სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

უსახელოთა სახელმძღვანელო   

0

მეოთხე თუ მეხუთე კლასში ვიქნებოდი, მამაჩემმა უჩვეულოდ გრძელი ყუთი რომ შემოიტანა ჩემს საძინებელში და მითხრა: აქ ისეთი რამე დევს, ყველაზე ცუდ დროს, ყველაზე ბნელ დღეებში რომ გამოიყენებ და გადარჩები; როგორ დიდ გასაჭირშიც უნდა ჩავარდე, ამის იმედი გქონდეს – უეჭველად დაგეხმარებაო. გაოგნებული შევყურებდი. ვერ ვხვდებოდი, ან გულს რატომ მიხეთქავდა უფორმო, ბუნდოვანი საფრთხეების ხსენებით, ან ამ გრძელ მუყაოს ყუთში ისეთი რა უნდა ყოფილიყო, განსაცდელში ჩავარდნილის გადარჩენა რომ შესძლებოდა.

საქსოვი მანქანა აღმოჩნდა.

თავიდან თითქმის დავიწყებულ თოჯინებს კაშნეები და მოსასხამები მოვუქსოვე, მერე ჩემთვის მინდოდა უსახელო სვიტერის მოქსოვა, მაგრამ არაფერი – საშინელი არაფერი – გამომივიდა, ბოლოს კი დიდ სათამაშოდ აღქმული ამ მანქანის არსებობაც დამავიწყდა. როცა მართლა დადგა ბნელი დრო და პურის ფული მთელი ოჯახის საფიქრებელი გახდა, ის ვერც ვერაფერში დაგვეხმარა – უკვე დაჟანგებულ-გაუბედურებული ეგდო სარდაფის კუთხეში.

სამაგიეროდ, წიგნს მივაგენი – შვეიცარიას თავშეფარებული უნგრელი მწერლის, აგოტა კრისტოფის „საერთო რვეულს“, რომელმაც მაფიქრებინა: როგორი ცუდი დროც უნდა დამიდგეს, როგორი განსაცდელისთვისაც უნდა მომიწიოს თვალის გასწორება, ეს პაწაწინა წიგნი ჩემს გადარჩენას შეძლებს-მეთქი. წინა საუკუნის ბოლო იყო და მუხლებზე რუსული თარგმანი მედო. მერე ფრანგულადაც წავიკითხე და ქართულადაც. ფრანგული კულტურის ცენტრიდან ტრილოგიის მეორე და მესამე წიგნებიც წამოვიღე. არ გაამართლა, ისევე, როგორც ამ მწერლის სხვა რომანებმა.

„საერთო რვეული“ კი ბრწყინვალეა, როგორც სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც რაღაცის სწავლა და იმ შემზარავი ჩიხიდან გამოღწევა უნდა, რომელში ჩარჩენილებიც ყოველდღე შავ მზეს უყურებენ.

1986 წელს გამოსულ ამ წიგნში ომი მხოლოდ და მხოლოდ ის ფარდაა, რომელმაც მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირების სილუეტები უფრო მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს. ორ ძმას – ტყუპებს – დედა ომის თანმდევ საფრთხეებს გამოარიდებს და სოფელში ჩამოიყვანს ბებიასთან, ვისაც ნაცნობი და უცნობი „კუდიანს“ უძახის – ქმრის მკვლელობას აბრალებენ და მის ხელში ჩავარდნილი ბავშვებიც გულწრფელად ეცოდებათ. „ძაღლის ლეკვები“, „ძაღლის დაყრილები“, „ტურტლიანი ლეკვები“, „ეშმაკის ნაშიერები“ – ესეც ბებიის საალერსო სიტყვები (ქართული თარგმანიდან ამოწერილი).

ბავშვები კი როგორღაც ხვდებიან, როგორ უნდა გადარჩნენ ამ უსაშინლეს სამყაროში, სადაც მსხვერპლად ყოფნა ერთადერთ შესაძლებლობად მოჩანს. სხვას არჩევანი არც ექნებოდა, მათ კი – აქვთ: სწავლა, შრომა, მუდმივი ვარჯიში შიმშილთან, ტანჯვასთან, ტკივილთან, უსიყვარულობასთან შესაგუებლად… ერთი მტრის ენას რომ ისწავლიან, განმათავისუფლებლად მოვლენილი მეორე მტრის ენის სწავლას იწყებენ. „საერთო რვეული“ კი მათი ერთგვარი დღიურია, სადაც რიგრიგობით აღწერენ თავს გადამხდარ ამბებს და ცდილობენ, ობიექტურობის იმგვარ ხარისხს მიაღწიონ, როგორითაც საკუთარ ცხოვრებას იშვიათად თუ უყურებს და აფასებს ვინმე.

„- ამის მერე ქათმის ან გოჭის დაკვლა როცა მოგინდეს, გვითხარი, ჩვენ დაგიკლავთ ხოლმე.

– რაო, ეს საქმე მოგწონთ თუ რა?

– არა, ბები, სწორედ იმიტომ, რომ არ მოგვწონს, გვინდა, ამას შევეჩვიოთ.

– გასაგებია. ახალი ვარჯიშია. რას იზამ, ამჯერად მართლები ხართ. მოკვლაც უნდა შეგეძლოთ, თუკი საჭირო იქნება.

ჩვენ თევზებიდან ვიწყებთ. თევზს კუდით ვიჭერთ და თავით ქვას ვურტყამთ. მერე ვეჩვევით საჭმელად განკუთვნილი ფრინველებისა და ცხოველების – ქათმების, იხვების, კურდღლების ხოცვას, მერე კი ისეთი რამეების ხოცვას, რომელთა დახოცვასაც აზრი არა აქვს. ვიჭერთ ბაყაყებს, ვაჭედებთ ფიცრის ნატეხზე და ვუფატრავთ მუცელს, ვიჭერთ პეპლებს და ქინძისთვით მუყაოზე ვაბნევთ. სულ მალე პეპლების მშვენიერი კოლექცია გამოგვდის“.

ბიჭების სახელები არ ვიცით. ხანდახან თვალზე ხელაფარებულები დავყვებით სოფლის ბილიკებზე და რისი დანახვაც გვინდა, მხოლოდ იმას ვხედავთ: როგორ ეხმარებიან მეზობელს, როგორ მიაქვთ საბანი და საკვები ტყეში ნაპოვნი დეზერტირისთვის („არ გვინდა, კეთილები ვიყოთ. ეს ყველაფერი იმიტომ მოგიტანეთ, რომ თქვენთვის სრულიად აუცილებელია. ეგ არს და ეგ“)… ეს პირველი წაკითხვაა, პირველი მიახლოება იმგვარ ობიექტურობასთან, რომლითაც არასდროს შეგვიხედავს საკუთარი ცხოვრებისთვის, არც ჩვენი სიტყვები, გადაწყვეტილებები, ქმედებები შეგვიფასებია.

საბოლოოდ ვხვდებით, რომ ყური ყველაზე ძნელად მოსასმენს უნდა შეეჩვიოს, თვალი კი – ყველაზე ძნელად დასანახს. ომი, ომის საფრთხეები არასდროს მთავრდება და თუ გადარჩენა გვინდა საშინელ, სასტიკ სამყაროში, სწავლა და შრომა, ალბათ, ერთადერთ გამოსავლად უნდა მივიჩნიოთ.

სწავლა. შრომა. სხეულის საწრთობი ვარჯიშები. გრძნობების საწრთობი ვარჯიშები.

რა სურთ მოზარდებს?

0

მოზარდებს და მათ მშობლებს, როგორც წესი, სხვადასხვა რამ უნდათ, თუმცა არც მოზარდებს სურთ, აწყენინონ მშობლებს და არც თავად მშობლები ოცნებობენ შვილებთან კონფლიქტზე. როგორ არ გავიფუჭოთ ურთიერთობა და მშვიდობიანად გადავაგოროთ თინეიჯერობის ასაკი?

 

მოულოდნელად რატომ გვიუცხოვდება ასეთი ძვირფასი, ჩვენივე აღზრდილი ადამიანი? რატომ უხეშობს, უმიზეზოდ ყვირის, საათობით იკეტება ოთახში, გვეურჩება და მაშინაც კი არ გვპასუხობს ტელეფონზე, როდესაც იცის – მასზე დარდით აღარ ვართ? არადა, სულ ახლახან თვინიერი ბავშვი იყო, ენციკლოპედიებითა და რობოტექნიკით გატაცებული, რომელზეც მასწავლებლები ჭკუას კარგავდნენ. დღეს კი კარს გვიჯახუნებს და ყვირილით მოითხოვს, სულში ხელები არ ვუფათუროთ.

მოზარდებთან ურთიერთობა ცეცხლთან თამაშში რომ არ გადაიზარდოს, ფსიქოლოგები გვირჩევენ, გავაანალიზოთ ზოგიერთი ფრაზა, რომიც მოზარდებისგან გაგვიგონია და თვითონაც არაერთხელ გვითქვამს.

 

„მე უკეთ ვიცი, როგორ მოვიქცე!“

12-16 წლის მოზარდებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან, ყველაფერი ზრდასრულებზე უკეთ ესმით. და, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის იმედი აქვთ. დამოუკიდებლობის პირველი ნიშანი ნდობაა. „მე თვითონ გადავწყვეტ, როდის დავწერ საშინაო დავალებას, ვისთან ვიმეგობრებ, როდის დავიძინებ და წავალ წვეულებაზე“. დიახ, მოზარდებს სურთ, დიდებივით უფლებები ჰქონდეთ, მაგრამ მოვალეობების გარეშე.

მშობლებს, რომლებიც კარგად იცნობენ შვილს, მისი მომავლის დანახვის ჯადოსნური უნარი აქვთ, ამიტომ სურთ, დაეხმარონ მათ – აკონტროლონ. მათი აზრით, ეს სწორია.

 

„სისულელეების კეთების ნაცვლად ისწავლე!“

თინეიჯერები ზემგრძნობიარენი არიან. მოზარდობა მათთვის თვითიდენტიფიკაციის, საკუთარი თავის ძიების დროა. თავს კი ერთდროულად ყველა მიმართულებით ეძებენ: ვინ ვარ? ჭკვიანი თუ სულელი? ლამაზი თუ უშნო? მამაცი თუ მშიშარა? როგორი პოლიტიკური შეხედულებები მაქვს? როგორი სექსუალური ორიენტაცია? როგორი ცხოვრებისეული პრინციპები? იქნებ არსაკმარისად საინტერესო ვარ? იქნებ არავის ვუყვარვარ? იქნებ ვერასოდეს გავიგო, რეალურად რას წარმოვადგენ?

