შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

ფილმები მასწავლებლებზე და მასწავლებლებისთვის

0

მასწავლებლებზე ბევრი ფილმი არსებობს და ზოგიერთი მათგანის შესახებ ამ პლატფორმაზეც გექნებათ წაკითხული, ზოგიერთი ნანახი და ზოგიერთი სანახავად მონიშნული.

 

“ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ბრატისლავას გარეუბნის სკოლაში ახალი მასწავლებელი ჩამოდის და კრებას იწვევს ერთი მოსწავლის საყურადღებო ქცევის გამო.”

 

“ფეხბურთის მწვრთნელი სამსახურს კარგავს და ახალ გუნდს აყალიბებს. უიმედო ადგილობრივი ხულიგნებისგან ყველაზე ძლევამოსილ ნაკრებს ქმნის – ამბავი მაკფარლანდში 90-იან წლებში მართლაც მოხდა და ფილმი ამ ამბავზეა გადაღებული.”

 

“ახალგაზრდა მასწავლებელი ცდილობს, თავის მოსწავლეებს ტოლერანტობა ასწავლოს.”

 

“8 წლის ბიჭი დაუსრულებლად ქმნის პრობლემებს, მანამ, სანამ არ შეხვდება მასწავლებელს, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია და შესანიშნავი, თუკი მათ ინდივიდუალურად მიუდგები და საკუთარ თავს აპოვნინებ.”

 

ეს იმ რამდენიმე ფილმის მოკლე აღწერაა, რომელსაც google მალევე გთავაზობს, თუკი მას მასწავლებლებზე გადაღებულ ფილმებზე ჰკითხავ. ასეთები ბევრია და მათი ნაწილი მართლაც შთამბეჭდავია. შთაგაგონებს, თავს მნიშვნელოვნად გაგრძნობინებს, ახალ რამეებზე დაგაფიქრებს და ძველ ამბებს გაგახსენებს. თუმცა, ჩემს თანმდევ შეგრძნებას თუ მივყვებით, რომ ჩვენ ყველა ერთი ექსპერიმენტის, ფილმის ან თამაშის გმირები ვართ და ის, რაც ჩვენს თავს ხდება, მშვენიერი სიუჟეტია მხატვრული ნაწარმოებისთვის, მასწავლებლების მონაწილეობით ფილმების საძებრად google-თან მისვლა შეიძლება არც კი დაგვჭირდეს და მივხვდეთ, რომ ჩვენ თვითონაც ვიცით ისეთი ამბები მასწავლებლებზე, რომელიც თავისუფლად შეიძლება ფილმიც ყოფილიყო.

 

რამდენიმე ამბავს გავიხსენებ ბოლო რამდენიმე თვიდან, რომელიც თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო ფილმის ან წიგნის სიუჟეტი და რომელიც ჩვენ, ჩვენს ახლოს მყოფ ადამიანებს გადახდათ თავს. ამ ამბების მთავარი გმირები მასწავლებლები და მოსწავლეები არიან.

 

ამბავი 1

 

ახალგაზრდა მასწავლებელი ხმას იმაღლებს მის თემში გამეფებული მავნე ტრადიციის, ქალის მოტაცების წინააღმდეგ. სოფელი მასწავლებელს უპირისპირდება, სოფელში გამოყავთ, საჯაროდ კიცხავენ, ამ პროცესს იღებენ და დოკუმენტურ მასალას იმის შესახებ, როგორ “მიაგეს საკადრისი” მას, ვინც მათთან დაპირისპირება მოინდომა, ვინც თქვა, რომ ისინი არასწორად იქცევიან, ვინც ეჭვქვეშ დააყენა კაცის უპირატესობა ქალთან შედარებით და თქვა, რომ ქალი საგანი არ არის, მას არ უნდა იტაცებდნენ, არ უნდა აიძულებდნენ ოჯახის შექმნას, და რომ ეს სიყვარული კი არა, ძალადობაა და ძალადობა ცუდია, ის ტრადიციის სახელით ვერ გამართლდება. სამაგალითო დასჯის მცდელობის მიზანი გაფრთხილება იყო ყველა დანარჩენისთვის, ვისაც შეიძლება ამის შესახებ ხმა ამოეღო, რომ მასაც იგივე მოუვიდოდა, მასაც დასჯიდნენ. მაგრამ ისე ხდება ხოლმე, რომ სიმართლე უფრო ძლიერია, თავგანწირვას კი, თუნდაც ეს გაუცნობიერებლად ხდებოდეს, გადამდები მაგალითი აქვს. ახალგაზრდა მასწავლებელს მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, იმავე თემშიც და სხვაგანაც. მის ამბავს დამატებით ხიბლს ის მატებს, რომ მამრობითი სქესისაა, ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, კარგად ფლობს სახელმწიფო ენას და თავისუფალ დროს ძველ წიგნებს აგროვებს და ყიდის, ბუკინისტია. ფილმი იქ მთავრდება, სადაც მას კოლეგები სხვა სკოლაში სთავაზობენ გადასვლას, მეტი დაცულობისთვის მისი შეურაცხმყოფელი თემისგან მოშორებას მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი თავის სივრცეში რჩება. ამბობს, რომ აქ არის მისი ადგილი.

 

ამბავი 2

 

ერთ სკოლაში, რომელიც კარგი რეპუტაციით და მაღალი სანდოობით სარგებლობდა, ერთ ღამეს წარწერები გაჩნდა. წარწერები სკოლის გარე კედლებზე, საკლასო ოთახებში, დაფებზე, ყველგან იყო გაკეთებული. მათი ნაწილი არანორმატიული ლექსიკა იყო, ნაწილი სასოწარკვეთილი ამოძახილები. წარწერებს ალაგ-ალაგ თან ახლდა ნახატები. ცხადი იყო,  ვიღაც რაღაცის თქმას ცდილობდა, ნიშანს ტოვებდა, ყურადღების მიქცევა სურდა. სკოლის მშვიდ ცხოვრებაში წარწერები ამოვარდნა იყო. გაჩნდა კითხვები: ვინ გააკეთა, რატომ, აქ როგორ მოხვდა, რა საფრთხეს შეიძლება ველოდოთ მისგან და სხვა. კითხვებზე პასუხი თვითონ რომ ვერ იპოვა სკოლის ადმინისტრაციამ, როგორც წესი და რიგია, პოლიციას მიმართა. პოლიციამ მალევე იპოვა მოზარდი, რომელიც ადრე ამ სკოლაში სწავლობდა და რომელსაც თხოვდა, ეღიარებინა, რომ წარწერები მან გააკეთა. პარალელურად მის ძველ მეგობრებს თხოვდნენ დაედასტურებინათ, რომ ნამდვილად ეს იყო ის, ვინც კამერებში ჩანდა და ვინც კედლები ააჭრელა. ერთმა გოგომ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვერ მოინელა და თვითმკვლელობა სცადა. მას კი, ბიჭს დიდხანს და აგრესიულად კითხავდნენ ისე, როგორც ამ ასაკის ბავშვი არ შეიძლება დაიკითხოს: ღია სივრცეში, ღამის საათებში, მშობლის გარეშე, დაშინებით. პოლიციის შენობიდან გამოსული 9 სართულიანი სახლის სახურავზე ავიდა და თავი მოიკლა. სკოლამ, რომლის კედლებიც კიდევ რამდენიმე დღე იყო აჭრელებული, ამ ამბამდეც და მერეც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ის მათი მოსწავლე არ ყოფილა. ფსიქოლოგები უწყვეტად იმეორებდნენ იმას, რომ როცა ბავშვი ასეთ ქმედებას ჩადის, მას არა დასჯა, არამედ შველა ჭირდება და რომ სკოლაში გადაპარვა, წარწერები და არანორმატიული ლექსიკა ხმამაღალი ყვირილია დახმარების მთხოვნელის, ბავშვები კი ვინც ამ სკოლაში სწავლობენ და ვისაც უყვართ ეს სივრცე ისმენდნენ ამბებს თანატოლზე, რომელიც მათი სიმშვიდის დარღვევისთვის წაიყვანეს პოლიციაში, სკოლაზე, რომელიც როგორც არ უნდა მოქცეულიყო, ალბათ ვერ მოახერხებდა, ყოფილიყო ყველასთვის სწორი და უფროსებზე, რომლებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ ბავშვთან. მით უმეტეს რთულ ბავშვთან. ამ ფილმის ბოლო კადრში სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ის მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერ წარმოიდგენდა, თორემ საერთოდ არ ამოიღებდა ამ ამბავზე ხმას. ბიჭი მკვდარია, ცხოვრება გრძელდება. არ ვიცით რა მოხდება სხვა მსგავს შემთხვევაში.

 

ამბავი 3

 

ერთ პატარა სოფელში მოზარდი გოგო საკუთარ სამზარეულოში გამთენიისას თავს იკლავს. მასწავლებელი ყვება, რომ ის კარგი და უპრობლემო ბავშვი იყო, ბეჯითად სწავლობდა, ყოველთვის ერთვებოდა სასკოლო ღონისძიებებშიც, იმ დღესაც, სკოლიდან სანამ სახლში წავიდოდა საახალწლო ღონისძიების რეპეტიცია ჰქონდათ, სადაც მისი როლი მნიშვნელოვანი იყო. რეპეტიციას ჩვეულებრივ დაესწრო. იმის წინა დღეს მუზეუმში იყვნენ სკოლიდან, გოგოც იქ იყო. აბა რატომ შეიძლება მოეკლა თავი, არაფერი ამას არ მოასწავებდა, რა მიზეზი უნდა ჰქონოდაო?

სუიციდს არასოდეს აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი – ეს გადაწყვეტილება ბევრი პრობლემების ერთობლიობით მიიღება და მის რისკ-ფაქტორს ამ პრობლემების შემადგენელი ნაწილების გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლობა ან მათდამი გულგრილობა ზრდის. ფილმი მოკლემეტრაჟიანია და მისი მთავარი გმირი არა ერთი მასწავლებელი ან თვითმკვლელი მოზარდი, არამედ საზოგადოებაა, რომელიც ვერ ამჩნევს პრობლემებს, რომელსაც ჰგონია, თუ ბავშვი სწავლობს და იცინის, მას არაფერი უჭირს. მოზარდობა რთული პერიოდია და ყველას არ შეუძლია მარტივად გაუმკლავდეს ამ სირთულეებს, რომელიც კიდევ უფრო დრამატულია, თუ მის წინაშე მარტო ხარ.

 

ეს ამბები დიდი ალბათობით თქვენს ყურამდეც მოაღწევდა. შეიძლება სხვა ამბებიც იცით, უფრო მრავალშრიანი და ფილმის სცენარისთვის გამოსადეგი. ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა სავსეა ასეთი ისტორიებით. ჩემი მიზანი მხოლოდ ის იყო, როგორც ფილმის ყურებისას არის ხოლმე, ამ ამბებში თქვენი თავი დაინახოთ, აღფრთოვანდეთ, შეშფოთდეთ, თავი მნიშვნელოვნად იგრძნოთ, ძველი ამბები გაიხსენოთ და ისეთ რამეებზე დაფიქრდეთ, რაზეც შესაძლოა ჯერ არ გიფიქრიათ.

 

 

 

 

მუქარა „ვეფხისტყაოსანში“ – რატომ ჭაშნაგირი?

0

რატომ ჭაშნაგირი? უცნაური კითხვაა, თუ რატომ მაინცდამაინც ჭაშნაგირი და არა, მაგალითად, ამირეჯიბი ან ამილახვარი შეარჩია რუსთველმა ფატმანის საყვარლად. როგორც ვიცით, ჭაშნაგირი, ისევე როგორც ამირეჯიბი ან ამილახვარი, სამეფო კარზე თანამდებობა გახლდათ. მოგვიანებით ამირეჯიბიც და ამილახვარიც გვარს წარმოადგენდა, ჭაშნაგირმა კი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და დღეს ის მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟის აღმნიშვნელი სახელია. არავინ იცის, რა ერქვა გულანშაროელ ჭაშნაგირს, ისევე როგორც არ ვიცით, თუ რა ერქვა მოლარეს როსტევანის კარზე ან რა ერქვა არაბეთის ამირსპასალარს, ანუ ავთანდილის მამას, ან რა ერქვათ ფრიდონის ბაზიერებს. სამაგიეროდ, ვიცით, რომ სპასპეტს ავთანდილი ჰქვია, ამირბარს – ტარიელი, მელიქს კი – სურხავი. პოემაში ვიცით რომელიღაც ვაზირის სახელი (მაგალითად, სოგრატი), რომელიღაც ვაზირის სახელი კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი როლი აღსანიშნია და მას პოემის რამდენიმე ათეული სტროფიც კი ეძღვნება, მაინც არაა საინტერესო ავტორისთვის (ვაზირი, რომელიც ქრთამს იღებს ავთანდილისგან, როდესაც როსტევანს გაუმხელს ავთანდილის განზრახვის შესახებ). დღეს, როდესაც აღარ არსებობს აღნიშნული თანამდებობები, ძნელია გავიაზროთ, რა ფუნქცია ჰქონდათ მათ კარზე და ვინ ვისზე უპირატესი იყო. რაც შეეხება ჭაშნაგირს, ამ სახელის ფუძე დღესაც შემორჩენილია ენაში, სიტყვაში „დაჭაშნიკება“, რაც დაგემოვნებას, ღვინისთვის გემოს გასინჯვას ნიშნავს. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ჭაშნაგირის ფუნქცია კარზე სასმელის გასინჯვა იყო. და ალბათ მის ფუნქციაში საჭმლის გასინჯვაც შედიოდა. დღეს ამ თანამდებობას დეგუსტატორი ჰქვია, თუმცა ძველი დროის ჭაშნაგირი და დღევანდელი ჭაშნაგირი იმით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ დღეს ჭაშნაგირი აფასებს გემოს, მეფის კარზე კი ჭაშნაგირი მეფეზე ადრე მოკვდებოდა, თუკი ვინმე მეფის მოწამვლას განიზრახავდა საჭმელში ან სასმელში საწამლავის ჩაყრით. შესაბამისად, ჭაშნაგირი სიკვდილში ენაცვლებოდა მეფეს და მისი სტატუსი დაფასებული იყო სამეფო კარზე. ჭაშნაგირს ხალხში „სოკოს კაცსაც“ ეძახიან.

