კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

 ნახუცარი  ივანე – ახალი დროის ნაცარქექია (ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“)

0

„ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა“ ლუკა /6.44/.

„რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“ –  ეკლესიასტეს ეს სიტყვები მახსენდება ყოველთვის, როცა კიდევ ერთ თაობასთან ერთად ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებს“ ვუბრუნდები. თითქმის საუკუნე გავიდა რომანის დაწერიდან და მეჩვენება, რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება დიდად არ შეცვლილა: დღესაც არ ამოსულა დაყუდებული შიო მღვიმელი – თეიმურაზი სულიერი სიძაბუნისა და სინანულისგან  განსაწმენდელი ორმოდან; რომ სარეველასავით მოსდებია ქვეყანას ჯაყოს მრავალრიცხოვანი უკვე ცივილიზებული შთამომავლობა, ისევ იქელება მარგალიტი ღორების მიერ, კვლავ გაისმის  ყმუილი წიგნის ყდაზე გამოსახული ძაღლებისა – ისევ ელის მარგო გათავისუფლებას, დღესაც ისევე  შემაშფოთებლად გაისმის თეიმურაზის განწირული ყვირილი: „ვიღუპებით“. იმის თქმა მინდა და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ რომანი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა პირველად იხილა მკითხველმა. ჩნდება მტკივნეული კითხვა: რა გვჭირს ასეთი უკურნებელი, რომ საუკუნის განმავლობაში ვერ მოვიშორეთ, ვერ მოვიშუშეთ, ვერ ვუწამლეთ? სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ „ჯაყოს ხიზნები“ ისევ ძველებურად გვაფიქრებს, გვაფორიაქებს, სულს გვიმღვრევს…

ამჯერად მინდა ნახუცარი ივანეს შესახებ ვისაუბრო.

წიგნის – „ქართველი მწერლები სკოლაში“ – X ტომში ვკითხულობთ, რომ  „ივანე ჯაყოს სახესხვაობაა, ისიც მედროვეა… ივანეს ცხოვრებისეული გამოცდილებით გამაგრებული პრაქტიციზმი, უნებლიეთ გაგვახსენებს სულხან-საბას განმარტებას: „სიბრძნე და სივერაგე ემსგავსებიან: სიბრძნე კეთილ, ხოლო სივერაგე – არა“; რომ ივანეს ქლესობა-გაქნილობა ერთი ტომარა ფქვილი ღირს, ხოლო ჯაყოს მაჭანკლობა – „სამოცი ჩანახი პური“, რომ იგი „მეფისტოფელად ჰქცევია უბედურ თეიმურაზს და შიგნიდან უტრიალებს სულს“. ( გვ.211) ვფიქრობ, ივანეს სახის ამგვარი გააზრება არასწორია, ეწინააღმდეგება მწერლის თვალსაზრისს. ცნობილია მოსაზრება, რომ „ჯაყოს ხიზნების“ „პერსონაჟები უწინარესად, თეიმურაზი, იდეა-ხასიათები არიან და სწორედ ამის გამოა, ამის წყალობითაა, რომ თვითონ მათაც და მთლიანად ნაწარმოებსაც სიმბოლური განზომილება, სიმბოლური გამომსახველობა ენიჭება“ (თამაზ ვასაძე. „იდეა და ხასიათები“ „ლიტერატურული საქართველო“ 25.01.1985). ამ თვალსაზრისის მიხედვით, ვფიქრობ, ივანეს სახესაც სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. იგი უნდა  განასახიერებდეს ქართველ ხალხს, რომელშიც, ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჰდუღს  ძარღვებში მოარული სისხლი, …სცემს თვითონ სიცოცხლის ძარღვიცა“; რომელიც მოვალეა, უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურად გადაირჩინოს თავი, გადაშენებისგან იხსნას ერი,  წინააღმდეგ შემთხვევაში აღარც საქართველო იარსებებდა, აღარც ქართველობა. ამიტომაცაა ივანესთვის „ბედის წინაშე მორჩილება“ დიდი ძალაა, რადგან  იცის, ბედთან ჭიდილი და ურჩობა სახიფათოა“. „ბედთან ბრძოლა“, „ სიკვდილი სახელოვანი“ იქნებ დიდი ღირსებაც  იყოს ცალკეული პიროვნებისთვის, გმირისთვის, მაგრამ  ერისთვის „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“, ერისთვის „ხერხი სჯობია ღონესა…“. ამიტომ ივანე ჩემთვის შთამომავალია დევებთან მებრძოლი ნაცარქექიასი, „ზეეროვნული გმირის“ (ზვიად გამსახურდია), რომელიც ხალხურმა სიბრძნემ შექმნა. იგი თუ არ იეშმაკებს, ხერხს თუ არ იხმარს, თავს ვერ გადაირჩენს, ვინაიდან გამუდმებით „დევებთან“ უხდება ბრძოლა. ივანეს ცხოვრებისეული გამოცდილება  ვერაგობა, მედროვეობა, „ჯაყოს სახესხვაობა“, კონფორმიზმია თუ ნაცარქექიური ხრიკი „უნივერსალურ ბოროტებასთან“ (ზ.გამსახურდია) – „წითელ გოლიათთან“ და მის ნაშიერ ჯაყოსთან  საბრძოლველად? როცა ამ „ტყიდან გამოვარდნილ დათვს“ „ბაბაიას ეძახის“, „ახალ აზნაურად“, სოფლის პატრონად მოიხსენებს, ეს საკუთარი პოზიციის უქონლობითა და შემგუებლობითაა გამოწვეული თუ წინასწარ შემუშავებული სტრატეგიით? გავიხსენოთ ჯაყოს წვეულების ეპიზოდი.  ივანეს ქლესობა მოსდევს თეიმურაზის ფუჭ იმედს – „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“. ივანე ჯერ დაუნდობელად ჩაურთავს: იმ ქვიშაზე გაგუდული თევზიც ბევრი მინახავს, მერე კი ჯაყოს, როგორც ახალი აზნაურისა და  სოფლის ახალი პატრონის სადღეგრძელოს სვამს.  ვფიქრობ, აქ ივანე ერთდროულად ორ საქმეს აკეთებს, ჯერ ერთი: ცდილობს თეიმურაზი გამოაფხიზლოს, ფუჭი იმედებისგან განძარცვოს, საკუთარი გადაგვარება დაანახოს: „ზოგ აზნაურს არც უწინ ეტყობოდა აზნაურობა, ეხლა ხომ სულ დაიძირნენ და გადაგვარდნენ… ჩვენი აზნაურები წყალწასაღებნი იყვნენ და აკი ჩაჰბარდნენ კიდევაც მიმავალ დროსა“. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ივანეს უყვარს თეიმურაზი, ყოველთვის ცდილობს მის დახმარებას, დიდი სულიერი სიძაბუნის პერიოდში (თვითმკვლელობის მცდელობისას) გვერდში უდგას, ზრუნავს მასზე სიტყვითაც და საქმითაც, (სწორედ მისი დამსახურება იყო, თეიმურაზმა თავშესაფარი და თავისი საქმე რომ მონახა სოფელში.). შეიძლება ითქვას,  ივანე, მიუხედავად იმისა, რომ „გაკრეჭილი მღვდელია“, აქ სულიერი მოძღვრის მოვალეობას ასრულებს (და არა მეფისტოფელის), ცდილობს  თავმოყვარეობა გაუღვიძოს, ამხელს და აფხიზლებს ჯაყოს ხიზნად ქცეულ ხევისთავს. თეიმურაზ ხევისთავს ხომ თავისი წარმომავლობა ავალდებულებდა არა  მხოლოდ საკუთარი ოჯახისა და ქონების, არამედ ქვეყნის დაცვასაც. ამიტომაა ასეთი „განმკვეთელ უფროის მახვილისა“ მისი სიტყვები. ასეთივე სისასტიკეს ავლენს ივანე, როცა ცდილობს თეიმურაზს, რომელიც იკვეხნის „შეიძლება მომღუნონ, მომტეხონ, მაგრამ ვერასდროს დამიმორჩილებენო“, გააცნობიერებინოს  საკუთარი მარცხი და დაცემა, ჯერ საკუთარ შესანდობარს დაალევინებს, შემდეგ კი ნელ-ნელა აწვეთებს, რაც მოჰყვა მის მარცხს – მარგოს დაკარგვა! (ამბობენ ჯაყო მეოთხე ცოლს ირთავს, თავადის ქალს). მეორე მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობს ივანე  ჯაყოს ქება-დიდებით, ისაა, რომ ლაქუცით გააბრუოს, თავი მოუქონოს და ჯაყო – ბოროტება გამოიყენოს  არა მარტო პირადი, (იქნებ მართლაც გამოერთმია ერთი ტომარა ფქვილი, არც ამგვარი პრაგმატიზმია  უცხო, როგორც ჩანს,  ყოფილი მოძღვრისთვის), არამედ ხალხის კეთილდღეობისთვისაც: „ქვეყანამ იცის, რომ ჯაყო ჯივაშვილი ისე დასტრიალებს ჩვენს ღარიბ-ღატაკ ქვეყანას, როგორც კარგი მეოჯახე კერას… ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამდენი სიკეთის დამთესი ჯაყო არც შემდეგში დაიხევს უკან და ისევ ძველებურად გაგვიწევს დახმარებას“.       ცხოვრებისეული სიბრძნე დაეხმარა ივანეს, კარგად შეეცნო ჯაყო. სწორედ ეს შველის დაიცვას თავი მისგან (მან ხომ შეძლო  თავისი ასული გაერიდებინა და ეხსნა ჯაყოს მორიგი ცოლობისგან, თეიმურაზისგან განსხვავებით) და ამავე დროს, თუ საშუალება მიეცა, ისარგებლოს კიდეც მისგან. ივანეს ცხოვრებისეული სიბრძნე გვასწავლის, რომ  ბოროტებასთან ბრძოლა პიროვნულად იქნებ „ცხვრობით“ და „მეორე ლოყის მიშვერითაა შესაძლებელი“, მაგრამ როცა ადამიანს ამ მოძალებული ბოროტებისგან მოყვასის  გადარჩენა, მოყვასის დაცვა ადევს კისერზე, მოვალეა „უძირო სიძულვილით სძულდეს“ მოყვასის მტერი. ებრძოლოს მას მისივე მეთოდებით:  სისასტიკეს – სისასტიკე, ვერაგობას ვერაგობა დაუხვედროს, („თვალი თვალისა წილ“) და რაკი ღია ბრძოლის ძალა არ შესწევს, ქართველთა ეროვნულ ცნობიერებაში ღრმად გამჯდარ ნაცარქექიურ ხრიკს, ეშმაკობას მიმართავს – პირფერობით, მოჩვენებითი გულგრილობითა და ვერაგობით  ნიღბავს თავის პოზიციას.

ამიტომ ვფიქრობ, ჯავახიშვილმა ივანე ნახუცრის სახით სწორედ ნაცარქექია გაგვიცოცხლა ახალ სამოსსა და ახალ კანში, რომელიც ებრძვის ასევე ახალ ბაყბაყ-დევს, ახალ ბოროტებას – „წითელ გოლიათს“. აი, რას სწერს ზვიად გამსახურდია ჩვენი ნაცარქექიას შესახებ : „(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა… ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში უნივერსალურ ბოროტებასთან მებრძოლსამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე… “.

ივანე  მოძღვარი იყო და ყველაზე მეტად მას მართებდა  რწმენისა და პრინციპების ერთგულება, უფრო მეტად, ვიდრე თეიმურაზს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ეპოქას – „სამშობლოს შავი ლიუციფერის“, როცა „ანგელოსები უედემონი სტიროდნენ გზათა მიუვალობას“, ადამიანთა სულებს უღმერთობა და „უღვთისმშობლობა“ (გალაკტიონი) სჭირდათ, როცა ეკლესიები ინგრეოდა, ლოცვა პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნეოდა. ეს ნიშნავდა არა მარტო საკუთარი თავის დაღუპვას, არამედ ოჯახისას და იქნებ ქვეყნისასაც. ამიტომ ივანე ფერს იცვლის, ანაფორას იხდის, გლეხურ ცხოვრებას უბრუნდება და ისე აგრძელებს თავისი ოჯახის, ხალხისა თუ ქვეყნის სამსახურს. „მართალია ანაფორა გავიხადე, მაგრამ ქრისტეს მოძღვრება ეხლაც ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი… მე ეკლესიის მსახურებას მოვწყდი, მაგრამ ხალხს დავუბრუნდი“, – ეუბნება იგი თეიმურაზს. ივანესაც  თითქოს შერყეული აქვს მართლმადიდებლური რწმენა. აღიარებს, რომ ჩვენ, ქართველებს მუსლიმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია უფრო გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა“. მაგრამ თეიმურაზისგან განსხვავებით მას სწამს თავისი ხალხის ძალა, და, რაც მთავარია, სწამს ქრისტიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალის – სიყვარულის. „საცა სიყვარული არ  არის, იქ არც მეგობრობაა, არც ოჯახი, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო“, -ეუბნება იგი თეიმურაზს. ქრისტიანობა კი გვასწავლის: „სიყვარული თავად ღმერთია და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი” , „სიყვარულმა დაჰფაროს სიმრავლეი ცოდვათა“.

