ორშაბათი, მაისი 11, 2026
11 მაისი, ორშაბათი, 2026

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

0

საკლასო ოთახში, რომელშიც გაკვეთილს ვატარებთ, როგორც წესი, დგას მაგიდა და ამიტომ მოსწავლეებს – ადვილად რომ გაიგონ, რაზე ვესაუბრებით – ასეთი ანალოგია  მოვუყვანოთ: მაგიდას ყველა სხვადასხვანაირად აღწერს, გააჩნია, ვინ საიდან შეხედავს მას. რადგან ზევიდან დანახული მაგიდა სხვანაირია, ადამიანი, რომელიც ქვევიდან ან გვერდიდან უყურებს მას, სხვა დეტალებს აღმოაჩენს. ამიტომაცაა, რომ იმისათვის, რომ მაგიდა სრულყოფილად აღვიქვათ, შეძლებისდაგვარად უნდა შევიცვალოთ ხედვის კუთხე – ასე არცერთი დეტალი არ გამოგვრჩება და მაგიდის შესახებაც მეტი გვეცოდინება. ხედვის კუთხის შეცვლის დროს დამკვირვებელი ფორმალურად არ იცვლება, მაგრამ იცვლება მისი აღქმა, შესაბამისად, იცვლება ისიც. ასეა ლიტერატურული ნაწარმოებიც. მის გასაგებად აუცილებელია ხედვის კუთხის შეცვლა. ნაწარმოებს თუკი მხოლოდ ერთი კუთხით წავიკითხავთ, ანუ თუკი მას ისე გავაანალიზებთ, რომ ფოკუსში მხოლოდ ერთი პერსონაჟი მოვახვედროთ, გაგვიჭირდება სრულყოფილი აზრის ჩამოყალიბება. ნაწარმოების უკეთ გასაგებად ხედვა სხვადასხვა დეტალს უნდა მივაპყროთ, ვცვალოთ ხედვის რაკურსი და ფოკუსში ხან ერთი ასპექტი, ხანაც მეორე მოვათავსოთ. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის კითხვის დროს ფოკუსში მოვაქციოთ ჯერ თამაზი, შემდეგ ვასიკო კეჟერაძე და ბოლოს კიმი და ვნახოთ, როგორ შეიცვლება ამის შედეგად მოთხრობის აღქმა.

ფოკუსშია თამაზი

არ მეგულება არცერთი მკითხველი, რომელსაც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ბოლო სიტყვა დაავიწყდეს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაწარმოების გარჩევის დროს ხშირად გვავიწყდება, რომ მოთხრობის ბოლო სიტყვა მოთხრობის ბოლო ფრაზაცაა და რომ ის დასასრულია არა მარტო მოთხრობის, ასევე ამბის, რომელიც ასე იწყება: „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა…“ პირველი ფრაზაც და ბოლოც მიემართება პერსონაჟს – ჩვენ ვეცნობით პერსონაჟის ამბავს, რომელიც ამ ორ ფრაზას შორისაა რამდენიმე გვერდზე მოქცეული. არადა, ეს პერსონაჟი არის ამბის მთხრობელიც და ამბის მთავარი აქტორიც. მოთხრობა, მიუხედავად იმისა, რომ მას სათაურად მთხრობელის სახელი არ ჰქვია, ამ პერსონაჟზეა, მის თავგადასავალზე, რომელიც რამდენიმე საათში ჩაეტია, თუმცა ამ რამდენიმე საათმა შეცვალა მთელი მისი ცხოვრება, შეცვალა კი არა, ააყირავა – პერსონაჟი თავს გადამხდარი ერთი ამბის შემდეგ დაუბრუნდა იმ საწყის მდგომარეობას, რომლის შემდეგაც მან ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ამიტომაც რამდენიმე გვერდზე მოთხრობილ ამბავს უნდა მოსდევდეს მისი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება, ეს ახალი ამბავი კი მკითხველის წარმოსახვაზეა დამოკიდებული – გაუბედურებულად წარმოიდგენს მთხრობელს თუ იღბლიანად, გაზრდილად თუ გაღარიბებულად. მოთხრობაში გადმოცემული ამბავი ამ ერთ პერსონაჟზეა და არა იმ პერსონაჟებზე, რომელთა წყალობით/დახმარებით/მიზეზით შეიცვალა გმირი, თუმცა ვერც მათ გარეშე შედგებოდა ამბავი და ვერც მათი ჩართვის გარეშე დაიწერებოდა მოთხრობა. რას გვეუბნება მოთხრობის დასასრული სიტყვა „ჩამოალაბორანტეს“? ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს პერსონაჟი წაგებულ მდგომარეობაშია, თუკი სიტყვის შინაარსს ვენდობით, მაგრამ თუკი სიტყვის ფორმას დავაკვირდებით, მაშინ მივხვდებით, რომ პერსონაჟი გაზრდილია და მან თავსგადამხდარი ამბიდან იმაზე მეტი გამოიტანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ასევე თუკი მოთხრობის ბოლოს სიტყვას აღვიქვამთ, როგორც მოთხრობის დასაწყისი სიტყვების შედეგს, მივხვდებით, რომ სინამდვილეში პერსონაჟს შანსი მიეცა, აღმოაჩინოს ახალი „მე“ და დაიწყოს ახალი ცხოვრება. ამ ორი მინიშნებით (დასაწყისი და დასასრული ფრაზით) ირკვევა, რომ მოთხრობის ცენტრალური ამბის გმირი მთხრობელია და მისი ცხოვრების მთავარი ამბავი, რომელმაც მას მისცა შესაძლებლობა, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაეწყო, ვასიკო კეჟერაძესთან შეხვედრაა. ამ შეხვედრის შემდეგ პერსონაჟი-მთხრობელი გარდაიქმნა და შეიცვალა. თუკი მოთხრობას თამაზის შეცვლის კუთხიდან განვიხილავთ, მაშინ ეს მოთხრობა იმ რიგის ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის დაიკავებს ადგილს, რომელთაც ბილდუნგსრომანს ვუწოდებთ (მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობასთან გვაქვს საქმე და არა რომანთან).

როგორც მივხვდით, ჩამოლაბორანტება კარიერულ იერარქიაში დაქვეითებაა, მაგრამ მთხრობელისთვის ეს დაქვეითება დასაწყისია. მოთხრობის ერთ-ერთი საკვანძო ფრაზაა „კარგად დაიწყო“. როგორც წესი, ადამიანები კარგად იწყებენ, მაგრამ მთავარი ისაა, როგორ გააგრძელებენ. სამწუხაროდ, უმეტესობა ვერ ახერხებს, რომ კარგად გააგრძელოს და კარგად დაასრულოს დაწყებული, უმეტესობას არც მეორე შანსი ეძლევა. თამაზი კი იღბლიანი აღმოჩნდება. მას შანსი ეძლევა, „ცხოვრებაში ჩამოლაბორანტებულმა“ახლიდან დაიწყოს. თამაზს, თუკი მანამდე არასწორად ეგონა, რომ ცხოვრებაში მთავარი დაწინაურება და სამსახურებრივი წინსვლაა, თუკი მას არასწორი მოდელები ჰყავდა ცხოვრებაში, ახლა, ამ შეხვედრის მერე მაინც უნდა მიხვდეს, რომ ჩარჩოში არ უნდა მოექცეს და წარმოსახვის განვითარებით და ამოძრავებით მეტი შეიცნოს და ცხოვრებაში მანამდე მიუწვდომელი განსხვავებული სიამოვნებებიც დაინახოს.

როდესაც „კარგად დაიწყო“-ზე ვსაუბრობთ, ცუდი არ იქნება, თუკი სოლონის და კროისოსის ამბავსაც გავიხსენებთ. სოლონმა ვერ უწოდა უმდიდრეს და ძლევამოსილ მეფეს ბედნიერი, რადგან მხოლოდ ადამიანის ცხოვრების უკანასკნელ წამს შეგვიძლია შევაფასოთ ადამიანი, რამდენად ბედნიერი იყო ის. ამდენად, სოლონის სიტყვების – „დააკვირდი დასასრულს“ – მიხედვით, დასასრული იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე დასაწყისი. ეს არ ესმოდა არც თამაზს და არც მის ენერგიულ ხელმძღვანელს, სამაგიეროდ, ეს იცოდა ვასიკო კეჟერაძემ, რადგან ისაა კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარს და მისთვის ლიტერატურა წიგნში კი არ რჩება, ის რეალურ ცხოვრებაში ცოცხლდება.

ფოკუსშია ვასიკო კეჟერაძე

ამ წერილის დასაწყისში მსჯელობისას გამიზნულად გამოვიყენე სიტყვები ხედვის კუთხე, ფოკუსი. ორივე სიტყვას მკითხველისთვის უნდა გაეხსენებინა ფოტოგრაფია, ხელობა, რომელიც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი პერსონაჟის შემოსავლის წყარო იყო. ამ პერსონაჟის გატაცების მიხედვით ჰქვია მოთხრობას სათაური. ყველაზე უკეთ სწორედ მისი ხასიათი, თვისებები, გემოვნება იკვეთება ნაწარმოებში. ის, და არა სხვა პერსონაჟი, ხიბლავს მკითხველს, ამიტომაც მას (sc. მკითხველს), შესაძლოა, დაავიწყდეს კიდეც ფოკუსის გადატანა მეორე პერსონაჟზე, პერსონაჟზე, რომელიც იმავდროულად ამბის მთხრობელიცაა. რადგან ამ წერილში არ დავივიწყეთ თამაზი, ახლა ჩვენი ხედვა ვასიკო კეჟერაძისკენ მივმართოთ.

ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს პერსონაჟის ცხრილის ან ასოციაციური რუკის შედგენას ვთხოვთ. ამ ცხრილში მთელი ინფორმაცია უნდა მოთავსდეს, რომელიც ნაწარმოებში გვხვდება გმირის შესახებ, იქნება ეს თვისებები, გარეგნული ნიშნები, მეტყველების მახასიათებლები, პროფესია თუ სხვა რამ. რაში გვჭირდება ამგვარი ცხრილების შედგენა? რა თქმა უნდა, არაფერში, თუკი ის არ ამოგვაცნობინებს მწერლის სათქმელს, მწერალი კი სათქმელის გადმოსაცემად მის ხელთ არსებულ ყველა ხერხს მიმართავს და მათ შორისაა გმირის დახასიათებაც, რომელიც ზოგჯერ თავმოყრილია და პირდაპირაა მოცემული ტექსტში, ზოგჯერ კი ის გაფანტულია და მასზე ირიბი მინიშნებები გვაქვს. ცხრილები და რუკები გვეხმარება გამოვკვეთოთ პერსონაჟი და არ გამოგვრჩეს არაფერი. ვასიკო კეჟერაძის, ამ მხატვრული პერსონაჟის პიროვნების ასახსნელად ალბათ მისი პროფესიის გათვალისწინებაცაა საჭირო. ამიტომ ცხრილზე/რუკაზე ხელობა არ უნდა გამოგვრჩეს.

ვასიკო ფოტოგრაფია. რა არის ფოტოგრაფია? ფოტოგრაფია სიზუსტესთან ასოცირდება. ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფიას პრეტენზია აქვს სიზუსტეზე.

მხატვარი, თუნდაც ის პორტრეტს, პეიზაჟს ან ნატურმორტს ხატავდეს, ვერაფრით ვერ მიაღწევს სიზუსტეს, რადგან მან ერთი წამით (პირობითად) მაინც უნდა მოწყვიტოს თვალი დასახატ ობიექტს და ის ამ ერთი წამის განმავლობაში კარგავს სიზუსტეს, რადგან მზერას კი არა, თავის მეხსიერებას უნდა დაეყრდნოს. აღარაფერს ვამბობ ფერებზე, ზომაზე და სხვა დეტალებზე, რომლებიც სიზუსტეს უკარგავს ხელოვნების ნიმუშს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ დაკარგული სიზუსტის მიუხედავადაც გვიყვარს ხელოვნება, რადგან ხელოვნების მიზანი სულაც არაა სიზუსტე.

ლიტერატურა სიტყვებით აღწევს შედეგს. სიტყვის თვისება კი ისაა, რომ ის ყველას სხვადასხვანაირად ესმის. დავუბრუნდეთ მაგიდას და წარმოვთქვათ ეს სიტყვა. წარმოთქმისას გონებაში ყველას სხვადასხვანაირი მაგიდა წარმოუდგება, განსხვავებული ფორმით, ზომით, დანიშნულებით, ფერით, მასალით და სხვ. ამიტომაც თითქმის წარმოუდგენელია სიტყვით სიზუსტის მიღწევა.

ფოტოგრაფია აფიქსირებს მომენტს, რომლის შეცვლა, ჩანაცვლება და სხვაგვარი აღქმა თითქმის გამორიცხულია (რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს განაცხადი სადავოა და ამ წერილის ფარგლებში ამაზე ვერ ვისაუბრებ). თუმცა ფოტოზე, თუნდაც პასპორტისთვის განკუთვნილ ფოტოზე, აღბეჭდილია სახე, რომლის უკანაც დგას არაერთი ამბავი. ამ ამბების გამოცნობას წარმოსახვა სჭირდება. კარგი ფოტოგრაფის დამსახურებით, ფოტოზე აღბეჭდილ სახეში ამბავი უნდა დაინახოს მნახველმა ისევე, როგორც მკითხველი იგებს ამბავს ტექსტიდან.

ვასიკო კეჟერაძე, კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარს, კაცი, რომელსაც ესმის, რომ ლიტერატურა ფანტაზიაა, კაცი, რომელიც უნდა ხვდებოდეს, რომ ლიტერატურა წარმოსახვას უვითარებს მკითხველს და რომ ეს წარმოსახვა მკითხველიდან მკითხველში იდენტური ვერაფრით ვერ იქნება, არის ფოტოგრაფი – სიზუსტის მოყვარული. მაგრამ ის ამ სიზუსტეში ეძებს მეტს, რადგან ისიც იცის, რომ აბსოლუტური სიზუსტე არ არსებობს და ხელოვნებით მიღწეული სიზუსტის მიღმა დგას აღმქმელი და მასზეა დამოკიდებული აღსაქმელი ობიექტის შეცნობა. პასპორტის ფოტოც კი, რომელიც ყველაზე უფრო ზუსტი უნდა იყოს და რომელიც შემოქმედებითად ვერ გაზრდის ფოტოგრაფს, ვასიკო კეჟერაძისთვის წარმოსახვის განვითარების საშუალებაა – მას ლიტერატურა გადმოაქვს ხელოვნების ზუსტ დარგში.

ფოკუსშია კლიმი

ვასიკო კეჟერაძეს უნდა ესმოდეს, რომ ფოტოგრაფია სიზუსტეა და ლიტერატურას ვერ მოედავები, როცა მასში რამდენიმე სიმართლეს აღმოაჩენს განსხვავებულად მომზადებული მკითხველი (განსხვავებულად მომზადებაში იგულისხმება მკითხველის განათლება, შეხედულებები, ღირებულებები, კრიტიკული უნარი, სქესი, ეროვნება, აღმსარებლობა და სხვ. ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მის თვალთახედვას და პოზიციას ლიტერატურული ტექსტის შეცნობის გზაზე). მაშინ უცნაურია, როგორ შეიძლება, ამ ცოდნით აღჭურვილ ადამიანს იმდენად მოსწონდეს კლიმი, რომ მას უნდოდეს, სამყაროში ბევრი კლიმი იყოს?

ვინ არის კლიმი? კლიმი ვასიკოს თანაშემწეა და მას უსიტყვოდ ესმის უფროსის, იმდენად, რომ მისი წარმოსახვაც კი ემთხვევა უფროსის წარმოსახვას. მას ზუსტად შეუძლია გამოიცნოს, ამა თუ იმ ადამიანში რომელი პერსონაჟი დაინახა ვასიკომ. კარგია ეს? შესაძლებელია ეს? ჩემი აზრით, ეს არც კარგია და შეუძლებელიცაა. წარმოუდგენელია, ორი ადამიანის – როგორი ერთნაირი გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეთ მათ – წარმოსახვა ერთმანეთისას დაემთხვეს. მაშ რასთან გვაქვს საქმე კლიმის შემთხვევაში? ხომ არ არის კლიმი ის ადამიანი, რომელმაც სახე დაკარგა უფროსის გვერდით, თუნდაც ისეთი უფროსის გვერდით, როგორიც ვასიკო კეჟერაძეა?