ჩემი აზრით, რუსთველს ფატმანის საყვარლად ჭაშნაგირი ტყუილად არ შეურჩევია. სწორედ საყვარლის ჭაშნაგირობა ხდიდა ეპიზოდს კიდევ უფრო მძაფრს და მეტ ემოციას იწვევდა მკითხველში. ჩვენმა მოსწავლეებმა უკეთ რომ გაიაზრონ, რასთან გვაქვს საქმე, საჭიროა ყურადღება გავამახვილებინოთ პოემაში მუქარის ფორმებზე.

დანაშაულს სასჯელი მოჰყვება. დამნაშავე, ამ თუ იმ ფორმით, ისჯება. როცა დაზარალებული მორწმუნეა და ის სამართალს ამ ქვეყანაზე ვერ პოულობს, მას იმქვეყნიური სამართალი ასულდგმულებს. ცხადია, დაზარალებულის უფლებაა დამნაშავის შეწყნარებაც. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უდანაშაულოებს უსამართლოდ ექცევიან და მათ არასწორად სჯიან.  სასჯელს წინ ხან გაფრთხილება, ხანაც მუქარა უძღვის. ერთიც და მეორეც ორი სახისაა, ვერბალური და არავერბალური (თითის დაქნევა, მუშტის ჩვენება, იარაღზე ხელის წავლება). თუმცა არც ერთი და არც მეორე ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ მისი ბოლო დასჯა იქნება. ხშირად სასჯელის წინა გაფრთხილება ან მუქარა ემოციურ ფონზე კეთდება. არის შემთხვევები, როცა მათი წყალობით მომხდარა სამართლის პოვნაც. როცა მუქარის სისრულეში მომყვანი სერიოზულად იქადნება, დასასჯელს სხვა გზა არა აქვს: ან თავი უნდა დაიცვას და საპასუხო შეტევისთვის მოემზადოს, ან გამოსწორდეს და ამით მოახდინოს მომავალი დანაშაულის პრევენცია და სასჯელიც აირიდოს, ან თავს უშველოს და სასჯელს გაექცეს.

ჩემი დაკვირვებით, „ვეფხისტყაოსანი“ ამ კუთხით საინტერესო შესასწავლია, რადგან პოემის პერსონაჟების მუქარა (ტექსტში ეს სიტყვაა ქადილი, ხოლო მისი ზმნური ფორმაა დაგექადა, გექადდა და სხვ.) არა ერთხელ ისმის ნაწარმოებიდან. იმუქრებიან (იქადებიან) მეფეები, იმუქრებიან სხვებიც. რაც უფრო მაღალი სტატუსის მატარებელია პერსონაჟი, მით უფრო სერიოზულად უნდა აღვიქვათ მისი მუქარა (ქადილი). თუმცა ფიზიკური ძალაც უკანასკნელ როლს არ თამაშობს მუქარის სერიოზულობის დადგენისას. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ხდება შესასწავლად „ვეფხისტყაოსანი“, როდესაც მუქარის სიტყვებს დავაკვირდებით და მას დღევანდელი მუქარის სიტყვებს შევადარებთ. როგორ იმუქრებიან პოემის პერსონაჟები? ამ წერილში ოთხი პერსონაჟის სიტყვიერ ქადილს განვიხილავ, რათა ნათელი მოეფინოს ჭაშნაგირის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს, ანუ იმ ფაქტს, რომ ავტორმა პოემაში ჭაშნაგირი გააზრებულად შემოიყვანა. ჩემი ინტერესის საგანია, რა სიტყვებით გამოხატავენ პოემის პერსონაჟები მუქარას. განხილვისას თანმიმდევრობა პოემაში განვითარებული მოვლენების მიხედვით დავიცავი.

  1. ფარსადანი და დავარი – როდესაც ფარსადანი სასიძოს მკვლელობის ამბავს შეიტყობს, მკითხველი აღმოაჩენს, რომ მას სცოდნია ქალიშვილისა და ტარიელის ტრფობის ამბავი. მან, როგორც მამამ, ვერ მოახდინა დანაშაულის პრევენცია და სჭირდება განტევების ვაცი, ადამიანი, რომელსაც გადააბრალებს თავისი გეგმის ჩაშლას. ასეთი განტევების ვაცი მისთვის დავარია, საკუთარი და, რომელსაც წლების წინ ნესტანის აღზრდა დააკისრა. ქაჯეთს გათხოვილი დავარი ქვრივია და მას სიბრძნე უნდა ესწავლებინა მეფის ასულისთვის. სავარაუდოდ, დავარმა თავისი ფუნქცია შეასრულა, მაგრამ მკვლელობის შემდეგ მას ამის დამტკიცება მეფისთვის გაუჭირდება, ამიტომ, როგორც კი გაიგებს, რომ მისმა ძმამ მისი სიკვდილი განიზრახა, ის გამოსავალს არ ეძებს შექმნილი სიტუაციიდან და თავს იკლავს. როგორ იმუქრება ფარსადანი? „აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!.. თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა“. ავტორი განმარტავს, რომ „მის მეფისა წესი იყო, თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის. ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის. დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: „თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან“. როცა დავარმა გულშემატკივრისგან გაიგო, რას უპირებდა ძმა, მან აგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან“. თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე დავარი ნესტანის დასჯას გადაწყვეტს, რადგან მისი უბედურების, სიცოცხლის გასაწყინარების მიზეზი იგია: „…დავარ მოსთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსმენოდეს: „ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს! როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე? …დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა“. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავარმა ნესტანი ცემა და მონებს გადასაკარგად მისცა, „დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.“

როგორც ამ ეპიზოდიდან ჩანს, მეფის მუქარა რეალურია და დავარს ურჩევნია, თავად მოიკლას თავი, ვიდრე დაელოდოს, როგორი სასტიკი ფორმით აღასრულებს მეფე დანაპირებს. გასათვალისწინებელია, რომ დავარი ქართულ ლიტერატურაში არა მარტო პირველი თვითმკვლელი ქალია, არამედ პირველი თვითმკვლელი პერსონაჟია (ამის შესახებ იხილეთ ქეთევან ელაშვილის კვლევა).

  1. ფრიდონი – როდესაც ტარიელი ავთანდილს თავის თავგადასავალს უყვება, ის იხსენებს შავი ტაიჭის ამბავს, რომელიც მას ფრიდონმა აჩუქა იმის სანაცვლოდ, რომ ტარიელი მას დაეხმარა ბიძისძენის პარპაშის აღკვეთაში. მანამდე ფრიდონი ტარიელთან დაიქადნის: „ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!“ ეს იმას ნიშნავს, ფრიდონი იმუქრება, რომ თავის ბიძაშვილებს ყოველ ცისმარე დღეს გაუხდის სანანებლად. ხოლო ქადილისას ყვავ-ყორანთა ხსენება მსმენელის გონებაში ბრძოლის ველზე უპატრონოდ დაუმარხავად მიგდებული ლეშის სურათს ამოუტივტივებს. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ ფრიდონის მუქარა სულაც არაა ხუმრობა და მან ნათესავებს სისხლიანი განაჩენი გამოუტანა.
  2. როსტევანი – როდესაც ავთანდილის განზრახვის შესახებ, დატოვოს არაბეთი და ტარიელის დასახმარებლად წავიდეს, ვაზირისგან შეიტყობს, როსტევანი საშინელ დღეში ჩავარდება: „გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა“. ის ვაზირს ემუქრება: „შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს! …თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!“ გასაშიშარი როსტევანი კედელს სკამს შემოსტყორცნის, სავარაუდოდ, ის განგებ ააცილებს ვაზირს ნასროლ საგანს, რადგან მისი ეს საქციელი მხოლოდ მუქარაა და არა ნაქადნის სისრულეში მოყვანა. მას ვაზირის უბრალოდ მოკვლა კი არა, მისთვის სამაგალითოდ თავის მოკვეთა უნდა. ეს ეპიზოდი კარგად ხსნის, თუ რატომ არ მოინდომა ავთანდილმა, თავად ეთქვა როსტევანისთვის სიმართლე. ასევე ეს ეპიზოდი ხსნის, თუ რატომ შესთავაზა ქრთამი ავთანდილმა ვაზირს – ვაზირი სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში, ის თანამდებობას დაკარგავს, მაგრამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თუკი საკმარისი თანხა ექნება, შეძლებს შორს გადახვეწას. როსტევანი მეორე დღეს, როდესაც დამშვიდდება, მოიკითხავს ვაზირს და უკვე დაწყნარებულ გულზე გამოიკითხავს ამბავს. ავთანდილმა გაპარვა მოასწრო. მან იცის, რომ როსტევანს ადვილად შემოუბრუნებს გულს, როდესაც არგუმენტირებულად აუხსნის, რატომ უნდა წავიდეს ტარიელის დასახმარებლად (ამის შესახებ ვსაუბრობ წერილში „ვეფხისტყაოსანი: და ანტიკურობა“). როგორც ვხედავთ, მოყვანილ ეპიზოდში როსტევანის მუქარა საკმაოდ საშიშია; თუმცა ისიც აშკარაა, ფარსადანისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ როსტევანი გარეგნულადაც იცვლება მრისხანების ჟამს, დამშვიდებულზე მას მაინც ძალუძს ანალიზი და განზრახვის შეცვლა. ფარსადანს კი ალბათ ვერავინ ვერაფერს დაუმტკიცებს. ფარსადანის ამ თვისებაზე მანამდეც მიუთითებდა ტარიელი, როდესაც მას სათათბიროდ ეახლა ნესტანის ქორწინებასთან დაკავშირებით. ნესტანი საყვედურობს სატრფოს, რომ არ შეეწინააღმდეგა ფარსადანს, ტარიელი კი აღნიშნავს, რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან საკითხი თათბირამდე გადაწყვეტილი იყო, ანუ ფარსადანის მიერ მოწვეული თათბირი ჩვეულებრივი ფარსი იყო. ნესტანი ადვილად თანხმდება ტარიელს, ალბათ იცის მამამისის ამ თვისების შესახებ.
  3. ჭაშნაგირი – როდესაც ავთანდილთან საწოლში ნებივრობისას ჭაშნაგირი თავს წაადგება საყვარლებს, ფატმანს ფერი ეცვლება: „ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა“… ჭაშნაგირი ემუქრება ფატმანს: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა, გამოთენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა! გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დასაჭმეველად. დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად! …ეს თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა… ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნებული; უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?.. დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა… თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“.

როგორც ვხედავთ, ჭაშნაგირის მუქარა ძალიან განსხვავდება შინაარსით სხვა პერსონაჟების მუქარისგან. ესაა ყველაზე სასტიკი მუქარა, რაც ადამიანის ყურს შეიძლება ესმას. და, როგორც ფატმანის რეაქცია გვიჩვენებს, ჭაშნაგირი შემსრულებელიცაა. განა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მეფესთან დაახლოებული პირია და ნებისმიერი სახის სასჯელის შეფარდება შეუძლია ფატმანისთვის. ჩემი აზრით, რუსთველმა სწორედ იმიტომ შეარჩია ამ პერსონაჟისთვის პროფესია ჭაშნაგირობა, რომ მკითხველს მძაფრად აღექვა მისი მუქარა. ჭაშნაგირი რომ არ ყოფილიყო ჭაშნაგირი და ის ამირეჯიბი ან სპასალარი ყოფილიყო, მისი მუქარა სიტყვებად დარჩებოდა. აი, იმიტომ რომ ჭაშნაგირის პროფესიაა კერძებისა და სასმელის გასინჯვა გემოების დადგენისა და მათში მომაკვდინებელი ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით, ჭაშნაგირის მუქარა განსხვავებულ ელფერს იძენს და მისი სიტყვები სხვაგვარად დამაჯერებელი ხდება.

ასე რომ, რატომ ჭაშნაგირი? ამ კითხვის პასუხია, დიახ, ჭაშნაგირი! რუსთველმა მიზანმიმართულად აირჩია ამ პროფესიის ადამიანი ეპიზოდისთვის მეტი დამაჯერებლობისა და სისასტიკის მისანიჭებლად.

 

თვალსაზრისი – სკოლების ოპტიმიზაცია

0

დიდი ხანია დაინტერესებული ვარ განათლების სფეროში არსებული პრობლემებით.

2019 წლიდან მოყოლებული  ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის 25 სკოლაში ვიყავი სხვადასხვა პროგრამითა თუ პროექტით.  ვხედავ სკოლებში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებს. მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში. ერთ-ერთ პროექტში გავეცანი უცხოურ გამოცდილებასაც და მცირეკონტიგენტიან სკოლებთან მიმართებით გარკვეული მოსაზრებები ჩამომიყალიბდა.

 

თითქმის ყველა სოფლის სკოლას აერთიანებს ინფრასტრუქტურული პრობლემები. სოფლად არსებული სკოლები და თანამედროვე სტანდარტების ცნება ძალიან დაშორებულია ერთმანეთს. სარეაბილიტაციო შენობები, მოუწესრიგებელი საპირფარეშოები, სველი წერტილების არარსებობა, ცარიელი და ცივი კედლები, საკლასო ოთახებში შეშის ღუმელი, ნედლტოტებწაკიდებული და მბოლავი, მორყეული მერხები, კომპიუტერების უფუნქციობა.

