შაბათი, ივნისი 14, 2025
14 ივნისი, შაბათი, 2025

მოსმენის აქტივობები აიოლებს ენის შესწავლას

0

მოსმენა უმნიშვნელოვანესი  უნარია. მოსმენის საშუალებით მოსწავლე უცხო ენას და, საერთოდ, ენას შეისწავლის. როგორც ჰ. დუგლას ბრაუნი აღნიშნავს, ენის ,,მიღებით ჩვენ ვითავისებთ ლინგვისტურ ინფორმაციას, რომლის გარეშეც ვერ წარმოვქმნით ენას.“

უცხო ენის გაკვეთილზე თითოეული მოსწავლე მეტწილად ისმენს. იგი უსმენს თანაკლასელს ან მასწავლებელს. მიუხედავად იმისა, რომ ,ზოგადად, მოსმენას დიდი დრო ეთმობა, ენის მატარებლის მეტყველების მოსმენისას მოსწავლე ხშირად ბევრ სირთულეს  გადააწყდება და ვერ ან ცუდად იგებს ნათქვამს. მიზეზი ხშირად ისაა, რომ სათანადოდ არა აქვს გავარჯიშებული ყური.  თავისთვის უჩვეულო (ენის მატარებლის მიერ წარმოთქმული) გაბმული მეტყველების მოსმენისას მოსწავლე შეიძლება დაიძაბოს, რაც, როგორც ცნობილია, ასევე ხელს უშლის მოსასმენი მასალის გაგებას. ამ ბარიერის შემცირება ან დაძლევა მხოლოდ გაკვეთილზე მოსმენილი ტექსტის საშუალებით შეუძლებელი ჩანს, რადგან კვირის განმავლობაში გაკვეთილზე მცირე დრო ეთმობა ენის მატარებლის მიერ წაკითხული ტექსტის/ტექსტების მოსმენას.  იმისთვის, რომ მოსწავლე შეეჩვიოს უცხო ენაზე მეტყველების მოსმენას და მოსასმენი მასალა დაძაბვის გარეშე ან ნაკლები დაძაბვით აღიქვას,  საჭიროა ,,ყურის“ რეგულარული ვარჯიში. ამიტომ მოსწავლეებს ვავალებ უსმინონ სახლში სხვადასხვა ტიპის მოსასმენ მასალას და ვამოწმებ, თუ შეასრულეს ეს დავალება. ამ ტიპის დავალებას შესაძლოა მოსმენითი საშინაო დავალება ან დამოუკიდებლად მოსასმენი დავალებაც ვუწოდოთ. ვიდრე რეგულარულ მოსმენას დავიწყებთ, მოსწავლეებს ჯერ ინტერაქტიური მინი ლექციით ვუხსნი, თუ რატომაა სასარგებლო მოსასმენი დავალების შესრულება, მომყავს შესაბამისი მაგალითები სარგებელის შესახებ (პირველ რიგში ჩემი პრაქტიკიდან) და შემდეგ ვურჩევ, ყოველდღიურად უსმინონ ენის მატარებლების საუბარს, (ლექციას, მონოლოგს და სხვ.) იქნება ეს ტელე ან რადიო გადაცემა, ფილმი თუ ინგლისური ენის შესწავლისთვის ჩაწერილი სავარჯიშო. მოსმენის გეგმას და წესებს მოსწავლეებთან თანამშრომლობით ვადგენ.

დღეს ბევრი ბავშვი თავადაც უსმენს ენის მატარებლის მეტყველებას ონლაინ თამაშებში მონაწილეობის, ფილმების ან მულტფილმების ყურების დროს, მაგრამ არიან მოსწავლეები, რომლებიც ამას არ აკეთებენ, ან რეგულარულად არ აკეთებენ  ან რუსულ ენაზე საუბრის მოსმენას ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ  მოსწავლეებს ხშირად ვთავაზობ   შეასრულონ მოსმენითი საშინაო დავალება ინგლისურ ენაში.

სასურველია, თავდაპირველად მოსწავლეებს მასწავლებელი  დაეხმაროს მოსასმენი მასალის შერჩევაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არჩევანის საშუალება მოსწავლეებსაც მივცეთ. როგორც ცნობილია, ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს  მოტივაცია ემატება.  მასწავლებლის დახმარება საჭიროდ მიმაჩნია იმ მიზეზით,  რომ მოსწავლემ საეჭვო  ხარისხის ( როგორც ინგლისური წარმოთქმის,  ასევე შინაარსის მხრივ) ჩანაწერი არ                                                                                                                                  შეარჩიოს ყოველდღიური მოსმენისთვის. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მოსწავლე ვებგვერდების შერჩევას შეეჩვევა, მას სრული ავტონომია უნდა ჰქონდეს მასალის შერჩევაში.

მოსასმენ მასალას ხშირად ვიღებ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდიდან. გამომიყენებია პოდკასტები ბიბისის ვებგვერდიდან. მოსასმენი მასალის შერჩევისას ტექსტის სირთულესთან ერთად ვითვალისწინებ შინაარსსაც. არის მოსასმენი მასალა, რომელიც მოსწავლეთა კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს (ასეთია ბევრი გამომსვლელის სიტყვა ,,თედთოქის“ ვებგვერდზე https://www.ted.com/  ).

შესაძლებელია, მთელი კლასისთვის დამზადდეს და საკლასო ოთახში იყოს ენის შესწავლის  პოსტერი ქაღალდის ჯიბეებით. ერთ-ერთი ჯიბე განკუთვნილია მოსასმენი მასალისთვის. აქ მოსწავლეები ათავსებენ მოსმენილი მასალის  მოკლე რეზიუმეს რეკომენდაციით. შესაძლებელია, მოსწავლემ მოიტანოს დისკზე ჩაწერილი მასალა და შეიქმნას აუდიობიბლიოთეკა. მოსასმენი მასალები მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს შეიძლება გაუზიარონ რომელიმე ონლაინ პლატფორმის (მაგალითად, ედმოდო) საშუალებითაც.

მოსასმენი მასალა შესაძლებელია იყოს როგორც ავთენტური, ასევე რომელიმე სახელმძღვანელოსთვის და საკითხავი მასალისთვის ჩაწერილი გამარტივებული ტექსტი, რომელიც ენის ფლობის  გარკვეულ დონეს არის მორგებული. როგორც ცნობილია, ავთენტურ მასალაზე მუშაობა ზრდის მოსწავლის მოტივაციას. თუმცა, იგივე მასალა შესაძლოა მოსწავლის დემოტივაციის გამომწვევიც გახდეს, თუ იმდენად რთულია, რომ მოსწავლე ვერ იგებს ან დიდ ნაწილს ვერ იგებს მასში. და მაინც, ავთენტურ მასალაზე მუშაობისას, ისევე როგორც სხვა დავალების  შერჩევის დროს, გასათვალისწინებელია მოსწავლის ინდივიდუალური თვისებები. ჩემი დაკვირვებით, მიუხედავად სირთულისა, ზოგიერთი მოსწავლე მაინც ავთენტურ მასალას ანიჭებს უპირატესობას მაშინაც კი, როცა იგი ძალზე რთული გასაგებია.  ავთენტური მოსასმენი დავალების გამარტივების მიზნით მოსწავლეს შეიძლება მივცეთ შემდეგი დავალებები:  ამოიცნოს, თუ რის შესახებაა ზოგადად მოსასმენი მასალა, ან ამოიცნოს რომელიმე კონკრეტული ინფორმაცია ან დახატოს დროის ხაზი, რომლითაც გამოხატავს მოსასმენ მასალაში გადმოცემული მოვლენების თანმიმდევრობას. ამ და მსგავსი ტიპის დავალებებს უწოდებენ ზოგადი გაგების დავალებებს (‘generic comprehension tasks’) და მათ მოსწავლეებს ხშირად აძლევენ ონლაინ საკითხავი მასალის დამუშავებისას.

შესაძლებელია, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა  პერიოდულად ერთად შეადგინონ მოსასმენი მასალის (ვთქვათ, ფილმების) სია, ან შეარჩიონ თემატიკა და გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ ამ თემის ირგვლივ უსმინონ მასალას. მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში ყველა უსმენს წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს ან ვიდეომასალას წარმატების მიღწევის შესახებ. ამ მასალის გამოყენება შესაძლებელი იქნება საკლასო დისკუსიისთვის. ამ შემთხვევაში მოსმენითი საშინაო დავალება დისკუსიისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი აქტივობა იქნება.

მოსმენითი  საშინაო დავალებების შესრულების დაწყებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს მოსმენის სტრატეგიებს , რომელიც მათ დამოუკიდებლად მოსმენის პროცესში დასჭირდებათ. ამ სტრატეგიების მითითება საჭიროა, რომ მოსწავლეებმა ეფექტურად იმუშაონ და მოტივაცია არ დაეკარგოთ დავალების შესრულებისას. გარდა ამისა, სასურველია, დროდადრო წარმოთქმისა და ინტონაციის გავარჯიშება და მოსწავლეების ყურადღების მიქცევა წარმოთქმის იმ თავისებურებებზე, რაც გაბმულ მეტყველებას ახასიათებს ინგლისურში.

მასალის მოსმენასთან ერთად მოსწავლეს შესაძლებელია დავავალოთ მოსმენის დღიურის /ჟურნალის წარმოება, რომელშიც ჩაიწერება, თუ რას მოუსმინეს მოსწავლეებმა, მოსმენის თარიღი, მოსასმენი მასალის ხანგრძლივობა, მოკლე ჩანაწერი (ერთი ან ორი წინადადება), თუ რის შესახებაა მოსასმენი მასალა. შესაძლებელია, მოსწავლემ დაწეროს მოსასმენი მასალის რეზიუმე და რამდენიმე წინადადებით წერილობით გადმოსცეს შინაარსი. დღიურის წარმოების წესების შედგენა სასურველია მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობით. დღიური მასწავლებელს ეხმარება გადაავლოს თვალი თუ რას უსმენს მოსწავლეს და მისცეს შესაბამისი მითითებები.

მოსმენითი საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლეს შესაძლოა დავავალოთ უშუალოდ მოსმენის პროცესში ჩანაწერების გაკეთება.  ეს დაეხმარება მას, გაიაზროს მოსმენილი, გადმოსცეს შინაარსი საკუთარი სიტყვებით, გამოთქვას აზრი მოსასმენი მასალის შესახებ და გასაგებად გადასცეს თანატოლს, თუ რას მოუსმინა.  შესაძლებელია, ჩანაწერების გაკეთების ფორმატი, ჩანაწერების ფურცელი მასწავლებელმა და მოსწავლემ ერთობლივად შეიმუშაონ ან უკვე გამზადებული შაბლონი ჩამოტვირთონ შესაბამისი ვებგვერდიდან.

შესაძლებელია, მოსასმენი დავალების გამოკითხვა მოხდეს გაკვეთილის დასაწყისში ან რომელიმე სხვა ეტაპზე წყვილებში აზრის გაზიარებით.  ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე წუთი. ამ დროს მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ, თუ რას მოუსმინეს, რის შესახებ იყო მოსასმენი მასლა და რეკომენდაციას აძლევენ თანაკლასელს, მოუსმინოს თუ არა ამ მასალას და  რატომ.

გარდა ამისა, შესაძლებელია მოსწავლეებმა ინდივიდუალურად რამდენიმე წუთი წერონ გაკვეთილის დასაწყისში (რამდენიმე წუთიანი წერის აქტივობა), თუ რა ახსოვთ მოსმენითი დავალებიდან და მასწავლებელს ჩააბარონ ნაწერები.

კიდევ ერთი დავალება, რაც მოსწავლეებმა მოსასმენ მასალაზე დაფუძნებით შეიძლება შეასრულონ, არის მოსწავლეების მიერ ამოცნობილი უჩვეულო წარმოთქმის და ინტონაციის ნიმუშების სიის შედგენა. ამ სიაში მოსწავლეები ჩაიწერენ და აღწერენ წარმოთქმის ყველა იმ თავისებურებას,  რომელიც თავად ამოიცნეს და რომელთაც ტექსტის გაგება გარკვეულწილად გაუძნელეს, ან, უბრალოდ, მათთვის სრულ სიახლეს და მოულოდნელობას წარმოადგენდა.

   დავალების გამოკითხვის კიდევ ერთი გზაა, როცა შემთხვევითობის პრინციპით გაძახებული ან მოხალისე მოსწავლე კლასის წინ გააკეთებს რამდენიმეწუთიან პრეზენტაციას მოსასმენი მასალის შესახებ. ამ პრეზენტაციაში, ისევე როგორც წყვილებში აზრების გაზიარებისას, მოკლე შინაარსის გადმოცემასთან ერთად მოსწავლე ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რატომ ურჩევს ან არ ურჩევს მეგობარს მოუსმინოს იმავე ჩანაწერს, მასალას.

იმისთვის, რომ კლასელებს ურჩიონ, მოუსმინონ თუ არა კონკრეტულ მასალას, მასალის შეფასების კრიტერიუმებს  მასწავლებელი და მოსწავლეები წინასწარ შეათანხმებენ. სავარაუდოდ, ასეთი კრიტერიუმები იქნება:

  1. მასალა ჩემი დონის შესაფერისი იყო;
  2. თანამედროვე ინგლისურია;
  3. თემა საინტერესო იყო;
  4. ახალნასწავლი ლექსიკური მასალის განმეორება შევძელი
  5. და ა.შ.

  შედეგები. ყოველდღიური მოსმენითი დავალება აუმჯობესებს როგორც მოსმენის, ასევე საუბრის უნარ-ჩვევებსაც. მოსწავლეები სწავლობენ იმ  სტრატეგიებს, რომლებსაც მათ ცხოვრებაში პრაქტიკული დანიშნულება აქვთ. მოსწავლეებს უუმჯობესდებათ წარმოთქმა, ინტონაცია. ისინი იმეორებენ ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს და ეცნობიან თანამედროვე ინგლისურს. ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარებასთან ერთად მოსწავლეები იძენენ ცოდნას მათთვის საინეტერესო საკითხების შესახებ. გარდა ამისა, დამოუკიდებლად მოსმენის შემთხვევაში მოსწავლეები  უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ საკუთარ სწავლის მიმართ. მოსასმენი სამუშაოს ერთობლივად დაგეგმვა ხელს უწყობს  მასწავლებელისა და მოსწავლის თანამშრომლობის განვითარებას. მასწავლებელი მეტს იგებს მოსწავლის ინტერესებისა შესახებ. მოსასმენმა მასალამ შესაძლოა უბიძგოს მოსწავლეებს განახორციელონ პროექტი ან რაიმე სხვა მათთვის საინტერესო აქტივობა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. Brown Douglas H., Teaching by Principles: An INgteractive Approach to Language Pedagogy, Second Edition, Longman, 2001
  3. Harmer Jeremy, The Practice of English Language Teaching, Fourth Edition, Pearson Education Limited, 2007
  4. Lindsay Cora with Knight Paul, Learning and Teaching English, Oxford University Press, 2006

 

სიზმრის მიღმა ქვეყანაში (ნაწილი პირველი)

0

ძილს არასდროს ვუჩივი, კარგად მძინავს. დღის განმავლობაში ისე ვიღლები, რომ „თვლემის“ , „მსუბუქი ძილის“ და „ზომიერად ღრმა ძილის“ ფაზებს მგონი საერთოდაც ვტოვებ და ძილს პირდაპირ „ღრმა ძილით“ ვიწყებ. სიზმრებიც აქედან იწყება. სიზმრის ქვეყანა „მსუბუქი ძილის“ ან „ზომიერად ღრმა ძილის“ ფაზაშია. „ღრმა ძილში“ კი სიზმრის იქეთაც კი შეიძლება წახვიდე და ათასი დაუჯერებელი რამ იხილო.

