სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

“მცირე პროზა“ ანუ საზღვარგარეთის ლიტერატურა სკოლაში

0

 გია მურღულიას ახალი ინიციატივის შესახებ

კითხვა ემპათიურ ადამიანებად გაქცევთ; მეხსიერებასა და აზროვნებას გაგიუმჯობესებთ; უკეთეს მოსაუბრეს, გულღიას, მეგობრულსა და სოციალურად აქტიურს გაგხდით; შემოქმედებით და წერით უნარებს  განგივითარებთ; სამყაროს უკეთესისკენ შეცვლის მოტივაციას მოგცემთ – ეს კვლევებითაც არაერთგზის დადასტურდა.

რაც უფრო ნაკითხი და გონებაგანვითარებულია ადამიანი, მით მეტი საფიქრალი უჩნდება, რადგან მისი ყოველდღიურობა, ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო რუტინას სცდება.

ადამიანის გონებრივი და სულიერი განვითარების პროცესში, როგორც ამბობენ, მთავარ როლს სკოლაც ასრულებს. უფროსკლასელები ხშირად სვამენ კლასგარეშე არაორდინალურ შეკითხვებს, აპროტესტებენ კიდეც ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეთავაზებულ ზოგიერთ ტექსტს და ცდილობენ ისინი პროფილიდან დაინახონ.

მაგალითად, ჰაგიოგრაფიული თხზულებების დაზუთხვას მათში წამოჭრილი თუ მიჩქმალული პრობლემების აღმოჩენა – გაანალიზება და მათზე დისკუსია – პოლემიკა  ურჩევნიათ. ისინი ხვდებიან, რომ „ბედნიერი ერი“  ეპითეტების გროვა არ არის, არამედ საფუძვლიანადაა განსასჯელი, რა თქვა ამით ავტორმა, თითოეული რით ჰგავს დღევანდელ ქართველს? ასევეა რომანტიზმის ეპოქის შესწავლის დროსაც – ლექსების დაზეპირება ან  შინაარსის გადმოცემა  კი არ უჭირთ, უბრალოდ, ჰგონიათ, რომ ისინი ზოგადსაკაცობრიო თემებზე დასაფიქრებლად არაჩვეულებრივი მასალაა, რომელიც ხშირად ორაზროვნებას ამძაფრებს და სამყაროსკენ სხვა თვალით გახედებს.

ამბობენ, უინტერესო წიგნი არ არსებობსო, თუმცა ამაზე დავა სასიამოვნოდაც შეიძლება გაგრძელდეს. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ დღევანდელი წიგნის ბაზარი ნაირნაირი ჟანრის ლიტერატურითაა სავსე და ავტორ – მკითხველიც ასეთივე ჰყავს. სამწუხაროდ,  ნამდვილი და ყალბი ლიტერატურის გარჩევა ჭირს.

ნამდვილი და ყალბი ვახსენეთ და, აქვე უნდა დავძინოთ, სიყალბე ხელოვნების ბევრ დარგსაც დამუქრებია. მწერლობის გარდა, მუსიკა, მხატვრობა და არქიტექტურა უნიჭო პლაგიატიზმმა წალეკა. ეს კი, თავის მხრივ, მკითხველთა, დამთვალიერებელთა და მსმენელთა გემოვნებას აუკუღმართებს.

დავუბრუნდეთ ლიტერატურას – მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან, რომელი წიგნი წავიკითხოთო. ამაზე პასუხი იმ სირთულისაა, ვინ  უფრო გიყვარს, დედა თუ მამაო.

რჩევისას ჩემს გამოცდილებასაც ვიყენებ – ბავშვობაში ყოველთვის წინასიტყვაობას ვკითხულობდი ხოლმე. მაშინვე ვხვდებოდი, მიღირდა თუ არა წამეკითხა.

პატარებისთვის გაცილებით მეიოლება ტექსტების შერჩევა, დიდებს კი მხოლოდ რჩევა არ აკმაყოფილებთ და ჩამეძიებიან ხოლმე –  რაზეა, საინტერესოა თუ არა, მე თუ მომეწონა.  სხვათა შორის, უპირველესად, სათაურს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, შემდეგ ავტორის სადაურობას, ბოლოს –  სისქეს.

ასე გავაცანი მათ სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა  ჟანრის  ლიტერატურა და მწერლები, მათ შორის, თომას მანი, აგათა კრისტი, მაინ რიდი, ჟიულ ვერნი, ერნესტ ჰემინგუეი, ვიქტორ ჰიუგო, ალექსის ბუვიე, ჯოვანი ბოკაჩო, ლევ ტოლსტოი, ფეოდორ დოსტოევსკი  და გი დე მოპასანი. რაც შეეხება ქართველ მწერლებს – კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, ვასილ ბარნოვი, ლეო ქიაჩელი და სხვა მისთანანი შეუცვლელია.

კითხვას რა სჯობს, თუმცა მოსწავლეს ამისთვის დრო და განწყობა სჭირდება. სასკოლო სახელმძღვანელოები საკითხავი მასალით გადატვირთულია, თუმცა კლასგარეშე ლიტერატურის წაუკითხაობით გაჩენილ სიცარიელეს ვერ ამოავსებს. დრო ძალიან ცოტაა, სურვილი და ინტერესი – დიდი. ამავე დროს, კლასგარეშე საკითხავ და გასააზრებელ ტექსტებს საგაკვეთილო დროს ვერ ვუთმობთ და მათ შინ ან ლიტერატურული კლუბების ბაზაზე ვაკითხებთ. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელი ერთადერთი გზა „მცირე პროზის“ ე.წ. არჩევით  საგნად დამატება მგონია, რომელშიც მოსწავლეებს მხოლოდ ღირებულ ტექსტებს შევთავაზებთ და აქტივობებსაც იმის მიხედვით დავგეგმავთ.

ამასწინ ლიტერატორმა გია მურღულიამ მასწავლებლები „მცირე პროზის“ შესახებ დაგეგმილ ტრენინგ–სწავლებაზე მიგვიწვია.

„მცირე პროზა“, ანუ „მსოფლიო ლიტერატურა მოთხრობებში“ – როგორც გია მურღულია მის შესახებ წერს,  მსოფლიო პროზის გამორჩეულ ნიმუშთა გაცნობისა და გააზრებისთვის შეიქმნა. სწორედ მათშია თავმოყრილი და წარმოდგენილი ყველაფერი ის, რაც ადამიანისთვის, პიროვნებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ფიქრი სამყაროზე, ღმერთზე, საკუთარ თავზე, სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, მოვალეობაზე, თავისუფლებაზე… უამფიქროდ რანი ვიქნებოდით ჩვენ ყველანი და როგორ დავადგებოდით განვითარებისაკენ მიმავალ გზას?

კურსის შექმნისას რამდენიმე მთავარი პრინციპია გათვალისწინებული:

  1. არიან მწერლები, რომლებიც ფიქრისა და პიროვნული ემოციის „ბრენდს“ ქმნიან და სასურველია მათი ჩართვა ადამიანის კულტურული განვითარების საქმეში – ეს არა მხოლოდ ცოდნის, არამედ გემოვნების საკითხიც არის.
  2. ლექციასა თუ გაკვეთილზე შეუძლებელია ვრცელი ნაწარმოებების წაკითხვა და შემდეგ განხილვა თუ დიალოგი. ამიტომ შედარებით მცირე ტექსტებია შერჩეული.
  3. კურსს ახასიათებს ფართო ლიტერატურული გეოგრაფია – აქ შეხვდებით საუკეთესო პროზაიკოსებს მთელი მსოფლიოდან.
  4. წიგნში წარმოდგენილი მოთხრობები ბევრ ისეთ თემას ეხება, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის.

 

გამოცემის სტრუქტურა ასეთია: ჯერ მოცემულია მოკლე ინფორმაცია მწერლის შესახებ (ანოტაციები  ნინო მურღულიამ დაურთო), შემდეგ – მისი ერთი მოთხრობა (გამონაკლის შემთხვევაში – ორი) და ბოლოს – ტექსტის მცირე გზამკვლევი, რომელიც მკითხველს, ერთი მხრივ, გაუადვილებს ნაწარმოების აღქმა-გააზრებას, მეორე მხრივ კი წააქეზებს საიმისოდ, რომ თავადაც გააგრძელოს ფიქრი.

„ამ წიგნის გამოცემით პირველი ნაბიჯი გადაიდგმება საიმისოდ, რომ სკოლებმა თუ უმაღლესმა სასწავლებლებმა არჩევით კურსად შემოიღონ „მცირე პროზა“ და ჩვენი ახალგაზრდობა (ნურც სხვა თაობის დაინტერესებას გამოვრიცხავთ) მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავ ნიმუშებს აზიაროს“ – წერს გია მურღულია.

„მცირე პროზაში“ 38 ავტორის 40 პატარა მოთხრობაა. აქაა ყველა – აკუტაგავა, აპდაიკი, ბრედბერი, თურბერი, კაფკა, კიროგა, კორტასარი, ლერმონტოვი, ლობატო, ლუისი, მარკესი, მურაკამი, ნესინი, ორუელი, ო′ ჰენრი, საგანი, სელინჯერი, ფიცჯერალდი, შეკლი, ჯოისი, ჰემინგუეი, ჰესე, აკუნინი, ბიოლი და სხვ.

ტრენინგზე მოსწავლეების ამპლუას ვირგებდით და ამ შესანიშნავ მოთხრობებს ხან ბატონი გია გვიკითხავდა, ხან ჩვენ ვკითხულობდით, შემდეგ ვმსჯელობდით, ვაანალიზებდით, სკოლებშიც მიგვქონდა და მოსწავლეებთან განვიხილავდით.

პროექტ „მცირე პროზის“ კოორდინატორებმა ჩვენთვის სპეციალური ფეისბუკჯგუფი „ლიტერატურული პროგრამა „მცირე პროზა“ შექმნეს. იქ  ბატონი გიას დავალებებს ვასრულებდით – შინ წაკითხული მოთხრობების შესახებ ვწერდით, გაკვეთილის გეგმებს ვადგენდით, ტექსტის შინაარსობრივ სირთულეებსა თუ მოსწავლეებთან მიღწეულ შედეგებზე ვსაუბრობდით.

მაგალითად, რიჩარდ ბახის მოთხრობამ „არ არსებობს ადგილი შორეთი“ ასეთი დასკვნები ამაკვიატა, რომელიც ჯგუფის წევრებსაც გავუზიარე:

ყველაფრის მიზეზი შესავალია; ნათლისკენ  ყველაზე დაცემულიც კი მიილტვის; გონითი და სულიერი მეტემფსიქოზი შესაძლებელია; შეიძლება ითქვას, ბახს „გაფრენა“ გამოარჩევს;   ყველა ვერ იქნება „ფთაშესხმული“; ცხოვრებაში რამდენ ადამიანსაც შეხვდებით, იმდენი აზრი მოგეხვევათ თავს; მიზნის მიღწევაში კეთილმოსურნენიც კი უნებლიეთ შეგიშლიან ხელს;  „ჩასწვდები შენ თუ ვერა, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებად დარჩება“.

ეს პროექტი მოსწავლეთათვის შეიქმნა და აქ მათი აზრი გადამწყვეტიც კია:

როგორც ჩემი მოსწავლეები აღნიშნავენ, „მცირე პროზის“ განსაკუთრებულობა ისიცაა, რომ მრავალმხრივი მწერლების მრავალწახნაგოვანი მოთხრობების კრებულია:

„მკითხველს გულგრილს არცერთი მოთხრობა არ ტოვებს – ამბობს პირველი – მასში ყველაფერი „მხილებულია“– ტოტალიტარიზმის მანკიერებანი; ბედისწერის ავანჩავანი; გლოვისა თუ ბედნიერების „ინდივიდუალიზმი“; ახალგაზრდობისა და სიბერის ჯახი; ადამიანად ყოფნის წესები…“;

„ … სიყვარულისა და სიძულვილის მარადიული დუელი; სიკეთისა და ბოროტების გზასაწყისობა“ – აგრძელებს მეორე…

მართლაც – „მცირე პროზის“ მიზანეფექტურობა მკითხველზე მისი მოულოდნელი ზეგავლენაა: ზოგი მოთხრობის კულმინაცია ფინალია; ზოგი კი  მარტივად აღქმის გზას განგებ გისპობს და გითრევს და გითრევს თავის წიაღში, მრავალგემოიანი ტროპული ხერხებით გკვებავს – ხან „აღმოსავლეთს“ შეგაჯახებს, ხან – „დასავლეთს“. მძაფრად შეგაგრძნებინებს, აქ „მხოლოდ ღმერთები თუ დაგიხსნიან“. ალეგორიათა კორიანტელში გხვევს და გაფიქრებს, რაზე არ დაგაფიქრებს – სამყარო კაცობრიობის ცხრაკლიტულია? რანაირი რებუსებით გვესაუბრება დამბადებელი? როგორ ესმის ბედისწერას თავისუფლება? სიყვარული სახადია, მარადიული თუ მოხეტიალე?  … და ამეებს ეს პატარა მოთხრობები იტევენ – ზომით მცირენი, გულსართით –  ბუმბერაზნი.

ამ მოთხრობებმა, ჩემი დაკვირვებით, ხელი შეუწყო როგორც აზროვნების, ფიქრის, განსჯის, განჭვრეტის უნარების განვითრებას, ასევე  მკითხველისა და გარესამყაროს  დაკავშირებასა და  განწყობათა ცვალებადობის შესაძლებლობას.

ამავე დროს, მას შემდეგ, რაც ერთობლივად ( გაკვეთილზე ხმამაღლადაც ) და ინტენსიურად დავიწყეთ ამ მოთხრობების კითხვა, მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის  ტექსტების გააზრება, ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის, ისტორიული და სოციალური ფასეულობების გავლენის ამოცნობა, სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და  კულტურისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა გაუიოლდათ. ამგვარ  ტექსტებში წამოჭრილი თემების, იდეების, პრობლემატიკისა და  მწერლის ენის სხვადასხვა ასპექტის  აღმოჩენა გაუმარტივდათ.

აი რა ხერხებს იყენებდნენ ტექსტების უკეთ აღსაქმელად: 1) წაკითხვამდე სათაურის ან პირველი აბზაცის მიხედვით ვარაუდობდნენ შინაარსს. 2) კითხვისას საკვანძო ფრაზებს გამოჰყოფდნენ, ამოწერდნენ და განმარტავდნენ, თუ რატომ მოეჩვენათ მნიშვნელოვნად, რა აღძრა მათში, რა გაახსენათ (პარალელებს ავლებდნენ), რისი თქმა სურდა ამით ავტორს. 3) პერსონაჟებს ახარისხებდნენ – გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას პერსონაჟის გარეგნობის, ჩაცმულობისა და თვისებების შესახებ.   4) საინტერესო ეპიზოდებს და პერსონაჟებს ხატავდნენ. 5) აზრს ერთმანეთს პრეზენტაციაზე უზიარებდნენ. 6) მართავდნენ დისკუსიას და ა.შ.

 

(ჰ. ბიოლის „ჩემი ნაღვლიანი სახე“ და ე. ჰემინგუეის „კატა წვიმაში“; ნახ. სესილი ჩაჩანიძისა. X კლ.)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უნდა აღვნიშნო, რომ „მცირე პროზის“ კითხვის საათს ვატარებდი მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ჯგუფთან – ლიტკლუბის წევრებთან.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ  ჩემ მიერ ჩატარებული ერთ–ერთი აქტივობა:

„მცირე პროზა“ და  ლიტერატურული კლუბი „ლამპარელები“

ლიტკლუბის 40 მოსწავლე (VIII, IX, X, XI კლასი) გავყავი 4 გუნდად და თითოეულს 10 მოთხრობის წაკითხვა დავავალე.

მოთხრობები გია მურღულიას ტექსტური განმარტებების გარეშე ამოვბეჭდე, რათა მათ მხოლოდ თავიანთი აზრი გამოეთქვათ და მისას არ დაყრდნობოდნენ.

