კვირა, მაისი 10, 2026
10 მაისი, კვირა, 2026

გზა არყოფნისაკენ

0

გრიგოლ აბაშიძის  ერთი ლექსის სამყარო

როგორია ლექსი, რომელსაც თანამედროვენი შედევრად აღიარებენ? ზოგადად, მკითხველებს ძალიან უჭირთ რომელიმე ნაწარმოების შეფასება, როგორც შედევრისა. დაუწერელი კანონით, თითქოს ამისთვის აუცილებლად დიდი დრო უნდა იყოს გასული. მურმან ლებანიძემ კი გრიგოლ აბაშიძის 1994 წელს შექმნილ ლექსს „არყოფნისაკენ“ შედევრი უწოდა: „ეს ლექსი უკანასკნელი წლების თვალსაჩინო პოეტური მიღწევაა. ნუ შეგვეშინდება, ეს გახლავთ შედევრი _  80 წლის ასაკში, დაწერილი ყოველგვარი მოდური მანიპულაციებისა და თვითმიზნური ნოვაციების გარეშე, სწორედაც გრიგოლ აბაშიძისეული ნაცადი ოსტატობით“.

„არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ!

ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები,

გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ,

უკვე გაშლილან იალქანები,

არარსებულთან შესაერთებლად

სულმოუთქმელად მივექანები“ ( „არყოფნისაკენ“).

„შედევრს ავტორი კი არ ქმნის, არამედ მკითხველი, _ წერდა პოლ ვალერი, _მისი რანგი, მისი კვალიფიკაცია. დახვეწილი, დინჯი, მოცლილი, მოთმინებითა და მიამიტობით აღჭურვილი მკითხველი. დიახ, მხოლოდ ამნაირ მკითხველს შეუძლია შექმნას შედევრი. მხოლოდ მას შეუძლია მოითხოვოს უჩვეულობა, გულმოდგინება. ამოუწურავი ეფექტები, სიმკაცრე, ელეგანტურობა, სინატიფე, სიახლე“. თანვე ერთგვარი სინანულით დასძენს: „მაგრამ ის მკითხველი, რომლის ფორმირებაც, რომლის ძიებებიც, რომლის ყოყმანიც თუ რყევაც შეიძლებოდა ლიტერატურის ისტორიის ჭეშმარიტი თემა ყოფილიყო, დიახ, ეს მკითხველი კვდება“.

თუმცა, ალბათ, ისევ აღდგება კიდეც ფენიქსივით. თომას ელიოტს თუ დავეთანხმებით, რომლის აზრითაც, პოეტი პოეზიის საუკეთესო შემფასებელია, მურმან ლებანიძეს ნამდვილად დაეჯერება. იგი, ვალერისეული გაგებით, მართლაც, შედევრის შემქმნელი მკითხველია.  ეს  ლექსი თითქოს პოეტის აღსარებაცაა, სინანულითა და ტკივილით გაჟღენთილი. გრიგოლ აბაშიძე თანაბარი გატაცებით ქმნიდა პოეზიასა და პროზას. განსაკუთრებით ცნობილია მისი ისტორიული რომანები: „ლაშარელა“ და „დიდი ღამე“.

80 წლამდე იშვიათად მიუღწევიათ ცნობილ მწერლებს, ამიტომაც თვითონ ამგვარი გამოთქმა, „შედევრი  _ 80 წლის ასაკში“ თავისებურ საოცრებად წარმოჩნდება, თუმცა, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, გოეთე გაგახსენდათ, რომელმაც სწორედ 80 წლის ასაკში დაასრულა „ფაუსტის“ მეორე ნაწილი. მთავარი ასაკი როდია, სულმა ხომ ასაკი არ იცის, მთავარი ერთგვარი მზაობაა იმ დიდი ენერგიის მოსაწესრიგებლად, რომელიც შემოქმედებითი მუხტის ძალით ეძლევა რჩეულს. ბარათაშვილმა ამ ენერგიის ხორცშესხმა „მერანის“ სახით 24 წლის ასაკში შეძლო, 19 წლის არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“ უკვე დაწერილი ჰქონდა.  26 წლის გურამ რჩეულიშვილმა და ლადო ასათიანმაც მოასწრეს თავიანთი შედევრების შექმნა. ცნობილმა იაპონელმა რეჟისორმა აკირა კუროსავამ მეორე გენიოს რეჟისორს ინგმარ ბერგმანს 70 წლის იუბილე წერილით მიულოცა, რომელშიც დაწერა: „ადამიანს არ შესწევს იმის უნარი, შექმნას ნამდვილად კარგი ნამუშევრები, სანამ ოთხმოც წელს არ მიაღწევს“.   ასე რომ, მთავარი ისაა, შეძლებს თუ არა ვინმე ისეთი ფასეულობის შექმნას, შედევრად რომ მონათლავს მკითხველი. გრიგოლ აბაშიძის ეს ლექსი შედევრად სხვა პროფესიონალმა ლიტერატორებმაც მოიხსენიეს.

ეს ლექსი თავისუფლების სიმფონიასავით აგვირგვინებს გრიგოლ აბაშიძის მთელ მიწიერ მოღვაწეობას. იქნებ უფრო რექვიემივითაც გაისმის, თუმცა, მასში ძლიერია ორივე ნაკადი — სწრაფვა სიკვდილისა და სწრაფვა სიცოცხლისაკენ, ოღონდაც ზღვარი მათ შორის მოშლილია. უსასრულობისაკენ ლტოლვა თანაბრად ვლინდება თავისუფლების, სიცოცხლის, სიკვდილის წყურვილში.

„არყოფნისაკენ“, ერთი შეხედვით, ჩვენთვის ძალიან „ნაცნობი“ ლექსია. აქ არის ინტერტექსტუალური პარალელები, ალუზიები, რემინისცენციები და ინტონაციები „ვეფხისტყაოსნისა“, „მერანისა“, „ლურჯა ცხენებისა“, „ღვთაებრივი კომედიისა“, ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნიმუშებისა. სხვანაირად, ალბათ, არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ამ ლექსის შექმნისას პოეტი უკვე ნაკლებ იყო მხოლოდ „თვითონ“ — არამედ უფრო მეტად — „სხვები“ მასში. ეს „სხვები“ კი იტევს უდიდეს ადამიანურ გამოცდილებას. „სხვები“ — გრიგოლ აბაშიძემდე არსებული სამყაროა, უდროო და უსივრცო. ყველაზე მძაფრად კი ერთი „სხვა“ ირეკლება, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე უწოდებდა „ჩემს სხვას“, მაისტერ ეკჰარტი კი უფრო ზუსტად გამოხატავდა ამას: სხვა, რომელიც უფრო ახლოა ჩემთან, ვიდრე მე ჩემს თავთან. ეს „სხვა“ უჟამო ჟამია, „უცნაური და უთქმელი“ (რუსთველი).

პოეტი ამ შემთხვევაში, მართლაც, თითქოს მხოლოდ „ბაგეებია“, რომელთაც სიტყვებს „სხვები“ აწვდიან, ან საყვირია — „სხვათა“ სუნთქვით ახმაურებული. შედევრიც ხომ ისაა, რასაც ილია გენიოსზე წერდა, რომ გენიოსი თავისთავში შემოიკრებს და გამოავლენს უკვე არსებულს, ოღონდაც ახალ სიმაღლეზე მოწესრიგებულს.

ამ ლექსში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცნობილ პოეტებსა და ნაწარმოებებს მაშინვე „იცნობს“ მკითხველი. რა თქმა უნდა, ეს „ცნობა“ ძალზე პირობითია და სუბიექტური:

აი, ბარათაშვილი:

„არყოფნისაკენ!

არყოფნისაკენ!

ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები.“

ტერენტი გრანელი:

„არყოფნა მინდა, რაც

თავისთავად

არც სიცოცხლეა, არც სიკვდილია“.

აკაკი:

„მე სიხარულიც ბევრი მინახავს,

სისხლის ცრემლებიც ბევრჯერ მდენია,

ბოლოს სიბერე სულ გამიმწარდა…“

ვაჟა-ფშაველა:

„შური და ბოღმა იქ არ იქნება,

არც უზნეობის სხვა რამ ცდუნება“.

„ლურჯა ცხენები“:

“იქ ჩემს მისვლასაც

ვერვინ შეიტყობს

ვერც შემოსასწრებს ჩემსას შესვამენ,

ალერსით არვინ მომეგებება“.

ტერენტი გრანელი:

„აღარც სიცოცხლე,

აღარც სიკვდილი,

მე რაღაც სულ სხვა მინდა — მესამე“.

ჟიულ ლაფარგი:

„უცნობ პლანეტებს

ქროლვით ჩავუვლი,

ქუდმოხდილი და ფეხზე ამდგარი“.

და კიდევ ბევრი სხვა. როგორც ქარში არ ჩანს ჰაერის უამრავი ნაკადი, რომლებიც ქარის ძალას ქმნის, ასევეა ლექსიც: არ „ჩანს“, მაგრამ შევიგრძნობთ მათ და ამიტომაც ეს ლექსი გრიგალივით გუგუნებს, ერთდროულად მიმზიდველი და შემაძრწუნებელი.

„არყოფნისაკენ“ სიკვდილისაკენ სწრაფვაა მისი გაუფასურების, მისი ღირებულებების (ჯოჯოხეთი, სამოთხე, სამსჯავრო) უარყოფის გზით, მაგრამ თანვე ეს სწრაფვა არყოფნისაკენ სიკვდილის გადალახვას გულისხმობს. სიკვდილი თითქოს არყოფნის ერთი კუნჭულია, არყოფნა კი ვრცელი და „მოსახილველი სამყაროა“, როგორც „ლურჯა ცხენების“ „სამუდამო მხარე“ თუ „მერანის“ „საზღვარს იქით“. მაგრამ სიკვდილის დაძლევა ამქვეყნიური ცხოვრებით ხდება:

„გაუკვლეველი გზის გასაკვლევად

სხვა ძალას ვცდი და ჩავრთავ სხვა ძალას —

ჩემს ხორცშეუსხმელ ლამაზ ოცნებებს

უხვად დავხარჯავ საგზალ-საწვავად“.

ეს ოცნებათა „საგზალ-საწვავი“ საჭიროა იმისთვის, რომ პოეტი გადაიქცეს „ქროლად“, ე.ი. უნებურად იგი კვლავ სიცოცხლისაკენ მიისწრაფვის, რომელიც მარადიული მოძრაობაა და სხვა არაფერი. ასე რომ, „არყოფნისაკენ“ — თავდავიწყებული შეძახილისას ჩაგვესმის „სიცოცხლისაკენ“. ეს ღვთაებრივი წრეა. ეს ღმერთში მიმოქცევაა.

„და აი, უკვე არყოფნისაკენ

სულმოუთქმელად მივექანები.

გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ,

შავად გაშლილან იალქანები,

არყოფნისაკენ!

არყოფნისაკენ!

ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები.“

ასე ამოტრიალდება ლექსის მთლიანი ზედაპირი და გამოჩნდება დაფარული. თუ დასაწყისში „გიჟურ ქროლაში გაქრობა“ გაქცევას, დავიწყებას, სიცარიელეს გულისხმობდა, ლექსის ბოლოსკენ ეს სურვილი უკვე დაბრუნებას აღნიშნავს. სწორედ ეს არის ლექსის ღირსება. პოეტი გრძნობს სიტყვის უზენაეს ძალმოსილებას. სიტყვა, ამ შემთხვევაში, მართლაც, სულია, რომელსაც „ვიდრე უნებს, ქრის“. როცა „ჩანს“ — სიცოცხლეა, როცა არ „ჩანს“ — სიკვდილი, მაგრამ ყოველთვის „ქრის“. მთავარიც სწორედ ესაა, ლექსი ცოცხალია, მთელია, იგი ფეთქავს და მოძრაობს, იგი მუხტავს მკითხველის გონებას. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სიტყვები, ჩვეულებრივი განწყობილებანი, ნაცნობი ფილოსოფიურ-რელიგიური განსჯანი პოეტის მიერ მიგნებულ იდუმალ „კომბინაციაში“ ახალ მნიშვნელობებს იძენენ და ახალ მთელს ქმნიან. „არყოფნისაკენ“ წარმოჩნდება, როგორც დასტური თუ ბეჭედი ყოფნის ღირებულებისა.

