ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

კვლევა, ტექნოლოგიები და ინოვაცია სწავლებისას

0

ახალი გაკვეთილის დაგეგმვისას ყოველთვის ვფიქრობ გაკვეთილზე შევიტანო ისეთი აქტივობა,  რაც მოსწავლეთა დაინტერესებას და მათ მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებს.  ამიტომ ხშირად ვესწრები ტრენინგებს, ვიზიარებ კოლეგების გამოცდილებებს, ვეცნობი სიახლეებს, რომელსაც გვთავაზობს მასწავლებლის სახლი და Mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიები. გავეცანი   (მ. სეხნიაშვილი)  ერთ-ერთ   საინტერესო სტატიას Mastsavlebeli.ge-ზე სათაურით  „მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება ბიოლოგიის სწავლებისას“. https://mastsavlebeli.ge/?p=737    გადავწყვიტე გაკვეთილზე გამომეყენებინა ავტორის მიერ შემოთავაზებული კვლევა და ამავე დროს ინოვაციური გამეხადა გაკვეთილი. ამიტომ შევქმენი ანიმაციები და ჩავატარე სამოდელო-ინოვაციური გაკვეთილი  X კლასში თემაზე: „სისხლის გადასხმა. სისხლის ჯგუფები“.    რომელიც გადიოდა ესგ-ის ბიოლოგიის სტანდარტზე:

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

კვლ. X. 2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.                                                        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                                                                                                                                                                                                 იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;   აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, იღებს სარწმუნო მონაცემებს;

კვლ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.                                                                                                                  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს   შორის დამოკიდებულების აღსაწერად;                                                                                                                                                              აანალიზებს მონაცემებს (მაგ., საშუალო არითმეტიკული სიდიდის და საშუალოდან გადახრების დადგენა), საჭიროების შემთხვევაში, საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით, გამოიტანს დასკვნებს.

ბიოლ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის.                                                  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:     ქმნის ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელს და მსჯელობს ამ ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე.

გაკვეთილის მიზანი:     მოსწავლეები შეძლებენ:    ანიმაციის დახმარებით შექმნან სხვადასხვა სისხლის ჯგუფების ამსახველი ერითროციტის მოდელი;  ჩაატარებენ ცდას;  აღრიცხავენ  მონაცემებს  და  წარმოდგენენ ცხრილის საშუალებით;   მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოტანენ დასკვნებს;  შექმნიან და გამოიყენებენ  ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელს;  მოიყვანენ არგუმენტებს საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად;   იმსჯელებენ, თუ რამდრენად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ექიმმა სისხლის გადასხმის დროს  ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედება. გააანალიზებენ, თუ რატომ შეიძლება სისხლის გადასხმამ გამოიწვიოს ლეტალური   შედეგი და რატომ არის აუცილებელი სისხლის გადასხმის დროს   ექიმმა  გაითვალისწინოს დონორის (ვინც სისხლს გასცემს) ერითროციტებში ანტიგენის სახეობა და რეციპიენტის (ვინც იღებს სისხლს) სისხლის პლაზმაში ანტისხეულის სახეობა და რეზუს ცილის არსებობა.  გაკვეთილი ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, სოციალური უნარების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას.

წინარე ცოდნა და უნარები:  მოსწავლეებმა იციან:  სისხლის შედგენილობა;  მნიშვნელობა;  სისხლის ოთხი  ჯგუფისა და ორი რეზუსის არსებობა;   რას ეწოდება დონორი და რეციპიენტი.

სასწავლო რესურსები: მასწავლებლის მიერ მომზადებული Power point-ის   სლაიდი. სლაიდზე დატანილი კითხვები; დაბეჭდილი შეფასების რუბრიკები; პროექტორი; კომპიუტერები;  პლასტელინი; მასწავლებლის მომზადებული სხვადასხვა ჯგუფის და რეზუსის ამსახველი ერითროციტის ანიმაციები;  საჭმელი საღებავები:  წითელი წყალი, ლურჯი წყალი, მეწამული წყალი და სუფთა წყალი. სინჯარები; შტატივები; სისტემები; მასწავლებლის შედგენილი ამოცანები.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. (  2 წთ).

აქტივობის აღწერა:     მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები. მოსწავლეებს გავაცანი ორგანიზების ფორმები, შეფასების ფორმები. თითოეულ ჯგუფს დავურიგე შეფასების რუბრიკები.                                                                                                                                                                                                        

აქტივობა 2      წინარე ცოდნის გააქტიურება  (3 წთ).

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებმა შემთხვევითობის პრინციპით უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, გაიხსენეს წინა მასალა.  1.რა მნიშვნელობა აქვს სისხლს? 2.რისგან შედგება სისხლი? 3. სისხლის რამდენი ჯგუფი არსებობს?  4. რა უნდა გავითვალისწინოთ სისხლის გადასხმის დროს? 5. რამდენი რეზუსი აქვს ადამიანს? 6.რატომ არის აუცილებელი, ყველა ადამიანმა იცოდეს საკუთარი სისხლი ჯგუფი? 6.რას ეწოდება დონორი და რეციპიენტი? 7.ზოგჯერ, უბედური შემთხვევის დროს ადამიანს სჭირდება სისხლის გადასხმა. ხანდახან სისხლის გადასხმის დროს ექიმის მიერ დაშვებული შეცდომა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ხდება, უპასუხეთ: ა).  რა  შეიძლება გახდეს პაციენის გარდაცვალების მიზეზი?  ბ). რა უნდა გაითვალისწინოს ექიმმა სისხლის გადასხმის დროს?            გ). როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგი?   აქტივობა  დაეხმარა მოსწავლეებს  ძველი მასალის გახსნებასა და ახალი მასალის გააზრებაში.

აქტივობა N3.

 გაკვეთილის ახსნა. მოსწავლეებს ვესაუბრე სისხლის ჯგუფების შესახებ,   დადებითი და უარყოფითი რეზუსის არსებობის შესახებ,  ასევე ერითროციტის ზედაპირზე არსებული ანტიგენისა და სისხლის პლაზმაში არსებული ანტისხეულის და მათი თავსებადობის შესახებ.  ახსნის დროს მოსწავლეებს ვუჩვენე ჩემ  მიერ შექმნილი ანიმაცია, ანიმაციაში შემოტანილი მქონდა  აღნიშვნები:    რეზუს ცილა –         ანტიგენი A –       ;   ანტიგენი B –     ;  ანიმაცია მომზადებული იყო Power point-ის პროგრამაში.  ანიმაციაში ცარიელი ერითროციტების გარშემო მოთავსებული იყო რეზუს ცილა –       ; ანტიგენი A –       ;   ანტიგენი B –     ,   რომლებიც  ნელ -ნელა შემოდიოდნენ და  განლაგდებოდნენ ერითროციტების ზედაპირზე, მათი არსებობის შემთხვევაში. აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს ანიმაციის საშუალებით  ნათლად დაენახათ, თუ რომელი ანტიგენია მოთავსებული ერითროციტის ზედაპირზე  A, B. AB და O  ჯგუფის არსებობის შემთხვევაში და რა შემთხვევაში  არის მოთავსებული რეზუს ცილა ერითროციტის ზედაპირზე.

აქტივობა 4. 

 მოდელის შექმნა.                                                                                                                                              

კლასი წინასწარ დაყოფილი მყავდა  ჯგუფებად.  თითოეულ ჯგუფს წვდომა ჰქონდა კომპიუტერთან, რომელშიც ჩატვირთული იყო ჩემ მიერ  შექმნილი ანიმაცია.   

https://drive.google.com/drive/folders/1d3-aDjUL5ynzNQ_hzbAm9umV-MzZJBbQ

 

 მოსწავლეებმა უყურეს ანიმაციას და პლასტელინების საშუალებით შექმნეს ერითროციტის მოდელი. წითელი პლასტელინი გამოიყენეს ერითროციტების შესაქმნელად.  ლურჯი ფერის პლასტელინი A ანტიგენისთვის;  მწვანე ფერის პლასტელინი   B  ანტიგენისთვის, ხოლო   ყავისფერი პლასტელინი რეზუს ცილისთვის. 1 ჯგუფმა  შექმნა Oდა  O+   ერითროციტის მოდელი. მე-2 ჯგუფმა შექმენა Aდა  A+  ერითროციტის მოდელი. მე-3 ჯგუფმა შექმენა Bდა  B+ ერითროციტის მოდელი. მე-4 ჯგუფმა ABდა  AB+   ერითროციტის მოდელი.                                                                                                                                                                                 აქტივობა N5.

 ცხრილების აგება-შევსება. მოსწავლეებს სლაიდით ვუჩვენე  ცხრილი და მივეცი დავალებად ჯგუფებში  Power point-ის სლაიდში ააგონ და შეევსონ ცხრილი:

სისხლის ჯგუფი ანტიგენი ანტისხეული
A
B
AB
O

მოსწავლეებმა ჯგუფებში Power point-ის სლაიდში შექმნეს და შეავსეს ცხრილი, სადაც ჩაწერეს, თუ რომელი სისხლის ჯგუფი, რომელ ანტიგენსა და ანტისხეულს შეიცავს.   აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.                                                                                                             აქტივობა N6.   

მოსწავლეებს მივეცი  ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც ჯგუფებმა ჩაატარეს  ექსპერიმენტი, რომელიც მოცემულია

https://mastsavlebeli.ge/?p=737

1. მასწავლებელმა ოთხივე ჯგუფი მოგამარაგათ წითელი წყლით, ლურჯი წყლით, მეწამული წყლით (წითელს + ლურჯი = მეწამულს) და სუფთა წყლით.   წითელი ფერის წყალი “A ჯგუფის სისხლია”, ლურჯი – “B ჯგუფისა”, მეწამული – “AB ჯგუფისა”,  სუფთა – “O ჯგუფისა”.

2. ოთხივე სინჯარა მოათავსეთ სადგამში და დანომრეთ 1-დან 4-მდე. (მასწავლებელს წინასწარ მარკერით აქვს მონიშნული სინჯარაში  1სმ3 და 2სმ3  სისხლის რაოდენობა, რათა სისხლის რაოდენობის უზუსტობის შემთხვევაში, მოსწავლეებმა არ მიიღონ არასწორი შედეგი).

3. პირველ სინჯარაში ჩაასხით 1სმ3 “A ჯგუფის სისხლი”; მეორეში – 1 სმ3 “B ჯგუფის სისხლი”; მესამეში – 1სმ3 “AB ჯგუფის სისხლი”; მეოთხეში – 1სმ3 “O ჯგუფის სისხლი”. თითოეული სინჯარა ასახავს სისხლის რეციპიენტს (მიმღებს). უფრო მეტად ინოვაციური რომ გამოსულიყო გაკვეთილი, ჯგუფები დამატებით  მოვამარაგე სისტემებით,რომელიც დავამაგრეთ შტატივზე. ჩასატარებელი ცდები გადავანაწილე ჯგუფებში და ჯგუფებს მივეცი დავალებები:

1 ჯგუფი: სისტემაში ჩაასხით გამჭვირვალე სითხე. თითოეულ  სინჯარას დაამატეთ 1სმ3 O ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი).

II ჯგუფი:  სისტემაში ჩაასხით წითელი სითხე. თითოეულ სინჯარას დაამატეთ 1სმ3 A ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი).

III ჯგუფი:  სისტემაში ჩაასხით ლურჯი სითხე.  თითოეულ სინჯარას დაამატეთ 1სმ3 B ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი).

IV  ჯგუფი:  სისტემაში ჩაასხით მეწამული  სითხე.  თითოეულ სინჯარას დაამატეთ 1სმ3 AB ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი).

5. თუ წყალმა ფერი იცვალა, ეს ნიშნავს, რომ მოხდა “აგლუტინაცია-შეწებება” და ეს ჯგუფები არათავსებადია. თუ ფერი იგივე დარჩა – სისხლის ეს ჯგუფები თავსებადია. შედეგები ჩაიწერეთ.   გაანალიზეთ მიღებული შედეგები, გააკეთეთ დასკვნები, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს და გააკეთეთ პრეზენტაცია:

  1. სისხლის რომელი ჯგუფების კომბინაციის შედეგად მოხდა “აგლუტინაცია”? ახსენით, რატომ.
  2. სისხლის რომელი ჯგუფები აღმოჩნდა თავსებადი? ახსენით, რატომ.
  3. რომელი ჯგუფის სისხლს შეუძლია გახდეს დონორი ყველა ჯგუფის სისხლისთვის? რატომ?
  4. რომელი ჯგუფის სისხლს შეუძლია იყოს რეციპიენტი ყველა ჯგუფის სისხლისთვის? რატომ?
  5. რა შემთხვევაში წარმოიქმნება რეზუს კონფლიქტი? რატომ?

პირველმა ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ პირველი ჯგუფის სისხლი გადაესხმება ოთხივე ჯგუფის სისხლს, რადგან ექსპერიმენტის ჩატარების დროს, არც ერთ სინჯარაში არ აიმღვრა წყალი და არ მოხდა აგლუტინაცია.