ამდენი კითხვა მოზარდს თავბრუს ახვევს და სამყაროს მიმართ ნდობას აკარგვინებს. ამ პერიოდში ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება, მიიღონ ისეთი, როგორიც არის. დაახლოებით ასე „ვიღებთ“ ახალშობილს, რითაც სამყაროს მიმართ მის ნდობას უპირობოდ ვამყარებთ. თინეიჯერობის პერიოდი მეორედ დაბადებაა სულიერი თვალსაზრისით, ეს ძალზე ენერგოხარჯვადი პროცესია.

მშობლებს ესმით, რომ რამდენიმე წელიწადში ბავშვი გაიზრდება – წავა სასწავლებლად, იმუშავებს, საკუთარ ცხოვრებას მოიწყობს, მაგრამ მათ სურთ, დაინახონ თავიანთი ძალისხმევის შედეგი, გაიგონ, რა მიიღეს. მშობლებს ადარდებთ შვილის მომავალი, სურთ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარებს, მის გარშემო საუკეთესო ადამიანები იტრიალებენ, თავად კი სუფთა სინდისი ექნება. მშობლები უსასრულოდ ახდენენ თავიანთი მოლოდინების ტრანსლირებას, თუმცა ესმით, რომ შვილი ყველანაირი ეყვარებათ. მოზარდებმა ეს ჯერ კიდევ არ იციან ან უბრალოდ არ სჯერათ ჩვენი სიყვარულის.

 

საერთოდ არ გესმით ჩემი!“

თინეიჯერები ორიენტირებულნი არიან საკუთარ თავზე, გარშემო მყოფი ადამიანებისა არ ესმით, მაგრამ მოსმენა სჭირდებათ. ამიტომ არის, რომ ახალგაზრდობაში ხშირად ვქმნით რამეს – ვწერთ პოეზიას, მუსიკას, ვხატავთ: უნდა ვაჩვენოთ სამყაროს, რომ, აი, ჩვენც ვარსებობთ.

როდესაც არ გვისმენენ, არ ითვალისწინებენ ჩვენ აზრს, არ აინტერესებთ ჩვენი ღირებულებები – ძალიან მტკივნეულია. ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია მშობლების მიმართ სწორედ ეს არის: „მათ ჩვენი არ ესმით, ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი აზრები“.

მშობლები უმწეობისა და დაბნეულობისგან ხშირად აგრძელებენ შვილებისთვის ნოტაციების კითხვას, უსასრულოდ უმეორებენ ერთსა და იმავეს. მათ არ სჯერათ, რომ 14 წლის ასაკში ადამიანს უკვე ესმის, რომ სმა მავნებელია, დედ-მამასთან ყვირილი – ულამაზო, სახლში დაგვიანება – ცუდი. ჩვენ ბავშვებს შთავუნერგავთ, რომ მთელი მათი მომავალი უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზეა დამოკიდებული. ამის გამეორებას აზრი არ აქვს, ბავშვებმა ისედაც იციან ეს ყველაფერი.

„და საერთოდ, რაში მჭირდება ეს ყველაფერი?”

თინეიჯერები ეძებენ პასუხს კითხვაზე „რა საჭიროა ეს ყველაფერი?” კულტუროლოგების, ანთროპოლოგების, ფილოსოფოსების აზრით, ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ ცხოვრების საზრისის ძიება ახასიათებს. ყველაზე ხშირად ეს ადრეულ ახალგაზრდობაში გვაწუხებს. ძიების პროცესში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს და საკუთარ ფსიქიკას და ჯანმრთელობას წარმოუდგენელი ექსპერიმენტები მოვუწყოთ. მოზარდი წყვეტს გლობალურ საკითხებს: სით მიდის, რისთვის ცხოვრობს, რა არის სიკეთე და ბოროტება.

ცხადია, მშობლებს აღელვებთ შვილების მომავალი, გამუდმებით შეახსენებენ მათ „ბანალურ ამბებს“, მაგალითად, სასკოლო გამოცდებს.

 

„არ მადარდებს, რა იქნება ხვალ“

მოზარდი დღევანდელი დღით ცხოვრობს – რა მნიშვნელობა აქვს, რა მოხდება 35 წლის შემდეგ, თუ მისი შეყვარებული პაემანზე არ მოვა? რა აზრი აქვს კარიერაზე ფიქრს, თუ დღეს არავინ აფასებს მის ლექსებს ან სამეცნიერო პროექტებს, თუ საყვარელმა მასწავლებელმა არ შეაქო? რა მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ დღეს? იქნებ ეს დღე სულაც არ დადგეს!

ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მშობლებს ესმით, რომ თუ ხვალ შენი შეყვარებული პაემანზე არ მოვა, ზეგ შეიძლება სულაც სხვა ადამიანი გაიცნო, 25 წლის შემდეგ მოზარდ ასაკში დაწერილ ლექსებსაც გადააფასებ, კარგი განათლება კი მართლაც მნიშვნელოვანია. ისინი გარკვეულწილად მართლები არიან, მაგრამ თუნდაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოზარდის განცდები ჰორმონთა ჯანყისა და გამოცდილების ნაკლებობის ბრალია, ამაზე ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკონ. მით უმეტესმ ასე არც არის.

 

„ჩემთვის არაფერს წარმოადგენ!“

მოზარდები მშობლებისგან განცალკევებას ცდილობენ. 11-12 წლამდე ადამიანი სწავლობს საკუთარ თავს, ყურადღებას ამახვილებს მისთვის მახლობელი და მნიშვნელოვანი ზრდასრულების – მშობლების, მასწავლებლების უკუკავშირზე. ამ პერიოდს „მე-სარკისებრს“ უწოდებენ, რადგან ამ პერიოდში ვირეკლავთ სხვების რეაქციას ჩვენზე. მოგვიანებით დგება „სარკეების დაკიდების“ დრო, მცდელობა იმისა, რომ გავიგოთ, ვინ ვართ სინამდვილეში. ამისთვის უნდა განვცალკევდეთ მათგან, ვინც ადრე ჩვენს სიახლოვეს იყო – გავექცეთ მშობლებს, მათ ღირებულებებს და ავტორიტეტს.

მშობლები ეჩვევიან, რომ შვილებისთვის ნახევრად ღმერთები არიან, ამიტომ უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ბავშვი იზრდება. არადა, მოზარდების სიყვარული მშობლების მიმართ არსად მიდის.

მოზარდებსა და მშობლებს შორის არ არსებობს „თაობათა განსხვავება“, მათი კონფლიქტის მიზეზი ასაკთან დაკავშირებული სხვა ამოცანაა, მაგრამ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ სწორედ სხვადასხვანაირ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის მხარდაჭერა – იმის გაზიარება, რაც მეორემ არ იცის. თინეიჯერები უფროსებს ახალ ხედვას უზიარებენ, უფროსები – სიმწიფეს, შინაგან ძალას, იმედს, ასაკობრივი კრიზისის დაძლევის გამოცდილებას. ამ მხრივ ზრდასრულებს კონკურენციას ვერც ერთი მათი თანატოლი ვერ გაუწევს.

ცნობილი კანადელი ფსიქოლოგი გორდონ ნიუფელდი გვარწმუნებს, რომ უმწიფარ ადამიანებს არ შეუძლიათ ერთმანეთისგან რამის სწავლა. სწავლისთვის საჭიროა გამოცდილი ადამიანი, რომელიც უკეთეს მოდელს შესთავაზებს, პასუხისმგებლობას მიაჩვევს.

მოზარდებს ერთმანეთი ნაკლებად აინტერესებთ. ხმაურიან და დიდ კამპანიებში ისინი თავს ხშირად უსაზღვროდ მარტოსულებად გრძნობენ. მათ შეუძლიათ, ერთმანეთს მარადიული სიყვარული და მეგობრობა შეჰფიცონ, სახლიდან ერთად გაიქცნენ, მაგრამ, ამავე დროს, გადაჭრან მხოლოდ საკუთარი ამოცანები, ეძიონ პასუხები საკუთარ კითხვებზე.

სინამდვილეში მოზარდს ჟანგბადივით სჭირდება მოსიყვარულე უფროსი, რომელსაც გულწრფელად აინტერესებს ის, უყვარს და ისეთს იღებს, როგორიც არის.

დღევანდელი გაკვეთილის თემაა – ზრუნვა!

0

გაკვეთილი ზრუნვაზე წრეების შემოხაზვით იწყება: ვსვამთ შკითხვას – „ვისთვის (ან რისთვის) ზრუნვა გვმართებს?“ – პასუხებს კი შესაბამის წრეებში ვწერთ. წრეები სხვადასხვა ზომისაა და ზოგი მხოლოდ ერთ არსებას ან ნივთს, ერთ ოთახს ან ერთ მოვლენას იტევს, ზოგი კი მთელ ოჯახს, ქუჩას, უბანსა თუ კლასს, არის ისეთებიც ქალაქებსა და სამყაროებსაც რომ სწვდება.

გაკვეთილის პირველივე წუთებიდან თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ბავშვებს დასმული შეკითხვა ფიქრისკენ უბიძგებთ. ერთმანეთის პასუხებით აღტაცებულები თუ გაოცებულები ცდილობენ გონება დაძაბონ – არავინ და არფერი რომ არ გამორჩეთ.

დაფაზე შემოხაზული წრეები თანდათან ივსება და ცოტა ხნით დუმილი ისადგურებს… მომდევნო დავალების დრო დგება: რვეულებში ზრუნვის ობიექტებს საინტერესო სიმბოლოები უნდა მოუფიქრონ.

 

დავალებაში უკეთ გასარკვევად, თვასაჩინოებისთვის ერთ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს ვთავაზობთ:

ფილმს „მამა“ ჰქვია, 1 წუთსა და 45 წამს გრძელდება, მისი რეჟისორი ირანელი ანიმატორი მუჰამადრეზა ხერადმანდანია, პერსონაჟები კი – სარცხის თოკზე გაფენილი მამაკაცის პალტო, ქალის კაბა და ბავშვების ტანსაცმელი. თავსხმა წვიმასა და ქარიშხალში პალტო ცდილობს თავი თოკზე შეინარჩუნოს და მასში შეყუჟული დანარჩენი „გმირები“ გადაარჩინოს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ მარტივი სიმბოლოებით უდიდესი გრძნობები და ემოციებია გადმოცემული. ფილმის სათაური კი ორიგინალურ მინიშნებებს მათემატიკური განტოლებასავით ხსნის.

როგორც ჩანს, ანიმაციურ ფილმს „მამა“ ტყუილად არ დაუმსახურებია უამავი ჯილდო – მოსწავლეები შემოქმედებით ხასიათზე დგებიან და ცდილობენ თავადაც მოფიქრონ საინტერესო სიმბოლოები. სურთ, მეტი დამაჯერებლობითა და სიმძაფრით გადმოსცენ ზრუნვის ობიექტებისადმი საკუთარი დამოკიდებულება.

