შაბათი, მაისი 3, 2025
3 მაისი, შაბათი, 2025

„ვაგონის დილემა“

0

რა იქნება თქვენი პასუხი კითხვაზე – შეძლებთ თუ არა ადამიანის მოკვლას ოდესმე? რას უპასუხებთ კითხვას – გადაარჩენდით თუ არა ადამიანის სიცოცხლეს, ეს რომ თქვენს ქმედებაზე იყოს დამოკიდებული?

რა მოხდება, თუ ეს ორი სიტუაცია ერთმანეთს გადაეჯაჭვება და რთული მორალური დილემის წინაშე დადგებით?

რამდენად რეალურია მორალური იმპერატივის არსებობა?

რის მიხედვით გვეცვლება მორალური ღირებულებები, პატერნები? საერთოდ, შეიძლება თუ არა არსებობდეს „პირადი მორალი“? თუ ის მუდამ საყოველთაო და ერთადერთია?

არსებობს ორი სიმართლე? თუ ორი არსებობს, ე.ი. უთვალავიც არსებობს?

რაც გაუმართლებელია ერთ შემთხვევაში, გამართლებულია მეორე შემთხვევაში?

რა ფაქტორები განაპირობებს მორალური ღირებულებების ამოტრიალებას?

არსებობს ზოგადსაკაციობრიო მორალური ფასეულობები?

არის თუ არა გამართლებული მცნებითმეტყველებითი სტილი სკოლებში?

 

თავბრუდამხვევია კითხვების ეს კასკადი. უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს და პასუხებიც სხვადასხვაგვარი გაეცეს.

ლიტერატურის გაკვეთილებზე ხშირად ისმის ხოლმე ასეთი კითხვები. პერსონაჟების ქმედებებისა და მათი ხასიათის შესახებ მსჯელობისას მოსწავლეები თანაგანიცდიან ამა თუ იმ მორალურ სიტუაციას, ცდილობენ არსის წვდომას, პასუხების მოძიებას.

 

ერთ-ერთ გაკვეთილზე საუბარი მორალზე ჩამოვარდა. რაოდენ ცვალებადი და მყიფეა გარკვეული მორალური ღირებულებები, რითია განპირობებული და რა ცვლის მათ, ამასთან, არსებობს ( უნდა არსებობდეს თუ არა) ზოგადსაკაცობრიო მორალი თუ ადამიანის თავისუფლება მორალური თვალსაზრისითაც შეუზღუდავი უნდა იყოს?

 

ეს კითხვები ბუნებრივია. საჭიროც.

მათზე ფიქრი, მოსაზრებების ან ვარაუდების გამოთქმა, „რთული“, ასე ვთქვათ, „მიუღებელი“ ან არაპოპულარული პასუხების ამოთქმა, ხმამაღლა გაჟღერება – მნიშვნელოვანია. როცა მოსწავლეები დარწმუნებულნი არიან „უსაფრთხოებაში“, იმაში, რომ მათ არავინ დაადანაშაულებს და არ მიაკრავს გარკვეულ იარლიყებს, ისინი ცდილობენ სხვადასხვა კუთხით, რაკურსით შეხედონ ამა თუ იმ პრობლემას.

ეს ფასდაუდებელი პროცესია. ამ პროცესს რაღაც აქვს საერთო არისტოტელესეულ კათარზისთან, როდესაც „შიშისა და თანაგრძნობის გზით“ ვცდილობთ“ ამგვარ ვნებათაგან განწმენდას“ ან მათ პირისპირ მდგარი ( ვნებებთან და შიშთან) ვცდილობთ ძიებას, პოვნას, პასუხის მორგებას ან უკუგდებას…

 

მასწავლებელს ამ პროცესში მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი – ერთი მხრივ, მან არ უნდა შეზღუდოს აზროვნების პროცესი, ყოველგვარ მოსაზრებას და ფიქრს უნდა ჰქონდეს გაცხადების უფლება, აქ საფრთხილოა ლოზუნგური და პლაკატური განსჯით არ დავაფრთხოთ ახალგაზრდები, ამავდროულად, არ გაგვიტაცოს  „სწორი იდეური ორიენტირების ჩანერგვის“ ხიბლმა, მეორე მხრივ რთულია თავის შეკავება, როდესაც ჩვენთვის ძვირფას, გათავისებულ, გასაგებ, მისაღებ „სამყაროსეულ წესრიგს“ სხვაგვარად აღიქვამენ, უარყოფენ, არ ეთანხმებიან.

მაგრამ რამდენს ვსწავლობთ ამ ვითარებაში…

 

ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მოსმენას უფრო მეტი ძალა და მიზანი აქვს, შესაბამისად კი შედეგიც, ვიდრე ჭკუის სწავლებას, მცნებითმეტყველებას – ეს ცუდია, ეს კი კარგია. ასე უნდა მოიქცე, ასე კი – არა.

ზოგჯერ ისეც ხდება, ხისტ ქმედებას ან თქმას აქვს ოდენ შედეგი.

როგორი რთულია არჩევანის გაკეთება, სწორი მიმართულების შერჩევა, სიფრთხილის დაცვა…

 

ამ წერილის მიზანი არ არის რომელიმე მეთოდის ან სტრატეგიის მიმოხილვა, არც დასმულ კითხვებზე პასუხების მოძიების მცდელობა. შევეცადე, შესავალ ნაწილში ზოგადი კონტექსტი წარმომეჩინა, რაც ერთი საინტერესო მორალური დილემის, ამოცანის გასაცნობადაა ზედგამოჭრილი. ეს ფილოსოფიური ამოცანა კი იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ შეიძლება გარკვეულმა ფაქტორებმა შეცვალონ ჩვენი ქმედებები ან იმოქმედონ გადაწყვეტილების სისწორისა თუ მცდარობის შეფასებაზე.

1960-იან წლებში ინგლისელმა ფილოსოფოსმა ფილიპა რუთ ფუტმა, რომელიც მორალისა და ეთიკის საკითხებს იკვლევდა, შექმნა საინტერესო წარმოსახვითი მორალური ამოცანა, რომელიც „ვაგონის პრობლემის“ (Trolley problem) სახელითაა ცნობილი.

ამოცანა:

მძიმე, უმართავი ვაგონი ლიანდაგზე მიჰქრის. ის დიდი სისწრაფით უახლოვდება  5 ადამიანს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან ვერც მარცხნივ, ვერც მარჯვნივ, რათა თავი გადაირჩინონ. თქვენ დგახართ გადამრთველთან და საკმარისია ვაგონს ლიანდაგზე მიმართულება შეუცვალოთ, რომ ხუთივე ადამიანი გადარჩება. საქმე ისაა, რომ შეცვლილი მიმართულებით მოძრავი ვაგონი უცილობლად გაიტანს ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ლიანდაგზეა და ვერც მას ასცდება ვაგონი.

გადამრთველთან მდგარ ადამიანი დილემის წინაშეა. მას რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი – არ მოიმოქმედოს არაფერი და ამ შემთხვევაში ვაგონი ხუთ ადამიანს იმსხვერპლებს, გადართოს მიმართულება და ამ შემთხვევაში ვაგონი ერთ ადამიანს იმსხვერპლებს.

რომელია მორალურად უფრო სწორი გადაწყვეტილება?

 

„მსუქანი ადამიანი“

ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჯუდით ჯარვის თომსონმა იმავე დილემის სახეცვლილი ვარიანტი წარმოადგინა – უწინდებურად, უმართავი ვაგონი მიჰქრის ხუთი ადამიანისკენ. თქვენ დგახართ ხიდზე, რომლის ქვეშაც ლიანდაგია, ვაგონი საცაა ამ ხიდქვეშ გაივლის. თუ ლიანდაგზე რაიმე დიდსა და მძიმეს ჩააგდებთ, ვაგონი შეჩერდება. თქვენ გვერდით ძალიან მსუქანი ადამიანია. ერთადერთი საშუალება, შეაჩეროთ ვაგონი და გადაარჩინოთ 5 ადამიანი, მსუქანი ადამიანისთვის ხელის კვრა და ლიანდაგზე მისი ჩაგდებაა. ვაგონი მას გადაუვლის და გაჩერდება.

ამ შემთხვევაში ადამიანი პირდაპირი ქმედების არჩევანის წინაშე დგას  – ცოცხალ ადამიანს უნდა ვკრათ ხელი.

 

 

„მსუქანი ავაზაკი“

ყველაფერი იგივეა, იცვლება მხოლოდ ის, რომ მსუქანი ადამიანი ბოროტი ავაზაკია, რომელმაც ეს ხუთი ადამიანი დააბა ლიანდაგზე.

არის ამოცანის სხვადასხაგვარი სახეცვლილი ვარიანტებიც ( იცნობთ ერთს და არ იცნობთ ხუთს, ხუთივე ადამიანი – თქვენი ოჯახის წევრია, ერთი კი უცნობი და პირიქით და ა.შ.).

„ვაგონის დილემის“ კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამ არარეალისტური სიტუაციის წარმოდგენა ადამიანებისთვის რთულია და მათი ზეპირი პასუხიც შორს იქნება იმ ქმედებისგან, რასაც ისინი განახოციელებენ ( განახორციელებდნენ) მსგავსი დილემის წინაშე რეალურად რომ წარმდგარიყვნენ. დახატულ სიტუაციებს გამოკითხულთა უმრავლესობა არ აღიქვამს სერიოზულად და დასკვნის ზნეობრიობაც, მათი აზრით, საკამათოა.

თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, რობოტებისა და თვითმართვადი ტექნიკური საშუალებების დახვეწის პირობებში, დილემა კვლავ იძენს აქტუალობას – ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დადგება ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ყოფაში იმაზე მეტად ჩართვის საკითხი, ვიდრე ეს დღეს ხდება. მაგალითისთვის ავიღოთ მანქანა ან უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები – ვთქვათ, თვითმართვადი ავტომობილის წინ (ავტომობილი იცავს მოძრაობის ყველა წესს, არის გამართული) გადაირბინა ბავშვმა. მანქანას დამუხრუჭების დრო არ რჩება. მარჯვნივ მოხვევის შემთხვევაში ის ღრმად მოხუც ადამიანს დაეჯახება, შემდეგ კი გაჩერდება, მარცხნივ მოხვევის შემთხვევაში საპირისპირო ზოლში გადავა და მგზავრებს შეუქმნის საფრთხეს – მოქმედების რა ვარიანტები უნდა დაუპროგრამდეს ასეთი შემთხვევებისთვის რობოტს? რა იქნება ამ შემთხვევაში ეთიკური, მორალურად გამართლებული? ვინ და როგორ უნდა გადაწყვიტოს ამგვარი საკითხები?

 

ასეა თუ ისე, საინტერესოა – არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთი, სწორი, უყოყმანო პასუხი აქვს ამ კითხვებზე?

„დედა ენა“, როგორც საუკეთესო დამხმარე რესურსი სწავლებისას

0

 „ბუნების ცოდნა და მის  ძალათა დამორჩილება შეადგენს ერთს უმთავრეს ბურჯს ერისა და კაცობრიობის ბედნიერებისას“

ამ სტატიის ყველა მაგალითი მოყვანილია დედა ენის 1912 წლის გამოცემიდან

ნუ გგონიათ, რომ „დედა ენას“ ახლა გიბრუნებენ. ის არსადაც არ წასულა, ყოველთვის მის ჩრდილს მიუყვებოდა ქართული სკოლების დაწყებითი პროგრამა. ეს ცუდი არ არის, არც კარგია, უბრალოდ ეს ფაქტია.

ბანალურობას ვერ ავცდები და ვიტყვი, რომ იაკობი გენიოსი იყო. ალბათ ისევე როგორც რუსთაველი. „დედა ენა“ ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს იდენტობასთან, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია ქართულად წერა-კითხვა.  ასეც უნდა იყოს, ეს ყველა ერს სჭირდება, იმისთვის, რომ მყარად იგრძნოს თავი და იამაყოს კიდეც, თავი მოიწონოს.  ყველა ერს აქვს ამდაგვარი საამაყო რამ. ზოგს საბავშვო ლიტერატურის პერსონაჟებიც კი ჰყავს, რომლებიც ხშირად სახელმწიფოს სახესაც წარმოადგენენ. ეს ტურისტულადაც მომგებიანი ამბავია.

იყო დრო,  „დედა ენამ“ ჩვენი სიტყვები და ამბები გადაარჩინა. იმ უსაშველოდ მძიმე დროს ადამიანებს რწმენა და თვითდაჯერებულობა შეჰმატა.  იმ ძნელბედობისას ქართული ანბანი  ახლიდან დაიბადა, არა მხოლოდ ქაღალდზე, თავადების, აზნაურების, თუ გლეხების გულებსა და გონებაში. ქართულმა ანბანმა, ქართულმა სიტყვამ, მაღალი კლასებისთვის განკუთვნილი მაღალი „შტილის“ ტექსტებიდან ჩვეულებრივი, მოკვდავი ხალხის ხის მერხებზე და მწვანე მოლებზე გადაინაცვლა, ოღონდ ისე, რომ აქაური ამბები გლეხობისთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელი უნდა ყოფილიყო. წერა-კითხვის შესწავლა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მათ ყოველდღიურობასთან, მათ საჭიროებებთან. ეს ამოცანა იაკობმა შესანიშნავად შეასრულა, და არა მხოლოდ ეს.

გავიდა დრო. ბევრი დრო.  ცვლილებების ქარტეხილებმა გარდაქმნები დაიწყო. ეპოქები, ადამიანები, აზროვნება, პრიორიტეტები, ემოციები, განწყობები, შეხედულებები, ღირებულებები – გადასხვაფერდა. „დედა ენა“ ძეგლად იქცა.  კვარცხლბეკმა ბზარი გააჩინა მასსა და ბავშვს შორის. ეს ბზარი კი უფროსებმა კიდევ უფრო გააღრმავეს/აღრმავებენ, როდესაც მოითხოვენ უპირობოდ, მხოლოდ ამ წიგნით სწავლებას, ან საერთოდ გამორიცხავენ მას და სკოლიდან ისტორიის სანაგვეზე ისვრიან.

უკიდურესობები გვახასიათებს. უფრო მტკივნეულად ვრეაგირებთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობასთან დაკავშირებულ საგნებს. თითქოს სულ იმის შიში გვაქვს, ვიღაც, ბოროტი ძალა, მოვა და ფესვებს ამოგვითხრის, მშობლიური მიწიდან მოგვწყვეტს. ეს შიშები, ეს განწყობებიც ბუნებრივია, თუკი ჩვენს ისტორიას გავიხსენებთ, მუდამ რომ მოთხრას გვიპირებდნენ და როგორ გადავრჩით (თუ გადავრჩით), დღესაც რომ გვაოცებს.

