გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც შექმნა, ვინც შრომოდა და შრომობს ამ რესურსებისთვის, ვინც ხელს გვიწყობს შრომაში და, რაც მთავარია, მადლობა ჩვენი შრომის მთავარ ადრესატებს – ჩვენს მკითხველებს.
არა ერთხელ დამიწერია სამოდელო გაკვეთილის შესახებ. დღეს კვლავ ამ თემას ვეხები. მარტო სამოდელო გაკვეთილზე არ ვისაუბრებ, საუბარი მექნება ზოგადად გაკვეთილის დაგეგმვის დროს დაშვებულ შეცდომებზე. თითქოს ყველამ ვიცით გაკვეთილის დაგეგმვა, არაერთ ტრენინგზე განგვიხილავს, როგორც საერთო ჩარჩო და პრინციპები, ისე გაკვეთილის გეგმის ძირითადი ნაწილები (წინარე ცოდნის გააქტიურებისა თუ რეფლექსიის მეთოდები). მაგრამ დღემდე ვუშვებთ, ეგრეთ წოდებულ, სტანდარტულ შეცდომებს. ჩემი ბოლო ორი წლის საქმიანობიდან გამომდინარე საკუთარ თავს გარე დაკვირვების გარე დამკვირვებელი შევარქვი. სწორედ ამ პოზიციიდან მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე რეკომენდაცია. საკმაოდ ბევრი გაკვეთილის გეგმას გავეცანი სხვადასხვა საგანში. ძალიან კარგად დაგეგმილი და გააზრებული გაკვეთილის გეგმებიც ვნახე, თუმცა ამჯერად საერთო შეცდომებზე მინდა დავწერო.
პირველი – ყველაზე მთავარი – გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბებაა. ყველამ ვიცით, თუმცა ერთ გაკვეთილში ხშირად ისეთ მიზნებს ვისახავთ, რაც ფაქტობრივად რამდენიმე გაკვეთილშიც კი შეუძლებელია. აქვე უნდა ვთქვა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირის შესახებ. ხშირად მექანიკურად გადმოგვაქვს შედეგები და ინდიკატორები, რომლებსაც შემდეგ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. არადა, საჭიროა თითოეული ინდიკატორის გააქტიურებისათვის შესაბამისი აქტივობა, რადგან ინდიკატორი არის ჩვენი მოქმედების ფაქტობრივი მოკარნახე და ჩვენი გაკვეთილის მიზანში აისახება. ნუ გადმოვიტანთ მექანიკურად. თითოეული ინდიკატორი უნდა გავააქტიუროთ შესაბამისი მეთოდით. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ საერთო შეცდომას: მიზანში ხშირად წერია შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და შეფასების განვითარება, რაც აქტივობებში არ ჩანს. ამ უნარების განვითარებისთვის საჭიროა, მოსწავლეს მივცეთ შესაბამისი დავალებები, რომლებიც მისგან ანალიზსა და შეფასებას, რაიმე ახლის შექმნას მოითხოვს.
მეორე, რაც ყველაზე ხშირად შემხვედრია, წინარე ცოდნის გააქტიურებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაკვეთილის თემას სცდება. რისი მიზეზიც კარგად ჩანს, საშინაო დავალებაში, რომლის „გამოკითხვა“ აუცილებელია. არადა, ბოლო პერიოდში, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის არაერთი კვლევა სწორედ ამ თემას მიეძღვნა. დასკვნა და რეკომენდაციები ფაქტობრივად ერთია, რომ ხშირ შემთხვევაში საშინაო დავალებას ვაძლევთ საშინაო დავალებისთვის და არა მიზნობრივად. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რა გვჭირდება შემდეგი გაკვეთილისთვის და ისეთი საშინაო დავალება უნდა მივცეთ, რომ დაგვეხმაროს შემდეგი თემის განხილვისას. წინარე ცოდნის გააქტიურება აღარ სცდება არც გაკვეთილის მიზანს და არც თემას. პედაგოგის კომპეტენციაც სწორედ ის არის, რომ დავაკავშიროთ თემები და მოსწავლეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დავანახოთ.
თუ ერთ თემას ვასრულებთ და მეორე თემის პირველი გაკვეთილი გვაქვს, მიეცით მოსწავლეს ისეთი საშინაო დავალება, რომელიც ამავდროულად ახალ თემასთან არის დაკავშირებული. შეგიძლიათ გამოიყენოთ მეთოდი შებრუნებული საკლასო ოთახი და საშინაო დავალებად განსახილველი თემა მისცეთ. რა მნიშვნელობა აქვს სახელმძღვანელოში პირველი პარაგრაფი რა არის? მთავარია, დავანახოთ თემებს შორის და რეალობასთან კავშირი და ვასწავლოთ მოსწავლეს აზროვნება. წინარე ცოდნის გააქტიურება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება.
კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც გაკვეთილის დაგეგმვისას ვუშვებთ ეს არის სიღრმისეული წვდომის ეტაპის დაგეგმვა. აქ ხშირად ჭარბობს მასწავლებლის იმპერატიული აზროვნება და საკუთარი კომპეტენციის დაადასტურების სურვილი. ხომ უნდა ავუხსნა ახალი მასალა? და იწყება მინი-ლექცია, ყველაზე უკეთესს შემთხვევაში პრეზენტაციის გამოყენებით. მოსწავლეებს აჩვენებენ სლაიდებს, ფოტოებს და უხსნიან მის მნიშვნელობას, კლასიფიკაციის პრინციპებს… არადა, ხომ შეიძლება, მას შემდეგ, რაც წინარე ცოდნას გავააქტიურებთ, მივცეთ მოსწავლეებს არსებული რესურსი, რომ თავად დაადგინონ დეფინიციებიც და კლასიფიკაციაც დამოუკიდებლად მოახდინონ. შემდეგ თუ თავადვე შეამოწმებენ და დამოუკიდებლად აღმოაჩენენ შეცდომებს (მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის) მეტად ინტერაქტიული გაკვეთილი გამოვა. მოსწავლე არ იქნება პასიური მსმენელი და მიმღები, არამედ თავად ააგებს ცოდნას ჩვენი დახმარებით (სკაფოლდინგი). ამ ეტაპზე ყველაზე კარგად ჩანს მასწავლებლის კომპეტენცია, რადგან ფასილიტატორობა, მიმართულების მიცემა უფრო მეტ ფიქრსა და აზროვნებას მოითხოვს, ვიდრე არსებული ცოდნის პირდაპირი გადაცემა.
ყოველივე ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია გაკვეთილის შეჯამება (რეფლექსია). რეფლექსიის მეთოდებიც უამრავია: სამიზნე, კუნძულები, სინქვეინი, დაასრულე წინადადება ….
მინდა, შემოგთავაზოთ ერთი გაკვეთილის გეგმა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მე-8, ასევე მე-11 კლასშიც. გაკვეთილის მიზანი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. მე-8 კლასში ძირითადი აქცენტი მოგზაურის აღმოჩენებზე გაკეთდება, მე-11 კლასში ამ თემის გაშლა გლობალიზაციის ჭრილშია შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს თემა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვისაც საინტერესოა.
ეს გაკვეთილი მე-11 კლასში ჩავატარე. საინტერესო და ხმაურიანი გაკვეთილი გამოგვივიდა, რადგან მოსწავლეების სურვილიდან გამომდინარე ერთი ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენდნენ, რომლებმაც დღევანდელი გადასახედიდან განიხილეს კოლუმბის აღმოჩენა.
ის სამოდელო გაკვეთილადაც გამოდგება, რადგან აქ ხდება გამჭოლი კომპეტენციების, კერძოდ, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
მიზანი: მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველი ფორმით („რაფთ“ წერითი დავალება, ნახატი, რეკლამა, პროექტი) დაასაბუთოს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებაში პიროვნების როლი და ღირებულებები. განუვითარდეთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
აქტივობა N 1. წინარე ცოდნის გააქტიურება.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვენებს ანიმაციურ ფილმს:
– ევროპული ღირებულებები.
კითხვები და დავალებები ფილმისთვის:
რა არის ფილმის მთავარი გზავნილი?
რას წარმოადგენს ევროპული ღირებულებები?
გაიხსენეთ ევროპის პოლიტიკური რუკა დიდი გეოგრაფიული ეპოქის დასაწყისში.
აქტივობა N 2
როლური თამაში – RAFT მეთოდი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ პიროვნების როლს საზოგადოების განვითარებაში, ღირებულებების ჩამოყალიბებაში. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ანაწილებს როლებს, განსაზღვრავს აუდიტორიას, პრეზენტაციის ფორმასა და ძირითად იდეებს. მათ უნდა შეავსონ RAFT ცხრილი.
მოსწავლეები ჩამოთვლიან დაინტერსებულ მხარეებს.
ერთი ჯგუფი იქნება კოლუმბი და მისი ეკიპაჟის წევრები, მეორეჯგუფი – სამეფო კარის წარმომადგენლები, მესამე შეიძლება იყოს საზოგადოების წარმომადგენლები, მეოთხე დღევანდელი ევროპის (ევროკავშირის) ექსპერტები, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ა.შ. თითოეული ჯგუფი ამზადებს საკუთარი ჯგუფის შესაბამის დავალებას. მეთოდიდან გამომდინარე პრეზენტაციას შეიძლება ჰქონდე ბლოგის, საჯარო გამოსვლის, ბუკლეტის, სარეკლამო ბილბორდის და ა.შ. ფორმა. ეს მათი არჩევანია.