ზოგჯერ ბავშვები მსგავსი ფილმების ჩვენებას კიდევ ითხოვენ. ასეთ შემთხვევაში დამატებითი მასალის სახით შეგვიძლია კიდვ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი შევთავაზოთ:

„მამა და ქალიშვილი“ h

„ავრორა“

„ხე“

 

***

საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა ამოუწურავი თემაა და ერთი გაკვეთილი ნამდვილად არ ეყოფა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი მოსწავლე შინაურ ცხოველებს ოჯახის წევრებად მიიჩნევს. აქედან გამომდიარე, მსჯელობა ახალი მიმართულებით გრძელდება…

 

ცხოველების სიყვარული, მათზე ზრუნვა და მათდამი პასუხისმგებლობა ის თემებია, რომლებზე საუბარშიც დიდ დახმარებას გაგვიწევს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საჩუქარი:

მისი ნახვის შემდეგ მიღებული ემოციებს დიდი თუ პატარა იოლად ვერ უმკლავდება. მოსწავლეებთან ერთად ვცდილობთ დავაზუსტოთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ფილმის შემქმნელებმა, შინაური ცხოველის ერთგვარ სიმბოლოდ პატარა გოგონა რომ შემოგვთავაზეს; იქნებოდა კი სხვა შემთხვევაში ჩვენი რეაქცია ასეთი მძაფრი?!

ზოგიერთი მოსწავლე თვლის, რომ ფილმში ორიგინალური ხერხი გამოიყენეს, ზოგიერთი – გაკვირვებულია, ზოგიერთი კი ცოტა არ იყოს გაღიზიანებულიც. უმეტეს შემთხვევაში ფილმის განმეორებით ნახვას ითხოვენ. და აი, ამჯერად სხვა თვალით აკვირდებიან და აანალიზებენ (მათ ხომ უკვე იციან რა იგულისხმება სპანიელის ლეკვთან მიმსგავსებული, ჟღალკიკინებიანი გოგონას სევდიანი გამოხედვის მიღმა).

ცხოველებზე ზრუნვა უდიდესი პასუხისმგებლობაა! – ამაში ერთხმად ვთანხმდებით და „საჩუქრის“ დანიშნულებაც სწორედ ეს გახლდათ.

მეგულება ანალოგიური სათაურის კიდევ ერთი ფილმი პატარა ბიჭუნასა და ძაღლზე. თუმცა ამ ანიმაციაში ზრუნვის ობიექტი ადამიანია, მზრუნველი კი ოთხფეხა მეგობარი. რეჟისორი ორიგინალური ხერხით გვაჩვენებს როგორ შეუძლიათ განსხვავებულ არსებებს (განსხვავებულებს არა მხოლოდ ერთმანეთისგან, სხვებისგანაც) დაეხმარონ ერთმანეთს:

***

ზრუნვაზე საუბარი სარკესავითაა – გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ჩვენი მოსწავლეების ხასიათი და მისწრაფებები, სურვილები და უნარ-ჩვევები, მათი ბუნება და არსი. რვეულები საინტერესო სიმბოლოებით ივსება. ზოგიერთი ფილმის სიუჟეტის დაწერასაც ცდილობს… ამასობაში კი გაკვეთილიც იწურება და რა თქმა უნდა ყველა სასურველ თემას (ყველა შემოხაზულ წრეს) ვერ ვწვდებით.

განსაკუთრებით მრავლისმომცველი  ბუნებაზე, ეკოლოგიაზე, სამყაროზე ზრუნვის წრეებია, რომელთა გარშემო მსჯელობაც სხვა გაკვეთილების პრერგატივაა. მათ შესახებ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ წერილი „მწვანე წიგნები არა მხოლოდ პატარებისთვის“ ( https://mastsavlebeli.ge/?p=15838 ).

გაფრინდაშვილის დღიურები

0

ხვალ – ვაჟა გაფრინდაშვილისთვის

დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას ,,თავისუფლება”

მე სამოქალაქო აქტივისტი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ვერ გახლავართ. უფრო სხვა ფლანგიდან ვცდილობ ჩვენი ქვეყნის შენებაში უმცირესი წვლილის შეტანას და გარე ყრილობებსაც უიშვიათესად თუ ვუერთდები, მაგრამ ხვალ, 11 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ოკუპაციის ხაზისკენ გამართულ ექიმის ოჯახის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას აუცილებლად დავესწრები.
და აი, რატომ

1) ცხადად გამოჩნდა, რომ მტრის წინაშე პირში წყლის ჩაგუბებით, ეს წყალი საწამლავად იქცევა, ვყლაპავთ და ჩვენვე გვწამლავს. მტერი ამას არ ,,გვიფასებს” და ,,სასამართლომ” გუშინ მკაფიოდ შემოგვითვალა: ,,ეგ თქვენი დუმილი ჩვენ არ გვესმის, ყრუ ვართ და ულმობელი”

2) მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში სხვა დანარჩენი მილიონებისთვის თითოეული ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში და ეს ცენტრი იქ ინაცვლებს, სადაც ის ადამიანი იტანჯება

3) მსოფლიომ და მათ შორის ჩვენც უნდა დავინახოთ – თავისუფლება არის მთავარი ნიშანი ადამიანად ყოფნის უპირატესობის და ეს უპირატესობა სხვა ადამიანის უსამართლო პატიმრობის წაყრუებით არ უნდა დავთმოთ

4) ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ იქ სადაც ადამიანის და სამშობლოს თავისუფლების საკითხი დგას, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგვიძლია გაერთიანება

5) ხვალ, ოკუპაციის ხაზთან, მე მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით

დიახ, დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას ,,თავისუფლება”

 

15 დეკემბერი

 

გუშინ ოძისში, ჟურნალისტები მეორე კითხვად აუცილებლად მაგებებდნენ: ვიღაც გლანძღავდა და რას იტყვითო. მლანძღველი იგივე აღმოჩნდა, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს უწუნებდა საქციელს. მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე და იმ კაცზე ლაპარაკს არც ახლა ვაპირებ.
სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ:
რასაც ვაკვირდები, მეგობრების თუ ნაცნობების შეშფოთება და შიში, ვინც მართლა იმ საქართველოსთვის იბრძვის, ილიას და ვაჟას რომ სურდათ, სულ ერთგვარია: ვაიმე, იმან ნახე რა დაწერა? ის საშიში კაცია!
ეს არის ყველაზე ცრუ და მავნებელი შფოთვა, რომელიც შეიძლება ვიღაცას შეშინებულთა შორის, სამწუხაროდ, რაღაცნაირად აწყობდეს კიდეც წამოსატირებლად – “ბნელებს მიაქვთ ეს ქვეყანა”
და ვინ ბნელებს? იმ თხუთმეტ ადამიანს, ვინც ერთმანეთის შესაგულიანებლად საბჭოთა კავშირზე ბალადებს მღერიან და არსენალში ფსკერზე მოლივლივე სიტყვები აქვთ?
ეს შიში, პირველ ყოვლის, იმ დიდ, ჩრდილოელ მეზობელს აწყობს, ამ გონებადაბინდული ხალხის უკან რომ ჩასაფრებულა. სულ ასე თამაშობდა – კი, თქვენ მართლები და ჭკვიანები ხართ, მაგრამ ჩვენ ვართ ბევრი!
არ ხართ! ძალიან, ძალიან ცოტა ხართ!
მე და ჩემი გუნდი კვირაში ხუთ სოფელს მაინც ვსტუმრობთ და იქ დიდი სიყვარულით მართლა ბევრი ხალხი გვხვდება, მშრომელი ხალხი სულ სხვა განცდით. ყოველდღე ასობით მოსწავლე მწერს ბიბლიოთეკის მოწყობის თხოვნით. უამრავი ახალგაზრდა იდგა გუშინ ოძისის აქციაზე და მინდა ზუსტად იცოდეთ, რომ ბევრი ვართ აქეთ! და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით! აქეთ ანუ იმ საქართველოს მხარეს, რომელსაც კრემლისთვის ზურგი აქვს შექცეული და იმ მომავლისკენ იყურება, სადაც ძლიერი, დასავლური, თავისუფალი ქვეყანა მოჩანს. იყურება და შრომობს. ისინი ჩვენს გვერდით დგანან ან უფრო ზუსტად – ჩვენ ვდგავარ მათ გვერდით.
ეს ქვეყანა ძალიან ძველია. ძველი და პატარა. და ის, რომ ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან თანხმდება, ნიშნავს რომ გადავრჩით და გადავრჩით ასე – სწორი გზით მავლები მაინც მეტი აღმოვჩნდებოდით ხოლმე.
არავითარი პოლიტიკური განზრახულობა მე არ მაქვს და არც მექნება, უზუტესად ვიცი. ვერც ის არგუმენტი რომ ,,ხალხს ვუყვარვარ” გამოდგება ამის საცდური. შეიძლება ეს საქმე ვინმეზე უკეთ გამომივიდეს კიდეც, მაგრამ სხვაგან გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს – წერა, წიგნები, კინო, ბიბლიოთეკა, სოფლებში ხეტიალი მომწონს. ვმუშაობ და ვიმუშავებ ისევ დილის ექვსიდან შუაღამემდე, რუტინულად და ჩუმად, მაგრამ იქ, სადაც, სამშობლოს დასჭირდება, აუცილებლად ამოვიღებ ხმას და ოთხი კრემლის ტროლი და ხუთი ტროლადშობილი ვერ შემაშინებს. მეტიც, მე მათთვისაც ვიმუშავებ და აგერ, დღეს სიტყვამ მოიტანა, თორემ არასდროს დავთვლი და მით უფრო არ გავრიყავ – ვეცდები ხელი გავუწოდო და ვუთხრა: ფრთხილად, მეგობარო, იქით – ორჯონიკიძეა, აქეთ – ჭავჭავაძე.

