ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ზურგჩანთიდან ამოლაგებული გაკვეთილები

0

კარგი რამაა ზაფხული, შემოდგომაშიც მოგყვება მისი სითბო და სილაღე. თავგადასავლებით სავსე უბრუნდები ნაცნობ ქალაქს, სკოლას, მეგობრებს. საზაფხულო არდადეგები მასწავლებლებისთვისაც ფრთების გაშლის, ახალი ენერგიით დამუხტვის პერიოდია. მათ სამოგზაურო ზურგჩანთებში აუცილებლად აღმოაჩენთ ახალი ამბებით, იდეებით, მიგნებებით სავსე ჩანაწერებს, საინტერესო გაკვეთილებად რომ შეიძლება იქცეს. ისეთ გაკვეთილებად, მოსწავლეებს ზაფხულიდან შემოდგომაში რომ შემოიტყუებს. ესაა ჩვენი საშინაო დავალება, მასწავლებლების, შემოდგომის სემესტრის პირველ კვირაში ჩასაბარებელი.

 

ჩემი აზრით, ახალი სასწავლო წლის დასაწყისს ძალიან ბევრი რამ მოეთხოვება. მან მოსწავლეს ყველაზე რთულად გასაღვიძებელი რამ – სწავლის ინტერესი უნდა გაუღვიძოს. აქედან გამომდინარე, პირველი კვირის შთაბეჭდილება ერთიორად მნიშვნელოვანია. ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია თავისუფალი გრაფიკიდან დატვირთულ დღის რეჟიმზე გადასვლა, ამ ცვლილებას ზრდასრულებიც ძნელად ვეგუებით. ამიტომაც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ჩემს ,,ასკინკილა გაკვეთილებზე“, შეუმჩნევლად რომ შემოაპარებს ბავშვს საკლასო ოთახში და სასკოლო რუტინას ახალ თავგადასავლად უქცევს.

 

ნათქვამია, ,,ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო“. ამიტომ მოსწავლეებს ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალებას ვაძლევ. შეიძლება იცოდეთ, ერთი ძალიან სახალისო აქტივობაა – მე ,,სარეცხს“ ვეძახი. მოსწავლეები საზაფხულო ტანსაცმლის შაბლონებს აფერადებენ, თან ზედ აწერენ ერთ ყველაზე ძვირფას შთაბეჭდილებას, რომელიც ამ საზაფხულო სამოსთან აკავშირებთ. შემდეგ თავიანთ ნაშრომს მეგობრებს უზიარებენ (აქ შეიძლება მთელ კლასს რიგრიგობით გაუზიარონ, ან გვერდით მჯდომს გაუცვალონ შთაბეჭდილება), თავიანთ სარეცხს სპეციალურ თოკებზე გადაფენენ და ნამდვილი ხის სარჭებით ამაგრებენ. ეს პროცესი ბავშვებს ბევრი კარგი ამბიდან ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფასაც უადვილებს და საგაკვეთილო დროც იზოგება.

ყველამ ვიცით, რომ ბავშვებისთვის შეგრძნებებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. დაწყებით საფეხურზე ბევრი თემა იძლევა შეხებით, დაკვირვებით, ექსპერიმენტებით სწავლის შესაძლებლობას. მაგალითად, წელს პირველ კლასში ,,შეეხე და გამოიცანი“ ვითამაშეთ. გაკვეთილის თემა იყო ,,სასკოლო ნივთები“. ჯერ ზურგჩანთებიდან ამოლაგებული საგნების დანიშნულებაზე ვისაუბრეთ, მერე სახლებშიც შევიხედეთ და საოჯახო ნივთები გავიხსენეთ. შემდეგ კი მთავარი თავგადასავალი დაიწყო. თვალახვეული მოსწავლეები რიგრიგობით მოდიოდნენ უცნაურ ყუთთან, რომელშიც ხელს სპეციალური ხვრელიდან ყოფდნენ, ერთ ნივთს იღებდნენ და შეხებით გამოცნობას ცდილობდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენ მიერ ამოცნობილი ნივთები სასკოლო ზურგჩანთაში ჩავალაგეთ და ინდივიდუალურ დავალებებს მივუბრუნდით. მოსწავლეებს სპეციალური ფურცლიდან სასკოლო და საოჯახო ნივთები უნდა ამოეჭრათ და სამუშაო ფურცელზე სკოლის ან სახლის სიმბოლოთი მონიშნულ ყუთში ჩაეწებებინათ. ახალბედა მოსწავლეები ამ დავალებამაც ძალიან გაახალისა.

 

ზემოაღნიშნულ თემას ეხმიანება მეორე კლასის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ტექსტი (,,ნუციკო“, ტ. ჭანტურია), სადაც ლექსის გმირი სკოლაში უწიგნოდ მიდის. მოსწავლეებს ურიგდებათ სამუშაო ფურცლები, რომლებზეც გამოსახულია ზურგჩანთები და ზედ სასკოლო ნივთების სახელები უნდა მიაწერონ. შემდეგ სიიდან ირჩევენ ერთ-ერთ ნივთს და მის საჭიროებას კონკრეტული მაგალითებით ხსნიან (მაგალითად, ფუნჯი თუ სახლში დარჩათ, ხელოვნების გაკვეთილზე საღებავით ვერ დახატავენ და ა.შ.). მეორე სამუშაო ფურცელი ლექსის შინაარსს მოვარგე. მასზე  რამდენიმე არასრული (სოკოს ,,ქუდი“ აქვს მისახატი და ა.შ.) მცენარე, ცხოველი და ფრინველია გამოსახული. მოსწავლეებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ ლექსი და ყველა საჭირო დეტალი აღადგინონ.

პირველკლასელებს სასწავლო წლის პირველ დღეებში განსაკუთრებით უჭირთ ერთ აქტივობაზე ხანგრძლივად კონცენტრირება, ამიტომ გაკვეთილი მოკლე (5-10 წთ.) და მრავალფეროვანი სამუშაოებით უნდა დაკომპლექტდეს. განსაკუთრებით მიძნელდება პატარებთან ტექსტის პირველად წაკითხვა და მათ ,,დასაჭერად“ ხმებისა და ვიზუალის მთელ კასკადს ვიყენებ. კითხვის მანერაც თეატრალიზებულია, უფრო ვყვები, ვიდრე ვკითხულობ. მაგალითად, ერთი ტექსტია ცხოველების სკოლაზე (,,აპრილიდან აპრილამდე“, ვ. როდონაია, მასწავლებლის წიგნი), რომელსაც პირველ კვირაში ვუკითხავ პირველკლასელებს. გაკვეთილზე სტუმრად ცხოველების სკოლის მასწავლებელიც ,,მომყავს“. თოჯინა-დათუნიასთან ერთად ზღაპარში ნახსენები ტყის სკოლის პირველკლასელების ფოტო-ვიდეო მასალაც მზად მაქვს. ტყის სამყაროს გაცოცხლებით ბავშვებს მოსმენილი ამბის წარმოსახვას და ყურადღების კონცენტრირებას ვუადვილებ. სამუშაო ფურცელსაც სასწავლო მასალას ვუკავშირებ და მოსწავლეებს ვთხოვ, პირველკლასელ ტყის ბინადრებს თავიანთი დედიკოები აპოვნინონ.

ზაფხულთან გამომშვიდობების საშუალებას მესამეკლასელებსაც ვაძლევ. პირველი შეხვედრის ემოციებისგან დაცლის შემდეგ, პეპის სკოლაში წასვლის ამბავს ვკითხულობთ, მის წერილს ვშიფრავთ და სკოლის დანიშნულებაზე საუბრის საჭიროებაც თავისთავად დგება. შემდეგ მოსწავლეებს მონატრებული ადამიანების, ადგილების, თუნდაც ზაფხულისთვის წერილის მიწერას ვთხოვ. დავალება რომ ადვილად შეასრულონ, წერილის ერთ ნიმუშს გაკვეთილზევე  ვქმნით. მოსწავლეებს შეუძლიათ დაამზადონ კონვერეტები, რომლებსაც ხელნაკეთ მარკებს დააკრავენ და სასურველ მისამართებსაც მიაწერენ.

როგორც წესი, უფროსებსაც მოახლოებული შემოდგომის და ზაფხულნარევი ამბების სურნელით გაჟღენთილი მოთხრობებით ვხვდები, მერე კი ერთად ვცდილობთ წაკითხული მოთხრობის მსგავსი ჩანახატის შექმნას. ამ წერილსაც ერთი ნაადრევი შემოდგომის სიგრილეშეპარული მოგონებით – რევაზ ინანიშვილის მოთხრობით დავასრულებ.

 

მორევი

      ორი დღეღა და სექტემბერიც დადგება. რომ თენდება, უკვე ცივა, ცივი ნამია გაგებული ბალახებზე. მერცხლები გუნდ-გუნდად იკრიბებიან, დიდი ჟიკჟიკი აქვთ, დიდი ჟრიამული. უთუოდ იმაზე მსჯელობენ, როდის გაფრინდნენ სამხრეთისკენ, ვინ წაუძღვეს წინ, ვინ გამოჰყვეს გუნდს მებოლოვედ. ყურძენი შეთვალულია, შინდი თითქმის მწიფს. მართალია, შუადღისით ცხელა, მაგრამ დაიწევს თუ არა მზე, აგრილდება, საღამოობითაც ცივა, თბილი უნდა ჩაიცვა. სერებზე ძეძვები და ჯაგრცხილები შეყვითლდნენ. დღისითაც, მზეში, რაღაცნაირი სიყვითლე დგას, ასეთი სიყვითლე ფერიცვალობის შემდეგ დგება. ძალიან ლამაზია უკვე საშემოდგომოდ ლურჯად გამკვრივებული ცა, ზედ თეთრი ღრუბლები, ძირს კიდევ ეს სიყვითლე. მოლივლივებენ ამ სილამაზეში ლამაზი კვირიონები და მოკრუტუნებენ მიწისკენ თვალებდაცეცებულნი – იქნებ სადმე ფუტკრები დავინახოთ და პირი ჩავიკოკლოზინოთო.

ასეთ დღეებში ტყეში ყოფნას არაფერი სჯობს, გამორჩევით – დილა-საღამოს. მე მზის დახრისას მომიწია სახლიდან გასვლა. გადავიკიდე ჩემი მონადირული ჩანთა, ავიღე ხელჯოხი და წავედი. წავედი ივრის ნაპირ-ნაპირ. იორი დაწმენდილი იყო, თავთხელების ჩქერალები თეთრად და მწვანედ ციმციმებდნენ.

მივუახლოვდი კლდეს. იმ კლდის ძირას დიდი საბანაო მორევია. მორევი სავსეა ხოლმე ბიჭბუჭობით და დიდებითაც. მაგრამ ეს, როცა ცხელოდა, ახლა კი საკმაოდ გრილოდა, მზე კაკლების კენწეროებს მოჰფარებოდა, და მაინც – სამი შავად გახუხული ბიჭი ბანაობდა, ათი-თორმეტი წლისანი, სამივე ისე იყო გამხმარი, ნეკნებს სათითაოდ დაუთვლიდი. ნაპირზე ცეცხლი ენთოთ, დიდი ნარიყი შეშები შეეწყოთ ერთმანეთზე, ის შეშები ნელ-ნელა იწვოდა, მაგრამ როგორც ნარიყმა იცის, მაინც კარგად იწვოდა. გამოცვივდნენ ბიჭები წყლიდან აკანკალებულები, თმები ზღარბებივით ედგათ, კბილებს აკაწკაწებდნენ. მიუცუცქდნენ ცეცხლს, თანაც იმ მხარეს, საითაც ბოლი მიდიოდა, თვალებდახუჭულები, ხელებს ალში ურევენ. ისე პრიალებენ სველები, თითქოს ლაქი ჰქონდეთ წასმული, კბილებს მაინც კბილებზე აკაწკაწებენ.

     დავუდექი წინ, დავეყუდე ჯოხზე, ვუყურებ. ამომხედეს, ჩქარ-ჩქარა დაახამხამეს თვალები, ბოლს აქეთ-იქით დაუწყეს გაყრა ხელებით. ტუჩები დალურჯებიათ, კბილებითა და თვალებით შემომნათიან.

 

 

–         აქედან მაინც დაუსხედით, კაცებო, მაგ ბოლში რას იხრჩობთ თავს, – ვუთხარი მე.

ერთმანეთს გადახდეს, ისეთი გამომეტყველება მიიღეს, – ეს ვინ არის, რა ჭკუის კოლოფიაო.

–         მაინთ რომ სითბო არ მოდის?

მე კეფა მოვიფხანე გაწბილებულმა.

–         კი, მაგრამ რაღა გაბანავებთ, როცა თან ეგრე გცივათ?

ისევ გაუქნიეს ხელები გაძლიერებულ ბოლს, ისევ შემომანათეს თვალები, თან ახლაც ცოტა ეჭვით, ეს რეებს გვეკითხება, ეს ამოდენა კაციო.

–         კარგია, – სიამოვნების სიცილით თქვა ყველაზე ტანმორჩილმა, ყველაზე გამხდარმა.

–         ადრე გებანავათ, სანამ მზე მაღლა იყო და თბილოდა.

–         მაშინაც ვბანაობდით.

–         არ გეყოთ?

–         არა. პირველში სწავლა იწყება და მერე…

აქაც გადახედეს ერთმანეთს, რაღაც დაადასტურეს უთქმელად. თან კანკალს განაგრძობდნენ.

–         მერე აღარ შეიძლება ბანაობა?

–         შეიძლება, მაგრამ ეგეთი გემო აღარა აქვს.

–         რატომა?

–         გაკვეთილები რომ მოსამზადებელი გაქვს.

მე ერთხელაც მოვიფხანე გაწბილებულმა კეფა. იმათ – გაუქნიეს, გაუქნიეს ხელები ბოლს, უცებ წამოხტნენ, გაიქცნენ და სამივე სხვადასხვანაირად გადაეშვა მორევში: ერთი თავდაყირა, მეორე ხელებაწეული, თითებგაფარჩხული, მესამე სადგისივით წაძვრა პირდაპირ დიდ ტალღებში. სატრიალოში ერთმანეთს შეხვდნენ, დაიწყეს ძიძგილაობა, ერთმანეთის დაოსება, ყველა ცდილობდა, მეორესთვის ჩაეყოფინებინა თავი წყალში. დაფეთებული ჩიტებივით ამოდიოდა მათი ხითხითი წყლიდან. მე ღიმილით დავიწყე კლდეზე ასვლა. იმ კლდეზე უნდა ავსულიყავი და იქით დაბლა დავშვებულიყავი. მაღლა რომ ავედი, გავჩერდი და გადმოვხედე მორევს. ბიჭები ისევ ცეცხლს მისხდომოდნენ, ისევ ბოლის მხარეს, ისევ ხელებს უთათუნებდნენ ბოლსა და ალს. აქედან მთლად პატარები ჩანდნენ, დაუბუმბლავი ბარტყებივით ერთმანეთს მიკრულნი დიდ რიყეზე, დიდ წყალთან. კვამლი ახლა უფრო სქლად ამოდიოდა მაღლა… ცეცხლის ირგვლივ შემწვარი სიმინდების დაცარიელებული ქეჩეჩები ეყარა, იქვე ეგდო ორი მსხალი, ათიოდეც მსხვილი ღორქლიავა. დიდ ქვაზე იდო შავი პურის გამხმარი ნატეხი, იმ პურის ნატეხზე კი – ნივრის ორი კბილი…

 

 

 

 

 

 

 

რას ვმალავთ

0

“რა გინდა რომ კაცმა მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს”.

 

შესავლის გარეშე დავიწყებ.

მარტივი ამბავია.

შეცდომების  გამოსწორება მათი დანახვით და აღიარებით იწყება.

იმისათვის, რომ  რეალობის აღქმა არ დავკარგოთ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.

 

მაგალითად, თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ბავშვები და ყველაფერი საუკეთესო მათთვის გვინდა, დამთავრებული ამბავია.

თუ ვიტყვით, რომ ფრაზა “ჩვენ გვიყვარს ბავშვები” ფასადია, რომლის მიღმაც დიდი ბნელი ლაბირინთი იმალება და მისი ყოველი მოსახვევი საშინელ ამბავს ჰყვება სისასტიკეზე, დანაშაულებზე, დაუნდობლობასა და გარიყულობაზე, რომ იქ შესული ბევრი გვინახავს, უკან უვნებლად გამოსული კი ძნელად გვახსენდება, შესაძლოა ოდესმე რამე დავინახოთ ფასადს მიღმა, რომელიც დიდი ხანია ჩამოშლის პირასაა.

