ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

როგორ გავხდი მასწავლებელი

0

„მამაჩემისგან დავალებული ვარ სიცოცხლის მოცემისთვის, მასწავლებლისგან კი – კარგად ცხოვრების სწავლებისთვის“, – ამბობდა ალექსანდრე მაკედონელი. როგორც ხედავთ, მასწავლებელი ცოდნის გადაცემაზე უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვიკვირდეს, რომ განათლების სისტემა ამდენ ბარიერს აწესებს პროფესიაში შესვლის მსურველებისთვის.

ჩემი მასწავლებლის სტატუსით სკოლაში დაბრუნების ამბავი ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ე.წ. სქემის სისტემა ამუშავდებოდა. სკოლაში ჯერ კლასის დამრიგებლად დავიწყე მუშაობა, რაღაც დროის შემდეგ კი საგნის სწავლების საშუალებაც მომეცა. დღეს ალბათ პროფესიაში შესვლა ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან თავის დროზე არც პედაგოგიკის სპეციალური კურსი გამივლია და არც მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდებს არ ვუფრთხი (ახლახანს დავამთავრე მაგისტრატურა განათლების ადმინისტრირების განხრით), ჯერ კიდევ პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ, ალბათ იმიტომ, რომ სკოლას ჩემთვის კომპეტენციის დადასტურება არასდროს უთხოვია. თუმცა საგნის გამოცდა მაინც ჩავაბარე და  მომავალ წელს მეორე გამოცდის ჩაბარებასაც ვგეგმავ.

საინტერესოა, როგორ აფასებენ ახლად კურსდამთავრებულები მასწავლებლის პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და რა საშუალებებს მიმართავენ სკოლისაკენ მიმავალ გზაზე არსებული სირთულეების გადასალახად. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად გავესაუბრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულს თამარ რიჟამაძეს, რომელიც თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ახალბედა მასწავლებელია:

,,ჩემი განათლების სფეროთი დაინტერესება ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულმა, შემდეგ კი ცოდნის გადაცემის სურვილმა განაპირობა. აქედან გამომდინარე, დამატებით პროფესიად გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა. თუმცა მასწავლებლის პროფესიაში შესვლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სკოლები ითხოვენ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ მინიმუმ  ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, მხოლოდ ბაკალავრის დიპლომით სამსახურში არავინ აგიყვანს. საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყება გაცილებით რთული აღმოჩნდა  და გადავწყვიტე ერთ-ერთი კერძო სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლის სტატუსს დავჯერებოდი. აღნიშნულ სკოლაში რეზიუმეს გადაგზავნისა და გასაუბრების შედეგად მოვხვდი. 2018 წლიდან კი, ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად, ვასწავლი საგანს ,,მე და საზოგადოება“.

თამარმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ყველაზე მეტად დაეხმარა პროფესიული მზაობისა და პროფესიაში შესვლის თვალსაზრისით, მეტიც, მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პროგრამის დამსახურებით აღმოჩნდა სკოლაში. რაც შეეხება მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ (სასერტიფიკაციო) გამოცდებს, ჩემი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ისინი გარკვეულწილად გასაუმჯობესებელია. თუმცა არ უარყოფს მათ საჭიროებას, რადგან ჯერჯერობით მასწავლებლის გამოცდები კომპეტენციის დადასტურების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა და დამწყებ მასწავლებელსაც ეხმარება პროფესიაში შესვლის თვალსაზრისით.

როგორ ფიქრობთ, სერტიფიცირებული კადრები უნდა სარგებლობდნენ რაიმე სახის პრივილეგიით?

,,მასწავლებლობა დასაფასებელი პროფესიაა. თუ პედაგოგს სთხოვენ, იყოს სერტიფიცირებული, შესაბამისად უნდა შესთავაზონ გარკვეული შეღავათები და ბონუსები (სოციალური შეღავათები, პრემია, სახელფასო დანამატი და სხვ.). ვფიქრობ, ამ ტიპის წახალისება მნიშვნელოვნად გაზრდის მასწავლებლის მოტივაციას და ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სწავლების ხარისხზე.“

თამარი პროფესიაში შესვლის ერთ-ერთ საინტერესო გზად მოიაზრებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტებს, როგორიცაა ,,ასწავლე საქართველოსთვის“, ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ და აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი სწორედ ამ გზით მოხვდა სკოლაში.

,,ჩემი მეგობარი  2013 წელს ჩაერთო არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერ პროგრამაში, რომელსაც ადრე ,,ქართული, როგორც მეორე ენა“ ერქვა. როგორც მისგან ვიცი, სკოლაში განაწილებამდე გაიარა გამოცდა, გასაუბრება  და ტრენინგები. ამჟამად სკოლაში დამხმარე მასწავლებლის სტატუსით მუშაობს. თუმცა ზემოაღნიშნულ პროგრამასაც აქვს თავისი სირთულეები. გიწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ოჯახთან და მეგობრებთან დროებით დაშორება. ვინც არ გრძნობს ძლიერ მიჯაჭვულობას და ადვილად ადაპტირდება უცხო გარემოში, ამ გზით ნამდვილად შეძლებს სკოლაში თავის დამკვიდრებას.“

ჩემმა რესპონდენტმა ორიოდე სიტყვით მაძიებლობის პროგრამაც შეაფასა:

,,ასევე მინდა აღვნიშნო მაძიებლობის პროგრამა, რომლის დახმარებითაც მასწავლებლობის მსურველები შეძლებენ სკოლაში მუშაობას. ეს ინიციატივა იმითაც გამოირჩევა, რომ მაძიებელი იღებს შრომის შესაბამის ანაზღაურებას და საკმარისი დრო ეძლევა მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.“

სკოლაში შესვლის შემდეგ მასწავლებელს მაინც სთხოვენ კომპეტენციის დადასტურებას და პროფესიულ ზრდას, რაზეც პედაგოგთა ნაწილი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

,,ჩემი აზრით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება უწყვეტი უნდა იყოს. ეს იქნება ტრენინგები თუ საგანმანათლებლო პროექტები, პედაგოგი უნდა ერთვებოდეს ყველაფერში, რაც მას საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობის საშუალებას მისცემს. თუმცა მთავარი მაინც განვითარების სურვილია. თუ შინაგანი მოტივაცია არსებობს, მასწავლებელი ყოველთვის იპოვის თვითგანვითარების გზას.“

და ბოლოს, რას ურჩევდით მომავალ მასწავლებლებს?

,,ძალიან რთულია ამ არჩევანის გაკეთება (მასწავლებლობას ვგულისხმობ) და თუ მაინც აირჩევთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა. ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ მაინც… პირველ რიგში, უნდა გიყვარდეთ მოსწავლეები, გქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება მათთან. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ზრუნვას მათ ყოველდღიურ განვითარებაზე, იგრძნობთ სხვათა გამოცდილების გაზიარების და მუდმივი პროფესიული განვითარების საჭიროებას.“

 

 

 

მწვანე კარდინალის წიგნი

0

წლებია საქართველოს ეკლესიაში ხმაური არ წყდება. ყოველთვიურად ვისმენთ ბრალდებებს ეპისკოპოსებსა თუ ცალკეულ სამღვდელო პირებს შორის. მედიაც განსაკუთრებული მონდომებით აშუქებს შიდასაეკლესიო ბრძოლებს. ღვთისმსახურებს არ სურთ ეკლესიის წიაღში არსებული კრიზისის აღიარება და ხშირად საკუთარი პრობლემების გადაფარვის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიურ ლიდერს ესხმიან თავს. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გადავაწყდი ვიდეოს, სადაც ორ რიგად ჩამწკრივებული წვეროსნები დაუნდობლად აკრიტიკებდნენ და ღვთის გმობაში ადანაშაულებენ მსოფლიოს პატრიარქ ბართოლომეოს, რადგან მან უკრაინის ავტოკეფალია აღიარა და რუსეთის მიერ ომით განადგურებული, დამცირებული სახელმწიფო რელიგიური მონობის უღლისგან გაათავისუფლა.

ცხადია, ეკლესიოლოგიურ და თეოლოგიურ დისკუსიებში ჩარევას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთი წიგნის შესახებ მინდა მოგითხროთ, რომელმაც განსაკუთრებული სიყვარული გამიღვივა პატრიარქ ბართოლომეოსის მიმართ. მიმდინარე წელს მიუნჰენში მცხოვრებმა და ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველმა თეოლოგმა, შოთა კინწურაშვილმა ქართულად თარგმა და თავისი ხარჯით გამოსცა კონსტანტინეპოლის ეკლესიის მეთაურის წიგნი „შეხვედრა საიდუმლოსთან“. პუბლიკაციაში ავტორი მხოლოდ ღვთისმეტყველების საკითხებზე არ საუბრობს. იგი დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის პრობლემატიკას. ლიდერი შესანიშნავად ასაბუთებს იმას, თუ რატომ უნდა ზრუნავდეს ნამდვილი ქრისტიანი სამყაროს გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, რესურსების დაზოგვაზე, კლიმატის ცვლილებების შეჩერებასა და მდგარად განვითარებაზე. თავისი ეკოლოგიური პოზიციების გამო პატრიარქს ხშირად „მწვანე კარდინალად“ მოიხსენიებენ. მღვდელთმთავრის მსჯელობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ იგი თანამედროვე ეპოქის უნივერსალური მოაზროვნეა და მხოლოდ ერთი კონფესიის პარტიკულარული ინტერესებით არ არის შეზღუდული.

რა დებულებებს აერთიანებს „მწვანე კარდინალის“ ეკოლოგიური მრწამსი?

  1. პატრიარქი ბართოლომეოსი ამტკიცებს, რომ სამყარო შექმნილია მოსიყვარულე ღმერთის მიერ. შესაბამისად, მთელი სამყარო თავის თავში ინახავს ღვთის საქმის ნაკვალევსა და ანაბეჭდს. ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს ყველაზე შეუმჩნეველ მოვლენაშიც კი აისახება სიცოცხლის ფუნდამენტური ასპექტები და მისი სილამაზის ძვირფასი წახნაგები. სასულიერო პირი შეგვახსენებს, რომ „ბუნებაში ყველაფერს, უდიდესსაც და უმცირესსაც, თავისი მნიშვნელობა აქვს სამყაროსთვის და მსოფლიოს სიცოცხლისუნარიანობისთვის, დედამიწაზე არაფერია უსარგებლო და არაფერი იმსახურებს უგულვებელყოფას.“ შესაბამისად, სამყაროს ნგრევას, რესურსების მაქსიმალურ ათვისებას, ბუნების დაბინძურებასა და მოწამვლას რელიგიური ლიდერი ღვთის საქმის წინააღმდეგ გადადგულ ნაბიჯად განიხილავს.
  2. წიგნის ავტორი თანამედროვე ადამიანში, მომხმარებლური საზოგადოების ტიპურ წარმომადგენელში ხარბ ტირანს ხედავს. ხარბი ტირანი თავს სამყაროს ერთადერთ მობინადრედ მიიჩნევს და თავისი უსაზღვრო მადის დასაკმაყოფილებლად დაუნდობლად ანადგურებს ბუნებას. იგი არ ფიქრობს არც ირგვლივ მყოფ არსებებზე და არც მომავალ თაობაზე. თანამედროვე ადამიანს დაავიწყდა, რომ ის სამყაროს დაცვისა და მოვლისათვის შეიქმნა და არა მის მოსასპობად.

„მწვანე კარდინალი“ ამტკიცებს, რომ ადამიანი ევქარისტიული არსებაა. მაშასადამე, მადლიერების გრძონობა მისი გამორჩეული, ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ადამიანი მადლობელი უნდა იყოს ღმერთის მრავალფეროვანი სამყაროს შექმნისათვის და მადლიერება ბუნებაზე ზრუნვით, რესურსების დაზოგვით, გააზრებული და გონივრული გამოყენებით უნდა გამოხატოს.