ცხოვრების ამაოებაზე დასკვნას კაცი 16-სა თუ 80 წლის ასაკში თანაბარი გატაცებით აკეთებს. 25 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის გულისტკივილით სავსე წერილი გვახსენდება, მაიკო ორბელიანს რომ მისწერა: „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული“.  მოხუცივით ფიქრი სიბრძნის სინონიმია, ერთ ლექსში მისივე ირონიის საგნად რომ იქცა: „სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს/ და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!“ („ჩემთ მეგობართ“). მაგრამ ცხოვრების ბოლოში დანახული „ყოფნის აზრი“ სხვა სიმაღლეა, რომელზეც ერთეულები ადიან, უფრო ნაკლებნი კი შეძლებენ ხოლმე ამის გამოთქმას.  გრიგოლ აბაშიძე ერთ-ერთი მათგანია. „არყოფნისაკენ“, მაგრამ  მხოლოდ სიცოცხლის გზის გავლით! ასეთია გრიგოლ აბაშიძის ლექსი-შედევრის, ლექსი-ანდერძის მთავარი პათოსი.

როგორ ვასწავლოთ მოზარდს თვითკონტროლი

0

თქვენი შვილი მშვიდი და დამყოლი იყო, მაგრამ მოულოდნელად მკვეთრად შეიცვალა, რადგან თინეიჯერი გახდა. ის აღარ გისმენთ, ყველაფრით უკმაყოფილოა და მისთვის თქვენ სულაც აღარ ხართ ავტორიტეტი. ფსიქოლოგიის პროფესორი, ლოურენს სტეინბერგი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს და მშობლებს თავისუფლეად შეუძლიათ მოზარდობის უარყოფითი მხარეების უპირატესობებად ქცევა. პროფესორი ამას თავის წიგნში – „გარდატეხის ასაკი“ ყვება:

„თანატოლების გავლენის ქვეშ მოხვედრა, გაუმართლებელი აგრესია, სარისკო ქცევა, მავნე ჩვევების გაჩენა – ეს და სხვა მოზარდობის პრობლემა, ბევრი მშობელისთვის კარგადაა ცნობილი. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რა არის ამის ჭეშმარიტი მიზეზი. მიზეზს ნეირობიოლოგია განმარტავს. თურმე, მოზარდის იმპულსური ქცევა დაკავშირებულია თავის ტვინის ბუნებრივ განვითარებასთან ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში. და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები? ბოლოს და ბოლოს, აქვს თუ არა აზრი საყვედურებს, თუკი მოზარდი თავის თავს  უბრალოდ ვერ აკონტროლებს?

მნიშვნელოვანია იმის გაგება, ტვინის რომელი უბნებია ყველაზე მოქნილი მოზარდობის ასაკში. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება ლიმბური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებსა და სიამოვნების გრძნობებზე, ასევე პრეფრონტალური ქერქი – სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანის თვითკონტროლის განხორციელების უნარი.

და თუ მოზარდის თვითკონტროლზე პასუხისმგებელი თავის ტვინის უბანი ჯერ კიდევ მყიფეა, სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ზეაქტიურია ლიმბური სისტემა. ამის გამო, ბავშვი მუდმივად ეძებს ახალ შეგრძნებებს, სჩადის სარისკო ქმედებებს და ავლენს ზედმეტ ემოციურობას, შედეგებზე ფიქრის გარეშე.

მოზარდებში ლიმბური სისტემა და პრეფრონტალური ქერქი ძალიან მგრძნობიარეა სტიმულაციის მიმართ, მაგრამ ამავე დროს, არანაკლებ მოწყვლადია უარყოფითი გავლენების მიმართ.

თინეიჯერულ ასაკში საკუთარი თავის კონტროლის უნარი დიდწილად დამოკიდებულია გარემოზე.

ამიტომ სტრესმა, დაღლილობამ ან ცუდმა გარემომ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა. ეს პირობები ასუსტებს მოზარდის თვითრეგულირების შესაძლებლობას. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც თინეიჯერებს აქვთ დაუცველი სექსი, უარს ამბობენ სკოლაში სიარულზე, არღვევენ კანონებს და სხვ.  მათ კარგად იციან ამ ქცევის შედეგები, მაგრამ უჭირთ საკუტარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

გარდა ამისა, სიამოვნების ცენტრი, რომელიც ლიმბურ სისტემაშია, უფრო მგრძნობიარეა მოზარდებში ალკოჰოლის, ნიკოტინისა და კოკაინის ზემოქმედების მიმართ. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თინეიჯერები განსაკუთრებით ადვილად ხდებიან დამოკიდებულნი ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებზე.

მოზარდისთვის შეგრძნებები განსაკუთრებით სასიამოვნოა თინეიჯერობის პირველ ნახევარში (სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე და ასევე 16 წლიდან). ამიტომ, ბავშვები მთელი ძალით ილტვიან იმისკენ, რაც მათ პოზიტიურ ემოციებს მოუტანს. რა თქმა უნდა, ადამიანი ნებისმიერ ასაკში ელტვის სიამოვნებას, მაგრამ თინეიჯერები ხშირად პოტენციური ჯილდოს გამო საფრთხეშიც კი თავს იგდებენ.

რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა? პირველ რიგში, აუცილებელია მოზარდის დაცვა იმ ნეგატიური გავლენისგან, რომლის მიმართაც ის ცხოვრების ამ პერიოდშია მოწყვლადი. მეორეც, თქვენ უნდა ასწავლოთ ბავშვს ეფექტიანად და თანმიმდევრულად გამოიყენოს „სამუხრუჭე სისტემა“, რომელიც თვითრეგულირებაზეა პასუხისმგებელი.

როგორ ვასწავლოთ მოზარდებს თვითკონტროლი

ფსიქოლოგებმა მოახერხეს გაერკვიათ, თუ როგორ იქცევიან მშობლები, როდესაც მათ შვილებს თვითრეგულირების კარგი დონე აქვთ. აღმოჩნდა, რომ თუ გსურთ მოზარდში ეს შესაძლებლობა განავითაროთ, მხოლოდ სამი რამის გაკეთება გჭირდებათ: გამოხატეთ თქვენი სიყვარული, იყავით მკაცრი და გამოხატეთ მისი მხარდაჭერა ისე, რომ ბავშვმა საკუთარი თავი იწამოს.

აქ მოცემულია რამდენიმე მეცნიერულად დამტკიცებლი რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ მოზარდს თვითკონტროლის უნარის განვითარებაში.

არ დამალოთქვენი სიყვარული. ნუ დაიშურებთ სიყვარულს და იყავით მგრძნობიარე შვილის ემოციური მოთხოვნილებების მიმართ. მშობლების სიყვარული ნდობისა და სიმშვიდის შეგრძნებას იწვევს, რაც აუცილებელია თვითრეგულირების განვითარებისათვის. გახსოვდეთ, მოზარდმა უნდა აღიქვას სამყარო, როგორც უსაფრთხო და სასიამოვნო ადგილი. აი, რამდენიმე კონკრეტული წესი:

  • ბავშვის მიმართ სიყვარული არასდროს არის ძალიან ბევრი. მას არ დააზარალებს ის, თუ ხშირად შეახსენებთ, რომ ის თქვენი უსასრულო ბედნიერების წყაროა.

 

  • თავისუფლად გამოხატეთ თქვენი სიყვარული ფიზიკურად. საკმარისია სკოლაში წასვლის წინ სწრაფად აკოცოთ, მოეხვიოთ, როდესაც სკოლიდან დაბრუნდება, მოუთათუნოთ მხარზე, როდესაც მაგიდასთან თავჩახრილი დავალებას შეასრულებს. ასეთი კონტაქტი, რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს, აძლიერებს თქვენს ორმხრივ ემოციურ დამოკიდებულებას.

 

  • ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სახლი არის ის ადგილი, სადაც შეუძლია დაემალოს ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებს. შექმენით ისეთი ატმოსფერო, რომელიც საშუალებას მისცემს თქვენს მოზარდს ნამდვილად დაისვენოს და დაივიწყოს პრობლემები. შეუმცირეთ სტრესის დონე. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ოჯახში ჩხუბი და კამათი.

 

  • ჩაერთეთ თქვენი შვილის ცხოვრებაში (დოზირებულად!). ის ბავშვები, ვისი მშობლებიც მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, უკეთ სწავლობენ. იმ ბავშვებს, რომელთანაც მშობლები თავისუფალ დროს უბრალოდ საუბრობენ, უკეთესი თვითშეფასება და ნაკლები ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. თუ მშობლები იცნობენ თავიანთი შვილის მეგობრებს, ნაკლები შანსია, რომ საშიშ ამბებში გაეხვნენ და პრობლემები შეექმნათ.

 

ადამიანი სწავლობს თვითრეგულირებას მაშინ, როცა ჯერ სხვები არეგულირებენ მის ქცევას. ბავშვებს უვითარდებათ თვითკონტროლის უნარები, როდესაც მიიღებენ იმ წესებს, რასაც მშობლები დაუწესებენ და შემდეგ თვითონ იცავენ მათ. თუ თავიდანვე არ არსებობს გარე კონტროლი, მაშინ არც შიდა კონტროლი ჩამოყალიბდება. აუცილებლად გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები:

 

  • კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოლოდინები. ის, რაც ზრდასრული ადამიანისთვის აშკარაა, თინეიჯერებისთვის აშკარა არ არის. საკმარისი არ არის თქვენს 13 წლის ქალიშვილს სთხოვოთ ოთახის დალაგება. უნდა აუხსნათ, რომ მტვერსასრუტი უნდა გამოიყენოს, გაწმინდოს მტვერი, მოაწესრიგოს მაგიდა და საგნების კარადაში შეაწყოს. თუ შესაძლებელია, მიუთითეთ კონკრეტული ციფრები, მაგალითად, რა დროს უნდა იყოს მოზარდი სახლში სკოლის შემდეგ.

 

  • აუხსენით რაში მდგომარეობს თქვენი გადაწყვეტილებების არსი. როდესაც ბავშვებს ესმით წესების ლოგიკა, მათთვის ბევრად უფრო ადვილია ისწავლონ როგორ მოიქცნენ. ჰკითხეთ მოზარდს, რას ფიქრობს თქვენს მოლოდინებზე. ეს მას აჩვენებს, რომ მისი აზრი თქვენთვის ფასეულია.

 

  • იყავით თანამიმდევრული. თუ ყოველ დღე ახალ-ახალი წესები დაწესდება ან მშობლები გარკვეული წესების აღსრულებას დროდადრო მოითხოვენ, ბავშვის უპასუხისმგებლობაც შეუძლიათ მომავალში თავის თავს დააბრალონ.

 

  • იყავით სამართლიანი. ოჯახის წესები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. შეცვალეთ ისინი მოზარდის ასაკის მატებასთან ერთად, თუკი წესები აქტუალობას დაკარგავენ.

 

  • არ დასაჯოთ მოზარდი ძალიან მკაცრად. ზოგჯერ სასჯელი აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვი არ ისწავლის ემოციების და ქცევის კონტროლს, თუ მშობლები დაამცირებენ, ფიზიკურად შეურაცხყოფენ ან ზედმეტად გამოხატავენ გაბრაზებას.

