კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

ნაცემი ბავშვი და მშობლის გამხმარი ხელი

0

სრულიად საქართველო შეძრა, სრულიად საქართველო ააჩოჩქოლა და ააყვირა იმ ფაქტმა, როდესაც პატარა ბავშვის, ოთხი წლის გოგონას სიკვდილის მიზეზი გაავრცელა სხვადასხვა მედიასაშუალებამ. მაგრამ არავინ ვიცით, დაფიქრდა კი სრულიად საქართველო იმ ფაქტზე, რომ თავადაა ის მოძალადე მშობელი, რომელიც ხან ხელს აღმართავს ბავშვზე, ხან სიტყვიერად შეუტევს, ხანაც დაემუქრება თავის ან სხვის შვილს. იღბლიანი შემთხვევის წყალობით არიან გადარჩენილები ის დანარჩენი ბავშვები სიკვდილს, დაბეჩავებას. ოთხი წლის გოგონაც, შესაძლოა, არ მომკვდარიყო იმ დღეს, გადარჩენილიყო და ჩვენც არ ვიყვირებდით. გავჩუმდებოდით, ისევე, როგორც ვჩუმდებით მაშინ, როცა გვესმის, როგორ ძალადობს მშობელი შვილზე სხვადასხვანაირად. გავჩუმდებოდით, როცა დავინახავდით, როგორ შესცქერის პატარა არსება ქვევიდან ზევით დამფრთხალი გაფართოებული თვალებით თავისზე მაღალს და მხოლოდ ამიტომ მასზე მაგარს. გავჩუმდებოდით, როცა დავინახავდით, როგორი შეშინებული უსმენს ერთი ციცქნა არსება ხმას, რომელსაც სიძლიერით ვერ გადაფარავს. შემზარავი შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ, თუმცა შემთხვევა როგორ უნდა ვუწოდოთ იმას, რაც პირველად არ მომხდარა. შევდგებით ამ ფაქტის შემდეგ მაინც საზოგაოდებად? ვისწავლით ჭკუას? შევეშვებით ბავშვებზე ძალადობას? ნამდვილად არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. იმიტომ რომ ხშირად მსმენია, როგორ სჯერა მშობელს, რომ მკაცრი უნდა იყოს ბავშვის მიმართ, თავისი არ უნდა გაატანინოს. ხშირად მსმენია ისიც, რომ მასწავლებლებსაც ამგვარი მიდგომა აქვთ მოსწავლეების მიმართ – არ უნდა გაატანინოს თავისი. და რატომ არ უნდა გაატანინოს? რა მოხდება, თუკი ბავშვი/მოსწავლე თავისას გაიტანს? გვაჯობებს? გვაჯობოს. ჩვენც ეგ არ გვინდა? ანდა რა უბედურებაა საკითხის ისე დაყენება, რომ ვიღაცამ ვიღაცას უნდა აჯობოს, თანაც როცა ეს ვიღაცა, ერთ მხრივ, ბავშვია და, მეორე მხრივ, მშობელი ან მასწავლებელი. უამრავ ნაწარმოებზე და ფილმზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა ამ საკითხებს ვეხებით, მაგრამ მე ერთ კონკრეტულ რომანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს რომანი თითქოს ყველაზე ნაკლებად ეხება ბავშვზე ძალადობაზე, თუმცა ეს რომანი ახალი და ძველი თაობის ურთიერთობაზეცაა, რა თქმა უნდა, ალეგორიებისა და სხვა მხატვრული საშუალებების დახმარებით. 

ოთარ ჭილაძის რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი ისაა, რომ ვანს ზღვა ნელ-ნელა ტოვებს, ტოვებს მაშინ, როცა მშობლები შვილებზე ძალადობას იწყებენ. დავიწყოთ თავიდან. ნაწარმოების პირველი ნაწილი, აიეტი, ასე იწყება: ”ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო; როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ დღეს გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგა უკან. მთავარი პირველი ნაბიჯი იყო, მერე ყველაფერი თავისით მოხდებოდა, ან ვინ გაუბედავდა შეჩერებას. ყველა ვანელს, დიდიან-პატარიანად, კალთაზე რომ გამოება ზღვა, მაინც გაიპარებოდა, რადგან ვერავითარი ძალა ვერ აღუდგებოდა წინ ბუნების ჩანაფიქრს. ადრე თუ გვიან ასე უნდა მომხდარიყო, ზღვა გამბედაობას მოიკრებდა და შეუდგებოდა ამ მართლაც ვერაგული განზრახვის ასრულებას. ვანელები ისე დაფრთხნენ, ისე დაიბნენ, მერე აღარც უცდიათ დაკარგულის ძებნა და დაბრუნება. მათი ღრმა რწმენით, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაღრმავდა, ზღვამ ისინი რაღაც დიდი ცოდვის გამო მიატოვა, დიახ, მიატოვა, როგორც მარჩენალმა – ოჯახი, ქმარმა – ცოლი, რომლის ქარაფშუტობასა და გარე-გარე კურკურს აღარ დაადგა საშველი. ქმარიც ადგა და წავიდა, მაგრამ წასვლამდე ისე ფრთხილად, საზრიანად და მოთმინებით იქცეოდა, ძნელი იყო მისი განზრახვის შეტყობა, ხოლო, როცა ყველაფერი გამომჟღავნდა, უკვე შორს იყო. ზღვისგან მიტოვებული მიწა, ახალშობილის კანივით სველი და დაჭმუჭნილი, თანდათან გაიზარდა, გაფართოვდა და სამგლოვიარო არშიასავით გაუყვა მთელ სანაპიროს. მერე ვანსა და ზღვას შუა უზარმაზარი ჭაობი გაჩნდა… წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ყველა ვანელის ფანჯრიდან ისმოდა მისი გაბმული, გაუთავებელი ქშენა. არც ერთ ვანელს არ მოუვიდოდა აზრად, სარკმელი მხოლოდ ზღვის საცქერლად გამოეღო, ანდა ძილი გაეტეხა და ლოგინში წამომჯდარს მისთვის ესმინა. ზღვა ყოველთვის ახლოს ეგულებოდა… რომელ ქალს სჯერა, რომ ქმარი მიატოვებს? არც ვანს სჯეროდა, ზღვა თუ მიატოვებდა“. ვინც იცის, ვინაა აიეტი, ვინც იცის, რა ბედი ეწია მის ოჯახს, ადვილად მიხვდება, რომ წიგნის პირველი ნაწილი არგონავტების მითის ქართული პერსპექტივიდან წაკითხვის მცდელობაა (აქვე დავძენ, რომ საკმაოდ წარმატებული მცდელობა). მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ პასაჟში ზღვა ქმარს არის შედარებული, ხოლო ცოლის ეპითეტი „ქარაფშუტა“ ეხმიანება აიეტის ქალიშვილი ქარისას სახელს, პერსონაჟისას, რომელიც პირველი ბერძენის ცოლი ხდება, უჩენს მას ბერძენ ვაჟიშვილებს, შვილებს, რომელთა წვლილი დედის სამშობლოს დაღუპვის გზაზე არანაკლებია, ვიდრე მედეასი, ვხვდებით, რომ ზღვა იმავდროულად ვერაგული განზრახვის შემსრულებელი მედეას მეტაფორაცაა. იმიტომ რომ ზღვა, მედეას მსგავსად, იპარება და მას ვეღარავინ გააჩერებს, კალთაზეც რომ გამოიბას. აიეტს, ისევე როგორც ყველა მშობელს, ქალიშვილები იმდენად ახლოს ეგულებოდა, აზრად არ მოსდიოდა, მათთვის უმიზეზოდ ეცქირა ან ესმინა. ზღვა ერთდროულად ქმარიცაა (ანუ პირველმოსული ბერძენი ფრიქსე), ქარისაც და მედეაც, ზღვისგან მიტოვებული ვანის მიწა კი აიეტია, ერთი შეხედვით, უძლეველი მეფე, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მან ხომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა არ ჩაეძია მფრინავ ვერძს ჩაბღაუჭებული პატარა ბიჭის ამბავს და შეიფარა თავშესაფრის მაძიებელი დამფრთხალი ფრიქსე. მაგრამ ამ წერილს იმის გასარკვევად არ ვწერ, თუ ვინ იგულისხმა მწერალმა გაპარულ ზღვაში ან ზღვისგან მიტოვებულ ვანში. ეს წერილი იმაზეა, რომ ოთარ ჭილაძე სამგლოვიარო არშიასავით ვანის სანაპიროს ჩვენებით სხვა სათქმელის მიტანას ცდილობს თავის მკითხველთან და მე შევეცდები, სწორედ ამ სათქმელზე ვისაუბრო.

მას შემდეგ, რაც ვანელებმა დაიჯერეს თავშესაფრის სათხოვნელად მოსული ბერძენი ფრიქსეს უამრავი ტყუილი და ამ ტყუილებიდან ყველაზე უფრო ძნელად დასაჯერებელი, თითქოს მან მფრინავი ვერძის დახმარებით შეძლო ვეებერთელა ზღვის გადმოლახვა, ვანელმა ბავშვებმა თამაში „ვერძობანა“ მოიგონეს: „მეორე დღეს მთელი ქალაქი ცხვარზე ამხედრებული ბავშვებით გაივსო. გაფრენის სურვილით შეპყრობილი ბავშვები აღმა-დაღმა დააქროლებდნენ პირზე დუჟმომდგარსა და თვალებჩასისხლიანებულ ცხვრებს, მაგრამ, მათდა გასაოცრად, მათდა გულდასაწყვეტად, არცერთი ცხვარი არ აპირებდა მიწას თუნდაც ერთი გოჯით ასცდენოდა, ისევ მიწაზე სიკვდილი ერჩია და მართლაც დიდხანს ვერ უძლებდნენ ეს უწყინარი ცხოველები მათთვის ყოვლად შეუფერებელ ჯირითს, ბუშტებივით გაბერილნი, ლაჯებში უსკდებოდნენ გაჯიუტებულ მხედრებს. ქუჩები თვალამოტრიალებული და ახროტინებული ცხვრებით მოიფინა. კაცები დანებით გამორბოდნენ, ქალები მიწას აყრიდნენ სისხლის გუბეებს, ბავშვები კი სრულად არ აპირებდნენ, ხელი აეღოთ ამ უცნაურ ახირებაზე, ამოდენა მსხვერპლი რომ სჭირდებოდა… კაცები თვალს არიდებდნენ დასაჭექად გამზადებულ ქალებს, მაგრამ, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, მაინც უნდა ჩარეულიყვნენ საქმეში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყებინათ ბავშვებისთვის ეს მართლაც სულელური თამაში, სულელური კი არა, დამღუპველი, ოჯახის დამაქცევარი,.. კერიის გამციებელი… „შემოჰკარი-მეთქი, სანამ დროა, შემოჰკარი!“ – უკვე ღვარძლიანად შეჰღმუოდნენ ცოლები ქმრებს, მაგრამ ქმრები დიდხანს იფხანდნენ ქეჩოებს, რადგან ძალიან უყვარდათ ბავშვები. სიყვარულს შიშიც ემატებოდა, დარწმუნებულნი იყვნენ, ბავშვს თუ შემოჰკრავდნენ, ხელი გაუხმებოდათ. ეს რწმენა კი შთამომავლობით გადადიოდა თაობიდან თაობაზე და ყველანი ბრმად ემორჩილებოდნენ, რადგან არავის გასჩენია მისი შემოწმების სურვილი… რა არ სცადეს, რა არ მოიგონეს, მაგრამ არ იქნა და აღარ გაუარა ბავშვებს ამ უცნაურმა გატაცებამ. ხოლო როდესაც არც დაყვავებამ გაჭრა და არც მუქარამ, ბავშვები დააბეს, ხელ-ფეხი გაუკოჭეს და დაყარეს… მაგრამ არც ამით შეცვლილა რამე… და აი, ერთ დღეს მოხდა ის, რისაც ყველას ეშინოდა და რასაც უკვე ყველა ელოდებოდა. მამამ შვილს ხელი შემოჰკრა. მთელ ქალაქში ისეთი ლაწანი გაისმა, კარ-ფანჯრები ჩამოცვივდა, ჯამ-ჭურჭელი დაიმსხვრა, მიწაში ქვევრები დაიბზარა… მამა რომელმაც შვილს ხელი შემოჰკრა, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოვიდა და მთელ ქალაქს დაანახვა გამხმარი მარჯვენა“. თუმცა ამან ვერ შეაჩერა დაწყებული პროცესი. ვანში ბავშვების ცემა დაიწყეს. „ოყაჯადოს დედა უყვარდა და გულის სიღრმეში ცოტა ეშინოდა კიდეც მისი, ადგან ცემა იცოდა. ცუცას აზრით, ჯოხი ყველაზე კარგი მასწავლებელი იყო. იგი ყოველთვის სცემდა ოყაჯადოს, როცა ბავშვი იყო და ბავშვობით დააშავებდა რამეს… როცა გალახული ოყაჯადო ჩაუფიქრდებოდა ხოლმე თავის საქციელს, დედამისი ყოველთვის მართალი გამოდიოდა… ასე თანდათანობით, რაღა თქმა უნდა, წკეპლისა და სილაქის დახმარებითაც, განიმსჭვალა მთელი მისი არსება დედისადმი განუსაზღვრელი რიდითა და მოკრძალებით, რაც მთავარია, ნდობით.“ ამ გალახულ-დამცირებულმა ბავშვმა, რომელიც აიეტს ნათესავად ერგებოდა, მომავალში, აიეტის ძალაუფლების დამხობის შემდეგ, კოლხეთის ტახტი დაიკავა. ვანმაც და კოლხეთმაც დაკარგა ძველი დიდება, ძლევამოსილება. ვერა, ვერ ივარგებს ბავშვობაში გალახული დიდობაში, ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ შექმნის ის. მხოლოდ ძალადობას გაამრავლებს, ამ ძალადობის შეჩერებას კი საუკუნეებიც აღარ ეყოფა. არ უნდა გვიკვირდეს გალახულ-ნაცემი თაობისგან მამების თაობის მიმართ ჯერ ფარული, მერე კი გაცხადებული შურისძიების სურვილი. როცა ბავშვებს მშობელი ცემს, შესაძლოა, ის მართლაც ფიქრობდეს, რომ სწორად იქცევა, შესაძლოა, მართალიც იყოს, შესაძლოა, შვილმაც იცოდეს, რომ მშობლის პოზიცია სწორია და გარეშე თვალმაც გამართლება მოუძებნოს მშობელს. მაგრამ სწორედ ხელის აღმართვაა ის პირველი ნაბიჯი რომლის შემდეგაც იწყება გაუცხოება, გროვდება გაუცნობიერებელი და ამოუთქმელი ბოღმა, იწყება მოძალადის ჩამოყალიბება.