მეორე ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ მეორე  ჯგუფის სისხლი გადაესხმება მეორე და მეოთხე ჯგუფის სისხლს, ხოლო პირველს და მესამეს არ გადაესხმება, რადგან  1 და მე-3 სინჯარაში წყალი  აიმღვრა, ესე იგი  მოხდა აგლუტინაცია.

მესამე ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ მესამე  ჯგუფის სისხლი გადაესხმება მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლს, ხოლო პირველს და მეორეს არა, რადგან 1 და მე-2 სინჯარაში წყალი  აიმღვრა,  ესე იგი  მოხდა აგლუტინაცია.

მეოთხე ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლი გადაესხმება მხოლოდ მეოთხე ჯგუფის სისხლს, ხოლო პირველს, მეორეს და მესამეს არა, რადგან 1, მე-2 და მე-3 სინჯარაში წყალი  აიმღვრა,  ესე იგი  მოხდა აგლუტინაცია.

საბოლოოდ მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უნივერსალური დონორია პირველი ჯგუფის სისხლი, ხოლო უნივერსალური რეციპიენტი – მეოთხე ჯგუფის სისხლი. აქტივობა დამეხმარა მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებაში. მათ  ჩატარებული ცდის საფუძველზე იმსჯელეს არგუმენტირებულად და თავად გამოიტანეს დასკვნები.

აქტივობა N7.  მოსწავლეებს  სლაიდის საშუალებით ვუჩვენე ცხრილი და მივეცი დავალებად ჯგუფებში  Power point-ის დახმარებით ააგონ და შეავსონ ცხრილი:სისხლის გადასხმის სიმულირება.

სისხლის ჯგუფი დონორი რეციპიენტი
A
B
AB
O

მოსწავლეებმა Power point-ის სლაიდში შექმნეს და შეავსეს ცხრილი. აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს გაეაზრებინათ A, B. AB და O  ჯგუფის არსებობის შემთხვევაში რომელი ჯგუფის დონორი ან რეციპიენტი შეიძლება იყოს ადამიანი.                                                                                                                                       აქტივობა N8

ამოხსენით ამოცანები:  1 ჯგუფი:    მაკას მე-2 ჯგუფის სისხლი აქვს, მის დედას მე-2, მამას მე-4, ძმას მე-3. საჭიროების შემთხვევაში, რომელი ოჯახის წევრის სისხლი შეიძლება გადაესხას გოგონას?

2 ჯგუფი:  ცოტნეს მე-3 ჯგუფის სისხლი აქვს, მამას 1, დედას მე-3+ , მის დას 1+. საჭიროების შემთხვევაში, რომელი ოჯახის წევრის სისხლი შეიძლება გადაესხას ცოტნეს?

3 ჯგუფი:   საავადმყოფოში ავტოკატასტროფით დაზარალებული პაციენტი შემოვიდა, მას ჰქონდა შინაგანი სისხლდენა და საჭიროებდა სისხლის გადასხმას. პაციენტს აღმოანდა 1 ჯგუფის სისხლი,  ახლობლებმა  სისხლის ბანკიდან მოიტანეს სისხლი. სამედიცინო პერსონალმა გადაუსხა პაციენტს სისხლი, მაგრამ გადასხმის შემდეგ დადგა ლეტალური შედეგი. სად დაუშვა ექიმმა შეცდომა?

4 ჯგუფი:   წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი და მოგმართა  ორსულმა პაციენტმა , სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მას აქვს დიდი რაოდენობით ანტისხეულები. რამ გამოიწვია ანტისხეულების დაგროვება?   რას მოიმოქმედებდით?  მოსწავლეებმა  გამოიყენეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, ჯგუფებში ამოხსნეს ამოცანები, იმსჯელეს არგუმენტირებულად.   აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.                                                                                                                                                                                               აქტივობა N9.

 საშინაო დავალება. მოსწავლეებს მივეცი  $2.3 სისხლის ჯგუფები. სისხლის გადასხმა.  გვ 84-ის კითხვებზე პასუხი. მოსაძიებლად ინფორმაცია:  მსოფლიოში რამდენი ადამიანია დადებითი და უარყოფითი რეზუსით;   A, B. AB და O  ჯგუფის  სისხლის მქონე და მონაცემების საფუძველზე ააგეთ დიაგრამა.

ეფასება.   ჯგუფები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით. გამოვიყენე ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა და 10 მოსწავლე შევაფასე  განმსაზღვრელი შეფასებით. მოსწავლეებმა ვერბალურად შეაფასეს გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები. გამოთქვეს მოსაზრება, რომ  მოეწონათ ანიმაციები, ერითროციტის მოდელის შექმნა, კვლევა, კომპიუტერში ცხრილების აგება და   სიტუაციური ამოცანების ამოხსნა;  პრეზენტაცია;  ჯგუფური მუშაობა. განსაკუთრებით მოეწონათ ანიმაცია, მოდელის შექმნა და კვლევა, რომლის საფუძველზეც თვითონ გამოიტანეს დასკვნები.  გამოთქვეს სურვილი, ხშირად გამოვიყენო ეს მეთოდები, რაც საინტერესოს, ინოვაციურს და ადვილად ასათვისებელს გახდის მასალას.

გაკვეთილზე  გამოვიყენე მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსები. ელექტრონულ რესურსზე დატანილი მქონდა გაკვეთილის ყველა აქტივობა.

   ვფიქრობ გაკვეთილი ინოვაციური და  საინტერესო იყო. გაკვეთილზე გამოყენებული ყველა აქტივობა იყო მიზნის შესაბამისი. ანიმაციის დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა სისხლის ჯგუფების ამსახველი ერითროციტის მოდელი; ჩაატარეს დაგეგმილი ცდა;  აღრიცხეს მონაცემები, მონაცემთა ცხრილის საშუალებით წარმოადგინეს მონაცემები; გააანალიზეს მონაცემები და ანალიზის საფუძველზე გამოიტანეს დასკვნები; მოიყვანეს არგუმენტები საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად; იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ექიმმა სისხლის გადასხმის დროს  ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედება. გააანალიზეს, თუ რატომ შეიძლება სისხლის გადასხმამ გამოიწვიოს ლეტალური შედეგი და რატომ არის აუცილებელი სისხლის გადასხმის დროს   ექიმმა  გაითვალისწინოს დონორის (ვინც სისხლს გასცემს) ერითროციტებში ანტიგენის სახეობა და რეციპიენტის (ვინც იღებს სისხლს) სისხლის პლაზმაში ანტისხეულის სახეობა და რეზუს ცილის არსებობა. გაკვეთილმა ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, სოციალური უნარების განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ესგ საგნობრივი პროგრამა (2011-2018)

2. გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. ბიოლოგია

ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და მუსიკა

0

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვამ თანამედროვე სკოლისა და სასკოლო განათლების მიზნები მნიშვნელოვნად შეცვალა. თუ წინა წლებში სწავლება ორიენტირებული იყო ფაქტების, ფორმულებისა თუ აქსიომების დამახსოვრებაზე, ახლა გაცილებით რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მოქმედ მასწავლებლებს მიზნად დაუსახა მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა. ამ მიზნის მიღწევა მრავალი ხერხითაა შესაძლებელი. მათ შორისაა საგანთა ინტეგრირება.

რაც უფრო დაქუცმაცებულია მოსწავლისათვის სამყარო სხვადასხვა საგნად, მით უფრო უჭირს მას მისი აღქმა და შესწავლა, სხვადასხვა კონტექსტში მოვლენის ან თემის დანახვა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ტექნიკისა და მეთოდის მეშვეობით, მოსწავლეებს დავეხმაროთ აღიქვან სამყარო ერთიან, მთლიან ერთობლიობად და ვაჩვენოთ საგანთა შორის კავშირი. ეს მათ მომავალში დაეხმარება, შეძლონ ცალკეულ საგნებში შესწავლილის სინთეზი და  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

საგანთა ინტეგრირება თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი გაკვეთილები მოსწავლეების შინაგან მოტივაციას ერთიორად ამაღლებს და ზრდის საგნების მიმართ ინტერესს. მოსწავლეები ეჩვევიან ერთი და იმავე მასალის სხვადასხვა კონტექსტში დანახვას, რაც მათ უადვილებს ამა თუ იმ თემის შესწავლას. მნიშვნელოვანია, ისე დაიგეგმოს საგანთა ინტეგრირება, რომ გათვალისწინებული იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ამ საგნების მისაღწევი შედეგები, ხოლო გაკვეთილის ორგანიზების ფორმა და დაგეგმილი აქტივობები ემსახურებოდეს ორივე საგანში შედეგების მისაღწევად განსაზღვრულ მიზნებს.

ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად შერჩეული თემა განსაზღვრავს გაკვეთილის ეფექტურობას. მე-7 კლასში, წილადების თემის სწავლებისას, ჩავატარე მუსიკასთან ინტეგრირებული გაკვეთილი. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი არის არაჩვეულებრივი საშუალება, მოსწავლეებმა დაინახონ საგანთა შორის კავშირი.

  თანამედროვე სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა მოსწავლეთა დაბალი მოტივაციაა. მასწავლებლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სხვადასხვა გზით შევძლოთ მათი დაინტერესება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება ნებისმიერი მასწავლებლის მოვალეობაა, თუმცა მასწავლებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ასეთ მაღალ შედეგებზე ვერ გავალთ და ეს მიზნები მხოლოდ საშუალო საფეხურისთვისაა. არადა სხვადასხვა აქტივობითა თუ ორგანიზების ფორმით ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია. საგანთა ინტეგრირება იძლევა მიწოდებული მასალის ანალიზისა და სინთეზის საშუალებას.

მოგეხსენებათ რა მნიშვნელოვანი და აუცილებელია წილადების ცოდნა მუსიკის შემქმნელი ადამიანისთვისაც (კომპოზიტორისთვის). მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მუსიკალური ნაწარმოები ქაოტურად გამოიყურება, სინამდვილეში იგი საოცარი წესრიგითა და სიზუსტითაა შექმნილი. აქ კი უდიდესი როლი სხვადასხვა გრძლიობის ნოტებს ენიჭებათ. ყველა ტაქტის ზომა კი ერთი და იგივეა.

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ მუსიკასა და მათემატიკას შორის კავშირი და მათემატიკური სიზუსტით შეექმნათ პატარა რიტმული ნახაზი. სასტარტო შეხვედრაზე მუსიკის მასწავლებელთან ერთად განვიხილეთ თემა და დავიწყეთ რესურსების მოძიება. თავდაპირველად დავადგინეთ ჩვენი ჩანაფიქრის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამებისმიზნებსა და ინდიკატორებთან.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მე-7 კლასის მათემატიკის საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს:

მათ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხით შეასრულოს მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე და მოქმედებათა შედეგის შეფასება

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას;

 

ხოლო მუსიკის მისაღწევ შედეგებში ვკითხულობთ:

მუს.VIL.1. მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მუს.VII,3 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა დავალებების შესრულება ( კომპიუტერული პროგრამების გამოყენება )

მუს.VII,4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ნოტების გრძლიობას;

. ალტერაციას და მის ნიშნებს;

  • ტაშით ან კაკუნით გადმოცემს რიტმულ ნახაზებს;

აქტივობების დაგეგმვა :ორივე საგნის მასწავლებლისთვის მისაღწევი შედეგი თვალსაჩინო იყო და შესაბამისად განისაზღვრა საგაკვეთილო მიზანიც. დავიწყეთ ფიქრი,  რა აქტივობებით შეგვეძლო მიზნის მიღწევა. გაკვეთილის თითოეული ფაზა გავთვალეთ დროის მიხედვით, მოვიძიეთ და შევქმენით რესურსები.

მოსწავლეებს დაფასთან ამოვახსნევინეთ რამდენიმე მაგალითი წილადების შეკრებასა და გამოკლებაზე. მათ შორის იყო სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლების მაგალითებიც. შეცდომები განვიხილეთ და ჩამოვაყალიბეთ წილადის ძირითადი თვისება- როგორ დავწეროთ მოცემული წილადის ტოლი წილადები.

გაკვეთილის მსვლელობისას, შემდეგ აქტივობაში ჩაერთო მუსიკის მასწავლებელი. მან გამოიყენა კითხვა-პასუხის მეთოდი და მოსწავლეემა უპასუხეს მის კითხვებს:

  • რა ზომისაა მთელი ნოტი ?(რამდენი თვლა აქვს)
  • როგორ იყოფა მთელი ნოტი? (1)
  • როგორ იყოფა ნახევარი ნოტი ?(1/2, 1/4; 1/4; 1/4)
  • როგორ იყოფა მერვედი ნოტი ?(1/8)
  • როგორ იყოფა მეოთხედი ნოტი ?(1/4)
  • როგორ ხდება ტაქტის აწყობა ზომის მიხედვით ? და ასე შემდეგ.

მაგალითები შეასრულეს დაფასთანაც და ფურცელზეც.