სამეფო კარისა და საზოგადოების წარმომადგენლები ადგენენ კითხვებს, რომლებსაც პრეზენტაციის დროს დასვამენ. ამზადებენ მოლოდინების ხეს, სადაც განალაგებენ მეტაპლანებს მოლოდინებით.
კოლუმბის ეკიპაჟის წევრებს კი აქვთ შემდეგი დავალება:
თქვენ ხართ ქრისტეფორე კოლუმბი. უკვე აღმოაჩინეთ ამერიკა და მიიღეთ შესაბამისი სამეფო ჯილდო (ტიტული, თანხა და ა.შ.). თუმცა ეს ყველაფერი თქვენთვის ცოტაა – გინდათ ძველ სამყაროს (ევროპა) გააცნოთ ახალი სამყარო („ვესტ-ინდოეთი“) და ასეთი მოტივით ტურისტულ საქმიანობას ჩაუყაროთ საფუძველი.
შეასრულეთ ამოცანა ლოგიკური თანმიმდევრობით:
ა) რითი და რატომ უნდა დაინტერესებულიყვნენ ევროპელები თქვენ მიერ აღმოჩენილ ქვეყანაში? (მოტივი – ურომლისოდაც ვერ დაიწყებ საქმეს! გაიხსენეთ ევროპული ღირებულებები.)
ბ) რით გააკვირვებდით (რა ითამაშებდა „ბომბის აფეთქების“ ეფექტს) ევროპელებს, რის გამოც თქვენით დაინტერესდებოდნენ?
გ) რას და როგორ (რა ფორმით) შესთავაზებდით ევროპელებს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად (თქვენი „შოუს“ სქემატური სცენარი – „პრომოუშენი“)?
დ) როგორი იქნებოდა თქვენი ტურისტული კომპანიის პირველი ნაბიჯები?
პრეზენტაციას წარმოადგენენ სასურველი ფორმით.
აქტივობა N 3
პრეზენტაცია – პანორამა.
მოსწავლეები მოაწყობენ პანორამას. საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ და აკეთებენ მოკლე პრეზენტაციას. შემდეგ კი პასუხობენ სამეფო კარისა და საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს.
აქტივობა N 4 სინქვეინი – ხუთსტრიქონიანი ლექსი.
მოსწავლეები შეადგენენ ხუთსტრიქონიანი ლექსს დიდი აღმოჩენების პერიოდისა ან ევროპის ღირებულებების შესახებ.
თვალსაჩინოება ყველაფერს ამარტივებს. ნებისმიერი, მით უფრო დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ყველაფერს გაცილებით უკეთ იგებს, თუ ხელშესახები, ადვილადაღსაქმელი, სწორად შერჩეული ილუსტრაცია და თვალსაჩინოება გვექნება.
ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აუტიზმის მქონე მოსწავლის სწავლებისას, რადგან, განზოგადების სუსტი უნარის გამო, მოსწავლეს შესაძლოა გაუჭირდეს რომელიმე თვისობრივი კატეგორიიდან ერთ-ერთი, კონკრეტულ შემადგენლის ილუსტრაცია. მაგალითად, მისთვის „ჩიტი“ შესაძლოა იყოს, ზოგადად ფრინველიც, მაგრამ ამავე დროს, კონკრეტული სახეობის კონკრეტული წარმომადგენელი, რომელიც მოსწავლისთვის დაკავშირებულია ზოგადად, „ჩიტის“ სემანტიკასთან.
განსაკუთრებით ძნელდება ისეთი ნაწარმოებების სწავლება, სადაც ზოგად ჭეშმარიტებებზე, გლობალურ საკითხებზეა საუბარი.
მაგალითისთვის, ამას წინათ, ჩემს შვილს მეორე კლასის წიგნში დავალებად ჰქონდა გივი ძნელაძის ლექსი „მე ვარ ადამიანი“, ლექსიკურად საკმაოდ მარტივი ტექსტი, რომლის ძირითადი იდეა ადამიანის პასუხისმგებლობაა გარემოს წინაშე. „ადამიანო, დედამიწა ხომ გადარჩება?“ – ეკითხება ადამიანებს მთელი გარემომცველი სამყარო. თითქოს მარტივი, გასაგები იდეაა, მაგრამ ძალიან რთული, როდესაც საქმე აუტიზმის მქონე მოსწავლეს ეხება. ჯერ ერთი, „დედამიწის გადარჩენა“ მისთვის ზოგადი ფრაზაა, არადა, კონკრეტული ვიზუალური ხატი უნდა იყოს, რაღაც მოქმედებას უნდა მოჰყვებოდეს. მაგალითად, თუ უნდა გადარჩეს, ესეიგი, ჯერ რაღაც უნდა დაემუქროს, თუ ვინმე უნდა განიკურნოს, ჯერ ავად უნდა გახდეს, ანუ, პასუხისმგებლობა გარემოზე არა ზოგადი, არამედ კონკრეტული მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს, სხვაგვარად, მისთვის გაუგებარია.
მეცადინეობისას მოვიტანე ყვავილის ქოთანი, რომელშიც ვარდი იყო დარგული, ვუთხარი, რომ ადამიანი ისევეა პასუხისმგებელი დედამიწაზე, როგორც ჩვენ-ყვავილზე, თუ არ მოვრწყავთ, ხმელ ფოთლებს არ მოვაცლით, მავნებლისაგან არ გავათავისუფლებთ, უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველვყოფთ, ყვავილი გახმება. ხმობა-ნიშნავს განადგურებას, გაფუჭებას, შესაძლოა დედამიწის მწვანე საფარი განადგურდეს, ცხოვრება შეუძლებელი გახდეს.
თუ ამ ლექსს ზოგადად, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის თემას მივაბამთ, ლექსის მთავარი იდეა შეგვიძლია გავამარტივოთ სიუჟეტური ბარათებითაც. მაგალითად, ვიღებ რამდენიმე ბარათს, პირველ ბარათზე გამოსახულია ზღვის სუფთა სანაპირო, მეორეზე ადამიანები, რომლებიც ნაგავს ყრიან სანაპიროზე, მესამეზე – ნაგვიანი სანაპირო და ოკეანე, რომელიც უამრავ ნაგავს გამორიყავს, მეოთხეზე – ზღვის ცხოველები, რომელიც ამ ნაგვის გამო იღუპებიან, მეხუთეზე – მოსწავლეები, რომლებიც ასუფთავებენ ნაპირს, მეექვსეზე – სუფთა სანაპირო.
ზოგადად, სიუჟეტური ბარათების გამოყენება ბევრ ტექსტთან მიმართებით შეიძლება, საბუნებისმეტყველო თუ ტექნიკური საგნების სწავლების გამარტივებისათვის.
ილუსტრაცია, თვალსაჩინოება შესაძლებელია ვერბალური იყოს, მაგრამ ისეთი მარტივი და ზუსტი, რომ რთული გრამატიკული თემების სწავლებისასაც დაგვეხმაროს.
მაგალითად, ავიღოთ წინადადების სწავლება, რომელიც სინტაქსის შესწავლის მთავარი საფუძველია. როგორ ავუხსნათ მოსწავლეს რთულ და მარტივ წინადადებას შორის განსხვავება?
მე ასეთი რამ მოვიფიქრე. ვკითხე, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანმა იარსებოს?
პირველი პასუხი მრავალგვარია, მაგრამ მსჯელობისას მივედით სწორ პასუხამდე – ჟანგბადი.
შემდეგ -წყალი და ა.შ.და ასე, პირამიდასავით, მნიშვნელობის და აუცილებლობის მიხედვით.
შემდეგ უკვე ავხსენი ამ პარალელიზმის თუ ვერბალური ილუსტრაციის მიზანი: ვთქვი, რომ წინადადებისთვის ჟანგბადი ზმნაა, წყალი – სახელი, მთავარი წევრები, რომელთა არსებობა აუცილებელია, რომ სიტყვათა რაღაც წყვილს ზოგადად წინადადება ეწოდოს. შემდეგ თანდათან მივყევი არამთავარ, მეორეხარისხოვან წევრებს, როგორც, ადამიანის ცხოვრებაში საკვების, წამლის, საცხოვრებლის და ა.შ და ა.შ როლს.
ზმნისწინის სწავლებისას- ქუჩა და საგზაო მოძრაობა შეიძლება დაგვეხმაროს, კონტაქტი-მარტივი სიტუაცია, მეგობარს რომ წაიყოლებ რაიმე რთული საკითხის გადასაწყვეტად, დრო-შეიძლება მარტივი დღის გეგმით ვასწავლოთ, საქმეების ჩამონათვალის სიით, გვარი – რამდენიმე მხატვარის ტილოთი, სადაც ნატურმორტი – ვნებითი გვარი იქნება, რაიმე მარტივი პეიზაჟი – საშუალი, ხოლო მოქმედებითი გვარი რომელიმე ცნობილი ტილო, რომელიც მოქმედებას გამოხატავს.
მოკლედ, დიდია თვალსაჩინოების ძალა და განუზომელია მისი მნიშვნელობა.
სკოლის დასრულების შემდეგ მოზარდები უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დგებიან – რა უნდა აკეთონ მომავალში? რისი გაკეთება აინტერესებთ?რა მიანიჭებთ მათ ბედნიერებას? რას გააკეთებენ ისინი საზოგადოებისთვის? სამყაროსთვის? სხვა ადამიანებისთვის?
