შაბათი, ივლისი 5, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

იდეალური პერსონაჟები ჩრდილებით?

0

ერთ საკითხზე შევთანხმდეთ – ტექსტის წაკითხვა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარად ხდება, კერძოდ, ძველ ტექსტს ზოგჯერ ისე კითხულობენ, როგორც ამას თანამედროვე ეთიკა უკარნახებთ. ასეთ წაკითხვას თავისი გამართლება აქვს – ლიტერატურულ პერსონაჟს აღიქვამენ როგორც რეალურ ადამიანს, რომელიც საყოველთაო ეთიკურ კოდექსებს უნდა  ემორჩილებოდეს. მაგრამ ასეთ წაკითხვას თან ახლავს ე.წ. ჟანრის კანონის უგულებელყოფა და, აქედან გამომდინარე, ტექსტის ვულგარული აღქმა. წერილი ვეფხისტყაოსნის ე.წ. იდეალურ პერსონაჟთა ქცევების საკითხს ეხება, ეს შესავალიც მასთან არის დაკავშირებული.

კერძოდ, პოემაში გვხვდება ტარიელისა და ავთანდილის მიერ ჩადენილი ისეთი “გმირობები”, რომელთა გამო მკითხველთა გარკვეული ნაწილი მათ იდეალურობას ეჭვქვეშ აყენებს და სვამს რიტორიკულ კითხვას – მისაღებია თუ არა პრინციპი “მიზანი ამართლებს საშუალებას” და პასუხიც იქვე დევს – რასაკვირველია, არა!
პირველი – ნესტანის დავალებით, ტარიელი სიცოცხლეს ასალმებს ინდოეთში სასიძოდ მოწვეულ ხვარაზმშას ძეს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, მხოლოდ თანხმობა განაცხადა მეფის წინადადებაზე და ინდოეთს ეწვია ნესტანზე დასაქორწინებლად. ავთანდილი კი დაუფიქრებლად კლავს ფატმანის მიერ მითითებულ კაცს, ისე, რომ წინასწარ ამ დავალების მიზეზსაც არ კითხულობს. მკვლელობის შემდეგ ფატმანის მონათხრობი ცოტა კი აფერმკრთალებს თანაგრძნობას მსხვერპლისადმი, რადგან იგი სასტიკად ემუქრებოდა ქალს და რეალურ საფრთხეს შეიცავდა მისი მუქარა, მაგრამ ეს ფაქტი მაინც ვერ გადასწონის მკვლელობას, რომლის ჩადენის შემდეგ ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანი მსხვერპლი ხდება, ყველა დანაშაული “მიეტევება” და მკვლელზე აღმატებულ ეთიკურ ხარისხში გადადის. ამიტომ იწვევს თანამედროვე მკითხველში უხერხულობას და ბრაზსაც კი ავთანდილის მიერ ამ  უზნეო კაცის მოკვლა. ბოლოს და ბოლოს, უზნეობა არ არის ინდულგენცია მკვლელის გასამართლებლად.  თუმცა, როგორც თავში აღვნიშნეთ, ეს არის რეალურ ადამიანებზე მისადაგებული ნორმები და არა – ლიტერატურულ პერსონაჟებზე, რომელთაც ჟანრის კანონი იცავთ.
როდესაც პოემას (ვეფხისტყაოსანს) ვკითხულობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს  სარაინდო რომანთან, რომელსაც თავისი კანონიკა აქვს – ის, რაც არ ეპატიება ჩვეულებრივ ადამიანს, ეპატიება რაინდს. გესმით, ალბათ, ძველი რომაული მაქსიმის ირონიული ინტერპრეტაცია, მაგრამ ასეა. წარმოსადგენადაც კი უხერხულია, სატრფოს ვინმეს მოკვლა დაევალებინა  მიჯნურისთვის, ეს ვინმე მათი სიყვარულისთვის სერიოზული საფრთხის მატარებელი ყოფილიყო და მას ზნეობასა და ეთიკაზე დაეწყო ლაპარაკი სატრფოსთან. ასეთი ტექსტი წარმოვიდგინოთ: “მესმის, ძვირფასო! ჩვენს სიყვარულს საფრთხე ემუქრება და მის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გავიღოთ, ამიტომ, იქნებ, მკვლელობაც გამართლებული იყოს. მოვკლავდი, მაგრამ მცნებებიც გვიშლიან და მებრალება კიდეც, ბოლოს და ბოლოს, მან რა დააშავა, ის ხომ მამაშენმა მოიწვია სასიძოდ?!” ამგვარი ტექსტის სხვადასხვაგვარი გავრცობაც შეიძლება, მაგრამ მკითხველი დამეთანხმება, რამდენად არაბუნებრივი, სასაცილო და ყალბია მთელი ეს ზნეობრივი რიტორიკა, როდესაც საქმე ეხება ღვთაებრივი სიყვარულით აღტყინებულ მიჯნურებს, ისეთებს, რომელთა დაჯდომა სამეფო ტახტზე “სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”. მით უფრო, რომ უმაღლესი სუზერენის წინაშე ვერაფერს გააწყობენ მისი ქალიშვილი და მისივე “ხელქვეითი”. რა არჩევანი რჩება, გარდა შეთქმულებისა?! – არც არაფერი და, ზოგადად, შეთქმულება პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რისკებით და საფრთხეებით სავსე, რომელიც სახალისო ნამდვილად არ არის, მაგრამ არც სხვა გზა არსებობს, ამიტომაც ირჩევენ ადამიანები “გარიგების” ამ ფორმას. ტარიელის მიერ სატრფოს წინადადების მიღება ისეთივე ბუნებრივი და აუცილებელია, როგორის – ავთანდილის მიერ თინათინის დავალების შესრულება, რომელსაც ასევე ახლავს თავისი რისკები – ქვეყნის მთავარსარდალი ტოვებს თავის სახელმწიფოს, ივიწყებს თავის უპირველეს მოვალეობას და, ლამის, შეუსრულებელი დავალების შესასრულებლად მიემართება. ავთანდილის საქციელი ერთგვარი ღალატია საკუთარი მოვალეობისა სახელმწიფოსადმი, რაც საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ ადამიანის პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში ავთანდილი ნაკლებად იკიცხება მკითხველისგან, ყველაფერი გასაგებია მანამ, სანამ მასაც მოუწევს ადამიანის მოკვლა, რათა მხოლოდ სატრფოს დავალება კი არ შეასრულოს, არამედ, აწ უკვე, – მეგობრისადმი მიცემა პირობა, რომ მის სატრფოს იპოვის და იხსნის მათ მიჯნურობას. ასეა თუ ისე, ტარიელიც და ავთანდილიც მკვლელები არიან, თანაც, საკმაოდ სასტიკი და დაუნდობელი მკვლელები, თითქოს გამოცდილნი და გამობრძმედილნიც ამ საქმეში, რაც გასაკვირი სულაც არ არის – ორივე ნაბრძოლ-ნაომარი ვაჟკაცია, მათთვის ომი და ბრძოლა ჩვეულებრივი “დღის წესრიგია”. თუ ეპოქას და ჟანრის კანონს გავიხსენებთ, მიჯნურის დავალება ისეთივე მაღალი მოვალეობაა, როგორიც მცნებების დაცვა ანუ ესეც ეთიკის საკითხია, მხოლოდ სამიჯნურო ეთიკისა, რომელიც არათუ დაბლა დგას სხვა რომელიმე კოდექსზე, არამედ, პირიქით, მიწიერ იერარქიაში ყველაზე მაღალი ნიშა უჭირავს – შუასაუკუნეების სარაინდო რომანში მიჯნურობა ღმერთთან გატოლების, ღმერთის მიმსგავსების და მისი “გამეორების” მცდელობაც არის. ფაქტობრივად, მიჯნურობა აძლევს ადამიანს შანსს, უმაღლეს იერარქიებს მიემსგავსოს, თავისი სახე და ხატება აღიდგინოს, “შეერთოს ზესთ მწყობრთა წყობას” ანუ ზენა იერარქიებს, სადაც დღისით და ღამით შეიძლება ხილვა “მზისა ელვათა კრთომისა”. ამ გადმოსახედიდან ნებისმიერი ხვარაზმშა და ნებისმიერი ჭაშნაგირი, რა გასაკვირია, თუ მხოლოდ საშუალებაა და ნამდვილად ესადაგება ასევე ძველ მაქსიმას – “მიზანი ამართლებს საშუალებას”, ამართლებს, დაახლოებით, ისე, როგორც – ომში მოწინააღმდეგის მოკვლა. სადავო არ არის, რომ ომის კანონები მშვიდობის კანონებს ვერ მიჰყვება – მტერია? მოკალი! “არა კაც-ჰკლა” და სხვა ამგვარი მოწოდებები იქ არ ჭრის, არც ვინმე გაგკიცხავს, არც ვინმე დაგადანაშაულებს, თუ იარაღით შენკენ მომართულ ადამიანს დაასწრებ და სიცოცხლეს  გამოასალმებ.  წამება,  არაადამიანური მოპყრობა, დამცირება, პატივისა და ღირსების შელახვა, მასთან ერთად, მოროდიორობაც კი, კანონით ისჯება, მაგრამ შუა ომში მტრის მოკვლა ბიბლიურ მცნებას აბსოლუტურად უგულებელჰყოფს. ამ კონტექსტიდან არის დასანახი ტარიელისა და ავთანდილის მიერ ხვარაზმშას და ჭაშნაგირის მკვლელობები და არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან დროებაში ადამიანის მკვლელობებთან, ნესტანი და ტარიელი უდიდეს ომში ჩაბმულნი აღმოჩნდნენ, შემდეგ კი ამ ომში “მოხალისედ” შეუერთდათ ავთანდილი – “სევდის მუფარახი და ცნობიერთა დასტაქარი”, ადამიანი, რომლის ძალისხმევის გარეშე ნესტან-ტარიელის ღვთაებრივ მიჯნურობას ახდენა არ ეწერა. დიახ, ნამდვილად ამართლებს მიზანი საშუალებას, როდესაც ომში ხარ, როდესაც ბრძოლა უთანასწორო და წინასწარ განწირულია, როდესაც ყველა გონივრული და რაციონალური ნაბიჯი მხოლოდ მიზნის მიღწევაში გეხმარება და რომ არა ეს მიზანი, ნამდვილად ვერავინ დააბრალებს ჩვენს  იდეალურებს, რომ ადამიანის სისხლი სწყურიათ. პირიქით, ორივე “უსისხლოდ” კლავს თავის მსხვერპლს, უსისხლოდ ანუ “მინიმალური” დანაკარგებით, კლავენ მხოლოდ ერთს და არ ებმებიან ფართომასშტაბიან ბრძოლაში, რათა ზედმეტი სისხლისღვრა თავიდან აიცილონ. ალბათ, აღარ არის საჭირო, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, როგორი ვაჟკაცები და ჰუმანისტები არიან, როგორც ტარიელი, ისე – ავთანდილი, როგორი პატივით ეპყრობა ინდოეთის სპასპეტი მის მიერ დამარცხებულ ხატაეთის მეფეს – “ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამსგავსე”, ავთანდილი კი უცხო მოყმის ძებნისას დაღუპვის შემთხვევაში მონების გათავისუფლებასა და გლახაკთა მოწყალებაზე ზრუნავს.
და ბოლოს, როდესაც საქმე გვაქვს მაღალი კლასის ლიტერატურულ ძეგლთან, რომლის ავტორი მკითხველს სთავაზობს დიადი გმირების თავგადასავალს და თხრობისას მკითხველი ხედავს და გრძნობს ავტორის სიყვარულსა და პატივისცემას საკუთარი გმირებისადმი, ამავე მკითხველს ჰმართებს, კარგად გაიაზროს თითოეული დეტალი, შეუხამ-შეუსაბამოს ლიტერატურულ კონტექსტს და ჟანრის კანონებს და თუ მაინც ვერ ამოხსნის მარტივ ამოცანებს, მხოლოდ ვულგარულ წამკითხველად დარჩება და არა – ჭეშმარიტების ამომხსნელად, რაგინდ მაღალი ეთიკური კანონი უმაგრებდეს ზურგს პროტესტის გამოხატვისას. ჟანრის კანონი უკვდავია, ისევე, როგორც, ამ ჟანრის მიერ იდეალურ გმირებად სახელდებული პერსონაჟები და მისი ნგრევა მხოლოდ ახალი ლიტერატურის დაწერის საფუძველს იძლევა და არა – ახალი ინტერპრეტაციისას, რაც, თავისთავად, საინტერესო იქნებოდა, რომ არა მთავარი გეზიდან გადახვევა, რაც ლიტერატურული ტექსტის წაკითხვისას, ფაქტობრივად, ჩიხია.