როგორც აღვნიშნე, სიზმრების ქვეყანა „მსუბუქი ძილიდან“ იწყება. ნელ-ნელა გიხმობს და გიმორჩილებს.

„შეღამდა, მე წაველ იქ, სადაც სიზმრები

წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით,

ჰანგები დაქრიან, ვით ქარში ისრები

და სული ფითრდება ნათელის ცვალებით“.

(„სიზმრები“, გალაკტიონი)

შემდეგ ლექსში უკვე სიზმრის იქეთა ქვეყანაზეა საუბარი, თორემ მსგავს სიზმარს ჩვეულებრივ სასიზმრეთში ვერ ნახავ.

„ტახტზე იჯდა თამარ მეფე,

მომხიბლავი, ეშხიანი!..

მარცხნით უდგა თინათინი,

მარჯვნით – ნესტან-დარეჯანი…

შემოვიდა რუსთაველი,

ის სულმნათი და მგოსანი,

ხელში ეპყრა მოწიწებით

მისი „ვეფხისტყაოსანი…“

(„სიზმარი“, ა. წერეთელი)

ჰოდა, სიზმრის იქეთა ქვეყანაში მეც ვიმოგზაურე. დავდე თუ არა თავი ბალიშზე, მაშინვე დამეძინა. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა არ იციან, რომ ღამის საათებში არ უნდა იხმაურონ და სხვა ადამიანების მოსვენებას პატივისცემით მოეპყრან, მაგრამ მსგავსი ანთროპოგენური ხმაურის მიუხედავად, მაინც დამეძინა და … ცოტა ხანში ერთ მინდორში აღმოვჩნდი. ცაზე უზარმაზარი მთვარე გამოკიდებულიყო და იქაურობას ისე ანათებდა, უცბად იფიქრებდი, დღე არისო.

კაბის კალთაზე ვიღაცამ ჩამომქაჩა. ჯერ ყურადღება არ მივაქციე. მეგონა, ჩემი ფისო „კატუშა“ მეთამაშება-მეთქი. ეს ფისო ფაქტობრივად, ძალით შემომეკედლა. პირდაპირ გამომიცხადა, დღეიდან მე შენი ფისო ვარ და შენ ჩემი ადამიანიო. უარის თქმისთვის გასაქანიც არ მომცა და დღემდე ასე ვართ დამეგობრებული. ჰოდა, ვიფიქრე „კატუშა“ ცელქობს რაღაცას-მეთქი. მერე მივხდვი, რომ „კატო“ კი არა, ქაღალდის ერთჯერადი ჭიქა გახლდათ. პაწაწინა ხელებით კაბის კალთაზე მებღაუჭებოდა და წრიპინა ხმით რაღაცას მეძახდა. დავიხარე, რომ კარგად გამეგო, რა უნდოდა.

  • ჩემთან ერთად წამოდი, საიდუმლო ბარათები გვაქვს შენთვის, – მითხრა ჭიქამ.

უნებურად ლექსი გამახსენდა.

 

„საიდუმლო ბარათო!

გითხრეს: „ექმენ მარადო

სიხარულის მიმნიჭედ

და სევდისა ფარადო“

(„საიდუმლო ბარათი“, ა. წერეთელი)

  • წამოდი რა, – არ ისვენებდა ჭიქა.

აღმართზე ავედით თუ არა, მარჯვნივ გავუხვიეთ და ერთ პატარა ქოხში შევედით. ქოხი გარედან ჩანდა პატარა, თორემ შიგნით უზარმაზარი აღმოჩნდა.

  • ვაშააა, მოვიდნენ! დაიძახეს გარშემო.

სიზმარს რა ვუთხარი, თორემ რეალურ დროში ჭიქას რაღაც ქოხში, ხომ არ გავყვებოდი. თუ მაინც გავყვებოდი, ყიჟინაზე, მოვიდნენო, ხომ გული შემიქანდებოდა. ახლა კი, სიზმარში არც შემშინებია და არც გამკვირვებია, უფრო ცნობისმოყვარეობა მომეძალა და გარშემო მიმოვიხედე. ერთჯერადი ქაღალდის ჭიქები, ჩაის ერთჯერადი პაკეტები, პლასტმასის ბოთლები და კიდევ რა აღარ, ცნობისმოყვარედ მიყურებდნენ და წრიპინებდნენ:

  • ადამიანო, შენთვის საიდუმლო ბარათი გვაქვსო.

იქვე ჩამოვჯექი და გისმენთ-მეთქი, ამის თქმაღა მოვახერხე.

ბარათის კითხვა ქაღალდის ერთჯერადმა ჭიქამ დაიწყო.

  • ადამიანო, მე ერთჯერადი ჭიქა ვარ. თქვენმა მოდგმამ ჩემი თავი იმისთვის გამოიგონა, რომ სითხე დავიტიო და თქვენ ნელ-ნელა სიამოვნებით მიირთვათ. ქაღალდისგან ვარ დამზადებული. თუმცა, ჩემს უმეტეს და-ძმებს და ნათესავებს შიგნიდან პოლისტიროლის (PS) თხელი აფსკი გვაქვს გადაკრული. ის ჩვენთან მთელი ცხოვრება რჩება. ამ აფსკის გამო მეორად ქაღალდად ვეღარ გადაგვამუშავებენ და ამის გამო ვდარდობ ხოლმე.

შემდეგ ცხოვრებაში რვეული რომ ვყოფილიყავი, ხომ კარგი იქნებოდა. არადა, ადრე ხე ვიყავი, მზის ამოსვლას და ჩასვლას ვუყურებდი. ახლა კი მიწაში ვიქნები, რადგან ხელახალ გადამუშავებას აღარ ვექვემდებარები. სულ საძაგელი აფსკის გამო.

თავზე ქუდი მახურავს. ისიც პოლისტიროლისგან არის. როდესაც ქაფქაფა ყავას ან ჩაის მასხამენ და ქუდსაც მახურავენ, ცხელი ორთქლისგან ქუდი არასასურველ ნივთიერებებს გამოყოფს… არავინ მისმენს.

  • და მე? მე ვინმე მისმენს? – ოთახის შუა გულში ჩაის ერთჯერადი პაკეტი გადმოხტა.

ჩაის ერთჯერადი პაკეტი ვარ. მთლად ქაღალდისგან არ ვარ დამზადებული. პოლიპროპილენის ძაფები მაქვს დატანებული, მათი მეშვეობით ფორმას ვინარჩუნებ და ცხელ წყალში არ ვიშლები. ქაღალდი ჩემში 65%-ია. ფილტრის ქაღალდში შედის თერმოპლასტიკური ბოჭკო. თავად ქაღალდს კი ქლორით ათეთრებენ. მეორადად არ გადავმუშავდები.

ბრიტანელები დღეში 165 მილიონ ფინჯან ყავას სვამენ. მათი 90% ჩაის ერთჯერად პაკეტს იყენებს. წელიწადში მხოლოდ ჩემგან გარემოში 150 ტონა პოლიპროპილენი გროვდება. რა უცნაურები ხართ, გეზარებათ ჩაის დაყენება? დასაყენებელი ჩაი ხომ ეკოლოგიურად უფრო სუფთაა?

სხვათა შორის, 1904 წელს ვაჭარმა თომას სალივანმა ჩაისთვის აბრეშუმის პაკეტების გამოყენება დაიწყო. ნიუ-იორკში რესტორნებმა იდეა აიტაცეს და ასეთ პაკეტებს ხშირად ნახავდით. 1929 წელს კი ადოლფ რამბოლდის მარლის პაკეტები გამოჩნდა. თუმცა, ზოგიერთი პაკეტი საკვები ნაილონისგან და პოლიეთილ ტერეფტალატისგანაა დამზადებული. შიგნით ძველი ან გადამუშავებისგან მორჩენილი ჩაის მტვერი მაქვს. უმეტესად არომატიზატორებსაც შევიცავ. ჩაის ფოთლებს ხშირად არ რეცხავენ, ამიტომ შესაძლოა ეპიქლორჰიდრინპესტიციდიც დამრჩეს შიგნით. ადამიანის იმუნიტეტს ემტერება.

– მორჩი ახლა, – უხეშად გასწია ჩაის პაკეტი პლასტმასის ბოთლმა. ისე მკაცრად იქცეოდა, ვიფიქრე, მეც გარეთ გამიძახებს-მეთქი.

– მე პლასტმასის ბოთლი ვარ და არავის უყვარვარ. არადა, ლამაზი ვარ, გამჭვირვალე, მოსახერხებელი და არ ვიმტვრევი. პლასტმასის ბოთლებს 1947 წლიდან იყენებენ, თუმცა მასიურად წარმოება პოლიეთილენიდან 1960 წელს დაიწყეს. 1970 წელს კი პოლიეთილენტერეფტალატისგან (PET 01) განაგრძეს, სიცოცხლის ხანგრძლივობა 500 წელია.

პლანეტის დაბინძურების პრობლემა ბოთლების რაოდენობაშია.

ერთ წუთში ერთი მილიონი პლასტმასის ბოთლი იყიდება. ანუ, ყოველ წამს ადამიანები 20 000 ჩემნაირს ყიდულობენ. 2016 წელს გაიყიდა 480 მილიარდი ბოთლი, 2018 – კი 520 მილიარდი.

სახურავი პოლიეთილენის მაქვს. წესით, მე ბოთლისგან ცალკე უნდა ჩამაბარონ.

ერთხელ უნდა გამომიყენოთ და გადასამუშავებლად მიაბაროთ ჩემი თავი. ან, რაიმე მხატვრული მიზნებისთვის გამომიყენოთ. ადამიანები ან ნაგავზე მოგვისვრიან ან გვწვავენ. საწყენია…

თუ ღია წყლებში მოვხვდებით, იქ თევზებს და სხვა ცხოველებს დავაზიანებთ. არ გადაგვყაროთ წყალში!

  • ახლა ჩემი რიგია, მეც მაცადეთ. ნათურა ვარ. მეგობრებიც მყავს, ჰალოგენის და დიოდური. ბევრ ელექტროენერგიას მოვიხმარ და ჩემი გამოყენების დროც ამ საუკუნეში ნელ-ნელა იწურება, ასე ვფიქრობ. იმ კუთხეს, რომ ანათებს, ჰალოგენის ნათურაა, მავნე მეტალები არ აქვს. იოდი აქვს. ორივენი ვცდილობთ, დიდხანს გემსახუროთ. თუმცა… ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ამ დროს საუბარში მესამე ნათურა ჩაერთო. მე ელექტროენერგიას ეკონომიურად მოვიხმარ, ფლუორესცენტური ნათურა ვარ. თუმცა, გარემოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ, რადგან ჩემს ლუმინოფორში მერკური (ვერცხლისწყალი) შედის. ჩემი გადაგდება არ შეიძლება, სპეციალურ პუნქტში უნდა ჩამაბაროთ (თუ არის თქვენს ქალაქში ასეთი).

კიდევ ერთი მეგობარი გვყავს, დიოდური ნათურა. ეკოლოგიურად ყველაზე სუფთად ვითვლები. თუმცა, ნაგავსაყრელზე გადაყრილი ჩემი ნაწილები, ეკოლოგიურ ბალანსს მაინც არღვევს.

ამასობაში ვიგრძენი, რომ „ღრმა ძილის“ ფაზა ჯერ „ზომიერად ღრმა ძილში“ გადამივიდა, შემდეგ კი „მსუბუქ“ ფაზაში. ამ ფაზიდან კი ხუთიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ თვალები გავახილე.

გავიღვიძე.

სანამ ბოლომდე გამოვფხიზლდებოდი, სიზმრისიქეთა ქვეყნის მეგობრები მომძახოდნენ, კიდევ გვაქვს საიდუმლო ბარათებიო. მგონი, „მსუბუქ“ ფაზაში გადასვლამდე, კვლავ დაბრუნებასაც დავპირდი. ვნახოთ…

ახლა კი, სანამ დეტალები მახსოვს, სასწრაფოდ მათი ნაამბობი უნდა ჩავიწერო, რომ თქვენ, პლანეტა დედამიწაზე დასახლებულ ადამიანებს გადმოგცეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფერის, მუსიკისა და სიტყვის იდუმალი თანაზიარობა

0

ყოველ დროსა და ვითარებაში ხელოვანი ფერის, მუსიკისა და სიტყვის იდუმალი თანაზიარობით, თავისუფალი ნებით ქმნის სამყაროს, რომლის ინტერპრეტაციას მსმენელს, მაყურებელსა თუ მკითხველს მიანდობს. თუმცა ხანდახან ხელოვანნი, მწერლები, მუსიკოსები, ფერმწერნი და სხვანი ისეთ წიგნებს წერენ, რომლებიც მკითხველს ხელოვნების ლაბირინთებში მიუძღვებიან და იმგვარ ცოდნასა თუ გამოცდილებას აზიარებენ, რომელიც სხვა გზითა და საშუალებით, იმავე ინტენსივობითა და სიღრმით, შეუძლებელია მოიპოვო. ერთი ასეთი წიგნია ვასილი კანდინსკის „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“ (თარგმნა ლევან ღამბაშიძემ). რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი – ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვასილი კანდინსკი, მეოცე საუკუნის გამორჩეული ხელოვანი, ავანგარდისტი, აბსტრაქციონისტული მხატვრობის ფუძემდებელი, ფერებისა და ფორმების გამოსახვის ექსპერიმენტატორი. მისი ნამუშევრები წარმოაჩენს ადამიანის სწრაფვას შემეცნებისკენ რაციონალური ხაზების, ფორმების, ფერებისა და ირაციონალური შეგრძნებების გზით. მისი თამამი ექსპერიმენტები ხელოვნებაში აოცებს მნახველს, რადგან სამყაროსეულ თუ ადამიანურ საიდუმლოებათა ამოცნობისკენ უბიძგებს. მისი აზრით, ხელოვანი ადამიანის სულს, „კლავიშებიან პიანინოს“, ფერისა და ფორმის საშუალებით ათრთოლებს და უცნაურის დანახვისთვის „აღვიძებს“. კანდინსკის ეს წიგნი მკითხველს ფერთა საიდუმლო მნიშვნელობებს აზიარებს და აბსტრაქციონისტული ხელოვნების ერთგვარად ჩაკეტილი სივრცეების გასაღებს აპოვნინებს.