ჟონგლიორი, აკრობატი, ჯამბაზი, მასწავლებელი, მწვრთნელი, მსოფლიოს გარშემო მოგზაური, ბედნიერების, სიცილისა და სიხარულის გამავრცელებელი – და ყველაფერი ეს ერთდროულად. ასეთია იმ ადამიანების პროფესია, რომელსაც ბლოგში ამჯერად გაგაცნობთ. დასმულ კითხვებს მათ თავიანთი პასუხები უპოვეს. საკუთარი ბედისწერისა და ბედნიერების შემოქმედები თავადვე გახდნენ…
იანი და დევიდი შტუტგარტელი ახალგზარდები არიან. დამეგობრდნენ და გაუდგნენ გზას…მსოფლიოს გარშემო საცირკო მოგზაურობაში.
იანი 24 წლისაა. სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და სპორტის მასწავლებელი გახდა. 12 წლიდან დაინტერესდა ცირკით, 16 წლიდან კი უკვე ბავშვებს ასწავლიდა ცირკის ელემენტებს. ცირკის მწვრთნელობამ იმდენად დააინტერესა, რომ სწავლის პარალელურად სხვებსაც ასწავლიდა. ახლა „დიდ საცირკო მოგზაურობაში ვარ“ – იცინის ბედნიერი.
იანი
„სკოლის შემდეგ მოგზაურობა გადავწყვიტე, ოღონდ ვერ გადამეწყვიტა, რა მინდოდა, ველომოგზაურობა, მარტო გასვლა ზურგჩანთით თუ რა. შემდეგ რაღაცნაირად ჩემი საყვარელი საქმიანობის დაკავშირება მომინდა მოგზაურობასთან, დევიდს რომ გავუმხილე, ისიც აღფრთოვანდა, რახან მდიდარი არც ერთი არ ვართ, დავიწყეთ ფიქრი, როგორ მოგვეძიებინა ფინანსები. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვატარეთ იდეა და შემდეგ ოცნება აგვიხდა, რამდენიმე ფონდი გამოგვეხმაურა, თანხა მოვიპოვეთ და დავიწყეთ!“
დევიდი
„6 წლის ვიყავი, ცირკით რომ დავინტერესდი. ერთ კლოუნს ვიცნობდი, თავის მანქანაში ცხოვრობდა და ქალაქში სხვადასხვა ადგილას წარმოდგენებს მართავდა. იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, ბურთები ავიღე და თამაში დავიწყე. ნელ-ნელა ისე გავიწაფე ჟონგლიორობაში, რომ საავადმყოფოებში მივდიოდი და იქ ვმართავდი წარმოდგენებს, შემდეგ სკოლაშიც გამოვდიოდი. საბოლოოდ, თეატრალურ სასწავლებელში მივიღე განათლება ამ მიმართულებით და ცირკის მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. შემდეგ იანს შევხვდი, დავმეგობრდით, ერთხელად მოვიდა ამ გიჟური იდეით და მსოფლიო მოგზაურობა შემომთავაზა. მოგზაურობა და საცირკო წარმოდგენები ერთად – გასაოცარი გამოწვევა იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, დავთანხმდი“.
ბიჭები აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივი ტურიზმი „მათთვის არ იყო საინტერესო“.
„ გვინდოდა არა მხოლოდ მიგვეღო შთაბეჭდილებები , არამედ რაღაც გაგვეცა ამ სამყაროში. ის, რისი გაცემაც ჩვენ შეგვეძლო, არის სიხარული და სიამოვნება, რასაც წარმოდგენის ნახვისას განიცდიან მაყურებლები. ასე დაიბადა ეს იდეა“ – ამბობს იანი.
დევიდი
„ჩვენ სტუმრები ვართ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მივემგზავრებით. მხოლოდ ტურისტული მარშრუტები და ღირსშესანიშნაობები არ გვაინტერესებს, უფრო მეტად ადამიანები გვინდა გავიცნოთ და შევიცნოთ. მათი ცხოვრება, ისტორიები, ამბები. ჩვენ არა მხოლოდ წარმოდგენებს ვმართავთ, არამედ ვასწავლით კიდეც მსურველებს. მასპინძელ ქვეყნებში სკოლებს ვუკავშირდებით, ჩვენს პროექტს ვაცნობთ და მოსწავლეებთან ვმუშაობთ.
ენითაუწერელია ის შეგრძნებები და შტაბეჭდილებები, რასაც ასე ვიღებთ. ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რამ გვხგვდება და ხდება.
იანი
„ხდება ხოლმე, ჩადიხარ ადგილზე, გაქვს გარკვეული გეგმა, მაგრამ გონზე არ ხარ, როგორ შეხვდებიან ამას ადგილობრივები, იწყებ წარმოდგენას და ხვდები, რომ რაღაც ახალი და განუმეორებელი იბადება, ახალი გამოცდილება, შეგრძნებები. ცირკი ძალიან საინტერესო და მარტივი ხერხია ადამიანებთან დასაახლოებლად, განსაკუთრებით, ბავშვები გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით და სიახლეების შეცნობის სურვილით. ისეც ხდება ხოლმე, როდესაც ესმით ცირკი, წარმოუდგენიათ ცხოველები, სპეციალური აღჭურვილობა, ამ დროს მივდივართ ბურთებით და ვიწყებთ წარმოდგენას, მერე კი მათაც ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას. განსაკუთრებით მოსწონთ ხოლმე აკრობატული ილეთები, სწავლობენ, როგორ დაეუფლონ თავიანთ სხეულს, რას გრძნობენ, როგორ ეწყობიან სხვებს სხვადასხვა მოძრაობისა თუ ილეთის მეშვეობით. თავისებურად სოციალური მომენტია. გასაოცარია იმაზე დაკვირვება, როგორ იწყებ ნულიდან და ერთ კვირაში უკვე ხედავ შედეგებს, ვიღაც ბურთებით ჟონგლიორობს ოსტატურად, ვიღაც აკრობატულ ილეთებს ასრულებს, რაც ერთი კვირის წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ისიც გასაოცარია, როგორ ინდომებენ მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას, ვიღაცას სამი ბურთი აღარ ჰყოფნის, მეტს აკეთებს…
საბოლოოდ ეს ყველაფერი წარმოდგენით სრულდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, საკუთარი შრომის შედეგებს წარმოუდგენენ სხვებს.
დევიდი
მაკედონიაში გვქონდა ასეთი გამოცდილება – ბავშვები დაგვიახლოვდნენ. მათ საერთოდ არაფერი სმენოდათ ცირკის შესახებ. რთული იყო რამდენიმე მიზეზის გამო – ერთმანეთის ენა არ გვესმოდა, არადა ჩვენ უნდა აგვეხსნა, რა არის ცირკი და ისიც უნდა გაგვეგებინებინა მათთვის, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში მათთან ერთად წარმოდგენას გავმართავდით, თუ მოინდომებდნენ და ჩაერთვებოდნენ.
რთული კვირა იყო, ვმუშაობდით თავდაუზოგავად დაერთი კვირის შემდეგ წარმოდგენა გავმართეთ. ბავშვები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ტოვებდნენ ადგილს და საოცრად ბედნიერები იყვნენ მიღწეულით. მაშინ ვთქვით, ესააა ის, რისი კეთებაც გვინდა.დიდებული რამ იყო.
იანი სკოლასა და სკოლის წლებზე
სკოლის წლებმა დიდწილად განსაზღვრა ჩვენი მსოფლხედვაც და ცხოვრებაც. სამყაროს მიმართ ღიაობა და მიმღებლობა, რისკების გათვლა, ფართო თვალსაწიერი – ეს ბაგაჟი წამომყვა სკოლიდან. ჩვენს სკოლაში იმასაც გვასწავლიდნენ, როგორ გამოგვეყენებინა ის, რაც მუდამ თან გვაქვს, ჩვენი სხეული, ბევრს ვმუშაობდით სხვადასხვა მასალაზე.
დევიდი „სკოლამ სამყაროს მიმართ ინტერესი გამიჩინა“
შტუტგართან ახლოს ვალდორფის სკოლაში ვსწავლობდი, მერე შტუტგარდის ვალდორფში გადავედი. თავისუფლად სწავლების და სამყაროს მიმართ ინტერესის გაჩენის წლები იყო ჩემთვის სკოლის წლები. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობა ორ ადამიანს შორის. მნიშვნელოვანია, რაღაც კონტაქტი დამყარდეს, ინტერესთა თანხვედრა, ურთიერთპატივისცემა. როცა გრძნობ, რომ მასწავლებელს აინტერესებს შენი ინდივიდუალიზმი, შენი პიროვნება.
იანი
თუ რაღაც ხდება და ამის შეცვლა არ შეგიძლია, ნუ გაბრაზდები.
სწრაფად რეაგირება ვისწავლე.
სიტუაციის მიღება და კონტროლი. კ
იდევ ერთი – თუ თავად არ მოინდომებ რაღაცის შეცვლაას ან გაკეთებას, არც არაფერი შეიცვლება.
ესაა ის გაკვეთილები, რაც ამ ამ გამოცდილებამ მასწავლა.
ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა მანქანით, რომელიც არც იყო ბოლომდე მოწყობილი საცხოვრებლად. კიდევ დიდხანს რომ დავლოდებოდით და გადაგვედო, შეიძლება ეს თავგადასავალი აგვცდენოდა.
თუ გინდა რამე, ადექი და გააკეთე – ესაა, რაც მკაფიოდ ვისწავლე.
დევიდი
იმდენი ვისწავლე სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და ყველაზე ძვირფასი, რაც შევიძინე, მიმღებლობაა. ვფიქრობ, მანამდე უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, და დისტანციურიც ადამიანებთან, ახლა კი უამრავი მეგობარი შევიძინე.