 

ჩვენი წილი აფხაზეთი სკოლაში

0

90-იანი წლების თაობის წარმომადგენელი ვარ. აფხაზეთი  ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოიჭრა, როცა მე-6 კლასში ვიყავი. დღემდე მახსოვს ისტორიის მასწავლებლის მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის, სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის სრულ საშუალო სკოლაში. XX საუკუნის დასასრულს რუკებისა და რამდენიმე წიგნის გარდა სხვა რესურსი არ ჰქონია. მაშინ მასწავლებელმა გვითხრა, რომ 1992-1993 წლებში საქართველომ ომი წააგო…

წერილზე მუშაობის დროს, ყმაწვილკაცობის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამახსენდა. 14-15 წლის ვიქნებოდი, როცა მამაჩემს ვეხმარებოდი ჩემს ძმასთან ერთად. თივას ვაგროვებდით ზვინებად. წყლის დასალევად და სულის მოსათქმელად მოვიჩრდილეთ. ზაფხული იყო – ზღვაზე დასვენების პერიოდი. საუბარი ქვიშიან სანაპიროზე ჩამოვარდა. მე და ჩემს ძმას ზღვა ჯერ არ გვენახა. მაშინ მამაჩემმა ერთი უცნაური პირობა მოგვცა. „აუცილებლად ჩაგიყვანთ სოხუმში, გავჩერდებით ზღვის ნაპირზე და ბრტყელ ქვებს ვისვრით თვალუწვდენელ წყალშიო“. იმ დროს მამაჩემის წყალობით, უკვე კარგად ვიცოდი, რა იყო აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და რა ფასი ედო ამ  დაპირებას.

წლები გავიდა.

დღეს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტში ვმუშაობ მასწავლებლად.

სად იძენს ბავშვი ღირებულებებს? როგორ ყალიბდება ის პატრიოტ პიროვნებად?

ამაზე პასუხად ვიტყვი, რომ ოჯახი, გარემო და სკოლა ის სამკუთხედია, რომელიც მოქალაქეს აყალიბებს.

ეთნიკური უმცირესობების მშობლების ახლანდელ თაობას სახელმწიფო ენის ცოდნის სერიოზული პრობლემა აქვს (ცხადია, ამაში უდიდესი როლი მახინჯ საბჭოთა სისტემას მიუძღვის). შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი სამკუთხედიდან ერთი კუთხე ჩამოშლილია.  მშობლებმა თვითონ არ იციან საქართველოს უახლესი ისტორია და ბავშვს რას აუხსნიან XX საუკუნის ავბედით  წლებზე? აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მშობლებისთვის ძირითადი საინფორმაციო წყარო მეზობელი სახელმწიფოების მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებებია. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ „სიმართლეს“ აწვდიან იგივე რუსული ტელევიზიები აფხაზეთის კონფლიქტზე?

ჩემი აზრით, სასკოლო განათლების სისტემაში აფახაზეთის თემატიკა არ ისწავლება სიღრმისეულად. ინფორმაციის მიწოდება საკმარისი არ არის. ჩვენ გაბედულად უნდა ვისაუბროთ იმ არასწორ ნაბიჯებზე, შეცდომებზე, რუსეთის როლზე, რათა სრული სურათის დანახვა შევძლოთ. აქვე დავძენ – ხშირი ურთიერთობა მაქვს სხვა სკოლის მოსწავლეებთან, მისაუბრია მათთან და გულისტკივილით ვიტყვი – მომავალ თაობას ძალიან შორეული წარმოდგენა აქვს თუნდაც სოხუმზე.

არსებული რეალობის გათვალისწინებით უდიდესი როლი ენიჭება  სასკოლო სივრცეს. შეიძლება შუა თბილისში, 1918-1921 წლის დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა ოკუპაციის, აფხაზეთისა თუ სამაჩაბლოს კონფლიქტის, 1989 წლის 9 აპრილის და უახლესი ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი თარიღების გახსენება, გაანალიზება და შეფასება ერთი მნიშვნელობის იყოს,  მაგრამ ეროვნული უმცირესობის სკოლებში სხვა დატვირთვას ატარებს.

ჩემი სკოლა ამ მხრივ გამორჩეულია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ სსიპ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ჩვენი წილი აფხაზეთი გვაქვს.

2018 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები ბათუმში ჩავიყვანეთ. ზღვისპირა ქალაქში, სოხუმის გახსენების იდეა ბავშვებისგან წამოვიდა. მოსწავლეებს მარნეულიდან ბათუმის კერძო სკოლა „განათლების“ მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია მენაბდემ უმასპინძლეს.

ეს იყო იმედით სავსე დღე საერთო განწყობით – ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში!

სკოლაში კლასის დამრიგებლები ყოველწლიურად  ატარებენ საკლასო საათს, ისტორიის მასწავლებლები ცდილობენ სიღრმისეულად წარმოაჩინონ უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მართავენ დისკუსიებს კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე და ამავე თემატიკაზე გადაღებულ ფილმებზე.

ყველა დამეთანხმებით, რომ  მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა შეძლონ ნებისმიერი მოვლენის სხვადასხვა კუთხიდან შეფასება, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. 26 და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე გაკვეთილი ჩავატარე VII და VIII კლასებში. კლასი დავყავი რამდენიმე ჯგუფად. დავურიგე სხვადასხვა მასალიდან მოპოვებული ადაპტირებული ტექსტები. თითოეულ ჯგუფს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან უნდა ემსჯელა ერთ საკითხზე.

  • აფხაზეთის ომის დაწყების წინარე ისტორია და მიზეზები;
  • ქართული შინაგანი ჯარების/ბატალიონების ორგანიზება და მეთაურობა;
  • რუსეთის როლი აფხაზეთის ომში;
  • სოხუმის დაცემისა და ომის წაგების მიზეზები;
  • აფხაზეთი რომ არ დაგვეკარგა…

მოსწავლეებმა დეტალურად და ნაბიჯ-ნაბიჯ გააანალიზეს აფხაზეთის ომის გამომწვევი მიზეზები  და ხელშემწყობი პირობები.

გააცნობიერეს, გულისგულში ტკივილად იგრძნეს ომის წლებში გამოვლილი, მოგლეჯილი ნაწილები სამშობლო მიწიდან.

ამაყი ვიყავი, მათ რომ ვუსმენდი.

მომავლის რწმენა და იმედი მივსებდა გულს, რომ არაფერია დაკარგული, ჩვენი მომავალი განათლებაშია.

აქ დავასრულებ თხრობას.

ვიდეოები ღონისძიებიდან „აფხაზი ვარ“!

მეწარმეობის სწავლება და ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო (EntreComp)

0

მეწარმე თუ ენტერპრენერი?

ქართულად სიტყვა „მეწარმე“ ხშირად მცდარ ასოციაციას იწვევს, რომლის თანახმადაც, მეწარმის საქმიანობა მხოლოდ წარმოებას უკავშირდება. სიტყვა „მეწარმე“ ვერ გამოხატავს იმ უფრო ფართო და ღრმა შინაარსს, რომელსაც დღეს უკვე საერთაშორისო ტერმინი Entrepreneur – ენტერპრენერი – ატარებს. Entrepreneur, სიტყვასიტყვით, ნიშნავს ადამიანს, რომელიც რისკავს. თავდაპირველად ენტერპრენერი სამხედრო ექსპედიციების მეთაურს ერქვა, ხოლო დროთა განმავლობაში ეწოდა მას, ვინც ბედავს, შეეჭიდოს ახალ პროექტს, წამოიწყოს ახალი საქმე. მოგვიანებით ამ სიტყვის შინაარსი კიდევ ერთხელ შეიცვალა და დღეს ენტერპრენერი ის ადამიანია, რომელიც ინოვაციით ეწევა ეკონომიკური პროგრესის სტიმულაციას.

ზოგი მკვლევარი დავობს: იქნებ პროგრესი კი არა, შესაძლებლობების გამოყენებაა ენტერპრენერის მთავარი მისია? ენტერპრენერი საკუთარ გარემოში არსებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებს ხედავს და სწორედ ეს იწვევს პროგრესს. ამიტომ მეწარმე არ არის ენტერპრენერი, თუმცა უკეთესი შესატყვისის არარსებობის გამო ამ სტატიაში ისევ სიტყვა „მეწარმეს“ გამოვიყენებთ, ოღონდ ენტერპრენერის მნიშვნელობით.

 

როგორ შეიძლება მოაგვაროს მეწარმემ პრობლემები?

მეწარმე ქმნის რაღაც ახალს ან აუმჯობესებს არსებულ პროდუქტს, ახალ ბაზარზე შედის, ახალ ნედლეულს იგონებს, ამცირებს წარმოების ხარჯებს, თავისი წინადადებებით აუმჯობესებს მომხმარებლის ცხოვრების ხარისხს, თავადაც იზრდება და ვითარდება და სხვებსაც ასაქმებს და ავითარებს. ამ ყველაფრით მეწარმეს/ენტერპრენერს მოაქვს ზოგადი კეთილდღეობა საზოგადოებისთვის და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომაც მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მეწარმეობის მხარდაჭერა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად არის მიჩნეული და ამაზე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების სიმრავლეც მეტყველებს.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ და მცირე და საშუალო ბიზნესის მომავალი სტრატეგია სამეწარმეო განათლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 2015 წლიდან “მეწარმეობის საფუძვლები” როგორც არჩევითი საგანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 221 საჯარო სკოლაში ისწავლება. თითქმის ყველა კერძო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებისთვის. პროფესიული სასწავლებლის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაში მეწარმეობა სავალდებულო მოდულია. გარდა ამისა, მეწარმეობის შემსწავლელი უამრავი აკრედიტებული თუ არაფორმალური კურსი და პროგრამა არსებობს საჯარო თუ კერძო უმაღლეს დაწესებულებებში. სამეწარმეო განათლების ხარისხის ასამაღლებლად არაერთი დონორი: USAID, GIZ, ETF და სხვები, – ახორციელებს სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროექტებს.


გადაარჩენს თუ არა საქართველოს მეწარმეობა?

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მეწარმეობა რომანტიზებულია. ცოტა ლაპარაკობს მეწარმის ცხოვრების სირთულეებზე: სტრესი, მუდმივი განვითარების საჭიროება, კლიენტების დევნა და არასტაბილურობა, ყველასთვის ვერ გადაწონის თვითრეალიზაციით და თავისი დროის განკარგვით მიღებულ სიამოვნებას. გარდა ამისა, მეწარმეობა საქართველოში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება იშვიათად არის, უფრო თვითკმაყოფილების და თავისუფლების მომნიჭებელია. თუმცა ეს თავისუფლებაც პირობითია ფინანსური თუ სხვა პასუხისმგებლობების გამო. მოკლედ, მეწარმის ცხოვრება ყველასთვის არ არის. მაშ, რატომ გვეუბნებიან, რომ მეწარმეობის სწავლა ყველას გამოგვადგება?

როდესაც მეწარმეობის სწავლებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი ამოცანა არ შემოიფარგლება მეწარმეობის როგორც პროფესიის მხარდაჭერით – პირველ რიგში, სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებას ვისახავთ მიზნად, რაც გულისხმობს იდეების გენერირების, შესაძლებლობების ამოცნობის, რესურსების მობილიზებისა და მართვის, იდეების პრაქტიკულად განხორციელების უნარების განვითარებას. ამ უნარებით შეიარაღებულ ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. ასეთი ადამიანი საჯარო, კერძო თუ სამოქალაქო სექტორისთვის დიდი მონაპოვარია. ამიტომ სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება საქართველოს განათლების სისტემისთვის სტრატეგიული ამოცანაა, რათა მისი მეშვეობით დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაში, სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების თუ ახალი სოციალური და კომერციული საქმიანობის დაწყებაში.

 

ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო (EntreComp)

ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო, რომელიც EntreComp-ის სახელითაც არის ცნობილი, 2016 წელს შეიქმნა ევროპის საბჭოს გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) მიერ.

EntreComp-ი სამი მიმართულებისგან შედგება. ესენია: იდეები და შესაძლებლობების განვითარება, რესურსების მართვა და ქმედება/იდეების განხორციელება. თითოეული მიმართულება კი ხუთ კომპეტენციას აერთიანებს (ნახ.1).