იგი ადამიანებს ასკეტური ცხოვრებისკენაც მოუწოდებს და აღნიშნავს: „ასკეზა არის გაძლიერებული შრომა, მიმართული ქმნილების შენარჩუნებისა და ბუნების გადარჩენისაკენ. ეს არის ბრძოლა თვითშეზღუდვით და თვითკონტროლით, რათა არ მოვწყვიტოთ ხიდან ნებისმიერი ნაყოფი, რომელიც მოგვესურვება, არამედ გამოვიჩინოთ ზომიერება და თავდაჭერილობა.“

მოაზროვნე ადამიანისთვის მისაბაძ მაგალითად მცენარეს აცხადებს, რომელიც მცირედით კმაყოფილდება, მცირედის გარდაქმნით ქმნის ახალ, სასარგებლო ნაყოფს.

  1. კონსტანტინეპოლელი ლიდერი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი ეწინააღმდეგება სამყაროს უმდიდრესი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაზიარებულ „ეკონომიკური ზრდის“ თეზისს. მისი აზრით, არ შეიძლება, რომ ეკონომიკური ზრდის მათემატიკურ ფორმულებს შეეწიროს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების სოციალური კეთილდღეობა და სასიცოცხლო ყოფა. იგი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინების გარდა, სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორების გააზრებასაც მოითხოვს. „მწვანე კარდინალი“ ეკონომიკურ სარგებელს, სოციალურ კეთილდღეობასა და ეკოლოგიურ მდგრადობას შორის მოძიებულ ბალანსში სამყაროს ჰარმონიული განვითარების წინაპირობას ხედვას.

ნეტავ ოდესმე დადგება ჩვენს ქვეყანაში დრო, როდესაც სასულიერო პირები და რელიგიური ლიდერები გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ გულგრილნი არ იქნებიან და ხმამაღლა ეტყვიან სათქმელს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ბუნებისაგან არაფრის დატოვება არ სურთ?

 

ერთი მასწავლებლის აღიარება

0

მინდა ერთ მასწავლებელზე მოგიყვეთ, რომელსაც გარშემომყოფები ახასიათებდნენ, როგორც საკუთარი საქმის ერთგულ, მშრომელ და მიზანდასახულ პიროვნებას. თუმცა დღეს ვაპირებ, ის სხვა კუთხით დაგანახოთ.

მასწავლებლის პროფესიის რამდენიმეწლიანი სწავლა-დაუფლების შემდეგ სკოლაში დაიწყო მუშაობა. ისეთ სკოლაში, სადაც ძალიან გაუმართლა და გარემომ ხელი შეუწყო თავისი საქმის მეტად შეყვარებაში. პირველად სადამრიგებლო კლასი რომ აიყვანა, ძალიან ინერვიულა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი – გამოუცდელი იყო; და მეორეც – ასაკით პატარა. (მოდი ვთქვათ, მასწავლებლობისთვის „პატარა“  ერთგვარი სტერეოტიპია).

ხასიათიდან გამომდინარე  ცოტა სიმკაცრით გამოირჩეოდა, რაც, ერთი მხრივ, ეხმარებოდა კლასის მართვაში, თუმცა, მეორე მხრივ, ყოველთვის განიცდიდა თითოეული ხმამაღალი ტონით ნათქვამ წინადადებას, რადგან ეს ყველაფერი მოსწავლეებზე უარყოფითად მოქმედებდა. თუმცა, ამის პარალელურად უამრავ სითბოსა და სიყვარულს გასცემდა, რაც ერთგვარად აბალანსებდა ამ ყველაფერს.

მასწავლებელი ყოველდღე მიდიოდა სკოლაში, სკოლიდან დაბრუნებული კი ფიქრობდა გასულ დღეზე. ახსენდებოდა ყველა დეტალი და საკუთარ თავს აკრიტიკებდა. აკრიტიკებდა, რომ დღესაც მოუწია უხეში საუბარი მოსწავლეებთან, დღესაც მოუწია ვიღაცისთვის მკაცრი ტონით შენიშვნის მიცემა. ფიქრობდა, რომ მეორე დღეს გამოასწორებდა თავის საქციელს, თუმცა კვლავ იგივე მეორდებოდა. მასწავლებელს ძალიან უნდოდა ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდები ჭარბად ყოფილიყო თავის საქმიანობაში, თუმცა არ გამოსდიოდა.

დრო კი გადიოდა.

აი, დადგა ის დღე, როდესაც მასწავლებელმა გაუშვა თავისი სადამრიგებლო კლასი. ბევრი დრო დარჩა გასული რამდენიმე წლის შესაჯამებლად. თითოეულ მოსწავლეზე დასაფიქრებლად. მათთვის მიცემული საჭირო თუ აუცილებელი უნარების შესაფასებლად. ბევრ რამეს ნანობდა, ბევრი რამით ამაყობდა. ცდილობდა, საკუთარ თავში დაეჭირა ის ოქროს შუალედი, რომლის შედეგადაც ყოველგვარ უარყოფით მომენტებს დადებითი გააბათილებდა.

ერთ დღეს ის შეხვდა თავის მოსწავლეებს, რომელთაგანაც ძალიან ბევრი სითბო და მონატრება იგრძნო. თითქოს მოსწავლეებს არც კი დამახსოვრებოდათ მასწავლებლისგან რაიმე სახის წყენა, რომელიც ალბათ თავის დროზე აუცილებლად იქნებოდა ორივე მხრიდან. სახლში მოსულმა მასწავლებელმა კი ძალიან, ძალიან ბევრი იფიქრა და მიხვდა, რომ ყოველგვარ არასასიამოვნო წუთებს საშლელივით შლის ის სითბო და სიყვარული, რომელსაც გასცემ. განა ასე არ არის, როდესაც დედა თავის შვილს უბრაზდება? მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ბრაზი უკვალოდ ქრება. თითქოს ასე ხდება მოსწავლე და მასწავლებელს შორის. რადგან ძალიან ხშირად, მასწავლებელს ზედმეტი მზრუნველობის, სიყვარულის გამო შესტკივა გული მოსწავლეებზე, მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსა თუ სიზარმაცეზე. მაგრამ, განა ყოველთვის ქრება არასასიამოვნო მომენტები? რა თქმა უნდა, არა.  შესაძლოა ზოგიერთ ბავშვს მთელი ცხოვრება გაჰყვეს მასწავლებლის მიერ ნათქვამი თუნდაც ერთი        გულსატკენი   სიტყვა. ამაზე ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ჩვენს ნაცნობ მასწავლებელს, ამიტომ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა მიდგომები. შეეცვალა მოსწავლეებთან ურთიერთობის ფორმები.

გადაწყვიტა, რომ ყველა მოსწავლისთვის მიეცა მოტივაცია, არ ჰქონდა მნიშვნელობა იმ წუთას შეეძლოთ თუ არა მათ კონკრეტულად რაიმეს გაკეთება, ეს არ იყო მთავარი. მთავარი იყო ის, რომ მათ ეგრძნოთ მასწავლებლის მხარდაჭერა, ეგრძნოთ, რომ მასწავლებელს მათი სჯეროდა. ამიტომ ნებისმიერ მოსწავლეს ხშირად სამოტივაციო ფრაზებს უმეორებდა, იმდენად ხშირად, სანამ მოსწავლეები საკუთარ თავში არ დარწმუნდნენ.

ცდილობდა, შეენარჩუნებინა სიმშვიდე მაშინაც კი, როდესაც მეათედ არღვევდა პირობას მოსწავლე და ისევ არ მოჰქონდა მიცემული დავალება.

ცდილობდა, ყველა მოსწავლეში ეპოვა ის მთავარი, რაც მას განსაკუთრებულს ხდიდა და დახმარებოდა ამის წარმოჩენაში.

მასწავლებლებიც ადამიანები არიან. მათაც აქვთ სუსტი მხარეები. ისეთი, რომელზე საუბარიც ყოველთვის არ შეუძლიათ, თუმცა გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავთან. საკუთარი თავში აღმოჩენილი არასასურველი ქცევის შეცვლა კი არასოდეს არაა გვიან. მთავარია ვაღიაროთ, ვაღიაროთ პირველ რიგში საკუთარ თავთან.

სწორედ ასეა  თქვენთვის უკვე ნაცნობი მასწავლებელი,

რომელიც

მე ვარ.

 

ვარდოს ქიმია

0

კახეთში, სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩეხეთში და ტაილანდშიც კი, ამობუცული მიწის მასის შემხედვარეს, ფშავის მთები მაგონდება. შეხედვაც არ მჭირდება – სიტყვა „მთებს“ რომ მოვკრავ ყურს, სულ მგონია, ფშავზე, შუაფხოზე ლაპარაკობენ. კოპლებიანი კაბის დანახვაც გულს მიხარებს – ახალგაზრდა დედაჩემს მაგონებს, ახალდაბადებული ჩემი ძმით ხელში.

ყველას გვაქვს მსგავსი ასოციაციები, მაგრამ არსებობს ისეთი ასოციაციებიც, რომლებიც საერთოა არათუ რამდენიმე ადამიანისთვის, არამედ მთელი კუთხის, ქვეყნისა და კონტინენტისთვისაც კი. მტრედი მხოლოდ რავენაში როდია თავისუფლების სიმბოლო; შრომის იარაღებს, ნამგალს და უროს, უკვე მთელი მსოფლიო იცნობს არა მათი პირდაპირი დანიშნულებით. სიტყვა „ვარდო“ მთლად ასეთ მასშტაბს ვერ სწვდება, მაგრამ ჩვენში ის რეცხვასა და სისუფთავესთან ასოცირდება, რაც, რა თქმა უნდა, ცნობილი ქართული მიუზიკლის დამსახურებაა. დიახ, „რომ არ იყოს ბუნტი“, თითოეულ ჩვენგანში უნდა ცხოვრობდეს პატარა ვარდო. ჭუჭყმა და ანტისანიტარიამ ხომ ისტორიის განმავლობაში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

რაღა დროს ეგ არისო, იკითხავთ – დღეს ხომ სარეცხი საშუალებები საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, უმეტესობას კი ელექტრონული „ვარდოც“ „ჰყავს“ შინ.

არც ასე მარტივადაა საქმე.

საზოგადოდ, ადამიანი უფრთხის ტექნოლოგიურ სიახლეებს. არადა, „ჩვენი მამა–პაპა ასე ცხოვრობდა“ პრინციპი დღეს არც ერთ საკითხთან მიმართებით აღარ მუშაობს.

სამომხმარებლო ბაზარზე საპონი დიდი ხანია შეცვალა სინთეზურმა საშუალებებმა, რომლებიც მყარი (ფხვნილი) და თხევადი (გელები) სახით გამოდის. თითოეულ მათგანს თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. უფრო მეტიც – თითოეულ კატეგორიაშიც საკმაოდ ფართო არჩევანია თავ–თავისი პლუს–მინუსებით. ამიტომ, ბუნებრივია, პირველი კითხვა, რომელიც გვიჩნდება, ასეთია: როგორ ავარჩიოთ სწორად სარეცხი საშუალება? დღეს ჩვენი არჩევანი მეტისმეტად ზედაპირულია –  „ხელით სარეცხი“ და „ავტომატი“, „ფერადი“ და „თეთრი“. ამა თუ იმ ბრენდის მიმართ ნდობის საკითხს, ცხადია, აქ არ განვიხილავ.