მე თუ მკითხავთ, დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ბავშვებს წერა-კითხვა, არა თუ ერთი წიგნით, არა თუ ორი ან სამი წიგნით უნდა ვასწავლოთ, არა, დღეს წერა-კითხვის შესწავლისას იმდენი წიგნი უნდა გამოვიყენოთ, რამდენის საჭიროებაც გვაქვს.  დასრულდა ის დრო, როდესაც ერთ წიგნს მიუყვებოდნენ და ფურცელს არ ტოვებდნენ წაუკითხავად. დღეს მასწავლებელი, მისი ბავშვებისთვის შესაფერის და იდეალურ ტექსტებს, დავალებებს ეძებს და შესაძლოა უძველესი წიგნებიდან თანამედროვე გამოცემებამდე გაიჭიმოს ძიების ძაფი. მრავალფეროვნება – ეს ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომლითაც ჩვენ ჩვენს გაკვეთილს წარმოუდგენლად საინტერესოს ვხდით.

არ იფიქროთ, რომ თანამედროვე ბავშვებს აუცილებლად თანამედროვე რამეები მოსწონთ და გაკვეთილზე მხოლოდ ტექნოლოგიებით, უახლესი მიღწევებითა ან დახუნძლული თამაშ-აქტივობებით გააოცებთ. არა, აქ პასუხი ძალიან ჩვეულებრივი და შეიძლება თქვენთვის მოსაწყენიც კი იყოს: ბავშვებს უყვართ  ძველი, გაცრეცილი ამბები, ყვითელი ფურცლები და დავიწყებული, გემრიელი ქართული სიტყვებიც. აი, ისეთი წარმოთქმისას, რაღაცნაირად ყელს რომ  ჩავიკოკლოზინებთ. ისეთები, „დედა ენური“, აი მზე რომ კაშკაშებს, ან ჩიტი ტოტზე რომ ეკიდა და თან გულიც რომ უკვდებოდა. ალბათ, აკვანიც მოეწონებათ – როგორც სიტყვა და როგორც საგანი, მისი ისტორიის მოსმენაც უნდა მოუნდეთ, თუ მასწავლებელი საინტერესოდ მოჰყვება და თან სურათებსაც აჩვენებს, მერე კი თავადაც  დაამზადებინებს მუყაოსგან, თიხისგან.

საქმე ის არის, რომ „დედა ენა“ შესანიშნავი რესურსია არა წერა-კითხვის სასწავლებლად, არამედ ნებისმიერ კლასში, ისტორიის, ლიტერატურის, ლექსიკის თავისებურებების საჩვენებლად. ვფიქრობ, რომ სამაგიდო წიგნიცაა მოსწავლეებისთვის, ბუნების კართან ერთად.

წერა-კითხვის სწავლება ისეთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მხოლოდ „დედა ენას“ არ უნდა მივენდოთ, იმ მარტივი ამბის გათვალისწინებით, რომ მისი შექმნიდან დღემდე საუკუნე გვაშორებს, და, რა თქმა უნდა, მას მერე რაღაცები უნდა შეცვლილიყო, არა მეთოდოლოგიაში, არამედ ჩვენს გონებაშიც, ჩვენს უნარებშსა და ინტერესებშიც.

თან პატარების მოტივაცია და ენთუზიაზმი ისეთი მოსაფრთხილებელი, სათუთი რამეა, რომ თავიდანვე არ უნდა შევაშინოთ უცხო ლექსიკით. სჯობს, წერა-კითხვის სწავლა მათთვის კარგად ნაცნობი, მშობლიური საგნებით დაიწყონ, ისევე როგორც იაკობმა ჩაიფიქრა დედა ენის შექმნისას, ოღონდ მაშინდელი ბავშვების ყოველდღიურობა დღევანდელისგან, რა გასაკვირია და განსხვავდებოდა. ჰოდა, ჩვენ თუ ასე ფრთხილად, ბუნებრივად მივიყვანთ პატარებს წიგნთან, გამოდის, რომ ჩვენ იაკობის მეთოდს გავიზიარებთ.

მაგრამ „დედა ენა“ აუცილებლად დაგვჭირდება. იმიტომ, რომ იქ იაა. ია კი ჯადოსნური ყვავილ-სიმბოლოა. როდესაც ბავშვი ამოიკითხავს: „აი ია“. „ია თესე“. „ია ასე თესე“. მასწავლებელმა გაკვეთილი უნდა შეწყვიტოს და წინასწარ მომზადებული იის თესლი ქოთნებში ერთად დათესონ.  უნდა დააკვირდნენ  მცენარის ზრდას და ბოლოს, როდესაც იის იისფერი ყვავილი გაიშლება, მოსწავლეებისთვის სიტყვები: „ია თესე“ აუცილებლად გაცოცხლდება და განსხეულდება.

„დედა ენის“ სიტყვები ამბებია. ამიტომაა, რომ ეს სიტყვები ჩვენ ბავშვებთან ერთად უნდა გავაცოცხლოთ. აი ზაზა თვარაძე  რომანში: „სიტყვები“, სიტყვები რომ ცოცხლდებიან და დალივლივებენ,  ალბათ ასე. ღრუბლებივით,  უნდა ამოიფრქვან წიგნებიდან და  პატარების გონებაში დაიკავონ კუთვნილი ადგილი. თევზი უხმოა, შოშია ხეზე ზის, ღამურა ღამით დაფრინავს, ობობა ქსელს აბამს, კაცი კაცის წამალია, ჭიანჭველას შრომა უყვარს, თოვლი ზამთარში მოდის, ზაფხულში რაღა მოდის? გუგული ღამის ფრინველია, მუხა ხეა. თითოეულ ამ სიტყვებზე ამბები უნდა მოვყვეთ, უნდა მოვიგონოთ, უნდა დავხატოთ, დავწეროთ, კომიქსებად ვაქციოთ.

აქ ამბებიც არის, აი ისეთი, გულის ამაფორიაქებელი, სახალისოები, სევდიანები. ემოციები, ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს წიგნი კი ემოციების საბადოა. „კეთილი სანდალა“ – ემპათიის, მეგობრობის მშვენიერი მოკლე ილუსტრაცია, „ალექსი და აქლემი“ – პატარებს გულიანად, რომ გააცინებს, საბრალო დედაბრის მისტიკური ამბავი, რომელიც არამხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის იქნება შთამბეჭდავი და მომნუსხველი, არამედ მაღალ  კლასებშიც. ამ ხალხური ლექსის ილუსტრაციებად წარმოდგენა – გასაოცარი და ჯადოსნური უნდა იყოს. ეს ხალხური ლექსი „დედა ენაშიც“ დასურათებულია,  ერთ-ერთი ილუსტრაცია, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა.

„დედობრივი სიყვარულის ძალა“, რომელსაც ავტორი პირველ პირში ჰყვება დედა ჩიტის თავგანწირვას, ბარტყი ძაღლმა რომ არ შეუჭამოს, მთელი ტანით რომ გადაეფარება. ეს ისეთი ამბებია, დრო რომ ვერაფერს დააკლებს, იმიტომ, რომ აქ სიყვარულია, სიყვარული კი მარადიული რამეა.

არის ისეთი რამეები, განსაკუთრებით ლიტერატურაში, მხოლოდ ბავშვობის ასაკში მისახვედრი. დიდებს რომ უჭირთ გაგება, პატარები კი ინტუიციურად ხვდებიან სათქმელს. და თუ ამ ასაკში არ წაიკითხეს, ვერ გაიგეს, მერე დაგვიანებულია. ეს ის ამბავია, ქართული ხალხური ზღაპრების სისასტიკეს, რაღაცნაირად, ჩვენთვის გაუგებრად ხარშავენ და შიშებს რომ ამარცხებენ. ასეა „დედა ენის“ სიყვარულიც, მაშინ უნდა წაიკითხონ, როცა ამის დროა, პატარაობისას.

იაკობის წიგნში ისეთი საინტერესო, საინფორმაციო ტექსტებია, დღევანდელ ბავშვებს ინტერესით თვალებს რომ გაუფართოებს. ასეთია „ღრუბელი“, რომელსაც თურმე ზღვის ფსკერიდან იღებენ: „მაშასადამე, ღრუბელი ყოფილა ზღვის შვილი. თურმე კიდეც ამიტომ არის წყლით გაუმაძღარი“. მათი საყვარელი ანიმაციის გმირი: „Spongebob”-იც ხომ ნამდვილი ღრუბელია! ხანდახან „დედა ენა“ ასეთი თანამედროვე და ასეთი ახლობელი ხდება ოცდამეერთე საუკუნის ბავშვებისთვისაც კი. მთავარია, ჩვენ სწორი ტექსტები შევარჩიოთ, დავიხმაროთ ტექნოლოგიები, ვიზუალური მასალა და მერწმუნეთ, გაკვეთილი შესანიშნავი გამოვა.

ალბათ ცალკე წერილს იმსახურებს „ბუნების კარი“, იმიტომ, რომ არის უზარმაზარი საბადო მეცნიერების, გეოგრაფიის, მოკლედ რომ ვთქვათ, ბუნებაში გაჭრილი კარია, იაკობის მიერ.

აქაც ამბებია.  არცერთი ტექსტი არ არის დამოუკიდებლად, მშრალ ფაქტებად მოცემული. თან ეს ამბები საინტერესო და ამაღელვებელია. მგონია, რომ ეს წიგნი, მეექვსე კლასამდეც კი შესანიშნავი დამხმარე რესურსი უნდა იყოს.

„კატო და ფრინველები“ – კატო მოწყენილია, სასწავლებელში მარტოა, თავის საყვარელ სოფელს მოშორებული. ნაღვლიანად იცქირება ფანჯრიდან, მასთან სხვადასხვა ფრინველი მოდის და საკუთარ ამბებს უყვება. ბავშვი ამ დროს, თავისთავად, ამბის პარალელურად იგებს ბეღურების, ბულბულების, არწივების თვისებებს.

გასაოცრად, ბავშვებისთვის გასაგებადაა აღწერილი ფოტოსინთეზი: „მანამ ფოთლებამდინ არ ავიდოდა წვენი არ ვარგოდა ხისთვის საზრდოდ. მხოლოდ ფოთლები სცვლიდნენ ამ წვენს ისე, რომ ხდიდნენ სასარგებლო საჭმელად ხისთვის. მაშასადამე, ფოთლებს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონია ხისათვის, როგორც კუჭს კაცისთვის“.  მგონია, რომ ბუნებისმეტყველების სწავლებისას ამ წიგნის დახმარება, სასწავლო პროცესს უფრო მეტად გაამრავალფეროვნებს და ეგზოტიკურ ელფერს მიანიჭებს, ბავშვებისთვის კი ყოველგვარი უცხო, ძველი და უცნაური საინტერესო უნდა იყოს, თუ შესაბამისად მივაწვდით.

‘ბუნების კარში“ – სათაურებიც ამბებია: „რად გვიყვარს მერცხლები?“, „ფრთიანი კატა, ანუ ჭოტი“, „უდანაშაულოდ დასჯილი თხუნელა“, „დევნილი მეგობარი, ანუ ზღარბი“ და სხვა.

მოკლედ ამ წერილით იმის თქმა მინდოდა, რომ დროა ჩვენს გაძეგლებულ „დედა ენას“ დავუბრუნოთ თავდაპირველი მნიშვნელობა და ვაქციოთ სასწავლო რესურსად, ოღონდ არამც და არამც ერთადერთად, რადგან, კიდევ ვიმეორებ, „დედა ენა“ ერთი საუკუნის წინ დაიწერა კონკრეტული მიზნით. ჰოდა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, დღეს სწავლების მიზნებიც შეცვლილია,  ზოგიერთი ღირებულებაც და ყველაზე მთავარი, ჩვენი ბავშვებიც უნდა განსხვავდებოდნენ მეცხრამეტე საუკუნის ბავშვებისგან. გავიმეორებ ყბადაღებულ ფრაზასაც, თავად იაკობიც ხომ მუდამ ზრუნავდა საკუთარი სახელმძღვანელოს განვითარებასა და შეცვლაზე.

 

 

რამდენიმე ვიდეო ლიტერატურის გაკვეთილისათვის

0

ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, წარმოსახვაა, ამაზე ყველანი ვთანხმდებით.  მოსწავლეების ლიტერატურით დაინტერესებისათვის, მათი წახალისებისა და კარგ მკითხველად ჩამოყალიბებისათვის, რას არ ვიგონებთ. მხოლოდ იმ ვებრესურსის ავტორთა სტატიებს რომ გადახედოთ, რომელსაც ახლა კითხულობთ,  მრავალფეროვან მასალას და იდეებს აღმოაჩენთ.  წარმოსახვა, აბსტრაქტული აზროვნება, ფანტაზიის განვითარება – ეს მთავარია.  დამეთანხმებით, როგორ გვეხმარება თვალსაჩინოება, კონკრეტული მაგალითები, ნაწარმოებების ეკრანიზაციები თუ საინტერესო ვიდეორესურსები სწორედ ამ უშრეტი ფანტაზიის განვითარებასა და საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვაში.

ახლა მინდა ორი საკმაოდ ცნობილი ვიდეოს შესახებ გესაუბროთ. ორივეს ლიტერატურული შინაარსი აქვს, თუმცა განსხვავებული მიზნებისთვის შეიქმნა. ერთ-ერთი ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციისა და წარდგენისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მეორე კი, ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების, კონკრეტულად, ელექტრონული წამკითხველის პოპულარიზაციისთვის.

ორივე შესანიშნავი რესურსია  გაკვეთილებზე გამოსაყენებლად, მისი საშუალებით მრავალფეროვანი აქტივობები, დავალებები, ვიქტორინა, პროექტი თუ პრეზენტაცია შეგიძლიათ დაგეგმოთ.

მივყვეთ დაწვრილებით:

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა, ვიდეო,  რომელიც „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ დაკვეთით მომზადდა ინგლისურენოვანია, ამიტომ შეგიძლიათ გაკვეთილი ინტერდისციპლინური და ინტეგრირებული გახადოთ და ინგლისურის მასწავლებელიც ჩართოთ.