ნუ შეგვაშინებს ამ კუთხით ნაწარმოების წაკითხვა, ნუ შეგვაშინებს, რომ ის ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს მოულოდნელი კუთხით დაგვანახებს. მერე რა, რომ ვასიკო კეჟერაძე თითქმის ყველა მკითხველს მოგვწონს. როგორია ვასიკო კეჟერაძის საოცნებო სამყარო? უამრავი კარცერლუქსი, რომელთაც რომელიმე კლიმი განაგებს. დიახ, რომელიმე კლიმი – დაე, ყოჩაღი, დაე, ნაკითხი, მაგრამ მაინც კლიმი. გვინდა დანარჩენებსაც ასეთი კლიმებით გავსებული სამყარო, რომელშიც ადამიანები იმისთვის კი არ კითხულობენ, რომ საკუთარი აზრი შეექმნათ, არამედ სამყარო, რომელშიც ყველას აზრი და წარმოსახვა უფროსისას წააგავს. ვინაა ამ სამყაროში უფროსი? ვასიკო კეჟერაძე? კლიმისთვის ალბათ უფროსი ვასიკო კეჟერაძეა, მაგრამ ვასიკოს მრავალკლიმიან სამყაროში უფროსი უკვე მწერალია. მაგრამ ვის რად უნდა კლიმებადქცეული მკითხველები? კლიმებადქცეულ მკითხველებსა და პოლიტიკური სასტიკი რეჟიმის მიერ ერთმანეთს დამსგავსებულ ადამიანებს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა – ისინიც და ესენიც ინდივიდუალობას კარგავენ და მათ თავიანთი აზრი არ გააჩნიათ.

ვასიკო კეჟერაძე სოკრატეს წააგავს, რომლის სახელმწიფოშიც რომელიღაც პაწია კლიმი მოდარაჯე ძაღლია, ამ სახელმწიფოს რომ უფრთხილდება. მისი პაწიობა უბრალო გარეგნული მახასიათებელი კი არაა, მისი პაწიობა მისი გაქანების აღმნიშვნელია. კლიმი კლიმად დარჩება, იმ კლიმად, რომელიც ვასიკოს განკარგულებებს შეასრულებს და ისე იქნება უფროსის გავლენის ქვეშ მოქცეული, რომ ვასიკოს წარმოსახვა საკუთარი წარმოსახვა ეგონება. მაგრამ სოკრატე, სანამ ის გუშაგებით დაცულ სახელმწიფოს იდეას შემოგვთავაზებს, გამოქვაბულს აღწერს, რომელშიც პატიმრები ცხოვრობენ. ამ გამოქვაბულში პატიმრებს სხვადასხვა საგნებს უჩვენებენ, პატიმრები კი ამ საგნების ანარეკლს უყურებენ კედელზე. ვასიკო კეჟერაძის სამყარო კარცერლუქსი გამოქვაბულია, რომელშიც მწერლები უჩვენებენ სასურველ სურათ-ხატებს პატიმრებს/მკითხველს. სამწუხაროდ, კლიმისნაირ მკითხველს მწერალი კი არა, ვასიკო უჩვენებს სურათ-ხატებს და ესაა მისი პრობლემა. ის ამ სურათ-ხატების შთაბეჭდილების ქვეშ იმდენადაა  მოქცეული, რომ გათავისუფლება უჭირს. შესაძლოა, ერთეულმა ვასიკოებმა/პატიმრებმა შეძლონ გათავისუფლება, მაგრამ გათავისუფლებული პატიმარი პაწია კლიმი კი არაა, გათავისუფლებული პატიმარი თამაზია, თამაზი, რომელიც ჩამოლაბორანტების შემდეგ ცხოვრების ახალ ფურცელს გადაშლის. გათავისუფლებული პატიმარი რომ კლიმი იყოს, მას ისეთივე ასოციაცია არ გაუჩნდებოდა ადამიანზე შეხედვისას, როგორც ეს მის უფროსს უჩნდება.

დასკვნა

შესაძლოა, არ დამეთანხმოთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის წაკითხვისას ფოკუსში მოქცეული პერსონაჟების ასე აღქმაში, მაგრამ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ჩემთვის ლიტერატურის აღქმა წინააღმდეგობრივია. ამიტომ კითხვას ასე დავსვამ: ვის გინდათ კლიმებით გადავსებულ სამყაროში ცხოვრება? ვის გინდათ, რომ თქვენ ან თქვენი შვილი, თქვენი ახლობელი რომელიმე კლიმი იყოს? ალბათ ამ წერილის წაკითხვის მერე აღარ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მე პირადად არ მინდა და სრულიად არ აღმაფრთოვანებს ასეთ სამყაროში ცხოვრება. მირჩევნია, ადამიანებს არ უჭირდეთ ხელმძღვანელებთან კამათი, არ ეთანხმებოდნენ მათ ყველაფერში, მკითხველებსაც არ უჭირდეთ მწერლებთან დაპირისპირება და უხერხული არ იყოს იმის თქმა, რომ რომელიღაც ავტორიტეტული მწერლის აზრი შენთვის მიუღებელია (რა თქმა უნდა, არგუმენტები საჭიროა ამ „დაპირისპირების“ დროს). სხვა რა არის დიადი აზრების ისტორია? ერთი მოაზროვნე მეორეს უპირისპირდება არგუმენტირებულად და ასე ვითარდება აზრი. სამყარო რომ დაპირისპირებაზე არ იყოს აგებული, როგორ განვვითარდებით და როგორ წავიწევთ წინ? რა განსხვავება იქნება ასეთ სამყაროში ვასიკო კეჟერაძესა და ახალგაზრდა ენერგიულ ხელმძღვანელს შორის, რომელმაც კარგად დაიწყო, თუკი ერთს თანაშემწედ კლიმი ჰყავს, მეორეს კი ხელქვეითად თამაზი. რა განსხვავებაა ორ ხელმძღვანელს შორის, თუკი მათ თანაშემწეები და ხელქვეითები სანიმუშო მოდელებად აღიქვამენ? ძველი თამაზი იმიტომ კი არ უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი, რომ მას მარკესი არ წაუკითხავს, არამედ იმიტომ, რომ მისთვის  ხელმძღვანელია მოდელი, მის წარმოსახვით კარიერულ კიბეზე ხელმძღვანელობამდე ამაღლებაა ცხოვრების მიზანი. კლიმის მოდელიც მისი ხელმძღვანელია. მას ლამის უსიტყვოდ ესმის ვასიკო კეჟერაძის (ცხადია, ლიტერატურის კითხვა სიტყვით გაგებასთან ერთად უსიტყვოდ გაგების უნარსაც უნდა ავითარებდეს – უსიტყვოდ გაგებაში ქვეტექსტებს და სტრიქონებს შორის აზრის ამოკითხვას ვგულისხობ). მაგრამ კლიმის ნაკლი ისაა, რომ მისი წარმოსახვა ხელმძღვანელის წარმოსახვას იმდენად დამსგავსებია, რომ მას სახე დაუკარგავს. ის პაწია კლიმია, ალბათ დაპატარავებული ვასიკო, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ვასიკოს დაპატარავებით კლიმი მიიღება. ასე რომ, ვასიკო კეჟერაძისგან გამოსული თამაზი, როცა ის წიგნების კითხვას დაიწყებს, თუ მისგან კლიმს მივიღებთ, რამდენად გაამდიდრებს სამყაროს? უკეთესი გახდება სამყარო მორიგი პაწია კლიმის შემატებით? თამაზი მთხრობელია. ის ხვდება, რომ შანსი ეძლევა, იპოვოს ახალი მე და სახე, ერთადერთი და განსაკუთრებული. აი, მე როგორი სამყარო მინდა – წიგნის კითხვამ მე რომ არ დაგვაკარგინოს და მე გვაპოვნინოს. თქვენ? თქვენ როგორი სამყარო გინდათ?

 

ტერმინები, რომელთა მნიშვნელობაც ამ მოთხრობის გარჩევის დროს უნდა მოიძიონ მოსწავლეებმა:

მთხრობელი (ნარატორი) – ზოგჯერ მთხრობელი უდრის ავტორს, ზოგჯერ მთხრობელი უდრის პერსონაჟს, ზოგჯერ სამივე ერთში ერთიანდება, ამიტომ ნაწარმოების გარჩევისას აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ, რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: მთხრობელი=ავტორი; მთხრობელი=პერსონაჟი; მთხრობელი=ავტორი=პერსონაჟი. რატომ არ უნდა გამოგვრჩეს ეს მომენტი ანალიზის დროს? სამწუხაროდ, როცა მთხრობელი პერსონაჟია და ის პირველ პირში ყვება ამბავს, მკითხველს ავიწყდება, რომ საქმე ლიტერატურულ ნაწარმოებთან აქვს და ავტომატურად სვამს ტოლობის ნიშას მთხრობელსა და ავტორს შორის, ეს დაუშვებელია. ასევე მკითხველი, რომელიც იაზრებს, რომ მთხრობელი პერსონაჟია, ერთმანეთისგან გამიჯნავს მთხრობელის პრიზმაში გატარებულ სიმართლეს ფაქტისგან და შეძლებს „მთხრობელის გავლენისგან თავის დაღწევას“ და „ობიექტური ჭეშმარიტების“ დადგენას.

კომპოზიცია  და სტრუქტურა – მოკვლევის შემდეგ მოსწავლემ უნდა იმსჯელოს ლიტერატურული ნაწარმოების აგებულებაზე, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგებასა და ურთიერთშეფარდებაზე. მოსწავლემ უნდა შეძლოს დანახვა, რა კავშირშია ერთმანეთთან ნაწარმოების დასაწყისი და დასასრული, როგორ რეალიზდება მათი დახმარებით ერთ-ერთი ცენტრალური იდეის ხორცშესხმა.

ბილდუნგსრომანი – მიუხედავად იმისა, რომ შესასწავლი ნაწარმოები არაა რომანი და ის მოთხრობაა, ის ბილდუნგრომანის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს და მასში აღწერილია პერსონაჟის ფორმირება, მის მიერ „მე“-ს, საკუთარი თავის პოვნა. ბილდუნგსრომანი ისეთი ნაწარმოებია, რომელიც პერსონაჟის ფორმირებაზეა. ეს პროცესი სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. ბილდუნგსრომანების შესწავლისას ნიმუშად მოჰყავთ დიკენსის რომანები, სელინჯერის პოპულარული მოთხრობა და სხვ. ბილდუნგსრომანის ქვესახეობებია სათავგადასავლო, აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო, კარიერული ნაწარმოებები – ყველა ის ნაწარმოები, რომელიც იმ ამბავს აღწერს, რამაც ასწავლა ჭკუა, გაზარდა, გარდაქმნა მთავარი გმირი. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუკი მოსწავლეები ბილდუნგსრომანის შესახებაც მოიძიებენ ინფორმაციას.

კომპლექსური დავალების გააზრებისთვის

0

იმისთვის, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გააზრება გაგვიადვილდეს, საჭიროა განსხვავებათა აღმოჩენა – რას ვაკეთებდით და როგორ ვაკეთებდით, რა უნდა შევცვალოთ და რა დავტოვოთ ძველიდან. ჩემი დაკვირვება და დასკვნები შესაძლოა საკამათო იყოს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კრიტიკა, ეს მხოლოდ კრიტიკული აზროვნების შედეგია. ამას ხომ ჩვენს მოაწავლეებსაც ვასწავლით. მასწავლებლისადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხომ რეფლექსიურობაა. მეც მუდამ ვაანალიზებ ჩემს მუშაობას: რა გამოგვივიდა კარგად და რა შეიძლება ძველი გამოცდილებიდან გამოვიყენო. მოკლედ, გთავაზობთ ჩემს მოსაზრებას და რამდენიმე დასკვნას.

პირველი ის არის, რომ თუ მასწავლებელი სწავლებისადმი ინტერაქციულ მიდგომას იყენებს, მისთვის უცხო არ უნდა იყოს კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ის ხუთი ძირითადი პარადიგმა, რომლებიც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია მოცემული:

  1. სწავლის სწავლება – ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას (ფუნქციური აქტივობები; მოსწავლისთვის შინაარსიანი კონტექსტების შეთავაზება);
  2. ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაფუძნებით;
  3. ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება;
  4. სწავლის სტრატეგიების დაუფლება, ანუ სწავლის სწავლება;
  5. ცოდნის სამივე კატეგორიაზე მუშაობა, ანუ მიღებული ცოდნით სიტუაციური პრობლემების გადაჭრა, რაც მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარაციულს, პროცედურულს და პირობისეულს.

კონსტრუქტივისტული მიდგომები (სწავლის თეორიები, 2008 წ.) ახალი რომ არ არის, ყველა გამოცდაჩაბარებული მასწავლებელი დამეთანხმება. აქ მხოლოდ იმაზე შეიძლება ვისაუბროთ, რამდენად ვიყენებდით საკლასო ოთახში ჩვენს თეორიულ ცოდნას. აუცილებელია ერთი ფაქტორის წინ წამოწევაც. ფაქტორისა, რომელიც ფაქტობრივად „დამკვეთიც“ არის. ეს საზოგადოებაა, სადაც დღემდეა დამკვიდრებული კარგი მასწავლებლის სტერეოტიპი: მკაცრი, მომთხოვნი, შეუვალი გამომეტყველებით, რომელიც კარგად „ასწავლის“ და „სთხოვს“ საგანს.

რაც შეეხება მიზანს და აქტივობებს, ჩემი აზრით, იგივე რჩება, რადგან თუნდაც სხვა სიტყვებით (ნაბიჯი) გამოვხატოთ, მოსწავლის მოქმედება მაინც არ იცვლება. სულაც ნუ გამოვიყენებთ სიტყვებს „გაკვეთილის მიზანი“ – ის ნაბიჯები, რასაც მოსწავლე დგამს, ხომ არის კომპლექსური დავალების შესასრულებლად შესაბამისი მიზანი, თუმცა მოკლევადიანი. აქაც შეიძლება ახალ სტანდარტზე მარტივად გადასვლა. მთავარია, გავითვალისწინოთ კონსტრუქტივისტული სწავლის პრინციპები, როცა მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა.

რას შეეხება ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებს, არც ეს უნდა იყოს ახალი. ისევ სწავლების თეორიებს მოვიშველიებ: ცნებები თავდაპირველად მარტივი ფორმით უნდა ვასწავლოთ ბავშვებს (ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ მათი გაგება), ხოლო როცა გაიზრდებიან, იგივე მასალა უფრო რთული ფორმით მივაწოდოთ… აღმოჩენა ინდუქციური აზროვნების ფორმაა: მოსწავლეები კონკრეტული მაგალითების შესწავლის შედეგად ზოგად ცნებებს და პრინციპებს აყალიბებენ (გვ.113). ცნებები – ცნება არის მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება ან ზოგადი ნიშნების ასახვა. ცნებები ლოგიკური აზროვნების ბირთვს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აზროვნებას (გვ.114).

რა წერია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამ ორ სიახლეზე: ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.

მკვიდრი წარმოდგენები – თითოეულ ცნებას ახლავს მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც შემოსაზღვრავს ცნების მოცულობას და აზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს.

ახლა მოდი, დავფიქრდეთ: რა არის აქ ახალი? ყველა საგანში არსებობს გარკვეული ცნებები, რომელთა სწავლება იყო და არის ჩვენი მიზანი, რაც ცალკეა გამოტანილი და დაკონკრეტებული მკვიდრი წარმოდგენების საშუალებით, რომლებიც შემოსაზღვრავს ცნების მოცულობას და აზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს.

ახალა ყველაზე ახალ ცნებაზე – კომპლექსურ დავალებებზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს ცნება მოიაზრება როგორც კომპლექსური/პროექტული დავალებები და გულისხმობს იმგვარ აქტივობებს, რომელთა შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულ გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება (მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან – საკითხი, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი – ერთად) თემის ფარგლებში შუალედური მიზნის როლს ასრულებს (ესგ).