ივანე არც მედროვეა, არც უზნეო, მისი თვითგადარჩენისკენ სწრაფვა ინსტინქტებით კი არაა განპირობებული, რაც ადამიანში იწვევს შიშს, მშფოთვარებას  და სულიერ დეგრადირებას, არამედ რწმენითა და გონებით მიღებული არჩევანია, სტრატეგიაა უთანასწორო ბრძოლაში. მართალია, ახალი ცხოვრება აიძულებს, ხელი აიღოს ღვთისმსახურებაზე, მაგრამ იგი კვლავ  ძვალ-რბილში გამჯდარი შინაგანი ქრისტიანობის-სიყვარულის მატარებელია. მიგელ დე უნამუნოს მანუელის („წმინდა მანუელ სათნო წამებული“) მსგავსად  საქმით მორწმუნეა. მასავით სწამს: „ყოველგვარი რელიგია ჭეშმარიტია, სანამ იმ ხალხს, რომელიც აღიარებს, სულიერად ცხოველყოფს, ნუგეშს აძლევს მათის ხვედრის გამო… ყოველი ხალხისთვის ყველაზე უფრო ჭეშმარიტი რელიგია მისი საკუთარი რელიგიაა, ის, რაც მან თვითონ შექმნა“.

ივანესა და თეიმურაზის შედარებისას, მაია ჯალიაშვილი წერს, რომ თეიმურაზი  „დამარცხდა ხორციელად  და….. გაიმარჯვა სულიერად“, … მან ფიზიკური გადარჩენისთვის არაფერი დათმო, ნახუცარ  ივანესავით  „წვერი არ გაიკრიჭა და დარჩა თავისი შეხედულებების ერთგული“ (მაია ჯალიაშვილი „თეიმურაზ ხევისთავის დასაცავად“). ვფიქრობ, თეიმურაზის სულიერად გამარჯვებულ (ხოლო ივანეს სულიერად დამარცხებულ) ადამიანად აღიარება ეწინააღმდეგება  მწერლისეულ თვალთახედვას. „ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა“ ( ლუკა /6.44/) –  გვმოძღვრავს სახარება. შეიძლება სულიერად გამარჯვებული ვუწოდოთ ადამიანს, რომელსაც სასოწარკვეთა თავს აკლევინებს?  თეიმურაზის სახით ხომ ჯავახიშვილმა ქართველი ინტელიგენციის უნიათობა, სულიერი აპათია, უუნარობა, წინდაუხედაობა დაგვიხატა, როცა იგი ავბედითი ისტორიული ქარტეხილების პირისპირ აღმოჩნდა. ხოლო  თუ შევადარებთ ნაყოფს ივანესას და თეიმურაზისას, ცხადი გახდება, ვინაა გამარჯვებული, თუნდაც ფიზიკურად, თუნდაც სულიერად. ერთ მხარესაა კაცი, რომელიც უპირისპირდება და ებრძვის სასტიკ რეალობას, რომელიც მის ოჯახს, ქვეყანას, ერს გადაგვარებას, მოსპობას უპირებს, რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა რწმენა თავისი ხალხისა, კი არ გამდგარა, გულზე ხელები კი არ დაუკრეფია, გვერდში უდგას მას გაჭირვებაში, აქტიურად იბრძვის ქვეყნის აღმშენებლობისა და  განვითარებისთვის, სკოლის გახსნა იქნება ეს თუ კოოპერატივისა,  სოფელზე ზრუნვა თუ გზააბნეული, დაცემული ადამიანის ფეხზე წამოყენება. შოთას სიბრძნეზე გაზრდილი (ვერ მიჰხვდები, ვისთვის კვდები, თუ სოფელსა მოიძულებ“)  თეიმურაზსაც იმავეს არიგებს: „ეს ცხოვრება შენზედ კარგად მესმის, ვინც არ მიიღო იგი, ცხოვრებამ არც ის მიიღო… ქართველი ხალხისთვის სიკეთე გინდა, მაგრამ ამავე დროს სწყევლი, ცილსა სწამებ, აღარაფერი გწამს, არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც ხალხის შემოქმედების უნარი არც მისი მომავალი და სიცოცხლე… ნეტა ვიცოდე, რას იზამდი, რომ ხელისუფლება შენ ჩაგივარდეს ხელში, ყველა კარებს გაუღებდი და ქართველ ხალხს უცხოელებს ყმებად დაუყენებდი….“ .

რა დგას თეიმურაზის უკან?  ყოფილი ხევისთავი – საქართველოს წარჩინებულებს პირველობას რომ ედავებოდა, ერთ დროს ქართლის ბედსაც განაგებდა და ზოგჯერ მეფეებს ძალაუფლებასაც ეცილებოდა – ჯაყოს ხიზნად გადაქცეულა, ხოლო ყოფილი საზოგადო მოღვაწე – ჯაყოს დახლიდარად. ხევისთავის მეუღლე მარგო კი (სიმბოლურად საქართველო) ჯერ ჯაყოს საყვარლად გვევლინება, მერე კი მის მეუღლედ და მონად. შეიძლება ასეთ ნაყოფთა შემოქმედი კაცი სულიერად გამარჯვებული იყოს?

ამიტომ ვფიქრობ, რომ  ივანეს გზა ის გზაა, რომელსაც უნდა დასდგომოდა ქართველი ხალხი იმ დროს, რათა  დაეცვა  უძვირფასესი მარგალიტი – სამშობლო ღორთაგან; რომ ივანეს გზა, მისი პრაგმატიზმი (და არა კონფორმიზმი) იმ ეპოქისთვის უფრო მისაღებად მიაჩნია ჯავახიშვილს, ვიდრე თეიმურაზის „პრინციპულობა“. რომ არა ივანე -ნაცარქექიები, თეიმურაზისა  და მის მსგავსთა იმედად დარჩენილი საქართველო და ქართველობა დღეს აღარ იარსებებდა. ამ თვალსაზრისს  ადასტურებს ჯავახიშვილის წერილი „მასალები ლექციისათვის“,  სადაც ავტორი წერს: „ტყუილად კი არ ამბობენ ფრანგები: თვითრწმენა გამარჯვების ნახევარიაო. იგივე ითქმის სოციალურ ფსიხიკაზედაც…. თუ გამოაცალეთ თავისივე თავის რწმენა და მოუშალეთ იმედი – ასეთი ხალხი წასულია, მისი დღენი დათვლილია. ისიც იმ ერთ პიროვნებასავით მალე მოიშლება, მოიღუნება და შეებმება აღმოსავლურ უღელში: გარინდება, ნირვანა, პასიურობა, ბედის მორჩილება – აი მისი მომავალი“. ჯავახიშვილს სწამს, რომ მხოლოდ „ცალთვალა ხედავს ერში ერთ-ერთს: ეშმაკს ან ანგელოზს. ორთვალა კი ხალხის ხასიათსა და ისტორიაში ორივეს ადვილად აღმოაჩენს… უეჭველად საჭიროა ანგელოზის მოძებნა და პოვნა, თორემ არ ძალუძს უანგელოზოდ ცხოვრება და განვითარება არც ცალკე პიროვნებას, არც ერს… ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, ამიტომაც, ვინც (ერმა თუ პიროვნებამ) თავის გულიდან ანგელოზი განდევნა ან დაკარგა, მან გათავისუფლებული ადგილი ყიყვსა და ეშმაკს დაუთმო. ხოლო ვისაც ეშმაკი დარჩა, თვითონაც გაეშმაკდა – გონებითაც, სისხლითაც და სულითაც. რწმენა ვინმესი ან რამესი-ქრისტესი, მაჰმადისა, ეროვნებისა, სოციალიზმისა ან თუნდაც რომელიმე კერპისა. აი, მხოლოდ ეს რწმენა და განვითარებული გონება ასხვავებს მეტყველ ადამიანს ურწმუნო პირუტყვისგან“. რწმენა ვინმესი ან რამესი – ესაა გზა ივანესი, ხოლო თეიმურაზის გზას-ურწმუნოებას – ფეხდაფეხ მოსდევს „სკეფცისი და დინიზმი… ნებისყოფის აბულია და სიკვდილი, ან უფრო უარესიც – ზნეობრივი გახრწნა, ეროვნულ-ფიზიკური დეგენერაცია, ასნაირი ბოროტება….“.

ჯავახიშვილის თეიმურაზი დამარცხებული ადამიანია, სულიერადაც და ფიზიკურადაც,  მაგრამ არა განადგურებული. ჯავახიშვილი მას გადარჩენის შანსს უტოვებს: იგი თავისი მარტოობის ორმოში დაყუდებული შიო მღვიმელივით მეტანიებით, სასოებითა და ცრემლით ცდილობს განიწმინდოს და განიკურნოს, ფენიქსივით აღდგეს საკუთარი ფერფლიდან, რათა მოახერხოს სულის განწმენდა, გამთლიანება-გაკაჟება, რათა, როგორც ქვეყნის კანონიერმა პატრონმა, დაიბრუნოს ის დანაკარგი, რაც მას ეკუთვნის – მარგალიტი – მარგო. „ნიშანდობლივია, რომ თეიმურაზ ხევისთავში ინგრევა ის „სულიერი მონაპოვარი“, რაც წინა საუკუნის (XIX ს.) ნიჰილისტურმა აზროვნებამ „უწყალობა“ („ღმერთი არ მწამს, მაგრამ ქრისტე მაინც ღმერთკაცი იყო“ – თეიმურაზის ეს სიტყვები ნიცშეს პერიფრაზია) და აღორძინდება ტრადიციული სული, რაც აბრუნებს მას თავის ძირებთან და ეს უკვე თეიმურაზის კულტურული მონაპოვარია. შეიძლება ითქვას, თეიმურაზი შემოქმედია თავისი სულისა“ (მაკო ჯანჯიბუხაშვილი), თუმცა ისიც უნდა ითქვას, თუ თეიმურაზი გადარჩება და მარგოს დაიბრუნებს, ამაში ივანე-ნაცარქექიას წვლილი დიდი იქნება, რადგან ნაცრის ქექვას ამოფარებული ეს „ეროვნული გმირი“ საუკუნეების განმავლობაში დარაჯობს ქართველთა არსებობას, როგორც  კოტე მაყაშვილი წერს: „დავწვები ლოგინში წყნარად – ძილითა შევიქცევ თავს, ქაჯებო, დევებო, ფარად მე ნაცარქექია მყავს“; რადგან სწორედ ივანე-ნაცარქექიამ გაითავისა ჭეშმარიტება, რომ „არის დრო ქვათა შეგროვებისა და არის დრო შენებისა“, რომ საჭიროა „დროის შესაფერისი საქმე ვიცოდეთ“, რომ „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“. ქართველის ამპარტავნული ბუნება თითქოს თაკილობს ნაცარქექიობას, ხშირად მას სალანძღავ სიტყვადაც იყენებენ ჩვენში, ამჯობინებს რაინდობას, სახელოვან სიკვდილს, მაგრამ ხალხური სიბრძნე გვეუბნება, რომ სწორედ ნაცარქექიობაა ჩვენი მხსნელი გამუდმებული ისტორიული ქარტეხილების გამო. თუმცა   ეროვნული სულისა  და ეროვნული ღირებულებების შესანარჩუნებლად ყოველთვის ვცდილობდით  ნაცარქექიობისა და რაინდობის მორიგებას. სხვათა შორის, ქართული ლიტერატურის ყველაზე საყვარელი და სრულყოფილი პერსონაჟი – ავთანდილიც -„ვერვისგან ვნებულ“ ქაჯებთან მეომარი, რაინდობასთან შერწყმული მოხერხებულობით, გარდასახვის უნარით, პრაგმატიზმით, თუ დავუკვირდებით, ნაცარქექიური გმირია.

 

საერო სკოლა „ალბიონი“

                                     გამოყენებული ლიტერატურა:

მაია ჯალიაშვილი    „თეიმურაზ ხევისთავის დასაცავად“  ( 1 თებერვალი, 2017 (mastsavlebeli.ge/?p=13010);

ქართველი მწერლები სკოლაში (10). გამომცემლობა „დია“. ქ. თბილისი. 2000 წ.;

კრიტიკა. 2010.N5 ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი 2010 წ.მ.ჯავახიშვილი „ მასალები ლექციისთვის“;

მაკო ჯანჯიბუხაშვილი. პიროვნული კულტურა კრიზისის ფონზე (თეიმურაზ ხევისთავის სახის გააზრებისათვის. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ელ.რესურსები).

 

 

 

 

 

 

 

ფიზიკის  ამოცანები, როგორც სწავლებისა და აღზრდის საშუალება

0

ფიზიკის მეცადინეობისას აღძრული ყველა საკითხი მოსწავლეთათვის არსებითად ამოცანას წარმოადგენს, ამოცანების ამოხსნა კი ფიზიკის სწავლების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ სწორი აზროვნება, „მუდამ  ამოცანების ამოხსნას“ ნიშნავს. ამოცანების ამოხსნის ცალკეული მხარის ცოდნა და მუშაობაში გათვალისწინება აუცილებელია ამოცანების მიზნობრივად სწორი შერჩევისა და გამოყენებისთვის. ფიზიკის  სწავლების თეორია ამოცანების დიდაქტიკურ ღირებულებას შემდეგში ხედავს|:

 

ვრცლად

ფიზიკა-აღზრდა

მასწავლებლის ჩანაწერებიდან

0

ხშირად სკოლის პედაგოგს უჭირს აღიაროს, რომ კლასში დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამის აღიარება მართლაც რთული და უხერხულია, განსაკუთრებით მასწავლებელ კოლეგებთან. თუმცა, ამ მტკივნეულ თემას შეგვეძლება სხვა რაკურსითაც შევხედოთ და სხვა შეფასება მივცეთ. გამოცდილი მასწავლებელი არსენ პ. ამბობს, რომ მას საგაკვეთილო პროცესის დროს რკინის დისციპლინა საერთოდ არასოდეს დასჭირვებია. აი, რას წერს ეს მასწავლებელი:

„ნეტავ რა უნდა იყოს უფრო ბანალური, ვიდრე რჩევა – „იყავი ისეთი, როგორიც ხარ“? თუმცა,  „იყავი ისეთი, როგორიც ხარ“ და „თქვენ უნდა მიგიღონ ისეთად, როგორიც ხართ“ – სწორედ რომ ზუსტი და დროულია. ვურჩევ მასწავლებლებს, რომლებსაც დისციპლინის პრობლემა აქვთ, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან.