საქართველოზე…
აქ ადამიანები სულ მღერიან. ახალგაზრდები ერთად მღერიან ყველგან და ყოველთვის. ტრანსპორტშიც, თუ წვეულება აქვთ, მაშინაც. ეს საოცარია. თან, არავინ ბრაზობს, თუ ხმამაღლა მღერი.
ბუნება – გასაოცარი ბუნებით დაგვამახსოვრდება კიდევ საქართველო.
სად გაქვთ ბამპერები?
ქართველებს არ უყვართ საგზაო წესები – ეს იყო პირველი, რაც ვიღაცამ გვითხრა საქართველოში რომ შემოვედით. გზებზე ეს მართლაც ჩანს.
მხიარული, საინტერესო, ლაღი ქართველები გავიცანით. ბევრი გავეცით და კიდევ უფრო მეტი მივიღეთ. გმადლობთ, ქართველებო!
იანი და დევიდი საქართველოდან სომხეთში გაემზაგვრნენ. მათ მოგზაურობისთვის ორი წელი აქვთ განსაზღვრული. შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, მიღებულ გამოცდილებას კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს მოახმარენ.
მასალის მომზადებისას გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა თბილისის ვალდორფის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, გიორგი ძიძიგურს.
ჩვენ უკვე გავეცანით ატომის აღნაგობას და გავარკვიეთ, რომ მას დისკრეტული აგებულება აქვს. ვიცით, რომ ატომები დადებითად დამუხტული ბირთვისგან და მის გარშემო მოძრავი უარყოფითად დამუხტული ელექტრონებისგან შედგება. წინა სტატიებში ამ საკითხის შესწავლისას გამოვიყენეთ ცნობილი ექსპერიმენტი, რომლის მიხედვით ფოლადის ბურთულა გათბობისას ისე გაფართოვდა, რომ რგოლში აღარ გავიდა (სურ. 1).
სურ. 1.
სხეულების გათბობით მათი მოცულობის გაზრდის მოვლენას სითბურო გაფართოება ეწოდება. შევეცადოთ სხეულების შემადგენელი ნაწილაკების მოძრაობის და ურთიერთქმედების გათვალისწინებით ავხსნათ ეს მოვლენა. დიფუზიის შესწავლისას ავღნიშნეთ, რომ ტემპერატურის გაზრდით დიფუზიის სიჩქარე იზრდება. ეს კი ავხსენით მოლეკულების და ატომების მოძრაობის სიჩქარის ზრდით. ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარის გაზრდა ხელს უწყობს ნივთიერებათა ერთმანეთში შერევის მოვლენის ინტენსიურობის ზრდას, ანუ დიფუზიის ინტენსიურობას. სითბური გაფართოების მოვლენაც ამ მექანიზმით ხომ არ აიხსნება? სწორედ ასეა.
თავდაპირველად განვიხილოთ მყარი ნივთიერების შემთხვევა. როგორც უკვე ვიცით, მყარი ნივთიერებების შემადგენელი ნაწილაკებს (მოლეკულები და ატომები) შორის მცირე მანძილია. ისინი ურთიერთქმედების (მიზიდვა-განზიდვის) გამო ერთმანეთს არ შორდებიან – განთავსებულნი არიან რაღაც კონკრეტულ „დისლოკაციის“ ადგილზე და ირხევიან. მათთვის ეს მდგომარეობა წონასწორობას წარმოადგენს და აქ თავს „მშვენივრად“ გრძნობენ. სხვანაირად, მყარ ნივთიერებებს კრისტალური მესერი გააჩნია. სწორედ ამ მესრის კვანძწერტილებში არიან მოთავსებულნი ატომები. სურათის უკეთ წარმოსადგენად განვიხილოთ კრისტალური მესრის მოდელი – ზამბარებით ერთმანეთთან დაკავშირებულ ბურთულები. მოლეკულების და ატომების ურთიერთქმედების შესწავლისას ავღნიშნეთ, რომ ატომების (ბურთულების) ერთმანეთისგან დაშორებით გააქტიურდება მიზიდვის ძალა, ხოლო ბურთულების მიახლოვებით კი – განზიდვის ძალა. ამდენად, ეს მოდელი კარგად ასახავს მყარ სხეულებში ნაწილაკების განლაგების მექანიზმს (სურ. 2).
სურ. 2.
სხეულის ტემპერატურის გაზრდით ადგილი აქვს ნაწილაკების (ბურთულების) სიჩქარის გაზრდას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მთლიანი სისტემის – კრისტალური მესრის რხევას. ეს აიხსნება იმით, რომ ნაწილაკების რხევის სიჩქარის გაზრდა, ზამბარის დრეკადობის (ურთიერთქმედების) გამო გააქტიურებს ნაწილაკების რხევით მოძრაობას, ისინი მეტი მანძილით დაშორდებიან წონასწორობის მდგომარეობას და შესაბამისად, ერთმანეთს. ესეიგი სხეულის გათბობისას ნაწილაკებს შორის მანძილი გაიზრდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხეულის მოცულობა გაიზრდება (სურ. 3).
სურ. 3.
ცდებით დასტურდება, რომ გათბობისას სითხეებიც ფართოვდება. (სურ. 4).
სურ. 4.
სითხის მოლეკულები, მყარ სხეულის მოლეკულებთან შედარებით, ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან. მათ შორის მანძილი, როგორც ცნობილია, მოლეკულების ზომების რიგისაა. ამიტომ მათ შორის ურთიერთქმედების ხარისხი მყარ სხეულთან შედარებით დაბალია, მიზიდვა-განზიდვა გაცილებით სუსტია, ამიტომ სითხის გათბობისას ნაწილაკები შედარებით უფრო თავისუფლად ტოვებენ „დისლოკაციის“ ადგილს, ვიდრე მყარ სხეულში. თუმცა ეს „თავისუფლება“ მაინც ნივთიერების გვაროვნებაზეა დამოკიდებული. საბოლოოდ კი აქაც, სითხის შემთხვევაშიც, გათბობისას, ნაწილაკები მეტი სიჩქარით იწყებენ მოძრაობას, იზრდება დაჯახებების რიცხვი და აღმოჩნდება, რომ თბილი სითხის ნაწილაკებს „არსებობისთვის“ მეტი სივრცე ჭირდება, ვიდრე ცივი სითხის ნაწილაკებს. ეს კი ნიშნავს, რომ სითხის მოცულობა გათბობისას იზრდება, ანუ სითხე ფართოვდება.
სწორედ სითბური გაფართოების მოვლენა უდევს საფუძვლად სითხიანი თერმომეტრების მოქმედებას (სურ. 5.)
სურ. 5.
სითბური გაფართობების მოვლენა ახასიათებს აირებსაც. თვისობრივი განსხვავება სითხის და აირის სითბურ გაფართოვებას შორის არ არსებობს. ანუ აირის სითბური გაფართოვების მექანიზმიც ისეთივეა, როგორიც სითხეში. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ აირის ატომები ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან, მათ შორის მანძილი დიდია და ურთიერთქმედება – სუსტი. შესაბამისად, გამთბარი აირის ნაწილაკების სიჩქარე დიდია და მათი გადაადგილების „მასშტაბი“, სითხის ნაწილაკებთან შედარებით, დიდია. ამიტომ აირი გათბობისას, სითხესთან შედარებით, მეტად ფართოვდება (სურ. 6).
ნახ. 6
სურ. 6 .
ამრიგად, ტემპერატურის გაზრდით სხეულის მოცულობა იზრდება, ხოლო ტემპერატურის შემცირებთ, მისი მოცულობა მცირდება. აქედან გამომდინარეობს, რომ ნივთიერებების თხევადიდად მყარ მდგომარეობაში გადასვლისას მოცულობა უნდა მცირდებოდეს. ეს უმეტეს შემთხვევაში მართლაც ასეა, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად ყველამ ვიცით, რომ მინის წყლიანი თავდახურული ბოთლი საყინულეში არ უნდა შევდგათ, რადგან ის აუცილებლად გასკდება. ამის მიზეზი კი თურმე ის არის, რომ წყლის მოცულობა გაყინვისას იზრდება. ეს მოვლენა წყლის ანომალიის სახელწოდებით არის ცნობილი.
განვიხილოთ ეს მოვლენა უფრო დაწვრილებით. წყალი, მაგალითად, 20⁰C-დან 4⁰C-მდე გაციებისას, ჩვეულებისამებრ იკუმშება. 4⁰C-დან 0⁰C – მდე კი საპირისპიროდ იქცევა – ფართოვდება. შემდეგ, კიდევ უფრო გაციებისას, 0⁰C-დან ქვემოთ, მაგალითად, -5⁰C-მდე, ისევ იკუმშება. გათბობისასაც იგივე ხდება. მაგალითად, როგორც წესი, – 10⁰C-დან 0⁰C-მდე გათბობისას ფართოვდება, მაგრამ 0⁰C-დან 4⁰C-მდე, გაფართოვების ნაცვლად, იკუმშება. 4⁰C-ის ზემოთ გათბობისას ისევ ფართოვდება. ანუ კრიტიკული ტემპერატურული შუალედი არის სწორედ 0⁰C-დან 4 ⁰C -მდე. აქ წყალი ზოგადი კანონზომიერების საპირისპიროდ იქცევა.
ნახ. 7-ზე მოცემულია როგორ იცვლება 1კგ წლის მოცულობა ტემპერატურის 0⁰C-დან 10⁰C-მდე გათბობისას. ნახაზიდან ჩანს, რომ გრაფიკი 0⁰C-დან 4⁰C-მდე ჯერ დაბლა ეშვება, ანუ მოცულობა ამ დროს მცირდება, ხოლო 4⁰C-დან ზემოთ ტემპერატურის გაზრდისას, გრაფიკის შტო მიიწევს მაღლა, ანუ მოცულობა შესაბამისად, იზრდება.