ნახ. 1: EntreComp-ის ჩარჩო

 

ჩარჩოს პილოტირება ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოშიც, მიმდინარეობს განათლების სისტემის მოდერნიზაციისა და განათლებისა და შრომის სფეროების ურთიერთდაკავშირების მიზნით. მაგ., 2018 წელს ევროკავშირის სააგენტომ, ევროპის განათლების ფონდმა (ETF) შეაფასა საქართველოში პროფესიული სასწავლებლის სავალდებულო მეწარმეობის მოდული ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოსთან მიმართებით და დაასკვნა, რომ არსებული მოდული არასათანადოდ ავითარებს შემოქმედებითი და პროექტის მართვის უნარებს (ნახ. 2).

 

ნახ. 2: არსებული სამეწარმეო მოდულის შედარება EntreComp ჩარჩოსთან –

ამ გამოწვევის პასუხად ამოქმედდა ინიციატივა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ორგანიზაცია “გარემო და განვითარების”, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის (დევისი) D-Lab-თან პარტნიორობით მიმდინარე პროექტი მეწარმეობის ახალი მოდულის განვითარებით პროფესიული სასწავლებლების გასაძლიერებლად. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და 2019 წლის სექტემბერში დასრულდა. ის მიზნად ისახავდა მეწარმეობის სწავლების ხარისხის ამაღლებას პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო რესურსების გაუმჯობესების, სასწავლო პროცესის შეცვლის და მასწავლებლის კომპეტენციის ზრდის ხელშეწყობით.

პროექტის ფარგლებში იქმნება ახალი მეწარმეობის მოდული პროფესიული სასწავლებლის მეწარმეობის მოდულის ევროპის კომპეტენციების ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანით. მისი საპილოტე დანერგვა სამ კოლეჯში უკვე მოხდა პროექტზე დაფუძნებული სწავლის მეთოდოლოგიის ინტეგრაციით. ახალი მოდული დიდ ყურადღებას უთმობს მეწარმეობის არსისა და ფორმების გააზრებას, შესაძლებლობების ამოცნობისა და მართვის, იდეების განვითარებისა და საქმედ ქცევის კომპეტენციებს.

ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი პროექტის შესახებ:

საუკეთესო ათეული – მასწავლებლებისთვის

0

რამდენიმე წელიწადია, ასე ხდება – ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge ახალ სასწავლო წელს მასწავლებლებზე შექმნილი საუკეთესო მოთხრობებით იწყებს. კონკურსის თემა იყო: „ ძილში კი სიზმრებად მოდიან ბავშვები, მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ“ (ირაკლი კაკაბაძე).  წელს, კონკურსის პირობები ოდნავ შეიცვალა და კონკურსანტებმა მოთხრობები მასწავლებლებისთვის დაწერეს. ბოლოსართის ცვლილებას კი მთელი იდეის ამოტრიალება მოჰყვა – ამჯერად მოთხრობების გმირები მასწავლებლებზე მეტად ის ამბებია, რომლებიც აღსაზრდელებთან ურთიერთობისას გამოადგებათ.

სწორედ ასე ფიქრობს წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული, მწერალი მიხო მოსულიშვილი, რომელიც მოთხრობაში ვაჟა ფშაველას ცხოვრების ერთ ეპიზოდს აცოცხლებს და იმ ამბავს გვიყვება, რომელმაც, საბოლოოდ, „ალუდა ქეთელაურის“ შექმნა განაპირობა.

მოთხრობა „მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისათვის“ 1886-1888 წლებში გაჩაღებული მიმოწერისგან შედგება. საჩივარ-პასუხების ავტორები სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელი ლუკა რაზიკაშვილი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი იაკობ მანსვეტაშვილი, სკოლის მასწავლებელთან დაპირისპირებული თონეთის მამასახლისი დიმიტრი შავშიშვილი და სხვები არიან. როგორც მიხო მოსულიშვილი ამბობს, მოთხრობის ისტორიის ძირითადი ჩონჩხი ეროვნული არქივიდან ამოღებულ მასალას მოიცავს, თუმცა, ცხადია, ამბავი გამხატვრულებულია და დამატებულია გამოგონილი პერსონაჟებიც.

ახალგაზრდა მასწავლებელ ლუკა რაზიკაშვილს სოფლის მამასახლისი და მღვდელი უპირისპირდებიან – არც მისი სწავლების მეთოდები მოსწონთ და არც მოსწავლეებისადმი მიდგომას უქებენ. საჩივარს საჩივარზე წერენ, ლუკაც არ აკლებს და ამბავი დრამატული დასასრულისკენ მიექანება. საქმეს ვერც იაკობ ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა ხელმოწერით ილია ჭავჭავაძისთვის მიწერილი მოხსენება ცვლის და მასწავლებელი რადიკალური ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. აქ მოგებული მხოლოდ მკითხველი რჩება, რომელიც მასწავლებლის მოსწავლეებთან გამომშვიდობებისა და უკანასკნელი დარიგებების გაცემის ემოციური ეპიზოდის მომსწრე ხდება. ამავე სცენაში ცხადდება, რომ სრულიად ახლაგაზრდა ვაჟას „ალუდა ქეთელაური“ დაუწერია და რომ, მოსწავლეების სახით, მზად არის პირველ მკითხველსაც წარუდგინოს.

 

მიხო მოსულიშვილი: „მასწავლებელი არა მხოლოდ ერთი მოსწავლის, არამედ ქვეყნის მომავალს ქმნის, ამიტომ სკოლა, როგორც ინსტიტუტი, ამისთვის ყოველ მხრივ მზად უნდა იყოს. სკოლა ჩვენი საზოგადოების ერთგვარი მიკრომოდელია, რომელიც მუდმივადაა ამავე საზოგადოებისა და პიროვნების დაპირისპირების მომსწრე. ამიტომ სწორედ აქ უნდა გვასწავლონ – დავემორჩილებით საზოგადოების მოთხოვნებს თუ ვიბრძოლებთ. თუმცა, ვაჟას შეგონებით, ჩემთვის ეს ბრძოლა ცნობიერების ევოლუციის გზა უფროა, ვიდრე რევოლუციისა. ვფიქრობ, ჩემი მოთხრობა მასწავლებლებს სწორედ ამ კუთხით თემის გაშლისთვის გამოადგება“.

საზოგადოებისა და პიროვნების დაპირისპირების თემას აგრძელებს მეორე ადგილოსან მიშა ბახსოლიანის „კონტრაქციაც“, თუმცა ის, მიხო მოსულიშვილისგან განსხვავებით, მხოლოდ საკუთარი მეხსიერების არქივიდან ამოღებულ მასალას ეყრდნობა. ეს არქივი ახლაც ივსება – ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო ილექება და ახალ მასალასაც შობს.

მიშა ბახსოლიანის მოთხრობა, სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბების კრებულს, ავტორისთვის დამახასიათებელი დიალოგის ფორმით გვიამბობს: კლასი აქციაზე მიდის და სკოლას აცდენს. ირკვევა, რომ აქციაზე იყო მასწავლებელიც. აქ თითქოს ყველაფერი ლაგდება და კითხვის ნიშნებიც ქრება, თუმცა დიალოგი მაინც გრძელდება, იძაბება, იხლართება და მოულოდნელ ფინალადაც იშლება.

კონკურსის მესამე ადგილზე გავიდა თორნიკე სიბაშვილი მოთხრობით „უჩინარი“.  ავტორი მტკივნეულ თემას ეხება – გვიყვება ბავშვებზე, რომლებიც უჩინარები რჩებიან მასწავლებლებისთვის და საზოგადოებისთვის.

ჟიურის მიერ შერჩეული, საუკეთესო ათეულში შესული მოთხრობებია: თამარ გეგეშიძის „მას, მე ვარ ნიკო!“, ილია ჭანტურიას „მშვიდად, გაკვეთილი იწყება“, სოფო კუბლაშვილის „მონადირე“, თამარ ესიტაშვილის „ლამაზი სიზმრები გაღვიძებისას არ მთავრდება“, ნარგიზ ბუხაიძის „ხეებიც ბერდებიან, სახლებიც, იმ სახლებში ადამიანებიც“, ლევან ლორიას „ბეღურები ღამით არ დაფრინავენ“ და ქარდა ქარდუხის „აცილება“.

კონკურსის იდეის ავტორი და ორგანიზატორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ამ ცენტრის საგანმანათლებლო  მეთოდური რესურსების პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ინგოროყვაა, რომელმაც დაჯილდოების  ცერემონიალზე ისაუბრა კონკურსის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე. მან  მოწვეულ სტუმრებს გააცნო  კონკურსის ერთგული პარტნიორები და მხარდამჭერები:  ლიბერთი ბანკი,  „გამომცემლობა ინტელექტი“, „გამომცემლობა წიგნები ბათუმში“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“. ლიბერთიი ბანკის წარმომადგენელმა  ტრადიციულად ფულადი ჯილდო გადასცა  პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ნაწარმოების ავტორებს. გამომცემლობა ინტელექტმა,  გამომცემლობა წიგნები ბათუმში და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ  წელსაც  თავისი რჩეულები, ათეულის წევრი 4 კონკურსანტი,   სოლიდური ვაუჩერებით დააჯილდოვეს. ასევე კონკურსის უცვლელმა მხარდამჭერმა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ    თავისი რჩეული კონკურსანტი დააჯილდოვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა,  ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა კონკურსის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ  კონკურსი   ცენტრის  ერთ-ერთი  წარმატებული პროექტია, რომელიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ეწევა. იმედი გამოთქვა, რომ კონკურსი დროთა განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანი, ღირებული და წარმატებული გახდება.  მან მადლობა გადაუხადა ჟიურის, კონკურსანტებს და სპეციალური პრიზი გადასცა კონკურსის გამარჯვებულს.

კონკურსის სპეციალური პრიზის დიზაინი მარიამ ელიზბარაშვილის ეკუთვნის, რომელიც მან სპეციალურად შექმნა კონკურსისთვის და საჩუქრად გადასცა ორგანიზატორებს.

დაჯილდოების ცერემონიაზე განსაკუთრებით აღინიშნა ჟიურის წევრების ობიექტური და მიუკერძოებელი მუშაობის  შესახებ. წლევანდელი  ჟიურის წევრები იყვნენ:  ლევან ბერძენიშვილი,  ზვიად კვარაცხელია,  დიანა ანფიმიადი, რუსუდან რუხაძე, დავით გორგილაძე.

საუკეთესო მოთხრობებს ჟურნალ “მასწავლებლის” სპეციალური ნომერი მიეძღვნა, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა.

„გამარჯვებული მოთხრობები დღევანდელ სინამდვილეში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.  გავა დრო და  კონკურსში გამარჯვებული ათეულობით მოთხრობა  თავის ისტორიულ  სიტყვას იტყვის ლიტერატურაში  დღევანდელ საქართველოზე“ – აღნიშნა კონკურსის ორგანიზატორმა, ჟურნალ „მასწავლებლის“  და ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ს მთავარმა რედაქტორმა  ნატო  ინგოროყვამ.

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებათა კვლევა – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეფექტური ინსტრუმენტი

0

პედაგოგებისთვის, საზოგადოდ, საინტერესო უნდა იყოს როგორც საკუთარი პრაქტიკის, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებათა კვლევა. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა – არცთუ ისე ცოტა დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა მუშაობის პროცესიც და კვლევის შედეგებიც ძალიან საინტერესოა, ინფორმაციულია და უზარმაზარ გამოცდილებას სძენს პედაგოგს.

მინდა გაგაცნოთ საკუთარი კვლევა, რომელსაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვატარებდი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა, ამიტომ, ვფიქრობ, სხვა სკოლებისთვისაც საინტერესო იქნება მისი შედეგების გაცნობა.

კვლევა ეხებოდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებს. კვლევის თემა და სახელწოდება – „ფიზიკაში დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზები და მათი გადაჭრის გზები“ – დირექციასთან შეთანხმებით შეირჩა.

რატომ ეს თემა? საქმე ის არის, რომ საბუნებისმეტყველო საგნების, განსაკუთრებით კი ფიზიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესი მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც სავალალოა. ეს არაერთხელ გვითქვამს და საერთაშორისო კვლევებიც მოგვიყვანია ამ სამწუხარო ფაქტის დასასაბუთებლად.

