პარასკევი, მაისი 30, 2025
30 მაისი, პარასკევი, 2025

ემილ ჩორანის ცხრილი

0

აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო ხშირად ვკითხულობ ემილ ჩორანს – რუმინელ მწერალსა და ფილოსოფოსს (სხვა ჯერ ფილოსოფოსს დაწერდა და მერე – მწერალს, მაგრამ ჩემთვის ისეა, როგორც დავწერე) – მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს: მეჩვენება, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, რომ ჩემი ფიქრები მარტივად პოულობენ სწორ მიმართულებას, რომ თავის დასამშვიდებლად, უსიამოვნო მოულოდნელობების გასაძლებად, ყოველდღიური ყოფის ასატანად სხვა აღარაფერი მჭირდება. ისე გამოდის, რომ ეს უკიდურესად პესიმისტი კაცი ცხოვრების ხალისსაც კი მაძლევს.

ივლის-აგვისტოს გაუსაძლის სიცხეში ყოველდღე ვუბრუნდებოდი, საანესთეზიო საშუალების მცირე ულუფებივით ვიღებდი მის მოკლე-მოკლე გამონათქვამებს და თან ვფიქრობდი, ოცდამეერთე საუკუნეში უნდა ეცხოვრა, ფეისბუკის ხანას უნდა მოსწრებოდა-მეთქი. მართალია, უზომო ნიჰილიზმით გაჯერებულ მის ჩანაწერებს მკითხველ-გამზიარებელი ბევრი არ ეყოლებოდა, მაგრამ თავის მიზანს მაინც მიაღწევდა: ზოგ-ზოგიერთების გონებაში გზას გაიკვლევდა და იქ სამუდამოდ დაიბუდებდა, მზაკვრული საქმის უჩუმრად გასაგრძელებლად, ტკბილად ჩაძინებულის თანდათან გამოსაფხიზლებლად, გაურკვევლობის ნეტარებაში მყოფისთვის თვალის ასახელად.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჩორანის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. ისეთი მოაზროვნეა, სერიოზულობასა და არასერიოზულობას შორის გადებულ ვიწრო ხიდზე სწრაფად სირბილი რომ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. წამს აქეთაა, წამს – იქით. თვითონ არაფრით დამეთანხმებოდა, გაჩენის დღეს კიდევ ერთხელ დაიწყევლიდა და ყოველგვარ სიამოვნებას არარსებობის მომხიბვლელ პერსპექტივას დაუკავშირებდა. აი, საიდან ამოიზარდა მიშელ უელბეკის სამწერლო სტილი-მეთქი, ამასაც ვფიქრობდი. მეტად თავისებური იუმორი. შავ ფონზე გაბნეული ზაფრანისფერი წვრილი ყვავილები.

„ნეტავ იმ ბავშვებმა, რომლების ამქვეყნად მოვლინებაც არ ვისურვე, თუ იციან, რა დიდ ბედნიერებას უნდა მიმადლოდნენ“, – ეს ემილ ჩორანის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმობილი გამონათქვამია. სხვაგან წერს, მომავლის ჩემეული ხედვა ისეთი ზუსტია, შვილები რომ მყავდეს, თვალის დახამხამებაში დავახრჩობდიო. უელბეკიც წერს ბავშვების სიძულვილზე ერთ რომანში, მაგრამ სწორედ ამ რომანის დასარულს მისი მთავარი გმირი – სასტიკ სამყაროში სიყვარულის შესაძლებლობის აღმომჩენი და უკვე საბოლოოდ დარწმუნებული საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში – აზიის შორეულ ნაწილში დასახლებაზე, საყვარელ ქალზე დაქორწინებასა და შვილებზე იწყებს იწყებს ფიქრს. სხვა საკითხია, რომ მწერალი ამის საშუალებას არ აძლევს – ცხადია, მისი ამოცანა მთავარი გმირის გაბედნიერება სულაც არაა.

ისევ ჩორანს დავუბრუნდეთ. ამჯერად ბოლომდე ვიზიარებ მის მოსაზრებას (შვილების დახრჩობაზე რაც თქვა… გეთანხმებით, ზედმეტი მოუვიდა): „შვილები, რომლებიც არ წითლდებიან მშობლების უბადრუკობაზე, ბოლომდე განწირულები არიან ასეთივე უბადრუკობისთვის. ისე არაფერი ანადგურებს შემოქმედებით უნარს, როგორც იმ ადამიანებით აღფრთოვანება, რომლებმაც ამქვეყნად მოგვავლინეს“. ის, რაც „შემოქმედებითი უნარის განადგურებად“ ვთარგმნე, ფრანგულად (ჩორანი რუმინულადაც წერდა და ფრანგულადაც) იმ სიტყვით გადმოიცემა, რომელიც, პირველ რიგში, სტერილიზაციას აღნიშნავს. და რამდენ მშობელს მოუხერხებია შვილების სრული „სტერილიზაცია“ – ერთგვარი გაუვნებელყოფა საზოგადოებაში მშვიდი და უშფოთველი ცხოვრების გასაგრძელებლად?!

და ცხრილი. ცხრილი, რომელიც სათაურშია ნახსენები. ყველაზე საგულისხმო ალბათ ესაა იმ ყველაფრიდან, რასაც ჩვენი მწერალი და ფილოსოფოსი ბავშვებზე ამბობს: „ერთადერთი რამ, რაც ყმაწვილებს უნდა ვასწავლოთ, არის ის, რომ არაფერს, თითქმის არაფერს უნდა ელოდონ ცხოვრებაში. წარმოვიდგინოთ „იმედგაცრუებების ცხრილი“, რომელშიც ყველა ის გულგატეხილობა იქნება აღნიშნული, თითოეულს რომ ელოდება. ცხრილი, რომელსაც სკოლებში გამოვაკრავთ“ (ილია ბაწაშვილის თარგმანი). უბრალოდ, წარმოვიდგინოთ – ჩორანი მეტს არაფერს გვთხოვს. ცხოვრების ბნელ მხარეზე ყურადღების გამახვილება არც მშობლებს უყვართ და არც მასწავლებლებს. არადა, ტკივილი, იმედგაცრუება, დანაკარგის განცდა, ხელმოცარულობა, მოულოდნელი ღალატი, დაუძლეველი შიში, სრული სასოწარკვეთა – მოკლედ, რა აღარ გვემუქრება, რას აღარ მოუცლია ჩვენთვის. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე თითოეულისთვის თვალის გასწორება მოგვიწევს, იმის მიუხედავად, რა მითებითა და ზღაპრებით გვზრდიდნენ, როგორ ბედნიერ, უზრუნველ ცხოვრებას გვპირდებოდნენ, თუ ზრდილობიანად მოვიქცეოდით, კარგად ვისწავლიდით, წიგნების კითხვას შევიყვარებდით და დედას და მამას გულს გავუხარებდით.

სჯობია, თავიდანვე იცოდნენ. სჯობია, ბავშვებს არ დავუმალოთ, რომ ბევრჯერ გაუტყდებათ გული, ბევრ სიძნელეს გადააწყდებიან გზაზე – მეტისმეტად რთულ გზაზე. მერე შეგვიძლია კედელზე გაკრულ წარმოსახვით ცხრილს გავხედოთ და ხელის სწრაფი მოძრაობით ჩამოვხსნათ კიდეც.

ავტორეცენზია „ორშაბათ დილის პენტატიქზე” და ცოტა რამ ბესიკ გაბაშვილზე

0

ბესიკი ჩემს ცნობიერებაში ძალიან პატარა ასაკში შემოვიდა. ალბათ პირველ კლასში ვიქნებოდი, როცა ჩემი სკოლის უფროსკლასელებმა სოფლის კლუბში „თეთრი ბაირაღები” დადგეს. სპექტაკლის მხატვრულ ხარისხზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ყველა როლს გოგოები თამაშობდნენ (აბა, გაგანია ოთხმოცდაათიან წლებში, ქურდების ყვავილობისას, რომელი ბიჭი იკადრებდა სცენაზე დგომას). აი, ადრე ხომ იყო, რომ ყველა როლს კაცები ასრულებდნენ, ამჯერად პირიქით მოხდა. კიდევ მახსოვს ლიმონა დევდარიანის (რომელსაც ჩემი მეზობელი გოგო თამაშობდა) წაკითხული „ტანო-ტატანო”. მერე, როცა „თეთრი ბაირაღების” ეკრანიზაციას ვუყურე, მივხვდი, რომ გია ბურჯანაძეს ბაძავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა კომიკური რამ სანახაობა იქნებოდა თინეიჯერი გოგო, რომელიც გია ბურჯანაძის ხმით ბესიკ გაბაშვილის ლექსს კითხულობს, რომლის შინაარსიც ნახევრად არ ესმის, მაგრამ გულმოდგინედ კი დაუზეპირებია.

 

რამდენიმე წლის მერე სახლში აკაკი ბელიაშვილის რომანი „ოქროს ჩარდახი” ვიპოვე, სადაც ბესიკის ამბებია მოთხრობილი. ანოტაციაში ეწერა, რომ მწერალს მანამდე დაწერილი ჰქონია სამტომიანი რომანი, სახელწოდებით „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა”. ეს რომანი მე ბევრი ვეძებე მაშინ, მაგრამ ვერ ვიპოვე ვერსად. რაც შეეხება „ოქროს ჩარდახს”, იქიდან არაფერი მახსოვს. ბელიაშვილის მოკრძალებულ ბელეტრისტულ ნიჭს თუ გავითვალისწინებთ, წესით არც ისე გამორჩეული რამ უნდა ყოფილიყო.

 

ბელიაშვილის რომანების გარეშეც ვიცით, რომ ბესიკი იყო დიდი პოეტი, რომელიც თავიდან ერეკლეს კარზე, ხოლო მამამისის და ანტონ პირველის კონფლიქტის შემდეგ დასავლეთ საქართველოში, სოლომონ პირველის კარზე მოღვაწეობდა. ერეკლეს კარზე მისი ძმაკაცები იყვნენ ლევან ბატონიშვილი, დავით რექტორი, დავით სარდალი და სხვანი. თურმე ბესიკი იყო დენდი, კარგად ჩამცმელი და ქალების გულის მომნადირებელი კაცი, მაგრამ საჭიროების ჟამს ხმალსაც არავისზე ნაკლებად არ იქნევდა.