ჩემი აზრით, თუ მასწავლებელი მუშაობაში კონსტრუქტივისტულ მიდგომებს იყენებს, თუ აქტივობები აგებულია მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე, რათა შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია, მაშინ თავად პროცესს მივყავართ კომპლექსური დავალებებისკენ. ვეცდები ავხსნა. კონსტრუქტივისტული მიდგომის ყველა პარადიგმის გათვალისწინებით დაგეგმილი აქტივობების გავლის შემდეგ მოსწავლეც და მასწავლებელიც მზად არიან ახალი პროდუქტის შესაქმნელად. დაგროვებული ცოდნა (სამი კატეგორია) მოითხოვს პრაქტიკაში გამოყენებას, რეალობაში გადმოტანას და გაცოცხლებას. „ხარაჩოს“ მეთოდსაც ხომ მივყავართ საბოლოო პროდუქტის შექმნამდე: მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა დაუხმარებლად შესრულებაც გაუჭირდებათ. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხით ეხმარება მათ, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისთვის თავის გართმევას.

მერწმუნეთ, ამას მოსწავლეც ხვდება. ამის დასტურია ის დავალებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში შეუსრულებიათ ჩემს მოსწავლეებს. თუნდაც ევროკავშირის გერბისა და პოსტერის დამზადება (https://mastsavlebeli.ge/?p=17078); გაკვეთილი თემაზე „ქრისტეფორე კოლუმბისა და მისი აღმოჩენების დაკავშირება ევროპულ ღირებულებებთან“ (https://mastsavlebeli.ge/?p=21505), სადაც მოსწავლეებმა ფაქტობრივად რეკლამა შექმნეს ევროპელების დასაინტერესებლად; ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში (შეიმუშავეს განვითარების გეგმა) (https://mastsavlebeli.ge/?p=15209); როლური თამაში გეოგრაფიის გაკვეთილზე – მოცემულია ორი მაგალითი თავისი რესურსებითა და აქტივობებით (ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვა) https://mastsavlebeli.ge/?p=10504. ყველა ამ გაკვეთილზე საჭირო გახდა რესურსების მოძიება და გამოყენება. შესრულებული აქტივობები კი, როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულ გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში.

შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც, თუმცა მგონი საკმარისია. ამ გაკვეთილებამდე იყო სხვა აქტივობები, რომლებმაც საბოლოო პროდუქტის შექმნის საჭიროებამდე მიგვიყვანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ კომპლექსური დავალებების შესრულება ახალი არ არის. წლების წინ დეფინიცია არ არსებობდა მხოლოდ. ამაში ის მასწავლებლებიც დამეთანხმებიან, რომლებიც სწავლა-სწავლების პრინციპებს ითვალისწინებენ და ინტერაქციულ სწავლებას ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი აქტივობები საინტერესოს ხდიდა გაკვეთილებს, უამრავი საინტერესო რესურსი შეუქმნიათ მოსწავლეებს. თავადაც ყოფილან პროდუქტის შექმნის იდეის ავტორები.

მეტაკოგნიტიური უნარის განვითარება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, საშუალებას გვაძლევდა, თავად მოსწავლეებს შეერჩიათ დავალებებისა და პრეზენტაციის (საბოლოო პროდუქტის) ტიპები და ფორმები. ეს დამოკიდებული იყო მათ შემოქმედებითობასა და კრეატიულობაზე.

რაც შეეხება შეფასებას, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ტექსტის დამუშავება-გაგებას, რუკაზე მუშაობას მხოლოდ 6-7-8 შეესაბამება, ჩვენ კი უფრო მეტის პრეტენზია გვაქვს. მუშაობის პროცესში არ მიყვარს შეფასებების გაკეთება, საერთოდ არ მიყვარს განმსაზღვრელი შეფასება. ვიცი, ეს საკითხიც საკამათოა და ამის თაობაზე სხვასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეფასება დასჯაზეა ორიენტირებული. „დღევანდელში“ დისტანციურ სწავლებას არ ვგულისხმობ. ახლა ყველაზე მეტად თავისუფალი ვარ, ვიცი, დროებით, მგარამ მე მაინც მომწონს ეს თავისუფლება.

შეფასებამდეც მივედით. თუ წინა თაობის ესგ-ში მასწავლებლებს გვთავაზობდნენ სიტყვიერ ახსნას, რომ ის გაკვეთილის მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს, ახალ ესგ-ში უკვე გაშინაარსებული და და დაკონკრეტებულია. თითოეულ ცნებას და თემას ახლავს შეფასების კრიტერიუმები.

აქ ერთი მოსაზრება-ვარაუდი მინდა გამოვთქვა: შეფასების ინდიკატორები, შინაარსიდან გამომდინარე, მიმდინარე შეფასებებს თითქმის გამორიცხავს. ჩემი აზრით, შეფასებამ, მინიმუმ, კომპლექსურ დავალებებამდე გადაიწია, რადგან იგი (მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულებითურთ – საკითხი, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი) თემის ფარგლებში შუალედური მიზნის როლს ასრულებს (ესგ). მთავარი აქცენტი განმავითარბელ შეფასებაზე დაისმის. კომპლექსური დავალება და შემაჯამებელი დავალება საბაზისო საფეხურზე შეგვიძლია ერთმანეთის სინონიმებად ჩავთვალოთ. თემის ფარგლებში მოსწავლე რამდენიმე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს. მათგან ერთ-ერთს შემაჯამებლის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ეს – რაც შეეხება წარსულის მაგალითებს. ახალ სასწავლო წელს ახალი ეროვნული სასწავლო გემით დავიწყეთ მხოლოდ მე-7 კლასში. ახლა კი გააზრებულად გამოვიყენე კომპლექსური დავალებები. პირველ სემესტრში პირველი თემა გეოგრაფიაში, მოგეხსენებათ, დედამიწაა. დავიწყეთ თამაში, ხატვა, სხვდასხვა აქტივობები, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული. მზიან ამინდში ეზოში ვატარებდით გაკვეთილებს. ბოლოს კი კომპლექსური დავალება შევასრულეთ. მატრიცის ფორმას ამჟამად არ ვიყენებ, ეს მომავლისთვის გადავდოთ.

მოსწავლეებს უნდა შეექმნათ სკოლის ტერიტორიის ადგილის გეგმა, რომელსაც წერილთან ერთად გაუგზავნიდნენ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანატოლს. წერილის შინაარსის მთავარი დებულებები ერთად განვსაზღვრეთ.

დებულებები დაკავშირებული იყო თემატურ მკვიდრ წარმოდგენებთან და მოიცავდა საგნობრივ საკითხებსა და სამიზნე ცნებებს:

  • რუკა დედამიწის ან მისი რომელიმე ნაწილის შემცირებული და განზოგადებული გამოსახულებაა. რუკაზე პირობითი აღნიშვნებით სხვადასხვა ინფორმაცია გამოისახება.
  • პარალელები და მერიდიანები წარმოსახვითი ხაზებია, რომლებიც დედამიწის ამა თუ იმ წერტილის განსაზღვრაში გვეხმარება. ეკვატორი ყველაზე გრძელი პარალელია. ყველა მერიდიანი თანაბარი სიგრძისაა.
  • დღე-ღამისა და სეზონების ცვალებადობას დედამიწის ფორმა, წარმოსახვითი ღერძისა და მზის გარშემო მოძრაობა განაპირობებს.

ადგილის გეგმა ერთობლივად შევადგინეთ. პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ ეზოში აზომვები ჩავატარეთ. მოსწავლეებმა ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტის აზიმუტი განსაზღვრეს. ყველა ჯგუფი დამოუკიდებლად მუშაობდა. წარმოიდგინეთ, ამ სასწავლო წელს ექვსი მე-7 კლასი მყავდა (რამდენიმე სკოლაში ვმუშაობდი). მთელ დღეს ფაქტობრივად ეზოში ვატარებდი.

ამ პატარა გოგონამ გაცნობისას სასხვათაშორისოდ მითხრა: ბაბუაჩემიც გეოგრაფი იყოო. სიიდან უკვე ვიცოდი, რომ კლასში, არც მეტი, არც ნაკლები, ასლანიკაშვილი მეყოლებოდა… არ ვიცი, პატარა ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებს თუ არა.

 

კლასში დაბრუნებულმა ჯგუფებმა ერთმანეთს აზომვის შედეგები გაუზიარეს. ცდომილება რომ შეგვემცირებინა, აზომვის შედეგების საშუალო არითმეტიკული გამოვთვალეთ. მიღებული მონაცემებითა და ჩანახატებით შეადგინეს ადგილის გეგმა. მერე კი წერილები დაწერეს. ქვეყნები მე გავუნაწილე ისე, რომ ყველა სხვადასხვა სასაათო სარტყელში ყოფილიყო. წერილში დროც უნდა მიეთითებინათ. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

„ახლა ჩემს ქვეყანაში 4 საათია და მე გეოგრაფიის გაკვეთილი მაქვს. შენ ალბათ გძინავს, რომ გაიღვიძებ, ჩემი წერილი დაგხვდება“.

„მე შენთვის ადგილის გეგმა გავაკეთე. აი, რა კარგი სკოლა მაქვს. ჩვენთან მალე ზამთარი დაიწყება, შენ, ვიცი, ზაფხულს ელოდები. მეც მიყვარს ზაფხული“.

ერთმა კი მე მომწერა: „მას, რა კარგი შემაჯამებელი იყო, თუ რამე მქონდა გამოტოვებული და გაუგებარი, ყველაფერი გავიგე“.

გამიხარდა. ეს დავალება კარგი კომპლექსურია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მიზანს რომ მივაღწიე, ყველა საკითხი გავააქტიურეთ და ეს გაკვეთილები არ დაავიწყდებათ, ამაში ეჭვი არ მეპარება.

წარმატებას გისურვებთ, ჩვენ შეგვიძლია, უფრო საინტერესო და სახალისო გავხადოთ სწავლის პროცესი!

დაკარგული ბიჭები  

0

წიგნის კითხვა ტრავმულ გამოცდილებად მექცა. ამ წიგნის – თომას ვულფის მოთხრობების კრებულის. წლების წინანდელი ამბავია. პირველივე მოთხრობამ, „დაკარგულმა ბიჭმა“ ყველა საფიქრალი დამავიწყა, სამყაროს საზღვრები წუთებში წაშალა, გამომაცარიელა და ყოველგვარი მიმზიდველობა დაუკარგა სიცოცხლეს, რომელსაც თორმეტი წლის ჭკვიან ბიჭს ვერ გავუყოფდი.

რა წიგნზე აღარ მიტირია, მაგრამ ასეთი განადგურებული, დიდ სიბნელეს ამდენ ხანს მიჩერებული არასდროს ვყოფილვარ. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ  ავტობიოგრაფიულ ტექსტს ვკითხულობდი და თომას ვულფი თავის ძმაზე წერდა, თანატოლებისგან გამორჩეულზე, უცნაურად დაბრძენებულზე. აი, ხომ არის ხოლმე – თან ბიჭია, მოჭუტული თვალებით შეჰყურებს ვიტრინაში გამოფენილ ნამცხვრებს, ტკბილეულს და თან ისეთს გეტყვის, გულს გაგიჩერებს, პასუხის ძებნაში საათებს გაგატარებინებს.

გროვერი – ასე ჰქვია მთავარ გმირს – მოთხრობის დასაწყისში მხოლოდ თერთმეტ-ნახევარი წლისაა. „პატარა ბიჭი იყო, შავთვალება, დინჯი. ყელზე ხალი მოუჩანდა – რბილი, ყავისფერი. ასაკთან შედარებით მშვიდი სახე ჰქონდა, თვინიერი. შემოცვეთილი ბიჭური ფეხსაცმელები, მუხლებზე რეზინებშემოჭერილი სქელი წინდები, მოკლე სადა შარვალი, რომელსაც ცალ მხარეს არაფრის მაქნისი სამი პატარა ღილი ეკერა, მეზღვაურის ხალათი, შავ თმებზე ძველი დაჭმუჭნილი ქუდი და მხარზე გადაგდებული გაცრეცილი, ჭუჭყიანი ტილოს ჩანთა – აი, ასეთი გახლდათ გროვერი“ (ქართული თარგმანიდან ამოვწერე, რომელიც – დასანანია – ვერაფრით უახლოვდება ორიგინალის სიმაღლეს).

1904 წელია. ბიჭი მოედანზე გამოდის, მიიხედ-მოიხედავს, მიმართულებას ირჩევს და მისი თვალი აწმყოსა და მარადისობას ერთდროულად სწვდება. ასეთი ადამიანია – თითქოს ერთი ცხოვრება უკვე იცხოვრა და ამიტომ პოულობს სხვებზე მარტივად გამოსავალს, ამიტომ არ ღალატობს ინტუიცია, როცა შესაძლო ქმედებებს შორის ყველაზე სწორის ამორჩევას ცდილობს. შეუძლია ყველა სურვილი დაივიწყოს და სხვის სახეზე კმაყოფილების ღიმილის დასანახად მთელი დღე იშრომოს. არის საქმეები, უფროსებზე უკეთესად რომ გამოსდის და მათ შესრულებაზე უარს არასდროს ამბობს. თითქოს გული უგრძნობს, რომ ბოროტება ახლოსაა, რომ საყვარელი ადამიანების გახარების შესაძლებლობა დიდხანს არ ექნება.

გასაოგნებელი ენით, ბრწყინვალე სტილით დაწერილ ამ მოთხრობას სხვადასხვა მთხრობელი ჰყავს. ოცდაათი წლის შემდეგ დედა, და და ძმა იხსენებენ გროვერს, რომელიც ტიფმა მოულოდნელად იმსხვერპლა. ტკივილი გაუნელებელია, სიკვდილის აბსურდულობა კი ისეთ რამედ რჩება, რასთან შეგუებაც, რისი ბოლომდე მიღებაც მათ არ შეუძლიათ. მარადიულად ის დღე დგას, როცა ერთიანად გადაფითრებული ბიჭი ხელიდან გამოეცალათ. წლები გადის და მისი გადარჩენის გზებს მაინც ეძებენ – თითქოს თავიდან მოყოლილ ამბავში რამე შეიცვლებოდეს, თითქოს ენას სადღაც სხვაგან დაშვებული შეცდომის გამოსწორება შეეძლოს.

დედა: „ბევრნი დაგზარდეთ. იქნებ ჩემთვის უხერხულია ამის თქმა, თქვენგან არც ერთი არ გამოსულა ურიგო. მაგრამ გროვერი სულ სხვა იყო! […] იმედი მაქვს, როგორც იტყვიან ხოლმე, უკვე ღირსეული, ჩამოყალიბებული პიროვნებები ხართ. ეჭვი არ მეპარება, შესაფერისი ჭკუაცა გაქვთ და განსჯის უნარიც… მაგრამ გროვერი! იმას ეგ ყველაფერი იმთავითვე ჰქონდა!“

და: „წარსულში რომ ვიხედები, ზოგჯერ კიდეც მეჩვენება, ჩვენ ყველანი გროვერმა დაგვზარდა. სულ ჩვენს მოვლა-პატრონობაში იყო, სულ გვარიგებდა, როგორ მოვქცეულიყავით. ხან ნაყინს მოგვიტანდა, ხან – კანფეტებს. სამუშაოზე რას იღებდა? მცირე გროშებს და იმასაც ჩვენ გვახარჯავდა“.

თომას ვულფის ამ მოთხრობას თორმეტი-ცამეტი წლის მოსწავლეებს წავაკითხებდი და ვეტყოდი, რომ ასეთია ბრწყინვალედ დაწერილი ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომ დიდი ტკივილი შეიძლება მომნუსხველი ფერისა და ფორმის ყვავილებად გაიშალოს, რომ თავს გადამხდარზე, დიახ, უნდა ვწეროთ, მაგრამ ამოცანის ბოლომდე გაცნობიერებით, ენის შესაძლებლობების ცოდნით, გამოყენებით.

ორი დღის წინ კი, როცა ამ წერილის დასაწერად თომას ვულფის მოთხრობების გადაკითხვა გადავწყვიტე, მივხვდი, რომ შიშის რომელიღაც ნაირსახეობა უნდა გადამელახა – მარტივი არ იქნებოდა თვალის გასწორება „დაკარგული ბიჭის“ დასაწყისისთვის, მერე საუკუნისწინანდელ ამერიკაში იმ გზის ხელახლა გავლა, რომლის ბოლომდე ტირილით მისულმაც ძლივს მოვახერხე ჩემს დროში, ჩემს თავთან დაბრუნება. მთელი წიგნი ახლა უფრო სწრაფად წავიკითხე და ალბათ უფრო დაკვირვებითაც, რადგან დაკარგულ ბიჭს სხვა მოთხრობებშიც მივაგენი. ისე ჰგავდა, სხვა ვერაფრით იქნებოდა. მუქი თმა, მუქი თვალები ჰქონდა და ისე გიყურებდა, მისი ასაკის არც ერთი სხვა ბიჭი რომ არ შემოგხედავდა.