 

 

 

არ უთხრათ შვილებს

0

„რისთვის გაჩენდით? _

თქვენს ჩვილ სულებზე
რომ ვმდგარიყავით,
როგორც კიბის საფეხურებზე
და გვეხოხა ზევით,
ცისაკენ?..“.
მარიამ წიკლაური

ჩემს საყვარელ პოეტს, მარიამ წიკლაურს აქვს ასეთი ლექსი _ „რა ვუთხრათ შვილებს“. ბევრმა იცის ეს ლექსი. სკოლებში აკითხებენ ხოლმე მარიამს განსაკუთრებით ხშირად და ის აზრიც მომისმენია, რომ სასკოლო პროგრამაში შესატანი ლექსია, ისეთი სიღრმე, ტკივილი და ფიქრი ახლავს.
„რა ვუთხრათ შვილებს? როცა ომიდან დავბრუნდებით, როცა მშვიდობიდანაც დავბრუნდებით, როცა სიკვდილიდანაც დავბრუნდებით…“_ ისმის პოეტის შეკითხვა მილიარდი დარდით დაძაბულ სივრცეებში, ქალაქსა და სოფელში, ცასა და მიწის ნაპრალებში. ყველანი ვეძებთ პასუხებს, უფრო სწორად _ შვილებისთვის სათქმელ სიმართლეს, ტყუილზე უფრო დამაჯერებელს, თავშესაქცევს, მტკივნეულს, ან… ვინ იცის, როგორ სიმართლეს აღარ ვეძებთ და ვიგონებთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების თვალში მაინც გამოვჩნდეთ ოდნავ მართლები, პრინციპულები, უბრალოდ _ კარგები.
სულ ასე იყო ბუნებაში და ალბათ ასეც გაგრძელდება _ წინა თაობას ყოველთვის ექნება რაიმე დასამუნათებელი მომდევნოსათვის, ისევე, როგორც მომდევნო მუდმივად უსაყვედურებს წინას რაიმეს. „მამათა და შვილთა“ ბრძოლაში კი ცხოვრება თავის მკაცრ კანონებს აღასრულებს.
მესამე კლასში ვიყავი, 9 აპრილი რომ მოხდა. ისეთი გამაყრუებელი ხმა ჰქონდა ამ დღეს, რომ ჩვენს ბავშვურ გნიასშიც შემოაღწია და ყველაფერი ამოგვიყირავა. მგონი, დღემდე მომყვება იმ ხმის რეზონანსი. ან იქნებ იმ დღეს დახეთქილი და კარგად ვერშეხორცებული სმენის ბარაბნების ბრალია, ზოგიერთი სასიცოცხლო ჩქამი ჩემამდე რაღაც მახინჯი, დაჩეხილი ტალღებით რომ აღწევს?!
ჩემი კლასის დამრიგებელი მანამდეც და მერეც სულ გმირებზე გვიყვებოდა, იდეალურ, რაინდულ საქართველოზე და მე ეს საქართველო ვიცოდი და მიყვარდა. თუმცა, რაღაც მაყენებდა აუტანელ ტკივილს და მიზეზს ვერაფრით ვხვდებოდი. არადა, როცა არ უნდა დაგვეწყო ლაპარაკი გმირებზე, მაშინვე იწყებოდა ყრუ და გაბმული ტკივილი სადღაც, ტვინის დაუდგენელ კუნჭულში და მაიძულებდა, ან სიცილით დავმხრჩვალიყავი, ან ტირილით. ორივე რომ ტკივილთან ბრძოლის ბუნებრივი რეფლექსია, ეს მერეღა გავიგე, სამედიცინო წიგნებიდან.
საჯარო სიცილის ძალიან მრცხვენოდა, რადგან „კარგად აღზრდილი“ ბავშვი ვიყავი, ღრმად ჩანერგილი ქცევის კოდექსებით. აი, ტირილი უფრო მისაღები იყო ყველასთვის, თან გმირების მიმართ ემპათიაში მეთვლებოდა (დიდწილად, რა თქმა უნდა, ასეც იყო) და როგორც უფროსები ამბობდნენ, გადამდები თანაგრძნობით განაწყობდა სხვებსაც…
ახლა რომ მკითხოთ, რამდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი ბავშვობაში გმირობის ამბების მოსმენისას, გეტყვით, რომ იმდენივე, რამდენიც ტარიელს, ნესტან-დარეჯანს, ავთანდილს და საერთოდ ყველა მიჯნურს, ვინც მარტო განცდილის გამო კი არა, უფრო მეტად შეუცნობლის გამო ტირის.
ვინც იმიტომ ტირის, რომ სინდისის მყესები აქვს დაწყვეტილი და მარილიან წყლებად იღვრება.
სინდისის მყესები კი დიდი დაძაბულობისგან წყდება. ეს, შესაძლოა, ერთი ადამიანის ომიც იყოს და მთელი ქვეყნისაც. მე რომ საჯარო სიცილი შემეძლოს _ ხმით ხარხარი _ იქნებ უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი, ან უფრო ზუსტად გამომეხატა მთელი ჩემი შინაგანი დაძაბულობა, მუდმივი სტრესისა და შიშების, მოლოდინისა და სიყვარულის, ბრაზისა და სიძულვილის ომი-კარნავალი…
მაგრამ მე დღესაც მხოლოდ ტირილი შემიძლია, სამაგიეროდ, უკვე ვიცი, როგორ დავმალო ის. გმირებზე აღარავის ველაპარაკები, რადგან ისეთ სინამდვილეში აღმოვჩნდით, სადაც ყველა უკვე გმირია _ ზოგი გამძლეობის მაგალითს გვაძლევს, ზოგი _ ღალატის; ცრუს და მართალს ეშმაკიც ვეღარაფერს გაუგებს; ერთმანეთის გვერდიგვერდ ასახელებენ და ატოლებენ ისეთ ცასა და დედამიწას, ყველა დროის ბრძენსა და მოაზროვნეს რომ მხრებს ააჩეჩინებს და ლოგიკის დებატების შუაგზაშივე დააყრევინებს ფარ-ხმალს.
ბავშვში არის კრისტალური ნერვი, იდუმალი ძარღვი, რომელიც ყველაზე ზუსტად აღიქვამს სიმართლეს, ამიტომაა, რომ ბავშვი თითქოს ადვილად ტყუვდება, მაგრამ საბოლოოდ, მას სიყალბეს ვერ მიაჩეჩებ, ის ხედავს სამყაროს ყველაზე სუფთა ხატს, ის დაუნდობელია ცრუს, ბინძურის მიმართ. ეს ბავშვური ხედვა ახლა ერთადერთი გამოსავალი მგონია ამ საყოველთაო, აღვირახსნილი სიჭრელისგან, სიცრუისა და სიყალბის დოღისგან თავდასაღწევად.
ჰოდა, რას ვეუბნებით ბავშვებს, როცა გმირებზე ვუყვებით? ჩვენი დროის გმირებზე, ადამიანებზე, ვინც საკუთარი სიცოცხლის და ძალისხმევის ფასად შეეცადა, შეეცვალა სამყარო უკეთესობისაკენ?! ვინ არიან ეს გმირები, გარდა ომში დაღუპული ძვირფასი სახელებისა, ვის საქმესა და საქციელზე დგას კიდევ ჩვენი გამძლეობა, ჩვენი სინდისი, ზნეობა და მომავლის იმედი?
იმ საზარელ, ყბადაღებულ 90-იანებში ერთი სახელი გახმაურდა, რომელმაც თავისი ტრაგიზმით ბევრი გააოგნა _ გია აბესაძე. დღევანდელმა ახალგაზრდებმა ალბათ არც არაფერი იციან ამ კაცზე, კეთილ, კარგ ექიმზე, რომელმაც 1991 წლის სექტემბერში ძმათამკვლელ ომში ჩაბმული საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, საჯაროდ _ ოფიცერთა სახლის წინ თავი დაიწვა. „თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი“ _ დაწერა მანამ, ვიდრე ბენზინს გადაისხამდა. შვილს კი ეს სიტყვები დაუტოვა: „შვილო, მაპატიე, გაიზრდები და გამიგებ…“.
დღეს გია აბესაძის შვილის თაობა უკვე ცხოვრების მთავარ სცენაზე დგას. სამშობლოს ერთიანობისთვის გაღებული თვითნებური მსხვერპლი კი იმ ნაპერწკლადაც ვერ იქცა, რომ ვინმეს თვალში მაინც მოხვედროდა და ის თვალი ასწვოდა. ჩვენ არ ვიცით განგების ნება, ან რას იუნჯებს, ან რას ფანტავს _ შეუცნობელია ეს დიდი ხლართები _ თუმცა, ვხედავთ მოვლენებს და ვაფასებთ მათ, ცხოვრება კი ისევ ჩვენს ენერგიაზე დგას.
გია აბესაძის თვითმკვლელობა (რომელსაც, დღევანდელი თეატრალიზებული ლექსიკით, ალბათ ანტი-პერფორმანსსაც დაარქმევდნენ) სულ უფრო ხშირად მახსენდება ამ ბოლო დროს, როცა ვუყურებ ორ ან სამ კი არა, რამდენი ადამიანიც ვართ, იმდენ ადამიანად გაგლეჯილ და დათითოვებულ ჩვენს ქვეყანას, სინამდვილეს. ვფიქრობ იმ ცეცხლზე, რომელშიც გაეხვა ეს ახალგაზრდა კაცი, ცეცხლზე, რომელიც თითქოს 3D ფორმატის ინსტალაციად იქცა და სწორუპოვარი სიმულაციით დღემდე, იმავე ადგილას ბრიალებს, ადამიანის ფორმის ღერძზე. ჩვენ ხან ფერხულს ვუვლით მის გარშემო, ხან ყვავილებით ვამკობთ, ცეცხლის სიმულაცია კი ბრიალებს და ბრიალებს, თავისთვის, როგორც ერთადერთი იდეა, სხვამდე ვერმიღწეული, სხვაში ვერგადაზრდილი და ვერგაზიარებული. როგორც ერთადერთი მანათობელი იდეა, რომელიც არ წვავს…
ვფიქრობ გია აბესაძეზე და მაშინებს ფიქრის ის მოსახვევი, სადაც წერია: „აქ თეატრია. დაიშვებიან მხოლოდ შეშლილები“. ჰერმან ჰესეს საკულტო რომანის „ტრამალის მგლის“ მთავარ პერსონაჟს უამრავი სულის ცდუნება შეუძლია. მათ შორის, ჩემიც. შეშლილობის ალიბი კი ყველა საზოგადოების მიმართ პროტესტსაც გულისხმობს. მე ამ მოსახვევზე ახლა არ ვიფიქრებ, სხვა გზის მოძებნას ვცდილობ, სადაც გმირები საზოგადოების გადასარჩენად იბრძვიან და არა პირიქით.
რა ვუთხრათ შვილებს, როცა ამ გმირობების ცეცხლს მივაფიცხებთ და თვალებანთებული დაველოდებით, როგორ იმოქმედებს ეს ცეცხლი მათზე? იქნებ ჯობია, საერთოდ არაფერი ვუთხრათ, არ ჩავუნერგოთ ფუჭი ილუზია, ცრუ იმედი, თუკი ამ ათწლეულების ფერხულში ჩვენვე ვერ შევძელით ის, რომ მხოლოდ სხვის ცეცხლზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული, თუკი ამ ათწლეულებში ჩვენვე ვერ ვისწავლეთ ვერაფერი?..
„მაპატიე შვილო, გაიზრდები და გაიგებ…“.
გავიზარდეთ. და რაც უფრო ბევრი გავიგეთ, მით უფრო დაწყვეტამდე დაგვეძაბა სინდისის მყესები. ზოგი ხარხარით შველის ამ ტკივილს, ზოგიც – ტირილით.
ადამიანის ფორმის ცეცხლი კი ისევ ბრიალებს ოფიცრების სახლის წინ, ბავშვები თამაშობენ მის სიახლოვეს და მშობლები არ უშლიან, რადგან იციან, რომ ეს ნამდვილი ცეცხლი არაა, სიმულაციაა, შესაბამისად, არ წვავს.
ხოლო რაც წვავს, ის ცეცხლი გმირებთან ერთად დიდი ხანია თვალს მიეფარა. სიმართლის დაბრუნებამდე.