 

ასეთ სკოლებში მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც გაკვეთილების დაწყებიდან სახლში წასვლაზე ფიქრობენ. ყველას ერთი სული აქვს, როდის დაირეკება ბოლო გაკვეთილის ზარი. სამწუხაროდ, სკოლებში კვების თემა მოუგვარებელია. ბევრგან უყველო ან მცირეყველიანი ხაჭაპურიც საძიებელია.

 

საქართველოში უამრავი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა. მათი უმრავლესობა დეფიციტურია. ანუ ვაუჩერული დაფინანსებით მიღებული თანხა მასწავლებლების ხელფასების გასტუმრებას ხმარდება და აღარ რჩებათ თუნდაც კომუნალური გადასახადების გასასტუმრებელი ფინანსები. საუბარი ზედმეტია მცირე რემონტის, საპირფარეშოების მოწესრიგებაზე და მატერიალურტექნიკური ბაზის განახლებაზე. ასეთ სკოლებს სახელმწიფო დამატებით ეხმარება ფინანსებით.

 

საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდები დისკუსიას მასწავლებელთა კვალიფიკაციის თაობაზე. ფაქტია, რომ მასწავლებელთა გარკვეული პროცენტი ვერ აბარებს საგნის გამოცდას, ან მინიმუმი შედეგის ჩვენების შედეგად ახერხებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაწინაურებას, საფეხურის ცვლას პრაქტიკოსი მასწავლებლობიდან უფროს მასწავლებლად.

 

რეგიონების სოფლების (მათ შორის მცირეკონტიგენტიან) სკოლებში გვყავს კვალიფიციური მასწავლებლები. ასეთ ადამიანებზე დგას სახელმწიფო და მათი დაუფასებლობა მომავალი თაობის შედეგებზე ისახება. ამ მასწავლებლებს საკუთარი ცოდნით, გამოცდილებითა და უნარებით შეუძლიათ XXI საუკუნის მოსწავლის აღზრდა და განათლების მიცემა. ისინი არიან აქტიურები, მოსწავლეებს რთავენ პროექტებში და შინაგანად არიან ორიენტირებულნი პროფესიულ განვითარებაზე. პედაგოგების ეს კატეგორია გაფანტულია სოფლებსა თუ ქალაქებში.

 

აქვე უნდა შევეხო სკოლის დირექტორების კვალიფიკაციას. სამწუხაროდ, დღეს საჯარო სკოლების დირექტორების უმრავლესობას არ აქვს ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა. შესაბამისად გვყავს მოვალეობის შემსრულებლები. ახალი კადრების მოზიდვის მიზნით განათლების სამინისტრო დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს.

იცლება სოფლები, მიტოვებული სახლები და მოხუცთა სამყოფელიღაა სოფელი. ამის ერთ-ერთი მიზეზია არათანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე. მშობელს ურჩევნია გადავიდეს საცხოვრებლად მუნიციპალიტეტის ან რეგიონის ცენტრში, დედაქალაქში, სადაც მისი შვილი უკეთეს განათლებას მიიღებს, სკოლის გარდა, აირჩევს სპორტის სახეობებს, მუსიკას თუ ცეკვას.

 

სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის არსებული უთანასწორობა და განათლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კარგად ჩანს პიზას კვლევის შედეგებში.

„ქვეყნის შიგნით კითხვაში მოსწავლეთა მიღწევებში თვალსაჩინო განსხვავებები იკვეთება. კერძოდ, მიღწევის საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალაქად, ვიდრე სოფლად“, – ვკითხულობთ PISA-ს 2015 წლის კვლევაში.

 

სანამ კონკრეტული მაგალითის განხილვაზე გადავალ, აქვე მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქვემოთ გაჟღერებულ იდეაში არ მოვიაზრებ საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებს, სადაც სკოლის თუნდაც 2 მოსწავლისთვის არსებობა გამართლებულია ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.

 

რაში მდგომარეობს იდეის არსი?

 

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 10-15 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს სოფლები: ღოუბანი, ბორბალო და  ერტისი (ვაშლოვანი), მარაბდა.

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალსოფლიდან 10-15 კილომეტრით დაშორებულია შემდეგი სოფლები: მთისძირი, ზინობიანი, სარუსო, თივი, ჩანტლისყურე, ბალღოჯიანი.

 

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სოფელში არის სკოლა საბაზო ან საშუალო საფეხურით. ამ სკოლებში სახელმწიფო ხარჯავს X რაოდენობის რესურსს შრომის ანაზღაურებაში, კომუნალურ გადასახადებებში, რემონტში ანუ სკოლის შენახვაში. დახარჯული რესურსით  სიტუაცია უკეთესობისაკენ არ იცვლება.

 

სოფელ ერტისში (ვაშლოვანში) დგას უზარმაზარი, სკოლა. ოფიციალური მონაცემით დღეს ერტისის (ვაშლოვანის) საჯარო სკოლაში სწავლობს 211, მარაბდაში 138, ღოუბანში 48, ბორბალოში 20 მოსწავლე.

წარმოვიდგინოთ, რომ ერტისის (ვაშლოვანის) სკოლას აქვს თანამედროვე საკლასო ოთახები, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ფუნქციონირებს სახელოვნებო წრეები, მოსწავლეებს სურვილის მიხედვით ასწავლიან ხელსაქმეს. სკოლას აქვს უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც ასწავლიან რობოტექნიკას, გრაფიკულ დიზაინს. მოსწავლეებს ემსახურებათ სასკოლო ავტობუსები (School bus-ები, ფილმებში რომ გინახავს).

 

მცირეკონტიგენტიანი სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული X რესურსი მიემართება საგაკვეთილო პროცესის შემდეგ მოსწავლეების საწრეო და საკლუბო საქმიანობისთვის. ბავშვებს სკოლაში აქვთ თავისუფალი სივრცე და დრო, სადაც ამზადებენ შემდგომი დღის დავალებებს, მუშაობენ პროექტებზე. რაც მთავარია, უზრუნველყოფილნი არიან კვებით.

 

ეს არ იქნება უმტკივნეულო რეფორმა. გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა ამოვიდნენ  ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მსგავსი რეფორმის გატარების შედეგად შემცირდება მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის (დირექტორების, მათი მოადგილეები, ბუღალტერი, საქმის მწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, მნე, დამლაგებელი) რაოდენობა.

 

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესება წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა. ასაკს მიღწეულმა პრაქტიკოსი მასწავლებლების დიდმა რაოდენობამ უმტკივნეულოდ დატოვა სკოლა. სწორად გათვლილი რეფორმის შემთხვევაში, რისკების შემცირება სავსებით რეალურია.

 

უპირობო სარგებელი:

  • მოსწავლეზე ორიენტირებული თანამედროვე და უსაფრთხო გარემო;
  • მოსწავლეთა/მასწავლებელთა მოტივაციის ზრდა;
  • სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები;
  • კვალიფიციური პერსონალი.

წარმოიდგინეთ იმედდაკარგული მშობელი, რომელიც უკმაყოფილოა სკოლით და ფიქრობს სოფლის დატოვებას, ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მის გვერდით სოფელში არსებობს სკოლა, სადაც მოსწავლეები უსაფრთხო გარემოში იღებენ თანადროულ განათლებას, დაკავებულნი არიან ინტერესის სფეროს მიხედვით, მუშაობენ პროექტებზე, სასწავლო დაწესებულებაში იმყოფებიან საღამოს 4-5 საათამდე, რაც მთავარია – უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტითა და კვებით.

სტატიის მიზანი არ არის, ვინმეს კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა. კარგი იქნება, დავიწყოთ დისკუსია ამ თემის ირგვლივ და ერთობლივად შესაძლებელია ხელი შევუწყოთ სასიკეთო ცვლილებებს.

„ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი“, – ამბობს დიდებული ჰუმანისტი ვაჟა-ფშაველა. მასწავლებლის ფიქრები მომავლისთვის ჩვენი პროფესიის გვირგვინად წარმომიდგენია.

 

 

გამოყენებული წყაროები:

https://drive.google.com/open?id=1ZT-WcwbvIHGASNgwZHj5B4D0YjHoqST5 – PISA-ს 2015 წლის ანგარიში

https://drive.google.com/open?id=1ZT-WcwbvIHGASNgwZHj5B4D0YjHoqST5 – სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს რეგიონების მიხედვით

https://catalog.edu.ge/index.php?module=school_info&page=main&district=21&school_type=3 – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები

 

ერთი უჩვეულო სკოლის ამბავი

0

არატრივიალური მიდგომა განათლებისადმი

„კვირაში 70-მდე განაცხადს ვიღებთ ადამიანებისგან, რომლებსაც სურთ ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ, რას ვაკეთებთ ამ სკოლაში, – ამბობს რობი ჰოუბენი, ნიდერლანდებში, რურმონდში მდებარე აგორის სკოლის დირექტორი. – მათ უმეტესობას უარით ვისტუმრებ, რადგან განაცხადების განხილვისთვის უბრალოდ დრო არ გვრჩება!“.

აგორაზე ბევრს წერენ. ეს სკოლა გასაოცარია არა იმიტომ, რომ თანამედროვედ აღჭურვილი და კეთილმოწყობილია, არამედ იმიტომ, რომ აქ შექმნილია შემეცნებაზე და არა დასწავლაზე ორიენტირებული გარემო.

„ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ თამაშის შესაძლებლობას. როდესაც თამაშობენ, ინტერესი უჩნდებათ. შემდეგ კი აღარ გჭირდებათ მათი კონტროლი“, – განმარტავს რობი.

უკლასო სკოლა

აგორაში მოსწავლეთა ასაკი 12-დან 18 წლამდე მერყეობს. თითოეულ მოსწავლეს თვითონ შეუძლია საკუთარი „საგანმანათლებლო მოგზაურობის“ კონტროლი. შეუძლია შეისწავლოს და იკვლიოს ის თემები და საგნები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს.

მაგალითად, ზოგი მოსწავლე მონღოლურ ცხენებს შეისწავლის, ზოგიც – მჭედლობას, ზოგიც –  ჰარი პოტერის შელოცვებს ან სკეიტების ისტორიას. სკოლის მასწავლებლის ამოცანაა სწავლა კვლევის პროცესად აქციოს და ისე წარმართოს.

სკოლაში მასწავლებელი 17 ბავშვზეა პასუხისმგებელი. მისი მიზანია უზრუნველყოს სწავლის მაღალი შედეგი და საგნის ღრმა ცოდნა, ასევე იმუშაოს თითოეულ მოსწავლესთან სასწავლო პროცესის შემდგომი წარმატებული განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, რობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა კარგი პედაგოგების პოვნა.

რობი აღწერს აგორას, როგორც უნივერსიტეტის (სადაც არის ხელმისაწვდომა ცოდნისადმი), ბუდისტური მონასტრის (სადაც შეგიძლია იფიქრო), თემატური პარკის (სადაც შეგიძლია ითამაშო) და კომუნალური ბაზრის (სადაც შეგიძლიათ ივაჭრო და ნივთები გაცვალო) ნაზავს. სწორედ ამიტომ აიღო ამ სკოლამ ძველი საბერძნეთისგან სახელი აგორა.

ყოველი დღე დაგსტარტით იწყება – მოსწავლეები საუბრობენ დღის გეგმებზე, რის  მიღწევას იმედოვნებენ და რა დახმარებას საჭიროებენ. სხვა მოსწავლეებს შეუძლიათ, შესთავაზონ მათ თუნდაც რჩევა ან შეუერთდნენ მათ წამოწყებას.

თავისუფალი სივრცე

ერთი შეხედვით, სკოლის სასწავლო პროცესი ქაოსურად გამოიყურება. სკოლაში ყველა ფეხის ნაბიჯზე ნახავთ წიგნებს, პლაკატებს, ნახატებს, დაუმთავრებელ პროექტებს, თვალსაჩინოებებსა და სხვა მასალებს. ყველა მოსწავლეს აქვს თავისი საწერი მაგიდა, რომელსაც ისე მოაწყობს, როგორც მოესურვება.

დაგსტარტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები იწყებენ პროექტზე მუშაობას,  გადაინაცვლებენ ხის ან რკინის სახელოსნოებში, ტექსტილის ოთახში, სამზარეულოსა და კომპიუტერულ კლასში. ლანჩის მერე  „მშვიდი საათია“, მოსწავლეები კითხულობენ ან დროს ფიქრში ატარებენ. შემდეგ იწყება პროექტული ან ჯგუფური მუშაობის პერიოდი.

ასაკიდან გამომდინარე, მოსწავლეებს შეუძლიათ, თვითონ შეარჩიონ სწავლის დაწყებისა და დამთავრების დრო, დამოუკიდებლად დაგეგმონ სამუშაო პერიოდი, მთლიანი დღის გრაფიკი.

ყველაზე მეტად აგორის მოსწავლეებს მოსწონთ თავისუფალი შემეცნება და იმის სწავლა, რაც მათ სურვილებს უკავშირდება. „ბევრს ჰგონია, რომ აუცილებელია კვირაში მათემატიკის მაინცდამაინც ოთხი გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ ნიდერლანდებში ასე არ ხდება. განათლების სამინისტრო გვთხოვს, მოსწავლე ცოდნის გარკვეულ დონემდე გარკვეული დროის განმავლობაში მივიყვანოთ. სულ ეს არის“, – განმარტავს რობი.

ჯადოქრობაც სწორედ  ის არის, რომ მასწავლებელმა მოსწავლის ბუნებრივი თავისუფლება სწორ კალაპოტში უნდა ჩააყენოს, თანაც ისე, რომ სავალდებულო ცოდნა  მიაღებინოს. მაგალითად, ყველა მოსწავლე გარკვეულ ასაკში ვალდებულია, ისწავლოს პითაგორას თეორემა, მაგრამ მას სწავლობენ არა უშუალოდ მათემატიკის გაკვეთილზე, არამედ გეოგრაფიის ან ცხრილების აგების შესწავლისას.