 

ბესიკის შემოქმედება მრავალფეროვანია, მაგრამ მისმა პოეტურმა ტალანტმა მწვერვალს სატრფიალო ლირიკული ლექსების ერთ ციკლში მიაღწია, რომელშიც შედის სწორედ მისი შედევრი „ტანო-ტატანო”. ამ ციკლის ლექსების უმეტესობა ერთი ფორმით, სტროფების იდენტური არქიტექტონიკით არის დაწერილი. ეს წყობა ბესიკს არ მოუგონია – აღმოსავლურია, მაგრამ მან უკეთესი და უფრო რთული რამ მოიგონა – ახალი მეტრი. მოიგონა და, რაც მთავარია, მისი ლიტერატურული ლეგიტიმაცია მოახდინა.

 

ბესიკურმა თოთხმეტმარცვლიანმა შემდგომში მთლიანად ჩაანაცვლა რუსთაველისეული კატრენი (დაბალ-მაღალი შაირი) და განსაზღვრა ქართული პოეზიის მომავალი. ბესიკურის ავთენტური სტრუქტურა შემდეგნაირია: სტროფები ხუთტაეპიანია, პირველი სტროფის ყველა ტაეპი ერთმანეთს ერითმება, დანარჩენი სტროფების ოთხი ტაეპი ერითმება ერთმანეთს, მეხუთე ტაეპი კი პირველ სტროფს ერითმება, ხშირად ვხვდებით შიდა რითმებსაც. ბესიკური მეტრი, ისევე, როგორ შაირი, ორნაირია, მათ განსხვავებულობას ლოგაედებში ქორე-დაქტილთა თანმიმდევრობა განსაზღვრავს (ზოგჯერ ლოგაედებს შორის მოთავსებულ მეორე პეონს ორი ქორე ენაცვლება). მარტივად რომ განვასხვავოთ, შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორ ბოლოდაქტილური („მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭი-რე-ბსა!”) და ბოლოქორეული („თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდა-რი;”). ავთენტური ბესიკურის ეშხი სწორედ ამ ორნაირი სახეობის მონაცვლეობაშია, სწორედ ეს ქმნის განუმეორებელ ევფონიას. ბესიკის ეპიგონები და მიმბაძველები მთლიანად იმეორებენ მის სტრუქტურას, მხოლოდ „რომანტიკოსებმა” მოახდინეს ამ არქიტექტონიკის დეკონსტრუქცია, შიდა რითმები და მეხუთე ტაეპი მოაშორეს და დატოვეს ჯვარედინად გარითმული კატრენი, თუმცა ვხვდებით ასევე შიდარითმიან, მონორითმიან და სულაც ურითმო (ვერბლანურ) გამონაკლისებსაც.

 

მაჩაბელმა შექსპირი მთლიანად ამ საზომით თარგმნა. მეოცე საუკუნის ათიან წლებში, როცა „ცისფერყანწელებმა” ევროპული ფორმების შემოტანა დაიწყეს, დაადგინეს კიდეც, რომ ამიერიდან სონეტები ბესიკური თოთხმეტმარცვლიანით უნდა დაწერილიყო, ამ საკამათო წესს გალაკტიონმა პოლიმეტრული სონეტი დაუპირისპირა, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, სწორედ ათიანი წლების მიწურულსაა დაწერილი.
„ცისფერყანწელების“ შემდეგ ბესიკურისადმი ინტერესი რაღაცნაირად განელდა და ის შავთელურმა ათმარცვლიანმა ჩაანაცვლა, თუმცა, ცხადია, მთლიანად არ გამქრალა, ამ საზომითაც იწერებოდა ლექსები. ესეც არ იყოს, ქართულ რიტმულ ვერლიბრში დომინანტი მეტრული ერთეული, ათმარცვლიან შავთელურთან ერთად, სწორედ ბესიკური თოთხმეტმარცვლიანია, მათ შორის კი ავტორს აქვს სრული პოლიმეტრული თავისუფლება.

 

ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ბესიკური ისევ დომინანტ საზომად იქცა კონვენციურ ლექსში. თუმცა ორი სხვადასხვანაირი ბესიკურის ევფონია, რომელიც მას ახასიათებს სისტემურად გამოყენების შემთხვევაში, სრულიად იგნორირებულია. „რომანტიკოსების” მიერ ავთენტური ბესიკურის დეკონსტრუქციის შემდეგ ბოლოდაქტილური და ბოლოქორეული თოთხმეტმარცვლიანის გამოყენებას ქაოსური ხასიათი აქვს.

 

ჩემს ციკლში, რომელსაც ჰქვია „ორშაბათ დილის პენტატიქი” (ლინკი იხილეთ ბლოგის ბოლოს), შევეცადე ბესიკურისთვის მოწესრიგებული სახე მიმეცა და ერთგვარად ის ძველი და ნამდვილი მუსიკალურობა დამებრუნებინა მისთვის, ოღონდ მთელი რიგი სახეცვლილებებით: ჩემთან არ არის შიდა რითმები და არც პირველი სტროფის ყველა ტაეპი ერითმება ერთმანეთს, მე მოსაზღვრე რითმები გამოვიყენე. ჩემთან დანარჩენი სტროფების საფინალო ტაეპები ზოგ შემთხვევაში პირველი სტროფის მთლიან ტაეპებს, ხოლო ზოგ შემთხვევაში მხოლოდ სარითმო ერთეულებს იმეორებენ. გამოყენებულია ანჟამბემანი (რომელიც დამატებით ბგერებს სძენს ზოგად სიმფონიას) და, ალაგ-ალაგ, დისონანსური რითმა. ბესიკის და ბესიკის მიმდევრების პოეზიაში თუ ამ შენაცვლებას არათანმიმდევრული ხასიათი აქვს, ჩემთან ეს უფრო კანონიკურია და არცერთ ლექსში არ ირღვევა სისტემურობა.

 

რაც შეეხება ჩემი ციკლის კონცეპტუალურ მხარეს: დიდი ხანია მინდოდა, რომ სოციალური ლექსების რკალი დამეწერა, რომელთა ლირიკული სუბიექტ-ობიექტები ერთმანეთთან იქნებოდნენ დაკავშირებულნი და ტოპოსიც კონკრეტული ლოკაცია იქნებოდა. არც მიფიქრია, რომ ეს ჩემი ქუჩა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ დილით ძალიან ადრიანად მომიწია სახლიდან გასვლა. დავინახე ჩემი შავკანიანი სტუდენტი მეზობელი, ავტობუსის მძღოლი, მეეზოვე, მშენებლობის მუშა, გარემოვაჭრე, და მივხვდი, რომ სწორედ მათზე უნდა დამეწერა.

 

ეს ბლოგი ავტორეცენზიაზე მეტად ბესიკზე და ბესიკურზე საუბარი გამომივიდა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა თქმულიყო, რომ ჩემი ტექსტის ფორმალისტურ-კონცეპტუალურ მხარეზე ორიოდე სიტყვით მესაუბრა.

 

 

 

მშობლები და შვილები – ბედნიერების საიდუმლო

0

(დორის დორიეს რომანი “ხელი გაუწოდე სასწაულს”)

რა გავლენას ახდენს მშობელი შვილზე? არის თუ არა გარკვეულ სოციალურ გარემოსა თუ საზოგადოებაში დაბადება ერთგვარი ბედისწერა, რომელიც ადამიანს თავისუფალ არჩევანს უზღუდავს? როგორ უნდა დააღწიო თავი დროისა და ადამიანების მიერ შექმნილ დამთრგუნველ წესებსა და კანონებს? ამ კითხვების კონტექსტშია დორის დორიეს რომანის გმირთა ცხოვრება წარმოჩენილი.

თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია, ერთი შეხედვით, ყოველგვარ პირობას უქმნის ადამიანს თავისუფალი ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ადამიანი კი მაინც ვერ გადალახავს დამთრგუნველ მარტოობას, მაინც არ არის ბედნიერი. არის თავისუფალი არჩევანი: პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა, გახსნილია საზღვრები, მაგრამ ადამიანი მაინც ვერ აღწევს თავს საკუთარი თავის ტყვეობას, მას, როგორც ადრე, ისევე აღელვებს რეალობასა და ილუზიურს შორის არსებული გადაულახავი უფსკრული, მოჩვენებითი ზნეობა, ორმაგი მორალი და ყოველივე ის, რაც ასე ნაცნობი და გაცვეთილია, თუმცა მარადის განხლებული და კვლავაც ძველებურად დამტანჯველი.

რომელი გრძნობა უფრო დამთრგუნველი და სასოწარმკვეთია: სიცარიელისა თუ მარტოობისა? ორივეს  თანაბარი ინტენსივობით შეუძლია დაგტაჯოს და დაგანგრიოს. თან ეს ნგრევა მით უფრო გრანდიოზული და სანახაობრივია, თუ სადმე ტყეში განმარტოებით კი არ ცხოვრობ, არამედ ხმაურიან, მრავალთავიან და ბუმბერაზ სხეულიანი შენობებითა და Aათასნაირი ჯიშისა და ფერის ადამიანით პირთამდე სავსე ქალაქის უდაბნოში.

ამ და სხვა ეგზისტენციალური კითხვების პასუხების ძიებაა თანამედროვე გერმანელი მწერალი ქალისა და რეჟისორის  ბესთსელერი `სასწაულს ხელი გაუწოდე~, რომელიც ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა მაია მირიანაშვილმა, ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილმა და ამ საქმეში დაოსტატებულმა მთარგმნელმა.

რომანის მთავარი გმირები ქალები არიან. მათი თვალთახედვით არის აღქმული და გაანალიზებული თანამედროვე სამყაროში მიმდინარე მოვლენები. რომანში სხვადასხვა პერსონაჟი ჰყვება თავისი ცხოვრების ამბავს, ხანდახან მთხრობელიც გამოჩნდება და იქმნება საინტერსო მოზაიკა, რომელშიც გმირების ცხოვრების ცალკეული ამბავი სხვადასხვა ფერის ნატეხივით ერწყმის და მიესადაგება ერთმანეთს, რათა მთლიანობაში დაიხატოს ფერადოვანი და დრამატული სურათი ყოფისა, რომელიც სავსეა ვნებების ჭიდილით, ჭირითა და სიხარულით, ერთგულებითა და ღალატით, `ხმაურითა და მძვინვარებით~, როგორც შექსპირი იტყოდა მაკბეტის პირით:

`სიცოცხლე მხოლოდ

ჩრდილი ყოფილა მოარული; ტაკიმასხარა,

რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ

და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე.

სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის,

თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით~ (ივანე მაჩაბლის თარგმანი).

შემდეგ ფოლკნერმა სწორედ ამ მონოლოგიდან აიღო რომანისთვის სათაური `ხმაური და მძვინვარება~ და ერთ-ერთ მთხრობელად იდიოტი ბენჯამინ კომპსონი აქცია.

`ყველაზე დიდი საოცრება ისაა, რომ ვიცით, უნდა დავიხოცოთ, მაგრამ ყოველდღე მაინც ისე ვიქცევით, გეგონება, ეს ჩვენ არ გვეხებოდეს~, _ამბობს რომანის ერთი პერსონაჟი და ამგვარად გამოხატავს ადამიანის დროში არსებობის ტკივილს.

ამ რომანის გმირებიც ყოველდღიურ სიხარულსა თუ ტკივილს, სიყვარულსა თუ სიძულვილს გამოდევნებული ადამიანები არიან, ყოფით წვრილმანებში გახლართულნი და თავგზააბნეულნი, რომელთა გონებაში იშვიათად გაიკიაფებს ნაპერწკალი: სულიერსა და ამაღლებულზე, ზეციურსა და უკვდავზე რომ მიანიშნებს და სასწაულის რწმენას უნერგავს, თუმცა ეს ნაპერწკალი მალევე მიინავლება ისე, რომ კოცონად არ იქცევა და ადამიანიც ისევ იკარგება წვრილმანი საწუხარით ჩამობნელებულ ცხოვრების უღრანში.

რომანში, ერთი მხრივ, იხატება თავისუფალი ქალი, ინგრიდი, ჰიპური წარსულით და მისი ქალიშვილი, უცნაური სახელით, ეიფელ (დედამ სწორედ საზოგადოების მიმართ პროტესტის ნიშნად დაარქვა ქალიშვილს ეს სახელი). მათი ურთიერთობა წარმოაჩენს თაობათა შორის განსხვავებლობასა და დაპირისპირებას, რომელიც ვერ დაიძლევა, რადგან თანამედროვეობა თითქოს ყველანაირად უბიძგებს ადამიანებს არა დაახლოების, არამედ დაშორებისკენ.

მწერლის აზრით, ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს მისი ბავშვობა, მშობლებთან ურთიერთობა. ეიფელი, რომელიც გამუდმებით კარგავს შეყვარებულებს და სულ მარტოსულად გრძნობს თავს, წარსულზე ბევრს ფიქრობს, იხსენებს დედასთან ერთად გატარებულ დღეებს: `ჩვენ ძველ, უკვე აშმორებულ საძილე ტომრებში ფიჭვების ხეებქვეშ, გაშლილ კარავში გვეძინა, პლაჟიდან ცოტა მოშორებით. ფიჭვები ფეხებში ნემსებივით გვერჭობოდა, გარშემო დამპალი ბანანის სუნი იდგა. დედა მარტო გრძნობდა თავს, მეც ასევე, მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ეს ორივემ ვიცოდით~. `იქნებ დედაჩემიც ოცნებობდა ლამაზ სახლზე, წესიერ საწოლებზე, გრილ, თეთრ, კარგად დაუთოებულ ზეწრებზე, სააბაზანოზე ტუალეტითა და შხაპით, ონკანიდან მომდინარე მტკნარ წყალზე~. `საიდანღაც გაიგო, რომ ზაფხულობით ესპანეთში სამკაულების გაყიდვით ბევრი ფულის შოვნა შეიძლებოდა. მე დედას ვეხმარებოდი მარგალიტის მძივების გაკეთებაში, ზოგჯერ რესტორნიდან ვიპარავდი ჩანგლებს, რომელთაც ის ცხელ ქვიშაში დებდა, ვიდრე არ დადნებოდა, მერე სპეციალური იარაღით სამაჯურად გრეხდა~. შემდეგ, როდესაც დედა-შვილმა გაჭირვება გადალახა, წარსულის ტკივილი მაინც დარჩა, როგორც ერთგვარი გადაულახავი კომპლექსი.

ამ რომანშიც აქტუალურია გაუცხოების პრობლემა, როგორც დაუძეველი ბარიერი ბედნიერების ძიების გზაზე. რომანში გვხვდებიან განსხვავებული იდეოლოგიის, რელიგიური აღმსარებლობის, შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რათა სიღრმისეულად წარმოჩნდეს დროის მაჯისცემა, ის გარემო, რომელშიც მოზარდს უწევს სამყაროს შეცნობა და განვითარება, შეცდომების, დაცემისა და წამოდგომის გზით   ცხოვრებაში საკუთარი ადგილის მოპოვება და თავისი წილი ბედნიერების შექმნა.

რომანი სავსეა დრამატული ისტორიებით, რომლებიც მკითხველს დააფიქრებენ საკუთარ არჩევანსა და ცხოვრებაზე. ლაღი, ექსპრესიული თხრობა მწერალს საშუალებას აძლევს, გაიყოლიოს მკითხველი და შეუნელებელი ინტერესით ჩააკითხოს მთელი ტექსტი. კინომონტაჟის ტექნიკა, კადრების მონაცვლეობა ქმნის თხრობის საოცარ დინამიკას.

რომანში ერთმანეთს უპირისპირდება ბაშვის აღქმული ფერადოვანი, ცოცხალი, სიყვარულით აღსავსე ბედნიერი სამყარო, რომელიც დაძლევს ნებისმიერ რეალურ დაბრკოლებას და ყოველივეს ზღაპრულად აქცევს და დიდების ნაცრისფერი, გამოუვალი, უგზო-უკვლო ცხოვრება. პატარა ეიფელი, მშობელი დედის დაძახებას რომ უკრძალავდა, სახელით მომმართეო,  ასე ოცნებობდა: `მიყვარს ყვავილების ბაღში ბალახში წოლა, ყაყაჩოს ქვემოდან ცქერა, რამდენიმე მსუქანი ბაზი რომ დაბზუის თავზე, ხარბად  ეტანებიან მის წითელ  ფოთლებს და მთელ ყვავილს აცახცახებენ. უცნაური მწერია ეს  ბაზი, ისე გამოიყურება, გეგონება, საკარნავალო კოსტიუმი აცვია. ხშირად წარმომიდგენია, როგორ იხდის ის საღამოობით საკარნავალო კოსტიუმს, კიდებს ლურსმანზე,  ნაცრისფერი გაშიშვლებული, გამხდარი ტანით ერთ პაწაწინა  მაგიდასთან ჯდება და კოვზით თაფლს შეექცევა გაძღომამდე~. მერე, ზრდასთან ერთად, ეს ყოველივე სადღაც ქრება და ყოველი ჯურღმულის გამნათებელი წარმოსახვის ცეცხლიც მიინავლება. ადამიანი რჩება უხეში რეალობის პირისპირ და თავგზააბნეული ათასნაირი ტკივილის კედელს განწირული აწყდება.

რომანში ადამიანების სწრაფვა უშუალო, წრფელი ცხოვრებისა და ურთიერთობისაკენ მჟღავნდება ნუდისტური პლაჟების სიყვარულშიც. ეიფელი დედასთან ერთად დასეირნობს შიშველი ადამიანების გარემოცვაში. მათ არ რცხვენიათ სიშიშვლისა, თითქოს ამგვარად გამოხატავენ პირველყოფილი უცოდველობისა და უმანკოებისკენ სწრაფვას, ადამ და ევას სამოთხისეული ცხოვრების არაცნობიერ თუ ცნობიერ მონატრებას, როდესაც უხილავსა და ღვთაებრივს პირისპირ ჭვრეტდნენ და ჰქონდათ კავშირი ზეციურთან. ახლა კი ღმერთდაკარგულნი, თითქოს ჩინდაკარგულნიც, ამაოდ დაბორიალობენ სიცოცხლის საძრისის ძიებაში.

თუმცა ეს ნუდისტური პლაჟებიც ერთგვარი ფარისევლობაა, რადგან აქაური სიშიშვლეც ერთგვარი ნიღაბია, მათ ჭეშმარიტ მესა და სახეს რომ მალავს. ფიზიკური გაშიშვლება ვერ ათავისუფლებს მათ სულს ათასგვარი სამოსისგან, წესისა და კანონის სახით რომ შეუმოსავს მათი სული და საგანგებოდ შეუნიღბავს, ამიტომაც არის, რომ ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები, რეალურად, არსებითად, არ იცნობენ ერთმანეთს. ეს მხოლოდ სხეულებრივი ნაცნობობაა.

ხანდახან, და საბედნიეროდ, ხშირადაც,  ადამიანთა ურთიერთობაში ჩნდება სიყვარულის, თანაგრძნობის, დახმარების წყურვილი და მაშინ იბადება საოცარი სითბო, რომელიც გაუცხოების ყინულს ადნობს, თუმცა ეს მხოლოდ ეპიზოდურია და, ძირითადად, მაინც ცალ-ცალე გამოკეტილ კოშკში შეყუჟულან ადამიანები. უფარდო ფანჯრები და სხვადასხვა ენაზე თავისუფალი საუბარი, ინტერნეტი, სოციალური ქსელები _ თანამედროვე ადამიანს არ უქმნის იმის განცდას, რომ ადამიანთა შორის მეფობს  ნამდვილი სიყვარული.

ერთნაირად განიცდიან ბედნიერების ამაო დევნას რომანის ქმრიანი თუ უქმრო ქალები. მშვენიერი ჰაიკე, რომელსაც ერთი შეხედვით, არანაირი მიზეზი არ უნდა ჰქონოდა ტანჯვისა, მოულოდნელად თავს იკლავს. მაგრამ ეს `მოულოდნელობა~ ჩვეულებრივი ღალატით იყო განპირობებული. ეს სურათი გაუფერმკრთალებლად დარჩა ბავშვის ცნობიერებაში, ბავშვისა, რომელიც პირველად შეხვდა სიკვდილს: `დავინახე ჩვენი საცურაო აუზიც და ისიც, რომ ის შიგ დაცურავდა. წითელყაყაჩოებიანი თეთრი ბიკინი ეცვა, ზურგზე იწვა, მაჯებზე თხელი, წითელი გადასახვევი მოუჩანდა, რომლებიც წყალში თანდათან იხსნებოდა, `რა ლამაზია~ _ გავიფიქრე. ის წუთი, როცა ადამიანი რაღაცას გააცნობიერებს, აღარასოდეს დაავიწყდება. სხეული თითქოს ტვინზე ადრე აცნობიერებს~.