შესაძლოა, გამოჩნდეს გზა ლაბირინთში ჩაკარგული ადამიანებისთვისაც.

 

ლაბირინთი, რომელიც ფასადს მიღმა გვემალება და რომლის შემჩნევაც ძალიან არ გვინდა, ის ყოველდღიურობაა, რომელშიც ჩვენ, ჩვენი შვილები, სკოლა, მასწავლებლები, მეზობლები, ნათესავები,  გადაწყვეტილების მიმღები პირები, სამართალდამცველები ვიხარშებით – რომელიც გვკლავს, გვამცირებს და გვანადგურებს.

ზოგს – ერთი ხელის მოსმით და სწრაფად, ზოგს – ნელა და მტანჯველად.

შედეგი ერთია.

 

ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მაღალია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უმეტესად ნაცნობების, ახლობლების, მეზობლებისგან განიცდიან ძალადობას და ამის ნაცვლად ვიჯერებთ, რომ ჩვენთვის  საფრთხეს წარმოადგენს  რომელიმე მხატვრული ნაწარმოები, სხვა ქვეყნებში ჩატარებული გეიპარადი, რამდენიმე ასეული მიგრანტი ან სამოქალაქო განათლების გაკვეთილი. ჩვენ გვიჭირს როგორც საკუთარ ძალადობრივ გამოცდილებაზე ლაპარაკი, ასევე მოსმენა და მსხვერპლის გადარჩენა და ასეთ ქცევას, სუსტისა და მხდალისთვის დამახასიათებელს, ის გარემო გვაიძულებს, რომელიც ჩვენვე შევქმენით, ჩვენი სირცხვილის გრძნობით, უხერხულობით, გაუბედაობით, თავდაუჯერებლობით, მტრის სხვაგან ძიებით, შიშითა და მორიდებით. არადა, კარგად თუ დავფიქრდებით აუცილებლად გაგვახსენებება ჩვენი ან ჩვენი უახლოესი ადამიანების თავს გადახდენილი უსიამოვნო ამბები.

 

როცა საქმე სექსუალურ ძალადობას შეეხება, ყოველთვის დიდია ცდუნება ადამიანებისთვის, განიხილონ მსხვერპლის ქცევა, ეძებონ მასში მაპროვოცირებელი, ლოგიკური ახსნა მოუძებნონ გარყვნილ ქმედებას და ამგვარი ქმედებებით საბოლოოდ გაანადგურონ ის, ვისაც მხოლოდ მხარდაჭერა სჭირდება.

 

ორიოდე ფაქტი ნათქვამის საილუსტრაციოდ.

2018 წელი, აპრილი

ჩხოროწყუ

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებ “ჩხოროწყუს” სათადარიგო მოთამაშემ, 15 წლის გოგონამ 65 წლის მწვრთნელი სექსუალურ შევიწროებაში ღიად დაადანაშაულა და ძალადობის დასადასტურებლად მედიას რამდენიმე ფარული ვიდეო მიაწოდა.

 

 

 

 

2018 წელი, ივლისი

ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხუნევი

11 წლის ბიჭმა საკუთარი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. ხეზე ჩამოკიდებული ბავშვი საკუთარმა და-ძმამ იპოვა.

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბიჭი სექსუალურ ძალადობას განიცდიდა თანასოფლელის მამაკაცის მხრიდან, რომელიც მისივე მოგვარე და მეზობელი იყო.

 

არასრულწლოვანების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებებზე მსჯელობას ართულებს ისიც, რომ არ გვაქვს რეალური სტატისტიკა. მსხვერპლები და ოჯახის წევრები უმეტესად დუმილს ამჯობინებენ. შედეგად დამნაშავე დაუსჯელია, პრობლემა უხილავი. ის მხოლოდ  ასეთი იშვიათად გახმაურებული შემთხვევებით იჩენს ხოლმე თავს პერიოდულად.

 

როცა პრობლემასა და ტაბუზე ვლაპარაკობთ, რთულია, მსხვერპლს მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რატომ არ უნდა ღიად ლაპარაკი თავის ნეგატიურ გამოცდილებაზე. უფრო მარტივია დავფიქრდეთ იმაზე, რას ვაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ ვინმე გვენდოს და დაგვეყრდნოს, იმედით შემოგვხედოს და ჩვენც ეს იმედი არ გავუცრუოთ.

 

როცა პატარა გოგო ვიყავი, ფონად სულ ჩამესმოდა ამბები ქალებზე, რომლებმაც ქმრების გარეშე გააჩინეს ბავშვები და მერე წლების განმავლობაში უწევდათ აეტანათ ეჭვიანი დამოკიდებულებები მათი “ყოფა-ქცევის” მიმართ ნაცნობებისგან, უხამსი კომენტარები საჯარო სივრცეებში და შეგუებოდნენ განწყობას, რომ ვიღაც სხვა ბავშვი, რომელსაც მამა სახლში ჰყავს, უფრო კარგ ოჯახში იზრდება, უფრო მეტად ლეგიტიმურად არსებობს.  გოგოებზე, რომლებიც “თამამად” ან  “უხეშად” იქცეოდნენ, ვიღაცებს ხვდებოდნენ და “გამომწვევად” იცვამდნენ. სხვა საშინელი ამბები “მოტაცებებზე”, “დატოვებებზე”, აბორტებსა და ოჯახიდან გაგდებებზე, “საყვარლებსა” და ღალატზე და ამ ამბებს ისეთი ტონით ჰყვებოდნენ, არასოდეს მქონია განცდა, რომ თუკი მსგავსი ამბის გმირი ვიქნებოდი, ვინმე ჩემ გვერდით დარჩებოდა.

 

იმ ილუზიის გასაქრობად, რომ ასეთი რამეები ჩემს ბავშვობაში ხდებოდა და მას მერე განვვითარდით, როგორც საზოგადოება, კიდევ ერთი ფაქტს მოვიყვან საილუსტრაციოდ:

 

2018 წელი, აგვისტო

ოზურგეთის რაიონი, სოფელი ხუნევი

16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი შანტაჟი გახდა, რომელიც 22 წლის ახალგაზრდასთან ვირტუალური ნაცნობობით დაიწყო, რომელიც მას ინტიმური ფოტოების და ვიდეოების გადაღებას თხოვდა, შემდეგ კი ამ მასალებით აშანტაჟებდა.

 

ნაწყვეტი  სიკვდილამდე დაწერილი წერილიდან: “ეს დღეები რა გამოვიარე, ამას ვერავინ ვერ გაიგებს, დედა. შენც კი ვერ გამიგებ, დედა. ვიცი, ჩემი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი“.

 

ასეთი ამბები ბევრია. ამას ვაკეთებთ ჩვენ. ვქმნით გარემოს, სადაც 16 წლის გოგონას ჰგონია, რომ  ვეღარაფერს შეცვლის, სადაც არავინ აღმოჩნდება, ვინც მას გაუგებს და მხარს დაუჭერს, სადაც ერთადერთი გამოსავალი, რომ ზედმეტი კითხვები არ დაგისვან, ლაფში არ ამოგგანგლონ და თავი დაგანებონ, სიკვდილია.

 

იმას, რასაც ჩვენ ვმალავთ, არ იმალება.

ამ პრობლემებს დანახვა და აღიარება სჭირდება. დასაწყისისთვის მაინც.

 

 

 

 

 

სკოლის მიღმა დარჩენილი სქესობრივი განათლება

0

„დე, შენ სექსი გქონია?!“-  ვფიქრობდი, წერა იმ კონტრშემთხვევით დამეწყო, რამაც სტატიაზე მუშაობა გადამაწყვეტინა, მაგრამ სულაც არ მინდა, ერთი რეალური, მაგრამ “ყვითელი” შემთხვევის აღწერის გამო ჰქონდეს ამ წერილს მაღალი რეიტინგი. ამიტომ ამბავს  ბოლოსთვის მოვიტოვებ.

ინტიმური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება ბავშვის მოთხოვნილებაა. რამხელა ტაბუც უნდა დავადოთ უფროსებმა სქესთა შორის ურთიერთობებს, ბავშვები მის შესახებ მაინც იგებენ და მაინც საუბრობენ. საუბრობენ ბიჭებიც და გოგონებიც; საუბრობენ ყველგან, სადაც უფროსი არ არის; სახლებშიც, ეზოებშიც, სკოლებშიც.

უფროსებმა, რა თქმა უნდა, ვიცით, რა აინტერესებთ ბავშვებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ახლა ამ თემებისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამის დრო მაშინ დადგება, როცა სიმაღლეში გაგვასწრებენ და დედ-მამის ტანსაცმელს მოირგებენ. აი, მაშინ კი (უკეთეს შემთხვევაში) გვერდზე გავიყვანთ და მაქსიმალურად საჩუმათო გარემოში გავუმხელთ, რომ უკვე დიდია და „ეს“ უნდა იცოდეს.. ის ამ დროს იცინის, უხერხულად იშმუშნება და გეუბნება, დედა/მამა, ეს ამბავი დიდი ხანია იცის. შენც ფიქრობ, რომ ძალიან კარგი. ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდა.
სინამდვილეში, ტაბუდადებულ თემებზე საუბრები გარდატეხის ასაკის დადგომამდე ბევრად ადრე გაცილებით ადვილია. თუ მშობლები სექსზე, ყოველთვიურ ციკლზე, სქესობრივ მომწიფებასა და თანმდევ უხასიათობაზე, ბავშვებს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე დაველაპარაკებით, მათთვის გაცილებით ნათელი გახდება მომავალი;  მომზადებულები შეხვდებიან გამოწვევებს. ჩვენ კი მათ ნდობას დავიმსახურებთ, რადგან ყველაზე საინტერესო საკითხებზე უტყუარ და ობიექტურ ინფორმაციას მივაწვდით.

ინფორმაციული ბუმის ეპოქაში და ქართული რეალობის გათვალისწინებით, როცა დღის სატელევიზიო ეთერიდან სექსუალური სცენები ყველასათვის ხელმისაწვდომია, ცხადია, რომ ადამიანის ინტერესი უპასუხოდ დარჩენილი კითხვებისადმი გაცილებით ადრე იღვიძებს, ვიდრე წინა საუკუნეში.

მოკლედ, როგორ ადრეც უნდა გვეჩვენებოდეს ბავშვებთან ინტიმურ საკითხებზე საუბრები, მაინც იმ დროს უნდა დავიწყოთ, როცა ისინი შეგვეკითხებიან. და თუ არ შეგვეკითხებიან, ჩავთვალოთ, რომ ურთიერთობაში პრობლემა გვაქვს.

ამბავი, რაც ამ წერილის ინსპირაცია გახდა, ერთი ჩვეულებრივი დღის ბოლოს მოხდა, როცა შვილი სკოლიდან გამოვიყვანე, მანქანაში ჩავისვი და ტრადიციული დიალოგი  დავიწყე. ბავშვმა კი ცამოწმენდილზე მკითხა.

– დე, შენ სექსი გქონია?

გულმა იმხელაზე დაიძახა „ვაიმე“, მეგონა ხმამ გაოგნებისგან დაღებული პირიდან გამოაღწია. წამიერად დავფიქრდი, რა მეპასუხა. რამ აღარ გამიელვა თავში.

გამახსენდა ერთი წლის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში პირველმა ლედიმ  მონაწილე რომ შეამკო “სექსი გოგო” ხარო, ბავშვი მომიბრუნდა და მკითხა, – „დედა, სექსი რა არის?“ მაშინ ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. გამახსენდა, რომ ერთი წლის წინ მეორე კლასელმა შვილმა უკმაყოფილოდ შემაქცია ზურგი და ჩაიბურტყუნა: – „შენ ხო არაფერი იცი!“

მოვიკრიბე ძალა. ახლა არ უნდა დავმარცხდე-მეთქი, ჩემ გულს ვუთხარი, ვაითუ სხვა დროს აღარც დაესვა მსგავსი შეკითხვა ჩემთვის, ღიმილით შევხედე და ვუთხარი, რომ სექსი მქონია.

– ვაა, მართლაა!
– ‎კი, მართლა. აბა, შენ როგორ მეყოლებოდი სექსის გარეშე.
გაჩუმდა.
– რაკი შენ გქონია, ე.ი. ძაან საზიზღრობა არ ყოფილა. მე კიდევ მითხრეს საშინელებააო.
– ბავშვობაში მეც ასე ვფიქრობდი. სრულწლოვანობის შემდეგ გემოვნება იცვლება. ვინ გითხრა, ისე?
– ‎სკოლაში მითხრეს, მეგობრებმა. მომიყევი რა, როგორია.
– ‎რა მოგიყვე, შეკითხვები დამისვი.
– ‎რა დროს ხდება სექსი?
– ‎როცა დედას და მამას ძალიან უყვართ ერთმანეთი.
– ‎შეიძლება ასეთ დროს ბავშვიც გაჩნდეს ქალის მუცელში?
– ‎კი, აბა რა. ადამიანები სექსით მრავლდებიან. ვისაც შვილი არ უნდა, თავს იცავს.
– ‎ანუ ზოგჯერ საშიშია.
– ‎კი. ზოგჯერ დამაზიანებელი შეიძლება იყოს. ზოგჯერ დიდი ბედნიერების მომტანი.

– დე, თუ სხვა შეკითხვები მექნება დაგისვამ ხოლმე, კარგი?
– ‎მკითხე რაც გინდა! – ‎ვუთხარი ღიმილით და შუბლის მაგივრად გულიდან მოვიწმინდე ოფლი, პირველ დიალოგს ტაბუდადებულ თემაზე გულახდილად რომ გავართვი თავი.

ვიღაც იფიქრებს, როგორ გაუბედა დედას ასეთი კითხვის დასმაო. ვიღაცა უფრო შორს წავა და მკერდში მჯიღს ჩაირტყამს, მეტი არ მინდა, ჩემმა შვილმა ეს მაკადროსო.

მე კი გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, დედა-შვილს გულახდილი საუბარი რომ შეგვიძლია. რაკი მეგობრებში ყურმოკვრით გაგებულ ინფორმაციას ჩემთან ამოწმებს. ე.ი. მენდობა. რა უფლება მაქვს გავაწბილო?!

როგორც ქართველებს გვიყვარს ხოლმა თქმა, პირველად არის ძნელი, თორემ მერე ყველაფერი გამოდის. რამდენიმე კვირის შემდეგ პედოფილიასა და უსიამოვნო შეხებაზეც  ვილაპარაკეთ. ანუ იმაზე, თუ ვინმემ თავი უხერხულად აგრძნობინა, პირველ რიგში მშობლებს უნდა უთხრას და ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რამდენად ახლობელია უსიამოვნების მიმნიჭებელი და რა ფორმით აგრძნობინა თავი ცუდად.

რატომ უნდა დავტოვოთ უფროსებმა ქუჩაში მოსმენილის ანაბარად შვილები, როცა შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა?

მით უფრო, როცა სქესობრივი განათლება სასკოლო პროგრამაში არ შედის. ძალადობის შემთხვევები გახშირებულია, გარემო საფრთხის შემცველია. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ან ტრანსპორტში გაეგლასუნება ვინმე ან მანქანას გაუჩერებენ და „სასურველ ადგილას წაყვანას“ შესთავაზებენ. მინდა შეეძლოს უარის თქმა, თავის დაცვა. ვიდრე სკოლას პასუხისმდეგბლობა დაეკისრება, რომ მისცეს ჩემ შვილს სქესობრივი განათლება, მანამდე მე შევაიარაღებ ინფორმაციით. მე არ მრცხვენია ჩემს შვილთან ამ ერთი შეხედვით უხერხულ თემებზე საუბარი. რადგან ვთვლი, რომ ის რაც ბუნებრივია, სასირცხვილო და საჩუმათო არ არის.

მოკლედ, მათემატიკის და ბუნების გარდა, ბავშვებს ნამდვილი ცხოვრების სწავლება, საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვის უნარების გამომუშავება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მომზადება სჭირდებათ.

გამოცდილებით გეტყვით, რომ შვილის სქესობრივ განათლებაზე ზრუნვა ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. ყველა შეკითხვას უნდა უპასუხო, ოღონდ ისე, რომ არც ზღვარს გადახვიდე და თან, რაც შეიძლება ნაკლებად დაგჭირდეს შემდეგი სიტყვების მოშველიება  – „გაიზრდები და მერე გაიგებ!“.

რომ გაიზრდება უჩვენოდაც ეცოდინება ყველაფერი, ოღონდ ვინ იცის, იქნებ შეცვლილი, დამახინჯებული ფორმით.

