სამშაბათი, აპრილი 29, 2025
29 აპრილი, სამშაბათი, 2025

საშინაო დავალების ჯგუფურად გასწორება

0

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს ყველაზე კარგად მოეხსენებათ, რა რთულია მართლწერისა და გრამატიკული წესების შესწავლა ბავშვებისთვის. საშინაო დავალებების გასწორება კი ნამდვილი კატორღაა, რომელიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად, წლის ბოლოსკენ ოდნავ მსუბუქდება ხოლმე.

მოსწავლეები კი შესწორებულ შეცდომებს კვლავაც იმეორებენ და იმეორებენ და ვტრიალებთ ერთ წრეზე.

ჩემი გამოცდილებით, საშინაო დავალებების გასწორება შეიძლება მომაბეზრებელი საქმიანობიდან სახალისო და ძალიან სწრაფი დადებითი შედეგის მომტან საგაკვეთილო პროცესად ვაქციოთ. ამისათვის, ჯგუფური მუშაობის ის სისტემა გამოგვადგება, რამდენიმე თვის წინ რომ ამავე ჟურნალისთვის ვწერდი (იხ. „უკანა მერხის ბავშვები“).

პირველ რიგში, საშინაო დავალების გასწორება საჯაროდ კითხვით უნდა დავიწყოთ. ამ მეთოდს რამდენიმე დადებითი მხარე აქვს – ერთი ის, რომ მთლიანი ჯგუფის ჩართვა ხერხდება პროცესში, მეორე, რომ ყველაზე დაბალი მოსწრების მქონე ბავშვებსაც უჩნდებათ შანსი თავი გამოიჩნონ და მესამე – ერთი მოსწავლის მიერ დაშვებულ სტილისტურ/გრამატიკულ შეცდომებს, მთლიანი ჯგუფი ითავისებს და ერთი საშინაო დავალების ხმამაღლა გასწორებით, მთელი კლასი იწვრთნება.

უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ კლასს საშინაო დავალებად ჰქონდა „კაცია-ადამიანის?!“ განხილვა, რევიუს დაწერა, კრიტიკული ანალიზი ან უბრალოდ პერსონაჟთა დახასიათება. ხმამაღალი გასწორების მეთოდი შემდეგშია: – მოსწავლე დინჯად, ხმამაღლა და გამართული მეტყველებით (ასეთი წაკითხვა მეტყველებაშიც ავარჯიშებს ბავშვებს) კითხულობს საკუთარ ტექსტს. ყოველი წინადადების წაკითხვის შემდეგ, ხელის აწევით, მსმენელებს შეუძლიათ დაშვებული შეცდომა იპოვონ, რაც, პირობითად 1 ქულით ფასდება. სტილისტურად გაუმართავი წინადადების ალტერნატიული წინადადებით შეცვლა (ისე, რომ აზრი არ დაიკარგოს), პირობითად 2 ქულით. სხვისი ნაპოვნი შეცდომის უკეთესად დარედაქტირება კიდევ 2 ქულა, ხოლო ისეთი ტექსტის მოტანა, რომელშიც ჯგუფი შეცდომას ვერ მოძებნის, ვთქვათ 5 ქულით, სადაც ქულები შესაბამისობაში მოდის სასკოლო შეფასებასთან (10 ქულა უდრის 10-იანს).

მოსწავლეები, ვინც ზედიზედ 10-ჯერ გაცდენისა და ჩავარდნის გარეშე მოიტანენ დავალებას (თუნდაც შეცდომებით სავსეს), ასევე მიიღებენ 10 ქულას, ხოლო მოსწავლეები, ვინც სახელმძღვანელოში მოძებნიან კორექტურას, კვლავაც 10 ქულას.

შეფასების ეს, ერთი შეხედვით მარტივი ფორმულა ძალიან კარგად მუშაობს. ბავშვებს უჩნდებათ განცდა, რომ მათ ნიშნის მიღება „არაფერში“, განსაკუთრებული შრომის გარეშე შეუძლიათ. ისინი იწყებენ ყურადღებით მოსმენას, ცდილობენ ჩაერთონ ჯგუფურ მეცადინეობაში მაშინაც კი, თუ საგანი ან კონკრეტული ტექსტი არ აინტერესებთ, უჩნდებათ სურვილი მოიტანონ უკეთესი და უკეთესი ნაწერები და რაც მთავარია – ძალიან სწრაფად და ეფექტიანად იმახსოვრებენ გრამატიკული წესების იმ მარტივ ფორმულებს, რომელიც პრაქტიკულ გამოყენებაში მარტივად ისწავლება.

ხმამაღალი რედაქტირება სხვა მხრივაც საინტერესოა – ერთი ტექსტის მრავალმხრივი გადააზრება ასე ბევრად მოსახერხებელია. ამავე დროს, მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი ნამუშევრის წარდგენა საჯაროდ მოახდინონ. გაკვეთილის ბოლოს კი მოსწავლეებს ევალებათ დაასახელონ საუკეთესო ნაწერი, რომელიც ავტომატურად აგროვებს ასევე 10 ქულას.

მსგავსი სისტემა ბავშვებისთვის გართობასთან ასოცირდება, რადგან ჯგუფურად გასწორების მომენტში, მოსწავლე და მასწავლებელი ერთ რანგში არიან. თუმცა, ცხადია, პედაგოგს მოდერაციის უფლებამოსილება რჩება და ის წარმართავს შესწორების პროცესს, სადაც აქამდე არარსებული გრამატიკული შეცდომების ახსნასაც ახერხებს.

მსგავსი გაკვეთილი ძალიან კარგად მუშაობს თეორიული მასალის ახსნის შემდეგ. თუ ერთ გაკვეთილზე „ზედსართავი სახელის ჯგუფებზე“ ან „მწკრივებსა და სერიებზე“ ილაპარაკებთ, მეორე ჯერზე კონკრეტული ტექსტის ანალიზის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ამ ახალნასწავლ წესებზე გაამახვილებთ.

ხმამაღალი განხილვის კიდევ ერთი უპირატესობა აქამდე შესწავლილი მასალის მუდმივ გადამეორებაშია. მაგალითისთვის, თუ წინა გაკვეთილზე შორისდებულები ახსენით, მომდევნოზე, ტექსტის შესწორებისას შეიძლება ასეთი დავალება მიიღონ ბავშვებმა: მოძებნონ და შეცვალონ ერთმანეთის ნაწერებში შორისდებულები და ჩაანაცვლონ ისინი ისე, რომ აზრი არ დაიკარგოს, რაშიც, დამატებით 2 ქულას დაიმსახურებდნენ.

საჯაროდ განხილვის კლასში დანერგვა მას მერე გადავწყვიტე, რაც მივხვდი, რომ რუტინულ დავალებებს ბავშვები სრულიად უხალისოდ აკეთებდნენ. ასევე, დიდ პრობლემად მეჩვენებოდა ყურადღების კონცენტრაცია მეცადინეობისას. თუ კონკრეტულ მოსწავლეს არ ეკითხები, ის დუნდება და იწყებს თანამოსაუბრის ძებნას, ტექსტის ხმამაღალი გასწორების დროს კი მისი ყურადღებაც მობილიზებულია და გვერდით მჯდომისაც.

ასევე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მორიდებული ბავშვების მეცადინეობის პროცესში სრულად ჩართვა იყო. ეს პრობლემაც „ხმამაღალი რედაქტირების“ მეთოდმა სრულებით გადაჭრა. მორიდებულ ბავშვებს „უხდებოდათ“ საკუთარი ნამუშევრის საჯაროდ წაკითხვა. საჯაროდ კითხვისას, რაც ძალიან კარგი ამბავი ხდება არის ისიც, რომ კლასელები ერთმანეთის შექებას იწყებენ. ამის წახალისებას მოდერატორი პედაგოგი უნდა უწყობდეს ხელს. მე მაგალითად, მორცხვი ბავშვის ტექსტში 3 გამორჩეულად კარგი მონაკვეთის პოვნაში და მათ დასაბუთებაში 3 ქულას ვუწერ ხოლმე მოსწავლეებს. ამ დროს, ერთის მხრივ ხდება დადებითზე ორიენტაცია, მეორეს მხრივ, ქულების დაგროვების მსურველები იწყებენ სწორედ ასეთი ადგილების ძებნას და მათ საჯაროდ თქმას, რაც მორიდებულ ბავშვებს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს მომდევნო გაკვეთილზეც მოიტანონ ნაწერი.

„ – თამარ, მგონი საბას ნაწერში, ლუარსაბის შეფასების ის ერთი ეპიზოდი, ძალიან მაგარია, რას იტყვი?“ – ეტყვი ყველაზე აქტიურს და რომც არ იყოს „ძალიან მაგარი“, ბავშვი სწორედ ამ მიმართულებით ფიქრს იწყებს და გადაგდებულ ბურთს უკან გიბრუნებს და რაც საოცარია – მართლაც პოულობს ისეთ ძლიერ ადგილებს, რაც ჯგუფის მხრიდან მორიდებული ბავშვის საჯაროდ შექებით სრულდება.

ასევე, განსაკუთრებული წახალისება ჭირდებათ ხოლმე იმ მოსწავლეებს, ვისაც წერაც უჭირთ და ანალიზიც, მაგრამ ჰოი, საოცრებავ – საოცარი უნარი აქვთ მოსმენილში უმარტივესი შეცდომები იპოვნონ (ასეთ მარტივ შეცდომებზე, 5 აწეული ხელიდან, მასწავლებელი სწორედ იმ ბავშვებს აძლევს „შეცდომის პოვნის“ საშუალებას, ვისაც სხვა მხრივ თავის გამოჩენა არ გამოსდით ხოლმე). რამდენიმეთვიანი მსგავსი წვრთნა-თამაშობა კი შედეგს აუცილებლად იძლევა. ჩემი, როგორც რიგითი პედაგოგის დაკვირვებით, წლის ბოლოსკენ ყველაზე პასიური მოსწავლეები რადიკალურად იცვლებიან, ემატებათ საკუთარი თავის რწმენა, ახერხებენ ძალების მაქსიმალურად მობილიზებას და ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში სრულად, რაც, ჩემი აზრით, სწავლებისას უმთავრესია.

ტექსტების ხმამაღლა წაკითხვა/რედაქტირება სარიტუალო სწავლების მეთოდს მაგონებს, სადაც საერთო ენერგიის სწორად მობილიზებით, ინდივიდუალური მაქსიმალური შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.

სკოლის ადმინისტრაცია და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება მოსწავლეებში

0

ოქტომბერში  საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დავესწარი. კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, მოწვეული სტუმრები ოთხ თემატურ სამუშაო ჯგუფში გადანაწილდნენ. ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის (რომლის წევრიც ვიყავი) თემატიკა ეხებოდა სკოლის ადმინისტრაციის როლს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების მიმართულებით.

ხშირად ვაწყდები დისკუსიას საზოგადოებაში დაბალი სამოქალაქო ცნობიერების არსებობის შესახებ. ძირითად შემთხვევაში დისკუსიაში მონაწილე მხარეებს ყურადღების მიღმა რჩებათ  სკოლის როლი.  არადა, განათლების სისტემის მიზანია, განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, გააცნოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობის განხორციელებაში.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში გვიწერია: სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა. შესაბამისად, სკოლის უმთავრესი როლი, სწორედ  მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე ახალგაზრდის აღზრდაა.