საბედნიეროდ, მოსწავლეთა მხრიდან, მე, როგორც მასწავლებელს, არასოდეს განმიცდია შევიწროება, მაგრამ დისციპლინის პრობლემა ყოველთვის მქონდა, მაშინაც კი, როცა ჩემი მოსწავლეები სწავლებაში კარგ შედეგებს აჩვენებდნენ, იმარჯვებდნენ ოლიმპიადებსა და კონკურსებში. რასაკვირველია, ჩემს კლასში მოსწავლეებს სიგარეტის მოწევა არასოდეს გაუბედავთ, მაგრამ ვაღიარებ, რომ რკინის დისციპლინის დამყარება ვერ შევძელი.

ახალბედა მასწავლებელი რომ ვიყავი, სულ ვფიქრობდი, რომ დისციპლინის დამყარება  მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ამაზე აუცილებლად უნდა მეზრუნა. თავდაპირველად ეს ცუდად არ გამომდიოდა, ამაში ხელს მიწყობდა მაღალი ხმა და მკაცრი გამოხედვა. მაგრამ ეს ყველაფერი დაახლოებით სამი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა, მერე კი თამაში აღარ შემეძლო, ასეთი პოზა მბეზრდებოდა და მქანცავდა. თანაც, მივხვდი, რომ ჩაჩუმებულ კლასში, სადაც ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმოდა და კითხვებიც არავის ებადებოდა,  მუშაობის პროცესი უინტერესო ხდებოდა. ჰოდა, საკუთარ თავს სად უნდა გავქცეოდი? როდემდე უნდა შემენარჩუნებინა მკაცრი პედაგოგის იერი, თუკი ასეთი არ ვიყავი? შუალედური მდგომარეობის დაჭერაც მირთულდებოდა, ან ერთ უკიდურესობაში ვვარდებოდი, ან – მეორეში. ბოლოს, მაინც ყველა ბავშვი ხედავდა, რას წარმოვადგენდი…

რამდენად კარგი დისციპლინა გვაქვს გაკვეთილზე, ამას ახალბედა მასწავლებელიც კი იოლად აფიქსირებს პრაქტიკების პერიოდში ან მუშაობის პირველ წელს. თუ ბავშვები მშვიდად სხედან, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ასე ისხდებიან სკოლის დამთავრებამდე. და პირიქით, თუ პირველივე თქვენს გაკვეთილზე ახმაურდნენ, მომავალშიც ასე იქნება.  ბევრ მასწავლებელს თავი მოუტყუებია იმით, რომ დროთა განმვლობაში ეს სიტუაცია შეიცვლებოდა/შეცვლიდა, მაგრამ ეს ილუზია იყო. სინამდვილეში, არაფერი გშველის, არც N რაოდენობის ინტერნეტრჩევა და არც ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის სახელმძღვანელო, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხასიათზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი ბანალურ ფრაზას – ბავშვებს ვერასოდეს მოატყუებ. თუ, მაგალითად, რბილი ხასიათი გაქვს, მაგრამ სიმკაცრეს აჩვენებ, შეიძლება ბავშვები თავიდან მოტყუვდნენ, მაგრამ მერე „გაგშიფრავენ“.

ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას ან მშობლებს. ამით მხოლოდ თქვენსავე ავტორიტეტს გაიფუჭებთ.

მე, მაგალითად, ეგრევე გავაცნობიერე, რომ კლასში მყარ დისციპლინას ვერ მივაღწევდი, მაგრამ ამასთან შეგუება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შევძელი. როგორც კი ვაღიარე, რომ „რბილი მასწავლებელი“ ვიყავი, საქმეც უკეთ წამივიდა. მივხვდი, როგორ უნდა შემეთავსებინა საქმე და ჩემი ხასიათი. თუ ბავშვებს ცელქობა სურდათ, დროდადრო ამის საშუალებას ვაძლევდი. მქონია ისეთი შემთხვევაც, როდესაც გაკვეთილი ჩამშლია. ერთხელ ერთ ბიჭს, რომელიც გაკვეთილის ჩატარებაში მიშლიდა ხელს, ვკითხე, რატომ აკეთებდა ამას. ბიჭმა გულწრფელად მიპასუხა, რომ ვერაფრით დამემორჩილებოდა, თუ არ დავუყვირებდი. ის ყვირილს იყო ჩვეული. სხვანაირად მისი მოთოკვა არ შეიძლებოდა. ვუთხარი, რომ ყვირილს არ ვაპირებდი, რადგან მისი გამოხდომებით და ფანტაზიის უნარით ძალიან ვერთობოდი, მაგრამ ისიც განვუმარტე, რომ სკოლაში უნდა ესწავლა. თუ არ დამემორჩილებოდა, მისი სხვა კლასში გადაყვანა მომიწევდა, რათა ჩემთვის და სხვებისთვის ხელი არ შეეშალა. ამან გვარიანად დააფრთხო, არ უნდოდა თავისი კლასელების მიტოვება და ცდილობდა გაკვეთილზე ნაკლებად ეხმაურა.

არ ვიცი, თქვენთან ეს ჭრის თუ არა, მაგრამ დისციპლინის დამრღვევს ადამიანურად უნდა ელაპარაკო. უმეტეს შემთხვევაში, ასეთ ბავშვებს უნდათ, რომ კლასელების ყურადღება მიიქციონ და ავტორიტეტად იქცნენ. ამ შემთხვევაში, მასწავლებელმა ისეთი დავალება უნდა მისცეს, რომ ყველაზე კარგად მან შეასრულოს. დეტალურად მოიფიქრეთ ეს დავალება. მერწმუნეთ, ეს საუკეთესოა ხერხია კლასში მისი ავტორიტეტის ასამაღლებლად.

თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ მასწავლებელთაგანი, რომელსაც კლასში მყარი დისციპლინა არ აქვს, მზად იყავით იმისათვის, რომ უფრო რთულად, მაგრამ საინტერესოდ იმუშავებთ. მოგიწევთ კარნახის, საზეპიროების ჩაბარებისა და ერთფეროვანი ამოცანების დავიწყება და შემოქმედებითობის წამოწევა. გამოიყენეთ თამაშის ტექნოლოგიები: საქმიანი თამაშები, ვიქტორინები, რაც ბავშვების ენერგიას სწორ კალაპოტში მოაქცევს. თუ ვინმე ამ კალაპოტიდან ამოვარდება, მას უფრო საინტერესო როლი მოუნახეთ.

ჩემი კოლეგებისთვის ჩემი მიდგომები მისაღები როდია. ბევრი მეთანხმება, ბევრიც – არა. რამდენჯერმე დამზრახეს კიდეც, რომ ზედმეტად კეთილი ვიყავი. ეს ხომ სასაცილოა? რატომ არ შეიძლება მასწავლებელი კეთილი იყოს? განსაკუთრებით ამის მოსმენა მათგან მეხალისებოდა, ვინც პედაგოგიური მეთოდებიდან მხოლოდ ერთს ცნობდა – სიმკაცრეს.

ერთხელ ზაფხულში ჩვენი სკოლის უფროსკლასელი გოგონა სხვა სკოლაში გადაიყვანეს.  შემოდგომაზე შემთხვევით შემხვდა და ასეთი ამბავი მიამბო. ახალ სკოლაში პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა გასული წლის მასალის ცოდნის გადამოწმება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ ჩემს ყოფილ მოსწავლეს ახსოვდა. „არადა, მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით კლასში, რაღაც თამაშებს ვთამაშობდით, ვლაპარაკობდით. თურმე თქვენ გვასწავლიდით!“ თქვა მან და საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ სწორად ვიქცეოდი.

თუ კლასში დისციპლინა იმდენად დაბალია, რომ სასწავლო პროგრამის გავლაც კი შეუძლებელი ხდება, თუ არ არსებობს მასწავლებლის პატივისცემა, თუ თქვენი ავტორიტეტი ძალიან დაბალია – არ იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს შეიცვლება. კლასები შეიცვლება, მაგრამ თქვენ იგივე დარჩებით. მაშინ აღიარეთ, რომ სკოლა სათქვენო ადგილი არ არის. ასეც ხდება. მასწავლებლად მუშაობა იოლი ნამდვილად არ არის. ნუ გაიფუჭრებთ და შეწირავთ ნერვებს სამუშაოს, რომელიც არ გამოგდით. მოძებნეთ საქმე, რომელიც გეყვარებათ და წარმატებას მიაწევთ!

კლასი პიროვნებების, თუმცა ჯერ ისევ უწიფარ ადამიანთა ერთობაა. ისინი არ არიან ზრდასრულები, ისინი ჯერ კიდევ პატარები ან მოზარდები არიან, ამბიციურები, ცნობისმოყვარენი, ამაყები და მოწყვლადები. სულ რომ სამაგალითო მასწავლებელი იყოთ, ეს მათთვის არაფერს ნიშნავს. ბავშვების ყურადღების და მით უფრო სიყვარულის დამსახურება პედაგოგისთვის ყველაზე საინტერესო და რთული ამოცანაა“.

 

თამაშის   დრო   გაკვეთილებზე

0

10 თამაში, რომლებიც ყველა საგნის მასწავლებელს გამოადგება

ვის არ უყვარს თამაში გაკვეთილებზე?

ჩვენ  ბავშვობიდან მოვდივართ. ყველას გამოვლილი გვაქვს სკოლის პერიოდი და  კარგად გვემახსოვრება, რომ თამაშით გაკვეთილი გამორჩეული და საყვარელი იყო ჩვენთვის და, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ყოველთვის ვცდილობდით, თანაკლასელებთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გამოგვეყო თამაშისთვის. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო და არის სპორტის გაკვეთილი ბევრი მოსწავლისთვის განსაკუთრებულად საინტერესო, რადგან ამ დროს მათ საშუალება ეძლევათ, დახარჯონ მათი ულევი ენერგია, იყვნენ ფიზიკურად აქტიური და იხალისონ გაკვეთილის განმავლობაში.

მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია მათი ფიზიკური აქტივობებისადმი მიდრეკილება და მასწავლებლებს არ უნდა გვწყინდეს, როცა მათ ბეზრდებათ ან უბრალოდ იღლებიან 45 წუთის განმავლობაში მერხთან ჯდომითა და მოსმენით. ისინი ხომ ბავშვები არიან და არა ზრდასრული სტუდენტები! ამიტომ მათი ასაკი, მათი მოზღვავებული ენერგია ჩვენი გაკვეთილის სასარგებლოდ ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ ორივე მხარე (მასწავლებელი-მოსწავლე) კმაყოფილი იყოს როგორც პროცესით, ისე მიღებული შედეგით.

პირადად მე ვთვლი, რომ 2-3 წუთიანი აქტივობა, რომელიც მოსწავლეების ფიზიკურ დატვირთვაზეა დამყარებული, ძალიან სასარგებლო და ეფექტიანია, ,,ენერჯაიზერია” მოსწავლეების მოტივაციისა და ჩართულობისთვის. კარგი იქნება თუ  გავითვალისწინებთ,  რომ ჩვენ საკლასო ოთახში 20-25 განსხვავებული პიროვნება გვყავს, განსხვავებული ინტერესებით, შესაძლებლობებითა და ინტელექტით.

როგორც ვიცით, ჰ. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, არსებობს რვა ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი. ესენია: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური. თითოეული ადამიანი ზემოთ ჩამოთვლილი ინტელექტის რამდენიმე ტიპს ფლობს. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მასწავლებელი აცნობიერებდეს სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვაგვარ მიდრეკილებას სხვადასხვა ინტელექტისადმი, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობა მისცეს. ეს კი, დამეთანხმებით, საკმაოდ რთული და შრომატევადია. პირადად მე, ჩემი მოსწავლეების მრავალმხრივი ინტელექტის გამოსავლენად და გამოსაყენებლად, ასევე მათი ინტერესის გაზრდის მიზნითა და გაკვეთილის მიზნის მისაღწევად თითქმის ყველა გაკვეთილზე თამაშებს ვიყენებ. ახლა წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად საიტერესოა და მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც უცხო ენის, ასევე სხვა საგნის გაკვეთილებზე.

საგანმანათლებლო თამაშები პირობითად შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად: „გამახურებლები“ (ენერჯაიზერი), რომელიც გაკვეთილის დასაწყისის 5-6 წუთიანი აქტივობებია, და მათი მიზანია მოსწავლეების მოტივირება, მათი ყურადღების მიმართვა გაკვეთილის თემისადმი და დაინტერესება; მეორე ტიპის თამაშების გამოყენება შეიძლება გაკვეთილის ძირითად ნაწილში და მათი მთავარი მიზანი შესწავლილის ან ახლად ახსნილი მასალის გავარჯიშება, გამოყენება, განმტკიცებაა; რაც შეხება „დახურვის“ აქტივობებს, ისინი ყველაზე ეფექტური გაკვეთილის ბოლო ნაწილშია და საშუალებას გვაძლევს მთელი გაკვეთილი თუ თემა შევაჯამოთ და პოზიტიურად დავასრულოთ. თუმცა ეს დაყოფა პირობითია, რადგან ნებისმიერი ქვემოთ განხილული თამაში შეიძლება მოერგოს გაკვეთილის ნებისმიერ მონაკეთს, მათი გამოყენება შეიძლება როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად, ასევე რაიმე რთული თემის ახსნის დროს ბავშვების შესასვენებლად, მათი ძალების აღსადგენად ან თუნდაც გაკვეთილის ბოლოს, როცა რამდენიმე წუთია ზარამდე დარჩენილი და ყველა  დაგეგმილი აქტივობა უკვე დასრულებულია.