ცოტა ხანს ვიფიქრე და მწერლის ფოტოები მოვძებნე. კიდევ ერთი დაკარგულის.

საზაფხულო არდადეგები დისტანციური სწავლების შემდეგ

0

დადგა ყველა ბავშვისთვის საოცნებო და სანატრელი პერიოდი, დაიწყო საზაფხულო არდადეგები. ნებისმიერი მოსწავლე საზაფხულო არდადეგებს ადრეც მოუთმენლად ელოდა, მაგრამ მიმდინარე წელს, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში სასწავლო პროცესის მეტად უჩვეულო და აქამდე ბევრისთვის  უცხო ფორმით  მიმდინარეობის  გამო,  საზაფხულო არდადეგები კიდევ უფრო სასურველი და სანატრელი გახდა ონლაინსწავლებით გადაღლილი ბავშვებისთვის. ნებისმიერი ასაკის ადამიანს და მითუმეტეს სკოლის მოსწავლეს, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დატვირთული და დამღლელი საქმიანობის შემდეგ, აუცილებლად ესაჭიროება დასვენება. სწორედ ამისთვის არსებობს სასკოლო არდადეგები წელიწადის სხვადასხვა დროს – შემოდგომით, ზამთარში, გაზაფხულზე და ზაფხულში. უნდა ითქვას, რომ მართალია, დასვენების დღეები ბავშვს ყოველთვის, წელიწადის ნებისმიერ დროს ახარებს, მაგრამ საზაფხულო არდადეგები მისთვის მაინც განსაკუთრებით გამორჩეული და სასურველია. უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ ის ყველაზე ხანგრძლივია; გარდა ამისა, აღნიშნული პერიოდის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესანიშნავი ამინდების წყალობით ბუნებაში ყოფნის, საინტერესო ლაშქრობების მოწყობის, ღია ცის ქვეშ თამაშის და გართობის მეტი შესაძლებლობა ეძლევა.  ამასთან,   ამ პერიოდში  მას მეტი  საშუალება აქვს შეხვდეს ძველ ნაცნობ-მეგობრებს, შეიძინოს ახალი მეგობრები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საზაფხულო არდადეგების დროს გვაქვს ძალინ კარგი შესაძლებლობა ბავშვის ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშესაწყობად, რისი დეფიციტიც აშკარად შეიქმნა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბავშვის სახლში გამოკეტვის და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის გამო.  თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნული მხოლოდ შესაძლებლობებია და იქცევა თუ არა ის რეალობად, ეს ბევრად იქნება დამოკიდებული ოჯახსა და მშობლებზე, იმ ადამიანებზე, რომელთა გვერდითაც მოუწევს ბავშვს საზაფხულო არდადეგების გატარება. მაინც, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ ბავშვმა ნაყოფიერად, ეფექტიანად გაატაროს საზაფხულო არდადეგები და მაღალი მოტივაციით და ენერგიით სავსე დაუბრუნდეს სასწავლო პროცესს:

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომლითაც დაკავებულია ბავშვი, განურჩევლად იმისა სასწავლო პროცესშია ის ამ დროს ჩართული, თუ საზაფხულო არდადეგებით ტკბება, მისი განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ შემთხვევაში  საუბარია ბავშვის არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზეც. აღნიშნული მიმართულებებით ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ განვითარება, ნებისმიერი მიმართულებით უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს. განვითარებაში არდადეგები და დასვენების დღეები არ არსებობს. ონლაინსწავლების ყველაზე დიდი დამსახურება სწორედ უწყვეტობის შენარჩუნებაა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვით სხვა მიმართულებებით ბავშვის განვითარებაზე. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აუცილებლობიდან გამომდინარე, თითქმის მთელი დღე კომპიუტერის წინ ჯდომამ და ფაქტიურად უმოძრაო ცხოვრებამ სერიოზულად დააზარალა ბავშვის ფიზიკური განვითარება. სახლში გამოკეტვამ, ურთიერთობის დეფიციტმა და, უპირველეს ყოვლისა, თანატოლებთან ცოცხალი ურთიერთობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვის, როგორც სოციალურ, ასევე ემოციურ განვითარებაზე. შეგვიძლია საზაფხულო არდადეგები ძალიან კარგად გამოვიყენოთ აღნიშნული მიმართულებებით ბავშვის განვითარებაში დაფიქსირებული სირთულეების  დასაძლევად. ამის გაკეთება ადვილად შეიძლება სხვადასხვა სახის სპორტული და გასართობი თამაშების ორგანიზებით, ლაშქრობების, ექსკურსიების მოწყობით, თანატოლებთან შეხვედრების და მათთან ურთიერთობის ხელშეწყობით;
  • გამოვიყენოთ საზაფხულო არდადეგები კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულობისაგან ბავშვის გასანთავისუფლებლად, თუნდაც სასწავლო პროცესის განახლებამდე მაინც. ონლაინსწავლებამ კიდევ უფრო გააძლიერა დისტანციურ სწავლებამდეც დაფიქსირებული მოზარდთა უზომო დამოკიდებულება კომპიუტერზე. სამწუხაროდ,  სწავლების ახალ ფორმაზე გადასვლის შემდეგაც მოზარდებმა უარი ვერ თქვეს მათთვის  ესოდენ საყვარელ კომპიუტერულ თამაშებზე. ამასთან ერთად, მონატრებულ თანაკლასელებთან ურთიერთობას გაკვეთილების შემდეგ, ონლაინ რეჟიმში, ისინი ასევე კომპიუტერის დახმარებით ცდილობდნენ. ყოველივე აღნიშნულმა საბოლოო ჯამში ისე გაზარდა მოზარდის კომპიუტერულ ტექნიკასთან გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომ ის მეცნიერულად დადგენილ ყველანაირ ნორმებს ცილდება, რაც ბუნებრივია უარყოფით ასახვას ჰპოვებს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში. მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია საზაფხულო არდადეგების აქტიურად გამოყენება. გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ბავშვისთვის ყველაზე მიმზიდველი და სასურველი მშობლებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარებაა. ამდენად, თუ ჩვენ გამოვნახავთ დროს, სწორად დავგეგმავთ და კარგ ორგანიზებას გავუკეთებთ ბავშთან ერთად განსახორციელებელ ამა თუ იმ აქტივობას (სხვადასხვა სახის თამაშები, საუბრები, წიგნის ერთად კითხვა და ა.შ.), მას კომპიუტერი შეიძლება აღარც კი გაახსენდეს. მაგრამ, თუ შვილი მშობელს მუდმივად კომპიუტერის წინ ან სმარტფონით ხელში ხედავს, ადვილი და ამასთან სამართლიანი არ იქნება მშობლის მხრიდან ბავშვისთვისთვის მოთხოვნის წაყენება უარი თქვას კომპიუტერზე და სხვა საქმით დაკავდეს;
  • ნუ ვაქცევთ საზაფხულო არდადეგეგბს ბავშვისთვის სასწავლო პროცესის ერთგვარ გაგრძელებად. ბევრი პედაგოგი წლის ბოლოს თადარიგს იჭერს და იმ მოტივით, რომ მისი ნასწავლი არ დაივიწყონ მოსწავლეებმა, ზაფხულის პერიოდში საკმაოდ დიდი მოცულობის დავალებებით ტვირთავს მათ, მითუმეტეს, თუ მშობლებიც აქტიურობენ ამ მხრივ და თავადვე მოითხოვენ მასწავლებლისგან, რომ დავალებების გარეშე არ გაუშვას ბავშვი არდადეგებზე. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გონება ყველა იმ ინფორმაციას, რასაც ჩვენ გადავცემთ, ვერ დაიტევს და ყველაფრის დამახსოვრება არც არის საჭირო. სკოლაში სწავლების მთავარი მიზანი სწავლის სწავლა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობა უნდა იყოს და არა უსაზღვრო მოცულობის ინფორმაციით მისი გონების ამოვსება. ასე, რომ უმჯობესია ბავშვმა იცოდეს ნაკლები, მაგრამ შეეძლოს ამ ცოდნის გამოყენება, ჰქონდეს დამოუკიდებლად სწავლის უნარი, რომ საჭირო შემთხვევაში შეძლოს ამა თუ იმ სახის ინფორმაციის მოძიება, გამოყენება და პრობლემისთვის თავის გართმევა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მაგ. უცხო ენაში წლის განმავლობაში ნასწავლი სიტყვებით სავსე რვეული მივცეთ და მოვთხოვოთ ყველაფერი გაიმეოროს და შემდეგ ჩაგვაბაროს, ვეთამაშოთ მას ისეთი თამაში, სადაც ის ადგილობრივი მკვიდრი იქნება, ჩვენ ტურისტი, გავმართოთ ისეთი დიალოგი ჩვენ შორის, რომ მას დასჭირდეს ნასწავლი უცხო სიტყვების და ფრაზების გამოყენება. ამ გზით ის მიღებული ცოდნის გახსენებას, გამოყენებას და დამახსოვრებას ბევრად უფრო ადვილად და ხალისით შეძლებს. ბავშვთან ურთიერთობის აღნიშნული ფორმა შეიძლება ნებისმიერ საგანში  ნასწავლი მასალის გასახსენებლად და განსამტკიცებლად გამოვიყენოთ. მაგ. არ იქნება გამართლებული მოვითხოვოთ ბავშვისგან აიღოს ისტორიის ან გეოგრაფიის სახელმძღვანელო და გაიმეოროს ყველაფერი, რაც წლის განმავლობაში ისწავლა, იმ დროს, როცა ის საქართველოს რომელიმე ლამაზ კუთხეში ისვენებს და შეუძლია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან საუბრით ბევრი რამ გაიგოს ამ კუთხის ისტორიის და მისი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსწავლეები წლევანდელი საზაფხულო არდადეგების გატარებას, ცნობილი მიზეზების გამო, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, მის სხვადასხვა კუთხეში შეძლებენ. ეს მათ ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს, რომ უკეთესად გაიცნონ საკუთარი ქვეყნის ცალკეული კუთხეები, მისი ისტორია, გეოგრაფია, ადგილობრივი მოსახლეობა, მათი ტრადიციები. სკოლაში დაბრუნებულები კი თანატოლებს გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას და შთაბეჭდილებებს, რაც მოზარდი თაობისთვის საქართველოს, საკუთარი ქვეყნის უკეთესად გაცნობის კარგი საშუალება იქნება. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ბავშვის საუბრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ამ კუთხის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ხელს შეუწყობს მოზარდში საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების, საუბრის ეფექტიანად წარმართვის, შეკითხვების სწორად შერჩევის, ფორმულირების, გამოყენების უნარის განვითარებას. აღნიშნული უნარები მას მომავალში სასწავლო პროცესში საკმაოდ გამოადგება და მისთვის შეიძლება ის სასწავლო წარმატებების წინაპირობაც გახდეს;
  • საზაფხულო არდადეგები ძალიან კარგი პერიოდია მხატვრული ლიტერატურის საკითხავად. არსებობს მცდარი აზრი, რომ მშობელმა ბავშვს მანამდე უნდა უკითხოს წიგნები, სანამ ის კითხვას ისწავლის; მას შემდეგ კი, რაც კითხვას დაეუფლება, უკვე თავად, დამოუკიდებლად უნდა იკითხოს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის მშობელთან ერთად კითხვა უდიდესი სიამოვნების მიმნიჭებელია და ნუ მოვაკლებთ მას ამ სიამოვნებას. მშობლების გვერდით ყოფნა კითხვის პროცესში განსაკუთრებით ისეთ ბავშვებს სჭირდებათ, რომელთაც კითხვის უნარ-ჩვევები ჯერ კარგად არა აქვთ განვითარებული და უჭირთ როგორც კითხვა, ასევე წაკითხულის გააზრება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვებს არ უყვართ იმ საქმის კეთება, რაც კარგად არ გამოსდით და პრობლემების შემქმნელი ხდება მათთვის. სწორედ ამ დროს არის საჭირო უფროსის ჩართვა და ბავშვის დახმარება. თუ ვიცით, რომ ბავშვი, მისი ასაკიდან გამომდინარე, უკვე კარგად უნდა კითხულობდეს, მაგრამ კითხვის ტექნიკა სათანადოდ არა აქვს განვითარებული და უჭირს კითხვა, ნაცვლად იმისა, რომ სკოლის სახელმძღვანელო დავუდოთ წინ და ვაკითხოთ ის ტექსტები, რომლებიც მრავალჯერ აქვს მოსმენილი და მისთვის საინტერესო ნამდვლად აღარ არის, შევარჩიოთ ბავშვის ასაკის შესაფერისი წიგნი ფერადი ნახატებით, სადაც თითოეულ გვერდზე ნახატთან ერთად მცირე მოცულობის ტექსტი იქნება წარმოდგენილი, მივუჯდეთ ბავშვს გვერდით, დავიწყოთ კითხვა, მოგვიანებით რომელომე საინტერესო ადგილას გავჩერდეთ და ვთხოვოთ, რომ მან გააგრძელოს კითხვა; შემდეგ კი ვისაუბროთ წაკითხულის შესახებ, ან მოვახდინოთ წაკითხულის ინსცენირება. გავითვალისწინოთ, რომ საოჯახო თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობა ბავშვისთვის ყველაზე საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს. ამგვარად გატარებული დრო საზაფხულო არდადეგებს უფრო მეტ მომხიბვლელობას და მიმზიდველობას ანიჭებს.

რასაკვირველია, თითოეული ზემოაღწერილი აქტივობის განხორციელება მშობლის მხრიდან საჭიროებს დროს, სურვილს, მისი საჭიროების, აუცილებლობის დანახვის, გააზრების და გაცნობიერების უნარს. გავითვალისწინოთ, რომ საზაფხულო არდადეგების პერიოდში ბავშვთან აღნიშნული სახის ურთიერთობებით და საქმიანობით ჩვენ მისი შემდგომი, როგორც ინტელექტუალური, ისე ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშემწყობი ვხდებით, ვუმუშავებთ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას სასკოლო სწავლების პროცესში გამოადგება და მისი სასწავლო წარმატებების წინაპირობა გახდება.