 

https://www.naec.ge/uploads/postData/KVLEVEBI/TIMSS_bunebismetyveleba-2007-2015.pdf

 

https://www.naec.ge/uploads/postData/KVLEVEBI/PISA-2015-angarishi.pdf

 

მოტივაციის დაბალი დონე მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე აისახება, შესაბამისად, ფიზიკის სწავლა-სწავლება ჩვენს ქვეყანაში და საკუთრივ ჩვენს გიმნაზიაშიც ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება. ამდენად, პრობლემა აქტუალურია. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ მისი მიზეზების კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

თემის შერჩევის შემდეგ შედგა კვლევის სამუშაო გეგმა-გრაფიკი და დაიწყო მისი განხორციელება.

განისაზღვრა კვლევის მიზანი:

◦ პირველად მონაცემთა აღრიცხვისა და მათი ანალიზის შემდეგ სათანადო მეთოდიკის გამოყენებით გამოიკვეთოს მიზეზები, რომლებიც განაპირობებს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ფიზიკაში მოსწავლეთა შედარებით დაბალ აკადემიურ მოსწრებას;

◦  განხორციელდეს ინტერვენცია;

◦  მეორეულ მონაცემთა აღრიცხვის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შემუშავებულ იქნეს დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებშიც გათვალისწინებულ იქნება კოლეგებისთვის კვლევის შედეგების გაზიარების შედეგად მიღებული უკუკავშირი.

 

შემუშავდა კვლევითი კითხვები:

მთავარი კითხვა – რისი ბრალია ფიზიკაში სხვა საგნებთან შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრება?

ქვეკითხვები:

როგორ გავზარდოთ ფიზიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესი?

რა გავლენას ახდენს ფიზიკის გაკვეთილზე თვალსაჩინოებების, ექსპერიმენტების გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობასა და აკადემიურ მოსწრებაზე?

რა გავლენას ახდენს ფიზიკის გაკვეთილზე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობასა და აკადემიურ მოსწრებაზე?

ახდენს თუ არა გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე სკოლაში ნასწავლი ფიზიკის ყოფა-ცხოვრებასთან ლოგიკური დაკავშირება?

რამდენად ეხმარება სახელმძღვანელო მოსწავლეებს საგნის შესწავლაში?

კვლევის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ ეთიკური ნორმების დაცვა:

ფოკუსჯგუფები შეირჩა ნებაყოფლობით. კვლევის დასაწყისში კვლევის მონაწილეებმა მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია კვლევის მიზნებსა და ამოცანებზე, კითხვარების შევსება მოხდა კონფიდენციალობის სრული დაცვით და, შესაბამისად, კვლევაში მონაწილეობით არც ერთი მონაწილე არ დაზარალდა.

კვლევის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ საკვლევი თემის მიხედვით ლიტერატურის დამუშავება. აღსანიშნავია, რომ სკოლის საჭიროებათა კვლევის შესახებ ქართულ ენაზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურა მწირია. ასევე მწირია ინფორმაცია უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაშიც. შესაბამისად, წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში დამუშავებულ იქნა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შესაბამისი ლიტერატურა და აღნიშნული მიმართულებით კვლევის მეთოდიკა და ინსტრუმენტები მორგებულ იქნა სკოლის საჭიროებების კვლევას.

ევროკავშირის პროექტ „ერასმუსის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებმა შეიმუშავეს პროექტ ARTIST-ის საგაკვეთილო მოდულები და ამჟამად ისინი საქართველოს ცამეტ სკოლაში ინერგება. ამ პროექტში ჩართულია თბილისის კლასიკური გიმნაზია ფიზიკის საგნით და მეც აღნიშნული პროექტის მონაწილე გახლავართ.

ARTIST-ის ერთ-ერთი მიზანია, მასწავლებელს ხელი შეუწყოს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უცხოელმა სპეციალისტებმა ჩაგვიტარეს ტრენინგები, ვორქშოფები, მოგვაწოდეს შესაბამისი ლიტერატურა.

პირადად მე კვლევაში გამოვიყენე პროფესორ ფრანც რაუხის (Franz Rauch, University of Klagenfurt, Austria) მიერ მოწოდებული ლიტერატურა, რომელიც საჭიროებისამებრ იქნა მოდიფიცირებული და სკოლის საჭიროებათა კვლევას მორგებული.

რაც შეეხება კვლევის სამიზნე ჯგუფს: ფიზიკა ისწავლება VII, VIII, IX, X XI კლასებში, შესაბამისად, შერჩეულ იქნა:

  • VII, VIII, IX, X XI კლასის მოსწავლეთა ფოკუსჯგუფები;
  • VII, VIII, IX, X XI კლასების დამრიგებლები;
  • VII, VIII, IX, X XI კლასის მშობელთა ფოკუსჯგუფები;
  • კოლეგები – ფიზიკის მასწავლებლები.

კვლევის ინსტრუმენტებად გამოყენებულ იქნა:

  • ჯგუფური ინტერვიუ;
  • ფოკუსჯგუფები;
  • დაკვირვების დღიური

კვლევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლდათ დამკვირვებელი – კრიტიკული მეგობარი (კოლეგა – ფიზიკის მასწავლებელი), რომელიც ყველა ეტაპზე იყო ჩართული კვლევაში და საგულისხმო უკუკავშირს მაძლევდა.

კვლევა დაიწყო თეორიაში აღიარებული სქემის მიხედვით (სქემა 1):

 

მოცემულ სქემაში ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობები იწყება პირველი ციკლის დაკვირვების (Observe) ფაზიდან. კვლევის ამ ეტაპზე:

  • შეფასდა პირველი სემესტრის შედეგები ფიზიკაში;
  • მოხდა შეხვედრა კოლეგებთან (იხ. დანართი 2);
  • პრობლემის იდენტიფიცირებისთვის ჩატარდა ინტერვიუ VII-XI კლასების დამრიგებლებთან, რომლებმაც შეავსეს კითხვარიც;
  • კითხვარი შეავსეს VII-XI კლასების მოსწავლეთა ფოკუსჯგუფებმაც;
  • დაბოლოს, კითხვარი შეავსეს მშობელთა ფოკუსჯგუფებმა.

ამავე ციკლის რეფლექსიის (Reflect) ფაზაში განხორციელდა წინა საფეხურზე მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი.

პირველი ციკლის მომდევნო – დაგეგმვის ფაზაში (Plan) მოხდა კოლეგებთან შეხვედრა და დაიგეგმა კვლევის შემდგომი აქტივობები (ინტერვენცია): მე-8 კლასში – თამაში „რა? სად? როდის?“, მე-9 კლასში – საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების გამოფენა „შეიცანი სამყარო“; სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ნაკრებისთვის – ელემენტარული ნაწილაკებისა და CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტების შესახებ თსუ-სა და CERN-ის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ მასტერკლასებში მონაწილეობა (მასტერკლასები ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში), მე-10 კლასში – ევროკავშირის პროექტ ARTIST-ის დანერგვა.

ამის შემდგომ დაიწყო კვლევის ახალი ციკლი.

აღნიშნული ციკლის მოქმედების (Action) ფაზაში განხორციელდა დაგეგმვის ფაზაში ჩამოთვლილი აქტივობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა პროექტი ARTIST-ი.

ციკლის მომდევნო – დაკვირვების (Observe) ფაზაში მოხდა ინტერვენციის შემდგომი მეორეული მონაცემების აღება:

  • შეფასდა მეორე სემესტრის შედეგები ფიზიკაში;
  • ჩატარდა ინტერვიუები VII-XI კლასების დამრიგებლებთან;
  • VII-XI კლასებში მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი.

ამავე ციკლის რეფლექსიის (Reflect) ფაზაში დამუშავდა წინა ფაზაში მიღებული მეორეული მონაცემები.

კვლევის მომდევნო ეტაპზე შეჯამდა და გაანალიზდა ორივე ციკლის განმავლობაში მიღებული შედეგები, შემუშავდა რეკომენდაციები და მომზადდა კვლევის ანგარიში.

კვლევა იყო საკმაოდ ვრცელი და ინფორმაციული, მოიცავდა მრავალ დიაგრამას. აქ მოვიყვან მხოლოდ ერთს, რომელიც ასახავს X და IX კლასებში I და II სემესტრის აკადემიური მოსწრების შედეგების დინამიკას ინტერვენციამდე და ინტერვენციის შემდეგ (დიაგრამა 1).

 

დიაგრამა 1. I და II სემესტრის შედეგები X და IX კლასებში

 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ფიზიკაში დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზები და შემუშავდა რეკომენდაციები.

მოხდა აღნიშნული შედეგებისა და რეკომენდაციების გაზიარება სკოლის საზოგადოებასთან და მიღებული უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ.

სტატიაში განხილული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებათა კვლევის ანგარიშს, რომელიც მოიცავს კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსიას, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს საავტორო ბლოგზე:

https://nadiradzelali.blogspot.com/

 

ლიტერატურა

 

  1. ინასარიძე მ., ლობჟანიძე ს., რატიანი მ., სამსონია ი., „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“, ნაწილი II, მასწავლებლის ეროვნული განვითარების ეროვნული ცენტრი https://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
  2. Kuei-Fang Tsai, Guopeng Fu. /Underachievement in Gifted Students: A Case Study of Three College Physics Students in Taiwan

https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ1094707.pdf

  1. როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა

https://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201

  1. ლობჟანიძე ს., პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ლექცია N7 https://videochannel.iliauni.edu.ge/7-1-7/

 

 

როგორ განვსაზღვროთ მუსიკალური ზომა

0

მუსიკის თეორეტიკოსები მივიდნენ მოსაზრებამდე, რომ მსმენელები ნოტების თანმიმდევრობის ნაწილს აღიქვამენ, როგორც „სწორს“, ხოლო ნაწილს – „არასწორს“. ამგვარი მიდგომით შესაძლებელია თეორიის შემდეგნაირად განსაზღვრა: მუსიკალური თეორიის დანიშნულებაა მიზეზთა ძებნა-კვლევა, რის მიხედვითაც მუსიკა ან „გასაგებად“ ჟღერს  ან „გაუგებრად“.

ადამიანი, რომელიც მუსიკას ახლოდან არ იცნობს და არ იცის მისი ასავალ-დასავალი, სჯერა, რომ მელოდია სპონტანურად ნებისმიერი ნოტიდან შეიძლება დაიწყოს, გაემართოს საითაც მოესურვება – ნებისმიერი მიმართულებით და ჟღერა მაშინ შეწყვიტოს, როცა „გაუხარდება“. ასეთმა დილეტანტმა მსმენელმა უნდა იცოდეს, რომ თუკი ნოტებს (აკორდებს) საქმის ცოდნით დავახარისხებთ, მუსიკა მისთვის ლოგიკურ მნიშვნელობას შეიძენს.

წინარე გამოქვეყნებული წერილების ციკლში „მუსიკალური ენის საიდუმლო“ ანბანის სწავლებიდან საკმაო დრო დავუთმე მუსიკალური ფორმის, მელოდიის, ტემპის, რიტმის, გრძლიობების საკითხებს. ამჯერად, მუსიკალური ზომის სწავლების ჯერი დადგა. დღევანდელი თემა დაეთმობა მეტრის რიცხვით გამოხატულებას, რომელიც ძალიან მოგვაგონებს მათემატიკას. ალბათ არავისთვის იქნებოდა ზედმეტი, თუ გავიხსენებთ, რომ:

რიტმი სხვადასხვა გრძლიობის ბგერებისა და პაუზების მონაცვლეობაა.

პულსი თანაბარი დარტყმების ფეთქვაა.

მეტრი ძლიერი და სუსტი დარტყმების (წილების) თვლაა.

ზომა მეტრის რიცხვითი გამოხატულებაა.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოების სანოტო ჩანაწერში ვერტიკალური ხაზი განსაზღვრული პერიოდულობით გვხვდება. ყოველი ტაქტი ერთმანეთის მიმდევრობით მწკრივდება, მიდის. ტაქტები ერთმანეთისგან ეგრეთ წოდებული ტაქტის ხაზებით გამოიყოფა და ყოველი მათგანი ძლიერი დროიდან იწყება. სწორედ ამ ხაზებს ვუწოდებთ ტაქტის ხაზს, ხოლო მოკლე მონაკვეთს – ტაქტს. ტაქტები შემსრულებლისთვის არის გამოგონილი, რომ „იმწუთიერი ჟღერადობის ადგილმდებარეობას“ თვალი ადევნოს ანუ ნაწარმოებში კარგად ორიენტირებდეს და საჭირო ზომაში უკრავდეს.