 

როგორც ხედავთ, ანიმაციაში ანბანის საშუალებით მოყოლილია საქართველოს შესახებ, ყველაფერი ის, რაც მთავარია, რაც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას, რასაც ვიყენებთ მის სავიზიტო ბარათად.  მათ შორის, ლიტერატურა, ენა, კულტურა და სხვა. ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამის სლოგანიც სწორედ ასეთი იყო  – „ანბანით მოყოლილი საქართველო“.

ამ ვიდეოს საშუალებით რამდენიმე საინტერესო აქტივობა შეგვიძლია დავგეგმოთ:

  1. ალტერნატიული ანიმაცია – თქვენ რითი წარუდგენდით თქვენს ქვეყანას მსოფლიოს? თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, რას შეცვლიდით ვიდეოში?
  2. როგორი უნდა იყოს ანიმაცია, რომლითაც წარადგენთ თქვენს ქვეყანას?
  3. აირჩიეთ ერთი ქვეყანა, რომლის საპრეზენტაციო ანიმაცია ამ კლიპის მსგავსი იქნებოდა;
  4. ვიმსჯელოთ ანიმაციის ლიტერატურულ ნაწილზე – არის თუ არა „შუშანიკის წამება“ ფემინისტური ტექსტი?
  5. არის თუ არა რომელიმე მწერალი, რომელიც, თქვენი აზრით, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ ვიდეოში?
  6. როგორია თითოეული ენის უნიკალური ლექსიკური სიმდიდრე, სიტყვა „ზეგ“-ის გარდა, რომელი სიტყვა გახსენდებათ, რომელიც მხოლოდ ქართულშია?
  7. „ნატვრის ხის“ გარდა წიგნის რომელი ეკრანიზაცია გახსენდებათ, რომელმაც შეიძლება საქართველო წარადგინოს მსოფლიო ასპარეზზე?

და ა.შ.

ამ პატარა ვიდეოს საშუალებით ბევრი საინტერესო საკითხის წამოჭრა შეიძლება, ბოლოს შეიძლება თქვენი კლასის უნიკალური საანბანო პრეზენტაცია მოამზადოთ და ტექნოლოგიების მასწავლებლის დახმარებით ვიდეო-ანიმაციაც მოამზადოთ.

 

მეორე ვიდეო სულ ახლახანს გამოჩნდა ინტერნეტ თუ სატელევიზიო სივრცეში და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით კითხვის პოპულარიზაციას ეძღვნება.

ვიდეო ძალიან საინტერესოა,  გარდა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფრაზებისა და კონტექსტისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა დეტალს, ნივთს, რომელიც ასევე ლიტერატურიდანაა, ლიტერატურულია მუსიკაც, მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელის“ პერსონაჟის საყვარელი ნაწარმოებია.

 

განვიხილოთ დაწვრილებით:

„რომელმაც შექმნა სამყარო“ ასე იწყება ვიდეო,  გარდა კონკრეტული ტექსტის დასაწყისისა, ის ორმაგ მნიშვნელობას ატარებს, იხსენებს შუასაუკუნეების ლიტერატურულ ტრადიციას, როდესაც ნაწარმოებს ასეთი დასაწყისი ჰქონდა, სადაც  ავტორი ჯერ ღმერთს მოიხსენიებს. სამყაროც ორგვარი შინაარსისა – რეალური და ლიტერატურული სამყარო.

ზღვა – მრავალმხრივი მეტაფორაა, ჯერ ერთი ლიტერატურის ადრეული დასაწყისი ზღვას უკავშირდება, მაგალითად, ჰომეროსის პოემები, გილგამეშის ეპოსის საინტერესო ეპიზოდები, უძველესი მითოსური წარმოდგენები, სკანდინავიური ეპოსები, ამბავი ჰეროსა და ლეანდრეზე, მითები,  რომელთა შორისაც ერთი, არგონავტების მითი, ზღვას და ქართველურ სამყაროს უკავშირდება. ზღვა მნიშვნელოვანი სიმბოლოა ძველ, შუასაუკუნეების, ახალ თუ უახლეს ლიტერატურაში და ერთგვარად, თავად ლიტერატურას ასახავს. ტრისტანისა და იზოლდას ისტორიაში ზღვაა მნიშვნელოვანი სიმბოლო, ვეფხისტყაოსანში, ზღვას უკავშირდება ჟიულ ვერნის ნაწარმოებები და სხვა სათავაგადასავლო წიგნები, მელვილის „მობი დიკი“, ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“,  ლეო ქიაჩელის, ოთარ ჭილაძის, გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებები, ზღვა მნიშვნელოვანი სახეა პოეზიაში,  ასევე, ზღვა უკავშირდება სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობას ევროპაში“, სადაც საბა ზღვაში ხიფათიანი მოგზაურობის დეტალებსაც აღწერს.

კადრი იცვლება ოთახით, ოთახი – ლიტერატურული ადგილია, სადაც ფაუსტი და მეფისტოფელი შეხვდნენ ერთმანეთს, ეს  ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახიცაა“, ემა ბოვარის ოთახი და მისტიური ბინა ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტადან“, რომელიც სულ სხვა სივრცედ იქცევა. ჩანს სარკე – ულენშპიგელის, ბეჭდების მბრძანებლის, ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყნიდან“ სარკე, რომლის მიღმაც იწყება მთავარი ლიტერატურული ამბები.

ლარნაკი – ტიციან ტაბიძის უმნიშვნელოვანესი ლექსის, ”გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში“, რემინისცენციაა, რომელიც ქართული მოდერნიზმის არსს ხსნის, ასევე, ის ცოტათი ჯადოსნურ ლამპარსაც წააგავს, რომლიდანაც ლიტერატურულ ჯინს უშვებს მკითხველი. აქვეა შანდალი, როგორც კითხვის ძველი საშუალება, მეცხრამეტე საუკუნის რომანების დეტალი და ასევე დეტალი ჰიუგოს „საბრალონიდან“, ასევე, ვარდი, რომელიც ერთდროულად სპარსული პოეზიის მთავარი მეტაფორაცაა და თან პატარა პრინცის ვარდიც.

გემი – სათავგადასავლო ლიტერატურის, ზღაპრების, ასევე, პირველაღმოჩენების სიმბოლო, ძველი ეპოსის მთავარი ობიექტი, მაგალითად, ისევ ჰომეროსს თუ გავიხსენებთ. ტრიუმფალური თაღი,  მექანიკური ფორთოხალი, უკანა ფონზე ქალის ქანდაკება, რომელიც ანტიკური დრამის ტრაგიკულ ქალებს ჰგავს, ძველ საბერძნეთში მივყავართ, და ისევ პატარა პრინცის ვარდი,ხოლო კედელზე ცნობილი გამოცანა-ნახატი ეგზიუპერის „პატარა პრინციდან“. კადრი გადადის სახლზე, გოგონა ხიდან იყურება სახლში, ისევე, როგორც ფოლკნერის „ხმაურსა და მძვინვარებაში“ კედი, ეს ეპიზოდი, თავად ფოლკნერისთვის ყველაზე საყვარელი იყო. პეპი თამაშობს „კლასობანას“ ( კორტასარი),  აქვეა პატარა ხის სახლი „ვილა ყიყლიყო“, გვაქვს მატარებელი, რომელიც ასევე ბევრ ნაწარმოებშია მოქმედების ადგილი, მაგალითად, აგათა კრისტის „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ ან ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“.  ხის ცხენი – ტროას ცხენის სიმბოლო, შლინკის „წამკითხველის“ პერსონაჟები კითხულობენ შექსპირის „რომელ და ჯულიეტას“, კადრი ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვიდან“, „სამოსელი პირველი“, გივი გეგეჭკორის ლექსი „ნათურა დღისით“, ოფელია „ჰამლეტიდან“, „მარტოობის ასი წელიწადის აურელიანო“, რომელსაც ოქროს თევზი აქვს, იმ ოქროს თევზების სიმბოლო, რომელსაც ამზადებენ მაკონდოში, თავისთავად ოქროს თევზი ასევე რემინისცენციაა ცნობილი ზღაპრისა ჯადოსნურ თევზზე, არჩილ სულაკაურის რომანისა „ოქროს თევზი“ და ოქროს თევზთან დაკავშირებული მრავალი კადრისა ლიტერატურიდან. ბიჭი უყურებს ყანას, რომელიც სელინჯერის ომანის „თამაში ჭვავის ყანაში“ რემინისცენციაა და ასევე, ცნობილი ეპიზოდისა ეგზიუპერის უკვდავი წიგნიდან,  სადაც პატარა პრინცი ამბობს, რომ ოქროსფერი ყანა ავტორს მის თმას მოაგონებს, გზა – კერუაკის „გზაზე“ და  ასევე, მრავალი „ლიტერატურული გზა“,  კაცს საბარგულში ამობეჭდილი წიგნები  აქვს, ასახიერებს მონტეგს, ბრედბერის „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ პერსონაჟს, ბოლოს ჩანს ქალაქი, რომელიც თან მაკონდოა, თან სტივენ კინგის ნაწარმოებების მოქმედების ადგილი, თან უსახელო ქალაქი,ს ადაც ნებისმიერი მოქმედება შეიძლება განვითარდეს. ბოლო კადრი ისევ ზღვაა სადაც იხსნება, რომ მკითხველია ამ სამყაროს დემიურგი.

მნიშვნელოვანია ფრაზებიც, რომელსაც მთხრობელი თუ ვიდეოს პერსონაჟები ამბობენ – ამონარიდები ცნობილი ნაწარმოებებიდან.

ეს ვიდეო მშვენიერი რესურსია ლიტერატურის გაკვეთილისთვის, უამრავი საინტერესო აქტივობა შეგიძლიათ დაგეგმოთ,  ჯერ გამოაცნობინეთ ფრაზები ან დეტალები წიგნებიდან,  გამართეთ ვიქტორინა, ფურცლებზე დაწერილი კითხვებითა და პასუხებით,  ამოარჩიეთ წიგნები, რომლებიც ნახსენებია ვიდეოში და დაგეგმეთ მათი ( ასაკობრივად)  წაკითხვა, იმსჯელეთ პერსოინაჟებზე, რამდენად ზუსტად არის ამორჩეული რომელიმე პერსონაჟის შესაბამისი საეკრანო სახეები, თქვენ რას შეცვლიდით, ეთანხმებით თუ არა რეჟისორის არჩევანს.  მოამზადეთ პრეზენტაციები თქვენი არჩეული ნაწარმოებებისა თუ ავტორების შესახებ. ეცადეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად შეამჩნიოთ მეტი დეტალი, ეპიზოდი, მინიშნება თუ ლიტერატურული საგანი ამ ვიდეოში. მოიფიქრეთ, თქვენ როგორ ვიდეოს გადაიღებდით? მოამზადეთ სცენარი, რომელიმე ნაწარმოების ასეთი  მცირე ფორმატით წარმოდგენისთვის, აირჩიეთ გადასაღები სივრცე, იქნებ სამოყვარულო კამერით გადაღებაც მოახერხოთ? მერე ისევ ლიტერატურის გაკვეთილზე უყურეთ და განიხილეთ. ამ პროცესში სხვა საგნების ინტეგრირებაც შეიძლება, მეტიც, შეგიძლიათ სხვადასხვა ასაკის მკითხველებიც გააერთიანოთ.

შედეგიანი და სასარგებლო წიგნიერების გაკვეთილი გამოგივათ, ლიტერატურული პარალელებით, წარმოსახვითა და საინტერესო დისკუსიით გაჯერებული.

ელექტრობა – მისტიური და ამოუცნობი სამყარო

0

მოსწავლეთათვის ელექტრობის გაცნობა განსაკუთრებული გამოწვევაა მასწავლებლისთვის. მან უნდა შეამზადოს ისინი მისტიკურ და ამოუცნობ სამყაროში მოგზაურობისთვის, მეგზურობა და ფასილიტაცია გაუწიოს ამ რთულ და საინტერესო გზაზე.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები ძალებს მე-7 კლასში ეცნობიან, ხოლო ელექტრულ და მაგნიტურ ურთიერთქმედებას – მე-8 კლასში. მე-9 კლასში ეცნობიან გრავიტაციული მიზიდულობის ძალას. ამ დროს მათ აზროვნებაში მზადდება ნიადაგი ველების გასაცნობად. მე-10 კლასში მოსწავლეთა ცნობიერება უკვე მზადაა, შეიმეცნოს ველის კონცეფცია. მაგრამ მათ გონებაში ჯერ კიდევ მყარია აზრი, რომ მატერია არის ყველაფერი ის, რასაც ხედავენ. სინამდვილეში მატერიალურია ყველაფერი, რაც არსებობს სივრცეში და აქვს თვისებები.

– რატომ ცვივა საგნები ქვევით?

– ამას აკეთებს ველი, დედამიწის გრავიტაციული ველი, რომლის მეშვეობითაც დედამიწა მოქმედებს სხეულებზე. ველი მატერიის ერთ-ერთი ფორმაა.

შეიძლება ზოგიერთმა მოსწავლემ გამოთქვას მოსაზრება, რომ ეს „არაფერია“.

– თუ არაფერია, რატომ არსებობს კანონზომიერება, რომელიც არასდროს ირღვევა? ეს კანონზომიერება რომ არ იყოს, ჩვენ დედამიწაზე სიარულს ვერ შევძლებდით.

ამ მსჯელობის შემდეგ მოსწავლე ალბათ უკვე მიხვდება, რომ ველი მატერიალურია.

უფრო რთულია მოსწავლეებისთვის ელექტრული ველის ახსნა. ეს მართლაც მისტიკური სამყაროა. ველაპარაკებით ელექტრონზე, რომელიც არავის თვალით არ უნახავს.  ველზე, რომელსაც არც ფერი აქვს, არც გემო, არც ხილულია.

მოსწავლე  ყველაზე კარგად აღიქვამს მხოლოდ იმას, რასაც ნივთიერი სახე აქვს. იგი ყოველდღიურად უყურებს დედამიწის გრავიტაციულ ველში სხეულების ქვევით ვარდნას. ხოლო ელექტრულ ველს გრავიტაციულისგან განსხვავებით უცნაური თვისება აქვს: ზოგიერთი სხეული მიიზიდოს, ზოგიერთი კი განიზიდოს. რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსწავლემ ამ სამყაროს გასაღები მოუძებნოს?