თოთოეული მოთხრობის წაკითხვის შემდეგ რვეულებში წერილობით უნდა ეპასუხათ ჩემ მიერ შედგენილი 12 შეკითხვისთვის:

მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლა და კლასი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოთხრობის ავტორი და სათაური –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  1. რა ვიცოდი?
  2. რა გავიგე?
  3. რა მინდა ვიცოდე?
  4. რა მომეწონა?
  5. რა არ მომეწონა?
  6. რას შევცვლიდი?
  7. რას არ შევცვლიდი?
  8. რატომ მოხდა ასე? (საუბარია ფაქტზე/ფაქტებზე, რომელიც/რომლებიც თქვენ მნიშვნელოვნად მოგეჩვენათ);
  9. რითია ეს მოთხრობა გამორჩეული? (პასუხი დაასაბუთეთ);
  10. გამორჩეული პერსონაჟი;
  11. რას დავუკავშირებ ამ ამბავს?
  12. როგორია მოთხრობის ავტორი?

 

გზადაგზა ვაკვირდებოდი მათ მუშაობას და ვინიშნავდი, რომელი შეკითხვა დატოვეს უპასუხოდ, როგორი განცდა ეუფლებოდათ კითხვის პროცესში, რომელი მოთხრობა ერთულათ და სხვ.

(დასასრულ, სკოლაში ბატონი გიას, ფსიქოლოგის და ტრენინგში მონაწილე მასწავლებლების მოწვევასა და ამ მოთხრობებზე საუბარს ვგეგმავთ).

ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო მოსწავლეთა მიერ შეფასებულ – აღქმული მოთხრობები იქნება. აი, ერთი  მათგანი:

ჯეიმს თურბერი

ბოლო ყვავილი

ვუძღვნი როზმარის – იმ იმედით, რომ მისი სამყარო უკეთესი იქნება, ვიდრე ჩემი.

 

ყველასათვის ცნობილია, რომ XII მსოფლიო ომმა ცივილიზაცია თითქმის მთლიანად გაანადგურა.

ქალაქები, სოფლები მთლიანად აღიგავნენ პირისაგან მიწისა.

ტყეებიც განადგურდა,

ბაღებიც,

ხელოვნების ნიმუშებიც…

კაცები, ქალები და ბავშვები უფრო დაბლები გახდნენ, ვიდრე ყველაზე დაბალი ცხოველები იყვნენ.

გულაცრუებულმა და დაღონებულმა ძაღლებმა მიატოვეს მათი დაცემული პატრონები.

დედამიწის ყოფილი ბატონების ამგვარი დაცემით გულმოცემული კურდღლები თავს დაესხნენ მათ.

წიგნები, ნახატები და მუსიკა გაქრა დედამიწიდან და ადამიანები ისხდნენ ასე, გულხელდაკრეფილნი და არაფერს აკეთებდნენ.

ასე გადიოდა წლები…

რამდენიმე გენერალს, ვინც გადარჩა, დაავიწყდა ბოლო მსოფლიო ომის ამბები.

ბიჭები და გოგონები იზრდებოდნენ ერთმანეთის ყურებაში და არაფერს გრძნობდნენ, ვინაიდან სიყვარულმა დატოვა ეს ქვეყანა…

ერთ დღეს ერთი გოგონა, რომელსაც არასოდეს ენახა ადრე ყვავილი, შემთხვევით წააწყდა ბოლო გადარჩენილ ცალს.

მან მიირბინა ადამიანებთან და უთხრა, რომ ყვავილი კვდებოდა.

ერთადერთი, ვინც გოგონას ლაპარაკს ყურადღება მიაქცია, ახალგაზრდა კაცი იყო, მხოლოდ მას დააინტერესა რაღაცამ.

გოგონამ და ახალგაზრდა კაცმა ერთად დაიწყეს ყვავილის მოვლა და მანაც იხარა.

ერთ დღეს ყვავილთან ფუტკარი მოფრინდა, მერე ბეღურაც.

მალე იქ ორი ყვავილი აღმოცენდა, მერე ოთხი და მერე ძალიან ბევრი.

ტყეები კვლავ აღმოცენდა, აყვავდა…

გოგონა დაინტერესდა, როგორ გამოიყურებოდა.

ახალგაზრდა კაციც დაინტერესდა  გოგონათი და აღმოაჩინა, რომ სიამოვნებდა მასთან ყოფნა.

დედამიწაზე კვლავ დაიბადა სიყვარული.

ჯანმრთელი და ძლიერი შვილები ეყოლათ. მათ სიცილი და სირბილი ისწავლეს:

ძაღლები დაბრუნდნენ გადასახლებიდან.

ახალგაზრდა კაცმა აღმოაჩინა, რომ თუ ქვას ქვაზე დადებდა, თავშესაფარს ააშენებდა.

ძალიან მალე ყველამ ააშენა თავშესაფარი.

ქალაქები და სოფლები კვლავ წამოიმართნენ.

ქვეყანაზე დაბრუნდა სიმღერა.

ტრუბადურები და ჟონგლიორები,

მკერავები და მეწაღეები,

მხატვრები და პოეტები,

მოქანდაკეები და ბორბლის ხელოსნები,

და ჯარისკაცები…

… და…

… და…

… და…

… და…

და ლეიტენანტები და კაპიტნები,

და გენერლები და მაიორები,

და გამათავისუფლებლები, ვინც სიტყვით გამოდიოდნენ კრებებზე და იცავდნენ ხალხის ინტერესებს.

ზოგი სად წავიდა საცხოვრებლად  და ზოგიც სად.

ხანი გამოხდა და ვინც მთებში წავიდა საცხოვრებლად, მოისურვა ბარში ცხოვრება, ხოლო  ვინც ბარში ცხოვრობდა, მთებში გადასახლებას აპირებდა.

გამათავისუფლებლებმა ღმერთის სახელითა და ხალხის ინტერესების დასაცავად გააღვივეს უთანხმოება.

 

და ასე ჩაერთო ქვეყნიერება კვლავ ომში…

ამჯერად ყველაფერი განადგურდა…

და ქვეყანაზე არაფერი აღარ გადარჩა…

 

მარტო ერთი კაცი

და ერთი ქალი

და ერთიც ყვავილი!..

 

ნატალია ლილუაშვილი. VIII კლ.

ბოლო ყვავილი

1) რა  ვიცოდი? ვიცოდი, რომ ომებმა ბევრი ცივილიზაცია გაანადგურა. მას მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს. ომში, შეიძლება ითქვას, გამარჯვებული არავინაა.

2) რა გავიგე? ის, რომ ომიანობით განადგურებულ სამყაროში ახალი სიცოცხლე ბევრჯერ დაწყებულა თავიდან. ვიწყებთ და ვსპობთ, ვიწყებთ და ვსპობთ! ყველაზე მეტად XII მსოფლიო ომის წინასწარმეტყველებამ დამაფიქრა.

3) რა მინდა ვიცოდე ? ომის სისასტიკესა და დამღუპველობას რატომ ვერ იაზრებს კაცობრიობა? რატომ არ იბრძვის სიცოცხლისა და კულტურის გადასარჩენად? დედამიწის განადგურებისკენ რატომ ისწარფვის? და საერთოდ, რისკენ უფროა ადამიანი მიდრეკილი – სიცოცხლისკენ თუ სიკვდილისკენ, კეთილისკენ თუ ბოროტისკენ?

4) რა მომეწონა? XII მსოფლიო ომის შემდეგ ისევ გაცოცხლებული სამყარო.

5) რა არ მომეწონა? უსიყვარულობა, უიმედობა, გაუცხოება, რომელიც მოთხრობამ ცოტა ხნით დამაუფლა.

6) რას შევცვლიდი? ადამიანების არასწორ დამოკიდებულებას სიცოცხლის, ცხოვრებისა და  ბედნიერებისადმი. შევცვლიდი მათ წარმოდგენას სამართლიანობის ომით აღდგენის შესახებ.

7) რას არ შევცვლიდი? მთავარ სათქმელს არ შევცვლიდი, ანუ XII მსოფლიო ომის საშინელებას. რადგან მან ადამიანები უნდა დააფიქროს.

8) რატომ მოხდა ტექსტში აღწერილი ამბავი? ადამიანებმა სიტყვის ძალა და დიპლომატიის მნიშვნელობა დაკარგეს. ყველაზე მეტად კი სიყვარულსა და სიკეთეს დაუკარგეს ღირსება.

9) რითია ეს მოთხრობა გამორჩეული? ვფიქრობ, XII მსოფლიო ომის წინასწარმეტყველებით. კაცობრიობა დიდი ხანია III მსოფლიო ომისგანაც შორს იჭერს თავს და XII-ის ხსენება უჩვეულოა.

10) გამორჩეული პერსონაჟი? კაცი, გოგონა და ყვავილი – გადარჩენისთვის მებრძოლი გადარჩენილნი.

11) რას დავუკავშირებ ამ ამბავს? აქ განვითარებულ მოვლენებს კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ საომარ პროცესებს დავუკავშირებ – ყველა ომს ერთნაირი შედეგი აქვს – დაღუპვისკენ სწრაფვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არ იტირო, ლეილა მას.

0

ბავშვობიდან ჭირივით მეზიზღება ზამთარი. მეზიზღება გაუთავებელი ყინვები, გაციებული ოთახები, დანესტილი ფანჯრები და მეზიზღება ქარი, რომელსაც ვერასდროს აკავებდა ამავე ფანჯრებზე აკრული ჩვენივე დაპატარავებული ტანსაცმელი. ბავშვობიდან მეზიზღება ზამთარი. გრძელი ღამეებით, გაუჩერებელი ქარებითა და სიცივისაგან აკანკალებული სხეულებით.

ერთ ზამთარს ძალიან ციოდა, – მახსოვს. ოთახის კუთხეში მდგარ საწოლზე ვიწექი ადიალებში გახვეული. ვერ ვთბებოდი, ვერაფრით დავათბეთ პატარა ოთახი. მინუსიაო – მამაჩემმა. დამსკდარ ხელებს ვიფშვნეტდით ორივე. ჩუმად, არ ვლაპარაკობდით ბევრს. იქვე იჯდა დედაც, უყურებდა ფანჯრის ღრიჭოზე აფარებულ ჩემს მაისურს და ხელებს ხშირ-ხშირად იორთქლავდა. ხანდახან კი, გადმომხედავდა წაშლილი მზერით და ვხედავდი, როგორ ცახცახებდა მისი სხეული ჩუმი ტირილისაგან. ღმერთო ! მართლა როგორ ციოდა იმ ზამთარს.

“კერასინკაში” ჩარჩენილ ნავთს ვიზოგავდით. საპურეში ჩარჩენილ პურს ვიზოგავდით. თვალებზე ცრემლებს ვიზოგავდით. მე კი, ჭირივით მზიზღდებოდა ზამთარი, წელიწადის ყველაზე ლამაზი დრო, გადათეთრებული ეზოებით, აივნებზე ჩამოკონწიალებული ლოლოებითა და ქათქათა თოვლით.

მიდი, ბავშვობა გაიხსენეო, რომ  მეუბნებიან,  ათასჯერ ნანახი ფილმივით გადამირბენს  კადრები თვალწინ და სინათლის სისწრაფით აღმოვჩნდები 2000-იანების დასაწყისში. მაშინ, როცა ნაომარ, დანგრეულ და მშიერ ქვეყანაში, ერთადერთი გასართობი, ჩვენთვის, ბავშვებისათვის გარაჟებს შორის მოქცეული პატარა ეზო იყო, სადაც არათუ ვერთობოდით, არამედ მიუხვედრელად ვიყავით ბედნიერები და საკუთარ პრიმიტიულ სურვილებსა თუ მისწრაფებებს  ბეტონის სტადიონზე ვიკმაყოფილებდით.

კარგად მახსოვს პატარა ეზო, სტადიონი და იქ მორბენალი, ბრაზილიელი რონალდოს ფორმიანი ბავშვები, რომელთაგან ერთ-ერთი ვიყავი მე და „გარაჟზე“ ცარცით მიხატულ კარებში, მთელი შემართებითა და მონდომებით ვიტანდი გოლებს გათენებიდან დაღამებამდე. და საერთოდაც, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თბილისის ყველა უბანში შეამჩნევდით ყვითელ მაისურიან ბავშვებს, ზამთარ-ზაფხულ კორპუსის წინა და უკანა ეზოებში.

ჩემს უბანში ერთი ადგილი იყო, ნანგრევებს ვეძახდით ხოლმე. კომუნისტების დროს ძველი ქარხანა ფუნქციონირებდა, მაგრამ ბავშვობის პერიოდში, იმ ადგილას სიცარიელე და სიბნელე სუფევდა, რომელსაც შიშით ჩავუვლიდით დაღლილ-დაქანცულები. გზის მეორე მხრიდან, კარგად მოჩანდა, როგორ ექაჩებოდნენ ნანგრევებთან აყუდებული ბავშვები ცელოფნის პარკებიდან წებოს და გვეშინოდა მერე იმ ბავშვების, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახმარი შპრიცების შემხედვარე, დედები და მამები გვეუბნებოდნენ, არ გაეკაროთ იმათო, ნარკომანებსო და ჩვენც ვარიდებდით თვალსა და თავს შეძლებისდაგვარად, ვენებდახვრეტილ,  წებონასუნთქ  ბავშვებს ეზოში ყოფნისას.

იმ ნანგრევებში ცხოვრობდა როზაც. რომელსაც მანიაკ როზას ვეძახდით და გვეშინოდა მისი. ურბანული ლეგენდა როზაზე ყველა ბავშვმა ვიცოდით, თუმცა ვერცერთი ვერ ვხვდებოდით იმას, რომ როზა მანიაკი კი არა, მშიერი და უსახლკარო იყო. დიდები ამბობდნენ, მუნჯიაო, რადგან არავის გაუგია მისი ხმა და ერთ დღესაც სამუდამოდ გაუჩინარდა ჩვენი უბნიდან. თუმცა მისი სახელი დღესაც კი ახსოვს ეზოსა და იქ მცხოვრებ ხალხს.

მახსოვს გაზიდან, თელასიდან მოსული მახინჯი კაცები ( ასე ვეძახდი ხოლმე ბავშვობაში) , რომლებიც თითქმის ყველა ოჯახს ემუქრებოდნენ ჩაჭრით, და არც ჩვენ ვყოფილვართ გამონაკლისები, თუმცა პატარაობიდანვე კარგად დავისწავლე ის, რომ ასეთ კაცებს, კარი არ უნდა გაუღო და მაქსიმალურად შეეცადო ჩუმად იყო, სანამ კიბეებზე არ ჩაირბენს და არ გაუჩინარდება  დამტვერილ  ქუჩაში.

მიდი, ბავშვობა გაიხსენეო, რომ მეუბნებიან, შარვალს მუხლამდე ავიკეცავ და დიდ იარას  ვაჩვენებ ხოლმე, რომელიც მაშინ დამემჩნა, როცა წინა კორპუსი, უკანა კორპუსს ვეთამაშებოდით ფეხბურთს,  გურჯაანის ნაყინზე ზაფხულის მიწურულს. თუმცა მაშინ,  2000-იანებში, არავის უკვირდა გადატყავებული, გასისხლიანებული მუხლები და ბავშვებიც აღარ ტიროდნენ,  მიეჩვივნენ.

და მაინც, იმ ჩაბნელებულ ქალაქში, როცა „შუქი მოვიდა“, ხშირ-ხშირად ისმოდა სახლებიდან, როცა გვშიოდა და შემოდგომიდან გაზაფხულამდე სიცივისაგან ვკანკალებდით, ცხოვრება აგრძელებდა კადრების გადაღებას და მეც, ახლა უკვე გაზრდილი ბიჭი, ვიზეპირებ და გადახვეული კადრივით ვბრუნდები იმ ეზოში, სადაც კორპუსს ერთმანეთის დაძახებები ახმაურებდა, სადაც ასფალტს კარგად ემჩნეოდა ჩვენი სისხლის წვეთები და რონალდოს მაისურიანი ბიჭები დაუღლელად დარბოდნენ თვალებგაბრწყინებულები.

იმ დროს ბევრი მასწავლებელი მყავდა სკოლაში, – უთვალავი. იცვლებოდნენ და იცვლებოდნენ ყოველწლიურად. ერთი მახსოვს, – ლეილა ერქვა. გეოგრაფიას გვასწავლიდა, ასაკში იყო უკვე. გაცრეცილი ტყავის „პლაში“ ეცვა. ფეხით მოდიოდა სკოლამდე, ძლივსძლივობით. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ მოდიოდა ლეილა მასწავლებელი ფეხით სკოლამდე. მაშინ პატარა ვიყავი, ძალიან.  ავცვივდებოდით გადაჭედილ ავტობუსში მე და ჩემი კლასელები დილაადრიან, ლეილა მასწავლებელი კი თავჩაქინდრული, ფეხით მოუყვებოდა ტროტუარს. ზუკა ხელს იშვერდა და იცინოდა. ფანჯრიდან ენას უყოფდა. – მე კი ვუყურებდი და მიკვირდა, როგორ არ სციოდა, ანდაც, როგორ არ ეზარებოდა ფეხით სიარული ლეილა მასწავლებელს. პატარა ვიყავი ჯერ კიდევ, ათი წლის.