პირველ რიგში, ვისაუბრებ იმაზე, თუ რა უშლის დღეს ხელს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.

  • ხაზგასასმელია დირექციისა და სკოლის ადმინისტრაციის როლი. ჩემი დაკვირვებით, ქართულ რეალობაში, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან აქცენტი აკადემიური მოსწრების კონტროლისა და უსაფრთხო სკოლის პრინციპების დაცვის მიმართულებით კეთდება. ამ დროს ნაწილობრივ იზღუდება თავისუფლება, რაც სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.
  • ჩემი, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის თვალით დანახული მეორე ფაქტორი გამოცდებზე ორიენტირებას ეხება. ამაში მთავარი „დამნაშავე“ განათლების სისტემა და მისი მოთხოვნებია. სწორედ სისტემა კარნახობს სკოლასა და პედაგოგს, რომ მოსწავლე მოამზადოს გამოცდების ჩასაბარებლად;
  • ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სკოლაში მიმდინარე უამრავი ფიქტიური პროცესი. სინამდვილეში ამ პროცესების აქტიური მონაწილე მოსწავლე უნდა იყოს;
  • ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის მასწავლებლების არასწორი დამოკიდებულება და აღქმა. პედაგოგები თვლიან, რომ უმთავრესი მიზანი საგნის სწავლებაა. ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება უმთავრესი – ღირებულებების, პრინციპების, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და ადამიანური ღირსებების საკითხები.

სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება დაკავშირებულია პასუხისმგებლობების, უფლება-მოვალეობების კარგად გააზრებასთან, აღზრდასთან. მიზნის მიღწევა შესაძლებელია, როგორც ფორმალური საგაკვეთილო პროცესის კვალდაკვალ, ასევე არაფორმალური განათლების გზითაც. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მიმართულია მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობისკენ.

სამართლიანობის განცდა და სანდო გარემო – დიდწილად სკოლის დირექციაზე დამოკიდებული სამართლიანობის განცდის, ჯანსაღი კლიმატის, დაცულობის შეგრძნებისა და ნდობის მაღალი მაჩვენებლის არსებობა, რაც მოსწავლეს თავისუფლად განვითარების საშუალებას აძლევს.

ასეთ პირობებში მოსწავლემ იცის, რომ ის არ იქნება უსამართლობის, ბულინგის, დაცინვის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში თავისუფლად მიმართავს დირექციას ან უფლებამოსილ პირს/ორგანოს.

თავისუფლებისა და ინიციატივების წახალისება – სწორედ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა თავისუფალი გარემო, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება. ასეთ გარემოში მოსწავლეებს აქვთ ინიციატივები, რომლებიც მხარდაჭერილია სკოლის დირექციის მიერ.

სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა – საჯარო სკოლებში არსებობს დისციპლინური კომიტეტი, რომელიც რეაგირებს სკოლაში მომხდარ დისციპლინურ გადაცდომებზე. კომიტეტს ჰყავს 6 წევრი, მათ შორისაა სკოლის თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი 2 მოსწავლე. ბევრ სკოლაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომების განხილვაში ძირითადად 2 მშობელი და 2 მასწავლებელი მონაწილეობს. რიგი მიზეზების გამო მოსწავლეებს არ ატყობინებენ ჩანიშნული სხდომის დროსა და საკითხებს.

როდესაც ვსაუბრობთ მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, ჩემი ფიქრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების მონაწილეობას დისციპლინური კომიტეტის საქმიანობაში. აღნიშნული საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩაიხედოს პედაგოგიური საქმიანობის სირთულეებში, მოთხოვნებში და გაიაზროს ისინი. ასევე მოსწავლე, რომელიც დისციპლინური გადაცდომების განხილვაში მონაწილეობს, იაზრებს, რომ არავინაა შეუმცდარი და ნაკლებად აქვს შეცდომების შიში.

სკოლის თვითმმართველობის გაძლიერება – ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე სკოლებში ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. ერთი შეხედვით ეს რუტინული ამბავია. სწორედ არჩევნის თავისუფლების პრინციპის დაცვა უწყობს ხელს  სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. მოსწავლეებმა სკოლიდანვე იციან, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ან თავად იყვნენ არჩეულნი სკოლის თვითმმართველობაში. გაყალბება კი, მიუღებელი საქციელია. უშუალოდ ვარ მომსწრე როგორ შეიცვალა დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებისადმი. იყო პერიოდი, როდესაც სკოლაში თვითმმართველობის არჩევნებისას დამრიგებლები თვითონ არჩევდნენ წარმომადგენლებს. სკოლის დირექტორმა, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მთხოვა, მომეზადებინა კლასები არჩევნებისთვის. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები, განვმარტეთ თვითმმართველობის როლი და მისია. 2016 წლიდან მოყოლებული მსურველები წარადგენენ გაწერილ პროგრამას. გვყავს აქტიური თვითმმართველობა.

არაფორმალური განათლება – არაფორმალურ გარემო უფრო მეტად იზიდავს მოსწავლეებს, ვიდრე ფორმალური საგაკვეთილო პროცესი. ამ გარემოებას იყენებს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეებს რთავს პროექტებში, რომლებიც სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.

მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოზარდი არის აქტიური. ის ინტერესდება თემში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, ცდილობს შეცვალოს არსებული რეალობა უკეთესობისკენ.

თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან – სკოლის ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია საზოგადოებრივი ჯგუფების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა. სკოლასა და თემში მოქმედი თუ ცენტრიდან ჩამოსული სამოქალაქო აქტივისტების მჭიდრო ურთიერთობა დადებითად აისახება მოსწავლეებზე. სკოლაში ინტენსიურად ტარდება სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა თუ ამაღლებაზე ორიენტირებული შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები და სიმულაციური თამაშები. ამ დროს მოსწავლეებს უყალიბდებათ დამოკიდებულებები და შეხედულებები.

ზემოთ მოყვანილი რჩევები არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის ერთადერთ მზა რეცეპტს. ეს არის, ჩემი, როგორც პრაქტიკოსი პედაგოგისა და სკოლის ადმინისტრაციის ყოფილი წევრის  ნააზრევი. მიმაჩნია, რომ სკოლაში, სადაც არის დაცულობის მაღალი დონე, სამართლიანობის განცდა, წახალისებულია ინიციატივები და თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებასა და არაფორმალურ განათლებაში; არსებობს ძლიერი, დემოკრატიის პრინციპის დაცვით არჩეული თვითმმართველობა; მეტი შანსია, რომ  ბავშვებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული საკუთარი როლი საზოგადოების განვითარებაში.

ეს ყველაფერი კი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

საზოგადოება, ტაბუ და პირადი ავტონომია

0

სიტყვა „ტაბუ“ პოლინეზიური წარმოშობისაა და სხვა ენებში პირდაპირი ეკვივალენტი არ გააჩნია. მას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, ნიშნავს წმინდას, კურთხეულს, მეორე მხრივ კი უჩვეულოს, აკრძალულს, საშიშს, უწმინდურს. პოლინეზიურ ენაში ამ სიტყვის ანტონიმია „ნოა“ – საყოველთაო. ფიქრობენ, რომ ტაბუ ღმერთებსა და რელიგიებზე ძველია. ეს არის კაცობრიობის უძველესი, დაუწერელ კანონთა კოდექსი, როგორც მას ფილოსოფოსი ვუნდტი უწოდებს. ტაბუს დარღვევას სასჯელი მოსდევს. საზოგადოება სჯის ტაბუს დამრღვევს, რადგან ფიქრობს, რომ ის ყველა დანარჩენს საფრთხეს უქადის.

ადამიანური თავისუფლება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ „მე მინდას“, არამედ მცნებასაც „მე მოვალე ვარ“, ზნეობრივ აკრძალვებსაც მოიაზრებს. პირადი ცხოვრება ისაა, რაზე საუბარსაც გაურბიან ადამიანები. თუ ჩავთვლით, რომ ეს არის ტაბუ, მაშინ იმასაც გავიხსენებთ, რომ ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის რეალობა კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია, მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებები ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. ჩვენთან თითქმის უგულებელყოფილია ეს და სხვა მუხლებიც, რომლებიც ცხადყოფს, რომ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული უნდა იყოს. ამასთან, საქართველო იზიარებს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებას, უზრუნველყოს პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. პირადი სივრცის ქონების უფლება დაცული უნდა იყოს როგორც ინდივიდებს შორის ურთიერთობაში, ისე სახელმწიფოს ჩარევისგანაც.

ადამიანი როგორც სოციალური ინდივიდი ჩართულია საჯარო სივრცეში და ზემოქმედებს მასზე, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება საკუთარი, პირადი სივრცის ქონებისა.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობის განუყოფელი ნაწილია იმის ცოდნა, რა არის პირადი სივრცე და დგინდება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო და პირადი სივრცის ბალანსი.

რა არის პირადი სივრცე? საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „პირადი სივრცის პრივატულობა სწორედ იმით გამოიხატება, რომ ადამიანს გარანტირებულად უნდა ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებისა და ნების შესაბამისად, საზოგადოებრივი კონტროლისგან თავისუფალ პირობებში, სივრცეში განავითაროს საკუთარი პიროვნება, ურთიერთობები მხოლოდ მისთვის სასურველ პირებთან, მისთვის მისაღებ თემებსა თუ საკითხებზე, მისთვის სასურველი ფორმითა თუ მანერით, სტილით, იყოს ისეთი, როგორიც არის, საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევის ვალდებულების გარეშე“.

საზოგადოების აზრი ანგარიშგასაწევია, მაგრამ არა ისე, რომ „რას იტყვის ხალხის“ პრინციპმა კაცს მონური ფსიქოლოგია ჩამოუყალიბოს, მისი პიროვნულობა დააზარალოს. ამგვარად, ჩვენ თავად უნდა განვსაზღვრავდეთ საჯარო სივრცეში შესვლის ინტენსივობის და, შესაბამისად, საკუთარი პირადი სივრცის ფარგლებს. თუმცა გუგლისა და ათასნაირი სოციალური ქსელების ეპოქაში იმის გასარკვევად, რა არის საჯარო თუ პირადი სივრცე, უამრავი კრიტერიუმია საჭირო. სისხლის სამართლის კანონმდებლობისგან განსხვავებით, რომელიც მოწოდებულია, მკაცრად დაიცვას პირის პირადი სივრცე ხელყოფისგან, სამოქალაქო კანონმდებლობა ზერელედ ეკიდება უკვე დარღვეული უფლების მორალური ზიანის ანაზღაურების სახით რესტიტუციას. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკაც არაფრით გამორჩეული გვაქვს. თვალში საცემია კერძო სამართლის მოუქნელობაც, რომელიც სისხლის სამართლის გამოძიების, მერე კი სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოლოდინშია და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას. უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი პროცედურების ბოლომდე მიყოლა, სამოქალაქო სასამართლოსთვის მიმართვა და საკუთარი უფლებების სრულად დაცვა, თუნდაც მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგან ადამიანთა უნივერსალური თანაცხოვრების წესებია სწორედ სამართალი. სახელმწიფო და კანონი ვერ იქნებიან უფლების დაცვის მთავარი გარანტები, ისინი მხოლოდ და მხოლოდ აღსრულების მექანიზმებს წარმოადგენენ. ამიტომ საკუთარი უფლებების დაცვის გარანტები თავად ინდივიდები უნდა ვიყოთ, ამისთვის კი აუცილებელია, ზუსტად გვესმოდეს ჩვენი უფლებები და ვფლობდეთ მათი ეფექტურად დაცვის საშუალებებს.