პირველ რიგში, აუცილებელია მოტივაციის აღძვრა, რაც  ცხოვრებისეული მაგალითების  მოყვანით შეიძლება. მაგალითად, დავსვათ კითხვა, რომელიც მოსწავლეს ინტერესს აღუძრავს.  ელექტრული მუხტის შესწავლისას დევიდ ჰოლიდეის, რობერტ რეზნიკისა და ჯერლი უოლკერის ფიზიკის საფუძვლებში, რომელიც ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოებამ  2002 წელს მე-20 საუკუნის გამორჩეულ სახელმძღვანელოდ დაასახელა,  ბევრი სახალისო პრაქტიკის მაგალითია მოყვანილი. ნახატზე გამოსახული  ქალი სეკვოიას ნაციონალური პარკის გადასახედ მოედანზე იდგა, როდესაც მის თავზე საავდრო ღრუბელი ჩამოწვა.

 

  • რა დაემართა მას?

 

შევპირდეთ, რომ თეორიის შესწავლის შემდეგ ამ კითხვას გაეცემა პასუხი.

 

მოსწავლის გონებაში დამკვიდრებული აზრობრივი სქემები რომ ავამუშაოთ, საჭიროა  უცნობი დავუკავშიროთ ნაცნობს. ვახსენოთ, რომ ბუნება ერთიანია. არსებობს ანალოგიები, რომელთა საშუალებითაც მოსწავლე ადვილად დააკავშირებს მათ. მაგალითად, ერთმანეთს შევადაროთ გრავიტაციული და ელექტრული ველი. კარგი იქნება ვენის დიაგრამების გამოყენებით მსგავსებებისა და განსხვავებების ჩვენება. პროპორციულობის კოეფიციენტების შედარებით მოსწავლე პირველ აღმოჩენას გააკეთებს: გრავიტაციული მიზიდულობის ძალა ძალიან სუსტია ელექტრულთან შედარებით.

  • ნუთუ ძალა, რომელიც დედამიწას მზის გარშემო ამოძრავებს, ასეთი სუსტია?

ამ კითხვაზე საპასუხოდ შესთავაზეთ მოსწავლეს, ხელით ასწიოს კალამი და უთხარით, რომ ამ კალამს ერთი მხრიდან მთელი დედამიწა ეწევა, მეორე მხრიდან კი – მოსწავლე.

– ვინ აჯობა? – იგი გახარებული გიპასუხებთ, რომ თვითონ.

– აბა ვინ გამოიცნობს მეორე განსხვავებას? – ვიღაცას მაინც გაახსენდება გარემოს  დიელექტრიკული შეღწევადობა. აღმოჩნდება, რომ ელექტრული ველი ვაკუუმში მაქსიმალურია, გრავიტაციულისთვის კი გარემოს მნიშვნელობა არ აქვს.

მესამე განსხვავების დასაფიქსირებლად შევთავაზოთ თამაში: წარმოიდგინონ ვირტუალური სამყარო, სადაც მხოლოდ „დედამიწა“, წრეები, სამკუთხედები და ოთხკუთხედებია. ამ „დედამიწას“ საოცარი უნარი აქვს: მიიზიდოს სამკუთხედები და განიზიდოს ოთხკუთხედები. ხოლო წრეებზე არ იმოქმედოს. მოსწავლე მაშინვე მიხვდება, რომ სამკუთხედები დადებითად დამუხტული ნაწილაკებია, ოთხკუთხედები – უარყოფითად, ხოლო წრეები – ნეიტრალურია. ასეთი „დედამიწა“ უარყოფითად არის დამუხტული. განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეებს გაუჩნდებათ კითხვა:

– მაინც რატომ ჰგავს ეს ორი ძალა ერთმანეთს? – თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ,

– თუ ორ ძალიან მსგავს ადამიანს ხედავთ, იფიქრებთ თუ არა, რომ მათ საერთო წინაპარი ჰყავდა?

ამ საკითხზე უმჯობესია თვითონ მოსწავლემ მოიძიოს ინფორმაცია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებას ჯერ ყველა კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ფიზიკა ელოდება მომავალ ნიუტონებს და აინშტაინებს, იქნებ ისინი ჩვენი მოსწავლეები არიან, ინტერესით რომ უბრწყინავთ თვალები.

მოსწავლეებს კარგად უნდა გავათავისებინოთ ბუნების ფუნდამენტური კანონები. ვკითხოთ, სად უფრო დაცულად გრძნობენ თავს, ქვემოთ თუ რაიმე სიმაღლეზე, მაგალითად, ხეზე? ასევე სხეულები „თავს კარგად გრძნობენ“ რაც შეიძლება დაბლა, ენერგიის მინიმუმის პირობებში. ამას ძალდაუტანებლად აკეთებს ველი. ანუ ველი თუ ასრულებს დადებით მუშაობას, სხეულთა სისტემის პოტენციური ენერგია კლებულობს. პოტენციური ენერგიის დანაკლისი კინეტიკურში და სითბოში გადადის. ამ სამყაროში არაფერი არ იკარგება, უბრალოდ, ფორმას იცვლის. რაც შეეხება ენერგიის გარდაქმნას ელექტრულ ველში, მოვიშველიოთ ჩვენი თამაში – „ვირტუალური სამყარო“.

– სამკუთხედი მოდის „დედამიწისკენ“. როგორ მუშაობას ასრულებს „ვირტუალური“ ველი? – დადებითს, რადგან მას ეს უნდა.

– ზევით რომ მიდიოდეს? – ვიღაც იტყვის, რომ ეს შეუძლებელია, „დედამიწა“ ხომ სამკუთხედებს იზიდავს? – მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ასწიოს კალამი. კალამს ხომ შეუძლია ზევით წასვლა? ეს გრავიტაციულ ველს არ უნდოდა, მაგრამ ხომ მოვახერხეთ?

– რა მუშაობას ასრულებს ამ პროცესში დედამიწის გრავიტაციული ველი? – უარყოფითს.

– მაშინ რა მოუვა სამკუთხედის პოტენციურ ენერგიას, როცა „დედამიწიდან“ ზევით ავწევთ? – გაიზრდება.

– ოთხკუთხედის პოტენციურ ენერგიას, როცა იგი ზევით მიდის? – შემცირდება, რადგან ის ხდება, რაც ველს უნდა.

მაშასადამე, დადებითი მუხტი თუ მიდის დაძაბულობის მიმართულებით, ან უარყოფითი მუხტი თუ მიდის დაძაბულობის საპირისპიროდ, ორივე შემთხვევაში მათი  ველთან ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია მცირდება. ასეთი აქტივობით მოსწავლეები უფრო კარგად იგებენ ელექტრული ველის არსს.

ელექტრული ველის მახასიათებელია დაძაბულობა, რომლის ანალოგი მექანიკაში არის თავისუფალი ვარდნის აჩქარება.

 

ელექტროდინამიკაშიც შეიძლება მოვძებნოთ მექანიკურის ანალოგიური სიდიდეები. მაგალითად, ომის კანონის ახსნისას შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი ანალოგია:

– როდის დაგორდება ბურთულა?

– როდესაც მას მოვათავსებთ დახრილ სიბრტყეზე. რაც უფრო დიდია სიმაღლეთა სხვაობა, მით დიდ სიჩქარეს შეიძენს ბურთულა დახრილი სიბრტყის ფუძესთან.

ანალოგიურად, თუ ორ წერტილს ტოლი პოტენციალები აქვთ, დენი არ გაივლის. რაც დიდია პოტენციალთა სხვაობა, მით დიდია დენის ძალა. ახლა ვილაპარაკოთ წინააღმდეგობაზე. შევადაროთ  გლუვი და არაგლუვი დახრილი სიბრტყეების ფუძესთან ბურთულის სიჩქარეები. რაც მეტია ხახუნი, მით ნაკლებია სიჩქარე. ასევე, რაც მეტია წინაღობა, მით ნაკლებია დენის ძალა.

ელექტრული დენის დინება შეიძლება შევადაროთ წყლის დინებას მდინარეში.

– სად უფრო ადვილად გადის წყალი, გრძელ, ვიწრო მილში თუ განიერსა და ფართოში?

ამ მოსწავლე ხვდება, რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული გამტარის წინაღობა.

საინტერესოა, რა ანალოგია შეიძლება მოვიყვანოთ დენის წყაროს მოქმედების პრინციპის ასახსნელად. მე ჩემს გამოცდილებას გაგანდობთ. მოსწავლეებს ვეკითხები, უნახავთ თუ არა დეკორატიული ჩანჩქერი, საიდანაც წყალი სულ მოედინება. ვეკითხები,“საიდან მოდის წყალი?“ ისინი მპასუხობენ, რომ წყალი ცირკულირებს. ერთიანი მსჯელობით მივდივართ დასკვნამდე, რომ წყალი ზევით ადის გარე ძალის დახმარებით, ხოლო ქვემოთ ჩამოდის დედამიწის გრავიტაციული ველის საშუალებით. ანუ, წყალი რაღაც გარე ძალით  აგვყავს ზემოთ, ვანიჭებთ მას პოტენციურ ენერგიას, ხოლო ამის მერე ველი თვითონ ასრულებს მუშაობას. იგივე ხდება წრედში. დენის წყაროში გარე ძალები ასრულებენ მუშაობას, ხოლო ამ ენერგიას ველი ხარჯავს გამტარებში გავლისას, როგორც პატარა ჩანჩქერებზე  წყლის ჩამოვარდნისას. აქ ენერგიის მუდმივობაც ჩანს: თუ  გვინდა წყალი სულ ცირკულირებდეს, მას სულ უნდა ვაწვდიდეთ ენერგიას, მისი ზევით აზიდვის სახით. თუ გვინდა, რომ დენი სულ ცირკულირებდეს, მუდმივად  უნდა შევინარჩუნოთ პოტენციალთა სხვაობა. ზუსტად ამას აკეთებს დენის წყარო.

დაბოლოს, უნდა მივუბრუნდეთ ადრე დასმულ შეკითხვას, და ვთხოვოთ მოსწავლეებს, არსებული ცოდნის საფუძველზე გასცენ  პასუხი კითხვაზე:

– რა დაემართა სურათზე გამოსახულ ქალს?

– მისი სხეულის გამტარობის ელექტრონების ნაწილი ღრუბლის უარყოფითი მუხტის გავლენით მიწაზე გადავიდა და ქალი დადებითად დაიმუხტა. დადებითად დამუხტულმა თმის ღერებმა ერთმანეთი განიზიდეს.

ამგვარად, ასეთი აქტივობები  ააქტიურებს მოსწავლის შემეცნებას. ანალოგიები მუშაობენ როგორც აზრობრივი სქემები, რის საშუალებითაც ხორციელდება გაგების აქტები. მასწავლებელი სწავლის პროცესში ფასილიტატორია. იგი ამზადებს მოსწავლეს, შეიმეცნოს ახალი, მისტიური სამყარო, რომელიც უამრავ საინტერესო მოვლენას ახდის ფარდას. ამ გზით ცოდნა უფრო ორგანულად შემოდის მოსწავლის გონებაში და საჭირო დროს მისი გააქტიურება ადვილია.

 

ლიტერატურა:

1.Fundamentals of Physics, David Halliday, Robert Resnick, Jearl Walker

  1. Силы в природе, В.Григорьев, Г.Мякишев

 

 

 

ინტერაქტიული სავარჯიშოების გამოყენებით დაგეგმილი სამოდელო გაკვეთილი

0

ეფექტური გაკვეთილი ყოველთვის უნდა იყოს  შედეგზე ორიენტირებული. დასახული მიზნის შესაბამისი შედეგის მისაღებად აუცილებელია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების აქტიური ჩართვა. აქტიურობა არ უნდა გულისხმობდეს მოსწავლის ქაოსურ მოძრაობას, მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სასწავლო მიზანთან. მოსწავლე აქტიური ვერ იქნება, თუ მას არ შევთავაზეთ მისი ასაკისა და ინტერესების შესაბამისი სავარჯიშოები. მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებისა და შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გაკვეთილზე ინტერაქტიული სავარჯიშოების მიზნობრივი გამოყენებაა. ეს სავარჯიშოები განსაკუთრებით კარგია სწავლების დაწყებით საფეხურზე. თანამედროვე ტექნოლოგიები და ონლაინინსტრუმენტების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო, შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული გავხადოთ.

გადავწყვიტე, მესამე კლასში ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელზეც გამოვიყენებდი ინტერაქტიულ სავარჯიშოებს. ინტეგრირებული საგნები იყო ქართული ენა და ბუნებისმეტყველება. სპეციალურად ამ გაკვეთილისათვის შევქმენი ინტერაქტიული სავარჯიშოები www.LearningApps.org-ის გამოყენებით. ციფრული რესურსების პორტალის დახმარებით შექმნილმა სავარჯიშოებმა დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. თემის შერჩევისას გავითვალისწინე ის, რომ ქართულ ენაში ასახსნელი ლექსი უშუალო კავშირში იყო ბუნებისმეტყველების საკითხებთან. ჩავთვალე, რომ ბუნებისმეტყველებასთან საკითხების გახსენება ხელს შეუწყობდა ტექსტის გაგება-გააზრებას და მოსწავლეებს საგანთა შორის კავშირის დანახვაში დაეხმარებოდა. ამასთან, ინტერაქტიული სავარჯიშოების მოხერხებული გამოყენება გაკვეთილზე სასწავლო მიზნის მისაღწევად სიახლეა და კოლეგებისთვის გაზიარება დავაპირე. კომპიუტერმა საშუალება მომცა საგანთა შორის ინტეგრირება უფრო თვალსაჩინო გამეხადა.

გთავაზობთ  გაკვეთილის გეგმის ნიმუშს.

საგნები: ქართული ენა/ ბუნება

სწავლების საფეხური/კლასი: მე-3 კლასი

გაკვეთილის თემა: ქართული – ხალხური ლექსი ,,ცა და დედამიწა“

ბუნება – ,,მზე, დედამიწა, მთვარე “;

,,ბუნებრივი მოვლენები“ (განმტკიცება)

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ:

  • ბუნებისმეტყველების საკითხების გახსენება-განმტკიცებას და ქართული  ენის გაკვეთილზე შესასწავლ საკითხთან დაკავშირებას;
  • ტექსტის ხმამაღლა, პაუზისა და სასვენი ნიშნების დაცვით წაკითხვას, როლებად წაკითხვას და გაგება-გააზრებას;
  • მზის და მთვარის მარტივ დახასიათებას; მათთვის ნაცნობი ბუნებრივი მოვლენების მარტივ აღწერა-დახასიათებას;
  • ინტერაქტიული სავარჯიშოების შესრულებას და საგნობრივი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებას.

               ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა. 

               ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.   