მუსიკის მასწავლებელმა განუმარტა მოსწავლეებს, რომ აუცილებელია ყველა ტაქტის ზომა იყოს ერთი და იგივე ანუ თანაბარი. მე მათ მივმართე კითხვით: როგორ შეიძლება გავიგოთ ტაქტის ზომები ნამდვილად არის თუ არა თანაბარი? აქ ხომ სხვადასხვა ტაქტში სხვადასხვა გრძლიობის ნოტების ერთობლიობაა. ისინი  ადვილად მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ ამის შემოწმება ნოტებზე უკვე მიწერილი ზომების, ანუ, წილადების შეკრების გზით. ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა მათთვის. ამ ბოლო აკორდამდე მათთვის წარმოუდგენელი იყო მუსიკისა და მათემატიკის ასეთი საოცარი და მჭიდრო კავშირი. მარტივად მივედით დასკვნამდე, რომ ბუნებაში არაფერი არსებობს განყენებულად. არც ერთი საგანი ცალკე არაფერს წარმოადგენს. სინამდვილეში სამყაროს შესახებ ცოდნა ყველა საგნის ცოდნის ერთობლიობაა და ხშირ შემთხვევაში, ძალიან ძნელი მისახვედრია, სად მთავრდება ერთი საგნის შესახებ ცოდნა და იწყება მეორე. ამის შემდეგ ჩვენ შევკრიბეთ თითოეულ ტაქტში წილადები და ასე გავარკვიეთ, რამდენად სწორად იყო ჩაწერილი კარნახი. მოსწავლეებმა დაგეგმილი აქტივობებითა და წინარე ცოდნით თვალნათლივ დაინახეს მათემატიკისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი.

გაკვეთილის რეფლესიის ფაზაზე მოსწავლეებს დავუსვით შეკითხვები და მივეცით საშუალება უფრო ფართოდ გაშლილიყო თემა. ვთხოვეთ მათ, ეპასუხათ გაკვეთილის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე: რა კავშირი ჰქონდათ მუსიკალურ ნაწარმოებსა და წილადებს ერთმანეთთან. ბავშვები ხალისით პასუხობდნენ კითხვაზე და გაოცებას ვერ მალავდნენ ამ კავშირების გამო. ამ გზით მათ სხვადასხვა რაკურსით შეხედეს წილადებს. თვალნათლივ დაინახეს მისი საჭიროება არა მხოლოდ ვაშლისა და პიცის გაყოფისას, არამედ სხვა, თითქოს მისგან თვისობრივად განსხვავებული საქმის შესრულების პროცესშიც.

გამოყენებული მეთოდის დადებითი მხარეები: მოსწავლეებმა ამ გაკვეთილის ჩატარებამდე უკვე იცოდნენ წილადის რაობა, არსი, წილადი, როგორც მთელის ნაწილი; წილადი, როგორც გაყოფის შედეგი და ამ ფონზე თემის ინტეგრირებამ საშუალება მოგვცა, მოსწავლეებს გაეანალიზებინათ და დაენახათ წილადების შესახებ ცოდნის მნიშვნელობა და საჭიროება.

როდესაც გაკვეთილებზე დაფასთან ვასრულებთ წილადებზე მოქმედებებს, განვიხილავთ შეკრებისა თუ გამოკლების სხვადასხვა მაგალითს, მოსწავლეების დაინტერესება გაცილებით დაბალია. წარმოდგენილი აქტივობებით კი მათი მოტივაცია იყო ძალიან მაღალი. მათ რეალურად აინტერესებდათ, რა პასუხი ექნებოდა თითოეულ მათგანს გაკვეთილის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე. გარდა ამისა, აქტივობები ისე იყო დაგეგმილი, რომ გაკვეთილის დასაწყისიდანვე თითოეული მათგანი თავად წერდა მუსიკალურ ნახაზს და ბოლოს თავად მიხვდნენ და აღმოაჩინეს, თუ როგორ უნდა გაეგოთ თანაბარი იყო თუ არა ყველა ტაქტის ზომა. მიზნის მისაღწევად ყველა აქტივობა ისე იყო გადაჯაჭვული ერთმანეთთან,  რომ ბავშვებს არ გასჭირვებიათ თავად ეპოვათ პასუხები დასმულ კითხვებზე.

აღნიშნული მეთოდით სხვა დროსაც ჩაგვიტარებია სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული გაკვეთილი და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ერთიორადაა გაზრდილი მოსწავლეთა ინტერესი და მნიშვნელოვნად გამარტივებული ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევა.

დასკვნა:გაკვეთილის ბოლოს, აუცილებელია, მასწავლებლებმა თვითშეფასება გააკეთონ და გააანალიზონ გაკვეთილი:

  • რამდენად ჩანდა გაკვეთილის მიზანში საგანთაშორის ინტეგრაცია?
  • აღმოჩნდა თუ არა აქტივობები მიზნის შესაბამისი?
  • მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, მოეხდინათ ცოდნის სინთეზი?
  • მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, საკითხების შეჯამებისას წინარე ცოდნა გამოეყენებინათ?

მოცემულ გაკვეთილში იმდენად ნათელი იყო აქტივობების შესაბამისობა გაკვეთილის მიზანთან, რომ მოსწავლეებმა ნამდვილად შეძლეს დაენახათ წილადებზე მოქმედებების ცოდნის მნიშვნელობა სხვადასხვა სიტუაციაში. ნათელი იყო ცოდნის სინთეზი. მათ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით შეძლეს და მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი. ეს აღმოჩენა იყო საკმაოდ მოულოდნელი მათთვის. მათი ემოცია იყო გულწრფელი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყნენ ჩართულნი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც.  გაკვეთილზე გამოყენებული იყო მოსწავლეთა ურთიერთშეფასება, რაც ასევე კარგი აქტივობაა მოტივაციის ასამაღლებლად.

ერთი მხრივ, ინტეგრირებული სწავლება მოსწავლეს ეხმარება ცოდნის განზოგადებაში, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ახდენს ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ცოდნის სინთეზს. შედეგად მოსწავლე სამყაროს დანაწევრებულად აღარ აღიქვამს, არამედ მას ერთ მთლიანობად წარმოიდგენს.

ინტეგრირებული გაკვეთილებით მოსწავლე სწავლობს, თუ როგორ უნდა დააკავშიროს სხვადასხვა დისციპლინაში მიღებული ცოდნა ერთმანეთთან ან ერთი საგნის წინარე ცოდნა როგორ გამოიყენოს მეორე საგანში ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საბოლოო ჯამში კი მოსწავლეებს უმარტივდებათ სწავლების პროცესი.ისინი მეტი მონდომებით და ინტერესით ითვისებენ მასალას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. განვითარებისა და სწავლების თეორიები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი, 2008 წ;
  2. ბოჭორიშვილი მ., ნამიჭეიშვილი ნ. – ინტერაქტიული სწავლება – თბილისი, 2013 წ;
  3. https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=439

 

 

 

როგორ ვასწავლი სტილისტიკის ელემენტებს 

0

მოსწავლეთა წერისა და მეტყველების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შეცდომების გასწორებაზე მუშაობა. ამ მხრივ ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ამოუწურავი შესაძლებლობანი გვაქვს. კალენდარული გეგმის შედგენისას უმჯობესია სტილზე მუშაობის გაკვეთილები დაიგეგმოს იმ დროისათვის, როდესაც ზოგიერთი საკვანძო საკითხი უკვე შესწავლილია. სწორედ ამ გაკვეთილზე უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელი შეცდომების გასწორება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სწორი მეტყველების ელემენტარული ჩვევების გამომუშავებას.

 

ამ წერილში შევეცდები გავარკვიო – სად, რომელ ენობრივ მასალასთან დაკავშირებით შეიძლება მოსწავლეთა სტილის გამართვა, გალამაზება და ყურადღებას გავამახვილებ ზოგიერთ ენობრივ და სტილურ შეცდომაზე, რომლებიც ხშირად მოსდით ბავშვებს. ეს შეცდომები ვლინდება შემდეგ ძირითად საკითხებში:

 

  1. მოსწავლეთა წერისა და მეტყველების ფორმები პრიმიტიულია, წიგნისადმი ზედმეტი მიბაძვა ზღუდავს მათ შემოქმედებით უნარს – დამოუკიდებლად შეარჩიონ სწორი, მოხდენილი სიტყვები (სინონიმები, ანტონიმები და სხვა).

 

  1. ხშირია სიტყვათა უაზრო გამეორება;

 

  1. შეიმჩნევა ზმნისწინთა არასწორი ხმარება;

 

  1. შეცდომებია ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვის შეთანხმებაში;

 

  1. თვალშისაცემია ნაცვალსახელთა და ,,რომ“ კავშირის ხშირი, უადგილო ხმარება და სხვა.

 

სინონიმების, ანტონიმებისა და ომონიმების სწავლებისთვის სავარჯიშოდ ცალკე საათი უნდა გამოვყოთ. ბავშვების მეხსიერებაში წინ უნდა წამოვწიოთ ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც მათ პასიურ მარაგში აქვთ.  ყველა ბავშვმა იცის სიტყვა ,,მშვენიერის“ შინაარსი, მაგრამ როცა საჭიროა ,,ლამაზი“ ჩაანაცვლოს, უკვე აღარ ახსენდება და იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვას. საშინაო დავალებად ვაძლევ ისეთ სავარჯიშოს, სადაც სინონიმური, ანტონიმური და ომონიმური სიტყვები უნდა გამოიყენონ. ამავე დროს ვაკონტროლებ წერით ნამუშევრებს და ვასწორებ შეცდომებს.

განვიხილოთ  მოსწავლეთა ნაწერებში დაშვებული შეცდომები.

   მაგალითად:

 

  1. ,,ეს სოფელი თავისი ადგილმდებარეობის გამო ჩამორჩენილი ადგილი იყო“. განა ბავშვმა არ იცის, რომ არსებობს სიტყვები – ,,კუთხე“, ,,მხარე“, მაგრამ სიტყვათა აქტიური მარაგის სიმცირის გამო ვერ შეძლო მათი გამოყენება. ეს წინადადება ასე უნდა გასწორდეს: ,,ეს სოფელი თავისი ადგილმდებარეობის გამო ჩამორჩენილი მხარე იყო“;

 

  1. მას ძალიან ეხერხება პორტრეტის ხატვა“. ეს წინადადება გრამატიკულად სწორია, სტილისტურად გაუმართავი. ,,ძალიან“ სიტყვა სემანტიკურად დაკავშირებულია ფიზიკურ ძალასთან. ხატვას, აღწერას ძალა არ სჭირდება, ამიტომ მოსწავლეებს უნდა მოვაძებნინოთ სხვა სიტყვები, მაგალითად, ,,მშვენივრად“, ,,კარგად“. მაშასადამე, გვექნება: ,,მას მშვენივრად ეხერხება პორტრეტის ხატვა“.

 

ასეთი ვარჯიში ხელს უწყობს ბავშვის მეტყველების განვითარებას.

ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ სიტყვებზე, რომლებსაც ესა თუ ის მწერალი ხმარობს და მათი გამოყენება ახალ ელფერს სძენს სათქმელს. მაგალითად, მოსწავლეს ესეის დაწერის დროს გამოუყენებია ალ. ყაზბეგის სიტყვები: ჰაერი დაიფარა მედიდური, ძლიერი და ამ ერთადერთი სავაჟკაცო სიმღერის ხმით. დღეს,, სავაჟკაცოს“- ურ  სუფიქსით ვხმარობთ.

ზოგჯერ ენის ხატოვნებისათვის შეიძლება ასე ვიხმაროთ: ,,სავაჟკაცო საქმე გააკეთა“, ,,სავაჟკაცო ამბავი გვიამბო“.

მოსწავლეთა მეტყველების ნაკლოვან მხარეს წარმოადგენს სიტყვათა ზედმეტი განმეორება.  ბავშვებს ვასწავლით: სიტყვათა განმეორება რომ არ მოხდეს, ჩავანაცვლოთ ის ნაცვალსახელით.

როცა არსებითი სახელის მრავლობით რიცხვს ვასწავლით, არ შეიძლება არ გამოვყოთ თუნდაც ერთი გაკვეთილი – ებ- და ნართანიანი მრავლობითის სტილური განსხვავების ახსნა-შესწავლისათვის. როდის არის ებიანი მრავლობითი სტილისტურად უკეთესი ნართანიანზე და, პირიქით?  მაგალითად:  ,,მისი საქციელი მისაბაძია და დაუვიწყარი საუკუნეების მანძილზე“.

უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებმა გაარკვიონ ამ წინადადების პოეტური,  ამაღლებული ტონი და  შემდეგ დავსვათ კითხვა: რომელი მრავლობითის გამოყენება  სჯობს აქ?  ვფიქრობ, ნართანიანისა. წინადადება ასე გასწორდება: ,,მისი საქციელი მისაბაძია და დაუვიწყარი საუკუნეთა მანძილზე.