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გათვალისწინებით, არსებობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპი, რომლის მიხედვითაც, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას მასში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. ამგვარად, საჯარო ინტერესის შემთხვევაში პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვა მედიის გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.

რა არის საჯარო ინტერესი? როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება. სწორედ ამით განსხვავდება საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობისგან.

საჯარო ინტერესი შეიძლება არსებობდეს ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა:

  • სახელმწიფოს სისტემური დანაშაული;
  • საჯარო სახსრების არასათანადოდ გამოყენება;
  • თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები;
  • საარსებო გარემო;
  • ეროვნული უსაფრთხოების დაცვა;
  • მნიშვნელოვანი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანა და ა.შ.

ეს არის შემთხვევები, როცა საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება პირადს და ხდება პირადის გასაჯაროება, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა კონკრეტული პირის გაცნობიერებული თანხმობა, რაც ასევე დაცვის მექანიზმს გულისხმობს.

„ინდივიდი თავად განსაზღვრავს, რა არის მისი პირადი სივრცე. ეს არის ამ უფლების თავისებურება, რომ ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს მეორე ადამიანის პირადი ცხოვრების ფარგლებისგან, ყველას განსხვავებული აღქმა აქვს“, – განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი. სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის, ან პირადი ცხოვრების უფლებასა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის, როგორ არის გაგებული საზოგადოებაში პირადი ცხოვრების უფლება, რას აკეთებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ვის და რა მიზნისთვის სჭირდება მოქალაქეთა პირადი მონაცემები, ფარული მოსმენები და თვალთვალი, როგორია პოსტსაბჭოთა სივრცის და, მეორე მხრივ, დასავლური გამოცდილება, როგორია მედიის როლი პირადი ცხოვრების დაცვის სფეროში – აი, იმ კითხვათა ჩამონათვალი, რომლებიც აქტუალურია ჩვენს სახელმწიფოში. ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გასული წლის მდგომარეობის შეფასებისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც მნიშვნელოვან და დადებით მოვლენად 29 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად საქართველოს პირველად არჩევას ასახელებენ. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო ასევე ფარული მიყურადების თაობაზე ახალი კანონმდებლობის ამოქმედების საკითხი – კანონმდებლობისა, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ, რომელსაც კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ გარშემოა გაერთიანებული. ეს მოთხოვნა გულისხმობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონების იმ მუხლების გაუქმებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2014 წლის 30 ნოემბერს, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში რეალობა კი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო, რადგან საკმაო ძვრებია და საკმაო ძალისხმევა ხმარდება არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

მძიმე განწყობა რომ არ შეგვექმნას, ბოლოსთვის ლირიკულ გადახვევას მოვუხმოთ: ყოველ ჩვენგანს შეუძლია შექმნას საკუთარი რეალობა საზოგადო რეალობაში. ეს გადარჩენის გზაა. ოღონდ ეს არ უნდა იქცეს გაქცევად, რომ სამშობლოში შინა ემიგრაციაში არ აღმოვჩნდეთ. ეს „ჩვენი“ რეალობა-თავშესაფარი სულის მოსათქმელადაა, რომ ისევ დავუბრუნდეთ თუნდაც უმძიმეს გარემოს, ახალი სასიცოცხლო ძალებით აღჭურვილნი. ესეც ჩვენი და მხოლოდ ჩვენი პირადი ცხოვრებაა, ავტონომია, რომელიც ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს ამქვეყნად ებოძა და იმქვეყნადაც წაიღებს საგზლად, როგორც ავთანდილის პირით „ვეფხისტყაოსანიც“ გვარწმუნებს:

„დამხსნას ხორცსა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები…“

 

 

       საქმე # 8309

0

 1983 წლის 18 ნოემბერი. თბილისის აეროპორტი. ავიაკომპანია აეროფლოტი. თვითმფრინავი ტუ-134A.  რეისი თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. მოსკოვის დროით 15:43. თვითმფრინავში იმყოფება 57 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი. მგზავრებს შორისაა 7 ქართველი ახალგაზრდა, რომლებმაც წინა დღით ერთ-ერთი მეგობარი დააქორწინეს. ახალდაქორწინებული წყვილი _ მსახიობი გეგა კობახიძე და თინა ფეტვიაშვილი _ მათთან ერთად არიან.

. . .

„ჩვენ არ ვცხოვრობთ ერთი სიცოცხლით, არა, გვჯეროდეს! შესაძლოა, ვიცხოვროთ 100-1000000 და მეტჯერ, ალბათ უსასრულოდ, ერთი ცხოვრება არის მეორის წინამორბედი. იგი, ალბათ განსაზღვრავს მას. რაც მეტ სიკეთეს მოიტან შენ, მით გაიბედნიერებ თავს მომავალში“ _ ეს მხატვარ სოსო წერეთლის სიტყვებია. მან 25 წლისამ დაასრულა სიცოცხლე. განგებამ სამუდამოდ აღბეჭდა მის ბიოგრაფიაში _ ის ერთ-ერთი „თვითმფრინავის ბიჭია“.

. . .

აფრენიდან 30 წუთის შემდეგ, 7 ახალგაზრდა მეგობრიდან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა უჭირავს, დგება და აცხადებს, რომ თვითმფრინავი კურსს შეიცვლის.  წინააღმდეგობის შემთხვევაში გაიხსნება ცეცხლი. ახალგაზრდები აღჭურვილნი არიან იარაღით: „TT“ ტიპის 2 პისტოლეტი, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერი, 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარა. კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში იჭრებიან. კახა ივერიელი პილოტ ახმათგერ გარდაფხაძისგან  თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმას ითხოვს.  შტურმანი ვლადიმერ გასოიანი ცეცხლს ხსნის. ადგილზე კლავს გია ტაბიძეს, სასიკდილო ჭრილობებს მიაყენებს კახა ივერიელს და სოსო წერეთელს.

. . .

სოსო წერეთელი 1958 წლის 1 მარტს ცნობილი მეცნიერის კონსტანტინე წერეთლის ოჯახში დაიბადა. სახლი, რომელშიც მან თავისი 25-წლიანი ცხოვრება გაატარა, დღეს კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმადაა ქცეული და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში შედის. ეს სახლ-მუზეუმი ინახავს მისი დრამატული პიროვნული და შემოქმედებითი ცხოვრების ისტორიას, სრულყოფილად გამოხატავს ამ დრამატიზმის არსს.

მუზეუმის არქივში დაცულია მისი ბავშვობისდროინდელი ნახატები, მისი პირველი ნაბიჯები სამყაროს მხატვრული შემეცნებისკენ.  სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

თავისუფლების წყურვილი, საბჭოთა სისტემის კრიტიკა და მის მიმართ პროტესტი სოსო წერეთლის მთავარი მრწამსია, ეს აძლევს მას ინსპირაციას როგორც მხატრობაში, ასევე ცხოვრებაში _ მუდმივი ძიების და აქტიური ძალისხმევის პროცესში იკვლევს თავისუფლების იდეას, ცდილობს მის გამოხატვას, ეცნობა მსოფლიო რელიგიებს, ჭვრეტს ქრისტიანობის არსს და იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას  (ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანია)… მისი კუბისტური აბსტრაქციები, ფერის და ფორმის სიახლე, თვითმყოფადობა მისი ადამიანური და სამოქალაქო პოზიციის მეტაფორებია.

ამ კრიტიკული და საპროტესტო განწყობების გამო რიცხავენ სამხატვრო აკადემიიდან. სწორედ ამ ფაქტს უძღვნის ერთ-ერთ ცნობილ ავტოპორტრეტს “რა დავაშავე?!”.

. . .

თვითმფრინავ  ტუ-134-ში ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და მგზავრი. 17-მა მგზავრმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დათო მიქაბერიძემ თვითმფრინავში თავი მოიკლა. პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავს მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. თვითმფრინავის კორპუსზე დაფიქსირდა 108 ნახვრეტი.  კახა და პაატა ივერიელები, გეგა კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. სოსო წერეთელი იზოლატორში სისხლისდენით გარდაიცვალა. თავდამსხმელთა  თქმით, მათ თურქეთიდან ამერიკაში უნდოდათ გადასვლა, იქ კი თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება სურდათ.

. . .

ბევრ სხვა კითხვასთან ერთად, რომლებიც კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დიალოგისას ჩნდება, თავისუფლების შესახებ კითხვებსაც მოისმენთ. პროგრამას „იალქნებიდან ჯინსებამდე“ ჰქვია და ამ ლამის საკულტო ქსოვილის თავგადასავალის ფონზე ისეთ სერიოზულ და საჭირბოროტო თემებზე იმსჯელებთ, როგორებიცაა კაცობრიობის (მათ შორის ყოფილი საბჭოეთის და ჩვენი ქვეყნის) მიმართება თავისუფლების იდეასთან, ომთან, ბოროტებასთან და ბედნიერებასთან… ეს  საინტერესო და ჩამთრევი გაკვეთილები  იმ კონცეფციის გამოხატულებაა, რომელიც თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ, კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმის გახსნისას შეიმუშავა:

განახლებული მუზეუმი 2019 წლის 18 მაისს გაიხსნა. მისი საგამოფენო კონცეფციაა: აღადგინოს 80-იანი წლების ეპოქა, აჩვენოს ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური სურათი, რომელიც წინ უძღვოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას საქართველოში. განახლებული სამუზეუმო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი: ბინა-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს კოტე წერეთლის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეთმობა, მეორე ნაწილი კი მისი ვაჟის, მხატვარ სოსო წერეთლის შემოქმედებას, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის „თვითფრინავის საქმის“ მონაწილე იყო.

მუზეუმის „ეპოქალური ოთახი“ განსაკუთრებულად მომნუსხველი და იდეურად დატვირთულია. შუშის კედლით გამიჯნული ორი სამყარო _ 80-იანი წლების რეალური, ფაქტობრივი პოლიტიკური კონტექსტი და „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმე # 8309 დამთვალიერებელს ამ კონკრეტული მოვლენის და ზოგადად, ეპოქალური დრამის აღქმას უმძაფრებს. შავ-წითელ ფერებში გადაწყვეტილი ისტორიული რაკურსი ანტიკური სიღრმით წარმოაჩენს ნებისმიერი დროის, ეპოქის თავსატეხ თემებს _ თავისუფლება, ომი, ადამიანი…

ამ საგანმანათლებლო პროგრამას უკვე ჰყავს ბევრი მსმენელი სხვადასხვა სკოლიდან. პროგრამის პედაგოგის, ლუიზა ლაფერაძის თქმით კი, ყველა ჯგუფი თავად ქმნის თავის გაკვეთილს _ იმპროვიზებულად, მისთვის საინტერესო კითხვებით და დაძაბული რეფლექსიით.

. . .