  ბუნ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მზისა და მთვარის დახასიათება.

       ბუნ. III. 8.მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.

ე დღის

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1. შესავალი

(თემისა და მიზნის გაცნობა)

ვერბალური ახსნა მთელი კლასი

 

პლაკატი

 

 

2 წუთი
2. წინარე ცოდნის გააქტიურება

(ბუნებისმეტყველების საკითხების გახსენება)

კითხვა-პასუხი

 

მთელი კლასი

ჯგუფური

ელექტრონული რესურსი

გამოყენებული რესურსი

 

  10 წუთი
3.

 

 

 

ახალი მასალის ახსნა-

ტექსტის  კითხვა

საჩვენებელი /სამოდელო

კითხვა

მთელი კლასი  სახელმძღვანელო 3 წუთი
4. მოსწავლეთა მიერ ახალი ტექსტის კითხვა როლური კითხვა,

ინდივიდუალური კითხვა

მთელი კლასი სახელმძღვანელო 8 წუთი
5.

 

 

 

ტექსტის გაგება-გააზრება კითხვა-პასუხი

 

მთელი კლასი სახელმძღვანელო 2 წუთი
6.

 

 

 

ჯგუფური მუშაობა

 

ინტერაქტიული სავარჯიშოების გვერდზე (learningapps.org) არსებული შაბლონების მიხედვით მომზადებული დავალებები:

I ჯგუფი – თავსატეხი ,,შეამოწმე,როგორ გაიგე!“

II ჯგუფი – შესაბამისობა ,,ადგილი მოუძებნე მდებარეობის მიხედვით“

III ჯგუფი – ვიქტორიანა ,,უპასუხე კითხვებს“

IV ჯგუფი – შესაბამისობა ,,მოუძებნე წყვილი!“

V ჯგუფი – ვიქტორიანა

,,აბა ,გამოიცანი!“

 

ურთიერთსწავლება

 

 

4-მოსწავლიანი

5 ჯგუფი

 

 

 

 

კომპიუტერები

(learningapps.org-ინტერაქტიული სასწავლო დავალებების ონლაინ პროგრამის გამოყენება)

თამაში 1

თამაში 2

თამაში 3

თამაში 4

 

   10 წუთი
7. ჯგუფური დავალებების  განხილვა

 

ჯგუფების

პრეზენტაციები

ჯგუფური მოსწავლეების მიერ ელექტრონულად შესრულებული დავალებები 7 წუთი
8. გაკვეთილის შეჯამება           3-2-1 მთელი კლასი  

 

2 წუთი

 

9.

 

საშინაო  დავალება

 

ხალხური  ,,ცა და დედამიწა“

მთელი კლასი სახელმძღვანელო 1 წუთი

 

 

       გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იყო მიზანი და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. უნდა აღინიშნოს, რომ მიზნის შესაბამისი შედეგიც მივიღე. მოსწავლეებმა გაიგეს და გაიაზრეს ტექსტი, ხმამაღლა წაიკითხეს ის, დაიცვეს პაუზა სასვენ ნიშნებთან, დაახასიათეს და აღწერეს მათთვის ნაცნობი ბუნებრივი მოვლენები, მარტივად დაახასიათეს მზე, მთვარე, შეასრულეს ინტერაქტიული სავარჯიშოები, საგნობრივი ცოდნა დააკავშირეს ერთმანეთთან.

გაკვეთილზე გამოყენებულმა ინტერაქტიულმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში საგანთაშორისი კავშირის დანახვას და უფრო ეფექტური გახადა საგაკვეთილო პროცესი, ხელი შეუწყო სასწავლო მიზნის მიღწევას, გააადვილა გაგება-გააზრების პროცესი, მოსწავლეებს გაუღვივა ინტერესი, მიმზიდველი გახადა დავალებების შესრულების პროცესი. გაკვეთილმა აგრეთვე  ხელი შეუწყო თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარის, მრავალფეროვნების მიღებისა და შეგუების უნარის განვითარებას, მოსწავლეთა მაქსიმალურ და ხალისიან  ჩართვას სასწავლო პროცესში.

 

 

 

სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება

0

„ამას ხომ მეც ვაკეთებ? “ – ხშირად მსმენია კოლეგებისგან  მსგავსი ტიპის კომენტარი, როცა რაღაც ნაცნობ მეთოდსა თუ  აქტივობას აღმოაჩენენ. და, რა თქმა უნდა, არც ცდებიან. თუ დავაკვირდებით მარტივი მისახვედრია. უბრალოდ, რაც აქამდე არ ვიცოდით,  ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, გვინდა თუ არ გვინდა, 21-ე საუკუნეა და თანამედროვეობას ფეხი უნდა ავუწყოთ. ვისაუბროთ და ვაკეთოთ ის, რაც ჩვენს მომავალ თაობას გამოადგება. რაც არ უნდა ვთქვათ, ვიქილიკოთ და ვიწუწუნოთ სქემის ავ-კარგიანობაზე, მისი არსებობის ერთ-ერთი დადებითი მხარე  სწორედ ის არის, რომ ჩვენ, მასწავლებლები, ყველა ერთსა და იმავე ენაზე აგვალაპარაკა. ჩვენთვის ნაცნობი გახდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა ტრანსფერი, გამჭოლი კომპეტენცია, კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი, კვლევა, სემიოტიკა, ინტეგრირება და სხვა მრავალი. ამდენ უცხო სიტყვათა კორიანტელში ძნელია ყველაფერი გაიგო, გაიაზრო, მით უმეტეს – პრაქტიკას მოარგო. მაგრამ ვცდილობთ მაინც. ყველაფერი კი იქიდან იწყება,  რომ ჯერ  უცხო საგანმანათლებლო ტერმინის განმარტებას ეძებ, ცდილობ, შენებურად განმარტო და თუ მოგეწონა სასკოლო ცხოვრებაშიც გამოსცადო.

ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ტერმინი იყო სემიოტიკა. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ახალი აღმოვაჩინე, მაგრამ საგნების  სხვა კუთხით დანახვა კი ნამდვილად შემაძლებინა.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ: „სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარი“. ვრწმუნდები, რომ პედაგოგმა მის განვითარებაზე ზრუნვა სწავლების საწყის ეტაპზევე უნდა დაიწყოს. თან ეცადოს, როგორ დაგეგმოს.

ძუძუმწოვრების თემა ეს-ესაა დავასრულეთ. მიღებული ცოდნის შეჯამება კი თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით მარტივად შესაძლებელია, თუ ბავშვები დიაგრამებზე და პიქტოგრამებზე იმუშავებენ. ამით ხომ მათ განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, სემიოტიკური კომპეტენცია, შეძლებენ საყვარელი შინაური ძუძუმწოვრის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას; მოცემული ინფორმაციის ცხრილში შეტანას, პიქტოგრამისა და დიაგრამის სახით წარმოდგენას, წაკითხვას. მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო კითხვებზე პასუხის გაცემასა და კითხვების მოფიქრებას. მეტიც, ამ ყველაფერს თუ ჰეტეროგენულ ჯგუფებში დავგეგმავთ, ხელს შევუწყობთ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

გადავხედე მესამე კლასის მათემატიკის სტანდარტსა თუ მოთხოვნებს,  და…

აი ასე ვგეგმავ გაკვეთილს, მოვარგებ მიზნებს, დავწერ შესაბამის აქტივობებს. მგონია ერთი მორიგი, ჩვეულებრივი გაკვეთილია და აღმოვაჩენ, რომ თურმე სამოდელოა. მეტიც, თუ ერთს კიდევ გადავავლებ თვალს და ხელს შევავლებ, შევამჩნევ,  რომ სხვა საგანთანაც შეიძლება მისი ინტეგრირება. ყველაფერი მარტივად და თავისთავად ხდება. საბოლოოდ კი ისეთი გაკვეთილის გეგმა შემოგეწერინება, რომელიც ინტეგრირებულია, გამჭოლი კომპეტენციის განვითარებაზე მორგებული, საინტერესო და რუტინული გაკვეთილისგან განსხვავებულიც.

უცებ მოლოდინის რეჟიმი ავტომატურად გერთვება. წარმოიდგენ, როგორი ინტერესით შემოგცქერიან მოსწავლეები, როგორ ებმებიან მუშაობაში, როგორ გამოხატავენ  გაკვეთილის ბოლოს მოწონებას და სიამოვნებისგან გეღიმება. აქვე იმასაც აცნობიერებ, რომ რესურსის მომზადება ცოტა რთულია. მეტ დროს, შრომასა და ენერგიას მოითხოვს (და არა მარტო, ცოტა ფინანსურ დანახარჯსაც), მაგრამ არად აგდებ და საკუთარ თავს არწმუნებ: „თუ გინდა, რომ გაკვეთილი ვიზუალურად ეფექტური და მოსწავლისთვის მიმზიდველი იყოს, ეს უნდა გააკეთო, ისინი ხომ მესამეკლასელები არიან. ასაკობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით კი იცი, რაოდენ დიდი ძალა და შედეგი აქვს ამ ეტაპისთვის ვიზუალურ თვალსაჩინოებებს“. ამიტომ ვიწყებ რესურსზე მუშაობას. დაწყება რთულია, მერე ყველაფერი მარტივდება. სახელმძღვანელოსა და ინტერნეტ-რესურსის დახმარებით ინფორმაციას მარტივად მოვუყარე თავი და სამუშაო მასალა თვითშეფასების ცხრილებთან ერთად ხუთივე ჯგუფისთვის გავამზადე.

(რესურსი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე https://drive.google.com/file/d/10_KXgRR0tO-TmlYaAn8lRwDL_sP_v7P9/view?usp=sharing)

გაკვეთილი დაიწყო. ყველაფერი იმაზე უკეთ განვითარდა, ვიდრე ველოდი. მთავარ კითხვაზე – როგორ გგონიათ, შესაძლებელია თუ არა ძუძუმწოვრების შესახებ ინფორმაციის მათემატიკურად დალაგება ან წარმოდგენა? – მოსწავლეთა პასუხი ზუსტი და კონკრეტული იყო: „დიახ, ჩვენ შეგვიძლია მათი კლასიფიცირება აგებულების, საარსებო გარემოსა და  კვების  მიხედვით“. მოდელირებისთვის  ვცდილობ, მოსწავლეებს დავუსვა შეკითხვა – როგორი ტიპის დავალებები (არითმეტიკული მაგალითები, განტოლებები, მარტივი ამოცანები, ლოგიკური ამოცანები, გეომეტრიული ამოცანები) მოგწონთ ყველაზე მეტად მათემატიკაში?. ბავშვები მპასუხობენ, მონაცემები შემაქვს ცხრილში რაოდენობრივად. მათ კი ვთავაზობ, შეარჩიონ სიმბოლო და მისი შესატყვისი რაოდენობა, რათა შევქმნათ პიქტოგრამა. რატომღაც სიმბოლოდ ვარსკვლავს ირჩევენ და მთავაზობენ ერთი ვარსკვლავი 2 მოსწავლეს ნიშნავდეს. თან იმასაც მკარნახობენ, სადაც კენტი რაოდენობაა, იქ ნახევარი ვარსკვლავი დავხატოთო. სვეტოვანი დიაგრამის თითოეული სვეტიც მარტივად აღმართეს საჩვენებლად. ანალიზიც გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა ყველაზე ნაკლებად მოსწონთ. ბოლო შეკითხვაზე – თუ რაში შეიძლებოდა მე, როგორც მასწავლებელს, დამხმარებოდა მსგავსი გამოკითხვა – ერთ-ერთმა მოსწავლემ მაშინვე აღნიშნა: „ალბათ იმაში, რომ თქვენ მერე სახლში გეომეტრიული სამუშაოები დაგეგმოთ და  ჩვენ გვამუშაოთო“. ეს იყო წუთი, როცა  გავიფიქრე – „ევრიკა“.

ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე ჯგუფებად გადანაწილებულიყვნენ. დავალებები შემდეგნაირად  მივეცი:

I ჯგუფი

 

II ჯგუფი

III ჯგუფი

 

IV ჯგუფი

V ჯგუფი

ვიდრე მუშაობას შეუდგებოდნენ, ვთხოვე, პირველი ჯგუფისთვის გაეწიათ დახმარება და ინსტრუქციის მიხედვით მათ გამოკითხვაში მიეღოთ მონაწილეობა. გამოკითხვა ჩაატარეს. ჯგუფის წევრები მონაცემებს ითვლიდნენ და ინიშნავდნენ. საბოლოოდ კი ყველა ჯგუფმა ერთსა და იმავე დროს დაიწყო მუშაობა. ამისთვის განკუთვნილი 15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა. იმუშავეს საინტერესოდ, აზარტულად, თუმცა თავდაჭერილად. წარდგენას ერთი პრეზენტატორი აკეთებდა. შეფასებები კი სხვადასხვაგვარი იყო. თავდაპირველად მე თანდართული რუბრიკის მიხედვით შევაფასე. შემდეგი ორი ჯგუფის შეფასება მასწავლებლის მსგავსად თანატოლებს ვთხოვე. ბოლო ორი ჯგუფის წარმომადგენლებს კი შევთავაზე, გაეკეთებინათ თვითშეფასება. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მოტივაციის ასამაღლებლად თითოეული ჯგუფის ნამუშევარს სხვადასხვა ცხოველის წებოვან გამოსახულებას ვაკრავდი. შეუძლებელია ამ საჩუქრით გამოწვეული აციმციმებული თვალების დავიწყება. ეს კმაყოფილება გაკვეთილის შეფასებაშიც გამოჩნდა, რადგან გაკვეთილის დასასრულ მოსწავლეებს ვთხოვე აწეული, ნახევრადაწეული ან დაბლა დაშვებული ცერებით ეჩვენებინათ, მოეწონათ თუ არა გაკვეთილი, რომ ამ გამოკითხვის შედეგები დიაგრამაზე დაგვიტანა. აწეული ცერების სვეტი თითქმის 10-ჯერ აღემატებოდა ნახევრად აწეული ცერებისას.

გაკვეთილი საშინაო დავალების მიცემით დასრულდა, რაც შემდეგს გულისხმობდა – ბავშვებს უნდა შეედგინათ კითხვარი მათთვის სასურველ თემაზე, ჩაეტარებინათ გამოკითხვა ოციოდე ადამიანთან ან მოსწავლესთან და მონაცემები წარმოედგინათ ცხრილის, პიქტოგრამისა და დიაგრამის სახით. მოეფიქრებინათ ასევე კითხვები ამ დიაგრამის ირგვლივ.

