ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ფრაგმენტები დღიურიდან – 2

0

26 წლის წინ, მახსოვს, ჩვეულებრივ, ოთახში ვისხედით. შეიძლება ყველა, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთი, ბაბუაჩემი კი – ნამდვილად და ბაბუაჩემმა ტელევიზორს აუწია. ქალმა, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ და ვერც სახესაც, თქვა: სოხუმი დაეცა, ხარი დაჭრილია. ბაბუაჩემმა თავზე შემოირტყა ხელი და გავიდა. მე ზუსტად ვერ მივხვდი რა მოხდა, ანუ უფრო უკეთ რომ ვთქვათ – ვერ შევიგრძენი. ერთი, რაც ომს ნიშნავდა ჩემთვის, სოფლებში, ზოგიერთ შესახვევში ახალი მინიშნებები იყო – ბრძოლაში დაღუპულის სახელობის უბანი. და მერე იმ დაღუპულზე ჩუმი საუბრები შინ. იმ დაღუპულზე და მის უბედურ დედაზე.

მე ის თაობა ვარ, ვისაც აფხაზეთი ფოტოებით თუ უნახავს. ამიტომაც მეც და სხვებსაც, ჩემზე უმცროსებსაც, უნდა გამოვტყდეთ და ყოველდღიური მეცადინეობა გვჭირდება, რომ განცდა ცოდნას შევუთავსოთ და ხმამაღლა ვთქვათ – „აფხაზეთი საქართველოა!”. ისიც უნდა ვაღიაროთ, რაც დრო გადის, მომდევნო თაობას უფრო უნელდება ამ „მეცადინეობის” სურვილი.
ამიტომაც ასეთი დღეები შეხსენების დღეებადაც უნდა იქცეს:
1) რომ გვყავს უამრავი გმირი, ვინც საკუთარი თავი გასწირა, იმისთვის, რომ მაგალითად; მე ახლა ამას ვწერდე და თქვენ კითხულობდეთ;
2) რომ გვყავს არა უამრავი, მაგრამ მაინც გვყავს ადამიანები, ვინც ნადავლით დაბრუნდა საკუთარი სამშობლოდან, რომელიც მანვე გაძარცვა;
3) რომ გყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული მოქალაქე, რომელთა სახლები და ბავშვობის ადგილები ახლა მხოლოდ სიზმრებსღა შემორჩათ;
4) რომ ეს ომი რუსეთმა მოაწყო და მხოლოდ რუსეთმა იხეირა;
5) რომ არსებობს სიტყვა „ხვალ”;
6) რომ ხვალ ჩვენ და აფხაზებმა იმ მიწაზე ერთად უნდა ვიცხოვროთ, ამიტომაც #მშიბზია არც კეკლუცობაა და არც თავის მოტყუება. ადვილიც არ არის, ვიცი. განსაკუთრებით მათთვის, ვისი სისხლი და ხორცი მიწაში წევს. ადვილი არა არის, მაგრამ ერთადერთი და აუცილებელია;
7) მშიბზია!

 

იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე უთხრეს, რომ ეს ოცნებები რიგში უნდა ჩადგნენ, რადგან ჯერ კაცების ოცნებების ჯერია. რიგში ჩამდგარი ოცნებები კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის. მძიმეა ეს სასაფლაო და ცდილობს სხვაც მას ჰგავდეს. ადამიანი ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. ამიტომაც ისიც მსხვერპლია, შეიძლება უკვე მოურჩენელი, მაგრამ მაინც მსხვერპლი და თანავუგრძნობ.

თქვენ კი, ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ, რომ „კაცის შემდეგ უნდა ამოიღოთ ხმა”. მშიშარა და უმაქნისი კაცების მოგონილია ეგ სიტყვები და საუკუნეებია გწამლავენ. ვიცი, რამხელა ჩაგვრის გამოცდილება დგას ამის უკან და ისიც, რომ ტყუილის კი არა, ამ მკაცრი რეალობის გჯერათ და ითვალისწინებთ. ძნელია, ასე უცებ გამოდევნოთ სისხლიდან საწამლავი, მაგრამ აუცილებელი და გადაუდებელი საქმე მგონია.

დიახ, თქვენ ხართ ძალიან ძლიერები,
ძალიან ჭკვიანები
და ხმა ახლა უნდა ამოიღოთ. არა მერე და არა რიგში!

რატომ ამტვრევს ბავშვი სათამაშოებს

0

ერთხელ, ორ ახალგაზრდა ქალბატონს შორის საინტერესო დ საყურადღებო დიალოგის მოულოდნელი და უნებლიე მოწმე გავხდი. “არ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ბავშვს, მის ოთახში სათამაშოს ვერ ვპოულობ, დამტვრეული რომ არ იყოს. ჯერ დაშლას იწყებს, და თუ ვერ დაშალა, ამტვრევს. რამდენჯერ ვეჩხუბე, დავემუქრე კიდეც, რომ აღარაფერს ვუყიდიდი, მაგრამ, ვერაფრით გადავაჩვიე სათამაშოებისათვის ზიანის მიყენებას“ – აღშფოთებას ვერ მალავდა შორიახლოს მოთამაშე პატარა ბიჭუნას დედა. „მგონი ჩემი გოგონა არაფრით ჩამოუვარდება თქვენ შვილს – თოჯინა არ დატოვა, თავი, ხელი ან ფეხი მომძვრალი რომ არ ჰქონდეს. რბილი სათამაშოები სულ გამოშიგნული აქვს. ხან ვთხოვ, ვეხვეწები, რომ ასე აღარ მოიქცეს, ხან ვეჩხუბები, ვსჯი, მაგრამ შედეგს ვერც მე მივაღწიე“.  ქალბატონს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მათკენ მომავალი ორი პატარა შევნიშნე – გოგონას თავმომძვრალი თოჯინა ეჭირა ხელში, ბიჭს კი – დამტვრეული მანქანა. „აი, ხომ ვამბობდი, რომ ყველაფერს ამტვრევს, ეს სათამაშო მანქანა გუშინ ვუყიდე და დღეს უკვე დამტვრეულია. შენ აღარასოდეს ეღირსები ახალ სათამაშოს!“ – არ დაიშურა შვილის მიმართ მუქარის სიტყვები ქალბატონმა. „ჩემსას კი დღეს მოუტანეს ეს თოჯინა საჩუქრად. ასეთი საქციელის გამო, აღარასოდეს გამოგიყვან ეზოში სათამაშოდ!“ – ასე გადაწყვიტა შვილის დასჯა გოგონას დედამ. გაღიზიანებული და აღშფოთებული დედების მუქარით ატირებული და შეშინებული ბავშვები სახლში ძალით წაიყვანეს.

ვფიქრობ, ეს პატარები თავის თანატოლებს შორის გამონაკლისები ნამდვილად არ არიან. არცთუ ისე იშვიათად შეიძლება შევხვდეთ ბავშვს, რომელსაც მშობლები მუდმივად საყვედურობენ იმის გამო, რომ სათამაშოებს არ უფრთხილდება, აზიანებს და ამტვრევს. მაინც რატომ ამტვრევს პატარა სათამაშოებს და როგორ უნდა მოიქცეს უფროსი ბავშვის ასეთი ქცევის საპასუხოდ. იმისათვის, რომ ანალოგიურ სიტუაციებში ბავშვთან ურთიერთობის სწორი სტრატეგია შევარჩიოთ, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა გავერკვეთ მისი ქცევის გამომწვევ მიზეზებში. ეს მიზეზები კი შეიძლება საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდეს:

  • ზემოაღნიშნული ქცევის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ბავშვის ცნობისმოყვარეობაა. უმრავლეს შემთხვევაში სათამაშოების დამტვრევის სურვილი მხოლოდ და მხოლოდ პატარას ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის შედეგია. განვითარების გარკვეულ პერიოდში (დაახლოებით 2-დან 3 წლამდე) ცნობისმოყვარეობა გაორმაგებული ძალით იფურჩქნება. პატარას სურს მიიღოს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მის გარემომცველ საგნებსა და მათ თვისებებზე. ის მზად არის „ჩაატაროს ექსპერიმენტები“ ნებისმიერი ნივთით, რომელიც ხელში ხვდება. როგორც წესი, მისი „ექსპერიმენტების მსხვერპლი“ ყველაზე ხშირად სათამაშო აღმოჩნდება ხოლმე. პატარა შლის სათამაშოებს, ყრის მათ იატაკზე, ამტვრევს, სურს გაიგოს, რა არის სათამაშოს შიგნით, როგორ არის ის მოწყობილი და ამ გზით ბავშვი შეიმეცნებს განსხვავებას საგნებს შორის, სწავლობს ბუნების კანონების გაგებას და ცდილობს, დაინახოს კავშირი საკუთარ თავსა და გარემომცველ სამყაროს შორის. პატარას სურს, რომ მის ხელთ არსებული ყველა ნივთი მას „ემორჩილებოდეს“; ის თვლის, რომ საკუთარი სათამაშოების უფროსი თავად არის და მისთვის ნებადართულია, მოექცეს მათ ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ბავშვი ხვდება, რომ სამყაროში არსებობს გარკვეული იერარქია, ის თავად ემორჩილება მშობლებს, ე.ი. თოჯინები, მანქანები და ფუმფულა დათუნიები მის დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ, მას ემორჩილებოდნენ. მათი დამტვრევით, დაზიანებით ის არცთუ იშვიათად საკუთარი „ძალაუფლების“ დემონსტრირებას ახდენს;
  • ხშირად ბავშვი ამტვრევს, აზიანებს ისეთ სათამაშოებს, რომლებიც მისი ასაკისათვის შეუსაბამოა. არის შემთხვევები, როდესაც უფროსები არ ითვალისწინებენ პატარის ასაკს, არ აქცევენ ყურადღებას ასაკობრივ შეზღუდვებზე ინფორმაციას და ისეთ სათამაშოს ყიდულობენ მისთვის, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ პატარას უჭირს მისი ასაკისათვის შეუფერებელი სათამაშოს მოხმარება, ვერაფერს უგებს მას. გაუგებრობა იწვევს სიბრაზეს, გაღიზიანებას და გაუგებარი საგნისაგან განთავისუფლების სურვილს. ყოველივე ამას კი, როგორც წესი, მოჰყვება სათამაშოს დაზიანება, დამტვრევა;
  • მშობლების მხრიდან არასაკმარისი ყურადღებაც შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ბავშვმა დაიწყოს სათამაშოების დამტვრევა, დაზიანება. ხშირად სამსახურში უზომოდ დაკავებული, დატვირთული, დაღლილი მშობლები, რომლებიც ფიზიკურად ვერ ახერხებენ საკუთარ შვილთან საჭირო დროის გატარებას, ცდილობენ ძვირადღირებული სათამაშოებით, საჩუქრებით გამოისყიდონ თავიანთი „დანაშაული“. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ვერანაირი ძვირადღირებული ნივთი ვერ ჩაანაცვლებს მშობლების ყურადღებას. არიან ბავშვები, რომელთაც ყველანაირი სათამაშო აქვთ, რასაც კი მოისურვებენ, მაგრამ, აკლიათ ახლობლების სიყვარული, მხარდაჭერა, ყურადღება და თანაგრძნობა; ისინი, როგორც წესი, თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. მათი მოქმედების დევიზი ხდება – „ყურადღება ნებისმიერ ფასად!“ სათამაშოს გატეხვით ბავშვი იპყრობს მშობლების ყურადღებას და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქცევის გამო მას ეჩხუბებიან, საყვედურობენ, ემუქრებიან და თავადაც ხვდება, რომ ეს ცუდი საქციელია, ის დაჟინებით იმეორებს მას, რადგან ასეთი ქცევა მშობლების ყურადღების მიპყრობის კარგ საშუალებაა მისთვის;
  • ხშირად ბავშვი ამტვრევს სათამაშოებს იმიტომ, რომ ასეთი ქცევა მას ქვეცნობიერად უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლებაში ეხმარება. თუ უფროსები, როდესაც მათ აგრესია უგროვდებათ, უყვირიან ბავშვს, პატარა კოპირებას უკეთებს მათ ქცევას და რადგან სხვა გამოსავალს ვერ პოულობს, უყვირის სათამაშოებს, ამსხვრევს მათ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ხშირად ბავშვის მხრიდან სათამაშოების მიმართ გამოვლენილი აგრესია ნიღბავს პროტესტს უფროსების მოქმედების წინააღმდეგ. თუ დედამ ნება არ დართო გაეკეთებინა, რაც მას სურდა და პირიქით, აიძულა ისეთი რამის გაკეთება, რაც არ უნდოდა, მას იპყრობს წყენა, სიბრაზე და უჩნდება სურვილი, რომ ზიანი მიაყენოს  მშობლებს, თუმცა, იმის გამო, რომ მას ჯერ კიდევ არ შეუძლია თავისი ემოციების მართვა, ვერ პოულობს უკეთეს ხერხს, გარდა იმისა, რომ დაამტვრიოს მათ მიერ ნაყიდი სათამაშო.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი სათამაშოს ამტვრევს:

  • უპირველეს ყოვლისა, კარგი იქნება, თუ ვიმოქმედებთ ბავშვის ქცევის გამომწვევი მიზეზების შესაბამისად. ამასთან, მოვერიდოთ ბავშვთან ჩხუბს, საყვედურებს, მუქარას, მით უმეტეს, თუ პატარას სათამაშო შემთხვევით გაუტყდა მისი დაბალი ხარისხის გამო, ან იმის გამო, რომ მისი მოძრაობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული, დახვეწილი, მოუქნელია და ადვილად უვარდება ნივთი ხელიდან;
  • თუ ბავშვი შლის და ამტვრევს სათამაშოს ცნობისმოყვარეობის გამო, სურს გაიგოს როგორ არის ის მოწყობილი, რა არის შიგნით, ვუყიდოთ ისეთი სათამაშოები, რომელთა დაშლასა და აწყობასაც შეძლებს, თუნდაც ჩვენი დახმარებით. ხელს ნუ შევუშლით პატარას, შეიცნოს გარემომცველი სამყარო, პირიქით, ყველანაირად დავეხმაროთ მას ამაში. გავითვალისწინოთ, რომ ცნობისმოყვარეობის სწორი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მომავალი გამომგონებლის აღზრდას შევუწყოთ ხელი;
  • ბავშვისთვის სათამაშოს შეძენისას გავითვალისწინოთ მისი ინტერესები, შესაძლებლობები, ასაკი. ამასთან, ნუ დავტოვებთ პატარას სათამაშოსთან მარტო, ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება მისი მოხმარება.

დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ დროთა განმავლობაში სათამაშო შეილახება. დაზიანდება, შეიძლება დაიშალოს, გატყდეს კიდეც და ამაში საგანგაშო არაფერია. სათამაშოს ვყიდულობთ ბავშვისთვის და არა ჩვენთვის, რომ თაროზე მოვათავსოთ და დავტკბეთ მისი სილამაზით.

 

მამის ლოცვები

0

რაც დედა წავიდა, მხოლოდ ავად ყოფნისას მოდის სიზმრებში. მოდის და საკუთარი ხელით მაჭმევს შემწვარ კარტოფილს. ამჯერადაც ასე მოხდა. სიცხიანი ვიწექი. ჩემი და ნინიას შვილს შესაძლოა ყოველ წუთს გადაეწყვიტა დაბადება. თავს ვერ ვპატიობდი, რომ სიცხის გამო შეიძლებოდა  მისი ამქვეყნად მოვლინების სასწაული გამომეტოვებინა. სადღაც, მიღმიერ სამყაროში მყოფს, როცა ცალი ფეხი აქეთ მქონდა, ცალი კი სხვა სამფლობელოში მედგა, მიტკალივით თეთრ კედელზე დედაჩემის სილუეტი წყალში ჩასხმული მელანივით გამოჩნდა. გამოსახულების კონტური ნელ-ნელა გამკვეთრდა, დაიწმინდა და მისი სახის გარჩევა შევძელი. კარტოფილსა და პურს მაჭმევდა. ოღონდ ახალ შემწვარს არა, გაცხელებულს. ეს მნიშვნელოვანი იყო. ხმას არ ვიღებდით. მხოლოდ სახით ვანიშნებდი, კიდევ მინდა-მეთქი. ისიც მიწვდიდა მოზომილ ლუკმებს. მახსოვს, სახეზე ფანჯრიდან შემომავალი, ფარდებს შორის შემომძვრალი სვეტი მეცემოდა. მწყინდა, დედა რომ უბრად იყო. გაბრაზებულია მის საფლავზე რომ არ მივდივარ – მეთქი – ვფიქრობდი. დედაჩემის სახის მკვეთრი კონტური ნელ-ნელა გაფერმკრთალდა, ბოლოს კი მთლად მოირღვა და აიმღვრა, თუმცა დასასრულს კითხვის დასმა მოასწრო: „მზად ხარ?“

 

მზად ხარ? ეს კითხვა ჩამესმოდა სამშობიაროს იმ სტერილურ ოთახში, რომელშიც ორი დღის შემდეგ ვიჯექი და ველოდი, როდის შემიყვანდნენ სამშობიარო ბლოკში. მამების ოთახიაო, მითხრეს. გული ყელში ამომდიოდა და იქ ფეთქავდა. კითხვები ნაწვიმარზე ამოყრილი სოკოებივით მეზრდებოდა თავში და არც ერთზე არ მქონდა პასუხი. მზად ხარ? მზად ხარ? ვერაფრით ამომეხსნა, რატომ მკითხა დედამ. „ნეტავ ახლა დაბლა იდგე სხვებივით. ჩამოვირბენდი, გკითხავდი და ისევ ფეხდაფეხ ამოვივლიდი ამ კიბეებს. ჯანდაბას, რომ ბახილების ჩაცმა ხელახლა მომიწევდა“ – ვფიქრობდი.

 

სამშობიარო ბლოკში რომ შემიყვანეს თავი ცირკის მსახიობი მეგონა, რომელსაც ურთულესი ილეთი უნდა შეესრულებინა – სიმაღლეზე გაბმულ წვრილ თოკზე გავლა. სწორედ ასე მივუყვებოდი იმ გზას, რომელიც ნინიას სასთუმალთან ჩემთვის დადგმულ სკამამდე მიმიყვანდა და რომლის მილიმეტრებში დაცვაც დამავალეს.

 

შვილის დაბადებას მამის ყურებში ისეთივე წუილი მოსდევს, როგორც ძლიერი აფეთქების შემდეგ ხდება ხოლმე. აფეთქება, როგორც მოვლენის მნიშვნელობა და აფეთქება, როგორც მოვლენის ფიზიკური გამოვლინება. წუილს ნაზად ანაცვლებს ტირილის ხმა, რომელსაც თან ახლავს მუსიკა. ჩემს შემთხვევაში ეს „ქარების სერენადა“ იყო და ძეხორციელი ვერ დამაჯერებდა, რომ ის მოცარტმა ამ მომენტის საუნტრეკად არ შექმნა. როგორც სალიერი აღწერს, სადღაც ძალიან მაღლა, ერთი ბუმბულივით მფრინავი ნოტი ეშვებოდა ჩემკენ, რომელსაც ისევ ჰაერში იტაცებდა ინსტრუმენტის ძალა. ამ დროს ფერები სიმკვეთრის ისეთ ხარისხს იძენს, რომელსაც ვერც ერთი, თუნდაც უძლიერესი ჰალუცინოგენით ვერ მიაღწევ. ხვდები, რომ იქამდე ყვითელი არ იყო ყვითელი, ხოლო ლურჯს არ ეთქმოდა ლურჯი. ესაა მომენტი, როცა ცხადად იჯერებ, რომ ორი, შეიძლება იყოს სამი და ამ სამთა შორის უმცირესი ხდება მთავარი. მაღალ სართულზე მყოფს თითქოს წმინდად ჩაგესმის, როგორ მოძრაობენ ბალახებში ჭიანჭველები და როგორ მიცურავს ზღვის ფსკერზე თევზი.

 

ძალიანაც რომ მოვინდომო, გონებიდან ვერასოდეს წავშლი ძალაგამოცლილი, დაღლილი ნინიას ამღვრეულ თვალებს. იმ წამს მისთვის მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შევძელი. ერთის, მაგრამ ყველაზე გულწრფელის, რაც კი ოდესმე მითქვამს – მადლობა.

 

  • დავარქვათ? – ვკითხე ოდნავ აზრზე მოსულმა.

 

ნინიამ, ყველაზე მამაცმა გოგომ მათ შორის, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ, ღიმილისთვის ძალა მოიკრიბა და თავი დამიქნია.