 

სკოლის ბლოგის დანიშნულება

0

არც ისე დიდი ხანია, რაც ნეოლოგიზმი „ბლოგი“  სალიტერატურო ქართულში დამკვიდრდა და საკმაოდ ხშირად გამოიყენება.

და მაინც, რა არის ბლოგი და როგორი დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ ის სასწავლო პროცესში?

ბლოგი  სოციალური ქსელია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. თემატურად მრავალფეროვანი არჩევანისა და მულტიმედიური რესურსების თავმოყრის პარალელურად თვითგამოხატვის ერთგვარი საშუალებაა. ერთი თემა შეგვიძლია წარმოვაჩინოთ არა მხოლოდ წერილობითი, არამედ ვიზუალური სურათ-ხატებითაც.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბლოგებისადმი ინტერესი სოციალური ქსელების გავრცელებამ დიდწილად შეამცირა.

პირველი ქართული ბლოგის მკითხველი დაახლოებით ცხრა წლის წინ გავხდი. „სქოლიოზიანი ემბრიონის“ ავტორი, ნასტასია არაბული, დღეს ჟურნალ მასწავლებლის ავტორია. დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით ვკითხულობდი ნასტასიას წერილებს. მაშინ ერთი წამითაც ვერ დავუშვებდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მეც შევქმნიდი საკუთარ ბლოგს, იმდენად რთული მეჩვენებოდა ბლოგის წარმოება და ფართო აუდიტორიისთვის წერა.

ქალაქიდან მაღალმთიან სოფელში საცხოვრებლად გადასვლამ სათქმელი დამიგროვა. მაშინ გადავწყვიტე, რომ შემექმნა ჩემი საკუთარი ბლოგი. გამოვიყენე ერთ-ერთი სოციალური ქსელი WordPress.com და მინიმალისტური დიზაინით გაფორმებულ სივრცეში დავიწყე წერა  მასწავლებლური საქმიანობის, საინტერესო ადამიანების, წიგნების, საგანმანათლებლო საკითხების შესახებ.

ბლოგმა ჩემს ცხოვრებაში მრავალი სასწაული დაატრიალა: ჩემამდე მოიყვანა ისეთი ადამიანები, რომლებსაც, წესით, კარგად უნდა ვიცნობდე ან მე მიმიყვანა მათთან; სრულიად უცნობმა ადამიანმა ბათუმიდან სკოლის მედიათეკისთვის ფოსტით წიგნები გამოგვიგზავნა. ის კი არადა, ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა ჩვენი თავგადასავალი და გერმანიიდან ქართველმა გოგონებმა რაჭველი მოსწავლეებისთვის ამანათი გამომიგზავნეს. ერთხელ კი ლიტერატურულ კაფეში ჩიკაგოდან მოულოდნელად მთელი ოჯახი გვესტუმრა, კანში მცხოვრები ანაც ბლოგის საშუალებით  გვადევნებდა თვალს და ახლა საზაფხულო სკოლაში ჩვენთან ერთად არის ხოლმე. იმის თქმა მსურს, რომ ურთიერთობების გასაბმელად და თანამოაზრეების აღმოსაჩენად როგორი მნიშვნელოვანია ბლოგი. მოკლედ რომ ჩამოვწეროთ ბლოგის დანიშნულების შესახებ, ნუსხა დაახლოებით ასეთი იქნება:

  • თვითგამოხატვის საშუალება;
  • წერითი უნარების დახვეწა;
  • პროფესიული საქმიანობის აღნუსხვა;
  • საინტერესო თავგადასავლები;
  • ურთიერთობების წამოწყება/განმტკიცება;
  • სოციალური პასუხისმგებლობის გამომუშავება.

 

საკუთარი ბლოგის შემდეგ სკოლის ბლოგის შექმნის საჭიროება აღმოვაჩინე. გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა. ასე შევქმენით უწერის სკოლის ბლოგი და სახელად „ორიონი“ ვუწოდეთ, რაც საბას მიხედვით გაცისკრებას ნიშნავს. მაშინ სულაც არ გვიფიქრია იმაზე, რომ სიტყვა „ორიონი“ იმ მდინარისა და ქალაქის სახელწოდებებსაც შეიცავდა, რომლებიც სოფლისთვის ახლობელი და ძვირფასია.

ბლოგისთვის წინასწარ წერდნენ თემებს წაკითხული წიგნებისა თუ ჩატარებული სპექტაკლების შესახებ, შემდეგ ერთად ვარედაქტირებდით, ვარჩევდით სათაურს, შესაბამის სურათს და ბლოგზე ვტვირთავდით. შემდეგ კი სოციალურ ქსელში ვაზიარებდით და საინტერესო უკუკავშირსაც ვიღებდით.

თბილისში დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელე ამ კუთხით მუშაობა და  ორი მეხუთე კლასისთვის შევქმენით ბლოგი, რომელსაც ბავშვებმა თვითონ შეურჩიეს სახელი და „საწიგნეთი“ დაარქვეს.

ბლოგისთვის თემების წერა ხუთსაფეხურიან წერის მეთოდს ჰგავს. თავდაპირველად ვთანხმდებით თემატიკაზე, შემდეგ გარკვეულ მიმართულებას ვაძლევთ მას და ვადგენთ გეგმას, რომლითაც მოსწავლე წერის დროს ხელმძღვანელობს. საკუთარი სიტყვებით წერს შესაბამის თხზულებას, რასაც მოჰყვება რედაქტირების პროცესი და ამ დროს ერთად ვკითხულობთ ნაწერს, ვასწორებთ გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომებს, ვმართავთ წინადადებებს, ვკითხულობთ ხმამაღლა, ყოველივე ამის შემდეგ კი გადაგვაქვს ბლოგზე და სათაურის მოფიქრებისა და სურათის შერჩევის შემდეგ წერილის გამოქვეყნების დრო დგება.

თემატიკა

შეიძლება მასწავლებლებმა ვიფიქროთ, რომ ისედაც ბევრი საქმის გამო ბლოგის წარმოება კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ყოველდღიურობას, მაგრამ ეს ასე არ არის. სკოლის ცხოვრება სავსეა საინტერესო ამბებით, გაკვეთილები კი –  მოულოდნელობებით. ბლოგისთვის თემა ყველგან შეიძლება ვიპოვოთ: ეს შეიძლება იყოს მოსწავლის პირადი გამოცდილება, რომელიც მოგზაურობას ან სპორტს უკავშირდება, ბავშვის თვალით დანახული რომელიმე გაკვეთილი, ლიტერატურულ კაფეზე დაგროვებული შთაბეჭდილებები, წაკითხული წიგნი, საშინაო დავალება, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა – ნებისმიერი აქტივობა შეიძლება წერის საბაბად ვაქციოთ.

ორგანიზება

ბლოგს მასწავლებელი მართავს. შეიძლება უფროსკლასელებს გარკვეული პასუხისმგებლობა დავაკისროთ, თუმცა ამ ეტაპამდე გარკვეული გზაა გასავლელი.

პროცესი

პროცესის გარკვეული ნაწილი უკვე აღვწერე, თუმცა აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება მასწავლებლის როლზე. თავდაპირველად დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ მოსწავლეები ავიყოლიოთ. ბლოგის შექმნამდე ბავშვებს დაწვრილებით გავაცანი მიზნები, გასავლელი ეტაპები და გამუდმებით ვგულშემატკივრობდი. ერთი სიტყვით, მუდმივად წავახალისებდი.

თემებს პოსტებისთვის ვთავაზობთ ჩვენ, ვეხმარებით გეგმის შედგენისას და შემდეგ დგება ყველაზე კარგი ეტაპი, როცა Word-ში აკრეფილ თემას ერთად ვასწორებთ. ამისთვის 10-15 წუთი საკმარისია. მორიდებით მომაკითხავენ ხოლმე სამასწავლებლოში, მერე ერთად ვებრძვით შეცდომებს და დასწავლილ გრამატიკულ წესებს პრაქტიკულად ვაცოცხლებთ, ვიაზრებთ. მთავარია, ბავშვის ნაწერის სტილი მკვეთრად არ შევცვალოთ. ისინიც ნელ-ნელა სწავლობენ, როგორი უნდა იყოს იმ თხზულების ტონი, რომელსაც ფართო აუდიტორიისთვის წერენ. აუცილებელი პირობაა, რომ სათაური თვითონ მოიფიქრონ. სურათსაც საკუთარი ნებით არჩევენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დამოუკიდებელი არჩევნის გაკეთებას სწავლობენ. ვითომ ისეთი ხომ არაფერი, რა უნდა სურათის შერჩევას, მაგრამ დამიჯერეთ, ხშირად ესეც კი უჭირთ.

განსაკუთრებით გვიყვარს ბოლო წამები, როცა თემა აწყობილია; სათაური, სურათი -შერჩეული; გამოქვეყნების ნიშნულს რომ აჭერენ თითს და ერთმანეთს რომ ულოცავენ. ძალიან სასიხარულო მომენტია და ჩვენც ვხარობთ. შემდეგ გამოქვეყნებულ წერილს ვაზიარებთ კლასის ჯგუფში, რომელსაც კითხულობენ მშობლები, მასწავლებლები, თანაკლასელები, ჩემი მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები.

 

შედეგად

წლის ბოლოს ბლოგზე დაგროვილ წერილებს თავი მოვუყარეთ და წიგნად ავკინძეთ. ლიტერატურულ კაფეში სტუმრად მოსულ მშობლებსა და გულშემატკივრებს დავურიგეთ და ისინიც ფურცელ-ფურცელ ეცნობოდნენ პატარა ადამიანების ნააზრევს. ზაფხულის არდადეგებზე დისტანციურადაც ავტვირთეთ წერილი. ბლოგისთვის წერას კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით შევუდგებით ახალი სასწავლო წლიდან, მეტად მრავალფეროვანს გავხდით და გარკვეული დროის შემდეგ წიგნიც უფრო სქელტანიანი გახდება. სტატიის წერისას მომაფიქრდა ნასტასიას სკოლაში მოწვევა, რათა საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბროს და ტექნიკურ საკითხებშიც დაგვაკვალიანოს.

თუ წიგნის კითხვა და მასთან დაკავშირებული აქტივობები წიგნიერების დონეს ამაღლებს, ბლოგის წარმოება კიდევ ერთი გამჭოლი კომპეტენციის – მედიაწიგნიერების – განვითარებას უწყობს ხელს. მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის დახარისხებას, მოძიებას, გაზიარებას, სოციალურ სივრცეს არა მარტო გართობისთვის, არამედ თვითგანვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის იყენებენ; ამასთანავე, სწავლობენ თვითგამოხატვის საინტერესო ფორმას, რაც განუმტკიცებთ თვითრწმენას. მათი ინდივიდუალიზმიც კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. დეტალებზე დაკვირვება კი ცხოვრებას ამრავალფეროვნებს.

 

ეს ჩვენი ბლოგების მისამართია. გვესტუმრეთ!

https://stgeorgeskid.wordpress.com/

https://schoolwordpresscom832.wordpress.com/

 

 

 

 

 

 

 

 

თამაზ ჭილაძის ავტობიოგრაფია

0

რამდენჯერმე შევთავაზე ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი ირონიული თუ სკეპტიკური დამოკიდებულება ამგვარი ტექსტების მიმართ: „მემუარები რომ დაწერო, უნდა ირწმუნო შენი განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოებისათვის, ანუ შენივე სიბრიყვე!..“ ან კიდევ: „ძნელია ცხოვრების მოგონებად ქცევა. მემუარისტები ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ფანტაზიორები არიან… – ახალ სინამდვილეს ქმნი, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილს, მაგრამ, რასაკვირველია, ნამდვილი არ არის…“. თუმცა ამისთვის მაინც დიდხანს ემზადებოდა და მკითხველსაც ამზადებდა: ჩანაწერების გამოცემული და გამოსაცემად გამზადებული წიგნები, ბოლოდროინდელი ინტერვიუები, ძმის შესახებ დაწერილი „ოთართან ერთად“ – ყველგან მოსინჯა და დაზვერა საკუთარ თავთან მისასვლელი გზები. და ახლა, როცა თითოეული ჩვენგანი თამაზ ჭილაძის გვერდით გატარებული წუთების წამოკრეფას ვცდილობთ, შეგვიძლია სულ ცოტა ხნით, რამდენიმე გვერდზე თვალი მივადევნოთ მის თავგადასავალს. ცხადია, ეს რეკონსტრუქცია ავტორთან შეუთანხმებლად ხდება, მაგრამ მისი საინტერესო, მრავალფეროვანი, დრამებითა და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების გათვალისწინებით. და რაც მთავარია, ამ ამბების მთხრობელი თვითონვეა – სხვადასხვა დროსა და გარემოში…

1

ჩემი ავტობიოგრაფია სულ რამდენიმე თარიღით შეიძლება შემოიფარგლოს: დავიბადე 1931 წელს, 1954 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1956 წელს გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი „ლექსები“, 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა ჩემი პირველი მოთხრობა „გასეირნება პონის ეტლით“, 1965 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა ჩემი პირველი პიესა „აკვარიუმი“, 1992 წელს მივიღე რუსთაველის პრემია.

რადგან ვგრძნობ, რომ ავტობიოგრაფია მარტო თარიღები არ არის, ხოლო იმის გადმოცემა, რაც თარიღებს მიღმაა, ჩემს ძალას აღემატება, რამდენადაც ეს იგივეა, წიგნი დავწერო ჩემთვის არასაკმაოდ ნაცნობ ადამიანზე, ამიტომ ჩამოთვლილ თარიღებს მხოლოდ რამდენიმე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვან შტრიხს დავუმატებ, თუნდაც იმას, რომ ღმერთმა არ ისურვა, ჩემი ოჯახი შემექმნა. ამ თვალსაზრისით, მართლაც, უცნაურად აეწყო ჩემი ცხოვრება. არადა, რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ვიყავი (ამჟამადაც!), მაგრამ შეიძლება სწორედ ამის გამოც, ბოლოს მარტო აღმოვჩნდი…

 

2.

სხვათა შორის, ძალიან პატარას მახსოვს ჩემი თავი. ქუჩაში, ფეხშიშველი, პერანგისამარა ვიღაც კაცს ველაპარაკები (ჩემი ჭკუით), მერე შევიტყვე, ენა უფრო მოგვიანებით ამომიდგამს. ახლაც ფეხისგულებით მახსოვს იმ ქვების სიგრილე.

 

3.

მახსოვს, მამამ გადაწყვიტა, ოთარსა და მე მუსიკა გვესწავლა. მისაღებ გამოცდაზე გვეცვა მუქი ლურჯი ხავერდის შარვალ-ხალათი, ყელზე დიდი, თეთრი ქათქათა ბაფთები გვქონდა შებმული და, ოთახის ფინიებივით, საცოდავები ვიყავით…

 

4.

სიყმაწვილეში ხშირად მიჩხუბია, ხშირად მივდიოდი დასისხლიანებული შინ. დედა გაგებით ხვდებოდა ამ ამბავს. აბა, ხომ არ გამოიქცეოდიო? – იტყოდა ხოლმე, რაც კანონად გვექცა მეც და ოთარსაც. ძალიან მწვავე ლიტერატურულ პოლემიკაში არასოდეს მოვხვედრილვარ, თორემ ალბათ არც იქიდან გამოვიქცეოდი და მწარედაც დავიჩეჩქვებოდი.

 

5.

ბევრ ნამდვილ მწერალს შევხვედრივარ როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში და მისაუბრია მათთან და, რა თქმა უნდა, ნამდვილ გენიოსს – გალაკტიონ ტაბიძეს, რომელმაც ჩემი ლექსები განიხილა 1955 წელს, როცა მწერალთა კავშირის პოეზიის სექციის გამგე იყო.

 

6.

1964 წელი. პრაღა. დამხვდნენ ვაცლავ ჩერნი და ირჟი ზუზანეკი. ჩემი ჩეხურად ნათარგმნი წიგნი მაღაზიის ვიტრინაში დევს, ამიტომ არც ისე უცხოდ ვგრძნობ თავს. სასტუმროში პირველად იტალიელი ვეგონე პორტიეს. არა, ქართველი ვარ-მეთქი.

– ოჰო, საქართველო!

აქ საქართველო საკმაოდ კარგად იციან და სიმპათიითაც არიან განწყობილნი.