ახლა დავუფიქრდეთ, როდის დაარტყეს ბავშვს პირველად ხელი ვანელებმა? როცა ვერ გააჩერეს თამაშის ჟინით შეპყრობილი ბავშვები. რა თამაში იყო ეს? გაფრენის აუტანელი სურვილი, რომელთან გამკლავებაც წარმოუდგენელი იყო. ვინ ჩაუნერგა ბავშვებს ეს ილუზორული სურვილი? თავად მშობლებმა, რომლებისგანაც გაიგონეს ბავშვებმა მფრინავი ვერძით მოსულ ბიჭზე. და რა გამოვიდა? ჩაუნერგეს სურვილი, მერე კი დატოვეს მარტო. მიტოვებული ბავშვები კი, უფროსებისგან განსხვავებით, მცდელობას არ აკლებდნენ ოცნების განხორციელებას. ამით განსხვავდებოდნენ ისინი მამების თაობისგან. მამებს არც ის აინტერესებდათ, რამდენად რეალური იყო ფრენის შესაძლებლობა და არც იმისთვის ეცალათ, გადაემოწმებინათ მოსმენილი. ისინი ზედმეტი შეკითხვების გარეშე იღებდნენ იმას, რასაც ეტყოდნენ. ალბათ არ ეცალათ სხვა არაფრისთვის, როცა ოჯახი ჰყავდათ გამოსაკვები. აი, უსაქმური ბავშვები კი სხვანაირები იყვნენ. და, იმის ნაცვლად, რომ მათთვის აეხსნათ, რატომ იყო თამაში საშიში, მათზე ხელი აღმართეს, ძალადობით შეაჩერეს. შეჩერებული კი დროებით ჩაიბუდებს, რომ მერე ახლიდან წამოყოს თავი, როცა მიეცემა შანსი. მედეაც და ქარისაც ასეთი ბავშვები არიან. მათი გაფრენის მცდელობა კრახით დასრულდა და ავად შემოუბრუნდა მათ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ოთარ ჭილაძესთან ასე მარტივად და პირდაპირ არაა ნათქვამი ეს ყველაფერი, მაგრამ სტრიქონებშორის სწორედ ეს აზრი იკითხება: არ უნდა დაატყვევო შვილი, „დატყვევებული უფრო საშიშია, ვიდრე ნებაზე გაშვებული“, თორემ შვილი აუცილებლად შეგეწინააღმდეგება, ტალღას ტალღა მოჰყვება, მომდევნო ტალღა წინამორბედზე ძლიერია, მესამეს მეოთხე მოჰყვება და იმ მეოთხეს ამოცნობა უკვე ძნელი გახდება. მამების თაობა დამარცხებულია, თუკი თავისუფლებას უზღუდავს შვილებს, თუკი ფიზიკურად ან თუნდაც ფსიქოლოგიურად ძალადობს შვილებზე. მოძალადე მოძალადეს ზრდის, რომელიც ასევე განწირულია. საინტერესოა, რომ ეს ალეგორია ლამის ლაიტმოტივად გასდევს ოთარ ჭილაძის მთელ შემოქმედებას.

რატომ ძალადობს წინა თაობა ახალ თაობაზე სხვადასხვა ფორმებით? იმიტომ რომ ახალ თაობას აინტერესებს უცხო – უცხო ადამიანი და მის მიერ მოთხრობილი ამბები, მერე რა, რომ ეს ამბები ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია; არა აქვს მნიშვნელობა, უცხოეთიდან მოდის უცხო ადამიანი, თუ უცხო ქვეყნიდან შემოდის რაიმე უცხო ქმედება – უცხო უფროს თაობას უკვე საფრთხისშემცველი ჰგონია, რადგან უცხო სიახლეა. და იმის მაგივრად, რომ სიახლეს კარი გაუღოს, არ შეუშინდეს და ახალ თაობასთან ერთად დაფიქრდეს, კარგია ის თუ ცუდი (სიმართლე გითხრათ, უხერხულიცაა, ამ ეპითეტებს რომ ვიყენებ), სარგებელს ნახავს მისგან თუ დაქცევას, რა შესაძლო შედეგი ექნება მას, ეშინია და საკუთარი შიშის დასამალად იწყებს ძალადობას. უფროსი თაობის ვალია, იმსჯელოს იმაზე, რაც უცხოდ ეჩვენება, სინამდვილეში კი მხოლოდ სიახლეა და კარი კი არ ჩაუკეტოთ მას, ფართოდ გაუღოს, თორემ ჩაკეტილი კარიდან მაინც შემოიპარება ან ვიღაც მაინც გაუღებს მას კარს უნებლიეთ ან გამიზნულად. ყველა ასეთ შემთხვევაზე მაგალითის მოტანა შეიძლება ლიტერატურიდანაც და რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებიდანაც, უბრალოდ ამის ადგილი არ არის ამ წერილში და ამიტომაც აქ შევჩერდები.

უცხოს რომ ჯიუტად არ უშვებს ძველი თაობა, არ ეპუება, ფესვებგადგმულ შეხედულებებს რომ იცავს ისე, რომ არც აინტერესებს, ეგებ მათში გამჯდარი მოსაზრებებია არასწორი, მოძველებული, ამიტომაცაა, რომ მერე გადადიან ძალადობაზე, ჯერ სიტყვიერზე, მერე ფსიქოლოგიურზე და ბოლოს, ფიზიკურზეც. უმეტეს შემთხვევაში ასეა, თორემ, ცხადია, არაფრის განზოგადება არ შეიძლება. არც იმას ვამბობ, რომ ახალი ყოველთვის კარგია, მაგრამ, ახალი რომაა, ეს უკვე კარგია.

ბოლოს მინდა, მკითხველს ვთხოვო, დაფიქრდეს აქ განხილულ საკითხზე და ალბათ ამის შემდეგ უყოყმანოდ დამთანხმდებიან, რამდენად აუცილებელია რაიმე სახით ოთარ ჭილაძის რომანის, თუნდაც მხოლოდ პირველი ნაწილის შეტანა სასწავლო პროგრამაში, თუნდაც კლასაგრეშე საკითხავ მასალად. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსწავეები იმსჯელებენ უმწვავეს საკითხებზე, გაიაზრებენ იმას, რომ ძალადობა საშინელებაა, როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს ის, თავად მაინც აღარ გაიმეორებენ მშობლების თაობის მიერ დაშვებულ შეცდომებს თავიანთ შვილების მიმართ.

 სოფლის შიგნითა მხარე

0

თებერვლის ამინდია – გამოხრულ კბილში წყალნარევი ჭაჭა თუ ჩაგსვლიათ – ეგეთი გემოს და განწყობის.  ქუჩაში შეგხვდება ზაზუნა. ზაზუნა ადამიანია. მეტიც – ზაზუნა დენის კაცია. ჩვენ – ძროხა დავკარგეთ. ზაზუნამ – თავი. მოდის ქორეოგრაფიული ბარბაცით.  აცვია ფრთხილადყავისფერი ბუშლატა და ახურავს თამამადტალახისფერი ქუდი. ასდის პომიდვრის მჟავის სუნი. ყიჟინით ასდის – სამასი მეტრიდან გაგაგონებს. ეს სუნი დარვინული ბუნებრივი გადარჩევის ამბავში მარადიული გამარჯვებულია, რადგან ზაზუნა ასე ორმოც ოჯახში მაინც იყო, ორმოცივეში რაღაც აჭამეს და მაინც პომიდვრის სიმჟავე გცემს. ზაზუნა დენის კაცია. დენი კიდევ ის კაცია, თვეში ორჯერ რომ მოდის. ზაზუნა მოდის თვეში სამჯერ. ჩვენი ძროხა საერთოდ არ მოვიდა. არ მახსოვს რომელი – წაბლია, ფაცუნა და თუ კასანდრა. სტადიონზე დარჩებოდა – ამბობს მამა და მე და მამა სტადიონისკენ მივდივართ. საღამოს ექვსი საათია. ცოტაც და შეღამდება. შურასთან ლამფა ცოტა ადრე აინთო. მაგას ჩვილი ბაღანა ჰყავს და ალბათ ტანს ბანს. ამას ან მამაჩემი ამბობს ან არ ამბობს, მაგრამ ისე ხშირად უთქვამს აქამდე, რომ იქ ჩავლისას მაინც ყურში ჩამესმის. ზაზუნამაც ჩაგვიარა. ბარბაცის ილეთმა ვერ გადაგვკვეთა და დიდად არც ჩვენ გამოგვიდია ჩახუტებით თავი. ზაზუნა რაფერ ხარ? – მიაძახა მამაჩემმა. ზაზუნამ თქვა – რავლრვრაბდბჰნცნჰასჰბდცურ თუ რაღაც მსგავსი და გზა გააგრძელა. ძროხა იწვა კუთხურის ალმის ადგილას. ჩვენ გაგვიხარდა და გამოვდენეთ. ჭიშკარი ბებიამ გაგვიღო. დაღამდა.

სცენის დასასრული.

თქვენ შეიძლება რამე სასაცილო ამბავს ელოდით ან ბუხარში ცეცხლის ტკაცუნს და  ჭიქა წითელ ღვინოს და კრიმანჭულს და ჭყინტ ყველს და თვალის ჩაპაჭუნებას.

მაგრამ აი, ეს არის სოფელი. ეს არის მისი ჩვეულებრივი დღე. ამბავი არაფერზე. სოფელი გაძლების ხელოვნებაა.  გამეორებული სცენების გაძლების ხელოვნება.  ამ ხელოვნებით ბედნიერება ცოტას შეუძლია. ძალიან ცოტას. ამ გაძლებაში სხვა ადამიანად იძერწები. რომ გაიგო, ასე ასჯერ მაინც უნდა ჩაუარო ზაზუნას გვერდით.

 

თხილი მათი არსობისა
ხანდახან შენი თავიც გავიწყდება. აი, ის – ოციოდ წლის წინ მამას რომ მისდევდი. მამა მიდიოდა ,,კაჭკით’’. თხილის ჩამბარებლებთან. კაჭკაზე ფქვილის ტომრებში ჩაყრილი თხილით. და დედა გაბარებდა: არ ამოიღო, არ გატეხო, კბილს აფუჭებსო. შეიძლება იმიტომ, რომ მართლა კბილს აფუჭებდა, შეიძლება სხვა რამის გამოც. რადგან ჭირდა და სჯობდა პური გვეჭამა, ვიდრე თხილი. და თხილი პურს ყიდულობდა. ფქვილის ტომრებში გამოკრული თხილი.
ბოლო სამი დღეა ჩვენი სამუშაო დილა მეთხილეების უცნაურ ოთახებში იწყება. მე და ლევან კოღუაშვილი ფილმისთვის მასალას ვეძებთ. ამბებს, ადამიანებს. ჯერ მარტო ოთახებია დიდი კინო, ათასწვრილმანიანი, ფერადი უიმედობით. ეს ხალხიც მსგავსია მათი, ვინც აბარებს. იმნაირივე. მეზობელი. ნათესავი. ერთნაირი დარდი აქვთ და დარცხვენა. შემოწმების სცენაც ტკივილიანია, ფაროსანით დასეტყვილი თხილიდან გაფუჭებულის ამორჩევა 20 ნიმუშის დატეხვა და ფასის პროცენტის გამოყვანა. ამ დროს მართლა გრძნობ, რომ მიწა იწვის, დამტეხავის, თხილის პატრონისაც და შენიც. ,,ა, დავთვალე ნაირა და 12 გაფუჭებულია ოცში. მოი ვითომ ათია გლახა, ისე დაგითლი და გეკუთნის 10 ლარი 35 თეთრი’’. ,,რას იზამ’’ – ამბობს ნაირა, შეიძლება სკოლის მასწავლებელი ან ექთანი, ძალიან ლამაზი ქალი და ფულს ფრთხილად იღებს. და რა იმალება ამ ერთი ცელოფნის პარკში ჩაყრილი თხილის უკან, ათ ლარ და ორმოცდათხუთმეტ თეთრს უკან? კარაქი და მაკარონი? წამლები? ბავშვის რვეული? გვინდა გავყვეთ მათ დილებს და საღამოებს, მათ ოცნებებს, სადღაც წლების წინ რომ ფეხი წამოიკრეს, წაიბორძიკეს და ალბათ ძილის წინ წამით იღვიძებენ.
წლებია, მათი ყოფა ამ თხილის ირგვლივ იძერწება. სამყაროს ცენტრია სათხილე, რადგან მომავალი წელი მოსავლის მიხედვითაა უკეთესი და უარესი.
ეს ხალხი სულ გვავიწყდება, არ ვიმჩნევთ. რაღაც თითქოს დიდზე და მნიშვნელოვანზე ვმსჯელობთ, ერთმანეთს ვემოყვრებით და ვემტერებით ამ მნიშვნელოვნის გამო და მხოლოდ ეს მნიშვნელოვანი გვგონია მნიშვნელოვანი. არადა, უმნიშვნელოა. არადა, დამვიწყებლები დავიწყებულებზე ცოტა ვართ და სიცოტავე რა მოსატანია, უფრო არამთავრი ხალხი. მერე რა, რომ საინფორმაციო საიტების ტოპამბებში მხოლოდ ჩვენ ვჩანვართ. ისინი კი ფარდულებში სხედან თხილის ტომრებთან. თქვენ კი არ გაქილიკებთ, ხომ გითხარით, სხვა კი არა, ხანდახან ჩემი თავიც მავიწყდება-მეთქი. მაცდურია ეს ყოფა, ხიდს გადმოღმა. აქაც თხილია, ,,სხვა თხილი’’ და შექცევა იცის. არადა, ,,კბილს’’ აფუჭებს. ძალიან, ძალიან აფუჭებს. ხომ ამბობდა დედაჩემი.