ნახ. 7.
წყალი გამონაკლისის არ არის. ამგვარი ანომალია ახასიათებს გალიუმს, თუჯს, ბისმუტს.
წყლის ანომალიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წყლის ბინადართათვის. ამ საკითხს შემდეგ სტატიებში უფრო დაწვრილებით შევეხებით.
ამრიგად, ტემპერატურის გაზრდით ყველაზე მეტად აირები ფართოვდება, შემდეგ სითხეები და მყარი სხეულები, რასაკვირველია იმ მცირე გამონაკლისების გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
ნივთიერებათა სითბური გაფართოების თავისებურებების გათვალისწინება ძალზედ მნიშვნელოვანია სამშენებლო საქმიანობაში, ასევე სხვადასხვა დანადგარის, ხელსაწყოს და მანქანის კონსტრუირებისას.
ლიტერატურა
გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VIII კლასი. 2012 წ;
ჟურნალი “მასწავლებელი”, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება” , jes.org.ge, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას, საინტერესო და ნაყოფიერ ცხოვრებას გისურვებთ!
ხალხურ სამიჯნურო პოეზიაში ერთი ტრადიცია არსებობდა, შეყვარებული დაწვრილებით, ნაკვთ-ნაკვთად აღწერდა თავის მიჯნურს. ამ ლექსებში არსად იყო სიტყვა „მიყვარხარ“ ანდა ფრაზა – „რა ლამაზი ხარ“. სატრფოს მშვენიერების დეტალური და ხატოვანი დახასიათებით ლექსის ავტორი იმხელა სიყვარულსა და თაყვანისცემას ამჟღავნებდა, რომლის, როგორც შეგრძნების, გამოთქმა „მოკვდავის ენას არ ძალუძს“. ალბათ, ჩვენი მოსწავლეები არაფერს დაკარგავენ, თუკი ამგვარი პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წავუკითხავთ. ლექსი თავიდან ბოლომდე მომყავს, რადგან მინდა, ინტერნეტსივრცის საძიებო სისტემებმა მისი პოვნა შეძლონ:
წელო, წვრილო და მაღალო, ზღვისპირსა ალვის ხისებრო.“
სწორედ ეს მეტად ეფექტური ხერხი აქვს გამოყენებული გალაკტიონ ტაბიძეს ნიკორწმინდის ტაძრის აღწერის დროს. იგი თავიდან ბოლომდე, უფრო სწორად კი, პირიქით, საძირკვლიდან გუმბათამდე ახასიათებს ნიკორწმინდის ტაძარს და თითოეული დეტალის დასურათხატებისას ამჟღავნებს იმ ერთი რამის სიყვარულს, „დაფარვა რომ სჭირდება“. სამშობლოზე ლექსის დაწერა ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს, განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება და განსაკუთრებული ოსტატობაც, თუმცა გალაკტიონის ოსტატობა, აბა, რა ჩემი შესაფასებელია… აკი, თავადაც სრულიად დარწმუნებული საკუთარ ჯადოქრულ შესაძლებლობებში ლექსის პირველივე სტრიქონებში გვიცხადებს, რომ საოცრებების ჩადენა შეუძლია: „მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა“.
მსოფლიო ლიტერატურაში საკმაოდ გავრცელებული ე.წ. „ხმამიმბაძველობითი“ პოეზია; თუმცა, რაღა შორს წავიდეთ, აკი, ქართულ პოეზიაშიც მოიძებნება ლექსები, რომელთა რიტმიც მათ შინაარსს თანხვდება: მდინარის ხივილს, ცხენის ფლოქვისცემას, მატარებლის დაგადუგს… გალაკტიონი ამ ლექსით ქმნის ერთგვარ „ფორმამიმბაძველობით“ პოეზიას, არქიტექტურულ სისტემას, ისეთივე სრულყოფილს, როგორიც თავად ნიკორწმინდაა; ანდა, რაკიღა ყველამ ვიცით, რომ პოეტს ლექსის დაწერის დროს ნიკორწმინდა ნანახიც არ ჰქონდა, იგი ქმნის არქიტექტურულ კომპოზიციას, მსგავსს, ზოგადად, შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ძეგლებისა: გარე და შიდა რითმები იქცევა დუღაბად, რომელიც ლექსს კრავს, რიტმი – სიმეტრიად, მხატვრული გამეორებები – პროპორციად; ლექსიკური სამშვენისები, არქაიზმები და ოკაზიონალიზმები – ჩუქურთმებად, ალიტერაციები – სარკმელებად, საიდანაც სხივები შემოდის… მოკლედ, ძალიანაც რომ არ გავაპოეტურო, ლექსის ფორმა ერწყმის შინაარსს და ისეთ მონუმენტურ სტრუქტურულ ჰარმონიას ქმნის, როგორსაც ის ტაძარი, რომელსაც ეძღვნება და ამასთანავე, სიტყვა „მონუმენტური“ სრულიადაც არ გამორიცხავს სიტყვა „ჰაეროვანს.“
როცა ჰაეროვნებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ სიტყვა ,,ეროვანი“, რომელსაც ქართულად ორი მნიშვნელობა აქვს – იერიანისა და ჰაეროვნისა. კონტექსტიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელი მნიშვნელობით იყენებს მას ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსში „გოგჩა“: „საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა…“ სავარაუდოდ, ამავე მნიშვნელობით იყენებს მას გალაკტიონიც – „ასვლა ეროვანი…“ ალ. ჭავჭავაძის „გოგჩა“ უდავოდ ის საეტაპო ნაწარმოებია, რომელიც ქართულ პოეზიას შესაბამისი ეპოქის ევროპული ლიტერატურის კალაპოტს უჭრის, მაგრამ, ალბათ, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელსაც იგი ბევრჯერ წაკითხვით „შემოზეპირებია“, განსხვავებით გალაკტიონის ლექსისაგან. განა, მშვენიერი არ არის, რომ ძველი საფუძველს უყრის ახალს, კიდევ უფრო ღირებულს და მის თუნდაც მცირე ნაწილად იქცევა?!
აუცილებლად უნდა ვუთხრათ ჩვენს მოსწავლეებს, რომ ერთ შედევრის შექმნა ბევრის შექმნას გულისხმობს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დიდებულება დაედო საფუძვლად ვიქტორ ჰიუგოს ცნობილ რომანს, რომელიც, თავის მხრივ, არაერთი შესანიშნავი ადაპტაციის – სახელგანთქმული მიუზიკლის, კინოვერსიების, ყველასთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის და ა.შ. – პირველწყარო გახდა. როგორც ამბობენ, არსებობს ასევე არაჩვეულებრივი კომპიუტერული თამაშიც, რომლის ერთ-ერთი ეტაპიც სწორედ ნოტრ დამის კედლებში მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, გრაფიკა სკუპულოზურად იმეორებს სინამდვილეს. ხოლო მსოფლიო მოუთმენლად ელის „ნოტრდამელი კუზიანის“ ახალ ვერსიას, რომელზეც ჰოლივუდის საუკეთესო შემოქმედები მუშაობენ; და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
ნიკორწმინდის ტაძრის შესახებ დაწერილი გალაკტიონის ლექსი საუკეთესო მაგალითია მოსწავლეებისათვის იმის ასახსნელად, თუ როგორ შობს ხელოვნება ხელოვნებას. შემოქმედის მიერ ერთი შედევრის შექმნა არამხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს ნაწარმოები ადამიანებს ესთეტიკურ სიამოვნებას განაცდევინებს, არამედ იმასაც, რომ ინსპირაციად იქცევა ახალი შედევრის შესაქმნელად, რადგან ყველა ნიჭიერ ხელოვანში აკუმულირდება თავისი თუ სხვა (მაგრამ, ალბათ, ყველაზე უფრო მაინც თავისი) ხალხების შემოქმედებითი ენერგია, ყველაფერი, რამაც მის ცნობიერებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ახალ ნაწარმოებად გადაიქცევა. ამაზე წერს ოთარ ჭილაძეც თავის ლექსში „როდესაც ასე ახლოა გრემი“:
,,როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.“
ეს არის ახლის პასუხისმგებლობა იმის მიმართ, ვინც ძველი შექმნა, ვინც თამასა მაღლა აუწია მომდევნო თაობებს და ძველ კულტურაზე ახლის დასაშენებლად იმპულსი მისცა.
გალაკტიონის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ ალბათ უკვე იქცა ან მომავალში იქცევა ინსპირაციად სხვა ლიტერატურული ნაწარმოებისა ანდა სიმღერისა, იქნებ მხატვრობისა, შეიძლება გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგისა, შეიძლება გალაკტიონის სხვა ლექსების მსგავსად დემნა გვასალიას მიერ შექმნილ ჯინსის ქურთუკზეც იპოვოს ადგილი, მერე კი რეპერის მკლავზე აღმოჩნდეს და სულ სხვა, ეგებ ნაკლებად მონუმენტური და ჰაეროვანი ტექსტის ფონზე გაიცნოს მსოფლიომ… მოკლედ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შედევრებს არსად ეჩქარებათ, შედევრებს, ადამიანებისაგან განსხვავებით, წინ დიდი დრო აქვთ.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული კვლევა, რომელიც საკვლევ ჯგუფთან ერთად თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამაგისტრო დაცვისთვის განვახორციელე. კვლევა ჩატარდა ორ მეათე კლასში, მათემატიკის საგანში. პრაქტიკული კვლევის არსი მდგომარეობდა პრობლემის შესწავლაში (რამდენად დაკავშირებულია საშინაო დავალება საკლასო სამუშაოსთან, რამდენად გათვალისწინებულია ყველა მოსწავლის უნარ-ჩვევა, როგორ ხდება საშინაო დავალების შესწორება და რა კრიტერიუმებით ხდება შეფასება), ინტერვენციების დასახვასა და მათი ეფექტის შეფასებაში.