როგორც ყველა საგანს სამყაროში თავისი ზომა აქვს, ასევე მუსიკალურ ტაქტებსაც. ყოველი ახალი ნაწარმოების გარჩევისას ბავშვმა, უპირველესად, ტაქტის ზომა უნდა დაადგინოს. ამისთვის მას აუცილებლად დათვლა დასჭირდება. მუსიკალური ზომა შემსრულებელს მნიშვნელოვან საკითხზე – ყოველ ტაქტში დათვლის რაოდენობაზე მიუთითებს. სწორი თვლა გადამწყვეტი კომპონენტია მუსიკაში. ზომა იწერება სანოტო სისტემის დასაწყისში ვიოლინოს ან ბანის გასაღებისა და საგასაღებო ნიშნების შემდეგ. გამოისახება ორი ერთმანეთზე მოთავსებული ციფრითა და შუაში მათემატიკური წილადის ხაზის ნიშნით.

ზედა ციფრი ყოველთვის ტაქტში წილადების რაოდენობას აღნიშნავს, ხოლო ქვედა – გრძლიობების. მაგალითად, თუ წილადის ხაზის ქვედა ციფრი 4-ია, ტაქტში მეოთხედი გრძლიობის ნოტები გვექნება გადასათვლელი. თუ ციფრი 8, – მერვედების და თუ 2, ნახევრიანი ნოტების გადათვლა მოგვიწევს.

ყველაზე ადვილად მისაწვდომი და შესაბამისად გავრცელებული ზომა 2/4 გახლავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტაქტში არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ ორი მეოთხედი თავსდება. პირველი ციფრი – „2“ (წილადის ზედა ციფრი) ტაქტში წილების რაოდენობაზე მიგვანიშნებს (სადამდე დავითვალოთ), ხოლო ციფრი „4“ (წილადის ქვედა ციფრი) – ყოველი წილის გრძლიობაზე ანუ პულსი რომელი გრძლიობით უნდა გადავითვალოთ: მეოთხედებით, მერვედებით და ა.შ.

მაგალითად, თუ სანოტო ტექსტში ტაქტის თვლა 2/4-ია და მასში მეოთხედი გრძლიობებია, შემდეგნაირად დაითვლება: ერთი – ორი, ერთი – ორი, ერთი – ორი და ა.შ.

მაგრამ თუ ამავე ზომაში მეოთხედის ნაცვლად მერვედები შეგვხვდება, თვლას ასე გავაცალკევებთ: ერ-თი – ო-რი, ერ-თი – ო-რი, ერ-თი – ო-რი და ა.შ. გაგახსენებთ, რომ თითო მეოთხედში ანუ ერთ თვლაში ორი მერვედი გრძლიობა დაითვლება. შესაბამისად, 2/4 ზომის ტაქტში ორი მეოთხედი შეგვხვდება, ხოლო მერვედი – ოთხი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეოთხედები ანუ მათი ჯამი შესაძლოა სხვადასხვა გრძლიობებით შეივსოს. მაგალითად მსხვილი გრძლიობა – ნახევარი – მეოთხედებად, მერვედებად, მეთექვსმეტედებად შეიძლება დაიყოს, ან პირიქით, ორი მეოთხედი, ოთხი მერვედი ან რვა მეთექვსმეტედი ნახევარი გრძლიობით „შეიკრას“. სასურველი გრძლიობის მიღება წერტილის (გრძლიობის გაზრდის საშუალება) გამოყენებითაც შეიძლება და გრძლიობების შერევით, მათი კომბინაციითაც.

3/4 ციფრთა წყვილში ანუ ზომაში სამი წილადია და ყოველი მათგანი მეოთხედის ტოლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზედა ციფრი ანუ ამ შემთხვევაში სამიანი იმას ნიშნავს, რომ ყოველ ტაქტში სამი დარტყმაა და შემდეგნაირად დაითვლება: ერთი-ორი-სამი. ერთი-ორი-სამი. ერთი-ორი-სამი. და ა.შ. ვიდრე ნაწარმოები არ დასრულდება. ქვედა ციფრი 4 გვამცნობს, რომ ყოველ თვლაზე მოდის ერთი მეოთხედი ნოტი, ანუ ¾ ზომის ტაქტში მხოლოდ სამი „ცალი“ მეოთხედი დაეტევა.

სამი მეოთხედის ჯამის მიღება, ასევე, შესაძლებელია გრძლიობების სხვადასხვა კომბინაციებით. თუ გვსურს ამ ზომაში ყველაზე გრძელი (ხანგრძლივი) გრძლიობის ნოტის მიღება, ერთ ტაქტში სამი ცალი მეოთხედი ერთ ნოტად გავაერთიანოთ, შედეგად ნახევრიანს წერტილით მივიღებთ.

რაც შეეხება 3/8 ზომას, ის სამწილადით ძალიან ჰგავს 3/4-ს, მხოლოდ ყოველი გრძლიობის წილი მეოთხედის ნაცვლად მერვედია. სამი მერვედისთვის მერვედი ძირითადი გრძლიობაა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მისი მეთექვსმეტედებად დაყოფაც შესაძლებელია, ან სამი მერვედის შეერთებით მეოთხედი წერტილით გრძლიობად ქცევა.

მარტივი მუსიკალური ზომები წარმოიქმნება მარტივი ორწილადი /ერთი ძლიერი და ერთი სუსტი წილით/ (2/2, 2/4/, 2/8/, 2/16) ან სამწილადი /ერთი ძლიერი და ორი სუსტი წილით/ (3/2, 3/4, 3/8, 3/16) მეტრით.

4/4 ზომას გავეცნოთ. ის რთულ მუსიკალურ ზომას განეკუთვნება. რთულ ზომაში შედის ასევე ხშირად გამოყენებადი 6/8. ყოველი მათგანი შედგება ორი მარტივი ზომისგან. ოთხი მეოთხედი ორი 2/4 ზომის ჯამისგან – (2/4+2/4) წარმოიქმნა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასში ორი მახვილია – პირველ და მესამე წილებზე. პირველს ძლიერი წილი ეწოდება, ხოლო მესამეს შედარებით ძლიერი, რომელიც პირველ წილზე უფრო სუსტია. სანოტო ტექსტში 4/4 ხშირად C ასოს მსგავსი სიმბოლოთი აღინიშნება.

ოთხ მეოთხედ ზომა ტაქტში ოთხი წილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მეოთხედი გრძლიობა ოთხჯერ განმეორდება: ერთი-ორი-სამი-ოთხი, ხოლო მერვედი – რვაჯერ.

6/8 ექვსწილადი ზომაა, რომელიც ორი მარტივი სამწილადი ზომისგან შედგება. ის მერვედი გრძლიობებით პულსირებს. მასში ძლიერი დრო პირველია, ხოლო შედარებით ძლიერი – მეოთხე.

ამ ორი გავრცელებული რთული ზომების გარდა მუსიკოსებს ასევე 4/8, 6/4, 9/8, 12/8 გვხვდება.

არსებობს შერეული, ეგრეთ წოდებული ასიმეტრიული ზომებიც, რომლებიც ორწილადი და სამწილადი ზომების შერევით წარმოიქნა (5/4, 5/8, 7/4, 7/8). ჯაზი და სხვა თანამედროვე მუსიკა ხანდახან გაუგებარ მუსიკად სწორედ არასტანდარტული – 13/8, 5/4 და სხვა ზომების, ეგრეთ წოდებული უთანაზომო დაყოფის გამო ჩაგვესმის. ამგვარი მუსიკის მოსმენის შემდეგ ადვილი შესამჩნევი ხდება რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტაქტის ზომა ნაწარმოების აღქმაზე.

დავალება: კითხვის ნიშნის ადგილას დავწეროთ გრძლიობა, რომელიც მოცემული ტაქტის ზომას შეესაბამება

 

 რა არის განათლება?

0

 ციტატები მსოფლიოს სახელგანთქმული მოაზროვნეებისგან

ავტორი: მერილინ პრაის-მიტჩელი: ფსიქოლოგიის დოქტორი, ავტორი და ბლოგერი

დღევანდელი განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და რეფორმირებაზე ფიქრისას, ადამიანი საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას „რა არის განათლება?“. ის პასუხები, რომლებიც ქვემოთ წერილშია მოყვანილი, საშუალებას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ მე-5 საუკუნიდან დღემდე გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებიც გამორჩეულ მოაზროვნეებს ეკუთვნით. ვფიქრობთ, განათლებაზე გამოთქმული აზრები საინტერესო იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე – მოზრდილთათვის, რომლებსაც 21-ე საუკუნეში უწევთ სწავლა და სწავლება.

ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც მომენტში შევჩერდეთ, დავივიწყოთ სტანდარტული ტესტები, დისკუსია მოსწავლეთა ნიშნებზე და მასწავლებლების შეფასებებზე და დავფიქრდეთ განათლების მნიშვნელობაზე, მის შინაარსზე. ამიტომაც შევარჩიე მსოფლიოს სახელგანთქმულ ფილოსოფოსთა, პოეტთა, ისტორიკოსთა, თეოლოგთა, პოლიტიკოსთა და განმანათლებელთა გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ წიგნებში უნდა იყოს დაბეჭდილი, არამედ უნდა გადაიქცეს განათლების შესახებ მიმდინარე დიალოგის ქვაკუთხედად.

მე, როგორც განვითარების ფსიქოლოგიის მკვლევარს, მუდმივად მიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა იმ წონასწორობის შესანარჩუნებლად, რომელიც საჭიროა ფორმალური განათლებისა და ჯანმრთელი, ბედნიერი ბავშვების აღზრდის მიზნებზე ფიქრისას. აკადემიურ უნარებთან ერთად, მოგზაურობა განათლების სამყაროში, საბავშვო ბაღიდან საუნივერსიტეტო მერხამდე, გულისხმობს იმ გზაზე სიარულს, რომლის დროსაც ახალგაზრდა ადამიანები სწავლობენ, ავითარებენ მრავალ, ერთმანეთთან დაკავშირებულ უნარს, რომლებიც მათ სჭირდებათ, რათა ჩამოყალიბდნენ ოჯახისა და საზოგადოების ნამდვილ, მზრუნველ წევრებად.

ქვემოთ მოყვანილი გამონათქვამების ნაკრები აერთიანებს განათლების ინტელექტუალურ, სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ ასპექტებს. ჩემთვის კარგი განათლება ერთგვარ „შიდა კომპასს“ წარმოადგენს, რომელიც ადამიანს ცხოვრების განმავლობაში კარნახობს მოძრაობის სწორ მიმართულებას.

 რა არის განათლება: პასუხები მე-5-დან 21-ე საუკუნემდე

 