 

8 კრიტიკული უნარი თანამედროვე განათლებისათვის

0

მოხსენებაში “სწავლის მრუდის კვლევა”, რომელიც დაფუძნებულია კოგნიტური უნარებისა და განათლებაში მიღწევების გლობალურ ინდექსზე (Global Index of Cognitive Skills and Education Attainment), ნათქვამია:

“კოგნიტური უნარებისა და განათლებაში მიღწევების გლობალური ინდექსი განათლების ორ კატეგორიაში ერთმანეთს ადარებს 39 ქვეყნისა და ერთი რეგიონის (ჰონკონგი) მონაცემებს: კოგნიტურ უნარებსა და განათლებაში მიღწევებში. ინდექსი წარმოგვიდგენს ქვეყნების შედარებას მათში განათლების შედეგებზე დაყრდნობით”.

მოკლედ, აღნიშნული კვლევა შეგვიძლია დავიყვანოთ 6 გაკვეთილსა და 8 უნარზე, რომელთაც ქვემოთ ჩამოვთვლით:

გაკვეთილი 1

OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია – ეთგო) აფასებს, რომ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ნახევარზე მეტი ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაუმჯობესებული უნარების დამსახურებაა.

გაკვეთილი 2

ბოლო წლებში უფრო ნათელი გახდა, რომ საბაზო კითხვა, წერა და არითმეტიკა საკმარისი არ არის. საუბარია 21-ე საუკუნის არაკოგნიტური უნარების – სოციალური ინტერაქციისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების  საჭიროებაზე.

გაკვეთილი 3

სწორი უნარების სწავლა ადრეულ ბავშვობაში გაცილებით ეფექტურია, ვიდრე იმ ზრდასრულების უნარების გამოსწორების მცდელობა, რომლებზეც სასკოლო სისტემამ თავის დროზე არ იზრუნა. მაგრამ მაშინაც კი, როცა დაწყებითი  განათლება მაღალი დონისაა, ზრდასრულობაში უნარები ქვეითდება, თუ მათ რეგულარულად არ იყენებენ.

გაკვეთილი 4

მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა, თუნდაც უბრალოდ სახლში კითხვა და მათემატიკური გამოთვლები სამსახურში, ამცირებს უნარების ასაკობრივ დაქვეითებას, მაგრამ უმეტესწილად მათთვის, ვისაც უკვე აქვს მაღალგანვითარებული უნარები. ზრდასრულთა სწავლება დიდად ვერ მოახდენს ცუდი სასკოლო სისტემის კომპენსირებას.

გაკვეთილი 5

ტექნოლოგიებმა შეიძლება ახალი ბილიკები გაკვალოს ზრდასრულთა განათლებაში, კერძოდ – განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ ეს პანაცეა არ არის. ცოტაა იმის მტკიცებულება, რომ მხოლოდ ტექნოლოგიას შეუძლია დაეხმაროს ინდივიდებს ახალი უნარების განვითარებაში.

გაკვეთილი 6

განვითარებად ქვეყნებში უფრო ეფექტურად უნდა ისწავლებოდეს საბაზო უნარები, სანამ ისინი უნარების არეალის გაზრდაზე დაიწყებენ ზრუნვას. 21-ე საუკუნის უნარების ხელშესაწყობად პედაგოგიკასა და ტექნოლოგიებში ინვესტირება ბევრს ვერაფერს მოგვცემს, თუ საბაზისო წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება არ გვაქვს“.

მომავალი მოსწავლის 8 უნარი 

ქვემოთ მოყვანილია თანამედროვე მოსწავლის 8 თანამედროვე უნარი:

  1. ლიდერობა;
  2. ციფრული წიგნიერება;
  3. კომუნიკაცია;
  4. 4. ემოციური ინტელექტი;
  5. მეწარმეობა;
  6. გლობალური მოქალაქეობა;
  7. პრობლემების გადაწყვეტა;
  8. გუნდური მუშაობა.

წყარო: https://www.teachthought.com/the-future-of-learning/8-critical-skills-modern-education/

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უნარები თითქმის სრულად არის მოცემული ახალ (2018 წლის) ეროვნულ სასწავლო გეგმაში, კერძოდ მე-7 მუხლის პირველ ნაწილში, სადაც მოსწავლისათვის განსავითარებელ გამჭოლ კომპეტენციებსა და ღირებულებებზეა საუბარი:

https://ncp.ge/files/ESG/NC%202018-2024/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%92%20-%202018%20%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%207%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C.pdf

თამაშები მოტივაციისთვის და არა მარტო

0

არსებობს უამრავი თამაში, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ გაკვეთილზე. თამაშები გამოიყენება ლექსიკის შესამოწმებლად, კონკრეტული თემის შესწავლისას, დროის სწორად განაწილების სასწავლად… თამაშები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც გაკვეთილის დასაწყისში მოტივაციის ამაღლების მიზნით, ასევე გაკვეთილის განმავლობაში, როდესაც რთულ თემას განვიხილავთ, აგრეთვე გაკვეთილის დასასრულს, როცა რამდენიმე წუთი რჩება.

გთავაზობთ რამდენიმე თამაშს, რომელიც თქვენს გაკვეთილებს გახდის სასიამოვნოსა და მხიარულს და თუ მუშაობა კონტროლს აღარ ექვემდებარება,  თქვენ შეძლებთ კლასის ყურადღების გადატანას.

მინდა შემოგთავაზოთ ის თამაშები, რომლებიც ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ. მათ გეოგრაფიის გაკვეთილებს მხიარული გაკვეთილები დაარქვეს.

  1. სამაგიდო რბოლა

არ არსებობს მასწავლებელი, რომელიც არ იყენებს ამ თამაშს საკლასო ოთახში. სამაგიდო რბოლა – არის სახალისო თამაში, რომელიც გამოიყენება ლექსიკის გადასინჯვისთვის, დაიმახსოვრეს თუ არა სიტყვები გაკვეთილიდან, რომელიც ისწავლეს გასულ კვირას ან თუნდაც წინა გაკვეთილზე. იგი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დაწყებით კლასებში მოსწავლეთა გააქტიურებისათვის. ეს არის გზა შემოწმებისა, თუ რა იციან თქვენმა მოსწავლეებმა ახალი თემის შესახებ. იგი გამოიყენება ყველა დონეზე და ყველა ასაკის მოსწავლეებთან.

როგორ ვითამაშოთ:

სამაგიდო რბოლა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

კლასი გაყავით ორ გუნდად და მიეცით თითოეულ გუნდს ფერადი მარკერები.

თუ ძალიან დიდი კლასია, შეიძლება უკეთესი იყოს მოსწავლეთა დაყოფა 3 ან 4 გუნდად.

დაფა გაყავით შუაზე და დაწერეთ თემის სათაური.

მოსწავლეებმა უნდა დაწერონ თემასთან დაკავშირებული სიტყვები (ტერმინები).

თითოეული გუნდი იღებს ერთ ქულას თითოეული სწორი ტერმინისთვის. ნებისმიერი სიტყვა, რომელიც თემას არ ეხება, ან შეცდომით არის დაწერილი, არ ითვლება.

  1. აღმოაჩინეთ ჩემიბლეფი“ / ორი ჭეშმარიტება და ტყუილი

„აღმოაჩინე ჩემი „ბლეფი“ – არის სახალისო თამაში. ის არის ბრწყინვალე „ყინულის გალღობისათვის“ მოსწავლეებს შორის, თუ ასწავლით კლასებს, სადაც კომუნიკაციის პრობლემაა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ასწავლით მცირერიცხოვან კლასს.

თამაში შესანიშნავია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის, თუმცა აუცილებელია გამოყოთ დრო თამაშის შემდეგ, რათა მოსწავლეებს დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებული რეკომენდაციები მისცეთ.

უფროსკლასელების ჯგუფებთან თამაშისას ნამდვილად გაერთობით და შეიძლება გაგიკვირვებულიც დარჩეთ თქვენი მოსწავლეების შესახებ სიახლეების აღმოჩენებით.

როგორ ვითამაშოთ?

დაწერე 3 წინადადება თქვენ შესახებ დაფაზე, რომელთაგან ორი უნდა იყოს სიცრუე და ერთი – ჭეშმარიტი.

ნება მიეცით თქვენს მოსწავლეებს თითოეული წინადადების შესახებ დაგისვან კითხვები, რათა გამოიცნონ, რომელია სიმართლე.

თუ სწორად მიხვდებიან, გამარჯვებენ.

მოსწავლეებს მიეცით დრო, რომ დაწერონ ორი სიმართლე და ერთი ტყუილი.

დააწყვილეთ ისინი და კვლავ ითამაშონ. თუ გინდათ, რომ გააგრძელოთ თამაში და მოსწავლეები კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ, პარტნიორები შეცვალეთ ყოველი ხუთი წუთის განმავლობაში.

ბოლოს სთხოვეთ მოსწავლეებს, გამოაცხადონ ერთი სიახლე, რომელიც მათ შეიტყვეს სხვა მოსწავლეზე ან თემაზე, რომელიც განიხილეს.

  1. საიმონი“ ამბობს

ეს არის შესანიშნავი თამაში მოსწავლეებისთვის. ერთადერთი საფრთხე, რომელსაც ეს თამაში შეიცავს, ის არის, რომ მოსწავლეებს არ სურთ თამაშის დასრულება.

როგორ ვითამაშოთ:

დადექით კლასის წინ (თქვენ ხართ საიმონი ამ თამაშში).

გააკეთეთ მოძრაობა და თქვით მთავარი ფრაზა – „საიმონი ამბობს“. რის შემდეგაც მოსწავლეებმა უნდა გაიმეორონ თქვენი ქმედება. თუ არ იტყვით ამ ფრაზას მოსწავლეები მოძრაობას არ იმეორებენ.

გაიმეორეთ ეს პროცესი, აირჩიეთ სხვადასხვა ქმედება – თქვენ შეიძლება იყოთ იმდენად თავისუფალი, რამდენადაც მოგწონთ. რაც მეტად გახდებით თავისუფალი ქცევაში მით მეტად შეგიყვარებენ.

შემდეგ გააკეთეთ მოძრაობა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მოქმედება და გამოტოვეთ ფრაზა “საიმონი ამბობს”. ვინც ამ მოქმედებას გააკეთებს, ის ჯდება.

გამარჯვებული არის ბოლო მოსწავლე.

იმისათვის, რომ ეს უფრო გაართულოთ, მოძრაობები ააჩქარეთ. მოსწავლეები წაახალისეთ კარგი საქციელისთვის და მიეცით ნება, შეასრულონ „საიმონის“ როლი.

  1. სიტყვათა გადაადგილების შეჯიბრი

ეს არის საუკეთესო თამაში, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდური მუშაობის განვითარებას და საკლასო ოთახში კონკურენციის გაზრდას. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ყველას გვიყვარს კონკურენცია და ეს თამაში ყველა ასაკობრივ ჯგუფთან კარგად მუშაობს. ეს არის იდეალური დროის მართვის, სიტყვების თანმიმდევრობით დალაგების,  წერისა და კითხვის  უნარების განვითარებისთვის.

როგორ ვითამაშოთ:

ეს თამაში მოითხოვს გარკვეულ დაგეგმვას გაკვეთილის წინ.

დაწერეთ რამდენიმე წინადადება, გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ფურცლები თითოეული წინადადებისთვის. სავარაუდოდ, თითოეულ გუნდს 3-5 წინადადება შეხვდება.

დაჭერით წინადადებები ისე, რომ დარჩეს რამდენიმე სიტყვა.

განათავსეთ თითოეული წინადადება სხვადასხვა ქუდში ან ნებისმიერ ნივთში.

დაყავით კლასი  გუნდებად. გახსოვდეთ, რომ საჭიროა საკმარისი წინადადებები.