ამ სტატიაში გაეცნობით რამდენიმე თამაშს, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რადგან მათი გამოყენება ხელს უწყობს გაკვეთილის ეფექტურ დასაწყისს, ხალისიან წარმართვასა და ისეთ დასასრულს, როცა დარწმუნებული ხარ, რომ შენი მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან შენს შემდეგ გაკვეთილს.

გაკვეთილის დასაწყისის ერთ-ერთი თამაშია „რა დევს ჩანთაში“ან „რა დევს ყუთში“. მოსწავლეები ორ ჯგუფად იყოფიან, თითო წევრი თითოეული ჯგუფიდან მორიგეობით მიდის ყუთთან, იღებს ერთ ნივთს (შიგნით ჩახედვის გარეშე) და ასახელებს მას, უფროს კლასებში თითოეულ ნივთზე უნდა შექმნან რაიმე ისტორია და ისაუბრონ 20 წამის განმავლობაში. შემდეგ მეორე მოსწავლე იღებს ნივთს და მან წინა მოსაუბრის ისტორია უნდა განაგრძოს ისე, რომ 20 წამის განმავლობაში ისაუბროს თავის ნივთზე. რომელიც უფრო კარგ ამბავს შექმნის, ის არის გამარჯვებული. უცხო ენის გაკვეთილზე ეს მეთოდი ლექსიკური მარაგისა და მეტყველების გაუმჯობესებას ემსახურება, ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებასაც.

„კანფეტების ყუთი“ – საუკეთესო გამხსნელია არდადეგების შემდეგ ან მასწავლებლის პირველი გაკვეთილისთვის კლასში, თუმცა მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება. მოსწავლეები დგანან წრეზე ან სხედან მერხებზე. კანფეტებით სავსე თასიდან მასწავლებელი იღებს რამდენიმე კანფეტს და გადასცემს მის გვერდით მყოფ მოსწავლეს. თითოეულმა უნდა აიღოს სულ მცირე 2 და, სურვილისამებრ, მეტი კანფეტი. ამის შემდეგ მასწავლებელი აძლევს დავალებას. ვის რამდენი კანფეტიც აქვს, იმ რაოდენობის წინადადებას გვეუბნება მის შესახებ (უცხო ენაზე), ან მისი ზაფხულის არდადეგების შესახებ, ან ასახელებს იმ რაოდენობის მეფეს, დედაქალაქს, ბრძოლას და ა.შ.

„ბურთის გადაგდება“ – ძალიან მარტივი და სახალისოა აქტივობა ჩვეულებრივი ბურთის გამოყენებით. ვასახელებთ დავალებას, მაგალითად, ჩამოთვალეთ სიტყვა „ლამაზის“ სინონიმები და ბურთს ვუგდებთ ერთ-ერთ მოსწავლეს. ის ასახელებს სინონიმს და სწარაფად გადააწვდის მეორეს და ბურთი ასე მოივლის მთელ კლასს. ასევე, უცხო ენის გაკვეთილზე  ბურთისთვის ლექსიკური კატეგორიების მიწერაც შეიძლება. რომელ კატეგორიასაც დაემთხვევა მარჯვენა ცერი იმ კატეგორიიდან მოსწავლე ლექსიკურ ერთეულებს ასახელებს  (მაგ: ცხოველები, ტრანსპროტის საშუალებები და ა.შ.).

„დაშიფრული სიტყვა“ – მარტივია, არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას. ვწერთ სიტყვას, დაფაზე ვაძლევთ მინიშნებას, ბავშვები ასახელებენ ასოებს და ცდილობენ, გამოიცნონ დაშიფრული სიტყვა ან წინადადება. ამ თამაშის უფრო გავრცობაც შეიძლება – მცირე ჯგუფებში მივცეთ დავალებად, თვითონ შექმნან მსგავსი კროსვორდი ან „wordsearch”.

 

„ენის წვერზე“ – დაფაზე არის მოღიმარი ბიჭის ან გოგოს ფოტო (ანიმაციური). მას უჩანს ენის ნაწილი, სადაც წერია ფრაზა, თუმცა დასასრული არ ჩანს. მოსწავლე ასახელებს გამოტოვებულ სიტყვას, იღებს შემდეგ „ენას“ და აჩვენებს კლასს. (მაგალითად: გურამ დოჩანაშვილი არის ავტორი ნაწარმოებისა „კაცი, რომლსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. არ ჩანს ავტორის სახელი და გვარი. ის მოსწავლემ უნდა დაასახელოს).

 

 

„ვინ ვარ მე?“ – შუბლზე დაწებებული აქვთ რომელიმე გამოჩენილი ადამიანის სახელი (უცხო ენის გაკვეთილზე ნებისმიერი არსებითი სახელი), მოსწავლეები სვამენ შეკითხვას, რათა გამოიცნონ, ვინ არიან ისინი.

„ცხელი სკამი“. მოსწავლეებს ვყოფთ ორ ჯგუფად, მცირე კლასებში – ერთ ჯგუფად. გუნდის ერთი წევრი ჯდება ცხელ სკამზე სახით კლასისკენ. მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას, წინადადებას, სახელს, თარიღს (კონკრეტული საგნიდან გამომდინარე). გუნდის წევრები აძლევენ მინიშნებებს და ეხმარებიან გამოცნობაში,  თუ რა წერია დაფაზე, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება დაასახელონ ან დახატონ ზუსტად ის, რაც არის დაწერილი.

 „დაფისკენ სირბილით!“ – ორ ჯგუფად დავყოფთ კლასს და დაფას,  ვწერთ დავალებას (ზაფხულის არდადეგები – მოსწავლეები წერენ სიტყვებს უცხო ენაზე, რომელი გუნდიც ყველაზე მეტს დაწერს, გამარჯვებულიც ის არის. დაასახელეთ ზედსართავი სახელები. ევროპის ქვეყნები და ა.შ.). მოსწავლეები რიგზე არიან დამწკრივებული. თითოეული ჯგუფიდან თითო ბავშვი მირბის დაფასთან, წერს და უკან ისევ სირბილით ბრუნდება. გადასცემს ცარცს მომდევნო ბავშვს და ასე გრძელდება დროის ამოწურვამდე. რომელი გუნდიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს დაწერს, ის არის გამარჯვებული.

„არეული წინადადებები“ ნემისმიერი ტექსტი ნაწილებად დავჭრათ და მოვათავსოთ სხვადასხვა ყუთში ან კონვერტში. მოსწავლეები მორიგეობით მიდიან დაფასთან და მოაქვთ წინადადებები სანამ ტექსტს ლოგიკურად და აზრობრივად მთლიანად არ ააწყობენ. გუნდი, რომელიც პირველი ამთავრებს, არის გამარჯვებული.

„მოიტანე პასუხი“ – ახალი გაკვეთილის ახსნამდე, ტექსტიდან ამოვიწეროთ შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც ბავშვებმა უნდა მოიძიონ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, დატოვონ კლასი და სხვა კლასებში მოიძიონ პასუხი. მთავარია, მოაგროვონ რაც შეიძლემა მეტი სწორი პასუხი.

„ყველაზე სწრაფი“ – მოსწავლეები სამი წუთის განმავლობაში რაც შეიძლება სწრაფად პასუხობენ წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს, პასუხის არცოდნის შემთხვევაში ამბობენ – „შემდეგი“ და გადადიან მომდევნო შეკითხვაზე. ბოლოს გამოვლინდება მოსწავლე (მოსწავლეები), რომელსაც ექნება ყველაზე მეტი სწორი პასუხი. ამ თამაშის გავრცობაც შესაძლებელია, როცა მოსწავლეს აქვს საშუალება, აირჩიოს კატეგორია კითხვისთვის (მაგ: ბრძოლები, მეფეები, ცნობილი ქალები ისტორიიდან; გრამატიკა, ლიტერატურა, და ა.შ.).

 

 

 „ვინ მივა ფინიშთან პირველი“ – ნებისმიერი საგნის მაწავლებელს შეუძლია ამ თამაშის მომზადება, ფორმატი დაყოფილია 30 ან 40 უჯრად. თითოეული უჯრა დანომრილია და მასში (ან შესაძლებელია ცალკე ფურცელზე) წერია შეკითხვა (როდის მოხდა დიდგორის ბრძოლა?). ზოგი უჯრა მოთამაშეს რამდენიმე სვლით დააწინაურებს (მაგ: „გილოცავთ, გადადი 23-ზე“). ასევე არის უჯრები, რომლებიც უკან აბრუნებს (მაგ; „ო, არა, დაბრუნდი 3-ზე). მოსწავლეები აგორებენ კამათელს, მის მიხედვით უჯრას გადაითვლიან და შესაბამის ნომერზე პასუხობენ კითხვას. არასწორი პასუხის შემთხვევაში უბრუნდებიან წინა პოზიციას.

 

სემესტრისა და თავის შემაჯამებელ გაკვეთილად ხშირად ვიყენებ „რა? სად? როდის?“, რომელიც ყველაზე ცნობილი თამაშია ჩვენი მოსწავლეებისთვის. წინასწარ მომზადებული შეკითხვების კონვერტები, მელოდია, და მათთვის კარგად ნაცნობი სპინერი (რომელიც ტრიალებს და ერთ-ერთ შეკითხვას არჩევს მათთვის) საკლასო ოთახში სასიამოვნო გარემოს ქმნის, ზრდის მოსწავლეების მოტივაციასა და ჩართულობას და, რაც მთავარია, რადგან თამაში არის გუნდური, ამიტომ ნაკლებად სტრესულია მოსწავლეებისთვის, მთელი კლასი ერთიანად იმეორებს, იხსენებს და ზოგი მათგანი სწავლობს გავლილ მასალას.

მაგალითად, გაკვეთილის ბოლო აქტივობად ძალიან ეფექტურია თამაში „კლასის დატოვება“. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ადრე დატოვონ კლასი უნდა უპასუხონ 3 (შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ კითხვების რაოდენობა) შეკითხვას, რომელიც წინასწარ მომზადებულია და დევს მაგიდაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სწორად უპასუხებს შეკითხვებს, შეუძლია კლასის დატოვება, თუ არა, მაშინ ბრუნდება უკან და დგება რიგში ყველაზე ბოლო. შეკითხვები შეიძლება განმეორდეს, რადგან პასუხგაუცემელი შეკითხვა, მაგიდაზე ბრუნდება. ამ გზით მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ისწავლონ და დაიმახსოვრონ სწორი პასუხი დასმულ კითხვებზე. ეს არის ძალიან სასარგებლო გამეორებისთვის, ლექსიკური მასალისა და გრამატიკის გამოსაყენებლად, შესაძლებელია, მთელი გაკვეთილი ამ თამაშს დაუთმო, როცა სემესტრის ან წლის შეჯამებას აკეთებ. სტრესული გამოცდის ნაცვლად შევთავაზოთ ბავშვებს მსგავსი სახალისო თამაში, სადაც თან გაერთობიან, თან ისწავლიან ან ნასწავლს გაიხსენებენ.

გარდა  აქ ჩამოთვლილი მაგალითებისა, არსებობს სხვა მრავალი თამაში, რომლებიც ძალიან მარტივად შეიძლება მოერგოს ნებისმიერ საგანსა და გაკვეთილს. ბევრი მასწავლებელი თავს არიდებს მსგავს აქტივობებს, რადგან მიიჩნევა, რომ კონკურენტული გარემო მავნებელია ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშების ბოლოს ერთი გუნდი ან მოსწავლე არის გამარჯვებული, მათი ადაპტირება შესაძლებელია ისე, რომ არ იყოს გამოვლენილი ერთი კონკრეტული გამარჯვებული.  გარდა ამისა, ზოგი მოსწავლე პირიქით, უფრო მეტად იხსნება და მოტივირებული ხდება კონკურენტულ გარემოში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერი. ცოტ-ცოტა ყველაფერი შეიძლება, თამაშიც, ხალისიც და შეჯიბრიც.

თავისთავად ცხადია, ამ თამაშებს ყოველდღიურად ვერ გამოვიყენებთ, რადგან ყველა გაკვეთილი თამაშს ვერ დაეთმობა. პირადად მე თამაშს ჯილდოს სახით ვთავაზობ ხოლმე მოსწავლეებს, მაგალითად, რაიმე რთული საკითხის წარმატებით შესრულების, შესწავლის შემდეგ, ან მთელი კვირა სანიმუშო ყოფაქცევის გამოვლენის შემთხვევაში და ა.შ. მსგავსი მეთოდის გამოყენების შემდეგ, მოსწავლეები დიდი იმედით და ენთუზიაზმით ელოდებიან მომდევნო გაკვეთილს, გაორმაგებული ძალებითა და მონდომებით ცდილობენ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, რადგან არაფორმალური გარემო და წახალისება ხელს უწყობს მათი უნარების მაქსიმალურ გამოვლენას. გარდა ამისა, გვეხმარება მასწავლებლებს, უფრო ახლოს გავიცნოთ და სხვა კუთხით დავინახოთ ჩვენი მოსწავლეები და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები, შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი გაკვეთილების ჩატარებისას, გამოვიყენოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც იქნება მრავალმხრივი, თითოეული მოსწავლის ინტლექტის შესაბამისი და მისცემს მათ საშუალებას, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი თავი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.       Lander E.  (08.10. 2013). 10 Best Games for ESL Teachers Abroad

( 20.04.2018)  https://www.gooverseas.com/blog/10-best-games-esl-teachers

  1. (20.04.2018) https://busyteacher.org/teaching_ideas_and_techniques/warmers/
  2. MsEnglishcorner (12.04.2015) warm up activities.