 

 

 

თამაშას ლაგუჯი

0

ხო, ის არის, ღუმელთან ჩამომჯდარი. იღიმის კიდეც, ჩვენკენაც გამოიხედება. ნეტა რატომ მოვიდა? რაღაც ხრინწი გაერევა ხმაში. ალბათ ამათ დაიბარეს, გვპირდებოდნენ და შეუსრულებიათ. ასეთი მაინც რა დავაშავეთ? თუ ჭკვიანად არ იქნებით, დროზე თუ არ დაიძინებთ, თამაშა მოვა და თავის ლაგუჯსაც მოიტანსო. ღმეეერთო, რა იყო, წუთში გვეხუჭებოდა თვალები! კაი ახლა, თამაშამ რა უნდა გვიყოს, თავისთვის დაფრატუნობს ქუჩაში, ჩემი თვალით ვნახე, ბაბუას რომ ყანისკენ გავყვევიო, – ჩემი ძმა ამბობდა, მაგრამ მერე მასაც უჭირდა შიშის დამალვა. და ლაგუჯი? აი, მაგ ტომარაა თუ ხურჯინია თუ ლაგუჯი, მაგაში ისვამს თურმე ბავშვებს, ურჩ ბავშვებს, მიჰყავს ძველი ჯუმისკენ, იქ ჩამოსვამს ნაპირზე და მიაგდებს უპატრონოდო. გინდ დაიჯერე და გინდ არა! ჯერ სული შეგეხუთება, სიბნელეა იმ ლაგუჯში, თვალებს აცეცებ, დაყვირებას ცდილობ, მაგრამ თამაშა დაგიცაცხანებს, – ჩაიგდე ხმა და კრინტი არ დაძრა, სი ჩიჩიე ბაღანა, თორემ ქვიან დაღმართზე დაგაგორებო. დამზაფრავი ხმა აქვს, ტანში გაგცრის, გულზე გეჭიდება. რა დავაშავეთ, იმასაც რომ ვერ ვიხსენებ? ეზოში რომ გვიანობამდე ბურთს ვაგორებდით და ციალას ბოსტანშიც ერთი-ორჯერ გადაგვივარდა, ეგ ამათ არ უნახავთ და ალბათ არც ციალა იტყოდა რამეს. წისქვილში რომ გვთხოვეს სიმინდის წაღება, ურიკაზე შემოვაგდეთ ტომარა და შუკასაც სვენებ-სვენებით ჩავუყევით. არც ზედმეტი გვირბენია და არც რამე. აწი გვიანია, აგერაა თამაშა და ეს რომ გვცოდნოდა, მაგის მოსვლამდე მივიყურშებოდით სადმე, მაგრამ გულთმისანია, სკვაზნოი ხედავსო, ვიღაც ამბობდა, ვერ დაემალები მაგის თვალსო. ღორონთუმე, რა გახდა მართლა და მართლა, მკვდარ-ცოცხალს იგინებიან ეს სოფლის ბიჭები, ისე, ვითომც არაფერი და აქ კიდე, ზედმეტად თუ გაოფლიანდი, ხუთი-ექვსი წლის ბავშვს თამაშას ლაგუჯში გიკრავენ თავს. ბებია-ბაბუაც ასეთი უნდა, მაგრამ სულ დედაჩემის მოფიქრებულია ეს ამბავი, და ისიც ვიცი, როდიდან და რის გამო. არც ჩვენ ვართ რძეში დაბანილები და მამა აბრამის ბატკნები, მაგრამ ამ თამაშასთვის მისაჩუქებლები თუ გავხდებოდით, არ მეგონა. ილაპარაკე და იყავი! აგერ, ისე იყურება, თითქოს ჯიბეში ვუზივართ ორივე. ჩემს ძმას გავხედავ, თვალებდაყვლეფილია, წკაპ და ატირდება. ნეტა ამდენ ხანს რაზე ლაპარაკობენ? რით ვერ მოილიეს სოფლის მიდი-მოდი და ზაფხული, ტრაქტორი, ბარგუა, მაჟირუა, სასუქი, წისქვილი, კანტორა, ყანა, უჩასკა, ფერმა, ონგარუ, მკლავის გახსნა, გათხოვება, ცოლის მოყვანა, პერტობა და მარაშნა… იმის კამეჩი, ამის ქაბლა, იმის ქათამი და კოკუჩი, კვერცხი, ხორცი, სულგუნი და კაზლა ყველი, სიმინდის ფქვილი და წაქა… ეს გამოხეული ნასკები როდის ჩავიცვი! სადღაც ხრამში გადასაგდებად მივყავარ თამაშას და ნასკი მაინც ჩამეცვა წესიერი! რა სირცხვილია, იქ რომ გიპოვიან ღორებისა და ფრინველებისგან დაჯიჯგნილს… არა, მე კი ამ ყველაფერს ზემოდან გადმოვხედავ, ცაში ვიქნები თბილად, ჩემთვის, მაგრამ ამ თამაშას რა სინდისი მოასვენებს, ესენი როგორ აპატიებენ საკუთარ თავს და ახიც იქნება, რომ ბევრი ტირილი მოუწიოთ ამის გამო. ყველა გაამტყუნებს. იქნება მისამძიმრება, თმების გაშლა, მღვდლების და ექიმების მოყვანა წამდაუწუმ, სასწრაფოს გამოძახება… ვაი, წამოდგა, კაბა გაისწორა, იმათ ელაპარაკება, ჩვენკენაც გამოაპარებს თვალს, ხელში ტომსიკა ჩაუბღუჯავს, ამაში როგორ უნდა ჩავეტიოთ – ალბათ ცალ-ცალკე: ჯერ მე წამიყვანს, მერე ჩემს ძმას, მე ხომ უფროსი ვარ. მე რომ დამტოვებს, მობრუნდება და ჩემს ძმასაც წაიყვანს. რა პაწაწუნა ჩანს ტომსიკა, ალბათ ღრმა ძირი ექნება, შავი კია! ჩვენკენ მოდის, არა, უფრო ჩემკენ, ხო, ალბათ ჯერ მე ამომარჩია, მიახლოვდება, მისი სუნთქვა მესმის, ჯანდაბა, არ უნდა შევიმჩნიო, თავზე ხელს მისვამს, მეფერება, ჩემს მარჯვენა ხელს იღებს და მუჭაში კანფეტებს მიყრის…

დაღლილი მასწავლებლის ფიქრები

0

დღეს სკოლის შენობაში დავაბიჯებდი… დიდი და საკვირველია თბილისის კლასიკური გიმნაზია. გარდა სკოლისა, მუზეუმია, კულტურული ძეგლია, რელიქვიაა, განძია… არც ვიცი, რა ვუწოდო?! შენობის მარმარილოსა და ხის ფაქტურას მივჩერებოდი და ვფიქრობდი: რამდენი რამე ავაშენეთ, ღმერთო, დედამიწელებმა… რა მყარად დგას ეს შენობები? რამდენ ისტორიას იტევს? რამდენ ემოციას? რამდენ ვნებას? რამდენ ტკივილსა და სიხარულს? ბოღმასა თუ კეთილ გულებს? ამ დროს კი წარმოვიდგენ, რომ ჩვენი მწვანე ბურთი სადღაც კოსმიურ უსასრულობაში ნეონითა თუ ჰელიუმით გაბერილი ბუშტივით ჰკიდია, არც ვიცით, სად? როგორ? არც ის ვიცით, რა ძალა იჭერს მას? რა ატრიალებს? ვინ და რა განსაზღვრავს იმ გასაოცარ კოსმიურ წესრიგს, რომელიც მის ყოფაში უწყვეტად ირეკლება… და ჩვენ აქ რამდენს სიგიჟეს და სისულელეს ჩავდივართ… რა ვიწრო მესაკუთრეები, რა შურიანები, რა სულმოკლეები, რა მტაცებლები ვართ?  ამაზე ფიქრში, ვერ გეტყვით, რა მემართება?

დასრულდა სასწავლო წელი, ბოლო აკორდებია. მასწავლებლები ამ დროს გაუსაძლის დაღლილობას ვგრძნობთ, მხოლოდ ფერადი საზაფხულო დღეების მოლოდინი გვასულდგმულებს. თუმცა ორთვიანი დასვენება საკმარისია საიმისოდ, რომ აუტანლად მოგვენატროს სკოლა, ჩვენი საყვარელი მოსწავლეები და გაკვეთილები, გაკვეთილები, გაკვეთილები…

რა იყო წლევანდელი სასწავლო წელი? პანდემიამ ჩვენი გონება, ემოციები, საქმიანობის წესი, ინტერესები, მსოფლაღქმა მთლიანად ამოაყირავა… მარტის არდადეგებს მოუთმენლად ველოდით, რომ დაგვესვენა და… დაიწყო იძულებითი არდადეგები, ფაქტობრივად – შინაპატიმრობა… პირველმა ელდამ რომ გადაგვიარა, დავიწყეთ ფიქრი დისტანციურ სწავლებაზე და თვალწინ გადაგვეშალა ახალი გამოწვევები. სოციალური ქსელები და სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ინტერნეტპლატფორმები აქამდეც აქტიურად უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ სასკოლო საგაკვეთილო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადაყვანამ უცებ გააჩინა ახალი საჭიროებები და დავუწყეთ ძებნა პლატფორმებს, რომლებიც მრავალრიცხოვან კლასებთან წარმატებულ ვიდეოკონფერენციებს უზრუნველყოფდა. პირველად მარტის თვეში გავიგე, რომ თურმე ფეისბუქის მესენჯერს ერთდროულად რვაზე მეტი იუზერის ჩართვა ვიდეოკონფერენციაში არ შეუძლია. სადღაც მაისისკენ ფეისბუქმა მოიფიქრა ახალი სისტემა, რუმსი, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული იყო, თანაც – მოუხერხებელი ბევრი პარამეტრით. ჩვენს სკოლას შეძენილი ჰქონდა სქულბუქის მომსახურეობა და ელექტრონულ ჟურნალებს ვაწარმოებდით. სქულბუქის ვიდეოკონფერენციები თავიდან ძალიან ხარვეზიანი იყო, შემდეგ გამოსწორდა, თუმცა სასწავლო წლის მიწურულს ისევ გაჭედა პროგრამამ, როგორც ვიცით ხოლმე თქმა. ვეცით ზუმს, რომელსაც თავიდან 40-წუთიანი ვიდეოკონფერენცია ჰქონდა და ლაივიც ხარვეზებით მიმდინარეობდა. ეს ორმოცი წუთი კი საკმარისი არ იყო. ხელახალი ჩართვა იწვევდა ვიდეოჩატის მონაწილეთა არევ-დარევას. შემდეგ გამოჩნდა ტიმსი, თუმცა სამინისტრო კლასების კომპლექტაციას აკეთებდა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, ამასობაში კი ბევრი მასწავლებელი და კლასი სქულბუქს ან ზუმს შეეჩვია და კიდევ ახალ პლატფორმაზე გადასვლა დისკომფორტს იწვევდა.

არ ვიცი, სხვები როგორ ფიქრობენ, მაგრამ ჩემთვის დისტანციური სწავლება ვერ გახდა სასურველი. როცა კომუნიკაცია ვერ ხერხდება ყველასთან, არის უამრავნაირი ხარვეზი: ზოგჯერ ელექტროენერგიის, ზოგჯერ კი ინტერნეტის მიწოდების შეზღუდვა; ბავშვების უმრავლესობას არ სურდა ვიდეოკამერის ჩართვა, ზოგის კამერა იყო ხარვეზიანი, ზოგის – მიკროფონი, ზოგის გაჯეტს ჰქონდა ნაირ-ნაირი პრობლემა; ბავშვები პასიურები იყვნენ და განცდა მქონდა, რომ მარტო ვრჩებოდი, ჩემთვის ვსაუბრობდი, სისტემატურად ვკითხულობდი: „გესმით ჩემი?“ ეს ფრაზა მეზიზღება… დავალებებს გზავნიდა კლასის მცირე ნაწილი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც უამრავი ონლაინ დავალება გვიგროვდებოდა; ბავშვები გზავნიდნენ დღეღამის ნებისმიერ დროს და უკუკავშირს ითხოვდნენ სასწრაფოდ; სისტემატურად ვასწორებდი ნაშრომებს და ბოლო არ უჩანდა მაინც კომენტარების წერას; ნაირნაირი პლატფორმებიდან მილიონ კითხვას სვამდა მოსწავლე თუ მშობელი, მიმოწერას უბრალოდ ვერ ავუდიოდი…

მოკლედ, ილიას ზაქროსი არ იყოს, „რაც იყო, იყო, ჯოჯოხეთია მოსაგონებლად“… და მასწავლებელს სხვა გზა არ აქვს: მან ეს ჯოჯოხეთი უნდა აქციოს ბავშვებისთვის საინტერესო, სასიამოვნო, დავარცხნილ-დალაგებულ პროცესად… ახლა მივხვდი, რომ სასწაულმოქმედები ვართ მასწავლებლები… თანაც ხვდები, რომ ბავშვებიც უამრავ პრობლემას ეჯახებიან, დაუძლეველი სირთულებია ოჯახებში ონლაინ ჩართვებთან დაკავშირებით, რომელთა აღწერა შორს წაგვიყვანს… ყოველივე ეს იწვევს უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესებს და სასკოლო გარემოში ფიზიკური დაღლა მასთან რა მოსატანია?

სულ სხვაა უშუალო კომუნიკაცია კლასთან და  კოლეგებთან. ქართულის მასწავლებელბს ისედაც სულ გვიწევს მოცულობითი საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების, თხზულებებისა და ნაირნაირი ტესტების სწორება, თუმცა გაცილებით მარტივია ტესტის ფურცლელთან თუ მოსწავლის რვეულთან მატერიალური შეხებით მუშაობა, ვიდრე ათასგვარ ვირტუალურ „უჯრაში“ მიმოფანტული დავალებების სისტემატიზება, კომენტირება ან ქულობრივი შეფასება.

რა ეშველება ამ დაღლილობას? გაგონებაც კი არ მინდა იმის, რომ სექტემბრიდან ისევ დისტანციურ რეჟიმში მოგვიწიოს მუშაობამ. არადა – საამისო კონტურები იკვეთება… ვფიქრობ, ეს განათლების დონეს მკვეთრად დასცემს და სასტიკად განვიცდი. მართალია, დისტანციურ სწავლებას თავისი ნათელი, ლამაზი, საინტერესო და საამო მხარეებიც აქვს, აშკარა უპირატესობებიც, თუმცა ზემოაღნიშნულმა სირთულეებმა ჩემთვის ეს პოზიტიური მომენტები ბევრად გადაწონა. ახლა ვცდილობ, რომ ამ დამქანცველი და ფსიქოლოგიურად დამუხტული სასწავლო წლის შემდეგ საინტერესო და შემეცნებითი ზაფხული გავატარო და მაგონდება ნაირა გელაშვილის გენიალური მოთხრობა „მივემგზავრები მადრიდს“, სადაც ყოველდღიური რუტინით დაღლილი მთავარი გმირი, სანდრო ლიჩელი, გაურბის საკუთარ გარემოცვას. ის დაუოკებელი მეოცნებეა და თავისი ოცნების ქვეყანაში,  ესპანეთში, ყოველთვის წარმოსახვით მოგზაურობს. მეტიც, სანდრო წარმოსახვით მხატვარიც კი არის, მას აქვს საკუთარი საგამოფენო „სივრცე“ – „დეჰარი“, სადაც მისი წარმოსახვითი ტილოებია გამოფენილი. ეს ამბავი მაგონებს სასწავლო პროცესით დაქანცული მასწავლებლის ოცნებას წიგნების კითხვაზე, ფილმების ნახვაზე, რისთვისაც დრო თითქმის არ რჩება, თუმცა მასწავლებელი ახალ-ახალი წიგნების, მხატვრული ტექსტებისა და ფილმების გარეშე ვერაფრით განვითარდება.

იმედიანი გადაწყვეტა აქვს ნაირა გელაშვილის მოთხრობის გმირის ამბავს… მართალია, ყოფიერებით გადაღლილი სანდრო ვერასდროს იცლიდა საიმისოდ, რომ საკუთარი ოცნებებისთვის ხორცი შეესხა, თუმცა როცა მან გამოიგონა, რომ თითქოს, მადრიდს მიემგზავრებოდა, სინამდვილეში კი საკუთარი მეგობრის, ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმის საიდუმლო პალატაში განმარტოვდა, ყველაფერი შეიცვალა… მან მთლიანად ამოაყირავა მთავარი ექიმის ცხოვრებაც, გახადა ის პაციენტებზე მზრუნველი, ყურადღებიანი, შემოქმედებითი, ხალისიანი, ემოციური, თამამი, თავზეხელაღებული. მოკლედ, ორმა დაღლილმა მეგობარმა თავი მოიგიჟიანა, მათ ღამეულ საუბრებსა და კონიაკის წრუპვაში დამღლელი ცხოვრების კომპენსირება იოლად მოხერხდა და აი… მოთხრობის ფინალში გალერეა „დეჰარის“ ვირტუალური გამოფენა ჩაანაცვლა რეალობამ: „ახლა კი უნომრო პალატაში სანდრო ლიჩელი ფანქრით ხატავდა… ხატავდა ფანჯრიდან დანახულ სანახს“… დასვენებამ ძალა მისცა გმირს საკუთარი ოცნებების რეალიზებისთვის.