„ხელით სარეცხ“ და „ავტომატურ“ ფხვნილებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა. რეცხვის შედეგი გამრეცხ საშუალებასთან ერთად მექანიკურ დამუშავებაზეცაა დამოკიდებული. მიჩნეულია, რომ საუკეთესო მრეცხავი მაინც ვარდოა. მის მოქნილ ხელებს ვერც ერთი სარეცხი მანქანა ვერ შეედრება. ამიტომ ხელით რეცხვისთვის განკუთვნილ საშუალებებში აქტიური კომპონენტი შედარებით ნაკლებია. ეს მათ აიაფებს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა, ასეთი საშუალებები არ შეიცავს ქაფის ჩამქრობ კომპონენტს და ძლიერ ქაფდება. თუმცა ქაფის ოდენობას რეცხვასთან უშუალო კავშირი არ აქვს. მცდარია წარმოდგენა, თითქოს რაც უფრო კარგად ქაფდება სარეცხი საშუალება, მით უფრო კარგად რეცხავს. ქაფს ერთადერთი დანიშნულება აქვს – მიიკრას ქსოვილს მოცილებული მტვრის ნაწილაკი და ქსოვილზე მის დაბრუნებას ხელი შეუშალოს.

შეიძლება ხელით რეცხვისას „ავტომატის“ გამოყენება? შეიძლება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასში აქტიური კომპონენტი მეტია, ქაფი კი შედარებით ნაკლები აქვს. ხელით რეცხვისთვის განკუთვნილ ფხვნილებს მიჩვეულები, ვიწყებთ სარეცხი საშუალების დამატებას, რომ როგორმე აქაფდეს, ამას კი ზედოზირებამდე მივყავართ, რაც, თავის მხრივ, კანის გაღიზიანებას იწვევს. განსაკუთებით სახიფათოა ცხელ წყალში ხელით რეცხვისას „თეთრი“ „ავტომატის“ გამოყენება. ის აქტიური ჟანგბადის გენერატორ ნაერთს შეიცავს და ჩვენი კანის უჯრედები რადიკალების თავდასხმის ობიექტად იქცევა. ამიტომ ხელით რეცხვისას აუცილებელია „ავტომატური“ ფხვნილის ზუსტი დოზირება და ხელთათმანების გამოყენება.

აი, „ხელით რეცხვის“ ფხვნილის სარეცხ მანქანაში ჩაყრა კი არაფრით არ შეიძლება – სარეცხი მანქანის სივრცე ქაფს ვერ დაიტევს და გარეთ გამოვა.

ასევე მცდარია მოსაზრება, რომ თუ გასარეცხი ქსოვილი მეტისმეტად ჭუჭყიანია, პრობლემა ზედმეტი ფხვნილის დამატებით მოგვარდება. რეცხვა ქიმიურ-ფიზიკური პროცესია და ზუსტ დოზირებას (კონცენტრაციას) დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, სარეცხ მანქანაში ფხვნილის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს მწარმოებლის მიერ მითითებულ დოზას, რომ გავლების რეჟიმის დაწყების წინ კონტეინერი ცარიელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფხვნილი გავლების დროსაც შეერევა წყალს და ქსოვილზე დარჩება. ქიმიკოსები გირჩევენ, ყოველთვის შეამოწმოთ სარეცხი მანქანის კონტეინერი რეცხვის პირველი ციკლის წყლის გაშვების შემდეგ. თუ იქ ჯერ კიდევ არის ფხვნილი, მაშინ ჭარბ რაოდენობას ან უხარისხო საშუალებას იყენებთ.

თუ სარეცხი ფხვნილის არჩევისას შემადგენლობასაც დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ზოგი ნატრიუმის ტრიპოლიფოსფატს შეიცავს, ზოგი კი ცეოლიტს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მათგანს დღეს არსებულ მასალებს შორის საუკეთესო გამრეცხი თვისებები ახასიათებს, რაც დრო გავა, მისი პოვნა სულ უფრო გაჭირდება – ეკოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ წყალსატევებში მისი მოხვედრა წყალმცენარეების ჭარბ ზრდას და ეკოსისტემის რღვევას იწვევს, ევროპა კი, როგორც სჩვევია, უმალვე შეშფოთდა და მარტივი გამოსავალი იპოვა – აკრძალა მისი გამოყენება. ის ცეოლიტმა ჩაანაცვლა, მაგრამ ის წყალში არ იხსნება და ქსოვილზე მტვრის სახით რჩება.

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება თხევადი სარეცხი საშუალებები, თუმცა მრავალკომპონენტიანი სისტემის მდგრადობის შენარჩუნება ტექნოლოგიურად არ არის ადვილი, ამიტომ მათ შემადგენლობაში შედარებით „ძვირი“ ნივთიერებები შედის. და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი გამრეცხი უნარი მყარი ანალოგებისას ჩამოუვარდება, თუმცა შეუცვლელია შავი ქსოვილების რეცხვსითვის.

მნიშვნელოვანი სხვაობაა „თეთრი“ და „ფერადი“ ქსოვილების სარეცხ საშუალებებს შორისაც. პირველი ჯგუფი, მეორისგან განსხვავებით, აქტიური ჟანგბადის გენერატორ ნაერთებსაც შეიცავს. როდესაც ზედაპირულად აქტიური ნაერთი დალაქავებულ ქსოვილთან უძლურია, ბრძოლაში სწორედ აქტიური ჟანგბადის გენერატორები ერთვებიან. ოღონდ მათი დანიშნულება ლაქის ამოყვანა კი არა, აქტიური ჟანგბადის რადიკალებით მისი დაბომბვა და განადგურებაა. აქედან გამომდინარე, თეთრი ქსოვილი ყოველთვის შეგიძლიათ გარეცხოთ „ფერადი“ სარეცხი ფხვნილით, პირიქით კი არ შეიძლება – ჟანგბადის რადიკალები საღებრის მოლეკულებსაც ებრძვიან და ქსოვილს ახუნებენ.

ტექნოლოგებისათვის დიდი თავის ტკივილია შალის სარეცხი საშუალებების ფორმულების შემუშავება, რადგან კომპონენტი, რომელიც სხვა ფხვნილების გამრეცხ თვისებებს უზრუნველყოფს, თვით შალის ბოჭკოს მიმართაც ზედმეტ ყურადღებას იჩენს. ფორმულაციიდან მისი ამოღება ფხვნილის რეცხვისუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. დილემის გადაჭრა ოქროს შუალედის პოვნას ნიშნავს. ამიტომ შალის ქსოვილის რეცხვა მხოლოდ მისთვის განკუთვნილი საშუალებებით არის რეკომენდებული.

დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურასა და რეცხვის ხანგრძლივობას. მაღალ ტემპერატურაზე რეცხვის პროცესი საგრძნობლად ჩქარდება, მეტადრე – „თეთრი“ ფხვნილის გამოყენებისას, რადგან ინტენსიურად იწყება ჟანგბადის რადიკალების გენერირება. ზოგიერთი ფხვნილი სხვადასხვა წარმოშობის ლაქების ადვილად მოსაცილებლად ენზიმებსაც შეიცავს, მათ გასაქტიურებლად კი ტემპერატურის ზუსტი შერჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის დააკვირდით შეფუთვაზე მოყვანილ რეკომენდაციებს. სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა ნივთიერებების ნაკრებს იყენებს, მათი ქცევის წესები კი ყველაზე კარგად, ცხადია, მწარმოებელმა იცის.

კიდევ ერთი უნივერსალური წესი: რაც უფრო მგრძნობიარეა ბოჭკო, მით უფრო დაბალი ტემპერატურისა უნდა იყოს წყალი და ხანგრძლივი – რეცხვის რეჟიმი.

ჩვენ დიდი და საინტერესო ტექნოლოგიური გამოწევების ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და „სწავლა სიბერემდეო“ არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღეს. რამდენიმე წლის წინ თავად მიწევდა ასეთი ფორმულაციების შემუშავება და წარმოების მართვა, მაგრამ ბლოგის დაწერამდე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი დარგის სიახლეებს და აღმოვაჩინე, რომ კიდევ „რაღაც შეცვლილა“… ასეა საკლასო ოთახსა თუ სალექციო აუდიტორიაშიც – თუ გვინდა, კარგად ვასწავლოთ, მასწავლებელი უფრო მეტს უნდა სწავლობდეს, ვიდრე მოსწავლე.

არასრულწლოვანები აზარტული თამაშების მაცდური სამყაროს წინაშე

0

აზარტომანია, ლუდომანია, გემბლინგი – სიტყვები, რომლებიც ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის  და სამივე  სიტყვა მნიშვნელოვან და დიდ დანაკარგთან – ადამიანთან ასოცირდება. აზარტომანია ქცევითი აშლილობაა, რომელიც შეყვანილია დაავადებათა რიცხვში. დღეს საქართველოში აზარტული თამაშები მკაცრი რეგულაციებით არ რეგულირდება, რის გამოც მაცდური შემოთავაზებების მსხვერპლი ადამიანების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ასევე, ამ საფრთხის წინაშე არასრულწლოვანებიც დგანან, რადგან  აზარტული თამაშების  შემოთავაზებები მათ ყოველდღიურობაში ყოველი მხრიდან იჭრება. საგულისხმოა, რომ ამ დრომდე არ არსებობს სკოლებში პრევენციული პროგრამები ამ პრობლემასთან საბრძოლველად  და ცნობიერების ასამაღლებლად. ორგანიზაცია  “კამარას” ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე გვესაუბრება აზარტომანიის  საფრთხეებზე, შედეგებზე  და იმ პრევენციულ მიდგომებზე, რომლითაც შეიძლება მომავალში დავიცვათ ჩვენი მოზარდები.

 

რა ტიპის ქცევითი აშლილობაა აზარტომანია?

 

აზარტომანია  არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც  შეყვანილია დაავადებათა რიცხვში. ეს არ არის მავნე ჩვევა, ან ქცევის მორღვევა, ეს არის  ერთმნიშვნელოვნად ფსიქიკური აშლილობა. რა განაპირობებს ადამიანის  მოწყვლადობას ამ მდგომარეობის მიმართ?! როდესაც ხდება  ამ პრობლემის გამოკვლევა, თუ რა წინაპირობები არსებობს, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს ასეთი მდგომარეობა, პირველ რიგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  გენეტიკური ფაქტორია და მეორე  ფაქტორი ფსიქო-სოციალური მდგომარეობაა. ხშირად, აზარტული თამაშების მიმართ უფრო მეტად მიიდრიკებიან  სოციალურად შეჭირვებული ადამიანები ან პირიქით, ძალიან შეძლებული ადამიანები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ დახარჯონ თანხა აზარტული თამაშებისთვის.  ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ რატომ შეიძლება გახდეს ადამიანი მოწყვლადი. როდესაც დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის ვლაპარაკობთ ორ მდგომარეობაზე , რადგან მას ყოველთვის ებმის  სხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობები. ყველაზე ხშირად კი ეს არის შფოთვითი აშლილობები, დეპრესია,  ძალიან ხშირად სხვა ქრონიკული ფსიქიკური მდგომარეობები, როგორიცაა მაგალითად ბიპოლარული აშლილობა და ა.შ

 

ოგორ აზიანებს  აზარტომანიას ადამიანის ჯანმრთელობას?

 

აზარტული თამაშებით ადამიანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ნადგურდება, რაც გამოიხატება ქცევის მოშლით. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის  აგზნებადობა, თამაშის დროს,  აღწევს მაღალ ფაზას, რის გამოც  ორგანულად შეიძლება დაზიანდეს  თავის ტვინის ქერქი. თავის ტვინის ქერქი პასუხისმგებელია ჩვენს ნებელობაზე,  რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სურვილებზე და ქმედებებზე პასუხისმგებლობას.  რაში გვჭირდება ეს კონტროლი?!  თავის ტვინის ქერქი პასუხისმგებელია ამ ნებელობაზე და განსაზღვრავს ჩვენი ქცევების კონტროლის მექანიზმს, რისი საშუალებითაც შეგვიძლია  ზოგჯერ უარი ვუთხრათ ჩვენს თავს რაღაც სურვილზე , ზოგჯერ პირიქით, თავს ძალა დავატანოთ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო გავაკეთოთ რაიმე.  და, როდესაც თავის ტვინის ქერქი ზიანდება  მაღალი რეგისტრის აღგზნებადობით, ეს  იწვევს ქიმიოდისბალანსს ტვინში და შესაბამისად ნებელობა ირღვევა. ასე იწყება  ნებისმიერი ქცევითი აშლილობა, ქცევითი მორღვევა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუარესება.