(17.04.2018) https://www.youtube.com/watch?v=UthVmn-ELsA

 

   ბულინგის თემა დაწყებით კლასებში

0

ბულინგი და ძალადობა არის თემა, რომელიც აქტუალობიდან გამომდინარე მსოფლიო განხილვის საგანი გახდა. აქტუალობა კი განაპირობა ბულინგისა და ძალადობის ფაქტების გამრავლებამ და გამრავალფეროვნებამ. რა არის ბულინგი,  ძალადობა, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? ბულინგი ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ადამიანის (ბავშვის, მოზარდის და სხვათა) მიმართ თანატოლების ან სხვა ჯგუფის მიერ მრავალჯერადად. ბულინგის ქართულ შესატყვისებად შეიძლება ჩაითვალოს: შარიანობა, ჩხუბისთავობა, ყოჩობა… ძალადობა კი ერთი ადამიანის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებაა ერთი პირის ან  პირთა  ჯგუფის მიმართ და იგი ძირითადად ერთჯერად ხასიათს ატარებს.

თანამედროვე საზოგადოებაში ბულინგის და ძალადობის ბევრი სახეობა დამკვიდრდა, როგორებიცაა:

  • კიბერბულინგი;
  • სატელევიზიო ბულინგი;
  • ჯგუფური ძალადობა;
  • სექსუალური ბულინგი;
  • ემოციური ბულინგი;
  • სიტყვიერი ბულინგი;
  • ფიზიკური ბულინგი

და სხვა.

ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით საშიში კიბერკულინგია (,,ლურჯი ვეშაპი“).

ბულინგს და ძალადობას ჰყავს მოძალადე და მსხვერპლი. ჩემი აზრით, ორივე დაზარალებულია: პირველი იმიტომ, რომ შეუძლია ჩაიდინოს მიუღებელი ქცევები. ეს ნიშნავს, რომ მის ცნობიერებაში ყველაფერი წესრიგში არ არის; მეორე კი იმიტომ, რომ მას უზიანდება ფსიქიკა, პიროვნება განიცდის დეგრადაციას.

ბევრი იწერება და ბევრს საუბრობენ პრევენციაზე. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საჭიროა კონსტრუქციული, შეთანხმებული (მშობელი, სკოლა, საზოგადოება) ქმედებები, ცნობიერების ამაღლება. ძალადობრივი ქმედების პრევენცია ეტაპობრივად პატარა ასაკიდან უნდა განხორციელდეს. უნდა:

  • მოხდეს პრობლემის იდენფიცირება;
  • პრობლემის არსებობის აღიარება;
  • პრობლემის განსაზღვრა (არსი, სერიოზულობა, სიხშირე და სხვა);
  • სამუშაო გეგმის შედგენა…

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სად და ვის მიერ ხორცილდება ძალადობრივი ქმედებები.
ამ სტატიაში შევეხები სკოლის შემთხვევას და კონკრეტულად იმას, როგორ მივაწოდოთ დაწყებით კლასებს ინფორმაცია. ძალადობის მაგალითები დიდი ხარისხითაა წარმოდგენილი საბაზო და საშუალო საფეხურზე. როცა მოზარდები ცდილობენ თავის დამკვიდრებას, ბევრი ირჩევს ძალადობის გზას (არამარტო ამ შემთხვევისათვის). ხშირად მოძალადე ცდილობს ძლიერად გამოიყურებოდეს,  ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, და-ძმას და სხვას. მას თანდათან უჩნდება შიში, რომ თვითონ გახდება ძალადობის მსხვერპლი და უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ეს ძალიან საშიში ტენდეციაა. მოზარდების ძალადობრივ ქმედებებს ხშირად დაბალი კლასების მოსწავლეები ხედავენ, ექცევიან გავლენის ქვეშ  და იმეორებენ. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია პატარების ცნობიერების ამაღლება. კერძოდ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები უნდა იცნობდნენ ცნებებს: ბულინგი, ძალადობა და უნდა ასხვავებდნენ მას ბავშვური სიცელქისგან. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა, სიჩუმის დარღვევა, და ა.შ.
რადგან სკოლა ის ადგილია, სადაც ადამიანი ცოდნასთან ერთად სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარებსაც იძენს, მშობლები და მასწავლებლები მონდომებით კოორდინირებულად უნდა მოქმედებდნენ.
გამომდინარე დაწყებითი კლასების ასაკობრივი თავისებურებებიდან, ამ თემის მიწოდება არ არის მარტივი. საჭიროა ტერმინების გამარტივება, ინფორმაციის გასაგებ ენაზე მიწოდება, ისეთი აქტოვობების შერჩევა, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობას გაზრდის…
გთავაზობთ მეორე კლასში ჩატარებულ ინოვაციურ გაკვეთილს თემაზე: ,,ბულინგი, ძალადობა თუ ბავშვური სიცელქე“.

მოსამზადებელი პერიოდი: მოვიძიე ამ ასაკის შესაბამისი მოკლე (5-5 წუთიანი) ვიდეოები ბულინგსა და ძალადობაზე. მოვამზადე სიტუაციური ამოცანები ჯგუფური მუშაობისთვის, ყველა საჭირო რესურსი (კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ქაღალდები, მარკერები, ფორმატის ქაღალდი).

  • გაკვეთილის გეგმა

 

კლასი/კლასები მე-2
მასწავლებელი ნატო კვარაცხელია
ჩატარების დრო 26.03.2018
გაკვეთილის თემა ბულინგი, ძალადობა თუ ბავშვური სიცელქე
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი

 

 

კლასის დახასიათება კლასში 3 მოსწავლეა. ისინი აზერბაიჯანულენოვანები არიან. 3-ვე თანაბარი შესაძლებლობის მქონენი არიან. განსაკუთრებულ მიდრეკილებას მათემატიკისადმი იჩენენ. შედარებით უჭირთ ქართულად აზროვნება ენობრივი ბარიერის გამო, თუმცა გამარტივების შემთხვევაში მაღალ სააზროვნო უნარებზეც გადიან.

 

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაეცნობიან:

Ø  ბულინგისა და ძალადობს ცნებებსა და სახეებს, ბავშვური სიცელქისგან განმასხვავებელ ნიშნებს;

Ø  მოძალადისა და მსხვერპლისთვის დამახასიათებელ ნიშნებს;

Ø  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი ძალადობისდმი;

Ø  ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტოლერანტული კულტურის განვითარებას.

ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტი და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მის მიმართ.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;

·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;

·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);

·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს/არ მომწონს, კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);

·         ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;

·         აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;

·         გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);

·         მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში.

·

გაკვეთილის მსვლელობასაკლასო მენეჯმენტი A ფაზა/ გამოწვევა     3 წთ.

v  ფილმის ჩვენება ბულინგზე;

B ფაზა/ ცოდნის კონსტრუირება.      35 წთ.

v  ფილმის ანალიზი გონებრივი იერიშით – ,,რა მოხდა?“. მოსწავლეები მოგვითხრობენ ყველაფრის შესახებ, რაც ნახეს და რაც განიცადეს, მასწავლებლის დახმარებით აჯგუფებენ და ახარისხებენ.  10 წთ.

v  მინი-ლექცია: ,,რა არის ბულინგი?“ მასწავლებელი განმარტავს,    მოსწავლეებთან ერთად ფლიფჩატზე წერს მის დამახასიათებელ ნიშნებს (ფილმის მიხედვით) და აკრავს თვალსაჩინო ადგილას. 4 წთ

v  ფილმის ჩვენება ძალადობაზე;  4 წთ

v  ვენის დიაგრამის შედგენა ბულიგისა და ძალადობის მსგავსებასა და განმასხვავებელ ნიშნებზე.  7 წთ.

v  მინი-ლექცია ბავშვურ სიცელქეზე მაგალითების მოყვანით. მოსწავლეები თვითონაც იხსენებებ რამდენიმე მაგალითს პირადი თუ თანატოლების საქციელებიდან, მას პერიოდულად ვადარებთ ბულინგსა და ძალადობას. ვენის დიაგრამაზე ვამატებთ ერთ რგოლს ბავშვურ სიცელქეზე, რომელიც არ ეხება არც ძალადობას და არც ბულინგს და შიგნით ვწერთ დამახასიათებელ ნიშნებს, რითაც თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. 10 წთ.

C ფაზა/ შეჯამება     7 წთ.

v  სიტუაციური ამოცანა ეძლევათ ტრიადში, რათა ამოიცნონ თითოეული და მიაკრან ვენის დიაგრამის იმ ნაწილს, რომელსაც ეკუთვნის. შემდეგ  ვაანალიზებთ, რამდენად სწორად შეასრულეს დავალება. ამით მასწავლებელი გაიგებს, რამდენად სწორად გაიგეს მოსწავლეებმა ეს სამი ცნება და მისი მახასიათებლები;  5წთ

v  საშინაო დავალება: გაიხსენონ თუნდაც ერთი შემთხვევა თუ შესწრებიან ან თვითონ ხომ არ ყოფილად ძალადობის ან ბულინგის მსხვერპლი.  2 წთ

( მომდევნო გაკვეთილებზე განვიხილავთ მათ მიერ მოძიებულ შემთხვევებს და ვიმუშავებთ პრევენციასა და გადაჭრის გზებზე)

 

 

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები მოსალოდნელია შუქის ჩაქრობა, ამ დროს პროექტორის ნაცვლად ლეპტოპით ვისარგებლებთ.
სასწავლო რესურსები დაფა, ცარცი, მაგნიტური დაფა, ფლიფჩატები, მარკერები, პროექტორი, ფერადი ქაღალდები, სკოტჩი. https://www.youtube.com/watch?v=cLxLD-vYdC4,  https://www.youtube.com/watch?v=QdyCQnrrMJk
შეფასება და თვითშეფასება (შეფასების კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები) განმავითარებელი – წამახალისებელი კომენტარები და უკუკავშირი აქტიურობასა და ჩართულობაზე.

 

  • მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები ძალიან კარგი კარგი საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიურობა ყოველთვის მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობისას. ხშირად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობისას. იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობისას.
გამართული და სწორი მეტყველება მეტყველებს გამართულად, ლექსიკური მარაგი მდიდარია. მეტყველებს გამართულად, ლექსიკური მარაგია საკმაოდ მდიდარია. უჭირს გამართული მეტყველება, ლექსიკური მარაგი მწირია.
ანალიზის უნარი აანალიზებს ნანახს და გაგონილს, აფიქსირებს და არგუმენტებით ამყარებს საკუთარ აზრს. აანალიზებს ნანახს და გაგონილს, ხშირად აფიქსირებს საკუთარ აზრს, თუმცა უჭირს არგუმენტებით გამყარება. უჭირს ანალიზი, საკუთარი აზრის დაფიქსირება, ვერ მოჰყავს არგუმენტები.
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება უსმენს სხვებს და საკუთარ აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. შეფასებისას კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის  პატივისცემას. უსმენს სხვებს და საკუთარ აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. უჭირს სხვების მოსმენა, ხშირად სხვებს აზრის დასრულებას არ აცლის.

 

სიტუაციური ამოცანები

სიტუაცია 1

ნინო კლასში ახალგადმოსულია. მას თვალის პრობლემა აქვს (ის ელამია). კლასის გოგონათა ჯგუფმა ნინოს პირველ დღეს კლასში დასცინეს და მასთან ახლოს არავინ დაჯდა. შემდეგ დღეებში დერეფანსა და სკოლის ეზოშიც იგივე გაიმეორეს. ტელეფონში ხშირად უგზავნიდნენ სმს-ებს ,,ბრუციანო“.

  • ჩამოთვლილთაგან რომელს მიეკუთვნება აღწერილი შემთხვევა:

ა) ძალადობა;

ბ) ბულინგი;

გ) ბავშვური სიცელქე.

სიტუაციური ამოცანა მიაკარით მისთვის განკუთვნილ ადგილას.

 

სიტუაცია 2.

შესვენებაზე  გიორგიმ მარის  ხელი ჰკრა და  კიბეზე დააგორა. არ მივიდა მასთან, არ წამოაყენა და ბოდიშიც არ მოუხადა. პირიქით, დასცინა კიდეც: ,,რა საცოდავი ხარ!“. დერეფნის ბოლოში მოთამაშე პატარებს წაუჯიკავა, გზიდან ჩამომეცალეთო, ყურებიც აუწია და ,,ურჩია“ , ჭკვიანად იყავით და გზა დამითმეთ, როცა მოვდივარო.

  • ჩამოთვლილთაგან რომელს მიეკუთვნება აღწერილი შემთხვევა:

ა) ძალადობა;

ბ) ბულინგი;

გ) ბავშვური სიცელქე.

სიტუაციური ამოცანა მიაკარით მისთვის განკუთვნილ ადგილზე.

 

სიტუაცია 3.

ეზოში თამაშის დროს ბურთისკენ მიმავალმა დათომ ხელი ჰკრა თანაკლასელ დიტოს, რათა დაესწრო ბურთის აღება. დიტო წაიქცა და ატირდა. დათომ წამოაყენა და ბოდიშიც მოუხადა.

 

  • ჩამოთვლილთაგან რომელს მიეკუთვნება აღწერილი შემთხვევა:

ა)   ძალადობა;

ბ) ბულინგი;

გ) ბავშვური სიცელქე.

სიტუაციური ამოცანა მიაკარით მისთვის განკუთვნილ ადგილას.