ნართანიანის გამოყენებამ ახალი ელფერი შესძინა წინადადებას, რაც გასათვალისწინებელ ნიუანსს წარმოადგენს სტილზე მუშაობის დროს. ვფიქრობ, თუ ასე დავაყენებთ საკითხს ორივე მრავლობითის გამოყენების შესახებ, მოსწავლე ყოველთვის შეეცდება, შეარჩიოს  მრავლობითი რიცხვის სათანადო ფორმა.

ქართული ზმნა რთული და საინტერესოა. მისი შესწავლის დროს მოსწავლეთა ყურადღება უნდა მივაქციოთ სტილისტურ საკითხებსაც. ზმნისწინის სწავლების დროს კონტროლი უნდა გავუწიოთ არა მარტო მის სწორად ხმარებას, არამედ სად, რომელი ზმნისწინის გამოყენება  სჯობს. მაგალითად, აი ასეთი წინადადება: ,,სტუმრები შევიდნენ ხალხით გამოჭედილ სახლში, რომელთაც წინ მოეგებნენ კაცები“. ამ წინადადებაში მოსწავლემ დაუშვა ორი სერიოზული შეცდომა.

პირველი – არასწორად დაალაგა წინადადება, რის გამოც გაჩნდა ორაზროვნება. საზღვრული წევრი ,,სტუმრები“ უნდა იყოს მიმართებით ნაცვალსახელთან ახლოს;

მეორე: არასწორად იხმარა ზმნისწინები. შეაწყვილა შე-(შევიდნენ) და  მო-(ეგებნენ).  მო- ზმნისწინი ანტონიმურია  შე-  ზმნისწინისა, ამიტომ ეს წინადადება ასე უნდა გასწორდეს: ხალხით გაჭედილ სახლში შევიდნენ სტუმრები, რომელთაც წინ მიეგებნენ კაცები“.

 

სტილზე მუშაობა შეგვიძლია წინადადების აგებულებისა და მისი თავისებურებების სწავლების დროსაც.

სინტაქსის სწავლების დროს უნდა გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ სწორი მეტყველების ცოდნა-ჩვევები. სხვა მრავალ საკითხთან ერთად ინტერესს იწვევს ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმება მრავლობით რიცხვში. სახელმძღვანელოში წერია: ,,უსულო საგნის აღმნიშვნელი ქვემდებარე შემასმენელს მაშინ ითანხმებს მრავლობით რიცხვში, თუ გაპიროვნებაა ან ზმნა-შემასმენელი მოქმედებითი და საშუალი გვარისაა“. ეს განმარტება  ერთგვარ წინააღმდეგობას შეიცავს, განსაკუთრებით, როდესაც გაპიროვნებაზეა ლაპარაკი. გაპიროვნება მხატვრული ხერხია და ამიტომ არ არის თავისუფალი მოვლენის სუბიექტური შეფასებისაგან. უსულო საგნის ერთი და იგივე მოქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც ნეიტრალურად, ისე გაპიროვნებით (მაგალითად: ,,ხის კენწეროები ქარისაგან მიწისაკენ იხრებოდა“, შდრ. ,,ხის კენწეროები ქარისაგან მიწისაკენ იხრებოდნენ“). ამის გამო ამ საკითხს უფრო ღრმად და მკაფიოდ ახსნა ესაჭიროება.

რაკი უსულო საგნის აღმნიშვნელი ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვში შეთანხმებაზე არა გვაქვს მტკიცედ დაკანონებული ნორმა, თანაც ენაში აშკარად იგრძნობა ტენდენცია შეთანხმებისაკენ, შეცდომების გასწორების დროს უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება. ემოციურობის თვალსაზრისით ,,მთას დაეკიდნენ წვრილი ვარსკვლავები“ უკეთესია, ვიდრე ,,მთას დაეკიდა წვრილი ვარსკვლავები“. მით უმეტეს, რომ მასალის ასე გაგებას ზურგს უმაგრებს მოსწავლეთათვის კარგად ცნობილი სიტყვები ვაჟა- ფშაველას  ,,ბახტრიონის“ დასწყისიდან:

,,დღემ  დაიხურა პირბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები,

აღარ შფოთობენ საფლავში

გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები“.

ასე შეპირისპირებითა და ანალიზით ვიყენებ შეცდომების გასწორებას მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების დახვეწა-სრულყოფისათვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა;
  2. მასწავლებლის წიგნი, 7 ტომი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2017წ).

 საფარ-ბეგის ქცევის ანალიზი

0

   საფარ-ბეგი ა. წერეთლის „გამზრდელის“ ანტიგმირია – „მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდეგი“. მისი შეცოდება, სათქმელად საძნელო და უპატიებელი, მოკლედ ასე ფორმულირდება: მან შებილწა ის, რაც ადამიანებს „რჯულზე უფრო უმტკიცესად“ მიაჩნიათ – ხელყო ძუძუმტის მეუღლის ღირსება, შებღალა მასპინძლის ოჯახის სიწმინდე, დაარღვია მამაპაპური ადათი.

თავად საფარ-ბეგი საკუთარი ქცევის მოტივაციას ამგვარად ხსნის: „შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვის ხელი!.. რა მოხდა რეალურად? რამ უბიძგა ამ სამარცხვინო საქციელისკენ ადამიანს, რომელსაც საზოგადოება უდრეკ, უშიშარ, ღირსეულ ვაჟკაცად თვლიდა და პატივს სცემდა?

შევეცადე, საფარ-ბეგის სულიერი დრამა ავსტრიელი მეცნიერის, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის ჭრილში გამეაზრებინა. ცნობილია, რომ მან შეძლო, აღმოეჩინა ადამიანის ურთულესი სულიერი სამყაროს უღრმესი პლასტები. მისი თვალთახედვით, პიროვნებაში გამოიყოფა სამი სტრუქტურული ელემენტი: იდი (მოქმედებს იმპულსურად, რათა დაიკმაყოფილოს სიამოვნება), ეგო (აკმაყოფილებს იდის იმპულსებს არასასურველი შედეგების გამოწვევის გარეშე), სუპერეგო (ვითარდება სოციალურად არასასურველი ქცევის აკრძალვის საფუძველზე).

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ავბედით ეპიზოდამდე იცნობდა მხოლოდ საფარ-ბეგის ეგოსა და სუპერეგოს, რადგან მას შესწევდა ძალა, დაეთრგუნა და ეკონტროლებინა საკუთარი იგი. ფროიდის აზრით, ჩახშობილი ემოციები არ კვდებიან. ისინი შიგნიდან აგრძელებენ ზემოქმედებას ადამიანზე და ელოდებიან საბაბს, რათა წარმოჩინდნენ. ეს საბედისწერო ჟამიც დადგა.

გავიხსენოთ კონტექსტური შინაარსი: საფარ-ბეგი ძუძუმტის ფაცხაში გასაჭირმა მიიყვანა: მან ინალიფას ლურჯი ლაფშა უნდა მოიპაროს და ამით დაუმტკიცოს ზია-ხანუმს (და საკუთარ თავსაც), რომ ღირსია სიყვარულისა. მაგრამ მას არ შეუძლია, შეასრულოს ესოდენ რთული დავალება. ცხენის მოსაპარავად ძიძიშვილი მიდის, საფარ-ბეგი კი მასპინძლის ფაცხაში რჩება. რა გამოდის? ჩანს, რომ ბათუ მასზე ღირსეული ვაჟკაცია – მოყვასისთვის თავდადებული, უანგარო და შეუპოვარი. სავარაუდოდ, საფარ-ბეგის ეგო დაუკმაყოფილებელია – მან ხომ ვერაფერი დაამტკიცა… უფრო მეტიც, შექმნილი სიტუაცია მკაფიოდ გამოკვეთს ბათუს ღირსებებს საფარ-ბეგის უღირსი ქცევის ფონზე. დავაკონკრეტოთ: იმ ბნელი ღამით ბათუ მეგობრის დასახმარებლად გაემგზავრა, ნაბადში გახვეული ძუძუმტე კი თბილ კერასთან დატოვა. მაშ, ვინ არის რეალურად საფარ-ბეგი? – ძიძიშვილის ზურგს ამოფარებული ლაჩარი, რომელიც ნარის გლეჯას სხვისი ხელით ამჯობინებს; ეგოისტი, რომელიც სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას არაფრად მიიჩნევს; მატყუარა, რომელიც სხვის მიერ შესრულებული დავალებით სატრფოს წინაშე თავის მოწონებას აპირებს.

ბათუ, საფარ-ბეგთან შედარებით, კიდევ ერთ უდიდეს უპირატესობას ფლობს – მას გვერდს უმშვენებს ადამიანი, რომლის სიყვარულიც ამქვეყნად სასუფევლის ნეტარებას აგრძნობინებს. რა შეგვიძლია, ვთქვათ ზია-ხანუმისა და საფარ-ბეგის ურთიერთობაზე? არის კი ეს სიყვარული სულიერი ამაღლების, უფალთან მიახლების გზა? რა თქმა უნდა, არა! ზია-ხანუმს არ შეუძლია სიყვარული. იგი ერთი ეგოისტი, დაუნდობელი და პატივმოყვარე ქალია, რომელიც მიჩვეულია ადამიანების ბედით თამაშს, მავანთა გრძნობებით მანიპულირებას. მას არ ძალუძს, გააბედნიეროს, სულიერად აამაღლოს და გააკეთილშობილოს საფარ-ბეგი.

ნაბადში გახვეული, ცეცხლის პირას გამოსაშუშებლად მარტო დარჩენილი საფარ-ბეგი შეუძლებელია, ვერ აცნობიერებდეს შექმნილი სიტუაციის ქვეტექსტურ შინაარსს; არ აწვალებდეს უკმარისობის, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდა. ის ხომ ამბიციური ადამიანია… ფროიდის აზრით, პიროვნების სწორედ ასეთი სულიერი მდგომარეობა (შინაგანი წინააღმდეგობრიობა, შფოთვა, ეჭვები, უკმარისობის შეგრძნება) წარმოშობს ძლიერ სექსუალურ ენერგიას, აგრესიულ სექსუალურ იმპულსებს, იწვევს დაუოკებელ ლტოლვას, აღვიძებს იდის და უბიძგებს მას დაუყოვნებელი სიამოვნებისკენ, მიუხედავად იმისა, სოციალურად და მორალურად მისაღებია თუ არა ის, რაც სურს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია… შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ საფარ-ბეგი ძალადობს ნაზიბროლაზე, რითაც, ერთი მხრივ, იკმაყოფილებს იმპულსურად წარმოშობილ სექსუალურ ლტოლვას, განიმუხტება უარყოფითი, აგრესიული სექსუალური ენერგიისგან და, მეორე მხრივ, თავისუფლდება არასრულფასოვნების კომპლექსისგან, დაბალი თვითშეფასებისგან. ძალადობს, რათა „დაამტკიცოს“ საკუთარი უპირატესობა ბათუსთან შედარებით; „დაამტკიცოს“ ის, რისი დამტკიცებაც რეალურად ვერ მოახერხა.

მაგრამ რა ხდება, როცა ვნებები ცხრება, იდი ითრგუნება, ძლიერდება ეგო (რაციონალიზმი) და სუპერეგო (ფასეულობათა სისტემა)? ჩვენ ვხედავთ ბათუს მიერ მხილებულ საფარ-ბეგს – იგი „შემკრთალი და დარცხვენილი“, გამშრალი, ფერდაკარგული და გაქვავებულია. სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს და სულიერი ტანჯვის შესამსუბუქებლად სასიკვდილო ტყვიას ნატრობს, მაგრამ საბოლოოდ სიცოცხლემისჯილის უმძიმეს ხვედრს სჯერდება.

ვფიქრობ, ასე წარმოჩინდება საფარ-ბეგის შინაგან სამყაროში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესები, მისი სულიერი დრამა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის თვალთახედვით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ზიგმუნდ ფროიდი-https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/zigmund-phroidi-kultura.pdf;

2.ფსიქოანალიზი- https://ka.wikipedia.org/wiki/

3.“ქართული ენა და ლიტერატურა“-XIკლასის სახელმძღვანელო, „სწავლანი“,თბ.,2012წ.

 

 

გაკვეთილი მუზეუმში

0

XXI საუკუნეში  მუზეუმის  დიდი  შესაძლებლობები  კიდევ  ერთხელ  შეფასდა  და დღეს ის  განსაკუთრებულ  როლს თამაშობს,  როგორც  ფორმალურ  სწავლებაში, ასევე  არაფორმალურ და საზოგადოებრივ  განათლებაში.  თანამედროვე  მუზეუმს  დიდი როლი აკისრია  ინკლუზიურ  განათლებასა  თუ მარგინალური  ჯგუფების  ინტეგრაციაშიც.

კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუალური გამოსახულებებით… მუზეუმი განათლების მიღების უმთავრესი წყარო ხდება. მხოლოდ თავისი არსითაც კი – ხელოვნების ნიმუშების შენახვითა და გამოფენით – მუზეუმი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ამ სიტყვის საუკეთესო და ყველაზე ფართო გაგებით“.