ერთ დღეს, გაკვეთილის ახსნის დროს, უცაბედად ატირდა ლეილა მასწავლებელი. ეს არ ჰგავდა უბრალო წამოტირებას. ხმამაღლა ტიროდა. გაუვარდა ცარცი, ნელა მივიდა მაგიდასთან, ჩამოჯდა სკამზე და ტიროდა ისე, როგორც მე, როცა პირველად დამტოვეს მარტო საკლასო ოთახში. ვერავინ გავიგეთ რა სჭირდა. ვერც ვერავინ გავბედეთ მასთან მიახლოება. ვერავინ გავბედეთ გვეთქვა: არ იტირო, ლეილა მას! – ის კი რამდენიმე წუთი ტიროდა, მერე კი წამოდგა და გარეთ გავიდა.

გაოგნებულები ვუყურებდით ბავშვები ერთმანეთს. პირველი ზუკას გავხედე, გამშრალი იჯდა. თვალები აუწყლიანდა, არ ველოდი, გამიკვირდა. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, წამოვდეგით  ნელ-ნელა და გარეთ გავიხედეთ. ცარიელი იყო დერეფანი, არავინ ჩანდა.

რა მოუვიდა ნეტა? – ვფიქრობდით ბავშვები. მერხებზე ვისხედით ყველა ერთად. მერე ჭრიალით გაიღო კარი და ჩვენი დამრიგებელი, ეთერი შემოვიდა. წაშლილი ჰქონდა სახე,  სხვანაირი. დასხედითო – გვითხრა და მასწავლებლის მაგიდას მიუჯდა. რა მოხდა მას? – ვკითხე.

ბოლო დღე ჰქონია ლეილა მასწავლებელს სკოლაში. ბოლოჯერ გამოუტანია სამასწავლებლოდან ჟურნალი, ბოლოჯერ შემოსულა ჩვენს კლასში და ბოლოჯერ ამოუკითხავს სიიდან ჩვენი სახელები და გვარები. მერე კი, გვიყვებოდა ლეილა მასწავლებლის შესახებ ამბებს, ისტორიებსა და მოგონებებს და ჩვენც ვუსმენდით. ხანდახან კი ჩამოუგორდებოდა  ეთერა მასწავლებელსაც ცრემლები და მოიწმენდდა მარჯვენა ხელის თითების ბალიშებით. მართლაც სევდიანი ისტორია იყო, – მახსოვს.

წავიდა, ძალიან მალე წავიდა ის დრო. თითქოს  ვიღაცას აღარ სურდა ყურება და გადაახვია, აგვაჩქარა. იქ ბავშვობა დაგვრჩა, სხვანაირი, სევდიანი, მაგრამ ბედნიერი. იქ ლეილა მასწავლებელი დარჩა, გაცრეცილი „პალტოთი“ და სევდანარევი ღიმილით.  იქ სკოლაც დარჩა, დამტვრეული მერხებით, ჩამონგრეული კარებითა და მტვრიანი დერეფნებით.  ჰო, ეს მაშინ ხდებოდა, 2000-იანების თბილისში, ანუ ჩემს ბავშვობაში.

 

 

 

 

PISA-ს კვლევა კრიტიკული პერსპექტივიდან და უფრო სიღრმისეულად – ინტერვიუ ნუცა კობახიძესთან

0

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა PISA  15 წლის მოზარდების მზაობას ამოწმებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რაც სკოლაში შეიძინეს. PISA სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ცოდნას სამი მიმართულებით ამოწმებს: წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. 2018 წლის კვლევის შედეგებით საქართველო წიგნიერების ნაწილში 380,  მათემატიკაში 398 და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 283 ქულა აქვს. 

ჟურნალ “მასწავლებელს” PISA-ს კვლევის შესახებ ესაუბრა განათლების ექსპერტი ნუცა კობახიძე, რომელმაც კვლევა ჩვენთან ინტერვიუში სიღრმისეულად  მიმოიხილა.

როგორ შეაფასებდით პიზას ტესტს როგორც ქვეყნებს შორის შედარების ინსტრუმენტს?

სამ წელიწადში ერთხელ პიზას შედეგები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე. მან პოპულარობით გადაუსწრო სხვა საერთაშორისო ტესტებს. მედიის დიდი ყურადღების გამო, ამ ტესტის შედეგებმა პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა და ის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნების პრესტიჟის ერთგვარი სიმბოლო გახდა, ხოლო შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს დამატებითი არგუმენტები მისცა სხვადასხვა ტიპის ცვლილებების მხარდასაჭერად.

როგორც მოსალოდნელი იყო, პიზას 2018 წლის შედეგების გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მონაწილე ქვეყნების  უმრავლესობა თავს იმართლებს. თუ გადახედავთ საერთაშორისო პრესას, დაინახავთ, როგორ რეაგირებენ მთავრობები და მედია ამ შედეგებზე: უმრავლესობა ვიშვიშებს და მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოა გახარებული. ტოპ ხუთეულში შემავალ ქვეყნებს რომ შეხედოთ, იქაც კი დაინახავთ წუხილს იმაზე, რატომ გაუსწრო მეზობელმა რამდენიმე ქულით.

ცდუნება დიდია, რომ დაინტერესებულმა ადამიანმა ქვეყნებს შორის რანჟირების ცხრილის მიხედვით დრამატული დასკვნები გააკეთოს. ასეც იქცევა ჟურნალისტების უმრავლესობა. მაგალითად, რას ნიშნავს მესამე ადგილზე ყოფნა? რა განსხვავებაა ქვეყნის განათლების სისტემებს შორის, რომელთა შორის სხვაობა მხოლოდ რამდენიმე ერთეულია? კვლევებით დასტურდება, რომ ხშირად ეს განსხვავებები მინიმალურია.

 

პიზა საკმაოდ რთული ტესტია და მოითხოვს დიდ დროს, რომ მისი სრული ანალიზი მოხდეს. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებსა და მედიას  მხოლოდ შედარებების ცხრილი აინტერესებს. იშვიათად შევხვდებით მედიაში სტატიებს, სადაც პიზას ტესტის უფრო სიღრმისეული ანალიზია მოცემული. მეთოდოლოგიური და სხვა სახის პრობლემების მიუხედავად, ვფიქრობ, შესაძლებელია პიზას შედეგების გამოყენება ცალკეული დასკვნების გამოსატანად და პოლიტიკის კორექტირებისათვის, მაგალითად, ქვეყნის შიგნით რეგიონების ან სკოლების ტიპის შესადარებლად და ა. შ. თუმცა, ამ დასკვნებს გარკვეული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ეროვნული შეფასებებით და კვლევებით გადავამოწმოთ.

რამდენად სანდოა ამ ტესტით მიღებული მონაცემები? არის თუ არა ვალიდური ქვეყნების შედარება და რა ფაქტორებს გამოყოფდით ამ მიმართულებით.

პიზას მიმართ კრიტიკულ კითხვებს შორის არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რასაც ამ სფეროს სპეციალისტები სვამენ, მათ შორის, მნიშვნელოვანია სკოლების და იმ ტერიტორიების შერჩევა, სადაც ტარდება ტესტირება. მაგალითად გამოდგება ჩინეთი. 2015 წლამდე პიზა ტარდებოდა მხოლოდ შანხაიში, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ადგილია. ჩინეთის სხვა პროვინციებთან შედარებით, სოციო-ეკონომიკური მდგომარებით  და სკოლების ხარისხით, ის გაცილებით წინ არის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩინელ მიგრანტ მუშებს, რომლებიც სხვა პროვინციებიდან არიან და შანხაიში ცხოვრობენ, არ აქვთ უფლება  თავიანთი შვილები შანხაის სკოლებში მიიყვანონ. მათ უწევთ შვილების  პროვინციებში დატოვება. შანხაის სკოლებში მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა შედარებით მაღალი სოციალური ფენიდანაა, რომელთა მშობლები ასევე სხვა ფასიან საგანმანათლებლო  დახმარებასაც მიმართავენ. მედიაში ხშირად იწერება სტატიები, სადაც შანხაი წარმოდგენილია, როგორც ჩინეთი, რაც არასწორია. მკვლევრები ეჭვს გამოთქვამენ, ჩინეთის სხვა ღარიბ პროვინციებში რომ ჩაეტარებინათ კვლევა, შედეგები შეიძლება დრამატულად ცუდი ყოფილიყო. 2015 წელს, პიზას კვლევაში შანხაის დაემატა პეკინი, ასევე ჯიანსუ და ჭეძიანი, რომლებიც ასევე განვითარებულ ადგილებად ითვლებიან და არამც და არამც არ წარმოადგენენ მთელ ჩინეთს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩინეთის შთამბეჭდავი პროგრესი განათლებაში. თუ ავიღებთ აშშ-ის შედეგებს, იქ ჯამდება ყველა მონაწილე შტატის შედეგი. თუმცა, მხოლოდ მასაჩუსეტს თუ ავიღებთ, მაშინ შედეგები გაცილებით მაღალია. ასევეა საქართველოშიც: თუ მხოლოდ ქალაქის სკოლებში ჩავატარებთ ტესტებს, შედეგები იქნება შედარებით უკეთესი, რასაც პიზას ეროვნული ანგარიშიც გვეუბნება.

აქვს თუ არა გავლენა რეპეტიტორობას პიზას შედეგებზე?

 

აზიაში რეპეტიტორობა ძალიან გავრცელებულია. როგორც წესი, სკოლების შემდეგ მოსწავლეები სარეპეტიტორო სკოლებში დადიან. ძნელი გასარკვევია მათი აკადემიური მიღწევები რეპეტიტორების დამსახურებაა თუ სკოლების. საინტერესო კვლევა ჩატარდა კულტურული და ოჯახური ღირებულებების ფაქტორების გამოსავლენად, რომლის ფარგლებშიც შეადარეს შანხაელი მოსწავლეები ავსტრალიაში მცხოვრებ შანხაიდან წასულ მოსწავლეებს. აღმოჩნდა, რომ მათ ერთნაირად მაღალი ქულები ჰქონდათ, მაშინ როცა მთლიანად ავსტრალიამ საკმაოდ არასახარბიელო შედეგი აჩვენა პიზაში. ეს მიუთითებს, რომ სკოლა როგორც ინსტიტუტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება მშობლების  მიერ განათლებაში ჩადებულ დანახარჯებს (რაც, პირველ რიგში, გულისხმობს რეპეტიტორების დაქირავებას დაწყებითი კლასებიდან) და კულტურულ ღირებულებებს.

კიდევ რა პრობლემებს გამოყოფდით პიზას ტესტის მიმართულებით?

პიზა ტექნიკურად გამართული ტესტია. მასზე ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ. ამის მიუხედავად, შეცდომები ტესტში ხშირია, რაზეც თავად ტესტების ავტორებიც ლაპარაკობენ. პრობლემებია ტესტის დიზაინში, თარგმანებში, იმპლემენტაციასა და ინტერპრეტაციაში. მე და ჩემმა კოლეგამ, ბრიტანელმა პროფესორმა მარკ ბრეიმ, შევისწავლეთ პიზას (2000, 2003 და 2009 წლების ) და ტიმსის (1995 და 2003 წლების) კითხვარების ერთი ასპექტი, რომელიც რეპეტიტორობას შეეხებოდა. აღმოჩნდა, რომ კითხვები ისე ბუნდოვნად იყო დასმული თავად ორიგინალში, რომ მან თარგმანებში კიდევ უფრო დიდი ბუნდოვანება გამოიწვია. საერთოდ აზრი დაკარგა ქვეყნებს შორის შედარებამ ამ კუთხით. სამწუხაროდ, ამ არასწორ მონაცემებზე დაყრდნობით ბევრი სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა. ამ საკითხს საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება და შორსმიმავალი დასკვნები გააკეთეს. ჩვენ ვაცნობეთ OECD-ის  (პიზას მშობელი ორგანიზაცია) და ისინი ყურადღებით მოეკიდნენ ჩვენს რჩევებს. შეცდომები გამოსწორდა ნაწილობრივ 2015 წლის ტესტში, მაგრამ ისევ დარჩა უზუსტობები, რაზეც კიდევ ერთი სტატია დავწერეთ, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდება.

ვერცერთი ტესტი ვერ იქნება იდეალური და პრობლემები განსაკუთრებით იჩენს თავს, როცა სხვადასხვა კულტურულ კონტექსტს ვადარებთ ერთმანეთს. კულტურულ კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად უბრალოდ შეუძლებელია ინგლისურენოვანი ტესტის ადგილობრივ კონტექსტზე მორგება. კრიტიკის საპასუხოდ პიზამ 2015 წლიდან დანერგა ხარისხის კონტროლის ახალი მექანიზმი Translatability Assessment, რომლის მიზანია კითხვარების თარგმანების შემოწმება ლინგვისტების მიერ, რათა მათ შესამოწმებელ დავალებებს შორის მიაღწიონ კულტურულ ეკვივალენტურობას.  მიუხედავად ასეთი მცდელობებისა, პიზა დაზღვეული არ არის შეცდომებისაგან თარგმანებში, რომელიც პრობლემურს ხდის ქვეყნებს შორის შედარებას. ეს განსაკუთრებით საგრძნობია არაანგლოფონურ ქვეყნებში. მეთოდოლოგიურ სირთულეებზე უნდა ვისაუბროთ, რომ მონაცემების ინტერპრეტირება სწორად მოხდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნები ამას ისე სერიოზულად აღიქვამენ, რომ რეფორმების გატარება უნდათ პიზას შედეგების გათვალისწინებით.

როგორია ტესტის ფორმატი?

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტესტის ფორმატი და მოსწავლეთა მოტივაცია. ბევრ ქვეყანაში პიზას ტესტს მოსწავლეები არასერიოზულად უყურებენ, არ ცდილობენ საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას, რადგან იციან, რომ ეს მათი სკოლის ნიშნებზე არ აისახება (ჩემი ვარაუდით, საქართველოშიც ასეა). პიზა საკმაოდ ხანგძლივი ტესტია და მოსწავლეები იღლებიან, ხშირად ტოვებენ დავალებებს, რომ მალე მორჩნენ. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში იმ მოსწავლეებს, რომლებმაც პიზას ტესტი უნდა ჩააბარონ, წინასწარ მსგავსი დავალებების შესრულებაში ამეცადინებენ. მათ ეუბნებიან, რომ ეს ეროვნული პრესტიჟის საკითხია და საკუთარი მაქსიმუმი უნდა აჩვენონ. არაერთი სტატია იმაზეც დაიწერა, როგორ ეუბნებიან აკადემიურად სუსტ მოსწავლეებს ჩინეთში, რომ ტესტის დღეს სკოლაში „ავადმყოფობის გამო“ არ მოვიდნენ. ცნობილია, რომ, მაგალითად, მალაიზიაში სკოლები სპეციალურად ამზადებენ მოსწავლეებს პიზას ტესტის ჩასაბარებლად, რათა გაზარდონ „პიზასთვის მზაობა.“ მოკლედ, საზოგადოებრივი აზრის წნეხისა და საერთაშორისო პრესტიჟის გამო, ბევრი ქვეყანა მზად არის ყველა ხერხი იხმაროს, რომ რანჟირების ცხრილში ზევით აიწიონ. ამასობაში ყურადღების მიღმა შეიძლება დარჩეს ამა თუ იმ ქვეყნისთვის ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვანი განათლების ასპექტი, რომელიც პიზას ტესტში არ აისახება.

ხშირად გაიგონებთ კრიტიკას, რომ პიზა და მსგავსი ტესტები აფასებენ არა განათლების მიღწევებს, არამედ იმას, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები ტესტისთვის მომზადებულები.