 

კარლოს ფუენტესი წერს, რომ როცა მშობელი შვილს სახელს არქმევს, ამ სახელით მისგან მძიმე ხვედრის განდევნა სურს. „რემედიოსი“ – ამ მომაჯადოებელმა სახელმა იმ წამსვე მიმაჯაჭვა საკუთარ თავს, როცა ეს ჯადოსნური პერსონაჟი „მარტოობის ას წელიწადში“ გამოჩნდა. გოგონა, რომელიც ბედნიერი არ ყოფილა. ის სულაც არ ეკუთვნოდა აქაურობას და იქნებ სწორედ ამიტომ, მისი ბედისა თუ უბედობის არიდება გვინდოდა ჩვენი შვილისთვის?

 

მერე კი იგონებ ლოცვებს. ნაკუწ-ნაკუწ აკოწიწებ ლექსებიდან, ფილმებიდან, შენი თვალით ნანახიდან ან ყურმოკრულიდან. ერთმანეთზე აწებებ და აღავლენ. იგონებ იმიტომ, რომ არც ერთი არსებული ლოცვა არ გაკმაყოფილებს – მეტს ითხოვ, მეტი გემეტება. გინდა, რომ გზამ დაიფაროს მგზავრობისას, მარილმა წყალში მყოფი, მორფეოსმა სიზმრის უღრანებში შესული, ტრაექტორიამ გზაჯვარედინზე მდგომი, ზურგის ქარმა კეთილი მიზნის დასახვისას და ღიმილმა ბრაზის დროს.

 

ვფიქრობ და ვხვდები, რომ არაფერს ნიშნავს სიტყვები „სასახელო გოგო“, „საამაყო მამულისშვილი“. ამის საპირისპიროდ ერთადერთს ითხოვ – იყოს ის, ვინც უნდა, რომ იყოს და ამ სურვილში იყოს ბედნიერი. მთავარია, ამოხსნას ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომლის მიხედვითაც, როგორც ირაკლი ჩარკვიანმა წაიღიღინა, დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს და ყველაზე მეტად ის გამახარებს, თუკი მდინარის იმ ნაპირზე იდგება, სადაც უანგარო სიყვარული შეუძლიათ. და თუ მოუნდება, იყოს საამაყო. მე და ნინიას გვეუბნებოდნენ, ცოდოა, გაიზრდება და კლასელები დასცინებენ სახელის გამოო. შეიძლება ასეც იყოს. მე არ გავბრაზდები მის კლასელებზე, მაგრამ ჩემი ბრაზის მოთოკვაზე მნიშვნელოვანი ის მგონია, თავად შეძლოს ამ ბრაზის ღიმილად გადაქცევა. ისევე, როგორც ალბუს დამბლდორი აქცევს ბნელი ლორდის მიერ წარგზავნილ შუშის ნამსხვრევებს ქვიშად. გაუღიმოს და სიტყვებზე, ეს რა სახელი გქვიაო, უპასუხოს: „მე მქვია რემედიოსი“.

 

ვისურვებდი, რომ მეგობრები აირჩიოს არა ჩაცმულობის, არამედ იმ ნაპერწკლის მიხედვით, კეთილ ადამიანებს რომ უთამაშებთ თვალებში. თუმცა ჯერ იმას ვნატრობ, რომ თავადაც არასდროს ჩაუქრეს ეგ ნაპერწკალი. კარგი იქნება თუ აღმოაჩენს, რომ სიმდიდრე საკრედიტო ბარათის ბრწყინვალებაში ან საფულის სიმძიმეში კი არა, იმ სახლების სურნელში იმალება, სადაც კარგი ადამიანები ცხოვრობენ; რა მადლიერი ვიქნები, თუკი წარმატებად რომელიმე დიდი კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერობას კი არ ჩათვლის, არამედ იმას, რომ გათენდა და მზე ისევ თავის ადგილზეა; როგორ გამახარებს, თუ აღმოაჩენს, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი ატომური ბომბზე მეტად, გულითადი სალამია, რომლის თქმაც არ დაეზარება.

 

შვილი, სხვა არაფერი რომ არ მოიმოქმედოს, ამქვეყნად მოსვლით უკვე აკეთებს განუმეორებელ რამეს – მშობელს ხელახლა დაბადების შანსს აძლევს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვილი ღამით იმიტომ კი არ ტირის, აქაოდა შემიძლია და ამის პრივილეგია მაქვსო. არამედ იმიტომ, რომ თავისდაუნებურად გაძლევს შანსს, მასთან უფრო მეტი დრო გაატარო.

 

დრო მოვა და რემედიოსი ამ წერილს წაიკითხავს. მოგვიანებით კი მის გააზრებასაც შეძლებს და შემოქმედს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ამ მომენტში მის გვერდით ვიყო. მანამდე კი ერთი მოკრძალებული სურვილი მაქვს: მალე გავცივდე, ტემპერატურა თუნდაც 45-ზე ავარდეს, საწოლში ჩავწვე და ძილში ისევ მოვიდეს დედაჩემი კარტოფილით ხელში. ფანჯრიდან შემოვარდნილი სინათლის სვეტი მომიჩრდილოს და მე კმაყოფილი სახით დაველოდო შეკითხვის გამეორებას, რადგანაც პასუხი უკვე ვიცი.

 

 

 

 

 

 

 

 

მე-მასწავლებელი- მასწავლებლის წიგნი

0

„შენ, რომელმაც ახლა კითხვა დაიწყე, მინდა გითხრა, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდ­ნელი ბედნიერებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით. თუ მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან და შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება სევდიანიც შეიძლება იყოს, მხიარულიც, უცნაურიც, იდუმალიც; რომ ის ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში ჩვენი ფერის პოვნა შევძლოთ; რომ თუ არ დავეცით, ვერ ავდ­გებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია.

ნუ დაუმალავ, რომ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში დგება განსაკუთრებული და მტკივნეული მო­მენტები, როდესაც ცრემლები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, როდესაც სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გვირჩევნია, ვიკრებთ უკანასკნელ ძალებს, უკან ვიბრუნებთ ცრემლებს, ტკივილს გულში ვიქვავებთ, ვდგებით და მივდივართ.

მივდივართ მათთან, რადგან გვახსოვს, რომ ისინი გველოდებიან. იმიტომ, რომ ჩვენ მასწავ­ლებლები ვართ“ (ეს ნაწყვეტი ამონარიდია ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორის მონათხრობიდან).

სწორედ მასწავლებლის პროფესიის იდუმალ, საინტერესო, რთულ და ჯადოსნურ ამბავზეა ეს წიგნი და პირველი მცდელობაა მასწავლებლებმა თავად ისაუბრონ პროფესიაზე, მათ გზაზე ამ პროფესიაში, ისაუბრონ მასწავლებლებზე, ვინც ცხოვრება გაუადვილა, შეუცვალა და მთავარი ღირებულებების შესახებ გაუმხილა.

 

მე -მასწავლებელი

მასწავლებლის წიგნი- უსაფრთხო სკოლა

0

სახელმძღვანელოს ავტორები თავიანთ სტატიებში გვთავაზობენ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. განიხილავენ იმ მიდგომებს, რომელიც დაეხმარება სკოლას და მასწავლებელს შექმნას პოზიტიური სასწავლო გარემო, სადაც თითოეული ბავშვის უსაფრთხოება იქნება დაცული.
ავტორები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილავენ რამდენად მნიშვნელოვანია: ბავშვისადმი ჰუმანური დამოკიდებულება; ბავშვის უფლებების დაცვა; მშობლის, ოჯახის და სოციუმის როლი; არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა; ბულინგისაგან დაცვა; სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება; ემოციებისა და ქცევის მართვა.; მასწავლებლების, მშობლებისა და თემის როლი სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაში; უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ფიზიკური გარემო; ერთობაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურა; სკოლის პოლიტიკა და პროცედურები; სკოლის საზოგადოების პროფესიული განვითარება; ქცევის პოზიტიური მართვის ტრადიცია; უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სასკოლო სასწავლო გეგმა; ორიენტაცია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე; ადრეული ჩარევა და მიზანმიმართული მხარდაჭერა; თანამშრომლობა ოჯახსა და თემთან.

 

უსაფრთხო სკოლა

 

საკლასო ოთახი- მასწავლებლის წიგნი

0

სახელმძღვანელოს ავტორები განიხილავენ საკლასო ოთახის სხვადასხვა ასპექტს, რადგან ამ მრავალფეროვან და განსხვავებულ სივრცეს რეალურად არ გააჩნია საზღვრები. საკლასო ოთახი – განათლების, მოსწავლეთა უფლებების, თავისუფლების, ცოდნისა და უნარების რე­ალიზების საუკეთესო საშუალებაა.

ავტორები გვთავაზობენ პრაქტიკულ მაგალითებს, როგორ გახადეს ეს სივრცე მოქნილი, პო­ზიტიური და დადებითი ემოციების მომცემი. სადაც მოსწავლეებს დაძლევინეს არასასურველი ქცევა, დაბნეულობა და შექმნეს ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეები გახდნენ აკადემი­ურად წარმატებულები. ავტორები გვისაბუთებენ, რომ საკლასო ოთახში არაფერია რუტინული, კონტროლი და შეფასებაც კი კლასის წარმატებაზეა ორიენტირებული. მოსწავლეებს რეალუ­რად შეუძლიათ დაინახაონ თავიანთი თავი არა მარტო გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ პერსპექტივაშიც.

ავტორები მსჯელობენ, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო ოთახის ღირებულებები: არას­ტანდარტული სწავლება, ინტერაქტიური გაკვეთილები, მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქ­მედებითი აზროვნების განვითარება/წარმოჩენა, ურთიერთზრუნვა, სწორი კომუნიკაცია და კიდევ ბევრი სხვა.

საკლასო ოთახი

 

ინკლუზიური განათლება – მასწავლებლის წიგნი

0

სახელმძღვანელოს ავტორები გვთავაზობენ ინკლუზიური განათლების სხვადასხვა საკითხებს, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებზეა დაფუძნებული და პასუხს სცემს უმთავრეს კითხვას – რო­გორ შევუქმნათ თითოეულ ბავშვს აუცილებელი კომფორტი და ყველა საშუალება იმისათვის, რომ მან შეძლოს განათლების პროცესში სრულფასოვანი ჩართვა.