მხარდაჭერა. იმისათვის, რომ თქვენს შვილს თვითკონტროლი განუვითარდეს, თქვენი კონტროლი თანდათან უნდა შემცირდეს. მიეცით თინეიჯერს ცოტა მეტი თავისუფლება და ავტონომია, ვიდრე მას სჩვევია – იმ დოზით, რომ საკმარისად იგრძნოს წარმატება, თუ რამე გამოუვიდა და თუ არ გამოუვიდა, თავიდან აიცილოს სერიოზული შედეგი. შემდეგი პრინციპები დაეხმარება მშობლებს გაუწიონ შვილებს მათთვის საჭირო დახმარება:

 

  • ნუ დააყენებთ შეუძლებელი ამოცანების წინაშე. თქვენი მოლოდინი ისეთი უნდა იყოს, რომ მოზარდმა შეძლოს წარმატების მიღწევა და იგრძნოს რამდენად გაიზარდა. თუ წარმატებას ვერ მიაღწია, ნუ აგრძნობინებთ თავს უიღბლოდ. ყურადღება გაუმახვილეთ იმაზე, სადაც სწორად მოიქცა და დაეხმარეთ გაიგოს, თუ რისი გაკეთება შეიძლება სხვა დროს.

 

  • შეაქეთ მოზარდი მიღწევების გამო, მაგრამ ყურადღება გაამახვილეთ მცდელობებზე და არა შედეგზე. სწორი შექება ეხმარება თქვენს მოზარდს მნიშვნელოვანი გაკვეთილის მიღებაში იმის შესახებ, თუ რამდენი ძალისხმევაა საჭირო მიზნის მისაღწევად. უმჯობესია თქვათ: „შენ დიდი სამუშაო გასწიე“, ვიდრე: „შენ ძალიან ჭკვიანი ხარ“.

 

  • ნუ მოაბეზრებთ თავს. თუ შეეცდებით ბავშვის ცხოვრებაში აკონტროლოთ ყოველი წვრილმანი და არ მისცეთ იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ გააკეთოს რამე, არასოდეს გაუჩნდება თვითრწმენა. კარგი აღზრდა მოითხოვს ბალანსს ჩართულობასა და თვითდაჯერებულობას შორის.

 

დაიცავით აღზრდის სამივე პრინციპი. ცხადია, ბავშვს სიყვარული სჭირდება, მაგრამ მისთვის უმჯობესია, რომ მშობლებმა შეუნარჩუნონ გარკვეული ჩარჩოები ისე, რომ მხარი დაუჭერონ დამოუკიდებელ მოქმედებებში ტოტალური კონტროლის გარეშე“.

 

 

სწავლა – შიში თუ ბედნიერება?

0

გავიდა ეჭვებითა და მოლოდინით დატვირთული ზაფხული, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. დაიწყება სკოლა? არ დაიწყება? რა ფორმით დაიწყება? – ვმარჩიელობდით. ახლა უკვე ვიცით სწავლის განახლების თარიღი; ვიცით, როდის უნდა დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ყველა თავისებურად ვღელავთ. ვერაფრით წარმოვიდგენდით აქამდე, თუ როგორ შეიძლებოდა სამყაროს „გამორთვა” ასე უცაბედად, შემდეგ ისევ ჩართვა და იმის მოლოდინშიც ვართ, რომ ყველაფერი შესაძლოა, ისევ უცებ შეიცვალოს… ვირუსმა ბევრ რამეს მიგვახვედრა, განსაკუთრებით იმას, რომ სიმყარე და სტაბილურობა არცერთ მოცემულობას არ აქვს და ამის გარანტიას ვერც ვერავინ მოგვცემს, პირიქით, სამყარო ჩვენგან ითხოვს მოქნილობასა და ადაპტირებას. ჩვენ უნდა გავუგოთ მას და მოვერგოთ მის მოთხოვნებს, აქ და ახლა.

 

აგვისტოს ნახევარში, როდესაც დასვენების აქტიური ფაზა შვილებთან ერთად უკვე გავლილი მქონდა, მესამე კლასელმა შვილმა მითხრა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, სკოლა თუ მომენატრებოდაო. სიმართლე გითხრათ, მე მანამდე მენატრებოდა ყველაფერი, რაც ჩვენს დატვირთულ რუტინას დაუკავშირდებოდა: დილაადრიან ფეხზე წამოხტომა, დილის ყავის აჩქარებული ყლუპები, საუზმის მომზადება და ბავშვების გამასპინძლება, ერთ-ერთის კვებაზე ზრუნვა სკოლისთვის და კისტრისტეხით გაქცევა, რომ პირველ გაკვეთილზე არ დაეგვიანებინა. და მერე ის დრო, რომელიც ჩვენია – უფროსების, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ საყვარელ საქმეს დავუთმოთ და ისინი ვიყოთ, ვინც ვართ.

 

სწავლის დაწყებას ყოველთვის ახლდა მოლოდინები, მაგრამ ისეთი, დღეს რომ გვაქვს, ალბათ არა… უფროსები ვღელავთ იმაზე, თუ როგორ დაიცავენ სკოლაში ბავშვები რეგულაციებს, დაიბანენ თუ არა ხელებს ხშირად, დაიცავენ თუ არა სოციალურ დისტანციას და ა.შ. ყველაზე მთავარი შიში კი ალბათ ესაა – ასეთ პირობებში, როგორ ვისწავლით და როგორ ვიქნებით კარგად.

 

სასკოლო ღელვა ბავშვებში კიდევ უფრო სხვა შინაარსით გამოიხატება. მათთვის კორონავირუსი ისეთი ძლიერი და დამზაფრავი „ხატი” ვერ არის, როგორიც ჩვენთვის. მათ უმრავლესობას, რომლებიც ისევ სკოლის კედლებს უბრუნდებიან, სწავლის შიში აქვთ. „ვერ წარმოვიდგენდი სკოლა თუ მომენატრებოდა, მაგრამ სწავლის მეშინიაო” – ასე დაამთავრა წინადადება ჩემმა შვილმა.

 

სწავლას ვიწყებთ და პირველი, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ უპირველესად, ბავშვებს სურთ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში სწავლა. ემოციურად უსაფრთხო გარემოში კი, სადაც წახალისებულია პიროვნული თვითგამოხატვა და მასწავლებელი შესაძლებლობების გამოვლენისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის, მოსწავლეები უკეთ სწავლობენ.

 

სწორედ ეს ემოციურად მდგრადი და უსაფრთხო გარემოა, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ, რომ სწავლის არ შეეშინდეთ. სკოლა კი სწორედ ასეთი გარემოს შექმნასაც უნდა უზრუნველყოფდეს. რადგან განათლების მიღების პროცესი, ბევრ სხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც უკავშირდება, რაც მშობლებსაც და მასწავლებლებსაც გვავიწყდება რიგ მომენტებში და სწავლა მორიგ სატანჯველად აღიქმება ბავშვებისთვის.

 

როდესაც სკოლაზე და სკოლიდან მომდინარე შიშებზე ვიწყებთ ლაპარაკს, დანიელ პენაკი მახსენდება, ფრანგი მწერალი, რომელმაც წიგნი „სკოლის სევდა” სკოლის შიშებსა და იმ პრობლემებს მიუძღვნა, რომელსაც ნებისმიერი მოსწავლე აწყდება სკოლის კედლებში. ვფიქრობ, ეს წიგნი ყველა მასწავლებელმა და მშობელმა უნდა წაიკითხოს, რადგან ყველას შიშზეა და თითოეული საკუტარ თავს ამოვიცნობთ.

 

როგორც კი მასწავლებელი გავხდი, მაშინვე იმას შევეცადე, რომ ჩემი ბედოვლათი ოროსნების შიშისთვის მეწამლა, როგორმე მომეხსნა ეს წინაღობა, რათა ცოდნას მისცემოდა შესაძლებლობა, მათ თავებში შეღწია”, – წერს პენაკი.

 

მე ყოველთვის ვაგულიანებდი ჩემს მეგობრებსა და გამორჩეულად ბეჯით მოსწავლეებს, მოვუწოდებდი, მასწავლებლები დამდგარიყვნენ, მივიჩნევდი, რომ სკოლა, უწინარეს ყოვლისა, კარგი მასწავლებელია; და საერთოდ, ვინ მიხსნა მე – სწორედ სამმა თუ ოთხმა ასეთმა მასწავლებელმა”, – ისევ პენაკი.

 

როგორც კი მასწავლებელი გავხდი, ინსტინქტურად მივხვდი, რამდენად ფუჭი იყო ჩემი ყველაზე უფრო წყალწაღებული მოსწავლეების თავზე მომავლის კომბლის ქნევა. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყოველ დღეს თავისი სადარდებელი მოაქვს და დღევანდელი დღის ყოველ საათს თავისი ფასი ადევს. მთავარია, მისი აღქმის უნარი არ დავკარგოთ, ყველამ ერთად მოვახერხოთ და ვიცხოვროთ მისით”, – დანიელ პენაკი.

 

ახლა, როცა სწავლას ვიწყებთ, გაურკვეველი მოლოდინებითა და მაინც სიხარულით აღვსილები, რომ ისევ ძველებურ წესრიგში აღმოვჩნდებით, ყველამ უნდა ვიფიქროთ მოსწავლეების განცდებსა თუ მოლოდინებზე, რომლებიც შეიძლება დაუძლეველ წინაღობად იქცეს ცოდნის მიღების გზაზე და ცოდნის მიღებით გამოწვეული ბედნიერება, შიშებმა არ გადაწონოს.

 

 

ჩაკეტილი სამყაროს სევდა

0

ძალიან ზედაპირული გავხდით და ფიქრი დაგვავიწყდა. საკუთარი თავის საგამოფენო ექსპონატად ქცევაში გავერთეთ და ამდენი თვალის სარკეში მაყურებელს, ზურგიდან რაღაც მოგვეპარა. ეს რაღაც კორონა არ გეგონოთ. ის მხოლოდ სიმბოლური ნიშანია. ფიქრის იძულებაა მისი სახელი.

რომ მოვდუნდით და მზად ვერ ვართ. ვერც დასავლეთით და ვერც აღმოსავლეთით. და თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებთ, რომ უარესი მოხდებოდა 100, 200 და 300 წლის წინ.  არადა, ადამიანი ზეამბიციური არსებაა. ის 300 წლით წინ უნდა იყურებოდეს.

რომ იზოლაციაში ყოფნა (სამედიცინოს და დროებითს არ ვგულისხმობ) გამოსავალი არ არის. ქვეყნების და ადამიანების. ჩაკეტილი საზღვარი კარანტინში ცხოვრებას ჰგავს. ამგვარი კარანტინი ჩვენ უკვე გამოვცადეთ – 70 წელი ვიჯექით. კარანტინი უსიამოვნო საქმეა, თუ ის სამუდამოდ გრძელდება და სულერთია რა არის მიზეზი – კორონა თუ უკორონობა.

რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ერთმანეთის შემჩნევა – დიდი მანქანებიდან მეტროს გვირაბამდე მანძილი გაუქმდა. ვიცი, რომ დროებით, მაგრამ მაინც.  გაუქმდა, რადგან შენ ვერასდროს ჩაასხამ დიდ მანქანაში ბენზინს, თუ მან მეტროში ფული არ გადაიხადა. ადამიანმა იგრძნო, რომ ჯაჭვის ნაწილია და ზუსტად სხვების თანაბარი რგოლი. რომ ის ასეთად გარდაუვალმა თანამშრომლობამ შექმნა. იმავე ფეხბურთელმაც გაიგო ეს, რა გადავეკიდე და.  დიახ, ფეხბურთელი მიხვდა, რომ ის ვეღარ ითამაშებს ფეხბურთს, თუ სტადიონზე მეწაღე არ მივა. ან  მეწაღეს რას გადავეკიდე და.

ადრე ეს ისე ვიცოდით.  ფურცელზე და ტვინის ცალ ყურში. დღეს მეორე ყურამდეც მივიდა.