დღის ხუთი მთავარი სიტყვა

0

– რა მოხდა დღეს?

– რა ვიცი, არაფერი.

დიალოგი გეცნობათ? შეკითხვაზე უმეტესად ასე მშრალად გვპასუხობენ ბავშვები. ასაკის სირთულესთან ერთად პასუხი უფრო ცივი და მოკლე ხდება. ჩვენ, მასწავლებლებიც, ხშირად ვწუხვართ, თუ როგორ უჭირთ თანამედროვე ბავშვებს ზეპირმეტყველება. ამას დავუმატოთ მწირი სიტყვათა მარაგი, მშობლების გადატვირთული რეჟიმი და შედეგს სამუშაო რვეულებში ვიმკით, სადაც თანდათან მრავლდება სასაუბრო სიტყვათა დამახინჯებული ფორმები: „ეხა“, „ძაან“, „რო“, „რას შვები“, „სახში“, „კატავი“, „ჯამთელი„, „ვფიქროფ“…

მეთოდი ჩემს შვილებთან საუბრის სურვილმა მომაფიქრებინა. ჩვენი ერთად ყოფნისა თუ ცალ-ცალკე გატარებული დღეების აღსაწერად დღის ხუთი მთავარი სიტყვა  გამოვიგონე. რატომ ხუთი? ციფრი პირობითია. ხშირად ისეთი მსუყეამბებიანი დღეები გვაქვს,  ხუთ სიტყვაზე მეტი გვაფიქრდება. ისიც შესაძლებელია, რომ დღის შესაფასებლად ხუთი სიტყვაც ვერ გამოძებნონ. გული არ დაგწყდეთ. პირადი მაგალითის ძალით ყველაზე გულჩათხრობილ ბავშვსაც ავალაპარაკებთ.

აღწერა

სახელი: დღის ხუთი მთავარი სიტყვა

სახელი უკვე თამაშისთვის განგვაწყობს. თქვენ შეგიძლიათ ციფრი შეცვალოთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ზოგჯერ წესს ვარღვევთ, თუმცა, ინსტრუქციის გათვალისწინება სასურველია, რადგან თუ ორზე მეტი თამაშობთ, თხრობას დიდი დრო დასჭირდება.

როგორ წარვმართოთ პროცესი?

დღის ბოლო ყველაზე ხელსაყრელი დროა ერთმანეთის მოსასმენად. „მოდი, სათითაოდ დავასახელოთ ხუთი სიტყვა ჩვენი დღიდან და შემდეგ თითოეულის შესახებ მოვყვეთ!“ – ვამბობ და ვხვდები, რომ წამოწყება აღფრთოვანებასთან ერთად გაურკვევლობას იწვევს.

აუცილებად გაიჟღერებს კითხვა „როგორ?“

მერე მოდელირებას მივმართავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ თავად ვყვებით მთელი გულითა და სიყვარულით, მერე მათი ჯერი დგება. თავდაპირველად შესაძლოა, გაუჭირდეთ მნიშვნელოვანი ამბების გახსენება. ამ დროსაც უნდა შევეხიდოთ. ვკითხოთ, დღის განმავლობაში სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, ვინ ნახეს, რა იგრძნეს…

დღის ხუთმა მთავარმა სიტყვამ საბოლოოდ ამგვარი სახე მიიღო: თავდაპირველად სათითაოდ ვამბობთ სიტყვებს, მერე კი რიგრიგობით ვყვებით, თუმცა, სიტყვათა თანმიმდევრობას მსმენელი ირჩევს.

გული მადლიერებით აგევსებათ, ისეთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დააგროვებთ, ერთმანეთის შესახებ უფრო მეტს გაიგებთ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები თხრობას ისწავლიან. როცა ამ მეთოდზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება ფოტოაპარატის Macro რეჟიმი. როგორც პატარა დეტალების მოახლოებით სრულიად განსხვავებულ სამყაროს ვხედავთ ფოტოზე., ასევეა თხრობისას ერთი სიტყვის გამორჩევა და სათქმელის მის ირგვლივ გაშლა. რაც უფრო მოულოდნელი და უცნაურია სიტყვა, მით უფრო იზრდება ბავშვების ინტერესი.

გამოცდილება, რომელიც ჩემს შვილებთან ურთიერთობისას დავაგროვე და სახელიც შევურჩიე, თამამად შეგვიძლია მოსწავლეებთან სწავლებისას გამოვიყენოთ: შეაფასონ გაკვეთილი, არდადეგები, შაბათ-კვირა, ტექსტი… მონათხრობი კი მოკლე ჩანაწერებად აქციონ.

პირადი მაგალითი

კარალიოკი, მაწვნის სუპი, თვალები, ჩრდილები, თ ასო – ჩემი ერთ-ერთი დღის ხუთი მთავარი სიტყვა ამგვარია. სასურველია ისეთი სიტყვები შევარჩიოთ, რომლებიც მთავარ ამბავს იტევენ და თან ბავშვების ცნობისმოყვარეობას ანკესზე წამოაგებენ. ჩამონათვალიდან სთავაზობ თავად გითხრან, ყველაზე მეტად რომელი სიტყვის განმარტება სურთ. სანამ თხრობას შევუდგები, უნდა აღვნიშნო, რომ ხუთი მთავარი სიტყვა მეხსიერების განსავითარებლადაც არაჩვეულებრივი მეთოდია. ხშირად საკუთარი სიტყვების გახსენება გვიჭირს ხოლმე.

კარალიოკი

ჩვენი კორპუსის ბინას მზის სხივები მხოლოდ ჩასვლისა და ამოსვლისას ადგება, ისიც ირიბად. ამიტომ ხეებით, ყვავილებითა და მზით გაჩახჩახებულ საკუთარ სახლზე ვოცნებობ. ერთხელ მასწავლებლის სახლიდან მე და ჩემი გოგონა ნაცნობმა მძღოლმა წამოგვიყვანა. გზად პატარა დასახლება გამოვიარეთ. საუბარი მიწის ნაკვეთებზე ჩამოვარდა. დათო ბიძიამ სახლებს შორის ჩაკარგული, ბალახმოდებული ეზო დამანახა და მითხრა, რომ იყიდებოდა. მანქანა ნელა მიდიოდა, თუმცა მაინც მოვასწარი ღობის გადაღმა მდგარი ნარინჯისფრად აბრდღვიალებული კარალიოკის ხის დანახვა. ერთი კვირის შემდეგ  სეირნობისას მიწის ნაკვეთის მონახულება გადავწყვიტე. ჭიშკართან მიახლოებისას ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ ის ეზო თავისი მეგობრის ძიძას ეკუთვნოდა. მიწის ნაკვეთი ოცნების სახლისთვის იდეალური აღმოჩნდა. შემოდგომის მზე გამხმარi ფოთლების თავბრუდამხვევ სურნელს ატრიალებდა. ხის გრძელ სკამზე ჩამოვსხედით. ცირა დეიდამ  ორკაპა ჯოხი მოიტანა და მე და ჩემს ბიჭს ზუსტად ის კარალიოკები მოგვიწყვიტა, რომლებმაც კორპუსებს შორის ჩაკარგული ეზო გვაპოვნინეს.

როგორც მიხვდით, ამბავს ერთი სიტყვის ირგვლივ საქსოვი თვლებივით ვკინძავთ. საინტერესო სიუჟეტის გარდა, სათქმელს მოტივიც უნდა ჰქონდეს. ამჯერად ბავშვებისთვის იმის მინიშნება მსურდა, რომ ვოცნებობ, ვმოქმედებ, ვაკვირდები, ვსაუბრობ, ვეძებ და საკუთარ ცხოვრებას თვითონ ვძენ აზრს.

 

მაწვნის სუპი

დაკვირვებული ვარ, ბავშვებს ყველაზე მეტად იუმორით გაჯერებული ამბები ახალისებთ. ამ სიტყვის მიზანიც მათი გამხიარულება იყო. ყოველდღიური რუტინის გაძლება ყველაზე მეტად ამგვარი დეტალებით გამოგვდის.

ერთ-ერთი გადაცემისთვის ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებთან ინტერვიუ ჩაწერეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, იცოდა თუ არა, რა საჭმელი მიყვარს, ერთმა ბიჭმა კარგა ხნის ფიქრის მერე უპასუხა, ჩემი აზრით, მაწვნის სუპიო. სახლში დაბრუნებისას სკოლის ჭიშკართან მოსწავლის დედა დაგვხვდა. მისგან გავიგე, რომ 9 წლის ბიჭს შუადღეს სწორედ მაწვნის სუპი უჭამია და თავისი საყვარელი კერძის სიყვარული მეც „გადმომაბრალა“.

ინტერესით მისმენენ და თხრობის დასრულებისას გულიანად ხითხითებენ. არჩევანმა, ვფიქრობ, ჩემთვის გაამართლა.

 

თვალები

სასკოლო პროექტისთვის ჩემი უფროსი გოგონა ერთი კვირა ხატავდა თვალს და დროდადრო აზრს მეკითხებოდა. თვალიც თანდათან იცვლებოდა: ხან წამწამები დაუგრძელა, ხან გუგები გაუფერადა, ბოლოს ჩრდილებით ჩაამუქა და სწორედ იმ საღამოს მანახა დასრულებული ნამუშევარი. ძილის წინ შვიდი თვის ლილე ჩვენთან მოვიწვინეთ და დღის სიტყვებზე დავიწყეთ ფიქრი. საუბრისას სამივეს მზერა ტანსაცმლის კარადის სარკეში გადაიკვეთა და გაგვეცინა ორი შავი თვალის დანახვისას, რომლებიც თაგუნიებივით მოუსვენრად უმზერდა ხან ძმას, ხან დედას, ხან დაიკოს.

გულიანად ვიცინეთ პატარა გოგოს თვალების კვარკვარზე და თან დღის ამბავიც შედგა. საყვარელი ადამიანების დანახვას ამგვარი დეტალები აადვილებს. ბავშვებს კი გამუდმებით სჭირდებათ ჩვენს სიყვარულში დარწმუნება.