გაეცნობით სწორ პრინციპებზე დაფუძნებულ ინკლუზიური განათლების თეორიულ და პრაქტი­კულ ასპექტებს, რომელიც ეხმარება სკოლას, მასწავლებელს, მშობელს, საზოგადოებას, დისკ­რიმინაციის გამოვლინების ნებისმიერი ფორმის აღკვეთაში და საშუალებას აძლევს განსხვავე­ბული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისწავლონ, აღადგინონ საკუთარი უფლებები, რაც იმის სარწმუნო ბაზისი იქნება, რომ ბავშვები მომავალში საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან.

სახელმძღვანელო დაეხმარება მკითხველს ისეთი მიდგომების განვითარებაში, რომელიც ორიენტირებულია ბავშვზე და აღიარებს, რომ თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, მიუხედავად მათი განსაკუთრებული და განსხვავებული შესაძლებლობებისა.

ინკლუზიური განათლება

 

 

 

ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების სიმბოლისტური ესთეტიკა

0

ნიკოლო მიწიშვილმა, მრავალმხრივი ნიჭის ხელოვანმა, მინიატურაშიც მოსინჯა კალამი და საკმაო წარმატებითაც. პირველ პოეტურ ნაბიჯებს ის ლექსებითა და მინიატურებით დგამდა. ცისფერყანწელთა ორდენში ის უღალატო რაინდი იყო და წმინდა პოეზიას ერთგულად მსახურებდა, სჯეროდა, რომ უკვდავების უპირველესი დაფნა ეკუთვნოდა მის უდიდებულესობა პოეზიას, რომელიც ნებისმიერ ფორმაში შეიძლებოდა განხორციელებულიყო, მათ შორის, არა მხოლოდ მხატვრულ სიტყვაში, არამედ შემოქმედთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ნიკოლო მიწიშვილს და მის მეგობრებს ქართულ მწერლობაში მინიატურის გაკვალული გზა დახვდათ. ამ მცირე ლირიკულ ჟანრს დიდი ხანია დაეპყრო ქართველთა გულები, ქართულ სიტყვასაც არ დაეშურებინა ძალ-ღონე მისი მშვენიერების წარმოსაჩენად. მინიატურის აღიარებული ოსტატები იყვნენ: ვაჟა ფშაველა, ვასილ ბარნოვი,  შიო არაგვისპირელი და სხვანი.  XX საუკუნის 10-იანი წლებიდან კი ნელ-ნელა გამოჩნდნენ  და გამოიკვეთნენ ახალი სახელები: ნიკო ლორთქიფანიძე, სანდრო ცირეკიძე, სერგო კლდიაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, დია ჩიანელი, ჯაჯუ ჯორჯიკია… მინიატურებს წერდნენ გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი. დაიწყო ქართული ლიტერატურის განახლების გასაოცარი ხანა, როდესაც ლექსთან ერთად მინიატურაც თავის სათქმელს ამბობდა და ახალი პოეტური მითოლოგიის მოდერნისტულ ტილოზე თავის ფერს ავლებდა.

ნიკოლო მიწიშვილის მინიატურები სიმბოლისტური ესთეტიკის პრინციპებითაა შექმნილი. მწერალი ქმნის პოეტურ სიმბოლოებს, რათა საკუთარი თავი და მთელი სამყარო ახალი გზით შეიმეცნოს, თუმცა მისი სტილი სადაა და გამჭვირვალე, მხატვრული სახეები ბუნდოვანებას, გაურკვევლობას კი არ ქმნიან, არამედ ეხმარებიან მკითხველს  აღწერილი საგნისა თუ მოვლენის სიმბოლურად აღქმასა და მრავალმნიშვნელოვნად გააზრებაში. ასე რომ, აუცილებელია ნიკოლო მიწიშვილის ამ მინიატურების გათვალისწინება საქართველოში ამ ჟანრის განვითარების წარმოსაჩენად, თავისებურებების გასაანალიზებლად და შესაფასებლად.

ნიკოლო მიწიშვილი კი ერთ-ერთი ჩინებული მინიატურისტია, რომელმაც ჟანრის კანონების სრული დაცვით შექმნა განსაკუთრებული პოეტური სამყარო და მისი საშუალებით თავისი სულიერი პორტრეტიც წარმოაჩინა. ზოგადად, ნიკოლო მიწიშვილის მინიატურებისთვისაც დამახასიათებელია ცხოვრების რომელიმე ფრაგმენტზე ყურადღების გამახვილება და ზედმიწევნით დეტალურად ამოწერა, თუმცა აქცენტი უფრო ამ ფრაგმენტის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ აღქმაზეა გადატანილი. მთავარია განწყობილება, შთაბეჭდილება, რომელსაც სიცოცხლის ცალკეული წუთები ტოვებენ, ამიტომაც ხშირად ეს მინიატურები ჰგვანან ბოდლერისეულ პოეტურ პროზას – “ლექსები პროზად”. ამ მინიატურებში არის “დარღვეული ეპოქის” გამოძახილი, გაორებული სულის ტკივილი, რწმენის კრიზისი, ნიცშეანური ამბოხი და შეურიგებლობა, ბედისწერის გარდუვალობის წინაშე შიში და სასოწარკვეთილება, ოცნებათა დაუსაზღვრელობა და სიცოცხლის ხანმოკლეობა, ცხოვრების წყვდიადი და ტანჯვის აპოლოგია, ადამიანის მრავალნიღბიანობა და სიცოცხლის საზრისის აუხსნელობა, სიყვარული, ღალატი და მარტოობა. ეს კი ის თემები და განწყობილებებია, რომლებიც დამახასიათებელია საკაცობრიო უნივერსალური  კულტურული სივრცისათვის, რომელშიც ჩართულია ქართული ლიტერატურაც. “ვიკითხოთ სერვანტესი კაფკას შუქზე”, _ აცხადებს ფრანგი ლიტერატურათმცოდნე ჟერარ ჟენეტი და ამგვარ, ერთი, შეხედვით პარადოქსულ აზრს ამართლებს ჟიულ ლემეტრის  სიტყვებით, რომლებიც მას ბრუნეტიერზე უთქვამს: `წიგნის კითხვისას ის ფიქრობს ყველა წიგნზე, რაც სამყაროს შექმნიდან დაიწერა~. ამ შემთხვევაში ჩვენ ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების კითხვისას ასოციაციურად შეიძლება გაგვახსენდეს ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც დროსივრცულად თუ ათასი სხვა რამითაც ძალიან იყოს დაშორებული მისგან, მაგრამ “ყველა წიგნი წარმოადგენს ერთ მთლიან წიგნს, ხოლო თითოეული ყველას ერთად მოიცავს” (ბორხესი).

ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების Eერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ადამიანური არსის გარკვევაა პოეტური სახეებით.  ფილოსოფიურ მინიატურაში „მე ვარ ადამიანი“ მწერალი ფრაგმენტულად  თვალს გაადევნებს ადამიანის არსების სხვადასხვა “მეს”,  კითხვისას თავს აღმოვაჩენთ ნიღბების კარნავალზე, სადაც ყველა ნიღბის უკან ერთი ადამიანი იმალება, ნიღბები კი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. პირველ რიგში, ადამიანი არის მხეცი, სხვათა შორის  აკუტაგავა რიუნოსკეც წერდა, რომ ადამიანური, ზედმეტად ადამიანური არის ცხოველური, სხვა ხმამაღალ სახელებს აღარ დავიმოწმებ მსგავსი აზრის გასამართლებლად, თუმცა ნიკოლო მიწიშვილისთვის მხეცი მხოლოდ ერთი ნიღაბია, როდესაც ადამიანი ხდება ინსტინქტების მონა, ბუნების კანონთა ბრმად აღმსრულებელი, მაგრამ არის სხვა `მეც~ – მგრძნობიარე, დიდი მისწრაფებებითა და ბრწყინვალე აზრებით, სხვათა თანალმობით სავსე (ადამიანთა სხვადასხვა “მეს” ურთიერთმიმართებას იკვლევდა ფროიდიც თავისი ფსიქოანალიზით და საგულისხმო დასკვნებს აკეთებდა  მრავალგვარ კომპლექსთა ასახსნელად და დასაძლევად). ამ მინიატურაში ჩანს ერთი გამოკვეთილი ნიღაბიც თავისუფალი ადამიანისა, მაგრამ არის საბედისწერო დაკვირვებაც: “როცა ძველი კერპები ძირს ემხობიან და ძველი წესები ისტორიას ბარდება, მაშინ მე, თავისუფლების მოტრფიალე, თავისუფლების ჯალათი ვხდები და მათ, ვინც ბრძოლაში მეხმარებოდნენ, მონობაში ვაგდებ, ისევ ხუნდებს ვუყრი ფეხებში და ვცდილობ, თავისუფლების აჩრდილი ისევ არ მოელანდოთ~. 1915 წელს დაწერილი ეს სიტყვები ახლა წინასწარმეტყველებასავით გაისმის. საგულისხმოა ადამიანის კიდევ ერთი “მე” – ცივილიზაციის შემოქმედი და კულტურის მოწინააღმდეგე. ეს “მე” დღევანდელ ეპოქაში ყველაზე მეტად იკვეთება, ამ “მეს” ძალაუფლება სწყურია ნებისმიერ ფასად და ღმერთსაც უჯანყდება. ადამიანში გაღვიძებული ნიცშეანური “მე” კი ყველაზე საშიშია, რადგან ის ყველაფერს ნებადართულად მიიჩნევს. და დასკვნა: “მე ვარ ყველაფერი და მე ვარ არაობა”.  ნიღბების ლაბირინთში ხეტიალი საჭირო გახდა იმისთვის, რომ კვლავ “აღმოჩენილიყო” დავიწყებული ბიბლიური სიბრძნე: “მატლ ვარ და არა კაც” (დავითის ფსალმუნი). ამგვარი თემატიკისაა (რა თქმა უნდა, პოეტური ვარიაციებით) მინიატურათა ერთი რკალი.

ნიკოლო მიწიშვილს ტანჯვა აჰყავს ღვთაებრივ რანგში, რასაკვირველია, აქ არის ასოციაციური გადაძახილი, უპირველესად, მაცხოვრის ჯვარცმასთან და საერთოდ ბიბლიურ სიბრძნესთან და შემდეგ ლიტერატურულ ტექსტებთან, მათ შორის ყაზბეგის “ხევისბერ გოჩასთან”, სადაც მამა შვილს არიგებს: “კაცი ტანჯვისთვის არის გაჩენილი”. ვაჟა ფშაველა კი ბედნიერებას ტანჯვასთან აწყვილებდა: “მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულიო”. ცხადია, ტანჯვაში იგულისხმება გამუდმებული ბრძოლა საკუთარ თავთან,  დაუცხრომელ სურვილებთან.