მობილური ტელეფონების ფართო გამოყენება

ალბათ, ყველაზე შოკისმომგვრელი აგორაში ის არის, რომ აქ მიესალმებიან მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ფართოდ გამოყენებას. „ჩვენს შვილებს მთელი დღე ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დროს აცნობიერებენ, რაში სჭირდებათ სინამდვილეში ტელეფონი.  სკოლა ის ადგილია, სადაც ინტერნეტის მოხმარება აუცილებელია“.

სკოლა WhatsApp-ს მოსწავლეებთან და მშობლებთან კომუნიკაციისთვის იყენებს. მასწავლებლები მოუწოდებენ მშობლებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ შვილების განვითარებაში. სთხოვენ, დაეხმარონ იმ ბავშვებს, რომლებიც, მაგალითად, მათ პროფესიას შეისწავლიან.

სკოლას ყველა ბავშვისთვის უფასო Chromebook აქვს. „მაშინაც კი, როდესაც ისინი გამოცდისთვის ემზადებიან, არ უწევთ ფულის ხარჯვა სახელმძღვანელოებისთვის. თუ გსურთ მათემატიკის სწავლა, უნდა მითხრათ, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას და რომელი წიგნის ან ციფრული შინაარსის გამოყენება გჭირდებათ. თუ მოსწავლე აგვიხსნის, რატომ სჭირდება ესა თუ ის წიგნი, მას აუცილებლად შევუძენთ“.

აგორა 2014 წელს გაიხსნა, თავიდან სკოლაში 30 მოსწავლე დადიოდა. ექსპერიმენტის სახით ეს სკოლა ჩვეულებრივი სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. მნიშვნელოვანი დეტალი –  სკოლის შინაარსზე მუშაობის დროს სპეციალისტები კონსულტაციებს მოსწავლეებთან  გადიოდნენ. ახლა აგორას საკუთარი შენობა აქვს, ჰყავს 250 მოსწავლე და სწავლების მომლოდინეთა სიაც საკმაოდ მოზრდილი აქვს.

როგორ იზომება პროგრესი?

თუ მოსწავლეები არ გადიან ტესტირებას კონკრეტულ საგნებში და მხოლოდ სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ, როგორ დგინდება მათი სწავლების პროგრესი? ამაზე პასუხი თავად მოსწავლეებმა გასცეს.

Egodact  – ეს პროგრამა აგორას სამმა მოსწავლემ შექმნა – რაფაელმა, ბარუჰომ და რუბენმა, რათა თვალ-ყური ადევნონ არა მხოლოდ მოსწავლეთა პრობლემებს, არამედ მათ  აკადემიურ მოსწრებას. ეს იოლი და მოსახერხებელი გზა აღმოჩნდა. მეტიც, მათ შექმნეს კომპანია, რომელიც მარკეტინგს უტარებს და სხვა სკოლებშიც ყიდის პროგრამებს. შეიმუშავეს ბიზნესგეგმა, პროდუქტის გზის რუკა და გახსნეს საბანკო ანგარიში. დაგვეთანხმებით, მშვენიერი ამბავია 16 წლის მოზარდებისთვის, რომლებმაც საკუთარი საქმე 14 წლის ასაკში წამოიწყეს.

ყველაფრის მიუხედავად, აგორა არ კარგავს სკოლის სახეს – აქ არის აუდიტორიები და  სასადილო ოთახი, ბავშვებიც ჩვეულებრივად ხმაურობენ გაკვეთილებზე, მაგრამ მათ აქვთ აქვთ დიდი საკონფერენციო დარბაზები, რომლებსაც პროექტებზე მუშაობისთვის ან ვინმესთან შესახვედრად იყენებენ.

სამზარეულოს გვერდით რესტორანი და პაბია. რობის სამომავლო გეგმა ასეთია – მოსწავლეების დახმარებით შექმნას ახალი რესტორანი, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებას მოემსახურება. „რატომაც არა, შეიძლება მისი მფლობელები მოსწავლეები იყვნენ“, – ამბობს ის, მაგრამ ახლა რობი სკოლის გაფართოებასა და მასწავლებელთა რაოდენობრივ ზრდაზეა ორიენტირებული.

სწავლის ამ განსხვავებულ მიდგომას და ახალი მასწავლებლების მოძიებას მხარდაჭერა და დრო სჭირდება. „ჩემს თანამშრომლებს ყოველთვის ვაფრთხილებ, არ მკითხონ, კარგია თუ არა მათი რომელიმე იდეა. მოსინჯონ ერთი კვირის განმავლობაში და იგივე კითხვა ბავშვებს დაუსვან. ჩვენი მასწავლებლები მხოლოდ ოთხი დღე მუშაობენ, მეხუთე დღეს კი თავიანთი კოლეგების მუშაობას აკვირდებიან“.

რობი ამბობს, რომ თანამედროვე დამსაქმებლები მუდმივად მოითხოვენ თავიანთი თანამშრომლებისაგან თანაგრძნობას, კომუნიკაციას, გუნდურ მუშაობას, მოქნილობასა და ინტერდისციპლინული პრობლემების შემუშავებისა და გადაჭრის უნარებს. მაგრამ ამას ტრადიციული განათლება ვერ იძლევა, რადგან გაკვეთილებზე თარიღების, ფაქტებისა და ფორმულების დამახსოვრებას გაიძულებსს. აგორელი მოსწავლეები კი ინფორმაციას სამყაროს შესახებ იღებენ, რაც მთავარია, მათ საამისოდ ყველა პირობა აქვთ შექმნილი,  არ აკლიათ თავდაჯერებულობა პრობლემების გადაჭრისას, თავისუფლად ურთიერთობენ ერთმანეთთან და უფროს თაობასთან.

ეს არის ის, რაც მომავალში კარგად იმუშავებს, რასაც მანქანები ვერ შეძლებენ. აგორა სკოლაა, სადაც განათლების კუთხით სასიკეთო და თამამი ცვლილებები ხორციელდება, მასწავლებლები მოსწავლეებს საუკეთესო უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას სძენენ. „მინდა, თითოეულმა ბავშვმა კარგად ისწავლოს. ვერ ვიტან მომლოდინეთა სიას, მაგრამ დრო ჯერ გვჭირდება იმისთვის, რომ პერსონალის დონე ავამაღლოთ“, – ამბობს რობი.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

„უცხოსთან“ ბრძოლის მსოფლიო დღე

0

4 თებერვალი…

გახსოვთ ალბათ ფილმი „უცხო“. მთავარ გმირს სიგურნი უივერი ასრულებს და კოსმოსურ ხომალდზე შეჭრილ „უცხოს“ ეომება, რომელსაც ყველაფრის დაპატრონება და განადგურება სურს.

დღეს „უცხო“ ჩვენ შორის არის, ყოველ მეორეს „უცხო“ ჰყავს, რომელიც დაუპატიჟებლად ესტუმრა და წასვლას სულაც არ ჩქარობს. 4 თებერვალი „უცხოსთან“ ბრძოლის მსოფლიო დღეა. თუმცა, მგონი სულაც არ ებრძვიან. მგონი, მავანს „უცხოს“ ადამიანებთან სტუმრობა საკუთარ ბიზნესად უქცევია და ღრმად სწამს, რომ თავად მას არასდროს ესტუმრება.

„უცხო“ უცხოდ მოდის… თავიდან არ გაწუხებს, არის თავისთვის ერთ ადგილას გატრუნული. მერე და მერე ვეშდება და სხეულის შიგნიდან ჭამას იწყებს. ცდილობს დათრგუნოს, გატეხოს, ყველაფერზე ხელი ჩააქნევინოს და ტკივილებით სასოწარკვეთილი გაისტუმროს სად, თავადაც არ იცის.

„უცხოს“ ფული უყვარს… როგორც კი „უცხო“ გესტუმრება, უამრავი ფული გჭირდება. ფული, ფულმა, ფულით, ფულს!… ყველგან და ყველაფრისთვის გთხოვენ. ის ამდენია, ეს იმდენი, აი ისიც აუცილებელია და ეს რომ ღირდა, ახლა სამჯერ მეტია. არ გექნება, ვერ გადაიხდი და „უცხოს“ პირისპირ დარჩები. ჰოდა, ჩაიცინებს, დაგიმარტოხელებს და ისე დაგკბენს, ისე აგკუწავს, ჯერ კიდევ ცოცხალს სიკვდილს განატრებინებს. არ გინდა? მაშინ გადაიხადე, ამ ნემსშიც და იმ ნემსშიც, ამ ჩხვლეტაშიც და იმ გადასხმაშიც. გადაიხადე!… ყველაფერი გაყიდე და გადაიხადე, თორემ დედის ხსენს არ შეგარჩენს, დაგჩაგრავს და დაგაბეჩავებს.

„უცხო“ ავთვისებიანი სიმსივნეა, პოპულარულ ენაზე კიბო და ჩვენი დროის უბედურებადაა ქცეული.

მასზე ათასი ჭორ-მართალი დადის. ერთი კი შეჭმარიტებაა, რომ კვებას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „უცხოს“ მჟავა გარემო ჰყვარებია, ამიტომ ჩვენ საპირისპიროდ უნდა მოვიქცეთ და ორგანიზმი თავადვე გავატუტიანოთ. აქ შეიძლება ვინმემ ორგანიზმში არსებული ბუფერული სისტემები შემახსენოს და მითხრას, რომ ეს სისტემები მჟავა-ტუტოვან ბალანსს თავადვე არეგულირებს. თუმცა, თუ ადამიანი მუდმივად მჟავა არის შემქნელ საკვებს მიიღებს, ან კარცეროგენებს არად დაგიდევთ, ბოლოს ეს სისტემებიც უძლურნი აღმოჩნდებიან და ჩვენსავე სხეულში „უცხოს“ შემოსვლისთვის მშვენიერი ნიადაგი მომზადდება.

რას ნიშნავს წყალბად იონების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში?

H+ იონების კონცენტრაცია პლაზმაში და უჯრედშორის სივრცეში დაახლოებით 40 ერთეულს შეადგენს. ეს pH-ის 7,40 მაჩვენებელს შეესაბამება. ორგანიზმის შიდა pH მუდმივად შენარჩუნებული უნდა იყოს, რადგან პროტონების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ცვლილება სიცოცხლესთან შეუთავსებადია.

სანამ გავაგრძელებდე, გავიხსენოთ რას წარმოადგენს pH.

მოლეკულურ დონეზე მჟავას შეუძლია წყალბად იონის ჩამოცილება, რომელიც ნებისმიერ შესაძლო წყლის მოლეკულას უერთდება და წარმოქმნის H3O+ იონს. მჟავები შეგვიძლია განვათავსოთ მწკრივში იმის მიხედვით, თუ რამდენად იოლად ჩამოიცილებენ წყალბადის იონს.

ძლიერ მჟავას სწრაფად და მთლიანად შეუძლია წყალბად იონების ჩამოცილება. ძლიერ მჟავას ფუძიანობის მიხედვით ჩამოსცილდება წყალბადის ყველა იონი და დარჩება მჟავას ნაშთის ანიონი. ფუძე იერთებს წყალბადის იონს.

pH შკალის მეშვეობით რიცხობრივად შეგვიძლია განვსაზღვროთ ქიმიური ნივთიერების მჟავურობა ხსნარში. ტერმინი pH ასახავს ნივთიერების ხსნარში H3O+ იონების კონცენტრაციას.

H3O+ იონების OH იონების კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან. თუ H3O+ იონების კონცენტრაცია გაიზრდება, მაშინ OH იონების კონცენტრაცია შემცირდება და პირიქით.

H3O+ იონების OH იონების ტოლი კონცენტრაციის შემთხვევაში ხსნარი ნეიტრალური იქნება და pH-ის მნიშვნელობა 7-ს გაუტოლდება. H3O+ იონების ჭარბი რაოდენობისას pH-ის მნიშვნელობა 7-ზე ნაკლებია (მჟავა გარემო) და OH იონების ჭარბი რაოდენობისას- 7-ზე მეტი (ტუტე გარემო).

სისხლში pH-ის მნიშვნელობის შენარჩუნებას პლაზმის ბუფერული სისტემები ახორციელებენ. მათ შეუძლიათ მჟავა-ტუტე ბალანსის მცირე გადაცდომების კომპენსირება. pH-ის გრძელვადიანი წონასწორობა მიიღწევა ზედმეტი პროტონების განეიტრალებით. ბუფერული სისტემების ფუნქციის რღვევის ან მჟავა-ტუტე ბალანსის მოშლის შემთხვევაში, პლაზმის pH ზღვრულ საზღვრებს სცილდება. pH 7,40-ის შემცირებას 0,03 ერთეულით აციდოზი ეწოდება, მომატებას კი – ალკალოზი.

საიდან წარმოიქმნებიან თავად პროტონები?

პროტონების ორი წყარო არსებობს – საკვების თავისუფალი მჟავები და ცილებში შემავალი გოგირდშემცველი ამინმჟავები. საკვებში შემავალი მჟავები პროტონებს ნაწლავებში გასცემენ (ტუტე pH პირობებში). პროტონთა ბალანსის შენარჩუნებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგირდშემცველი ამინმჟავები მეთიონინი და ცისტეინი. ღვიძლში ამ ამინმჟავების გოგირდის ატომები მჟავამდე იჟანგებიან, რომელიც სულფატ იონებად და პროტონებად დისოცირდება.