რომანში არ არის იმის ანალიზი, იყო თუ არა ეს ტრავმა მიზეზი იმისა, რომ ტიმი როცა გაიზარდა,  ტრანსვესტიტ თინად იქცა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, არაფერი უკვალოდ არ იკარგება და ყველა შემთხვევა თავისებურად, მეტად ან ნაკლებად, განსაზღვრავს ადამიანის მომავალს.

რომანში ერთმანეთს ენაცვლება ცივი ჰანოვერი და ცხელი ტორემოლინო (ესპანეთი). პერსონაჟები თავიანთი  სამშობლოს სიცივეს გაურბიან და სითბოს სხვა ქვეყანაში დაეძებენ, თუმცა, მწერლის აზრით, რომელიც მოთხრობილი ამბების მიღმა მოჩანს, ადამიანებმა სითბო თავიანთ გულში უნდა აღმოაჩინონ და მაშინ ეს სულიერი სითბო მატერიალურ სამყაროსაც სინათლის და სითბოს ტალღებად მოეფინება.

ანჟელიტა, სუზი, ინგრიდი… ისინი სხვადასხვა ასაკის, გარეგნობის, ეროვნების, გემოვნებისა და მისწრაფებების ადამიანები არიან, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს, დიდი სიყვარულთან, როგორც სასწაულთან, შეხვედრის მოლოდინი. ერთ ეპიზოდში ანჟელიტა შემთხვევით უცხო სახლში ჩაიკეტება, მაგრამ ეს ტყვეობა კი არ თრგუნავს, არამედ თითქოს ყოველდღიური რუტინისაგან ათავისუფლებს: `ანჟელიტა გისოსებიდან გასცქეროდა ჩაბნელებულ ღამეს. გარშემო სინათლე არსად ჩანდა. ჭრიჭინები ჭრიჭინებდნენ. კიდევ კარგი, აქ მაინც იყო შედარებით სიგრილე, ვიდრე დაბლა, ცენტრში. ანჟელიტა მაგრად მიეკრა გისოსებს, გარედან შემოჭრილი სუფთა ჰაერი რომ ჩაესუნთქა. უცბად სასიამოვნო სიმშვიდე იგრძნო, როცა გააცნობიერა, რომ,  როგორც იქნა, ერთი საღამო ოჯახისგან თავისუფალი იყო.დიახ, არც კლიენტთან ლაპარაკი მოუწევდა, არც ოჯახის წევრებთან ლაყბობა, არც სახლის საქმეები, არც უფროს გოგოსთან ჩხუბი, არც _ მთვრალ ქმართან, არც ურთიერთობა მომაბეზრებელ დედამთილთან _ ყოველივე ამისგან ამ საღამოს დაისვენებდა~.

უცხო ქალთან, სუზისთან, გამოკეტილი ანჟელიტა სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას იგრძნობს და გულის გადაშლა მოუნდება: `ჩემს ბიჭს ვთხოვე, გერმანიაში ჩიტების ჭიკჭიკი მობილურზე ჩაეწერა, ზოგჯერ მანქანით გავდივარ სადღაც ზღვიდან მოშორებით, ტყეში, შევყურებ ფიჭვებს, რომლებიც, მართალია, არ ჰგავს გერმანულ  ფიჭვებს, მაგრამ მაინც ხომ ხეებია და ასე ვუგდებ ყურს ამ ჩაწერილ შაშვების გალობას~. ასე წარმოჩნდება მკითხველის წინაშე, ერთი შეხედვით, ცხოვრებისგან გაუხეშებული, პრაგმატული, ანგარიშიანი, მაგრამ სინამდვილეში ნაზი და რომანტიკული ადამიანების სული. მხოლოდ პატარა ბიძგი, პატარა უცნაური შემთხვევაა საჭირო, რომ მათ ნიღაბი მოიხსნან და ნამდვილი სახე გამოაჩინონ.

რომანის ერთ ეპიზოდში ჩართულია ეიფელის ძაღლის, ფროიდი რომ დაარქვა, (მარტოობისგან მკურნავსო _ `ასე მხოლოდ ფროიდს შეეძლო ადამიანის მოსმენა~), დღიური, რომელშიც წარმოჩენილია, როგორ განიცდის იგი პატრონის უსაშველო გაუცხოებას სამყაროსა თუ საკუთარი თავისაგან. თხრობის რაკურსის ამგვარად შეცვლა ამრავალფეროვნებს რომანის მხატვრულ განზომილებას.

რომანი სავსეა შეხვედრებითა და განშორებებით, თანმდევი ცრემლიანი სიხარულითა თუ ტკივილით, ვნებების ჭიდილით, ამიტომაც მკითხველს ეუფლება განცდა, რომ მოკლე დროში (რომანის კითხვის განმავლობაში) მთელი სისავსით შეიგრძნო ცხოვრების ტკბილ-მწარე გემო.

`შენ ჩემი ხსნა იყავი.

“შენი ხსნა~?! მაგრამ მე ვერ გიხსენი”,  – გულისამაჩუყებელია წარსულ სიყვარულთან შეხვედრისას გამართული ამგვარი დიალოგი, მკითხველს რომ აჯერებს ნამდვილი სიყვარულის წარუვალობაში.

ერთ ეპიზოდში, წმინდა იოანეს ღამეს, სუზიმ აღმოაჩინა ბედნიერების საიდუმლო: `შეაბიჯე ცეცხლში, რომელსაც მზე ასხივებს, ყველა უარყოფითი გამოცდილება და ფიქრი დაიწვება, ახალი ძალა წარმოიქმნება, თავიდან დაიწყება ყველაფერი. გადახტი ცეცხლზე და იქნები  ბედნიერი. იხარე შენი სიცოცხლის ძალით და გააცნობიერე, რომ მარადიული არაფერია~.

“როცა პატარა ვიყავი, – თქვა ინგრიდმა, წმინდა იოანეს ღამეს მთებზე ცეცხლს ანთებდნენ, იქ პირველი ციცინათელები მოფრინავდნენ და აბრწყინებდნენ იქაურობას.

_ მეც ვისურვებდი სიბნელეში ნათებას სიყვარულის  მოსაპოვებლად, – ამოიოხრა თინამ”.

ბოლო ეპიზოდში ძველი, გაყრილი შეყვარებული ინგრიდს ეფიცება: “შენ დამესიზმრე, მხოლოდ შენ”.

მწერალი ამ რომანით მკითხველს აჯერებს, რომ სასწაული აქვეა, ოღონდ მის დასანახად გონებისა და სულის თვალის ახელაა საჭირო, ამიტომაც უნერგავს რწმენასა და გამბედაობას, რომ ხელი გაუწოდოს სასწაულს – სიყვარულს, რომელსაც სამყაროს შეცვლა და მარადიულ დღესასწაულად ქცევა შეუძლია. რომანის წაკითხვის შემდეგ კი მკითხველს მსუბუქ მოგონებად დარჩება რომანიდან დამახსოვრებული სიმღერა: “არ დაიღალო, სასწაულს ყოველთვის ჩუმად, როგორც ჩიტს, ხელი გაუწოდე”.

სამხრეთული სპილო

0

არჩილ ქიქოძის შემოქმედებას პირველად ძალიან უცნაურად და, ერთგვარად, რომანტიკულადაც კი გავეცანი. არ მახსოვს, რომელი წელი იყო. ღამით მოვხვდი რუსთაველზე, მელიქ აზარიანცის სახლის წინ, გაჩერებაზე, ექვს ნომერ ავტობუსს ველოდებოდი, ბოლო რეისს უნდა ჩამოევლო. უკვე თერთმეტი სრულდებოდა. მაშინ ელექტროდაფები არ იყო და არც ვიცოდი, მოვიდოდა, თუ ფეხით მომიწევდა რუსთაველიდან ჯიქიაზე წამოსვლა (ბევრჯერ წამოვსულვარ). კარგა ხანს ვიწრიალე, მერე ჩამოჯდომა გადავწყვიტე და სკამზე დაკეცილი გაზეთი ვიპოვე. არ მახსოვს, რომელი გაზეთი იყო, ალბათ “ლიტერატურული გაზეთი”. დრო თავზე საყრელად მქონდა და ავიღე გაზეთი, მოსაცდელში ბნელოდა, ამიტომ ლამპიონისკენ გავიწიე და გადავშალე. პოეზიის ხასიათზე არ ვიყავი, ვიღაცების ლექსებს გადავახტი და პირდაპირ პროზის კითხვა დავიწყე. არჩილ ქიქოძის რომელიღაც მოთხრობა იყო, ვერ ვიხსენებ, რაზე იყო, მაგრამ ავტორის სახელი კი დამამახსოვრდა.

 

მერე ინტერნეტშიც მოვიძიე მისი მოთხრობები, კრებულიც ვიყიდე. მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა რომანი დაწერილი, აღმოჩნდა, რომ არა. ხოდა აგერ, მოწიფულობის ასაკში, როცა მწერლებს, როგორც წესი, რამდენიმე რომანი აქვთ ხოლმე დაწერილი, მან დაწერა რომანი. ამაში ჩანს მისი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, ანუ ის, თუ როგორ ეკიდება მკითხველს. დარწმუნებული ვარ, ისეთ რომანს, როგორიც დღეს ბლომად იწერება, არჩილ ქიქოძე ადრეც უპრობლემოდ დაწერდა, მაგრამ არც თავს აკადრა და არც მკითხველს. დაელოდა, მოაგროვა მასალა, ჩანაწერები (რომელსაც, როგორც ვიცი, წლების მანძილზე აკეთებდა) და დაწერა ბოლო წლების საუკეთესო რომანი.

ამ ერთი შეხედვით მარტივსიუჟეტიან რომანში ურთულესი ტექნიკური პრობლემები დიდი მწერლური ოსტატობით არის გადაწყვეტილი. მსოფლიო ლიტერატურაში არაა ახალი, როცა რომანის სიუჟეტი ერთი დღის მანძილზე ვითარდება, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში ამის პრეცენდენტს “სამხრეთულ სპილომდე” ვერ ვიხსენებ. “ობოლეში”, თუ სწორად მახსოვს, დღენახევრის თუ ორი დღის მანძილზე ვითარდება მოვლენები.

