კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სასიკეთოდ შეცვალონ მსოფლიო

0

გაერო-ის კონფერენციაზე მდგრადი განვითარების შესახებ –  „რიო + 20”, რომელიც 2012 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა, გაერო-ის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ.  2015 წლის 25 სექტემბერს გაერო-ის 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, რომელიც 17 მიზანსა და 169 ამოცანას მოიცავს. ახალი მიზნები ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.

მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებს საყოველთაო, გლობალური ხასიათი  და უნივერსალური გამოყენების შესაძლებლობები აქვთ, რადგან  ისინი განსხვავებულ ეროვნულ თვისებებს, შესაძლებლობებსა და განვითარების დონეს ითვალისწინებენ  და, ამავე დროს, პატივს სცემენ ეროვნულ პოლიტიკასა და პრიორიტეტებს.  მიზნები და ამოცანები ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი კი არ არიან, არამედ პირიქით, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და ამიტომ მათი განხორციელება ინტეგრირებულად უნდა მოხდეს.

„მსოფლიოს ლიდერებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დააყენონ მსოფლიო ინკლუზიური და მდგრადი განვითარების გზაზე“ – ამბობს  ჰელენ კლარკი, გაერო-ის განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი. თუმცა მდგრადი განვითარების მიზნების  მიღწევა  არა მარტო სახელმწიფოთა მიერ უნდა მოხდეს, არამედ მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოების, თითოეული ადამიანის  მხარდაჭერითა და ქმედებებით.

გაგაცნობთ ზოგიერთ  ადამიანს, რომელიც ცდილობდა და კვლავაც ცდილობს  თავისი წვლილი შეიტანოს  ამ საქმეში და სასიკეთოდ  შეცვალოს მსოფლიო.

სევერნ კულის  სუზუკი

სევერნ კულის სუზუკი კანადელი გარემოსდაცვითი აქტივისტი, მწერალი  და  ტელევიზიის დიქტორია, რომელმაც 12 წლის ასაკში მოახერხა, რომ მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო დედამიწის ეკოლოგიისა და კაცობრიობის მომავლის საკითხებისადმი.  სევერნიმ უკვე  ბავშვობაში გააცნობიერა, რომ საზოგადოება გარემოსთან კონფლიქტშია და უკვე  9 წლის ასაკში დააარსა ბავშვთა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია – «E.C.O.», რომელშიც  ის მოზარდები გაერთიანდნენ, რომელთაც სურვილი ჰქონდათ გარემოს პრობლემები შეესწავლათ და ამის შესახებ სხვა ბავშვებისთვის მოეთხროთ. მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს სხვადასხვა მცირე პროექტებში. 1992 წელს გოგონამ თავის თანამოაზრეებთან ერთად  ფული შეაგროვა და გაერო-ის ეგიდით რიო-დე-ჟანეიროში ჩატარებულ დედამიწის სამიტზე (Earth Summit ) ჩავიდა, სადაც 12 წლის სევერნი სიტყვით გამოვიდა დედამიწისა და მომავალი თაობების  პრობლემების შესახებ.  სამიტში 172 ქვეყანა,  108 ქვეყნის მეთაური ან მთავრობის ხელმძღვანელი,  არასამთავრობო ორგანიზაციების 2400  და „გლობალური ფორუმის“ 1700  წარმომადგენელი  მონაწილეობდა.  გოგონას  ემოციურმა გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამიტის  მონაწილეებზე. სევერნის გამოსვლამ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა სახელით „გოგონა, რომელმაც 5 წუთით მსოფლიო დაადუმა“ ( „The girl who silenced the world for 5 minutes”)   ვირუსული პოპულარობა მოიპოვა  და დღემდე  გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.

„მე აქ იმისთვის ვარ, რომ მომავალი თაობის სახელით ვილაპარაკო.  მე აქ იმისთვის ვარ, რომ მთელი მსოფლიოს მოშიმშილე ბავშვების სახელით ვილაპარაკო, რომელთა ტირილი შესმენილი არაა.  მე აქ იმისთვის ვარ, რომ იმ უთვალავი ცხოველის სახელით ვილაპარაკო, რომლებიც იღუპებიან ჩვენს პლანეტაზე, რადგან მათ წასასვლელი არსად აქვთ…  და ეს ყველაფერი ხდება ჩვენ თვალწინ, ჩვენ კი ისე ვიქცევით, თითქოს იმდენი დრო გვქონდეს, რამდენიც გვინდა ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების მისაღებად… მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ომზე დახარჯული მთელი ფული სიღარიბის აღმოფხვრასა და გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრას მოხმარებოდა, რა მშვენიერი ადგილი იქნებოდა ეს დედამიწა!  თქვენ უფროსები, ამბობთ, რომ  გიყვარვართ. მე გიწვევთ თქვენ და გთხოვთ ისე იმოქმედოთ, რომ თქვენი საქმიანობა ადასტურებდეს  თქვენს ამ სიტყვებს“. ესაა მცირე ნაწყვეტი სევერნი სუზუკის სიტყვისა, რომლითაც მან  გაერო-ის სამიტის მონაწილეებს მიმართა და რომელმაც საფუძველი დაუდო  სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი  გარემოსდაცვითი აქტივობების წამოწყებას.

დღესდღეობით სევერნი  ტელევიზიაში დიქტორად  და წამყვანად მუშაობს. ამავე დროს აგრძელებს გარემოსდაცვით საქმიანობას და აქტიურ პროპაგანდას უწევს ჩვენი პლანეტის გადასარჩენად მიმართულ  ღონიძიებებსა და ინიციატივებს. მას სჯერა, რომ თავისი საქმიანობით აიძულებს ადამიანებს, ყურადღება მიაპყრონ მსოფლიოს მრავალფეროვნების შენარჩუნების, სამართლიანობისა და  პატივისცემის  იდეას.

სევერნის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტური ფილმი.  https://www.youtube.com/watch?v=wKS9z5qs0X0

 სელინა ჯული

დანიელი სელენა ჯული  მოძრაობა «Stop Wasting Food»-ის  დამფუძნებელი და  საბჭოს თავმჯდომარეა. მოძრაობა უმსხვილესი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საკვები პროდუქტების ნარჩენების წინააღმდეგ გამოდის. მოძრაობამ თავისი საქმიანობა დანიაში დაიწყო  და მალე მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. მათ მხარს უჭერს დაახლოებით 60 000 ადამიანი,  ბევრი  წამყვანი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის დეპუტატები. «Stop Wasting Food»  მრავალ დანიურ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. მოძრაობის შესახებ BBC-იმ დოკუმენტური ფილმი და ვიდეო  გადაიღო, რომელსაც 26 მილიონი ნახვა აქვს.  სელენა ჯული თავისი საქმიანობის გამო სხვადასხვა პრემიითაა  დაჯილდოებული.   https://www.youtube.com/watch?v=B6mi-ZFCprs

https://www.youtube.com/watch?v=KlFNp88T2cA&t=89s

 ბოიან სლატი

ჰოლანდიელი  გამომგონებელი და მეწარმე  ბოიან სლატი სოციალური და ეკოლოგიური  პრობლემების გადასაჭრელად ტექნოლოგიებს ქმნის. იგი კომპანია  «The Ocean Cleanup»-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია, რომელიც  მსოფლიო ოკეანის პლასტიკური ნარჩენებისგან გამწმენდ სისტემებზე მუშაობს. ბოიანმა გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ოკეანური დინებების საშუალებით მოძრაობს და გარკვეულ ტერიტორიაზე პლასტიკურ ნარჩენს აგროვებს. სლატის და მისი გუნდის აზრით, ასეთი სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს ოკეანეების გაწმენდის დროს. 2016 წლის ივნისში სლატის მიერ შექმნილმა მოწყობილობამ ტესტირება წარმატებით გაიარა და უკვე 2018 წლიდან მისი გამოყენება აქტიურად დაიწყება. ბოიან სლატი ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია, რომელმაც  გაერო-ის  ყველაზე მაღალი რანგის ეკოლოგიური  პრემია – დედამიწის ჩემპიონი (Champion of the Earth) მიიღო. სლატს ასევე მიღებული აქვს მრავალი სხვა ჯილდო  და პრემია. სლატის პროექტი «The Ocean Cleanup»  ჟურნალმა TIME -მა  25 საუკეთესო იდეებს შორის დაასახელა.  https://www.youtube.com/watch?v=ROW9F-c0kIQ

ჯეიმს ჰანსენი

დოქტორი ჯეიმს ჰანსენი ჯერ ნასაში ჰადარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი  კოლუმბიის უნივერსიტეტში დედამიწის ინსტიტუტში კლიმატის შემსწავლელ პროგრამებს. იგი 1970 წლიდან აქტიურად სწავლობს ჩვენი პლანეტის კლიმატის მდგომარეობას და მის კაცობრიობაზე გავლენას.  ჯეიმსმა ჯერ კიდევ 1988 წელს მიმართა აშშ-ს კონგრესს, რამაც დასაბამი დაუდო კლიმატის ცვლილების შესწავლის საქმეს. ჰანსენი მთავრობების მეთაურებს მოუწოდებდა სწრაფი  მოქმედებისკენ, რათა თავიდან აგვეცილებინა ამ პროცესის ნეგატიური შედეგები მთელ პლანეტაზე.  ჰანსენი დღესაც აქტიურ საქმიანობას ეწევა ამ მიმართულებით.  2006 წელს იგი ჟურნალმა  Time-მა 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაშიც კი შეიყვანა. ჰანსენს  აქვს მიღებული რამდენიმე   პრესტიჟული პრემია.

 

 

 

 

მდუმარება, როგორც დანაშაული

0

მდუმარება – ეს გულგრილობის, ინდიფერენტულობის მეორე სახელწოდებაა.

სომერსეტ მოემი

 

სტატიის თემა: რა აიძულებს ზრდასრულ ადამიანს გაჩუმდეს და ამით მოძალადის ნებისმიერ ჭირვეულობას შეუწყოს ხელი?

სავარაუდოდ, მკითხველების გარკვეულ ნაწილს სმენია ამერიკელი ფსიქოლოგის სტივენ კარპმანის „დრამატული სამკუთხედის“ შესახებ. განმარტება მათთვის, ვისაც სურს, გაერკვეს, რაზეა საუბარი ფსიქოლოგის ამ თეორიაში.

კარპმანის მოსაზრებით, ნებისმიერ ადამიანს ჰქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც მას რამე გაუკეთებია სხვა ადამიანისათვის ისე, რომ არც კი უკითხავს მისთვის სჭირდება თუ არა მას ეს? გაგიკეთებიათ თუნდაც ერთხელ საკუთარი ინტერესების შესაბამისი საქმე ისე, რომ საერთოდ არ გაგითვალისწინებიათ სხვა ადამიანების ინტერესები? განგიცდიათ „სამართლიანი შურისძიების“ აღსრულებისგან სიამოვნება? შემთხვევით დაგვიწყებიათ ისეთი დანაპირების შესრულება, რომელსაც გულის სიღრმეში არ ეთანხმებოდით? დაგიდანაშაულებიათ თუ არა სხვა ადამიანები ან გარემოებები საკუთარ წარუმატებლობაში? მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვები თქვენზე მეტად იღბლიანები, წარმატებულები, ენერგიულები, მოხერხებულები და ა.შ. არიან?

ფსიქოლოგ ალექსანდრე დიმიტრიენკოს აზრით, რომელიც კარპმანის თეორიას განიხილავს – თუ ეს კითხვები თქვენთვის ნაცნობია, ეს იმას ნიშნავს, რომ  თქვენ აღმოჩნდით კარპმანის „დრამატული სამკუთხედის“ ერთ ან რამდენიმე როლში. ეს როლებია: მხსნელი, მოძალადე, მსხვერპლი. ნებისმიერ ამ როლში ყოფნის დროს თქვენ  „თამაშობთ“ ფსიქოლოგიურ თამაშებს. თამაში კი გარკვეულწილად წინასწარ პროგნოზირებადი შედეგით სრულდება.

თამაში – ეს არის ადამიანებს შორის რეალური ურთიერთობების ჩანაცვლება. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა „დეჟავიუს“ მომენტები, ანუ როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც მსგავსი უკვე იყო, თითქოს ეს ადრე უკვე განიცადა. თამაშები გარკვეულ სიტუაციებს განმეორებადს ხდის, თითქოს ადამიანი მოჯადოებულ წრეზე დადის. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის მას ცხოვრება შეგნებულად დაგეგმოს და დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

კარპმანი თვლის, რომ „ფსიქოლოგიური თამაშები“ იმგვარად მიმდინარეობს, რომ თამაშის დასაწყისში ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამიდან ერთ-ერთ როლში მონაწილეობდა დროთა განმავლობაში სხვა როლში გადადის. მაგალითად, მხსნელი, რომელიც დაიღალა საკუთარი ინტერესების იგნორირების ხარჯზე სხვების დახმარებით, უკვე  საკუთარ თავს აღიქვამს მსხვერპლად და საბოლოოდ იწყებს მსხვერპლის დევნას. ან მსხვერპლი იღლება მუდმივი „მფარველობით“ და იმის განცდით, რომ თავად  ვერ აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას და მხსნელის დევნას იწყებენ. ან მოძალადე გადადის მაშველის როლში, რადგან უჩნდება დანაშაულის განცდა საკუთრი ქცევის გამო. შესაძლებელია მსხვერპლი მოძალადის როლშიც აღმოჩნდეს, რადგან ადამიანებს ზოგჯერ ბეზრდებათ მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნა და იწყებენ შურისძიებას, თავად ხდებიან აგრესიულები ან გაურბიან მოძალადეს და აღარ ენდობიან მას. შესაბამისად, ყველა „მოთამაშე“, ზოგი შედარებით ადრე, ზოგი უფრო გვიან, მაგრამ მაინც ნეგატიური შეგრძნებით ასრულებს თამაშს.

სტივენ კარპმანი ერიკ ბერნის თეორიის ერთ-ერთი გამგრძელებელია. ის აღნიშნავს, რომ „ამ თამაშის სამი დრამატული როლი – მხსნელი, მოძალადე, მსხვერპლი – სინამდვილეში რეალური ცხოვრების მელოდრამატული გამარტივებაა. ცხოვრებაში ადამიანი საკუთარ თავს ხედავს, როგორც მადლიერი ან უმადური მსხვერპლის კეთილი მხსნელი; უღირსი ადამიანების სამართლიანი მდევარი და დაუნდობელი მდევრის უსამართლო მსხვერპლი“.

მკითხველი, სავარაუდოდ, გაერკვა კარპმანის სამკუთხედის არსში. ახლა კიდევ ერთი სამკუთხედის შესახებ, რომელზეც რუსი ფსიქოლოგი ირინა სალავიოვა საუბრობს და რომელიც უფრო მეტად ოჯახში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს ეხება.

მაშ ასე: მსხვერპლი – მოძალადე – მდუმარე პიროვნება.

ნათელია, რომ ამ სქემაში არ მონაწილეობს მაშველი, ის მდუმარე პიროვნებამ ჩაანაცვლა და რომელიც არაფერში არ ერევა. ის ირჩევს მდუმარე პიროვნების როლს ან სულაც ყველაფრის იგნორირებას. მისთვის სულერთია, რა ურთიერთობები ჩამოყალიბდება ბავშვებსა და უფროსებს შორის. მდუმარე პიროვნება არასოდეს დაიცავს მსხვერპლს, არ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, არ ერევა არც მაშინ, როცა მსხვერპლს ფიზიკური ძალადობის საფრთხე ემუქრება.

არავისთვის არ იქნება მოულოდნელი, თუ ვიტყვით, რომ „მდუმარე პიროვნება“ უფრო ხშირად დისფუნქციურ ოჯახებში გვხვდება. მსგავსი ოჯახებისათვის უსამართლობა, ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა, დაუმსახურებელი სასჯელების დადება, სრულიად გაუმართლებელი, რუტინული წესების დამკვიდრება, დამცირება უცხო არ არის. „მდუმარე პიროვნება“ ყველაზე კომფორტულ პოზიციას იკავებს. მას ხომ არაფრის გაკეთება უწევს.

საფრთხის შემცველი მდუმარება.