 

რა ტიპის ჩარევა არის ასეთ დროს საჭირო და თუ არის შესაძლებელი  ჩანაცვლება თამაშდამოკიდებულების დროს?

 

ნარკომანიის შემთხვევაში, თუ შეიძლება  სხვა ტიპით ჩანაცვლდეს ეს დამოკიდებულება, ასეთი ჩანაცვლება ობიექტური სახით, თამაშდამოკიდებულებაში არ გვაქვს და ეს ერთ-ერთი სირთულეა ამ მდგომარეობის. სწორედ ამის გამო , აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება  რთულ დამოკიდებულებად ითვლება, რადგან ვერ ნაცვლდება ვერაფრით, ასევე, თამაშდამოკიდებულებს  უჩნდებათ ილუზია, რომ წარმოუდგენელია იყო დამოკიდებული ქცევაზე ან სათამაშო აპარატზე.

 

პაციენტის მზაობა რამდენად განსაზღვრავს მკურნალობის ეფექტურობას?

 

ამ შემთხვევაში პაციენტის მზაობა ძალიან რთულად მისაღწევია, რადგან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს  ძალიან ხშირად უჩნდებად განცდა, რომ სრულად აკონტროლებენ საკუთარ  ქცევას და როცა მოუნდებათ,მაშინ შეძლებენ თამაშისთვის თავის დანებებას. ასეთი  დამოკიდებულება უფრო ნაკლებია ნარკოდამოკიდებულებებში, რადგან ისინი ხვდებიან, რომ მათი არასიფხიზლე  გავლენას ახდენს მათი ცხოვრების დონეზე. ჩვენთან თერაპიაზე მოდიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აზარტული თამაშების გამო  ვალები აქვთ.  მათ იციან, კიდევ რომ ითამაშონ, ვეღარ გადაიხდიან და სასოწარკვეთილები მოდიან ან  სხვას მოჰყავს. თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც აქ თავისი ნებით მოდიან,  მათაც სჭირდებათ თერაპიის იმ ნაწილის გავლა, სადაც საკუთარი პრობლემის აღიარებას შეძლებენ, თუმცა   ეს ძალიან ბევრ მათგანს უჭირს.

 

აზარტულ თამაშებში ხშირად არასრულწლოვნებიც არიან ჩართულნი. უფრო მარტივია არასრულწლოვანი გახდეს დამოკიდებული?

 

ამ დამოკიდებულებით არასრულწლოვანებში უფრო სწრაფად ხდება ქცევის მორღვევა და მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუარესება.  ბავშვები ძალიან ბევრ  რეკლამას უყურებენ აზარტულ თამაშებზე და ეს რეკლამები მათ ხვდებათ  ქუჩაში  ბილბორდების სახით, სკოლებთან, ეცნობიან ინტერნეტით, ტელევიზიით და ეს მათ ფსიქიკაზე გავლენას ახდენს, რადგან ბავშვებს არ აქვთ თავიანთ ქცევაზე ისეთი კონტროლი,  როგორც შეიძლება უფროსს  ჰქონდეს. შესაბამისად, მათი სურვილი (სურვილის აღძვრა კი მათში ძალიან ადვილია) ძალიან სწრაფად შეიძლება გახდეს დამოკიდებულების წინაპირობა. მეორე- ძალიან მნიშვნელოვანია  სათამაშო ბიზნესის შეფუთვა , ეს არ არის მხოლოდ  რეკლამა-რეკლამისთვის. და, სათამაშო ბიზნესის ეს “მიმზიდველობა” ბევრად უფრო საშიში ხდება ბავშვებისთვის.

 

რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა ატარებდნენ სკოლები აზარტული თამაშების დამოკიდებულების წინააღმდეგ?

 

ეს თემა ძალიან საფრთხილოა, რადგან ხშირად, ანტიკამპანიები უფრო მეტად აღვივებს ინტერესს და ამიტომ, მნიშვნელოვანია უფროსებმა, მშობლებმა  თუ მასწავლებლებმა ისე  მიაწოდონ ბავშვებს  ინფორმაცია, რომ ინტერესი არ გაუჩინონ. განვითარებული სამყაროს ქვეყნები უფრო მეტ დროს  პრობლემის  პრევენციაზე  მუშაობას უთმობენ, ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.  როცა ადამიანს  გააჩნია ნორმალური სოციალური მდგომარეობა, იკმაყოფილებს პირად სურვილებს, ახერხებს და აღწევს საკუთარი თავის გამოხატვას და აქვს კმაყოფილების განცდა, ასეთ საზოგადოებაში  ნაკლებად ხდება ამ ტიპის დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.  მიღწევაზე  ორიენტირებულობა – სპორტი,  განათლებაზე ორიენტირება, ოლიმპიადები, რაშიც შესაძლებელია  ბავშვი ჩართვა და ამ ჩართულობით მასში  საკუთარი თავის მიმართ  პოზიტიური დამოკიდებულების  ჩამოუყალიბება,  სამომავლოდ ამცირებს რისკებს, რომ  მოზარდი გახდეს  აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული.

 

 

ევროპა ქართულის გაკვეთილზე ერთი ტექსტის მიხედვით

0

ლიტერატურას ერთი საოცარი უნარი აქვს – დროსა და სივრცეს აქრობს. მართალია, სულ ორი წელია, რაც ქვეყნის საზღვრები გადავლახე და ჯერ მხოლოდ ევროპის ორი ქვეყანა მოვინახულე, მაგრამ ლიტერატურის წყალობით კარგად ვიცნობ ლონდონის ცენტრალურ თუ პარიზის პატარ-პატარა ქუჩებს, შვედეთის სოფლებს თუ გერმანიის ქალაქებს. ბრიუსელში მთავარი მუზეუმი დაკეტილი დამხვდა. დავდიოდი მის უზარმაზარ კედლებთან, ვუყურებდი სკეიტბორდით მოსრიალე მოზარდებს და რაღაც ძალიან ნაცნობის გახსენებას ვცდილობდი. მხოლოდ თბილისში დაბრუნებისას ამომიტივტივდა გონებაში, რომ რემარკის რომანის „აჩრდილები სამოთხეში“ მთავარი პერსონაჟი, რობერტ როსი, მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ბრიუსელის მუზეუმში იმალებოდა.

ბრიუსელში კი ერთი ძალიან კარგი პროექტის ფარგლებში აღმოვჩნდი: ევროპის პოლიტიკური კვლევის ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი „100 ლექცია ევროპის შესახებ“. იმ პერიოდში მაგისტრატურაში ქართული ლიტერატურის კონტექსტუალიზაციის კურსს გავდიოდი და სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობას ევროპაში“ ვკითხულობდი. ბევრი არ მიფიქრია. გადავწყვიტე, კონკურსისთვის სწორედ ეს ტექსტი გამომეყენებინა.

ვატიკანის ბიბლიოთეკა, წმ. პეტრეს ტაძარი, რომი და შადრევნები, ლუდოვიკო XIV, რომის პაპი კლემენტე XI, პიზის კოშკი, მალტა, მონაკო, სიცილია, ევროპის ორმოცდაათამდე ქალაქი, მათ შორის – ნიცა, ფლორენცია, ფარისი (პარიზი), პერუჯა, პიზა, კონსტანტინოპოლი – ბევრი გეგულებათ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ტექსტი, რომელშიც ევროპა ასე ფართოდ არის წარმოჩენილი?!

სათაური „მოგზაურობა ევროპაში“ დღესაც თანამედროვედ ჟღერს. სამასი წლის წინანდელი დღიურები სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობას აღწერს. სამწუხაროდ, არც დედანი და არც სრული ტექსტი არ არსებობს. თხრობა საბას საფრანგეთიდან იტალიაში, რომის პაპთან გამგზავრების აღწერით იწყება და საქართველოში დაბრუნებით სრულდება. საბა რამდენჯერმე ახსენებს „ფრანციას“ და იტალიაში ნანახ ტაძრებს, ბაღებსა თუ შადრევნებს ფარისისას ადარებს. ტაძრების, ობოლთა თავშესაფრების, მონასტრების, ბიბლიოთეკების დაწვრილებითი აღწერა ტექსტის მთავარი ადრესატის, საბას თანამედროვე საზოგადოების, თვალსაწიერის გაფართოების მცდელობაა.

სამასი წლის შემდეგ ტექსტის ენა, მიუხედავად მოკლე წინადადებებისა და სინტაქსის სიმარტივისა, მოძველებულია და გაგება ჭირს, თუმცა, ტექნოლოგიური აღმოჩენების საუკუნეში ცხოვრება ტექსტის მრავალმხრივი წაკითხვის საშუალებას იძლევა. დროსთან ერთად სიტყვის პარალელური გამოსახვის მრავალი ფორმა განვითარდა. კითხვისას გახსნილი მქონდა Google-ის საძიებო ველი, ხშირად ქალაქების ქართულ შესატყვისებს ლათინურით ვცვლიდი და Google-map-ის წყალობით თვალის დახამხამებაში ეკრანზე სიტყვა ვიზუალურად ცხადდებოდა. მაგალითად, ერთგან საბა წერს: „ერთი საკერპო ყოფილიყო. სიმართლის ღმერთს ეძახდნენ თურმე. ერთი დიდი ქვა იყო. კაცის თავი, პირღია. იმაში ვინც ხელს შეჰყოფსო, თუ მტყუანიაო მოუჭირებს და მოსტეხს“. ამ პასაჟის წაკითხვისას „რომაული არდადეგები“ გამახსენდა. ის ეპიზოდი, ოდრი ჰეფბერნის პერსონაჟს გრეგორი პეკის გმირი რომ აშინებს. კიდევ ბევრი ასეთი ინტერმედიული პარალელის გავლება შეიძლება: ლუდოვიკო XIV-ის ხსენებისას ან და სერჟ გოლონების რომანის ეკრანიზაცია მოვძებნე, თანამედროვე სერიალის „ახალგაზრდა პაპის“ ყურებისას წმ. პეტრეს ტაძრის საბასეული აღწერა გამახსენდა, რომის წყაროებით აღფრთოვანებისას კი ტრევის შადრევანი მოვიძიე.

„მოგზაურობა ევროპაში“ მრავალმხრივ საინტერესო ტექსტია. აუცილებლად გასათვალისწინებელია კულტურულ-ისტორიული კონტექსტი, რომლის გააზრება გვაახლოებს ავტორთან, კიდევ უფრო გასაგები ხდება „სიბრძნე სიცრუისა“, კიდევ უფრო ძვირფასი – „სიტყვის კონა“, კიდევ უფრო გვიყვარდება ვახტანგ მეფის ერთგული მასწავლებელი.

რაც მთავარია, მეტად საინტერესოა, როგორ ჩნდება ქართულ ლიტერატურაში ევროპა: ქალაქები, ტაძრები, კათოლიკური სამყაროს სამონასტრო ცხოვრება, საავადმყოფოები, წიგნსაცავები. როგორც უკვე აღვნიშნე, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში შექმნილი ტექსტი ისე დაწვრილებით აღწერს წმ. პეტრეს ტაძარს, რომისა და ფლორენციის არქიტექტურულ ღირშესანიშნაობებს, რომ Google map-ის გამოყენების და ტექსტის ვიზუალურად გაცოცხლების სურვილი გიჩნდება.

ვინაიდან სამოგზაურო თუ მემუარული ჟანრი ავტორის შესახებ მეტს ამბობს და, ამასთანავე, აღწერილ დროსა და სივრცესაც გვაცნობს, პირველ პირში მოყოლილი სულხან-საბა ორბელიანის შთაბეჭდილებები მოსწავლეებისთვისაც ძალიან საინტერესოა. ტექსტის მოსაშინაურებლად კი თანამედროვე მეთოდების გამოყენება გადავწყვიტე: ჩრდილების თეატრის, ნაჭრის საღებავებით შექმნილი კედლის პოსტერის და სტენსილარტის.