სიტყვა, როგორც სიმბოლისტები მოიაზრებენ, არა მხოლოდ აზრის, არამედ ფერის, მუსიკის, პლასტიკისა და სურნელის გამომხატველიცაა. ამავე დროს, ფერები, მელოდიები თუ სურნელებიც თავიანთ ენაზე „ლაპარაკობენ“. ამ თვალსაზრისით, მხატვართა ნააზრევი საინტერესო და საგულისხმოა. ვასილი კანდინსკი ამ წიგნში წარმოაჩენს, როგორია სულიერი ცხოვრება და რა გზით ვლინდება ის ყოფასა თუ ხელოვნებაში. ამ წიგნის ზემოქმედება იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს ესეს პარაფრაზირების სახე მიეცა. მთავარი მიზანი კი ისაა, მკითხველს მისი წაკითხვის სურვილი გაუჩინოს. წიგნი 1910 წელს დაიწერა, მაგრამ დღესაც აქტუალურია, რადგან ხელოვნების ნამდვილ არსსა და დანიშნულებაზეა.

კანდინსკის აზრით, ხელოვნების ყველა ნიმუში თავისი დროის პირმშოა. თუმცა, თუ მომავლის პოტენციას არ შეიცავს, თუ მხოლოდ დროის შვილია და ვერასდროს გახდება მომავლის დედა, მაშინ იგი „კასტრირებული ხელოვნებაა“. ესე იგი, მხოლოდ ექო და სარკე კი არ არის, არამედ გამომაფხიზლებელი და წინასწარმეტყველური ძალაც აქვს. ავტორი მაიმუნურ მიმბაძველობად მიიჩნევს იმას, როდესაც ვინმე, მაგალითად, პლასტიკაში ბერძნული პრინციპების გამოყენებას ცდილობს. ამგვარად შექმნილი ფორმა უსულო იქნება და ისეთივე უსაზრისო, როგორიც მაიმუნის მიერ წიგნის ფურცლების გადაშლა.

კანდინსკი მოდერნისტული ხელოვნების მთავარ კონცეფციას წარმოაჩენს, როდესაც მიიჩნევს, რომ ადამიანური სული ხანგრძლივი მატერიალისტური პერიოდის შემდეგ გამოღვიძების პროცესშია. ცივილიზაციის განვითარებამ, ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანს, ერთი მხრივ, ხორციელი ცხოვრება გაუადვილა, მეორე მხრივ კი სულიერი ყოფა დაუმძიმა და დაუცარიელა. მას „აწუხებს“ სასოწარკვეთილება, ურწმუნოება და უმიზნობა. მატერიალისტურ შეხედულებებს კანდინსკი მიიჩნევს კოშმარად, რომელმაც სამყაროს სიცოცხლე ბოროტ და უაზრო თამაშად აქცია. სული თითქოს გაბზარულია და ძლივსღა ბჟუტავს გაწყვდიადებულ რეალობაში. ხელოვნების ნამუშევრები კი სულს გაუხეშებისაგან იცავენ. იგი სვამს კითხვას: რისი თქმა სურს ხელოვანს? – და პასუხად კომპოზიტორისა და მწერლის, შუმანისა და ტოლსტოის პასუხებს მოიხმობს. შუმანის აზრით, „ხელოვანის მიზანი ადამიანის გულის წიაღში შუქის გაგზავნაა“, ხოლო ტოლსტოი ფიქრობს, რომ მხატვარს ყველაფრის დახატვა შეუძლია. კანდინსკის ტოლსტოის პასუხი უფრო მოსწონს, რადგან, როგორც წიგნის წაკითხვისას ვრწმუნდებით, ხელოვანს სულის დახატვაც შეუძლია. „მშიერი სულები უკან მშიერი ბრუნდებიან“ – ასე აფორისტულად გამოთქვამს იმ განცდას, რომელიც მაშინ ეუფლება, როცა უყურებს საგამოფენო დარბაზებიდან თუ მუზეუმებიდან გამოსულ ბრბოს, რომელიც ხელოვნებისგან ვერაფერს იღებს, რადგან ვერაფერს უგებს.

კანდინსკის აზრით, სულიერი ცხოვრება (რომლის ნაწილია ხელოვნება) მიიწევს წინ და მაღლა. ეს გზა დაბრკოლებებითაა სავსე. ამ სახიფათო, მტანჯველ გზაზე ჩნდებიან გამორჩეულნი, რომელთაც „წინ და მაღლა მიაქვთ ქვებში გაჩხერილი კაცობრიობის ურემი“. ავტორი სულიერი ცხოვრების ზუსტ სქემატურ გამოსახულებად მიიჩნევს სამკუთხედს, რომელიც ქვემოდან ზემოთ მიიწევს. „ყველაზე მაღალ წერტილზე, წვერზე, ხშირად მხოლოდ ერთი ადამიანი დგას ხოლმე“. მისი არ ესმით და ამიტომ გიჟად ნათლავენ, როგორც თავის დროზე გალანძღეს ბეთჰოვენი. კანდინსკი განყოფილებებად წარმოიდგენს სამკუთხედს, რომლის ქვედა ნაწილები ფართოა. ყველა განყოფილებაში შეიძლება იყოს ხელოვანი და რაც უფრო ქვემოთაა, მით მეტი გამგები ეყოლება. ხოლო ის, ვისაც საკუთარი განყოფილების მიღმა ცქერა და ზემოთ სწრაფვა შეუძლია, კანდინსკისთვის კაცობრიობის სულიერი ცხოვრების მამოძრავებელია. იგი იმოწმებს სენკევიჩის გამონათქვამს, რომელმაც სულიერი ცხოვრება ცურვას შეადარა: ის, ვინც დაუღალავად არ შრომობს და და გამუდმებით არ ებრძვის ჩაძირვას, აუცილებლად ფსკერისკენ წავა. ასეთ ადამიანს ნიჭი წყევლად ექცევა. ამ ფრაზამ ქართველი სიმბოლისტის სანდრო ცირეკიძის აზრი გაგვახსენა, რომელიც წერდა, რომ „კულტურა კონუსით შენდება: მეტი მაღალი მეტი ვიწროა და მწვერვალებზე დგომა შეუძლიათ მარტო ერთეულებს… მწვერვალებმა იცის სიცივე მარტოობის.., მსმენელები მრავლადაა კონუსის დაბლა ფენებში. მსმენელები ჯოგად მიჰყვებიან ეპიგონებს უკვე მიღწეულ სიმაღლეზე. კონუსი წვრილდება და ვიწროვდება რკალი მკითხველების… ოსტატ გენიოსს სჭირდება მკითხველი გენიოსი, რომელიც მისი თანაბარი იქნება ხედვის და სმენის დაწვრილებით. პოეტს გენიოსს უნდა შეხვდეს მკითხველი გენიოსი, რომლის თვალები გაუძლებს ქვეყნის ახალი გვერდით დანახვას“ („პოეტი და მკითხველი“, 1922 წ.).

კანდინსკის აზრით, ხელოვანს ქვემოთ ექაჩება დაბალი მოთხოვნილებანი, ამიტომ ხშირად ცვივიან ზემოდან ქვემოთ. ამ დროს სულიერი სამყაროც ეცემა და „სამკუთხედი“ ქვავდება. ასეთ დროს მატერიალური საზრუნავები, ტექნიკური პროგრესი ყველაფერს შთანთქავს, „უფრო და უფრო ისადგურებს სულიერი ღამე“. ამ დროს ხელოვნება მხოლოდ მატერიალურ მიზნებს ემსახურება. ხელოვნებას თითქოს სული ეცლება. ძიება გარეგნული და წარმატებაზე ორიენტირებული ხდება. კანდნისკი ამას დაბრმავებად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ სულიერი ცხოვრების სამკუთხედი ნელა და შეუჩნევლად, მაგრამ მაინც განაგრძობს მოძრაობას. აქ იგი აზრის სიცხადისა და თვალსაჩინოებისთვის ბიბლიურ მაგალითს მოიხმობს: „უხილავი მოსე ჩამოდის მთიდან, ხედავს ოქროს ხბოს გარშემო მოცეკვავე ხალხს, მაგრამ მაინც მოაქვს ადამიანებისთვის ახალი სიბრძნე“. ხელოვანს ესმის წინასწარმეტყველის ხმა და მიჰყვება მას. ის შეუქმნის გამოღვიძებულთ სულიერ საზრდოს. სამკუთხედის ზედა განყოფილებაში არიან თავისუფლად მოაზროვნენი, ფილოსოფოსები, მწერლები, მეცნიერები, მათ შორის – ნიცშესეული დაცარიელებული ცისა და მკვდარი ღმერთის მიღმა დარჩენილნი, მაგალითად, ვიხროვი, რომელმაც გამოაცხადა, რომ უამრავი გვამი გაკვეთა, მაგრამ სული ვერსად იპოვა, პოზიტივისტები, რომლებიც მხოლოდ იმას აღიარებენ, რაც იზომება და იწონება. მაგრამ აქ ქაოსი და დაბნეულობა იმძლავრებს, რადგან გუშინდელი სიბრძნე და აღმოჩენა ხვალ ახლით გადაილახება და უარიყოფება. ირყევა რელიგიის, მეცნიერებისა და მორალის საყრდენები, ამიტომ უფრო მეტად ჩნდება წყურვილი მატერიალურის მიღმა გახედვისა. სულიერი შემობრუნება უპირველესად ლიტერატურაში, მუსიკასა და ფერწერაში ხდება. კანდინსკი ასეთ მწერლად მეტერლინკს მიიჩნევს, რომელიც ზეგრძნობად სამყაროში შეუძღვა მკითხველს. მისი აზრით, თუ სიტყვას მრავალგზის გაიმეორებ, მნიშვნელობას დაკარგავს და წმინდა ჟღერადობად იქცევა, გაშიშვლდება. ეს ხმა ზეგრძნობადია და სულის შერხევა შეუძლია. ამგვარი სიტყვის შინაგანი მნიშვნელობის აღმოჩენით ხელოვანი სულთან საუბარს ახერხებს. კანდინსკის ასეთ მუსიკოსებად მიაჩნია ვაგნერი, რომლის მუსიკაც „სულიერად ასხივებს“, დებიუსი, რომელიც სულიერ სურათებს გადმოშლის. კანდინსკი მსჯელობს სულიერ მშვენიერებაზე, რომელიც გარეგან სილამაზეს დახარბებულ მზერას შეიძლება სიმახინჯედაც მოეჩვენოს. შეჩვეული მშვენიერების უარმყოფელად ის მიჩნევს არნოლდ შონბერგს, რომელმაც „აღმოაჩინა ახალი მშვენიერების ოქროს მაღარო“. შონბერგი თავისი მუსიკით წმინდა სულისმიერ განცდებს წარმოაჩენს, ამიტომ ეს მომავლის მუსიკაა. გამოჩნდნენ მხატვრებიც, რომლებიც გარეგანში შინაგანის მაძიებლები არიან, მაგალითად, სეზანი: „მას შეეძლო ჩაის ჭიქისგან სულიერი არსება შეექმნა“. მის ნატურმორტებში მკვდარი საგნები შინაგანად ცოცხლდებიან. ის საგნებს ადამიანებივით ეპყრობა, თავის ნახატებში ვაშლისა თუ ადამიანის, ფერისა და ფორმის გამოსახვის საშუალებით ის ღვთაებრივის გადმოცემას ცდილობს. ავტორი პიკასოსაც მოიხმობს, რომელმაც კუბისტურ ნახატებში მატერიალური ფორმები დაანაწევრა და მათი მოჩვენებითობა გამოსახა. კანდინსკი სოკრატესეულ საკუთარი თავის შეცნობას ხელოვნების მიზნად წარმოაჩენს, რომელსაც ახალი ხელოვნება მიჰყვება. ის მუსიკისგან იღებს შინაგანი სამყაროს გადმოცემის საშუალებებს. ყოველგვარი ექსპერიმენტი კი იმას ემსახურება, რომ „პირამიდის წვერი ზეცას მისწვდეს“. ადამიანი იზრდება, შეიმეცნებს და მის თვალში სამყარო ხიბლს კარგავს.

ავტორი ფერების ზემოქმედებაზე მსჯელობს და სხვადასხვა ფერის ძალას გამოკვეთს. იგი მუსიკასა და სურნელთან ფერის კავშირს წარმოაჩენს. ფერი სულზე პირდაპირ მოქმედებს. „ფერი კლავიშია, თვალი – ჩაქუჩი, სული კი – პიანინო მრავალი სიმით“. იგი ხელოვანის სამ მნიშვნელოვან უნარს უსვამს ხაზს: 1. ინდივიდუალურობას; 2. ეპოქის სულის წარმოჩენას; 3. ზოგადის გამოხატვას (ხელოვნების წმინდა და მუდმივი ელემენტისა, რომელიც ყველ ადამიანს, ხალხს, სივრცესა და დროს მსჭვალავს). ამიტომ არის ასეთი ცოცხალი ინდიელთა უძველეს ტაძარზე გამოსახული ელემენტი, რადგან სულიერებით არის გამსჭვალული. რაც უფრო გადაწონის ხელოვნებაში ეს ზოგადი, ესე იგი, სულიერი, მით უფრო დიდებულია ის და უკვდავი. თუმცა ხელოვნების ამგვარ ნიმუშთა გაგება თანამედროვეებს უფრო უძნელდებათ. მისი აზრით, ხელოვანი ბრმა და ყრუ უნდა იყოს დროის მოთხოვნების მიმართ. ის შინაგან სამყაროს უნდა ჩაუღრმავდეს და მიჰყვეს სულით ნაკარნახევ კანონებს.

კანდინსკის მსჯელობა აბსტრაქტული ხელოვნების სიღრმეებისკენ მიუძღვება მკითხველს. მისი აზრით, ფერის სითბო და სიცივე, ზოგადად, ყვითლისკენ ან ლურჯისკენ მიდრეკილებაა. თბილი მაყურებლისკენ მოძრაობს, ცივი კი შორდება. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ლურჯი ფერის ჩაღრმავებისაკენ მიდრეკილებაზე. „რაც უფრო მუქდება ლურჯი, მით უფრო მოუწოდებს ადამიანს უსასრულობისაკენ, აღვიძებს მასში სწრაფვას ამაღლებულისა და ზეგრძნობადისკენ. ეს არის ზეცის ფერი, როგორსაც სიტყვა „ზეცის“ ჟღერადობის გაგონებისას წარმოვიდგენთ. ბუნებრივად გვახსენდება ნიკოლოზ ბარათაშვილის გატაცება ლურჯი ფერით, მასში დანთქმის წყურვილი, რომელსაც ის ლექსში „ცისა ფერს“ ამჟღავნებს. ამ ფერს უწოდებს პოეტი „პირველად ქმნილ ფერს“, არაამქვეყნიურს, რომელსაც ეტრფის და ყველაფერს შესწირავს, სიცოცხლესაც კი. ლურჯი შავისკენ გადახრისას არაადამიანური სევდის ელფერს იღებს, ხოლო ნათლისკენ გადახრისას ადამიანს შორდება, გულგრილი და ინდიფერენტული ხდება. კანდინსკი ყურადღებას ამახვილებს მწვანეზე, რომელიც ყვითლისა და ლურჯის შერევით მიიღება. „აბსოლუტური მწვანე არის ყველაზე მშვიდი ფერი: იგი არსაითკენ არ მოძრაობს და სიხარულის, სევდის, გრძნობის არანაირი თანხმოვანება არ აქვს, იგი არაფერს მოითხოვს, არსაით გეძახის. მოძრაობის ეს მუდმივი არარსებობა დაღლილ ადამიანებზე კარგად მოქმედებს“, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მოსაწყენი ხდება. მისი აზრით, ყვითლად დახატული სულიერ სითბოს ასხივებს, ლურჯი გამაგრილებლად მოქმედებს, მწვანე პასიურია. კანდინსკი მწვანე ფერს თვითკმაყოფილ ბურჟუას ადარებს, თეთრს – შესაძლებლობებით სავსე დუმილს, არარას, დაბადებამდე არსებულს, ხოლო შავს აღიქვამს, როგორც ყოველგვარ შესაძლებლობას მოკლებულ არარას, უიმედო მარადიულ დუმილს. თეთრისა და შავის ნარევი, ნაცრისფერი, უხმო და უმოძრაოა. წითელი უზარმაზარი ძალის შთაბეჭდილებას ტოვებს. გვაგონებს ჩელოს ვნებიან დაბალი და მაღალი ტონების ელემენტებს. იისფერი გაგრილებული წითელია, ჩამქრალი, მოწყენილი. მისი აზრით, ფერთა ტონები, ისევე როგორც მუსიკისა, სულის უფრო დახვეწილ ვიბრაციას იწვევს, რომლის გადმოცემაც ენით შეუძლებელია.