სამკუთხედი: „მსხვერპლი – მოძალადე – მდუმარე პიროვნება“ ხშირად ვლინდება ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთობებში. ერთ-ერთი მშობელი ბავშვის მიმართ „მოძალადის“ როლშია. შესაბამისად, ბავშვი მსხვერპლის როლში აღმოჩნდება. ამავე დროს, მოძალადე მთელ პასუხისმგებლობას ბავშვს აკისრებს: „თავად არის დამნაშავე, ეს აუტანლად ჯიუტი ბავშვი, ვერაფერს შეაგნებინებ“; „ბავშვი კი არა პატარა მონსტრია“; „ვაფრთხილებდი და არ დამიჯერა, მისი ბრალია“. მშობელი ბავშვის სრულ „დემონიზაციას“ ახდენს. ის ნეგატიურად აღიქვამს პატარას ნებისმიერ ცელქობას, რის გამოც მშობელს უჩნდება არასწორი ნეგატიური განწყობა, რომელიც რეალობას დამახინჯებულად აღიქვამს. თავის მხრივ დამახინჯებულად აღქმული ფაქტები აძლიერებს უარყოფით პროექციებს. თანაც ისე, რომ მსხვერპლს (ბავშვს)შანსი აღარ რჩება, მშობელს თავი მოაწონოს და მისი სიყვარული და თანაგრძნობა დაიმსახუროს.

სიტუაცია ოჯახში:

ბავშვი კარებს დაეჯახა და ტირილი დაიწყო. მშობელს არ დაუნახავს ეს ყველაფერი, მას მხოლოდ პატარას ტირილის ხმა შემოესმა. უფროსი სასწრაფოდ ახდენს სიტუაციის საკუთარი ნეგატიური პროექციების პრიზმიდან შეფასებას და ღიზიანდება: „ოოო, ეს მტირალა ისევ ატირდა!“ გაბრაზებული ეკითხება შვილს: „აბა,მითხარი კიდევ რა მოხდა, რომ ისევ ტირი?“ ბავშვი შეშინებულია და იმის ნაცვლად, რომ მოჰყვეს, რაც შეემთხვა, ცდილობს „გამოსწორდეს“ და პასუხობს, რომ არაფერი მომხდარა. ასეთი პასუხი, უფრო მეტად არისხებს მშობელს. მას უფრო მეტად უმტკიცდება საკუთრი ნეგატიური პროექცია: ბავშვი მტირალაა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია ცრემლები აღვარღვაროს, ისედაც ვიცოდი, უხასიათო რომ იყო“.

და რას აკეთებს ამ დროს „მდუმარე პიროვნება“? ის ხმას არ იღებს, (ხშირად, მდუმარე მსხვერპლსაც  ურჩევს მოთმინებას და გაჩუმებას), რითაც ხელს უწყობს ოჯახურ ძალადობას, რომლის მსხვერპლი შესაძლებელია არა მხოლოდ ბავშვი, არამედ ოჯახის რომელიმე ზრდასრული  წევრიც კი გახდეს.

რა მექანიზმი დევს მოძალადე მშობლის მხრიდან ბავშვის – მსხვერპლის ქმედებების გაუფერულების, გაუფასურების ტენდენციაში? ჩვენი აზრით, მშობელი ბავშვს საკუთარი მრისხანების, სიბრაზის განთავსების „კონტეინერის“ ფუნქციას ანიჭებს.

ბავშვი – მსხვერპლი, ეს არის ჩამნაცვლებელი ობიექტი, მისკენაა მიმართული მოძალადე მშობლის მრისხანება, რომელიც სულ სხვა ადამიანს ეკუთვნის. სავარაუდოდ, მოძალადეს არ შეუძლია ბრაზის პირდაპირ ადრესატზე შურისძიება. მაგალითად, ადრესატი შეიძლება იყოს ქმარი, მამა ან სამსახურში თანამდებობრივად ზემდგომი პიროვნება; ან იქნებ სულაც მოძალადეს შინაგანად დაუგროვდა საკუთარი თავით ან ცხოვრებით უკმაყოფილება – ნებისმიერ შემთხვევაში ბრაზი და მრისხანება ბავშვზე გადადის. ეს აგრესია შესაძლებელია იყოს მცირე შენიშვნებით დაწყებული სერიოზული ძალადობით დამთავრებული. ბავშვი ხომ „ხურდას“ ვერ დააბრუნებს, სამაგიეროს ვერ გადაიხდის და ვერსად გაიქცევა.

თუ ერთ-ერთი მშობელი უსამართლოდ ექცევა შვილს, როგორ იქცევა მაშინ მეორე? მკითხველი, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ სწორი პასუხია: მეორე მშობელმა უნდა დაიცვას პატარა. აქ ერთი გარემოება იჩენს თავს: პარტნიორის პატივისცემა, ანუ თუ ერთი მშობელი „აღმზრდელობით ღონისძიებებს“ ატარებს, მეორე არაფერში ერევა. მაგრამ ეს წესი უნდა დაირღვეს იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე მშობლის ქცევა არაადეკვატური ხდება. ბავშვი ხომ ვერ მოახერხებს, დამოუკიდებლად წარმართოს საკუთარი ცხოვრება და მით უმეტეს აგრესორისგან დაიცვას თავი და ამიტომ თუ ერთმა უფროსმა მოძალადის როლი მოირგო, მეორე მაინც არ უნდა ჩადგეს „მდუმარე პიროვნების პოზიციაში“.

მაინც რა აიძულებს მშობელს გაჩუმებას, როდესაც თავის შვილზე თავისივე პარტნიორი ძალადობს?

  1. 1. პარტნიორის დაკარგვის შიში. მშობელს ეშინია, რომ თუ მსხვერპლს გამოექომაგება, ეს გამოიწვევს კონფლიქტს მოძალადესთან, რომელიც შესაძლებელია მასთან დაშორებითაც კი დასრულდეს. და რა განაპირობებს ასეთ შიშს?

მატერიალური ინტერესი. მეორე მშობელი ან პარტნიორი ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლობის უზრუნველყოფის სერიოზული წყაროა.

საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა. მიუხედავად ყველაფრისა განქორწინება დღესაც რჩება საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის საგნად.

მარტოობის შიში, დაბალი თვითშეფასება აიძულებს მშობელს, ჩაებღაუჭოს პარტნიორს, მიუხედავად იმისა, როგორია ის და რას აკეთებს. ცნობილია, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც „მდუმარე პიროვნება“ თვალს ხუჭავს შვილის მიმართ პარტნიორის მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერი ტიპის ძალადობაზე.

  1. პარტნიორის მიმართ არასწორად აღქმული ლოიალურობა, ცრუ ღირებულებების სისტემა. „ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოს, რადგან კაცი ოჯახის უფროსია“, ან „შვილების აღზრდა ქალის ხვედრია“.
  2. თავდაცვის არცოდნა, პარტნიორის მრისხანების შიში. ბიოლოგიური ასაკი, ყოველთვის ფსიქოლოგიურ სიმწიფეს არ გულისხმობს. მიუხედავად ზრდასრული ასაკისა, მშობელს, რომელმაც მდუმარე პიროვნების როლი აირჩია, არ შეუძლია საკუთარი თავის და მით უფრო სხვების დაცვა, რადგან, როგორც წესი, ბავშვობაში ის ძალადობის შემსწრე იყო და არ იცის მსგავს სიტუაციებში როგორ უნდა მოიქცეს.
  3. კონფორმული ქცევა, ნებისმიერ ფასად კონფლიქტისაგან თავის არიდება. „მდუმარე პიროვნებას, არ შეუძლია „გაართულოს სიტუაცია“, რადგან ის შინაგანად დარწმუნებულია, რომ მისი ჩარევითა და მსხვერპლის გამოქომაგებით უარესი მოხდება. ამის უკან დგას სიძნელეებისა და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების ტენდენცია. ეს საკუთარი სისუსტის მოხერხებული რაციონალიზაციაა.
  4. სარგებელი. ზოგჯერ „მდუმარე პიროვნებას“ სრულიად აკმაყოფილებს მსგავსი სიტუაცია. მაგალითად: პარტნიორის მრისხანება მიმართულია ბავშვისკენ და არა მისკენ. ბავშვი ხომ სრულად „დემონიზებულია“. „მდუმარე პიროვნება“ ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას დრამის ორივე მონაწილესთან: აგრესორს ჰგონია, რომ ის ეთანხმება მას, ხოლო მსხვერპლი კი ფიქრობს, რომ „მდუმარე პიროვნებას“ ის ეცოდება და თანაუგრძნობს.

დაბოლოს: მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა „მდუმარე“ მსგავს როლში, ეს მაინც არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ არა მხოლოდ იმაზე, რასაც ვაკეთებთ, არამედ იმაზეც, რასაც არ ვაკეთებთ“.

 

გურამ პეტრიაშვილის ზღაპრული ქალაქი

0

(საავტორო ზღაპრების სერიიდან)

რამდენიმე წერილი ზღაპრებს მინდა დავუთმო…

თუ ვინმეს ხასიათი წაუხდა ან სკეპტიკური ღიმილი მოვგვარე, აქვე გავაფრთხილებ, რომ ზღაპარი სულაც არ ნიშნავს მხოლოდ პატარებისთვის შექმნილ ამბავს, ზღაპარი ნებისმიერ ასაკში აქტუალურია! როგორ გგონიათ, ბავშვები ვერ ხვდებიან ფასკუნჯი, მფრინავი ქოშები ან უჩინმაჩინის ქუდი რომ არ არსებობს? რა თქმა უნდა ხვდებიან, მაგრამ ეს ხელს არ უშლით ზღაპრების სწორად აღქმაში. ახსნა, როგორც წესი, იმ უფროსებს სჭირდებათ, მეცნიერულად დაუდასტურებელი ფაქტების დაჯერება რომ უჭირთ.

ანდერსენი ზღაპარს იმ ოქროს უწოდებდა, ბავშვის თვალებში რომ ბრწყინავს. პრაგმატული ადამიანებისთვის კი ოფიციალური განმარტებები გამოიგონეს, რომელთა მიხედვით „ზღაპარი ფოლკლორული ჟანრის ჯადოსნური, ავანტიურული ან ყოფითი ხასიათის პროზაული ნაწარმიოებია.“ კლასიფიკაციის მკაცრი სისტემა კი ამ „პროზაულ ნაწარმოებებს“ ფოლკლორულ და ლიტერატურულ ზღაპარებად ყოფს.

ამ წერილში სწორედ ლიტერატურულ ანუ საავტორო ზღაპრებზე მინდა გესაუბროთ. და რადგან განმარტებებს გვერდი ვერ ავუარე, დავამატებ, რომ საავტორო ზღაპრებს ხშირად „ჯადოსნურ ზღაპრებსაც“ უწოდებენ. გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრები“ კი, განმარტების თანახმად თუ მის გარეშე, ნამდვილად ჯადოსნურია!

არც თუ პატარა ქალაქი

ამ ულამაზეს წიგნში ავტორმა ულამაზესი ქალაქი ააშენა. ქალაქი, რომელიც ერთდროულად ზღაპრულიცაა და ჩვეულებრივიც, ახლობელიც და იდუმალიც, აქ ნამდვილი სიყვარულით უყვართ თეატრი, მზისკენ მიფრინავენ ყვავილები, შუქები დადიან ღამით ქუჩებში, კეთილ საქმეებს სჩადიან და იხარჯებიან ადამიანები. ქალაქი ხან ცისარტყელაზე მოცეკვავე თეთრსულელას მოლოდინითაა სავსეა, ხან – ვარდების სურნელითა და ბულბულების გალობით. ზოგჯერ ადამიანებს ჩემოდნების სიყვარყულის სენი შეიპყრობს ან სიზმარში შადრევნების ნახვის სურვილი. ისეთებსაც იხილავთ, „მიმნდობ, ცადმაცქერალ და ცისფიქრიან“ კაცს დოყლაპიად რომ მიიჩნევენ. ზოგს კი მთელი გულით სჯერა, „თუ სხვის სიზმარში დაბადებულ ყვავილს შენს სიზმარში გადარგავ და მოუვლი, მაშინ მზის სინათლეზეც იცოცხლებს იგი, აღარ გაქრება და მუდამ შენთან იქნება.“ შეხვდებით პიანინოს კლავიშებზე აფარფატებულ პეპლებს, ყირამალა მოსიარულე, ქარების დამმორჩილებელ, წვიმაზე შეყვარებულ თუ მანათობელ კაცებს, მექუდეს, მხოლოდ პირველ ქუდს რომ კერავს პატარებისთვის, მხიარულ მღებავს, ჩაფიქრებულ ბალერინას და უამრავ სევდიან თუ მხიარულ, კეთილ თუ უჟმურ პერსონაჟს.

გურამ პეტრიაშვილი წლების განმავლობაში დაკვირვებით დაგროვილ გამოცდილებას ზღაპრული ხერხებით აწვდის პატარა მეგობრებს, ცდილობს ძალდატანების გარეშე, გვერდიდან დაანახვოს თავიანთი თავი, აგრძნობინოს კარგს ცუდისგან  რა განასხვავებს.

„პირველი ზღაპარი“ თავმომწონე და ამაყ ყვავილებზეა, ერთმანეთს ხეირიანად რომ არ ესალმებიან და სარკეში დაეძებენ საკუთარ თავებს. სარკედ კი ცას თვლიან, ვარსკვლავები თავიანთი ანარეკლი ჰგონიათ, ზოგიერთი იმასაც იჩემებს, მთვარე ვარო. მხოლოდ ერთს დაანაღვლიანებს მეგობრების გაუთავებელი კამათი, მიხვდება, რომ თუ ერთმანეთს შეხედავენ, მხოლოდ მაშინ მიაგნებენ სიმართლეს.

ზღაპარი „მსახიობი“ ადმიანთა ფიქრების გამოცნობაზეა (ერთი შეხედვით სანატრელ და ამავდროულად საბედისწერო ნიჭზეა). თუ პატარა გოგონა გედებზე ოცნებობს, მსახიობი გედად იქცევა, თუ პატარა ბიჭუნა ლეკვს ინატრებს – ლეკვად. ასე გრძელდება მისი ცხოვრება, ის ხან ბეკეკეაა, ხან  ბეღურა, ხან ფარშევანგი, ხან კნუტი … „საკუთარ თავს ქალაქს უნაწილებს!“ როგორ ახერხებს? ამას წიგნიდან შეიტყობთ და შესაძლოა თავადაც შეძლოთ საყვარელი ქალაქის „ოცნებაახდენილი ბავშვების ქალაქად“ გადაქცევა.

„ბეჰემოთი და სიზმარში“ ბეჰემოთის სიზმარი სულაც არ ჰგავს ცხადს ანუ იმ ტალახიან გუბეს, რომელშიც დღენიადაგ წევს… ბეჰემოთს არ ესმის სიზმრის არსი, თუმცა სურს შეიტყოს ვის მიჰყავს იგი ლამაზ ადგილებში და ვინ აბრუნებს უკან… ბეჰემოთი ჭეშმარიტებას ფრთხილად, მორიდებით დაეძებს და მიჰყვება… ბეჰემოთ ფიზიკის ყველა კანონს არღვევს, სამაგიეროდ ზღაპრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და წარმოუდგენლად მსუბუქი და ჰაეროვანი ხდება… ამ ზღაპარში არაერთ დასაფიქრებელ ფრაზას ამოიკითხავთ. მე მხოლოდ ერთს გაგიმხელთ: „სიზმრის მხედველი კაცი და ბეჰემოთი უფრო ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე ორი კაცი, რომელთაგან ერთი ხედავს სიზმარს, მეორე ვერ…“

„პიკო და ოლიკო“ ანიმაციური ფილმივით იწყება: განთიადისას ოკეანის ზედაპირიდან ორი დიიდი შადრევანი ავარდაება, ცოტა ხანში მათ შორის ერთი პატარაც ამოჰყოფს თავს (ანუ პატარა ვეშაპი დაიბადება). „ვეშაპი ისეთი სიტყვაა, რომ გინდა პატარა ვეშაპი თქვი, გინდა პაწია ვეშაპი, მაინც რაღაც დიდი და ტლანქი დაგიდგება თვალწინ.“ თუმცა ბეჰემოთის მსგავსად გაფრენას ისიც მოახერხებს, მეგობარ ოლიკოს გაიჩენს, მურაბას დააგემოვნებს, ხალიჩისგან შეკერილ კაბას და ბავშვების შერქმეულ სახელ პიკოსაც მოიხდენს, დღის ბოლოს კი ერთი ბაღის აუზში დაბინავდება და შადრევანის მაგივრობას გასწევს. მაგრამ!.. მაგრამ მოვა უჟმური და დასჩხავლებს: ვის გაუგონია ვეშაპის ფრენაო!.. ასე „დაასრულებს“ ზღაპარსუჟმური და უზომოდ გაბედნიერდება, ამდენი ხალხის ერთად დაღონებას რომ მოახერხებს!