 

გაკვეთილის აღწერა

სამეტაპიანი გაკვეთილი მეექვსეკლასელებისთვის ავაგე. მათი ასაკის გათვალისწინებით, მიზნად დავისახე თხზულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მცირე ამონარიდებით მწერლის ენობრივი სამყაროს გაცნობა, სიტყვით ასახულის ვიზუალურად წარმოჩენა, რაც მთავარია, ლიტერატურის დახმარებით ისტორიული ფაქტების, მწერლის ბიოგრაფიის დეტალებში ჩაღრმავების, კულტურული მოვლენების გაცნობა.

გაკვეთილის სათაური დაფაზე დავწერე: ქართულ ლიტერატურაში პირველად ასახული ევროპა – სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“.

მიზნის გაცნობის შემდეგ მოსწავლებს ვთხოვე, სახელმძღვანელოში მოეძებნათ სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია და ბოლო აბზაცში დასახელებული ნაწარმოების სათაური. უმეტესობამ გაიხსენა „მოგზაურობა ევროპაში“, რადგან წინა წელს იგავ-არაკების შესწავლისას ამონარიდებს ვუკითხავდი. დაფაზე გავაკარი ხელით დახაზული ევროპის რუკა, ჩამოვურიგე ბავშვებს ნაცნობ მწერალთა სახელები და გვარები და რუკაზე მათი ქვეყნების ამოცნობა ვთხოვე. ალექსანდრე დიუმა, ჟიულ ვერნი, მორის დრიუონი, ასტრიდ ლინდგრენი… – ქვეყნებს რუკაზე მაგნიტით აღვნიშნავდით.

მომდევნო ეტაპზე ჩრდილების თეატრით სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობის მოტივი გავაცანი, ვუამბე დღიურების წერის პერიოდის, აღწერილი გეოგრაფიული ადგილებისა და საგნების, ისტორიული პირების შესახებ. გამოჭრილი მქონდა წიგნი, კატარღა, კოლიზეუმი, პიზის კოშკი, მუსუ რიშარისა და საბას ჩრდილის კონტურები.

წიგნი პირველ პირში ვალაპარაკე: როგორ და როდის იწერებოდა, ვინ იყო მისი ავტორი, სად გადაწერეს; მეფის კატარღამ მოსწავლეებს მოუთხრო, საფრანგეთის მეფემ როგორ აჩუქა საბას, როგორ დადიოდა ზღვა-ზღვა და მის კაიუტაში ქართველი მოღვაწე გამუდმებით როგორ იწერდა შთაბეჭდილებებს. მუსუ რიშარმა ბავშვებს საბას გაცნობისა და დასავლეთ საქართველოდან საფრანგეთში გაპარვის შესახებ უამბო. პიზის კოშკი და კოლიზეუმი კი მოსწავლეებს თვითონ საბამ გააცნო, XVIII საუკინიდან XXI საუკუნეში გვესტუმრა და პირადად მოგვითხრო დღიურებში ასახული მოვლენების შესახებ.

მოსმენის პარალელურად მოსწავლეები სწრაფ მორბენალ ჩანაწერებს აკეთებდნენ, რომელთა მიხედვით მესამე ეტაპზე კედლის პოსტერი შექმნეს.

ჩრდილების თეატრის შემდეგ მოსწავლეებს ტექსტიდან ამონარიდები დავურიგე, რომლებსაც დავურთე სიტყვათა განმარტებები. თავდაპირველად ინდივიდუალურად წაიკითხეს, მერე კი ახალი ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.

ფლორენცია, ვულკანი ეტნა, ვატიკანის ბიბლიოთეკა, ლუდოვიკო XIV, კლემენტე XI, ქალაქი რომი და შადრევნები, რომის პაპი და ვატიკანი, წმ. პეტრეს ტაძარი, პიზის კოშკი, ქალაქი პერუჯა, ორგანი, ბიბლიოთეკა/საწიგნე, ფაიზი/პარიზი, მალტა – ამ ყოველივეს შესახებ ფოტომასალა მოვძებნე და სლაიდებად ავკინძე. სიტყვების, ფრაზების, საგნების ვიზუალურად გაცოცხლებამ გაკვეთილს განსაკუთრებული ელფერი შესძინა და უფრო მეტად გაახალისა.

მაგალითად, სლაიდებიდან და ტექსტიდან ერთს, ვატიკანის ბიბლიოთეკას დავიმოწმებ:

„იქიდან შეგვიყვანეს პაპის სამწიგნობროში. თავად დიდრონი და გრძელი სახლებია… სხვა ყოვლისა რჯულისა და ყოვლისა ენისა წიგნები იყო. მრავალი ვეძებე ქართული წიგნები, ვერ ვიპოვე, არსად ჩანდა“.

 

გაკვეთილის მესამე ეტაპზე კლასი რამდენიმე ჯგუფად დავყავი. თითოეულმა ჯგუფმა ნაჭერზე საბას გამოსახულება დაიტანა და ირგვლივ სწრაფი მორბენალი ჩანაწერებიდან ამოკრეფილი ფრაზები განათავსა. ერთი კლასში ჩამოვკიდეთ, ერთი სკოლის ბიბლიოთეკას ვაჩუქეთ, ერთი უწერის სკოლის მოსწავლეებისთვის დავიგულეთ.

გაკვეთილის ბოლოს წინასწარ მომზადებული გასასვლელი ბილეთები შეავსეს. კითხვაზე, რა იყო გაკვეთილის მთავარი თემა, უპასუხეს, რომ სულხან-საბა ორბელიანი და ევროპა; სიტყვები, რომლებიც გაკვეთილზე დაამახსოვრდათ: ფისა, კატარღა, ქალაქი მისინა, წმინდა პაპი, პერუჯა, მალტა…; რა იყო თქვენთვის გაუგებარი-მეთქი და ყველაფერი გავიგეთ, მარტო ძველი ქართული ვერ გავიგე კარგადო, ერთმა ბიჭმა დაწერა; მეოთხე კითხვა ასეთი იყო: „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ვისწავლე“. ერთმა უპასუხა, მე სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიის ერთი ნაწილი ვისწავლეო, მეორემ – ევროპისა და სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოების „მოგზაურობა ევროპაში“ შესახებ ბევრი რამ შევიტყვეო, მესამემ – სულხან-საბა ევროპაში რომ მოგზაურობდაო. შემდეგ წინადადება უნდა დაესრულებინათ: გამიკვირდა, რომ… ბავშვების პასუხებმა მეც დამაფიქრა: როგორ იცნობდნენ ცნობილი ადამიანები სულხან საბას; როგორ მოიარეს მთელი ევროპა იმ დროში, რადგან მაშინ მოგზაურობა არ იყო ადვილი; საბა აწამეს და ფული გამოსძალესო. გაკვეთილის საუკეთესო ნაწილად უმეტესობამ ჩრდილების თეატრი და ნაჭრებზე ხატვა დაასახელა. ერთი გოგონა წერდა: „ყველა ხმაურობდა, იყო ჟრიამული. მასწავლებელი ყველას გვამხნევებდა, ფოტოაპარატით გვიღებდა და როცა დავამთავრეთ, ყველა შეგვაქო. ეს ნაწილი ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მხიარული იყო“.

მარტო ეს არ ყოფილა. კონკურსისთვის ვიდეოჩანაწერში ერთი ბიჭი ამბობს, რომ დაიღალა და გაკვეთილი მობეზრდა. რა თქმა უნდა, მასწავლებლისთვის მეხის დაცემასავით არის მოსწავლის მოწყენილობა, მაგრამ გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ბავშვების განწყობა ადვილად შეიძლება შეიცვალოს. და ბიჭიც გაკვეთილის ბოლოს აქტიურად ჩაერთო კედლის პოსტერის ხატვაში.

ასე რომ, „მოგზაურობა ევროპაში“ შესასწავლად ამოუწურავი ტექსტია. ყოველ წელს ასაკის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა შეიძლება. ამჯერად მთავარი მის შესახებ ცოდნის ამაღლება იყო, უმთავრესად კი სულხან-საბას გაცნობა – მწერლისა, რომელმაც ლიტერატურა მედიატორად აირჩია და მისი მეშვეობით დროს გაუსწრო.

სტატიის წერისას შთაბეჭდილებების გასაცოცხლებლად ტექსტს ერთხელაც მივუბრუნდი და, როგორც ხდება ხოლმე, კიდევ ბევრი რამ აღმოვაჩინე, კიდევ განვცვიფრდი, კიდევ ვუგზავნიდი ამონარიდებს ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომელმაც ორი თვის წინ იტალიაში იმოგზაურა, წასვლამდე „მოგზაურობა ევროპაში“ წაიკითხა და გამიმხილა, რომ ამან სულ სხვა ხიბლი შესძინა მის რომაულ თავგადასავალს.

 

 

ათი მასწავლებელი ბრიუსელში სტამბოლის გავლით გავფრინდით. თვითმფრინავში კითხვა განვაგრძე. სანამ მე ცაში ვიყავი, საბამ დატოვა რომი, ფლორენცია, ზღვა-ზღვა კონსტანტინოპოლში ჩავიდა… როცა თვითმფრინავი სტამბოლისკენ ეშვებოდა, მე ასეთ ფრაზებს ვკითხულობდი:

„კონსტანტინეპოლის სრუტთან რომ მოვაწიეთ, გათენდა“, – ჩვენს დროშიც თენდებოდა.

„კონსტანტინეპოლეს მივუახლოვდით“, – თუ პირველად მეტირებოდა, ახლა მეცინება.

„კონსტანტინეპოლეს მივედით“, – ბარგმოკიდებული მივდევ გასასვლელისკენ მორბენალ გუნდს, ხელში „მოგზურობა ევროპაში“ მიჭირავს და ვისაც კი მოვიხელთებ, ყველას ვუყვები ამ საოცარი დამთხვევის შესახებ. ბოლოს მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. მე კითხვას განვაგრძობ. ბოლო გვერდები, როგორც წესი, ყველაზე მეტად იწელება. ავტორისადმი კეთილგანწყობა მუსულმანურ სამყაროში ჩამოსვლისთანავე იცვლება და სამშობლოში ჩასვლისთანავე იწყება მისი წამება, დატყვევება, ძარცვა. საბა თხრობას აგრძელებს: „კონსტანტინეპოლის სიმგრვლე არის ექვსი ეჯი, რომელ არს თვრამეტი მილი“. ქალაქი ახლა ექვს ეჯზე მეტია. მე იმაზე მეფიქრება, საზოგადო მოღვაწის, ლექსიკოგრაფის, მწერლის, საუკეთესო მასწავლებლის – სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ ევროპისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების საუკეთესო გზა რომ არის. მე კი, ერთ ჩვეულებრივ მასწავლებელს, ევროპის ერთ-ერთი მთავარი ქალაქისკენ გზა გამიხსნა და ჩემი წილი სათქმელი დამიგროვა.

საქართველოს ლინგვისტური მრავალფეროვნება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

0

(იდეა რამდენიმე პროექტისათვის ქართული დიალექტური კორპუსის გამოყენებით)

საქართველოს ლინგვისტური მრავალფეროვნება ის დიდი სიმდიდრეა, რომელიც აუცილებლად  უნდა გავაცნოთ ჩვენს მოსწავლეებს, მათ უნდა იამაყონ ქართული დიალექტების სააოცარი პოლიფონიით, ქართველური ენების სიმდიდრით თუ იმ ენათა მრავალფეროვნებით, რომელზეც ჩვენს პატარა ქვეყანაში საუბრობენ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას სასკოლო პროექტებისათვის:

  1. საქართველოს გასტრონომიული მრავალფეროვნება

კულინარია გემოს მეხსიერებაა.  ისტორიის კვალი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ტრაპეზში, კერძებსა და მათ დასახელებებში, სამზარეულოს მოწყობილობასა და პროდუქტებში, სანელებლებსა და საწებლებშია შენახული. რას ვტოვებთ, როდესაც სხვა ადგილას მივდივართ საცხოვრებლად თუ ბედის საძიებლად, რას გვიტოვებენ სხვები – სამოყვროდ თუ სამტროდ, დასალაშქრად თუ დასაპყრობად მოსულნი.