ოცნება თუ სინამდვილე? ეს ორი რამ ერთმანეთს უპირისპირდება კიდეც და ამავე დროს მეოცნებეობა არის გზა ქმნადობისკენ. ოცნება იდეაა და იდეა გზაა, გარანტიაა ქმნადობისა. კარგი მეოცნების ხელში იდეა განწირულია ასრულებისთვის. მწერლის პასუხი ამაზე ამ ემოციურ მიმართვაში ცნაურდება: „ეჰ, დაუდეგარი სულის ადამიანებო! სილამაზისა და სიხარულის მაძიებელნო! საიდუმლოს მოწყურებულნო! შემეცნების გზაზე გატანჯულებო! იქით იყოს უხილავი გალერეა, და ეგებ ვერც ვერაფერი იპოვოთ ამ წამალზე უფრო წამალი, ამ მშველელზე უფრო სანდო, ამ მასალაზე უფრო მყარი და გამძლე, ვიდრე თქვენი წარმოსახვაა. ოცნება – ეს გამჭვირვალე ქსოვილი, ჰაერზე უფრო მსუბუქი მატერია, ჩვენი უხილავი სულის ყველაზე ჰაეროვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება ცხოვრებით არის ნაკარნახევი, მაგრამ ორიოდ ქულით ყოველთვის წინ უსწრებს, ყოველთვის სჯობია მას“…

სანდრო ლიჩელზე ფიქრისას უსათუოდ გაგვახსენდება გურამ დოჩანაშვილის გენიალური გმირი ვასიკო კეჟერაძე, რომელიც საბჭოეთის სიბნელეში ლიტერატურის სამყაროში ვირტუალური მოგზაურობით ახერხებდა, რომ ცხოვრება გაეფერადებინა, იმდენად გაძლიერებულიყო, რომ უბადრუკი ჰომოსოვიეტიკუსების (თამაზისა და მისი ხელმძღვანელის) ფიქრებიც კი ამოეცნო, გაეოცებინა ისინი და თავისი წარუშლელი გავლენა თუ კვალი აღებეჭდა მათ არსებაში.

დაღლილი მასწავლებლისთვის ზაფხული სწორედ მოუცლელობის ჟამს ნაოცნებარის რეალობად ქცევის სეზონია. დამეთანხმებით, კარგი მასწავლებლობისთვის ძალიან ბევრი თვისება და უნარია საჭირო, თუმცა ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი არის შემოქმედებითობა, რაც გადამდებია მოსწავლეებისთვისაც. მასწავლებელი მუდამ უნდა იყოს ინსპირირებული და ამ ისნპირაციას საკუთარ მოსწავლეებში რადიოტალღებივით ავრცელებდეს.

ალბათ ყველას გინახავთ ფეისბუქზე პოსტერი: მასწავლებლი სასწავლო წლის დასაწყისში და დასასრულს. წლის დასაწყისში ის დავარცხნილ-მოწესრიგებული ჩიტია, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს – გაჩეჩილი ჭოტი.

მასწავლებლის სულში თუ დიალევა ოცნება და რომანტიკა, ის ალბათ ვერც შეძლებს სწავლებას, ამიტომაც მე მჯერა ჩვენი დაუშრეტელი სულიერი ენერგიის, შინაგანი სხივის, რომელსაც თუ არ ვატარებთ, ვერც სხვას გადავცემთ… მეოცნებე კოლეგებო, ოცნებების ასრულების ჟამი დაგვიდგა… და კიდევ: ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის, უფრო ნაყოფიერ გაკვეთილებზე ოცნების, შემდეგ ამ ოცნებების რეალიზების და დაღლის დროც მოვა, მაგრამ ასე ხომ… ესაა ჩვენი ცხოვრება!

 

 

 

ზომიერების ხიბლი – შემეცნებითი თავმდაბლობა

0

მახსოვს, როდესაც ჩემმა მეგობრებმა ვენეციის წყლებში დელფინების დაბრუნების ამსახველი ფოტოების გაზიარება დაიწყეს, ძლიერმა სიხარულმა მომიცვა. დავიჯერე, რომ ეს ასეც იყო. ოჯახის წევრებსაც გავუზიარე იმის მტკიცებულებად, რომ ბუნებამ ჩვენგან ამოისუნთქა, რომ მას შეუძლია, ჩვენი ქმედებების შედეგად მიყენებულ ზიანს გაუმკლავდეს. თუმცა, ეს ფოტოები თავად მე არ გამიზიარებია. არ ვიცი, რატომ. როგორც არ უნდა იყოს, მახსოვს, რომ კითხვა არ გამჩენია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს ფოტოები ნამდვილად იმისი დამადასტურებელი, რომ ბუნება ზიანისგან აღდგენას იწყებდა. ეტყობა, სასურველის არსებულად[1] წარმოდგენის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, კითხვა არც კი დამებადა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, National Geographic – ის ერთ – ერთი სტატიის ავტორმა თავაზიანად გაგვიცრუა იმედები იმ ადამიანებს, ვინც, შემთხვევით, ეს დავიჯერეთ. ავტორი ზრდილობიანად, თანაგრძნობით გვიხსნიდა, რომ დამოუკიდებლად იმისა, სიახლე დადებით მოვლენას ეხება თუ უარყოფითს, სასურველის არსებულად წარმოჩენა მიკერძოებული მსჯელობაა, რადგან ბურანოს მიმდებარედ, დელფინების გამოჩენა პანდემიამდეც ჩვეული მოვლენა ყოფილა. ეს კი ეჭვს ბადებს, რამდენად ამტკიცებს ეს ფაქტი, რომ ბუნებამ ძალების აღდგენა შეძლო.

ადამიანების მიერ, სიხარულის საფუძველზე გაზიარებული ეს სიახლე გვაძლევს იმისი ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენი წარმოდგენების „მტკიცებულებაზე დაფუძნება“ იმაზე რთულია, ვიდრე – წარმოგვიდგენია, რადგან, მაგალითად, გამჭვირვალე წყალში მოლივლივე დელფინის ფოტო ჯერ კიდევ არ არის თვალსაჩინოების ის მტკიცებულება, რომლითაც შეგვეძლო, ასე მარტივად, სიხარულით მოცულებს, დაგვეჯერებინა, რომ რისიც გვჯერა, ის სწორად ასახავს სინამდვილეს. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც „მტკიცებულების“ შექმნა ასეთი მარტივია. გადახედეთ „სილამაზის მტკიცებულებებს“ – არსებობს ფილტრები, რომლებიც ძირფესვიანად ცვლის სხეულის პარამეტრებს და იმისი შანსიც ნაკლებია, მიხვდეთ, რომ რასაც ხედავთ, კონკრეტული ფილტრის გამოყენების შედეგია.

თანამედროვე ადამიანის წინაშე ახალი ამოცანა დგას: მეტი კითხვა დასვას თვალსაჩინოს სანდოობაზე.

როგორც წესი, ადამიანები, რომელთაც შემეცნებითი სიჯიუტე ახასიათებთ, მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან საკუთარი შემეცნებითი ძლიერი მხარეების დაკარგვის ალბათობისადმი. აქედან გამომდინარე, ისინი, ძირითადად, ძლიერი მხარეების შენარჩუნებაზე ზრუნვით არიან მოცულნი, უჭირთ აღიარონ ის სუსტი მხარეები, რომელთა გაძლიერებაც ცოდნის გამდიდრებისთვის სასურველი იქნებოდა.

ადამიანებს, რომლებიც სამყაროში მიმდინარე მოვლენებს შემეცნებითი სიჯიუტის გადმოსახედიდან აფასებენ, სწამთ, რომ დამოკიდებულების შეცვლა იმაზე იქნება მინიშნება, რომ მათ უნდა აღიარონ ცოდნის არასრულფასოვნება. მათ უჭირთ აღიარონ, რომ განსაზღვრულ საკითხებზე ცოდნა მდიდრდება და ზოგიერთი რამ იცვლება.

შემეცნებითად გულუბრყვილო ადამიანი ნებისმიერ შემოთავაზებულ ცვლილებას დაუფიქრებლად იღებს. მას უჭირს აწონ – დაწონოს შემოთავაზებული მტკიცებულებების სანდოობა და, ხშირად, არ იცის, რ ო გ ო რ შეამოწმოს შემოთავაზებული ვარაუდის სისწორე. ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი გულუბრყვილობისკენ არიან მიდრეკილნი, განირჩევიან საკუთარ სუსტ მხარეებზე ორიენტირებულობით და ძლიერი მხარეების უარყოფის ან უგულებელყოფისკენ მიდრეკილებით. მათ საკუთარი შემეცნებითი შესაძლებლობების რწმენა თითქმის არ აქვთ. შესაბამისად, არჩევენ, ძალისხმევის გაღების გარეშე, ავტორიტეტული ადამიანების მიერ შემოთავაზებული დამოკიდებულებები თუ აზრები მორჩილად მიიღონ.

შემეცნებითი გულუბრყვილობისა და მიმნდობლობის ნათელი მაგალითი იყო კვლევის – Hydroxychloroquine or chloroquine with or without a macrolide for treatment of COVID-19: a multinational registry analysis – შედეგების უპირობოდ უშეცდომოდ მიღება.

სავარაუდოდ, იმიტომ, რომ წამყვან სამედიცინო ჟურნალში განთავსდა მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევა, რატომღაც, ადამიანებმა, რომლებიც ამ კვლევას ეყრდნობოდნენ, არ დასვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თავად მტკიცებულებები იძლეოდა თუ არა კვლევაში გაჟღერებული დასკვნის გამოტანის საშუალებას.

შემეცნებითი თავმდაბლობა თანამედროვე ადამიანის თვითშენარჩუნების ერთ – ერთი გზაა.

შემეცნებითი თავმდაბლობა სამყაროსადმი მიდგომაა, რომელიც ცოდნაში არსებული დანაკლისების შევსების მზაობას გულისხმობს. შემეცნებითი თავმდაბლობა განსხვავდება შემეცნებითი სიჯიუტისა და შემეცნებითი გულუბრყვილობისაგან.

შემეცნებითი თავმდაბლობა გულისხმობს იმას, რომ მე შემიძლია, შევიცვალო დამოკიდებულება კონკრეტული საკითხისადმი, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მტკიცებულება იარსებებს ამ ცვლილებისათვის.

შემეცნებითი თავმდაბლობის მაგალითია ჟურნალ ლანცეტის ნაბიჯი, რომელიც მან მას შემდეგ გადადგა, რაც მკვლევრების ნაწილმა შეისწავლა პლაქველინის შედეგიანობის კვლევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების ვალიდობა. ჟურნალის წარმომადგენლების მიერ კვლევების სანდოობის ჯეროვნად შეფასების მზაობა შემეცნებითი თავმდაბლობის გამოხატულებაა.

როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მოსწავლეებში შემეცნებითი თავმდაბლობის უნარის განვითარება?

როგორ ასწავლიდით თქვენს მოსწავლეებს აზროვნებას აზროვნების შესახებ ან ყურადღების ყურადღებისკენ მიმართვას? როგორ დაეხმარებოდით მათ, გაეცნობიერებინათ მიდრეკილები მიკერძოებულობისკენ? როგორ დაძლევდით ცრუ შეთანხმების[2] განცდას?

შემეცნებით თავმდაბლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ახასიათებს:

  • განსხვავებული აზრის პატივისცემა – განსხვავებული აზრის პატივისცემა ნიშნავს განსხვავებული აზრის გულდასმით მოსმენის უნარს, განსხვავებული აზრის არა აუცილებლად ღირსების საფრთხედ შერაცხვას, არამედ – კონკრეტული საკითხის ირგვლივ საუბრის წარმართვის შესაძლებლობად აღქმას. ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, აუცილებლად არ იზიარებენ თანამოსაუბრის აზრს, თუმცა, აქვთ თანამოსაუბრის გულდასმით მოსმენის უნარი.
  • შემეცნებითი ქედმაღლობის ნაკლებობა – ამ უნარის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ეჭვი შეიტანონ თავისი რწმენების, ვარაუდების და ქმედებების საფუძვლიანობაში. ასევე, განვითარებული აქვთ შესაბამისი კითხვების დასმის უნარი.
  • შეზღუდვების გაცნობიერება – თითოეული ჩვენგანს განსაზღვრული რაოდენობის დროის მანძილზე, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის საკითხების შესახებ საკმაოდ შეზღუდული ცოდნის შეძენა შეუძლია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა 21 – ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობას იმდენი ცოდნა დაუგროვდა, რომ შეუძლებელია, თუნდაც, ერთ სფეროში სრულყოფილი ცოდნა გქონდეს. ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი თავმდაბლობით ხასიათდებიან, აღიარებენ შეზღუდვების გარდაუვალობას, მათ სწამთ, რომ შეუძლებელია, დღესდღეობით დაგროვილი ცოდნიდან სრულყოფილად იცოდე ყველაფერი.
  • მიკერძოებულობისკენ მიდრეკილების ცოდნა – ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი თავმდაბლობისკენ არიან მიდრეკილნი, აღიარებენ, რომ ისინი, როგორც ნებისმიერი ადამიანი, მიდრეკილნი არიან მიკერძოებულობისკენ, იცნობენ დასკვნის გამოტანის პროცესებს და აცნობიერებენ თავიანთ დამოკიდებულებებს, ლტოლვებს და, რაც მთავარია, აცნობიერებენ, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხი მათთვის, როგორც პიროვნებისთვის.
  • ცოდნის გამიჯვნა პირადი ინტერესებისგან – ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი თავმდაბლობისკენ ისწრაფვიან, ცდილობენ, ცოდნა გამიჯნონ მათთვის ხელსაყრელი წარმოდგენებისგან.
  • დამოკიდებულებების განახლებისა და შეცვლის მზაობა – ადამიანები, რომელთაც შემეცნებითი თავმდაბლობა ახასიათებთ, მზად არიან, საჭიროებისამებრ, შეცვალონ ის რწმენები და წარმოდგენები, თუ მათი სისწორის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობს.

შესაძლოა, შემეცნებითი თავმდაბლობა აწმყოს ადამიანის მნიშვნელოვანი საყრდენი აღმოჩნდეს ცვალებად სამყაროში, რომელშიც უფრო და უფრო რთულდება სანდოს და მცდარის ერთმანეთისგან განსხვავება.

[1] Wishful thinking.

[2] False consensus.

ქალები ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან – რევოლუცია სახელად აგნოდიკე და სხვანი

0

ისე მოხდა, რომ აგერ უკვე ათი წელია სხვადასხვა უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულების სტუდენტებს ლათინურ ენას ვასწავლი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ათი წელია ყოველდღიურად ვრწმუნდები ჭეშმარიტებაში ერთი ცნობილი ლათინური გამონათქვამისა, რომელიც ასე ჟღერს: Omnium artium Medicina nobilissima est.

მართლაც, დიდებულზე დიდებული ხელოვნებაა მედიცინა. ასევე დიდებულნი და გამორჩეულნი არიან ექიმები და მომავალი ექიმები ანუ ჩემი სტუდენტები.

ჩემი სტუდენტები უმთავრესად უცხოელები არიან, სხვადსხვა ქვეყნიდან – მდიდარი, მშვენიერი, ღრმა წარსულითა და არცთუ ისე სახარბიელო აწმყოთი. თითოეული მათგანი მთელი არსებით დაატარებს საკუთარი კულტურის წარსულისა და აწმყოს სიღრმეებს და ამიტომაც, როცა მათთან შევდივარ ლექციაზე, მგონია,  რაღაც შორეული და ახლობელი, მშვენიერი და  დიდებული მუსიკის ხმებს ვუერთდები როგორც ერთი რიგითი ჰანგი და ასე ერთად ვქმნით უძვირფასესსა და უმშვენიერეს ჰარმონიას, რომელიც თითქოს ამოუხსნელი, მაგრამ ყველაზე ავთენტური რიტუალის მონაწილეებად გვაქცევს ხოლმე.

ამ რიტუალში ჩვენ, ორივე მხარე თანაბარნი და თანასწორნი ვართ – მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც. ათი წელია ეს ასეა და თითქოს არც არაფერი იცვლება დიდად, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

სინამდვილეში, ათი წლის წინ, როცა პირველად შევედი ლექციაზე სამედიცინო ლათინურის წასაკითხად, ჯგუფში მხოლოდ ბიჭები დამხვდნენ. ძალიან კარგი ბიჭები, მაგრამ მხოლოდ ბიჭები.

მეორე წელსაც იგივე მოხდა.

შემდეგ კი თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა ამბის ნელ-ნელა დალაგება დაიწყო – მედიცინის მიმართულების უცხოენოვან ჯგუფებში გოგონებიც გამოჩნდნენ. თითო-ოროლა, მაგრამ მაინც.