ებრაელების სასაფლაო. კაფკას საფლავი. კაფკა ასვენია მშობლებს შუა. გაყინულ მარადისობაში უფრო ადვილი აღმოჩნდა მისთვის თანაგრძნობის გაწევა, ვიდრე სიცოცხლეში. საფლავზე კენჭები აწყვია. მეც დავდე ერთი კენჭი…

 

7.

– ყველაზე დიდი მწერალი?

– რუსთაველი.

– უცხოელი?

– შექსპირი.

– თანამედროვე?

– ოთარ ჭილაძე.

– მწერლობის გარდა, რა გიყვართ?

– კლასიკური მუსიკა.

– კომპოზიტორი?

– აქაც, ვინც ნამდვილია, ყველა.

– ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი?

– ფიროსმანაშვილი.

– ნახატი?

– ბოტიჩელის „გაზაფხული“. უცებ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“ გამახსენდა, აშკარად ამ ნახატითაა შთაგონებული.

 

8.

1971 წელი. პრემიერა! დარბაზში ვერ შევედი, თითქოს იქ სასამართლოს სხდომა მიმდინარეობდა, სადაც ჩემი ბედი წყდებოდა.

სისულელეა!

ის, რაც სცენაზე ხდება, უკვე თეატრს ეკუთვნის და არა შენ.

 

9.

1975 წელი. მე და არჩილ სულაკაური ვცხოვრობთ ბიჭვინთაში, ერთ კორპუსში, ერთმანეთის მეზობლად. არც ვსვამ, არც სიგარეტს ვეწევი, არც ვმუშაობ. ერთადერთი გასართობი სათამაშო ავტომატების ატრაქციონია (შექმნილი ძირითადად ადამიანის ბნელი ინსტინქტების გათვალისწინებით). ვახურდავებთ ფულს (ეს ატრაქციონი ფულის მახეა!) და სიამოვნებით, გატაცებით ვესვრით თოფს ბულბულებს, თუთიყუშებს, ვეფხვებს, სპილოებს, ერთმანეთს ვაჯახებთ მანქანებს, ვაფეთქებთ „მფრინავ თეფშებს“, წყალქვეშა ნავის ტელესკოპიდან ვზვერავთ და მერე ტორპედოებს ვუშენთ გემებს და აღტაცებულნი ვყვირით, როცა ეკრანი წითლად ნათდება და აფეთქების ხმა გაისმის…

ნაპირზე დავხეტიალობთ, ვუყურებთ, როგორ იჭერენ თევზს ანკესებით.

არჩილმა საქართველოს რუკა იყიდა – ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური. ქვეყანა სხვადასხვა ფერით შეღებილ რაიონებადაა დაყოფილი, დაჭრილი, დანაწევრებული, დახარისხებული – როგორც ძროხის ან ცხვრის დახარისხების სქემა მზარეულთა სახელმძღვანელოებში.

 

 

10.

– ბუნების რომელი მოვლენა გიყვართ – წვიმა, ქარი, თოვლი?

– არც წვიმა, არც ქარი, არც თოვლი არ მიყვარს. მიყვარს ჩვეულებრივი წყნარი დღე, ოქტომბერში თბილისში რომ იცის.

– სპორტი გიყვართ?

– საყურებლად კი. ბევრი რამ არ არის ისეთი ნამდვილი, როგორც წარმატება სპორტში.

– რომელია თქვენთვის მთავარი სიტყვა ქართულ ენაში?

– სამშობლო!

 

 

11.

1974 წელი იყო, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ ვმსახურობდი. მაშინ ამ ჟურნალს ბევრი კითხულობდა, საზღვარგარეთიდანაც კი იწერდნენ. ერთ დღეს ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც უკვე დიდიხანია ვიცნობდი – ერთუბნელები ვიყავით, ვერელები, – რედაქციაში მერაბ კოსტავა მოიყვანა, სტატია დაწერა და მთხოვა, წამომყევიო. მაშინვე წავიკითხე. შესანიშნავი სტატია იყო, პროფესიონალი მუსიკოსის დაწერილი. მალევე დაიბეჭდა. მადლობის სათქმელად მოვიდა, უკვე მარტო. მე ვთხოვე, – სტურუამ რუსთაველის თეატრში „ღალატი“ დადგა, იქნებ ნახო და რამე დაწერო-მეთქი.

ერთი კვირის შემდეგ მართლაც კარგი რეცენზია მოიტანა, რომელიც, რასაკვირველია, მაშინვე დაიბეჭდა. რამდენიმე ხნის მერე რედაქციაში ერთი ცნობილი ორგანიზაციის წარმომადგენელი მოვიდა, ეტყობა ჟურნალ-გაზეთების თვალთვალი ჰქონდა დავალებული, მითხრა, – რას შვებით, კაცს დასაჭერად აქვს საქმე, თქვენ კი ბეჭდავთო. ჩემო ბატონო, ვუპასუხე, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს – ჩემი საქმე ბეჭდვაა, თქვენი, ეტყობა, დაჭერა-მეთქი.

 

 

12.

1980 წელი. გუშინ მომივიდა (მეორედ!) წერილი მოსკოვის გამომცემლობა „მოლოდაია გვარდიიდან“, დაბეჯითებით მთხოვენ „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების“ სერიისთვის დავწერო წიგნი რუსთაველზე. საოცარი წინადადებაა, რადგან, გარდა თავისთავადი მნიშვნელობისა, ფანტასტიკურად დაემთხვა ჩემი ბოლო სამი წლის ოცნებას – დავწერო წიგნი რუსთაველზე! მაგრამ საქმე ისაა, რომ რასაც რუსები მთავაზობენ, იმის აღსრულება შეუძლებელია, რადგან რუსთაველის ცხოვრება სრულიად უცნობია ჩვენთვის, ეს, ეტყობა, მოსკოვში არ იციან. ვერ წარმომიდგენია ამ სერიით გამოცემული, ვთქვათ, ასეთი წიგნი – „ჰომეროსის ცხოვრება“, ასევეა რუსთაველიც!..

 

13.

ნაწყვეტი მწერალთა კავშირში წარმოთქმული სიტყვიდან ამერიკელ მწერლებთან (ბობ დილანი,…) შეხვედრაზე

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩვენ პირველად არ უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ. ასეთ უცნაურ განცდას, ჩემი აზრით, თავისი მიზეზი აქვს, ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ჩვენში კარგად იცნობენ და ღრმად აღიქვამენ ამერიკულ ლიტერატურას, რომელიც, თავიდანვე ვიტყვი, ჩვენთვის მახლობელი გახდა მხატვრული აზროვნების ისეთი კორიფეების წყალობით, როგორებიც არიან: უიტმენი, დიკინსონი, მარკ ტვენი, ფოლკნერი… ეს ბრწყინვალე მხატვრები ჩვენს წარმოდგენაში ქმნიან იმ სამყაროს, რომელიც ძალიან გასხვავდება ჩვენი საკუთარი სამყაროსგან და, ამავე დროს, ძალიან მოგვაგონებს კიდეც მას და იმასაც გვახსენებს, რომ ლიტერატურის მთავარი მიზანი მსოფლიოს ყველა  მწერლისთვის საერთოა და ეს გახლავთ გაგება და მხარდაჭერა ადამიანისა… (1982 წ.)

 

ერთხელ წიგნი ვაჩუქე, წიგნებს ხშირად ვჩუქნიდით ერთმანეთს, არ ვგულისხმობ ჩვენს წიგნებს, ეს თავისთავად. მაშინ ძალიან ძნელი იყო კარგი წიგნის შოვნა. სად არ ვეძებდით, ვის არ ვთხოვდით, რა ფასად არ გვიჯდებოდა სასურველი წიგნი. რატომღაც მომინდა, წიგნზე რამე წამეწერა და წავაწერე კიდეც: დიდ ძმას უფროსი ძმისაგან!

– ეს რა არისო? – მკითხა ღიმილით.

– არაფერი, სიტყვების თამაშია-მეთქი.

არადა, თამაში კი არა, სინამდვილე იყო. მაშინ პირველად გამოვთქვი და ვაღიარე ის, რასაც დიდი ხანია ვგრძნობდი და დიდი ხანია ვფიქრობდი. ალბათ მისივე პირველი ლექსების წაკითხვის შემდეგ.

 

15.

1986 წელი. მწერალთა საკავშირო ყრილობაზე რუსმა მწერალმა ვალენტინ რასპუტინმა შეურაცხყო ქართველი ხალხი. ქართველმა მწერლებმა დავტოვეთ დარბაზი, დარჩა მხოლოდ ერთი მწერალი…

 

16.

1990 წელი. 12 აპრილიდან 19 აპრილამდე ვიყავი საფრანგეთში.

თვითმფრინავში (მოსკოვი-პარიზი) შემთხვევით შევხვდი და ვესაუბრე პიტერ ბრუკს…

პარიზში წელკავმა გამაშეშა. კაფეში ვიჯექი და ღვთისმშობლის ტაძარს შევცქეროდი.

ეიფელის კოშკთან თითქმის ხელით გადმომიყვანეს მანქანიდან (იქ მყოფთ არაბი ემირი ვეგონე!). ძალიან ციოდა.

არც ერთ სხვა ქვეყანასთან იმდენი საერთო არა გვაქვს, ისეთი სულიერი ნათესაობა არ გვაკავშირებს, როგორიც საფრანგეთთან.

ყველაფერზე მეტად მომეწონა ხალხი!

ასეთ ხალხს უნდა ჰქონდეს სწორედ ასეთი ქვეყანა.

ეს მაგალითია იმისა (თუ ჭკუის სასწავლი არა!), რომ ხალხმა თვითონ უნდა შექმნას არამარტო თავისი საცხოვრისი, არამედ ცხოვრების პირობები!

უპირველეს ყოვლისა – თავისუფლება!

 

 

17.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ცხოვრებაში არავისი უფროსი არ ვყოფილვარ, ოთარისა და თინას გარდა, ისიც მხოლოდ ასაკის გამო.

 

18.

– შეყვარებული თუ ყოფილხართ?

– ბევრჯერ!

– რას ნიშნავს „ბევრჯერ“? მაინც რამდენჯერ?

– არ ვიცი, არ დამითვლია.

– რამდენი წლის იყავით, პირველად რომ შეგიყვარდათ?

– ყველა სიყვარული პირველია. მათი დანომრვა არ შეიძლება. ექვსი წლის ვიყავი. საბავშვო ბაღში მიყვარდა ჩემი ტოლი გოგო, თანაც სერიოზულად, ანუ უიმედოდ.

 

 

19.

ოოო, ეს ჩემთვის მეტად ძვირფასი ფოტოა, როცა ვუყურებ, რატომღაც ბიჭვინთა მახსენდება. აი, ისევ ბიჭვინთა! ზოგჯერ შუაღამისას, ჩემი მორიგი, ტროპიკული წვიმების პერიოდივით გაუთავებელი უძილობის ჟამს, მოულოდნელად მომელანდება ხოლმე ბიჭვინთის სანაპირო და, გაგიკვირდება, მე კი არა, ჩემი მეორე მე გადის ხოლმე სანაპიროზე და სიბნელეში დანთქმულ ზღვას ესაუბრება.

უცნაურია, ბიჭვინთის მზე, თითქოს ღმერთის მიერ გარკვეულ ტემპერატურაზეა დაყენებული, ადამიანურ ტემპერატურაზე, თითქოს შენი არსების ნაწილი ხდება, რაღაც უცნაური, შენთვისაც გაურკვეველი, სიხარულში გაზავებული ვიღაცის მოლოდინი და ამ შემთხვევაში ის ვიღაცა ამ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა აღმოჩნდა. მას მერე დიდმა ხანმა გაიარა, ეს ფოტო ამ თაროზე უკვე ოცდაათი წელია რაც დევს, სამართლიანად დაიმსახურა, სურათიდან ჩვენებად გადაქცეულიყო, რომელიც ჩემს ბინაში ჩასახლდა, მართალია, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ შეუძლია ილუზია შექმნას სინამდვილისა, თითქოს დრო არ არსებობს, ყველაფერი ახლა, ამ წუთას იწყება და უსასრულოდ გრძელდება… მართალია, სიბერე გახსენების დროა, მაგრამ მაინც არ შეიძლება მოიგონო ის, რაც არასოდეს დაგვიწყებია. იმიტომ კი არა, რომ შენ არ გინდა დაივიწყო, არამედ საერთოდ შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც დღესაც ისევე გაღელვებს თუ გამშვიდებს, ისევე გიჩენს იმედს, რომ ცოტა ხანს კიდევ იყო ამქვეყნად (მხოლოდ ქალს შეუძლია ეს იმედი გაგიჩინოს!).

 

20.

ვერაფრით ვეგუები ჩემს ასაკს, მზარავს ციფრების დაუნდობლობა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემში, ჩემი არსების სიღრმეში, სადაც ჩემი მეორე, ანუ მთავარი „მე“ ცხოვრობს, არაფერი იცვლება, ისევ ის ამინდი დგას, როგორიც იდგა ათი, ოცი, ორმოცდაათი წლის წინ…

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თამაზ ჭილაძე – „ოთართან ერთად“, 2011.
  2. თამაზ ჭილაძე – „ოწინარი“ (ჩანაწერები), 2012.
  3. თამაზ ჭილაძე – „დრო და არითმეტიკა“ (საუბარი ზვიად კვარაცხელიასთან), 2016.
  4. თამაზ ჭილაძე – „არაფრისგან – ყველაფერი“ (საუბარი ზვიად კვარაცხელიასთან), 2018.
  5. „თან საკითხავი 79 ამბავი მერაბ კოსტავაზე“, 2018.

ოცდაჩვიდმეტი

0

კარგა ხანს სტალინსა და მის ეპოქაზე საუბარს თავს ვარიდებდი, არც გაგონება და არც ხსენება აღარ მინდოდა მისი სახელის, ვისმა უზარმაზარმა პორტრეტებმაც, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას შემოდგმულმა ბიუსტებმაც ბავშვობაშივე დამზაფრა. გორში, დიდი სუფრა იქნებოდა თუ მცირე, ცამდე უნდა აეყვანათ, ჩერჩილის, რუზველტისა და სხვა ასეთივე ავტორიტეტების გამონათქვამები უნდა მოეხმოთ ბრმა სიყვარულისა თუ სულაც ახირების გასამართლებლად. ვინ იცის, საიდან მოტანილი ეს ფრაზები საზეპიროებივით ჰქონდათ ნასწავლი. ოღონდ ბოლოს მაინც გაისმოდა არცთუ თავდაჯერებით ნათქვამი: „რაც ოცდაჩვიდმეტში მოხდა…“ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევშიც ამართლებდნენ, თუმცა უკვე ნაკლები შემართებით.

რა მოხდა ოცდაჩვიდმეტში? – ვკითხე დედაჩემს და სულ სხვა მხრიდან დანახული სხვა ამბავი მოვისმინე. თავზარდამცემი. გამანადგურებელი.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, საბჭოთა რეპრესიების ხანაზეც ითქვა და დაიწერა. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ შესანიშნავი გამოცემები მოამზადა – დოკუმენტური მასალით, ზეპირი ისტორიებით. კინო, თეატრი, ლიტერატურა კი ერთგვრად ზარმაცი დამკვირვებლის როლში დარჩა – ფაქტები ფაქტებად მიიღო, თუმცა მათზე რაიმე არსებითის დაშენება არც უცდია. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი 16 სექტემბრამდე, სანამ სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძის ახალ სპექტაკლს ვნახავდი. „ვეფხვი და ლომი“, რომლის ტექსტიც დავით გაბუნიამ დაწერა, ბადენის სახელმწიფო თეატრის, სამეფო უბნის თეატრისა და გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის ერთობლივი ნაწარმოებია. სპექტაკლის პრემიერა კარლსრუეში, ბადენის სახელმწიფო თეატრში, 2018 წლის მაისში შედგა.

როგორ უნდა ილაპარაკო წარსულზე? როგორ უნდა იქცეს სცენა იმ ადგილად, სადაც გარდასულ დღეთა დრამაც გათამაშდება და დაწყებული შემზარავი ამბის თხრობაც ისე გაგრძელდება, რომ მაყურებელი წამითაც ვერ მოდუნდეს? აქვთ სიტყვებს იმდენი ძალა, რომ გადაფარონ მთავარი გმირების სახეები, სხეულები, მოქმედებები? ამ სპექტაკლში სიტყვები თითქმის ყველაფერია, შენ კი – მეორე რიგის მეთერთმეტე სკამზე – იმდენადვე ხარ მსმენელი, რამდენადაც მაყურებელი. რაც გესმის – დახვეწილი, ბრწყინვალე ტექსტის ნაწყვეტებია, რომლებიც რომელიღაც უხილავ განზომილებაში ერთიანდება. ცდილობ, წარმოსახვით შექმნა ეს განზომილება, მისი ჩრდილი მაინც.