 

ჩრდილები

პირველად სკოლაში შევნიშნე. დღის მეორე ნახევარში დაცარიელებულ შენობაში შევედი. დერეფნის ფანჯრის ჩრდილები იატაკზე იყო გაწოლილი. სახლის გზაზე ჩემი მოსწავლე შემხვდა თავის სამი წლის დაიკოსთან ერთად. ბაღიდან გამოეყვანა და დედას ელოდნენ. სახლში წამოვიყვანე. კალათბურთის სტადიონი ჩამავალი მზის შუქით იყო სავსე. სხივებში ბიჭი სეირნობდა ველოსიპედით და მოძრაობისას თან დაჰყვებოდა თავისი ჩრდილი. სახლში ამოსულს ზუსტად ის დრო დამხვდა, როცა ჩემს სახლს მზის სხივები სტუმრობს. კედლის ერთ კუთხეში ორნამენტების ჩრდილი იყო გამოსახული. ამ სამი შუქ-ჩრდილის დროის პატარა მონაკვეთში შემჩნევამ სამყაროს კეთილ ნებაზე დამაფიქრა, დროდადრო რომ ცხადდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში და იმედით მავსებს.

ჩრდილებზე საუბრის დასრულებისას ჩემს გოგონას გაოცების შეძახილი აღმოხდა. ყველაზე მეტად ემოციის ამგვარი გამოხატვა მახარებს. ე, რა მაგარიაო – გაიკვირვა და ჩაფიქრდა.

ამ ამბის მთავარი მოტივი მარტივია – პატარა დეტალების შემჩნევა, ერთმანეთთან დაკავშირება, ფიქრის ესთეტიკასა და ღირებულებებზე ხაზგასმა.

 

თ ასო

ოცდარვა პირველკლასელის თითებს ხელი შევავლე, თ-ს მუცლისა და ფეხის მომრგვალებაში დავეხმარე. რაც არ გამოსდით, საშლელით შლიან და ახლიდან წერენ. სკოლის შემდეგ სახლში მომიწია ჩემი პირველკლასელი ბიჭისთვის იმავეს სწავლება.

თ ასო ნამდვილად იმსახურებდა დღის მთავარ პერსონაჟად ყოფნას. აბა, განა ხშირად ხდება, ამდენ ბავშვს წერას რომ ასწავლი? ერთმა ბიჭმა ცრემლები აღვარღვარა, არ გამომდისო და შენც ქარიშხლისებური ქმედება გიწევს, რომ თან დაამშვიდო, თან სხვას დააკვირდე, თითები შეუსწორო და ბადეში 28 წერტილი დასვა დასაწყისისთვის.

ანბანის სწავლებაზე თხრობა ბოლო ორი თვეა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამგვარად ჩემი საქმიანობის შესახებ უფრო მეტს იგებენ.

 

რომ არა დღის ხუთი მთავარი სიტყვა, ამ მშვენიერ ამბებს, ალბათ, დავივიწყებდი. შეამჩნიო ცხოვრება, მოვლენები გამოკვეთო და შეაფასო, ესაუბრო საყვარელ ადამიანებს, მოჰყვე და მოუსმინო, „მოაახლოვო“ მათი შინაგანი სამყარო, ფიქრები, განცდები; გაიკვირვო, გაიხარო, დააფასო და თანაუგრძნო – ჩამონათვალი საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ დღის ხუთ მთავარ სიტყვაზე დაფიქრდე და მათ საჭიროებაში დარწმუნდე.

გისურვებთ თქვენი დღეების სიტყვებად ქცევას, საყვარელი ადამიანების მოსმენას და იმედი მაქვს, მასწავლებლებიც გამოვცდით ამ მეთოდს. ბოლოს გირჩევთ, რომ თუ დღის ხუთ მთავარ სიტყვას ითამაშებთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ დღიურში და მოკლე განმარტებებიც მიუწერეთ. ამგვარად საკუთარ ცხოვრებას დავიწყებისგან დაიცავთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობის გეგმა სკოლებისთვის

0

მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა სასკოლო ყოველდღიურობაში ჯერ კიდევ მძიმე გამოწვევად რჩება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. სკოლებში ამბობენ, რომ სურთ გაზარდონ მშობელთა ჩართულობა, მაგრამ მშობლები არ არიან მზად უფრო მჭიდრო ურთიერთობებისთვის. თავის მხრივ, მშობლებიც იგივეს გეტყვიან, რომ სკოლა მზად არ არის დიალოგისთვის. სად არის პრობლემა? რა თქმა უნდა, კომუნიკაციაში. სკოლის თანამშრომლებს და მოსწავლეთა მშობლებს ერთმანეთი უმეტესად მაშინ ახსენდებათ, როცა პრობლემა დგება, ურთიერთობა გადაბრალების რეჟიმში იწყება და ცხადია, ამ ნიადაგზე დაწყებული კომუნიკაცია სასურველ შედეგებს ვერ გვაძლევს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლამ და მშობლებმა მოსწავლეების კეთილდღეობისთვის ურთიერთობა გააუმჯობესონ?

  • ნება – მათ უნდა სურდეთ თანამშრომლობა.
  • ცოდნა – უნდა იცოდნენ, როგორ მოახერხონ თანამშრომლობა.

გთავაზობთ მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობის მარტივ გეგმას, რომლის დანერგვა სკოლებს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს, რადგან სხვანაირად შეუძლებელი იქნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა. სიტყვა მშობლის უკან მილიონნახევარი ადამიანი დგას, საზოგადოების უდიდესი აქტიური ნაწილი. თუ მათი ფასეულობები და ღირებულებები განსხვავებული იქნება სასკოლო ღირებულებებისგან, ცხადია სკოლა და მასწავლეებლი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას – ვერ გაზრდის ტოლერანტ ადამიანს; ვერ ჩამოუყალიბებს მოქალაქეობრივ უნარ-ჩვევებს, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას;  ვერ ასწავლის, რომ თავად შექმნან ღირებულებები და არ იცხოვრონ არსებულის ხარჯზე. თუ სკოლის თანამშრომლებს გააზრებული აქვთ სკოლის მისია და მიზანი, მათ არ უჩნდებათ შეკითხვები მშობელთა ჩართულობის საჭიროებასთან დაკავშირებით.

 

ყველა სკოლას სხვადასხვა საჭიროება აქვს, ამიტომ არ იქნება მართებული ყველამ ერთი სქემის მიხედვით წარმართოს მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობა. თუმცა არსებობს საძირკველი, რომელზეც შეიძლება განსხვავებული შენობის დაშენება. სწორედ ამ საძირკველზე, მშობელთა ჩართულობის საფუძვლებზე მოგიყვებით.

 

სასწავლო წლის დასაწყისი საუკეთესო დროა მშობლებთან ახალი ურთოერთობების დასაწყებად. თუმცა თუ სკოლა ამ საკითხის სისტემურად დანერგვას აპირებს, აჯობებს მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები, ნაადრევად დაიწყოს, თუნდაც მიმდინარე სასწავლო წლიდან. ანუ წარუდგინოს მშობლებს ის სქემა, რომლით თანამშრომლობასაც ახალი სასწავლო წლიდან აპირებს. მოისმინოს მათი აზრი და თუ საჭიროა ცვლილებებიც შეიტანოს გეგმებში.

როგორც ამბობენ მშობელთა ჩართულობა მოითხოვს ხედვას, პოლიტიკას და ჩარჩოს. ასეთ დროს მკაფიო წესების არსებობა მეტად მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ქაოსი მივიღოთ.

აუცილებელია არსებობდეს პასუხისმგებელი პირი, რომლის უშუალო მოვალეობაა მშობლებთან ურთიერთობა. ამისთვის ორი გზა არსებობს:

ა) სკოლას ჰყავს მშობლებთან ურთიერთობის სამსახური ან კადრი, რომელიც უზრუნვეჰყოფს მშობლების ჩართულობის პროგრამების შედგენა-განხორციელელებას და ტექნიკურ საკითხებს.

ბ) მასწავლებელი კლასის ფარგლებში ამზადებს მშობელთა ჩართულობის გეგმას და თავად უზრუნველყოფს მის აღსრულებას.

 

მშობლებთან ურთიერთობის გეგმის შემუშავება.

აქტივობა I – სკოლა უზრუნველყოფს კლასების მიხედვით დამრიგებლების შეხვედრებს  მშობლებთან.

I შეხვედრის ფორმა და შინაარსი:

საკლასო ოთახში, სადაც გაიმართება შეხვედრა, სასურველია სკამების განლაგება იყოს წრიული. ეს გაცნობისთვის სასურველ გარემოს კიდევ უფრო თანასწორს და სასიამოვნოს გახდის.

ამ შეხვედრაზე დამრიგებელი საუბრობს შემდეგ თემებზე: ) რა არის სკოლის არსი და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები  ) რამდენ საგანს სწავლობენ მათი შვილები, რომელს რამდენი დრო ეთმობა კვირაში. )  სკოლაში მოქმედი წესები, რომელსაც იცავს ყველა: მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, დირექტორი..  ) თუ სკოლას ჰყავს ექიმი, მანდატური, ფსიქოლოგი, სპეცმასწავლებელი – ამის შესახებ დამრიგებელი ამცნობს მშობლებს და ორიოდე სიტყვით მიმოიხილავს მათ ფუნქციებს.  ) აქვე დამრიგებელი და მშობლები თანხმდებიან კომუნიკაციის ფორმებზე. მათ შორის, მშობლები ეცნობიან  მშობლებისა და მასწავლებლების ინდივიდუალური შეხვედრების გეგმა გრაფიკს . ) რა იგეგმება სასწავლო წლის განმავლობაში არაფორმალური განათლების მიმართულებით; როგორია ექსკურსიაზე წასვლის გრაფიკი და მშობლების როლი ამ პროცესში – ანუ რას ელის სკოლა მშობლებისგან.  ) სასურველია, საუბარი შეეხოს გულახდილი კომუნიკაციის მნიშვნელობას და არგუმენტირებული კრიტიკული აზრის მიმღებლობას. ) შეხვედრის დასრულების დროს მშობლები ავსებენ კითხვარს, რომლის საშუალებითაც დამრიგებელს გაუზიარებენ შვილის შესახებ საჭირო ინფორმაციას.

 

II შეხვედრის თემატიკა:

მშობლებისთვის საგნის მასწავლებლების გაცნობა.

ზოგჯერ სასწავლო წელი ისე გადის, ამა თუ იმ საგნის მასწავლებელსა და მოსწავლის მშობელს ერთმანეთი არც უნახავთ. ამის მიუხედავად, მათ გარკვეული წარმოდგენები აქვთ ერთმანეთის შესახებ, რაც გარკვეულწილად აისახება ბავშვის დამოკიდებულებაზე ამ საგნის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია საგნის მასწავლებლები სასწავლო წლის დასაწყისში შეხვდნენ მშობლებს და გააცნონ მათ შემდეგი საკითხები:

  • ესგ-ის მიხედვით წლის განმავლობაში მისაღწევი შედეგები.
  • სასწავლო პროგრამების შინაარსი;
  • ძირითადი მეთოდოლოგია, რომელსაც პედაგოგი იყენებს.
  • ექნებათ თუ არა ბავშვებს საშინაო დავალებები
  • როგორ დაეხმარონ მშობლები შვილებს საშინაო დავალების მომზადებაში.
  • შემაჯამებელი თუ სატესტო სამუშაობის რაოდენობა და განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმები.
  • კომუნიკაციის მისთვის მოსახერხებელი ფორმები.