წლიდან წლამდე იცვლება ეს მოცემულობა. წლიდან წლამდე უფრო მეტი ქალი ექიმი იბადება იმ მშვენიერ კულტურაში, რომელსაც ჩემი სტუდენტები ამდენი წელია მაცნობენ და მაყვარებენ. და ეს ძალიან, ძალიან კარგი ამბავია, თუმცა ალბათ ჯერ კიდევ შორია იმ ეტაპამდე, როცა ექიმის პროფესია თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა ხალხისა და ყველა კულტურის ქალებისა და კაცებისათვის.

ალბათ იკითხავთ, რა შუაშია ეს ამბავი ანტიკურობასთანო?

ეს ყოველივე – ანუ ამბავი იმის შესახებ, რომ ქალებსა და კაცებს განათლებაზე ხელი თანაბრად ჯერ კიდევ არ მიუწვდებათ და ეს ხდება ჩვენი სამყაროს უძველესსა და უმშვენიერეს მხარეებში, სევდიანი ამბავია, მაგრამ თან იმედისმომცემიც. აკი, გითხარით – წლიდან წლამდე მედიცინის პროფესიის დაუფლებას უფრო და უფრო მეტი გოგონა ახერხებს-მეთქი. და ეს უბრალო სტატისტიკა სულაც არ გახლავთ – ეს ერთ-ერთი განგრძობითი პასუხია იმ კითხვაზე, ზემოთ რომ დაისვა – „სად არიან ქალები“?

დღეს ქალები აუდიტორიებშიც არიან და სხვა სივრცეებშიც, მაგრამ თავადაც მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეებში მათი ადგილი ბევრი საუკუნის განმავლობაში უბრალოდ არ იყო. ანტიკურობაშიც – რასაკვირველია, ოღონდ ადრეულ ანტიკურობაში – მანამ სანამ ერთი შეუპოვარი ქალი არ გამოჩნდებოდა ისტორიის ასპარეზზე საბრძოლველად და აუცილებლად – გასამარჯვებლად. ამის შესახებ ჰიგინუსი გვიამბობს. მე უბრალოდ გავიმეორებ, თუმცა ოდნავ მოგვიანებით.

თეატრი ანტიკური სამყაროს და მაშასადამე ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირობო მონაპოვარია, რომლის რიტუალურ ფესვებსა და ფუნქციაზე უამრავი ნაშრომი დაწერილა და კიდევ მეტი დაიწერება. ჩვენ – ადამიანებს, რომლებსაც ჩასახვის წამიდან დაგვყვება ბედისწერა, ყველაზე ტრაგიკომიკური რიტუალის – სიცოცხლის მონაწილენი ვიყოთ, ალბათ ამიტომაც გვხიბლავს თეატრი და მისი ყველა  გამოვლინება ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, რომ თეატრში ქალების ადგილი არ იყო, რომ მამაკაცი მსახიობები თამაშობდნენ ქალების როლებს ისევ და ისევ მამაკაცი მაყურებლებისთვის. ერთ მშვენიერ დღეს ეს წესი თუ ტრადიცია შეიცვალა, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს. აქ მხოლოდ ერთ თეატრს გაგახსენებთ – ანტიკურობიდან ყველაზე კარგად შემონახულ, უზარმაზარ, შთამბეჭდავ თეატრს, რომელიც ეპიდავროსში მდებარეობს.

ეპიდავროსში, თეატრთან ახლოს მედიცინის ღმერთის – ასკლეპიოსის საკულტო ცენტრია. თავის დროზე, ეს თეატრიც იმისთვის აშენდა, რომ ასკლეპიოსის ამ ანტიკურ „კლინიკაში“ მისულ პაციენტებს გარდა რწმენით მკურნალობის მეთოდისა, რწმენისაგან არცთუ დიდად განსხვავებული – ხელოვნების გზით მკურნალობის მეთოდიც გამოეცადათ საკუთარ თავებზე. ასკლეპიოსის ეს საკულტო ადგილი უამრავ ფუნქციურ სივრცეს მოიცავდა – თავისი საავადმყოფოთი, აბანოებით, სასტუმროებით, სტადიონით, ტაძრებითა და თეატრითაც კი. დიდი ღმერთი იყო აპოლონის ვაჟი – ასკლეპიოსი, პატივსაცემი ფიგურები იყვნენ მისი მიმდევარნი – ასკლეპიადები ანუ ანტიკურობის ქურუმი-ექიმები. და ყველაფერი კარგად იყო თითქოს ამ მამაკაცურ სამედიცინო სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ მათში ერივნენ მედიცინასთან წილნაყარი ქალღმერთები და მათ შორის თავად ჰიგია – ასული ასკლეპიოსისა და ქალღმერთი ჯანმრთელობისა. მის სახელს ხომ დღემდე ყველაზე ხშირად იმეორებენ ბერძნები  – თან ყოველდღიურად და დღეში ბევრჯერ – როცა ერთმანეთს ესალმებიან ან ერთმანეთს ემშვიდობებიან – γεια σου ანუ ჯანმრთელობა შენ ანუ ჰიგია შენთან ანუ გამარჯობა ანუ ნახვამდის. კარგი რამაა ჯანმრთელობა ახლაც და კარგი რამ იყო ანტიკურობაშიც.

თუმცა ვინმემ რომ გკითხოთ ანტიკური მედიცინის შესახებ რამე მითხარიო, ალბათ აუცილებლად და უპირველესად ჰიპოკრატე გაგახსენდებათ – მამა მედიცინისა, რომლის სიტყვებსაც აგერ უკვე რამდენი საუკუნეა მარადიულ ფიცად იმეორებს კაცობრიობა. აი, ისევ კაცობრიობა, იმიტომ  რომ ქალის ადგილი თეატრისა არ იყოს, არც მედიცინაში მოიძებნებოდა. უცნაურია, მაგრამ ბერძნული მითოპოეტური სამყაროს წესები და წესები რეალური ანტიკური საბერძნეთისა ერთმანეთს ხშირად არ ემთხვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი ქალღმერთები და კაცღმერთები, ერთი შეხედვით, იმაზე უკეთ ინაწილებდნენ თანასწორობას, ვიდრე ჩვენ – თანამედროვე ქალები და კაცები, ეს პარადიგმა ადამიანურ სამყაროში არ მუშაობდა. ანტიკურ ადამიანურ სამყაროში ქალების ადგილი ბევრგან არ იყო, შეიძლება ითქვას – თითქმის არსადაც არ იყო, გარდა ოჯახისა ან ტაძრისა. ვინ დაადგინა ეს და რატომ – ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, სამაგიეროდ, როგორც დაგპირდით, გიამბობთ ერთი ქალის – აგნოდიკეს ამბავს, რომელმაც ანტიკურ ათენში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მაგრამ ყველაზე მიჩქმალული რევოლუცია მოახდინა. რევოლუცია კარგი გაგებით. და ეს ამბავი გახლავთ ჩემი პირველი მცდელობა, რომ იმ ნაქსოვში, რომელზედაც ზემოთ ვამბობდი, ერთი ჩავარდნილი თვალი მაინც ამოვიყვანოთ, იმისათვის რომ დღეის აქეთ, ანტიკურ მედიცინაზე საუბრისას ჰიპოკრატეს სახელთან ერთად, აგნოდიკეს სახელის ხსენებაც არ დაგავიწყდეთ, მით უმეტეს – არ მოგერიდოთ.

ძვ. წ. მე-4 საუკუნემდე ათენში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ქალებს ეკრძალებოდათ ექიმის პროფესიას დაუფლებოდნენ და მით უფრო – ამ პროფესიით ემუშავათ. კანონის დამრღვევს სასიკვდილო განაჩენი ელოდა. ამ დროს მედიცინაში ქალები მხოლოდ დამხმარე პერსონალის როლს თამაშობდნენ – მომვლელების ან ე.წ. ბებიაქალებისას. ექიმი და ქალი ათენური საზოგადოებისთვის ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი მოცემულობა გახლდათ. ამიტომაც, როგორც წყაროები გვამცნობენ, ძველ ათენში ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო, ვინაიდან პაციენტი ქალები მთელი რიგი სტერეოტიპების გამო, უფრთხოდნენ მამაკაც ექიმებთან ურთიერთობას. ეს პრობლემა კი ყველაზე ხშირად ორსული და მშობიარე ქალების შემთხვევაში იჩენდა თავს. უცნაურია, მაგრამ ასეა – თავიდან გინეკოლოგიის ანუ ქალთა შემსწავლელი მეცნიერების სადავეები მხოლოდ მამაკაცებს ეპყრათ ხელთ.

ასე გრძელდებოდა საუკუნეთა განმავლობაში, მანამ სანამ  ერთი ათენელი ქალი – აგნოდიკე არ გადაწყვეტდა, კანონის წინააღმდეგ წასულიყო.

ჰიგინუსი გვიამბობს[1], რომ აგნოდიკემ მამაკაცის სამოსი მოირგო და მედიცინის შესასწავლად ალექსანდრიაში, ცნობილი ბერძენი ექიმის – ჰეროფილოსის სკოლაში გაემგზავრა. ჰეროფილოსის, როგორც ექიმისა და ანატომიის უბადლო სპეციალისტის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენა უკავშირდება, მათ შორის – კვერცხუჯრედის აღმოჩენა და თავის ტვინის დეტალური ანალიზიც. ჰიგინუსთან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება აგნოდიკემ ათენში გადაწყვიტა. და ეს ამბავი სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი, მაგრამ როგორც ვთქვით – მიჩქმალული რევოლუციის საფუძველი გახდა. ეს იყო უსისხლო რევოლუცია, რომელიც ათენელმა ქალებმა მოახდინეს მთელი მსოფლიოს ქალებისა და კაცებისათვის.

კაცის სამოსს ამოფარებულმა ექიმმა ქალმა – აგნოდიკემ განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა მოიპოვა ათენელ ქალთა წრეში. მათ აგნოდიკეს საიდუმლო იცოდნენ, მაგრამ არასდროს გაუმხელიათ, რომ მათი მკურნალი ექიმი სინამდვილეში ქალი იყო. თუმცა აგნოდიკეს პოპულარობამ ათენელი კაცი ექიმები შეაწუხა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს სასამართლოსთვის მიემართათ და ახალგამოჩენილი ექიმისთვის, ქალ პაციენტებში უჩვეულო პოპულარობისა და ნდობის გამო, სამედიცინო ეთიკის დარღვევა დაედოთ ბრალად,  სავარაუდო „გარყვნილი ქმედებების“ მიმართულებით.

აგნოდიკე სასამართლოს წინაშე წარსდგა. უფრო მეტიც – იძულებული შეიქნა საკუთარი სქესი გაემხილა მსაჯულებისთვის. ასეთი ამბები ათენურ სასამართლოში სხვა დროსაც მომხდარა: ერთხელ ერთმა ჰეტერა ქალმა – ფრინემ სამოსი შემოიძარცვა მსაჯულთა წინაშე, მისი მშვენიერების მხილველმა მსაჯულებმა კი თქვეს, ასეთი სილამაზე მხოლოდ ქალღმერთს შეიძლება ჰქონდეს, ამ ქალის დასჯა აფროდიტეს დასჯის ტოლფასიაო და მსჯავრი მოუხსნეს.  აგნოდიკემაც იგივე ჩაიდინა – „ანასირმოსის“ მეთოდს მიმართა, სამოსი შემოძარცვა და ამ გზით გააქარწყლა ბრალმდებელთა მოსაზრება – მისი, როგორც კაცი ექიმის ქალებთან არაეთიკური ქცევის შესახებ. რა თქმა უნდა, დაიბნა სასამართლო, მაგრამ არა იმდენად, რომ ათენის კანონმდებლობა დავიწყებოდათ. აგნოდიკეს ამ ქმედებამ ანტიკურობის პირველი ექიმი ქალი მეორე და კიდევ უფრო მძიმე ბრალდებამდე მიიყვანა:

  • ქალმა გაბედა და ისწავლა!
  • ქალმა გაბედა და ექიმი გახდა!
  • ქალმა გაბედა და უმკურნალა!
  • ქალმა გაბედა და ათენის კანონმდებლობა დაარღვია!
  • სიკვდილი ასეთ ქალს!

– დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები მქუხარე შეძახილებად მოედებოდა ათენურ სასამართლოსაც და მთელ საზოგადოებას, მითუმეტეს რომ კანონის მიხედვით, აგნოდიკე მართლაც სასიკვდილო განაჩენს იმსახურებდა.

დღეს ხშირად ვსაუბრობთ ქალურ სოლიდარობაზე. ამის გამო ხშირადვე გვაკრიტიკებენ ქალები და კაცები. ქალური სოლიდარობა?! – ჩაიქირქილებენ მავანნი და ამ ქირქილში სწორედ ის შიში იკითხება, რომელიც ამ ჩვენი კაცობრიობის ქვეცნობიერს მრავალი ათასწლეულია აწვალებს და ტანჯავს – შიში ქალებისა, რომლებსაც ერთად დგომითა და თანადგომით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ. უკეთესობისკენ შეცვლა ნიშნავს პროგრესს. პროგრესი ნიშნავს ისევ შიშს. შიში ნიშნავს აგრესიას. აგრესია ნიშნავს უსამართლობას. უსამართლობა კი ნიშნავს ამ ჩვენს სამყაროს, რომლის ტექსტურასაც მრავალი ათასწლეულია თანაბრად ვქსოვთ ქალები და კაცები და მაინც ამ ქსოვილში სწორედ ის თვლებია ჩაცვენილი, რომელთაც ქალის სახელები ჰქვიათ.

აგნოდიკეა იმ ჩავარდნილი თვლის სახელი, რომელმაც ევროპული განათლების სისტემის დემოკრატიულ სისტემად გარდაქმნისათვის დიდი მაგრამ უსახელო რევოლუცია მოახდინა ძვ. წ. მე-4 საუკუნის ათენში. მაგრამ მის გვერდით სხვა ჩაცვენილ თვლებსაც შევნიშნავთ – ეს ის ათენელი ქალები არიან, რომლებმაც ხმა აიმაღლეს, უარი განაცხადეს საკუთარ ქმრებთან, შვილებთან, ოჯახებთან ყოველგვარ ურთიერთობაზე, რომლებმაც ბოლოს ისიც კი თქვეს – თუ აგნოდიკეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანთ, ჩვენ ყველა მასობრივ თვითმკვლელობას მოვაწყობთო და გაიმარჯვეს. პირველად, სამყაროს ისტორიაში, აქ გაიმარჯვეს ქალებმა ერთად, იმიტომ რომ ერთად იბრძოლეს.

აგნოდიკე სასამართლომ გაამართლა. უფრო მეტიც – ათენის კანონმდებლობა შეცვალეს და კანონი, რომელიც ქალებს მედიცინის შესწავლას უკრძალავდა და სასიკვდილო განაჩენით ემუქრებოდა, უცებ იქცა კანონად, რომელმაც პირველად ამ ჩვენი მრავალათასწლოვანი კაცობრიობის ისტორიაში, ქალებს სამედიცინო განათლების მიღების უფლება მისცა. ამ კანონს აქვს ბევრი სახელი. ამ კანონს ჰქვია აგნოდიკე და ის ასობით ათენელი ქალი, რომლებმაც ერთხელ ერთად დგომით პირველი საგანმანათლებლო რევოლუცია მოახდინეს დედამიწაზე.

მას შემდეგ ბევრი საუკუნე გავიდა. სამწუხაროდ, ქალებმა საბერძნეთში მერე ისევ დაკარგეს უფლება და თავისუფლება, შემდეგ ისევ მოიპოვეს და იმედია აღარასოდეს დაკარგავენ. თუმცა ეს უფლება და თავისუფლება ჯერ კიდევ არაა ბოლომდე და ყველგან მტკიცედ მოპოვებული:

ათი წელია სამედიცინო მიმართულების უცხოენოვან ჯგუფებში შესვლისას, პირველი რასაც აუდიტორიაში ვაკეთებ ხოლმე, დიდი მოლოდინითა და მღელვარებით ვაკვირდები ჩემს სტუდენტებს, რომელთა შორის ჯერ კიდევ საგრძნობლად ჭარბობენ ბიჭები. ეს ბიჭები კარგი ბიჭები არიან – კეთილი და სამართლიანი, ნიჭიერი და მშრომელი. და ზუსტად ასეთები არიან ჩემი სტუდენტი გოგონებიც – კეთილი და სამართლიანი, ნიჭიერი და მშრომელი, მაგრამ ჯერ – ცოტა. ამ არათანაბარი  გენდერული ბალანსის პირობებში კი სულ  მახსენდება ხოლმე აგნოდიკე – ქალი, რომელსაც ახლა უკვე არა მხოლოდ ათენში, არამედ მთელ მსოფლიოში ჰყავს თანამებრძოლი ქალები – ჩემი სტუდენტი გოგონების სახით.