“საით მივდივართ?” _ ასე ჰქვია ერთ მინიატურას. აქაც სიცოცხლის საზრისის ძიებაა. მინიატურის მხატვრულად დახვეწილი ქსოვილი ამხელს, რომ მწერალი უსმენს სამყაროს: ვარსკვლავიდან “მომხიბლავი ჰარმონია გამოისმის”, რობაქიძეს სჯეროდა სფეროთა მუსიკის, აკაკი ტკბებოდა ვარსკვლავთა ჭიკჭიკით, ლაფორგი წერდა კოსმიურ მარშზე, რომლითაც პლანეტები “გარდაცვალებულ დედამიწას მიასვენებდნენ არარაობის სიცარიელისკენ”. მინიატურაში არის სასოწარკვეთა, რომ ადამიანები “ცხოვრების ზღვაში” მიცურავენ ბნელში და ხან ზეცისკენ ისწრაფვიან, ხან უფსკრულისკენ. აქ არის გამოძახილი ეპოქის კრიზისისაც და მარადიული  წყევლა-კრულვიანი სატკივარისაც, რომ “არ ვიცოდით სად, არ ვიცოდით, საიდან”. ასეთივე გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული გოგენის საკმაოდ ნათელ და ჭახჭახა ფერებში დახატული ცნობილი ნახატი, რომელსაც ავტორმა უწოდა: “საიდან მოვდივართ? ვინა ვართ? საით მივდივართ?~. ნახატზე ადამიანები სხვადასხვა საქმით არიან გართული, მხოლოდ ერთი ფიგურაა, მუხლებზე იდაყვდაყრდნობილი და მოფიქრალი. მხატვარმა სიმბოლურად, ალბათ, თავისი თავი დახატა. ცხოვრების ამაოება მან ერთი შეხედვით მშვიდ და “აზრიან~ ცხოვრებაში დალანდა და გაკვირვება პასუხგაუცემელი კითხვებით გამოხატა. ამ კითხვებს უტრიალებს ნიკოლო მიწიშვილის მინიატურათა ლირიკული გმირიც.

ერთ რკალში შეიძლება გავაერთიანოთ მინიატურები “წინ, სიკვდილისაკენ”, “Memento mori” და “სიცოცხლე… სიცოცხლე!” პირველ მინიატურაში სიცოცხლე გააზრებულია, როგორც სიკვდილისკენ გამუდმებული სვლა. მწერალი ადამიანს ურჩევს: “მაინც რას იჩქარი? იქ, ბოლოს, ხომ იცი, რა გელის?. “ის” ხომ იქაა გაჩერებული _ სიკვდილი! რაც მალე მიხვალ, იმდენად მალე მოგიღებს ბოლოს. მაშ, ნელა, ნელა”. ჩვენი დროის მწერალი ჯემალ ქარჩხაძეც მოსწრებულად აფრთხილებდა თავბრუდამხვევი სიჩქარის რიტმში ჩართულ ადამიანს: “რა გვეჩქარება, ღმერთი ხომ არსად გაგვექცევაო” (რომანი `განზომილება”). ეს სისწრაფე, შეუჩერებელი წინსვლა მწერალში ტრაგიკულ შეგრძნებას იწვევს. მეორე მინიატურაში `Memento mori~ რეფრენად მეორდება “გახსოვდეს სიკვდილი”.  ამ სიტყვებს თითქოს ედგარ პოსეული შავი ყორანი საბედისწეროდ დასჩხავის ადამიანს დაბადებიდან. “ვით ცივი ზამთარი ადუნებს და ანელებს ძგერას ბუნებისას, ისე ანელებს და ასუსტებს ალსა და სილამაზეს ცხოვრებისას ეს ძახილი” (ტერენტი გრანელმა 1924 წელს  ლექსების კრებული გამოსცა ამ სახელწოდებით `Memento mori”). მესამე მინიატურაში კი ავადმყოფის დღიურია წარმოჩენილი. გმირი ხედავს, როგორ იღვიძებს და ზეიმობს ბუნება გაზაფხულზე, ამ ფერხულში ადამიანებიც ერთვებიან. ტუბერკულიოზით დაავადებული ახალგაზრდაც მიემართება ტყისკენ, საიდანაც ხალხის ჟრიამული ისმის. სენი ავადმყოფს კვლავ ლოგინში აბრუნებს, მაგრამ გული არ ნებდება და ამბობს: “|სიცოცხლე მწყურია, სიცოცხლე~. ყოველივე ეს საოცარი დრამატიზმითა და ექსპრესიითაა გადმოცემული.

ფაუსტური ინტონაციები გაისმის მინიატურაში “უხილავს”. აქ დემონი გმირს გარიგებას სთავაზობს: `ყველაფერს, რასაც კი მოისურვებ, მოგცემ შენ, თუ ჩემი გზით ივლი”. ბარათაშვილის მსგავსად, მასაც აწუხებს “იდუმალი ხმა”, რომელიც ჩასჩურჩულებს მწარე სიტყვებს: “რისთვის ცოცხლობ?” მას შემდეგ, რაც `უხილავი სინათლისაგან” ვერ იღებს პასუხს, თუ რატომ გააჩინა, დემონს მიმართავს, რათა ფაუსტივით “კვლევა-ძიების” ძალა მისცეს და ფარდა ახადოს სამყაროს საიდუმლოებას.

მწერალი ცხოვრებას ადარებდა წიგნს (“სიყმაწვილე”), საიდანაც “ვერ ამოშლი მას, რაც დაწერილია”. ამ წიგნში მხოლოდ სიყმაწვილეა ჩაწერილი ნათელი ფერებით. ამიტომაც: “ნეტარ არს ის, ვინც ლამაზად დასცალა ტკბილი ფიალა სიყმაწვილისა”. მინიატურაში “პეპელა” დახატულია, თუ როგორ იფერფლება პეპელა ცეცხლში და დასმულია კითხვა: “განა, ადამიანო, შენც პეპელას არ ჰგავხარ?” და პასუხიც იქვეა: დიახ. შენ კიდეც გძულს და კიდეც გიყვარს სიკვდილი”. ადამიანი სიკვდილს, როგორც პეპელა ცეცხლს, ისე ეთამაშება, რადგან ეს “სიტკბოებასა და სიამოვნებას ანიჭებს”. სხვათა შორის, შიო არაგვისპრელს აქვს მინიატურა `პეპელა~, რომელშიც სიცივეში დამზრალი პეპელა აღმოაჩენს, რომ სჯობდა უფრო ადრე ალზე დანთქმულიყო და სინათლის შეხების `ნეტარი ჟრუანტელი~, `ნეტარი სიმწვავე~ ეგრძნო. ორივე შემთხვევაში ცეცხლთან თამაში აღიარებულია ცხოვრების გამართლებად.

ამ ცხოვრებას კი მწერალი გაიაზრებს, როგორც გამუდმებულ ნგრევა-შენებას: “ისინი ცხოვრებას ქმნიან, ათასი წლობით ნაშრომს ერთ წუთში ანადგურებენ, რომ ისევ ხელახლა დაიწყონ შრომა, ცხოვრება?!”უყვართ, იმიტომ, რომ შეიძულონ” (`ისინი ცხოვრებას ქმნიან”)

როგორც ვხედავთ, ნიკოლო მიწიშვილი ეგზისტენციალურ თემატიკას ამუშავებს. ცხოვრების აბსურდულობა და ადამიანის მიზნის გაურკვევლობა მისი მთავარი საფიქრალია. ცხოვრების ტრაგიკომიკურობა იხატება მინიატურაში “წუთები ცხოვრებისა”. აქ აღწერილია, როგორ გლოვობს დედა ახალგაზრდა ვაჟს სასაფლაოზე, გაისმის სამგლოვიარო ჰიმნი, ყველას ცრემლი სდის და იქვე პატარა ბიჭი, მამისგან საგანგებოდ გამოგზავნილი, სასაფლაოზე ბევრი ხალხი იქნებაო, წყალს ჰყიდის და კაპიკებს აგროვებს, გახარებულია, რომ ბევრია მყიდველი. მწერალი ერთდროულად კონტრასტულად ხატავს ბედშავი დედის გლოვას და შვილის სიმარჯვით აღტაცებულ მამას, რომელსაც საერთოდ არ აღელვებს უცხო ადამიანის  სატკივარი. გვახსენდება რუსთველის სიტყვები: “ღმერთმა ერთი რით აცხოვნოს, თუ მეორე არ წარწყმიდოს”.

ნიკოლო მიწიშვილი მინიატურებში ხატავდა ბედნიერების ხანმოკლეობასა და პირობითობას (“ყოველივე წარმავალია”). ერთ დროს ცნობილი და აღიარებული მწერალი საზოგადოებისგან გაირიყება და მარტოობაში (“თითქოს ცოცხლად დამარხულს დაემსგავსა”) ესალმება სიცოცხლეს. ეს ყოველივე კი ჩატეულია რამდენიმე აბზაცში. მწერალი ზუსტად გრძნობდა სიტყვის ძალასა და ენერგიას, ამიტომაც მოკლედ და სხარტად ატევდა დიდ სათქმელს მცირე, მოკვეთილ ფრაზაში.

ილიასეული მოძრაობის აპოლოგია გამოსჭვივის მინიატურაში `მთის მდინარე”. მწერალი აღტაცებულია მდინარის “მარადიული ახალგაზრდობით”: “მიყვარხარ იმიტომ, რომ შენი სული ვერ შეგუებია მყუდროებას”. ტრადიციასთან გადაძახილით მწერალი ხაზს უსვამს დროთა კავშირის დაურღვევლობას, ადამიანის განუყოფლობას თავისი წარსულისა თუ წინაპრებისაგან.