მოგეხსენებათ, რომ საშინაო დავალება მოსწავლეებს ხშირად ეძლევათ და ამით მათ ერთგვარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თითოეულ დავალებას შესაძლოა სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს. ზოგიერთი საშინაო დავალება მოსწავლეთათვის არის სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი. ზოგიერთი კი პირიქით, რუტინული და მომაბეზრებელი. ამიტომ მათ ხშირად ეზარებათ დავალების შესრულება, მით უმეტეს – მაღალ კლასებში. რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ საშინაო დავალება არ იყოს მოსაბეზრებელი?
გათვალიწინებული იქნეს მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები;
დავალება კავშირში იყოს სასწავლო მიზნებთან;
დავალება იყოს სახალისო და საინტერესო, რათა მოსწავლე სიამოვნებით ასრულებდეს მას.
კვლევის დასაწყისში ვეცადეთ, დაგვედგინა, როგორ აძლევდა მასწავლებელი დავალებებს თავის მოსწავლეებს, რა სიხშირით, რა ფორმით ასწორებდა, რის მიხედვით აფასებდა და როგორ ხდებოდა უკუკავშირის გაცემა. თუ მასწავლებელი მიცემულ საშინაო დავალებას არ გამოიკითხავს და უკუკავშირს არ მოახდენს, ის დაკარგავს ინტერესს და აღარ შეასრულებს მას.
კვლევის პირველ ეტაპზე ორივე კლასში დავაკვირდით საგაკვეთილო პროცესს, რის შედეგადაც უკეთ შევისწავლეთ კლასებში არსებული პრობლემები და შევარჩიეთ რესპონდენტები სიღრმისეული ინტერვიუებისთვის. ასევე ორივე კლასში ჩავატარეთ გამოკითხვა, რომლითაც დავადგინეთ მოსწავლეების დამოკიდებულება მათემატიკის საგნის მიმართ, მათი დავალებების სიხშირე და არშესრულების მიზეზები. ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავატარეთ ორივე მეათე კლასში როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან.
ინტერვიუების ფონზე უკეთ შევისწავლეთ არსებული პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები, რათა შემდეგში ეფექტიანად მომხდარიყო ინტერვენციების შემუშავება.
დამატებით გავეცანით საკლასო და საშინაო დავალების რვეულებს, რომ გაგვერკვია პედაგოგები რა მეთოდებისა და ტექნიკის საშუალებით ასწორებენ და აფასებდნენ ბავშვებს.
მეტი სიზუსტისთვის დავესწარი თვითონ გაკვეთილებსაც, რითაც გადავამოწმე ის ინფორმაცია, რომლითაც საშინაო დავალების რვეულებიდან და გამოკითხვიდან მქონდა მიღებული. გაკვეთილზე დასწრება და დაკვირვება იმაზე მეტ რეალურ პასუხს იძლევა, ვიდრე რომელიმე ფურცლიდან ამოკითხული წინადადება.
ამის შემდეგ მასწავლებლებს გავაცანი ჩვენ მიერ შესწავლილი მდგომარეობა საშინაო დავალებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გაკვეთილზე დაკვირვება მოვახდინე ამ დროსაც, რათა უკეთ დამენახა, რამდენად მუშაობდა შეთავაზებული რეკომენდაციები. ბოლოს კი სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა მოსწავლეებთან, ისევე როგორც დასაწყისში.
დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა პრობლემები:
მოსწავლეები ნაკლებად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში;
მოსწავლეების მხრიდან არ იყო ინტერესი გამოხატული იმ საკითხებზე, რომელიც მათთვის იყო გაუგებარი საშინაო დავალების შესრულების დროს;
დავალებები არ იყო სახალისო და მრავალფეროვანი;
დავალებების შესრულება საჭიროებდა ბევრ დროს;
არ ხდებოდა მასწავლებლების მხრიდან ინდივიდუალური უკუკავშირი საშინაო დავალების შესრულებისას.
რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებლებს მივეცით, სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარეობდა:
ინდივიდუალური უკუკავშირის გაზრდა – ამ ამოცანის გადასაჭრელად მასწავლებლებს ვთხოვეთ, საშინაო დავალების შესრულების შემდეგ თითოეული მოსწავლისთვის რვეულში წერილობით გამოეხატათ უკუკავშირი.
გაკვეთილისა და საშინაო დავალების ფორმატის მრავალფეროვნების გაზრდა – მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ თანამედროვე მეთოდების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოკითხვამაც აჩვენა. ამიტომ, თავდაპირველად შევეცადეთ გაგვემდიდრებინა გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდების ერთობლიობა. ახალი თემის გასაცნობად, მაგალითად, სამკუთხედის ფართობის ასახსნელად, გამოვიყენეთ ვიდეოგაკვეთილი, ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს მინი-ტესტი იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ყურადღებით მოისმინეს ახსნილი მასალა. საშინაო დავალებას მასწავლებელი გამოიკითხავდა ბურთის სროლით, ვისაც ესროდა, იმას უნდა წაეკითხა საშინაო დავალების პასუხი. რაც შეეხება საშინაო დავალებებს, გამოვცადეთ ჯგუფური პროექტების ფორმატი, ასევე სხვადასხვა მეთოდი წყვილებში მუშაობისათვის. მოსწავლეებს დაევალათ, გაეკეთებინათ პოსტერი სამკუთხედის ფართობის შესახებ, რომელიც უნდა ყოფილიყო კრეატიული და სახალისო. ასევე, მასწავლებლებმა დაჰყვეს კლასი ორ სხვადასხვა ჯგუფად, ერთს ჰქონდა მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი ამოცანები, მეორეს – მხოლოდ პასუხები. ამოცანის ავტორს უნდა მოეძებნა თავისი მეწყვილე პასუხი.
დიფერენცირებული სირთულის დავალებების გამოყენება: შევეცადეთ მაგალითები და ამოცანები დაგვეხარისხებინა სირთულის მიხედვით, მოსწავლეებს ახალი მასალის ახსნის შემდეგ, ეძლეოდათ სხვადასხვა სირთულის დავალება. საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებელს მოჰქონდა ფერად ფურცლებზე დაწერილი ამოცანები, ფერები განსხვავებული იყო სირთულის მიხედვით (წითელი-ძნელი, ყვითელი – მარტივი, მწვანე – საშუალო).
მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდა – კლასში ჩართულობისა და ინტერესის ასამაღლებლად შევეცადეთ გაკვეთილები და საშინაო დავალებები ყოფილიყო არაერთფეროვანი. განსხვავებულმა გაკვეთილებმა ის შედეგი გამოიღო, რომ გაკვეთილში დისციპლინის პრობლემის მქონე მოსწავლეებიც ჩაერთნენ, მაგალითად, ზოგი სამკუთხედს ჭრიდა, ზოგი ვიდეოგაკვეთილისთვის აპარატურის მომზადებაში დაგვეხმარა, ზოგს მოეწონა სამკუთხედის პოსტერის გაკეთების იდეა და სხვა.
კვლევის დასასრულ მოსწავლეებთან სიღრმისეული ინტერვიუების, კლასებში ჩატარებული გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა მიერ დავალების შესრულების სიხშირე გაიზარდა. გაკვეთილი შედარებით სახალისო და აქტიური გახდა, რის გამოც მასში მეტი მოსწავლე ჩაერთო.
ვფიქრობ, კვლევის მიგნებები საინტერესოა არა მხოლოდ ამ კონკრეტული სკოლის მასწავლებლებისთვის, არამედ სხვა სკოლებისთვისაც, სადაც მასწავლებლები ანალოგიურ პრობლემებს აწყდებიან.
მასწავლებლებს კი, ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც საგაკვეთილო პროცესი არის მეტად საინტერესო, როცა ის არის მრავალფეროვანი და გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები, იგივე ხდება საშინაო დავალებების შესრულების დროსაც.
დისპრაქსიას (განვითარების კოორდინაციულ დარღვევას) ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციასთან აკავშირებენ. იგი განიხილება სწავლის სირთულედ, რომელსაც მოტორული დეფიციტი განაპირობებს. დისპრაქსია კომპლექსურ სირთულედ მიიჩნევა. ის უმეტესად ვლინდება ხელწერის, ჩაცმის, თამაშის და სხვ. თავისებურებებში. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც დისპრაქსია აქვს, განსხვავებულად (ან სულაც ვერ) ცეკვავს, ვერ თამაშობს ჰულაჰუპით, ვერ დგას გორგოლაჭებზე და სხვ. დისპრაქსია ვლინდება მეტყველების თავისებურებაშიც. ახასიათებს არტიკულაციის პრობლემებიც: დისპრაქსიის მქონე ბავშვები ზოგჯერ მეტისმეტად ხმამაღლა ან მეტისმეტად ხმადაბლა, მეტისმეტად სწრაფად ან მეტისმეტად ნელა მეტყველებენ.