ამიტომ, თუ მაინც ვინმე კიდევ იკითხავს – სად არიან ქალები? – აგნოდიკეს ამბავთან ერთად, პასუხად გთავაზობთ გამოცდილ რიტუალს, რომელსაც მე ხშირად მივმართავ ხოლმე:

მყარად დადგებით. ხელებს გაშლით ფართოდ. ირგვლივ მიმოიხედავთ – თუ გწამთ, ზეცასაც ახედავთ, თუ არა – მიწას და ისე უბრალოდ, სასხვათაშორისოდ იტყვით:

  • აქ და ყველგან, სადაც კი ჩვენი მშვენიერი სამყაროს ქსოვილია განფენილი.

მერე იდუმალი გამომეტყველებით გაანდობთ კითხვის ავტორს:

  • იცი, ამ ქსოვილში ბევრი თვალია ჩავარდნილი...

რიტუალი აქ შეიცვლება. კითხვის ავტორი უკვე თავად შეძლებს გახდეს მოპასუხე, საამისოდ კი თქვენ რიტუალის ბოლო ფრაზა დაგჭირდებათ:

  • ეს ჩაცვენილი თვლები ქალის სახელებია. შენც შეგიძლია ამოიყვანო!

[1] ჰიგინუსი, მითები, 274

ამბები დუშეთიდან (ნაწილი პირველი)

0

დღეს, საღამოს, საქმეებიდან შინ მობრუნებულმა, უკვე ტრადიციულად, დუშეთში, მახლობელ სოფლებში ვიხეტიალე. ბევრთაგან ერთი კაციც შემომაყარა, მოხუცი, გულზე ახალგაზრდა ბიჭის სურათით. ძროხებს მწყემსდა. მივესალმე. მომესალმა. ,,შენ ის არა ხარ, წიგნებსა რომ წერამო?” კი – მეთქი. გაეცინა. გამეცინა. ,,ჰოდამ, როგორა ხარო?” – მკითხა. ნელ-თბილად – მეთქი. “ეგ როგორიაო?” სახე შეეცვალა. აი – ისე, რა – მეთქი. და მერე მივაგებე: თქვენ, თქვენ როგორ ხართ – მეთქი?

მეო – მიპასუხა და ამოიოხრა – ხან კარგად ვარ და… და ხან უფრო კარგადო!
აბა, ეს კაცი ჩემზე კარგად როგორ იყო, სხვა რომ არაფერი, გულზე გარდაცვლილი შვილის სურათი ეკიდა. მაგრამ სხვა ცოდნა ჰქონდა, გაძლების ხელოვნების ცოდნა. ის ცოდნა, რომელმაც ალბათ აქამდე მოგვიყვანა და გადაგვარჩინა. ის ცოდნა, როცა ჭირშიც კარგად ვართ ან უფრო კარგად.

 

—-

გუშინ სასტიკი ქარი იყო დუშეთში. ისეთი – მგლების ყმუილი და მთვარე რომ უხდება გამჭვირვალე ღრუბლის მარლაში, მაგრამ არც მგლები ყმუოდნენ და ღამეც უმთვარეო გამოდგა. არცერთი მეზობელი არ დარჩენილა მახლობლად. მე კიდევ მიყვარს, როცა გრიგალია, მარტო ვარ და შიში მახსენდება. დიახ, მახსენდება. ძველი და უცნაური. მაშინ 7 თუ 8 წლის ვიყავი და ქარები დასჩემდა გურიას. უფროსების მთავარი შფოთვა ეგ მაგონდება, რომ სახურავი არ აეხადა სახლისთვის, ხოლო ჩემი მაშინდელი მთავარი ზაფრა კი მამაჩემი და ერთი უცნაური ლექსი იყო. აი, ის ლექსი, დედისერთას რომ მიუძღვნეს, ლენინთან. როცა, ვწვებოდი და მე მამაჩემის გვერდით ვწვებოდი, ის საგანგებო, ჩურჩულისმაგვარი ხმით იწყებდა:
“გარეთ ცივა, ქრის ქარი
მთვარე ვახშმობს მუხებში,
დახშულია ჭიშკარი,
ადევს კლიტე უხეში.
დედაბერი მიმჯდარა,
ბუხრის ახლოს კუთხეში.
თვალში ცრემლი დამშრალა,
მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?”
მე არ ვიცი ამ ლექსის მოსმენაზე მძაფრი რამ, როცა გარეთ ქარია. და ღამეა. და შენ რვა წლის ხარ. მაგრამ მერე მივეჩვიე. ძალიან მივეჩვიე. და ბოლოს ვეხვეწებოდი, რომ წაეკითხა. და ღმერთს ვთხოვდი, რომ გრიგალი ამოვარდნილიყო. და ვიყავი მშვიდი, ძალიან მშვიდი. ასე მოვათვინიერე პირველი ქარები. მამაჩემთან ერთად. მასე მერე სულ ქარში ვარ. ქარიშხლებში. ვირყევი და მსიამოვნებს. გუშინაც ეგ ამბავი იყო. ცხადად მივხვდი, რომ ეს მარტოობა მჭირდებოდა. რომ ახლა დაკვირვების და ახალი სიმაღლეების მონიშვნის დროა. ძველი ქარები მომბეზრდა. ნელ-ნელა ახლებს მოვძებნი და დავუძახებ. მანამდე კი საღამოებს და ღამეებს სხვა სიმშვიდით შევეგებები, რადგან არის დრო ქარიშხლების გამოცდის და არის დრო ამ გამოცდების ჩაბარების. საკუთარ თავთან. თუნდაც გარეთ ნამდვილი გრიგალი ქროდეს და სახლი კანკალებდეს. მე ღიმილით გადავბრუნდები. კედელთან მამაჩემი წევს. მამაჩემი ამბობს:
“გარეთ ცივა, ქრის ქარი!”
და ყველაფერი კარგადაა.

—-

წეღან ერთი კარგი, მშრომელი ბიჭი წავიყვანე მანქანით ჩანადირებიდან, ფეხით მიდიოდა და ვერ ასწრებდა კომენდატ საათამდე საკუთარ სოფელში. არ მგონია, იმ გზებზე ვინმეს შეენიშნა, მაგრამ წესი, წესია – მით უფრო პატიოსანი, გლეხი კაცისთვის. ასე აღმოვჩნდი სოფელ საკრამულში: ამ ჯადოსნურ ტყეში შევაბიჯეთ და ხეების გვირაბი ხომ საოცარი და გამოსვლისას სულ სხვა სამყარო გადამეშალა. სად აღარ მიხეტილია და რა აღარ მინახავს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს სოფელი მართლაც მოულოდნელი რამ გამოდგა. უკანა გზაზე, სავალს ავცდი და ცოტა გამიმრუდდა; ბაზალეთის ტბას მივადექი ზურგიდან – ვერცხლისფერის და იასამნისფერი რბილი ჭიდაობა ცალკე ჯადოქრობა იყო.
დუშეთი არის დაუფასებელი და უცხო. და სასწაული.

 

მარადიული ძიების მოტივი – აკაკი წერეთლის „სულიკო“

0

შემეცნებითი ძიება ინდივიდის არსებობის მთავარი ნიშანია. ადამიანი მუდმივად ეძებს ჭეშმარიტებას, ცდილობს ამოიცნოს, იპოვოს, ჩაწვდეს, მიაგნოს, ამოხსნას. ძიების სემანტიკა თავის თავში მოიაზრებს პოვნის სირთულეს, ამოუცნობის, მოუხელთებლის, განსაკუთრებულის აღმოჩენის აუცილებლობას.  აკაკი წერეთლის „სულიკო” ქართული კლასიკური ლექსია თავისი ფორმით, მეტრითა და რითმით. ლექსის შინაარსი, დაკარგული სატრფოს ძიება, სრულიად შეესაბამება ზოგადსაკაცობრიო, მარადიულ თემებს. სატრფო საიდუმლოებით მოცული სიმბოლურ-ალეგორიული სახეა, ამიტომაც ლექსის ესთეტიკა მრავალჯერ ქცეულა მეცნიერთა განხილვის საგნად: ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს დაკარგულ სატრფოში? ღმერთი? სამშობლო? დაკარგული სიყვარული? დაკარგული თავისუფლება? რას ნიშნავს იდეალური სამსახოვნება, სამბუნებოვნება? რას მიგვანიშნებს ეს სამი სახე-სიმბოლო?

აკაკი წერეთლის „სულიკო“ 1895 წლის 9 ივნისს დაიბეჭდა გაზეთ „კვალში“. ლექსის ავტოგრაფი დაკარგულია. სულიკოს გამოქვეყნებისთანავე აკაკის უთხოვია ბარბარე-ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლისათვის, რომელსაც მანამდე აუმღერებია აკაკის რამდენიმე ლექსი,  რომ „სულიკოსთვისაც“ გამოეძებნა მელოდია. ბაარბარე-ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლისა იგონებს: „აკაკიმ მიძღვნა „სულიკო“ და მითხრა, – შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო. დიდი მგოსნის შეკვეთამ, რა თქმა უნდა, საგონებელში ჩამაგდო. ლექსის მომხიბვლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახეები აღძრა. ერთ მშვენიერ დღეს გიტარის აკომპანიმენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალიბდა „სულიკოს“ მელოდია. როდესაც აკაკიმ ეს მელოდია პირველად გაიგონა, დიდად ნასიამოვნები დარჩა, მამღერა მრავალჯერ, შემდეგ თავისი პორტრეტი მაჩუქა წარწერით: „ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან“ (იხ. მოგონებები აკაკიზე, 1990, გვ. 485).

აკაკი წერეთლის „სულიკო“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლიტერატურული რეცეფცია მარადიული ძიების თემაზე. „შემეცნებითი ძიება ინდივიდის არსებობის მთავარი ნიშანია. ადამიანი მუდმივად ეძებს ჭეშმარიტებას, ცდილობს ამოიცნოს, იპოვოს, ჩაწვდეს, მიაგნოს, ამოხსნას. ძიების სემანტიკა თავის თავში მოიაზრებს პოვნის სირთულეს, ამოუცნობის, მოუხელთებლის, განსაკუთრებულის აღმოჩენის აუცილებლობას. აკაკი წერეთლის “სულიკო“ ქართული კლასიკური ლექსია თავისი ფორმით, მეტრითა და რითმით. ლექსის შინაარსი, დაკარგული სატრფოს ძიება, სრულიად შეესაბამება ზოგადსაკაცობრიო, მარადიულ თემებს“ (პოპიაშვილი 2018).

ცნობილი გერმანელი რომანტიკოსის, ადალბერტ ფონ შამისოს (1781-1838) ლექსი, „ხეტიალისას“ თავისი განწყობილებებითა და შინაგანი მიმართებებით სწორედ ძიების, ჭვრეტის თემას ეხება. სიყვარულისგან დამწუხრებული ლექსის ლირიკული გმირი სახეტიალოდ მიდის: „Wohl wandert’ ich aus in trauriger Stund’,/Es weinte die Liebe so sehr (დამწუხრებული ფიქრისაგან მივეხეტები,/სიყვარული ისე ძლიერ ტიროდა).

რომანტიული განწყობილებები, სიყვარული და სევდა ერთგვარი უნივერსალური სიმბოლოებია, რაც მუდმივად აისახება ლირიკაში. „შამისოს ლირიკა ევროპული რომანტიზმის კლასიკური ნიმუშია, სადაც ყველა ძირითადი ტენდენცია და მიმართულებაა ასახული“ (შამისო 1981, გვ. 7). შამისოს შემოქმედება ხასიათდება ორი ძირითადი ასპექტით. ერთი მხრივ, შამისო არის სიყვარულის ლირიკოსი, რომლის მთავარი აქცენტი შეყვარებულის გრძნობების გადმოცემაა. მეორე მხრივ, შამისოს შემოქმედება გოეთესეულ რეცეფციებთან არის ახლოს.

სასიყვარულო ლირიკაში შამისოს ლექსების ობიექტი ისეთი სატრფოა, რომელიც ლექსის ლირიკულ გმირს მუდმივად უარს ეუბნება, არ თანხმდება შეხვედრაზე, თავს არიდებს ლირიკულ გმირს, რომელიც თავის მხრივ, სიყვარულის ერთგულია, განიცდის სიყვარულს, სევდიანი და მწუხარეა სატრფოს უარის გამო. ლექსის „ხეტიალისას“ ლირიკული გმირი სეირნობისას ჩიტებს დაინახავს და ეკითხება: „Was singt ihr, ihr Vögel, im Morgenlicht?/Ihr wißt nicht, wie scheiden thut!“ (რას ჭიკჭიკებთ, ჩიტებო, დილით?/თქვენ არც კი იცით, განშორება რარიგ ძნელია!).

ლექსის ლირიკული შეკითხვაა: „რას დაეძებ წუთისოფელში?“ რა არის აქ საძებნელი, ან რისი პოვნა შეუძლია ადამიანს? მარადიული შეკითხვაზე პასუხი შამისოს ლექსში ორიგინალურად არის გაცემული: იმას არ ვეძებ, რაც უკვე ნაპოვნი მაქვს,/იმას არ ვეძებ, რაც უკვე თავს გადამხდენია.

„Was gehst du suchend durch das Land,

Du Müder mit ergrautem Bart? –

Ich suche nicht, was ich schon fand,

Ich suche nicht, was mir schon ward“.

„ – რას ეძებ ნეტავ ტიალ მიწაზე

დაღლილო მოყმევ, ჭაღარა წვერით?

– მე არ დავეძებ განცდილ სიამეს,

მე არ დავეძებ თავს გადახდენილს“.

(თარგმანი: ჩემია, ნ. პ.)

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადალბერტ ფონ შამისოს შემოქმედება თანადროულ ევროპულ ლიტერატურაში ძალზე პოპულარული იყო. შამისოს სასიყვარულო ციკლის ლექსებზე შექმნილია სიმღერები, რომლბიც დღემდე სრულდება. შამისოს ლექსის, „ხეტიალისას“ მუსიკა ეკუთვნის გერმანელ კომპოზიტორს, ჰუგო ვოლფს (1860-1903). ლექსი იმდენად მოსწონებია კომპოზიტორს, რომ მუსიკის ორგვარი ვარიაცია არსებობს, ორი სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები.

აკაკი წერეთლის „სულიკო“ და  ადალბერტ ფონ შამისოს ლექსი, „ხეტიალისას“ ძიების მოტივზე შექმნილი ნაწარმოებებია. სატრფო განყენებული ცნებაა, ერთგვარი არქეტიპია, ის არის ძიების უცვლელი მიზანი. სიყვარულის, მოუხელთებელი სატრფოს, სევდისა და იმედის, მარადიულის ძიების, ჭეშმარიტების შეცნობის, თავისუფლების, ამოუცნობის ამოცნობისკენ სწრაფვა ასაზრდოებს მხატვრულ ლიტერატურას, ქმნის საერთო თემებზე ინტერპრეტაციებსა და რეფლექსიებს.

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მარადიული ძიების თემას ქართულ ლიტერატურაში მრავალმხრივად წარმოაჩენს აკაკი წერეთლის „სულიკო“, რომელშიც უმთავრესი სწორედ ძიების რთული შემეცნებითი და შემოქმედებითი პროცესია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

მოგონებები აკაკიზე 1990

მოგონებები აკაკიზე, თბ., 1990

 

შამისო 1981

Adalbert von Chamisso, Werke in zwei Baenden, Band I, Insel-Verlag, 1981

 

პოპიაშვილი 2015

ნინო პოპიაშვილი, ნაციონალური ლიტერატურის კანონი და დიქტატურა (სტალინი და აკაკის „სულიკო“), კრებულში: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები, ტრადიცია და თანამედროვე მწერლობა (სიმპოზიუმი ეძღვნება აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს), მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 2015

 

პოპიაშვილი 2018

ნინო პოპიაშვილი, აკაკი წერეთლის „სულიკო“ ენებსა და სტრიქონებს შორის. წიგნში: აკაკი წერეთლის „სულიკო“ მსოფლიო ხალხთა ენებზე, თბ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...