  1. სკოლებში, განათლების მთავარი პრინციპი უნდა იყოს იმ მამაკაცებისა და ქალების ჩამოყალიბება, რომლებსაც შეეძლებათ რაიმე ახლის კეთება და არა მხოლოდ იმის გამეორება, რაც წინა თაობებმა შექმნეს – ჟან პიაჟე, 1896-1980, შვეიცარელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი.
  2. განათლება არ ნიშნავს იმას, რამდენი ჩატია შენს მეხსიერებაში, ან თუნდაც რამდენი იცი. განათლება უნარია, რომელიც გაძლევს საშუალებას, განასხვავო, რა იცი და რა – არა. ანატოლ ფრანსი, 1844-1924, ფრანგი მწერალი.
  3. განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო სამყაროს შესაცვლელად. ნელსონ მანდელა, 1918-2013, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, აქტივისტი, ფილანთროპი.
  4. განათლების მიზანია, გვასწავლოს სილამაზის სიყვარული. პლატონი, 424-348, კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი.
  5. განათლების ფუნქციაა, ვისწავლოთ ინტენსიურად და კრიტიკულად აზროვნება. გონებას მიმატებული ხასიათი – ეს გახლავთ ნამდვილი განათლება. მარტინ ლუთერ კინგი, უმცროსი. 1929-1968, ამერიკელი პასტორი, აქტივისტი და ჰუმანიტარი.
  6. განათლება არის ის, რაც გრჩება სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ. ალბერტ აინშტაინი, 1879-1955, გერმანელი ფიზიკოსი და მოაზროვნე.
  7. განათლებული გონების თვისებაა ისეთ მოსაზრებაზე ფიქრი, რომელსაც არ იზიარებ. არისტოტელე, 284-322, ბერძენი ფილოსოფოსი.
  8. განათლება, ნათლად აზროვნების ძალაა, ძალა, რომელიც საქვეყნო საქმეს გაკეთებინებს და ძალა, რომელიც სიცოცხლის დაფასების საშუალებას გაძლევს. ბრიგემ იანგი, 1801-1877, ამერიკელი რელიგიური ლიდერი, სოლტ-ლეიქ-სიტის დამაარსებელი.
  9. განათლება ჭურჭლის გავსება არ გახლავთ. განათლება ჩირაღდნის ანთებაა. უილიამ ბათლეტ იეტსი, 1865-1939, ირლანდიელი პოეტი.
  10. განათლება თავისუფლებაა. პაულუ ფრეირე, 1921-1997, ბრაზილიელი განმანათლებელი, ფილოსოფოსი.
  11. განათლება არ გახლავთ ცხოვრებისათვის მომზადება. იგი თავად არის ცხოვრება. ჯონ დიუი, ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების რეფორმატორი.
  12. განათლება ის გასაღებია, რომლითაც იღება თავისუფლების ოქროს კარი. ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი, 1864-1943, ამერიკელი მეცნიერი, ბოტანიკოსი, გამომგონებელი, განმანათლებელი.
  13. განათლება განსაცვიფრებელი რამ არის, მაგრამ ალბათ დროდადრო უნდა გავიხსენოთ ხოლმე, რომ ვერაფერს, რისი ცოდნაც ღირებულია, ვერ ასწავლი. ოსკარ უაილდი, 1854-1900, ირლანდიელი მწერალი, პოეტი
  14. განათლების მთელი არსი ის გახლავთ, რომ სარკეები ფანჯრებად ვაქციოთ. სიდნი ჯ. ჰარისი, 1917-1986, ამერიკელი ავტორი, „ჩიკაგო დეილი ნიუსის“ ჟურნალისტი.
  15. განათლების დანიშნულებაა ცარიელი გონების ღია გონებით შეცვლა. მალქოლმ ფორბსი, 1919-1990, ამერიკელი გამომცემელი, ჟურნალ „ფორბსის“ მფლობელი, პოლიტიკოსი.
  16. ჯერ არავის გაუცნობიერებია ის თანაგრძნობა, სიკეთე და გულუხვობა, რომელიც ბავშვის სულშია ჩამალული. ნამდვილი განათლების მთავარი მიზანი ამ საგანძურის აღმოჩენა უნდა იყოს. ემა გოლდმანი, 1869-1940, რუსულ-ებრაული წარმოშობის ამერიკელი ანარქისტი, პოლიტიკური აქტივისტი, მწერალი.
  17. დღევანდელი განათლება მონუმენტალურად არაეფექტურია. ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებს უმეტესწილად მოკრეფილ ყვავილებს ვურიგებთ, მაშინ, როცა ყვავილების გაზრდას უნდა ვასწავლიდეთ. ჯონ. უ. გარდნერი, 1912-2002, აშშ-ის ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დახმარების სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონის დროს.
  18. განათლება საზოგადოების სულია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. გილბერტ კ. ჩესტერტონი, 1874-1936, ინგლისელი მწერალი, თეოლოგი, პოეტი და ფილოსოფოსი.
  19. განათლება სიბნელიდან სინათლისკენ მოძრაობაა. ალან ბლუმი, 1930-1992, ამერიკელი ფილოსოფოსი-ლასიცისტი, მოაზროვნე და ავტორი.
  20. განათლება იმის სწავლაა, რაც თქვენ იცოდით, რომ არ იცოდით. დენიელ ჯ. ბურსტინი, 1914-2004, ისტორიკოსი, პროფესორი, იურისტი.
  21. განათლების მიზანია არა ფაქტების დასწავლა, არამედ ღირებულებების აღმოჩენა. უილიამ ს. ბეროუზი, 1914-1997, ამერიკელი, „ბიტნიკი“, პოსტ-მოდერნისტი მწერალი, ესეისტი, მხატვარი.
  22. განათლების მიზანია ახალგაზრდების მომზადება თვითგანათლებისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში. რობერტ მ. ჰატჩინსი, 1899-1977, ამერიკელი ფილოსოფოსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი და კანცლერი.
  23. განათლება, როგორც ასეთი, დამაკავშირებელი ხიდების გადებას გულისხმობს. რალფ ელისონი, 1914-1994, ამერიკელი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი.
  24. რაც სკულპტურაა მარმარილოს ნაჭრისათვის, იგივეა განათლება სულისათვის. ჯოსეფ ადისონი, 1672-1719. ინგლისელი ესეისტი, პოეტი, დრამატურგი, პოლიტიკოსი.
  25. განათლება მომავლის პასპორტია, რადგან ხვალინდელი დღე მათ ეკუთვნით, ვინც მისთვის დღეს ემზადება. მალქოლმ იქსი, 1925-1965, ამერიკელი მუსლიმი მოძღვარი, ადამიანის უფლებათა დამცველი.
  26. პატიოსნებისა და ღირსების ყველა წყარო განათლებიდან მომდინარეობს. პლუტარქე, 46-120 წწ. ბერძენი ისტორიკოსი, ბიოგრაფი და ესეისტი.
  27. განათლების ფაქტორებიდან, ყველაზე დიდი გავლენა ბავშვის მშობლიურ სახლში საუბრებს აქვთ. უილიამ თემფლი, 1881-1944, ინგლისელი ეპისკოპოსი, მასწავლებელი.
  28. განათლება ადამიანის სულს საუკეთესო მიზნისკენ მიუძღვება და მათგან საუკეთესოს ქმნის. ჯონ რასკინი, 1819-1900, ინგლისელი მწერალი, ხელოვნების კრიტიკოსი და ქველმოქმედი.
  29. განათლება ათანასწორებს სათამაშო მოედანს და ყველას აძლევს შეჯიბრების საშუალებას. ჯოის მეიერი, 1943, ქრისტიანი მქადაგებელი და ავტორი.
  30. მოდით, შევხედოთ განათლებას, როგორც ჩვენი შესაძლებლობების განვითარების საშუალებას, რადგან ყოველ ჩვენგანში არსებობს ჩვენი პირადი იმედი და ოცნება, რომელთა შესრულება, შეიძლება ყველა ჩვენგანის სიკეთედ და ჩვენი ერის ძლიერებად გადაიქცეს. ჯონ ფ. კენედი, 1917-1963, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი.
  31. ჩვენი ბავშვების გონების განათლებისას არ უნდა დავივიწყოთ მათი გულების განათლებაც. დალაი ლამა, ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერი.
  32. განათლება წარმოადგენს უნარს, მოუსმინო თითქმის ყველაფერს ისე, რომ არ დაკარგო მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა. რობერტ ფროსტი, 1874-1963, ამერიკელი პოეტი, პულიცერის პრემიის ოთხგზის ლაურეატი.
  33. განათლების საიდუმლო მოსწავლისადმი პატივისცემაში მდგომარეობს. რალფ უოლდო ემერსონი, 1803-1882, ამერიკელი ფილოსოფოსი-ტრანსცენდენტალისტი, ესეისტი და პოეტი.
  34. დედაჩემი მეუბნებოდა, რომ შეუწყნარებელი უნდა ვყოფილიყავი უვიცობისადმი, მაგრამ გამეგო, რომ ვინმე, ვისაც სკოლაში სიარულის საშუალება არ მიეცა, შეიძლება წერა-კითხვის უცოდინარი ყოფილიყო; რომ ზოგიერთი ადამიანი, სკოლის განათლების გარეშე უფრო გონიერია, ვიდრე ზოგიერთი უნივერსიტეტის პროფესორი. მაია ანჯელუ, 1928-2014, ამერიკელი პოეტი ქალი, აქტივისტი, აფრო-ამერიკელთა უფლებადამცველი.

ექსპრომტი

0

*     *     *

ტრაგიკულები, მაგრამ გენიალურები, ბედის წინააღმდეგ ამხედრებულნი… მათ ბევრი დაითმინეს, გახდნენ ძლიერნი, ქედუხრელნი და შექმნეს დიდი შემოქმედება, საკუთარი საოცარი სულების გამონაშუქით ბრწყინვალე… რომ მაშინ სევდიანებს, გაუხარლებს, დღეს ჩვენი ნაღველი განექარვებინათ, ოპტიმიზმი, მხნეობა ჩაენერგათ, არსობის ფილოსოფიური სიდიადე გადმოეცათ: ,,…და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!”, ისინი გვასწავლიან, რა არის თავისუფლება, ბრძოლა ბრძოლისათვის, აი, გამართლებაც მათი ტკივილიანი არსებობისა, ,,განწირული სულისკვეთებისა”…

 

*     *     *

არის ცხოვრებაში ტკივილისა და უსიამოვნებების მუტაციები, მაგრამ რისთვისაა წიგნი, ჩემი განუყრელი მესაიდუმლე და ნუგეშისმცემელი? მიშელ უელბეკის ,,მორჩილებაში”, მიუხედავად იმისა, რომ მთლად აპოკალიფსური ვითარებაა, სულიერებისაგან ადამიანის დაცლის ტრაგედია და პოლიტიკად ნაქცევი ისლამი, წალეკვით რომ ემუქრება მთელ სამყაროს (მოქმედება მომავალში ხდება), მაინც ვიპოვე შვება. ნაწარმოების მთავარი გმირი, ფრანსუა, ჩემსავით მე-19 საუკუნეს რომ ეტრფიალება, სრულიად უმწეოა საკუთარი ტკივილებისგან გაუცხოებულ, სიყვარულისგან დაწრეტილ გარემოსთან: ,,კომპიუტერის ეკრანს თვალი მოვაცილე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ფანჯრისკენ; ოსპის მარცვლის ფორმის განცალკევებული ღრუბელი, რომლის გვერდები ჩამავალ მზეს ნარინჯისფრად შეეღება, შარლენის სტადიონის თავზე ეკიდა, ისეთივე უმოძრაო, ინდიფერენტული, როგორიც პლანეტათაშორისი ფრენისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდი. მხოლოდ ყრუ, შენელებულ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ საკმარისად მტანჯველს, რომ ნათლად აზროვნებისთვის ხელი შეეშალა; მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ კიდევ ერთხელ მარტო დავრჩი, სიცოცხლის მისუსტებული სურვილით, და მომავალში მოსალოდნელი უთვალავი უსიამოვნებით… ეს იყო ნელი დეგრადაცია ,,იმ ფუნქციების ერთობლიობის, რომლებიც სიკვდილს ეწინააღმდეგება”. ის ეძებს ხსნას და ამაოდ ესტუმრება გარეუბნის ერთ-ერთ მონასტერს, რომელშიც სუსტადაა ცივილიზაციის ნიშნები. გადაწყვეტს, რომ იქ მისი ადგილი არაა, თუმცა მასში იღვიძებს სიცოცხლის სასიამოვნო შეგრძნება: ,,ამქვეყნად ცხოვრების ყველაზე უმწიკვლო სიხარულია საწოლში ჩაწვე მარტო, ხელის გაწვდენაზე გქონდეს კარგი წიგნები და თამბაქოს პაკეტი”… გმირისადმი თანაგრძნობამ ტვინი აქტიურად ამიმუშავა. მაინტერესებს, წიგნშიც და ცხოვრებაშიც რამდენად გადარჩება ტექნოკრატიის, გაუცხოების ბრჭყალებში მოქცეული ადამიანი, თუ მორჩილებით, ჩათრევას, ჩაყოლას ამჯობინებს. ანაც სადაა ხსნა, წიგნში თუ ადამიანებში, რომლებსაც ერთმანეთის აღარ ესმით, თუ რწმენაში, რომელიც ყველაზე ამაღლებული, ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს სულისა და არა თავს მოხვეული ყრუ ფანატიზმი… ცხოვრება სრულად ვერა ან საერთოდ არ პასუხობს კითხვებს, მაგრამ კითხვის დასმა უკვე ცხოვრებაა…

 

*     *     *

მიწას ჩაეზარდა ჩემი საწოლი, ბალახზე მძინავს და გრილი ნიავი მახურავს. ხეები ამოვიდა და მათი დღისით დაღლილი ფოთლების ჩუმი შრიალი და ზღაპრის ჭაობისფერი ჩიტების მწუხრის ,,იავნანა” ჩამესმის ჩემი ტვინის მუდამ მღვიძარე, იდუმალ ხვეულებში ჩაკარგულს. იქ კი სიზმრის ველებია, ღამის ლურჯი ბატონის მდუმარე საუფლო, ქვესკნელთან წილნაყარი. მისი სინოტივე გსუსხავს, მაგრამ არ ფხიზლდები, ბნელი დინებით გამოგზაურებენ, რომ სიცივეატანილს უფრო მოგენატროს სინათლის ქალაქის მკვეთრი ფერები, კონტურები, თბილი ხელები, რომლებსაც უფრო ენდობი, ვიდრე ჩაციებით მომზირალ, მდუმარე ქიმერებს, ნიმფებს, სიშიშვლეს ბურუსითა და ორთქლით რომ იფარავენ. ბრუნდები და უკვე დავიწყებულში გამოვლილი ჩურჩულებ: იყავნ ნათელი!…..და კვლავ ვიბადები.