„გასაგებია. თქვა და თვალები დახარა. დააკვირდით, როგორი მძლავრი იარაღია თვალების დახრა, უსიტყვო და სრულ კაპიტულაციას ჰგავს. კაპიტულაცია არის სიტყვა. თვალები დახარა, ოდნავ გვერდით გაიხედა და მორჩა, მაშინვე დაიჯერეს, რომ ყველა კითხვა თავიდან ამოიგდო. ახლა, ამ წამს – ყველა მოლოდინის პირისპირ, ყველა მსმენელის მიუხედავად, ერთადერთი უფლება აქვს, დუმილის უფლება, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს. დუმილი არის სიტყვა“ („ვეფხვი და ლომი“, დავით გაბუნია).   

სცენიდან თანდათან გიმხელენ, რომ ყველაფერი სიტყვაა: დაბნეულობაც, სირცხვილიც, შიშიც, მიწაც, სხეულიც, ქორწილიც, ომიც, დავიწყებაც… ჩამონათვალს თვითნებურად აგრძელებ სპექტაკლის დამთავრებამდე და დამთავრების შემდეგაც. ისეთი განცდაა, თითქოს ეს არასდროს დასრულდება – რაღაც ისეთი გასწავლეს, რაც ყოველთვის დაგეხმარება, აუტანელი სიმძიმისთვის თვალის გასწორების ძალას მოგცემს. სიტყვებით თავბრუსხვევა. მეორე მხრივ, არანაკლებ ზემოქმედებას ახდენს ის, რასაც სცენაზე ხედავ – რეჟისორის, მხატვრის, მსახიობების ბრწყინვალე ნამუშევარი. დარბაზიდან გამოსვლისას გავიფიქრე, თუ რამეს შეიძლება დაერქვას წარმატება, დღეს, საქართველოში, და ასევე სხვაგან, სხვა ქვეყანაში, პირველ რიგში, ამ სპექტაკლს-მეთქი. სტალინის ეპოქაზე, ოცდაჩვიდმეტ წელზე, უმოწყალო რეპრესიებზე, მწერლის პოზიციაზე ასე უნდა ისაუბრო – შენი ამოცანისა და პასუხისმგებლობის ბოლომდე გაცნობიერებით, დიდი ოსტატობით.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირები ფიქციურობის ნიშნებს ატარებენ, მათ საიდანღაც ვცნობთ, დიალოგებსა თუ მონოლოგებში ნაცნობ ფრაზებს ვაწყდებით – წარსულის ნაწილი ამ გზითაც იბრუნებს წუთიერ სიცოცხლეს. სახელგანთქმული მწერლების გვარებიც გვესმის, უმთავრესად ისეთ კონტექსტში, რომელსაც სიამოვნებით შევცვლიდით. საყოველთაო გაოგნება და დაბნეულობაა. იჭერენ, ხვრეტენ, ასახლებენ, მაგრამ მაინც ძნელი დასაჯერებელია, რომ რამდენიმე წუთიც და მორიგი მსხვერპლი სწორედ შენ გახდები. გონება ჯიუტად უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ მაჩაბლის 13-ში, მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს  პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა და ეს შემზარავი ხმა საკუთარი ყურით გაიგონე.

„ვეფხვი და ლომი“ წარსულის ამბავს შესაშური სიზუსტით ჰყვება, მაგრამ ამასთანავე სივრცესაც ტოვებს მათთვის, ვისაც ნანახთან და გაგონილთან მრავალჯერ მიბრუნება, ცარიელი ადგილების ფანტაზიით შევსება სჩვევია. დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა იმ მოზარდებზეც, ბევრი არაფერი რომ იციან გასული საუკუნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და შეიძლება ისე გაიზარდონ, ისე შეუდგნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, წარმოდგენა არ ჰქონდეთ გამოვლილ გზაზე – იმ ქვეყნის წარსულზე, რომლის აწმყოც მათ ხელში იქნება.

ეფექტური სასწავლო პროცესის შექმნის ძირითადი ასპექტები    – თანამშრომლობა

0

(ნაწილი მეორე)

თანამშრომლობა განათლების, და მით უფრო, ჩართულობის განათლების  მნიშვნელოვან საფუძვლად და წინაპირობად მოიაზრება იმდენად, რამდენადაც   ავითარებს სოციალურ და სხვა აუცილებელ უნარებს, დამოკიდებულებებს, ფასეულობებს. მიჩნეულია, რომ თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი პროფესიული მახასიათებელია. ამდენადაცაა, რომ  მასწავლებლის კომპეტენციის განხილვისას განათლების თეორიებში ყურადღება მხოლოდ ცოდნაზე არ მახვილდება.

კვლევითი მიზნებით, კარლ ბრისკომ და ჯოსეფ პეტერსმა მასწავლებლები სხვადასხვა სკოლებიდან ორკაციან ჯგუფებად დააწყვილეს. საკვლევი ამოცანის თანახმად, ახალი ცოდნა უნდა მიბმოდა უკვე არსებულს და არ უნდა წარმოქმნილიყო ცარიელ ადგილზე, ამავდროულად, უნდა გაზიარებულიყო[1]. მასწავლებელებს უნდა შეეთანხმებინათ და გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის უკვე არსებული გამოცდილება, ემუშავათ წყვილში და  მიეღოთ რაიმე ახალი ცოდნა. ერთ-ერთ სამუშაო იდეად მკვლევარებმა მასწავლებლებს შესთავაზეს SCL (მოსწავლეების თვითრეგულირებით სწავლის განვითარება) მეთოდის[2] გამოყენება თავიანთ მოსწავლეებთან, რის შემდეგაც მასწავლებლები ახალი მეთოდის გამოყენების შედეგებს განიხილავდნენ, შეიმუშავებდნენ რეკომენდაციებს და ჯგუფურად მიიღებდნენ უკუკავშირს.

მასწავლებლებს უნდა ემუშავათ ჯგუფებში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც თავს იჩენდა სწავლების პრაქტიკის დროს. მონაცემების შეგროვება მოხდებოდა 1 თვის შემდეგ, საერთო შეკრებისა და რეფლექსიის დროს. მკვლევარი ამ პროცესში დამოუკიდებელი მაყურებელი იყო. კვლევა ორიენტირებული იყო მეცნიერების (მეცნიერულ მიდგომისა და კვლევითი)  სწავლების პრაქტიკის დანეგვაზე სკოლის სასწავლო კურიკულუმში.

კვლევის ეტაპებზე წარმოშობილი სირთულეების მიხედვით გამოიკვეთა, რომ მასწავლებლებს არ ჰქონდათ სათანადო ცოდნა და პრაქტიკა, თუმცა ამ მეთოდის დანერგვის აუცილებლობის გაგებაში დაეხმარათ თანამშრომლობა, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მომენტს წარმოადგენს. კოლაბორაციის მეშვეობით მასწავლებლებმა არ იგრძნეს თავი მარტო არსებულ სირთულეებთან, რადგან ჰქონდათ საშუალება, დაესვათ კითხვები და ერთობლივად მიეღოთ  პასუხები. პარტნიორის არსებობა მასწავლებლებს საშუალებას აძლევდათ  გაერისკათ, გამოეყენებინათ ახალი მეთოდები და გამოცდილება. მიმდინარე პრობლემების გადაჭრასა და მუშაობის გაგრძელებაში მათ ასევე ეხმარებოდათ ერთობლივი რეფლექსია, რომელსაც თვის ბოლოს აწარმოებდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლობა აუცილებელი ფაქტორია მუშაობისას, როგორც თავდაჯერებულობის შესაძენად, ასევე, პრობლემების გადაჭრის ახლებული გზების საძიებლად.

 

თანამშრომლობა და სინერგია

თანამშრომლობის ეფექტი გამოიხატება მის სინერგეტიკულობაში. ნატურალისტურ სამყაროში სინერგიის ფენომენს ყველგან ვაწყდებით. ქიმიაში სინერგიის პოპულარულ მაგალითად წყალბადის  და ჯანგბადის ატომებისაგან შემდგარ წყლის მოლეკულას განიხილავენ. ასევეა ფიზიკაში – ელემენტარული ნაწილაკები (კუარკები) პროტონებისა  და ნეირონების თანამშრომლობის შედეგად მოქმედებენ;  თანამშრომლობენ გენები და გენომები, ბაქტერიული მწკრივები, ფუტკრის ნაყარი კოლონები, მგლებისა თუ ადამიანთა საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელთა წევრებს, ცალ-ცალკე ვერ ძალუძთ შექმნან პროდუქტის ისეთი ელემენტები, რომლებიც საკუთრივ მოაიზრებს არა ერთ ან ორ ადამიანს, არამედ ჯგუფს,   რომელიც ქმნის სასარგებლო და ხელმისაწვდომ საშუალებებს, დოკუმენტაციას, პოლიტიკას – ყველაფერს, რაც სისტემაზე დაფუძნებული შედეგის მისაღწევადაა საჭირო და რომლის ღირებულების ხარისხს შემადგენელთა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ხარისხი და ჯგუფური კოჰეზია (შეთანხმებითი კავშირი) განაპირობებს. შესაბამისად, სინერგიული მიკროორგანიზმებისგან შექმნილი მაკროორგანიზმი მყარ, გამძლე და მდგრად სხეულად იქცევა და მისი დაშლა-დაქუცმაცება ურთულესი და, ზოგჯერ, შეუძლებელი ამოცანაა.

 

თანამშრომლობითი პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობა სკოლაში

განათლების ფსიქოლოგების მოსაზრებით, თანამშრომლური ჯგუფები და თანამშრომლური მუშაობის მოდელები დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეებში თანაგრძნობის, პატივისცემის, ტოლერანტობის, მეგობრობის, ნდობის, ემპათიის მაჩვენებლების ზრდაზე ორგანიზაციულ სტატისტიკაში[3]. შარლეტ დანიელსონის შეფასების ჩარჩოში ცალკე კომპონენტად გვხვდება კოლეგებთან კომუნიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის შეფასებისას მოაზრებულია მასზე დაკვირვება უშუალოდ ამ მიმართულებითაც, თუ რამდენად გააზრებული აქვს თანამშრომლობითი ასპექტების უპირატესობა [Danielson 2013], ამდენად მიჩნეულია, რომ  თანამშრომლობა რაციონალური არჩევანია. თანამშრომლებთან ურთიერთობა, როგორც პროფესიონალიზმის მაჩვენებელი და გამომხატველი ეფექტური სტრატეგია, საფეხურეობრივი ფუნქციურობით, გაწერილია „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში“[4]. თანამშრომლობითი პრინციპების გათვალისწინებაზე, როგორც პროფესიულ ვალდებულებაზე, მიუთითებს სხვა უამრავი დოკუმენტიც: „კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“, პროფესიული და ეთიკის კოდექსები, შიდასასკოლო და ეროვნული საკანონმდებლო აქტები და სხვა. თანამშრომლობის მოთხოვნას აყენებენ საერთაშორისო დოკუმენტები ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. მაგალითისთვის: როდესაც მოსწავლეს აქვს გარკვეული საგანმანათლებლო პრობლემები, მასწავლებელი ვალდებულია აქტიურად ითანამშრომლოს კოლეგებთან, იკვლიოს არსებული სიტუაცია და დააკვირდეს, მოსწავლეს ერთი საგნის ფარგლებში შეთავაზებული მასალის დაძლევა უჭირს მხოლოდ თუ სხვა საგნების შემთხვევაშიც იკვეთება მსგავსი პრობლემები. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაირღვეს მოსწავლის უფლებები და არ იქნას გამოტანილი ზედაპირული დასკვნები. მოქმედებების ასეთი თანამიმდევრულობის შემდეგ, მასწავლებლის გადაწყვეტილებები აღარ იქნება ერთპიროვნული,  მიკერძოებული, სუბიექტური და რეალურად მოსწავლის დახმარებაზე იქნება მიმართული.

ცალსახად მნიშვნელოვანია, მასწავლებელი მუდმივად მუშაობდეს საკუთარ თავზე, იყოს შინაგანად მოწოდებული, ეძიოს სიახლეები და გაიუმჯობესოს საკუთარი პრაქტიკა, რადგან თანამედროვე განათლება მაქსიმალურად გადართულია რეფლექსური ტენდენციების დანერგვაზე. „მასწავლებლები, რომლებიც  საკუთარი თვითშეფასების შედეგებს ხედავენ, ნაკლებად აქვთ ზედმეტად მაღალი ან, ზედმეტად დაბალი თვითშეფასებისკენ მიდრეკილება, რეალურად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და გეგმავენ ქმედით აქტივობებს საკუთარი სუსტი მხარის გასაუმჯობესებლად[5], რაც, თავის მხრივ, პოზიტიურ გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე“ [ლობჟანიძე 2016]. თუმცა, მხოლოდ ინდივიდუალური სიძლიერე საკმარისი არ არის პიროვნული და პროფესიული  განვითარებისთვის. პროფესიული საქმიანობა მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაგროვებასთან ერთად ცოდნის გაზიარებას, აზრთა გაცვლა-გამოცვლასაც გულისხმობს. შედეგების გაუმჯობესებისა და ზოგადად, სასწავლო პროცესის ეფექტურად მართვისათვის ახალბედა მასწავლებლებს განსაკუთრებით სჭირდებათ ამგვარი დახმარება.  პროფესიული გუნდის ერთიანობა ხელს უწყობს ჯანსაღი კომუნიკაციის წარმოებას და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნასაც. ეს მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის მარტივი მიზეზის გამო – ბირთვი ხდება შეკრული და ძლიერი, გამოხატავენ ურთიერთპატივისცემას, უკეთესად უსმენენ ერთმანეთს. ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, სასკოლო დაწესებულებაში, მოსწავლეები განვითარების ყველაზე სენსიტიურ პერიოდს ატარებენ და აქ ისინი არ უნდა განიცდიდნენ ფსიქო-ემოციური, ფიზიკური, ან მორალური თვალსაზრისით რაიმე სახის დისკომფორტს, თუნდაც ისეთს, რომელიც მათ უშუალოდ არ ეხებათ.

სოციალური დასწავლის თეორიაზე დაყრდნობით, თანამშრომლობითი საქმიანობა შეიძლება ჩავთვალოთ სავალდებულო პროფესიულ წესად. ალბერტ ბანდურას თანახმად, მოსწავლეებისთვის მასწავლებელი სოციალურ მოდელს წარმოადგენს. მან მოზარდებს, პირველ რიგში, პირადი მაგალითით უნდა ასწავლოს. შესაბამისად, თუ პედაგოგს ამ მხრივ თავად აქვს პრობლემები, არ შეუძლია ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება, კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება-გაცემა, რთულია მან მოსწავლეს გამოუმუშაოს თანამშრომლობითი დამოკიდებულება და ასწავლოს წყვილებში, ჯგუფური მუშაობა, სხვისი დახმარება, თანამშრომლობითი მიდგომები, გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად. ასეთი მასწავლებელი მოსწავლეს ვერ უჩვენებს და გააზრებინებს, რომ „კარგ მოსწავლეებსაც შეუძლიათ ითხოვონ დახმარება“, რაც სულაც არ არის სასირცხვილო ქმედება.

ბოლო წლებში მკვლევრები ბევრად აქტიურად საუბრობენ მასწავლებელთა თანამშრომლობის გავლენაზე მოსწავლეთა მიღწევებსა და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე. თანამშრომლობითი საქმიანობა მოიცავს სწავლების ყველა ასპექტს, მათ შორის: დაგეგმვას, გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრას. ყოველივე იწვევს კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზიარებას პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის [Killion, 2012]. გარდა ამისა, სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა [TALIS, 2015] მასწავლებელთა საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტად კოლეგებს შორის თანამშრომლობას ასახელებს. ამის ფონზე, TALIS-ის კვლევის 2015 წლის ეროვნული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მასწავლებლების ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ მათ მიერ გავლილი პროფესიული განვითარების აქტივობებიდან “არცერთი” ან “ზოგიერთი” იყენებდა პროფესიული განვითარების თანამედროვე მიდგომებს, მაგალითად თანამშრომლობით სასწავლო აქტივობებს, კვლევაში ჩართულობას, გრძელვადიან პროექტებს, აქტიური სწავლების მეთოდებს[6].