უჟმური და სიზმრისვერმხედველი კაცი ალბათ ზღაპრის მიღმაც ბევრი შეგვხვედრია („უჟმურებს რა დალევსო,“ – შეგვახსენებს კიდეც ავტორი). როგორ ფიქრობთ, დაფიქრდებიან თავიანთ საქციელზე პატარა ქალაქში მოგზაურობის შემდეგ?.. იქნებ, ზღაპრების  წაკითხვით თავს სულაც არ იწუხებენ. მაშინ როგორ მოევლება საქმეს? ნუთუ სიცოცხლის ბოლომდე უგულისყუროდ დარჩებიან და ვერ მიხვდებიან „ქუჩაში ჩამოვარდნილი ლაყე კვერცხი ან პომიდორი მაინცდამაინც მათ და თან ყოველდღე  რატომ ეცემათ თავზე!“ ნუთუ პეპელა მხოლოდ მაშინ დააინტერესებთ, როცა ფრთის ნაცვლად ერთლარიანი ექნება, „ორივე ლამაზფრთიანს“ კი აინუნშიც არ ჩააგდებენ?..

პასუხი მარტივია:

უსასრულოდ შენდება და ინგრევა, ინგრევა და შენდება პატარა ქლაქი: კაცი ნერგად იქცევა, ნერგი ნაყოფად, ნაყოფი მუსიკოსად, ინსტრუმენტად.. და ასე გრძელდება, რათა მუდამ იყოს დედამიწაზე მუსიკა და სევდანარევი ღიმილი… რათა არ გაუქრეთ  ცად გაფრენის სურვილი ყვავილებს და მუდამ ახსოვდეთ, რა დააბარა მზემ პირველ პეპელას.. რათა ქალაქში მუდამ დადიოდეს კლოუნი, აკვირდებოდეს ადამიანებს და ცდილობდეს გაიგოს, ვინ რაზე ფიქრობს, რაზე ოცნებობს, ვის რა სტკივა, თვალებში უყურებდეს მათ და გულებში შეღწევას ცდილობდეს…

ზღაპრების ხმა და ფერები

არა მხოლოდ შინაარსით, ფირმითა და ჟრერადობითაც გამორჩეულია „პატარა ქალაქის ზღაპრები.“ გურამ პეტრიაშილის ხატოვანი და მელოდიური ენა ამბებს დამატებით პიკანტურობას მატებს, თითქოს, ჩვენს თვალწინ პოეზიად იქცევა პროზა (კიდევ ერთი ჯადოსნობა), ლექსივით იკითხება  პასაჟები:

„ერთ დროს თეთრი იყო ყველა ჩიტი და მაშინ მათ ფრენა უყვარდათ ძალიან. ჩიტებს ახლაც უყვართ ფრენა, მაგრამ ის სიყვარული სხვა იყო.      ყველა თავისებურად ფრენდა, ადამიანებს ყველას თავისი ჩიტი ჰყავდა ამორჩეული. და ისე უყვარდათ, დაფიცება რომ უნდოდა ვინმეს ვინმესი,  შენი ჩიტის ფრენამო, ეუბნებოდა…

დაფრინავდნენ ჩიტრები მთელ დღეს.       ცა იყო მათი სიცოცხლეც და სიკვდილიც, ცაში კვდებოდნენ ფრენისას. გარდაცვლილი ჩიტები მიწას რომ შეეხებოდნენ ქრებოდნენ და ჩიტის მაგიერ თეთრი ყვავილი ჩნდებოდა.              შენი ყვავილის ნათებამო, ეუბნებოდნენ თავისი ჩიტის სიკვდილით დამწუხრებულ კაცს…“

თითოეული ზღაპარი საკუთარი მელოდიით გამოირჩევა, ხან მაჟორულ განწყობაზე გავყენებს, ხან მინორულზე და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქალაქი ერთდროულად ჯადოსნურიცაა და ჩვეულებრივიც, ახლობელიც და იდუმალიც…

პატარა ქალაქის ზღაპრებს ფერების ჯადოქარიც ჰყავს. მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციები ისე ჰარმონიულად შეერწყა გურამ პეტრიაშვილის ამბებს, ზოგჯერ გვგონია, ნინოს ნახატების ალბომს ვათვალიერებთ თავიანთი „განმარტებებით,“ თითქოს, მხატვრის ფუნჯს მიჰყვებოდაო ავტორი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ილუსტრაცია ხშირად განსაზღვრავს ჩვენი წარმოსახული ზღაპრული სამყაროს გარეგნულ სახეს. ვფიქრობ, ჩვენი შვილები სწორედ ნინოს დახატული ფერწერული ტილოების მიხედვით გაითავისებენ და სამუდამოდ დაიმახსოვრებენ ჭაღარაშერეულ ბებია-ბაბუებს მაჯასთან ნაკეცებითა და თბილი მზერით, ხალისიან, მეოცნებე ბავშვებს, ღუნღულა ჩიტებს, მფრინვ ვეშაპს, სიზმრის მხედველ ბეჰემოთსა და პატარა ქალაქის ზღაპრების სხვა უამრავ გმირს.

ლირიკული აღსარება – პაოლო იაშვილის „წერილი დედას“

0

პაოლო იაშვილის მეგობარი სერგო კლდიაშვილი იხსენებდა, ერთ დღეს მეგობრები, მათ შორის, თვითონ, პაოლო და ტიციან ტაბიძე ქუთაისში შეიკრიბნენ და ქალაქგარეთ გაისეირნეს. მდინარე წყალწითელაზე ერთ წისქვილში შევიდნენ. „ჭაღარა მეწისქვილემ გაკვირვებით შეგვავლო თვალი ქალაქურად ჩაცმულ ახალგაზრდებს. მისი გაკვირვება ბუნებრივი იყო. საფქვავის მიმტანს არ ვგავდით, გამომცდელად შეგვათვალიერა და ფრთხილად იკითხა, ვინ ვიყავით, რა საქმეზე მივედით. ტიციანის პასუხმა, რომ პოეტები ვართ და აქ ღამის გათევას ვაპირებთო, მეწისქვილე საგონებელში ჩააგდო. არა, ასეთი ახირებული ხალხი არასოდეს სწვევია. სიტყვა პოეტებიც მას არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ რაიმეს შიშის საბაბიც არ ჰქონდა.  მართალია, არეული დროა, მტაცებლები თავისუფლად დათარეშობენ, მაგრამ თუ ესენი ავაზაკები არიან, აქედან წასაღებს ვერაფერს იპოვიან, რას უნდა დაეხარბონ? ფქვილსა და ტომრებს? კი, ბატონო, შემოდით – არცთუ სტუმართმოყვარეობით შეგვიპატიჟა. პოეტები ჩამოსხდნენ ტომრებზე. სანდრო ცირეკიძემ მეგობრებს ახლად გამოცემული მალარმეს ლექსები და პროზა აჩვენა.  მერე ლექსების კითხვა დაიწყეს. ამ უჩვეულო ამბავმა გარეთ გააღწია და მალე წისქვილში ცნობისმოყვარე ხალხი მოგროვდა. მერე გლეხების პატივსაცემად თქვეს ლექსები. ერთს დოქით ღვინოც აღმოაჩნდა და სადღეგრძელოებიც დააყოლეს.  პაოლომ წაიკითხა „წერილი დედას“. გლეხებს ესმით სიტყვები: „ბზის განიავება, კალო და კევრი, სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი” – ეს სტრიქონები ადვილად სწვდება მათ გონებას, ცხადად ჩანს, რომ იწონებენ, ერთმანეთს კმაყოფილებით გადახედეს, პაოლოსაც სიმპათიით შესცქერიან. უეცრად ესმით ასეთი სტრიქონები: „და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე სალახანა”, შემდეგ: „როცა მე  ქურდები მეგობრად მრაცხავენ” და ბოლოს: „დედა, ინახულე შენ წმინდა ხახული, წადი ფეხშიშველი, ქალაქში დაკარგული შვილისთვის ღამე გაათიე”. ეს სიტყვები, როგორც ჩანს, გლეხებმა თავისებურად გაიგეს. გაიგეს, როგორც აღსარება და სინანული. აქამდე თუ გახარებული თვალით შესცქეროდნენ, ახლა დაეჭვებით და ერთგვარი შეცოდებით შეჰყურებენ. ასეთი ლამაზი ვაჟკაცი, კარგად ჩაცმული, და თურმე ყოფილი ქურდი… უეცრად ტიციანის სიცილი გვესმის… მეწისქვილეს მისთვის ეკითხნა: დიდი ხანია, რაც ის ყმაწვილი ციხიდან გამოუშვეს? მაშინვე პაოლოს გააგებინა, რაც მოხდა. საჭირო გახდა განმარტება, რაც მეურმეებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს. არ ვიცი, დაიჯერეს თუ არა საბოლოოდ, ოღონდ ის კი იყო, ისევ ხალისიანად შემოგვცქეროდნენ”.

უბრალო მეწისქვილეებზე ისე იმოქმედა პაოლოს ლექსის სტრიქონებმა, რომ რეალობასა და წარმოსახვას შორის ზღვარი ვეღარ შენიშნეს და მთლიანად პოეტური განზომილების ტყვეობაში მოექცნენ. ალბათ, ეს საუკეთესო დასტური იყო პოეზიის დიდი ძალისა.

გურამ ასათიანს მიაჩნდა, რომ პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“ , რომელიც სერგეი ესენინის ცნობილ ლექსზე („წერილი დედას“) ხუთი წლით ადრე იყო დაწერილი,   წარმოადგენდა ძველ, იდილიურ საქართველოსთან გამოთხოვებას. მისი აზრით, „ძველი სამყარო: წინაპართა მყუდრო სამყოფელი, ქვიტკირის მარნები, ბზის განიავება, მართალი ბათმანი – აქ დანახულია ქალაქის მტვრიანი, ვნებით გახელებული ქუჩებიდან, სრულიად ახალი ფსიქოლოგიის, ახალი სულიერი წყობის ადამიანის თვალით. „ცისფერყანწელები“, პირველნი ქართულ მწერლობაში, შეეცადნენ პოეზიაში, ე.წ. ურბანისტული მსოფლშეგრძნების შეტანას“. კრიტიკოსი ფიქრობდა, რომ ამ თვალსაზრისით, პაოლო იაშვილის ლექსი „ფარშევანგები ქალაქში“ წარმოადგენდა თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთ პირველ ლირიკულ პეიზაჟს XX საუკუნის ქართულ პოეზიაში: „სიცხიანი, ჰალუცინაციებით აბოდებული ქალაქი, სადაც ლურჯი ჰაერი დამსხვრეული შუშის მტვერივით ელავს, სადაც სნეული ძაღლები ქუჩებში ყრიან და თვალებახვეული ცხენები მკერდს იხევენ რკინის სვეტებზე, პაოლო იაშვილს წარმოუდგებოდა მისტიკურ კოცონად, რომელშიც უმწეო მშვენიერ ფრინველებთან ერთად სამუდამოდ იწვოდნენ პოეტის წმიდათაწმიდა ილუზიებიც, და ეს სისხლიანი სასაკლაო, როგორც მთვრალ ხარს, ისე იზიდავდა პოეტის შთაგონებას. რასაკვირველია, ეს იყო სიმბოლისტის თვალით დანახული ქალაქი, უფრო ირეალური, ვიდრე ნამდვილი, მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ესთეტის მიერ შეთხზული ლამაზი ბუტაფორია. „ცისფერყანწელები“ სინამდვილეში იყვნენ სწორედ ის გულჩვილი, გასული საუკუნის იდილიებზე გაზრდილი ბავშვები, რომლებიც ახალმა საუკუნემ დიდი ქალაქის ქუჩებში გამოყარა და რომელნიც ამაოდ ცდილობდნენ ჭრელი ქაღალდის ნიღბებში დაემალათ თავიანთი შიში და ძრწოლა ამ უცნობი სინამდვილის წინაშე. ესენი იყვნენ ადრე დაბერებული, წამებული ბავშვები, რომლებიც სულის სიღრმეში ატარებდნენ სიყვარულის, ალერსის, სათნოების მწვავე მოთხოვნილებას“.

„ცაზე ვერცხლის მერცხლები

სხედან ლურჯ ბუდეებში,

მთვარე ცივად ეცემა

შქერის ტყეში გამართულ ტოტების ბუდეებში” („არგვეთის ღამეები“).

ასეთი ლამაზი ღამეები იცოდა არგვეთში. ვარსკვლავები ლურჯ ბუდეებში შეყუჟულ ვერცხლის მერცხლებს ჰგავდნენ, მთვარე კი – თეთრ ხოხობს. ალვის ხეებს „სირმიანი ნაბდები ეცვათ” და ირგვლივ ყოველივე იდუმალების ბურუსში იყო გახვეული.  სწორედ აქ, ამ გარემოში დაიბადა  პაოლო იაშვილი. სოფელს ლამაზი სახელი ერქვა – არგვეთი და აქაურებიც ლამაზები იყვნენ, სიტყვის, ვაჟკაცობის, ერთგულების, სიყვარულის, სიცოცხლის ფასი იცოდნენ. პაოლო იზრდებოდა ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სხვა ბავშვებივით ცელქი და დაუდგრომელი იყო. ოღონდ ეგაა, სხვებზე უფრო ხშირად უცემდა გული, როცა ახლად ამობრდღვიალებულ მთვარეს, მოულოდნელად გაშლილი ყვავილსა თუ მიწაზე დალანდულ უცნაურ ნაკვალევს შენიშნავდა. ეს შთაბეჭდილებები მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვა.

„წერილი დედას“ – იკითხება, როგორც აღსარება. ლექსში წარმოჩნდება შინაგანად აფორიაქებული, გაორებული ლირიკული გმირი, ქალაქის ცივ უდაბნოში მოხეტიალე, მშობლიურ ოაზისებს მონატრებული.  მისი მარტოსულობა და სულიერი ტანჯვა გაუზიარებელი და გაუქარვებელია, ამიტომაც მწყურვალივით ეწაფება ერთადერთ იმედს, დედას, რომელიც მთებს შეძრავს და დაცემულ შვილს  წამოაყენებს, ყოველ ცოდვას აპატიებს და თავის თბილსა და მწყალობელ კალთაში შეიფარებს.

ლექსში ურბანული და პასტორალური პეიზაჟები ერთმანეთს ენაცვლება და  ლირიკული გმირის სულიერი ლაბირინთები წარმოჩნდება. იგი წუხს, რომ მიატოვა სოფელი, სამოთხისეული „მყუდრო სამყოფელი“, სადაც დაცულად, უშფოთველად გრძნობდა თავს ახლობელთა შორის.  მის წარმოსახვაში სოფელი ერთგვარი შარავანდედით იმოსება. თითქოს ჩვენც ვხედავთ ქვითკირის სურნელოვან მარნებს, სადაც ქვევრებში გამრჯე მამის მოწეული ყურძნის მათრობელა წვენი – ღვინო ასხია, ვხედავთ კატის კნუტებს, უთავბოლოდ, საყვარლად რომ დახტიან და თამაშობენ, ვხედავთ აღერებულ სიმინდის ყანას. ეს ყოველივე ქმნის იდილიურ განწყობილებას. ამ მონატრებას უპირისპირდება ქალაქი. აქ სულ სხვა გარემოა. სიწმინდეს სიყალბე ცვლის, სიმშვიდეს – ხმაური. „და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე – სალახანა“.  ეს სტრიქონი კარგად წარმოაჩენს იმ დაღს, რომელიც ქალაქმა დაამჩნია, შეუცვალა გულწრფელი და უმანკო დამოკიდებულება  სამყაროს მიმართ, გული სიცარიელითა და გულგრილობით გამოუფიტა, უამრავ ნიღბიანს შორის თითქოს თვითონაც თეატრალურ ნიღაბდ იქცა  ცხოვრების ტრაგიკომიკურ სპექტაკლში.

ლირიკული გმირის წარმოსახვაში ერთმანეთს ცვლიან ქალაქისა და სოფლის სურათები, თითქოს კინოსთვის დამახასიათებელ მონტაჟის ტექნიკას იყენებს პოეტი. სამგზის გამეორებული –  ტირილი, ტირილი, ტირილი!  – უსაშველობის განცდას ამძაფრებს. ადგილის ვერპოვნა, უსაქმობა, როგორც ცოდვა, უპირისპირდება სოფლისეულ მადლს, ოფლისღვრას, გარჯას, დოვლათის შექმნას. ლექსში ვკითხულობთ:

„ქალაქში მაწუხებს, მახელებს,

ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი“.