ასევე ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამსწორებლებზე: მაგალითად, რამდენად მკაცრად ან რბილად ასწორებენ ღია დავალებებს. ჩემი პირადი გამოცდილებით, საქართველოში გასწორების პროცესში საკმაოდ მაღალი კომპეტენციის ადამიანები არიან ჩართულები და კეთილსინდისიერად ასწორებენ დავალებებს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენ (2010-2012 წლებში მე თავად ვმუშაობდი საგანმანათლებლო კვლევებზე შეფასებისა და გამოცდების ცენტრში) მოგვიწია ზოგიერთი მათგანისთვის შეხსენება იმისა, რომ გრამატიკულ შეცდომებზე ყურადღება არ გაემახვილებინათ, მაშინ როცა დავალება უნდა შეფასებულიყო მხოლოდ წაკითხულის გააზრების მიხედვით. ამავდროულად, ბევრ სახელმწიფოში არაფორმალური მითითებაა, რომ ტესტები „კეთილგანწყობით“ გასწორდეს. მართალია, აქაც პიზას გასწორების გადამოწმების მექანიზმები აქვს დანერგილი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით და ასევე ჩემს უცხოელ კოლეგებთან საუბრიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ვარიაციის საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა.

რა არის პიზას ტესტის მიზანი? რატომ მონაწილეობენ ქვეყნები?

თუ საერთაშორისო ანგარიშებს ჩახედავთ, წაიკითხავთ, რომ პიზას მიზანია, შექმნას საერთაშორისო შედარებითი მონაცემები, დაეხმაროს ქვეყნებს ერთმანეთისგან ისწავლონ.  ანგარიშებში ხშირად წერენ, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ წარმატებული განათლების სისტემა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პუბლიკაციები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვერ მოხერხდა მსოფლიოში განათლების პრობლემების მოგვარება. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ რთულია განათლების სისტემის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოტანა, რადგან ის, რაც სკოლის გარეთ ხდება, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სკოლაში მიმდინარე პროცესი. მაგალითად, რას აკეთებენ მშობლები შვილების განათლებისთვის, რამდენად კარგად იკვებებიან მოსწავლეები, როგორ არის მოწყობილი საზოგადოება, რა ღირებულებები გააჩნია მას, რას უკავშირებს წარმატებას და პრესტიჟს, როგორია ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სერვისები და ა.შ. ამიტომ, ძნელია ერთმნიშვნელოვნად გადმოვიღოთ ფინური მოდელი ან ესტონური მოდელი, რაზეც უცებ ალაპარაკდა ყველა. უნდა გავეცნოთ მათ მაგალითებს, მაგრამ პრობლემების მოგვარების გზები უფრო ლოკალური მგონია.

სხვა მიზეზი ისიცაა, რომ პიზა განათლების მხოლოდ ცალკეულ ასპექტებს (კითხვა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) და არა მთლიანად განათლებას აფასებს. ეს არის ვიწროდ განსაზღვრული განათლების გაგება, (რაზეც რამდენიმე დღის წინ ინგლისურენოვანი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუშიც გავაკეთე კომენტარი), რომელიც ვერ აფასებს უმნიშვნელოვანეს უნარებს, როგორიცაა დამოუკიდებელი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება, სოციალური უნარები და ა.შ.

 

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კომერციული ინტერესები, რომლებიც ხშირად პიზას ტიპის ტესტების შემქნელი ორგანიზაციის უკან დგას. მსგავსი ორგანიზაციები თანამშრომლობენ კომპანიებთან, რომლებსაც ევალებათ პუბლიკაციების მომზადება, ქვეყნებისთვის კონსულტაციის გაწევა პიზას ტესტის შედეგებზე, რასაც ძალიან დიდი ფინანსური მოგება მოაქვს. მაგალითად, OECD სკოლებს სპეციალურ შეფასებას ‘PISA- based Test for Schools’ სთავაზობს, რომელშიც სკოლებს  საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევთ.

საინტერესოა, რომ პიზას სათავეში მოხვედრილი ქვეყნები ასევე იღებენ ფინანსურ სარგებელს ე.წ. საგანმანათლებლო ტურიზმით. ცნობილია, რომ ფინეთი და სინგაპური სასწავლო ტურებით გადაჭედილია.

შეიძლება თუ არა საქართველომ გადმოიღოს ფინური ან ესტონური განათლების მოდელი?

 

საინტერესო ისაა, რომ თუ იმ ადამიანებს დაელაპარაკებით, ვინც ფინური განათლების სისტემას გაეცნო, გეტყვით, რომ „სასწაულები“ ვერ აღმოაჩინეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფინური მოდელი გამორჩეული არ არის, ნამდვილად არის და ამისთვის მათ რამდენიმე ათეული წელი იშრომეს. ფინეთი იმითაც არის საინტერესო და ერთგვარად პარადოქსულიც, რომ მისი მოდელი არ მიჰყვება იმ სტანდარტულ რჩევებს და ხშირ შემთხვევაში მათ საწინააღმდეგოსაც კი აკეთებს, რასაც OECD ურჩევს სხვა ქვეყნებს წარმატების მისაღწევად. ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ტოპ ათეულში მოხვედრილ ქვეყნებს ხშირად ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული განათლების მოდელები აქვთ და ერთ წარმატებულ მოდელზე ლაპარაკი არასერიოზულია. ეს ყოველივე უფრო იმაზე მიუთითებს, რამდენად რთულია სკოლის მოდელის გადმოღება საზოგადოების სხვა სფეროებში ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე. სკოლა არ არსებობს ვაკუუმში, ის საზოგადოების ნაწილია და მისი რეფორმირება ქვეყნისთვის სასიცოცხლო სხვა დარგების რეფორმირების კვალდაკვალ უნდა მოხდეს.

 

რატომ არ იცვლება მიღწევის დინამიკა საქართველოში, რასთანაა დაკავშირებული კვლევის ეს მაჩვენებელი?

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა განათლებაში. თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობის, ხედვების არათანმიმდევრულობის და ხშირად არაკომპეტენტურობის გამო, ბევრი მათგანი იყო ფრაგმენტული და უნაყოფო. გასაკვირი არ არის, რომ დინამიკა არ არის დადებითი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას, არის 2012 წლიდან პიზას ტესტირების კომპიუტერულ ფორმატზე გადასვლა. მანამდე მოსწავლეები ქაღალდზე ასრულებდნენ ამ ტესტს. 2018 წლიდან ბევრი ქვეყანა (არა ყველა), მათ შორის საქართველოც, გადავიდა კომპიუტერულ ფორმატზე. ბევრი უცხოელი მკვლევარი არასახარბიელო შედეგებს მოსწავლეთა ტექნოლოგიურ კომპეტენციასაც უკავშირებს. საქართველოში 15 წლის მოსწავლეთა უმრავლესობა შეიძლება კომპეტენტურია კომპიუტერის ელემენტარული ფუნქციების გამოყენებისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შეჩვეულები არიან დიდი მოცულობის ტექსტების წაკითხვას, დიაგრამების, გრაფიკების და ამოცანების ინტერპრეტაციას ეკრანზე.

როგორ გამოვიყენოთ პიზა?

 

სამწუხაროა, რომ საქართველოში სამ წელიწადში ერთხელ პიზას ტესტის შედეგების გამოცხადებას მოჰყვება  მცირეხნიანი  ეროვნული დრამა და ვიშვიში იმაზე, რა ცუდი განათლების სისტემა გვაქვს. სამწუხაროა, რომ ეს სიმართლეა, მაგრამ ამის ასე დრამატულად შეხსენებას საზოგადოებისთვის, მგონია, რომ დემორალიზაციის გარდა, არაფერი კარგი არ მოაქვს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ერთმანეთზე გადაბრალება და თითის გაშვერა. ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში არ ხდება შედეგების რეფორმებისთვის გამოყენება. ასევე გვავიწყდება, რომ საქართველო პიზაში და სხვა მსგავს ტესტებში მონაწილეობაში იხდის მონაწილეობის გადასახადს, რომელიც საკმაოდ დიდი თანხაა (ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან ამ საფასურის დაფარვაში). გარდა გადასახადისა, ბიუჯეტიდან იხარჯება სერიოზული თანხები ტესტის მომზადებაზე, ადაპტაციაზე, ჩატარებაზე, შედეგების შეფასებაზე, ანალიზზე და ა.შ. ისმის კითხვა, თუ ამ წლების განმავლობაში ვერ გამოვიყენეთ ეს შედეგები სისტემის გაუმჯობესებისთვის (თავისთავად სადაო საკითხია, რამდენად გამოდგება პიზას „რეცეპტები“ ამ მიზნის მისაღწევად), რატომ ვხარჯავთ ამხელა თანხებს პიზაში მონაწილეობისთვის? ხომ არ ჯობია, პაუზა ავიღოთ და ეს დრო და რესურსები სიღრმისეული რეფორმების გატარებას მოვახმაროთ?  რამდენიმე დღის წინ, გერმანულ პრესაში შემხვდა სტატია, რომლის ავტორი ასევე კრიტიკულ შეკითხვებს სვამდა პიზაში გერმანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ამ პრობლემებიდან  გამოსავალს რაში ხედავთ?

ჩემი აზრით, პირველ რიგში, უნდა მოვეშვათ საგანმანათლებლო შეჯიბრს. შევეცადოთ, გავხდეთ ტესტის კრიტიკული შემფასებლები და მომხმარებლები. პრობლემურია, როცა პიზაზე ლაპარაკობენ, როგორც ეროვნული განათლების უტყუარ საზომზე, „თერმომეტრზე“, „დეტექტორზე“, ტესტზე, რომელსაც „მსოფლიო განათლების პულსზე უდევს ხელი“ და ა.შ. პიზას არსებული მონაცემების ანალიზისას ყურადღება უნდა გადავიტანოთ რანჟირებებიდან მონაცემების იმ ნაწილებზე, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს განათლების ფუნდამენტურ პრობლემებზე. რაც მთავარია, დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე უნდა ვიპოვოთ ლოკალური გზები განათლების და საზოგადოების გასაუმჯობესებლად.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მოსწავლეთა მოტივაცია

0

პროექტზე დაფუძნებული სწავლება, მისი როლი და მნიშვნელობა

თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, ცივილიზებული საზოგადოების ფორმირებისა და განვითარების პროცესში უდიდეს როლს ასრულებს განათლების სისტემა, ყოველ საფეხურზე სხვადასხვა სახის სწავლების პროგრესული მეთოდების გამოყენებით. მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურიგახდა პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, რომელიც თანამედროვე სწავლების ერთ–ერთ ინტერაქტიულ მეთოდს განეკუთვნება. იგი დროის მოთხოვნის შესაბამისი მეთოდია, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს სოციალური მოთხოვნა მაღალხარისხიან სწავლასა და სათანადო ცოდნის შეძენაზე. ამიტომ, საგრძნობლად პოპულარული ხდება, ვითარდება და ფართოვდება აღნიშნული მეთოდის გამოყენება. სწორედ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი თეორიული ცოდნის რაციონალური გამოყენება კონკრეტული პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაში. შესაბამისად, პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის უმთავრესი მიზანია მოსწავლის აქტიური სწავლების უზრუნველყოფა მისი პრაქტიკული საქმიანობის გააქტიურებით. ჩვენი აზრით, აღნიშნული მეთოდი ასევე უზრუნველყოფს მოსწავლეში არა მარტო საკუთარი თავისადმი რწმენის, კომუნიკაბელობის, პარტნიორობის, ურთიერთთანამშრომლობის გრძნობის გაღვივებას, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, კვლევის უნარის ჩამოყალიბებას, რაც შემდგომ ეხმარება მათ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზების შემუშავებასა და დაძლევაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირებაში. შედეგად წყდება განათლების ძირითადი ამოცანები. კერძოდ: კრიტიკული ანალიზის, კომუნიკაციური, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ვერბალური და რაოდენობრივი აზროვნების, ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარებისა და მსოფლმხედველობის ფორმირება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ცოდნის შეძენის უნარის ფორმირებას.

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის ფორმირების ეტაპები, მისი მიზანი, ამოცანები და შედეგები

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტით სწავლების მეთოდის გამოყენების იდეა  თითქმის ერთი საუკუნის წინ გაჩნდა აშშ–ში (XX საუკუნის 20–იანი წლები). მისი ფუძემდებლები იყვნენ ცნობილი ამერიკელი მეცნიერები, პედაგოგები ჯონ დიუი და უილიამ კილპატრიკი. კერძოდ, მეთოდის ფორმირების თეორიულ საფუძვლად ითვლება ჯონ დიუის „პრაგმატული პედაგოგიკა“, რომელმაც შემდგომი განვითარება ჰპოვა ახალ საგანმანათლებლო თეორიაში, სადაც ფართო ასახვა ჰპოვა განათლების ისტორიისა და ფილოსოფიის საკითხებმა. პროექტით სწავლების მეთოდმა ფართო გავრცელება ჰპოვა აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, ბელიაში, ისრაელში, გერმანიაში, იტალიაში, რუსეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში. იგი წარმატებით გამოიყენება საქართველოშიც. პროექტებით სწავლების მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა შესაძლებლობა მისცეს მოსწავლეებს, დამოუკიდებლად მიიღონ ცოდნა პრაქტიკული ამოცანებისა და იმ პრობლემების გადაწყვეტისას, რომლებიც სხვადასხვა სფეროს საგნების ცოდნის ინტეგრაციას საჭიროებენ.

პროექტების მეთოდი, როგორც პედაგოგიური ტექნოლოგია, მოიცავს თავისი არსით შემოქმედებით-კვლევითი, საძიებო, პრობლემური მეთოდების ერთობლიობას. მასწავლებელს პროექტის ჩარჩოებში ენიჭება მხოლოდ კოორდინატორის, ექსპერტის, კონსულტანტის როლი. თანამედროვე განათლების სისტემამ, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა რადიკალურად შეცვალა მასწავლებლის საქმიანობის პრიორიტეტები, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს არა პირდაპირ სწავლებას, არამედ მოსწავლეთა დამოუკიდებელი შემოქმედებითი ძიებისა და საქმიანობისათვის პირობების შექმნას. ანუ, ასეთ სიტუაციაში სკოლისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოს ცოდნის აქტიური შემოქმედებითი აღქმის უნარი. ჩვენი აზრით, ამისათვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელი იქნება სასწავლო პროცესი გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო, წარმოვაჩინოთ სკოლაში მიღებული ცოდნის მნიშვნელობა ცხოვრებაში, მისი პრაქტიკული გამოყენების მიმართულებით. როგორც ჩინური ანდაზა ამბობს: „მითხარი რამე და დამავიწყდება, მაჩვენე და მე შევძლებ გახსენებას, ჩამრთე და მე ყველაფერს გავიგებ“. ასეთი სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი ინტელექტუალური უნარის განვითარება, იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ თვითრეალიზაციის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. რადგან „ყველა საგნის სწავლების მიზანი ბავშვის გონების  გაღრმავებასა და განვითარებაში მდგომარეობს“, ხოლო თვით „სწავლება ოპტიმიზმის ყველაზე დიდი გამოვლინებაა“, ამიტომ კონკრეტული სასწავლო პროექტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოსწავლეთა დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, დამთავრებული სამუშაო პროცესი, რომელიც შესაბამისობაშია მათ ასაკობრივ შესაძლებლობებთან და სრულდება პროექტირების განზოგადოებული ალგორითმის შესაბამისად – პროექტის იდეიდან მის რეალურ განხორციელებამდე. ასეთი პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემოქმედებითი, საინფორმაციო, თამაშის, პრაქტიკულ–ორიენტირებული და სხვა სახის. მთლიანობაში პროექტის მეთოდი თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფლობს მაღალ პოტენციურ შესაძლებლობებს განვითარების, სწავლების, აღმზრდელობითი და ფსიქოლოგიური მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა მეთოდმა წლების განმავლობაში გარკვეული ევოლუცია გაიარა, მისი ძირითადი არსი კვლავ უცვლელია: მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება, კონცენტრირება და სტიმულირება კონკრეტულ პრობლემებთან და მის გადაწყვეტასთან მიმართებაში. მას საფუძვლად უდევს მოსწავლეთა შემეცნებითი უნარისა და თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში ორიენტირების მეშვეობით კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვით პროექტის რეალიზაციისათვის აუცილებელია მოსწავლეები ფლობდნენ გარკვეულ კომპეტენციებსა და აუცილებელ ინტელექტუალურ უნარებს, რომელიც საჭიროა პროექტით განსაზღვრული კონკრეტული მიზნისა და ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტისათვის. ეს უნარებია:

  • საგნობრივი ცოდნის უნარები;
  • კრიტიკული აზროვნების ინტელექტუალური უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების უნარი თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • კომუნიკაციის უნარი და სხვა.

 

პროექტით სწავლების მეთოდის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფეხურების მიხედვით, კონკრეტულად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული  ძირითადი ეტაპების შესაბამისად (იხ. სქემა–1).