ვინ იყვნენ „თვითმფრინავის ბიჭები“ _ თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდები თუ ტერორისტები? რა იყო ეს აქტი _ გულწრფელი პროტესტი თუ გავლენიანი ოჯახის შვილების მორიგი ახირება? ამ კითხვებმა თაობების აზროვნებაში, ეჭვებსა და ოცნებებში გამოაღწია და დღემდე გაუნელებელი ინტერესის წყაროა. ეს თემა აინტერესებთ მწერლებს და რეჟისორებს. ჩნდება მისი ათასგვარი ინტერპრეტაცია, ყოველი დრო ალბათ თავისი კონტექსტით წაიკითხავს ამ ამბავს. ამბავს, რომელსაც ბევრი მსხვერპლი ჰყავს და არცერთი გმირი. სიმართლე კი, როგორც ამქვეყნად ყოველი ამბის და მოვლენის არსი, არა კოლექტიურ განსჯაში, არამედ თითოეულ გულში დგინდება. მთავარია, ეს გული თავად შეეხოს იმ წამს, რომელშიც ყოველი ამბის მონაწილე ერთიანდება _ ეს თავისუფლების წამია.

„სიკვდილი არის ერთი ცხოვრებიდან მეორეში გარდამავალი ინტერვალი, რომელიც ფიზიკურ ტკივილს აყენებს ადამიანს“ _ ესაც სოსო წერეთლის სიტყვებია. თუ განვაზოგადებთ, სიკვდილმა, რომელმაც თვითმფრინავის ბიჭები საბჭოთა ეპოქის დასასრულის საწყისად აქცია, ამ ფიზიკურ ტკივილში მთელი ქვეყანა ჩაიზიარა. ეს ტკივილი დღემდე გვახსენებს თავს, თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია გარედანაც შევეხოთ, დავინახოთ და ვიკვლიოთ ის.

ამ პროცესში ყველაზე მეტად სწორედ ეს სახლ-მუზეუმი დაგეხმარებათ _ უტყუარი ექსპონატებით, ეპოქის ანაბეჭდებით, ნახატებით, უზუსტესი კონტექსტით.

დაგეხმარებათ, დაინახოთ თვითმფრინავი, რომელიც ბოროტების წინააღმდეგ, ყველაზე ნათელი და ამაღლებული სურვილებით, ყველაზე შორ ცაში გასაფრენად ემზადება.

 

 

 

 

 

თავისუფლების მეტაფორები

0

„ბატონი მხოლოდ სიმაღლეს სცნობს, რომელზეც იგი მონებს აჰყავთ, კეისარმაც მხოლოდ სიმაღლე იცის, რომელზეც იგი მასებს აჰყავთ, მაგრამ იგივე მონები და მასები ამხობენ ყველა მბრძანებელს და კეისარს. თავისუფლება ნიშნავს გათავისუფლებას არა მხოლოდ ბატონებისგან, არამედ მონებისგანაც. ბატონი გარედან არის დეტერმინირებული, ბატონი არ არის პიროვნება ისევე, როგორც მონა არ არის პიროვნება. პიროვნებაა მხოლოდ თავისუფალი ადამიანი, თუნდაც მთელ სამყაროს სურდეს მისი დამონება.”

ნიკოლაი ბერდიაევი

 

„კაცი ვარ და ქუდი მხურავს,

ქედს არ ვუხრი არავის.

არც არავის ვემონები,

არც ვბატონობ არავის.“

რობერტ ბერნსი

 

 

თავისუფლება – ეს არის ის, რაზედაც ყველაზე მეტს ვსაუბრობთ, განვიხილავთ, განვმარტავთ, ვუმტკიცებთ ერთმანეთს – რა არის და რა არ არის თავისუფლება, მაგრამ, საბოლოოდ, ძალიან ცოტა ვიცით მის შესახებ. ერთი რამ კი ფაქტია: ის ყველას აკლია და სჭირდება, როგორც წყალი და ჰაერი.

თავისუფლება – წყურვილია. გალაკტიონ ტაბიძის ეს მეტაფორა ყველაზე უფრო მძაფრად გამოხატავს თავისუფლების არსს.

“თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,

ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა… დროშები ჩქარა!”

 

მაგრამ თავისუფლება მოსაპოვებელია, რაც გულისხმობს, რომ მისთვის იბრძვიან, უბრალოდ არ მოდის!  თავისუფლებისთვის ბრძოლას სჭირდება ძალა და სიმამაცე. ამიტომ არის, რომ პოეტისთვის ის „ლომთა ხვედრია“. ამ შემთხვევაში, ლომი – ძლიერების და სიმამაცის მეტაფორაა.

 

მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის,

ტყვია მიზანში მოსახვედრია,

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია. (ჯანსუღ ჩარკვიანი)

მაგრამ პოეზიით ვერბალიზებული აზრი რამდენად შეესაბამება ჩვენს ყოველდღიურ სოციალურ ცხოვრებას? როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ადამიანები „თავისუფლების ძიებაში“ ხშირად მონებად იქცევიან ხოლმე და ამას სოციალური ცხოვრება კი არა, ცნობიერების სტრუქტურები განაპირობებს.

„ადამიანი ეძებს თავისუფლებას, მასშია უზარმაზარი ლტოლვა თავისუფლებისადმი. მაგრამ,  იმავდროულად იგი არამარტო ადვილად ექცევა მონობის ქვეშ,  არამედ  უყვარს მონობა. ადამიანი მეფეა და მონა. ჰეგელს “სულის ფენომენოლოგიაში” შესანიშნავი აზრები აქვს ბატონისა და ყმის, მბრძანებლობისა (Herrschaft) და მონობის (Knechtschaft) შესახებ. იქ საუბარია ბატონისა და მონის არა სოციალურ კატეგორიებზე, არამედ რაღაც სხვა, ბევრად უფრო ღრმა მოვლენაზე. მე ვხედავ ადამიანის და მისი ცნობიერების სამ მდგომარეობას, რომელთაც შეიძლება ეწოდოთ “ბატონი”, “მონა” და “თავისუფალი”. ბატონი და მონა ურთიერთდამოკიდებულნი არიან, უერთმანეთოდ მათთვის შეუძლებელია არსებობა. თავისუფალი კი არსებობს თავისთავად, მას საკუთარ თავში გააჩნია ხარისხი საწინააღმდეგოსთან დამოკიდებულების გარეშე.

(“ადამიანის მონობის და თავისუფლების შესახებ”, ნიკოლაი ბერდიაევი (თარგმნა თამაზ ლომიძემ)

 

ამ საკითხებზე ფიქრისას დამთხვევა იყო, რომ გადავაწყდი მაკაუ მუტუას წიგნს: „ველურები, მსხვერპლები და მხსნელები: ადამიანის უფლებათა მეტაფორა“ (თარგმნა თამარ გოგიამ).

ამ წიგნის გაცნობის შემდეგ რწმუნდები, რომ ის, რაც ეროვნული გგონია, უნივერსალური აღმოჩნდება.

ავტორი სამ მნიშვნელოვან მეტაფორას განიხილავს: მსხვერპლები, მხსნელები და ველურები… ამ მეტაფორებით მოდელირებული სამყარო კი ისეთია, როგორიც არის… სანამ სამყაროს ასეთი დაყოფა არსებობს, მანამდე იარსებებს კონფლიქტები, ომები, დაპირისპირებები საზოგადოების  ფენებს შორის, რომლებიც ერთმანეთის წყალობით არსებობენ და სინამდვილეში ერთი მედელის ორი მხარეა.

ვინც ერთ მხარეს უარყოფს, მეორეს ირჩევს მისდა უნებურად. ვაჟა-ფშაველაც კი:

ბალახი ვიყო სათიბი,

არა მწადიან ცელობა;

ცხვრადვე მამყოფე ისევა,

ოღონდ ამშორდეს მგელობა; (ვაჟა-ფშაველა)

 

ეს კი მაკაუ მუტუას წიგნიდანაა:

„ადამიანის უფლებათა მოძრაობა მამხილებელი მეტაფორითაა დაღდასმული. ადამიანის უფლებათა მეტანარატივი მოიცავს ისეთი ეპოქალური პაექრობის ამსახველ ქვეტექსტს, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებს, ერთი მხრივ ველურებს, ხოლო მეორე მხრივ, მსხვერპლებსა და მხსნელებს. „ველურები, მსხვერპლები, მხსნელები“ (Savages, Victims, Saviors – SVS) კონსტრუქცია რთული შემადგენლობის მქონე, სამგანზომილებიანი მეტაფორაა, რომლის ყოველი ცალკეული განზომილება თავადაც მეტაფორას წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა დისკურსის მთავარმა ავტორებმაგაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, დასავლურმა სახელმწიფოებმა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა (INGOs)  და გავლენიანმა დასავლელმა მეცნიერთანამშრომლებმაშექმნეს აღნიშნული სამგანზომილებიანი პრიზმა. ადამიანის უფლებათა კორპუსისა და მისი დისკურსის ამგვარი ფორმირება სწორხაზოვანი და წინასწარგანჭვრეტადი, შავთეთრი კონსტრუქციაა, რომელიცკეთილს“ „ბოროტისწინააღმდეგ აქეზებს.“

და მაინც, რა არის თავისუფლება?

მონობა არ არის თავისუფლება, მაგრამ არც ბატონობაა თავისუფლება.

თავის უფლობა – თავისუფლებაა და სხვის უფლობა – არაა თავისუფლება.

ამის შესახებ წერს მიხეილ ნანუაშვილი:

„სხვისუფლობა არაა თავისუფლება, – არაა, რადგან იგი სხვისი თავისუფლების დათრგუნვაა, ანუ ამ სხვის პიროვნებაზე ძალადობა, და, როგორც ასეთი, მაშასადამე, – ბოროტმოქმედებაც. უნდა გვახსოვდეს ამასთან, რომ სხვისუფლობის სისტემა იგივე სხვისმონობის სისტემაა, სადაც, არსებითად, ყველა მონაა, დამონებულიც და დამმონებელიც, ყველა, მართალია, თავთავისებურად, მაგრამ მაინც არსებითად ერთი და იმავე სულით მონობისა სულდგმული“

(მიხეილ ნანეიშვილი, თავისუფლება“ და თავისუფლებასიტყვა და ცნება (გამ-ბა „გრიფონი“, თბ., 2012,  გვ. 57).

თავისუფლების ყველაზე დიდი მეტაფორა კი ჩემთვის „ვეფხისტყაოსანია“, – მაგრამ რამდენ ამბავს და ქმედებას მოიცავს ეს ტექსტი….?! თავისუფლება – სისტემური მოვლენაა!

 

„მეტა ადილოშ“

0

„მეტა ადილოშ“ ქურთულ ენაზე „მამიდა ადილოს“ ნიშნავს. ქალი სახელად ადილოშ მართლაც არსებობს, ქურთი ეშხიანი ბანოვანია და ისეთ გემრიელობებს ამზადებს, თითებს ჩაიკვნეტთ. თავის პატარა დუქანს კი, სწორედ „მამიდა ადილოშ“ დაარქვა, რადგან თვლის, რომ ყველა იქ შემსვლელის მამიდაა და მოვალეა კარგად და გემრიელად დაანაყროს.