არცერთი კარნახი ერთი ადამიანის სიცოცხლედაც არ ღირს, თორემ თუ ეს კარნახი ზუსტად ჩავიწერეთ, მხოლოდ უკეთესი მომავალი გველის. თუ ჩავიწერეთ და გავითვალისწინეთ. დიდად არ მჯერა რომ ზუსტად შევძლებთ, უფრო მგონია, რომ ხვალ გავიღვიძებთ და გაცილებით მძვინვარეები და მშივრები ვიქნებით ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ვიმედოვნებ – რამდენიმე მარტივ წინადადებას მაინც ვისწავლით. მაგალითად იმას, რომ სახეში არ შევახველოთ მეორეს და ხელი დავიბანოთ. ესეც საქმეა. ამ გაკვეთილის მერე მსოფლიო, ძალიანაც რომ მოინდომოს, ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც გუშინ იყო.

 

მწერალ ჯოან როულინგის აღზრდის წესები

0

ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორი, ჯოან როულინგი 55 წლის გახდა. ის სამი შვილის დედაა და თავისი შეხედულებები აქვს მშობლების, მოტივაციისა და სიყვარულის შესახებ.

„სიღარიბისა და მარტოხელა დედობის პერიოდი სიამაყის ისეთივე მიზეზია, როგორც ჩემი ცხოვრების სხვა პერიოდები. ჩემი ქალიშვილი, ჯესიკა პორტუგალიელ ჟურნალისტ ხორხე არანტესთან ქორწინებაში დაიბადა, მაგრამ მე და ხორხე დავშორდით. მე სახელმწიფოს კმაყოფაზე დავრჩი. უმუშევარი დედა ვიყავი. თუმცა არ მინდოდა ეს ჩემს შვილს ეგრძნო. მე ვწერდი რომანს ჰარი პოტერზე, ფაქტობრივად, ჩამუხლული პატარა კაფეებში, თან ჯესიკას ვარწევდი, რომელსაც ჩემ გვერდით ეტლში ეძინა.

უფასო საბავშვო ბაღები ორიენტირებული იყო იმ ბავშვებიან ოჯახებზე, რომელთა მდგომარეობა ჩვენზე გაცილებით უარესია – და არ შემეძლო ამაზე მეკამათა. ჩემი და მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდა. დედა გარდაიცვალა. მე უცხო ქალაქში ვიყავი – სად უნდა მიმებარებინა ბავშვი, რომ ფული მეშოვნა? მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი 5 წლის ჯესიკას სიტყვები იყო: „მე არასოდეს ვიცოდი, რომ ღარიბები ვართ. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბედნიერი ვიყავი“.

დროა დაიმსხვრეს მითი, რომ მარტოხელა მშობლები უმწეო თინეიჯერები არიან, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფოსგან ბინის მიღებას. ასეთებად ჩვენში მხოლოდ 3% შეიძლება დახასიათდეს. მე მსურს საზოგადოებას დავანახო ის ფაქტი, რომ არსებობენ განსხვავებული ოჯახები.

აღზრდაში ფულის საკითხი მნიშვნელოვანია. ბავშვებმა შეიძლება ვერ შეამჩნიონ, რომელ ხელში უჭირავთ ჩანგალი, მაგრამ ისინი ყოველთვის შეამჩნევენ ფულის სიჭარბეს ან ნაკლებობას. ეს შეიძლება ბულინგის საბაბი გახდეს. ცუდად ჟღერს, მაგრამ საკმარისი ფული მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიგიღოს.

და რომელი სოციალური ინსტიტუტია ბავშვის ცხოვრებაში უფრო კონფორმისტული, ვიდრე სკოლა? ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჯესიკას არ ეგრძნო სიღარიბის ტვირთი და ეს იყო ძლიერი მოტივაცია მუშაობისთვის. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მშობლის ერთ-ერთი ამოცანაა ბავშვის გარშემო ნორმალური სამყაროს შექმნა, მათი ფეხზე დაყენება.

თინეიჯერობის პერიოდში დისბალანსში ვიყავი საკუთარ ამბიციებსა და სხვათა მოლოდინს შორის. ერთადერთი, რის გაკეთებაც მინდოდა, რომანების წერა იყო, მაგრამ მშობლებმა ჩემი ფანტაზია სასაცილო უცნაურობად ჩათვალეს, რომელიც ვერასოდეს დამეხმარებოდა გირაოს გადახდასა და პენსიის დაგროვებაში. ამასთან, არასწორი არჩევნის გაკეთებისას მშობლის ბრალდებასაც აქვს თავისი მოქმედების ვადა. დგება მომენტი, როდესაც ბავშვებმა თავად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ეს მომენტი უნდა იგრძნონ.

 

მარცხს აქვს თავისი უპირატესობა. ყველას შეუძლია წარმართოს წარუმატებლობის შიში და გადააქციოს ის წარმატების გზად. მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ – რა არის მარცხი თქვენთვის. წარუმატებლობის უშუალო მომენტში ჩვენთვის რთულია ვითარების უპირატესობის შეფასება, მაგრამ შესაძლებელია. ფიასკო – ეს არის  გათავისუფლება უმნიშვნელოსაგან.

ჩემი პირველი რომანის წერა ჰარის შესახებ უმუშევარი დედის სტატუსით დავიწყე. თუ ჩემი ცხოვრების ამ, ერთი შეხედვით უიმედო პერიოდში, სხვა გზით ვეცდებოდი განვითარებას, ვერასდროს გავბედავდი დავნებებოდი ჩემი ოცნების საქმეს. წარუმატებლობა ჩემი მომავლის მყარი საფუძველი გახდა. მასწავლა ის, რასაც სხვაგვარად ვერ ვისწავლიდი. ახლა ვისწავლე ნებისყოფიანობა და თვითდისციპლინა.

თქვენ ვერასოდეს გაიცნობთ საკუთარ თავს, სანამ მარცხს არ გამოცდით. ასეთი ცოდნა ნამდვილი საჩუქარია, რომელიც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე რაიმე კვალიფიკაცია. წარუმატებლობები არ უნდა იყოს მასიური, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გარდაუვალია ცხოვრებაში. თუ სიფრთხილით იცხოვრებთ, მაშინ სტანდარტულ წარუმატებლობებსაც უნდა შეეგუოთ.

იმისათვის, რომ განკარგოთ, უბრალოდ, უნდა იკითხოთ. იპოვეთ ძალიან კარგი წიგნი და წაიკითხეთ თქვენს შვილთან ერთად. საბავშვო წიგნები გამოხატავენ ადამიანის არსებობის ბუნებას: რა უნდა გააკეთო, რომ კარგი გახდე?

ამასთან, ჩვეულებრივი შეცდომა, რომელსაც ზრდასრულები საბავშვო წიგნების არჩევისას უშვებენ, დეტალებისადმი ყურადღებაა. წარმატებული წიგნები ზრდასრულებისთვის ხშირად დაკავშირებულია ტრივიალურ საგნებთან, მაგრამ ბავშვებს წიგნის კითხვა უნდა ზრდიდეს, ასაკთან დაკავშირებულ მოთხოვნებს მისაღებად პასუხობდეს.

მე მწამს დაბალანსებული მიდგომის: თუ ბავშვს ეკრძალება ტელევიზორის ყურება, ის ავტომატურად არ გადავა კითხვაზე. მე ბავშვებს ძილის წინ ვუკითხავ და უფლებას ვაძლევ, უყურონ ტელევიზორს. მაგრამ ამას მათთან ერთად ვაკეთებ, რათა ვაკონტროლო  პროცესი.

ბავშვებს თავიანთი ფარული ცხოვრება აქვთ, რაც არ უნდა ახლოს იყვნენ მშობლებთან. და ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს ნორმალურია. ეს ნელი განცალკევების პროცესი მტანჯველი, მაგრამ აუცილებელია. აქ მიღებაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, მყავს თინეიჯერი ვაჟი – რა თქმა უნდა, მე ვთამაშობ Minecraft-ს და საერთოდ არ უარვყოფ ვიდეოთამაშებს. უცნაური იქნებოდა სხვანაირად მოქცევა.

„მსუქანა“ არის პირველი შეურაცხყოფა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, როდესაც ბავშვისთვის გვსურს ტკივილის მიყენება. სკოლაში კი ეს თემა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხვაგან. და ნუთუ „მსუქანი“ მართლაც უარესია, ვიდრე „შურისმაძიებელი“, „ამპარტავანი“, „მოსაწყენი“ ან „სასტიკი“? ჩემთვის – არა. ეს შეიძლება სასაცილოდ ან ტრივიალურად გამოჩნდეს, მაგრამ ჩემთვის – არა.

 

მე მყავს ორი ქალიშვილი, რომლებსაც სიგამხდრით შეპყრობილ სამყაროში მოუწევთ ცხოვრება. ეს მაშფოთებს: არ მინდა, ისინი ცარიელი, გაცვეთილი თოჯინები იყვნენ. ვისურვებდი, რომ დამოუკიდებელი, საინტერესო, თავდაჯერებული, ორიგინალური ყოფილიყვნენ. ჩვენ ამისათვის ბავშვობიდან უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ამ საზოგადოებაში მოგვიწევს ცხოვრება.

 

არსებობს პარალელები წიგნის გამოცემასა და ბავშვის გაჩენას შორის. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ჩემს შვილს, დევიდს რომ ვუყურებ, მეფიქრება: „ის შესანიშნავია“ და წიგნი მუდმივად მსურს შევცვალო, შედეგით არასოდეს ვარ კმაყოფილი. ბავშვთან ერთად კი ბედნიერი და მადლიერი ხარ“.

 

მასალა მომზადდა ჯ.. როულინგის Twitter-იდან, დოკუმენტური ფილმი J. K. Rowling – A Year In The Life, გამოცემა The Independent-ის მასალაზე «The myths of single mothers, as told by J K Rowling» დაყრდნობით, J.K. Rowlingის 2008 წლის ჰარვარდის გამოსაშვები გამოსვლების მოშველიებით და სხვ.

 

სტრესი ბავშვებში – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

სტატიის სახელწოდების წაკითხვისას ბევრმა შეიძლება გაიოცოს და ბავშვთან მიმართებაში სტრესზე საუბარი ზედმეტადაც კი ჩათვალოს, რადგანაც ზრდასრულთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ მართალია სტრესი თანამედროვე ცხოვრებაში უკვე გარდაუვალი მოვლენაა და სტრესული სიტუაციები თითქმის ყოველი ადამიანის ცხოვრებას თან სდევს, მაგრამ ბავშვები, ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენენ. ამ ადამიანების არგუმენტები აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ის არის, რომ ბავშვობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, ბავშვებს არ უწევთ ცხოვრებისეულ პრობლემებზე ფიქრი, არა აქვთ რაიმე სერიოზული საზრუნავი, მშობლების გვერდით ისინი საკმაოდ დაცულად და უზრუნველად გრძნობენ თავს და ამდენად სტრესი მათთვის უცხო უნდა იყოს.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მართალია ზრდასრულთა ცხოვრებაში სტრესი ჩვეულ მოვლენად იქცა და უკვე დიდი ხანია,  რაც ის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების თანამდევს წარმოადგენს, მაგრამ, გარკვეულ სიტუაციებში, სტრესი ბავშვებშიც არანაკლები სიხშირით გვხვდება, ის მოზარდებში საკმაოდ ბუნებრივი და გავრცელებული მოვლენაა, რომელიც აღმოცენდება, როგორც დაცვითი რეაქცია მნიშვნელოვან ცვლილებებზე მათ ცხოვრებაში. სტრესი ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხია მის მიმართ წაყენებულ ნებისმიერ მოთხოვნაზე, ნერვული სისტემის რეაქცია მრავალფეროვან ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ გამღიზიანებლებზე.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების ამა თუ იმ   ეტაპზე შეიძლება აღმოჩნდეს სტრესულ სიტუაციაში. თუმცა, თუ უფროსებმა ვიცით როგორ შევიცნოთ და გავუმკლავდეთ სტრესს, ბავშვები, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არიან დაუფლებული სტრესთან ბრძოლის ეფექტურ ხერხებს, ხშირად იბნევიან და ვარდებიან პანიკაში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ბავშვს გამოიმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც სტრესისაგან განთავისუფლებაში დაეხმარება.