სქემა –1

პროექტით სწავლების მეთოდის  ძირითადი ეტაპები

მოსამზადებელი სტადია პრობლემის დასმა, პროექტის თემის, მისი ტიპის, მოსწავლეთა რაოდენობის შერჩევა.

(აუდიტორული ჯგუფური და ფრონტალური მუშაობა)

მასწავლებლის როლი: მოდერატორი, ფასილიტატორი
შუალედური სამუშაო პირველი ეტაპი: არსებული გამოვლენილი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ძირითადი ამოცანების ფორმულირება და მისი განაწილება ჯგუფების მიხედვით

(აუდიტორული ჯგუფური და ფრონტალური მუშაობა)

მასწავლებლის როლი: მოდერატორი, ფასილიტატორი.

მეორე ეტაპი: დასმული ამოცანების გადაწყვეტის მეთოდების შემუშავება, კვლევისა და ინფორმაციის მოპოვების შესაძლო მეთოდების შერჩევა.

(ინდივიდუალური დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობა)

მასწავლებლის როლი: მოდერატორი, ტუტორი.

მესამე ეტაპი: დასმული ამოცანების პრაქტიკული გადაწყვეტა (პირველი ეტაპი) შეთავაზებული მეთოდების გამოყენებით; (მეორე ეტაპი) ინდივიდუალური სამუშაო. ანუ პროექტის მონაწილეთა დამოუკიდებელი მუშაობა მათი ინდივიდუალური თუ ჯგუფური კვლევითი, შემოქმედებითი ამოცანების შესაბამისად.

მასწავლებლის როლი: კონსულტანტი.

დასკვნითი სტადია პროექტის ძირითადი კვლევითი შედეგების წარმოდგენა – ანგარიშის პრეზენტაცია, დაცვა, ოპონირება, კოლექტიური განხილვა, საქმიანობის შედეგების შეფასება, საბოლოო დასკვნების გაკეთება (ინდივიდუალური, კოლექტიური სამუშაო).

მასწავლებლის როლი: ტრენერი, კონსულტანტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის უპირატესობა, მისი ეფექტიანობა და მიმზიდველობა შემდეგი ფაქტორებით განისაზღვრება: იგი იძლევა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან საფუძვლებს; მისი მიზანია ბავშვების მიერ შესწავლილი თეორიული საკითხების პრაქტიკაში გამოყენება. პროექტზე ინდივიდუალური მუშაობა უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის განვითარების დონეს, მისი ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარის ფორმირებას. კერძოდ, ბავშვს უვითარდება ჯგუფში მუშაობის უნარი, მას შეუძლია მიიღოს და სხვას აღმოუჩინოს დახმარება, წაიყვანოს გაკვეთილი ან მისი ნაწილი, ჩამოაყალიბოს პროექტის შინაარსობრივი ნაწილი, გააფორმოს მისი შედეგი (მოხსენება, რეპორტაჟი, პრეზენტაცია და სხვა). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინფორმაციო წყაროებზე (ცხრილები, დიაგრამები, სახელმძღვანელოთა ილუსტრაციები, ცნობარები, ლექსიკონები და სხვა) მუშაობის ჩვევების გამომუშავება. ანუ, მთლიანობაში იგი უზრუნველყოფს მოსწავლეთა შემდეგი ძირითადი კომპეტეციების განვითარებას: პრობლემატიზაციის უნარს; მიზანმიმართულობას; საქმიანობის დაგეგმვა; თვითანალიზი და რეფლექსურობა; შედარება, ანალიზი, სინთეზი, პროგნოზირება; საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებელი მოძიება, დამუშავება, შენახვა და პრაქტიკული გამოყენება; დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია; კომუნიკაბელობა და ტოლერანტულობა.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პროექტით სწავლების მეთოდის ეფექტიანობა და ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თითოეული პედაგოგის ძალისხმევასა და დაინტერესებაზე. კერძოდ, მასწავლებელმა პროექტით სწავლების მეთოდის გამოყენებისას უნდა უზრუნველყოს საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და მოსწავლეთა მოტივაცია; განსაზღვროს, კონკრეტულად რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა პროექტზე მუშაობის შედეგად; შეძლოს რთული მოვლენების ასახსნელად მარტივი მაგალითების გამოყენება; საკვლევი პრობლემების გააზრების მიზნით წარმოადგინოს სიტუაციის პრეზენტაციის შესაძლო მეთოდები;  მოახდინოს სამუშაოს ორგანიზება ინდივიდუალურად და მცირე ჯგუფებში. ის უნდა ფლობდეს განხილვის ორგანიზაციის მეთოდებს, ახდენდეს დასკვნების არგუმენტირებას, ეწეოდეს კონსულტაციებს, გააჩნდეს ობიექტური შეფასების კრიტერიუმები.

სწავლების ყველა მეთოდისა და განსაკუთრებით პროექტზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენების დონე და მისი საბოლოო შედეგები განსაზღვრულია მშობლის, მაწავლებლის, მოსწავლეების ერთობლივი საქმიანობით, ძალისხმევითა და მოტივირებით, რათა მოსწავლეებმა მიიღონ თანამედროვე გლობალური სამყაროს შესახებ ადეკვატური ცოდნა, განათლება, რომელიც რეალურად დაეხმარებათ მათ წინაშე არსებული პრობლემების წარმატებით გადაწყვეტაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

დიმიტრი უზნაძე. განწყობის თეორია. mes.gov.ge/uploads/gegmebi/shesavali.doc.

ქეთევან ჭკუასელი, ივანე ჭკუასელი, პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები. გამომცემლობა „ინტელექტი”, თბილისი 2012წ.

ინასარიძე მ. ლობჟანიძე ს. რატიანი მ. სამსონია ი. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი 2015 წელი.

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. თბილისი 2007.

სწავლების პროცესის ტექნიკური მართვის მეცნიერების პრაქტიკული სახელმძღვანელო. რ. ქეით სოიერის რედაქტირებით. ვაშინგტონის უნივერსიტეტი. კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თავი 19. პროექტზე დაფუძნებული სწავლება.

იხ. უ. კილპატრიკის შრომები 1914 და 1916წ. „The Montessory System Examined“; „Froebel Kindergarten Principles Critikally Examined.

 

კოლინ უილკოქსი. https://www.facebook.com/notes/guguli…/239446902909157.

Боуэн Д. История западного образования. Западная Европа эпохи модерна и Новый Свет. Глава 12. Новая эра в образовании: II. Прогрессивизм в Соединенных штатах Радикальная американская философия: Джон Дьюи и доктрина экспериментализма. https://www.gumer.info/ bibliotek_Buks/ Pedagog/Bowen/14.php
Е.С. Полат. Метод проектов. Новые педагогические и информационные технологии в системе образования: учеб. пособие для студ. пед. вузов и системы повышения квалификации пед. кадров /под ред. Е.С. Полат. М., 2000. https://docs.google.com/.

ДЖ. Питт. Метод проектов в образовании. https://www.livelib.ru/author/375890/latest.

 

შემაჯამებელი გაკვეთილისთვის

0

სათავგადასავლო თამაში – „მოგზაურობა ჰიდროსფეროში“

კონსტრუქტივისტული თეორია გულისხმობს მოსწავლის სწავლის პროცესის აქტიურ ფორმას. სათავგადასავლო თამაში კვესტის გამოყენება შესაძლებელია შემაჯამებლის სამუშაოსთვისაც გამოვიყენოთ. ქვემოთ მოცემული მაგალითები, ვფიქრობ, გამოდგება თემის შეჯამებისთვის. ინტერპრეტაცია თქვენთვის მომინდია.

გთავაზობთ კვესტის კიდევ რამდენიმე ვარიანტს სხვადასხვა თემაზე.

მაგალითი პირველი ეხება ჰიდროსფეროს თემას.

ამ გაკვეთილზე თამაშის ფორმის გამოყენებით ხდება სისტემატიზაცია და ცოდნის გაფართოება.

ვითარდება მოსწავლეთა რუკაზე მუშაობისა და მეტყველების უნარები, ლოგიკური აზროვნება, ფიგურული მეხსიერება, გუნდში მუშაობის უნარი.

რესურსები: ნახევარსფეროების რუკა, ატლასის რუკა, დავალების ბარათები, პრეზენტაცია „მოგზაურობა ჰიდროსფეროში”.

თამაშის მსვლელობა:

თამაშის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყალიბდება 5 კაციანი გუნდები. გუნდი ირჩევს  კაპიტანს, სახელს, დევიზსა და ლოგოს.

  1. შესავალი

ჩვენს თამაშს მთლიანად დავუთმობთ წყალს, რომელიც ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ გარსს – ჰიდროსფეროს წარმოადგენს. პირველ რიგში, მოისმინეთ ზღაპარი:

იყო და არა იყო რა, იყო ერთი წყლის წვეთი. იგი ჯერ კიდევ ძალიან პატარა, სუფთა და გამჭვირვალე იყო. პატარა წვეთი ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ბევრ კითხვას სვამდა. წყლის წვეთს სურდა, რომ გამხდარიყო ჭკვიანი და განათლებული. იგი  დედა ღრუბელთან ერთად ლურჯი ცის კაბადონზე დაფრინავდა.

ერთ დღეს, დედა ღრუბელმა უთხრა მას: „ვინაიდან შენ ძალიან ცნობისმოყვარე ხარ, გადადი ჰიდროსფეროს ჯადოსნურ სამყაროში. ეს სამყარო ოთხი კუნძულისგან შედგება, თითოეული განსაკუთრებულია. იფრინე, ეწვიე, გაიგე ყველაფერი ამ სამყაროს შესახებ”. ამ სიტყვებით, დედა ღრუბელმა წყლის წვეთი სამოგზაუროდ გაუშვა.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს წყლის წვეთთან ერთად ჰიდროსფეროს სამყაროში მოგზაურობას, რათა საკუთარი ცოდნით დაეხმარონ და გაუადვილონ მოგზაურობა პატარა ცნობისმოყვარეს.

გუნდებს ეძლევათ მოგზაურობის მარშრუტის ფურცლები.

  1. თამაშის ძირითადი ნაწილი
  2. პირველი კუნძული – „თამაშის კუნძული”.

მასზე ცხოვრობენ ყველაზე მცირე ჰიდრონომიკები, ისინი სხვადასხვა თამაშს თამაშობენ. განსაკუთრებით მოეწონა მათთან თამაში „მესამე ზედმეტია“.

მოდით და ჩვენც ვითამაშოთ. შემოთავაზებული სიიდან შეარჩიეთ ზედმეტი ცნება და ახსენით, თუ რატომ თვლით, რომ მისი ადგილი იქ არ არის.

ჰუძონის ყურე, ბენგალის ყურე, მექსიკის ყურე. (ბენგალის ყურე ესაზღვრება აზიის ნაპირებს, ხოლო ჰადსონის ყურე და მექსიკის ყურე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებს).

კარიბის ზღვა, ხმელთაშუა ზღვა, წითელი ზღვა. (ხმელთაშუა და წითელი ზღვები ესაზღვრება ევრაზიის ნაპირებს, ხოლო კარიბის ზღვის აუზი – ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს).

კასპიის ზღვა, თეთრი ზღვა, აზოვის ზღვა. (კასპიის ზღვა ტბაა, თეთრი და აზოვის ზღვები ზღვებია).

გოლფსტრიმის დინება, ლაბრადორის დინება, პერუს დინება. (გოლფსტრიმის დინება – თბილი დინებაა, ლაბრადორი და პერუ – ცივი დინებები).

მდინარე ლენა, მდინარე ამური, მდინარე ობი. (მდინარეები ლენა და ობი მიედინება რუსეთის ტერიტორიაზე და მდინარე ამური მიედინება რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე).

ლადოგის ტბა, ჩადის ტბა, ბაიკალის ტბა. (ლადოგოს ტბა და ბაიკალის ტბა მდებარეობს აზიაში, ხოლო ჩადის ტბა აფრიკაში).

მაგელანის სრუტე, დრეიკის სრუტე, გიბრალტარის სრუტე. (მაგელანის სრუტე და დრეიკის სრუტე აკავშირებს წყნარ და ატლანტის ოკეანეს, ხოლო გიბრალტარის სრუტე – ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს ხმელთაშუა ზღვას).

  1. მეორე კუნძული – „ცნებების” კუნძული.

მოსწავლეებს ეძლევათ ფურცელი ცნებებით, მასწავლებელი კარნახობს ტერმინების „გასაღებს“ (განმარტებებს).

ცნებები (ცნებების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს):

ჰიდროსფერო;

კუნძული;

წყარო;

ზღვა;

ყურე;

სრუტე;

ნახევარკუნძული;

შესართავი;

არხი;

მდინარის სისტემა;

ჩვენი პლანეტის წყლის ჭურვი.

ცნებების განმარტებებს არ გთავაზობთ.

  1. მეხუთე კუნძული – „მოაზროვნეების კუნძული“

ეს არის კუნძული, სადაც ექსპერტთა კლუბი შეიკრიბა. მათ ვერაფრით ვერ გააკვირვებ.  „ვიცით, ამბობენ, გვინახავს!”

შეეცადეთ, გამოიცნოთ რაზეა საუბარი მოცემულ ნაწყვეტში:

1) „ოკეანეში არის მდინარე: ის არ შრება ძლიერი გვალვის დროს და არ დიდდება ყველაზე დიდი წყალდიდობის დროს. მისი ნაპირები და არხი არის ცივი წყლის ფენები, რომელთა შორისაც სწრაფად მიედინება მისი თბილი ლურჯი წყლები. დედამიწაზე არსად არის ასეთი შესანიშნავი ნაკადი. ის უფრო სწრაფია, ვიდრე ამაზონი, ვიდრე მისისიპი და ორივე ამ მდინარის მასა ერთად აღებული არის წყლის იმ მოცულობის მეათედი, რაც ამ ნაკადს აქვს”. (გოლფსტრიმის თბილი დინება).

2) ”… ოკეანედან მოვარდნილი დიდი სიგრძისა და სიჩქარის ტალღა, რომელმაც დაანგრია ქალაქი. რამდენიმე წუთის შემდეგ წყალმა უკან დაიხია, ოკეანის ფსკერზე ჩაიტანა ნანგრევები.  წარმოქმნილმა ტალღებმა ნაპირიდან 1კმ-ის მანძილზე შეაღწია ხმელეთზე და ოკეანეში ჩარეცხა ნაპირთან მდგომი გემები, სახლები, ხიდები, ადამიანები. 15-20 წუთის შემდეგ, წყლის ტალღამ კვლავ მიაღწია ქალაქს 20 მეტრის სიმაღლეს”. (ცუნამი).

3) ხმელეთიდან ჩამოცურებული, მყინვარს მოწყვეტილი ყინულის დიდი მთა, რომელიც ოკეანეში ან ზღვასა და მყინვარისპირა ტბაში ტივტივებს, ან თავთხელზეა დარჩენილი. კაშკაშა თეთრი ლაინერების ფლოტილიასავით დღე და ღამით მოძრაობენ ხმელეთის  სანაპიროებთან… მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც გიგანტი დამდნარა, მოულოდნელად გადატრიალებულა და ოკეანეში მყოფ გემს დასჯახებია. (აისბერგები)

  1. მეოთხე კუნძული – „რეკორდსმენები”.

მოსწავლეები ანგარიშობენ ამ ჰიდროსფერული ობიექტების ჩანაწერების შესახებ და აჩვენებენ მათ გეოგრაფიულ რუკაზე.

ტიტიკაკას ტბა – ყველაზე მაღლა მდებარე ტბა;

ბაიკალის ტბა – ყველაზე ღრმა ტბა;

კასპიის ზღვა – ყველაზე დიდი ტბა;

მკვდარი ზღვა – ყველაზე მარილიანი ტბა;

წითელი ზღვა – ყველაზე მარილიანი ზღვა;

ბალტიის ზღვა – ყველაზე მტკნარი ზღვა.

III. თამაშის დასკვნით ეტაპზე

თამაშის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდები აჯამებენ შედეგებს.

წყლის წვეთს ძალიან მოეწონა ჰიდროსფეროში. მან ბევრი რამ ისწავლა და თქვენ ძალიან  დაეხმარეთ მას. რაც მთავარია, გააცნობიერა, რომ ცოდნა ვლინდება მათთვის, ვინც თავად ისწრაფვის მისკენ.