დღეს, როდესაც ასე აირია მსოფლიო და უსამართლობის შედეგად ამდენი ქურთი იღუპება, ერთ პატარა თურქულ ქალაქში მშვიდობა სუფევს და შენ „ეს“ ხარ, მე კი „ის“,ადამიანებს საერთოდ არ ანაღვლებთ. ყველანი პლანეტა დედამიწის ბინადარნი   ვართ და ეს მოკლე წუთისოფელი   ერთმანეთზე ეროვნების წამოძახებაში არ უნდა განვლიოთ. „მეტა ადილოშ“-ს დუქანში ეს ყველაზე კარგად ჩანს. ერთ დიდ მაგიდასთან ვსხედვართ ქართველი, ქურთი, არაბი, თურქი და ყველა გულიანად ვიცინით. საოცრად მშვიდად და კარგად ვგრძნობ მათ გვერდით თავს და „მამიდა ადილოშის“ მომზადებულ სოკოს ღვეზელს ველოდები.

-ადილოშ, ეძახიან, გვაღირსე ეგ ღვეზელი ბოლოს და ბოლოს.

-მამიდა გენაცვალოთ, მომაქვს, უკვე ლანგარზეა გადმოღებული, პასუხობს ადილოში და თავზე შემოდგმული ლანგრით ცეკვა ცეკვით მოდის.

მოკლედ, „მამიდას“ ვერც დუქნის სიკრიალეს, ვერც უგემრიელეს კერძებს და ვერც იუმორის გრძნობას ვერ დაუწუნებ. მიმდინარე კვირა სოკოსი აქვს, შესაბამისად, სულ სოკოს კერძებით გვანებივრებს.

სოკო ძალიან მიყვარს… ასევე, ძალიან მეშინია…და მიუხედავად ამ შიშისა, მაინც მივირთმევ. მით უმეტეს, თუ სათბურის არის.

და…თუ ტყის არის?

რამდენმა იცის სოკოს სწორად ამოცნობა? თან თუნდაც სოკო შხამიანი არ იყოს, თუ ეკოლოგიურად დაბინძურებულ ნიადაგზე გაიზრდება, მასში მაინც ტოქსინები აკუმულირდება.   ზოგიერთ სოკოში კი, თურმე ტოქსინის კონცენტრაცია ნიადაგთან შედარებით მაღალიც შეიძლება იყოს. თუ სოკო გზის პირას იზრდება, სადაც მანქანების მოძრაობაა, მაშინ უეჭველად მძიმე მეტალებსაც დააგროვებს.

გარდა ამისა, სამ  წლამდე  ბავშვისთვის თუნდაც სათბურის სოკოს მიცემა ნებადართული არ არის, რადგან იქ შემავალი ცილები რთული გადასამუშავებელია. თუმცა, ამავე დროს სოკოში უამრავი რაოდენობის ვიტამინი და მიკროელემენტია. მათ შორის, სელენი-ხანგრძლივი სიცოცხლის ელექსირი.

სელენი 1817 წელს ბერცელიუსმა აღმოაჩინა. გოგირდმჟავას წარმოების ახალ მეთოდს იკვლევდა. ნალექში, მისი აზრით, იშვიათი მეტალი ტელური უნდა დარჩენილიყო. თუმცა, ხელში მანამდე უცნობი ელემენტი შერჩა და მას სელენი უწოდა, რაც ბერძნულად „მთვარეს“ ნიშნავს. მთვარე დედამიწის თანამგზავრია. ტელური კი ბერძნულად „მიწას“ ნიშნავს. ამიტომაც, რადგან ტელურს ელოდა, აღმოჩენილი ელემენტი მის  „თანამგზავრად“ გამოაცხადა.

სხვა მიკროელემენთებთან ერთად სელენის მარაგი შეიძლება შევივსოთ მარცვლოვნებით, საფუარით, ზეითუნის ზეთით და ზეთის ხილით, ნიგვზეულით და ზღვის პროდუქტებით.

სოკო ცილის საბადოა. მშრალ სოკოში ცილის მარაგის 64%-ია, ხორცის კონსერვში კი 14%. ეს ისე, შედარებისთვის, რომ ვიცოდეთ.

სოკოს ოდნავ ხორცის გემო დაკრავს. საქმე გლუტამინმჟავაშია, რომელიც ოცი პროტეინგენული ამინმჟავას შედგენილობაში შედის და გლუტამინმჟავას მონონატრიუმის მარილს წარმოქმნის (C5H8O4NNa). ეს მარილი ხორცის დაძველების დროს, ცილის ხრწნის შედეგად წარმოიქმნება. ამავე პროცესში წარმოიქმნება ინოზინმონოფოსფატიც (C10H13O8N4P). ამ ორ ნაერთს ერთად კი ხორცის ძალიან მძაფრი გემო აქვს. ამიტომ არის, რომ სწორედ ამ  ნაერთებს იყენებენ ე.წ. ხორცის საკვებისთვის ხორცის გემოს მისაცემად. იაფიც არის და მომხმარებელიც ტყუვდება. თუმცა, ეს ნაერთები თავისთავად ნამდვილ ხორცშიც გვხვდება. საქონლის ხორცში ორჯერ მეტი რაოდენობით არის გლუტამინმჟავას მონონატრიუმის მარილი, ვიდრე ღორის ხორცში. ინოზინმონოფოსფატის შემცველობა კი ამ ორ პროდუქტში თანაბარია.  სოკოშიც ასევე ბევრია ცილები, რომლებიც გლუტამინმჟავას შეიცავს. ამით აიხსნება მათი გემოს მსგავსება ხორცის გემოსთან. სწორედ ამიტომ, სოკოს ძირითან ნაწილს, ანუ ქუდს  ბაზიდიოკარპს უწოდებენ (P.W.Atkins “Molecules”, Scientific American Library, 1991).

კლუბური მუშაობის დროს გასაკეთებელ ექსპერიმენტს ჩაგაწერინებთ. როგორ გამოვყოთ გლუტამინის მჟავა ბიოლოგიური მასალიდან. ჩვენს შემთხვევაში, სოკოდან.

2გ ბიოლოგიური მასალა დააქუცმაცეთ და როდინში მოათავსეთ. დაამატეთ 10მლ 75% -იანი ეთილის სპირტი და სრისეთ 15 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა გაფილტრეთ ფილტრის ქაღალდში. ფილტრატი, პატარა ზომის ქიმიური ჭიქით, აორთქლების მიზნით მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. სპირტის ამოშრობის შემდეგ დარჩენილ მშრალ ნაშთს დაამატეთ 2 მლ 1%-იანი მარილმჟავას ხსნარი და 10-15 წუთის განმავლობაში მოურიეთ მინის წკირით, სანამ გამოლექილი მასა სრულად არ გაიხსნება.

მიღებულ ხსნარში გლუტამინის მჟავას აღმოჩენა   შეიძლება ნინჰიდრინის რეაქციის მეშვეობით. ამისთვის, მიღებული ხსნარის რამდენიმე წვეთს ათავსებენ სინჯარაში, ამატებენ გამოხდილ წყალს, რათა ხსნარის მოცულობა შეადგენდეს 2-3მლ-ს, შემდეგ ამატებენ 3-4 წვეთ 1%-იან ნინჰიდრინის ხსნარს, რომელიც წინასწარ გახსნილია 95%-იან აცეტონში. სინჯარის შიგთავსს მოურევენ მინის წკირით და 5 წუთის განმავლობაში ათავსებენ 70გრადუსამდე გაცხელებულ წყლის აბაზანაზე. ხსნარი ინტენსიურ მოლურჯო-იისფრად შეიფერება, რაც მასში გლუტამინის მჟავის არსებობას ადასტურებს.

ამინმჟავას და ნინჰიდრინის ურთიერთქმედების საწყის ეტაპზე წარმოიქმნება ე.წ. შიფის ფუძე, ხოლო შემდეგ ის განიცდის გადაჯგუფებას, დეკარბოქსილირებას და დაშლის შედეგად მიიღება ალდეჰიდი და ამინოდიკეტოჰიდრინდენი. ეს უკანასკნელი ურთიერთქმედებს ნინჰიდრინის კიდევ ერთ მოლეკულასთან, წარმოქმნილი ნაერთი განიცდის ენოლიზაციას და გარდაიქმნება ფერადი ფორმის წარმოებულში, რომელსაც „რუემანის მოლურჯო-იისფერი“ ეწოდება. ეს პროცესი დაწვრილებით შესწავლილ იქნა რუემანის მიერ 1910 წელს.

ახლა, ოდნავ უსიამოვნო თემაზე გადავალ, რომელიც ასევე სოკოს სამეფოს შეეხება, საოცრად გავრცელებულია და ამ პრობლემაზე საუბარი მიღებული არ არის. დიახ, სოკო, რომელიც ადამიანის სხეულზე ბინადრობს (ძირითადად ფეხზე), ზემოთ აღწერილი სოკოების „გარე ბიძაშვილებს“ წარმოადგენენ. ეს სოკოც იმით იკვებება, რაზეც ცხოვრობს. თავის მიცელებსაც საცხოვრებელ არეალზე  ავითარებს. მაგ. თუ ის თითის ფრჩხილზე ცხოვრობს, მაშინ ფრჩხილის ცილით იკვებება. ამ დროს, სოკოს რაც მეტი სითბო და სინოტივე ექნება, მით უფრო გაილაღებს და გავრცელდება. იგივე პირობები ჭირდება სახლის კედლებზე მობინადრე სოკოებსაც-სითბო და სინესტე. გარდა ამისა, პარაზიტ სოკოს ვერანაირი ფრჩხილის ლაქები, მალამოები და სპრეი ვერ უშველის. ისინი მას უბრალოდ შეანელებენ და როგორც კი გამოყენებას შეწყვეტს ადამიანი, პარაზიტი ხელახლა იფეთქებს. ამ შემთხვევაში, სპეციალური მედიკამენტების დალევაა აუცილებელი, რადგან სოკო იკვებება იმით, რაზეც ცხოვრობს. როგორც კი მედიკამენტი ფრჩხილის შეგნით, შინაგანად მოხვდება, სოკო მას „მიირთმევს და მოიწამლება“. ადამიანის თითზე კი ახალი, ჯანსაღი ფრჩხილი დაიწყებს ზრდას.

სოკოთა სამეფოში სხვა პარაზიტებიც მრავლადაა. მაგალითად, სოკო კორდიცეფსი. მისი გავრცელების არეალი დიდია, თუმცა მაინც უფრო ტროპიკულ რეგიონებში გვხვდება. ცალგვერდა კორდიცეფსი ჭიანჭველაზე ცხოვრობს და აზომბირებს მას. საბრალო ჭიანჭველა სოკოს „ბრძანებებს“ ემორჩილება. სოკოს სპორები ხვდება ჭიანჭველას ტანზე, ჩაიზრდება მის სხეულში და სპეციალური ცილის მეშვეობით  მართავს ჭიანჭველას. მწერიც ყველაფერს ივიწყებს და ოჯახიდან გადის, მარტო დახეტიალობს, ეძებს პარაზიტის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს. ნახულობს შესაფერისი ტემპერატურის, ტენიანობის ადგილს, რომელიც არც ზედ მიწაზე იქნება და არც მაღლა ხეზე. ადგილის მოძებნის შემდეგ, ჭიანჭველა კვდება, მისი თავიდან კი იზრდება სოკო, რომელიც ახალი სპორებითაა სავსე. შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება, სპორებიანი კოლოფი სკდება, სპორები გარეთ იყრება და ახალ ჭიანჭველაში ჩაიზრდება. თუმცა, მასპინძლად  პეპლის ჭუპრიც გამოდგება.