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს თავი გაართვას სტრესს? ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია პრობლემის იდენტიფიცირება და იმ ნიშნების გამოკვეთა, რომლებიც სტრესის შეცნობაში დაგვეხმარება.

    სტრესის სიმპტომები ბავშვებში:

  • ცვლილებები ემოციურ სფეროში. გუნება-განწყობის სწრაფი ცვლაარცთუ ისე დიდი ხნის წინ მხიარული და ხალისიანი ბავშვი ახლა უარყოფითი ემოციებით არის დატვირთული, უარს ამბობს თამაშებში მონაწილეობაზე, ავლენს აგრესიულობას, ხშირად უმიზეზოდ ნაწყენდება, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის ახალ კონტაქტებს, განიცდის უჩვეულო სევდას, ხდება შფოთიანი, უჩნდება უნდობლობა გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ხანდახან უფროსებთან საუბარს ის ისტერიკამდე მიყავს, კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, ნერვული სისტემა წყვეტს ემოციების გაკონტროლებას. დეპრესია, დამთრგუნველი მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს;
  • პრობლემები ყურადღების კონცენტრაციის მიმართულებით სწავლაში ჩამორჩენა, აკადემიური მოსწრების დაქვეითება, საშინაო დავალებების დავიწყება, სწავლის ინტერესის დაკარგვა, მუდმივი დაღლილობა გაკვეთილებზე ყოფნისას;
  • სომატური ჩივილები ხშირი თავის ტკივილები, ასევე ტკივილები მუცლის არეში და სხვა სახის ფიზიკური დისკომფორტი;
  • მადის დაკარგვა, წონაში სწრაფი კლება, ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები;
  • ნერვული ტიკები, ფრჩხილების კვნეტა, თითის წოვა, ენურეზი;
  • დარღვევები ინტელექტუალურ და მეტყველების განვითარებაში. იწყებს ენის მოჩლექით ლაპარაკს, მაშინ, როცა უკვე საკმაოდ კარგად იყო დაუფლებული მეტყველებას და გამართულად ლაპარაკობდა.

იმისათვის, რომ ბავშვს დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება და გამოვიყვანოთ სტრესული მდგომარეობიდან, სიმპტომების დაფიქსირებასთან ერთად საჭიროა გამოვიკვლიოთ სტრესის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.

     ბავშვებში სტრესის ძირითადი მიზეზები:  

  • ცხოვრების ჩვეული წესის, ჩვეული რიტმის დარღვევა, ცვლილებები, რომლებზეც თავად უფროსები მტკივნეულად რეაგირებენ, შფოთავენ, ნერვიულობენ. გარშემომყოფი, ბავშვისთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანების ასეთი რეაქციები ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე შეუძლებელია მოზარდისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. და, ყოველივე ეს მასში სტრესის გამომწვევი სერიოზული მიზეზი ხდება;
  • დაცილება ახლობელ ადამიანებთან, სასწავლებლად სხვა ქალაქში გამგზავრება ან ჰოსპიტალიზაცია;
  • საცხოვრებელი ადგილის ან სკოლის შეცვლა;
  • მშობლების დაცილება;
  • უყურადღებობა მშობლების მხრიდან;
  • ახლობლის დაკარგვა და დაუცველობის გრძნობა;
  • მუდმივი საყვედურები და ზეწოლა მშობლების, ახლობლებისა და მასწავლებლების მხრიდან;
  • პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;
  • გამოცდები და მასთან დაკავშირებული შიშები;
  • აგრესიის მატარებელი კომპიუტერული თამაშებით გატაცება;
  • მნიშვნელოვანი ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი ბავშვის ორგანიზმში;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ქალა-ტვინის ტრავმები;
  • ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
  • სომატური დაავადებები;
  • არახელსაყრელი მიკროკლიმატი ოჯახში და ბავშვის აღზრდის არასასურველი გარემო;
  • ერთ წლამდე ასაკი ბავშვებში სტრესის აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს: ცვლილება კვებაში, დედის გასვლა სამსახურში, საბავშვო ბაღში შეყვანა, ძიძის გამოჩენა მის ცხოვრებაში, ხანგრძლივი ავადმყოფობა, ჩხუბი მშობლებს შორის, რაღაცის ან ვიღაცის ძლიერი შიში.

როგორ მოვიქცეთ, როცა სტრესის სიმპტომები სახეზეა და მისი გამომწვევი მიზეზებიც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი.

რეკომენდაციები ბავშვებში სტრესის დასაძლევად:

  • ყველანაირად შევეცადოთ, რომ ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ბავშვის თანდასწრებით შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა, არ დავკარგოთ კონტროლი საკუთარ ემოციებზე და თავად ჩვენ არ გავხდეთ სტრესის „მსხვერპლი“. თუ სტრესს განვიცდით, ბავშვზე ნუ გადმოვაფრქვევთ ჩვენს რისხვას. სტრესი გაღიზიანებადობის დონეს მაღლა წევს ადამიანში და ჩვენ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ავფეთქდეთ და დავატეხოთ რისხვა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან. ამიტომ, თუ სტრესს განვიცდით, შევეცადოთ მასთან ბრძოლას ბავშვისაგან მოცილებით;
  • ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მისთვის საყვარელ, მის ახლობელ უფროს ადამიანებს არ აშინებთ ცხოვრებისეული სირთულეები და ადვილად უმკლავდებიან სტრესს. ასე ის ბევრად დაცულად იგრძნობს თავს;
  • სერიოზულად მივუდგეთ ბავშვის განცდებს. ვაღიაროთ, რომ ისინიც განიცდიან სტრესს და შეიძლება უფრო ძლიერადაც, ვიდრე ჩვენ. თუ ჩვენთან თავის გრძნობებზე და ემოციებზე სასაუბროდ მოსულ ბავშვს თავიდან მოვიცილებთ სიტყვებით: „შენ ბავშვი ხარ! შეუძლებელია შენ რაიმე პრობლემა გქონდეს. ეს მე ვცხოვრობ სტრესებში“,  ის შეწყვეტს ჩვენთან თავის განცდებზე საუბარს, ჩაიკეტება საკუთარ თავში, მარტოსულად იგრძნობს თავს და ეს ბევრად უფრო სერიოზული სირთულეების წინაშე დაგვაყენებს მომავალში, ვიდრე მისი „წუწუნის“ მოსმენა. ამიტომ, გამოვყოთ დრო და მოვუსმინოთ ბავშვს, რათა გავიგოთ რას გრძნობს, რა აწუხებს, რა უხარია. შევუქმნათ მას პირობები იმისათვის, რომ გამოხატოს, გადმოაფრქვიოს თავისი ემოციები. ამისათვის ჩვენ დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დაგვჭირდება. საკმარისი იქნება უბრალოდ მოვუსმინოთ, თუ რას ლაპარაკობს ბავშვი – ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისთვის საკუთარი გრძნობების გამოსახატად;
  • გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა და ავუმაღლოთ თვითშეფასება ყოველ შესაძლო შემთხვევაში დადებითი კომენტარების გამოყენებით და მისი წარმატებების დაფიქსირებით. ცნობილია, რომ ყველაზე ნაკლები სტრესგამძლეობით ხასიათდებიან დაქვეითებული თვითშეფასების და საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ბავშვები;
  • ბავშვებში სტრესისადმი მდგრადობის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს რეგულარული დასვენება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, ჯანსაღი კვება, დროულად დაძინება, ძილის წინ მშვიდი მდგომარეობის შენარჩუნება, კომპიუტერულ თამაშებზე უარის თქმა;
  • ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს ადვილად, უმტკივნეულოდ გადაიტანოს სტრესი და ამ სტრესით გამოწვეული დაძაბულობა, თუ მივხვდებით, გავიგებთ რა ემართება მას ამ დროს. თუ დაგვავიწყდა ჩვენი საკუთარი ბავშვური განცდები, გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერმა, რაც ბავშვს პირველად ემართება, შეიძლება გამოიწვიოს მასში შფოთვა. შევეცადოთ დავინახოთ სიტუაცია მისი თვალით და მაშინ უკეთესად გავიგებთ მის მიერ განცდილ სტრესს;
  • მოვამზადოთ ბავშვი მოულოდნელობებისთვის, რაც უფრო ნაკლები იცის მან ახალი სიტუაციის შესახებ, მით უფრო მეტად ეშინია მისი. ამიტომ, გავაცნოთ ბავშვს ყველაფერი, რისი გადატანაც მოუწევს მას. თუ ახალ სკოლაში გადადის, ვაჩვენოთ ის. რაც უფრო მეტად გავაცნობთ ბავშვს ყველაფერ იმას, რასთან შეხვედრა და რისი გადატანაც მოუწევს, მით უფრო ნაკლები სტრესი ექნება მას;
  • ავუხსნათ ბავშვს, როცა რაიმე ხდება, ამასთან ავუხსნათ მისთვის გასაგები სიტყვებთ;
  • ნუ მოვითხოვთ ბავშვისგან მუდმივად სანიმუშო ქცევას და მაღალ შეფასებებს. სტრესის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს ბავშვებში მშობლების მაღალი მოლოდინები წარმოადგენს. ამ შემთხვევაში სტრესის შესუსტების საუკეთესო საშუალება მშობლების მოლოდინების შეცვლაა;
  • გავუწოდოთ ბავშვს დახმარების ხელი, განურჩევლად მისი ასაკისა. მნიშვნელობა არა აქვს რა ასაკისაა ბავშვი, პატარა, რომელმაც ეს-ესაა დაიწყო სიარული, თუ მოზარდი, რომელსაც უკვე დამოუკიდებლადაც უნდა შეეძლოს ამა თუ იმ პრობლემისთვის თავის გართმევა, მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ მისთვის უსაფრთხოების გარანტი, ნავსაყუდელი, სადაც შეუძლია დაბრუნდეს, თუ რაიმე შეემთხვევა. ბავშვი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ ახლობლებში და ენდობა მათ, იცის, რომ ისინი დაეხმარებიან, თუ გაუჭირდება, სხვებზე უკეთესად ახერხებს შეცვლილ გარემოსთან ადაპტირებას. რაც უფრო მეტად გრძნობს ბავშვი ახლობლების მხარდაჭერას, მით უფრო ადვილი ხდება მისთვის დამოუკიდებელ მოქმედებაზე გადასვლა და სტრესის დაძლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრესი ბავშვის ცხოვრებაში საკმაოდ რეალური მოვლენაა   და არ იქნება გამართლებული მისი იგნორირება, უარყოფა, პირიქით უკეთესია დროულად ვიზრუნოთ მის დაძლევაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მომავალში სტრესით გამოწვეული ისეთი პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ, რომელთაც  იოლად ნამდვილად ვერ გადავწყვეტთ.

 

 

 

 

საერთო ისტორია, საერთო ლიტერატურა

0

( ქართული დიალექტური კორპუსის ფერეიდნული ტექსტების მიხედვით)

ბევრი რამ არის რაც ერთმანეთის შესახებ არ ვიცით, არ გიფიქრიათ? იქნებ დროა, მეტი გავიგოთ ჩვენი საერთო ისტორიის შესახებ. არა, იმ პერიოდს არ ვგულისხმობ, სანამ ისინი მშობლიურ ქვეყანაში, საქართველოში ცხოვრობდნენ, სანამ ის საბედისწერო გადასახლება იქნებოდა. უფრო შემდეგ ამბებზე ვამბობ, სხვა გეოგრაფიულ გარემოსა და დროში რომ ხდებოდა, მაგრამ მაინც ჩვენი საერთო ისტორიაა.

საქართველოს თუ ირანის ისტორიის ცნობილი პერსონაჟები ფერეიდნელთა ნაამბობში ბევრგან გვხვდება, იქნება ეს უშუალოდ მათ გადასახლებასთან, ფერეიდანთან, მათ დიასპორასთან დაკავშირებული ისტორიული პირები, თუ უფრო შორეული ისტორიული გმირები, როგორიცაა თამარ მეფე ან შოთა რუსთაველი.

