მყავდეს, რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის ჩემს მხარეს რომ იქნება;!“

ვფიქრობ, სარას ეს ფრაზები თინეიჯერებისთვის ნაცნობი ემოციებით უხვადაა გაჯერებული. ახალგაზრდები წიგნის წაკითხვის შემდეგ არაერთ პრობლემურ შეკითხვაზე მიიღებენ პასუხს, მეამბოხე გოგონასთან მეტ საერთოს აღმოაჩენენ და წერილების ლეიბის ქვეშ შენახვის მიზეზსაც შეიტყობენ.

55 წლის მწერალი

რით დაიმსახურა რიგითმა შვედმა გოგონამ მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის ყურადღება? პასუხს ასტრიდის წერილებში მიაგნებთ: „სარა, შენში არის რაღაც, რაც ძალიან მომწონს, მიუხედავდ იმისა, რომ არაერთხელ გატკინეს გული, ცდილობ თავი სხვა ადამიანების ადგილას წარნომოიდგინო, იგრძნო, რას გრძნობენ ისინი.“

დროთა განმავლობაში მწერალი უფრო და უფრო დაუახლოვდა სარას, მისთვის სასარგებლო რჩევებს არ იშურებდა, ესაუბრებოდა რწმენაზე, განათლების მნიშვნელობაზე, მომავალ პროფესიაზე. არწმუნებდა სიმთვრალის, აბორტისა და სიგარეტის მავნებლობაში: „როგორ იცხოვრებ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოეპყრობი შენს ორგანიზმს.“ უხსნიდა, რომ „მამაკაცის გარეგნობით მოხიბვლა და შეყვარებულობა“ განსხვავებული მცნებებია. ზოგიერთი წერილში კი ასტრიდ ლინდგრენი გულახდილობის ხასიათზე დგებოდა და უმცროს მეგობარს ფამილიარულად უმხელდა საკუთარ „ახირებებს:“

ცეკვა კოლოსალურ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა ყველაზე დიდი ხალისით მაშინ ვცეკვავ, როცა მარტო ვრჩები გრამოფონის წინ; ბავშვობაში და მოზარდობაში ბევრს ვტიროდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ 30-40 წლისა აღარ ვიტირებდი; შობის დღეს ძვირფასი სამკაულივით ვუფრთხილდები. ამ დღეს არსად მივდივარ და სტუმრებსაც არ ვიეღებ, სრულებით მარტო ვზივარ, ვკითხულობ, მუსიკა ვუსმენ და ვცდილობ მაქსიმალუი სიამოვნება მივიღო. ჩემი აზრით, შობა ყველაზე კარგი დღეა; უცნობი ადამიანები მირეკავენ, ათას რამეზე ჩივიან და ჰგონიათ, რომ მე ყოვლისშემძლე ვარ!“

საბოლოოდ ლინდგრენისთვის სარას ცხოვრება ერთ საინტერეო წიგნად იქცა, უმცროსი მეგობრისგან პასუხებს სულმოუთქმელად ელოდა, რათა გაეგო როგორ მიედინებოდა მისი ცხოვრება სკოლისა თუ კოლეჯის დსარულების, სამსახურის არჩევის, დაოჯახების შემდეგ:

 „ არავის არ უნდა მისცე უფლება დაგჩაგროს! შენ იმათ რიცხვს მიეკუთვნები, ვისაც ზოგჯერ ძალიან უჭირს თავის ყოფასთან შეგუება, იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი და მგრძნობიარე ხარ. შენნაირ მგრძნობიარე ახალგაზრდებს ყველაგფერი გულთან ახლოს მიაქვთ და ამიტომ მკვეთრად შეიგრძნობენ ჩვენს გარშემო დაგროვილ ყველა დარდსა და წუხილს. ისინი კი ვინც ზედმეტად თავდაჯერებულნი არიან, დროს მხიარულად ატარებენ და მოზარდთა ფსიქიატრიულ კლოინიკაშიც არასდროს ხვდებიან; შენ შენი ასაკისთვის უჩვეულოდ ბევრს ფიქრობ და განიცდი. იმ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნები, რომლებიც მთელი სამყაროს დარდსა და საზრუნავს განიცდიან. მეც ხშირად შემომაწვება ხოლმე  ეგ გრძნობა. ზოგჯერ ყველა ვხედავთ იმ საზარელ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ, რომელშიც ადამიანები მარტოსულები, სევდიანები და სასოწარკვეთილები არიან;  როგორ მინდა, ერთი ნამდვილი მეგობარი მაინც გყავდეს, რომელსაც ბოლომდე ენდობი; ყველაზე მეტად მინდა ვნახო, როგორ განვითარდება სარა, ოღონდ ობიექტივით კი არ დაგაკვირდე, გისურვებ ბედნიერი და სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრო. შეძლო შენს წინაშე არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება.“

როდესაც გოგონა 53 წლის გახდა

„თუ სინამდვილე უნდა აღვწეროთ, მაშინ მხოლოდ ნათელი მოგონებები კი არ უნდა გავიხსენოთ, ცუდზე და კარგზე ერთნაირად უნდა ვილაპარაკოთ. სხვანაირად ჩვენი მოყოლილი ამბავი არ იქნება გულწრფელი,“ – ამ სიტყვებს ამოიკითხავთ 53 წლის სარა იუნგკრანცის ბოლო წერილში, რომელიც მკითხველს ეკუთვნის. ბუნებრივია, რომ 12 და 53 წლის ადამიანები ცხოვრებას სხვადასხვანაირად აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, როდესაც წერილები გამოსაცემად მზადდებოდა, სარამ გადაწყვიტა უცვლელად, ყოველგვარი რედაქტირებისა და ჩასწორების გარეშე დაებეჭდათ და გამოემზეურებინათ ყველაფერი. მას ხომ ყოველთვის მოსწონდა შეულამაზებელი ცხოვრება – „სწორედ ისეთი, როგორიც არის მაშინ, სტუმრებს რომ არ ელოდები.“

P.S იმედს გამოვთქვამ, „შენს წერილებს ლეიბის ქვეში ვინახავ“ უმცროსი თაობის ქართველი მკითხველისთვის საინტერესო წიგნი აღმოჩნდება და ინსპირაციის წყაროდაც იქცევა (თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერლებთან არაერთ საინტერესო მიმოწერას ჩაუყრის საფუძველს).

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...