ზოგიერთი სახეობის კორდიცეპსი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური ნიშნით გამოიყენება. მაგალითად, Cordyceps subsessilis გადამუშავებით იმუნოდეპრესანტ ციკლოსპორინს იღებენ. ჩინურ ხალხურ მედიცინაში კი მისგან მიღებული კანის გამწმენდი სითხე გამაახალგაზრდავებელი ეფექტით ხასიათდება. ასევე, იმავე ჩინეთში „მკვდარ მასპინძლებთან“ ერთად სოკოს მიირთმევენ და ფიქრობენ, რომ დამატებით იმუნიტეტს იძენენ. თუმცა, მგონი, ეს ცუდი იდეაა. ჩინეთში კი მაინც თავისებურად ფიქრობენ და ბაზარზე თურმე ერთი კგ კორდიცეფსი 25000 ევრო ღირს.

კორდიცეფსი ერთ-ერთ საშინელებათა ჟანრის ფილმშიც არის გამოყენებული.“ახალი ერა Z“, სწორედ ასე ქვია ფილმს, რომელიც ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა და სადაც სოკოს მოწამვლის შედეგად  საშინელ ზომბებად გადაქცეული ადამიანები ყველას და ყველაფერს ანადგურებენ.

ადრე, როცა ჯერ „შმაქსი“ მოგონილიც კი არ იყო, ტაქსის ერთმა მძღოლმა „სოკოთა სამეფოზე“ ძალიან საინტერესო ლექცია ჩამიტარა. აღმოჩნდა, რომ სოკოს უბადლო ამომცნობი იყო და ოცი წლის სტაჟის მქონე „მესოკოვეს“ტყეში ერთი შეცდომაც კი არ ჰქონდა დაშვებული. თუმცა, დღეს ნიადაგიც უკვე ისეა დაბინძურებული, რომ შესაძლოა სწორი სოკოც საზიანო აღმოჩნდეს და ადამიანი სერიოზული მოწამვლით საავადმყოში მოხვდეს. ამიტომ, სოკო მხოლოდ სუპერმარკეტში შეძენილი უნდა მივირთვათ (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა).

მე კიდევ, იცით რომელი სოკო მენატრება? ბავშვობაში  ბებია ეზოს განაპირად მდგომი თხილის ქვეშ, რომ კრეფდა, იქვე ჩამიშუშავდა და ზედ თავის ხელით მოყვანილ მწვანილს მოაყრიდა…

 

როგორ გავხდი მასწავლებელი

0

„მამაჩემისგან დავალებული ვარ სიცოცხლის მოცემისთვის, მასწავლებლისგან კი – კარგად ცხოვრების სწავლებისთვის“, – ამბობდა ალექსანდრე მაკედონელი. როგორც ხედავთ, მასწავლებელი ცოდნის გადაცემაზე უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვიკვირდეს, რომ განათლების სისტემა ამდენ ბარიერს აწესებს პროფესიაში შესვლის მსურველებისთვის.

ჩემი მასწავლებლის სტატუსით სკოლაში დაბრუნების ამბავი ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ე.წ. სქემის სისტემა ამუშავდებოდა. სკოლაში ჯერ კლასის დამრიგებლად დავიწყე მუშაობა, რაღაც დროის შემდეგ კი საგნის სწავლების საშუალებაც მომეცა. დღეს ალბათ პროფესიაში შესვლა ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან თავის დროზე არც პედაგოგიკის სპეციალური კურსი გამივლია და არც მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდებს არ ვუფრთხი (ახლახანს დავამთავრე მაგისტრატურა განათლების ადმინისტრირების განხრით), ჯერ კიდევ პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ, ალბათ იმიტომ, რომ სკოლას ჩემთვის კომპეტენციის დადასტურება არასდროს უთხოვია. თუმცა საგნის გამოცდა მაინც ჩავაბარე და  მომავალ წელს მეორე გამოცდის ჩაბარებასაც ვგეგმავ.

საინტერესოა, როგორ აფასებენ ახლად კურსდამთავრებულები მასწავლებლის პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და რა საშუალებებს მიმართავენ სკოლისაკენ მიმავალ გზაზე არსებული სირთულეების გადასალახად. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად გავესაუბრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულს თამარ რიჟამაძეს, რომელიც თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ახალბედა მასწავლებელია:

,,ჩემი განათლების სფეროთი დაინტერესება ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულმა, შემდეგ კი ცოდნის გადაცემის სურვილმა განაპირობა. აქედან გამომდინარე, დამატებით პროფესიად გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა. თუმცა მასწავლებლის პროფესიაში შესვლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სკოლები ითხოვენ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ მინიმუმ  ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, მხოლოდ ბაკალავრის დიპლომით სამსახურში არავინ აგიყვანს. საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყება გაცილებით რთული აღმოჩნდა  და გადავწყვიტე ერთ-ერთი კერძო სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლის სტატუსს დავჯერებოდი. აღნიშნულ სკოლაში რეზიუმეს გადაგზავნისა და გასაუბრების შედეგად მოვხვდი. 2018 წლიდან კი, ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად, ვასწავლი საგანს ,,მე და საზოგადოება“.

თამარმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ყველაზე მეტად დაეხმარა პროფესიული მზაობისა და პროფესიაში შესვლის თვალსაზრისით, მეტიც, მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პროგრამის დამსახურებით აღმოჩნდა სკოლაში. რაც შეეხება მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ (სასერტიფიკაციო) გამოცდებს, ჩემი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ისინი გარკვეულწილად გასაუმჯობესებელია. თუმცა არ უარყოფს მათ საჭიროებას, რადგან ჯერჯერობით მასწავლებლის გამოცდები კომპეტენციის დადასტურების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა და დამწყებ მასწავლებელსაც ეხმარება პროფესიაში შესვლის თვალსაზრისით.

როგორ ფიქრობთ, სერტიფიცირებული კადრები უნდა სარგებლობდნენ რაიმე სახის პრივილეგიით?

,,მასწავლებლობა დასაფასებელი პროფესიაა. თუ პედაგოგს სთხოვენ, იყოს სერტიფიცირებული, შესაბამისად უნდა შესთავაზონ გარკვეული შეღავათები და ბონუსები (სოციალური შეღავათები, პრემია, სახელფასო დანამატი და სხვ.). ვფიქრობ, ამ ტიპის წახალისება მნიშვნელოვნად გაზრდის მასწავლებლის მოტივაციას და ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სწავლების ხარისხზე.“

თამარი პროფესიაში შესვლის ერთ-ერთ საინტერესო გზად მოიაზრებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტებს, როგორიცაა ,,ასწავლე საქართველოსთვის“, ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ და აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი სწორედ ამ გზით მოხვდა სკოლაში.

,,ჩემი მეგობარი  2013 წელს ჩაერთო არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერ პროგრამაში, რომელსაც ადრე ,,ქართული, როგორც მეორე ენა“ ერქვა. როგორც მისგან ვიცი, სკოლაში განაწილებამდე გაიარა გამოცდა, გასაუბრება  და ტრენინგები. ამჟამად სკოლაში დამხმარე მასწავლებლის სტატუსით მუშაობს. თუმცა ზემოაღნიშნულ პროგრამასაც აქვს თავისი სირთულეები. გიწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ოჯახთან და მეგობრებთან დროებით დაშორება. ვინც არ გრძნობს ძლიერ მიჯაჭვულობას და ადვილად ადაპტირდება უცხო გარემოში, ამ გზით ნამდვილად შეძლებს სკოლაში თავის დამკვიდრებას.“

ჩემმა რესპონდენტმა ორიოდე სიტყვით მაძიებლობის პროგრამაც შეაფასა:

,,ასევე მინდა აღვნიშნო მაძიებლობის პროგრამა, რომლის დახმარებითაც მასწავლებლობის მსურველები შეძლებენ სკოლაში მუშაობას. ეს ინიციატივა იმითაც გამოირჩევა, რომ მაძიებელი იღებს შრომის შესაბამის ანაზღაურებას და საკმარისი დრო ეძლევა მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.“

სკოლაში შესვლის შემდეგ მასწავლებელს მაინც სთხოვენ კომპეტენციის დადასტურებას და პროფესიულ ზრდას, რაზეც პედაგოგთა ნაწილი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

,,ჩემი აზრით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება უწყვეტი უნდა იყოს. ეს იქნება ტრენინგები თუ საგანმანათლებლო პროექტები, პედაგოგი უნდა ერთვებოდეს ყველაფერში, რაც მას საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობის საშუალებას მისცემს. თუმცა მთავარი მაინც განვითარების სურვილია. თუ შინაგანი მოტივაცია არსებობს, მასწავლებელი ყოველთვის იპოვის თვითგანვითარების გზას.“

და ბოლოს, რას ურჩევდით მომავალ მასწავლებლებს?

,,ძალიან რთულია ამ არჩევანის გაკეთება (მასწავლებლობას ვგულისხმობ) და თუ მაინც აირჩევთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა. ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ მაინც… პირველ რიგში, უნდა გიყვარდეთ მოსწავლეები, გქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება მათთან. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ზრუნვას მათ ყოველდღიურ განვითარებაზე, იგრძნობთ სხვათა გამოცდილების გაზიარების და მუდმივი პროფესიული განვითარების საჭიროებას.“

 

 

 

მწვანე კარდინალის წიგნი

0

წლებია საქართველოს ეკლესიაში ხმაური არ წყდება. ყოველთვიურად ვისმენთ ბრალდებებს ეპისკოპოსებსა თუ ცალკეულ სამღვდელო პირებს შორის. მედიაც განსაკუთრებული მონდომებით აშუქებს შიდასაეკლესიო ბრძოლებს. ღვთისმსახურებს არ სურთ ეკლესიის წიაღში არსებული კრიზისის აღიარება და ხშირად საკუთარი პრობლემების გადაფარვის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიურ ლიდერს ესხმიან თავს. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გადავაწყდი ვიდეოს, სადაც ორ რიგად ჩამწკრივებული წვეროსნები დაუნდობლად აკრიტიკებდნენ და ღვთის გმობაში ადანაშაულებენ მსოფლიოს პატრიარქ ბართოლომეოს, რადგან მან უკრაინის ავტოკეფალია აღიარა და რუსეთის მიერ ომით განადგურებული, დამცირებული სახელმწიფო რელიგიური მონობის უღლისგან გაათავისუფლა.

ცხადია, ეკლესიოლოგიურ და თეოლოგიურ დისკუსიებში ჩარევას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთი წიგნის შესახებ მინდა მოგითხროთ, რომელმაც განსაკუთრებული სიყვარული გამიღვივა პატრიარქ ბართოლომეოსის მიმართ. მიმდინარე წელს მიუნჰენში მცხოვრებმა და ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველმა თეოლოგმა, შოთა კინწურაშვილმა ქართულად თარგმა და თავისი ხარჯით გამოსცა კონსტანტინეპოლის ეკლესიის მეთაურის წიგნი „შეხვედრა საიდუმლოსთან“. პუბლიკაციაში ავტორი მხოლოდ ღვთისმეტყველების საკითხებზე არ საუბრობს. იგი დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის პრობლემატიკას. ლიდერი შესანიშნავად ასაბუთებს იმას, თუ რატომ უნდა ზრუნავდეს ნამდვილი ქრისტიანი სამყაროს გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, რესურსების დაზოგვაზე, კლიმატის ცვლილებების შეჩერებასა და მდგარად განვითარებაზე. თავისი ეკოლოგიური პოზიციების გამო პატრიარქს ხშირად „მწვანე კარდინალად“ მოიხსენიებენ. მღვდელთმთავრის მსჯელობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ იგი თანამედროვე ეპოქის უნივერსალური მოაზროვნეა და მხოლოდ ერთი კონფესიის პარტიკულარული ინტერესებით არ არის შეზღუდული.