რაც შეეხება სხვა ისტორიულ გმირებს, ზეპირ ისტორიებსა და გადმოცემებში მოიხსენებიან – ალავერდიხანი, შაჰ-აბასი, იუსუფ ხანი, აღა მახმად ხანი, სეიფოლა ხანი, ქერიმ ხანი, მარტყოლი ხანი, ასლან ხანი, რეზა შაჰი, ნადირ შაჰი, ზელე სულთანი.  საინტერესოა, რამდენიმე შედარებით უცნობი ისტორიული გმირი, მაგალითად, ვინმე დარჟანი, – „ერთ ყორი ყოფილა, დარჟანი, და შაჰ-აბასსა გოოგზავნია საქართველოჩი იმ ყორის ხასთეგარობაზეგა და არ მუუციაყე და ექით ადგომილა, ყოშენი შოოყრია და წასულა საქართველოჩიგა, უშუღლიან და რაგდენ ქართველი დოოწყეტია და კახეთი გოოსწორებია და რაგდენ ქართველიცა, გომოორეკია ირანჩიგა და გოორეკია შომალსა. და რაგდენიცა, ისპანს შოონახავ, აბას-აბადს, და აბას-აბადსა, რო ქართველები ყოფილან, ისპნელებთან ჰაი უშუღლიანყე და შაჰ-აბასსა ქართველები ომოორეკია ნაჯაჶაბადს.” ეს დარჟანი ძალიან საინტერესო „პერსონაჟია“, ზეპირი ტექსტების მიხედვით ის ერთგვარი მშვენიერი ელენეა, რომლის გამოც გამოურეკავს აუოხრებია შაჰ-აბასს საქართველო.

ტექსტებში მოხსენიებულია შესანიშნავი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი, ქართული ეპოსის პერსონაჟი – არსენ ოძელაშვილი, უფრო თანამედროვეთაგან – ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია.

ყველაზე ხშირად, რასაკვირველია, ის ისტორიული გმირები იხსენიება, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ ფერეიდნული დიასპორის აწმყოსა თუ ისტორიასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, შაჰ-აბასი და ქერიმ ხანი. ქერიმ ხანთან დაკავშირებულია ვინმე ფერეიდნელი ნესირა, რომელიც ქერიმ ხანს გამასპინძლებია და მისი წყალობაც დაუმსახურებია. ძალიან პოპულარული თემაა ავღანელებთან ბრძოლის ამბავი. სეიფოლა იოსელიანი,  ამბაკო და სარა ჭელიძეები, პატარა ბიჭი, ამირანი, რომელიც ამბაკო ჭელიძემ იშვილა და განათლების მისაღებად საქართველოში წამოიყვანა.

ფერეიდნელებმა იციან ქართველი მწერლებისა და ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების შესახებ, ვეფხისა და მოყმის ლექსი, დიდი პოეტი, რუსთაველი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ დაწერა, ილია ჭავჭავაძე, ბარათაშვილის „მერანი“, არსენა ყაჩაღი. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურული კონცეპტების  ფერეიდნულ კონტექსტში გამოჩენა, რაც კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფერეიდნელთა პოეზიის შემთხვევაში.

ჩვენ რა ვიცით მათ შესახებ? მათი რთული ბედის, უნაყოფო მიწასა თუ ჭირვეულ მეზობლებთან ბრძოლის, მიწის მოშინაურების, ახალ ადგილზე დაფუძნების, სისხლიანი და ტრაგიკული წარსულის შესახებ? ბევრი რამ ვიცით?  უფრო მეტი ალბათ არ ვიცით. დროა, ეს ინფორმაცია საერთო გახდეს, ერთი ამბავი, ერთი სიყვარული, დაბრუნების ერთი დიდი თავგადასავალი…

ენობრივი ამნეზია, ენობრივი მეხსიერება თანდათან იღვიძებს და სულ ახალ კავშირებს ეძებს და პოულობს. ამ მნიშვნელოვან პროცესში ორივე მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ჩვენ, მასწავლებლებს ჩვენი დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია, დასაწყისისთვის, დიალექტური კორპუსის ფერეიდნულ ტექსტებს ჩახედეთ, დაგეგმეთ საინტერესო გაკვეთილები და მოსწავლეებიც შეახედეთ ამ წარმოუდგენლად საინტერესო სამყაროში.

აქვე, ელექტრონულ  მისამართსაც შეგახსენებთ – www.corpora.co

ოღონდაც კი წავიდეს…!

0

ახლა სოფელში ვარ. ღამის ორი საათია, მაგრამ არ მძინავს. თავს ვირთობ, რომ არ დავიძინო, რადგან მარტო ვარ და „უხილავ“ მტრებს ველოდები. ჰო,  მიხვდით ალბათ, ეს სარკაზმია, რადგან ადამიანი ყველა მტერს სახეზე ცნობს, ამიტომ  უხილავადაც ვეღარ ჩაითვლებიან, თუმცა თითოეულ ჩვენგანს ერთი „უხილავიც“ ეყოლება.

ჰოდა, იმას ვამბობ, თავს ვირთობ-მეთქი. ამიტომ, „მასწავლებელში“ ადრე გამოქვეყნებულ ჩემს სტატიებს ვათვალიერებ. 2019 წლის 21 ივლისს სტატია გამოქვეყნებულა ინტერესის აღმძვრელი  სახელით:

რა იმალება „K“-ს უკან?

სტატიაში გულწრფელად ვწერდი,რომ:

„K“-ის უკან კალიუმი იმალება. ინგლისურად: Potassium,ფრანგულად: Potassium, გერმანულად: Kalium, თურქულად: Potassium/ Kalium (ორივეს იყენებენ). 1807 წელს ჰამფრი დევიმ ელექტროლიზის მეშვეობით მიიღო. მეტალს სახელი მოგვიანებით ჰილბერტმა თავის ჟურნალში, „Annalen der Physik“ უწოდა და ეს სახელი კალიუმი გახლდათ. თუმცა, სხვა ენებზე მას პოტასიუმი დაარქვეს, რადგან მისი წარმომავლობა სიტყვა პოტაშისგან (ნაცრისგან) მოდიოდა. პოტაშს დიდ ქოთნებში ამზადებდნენ და მისგან სელიტრა მიიღებოდა, რომელიც დენთის დასამზადებლად ყოფილა კარგი. თავად ტერმინი კალიუმი არაბული სიტყვა „ალ კალისგან“ მოდის, რომელიც ნიშნავს ტუტეს. სიტყვა „კალი“ (qila) 850 წელს ერთ არაბულ თხზულებაში გვხვდება, შემდეგ  შეიცვალა სიტყვით – qali, Al-qali.

მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ საშინელი 2020  მოდიოდა და K-ის უკან „კოვიდ-19“, იგივე „კორონა“ იმალებოდა. დიახ, მისი ლათინური ჩანაწერი ამ კ-ისგან განსხვავდება, მაგრამ კ-თი იწყება და მორჩა.

არა, მართლაც რა უსამართლოდ ცუდი წელი გამოდგა? ჯერ სახლში გამოგვკეტა, მერე ნიღბები აგვაფარა. ადამიანების ერთ ნაწილს მათთვის ძვირფასი ადამიანები წაართვა. ადამიანები  ყველა წელს მიდიანო, იტყვის ახლა ვინმე. წელს განსაკუთრებულად ბევრი და თვალში საცემი იყო ყველაფერი. ოთხი თვეღა დარჩა და ეს თავზეხელაღებული  წელი დაგვანებებს თავს… წავა…

იმ სტატიაში ელემენტ კალიუმზე და ვიტამინ K-ზე ვწერდი-მეთქი. ახლაც იმავე ელემენტზე დავწერ, ოღონდ სხვა კუთხით განვიხილავ.

კალიუმის ორგანიზმში განაწილება ნატრიუმის საპირისპიროა. ერითროციტებში პლაზმასთან შედარებით, მისი კონცენტრაცია 20-ჯერ მეტია. პლაზმაში კალიუმის რაოდენობა 3,8-5,4მმოლ/ლ ფარგლებში მერყეობს. ამასთან, კალიუმის შემცველობა მცენარეულ პროდუქტებში, ცხოველურთან შედარებით, გაცილებით მეტია. ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფა იმდენად აქტიურად ხდება, რომ საკვებთან ერთად მისი ჭარბი რაოდენობით მიღება ჰიპერკალიემიას ვერ გამოიწვევს.

მაინც რომელი პროდუქტები შეიცავენ კალიუმს?  პირველ რიგში ეს ჭარხალია, თანაც მობილიზებულია, როგორც თავად ნაყოფში, ისე მის ფოთლებში. ერთი საშუალო ნაყოფი  1300მგ. კალიუმს შეიცავს.

მეორე ადგილზეა ავოკადო, ერთ ნაყოფში 975მგ. კალიუმია.

კარტოფილში 1000მგ-ია, თუმცა კარტოფილი ასუქებს და კალიუმის მარაგის შესავსებად ყველაზე ეფექტური მისი ახლადგამოწურული წვენი გახლავთ, თუმცა ცუდი დასალევია. ისპანახი-839მგ-ს შეიცავს, ყაბაყი-800მგ-ს, ბრიუსელის კომბოსტოს ერთ ჭიქაზე – 504მგ კალიუმი მოდის. ამ ელემენტის გემრიელი წყარო ბანანია, ერთ ნაყოფში 1200მგ-ს იპოვნით.

ორგანიზმში კალიუმი ქლორიდების, ფოსფატებისა და სხვათა სახითაა. ის ნატრიუმის ფიზიოლოგიური ანტაგონისტია. თუ ნატრიუმის იონს წყლის შემაკავებელი თვისება აქვს, კალიუმი პირიქით შარდმდენ თვისებას იჩენს და შეშუპების დროს უნიშნავენ ავადმყოფებს.

ჰიპერკალიემია შეიმჩნევა თირკმელის მწვავე უკმარისობის დროს და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების (განსაკუთრებით ალდოსტერონის) ნაკლებობისას. ალდოსტერონის გაძლიერებული პროდუქციის დროს კი შეიმჩნევა კალიუმის გაძლიერებული გამოყოფა შარდთან ერთად და ნატრიუმის შეკავება. ასეთი ჰიპოკალიემია არღვევს გულის მუშაობის რიტმს. ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარების დროს (ხანგრძლივი პირღებინება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა  და სხვა) კალიუმი გამოდის უჯრედიდან ექსტრაცელულალურ სითხეში, საიდანაც გამოიყოფა შარდთან ერთად. ამ დროს ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე და აუცილებელია კალიუმის მარილების დანიშვნა.

ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მძიმე გართულებების ასაცილებლად აუცილებელია თვალ-ყური ვადევნოთ კალიუმ-ნატრიუმის ბალანსს ორგანიზმში და მოვახდინოით მისი რეგულირება.

და მაინც რად გვინდა ამდენი კალიუმი? დღეში ორგანიზმს 4700-6000მგ სჭირდება.

ორგანიზმში არსებობს ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო. ის მემბრანაში შემავალ ცილაშია ჩაშენებული და წარმოქმნის ფერმენტს. ორგანიზმში ასეთი  ტუმბო უამრავიაა. ეს ტუმბოები აქტიურ მემბრანულ ტრანსპორტს უზრუნველყოვენ და დიდ ენერგიას მოიხმარენ ატფ-ის სახით.