დაბრუნების დროა, და ცოტა მოიწყინა ჩვენმა წყლის წვეთმა. როგორ შეუძლია მას დაუბრუნდეს ღრუბელ დედას?

წყლის მსოფლიო ციკლის წყალობით, წყლის წვეთი შეძლებს დაბრუნებას.

დასკვნის სახით ცხადდება თამაშის შედეგები და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

მაგალითთი 2.

კვესტის თამაშის დაგეგმვა საკმაო დროს მოითხოვს.

მასწავლებელი:

  • ამზადებს პრეზენტაციას;
  • აყალიბებს საინტერესო დავალებას;
  • შეიმუშავებს სამუშაო გეგმას;
  • ადგენს ინფორმაციული რესურსების ჩამონათვალს.

მოსწავლე:

  • ირჩევს როლს;
  • ადგენს რესურსების მოძიების გეგმას;
  • იკვლევს ინფორმაციულ რესურსებს;
  • ამზადებს მოხსენებას.

დასრულებული დავალების ამოცანების წარდგენის პროცესში, მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს, რომ თითოეული პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა თვალსაზრისი, ამოცანების გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი. მოსწავლე სწავლობს სხვადასხვა მოსაზრების შედარებას, გათვალისწინებასა და გაზიარებას.

სიუჟეტებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატურის სამყარო, განსაკუთრებით კარგია ჟიულ ვერნის რომანები. მისი გამოყენება დაგვეხმარება 7- 8 კლასებში შემდეგი თემების განხილვისას: კონტინენტები და ოკეანეები, რელიეფი, ორიენტაცია, რუკა, გეოგრაფიული კოორდინატები.

თემა: ცხოვრება ზღვებში და ოკეანეებში.

მე –7 კლასი.

მოსწავლეებმა უნდა გაიცნონ ზღვებში და ოკეანეებში ცხოვრება.

  1. ზღვების და ოკეანეების საზოგადოების შესწავლა;
  2. მათ უნდა განუვითარდეთ მეტყველება, ლოგიკური აზროვნება, შემეცნებითი ინტერესი;
  3. ისწავლონ მუშაობა ჯგუფურად და ინდივიდუალურად;
  4. განუვითარდეთ კითხვის დასმის უნარი;
  5. ჩამოუყალიბდეთ კომუნიკაციის უნარი, სოციალიზაცია.

გაკვეთილის მსვლელობა:

I ეტაპი.

– ჩვენ გვყავს 5 ეკიპაჟი. ბუნებრივი საზოგადოებაც აგრეთვე 5-ია. თითოეული ეკიპაჟი შეისწავლის ერთ-ერთ საზოგადოებას. ვინ რომელს მიიღებს ამას გადაწყვეტთ კენჭისყრით.

– ეკიპაჟის კაპიტნები ირჩევენ დავალებებს.

II ეტაპი. ჯგუფებში მუშაობა.

III სცენა. პროექტის დაცვა.

. ეკიპაჟების დასკვნა სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

– თითოეულ ეკიპაჟს შეუძლია სპიკერებს დაუსვას კითხვები კვლევის თემასთან დაკავშირებით.

„15 წლის კაპიტანი.”

მაგალითი 3

კვესტის კიდევ ერთი მაგალითი კლიმატს ეხება.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს კლიმატოგრამების ანალიზი, განსაზღვროს მათი დახმარებით კლიმატური სარტყელი და გამოთვალოს საშუალო ტემპერატურა, წლიური ამპლიტუდა. მასწავლებლები ხშირად ჩივიან, რომ ამ სამუშაოსთვის გაკვეთილზე დრო აღარ რჩება. გეოგრაფიის ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ამას გამოცდების შედეგებიც აჩვენებს. კვესტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ამ საქმის  პრაქტიკაში განხორციელებას.

ნარგავების (გამწვანების ადგილების) ქარისგან დასაცავად, ნიადაგის დაცვის მიზნითა და მინდვრებში თოვლისა და ტენიანობის თავიდან ასაცილებლად, უნდა დაიდგას ქარსაცავი ზონები, რომლებიც განლაგებული უნდა იყოს  გაბატონებული ქარის მიმართ პერპენდიკულარულად. გარდა ამისა, იმისთვის, რომ ფერმერმა კარგი მოსავალი მიიღოს, დროულად უნდა დაიწყოს თესვა ან მოსავლის აღების სამუშაოები, ჩვენ გვჭირდება ამინდის მონაცემები გასული წლების განმავლობაში და ამინდის პროგნოზი სოფლის მეურნეობის მუშაობის პერიოდისთვის.

მონაცემები ნალექების, ტემპერატურის, ჰაერის წნევის, ქარის სიძლიერის და მიმართულების შესახებ მიცემულია ამინდის საინფორმაციო საიტებზე. ამ ინფორმაციას სწავლობენ პრაქტიკული გამოყენებისთვის. მაგალითად, საჭიროა, იცოდეთ გაბატონებული ქარის მიმართულებები ქარსაცავი ზონების ადგილმდებარეობის სწორი შერჩევისას, სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის – მინდვრებში ტენიანობის დადგენის, ნიადაგის დაცვისთვის, მარცვლეულის მოსავლის მისაღებად. თქვენ უნდა იცოდეთ, გათბა თუ არა დედამიწა, რომ მარცვლეული დათესოთ.

ამოცანა:

ქარსაცავი ზონების მიმართულებების დასადგენად, რომლებიც ნიადაგს გამოფიტვისაგან იცავენ, საჭიროა შეადგინოთ „ქარის ვარდი“ (ქარის სქემა) აპრილის თვეში.

ტემპერატურის რეჟიმის დასადგენად, რომელიც გავლენას ახდენს მოსავლის თესვის დროზე, თქვენ უნდა გამოთვალოთ საშუალო თვიური ტემპერატურა აპრილის თვისთვის.

უნდა გამოთვალოთ ნალექიანი დღეების რაოდენობა.

იპოვოთ თვის ყველაზე ცხელი და ყველაზე ცივი დღე.

შეიტანოთ ყველა გამოთვლილი მონაცემები ცხრილში.

ინსტრუქციები მეტეოროლოგებისთვის:

გახსენით ამინდის დღიური ინტერნეტით. იპოვეთ აპრილის თვე.

ამინდის დღიურის თანახმად, გამოთვალეთ რამდენი დღე ქროდა  ქარი სხვადასხვა მიმართულებით და განათავსეთ ქარის სქემაში თითოეული მიმართულებით. შემდეგ დააკავშირეთ „ქარის ვარდის“ (ქარის სქემის) წერტილები და დაადგინეთ გაბატონებული ქარი აპრილის თვეში მიღებული სქემის მიხედვით.

იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა მოსავლის თესვა, თქვენ უნდა გამოთვალოთ საშუალო თვიური ტემპერატურა აპრილის თვისთვის ელექტრონული ქსელური კალკულატორის გამოყენებით. ამისათვის იპოვეთ თვის ყველა ტემპერატურის ჯამი და გაყავით თვის დღეების რაოდენობაზე. მონაცემები შეიყვანეთ ცხრილში.

დათვალეთ ნალექიანი დღეების რაოდენობა და შეიყვანეთ მონაცემები ცხრილში.

იპოვეთ თვის ყველაზე ცხელი და ყველაზე ცივი დღე. მონაცემები შეიყვანეთ ცხრილში.

 

გამოთვლილი ინდიკატორები მონაცემები
საშუალო თვიური ტემპერატურა აპრილში  
ნალექების დღეების რაოდენობა  
თვის ყველაზე ცხელი დღე. თარიღი, ტემპერატურა.  
თვის ყველაზე ცივი დღე. თარიღი, ტემპერატურა  

 

ბოლოს ხდება შედეგების შეჯამება.

 

 

 

 

უმამოდ გაზრდილი გოგოების ამბავი

0

ადამიანის ცხოვრება კონკრეტული ეპიზოდებისგან შედგება. რამდენი წელიც უნდა იცოცხლო, ცხადად მხოლოდ ის გახსოვს, რამაც გაგზარდა, რამაც შენს ცნობიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ეს ეპიზოდები, როგორც წესი, უსიამოვნო ამბებს უკავშირდება და მერე ან ეგუები მათ, ან ცდილობ, რაღაც შეცვალო. ხან გამოგდის, ხან – არა.

ჩემს 14 წლის თანაკლასელზე ჭორი სკოლაში გაზის სუნივით სწრაფად გავრცელდა. ერთ დღესაც, პირველი გაკვეთილის დამთავრების მაუწყებელი ზარი რომ დაირეკა, გოგოებმა ანუნას ზურგი შეაქციეს, მასწავლებელმა, ცოტა არ იყოს, აგდებულად და უხეშად მიმართა, ბიჭებმა კი საპირფარეშოში სიცილით მითხრეს, ანუნა ცალფეხამ გააფუჭაო (ცალფეხას ჩვენზე ერთი წლით უფროს ბიჭს ვეძახდით, რადგან „კაი ტიპობის“ დასტურად ბიძამისის ჯოხით დადიოდა დროდადრო).

„გაფუჭებას“ ორი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის: ვინმე „ბურაში“ წაგებულ შოკოლადებს რომ არ მოიტანდა და რომელიმე გოგოს ინტიმური თავგადასავალი რომ გასაჯაროვდებოდა.

ანუნა ჩვენს კლასში ყველაზე მხიარული იყო. ოდნავ გულუბრყვილო, ოდნავ ცეტი, ზომიერად ხმამაღალი და ასატანად კეკლუცი, მაგრამ ანუნა იყო ბავშვი, უმამოდ გაზრდილი ბავშვი, რომელსაც გამორჩეულად კარგად ეცვა.

მახსოვს, იმ ავად სახსენებელ წლებში კარგად ჩაცმა რა მსუყე საბაბი იყო ადამიანის დისკრიმინაციისთვის. ბიჭები ახალ ბოტასებს განზრახ იძველებდნენ, ახალ ქურთუკებს გლეჯდნენ, გაუცვეთელი „პაპკით“ სკოლაში მისვლა კი დიდ სირცხვილად ითვლებოდა. სასწავლო წლის პირველსავე დღეს სკოლის „ბრიზგიან“ კედლებზე გავუსვამდით ხოლმე ახალთახალ დერმატინს და მერე მთელი წელი კუთხეებდაგლეჯილი ჩანთებით ვისხედით გაყინულ ოთახებში.

ანუნას ამბავი კვირის მთავარ თემად იქცა. მეორე დღეს გოგო სკოლაში აღარ მოვიდა. მთელი კლასი, იქნებ მთელი სკოლაც ველოდით მის გამოჩენას და, აი, მომდევნო სამშაბათს გამოჩნდა. დედასთან ერთად.

ბიჭები სკოლის ეზოში ვიდექით. ცალფეხაც ჩვენთან ერთად იდგა. რაღაცნაირად ამაყად დახარა თავი, როცა გვერდით ჩაგვიარეს და ანუნას დედამ გამოგვხედა. ქალი და ბავშვი სკოლაში შევიდნენ და დედა გაკვეთილების ბოლომდე ელოდა გოგოს, რომელიც საკლასო ოთახში, წინა მერხზე, (მოგვეჩვენა, რომ) გაფითრებული, მისთვის უჩვეულოდ წყნარად იჯდა.

მოგვიანებით საპირფარეშოში ვმსჯელობდით, რატომ იყო გაფითრებული ანუნა. პარალელურკლასელები ამტკიცებდნენ, ორსულად იქნებაო, ჩემი კლასელები –რამეს „აიკიდებდაო“. ბოლოს იქვე მდგომმა უფროსკლასელმა ჩაიცინა, ღლაპები ხართ, არ იცით, პირველ ჯერზე სისხლს რომ კარგავს ქალი – ამიტომაცაა გაფითრებულიო.

მერე გავიგე, რომ ცალფეხა მომხდარს დეტალებში ჰყვებოდა. ანუნას ბინის ტელეფონის ნომერიც მან გაავრცელა და ვისაც არ ეზარებოდა, გოგოსთან რეკავდა „დასაკერად“.

მალევე მიგვავიწყდა ეს ამბავი, მაგრამ ანუნას მიმართ დამოკიდებულება შეგვეცვალა. ბიჭები ვიყავით ოდნავ აგდებულები, მასთან არასოდეს ვერიდებოდით ბილწსიტყვაობას, გოგოების ნაწილმა ცხვირი აუბზუა, სხვაკლასელები კი დერეფანში უხამს სიტყვებს მიაძახებდნენ ხოლმე. თუმცა მანამდე იყო ყოვლად სამარცხვინო კლასის სასამართლო. ბავშვებმა საჯაროდ განვიხილეთ, მოგვეთხოვა თუ არა მისი სხვა კლასში გადაყვანა. ანუნა ამ განხილვას არ დასწრებია. მაშინ – არ ვიცი, იმიტომ, რომ გამორჩეულობა მინდოდა, არ ვიცი, იმიტომ, რომ მართლა ასე ვფიქრობდი – ვთქვი, რომ არ მჯეროდა, რასაც აბრალებდნენ. ორიოდე თანაკლასელმაც ამიბა მხარი. მაგრამ არავის მოგვსვლია აზრად, გვეთქვა, რომ ეს ჩვენი საქმე არ იყო. ჩვენ, საბჭოთა პერიოდში დაბადებულმა ბავშვებმა, ასე ვიცოდით, ასე გვესმოდა, ასე გვასწავლეს: ან უნდა გაკიცხო, ან მიუტევო. ის კი ყველას დაგვავიწყდა, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაც ისეთივე დანაშაულია, როგორიც დაძრახვა ან „პატიება“.

გაფითრებული პირველ მერხზე რომ დაჯდა, იმ დღეს თუ არ ჩავთვლით, ანუნა დიდად არ შეცვლილა: ისევ იყო მსუბუქად ცეტი და ასატანად კეკლუცი, ისვამდა პომადას და ზედმეტად ბევრ ფერუმარილს, დადიოდა მოკლე, მოკლე კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და ყოველთვის ესხა მძაფრი სუნამო – როგორც თვითონ ამბობდა, დედის.

მახსოვს, სადღაც დეკემბრის შუაში, გაყინულ დერეფანში, სპორტდარბაზის მხარეს, სადაც მასწავლებლები იშვიათად გამოივლიდნენ ხოლმე, ვიდექით მე და ჩემი კლასელი. კლასში შესვლას ვაგვიანებდით და ფილმებზე ვლაპარაკობდით. უცბად კლასელმა გაცხარებული მოყოლა შეწყვიტა და გაშეშდა, ძაღლი რომ დაინახავს კატას და შეშდება, ისე; აიჯაგრა და მეუბნება: „ახლაც არ გჯერა, ბიჭო? აგე, შეხედე“.

სპორტდარბაზის მხარეს, ეზოში, ცალფეხამ და ანუნამ ჩამოიარეს. ბიჭს უხერხულად გადაეხვია ხელი. ანუნა უფრო თამამი იყო. არც არაფერი. ჩაიარეს და სკოლის შესასვლელისკენ წავიდნენ, მეტი აღარაფერი დაგვინახავს. ან რა იყო დასანახი?
რა უნდა მეთქვა, ვიდექი ტუჩებმოპრუწული, ცოტა იმედგაცრუებულიც. მენანებოდა ეს კოხტა გოგო ამ ბიჭის გვერდით, მაგრამ ხმამაღლაც ვერაფერს ვამბობდი.

მხარზე ხელი რომ დამადეს, ავუკარი. ამ ჩემმა კლასელმა იცოდა ხოლმე – გადაგხვევდა და დაგეკიდებოდა ზედ. დამრიგებელი კი შეგვრჩა. ცოტა მახსოვს ასეთი კეთილშობილი და გონიერი მასწავლებელი. იყო გამორჩეულად მიმტევებელი და მოსიყვარულე. იმდენად კარგი პიროვნება, რომ მისი ხათრით ვსწავლობდით სხვა საგნებსაც.

ჩემი კლასელი ბიჭი გაიქცა, მაგვიანდებაო. მე შემოვრჩი და ნახევრად ბნელ დერეფანს ერთად გავუყევით საკლასო ოთახისკენ.

მაშინ მითხრა მასწავლებელმა ძალიან საგულისხმო რამ. მითხრა ბავშვს და მითხრა გასაგებად: „ერთი რამე იცოდე, გურამ: ამ ქვეყანაში ქალებს მეტად უჭირთ ცხოვრება და ნუ დაემსგავსები სხვებს, ეცადე, ჩვეულებრივი ადამიანი იყო“.