რა დებულებებს აერთიანებს „მწვანე კარდინალის“ ეკოლოგიური მრწამსი?

  1. პატრიარქი ბართოლომეოსი ამტკიცებს, რომ სამყარო შექმნილია მოსიყვარულე ღმერთის მიერ. შესაბამისად, მთელი სამყარო თავის თავში ინახავს ღვთის საქმის ნაკვალევსა და ანაბეჭდს. ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს ყველაზე შეუმჩნეველ მოვლენაშიც კი აისახება სიცოცხლის ფუნდამენტური ასპექტები და მისი სილამაზის ძვირფასი წახნაგები. სასულიერო პირი შეგვახსენებს, რომ „ბუნებაში ყველაფერს, უდიდესსაც და უმცირესსაც, თავისი მნიშვნელობა აქვს სამყაროსთვის და მსოფლიოს სიცოცხლისუნარიანობისთვის, დედამიწაზე არაფერია უსარგებლო და არაფერი იმსახურებს უგულვებელყოფას.“ შესაბამისად, სამყაროს ნგრევას, რესურსების მაქსიმალურ ათვისებას, ბუნების დაბინძურებასა და მოწამვლას რელიგიური ლიდერი ღვთის საქმის წინააღმდეგ გადადგულ ნაბიჯად განიხილავს.
  2. წიგნის ავტორი თანამედროვე ადამიანში, მომხმარებლური საზოგადოების ტიპურ წარმომადგენელში ხარბ ტირანს ხედავს. ხარბი ტირანი თავს სამყაროს ერთადერთ მობინადრედ მიიჩნევს და თავისი უსაზღვრო მადის დასაკმაყოფილებლად დაუნდობლად ანადგურებს ბუნებას. იგი არ ფიქრობს არც ირგვლივ მყოფ არსებებზე და არც მომავალ თაობაზე. თანამედროვე ადამიანს დაავიწყდა, რომ ის სამყაროს დაცვისა და მოვლისათვის შეიქმნა და არა მის მოსასპობად.

„მწვანე კარდინალი“ ამტკიცებს, რომ ადამიანი ევქარისტიული არსებაა. მაშასადამე, მადლიერების გრძონობა მისი გამორჩეული, ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ადამიანი მადლობელი უნდა იყოს ღმერთის მრავალფეროვანი სამყაროს შექმნისათვის და მადლიერება ბუნებაზე ზრუნვით, რესურსების დაზოგვით, გააზრებული და გონივრული გამოყენებით უნდა გამოხატოს.

იგი ადამიანებს ასკეტური ცხოვრებისკენაც მოუწოდებს და აღნიშნავს: „ასკეზა არის გაძლიერებული შრომა, მიმართული ქმნილების შენარჩუნებისა და ბუნების გადარჩენისაკენ. ეს არის ბრძოლა თვითშეზღუდვით და თვითკონტროლით, რათა არ მოვწყვიტოთ ხიდან ნებისმიერი ნაყოფი, რომელიც მოგვესურვება, არამედ გამოვიჩინოთ ზომიერება და თავდაჭერილობა.“

მოაზროვნე ადამიანისთვის მისაბაძ მაგალითად მცენარეს აცხადებს, რომელიც მცირედით კმაყოფილდება, მცირედის გარდაქმნით ქმნის ახალ, სასარგებლო ნაყოფს.

  1. კონსტანტინეპოლელი ლიდერი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი ეწინააღმდეგება სამყაროს უმდიდრესი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაზიარებულ „ეკონომიკური ზრდის“ თეზისს. მისი აზრით, არ შეიძლება, რომ ეკონომიკური ზრდის მათემატიკურ ფორმულებს შეეწიროს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების სოციალური კეთილდღეობა და სასიცოცხლო ყოფა. იგი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინების გარდა, სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორების გააზრებასაც მოითხოვს. „მწვანე კარდინალი“ ეკონომიკურ სარგებელს, სოციალურ კეთილდღეობასა და ეკოლოგიურ მდგრადობას შორის მოძიებულ ბალანსში სამყაროს ჰარმონიული განვითარების წინაპირობას ხედვას.

ნეტავ ოდესმე დადგება ჩვენს ქვეყანაში დრო, როდესაც სასულიერო პირები და რელიგიური ლიდერები გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ გულგრილნი არ იქნებიან და ხმამაღლა ეტყვიან სათქმელს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ბუნებისაგან არაფრის დატოვება არ სურთ?

 

ერთი მასწავლებლის აღიარება

0

მინდა ერთ მასწავლებელზე მოგიყვეთ, რომელსაც გარშემომყოფები ახასიათებდნენ, როგორც საკუთარი საქმის ერთგულ, მშრომელ და მიზანდასახულ პიროვნებას. თუმცა დღეს ვაპირებ, ის სხვა კუთხით დაგანახოთ.

მასწავლებლის პროფესიის რამდენიმეწლიანი სწავლა-დაუფლების შემდეგ სკოლაში დაიწყო მუშაობა. ისეთ სკოლაში, სადაც ძალიან გაუმართლა და გარემომ ხელი შეუწყო თავისი საქმის მეტად შეყვარებაში. პირველად სადამრიგებლო კლასი რომ აიყვანა, ძალიან ინერვიულა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი – გამოუცდელი იყო; და მეორეც – ასაკით პატარა. (მოდი ვთქვათ, მასწავლებლობისთვის „პატარა“  ერთგვარი სტერეოტიპია).

ხასიათიდან გამომდინარე  ცოტა სიმკაცრით გამოირჩეოდა, რაც, ერთი მხრივ, ეხმარებოდა კლასის მართვაში, თუმცა, მეორე მხრივ, ყოველთვის განიცდიდა თითოეული ხმამაღალი ტონით ნათქვამ წინადადებას, რადგან ეს ყველაფერი მოსწავლეებზე უარყოფითად მოქმედებდა. თუმცა, ამის პარალელურად უამრავ სითბოსა და სიყვარულს გასცემდა, რაც ერთგვარად აბალანსებდა ამ ყველაფერს.

მასწავლებელი ყოველდღე მიდიოდა სკოლაში, სკოლიდან დაბრუნებული კი ფიქრობდა გასულ დღეზე. ახსენდებოდა ყველა დეტალი და საკუთარ თავს აკრიტიკებდა. აკრიტიკებდა, რომ დღესაც მოუწია უხეში საუბარი მოსწავლეებთან, დღესაც მოუწია ვიღაცისთვის მკაცრი ტონით შენიშვნის მიცემა. ფიქრობდა, რომ მეორე დღეს გამოასწორებდა თავის საქციელს, თუმცა კვლავ იგივე მეორდებოდა. მასწავლებელს ძალიან უნდოდა ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდები ჭარბად ყოფილიყო თავის საქმიანობაში, თუმცა არ გამოსდიოდა.

დრო კი გადიოდა.

აი, დადგა ის დღე, როდესაც მასწავლებელმა გაუშვა თავისი სადამრიგებლო კლასი. ბევრი დრო დარჩა გასული რამდენიმე წლის შესაჯამებლად. თითოეულ მოსწავლეზე დასაფიქრებლად. მათთვის მიცემული საჭირო თუ აუცილებელი უნარების შესაფასებლად. ბევრ რამეს ნანობდა, ბევრი რამით ამაყობდა. ცდილობდა, საკუთარ თავში დაეჭირა ის ოქროს შუალედი, რომლის შედეგადაც ყოველგვარ უარყოფით მომენტებს დადებითი გააბათილებდა.

ერთ დღეს ის შეხვდა თავის მოსწავლეებს, რომელთაგანაც ძალიან ბევრი სითბო და მონატრება იგრძნო. თითქოს მოსწავლეებს არც კი დამახსოვრებოდათ მასწავლებლისგან რაიმე სახის წყენა, რომელიც ალბათ თავის დროზე აუცილებლად იქნებოდა ორივე მხრიდან. სახლში მოსულმა მასწავლებელმა კი ძალიან, ძალიან ბევრი იფიქრა და მიხვდა, რომ ყოველგვარ არასასიამოვნო წუთებს საშლელივით შლის ის სითბო და სიყვარული, რომელსაც გასცემ. განა ასე არ არის, როდესაც დედა თავის შვილს უბრაზდება? მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ბრაზი უკვალოდ ქრება. თითქოს ასე ხდება მოსწავლე და მასწავლებელს შორის. რადგან ძალიან ხშირად, მასწავლებელს ზედმეტი მზრუნველობის, სიყვარულის გამო შესტკივა გული მოსწავლეებზე, მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსა თუ სიზარმაცეზე. მაგრამ, განა ყოველთვის ქრება არასასიამოვნო მომენტები? რა თქმა უნდა, არა.  შესაძლოა ზოგიერთ ბავშვს მთელი ცხოვრება გაჰყვეს მასწავლებლის მიერ ნათქვამი თუნდაც ერთი        გულსატკენი   სიტყვა. ამაზე ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ჩვენს ნაცნობ მასწავლებელს, ამიტომ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა მიდგომები. შეეცვალა მოსწავლეებთან ურთიერთობის ფორმები.

გადაწყვიტა, რომ ყველა მოსწავლისთვის მიეცა მოტივაცია, არ ჰქონდა მნიშვნელობა იმ წუთას შეეძლოთ თუ არა მათ კონკრეტულად რაიმეს გაკეთება, ეს არ იყო მთავარი. მთავარი იყო ის, რომ მათ ეგრძნოთ მასწავლებლის მხარდაჭერა, ეგრძნოთ, რომ მასწავლებელს მათი სჯეროდა. ამიტომ ნებისმიერ მოსწავლეს ხშირად სამოტივაციო ფრაზებს უმეორებდა, იმდენად ხშირად, სანამ მოსწავლეები საკუთარ თავში არ დარწმუნდნენ.

ცდილობდა, შეენარჩუნებინა სიმშვიდე მაშინაც კი, როდესაც მეათედ არღვევდა პირობას მოსწავლე და ისევ არ მოჰქონდა მიცემული დავალება.

ცდილობდა, ყველა მოსწავლეში ეპოვა ის მთავარი, რაც მას განსაკუთრებულს ხდიდა და დახმარებოდა ამის წარმოჩენაში.

მასწავლებლებიც ადამიანები არიან. მათაც აქვთ სუსტი მხარეები. ისეთი, რომელზე საუბარიც ყოველთვის არ შეუძლიათ, თუმცა გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავთან. საკუთარი თავში აღმოჩენილი არასასურველი ქცევის შეცვლა კი არასოდეს არაა გვიან. მთავარია ვაღიაროთ, ვაღიაროთ პირველ რიგში საკუთარ თავთან.

სწორედ ასეა  თქვენთვის უკვე ნაცნობი მასწავლებელი,

რომელიც

მე ვარ.