დისპრაქსიის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მეხსიერებისა და ფოკუსირების სირთულეც. მათ უჭირთ აქტივობების დაგეგმვა და საქმის ბოლომდე მიყვანა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მათ ტვინს არ შეუძლია ფიზიკური მოძრაობისა და სხეულის კუნთების კორდინირებულად ამუშავება. თუმცა დისპრაქსიის წარმოშობის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. საუბრობენ გენეტიკურ ფაქტორებსა და გოგონებთან შედარებით, დისპრაქსიის შემთხვევების ბიჭებში მეტ გავრცელებაზე, ისევე როგორც დისლექსიისა და დისპრაქსიის თანარსებობაზე. კვლევები ცხადყოფს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვების 53% დისპრაქსიის მატარებელია . გამოიყოფა დისპრაქსიის ოთხი ტიპი:
1. ორომოტორული (პირის მოძრაობითი), რომელიც ბავშვს სიტყვების წარმოთქმაში უშლის ხელს;
2. კონსტრუქციული (მიმართებითი), რომელიც სივრცესთან ურთიერთობის დარღვევით ვლინდება;
3. აზროვნებითი, რომელიც იწვევს თანმიმდევრული მოძრაობების შეფერხებას;
4. იდეომოტორული, რომელიც ცალკეული ამოცანების შესრულების უუნარობით გამოიხატება.
დისპრაქსიის ნაადრევი შემთხვევები 1-2 წლის ასაკშიც გვხვდება. დიაგნოზი 5 წლამდე არ დაისმის – მაშასადამე, ასაკამდე, ვიდრე კოორდინაციული სირთულეების დაკავშირება შესაძლებელია კუნთების ძალასთან და არა რომელიმე ნევროლოგიურ მდგომარეობასთან. ამრიგად, დისპრაქსიას ახასიათებს:
ენა-მეტყველების სირთულე;
მოძრაობისა და კოორდინაციის სირთულე;
წონასწორობის დაცვის სირთულე;
მოტორული დაგეგმვის პრობლემები;
თვალისა და ხელის კოორდინაციის სირთულე;
ნატიფი მოტორული მოქმედებების განხორციელების სირთულე;
საკუთარი ქცევისა და ნივთების ორგანიზების სირთულე;
სირთულე სოციალურ უნარებში.
როგორ დავეხმაროთ დისპრაქსიის მქონე ბავშვებს
გამოხატულ სიმპტომთა ფართო სპექტრის გამო დისპრაქსიის მქონე მოსწავლესთან მუშაობა შეიძლება უიმედო გამოცდილებად გვეჩვენებოდეს, თუმცა დისპრაქსია არ არის ინტელექტუალრი დარღვევა. ის მხოლოდ ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გადაადგილებისა და კოორდინაციის ცვლილებებს იწვევს, ინტელექტზე გავლენას კი საერთოდ არ ახდენს .
ამიტომ არის, რომ დისპრაქსიის მქონე ბავშვები სწავლის ნიჭსა და მაღალ უნარებს ავლენენ თავიანთ მეწყვილეებსა თუ სხვა თანაკლასელებთან ურთიერთობისას. უბრალოდ, დროდადრო ჩვენგან ცოტა მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.
მთავარი, რაც დისპრაქსიის მქონე მოსწავლესთან მუშაობისას მოგვეთხოვება, მაღალი შეგნებაა. ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, რომლითაც ბავშვს დავეხმარებით თავისი შესაძლებლობების სრულად დანახვასა და გამოვლენაში.
სწავლის უნარის დარღვევის სხვა გამოვლენათაგან (დისლექსია, დისგრაფია, დისკალკულია) დისპრაქსია ბავშვებში ზოგადი ნიშნებით ვლინდება და ის მოსახლეობის 6-10%-ისთვისაა დამახასიათებელი. ბავშვს დისპრაქსიამ შეიძლება პრობლებები შეუქმნას წერის ან იმგვარი დავალების შესრულებისას, რომლის დროსაც ნატიფი მოტორიკის, დაგეგმვისა და ორგანიზაციული უნარების გამოვლენაა საჭირო. რეკომენდაციები მშობლებისთვის:
• თხრობითი უნარების გასაძლიერებლად ესაუბრეთ მთელი დღის შესახებ.
• დაუნაწევრეთ მოქმედებები ცალკეულ ნაბიჯებად.
• ხშირად გაუმეორეთ ყოველდღიური რუტინის წესები, როგორიცაა ჩაცმა, საუზმობა და ა. შ.
• ბავშვებისთვის, რომლებსაც დისპრაქსიის ნიშნები აღმოაჩნდებათ, უმნიშვნელოვანესია ენისა და მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპია .
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის :
არ მიაკრათ ბავშვს „ამრევის“, „ჩამორჩენილის“, „ნელის“ ან სხვა ტიპის იარლიყი!
შეიძლება, დისპრაქსიის მქონე ორი ბავშვი ერთმანეთს არ ჰგავდეს. ამდენად, ნუ გექნებათ მათ მიმართ თანაბარი მოლოდინი.
დისპრაქსიის მქონენი ზოგჯერ ძალიან მოუსვენრობენ, უჭირთ მერხის პირდაპირ ჯდომა, ზოგჯერ დავალებებს კარგავენ, თარიღებსა და შესასრულებელ ამოცანებს ერთმანეთში ურევენ. ამან არ უნდა გაგაღიზიანოთ.
დაანახეთ, გააზრებინეთ სირთულის მიზეზი, საფუძველი.
მყისიერად აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება და ამით აჩვენეთ გულისხმიერება.
ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს და მისი ნათქვამის უკეთ გასაგებად შეეცადეთ, ნათქვამი ემოციასთან დააკავშიროთ.
წარმატების მისაღწევად გაუმარტივეთ, მოკლე ნაბიჯებად დაუნაწევრეთ შესასრულებელი ამოცანა.
სოციალური უნარების განსავითარებლად სხვებთან ერთად ათამაშეთ როლური თამაშები.
აუცილებელია გარემოს აკომოდაცია. სკამის ფეხებზე შეიძლება რეზინის დამაგრება, რათა ფეხების შემოწყობა შეძლოს.
დასვით წინა მერხზე, ოღონდ კარისა და ფანჯრებისგან მოშორებით, ისე, რომ დაფას პირდაპირ უცქერდეს.
თუ ჩვეულებრივი კალმით წერა უჭირს, დაე, მისთვის მოხერხებული ფანქრით წეროს.
აუცილებლად ასწავლეთ ბეჭდვა. 7 წლამდე ასაკის ბავშვები, როგორც წესი, ბეჭდვას კლავიატურაზე ცქერის გარეშე ეუფლებიან. დისპრაქსიის მქონე ბავშვს ეს კოორდინაციის პრობლემას მოუხსნის.
დისპრაქსიის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, ხელნაწერი დავალების ნაცვლად კომპიუტერზე აკრეფილის წარმოდგენა შევთავაზოთ.
საგაკვეთილო პერიოდში აუცილებლად გამოიყენეთ 2-3-წუთიანი ვარჯიში/ენერჯაიზერი, მაგალითად, ასეთი:
მზეს ავხედეთ (თავი ზემოთ),
ზღვას ჩავხედეთ (თავი ქვემოთ),
ცას შევხედეთ (თავი ზემოთ),
გზებს გავხედეთ (თავი ჯერ მარცხნივ, შემდეგ – მარჯვნივ),
ავიზიდეთ (ხელები ზემოთ),
გავიშალეთ (ხელები განზე),
გავიბადრეთ
და დავსხედით.
ამგვარი მიდგომებით ყველა ბავშვს ერთნაირად წავახალისებთ, შევაყვარებთ სწავლას და, იმავდროულად, ადრეული ასაკიდანვე განვუვითარებთ წიგნიერების უნარებს.
ნორვეგიელი ფსიქოლოგი, ქრისტინე აუდმაიერი, წიგნში: „როგორ დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან, ავტორი საკუთარ გამოცდილებაზე უყვება მკითხველებს.
მაშ ასე, ქრისტინე აუდმაიერი წერს, რომ, როდესაც მან აღმოაჩინა, საკუთარ გოგონაზე თანატოლების მხრიდან დევნის შემთხვევა, მაშინვე დაურეკა კლასის დამრიგებელს, რათა მისთვის ყველაფერი მოეყოლა და იქვე გამოხატა აღშფოთება იმის გამო, რომ მისი გოგონა სკოლაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. მასწავლებელმა არცთუ დიდი ენთუზიაზმი გამოხატა და ისიც კი მითხრა, რომ უნდა დამერეკა მშობლებისათვის განკუთვნილ დროს ანუ რამდენიმე დღის შემდეგ. „იმ წუთას მიმაჩნდა, რომ ამ საქმის განხილვის თუნდაც რამდენიმე დღით გადადება არაფრით არ შეიძლებოდა და რომ უსწრაფესად უნდა გატარებულიყო ადეკვატური ღონისძიებები სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ახლა, როდესაც უკვე საკმაოდ დროა გასული იმ ავადსახსენებელი პერიოდიდან, ვხვდები, რომ ერთი-ორი დღე სერიოზულად არაფერს წყვეტს ასეთ საქმეში, მაგრამ აქვე ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერ მშობელს, რომელიც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდება ზუსტად ასეთი რეაქცია ექნება, რადგან მშობლები სასოწარკვეთაში ვარდებიან ბულინგის შესახებ ინფორმაციის გაგებისას“.