 

                                                                   რეფლექსია

სამოდელო გაკვეთილის ტიპებიდან ერთ-ერთი ინოვაციური გაკვეთილია, რომელიც მოიცავს როგორც მეთოდურ, ისე შინაარსობრივ ინიციატივებს. ბულინგისა და ძალადობის ცნებების გაცნობისა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მეორე კლასში ჩავატარე ინოვაციური გაკვეთილი თემაზე: ,,ბულინგი, ძალადობა თუ ბავშვური სიცელქე“. რადგან თემა ძალიან აქტუალური გახდა და ცნობიერების ამაღლება დაწყებითი კლასებიდანვე  უნდა დაიწყოს, ამ ასაკის ბავშვები უნდა იცნობდნენ ცნებებს, იცოდნენ მათ შორის მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ, მათ უნდა შეძლონ პრობლემის იდენფიცირება, მასზე რეაგირება.
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა. ექსესებს ადგილი არ ჰქონია. გამოვიყენე ყველა აქტივობა, მათზე გამოყოფილი დროც ოპტიმალური აღმოჩნდა. გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, საკუთარი აზრის გამოთქმისა და დასაბუთების უნარების განვითარებას, მოსწავლეებში  პრობლემებთან გამკლავების უნარს. დამსწრე კოლეგები მიიღებენ გამოცდილებას ინოვაციური გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისას.

გაკვეთილის ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მიღწეული შედეგი, რომელიც გამოვლინდა შეჯამების ფაზაში გამოყენებული სიტუაციური ამოცანების კეთების პროცესში. კერძოდ, გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა: მოსწავლეებმა ამოცანები  დაახარისხეს ბულინგის, ძალადობის და ბავშვური სიცელქის ნიშნების მიხედვით. ძლიერი მხარე იყო, აგრეთვე, თვალსაჩინოებების და აქტივობების მრავალფეროვნება. მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი, აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა ლოგიკური.

სუსტ მხარედ გამოვყოფდი სიტუაციური ამოცანების სიმწირეს, რადგან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს აქტივობა მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ და არ ეყოთ სავარჯიშოები, რასაც შემდგომისთვის გავითვალისწინებ.

  • სტატიის ბოლოს კოლეგებს შევთავაზებ რამდენივე რჩევას:
  • კლასში ბულინგისა და ძალადობის შემთხვევების განხილვისას მნიშვნელოვანია – არა იმის ძიება, თუ ვინ არის დამნაშავე, არამედ იმის გარკვევა, თუ რა როლი შეასრულა სიტუაციაში მონაწილე თითოეულმა ბავშვმა;
  • გააგებინეთ მოსწავლეს, რომ არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას. დააწესეთ კონკრეტული შეზღუდვები, რომელსაც მიმართავთ ბულინგის განმეორების შემთხვევაში;
  • იყავით პოზიტიური ქცევის მაგალითი – მოდელი. ქცევის წესების შემუშავებისას რამდენიმე მუხლი თქვენ შესახებაც ჩაწერეთ;
  • კლასში განიხილეთ ბულინგისა და ძალადობის ყველა შემთხვევა;
  • რთულ შემთხვევებში მიმართეთ სპეციალისტ-ფსიქოლოგს.

დასკვნის სახით ავღნიშნავ, რომ ბულინგისა და ძალადობის შესახებ ინფორმირებულობა, შემთხვევების განხილვები და დროული პრევენციები დაწყებით კლასებშივე, მშობლისა და მასწავლებლის ერთობლივი, შეთანხმებული ქმედებები, ვფიქრობ, კარგ შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს ტოლერანტული გარემოს შექმნასა და ტოლერანტურლი კულტურის დამკვიდრებას.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე, დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი  ნატო კვარაცხელია.

 

 

სპორტისა და ღვინის გადაკვეთის წერტილები

0

როგორც ცნობილი და საყოველთაოდ მიღებულია, ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ითვლება ლუდის მოყვარულთა თამაშად და ფეხბურთის ლუდთან კავშირი უალტერნატივოა. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ ღვინის მოყვარულთა კავშირის წევრები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სახალისო სტატია გაავრცელეს, სადაც არამხოლოდ ფეხბურთის, სპორტის ლამის ყველა სახეობის ღვინოსთან „შეხამებაზე” საუბრობენ.

ეს ხალხი ფიქრობს, რომ რაკი საფეხბურთო ჩემპიონატების უმეტესობა შემოდგომაზე იწყება და ეს პერიოდი  წითელი ღვინის სეზონია, ფეხბურთთან იდეალურ წყვილს სწორედ წითელი ღვინოები ქმნის. განსაკუთრებით კი სხეულიანი წითელი ღვინოები, როგორიცაა: ფრანგული კაბერნე სოვინიონი, შირაზი, მალბეკი და სხვა. ასეთ ღვინოებს და, შესაბამისად, ფეხბურთს, თურმე ყველაზე კარგად ნაკვერჩხალზე მომზადებული ღორის სტეიკი უხდება.

კალათბურთი, როგორც იცით, სპორტის ურბანული სახეობაა და სპორტის ამ სახეობაში თავგამოჩენილი  ვარსკვლავები, როგორც წესი, დიდ ქალაქებში იბადებიან და იზრდებიან. ამიტომ, კალათბურთს ყველაზე მეტად სწორედ დიდ ქალაქებში პოპულარული ცქრიალა ღვინოები/შამპანურები უხდება. განსაკუთრებით კი ვარდისფერი ცქრიალა და თეთრი ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული მშრალი ცქრიალა ღვინოები.

ბეისბოლის ტურნირები, როგორც წესი, ზაფხულში იწყება, მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობს და საბოლოოდ ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ბეისბოლი იმ თამაშთაგანია, რომელშიც ქომაგს ტრიბუნაზე დიდი ხნით უწევს ჯდომა და ფიქრისა და განსჯისთვისაც დიდი დრო აქვს. რაკი ბეისბოლის სეზონი ზაფხულშია, ბევრს ჰგონია, რომ ბეისბოლისათვისაც ყველაზე შესაფერისი სასმელი ლუდია. ღვინის მოყვარულები კი ფიქრობენ, რომ ამ სახეობას ოდნავ შეგრილებული მშრალი ღვინოები: სოვინონ ბლანი, რისლინგი, მუსკატი პინო გრიჯიო ეხამება. ბეისბოლის ტურნირებზე კი ჰამბურგერებისა და სენდვიჩების ნაცვლად, ამ ღვინოებთან მისაყოლებლად, ფრანგული ყველეული უნდა იყიდებოდეს.

ეს სახალისო „შეხამებები“, როგორც ირკვევა, ძირითადად სპორტის გუნდურ სახეობებს ეხება. ამის მიზეზებზე დეტალურად და თავდაჯერებულად საუბარი რთულია. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სპორტის ინდივიდუალური სახეობები რაკი კონკრეტული სპორტსმენების შესაძლებლობებზე და ნიჭზე დგას, ერთი ადამიანის (როგორი დიდი სპორტსმენიც არ უნდა იყო) ქომაგობა და გუნდის ქომაგობა მაინც სხვადასხვა ტრადიციაა და ეს განსხვავება დიდ ტურნირებზე დაკვირვების დროს განსაკუთრებით თვალსაჩინოა.

დაბოლოს, სპორტის და განსაკუთრებით კი ფეხბურთის მოყვარულებს რეკომენდაცია ჩვენც შეგვიძლია მივცეთ. მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასული ბევრი ქვეყნის ქომაგი უხარისხო რუსულ ლუდს მიეძალება (რუსული არაყის სმა ზაფხულში საერთოდ დაუშვებელია), მაშინ, როდესაც რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში ქართული ღვინის შეძენა უპრობლემოდ შეეძლებათ. კარგად ჩაციებული იმერული ციცქა-ცოლიკოური ან კახური მსუბუქი წინანდალი რუსულ უხარისხო ლუდებს რომ აჯობებს – ამას დიდი მიხვედრა ნამდვილად არ სჭირდება!

 

 

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

0

ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება” გილოცავთ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ასი ნაბიჯი მომავლისკენ

0

2018 წლის 26 მაისს ქართველი ხალხი ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტის 100 წლის თავს ზეიმობს. სწორედ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის რეზიდენციაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას მოეწერა ხელი. ზემოაღნიშნული აქტი პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც ერს საკუთარი ბედ-იღბლის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება ეძლევა. 1921 წლის კონსტიტუციის მიღებამდე დამოუკიდებლობის აქტი სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსსა და  პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავდა. მას შემდეგ ერთ საუკუნე გავიდა. მსოფლიო ომებით, პოლიტიკური კონფლიქტებით, მეზობელი მტრის პერიოდული თავდასხმითა და მუდმივად ცვალებადი საზღვრებით თავს აღარ შეგაწყენთ და ყურადღებას მხოლოდ უახლეს ისტორიაზე გავამახვილებ.

თავისუფლება ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. ჩემი აზრით, საკუთარ ცხვირს გაცდენილი თავისუფლება სხვისი უფლებების შელახვის სინონიმად შეიძლება ჩაითვალოს. წელი კი არა, თვე არ გავა, ჩვენი ქვეყანა საპროტესტო ტალღამ არ მოიცვას. ხან ,,ქართველობას“ ვიცავთ, ხან საზოგადოების გულგრილობის შედეგებს ვმარხავთ. თავდასხმაში გადაზრდილი თავდაცვა ლამის ყოველდღიურ რუტინად გვექცეს.  მე კი ყოველ ჯერზე უიმედობის შეგრძნება მეუფლება. დღეს ერთი იყვირებს ამ მოედანზე, ხვალ – მეორე. დღეს რომელიმე ენამჭევრის მიერ ფუჭი დაპირებებით დაპურებული საზოგადოება აღტკინებული შეძახილებით მორიგ ,,უკეთესად ცხოვრების იმედს“ აირჩევს, ხვალ კი ასეთივე ენთუზიაზმით ამავე მოედნიდან ან ტელევიზორის ეკრანებიდან საკუთარი არჩევანს გააპროტესტებს… ჩაკეტილი წრეა!

პირადად მე არასდროს მიცხოვრია ე.წ. კლუბური ცხოვრებით, რაც შესაძლოა, განმარტოების სიყვარულმა და 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელმა, ტყვიის ზუზუნში გამოწრთობილმა ხმაურის შიშმა განაპირობა. რაც შეეხება უკმაყოფილების გამოხატვას, დღეს მომავალი თაობა ხმამაღლა საუბრობს მორალური თუ ფიზიკური ჩაგვრის შესახებ. მე და ჩემს თანატოლებს კი დიდხანს გვჯეროდა, ,,რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო“ და  ძალიან გვიან გავიაზრეთ, რომ მსხვერპლი და დამნაშავე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებია. დღეს რომ 18 წლის ვყოფილიყავი, არ ვიცი სად ვიქნებოდი და რა სათქმელი მექნებოდა. თუმცა მკაფიოდ ვხედავ, რომ მათ წინაშე გაცილებით მრავალფეროვანი შესაძლებლობები და თვალუწვდენელი არჩევანის ჰორიზონტია. ისიც მესმის, რომ ძალიან რთულია ახალი საუკუნის გამოწვევებში გამოწრთობილი ახალგაზრდების გამბედაობის ,,პატიება“. ჩვენს თაობას ხომ გასწორებული ზურგების უკან სახაზავით ნასწავლი მორჩილებისგან აკანკალებული ხელების დამალვა ასწავლეს, თუმცა, როგორც ჩანს, განსხვავებული აზრის პატივისცემის გაკვეთილები  არც ერთი ჩვენგანისთვის არ ჩაუტარებიათ.

 

განათლება და საზოგადოება

თანამედროვე სამყაროში განათლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საზოგადოების მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინება მიიჩნევა.  ვიდრე განვითარებული ქვეყნები ინტერკულტურულ სწავლებამდე მივიდოდნენ, ჯერ კარგად გაიაზრეს კულტურის ცნება და მასში შემავალი ყველა კომპონენტი. ორიოდე სიტყვით განვმარტავ, რომ ინტერკულტურული კომპეტენცია ასახავს განსხვავებული კულტურის მქონე ხალხებს შორის არსებულ ინტერაქციას, ანუ ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა კულტურული ფასეულობის პატივისცემას ითვალისწინებს.

ჩემი აზრით, საზოგადოების დიდ ნაწილს ნაკლებად აქვს გაცნობიერებული კულტურის ცნება. უმეტესობა კულტურას უკავშირებს მხოლოდ ტრადიციებს, რელიგიური რიტუალებს და ისტორიას. რომ განვაზოგადოდ, კულტურა სამყაროსადმი ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულებას გულისხმობს, განსხვავებული კულტურების მქონე ადამიანების დიალოგი კი  თანამედროვე ცნობიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღეს, როცა ქვეყნებს შორის საზღვრების გადალახვა ასეთი ადვილია (უვიზო რეჟიმი, გადაადგილების ინოვაციური საშუალებები, ინტერნეტი, საერთო საკომუნიკაციო ენა და სხვ.), ზემოხსენებული დიალოგის საჭიროებას ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს, რაც, თავის მხრივ, განათლების სფეროში ინტერკულტურული პრობლემების წინ წამოწევას ითვალისწინებს.

 

საქართველოში ინტერკულტურულ კომპეტენციაზე ზრუნვა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყეს, თუმცა განათლების სისტემა ჯერჯერობით ეფექტურად ვერ ზემოქმედებს განსხვავებული სუბკულტურის მქონე ინდივიდთა ინტეგრაციის პროცესზე. ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერვენციად, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების  სკოლებისთვის კადრების გადამზადება-გაგზავნა შეგვიძლია მივიჩნიოთ. საქართველოში 2013 წელს ჩატარებული კვლევაც („ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“) ადასტურებს, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს უჭირს ინტერკულტურულ გარემოში ორიენტირება, რასაც ისევ და ისევ განსხვავებული დამოკიდებულების უგულებელყოფამდე მივყავართ.