კანდინსკი საუბრობს სულიერ ატმოსფეროზე, რომელსაც გამოხატული თუ გამოუხატავი ფიქრები, განცდები ქმნიან. ის სულიერ არსებებად მიიჩნევს სიძულვილს, ძალადობას და ამ რიგის მოვლენებს, რომლებსაც სიყვარული, სამართლიანობა მიკრობებივით ანადგურებენ და ჰაერს ასუფთავებენ.

ადამიანი დიდი სიამოვნებით არ მიდის სიღრმისკენ, იგი ზედაპირზე ყოფნას ამჯობინებს, რადგან ეს ნაკლებ გარჯას მოითხოვს. ხელოვნების ნიმუშმა არ უნდა აღძრას ადამიანის გარეგანი ინტერესები. სწორედ ეს არის დამახასიათებელი აბსტრაქტული ხელოვნებისთვის. ის საიდუმლოს შესაცნობად აღძრავს ადამიანს. ყოველგვარი ჟღერადობა და ფერადოვნება მშვენიერია, თუ იგი შინაგანი აუცილებლობიდან მომდინარეობს. მისი აზრით, ნამდვილი ხელოვნება სულს უშუალოდ მისთვის დამახასიათებელი ფორმით ესაუბრება. ხელოვანს უნდა ჰქონდეს სათქმელი, მას უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრებაში კი არა, მხოლოდ ხელოვნებაშია თავისუფალი. მისი აზრით, ხელოვანი სხვებთან შედარებით სამმაგად პასუხისმგებელია: 1. მან ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს მისთვის ბოძებული ტალანტი; 2. მისი ქმედებები, აზრები ქმნიან სულიერ ატმოსფეროს (ან აბინძურებენ, ან წმენდენ მას); 3. მისი ქმედებები, აზრები, გრძნობები მისი ქმნილებების მასალაა. მისი ქმნილებებიც მონაწილეობენ სულიერი ატმოსფეროს შექმნაში. მისი აზრით, „მშვენიერია ის, რაც შინაგანი აუცილებლობიდან გამომდინარეობს. მშვენიერია ის, რაც შინაგანად მშვენიერია“. იგი ისევ მეტერლინკის გამონათქვამს მოიხმობს იმის თაობაზე, რომ სული ესწრაფვის მშვენიერებას. ნამდვილი ხელოვნება სულიერ სამყაროს განამტკიცებს. ამგვარად, კანდინსკი მკითხველს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ფერი, მუსიკა და სიტყვა იდუმალ თანაზიარობაში სულის უკიდეგანო სივრცეებისკენ მიგვიძღვიან, რათა, როგორც ბარათაშვილი იტყვის, ადამიანმა შეძლოს ამაოების დაძლევა და, გალაკტიონის ლურჯა ცხენების დარად, მოიხილოს უხილავი სამყაროები. კანდინსკის ცნობილი ტილო „ლურჯი მხედარი“ კი თვითონ ავტორის და ყველა რჩეული ხელოვანის სიმბოლოა, დაუძლეველი სწრაფვით ბედისწერის საზღვრების გადალახვისკენ. ამ თვალსაზრისით, მრავალმხრივ საგულისხმოა რევაზ სირაძის წერილი „გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“ და კანდინსკის „ლურჯი მხედარი“ (ინტერტექსტუალური წაკითხვისთვის), რომელშიც შესანიშნავადაა წარმოჩენილი ამ ორ შედევრის ესთეტიკური ნათესაობა.

როგორ დავწეროთ სასკოლო პროექტი

0

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინტერაქტიული მეთოდია, რომელიც მრავალმხრივ სამუშაოში მოსწავლეთა მაღალ თანამშრომლობით ჩართულობას მოითხოვს. პროექტული სწავლების გზით მოსწავლეებს შეუძლიათ კვლევითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. ამას გარდა, მოზარდებს ეძლევათ საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობაც.

როგორც წესი, პროექტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მოსწავლეებს მიზნის მისაღწევად სამუშაო პროცესის დეტალურად დაგეგმვა, საჭირო ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, მოკვლევა, პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება და ჩატარებული სამუშაოს შედეგად მიღწეული შედეგების პრეზენტირება უწევთ. სასკოლო პროექტი კეთებით სწავლების შესანიშნავი საშუალებაა და მას  პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიზნის მისაღწევად ან რაიმე ინიციატივის დანერგვისთვის იყენებენ. პროექტული სწავლების მეთოდის მთავარ პლიუსად დაგეგმვის პროცესში პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მრავალმხრივი უნარების განვითარება მიიჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა გუნდური სამუშაო უფროა, მისი შესრულება ინდივიდუალურადაცაა შესაძლებელი, თუმცა ეს არ გამორიცხავს მიზნობრივი კომუნიკაციის (პროექტის ფასილიტატორთან თანამშრომლობა, მოკვლევის პროცესში ექპერტებთან გასაუბრება და სხვ.) საჭიროებას. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, ხშირად პროექტში რამდენიმე დისციპლინა ერთვება და ინტეგრირებულ სამუშაო პროცესს წარმართავს.

სასკოლო პროექტი რამდენიმე გზით შეიძლება განხორციელდეს. საწყის ეტაპზე, სანამ მოსწავლეები აღნიშნული მეთოდს შეეჩვევიან, სასურველია, პროექტი მასწავლებლის მიერ დაიგეგმოს, ანუ მან განსაზღვროს პრობლემა, დასახოს გადაჭრის გზები, დაგეგმოს პრობლემის აღმოფხვრისკენ მიმართული ნაბიჯები და ა.შ. შემდეგ ჯერზე მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებიც ჩართოს დაგეგმვის პროცესში და მისცეს მათ პრობლემის შერჩევის ან გადაჭრის გზების დასახვის საშუალება. პროექტული სწავლების მთავარ მიზანს კი მოსწავლის დამოუკიდებლად ქმედება წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდმა ან ჯგუფმა თავად უნდა განსაზღვროს პრობლემა, აირჩიოს მიზნის მიღწევისთვის შესაფერისი მეთოდი და დასახოს პრობლემის გადაჭრის გზები. თუმცა, სანამ ამ ყველაფერს მოსწავლეებს გავაკეთებინებთ, სასურველია, ჯერ თავად გავერკვეთ პროექტის წერასთან დაკავშირებულ ნიუანსებში. ამას გარდა, პერიოდულად მასწავლებლებსაც ევალებათ საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობა, რაც მათი მხრიდან მიზნის შესაბამის პროფესიულ მზაობას მოითხოვს.

აქვე გაგაცნობთ პროექტის ზოგად სტრუქტურას და ნიმუშად ჩემ მიერ შედგენილ სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებულ პროექტს (ადაპტირებული ვერსია) წარმოგიდგენთ.

საგანმანათლებლო პროექტის სტრუქტურა ასე გამოიყურება:

  • ნაშრომის თავფურცელი
  • ინფორმაცია პროექტის ავტორ(ებ)ის და შემსრულებლ(ებ)ის შესახებ
  • აბსტრაქტი
  • შესავალი
  • პროექტის (დაგეგმილი აქტივობების) აღწერა
  • პროექტის შესრულების განრიგი
  • ბიუჯეტი და საჭირო რესურსების ჩამონათვალი
  • მოსალოდნელი შედეგები
  • მონიტორინგი და შეფასება

შენიშვნა: ზემოაღნიშნული თავები შეიძლება ჩაიშალოს ქვეთავებად ან გამოისახოს ამავე შინაარსთან დაკავშირებული სხვა ტერმინებით.

პროექტს თვალსაჩინოების სახით დაერთვის შემდეგი დოკუმენტები: კვლევის და/ან სასწავლო ინსტრუმენტები (კითხვარი, დაკვირვების ფორმა, რეფლექსია და ა.შ.), ცხრილები, თემატური ფოტო-ვიდეო მასალა და სხვ. დანართში განთავსებული მასალები პროექტს გაცილებით მიმზიდველს და დამაჯერებელს ხდის.

სანამ პროექტის დაგეგმვას დაიწყებთ, სასურველია, შეისწავლოთ იმ სკოლის ზოგადი მდგომარეობა, სადაც სასკოლო პროექტის განხორციელებას აპირებთ. ე.წ. პროფილის ანალიზისთვის კითხვარის შედგენა დაგჭირდებათ. მასში შეგიძლიათ შეიტანოთ პროექტთან დაკავშირებული საკითხები. პასუხების გაანალიზების შედეგად გამოკვეთთ სკოლის დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც თქვენ მიერ დასმული პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.

სასკოლო პროექტი ,,განათლების  ხარისხის  გაუმჯობესება სსიპ ქალაქ თბილისის N საჯარო სკოლაში“

პროექტის კოორდინატორი: თამთა დოლიძე

შენიშვნა:  პროექტს ერთვის საკონტაქტო ინფორმაცია პროექტის ავტორისა და სკოლის შესახებ. აქვე მითითებულია პროექტის დაწყების და დასრულების თარიღი.

პროექტის მიზანი

მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა

პროექტის ამოცანები

  • მასწავლებლების სატრენინგო პროგრამებში ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ჩართვა;
  • საგნობრივი კათედრების გააქტიურება;
  • კათედრებისა და ადმინისტრაციის ურთიეთთანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • გამოცდილების გაზიარების სისტემატიზება;
  • ადმინისტრაციის მხრიდან პედაგოგთა წახალისების ფორმების შემოღება.

 

შესავალი

2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მასწავლებელთა შეფასებისა და განვითარების სქემაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანეს. აქამდე მასწავლებელთა კვალიფიკაცია საგნობრივი და პროფესიული გამოცდებით და კრედიტქულების სისტემით იზომებოდა. სქემის ტრანსფორმაციის პროცესში მასწავლებლებს დასჭირდებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, რათა მათ დროულად მიეწოდოთ ვალიდური ინფორმაცია სქემასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. არსებობს იმის საშიშროება, რომ ძველ მოთხოვნებს მორგებული მასწავლებლები, რომლებიც გარკვეული სარგებლის მოლოდინში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ აქტივობებში, დაკარგავენ პროფესიული განვითარების სურვილს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სკოლამ პედაგოგების მხარდასაჭერად და გასააქტიურებლად გარკვეული ღონისძიებები თავადაც უნდა დაგეგმოს.

სსიპ ქალაქ თბილისის N საჯარო სკოლის პედაგოგთა 47% (9 პედაგოგი 19-დან) სერტიფიცირებულია. როგორც ჩანს, დარჩენილი 53% აქამდე არ დაინტერესებულა პროფესიული განვითარებით და კარიერული ზრდით. ამიტომ, ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტი ზემოაღნიშნული სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარებისადმი დამოკიდებულების შეცვლაზე იქნება ორიენტირებული.

ჩემი აზრით, აუცილებელია მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარებასთან დაკავშირებული ვალიდური ინფორმაციის სისტემატურად მიწოდება, რასაც პერიოდული საინფორმაციო შეხვედრებით უზრუნველვყოფთ. ამას გარდა, საჭიროდ მიმაჩნია სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის განვითარება, რადგან სკოლა გუნდური მუშაობის პრინციპზე აგებული ორგანიზაციაა, თან მუდმივად იცვლება და ორიენტირებს დროში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურ შედეგს მხოლოდ კოორდინირებული მუშაობის შედეგად მივაღწევთ.

 

მიზნის მიღწევისთვის საჭირო აქტივობები

შენიშვნა: ნიმუშად წარმოგიდგენთ პროექტის ამოცანებს მორგებული აქტივობებიდან (მასწავლებლების სატრენინგო პროგრამებში ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ჩართვა, კათედრების მუშაობის გააქტიურება, სკოლის განვითარების გუნდის შექმნა, დამატებითი გაკვეთილების გრაფიკის შემოღება, სკოლის განვითარების ფონდის შექმნა)  ერთ-ერთის აღწერას.

  • სკოლის განვითარების გუნდის შექმნა

საგნობრივ კათედრებზე სამუშაო პროცესების გააქტიურების პარალელურად, მათი ხელმძღვანელებისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანიც კათედრათაშორისი კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება იქნება. ამას გარდა, სკოლის განვითარების გუნდს დაევალება სკოლის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო სიახლეების კათედრებზე დროულად გავრცელება. სკოლის განვითარების გუნდის წევრები შეიკრიბებიან ორ კვირაში ერთხელ (მინიმუმ 18 შეხვედრა წელიწადში) შეხვედრებს დაესწრებიან კათედრების წარმომადგენლები და ადმინისტრაციის წევრები. მათ საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ სკოლის დირექტორის მოწვევა. სკოლის განვითარების გუნდის მიზანია თანამშრომლობის გზით საგანმანათლებლო სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა (ინტეგრირებული გაკვეთილები, სასკოლო პროექტები, არაფორმალური აქტივობები და სხვ.), ადმინისტრაციისთვის კათედრებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხების გაზიარება და აკადემიური/ფინანსური პრობლემების გადაჭრა. სკოლის განვითარების გუნდის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება შეეძლებათ, როგორც კათედრის ხელმძღვანელებს, ასევე სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას.

 

პროექტის შედეგების შეფასება

ადმინისტრაციამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები შეიძლება სხვადასხვა გზით შეაფასოს. სკოლის განვითარების გუნდის შეხვედრებზე იგი დააკვირდება მასწავლებელთა თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების დინამიკას და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული დამოკიდებულების ცვლილებას. ამას გარდა, ადმინისტრაცია ჯგუფების მუშაობაზე დაკვირვების და ანონიმური კითხვარის დახმარებით გამოიკვლევს მასწავლებელთა დამოკიდებულებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების მიმართ. მიღწეული შედეგების პრეზენტირების მიზნით, სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის დასასრულს სკოლის განვითარების გუნდი მოამზადებს პრეზენტაციას, სადაც დეტალურად მიმოიხილავს პროექტების განხორციელების ეტაპებსა და მიღწეულ შედეგებს. შეხვედრებზე სიტყვით გამოსვლის და საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირების საშუალება ექნება ყველა მსურველს. აღნიშნულ შეხვედრებზე მასწავლებლებს ადმინისტრაცია ე.წ. ფურშეტით გაუმასპინძლდება.