ანაერობული გლიკოლიზის დროს კუნთებსა და ერითროციტებში ზოგადად, გლუკოზა გარდაიქმნება რძემჟავად, რომლის დისოციაციაც წარმოქმნის ლაქტატს და გამოანთავისუფლებს პროტონებს. ღვიძლში კეტოსხეულების-აცეტოძმარმჟავა და 3-ჰიდროქსიცხიმოვანმჟავას წარმოქმნა, ასევე პროტონების გამონთავისუფლებას განაპირობებს. კეტო სხეულების სიჭარბე (მაგ. შიმშილისას ან შაქრიანი დიაბეტის დროს) პლაზმის ბუფერული სისტემის გადატვირთვას და pH დაწევას იწვევს (მეტაბოლური აციდოზი: რძემჟავა→ლაქტაციდოზი, კეტოსხეულები→კეტოაციდოზი). ნორმალურ პირობებში ეს მჟავები მეტაბოლიზმის პროცესში ჩაერთვებიან და CO2 და H2O წარმოქმნით იჟანგებიან. ანუ, პროტონების წარმოქმნაზე გავლენას არ ახდენენ.

ჯანმრთელ ორგანიზმში თირკმელებში პროტონები გადადიან შარდში, რაც Na+ იონების აქტიური ცვლის ხარჯზე მიდის. ამასთანავე, შარდში პროტონები ბუფერულდება NH3 და ფოსფატებთან ურთიერთქმედების ხარჯზე.

პლაზმის ერთ-ერთი ბუფერული სისტემა ბიკარბონატური ბუფერია. იგი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის pH-ის მუდმივობის შენარჩუნებაში. მისი შემადგენელი კომპონენტებია ნახშირმჟავა და ჰიდროკარბონატ იონი (HCO3). ნახშირმჟავა არამდგრადი და სუსტი მჟავაა. როგორც სუსტი მჟავა, იგი დისოცირდება H+ იონისა და HCO3ანიონის წარმოქმნით.

როგორც არამდგრადი მჟავა, ნახშირმჟავა ადვილად იშლება ნახშირორჟანგისა და წყლის წარმოქმნით. ეს რეაქცია შექცევადია, ნახშიროჟანგის კონცენტრაციის მომატებისას წონასწორობა მარცხნივ გადაიხრება. ამიტომ, ჰიდროკარბონატულ ბუფერულ სისტემაში ნახშირმჟავას კონცენტრაცია დამოკიდებულია მასში გახსნილი ნახშირორჟანგის რაოდენობაზე, ეს უკანასკნელი კი აირად ფაზაში CO2 პარციალურ წნევაზე.

ჰოდა, სწორედ pH შკალის შენარჩუნება და ოდნავ გატუტიანებას გვირჩევენ „უცხოს“ სტუმრობისას. ამ დროს კვებაც სხვანაირი უნდა, უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული და ყველა ის პროდუქტი, რომელსაც არა მხოლოდ ტუტე რეაქცია აქვს, არამედ თავისუფალ რადიკალებსაც ბოჭავს. მე რომ მკითხო, ასეთი კვება ყოველთვის აუცილებელია, „უცხომდეც“, მის დროსაც და შემდეგაც, თუმცა ისიც საკითხავია, ეს სასარგებლო ტუტე რეაქციის მქონე ხილ-ბოსტნეული როგორ ეკოლოგიურ გარემოშია მოყვანილ-მოწეული? ან, რა პირობებში ჩამოტანილი და გაყიდვამდე დაბინავებული. თორემ, „ბალიკო“ ხომ გახსოვთ https://mastsavlebeli.ge/?p=15528, სუფთა ადგილას მოკრეფილი ბალი დილის რვა საათიდან ქუჩაში რომ ედო კაცს, სადაც მანქანების ბუღი იდგა და საღამოს ხუთ საათზე, ვერაფრით ვერ გავაგებინე, რომ ეს „ბალიკო“ კი არა უბრალოდ „კო“ იყო და მეტი არაფერი.

ორგანიზმის გატუტიანებისთვის ბევრი ჩვეულებრივ „სოდას“ სვამს. „სოდა“ იგივე ნატრიუმის კარბონატია, თუმცა, თუ მაინც უნდა დალიო, დარბილების გამო ნატრიუმის ჰიდროკარბონატი სჯობს. სუფთა ქიმიურად თუ ვიმსჯელებთ, ნატრიუმის ჰიდრო (ბი) კარბონატი ტუტე რეაქციის არის და თუ დავლევთ კუჭში არსებულ მომატებულ მჟავიანობას გაანეიტრალებს. სწორედ ამიტომ, მას ადამიანები ძველი დროიდან კუჭის მომატებული მჟავიანობის გამოც სვამდნენ. და მართლაც, დროის რაღაც მანძილზე მჟავა გარემო ნეირალიზდება და წვის (გულძმარვის) შეგრძნება გადის. თუმცა, შემდეგ კუჭში შესაბამისი უჯრედების მიერ უფრო მეტი მჟავა გამომუშავდება და მის გასანეიტრალებლად უფრო მეტი „სოდის“ დალევაა აუცილებელი. თუ ეს რეგულარულად მოხდება, კუჭის ლორწოვანი გარსი დაზიანდება და ეროზიული პროცესები დაიწყება. ამიტომ, ე.წ. „გულძმარვის“ გასანეიტრალებლად სოდა კი არა, სპეციალური გამანეიტრალებელი საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს.

აი, „უცხოს“ დროს კი ჰიდროკარბონატს პირდაპირ ვენაში უსხამენ. დიახ, ზოგიერთი ქიმიოთერაპევტი ასეთ გადასხმებს ორგანიზმის დამხმარე საშუალებად იყენებს (გადასხმაში, „სოდის“ გარდა, სხვადასხვა კომპონენტი მონაწილეობს, მათ შორის, კუჭის დამცავიც). შედეგად, შიდა გარემო მჟავიანობისგან იწმინდება და „უცხოსგან“ დაღლილი ცოტა შვებას გრძნობს. თავად, გადასასხმელი ჰიდროკარბონატი კი აფთიაქებში ოფიციალურად იყიდება. ეს მკურნალობა არ არის, ეს ორგანიზმისთვის ერთგვარი მიხმარების მეთოდია.

რა თქმა უნდა, გადასხმის რაოდენობა და კომპონენტების რაობა სისხლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ანალიზის შედეგად ინიშნება. რაოდენობა-მეთქი, ვამბობ, რადგან ზოგჯერ შხამი წამლისგან მხოლოდ დოზით, რაოდენობით განსხვავდება.

ჩვენს შორის საშიში „უცხო მხეცი“ დადის. მასთან ბრძოლის დღე 4 თებერვალი ყოფილა. თუმცა, მწამს, დრო მოვა და იგივე თარიღი „უცხოს“ სიკვდილის დღედ გამოცხადდება!

ბარნუმის ეფექტი – თქვენ გელით ნათელი დღეები

0

ცოტა ხნის წინ, გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილის კითხვისას, იმპერატორის სასახლეში „გადასროლილი“ მეთორმეტეკლასელები ერთ საინტერესო პერსონაჟს, ასტროლოგს განიხილავდნენ.

საუბარი იმაზე ჩამოვარდა, რა მარტივად იჯერებენ ადამიანები მათზე ნათქვამს და როგორ უკავშირებენ საკუთარ პიროვნებას ისეთ ზოგად მახასიათებლებს, რომლებიც ამა თუ იმ ასტროლოგიურ ნიშანს გამოარჩევს. მათ ინტერესით მოისმინეს ცნობა „ბარნუმის ეფექტის შესახებ“ და კვლევა დამოუკიდებლად განაგრძეს – აქამდე მათთვის უცნობი ექსპერიმენტი მშვენიერი სტიმული აღმოჩნდა დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და კვლევითი საქმიანობის დაგეგმვისთვის.

ადამიანებს გვიყვარს ჩვენი მისამართით ნათქვამი სასიამოვნო სიტყვების მოსმენა, წინასწარმეტყველება, რომელიც ნათელ მომავალს გვიქადის, ჩვენი პიროვნების საუკეთესო თვისებევის ამოკითხვა და გამოფენა.

სოციალურ ქსელებში აგრერიგ გავრცელებული ტესტების პოპულარობის მიზეზიც ესაა.

„შეუპოვარი და უკომპრომისო ხართ, თუ საქმე სამართლისა და სიმართლის ძიებას ეხება“;

„საოცრად ჭკვიანი, გამჭრიახი და გონებაგახსნილი ხართ. გარშემო მყოფები არასათანადოდ აფასებენ თქვენს ნიჭს“;

„თქვენი ფარული უნარები და შესაძლებლობები ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვლინდება“;

„დღე წარმატებული იქნება ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, მოხუც ადამიანებთან სასაუბროდ ან საქმიანი მიმოწერის საწარმოებლად, ასევე – ნებისმიერი სახის ფორმალობის მოსაგვარებლად“;

„მიმტევებელი და დიდი გულის პატრონი ხართ, წყენას გულში ღრმად იმარხავთ, ბოროტს არავის უსურვებთ“.

მსგავსი შემაგულიანებელი ფრაზები ხშირად წაგვიკითხავს, საკუთარი თავისთვის მოგვირგია და ჩუმი კმაყოფილებით დავთანხმებივართ კიდეც.

გასაოცარი არაფერია. გარე მოტივატორი, სტიმული, თავდაჯერების მკვებავი ამგვარი შეფასებები იმ ბავშვებივით გვჭირდება, „ყოჩაღს“ რომ მთელი მონდომებით ელიან.

 

ეფექტი, რომელიც ამგვარი შეფასებების, რეკომენდაციების და დახასიათების შედეგად დგება, ფსიქოლოგიაში ცნობილია როგოც ბარნუმის ეფექტი.

ვინ იყო ბარნუმი? რა ექსპერიმენტები და კვლევებია ცნობილი ამ მიმართულებით?

 

ფორერის ექსპერიმენტი

შორეულ 1948-ში ამერიკელმა ფსიქოლოგმა ბერტრამ ფორერმა საინტერესო ექსპერიმენტი დაგეგმა – მან სტუდენტებს დაურიგა ვითომდა საგანგებოდ მათთვის შედგენილი ტესტები, რომელთა შევსებითაც მათი პიროვნული თავისებურებების ამოცნობას შეძლებდა. დაპირებული ფსიქოლოგიური ტესტის ნაცვლად ფორერმა სტუდენტებს საგაზეთო ასტროლოგიური ჰოროსკოპებიდან ამოკრებილი ბუნდოვანი ფრაზების ნაკრები მისცა (მაგალითად, ასეთი: „დისციპლინირებული და თავდაჯერებული“, „ინტროვერტი პერიოდული ექსტრავერტული გამოვლინებებით“, „აზროვნებს დამოუკიდებლად, უპირატესობას ანიჭებს მრავალფეროვნებას, იშვიათად ახასიათებს საკუთარ თავში დაურწმუნებლობა“).

ამის შემდეგ მან სთხოვა სტუდენტებს, შეეფასებინათ ტექსტი ხუთი ქულით – უმაღლესი ქულა იწერებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი, მათი თვალთახედვით, აბსოლუტურად ემთხვეოდა მათსავე პიროვნებას. ექსპერიმენტის ბოლოს გამოთვლილი საშუალო შეფასება 4.26 გახლდათ…

 

ბარნუმის ეფექტი

ადამიანების მიდრეკილებას, სარწმუნოდ აღიქვან და „მოირგონ“ ზოგადი პოზიტიური დახასიათება, „მიითვისონ“ თვისებები და უნარები, აბსტრაქტული ფორმულირებები მიიჩნიონ საკუთარი პიროვნების მახასიათებლებად, ბარნუმის ეფექტი უწოდეს.

ფინეას ბარნუმი ამერიკელი შოუმენია, მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული შოუბიზნესის ლეგენდა. მისი იდეა იყო სხვადასხვა ფიზიკური თავისებურებებით გამორჩეული ადამიანების მონაწილეობით წარმოდგენების გამართვა. მის მიერ ორგანიზებულ უჩვეულო გამოფენებსა და წარმოდგენებში მონაწილეობდნენ სიამის ტყუპები, გოლიათი ადამიანები, ბიჭი, რომელსაც მთელი სხეული (სახის ჩათვლით) დაფარული ჰქონდა თმით…

იმისთვის, რომ ბარნუმის ეფექტი „ამუშავდეს“, საჭიროა, დახასიათება იყოს დადებითი, შეიცავდეს პიროვნების ისეთ თვისებებს, რომლებიც უმეტესობას შეესაბამება, მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ან „ავტორიტეტული“ წყარო (ცნობილი ფსიქოლოგი, ასტროლოგი…), ფრაზები უნდა იყოს ზოგადი, აბსტრაქტული და ბუნდოვანი.

დავით წერედიანის „პირმზითი“ და „კვირიკე“

0

დავით წერედიანი არ ყოფილა მასების პოეტი, ფართო ცნობადობის, პოპულარული სახე… გარდა იმისა, რომ თავად იყო მოკრძალებული, თავმდაბალი, ასკეტური ბუნებისა, ამბიციებს მოკლებული, მისი შემოქმედებაც იმდენად მაღალი, ღრმა, ფილოსოფიური, ლექსიკურად მდიდარი და დამაფიქრებელია, რომ მისით ტკბობა ყველას არ ძალუძს, რუსთველს თუ დავესესხებით, „კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი“… ანუ გემოვნებიანი, გამოცდილი  მკითხველი აუცილებელია, რომ ამგვარ პოეტურ სიტყვას ჩაწვდეს.