 

*     *     *

ადამიანი – იდეის ანარეკლი, ჩვენი წარმოდგენები თუ ილუზიები – ჩვენი ანარეკლები. რეალობის ზუსტი შეგრძნება სჯობს თუ ილუზორულობა? ვისთვის როგორ… წარმოდგენა საპნის ბუშტს ჰგავს, ხელის შეხებით ქრება. ილუზიაც ასეა – რეალობა კლავს. თუმცა ისინი ხშირად გადარჩენაა. ამიტომ სანამ გაქრება (იქნება და, სულ იარსებოს?!), თავი შეაფარე ანარეკლის ანარეკლს, როგორც ლამაზ სათამაშო სფეროს, რომელშიც ყვავილის ფანტელები ცვივა და ყურში ჩაგესმის წყნარ მელოდიად: ,,სინამდვილეს არ ვემდური, არ ყოფილა თითქმის… ითქმის… ის…..”.

 

*     *     *

 

გუშინ მეგობართან ვსაუბრობდი ადამიანის ემოციურ ასაკზე და გალაკტიონი ბოლომდე იყო მარადი ბავშვი, რომელიც მკაცრად დავსაჯეთ, დავტანჯეთ, რადგან საქართველოში მკვდარი პოეტები უფრო უყვართ. თუმცა ღმერთი მასთან იყო მაშინაც, როცა თავს იკლავდა და მერეც, ,,ვარდისფერი გზით” მარადისობას რომ შეერთო. მისთვის აქაც და ,,იქაც” მხოლოდ ერთი სინამდვილე არსებობდა და არსებობს. გალაკტიონი ამქვეყნად მოვიდა, რომ ჩვენც შეგვძლებოდა მოვხვედრილიყავით მისი ლექსით სამოთხეში…

 

*     *     *

ფიქრები უილიამ ფოლკნერის წიგნზე ,,დროშები მტვერში”

წუთისოფლის ლაბირინთში ,,მოხეტიალეებზე” – არსებობს სიცოცხლის ვნება, რაც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანშია. თუმცა არიან მისით შეპყრობილებიც. (წიგნში – ვაჟას ალუდა, მიტია კარამაზოვი, ნატაშა როსტოვა „ომი და მშვიდობაში” ან ბაიარდ სარტორისი ,,დროშები მტვერში”, ცხოვრებაში – ვან გოგი, ბარათაშვილი, ორივე გურამი: რჩეულიშვილი და თიკანაძე…) ასეთები ვერაფრით ეგუებიან ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით მოწესრიგებულობას და საშიში ჟინით ებმებიან მასთან ბრძოლაში (თუ ნამდვილ ომს გადაურჩნენ). ეს ბრძოლა უთანასწოროა და, ძირითადად, ფატალურად მთავრდება, რადგან სამყარო, როგორც წესი, არავის პატიობს მასთან ამხედრებას. თუმცა ამ ადამიანებისნაირად ვერავინ გრძნობს არსებობის სიტკბოსა და სიმძაფრეს. მათი ცხოვრებაც ნაღველშეპარული, მაგრამ ძალიან ომახიანი სიმღერაა სიცოცხლისა და ვინც ამ ჰანგებს ვერ ცნობს, მას არც უცხოვრია…
*     *     *

თოჯინას სიკვდილი

იყო კიდეც და არც იყო. ეზოში, ქვიშაში ძველი, გატეხილი თოჯინა ეგდო. აწვიმდა მის უხელო ტანს, უთვალებო, ერთ დროს ულამაზეს თავს. იწვა მორჩილად, ბედს მინებებული. წვიმის წვეთები უფერულ ლოყებზე ეღვრებოდა და თითქოს ტიროდა თავის წარსულს: უღრუბლოს, ბავშვებით მხიარულს…
ეს არ იყო ტკივილი, მხოლოდ პირზე შერჩენილი მქრქალი, ნიღბად ქცეული ღიმილი და თოჯინას სევდა, რომელიც აუცილებლად ტრანსფორმირდებოდა ნაკადულების, ახლად გამოღვიძებული ჩიტუნიების ხმად, დილის სიოს მოლამუნებად, ციცინათელების მოულოდნელად გამომკრთალ, იდუმალ, ბურუსიან ნათებად და ასე განიბნეოდა სამყაროში…

 

*     *     *

უსარგებლო ნივთები… უსარგებლო ადამიანები… დაძველებულები, მობეზრებულები, არასაჭირონი, გამოუსადეგარნი, ყავლგასულები, დაუშნოებულები, გულმიუსვლელნი, გაცრეცილები და ფერ-დანიშნულებადაკარგულნი… არც ისე ადვილია მათგან გათავისუფლება: მათში უცნაური ენერგეტიკაა, ჯერ კიდევ ჩაუმქრალი მუხტი, შინაარსი, ისტორია, თავგადასავალი, ნაღველი და სულისშემძვრელი სიმარტოვე. მათ სჭირდებათ ყურადღება, მაგრამ აღარ ითხოვენ მას, მათ სჭირდებათ მოვლა, მაგრამ არ გავალდებულებენ. მათი არსებობა ერთ დიდ კითხვის ნიშნად ქცეულა.
,,რატომ?”- მდუმარედ კივიან ისინი.
,,რისთვის?” – მოისმის პასუხად.
სამყარო კი ხვნეშით ცდილობს გათავისუფლდეს ყველა დრომოჭმულისგან…
,,დროზე! დროზე!” – მათ მოსწყინდათ.
,,სანაგვეზე?” – კითხულობს დრო…………

 

*     *     *

ნათელი და ბნელი, ორი ურთიერთგანმსაზღვრავი მოცემულობა, რომელიც წუთისოფელში ,,სუფთა” სახით არ არსებობს, სულ ნარევია. ეს ნარევი განსაზღვრავს სამყაროს, ადამიანთა ბედს…
თუ ბედისწერა წინასწარგანზრახულობაა, მაშინ ბედისწერა იყო იუდას ღალატიც, პეტრეს მამლის ყივილამდე სამგზის ღვთის უარყოფაც და თვით იესოს მოვლინებაც. ამაზე მეტყველებს ბიბლიურ თუ ამსოფლიურ წინასწარმეტყველთა არსებობა, რომლებიც დროს უსწრებდნენ და კაცობრიობას ამცნობდნენ სხვადასხვა კატაკლიზმებს.
მაგრამ ამ წინასწარგანზრახულობებში არის საბედისწერო შემთხვევითობებიც, რომლებიც ადამიანს შეუძლია შეცვალოს. სწორედ ესაა ადამიანის ნება.
ხოლო ღვთის ნებაა, რომ დროში მოჩვენებითად მზარდი და ,,გამარჯვებული”ბოროტების წყვდიადი საბოლოოდ მაინც მარცხდება ნათლის, კეთილის მიერ.
დიდი იშვიათობა, მარად მოუწესრიგებელი ცხოვრების ჰარმონიაა სინერგია – ღვთისა და კაცის ნების შერწყმა.

 

*     *     *

– რად მოგიწყენია, თოჯინავ, შენ ხომ ადამიანი უნდა გაართო და გაამხიარულო?
– ახლა ვისვენებ აქ, ოთახის ბნელ კუნჭულში და ,,ვფიქრობ”…
– რაზე? –
-კაცად ყოფნაზე.
– რატომ? ადამიანები ხომ ყველაზე დარდიანები არიან ამქვეყნად, შენ ბევრად უზრუნველი ხარ, იდუმალი. თან ისედაც ჰგავხართ ერთმანეთს, ისიც ,,თოჯინაა”…
– კი, მაგრამ მომბეზრდა ვიყო ხის იმიტაცია. მინდა ნამდვილი სევდა, ოცნება, მინდა, ჩემს თვალებში არა ანარეკლი, ცის სიღრმე და სიფაქიზე… ტკივილი, სიკვდილიც მინდა!…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ებრაული არაფორმალური განათლების შესახებ

0

თანასწორობა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები, ყურადღების გამახვილება მოსწავლეთა ემოციებზე – ეს არა იდეალური სკოლის აღწერა, არამედ ებრაული არაფორმალური განათლების პრინციპებია. ისახავს თუ არა ის მიზნად ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში და ექმნება თუ არა ბავშვს მოტივაცია, რათა იმოქმედოს და ისწავლოს საკუთარი ინტერესების მიხედვით?

ფორმალურ განათლებაში მასწავლებლის მუშაობის წარმატება სწავლის შედეგით იზომება. მოსწავლე ცდილობს გარკვეული ქულის მიღებას და, შესაბამისად, მას ეშინია დაუშვას შეცდომა. არაფორმალური განათლება არ  არის  ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილი. არაფორმალური განათლება ისეა სტრუქტურირებული, რომ სწავლა ბავშვისთვის ერთგვარი თავგადასავალი იყოს. არავინ გიტარებს საკონტროლოებს, ტესტებს, სწავლის ეფექტიანობას კი ხშირად მხოლოდ ის განაპირობებს, თუ რამდენად უჩნდება მოსწავლეს წინსვლის სურვილი.

არაფორმალური განათლების ელემენტები ბევრგან, მათ შორის არაერთი სამთავრობო უწყების პროგრამებში გვხვდება. ამავდროულად, მარტივადაა შესაძლებელი სკოლამდელი განათლების ფორმალიზებაც.

არაფორმალურ ებრაულ განათლებას მდიდარი ტრადიცია აქვს. გამოვყოფთ რამდენიმე ძირითად ფაბულას.

„ბავშვისთვის სწავლა საინტერესო უნდა იყოს. თუ ბავშვს ვერ დავაინტერესებთ, ეს აღარ იქნება არაფორმალური განათლება“, – განმარტავს ლეონიდ როზენჰაუსი, ბავშვთა და მოზრდილთა საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მასწავლებლის ამოცანაა გამოიწვიოს, აღძრას ინტერესი. მასწავლებელი ბავშვებს ანიმატორივით კი არ ართობს, არამედ ცოდნის მიღების სასიამოვნო გზებს მიუთითებს.

„არსებობს ზოგადი ფორმულა – „თუ არ მოგვწონს, არც ვაკეთებთ“, – განმარტავს ლეონიდი. – მაგრამ თითოეულ შემთხვევას თავისი აქცენტი აქვს. არაფორმალური განათლების ფორმულა ასეთია: „თუ არ მოგწონს, რასაც ვაკეთებთ, ვცადოთ სხვანაირად“. ცხადია, არაფორმალურ განათლებასაც აქვს თავისი პედაგოგიური მიზნები და ამოცანები.

„გვინდა, რომ ბავშვმა მეტი გაიგოს, კერძოდ, ებრაული ტრადიციების ან ისტორიის შესახებ. ამიტომ ვცდით სხვადასხვა მიდგომას“, – ამბობს ლეონიდი. მისი აზრით, ცოდნა არ უნდა იყოს „მკვდარი“. ყველაფერი, რის სწავლასაც მასწავლებლები ბავშვს სთავაზობენ, აქტუალური უნდა იყოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უცნობია, რისთვის არის საჭირო ცოდნა. „თუ ებრაულ ისტორიაზე ვსაუბრობ, ვცდილობ, ეს გასაგები საკითხების – მეგობრობის, ღალატის, სიყვარულის, ოჯახური ურთიერთობების წინ წამოწევით გადმოვცე“, – განმარტავს მასწავლებელი.

ეს თემები მოზარდი თაობისთვის აქტუალური და გასაგებია. ანდა, თუ მასწავლებელი ებრაულ ეთიკაზე საუბრობს, ის არ ამახვილებს ყურადღებას სამართლიან მოქმედებაზე, არამედ ჰყვება, რა ხდება რეალურ ცხოვრებაში, მოჰყავს რეალური მაგალითები, აზიარებს თავის ან სხვის გამოცდილებას.

მეცადინეობის პროცესი ისეა აგებული, რომ ბავშვს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება აქვს. ჯგუფში ყოფნისას მან ჯერ უნდა ჩამოაყალიბოს, რის თქმა სურს, შემდეგ კი გააზიაროს, იაქტიუროს დიალოგის დროს.