მოსწავლეებთან ერთად მუზეუმს ხშირად ვსტუმრობთ, თუმცა ექსპონატების დათვალიერება და  სამუზეუმო სივრცეში  გატარებული რამდენიმე საათი ვერ იძლევა  იმ შედეგს, რომლისთვისაც ვიზიტი დაიგეგმა.

მუზეუმი არის სივრცე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ კაცობრიობისა თუ საკუთარი ერის განვითარების უწყვეტ პროცესს, მრავალსაუკუნოვან მიღწევებსა თუ მონაპოვარს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წარსულის, როგორც ერთი მთლიანობის აღქმა. გაკვეთილი მუზეუმში არის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეს ერთდროულად უვითარებს დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და შეფასების უნარებს.

ბავშვი  ახალი ცოდნის  არა მარტო პასიური მიმღებია, არამედ უშუალოდ არის ჩართული ინფორმაციის გადამუშავებისა და გაანალიზების პროცესში. მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი თანაბრად ეფექტურია მსწავლელთა სხვადასხვა ტიპისათვის, ექსპონატებთან  მუშაობა ხელს უწყობს ინფორმაციის  ეფექტურად აღქმას.

სასურველია მუზეუმში გაკვეთილის ჩასატარებლად შეირჩეს ერთი კონკრეტული მიმართულება, რათა  მოსწავლეებმა სრულად შეძლონ თემაზე  ორიენტირება და საკითხის სიღრმისეულად გააზრება.

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მდიდარ მასალას იძლევა ქართული დამწერლობის  ეტაპების განვითარებისა და  წერილობითი ძეგლების შესასწავლად.

ცოცხალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების შექმნის, კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი აზროვნების  უნარების განვითარების მიზნით  ქართულ ენასა  და ლიტერატურაში დავგეგმე გაკვეთილი მუზეუმში თემაზე: „სვანეთის მუზეუმის წერილობითი ძეგლები“.

გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ უძველეს ქართულ ხელნაწერებს, განევითარებინათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი აზროვნება.

გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი სამუშაო სივრცე  იყო ხელნაწერთა საგამოფენო დარბაზი და ჩვენი მიზანი იყო იქ დაცული ექსპონატების შესწავლა.

პირველი აქტივობა დაეთმო საკვანძო სიტყვების დამუშავებას.

მოსწავლეებს „ჯადოსნური სიტყვების სკივრიდან” უნდა ამოეღოთ ბარათები, რომლებზეც  ეწერა სიტყვები, რომელიც მათ დასჭირდებოდათ თემის დამუშვებისას, მაგ. „ეტრატი”, „პალიმფსესტი” და სხვა. პარალელურად ყუთში ხვდებოდათ ამ სიტყვების განმარტებები, თითოეული ბარათის მფლობელს უნდა ეპოვა მეწყვილე და განემარტა თავისი სიტყვა, ეს ყველაფერი უნდა განეთავსებინათ  „სასიტყვეთის დაფაზე“.

მაგ. „ეტრატი – განსაკუთრებული წესით დამუშავებული ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი. იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე. ასეთ მასალაზე შესრულებული ხელნაწერი“.

თუ  მოსწავლეებისთვის გაუგებარი იყო სიტყვის მნიშვნელობა და ვერ ახერხებდნენ დაწყვილებას, პროცესში ერთვებოდა მასწავლებელი  და ეხმარებოდა „მეწყვილის“ პოვნაში.

მეორე აქტივობა – მოსწავლეებმა განაგრძეს მუშაობა საგამოფენო დარბაზში, თითოეულ გუნდს უნდა შეესწავლა და წარმოედგინა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ერთი უძველესი ხელნაწერი  ექსპონატი.

საგამოფენო დარბაზში მეგზურობა გასწია მუზეუმის თანამშრომელმა. მან მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა ექსპონატის შესახებ. მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები, პარალელურად ეკრანზე ხედავდნენ თითოეული ხელნაწერის   უნიკალურ გაფორმებას და მინიატურებს, რაც მათ შთაგონებას უფრო ამძაფრებდა.

მესამე აქტივობა – პრაქტიკულ ნაწილში გუნდებს უნდა დაემუშავებინათ მოპოვებული ინფორმაცია და დარბაზშივე მოემზადებინათ საპრეზენტაციო პოსტერები, ნახატები და საინფორმაციო სტატიები, რომლებსაც მომდევნო დღეს წარუდგენდნენ სასკოლო საზოგადოებას.

მეოთხე აქტივობა –  ჯგუფური სამუშაოს შემდეგ  მონაწილეებს მიეცათ ინდივიდუალური სავარჯიშო. მათ უნდა ამოერჩიათ ექსპონატი, რომელმაც მიიქცია მათი ყურადღება და „რაფთ“ სტრატეგიის გამოყენებით, შეექმნათ 5-წუთიანი ესე. უსაზღვრო იყო მოსწავლეების ფანტაზია მათ აამეტყველეს ჰადიშის, ლაბსყალდისა და იენაშის ოთხთავები… არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა უძველესი ანალოღია და სვანური სამართლის პირველი საბუთები.

მეხუთე აქტივობა – დასასრულ გაკვეთილის შეჯამებისთვის გამოვიყენე „გასასვლელი ბილეთები”, თითოეულ მოსწავლეს უნდა ეპასუხა თემატურ კითხვაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებდა სხვა დარბაზების დათვალიერების უფლებას.

ასე შეერწყა  ერთმანეთს ექსკურსია და გაკვეთილი.

 

ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ბავშვებს. გარდა იმისა, რომ მათთვის ეს სრულიად უჩვეულო ფორმატი იყო, მათში სულ სხვა ცოდნა და ემოცია აღძრა სამუზეუმო სივრცეში მუშაობამ.

მუზეუმი  მართლაც საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც მოსწავლეები  აგროვებენ დიდ ცოდნას და ივითარებენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მუზეუმი – იდეალური ადგილი სწავლებისათვის. მიხეილ წერეთელი, ნინო ბაქანიძე;
  2. ეფექტიანი სწავლება სამუზეუმო სივრცეში – ნანა გოგელია.

 

კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებების პრაქტიკული ასპექტები

0

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება უპირველეს მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია:

  • მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება; აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; დროსა და სივრცეში ორიენტირებისთვის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისა და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება.

მასწავლებლისთვის ადვილი არ არის ამ ამოცანის შესრულებისკენ მიმართული დავალებების შერჩევა, საჭიროების მიხედვით იდენტიფიცირება და მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგება, რადგან ბევრი სხვა ამოცანაც აქვს გადასაჭრელი, მაგრამ მას შეუძლია გამოიყენოს შემოქმედებითი ხასიათის კომპლექსური ტიპის დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს მეტ ცოდნას შესძენს და მრავალმხრივ განუვითარებს უნარებს. ისინი ეფექტურად შეძლებენ:

  • მასალის კრიტიკულად გაანალიზებას, დროსა და სივრცეში ორიენტირებას, ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებული კანონზომიერებების დადგენას და კვლევითი ხასიათის სამუშაოს შესრულებას.

 

რატომ კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები? ასეთი დავალებები ძირითადად პრობლემური ხასიათისაა. მათ საფუძვლად უდევს პრობლემური კითხვები და სიტუაციები, რომლებიც იმითაა განსაკუთრებული, რომ მრავალ სწორ პასუხს გულისხმობს. სწორედ ასეთ დავალებებს აწყდება ადამიანი მასალის ანალიზისას, მოვლენათა ინტერპრეტაციისას და კვლევა-ძიებისას. უფრო მეტიც: მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ სწავლების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის დროსაც არ არსებობს ერთი სწორი მიმართულება – ხშირად ეს სწორი პასუხების მთელი ჯაჭვია. რომელს მივანიჭოთ უპირატესობა? რაკი ყველაფერი მაინც აზროვნებასა და სააზროვნო პროცესების ხარისხზე გადის, უმჯობესია მოსწავლეებისთვის ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც აამაღლებს მათი აზროვნების ხარისხს. კომპლექსური შემოქმედებითი დავალებები კი ამ მიმართულებით ეფექტიანია.

 

შინაარსის მიხედვით, კომპლექსური შემოქმედებითი დავალებები იყოფა:

  • შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის დავალებებად;
  • ლოგიკურ ამოცანებად;
  • დავალებებად, რომლებიც არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს.

 

მათ შესასრულებლად საჭირო მეთოდები შეირჩევა დავალებების მიზნისა და სირთულის მიხედვით (შემოქმედებითი სამუშაოს ორგანიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს).

 

როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლეთა კომპლექსური შემოქმედებითი უნარები, მათი საქმიანობა? სპეციალური მეთოდები მათი დიაგნოსტიკისა და შეფასებისთვის არ არსებობს, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეთა დონის განსაზღვრისთვის გამოიყენოს მრავალფეროვანი მეთოდური ინსტრუმენტები, მათ შორის:

  1. რეპროდუქციული ცოდნის შემოწმების მეთოდები;
  2. ინფორმაციის გაგებისა და აღქმის შემოწმების მეთოდები;
  3. ანალიზის (კონტექსტის წაკითხვის, ლოგიკური დასკვნების გამოტანის), სინთეზის (ესეს დაწერა, გეგმის შედეგნა და ა.შ.) და შეფასების (მასალის ლოგიკური აგება, ინფორმაციის მნიშვნელობის განსაზღვრა და სხვ.) შემოწმების მეთოდები.

 

ამის შემდეგ, პრაქტიკული დავალებების ეტაპზე, მასწავლებელს ზუსტად ექნება განსაზღვრული, რას და როგორ შეუმოწმებს მოსწავლეს. მაგალითად, შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის, რეპროდუქციული დავალებების დროს, ისევე როგორც ლოგიკური ამოცანების ეტაპზე (ისტორიული თემა, თხზულება, პროექტის შედგენა/განხორციელება, სავარჯიშოები, ტესტის წერა), მასწავლებელი შეამოწმებს მიზნის მისაღწევად საჭირო შემდეგ ცოდნასა და უნარებს:

  1. ქრონოლოგიის ცოდნა და უნარები: ა) მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღების ცოდნა; ბ) წლის შესაბამისობა საუკუნესთან, მოვლენათა მიზეზშედეგობრიობის ჩვენება;
  2. ფაქტების ცოდნა: ა) ადგილისა და გარემოების დასახელება; ბ) მონაწილეთა ჩამოთვლა; გ) შედეგების განსაზღვრა; დ) სახელმწიფოთა საზღვრებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული ნომენკლატურის ცოდნა; ე) კულტურისა და მეცნიერების მიღწევათა ცოდნა;
  3. ანალიზის უნარი: ა) ისტორიული ფაქტების შედარება და მოვლენათა განზოგადების უნარი; ბ) ისტორიული მოვლენებიდან და ფაქტებიდან არსებითი, დამახასიათებელი ნიშნების გამოყოფა; გ) ისტორიული მოვლენების კლასიფიცირება წინასწარ განსაზღვრული ნიშნის მიხედვით; დ) ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შედარება;
  4. ცნებებისა და ტერმინების ცოდნა;
  5. მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა;
  6. ისტორიულ წყაროსთან მუშაობის ცოდნა და უნარები: ა) ავტორის, მისი სანდოობისა და წყაროს შედგენის დროის დადგენის მიხედვით; ) პირველადი და მეორეული წყაროს გამოყოფის მიხედვით; გ) ძირითადი შინაარსისა და იდეის ფორმირებით; დ) საჭირო ინფორმაციის პოვნით; ე) რამდენიმე წყაროს შედარებით; ვ) ისტორიულ რუკასთან მუშაობის უნარით; ზ) წყაროს ტიპის დადგენის ცოდნითა და უნარით;
  7. ტესტური ტიპის დავალებებში ბაზისური, მიმდინარე და საკონტროლო ტესტების შესრულების ხარისხი:

ა) ბაზისური ტესტები – რომელთა მთავარი ამოცანაა, განამტკიცოს მოსწავლეთა მიერ ძირითადი ცნებებებისა და ტერმინების, ისტორული ფაქტების, თარიღებისა და ისტორიული პირების ცოდნა;

ბ) მიმდინარე ტესტები – რომელთა საშუალებითაც ხდება მიმდინარე ცოდნისა და უანრების კონტროლი ცალკეული გაკვეთილისა თუ თემის ფარგლებში;

გ) შემაჯამებელი ტესტები – რომლებიც მიუთითებს არა მარტო მოსწავლის მიერ ათვისებული ცოდნის დონეზე, არამედ იმასაც დაანახებს მასწავლებელს, რა ტიპის რომელ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა მოსწავლეს და რატომ.