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ფოკუსი აქტიურ სწავლა-სწავლების  ფუნდამენტურ მეთოდიკად მიიჩნევს „კეთებით სწავლას“. ამგვარი, პროექტზე დაფუძნებული სწავლის (PBL) მოდელები ხელს უწყობს ცოდნის ტრანსფერს რეალურ სამყაროში და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბების საფუძველია. აღნიშნული სისტემის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მასწავლებელი ფლობდეს სასწავლო გარემოში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს, რაც მოითხოვს გამოცდილების გაზიარებისთვის მზაობას და არ მიიღწევა მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობის შედეგად. ამისთვის მნიშვნელოვანია დაიგეგმოს და აიგოს თანამშრომლობითი გარემოს სტრუქტურა. „მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებაში“ ვგულისხმობთ აღნიშნული პროცესების მდგრადი და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას, მათ თანმიმდევრულ განხორციელებას და კონკრეტული სამოქმედო ინსტრუმენტით, PBL-ით მხარდაჭერას. სხვადასხვა ქვეყნის კვლევები ცხადყოფს, რომ განათლების სისტემაში მზარდი ინვესტიციების ჩადება, მასწავლებელთა ხელფასების გაზრდა, სასწავლო კურიკულუმების მოდიფიცირება – საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაცია გახდეს დამაკმაყოფილებელი და პირდაპირპროპორციული იყოს მოსწავლის დადებით აკადემიურ შედეგთან[7]. უმთავრესად მნიშვნელოვანია, სასკოლო ბაზაზე დაინერგოს კონკრეტული, სამოქმედო ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების მრავალფეროვან მიდგომებს და მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

 

თანამშრომლობის მოდელები

ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით ყოველდღიურ საგაკვეთილო ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დაინერგოს თანამშრომლობის შემდეგი მოდელები:

  • ინტეგრირებული გაკვეთილები
  • კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი[8]
  • ურთიერთდასწრება და უკუკავშირი
  • როლების გაცვლა
  • რესურსების ერთობლივად შექმნა
  • ურთიერთსწავლება
  • რეფლექსიების წარმოება და ერთობლივი განხილვა
  • საგნობრივი შეხვედრები

ნებისმიერი მოდელის არჩევისას, გააჩნია მიზანს, სავარაუდო ინტენსივობასა და ჩართული მხარეების ინტერესს.

ასევე გამოყოფენ კოლაბორაციისა და კოლეგიალობის მოდელებს. თუმცა სკოლაში ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებისთვის ორივე ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. კოლაბორაცია გულისხმობს ერთად მუშაობას, ხოლო კოლეგიალობა –დამოკიდებულებებს მასწავლებელთა შორის [Kelchermans 2006].  ამ ორი ცნების გაერთიანება ქმნის მნიშვნელოვან სამუშაო პირობებს მასწავლებლებისთვის. მათი შერწყმით შეგვიძლია მივიღოთ:

  • თავდაჯერების ამაღლება და მორალური მხარდაჭერა;
  • სწავლების ეფექტურობის გაზრდა
  • საზღვრებისა და დაბრკოლებების შემცირება პრაქტიკაში
  • რეფლექსიური პრაქტიკის განვითარება
  • მასწავლებელთა შემდგომი განათლების პოპულარიზაცია, რაც ემსახურება სკოლის გაუმჯობესებას.

 

თანამშრომლობის მართვა

კვლევებით იკვეთება, რომ მასწავლებელთა კოლაბორაცია არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ პირად გადაწყვეტილებაზე – ითანამშრომლებს თუ არა სხვა მასწავლებელთან – ეს პროცესი უნდა დაგეგმოს და მართოს სკოლის ადმინისტრაციამ. სკოლების მაგალითზე თანამშრომლობითი ტრადიციები მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რადგან ერთიანობით მასწავლებლებს რუტინული რეჟიმის იოლად დაძლევა, რთული და მოსაბეზრებელი ვითარებების გაუმჯობესება და პოზიტიურად გარდაქმნა შეუძლიათ. ეს, საერთო ჯამში, პროფესიულ ბირთვსაც უმაღლებს მოტივაციას, ორგანიზაციულ კლიმატსაც აუმჯობესებს და მნიშვნელოვანია სკოლის კლიმატისა და ორგანიზაციული ეფექტურობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის [რობინსი და ჯაჯი 2009];

თანამშრომლობის სტიმულაციისთვის სახელდება შემდეგი აქტივობები: ა) მასწავლებლების პირისპირ შეხვედრები  და მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე, რეფლექსია;  ბ) კონკრეტულ თემატიკაზე ჯგუფური მუშაობა. მაგალითად, მასწავლებლები კითხულობენ ერთ წიგნს პრაქტიკასთან დაკავშირებით და შემდეგ უზიარებენ   ერთმანეთს, თუ რა გაიგეს.

მკვლევრები ადმინისტრაციას  სთავაზობენ ონლაინ  გამოკითხვის მეთოდს, რომელიც   ანონიმურია. მასწავლებლები მისი საშუალებით ირჩევენ და აფასებენ კოლეგებს, აფასებენ თანამშრომლობის ხარისხს. ეს ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს,  იყოს მუდმივად ჩართული  და გააუმჯობესოს პრობლემური მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ იკვეთება ადმინისტრაციის აქტიური როლი მასწავლებელთა თანამშრომლობის, როგორც მუდმივად მიმდინარე პროცესის წასახალისებლად და დასარეგულირებლად.

ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლების ჩართვა სკოლაში მიმდინარე ყველა საკითხში და მათი დამოკიდებულებების გააზრება. ეს არის პასუხისმგებლობების გადანაწილების ფორმა, როდესაც იზრდება და ხდება მუშა კატეგორიის მნიშვნელობის           აღიარება. რანგობრივად დაბალი რგოლის წარმომადგენლებისთვის ამგვარი დამოკიდებულება იწვევს მოტივაციის ზრდასა და დამოკიდებულების პოზიტიურად შეცვლას; უჩნდებათ ორგანიზაციული მიკუთვნებულობის გრძნობა და სურვილი, იყვნენ განსაკუთრებულები და ამით გამორჩეული გახადონ საკუთარი სამუშაო სივრცეც [Bolman and Deal 1991].

რადგან თანამშრომლობა ხელს უწყობს არამარტო მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, არამედ მოსწავლეთა შედეგების გაუჯობესებას, ამიტომ პირდაპირ უნდა შედიოდეს ადმინისტრაციის ინტერესებში საერთო პროდუქტიულობის მისაღწევად და ეფექტური სასწავლო გარემოს შექნის მიზნით.

 

სასარგებლო ელ-რესურსები:

  1. https://giorgilomouri.files.wordpress.com/2017/02/e183a1e18390e1839be18390e18392e18398e183a1e183a2e183a0e1839d-e1839ce18390e183a8e183a0e1839de1839be18398-e18392e18398e1839de183a01.pdf
  2. https://iliauni.edu.ge/uploads/other/39/39263.pdf
  3. https://mastsavlebeli.ge/?p=2517

 

[1] Briscoe & Peters 1997 იხ. (2)ელრესურში.

[2][2]  მეთოდი ეკუთვნის ბუტლერს [Butler 2004].

[3] ვულფოლკი 2009

[4] იხ. სქემის გზამკვლევი

[5] The European Profiling Grid – a User Guide 2011

[6] შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, TALIS 2015

[7] John W.Thomas, Ph.D March, 2000.

[8] https://mastsavlebeli.ge/?p=2517

გაზეთის სვეტში ასახული და ნეკროლოგში ვერასახული ადამიანის ცხოვრება

0

ოთარ ჭილაძის შემოქმედებაზე და, კონკრეტულად ერთ მის პოემაზე „ადამიანი გაზეთის სვეტში“, ბევრი უსაუბრიათ და ბევრიც დაუწერიათ, მაგრამ სასაუბროც და დასაწერიც კიდევ ბევრი დარჩა. ამ პოემას კითხულობენ და აანალიზებენ, მაგრამ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მისი დაწერის თარიღს. გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, ნაწარმოები 1963 წლით თარიღდება. ეროვნულ გამოცდებზე უცხო ტექსტს მიწერილი აქვს ხოლმე მისი შექმნის დრო, რადგანაც ხშირ შემთხვევაში მითითებული წელი ეხმარება მკითხველს, ამოიცნოს ისტორიული კონტექსტი. ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, რომ არ დაავიწყდეთ ეს ფაქტორი და, თუკი შესაძლებელი იქნება, გაითვალისწინონ ლექსის თუ პროზაული ამონარიდის გარჩევის პროცესში.

ერთხელ გაკვეთილზე ოთარ ჭილაძის ზემოთ ნახსენები პოემა შევიტანე საანალიზოდ. ცხადია, დარიგებისამებრ, ტექსტის თარიღსაც შევხედეთ. 1963 წელი – თითქოს ეს წელი ბევრს არაფერს გვეუბნება. მაგრამ, როგორც კი დავინტერესდებით, გავერკვეთ იმ ამბავში, რომელიც პოემას თავში აქვს დართული და გაზეთებიდან ამონარიდს წარმოადგენს, ძალიან საინტერესო აღმოჩენის მომსწრენი გავხდებით. ამერიკელმა ჯარისკაცმა არ ისურვა პატრიოტი პანამელი დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღი გამოეყენებინა. კრუს ხიმენესი, დაუმორჩილებელი დამსჯელი მოკლეს თავისიანებმა. საქმე ისაა, რომ 1963 წელი არაფრით არ იყო გამორჩეული პანამელი ხალხისთვის. ოთარ ჭილაძეს რომც ეწინასწარმეტყველებინა ის გამოსვლები, რომელთაც ადგილი ჰქონდა 1964 წლის იანვარში, ის ვერ მოიგონებდა იმ ადამიანის სახელს და გვარს (კრუს ხიმენესის), რომელმაც მართლაც მონაწილეობა მიიღო მშვიდობიანი მომიტინგეების სადამსჯელო ოპერაციაში. ამბავი, რომელიც პოემის კონტექსტს წარმოადგენს, არა 1963, არამედ მოგვიანებით, 1964 წელს მოხდა. მაგრამ ეს არაა მთავარი.

საქმე ისაა, რომ გაკვეთილზე გადავწყვიტეთ დაგვეგუგლა და მოგვეძიებინა, რას, რომელ პოლიტიკურ მოვლენას უკავშირდებოდა პანამის გამოსვლები. აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, პანამის არხის სახმელეთო ზოლი, რომელსაც პანამის ზონას უწოდებენ, ხოლო იქ მცხოვრებ მოსახლეობას  – ზონელებს (სხვათა შორის, სენატორი მაკ კეინიც ზონელი ყოფილა), ათწლეულების მანძილზე ფორმალურად ნეიტრალური ტერიტორია იყო. მას შემდეგ, რაც პანამა კოლუმბიას გამოეყო (აღიარების სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ქვეყნისთვის ერთჯერადად 10 მილიონი დოლარი და ყოველწლიურად  250000 დოლარი უნდა გადაეხადა), პანამის არხის სახმელეთო ზონაზე კონტროლისთვის აშშ-ს პანამისთვის ყოველწლიურად 10 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. ზონაზე ამერიკის სუვერენიტეტი ვრცელდებოდა და ძირითადი შემოსავალიც ამ ქვეყანას რჩებოდა. მოვლენები გამწვავდა მეორე მსოფლიო ომის, ხოლო სუეცის კრიზისის შემდეგ, როდესაც აშშ ზეწოლის შედეგად 1956 წელს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაკარგეს სუეცის არხზე კონტროლი, პანამამაც მოინდომა აღედგინა თავისი კანონიერი უფლებები არხზე. ერთ-ერთი დათმობა, რომელზეც კენედის მთავრობა წავიდა ის იყო, რომ პანამის ზონაში არამილიტარულ დაწესებულებებზე ამერიკული დროშის გვერდით პანამის დროშის აღმართვის უფლებაც დაუშვეს. კანონმა ძალაში შესვლა ვერ მოასწრო და კენედის მკვლელობიდან ერთი თვის თავზე პანამის ზონის გუბერნატორმა რობერტ ფლემინგმა გადაწყვიტა, რომ დაწესებულებების თავზე არც ამერიკის და არც პანამის დროშა აღარ იფრიალებდა. აღშფოთებულმა ზონელებმა ეს დეკრეტი აღიქვეს, როგორც ამერიკის გავლენის უარყოფა და, პროტესტის ნიშნად, დაიწყეს ყველგან ამერიკის დროშების გამოფენა. 9 იანვარს ბალბოას სკოლაში ადმინისტრაციამ ჩამოხსნა ამერიკის დროშა, რამაც სტუდენტების პროტესტი გამოიწვია. სტუდენტების პროტესტს მხარს სხვა ზონელებიც უჭერდნენ, როდესაც მათ სკოლის თავზე ისევ აღმართეს ამერიკის დროშა. საპასუხოდ პანამელმა სტუდენტებმა პანამის დროშით ხელში მსვლელობა მოაწყვეს ეროვნული ინსტიტუტიდან ბალბოას სკოლისკენ. მათი სამართლიანი სურვილი იყო, ამერიკის დროშის გვერდით პანამის დროშაც აღმართულიყო. მიუხედავად იმისა, რომ პანამელმა სტუდენტებმა გამოსვლა ადმინისტრაციასთან და ოფიციოზთან შეათანხმეს, მათ ბალბოას სკოლასთან პოლიციის კორდონი დახვდათ. მშვიდობიანი გამოსვლა მალევე გადაიზარდა შეტაკებაში. ინციდენტის დროს დაიხა პანამის დროშა. განრისხებულ პანამელებს ვეღარაფერი აკავებდათ, ისინი უკვე პანამის ზონის ამერიკული გავლენისგან გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ინციდენტის დროს დაიღუპნენ პანამელი სტუდენტები და პოლიციელები. პოლიციელთა შორის იყო კრუს ხიმენესიც. ინტერნეტში გამოქვეყნებული არცერთი წყარო არ მოგვითხრობს კრუს ხიმენესის გაუგონარ ამბავს, ჭილაძისეულ ვერსიას. მხოლოდ დიდი გაჭირვებით მივაგენი ერთ დეტალს, კრუსი ხიმენესის ცოლი სადაზღვევო კომპანიას დაღუპული მეუღლის თანხას სასამართლოს გზით ითხოვდარადგანაც მას, როგორც ზონელს და ამერიკის მოქალაქეს, ეს თანხა სიკვდილის შემდეგ ერგებოდა.

ჭილაძის პოემაში გაჟღერებული ინფორმაციის დასაზუსტებლად გადავწყვიტე, მომეძიებინა 1964 წლის საბჭოთა პრესაც, მაგრამ ვერც იქ ვერ მივაგენი ჩემთვის საინტერესო მასალას. სავარაუდოდ, კრუს ხიმენესის „გმირობა“ ოთარ ჭილაძის მიერაა შეთხზული. თუკი პოემის შესავალი მხოლოდ პოეტური გამონაგონია, კითხვა, რომელიც აუცილებლად დაებადება მკითხველს, არის ის, თუ რაში დასჭირდა მწერალს ამ ისტორიის გამოგონება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შემოქმედი თავისუფალია და მის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. მაგრამ ხანდახან ასეთი პასუხი მარტივი გამოსავალია და საქმე სხვა რამესთან, ბევრად უფრო რთულ მოვლენასთან გვაქვს. პასუხი თავად ტექსტშია, დასაწყისში და ბოლოში, მის სათაურში და კიდევ იმ გაზეთებში, საიდანაც, სავარაუდოდ, ინფორმაციას იღებდა მწერალი.