სიტყვის, გამოთქმის უძლურებაა წარმოჩენილი მინიატურაში `მდუმარება~: “დაკარგულად ჩასთვალე შენი დღენი, როდესაც მდუმარებას არ მოუცავს ბაგენი შენნი, მდუმარებით არ გისაუბრია შენს სულთან” (“დუმილიც მიითვალენ შენდამი ლოცვად” _ ბარათაშვილი; “დუმილი ოქროა რჩეული” _ ბიბლია…)

მწერალი მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტი რწმენა ადამიანთა ურთიერთმიტევებასა და სინანულში მჟღავნდება. ჯვარცმული ქრისტე მხოლოდ მაშინ აღსდგება ჭეშმარიტად, როცა ადამიანი სისხლს აღარ დაღვრის, არ დაჩაგრავს სუსტს” (`სიზმარი”). მინიატურაში “მელანქოლია” ერთი ლამაზი ლეგენდაა კვიპაროსზე. `როგორი სწორი და შნოიანია კვიპაროსის ხეები. ამბობენ, კვიპაროსის ხე წმინდა კაცის გულზე ამოვიდა პირველად და როგორც განსვენებული იყო მართალი და სწორი ცხოვრებაში, მის საფლავზე ამოსული ხეც სწორად გაიზარდა და ეს თვისება ყველა კვიპაროსის ხეს გადაეცაო”. ამ მინიატურაში ადამიანთა გაუცხოებაა წარმოჩენილი. მწერალი წუხს, რომ ყველა დაფარული აზრით ლაპარაკობს… არც ერთი იმას არ ამბობს, რაც გულში აქვს”, ამიტომაც მელანქოლია, იგივე სპლინი აწუხებთ და გამოსავალი ვერ უპოვიათ.

ბოდლერს აქვს ერთი მინიატურა, რომელშიც ცხოვრება საავადმყოფოსთან არის შედარებული, `სადაც ყოველი ავადმყოფი საწოლის გამოცვლის ჟინითაა შეპყრობილი. ერთს ურჩევნია, ღუმელის გვერდით იტანჯოს, მეორე ფიქრობს, რომ ფანჯარასთან გამოჯანსაღდება”. მინიატურის გმირი სულს სხვადასხვა ადგილას გადასახლებას სთავაზობს და წარმოსახვით ხან რას უხატავს, ხან რას. `ბოლოს და ბოლოს ჩემმა სულმა სძლია საკუთარ გაოგნებას და სავსებით გონიერად მიპასუხა: “საითაც გსურს! საითაც გნებავს, ოღონდ გავეცალოთ ამ სამყაროს!” მსგავსი ინტონაციები გაისმის ნიკოლო მიწიშვილის მინიატურებშიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასაც აწუხებდა დროში არსებობის ტკივილი და მარადისობას მიესწრაფვოდა.

მინიატურა “რეა” ლირიკული აღსარებაა. რეა ჰგავს ედგარ პოს გაიდეალებულ ქალებს, რომელთაც ასეთივე  მშვენიერი სახელები ერქვათ: ლიგეა, ელეონორა, მორელა… რეა რეალურ-მისტიკური სახეა მშვენიერი, მიუწვდომელი ქალისა, რომელიც სიზმარ-ცხადში ხვდება ლირიკულ გმირს  და რომელიც სიკვდილის წინ უტოვებს ანდერძს, რომ არ დაივიწყოს.

რეა ბერძნული მითოლოგიის ღმერთქალია, კრონოსის მეუღლე და ზევსის დედა, მიუხედავად ამისა, მინიატურას არა აქვს მითოლოგიური საფანელი. ვფიქრობთ, აქ მთავარია ქალის ულამაზესი სახელის მუსიკალური ჟღერადობა, რომელიც იდუმალების ბურუსში ხვევს ამ სახელის პატრონს. ეს მინიატურა ედგარ პოს “ყორანსაც” გვაგონებს. აქაც გლოვობს გმირი დაკარგულ სატრფოს და აქაც გაისმის სასტიკი `ნევერმორე~. რეა სიმბოლოა მარადქალურობისა, სამყაროს გადამრჩენი მშვენიერებისა.

ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების ენა სადაა, რეალობასა და წარმოსახვას შორის მოქანავე. პოლ ვალერი წერის მისეულ მანერას ასე შეაფასებდა: “როცა სტილი მშვენიერია, ფრაზა მკაფიოდ იკვეთება, მიზანი ცხადი ხდება _ ყველაფერი სულიერდება”. ამ მინიატურების სული მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს ამაოებაზე და მშვენიერებასაც აზიარებს. ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების საერთო სულისკვეთება მაინც  სიცოცხლისკენ სწრაფვაა ნებისმიერ ფასად, რაღაც საოცარი ჟინითა და თავდავიწყებით, თუნდაც ტანჯვის, გამუდმებული მსხვერპლშეწირვის გზით. “გახსოვდეს სიცოცხლე” _ აი, ეს სიტყვები ჩაგვესმის ტკივილით დაქანცული მისი სულის კვნესიდან. ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა სახელწოდებით „სამარადისო ზღაპარი“.

მიზიდულობის მოვლენა. სიმძიმის ძალა

0

რატომ იზიდავს დედამიწა სხეულებს? საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში აკვირდებოდა ადამიანი სხეულთა ვარდნას და ცდილობდა ეპასუხა ამ კითხვისთვის. ასევე ცდილობდა აეხსნა: რა არის მთის ფერდობებიდან ზვავების ვარდნის, ჩანჩქერებისა და მდინარეების დინების მიზეზი (ნახ.1)?

ნახ.1

რატომ გააჩნია ჰორიზონტალურად გასროლილ სხეულს ტრაექტორიას წრფივი  ფორმის ნაცვლად   მრუდე ფორმა (ნახ.2)?

ნახ.2

არსებობდა მხოლოდ ვარაუდები და ჰიპოთეზები, რომელიც არცთუ დამაჯერებლად იძლეოდა ამ კითხვებზე პასუხს.

გამოჩენილმა ინგლისელმა მეცნიერმა ისააკ ნიუტონმა (1643-1727) შექმნა ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაფუძნებული და მათემატიკური ანალიზით დასაბუთებული ბრწყინვალე თეორია, რომელმაც დამაჯერებელი პასუხი გასცა ყველა იმ კითხვას, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. 23 წლის ნიუტონის მოსაზრებები ეყრდნობოდა მისი წინამორბედების კეპლერის, კოპერნიკის, გალილეის  სამეცნიერო შრომებს და გამდიდრებული იყო საკუთარი ექსპერიმენტული კვლევებით. ნიუტონი წერდა, რომ პირველად დედამიწის მიერ მთვარის მიზიდვის შესახებ იდეა დაებადა მას შემდეგ, რაც დაინახა, როგორ ჩამოვარდა ვაშლი ხიდან. იგი ამ დროს სწორედ მთვარის მოძრაობაზე ფიქრობდა (ნახ.3). იქნებ დედამიწის მიზიდულობის ძალა განაპირობებს დედამიწის ირგვლივ წრიულ ორბიტაზე მთვარის მოძრაობას, რასაც თან ახლავს მისი სიჩქარის მიმართულების ცვლილება, ანუ სიჩქარის ცვლილება? სწორედ ამ ვარაუდს ეყრდნობოდა მისი თეორია.

 

ნახ.3

ნიუტონის მიხედვით, ბუნების კანონია ის, რომ სამყაროში ყველა სხეული ერთმანეთს იზიდავს. დედამიწა იზიდავს მთვარეს, მთვარე კი – დედამიწას. სწორედ მთვარის მიზიდულობის ძალა განაპირობებს  წყლის მიმოქცევას დედამიწაზე – ზღვებისა და ოკეანეების წყლის უზარმაზარი მასის რამდენიმე მეტრით მაღლა აწევას დღე-ღამეში  2-ჯერ.

მიზიდულობის ძალა მეტია, რაც მეტია სხეულთა მასები. ჩვენ ვერ ვგრძნობთ, როგორ იზიდავს საკლასო ოთახში ერთი მერხი მეორეს, რადგან ეს ძალა ძალიან მცირეა, მაგრამ თუ ერთ-ერთი სხეულის მასა ძალიან გაიზრდება, მათ შორის  მიზიდულობა თვალსაჩინო გახდება. ჩვენ ირგვლივ ყველაზე დიდი სხეული დედამიწაა, ამიტომაც იზიდავს იგი ყველა სხეულს. მიზიდულობის ძალა, მასის გარდა, სხეულებს შორის მანძილზეც არის დამოკიდებული. რაც მეტია ეს მანძილი, მით სუსტია ძალა. ეს ფაქტი ძალიან ჰგავს მაგნიტისა და რკინის ურთიერთქმედებას. მაგნიტთან რკინის სხეულის მიახლოებისას ურთიერთქმედება ძლიერდება და დაშორებისას – პირიქით, სუსტდება.

ამგვარად, სამყაროში არსებული ყველა სხეული, რომელსაც მასა გააჩნია, ერთმანეთს იზიდავს. ამ ურთიერთქმედების ბუნება მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, თუმცა აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. ძალას, რომლითაც სხეულები ერთმანეთს იზიდავს, მსოფლიო მიზიდულობის ძალა ეწოდება. კანონს, რომელიც მათემატიკურად აღწერს დამოკიდებულებას მიზიდულობის ძალას, სხეულთა მასებსა და მათ შორის მანძილს, მსოფლიო მიზიდულობის კანონი ეწოდება, სხვანაირად, მას ნიუტონის მეოთხე კანონსაც უწოდებენ. ამ კანონს, ნიუტონის დანარჩენ სამ კანონთან ერთად  მომავალში უფრო დაწვრილებით გავეცნობით.

ჩვენთვის, როგორც დედამიწაზე მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალა, რომლითაც დედამიწა იზიდავს სხეულებს. ამ ძალას სიმძიმის ძალა ეწოდება. ანუ სიმძიმის ძალა მსოფლიო მიზიდულობის ძალის ერთგვარი კერძო შემთხვევაა.

ცდებით დადგენილია, რომ სიმძიმის ძალა სხეულის მასის პირდაპირპროპორციულია. შესაბამისად, რამდენჯერაც ერთი სხეულის მასა მეორის მასზე მეტია, იმდენჯერ მეტია პირველ სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა მეორე სხეულზე მოქმედ  სიმძიმის ძალაზე. ამიტომ დიდი მასას სხეულზე ამბობენ, იგი უფრო მძიმეა, ვიდრე მეორე. ამ სიტყვებით ჩანს სიმძიმის ძალის დამოკიდებულება სხეულის მასაზე.

ახლა უფრო ახლოს გავეცნოთ სიმძიმის ძალას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალა სხეულის სიჩქარის ცვლილების მიზეზია. შესაბამისად, სიმძიმის ძალამაც სხეულს შეიძლება შეუცვალოს სიჩქარე. ეს კარგად ჩანს წვეთის ვარდნისას მისი მოძრაობის სტრობოსოპული სურათის დათვალიერებისას (ნახ.4).