რაც შეეხება სხვადასხვა ხასიათის არასტანდარტული ისტორიული დავალებების შემოწმებას, ასეთი დავალებები მეტწილად ევრისტიკული ხასიათისაა, შესაბამისად, მათი შეფასების დროსაც მსგავსი მიდგომებია საჭირო. ამ მიმართულებით შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ჯგუფი:

  1. ტექსტები, რომლებიც შეიცავს არასწორ, არაზუსტ ინფორმაციას. ისინი მოსწავლეებისგან მოითხოვენ საკმაოდ დიდი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას უჩვეულო, დაუგეგმავ სიტუაციაში;
  2. შემოქმედებითი დავალებები, რომელთა შესასრულებლად საჭიროა მრავალფეროვანი ფორმა – დღიურები, წერილები, მემუარები და სხვ., რომლებსაც მოსწავლეები შეადგენენ აუდიტორიისთვის წარსადგენად;
  3. ისტორიული ამოცანები, კროსვორდები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეადგენენ მოსწავლეები (ისინი მათგან მოითხოვენ ფართო განზოგადებასა და მსჯელობას);
  4. რეცენზიის დაწერა ისტორიულ ნაწარმოებზე, კინოფილმზე, შემეცნებითი ხასიათის თამაშზე და სხვ;
  5. გზამკვლევის შედგენა (მაგალითად, საექსკურსიო ცენტრებისთვის);

და ა.შ.

შემოქმედებითი ხასიათის ყველა ეს დავალება არა მარტო კოგნიტიურ, არამედ კომუნიკაციურ უნარებსაც ააქტიურებს. მათი შესრულებისას ვითარდება ინფორმაციის დამოუკიდებლად და შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის უნარი.

შედეგი უკეთესია, როდესაც კომპლექსური, შემოქმედებითი ხასიათის დავალებები დიფერენცირებულია. ამ დროს ძირითადად სამი ტიპის დავალებები გამოიყოფა:

* I დონის დავალებები რეპროდუქციული დავალებებია, რომლებიც მოითხოვს მოსწავლისადმი მასწავლებლის მხარდაჭერას. ამ დონის დავალების მაგალითი: „ისტორია“, IX, „ქართული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება VIII-IX სს-ში“:

  • დაახასიათეთ ქათული სამეფო-სამთავროების გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები;
  • დაახასიათეთ სამეფო-სამთავროების ეკონომიკური მდგომარეობა;
  • დაახასიათეთ პოლიტიკური განვითარების თავისებურებები;
  • დაასახელეთ, რა მდგომარეობის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ იმ მხარის მთავრები, დიდებულები და მოსახლეობა.

II დონის დავალებები – როდესაც მოსწავლეებს უკვე აქვთ შედარებისა და ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარები, შეუძლიათ შედეგების ფორმულირება, მაგრამ შესაძლოა დასჭირდეთ მასწავლებლის დახმარებაც. მაგალითად:

  • შეისწავლეთ და შეადარეთ ნებისმიერი ორი სამთავროს (ტაო-კლარჯეთის, კახეთ-ჰერეთის, აფხაზთა და კახეთის…) გეოგრაფიული მდებარეობა.
  • გამოიტანეთ დასკვნა, რა უპირატესობა ჰქონდა თითოეულ მათგანს სხვებთან შედარებით.
  • შეადარეთ სხვებს ნებისმიერი სამთავროს ეკონომიკური განვითარება, გამოიტანეთ დასკვნა სამეურნეო-ეკონომიკური განვითარების შესახებ. რა უპირატესობა ჰქონდა მას სხვებთან შედარებით? დაასახელეთ ეკონომიკური დაწინაურების ან დაცემის მიზეზები.
  • შეადარეთ ერთმანეთს დასახელებული სამთავროების პოლიტიკური სტრუქტურა

და ა.შ.

III დონის დავალებები – მოსწავლეები ფლობენ შედარების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარებს, ამყარებენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, შეუძლიათ, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ შედეგები. მაგალითად:

  • ამოირჩიე ნებისმიერი ორი სამთავრო და შეადარე ერთმანეთს მათი ეკონომიკური განვითარება. გამოიტანე დასკვნები.
  • შეადარე ნებისმიერი ორი სამთავროს (მაგალითად, კახეთისა და აფხაზეთის) პოლიტიკური სტრუქტურა და გამოიტანე დასკვნები.
  • განმარტე, როგორ მოხდა, რომ კახეთის სამთავროს სათავეში ქორესპისკოსები აღმოჩნდნენ, მაშინ როდესაც სხვაგან გვხვდება „მთავარი“.
  • რა მსგავსებაა ამ სამთავროებისა და ერთიანი საქართველოს მმართველობის წესს შორის? რა განსხვავებაა?
  • ამ მხარის მთავარი რომ ყოფილიყავი, რას და როგორ გააკეთებდი?
  • რას ურჩევდი იქაურ დიდებულებს?

და ა.შ.

კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს, უბიძგებს მათ აზროვნებისა და ოცნებისკენ და ხელს უწყობს მოსწავლესა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვას, კრიტიკული და შემოქმედებითი კომპეტენციების განვითარებას. პრაქტიკულ საქმიანობაში მათი გამოყენება მისასალმებელი და ეფექტურია.

გაკვეთილზე ცოდნის აქტუალიზაციის მეთოდები

0

გაკვეთილი ცოცხალი, დინამიკური, შემოქმედებითი და ექსპრესიული რომ იყოს, ამისთვის მასწავლებელიც და მოსწავლეც თანაბარი ინტენსივობით უნდა იყვნენ ჩართულნი სწავლა-სწავლების პროცესში. ყურადღება უნდა მიექცეს ძველი, არსებული ცოდნის გააქტიურებასაც და ახალი ინფორმაციის მიწოდება-ახსნასაც. ეს ორი იმგვარ ჰარმონიულ კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან, რომ მოსწავლეებმა ძალდაუტანებლად შეძლონ არსებულ ბაზისზე განსხვავებული და მნიშვნელოვანი ინფორმაციისა თუ თვალსაზრისის დაფუძნება.

მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე გარკვეული გეგმითა და წინასწარ მოფიქრებული იდეებით შედის, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება ბევრი რამ შეაცვლევინოს და „დაუგეგმავი“ იდეებიც წარმოშვას. იდეა ხომ ისეთი რამაა, რომელიც, ერთი შეხედვით, მოულოდნელად და არსაიდან იბადება, მაგრამ ყველა გამოცდილმა პედაგოგმა იცის, რომ, ისევე როგორც არაფერი სხვა, არც იდეები ცვივა ციდან. როგორც შექსპირი იტყოდა: „არარაისგან არ იქმნების არარაიცა“. ორიგინალური და საინტერესო იდეაც ისევე ჩუმად მზადდება და ღვივდება, როგორც თესლი მიწაში, რომ სათანადო პირობებში თავი გამოამჟღავნოს. რაც უფრო თავისუფალი და შეუზღუდავია აზროვნების სივრცე, მით უფრო მეტია ალბათობა და შესაძლებლობა იდეების დაბადებისა, ამიტომაც მასწავლებლის მოვალეობა და პასუხისმგებლობა გაკვეთილზე სწორედ ამგვარი პირობების შექმნაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისთვის ასპარეზის მისაცემად.

პირველ რიგში, გაკვეთილზე კონკრეტული თემისა თუ საკითხის შესახებ დაფიქრება უნდა იყოს შესაძლებელი. შემდეგ შეიძლება სხვა ამოცანების დაგეგმვა და გადაჭრა. დასახული ამოცანების, განსახორციელებელი აქტივობების ხელშესაწყობად მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • ყურადღების კონცენტრაცია უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც არ არის საჭირო ერთ გაკვეთილზე ბევრი დავალების შესრულება, საკმარისია 2-3 ამოცანის დასახვა და გადაწყვეტა. სხვაგვარად მოსწავლეებს ყურადღება გაეფანტებათ და თეორიულად თუნდაც იდეალურად დასახული მიზნები რეალურ და პრაქტიკულ განხორციელებას ვერ პოვებს.
  • მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს არა ის მეთოდები, რომლებიც თავად მოსწონს, არამედ ისინი, რომლებიც მოსწავლეთა ასაკს, ცოდნა-განათლებას, უნარებსა და განწყობებს შეეფერება.
  • ახალი მასალის ასათვისებლად იმგვარ ხერხებს უნდა მიმართოს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას, მათ დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებას.
  • ცოდნის აქტუალიზაციისთვის კარგი იქნება გამოიყოს 5-7 წუთი, რათა შეიქმნას ერთგვარი მოსამზადებელი პირობები ძველი ცოდნის ახალთან დასაკავშირებლად.

მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ მოსწავლემაც მასთან ერთად გაიაზროს ახალი თემის შესწავლის აუცილებლობა. დაფაზე მიზნებისა და ამოცანების გამოკვრა ან პროექტორით ჩვენება თუ ხმამაღლა წაკითხვა ამისთვის არ კმარა. საჭიროა სათანადო განმარტებები, რომ მთავარი მიზნები მოსწავლეებმაც გაიაზრონ. მათ მასწავლებელთან ერთად უნდა გაარკვიონ, რამდენად მზად არიან ახალი მიზნების მისაღწევად ან, საერთოდ, რა საჭიროა ისინი, აქვთ თუ არა სათანადო ცოდნა და უნარები ამ ახალი მასალის, უცნობი ფაქტებისა და მოვლენების ასათვისებლად, გასაანალიზებლად და კრიტიკულად შესაფასებლად. ასევე, უნდა გამოიკვეთოს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიონ ყველა დასახული ამოცანა.

ცოდნის აქტუალიზაცია მოიცავს შემდეგსაც:

  • მასწავლებელმა იმგვარად უნდა წარადგინოს თემა, რომ მოსწავლეებს კითხვები გაუჩნდეთ;
  • გამოიკვეთოს მთავარი სასწავლო ამოცანები, რომლებიც გაკვეთილზე უნდა გადაიჭრას;
  • გაკვეთილზე განსახორციელებელ აქტივობათა გაცნობა ხელს უნდა უწყობდეს თვითანალიზსა და თვითშეფასებას.

ცოდნის აქტუალიზაციის ბევრი ცნობილი მეთოდი არსებობს. გამოვარჩევთ მათგან რამდენიმეს:

  • იდეების კალათა. მასწავლებელი კითხვებს უსვამს მოსწავლეებს იმის გასარკვევად, რა იციან ამ თემის შესახებ. მოსწავლეები ჯერ ინდივიდუალურად წერენ, მერე კი წყვილებსა თუ ჯგუფებში განიხილავენ. მასწავლებელი მათ პასუხებში ამოკითხულ ინფორმაციას დაფაზე მოკლედ ჩამოწერს.
  • დიახ-არა (სწორია-მცდარია). მასწავლებელი თემასთან დაკავშირებულ ისეთ კითხვებს უსვამს მოსწავლეებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვან პასუხებს მოითხოვს, თუმცა მოსწავლეებმა თან უნდა დაასაბუთონ კიდეც თავიანთი პასუხები.
  • ვიდეოჩანახატი. მასწავლებელი აჩვენებს ვიდეოს, რომელიც შესასწავლ თემასთან არის დაკავშირებული. ამგვარად, მოსწავლეებს ექმნებათ განწყობა. შესაძლებელია თემასთან უფრო დაახლოებაც კითხვა-პასუხით.
  • ჯადოსნური ყუთი. მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ ყუთში თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე საგანს დებს და ვარაუდების, გამოცნობის გზით მოსწავლეთა ინტერესს იწვევს.
  • ასოციაციები. მასწავლებელი პროექტორით (ან სხვა გზით) აჩვენებს საგნებს, ფოტოებს, ნახატებს და სხვ. (რომლებიც თემასთანაა დაკავშირებული), მოსწავლეები კი იმსჯელებენ, რა ასოციაციები უჩნდებათ მათ დანახვაზე. ამგვარი ასოციაციური ბმულებით თემას გაააქტიურებენ.
  • ასოციაციური ნახატები. შეიძლება, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს იმ ასოციაციების დახატვა, რომლებიც მოცემულ თემაზე ფიქრისას უჩნდებათ.
  • კროსვორდი. ცოდნის აქტუალიზაციისთვის შეიძლება კროსვორდის გამოყენებაც, რომელიც შედგენილი იქნება იმგვარ ინფორმაციასა და ცნებებზე დაყრდნობით, ახალი მასალის შესწავლას რომ შეუწყობს ხელს.
  • ვიქტორინა. მასწავლებლის მიერ დასმულ, თემასთან დაკავშირებულ კითხვებს მოსწავლეები რიგრიგობით უპასუხებენ.
  • ბლიცი. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, რომლებზეც ცნებები, ფაქტები და მოვლენებია დაწერილი. მოსწავლეები მათ მოკლედ და სხარტად განმარტავენ.
  • იპოვე ლოგიკური კავშირი. მასწავლებელი ასახელებს სამ სიტყვას, რომელთაგან ორი ლოგიკურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ მეოთხე სიტყვა, რომელიც მესამესთან იქნება ამგვარ კავშირში. ყველა სიტყვა კი ახალ თემას მიემართება.

კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის მოდიფიცირებული ამ და სხვა მეთოდებითა და ხერხებით მასწავლებელი შეძლებს ცოდნის აქტუალიზაციას. რა თქმა უნდა, გაკვეთილისთვის კარგად მოსამზადებლად სახელმძღვანელოები არ კმარა, ამიტომ კარგი მასწავლებელი მუდმივად ცდილობს თვითგანვითარებას, პროფესიულ სრულყოფას. თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი მისთვის ხელმისაწვდომს ხდის ზღვა მასალას. საჭიროა მხოლოდ სურვილი, ინტერესი და მოტივაცია იმისთვის, რომ თანამედროვე მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ყოველი ეტაპი შემეცნებითი, ნაყოფიერი და შედეგიანი იყოს.

 

 

 

 

ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკა/მათემატიკა

0

„ელექტრული ველის დაძაბულობა, მოქმედებები ვექტორებზე და კოსინუსების თეორემა“
ფიზიკისა და მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს დაადგინონ განუყოფელი კავშირი ამ ორ მეცნიერებას შორის და გაიაზრონ, რომ ელემენტარული ფიზიკის საკითხების გაგება  მათემატიკური აპარატის ცოდნას მოითხოვს.
მოგეხსენებათ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკის საპროგრამო მასალა წინსწრებაშია მათემატიკის საკითხებთან. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ეს ხარვეზი აღმოიფხვრება. შემოგთავაზებთ ინტეგრირებული გაკვეთილის ფიზიკა-მათემატიკის ჩატარების ჩემეულ ვერსიას. გაკვეთილის თემაა „ელექტრული ველის დაძაბულობა, მოქმედებები ვექტორებზე და კოსინუსების თეორემა.“
გაკვეთილი მოიცავს სამ მნიშვნელოვან თემას: ვექტორების შეკრება, კოსინუსების თეორემა  და ელექროსტატიკის საკითხები, კერძოდ ელექტრული ველის დაძაბულობის გამოთვლა.
ეს გაკვეთილი საშუალებას გვაძლევს მოსწავლემ გაიუმჯობესოს ცონდა მათემატიკაში და დაამტკიცოს, რომ ეს ცოდნა არაა აბსტრაქტული, გაიაზროს  ვექტორების ფიზიკური შინაარსი. გაკვეთილის შემდეგ  მოსწავლეები თავად გამოიტანენ  დასკვნას, რომ ამ ტიპის ამოცანების ამოხსნისას ფიზიკის ცოდნა მათემატიკურ ხაზს მიჰყვება. ასეთი გაკვეთილების ჩატარება ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლების გუნდური მუშაობის საშუალებას იძლევა და გაცილებით ეფექტურია. მათემატიკის პედაგოგი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ისეთი ფიზიკური ამოცანების განხილვაში, რომლის ამოხსნაც ხშირად უჭირთ მოსწავლეებს.

გაკვეთილის მთავარი მიზანია
მოსწავლეებმა შეისწავლონ რამდენიმე წერტილოვანი მუხტით შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობის გამოთვლა, გაიმეორონ ვექტორების შეკრების წესები, შეისწავლონ კოსინუსების თეორემა, მოახდინონ ფიზიკისა და მათემატიკის  ინტეგრირება, გაიღრმავონ  და სისტემაში მოიყვანონ ცოდნა.

გაკვეთილზე, რომელსაც წარმართავს ორი საგნის (ფიზიკა/მათემატიკის) მასწავლებელი წინარე მასალის გასამეორებელი შეკითხვები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ფიზიკის მასწავლებელი:

  1. რა არის ელექტრული ველის დაძაბულობა?
    2.საითაა მიმართული ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორი?
    3. დამოკიდებულია თუ არა ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორი ელექტრულ ძალაზე? მუხტის სიდიდეზე?
    4. როგორ მუხტს ეწოდება წერტილოვანი?
    5. რაზეა დამოკიდებული ელექტრული ველის დაძაბულობა?
    6. როგორ გამოვთვალოთ წერტილოვანი მუხტის მიერ შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობა?
    7. ჩამოაყალიბეთ ველების სუპერპოზიციის პრინციპი.
    დღეს ჩვენ ვისწავლით რამდენიმე წერტილოვანი მუხტის მიერ შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობის გამოთვლას, რაშიც დაგვეხმარება მათემატიკის ცოდნა.

    მათემატიკის მასწავლებელი:
    გავიხსენოთ ვექტორები და მათზე მოქმედებები:
    1. რას ეწოდება ვექტორი?
    2.რას ნიშნავს ვექტორები თანამიმართულია? ურთიერთსაპირისპიროა?
    3. რისი ტოლია ჯამი ა) 2 ურთიერთსაწინააღმდეგო ვექტორის ბ) 2 თანამიმართული ვექტორის? გ) ორი ტოლი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ვექტორის?
    4. რა შეგვიძლია ვთქვათ ვექტორებზე, თუ

  2. რა შეგვიძლია ვთქვათ ვექტორებზე , თუ


ამ კითხვების ამოწურვის შემდეგ მასწავლებლები მონაცვლეობით სთავაზობენ მოსწავლეებს ამოცანებს ორივე საგნიდან.

 

 

ამოცანების ამოხსნა

 

ციფრული და მედიაწიგნიერების განვითარება  დაწყებით საფეხურზე

0

ციფრული და მედიაწიგნიერების კომპეტენციების გამოყენებით საგაკვეთილო  პროცესის    დაგეგმვა    ხელს უწყობს   მოსწავლეებში ახალი მასალის, ინფორმაციის, მხატვრული თუ საინფორმაციო ტექსტების აღქმა-გააზრებას, მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და  მოსწავლეთა  სამყაროში ორიენტირებას.

გაკვეთილზე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებელს  აძლევს საშუალებას, მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს. ამასთან ერთად მოსწავლეებიც ჩართოს რესურსების შექმნის პროცესში. რესურსების შექმნა და გაკვეთილზე გამოყენება არ არის ძნელი, ეს პროცესი ძალიან უყვართ მოსწავლეებს და ზრდის მათ მოტივაციას.

გამომდინარე იქიდან,  რომ 21-ე საუკუნის მოსწავლე  ტექნოლოგიებთან ძალიან მეგობრობს,  მისთვის  კომპიუტერის  საშუალებით ცოდნის მიღება უფრო მოსახერხებელი და მრავალფეროვანია.

ამიტომაც სასწავლო პროცესში აქტიურად დავიწყე  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

ძირითადად, ციფრული რესურსი მზადდება კონკრეტული გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე და არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს.

საგაკვეთილო პროცესში ციფრულ რესურსებს   ჩემს მოსწავლეებს ვაჩვენებ ამა თუ იმ ტექსტის  შესწავლის დაწყებამდე, შესწავლისას  ან მის შემდეგ…

ელექტრონული რესურსების, სლაიდების, ფილმების საშუალებით მოსწავლეები უკეთ იგებენ, იაზრებენ, აღიქვამენ, იმახსოვრებენ და სწავლობენ.

ელექტრონული რესურსების, ფილმების  გამოყენება მეხმარება:

  • საგაკვეთილო პროცესი  წარვმართო მიზანმიმართულად, ეფექტიანად და ეფექტურად;
  • ვიზუალური საშუალებების გამოყენებით მოვახდინო ტექსტების გაგება, გააზრება, განხილვა,  რაც  მოტივაციასა   და ჩართულობის მაღალ  ხარისხს  განაპირობებს,  განწყობას უქმნის  მოსწავლეებს.

გარდა ამისა, ციფრული რესურსებით სწავლების დროს მოსწავლეებს უვითარდებათ: ანალიზის, დებატების, დისკუსიის, სოციალური უნარები. ასევე, შემოქმედებითი, წარმოსახვითი, კრიტიკული აზროვნება.

ელექტრონული რესურსებით  სწავლებისას მნიშვნელოვანია:

  1. რესურსის სწორად შერჩევა

რესურსის არჩევისას ყურადღებას ვაქცევ, როგორ მიესადაგება იგი ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.  მოსწავლემ უნდა შეძლოს, მხატვრული  ტექსტების  გააზრება,  არსებითი  მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასება, კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა. მან უნდა გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები.

თუ რესურსი სწორად შერჩეულია,   ის  ასწავლის და აყვარებს წიგნს. მოსწავლე წარმოიდგენს, რა ხდება, როგორია გარემო, როგორია პერსონაჟი, რას გრძნობს და როგორ იქცევა ის.

  1. ციფრული რესურსის გამოყენების დრო (ტექსტის წაკითხვამდე, წაკითხვისას  თუ შემდეგ, მასალის შეჯამებისას…)

ელექტრონული რესურსების ჩვენების შემდგომ  ხშირად მივმართავ შემდეგ აქტივობებს:

  1. მოსწავლეებს ვეკითხები, რა  განწყობა შეექმნათ,  რაზე დაფიქრდნენ, რატომ?  ვაძლევ საშუალებას, იმსჯელონ.  ხშირად ხატავენ კიდეც ნაწარმოების სიუჟეტებსა და მის პერსონაჟებს.   ქმნიან ანიმაციებსაც…
  2. ხშირად მართავენ დისკუსიებს, დაემთხვა თუ არა ტექსტის კითხვის დროს მათ გონებაში წარმოსახული ვარაუდები, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს სიუჟეტების თანმიმდევრობა, რა დაემთხვა ან გამოტოვა და ა.შ.

ჩემ მიერ შექმნილი რესურსებიდან გამოვყოფდი:

  1. ჭრიჭინა და ჭიანჭველა ივანე კრილოვის მიხედვით

https://www.youtube.com/watch?v=7Vzinf9YIcE&t=25s

  1. პაწაწინა რტო ვარ ანა კალანდაძე

https://www.youtube.com/watch?v=_-GdwQ9YpL4&t=8s

  1. ღორი მუხის ქვეშ ივანე კრილოვის მიხედვით

 

https://www.youtube.com/watch?v=oiY0EVDXKQw&t=13s

  1. ხეების საუბარი ი. გოგებაშვილის მიხედვით

https://www.youtube.com/watch?v=r-OWBf013OU

  1. მოხუცი სულთანი ძმები გრიმების მიხედვით

https://www.youtube.com/watch?v=mcVV2ztVRFE

  1. კომიქსი ,,გიო და მამა”

https://www.youtube.com/watch?v=Xyw0q6q4L9Y

  1. იცნობდეთ მგელი იასონ ბადრიძე

https://www.youtube.com/watch?v=EueLNsZwad8&t=4s

  1. რატომ გაიბუტა პატარა შუქნიშანი ნესტან კუპრავა

https://www.youtube.com/watch?v=D_THp_izvPg&t=1s

  1. დათო და დათვი – ავტორთა ჯგუფი: ტ. დემურჩიანი, თ. თეთვაძე, პ. პაპავა, ნ. ტეპოიანი, ე. ქსპოიანი, გ. ჭაოჭიძე

https://www.youtube.com/watch?v=s1y_d6a8IRk

  1. ვინ მღერის ტკბილ ნანას?  ლადო ასლამაზიშვილის

https://www.youtube.com/watch?v=I7a_pity2ts&t=2s

  1. ,ვაზი და გლეხკაცი” ლეონარდო და ვინჩი.

https://www.youtube.com/watch?v=Xqof251PB1A&t=22s

  1. ნაძვის ცრემლები ი. ევდოშვილი

https://www.youtube.com/watch?v=sQMq-9y0ZoI

  1. სულიერი და უსულო საგნის სახელები

https://learningapps.org/display?v=pkfdos1fn19

  1. სინონიმები

https://learningapps.org/display?v=psb1rio4a19

  1. შეუსაბამე

https://learningapps.org/display?v=p9e1no4rn19

  1. მოაზროვნე ღამურა

https://learningapps.org/display?v=pezzbsvvc19

  1. ფიქრიანიანი ვაჟაფშაველა

https://learningapps.org/display?v=pw8un256a19

  1. განვლილი მასალის გახსენება

https://learningapps.org/display?v=p3pnhbfda19

  1. საქართველოს კუთხეები

https://learningapps.org/display?v=peey1zhg219

  1. ამოხსენით გამოცანები

https://learningapps.org/display?v=p02aikrt519

  1. არ დავივიწყოთ ხმარებიდან გადასული სიტყვები

https://learningapps.org/display?v=phsh0ntq219

ჩემ მიერ შექმნილი  თუ მოძიებული ელექტრონული რესურსები საშუალებას აძლევს მოსწავლეს, აქტიურად ჩაერთოს სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში, რადგან ეს რესურსები ინტერაქტიულია, ისტ-ის გამოყენებით სასწავლო პროცესი არის ინოვაციური, შემოქმედებითი და მათი გამოყენებით  სწორად დაგეგმილი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლების პირველი საფეხურიდანვე მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას.