ასეთი პოეტი არა მხოლოდ სიტყვის ჯადოქარი, არამედ სახელოვნებო რეფლექსიების გამზიარებელია, ის გვიხსნის შემოქმედების არსსა და ბუნებას, ხელოვნების სიღრმეებში გვახედებს თავისი ყოვლისმხილველი მზერით. მისი ყოველი ფრაზა ერთგვარი კოდია, დატვირთული ქვეტექსტებით. ზემოხსენებულ გადაცემაში ჟურნალისტმა მარიამ ჯანელიძემ პოეტთან უკანასკნელ ხანს ჩაწერილი ინტერვიუც შემოგვთავაზა. ის აქაც ისევე სიტყვაძუნწია, როგორიც ყოველთვის იყო, თუმცა რამდენიმე ფრაზა, რომელთაც ის იმეტებს, რომ ხელოვნების ჯადოსნურ ლაბირინთებში შეგვახედოს, ნამდვილი მასტერკლასია ლიტერატურის მოყვარულთათვის. მაგალითად, აი, რას ამბობს ის პროზისა და პოეზიის შესადარებლად: „პროზაიკოსი და პოეტი ერთი რამით განირჩევა – პოეტთან სიტყვა ეძებს აზრს, პროზაიკოსთან აზრი ეძებს სიტყვას“… ამ ფრაზით რამდენი რამეც არის ნათქვამი, მიხვდებიან მწერლობის მოყვარულნი… მთელი ტრაქტატის გაშლა შეიძლება მისი ქვეტექსტიდან…

ჟურნალისტი მას ეკითხება პოეტის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემულ ნათარგმნ კრებულზე, ფედერიკო გარისა ლორკას „ბოშურ რომანსეროზე“ და წერედიანის დაკვირვება იმდენ საფიქრალს აღძრავს: „ლორკა მიიჩნევდა, რომ შთაგონება – ეს აუცილებელი რამ არის, მაგრამ ლექსი შთაგონების დროს არ იწერება… შთაგონება… თითქოს მოგზაურობაში იყავი, საიდანაც შთაბეჭდილებები გამოგყვა, შთაბეჭდილებების ნაფლეთები, უფრო სწორად… ხმებად, სურათებად, ათასგვარად… და როდესაც ლექსს წერ, შთაგონება ხელის შემშლელიც კი არის, როდესაც თითოეულ სიტყვას კვნეტ, გემოს უსინჯავ, ფერს უსინჯავ, ერთმანეთს როგორ მიადგება, ამ დროს შემოქმედებითი პროცესი მიაჩნია, რომ არავითარ კავშირში არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა ყველა თავისებურად წერს, თავისებურად ამბობს“…

მისმა სიტყვებმა მიგვიყვანეს სწორედ მისი შემოქმედების საიდუმლომდე… იმ პოეტთა შორის, რომლებიც „თავისებურად წერენ, თავისებურად ამბობენ“, წერედიანი ერთ-ერთი გამორჩეულია…

მისმა სიკვდილმა შეძრა ლიტერატურის მოყვარულთა საზოგადოება და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებდნენ მის ორ შედევრს, „პირმზითსა“ და „კვირიკეს“.

მთავარი სიდიადე ამგვარი ორიგინალური ხელწერის პოეტისა მის განუმეორებელ პოეტურ ხმასა და მუსიკაში ცნაურდება უპირველესად. საკმარისია ერთ ფრაზას გაუსინჯო გემო და… უკვე ხვდები, ვისთან გაქვს საქმე… ორივე ლექსში ლირიკული განწყობა რაღაცნაირად ღრმა, გამაკეთილშობილებელი, სულის შემამსუბუქებელი სევდით არის გაჯერებული. ორივე ლექსში გადმოცემულია ტრაგიკული ლირიკული გმირების მხატვრული სახეები. პირმზითი მრავალშრიანი მხატვრული სახეა. ის შესაძლოა იყოს ქართული მითოსის პირიმზე, რომელიც პირმშვენიერ ქალსაც განასხიერებს, პარაზიტ მცენარესაც კელაპტარასებრთა ოჯახიდან, რომელიც წვერში იკეთებს ერთ დიდ, წითელ ყვავილს და ყოველთვის მზისკენაა მიქცეული, მას ხშირად ახსენებს ვაჟა-ფშაველა თავის პოემებსა და ლექსებში. გავიხსენოთ მისი შედევრი „ღამე მთაში“:

„ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა,

ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა;

ერთფერად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა;

საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა…

მაინც-კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა!“..

ამ ლექსში პირიმზე ბუნების კეთილი სულის, კეთილი გენიის სახე-სიმბოლოა, სადაც მას ბოროტი სტიქია, ზვავი, უპირისპირდება.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ პირიმზე, როგორც ქართველ მთიელთა წარმართული ღვთაება, ტყის მფარველი სული, მაცდურიც და დამატკბობელიც. პირმზითიც პირიმზის ფონეტიკური ვარიაცია უნდა იყოს, რადგან ის განიმარტება, როგორც მზვარე ანუ მზიანი, უჩრდილო ადგილი, მზე და მზიანი რამ კი ყოველთვის ამაღლებულის ესთეტიკური იდეალის ალეგორიული სახე-სიმბოლოა, განასახიერებს ღვთაებრივ ძალას ან სილამაზისა და ესთეტიზმის იდეალს.

წერედიანის „პირმზითს“ ორი მთავარი ლირიკული გმირი ჰყავს: სიკვდილის მომლოდინე, დაისის სევდით შთაგონებული პოეტის ალტერ ეგო და ჩრდილებდასხმული პირმზითი, რომელიც ერთგვარი ოქსიმორონის ხერხით შექმნილი ხატია, რადგან პირმზითი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უჩრდილოს და მზიანს ნიშნავს… სიკვდილის მოლოდინში მყოფი მთავარი ლირიკული გმირის „უშტარი თვალი“ ბინდის მოლოდინშია, უკვე სულის პეპლის მოახლოებას გრძნობს, სიზმარეთის ფანტასმაგორიულ სამყაროში გადადის, შავი წყლის გადიდება ეზმანება (შავი წყალი, შავი მდინარე აქ, სავარაუდოდ,  ლეთეს, ქვესკნელის, სულეთის დავიწყების მდინარის ალეგორიაა), ხოლო კამეჩის „ნუჟრიანი, უჟამ-უთენარი ბღავილიც“ შემაძრწუნებლის, თავზარდამცემის, სამყაროს აღსასრულის, აპოკალიფსის საბედისწერო მაცნეა… სასიკვდილოდ მომზადებულ ლირიკულ გმირს სურს, რომ სიკვდილის ანგელოზს ერთი სიკვდილით გამოუბრას ყოველი ამქვეყნიური შეუსრულებელი ვალი და მისია, სიკვდილს ჩააბაროს „ეს იალმწვანე, თვალთა ჟინი და ლიბრი“, მასვე გადასცეს თავისი მდინარე (ცხოვრების ალეგორიული სახე), ქვის და გორმახის ყანა, უშბის ჩარდახის თეთრი ღრუბლები… სიკვდილის ესთეტიკა აქ უმაღლეს რეგისტრშია წარმოდგენილი. თითქოს სიკვდილის პირას გმირის თვალწინ კინოკადრებივით ტრიალებს ცხოვრების გზებზე განვლილ-განცდილი, ბავშვის ღიმილიც, რომელმაც „მთვარე წასტაცა უნასს“, მისი სულის გამონათებაა… წარმოუდგენლად ჯადოქრული სახეა ბავშვის ღიმილი, რომელმაც „მთვარე წასტაცა უნასს“… უნასი ხომ გველი, ქვეწარმავალი, ავი, ბოროტი არსია, „ვეფხისტყაოსნის“ ზეკაცებიც ხომ იმისთვის იბრძვიან, რომ მთვარე წასტაცონ უნასს… (გავიხსენოთ ქაჯეთის ციხის აღებისას ნესტანის და ტარიელის შეყრა როგორი ალეგორიით არის გამოსახული: „ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“)… სიკვდილის მოლოდინის ამგვარი მხატვრული გარდასახვა პოეტურ სიტყვაში არსად მეგულება… მომაკვდავის თვალწინ აქვე ტრიალებს კალო და კევრი, როგორც სიმბოლო სიცოცხლის წრებრუნვისა, არსობის პურის მოპოვებისა, ყოფის ორომტრიალისა, აქვე ახორში ხარები მარილს ლოკავენ, ესეც ყოფის ალეგორიული სცენაა და ლირიკული გმირი ისევ და ისევ რაღაცას სთავაზობს გაუმაძღარ სიკვდილს: „ჩემი წყვდიადი წაიღე, ჩემზე სათქმელი ზარი“ (აქ უსათოდ გაგვახსენდება ბარათაშვილის „მერნის“ სიტყვები: „სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი, ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!“)…

ლირიკული გმირი დაეხსნა გადარჩენის ამაო მოლოდინს და რეალობას საღად აფასებს. სულისშემძვრელია მომაკვდავის რექვიემი, რომლის ლირიზმი და ემოცია წარმოუდგენელი ვირტუოზობით არის გადმოცემული:

„ჩრდილებდასხმული პირმზითი, ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი, ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო, თალხო, ნათელო, ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ“…

ლექსის ფინალურ სტროფში გადმოცემული მხატვრული სახეები: ჩრდილებდასხმული პირმზითი, მარიამობის ჟღალი ცა (ჩამავალი წითელი მზით, მკვდართა მზით გაწითლებული, როგორც ქართულ მითოსურ ნარატივებშია), ატირებული ჩიტი შროშანი, მზის გამოსათხოვარი გვირისტი, ნათლისა და თალხის მონაცვლეობა რექვიემის საოცარ მუსიკალურ ფონს ქმნიან.

ეს ლექსი თითქოს ახლადშესვენებული დავით წერედიანის მიერ წართქმულ საბედისწერო წინასწარმეტყველებად იქცა, ამ სიტყვებმა წარუშლელი ემოციური ზემოქმედება მოახდინა მისი პოეზიის მოყვარულებზე… თავისივე ჯადოქრული ლოგოსით ემშვიდობებოდნენ პოეტს მისი გარდაცვალებით გულმოკლული ადამიანები…

ასეთივე გამგმირავი ემოციებით არის პოეტის სათქმელი გაცოცხლებული კვირიკესადმი მიძღვნილ ლექსში. მოგეხსენებათ, თავად კვირიკე უძლიერესი წმინდანია. დედა-შვილი კვირიკე და ივლიტა 305 წელს ტარსოსში აწამა სელევკიის მმართველმა ალექსანდრემ. ამ მარტვილობის განსაკუთრებული სიმძაფრე გამოიხატება სამი წლის ყრმის რწმენისთვის წამებასა და აღსასრულში.  სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაში ლაგურკას ეკლესია სვანეთის უძლიერესი სალოცავია, აქ დაცულია ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე – ხატი, რომელსაც სვანები შალიანს უწოდებენ.  შალიანის ხატზე დაფიცებას უდიდესი ძალა ჰქონდა სვანური ტრადიციების მიხედვით და ამ ტრადიციამ ლაგურკას ეკლესია სვანეთის გამორჩეულ რელიგიურ ცენტრად აქცია. ყოველი წლის 28 ივლისს (მეგრულად ივლისს კვირკვე ჰქვია, რაც ვფიქრობ, შემთხვევითი არ უნდა იყოს და კვირიკეს სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული) ლაგურკაში, რომელიც მე-11 საუკუნის ტაძარია, უძველსი დროიდან აღინიშნება კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღე. დავით წერედიანმა  თავის ლექსში კვირიკეს მხატვრული სახე საკვირველი ექსპრესიით გააცოცხლა და ახალი ფერები შესძინა ამ ისედაც ძვირფას და დაუვიწყარ რელიგიურ სახე-სიმბოლოს, რომელიც ქრისტიანობისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის იშვიათი მაგალითია.  კვირიკე ითვლებოდა კურნების სასწაულებრივი ძალის მატარებელ წმინდანად, ოჯახებისა და ჩვილების მფარველად.

ლირიკული გმირი აქაც ავტორის ორეულია, რომელიც თავის ლირიკულ ხილვაში ხედავს საყვარელ წმინდანს, კვირიკეს. მისი გამოჩენა („შეკრთა, გაიპო, გაბრწყინდა, თვალთ მეხილება, დედავ, მტრედისფერ საგალობლებში წმინდა კვირიკეს ვხედავ!“) გვიცოცხლებს ბიბლიურ ალუზიას მათეს სახარებიდან იესოს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმის ტაძარში კრეტსაბმელის ორად გაპობის შესახებ. ჯადოქრული მეტაფორებითა და შედარებებით ჩამოქნის პოეტი კვირიკეს მხატვრულ სახეს:

„ რა ლამაზია კვირიკე, ცრემლის ნათელში მდგარი!
როგორც ნიავის ალერსი, როგორც ჩონგურის ლარი!
ყვავილთა ყველა გვირგვინი, ყველა გაწვდილი ხელი,
ყველა ხმა, ყველა სანთელი თავის სასწაულს ელის“…

პოეტი თითქოს ცხადად განგვაცდევინებს, რომ სამი წლის მარტვილის, კვირიკეს, სილამაზემ  თვით ჯალათი მმართველი ალექსანდრეც კი შეძრა და მან ბავშვი ხელში აიყვანა. კვირიკეს მესიანური ბუნება, სასწაულთმოქმედება და კურნების მადლი, რომელსაც ის ატარებდა, პოეტმა ფაქიზი, დახვეწილი პოეტური ლირიზმით გადმოსცა:

„ყველა სენს კურნავს კვირიკე, ყველა სატკივარს არჩენს,
ვერ კურნავს გულის სიბრმავეს, ღვთისგან დადებულ სასჯელს…
მიდის, საკნებს და სენაკებს მადლის არილით ამკობს,
უჩინარ საგზალს გვიტოვებს, გაის-ამ-დღემდე სამყოფს.
წაიღებს ქენჯნის ფორეჯებს, კეთრის, ფილენჯის დაღებს,
ცისკენ, იქ, სადაც ბეთლემი ვერცხლის კარიბჭეს აღებს…
სად მიკრთი, ივერთ-ნათელო, მზით, ვარსკვლავებით, მთვარით?
ნუთუ სიკვდილიც ფუჭია, არსად გვეღება კარი?
მაინც ზარზმა და გელათი, სამთავისი და მცხეთა,
ტროპარის ნუსხურ გზაწვრილზე თეთრი მტრედები სხედან“…
ქართულმა ლირიკამ ნამდვილად გაგვანებივრა რწმენისა და ეროვნული იდეალების თანაზიარობითა და ჰარმონიულად შერწყმით, თუნდაც მხოლოდ გალაკტიონის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ რად ღირს? შორს აღარ წავალ სხვა შედევრების მოხმობით, ისედაც კარგად არის ნაცნობი ქართველი მკითხველისთვის ეს ტექსტები, მაგრამ ქრისტიანული სულიერების ეროვნულ ორგანიზმთან შერწყმის იმგვარი გადაწყვეტა, როგორსაც ამ ლექსში დავით წერედიანი გვთავაზობს, ძალზე იშვიათია. თუნდაც ერთი ლირიკული მიმართვა: „სად მიკრთი, ივერთ-ნათელო?“ საკმარისია ამ თვალსაზრისის საილუსტრაციოდ.