ჩვეულებრივ, უჯრედის შიგნით Na+ იონების  კონცენტრაცია გაცილებით ნაკლებია (10 მმოლი/ლ), ვიდრე უჯრედგარე სითხეში (140 მმოლი/ლ).  K+ იონების  კონცენტრაცია კი პირიქით, უჯრედის შიგნით ყოველთვის მეტია (140 მმოლი/ლ), ვიდრე უჯრედგარე სითხეში (4 მმოლი/ლ).  Na+ და K+ იონების უჯრედგარე და უჯრედშიდა სითხეებს შორის ასეთ გადანაწილებას, ამ იონების კონცენტრაციის გრადიენტის შექმნასა და შენარჩუნებას ახორციელებს პლაზმურ მემბრანაში მოთავსებული ტრანსმემბრანული ცილა, რომელსაც Na+,K+-ATP-აზას უწოდებენ. ის ფერმენტია, რომელიც აკატალიზებს ატფ-ის ჰიდროლიზს და გამოყოფილი ენერგიის ხარჯზე ანტიპორტის მექანიზმის (აქტიური ტრანსპორტის ერთ-ერთი მექანიზმია) საშუალებით ერთდროულად ახორციელებს ნატრიუმის იონების უჯრედიდან გამოტანასა და კალიუმის იონების უჯრედში შეტანის პროცესს.

Na+,K+-ATP-აზას აქტივობისთვის აუცილებელია, როგორც ნატრიუმის, ისე კალიუმის იონები. გარდა ამისა, ფერმენტი თავისი აქტივობისთვის საჭიროებს მაგნიუმის იონებსა და ფოსფოლიპიდებს.

ატფ-ის ჰიდროლიზი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც Na+,K+ იონების ტრანსმემბრანულ გადატანას აქვს ადგილი. ატფ-ის ჰიდროლიზის შედეგად უჯრედიდან 3Na+  გამოდის, ხოლო უჯრედში 2K+ შედის, რის გამოც პლაზმური მემბრანის შიგნითა მხარე  უარყოფითად იმუხტება, გარეთა მხარე კი – დადებითად.

უჯრედებისთვის Na+,K+-ATP-აზას, იგივე ტუმბოს მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ აგზნებადი ქსოვილების (ნერვული, კუნთოვანი) უჯრედებში სინთეზირებული ატფ-ის 60-70%, ხოლო სხვა ქსოვილების უჯრედებში კი 35% სწორედ ნატრიუმ/კალიუმის ტუმბოს მუშაობისთვის გამოიყენება.

კუნთის უჯრედებში არსებობს კალციუმის ტუმბოც. ის ახორციელებს კალციუმის იონების ციტოპლაზმიდან სარკოპლაზმურ რეტიკულუმში გადატანასა და ციტოპლაზმაში კალციუმის იონების შემცირებას.

თუ ტუმბო არ იმუშავებს, უჯრედში კალციუმის ტრანსპორტირება შეფერხდება და კუნთის პარალიზება მოხდება. სიტუაციის გამოსასწორებლად კი ორგანიზმს კალიუმი დასჭირდება. წყლის ბალანსი და ენერგიის ზოგადი დონეც ამ ტუმბოთი რეგულურდება.

ტუმბო კუჭშიც არის, რომელსაც წყალბად-კალიუმიანი ატფ-აზა ეწოდება. ის კუჭის წვენის გამომუშავებაში მონაწილეობს. ტუმბოები ასევე განლაგებულია კუნთებსა და ნერვულ სისტემაში. ამ უკანასკნელში არსებული ტუმბოები მოიხმარენ ორგანიზმში შემავალი კალორიების 66%-ს.  ეს ტუმბოები ნივთიერებათა  ცვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – გლუკოზისთვის, ამინომჟავებისთვის, მაკრო და მიკროელემენტებისთვის და მათი ტრანსპორტისთვის.

კალიუმის დეფიციტს ორგანიზმი პირველ რიგში დაღლილობით გვამცნობს. მაგ. კიბეზე ასვლისას თუ კუნთები ძლივს  გვემორჩილება, ეს კალიუმის დეფიციტი შეიძლება იყოს.  კალიუმის გარეშე უჯრედებში ელექტრული მუხტი ძალიან დაბალი იქნება. ტუმბოები ვერ იმუშავებენ. თუ ნერვული სისტემა დაითრგუნა, ელექტრული იმპულსები ვერ განვითარდება, ადგილი ექნება არითმიას, გულისცემა გაიზრდება,  ორგანიზმი სითხის დაგროვებისკენ იქნება მიდრეკილი, შესივდება  კიდურები.

რატომ ვითარდება დეფიციტი? შეიძლება  ვერ მივიღოთ საკვებით,  ან განვითარდეს დიარეა, ღებინება და ასევე დეფიციტი გამოიწვიოს. ნაკლებობას იწვევს ასევე ოპერაციები, სტრესი; ბევრი შაქარი, შარდმდენი პრეპარატები და ალკოჰოლი.

გლუკოზის, ანუ მარტივი შაქრის გადასამუშავებლად აუცილებელია ვიტამინებისა და იონების შემცველი კოფაქტორები. ამიტომ, შაქრის მოხმარებისას ვიტამინები მალე გაიხარჯება. განსაკუთრებით მოთხოვნადია თიამინი, ანუ ვიტამინი B1. თუთია, კალიუმი, მაგნიუმი, ქრომი, კალციუმი, B3, B5, B6. გამოდის, რომ,  თუ შაქარს ჭამთ და არ ამდიდრებთ ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით, მაშინ ორგანიზმი მათ თქვენივე მარაგიდან აიღებს, რადგან შაქარს გადამუშავება სჭირდება. გლუკოზას მიირთმევთ და კალიუმის  მარაგს არ ივსებთ, ნერვიულობა დაგჩემდებათ, ვერ დაიძინებთ, პულსი აგიჩაქარდებათ, მალე დაიღლებით და ნათელი გონება არ გექნებათ. თუთია – იმუნური სისტემა დასუსტება.

ზუსტად ჩემი სახლის გალავანთან ვიღაც მთვრალი ჩერდება. ცუდად კი არ იქცევა, მღერის თავისთვის. თუმცა, იმხელა ხმა ამოსდის, გამოდის, მიძინებულ სოფელსაც უმღერის. იმედია, სახლიდან გამავალ შუქს ვერ აღიქვამს და ეზოში შემოჭყეტვა თავში აზრად არ მოუვა. ისე იმღეროს, გავერთობი.

  • ჰეი, მთვარევ, რატომ ხარ ასე შორს და რატომაა კორონა ასე ახლოოოსსს??? ჩამოდი შენც ჩვენთან მთვარევ და მაშინ ვნახოთ, რა მოხდებაააა – ასეთია სიმღერის ტექსტი.

ხედავთ, 2020-ის და კალიუმის დეფიციტის (შფოთავს და უეჭველი დეფიციტი აქვს) მიერ დატრიალებულ ამბებს? ოღონდაც კი „კორონა“ წავიდეს და თავზე მთვარის დამხობისთვისაც კი მზად არის.

ვარდკაჭკაჭა

0

არ მიყვარს, ვარდკაჭაჭას რომ მეძახიან. აბა, კარგად შემომხედეთ: რა  მიგავს კაჭკაჭს?! არც ფრთები მაქვს და არც ნისკარტი. ან ვინმე ჩხავილით შემიწუხებიხართ ოდესმე? ძალიან ჭკვიანი ფრინველიაო. იყოს, ბატონო, მე ჩემი ჭკუა-გონებაც მყოფნის. ეშმაკის ფეხია, იცის, მონადირეებს როგორ დაუძვრესო. არ მინდა, თქვენ შემოგევლეთ, მაგ ხრიკების ცოდნა. მე ჩემებურად ვუმკლავდები ამ სოფლის სიმძიმეს.

გინახავთ ჩემს ტანზე ეკლების აბჯარი? არც მაქვს და არც მინდა. არც ჩემი ყვავილებია ვარდივით ფერხორციანი და სურნელოვანი… უკადრისი და თავკერძა არ გეგონოთ, ვიცი, რომ ვარდი ჩვენი მოდგმის დედოფალია. მე და ჩემნაირები მასთან რას მოვალთ… მე ერთი უბრალო მინდვრის ყვავილი ვარ, ისეთი, თაიგულის შეკვრის დროსაც კი რომ არავის მოაგონდება. მაგრამ მე მე ვარ და მინდა, ეს გავაგონო სხვებსაც. ჩემს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულაო, იტყვიან ხოლმე კაცნი. აი, ჩემს თავზე კი დატრიალებულა. რამდენჯერ წავულეკივარ ღვარცოფს თუ ქარიშხალს, რამდენჯერ გავუსრესივარ ფეხით ადამიანს თუ საქონელს. მაინც არ დამიჩოქია! ჰეი, თქვენ, დიდებო და ძლიერებო, რამდენჯერაც უნდა გამსრისოთ, რამდენჯერაც უნდა გამთელოთ, მიწაზე გართხმულს ვერ მნახავთ! რატომ? იმიტომ, რომ ულეწელა ვარ და კეთილი ინებეთ და ასეც დამიძახეთ. ნუ გშურთ, რაღაცით მეც რომ გჯობივართ.

დიახ, ულეწელა ვარ, ბევრისგან მივიწყებული, მაგრამ დიდი გულისა და უდრეკი მუხლის პატრონი. ვერ მომერევით, სანამ ფესვიანად არ ამომძირკვავთ.

ამასწინათ ჩემ შორიახლოს, მდინარის პირას, სუფრა გაშალეს წასახემსებლად. სამნი იყვნენ. ორი – ახალგაზრდა, ერთი – ხნიერი. ადგილს რომ არჩევდნენ, ხნიერმა ახალგაზრდებს უთხრა, ულეწელას გვერდით ჩამოვსხდეთო. მეამა. ამიტომაც მივუგდე ყური. რა პლასტიკური ტანი აქვს ამ ყვავილს, სხვა მცენარეებს არ ჰგავსო, თქვა ერთმა. ჰო, ძალიან ელასტიკური და დრეკადიაო, კვერი დაუკრა მეორემ. იმ დღემდე თავი მართლა პლასტიკური, ელასტიკური და დრეკადი მეგონა, მაგრამ რაც მერე მოვისმინე იმ ჭაღარა კაცისგან, მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

აი, რა თქვა მან: ულეწელა პლასტიკური რომ იყოს, დაწვენილი ფეხზე ვეღარ ადგებოდაო. მეტიც – ერთ თქვენგანს ძირში რომ ჩაევლო ხელი, მეორეს – ქეჩოში, არაგვის გაღმა გასულიყო და ხელი გაეშვა, ასეთივე დარჩებოდაო. პლასტიკური სხეულები ადვილად ემორჩილებიან გარეგან ზემოქმედებას და ინარჩუნებენ ახალ ფორმასო. ღმერთო დიდებულო, კიდევ კარგი, ასე იოლად არ ვერგები სხვათა სურვილებს!

ელასტიკურობა და დრეკადობა კი იმას გულისხმობს, რამდენად შეუძლია სხეულს, წინააღმდეგობა გაუწიოს მოქმედ ძალას და მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ პირვანდელი ფორმა აღიდგინოსო, განაგრძო კაცმა. ეგ არის, ყველაზე დრეკადი ვყოფილვარ-მეთქი, დავასკვენი. მაგრამ თურმე ეს რაღაც დრეკადობა ვიღაც იუნგის მოდულებში იზომება და ვისაც ყველაზე დიდი აქვს, ყველაზე დრეკადიც ისაა. ახლა არ იკითხავთ, ვინაა ის დევგმირი? – იმ გუთნის მასალა, გაზაფხულზე მიწის ბელტებს ერთმანეთზე რომ აწყობს უფრო დრეკადი ყოფილა, ვიდრე ნიკორა ხარის ტყავი თუ კაცთა მოგონილი რეზინი. ფოლადზე უფრო დრეკადებსაც უარსებიათ, მაგრამ მათი სახელები ზოგი ვერ გავიგონე და ზოგი ვერ დავიმახსოვრე…

…იუნგის მოდული და მასალათა თვისებები იქით იყოს და მე ძალიან მიყვარს ულეწელა. ჭალაში პირველს ყოველთვის მას ვარჩევ ხოლმე სხვა ყვავილებიდან. რატომ? რამ შემაყვარა? თავადაც არ ვიცი. ალბათ ამ ბედკრულ, მრავალჯერ გათელილ, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე მდგარ ქვეყანას  მაგონებს, სახელად საქართველო რომ ჰქვია.