პოემის სათაურში თითქოს არაფერია გაუგებარი, თითქოს მასში საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაც საინტერესო გახდა ჟურნალისტებისთვის და ამის გამო გადაწყვიტეს, გაზეთის ფურცლებიდან მოეთხროთ მკითხველისთვის. მაგრამ ჟურნალისტები შეზღუდულები არიან და მათი მოყოლილი ამბავი მხოლოდ რამდენიმე სვეტში თუ მოექცევა. საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამოცემულმა გაზეთებმა გვერდი ვერ აუარეს პანამის ტრაგედიას, ჟურნალისტები მოვლენებს აშუქებდნენ გაზეთების ხან პირველ, ხანაც მეორე და მომდევნო გვერდებზე. მაგრამ, როგორც კი 1964 წლის გაზეთი „თბილისის“ 9 იანვრის შემდგომ დღეებში გამოცემულ ნომრებს გადავფურცლავთ და დავინტერესდებით პანამის ზონის კრიზისით და მოკლული ამერიკელი პოლიციელის – კრუს ხიმენესის ბედით, დავინახავთ, რომ ამ გაზეთში ამბავს მეოთხე გვერდზე დაუდია ბინა და ის რედაქტორს ნეკროლოგების თავზე მოუქცევია, თითქოს ეს ამბავიც ნეკროლოგების ტოლფასი იყოს. ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რომ გაზეთ „თბილისს“ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ნეკროლოგების გამო იწერდა. ჩვენი მოსწავლეების თაობამ არ იცის, რომ ნებისმიერი ადამიანის სიკვდილის შესახებ ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუების თაობა სწორედ გაზეთის ნეკროლოგიდან იგებდა. ნეკროლოგები რამდენიმე ათეული სიტყვისგან შედგებოდა და მათში ძირითადად ერთი და იგივე სიტყვები მეორდებოდა: „მეუღლე N, შვილები X, Y, ბიძაშვილები, დეიდაშვილები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა Z. პანაშვიდი გაიმართება ამა და ამ დღეს, დაკრძალვა ამა და ამ საათზე ამა და ამ მისამართზე“. თუკი გარდაცვლილს ცოტა მაღალი თანამდებობა ეჭირა რომელიღაც დაწესებულებაში ან რომელიმე დარგის მეტად თუ ნაკლებად გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა, მაშინ მისი ნეკროლოგი ოდნავ უფრო ვრცელი იქნებოდა. პანამის ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია 11 იანვრიდან თითქმის იანვრის ბოლომდე ქვეყნდებოდა და ზომით რიგით ნეკროლოგებზე ვრცელი და გამორჩეული გარდაცვლილების ნეკროლოგებზე მცირე იყო, პრინციპში, მას გაზეთის სრული სვეტი არც კი ეთმობოდა. ეს ყველაფერი იმდენად თვალში საცემია, რომ უნებლიეთ გიჩნდება ეჭვი, რომ ოთარ ჭილაძეს აინტერესებს, მაგრამ შედარებით ნაკლებად საკუთრივ პანამის ტრაგედია, მას სულ სხვა რამ აქვს მიზნად. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ამ მოვლენებს თავის გამოსვლებში ეხებოდა ნიკიტა ხრუშჩოვიც, ფიდელ კასტროც, რომელიც იმ სისხლიანი იანვრის დღეებში იმყოფებოდა ვიზიტით საბჭოთა კავშირში და, რაც მთავარია, ამ გამოსვლებში გაჟღერებულ გზავნილებს აანალიზებენ უცხოურ პრესაში ცნობილი ექსპერტები. დავუშვათ, რომ ოთარ ჭილაძეს, ისევე როგორც ალბათ ბევრ სხვა ქართველს, როცა გაეცნობდნენ პანამის ზონაში დატრიალებულ ამბებს და რეზონანსს, რომელიც მოჰყვა ამ მოვლენას, აუცილებლად გაახსენდებოდათ სულ რაღაც შვიდი წლის წინანდელი მოვლენები, რომლებიც თბილისში დატრიალდა. 1956 წლის მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოსვლებიც ისევე როგორც პანამელი სტუდენტების გამოსვლები, ერთი მიზეზით დაიწყო, მაგრამ მალევე ახალგაზრდების მოთხოვნები სერიოზულ პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. დემონსტრანტები დაცხრილეს ჯარისკაცებმა. რომელთაც არც სახელები ჰქონდათ და არც ეროვნება. მაშინდელი ნატყვიარები შენობებს დღემდე ამჩნევია. წარმოიდგინეთ იმ ქართველის რეაქცია, რომელიც გაზეთში კითხულობს, რომ პანამელმა ხალხმა მოკლულების დაკრძალვის დღეს შენობებზე დარჩენილი ნატყვიარები მწვანე რგოლებით შემოხაზა, რათა არავის დავიწყებოდა სისხლიანი დღე – ალბათ საბჭოთა გაზეთების მკითხველი ქართველისთვის ეს რეაქცია ბოღმით სავსე იქნებოდა; ახლა წარმოიდგინეთ იმ ქართველის რეაქცია, რომელიც გაზეთის სვეტში მოქცეული დახვრეტილი ახალგაზრდების ამბავს ეცნობა და ახსენდება, რომ შვიდი წლის წინ ყველა გაზეთი დუმდა, არცერთი ჟურნალისტი არ აშუქებდა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, მაშინ ნეკროლოგებიც კი არ ქვეყნდებოდა გაზეთებში, რომ ასე მაინც მიმხვდარიყავი, რამდენი იყო მსხვერპლის რიცხვი, ათეული თუ ასეული, ეგებ ათასობითაც კი – ალბათ საბჭოთა გაზეთების მკითხველი ქართველისთვის ეს რეაქცია გამოუთქმელი ბოღმა იქნებოდა; ახლა წარმოიდგინეთ იმ ქართველის რეაქცია, რომელიც ეცნობა პანამაში მიმდინარე მოვლენებზე ხრუშჩოვის გამოსვლას და მის სიტყვებში კითხულობს, რომ ის მხარს უჭერს პატარა ერის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ, თანაც თითქოს დამთხვევაა, რომ პანამელი და ქართველი დემონსტრანტები 9 რიცხვში ჩაცხრილეს, თუმცა ერთი იანვარში, მეორე კი მარტში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ზუსტ თარიღებს, მთავარი ხომ მოვლენებია – ალბათ საბჭოთა გაზეთების მკითხველი ქართველის რეაქცია სსრკ ლიდერის ცინიკურ სიტყვებზე მწარე ჩაღიმება იქნებოდა და გულში გავლებული ზუსტი, მაგრამ  უცენზურო სიტყვები.

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს გრძნობდა ოთარ ჭილაძეც, როცა პანამის მოვლენებზე კითხულობდა გაზეთებში. მან თავისი დარდი (არასაკმარისია ამ სიტყვით აღვწეროთ და გამოვხატოთ ემოცია) პროზაულ ლექსად გამოთქვა, შეფარვით თქვა თავისი და უამრავი ქართველის, შესაძლოა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ადამიანების სათქმელი. პოემა შედევრია არა მხოლოდ იმ ღრმა აზრების გამო, რომლებზეც ჩაფიქრება მოუწევს მკითხველს, არამედ იმითიც, რომ მკითხველს აჩვენებს, თუ როგორი კავშირები შეგვიძლია დავინახოთ ისტორიულ მოვლენებში, როგორი საერთო ტენდენციებით ხასიათდება ისტორიული მოვლენები და რომ ასეთი მასშტაბის ტრაგედიებს არა აქვთ მხოლოდ კონკრეტული ეთნიკური მნიშვნელობა და ფასი, ის საერთოა მთელი კაცობრიობისთვის და სამაგალითო უნდა იყოს ნებისმიერ ეპოქასა და რეგიონში. გმირობა კი, მოხდება ის სინამდვილეში თუ მხოლოდ წარმოსახვითი იქნება, გადამდები აღმოჩნდება:  „როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები, ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლები ღრუბლებს. ამ შეჯახებას მოაქვს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი, რომ შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში, ხოლო წვიმები კლდეებსაც რეცხავენ და კაცის გულსაც.“ ნამდვილად ასეა, უსასრულო ცაშიც ხვდებიან და ეჯახებიან ღრუბლები და როგორ შეიძლება, რომ ასეთ პატარა პლანეტა დედამიწაზე უკვალოდ ჩაიაროს ღირსეულმა საქციელმა, როგორ შეიძლება, რომ რომელიმე ქვეყანაში ჯარისკაცმა ან პოლიციელმა იარაღი არ მიუშვიროს მშვიდობიან მოქალაქეს და მერე ეს ამბავი არ მოედოს მთელ ქვეყანას?!

რა იქნებოდა, რომ 1956 წლის 9 მარტს საქართველოში თუნდაც ერთ უსახელო ჯარისკაცს უარი ეთქვა და არ ესროლა მომიტინგეებისთვის?! შესაძლოა, ამით არც არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ ეს ხომ დამაფიქრებელი აღმოჩნდებოდა სხვა ჯარისკაცებისთვის 9 იანვარს, 9 აპრილს, სხვა ასეთივე დღეებში საქართველოში, პანამაში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში?.. ჯარისკაციც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია და მას სხვებისგან მხოლოდ ფორმა განასხვავებს. ჯარისკაცი ხომ იმ მარცვალს წააგავს, რომლის ბოლოც ან ჩიტის ჩიჩახვია (გადამუშავების შედეგად სკლინტად რომ გადაიქცევა) ან კლდე, რომელზეც არაფერი იზრდება ან უდაბოს სილა, რომელზეც არაფერი ხარობს ანდა ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზეც მსხმოიარე ხეები იზრდება და პურის ყანები ხარობს. რა იქნებოდა, რომ ადამიანი, ყველა თუ არა, ერთი-ორი მაინც, ისე არ კვდებოდეს, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მოკლე, რამდენიმე ათეული სიტყვისგან შემდგარ ნეკროლოგებში კი არ ეტეოდეს, არამედ მათზე მოთხრობას დიდი მწერლები ცდილობდნენ და მაინც ვერ ატევდნენ სათქმელს სქელ წიგნებში. რა იქნებოდა, ერთი სვეტი დაეთმოთ გაზეთის ფურცლებზე 1956 წელს დაღუპული მომიტინგეების ბედისთვის, ანდა სვეტი კი არა, ერთი მცირე ნეკროლოგი, თითოეულისთვის ცალ-ცალკე თუ არა, ყველასთვის ერთად მაინც და განეთავსებინათ თუნდაც გაზეთის ბოლო გვერდზე… ესეც ხომ საქმე იქნებოდა… ასე ხომ არ დაივიწყებდნენ იმათ სახელებს, გვარებს, ვისაც ასე სწყუროდა სიცოცხლე და ვინც უგულო ფორმიანმა, უმოწყალო ბრძანებას რომ დაემორჩილა, დახვრიტა. დახვრიტა და კედლებზე შერჩა ნატყვიარები და ამ ნატყვიარებს გულგრილი სახით უქცევენ გვერდს მოქალაქეები, ბევრმა არც კი იცის, რისი კვალია უტყვ კედლებზე და რამხელა სიმბოლური, ისტორიული, სამომავლო მნიშვნელობა აქვთ მათ ქვეყნისთვის. 1956 წლის 9 მარტის ამბებზე ბევრი არაფერი ვიცით. ვიცით, რომ იყო გამოსვლები, რომლებიც ტრაგიკულად დასრულდა, მაგრამ ძალიან ცოტა თუ აანალიზებს, რა მოხდა სინამდვილეში, სტალინის სახელს შეეწირა ქართველი ხალხი თუ დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებას. ამ თემას უბრუნდება ოთარ ჭილაძე „აველუმშიც“. ტკივილიან სტრიქონებში ვხედავთ, როგორ აწუხებს კითხვები მწერალს და როგორ უპასუხოდ რჩება ეს კითხვები მისთვისაც და ჩვენთვისაც, დღევანდელი ქართველისთვისაც. იმედია, მომავალი თაობა მაინც გადაწყვეტს ბოლოსდაბოლოს, გასცეს შეკითხვებს პასუხები, როგორი დაუნდობელიც არ უნდა აღმოჩნდეს ისინი, როგორც არ უნდა გვატკინოს გული. წარსულის ობიექტური და პირუთვნელი ანალიზის გარეშე ვერ აშენდება ისეთი ქვეყანა, როგორის დატოვებაც ჩვენი შვილებისთვის გვინდა. წარსულზე არასწორი, ფსევდოპატრიოტული შეხედულებები ისევ აგვაცდენს სწორ გზას. ეს იცოდა ოთარ ჭილაძემ, პასუხგაუცემელ კითხვებს უბრუნდებოდა და მუდმივად ცდილობდა, ამ სწორი  გზისკენ მოებრუნებინა გზიდან გადასული და ორმოში უკვე მერამდენედ ჩავარდნილი მკითხველიც და ერიც.

აველუმ, მშვიდობით!

0

ეძღვნება ოთარ ჭილაძის ხსოვნას

მოცლილო მკითხველო, ვისაც შეურყვნელი ვნებით გიყვარს წიგნი და იქ ნანახ-განცდილით ცხადში ცხოვრება; ვინც ჯერაც ერთგულებ ყველა ამქვეყნიურ კანონზე აღმატებულს და, თუნდაც მსოფლიო უკანონობას – ლიტერატურას; ვისაც გინდა, რომ გადაგხდეს რამე ისეთი, რაც არ შეიძლებოდა სხვას გადახდენოდა ან, გაიგო რაღაც კიდევ მეტი, კიდევ უფრო მეტად გაოცდე – ქუჩაში შენთვის მოხეტიალე, ერთხელაც, პირველივე შემხვედრს გაუჩერდი და თბილად მიეგებე:
_ გამარჯობა, აველუმ!
პასუხად ალბათ გემრიელ ლაწანს მიიღებ, მაგრამ, ეს რაა იმასთან შედარებით, რაც შენი შემხვედრის ტვინში გასკდება. ზუსტად ისე, როგორც ბავშვების მიერ სადმე ჩაფლული ტყვია. და, იცი რატომ? იმიტომ არა, რომ სიტყვა “აველუმი” ჩაესმება უცხოდ და უცნაურად. იმიტომ, რომ სიტყვა “აველუმი” არავის ახსოვს (ან რატომ უნდა ახსოვდეს), ადამიანებს კიდევ ყველაზე მეტად მივიწყებულის შემოგებება აკრთობთ.
“აველუმი” შუმერული სიტყვაა და თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს. ერთმა მწერალმა, შესაძლოა, სულაც გამოიგონა, თუმცა გამომგონებლობა ხშირად რაღაც ძალზე დავიწყებულის გახსენებას გავს. მითუმეტეს, თუ მას გენიოსი იხსენებს.
თუ გენიოსი მწერალი სიტყვას იხსენებს და, ამ სიტყვით თავის ახლობელს მიმართავს:
_ გამარჯობა, აველუმ! _ ამ დროს სამყაროში რაღაც მართლა ხდება.


1999 წელი. შვედეთში, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე, მსოფლიო გამარჯვებულთა ახალ სახელებს ელოდება. ლიტერატურის დარგში წარდგენილნი არიან: გიუნტერ გრასი, უმბერტო ეკო, ოთარ ჭილაძე(!).. ოთარ ჭილაძე რომან “აველუმით” და მთელი შემოქმედებით! ნობელს გიუნტერ გრასი იღებს. თუმცა, ოთარ ჭილაძე მთელი ევროპული ლიეტრატურული სამყაროს უდავო ფავორიტია. საქართველოში პოლიტიკურ-სოციალური გარდატეხების დრო დგას, (როდის არ დგას ასეთი დრო!), ეს ფაქტი “ნიუსების” კულტურის ბლოკის ბოლო ნაწილში, ზუსტად იმ ნაწილში ხვდება, რომელიც, რეალურად მონაცემთა ბაზაში ადგილს უფრო იკავებს, ვიდრე რაიმეს ნიშნავს.