მერე მე სკოლა შევიცვალე. ახალ კლასში მეგობრები თითქმის არ მყოლია. მომდევნო კლასებშიც იყვნენ ანუნები და ვიყავით ჩვენც. არაფერი შეცვლილა. ერთი ეგ იყო – ვისწავლე, რომ სხვის ცხოვრებაზე და საკუთარ ცხოვრებაზეც საჯაროდ არ უნდა მელაპარაკა. იმდენჯერ მიფიქრია მასწავლებლის ნათქვამზე, რომ მეგონა, მჯეროდა კიდეც, რაზეც ვფიქრობდი.

მერე, დამამთავრებელ კლასში, უბნის ბირჟაზე მდგომს, შორიდან ვიღაცამ ხელი დამიქნია. ვერ ვიცანი, მაგრამ ახლოს მისული მივხვდი – ანუნა იყო. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, მე – ცოტა აგდებით, უხეში კომპლიმენტებით, ის – კვლავ ცეტურად და კისკისით.

ამერიკაში მივდივარ საცხოვრებლადო. მაშინ ამერიკა ისეთი უცხო და მიუწვდომელი იყო, სიცილი დავაყარე. მართლა მივდივარო. იმ კლასელების ნახვა მინდოდა, ვინც მაშინ ის ამბავი არ დაიჯერეთო. ვინც კლასიდან ჩემს გარიცხვას ხმა არ მიეცითო. თავი მოვისულელე, ვითომ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და წავიდა. არ ვიცი, სად წავიდა. იქნებ მართლა გადასახლდა ოკეანის მიღმა. ხშირად ხომ სწორედ საზოგადოებას, ოჯახს ან საკუთარ თავს გავურბივართ და არა სიდუხჭირეს.

რომ წავიდა, უბნის ბიჭებმა მკითხეს, ვინ იყოო. ისე მკითხეს, ფორმალობისთვის. აი, ყველა რომ ხვდება, რა დგას კითხვის უკან. ერთია, რა, ძველი ნაცნობი-მეთქი, მეც ორაზროვნად ვუპასუხე. სწორედ ამ ორაზროვნებაში ჩანს ხოლმე, შეძლებს თუ არა ადამიანი, საზოგადოებრივ აზრს დაუპირისირდეს. მე ვერ შევძელი და ეს მომენტი, ეს ორაზროვანი პასუხის მომენტი, – პასუხისა, რომ მე არ ვიყავი პასუხისმგებელი „ამნაირ“ გოგოზე, – ჩემთვისვე ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა. რა გასაკვირია, დამრიგებლის სიტყვები აქაც რომ გამხსენებოდა? ვაღიარებ, ძალიან შემრცხვა ჩემი საქციელის და გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ჩემს შვილებს მსგავს საზოგადოებაში არ ეცხოვრათ.

შინ მისულმა, ვიფიქრე, მომეძებნა ანუნა და მეთქვა, რომ კლასის სასამართლოზე კი დავიცავი, მაგრამ ჩემივე სიტყვების არ მჯეროდა, რომ მეც სხვებივით მიჭორავია მასზე, როცა საპირფარეშოში მასაც ახსენებდნენ სხვა კლასის ბიჭები, რომ არაფრით განვსხვავდებოდი დანარჩენებისგან, რადგან განა ცალკეული ბავშვები ვიყავით ცუდები ან კარგები – ასეთ საზოგადოებაში გავიზარდეთ, ასე იყო მიღებული და ამ გაკვეთილზე, ცხოვრებამ სახეზე რომ აგვაფარა, უფროსებს ჩვენთან არასოდეს უსაუბრიათ. მასწავლებლებმა უბრალოდ გაჩუმება არჩიეს, თითქოს პრობლემა ასე უფრო დამალავდა თავს და ჩვენც ყველაფერს ბავშვობაში ნატკენი მუხლისთავებივით დავივიწყებდით.

მე პატარა ქალიშვილი მყავს. როცა კოღო უკბენს და ხელზე ვკოცნი, სჯერა, რომ მამის ნაკოცნი უშველის. როცა წაიქცევა, პირველად ჩემს სახელს ამბობს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად მახსენდება დამრიგებლის სიტყვები, რომ ქალებს მეტად უჭირთ ამ ქვეყანაში. თითქოს თავს პირობა მივეცი, რომ შვილს სხვანაირ ქვეყანას დავახვედრებდი, მაგრამ არ გამოდის ეს საქმე, ვერ გამოდის და მრცხვენია. მრცხვენია, რადგან სულ მგონია: ანუნას რომ მამა ჰყოლოდა, ამდენს ვერ გაუბედავდნენ, ამდენს ვერ გავუბედავდით, ასე არ გადავუვლიდით ჩვენი გაკილვით თუ ჩვენი სიბრალულით.

ხომ შეიძლება, ერთხელაც ჩემს ქალიშვილსაც აღარ ჰყავდეს მამა გვერდით; ვინ იზრუნებს მასზე, ვინ დაიცავს ქალებს ამ ქვეყანაში, სადაც მათ უფრო მეტად უჭირთ, ბევრად უფრო მეტად?

ალბათ, ძალიან ძლიერი გოგოები უნდა გავზარდოთ მამებმა.

 

პ.ს. წერილში სახელები შეცვლილია, იმედი მაქვს, პერსონაჟები საკუთარ თავებს თვითონ მოძებნით.

პოსტერები – ფორმა თვითგამოხატვისთვის

0

სამყაროში დროდადრო ჩნდებიან ბავშვები, რომლებსაც თავიანთი ისტორიებით, მოთხოვნებით და აქტიურობით უფროსების ცხოვრებაში გვარიანი დისონანსი შემოაქვთ. გრეტა ტუნბერგი, მალალა იუსაფზაი, ემა გონსალესი და სხვები გამოდიან და ლაპარაკობენ ომზე, გარემოს დაბინძურებაზე, იარაღის შეზღუდვის უფლებაზე, სასტიკ და დაუნდობელ გარემოზე და გულგრილ ზრდასრულებზე, რომლებიც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ. ლაპარაკობენ და მათი აქტივიზმი უფრო ხილული და ეფექტურია, ვიდრე ოფიციალური პირების მწყობრი საუბრები ამავე თემებზე.

თინეიჯერებს ათასი რამ აწუხებთ, მაგრამ ხშირად როდი ახერხებენ, ხმა მოგვაწვდინონ, საკუთარი პრობლემების განხილვაში ჩაერთონ. უფროსებს გვგონია, ყველაფერი ვიცით (ჩვენც ხომ ვიყავით მათოდენები; ბუნებრივია, ვიცით, რაც უტრიალებთ გონებაში), მაგრამ სულ ტყუილად. თინეიჯერების სუიციდი, მათ მიმართ ძალადობა და მათი უნდობლობა ოჯახის წევრებისა და სხვა ზრდასრულების მიმართ საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ხშირად წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რაზე ფიქრობენ ისინი.

შეგვიძლია, ყველაფერი მარტივი სავარჯიშოთი დავიწყოთ: შევთავაზოთ თინეიჯერებს, წარმოიდგინონ, რომ უკვე საქვეყნოდ ცნობილი აქტივისტები არიან, ლეგიონია მათ მხარდამჭერთა სახელი და ვთხოვოთ, პოსტერები დაამზადონ ახალი საპროტესტო აქციისთვის, რომელიც მომდევნო კვირას უნდა გამართონ იმ პრობლემის გამო, რომელიც აწუხებთ.

პოსტერების დამზადებას შესაძლოა წინ უძღოდეს ან მოსდევდეს მცირე კვლევა ახალგაზრდების მიერ წამოწყებული საპროტესტო მოძრაობების შესახებ, ან პოსტერების როგორც პროპაგანდის შემადგენელი ნაწილის განხილვა. რა ხვდებოდა სხვადასხვა დროს პოსტერებზე, რას ითხოვდნენ ახალგაზრდები 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში? სად წავიდა მერე ეს ხალხი? მოგვარდა ის პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლადაც იბრძოდნენ? როგორ შეიცვალა სამყარო იმ დროიდან დღემდე? ერთი და იგივე რამ აწუხებთ თუ არა თინეიჯერებს, მაგალითად, ევროპაში და ჩვენთან? ნამდვილად დამოუკიდებელი აქტივისტები არიან ის ახალგაზრდები, ვისი სახელებიც ისტორიას რჩება თუ მათ გავლენიანი უფროსები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ? დღეს ვინ ცდილობს ახალგაზრდების გულის მონადირებას საქართველოში?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხების ძებნა თინეიჯერებს ბევრი საინტერესო ფაქტის აღმოჩენისა და დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემს. ვცადოთ, რატომაც არა.

ოჯახის გავლენა წიგნიერების განვითარებისთვის

0

მშობლები წუხან, რომ ბავშვებს კითხვა ეზარებათ, წიგნები არ უყვართ. ხშირად ასეცაა, რადგან წიგნამდე ბავშვის მიყვანა, წიგნით მისი დაინტერესება რთული და შრომატევადი პროცესია. წიგნიერების განვითარება ადრეული ასაკიდანვე, ბავშვის უახლოეს გარემოში იწყება და აქ ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია. მშობლები აქტიური ზეპირი კომუნიკაციით, ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემით ეხმარებიან ბავშვებს სააზროვნო უნარების განვითარებაში და უკვალავენ გზას წიგნიერების სამყაროსკენ. თუ რაიმე მიზეზით ბავშვის გარემოში ზეპირი კომუნიკაცია და ტექსტებთან შეხება შეზღუდულია, სასკოლო ასაკში სერიოზულ პრობლემას შევეჯახებით. რაც უფრო გაიზრდება ინფორმაციის მოცულობა და რაც უფრო მრავალფეროვანი გახდება ის, მით უფრო მწვავედ წარმოჩნდება პრობლემაც.

წიგნიერება ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენციაა თანამედროვე მსოფლიოში და მის განვითარებას სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც სკოლამდელ და სასკოლო, ისე სკოლის შემდგომ ასაკში. თანამედროვე გაგებით, წიგნიერება უშუალოდ არის დაკავშირებული ისეთ უნარებთან, როგორებიცაა ზეპირი კომუნიკაცია, წაკითხულის განხილვა და დისკუსია, კრიტიკული აზროვნება, წარმოსახვა და სხვა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) წიგნიერებას განმარტავს როგორც განსაზღვრის, გაგების, ინტერპრეტაციის, კომუნიკაციის, გამოთვლის, ამა თუ იმ კონტექსტთან დაკავშირებული ნაბეჭდი და წერილობითი მასალის გამოყენების უნარ-ჩვევების ერთობლიობას. წიგნიერებგულისხმობს სწავლის პროცესის უწყვეტობას და ინდივიდის პოტენციალს, მიაღწიოს მიზნებს, აიმაღლოს ცოდნა, გაიუმჯობესოს შესაძლებლობები და სრულად მოახდინოს საზოგადოებაში ინტეგრირება.

ჩვენს ჟურნალში ხშირად შეხვდებით პროფესიონალთა რჩევებს წიგნიერებისა და კითხვითი უნარების გაუმჯობესებაზე, რომლებიც ხშირად გამომდგომია შვილებთან ურთიერთობისას. ახლა მინდა, საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ, რომელიც შვილებთან ერთად წიგნების შთამბეჭდავ სამყაროში მოგზაურობისას დამიგროვდა.

 

ვიკითხოთ ყველგან

დიდხანს მჯეროდა, რომ კითხვა მხოლოდ მყუდრო გარემოში შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილები დაიბადნენ და ჩემი ცხოვრება უფრო დახუნძლული, საინტერესო და აქტიური გახდა, კითხვისთვის დროის მოხელთება დიდ გამოწვევად მექცა, ამიტომ დავნერგე ასეთი მეთოდი: კითხვა ყველგან. ამისთვის ერთი უბრალო რამ არის საჭირო: ჩანთაში მუდამ უნდა გეწყოს წიგნები საკუთარი თავის და შვილებისთვის. საცობებით ისე გადატვირთულ ქალაქში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გასაყვანად წიგნის კითხვა შესანიშნავი საშუალებაა.

 

ვხატოთ და ვიკითხოთ

კითხვა კონცენტრირებას მოითხოვს, ამიტომ სასურველია, ბავშვებისთვის წიგნის საკითხავად ისეთი დრო შევარჩიოთ, რომ ბავშვები მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში. ისეც ხდება, რომ თავად ბავშვები გვკარნახობენ სასურველ დროსა და გარემოს. ასე აღმოვაჩინე, რომ ჩემს შვილებს ხატვის დროს სიამოვნებთ კითხვა. მათ ნახატებში ხშირად აირეკლება კითხვის დროს მიღებული შთაბეჭდილებები, გასაოცარი ამბები და წარმოუდგენელი მოვლენები.

 

სიტყვების დაფა

„განხეთქილება, თავის კანტური, გაპარტახება, უკმეხად, გულახდილობა, განასახიერა, მოიქუფრა, უხეირო, არ ეპიტნავებოდათ, ვეება” – ეს იმ სიტყვების ნაწილია, რომლებსაც კითხვის დროს ვინიშნავთ და მერე სიტყვების დაფაზე განვმარტავთ. ასეთ სიტყვებთან დამეგობრება ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია – ახალი სიტყვების მნიშვნელობის გაგება მის ლექსიკურ მარაგსაც ამდიდრებს და თვალსაწიერსაც აფართოებს.

 

დასახე ლიტერატურული გეგმა და მიჰყევი

გასული ზაფხული წიგნების კითხვის თვალსაზრისით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩემი ეჭვები იმის თაობაზე, რომ ზაფხულის თავგადასავლები კითხვის დროს არ დაგვიტოვებდა, არ გამართლდა. კარგი წიგნის საკითხავად დრო ყოველთვის შეიძლება გამოინახოს. რამდენიმე შესანიშნავი წიგნი წავიკითხეთ, ვიმსჯელეთ, საკუთარი შეხედულებები ერთმანეთს გავუზიარეთ. საოცრად ილუსტრირებულმა „პინოკიოს თავგადასავალმა“, საბავშვო ბიბლიამ (იაკობ გოგებაშვილისა და ნესტორ ყუბანეიშვილის მიხედვით), მარია ფარის „ვაფლის გულებმა“, არნე სვინგენის „ბალადამ გატეხილ ცხვირზე“, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცმა“, ასტრიდ ლინდგრენის „ემილის თავგადასავალმა“, ანე-კატარინე ვესტლის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანამ“, ლიზ პიშონის „ტომ გეიტსის დღიურმა“, ენიდ ბლაიტონის შესანიშნავი შვიდეულის ამბებმა, არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალმა“ ზაფხულის მშვიდ საღამოებს კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.

 

ლიტერატურული პარალელები

გახსოვთ, სალამურა, თოკზე მოსიარულეთა ქალაქში რომ მოხვდება და ყოფილ ჯამბაზს, დაკოჭლებულ ალე ჰოპს ჩაუვარდება ხელში, რომელიც ცდილობს, სალამურას დახმარებით დაკარგული დიდება დაიბრუნოს და გამდიდრდეს კიდეც? ეს ეპიზოდი რას მოაგონებდა ბავშვებს, თუ არა „პინოკიოს თავგადასავალს“? უჭკუო და გამოუცდელი პინოკიოც ხომ ხვდება მეთოჯინე ჭამაცეცხლასთან, რომელიც, ალე ჰოპისგან განსხვავებით, პინოკიოს კიდეც შეიწყალებს და ხუთი ოქროს მონეტითაც დაასაჩუქრებს.

ზემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან მიღებული ცოდნა ჩემმა შვილებმა ერთმანეთს დაუკავშირეს, ლიტერატურული ეპიზოდები ერთმანეთს შეადარეს, გაავლეს პარალელები… წიგნიერების განვითარების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ხომ წინარე ცოდნის გააქტიურება და ადრეულ გამოცდილებასთან დაკავშირებაა…

 

პ.ს. იმ სიამოვნებასა და სიკეთესთან ერთად, რაც წიგნების კითხვას სდევს თან, მთავარი ის სიხარულია, რომელსაც საბავშვო ამბების ფერად სამყაროში მოგზაურობა გვანიჭებს ყველას, დიდსა თუ პატარას. წიგნიერების განვითარებისა და ბავშვის კარგ მკითხველად ჩამოყალიბების გზაზე კი ოჯახის აქტიურობა მიზანს უფრო მალე მიგვაახლოებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

პაატა პაპავა, თამარ ჭანტურია. წიგნიერება. მასწავლებლის სახელმძღვანელო

 

მარტოობის 25 წელი

0

მზიან, თბილ, ხალისიან ქალაქში ერთბაშად ჩამოწვა საავდრო ღრუბელი. ერთბაშად ჩამობნელდა. ამიერიდან სახლებშიც, ქუჩების მსგავსად, მწუხრის ჟამს ისადგურებდა სიბნელე. მანქანის გამონაბოლქვი ჰაერში ნავთქურისა და შეშის ღუმლის კვამლმა შეცვალა. სხვაც ბევრი რამ შეიცვალა… მოკლედ, შეუჩვეველი ჭირის შეჩვევის დრო დამდგარიყო. ერთ დროს ამაყი ხალხი თავდახრილი, ფეხაკრეფით მიდი-მოდიოდა ქუჩებში.