 

პროექტის კალენდარული გეგმა

 

ფინანსური რესურსი

ზემოაღნიშნული აქტივობებისთვის აუცილებელი იქნება შემდეგი ფინანსური ხარჯების გათვალისწინება:

  • კათედრების მუშაობის გააქტიურება

კათედრებზე აქტიურად მუშაობისთვის მასწავლებლებს დაერიცხებათ ყოველთვიური სახელფასო დანამატი, თვეში 100 ლარის ოდენობით (ჯამში 22 800 ლარი 19 მასწავლებელზე).

  • სკოლის განვითარების ფონდის შექმნა

ფონდის პირველი წლის ბიუჯეტი შეადგენს 10 000 ლარს, რომელიც თანაბრად გადანაწილდება საგნობრივ კათედრებზე.

  • შედეგების შეფასება

სასწავლო წლის განმავლობაში გაიმართება ორი შემაჯამებელი შეხვედრა. თითოეული შეხვედრისთვის გათვალისწინებული ხარჯი შეადგენს 300 ლარს (ჯამში 600 ლარი).

პროექტში გაწერილი აქტივობების ერთობლივი ხარჯები შეადგენს 33 400 ლარს.

 

მოსალოდნელი შედეგები

  • სასკოლო სივრცეში პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობითი გარემოს შექმნა;
  • საგანმანათლებლო ტრენინგებისადმი დამოკიდებულების შეცვლა;
  • სასწავლო პროცესის ინოვაციური მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრება;
  • საგნობრივი კათედრების მუშაობის გააქტიურება;
  • განათლების ხარისხის გაუმჯობესება;
  • მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

გამოგდის, ხო იცი!

0

რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად გვესმის ამ ქვეყნიდან წასული ადამიანების შესახებ: „აღიარებას ვერ მოესწრო“, „დაფასება არ ეღირსაო“. ეს სიტყვები უკვე ისეთი ბუნებრივი გახდა, რომ საგაზეთო ნეკროლოგი, თოქშოუ და ფეისბუკ სტატუსები ამის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია. დანამდვილებით არ ვიცი, ამას რა იწვევს – ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, სადაც ერთმანეთისთვის დრო არ გვრჩება თუ მიცვალებულებისადმი ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: დღითიდღე იზრდება დაუფასებელი ადამიანების რიცხვი.

მაინც რას გულისხმობს ეს დაფასება? რა ისეთი მიუღწეველი რამ მწვერვალია, დიდ-პატარა რომ ვაწყდებით გაუთავებლად და წარუმატებლად, არაფერს ვიშურებთ – გულს, სულს, ხელ-ფეხს, ნერვებს, არც სხვებს ვზოგავთ და საკუთარი თავიც გადადებული გვაქვს, რომ ერთხელაც, როცა იქნება, ვეწიოთ როგორმე.

რას არ ვხარჯავთ ამისთვის – მატერიალურ სიკეთეს, ძალისხმევას, ჯანმრთელობას, ნებისყოფას, მაგრამ საკმარისია ეს, დაფასებული რომ გერქვას? თუ შენც იმავე ადამიანების რიცხვში იქნები, ვისზეც ახლობლები, მეგობრები თუ სულაც უცნობი ხალხი დანანებით იტყვის, აღიარებას ვერ მოესწრო, დაუფასებელი წავიდაო.

ბოლოს და ბოლოს, იქნებ გვითხრას ვინმემ, რა ღირს დაფასება?

ბობ დილანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ქრონიკები“ ერთ ამბავს იხსენებს. მაშინ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მშობლიურ ქალაქ დულუთში უკრავდა თურმე. ვეტერანების ერთი მემორიალური შენობა ყოფილა, სადაც ყველა დიდი შოუ ეწყობოდა – ფერმერების შოუები, ჰოკეის თამაშები, საცირკო სანახაობები, კრივი, ქანთრისა და ვესტერნული დღესასწაულები. წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ კი საქვეყნოდ ცნობილ გორჯას ჯორჯს მთელი თავისი პერფორმერების დასი ჩამოჰყავდა ქალაქში: გოლიათი, ვამპირი, საჰაერო გიმნასტი, ძვლების მტვრეველი, კუდიანი, ჯუჯა მოჭიდავეები და კიდევ ვინ იცის ვინ აღარ.

ეს გორჯას ჯორჯი დღეს არავის გვეცნობა, თორემ მაშინ ეტყობა ძალზე დაფასებული ვინმე უნდა ყოფილიყო. „მე სახელდახელოდ აწყობილ სცენაზე ვუკრავდი, – გვიყვება ბობ დილანი, – შენობის ფოიეში, ჩემ ირგვლივ ხალხი საქმიანად მიდი-მოდიოდა, მაგრამ მე დიდად ყურადღებას არავინ მაქცევდა“.

ამ დროს, მოულოდნელად, კარი ხმაურით გაიღება და დარბაზში თვით გორჯას ჯორჯი შემოიჭრება გრიგალივით. კულისებიდან კი არ შემოსულა, პირდაპირ ფოიეში აღმოჩნდა, თურმე საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა იყო – ორმოც კაცს უდრიდა მთელი თავისი არაჩვეულებრივი სიდიადითა და სიცოცხლისუნარიანობით. მსახურებით, ქალებით გარშემორტყმულს საუცხოო, ბეწვით გაწყობილი მოსასხამი ეცვა და მისი გრძელი, ქერა კულულები თავისუფლად ეყარა მოსასხამზე.

ყველა მას შესცქერის, ხალხის თვალი და ყური მისკენაა მიპყრობილი. და უეცრად, გორჯას ჯორჯი სცენას რომ მიუახლოვდება, მუსიკის ხმაზე მოიხედავს. „ფეხი არ შეუნელებია, – იხსენებს ბობ დილანი, – წამით შემომხედა, თვალები კონტრაბანდული ვისკისგან უბრწყინავდა. თვალი ჩამიკრა და ისე მომესმა, თითქოს თქვა: „გამოგდის, ხო იცი“.

„გამოგდის, ხო იცი!“ – რამდენი რამ ჩანს ამ სიტყვებიდან: ძლიერი და დაფასებული ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი დამოკიდებულება სხვის – ნიჭიერი, უნარიანი, მაგრამ ჯერ დაუფასებელი ხელოვანის მიმართ; ზოგადად გარემოც ხომ კარგად ჩანს – თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ყველაფერი ერთმა ადამიანურმა, თანაგრძნობით სავსე ფრაზამ.

„გამოგდის, ხო იცი!“ – ეს ზებუნებრივი სიტყვები წარმოსათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ თუკი გულწრფელობა არ ჩაატანე, თევზის ძვალივით შეიძლება გაგეჩხიროს ყელში. დაგახრჩოს და გაგანადგუროს, ისევე როგორც სიყალბემდე მისული ხოტბა-დიდება აცამტვერებს ნამდვილ ნიჭს, ნიჭიერ ადამიანებს.

დაუფასებლობის, აუღიარებლობის მიზეზიც, შურის გარდა, სწორედ ეს მგონია – თავის დროზე წარმოთქმული არაფრისმომცემი სადღეგრძელოები, კრიტიკის მიუღებლობა და თვითირონიის ნაკლებობა. ტაში და ოვაციები, რომელსაც ხშირად არაფერი აქვს საერთო ადამიანის მხარდაჭერასა და წახალისებასთან.

„გამოგდის, ხო იცი!“ – დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენს მეგობარს, კოლეგას, თანამოქალაქეს სჭირდება დღეს ეს სიტყვები, გულწრფელი და შთამაგონებელი, ზომიერების განცდით თქმული. ისეთი – იუმორსაც რომ იტევს, ყურადღებას და თანაგრძნობასაც. ამიტომ იქნებ არ დავიზაროთ და სადაც მოვხვდებით, როცა მოგვიხერხდება, სხვა თუ არაფერი, გასამხნევებლად ეს მაინც ვუთხრათ ერთმანეთს:

„გამოგდის, ხო იცი!“

მასწავლებლის სადებიუტო რომანი „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიაში.

0

კარგი წიგნის წარდგენას შესაფერისი დრო და გარემოება სჭირდება. კარს მომდგარი წიგნის ფესტივალი და ზაფხულის არდადეგები კი ამ მხრივ მშვენიერი წინაპირობაა.

ამჯერად ჩემი რჩეული „სული-ჩიტია.“ ვეცდები, ისე გაგიზიაროთ მისი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებები, რომ თქვენი ინტერესი დავიმსახურო და ბიბლიოთეკა საინტერესო გამოცემით შეგივსოთ.

***

დღესდღეობით, ამერიკასა თუ ევროპაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის, დაწყებითი კლასის მასწავლებლები ხშირად წერენ წიგნებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. მათგან ზოგიერთი (დანიელ პენაკის, მარია ფარის და სხვათა წიგნები) ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი და საკმაოდ პოპულარულია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მასწავლებლებსაც უამრავი „დოკუმენტური“ მასალა ექნებათ დაგროვილ-ჩანიშნული და უფრო მეტად თუ  გააქტიურდებიან,  არაერთ საინტერესო ამბავს გააცოცხლებენ. მანამდე კი, თანამედროვე ბავშვების ინტერესებზე მორგებულ, ქართველი მასწავლებლის დაწერილ ერთ სქელტანიან წიგნს გირჩევთ – თამრ გეგეშიძის სადებიუტო რომანს „სული-ჩიტი.“

გამცემლობა ინტელექტმა „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიით უკვე შწემოგვთავაზა „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ (წიგნი შვედი გოგონა სარა იუნგკრანცისა და ასტრიდ ლინდგრენის ოცდაათწლიან მიმოწერის შესახებ https://mastsavlebeli.ge/?p=17736). „სული-ჩიტი“ სწორედ ამ სერიის მეორე ტომია.

***

ვინ მოთვლის, რამდენ ნაწარმოებს ვუწოდეთ კარგი, მშვენიერი თუ არაჩვეულებრივი. ქებას ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად იმსახურებდა. მაგრამ რაც დრო გადის, ეპითეტები გამომხატველობას კარგავს და მათი შერჩევა რთულდება. ამიტომაც ჩავვარდი საგონებელში, „სული-ჩიტის“ კითხვაში ღამე რომ გავათენე… ძალიან მომინდა, ქართული ენისა და ბავშვის ფსიქოლოგიის ზედმიწევნით მცოდნე მასწავლებელზე შესაფერისი წერილი დამეწერა. მასწავლებელზე, რომელმაც ჩვენს შვილებზე, მოსწავლეებზე მოგვითხრო და ამისთვის უმარტივესი გზა აირჩია – თავისი ყოველდღიური ცხოვრება და საზრუნავი გაგვიზიარა.

მოზარდის ცოვრებაში რომ შევიჭყიტოთ, დღიურები საუკეთესო საშუალებაა – საბავშვო ლიტერატურაში აპრობირებული და წარმატებული მეთოდია. რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ, რას განიცდიან და აპირებენ, როგორ აღიქვამენ ადამიანებსა და მოვლენებს მოზარდები? – ამ მარადიულ კითხვებზე პასუხის გაცემა ყურადღებიან, დაკვირვებულ, მოსიყვარულე მასწავლებლებს თუ ხელეწიფებათ. მასწავლებლებს, გადაშლის გარეშე რომ  „კითხულობენ,“ წარმოიდგენენ და გადმოგვცენ მოსწავლეების ფარულ ჩანაწერებს.

***

„სული-ჩიტის“ დღიურების ავტორის, თორმეტი წლის ლუკას ჩანთაში ყოველთვის ქაოსია, ის დილით ადრე ადგომას ვერ იტანს, ჯეირანის მარკებს აგროვებს, თავის მეგობარ თიკოს ყველასათვის შეუმჩნევლად წერილებს უგზავნის, ერთი დასვენების განმავლობაში ორ ფენოვან ხაჭაპურს სანსლავს  და, მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს, მაინც კარგ ნიშნებს იღებს ქართულ გრამატიკასა და მათემატიკაში. მას კითხვაც იტაცებს, თუმცა ლეგოს კონსტრუქტორით გართობა ან ეზოში ჩასვლა ურჩევნია, ექსკურსიაზე კი მარტო ბურთი და „ჩიპსები“ სჭირდება, თავი ბედნიერად რომ იგრძნოს.

ლუკა ზოგჯერ პატარა ბავშვივით იქცევა: თავისი პატარა ძამიკოს აჩემებულ თამაშებში („ბაღობანაში“ და „ზოოპარკობანაში“) გულმოდგინედ ჰყვება ან წარმოიდგენს, ვითომ მცურავია და გათენებამდე აღელვებული ზღვა უნდა გადაცუროს. ასეთ დროს მისი ცისფერი საბანი ყველაზე დიდი ტალღაა, ბალიში კი – მაშველი რგოლი. მეორე წუთში კი ფილოსოფიური დასკვნები გამოაქვს, მუდამ დაკავებულ მშობლებს აკრიტიკებს: „როცა ადამიანი დედაზე ან მამაზე ბრაზობს, საჩუქარი საქმეს ვერ უშველის;“ „მაინცდამაინც ახალი წელი უნდა იყოს, მშობლებს შვილებისთვის რომ ეცალოთ?“

რაც შეეხება გარეგნობას, ლუკას დედიკო თვლის, რომ მისი ვაჟი მაღალი და მსუქანი კი არა – „ზორბაა და ელეგანტური.“

***

თამარ გეგეშიძე თავის წიგნში პერსონაჟების მრავალფეროვან გალერეას გვთავაზობს: მარიკა მასწავლებელს, რომელიც რამეს თუ გადაწყვეტს, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაინც შეასრულებს; ქალბატონ დრამერს, რომელსაც თუ რაიმე არ მოსწონს, ბეჭდიან ხელს მაგიდაზე რიტმულად აკაკუნებს; ისტორიის მასწავლებელს, ფანტაზიის დიდოსტატ თაზოს, რომლის გარეშეც ნებისმიერი ექსკურსია ხიბლს კარგავს. მასწავლებლებს ორიგინალურობით არც მოსწავლეები ჩამოუვარდებიან. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც გაიცნობთ ყველაზე სანდო ადამიან თიკოს, ხელი მუდამ აწეული რომ აქვს და მზად არის მასწავლებლის ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს; ვატოს, ყველაფერს ძალიან სერიოზულად რომ უყურებს და თავში უცნაური იდეები მოსდის; თემოს და აჩის, რომელთა მერხის ქვეშ გამეფებული ქაოსის დასათვალიერებლად ერთი დღეა საჭირო; თეკლას, ყველა ნივთი სუფთად და ლამაზად რომ უწყვია სამსართულიან პენალში; ნინოს, ბიჭებზე კარგად რომ თამაშობს ჯეირანს; ახალ მოსწავლეს, გიორგი ღვინოს, ვიკინგივით გვერდებზე აპარსული, ღია ფერის თმითა და ხელზე ტყავის სამაჯურებით.

ახალი მოსწავლის გადმოსვლას ნებისმიერ კლასში მოჰყვება ცვლილებები, მით უმეტეს, თუ ის კარგად თამაშობს კალათბურთს, კიდევ უფრო უკეთ სწავლობს, კითხულობს დიდურ წიგნებს, გაღიმებისას კი ტუჩის ცალ კუთხეს სწევს და ისე ათვალიერებს დამხვდურებს, თითქოს ისინი გადავიდნენ მის კლასში. ცვლილებებზე ყველა თავისებურად რეაგირებს: გოგონები იპრანჭებიან, მის ყველაზე უაზრო ხუმრობებზეც კი იცინან, ბიჭები საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ ეკითხებიან, მასთან დაახლოებას ცდილობენ.