რომანის სიუჟეტს არ მოვყვები, რადგან მოკლე შინაარსი მასზე დაწერილ არაერთ წერილში მოუხმიათ კრიტიკოსებს, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ასეთი სიყვარულით დაწერილი თბილისურ-ურბანული პროზა არჩილ სულაკაურის (იქნებ ეს სეხნიობაც სულაც არაა შემთხვევითი) მერე არ წამიკითხავს. აკა მორჩილაძის ურბანული რომანები კონკრეტული ქუჩის ცხოვრებას გვიხატავს და, ერთგვარად, დაუნდობელი და “პროზაულია”, არჩილ ქიქოძის პერსონაჟი კი, ფეხით თუ ტრანსპორტით, ლამის მთელ ქალაქს შემოივლის და ლამის ყველა ქუჩას და შენობას ეფერება, ყველა კუთხე და კუნჭული პოეტურობით და გემრიელი სენტიმენტებით სავსე მოგონებებს აუშლის ხოლმე, რადგან ეს ქალაქი მისი სახლია, ის არა კონკრეტულუბნელი, არამედ მთელქალაქელია. ავტორი საოცრად ოსტატურად ახერხებს გრძნობებზე თამაშს, შეუძლია ერთ გვერდზე მაგრად გაცინოს, მეორე გვერდზე კი ისეთ მელანქოლიაში ჩაგაგდოს, რომ უბრალოდ შეწყვიტო კითხვა და კედელს მიაშტერდე, რომ ცოტა სული მოითქვა. ერთი სიტყვით, შეუძლებელია თბილისი გიყვარდეს და ეს რომანი არ მოგეწონოს.

ნარატოლოგიურად ასეთი საინტერესო ტექსტი სხვა არც მახსენდება ქართულ პროზაში. ქართველი მწერლები ნარაციის დროს ძირითადად ანალეფსისებს იყენებენ ხოლმე, რადგან ეს უფრო მარტივია, პროლეფსისების გამოყენება კი რთულია, რადგან, ჯერ ერთი, წინასწარ უნდო იცოდე, თუ რა მოხდება მომავალში, წინასწარ უნდა ფლობდე მთელ ტექსტს, როგორც რეალურად მომხდარ ამბავს, და მეორეც: პოეტურად რომ ვთქვათ, ის “კვირტი”, რომელიც შემდგომ “ყვავილად” უნდა გაიშალოს, არ უნდა იყოს ტექსტის საერთო, ლოგიკური კონტექსტიდან ამოვარდნილი. ამას კი დიდი ოსტატობა და, მე ვიტყოდი, დიდმწერლობა სჭირდება, არჩილი კი ამას უმაღლეს დონეზე ახერხებს. არის უამრავი შთამბეჭდავი და ტექნიკურად ვირტუოზული სცენა, მაგალითისთვის აეროპორტში მამასთან შეხვედრის სცენაც საკმარისია, სადაც მამის თავის მართლებას და მონოლოგს პროტაგონისტ-ნარატორის მხრიდან კედელზე გაკრული ანტიკური პანოს აღწერა ენაცვლება, ეს დეტალი ნებისმიერ ფსიქოლოგიზმზე უფრო ზუსტად გამოხატავს იმ წუთას მის მდგომარეობას, ისეთი შთამბეჭდავი სცენაა, რომ შეუძლებელია უემოციოდ აუარო გვერდი. თუმცა, ცნობიერების ნაკადის ამ საერთო ჯაჭვში არის ერთი-ორი ეპიზოდი, სადაც ანალეფსისი უმოტივაციოდ შემოდის თხრობაში, რაც მცირე ტექნიკურ წუნად შეიძლება ჩაითვაალოს, მაგრამ ეს გახსენებადაც არ ღირს.

 

მე მოუთმენლად ველოდები არჩილ ქიქოძის, ამ მართლაც უკვე დიდი მწერლის, მომდევნო რომანს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ლოდინი კარგა ხანს მომიწევს.

 

„თემას არ გადაუხვიო“ ანუ როგორ წავშალოთ სასკოლო შტამპები

0

სწავლა განახლდა საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენც ისევ ძველ წრეზე წავალთ და შევუდგებით „ჯარისკაცულ ცხოვრებას“: დილით ადრე ადგომა, საუზმე, წიგნების ჩალაგება… წასვლა-მოსვლა, მეცადინეობა, დასწავლა, ქულები… ქულები… შფოთი მაღალ და დაბალ ქულებზე, წარმატების ძიება და ასე შემდეგ.

უკვე რამდენი წელია, ვაკვირდები ამ წრებრუნვას და მინდა, აღმოვაჩინო, რატომ მიხაროდა ყოველთვის (1-ლი სექტემბერი) სწავლის დაწყება? რას უკავშირდებოდა სიხარული? 3-თვიანი არდადეგების შემდეგ კონტექსტის შეცვლას? ცოდნის მოლოდინს…? სოციალური გარემოს მონატრებას…? ალბათ ყველაფერი ერთადაც იყო, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩვენ და ჩვენი ინტერესები „ცალკე“ ვრჩებოდით. ცოდნა კლასიდან გარეთ არ მოგვყვებოდა და არ გვიცვლიდა სამყაროს აღქმას, დამოკიდებულებებს, ცხოვრების წესს… ის იყო და ახლაც უმეტასად არის ერთგვარი ვერბალური მდინარე გაცნობიერება-გააზრების გარეშე, რომელშიც შევდიოდით და იქიდან მშრალად ამოვდიოდით!

გახსოვთ, სასკოლო ცხოვრების ერთი სტერეოტიპული ფრაზა: „თემას არ გადაუხვიო“, „თემას არ აცდე“… თითქოს ყველაფერი სწორხაზოვანი იყო და გადახვევა – დროის კარგვას ნიშნავდა და შეშინებული სულ სიტყვებს ზომავდი, რომ მასწავლებელს ამა თუ იმ პერსონაჟზე საუბრისას არ მოსჩვენებოდა, რომ „თემას გადაუხვიე“, რაც კარგს არაფერს მოასწავებდა.

არა და, სწორედაც რომ „თემიდან გადახვევა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი შემეცნებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ავითარებ ასოციაციურ აზროვნებას და შეგიძლია ანალოგია დაძებნო მაგალითად, ცხოვრებასა და ლიტერატურას შორის, ეს ეხმარება ადამიანს ახალი გამოცდილებების მიღებაში და სამყაროსა და ცხოვრების ფართო რაკურსით ხედვაში, რაც მომავალში მის სწორ არჩევანს განაპირობებს. ფართო გაგებით, ეს მეტაფორაცაა: აღმოაჩინო კავშირი საგნების, მოვლენებისა და ფაქტებისა ცხოვრებასა და ლიტერატურას შორის.

„თემიდან არ გადაუხვიო“ – ეს სასკოლო შტამპი ვრცელდება მერე ცხოვრებაზე და ანაცვლებს იმავე შინაარსის სტერეოტიპი: „გზიადან არ გადაუხვიო“, „გზას არ აცდე“.

თუ არც თემიდან გადაუხვიე და არც გზიდან გადაუხვიე, მაინტერესებს, როგორ უნდა შეიმეცნოთ ცხოვრება? ისიც სტერეოტიპია, რომ „გზიდან გადახვევა“ ჩვენს კულტურაში მაინცდამაინც ნეგატიური ასპექტით გაიგება და ნიშნავს: „თავი დაიღუპა“. არა და, როგორ შეიძლება, რომ ასეთი ცალსახა იყოს გაგება? თუ იტყვით, რომ გამოცდილების საფუძველზე, მაშინ უნდა ახსნათ, რომელი გამოცდილების? სკოლაში რომ გვასწავლიდნენ, რომ „თემისთვის არ გადაგვეხვია“? ხშირად ე.წ. გამოცდილება ეფუძნება შიშსა და წინასწარგანწყობას,  „რა იცი, რა ხდებას“ ფილოსოფიას და არა რეალობას. გზიდან რომ არ გადაუხვიო, ჯერ უნდა იცოდე, საით მიდიხარ და რომელი გზა მიდის იქ, საითაც მიდიხარ და სანამ ეს გზა არ გიპოვნია და არ აგირჩევია, მანამდე „გადახვევები“ არის ბუნებრივი ძიების პროცესი.

გახსოვთ, ის მშვენიერი მულტფილმი „ზღარბი ნისლში“? მეგობართან მიმავალი რომ ნისლში თეთრ ცხენს დაინახავს და „გზიდან გადაუხვევს“? გადახვევა არის გარკვეულ შიშთან და ხიფათთან დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ღირს და მხოლოდ გაბედულები უხვევენ გზიდან… მხდალები და შეშინებულები მუდმივად გატკეპნილი და რუტინული გზით დადიან.

ერთხელაც ცხოვრება დაგაყენებთ არჩევანის წინაშე, რომ გინდათ თუ არა, რაიმე გზა უნდა ამოირჩიოთ. ვთქვათ, დაიკარგეთ (როგორც მეტაფორულად ასევე რეალურად) ცხოვრებაში (ტყეში), რას აკეთებთ? დადგებით და დაელოდებით, როდის გამოჩნდება „მხსნელი“? უკვე „გადახვეულ“ გზაზე ხართ… არ გააგრძელებთ სვლას? გაჩერდებით? მოგიწევთ მიმართულების არჩევა, საით წახვიდეთ, ინტუიციისა და ლოგიკის წყალობით, ეს უნდა გააკეთოთ… ზღაპრებში რომ გმირი გზაჯვარედინთან აღმოჩნდება ხოლმე. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფინალი ერთი შეიძლება იყოს, ჩვენ რომელიმე გზას ვირჩევთ და მივყვებით.

ტყეში შევედით და დავიკარგეთ…. რას ვაკეთებთ? ცხოვრებაში ‘შევედით“ და დავიკარგეთ… როგორ გავაღწიოთ ცხოვრების ტყიდან? ზღარბმა მოახერხა ტყეში შესვლა, დაკარგვა, ფათერაკების გადალახვა და დაბრუნება… ჩვენც მოვახერხებთ.

ტყეში დაკარგვაზე ერთი საინტერესო იგავი გამახსენდა, რომელიც სადღაც წავიკითხე. იგავი ხუთ ბრძენზეა, რომლებიც ტყეში დაიკარგნენ და შინ დასაბრუნებელ გზას ეძებენ.