და აი, ამ ძნელბედობის ჟამს ერთ საღამოს ერთ ვიწრო ქუჩაზე იმედი დაიბადა. თეთრი, ფითქინა, მოუსვენარი, ერთი ციდა – ყველა იმედი ხომ, სულიერის ნაშიერივით, პატარა და სუსტი იბადება…

მისი მოვლენიდან მეშვიდე დღეს ქალაქი საშინელმა ხმაურმა შეძრა. ქუჩებში უსახო ურჩხული გამოჩნდა. ქშენითა და გრუხუნით დააბიჯებდა გაუკაცრიელებულ ქუჩებში და თავისი ტლანქი სხეულით ყველაფერს სრესდა. ზოგი მასში სიცივეს ხედავდა, ზოგი – შიმშილს, ზოგისთვის ის სნეულებას განასახიერებდა, ზოგისთვის კი – ომსა და უიმედობას. ან იქნებ ყველაფერი ერთად იყო… ჰოდა, ამ განუკითხაობის ტლანქმა ოჩხარმა ერთ დღეს იმედს ფეხი დააბიჯა და გასრისა…

 

…ნიკოს და გოგის დიდი ხნის ძმობა ჰქონდათ, უფრო ძლიერი, ვიდრე სისხლისმიერი კავშირი. თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს და სიტყვის უთქმელად მიუხვდნენ საფიქრალს. ქალაქს გავარიდოთო… მთაში გადავმალოთო… აბა, ამ სიფრიფანა იმედის წაღებას რა დიდი ძალი სჭირდებოდა, მაგრამ მთაში წელამდე თოვლი იდგა და მისი გაკვალვა არ იყო ადვილი საქმე. „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანიო“, – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ნიკომ, შებრუნდა და წავიდა. მდუმარედ გაჰყვა გოგიც.

 

…თემოს ადრიანად გაეღვიძა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ღუმელში ნაღვერდალი მოძებნა, შეშა შეუკეთა და გახურებას დაელოდა. ცეცხლმა მოათბო ოთახიც და მისი ჯალაბიც. ღუმლის ქვეშ შეშის ნაჭრებს შეავლო თვალი –თავდებოდა. ფანჯარასთან მიყუდებულ ნაჯახს დაეწოდა ასაღებად, თან არაგვს გახედა. მდინარეს ორთქლი ასდიოდა. ასე იცის დიდ ყინვაში: დინებისას ზემოთ ამომხტარი წლის მოლეკულები ჰაერში იყინებიან და უკანვე ცვივიან, მანამდე კი ღრუბელივით ნარნარებენ მდინარის ზედაპირთან. მერე გაღმა ფერდობსაც მოავლო თვალი და გულმა რეჩხი უყო. მანქანა შეამჩნია – ვიღაც ქალაქიდან ამოსულიყო. სტუმარი ჩვენში დიდად ფასობს, მით უფრო – მთაში, რადგან იქ ძვირი სანახავია, მაგრამ ასეთ ამინდში შორიდან მოსულ სტუმრებს მხოლოდ ავი ამბები მოაქვთ ხოლმე… ცივად დადო ცული. ჯერ უნდა გაარკვიოს, რა მოხდა. იქნებ ისეთი ამბავია, რომ უნდა დაიუქმოს. მაშინ ცულს ვერ დაჰკრავს შეშას. პალტო შემოიცვა და წელამდე თოვლს შეერია…

 

…სვიმონი ვეტერინარია. მთელი ცხოვრება ცხვარსა და „საქონში“ აქვს გატარებული. თივა უთავდება საბძელში. საქონელს ვერ მოაშივებს – არც თავად გადაუვა ლუკმა ყელში. თივა მთიდან აქვს ჩამოსათრევი. ძალიან ცივა. სანამ არხილია, უნდა მოასწროს ასვლა და ჩამობრუნება. თუ ოდნავ მოთბა, თოვლს წაყინული პირი გაულღვება და მერე წელამდე უნდა კვალოს. ამიტომ დილაუთენია შეუდგა მთის ფერდობს, თივა მოიკიდა და დაეშვა თავქვე. როგორც იქნა, მოაღწია სოფლამდე. მისი სახლი სოფლის მეორე ბოლოშია. გზად კუჭუნათ სახლს უნდა ჩაუაროს. ამ დროს აქ არავინაა ხოლმე, ახლა კი ბუხრის ყელიდან კვამლი ამოდიოდა. ეზოს თოვლს რამდენიმე ადამიანის ნაფეხურები აჩნდა. ნაბიჯი არ შეუნელებია, ისე მოიხსნა მძიმე ტვირთი და ეზოში შეაბიჯა…

 

…სოფლის სასაფლაო ჩვეულებრივი მოკვდავებისთვისაა. იქ იმედის დამარხვა არ შეიძლება. ასეთია ჩვენი ადათი… ფერდობზე ერთი მაჟალოს ხე შეარჩიეს. თოვლი საგულდაგულოდ გახვეტეს და ჩააშტერდნენ მიწას. პირველი წერაქვის დარტყმა თემოს ერგო. ჩვეულებრივზე მეტად ემძიმა… რაც შეიძლებოდა მაღლა ასწია და მთელი სიმძიმით დაუშვა. წერაქვის პირმა ერთი დაიკვნესა და ასხლტა. მიწასაც გაჰყინვოდა გული დარდისაგან… დიდი ჯაფა დაადგათ დედამიწისთვის გულის გადასახსნელად. ღრმად არ ჩასულან – ბოლოს და ბოლოს, იმედს მარხავდნენ… მორჩნენ. თემომ ამოყრილ მიწაში ბროლის მოზრდილი ქვა შეამჩნია, აიღო, შეყინული გოროხები საგულდაგულოდ შემოაცალა და თავთან დაუყუდა.

 

***

ოცდახუთი წლის წინ მთაში აღმა-დაღმა ხეტიალისას დასასვენებლად ერთი ხის ქვეშ ჩამოვჯექი. ქვევით არაგვის ჭალა გაშლილიყო. ხეობის მეორე მხარეს მთები აზვირთულიყვნენ. თაკარა მზეში საამური გრილი ნიავი უბერავდა. გარშემო, მდელოზე, უამრავი ყვავილი ფუტკრებს უხმობდა. მოკლედ, დაღლილისთვის სულის მოსათქმელად მშვენიერი ადგილი იყო. უცბად იქვე, ბალახში, ბროლის ქვას მოვკარი თვალი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანისგან მონათხრობი ამბები გამიცოცხლდა მეხსიერებაში. არც ის ვიცი, მათ ერთმანეთთან რამე კავშირი ჰქონდათ თუ არა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამ ქვის ქვეშ იმედი იყო დამარხული – ვიღაცის ვერასრულებული ოცნება, გახუნებული ყმაწვილკაცობა, გაფხანგული გული.

მას შემდეგ, აი, უკვე ოცდახუთი წელია,  ყოველ მარიამობას მარტოდმარტო ვაკითხავ იმ ბროლის ქვას მაღალ ფერდობზე, მაჟალოს ქვეშ, და მთელი წლის დარდს ვირეცხავ გულიდან, რომ ქვემოთ, სოფელსა თუ ქალაქში, ღიმილით სიარული შევძლო. დარდი და ვარამი ავი სენივითაა – გადამდებია. სენი კი, მოგეხსენებათ, სხვისთვის გადადებით არ რჩება. სულ ტყუილია, სხვისთვის გაზიარება დარდს აქარწყლებსო. თუ ქარსა და წყალს შეუძლია მისი წაღება, მაშ, დარდიც არ ყოფილა.

ჰო, მართლა – ძველი ამბებიდან ისიც მომაგონდა: იმ დღეს იმედი ტყუპად დაბადებულა და მეორე გადარჩენილაო…

კლასის წინ

0

რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის შესახებ

კლასის წინ – ასე ჰქვია ფილმს, რომლის ყურება რამდენიმე თვის წინ მოსწავლემ მირჩია, თანაც მითხრა, ისეთი ფილმია, ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ნანახიო.

ვნახე თუ არა, მაშინვე დავეთანხმე ჩემს მოსწავლეს. ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ფილმმა:
• რას ფიქრობს საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ბავშვი;
• წესით, ყველა ადამიანს აქვს განათლებისა და დასაქმების უფლება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა;
• როგორ სჭირდებათ ბავშვებს მშობლების თანადგომა;
• მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება უკეთესობისკენ/უარესობისკენ;
• სკოლის დირექტორს აქვს ძალა, დაამარცხოს ბულინგი;

კიდევ ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ფილმმა, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის – პირველად გავიგე, რომ არსებობს ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი, პირველად შევხედე სამყაროს იმ ბავშვის თვალით, რომელსაც ეს სინდრომი აქვს.

ხშირად მიფიქრია იმაზე, რატომ ექმნებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ამდენი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, საგანმანათლებლო სივრცეში.

მიზეზი მხოლოდ ის არ მგონია, რომ გვიჭირს განსხვავებულის მიღება, მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ…

არ ვიცნობთ ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებს…
არ ვიცით, რა ახასიათებს ამა თუ იმ სინდრომს, მდგომარეობას…
არ ვიცით, როგორ მოვექცეთ და ვასწავლოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს…
ვერ ვხვდებით, რომ პოზიტიური დისკრიმინაციაც დამღუპველია…
არ ვიცით, როგორ გავხდეთ ემპათიურები…

არადა, ბევრი გზა არსებობს ამისთვის და ერთ-ერთი ჩემთვის ეს ფილმი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური განათლების საკითხებით დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, გამიკვირდა, ამ სინდრომზე აქამდე არაფერი ვიცოდი, თუმცა გამიხარდა კიდეც, რადგან უკვე მერამდენედ გავაცნობიერე, რა საინტერესო პროფესია მაქვს, ბედნიერებაა, როცა ასწავლი და, ამავდროულად, სწავლობ.

ფილმის ნახვის შემდეგ უფრო დავინტერესდი ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომით და მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა. თუ თქვენც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, შეგიძლიათ გაეცნოთ თამარ გაგოშიძის წიგნს – ,,ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები”.

რა არის ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი

,,ტურეტის სინდრომი – ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული და ვოკალური ტიკებით. დაავადებას ეწოდა ფრანგი ნევროლოგის – ჟილ დე ლა ტურეტის – სახელი, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს პირველად აღწერა იგი და დაახასიათა, როგორც სამედიცინო მდგომარეობა;
დაავადების სიმპტომების დასაწყისი მერყეობს 2-დან 15 წლამდე, ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია 7 წლის ასაკი. 11 წლისათვის პაციენტთა 96 %-ს უკვე გამოხატული აქვს მოცემული სინდრომისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი.

რით ხასიათდება ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი

პაციენტთა 20 %-დან 45 %-ისათვის დამახასიათებელია ექოლალია – სხვისი სიტყვებისა და ხმების იმიტაცია, გამეორება, 10 %-დან 35 %-ში გვხვდება ექოპრაქსია – სხვათა მოძრაობების გამეორება და იმიტაცია, 10 %-ში კი გვხვდება პალილალია – სიტყვის ბოლოს ასოების ან წინადადების ბოლო სიტყვის გამეორება. 8 %-დან 25 %-ს აქვს კოპროლალია – უხამსი სიტყვების და ფრაზების უნებლიე წამოძახილი, ხოლო 1 %-დან 6 %-ს კოპროპრაქსია – უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები.
ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს ხშირად თან ახლავს ჰიპერაქტივობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ქცევითი აშლილობა;
ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი არ ახდენს გავლენას ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე, თუმცა ამ სინდრომის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები მხედველობით-სივრცითი ფუნქციების მომწიფებაში, ნატიფი მოტორული მოქმედებების შესრულებაში, ახასიათებდეთ გაფანტულობა, იმპულსურობა. ასეთი ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ემოციური სტრესორებისადმი.

ძირითადი პრობლემები

• ტიკის განმეორებითი ხასიათი, დროში მისი შესუსტება-გაძლიერება, ხშირად სოციალურად მიუღებელი ხასიათი ბევრ გაუგებრობას წარმოშობს;
• ძირითადი მაინც მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან აღნიშნული სინდრომის სწორი, ადეკვატური გაგებაა. უკონტროლო ტიკები ბავშვს ცხოვრებას ურთულებს. უფროსები თვლიან, რომ იგი ჯიუტია, უზრდელი და მასხარა. ტოლებმა კი შეიძლება მისი უცნაური მოძრაობების გამო დასცინონ. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვის პიროვნების, მისი ემოციური სფეროს ჩამოყალიბებაზე;
• პრობლემაა ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმაც. ბავშვი სხვებს თავს ადარებს და რწმუნდება, რომ ძალიან განსხვავებულია ტოლებისაგან. ხშირად უსუსურობისა და შფოთვის განცდა იპყრობს, რადგან, მისდა უნებურად, საზოგადოებაში შეიძლება მიუღებლად, არაადეკვატურად მოიქცეს;
• მნიშვნელოვანი პრობლემებია დეპრესიული ფონი და ბავშვის იზოლაცია;
• სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემები ორი სახისაა:
1. გაკვეთილზე ბავშვის აქტივობასა და პროდუქტიულობას შეიძლება ხელი შეუშალოს ყურადღების კონცენტრაციის მერყეობამ და გამოფიტვამ.
2. ბავშვს მხედველობით-სივრცითი უნარების დეფიციტის გამო შეიძლება ჰქონდეს წერის, კითხვის ან არითმეტიკული ოპერაციების შესრულების სიძნელეები. ბავშვი ამ ჩვევების ასათვისებლად შესაძლოა საჭიროებდეს უფრო მეტ დროსა და სპეციალური მიდგომას.

როგორ დავეხმაროთ ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე პირებს

ბავშვისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ოჯახისა და მასწავლებლების კონსულტაციას დაავადებასთან დაკავშირებით, რათა მათ მცდარი შეხედულება არ ჩამოუყალიბდეთ ბავშვის შესახებ. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს სირთულეები აქვს სწავლაში, აუცილებელია მისი ინდივიდუალური დახმარება; ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა და მისი სრული განკურნება დღეისათვის შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არსებობს ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია – მედიკამენტური და სოციალურ-ფსიქოლოგიური.

მასწავლებლის მხრიდან ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერას, დაცინვისა და გაუგებრობების პროფილაქტიკის მიზნით კლასთან სპეციალურ მუშაობასა და მასწავლებლის ცოდნას სინდრომის თავისებურებათა შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სკოლისადმი დადებითი განწყობის შემუშავებასა და სასკოლო წარმატებაში” (თამარ გაგოშიძე, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, თბილისი, 2007, გვ. 273-280).

შეიძლება ერთ დღეს ჩვენს კლასშიც აღმოჩნდეს ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე მოსწავლე. როგორც თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, მასწავლებელი თუ ინფორმირებული იქნება, ძალიან დაეხმარება ბავშვს პრობლემების გადაჭრაში.

ვფიქრობ, ფილმი ,,კლასის წინ” არაჩვეულებრივი რესურსია და მასწავლებლებს (და არა მხოლოდ მათ) მარტივად გააცნობს ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს, აუმაღლებს ცნობიერებას, უბიძგებს, იპოვონ ბულინგის წინააღმდეგ მოქმედებისა და ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომის გზები.

რამდენიმე დღეში მოსწავლეებსაც ვურჩევ, დადგნენ ,,კლასის წინ”. ლიტერატურულ კლუბში ერთად ვნახავთ ფილმს, მერე ბევრს ვიფიქრებთ და ვილაპარაკებთ.

მე მჯერა, რომ შეგვიძლია, გავხდეთ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვართ.

გამოყენებული ლიტერატურა:
თამარ გაგოშიძე, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, თბილისი, 2007

ფილმის ბმული: https://www.adjaranet.com/Movie/main?id=12197

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...