ლუკასა და გიორგი ღვინოს შორის წარმოქმნილი განხეთქილება, გაურკვევლობები და მასთან გამკლავების გზების ძიება პატარა მკითხველს საინტერესო თავგადასავალში ჩაითრევს და მეგობრობის, თანადგომის, ურთიერთაგეგიბის არსზე დააფიქრებს. იმასაც მიახვდედრებს, რომ სწორედ დაძაბულ ვითარებაში ირკვევა ვინ არიან „ჩვენი ცხოვრების ადამიანები“ და რა მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე მეგობარს. ლუკაც ხომ სწორედ ამ მიზნით იწყებს დღიურის წერას და თავიდანვე გვაფრთხილებს: ვინც კარგად არ მიცნობს, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვგონივარ, მაგრამ სინამდვილეში… “

„სინამდვილის“ გარკვევის პრეროგატივა მკითხველისთვის მიმინდვია, ისევე, როგორც სწორი ეპითეტების შერჩევა წიგნისა თუ ავტორის დასახასიათებლად. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თამარ გეგეშიძეს თავისი პერსონაჟივით უყვარს ოცნებების ხატვა. ოცნებებიდან რეალობისკენ კი ისეთი ორიგინალური ლიტერატურული ხერხებით მივყავართ, ქართული საბავშვო ლიტერატურის ნებისმიერი გულშემატკივარს მოხიბლავს და იმედით აავსებს.

გაკვეთილის მთავარი გმირები მოსწავლეები არიან

0

ამ ინტერვიუს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ოთახში ვწერდით. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საკლასო ოთახი იყო, მაგრამ დაკვირვების გარეშეც მიხვდებოდით, რომ ამ სკოლის საუკეთესო თავგადასავლები სწორედ აქ იწყება, გრძელდება და, როგორც მოსწავლეები ამბობენ, არასდროს მთავრდება. ამ ყველაფრის ღერძი 2017 წლის ათი საუკეთესო მასწავლებლიდან ერთ-ერთი, ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძეა, თუმცა თვითონ თავს ამ პროცესის მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟად მიიჩნევს, მთავარი გმირები კი მისი მოსწავლეები არიან.

ეს ოთახი სკოლის კლუბია, ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თავშეყრის ადგილი, სადაც ან გაკვეთილის 45 წუთში ვერმოსწრებული თემები გრძელდება, ან კლასგარეშე აქტივობები იმართება. კლუბის კედლები უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ვიზუალური მასალითაა სავსე. ათვალიერებ და ხვდები, რომ მათთვის არ არსებობს დახურული თემა: რასიზმი, თანასწორობა, თანამედროვე ტექნოლოგიები. და ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალის გვერდითაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ბავშვებს ქვეყნის წარსული ისევე აინტერესებთ, როგორც უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები.

არ არის იოლი, თანამედროვე ბავშვი საუკუნეების წინანდელი ამბებით ისე დააინტერესო, რომ არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ კვლევის სურვილიც გაუჩნდეს. ნინო აბულაძემ ეს შეძლო – მისი მოსწავლეები აქ არა მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, არამედ შაბათ-კვირასაც მოდიან, რათა გაკვეთილის ქრონომეტრაჟის მიღმა დარჩენილი ინტერესი დაიკმაყოფილონ.

მაგალითად, ჩაუტარებიათ სიმულაციური როლური თამაში არმაზის კერპის მსხვრევის თემაზე. მოსწავლეები ჟურნალისტებად გადაიქცნენ და საკითხის გასაშუქებლად მეოთხე საუკუნეში გადაინაცვლეს. გამოიკვლიეს მომხდარი, დააფიქსირეს თვითმხილველთა კომენტარები, იაზროვნეს კრიტიკულად და შედეგად მოამზადეს ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დასკვნასაც საბოლოოდ ტერორისტულ აქტამდე მივყავართ. მასწავლებელმა კი საუკეთესო შედეგი მიიღო: ამ თამაშისმაგვარი გაკვეთილის წყალობით მოსწავლეები არა მხოლოდ დაინტერესდნენ არმაზის თემით, არამედ სიღრმისეულადაც შეისწავლეს და ფანტაზიასაც ბოლომდე მისცეს გასაქანი.

ჰქონდათ კიდევ ერთი მსგავსი აქტივობა: თამარ მეფის ეპოქა ფეისბუკზე გააცოცხლეს. შექმნეს თავად თამარის, გიორგი რუსის, დავით სოსლანის, ყუთლუ არსლანის, აფრიდონისა და სხვათა პროფილები. თავად ნინო აბულაძე გიორგი მესამეს თამაშობდა. მან თამარი მხოლოდ შემოუშვა თამაშში, დანარჩენი კი მოსწავლეებს მიანდო.

ნინო აბულაძე არ მალავს, რომ მასწავლებლობის დასაწყისში ჩვეულებრივ ლექციური ტიპის გაკვეთილებს ატარებდა და არაფორმალურ სწავლებაზე არც ფიქრობდა. საერთოდ, მასწავლებლობასაც არ აპირებდა, ეთნოგრაფობასა და ქვეყნის შემოვლაზე ოცნებობდა. თუმცა 26 წლისამ სკოლაში დაიწყო მუშაობა და ყველაფერი შეიცვალა.

 

– მასწავლებელთა უმეტესობა სწორედ ამას უსვამს ხაზს – რომ პირველი დღე გადამწყვეტია. რას მოაქვს ეს განცდა? რა მაგია აქვს კლასში პირველად შესვლას?

– შედიხარ კლასში და 33 ბავშვის თვალები შემოგცქერის, რომლებიც ელოდებიან, რომ მათთვის რაღაც სასწაულს ჩაიდენ. მაშინვე მოქმედებაზე გადადიხარ. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ წინ 33 ბავშვი კი არა, 33 ინდივიდი ზის, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას მოითხოვენ. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რათა თითოეული მათგანი აიყოლიო. ვერაფერი შეედრება განცდას, როცა ასპროცენტიან შედეგს იღებ.

– ასეთი შედეგი ხშირია?

– ვცდილობ, ასე იყოს, მაგრამ თუ რომელიმე მოსწავლეს დაუინტერესებლობა შევატყვე, არ ვნებდები, ბოლომდე უნდა გავხსნა. ვერაფრით ვიგუებ განზე მდგომ მოსწავლეს, უნდა ვიცოდე, რომ გრძნობს გაკვეთილს, რომელსაც ესწრება და აქტივობის სურვილიც უჩნდება. ამიტომ გამუდმებით ვეძებ გამოსავალს. მაგალითად, ვიღაცას გაკვეთილის საჯაროდ მოყოლა არ შეუძლია, მაგრამ ხატავს, ამიტომ, ვთხოვ, მოსაყოლი მასალა ნახატით ამიწეროს. შედეგი ყოველთვის საინტერესოა – ნახატით გაცილებით მეტს გადმოსცემენ, ვიდრე დაფასთან გამოსვლისას მოყვებოდნენ. თანაც ნახატებში ცოდნასთან ერთად მათი ხასიათის ამოკითხვაც შეიძლება.

– განათლებით ეთნოგრაფი ხართ, მაგრამ სპეციალობით არ მუშაობთ. რამდენად ინაზღაურებთ დანაკლისს სკოლაში?

– სკოლაში მუშაობით ეთნოგრაფობაზე ოცნებაც ავიხდინე. ხუთი წლის განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად, მთელი საქართველო მოვიარე. მაშინ მეშვიდე კლასი მყავდა და საქართველოს ისტორიის შესწავლის პარალელურად ტრადიციების გაცნობაც შევთავაზე. ბავშვებიც და მშობლებიც სიხარულით დამთანხმდნენ. გადავწყვიტე, სადაც ჩავიდოდით, იქაური სკოლებიც მოგვენახულებინა და ადგილობრივი მოსწავლეები გაგვეცნო. ახალციხიდან დავიწყეთ, ჩავიწერეთ ტრადიციები, თქმულებები, მოვიარეთ ტაძრები და ბოლოს შეგროვებული ინფორმაცია სპეციალურად გაკეთებულ ვებგვერდზეც განვათავსეთ. შემდეგ ჩვიდმეტი დღე მთიან აჭარაში გავატარეთ, ვიყავით გურიაში, თუშეთში, კახეთში. გარდა იმისა, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო პრაქტიკა იყო, ბავშვებმა უკეთესად გაიცნეს ქვეყანა. მხოლოდ ასეთი საინტერესო აქტივობებით შეიძლება, თანამედროვე მოსწავლე წარსულით დააინტერესო და შეაყვარო კიდეც.

– დღეს, ფაქტობრივად, ყველაფერი ტექნოლოგიებზე დგას. როგორ იყენებთ მათ სასწავლო პროცესში?

– უპირველეს ყოვლისა, არასდროს ვკრძალავ ტელეფონებს. კლასში გვაქვს პლანშეტებიც. დაე, გამოიყენონ ისინი და მეტი ინფორმაცია მიიღონ. არცთუ იშვიათად გაკვეთილებიდან პირდაპირ ჩართვასაც ვაკეთებ. ზოგს ასეთი მიდგომა არ მოსწონს, მაგრამ მე როგორც მასწავლებელს ძალიან მზრდის. გარდა ამისა, ეს ჩემი მეთოდებისა და სასწავლო რესურსების სხვა მასწავლებლებისთვის გაზიარების საშუალებაა. მსგავსი მეთოდით ბევრი მუშაობს, მათ შორის – რეგიონების სკოლების მასწავლებლებიც, სადაც საკმაოდ ბევრი აქტიური პედაგოგია. მაგალითად, როდესაც ჩემს კლასში „მაინკრაფტით“ საქართველოს რეგიონების შექმნა დავიწყეთ, ვიცოდი, რომ სხვას უკვე ჰქონდა „ვეფხისტყაოსანის“ თემაზე ნამუშევარი.

– ამ საკულტო ვიდეოთამაშის სასწავლო რესურსად გამოყენების ამბავი არასდროს გამიგონია…

– „მაინკრაფტის“ შესახებ 2016 წელს ბუდაპეშტში, განათლების გლობალურ ფორუმზე გვიამბეს და იქვე აგვიხსნეს, როგორ გამოგვეყენებინა. ცხადია, ჩემმა მოსწავლეებმა მასზე ყველაფერი იცოდნენ და მაშინვე ვთხოვე, ჩემთვისაც ესწავლებინათ. ამის შემდეგ კი საქართველოს რეგიონების შექმნა დავიწყეთ. უკვე გაკეთებული გვაქვს შიდა ქართლი და კახეთი, ნაწილობრივ – თბილისიც. ეს არის საოცარი პროცესი და შესანიშნავი სასწავლო რესურსი, რომლის გამოყენება სხვა საგნებშიც შეიძლება.

ასევე წარმატებით ვიყენებ „მაიკროსოფტის“ OneNote-საც. ყველანაირი მსჯელობა და დისკუსია, რასაც გაკვეთილზე ვერ ვასწრებთ, იქ გადაგვაქვს და ერთობლივად განვიხილავთ. ასეთ დროს ბავშვები გრძნობენ, რომ მე არ ვარ მთავარი, რომ ისინი პროცესის სრულუფლებიანი მონაწილეები, აუცილებელი რგოლები არიან. ზოგჯერ ვთხოვ კიდეც, ცოტა ხნით თავად იქცნენ მასწავლებლად, მოამზადონ თემა, რესურსები და გაკვეთილი ჩაატარონ, მე კი მერხთან ვჯდები. ასეთ დროს, როგორც წესი, ჩემს ხასიათსა და მანერებს ამჟღავნებენ, რაც საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის საშუალებას მაძლევს. ყოველთვის ვცდილობ, ვაგრძნობინო, რომ ჩემი გაკვეთილების მთავარი გმირები სწორედ ისინი არიან, მე კი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ვარ, რომელიც მხოლოდ მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე ზრუნავს.

– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ კიდეც, რომ სკოლა მოსწავლეზე უნდა იყოს ორიენტირებული.

– მოსწავლე სკოლაში სიხარულით უნდა მოდიოდეს, მასწავლებელს კი არ ესმოდეს გაკვეთილის დასრულების მაუწყებელი ზარით გახარებული ბავშვების ჟრიამული. თავად ხშირად მესმის, როგორ წუხან ზარის დარეკვის გამო და მერწმუნეთ, ეს უდიდესი სიამოვნებაა. გამიგონია გადაჩურჩულებაც: „ახლა, ნახე, რაღაცას მოიფიქრებს, რაღაცას გვიმზადებს“. ეს ნიშნავს, რომ ჩემგან გამუდმებით ელიან სიახლეს და მეც ყველაფერს ვთავაზობ, რაც შემიძლია.

– მასწავლებლებს არა მხოლოდ სწავლება, არამედ აღზრდაც გევალებათ.

– ჩემი ყოფილი მოსწავლე ქეთი მურღულია ამჟამად ევროკავშირის წარმომადგენელია საქართველოში. რამდენიმე კვირის წინ ჩემს ახლანდელ მოსწავლეებს შეხვდა. ჩემთვის უდიდესი შეფასება იყო, როდესაც ქეთიმ მათ უთხრა, მახსოვს, ჩვენც ასეთი თავისუფლები ვიყავით გაკვეთილზე, შეგვეძლო აზრის გამოთქმა და ნებისმიერი თემის განხილვაო. საკითხის ახსნისას არასდროს ვიყენებ მტკიცებით ფორმას, მხოლოდ კითხვითს, რადგან პასუხის მოსმენა, პირველ რიგში, მოსწავლეებისგან მინდა. ვცდილობ, კრიტიკულად იაზროვნონ და იდეალად ქცეულ ცნობილ ადამიანებსაც მოუძებნონ ნაკლი, რათა მათი პიროვნების ნამდვილი არსი დაინახონ. ასე თვითკრიტიკულებიც ხდებიან, რაც ადამიანის აღზრდის პროცესში უმნიშვნელოვანესია.

– სკოლა „ჯეჯილში“ უმცროს კლასებს აწავლით, აქ კი უფროსებს. რამდენად განსხვავებულ მიდგომას იყენებთ მათთან ურთიერთობისას?

– ყველა ასაკის მოსწავლეს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, მასწავლებელს კი აუცილებლად უნდა შეეძლოს ლექსიკონის, ტერმინებისა და ახსნის მეთოდების ცვლა. მესამე კლასიდან მეცხრეში იმავე განწყობით ვერ შეხვალ. აქ არა მხოლოდ თემებია განსხვავებული, არამედ თავად ბავშვებიც: უფროსები სულ სხვანაირად აზროვნებენ და თავს თანატოლადაც გაგრძნობინებენ. მათ უკვე იციან, რომ ყველა აზრი მისაღებია, მაგრამ იციან ისიც, რომ აზრს მსჯელობა და არგუმენტებიც უნდა მოაყოლონ – მოსაზრება მსჯელობის გარეშე ცარიელი მოსაზრებაა. ისინი უფრო საზრიანები და სხარტები არიან, რაშიც მათ მედიაწიგნიერებაც ეხმარება, ეს კი ჩემს თაობას ძალიან აკლია.

წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რა არის თანამედროვე სკოლის მთავარი პრობლემა?

– სკოლას აუცილებლად სჭირდება ახალი კადრები, ახალგაზრდა მასწავლებლები. ჩემს ყოფილ მოსწავლეში, რომელიც დღეს უკვე სტუდენტია, ვხედავ ადამიანს, რომელიც ოდესმე შემცვლის და ეს ძალიან მახარებს. მას აუცილებლად დავუთმობ ადგილს, როგორც კი მივხვდები, რომ მასწავლებლობა აღარ შემიძლია, რომ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, რომ გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეების თვალებში ინტერესს ვეღარ ვხედავ. ამას ყველა მასწავლებელი უნდა აცნობიერებდეს და ცდილობდეს, მუდმივად ვითარდებოდეს, რადგან ოცი წლის წინანადელი მეთოდებით დღეს გაკვეთილის ჩატარება აღარ შეიძლება. თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უფსკრული გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ უნდა წავიდეს და ადგილი სხვას დაუთმოს. თუმცა ანაზღაურების გაზრდის გარეშე ესეც შეუძლებელია. ახალგაზრდას სჭირდება ფინანსური მოტივაცია, რადგან კარგი კადრი ყოველთვის შეძლებს სხვა სფეროში დასაქმებას. თუ ისინი მოსწავლეობის პერიოდშივე დაინახავენ, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც შეიძლება სიხარულით მოდიოდნენ, გავა წლები და აქ აუცილებლად დაბრუნდებიან.

როგორ შევიყვარეთ კითხვა

0

ყველა მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეები კარგ მკითხველებად ჩამოაყალიბოს. დაამეგობროს წიგნებთან და მათ განუყოფელ ნაწილად აქციოს. წიგნთან პირველი ზიარება პატარაობიდანვე იწყება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაუცნობიერებლად ფურცლავს ლამაზად მოხატულ გვერდებს, რომელიც აჩუქეს, უყიდეს ან თუნდაც ისე უბრალოდ, თვითონ აღმოაჩინა თაროზე. ილუსტრირებული წიგნები პატარების ყურადღებას იქცევენ. ზოგიერთი წიგნის ფანტაზია სტანდარტული წიგნების ჩარჩოებს ცდება და თანამედროვე 3D ეფექტებს იძენს. ბევრჯერ მიფიქრია, ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო ასეთი მრავალფეროვანი და ნაირ-ნაირი წიგნები, ამაზე მეტად მეყვარებოდა კითხვა ახლა როგორც მიყვარს თუ არაფერი შეიცვლებოდა-მეთქი.

მანამდე, სანამ წიგნს მხოლოდ დასათვალიერებლად კი არა, არამედ ხელში წასაკითხად აიღებს ბავშვი, ცოტა რთული გზა არის გასავლელი. ყველას მონდომებაში, ინტერესსა თუ უბრალოდ გემოვნებაში ვერ ჯდება კითხვა. ამიტომ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მასწავლებლებმა, რომ დავაინტერესოთ წიგნებით ჩვენი მოსწავლეები?

  • პირველ რიგში ისინი უნდა დავაინტერესოთ წიგნით;
  • ვიყოთ მათთვის მაგალითი;
  • წიგნი მოვარგოთ მათ ასაკობრივ ინტერესებს;
  • თავიდან შევარჩიოთ თხელტანიანი წიგნები, რომ არ შეაშინოს ბავშვი გვერდების რაოდენობამ;
  • განვიხილოთ მათთან ერთად წაკითხული;
  • არ მოვაკლოთ შექება და წახალისება!

სანამ ჩემი მოსწავლეები კითხვას ისწავლიდნენ, მათ მე ვუკითხავდი სხვადასხვა მოთხრობასა თუ ზღაპარს. ვცდილობდი იმ ემოციით მიმეტანა მათთვის წიგნის შინაარსი, როგორც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ემოციითა და ტონალობით უკითხავთ ბავშვებს. შემდეგ უკვე ხელნაკეთი წიგნებით გაგრძელდა ურთიერთობა. ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ახსნილი თემის, ყვავილების შემდეგ. მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილზე ხელნაკეთი წიგნი დავამზადე, წიგნი ერთი თაბახის ფურცლისგან შედგებოდა, რომელიც ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ჰქონდა ყდა და შიგნით ორი გვერდი. ეს საკმარისი იყო იმ წარმოდგენის შესაქმნელად, თუ როგორ შეიძლება თავად გავხდეთ წიგნის ავტორები. თემიდან გამომდინარე ყველამ საყვარელი ყვავილი განათავსა  წიგნის ერთ გვერდზე, მეორე გვერდი კი მასზე ინფორმაციის დაწერას დაუთმო. ყველა მოსწავლე ჩართული იყო.ზოგიერთს ხატვა ეხალისებოდა, ზოგს წერა, ზოგს ყდის ილუსტრირება და ა.შ. დროთა განმავლობაში იხვეწებოდა ჩვენი წიგნები, უკვე ორი გვერდი არ გვაკმაყოფილებდა და რამდენიმე ფურცლიანი წიგნები იქმნებოდა მოსწავლეების ხელით. ისინი იყვნენ მწერლები, ავტორები, ილუსტრატორები და რედაქტორებიც. საშინაო დავალებად მიცემულ რომელიმე თემაზე შექმნილი წიგნების პრეზენტაცია და განხილვა კლასში ხდებოდა. ასე ნელ-ნელა მივედით წიგნის დათვალიერებიდან მის წაკითხვამდე.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს მაღალი ინტერესი ჰქონდათ წიგნის წაკითხვის, შევთავაზე, რომ კლასში აგვერჩია ერთი წიგნი, რომელსაც ყველა წავიკითხავდით. ავარჩიეთ ერთი პარასკევი დღე, სადაც წიგნის წაკითხული თავების განხილვა მოხდებოდა. ამ წამოწყებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. კითხულობდნენ სახლში, კითხულობდნენ სკოლაში თავისუფალ დროს. მათ ხელში ხშირად იდო გადაშლილი წიგნი, რომელსაც ინტერესით უყურებდნენ პატარა თვალები. ხშირად იცინოდნენ კითხვის პროცესში, განიხილავდნენ პერსონაჟებს, ადარებდნენ ერთმანეთსა და საკუთარ თავს.  წიგნის დასრულების შემდეგ  გვქონდა ვიქტორინა, რომელიც წიგნის შინაარსიდან გამომდინარე შეკითხვებისგან შედგებოდა. ყველა მოსწავლეს, ვინც წიგნს წაიკითხავდა ბოლომდე გადავცემდი სიგელს. ეს მოსწავლეებისათვის  დიდი მოტივაცია იყო.

წლის განმავლობაში ბევრი წიგნის წაკითხვა მოვახერხეთ. რაც მთავარია, გააზრებულად. კლასიდან კლასში კი მოსწავლეების დამოკიდებულება,  გემოვნება და ინტერესები წიგნისადმი იხვეწებოდა და ყალიბდებოდა. ასე გახდნენ ჩემი მოსწავლეები უბრალო დამთვალიერებლიდან – კარგი მკითხველები.

 

ბავშვის თვითშეფასების ამაღლების ფორმულა და ბარიერები

0

ბავშვებს რომ სკოლა არ უყვართ, ეს ჩვენს რეალობაში ნორმად მიიჩნევა. დილით ადრე ადგომა ეზარებათ, ყოველდღიური რუტინა არ მოსწონთ, სწავლა ძნელია, გაკვეთილები უინტერესო, გარემო ერთფეროვანი, ურთიერთობები ნეგატიური და დაძაბული – ასე აფასებენ მშობლები და მასწავლებლები მიზეზებს, რის გამოც ბავშვებს სკოლაში სიარული არ ეხალისებათ.

სასკოლო საზოგადოებაში ნაკლებად ფიქრობენ, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და იმისთვის, რომ ბავშვმა თავი კარგად იგრძნოს, საჭიროა სოციუმი არ უქმნიდეს დისკომფორტს.  ნებისმიერ ასაკში ადამიანი მუდმივად ეძებს წრეს, სადაც მისი სოციალური სტატუსი იქნება მაღალი.  ვინმე გამჩნევდეს, გაღიარებდეს, გაფასებდეს – ეს ადამიანის მოთხოვნილებაა, მას დიდი ძალა აქვს და პირდაპირ კავშირშია თვითშეფასებასთან.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვებს სკოლაში სიარული ეზარებათ ან არ უყვართ, არის ის, რომ მათი თვითშეფასება იმ გარემოში დაბალია. სადაც თვითშეფასება დაბალია, ბავშვი ბუნებრივად ცდილობს გაეცალოს/გაერიყოს გარემოს. მეტიც, თუ ძალიან დაბალია, ადამიანებს ნებისმიერ ასაკში უჩნდებათ მარცხის, დაცინვის, შეცდომის დაშვების შიში, წყვეტენ ყოველგვარ აქტივობას და კარგავენ ინტერესს.  ამ სიმპტომებს მოსწავლეებშიც ხშირად აღმოვაჩენთ.

ხდება ხოლმე, რომ ბავშვი სკოლაში ვერ ალაგებს ურთიერთობებს, წლების განმავლობაში კონფლიქტები აქვს თანატოლებთან, ამის გამო არ უყვარს სკოლაში სიარული და გაცდენის მიზეზი არ ელევა. იტკიებს მუცელს, თავს, ფეხებს… იგივე ბავშვი სიხარულით დადის რომელიმე წრეზე, სადაც თავს კარგად გრძნობს – ბედნიერია. მიზეზი მარტივია, პირველ გარემოში მისი თვითშეფასება დაბალია, მეორეში მაღალი. პირველ გარემოში ხელმოცარულია, მეორეში – რეალიზებული. პირველ გარემოში მის შესაძლებლობებს ვერ ხედავენ, მეორეში – აღიარებენ და პატივს სცემენ.

როგორი თვითშეფასება ექნება ბავშვს, დიდწილად დამოკიდებულია იმ ზრდასრულ პირთა ქცევაზე, ვისთანაც მას უწევს დროის გატარება. იქნება ეს მშობელი, ოჯახის წევრი, მასწავლებელი, აღმზრდელი თუ სხვა პირი. ეს ადამიანები ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვს უვითარდება დაბალი, საშუალო ან მაღალი თვითშეფასება. რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს ადექვატური ან არაადექვატური.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა ყურადღება გაამახვილონ, თუ რომელი კრიტერიუმებით აფასებენ ცალკეულ გარემოში მყოფ ბავშვებს უფროსები, რათა მას არ ჩამოუყალიბდეს არაადექვატური თვითშეფასება. კერძოდ, საყურადღებოა, რა ითვლება წარმატების ინდიკატორებად. რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგებმა ჩაატარეს გამოკითხვა და შეისწავლეს, რა ითვლება საქართველოში წარმატებად. გამოვლინდა რამდენიმე მიმართულება, მათ შორის: 1. უმაღლესში ჩაბარება. 2. საწინააღმეგო სქესთან აწყობილი ურთიერთობა. 3. ცნობილ ხალხთან ნაცნობობა – სოციალური კავშირები. 4. ბევრი ფული და ა.შ.

სოციუმის დაკვეთიდან გამომდინარე ჩვენი ბავშვებიც უმეტესად გარემოტივატორებზე არიან დამოკიდებული და ნაკლებად წარმატებულებად თვლიან ისეთ თანატოლებს, ვისაც უმაღლესი ქულები არ უწერია ჟურნალში, ვისაც ძვირადღირებული მანქანით არ აკითხავენ, ვისაც ბოლო მოდელის ტელეფონი არ აქვს, ვისაც ბრენდული სამოსი არ აცვია, ვისაც ყველა ოლიმპიადის დიპლომი არ უკიდია კედელზე და ა.შ.

ჩვენს სკოლებში ხშირია მოცემულობა, როცა კლასი დაყოფილია ოროსნებად და ათოსნებად. ზოგიერთი მასწავლებლის ამოცანაა, საგნობრივი კომპეტენცია გადასცეს მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, ისინი კი ვინც უკვე ოროსნებად არიან „მონათლული“, სხედან სადღაც უკან, კლასის სიღრმეში და მთავარია, ხელს არ უშლიდნენ პედაგოგს გაკვეთილის ჩატარებაში.  როგორც წესი, ასეთი ბავშვების თვითშეფასება დაბალია, რაც თავის მხრივ ამცირებს შესაძლებლობას, რომ ისინი საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს იპოვიან.

იარლიყი, შენგან არაფერი გამოვა!”, არის გამყინავი ბარიერი, რომელიც კლავს თვითშეფასებას.

როცა უფროსები შენიშვნას ვაძლევთ ბავშვს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ დავუქვეითოთ მას თვითშეფასება. ჩვენი მიცემული მითითება არ უნდა იყოს მისი პიროვნებისთვის შეურაცხმყოფელი. ასეთ შემთხვევაში, არათუ შედეგს მივიღებთ, არამედ გავხდებით მისთვის მოწინააღმდეგე. ჩაერთვება თავდაცვის მექანიზმი და შეეცდება გაგვიწიოს წინააღმდეგობა. ამიტომ მიწოდების ფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვმა არ აღიქვას თავდასხმად.

ნეგატივისგან განსხვავებით პოზიტიური შეფასება არის კაპიტალი, რომელსაც ინახავს და უფრთხილდება ადამიანი. ამიტომ, როგორც კი ცუდ ქცევას იცვლის ბავშვი, მომენტალური შექება/წახალისება აუცილებელია.  ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ფრაზა  „რა მაგარი ყოფილხარ, შენგან ამას არ ველოდი“. ვუთხრათ, რომ ყოველთვის გვჯეროდა მისი. გვქონდა და გვაქვს იმედი, რომ ის თავის სიტყვას იტყვის.

თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, გარდა გარემოსი, მნიშვნელოვანია, როგორ გამოსდის ბავშვს საკუთარ თავთან კომუნიკაცია. მშობლები და მასწავლებლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, როცა ეუბნებიან ბავშვს: სანამ მოვალ, გაკვეთილები მომზადებული გქონდეს! პატივი მეცი და ჩემი საგანი ისწავლე! რაც შემპირდი, ის გააკეთე და ა.შ.  მართებული ქცევა ზრდასრულების მხრიდან იქნებოდა: – მე შემპირდი კი არა, შენს თავს შეჰპირდი! მე კი არ მცე პატივი, შენს თავს პატივი ეცი! რატომ არის მნიშვნელოვანი, საკუთარ თავს შეჰპირდეს და არა თქვენ. იმიტომ რომ მშობელს დაემალება, მასწავლებელს გაერიდება, საკუთარ თავს კი ვერსად გაექცევა. თვითშეფასებაზე ზრუნვა საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულებით იწყება.

თუ ბავშვს უჭირს დადებული პირობის შესრულება, დაეხმარეთ მას, დაისახოს მცირე ზომის მიზანი, დაიწყოს საკუთარი თავისთვის პატარა დავალებების მიცემით. როგორც კი ერთ პირობას შეასრულებს, უკვე გაჩნდება ფსიქოლოგიური  საფუძველი, რომ თვითშეფასებამ დაიწყოს აღმასვლა. ადექი! სცადე! გააკეთე! – ეს არის თვითშეფასების ამაღლების ფორმულა.