ნახ.4

სურათზე ვხედავთ, რომ დროის ერთნაირ ინტერვალში წვეთის გადაადგილება იცვლება – იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წვეთის სიჩქარე იზრდება, რაც განპირობებულია მასზე სიმძიმის ძალის მოქმედებით. ამავე სურათით დასტურდება, რომ სხეულზე (წვეთზე) მოქმედი სიმძიმის ძალა ვერტიკალურად ქვემოთ, დედამიწის ცენტრისკენ არის მიმართული. იგი მოქმედებს წვეთზე და დროის ყოველ მომდევნო ინტერვალში ზრდის წვეთის სიჩქარეს. ამგვარად, სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა პირდაპირპროპორციულია სხეულის მასისა და მიმართულია ვერტიკალურად ქვემოთ.

არის ერთი საკითხი, რაზეც ჯერ არ გვისაუბრია. ჩვენ ვექტორული სიდიდეების დახასიათებისას დავადგინეთ, რომ ასეთ სიდიდეებს ვახასიათებთ რიცხვითი მნიშვნელობითა და მიმართულებით. შესაბამისად, ძალაც, როგორც ვექტორული სიდიდე, ხასიათდება რიცხვითი მნიშვნელობითა და მიმართულებით. გარდა ამისა, ძალა ხასიათდება მოდების წერტილით. ანუ სხვა სიდიდეებისგან განსხვავებით ძალა ხასიათდება რიცხვითი მნიშვნელობით, მიმართულებითა და მოდების წერტილით.

სიმძიმის ძალის მოდების წერტილს სხეულის სიმძიმის ცენტრი ეწოდება. მას სხვანაირად მასათა ცენტრსაც უწოდებენ.

როგორ გამოითვლება სიმძიმის ძალა? როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა სხეულის მასის პირდაპირპროპროპორციულია. მათემატიკიდან ცნობილია, რომ პირდაპირპროპორციული სიდიდეების შეფარდება მუდმივი სიდიდეა. შესაბამისად, სიმძიმის ძალის მასასთან შეფარდებაც მუდმივი უნდა იყოს. ეს ფაქტი მარტივად დასტურდება ექსპერიმენტით: დინამომეტრზე (ძალის საზომი ხელსაწყო) ჩამოვკიდოთ 300გ მასის საწონი. მასზე იმოქმედებს დედამიწა, მიიზიდავს საწონს და დინამომეტრის ჩვენება სწორედ საწონზე მოქმედი სიმძიმის ძალის ტოლი იქნება. თუ იმავეს გავიმეორებთ 600გ. მასის საწონზე და შემდეგ შევადარებთ დინამომეტრის ჩვენებებს თითოეულ შემთხვევაში მივიღებთ, რომ სიმძიმის ძალის მასასთან ფარდობა ორივე საწონის შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება.

 

ამგვარად, ამ სტატიაში გავეცანით სამყაროში არსებულ ნებისმიერ ორ სხეულს შორის არსებულ მიზიდულობის ძალას, რომელსაც მსოფლიო მიზიდულობის ძალას უწოდებენ და მის კერძო შემთხვევას – სიმძიმის ძალას.

 

ლიტერატურა:

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  4. ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:

https://fun-phys.blogspot.com/2016/05/motion-of-body-thrown-in-horizontal.html

https://www.studyphysics.ca/newnotes/20/unit02_circulargravitation/chp07_2d/lesson26.htm

https://writescience.wordpress.com/tag/alexander-fleming/

ვინ და როგორ ინახავს ენას? – რა ვასწავლოთ ბავშვებს

0

თითქოს დღესავით ნათელია, რომ ენას – ადამიანის გამოცდილების უნიკალურ გამოხატულებას – მასზე მოსაუბრე თითოეული ინდივიდი ინახავს, უვლის და თაობიდან თაობას გადასცემს. მაგრამ აშკარაა, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური თუ სოციალური კატაკლიზმები ენას ამ ფუფუნებას ართმევს და ზოგჯერ დიდი საფრთხეების წინაშეც აყენებს[1]. დღესდღეობით ცნობილი ფაქტია, რომ მშობლიური ენის დავიწყება სავსებით მარტივადაა შესაძლებელი და ეს შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს. მოჭარბებული მიგრაციებისა და ტრამვების ფონზე თვალშისაცემია, თუ როგორ ჰკარგავენ ადამიანები საკუთარი ენის შეგრძნებას სამშობლოდან შორს, პარალელურად ორი ენობრივი სისტემის ჭიდილისას და ყველას როდი ძალუძს, ამგვარი კონკურენციისას  ორი ენობრივი  პინა – მშობლიური და უცხო  – ბოლომდე თანაბარ დონეზე შეინარჩუნოს.[2]

მშობლიური ენის „შენახვის” ერთ-ერთ ფაქტორად  ენისადმი ადამიანის მდგრადობა და მიდრეკილება სახელდება, თუმცა ესენიც სუბიექტური ფაქტორებია[3]. მხოლოდ მათ ანაბარა თუ დარჩება, ენის სიცოცხლისუნარიანობას იოლად შეიძლება დაემუქროს საფრთხე.[4] გარდა ამისა, ენას კვებავს და ასაზრდოებს მწერლობა, რომელიც სიტყვის დაფარულ შესაძლებლობებს ცხოველსმყოფელი ძალით ამზეურებს. თუმცა ჩვენამდე არსებული არაერთი მწერლობის ნიმუში დაკარგულა და  გამქრალა უკვალოდ, რადგან არ ხერხდებოდა ენის სათანადო დოკუმენტირება.

მიჩნეულია, რომ თითოეული ენის გაქრობა იწვევს უნიკალური კულტურული, ისტორიული და ეკოლოგიური ცოდნის აუნაზღაურებელ დანაკარგს. ნებისმიერი ენის ცოდნა შეიძლება საკვანძო მნიშვნელობის იყოს მომავლის ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ყოველთვის, როცა ენა კვდება, ვკარგავთ ენათა სტრუქტურისა და ფუნქციის ნიმუშებს, კაცობრიობის პრეისტორიის გაგებისა და მსოფლიოს მრავალფეროვანი ეკოსისტემების შენარჩუნების საშუალებას. უწინარეს ყოვლისა, ამ ენის მატარებლებმა შეიძლება ენის დაკარგვით დაკარგონ თავიანთი ორიგინალური ეთნიკური და კულტურული ინდივიდუალობა.

კაცობრიობის ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნების და დაცვის  მიზნით იუნესკომ შეიმუშავა პროექტები  ენების, როგორც განათლებისა და კულტურის იარაღისა და ეროვნულ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალების, დასახმარებლად” (ნორიკო აიკავა, 2001:13). ამ პროგრამათა შორისაა გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების წითელი წიგნის პროექტი,  თუმცა, უკვე შენიშნულია, რომ წითელი წიგნის პროექტს ერთი გადამწყვეტი მიზანი აკლია, ეს არის თანამშრომლობა საფრთხის ქვეშ მყოფი ენების მატარებელ საზოგადოებასთან ენის დასახმარების, განვითარების, გაცოცხლებისა და შენარჩუნებისათვის.

იუნესკოს მოქმედებათა გეგმა გვთავაზობს, რომ წევრმა ქვეყნებმა ენის მატარებელ საზოგადოებებთან ერთად შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა

  • შეინარჩუნონ კაცობრიობის ენობრივი მრავალფეროვნება და ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება მეტი ენის გამოხატვას, შექმნას და გავრცელებას.
  • უზრუნველყონ განათლების ყველა საფეხურზე ენის მრავალფეროვნების მხარდაჭერა და ადრეული ასაკიდან რამდენიმე ენის სწავლების წახალისება.
  • სადაც შესაძლებელია, შეიტანონ ტრადიციული პედაგოგიკა საგანმანათლებლო პროცესში კომუნიკაციისა და ცოდნის გადაცემის კულტურულად შესაფერისი მეთოდების შენარჩუნების, ასევე სრული გამოყენების მიზნით; წახალისდეს ენობრივი საზოგადოებისათვის ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა გლობალური ინტერნეტქსელის გამოყენებით, ამასთან კიბერსივრცეში წინ წამოიწიოს ენობრივი მრავალფეროვნებანი.

ამ გეგმის კვალდაკვალ ენათმეცნიერები და პედაგოგები საზოგადოებისათვის ლინგვისტური და სხვა უფლებების დაცვის მხარდაჭერის მიზნით უმნიშვნელოვანეს შუამავლებად მოიაზრებიან. მათ შეუძლიათ დაიცვან ენა, როგორც „სოციუმის არსებობის განმსაზღვრელი კომპონენტი და კულტურის ფენომენი“  და შეაფასონ ენის სიცოცხლისუნარიანობა, რომლის მთავარი ფაქტორებია:

  • თაობათა შორის ენის გადაცემა;
  • ენაზე მოლაპარაკეთა აბსოლუტური რიცხვი;
  • მოლაპარაკეთა პროპორციულობა მოსახლეობის სრულ რაოდენობასთან;
  • ცოცხალ ენებზე მოლაპარაკე რეგიონებში მიმდინარე ტენდენციები;
  • ახალ დარგებსა და მედიაზე რეაგირება;
  • ენის შესწავლისა და წიგნიერებისათვის საჭირო მასალები.

კერძოდ, ენათმეცნიერების დარგის, დოკულონგვისტიკის პირდაპირ მოვალეობად განისაზღვრება ენის დოკუმენტირება, რომელთან ერთადაც ინახება/დოკუმენტირდება კულტურაც. ეს ახალი მიმართულება ჰუმანიტარულ მეცნიერებაში სწორედ საფრთხეში მყოფი ენების დოკუმენტირების ბაზაზე შეიქმნა. კორპუსული ლინგვისტიკის განვითარებამ ახალი ბიძგი მისცა ენისა და კულტურის დოკუმენტირებას – შეიქმნა ენის კორპუსები. თუმცა რადგან კვლევის ის მიდგომები და საშუალებები, რომლებიც მხოლოდ ტექსტური (ბეჭდური ან დიგიტალური) ფორმატითაა ხელმისაწვდომი, არ იძლევა თანამედროვე სამეცნიერო პრობლემატიკის სრულფასოვანი ფონეტიკური დამუშავების, ასევე  ვერიფიცირების საშუალებას, ზეპირმეტყველების კორპუსის შექმნამ მოითხოვა საკვლევი რესურსების მულტიმედიური ფორმატის განვითარება (ტექსტის აუდიო- და ვიდეოსიგნალებით განვრცობა). ავტომატური ძიებისა და სორტირების საგანგებო ინსტრუმენტით – კორპუს-მენეჯერით აღჭურვილმა ახალმა ტექნოლოგიურმა პროდუქტმა საგრძნობლად გააადვილა და დააჩქარა კვლევის პროცესი.