გუნდებმა უნდა ააწყონ წინადადებები და დაალაგონ სწორი თანმიმდევრობით.

გამარჯვებული გუნდი არის პირველი გუნდი, რომელსაც ყველა წინადადება სწორად აქვს აწყობილი.

  1. ჩამოხრჩობნა.

ეს კლასიკური თამაში ყველა მოსწავლისთვის საყვარელია, მაგრამ შეიძლება მოსაწყენი გახდეს საკმაოდ სწრაფად. ეს თამაში საუკეთესოდ გამოიყენება 5 წუთის განმავლობაში გაკვეთილის დაწყებისას ან დასასრულს, თუ თქვენ გარკვეული დრო დაგრჩათ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მოსწავლეა კლასში.

როგორ ვითამაშოთ:

მოიფიქრეთ სიტყვა და დაწერეთ რამდენიმე ასო დაფაზე. გამოიყენეთ ტირეები გამოტოვებული ასოებისთვის, რათა დაინახონ რამდენი ასოსგან შედგება სიტყვა.

სთხოვეთ მოსწავლეებს, დაასახელონ სავარაუდო ასო, თუ არის სიტყვაში ჩაწერეთ, თუ არ არის ჩაიწერეთ გვერდით. დაიწყეთ ჩამოკიდებული ადამიანის გამოსახულების ხატვა.

განაგრძეთ თამაში ვიდრე მოსწავლეები გამოიცნობენ სიტყვას სწორად.

  1. პიქსიკონი (Pictionary)

ეს არის კიდევ ერთი თამაში, რომელიც კარგად მუშაობს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფთან. ბავშვებს უყვართ, რადგან მათ შეუძლიათ გამოავლინონ კრეატიულობა და შემოქმედებითობა საკლასო ოთახში. პიქსიკონი ეხმარება მოსწავლეებს სწავლებაში თამაშით.

პიქსიკონს შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეებს, შეამოწმოს, ახსოვთ თუ არა ტერმინები, რომლებსაც სწავლობენ.

როგორ ვითამაშოთ:

გაკვეთილის დაწყებამდე მოამზადეთ რამდენიმე ტერმინი და ყუთში მოათავსეთ.

დაყავით კლასი 2 გუნდად; დაფის შუაში ჩამოუსვით ხაზი.

გუნდებიდან თითო წევრს მიეცით კალამი და თხოვეთ აირჩიონ სიტყვა ყუთიდან.

უთხარით მოსწავლეებს, რომ დაფაზე დახატონ მათი ტერმინის შესაბამისი სურათი, რათა გუნდებმა გამოიცნონ.

სწორი პასუხის შემთხვევაში გუნდი იღებს ქულას.

მოსწავლე, რომელმაც დაასრულა ხატვა, უნდა დაასახელოს ვინმე საკუთარი გუნდიდან, რომელიც გააგრძელებს თამაშს.

გაიმეორეთ ეს ყველაფერი, სანამ არ ამოიწურება ტერმინები – სასურველია, რომ საკმარისი ტერმინები (სიტყვები) გვქონდეს, რომ თითოეული მოსწავლე ერთხელ მაინც გამოვიდეს.

  1. მიმი

მიმი არის შესანიშნავი თამაში  მოსწავლეებისთვის, რათა სისტემაში მოიყვანონ ცოდნა. ასევე პედაგოგებისთვის, რადგან მისი ჩატარება შესაძლებელია მინიმალური რესურსებით დროის მოკლე პერიოდში; აგრეთვე მასწავლებლებისთვის, რომელთაც სურთ რთული გაკვეთილის დასრულება ინტერაქტიული აქტივობით. მისი ადაპტაცია შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი თემისათვის.

ეს თამაში მუშაობს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა თქვენ ნახავთ, რომ მოზრდილები ბევრად უფრო სწრაფად იღლებიან, ვიდრე მცირე ასაკის ბავშვები. მოსწავლეთა ინტერესის შენარჩუნებისთვის გაითვალისწინეთ, რომ ისინი მაქსიმალურად საუკეთესოდ ასრულებენ საკუთარი ინტერესების იმიტაციას.

როგორ ვითამაშოთ:

გაკვეთილის დაწყებამდე დაწერეთ ფურცლებზე გარკვეული ქმედებები – მაგალითად კლასის დალაგება – და ჩადეთ ყუთში.

გაყავით კლასი ორ გუნდად.

თითოეული გუნდიდან გამოყავით ერთი მოსწავლე. ერთი მათგანი ყუთიდან ამოიღებს ქაღალდს.

ორივე მოსწავლე თავიანთ გუნდს უჩვენებს მოქმედებას, რომელიც ყუთიდან ამოღებულ ფურცელზე წერია.

გაიმარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი გამოიცნობს სწორ პასუხს.

გაიმეორეთ, სანამ ყველა მოსწავლე არ შეასრულებს მინიმუმ ერთ მოქმედებას.

  1. ცხელი სკამი

მოსწავლეების კიდევ ერთი საყვარელი და სახალისო თამაში.

ცხელი სკამი მოსწავლეებს საკუთარი ლექსიკის გამდიდრების საშუალებას აძლევს; აგრეთვე ხდება ჯანსაღი კონკურენციის წახალისება. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი დონის მოსწავლეებისთვის.

როგორ ვითამაშოთ:

დაყავით კლასი 2 გუნდად.

აირჩიეთ თითოეული გუნდიდან ერთი წევრი, რომელიც ჯდება ცხელ სკამზე კლასის პირისპირ და ზურგით დაფისკენ.

დაწერეთ ტერმინი დაფაზე.  გუნდიდან ერთი მოსწავლე უნდა დაეხმაროს მინიშნებებით (მიმიკებით) ცხელ სკამზე მჯდომს. მოსწავლეებმა ტერმინის აღწერისას უნდა გაითვალისწინონ, რომ  მათ აქვთ შეზღუდული დრო და არ აქვთ არც ხატვის და არც სიტყვის თქმის უფლება.

თამაში გაგრძელდება, ვიდრე თითოეული მოსწავლე არ დაჯდება „ცხელ სკამზე“.

  1. საით წავიდე?

ეს თამაში ძალიან სახალისოა. ერთი მოსწავლე უნდა იყოს თვალახვეული, მეორე კი -გზამკვლევი ლაბირინთში გასავლელად.

როგორ ვითამაშოთ:

მოსწავლეების მოსვლამდე მოაწყვეთ საკლასო ოთახში ლაბირინთი. გადააადგილეთ მერხები და სკამები, რათა შეიქმნას ლაბირინთი.

როდესაც მოსწავლეები მოვლენ, ისინი წყვილებად შედიან საკლასო ოთახში. თვალახვეული მოსწავლე გაივლის ლაბირინთში დამხმარესთან ერთად.

წყვილები ერთდროულად შეგყავთ საკლასო ოთახში; მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ნაბიჯი ჩრდილოეთით, წავიდეთ დასავლეთით და ა.შ. ისინი ცდილობენ მათმა პარტნიორმა ბოლომდე უსაფრთხოდ გაიაროს ლაბირინთი.

  1. რა არის ჩემი პრობლემა?

ეს არის ბრწყინვალე თამაში, რადგან ხდება რჩევების მიცემა. ეს არის საშუალება მოსწავლეებისთვის, გააცნობიერონ, რა ისწავლეს და რა საჭიროებს გადახედვას. ეს თამაში კარგად მუშაობს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფთან.

როგორ ვითამაშოთ:

ჩამოწერეთ დავალებები ან პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს უახლეს გაკვეთილთან და მოსწავლეებს მიაკარით  ზურგზე.

მოსწავლეებმა მათი თანატოლებისგან მიღებული რჩევების საფუძველზე უნდა შეძლონ თავიანთი პრობლემის გამოვლენა და მისი გადაჭრის გზების მოძებნა.

გამოიყენეთ უფრო რთული ან გაურკვეველი პრობლემები, რათა თამაში უფრო საინტერესო გახდეს. დაწყებით კლასებში შესაძლებელია გამოაცხადოთ თემა, მაგალითად, “ჯანმრთელობა”, რათა დაეხმაროთ თამაშში.

ეს თამაშები დაეხმარება თქვენს მოსწავლეებს სწავლაში. მათ უყვართ თამაშები გაკვეთილზე, რომელიც უნდა იყოს მხიარული, აქტიური და რთული. ეს თამაშები დარწმუნებული ვარ, შეიძლება ნებისმიერ საგანში ნებისმიერ თემას  მოვარგოთ და სწორი მიმართულება მივცეთ.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდი: https://www.gooverseas.com/blog/10-best-games-esl-teachers

სწავლის ძირი მწარე არის

0

წლების შემდეგ, როცა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან დავბრუნდით, მეგობარი მიყვებოდა, რომ ღამე შეეშინდა და რაც ახსოვდა, ყველა ლოცვა თქვა. წარმოიდგინე, ჯერ ათამდე წმინდანს იხსენებ, მერე მათთვის განკუთვნილ ლოცვებს, რამდენიმე ფსალმუნს და ა.შ. და ა.შ. და უკვირდა, ნუთუ საკმარისი არ იქნებოდა, ერთი მათგანი მეთქვა და გადამეწია საბანი, – მენახა, რომ ოთახში არავინ იყო, ვისიც ან რისიც შემეშინდებოდაო.
სასკოლო სახელმძღვანელოები ძალიან ჰგავს ამ ამბავს. გადაშლი სახელმძღვანელოს – და „მეგობრობა“, „სიყვარული“, „პატრიოტიზმი“, – სათაურების ქვეშ ისეა ჩაყრილი ავტორები და ტექსტები, თითქოს გადაუმოწმებელი საიტებიდან იყოს ამოკოპირებული და პირდაპირ გადმოტანილი, თითქოს ბოლო წუთზე შესრულებული საშინაო დავალება იყოს.

ერთ თავში შეიძლება პაოლო იაშვილი და ბესიკი, ან იოანე მინჩხი და ანა კალანდაძე იყვნენ. იმას არ ვამბობ, რომ ნებისმიერ ეპოქაში დაწერილ ტექსტებს შორის არ შეიძლება მოინახოს რაიმე კავშირი, იქნება ეს სტილისტური თუ თუნდაც იდეური და ა.შ. არა, პირიქით, კარგიცაა კავშირები, მით უფრო თუ ისინი ძალიან დიდი ისტორიული ნარატივის მანძილიდან უკავშირდებიან ერთმანეთს. ცუდი ის არის, რომ სახელმძღვანელოში მოსწავლისთვის (ხშირად მასწავლებლებისთვისაც) არ ჩანს არანაირი კავშირი ამ ტექსტებს, ავტორებს, ტექსტებში წამოჭრილ პრობლემებს, საკითხებს, სამეტყველო ენას, წერის სტილსა თუ ევფონიას შორის. არანაირი კავშირი, გარდა იმისა, რომ თავებს, რომლებიც მათ აერთიანებენ, უგემოვნო სადღეგრძელოებივით სახელები ჰქვია.

ცალკე საკითხია, ამ სახელმძღვანელოების მიხედვით, როგორ ისწავლება გრამატიკა. დავუშვათ, რიცხვითი სახელი. იქნებ ცოტა უტრირება გამომდის, მაგრამ, რიცხვითი სახელი თავისუფლად შეიძლება ისწავლოს მოსწავლემ ერთ კონკრეტულ, თუნდაც მეხუთე კლასში და არა ისე, რომ რიგობითს სწავლობდეს ერთ წელს, რაოდენობითს მეორე წელს, წილობითს კიდევ სხვა დროს.

მერე გვიკვირს, რომ მოსწავლეები ემოციურად მუდმივად დაშორებული არიან ტექსტებს, ავტორებს. მერე ხვეწნით და მუდარით, მუქარით, თხოვნით, უკეთეს ნიშანზე შეთანხმებით ვაზეპირებინებთ ლექსებს, მონაკვეთებს ჰაგიოგრაფიიიდან, ჰიმნოგრაფიიდან, პუბლიცისტური წერილებიდან. ბოლოს ის ხდება, რომ ბავშვებს არ უყვართ ის, რაც არც იციან.

სწავლის ძირი არ უნდა იყოს მწარე. სწავლას არც აქვს ძირი იმ გაგებით, როგორც ამას იაზრებენ მოსწავლეები და ჩვენც ვუღიმით თანხმობის ნიშნად. ეს უწყვეტი პროცესი არც სკოლაში მისვლისას იწყება და არც ბოლო ზარის დღეს სრულდება. ეს ოთხასგვერდიანი წიგნები კი, რომლებიც თითქოს ცდილობენ მოასწრონ და ათასი აზრით, ტექსტით, ფაქტით ამოუვსონ თავი მოსწავლეებს, ცდებიან. ცდებიან, იმიტომ, რომ ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ არც მათ შემდგენლებს, არც მასწავლებლებს, არც მშობლებს, არავის გვაქვს იმედი, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, ისინი, ვინც ახლა სკოლაში სწავლობენ, ოდესმე რამეს ისევ წაიკითხავენ. ცდებიან იმიტომ, რომ ისე ჩანს, თითქოს ვცდილობთ მოვასწროთ რაღაც, რაც შეიძლება მეტი ტექსტი, მეტი ავტორი, მეტი ფაქტი, ვიდრე გატკბილდება. თორემ მერე ვინ დაუბრუნდება ლიტერატურას? რაღა საჭიროა? გამოცდები ჩაბარებულია, ატესტატი სახლში დევს, წინ კი ცხოვრებაა.