ზარი დროულად დაირეკა. მოსწავლეებმა დავალება ჩაინიშნეს და საკლასო ოთახიდან გავიდნენ მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად. მე კი დავრჩი საკლასო ოთახში და ვხვდებოდი, რომ იმავენაირად მეღიმებოდა, როგორც წინა დღეს, როცა გაკვეთილი დავგეგმე. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ გაკვეთილმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე ველოდი.

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

(გაკვეთილის სრული გეგმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – https://drive.google.com/file/d/1GqY8d6fUYG_kIYGj-_nA-pIDFl-bEe7k/view?usp=sharing).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;

2. ბლიაძე მ. ახვლედიანი რ., ბუნება, მოსწავლის წიგნი, მე-3 კლასი, II ნაწილი, „ბაკურ სულაკაური“, თბილისი 2018

,,რა ენა წახდეს…”

0

ილიას ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელ ტრიადაში ,,ენა, მამული, სარწმუნეობა” ენის პრიმატზე შეიძლება საუბარი. ერი აღიდგენს დაკარგულ სარწმუნოებას, ტერიტორიასაც, მაგრამ ენა თუ დაკარგა, მასთან ერთად გაქრება. მშობლიური ენა, გარემო აუცილებელია მენტალურად სრულყოფილი პიროვნების ფორმირებისთვის. გენეტიკური ფაქტორია და ადამიანი ყველაზე ბუნებრივად მშობლიური ენის კონსტრუქციებით აზროვნებს (ამიტომაა ორენოვნება ერთ-ერთი მძიმედ გადასალახი ფაქტორი თუნდაც ქართველი ემიგრანტებისათვის). გავიხსენოთ ლათინები, რომლებიც გაქრნენ საკუთარ მიწა-წყალზე, რადგან საკუთარი ენა და სარწმუნოება მთელ მსოფლიოს ასწავლეს, თვითონ კი დაივიწყეს. ახლა მათი ენა მკვდარია და კულტურის ძეგლებშიღა არსებობს. გავიხსენოთ ფერეიდნელი ქართველებიც, რომლებიც თავიანთი ენის შეძლებისდაგვარად  შენარჩუნებით ინარჩუნებენ ეროვნულ სახესაც. ,,პირველთაგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“. იოვანეს სახარების პირველივე ფრაზა ენის, მეტყველების განსაკუთრებულ ღირებულებაზე მიგვანიშნებს. სიტყვა როგორც შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის; სიტყვა როგორც ღვთიურობასთან ადამიანის მიახლოების ერთადერთი გამომხატველი; სიტყვა როგორც ღვთის ნების გამოცხადების ერთადერთი საშუალება – ენისადმი ასეთ დამოკიდებულებას თავისი საფუძველი აქვს. სამყაროს შეცნობა ადამიანს მხოლოდ ენით შეუძლია. ენა ამავდროულად პიროვნების სოციალური და ეროვნული ვინაობის გამომხატველია.”(ბ. ჯორბენაძე).

შესაბრალისია და შეუმდგარად აღიქმება ადამიანი, რომელიც მშობლიურ ენაზე საუბარს, წერასა თუ კითხვას ძნელად ახერხებს, რადგან მის ბუნებას რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი აკლია. პარადოქსებით სავსეა ეს სამყარო და არიან ადამიანები, რომლებიც უცხოეთშიც თითქმის პედანტური მომთხოვნელობით იცავენ საკუთარი ენის სიწმინდეს, არ ადუნებენ ამ მხრივ ყურადღებას, არ ანელებენ მშობლიურისადმი პატივისცემას და, პირიქით, სამშობლოშივე ენადავიწყებულებიც ბლომადაა, თუნდაც ისინი, ვისთვისაც ინგლისურია პრიორიტეტული, როგორც საერთაშორისო ენა და ქართული – უკვე მეორეხარისხოვანი. ეს ყოველივე შინაგანი კულტურის გამომხატველია, რომელიც სკოლიდან უნდა გამოუმუშავდეს ბავშვს. ნუ ვიტყვით, რომ პატრიოტიზმი არ ისწავლება. ისწავლება ყველაფერი, რაც ბუნებრივ მოცემულობასთან მოდის თანხვედრაში, მასზე დამყნობილი და ჰარმონიულია.

ახალს არაფერს ვიტყვი, თუ შეგახსენებთ, რომ დღევანდელობა, იქნება ეს პრესა თუ ტელევიზია, ან თუნდაც ჩვენი ყოველდღიურობა, მოიკოჭლებს ენის (სამეტყველო თუ წერის) კულტურის მხრივ, მივიწყებულია ლიტერატურული ქართული (რაც, ძირითადად,  წიგნთან გაუცხოებით აიხსნება), ენა გადატვირთულია უცხოენოვანი კონსტრუქციებით, ე.წ. ,,კალკებით”, ნეოლოგიზმებით, ბარბარიზმებით, ირღვევა გრამატიკული ნორმები და ყველაფერი ეს თითქოს მეორეხარსიხოვანია ჩვენს მძიმე რეალობასთან მიმართებით. მოკლედ, ჩვენი ენა ჩვენგანვე დაუცველი გახდა…

რა განაპირობებს დღეს ენობრივი ცოდნის სიმწირეს? საჭიროა ყურადღება მიექცეს აკადემიური წერის კულტურის განვითარებას. გავრცელებული მოსაზრება, რომ ქართველები  ისე ვწერთ, როგორც ვლაპარაკობთ და ისე ვსაუბრობთ, როგორც ვწერთ, სინამდვილეს არ შეესაბამება და არ მტკიცდება არც ძველი, არც თანამედროვე ქართული ენის მაგალითზე. სალიტერატურო ენის ნორმებსა და ცოცხალ მეტყველებას შორის გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს. სალიტერატურო ენის ნორმები კონსერვატიული ხასიათისაა, საუკუნეებს უძლებს, ცოცხალი მეტყველების ნორმები კი გაცილებით სწრაფად იცვლება. საუბარსა და წერას შორის ის სხვაობაა, რომ წერისას სწორედაც რომ სალიტერატურო ენის ნორმების სკრუპულოზური დაცვაა საჭირო.

სალიტერატურო ენისა და აკადემიური წერის სწავლას სკოლა უყრის საფუძველს. ზოგადად, ყველანი აღვნიშნავთ, რომ გაცილებით მომზადებული, ნიჭიერი თაობა მოდის, რომ მათ ჩვენთან შედარებით გაცილებით მეტი იციან, მეტი უნარი აქვთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ღირსეულად დახვდეს ამ გამოწვევას – იქცეს სწორედ ამგვარი ბავშვისთვის საინტერესო, მნიშვნელოვან, ახალი ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების შესაძენ, მაფორმირებელ ადგილად. საჭიროა, მასწავლებელმა სწორად განავითაროს ეს უნარები და სკოლამ მოსწავლეს შესთავაზოს ტრადიციებსა თუ თანამედროვეობაზე მორგებული სწავლება.

სამწუხაროდ, დღეს სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ნაკლები დრო ეთმობა ქართული ენის გრამატიკის შესწავლას. თან ნებაყოფლობითი და არჩევითია ისიც, ასწავლის თუ არა საერთოდაც გრამატიკას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.  ეს არასწორია, რადგან გრამატიკა საფუძველთა საფუძველია სალიტერატურო ენის, სწორი წერისა თუ მეტყველების ათვისების საქმეში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, ქართული  სალიტერატურო ენის ნორმების რღვევაა. ამას უამრავი მიზეზი აქვს. საიდან უნდა დავიწყოთ მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა? ბევრი, სავარაუდოდ, ხელს სკოლისაკენ, კონკრეტულად კი, ქართულის გაკვეთილებისაკენ გაიშვერს. ეს, რასაკვირველია, ბუნებრივია, ამიტომაც საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება და გვაქვს თუ არა სათანადო მექანიზმები თუ ბერკეტები. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ენის (ლინგვისტიკის) სისტემურად სწავლების შესაძლებლობა არ გვაქვს და იმ ფონზე, როცა აბსოლუტურად არაჯანსაღ ენობრივ გარემოში ვცხოვრობთ – ტელევიზია, რადიო, პრესა, ინტერნეტსივრცე – თითქოს ყველა ერთმანეთს ეჯიბრება უცნაური ენობრივი ფორმების (ლექსიკური, სინტაქსური თუ სტილისტური) გამოყენებაში, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ჩვენც უძლური ვხდებით ამ ბრძოლაში. უფრო მეტიც, თითქოს უხერხულადაც იქცა სალიტერატურო ქართულით საუბარი. ხშირად უთქვამთ, რომ არა მხოლოდ გრამატიკის სწავლებაზეა აპელირება საჭირო, არამედ სასურველია, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი მხატვრული ლიტერატურა წავაკითხოთ და ესაა საუკეთესო შედეგის მომტანი. თავისთავად ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სირთულეებს ვაწყდებით, რადგან ამ ბოლო პერიოდში თარგმნილი ლიტერატურა, რომელიც გაცილებით პოპულარულია ჩვენს მოსწავლეებში, ვიდრე კლასიკა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც თემატიკის, ვერც თარგმნის ხარისხისა და ვერც სალიტერატურო ენის ნორმების დაცვის მხრივ. თუმცა ამ მხრივაც ორიენტირი მასწავლებელი უნდა იყოს, როგორც გზამკვლევი, რომელმაც ბავშვი ფსევდოღირებულ ლიტერატურას უნდა ჩამოაშოროს.

ოჯახი და სკოლა ადამიანის თავდაპირველ სამეტყველო გარემოს წარმოადგენს, ჩვენი აზრით, სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეს ეკისრება პასუხისმგებლობა, მან უნდა გამოუმუშაოს მოზარდს მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო უნარები. 1939 წელს გამოვიდა აკაკი შანიძის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელიც მთლიანად სისტემურობის პრინციპზე იყო აგებული. 1948 წლიდან იგი ორ ნაწილად გაიყო, პირველში შევიდა ფონეტიკა და მორფოლოგია მართლწერის საკითხებითურთ, მეორეში – სინტაქსი. წიგნს ახლდა სავარჯიშოები, რომელთა შედგენაში მონაწილეობდნენ: ი. გიგინეიშვილი, ი. იმნაიშვილი, ლ. კვაჭაძე. სახელმძღვანელო ყოველწლიურად იხვეწებოდა და ივსებოდა. 1962 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მან გაიმარჯვა და XXI საუკუნის დასაწყისამდე იგი იყო ძირითადი, ხოლო 10-იან წლებამდე ერთ-ერთი სახელმძღვანელო. 2006 წლიდან ამოქმედდა ეროვნული სასწავლო გეგმა. მართალია, მასში არ იკითხება პირდაპირი მოთხოვნა ქართული ენის სწავლების ფორმის შეცვლის, ან თუნდაც ქართული ენის, როგორც ცალკე სასწავლო დისციპლინის, გაუქმების შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროიდან ბევრი რამ შეიცვალა. ნელ-ნელა, ეტაპობრივად,

ვიღებთ ცოდნის დაბალ დონეს. მშობლიური ენის გრამატიკული სისტემის ცოდნა ხომ ადამიანის განათლებისთვის აუცილებელია. ინტეგრირებული სწავლებისას სისტემური მიდგომა ნაკლებად ხერხდება. ,,გრამატიკის გერის როლში ყოფნა“ – სწორედ ეს არის უმთავრესი პრობლემა ქართული ენის სწავლებისას. თავდაპირველად ზოგიერთ კლასში, შემდეგ კი სამივე საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება გახდა ინტეგრირებული, საბოლოოდ კი, 2011 წლიდან ქართული ენა, როგორც ცალკე სასწავლო დისციპლინა, საერთოდ გაუქმდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გრიფირებული სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, ნათელა მაღლაკელიძე, გრამატიკის სწავლების აუცილებლობას ასე ხსნის: ,,გრამატიკული მასალის სწავლებას დიდი პრაქტიკული დანიშნულება აქვს – იგი ემსახურება სათანადო ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური ჩვევების ფორმირებას, რაც საბოლოოდ მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის დახვეწისკენ არის მიმართული. გრამატიკული წესების ცოდნის გარეშე მოსწავლეს უჭირს სიტყვის სწორად დაწერა, სასვენი ნიშნების ხმარება, ფრაზისა და წინადადების მართებულად აგება. მაგრამ მიზანია არა ამ წესების მექანიკური გაზეპირება, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. როგორც ანტონ I აღნიშნავს, ,,ღრამატიკა არს შემძლებლობა მართლ უბნობად და მართებულ წერად“.

უნდა ითქვას, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში, ინტეგრირებული სწავლებიდან გამომდინარე, ცოდნის სისტემურობისა და თანმიმდევრულობის პრინციპი დარღვეულია. ის, რომ ქართულ ენას, როგორც დამოუკიდებელ დისციპლინას, საათი აღარ ეთმობა, იწვევს უყურადღებობას მშობლიური ენისადმი, რაც თავისთავად განაპირობებს სალიტერატურო ენის უცოდინრობას. მე-10 კლასში, ძირითადად, შემოტანილია ძველი ქართული ენის საკითხები, ასევე არასისტემურად ისწავლება სტილისტიკაც, წერის სტრატეგიები, როგორ დაიწეროს ესეი, რეფერატი და ა.შ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად კი აუცილებელია გრამატიკული მასალის საფუძვლიანი ცოდნა. სამწუხაროა, რომ სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული ან სინტაქსური შეცდომებისა თუ სტილისტური ხარვეზების ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან  გრიფირებულ წიგნებში არსებული რამდენიმე სავარჯიშო, რომლებიც გულისხმობს ენობრივად გაუმართავი ტექსტების გასწორებას, არ არის საკმარისი და მხოლოდ პრაქტიკული მუშაობით, თეორიის გარეშე გრამატიკის სწავლით, საფუძვლიანი ცოდნის მიღება შეუძლებელია. სწორედ ამიტომაა, რომ მეთორმეტე კლასელთა აბსოლუტური უმეტესობა საგამოცდო პროგრამის შესასწავლად მიმართავს რეპეტიტორებს.