რა უნდა ქნას მშობელმა, როცა დაბალი თვითშეფასების მიზეზი სიღარებეა?! ადვილი საქმე არ არის, მაგრამ სწორი ღირებულებითი აღზრდის შემდეგ, შედეგი მიიღწევა. სასურველია, ღირებულებით განათლებას ბავშვებს ოჯახთან ერთად სკოლაც აწვდიდეს, რადგან მხოლოდ ოჯახს ან მხოლოდ სკოლას შედეგზე გასვლა გაუჭირდება. ერთად, ერთობლივი ნაბიჯებით, ბავშვების აღზრდა გაცილებით ადვილი და შედეგიანია. მით უფრო, როცა საქმე თვითშეფასების პროცესში ძვირფას ატრიბუტიკას ეხება. მშობელმა შვილის აღზრდა სწორი ღირებულებით სკოლამდელი ასაკიდან უნდა დაიწყოს. ესაუბროს სიმდიდრესა და სიღარიბეზე. ნივთებსა და ადამიანებზე. რეალობის სუბიექტურ აღქმაზე, გრძნობებზე, ბედნიერებაზე, მწუხარებაზე, თავდაჯერებულობაზე, ნივთებზე დამოკიდებულებებზე, პრიორიტეტების განსაზღვრაზე. ეს საუბრები აუცილებელია, სასკოლო სივრცეშიც გაგრძელდეს, რათა ბავშვებმა შეძლონ ჩამოთვლილი მცნებების გარჩევა, არ მოექცნენ ატრიბუტების ტყვეობაში და მათი თვითშეფასება არ იყოს დამოკიდებული მატერიებზე.

სკოლის დასრულების შემდეგ ბევრი ადამიანი თავიდან პოულობს თავის თავს. ზრდასრულ ასაკში აღმოაჩენენ ხოლმე, რომ სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები ჰქონიათ, რის შესახებაც სასკოლო გარემოში ან არ იცოდნენ, ან კი არ მიეცათ ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. ისინი კი, რომლებსაც სკოლაში აღიარება არ აკლდათ, ზრდასრულობაში ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას. ახსნა მარტივია. მარცხის მიმართ გაცილებით მოწყვლადია ის ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი თვითშეფასება და ჰგონია, რომ მისი შანსები ყოველთვის და ყველან მაღალი იქნება. მათ კი ვისაც დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდათ, პატარა წარმატებაც ახარებთ და ძალას მატებთ.

სასურველია, სკოლის ასაკში არ  დაუსვათ ბავშვს დიაგნოზი. მივეცეთ თითოეულ მათგანს მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. გვახსოვდეს, რომ წარმატება „სახიფათოა“, რადგან ადამიანს აბრმავებს. წარუმატებლობა კი კრიზისია, რასაც ტვინი აანალიზებს და გამოსავალს ეძებს. შესაძლებლობები შეუზღუდავია. ვასწავლოთ ბავშვებს, რომ პერიოდულად გაანულონ წარმატება და პირვანდელი სიმაღლიდან შეხედონ მიღწევებს, რათა თავაწეულებმა პირველივე ქვას არ წამოკრან ფეხი!

 

 

RAFT – წერის ეფექტური სტრატეგია შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის

0

დამკვიდრებული მოსაზრების მიხედვით,  შემოქმედებითობა თანდაყოლილი უნარია და, შესაბამისად, მისი სწავლება შეუძლებელია,  რეალობა კი საწინააღმდეგოს გვიჩვენებს.  გამოკვლევებით დგინდება, რომ შემოქმედებითი უნარი   სხვადასხვა  დოზით ყველა ადამიანს ახასიათებს და მისი  ჩამოყალიბება და განვითარება შესაძლებელია, განსაკუთრებით სწავლების დაწყებით საფეხურზე, როცა განსაკუთრებით ძლიერია წარმოსახვა.

როგორ ვასწავლოთ შემოქმედებითი აზროვნება?  მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეს მისცეს სრული თავისუფლება, არ დაუწესოს  ჩარჩოები, რათა მიეცეს გასაქანი მის წარმოსახვას. შემოქმედებითი პროდუქტის წარდგენას აუცილებლად უნდა მოსდევდეს შეფასება. როდესაც პოზიტიურ კომენტარებს ახლავს კონსტრუქციული შენიშვნები, ეს მოსწავლეს ეხმარება შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და, ზოგადად, აზროვნების დახვეწაში.

ჩვენ, მასწავლებლებმა, ამ უნარის ხელშეწყობის მიზნით მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ შესაბამისი შემოქმედებითი გარემო. სასწავლო პროცესში საინტერესო და მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება დაგვეხმარება მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვის უნარის გააქტიურებაში.

წერის სწავლების აქტივობებს შორის (იდეები შემოქმედებითი წერისათვის, წერა ილუსტრაციების მიხედვით, ხუთსაფეხურიანი წერა, ხუთსტრიქონიანი ლექსი და სხვ.) რაფთი არის ის მეთოდი, რომელიც ძალიან მოსწონთ ჩემს მოსწავლეებს და ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში სწავლების სამივე საფეხურზე.

რა არის რაფთი?

მეთოდი მოსწავლეს ეხმარება ტექსტის სიღრმისეულად გააზრებასა და ინტერპრეტირებაში.

მეთოდის დახმარებით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ:

  • შემოქმედებითი წერისა და თვითგამოხატვის უნარები;
  • ნაწერისთვის შესაბამისი სტილის შერჩევის უნარი;
  • ტექსტის ინტერპრეტირების უნარი.

მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, წყვილური, მცირე ჯგუფები.

რესურსები: რვეული, კალამი/ფლიფჩარტი, მარკერი

მოსწავლეები ქმნიან ტექსტებს სხვადასხვა პოზიციიდან (მაგ., მკითხველის, პერსონაჟის) ნებისმიერი აუდიტორიისთვის (მაგ., ავტორისთვის) სხვადასხვა ფორმით (მაგ., პირადი წერილი, ჩანახატი) შერჩეულ თემაზე (მაგ., ნაწარმოებში ასახული პრობლემის შესახებ).

მასწავლებელს შეუძლია თვითონ შეურჩიოს მოსწავლეებს თითოეული სეგმენტი (მეთოდის დანერგვის საწყის ეტაპზე) ან შესთავაზოს ცხრილი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები თვითონ გააკეთებენ არჩევანს.

გიორგი ლეონიძის „მარიტას“ შესწავლის შემდეგ მერვეკლასელ მოსწავლეებს ვთავაზობ რაფთის მეთოდით წერითი ნამუშევრების შექმნას. დაფაზე ვაკრავ ცხრილს, რომელზეც გრაფიკულად გამოსახულია დავალება.

-ოლი მკითხველი, მარიტა, ჩაჩიკა, გედია, შეთე, ციციკორე, ტელეჟურნალისტი,  ბრბო…
-უდიტორია ავტორი, მარიტა, სოფიო, შეთე, დიდედა, ბალბალუკა, ციციკორე, ტელემაყურებელი, მკითხველი, ბრბო…
-ორმატი წერილი, ინტერვიუ, დღიური, რეპორტაჟი, ტელეშოუ, ესე…
თ-ემა მარიტას ტრაგედია

 

გთავაზობთ აღნიშნულ გაკვეთილზე მერვეკლასელ მოსწავლეთა მიერ შექმნილ რამდენიმე ნამუშევარს.

 

წერილი ციციკორეს

გამარჯობა, ბატონო ციციკორე!.. არ მინდა პირფერობა დავიწყო, უმჯობესია, პირდაპირ გითხრათ ჩემი სათქმელი. არ დაგიმალავთ და ერთობ გაბრაზებული ვარ თქვენს საქციელზე. ვიღაც ენაკეცია ბალბალუკას ნათქვამს დაეყრდენით, მთელი სოფელი შეაცდინეთ და  უდანაშაულო ადამიანს სიკვდილის ტოლფასი განაჩენი გამოუტანეთ. თქვენ ადამიანის სხეულში დაბუდებული ეშმაკები, ბუნების შეცდომები ხართ. ჩემი აზრით, ღმერთთან შერცხვით, რადგან ხელყავით ასეთი სილამაზე. თქვენს კისერზე  განა მარტო მარიტასი, გედიას და მთელი მათი ოჯახის სიკვდილია. თქვენ და ბალბალუკას ჯოჯოხეთშიც არ მიგიღებენ, თქვე საცოდავებო! გრცხვენოდეთ, ბატონო, გრცხვენოდეთ!

ანანო

წერილი ბალბალუკას

გამარჯობა, ქალბატონო! როგორ ბრძანდებით? კარგად იქნებით, რატომაც არა, იმის შემდეგ, რაც მარიტასა და მის საყვარელ ადამიანებს შეამთხვიეთ. გახსენით ბარემ თქვენი ჭორბიურო და თქვენისთანა და ციციკორესთანა გაუნათლებლებმა დახოცეთ თქვენი თანასოფლელები. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი საქციელის გამო უდანაშაულო ადამიანი წევს ახლა სამარეში? არა, უნდა გკითხოთ, სად დაინახეთ მარიტასა და გედიას ურთიერთობაში საცოლქმრო შეყრა. ერთ რამეს გირჩევთ, არ გაწყენთ. როცა არ იცით სიმართლე, ჭორი არ უნდა გაავრცელოთ და საერთოდ, არავის არა აქვს სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება. სამარცხვინო მარიტა კი არა, თქვენა ხართ! არიქა, არაფერი გამოგეპაროთ, მიაწოდეთ ციციკორეს ახალი ამბები, თორემ დაიღუპება სოფელი!

თქვენს საქციელზე ძალიან გაბრაზებული ანო

 

წერილი მარიტას

გამარჯობა, მარიტა! მუხათწყაროში მოვლენილო ანგელოზო, ზღაპრულო პრინცესავ, ქალებში დედოფალო!  როგორ განვიცდი შენს ამბავს. შენი დამცირება დიდი დანაშაულია… როგორ გაგიმეტა სოფელმა… მაგრამ სიმართლე უნდა გითხრა. შენს ტრაგედიაში ისევ შენ გადანაშაულებ. სუსტი ყოფილხარ, ვერც შენ და ვერც გედიამ ვერ იბრძოლეთ თქვენი სიყვარულისთვის. რატომ დათანხმდი დიდედას, რატომ გაჰყევი შეთეს ცოლად? რატომ მიეცი ადამიანებს შენი ცხოვრების დანგრევის უფლება? ხმა ამოგეღო, გეთქვა, რომ გედია გიყვარდა. აგცდებოდა კუპრივით შავი დღეები… არ გიფიქრია ამაზე? როგორ მენანები!

მარიამი

 

წერილი ბალბალუკას

იმის ღირსიც არ ხარ, რომ გამარჯობა გითხრა! ცოდვილი ხარ. თუ ხვდები მაინც,  რა მოხდა შენი ფანტაზიების გამო?! უდანაშაულო ქალი შენი ჭორების მსხვერპლი გახდა. საწყალს პატარა ობოლი დარჩა. იცი, რამდენ ადამიანს სძულხარ? მარიტასა და გედიას სიყვარულს შენ ვინ გეკითხებოდა? რატომ ჩაყავი ცხვირი სხვა ადამიანების ცხოვრებაში? ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამის უფლება არ გქონდა?

ნინი

ინტერვიუ ციციკორესთან

მოგესალმებით! მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე.

– ბატონო, ციციკორე, თქვენ მთელი სოფლის სახელით სასტიკი განაჩენი გამოუტანეთ მის გამორჩეულ შვილს, მთელი ხეობის თვალს, მარიტას. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

– გეთანხმებით, რომ მარიტა გამორჩეული იყო თავისი სილამაზით, შრომისმოყვარეობით, რასაც ვერ ვიტყვი მის ზნეობაზე. მან შეარცხვინა სოფელი, ოჯახი, ქვეყანა. ის ფარულად ხვდებოდა თავისი შვილის ნათლიას. ეს არის უმძიმესი ცოდვა მირონის წინაშე. რა თქმა უნდა, ასეთ უზნეო საქციელს ვერ მოვითმენდი. მარიტა სასტიკად უნდა დასჯილიყო და დაისაჯა კიდეც.

– მაგრამ თქვენ ზუსტად არ იცოდით, რომ მარიტამ უღალატა შეთეს. თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ ისე, რომ სიმართლის დადგენა არც გიცდიათ.

– სიმართლეს რა დადგენა უნდოდა? ბალბალუკამ თავისი თვალით ნახა, როგორ მივიდა გედია მარიტას სახლში, როცა შეთე იქ არ იმყოფებოდა. პატარა ბავშვისა და მათ გარდა, არავინ იყო სახლში.

– ბატონო ციციკორე, არ ფიქრობთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება უსასტიკესია? მან შეიწირა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე.

– ქალი, რომელიც ქმარსა და ნათელმირონს ღალატობს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მარიტა მე არ მომიკლავს. ის თავისი სიკვდილით გარდაიცვალა. როგორც ახალგაზრდა, კი მენანება, მაგრამ როგორც ოჯახისა და რჯულის მოღალატე – არა.

– მადლობა ინტერვიუსთვის!

მარი

 

რეპორტაჟი

გუშინ სოფელ მუხათწყაროში უკანასკნელ გზაზე გააცილეს კახეთის უმდიდრესი ფერმერის, შეთეს, ულამაზესი ცოლი მარიტა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მარიტას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელშიც კარგად ჩანს, როგორ მიდის შეთეს სახლში მარიტას ყოფილი შეყვარებული გედია ნათენაძე. ვიდეო გაავრცელა სოფლის ენაკეცია ბალბალუკამ. სოფლის მეუფროსის, ციციკორეს, გადაწყვეტილებით, მარიტა უსასტიკესი ფორმით დაისაჯა. წვიმიან ამინდში ქალი უკუღმა შესვეს და ფუნა და ტალახი ესროლეს. მარიტამ ასეთი შეურაცხყოფა ვერ აიტანა და რამდენიმე დღეში დარდისგან გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ციციკორე დააპატიმრეს. მას ბრალი ედება სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევაში.

ციციკორე ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ სოფლის ძველთაძველი ზნეობა დაიცვა და სირცხვილი არავის შეარჩინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გედია მარიტას სახლში შეთეს დედის, გულიზარის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის სათქმელად იყო მისული. როგორც ცნობილია, შეთესა და გედიას ოჯახებს ნათელმირონობა აკავშირებთ.

სასამართლოს სხდომა, რომელიც ციციკორეს საქმეს განიხილავს, ორშაბათს გაიმართება.

ნინი

 

რაფთი ეხმარება მოსწავლეებს, სხვადასხვა პოზიციიდან შეაფასონ მოვლენები, გაიაზრონ პრობლემა, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები. ეს არის ეფექტური სტრატეგია, რომელიც ააქტიურებს მოსწავლეთა წარმოსახვას, ავითარებს შემოქმედებითობასა და წერითი მეტყველების უნარებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მ.ინასარიძე, შემოქმედებითი აზროვნების შესახებ https://mastsavlebeli.ge/?p=16961

სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

შემოქმედებითი უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები

https://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...