 

დიფუზია – საოცარი მოვლენა

0

იცოდით, რომ ჩრდილოამერიკულ მგელს ადამიანზე 1000-ჯერ მახვილი ყნოსვა აქვს? ის მსხვერპლს 2,5 კმ-ზე გრძნობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მგელს ცხვირში 50-ჯერ მეტი ყნოსვითი რეცეპტორი აქვს, ვიდრე ადამიანს და თუ მგლის ცხვირის ლორწოვან გარსს წარმოსახვით სიბრტყეზე წარმოვიდგენთ, ის დიდი მისალოცი ბარათის ზომისა აღმოჩნდება. ქათმისოდენა ახალზელანდიურ კივის ფრენა არ შეუძლია და საკვების პოვნას მხოლოდ მახვილი ყნოსვით ახერხებს. ის ღამით ტყის ნიადაგში 3 სმ სიღრმეზე გრძნობს ჭიაყელას სუნს და ადვილად პოულობს მას. აქაც ფიზიკასთან გვქონია საქმე. შევეცადოთ, ავხსნათ ეს მოვლენები ნივთიერების აღნაგობის გათვალისწინებით.

მოლეკულებისა და ატომების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები აუცილებლად დაინტერესდებიან, როგორ იქცევიან ეს ნაწილაკები აირებში, სითხეებში, მყარ სხეულებში, ხომ არ განაპირობებენ სხვადასხვა პირობებში (მაგალითად, სხვადასხვა ტემპერატურაზე) მოთავსებული სხეულის განსხვავებულ თვისებებს; დაუკავშირებენ ფიზიკურ მოვლენებს ნივთიერების დისკრეტულ აღნაგობას და შეეცდებიან, ახსნან ესა თუ ის მოვლენა ატომებისა და მოლეკულების განლაგებითა და მოძრაობით.

თუ გავიხსენებთ, რომ ნივთიერების მოლეკულები განუწყვეტლივ მოძრაობენ და მათ შორის შუალედებია, ადვილი მისახვედრი გახდება, რომ ჰაერში გაფრქვეული სუნამოს მოლეკულები მოძრაობის დროს ეჯახებიან ჰაერის შემადგენელი აირების მოლეკულებს, მრავალჯერ იცვლიან მოძრაობის მიმართულებას და ამიტომ მთელ ოთახში იფანტებიან.

პირველ სურათზე წარმოდგენილია ბალონებში ჟანგბადისა და წყალბადის მოლეკულების ურთიერთშერევა ონკანის მოშვებამდე, მოშვებისას და მოშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

სურ. 1. დიფუზია აირებში

 

იმავე მოვლენასთან გვაქვს საქმე ჩაის ფერისა და შაბიამნის წყალხსნარის წყლში შერევისას.

შემხები ნივთიერებების ურთიერთშეღწევას, რომელიც ნივთიერების ნაწილაკების ქაოსური მოძრაობის შედეგია, დიფუზია ეწოდება (ლათინური სიტყვიდან „განღვრა“, „გავრცელება“). დიფუზია მიმდინარეობს მყარი და თხევადი ნივთიერებების შერევის დროსაც. მაგალითად, წყლიან ჭიქაში კალიუმის პერმანგანატის ან შაბიამნის ნამცეცის მოთავსებისას დავინახავთб როგორ შეიღებება წყალი (სურ. 2).

სურ. 2. შაბიამნის კრისტალის დიფუზია წყალში

 

მყარი და თხევადი ნივთიერებების დიფუზიაა ასევე წყალში შაქრის ან მარილის გახსნა (სურ. 3).

სურ. 3. დიფუზია მყარ და თხევად სხეულებში

 

ცდებით დგინდება, რომ დიფუზია აირებში უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სითხეებში. რით შეიძლება აიხსნას ეს? თუ გავიხსენებთ, რომ აირის მოლეკულებს შორის მანძილი გაცილებით მეტია, ვიდრე სითხეებში, ყველაფერი გასაგები გახდება. აირებში, ნაწილაკებს შორის არსებული მეტი სივრცის გამო, ნივთიერებათა მოლეკულების შერევის მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე სითხეებში. რეალურად, დიფუზიის დროს ერთი ნივთიერების ნაწილაკები აღწევენ მეორე ნივთიერების ნაწილაკებს შორის არსებულ სივრცეში.

კიდევ უფრო ნელა მიმდინარეობს დიფუზია მყარ სხეულებს შორის. ცნობილია ასეთი ცდა: კარგად გაპრიალებული (გლუვი) ზედაპირების მქონე ტყვიისა და ოქროს ფირფიტები ერთმანეთზე დააწყვეს და ზემოდან მძიმე ტვირთი დაადეს. ხუთი წლის განმავლობაში ფირფიტებს შორის წარმოიქმნა ტყვიისა და ოქროს ნარევის 1 მმ სისქის ფენა (სურ. 4).

სურ. 4. დიფუზია მყარ სხეულებში

 

როგორ გავზარდოთ დიფუზიის სიჩქარე? გავიხსენოთ, რომ შაქარი ან მარილი ცხელ წყალში უფრო სწრაფად იხსნება, ვიდრე ცივში და ამის ახსნა ვცადოთ, ტემპერატურის მატება მოლეკულების მოძრაობის სიჩქარეს დავუკავშიროთ. მართლაც ასეა. ნივთიერების ტემპერატურის მატება ხომ ნაწილაკების ენერგიის ზრდას უნდა ნიშნავდეს, ანუ ნაწილაკი მეტად „ენერგიული“ უნდა გახდეს და მეტი სიჩქარით იმოძრაოს. შესაბამისად, ტემპერატურის მომატებით ნივთიერებათა შერევის მეტი შესაძლებლობა ჩნდება.

ნივთიერებათა თავისთავადი შერევის პროცესს, როდესაც დიფუზია მხოლოდ ერთი მიმართულებით მიმდინარეობს, ოსმოსი ეწოდება.

განვიხილოთ ცდა: წყალში ჩავუშვათ შაქრით სავსე პერგამენტის პარკი. რამდენიმე წუთში პარკი წყლით აივსება და შაქარი წყალში გაიხსნება (ნახ. 4).

 

 

 

 

ნახ. 4. ოსმოსის მოვლენის მექანიზმი

 

ავხსნათ ეს მოვლენა. სურათზე ჩანს, რომ პერგამენტის (მას შეიძლება მემბრანა ვუწოდოთ) ვიწრო ფორებში წყლის მოლეკულები გადის, შაქრის მოლეკულები კი ვერა. ხომ არ არის ეს განპირობებული წყლისა და შაქრის მოლეკულების განსხვავებული ზომით? დიახ, ნამდვილად ასეა. წყლის მოლეკულა შეიცავს ერთ ატომ ჟანგბადს და ორ ატომ წყალბადს, შაქრის მოლეკულა კი გაცილებით დიდია: იგი შეიცავს ნახშირბადის თორმეტ, წყალბადის ოცდაორ და ჟანგბადის თერთმეტ ატომს. წყლის მოლეკულა შედარებით პატარაა, ის გაივლის პერგამენტის კედლის ფორებს და შეაღწევს შაქრიან პარკში. მას უკან, საპირისპირო მიმართულებითაც შეუძლია მოძრაობა. შაქრის მოლეკულა კი დიდია და პერგამენტის პარკიდან გარეთ, წყალში ვერ გამოდის. სწორედ ამით აიხსნება დიფუზიის ერთი მიმართულებით (წყალი  შაქარი) მიმდინარეობა. ნახაზზე სწორედ ოსმოსის შემთხვევაა წარმოდგენილი.

განსაკუთრებული როლი აკისრია ოსმოსს ცოცხალ ბუნებაში – ჟანგბადი ადამიანის ორგანიზმში ოსმოსურად – კანის გავლით აღწევს. ოსმოსის გზით მიმდინარეობს საკვები ნივთიერებების გადასვლა ცოცხალი ორგანიზმის სისხლში (სურ.5), საკვები ნივთიერებების შეღწევა ნიადაგიდან მცენარის ფესვებში.

სურ. 5. ოსმოსი უჯრედში

 

ასევე მნიშვნელოვანია დიფუზია წარმოებაში. ლითონების შეერთებას, შედუღებას, ქრომირებას, მონიკელებას სწორედ დიფუზია უზრუნველყოფს. დიფუზია ხელს უწყობს აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობის ერთგვაროვნებას დედამიწის ზედაპირთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასიცოცხლო პროცესებისთვის.

ახლა უკვე გასაგებია, რომ იმ ნივთიერების მოლეკულებმა, რომლებიც ჩრდილოამერიკული მგლის ან ახალზელანდიური კივის მსხვერპლის კანიდან აორთქლდა, ჰაერში დიფუზიის საშუალებით მიაღწია მტაცებლის მახვილ ყნოსვის ორგანომდე და ოსმოსის საშუალებით აღაგზნო მისი რეცეპტორები.

ამრიგად, დიფუზიის მოვლენის შესწავლით, ყოფა-ცხოვრებიდან მოყვანილ მაგალითებზე დაკვირვებით, მოვლენების მიზეზშედეგობრივი ანალიზით და გამოტანილი დასკვნებით მოსწავლეები სიღრმისეულად გაიზრებენ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტს: ნივთიერება ნამდვილად შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან (მოლეკულებისა და ატომებისგან) და ეს ნაწილაკები მუდმივად მოძრაობენ (XI კლასი, მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის  I და II დებებულებები).

 

გამოყენებული რესურსები:

  1. ილუსტრაციები დიფუზიის და ოსმოსის შესახებ

https://www.askwillonline.com/2017/07/osmosis-biology.html

  1. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა, VII კლასი. 1989 წ.
  2. ელენე სურგულაძე, მანანა კასრაძე. ფიზიკა, VII კლასი, 2003 წ.
  3. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა, VII კლასი. 2001 წ.

დიფერენცირებული გაკვეთილის მოდელები

0

საგანმანათლებლო სივრცეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა ინტერესებისა და უნარების მიხედვით საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა-წარმართვას, როცა გარემო მოსწავლეებისთვის ნაკლებად დაძაბულია. სასწავლო სივრცის მოწყობა უკავშირდება შიდა დიფერენცირებულ მიდგომებს პედაგოგიკაში. გაკვეთილი, რომელიც დაკომპლექტებულია განსხვავებული უნარებისა და დონის აღსაზრდელებით, მაგრამ ერთი ასაკობრივი საფეხურის ფარგლებში და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჰომოგენურ თუ ჰეტეროგენურ სამუშაო ჯგუფებში, წყვილებში, ინდივიდუალიზებული თუ დამოუკიდებელი მუშაობის პირობებში, განსხვავებული სასწავლო დროით, დავალებებით, სასწავლო მასალებითა და მეთოდებით, სახეზეა გაკვეთილის შიდა დიფერენცირება. როცა აღნიშნული სამუშაო ფორმების ვარირება ხდება, ვიღებთ გაკვეთილის დიფერენცირებას, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომებს.

ამდენად, შიდა დიფერენცირებული გაკვეთილის თავისებურებათა კვლევა-განხილვის პროცესში გამოიკვეთა შიდა დიფერენცირებული გაკვეთილის მოდელები:

  • ერთ-ერთი მოდელის მიხედვით, შიდა დიფერენცირებაში ძირითადი საგაკვეთილო კონცეფციები ემყარება რეფორმატორული პედაგოგიკის იდეებს, როგორებიცაა გაჩერებებით სწავლება, თავისუფალი დავალება და მუშაობა დალტონ გეგმით.
  • სასწავლო–თეორიული კონცეფციები, რომელებიც შიდა დიფერენცირებული გაკვეთილის კიდევ ერთ მოდელს ქმნის, არის სასწავლო ავტონომია და კოოპერატიული სწავლება. ისინი ეფუძნება გაკვეთილის პროდუქტიულობისა და უცხო ენის გაკვეთილზე ენობრივი კომპეტენციების გამომუშავების თვალსაზრისით კომპლექსურ ხედვას, რასაც შიდა დიფერენცირებაში არსებითი როლი ენიჭება საჭირო საგაკვეთილო შინაარსობრივი ცვლილებებისა და ეფექტური მეთოდური მიდგომების გამოყენების მიზნით.
  • ჯგუფური სწავლება დიფერენცირებულ მიდგომებში კიდევ ერთ მოდელს ქმნის. ის გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა ორი პედაგოგი საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს და ამგვარად წარმართავს სასწავლო პროცესს.
  • წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა შიდა დიფერენცირების მოდელებს შორის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს განეკუთვნება, განსაკუთრებით – სასკოლო სისტემაში. თეორიული მასალის გაცნობა ხშირად პრაქტიკული ქმედების სახელდებას ახდენს. ამ შემთხვევაშიც მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე.

რაც უფრო მჭიდროა ძირითადი საგაკვეთილო კონცეფციებისა დიფერენცირებული გაკვეთილის თავისებურებათა კავშირი, მით უფრო მყარია გაკვეთილის სტრუქტურული ერთეულების, კერძოდ, მეთოდების, შესრულების ფორმების, დავალებებისა და გაკვეთილის შემადგენელი კომპონენტების მიზეზშედეგობრივი კავშირი.