პირველმა თქვა:  მე მარცხნივ წავალ – ინტუიცია მკარნახობს ამას; მეორემ თქვა: მე მარჯვნივ წავალ, უფრო სწორ გზად მეჩვენება, მესამემ თქვა: მე უკან გავბრუნდები, საიდანაც შემოვედით, იმ გზით უკანაც გავაღწევ; მეოთხემ – მე წინ წავალ, ბოლოსდაბოლოს, ტყე ხომ დასრულდება და რაღაც ახალი გამოჩნდება; მეხუთემ თქვა: არასწორად მსჯელობთ, დამელოდეთ, ცოტა ხანს… და ის ავიდა ყველაზე მაღალ ხეზე (ამასობაში დანარჩენები საკუთარ არჩეულ გზას დაადგნენ) რათა დაეზვერა გარემო. იქიდან კარგად ჩანდა ყველა გზა და მათ შორის, უმოკლესი გზაც. მეხუთე ბრძენმა ჩათვალა, რომ სხვა ყველა ცდებოდა და მხოლოდ ის იყო მართალი და ნამდვილი ბრძენიც… მაგრამ….

მარამ ყველა ბრძენი მართალი იყო თავისი გზის არჩევისას… რადგან ადამიანები განსხვავებულები არიან და ისინი სხვადასხვა გზას ირჩევენ და იღებენ უნიკალურ გამოცდილებას ასეთი დაკარგვით და მთავარი გზიდან გადახვევით. ამ ბრძენებმაც სხვადასხვა გამოცდილება მიიღეს: ზოგმა  ადამიანისათვის ხელუხლებელი სანახები აღმოაჩინა ტყეში, ზოგი ყაჩაღებს გადაეყარა და მათთან ურთიერთობით ისინიც შეცვალა, ზოგი დატკბა უბრალოდ ტყეში სიარულით, ზოგი მოკლე გზების და პრობლემის სწარაფად მოგვარების სპეციალისტი გახდა და ასე შემდეგ.

ყველა ბრძენმა შეასრულა თავისი დანიშნულება, ყველამ რაღაც აღმოაჩინა თავის გზაზე…

ამიტომ ყველაზე დიდი სიბრძნე იმაშია, რომ მისცე მოსწავლეს „თემიდან გადახვევის“ და საკუთარი გზის არჩევის უფლება.

ერთი შეხედვით, რა შუაშია ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან, მაგრამ თუ უფრო ღრმად  დავუკვირდებით, მათ შორის მეტაფორულ კავშირსაც აღმოვაჩენთ. თუ ცნობიერებას რაღაც შტამპს ჩავუნერგავთ, ის შტამპი შემდეგ ავტომატურ რეჟიმში იწყებს მოქმედებას და კვლავწარმოებას. სკოლაში თუ ეს შეეხებოდა ტექსტიდან და თემიდან არ-გადახვევას, ცხოვრებაში ეს შტამპი სრულიად ახალ შინაარსებს მოძებნის, რაკი ძალიან ადვილია სასკოლო ასაკში ცნობიერების პროგრამირება. გაცილებით რთულია შემდეგ ამ პროგრამების წაშლა და ზოგჯერ შეუძლებელიც. ამის გამო ადამიანი ხდება არარეალიზებული, განუხორციელებელი სურვილებით, მუდმივად უკმაყოფილო, წარსულს გამოკიდებული, ოცნებებს ჩამოკონწიალებული, უმოქმედო მენტალურად და ასე შემდგ… ამ ყველაფრის შედეგი კი არის ის ცხოვრება და ის საზოგადოება, რომელშიც ვართ და სული გვეხუთება.

ასე რომ, ხშირად გადაუხვიეთ გაკვეთილზე თემიდან;

ხშირად გადაუხვიეთ გზიდან;

ნუ შეგეშინდებათ დაკარგვის, რადგან ყველა ახალი გზა ახალ გამოცდილებას და ნამდვილ გაკვეთილს გთავაზობთ;

პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ გზიდან გადახვევაზე;

დაიწყეთ სულ მარტივით: შინ მიმავალ გზას გადაუხვიეთ, სხვა გზით წადით… სხვა ტრანსპორტში ჩაჯექით, გააკეთეთ ის, რაც ყოველდღიური ავტომატურობიდან ამოგაგდებთ და დააკვირდით, რამდენად საინტერესო გახდება თქვენთვის ცხოვრება!

ახალ თავგადასავლებს გისურვებთ ცოდნის გზაზე!

 

 განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდების შესახებ

0

არჩევნის თავისუფლება და ამ არჩევანზე პასუხისმგებლობა საგრძნობლად ზრდის მოსწავლის მოტივაციას. ყოველი თემის დასრულების შემდეგ აუცილებელია ამ თემის შეჯამება და შეფასება. ამასთან, შეუძლებელია ერთი და იმავე ტიპის შეჯამების დროს ყველა მოსწავლემ თანაბარი ცოდნა გამოამჟღავნოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ წერითი შემაჯამებელი არ არის საკმარისი მოსწავლეების შესაფასებლად. ისინი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან. ეს მეთოდი განსხვავებული შესაძლებლობებისა და მზაობის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოამჟღავნონ ცოდნა, მიიღონ უკუკავშირები მალე და გაიღრმაონ ცოდნა. თუ რომელიმე მეთოდი არ იქნება მათი ტემპისა და მზაობის შესაფერისი ისინი სხვა მეთოდს აირჩევენ და ამის მათ არ შეეშინდებათ.

როდესაც გვინდა ერთი ან რამდენიმე თემის შეჯამება, მოსწავლეს ვთავაზობთ, აირჩიოს მინიმუმ ორი ვარიანტი შემდეგი ოთხიდან:

1) ბლიცი;

2) კითხვა-პასუხი;

3) ამოცანა;

4) ლოგიკა.

ეს არის საშუალება, მოსწავლემ მიიღოს სწრაფი უკუკავშირი და მოემზადოს განმსაზღვრელი შეფასებისათვის. შეჯამების ამ ფორმას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ფუნქცია აკისრია.

ბლიცი, ძირითადად, ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას;

კითხვა-პასუხი კი – რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მასალა და შეიძინეს მისი გამოყენების უნარი.

ამოცანები მოითხოვს მაღალ სააზროვო უნარებს, ამით მოსწავლე აანალიზებს და ამთლიანებს თემას.

ლოგიკა არის საშუალება, შეაფასოს მოსწავლემ, რა ისწავლა. გააკეთოს ზოგადი დასკვნები. ეს არის ერთგვარი აღმოჩენების დავალებები.

რას გულიხმობს თითოეული მათგანი

ბლიცი შეზღუდული დროის პირობებში კითხვებზე სწრაფად პასუხის უნარია. ვირჩევთ ერთ მოსწავლეს, რომელიც დაინიშნავს დროს და მეორე მოსწავლეს – რომელიც სწორ პასუხებს დაითვლის. მოსწავლეს პასუხის არქონის შემთხვევაში უფლება აქვს, მოითხოვოს შემდეგ შეკითხვაზე გადასვლა. შეცდომის და შემდეგზე გადასვლის შემთხვევაში იქვე ვაძლევთ უკუკავშირს. მოსწავლეს არ უნდა რცხვენოდეს შეცდომის. დროის ამოწურვის შემდეგ ვატყობინებთ მას, დააგროვა თუ არა დამაკმაყოფილებელი ქულა. ეს ქულა შეიძლება განისაზღვროს კლასის შესაძლებლობის მიხედვით. სხვადასხვა კლასისთვის სხვადასხვა შეიძლება იყოს. მოსწავლეს ვაძლევთ ფერად ბარათს, რომელზეც წერია – თქვენ გაიარეთ ბლიცრაუნდი.

ბლიცის კითხვები არის მოკლე. ბლიცის შეკითხვებს ვადგენთ ისე, რომ მოსწავლემ პირდაპირ დააბოლოვოს მასწავლებლის მიერ დაწყებული წინადადება, რათა არ დაიხარჯოს ზედმეტი დრო. არ გამოვიყენოთ სიტყვები:

რას უდრის?

როგორია?

რომელია? …

მხოლოდ დავიწყოთ წინადადება და მოსწავლეს მივცეთ საშუალება, სწრაფად გააგრძელოს ის ან თქვას „შემდეგი“.

მაგალითად:

სამკუთხედების თემა.VII კლასი

1) სამკუთხედის კუთხეების ჯამი…

2) ბლაგვკუთხა სამკუთხედში ბლაგვი კუთხეების რაოდენობა…

3) ტოლგვერდა სამკუთხედის ერთი კუთხის ზომა…

4) სამკუთხედის წვეროს მოპირდაპირე გვერდის შუაწერტილთან შემაერთებელი მონაკვეთი…

5) მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდი…

6) მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის მიმდებარე გვერდი…

7) მართკუთხა სამკუთხედის მცირე კუთხე, როცა კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარია…

8) სამკუთხედის კუთხის მეზობელი კუთხე…

9) სამკუთხედი, რომლის ორი კუთხე ტოლია…

10) სამკუთხედში მოპირდაპირე გვერდისადმი გავლებული მართობი…

და ასე შემდეგ.

სიმრავლეების თემა. VII კლასი

1) ორი სიმრავლის საერთო ნაწილი…

2) სიმრავლე, რომელიც ელემენტს არ შეიცავს..

3) სიმრავლიდან აღებული ნაწილი…

4) ყოველი სიმრავლის ქვესიმრავლეა თავისი თავი და …

5) ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც ეკუთვნის ერთ ან მეორე სიმრავლეს…

6) თვლის შედეგად მიღებული რიცხვები…

7) რა სიმბოლოთი აღინიშნება მთელ რიცხვთა სიმრავლე…

და ასე შემდეგ.

კითხვა-პასუხის დროს მოსწავლე აღარ არის შეზღუდული დროში. იგი მოისმენს ათ შეკითხვას. კლასის შესაძლებლობის და მზაობის გათვალისწინებით გადავწყვეტთ რამდენ სწორ პასუხს მივიჩნევთ საკმარისად. თუ მოსწავლე აიღებს საკმარის ქულას, იგი მიიღებს ბარათს, რომელზეც წერია: თქვენ გაიარეთ კითხვა-პასუხის რაუნდი.

მაგალითად: საკუთხედების თემა

1) რას უდრის სამკუთხედის გარე კუთხე, თუ მისი არამოსაზღვრე ორი შიგა კუთხე 60 და 80 გრადუსია?

2) რას უდრის სამკუთხედის გვერდები, თუ ისინი ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 2:3:4 და პერიმეტრი უდრის 18სმ.-ს.

3) რას უდრის მართკუთხა სამკუთხედის კათეტი, თუ ჰიპოტენუზაა 17სმ. და ერთი კუთხე 60 გრადუსი

და ასე შემდეგ.