წელს, ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან 9 წელი სრულდება.
მე კი ცხოვლად მახსოვს ის დრო და ის დღე: 2009 წელი. 4 ოქტომბერი. სამების საკათედრო ტაძრიდან პროცესია მთაწმინდისკენ მიემართება. დიდ მწერალს კრძალავენ. მწერალი – ოთარ ჭილაძეა. ზუსტად ათი წელია გასული. საიდან სადამდე? კაცმა არ იცის. (უხეშად რომ ვთქვათ – ნობელის ამბიდან მწერლის სიკვდილამდე), მაგრამ ვინ დათვალა ეს დრო, ან ვინ შეაფასა, შეაჯერა თავისთავში? საქართველომ ეს ათი წელი ისეთი ცხოვრებით იცხოვრა, ბევრ სხვა ქვეყანას, შესაძლოა, ბარე-ორი ათეული დასჭირვებოდა. და სწორედ ეს – დაღლილი, გატანჯული საქართველო მთაწმინდისკენ თავის დიდ შვილს მიაცილებს. “საქართველოში” შედის ძალიან მცირე ნაწილი ოთარ ჭილაძის თანამედროვე საზოგადოებისა, იმდენად მცირე, რომ ჩამოთვლაც შეიძლება გვარ-სახელის და პროფესიის მიხედვით, (ნეტა, ათი წლის წინ ნობელი რომ მიეღო, მაშინაც ასე ცოტანი იქნებოდნენ “ჭირისუფლები”? ადამიანური ბუნებაა – ჩინი ჩანს და, ამით უფრო აფასებს, ჩინი, ჯილდო, მედალი, ორდენი და ათასი სისულელე)… დანარჩენი “საქართველო” ალბათ, უხილავად მიჰყვება მას – წინაპართა გამჭვირვალე სულები და სევდიანი აჩრდილები..
ეს სწორედ ოთარ ჭილაძე წერდა ბედნიერ ტანჯულ ერზე, რომელსაც უამრავი პარადოქსი ახლავს თან: უკიდეგანო ქრისტიანობა შეუძლია ასევე ენითუთქმელ ფარისევლობას შეუზავოს, სიბრიყვემდე სიალალით მოყვარე მოიძულოს, მტერი კი გაახაროს. ეს მზით ნაზავი დასაფლავებაც ხომ თავიდან ბოლომდე პარადოქსი იყო: ხალხი, რომელსაც შეუძლია პრეზიდენტის ან, ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ეფექტური ოპოზიციური ლიდერის დაძახილზე ქუდზე კაცით გამოსვლა, ის ხალხი დიდი, ძალიან დიდი მწერლის დაკრძალვაზე არსად ჩანდა.
ან, რა უნიჭო სიტყვაა “ხალხი” იმასთან შედარებით, რაც არის ქართული სიტყვის საგანძურში თავად ოთარ ჭილაძე. “ხალხი” აქ ძალიან ცოტას ნიშნავს, აქ – მის შემოქმედებაში – ერთი კონკრეტული ადამიანი უფრო ბევრია.
არასროს დამავიწყდება ცა, რომელიც ოთარ ჭილაძის დაკრძალვის დღეს მთაწმინდის თავზე იდგა. ღრუბლის წყვილი ლიანდაგი იყო გადაჭიმული მთელს ცაზე, უხსოვარი დასაწყისიდან დასალიერამდე, და ისე ჩანდა, თითქოს ეს ლიანდაგი სიშორეში ვიწროვდებოდა, სადღაც სიღრმეში უხვევდა და იქ განაგრძობდა გზას. თვალს ვერ მოწყვეტდი და, თან თუ ოთარ ჭილაძის წიგნებწანაკითხი თვალი გქონდა – მით უფრო გემცნაურებოდა: ცა და მისი შესაყარი დედამიწაზე სწორედ მწერლის სამყარო იყო, მითოსურიც და რეალურიც, უცნობიც და ახლობელიც. ეს ალბათ, ძალიან იშვიათად ხდება, როცა შემოქმედი კვდება და ცოტახნით ყველაფერი მის გარშემო, მისსავე შემოქმედებას ემსგავსება.

“ვშორდებით, ყოველ წუთას ვშორდებით
და აკრძალული სევდის ტოტებით
ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს..”
ოთარ ჭილაძე ჩემი პოეტია. იშვიათად მინახავს შემოქმედი, რომელიც ასეთი “მაღალი”, განუზომლად და თანაბრად ძლიერი იყოს პროზაშიც და პოეზიაშიც. თანაც ისეთი ძლიერი, რომ ერთი მისხალითაც არ არღვევდეს არცერთი ჟანრის კანონებს და თითოეულს ერთგულებდეს მწერლური ვნებით. თუმცა, გამომრჩა! Eესეისტიკა! ოთარ ჭილაძის გენიალური ესსეები, ლიტერატურული წერილები, რომლებიც, სულაც რომ სხვა აღარაფერი დაეწერა მას, მარტო ამით დაიგდებდა ღონიერი მწერლის სახელს.
ამხელა ლიეტრატურული დიაპაზონი რჩეულობასთან ერთად ტვირთიცაა ალბათ. Aაბა, როგორი საქმეა, იარო და შენ თავში უშველებელი ტაძარი ატარო.
ჰო, ასეა – ოთარ ჭილაძე ტაძარია. უშველებელი, უმტკიცესი, ჩუქურთმებამღერებული. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს დრო, რომელშიც ვცხოვრობთ (ეს არაა სიყვარული – შეგუების გამო დაბადებული, ეს კიდეც სხვა სიყვარულია), მაინც მგონია, რომ ოთარ ჭილაძე არაა ჩვენი დროის შემოქმედი. დროზე აღმატებულობას რომ თავი დავანებოთ, ამ თავისი უნივერსალურობით, უკიდეგანო შემოქმედებითი სიმაღლით, ღვაწლით, თავის დიდ წინაპრებს მაგონებს და, იმ საუკუნეს, რომელიც თავადაც ალბათ ძალიან უყვარდა – ფიქრის და განსჯის საუკუნე, მისი უდიდებულესობა: მეცხრამეტე!.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადკაცობრიულ ტკივილებზე წერდა, მისთვის პირველი და მთავარი მაინც ეროვნული ფიქრი და სატკივარი იყო, აქედან ხედავდა და აქედან განიცდიდა. წერდა იმაზე, რაც ჩვენს თვალწინ ელვის სისწრაფით ხდებოდა და, მაშინ როცა ყოველდღიური ჟურნალისტიკა ფაქტების დახვავებას ვერ აუდიოდა, იბადებოდნენ წიგნები, როგორც სარკეები თითოეული ჩვენგანისათვის – უნდა ჩაგეხედა და შიგ შენი თავი, შენს გარშემო სამყაროთი, – დაგენახა.
70 წელი, ვითარცა 7 წუთი.. – “ზემოდან” შესაძლოა ასეც ჩანდეს. ჩვენ კი დღემდე ამ 70-წლიანი ტყვეობის ტყავს ვიძრობთ, ეროვნულობაშიც და მოქალაქეობაშიც ბევრი რამე ამ ტყავის გამო ვერ დაგვილაგებია და, თუკი მწერალმა მაინც სხვების საფიქრალი ფიქრი და სატკივარი ტკივილი იტვირთა, ესაც ხომ წყალობაა! ოთარ ჭილაძის მთელი შემოქმედება თავისუფლებაზე ფიქრს ეძღვნება, თავისუფლება კი მისთვის – ბრძოლის უფლებას ნიშნავს.
ტაძარია-მეთქი, – ეს ფრაზა მე კი არა, პოეტმა ლია სტურუამ თქვა ოთარ ჭილაძეზე. ჩვენს სინამდვილეში ცხოვრობდა კაცი-ტაძარი, ფიქრით, აზროვნებით, მოღვაწეობის მასშტაბით, და ისე იდგა “გამჭვირვალე ესთეტიკის” ეპოქაში, რომ შორიდან ეგებ ვინმეს ქარის წისქვილადაც მოსჩვენებოდა. ტაძრებით დღეს ვიღას გააკვირვებ, მაგრამ ადამიანის სულ-ხორცით ნაგები კიდევ სხვა არის, თანაც ისეთ დროსა და ისეთ რეალობაში, სადაც “კაცთმოყვარული” მიზნებისათვის, თვით ყველაზე ბრაზიანი შენობაც კი დედამიწაზე, სადაც იარაღიანი პოლიციელები მუშაობენ, – შაბიამნისფერი შუშისგანაა აგებული, მთლად შუშებია ოთხივე კედელიც, ჭერიც და იატაკიც, ანუ ისეთი გამჭვირვვალე, ღია და სანდო, რომ გეშინია, ამდენი სინატიფე ხელში არ შეგაფშხვნეს..
და, ამ დროს – კაცი-ტაძარი, რომელიც დუმდა და ისე წერდა.
როცა გარდაიცვალა, მერეღა მოქექეს ტელევიზიებმა და აღმოაჩინეს, რომ სულაც თითზე ჩამოსათვლელი კადრები ჰქონიათ არქივში, სადაც ამ კაცის დანახვა და მისი სახის დამახსოვრება შეიძლება. Eესაც მაშინ, როცა სწორედ ტელევიზორში, პირდაპირ ეთერებში ხდება რევოლუციებიც, ტერაქტებიც.
ოთარ ჭილაძის ერთი ფოტო მიყვარს განსაკუთრებულად. გურამ თიკანაძის გადაღებულია. Aაი სწორედ ისეთი მინდა რომ დავიმახსოვრო, მეც და, ბევრმა – ძლიერი, ახალგაზრდა, შუბლშეკრული, როგორც ყველა ფარული მეამბოხე. თავისივე პერსონაჟებს გავს, დაუწერელ გმირებსაც კი.
სულ თავში, მისივე სიტყვებით დავიწყე: “მოცლილო მკითხველო”… ეს ალბათ ის მოცალეობაა, რუსთაველი რასაც გულისხმობდა შეყვარებულის (მიჯნურის) მთავარ ათ თვისებათა შორის ერთ-ერთ აუცილებლად. შეყვარებული თუ არ ხარ, ოთარ ჭილაძის ერთ ფურცელსაც ძვრას ვერ უზამ.
შეყვარებულობაც – ბრძოლის უფლებაა. გიყვარს და, გინდა შენს გარშემო სამყარო შეცვალო. ამისთვის იბრძვი. ძნელია აველუმობა. აველუმი ხომ თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს.
თვითონ ასე დაამთავრა:
“გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდით და თავს ვირთობდით,
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს
კარგად იყავით. გმადლობთ. მშვიდობით.” (2007)

და თუკი მაინც არ მოიშლი შენსას და, ისევ წიგნებით ცხოვრებას გადაწყვეტ, მოცლილო მკიხველო, ადექი და, იმ შენს პირველივე შეხვედრილ თანამგზავრს, ხანმოკლე და უცნაური დიალოგი ასე დაუმთავრე:
_ აველუმ, მშვიდობით!
შეიძლება ვერ გაიხსენოს, რას ნიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ ტვინში ერთი ფიქრი აუცილებლდ საშენოდ გაუსკდება. ბოლოს და ბოლოს, შენც, მეც, შენი თანამგზავრიც და კიდევ ვინ იცის რამდენი ვინმე, – ახლა ჩვენი ფიქრის აღმართ-დაღმართებზე დავხეტიალობთ და ერთ კაცზე ვლაპარაკობთ, ყველას რომ ყველაფერი დაგვავიწყდეს, იმ ერთს ემახსოვრება, რადგან დამახსოვრება, ზოგადად, მისი მოვალეობაა. ის მწერალია – მთავარი აველუმი.
და ვინ იცის, ეგებ მე და შენ კი არ ვლაპარაკობდით ამდენხანს მასზე, არამედ თვითონ ის – თავის მარტოსულ სენაკში იჯდა და ჩვენზე სევდიანი სიყვარულით წერდა. ჩვენზე – მკითხველებზე და მოქალაქეებზე.
და ბოლოს კი მიაწერა: ოთარ ჭილაძე.

ძე

0

ბებიაჩემი სკოლაუსწავლელი გონიერი ქალი იყო. სწორფერთა მსგავსად და დროების შესაბამისად, სიტყვა გზიანად მოუდიოდა. კითხვაზე პასუხის გაცემისას არასოდეს აჩქარდებოდა, ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ნელა, დინჯად, მოზომილად გიპასუხებდა. რომ გეკითხათ, რამდენი შვილი გყავსო, გეტყოდათ, ხუთი შვილი და ორი ქალიო. დღეს შესაძლოა საკვირველი ჩანდეს ასეთი პასუხი, მაგრამ ეს მაშინდელი ყოფისა და დროებისათვის ჩვეული ამბავი გახლდათ. უფრო მეტიც: ქალ-ვაჟის ასეთი დაყოფა მხოლოდ მთაში არ იყო მიღებული – ასევე ითვლიდნენ შვილებს ბარშიც, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, ერთი უმნიშვნელო სხვაობით: „შვილს“ ზოგან „ძე“ ცვლიდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი აუცილებლად იქნებოდა ის, რომ ძე ჯიშ-ჯილაგის გამგრძელებლად მიიჩნეოდა. გვარის გაჩენის აუცილებლობაც ამან განაპირობა. სახელი მხოლოდ დიალოგში ვინმესადმი (ან რამისადმი) მიმართვისთვის არის საჭირო, სახელი „მშრალად“ ახასიათებს „ობიექტს“, გვარი კი „თვისებრივად“. ის ინდივიდსა და წინაპრებს შორის გადებული ერთგვარი ხიდია. მაგრამ სახელიცა და გვარიც, ცალ-ცალკე თუ ერთად აღებული, მაინც მოკლებულია უნიკალურობას. ამ კუთხით გვარ-სახელში მამის (და არა დედის) სახელის დამატებაც ვერაფერი შეღავათია, რადგან მაინც შესაძლებელია, ერთ სოფელში ცხოვრობდეს ორი მარინე, ორივე – ფერაძე და ორივე – გიორგის ასული. მაშ, რაშია გამოსავალი? კოდირების უნიკალურ სისტემაში. ასეთი ჩვენ უკვე გვაქვს – ე.წ. პირადი ნომერი.

ცამეტი ციფრისგან შემდგარი რიცხვი შეუიარაღებელი გონებისთვის, ცხადია, არაფრისმთქმელია. ვიწრო წრეში ვაჟა-ფშაველა, ოთარანთ ქვრივი თუ შინჯიკაანთ მალხაზა უფრო ინფორმაციულია, მაგრამ რომელიმე უცხო ქვეყნის საზღვრის დაცვის პოლიციისთვის არც ერთი მათგანი არაფრის მაქნისია.

დღევანდელმა ციფრულ-ტექნოლოგიურმა ეპოქამ კლასიფიკაციის, მათ შორის – მოქალაქეთა კლასიფიკაციის, უნიკალური სისტემების შემოღების აუცილებლობა განაპირობა.

როგორ არის საქმე სხვა დარგებში? მაგალითად, ქიმიაში ნაერთების სახელდებისას? ქიმიის გარიჟრაჟზე, როცა ნაერთებზე უმთავრესად მეცნიერების ორღობეებში საუბრობდნენ, მათაც ასეთივე პრინციპით მოიხსენიებდნენ. ზოგიერთი სახელი დღემდე შემორჩა: ჭიანჭველამჟავა, ძმარმჟავა, კაპრონმჟავა, აჯასპის ზეთი, გოგირდის ეთერი და სხვა. ნაერთების ასეთი სახელდება დღეისათვის მეტისმეტად არაპრაქტიკულია. როგორ გინდა დაიმახსოვრო ზეპირად 23 მილიონი ნაერთის დასახელება?!

ამიტომ გაჩნდა ნაერთთა ნომენკლატურის ჯერ აუცილებლობა, მერე კი წესების დამდგენი ორგანოც – IUPAC. ამ უკანასკნელის დამსახურებით მოწესრიგდა ნაერთთა სახელდების წესები, შემუშავდა განსაზღვრებები და სტანდარტები, შეიქმნა ნაერთების სახელდების ენა, რომელსაც აქვს თავისი გრამატიკა, ორთოგრაფია, სტილისტიკა, პუნქტუაცია… მისი წყალობით აღარ გვიწევს თითოეული ნაერთის დასახელების დაზეპირება. ნომენკლატურის შემუშავებული კოდექსის მიხედვით შეგვიძლია დავასახელოთ ნებისმიერი ნაერთი ან დავწეროთ მისი სტრუქტურული ფორმულა, თანაც ისე, რომ ნაერთის წარმომავლობაზე ნათელი წარმოდგენა გვქონდეს.

ამ წესების მიხედვით დასახელებული ნაერთი, ჩანს, „ვისი გორისაა“, თანაც ეს მთელ დუნიაზე გასაგებია, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. ორი მარინა ფერაძის ერთმანეთში არევამ რამდენი შფოთი გამოიწვია, ხომ გახსოვთ? წარმოიდგინეთ, რამხელა გაუგებრობა შეიძლება მოჰყვეს, თუ ერთმანეთში ავურევთ სამკურნალო და ტოქსიკურ ან ფეთქებად და ინერტულ ნაერთს.

IUPAC-ს კოდექსი გასული საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს შეიქმნა და ყოველწლიურად იხვეწება და ივსება ახალი ნაერთების აღმოჩენის გამო. უკვე რამდენიმე ათეული წელია გვაქვს ეს წესები, მაგრამ საბოლოოდ ჯერაც ვერ გვითქვამს უარი ზოგიერთი ნაერთის „ფამილარულ“ სახელზე. ეს მარტო ინერციის ბრალი არ არის – სამწუხაროდ, ახალდაბეჭდილ სახელმძღვანელოებშიც მრავლადაა გაპარული ასეთი „შეცდომა“. არადა დროა, ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ ქიმიური ნომენკლატურის ლექსიკის არქაიზმებსა და ბარბარიზმებზე.

სულ ცოტა მონდომებაა საჭირო. თუ დრომოჭმული სახელების ტირაჟირებას აღარ მოვახდენთ, ახალი თაობა თავისუფლების მოედანს ლენინის სახელით აღარ მოიხსენიებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...