ენაც სწორედ კულინარიასავითაა, სად რომელი ნასესხები და შეთვისებული სიტყვა, სად რომელი ლექსიკური სუბსტრატი, საკუთარ გრამატიკულ ფორმაში მოხარშული უცხო ძირი თუ თავისებურად შეკაზმული უცხო ლექსიკური ერთეული აქვს, ვერ გაიგებ, შესაბამისად, ენისა და კულინარიის კვლევა, ამ ორ, ერთმანეთთან საოცარ კავშირში მყოფ სფეროზე დაკვირვება, ისტორიის მრავალი საიდუმლოს ამოხსნის .

პროექტის ფარგლებში  ქართული დიალექტური კორპუსის ტექსტურ მასალასა და ლექსიკონებზე დაყრდნობით მოსწავლეები დაამუშავებენ შემდეგ მიმართულებებს:

  1. კულინარიული თემატიკის ტექსტები თავიანთი დიალექტური მახასიათებლებით, ადაპტირებისა და ცვლილებების გარეშე;
  2. ქართული სამზარეულოს რეცეპტები – ტექსტების მიხედვით დავადგენთ რეცეპტებს;
  3. რამდენიმე ზეპირი მთქმელის კულინარიული ისტორია, განსაკუთრებით ნიჭიერი მთქმელები. (მაგ. მელანია ბოტკოველი „შინამრეწველობის მასალებიდან“ და სხვა).

 

  1. ქართველური ენების კულინარიული მასალა, მეგრული, ლაზური და სვანური კერძები;
  2. მცირე კვლევითი ნაწილი ქართული კულინარიის შესახებ;
  3. კულინარიული ნასესხობანი.

 

  1. ქართული ზღაპრების დიალექტური ვერსიები

 

ზღაპარი ხალხური სიტყვიერების ის ფორმაა, რომელიც საუკეთესოდ ინახავს მითოსს, წარსულს, მსოფლმხედველობას, ენობრივ  თუ ისტორიულ მოვლენებს, კულტურულ გავლენებს და სხვა. გასაკუთრებით მრავალფეროვან ზღაპრულ კალეიდოსკოპს წარმოგვიდგენს დიალექტური კორპუსი, რომელიც გვთავაზობს, როგორც დიალექტურ, ისე ჟანრულ სახესხვაობებს. თანამედროვე გარემოში ქართული ხალხური სიტყვიერების კიდევ ერთხელ წარმოჩენა, თანამედროვე მკითხველისთვის ადაპტირება, სისტემური დამუშავება და კვლება, ქართული სიტყვიერების სიბრძნეს ახალი პრიზმით წარმოგვადგენინებს.

ერთი ზღაპრის მრავალი ვერსია, ზღაპრის დიალექტური ვარიანტები, ისტორიული პერსინაჟები, როგორც ზღაპრების გმირები, ქართული მითოსისა და ხალხური წარმოსახვის საოცარი მასშტაბები ბევრი გაკვეთილის თუ სასწავლო  პროექტის თემად შეიძლება იქცეს.   მოსწავლეები დიალექტური კორპუსის ტექსტურ საცავში მოძებნიან მათთვის ცნობილ ზღაპრულ პერსონაჟებს, ნაცნობი თემების უცნობ ვერსიებს, ახალ, უცნობ ზღაპრებს და ა.შ.

ზღაპარი, არამხოლოდ საგაკვეთილო თემაა, არამედ ერთგვარი მეთოდიცაა, განსაკუთრებით, როდესაც მუშაობის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩავრთავთ. იმ ზღაპრების საფუძელზე, რომელთაც ამ პროექტის ფარგლებში ვიპოვით, შეიძლება ილუსტრირებული წიგნები, კომიქსები, დიორამები, ანიმაციები მოვამზადოთ, ასევე, გამოვიყენოთ როლური თამაშებისათვის.

 

  1. ზეპირად მოთხრობილი ისტორია

 

 

ამბები ისტორიული მოვლენების, პერსონაჟების, საკვანძო და გარდამტეხი ომებისა და მშვიდობის შესახებ, მოვლენათა შეფასება, ალტერნატიული ვერსიები, ყველაფერი ის, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში არ წერია.

ისტორიული გმირების გარდა კორპუსი დიდ და საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ცნობილი მწერლებისა  და საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რაც ძალიან კარგი რესურსია ქართული ლიტერატურის სწავლებისათვის.

„ზეპირად მოთხრობილი ისტორიის“ ფარგლებში მოიძიებენ შემდეგი თემატიკის ტექსტებს:

  1. საქართველოს „ზეპირი“ ისტორია
  2. „ზეპირი“ ამბები ისტორიულ გმირებზე
  3. „ზეპირი“ ამბები ქართველ მწერლებზე

ისტორია მხოლოდ თარიღებდართული და წყაროებში მოძიებული ამბები არაა, ეს, პირველყოვლისა, ზეპირი მეხსიერება, ზეპირი ცოდნა, გადმოცემებში მოყოლილი ნამდვილი ამბებია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ერის ხსოვნაში მარადიულად რჩება.

 

ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილზე

0

საქართველოში, განათლების რეფორმა 2004 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტექნოლოგიების ჩართვა და გამოყენება სასწავლო პროცესში. ამ მიმართულებით არა ერთი საერთაშორისო თუ ეროვნული პროექტი განხორციელდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მუდმივად მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება ტექნოლოგიების დაუფლების მიზნით, ხოლო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა კი ეძლევათ ყოველწლიურად, სხვადასხვა კონფერენციაზე. მასწავლებლები მოსწავლეებთან და მშობლებთან საკომუნიკაციოდ აქტიურად იყენებენ Edmodo – ს პლატფორმას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითმა ცენტრმა SALiS ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის League ფარგლებში გადაამზადა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები და შეასწავლა Moodle პორტალზე ნავიგაცია.

აშკარაა, რომ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ჩართვა და ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ზრდის ინტერესს, მოტივაციას და უფრო ხალისით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.  ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ტიპის გაკვეთილები ინტენსიურად მიმდინარეობდეს ქართულ სასკოლო რეალობაში.

მინდა გაგიზიაროთ ელექტრონული რესურსების გამოყენებით ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის გამოცდილება.

გაკვეთილის მსვლელობისას გამოვიყენე ინტერაქტიული პრეზენტაცია და Kahoot.com – ში მომზადებული ელექტრონული რესურსი (შეკითხვები). მოსწავლეები ჩავრთე ინტერნეტქსელში და ინდივიდუალურად / ჯგუფურად, ტელეფონებით უპასუხეს შეკითხვებს. თითოეულ შეკითხვაზე პასუხის შემდეგ ეკრანზე ჩნდება სწორი პასუხი და რეიტინგი.

Kahoot.com – ში მომზადებულ ვიქტორინაზე მუშაობა უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების, კერძოდ, ტელეფონის, მიზანმიმართულად გამოყენებას, პროცესს ხდის სახალისოს, საინტერესოსა და გამჭვირვალეს, მოსწავლეებში იზრდება მოტივაცია, მასწავლებელს კი ეძლევა შესაძლებლობა განსაზღვროს თითოეულ მოსწავლესთან მიღებული შედეგი და შესაბამისად ეფექტურად დაგეგმოს მომდევნო გაკვეთილები.

 

სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი:  ნათელა ბაღათრიშვილი

საგანი:  ბიოლოგია

სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო / მე-8

მოსწავლეთა რაოდენობა: 19

გაკვეთილის თემა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა / განვითარების დარღვევები

კლასის ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან, ჯგუფური, ინდივიდუალური

გაკვეთილის მიზანი – მოსწავლემ:

  • დაასაბუთოს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა მოზარდის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის და წაკითხულის ანალიზის საფუძველზე დაადგინოს თანატოლებში ტანადობის დარღვევის მიზეზები (ბიოლ.საბ.სტ.4,5,6,7,8);
  • დაასაბუთოს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის შესახებ მიღებული ცოდნის გამოყენების პერსპექტივა და იმსჯელოს პრევენციულ მექანიზმებზე (ბიოლ.საბ.სტ.10,11,12).
  • მიზანმიმართულად გამოიყენოს ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში

 

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი / მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები სასწავლო რესურსი დრო

(წთ.)

1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მთელ კლასთან 1 წთ.
2. მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება.

ყუთში განთავსებული 3 სხვადასხვა დავალების შემცველ ბარათს შემთხვევითობის პრინციპით ვურიგებ 3 ჯგუფს. თითოეულ ჯგუფს შესაბამისი დავალებების მიხედვით ვუსვამ შეკითხვებს.

I დავალება: ძვლოვანი სისტემის ძირითადი ნაწილები

II დავალება – ძვლოვანი სისტემის ფუნქციები

III დავალება – ძვლების ქიმიური შედგენილობა;

ბრტყელი, მოკლე და ლულოვანი ძვლების აგებულება

ჯგუფური მუშაობა ჯგუფური დავალებების შემცველი ბარათები,

თაბახის ფურცლები, მარკერები, ჩონჩხის მოდელი

 

9 წთ.
3. პროვოცირება ახალი საკითხის მიმართ.

მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს  ტანადობის დარღვევის ამსახველ ინერაქციულ პრეზენტაციას, მოსწავლეები ცდილობენ ამოიცნონ დაავადებები.

https://new.edmodo.com/view-office-online/edit/952914694/pptx/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C-%

ტექნოლოგიების გამოყენება / დისკუსია მთელ კლასთან კომპიუტერი,

პროექტორი, მასწავლებლის მიერ მომზადებული ადამიანის ტანადობის დარღვევის ამსახველი ფოტომასალა

4 წთ.
3. ჯგუფებს ვთავაზობ ახალ დავალებებს შესაბამისი ინსტრუქციებით.

I – სქოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი,

II – ბრტყელტერფიანობა, რაქიტი

III – აკრომეგალია, გიგანტიზმი, ჯუჯობა

(ინსტრუქცია იხ. დანართში)

საინფორმაციო ტექსტზე მუშაობა / გრაფიკების ანალიზი / ჯგუფური საინფორმაციო ტექსტები, ინსტრუქციები 10 წთ.
4. მოსწავლეები შეარჩევენ პრეზენტატორს, რომელიც წარადგენს ჯგუფის ნამუშევარს პრეზენტაცია ჯგუფური თაბახის ფურცლები, მარკერები.

მოსწავლეები ჯგუფებში ქმნიან მცირე პოსტერს

9 წთ.
4. შეჯამება:

მოსწავლეებისათვის kahoot.com – ში წინასწარ მაქვს მომზადებული ტანადობის დარღვევასთან დაკავშირებული 10 შეკითხვა. მოსწავლეები მობილური ტელეფონებით ერთვებიან ინტერნეტში და საძიებო ველში ჩაწერენ kahoot.it, შეიყვანენ ეკრანზე გამოტანილ კოდს და ყველა აღმოჩნდება ერთ სივრცეში. მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს შეკითხვას, ხოლო მოსწავლეები პასუხობენ ტელეფონებით

ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური პროექტორი, ტელეფონები, კომპიუტერი 9 წთ.
5. უკუკავშირი / შეფასება

 

 

მოსწავლეები ავსებენ ბარათებს, სადაც უნდა აღნიშნონ

·    3 მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გაკვეთილზე გაიგეს;

·    როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ცხოვრებაში

მასწავლებლის კომენტარი /

გასასვლელი ბილეთის შევსება

ჯგუფური / ინდივიდუალური  

 

 

გასასვლელი ბარათი

3 წთ.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის.