ამას წინათ, მეექვსე კლასში, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“ მიხედვით, დისკუსია გავმართე თემაზე – ,,ეროვნული ტანისამოსი და იდენტობა“. ვიმსჯელეთ ადამიანის ვინაობის (წარმომავლობის, საქმიანობის) დამადასტურებელი ტანსაცმლის დანიშნულებაზე ომში, ციხეში, ტყვეთა ბანაკებში, გუნდურ თამაშებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. არც მეფის მიერ სპარსული სამოსის ტარების სავარაუდო მიზეზების (დიპლომატიური ნაბიჯი, პოლიტიკური გავლენა და სხვ.) განსჯა დაგვვიწყებია. შეხვედრის დასასრულს დისკუსიის მონაწილეებს ერთგვარი ფოტო-ტესტირებაც ჩავუტარე (ტანსაცმელზე დაკვირვებით ადამიანთა ეროვნება/წარმომავლობისა და საქმიანობის ამოცნობა). საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ადამიანის არჩევანი გაცილებით მჭიდროდაა დაკავშირებული იდენტობის განმსაზღვრელ გარეფაქტორებთან, ვიდრე წარმოუდგენია.

დისკუსიის თემამ მოსწავლეები ძალიან დააინტერესა და ზემოაღნიშნული საკითხების გააზრებას კიდევ ერთი შეხვედრა დავუთმეთ. პირველ რიგში, მოსწავლეებს ვთხოვე, რიგრიგობით გაეცათ პასუხი დღის მთავარ კითხვაზე, თუ ვის აზრს/ დამოკიდებულებას ანიჭებდნენ ყველაზე დიდ მნიშვნელობას?! გასაკვირი არცაა, რომ მოსწავლეებმა კულტურული იდენტობის თითქმის ყველა შემადგენელი  რგოლი (იხ: კუშნერი, მაკკლილანდი, საფორდი, ადამიანთა მრავალფეროვნება განათლებაში, 2006) დაასახელეს. პირველი ადგილი ოჯახს ერგო. მას მოჰყვა სასკოლო საზოგადოება (თანატოლებიც და ზრდასრულებიც), ეკლესია, უბანი, რომელშიც ცხოვრობენ, მეზობლები, რომლებიც ჭორებს აღმერთებენ და ა.შ. შემდეგ კი ვკითხეთ საკუთარ თავს: – ვინ ვარ მე? – ჩემი ცნობისმოყვარე მეზობელი თუ გულისხმიერი მეგობარი? იქნებ ინფორმაციის ოკეანეში დაკარგული ინდივიდების ჯგუფს ვეკუთვნი და ჯერ კიდევ ვეძებ საკუთარ თავს?!..

ამ გაკვეთილის შესახებ იმიტომ მოგიყევით, რომ დროა, აღსაზრდელად მობარებულ მომავალ თაობას გადაწყვეტილებების მიღების უფლება დავუბრუნოთ და ნუ განვსჯით იმის გამო, რომ საკუთარ ცხოვრებას, საზოგადოების კი არა, საკუთარი თვალით ხედავენ.

რესპუბლიკა 100

0

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლის იუბილეს აღვნიშნავთ. საუკუნის წინ ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს ისტორიაში პირველი რესპუბლიკა დააფუძნეს. ახლადშექმნილი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის ყველა ისტორიულ მხარეს აერთიანებდა. რესპუბლიკის იურისდიქცია ვრცელდებოდა აფხაზეთზეც, ცხინვალის რეგიონზეც, საინგილოზეც და სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიაზეც.  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის პოლიტიკურ რუკაზე პირველად გამოჩნდა წარწერა – „საქართველო”. მეოცე საუკუნემდე ჩვენი ქვეყანა ან დაქუცმაცებული იყო, ან დაპყრობილი. თავისუფლებისა და ერთიანობის ეპოქებში კი ქართველთა სამეფოს ხელმწიფის ტიტულთან დაკავშირებული ტოპონიმით მოიხსენებდნენ.

დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის გამოცდილებას მუდამ მტრობდნენ. ბოლშევიკებს რევოლუციის შემდგომ პერიოდში საკუთარი მარცხისა და რუსეთისგან თავისუფალი საქართველოს არსებობის პრეცენდენტები აღიზიანებდათ. ნაციონალისტი დისიდენტები 1918 წლის 26 მაისის ავტორებს „ავაზაკებთან” აიგივებდნენ. მათ რესპუბლიკის დამფუძნებელთა ზოგადჰუმანური და ხალხთა საერთაშორისო თანამშრომლობაზე ორიენტირებული შეხედულებები გულზე არ ეხატებოდათ. ნეოლიბერალური მთავრობები საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს უძველესი მოდელის მიჩქმალვას ესწრაფვოდნენ.

მტრობა ასწლეულის შემდეგაც გრძელდება. მხოლოდ 1028 დღის განმავლობაში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებს უამრავ საშინელებას აბრალებენ. ხშირად გაიგონებთ: „მენშევიკებმა თბილისი მიატოვეს და საქართველოდან გაიქცნენ”. არავინ იხსენებს, რომ თბილისის დატოვების გადაწყვეტილების მიღება კანონით მხოლოდ მთავარსარდალ კვინიტაძეს შეეძლო. აღარავის ახსოვს, რომ რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმცირესი ნაწილი ემიგრაციაში დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით გაიხიზნა. კრებას არ სურდა, რომ ბოლშევიკებს ძალაუფლების ლეგიტიმურად მოპოვების ელემენტარული საშუალება მაინც შეენარჩუნებინათ. კრების 100-ზე მეტი დეპუტატი საქართველოში დარჩა, მათი უმეტესობა უსასტიკეს საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა. აღარავის ახსოვს, რომ არსებობის არასრული სამი წლის განმავლობაში რესპუბლიკამ ათამდე სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირების მოგერიება მოახერხა.

ყველაზე თავზეხელაღებულები იმასაც კი წერენ, რომ დემოკრატიული სოციალიზმის მიმდევრებმა ილია მოკლეს. თავზეხელაღებულთათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა თქვა ილიას დაკრძალვის დღეს პირველი რესპუბლიკის მორალურმა ავტორიტეტმა, კარლო ჩხეიძემ: „ჩვენ მოწყურებული ვართ უკანასკნელი ამქვეყნიური პატივისცემა მოგაგოთ და ჩვენი შენდამი სიყვარული აღვნიშნოთ… შენმა მგოსნურმა ნიჭის ნაწარმოებმა ხელი შეუწყო ჩვენი ცხოვრების ასპარეზზე გამოსულიყო ახალთაობა, რომელმაც კლასთა ბრძოლა საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად, მთავარ ღერძად აღიარა. ამ ახალგაზრდობისთვის სხვათა შორის შენი იმდროინდელი შემოქმედების ნაყოფი იქცა მისი გონებრივი და ზნეობრივი ზრდის პირველ საფეხურად, რომელზედაც ეს ახალთაობა უნდა შემდგარიყო… ვაი მათ, ვინც ლამის მართლა ავაზაკურათ ისარგებლოს შენი მკვლელობის შემთხვევით და ჩირქი მოსცხოს მშრომელ ხალხს და იმას, ვინც ხელმძღვანელობს მას. დღეს ჩვენში შურის ძიებისათვის მოწოდებას ჩვენ არ ვიკადრებთ ცხედრის წინაშე, მაგრამ სასტიკ ანგარიშს მოვთხოვთ მათ, ვინც ჩვენ სასიარულო გზაზე ეკალსა სთესს და შხამს ანთხევს“.

არადა, 1918 წელს დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა უნაკლო არ ყოფილა. მისი ობიექტური ნაკლოვანებების აღმოჩენაც თავისუფლად არის შესაძლებელი. არ არის აუცილებელი არარსებული მოვლენების გამოგონება. რა უნდა იმის შემჩნევას, რომ ქვეყანაში მმართველი პარტია იმდენად ძლიერი იყო, რომ ოპოზიციის როლი აბსოლუტურად სიმბოლური გახლდათ. შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა სიღარიბის პრობლემას ვერ უმკლავდებოდა. შეგვიძლია ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკის ხარვეზებზეც და ა.შ.

რატომ უნდა ვცეთ პატივი პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობას?

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ხელი შეუწყო სამი გარდამტეხი პროცესის წამოწყებას:

  1. დემოკრატიული გარდატეხა

რესპუბლიკის დაარსებამდე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მოსახლეობა ცარიზმის პირობებში ცხოვრობდა. ცარისტული რეჟიმი ებრძოდა პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, ავიწროებდა ოპოზიციურ პარტიებს, რეპრესიებს უწყობდა ოპონენტებს, შეზღუდვებს აწესებდა პრესისთვის. უკიდურესად შეზღუდული იყო შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება. იდევნებოდა მცირერიცხოვან ხალხთა ენები სკოლებში, ეკლესიებსა და თეატრებში. იმპერიაში არ ტარდებოდა თავისუფალი და საყოველთაო პირდაპირი არჩევნები, აბსოლუტური მონარქი მთელი ძალაუფლების თვითმპყრობელი გახლდათ.

1918 წლის 26 მაისისთვის საქართველოში ათობით გაზეთი და პოლიტიკური პარტია თავისუფლად მოქმედებდა. ქვეყანაში საქმიანობდა აქტიური კომერციული პალატა და პროფკავშირები. საბაზო განათლება სავალდებულო იყო ყველა მოქალაქისთვის. ნაციონალური უმცირესობები ცოდნას მშობლიურ ენაზე ეუფლებოდნენ. 1919 წლის თებერვალში საქართველოს ისტორიაში პირველი საყოველთაო და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა. პროპორციული წესით არჩეული პარლამენტი, კოლექტიური ორგანო რესპუბლიკაში ყველაზე ძლევამოსილი და გავლენიანი ინსტიტუტი გახლდათ. საკანონმდებლო სტრუქტურაში ძირითადად დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები საქმიანობდნენ. დეპუტატთა შორის იყვნენ ქალებიც და საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის წარმომადგენლები. პირველმა რესპუბლიკამ საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელ სასამართლოსა და ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობას.

  1. სოციალური გარდატეხა

1860-იან წლებში რუსეთის იმპერიაში გლეხთა გათავისუფლებისა და ბატონ-ყმობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული რეფორმა ფორმალურად საქართველოს გლეხობასაც შეეხო. თუმცა, ჩვენი გლეხებისთვის პირად სარგებლობაში არავის გადაუცია მიწის უმცირესი ნაგლეჯიც კი. შესაბამისად, გაჭირვებულ გლეხებს თავის გადასარჩენად კვლავ ძველი ბატონების სამსახურში უწევდათ ყოფნა. მათთვის ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა.

1918 წლის შემდეგ კი მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის წყალობით ძალაში ახალი აგრარული პოლიტიკა შევიდა. ხომერიკის პოლიტიკა გულისხმობდა ყველა გლეხისთვის მიწის პირად საკუთრებაში გადაცემას. გადაცემული ნაკვეთი იმ ზომის უნდა ყოფილიყო, რომ შინამეურნეობის მოწყობის შემთხვევაში ადამიანს ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა მისცემოდა. ტყეები და მიწის დანარჩენი რესურსები სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბალანსზე დარჩა.

პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ დააკანონა რვასაათიანი სამუშაო დღე, შრომის ინსპექცია, მუშათა დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმები, შრომის ბირჟა და უმუშევართა შემწეობა, სასჯელი ბავშვთა შრომისთვის და ა.შ. შრომის კანონმდებლობა ცარისტულ რუსეთში არ არსებობდა. დემოკრატიული რესპუბლიკის სტანდარტი მაშინდელი ევროპისთვისაც კი სამაგალითო გახლდათ.

  1. ინდუსტრიული გარდატეხა

ასი წლის წინ ჩვენი წინაპრები აცნობიერებდნენ, რომ საქართველო მხოლოდ მომხმარებელი და მომსახურე სახელმწიფო არ უნდა ყოფილიყო. ასი წლის წინ ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობით ქვეყანა ფონს ვერ გავიდოდა. ამასთანავე, რესპუბლიკის მთავრობას არც იმის გაცნობიერება უჭირდა, რომ საპარლამენტო დეცენტრალიზებული დემოკრატიისა და განვითარებული ინდუსტრიის გარეშე არაბოლშევიკური მემარცხენე რეჟიმის მშენებლობა წარმოუდგენელი იყო. აქედან გამომდინარე, მაშინდელი ხელისუფალნი ყველა ღონეს  ხმარობდნენ, რათა საქართველოში მანგანუმისა და ნახშირის მოპოვება უფრო ინტენსიურად დაწყებულიყო. ბევრი რამ კეთდებოდა რკინიგზისა და მასთან დაკავშირებული საწარმოების განსავითარებლად. 1918 წელს შექმნილ სახელმწიფოში სურდათ, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოქმედებით და წარმოების პროცესში ყოფილიყო ჩართული. საუბედუროდ, საბჭოთა ოკუპაციამ ინდუსტრიის განვითარებისკენ გადადგმულ პირველსავე ნაბიჯებს მოუსწრო.

 

ვფიქრობ, რომ საქართველოს საუკუნის შემდეგაც სჭირდება დემოკრატიული, სოციალური და ინდუსტრიული გარდატეხა.