 

ვარდოს ქიმია

0

კახეთში, სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩეხეთში და ტაილანდშიც კი, ამობუცული მიწის მასის შემხედვარეს, ფშავის მთები მაგონდება. შეხედვაც არ მჭირდება – სიტყვა „მთებს“ რომ მოვკრავ ყურს, სულ მგონია, ფშავზე, შუაფხოზე ლაპარაკობენ. კოპლებიანი კაბის დანახვაც გულს მიხარებს – ახალგაზრდა დედაჩემს მაგონებს, ახალდაბადებული ჩემი ძმით ხელში.

ყველას გვაქვს მსგავსი ასოციაციები, მაგრამ არსებობს ისეთი ასოციაციებიც, რომლებიც საერთოა არათუ რამდენიმე ადამიანისთვის, არამედ მთელი კუთხის, ქვეყნისა და კონტინენტისთვისაც კი. მტრედი მხოლოდ რავენაში როდია თავისუფლების სიმბოლო; შრომის იარაღებს, ნამგალს და უროს, უკვე მთელი მსოფლიო იცნობს არა მათი პირდაპირი დანიშნულებით. სიტყვა „ვარდო“ მთლად ასეთ მასშტაბს ვერ სწვდება, მაგრამ ჩვენში ის რეცხვასა და სისუფთავესთან ასოცირდება, რაც, რა თქმა უნდა, ცნობილი ქართული მიუზიკლის დამსახურებაა. დიახ, „რომ არ იყოს ბუნტი“, თითოეულ ჩვენგანში უნდა ცხოვრობდეს პატარა ვარდო. ჭუჭყმა და ანტისანიტარიამ ხომ ისტორიის განმავლობაში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

რაღა დროს ეგ არისო, იკითხავთ – დღეს ხომ სარეცხი საშუალებები საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, უმეტესობას კი ელექტრონული „ვარდოც“ „ჰყავს“ შინ.

არც ასე მარტივადაა საქმე.

საზოგადოდ, ადამიანი უფრთხის ტექნოლოგიურ სიახლეებს. არადა, „ჩვენი მამა–პაპა ასე ცხოვრობდა“ პრინციპი დღეს არც ერთ საკითხთან მიმართებით აღარ მუშაობს.

სამომხმარებლო ბაზარზე საპონი დიდი ხანია შეცვალა სინთეზურმა საშუალებებმა, რომლებიც მყარი (ფხვნილი) და თხევადი (გელები) სახით გამოდის. თითოეულ მათგანს თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. უფრო მეტიც – თითოეულ კატეგორიაშიც საკმაოდ ფართო არჩევანია თავ–თავისი პლუს–მინუსებით. ამიტომ, ბუნებრივია, პირველი კითხვა, რომელიც გვიჩნდება, ასეთია: როგორ ავარჩიოთ სწორად სარეცხი საშუალება? დღეს ჩვენი არჩევანი მეტისმეტად ზედაპირულია –  „ხელით სარეცხი“ და „ავტომატი“, „ფერადი“ და „თეთრი“. ამა თუ იმ ბრენდის მიმართ ნდობის საკითხს, ცხადია, აქ არ განვიხილავ.

„ხელით სარეცხ“ და „ავტომატურ“ ფხვნილებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა. რეცხვის შედეგი გამრეცხ საშუალებასთან ერთად მექანიკურ დამუშავებაზეცაა დამოკიდებული. მიჩნეულია, რომ საუკეთესო მრეცხავი მაინც ვარდოა. მის მოქნილ ხელებს ვერც ერთი სარეცხი მანქანა ვერ შეედრება. ამიტომ ხელით რეცხვისთვის განკუთვნილ საშუალებებში აქტიური კომპონენტი შედარებით ნაკლებია. ეს მათ აიაფებს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა, ასეთი საშუალებები არ შეიცავს ქაფის ჩამქრობ კომპონენტს და ძლიერ ქაფდება. თუმცა ქაფის ოდენობას რეცხვასთან უშუალო კავშირი არ აქვს. მცდარია წარმოდგენა, თითქოს რაც უფრო კარგად ქაფდება სარეცხი საშუალება, მით უფრო კარგად რეცხავს. ქაფს ერთადერთი დანიშნულება აქვს – მიიკრას ქსოვილს მოცილებული მტვრის ნაწილაკი და ქსოვილზე მის დაბრუნებას ხელი შეუშალოს.

შეიძლება ხელით რეცხვისას „ავტომატის“ გამოყენება? შეიძლება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასში აქტიური კომპონენტი მეტია, ქაფი კი შედარებით ნაკლები აქვს. ხელით რეცხვისთვის განკუთვნილ ფხვნილებს მიჩვეულები, ვიწყებთ სარეცხი საშუალების დამატებას, რომ როგორმე აქაფდეს, ამას კი ზედოზირებამდე მივყავართ, რაც, თავის მხრივ, კანის გაღიზიანებას იწვევს. განსაკუთებით სახიფათოა ცხელ წყალში ხელით რეცხვისას „თეთრი“ „ავტომატის“ გამოყენება. ის აქტიური ჟანგბადის გენერატორ ნაერთს შეიცავს და ჩვენი კანის უჯრედები რადიკალების თავდასხმის ობიექტად იქცევა. ამიტომ ხელით რეცხვისას აუცილებელია „ავტომატური“ ფხვნილის ზუსტი დოზირება და ხელთათმანების გამოყენება.

აი, „ხელით რეცხვის“ ფხვნილის სარეცხ მანქანაში ჩაყრა კი არაფრით არ შეიძლება – სარეცხი მანქანის სივრცე ქაფს ვერ დაიტევს და გარეთ გამოვა.

ასევე მცდარია მოსაზრება, რომ თუ გასარეცხი ქსოვილი მეტისმეტად ჭუჭყიანია, პრობლემა ზედმეტი ფხვნილის დამატებით მოგვარდება. რეცხვა ქიმიურ-ფიზიკური პროცესია და ზუსტ დოზირებას (კონცენტრაციას) დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, სარეცხ მანქანაში ფხვნილის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს მწარმოებლის მიერ მითითებულ დოზას, რომ გავლების რეჟიმის დაწყების წინ კონტეინერი ცარიელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფხვნილი გავლების დროსაც შეერევა წყალს და ქსოვილზე დარჩება. ქიმიკოსები გირჩევენ, ყოველთვის შეამოწმოთ სარეცხი მანქანის კონტეინერი რეცხვის პირველი ციკლის წყლის გაშვების შემდეგ. თუ იქ ჯერ კიდევ არის ფხვნილი, მაშინ ჭარბ რაოდენობას ან უხარისხო საშუალებას იყენებთ.

თუ სარეცხი ფხვნილის არჩევისას შემადგენლობასაც დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ზოგი ნატრიუმის ტრიპოლიფოსფატს შეიცავს, ზოგი კი ცეოლიტს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მათგანს დღეს არსებულ მასალებს შორის საუკეთესო გამრეცხი თვისებები ახასიათებს, რაც დრო გავა, მისი პოვნა სულ უფრო გაჭირდება – ეკოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ წყალსატევებში მისი მოხვედრა წყალმცენარეების ჭარბ ზრდას და ეკოსისტემის რღვევას იწვევს, ევროპა კი, როგორც სჩვევია, უმალვე შეშფოთდა და მარტივი გამოსავალი იპოვა – აკრძალა მისი გამოყენება. ის ცეოლიტმა ჩაანაცვლა, მაგრამ ის წყალში არ იხსნება და ქსოვილზე მტვრის სახით რჩება.

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება თხევადი სარეცხი საშუალებები, თუმცა მრავალკომპონენტიანი სისტემის მდგრადობის შენარჩუნება ტექნოლოგიურად არ არის ადვილი, ამიტომ მათ შემადგენლობაში შედარებით „ძვირი“ ნივთიერებები შედის. და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი გამრეცხი უნარი მყარი ანალოგებისას ჩამოუვარდება, თუმცა შეუცვლელია შავი ქსოვილების რეცხვსითვის.

მნიშვნელოვანი სხვაობაა „თეთრი“ და „ფერადი“ ქსოვილების სარეცხ საშუალებებს შორისაც. პირველი ჯგუფი, მეორისგან განსხვავებით, აქტიური ჟანგბადის გენერატორ ნაერთებსაც შეიცავს. როდესაც ზედაპირულად აქტიური ნაერთი დალაქავებულ ქსოვილთან უძლურია, ბრძოლაში სწორედ აქტიური ჟანგბადის გენერატორები ერთვებიან. ოღონდ მათი დანიშნულება ლაქის ამოყვანა კი არა, აქტიური ჟანგბადის რადიკალებით მისი დაბომბვა და განადგურებაა. აქედან გამომდინარე, თეთრი ქსოვილი ყოველთვის შეგიძლიათ გარეცხოთ „ფერადი“ სარეცხი ფხვნილით, პირიქით კი არ შეიძლება – ჟანგბადის რადიკალები საღებრის მოლეკულებსაც ებრძვიან და ქსოვილს ახუნებენ.

ტექნოლოგებისათვის დიდი თავის ტკივილია შალის სარეცხი საშუალებების ფორმულების შემუშავება, რადგან კომპონენტი, რომელიც სხვა ფხვნილების გამრეცხ თვისებებს უზრუნველყოფს, თვით შალის ბოჭკოს მიმართაც ზედმეტ ყურადღებას იჩენს. ფორმულაციიდან მისი ამოღება ფხვნილის რეცხვისუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. დილემის გადაჭრა ოქროს შუალედის პოვნას ნიშნავს. ამიტომ შალის ქსოვილის რეცხვა მხოლოდ მისთვის განკუთვნილი საშუალებებით არის რეკომენდებული.

დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურასა და რეცხვის ხანგრძლივობას. მაღალ ტემპერატურაზე რეცხვის პროცესი საგრძნობლად ჩქარდება, მეტადრე – „თეთრი“ ფხვნილის გამოყენებისას, რადგან ინტენსიურად იწყება ჟანგბადის რადიკალების გენერირება. ზოგიერთი ფხვნილი სხვადასხვა წარმოშობის ლაქების ადვილად მოსაცილებლად ენზიმებსაც შეიცავს, მათ გასაქტიურებლად კი ტემპერატურის ზუსტი შერჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის დააკვირდით შეფუთვაზე მოყვანილ რეკომენდაციებს. სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა ნივთიერებების ნაკრებს იყენებს, მათი ქცევის წესები კი ყველაზე კარგად, ცხადია, მწარმოებელმა იცის.

კიდევ ერთი უნივერსალური წესი: რაც უფრო მგრძნობიარეა ბოჭკო, მით უფრო დაბალი ტემპერატურისა უნდა იყოს წყალი და ხანგრძლივი – რეცხვის რეჟიმი.

ჩვენ დიდი და საინტერესო ტექნოლოგიური გამოწევების ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და „სწავლა სიბერემდეო“ არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღეს. რამდენიმე წლის წინ თავად მიწევდა ასეთი ფორმულაციების შემუშავება და წარმოების მართვა, მაგრამ ბლოგის დაწერამდე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი დარგის სიახლეებს და აღმოვაჩინე, რომ კიდევ „რაღაც შეცვლილა“… ასეა საკლასო ოთახსა თუ სალექციო აუდიტორიაშიც – თუ გვინდა, კარგად ვასწავლოთ, მასწავლებელი უფრო მეტს უნდა სწავლობდეს, ვიდრე მოსწავლე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...