 

 

III აქტივობა  მშობლებისა და მასწავლებლების ინდივიდუალური შეხვედრების გეგმა გრაფიკის შედგენა.

 

მასწავლებლებისა და მშობლების ინდივიდუალური შეხვედრები წელიწადში 3 ან 4-ჯერ შეიძლება დაიგეგმოს, შაბათ დღეს, დღის პირველ ნახევარში. მისი მიზანია, არსებობდეს კონკრეტული დრო და ადგილი იმისთვის, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთი მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში მოინახულონ. თქვენ ალბათ ფიქრობთ, შაბათს დასვენების დღეა და რა ვალდებულები ვართ, სკოლაში მოვიდეთო. სრულიად მართალი ხართ, ვალდებული არ ხართ შაბათს იმუშაოთ. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პედაგოგების სამუშაო დღე სკოლაში გაცილებით ადრე სრულდება, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანების, პრობლემა არ უნდა იყოს  წელიწადში 4 დღის პირველი ნახევარი შესწიროთ მნიშვნელოვან საქმეს. ინდივიდუალური შეხვერდა შეიძლება დაიგეგმოს შემდეგი გრაფიკით.

I – ოქტომბრის ბოლოს                                   III – თებერვლის ბოლოს

II – დეკემბრის ბოლოს                                   IV – ივნისის დასაწყისში.

 

ამ აქტივობის დასაგეგმად საჭიროა რამდენიმე საკლასო ოთახი. თითოეულში 2 მასწავლებელი მერხთან. მის პირისპირ კი თავისუფალი სკამი მშობლისთვის.

შეხვედრაზე მოსულ მშობლებს ეძლევათ საინფორმაციო ფურცელი, სადაც წერია, რომელ კაბინეტში, რომელი საგნის მასწავლებელი იმყოფება. ფურცელზე მითითებულია მასწავლებლის სახელი და გვარიც. მშობელი მიდის, დგება კართან და როცა მისი რიგი მოვა, შედის მასწავლებელთან გასაუბრებაზე. რიგის და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, სასურველია სკოლამ არ დაგეგმოს ერთდროულად ბევრი კლასის შეხვედრა. სასურველია, პედაგოგი შეხვედრისთვის მოემზადოს.  თან იქონიოს იმ კლასის მიერ შესრულებული შემაჯამებელი სამუშოები, ვის მშობლებსაც ხვდება. ყველაზე დიდი შეცდომა რაც ამ შეხვედრაზე შეიძლება დაუშვას მასწავლებელმა შემდეგია: ვერ გაიხსენოს, რომელ ბავშვზეა საუბარი. და/ან მხოლოდ უარყოფითი უთხრას შვილის შესახებ მშობელს.

მშობლების საინფორმაციო ფურცლის ნიმუში

VII (ბე) კლასი –  II სართული
205     ქართული                          ნინო გვარამია
206     მათემატიკა                       ნანა მგალობლიშვილი
207     ინგლისური                      ლალი ნანიტაშვილი
208     ხელოვნება                         ნატო მინდაძე
209     ისტორია                            გელა მალაზონია

 

 

ეს მშობლებთან ურთიერთობების სქემის მარტივი ფორმაა. გარდა აქ ჩამოთვლილი აქტივობებისა, სკოლას შეუძლია განავრცოს მშობლებთან თანამშრომლობის ფორმატი. ააწყოს მოხალისეობის სქემა, დაგეგმოს და განახორციელოს მშობელთა კლუბების მუშაობა, სავალებულო კომუნიკაცია სასიამოვნო კომუნიკაციით ჩაანაცვლოს და ა.შ. სკოლის თანამშრომლებს შეუძლიათ საგანგებო ტრენინგებიც კი გაიარონ და მშობლებთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნონ.

 

წერილში ჩამოთვლილი შეხვედრების შედეგად მშობლები მეტად მობილიზებულები, მეტად მონდომებულები გახდებიან, რომ მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრებაში. ამგვარი აქტივობები მათ იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომ სკოლის თანაბარუფლებიანი პარტნიორები არიან და მათაც აქვთ პასუხისმგებლობები. გარდა ამისა, მასწავლებლებისა და დირექტორების ძალისხმევა მოსწავლეთა მშობლებს ადექვატური მოლოდინების შექმნაში დაეხმარება, სკოლას კი თავიდან აარიდებს გაურკვევლობით გამოწვეულ უსიამოვნებებს.

 

 

 

პატარა სტატისტიკოსები

0

მათემატიკის ზოგიერთი საკითხის შესწავლისას მოსწავლეები სვამენ კითხვას: რაში გამოგვადგება ეს, რა საჭიროა ამის სწავლა? ერთ-ერთი ასეთი საკითხი მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკაა.

მოსწავლეებს უჭირთ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, დახარისხება და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.

21-ე საუკუნეში ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ელემენტარული სტატისტიკური მონაცემების წაკითხვა. თუ მოსწავლე თავის დროზე საკუთარი ხელით შეადგენს დიაგრამას, მას ეს აღარ გაუჭირდება.

ამიტომაც შევთავაზე ბავშვებს არატრადიციული გაკვეთილი. ავირჩიე პროექტული სწავლების მეთოდი. მოსწავლეებთან ერათდ დავგეგმე და განცახორციელე საგაკვეთილო პროექტი „პატარა სტატისტიკოსები“, რის შედეგადაც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა და ათვისებული უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოიყენეს. აღნიშნულმა პროექტმა გაზარდა მათი მოტივაცია. მათ მოიძიეს სკოლის არქივში საინტერესო ინფორმაცია და წარმოადგინეს სვეტოვანი დიაგრამების სახით.

მოსაწავლეებთან ერთად დავსახე სრულიად ახალი ამოცანები, რაც ტრადიციული გაკვეთილისაგან განსხვავდებოდა.

მოგეხსენებათ, პროექტი მოსწავლეებს უვითარებს კვლევით, შემოქმედებით, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარებს.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვისას:

  • პროექტის მსვლელობისას მასწავლებელი უნდა იყოს გეზის მიმცემი.
  • პრობლემა უნდა იყოს აქტუალური, დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
  • უნდა არსებობდეს მატერიალური და ადამიანური რესურსები პროექტის განსახორციელებლად.
  • ვადები ისე უნდა განისაზღვროს, რომ საკმარისი იყოს მიზნის მისაღწევად.
  • გუნდის წევრებს შორის ფუნქციები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ წარმოჩნდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე.

 

პროექტული სწავლების ძლიერი მხარეები:

  • მოსწავლეები თვითონ არიან პასუხისმგებელნი საკუთარ სამუშაოზე, რაც ზრდის მათ პასუხისმგებლობას.
  • მასწავლებელი ფასილიტატორია.
  • მასწავლებელი აძლევს მხოლოდ რჩევებს ან პასუხობს კითხვებს.

აღნიშნული გაკვეთილის შედეგად:

  • მოსწავლეებმა შეძლეს შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება;
  • შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად შეგროვება, დახარისხება და წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით;
  • შექმნეს რესურსი.

მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ტრანსფერის, პრეზენტაციის, ანალიზის, თვითშეფასების, რეფლექსიისა და შემოქმედებითი მიდგომის უნარ-ჩვევები.

 

გაგაცნობთ განხორციელებული პროექტის აქტივობებს:

1) მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფებად დაყოფა და ფუნქციების განაწილება

2) პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებთან

3) სკოლის დირექციის, კათედრის მოწვევა და დაგეგმილი პროექტის გაცნობა

4) მოსწავლეების გამოკითხვა დამრიგებლებთან თანამშრომლობით

5) სკოლის არქივში ვიზიტი და ინფორმაციის ორგანიზება, დახარისხება

6) ისტ-ის კაბინეტში მუშაობა (მონაცემებისათვის დიაგრამების შერჩევა)

7) შექმნილი რესურსის პრეზენტაცია გაკვეთილზე

8) შექმნილი რესურსის სკოლის სივრცეში გამოფენა

აქვე წარმოგიდგენთ მოსწავლეების მიერ შექმნილ რესურსს

 

როგორ უნდა შეუწყოს ხელი სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას

0

 

20 ოქტომბერს საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დავესწარი. კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, მოწვეული სტუმრები ოთხ თემატურ სამუშაო ჯგუფში გადანაწილდნენ. ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის (რომლის წევრიც ვიყავი) თემატიკა ეხებოდა სკოლის ადმინისტრაციის როლს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების მიმართულებით.

ხშირად ვაწყდები დისკუსიას საზოგადოებაში დაბალი სამოქალაქო ცნობიერების არსებობის შესახებ. ძირითად შემთხვევაში დისკუსიაში მონაწილე მხარეებს ყურადღების მიღმა რჩებათ  სკოლის როლი.  არადა, განათლების სისტემის მიზანია, განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, გააცნოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობის განხორციელებაში.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში გვიწერია: სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა. შესაბამისად, სკოლის უმთავრესი როლი, სწორედ  მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე ახალგაზრდის აღზრდაა.

პირველ რიგში, ვისაუბრებ იმაზე, თუ რა უშლის დღეს ხელს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.

  • ხაზგასასმელია დირექციისა და სკოლის ადმინისტრაციის როლი. ჩემი დაკვირვებით, ქართულ რეალობაში, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან აქცენტი აკადემიური მოსწრების კონტროლისა და უსაფრთხო სკოლის პრინციპების დაცვის მიმართულებით კეთდება. ამ დროს ნაწილობრივ იზღუდება თავისუფლება, რაც სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.
  • ჩემი, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის თვალით დანახული მეორე ფაქტორი გამოცდებზე ორიენტირებას ეხება. ამაში მთავარი „დამნაშავე“ განათლების სისტემა და მისი მოთხოვნებია. სწორედ სისტემა კარნახობს სკოლასა და პედაგოგს, რომ მოსწავლე მოამზადოს გამოცდების ჩასაბარებლად;
  • ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სკოლაში მიმდინარე უამრავი ფიქტიური პროცესი. სინამდვილეში ამ პროცესების აქტიური მონაწილე მოსწავლე უნდა იყოს;
  • ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის მასწავლებლების არასწორი დამოკიდებულება და აღქმა. პედაგოგები თვლიან, რომ უმთავრესი მიზანი საგნის სწავლებაა. ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება უმთავრესი – ღირებულებების, პრინციპების, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და ადამიანური ღირსებების საკითხები.

სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება დაკავშირებულია პასუხისმგებლობების, უფლება-მოვალეობების კარგად გააზრებასთან, აღზრდასთან. მიზნის მიღწევა შესაძლებელია, როგორც ფორმალური საგაკვეთილო პროცესის კვალდაკვალ, ასევე არაფორმალური განათლების გზითაც. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მიმართულია მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობისკენ.

სამართლიანობის განცდა და სანდო გარემო – დიდწილად სკოლის დირექციაზე დამოკიდებული სამართლიანობის განცდის, ჯანსაღი კლიმატის, დაცულობის შეგრძნებისა და ნდობის მაღალი მაჩვენებლის არსებობა, რაც მოსწავლეს თავისუფლად განვითარების საშუალებას აძლევს.

ასეთ პირობებში მოსწავლემ იცის, რომ ის არ იქნება უსამართლობის, ბულინგის, დაცინვის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში თავისუფლად მიმართავს დირექციას ან უფლებამოსილ პირს/ორგანოს.

თავისუფლებისა და ინიციატივების წახალისება – სწორედ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა თავისუფალი გარემო, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება. ასეთ გარემოში მოსწავლეებს აქვთ ინიციატივები, რომლებიც მხარდაჭერილია სკოლის დირექციის მიერ.

სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა – საჯარო სკოლებში არსებობს დისციპლინური კომიტეტი, რომელიც რეაგირებს სკოლაში მომხდარ დისციპლინურ გადაცდომებზე. კომიტეტს ჰყავს 6 წევრი, მათ შორისაა სკოლის თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი 2 მოსწავლე. ბევრ სკოლაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომების განხილვაში ძირითადად 2 მშობელი და 2 მასწავლებელი მონაწილეობს. რიგი მიზეზების გამო მოსწავლეებს არ ატყობინებენ ჩანიშნული სხდომის დროსა და საკითხებს.

როდესაც ვსაუბრობთ მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, ჩემი ფიქრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების მონაწილეობას დისციპლინური კომიტეტის საქმიანობაში. აღნიშნული საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩაიხედოს პედაგოგიური საქმიანობის სირთულეებში, მოთხოვნებში და გაიაზროს ისინი. ასევე მოსწავლე, რომელიც დისციპლინური გადაცდომების განხილვაში მონაწილეობს, იაზრებს, რომ არავინაა შეუმცდარი და ნაკლებად აქვს შეცდომების შიში.

სკოლის თვითმმართველობის გაძლიერება – ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე სკოლებში ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. ერთი შეხედვით ეს რუტინული ამბავია. სწორედ არჩევნის თავისუფლების პრინციპის დაცვა უწყობს ხელს  სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. მოსწავლეებმა სკოლიდანვე იციან, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ან თავად იყვნენ არჩეულნი სკოლის თვითმმართველობაში. გაყალბება კი, მიუღებელი საქციელია. უშუალოდ ვარ მომსწრე როგორ შეიცვალა დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებისადმი. იყო პერიოდი, როდესაც სკოლაში თვითმმართველობის არჩევნებისას დამრიგებლები თვითონ არჩევდნენ წარმომადგენლებს. სკოლის დირექტორმა, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მთხოვა, მომეზადებინა კლასები არჩევნებისთვის. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები, განვმარტეთ თვითმმართველობის როლი და მისია. 2016 წლიდან მოყოლებული მსურველები წარადგენენ გაწერილ პროგრამას. გვყავს აქტიური თვითმმართველობა.

არაფორმალური განათლება – არაფორმალურ გარემო უფრო მეტად იზიდავს მოსწავლეებს, ვიდრე ფორმალური საგაკვეთილო პროცესი. ამ გარემოებას იყენებს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეებს რთავს პროექტებში, რომლებიც სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.

მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოზარდი არის აქტიური. ის ინტერესდება თემში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, ცდილობს შეცვალოს არსებული რეალობა უკეთესობისკენ.

თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან – სკოლის ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია საზოგადოებრივი ჯგუფების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა. სკოლასა და თემში მოქმედი თუ ცენტრიდან ჩამოსული სამოქალაქო აქტივისტების მჭიდრო ურთიერთობა დადებითად აისახება მოსწავლეებზე. სკოლაში ინტენსიურად ტარდება სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა თუ ამაღლებაზე ორიენტირებული შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები და სიმულაციური თამაშები. ამ დროს მოსწავლეებს უყალიბდებათ დამოკიდებულებები და შეხედულებები.

ზემოთ მოყვანილი რჩევები არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის ერთადერთ მზა რეცეპტს. ეს არის, ჩემი, როგორც პრაქტიკოსი პედაგოგისა და სკოლის ადმინისტრაციის ყოფილი წევრის  ნააზრევი. მიმაჩნია, რომ სკოლაში, სადაც არის დაცულობის მაღალი დონე, სამართლიანობის განცდა, წახალისებულია ინიციატივები და თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებასა და არაფორმალურ განათლებაში; არსებობს ძლიერი, დემოკრატიის პრინციპის დაცვით არჩეული თვითმმართველობა; მეტი შანსია, რომ  ბავშვებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული საკუთარი როლი საზოგადოების განვითარებაში.

ეს ყველაფერი კი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

წნევა. წნევის შემცირების და გაზრდის ხერხები

0

სურათის ჭიკარტით კედელზე გაკვრისას წამახვილებული ჭიკარტი ადვილად ესობა, გლუვ, ფაფუკ თოვლზე სიარული კი ძალიან ჭირს – ყოველ ნაბიჯზე თოვლში ვეფლობით, თხილამურით სიარულისას კი ადვილად გადავაადგილდებით და ვსრიალებთ. რას ნიშნავს ეს? ორივე შემთხვევაში ხომ ერთი და იგივე ძალით ვმოქმედებთ თოვლიან ზედაპირზე? საქმე ის გახლავთ, რომ ძალის მოქმედების შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ ძალის სიდიდეზე, არამედ იმ ზედაპირის ფართობზე, რომლის მართობულადაც იგი მოქმედებს.
ჩავატაროთ ასეთი ცდა (ნახ.1) : ღრუბელზე დავდოთ  5კგ. მასის ტვირთი თავდაპირველად ისე, როგორც ზედა სურათზეა ნაჩვენები, შემდეგ კი ისე, როგორც ქვედა სურათზეა ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ტვირთის მასა ერთი და იგივეა, ღრუბელი თავდაპირველად გაცილებით მეტად დეფორმირდა, ვიდრე მეორე შემთხვევაში. ავხსნათ სურათზე ნაჩვენები მოვლენა. საქმე ისაა, რომ პირველ შემთხვევაში სხეული გაცილებით ნაკლებ ფართობს

ნახ.1

ეყრდნობა, ამიტომ ფართობის ერთეულზე გადანაწილებული სხეულის  წონა და შესაბამისად, დატვირთვა მეტია, ვიდრე მეორე შემთხვევაში. შედეგად ზედა სურათზე ღრუბლის დეფორმაციის ხარისხი მეტია, ვიდრე ქვედა სურათზე.

ასეთ შემთხვევებზე ამბობენ, სხეულის მიერ წარმოებული წნევა ღრუბელზე პირველ სურათზე მეტია, ვიდრე მეორეზე.  ჩატარებული ცდიდან ჩანს, რომ წნევა დამოკიდებულია საყრდენი ზედაპირის მართობულად მოქმედ ძალაზე და საყრდენი ზედაპირის ფართობზე.

 

როგორც ფორმულიდან ჩანს, ერთი და იმავე ძალის პირობებში ამ ძალის მართობული საყრდენი ფართობის გაზრდით წნევა მცირდება და პირიქით, ფართობის შემცირებით წნევა იზრდება.

სურ.2

ტექნიკაში ამ ფაქტს დიდი გამოყენება აქვს – მუხლუხა ტრაქტორის მიერ ნიადაგზე წარმოებული წნევის შესამცირებლად მუხლუხების ფართობს ზრდიან. ამავე მიზნით ზრდიან თვითმფრინავის და სატვირთო ავტომობილების საბურავების ფართობებს, განსაკუთრებით განიერ საბურავებს უკეთებენ ისეთ ავტომობილებს, რომლებიც უდაბნოში სასიარულოდ არის განკუთვნილი. მათემატიკურად გამოთვლილია, რომ ჭიკარტის ხეში ჩასობისას 10 000-ჯერ მეტ წნევას ვაწარმოებთ, ვიდრე მუხლუხა ტრაქტორი აწარმოებს წნევას ნიადაგზე.

სურ.3

სურ.3 -ზე წარმოდგენილია შთამბეჭდავი ცდა: 175 ლურსმანზე მოთავსებულ გაბერილ რეზინის ბუშტზე თუ ზემოდან მოვათავსებთ ჰორიზონტალურად საყრდენს და მასზე ვიმოქმედებთ განსაზღვრული ძალით, ბუშტი არ გასკდება, რადგან მოხდება ძალის გადანაწილება დიდ ფართობზე და თითოეული ლურსმნის მიერ  წარმოებული წნევა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბუშტი გასკდეს.
ნახ.4-ზე ჩანს ფანქრის თითებზე საყრდენი ფართობის ზომა. სურათზე ასევე კარგად ჩანს თითების დეფორმაციის სიდიდე. დიდ ფართობს შეესაბამება პატარა დეფორმაცია, ხოლო პატარა                     ფართობს – დიდი დეფორმაცია.

ნახ.4

მეორე მხრივ, რაც მეტია საჭრელი ხელსაწყოს მიერ წარმოებული წნევა, მით უფრო ადვილია მისი გამოყენება – კარგად გალესილი დენა ადვილად ჭრის პურს, ხორცს, ბოსტნეულს, რადგან გალესვისას მისი ზედაპირის ფართობი შემცირდა და ზედაპირის მართობულად წარმოებული მცირე ძალამაც კი დიდი წნევა წარმოქმნა.

ფორმულიდან ასევე ჩანს, რომ ერთი და იმავე ფართობის შემთხვევაში წნევის გასაზრდელად საჭიროა ძალის გაზრდა და პირიქით, წნევის შესამცირებლად საჭიროა ძალის შემცირება. მაგალითად, კარგად დასაუთოებლად საჭიროა უთოს უფრო მეტი ძალით დავაწვეთ.

სურ.5

ცოცხალ ბუნებაშიც გვხვდება მჩხვლეტი და მჭრელი საგნები (სურ.5). მაგალითად, მაგარი და ძალიან მახვილი კბილები, ბრჭყალები, ნისკარტი, ეკლები და სხვა.

ამრიგად, ამ სტატიაში გავეცანით წნევას, წნევის შემცირების და გაზრდის ხერხებს.

 

ლიტერატურა:

 

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  4. ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:

https://fizik-fizik.blogspot.com/2010/06/forces-and-pressure.html

https://www.physicsexperiment.co.uk/content/stubborn.html

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...