აი, რა ცხადყო მოსწავლეთა და მასწავლებელთა ამ საკითხისადმი დამოკიდებულების დასადგენად ჩატარებულმა კვლევამ,: კითხვაზე – უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული ენა ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, უნდა ეთმობოდეს თუ არა მას ცალკე საათები საშუალო სკოლის მესამე საფეხურზე (X, XI, XII), გამოკითხულ მასწავლებელთა 94%-ისა და აბიტურიენტთა 98%-ის პასუხი იყო დადებითი. ყველაფერი ზემოჩამოთვლილის გათვალისწინებით კი გამოსავალი შემდეგია: შესამუშავებულია თეორიულ მასალაზე დამყარებული გრამატიკის სასკოლო პრაქტიკული კურსი, მინიმუმ, საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის, შესადგენია სახელმძღვანელო (რა თქმა უნდა, ჩვენი კორიფეების მემკვიდრეობაზე დაყრდნობით), გასათვალისწინებელია მასწავლებელთა და მოსწავლეთა სურვილი – დაეთმოს საჭირო დრო ქართული ენის, როგორც დამოუკიდებელ დისციპლინის შესწავლას.

სამყაროს დროის მარადიულ წრებრუნვაში იცვლებიან თაობები, მაგრამ ბევრი რამ რჩება უცვლელი  – თუნდაც ,,მამათა და შვილთა” ანტაგონიზმი და ძველი თაობის უკმაყოფილება ახლით. თუმცა ეს თანამედროვეობის მოცემულობას ნაკლებად ცვლის: ჩვენ არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა გვყავს, სწორი ორიენტირებით. თუმცა ასეთი ყოველთვის ნაღებია და არ ემორჩილება მიზანმიმართულ მავნე ზეგავლენებს, ღირებულებათა აღრევის მცდელობებს.  ამის პირობას კი განათლება ქმნის, რომელიც ქვეყნის ისტორიის ცოდნასაც გულისხმობს. თუნდაც 1978 წლის მოვლენების გააზრებას, როცა სწორედ სტუდენტობამ გადაარჩინა საქართველო ენის დაკარგვას. დღევანდელებსაც მათი ,,წყალი გადასხმოდეთ” ენისა თუ ქვეყნის სიყვარულში…

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქართული ენის სწავლების პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, ნათია ფურცელაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის (ქვედარგი – ლიტერატურული ურთიერთობები) პროგრამის დოქტორანტი)

ანათემა

0

1933 წლის 27 მარტს მოევლინა ქვეყნიერებას შემთხვევით, არასასურველი ბავშვივით. მის შემქმნელებს გიბსონსა და ფოსეტს ძალიან უნდოდათ, მათი პირმშო წითური ყოფილიყო, მაგრამ ავტოკლავმა უმტყუნა – გახვრეტილი აღმოჩნდა და მთავარი კომპონენტი გარეთ გამოიფრქვა, ამიტომ ორშაბათს დილით ძირითად აპარატს თავი რომ ახადეს, წითლის ნაცვლად თეთრი, ფერმკრთალი, რბილი, უსახური მასა დახვდათ. მართალია, ერთი წლის შემდეგ დაბადების მოწმობაც აუღეს, მაგრამ წელის მოსამაგრებლად და ფეხზე დასადგომად მთელი ოცი წელი დასჭირდა.  ნატა-ციგლერის წამალმა უშველა. თავიანთი გამოგონებისთვის მათ ნობელის პრემიასაც კი გამოჰკრეს ხელი, ხოლო პირველ შემქმნელებს შინაურებშიც არ იცნობს ბევრი.

დღეს ის უკვე ოთხმოცდაექვსი წლისაა, თუმცა ასაკი მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. მასზე ბევრად უხუცესებიც არიან, ჯერ კიდევ მუხლჩაუხრელად რომ იღვწიან ერისა და ბერის სასიკეთოდ. მასაც შეეძლო, მაგრამ მისმა უკვდავებამ დააშინა მავანნი და ანათემას გადასცეს.

იცანით? ვერა? ეს პოლიეთილენია.

მისი ცხოვრება ერთობ საინტერესოა და ფათერაკებით სავსე. ორი წლისა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომმა იქ მოუსწრო. უნიკალური თვისებების – სიმსუბუქის, გამძლეობისა და ტენგაუმტარობის გამო მკაცრად გაასაიდუმლოეს. ჯერ წყალქვეშა ნავების „შესაფუთად“ იყენებდნენ. მერე აღმოჩნდა, რომ ავიაციაშიც დიდი მომავალი ჰქონდა…

ომიდან დემობილიზებულმა, საერო ცხოვრებას მიჰყო ხელი. ნატასა და ციგლერის კატალიზატორმა სულზე მიუსწრო. წელში გაიმართა – გაჩნდა ე.წ. მაღალი წნევის პოლიეთილენი, უფრო მტკიცე და უფრო მედეგი.

მას შემდეგ სად აღარ ნახავდით მას. მარტივი და ერთგვაროვანი აღნაგობის გამო ვერც ტენი აშინებდა, ვერც აგრესიული ქიმიური ნივთიერებები და დენის მიმართაც საკმაოდ ინდიფერენტული იყო, ამიტომ მისი წყალობით შევძელით, ყუთების დასამზადებელ ხის მასალაზე უარი გვეთქვა, საკვები თუ აგრესიული ნივთიერებები უსაფრთხოდ გადაგვეზიდა და შეგვენახა პოლიეთილენის ავზებით, წყლისა და ბუნებრივი აირის გაყვანილობაში ტლანქი, ძნელად დასამორჩილებელი და კოროზიისადმი მიდრეკილი რკინის მილები პლასტმასით შეგვეცვალა, ხოლო იქ, სადაც რკინაზე უარი ვერ ვთქვით, გარედან დამცავ აპკად შემოვაკარით სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. დღევანდელ ელექტრულ-ციფრულ ეპოქაში როგორი წარმოსადგენია ელექტროსადენები თუ ელექტრომოწყობილობები ელექტროიზოლაციის გარეშე? აქაც პოლიეთილენმა გვიშველა და საშუალება მოგვცა, ტექნოლოგიური პროგრესის გზაზე სწრაფი ნაბიჯებით გვევლო წინ. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო იხვეწებოდა მისი წარმოება. ბოლოს ისე გაიაფდა, ერთჯერადი პარკების უფასოდ დარიგება დავიწყეთ. და მოხდა ის, რაზეც რუსთაველი იტყოდა: „ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირადო“. ადვილად დავივიწყეთ მისი დამსახურება. უფრო მეტიც – გავუწყერით პოლიეთილენის პარკს და მთელი მისი საგვარეულო ანათემას გადავეცით. სად არის ლოგიკა? ოჯახში ერთი შვილი რომ ავაზაკი იყოს, ამისთვის მთელ გვარს უნდა ავუმძრახდეთ? პოლიეთილენისგან მარტო პარკები ხომ არ მზადდება, ან ქარიანი ამინდის შემდეგ ხეებზე რომ პარკები კიდია, პოლიეთილენის ბრალია? ჩვენი დანაშაულის აღიარება გაგვიჭირდა და დაბალი ღობე ვიპოვეთ…

დღეს უკვე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, რომ პოლიეთილენი ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს. ამაზე გაჰკივის არა მარტო მასმედია, უკვე სამთავრობო (საერთაშორისო მასშტაბით) ტრიბუნებიდანაც ისმის გამოძახილი. სკოლებშიც აქტიურად დავიწყეთ ამის სწავლება. მოკლედ, ყველას, დიდსა თუ პატარას, ჩინიანს თუ უჩინოს, პოლიეთილენი აკერია პირზე. მაგრამ, ამავე ლოგიკით, რატომ არაფერს ვამბობთ პოლიპროპილენზე ან თუნდაც მინაზე? მათაც ასეთივე დიდი რაოდენობით აწარმოებენ და ისინიც ისეთივე იხტიბარგაუტეხელნი არიან ჟამთასვლის მიმართ.

ეკოლოგია წონასწორული პროცესია და მისი ცალმხრივი შეფასება უაღრესად არასწორია. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო, ჯერ კიდევ როდის უთქვამთ… მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ. 1 ტონას ხე საშუალოდ 10-15-წლიანი ზრდის შემდეგ აღწევს. მისგან 430-450 კგ ქაღალდის დამზადება შეიძლება. ერთი ქაღალდის პარკის წონა 4.5 გრამია. აქედან გამომდინარე, ერთი ტონა ხისგან შეიძლება 100 000 პარკი დამზადდეს. შთამბეჭდავი რიცხვია? დადექით რომელიმე დიდი მაღაზიის სალაროსთან და დათვალეთ, რამდენი 10 წლის ხე იყიდება დღის განმავლობაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: პოლიეთილენის მასალასთან შედარებით ქაღალდის პარკების ეკოლოგიურობა მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილმა არასწორად აღიქვა. ბევრს ჰგონია, რომ ქაღალდის პარკი ჯანმრთელობისთვის ნაკლებსაზიანოა, რადგან ხე ბუნებრივი მასალაა. სინამდვილეში პარკი ხისგან კი არა, ქაღალდისაგან მზადდება, ხოლო ქაღალდი მარტო ხე არ არის. ის გაცილებით მეტ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე პოლიეთილენი. პოლიეთილენი ანათემას სწორედ მისი მდგრადობისა და ინერტულობის გამო გადავეცით.

 

…დღეს ქალაქში აქ-იქ უკვე შეხვდებით სხვადასხვა ნედლეულისთვის განკუთვნილ ნაგვის ურნებს. მერე რა, რომ ჩვენ მიერ დიდი რუდუნებით დახარისხებულ ნაგავს ისევ ერთ დიდ ნაგავსაყრელზე ყრიან… ნაგავი ჩვენს ცნობიერებაში ჯერ კიდევ უსარგებლო მყრალი მასაა. დროა, მისი პატივისცემა ვისწავლოთ. მასში უამრავი მოლეკულა და ენერგიაა, რომლებიც შეიძლება უკან დავიბრუნოთ. კონსტანტინე კაპანელი ერთგან ამბობს: „ის, რაც დღეს სანაგვეზე ყარს, ხვალ თეთრ ზამბახად გაიშლებაო“. რაც უფრო მალე დავაფასებთ მას, მით უფრო მალე აყვავდება ზამბახი.

ტაქტილი, ლორმი, ბრაილი – სამი სხვა ქართული ანბანი სმენისა და მხედველობის დარღვევების მქონეთათვის

0

მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, სმენისა და მხედველობის დარღვევების მქონე ადამიანებთან საურთიერთობოდ ტაქტილისა (tactile) და ლორმის (LORM) სისტემურ ანბანებს იყენებენ. მათ შეხების/ტაქტილური მეთოდი აერთიანებთ. განსხვავება ისაა, რომ ტაქტილი ხელისგულზე გამოსახვას გულისხმობს და დარღვევის მქონე ადამიანის მიერ მისი აღქმა-დეკოდირებისთვის ხანგრძლივი შეხებაა საჭირო, გაცილებით ხანგრძლივი, ვიდრე ლორმის შემთხვევაში, რომელიც წერტილოვანი და სწრაფია.

ბრაილის ანბანი კი მხოლოდ წერილობითი მეტყველებისას გამოიყენება. მას ფურცელზე ან სხვა საგანზე გამოსახავენ ექვსწერტილოვანი ტვიფრით. ეს კითხვისა და წერის ტაქტილური სისტემაა, რომელიც ლუი ბრაილმა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში შექმნა ლათინური ანბანის რიგზე დაყრდნობით. პირველი ასოების აღსანიშნავად მან გამოიყენა ექვსწერტილის ზედა და შუა წერტილები, მომდევნოთა აღსანიშნავად დაამატა ქვედა წერტილი ჯერ მარცხნიდან, მერე – მარცხნიდან და მარჯვნიდან, მერე – მარჯვნიდან. დღესდღეობით ამავე ექვსი წერტილის კომბინაციით და სპეციალური ნიშნების დამატებით აღინიშნება ციფრები, სასვენი ნიშნები, მათემატიკური, ქიმიური და სანოტო ნიშნები. ექვსი წერტილის სხვადასხვა კომბინაციით ხდება ქართული ანბანის ასოების აღნიშვნაც.

ჩვენს წინა წერილებში გეოლორმის[1] შესახებ ვისაუბრეთ, ამჯერად კი გვინდა, გაგაცნოთ სამივე ზემოხსენებული ანბანი ქართული ასოების შესაბამისად და მათი მეშვეობით გამოსახული/გამოთქმული რამდენიმე სიტყვა-ფრაზა.[2]

 

სასვენი ნიშნების საკითხი

ლორმით საუბრისას მთავარ პუნქტუაციურ მარკერად სიტყვებს შორის პაუზა რჩება, რომელიც თანამოსაუბრის ხელისგულზე მოლაპარაკის ხელისგულის დადებით გამოიხატება. კითხვის დასმისას შეიძლება ავიღოთ ადამიანის საჩვენებელი თითი და კითხვის ნიშანი მოვახაზვინოთ. ტაქტილსა და ლორმში სხვა სასვენ ნიშნებს არ იყენებენ.

ბრაილში სურათი გაცილებით სრულყოფილია, თუმცა აქ სასვენი ნიშნები ასოების ანალოგიითაა შერჩეული, კერძოდ, წერტილი იმეორებს დონ-ს, მძიმე – ან-ს, ძახილის ნიშანი – თან-ს, კითხვის ნიშანი – ენ-ს, ფრჩხილები – სან/შან-ს, ბრჭყალები – ხან/ჟარ-ს. აი, ტირეს კი ანბანში ანალოგი არ გააჩნია:

 

 

სამეტყველო ინტერაქცია ენობრივი კომპეტენციის პირველ ნიშნულად/დონედ განიხილება და იმთავითვე მოიაზრებს ქმედითი და სათანადო კომუნიკაციისგან განუყოფელ ენობრივ, სოციოლინგვისტურ და გადმოცემის უნარებს. ხოლო პირველი, რითაც სამეტყველო ინტერაქცია უნდა დავიწყოთ, მისალმებაა, მაგალითად: გამარჯობა, მოგესალმები, დილა მშვიდობის, საღამო მშვიდობის…

დავიწყოთ ტაქტილით და დავწეროთ:

 

 

 

როგორც ვხედავთ, სიტყვების აგების პრინციპი ძალიან მარტივია. მთავარია ცოტაოდენი მონდომება და ხელის მოძრაობის სიფაქიზე.

სხვა სავარჯიშოებს მომდევნო წერილში შემოგთავაზებთ. იმედია, დაინტერესდებით და სმენა-მხედველობის დარღვევების მქონე ადამიანების/ბავშვების გამოვლენაშიც დაგვეხმარებით – ბევრი მათგანის შესახებ ხომ სახელმწიფო სამსახურებში მონაცემები საერთოდ არ აქვთ და ისინი ხშირად მარტოობით, სიბნელითა თუ სიჩუმით იტანჯებიან. არადა, განათლება ძალიან სჭირდებათ საკუთარი უნარების დასანახად და უფლებების დასაცავად. მერე კი, ჰაბენ გირმას მსგავსად, ვინძლო, აქეთ დაგვიცვან!