რა ვასწავლოთ ამ წელს?

0

ჩვენ ირგვლივ განვითარებული ცვლილებების სისწრაფე, ზოგჯერ, დღიდან დღემდე იზრდება. მეცნიერული თუ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, ინტერნეტსივრცეში, ხანდახან, საათში ერთხელაც კი თავსდება სიახლეები. ჩვენ მიგნებებისა და აღმოჩენების, სწრაფი ცვლილებებისა და სიახლეების ხანაში ვცხოვრობთ. სიახლის მოთხოვნილება, ერთი მხრივ, ჩვენი ძირეული მოთხოვნილებაა, თუმცა, მეორე მხრივ, სიახლეები ჩვენგან შეგუების უნარების გაძლიერებას მოითხოვს.

ხშირად, დავფიქრებულვარ: რა და როგორ შეიძლება ვასწავლოთ მოსწავლეებს იმისათვის, რომ, თუნდაც, ათი ან ოცი წლის შემდეგ მათ შეძლონ ცვალებად გარემოსთან შეგუება? შეგვიძლია თუ არა, მოსწავლეებს განვუვითაროთ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ხანგრძლივად, ცვალებად სამყაროში საყრდენად ემსახურება? ან, იქნებ, გაზვიადებულიც კია ისეთი ცვლილებების მოლოდინი, რომლებიც საგრძნობლად ცვლის განათლების სისტემის წინაშე წარმოჭრილ ამოცანებს?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, 2020 წლისთვის, დამსაქმებლებისათვის სასურველ თანამშრომლად ყოფნისთვის, ადამიანებს ათი მნიშვნელოვანი უნარის განვითარება სჭირდებოდათ. 2015 წლიდან 2020 წლამდე ხარისხის კონტროლის უნარი შეიცვალა ემოციური წიგნიერების უნარით. დანარჩენმა ცხრა უნარმა უცვლელად შეინარჩუნა მნიშვნელოვნება ხუთი წლის მანძილზე.

სხვადასხვა ავტორი ვარაუდობს, რომ უკვე 2030 წლისთვის დასაქმებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი და აღწერილი უნარები იქნება მნიშვნელოვანი.

მკვლევრების აზრით, 2030 წლისთვის ადამიანებს წარმატებით დასაქმებისთვის შემდეგ სამ, დიდ ჯგუფში გაერთიანებული უნარები დასჭირდებათ:

ა) კოგნიტური და მეტა – კოგნიტური უნარები, რომლებიც კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, „ისწავლე სწავლა“ და თვითრეგულაციის უნარებს მოიცავს.

ბ) სოციალური და ემოციის მართვის უნარები, რომლებიც ემპათიას, საკუთარი მოქმედებების შედეგიანობის რწმენას[1], პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის უნარებს მოიაზრებს.

გ) პრაქტიკული უნარები, რომლებიც ახალი ინფორმაციისა და კომუნიკაციაში მონაწილე ტექნოლოგიის სწორად გამოყენების უნარებს გულისხმობს.

ეს სამი ჯგუფი, თავის მხრივ, მოიცავს ძირითად უნარებს, რომელთა განვითარებაც სასურველი იქნებოდა მომავლის ადამიანისათვის.

ესენია:

შემეცნებითი მოქნილობა ორი ძირითადი უნარის დახვეწა – განვითარებას გულისხმობს. სახელდობრ, აზროვნების მოქნილობისა და ძველი ქმედების ახლით შეცვლის უნარს.

შემეცნებითი მოქნილობის განვითარებულობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, მიზნის მიღწევის ჩვეული გზები შევცვალოთ ახალი, მეტად შედეგიანი გზებით, ხოლო ამ დრომდე გათავისებული ცოდნა, საჭიროებისამებრ, განვაახლოთ ახალი ცოდნით.

სწრაფად ცვალებად გარემოში, ეს ერთ – ერთი უნარია, რომელიც სიახლეებთან შეგუებაში გვეხმარება.

რთული ამოცანების გადაჭრის უნარი მოიაზრებს პრობლემური სიტუაციის თუ ამოცანის ცნობის, ანუ იდენტიფიცირების, მისი მდგენელებად დაშლის, წარმოდგენისა და თითოეული მდგენელის გადაჭრის შესატყვისი გზის მოძიებას.

ამოცანების თუ გამოწვევების გადაჭრის უნარი ისეთი კითხვების დასმასა და მათზე პასუხების გაცემაში დახელოვნებას გულისხმობს, როგორიცაა:

ა) სახელდობრ, რაში მდგომარეობს პრობლემა?

ბ) რომელი მდგენელებისგან შედგება პრობლემა?

გ) რომელი ნაბიჯების გადადგმა შემიძლია, იმისათვის, რომ პრობლემა გადავჭრა?

დ) რა საშუალებები დამჭირდება პრობლემური ამოცანის გადაჭრისთვის? კერძოდ, რა დრო დამჭირდება თითოეული ნაბიჯის განსახორციელებლად?, ვისი მხარდაჭერა დამჭირდება განსაზღვრული ნაბიჯის წარმატებით განსახორციელებლად? დამატებით, რომელი საშუალებები შეიძლება დამჭირდეს ამ პრობლემური ამოცანის გადასაჭრელად? რომელმა დაბრკოლებებმა შეიძლება შემიშალოს ხელი პრობლემური ამოცანის წარმატებით გადაწყვეტაში? როგორ გავუმკლავდები ამ დაბრკოლებებს? და ა. შ.

კრიტიკული აზროვნება გულისხმობს შესატყვისი კითხვების დასმის უნარს იმ ცოდნის ირგვლივ, რომელსაც ახლა ვფლობთ. ის ასევე, მოიცავს საკუთარ თუ სხვების ცოდნაში დაეჭვების უნარს და არა უპირობოდ, არამედ შესატყვისი კითხვების დასმის საფუძველზე, ცოდნის გაღრმავების თუ ცოდნის გამდიდრების მზაობას.

შემოქმედებითობა გულისხმობს პრობლემური სიტუაციების აქამდე გამოუყენებელი გზების ძიების მზაობას. შემოქმედებითობის განვითარებული უნარის მქონე ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ეყრდნობიან წარმოსახვის და რეალობის სწორად შეფასების უნარს. შემოქმედებითობა სიახლის ძიების მზაობასთან ერთად, სინამდვილესთან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარსაც გულისხმობს.

მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი – მსჯელობა წარმოადგენს გარემოში არსებული გამღიზიანებლების, მათი ზემოქმედებისა და განსჯის, გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობების თუ ფსიქიკური აქტივობების ერთობლიობას.

მსჯელობის განვითარებული უნარის მქონე ადამიანები ცდილობენ, აწონ – დაწონონ კონკრეტული პრობლემური ამოცანის მდგენელები. ეს უნარი გულისხმობს მიკერძოებული დასკვნების გამოტანისკენ მიდრეკილების ცოდნას, მათი გავლენების აღიარებისა და გამოყენების უნარს. მსჯელობის განვითარებული უნარის მქონე ადამიანები პასუხს სცემენ არა მხოლოდ პრობლემურ სიტუაციასთან დაკავშირებულ კითხვებს, არამედ აცნობიერებენ მსჯელობის უნარზე მოქმედ გარემოებებს.

მაგალითად,

ა) რომელი ფაქტორები შეიძლება მოქმედებდეს მსჯელობის უნარზე?

ბ) რომელი მიკერძოებული დასკვნები შეიძლება ზემოქმედებდეს ჩემი მსჯელობის უნარზე?

გ) როგორ შემიძლია, შევამცირო მსჯელობის უნარზე მოქმედი უარყოფითი გარემოებების გავლენა?

გადაწყვეტილების მიღების განვითარებული უნარი უკიდურეს მერყეობასა და იმპულსურობას შორის წონასწორობის შენარჩუნების უნარია. ადამიანებს, რომელთაც ეს უნარი განვითარებული აქვთ, შეუძლიათ, მართონ გადაწყვეტილების სწრაფად, დაუფიქრებლად მიღების ძლიერი სურვილი, უკეთ უმკლავდებიან გადაწყვეტილების მიღებამდე განცდილ დაძაბულობას და შფოთვას და შეუძლიათ ალტერნატივების შეფასების პროცესის შეწყვეტა.

გადაწყვეტილების მიღების უნარი მოიცავს არსებითისა და მეორეხარისხოვნის ერთმანეთისგან განსხვავების უნარსაც.

ემოციური წიგნიერება მოიცავს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა სტრესული მდგომარეობის მართვის, საკუთარი და ირგვლივმყოფების ემოციების ცნობისა და დასახელების, ირგვლივმყოფებისადმი თანაგანცდის და, საჭიროებისამებრ, მხარდაჭერის უნარს.

ემოციურ წიგნიერებას, ადამიანების მდგომარეობის ცნობას და მხარდაჭერას ზოგიერთი მკვლევარი წარმატებისა და ნაყოფიერი შრომის გაცილებით მნიშვნელოვან წინაპირობად თვლის, ვიდრე ინტელექტის კოეფიციენტს. ადამიანები, რომელთაც განვითარებული აქვთ ემოციებისა და მდგომარეობების ცნობის უნარი, გაცილებით მჭიდრო, მხარდამჭერ ურთიერთობებს ამყარებენ ირგვლივმყოფებთან, მათ შორის, თანამშრომლებთან, შეუძლიათ, სწორად იმოქმედონ ირგვლივმყოფების ემოციების შესაბამისად და, ამავდროულად, გულწრფელად აღიარონ და გამოხატონ, თავად რას განიცდიან.

მოლაპარაკების წარმოებისა და შეთანხმების მიღწევის უნარი – ადამიანები, რომელთაც ეს უნარი განვითარებული აქვთ, ცდილობენ, უპასუხონ ისეთ კითხვებს, როგორიცაა:

ა) რა მსურს მე და რა სურს სხვას?

ბ) შეგვიძლია, თუ არა მივაღწიოთ შეთანხმებას?

გ) რის დათმობა შემიძლია მე იმისათვის, რომ შეთანხმებას მივაღწიო და რისი დათმობა შეუძლია სხვას?

დ) როგორ შემიძლია ჩემი სურვილების გაჟღერება სხვისთვის მისაღები ფორმით? როგორ შემიძლია, ადამიანებს სწორი წარმოდგენა შევუქმნა იმაზე, რაც მჭირდება? როგორ გავიგო, რა სჭირდებათ და სურთ სხვებს?

სხვებთან შეთანხმების საფუძველზე ქმედების განხორციელების უნარი[2] გულისხმობს სხვებზე დამოკიდებულების აღიარების და შესატყვისად მოქმედების უნარს. ხშირად, თანამედროვე სამყაროში, თითოეული ადამიანის ცვალებადი ცხოვრებისგან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვების ქმედებებთან საკუთარი ქმედებების შესაბამების უნარი.

ადამიანებთან ურთიერთობის მართვის უნარი[3] მოიაზრებს მოთმინებასა და კეთილგანწყობაზე დამყარებული ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარს. როგორც წესი, ადამიანებთან ურთიერთობის მართვის უნარის განვითარებულობა უკავშირდება თანამშრომლებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის გაძლიერებას და იმ დასაქმების ადგილისადმი ერთგულებას, რომელიც ადამიანისთვის გულისხმიერებასა და მზრუნველობას უკავშირდება.

მომსახურებაზე ორიენტირება ადამიანების სურვილების ცნობის უნარია მანამდეც კი, სანამ ისინი სურვილების ჩამოყალიბებას შეძლებენ. ეს უნარი წარმოადგენს ადამიანების მოლოდინების გამოკვეთასა და დაზუსტებას.

 

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარი მნიშვნელოვანი იყოს მომავლის ადამიანისთვის? ან, რა შეგვიძლია, წელს მოსწავლეებს ვასწავლოთ?

იქნებ, სულაც, მომავლისთვის მზაობა.

[1]  Self-efficacy

[2] Coordinating with others

[3] People Management

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...