„სწორედ ამიტომ – ხაზგასმით წერს ნორვეგიელი ფსიქოლოგი – მინდა მშობლებს შევთავაზო რამდენიმე რჩევა, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში. ეს რჩევები დაეხმარება უფროსებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდება არა მხოლოდ მისი, არამედ სხვისი შვილი“:
ეცადეთ როგორმე ჩასწვდეთ სიმართლეს. გაესაუბრეთ მსხვერპლს, მაგრამ თავი აარიდეთ ხანგრძლივ „დაკითხვებს“. მნიშვნელოვანია, ძალიან არ დააჩქაროთ ბავშვი, არ გადააჭარბოთ, არ დააფრთხოთ ისედაც შეშინებული პატარა;
უნდა შეეცადოთ, არ მოექცეთ ძლიერი ემოციების ზეგავლენის ქვეშ. თუ ბავშვი მიხვდება, რომ უფროსი დაითრგუნა მოსმენილი ამბისგან, თანაც ისე ძლიერ, რომ ემოციებს ვერ უმკლავდება, ის შეეცდება დაინდოს ზრდასრული. შედეგად, ბავშვი საკუთრ თავში უფრო მეტად ჩაიკეთება, ნაცვლად იმისა, რომ გაიხსნას და სრული სიმართლე მოჰყვეს;
თუ ბავშვს უჭირს საუბარი, კონტაქტის დამყარება, უფროსს შეუძლია მას რაიმე ამის მსგავსი უთხრას: „ვიცი, ბევრ ბავშვს ძალიან უჭირს მსგავს პრობლემებზე საუბარი, მაგრამ მე მინდა, შენ დაგეხმარო. შენ შეგიძლია მესაუბრო მაშინ, როდესაც ამისთვის მზად იქნები“. მნიშვნელოვანია, უფროსებს ახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის მთავარია, მიხვდეს, რომ არსებობს ზრდასრული ადამიანი, რომელმაც იცის მისი პრობლემის შესახებ და მზად არის მოუსმინოს და დაეხმაროს მას;
თუ ბავშვი შედარებით მცირე ასაკისაა (მაგალითად, საბავშვო ბაღის ასაკის), შესაძლებელია მისთვის გაადვილდეს პრობლემაზე საუბარი რაიმე სათამაშოს გამოყენებით. „ნეტავ საბავშვო ბაღში ვინმე ხომ არ აბრაზებს ფუმფულა დათუნიას?“ მსგავსი მეთოდები მცირეწლოვან ბავშვებთან გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარას უჭირს საკუთრ ემოციებზე საუბარი;
მიეცით პატარას საშუალება თავად იპოვოს პრობლემის გადაჭრის რაიმე მეთოდი. თუნდაც მან მოითხოვის ბულერის „მთვარეზე გაშვება“. აქ მთავარია, ბავშვმა დაიჯეროს, რომ მის მიერ მოფიქრებულ „გადაწყვეტილებას“ უფროსები სერიოზულად უსმენენ მაშინაც კი, როდესაც ვერ მოახერხებენ „დამნაშავის კოსმოსში გაფრენას“. „სიმართლე უნდა ითქვას – ამბობს ფსიქოლოგი. – მე ხშირად მიმიღია ძალიან პატარებისაგანაც კი სიტუაციისაგან რაციონალური გამოსავლის შეთავაზება და თუ რომელიმე უფროსი მათ გაითვალისწინებს, შესაძლებელია ეს ძალიან კარგიც კი იყოს ამ სიტუაციაში. ამას გარდა, გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასე უფროსები მნიშვნელოვნად შეუმცირებენ დაზარალებულ პატარას დაუცველობისა და საკუთარი მოწყვლადობის განცდას;
არასოდეს შეჰპირდეთ ბავშვებს, რომ თქვენ არავის არაფერს უამბობთ. აუცილებელია ბულინგის შესახებ ინფორმაცია, სკოლის/საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას შეატყობინოთ და ასევე ეს ამბავი უნდა გააგებინოთ მოძალადისა და დევნაში მონაწილე სხვა ბავშვების მშობლებს;
როდესაც ბავშვი უფროსს რაიმე უსიამოვნო ამბავს უყვება, ზრდასრულს სურვილი უჩნდება სასწრაფოდ დაამშვიდოს პატარა და შეჰპირდეს, რომ ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება და მსგავსი ცუდი ამბავი არასოდეს განმეორდება მის ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეჰპირდეთ ბავშვებს იმაზე მეტი, რაც თქვენს ძალებს აღემატება. ზოგჯერ პრობლემის გადაჭრას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ უმჯობესია ბავშვს ვუთხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და რომ მანამ არ შევწყვეტთ ამ საკითხის გარშემო მუშაობას, სანამ ის არ გადაიჭრება;
ჩემი, როგორც მშობლისა და ფსიქოლოგის რჩევაა – განაგრძობს ქრისტინ აუდმაიერი, ეცადოთ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ, თუ როგორ აქვს საქმეები თქვენს შვილს, როგორი ურთიერთობები აქვს თანატოლებთან, უფროსებთან, ეს ეხება საბავშვო ბაღს, სკოლას და ნებისმიერ იმ სხვა გარემოს, რომელშიც ბავშვს უწევს ცხოვრება;
მცირე ასაკის ბავშვებს ზოგჯერ უჭირთ ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისაგან გარჩევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უფროსებმა ზუსტად გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში;
მშობელმა უნდა მოსთხოვოს დაწესებულების ადმინისტრაციას, შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის საგანგებო, დეტალური გეგმა. ეს თქვენი უფლებაა და თუ აღმოჩნდება, რომ ადმინისტრაციის მიერ დასახული გეგმა ვერ მუშაობს, არ მოგერიდოთ და შემდეგ ინსტანციას მიმართეთ;
შესაძლებელია, ურჩიოთ ბავშვს, გაესაუბროს იმ უფროსს, რომელსაც ენდობა. სულაც არ არის აუცილებელი თქვენ მოგიყვეთ ყველაფერი. აუხსენით მას, რომ მისთვის ძალიან კარგი იქნება, საკუთარ პრობლემას მეგობარს გაუზიარებს. არის შემთხვევები, როდესაც მოზარდებს ურჩევნიათ დღიური წერონ და იქ აღწერონ ყველაფერი, რაზეც საუბარი მისთვის სხვებისთვის მძიმე და ზოგჯერ შეუძლებელიც კი არის. აქვე, საგანგებოდ აღვნიშნავ, გვაფრთხილებს ფსიქოლოგი: „მე არ ვურჩევ არასრულწლოვნებს, ღიად წერონ მსგავს პრობლემებზე სოციალურ ქსელებში ან ბლოგებში“;
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თქვენ ნაწყენი ან გაბრაზებულიც კი იყოთ სკოლის/საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაზე და სხვა მშობლებზე, გირჩევთ, მაინც ითანამშრომლოთ მათთან. უფროსები ვალდებული არიან, მიუხედავად ყველა იმ ემოციისა, რომელიც შესაძლებელია დაეუფლოთ მსგავს რთულ სიტუაციაში, მაინც ზრდასრული ადამიანებივით მოიქცნენ და სიტუაციიდან კონსტრუქციული გამოსავალი მოძებნონ;
მშობლები, რომელთა შვილებიც ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მალე აღმოაჩენენ, რომ გარშემო ყველა ადამიანი, ერთნაირად არ აღიქვამს წარმოქმნილ პრობლემას. ის, რასაც ერთი მხარე მასხრად აგდებას ან სულაც შეურაცხყოფას ეძახის, მეორისათვის მხოლოდ „უსიამოვნებაა“. რთულ სიტუაციაში გაცილებით უფრო ადრე მიაღწევთ შედეგს, თუ არ გაჯიუტდებით და არ დაიწყებთ საკუთარი ვერსიის მტკიცებას და დამნაშავის დამუნათებას. უფრო მნიშვნელოვანია, კონცენტრირდეთ იმაზე, რისი გაკეთებაა საჭირო. ისაუბრეთ ფაქტებით და არა მხოლოდ ბრალდებებით;
ბავშვებიც და ზრდასრულებიც მიდრეკილი არიან თავდაცვის პოზიციაში ჩადგნენ მაშინ, როდესაც მათ ბრალდებებს უყენებენ. სამაგიეროდ, გაცილებით უადვილდებათ სიმართლის აღიარება, როცა ფაქტებით დაელაპარაკებიან. მაგალითად: იმის ნაცვლად, რომ ბავშვს უთხრათ – „შენ ძალიან გამომწვევად იქცევი“ – ზოგიერთ თანაკლასელს სრულიად დაუმსახურებლად გამოარჩევ დანარჩენებისაგან. სჯობს პირდაპირ ფაქტებზე მიუთითოთ: „მთელი წლის მანძილზე ანა იყო ერთადერთი, ვინც არცერთხელ არ დაუპატიჟებიათ დაბადების დღეზე“; „როდესაც ანა ხელს იწევს, რომ რამე მოსაზრება გამოთქვას, ნინო, თამარი და სალომე სიცილს იწყებენ“; „რამდენიმე დღის წინ კი გიორგიმ ანას თმაზე ცეცხლი წაუკიდა და თანაც სულ დებილი ეძახა“. აი, სწორედ ეს არის ფაქტებით საუბარი და არა აბსტრაქტული, ზოგადი დადანაშაულებები;
კარგი იქნება, დაეხმაროთ საკუთრ შვილს, მოძებნოს ახალი სამეგობრო წრე. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესების სფერო და ის, თუ რისი კეთება უფრო კარგად გამოსდის მას. ამით ბავშვს/მოზარდს საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებასა და საკუთარი სტატუსის ამაღლებაშიც დავეხმარებით.
ვფიქრობ, ნორვეგიელი ფსიქოლოგის ძალიან კონკრეტული და საქმიანი რჩევები დაეხმარება დაინტერესებულ მკითხველს.
ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას.
ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...