კოოპერაციული, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის შიდა დიფერენცირების ფორმა ზემოთხსენებულთა შორის საუკეთესოდ მიიჩნევა. ამ შემთხვევაში იგულისხმება საერთო ჯგუფური მუშაობის პირობებში ისეთი გაკვეთლის ატარება, რომელშიც მოსწავლეთა განსხვავებული თავისებურებები მაქსიმალურადაა ითვალისწინებული. აქ, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება მაქსიმალური ავტონომია და მოსწავლეთა ურთიერთმხარდაჭერა, განურჩევლად მათი განმასხვავებელი თავისებურებებისა. გაკვეთლის ჩატარება შესაძლებელი და უფრო მეტიც – პროდუქტიულია იმდენად, რამდენადაც სწორედ განსხვავებულობაა ამოსავალი წერტილი. ეს განსხვავებული თავისებურებები ქმნის ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობას. მადიფერენცირებელი საშუალებებისა და სოლიდარული ურთიერთობების პირობებში ჯგუფის მიღმა შესაძლოა შევხვდეთ ჰეტეროგენურობის ექსტრემალურ ფორმებსაც.

დიდაქტიკური დიფერენცირება უცხოურ პედაგოგიკურ ლიტერატურაში წარმოდგენილია როგოგორც ქცევა და პედაგოგიური პრინციპი, რომელიც საერთო საგაკვეთილო პროცესშია ინტეგრირებული და მოიცავს საკითხებს გაკვეთილის მიზნის, პრინციპების, შინაარსის, ასევე საგაკვეთილო სტილის ერთიანობის შესახებ, რომელიც განაპირობებს კლასში ან ჯგუფებში მოსწავლეთა სოციალურ ინტეგრაციას. მას საფუძვლად უდევს პიაჟეს თეორია და პედაგოგიური შეხედულებები მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობის შესახებ. დიდაქტიკური დიფერენცირება აღიქმება როგორც თემათა ინტეგრაციასა და გაერთიანებაზე აგებული ინტერაქცია. მისი ფილოსოფიურ-ეთიკური საფუძველი, ფსიქოთერაპევტ რუთ კონის მიხედვით, არის ჰუმანისტური ფსიქოლოგია როგორც შემავსებელი კომპონენტი. ცნობილია, რომ თვითაქტივაცია და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით ქცევა-საქმიანობა ადამიანის ცხოვრების თანამდევია. ცოცხალი სასწავლო პროცესის შექმნისა და განვითარების მიზნით თერაპიულ და სოციალურ სივრცეში იქმნება მეთოდი TZI (თემათა ცენტრალიზებაზე აგებული ინტერაქცია). მისი მიზანია, მოიძებნოს ბალანსი ცალკეულ, ჯგუფურ და თემატურ დონეზე, რათა კოგნიტიური და ემოციური სწავლება გახდეს შესაძლებელი. ყველაფერი ტრიალებს სამკუთხედზე თემა, მე და ჩვენ. თემათა ცენტრალიზებაზე აგებულ ინტერაქციაში ცენტრალური ფიგურა მოსწავლეა, მასთან ერთად მუშაობა, სასწავლო მიზნები და თემები. მხოლოდ ამ სამი ფაქტორის ბალანსითაა შესაძლებელი კარგი გაკვეთილის აგება. თემათა ცენტრალიზებაზე აგებული ინტერაქცია ხასიათდება როგორც ინდივიდუალური სწავლის მხარდაჭერით, ისე, მახასიათებელი მსჯელობის გამო, სოციალური უნარებითაც. შიდა დიფერენცირებული გაკვეთილის საერთო კონცეფციები და მისი სქემა მოიცავს მადიფერენცირებელ ღონისძიებებს. ამის საფუძველზე ჩნდება კითხვები, რომლებიც უმთავრესია თემათა ცენტრალიზებაზე აგებული ჯანსაღი ინტერაქციისთვის:

  • შეესაბამება თუ არა საგაკვეთილო ფორმები საგაკვეთლო მიზნებს?
  • იძლევა თუ არა დიდაქტიკური მახასიათებლები ყველა მოსწავლის სწავლის საშუალებას? არის კი შესაძლებელი ეფექტური მუშაობა?
  • მოსწავლეებს მოეთხოვებათ თუ არა დამოუკიდებელი აქტივობები?
  • რამდენად თანაბარწონიანია დამოუკიდებელი სწავლისა და სოციალური სწავლის წონა?
  • იძლევა თუ არა დიდაქტიკური დიფერენცირება კრეატიულობისა და დამოუკიდებლობის საშუალებას?
  • სწორად მიმდინარეობს თუ არა წინაპირობების დაცვით საგაკვეთილო ფორმების ცვლილება?
  • რამდენად ადაპტირებადია დიდაქტიკური დიფერენცირება, რათა მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები, სასწავლო შინაარსი და სწავლისა და სწავლების პროცესის საფეხურები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული?
  • რამდენადაა შესაძლებელი სასწავლო შინაარსისა და გამოყენებული მეთოდების ოპტიმიზაცია?

ამრიგად, დიფერენცირებული სწავლების მიდგომების აქტიური დაგეგმვა სასწავლო პროცესში შესაძლებელია წარმატებულად წარიმართოს საგაკვეთილო ნორმებისა და სასწავლო შინაარსის მუდმივი მონაცვლეობის ფონზე, სადაც ცვილილების აუცილებლობას განაპირობებს აღსაზრდელთა განსხვავებული შესაძლებლობები და ინტერესები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Bönsch, Manfred. Differenzierung in Schule und Unterricht. Ansprüche Formen, Strategien. München, Ehrenwirt, 1995
  2. Conen, Elizabeth G. Implementation und Organisation des kooperativen Lernens. in: Günter L. Huber (Hrsg.) Neue Perspektiven der Kooperation. Hohengehren, Schneider Verlag, 1993
  3. Drevs, Ursula (u.a.). Einführung in die Grundschulpädagogik. Weinheim/Basel, Beltz Verlag, 2000

კომლექსური  შემოქმედებითი  ხასიათის დავალებების პრაქტიკული ასპექტები

0

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება უპირველეს მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას, რომელთა მიღწევისთვის მნიშვნელოვანია:

  • მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება; აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; დროსა და სივრცეში ორიენტირებისთვის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისა და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება.

მასწავლებლისთვის შრომატევადია მათ შესრულებაზე მიმართული დავალებების შერჩევა, საჭიროების მიხედვით იდენტიფიცირება და მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგება, რადგან სხვა მრავალი ამოცანაც აქვს გადასაჭრელი. მაგრამ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შემოქმედებითი ხასიათის კომპლექსური ტიპის დავალებები, რომლებიც მრავალმხრივად განუვითარებს მოსწავლეებს ცოდნასა და უნარებს და ისინი ეფექტურად შეძლებენ:

  • მასალის კრიტიკულად გაანალიზებას, დროსა და სივრცეში ორიენტირებას,  ფაქტებსა და მოვლენებს შორის  სათანადო კანონზომიერებების დადგენას და  კვლევითი ხასიათის სამუშაოს შესრულებას.

 

რატომ კომლპექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები? კომპლექსური   შემოქმედებითი ხასიათის დავალებები ძირითადად პრობლემური ხასიათის დავალებებია, პრობლემური შეკითხვები და სიტუაციებია, რომელთა განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ისინი თავის თავში მოიცავენ მრავალრიცხოვან  სწორ პასუხებს. სწორედ ასეთ დავალებებს აწყდება ადამიანი მასალის ანალიზისას, მოვლენათა ინტერპრეტაციისას და  კვლევა-ძიებისას. უფრო მეტიც, მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ სწავლების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის დროსაც არ არსებობს  ერთი, კონკრეტულად რომელიმე სწორი მიმართულება და  ხშირად ეს   სწორი პასუხების მთელი ჯაჭვია.  და  რომელს მივანიჭოთ უპირატესობა? რადგან ყველაფერი მაინც აზროვნებაზე და სააზროვნო პროცესების ხარისხზე გადის. ამიტომ ეფექტურია, მოსწავლეებისათვის ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც მათ აზროვნების ხარისხს გაზრდის, კომპელქსური შემოქმედებითი დავალებები  კი ამ  მიმართულებით  ეფექტურ შედეგებს იძლევა.

 

შინაარსის მიხედვით კომპლექსური შემოქმედებითი დავალებები იყოფა:

  • შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის დავალებებად;
  • ლოგიკურ ამოცანებად;
  • დავალებებად, რომლებიც არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვენ.

 

მათ შესასრულებლად საჭირო მეთოდები შეირჩევა შემოქმედებითი დავალებების მიზნისა და სირთულის მიხედვით (რომელთა შორის მოსწავლეთა შემოქმედებითი სამუშაოს ორგანიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს).

როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლეთა კომლექსური შემოქმედებითი ხასიათის უნარები, მათი საქმიანობა? სპეციალური მეთოდები მათი დიაგნოსტიკისა და შეფასებებისთვის არ არსებობს, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მრავალფეროვანი მეთოდური ინსტრუმენტები მოსწავლეთა დონის  განსაზღვრისთვის. მათ შორის:

  1. რეპროდუქციული ცოდნის შემოწმების მეთოდები;
  2. ინფორმაციის გაგებისა და აღქმის შემოწმების მეთოდები;
  3. ანალიზის (კონტექსტის წაკითხვის, ლოგიკური დასკვნების გამოტანის), სინთეზის (ესეის დაწერა, გეგმის შედგენა და ა.შ.) და  შეფასებების  გაკეთების (მასალის ლოგიკური აგება, ინფორმაციის მნიშვნელობის განსაზღვრა და სხვ.) შემოწმების მეთოდები.

 

ამის შემდეგ, პრაქტიკული  დავალებების ეტაპზე, მასწავლებელს ზუსტად ექნება განსაზღვრული,  რას და როგორ  შეუმოწმებს მოსწავლეს. მაგალითად, შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის,  რეპროდუქტიული დავალებების დროს, ასევე ლოგიკური ამოცანების ეტაპზე (ისტორიული თემა, თხზულება, პროექტის შედგენა/განხორციელება, სავარჯიშოები, ტესტის წერა) მასწავლებელი  შეამოწმებს მიზნის მიღწევისთვის საჭირო  შემდეგ ცოდნასა და უნარებს:

  1. ქრონოლოგიის ცოდნასა  და უნარებს:  ა) მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღების ცოდნა; ბ) წლის შესაბამისობა  საუკუნესთან, მოვლენათა მიზეზშედეგობრიობის ჩვენებას;
  2. ფაქტების ცოდნას: ა) ადგილისა და გარემოების დასახელება; ბ) მონაწილეთა ჩამოთვლა; გ) შედეგების განსაზღვრა;  დ) სახელმწიფოთა საზღვრებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული ნომენკლატურის ცოდნა; ე) კულტურისა და მეცნიერების მიღწევათა ცოდნა;
  3. ანალიზის უნარის: ა) ისტორიული ფაქტების შედარება  და მოვლენათა განზოგადების უნარი; ბ)  ისტორიული მოვლენებიდან და ფაქტებიდან არსებითი, დამახასიათებელი ნიშნების გამოყოფა; გ) ისტორიული მოვლენების კლასიფიცირება წინასწარ განსაზღვრული ნიშნის მიხედვით; დ) ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შედარება;
  4. ცნებებისა და ტერმინების ცოდნას;
  5. მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას;
  6. ისტორიულ წყაროსთან მუშაობის ცოდნასა და უნარებს შეამოწმებს: ა) ავტორის, მისი სანდოობისა და წყაროს შედგენის  დროის დადგენის მიხედვით;  ) პირველადი და მეორადი წყაროს გამოყოფის მიხედვით; გ) ძირითადი შინაარსისა და იდეის ფორმირებით;  დ) საჭირო ინფორმაციის პოვნით; ე) რამდენიმე წყაროს შედარებით; ვ) ისტორიულ რუკასთან მუშაობის უნარით; ზ) წყაროს ტიპის დადგენის ცოდნითა და უნარით.
  7. ტესტური ტიპის დავალებებისას შეამოწმებს ბაზისური, მიმდინარე და საკონტროლო ტესტების შესრულების ხარისხს:

ა) ბაზისური ტესტები – რომელთა მთავარი ამოცანაა განამტკიცოს მოსწავლეთა მიერ ძირითადი ცნებებისა და ტერმინების, ისტორიული ფაქტების, თარიღებისა და ისტორიული პერსონალიების ცოდნა;

ბ) მიმდინარე ტესტები – რომელთა საშუალებით ხდება მიმდინარე ცოდნისა და უნარების კოტროლი ცალკეული გაკვეთილისა თუ თემის ფარგლებში;

გ) შემაჯამებელი ტესტი – რომელიც მიუთითებს არამარტო მოსწავლის მიერ ათვისებული ცოდნის დონეზე, არამედ მასწავლებელს აცნობენ, რა ტიპის, რომელ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა მოსწავლეს და რატომ.