ნახვამდის

 

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=19498; https://mastsavlebeli.ge/?p=22490

[2] წერილის მომზადება შთაგვაგონეს ჩვენმა პოლონელმა მეგობრებმა, რომლებიც საქართველოში სმენა-მხედველობის დარღვევების მქონე ადამიანებისთვის მხარდაჭერის სისტემას ნერგავენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ორგანიზაციების Human Doc და TPG-ის  – ფინანსური ხელშეწყობით.

[3]https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A2%E1%83%98

კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“ სემიოტიკური გამჭოლი კომპეტენციის განმავითარებელ გაკვეთილზე

0

ყველაზე ხანდაზმული „ცისფერყანწელი“, ლეგენდარული დასის უკანასკნელი მოჰიკანი, 1990 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა, 95 წლისა. მისი გარდაცვალების დღეს საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა და კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის მმართველობა დათმო. სიმბოლურია უკანასკნელი სიმბოლისტის ბიოგრაფიისთვის. გარკვეულწილად ამ დღემ შვა დამოუკიდებელი საქართველოც 1991 წლის 9 აპრილს. რეჟიმმა, რომლის დასაწყისს კოლაუმ თავისი უკვდავი ლექსი „25 თებერვალი, 1921“ მიუძღვნა, საქართველოში მისი გარდაცვალების დღეს დაასრულა არსებობა. პოეტის მეგობრებისთვის ეს დიდი ზეიმი იქნებოდა, მაგრამ ისინი შორეულ 30-იანებში მოინელა მოდერნიზებულმა რუსულმა იმპერიამ, სიკვდილის ცელით მოსულმა, სისხლს მოწყურებულმა და დაუნდობელმა. ხოლო უკანასკნელ „ცისფერყანწელს“ თურმე ამ დღეს წუთისოფლიდან გასვლა ეწერა ბედად.

1989 წლის გვიანი შემოდგომა თუ ზამთარი იდგა. თვე არ მახსოვს. იქნებ დეკემბერიც იყო, ან უკვე 1990-ის იანვარი. თსუ-ს პირველ კორპუსთან დავინახე კაცი, რომელიც მელიქიშვილიდან ჭავჭავაძისკენ მოდიოდა. ღრმად მოხუცი იყო, მაგრამ რაღაცნაირად წელგამართული, აშოლტილი და კუშტი. მაღალს, არისტოკრატულს, გრძელი ლურჯი პალტო ეცვა და ყავისფერი კაშნე მოეხვია მოხდენილად. პალტოს ქვეშ ჩანდა კარგად დაუთოებული ყავისფერი შარვალი. არავის ჰგავდა. ასეთი არავინ მინახავს თბილისის ქუჩებში. მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. თვალი ვერ მოვაცილე. მოაბიჯებდა ამაყად, მტკიცედ, ურყევად. არავის უყურებდა. თითქოს ამ ქვეყნისა არც იყო. გამვლელებიც ინტერესით აჩერდებოდნენ. ვიფიქრე, ახლა რომ ვერ გავიგო, ეს კაცი ვინ არის-მეთქი და ჩამწყდა გული გაწყვეტილი სიმივით… ვიფიქრე, თავი ხომ არ მოვიგიჟიანო, წინ გადავუდგე, გამოველაპარაკო და ვინაობა ვკითხო-მეთქი. 17 წლის სტუდენტის, ახალბედა პირველკურსელის ინტუიციით მივხვდი, რომ ჩემ წინ ლეგენდას უნდა ჩაევლო. საბედნიეროდ, თსუ-ს ჟურნალისტთა კორპუსიდან გამოსული ლექტორებიც იქვე იდგნენ. „კოლაუ, კოლაუ ნადირაძე!“ – გადაულაპარაკეს ერთმანეთს.

ეს სილუეტი არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან, ლურჯი, გაუხუნარი მოგონებაა, ტიტე-ტიციანის, პავლე-პაოლოს, ნიკოლოზ-კოლაუს ლექსებივით სულის ამაფორიაქებელი, დაუვიწყარი…

ამ ლექსის ბედიც ისეთივე უცნაურია, როგორიც „ცისფერყანწელთა“ ორდენის საოცარი წევრებისა. 1985 წელს ის ქართველ პოეტთა ანთოლოგიაში „გაეპარა“ საბჭოთა ცენზურას და, როგორც ამბობდნენ, წიგნის მაღაზიებში გასაყიდად შესატანი კრებულის მრავალათასიანი ტირაჟის ყველა ეგზემპლარიდან ერთი ფურცელი ამოხიეს, ხოლო პოეტის შემოქმედებას „მკაცრი პარტიული შეფასება“ მისცეს და ლექსი მონათლეს „დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად“.

ლექსის შემოქმედებით ისტორიას ავტორი ასე იხსენებს: „1969 წლის 25 თებერვალი გათენდა და მე და ჩემი მეგობრები: შალვა დემეტრაძე, ლელი ხოტივარი, შალვა კაშმაძე, ლადო გველესიანი, – ქაშვეთში წავედით, სანთლები დავუნთეთ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ თავდადებულთა სულებს, მოვინახულეთ გრიგოლ ორბელიანის საფლავი. კაეშანი შემომაწვა გულზე, შინ რომ დავბრუნდი, დავწერე ეს ლექსი და შალვა დემეტრაძეს გადავეცი – შენ ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ხარ, იქნება ჩემ შემდეგ მაინც დადგეს ლექსის დაბეჭდვის დრო-მეთქი! არადა, შალვა გარდაიცვალა, მე კი ცოცხალი დავრჩი. მისი არქივი ლიტერატურის მუზეუმმა წაიღო, მათ შორის – ჩემი ლექსიც… და ეტყობა, არ ენება განგებას ამ ლექსის დაკარგვა! ასე მოხდა ეს ამბავი, ეტყობა, ლექსსაც, ადამიანისა არ იყოს, თავის ბედი აქვს“ (წიგნიდან „უკანასკნელი ცისფერყანწელი“, ციტატა მოხმობილია ია აბულაშვილის სტატიიდან, რომელიც გაზეთ „რეზონანასში“ გამოქვეყნდა 2017 წლის 25 აპრილს და განთავსებულია ბმულზე: https://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=35247).

ამავე სტატიაში მწერალი რევაზ მიშველაძე იხსენებს ლექსის პირველი გამოქვეყნების ამბავს: „რაც შეეხება ლექსს, რომელიც გახმაურდა 80-იან წლებში და რომელსაც ჰქვია „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“, მისი ისტორია ასეთია: გამომცემლობა „მერანმა“ შეადგინა პატრიოტული ლექსების კრებული და სთხოვა მხცოვან მგოსან კოლაუ ნადირაძეს, ერთი ლექსი მაინც მიეტანა. კოლაუმ მიიტანა ეს ლექსი, რომელიც, როგორც მაშინ ამბობდნენ, აშკარად არასაბჭოური ხასიათისაა, მაგრამ კრებულის შემდგენლებმა გამოიჩინეს გამბედაობა და დაბეჭდეს კოლაუს ეს ლექსი, სადაც დახატული იყო ავად სახსენებელი მე-11 არმიის შემოსვლა თბილისში და ის წითელი ტერორი, რომელიც მოჰყვა ბოლშევიკურ ანექსიას საქართველოში. კრებულის გამოსვლის შემდეგ ფხიზელმა იდეოლოგიურმა სამსახურებმა დაარბიეს „მერანი“, აკრძალეს კრებული და სამსახურიდან დაითხოვეს „მერნის“ სამი თანამშრომელი – იზა ორჯონიკიძე, მამუკა წიკლაური და გრიგოლ ჯულუხაძე. ხელი არ ახლეს გამომცემლობის დირექტორ გურამ გვერდწითელს, მხოლოდ საყვედურის გამოცხადებით დაკმაყოფილდნენ. ასეთი იყო კოლაუ ნადირაძე – პოეტი, რაინდი, „ცისფერყანწელთა“ საძმოს ღირსეული წევრი“.

1988 წელს, ეროვნული მოძრაობის იატაკვეშეთდან ამოსვლისთანავე, ეს ლექსი თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტივისტების საყვარელ ტექსტად იქცა. ქართულ პოეზიას არ აკლია იდეური და პატრიოტული, მეამბოხე სულისკვეთების ლექსები, მაგრამ „25 თებერვალი“ დარჩება ყველა დროის ყველაზე თამამ და თავისუფლებისმოყვარე ქმნილებად. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, საბჭოთა იმპერიის „დიდების“ ხანაში, საქართველოს გასაბჭოების ამგვარი პოეტური ემოციით გადმოცემა ნამდვილი მოქალაქეობრივი გმირობა იყო.

როცა მეცხრე კლასში ამ ტექსტის სწავლება მომიწია, გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის, უპირველესად, გადამეცა ლექსის ღირებულება, პათოსი, კონტექსტები და ქვეტექსტები და უკვე შემდგომ ფანტაზიის უკიდეგანო უნარით დაჯილდოებულ ჩემს მოსწავლეებთან ერთად გამევლო ლექსის სიმბოლოთა დეკოდირების საამური პროცესი. დავგეგმეთ სემიოტიკური გამჭოლი კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი და შევუდექით სიმბოლოთა კვლევას. კლასის ორგანიზების ფორმად წყვილებში მუშაობა შევარჩიეთ. გაკვეთილის შესავალ ფაზაში, გამოწვევის ნაწილში, ორმა მოსწავლემ დაფაზე კლასის დახმარებით ლექსის სახე-სიმბოლოები გამოიტანა. ბავშვებს მასწავლებელი მიმართულების მიმცემადაც კი არ დასჭირვებიათ, ისე ამოწერეს უკლებლივ ლექსის სემიოტიკური სიმბოლოები:

  1. მგლოვიარე (თალხით მოსილი) თბილისი/მღვიძარე ქალაქი
  2. მდუმარე სიონი
  3. გრდემლი (შდრ.: „გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა“)
  4. გოლგოთა
  5. სისხლი, ცრემლი
  6. გაყიდული დედა
  7. წამების ჯვარი
  8. კოჯორი და ტაბახმელა/თებერვლის ღამე (ლექსის ქრონოტოპი)
  9. თოვლი
  10. გმირების გვამები/განგმირული მკერდები/დალეწილი მკლავები
  11. გზა/კრწანისის ველი
  12. სამასი გმირი
  13. ქართლის დედა და მისი ცრემლები
  14. ჩვენი ალამი/ქართული დროშა
  15. (საბჭოთა) წითელი დროშა
  16. თეთრ ცხენზე მჯდომი სიკვდილი ცელით

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ეს სიმბოლოები გარკვეული ნიშნით დაგვეხარისხებინა და ბავშვებმა ისინი ამგვარად დააჯგუფეს:

  • სამშობლოს გამომხატველი სიმბოლოები
  • მტრის გამომხატველი სიმბოლოები
  • გმირების გამომხატველი სიმბოლოები
  • გლოვის (რეკვიემის პოეტური განწყობის) გამომხატველი სიმბოლოები

დასასრულ, წყვილებს უნდა აერჩიათ სახე-სიმბოლოები და მათი დეკოდირება და აღძრული ემოციის გადმოცემა ფერად პოსტერებზე ეცადათ.

სამუშაო საოცრად სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა. გაკვეთილმა ნამდვილად შეუწყო ხელი სემიოტიკური გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას, რასაც მოწმობდა გაკვეთილზე დამსწრე კოლეგის კომენტარი გაკვეთილის დასასრულს: „თქვენ შეუძლებელი შეძელით!“ – და საკუთარი მიგნებებით აღტაცებული ბავშვების კომენტარები: „აუ, მას, ხშირად გავაკეთოთ რა ასეთი აქტივობები!“ წყვილები ერთმანეთთან ადარებდნენ და აჯერებდნენ სიმბოლოთა სემიოტიკურ ქვეტექსტებს.

კლასის მიერ გაკეთებული აღმოჩენები სიურპრიზი იყო ჩემთვის. ბავშვებმა შეძლეს ნიშან-სიმბოლოების უღრმეს შრეებში წვდომა, ავტორისეული მიზანდასახულობის ამოცნობა, საკუთარი ემოციების ორიგინალურად გადმოცემა. დაუვიწყარი იყო თალხით მოსილი დედაქალაქის მხატვრული სახის გახსნა… გრდემლი გაიაზრეს როგორც საბჭოთა იმპერიის იდეოლოგიური სამჭედლო, რომელმაც 25 თებერვლის ტრაგედია დაატეხა თავს ქართველ ხალხს.

ზემოთ მოხმობილ სიმბოლოებში მოსწავლეებმა დაინახეს ისტორიული და ბიბლიური ალუზიებიც, გახსნეს ლექსის მხატვრული ქრონოტოპი, როგორც მოცემული ტრაგიკული მოვლენის დრო-სივრცული მოდელი, დამაჯერებლად წაიკითხეს მოცემული ისტორიული მოვლენის აქტორების როლი და მნიშვნელობა, ყველა სიმბოლოში ამოიკითხეს ტროპული ელფერი: გაპიროვნება, ჰიპერბოლა-ლიტოტესი, მეტაფორა…

ლიტერატურის სახეობრიობა მასწავლებლებს, საზოგადოდ, მდიდარ რესურსს გვთავაზობს ბავშვებისთვის სემიოტიკური კომპეტენციების განსავითარებლად, მაგრამ სიმბოლისტური ლექსი, განსაკუთრებით კი კოლაუსეული ექსპრესიით და ემოციებით გაჯერებული ტექსტი, საამისოდ საუკეთესო მასალაა.

კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“ მრავალი ტიპის გაკვეთილის დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. ასევე ძალზე ეფექტური იქნებოდა ისტორიასთან ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება. თემა ასევე მდიდარ მასალას იძლევა ისტ-თან ინტეგრირებისთვის, პროექტ-გაკვეთილისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთ გაკვეთილზე მოსასწრები ნაჩქარევი პოსტერების ნაცვლად პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ნამდვილად საგულისხმო გამოვიდოდა, ხოლო მათი პრეზენტაცია და გამოფენა ძლიერ სტიმულს მისცემდა მოსწავლეებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...