იდეები და სახეები ხომ დაუვიწყარია დავით წერედიანის ამ ლექსებში, მაგრამ მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს ასევე მისი უმდიდრესი ქართული სიტყვა, გასაოცარი მიგნებები პოეტური ლექსიკის საუნჯეებისა. როგორც თავად ამბობს ზემოხსენებულ ინტერვიუში, თითოეულ „სიტყვას კვნეტს, გემოს და ფერს უსინჯავს, ერთმანეთს როგორ მიადგება“… თანამედროვე ქართულ მწერლობაში იშვიათია ამგვარი სიტყვაკაზმული ქართული, სკივრებიდან ამოღებული დაწმენდილი მარგალიტები ქართული არქაიზმებიდან, მისი სიტყვათქმნადობები ხომ ცალკე კვლევის საგანია. ასეთი ძარღვიანი ქართულით გოგლა ლეონიძე და რეზო ინანიშვილი თუ დაიკვეხნიან, ასეთი დახვეწილი ენობრივი ქსოვილი მხოლოდ დიდოსტატის ხელწერას თუ შეუძლია რომ მოქარგოს… ენის დღესასწაულია ამგვარი პოეტური სინტაგმები: „კაცნი, ბოროტად გვემულნი“, „ქალნი, დახშულნი შობად“, „მაკურნებელი ქობა“, „მადლის არილი“, „ქენჯნის ფორეჯები“ , „ფილენჯის დაღები“, „ტროპარის ნუსხური გზაწვრილი“, „ულოს გვირგვინთა ახდა“, „ნელსევდიანი ფრთები“… გაოცებას იწვევს ამ ურითმო ლექსის ეპოქაში  რითმების ვირტუოზობა… პოეტური რიტმის განუმეორებელი ჟღერა…

ალბათ ამიტომაც იყო ნაკლებად კომუნიკაბელური და თავის სამყაროში ჩაკეტილი, რომ სასიტყვეთში ცხოვრობდა, იქ ასეთი მარგალიტების ძიებით იყო ატანილი მთელი მისი არსება… მის ასეთ ბუნებას კარგად გამოხატავს ბესიკ ხარანაულის დავით წერედიანისადმი მიძღვნილი ლექსი „ერთხელ მე და დათო“, სადაც ბესიკი სწორედ დროისა და რეალობისგან პოეტის გასვლის შესახებ საუბრობს… რეალობიდან გასვლაში ოღონდ უთუოდ უნდა ვიგულისხმოთ არა ეპოქის ვერშეგრძნება ან საზოგადოებისგან გამიჯვნა, არამედ სწორედ ამ რეალობის გულის გულამდე შეგრძნების გამო ახალი რეალობის, ახალი კოსმოსის შექმნის მცდელობა, რაც პოეტს სხვა მოკვდავთაგან გამოარჩევს. აი, რას გვიყვება ამის შესახებ ბესიკის ლექსი:

„სადაც ორი ადამიანია, ულხინს იქ შემთხვევას…
აღების ღამეს, კვირა ღამეს, მესტუმრა დათო.
შევყარეთ ბუხრის ნაცარში შვიდიოდ კვერცხი,
რომ იმითი დაგვემარხულა და გავაბით ტკბილი ბაასი…

პოეზია მარტო ქართული არ არის, არც მარტო ოცი საუკუნისა:
შვიდმა კვირამ ისე გაიარა ამ ჩვენს ბაასში,
რომ, როცა გათენდა და დაიძახეს „ქრისტე აღდგაო,“ – გაგვეცინაღა,
შვიდმა კვირამ გაიარა და ჩვენ ვერ გავიგეთ“…

სიტყვის მაგები და ჯადოქრები ალბათ ასე იძირებიან სასიტყვეთის ოკეანეში…

 

ნამდვილი მერი პოპინსის დაბრუნება

0

რას ნიშნავს ნამდვილი?..

ახლავე მოგახსენებთ და ქართველი მკითხველისთვის ერთ მტკივნეულ საკითხსაც შევეხები: საქმე იმაში გახლავთ, რომ პამელა ტრევერსისეული ტექსტები მერი პოპინსის შესახებ ქართულ ენაზე დღემდე არ გახლდათ ნათარგმნი. 1960-იან წლებში, რუსმა საბავშვო მწერალმა ბორის ზახოდერმა ტრავერსის პირველი ორი წიგნიდან რამდენიმე თავი ამოარჩია, თარგმნა, მცირედი ცვლილებები შეიტანა და გამოსცა. სწორედ ის წიგნი გავრცელდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და სწორედ იმ წიგნს  ვკითხულობდით დღემდე.

და აი, ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა „დიოგენემ“ და მთარგმნელმა ლელა დუმბაძემ პამელა ტრევერსისეული ორიგინალი ტექსტის იდენტური თარგმანი შემოგვთავაზეს – ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ორი ტომი: „მერი პოპინსი“ და „მერი პოპინსის დაბრუნება.“ აქვე იმასაც დავამატებ, რომ მერი პოპინსის შესახებ სულ რვა წიგნი არსებობს.

რომელმა ქარმა გადმოაგდო ჩვენკენ?

ნებისმიერ საბავშვო წიგნს აქვს დაწერის ორიგინალური წინაისტორია და ამ მხრივ გამონაკლისი არც „მერი პოპინსი“ ყოფილა: ერთხელ, პამელა ტრევერსს მოსავლელად ორი ბავშვი დაუტოვეს და სწორედ მათთვის შეთხზა ამბავი ძიძაზე, თუთიყუშისთავიანი ქოლგა რომ ჰქონდა და ჩანთით წარმოუდგენლად ბევრ ნივთს დაატარებდა. ამბავი მალე ზღაპრად იქცა. „მერი პოპინსის“ გამოცემა კი – ტრევერსის პირველ სერიოზულ ლიტერატურულ წარმატებად. მას  კიდევ შვდი წიგნი („Mary Poppins Comes back,“ „Mary Poppins Opens the Door,“ „Mary Poppins in the Park,“ „Mary Poppins From A to Z,“ „Mary Poppins  in the Kitchen,“ „Mary Poppins in Cherry Tree Lane,“ „Mary Poppins and the House Next Door“) მოჰყვა. 1977 წელს პამელა ტრევერსს ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის წოდება მიანიჭეს. მისი ზღაპრები ინგლისურ ოჯახში სამუშაოდ მისულ ძიძაზე კი ბრიტანული საბავშვო ლიტერატურის კლასიკად აღიარეს. წიგნები მერი პოპინსზე თანდათან მრავალ ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში დაიმსახურა სიყვარული თუ პოპულარულობა.

ამბავი ისევ ალუბლების  ქუჩიდან იწყება…

უფრო სწორად რომ ვთქვათ, თავგადასავალში ჩაბმას ალუბლების ქუჩის მიგნებით ვცდილობთ და ამ საქმეში კვლავ გზაჯვარედინზე მდგარი, თეთრხელთათმანებიანი პოლისმენი გვეხმარება. ბენქსების სახლში არეულობაა: „ბებერი, მსუქანი და ნახარშისსუნიანი“ ძიძა უკვალოდ გამქრალა. მართლაც რომ შესაშური გარემოა ზღაპრული ძიძის გამოსაჩენად და… ზენა ქარიც არ აყოვნებს.

  • აქ როგორ მოხვდით? – ჰკითხა ჯეინმა. – მოგვეჩვენა, თითქოს ქარმა გადმოგაგდოთ ჩვენკენ.
  • -ასეც იყო, – მოკლედ მოუჭრა მერი პოპინსმა და ყელზე მოხვეული შარფის მოხსნას შეუდგა.

დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანისთვის ნაცნობი და საყვარელი ფრაზები  კვლავ კითხვის საღერღელს აგიშლით და ბენქსებთან ერთად ბავშვობაში დაბრუნების სურვილითაც აგავსებთ. თუმცა… ვისაც ჯერ არაფერი წაუკითხავს მერი პოპინსის შესახებ, წინ აღმოჩენების საოცარი სამყარო ელის. მით უმეტეს, რომ მათ წარმოუდგენლად გაუმართლათ – სწორედ იმ ტექსტს გეცნობიან და გაითავისებენ, ნამდვილ ავტორს რომ  ეკუთვნის!

ძველისა და ნამდვილის სითეზი

განსხვავაებები ახალ თარგმანში არაერთი შეგხვდებათ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი მათთვის იქნება, „მერი პოპინსი“ ბავშვობისდროინდელი საყავარელი წიგნი რომ იყო. თუმცა… სიახლეებითა თუ აღმოჩენებითაც არანაკლებ შეიქცევთ თავს და მალე სანიმუშო ძიძისთვის ჩვეული წესრიგიც დაისადგურებს.

აღმოაჩენთ, რომ ყველა ნივთი თუ პერსონაჟი ადგილზეა (და ახლებიც „გაჩენილან“): მისიზ ბრილი ისევ სადილს ამზადებს, ელენი – სუფრას შლის, რობერტსონი – ბალახს კრეჭს, სიცილის აირით გაბერილი მისტერ კულული (და არა ლოკონი) ბუბუნა ხმით იცინის და ოთახის ჭერზე ბზრიალებს; ორჭიშკრიანი, დიდებული სახლის მფლობელი მის ლარკი კვლავ ფუფუნებაში განებივრევულ ძაღლ ენდრიუს დაჰფოფინებს; წითური, წარჩინებული ძროხა (უწინ ცეკვის ჟინმა რომ აიტანა, მეფეს შეხვდა და მთვარეზე მაღლა ახტა) შუა ქალაქში ისევ ვარსკვლავს დაეძებს; მეჩიტუნე ქალი პურის ნამცეცებით სავსე პაწია ტომსიკებს ჩიტების დასაპურებლად ყიდის; ჩემოდნებით, ხუფიანი კალათებით, ქუდის შესანახი კოლოფებითა და საკვოიაჟებით დახუნძლულ, მუდამ მართალსა და შეუმცდარ მის ენდრიუს ისევ მიაჩნია, რომ სახლში ბავშვის ხმა არ უნდა ისმოდეს; დაზიანებული ნივთების შემკეთებელი მისტერ მალას დიდებულ თავში, ყოველი თვის მეორე ორშაბათს, 3-დან 6 საათამდე ყველაფერი თავდაყირა დგება; არც ფანის, ენის და მისის კორს დავიწყებიათ ღამის ცაზე ვარსკვლავების მიკვრის რიტუალი; მძიმე ოხშაბათობით ჯეინი კვლავ წიწილების გამოჩეკვას ცდილობს; არანაკლებ მძიმე სამშაბათს მაიკლი წესიერების მოძულე ბიჭად იქცევა, სულ იმაზე ფიქრობს, კიდევ რა დააშავოს… და ვინ მოთვლის, რამდენი მოგზაურობა თუ გემრიელობა გელოდებათ ამ წიგნების ფურცლებზე. მარტო ის დღე რად ღირს პატარა ბენქსები თვალის დახამხამებაში რომ შემოუვლიან მსოფლიოს (ჩრდილოეთში – პოლარული დათვი, სამხრეთში – უზარმაზარი ლურჯი თუთიყუში, აღმოსავლეთში – ზარმაცი პანდა, დასავლეთში კი რუხი დელფინი უმასპინძლებთ)…

რაც შეეხება მერი პოპინსს, კვლავ შეუვალია. ყოველი მომხდარი სასწაულის მერე ბავშვებს ეჭვი ღრღნით, ერთმანეთს ეკითხებიან, ეს მართლა მოხდა თუ არაო, მაგრამ როგორი გაოცებულიც არ უნდა იყვნენ, ძიძისთვის შეკითხვის დასმას მაინც  ვერ ბედავენ. რას ფიქრობს მერი პოპინსი ტრადიციულად გამოცანად რჩება, თავის საფიქრალს ის ყოველთვის გულში ინახავს და არავის არაფერს უმხელს. „წელში გაიმართეთ, ფქვილის ტომრები ხომ არ ხართ!“ – მრისხანე მზერას მიაპყრობს ხოლმე ბავშვებს, მერე კი ვიტრინებში საკუთარი თავის თვალიერებით ტკბება.

მოკლედ რომ ვთქვათ,  მერი პოპინსი თითქმის ისევ ისეთია, უბრალოდ უფრო მეტად ტრევერსისეული და მაშასადამე – ნამდვილი!

 დირექტორის საკითხავი

0

თუ შენ ტიპური დირექტორი ხარ, ალბათ, გინდა სწრაფად მიაღწიო დიდ წარმატებას და აღიარებას, გინდა ყველასგან დაფასებული იყო, ყველა აღფრთოვანებით საუბრობდეს შენზე და შენს მიღწევებზე, უყვარდე თანამშრომლებს და ამავდროულად, ჰქონდეთ რიდი და პატივისცემაც, აღიარებდნენ შენს დიდ წვლილს იმაში, რასაც შენი დაწესებულება აკეთებს  და არამც და არამც არ გინდა ზურგს უკან გკიცხავდნენ, ამრეზით გიყურებდნენ ან შენი კაბინეტი შენთვის შეუფერებლად მიაჩნდეთ.