  • მსჯელობს ხერხემლის განვითარების პათოლოგიების   (მაგ., სქოლიოზი,  კიფოზი, ლორდოზი, დისკოზი) და მათი გამომწვევი მიზეზების  შესახებ. შეიმუშავებს რეკომენდაციებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის და წარადგენს კლასის წინაშე;
  • აღწერს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და განსაზღვრავს მის როლს სხვადასხვა დაავადების რისკის შემცირებაში;
  • მოსწავლეს შეუძლია კომპიუტერული ტექნოლოგიების მართვა და მიზანმიმართულად გამოყენება.

 

შეფასება: განმავითარებელი

დანართი

ინსტრუქცია მე-3 აქტივობისთვის

  • თქვენს ხელთ არის საინფორმაციო ტექსტი;
  • წაიკითხეთ მოცემული ტექსტი და  გააანალიზეთ (ტექსტის დამუშავებისა და ანალიზის ფორმატს ჯგუფი წყვეტს მასწავლებლისგან დამოუკიდებლად);
  • აუდიტორიისთვის შეიმუშავეთ 2 რეკომენდაცია;
  • შეარჩიეთ პრეზენტატორი / ები (მაქსიმუმ 2), რომელიც წარადგენს/ენ ჯგუფის ნამუშევარს;
  • პრეზენტაციის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარკერი და თაბახის ფურცლები.

 

გამოყენებული ლიტერატურა და რესურსი:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა (2011-2016)
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024)
  3. ყუნძაყიშვილი მ. & ბივერი ს. (2017) განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. გვ. 47-51
  4. ყუნძაყიშვილი მ. & ბივერი ს. (2017) განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. გვ.114 – 119
  5. ყუნძაყიშვილი მ. & ბივერი ს. (2017) განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. გვ. 155 – 156
  6. https://create.kahoot.it/details/a427b605-c289-4e68-ae6a-90efd90efd1b
  7. https://new.edmodo.com/view-office-online/edit/952914694/pptx/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C-%

 

 

სად არიან ის ძლიერი გოგონები ჩვენი ბავშვობიდან?

0

მეორე კლასში რომ ვიყავი, სკოლიდან სახლისკენ მიმავალს სამი შედარებით უფროსკლასელი ბოშა ბავშვი დამხვდა და „მასტიკის“ სქელ პარკში გახვეული საშლელების წართმევა დამიპირა. ახლანდელი მოზარდი ალბათ ვერც წარმოიდგენს, რატომ უნდა გადააკრა საშლელს მასტიკის პარკი ან ვინ რატომ უნდა სცადოს მისი წართმევა, მაგრამ მცირედად რომ გასაგები იყოს ეს ამბავი, ასეც შეიძლება აიხსნას: წარმოიდგინეთ, რომ მეორე კლასელი ბავშვი ხართ და „ბეიბლეიდი“ (ერთგვარი სათამაშო) უნდა წაგართვან უფროსკლასელებმა.

 

ჩემდა ბედად, გვერდით კლასელი გოგო მყავდა. სანამ მე ერთ-ერთ ბოშას ვეჯაჯგურებოდი, დანარჩენი ორი გემრიელად მიბეგვა და გამომძახა, მოხმარება გინდა, მოვიდეო.

 

ალბათ ყველა კლასში არიან გოგოები, ფეხბურთსაც რომ ბიჭებზე კარგად თამაშობენ, ხელის გადაწევაშიც ბადალი არ ჰყავთ, სირბილშიც ჯაბნიან ბიჭებს და ჩხუბიც უკეთ გამოსდით. არც შიში იციან და სწავლითაც ბევრად უკეთესად სწავლობენ. მე ასეთი უამრავი მოსწავლე მყოლია და ახლაც მყავს.

 

ჩემი კლასელი გოგო დირექტორის შვილი კი იყო, მაგრამ ეს დამხვდურებმა არ იცოდნენ, სხვა სკოლიდან იყვნენ და გულწრფელად უნდა ითქვას, მოერია.

 

სკოლებში და შემდგომ უმაღლეს სასწავლებლებში, აკადემიურ მოსწრებას თუ გადავხედავთ, სტატისტიკა, ანუ ცარიელი, მშრალი ციფრებიც კი ნამდვილად გოგოების მხარეს იქნება. გაცილებით მეტს და გაცილებით მეტხანს, სწორედ ისინი მეცადინეობენ. არიან თამამები, გაბედულები, ცოტათი თავხედებიც კი, მაგრამ არიან, ჩანან და მათი ხმა მუდმივად ისმის და ისინი მუდმივად ჩანან.

 

გადის წლები და ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს გაბედული, ჭკვიანი და მამაცი გოგოები სადღაც იკარგებიან, სადღაც უჩინარდებიან და ქრებიან, როგორც ჩრდილები ჩაბნელებულ გზაზე. მათ ადგილას კი „დამსახურებულად“ კაცები აღმოჩნდებიან ხოლმე. ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი, მხოლოდ იმიტომ რომ ქალია, უცბად კარგავს ანალიტიკურ უნარს, პიროვნულ თვისებებს, ცოდნას, შემართებას, უნარებს და მესამეხარისხოვან სამსახურს (თუ ასეთი გამოჩნდა) თანხმდება. იცვლება მათი ტანსაცმელიც, ფერად თმისსამაგრებს და ფერად მძივებს კი თხელი ძეწკვი და თმის შავი ან ყავისფერი სარჭი ცვლის.

 

ბევრჯერ მიფიქრია, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარება ანომალიური იქნება მანამ, სანამ პიროვნული უნარ-ჩვევები გენდერულ ჩარჩოებში მოექცევა. მსმენია, როგორ იმართლებენ ხოლმე ქალები თავს, შვილები და ოჯახი გვბოჭავს და განვითარებაში გვიშლის ხელსო. მგონია, რომ ეს თვითდაპროგრამება სწორედ როლური თამაშობების შედეგია და აუცილებელია ამ როლურ თამაშობებს თავი რამენაირად დავაღწიოთ.

 

რანაირად შეიძლება გავცდეთ სადღეგრძელოებს, ლექსებს ქალებზე, გაუცნობიერებლად წამოსროლილ „ლეკვი ლომისა სწორიებს“ და „დედა“ ფუძიანი სიტყვების გაუთავებელ ჩამოთვლებს ისე, რომ არა მხოლოდ ბიჭებმა, გოგოებმაც დაიჯერონ, თანამედროვე ცივილურ საზოგადოებაში პიროვნული უნარ-ჩვევები მხოლოდ გენდერულად კი არა, აბსოლუტურად სხვა „ბარომეტრით“ იზომება?!

 

მგონია, რომ ამისათვის სკოლებმა ყოველკვირეული სემინარები ახალ მოდულად უნდა დანერგონ. სწორედ სკოლიდან უნდა ისწავლონ ბავშვებმა, რომ ქსოვა გენდერთან კი არაა კავშირში, ინტერესის სფეროა და მეტიც, მე-17 საუკუნემდე სწორედ რომ კაცის საქმედ მიიჩნეოდა ევროპაში და საქართველოშიც; ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ საერთო სუფრის მერე ჭურჭლის გარეცხვა ქალის ვალდებულება არაა და რომ „ოჯახის თავი“, ანუ მენეჯერი კაცი კი არა, არამედ ის არის, ვისაც ამის ენერგია და უნარი მეტად აქვს განვითარებული.

 

უმეტესი თვისება ჩვევითი მოცემულობაა. თანდაყოლილად თითქმის არავინაა მორცხვი, გაუბედავი, თავხედი, დამთმობი ან მამაცი. ყოველი თვისება გარკვეული გარემოებისა და პიროვნული თვისებების ჰარმონიული შერწმის შედეგად ყალიბდება. მართალია, ბავშვს მცირე ასაკიდან ემჩნევა ხოლმე ხასიათის შტრიხები, მაგრამ მაინც, ნებისმიერი თვისება სწავლადია. ამას ემატება და ამძაფრებს საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპული აზროვნება, „რა შეიძლება ქალისთვის“ და „რა არ შეიძლება კაცისთვის“.

 

როლური თამაშების მსგავსი გადანაწილება ადამიანის განვითარების გარკვეულ ეტაპზე სრულ დისონანსში მოდის მასში კოდირებულ და შემდგომ აღზრდის შედეგად მიღებულ ცოდნასა და თვისებებთან. მაგალითად, თუ პროფესიონალი მოჭიდავე (თუნდაც საოპერო მომღერლისგან განსხვავებით) თვლის, რომ მისი ქალიშვილიც შეიძლება გახდეს ძალისმიერი სპორტის წარმომადგენელი, მაგალითად, ბერძნულ-რომაული სტილში, იგივე კაცი (თითქმის) ვერასდროს შეეგუება აზრს, რომ მისმა ვაჟმა შეიძლება ბალერონობა, ან ტანსაცმლის დიზაინერობა მოინდომოს.

 

რაშია პრობლემა? იქნებ შვილების მომავლის განსაზღვრაში მთავარი წინაღობა ჩვენ, მშობლები ვართ და არა თავად ისინი, როდესაც გვინდა ხოლმე მათ, ან გარემოებებს დავაბრალოთ ის, რომ ჩვენი შვილები, განსაკუთრებით კი გოგონები, უკვალოდ იკარგებიან?!

 

ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე კლასელი და კურსელი გოგო და ბიჭი შემხვდა. ისინი ზრდასრული ქალები და კაცები არიან, ჰყავთ ოჯახები, მუშაობენ და ცხოვრობენ ისე, როგორც ვცხოვრობთ ყველა. როდესაც ვეკითხები, რას საქმიანობენ, სად არიან, ვხვდები, რომ გოგონები, ვინც ყველაზე კარგად სწავლობდნენ, ყველაზე შრომისმოყვარეები იყვნენ, ყველაზე გამბედავები იყვნენ, მხოლოდ დაქვემდებარებულ, დაქირავებულ პოზიციებზე მუშაობენ, ბიჭები კი, ვინც ჩემნაირად ზარმაცობდნენ, დაბალი შეფასება ჰქონდათ, ცხოვრებისა და განვითარების ინტერესიც ნაკლებად ემჩნეოდათ, გაცილებით ხშირად ხვდებიან ხოლმე მმართველ რგოლში. მიფიქრია, რადგან ცხოვრება მუდმივი დინამიკაა, იქნებ კაცებმა მეტად მოინდომეს, მეტად გაბედეს და ამიტომ?! მაგრამ პასუხი სხვაა, – საქართველოში, ისევე როგორც მისგან ათიათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე ჰონდურასსა და კოლუმბიაში, ქალი მაინც თაროზე შემოსადები ნივთია, ნივთი კი ვერ გიკარნახებს წესებს, ვერ იქნება შენი უფროსი, ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან ფაიფურის ან თიხის თოჯინაა, ან სულაც ვუდუსი, რომელსაც ნემსებს იმდენი ხანი ურჭობ სხეულის ყველა წერტილში, სანამ არ მოგბეზრდება და ცეცხლში არ შეაგდებ დასაწვავად.

 

და მართლაც, სად არიან ეს ჭკვიანი, მამაცი, ძლიერი ქალები, თავის დროზე თმას ფერადი სარჭებით რომ იმაგრებდნენ?! ვინ უშლის მათ დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ცხოვრებაში – საკუთარი გაუბედაობა ხომ არა პატრიარქალური საზოგადოების წინაშე?! ან იქნებ ის საზოგადოება, რომელიც თიხის და ფაიფურის თოჯინებს მხოლოდ საკოლექციოდ აგროვებს, გაბზარულს კი ნაგავში ისვრის?!

 

ნეტავ სად არის ახლა ის ჩემი კლასელი გოგონა, ნუთუ მასზეც ძალადობს ქმარი?

მეგობარი გაკვეთილები: ვინ ვართ ჩვენ?!