დღეისათვის დადგენილია, რომ 7 000-მდე არსებული ენიდან 2150 წლისათვის თითქმის ნახევარს გაქრობა უწერია – საფრთხეში მყოფი ენების კვლევის ინსტიტუტის[5]  მონაცემების მიხედვით, ენათა გაქრობის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ინდიგენური ცხოველების ან მცენარეების: ორ კვირაში ერთხელ ქრება ერთი ენა.  საგულისხმოა, რომ გაქრობის საშიშროება უმეტესად ინდიგენური ხალხების ენებს ემუქრება, რომელთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ენებთან ერთად გაქრება არა მარტო ენა, როგორც სისტემა, არამედ ინდიგენური მოსახლეობის სულიერი კულტურაც.

 

საქართველოში, ფაქტობრივად, 4 რეგიონი არსებობს, სადაც უმცირესობათა ყველაზე “დიდი” ჯგუფები კომპაქტურად არიან წარმოდგენილი: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. მიუხედავად იმისა, რომ ქისტებიც კომპაქტურად სახლობენ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში (კახეთი, პანკისის ხეობა) და რეგიონის მოსახლეობის 17% შეადგენენ, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0,2%-ს წარმოადგენენ და მათი სოციალური როლი საგრძნობლად განსხვავდება სომხების (საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 5,7%), აზერბაიჯანელების (საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6,5%), ოსებისა (საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,9) და აფხაზებისაგან (საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,1%) ქვეყნის პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი წილით. ამასთან, ბოლო ორი ეთნიკური უმცირესობის (ოსებისა და აფხაზების) რაოდენობრიობა არაპროპორციულ მიმართებაშია მათ სოციალურ როლთან მათი, როგორც ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე.

ენის დიგიტალური დოკუმენტირება და არქივირება, დოკულინგვისტიკის მიხედვით, ეტაპობრივად ხორციელდება. ეს ეტაპებია:

I.საველე ექსპედიციის (fieldwork) კონცეპტუალიზაცია და პრაქტიკული გამხორციელება

  1. მოპოვებული მასალის ლაბორატორიული დამუშავება

III. დამუშავებული რესურსების არქივირება და შემდგომი დაცვა[6].

სამივე ეტაპის სრულფასოვანი განხორციელება დოკულინგვისტიკის ძირითად პრინციპს წარმოადგენს.

დღესდღეობით ენათა ამ პრინციპით შენახვისთვის, ასევე კვლევითი რესურსების ინტერდისციპლინურობისა და ინტეგრაციისათვის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ერთიანდება. ამის დასტურია, მაგ., ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების საერთოევროპული გაერთიანება-კონსორციუმის, CLARIN-ის[7] შექმნა. CLARIN აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო დარგის მეცნიერებს, რომლებიც კონსორციუმის პლატფორმას რესურსების გაცვლის, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების-სტანდარტიზაციის და დიგიტალურ მონაცემთა მდგრადი შენახვის პრობლემებზე მუშაობისათვის იყენებენ.

CLARIN-ში გაერთიანებული არიან ევროპის შემდეგი ქვეყნები: გერმანია, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, საბერძნეთი, ლიტვა, ჰოლანდია, ნორვეგია, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, შვედეთი, ჩეხეთი, ბრიტანეთი.თითოეულ წევრ ქვეყანას გააჩნია ეროვნული CLARIN-ორგანიზაცია, მაგ., გერმანიაში შექმნილია CLARIN-DE, რომელშიც გაერთიანებულია: ტიუბენგენის, ლაიპციგის, ბერლინის, შტუთგარდის, მიუნიჰის და სხვა უნივერსიტეტებში შექმნილი სინქრონული თუ დიაქრონული ენობრივი კორპუსები,  მონაცემები და ელექტრონული ინსტრუმენტები, რომლებითაც ამ თუ სხვა ტიპის მონაცემთა დამუშავებაა შესაძლებელი.

საქართველოში არსებული ენებისა და დიალექტებისათვის ჯერჯერობით რაიმე ტიპის კონსორციული არ შექმნილა, თუმცა შექმნილია ქართული ენის კორპუსი, დიალექტური კორპუსი, აქტიურად იქმნება სხვადასხვა ტიპის დიგიტალური არქივები, რომელთა შექმნაში აქტიურად მონაწილეობენ როგორც საქართველოში, ასე უცხოეთში მოღვაწე ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები და მათი როლი განუზომელია. სწორედ მათი დიდი შრომის წყალობით გაგვაჩნია და ვიყენებთ ქართულ და საერთაშორისო ელექტრონულ რესურსებს, როგორიცაა: ARMAZI, ECLinG, CauPal, SSGG, GeoPal, GDC, GNC, DigiArchive, Corpora.co, Spoken BNC2014, ELDP– SOAS და სხვ.

კიდევ რა შეიძლება ვიცოდეთ მასწავლებლებმა?

თუკი საქართველოში ვასწავლით და ჩვენს აუდიტორიაში რომელიმე ენობრივი სოციუმის წარმომადგენელი ზის, აუცილებელია წახალისება, შთაგონება, რათა არ დაივიწყოს წინაპრების ენა თუ დიალექტი, არამედ შეინარჩუნოს, გააძლიეროს და შთამომავლობას შეძლებისდაგვარად უცვლელად გადასცეს. ამ საქმეში შეიძლება მათი ოჯახების უფროს თუ უხუცეს წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობაც. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია, სკოლებში დაიგეგმოს და განხორციელდეს ლინგვისტური პროექტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის ენობრივი სოციუმების თუ დიალექტების წარმომადგენლები; ასევე ჩაერთვებიან საენათმეცნიერო წრეები; დოკულინგვისტიკის პრინციპების დაცვით ჩაიწერება ნარატივები, რომლებიც დამუშავდება და დაარქივდება, ბავშვები კი ცოცხლად შეეხებიან ენას, გაიაზრებენ მისი კომპონენტების არსს, როლსა და ღირებულებას. სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მსგავსი დიგიტალური დოკუმენტირება სრულიად ახალ პერსპექტივებს გახსნის კვლევის როგორც ტექნოლოგიური, ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, მით უფრო, როცა სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. https://tandaschwili.com/
  2. Himmelmann, Documentary and descriptive linguistics, Linguistics 36 (1998). 161-195.

SOAS: Whatisit – https://www.hrelp.org/documentation/whatisit/

  1. Gippert, Jost, Nikolaus P. Himmelmann, Ulrike Mosel https://emilkirkegaard.dk/lyddansk/sites/default/files/files/essentials-of-language-documentation.pdf
  2. ISLE –  https://www.mpi.nl/ISLE/
  3. Toolbox – https://www-01.sil.org/computing/toolbox/
  4. TEI – https://www.tei-c.org/index.xml
  5. EAF – https://www.file-extension.org/de/extensions/eaf
  6. IMDI – https://tla.mpi.nl/imdi-metadata/

 

 

 

[1] ენის საფრთხეებად განიხილება სამხედრო, ეკონომიკური, რელიგიური, კულტურული ფაქტორები, საგანმანათლებლო მორჩილება, ან საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი ენისადმი.

[2] მიჩნეულია, რომ ენის უნარების შეცვლა, მისი დავიწყება ადვილად ხდება ბავშვებში. თუმცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გაქცეული გერმანელი ებრაელების მიერ გერმანული ენის ფლობის კოეფიციენტის დასადგენად ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა, რომ მათ შემთხვევაში ენის დავიწყების მთავარი განმაპირობებელი იყო არა ის, თუ რამდენი ხანი ცხოვრობდნენ სხვა ქვეყანაში ან რომელ ასაკში დატოვეს გერმანია, არამედ ის, თუ რა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს ნაცისტების დევნისგან. იმ გერმანელი ებრაელების დიდი ნაწილი, რომელმაც გერმანია 1938 წლის შემდეგ დატოვა, თითქმის საერთოდ ვეღარ საუბრობდა გერმანულად, განსხვავებით მათგან, ვინც გერმანიიდან 1938 წლამდე გადასახლდა.

[3]   დღესდღეობით მსოფლიოში ხალხის 97% ლაპარაკობს მსოფლიოში არსებული ენების 4%-ზე და პირიქით, მსოფლიო ენების 96%-ზე ლაპარაკობს ადამიანთა დაახლოებით 3%. მსოფლიო ენები მრავალფეროვნებით ხასიათდება, ამ ენების მატარებელთა რიცხვი კი ძალზე მცირეა. ბავშვები იმ ენებსაც კი არ ითვისებენ, რომელზედაც ბევრი ლაპარაკობს; მსოფლიოს 6000-ზე მეტი ენიდან სულ მცირე 50% კარგავს თავის მატარებელს. მიიჩნევენ, რომ  21- საუკუნის ბოლოს უმეტეს რეგიონებში ენათა 90%- უფრო დომინანტური ენები ჩაენაცვლება.

[4] ენის საფრთხეში ყოფნა და მისი რევიტალიზაცია განპირობებულია როგორც ამ ენის მატარებელი სოციუმის ნებელობითა და მზაობით, შეინარჩუნოს ენა, ისე სახელმწიფოს მხრიდან არსებული სურვილით, ხელი შეუწყოს მოცემული ეთნიკური ჯგუფის იდენტობის შენარჩუნებას. ენის მატარებელთა რაოდენობა ყოველთვის არ არის განმსაზღვრელი ენის შენარჩუნება-არშენარჩუნებისათვის. მაგ., საქართველოში ებრაელმა ხალხმა, მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მაინც ვერ შეინარჩუნა საკუთარი ენა – მოხდა მათი ენობრივი ასიმილაცია. და პირიქით, შესაძლოა სოციუმმა დაბალი რაოდენობრივი მაჩვენებლის პირობებშიც  შეინარჩუნოს ენა, როგორც, მაგალითად, წოვა-თუშებმა, ასურელებმა და სხვ.

 

 

[5] Living Tongues Institute for Endangered Languages

[6] აღნიშნულ საკითხებზე დაწვრილებით იხ.: https://tandaschwili.com/

[7] Common Language Resources and Technology Infrastructure

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...