ყელსახვევი და ხელთათმანი წარმოაჩენს ერთგვარ გაშუალებულ, არაგულწრფელ, შებოჭილ, ოფიციალურ  დამოკიდებულებას სამყაროსა თუ ადამიანებთან. სოფელში კი ადამიანი უშუალოდ განიცდის სიცოცხლის ლაღ, თავისუფალ მდინარებას, რომელიც თანაბრად სავსეა ტკივილითა და სიხარულით, შიშითა და სიმშვიდით, ბოროტებითა და სიკეთით. სოფელში ადამიანი საკუთარ თავს უბრუნდება, ქალაქში წასული კი უძღებ შვილს ემსგავსება, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს დაბრუნებაზე, შინისკენ მიმავალ დაკარგულ გზა-სავალს დაეძებს.

„როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,

სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი.

და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,

ვით თვალის უპე – როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი“.

მკითხველი გრძნობს, როგორი უმფარველო და უპატრონო, ღვთისგან და ადამიანისგან მიტოვებულია ლირიკული გმირი, მაგრამ დედა ერთადერთია, რომელიც ხიდივითაა გადებული სიცოცხლესა და არყოფნას შორის. დედის ლოცვის ძალა ერთადერთია, რომელსაც ხავსივით ეჭიდება ქალაქის დანისლულ ჰაერში ფანტომივით მობორიალე გმირის სული. სიცარიელეში მაცოცხლებელ წყაროსავით ჩნდება ხახულის ტაძარი, რომლისკენაც  ფეხშიშველა გაემართება დედა დაკარგული შვილის სულის გადასარჩენად:

„ღმერთო! აპატიე – მე თუ ვერ მიშველი,

დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,

მისთვის, რომ ჩემს გულში დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი“.

პაოლო იაშვილის მეგობარი პოეტის, სერგეი ესენენის ლექსშიც „წერილი დედას“ სოფლური, ერთგვარი სამოთხისეული ყოფის  მონატრების სურვილი ირეკლება. ლირიკული გმირი, ედემიდან გამოდევნილი ადამივით ცოდვილი და სინანულით სავსე, დედას სწერს: „შენ ხარ ჩემი ხსნა და შვება მარად,/ მეგულები გამოუთქმელ შუქად“ და დაბრუნებას ჰპირდება: „დავბრუნდები, თეთრს რომ გაშლის ტოტებს/ ჩვენი ბაღი, მზისთვის გასაცინად“. საოცარი სითბო და სინათლე იღვრება სტრიქონებიდან, რომელთაც ნინო დარბაისელმა, თვითონაც შესანიშნავმა პოეტმა,  ქართულ თარგმანში სრულად შეუნარჩუნა ესენინისეული მუხტი და ენერგია:

„ცოცხალი ხარ, ბებრუცანავ ჩემო?

მეც – რა მიჭირს, სალამს გითვლი თუკი.

დე, განათდეს შენი ქოხის ჩერო

იმსაღამოს გამოუთქმელ შუქით!

მწერენ, თითქოს მღელვარებას მალავ,

ნაღვლიანი დღეც და ღამეც მელი,

სოფლის გზაზე გამოდიხარ მალ-მალ

ძველმოდური შენი მოსაცმელით“.

 

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ემოციური თვითგამოხატვა

0

მოდი, აქედან დავიწყოთ: რა განსხვავებაა მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთი „მეტყველებებს“ შორის? ადამიანს რომ ორი ნახევარსფერო აქვს, ეს ვიცით… ისიც ვიცით, რომ მარცხენა ნახევარსფეროს მეტაფორულად მეცნიერების, ხოლო მარჯვენა ნახევარსფეროს – ხელოვნების ნახევარსფეროს უწოდებენ. ორი ნახევარსფეროს არსებობა ნიშნავს, რომ ჩვენ ორივე გვჭირდება, თუმცა, ხშირად, უფრო ერთს აქვს პრიორიტეტი ჩვენში, უფრო მეტად ერთი ვითარდება.

როგორც კი სტუდენტი მეტყველებას იწყებს, ჩემთვის ადვილი გამოსაცნობია, რომელი „ნახევარსფეროთი“ მელაპარაკება და შემიძლია „გადავეწყო“ მის მეტყველებაზე და ერთი და იგივე აზრი გამოვთქვა ერთ შემთხვევაში ლოგიკურად და არგუმენტირებულად და, მეორე შემთხვევაში, მხატვრულად და მეტაფორულად. ვფიქრობ, ეს ყველა მასწავლებელს სჭირდება და საერთოდაც, ყველა ადამიანს, ვისაც მეორე ადამიანთან საქმე აქვს და უნდა, რომ გააგებინოს აზრი ადექვატურად. ასე რომ, თუკი თქვენ განდეგილობას არ აპირებთ, მოგიწევთ დაფიქრდეთ ამ საკითხზე, რადგან სოციალური ადამიანისათვის აუცილებელია ენის მეშვეობით თვითგამოხატვა, გაზიარება, აზრის გამოთქმა, გადაცემა…

მაშ, ასე, როგორ ამოვიცნოთ, რომელ ენაზე გველაპარაკება მოსაუბრე? საიმისოდ, რომ ეს შევძლოთ, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ, რა თავისებურებები ახასიათებს მეცნიერების და ხელოვნების ნახევარსფეროებს.

თუ მოსაუბრე ზედმიწევნით ლოგიკურია, არგუმენტირებული, ცნებებით და განყენებულად (აბსტრაქტულად) საუბრობს, იშველიებს წყაროებს, იმოწმებს ციტატებს, გამოაქვს დასკვნები და არ „წასცდება“ ისეთი სიტყვა, რომელიც საქმეს არ ეხება (ანუ ზედმიწევნით ორგანიზებული და დალაგებულია მისი მეტყველება), მაშასადამე, ის მარცხენა ნახევარსფეროდან საუბრობს; ხოლო თუკი მოსაუბრე მეტყველებს მეტაფორულად, ხშირად იპყრობს ასოციაციები, აზრს გადმოსცემს ისე, თითქოს ნოველას ჰყვება… და ხშირად ახსენებს სიტყვას „თითქოს“… მაშინ ის მარჯვენა ნახევარსფეროდან მეტყველებს. არის შერეული შემთხვევები: როცა მეტყველება ლოგიკურიცაა და მეტაფორულიც და ეს საუკეთესო შემთხვევაა და, რა თქმა უნდა, მეტი ზეგავლენის მქონეც მოსწავლეზე, სტუდენტზე, უბრალოდ, მოსაუბრეზე.

რაკი თანამედროვე განათლების სისტემა დასწავლაზე ორიენტირებულია, შესაბამისად, ნაკლებად ავითარებს შემოქმედებით, მარჯვენა ნახევარსფეროს უნარებს, უფრო მეტიც, მოსწავლის მხატვრულად და შემომედებითად გამოთქმული აზრი მასწავლებელმა შეიძლება აბსურდადაც მიიჩნიოს და ჰკითხოს მოსწავლეს: „ასეთი რამე სად წაიკითხე?“ არა და, ამ ყველაფერში საინტერესო ისაა, რომ მას არსადაც არ წაუკითხავს, უბრალოდ, მიჰყვა შეგრძნებებს და ასოციაციებს და იმას გამოთქვამს, რასაც  გრძნობს, განიცდის, ფიქრობს. ამ შემთხვევაში მე მხედველობაში მაქვს ლიტერატურის გაკვეთილები და ლიტერატურის გაკვეთილებიდან პოეზიის განხილვა.

რა თქმა უნდა, ჩემი საუნივერსიტეტო საგნიდან – „რა არის პოეზია“ – გთავაზობთ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მასწავლებელმა გამოიყენოს ნებისმიერი პოეტის ნებისმიერი ლექსის განხილვისას.

ერთი სიტყვით, რადგან ჩვენს განათლების სისტემას აკლია განავითაროს და გამოავლინოს  მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, ეს დანაკლისი შეგიძლიათ ლიტერატურის გაკვეთილებით შეავსოთ.

რაც მთავარია, გვერდზე უნდა გადადოთ ყოველგვარი „განხილვის“ სახელმძღვანელო (არ ვამბობ, რომ არ უნდა წაიკითხოთ და არ უნდა ფლობდეთ ინფორმაციას ამა თუ იმ პოეტურ შედევრზე), როცა საქმე ეხება „მარჯვენა ნახევარსფეროს მეტყველებას“.

და მე ასეთი განხილვისას აღმოვაჩინე ერთი მაგიური სიტყვა: თითქოს. ეს სიტყვა-ნაწილაკი დაგეხმარებათ გარეგანი, „მარცხენა ნახევარსფეროს მეტყველებიდან“ გადაერთოთ შინაგან მეტყველებაზე, ჩაყვინთოთ აზრის სიღრმეში, მიჰყვეთ შეგრძნებებს, ასოციაციებს, ემოციებს… გადაერთოთ სხვა დროსა და სივრცეში.

მაგალითად, პოეზიის ლექციაზე რილკეს ლექსიდან ერთი მეტაფორის განხილვას მთელი ლექცია მივუძღვენით. აი, ეს მეტაფორაც ქვემოთ მითითებული ლექსიდან (რილკე, „მარტოსული“):

„შორეულ ზღვიდან, თითქოს მოვხვდი უცხო ნაპირთან,

უცხო ვარ თქვენთვის, თქვენ არ იცნობთ ჩემს ძვირფას შორეთს…“

თავად ავტორიც ხომ შინაგანი სამყაროდან გველაპარაკება… შინაგანი სამყაროს მეტაფორებია: შორეული ზღვა, უცხო ნაპირი და ძვირფასი შორეთი… რილკეს საკვანძო სიტყვა ამ ლექსში სწორედ ეს „თითქოს“ არის… ეს ნაწილაკი მიგვითითებს ისეთ მდგომარეობაზე, რომელიც რეალობაში არ მომხდარა და არც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნაცნობი კონცეპტებით და ნაცნობზე მითითიებით ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით განვიცადოთ სულიერი მგომარეობა, რომლის საზღვართან სწორედ ეს სიტყვა „თითქოს“ დგას… ეს ის სიტყვაა, რომელიც ქმნის მეტაფორებს, რომელსაც სხვა განზომილებაში გადავყავართ, რომელიც ჩვენს შიგნითა სივრცეებს განგვაცდევინებს და აღწერას სწორედ ასე დავიწყებთ, როგორც იწყებს რილკე… ჩვენ შეგვიძლია ეს სიტყვა კიდევ უფრო ქმედითი გავხადოთ და მეტაფორების აღწერისას გამოვიყენოთ, მაგრამ არა იმ განცდის, რასაც პოეტი განოცდიდა, როცა ამას წერდა (ეს არავინ არ იცის…), არამედ თავად რას განვიცდით, როცა ვამბობთ: შორეული ზღვა ან უცხო ნაპირი…

მაგალითად, კითხვა მდომარეობს შემდეგში: ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ „შორეული ზღვის“ (უცხო ნაპირის, შორეთის…) მეტაფორას როგორ განიცდით…? რას გრძნობთ შინაგანად? რა გესმით… რას ხედავთ? რა ემოციები გიპყრობთ და როგორ გამოხატავთ ამ ემოციებს…  თითქოს….

და აი, სწორედ ამ „თითქოს“-იდან იწყება ყველაფერი და იფრქვევა ფოიერვერკი ემოცია-განცდებისა, გაგიკვირდებათ, იმდენ საინტერესო და ღრმა აზრებს მოისმენთ, მთავარია, მისცეთ საშუალება მოსწავლეებს, გამოიხატონ, ნუ გაუსწორებთ, რას და როგორ ფიქრობენ და, დამერწმუნეთ, გაოცებული დარჩებით.

თითქოს მაგიური სიტყვაა… ახალი განზომილების გასაღებია! საკმარისია, ნებისმიერ მეტაფორასთან ეს სიტყვა „დასვათ“ და დანარჩენს თქვენი მოსწავლეები იტყვიან…

ეს წერილი რომ წაიკითხეთ, თქვენში რა მოხდა? თ ი თ ქ ო ს….

 

 

რაინერ მარია რილკე

მარტოსული  

შორეულ ზღვიდან, თითქოს მოვხვდი უცხო ნაპირთან,

უცხო ვარ თქვენთვის, თქვენ არ იცნობთ ჩემს ძვირფას შორეთს,

თქვენს მაგიდებთან გადის მსუყე ცხოვრება მდორედ,

მე კი შორეთი სხვა სიმბოლოს, სხვა ცას დამპირდა.

 

ჰგავს უკაცრიელ და უდაბურ ღამეულ მნათობს

სამყარო, ჩემში რომ შემოდის  მარად კითხვებად,

თქვენ არც ერთ გრძნობას არ ტოვებთ მარტოდ,

მყისვე გარდაქმნით გრძნობებს სიტყვებად.

 

ჩემი საგნები მომყვენიან იმ სამყაროდან,

გარეთ გახედვა იშვიათად თუ მოუნდებათ,

დიდ სამშობლოში, ვით ნადირნი, ისე ხარობენ,

სირცხვილისაგან ახლა სული რომ ეხუთებათ.

თარგმანი გივი ალხაზიშვილისა

 

 

საშინაო დავალება და პირველი კლასი (პირველი ნაწილი) 

0

დიდი თავსატეხია, მივცეთ თუ არა საერთოდ საშინაო დავალება, რა მოცულობის უნდა იყოს ის, როგორი ტიპის, როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ, რომ მოსწავლე შინ, დამოუკიდებელ მუშაობასაც მიეჩვიოს და, ამავე დროს, რუტინისგან თავმობეზრებულმა სწავლის მოტივაცია არ დაკარგოს. განსაკუთრებით რთული, საპასუხისმგებლო და ფაქიზი ეს პრობლემა პირველ კლასშია, როდესაც პატარა ადამიანებს ისედაც მრავალ სირთულესთან გამკლავება უწევთ –  ახალი სივრცე, ახალი ადამიანები, მოვალეობები, დედა შორსაა და ვერაფერს მიშველის…

საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ ერთი უმთავრესი რამ გვავიწყდება, როდესაც სასწავლო პროცესს ვგეგმავთ. სწავლის პროცესში ბავშვიც და მასწავლებელიც ბედნიერი უნდა იყოს, სწავლა სიამოვნებაა და არა რუტინა, ახლის შემეცნება ბედნიერებაა და არა დამთრგუნველი მოვალეობა. სწავლის სწავლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციით გამოვტენოთ პატარების ტვინები. შესაბამისად, ჩვენ, მშობლებმაც უნდა შევცვალოთ პრიორიტეტები, თუ პირველკლასელი სხაპასხუპით კითხულობს, 100-ის ფარგლებში ანგარიშობს, მაგრამ სკოლაში სიარული აღარ უნდა, მოტივაცია აღარ აქვს, გადაღლილია, რაღაც რიგზე ვერაა.

დავალებაც ამ მიმართულებით შევადგინოთ, ვცადოთ, რაც შეიძლება მეტად გავახალისოთ,  ჩემი აზრით, არცთუ სრულყოფილი სახელმძღვანელოები, დავალება უფრო ფერადი და მხიარული გავხადოთ. პირველ რიგში, მოსწავლეებს ჰკითხეთ, რა ტიპის დავალების შესრულება ურჩევნიათ, თანაც დაიმახსოვრეთ, რომ პირველი კლასის მოსწავლე დავალებას ძალიან მალე უნდა ამთავრებდეს, დავალება დიდ დროის არ უნდა მოითხოვდეს მისგან. მოტივაციის გასაზრდელად მოიფიქრეთ თავსატეხები, კროსვორდები, თამაშები, მიეცით დავალებას არასტანდარტული ფორმა. იმ მასალის მიხედვით, რომელსაც ახსნით, სთხოვეთ, თავად მოიფიქრონ  საშინაო დავალება, რომელსაც თქვენ, როგორც მოსწავლეს დაგავალებდნენ. როლების გაცვლა შესანიშნავი რამაა, თქვენც ატარეთ თქვენი დავალების რვეული, რომელსაც მოსწავლეებს შეასწორებინებთ-ხოლმე.

აი, მაგალითად, დავალების სახეები პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებისთვის.

  1. ორი ტექსტის ინტეგრაცია:

ვიღებთ ორ ტექსტს, ერთს განვლილი მასალიდან, მეორეს  – ახალს. გარდა იმისა, რომ კითხვისას ვიყენებთ თანამედროვე მეთოდებს, ვსვამთ კითხვას – რა მოხდებოდა, ერთმანეთს რომ შეხვედროდა ამ ორი ტექსტის სხვადასხვა პერსონაჟი? გაკვეთილზე ვიწყებთ მსჯელობას, ვანაწილებთ როლებს, ვაკეთებთ ათასგვარ სიტუაციურ სავარჯიშოს, შინ კი დავალებად ვაძლევთ, დახატონ ეს ორი პერსონაჟი და კიდევ ერთი, მესამე, რომელსაც მათ შეახვედრებენ.  მოიფიქრონ, რა მოხდება ამ შეხვედრისას და როდესაც გაკვეთილზე მოვლენ, გვიამბონ ამის შესახებ. ამ გაკვეთილის გაგრძელება მარტივი კომიქსის შექმნა იქნება.