0

მულტიდისციპლინური კურიკულუმის შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადი, თუმცა საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა კოლეგებმა ინტეგრაციის მოდელი ავირჩიეთ, თემატური კურიკულუმის შედგენისთვის საჭირო თემებზე დავიწყეთ მსჯელობა. ამისათვის საჭირო გახდა საერთო შეხვედრებზე ყველა პროექტში ჩართული საგნის სასწავლო მასალის გადახედვა და საერთო საკითხების გამოყოფა. პირველი ჯაჭვი ავაგეთ თემაზე ,,ადამიანები ჩვენ გარშემო“, რადგან საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე დაკვირვება საერთო სასკოლო პროექტის საუკეთესო დასაწყისად მივიჩნიეთ.

ადამიანი, როგორც ინდივიდი, ასევე საზოგადოების ნაწილი, ამოუწურავი საკვლევი ობიექტია. თემის სათაური ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულების გამოკვეთისკენ გვიბიძგებდა. აქედან გამომდინარე, საერთო სამიზნე დებულებებად ისეთი საკითხები გამოვკვეთეთ, როგორიცაა ადამიანთა შორის მსგავსება-განსხვავების დაფიქსირება, დამოკიდებულებების ცვლა დროთა განმავლობაში, კომუნიკაციის როლი ჩვენს ცხოვრებაში, საზოგადოების გავლენა ინდივიდის ცხოვრებაზე და ა.შ.

პირველ თემაზე მუშაობას ყველაზე მეტი დრო მოვანდომეთ და ეს ბუნებრივიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ინტეგრირებული სასწავლო მოდელის მახასიათებლების შესახებ თეორიული ინფორმაცია დროულად მივიღეთ, კურიკულუმის შექმნის მზა ,,რეცეპტს“ ვერსად მივაგენით, ამიტომაც მასწავლებლის ინსტიქტს მივენდეთ და მუშაობა თემატური კავშირების დამყარებით დავიწყეთ. თუმცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებმა ვეღარ გავითვალისწინეთ ,,მეგობარი საგნების“ მიმართულებები და საერთო შეხვედრაზე საგნობრივი გეგმების განხილვის დროს აღმოვაჩინეთ, რომ მარტო თემასთან კავშირი არ იყო საკმარისი და ინტეგრაციის ჯაჭვი ერთმანეთის გაკვეთილებთან დაკავშირებით უნდა შეგვექმნა. საბედნიეროდ, აკადემიური ხელმძღვანელის დახმარებით, დროულად შევიცვალეთ გეზი, თემის პირველი ვარიანტი გვერდზე გადავდეთ და კურიკულუმის შედგენა ერთად გადავწყვიტეთ. სწორედ ერთობლივ შეხვედრებზე მივხვდით, რომ  ინტეგრირების ხარისხის გაზომვისთვის სპეციალური ინსტრუმენტის შექმნა გვჭირდებოდა, სქემის, რომელიც გაკვეთილების ბადეს დაეყრდნობოდა და გაკვეთილებს შორის კავშირის დაფიქსირების საშუალებას მოგვცემდა (წერილის პირველ ნაწილში მოცემულია ამ ინსტრუმენტის ნიმუში).

ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ახალი კურიკულუმის პირველ თემის დაგეგმვას  ერთ თვეზე მეტი დრო დასჭირდა. მოსწავლეებმა თემის მთავარ შეკითხვას – ,,ვინ ვართ ჩვენ?!“ პროექტში ჩართული საგნების ფარგლებში მრავალფეროვანი პასუხები მიუსადაგეს. ჩვენი მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს (ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით) საკითხის სიღრმისეულად შესწავლის საშუალება მისცემოდათ. ამიტომ შემდეგი თემაც (რატომ ქმნიან ადამიანები ნივთებს?!) მის წინამორბედს დავუკავშირეთ.

პირველი კვირეულის ქართული ენის გაკვეთილები ღირებულების ცნების გააზრებას მიეძღვნა. თუ ქართულის გაკვეთილებზე მოსწავლეები ადამიანთა შინაგან სამყაროს აკვირდებოდნენ, ბუნებისმეტყველებაზე მის ფიზიკურ მახასიათებლებსა და ზრდა-განვითარების პროცესს შეისწავლიდნენ. მათემატიკის გაკვეთილზე საკუთარი სხეულის ნაწილებს საზომ ერთეულებად იყენებდნენ. მუსიკის მასწავლებლის დახმარებით კი სხეულის ერთ-ერთი ნაწილის – ყელის და სახმო იოგების შესაძლებლობების შესახებ ბევრი რამ გაიგეს და მცირე ექსპერიმენტიც ჩაატარეს.

ასევე საინტერესოდ წარიმართა ადამიანთა ჯგუფისა და ინდივიდის ურთიერთდამოკიდებულებაზე დაკვირვების პროცესი. მოსწავლეებმა ჯერ სიმღერით მოსინჯეს სოლისტისა და გუნდის წევრობის დადებითი და და უარყოფითი მხარეები. შემდეგ ერთობის ძალის ,,გასაზომად“ დიდ კონად შეკრული ჩხირების გადატეხვა სცადეს. როცა ჯერი მარტოსულ ადამიანებზე მიდგა, ბავშვებმა ერთმანეთს შეადარეს ადამიანთა ჯგუფისგან გარიყული და ველურ გარემოში გადარჩენილი ინდივიდების ხვედრი და დაასკვნეს, რომ განსხვავებულობა კი არა, მისდამი არასწორი დამოკიდებულება ქმნის პრობლემებს. აღნიშნული საკითხი რამდენიმე მოსწავლისთვის იმდენად სენსიტიური აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დამატებითი ტექსტის თუ ფილმის მოშველიება დამჭირდა, მათში საკუთარი განსხვავებულობის გამძაფრებულად აღქმის გამო მომატებული შფოთვა  რომ გამენეიტრალებინა. თუმცა ამავე მოსწავლეებისთვის  ეს თემა ერთგვარ მაშველ რგოლადაც იქცა, რადგან დიდი ხნის დაფარული შიში გამოავლინა და მისი დაძლევის საშუალება მოგვცა.  მოჭარბებული ემოციების ,,დასაცლელად“ პირად დღიურებს მივაკითხეთ, მაგრამ ფურცლებზე მარტო საკუთარი გრძნობების კი არა, პერსონაჟთა განცდების გადმოცემაც ვცადეთ.

თემის შემდეგი კვირა ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას მივუძღვენით. მხატვრული ტექსტების მაგალითზე დავაკვირდით ადამიანის ადაპტაციის უნარს და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ინდივიდისთვის ბუნებრივი რესურსებით საცხოვრებელი სახლები დავაპროექტეთ და ავაგეთ, რაშიც ძალიან დაგვეხმარა მათემატიკის გაკვეთილებზე შეძენილი გაზომვა-დახაზვასთან (მოსწავლეებმა გაზომეს სასკოლო სივრცე და ადამიანები) დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები. ამავე კვირეულში მოვუსმინეთ ბუნების ხმებს და ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენის/ბგერის იმიტაციაც ვცადეთ.

რაც შეეხება ჩართულობის ხარისხს, მოსწავლეები პროექტის პრეზენტაციის დღიდან დაინტერესდნენ თემით და პირველი კვირის დასრულების შემდეგ თავადვე დაიწყეს ახალი ცოდნისა თუ უნარების ურთიერთდაკავშირება. მჭიდრო ინტეგრაციის პირველი თვალსაჩინო შედეგი თემის შემაჯამებელ პროექტზე მუშაობისას დავინახეთ. მოსწავლეებს მინი კვლევის ჩატარება დაევალათ. საკმაოდ ხმამაღალი სათაური კი გამოგვივიდა (ადამიანთა ინტერესებისა და შეხედულებების კვლევა სხვადასხვა ასაკში), თუმცა მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ პროექტში ჩართული საგნების ჭრილში სიღრმისეულად განხილულ თემებზე დაყრდნობით მოსწავლეებისთვის კითხვარის შედგენა და ინტერვიუს წარმართვა გვესწავლებინა. მოსწავლეების ინტერესებს მორგებული პროექტი საოცრად წარმატებული გამოდგა. ჯერ ინტერვიუსთვის სპეციალური ცხრილი დავხაზეთ, შემდეგ კითხვები ჩამოვწერეთ, მათგან ყველაზე აქტუალურები შევარჩიეთ და კითხვარში გადავიტანეთ. კითხვარს ასევე ახლდა დანართი მუსიკალური ტოპ ხუთეულის შესარჩევად. სკოლაში მოეწყო ინტერვიუს ოთახი, სადაც სამი თაობის (ბავშვები (დაწყებითი საფეხური), მოზარდები (საბაზო-საშუალო საფეხური) და ზრდასრულები (მასწავლებლები)) წარმომადგენელ ადამიანთა ჯგუფი გამოკითხეს. მოხუცებულთა ინტერესებისა და დამოკიდებულებების საკვლევად კი ერთ-ერთ ხანდაზმულთა კლუბს ვესტუმრეთ. მონაცემების დამუშავების დრო რომ დადგა, მოსწავლეები არც ამ ,,დიდურ“ გამოწვევას შეუშინდნენ, პასუხები დიდი მონდომებით დაითვალეს, დააჯგუფეს და პიქტოგრამებსა და დიაგრამებში ასახეს.

ინტეგრირებული კურიკულუმის პირველი თემის წარმატებამ მარტო მოსწავლეების კი არა, ჩვენი თვითშეფასებაც საგრძნობლად აამაღლა და შემდეგი თემები გაცილებით სწრაფად და ეფექტურად დავგეგმეთ. მათთვის, ვინც დაინტერესებულია მულტიდისციპლინური მოდელით სწავლებით, რამდენიმე რეკომენდაციაც მოვამზადე:

  • ინტეგრირებული კურიკულუმის დაგეგმვა-განხორციელებას სჭირდება დიდი დრო (საკონტაქტო და ინდივიდუალური სამუშაო საათები) და მოქნილი სასკოლო გრაფიკი (უნდა იყოს გაკვეთილთა რიგის გადანაცვლება-დაჯგუფების ან საათების დამატების საშუალება);
  • მასწავლებლებს, მაღალი პროფესიული მზაობის გარდა, დასჭირდებათ სიახლეებისადმი შიშის დაძლევა და თანამშრომლობითი გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისთვის საჭირო უნარების გამოყენება, რათა ძალების გაერთიანება და საერთო მიზნების ეფექტურად განხორციელება შეძლონ;
  • კეთებით სწავლებაზე ორიენტირებულ გაკვეთილებზე და გასვლით აქტივობებზე მასწავლებელს შეიძლება დასჭირდეს ასისტენტის დახმარება კლასის ორგანიზების თვალსაზრისით, რათა საგაკვეთილო პროცესი მართვასთან დაკავშირებულმა საკითხებმა არ შეაფერხოს;
  • სამუშაო გუნდი მზად უნდა იყოს დისტანციური თანამშრომლობისთვისაც. აქედან გამომდინარე, კურიკულუმის ჯგუფს უნდა ჰქონდეს საკუთარი ონლაინ პლატფორმა (,,დრაივი“ ან სხვა დახურული/სასკოლო ინტერნეტ სივრცე), რათა ვირტუალურ სივრცეშიც შეძლონ ერთად მუშაობა;
  • სასურველია, ინტეგრირებული კურიკულუმის შექმნის პროცესში სამიზნე საფეხურის ყველა დისციპლინა ჩაერთოს;
  • გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებელთა მოტივაციასაც სჭირდება ხელშეწყობა. კარგი იქნება, თუ მსგავსი სირთულის დამატებით სამუშაოსთან დაკავშირებული ინიციატივები გარეგანი მოტივატორებითაც (აღიარება, ფინანსური მხარე და სხვ.) იქნება გამყარებული.

მიზნის სწორად დასახვას ასევე გაგიადვილებთ ე.წ. მულტიდისციპლინური მოდელის ,,ქოლგა“, რომელიც საგნობრივი ინტეგრაციის მთავარ პრინციპებზე აგებულ გრაფიკს წარმოადგენს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...