 

 

 

 

 მარო მაყაშვილი

0

„საქართველოს მე ვაღმერთებ

არას ვეტრფი იმის გარდა,

ეხლა მით ვარ ბედნიერი

რომ შენც იგი შეგიყვარდა…“

                    კოტე მაყაშვილი

 

 

იმ გოგოებზე ვფიქრობ, დღიურებიდან რომ გავიცანი. რამხელა საქმეა _ ამ თავბრუდამხვევად გრძელ და მშფოთვარე კაცობრიულ თავგადასავალში შენი წილი ამბავი მოყვე და დატოვო. მით უფრო, თუ პატარა გოგო ხარ, 15–16, ან 17–18 წლისა, გაგანია ომში ცხოვრობ და არაფერს შენს გარშემო, ბუნებრივი სახე არა აქვს _ არც ადამიანებს, არც სამშობლოს, არც მტერს, არც სიყვარულს, არც სიცოცხლეს… ისინი დიდი საფრთხის შიშისგან ახელენ თვალებს, იმაზე სწრაფად ბნელდებიან და ნათდებიან, ვიდრე ეს ჩვეულებრივ, სამყაროს წესრიგისას ხდება, ირგვლივ ომის ექსტაზია, გარდამავალი ეპოქის ჯახი, ადამიანური სული კი მშობიარეს ტანჯვით იწრიტება ამ ხურვებაში და შენ ამ დროს, პატარა გოგო, შენს სულს დღიურებს ანდობ, ფურცელს აწებებ, როგორც ძლივს დაჭერილ მინდვრის პეპელას და მარტო შენი სიცოცხლისთვის კი არა, კიდევ უთვალავი სიცოცხლისთვის, უთვალავი მარტოობისთვის და სიხარულისთვის _ ანაფრანკობ, მარომაყაშვილობ.

ანა ფრანკზე სხვა დროს დავწერ.

ახლა მარო მაყაშვილზე ვიტყვი. პირველ ქართველ ქალზე, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს.

 

მარო 1901 წლის 25 აგვისტოს დაიბადა, თამარ გაბაშვილის და კონსტანტინე მაყაშვილის ოჯახში. მამა და ბებო (ეკატერინე გაბაშვილი) მწერლები ჰყავდა. კოტე მაყაშვილი მწერალთა კავშირის ერთ–ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეც იყო. მარო ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, მერე კი თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა.

სურდა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ არ დასცალდა _ მე–2 კურსის სტუდენტი იყო, როცა რუსეთის მე–11 არმია სქართველოში შემოიჭრა. მარო მაყაშვილი მოწყალების დად ჩაეწერა და ოკუპატებთან ბრძოლაში დაიღუპა.

თუმცა, ეს მშრალი ცნობებია, თავისთავად მღელვარე (ბოლოს და ბოლოს, 19 წლის გმირზეა საუბარი!), მაგრამ მაინც მშრალი. მთავარი საკითხავი არა აქ, არამედ დღიურებში უნდა ვეძებოთ. მარომ ორი დღიური დატოვა. მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა და ისიც, სრულყოფილი სახით ლამის საუკუნის მერეღა იხილა მკითხველმა.

ამ დღიურებში ჩანს მისი უსაზღვრო სულიერი და გონებრივი შესაძლებლობები, შემოქმედებითი პოტენციალი, მოაზროვნე გოგონა, რომელიც თავისუფლად ფიქრობს და საუბრობს ისეთ რთულ თემებზე, როგორიცაა სამშობლო, ქალის როლი, სოციალური ფენები, თავისუფლება, მომავალი.

„საქართველო. „ის“. რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია.“ _ ამ სიტყვებით იხსნება მაროს დღიურების კარი.

შედიხარ გიმნაზიელი გოგონას სამყაროში და ისმენ გულისფეთქვიან ხმას, რომელიც, ვინ იცის, იქნებ წარსულიდან კი არა, სულაც მომავლიდან გესაუბრება.

„ადამიანი, რომელიც სულ თავის ინტერესებზე ფიქრობს, წვრილმანია. მისი შეხედულება უმნიშვნელო არის. ის არაფერს სხვას არ მოუტანს სასარგებლოს. ისეთი ადამიანი, რომელიც სცხოვრობს სხვებისთვის, ის მესმის. მე არც ასეთი ვარ, არც ისეთი, მაგრამ იქნება გავხდე და უფრო მინდა, როგორც უკანასკნელი.“

„დღეს მივხვდი, რა არის მიზანი ცხოვრებისა. სამშობლოსთვის მუშაობა, დღეს, 1920 წელს, მე–20 საუკუნეს, 12 იანვარს (ახ.სტ.) საზავო კონფერენციაზე უმაღლეს საბჭოს სხდომაზე, „ლორდ კერზნის“ წინადადებით, ერთხმად აღიარებულ იქნა საქართველოს და ადერბაიჯანის დამოუკიდებლობა. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“

„…არასოდეს მის მეგობრობას არ ვებღაუჭებოდი. იმ დღეს უთქვია: მარო მეცოდებაო, მე ესე კარგად ვარ ჩაცმულიო და მარო იმერულ შალის ჟაკეტში დადისო. რა რიგ მეწყინა ეს სიტყვა. კინაღამ ცრემლები გადმომცვივდა… მას ჰგონია, მართლაც და მართლაც, მთელი სიბედნიერე მშვენიერ ტანისამოსშია. ეხლა ამისთანა დროში, მე მგონია, სირცხვილიც არის ძალიან კარგად მორთვა. სპეკულიანტები და სოციალ–დემოკრატებისთვის სწორედ დრონი მეფობენ, არ ეკადრებათ უბრალოობა“…

„მზის სხივებივით მანათობელი, ნექტარივით ივსებს გულს, ოცნებას მიფრთოვანებს. თავისუფალი ქართველი ქალი თავისუფალ საქართველოში“…

საკუთარ ბაღზე ოცნებობდა. სადმე, სოფელში ან ზღვისპირას. საფრანგეთში აპირებდა მეურნეობის შესწავლას. მერე აქ, სამშობლოში მიწის ნაკვეთის ყიდვას და სამოთხის გაშენებას.

გათხოვების მერე ქმრის კისერზე ყოფნას უკადრისობდა. „ჩემით ვიმუშავებ და ჩემით ფულს შევიძენ, რა სამართალია სხვის ამაგით ცხოვრება. ეხლა, როცა ვხედავ, რა გასაჭირშია მამა, გული მეწვის. ერთი ის მუშაობს 6 კაცზე. რათა? განა ეს დავალებული აქვს? მე მაგის წინააღმდეგი ვარ“.

დროთა განმავლობაში ქართველ კაცზე გათხოვებაც გამორიცხა. მასში მცონარობა, ყეყეჩი პატივმოყვარეობა სძაგდა და ეს თვისებები მომავალზე ფიქრშიც ხელს უშლიდა. სიყვარულზე თუ წერდა? _  ფრთხილად და ფაქიზად, კოდირებულად (ნაცვალსახელით „ის“), ფეხაკრეფით მიიკვლევდა გზას სიყვარულის საიდუმლოსკენ. ამბობენ, პაოლო იაშვილი უყვარდაო. შესაძლოა, ეს „ის“–აც პაოლო იყოს. დღიურში რამდენიმე მკრთალი აქცენტია _ პაოლოს გაცნობის მოლოდინის, მერე მის ჰედონისტურ ქცევებთან შეხების და ცოტაოდენი დაბნევის, მერე სხვაზე ყურადღების გადატანის… თუმცა, მთელი მისი ფიქრიც და სულისკვეთებაც იმდენადაა ეროვნული განცდებით გამსჭვალული, რომ თითქმის ადგილი აღარ რჩება სხვა რეფლექსიისთვის.

არა, ვაჭარბებ. რჩება _ დიდი და მშვენიერი ადგილი _ მისი უდიდებულესობა თეატრისთვის და მისი უკეთილშობილესობა ლიტერატურისთვის! მაროს ვნებიანი გატაცება, ახალგაზრდული ჟინით სცენის სიყვარული, ყოველი ახალი წარმოდგენის პირველმაყურებლობა, ნანახის შთაბეჭდილებებზე ხანგრძლივი ფიქრი, მსახიობის ბედის თანაგრძნობა… ის ძალიან მაგრად წერდა კიდეც. დღიურების დიდი ნაწილი მის ნოველებს და მცირე მოთხრობებს უჭირავს. ყველა ტექსტში იგრძნობა მომავალი მწერლის ღონიერება, სინათლე და ფანტაზია.

ყველაფერში იგრძნობა _ მისი ცხოვრების იერში, ქცევაში, მთელ მის თავგადასავალში. დამოუკიდებელი რესპუბლიკის წლებში თბილისში ჩამოყალიბდა ტანმოვარჯიშეთა გუნდი „შევარდენი“. როგორც მაროს დღურებში აღწერილი ამბებიდან ირკვევა, ამ „შევარდენს“ მხოლოდ სპორტული მიზნები არა ჰქონდა. ის ერთგვარი ესთეტურ–ზნეობრივი აღმზრდელობის ფუნქციებსაც ითავსებდა, პრინციპით „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. თვისთავად, რა ლამაზი იდეაა _ ახალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ახალი თაობა! და, იმდენი მხიარული და ბედნიერი დღე გაატარა მარომ ამ „შევარდენთან“ ერთად!.. გულზე ალმასის ჯვრით, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრობით, ლამაზად მოცეკვავე „თავადის ასული“ ბევრი ვინმესთვის სასურველი საცოლე/სარძლოც იყო. ამ ბევრიდან კი, როგორ იქნება, რომ პირველად გიორგი მაზნიაშვილი არ ვახსენოთ! „მაზნიაშვილის სარძლოსაც“ ეძახდნენ. მაგრამ, მაროს გულმა არც აქეთ გაიწია. ჯერ ბევრი ამბავი უნდა დაეგროვებინა, გადალახული წინაღობებით, ღირსეულად განცდილი მარცხებით და ღირსეულად მიღებული გამარჯვებებით სავსე ამბები.

კითხულობ ამ მშვენიერ დღიურს, ოცნებებით, სურვილებით, მომავალზე ფიქრით გაძეძგილ ჩანაწერებს და უსამართლობის ვნება გახრჩობს _ რისთვის დასჭირდა ან განგებას, ან ქვეყანას, ამ სუფთა და მოკაშკაშე სულის მსხვერპლობა, ამ ოცნებების ვერასდროსახდენა, ამხელა ძალისხმევის, სამომავლო პოტენციის ასე შეწყვეტა?..

დღეს მარო მაყაშვილის სახელი ყველამ იცის. ეს ერთგვარად კრებითი სახელია _ თავისუფლების, პატრიოტიზმის, თანასწორობის და საერთოდ, ყველა კეთილშობილი იდეალისთვის თავგანწირული ადამიანის სიმბოლო. მით უფრო, თუ ის 19 წლის გოგონას სახელია, და ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ამ გოგონასთვის სიცოცხლეზე ძვირფასი მართლა სამშობლო აღმოჩნდა!

დღეს, ფასეულობათა აღრევის, იდენტობის დგენის/ხან ვერ დადგენის, მოძალებული აგრესიის, დაკნინებული სულიერების დროში ალბათ ძნელიცაა ბოლომდე იმის გააზრება, თუ რა იყო ის მსხვერპლი, მარო მაყაშვილის და სხვა მისი ტოლი თუ უფროსი იუნკრების სისხლით გაღებული,  რას ნიშნავს _ სიცოცხლეზე წინ დააყენო სამშობლო, მოყვასი; რას ნიშნავს _  ცხოვრობდე ჯანსაღი პასუხისმგებლობით და გააზრებული მოქალაქეობრივი ვალით _ წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე.

და ეს საერთოდ არ იყოს პათეტიკური. ეს ყველაზე ბუნებრივი და მშვენიერი რამ იყოს.

როცა საბჭოთა რუსეთის XI არმია საქართველოში შემოვიდა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის კბილა უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც დაარსდა 1918 წელს!) რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს და სამშობლოს დასაცავად მოუწოდა მათ. ქართველი ახალგაზრდობა სამშობლოს გადასარჩენად დაირაზმა.  სტუდენტებს არც გიმნაზიელები ჩამორჩნენ _ მათ შექმნეს ასეული. სწორედ ამ ასეულის ერთ–ერთი წევრი გახდა მაროს ძმა _ შალვა მაყაშვილი.

რამდენიმე დღეში კი,  მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის.

1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა…

მარო მაყაშვილთან ერთად  დაიღუპნენ იუნკები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი.

23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორისაა დასაფლავებული მარო მაყაშვილიც.

დღეს მაროს საფლავი არ ვიცით. დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, რა ადგილას შეიძლება იყოს დაკრძალული პირველი ქართველი ქალი _ ეროვნული გმირის წოდებით…

დღესასწაულებზე, აღლუმებზე, წლისთავებზე ზეიმი და ომახიანი შეძახილები გვჩვევია. 2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი სრულდება და ამ დღესაც არაერთხელ გაიხსენებენ მარო მაყაშვილს.

ის კი, ალბათ ისევ ზის, უსასრულობის ლურჯ ოთახში, თავის დღიურზე იდაყვებით დაყრდნობილი და ჩაგვცქერის თავისივე ნაწერში. ყოველი ახალი წაკითხვა ჩვენი თვალების შეხვედრა იქნება. ყოველი ახალი გადაფურცვლა _ სულების შეხება. შუქი, რომელიც მის მკვლელ ყუმბარასთან ერთად გასკდა, ყოვლისმომცველია და სიბნელეში გაგვინათებს ნაწერს.

ხოლო ის, ვინც ამ შუქს თავისას შეაგებებს!..

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...