  1. ერთი ნივთი შენი სახლიდან:

დავალებად ვაძლევთ, დახატონ რომელიმე ნივთი, რომელიც, ვთქვათ, მათ სახლში,  ჭურჭლის კარადაში დევს და სამი ისეთი სიტყვა მოიფიქრონ, რომელიც ამ ნივთს აღწერს. (შეგვიძლია, დავალება დავაკონკრეტოთ და ვთხოვოთ, ჩაწერონ ამ ნივთის ფორმა, ფერი და დანიშნულება).

  1. გზა სკოლიდან სახლში:

მოსწავლეებს ვავალებთ, დააკვირდნენ მარშრუტს, სანამ სკოლიდან სახლში ბრუნდებიან და რვეულში ჩაიწერონ 4 უსულო საგანი, რომელიც გზად შემოხვდათ, 2 სულიერი არსება  და სამი მწვანე ფერის ნივთი. (მაგალითად, მანქანა, შუქნიშნის მწვანე ფერი და რომელიმე შემხვედრის მწვანე მაისური)

  1. მოიტანე საყვარელი წიგნი:

ვავალებთ, სკოლაში  წამოიღონ თავიანთი საყვარელი წიგნი, ხოლო რვეულში ამოწერონ მწერლისა და 2 პერსონაჟის სახელი და წიგნის დასახელება. გაკვეთილზე კი მოკლედ გვიამბონ, რატომ წამოიღეს ესა თუ ის წიგნი.

  1. ანახე შენი ნახატი მშობელს:

კლასში ვხატავთ ნახატს, რომელიც უკავშირდება პროგრამულ ტექსტს  ან რომელიმე თავისუფალ თემას. ვატანთ შინ და ვთხოვთ, ანახონ ნახატი მშობლებს და ჰკითხონ, რას ხედავენ ამ ნახატზე. მშობელს ევალება ერთი წინადადებით ჩაწეროს ის, რასაც შვილის ნახატზე დაინახავს, ხოლო მოსწავლე თავის მხრივ, ასევე ერთი წინადადებით მიაწერს მშობლის შთაბეჭდილების ქვეშ, სწორად გამოიცნო თუ არა მან ნახატი.

  1. მოვძებნოთ „უსახელო“ საგნები, ან ისეთი საგნები, რომელთა დასახელებაც არ მოგვწონს და ვცადოთ მათთვის სიტყვების მოფიქრება. დავალება ძალიან სახალისოა, არარსებული სიტყვების გამოგონებით მხიარულ ფონეტიკურ სავარჯიშოებს ვასრულებთ.
  2. მოიფიქრე რეცეპტი და მოამზადე სალათა. მოსწავლეებს ვთხოვთ, მოიფიქრონ 5 ინგრედიენტი, რომელთა საშუალებითაც სალათას მოამზადებენ. საწერი მოდული ამ ხუთი ინგრედიენტის სწორად დაწერა იქნება. შეუძლიათ ინგრედიენტები და სალათა დახატონ, გაკვეთილზე მოსვლისას მოჰყვებიან თავიანთი რეცეპტის შესახებ და თქვენ მათ რეცეპტის აწყობაში დაეხმარებით. (იგულისხმება წერა და ხატვაც).
  3. იპოვე სახლში 3 ნივთი, რომელზეც ციფრებია გამოსახული, დახატე და ჩაწერე მათი სახელები. გაკვეთილზე კი იმსჯელებთ ამ ციფრების დანიშნულებაზე. (ვთქვათ, ეს იქნება საათი, კალენდარი, სარეცხი მანქანა ან ნებისმიერი სხვა რამ).

 

ყველა მასწავლებელს თავისი მეთოდი აქვს, მთავარია, წიგნისა და რვეულის გარდა, საშინაო დავალებაში ჩართოთ გარემო, ინოვაციები, მულტფილმები, მუსიკა, კერძები და თუნდაც გუგუნა მაცივარი, ისიც საინტერესო ნივთია, თუ დავალებას სწორად მოიფიქრებთ.

 

რამდენად თავისუფალია მკითხველი ნაწარმოების ინტერპრეტირებისას?

0

„იკითხეთ არა იმისთვის, რომ შეეწინააღდეგოთ ან უარყოთ, არა იმისთვის, რომ ირწმუნოთ ან შეუვალ ჭეშმარიტებად მიიღოთ წაკითხული, იკითხეთ არა სასაუბრო ან საკამათო საკითხების საძიებლად, არამედ ასაწონ-დასაწონად და განსახილველად. ზოგიერთი წიგნი ნელა უნდა დააგემოვნოთ, ზოგიერთი – სწრაფად გადაყლაპოთ, ზოგიც – გულდასმით გაღეჭოთ და გადაამუშავოთ“…

ფრენსის ბეკონი

 

რამდენად თავისუფალია მკითხველი მხატვრული ნაწარმოების ინტერპრეტირებისას?

ხომ შეიძლება ერთმა თავისებურად გაიგოს ტექსტი, მეორემ კი სრულიად სხვაგვარად? რომელი იქნება ამათგან სწორი? არსებობს კი ერთი და სწორი ინტერპრეტაცია?

ეს გახლავთ კითხვები, რომლებიც ხშირად უჩნდებათ მოსწავლეებს, როდესაც სასკოლო ლიტერატურის კურსის შეთავაზებით მათ ჯერ ტექსტებს ვაცნობთ, შემდეგ კი სახელმძღვანელოებში თანდართული კითხვებისა თუ კრიტიკული წერილებიდან ამონარიდების მეშვეობით გარკვეულ დასკვნებამდე მიგვყავს ისინი.

იგივე კითხვები ჩნდება მეტაფორების, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებისა თუ მხატვრული მეტყველებისთვის დამახასიათებელი ენობრივი გარდასახვების „გაშიფვრისას“.

სწორედ აქაა მნიშვნელოვანი სიფრთხილე მასწავლებლების მხრიდან. სწორედ აქაა მკაფიოდ განსასაზღვრი, რა არის ჩვენი მიზანი, როდესაც ლიტერატურულ ტექსტს ვ კ ი თ ხ უ ლ ო ბ თ   და  ვ ა მ უ შ ა ვ ე ბ თ მოსწავლეებთან ერთად.

სასკოლო ლიტერატურის კურსისთვის შექმნილ მეთოდურ მასალებსა და სტატიებში ხშირად შევხვედრივარ მტკიცებითი ტონით დაწერილ დასკვნებს, ანალიზს, ინტერპრეტაციას, სადაც ავტორები ლიტერატურულ ნაწარმოებებს განიხილავენ და საკუთარ ხედვას გვთავაზობენ. ამგვარ მასალებში ხშირად მეხამუშება ტოლობის ნიშანი, რომელსაც ავტორები ნაწარმოებსა და საკუთარ ინტერპრეტაციას შორის სვამენ. მაგალითად, მეტაფორებს, რომლებიც, თვისებრივად, გამოცანებია, „ეძებნება“ ერთი კონკრეტული მნიშვნელობა, პროზაული ტექსტები რელიგიურ-პატრიოტული შაბლონების თანახმად „იხსნება“ , პერსონაჟის ქცევის მოტივზე მსჯელობისას „დიაგნოზი“ ან „ვერდიქტი“ ისმება და ა.შ.

არადა მხატვრული ტექსტის გააზრების დროს მნიშვნელოვანია, მკითხველს არ შეექმნას წინასწარი მოლოდინი ან წინასწარი განმარტება წასაკითხის შესახებ. მაგალითად, თუ ჩვენ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობას „შელოცვა რადიოთი“ ალეგორიულ ტექსტად გავაცნობთ მოსწავლეებს, ელის საქართველოს გამოხატულებად მივიჩნევთ, დანარჩენ პერსონაჟებს კი სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის განსახიერებებად – მოსწავლეს ინტერპრეტირების თავისუფლებას შევუზღუდავთ.

თუ „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლისას ნესტანსა და ტარიელს ღვთაებებად, შეუმცდარ წმინდანებად და ენიგმატურ წყვილად მივიჩნევთ და ამის ჩაგონებას შევეცდებით მოსწავლეებისთვის, პოემას ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებას დავუკარგავთ და უამრავ საინტერესო მოსაზრებას ჩანასახშივე ჩავუხშობთ მათ.

მხატვრული ტექსტის „თავისუფლების შემზღუდველი“ ყველა ეს თეორია მასწავლებლებისთვის, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამგვარი მეთოდური მასალებით, მზა „ფორმულებად“ იქცევა, მოსწავლეებს პირდაპირ, „დაღეჭილი ლუკმის“ მსგავსად მიეწოდება და…მიზნები, რომლებიც მხატვრული ლიტერატურის სწავლა-სწავლების პროცესში უმნიშვნელოვანესია, პროცესის მიღმა რჩება.

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:

განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);

გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;

ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;

შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;

გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

რა მშვენიერი მიზნებია, რაოდენ მნიშვნელოვანი ამოცანები…

თუმცა…

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი ეს მიზნები და ამოცანები სრულ შეუსაბამობაშია ლიტერატურის სწავლების იმ მეთოდთან, რომელიც ამჟამადაა დანერგილი ჩვენს სკოლებში.

საპროგრამო მასალების გადატვირთულობასა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე შერჩეული ტექსტების შესახებ, ასევე ლიტერატურის სწავლების თანმდევი სხვა პრობლემების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ამჯერად ამ მიმართულებით საკითხს აღარ ჩავუღრმავდებით.

რა პასუხი უნდა გავცეთ მოსწავლეების დასმულ იმ კითხვებს, რომლებიც წერილის დასაწყისშია თავმოყრილი? შესაძლებელია კი მათზე ამომწურავი, ერთმნიშვნელოვანი პასუხის მოძიება? ბლოგში სწორედ ამ მიმართულებით მინდა მსჯელობა წარვმართო და საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ.

 

 

ცოტა ხნის წინ მეათეკლასელები პოეტიკის საკითხებს ჩაუღრმავდნენ.

ისინი იკვლევდნენ ლიტერატურულ გვარებს, ჟანრებს, ჟანრობრივ განსხვავებებს, ვერსიფიკაციულ საკითხებს, ტროპულ  მეტყველებას, სხვადასხვა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებას. აკვირდებოდნენ ლექსებსა და პროზაულ ტექსტებს, „მარტივ მამრავლებად“ შლიდნენ მხატვრულ სახეებს.

ამას ხუმრობით „ანატომიური კვეთა“ ვუწოდეთ. ლექსები მარცვლებად, მუხლებად, რითმებად და რიტმის ელემენტებად დავშალეთ, პროზაული ტექსტები დეტალურად მიმოვიხილეთ, ტროპის სახეები „გავშიფრეთ“ და „ავხსენით“…

სამუშაო შრომატევადი, თუმცა სახალისო და სასარგებლო გამოდგა. სწორედ ამ პროცესში გამოიკვეთა ის, რომ მხატვრული ტექსტი, სინამდვილეში, ერთგვარი „ლიტერატურული პერპენტუუმ მობილეა“, რომელიც შეუზღუდავად „გადაადგილდება“ ( და უნდა გადაადგილდებოდეს კიდეც) მკითხველების წარმოსახვაში და უსასრულო რაოდენობის იმპულსის, განწყობის, პასუხის, საფიქრალის აღმძვრელი ხდება.

ამ უსაზღვრო მოგზაურობაში დაბრკოლებად არ და ვერ უნდა იქცეს ვინმეს მიერ უწინ უკვე ნაფიქრი ან ნათქვამი, ვინმეს ინტერპრეტაცია, სხვისი ანალიზი.

იმის მიუხედავადაც კი, რომ მხატვრული ტექსტი გარკვეულ თეორიულ მოცემულობას ითვალისწინებს და ამა თუ იმ ყალიბს „ირგებს“, სათქმელის გამოხატვის ფორმა და შინაარსი ამოუწურავია. შესაბამისად ამოუწურავი უნდა იყოს ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც.

მზა შაბლონი და ერთი პასუხი არ არსებობს და კითხვის ერთ-ერთი მთავარი ხიბლიც სწორედ ისაა, რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი ემოცია აღძრას.

სხვადასხვა ვერსიფიკაციული თეორიული მასალის ახსნის შემდეგ მოსწავლეებს რამდენიმე ლექსი შევთავაზე წასაკითხად.

სამუშაო ფურცელზე წინასწარ ამოვბეჭდე თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები ან ამონარიდები ლექსებიდან. ასე ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ ოთარ ჭილაძე, ლია სტურუა, თეა თოფურია, ზვიად რატიანი.

საშინაო დავალებად რამდენიმე კითხვაზე პასუხის წერილობით გაცემა ვთხოვე.

კითხვები დაფაზე ჩამოვწერე:

საშუალება რომ გქონდეთ, რომელ პოეტს გაესაუბრებოდით და რას ჰკითხავდით?

რომელი ლექსის ილუსტრაციას შექმნიდით და რას დახატავდით? ( აღწერეთ სიტყვიერად)

რომელმა ლექსმა დაგაფიქრათ, რომელი მოგეწონათ, რომელი ლექსის სათქმელი ვერ გაიგეთ?

მეორე დღეს საშინაო დავალების გაცნობას ჩვეულებრივზე მეტი დრო დავუთმეთ და სწორედ აქ გავხდით თვითმხილველები იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექსტი იყოს ერთი, ინტერპრეტაცია კი ბევრნაირი და სხვადასხვანაირი.

მაგალითად, თეა თოფურიას ერთმა ლექსმა ( „ეს ყველაფერი უბრალოდ მიდებ-მოდებაა…“) რამდენიმე მოსწავლე დააფიქრა იმაზე, თუ რას ნიშნავს ღმერთის რწმენა და როგორ ვავლენთ ამ რწმენას ყოველდღიურობაში. ერთმა ჩათვალა, რომ ლექსის ლირიკული გმირი ნიჰილისტი და გულგრილია ყველაფრის მიმართ, მეორემ კი მიიჩნია, რომ ის, სინამდვილეში, გულისტკივილით და რწმენით სავსე წერდა ამ ლექსებს. იყო კიდევ ერთი მოსაზრება, ადამიანს შარვლის ყიდვა სჭირდებოდა, ეტყობა ვერ მოძებნა რაც უნდოდა და გაბრაზებულმა ლექსი დაწერაო…ამ კომენტარს, ცხადია, სიცილი და მხიარულება მოჰყვა.

სხვათა შორის, პოეტთან გასაუბრება ორივე მოსწავლემ მოინდომა და მისთვის კითხვებიც გამზადებული ჰქონდათ.

ასევე საინტერესო იყო ზვიად რატიანის პატარა ლექსის შესახებ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებები:

ეგრე სადაა:

რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,

და რაც ჩემში – თითქმის არასდროს.

შევინიღბე.

არ იყო სხვა გზა.

ჩემ თავს შიგნიდან ვეღარ ვცნობდი,

სხვები – გარედან.

სიმართლე თითქოს გათანაბრდა.

საწყენია, ლექსები გაქრნენ

ერთმა, მაგალითად, მიიჩნია, რომ პოეტი დაბნეულია და ვერ გაუგია ვერც სხვებისა და ვერც საკუთარი თავისა, სხვამ კი ლექსის ლირიკული გმირი რაციონალისტურად მოაზროვნე ადამიანად ჩათვალა და დაასკვნა, მეც ასე მემართება, ხშირად მიწევს ნიღბის მორგება, რომ ადეკვატურად გამოვიყურებოდე საზოგადოებისთვისო.

ეს მაგალითები მხოლოდ იმის სალუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ მეჩვენებინა შეუზღუდავი ინტერპრეტაციის ხიბლიცა და…ნაკლიც.

ცხადია, მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება, წაკითხულიდან აზრის გამოტანა, ატმოსფეროს შეგრძნება, დასაბუთებულად საკუთარი მოსაზრებების გადმოცემა, გმირის ან მწერლის ემოციური მდგომარეობის ამოცნობა უნდა შეეძლოთ. უნდა შეეძლოთ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების დასახელება, მიმოხილვა, თუმცა ინტერპრეტაციის მცდელობისას მათ მხოლოდ ერთი და სწორი პასუხის მოლოდინი  არ უნდა გაუჩნდეთ.