რაც შეეხება სხვადასხვა ხასიათის არასტანდარტული ისტორიული დავალებების შემოწმებას  – ასეთი დავალებები მეტწილად ევრისტიული ხასიათისაა, შესაბამისად, მათი შეფასებების დროსაც მსგავსი მიდგომებია საჭირო. ამ მიმართულებით შესაძლებელია გამოიყოს რამდენიმე ჯგუფი:

  1. ტექსტები, რომლებიც შეიცავენ არასწორ, არაზუსტ ინფორმაციას, ისინი მოსწავლეებისაგან მოითხოვენ საკმაოდ მოცულობითი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას უჩვეულო, ნებისმიერ დაუგეგმავ სიტუაციაში;
  2. შემოქმედებითი დავალებები, რომელთა გადაწყვეტისთვის საჭიროა მრავალფეროვანი ფორმები (დღიურიები,  წერილები, მემუარები..), რომლებსაც მოსწავლეები შეადგენენ აუდიტორიასთან წარსადგენად;
  3. ისტორიული ამოცანები, კროსვორდები, რომელთაც მოსწავლეები დამოუკიდებლად შეადგენენ (ისინი მათგან მოითხოვენ ფართო განზოგადებასა და მსჯელობას);
  4. რეცენზიის დაწერა ისტორიულ ნაწარმოებზე, კინოფილმზე, შემეცნებითი ხასიათის თამაშზე და სხვ;
  5. გზამკვლევების შედგენა (მაგალითად, საექსკურსიო ცენტრებისთვის) და ა.შ.

შემოქმედებითი ხასიათის ყველა ეს დავალება ააქტიურებს არამარტო კოგნიტურ, არამედ კომუნიკაციურ უნარებს და ამით იზრდება ინფორმაციის დამოუკიდებლად და შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის უნარები.

შედეგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია როდესაც კომლექსური, შემოქმედებითი ხასიათის დავალებების დიფერენცირება. ამ დროს ძირითადად გამოიყოფა სამი ტიპის დავალებები:

I  დონის დავალებები:  რეპროდუქტიული დავალებებია, რომლებიც  საჭიროებენ  მოსწავლისთვის მასწავლებლის მხარდაჭერას. მაგალითი ამ ტიპი ამ დონის დავალებისთვის: „ისტორია“, IX, „ქართული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება VIII-IX სს-ში“:

  • დაახასიათეთ ქართული სამეფო-სამთავრეობის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები;
  • დაახასიათეთ სამეფო-სამთავროების ეკონომიკური მდგომარეობა;
  • დაახასიათეთ პოლიტიკური განვითარების თავისებურებები;
  • დაასახელე, რა მდგომარეობის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ იმ მხარის მთავრები, დიდებულები და მოსახლეობა?

II  დონის დავალებები  – როდესაც მოსწავლეები უკვე ფლობენ შედარების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარებს, შეუძლიათ შედეგების ფორმულირება, თუმცა შესაძლებელია დასჭირდეთ მასწავლებლის დახმარებაც. მაგალითად:

  • შეისწავლეთ და შეადარეთ ორი ნებისმიერი სამთავროს გეოგრაფიული მდებარეობა (ტაო-კლარჯეთის, კახეთ-ჰერეთის.. აფხაზთა და კახეთის…);
  • გააკეთეთ დასკვნა, რა უპირატესობას ფლობდა თითოეული მათგანი სხვებთან შედარებით?!
  • შეადარეთ ნებისმიერი სამთავროს ეკონომიკური განვითარება, გააკეთეთ დასკვნა სამეურნეო-ეკონომიკური განვითარების შესახებ, რა უპირატესობას ფლობდა სხვასთან შედარებით, დაასახელეთ ეკონომიკური დაწინაურების ან დაცემის მიზეზები;
  • შეადარეთ ერთმანეთს დასახელებული სამთავროების პოლიტიკური სტრუქტურა და ა.შ.

III დონის დავალებები  – მოსწავლეები ფლობენ შედარების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარს, ამყარებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ შედეგები.  მაგალითად:

  • ამოირჩიე ორი ნებისმიერი სამთავრო და შეადარე ეკონომიკური განვითარების მხრივ, გააკეთე დასკვნები;
  • შეადარე ორი ნებისმიერი სამთავროს პოლიტიკური სტრუქტურა და გააკეთეთ დასკვნები (მაგალითად, კახეთისა და აფხაზეთის);
  • დაასახელე, როგორ მოხდა, რომ კახეთის სამთავროს სათავეში აღმოჩნდნენ ქორესპისკოსები, მაშინ, როდესაც სხვაგან გვხვდება „მთავარი“?
  • რა მსგავსება-განსხვავებაა ამ სამთავროებისა და ერთიანი საქართველოს მმართველობის წესს შორის? რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან?
  • შენ რომ ამ მხარის მთავარი ყოფილიყავი, რას და როგორ გააკეთებდი?
  • რას ურჩევდი აქაურ დიდებულებს? და ა.შ.

კომლექსური  შემოქმედებითი ხასიათის დავალებები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს, უბიძგებენ მას სააზროვნოდ და საოცნებოდ, და ხელს უწყობენ მოსწავლესა და სწავლის  შედეგების  გაზრდისკენ მიმართული სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებას, კრიტიკული და შემოქმედებითი კომპეტენციების ჩამოყალიბებას. მათი გამოყენება პრაქტიკულ  საქმიანობაში  მისასალმებელი და ეფექტურია.

 

საგან „მე და საზოგადოების“ სწავლების ზოგიერთი პრობლემა

0

საბჭოთა კავშირის რღვევამ, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, დაბადებამ, ერთი ფორმირების მეორეთი ჩანაცვლებამ უამრავი საყოველთაოდ ცნობილი პრობლემა წარმოშვა. თავისუფალმა და მშენებარე ქვეყანამ სხვა ტიპის მოქალაქეები მოითხოვა. ნათელი გახდა, რომ სამშობლო, როგორც დედა, ბუნებრივად უყვარს ადამიანს, მისი „სიყვარულის სწავლების ნაცვლად“ თუკი სიყვარულის სწავლება საერთოდ შესაძლებელია, საჭიროა მოქალაქეობის სწავლება, რადგან ერთია, გიყვარდეს შენი დამონებული სამშობლო, გულში ინახავდე მის ხსოვნას, თაობიდან თაობებს გადასცემდე ამბავს მისი არსებობისა და მეორეა, ცხოვრობდე იმ ქვეყანაში, რომელის შენებაშიც შეგიძლია და უფრო მეტიც, მოვალე ხარ მონაწილეობა მიიღო.

საყოველთაოდ ცნობილი წინააღმდეგობების მიუხედავად, წელს სკოლებში, მესამე-მეოთხე კლასებში, საგანი „ მე და საზოგადოება“ შევიდა. ამისთვის ნამდვილად მადლობა ეკუთვნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურებს.

შემუშავდა სტანდარტი, გაიწერა გეგმა, დაიწერა სახელმძღვანელოები, დაიწყო პედაგოგთა გადამზადებაც, თუმცა საგან „მე და საზოგადოების“ სწავლებისას თავისთავად ჩნდება რამდენიმე კითხვა, რომლებიც პასუხს მოითხოვს.

  1. როგორ უნდა შემოწმდეს, ტარდება თუ არა ხარისხიანად „მე და საზოგადოების“ გაკვეთილები, თუ დაწყებითი კლასის მასწავლებლები მისთვის დათმობილ საათებს, სხვა, „უფრო საჭირო“ საგნებს, ვთქვათ, ქართულსა და მათემატიკას უთმობენ?

„მე და საზოგადოება“ საგანიცა და სახელმძღვანელოც მეტადაა გაჯერებული ინტეგრაციული მეთოდებით, რომელიც კლასში მეტად მხიარულ გარემოს ქმნის. ამიტომ ზოგჯერ ბავშვები მოელიან, მაგრამ მასწავლებლები სხვა საგნის ჩატარებას ამჯობინებენ. რაღა თქმა უნდა, სპეციალური კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ რომ გავიკითხე, ბევრი მესამე-მეოთხე კლასელისაგან მივიღე ამგვარი პასუხი. (თანაც ეს წერილი სწორედ ამისთვისაა, რომ სპეციალური კვლევის საჭიროება დავინახოთ, თანაც ეს კვლევა არ უნდა იყოს რეპრესიული და არ უნდა  აზარალებდეს არც მოსწავლეს, არც მასწავლებელს ).

  1. როგორ უნდა აღზარდოს ქალმა (ვიცით რომ პედაგოგების დიდი ნაწილი ქალია, მით უფრო დაწყებით საფეხურზე ) რომელიც უმრავლეს შემთხვევაში თავად ჩაგრულია თანასწორი, გენდერულად სწორი ღირებულებების მოქალაქეები?

ეს კითხვა რიტორიკული არაა. ჩაგრულმა ქალმა, შესაძლოა, აღზარდოს ძლიერი და სწორი ღირებულებების მქონე ვაჟები და ქალები, ოღინდ ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო.

ჩაგრულები ჩვენ, ქალები, ამ ქვეყანაში ნამდვილად  ვართ და ამაზე ისიც მიუთითებს, რომ სკოლა, როგორც შედარებით დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, სავსეა ქალებით. მამაკაცები ამგვარ სამუშაოზე, ხშირად უარს ამბობენ.  ქალების ანაუზღაურება ბიზნეს სექტორში, მათი ჩართულობა პოლიტიკაში, მათი ადგილი ოჯახში – ნებისმიერი კვლევა, იქნება ეს რაოდენობრივი თუ სიღრმისეული ინტერვიუ, მიუთითებს ქალის ჩაგრულ როლზე ქვეყანაში. ამდენად, ქალების გაძლიერება გაეროს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი, ქვეყნის განვითარების საწინდარია.

თუკი ქალები აცნობიერებენ თავიანთ ჩაგრულ მდგომარეობას ამ ქვეყანაში და თუკი მათ აქვთ თავიანთი და სხვების უფლებებისთვის ბრძოლის გამოცდილება (და თუ ეს გამოცდილება წარმატებულია და არა წარუმატებელი და ტრავმული ) მათ შეიძლება აღზარდონ საჭირო ღირებულებების ადამიანები, მაგრამ თუკი ეს ქალები შეგუებული არიან ძალადობას, მეტიც, მიიჩნევენ ნორმად, მაშინ ისინი, სავარაუდოდ, არსებულ სტერეოტიპებს უფრო გააღრმავებენ. მაგალითისთვის გაეროს 2017 წლის კვლევაც კმარა, რომლის მიხედვითაც  გამოკითხული ქალების 22 პროცენტს და მამაკაცების 33 პროცენტს ქალი ცემა გარკვეულ სიტუაციაში დასაშვებად მიაჩნია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის მეოთხედს, *22 პროცენტი ) და მამაკაცების თითქმის ნახევარს (41 პროცენტი ) მიაჩნია, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, როდესაც არ ეთანხმება.

სამწუხაროდ, ქვეყანაში მაღალია (დაახლოებით 50 პროცენტი ) განქორწინებების რიცხვი. თითქოს განქორწინებული ქალი მეტად უნდა აცნობიერებდეს უსამართლობასა და ჩაგვრას, მეტად ცდილობდეს განვითარებას, მაგრამ ხანდახან ქალები იმავე  ჩაგრულ სისტემაში რჩებიან და საზოგადოების, შვილების წინაშე იმის აღარება უჭირთ, რომ ქორწინებაში აღარ იმყოფებიან.

„მე და საზოგადოების“ მოქმედ სახელძღვანელოში ეროვნული სასწავლო გეგმისა და სტანდარტის მიხედვით განმრტებულია ოჯახი და მის ტიპებში წერია „ განქორწინებულიც“. თავისთავად ცხადია, როდესაც არსებობს ასეთი სინამდვილე და ის ჩვენი შვილების დიდ ნაწილს ეხება, მათ ამას ვერ დავუმალავთ და ამ დამალვით ვერ ჩავაყენებთ განქორწინებული ოჯახის მხარეებს უხერხულ სიტუაციაში, თუმცა, „მე და საზოგადოების“ სწავლებისას უკვე წააწყდნენ წინააღმდეგობას მშობლის, დედის მხრიდან, რადგან შვილს წლების განმავლობაში უმალავდა განქორწინების ამბავს და არ სურდა თუნდაც ტერმინი ბავშვს სცოდნოდა. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ პედაგოგი, ასევე ქალი, ვერც კი მიხვდა, რომ მშობელს გამხნევება და გაძლიერება სჭირდებოდა, მხარი დაუჭირა, საკითხი მსუბუქად გადაიარა და რა თქმა უნდა, არ გაუანალიზებია, რომ დედა იმავე სტერეოტიპებში ჩატოვა, შვილი – იმავე ტყუილში.

ახალი საგანი, რომელიც სამოქალაქო განათლების ციკლს იწყებს, სწორედ ამ სინამდვილის შეცვლას ემსახურება, მაგრამ, თუკი ამ საგანს მსგავსი ღირებულებების მასწავლებელი ასწავლის, ჩაკეტილ წრეზე ტრიალი გამოვა.

  1. ინ უნდა განსაზღვროს და როგორ, რა ღირებულებების მატარებელია პედაგოგი?

ცნობილი ფაქტია, რომ ზედაპირული გამოკითხვისას მოქალაქეები (მათ შორის მოსწავლეები და მასწავლებლები ) იძლევიან ე. წ. სწორ პასუხებს. მხოლოდ ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი არ ეთანხმებიან დემოკრატიულ ღირებულებებს. აუცილებლად უნდა მოიძებნოს ადამიანის ღირებულებების შეფასების რაიმე ადეკვატური ინსტრუმენტი, რათა პიროვნება, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არაა ადამიანის უფლებები, არ ასწავლიდეს“ მე და საზოგადოებას „თუ სამოქალაქო განათლების ციკლში შემავალ სხვა საგნებს.