თავდაპირველად ბევრ ბავშვს უკვირს, რომ მას აზრს ეკითხებიან. ეს, ერთი მხრივ, ქმნის ნდობის ატმოსფეროს და, მეორე მხრივ, უბიძგებს მას ფიქრისკენ, აზრის ჩამოყალიბებისკენ.

ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკები არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფორმაა. ასეთ ბანაკში ორკვირიანი ყოფნის შემდეგ, შედეგი თვალსაჩინოა. ბანაკში ბევრი ახალგაზრდა ლიდერია, რომელსაც თვითონაც აქვს გავლილი ბანაკური ცხოვრება. ებრაული ბანაკების ერთ-ერთი მიზანია ტრადიციების შენარჩუნება, თვითმყოფადობის აღორძინება, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში 17 ებრაული ბავშვთა ბანაკია, სადაც არაფორმალურ განათლებაზე ზრუნავენ. 2018 წელს ბანაკის მონაწილეთა რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა. ებრაელ ბავშვთა ბანაკები არსებობს ისრაელში, გერმანიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

ბავშვებთან მეცადინეობა მოგვაგონებს სადისკუსიო კლუბის მუშაობას. არავის მოეთხოვება კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვაზე. ბავშვები ყველაფერზე მსჯელობენ – ისტორია, ტრადიცია, ოჯახის ისტორია… მცირეწლოვან ბავშვებთანაც კი მიმდინარეობს დისკუსიები ებრაელთა მოდგმის შესახებ. მსჯელობის დროს ყველა თავის ინტერპრეტაციას გამოთქვამს, თუმცა რჩება კითხვის ნიშნებიც.

ზოგჯერ სწავლებას თამაშის ფორმა აქვს. ეს ზრდის ბავშვების დაინტერესებას სხვადასხვა თემით ბიოლოგიაში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში და სხვ. აქტივობები მდიდრდება სხვადასხვა რესურსით, აუდიო- და ვიდეომასალით.

ფორმალური განათლების მთავარი იდეაა, აიძულო ბავშვს, დაფიქრდეს.

ებრაულ განათლებაში ბავშვს აჩვენებენ, რომ ერთი და იმავე რელიგიური მრწამსის ადამიანებსაც კი შეიძლება განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ. ებრაულ ტრადიციებში არსებული პრინციპები ორგანულად ეხმიანება არაფორმალურ განათლებას.

ებრაულ განათლებაში ბავშვი საზოგადოების, თემის ნაწილია. ეს მნიშვნელოვანია. ამ გაგებით, ბანაკი წარმოადგენს ებრაული საზოგადოების გარკვეულ მინი-მოდელს.

ინდივიდუალური მეტოქეობა ბანაკში ჯგუფურ შეჯიბრებაშია გადაზრდილი. ამრიგად, შედეგები და მიღწევები საერთოა. ზოგ ბანაკში სხვადასხვა ასაკის ბავშვები ჯგუფდებიან. ჯგუფში შეიძლება იყვნენ, როგორც მცირე ასაკის (6-7 წლის), ისე თინეიჯერები (16–17 წლის). ამას თავისი სირთულეები ახლავს. მეცადინეობის დროს, ინფორმაცია ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის საინტერესო იყოს. ეს რთულია. მცირეწლოვანი ბავშვები დიდხანს ვერ ჩერდებიან, მათ ადრე უნდა დაიძინონ, მაგრამ აქ თავს იჩენს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო – უფროსი ბავშვების, ლიდერების მენტორობის, ურთიერთდახმარების მომენტი.

ყველას ესმის, რომ მცირეწლოვან ბავშვებს ფიზიკურად არ შეუძლიათ რაიმე საქმის დიდხანს კეთება, ამიტომ, მაგალითად, სპორტული შეჯიბრებების დროს უფროსებს ისინი ხელში აჰყავთ და ისე ატარებენ. მთავარი ფოკუსი ბავშვების სწავლებაზეა: „ჩვენ ერთად ვაკეთებთ აღმოჩენებს, აქ და ახლა“.

თუ არ არსებობს ერთი სწორი მოსაზრება, მაშინ ყველას აქვს საკუთარი პასუხის უფლება. ბავშვს შეუძლია ნებისმიერი შეკითხვა დასვას.

ბავშვი დარწმუნებულია, რომ მას მოუსმენენ, ამიტომ აქვს უსაფრთხოების განცდა და თავისუფლად მსჯელობს. თავისუფალი მსჯელობა კი ხელს უწყობს რაიმე ახლის შეცნობაში, განვითარებაში, თვითგამოხატვაში.

„შიში, ისევე როგორც შიმშილი, დომინანტია. თუ ადამიანმა მეცადინეობის დაწყებამდე არ ჭამა, ის მშიერია, თქვენ უნდა მისცეთ საჭმელი. თუ სცივა, უნდა გაათბოთ. ეს მნიშვნელოვანია, – ამბობს ლეონიდ როზენჰაუსი, – თუკი ბავშვი გაკვეთილზე მოვიდა და უხასიათოდაა იმის გამო, რომ მეგობართან იჩხუბა ან შეყვარებულს დაშორდა, მათი ასაკიდან გამომდინარე კი ეს სავსებით შესაძლებელია, მას აღარ დააინტერესებს ებრაული განათლების მიმართულებები. უპირველეს ყოვლისა, მე უნდა დავეხმარო ბავშვს, გაუმკლავდეს თავის პრობლემებს, შემდეგ კი ცოდნა გადავცე. მასწავლებელი ფსიქოლოგი კი არ უნდა იყოს, არამედ ადამიანი“.

არაფორმალური მიდგომით, არ არსებობს გაყოფა „სტუდენტი“ და „მასწავლებელი“. იდეალურ შემთხვევაში, ყველა სწავლობს. ცოდნა იბადება დიალოგში. „ვინც სწავლების პროცესის ორგანიზაციას უძღვება, მისი ამოცანაა უზრუნველყოს, რომ ყველა მონაწილე ცოდნის ფრაგმენტებს ტრანსლირებდეს – დისკუსიის, კრეატიული გამოხატვის, თავისუფალი კომუნიკაციის შესაძლებლობით“, – განმარტავს ლეონიდ როზენჰაუსი.

არაფორმალურ განათლებაში მთავარი ადამიანია. თუ მას აქვს პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ცოდნის მიღებაში, უნებურად, საგანმანათლებლო სურვილები მეორე პლანზე ინაცვლებს. „ამას არ სჭირდება სპეციალური მომზადება, – ამბობს ლეონიდი, – თქვენთან მოწყენილი ადამიანი რომ მოვიდეს, ხომ ჰკითხავთ: „როგორ ხართ?“ შემდეგ გადაწყვეტთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის. მთავარია, მან თქვენთან თანაბარ მდგომარეობაში იგრძნოს თავი. თქვენ არ გჭირდებათ ფსიქოლოგიური განათლება, რათა იფიქროთ: „მე რომ მომეწყინა, მომინდებოდა კი ცოდნის მიღება?“ სინამდვილეში, ხომ ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – ასკვნის ლეონიდი.

 

 

 

 

ზაფხულიდან სკოლის მერხზე

0

როცა ჩემი შვილი პირველ კლასში მივიდა, თვითონაც ახალბედა მასწავლებელმა ისეთი მისასალმებელი დახვედრა მოუწყო, გულაჩუყებულს ცრემლები მდიოდა და, მგონი, ცოტა სულელურადაც ვიღიმოდი. ხელზე წამოცმული სათამაშო მაიმუნის დახმარებით უხსნიდა ბავშვებს, რომ სწავლა ტალღებში ცურვას ჰგავს, ხანგრძლივი მოგზაურობაა, სადაც ათას ვინმეს შეხვდები, ათასი თავგადასავალი, ფათერაკი და სირთულე გელის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენთან თქვენი მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები არიან და ყველაფერს შეძლებენ, ყველაფერს გაუმკლავდებიან; რომ თავგადასავლის მაძიებელს გართობა, გემრიელი საჭმელი და ტკბილი ძილი სჭირდება, იმისათვის, რომ ყოჩაღად იყოს; რომ თავგადასავალი გართობის გარეშე არაფერია, ამიტომ ბევრს იმღერებენ, იცეკვებენ და ითამაშებენ; რომ ხანგრძლივ მოგზაურობაში მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდე, ენდობოდე და გიყვარდეს შენი ექსპედიციის წევრები, ამიტომაც ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ თითოეული ბავშვის კარგად გასაცნობად და გასაგებად, ერთმანეთის სისუსტეები და სიძლიერეები დააბალანსონ და ასე შემდეგ. დიდი არაფერი, ქაღალდისგან გაკეთებული გემი ჰქონდა, ნაჭრის სათამაშო მაიმუნი, უკულელე და წყლის საღებავები, რომლითაც ბოლოს ეს გემი შეღებეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან განსხვავდებოდა ჩემი და ალბათ უამრავი სხვა ბავშვის სკოლის პირველი დღისგან, რომელიც ცრემლთან, სტრესთან, მერხთან გამართული ჯდომის ვალდებულებასთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე დიდი და ხანგრძლივი, სასიამოვნო მოგზაურობის დასაწყისთან. როცა სკოლაში მივდიოდი, არავის, არც მე, არც ჩემს მშობლებს და ეჭვი მაქვს, არც მასწავლებელს არ სჯეროდა, რომ სასიამოვნო თავგადასავალს ვიწყებდით.

 

ყოველ ჯერზე, როცა არდადეგები მთავრდებოდა და სკოლა იწყებოდა ხოლმე, სულ პირიქით ვფიქრობდი, რომ ტყეში ქრიალი, თავისუფლება, მდინარეში ბანაობა, ციცინათელებისა და ვარსკვლავების თვლა შებინდებულზე და სხვა გასართობები მთავრდებოდა და იწყებოდა მოსაწყენი თვეები, როცა ნაკლები დრო დამრჩებოდა არასასკოლო წიგნებისა და თამაშისთვის. დღემდე ზაფხული ჩემი საყვარელი დროა, ახლა უკვე ჩემს შვილებთან ერთად ვცდილობ, არადადეგები ბუნებასთან სიახლოვისთვის, სიჩუმის მოსასმენად, დიდი წიგნების გადასაყლაპად და საკუთარ თავთან დასაბრუნებლად გამოვიყენო. თუმცა ვცდილობ, ბავშვებს სჯეროდეთ, რომ თავგადასავალი სკოლაშიც შეიძლება ჰქონდეთ, გართობა სწავლის დროსაც შეიძლება და მართლაც, მიუხედავად ათასი სირთულის, დავალებისა და წვრილმანი თუ შედარებით მნიშვნელოვანი სასკოლო კონფლიქტისა, ეს ყველაფერიც თავგადასავალია და შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ის. და ცოტათი სხვებზეც, შენს გარშემომყოფებზე.

 

თანამედროვე, ურბანულ გარემოში მცხოვრები ბავშვებისთვის ზაფხული კიდევ უფრო სულის მოსათქმელი ხდება ალბათ, ვიდრე ჩვენს ბავშვობაში იყო, როცა მშობლებს ასე არ ეჩქარებოდათ, როცა 6 საათამდე სკოლაში ამდენი ბავშვი არ რჩებოდა.

 

და ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე, როცა ბავშვები ზაფხულიდან სკოლის მერხებს დაუბრუნდებიან, მათ იქ საინტერესო ამბები დახვდეთ. ერთ-ერთი მხიარული გასართობი, რაც მე და ჩემმა შვილებმა არდადეგებიდან სასკოლო პერიოდზე გარდამავალი პერიოდისთვის მოვიფიქრეთ, იმ ამბების მოფიქრებაა, როგორ გაგრძელდებოდა იმ წიგნების გმირების ცხოვრება სკოლის დაწყების შემდეგ, რომლებსაც ზაფხულის თავგადასავლებით ვიცნობთ; ან როგორ დაისვენებდნენ ისინი, ვინც წიგნებში სკოლაში დადიან. აბა თქვენც დაუსვით ეს შეკითხვა მოსწავლეებს დავალების შესრულებისას, ფანტაზიასაც შეასხამენ ფრთებს, თავიანთ საყვარელ წიგნებსაც გააცნობენ ერთმანეთს და იმასაც მიხვდებიან, რომ ყველას ზაფხული და ყველას შემოდგომა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ისევე, როგორც თავად ადამიანები.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...