ამოცანების რაუნდის არჩევისას მოსწავლეს მიეცემა სულ რამდენიმე მოცულობითი ამოცანა და თუ მათ დამოუკიდებლად ჩვენი ჩარევის გარეშე გაუმკლავდება, მას მიეცემა ბარათი, რომელზეც წერია: თქვენ გაიარეთ ამოცანების რაუნდი.

ლოგიკის რაუნდი კი არის ზოგადი დასკვნის გაკეთება, თეორემის დამტკიცება, ამოცანის ამოხსნა ან შედგენა პარამეტრების გამოყენებით. ამ რაუნდში, ხშირ შემთხვევაში, ერთი დავალებაც საკმარისია. ამ დავალების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მოსწავლეს ეძლევა ფურცელი: თქვენ გაიარეთ ლოგიკის რაუნდი.

მაღალი მზაობის მოსწავლეებმა შესაძლოა სურვილი გამოთქვან, გაიარონ ოთხივე რაუნდი. თუ წერითი განმსაზღვრელი შეჯამების დღეს მოსწავლეს აღმოაჩნდება ორზე მეტი ბარათი, შეიძლება უკვე შევაფასოთ განმსაზღვრელი შეფასებით.

ნაკლი ამ მეთოდისა არის ის, რომ მრავალრიცხოვანი კლასის შემთხვევაში საგაკვეთილო დრო საკმარისი არ არის. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებს არ ეზარებათ ამ დამატებითი დროის გამოძებნა.

ბარათის მიღება გამჭვირვალეა ყველა მოსწავლისთვის. მათ წინასწარ იციან შეფასებისთვის აუცილებელი პასუხების რაოდენობაც.

მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია 7-9 კლასების მოსწავლეებთან. ბევრ თემას ერგება და იძლევა მასალის დიფერენცირების საშუალებას. ვფარავთ ბლუმის ტაქსონომიის ყველა დონეს.

ამერიკული დემოკრატიის უცნობი საფუძვლები

0

2014 წელს გამომცემლობა „რადარამმა“ ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგის დევიდ გრებერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნი „დემოკრატიის პროექტი“ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. „რადარამი“ არაკომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ამიტომ ანთროპოლოგის ნაშრომი საჯარო ღონისძიებებზე საჩუქრად გაიცემოდა ან წიგნის მაღაზიებში განსაკუთრებით დაბალ ფასად იყიდებოდა. მიუხედავად ამისა, წიგნის თაობაზე საგულისხმო გამოხმაურება არავის დაუწერია. თითქოს დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დაწერილი პუბლიკაცია უკვალოდ ჩაიკარგა. გრებერის ნაშრომში უამრავი საკამათო მოსაზრებაა განხილული. ავტორის არატრადიციულმა იდეებმა ბევრის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ვერავინ უარყოფს „დემოკრატიის პროექტში“ გამჟღავნებულ მეცნიერის მდიდარ ცოდნასა და თავისუფალ აზროვნებას. თქვენი ყურადღება ამერიკული დემოკრატიის გრებერის მიერ თავმოყრილ უცნობ წინაპირობებს მინდა მივაპყრო.

სოციალურ მეცნიერებათა ძველი სკოლების წარმომადგენლები დემოკრატიის შესახებ ძალიან სწორხაზოვან მსჯელობას გვთავაზობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დემოკრატია ძველ საბერძნეთში გაჩნდა. მმართველობის დასახელებულმა ფორმამ განვითარების შემდგომ ეტაპს რომში მიაღწია. დემოკრატიის იდეის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მეთვრამეტე საუკუნის ინგლისსა და რენესანსის ეპოქის იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენებს. საბოლოოდ კი, თავისი ყველაზე მყარი და ჩამოყალიბებული ფორმით დასავლური ცივილიზაციის შუაგულში – ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროებზე დამკვიდრდა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში მხოლოდ იმას გვასწავლიან, რომ ამერიკული კონსტიტუციის საფუძვლები სწორედ ძველი სამყაროს, რენესანსისა და რევოლუციური ბრიტანეთის გამოცდილებიდან მომდინარეობს. ძნელად ამოსაცნობი, რთულად მისახვედრი მიზეზების გამო, ხშირად ყველას ავიწყდება აბორიგენი მოსახლეობის ადათ-წესების, „სოციალურ ყაჩაღებად“ წოდებული ჯგუფების მიერ დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღნიშვნა.

XVI საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებმა ადგილობრივმა ტომებმა, ინდიელებმა კავშირი დააარსეს. კავშირი თავდაპირველად ხუთ იროკეზულ ტომს აერთიანებდა. მოგვიანებით ჯგუფს მეექვსე თემიც შეუერთდა. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ექვსი ერის ლიგა, რომელიც საწყისს ეტაპზე მხოლოდ ტბა ონტარიოს მიმდებარე მხარეებს აკონტროლებდა. მოგვიანებით კონფედერაციის გავლენა სამხრეთ ტერიტორიებზეც გავრცელდა. ინგლისურ წყაროებში ინდიელთა ტომების გაერთიანებას „ჰოდენოშაუნის ექვსი ერის ლიგად“ მოიხსენიებენ. ლიგამ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში იარსება. „ჰოდენოშაუნის“ მართვის სისტემა კონფედერალიზმისა და დეცენტრალიზაციის პრინციპებს ეფუძნებოდა. ყველა გვარს ტომის საბჭოში ჰყავდა წარდგენილი თავისი ბელადი. ყველა ტომი კი თავის წარმომადგენელს ირჩევდა ლიგის მმართველ ორგანიზაციაში. საბოლოოდ, „ჰოდენოშაუნს“ ორმოცდაათი ბელადისგან შემდგარი სტრუქტურა განაგებდა. განსხვავებული სოციალური თუ კულტურული მახასიათებლების მიუხედავად, ინდიელთა ექვსი ტომი ერთიან სისტემად ფუნქციონირებას მაინც ახერხებდა. ინგლისელ კოლონისტებს ხშირად უწევდათ ხოლმე „ჰოდენოშაუნის“ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება ტერიტორიებისა და რესურსების გადანაწილების საკითხზე. ინდიელებთან მოლაპარაკებებში ინტენსიურად მონაწილეობდნენ აშშ-ის მომავალი დამფუძნებლები. დამფუძნებელი მამები შესანიშნავად იცნობდნენ ინდიელთა კონფედერაციული მართვის სტილსა და მთავარ წესებს. მათ „ფედერალისტურ წერილებში“ არასდროს უხსენებიათ აბორიგენთა ტომებში გავრცელებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტანდარტი. თუმცა, ფაქტია, რომ დევიდ გრებერის მსგავს მოაზროვნეებს არ უჭირთ ამერიკულ ფედერალიზმსა და იროკეზთა ერთიანი მოქმედების სტრატეგიას შორის კავშირის აღმოჩენა. გრებერი ამტკიცებს, რომ ამერიკული ფედერალიზმის შთაგონების წყარო „ჰოდენოშაუნის“ ექვსი ერის ერთობასა და ორმოცდაათი ბელადის საქმიანობაში უნდა ვეძებოთ.

დემოკრატიული ტრადიციის მიხედვით, ლიდერისა თუ პასუხისმგებელი პირის გამორჩევა მხოლოდ ზემდგომი ორგანოებისა და ზებუნებრივი ძალების პრეროგატივა არ არის. საერო ძალაუფლების წყაროს მხოლოდ ღმერთი და წოდებრივი კუთვნილება არ უნდა წარმოადგენდეს. წინამძღოლობა ადამიანთა საყოველთაო თანხმობის საფუძველზეც შეიძლება მიენიჭოს კონკრეტულ მოღვაწეს. როგორ დამკვიდრდა მსგავსი სულისკვეთება რიგით ამერიკელებში? ყველა ანტიკური ხანისა და რენესანსის სპეციალისტი რომ არ იქნებოდა, ამაზე არავინ ვდავობთ. დევიდ გრებერის კოლეგა ჯონ მარკოფი ამტკიცებდა, რომ რიგით ამერიკელებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება მეკობრეთა საქმიანობას უკავშირდება. ატლანტის ოკეანის ადრეული ხანის მეკობრეები გემის კაპიტანს თავად ირჩევდნენ. კაპიტნის მმართველობა შეუზღუდავი არ გახლავთ. გემის მართვაში მონაწილეობას იღებდა საერთო კრებაც. მეკობრეთა საერთო კრება უფლებამოსილი იყო გაეუქმებინა კაპიტნის გადაწყვეტილება. კაპიტნის ძალაუფლება შეზღუდული იყო წინასწარ გაფორმებული შეთანხმებებითაც. ეკიპაჟის წევრები წინასწარ თანხმდებოდნენ ნადავლის განაწილებისა და ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში გათვალისწინებული კომპენსაციის განაწილების წესზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ამერიკულ საზოგადოებას მეკობრეები მხოლოდ დემოკრატიული საარჩევნო წესებითა და ხელშეკრულებით განაწილებული ძალაუფლებით არ ჰგავდნენ. მეკობრეთა გემების მნიშვნელოვან ნაწილს მულტიკულტურული შემადგენლობის მეზღვაურთა კოლექტივი ჰყავდა. მეკობრეთა შორის ადვილი შესამჩნევი იყო რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნება. თუმცა, განსხვავებულობა იშვიათად მოიაზრებოდა ჩაგვრის უმთავრეს და ერთადერთ წინაპირობად.

ამერიკელი ანთროპოლოგი თავის წიგნში კიდევ არაერთი უცნაური წინაპირობის შესახებ საუბრობს. ყველა ჯგუფის მახასიათებლების განხილვა ჩვენი მიზანი არ არის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმის განსაზღვრა გახლავთ, თუ რის დასაბუთებას ცდილობს ავტორი ისტორიული მაგალითების განხილვის საფუძველზე. ავტორი ერთ მნიშვნელოვან და ყველასთვის ყურადსაღებ დასკვნამდე მიდის:

„დემოკრატია არ გამოუგონიათ ანტიკურ საბერძნეთში… სინამდვილეში დემოკრატია არც არასდროს „გამოუგონიათ“; ის არც რომელიმე ინტელექტუალური ტრადიციიდან წარმოშობილა. დემოკრატია რეალურად მართვის მოდელსაც კი არ წარმოადგენს. იგი, თავისი არსით, მხოლოდ რწმენაა იმის თაობაზე, რომ ადამიანები იმთავითვე თანასწორნი არიან და უნდა მიეცეთ უფლება, ნებისმიერი ხელსაყრელი საშუალების გამოყენებით, ეგალიტარიზმის პრინციპებით წარმართონ ერთობლივი საქმეები… ამ გაგებით, დემოკრატია ისეთივე ძველია. როგორც ისტორია და ადამიანის აზროვნების უნარი“.