როგორ წარმოგიდგენიათ? რომელ ეროვნულ სასწავლო მიზნებზე გასვლას შეძლებს „მე და საზოგადოების“ პადაგოგი, თუკი ის სტალინის მოყვარულია. სამწუხაროდ, ასეთები არსებობენ და მოსწავლეებისთვის მოქალაქეობრივი თვითშეგნების ფორმირების ნაცვლად ტოტალიტარიზმს უწევენ პროპაგანდას.

  1. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად ექვემდებარება სწავლებას დემოკრატიული ღირებულები და რამდენადაა შესაძლებელი სამოქალაქო აქტივიზმისა და ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობელობის მომატება?

 

რაღა თქმა უნდა, დედამიწაზე არ არსებობს არათუ ტრენინგი, არამედ სასწავლებელიც კი, რომელშიც ჰომოფობ, ქსენოფობ და ა. შ ადამიანს შეუშვებ და იქიდან ევროპული ღირებულებებით გაბრწყინებული დაგიბრუნდება, სწორედ ამიტომაა აუცილებელი მესამე-მეოთხე კლასიდან დაწყება და უწყვეტი სწავლება სამოქალაქო განათლების წრეში შემავალი საგნებისა, მაგრამ არსებობენ ინდივიდები, ან არსებობს კრიტიკული სიტუაცია, როდესაც ადამიანი რიგი მიზეზების გამო მომწიფებულია ცვლილებისათვის და მას ეს ტრენინგი გარდატეხისთვის ჰყოფნის.

ანდა შინაგანად ეთანხმება შეთავაზებულ მასალას, მაგრამ არ იცის როგორ ასწავლოს და ტრენინგზე სწორედ ამას იღებს, კონკრეტულ მეთოდიკებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ტრენინგი გაეროს კვლევების მიხედვით მხოლოდ 33 პროცენტს აქვს გავლილი, რაც ძალზე მცირეა.

საგან „მე და საზოგადოების“  სტანდარტში ერთ-ერთ პირველ მიზნად ვკითხულობთ: „დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში“

  1. როგორ უნდა დაეხმაროს საგანი ან სკოლა მოსწავლეს საზოგადოების წევრად თავის აღქმაში, თუკი ეს მოსწავლე განსაკუთრებული საიროებების მქონეა, ხოლო სკოლა არ არის მორგებული მის საჭიროებებზე.

გაეროს კვლევების მიხედვით 8-9 პროცენტი ვერ უზრუნველყოფს ინკლუზიას, 43, 9 პროცენტი კი მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს. იქ სადაც ყველას საჭიროებები გათვალისწინებული არაა, როცა არ უნდა დაიწყო სამოქალაქო განათლების სწავლება, მაინც ფასადური გამოვა.

ამდენად, სკოლის, სახელმწიფოს, უფლედამცველების წინაშე დგას შემდეგი ამოცანები: თუკი გვინდა, ახალი საგანი, რომელიც დიდი ძალისხმევით შემოვიდა მაქსიმალურად ქმედითი აღმოჩნდეს ჩვენი მოსწავლეებისათვის სამოქალაქო განათლების საძირკვლის ჩაყრის საქმეში, კარგად უნდა გავარკვიოთ, ვინ ასწავლის, შეიძლება თუ არა პედაგოგის დახმარება, აღზრდა, გადამზადება?

არის თუ არა სკოლა მზად პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით?

თუკი შესაბამისი ღირებულებები  პედაგოგებს არ გააჩნიათ, ხომ არ ჯობია მასწავლებლები სამოქალაქო სექტორიდან მოვიწვიოთ? ანუ საგნისთვის „მე და საზოგადოება“ გადავამზადოთ ის ადამიანები, რომლებსაც პედაგოგიური გამოცდილება არა აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მსოფლმხედველობა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სკოლაში კარგად, ხალისით და მონდომებით მუშაობენ  ახალ საგანზე, ბევრგან მისი სწავლება პრობლემურია. პრობლემები დროზე უნდა შეფასდეს და მოიძებნოს გადაჭრის გზები.

 

 

 

 

 

 

წერითი მეტყველების გასაუმჯობესებლად…

0

საკუთარი მოსაზრებების, სათქმელის წერილობით გადმოცემა მნიშვნელოვანი უნარია. ამ უნარის განვითარება ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსის ერთ-ერთი მიზანიცაა.

საშინაო თუ საკლასო წერით დავალებებზე, რეფერატებზე, პრეზენტაციებსა და შემაჯამებლებზე დახარჯული დრო და ენერგია სწორედ აქეთკენ მიემართება – ვასწავლოთ მოზარდს წერა.

ზოგიერთ მოსწავლეს წერა კარგად გამოსდის, ეხალისება, არასდროს ეზარება, სიამოვნებს.

უმეტესობას – ნაკლებად გამოსდის, არ ეხალისება, არ სიამოვნებს. სწორედ მათთვისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ უნარის განვითარება. ხშირად ვუმეორებ მოსწავლეებს, რომ იმის მიუხედავად, თუ რა პროფესიას აირჩევენ, მათ მოუწევთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის საკუთარი აზრების გაზიარება, საუბარი – ზეპირად თუ წერილობით. ამიტომ არ არსებობს მიზეზი „ მე ეს არ დამჭირდება, მწერალი არ გამოვალ“ ან „წერა არ გამომადგება“…

 

რა საშუალებებს, ხერხებს, სტრატეგიებს მიმართავთ წერითი მეტყველების გასააქტიურებლად და განსავითარებლად?

რა წერით სამუშაოებს ასრულებენ თქვენი მოსწავლეები განსაკუთრებით დიდი ინტერესით?

კარგი იქნება, თუ ერთმანეთს ამ გამოცდილებებს გავუზიარებთ. ჩემი მხრივ, რამდენიმე ისეთ დავალებას შემოგაშველებთ, მოსწავლეთა უმეტესობას საინტერესოდ რომ ეჩვენა. იქნებ, თქვენც გამოგადგეთ.

 

უნდა ვიცოდე, რატომ ვწერ!

 

„დაწერე ეპიზოდის შინაარსი“, „გააკეთე პარაფრაზი“, „უპასუხე სახელმძღვანელოში დასმულ კითხვებს“, „ დაახასიათე პერსონაჟი“, „გადმოეცი მოკლედ/ვრცლად დედააზრი“ – საშინაო წერითი დავალებების მითითებები, ძირითადად, ამგვარი მოწოდებებით შემოიფარგლება ხოლმე. ცხადია, სწავლების პროცესში რუტინულ დავალებებს ვერ ავცდებით, მოსწავლემ შინაარსის გადმოცემაც უნდა ისწავლოს და დასმულ კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემაც, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, უმეტესად, მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეასრულონ ეს მოსაწყენი დავალებები და რას მიიღებენ სანაცვლოდ.

ამ ტიპის დავალებების მიცემისას კარგი იქნება, თუ იქვე ავუხსნით, რომ ეპიზოდის შინაარსის შეფასებებისა და ანალიზის გარეშე დაწერა აზრის, სათქმელის თანმიმდევრულად, ნათლად, გასაგებად ჩამოყალიბებას გვაჩვევს. აქ საფიქრალი და საანალიზო ნაკლებია, უბრალოდ სიუჟეტურ ღერძს უნდა მივყვეთ და არ გამოგვრჩეს მნიშნელოვანი გზავნილები.

პარაფრაზის გაკეთებისას ისინი ეჩვევიან საკუთარი სიტყვებით სათქმელის გადმოცემას, იმდიდრებენ ლექსიკას, ეს კარგი სავარჯიშოა ტავტოლოგიის პრევენციისთვის. გარდა ამისა, თუკი არგუმენტად დასჭირდებათ ესა თუ ის ფრაზა ან მონაკვეთი, ყოველთვის შეეძლებათ იხელმძღვანელონ თავისივე პარაფრაზით (საზეპირო მონაკვეთები, მადლობა ღმერთს, აღარ არსებობს, ტექსტთან ახლოს თხრობა კი უკეთ დაამახსოვრებინებს მათ ამა თუ იმ საინტერესო მონაკვეთს).

სახელმძღვანელოში ჩიქორთულად დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემისას ისინი ასევე ეჩვევიან კითხვის ადეკვატურად გააზრებას და შესაბამისი პასუხების მოფიქრებას. მასწავლებელს შეუძლია სააზროვნო-კოგნიტური უნარებიც შეამოწმოს და წერითი მეტყველებაც განავითაროს.

პერსონაჟის დახასიათება ემსახურება ტექსტის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნებისა და შესაბამისი არგუმენტების წარმოდგენის და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ვფიქრობ, ერთია, უბრალოდ გაცემული დირექტივა – შეასრულე წერით! და სულ სხვაა,როდესაც მოზარდს უხსნი, რა კონკრეტულ უნარებს ამუშავებს ესა თუ ის წერითი დავალება, რატომაა მნიშვნელოვანი საწერი სამუშაოს შესრულება.

 

სასარგებლო+საინტერესო

იმის, ილუზია, რომ მხოლოდ მითითებების შეცვლით მოსწავლეები დავალების შესრულების სურვილით აინთებიან, არ მაქვს. ეს უბრალოდ დამატებითი, თანაც, სამართლიანი აქტივობა მგონია. გავიხსენებ რამდენიმე წერით დავალებას, რომელსაც ნამდვილად მოჰყოლია ჩაბარებული რვეულების გორა.

 

შეცვალე მთხრობელი

 

წაგიკითხავთ ირაკლი ქასრაშვილის მოთხრობა „მონა“?

სრულიად გამაოგნებელი მოთხრობაა. ანტაგონისტი როსტევანის 12 მონიდან ერთ-ერთია. სწორედ ის, ტარიელმა თვალის დახამხამებაში რომ გამოასალმა სიცოცხლეს. ანუ, მთხრობელი მკვდარი მონაა. ამბავი კი მისი თვალითაა დანახული და გადმოცემული.

ამ მეთოდს ხშირად ვიყენებ ხოლმე, როდესაც შინაარსის გადმოცემას ვაძლევ დავალებად.

მთხრობელის შეცვლა, რომელიმე სხვა ან სულაც, გამოგონილი ან უსულო პერსონაჟის დამატება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ფანტაზიაც ჩართონ საქმეში და თან ტექსტთან ახლოსაც დარჩნენ. მაგალითად, „შუშანიკის წამების“ შესწავლისას ხუცესთან შეხვედრის სცენა მათ შეუძლიათ მცველის თვალით გადმოსცენ, მისი ხედვა წარმოადგინონ ან თავად შუშანიკი აამეტყველონ.

ალტერნატიული ვარიანტები ( ვინ ან რა იქნება მთხრობელი) თავად შესთავაზეთ მოსწავლეებს ან ბოლომდე მიენდეთ მათ უკიდეგანო ფანტაზიას. მერწმუნეთ, შედეგებით თქვენც არანაკლებ ისიამოვნებთ და რუტინული წერითი დავალებების ნაცვლად საინტერესო საკითხავიც გარანტირებული გექნებათ.

გააფორმე დავალება

ბევრისთვის თვითგამოხატვის ვერბალური ხერხები საკმარისი არ არის. ვიღაც კარგი მხატვარია, ვიღაცას – კოლაჟი გამოსდის, სხვას – კომპიუტერის დახმარებით შეუძლია საოცრებების შექმნა. სულხან-საბა ორბელიანის იგავების შესწავლისას, მახსოვს, ვთხოვე მეათეკლასელებს, იგავის შინაარსისთვის ილუსტრაცია ან რაიმე თვალსაჩინოება დაემატებინათ.

მიღებული შედეგებით, მართალი გითხრათ, თავადაც გავოცდი.

ერთმა გოგონამ საინტერესო აპლიკაცია შექმნა

 

ოლო ჭელიძე, მე-10 კლასი, ილუსტრაცია იგავისთვის „დიდვაჭარი და მეფუნდუკე“

 

( მისი ნებართვით, სტატიას ფოტოსაც დავურთავ), რამდენიმე ბიჭმა სულხან-საბას, ჯუმბერის და ლეონის ფეისბუქ ანგარიშები შექმნეს და მათ შორის დიალოგი გამართეს, ერთ-ერთის პოსტი იგავის შინაარსი იყო, ლეონს ჭკუას არიგებდნენ…რამდენიმემ დიდ ფორმატზე მოინდომა პრეზენტაციის წარმოდგენა.

თქვენთან და თქვენკენ

მოსწავლეების ნდობის მოპოვება არ არის ადვილი. ზოგჯერ მათ რჩებათ განცდა, რომ მეტისმეტს ვითხოვთ, უინტერესოს ვავალებთ, არ ვითვალისწინებთ მათ პირობებს ( დრო არ აქვთ, სხვა რაღაცებით არიან დაკავებულები).

ასეთი სიტუაციების განსამუხტად ზოგიერთ შემთხვევაში ეს მეთოდი ჭრის – მიეცით მოსწავლეებს წერითი დავალება და დაჰპირდით, რომ თავადაც შეასრულებთ და „ჩააბარებთ“. მომდევნო გაკვეთილზე კი წარმოუდგინეთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო.

ასე მათ შესრულებული დავალების ნიმუში ექნებათ (კარგად შესრულებული დავალების გაცნობა სასარგებლოა), მერე კიდევ, თავს მათიანად იგრძნობთ და ბოლოს და ბოლოს, მართლაც, საკუთარ თავზე „იწვნევთ“  – მართლა ასეთი უსაშველოა დავალების შესრულება თუ არა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...