ვირჯინია ვულფი თავის ესეში „როგორ უნდა ვიკითხოთ წიგნები“ საინტერესოდ პასუხობს წერილში დასმულ კითხვებს. სწორედ ამ ციტატით მინდა დავასრულო ბლოგი:

„ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადმიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს საერთოდ არანაირ რჩევას. მისდიეთ საკუთარ ინსტინქტს, მიდით საკუთარ დასკვნებამდე. თუ ამაზე შევთანხმდებით, მაშინ გავკადნიერდები და რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ, იმ პირობით, რომ ეს მოსაზრებები არც რაიმე წინაპირობას შეგიქმნიან და არც თქვენს ინტერპრეტაციებში არ შემოიჭრებიან. თქვენი, როგორც მკითხველის თავისუფლება, ხელშეუვალია.

მაშ, რა კანონები შეიძლება შევიმუშავოთ წიგნებთან დაკავშირებით? ვატერლოოს ბრძოლა მოხდა და ამაში არაფერია სადავო, მაგრამ „ჰამლეტი“ უკეთესი პიესაა თუ „მეფე ლირი“? არავის შეუძლია ამის გადაწყვეტა! თითოეული ამ საკითხს თავისებურად წყვეტს. თუ დავუშვებთ, რომ არსებობენ ავტორიტეტები, რომლებიც წარმართავენ ჩვენს მოსაზრებებს, თუ დავუშვებთ, რომ ბიბლიოთეკებში ვინმემ მიგვითითოს რა წავიკითხოთ, როგორ წავიკითხოთ, რა ღირებულება აქვს იმას, რასაც წავიკითხავთ, მაშინ ვანადგურებთ იმ უმაღლეს თავისუფლებას, რასაც წიგნების მეშვეობით უნდა ვიღებდეთ და ამ სიწმინდეს ვბღალავთ. ნებისმიერ სხვა სფეროში შეიძლება შეგვზღუდოს  კანონებმა ან გარკვეულმა შეთანხმებებმა, მაგრამ არა აქ!“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ისტორია გეოგრაფიაა დროში

0

„ისტორია გეოგრაფიაა დროში“.

ჟან ჟაკ ელიზე რეკლიუ, ფრანგი გეოგრაფი, სოციოლოგი, საზოგადო მოღვაწე

 

გეოგრაფიული ცოდნის მნიშვნელობა იზრდება, თუ ჩვენ ერთობას ისტორიასთან კავშირში განვიხილავთ. გეოგრაფიაში ისტორიული მიდგომა დიდი ხანია გამოიყენება. ის გვეხმარება ობიექტებისა და მოვლენების პირობებისა და მახასიათებლების იდენტიფიცირებაში, მათი ევოლუციის ეტაპების დადგენაში, მიმდინარე ვითარების ახსნასა და მომავალი განვითარების პროგნოზირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული და გეოგრაფიული მასალის გამოყენება სკოლის გეოგრაფიის ჰუმანიტარული შინაარსის ზრდას უწყობს ხელს.

განათლების ჰუმანიზაცია განიხილება როგორც მოსწავლეთა განვითარება და მოიცავს ისტორიული და კულტურული ელემენტების წილის ზრდას. იგი დაკავშირებულია ღირებულების ორიენტაციებსა და გადაწყვეტილებებთან, ითვალისწინებს ადამიანის სულიერ არსს, ქმნის პიროვნების კულტურას.

პიროვნების განვითარება ხდება საგანმანათლებლო მასალის დაუფლებისას, თუმცა ცოდნის სხვადასხვა ელემენტის განვითარება არ არის ერთგვაროვანი.

ჰუმანიტარიზაციის პრინციპი არ გულისხმობს მხოლოდ ჰუმანიტარული საგნების წილის გაზრდას. განათლების ჰუმანიტარიზაცია ნიშნავს ნებისმიერ სასწავლო მასალაში ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისა და და პიროვნული ორიენტირების გამოვლენას.

ჰუმანიზაციის იდეა სრულად აისახება სკოლის გეოგრაფიის ნებისმიერ ეტაპზე.

ამ ტიპის განათლების რეალიზაციისთვის საჭიროა თანამედროვე ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიების დანერგვა – განვითარებადი სწავლება, პრობლემური სწავლება, უწყვეტი სწავლება, ინტერაქციული სწავლება, პროგრამირებული სწავლება, სწავლება თამაშით, ინტეგრირებული სწავლება და სხვა.

ისტორიული პრინციპის რეალიზაციის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია საგნის შესწავლისას მისი როლის გაცნობაზე, მისი საგანმანათლებლო და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ისტორიული და გეოგრაფიული ცოდნა, ტრადიციულად, განიხილება მხოლოდ შემეცნებითი შესაძლებლობების თვალსაზრისით. მათი განვითარებადი პოტენციალი გაურკვეველია, შესაბამისად, საკმარისად არ არის გამოყენებული. ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა განსაზღვრავს შერჩეული თემის შესაბამისობას: “მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების ფორმირების ისტორიული და გეოგრაფიული მიდგომის გამოყენება”.

გთავაზობთ რამდენიმე თემას, რომლებშიც ისტორიულ-გეოგრაფიული ცოდნა შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ როგორც ეფექტური ინფორმაციული საშუალება, არამედ როგორც დამოუკიდებელი აზროვნების, ჰიპოთეზის ჩამოყალიბების, პროგნოზირების ინსტრუმენტი და შესაძლებლობა.

 

საქართველიოს გეოგრაფია

გაკვეთილის თემა ისტორიულ-გეოგრაფიული დავალებები
1 ქვეყნის ტერიტორიის განლაგება და განვითარება. შეადგინეთ ქვეყნის ტერიტორიული ზრდის რუკა, რომელიც გვიჩვენებს ანექსირებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ხალხებს.
2 მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. შეადგინეთ ცხრილი: “ქვეყნის ეთნიკური რეგიონები”. ახსენით, რომელმა ისტორიულმა პროცესებმა განაპირობა მათი ფორმირება.
3 მეურნეობის ჩამოყალიბების ისტორია და მისი მდებარეობა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. კონტურულ რუკაზე დაიტანეთ მეურნეობის დარგები XX საუკუნეში ქვეყნის ძველი ინდუსტრიული ტერიტორიები, ახსენით მათი მდებარეობის კანონზომიერება
4 საქართველოს ტრანსპორტი მოგვაწოდეთ თქვენი არჩევანი
5 საქართველო და მსოფლიო ეკონომიკა
  1. მოამზადეთ რეფერატი: “ქვეყნის ეკონომიკური რეგიონალიზაციის ისტორია“.
  2. მსოფლიოს კონტურულ რუკაზე მონიშნეთ ქვეყნის სავაჭრო პარტნიორები მეოცე საუკუნეში და ამჟამად. შეადარეთ შედეგები და ახსენით ცვლილებები, რომლებიც მოხდა. გამოიტანეთ დასკვნა.
6 საქართველოს ტრანსპორტი შეადგინეთ კონტურული რუკა: “ქვეყნის სატრანსპორტო კავშირები წინათ და ახლა”. ახსენით, რამ განაპირობა ცვლილებები.
7 თბილისი  მოამზადეთ პროექტი: “ქვეყნის დედაქალაქი”.

 

ისტორიულ-გეოგრაფიული ამოცანები ხუთ კატეგორიად იყოფა:

  • ისტორიული და გეოგრაფიული შინაარსის შერჩევა მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული წყაროებიდან.
  • სასწავლო მასალის დაჯგუფება მოცემული სქემის მიხედვით.
  • შესწავლილი ობიექტებისა და მოვლენების შედარება ან შეფასება.
  • პოზიციის დასაბუთება, დასკვნების გამოტანა და განზოგადება.
  • გეოგრაფიული ობიექტებისა და მოვლენების განვითარების შეფასება და პროგნოზირება.

 

პრობლემაზე ორიენტირებულ განათლებას, რომელიც ორგანულად შეესაბამება ისტორიულ-გეოგრაფიულ პრობლემურ დავალებებს, დიდი წვლილი შეაქვს მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში. ამგვარი ამოცანების შემუშავება შესაძლებელია გეოგრაფიული მეცნიერების მეთოდების გამოყენებით: ახსნა-განმარტება, რეპროდუქციული, ნაწილობრივი კვლევა-ძიება, კვლევა. ყველა სახის პრობლემური ისტორიული და გეოგრაფიული დავალებები, რომლებიც მეთოდური რეკომენდაციების მიხედვით კლასიფიცირებულია ოთხ კატეგორიად:

  • ამოცანები, რომლებიც დაფუძნებულია ეფექტიანი მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარებაზე;
  • ამოცანები, რომლებიც დაფუძნებულია სამეცნიერო ჰიპოთეზაზე;
  • ამოცანები, რომლებიც მოითხოვს ურთიერთგაგების გააზრებას, მათთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • ამოცანა–პარადოქსები.

 

სკოლაში ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბება ძირითადად ენობრივი კულტურის სისტემაში ხდება. თუმცა არსებობს სხვა ძლიერი ინფორმაციული სისტემები, რომლებიც უფრო მკაცრი, ემოციურად გაჯერებული და მოსწავლის განვითარების სიმბოლური საშუალებაა. ერთი ასეთი სისტემაა გეოგრაფიული თვალსაჩინოებები – გეოგრაფიული მოდელები.

პედაგოგიურ ლიტერატურაში მოდელირება გულისხმობს რაიმე მოვლენისა და პროცესის ამსახველი გამოსახულების შექმნას რეალობის გარკვეული მახასიათებლების აღსადგენად. გეოგრაფიული მოდელირებებია: ისტორიულ-გეოგრაფიული პროექტები, გეოგრაფიული აღწერები, თეორიები და ჰიპოთეზები, აეროკოსმოსური ფოტოები, ცხრილები, დიაგრამები.

გეოგრაფიული მოდელირების ყველაზე გავრცელებული ტიპი კარტოგრაფიული მოდელირებაა, რადგან ეს არის საუკეთესო გზა მოსწავლეთა ისტორიულ-გეოგრაფიული ცოდნის შესაფასებლად. როდესაც ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების კონტურული რუკის მოდელირებისას არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის ფიქსაცია და შემოწმება ხდება, არამედ ამავე დროს ისინი სწავლობენ ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებას, უყალიბდებათ შემოქმედებითი უნარები და გეოგრაფიული კულტურა.

გეოგრაფიის სწავლების პროცესში საგანმანათლებლო კარტოგრაფიული მოდელების გამოყენების მიზნისა და ხასიათის მიხედვით გამოირჩევა რამდენიმე ტიპი:

მარტივი მოდელი;

წარმოსახვითი მოდელი;

მოდელი-ინტერპრეტაცია;

მოდელი-კვლევა.

 

კარტოგრაფიული მოდელები

კარტოგრაფიული მოდელები ისტორიულ-გეოგრაფიული დავალებები

 

მარტივი მოდელი შეადგინეთ რუკა: “საქართველოს სატრანსპორტო კავშირები წინათ და ახლა“. ახსენით ცვლილებები.
წარმოსახვითი მოდელი შეადგინეთ ქვეყნის ტერიტორიული ზრდის რუკა, რომელიც გვიჩვენებს დაკავშირებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ხალხებს.
მოდელი-ინტერპრეტაცია

 

კონტურულ რუკაზე დაიტანეთ საქართველოს მეურნეობის დარგები XX საუკუნეში. ახსენით მათი მდებარეობა.
მოდელი-კვლევა

 

მსოფლიოს კონტურული რუკაზე მონიშნეთ ქვეყნის სავაჭრო პარტნიორები მეოცე საუკუნეში და ამჟამად. შეადარეთ შედეგები და ახსენით ცვლილებები. გამოიტანეთ დასკვნა.

ახალი თემის შესწავლისას პროექტების გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს საკითხის ისტორიულ-გეოგრაფიულ კონტექსტში გააზრებაში. პროექტებზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეიძლება გამოიყენონ შემდეგი ალგორითმი:


 
 მოსწავლის შემოქმედებითი აზროვნების განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტოპონიმიკა, რადგან სწორედ მასში აისახება გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგები, განსახლებისა და განვითარების პროცესი. ტოპონიმიკასთან მუშაობა სხვადასხვა ფორმით ხდება: კონკრეტული თემის შესწავლისას სახელების წარმოშობის შესახებ ანგარიშების მომზადება, ისტორიულ-გეოგრაფიული ვიქტორინები, გეოგრაფიული კარნახი (ტოპონიმიკის ცოდნის შემოწმება).

ამ გაკვეთილების მოსამზადებლად მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ და დაამუშავებენ მასალას, გააანალიზებენ და შეაჯამებენ ინფორმაციას. მუშაობის ასეთი ფორმა მათთვის საინტერესოა, ამიტომ ის გამოიყენება გეოგრაფიის სხვადასხვა თემის შესწავლისას.

ამრიგად, ისტორიულ-გეოგრაფიული მიდგომების როლი მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია. ხდება არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება, არამედ ეს გავლენას ახდენს შემეცნებითი ინტერესების, ინტელექტუალური უნარის, ფანტაზიის, შემოქმედებითი უნარებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.

 

 

 

 

 

როგორ დავძლიოთ სიზარმაცე ბავშვებში

0

ყველა იმ პრობლემას შორის, რომლებსაც მშობლები და პედაგოგები ბავშვთან ურთიერთობაში ხვდებიან, სიზარმაცე განსაკუთრებული სიმწვავით აღიქმება და განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება აღმზრდელთათვის. „საშინლად ზარმაცია, არაფრის გაკეთება სურს. რაიმე ნივთს რომ აიღებს, ორი ნაბიჯის გადადგმა ეზარება თავის ადგილზე დასადებად“;  „ისეთი ზარმაცია, საჭმელი წინ თუ არ დავუდე, შეიძლება მშიერი დარჩეს“; „ჩანთაში წიგნების ჩალაგებაც კი ეზარება, ესეც ჩემი გასაკეთებელია“; „მასწავლებელი ამბობს, მართალია, ძალიან ჭკვიანი, გონებაგახსნილი და ნიჭიერია, მაგრამ სიზარმაცის გამო ძალიან ცუდი შედეგები აქვს ცხოვრებაშიც ვერაფერს მიაღწევსო“; ეს ის ფრაზებია, რომლებიც არცთუ იშვიათად გვესმის მშობლებისგან.

თითოეული მშობელი ოცნებობს აღზარდოს შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული და მიზანმიმართული შვილი. ამიტომ, აპათიურობა ბავშვში, სურვილის არქონა შეასრულოს სასკოლო დავალებები და ყოველდღიური საქმეები, მშობლებში განგაშს იწვევს.

სიზარმაცე ბავშვებში იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის. ხშირად ისინი არა მხოლოდ სასწავლო საქმიანობაში უკეთებენ დემონსტრირებას თავის სიზარმაცეს, არამედ ნებისმიერ სხვა საქმეში, ისეთშიც, რომლებიც მათგან დიდ ძალისხმევას და შრომას არ მოითხოვს.

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პრობლემის, სიზარმაცის დაძლევაც მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევით უნდა დავიწყოთ. თუ გვეცოდინება რით არის გამოწვეული სიზარმაცე ბავშვში, ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ მას, თავი გაართვას ჩვენთვის ასე მიუღებელ და მისთვის საზიანო ჩვევას.