ორივე შემთხვევაში, შენ, ალბათ, გიცდია, გეფიქრა შენი მიღწევების და სისუსტეების საფუძვლებზე. ალბათ, გიცდია გაგეგო, რა იყო მათი მიზეზი, საფუძველი თუ ბრალი იმ წარმატებებში, პრობლემებსა და დაკარგულ შესაძლებლობებში, რომლის წინაშე დროდადრო აღმოჩნდები. ეს სულაც ნიშნავს იმას, რომ საქმე ძალიან კარგად ან ძალიან ცუდადაა. უბრალოდ, სხვა წარმატებული ხელმძღვანელების მსგავსად, შენც უნდა დაჯდე და კარგად დაფიქრდე, ვისი და როგორი შრომით ხდები წარმატებული ან რატომ არ გამოდის ყველაფერი ისე, როგორც გინდა, რომ გამოვიდეს; რატომ გრძნობ ან ვერ გრძნობ გარშემომყოფთაგან იმგვარ დაფასებას, როგორსაც გგონია, რომ იმსახურებ.

საძირკველი და სახელი

ბევრი წარმატებული მენეჯერი თვლის, რომ მისი წარმატების საძირკველი ყველაფრის სწორად დაგეგმვაა. ამიტომ წინდაწინ ადგენენ ინდივიდუალური განვითარების გეგმა (IDP),  რომელიც განსაზღვრავს სამოქმედო მიზნებსა და ხედვებს მომავალი წლისთვის.  მასში მთავარია: მიზნების განსაზღვრა და დაკავშირება ხედვასთან SMART (გონივრულ) მოდელზე დაყრდნობით და განრიგი შექმნა[1].

  • დაგეგმე სამუშაო
  • დაგეგმე წელი
  • დაგეგმე კვირა
  • დაგეგმე თითოეული დღე

თუ დაგეგმავ, გეცოდინება, რა რატომ უნდა გააკეთო და შედეგად რა უნდა მიიღო. გეცოდინება, შეხვედრები როგორ არ გაწელო გაუთავებლად და რა გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღო. გეცოდინება ყოველი შანსის გამოყენება, რათა უკან მოხედვისას დარწმუნდე, რომ არ გამოგეპარა, არ უგულებელყავი ან სანაგვეზე არ მოისროლე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ან ვინმე, რომელსაც შენთვის და სხვებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო.

დაგეგმე აკურატულად, გახსოვდეს, დაგეგმვა ის საძირკველია, რომლისკენაც ხშირად უნდა გადაიხარო და გადაამოწმო, აქ სისუფთავეს ძირი ხომ არ შეემღვრა. თუ ასეა, გახსოვდეს, ბევრი უნდა იკითხო, ისწავლო და სხვებსაც დიდი ყურადღებით მოუსმინო, რათა აქ აკურატულობა შეინარჩუნო.

საძირკვლის სისუფთავე მნიშვნელოვანია, რადგან იქ შენი სახელი წერია და იგი ან თეთრი იქნება და ანაც – შავი.

ბურთი და სახურავი

თუ მყარად დგახარ და წინსვლაც გამოგდის, ნურც სახურავზე ასვლისა შეგეშინდება, რათა გადაამოწმო, შენს შენობას „წყალი” ხომ არსაიდან ეპარება მას შემდეგ, რაც ვინმე თინეიჯერმა სახურავზე ბურთის მთელი ძალით შეგდება სცადა. ჩამოიტანე ბურთი, სახურავი კი შეაკეთე. ეს არც ძნელია და არც იოლი. ეს, უბრალოდ, მოვალეობაა, რომლითაც საკუთარი თავი, სხვები და მათი შრომა დაიცვა და სხვა შემთხვევებში ბევრი კარგი სტუმარ-მასპინძელი შეიფარო. „ხვანცალა მოზარდი” კაბინეტში დაპატიჟე, მისი ინტერესის სფერო შეიტყვე, დაეხმარე, ემეგობრე და ასე „დასაჯე”. ნურც ეს მიმართვა გაგაკვირვებს, რადგან მართლა არსებობდნენ დირექტორები, რომელიც ამას აკეთებდენ, ისე, რომ არც ძალ-ღონე დაჰკლებიათ, არც ღირსება და, მით უფრო,  – აღიარება[2].

 

ჭერი

ნურასდროს შეეცდები, ძველი, მყარი ჭერი მთლიანად ჩამოყარო და ახალი, უვარგისი ჭერით ჩაანაცვლო. ბევრი ისწავლე, შეაკეთე, გაახალისე, გამოაცოცხლე, თორემ ახალი და უვარგისი ვარდნისას სხვებთან ერთად თავადაც მოგიყოლიებს და ამას არაფერი ეშველება.

ხოლო  თუ მაინცდამაინც ასე მოხდა, მაშინვე აღიარე შეცდომა და ნუ ეცდები, სხვისი დანაშაული საკუთარ თავზე აიღო.

თაიგული

ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ადამიანები მსგავსი ინტერესებით ერთიანდებიან, რამდენადაც მათ ყველას აქვს საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილება, საკუთარი ნიჭისა და უნარების დაუოკებელი სურვილი და თავისუფლებისაკენ სწრაფვა. ეს მარტივი სქემა ადამიანებს საზოგადოების სამსახურში აყენებს და გამორჩეული მისიის პოვნაში ეხმარება.  მათ კარგი ლიდერი როლებს სწორად და სამართლიანად გადაუნაწილებს, მეტ ნდობას გაუჩენს, ზრუნვის სურვილს გაუძლერებს და იდეებში, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში საკმარის თავისუფლებას მიანიჭებს. ასე გუნდის წევრები მეტს სწავლობენ, საქმისაგან გრძნობენ დიდ სიამოვნებას და უფრო დიდი საქმეებისთვისაც დღითი დღე იზრდებიან.

ნამდვილი გუნდი სურნელოვანი თაიგულივითაა, რომელშიც მშვენიერება სარგებელს ერწყმის და რომლის გამოყენება ჭკნობის შემდეგაც სასურველია /შესაძლებელია.

თუ გუნდიდან ერთი ვინმე მაინც გარიყე და ამიტომ თაიგულთან  მოსვლა აღარ სურს, გახსოვდეს, ასეთი თაიგული ყარს და მას დაჭკნობამდეც ნაგავში მოისვრიან.

ხვრელი

ნურასდროს შექმნი კორუფციულ ხვრელს. კორუფციით მიღწეულ სარგებელზე მნიშვნელოვანი სახეა, რომლითაც ჩნდები და სახელია, რომელიც ყველგან დაგყვება.

გახსოვდეს, ხვრელებში ვირთხები დაძვრებიან!

[1] ინდივიდუალური განვითარების გეგმასთან დაკავშირებით იხილე  ჩვენი წერილი: https://mastsavlebeli.ge/?p=16125

 

 

კითხვითი უნარების გაუმჯობესება და მოგვარების გზები ( ნაწილი I I)

0

სტრატეგიული გაკვეთილების გარდა, ინტერვენციებად დავგეგმე და განვახორციელე შემდეგი:

  • მოსწავლეები ჩავრთე სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა, მაგ. რესურსის შექმნა (ერთ-ერთი რესურსი მკითხველთა თეატრის დროს გამოვიყენეთ).
  • მოსწავლეებს შევაქმნევინე პორტფოლიო, სადაც მათი ნამუშევრები შევინახეთ. შეფასდა ნამუშევრები და მასში აღნიშნული იყო სუსტი და ძლიერი მხარეები.
  • მოსწავლეებს ვაძლევდი ინტერესზე მორგებულ დავალებებს როგორც სახლში, ასევე კლასში.
  • მშობლებს ვთხოვე გამოეყოთ სახლში კითხვისთვის დრო, დაახლოებით 30 წთ.

ალბათ საინტერესოა იმის შეფასება, რა შედეგი ჰქონდა განხორციელებულ ინტერვენციებს.

 

განხორციელებული ცვლილებები და ინტერვენციის შეფასება:

ჩემმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ გაიზარდა მოსწავლეთა მაჩვენებელი კითხვაში, მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ, ინტერესი გაუჩნდათ კლასგარეშე ლიტერატურის მიმართ.

იმატა მშობელთა ჩართულობამ, ისინი ხელს უწყობდნენ ეფექტურად დაეთმოთ სახლში დრო კითხვისათვის. მშობელთა ჩართულობამ დადებითად იმოქმედა მოსწავლეების პასუხისმგებლობაზეც.

შექმნილმა პორტფოლიომ მოსწავლეებს ძლიერი და სუსტი მხარეები ნათლად დაანახა.

მოსწავლეებზე მორგებულმა საშინაო და საკლასო დავალებებმა მოხსნა უარყოფითი დამოკიდებულება  კითხვისადმი. მოსწავლეებმა დაძლიეს შიში და დისკომფორტის განცდა.

დიდი წიგნების ერთობლივად წაკითხვის შედეგად მოსწავლეებს წიგნისადმი დამოკიდებულება შეეცვალათ, ისინი პოზიტიურად განეწყვნენ. ხალისით იყვნენ ჩართული მკითხველთა თეატრში, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, მოსწავლეებმა თავად შექმნეს რესურსები. ისინი გამართულად კითხვას დაეუფლონ.

მნიშვნელოვანი სიტყვების გამოყენების შედეგად მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი გამდიდრდა. ასევე განმტკიცდა ტექსტის გაგება-გააზრების უნარი.

ორიენტირებული კითხვის შედეგად მოსწავლეებმა სიღრმისეულად დაამუშავეს ტექსტი, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები, განუვითარდათ კრიტიკული აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა.

ინტერვენციების შესაფასებლად ჩავატარე განმეორებითი გამოკითხვა როგორც მოსწავლეებში, ასევე მათ მშობლებში. მოვაწყვე შეხვედრა კოლეგებთან.

შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა,  რომ  პრაქტიკული კვლევის ინტერვენციების ეფექტი მოსწავლეებისა და მშობლების მიერ დადებითად შეფასდა.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

პრობლემა, რომელიც დავინახე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კვლევის დასაწყისში აღვნიშნე ამ პრობლემის  მიზეზებზე  ავაგე ჩემი კვლევა, გამოვიყენე სათანადო ლიტერატურა, კვლევის მეთოდები დავგეგმე კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან. ინტერვენციებმა დადებითი შედეგები გამოიღო, კითხვითი მეთოდების პრობლემა კლასში ფაქტობრივად მოგვარდა.

ჩემს სადამრიგებლო კლასში ჩატარებულმა პრაქტიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ კითხვის მეთოდების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არსებობდა რამდენიმე ხარვეზი.

  • მოსწავლეებს უჭირდათ კითხვის ტექნიკის სრულყოფა;
  • უჭირდათ კითხვა, სიტყვების დეკოდირება, გამთლიანება;
  • ვერ კითხულობდნენ გამართულად;
  • აწყდებოდნენ წაკითხული ტექსტის გააზრების პრობლემას;
  • არ ჰქონდათ მდიდარი ლექსიკური მარაგი.

ამ მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე ალტერნატიული საგაკვეთილო გეგმის სერია, სადაც:

  • მოხდა კითხვის ტექნიკის სრულყოფა, დიდი წიგნების ერთობლივი კითხვის საშუალებით;
  • დაეუფლნენ გამართულ კითხვას მკითხველთა თეატრის გამოყენებით;
  • ორიენტირებული მოსმენის, ლექსიკური მარაგის გამდიდრების ინტერვენციებმა მოსწავლეებს საშუალება მისცა გაეუმჯობესებინათ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება;
  • მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი მნიშვნელოვანი სიტყვების გამოყენებით.

ალტერნატიული საგაკვეთილო გეგმების გამოყენების შეფასების შედეგები აჩვენებს, რომ ეს ყოველივე ზრდის მოსწავლეთა კმაყოფილებას საგაკვეთილო პროცესის მიმართ. მოსწავლეებისათვის კითხვის პროცესი არის უფრო სახალისო და ისინი სიამოვნებით  იღებენ მასში მონაწილეობას.

 

ლიტერატურის მიმოხილვიდან და პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, შემიძლია რამდენიმე რეკომენდაციის შემოთავაზება:

  • წასაკითხი ტექსტის მიცემისას გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, შესაძლებლობები და ინტერესები;
  • ეცადეთ, კითხვის დაწყებამდე მოსწავლეებს აუმაღლოთ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოტივაცია;
  • მიეცით მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებები;
  • სასურველია თუ მშობელი და მასწავლებელი ითანამშრომლებენ, რადგან ეს ყოველივე დადებით გავლენას ახდენს ბავშვზე;
  • მშობლებმა გამოყონ კითხვის დრო სახლში;
  • გაეცანით შესაბამის ლიტერატურას (როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები);
  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები სისტემატურად შეიკრიბონ და განიხილონ ერთად მიღწეული შედეგები, გაუცვალონ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები და გაუკეთონ შეეცვალათ უკუკავშირი;
  • მასწავლებლებმა გაამდიდრონ გაკვეთილები სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

განათლების სფეროში კითხვის გაუმჯობესების საკითხში კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც კითხვასთან, წაკითხულის გააზრებასთან არის დაკავშირებული და საჭიროებს უფრო დეტალურ კვლევასა და შესწავლას. მე ჩემი მხრივ ვეცადე, სადამრიგებლო კლასში კითხვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები მომეგვარებინა, ვიმედოვნებ, რომ ჩემი პრაქტიკული კვლევა სხვა მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდება.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...