 

 

 

მუსიკის როლი  ენის სწავლების პროცესში

0

სტატიაში განხილულია ის  სიახლეები, რომელზეც აქტიურად იწერება უცხოურ პედაგოგიკურ პრაქტიკაში. ამდენად, სტატია პედაგოგებს სთავაზობს გაკვეთილზე  მუსიკის გამოყენების დადებით და უარყოფით მახასიათებლებს ნეიროლოგიურ დონეზე. სტატიაში გაანალიზებულია მუსიკისა და ენის მახასიათებლები, მათ შორის მსგავსება და განსხვავება, თუ რამდენად ავსებენ ისინი ერთმანეთს ენის სწავლების პროცესში და როგორ უწყობს ხელს მოსწავლეებს მუსიკა სტრესის გარეშე მიიღონ ცოდნა უცხო ენაში, ხალისით ისწავლონ და კარგი განწყობის თანხლებით შეიმეცნონ ენის ლექსიკური თუ გრამატიკული მახასიათებლები.

გრაინის [1] მიხედვით სწავლის პროცესში განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს ორი ფაქტორი, ერთი მხრივ, ტვინი და მეორე მხრივ, ნეირონები. ამდენად, მოსწავლეები მაშინ სწავლობენ, როცა მათ შორის მჭიდრო კავშირია ან კავშირები ნეირონებს შორის ჰარმონიულად იცვლება. გაკვეთილზე საჭიროა გამომწვევი ფაქტორები და ბიძგები, რომ ტვინი არ მოდუნდეს .

აგრეთვე მუსიკას აქვს უცხოური ენისა და ზოგადად ენის შესწავლის პროცესზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მუსიკის მოსმენა განაპირობებს კოგნიტური უნარების გააქტიურებას და ა.შ. ასეთი დავალების პირობებში მოსწავლეები ავლენენ სწრაფ, ლოგიკურ და კრეატიულ აზროვნებას. მაგრამ როცა მუსიკა ნაკლებ სასიამოვნოდ აღიქმება, ასეთ შემთხვევაში ტვინის ნაწილები მელოდიას არაპროპორციულად აღიქვამს. მუსიკას აქვს აღგმზნები ფუნქცია მაშინ, როცა სიმღერა რომელიმე ინსტრუმენტის აკომპანემენტით სრულდება. სიმღერის მოსმენის დროს აქტიურია ტვინის ის არეები, რომლებიც ენის სწავლების პირობებში ვერ იქნებოდა აქტიური.

მრავალენოვანი სწავლების პირობებში მუსიკა დიდ როლს თამაშობს აღქმისა და დამახსოვრების თვალსაზრისით.

გონებას ესაჭიროება როგორც შესვენება, ასევე გამეორება, რათა ინფორმაცია გრძელვადიან მეხსიერებაში გადაიტანოს. ამრიგად, აუცილებელია ტვინს მიეცეს საკმარისი დრო ინფორმაციის დამახსოვრებისა  და შინაარსობრივად ერთმანეთთან დასაკავშირებლად, იქამდე სანამ ის კვლავ ახალ ინფორმაციას მიიღებს. განათლების ექსპერტების მოსაზრებით აუცილებელია შესვენება, რადგან ამ დროს ხდება მიღებული ინფორმაციის გადამუშავება.

აგრეთვე სწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს გამეორებას, რადგან ტვინში მყარი კავშირების წარმოქმნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ცოდნა განსაზღვრულ ფაზაში მეორდება. ფსიქოლოგი ულრიხ ჰერმანი [2] ამტკიცებს თავის ნაშრომში, რომ ესა თუ ის ინფორმაცია ხშირი განმეორების შედეგად მეხსიერებაში რჩება. ერთი გაკვეთილის ფარგლებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამატებით ახალი გრამატიკული მოვლენის ახსნა, არამედ ნასწავლი გრამატიკული მოვლენის გამყარება, ამისათვის ნიშანდობლივია გამეორება  სათანადო მაგალითებით.

სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია აღსაზრდელთა ყურადღების შენარჩუნება, რათა ინფორმაცია მყარად დაიმახსოვროს მოსწავლემ. რაც მაღალია ყურადღების ხარისხი, მოსწავლეს მით მეტი სტიმული ეძლევა სწავლის პროცესში. ყურადღების ხარისხს ზრდის სხვადასხვა სასწავლო საშუალებები, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი სასწავლო თემატიკის ადეკვატურადაა გამოყენებული.

მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით მუსიკალური ვარჯიშები ტვინში იწვევს ნევროლოგიურ ცვლილებებს.  მუსიკალური უნარის მატარებელ აღსაზრდელებს მარტივად შეუძლიათ თავის მიერ გამოთქმული ტონის ანალიზი, ამდენად, ენობრივი გამოთქმის კონტროლი, ამიტომ ენობრივ კომპეტენციებს მარტივად ეუფლებიან.

ამჯერად ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, ღირს თუ არა მუსიკა როგორც სასწავლო საშუალება უცხო ენის გაკვეთლზე გამოვიყენოთ და რომელი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი სიმღერის შერჩევის დროს. რთულია დასახელდეს ერთი რომელიმე კონკრეტული კრიტერიუმი, თუ რატომ უნდა გამოიყენობოდეს მოსიკა უცხო ენის გაკვეთლზე, ვინაიდან ეს ყოველთვის პიროვნების ინტერესებსა და მასწავლებლის გამოცდილებასთანაა კავშირში.

როცა მუსიკას ან სიმღერას უსმენენ, შეიძლება მრავალმხრივი ემოციები და გრძნობები წარმოიშვას. ამდენად, ეს მოვლენა მნიშვნლოვანია, ვინაიდან სწავლის არასასიამოვნო პროცესში მუსიკა სასიამოვნო ემოციას წარმოშობს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ  მოსწავლეები ინდივიდუალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმით, თუ როგორ რეაგირებენ მუსიკაზე ან რა ასოციაციებს იწვევს ესა თუ ის მუსიკა მათში. მკვლევართა დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ ერთი და იმავე მუსიკა სხვადასხვა მსმენელზე განსხვავებულად მოქმედებს. ამ მოვლენამ კი შეიძლება პრობლემამდე მიგვიყვანოს, ვინაიდან მასწავლებელმა წინასწარ არ იცის, თუ რომელი მუსიკა აღძრავს მათში დადებით თუ უარყოფით ემოციებს. თუმცა გასათვალისწინებელია რომ მუსიკა არ იყოს არასასიამოვნო, რათა სასწავლო პროცესი მოსწავლეს არ დაუმძიმოს. მაგრამ ამასთანავე რთულია ამ მოვლენის წინასწარ განჭვრეტა.

მუსიკას აქვს კოგნიტური და ლინგვისტური გავლენა.  მისი ეს უნარი განაპირობებს მოსწავლის ლექსიკური და ფონეტიკური ცოდნის მუდმივ განვითარებას. აგრეთვე სიტყვა მუსიკის გამოყენებით უკეთესად და ეფექტურად ისწავლება, რადგან სიმღერის საშუალებით გრამატიკული და ლექსიკური ასოციაციები წარმოიქმნება. როცა მოსწავლე პარალელურად სიმღერას ისმენს და სიმღერის ტექსტს კითხულობს, შესაძლებლობა ეძლევა ორგვარი შეგრძნებით სწავლისთვის. მოსწავლეები ასეთ დროს სწავლობენ პრინციპით –ხმისა და ტექსტის ასოციაციებისა და დამოკიდებულებების საშუალებით, ამდენად სიმღერა აღიქმება აუდიალურ და ვიზუალურ დონეზე. თავისი სპეციფიკით სიმღერის ეფექტი შეესაბამება  გამეორების გაკვეთილს, რადგან სიმღერა იმ მნიშვნელოვან ელემენტს გულისხმობს, რომელიც განაპირობებს მიღებული ცოდნის დამახსოვრებას. ასეთი ელემენტი შეიძლება იყოს სიტყვა, სიტყვათა შეთანხმება ან წინადადება, რომელიც სიმღერაში გარითმულია და მრავალჯერ მეორდება.

სიმღერის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში აგრეთვე აქვს  სოციალური ღირებულება. ნამდვილად ღირს სიმღერა გაკვეთილზე გამოვიყენოთ,  რადგან ის ავთენტურია და საგაკვეთილო ფორმალური გარემო არაფორმალურ კონტექსტში გადაჰყავს, რაც მოსწავლეებს შორის  სოლიდარობის გრძნობას წარმოშობს. როგორც განათლების ექსპერტები ამტკიცებენ, ურთიერთობები მოსწავლეებსა და პედაგოგს, ასევე მოსწავლეებს შორის პოზიტიური ატმოსფეროს საშუალებით ღრმავდება. სასწავლო გარემო შესაძლებელია ადაპტირდეს, თუ სასწავლო სიტუაცია განმტვირთველი და მშვიდია. მუსიკის შეცვლა შესაძლებელია მაშინ, თუ ამას საჭიროება და მოსწავლეთა ინტერესები ითხოვს. მოსწავლეები მხოლოდ მაშინ სწავლობენ სიამოვნებით მუსიკით უცხო ენას, თუ სასწავლო მასალად მათი საყვარელი მუსიკაა გამოყენებული. ასეთი გაკვეთილი არის მოსწავლეზე ორიენტირებული, ვინაიდან მოსწავლეებს გავლენა აქვთ საგაკვეთლო მასალის შერჩევაზე, ეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

  მუსიკით სწავლებას აგრეთვე აქვს  კულტურული ეფექტი, რადგან მუსიკალური ტექსტით ხდება ამა თუ იმ კულტურული ღირებულების, იდეალების, ისტორიისა და კულტურული მახასიათებლების გაზიარება. გერმანელი განათლების ექსპერტები დასძენენ, რომ გერმანული ენის შესწავლის საკითხში გერმანული მუსიკა ატარებს ერთგვარი ელჩის როლს და ყველა იმ ელემენტს მოიცავს, რომელიც  გერმანული კულტურული ღირებულებების ბაზისს წარმოადგენს.  ამა თუ იმ ენის შესწავლის პროცესში ზოგჯერ ყველაზე ოპტიმალური მეთოდია  მუსიკის საშუალებთ ქვეყანათმცოდნეობითი საკითხების მიმოხილვა.

ენასა და მუსიკას შორის არსებობს საერთო. სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილია მოსაზრება, რომ როგორც მუსიკასთვის, ისე ენისთვის დამახასიათებელია  ისეთი თვისებები, როგორებიცაა: ხმის სიმაღლე, რითმი, ტემპი, ტემბრი, რეზონანსი, ხანგრძლივობა და ჟღერა, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მუსიკის აღსაქმელად, ასევე ენობრივი მოცემულობების დასამუშავებლად. დამტკიცებულია, რომ ენა და მუსიკა  ერთმანეთთან ნერვოლოგიურ დონეზეა დაკავშირებული. მკვლევართა ნაწილი [5] ამტკიცებს, რომ მუსიკალური და ენობრივი სინტაქსი, ისევე როგორც სემანტიკა, ტვინში ერთნაირად, ნაწილობრივ იდენტური ნეირონული მექანიზმებით გადამუშავდება. მუსიკალური სტრუქტურისა და ენობრივი სინტაქსის გადამუშავებას ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს. ეს პროცესი წარიმართება ტვინის სხვადასხვა რეგიონებში და მათ მსგავსი ნევროლოგიური პროცესი უდევს საფუძვლად.

ენასა და მუსიკას შორის არსებობს მსგავსებები, ესენია:

  • როგორც მუსიკა, აგრეთვე ენა არის უნივერსალური. ადამიანს აქვს უნარი ორივე მათგანი ისწავლოს და აღიქვას.
  • მუსიკისა და ენის საშუალებით შესაძლებელია უამრავი ფრაზისა თუ მელოდიის შექმნა.
  • ბავშვს აქვს უნარი მუსიკისა და ენის წესები მაგალითებით შეისწავლოს. როგორც მუსიკალური, ასევე ენობრივი განვითარება, მიმდინარეობს პარალელურად, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მუსიკამ და ენამ ერთმანეთი გაამდიდროს.
  • როგორც მუსიკა, ასევე ენა ვოკალურად გამომუშავდება და აუდიალური გზით აღიქმება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Grein, Marion, Neurodidaktik-Grundlagen für Sprachenlehrende. Hueber Verlag GmbH&Co., Ismaning, Deutschland, 2013
  2. Herrmann, Ulrix, ,,Neurodidaktik-die Kooperation von Neurowissenschaften und Didaktik “. Als PDF : https://www.slvn.de/wp-content/uploads /2012/10/Herrmann-HT-2012.pdf
  3. Huotilainen, Minna, ”Musiikki ja oppiminen aivotutkimuksen valossa”. In: Taide- ja taitokasvatuksen julkaisu, Helsinki 2009. Als PDF: https://extranet.nuorisuomi.fi/download/attachments/3245039/_taide_ja_taito+op etushallitus.pdf#page=41
  4. Särkämö, Teppo, „Musiikki tuntuu aivoissa“. In: Lilja-Viherlampi, Liisa-Maria (toim.), Care Music – sairaala- ja hoivamusiikkityö ammattina. Turun ammattikorkeakoulun raportteja 158, Suomen yliopistopaino – Juvenes Print Oy, Tampere 2013
  5. Lensch, Juliane, „Rap im Französischunterricht auf der Basis einer sich wandelnden Lernkultur“. In: Blell & Kupetz (Hrsg.) 2010.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...