    სიზარმაცის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • ჰიპერმზრუნველობა – ბავშვის სიზარმაცის მიზეზები მრავალრიცხოვანია, თუმცა მათგან ყველაზე მთავარი ბავშვის განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდს უკავშირდება. საინტერესო და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ჩვენთვის ასეთი მიუღებელი ქცევისკენ, არცთუ იშვიათად, ნაწილობრივ ჩვენ თავად ვუბიძგებთ პატარას, როდესაც არ გვყოფნის მოთმინება, ავიტანოთ მისი მოქმედების ნელი ტემპი, მოუხერხებლობა და საყვედურებით ვახშობთ მასში დამოუკიდებლად მოქმედების ინიციატივას – „შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ, მე თვითონ დავალაგებ!“   „ხელი არ ახლო, თორემ გააფუჭებ!“ „არ აიღო ფინჯანი, გატეხავ!“. ამ სიტყვების სისტემატურად მოსმენის შემდეგ ბავშვს შეიძლება საერთოდ გაუქრეს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის სურვილი – „რატომ უნდა ვეცადო, თუ მაინც ამიკრძალავენ და უუნაროს და მოუხერხებელს მიწოდებენ“ – სამართლიანად ფიქრობს პატარა. ის თანდათან ეჩვევა, რომ მის ნაცვლად ყველაფერს უფროსები გააკეთებენ, რომლებსაც გაცილებით უკეთესად გამოსდით ეს საქმე. მრავალი წლის შემდეგ კი მისი სიზარმაცის გამო დედის აღშფოთების საპასუხოდ  მოზარდი გულწრფელი გაოცებით განაცხადებს: „რატომ უნდა გავაკეთო ეს მე, როცა შენ ჩემ გვერდით ხარ, შენ ბევრად უკეთესად გამოგდის“;
  • ტემპერამენტის თავისებურებები – ბავშვის სიზარმაცეზე საუბრისას ნუ დაგვავიწყდება მისი ტემპერამენტის ტიპის თავისებურებების გათვალისწინება. თუ ის ქოლერიკი ან სანგვინიკია, მაშინ ნათელი ხდება, რატომ არ გამოსდის სამუშაო, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციის მაღალ დონეს და სიბეჯითეს. ასეთ სამუშაოს უკეთესად შეასრულებს დინჯი, გაწონასწორებული ფლეგმატიკი ან მელანქოლიკი. თუმცა აღნიშნული ტიპის ტემპერამენტის პატარები გაჭირვებით ასრულებენ დავალებას, რომელიც რეაქციების სისწრაფეს და აქტიურ ურთიერთობას მოითხოვს. სწორედ ამის გამოა, რომ ხანდახან, როცა ფლეგმატიკს ვუყურებთ, გვეჩვენება, რომ მას სიზარმაცე დაეუფლა, სინამდვილეში კი ასეთ ბავშვს დიდი დრო სჭირდება განწყობის შესამუშავებლად და საქმესაც ძალიან ნელა აკეთებს;
  • წარუმატებლობის, მარცხის შიში – ხანდახან ბავშვი ხელს არ ჰკიდებს საქმეს, რამდენადაც უბრალოდ მარცხის, წარუმატებლობის ეშინია. მაგ. არ სურს ისწავლოს ლექსი იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ მარცხი განიცადა გაკვეთილზე ლექსის წაკითხვის დროს და თანაკლასელებმა დასცინეს. საკუთარ თავში დაურწმუნებელ, დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვს ეშინია თანატოლთა მხრიდან დაცინვის, მშობლების უკმაყოფილების, არ სურს თავს წარუმატებლად გრძნობდეს. ამიტომ, ამჯობინებს, რომ არც კი დაიწყოს საქმე და უარი თქვას მასზე;
  • დაღლილობა – ბავშვი, რომელსაც არა აქვს თავისუფალი დრო თამაშისა და გართობისათვის, გადატვირთულია, ადრე თუ გვიან, დიდი ალბათობით, აპათიური და ზარმაცი გახდება. სიზარმაცე, ასეთ შემთხვევაში, ბავშვის ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა გადატვირთვაზე. მას უბრალოდ ძალა არ ჰყოფნის თავი გაართვას დატვირთვას, სიზარმაცით კი ამოსუნთქვის და დასვენების საშუალება ეძლევა;
  • მშობლების ყურადღების მიპყრობის სურვილი – ხანდახან, ურთიერთობის, ყურადღებისა და სიყვარულის დეფიციტის გამო, ბავშვი სიზარმაცით ცდილობს მშობლების ყურადღების მიპყრობას. ბავშვი ყალთაბანდობს, ზარმაცობს, არაფერს აკეთებს  და ამით თითქოს პროტესტს გამოხატავს მისდამი მშობლების დამოკიდებულების გამო;
  • ინტერესისა და მოტივაციის არარსებობა – სასწავლო საქმიანობაში ბავშვის სიზარმაცის მიზეზი შეიძლება იყოს სწორედ მოტივაციის არარსებობა. მოტივაცია მოქმედების მამოძრავებელი ძალაა. ბავშვისთვის, განსაკუთრებით უმცროსკლასელისთვის, ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, საერთოდ რა საჭიროა სკოლა, სკოლაში სიარული, თითქმის მთელი დღის იქ გატარება, მასწავლებლების მოსმენა, შემდეგ კი, მთელი საღამო გაკვეთილების მომზადება. „რაში მჭირდება მე ეს?“ – კითხულობს პატარა და პასუხად ესმის შემდეგი ფრაზა – „ეს ყველაფერი უნდა გააკეთო იმიტომ, რომ ასე სურთ მშობლებს, იმიტომ, რომ ეს საჭიროა“. ბავშვისთვის საინტერესო არ არის სამუშაოს შესრულება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საჭიროა.

რეკომენდაციები ბავშვის სიზარმაცის დასაძლევად:

  • უარი ვთქვათ ჰიპერმზრუნველობაზე. გამოვიჩინოთ მოთმინება. ნუ შევეცდებით, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი ბავშვის ნაცვლად. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო სწრაფად, უკეთესად და სწორად გავართმევთ საქმეს თავს, მაგრამ დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების ჩახშობით ცუდ სამსახურს გავუწევთ პატარას. გავითვალისწინოთ, რომ მას სჭირდება დრო და მცდელობა ნებისმიერი საქმის დასაუფლებლად. თუ ჩვენ მასში დამოუკიდებლად მოქმედების ინიციატივას ჩავახშობთ, ის მომავალში აღარ შეეცდება ამა თუ იმ საქმის კეთებას. წავახალისოთ ბავშვის დამოუკიდებლობა და გვახსოვდეს, რომ უზომო მეურვეობა მხოლოდ ვნებს მას. არაფერი საშინელი არ მოხდება, თუ პატარა ისე დახვეწილად ვერ შეასრულებს რაიმეს, როგორც ჩვენ გავაკეთებდით ამას, ან თუ ხელიდან გაუვარდება რაიმე და გაუტყდება. ეს არ არის უბედურება და არც ტრაგედია;
  • ნუ დავსჯით ბავშვს იძულებითი შრომით – „გაუგონრობის გამო დღეს ჭურჭელს გარეცხავ!“,  „რადგან გაკვეთილები არ მოამზადე, ოთახს დაალაგებ!“. მსგავსი გამონათქვამები ბავშვში იწვევს სიძულვილს საქმის მიმართ, ჩაკლავს მასში შრომის სურვილს. შრომის სურვილის არქონა კი, თავის მხრივ, სიზარმაცის წინაპირობა ხდება;
  • ხშირ-ხშირად მივცეთ ბავშვს პატარ-პატარა დავალებები. ამასთან, გავაკეთოთ ეს არა ბრძანების ტონით, არამედ თხოვნის ფორმით. ასე პატარა იგრძნობს, რომ ჩვენ მას ვენდობით, რაც აამაღლებს მის თვითშეფასებას;
  • ნუ ვეჩხუბებით ბავშვს, თუ მას პირველივე მცდელობაზე რაიმე არ გამოსდის, უკეთესი იქნება მშვიდი და კეთილგანწყობილი ტონით ავუხსნათ, როგორ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება;
  • თუ ბავშვს ამა თუ იმ საოჯახო საქმეში ჩვენი დახმარების სურვილი აქვს, უარს ნუ ვეტყვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინასწარ ვიცით, რომ ის ვერ შეძლებს ამ საქმის ხარისხიანად შესრულებას. გვახსოვდეს, რომ ბავშვი ზარმაცდება სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ მას რაიმეს კეთებას ვუკრძალავთ. გავაკეთოთ ეს საქმე ბავშვთან ერთად და არ დაგვავიწყდეს მისი შექება დახმარებისთვის. უბრალო შექება, განსაკუთრებით ოჯახის ყველა წევრის თანდასწრებით, მშობლების სიხარული და სიამაყე ბავშვისთვის შესაძლოა ძლიერ მამოტივირებელ ფაქტორად იქცეს;
  • მივაჩვიოთ ბავშვი იმას, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. თუ რაიმე არ გამოსდის, დავეხმაროთ, შევასრულოთ დავალებები ერთად, მაგრამ, არა მის მაგივრად;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები პირდაპირ იღებენ მასთან ურთიერთობაში მყოფი უფროსების, პირველ რიგში კი მშობლების ქცევის მოდელს. ამიტომ, არ იქნება გამართლებული მოვითხოვოთ მისგან შრომისმოყვარეობა, თუ ჩვენ თავად არ გაგვაჩნია ეს თვისება.

დაბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვისთვის მუდმივად იმის შეხსენება, რომ ის ცუდია, ზარმაცია, მოუხერხებელი და ყალთაბანდია, საკმაოდ უარყოფითად აისახება მასთან ჩვენს დამოკიდებულებაზე. ბავშვის უპირობო სიყვარული და მისი მიღება ისეთად, როგორიც არის, დაგვეხმარება უამრავი პრობლემის და მათ შორის სიზარმაცის დაძლევაში.

 

ინტეგრირებული გაკვეთილი დაწყებით კლასებში

0

წინამდებარე სტატიაში  ვისაუბრებ ინტეგრირებულ გაკვეთილზე – როგორ შეიძლება დავგეგმოთ და ჩავატაროთ ასეთი ტიპის გაკვეთილი. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმის ნიმუშსა და რეფლექსიას, რომლებიც რესურსის სახით შეიძლება გამოიყენონ მასწავლებლებმა. აღვნიშნავ, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩავატარე კლასკომპლექტში, სადაც ორი კლასია და თითოეულ კლასთან ინტეგრირება განხორციელდა ქართულსა და სახვით ხელოვნებაში.

  1. როგორ დავგეგმოთ ინტეგრირებული გაკვეთილი?

წლის დასაწყისში მასწავლებელი შეადგენს თავისი საქმიანობის თემატურ გეგმას, სასურველია მოიაზროს ის თემები, რომელთა დაკავშირება სხვა სასწავლო საგნებთან იქნება შესაძლებელი. შემდეგ ეტაპზე უნდა გაეცნოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნების პროგრამებს. თუკი ამ საგნის სასწავლო გეგმაც მოიცავს მსგავს თემებს და თან ქრონოლოგიურადაც შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა. მთავარია, ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად შეირჩეს საგაკვეთილო თემა. რაც ნიშნავს იმას, რომ არჩეულ თემას უნდა ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი და ინტეგრირება იყოს ლოგიკური და ბუნებრივი. ინტეგრირებული გაკვეთილის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი უნდა უზრუნველყოფდეს ინტეგრირებული საგნების შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას.

ჩამოვაყალიბოთ ის თანმიმდევრობა, რომელიც ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ:

  1. საგაკვეთილო თემის სწორი შერჩევა, რადგანაც ის ინტეგრირებული საგნების შემაკავშირებელი რგოლია;
  2. უნდა გამოიკვეთოს სასურველი მიზნები;
  3. დაუკავშირდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევ შედეგებს ყველა ინტეგრირებულ საგანში;
  4. დროში გაიწეროს მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს შედეგების მიღწევას;
  5. თემის შესაბამისი დამატებითი ინფორმაციისა და რესურსების მოძიება.

რაც შეეხება კლასკომპლექტში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ორივე კლასში როგორც ერთი საგნის ფარგლებში შერჩეული თემების მსგავსება, ასევე, მათი კავშირი ინტეგრირებულ საგანთან ან საგნებთან. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ დიფერენცირებული სწავლებაც.

  1. წარმოგიდგენთ ჩემს გაკვეთილის გეგმას:
კლასი/კლასები 1-2 კლასი (კლასკომპლექტი)
გაკვეთილის თემა 1 კლასი –  „ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრება“;

2  კლასი –  „ვინ აირჩია ძაღლმა“.

 

კლასის დახასიათება კლასში 5 მოსწავლეა და კლასკომპლექტია. შესაბამისად, გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას. პირველი კლასის მოსწავლე ცნობს ანბანის ყველა ასოს და მასწავლებლის კონკრეტული მითითებებით შეუძლია დავალების დამოუკიდებლად შესრულება. მეორე კლასის მოსწავლეები სწორად და შეგნებულად კითხულობენ მხატვრულ ტექსტებს და შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა.

 

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მიზანი:

1 კლასი

მოსწავლემ უნდა შეძლოს

Ø  ტექსტის წაკითხვა დამარცვლით;

Ø  ტექსტის შინაარსის გადმოცემა დამხმარე კითხვებით;

Ø  წინადადებებში გამოტოვებული ასოების პოვნა და შესაბამის ადგილზე ჩაწერა;

Ø  მოსმენილი საინფორმაციო ტექსტიდან კითხვებზე პასუხის გაცემა;

Ø  ტექსტში მოცემული სიუჟეტის მიხედვით, აპლიკაციის შექმნა (ტექსტის პერსონაჟების გამოჭრა, დაწებება და გაფერადება).

2 კლასი

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ

Ø  დეფორმირებული ტექსტის აღდგენა;

Ø  ტექსტის შინაარსის გადმოცემა დამხმარე კითხვებით;

Ø  მოსმენილი საინფორმაციო ტექსტიდან კითხვებზე პასუხის გაცემა;

Ø  ტექსტში მოცემული სიუჟეტის მიხედვით აპლიკაციის შექმნა (ტექსტის პერსონაჟების გამოჭრა, დაწებება და გაფერადება).

 

ესგ-ს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

1 კლასი:

ქართული

ქართ.I.7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა:

Ø  აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);

Ø  ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს.

 

ქართ.I.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება:

 

·         სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;

·         აფასებს პერსონაჟს და მის ქცევას (კეთილია/ბოროტია; კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა და ა. შ).

 

ხელოვნება

ს.გ. I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას:

·         იყენებს ფანქრებს, პასტელს, პლომასტერებს გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად;

·         ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს.

 

 

 

 

2 კლასი:

ქართული

ქართ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;

·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;

·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;

·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათ გარეგნობას, თვისებებს);

·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს/არ მომწონს, კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა, კეთილია, გონიერია და ა.შ);

·         გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა.შ.).

 

ხელოვნება

ს.გ. II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას:

·         ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟსა და მოზაიკას.

 

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი  

კლასი 1 კლასი 2

 

აქტივობა #1.

ტექსტის შინაარსის გახსენება:

მოსწავლე ტექსტს დამოუკიდებლად,  ხმამაღლა წაიკითხავს. შემდეგ კი უპასუხებს მასწავლებლის შეკითხვებს:

1.      ლექსის მიხედვით როგორია მწევარი? კურდღელი? (გამოვიყენებთ გონებრივი იერიშის რუკას).

2.      როგორ ეტრაბახება კურდღელი მწევარს?

3.      რისი იმედი აქვს ბებერ მწევარს?

 

დრო:  8 წთ.

მეთოდი:  შეკითხვებზე მუშაობა.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

აქტივობა #1.

ტექსტის აღდგენა:

მოსწავლეებს დაურიგდებათ ფურცლები, სადაც მოცემულია  ტექსტი. ტექსტში მოცემულია ინფორმაცია მთავარ პერსონაჟზე – ძაღლზე. მოსწავლეებს ევალებათ, შინაარსიდან გამომდინარე აღადგინონ ტექსტი.

 

დრო:  8 წთ.

მეთოდი:  დამოუკიდებელი სამუშაო.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

 

 

აქტივობა #2

წინადადებებში  გამოტოვებული ასოების ჩასმა:

მასწავლებელი მოსწავლეს მისცემს თაბახის ფურცელზე მომზადებულ დავალებას, სადაც მოსწავლემ წინადადებაში გამოტოვებული ასოები უნდა ამოიცნოს და ჩაწეროს. სიტყვები მოცემულია იგივე ტექსტიდან.

 

დრო: 8 წთ.

მეთოდი: დამოუკიდებელი სამუშაო.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

აქტივობა #2

ტექსტის გააზრება:

შესრულებული დავალება გადაიტანება ფლიფჩარტზე და შემოწმდება.

შემდეგ მოსწავლეები გაგრძელებით გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს და უპასუხებენ კითხვებს:

1.      რატომ აირჩია ძაღლმა ადამიანი?

2.      თქვენი აზრით, სწორი იყო ძაღლის არჩევანი?

3.      რით არის ადამიანი ყველაზე ძლიერი?

4.      რომელი ანდაზები გახსენდებათ ამ ზღაპართან დაკავშირებით?

(„ძალა აღმართსა ხნავს“).

(„მჯობნის მჯობნი არ დაილევა“).

 

 

დრო: 8 წთ.

მეთოდი: შეკითხვებზე მუშაობა.

ორგანიზების ფორმა: ფრონტალური-კლასთან.

 

 

აქტივობა #3.

„იცით თუ არა, რომ“

ორივე კლასის მოთხრობაში ერთ-ერთი პერსონაჟია ძაღლი, რომლის შესახებაც მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საინფორმაციო ტექსტს. წაკითხულის მოსმენის შემდეგ მოსწავლეები უპასუხებენ კითხვებს:

 

(ტექსტი შერჩეულია „ბუნების კარიდან“; ავტორები: ნ. დარჩიაშვილი; ლ. კარდენახიშვილი).