მაშასადამე, დემოკრატიული ტრადიცია არსებობდა და არსებობს ყველგან, სადაც კი ადამიანებს მშვიდობიან და თავისუფალ თანაცხოვრებაზე უფიქრიათ. მისი ელემენტების აღმოჩენა ყველა ხალხისა და სოციალური ფენის თავგადასავალშია შესაძლებელი. დემოკრატია მხოლოდ „მაღალგანვითარებულ“ საზოგადოებათა ხვედრი არ არის.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სწავლა

0

ეროლ ვორდერმანი ბრიტანელი ტელეწამყვანი და მათემატიკური განათლების საკითხში დევიდ კემერონის მრჩეველია. თავის წიგნში „როგორ ვასწავლოთ ბავშვს სწავლა“ ის გვიყვება, როგორ ავუხსნათ უმცროსკლასელებს და მოზარდებს ყველაზე მარტივი საკითხები, რომლებიც მათ სწავლაში დაეხმარება. ინფორმაციის მოძიება, დღის განრიგის შედგენა – ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია.

 

ვორდერმანის წიგნი ილუსტრირებული სახელმძღვანელოა – ბევრი ცხრილით, სქემითა და ნახატით. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ავტორი ისედაც ნაცნობ საკითხებს იმეორებს: რატომ არის მნიშვნელოვანი მასალის ნაწილებად დაყოფა და არა ერთიანად სწავლა, გუნდური მუშაობა და დღის წესრიგის დაცვა, მაგრამ მართლა ასე როდია. ეს არის მარტივი და გასაგები ინსტრუქცია მშობლებისათვის (და მოზარდებისთვისაც) იმის შესახებ, რით დავიწყოთ და, საზოგადოდ, სწავლის რა მეთოდები გამოვიყენოთ.

მოსწავლეებისა და ინფორმაცის აღქმის 5 ტიპი

სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია იმის გამო, რომ თქვენ ვერ იპოვეთ ბავშვისთვის მისაღები სწავლის სისტემა და ვერ განუვითარეთ მისთვის საჭირო უნარები. კეროლ ვორდერმანი გამოყოფს მოსწავლეების და, იმავდროულად, სწავლის რამდენიმე ტიპს:

 

  • ვიზუალური. ასეთ ბავშვებს განვითარებული აქვთ სივრცითი აზროვნება. მათ ჩანახატების კეთება, დიაგრამების ხატვა და რუკების შედგენა უყვართ.
  • ვერბალური. ასეთ მოსწავლეებს მდიდარი სიტყვათა მარაგი აქვთ, საუბრისას ისინი რიტმს და რითმას ეყრდნობიან.
  • ლოგიკური. ასეთ ბავშვებს ეხერხებათ მათემატიკური მეცნიერებების შესწავლა. ხედავენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, მარტივად პოულობენ ლოგიკურ კავშირს. ისინი კარგად ადგენენ სქემებს, სადაც ყველაფერი რთულიდან მარტივისკენ და მთავარი საკითხიდან მეორეხარისხოვანისკენ არის მიმართული.
  • სმენითი. ამ ტიპის მოსწავლეები ხშირად მუსიკით არიან გატაცებულნი. ისინი ადვილად იმახსოვრებენ ინფორმაციას მოსმენით, უყვართ აუდიოლექციებისა და პოდკასტების სმენა.
  • ფიზიკური. ასეთ ბავშვებს უყვართ მოქმედება და ამოცანების გააზრება მოძრაობაში. ისინი საკითხს პატარ-პატარა ნაწილებად შლიან, რომ მიხვდნენ, „როგორ არის მოწყობილი შიგნიდან“.

ყველაზე ეფექტიანი სწავლების აქტიური მეთოდებია. როდესაც მთელი ინფორმაცია ანალიზდება, მოსწავლე სვამს კითხვებს, ეცნობა დამატებით მასალებს, ერთმანეთს უთავსებს მუშაობის სხვადასხვა ტიპს.

აი აქტიური სწავლების რამდენიმე მეთოდი:

  • ინტელექტ-რუკის შედგენა, რომელზეც ინფორმაცია და იდეებია ერთმანეთთან დაკავშირებული;
  • ნასწავლი მასალის მეგობრისთვის ან წარმოსახვითი აუდიტორიისთვის მოყოლა;
  • შესწავლილი საკითხის საწინააღმდეგო არგუმენტებზე ფიქრი;
  • 100 სიტყვით მოყოლა იმისა, რა ისწავლე. შემდეგ ამის შემცირება 10 სიტყვამდე.

 

კარგად ორგანიზებული მუშაობა წარმატების ნახევარია. მნიშვნელოვანია, იცნობდეთ თქვენს სუსტ და ძლიერ მხარეებს, ისახავდეთ მიზნებს და, რაც მთავარია, წარმოდგენილი გქონდეთ, როგორ აპირებთ მათ მიღწევას. დროის მენეჯმენტის სპეციალისტები გვირჩევენ „სალიამის მეთოდს“: დაყავით დიდი დავალება პატარა ნაწილებად, ისევე როგორც ძეხვს ერთი და იმავე ზომის პატარა რგოლებად ჭრით.

აღმოჩნდა, რომ ბევრი ამოცანის ერთდროულად დასახვა ამცირებს ტვინის აქტიურობას. გაცილებით ეფექტიანია, ყველა საქმე გაყოთ და დავალება პატარა ნაწილებზე კონცენტრირებით შეასრულოთ.

სწორად შედგენილი განრიგი ჯერ კიდევ არ არის პროექტის დასრულების გარანტია. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა დავალება საჭირო ვადაში ჩააბარონ, მათ უნდა ისწავლონ დროის უკუათვლაც. ასევე, უნდა გაითვალისწინონ და მოიტოვონ დრო სამუშაოს გასასწორებლად და ცვლილებების შესატანად.

 

როგორ ისარგებლონ ლიტერატურის სიებით და მოძებონ ინფომაცია

კეროლ ბორდმანის აზრით, ბიბლიოთეკები დაუმსახურებლადაა მივიწყებული. ეს იდეალური ადგილია სწავლისთვის. სკოლის მოსწავლეებს ხშირად არასწორად ესმით რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალი: არ არის საჭირო ყველა წიგნის წაკითხვა; აუცილებელია მხოლოდ ძირითადი წყაროების გამოყოფა და ყველაფრის აქედან დაწყება.

თანაც დამატებითი ლიტერატურის გაცნობა სასარგებლოა – ეს აქტიური სწავლების ერთ-ერთი მეთოდია. თუ წინ დიდი ინფორმაციის შემცველი სამუშაო გელით, არჩევითი კითხვის უნარი დაგეხმარებათ: მოძებნეთ საკვანძო სიტყვები და ტექსტში გამოყავით ძირითადი მომენტები. მთავარ სასწავლო უნარად ავტორს მიაჩნია პირველწყაროებზე მუშაობა, რომლებშიც ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ასევე უნდა გადამოწმდეს ციტატების ხარისხი.

 

რა დაგეხმარებათ უკეთ დამახსოვრებაში

იმისთვის, რომ დაიმახსოვროთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ის რეგულარულად უნდა გადაიმეოროთ. ვორდერმანი გვთავაზობს საკვანძო სიტყვების და ფრაზების ცალკე ბარათებზე ამოწერას ყოველი კვირის და ყოველი თვის ბოლოს. მასალის გამეორება აზრს მოკლებულია, თუ საგანზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა არ გაქვთ.

ბავშვებს ინფორმაციის ათვისებაში დაეხმარება:

  • კონსპექტების მომზადება საკუთარი სიტყვებით;
  • გაკვეთილზე კითხვების დასმა;
  • თანაკლასელებთან ჩანაწერების გაცვლა-გამოცვლა და გავლილ მასალაზე საუბარი;
  • ახალი ინფორმაციის სხვა ცოდნასთან დაკავშირება. არ დაგავიწყდეთ შესვენება: უმცროსკლასელებმა უნდა შეისვენონ ყოველი ნახევარი საათის შემდეგ, უფროსებს კი 45-60 წუთის განმავლობაში შეუძლიათ მეცადინეობა, რის შემდეგაც 12-20 წუთით შესვენებაა რეკომენდებული.

 

მეხსიერება და ტვინი

მიღებულ ინფორმაციას ჩვენი ტვინი კოდად აქცევს, მერე კი მეხსიერებაში გზავნის. როდესაც რაღაცის გახსენება გვჭირდება, ვიყენებთ გრძელვადიან მეხსიერებას და მისგან კოდირებულ ინფორმაციას ვიღებთ. რამდენიმე მინიშნებისა და გრძნობის ორგანოების კომბინირებას მრავალჯერადი კოდირება ჰქვია. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, გრძნობის ორგანოები და შემოქმედებითი შესაძლებლობები ავამოქმედოთ: სწავლის პროცესი უფრო საინტერესო ხდება, ხოლო მასალა – უფრო იოლად ასათვისებელი.

ის, რომ ადამიანი იყენებს ტვინის მხოლოდ 10%-ს, მითია და დროა დავივიწყოთ.

მინიშნებად შეიძლება ნებისმიერი რამ გამოგვადგეს. თუნდაც სხეულის ნაწილები. მაგალითად, ატომის აგებულების დამახსოვრებისას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ხელი როგორც ძირითადი ელემენტი და თითები როგორც მისი ნაწილები.

მეხსიერების სტიმულირებისთვის შეიძლება მოვიშველიოთ დამახსოვრების არა ერთი, არამედ რამდენიმე მეთოდი, მაგალითად:

  • ბლოკ-სქემები (საკვანძო სიტყვების ჩაწერა და მათგან საფეხურებრივი პროცესის შედგენა);
  • ციცერონის მეთოდი (რომაელი ორატორი გამოსვლის დროს ახსენებდა უამრავ სახელს, მოჰყავდა არაერთი რიცხვი და ფაქტი. ამბობენ, რომ გონებით ის ამ ფაქტებს „შენობაში“ ანაწილებდა, მერე კი „დაუვლიდა“ მათ და აუცილებელ ინფორმაციას აგროვებდა).

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

ინტერნეტგაზეთი “mascavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას,  სიხარულს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ  ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...