 

დრო: 9 წთ.

მეთოდი: საუბარი.

ორგანიზების ფორმა: ფრონტალური-კლასთან.

 

 

აქტივობა #4.   სიუჟეტური ნახატების შექმნა აპლიკაციით:

პირველკლასელ მოსწავლეს მიეცემათ ძაღლის, ლეკვისა  და კურდღლის გრაფიკული გამოსახულებები. ეს გამოსახულებები უნდა გამოიჭრას, დაწებდეს თაბახის ფურცელზე და გაფერადდეს.

მეორე კლასის მოსწავლეებს კი დაურიგდებათ ძაღლის, დათვის, მგლისა და ტურას  გრაფიკული გამოსახულებები. ეს გამოსახულებები უნდა გამოიჭრას, დაწებდეს თაბახის ფურცელზე და გაფერადდეს.

მოსწავლეები მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე სურვილისამებრ დახატავენ სახლს და პეიზაჟის სხვადასხვა ელემენტებს:  ბუჩქებს, ყვავილებს, ხეებს,  და ა.შ. ყველა ნამუშევარი გამოიკვრება დაფაზე.

დრო: 20 წთ

მეთოდი: პრაქტიკული სამუშაო

ორგანიზების ფორმა: ფრონტალური-კლასთან

 

 

 

 

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები მოსწავლეებს შესაძლოა გაუჭირდეთ ტყის პეიზაჟის შექმნა. მასწავლებელი დაეხმარება მათ – შექმნის ტყის გრაფიკულ გამოსახულებებს.

 

 

 

 

სასწავლო რესურსები სახელმძღვანელო, ფლიპჩარტი, წებო, მაკრატელი, წებოვანი ქაღალდი, ფლომასტერები, ფანქრები, თაბახის ფურცლები.

„ბუნების კარი“ – ნ. დარჩიაშვილი; ლ. კარდენახიშვილი; თბილისი-1997.

მასწავლებლის მომზადებული რესურსები:

რესურსი #1. ტექსტი;

რესურსი #2.  წინადადებებში გამოტოვებული ასოები;

რესურსი #3. საინფორმაციო ტექსტი ძაღლის შესახებ;

რესურსი #4.  ძაღლის, ლეკვისა  და კურდღლის გრაფიკული გამოსახულებები;

რესურსი #5.  ძაღლის, დათვის, მგლისა და ტურას  გრაფიკული გამოსახულებები.

 

შეფასება და თვითშეფასება ·         მასწავლებელი მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების სქემით; შეფასების საგანი იქნება შესრულებული დავალებები და შექმნილი ნამუშევრები (აპლიკაციები). მოსწავლეები მიიღებენ განმავითარებელ კომენტარებს.

·         მასწავლებელი, გაკვეთილის დასრულების შემდეგ, საკუთარ თავს შეაფასებს თვითშეფასების სქემით და დაწერს ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას.

პირველი კლასის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

 

კარგია საშუალოა საჭიროებს გაუმჯობესებას

 

ტექსტის წაკითხვა/ კითხვებზე პასუხის გაცემა კითხულობს ტექსტს დამარცვლით ან ასოებით სწორად და ხმამაღლა; ცნობს ყველა ასოს; ყველა კითხვაზე იძლევა სწორ პასუხს.

 

უმეტესად ტექსტს კითხულობს დამარცვლით ან ასოებით სწორად და ხმამაღლა; იშვიათად ავიწყდება ასოთა სახელწოდებები; კითხვათა უმეტესობაზე იძლევა სწორ პასუხს.

 

ტექსტს ვერ კითხულობს დამარცვლით ან ასოებით;  ხშირად ავიწყდება ასოთა სახელწოდებები; კითხვათა უმეტესობაზე იძლევა არასწორ პასუხს.
წინადადებებში გამოტოვებული ასოების ჩასმა

 

ყველა წინადადებაში სწორად წერს გამოტოვებულ ასოებს.

 

წინადადებებში უმეტესად სწორად წერს გამოტოვებულ ასოებს. წინადადებათა უმეტესობაში არასწორად წერს გამოტოვებულ ასოებს.

 

მოსმენილი ტექსტის გაგება

 

ყურადღებით ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს არსებით ინფორმაციას და აკეთებს დასკვნას.

 

ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს ზოგიერთ ფაქტს და ცდილობს გამოიტანოს დასკვნა. არ ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს არასწორ ფაქტებს და გამოაქვს მცდარი დასკვნა.
ორგანიზებულობა/ შემოქმედებითობა

 

გაკვეთილზე გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, იცავს დროის ლიმიტს;

ყურადღებით ისმენს ინსტრუქციებს და ადეკვატურად  იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად.

 

გაკვეთილზე  გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, მეტ-ნაკლებად იცავს დროის ლიმიტს; უმეტესად ისმენს ინსტრუქციებს და მეტ-ნაკლებად იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად.

 

 

გაკვეთილზე არ გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, არ  იცავს დროის ლიმიტს; არ ისმენს ინსტრუქციებს და არაადეკვატურად იყენებს მომზადებულ მასალას  ნამუშევრის შესაქმნელად.

 

მეორე კლასის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

 

კარგია საშუალოა საჭიროებს გაუმჯობესებას

 

დეფორმირებული ტექსტის აღდგენა სწორად და თანმიმდევრულად აღადგენს წინადადებებს  ტექსტში. სწორად და თანმიმდევრულად აღადგენს წინადადებათა უმეტესობას ტექსტში არასწორად და არათანმიმდევრულად აღადგენს  წინადადებებს ტექსტში

 

თხრობა/ შინაარსის გადმოცემა

 

ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს.

 

უმეტესად თანმიმდევრულად გადმოსცემს ტექსტის შინაარსს. არათანმიმდევრულად გადმოსცემს ტექსტის შინაარსს.

 

 

მოსმენილი ტექსტის გაგება

 

ყურადღებით ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს არსებით ინფორმაციას და აკეთებს დასკვნას.

 

ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს ზოგიერთ ფაქტს და ცდილობს გამოიტანოს დასკვნა. არ ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს არასწორ ფაქტებს და გამოაქვს მცდარი დასკვნა.
ორგანიზებულობა/ შემოქმედებითობა

 

გაკვეთილზე გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, იცავს დროის ლიმიტს;

ყურადღებით ისმენს ინსტრუქციებს და ადეკვატურად  იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად

 

გაკვეთილზე  გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, მეტ-ნაკლებად იცავს დროის ლიმიტს; უმეტესად ისმენს ინსტრუქციებს და მეტ-ნაკლებად იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად.

 

 

გაკვეთილზე არ გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, არ  იცავს დროის ლიმიტს; არ ისმენს ინსტრუქციებს და არაადეკვატურად იყენებს მომზადებულ მასალას  ნამუშევრის შესაქმნელად.

 

 

 

რესურსი #1.  აღადგინეთ დეფორმირებული ტექსტი

 

ძაღლი

  1. ის მრავალი ჯიშისაა.  2. ძაღლი ადამიანის ერთგულია.  3. ზოგი ისეთი პატარაა, რომ კაცს ჯიბეშიც ჩაეტევა.  4. ძაღლი შინაური ცხოველია.  5. ზოგი კი ხბოზე დიდია.  6. ამიტომაც ადამიანი ძაღლს უფრთხილდება.

 

(ი. გოგებაშვილის მიხედვით)

 

რესურსი #2.

ჩასვით წინადადებებში გამოტოვებული ასოები

რესურსი #3.  საინფორმაციო ტექსტი ძაღლის შესახებ

 ძაღლი

იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

ძაღლი შინაური ცხოველია. დიდი შრომა დასჭირდა ადამიანს, გარეული ცხოველების მოსაშინაურებლად. ძაღლი ერთ-ერთი პირველია, ხანგრძლივმა ერთად ცხოვრებამ ძაღლი გამგონე გახადა. ადამიანი მას აჭმევს, ასმევს, ზრუნავს მასზე, ამიტომ იგი უყოყმანოდ ასრულებს პატრონის სურვილს.

ლეკვი ძაღლის ნაშიერია. ახლად დაბადებული ბრმაა, მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ახელს თვალს. დედა ძაღლი მზრუნველი მშობელია. ლეკვები სუფთად ჰყავს, ყოველ წუთში ლოკავს, ეთამაშება. აბა, მივუახლოვდეთ ლეკვს! დედა ძაღლი ისე გამძვინვარებული დაიყეფებს, რომ ახლოს ვერ მიეკარები. ძაღლს კარგი სმენა და ყნოსვა აქვს. დღისით თუ ღამით იგი სახლის დარაჯია.

ძაღლი ჩვენი ერთგული მეგობარი და დამცველია.

 

დავალება:  მოსმენილი ტექსტის მიხედვით უპასუხეთ კითხვებს:

  1. რატომ უვლის და პატრონობს ადამიანი ძაღლს?
  2. ტექსტის მიხედვით ჩამოთვალეთ ძაღლის თვისებები.
  3. რომელი მოთხრობები შეგიძლიათ დაასახელოთ, სადაც მოთხრობილია ძაღლის ერთგულება?
  4. რომელი კინოფილმები შეგიძლიათ გაიხსენოთ, სადაც ასახულია ძაღლისა და ადამიანის მეგობრობა?

 

რესურსი #4.

 

 

 

                                      

 

 

  1. წარმოგიდგენთ მოსწავლეთა მიერ აპლიკაციის ხერხით შექმნილ ნამუშევრებს:

  1. გაკვეთილის რეფლექსია

 

რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?

 

ორივე კლასის საკითხავ მასალაში იყო საერთო პერსონაჟი – ძაღლი. შესაბამისად, ქართულის ნაწილში, ტექსტებში საერთო წერტილის პოვნამ შესაძლებლობა მომცა, ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი. გამომდინარე აქედან, ერთ-ერთი აქტივობა ორივე კლასთან ქართულის ნაწილში იყო ძაღლის შესახებ საინფორმაციო ტექსტის მოსმენა და ანალიზი. ამ აქტივობამ კარგად გამოკვეთა ორივე კლასის მოთხრობების გადაკვეთის წერტილი. რაც შეეხება სახვით ხელოვნებასთან ინტეგრირებას, ორივე კლასმა ტექსტებში მოთხრობილი ამბავი აპლიკაციის ხერხით გარდაქმნა აზრობრივ ნახატად. ამრიგად, პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით მოვახდინეთ  ინტეგრირება ხელოვნებასთან.

კლასკომპლექტის თავისებურებიდან გამომდინარე გამოვიყენე დიფერენცირებული სწავლებაც, სადაც ორივე კლასმა იმუშავა როგორც ინდივიდუალურად, ისე ფრონტალურად.

რადგანაც ეს იყო ორივე კლასის ერთობლივი ინტეგრირებული გაკვეთილი და ინტეგრირება განხორციელდა რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე პრაქტიკულ ნაწილში, პირველ კლასთან 35 წუთის ნაცვლად ვიმუშავე 45 წუთი.

 

 

რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?  მოსწავლეებმა?

 

 

გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ხელი შეუწყო კოლეგების პროფესიულ განვითარებას. ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილიდან ზოგიერთი ელემენტის გათვალისწინება და გამოყენება შესაძლებელია. თუნდაც, წინადადებებში გამოტოვებული ასოების  ჩაწერა. აღნიშნული აქტივობა მცირე მოდიფიცირებით შესაძლოა სხვადასხვა საგანშიც დაიგეგმოს. მაგალითად, მათემატიკაში შეკრების ან გამოკლების დროს გამოტოვებული საკლების, მაკლების ან პირველი და მეორე შესაკრებების პოვნა და გამოტოვებულ ადგილზე ჩაწერა.

დამსწრე კოლეგებმა მცირე მოდიფიცირებით სახვით ხელოვნებასთან ინტეგრირებაც შეიძლება გამოიყენონ. კერძოდ, ისტორიაში შესაძლებელია შეიქმნას პირამიდების კოლაჟი; მათემატიკაში – გეომეტრიული ფიგურების კომბინაციით რაიმე საგნის მაკეტი (მოდელი). სახვით ხელოვნებასთან ინტეგრაციით ხელი შეეწყო  მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნებისა და სახელოვნობო უნარების განვითარებას.

 

 

იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?

 

გაკვეთილის მიზანი სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეთა ნამუშევრებიდან გამოჩნდა, რომ მათ სწორად გაიაზრეს ტექსტები. შესაბამისად, ნახატებზეც სწორად ასახეს ტექსტის შინაარსი. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ტექსტების დამუშავებასაც კარგად გაართვეს თავი. კერძოდ, პირველმა კლასმა ტექსტიდან მოცემულ წინადადებებში გამოტოვებული ასოები სწორად ამოიცნო; მეორე კლასმა კი – სწორად აღადგინა  ტექსტი. საანალიზო კითხვებსაც სწორი პასუხები გასცა.

გაკვეთილის მიზნის მიღწევა უზრუნველყო, ასევე, სწორად შერჩეულმა შემდეგმა სტრატეგიებმა:

·         ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავებამ;

·         არსებული ცოდნის გახსენება/ცოდნის კონსტრუირებამ;

·         პრაქტიკულმა  მუშაობამ.

 

რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?

 

 

რადგანაც ეს იყო კლასკომპლექტში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, აუცილებელი იყო დიფერენცირებული სწავლების გამოყენებაც, რომელიც ერთ-ერთი კლასისთვის განსხვავებული სირთულის დავალების შეთავაზებას ითვალისწინებს. შესაძლებელია, რომ ერთი კლასის ფარგლებშიც დასჭირდეს მასწავლებელს მოსწავლეებისთვის განსხვავებული სირთულის დავალებების მიცემა. გაკვეთილმა კი კოლეგებს ხელს შეუწყო ამ კუთხით გაეზიარებინათ ჩემი გამოცდილება. მან დამანახა, რომ სწორად შერჩეული თემები ყოველთვის უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას. შესაბამისად, უფრო ხშირად ჩავატარებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს.
სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეები განვითარდება, რომელი პრობლემები დაიძლევა?

 

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უძნელდებათ ხოლმე ტექსტის შინაარსის გაგება. მით უმეტეს, პირველ კლასელებს, რომლებიც ახალი გადასულები არიან ანბანის შემდგომ პერიოდზე. შესაბამისად, მოთხრობების აზრობრივ ნახატად წარმოდგენა უადვილებს ბავშვებს ტექსტის შინაარსის დამახსოვრებას. გარდა ამისა, მოქმედი პერსონაჟების გაფერადება, გამოჭრა და ფურცელზე დაწებება (პრაქტიკული მუშაობა) დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უფრო მეტად სახალისოს გახდის გაკვეთილს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.

 

 

რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?

 

 

გაკვეთილი წარიმართა დაგეგმილის შესაბამისად და არ წარმოშობილა გეგმიდან გადახვევის აუცილებლობა. გაკვეთილზე გამოიკვეთა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა, რაც გაკვეთილის ძლიერი მხარეა. მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა კი განაპირობა საინტერესო აქტივობებმა.
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?

 

 

გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო სახვითი ხელოვნების ნაწილში, როდესაც აპლიკაციის ხერხით შექმნეს აზრობრივი ნახატები. იმის გამო, რომ ეს იყო პრაქტიკული ნაწილი, უფრო მეტადაც გააქტიურდნენ.

 

 

რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?

 

 

 

პირველი კლასის მოსწავლე ტექსტს უმეტესად კითხულობდა ასოებით და არა მარცვლებით. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ მარცვლებზე, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს ტექსტების მთლიანი სიტყვებით წაკითხვა. უკეთესი იქნება, თუ მოსწავლეს მივაწვდი დამარცვლის პრინციპით დაწერილ ტექსტს, სადაც მარცვლები სხვადასხვა ფერით იქნება გამოკვეთილი.
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?

 

 

 

 

მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას, ვფიქრობ, გავამრავალფეროვნებ აქტივობებს. კერძოდ, მეორე კლასის მოსწავლეებისთვის გავითვალისწინებ ტექსტში გამოტოვებული სიტყვების ჩასმას. ეს აქტივობა დამეხმარება, მივხვდე, რამდენად სწორად დაიმახსოვრა მოსწავლემ ტექსტის შინაარსი. გარდა ამისა, აპლიკაციის ნაცვლად მოსწავლეებს შევთავაზებ კოლაჟის მომზადებას.

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
  2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. მეორე ნაწილი.

 

 

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...