შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

მედიაწიგნიერებაზე, ჩემგანაც…

0

დღეს მეც მედიაწიგნიერებაზე ვწერ. წესით, ახლა ვინმე ამ სფეროში ჩემზე ჩახედული ადამიანების ციტატები უნდა მომეშველიებინა, თუმცა ასე არ მოვიქცევი და დავწერ იმას, მე, როგორც ჰომო საპიენს, ანუ მოაზროვნე ადამიანს, როგორ მესმის მედიაწიგნიერება. თუ მედიაწიგნიერი ვარ, თეთრის და შავის გარჩევა უნდა შევძლო! უნდა ვიცოდე ტყუილი და მართალი და ათასი ჯურის ნაწერი სერიოზულად არ აღვიქვა.

ჯანმრთელობის ერთ საიტზე გავწევრიანდი. აქტიურობას სულაც არ ვაპირებდი, დაწერილის წაკითხვა უფრო მაინტერესებდა და ასეც ვიქცეოდი, სანამ ისეთი რამ არ წავიკითხე, რომ მაგიდაზე თავმოხსნილი ახალთ ახალი კონცენტრირებული მარილმჟავასავით არ ავთუხთუხდი.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სხვებს  ასწავლიდა, რომ საკმაოდ რთული დაავადების დასამარცხებლად „ლურჯი“ იოდი უნდა დაელიათ….!

მე ნახატი ფილმი  „ლურჯი მელია“ გამიგია. ლურჯ წვერა კაცი გამიგია ზღაპრიდან, ცოლებს, რომ ხოცავდა… ეს კაცი ადრე მხოლოდ ზღაპარში იყო, ახლა რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა, გამრავლდა და ყოველ მეორე დღეს ცოლების ხოცვა-ჟლეტაზე მესმის. ამიტომ, სანამ გათხოვდებით, დააკვირდით, რჩეულს ლურჯი წვერი ხომ არ აქვს!

სწორია, სხვაგან გადავერთე, „ლურჯ“ იოდზე მოგახსენებდით, არ გამიგია და მომკალით. თუმცა, როცა საიტზე მის შესახებ გამოვიკითხე, მასწავლეს, სახამებელი მოადუღეო, ცოტა შეაგრილეო,  ერთი ბოთლი იოდი დაამატე, აცალე გალურჯდეს და დალიეო. სისხლძარღვებსაც მაგრად გაგიწმენდავსო.

ღმერთო ჩემო! სკოლაში მაინც არ გისწავლიათ, რომ ეს სახამებლის აღმომჩენი რეაქციაა იოდით და იოდი, სახამებელთან რეაქციის გამო ლურჯდება. რა დალევა, რა სისხლძარღვები, რა მკურნალობა!!!

თუ მაინც არ დაგიშლიათ, იოდით შეგიძლიათ საკვები პროდუქტები შეამოწმოთ, არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა სახამებელი ხომ არ დაუმატა, მაგ. სოსისებს, ძეხვეულს ან კეტჩუპს. თუმცა,  ჩამოთვლილი პროდუქტების ხშირი მოხმარება  უსახამებლოდაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

როდესაც საპირისპირო აზრი დავწერე, მითხრეს, ჩვენ ვსვამთო.

-მერე, კუჭი არ გტკივათ თქო?-გულწრფელად დავინტერესდი,

-არაო, და საერთოდაც იოდი შინაგანი მოხმარების პროდუქტიაო, აბა, იოდინოლს, რომ ივლებენ ანგინის დროსო? ლურჯი იოდიც დამოუკიდებლად არსებობს, მაგ. იგივე იოდინოლიო.

ყელში გამოვლებასა და დალევას შორის უზარმაზარი სხვაობაა. იოდინოლი იოდის და კალიუმის იოდიდის ნარევია და მისი დალევა არ შეიძლება. ყელში გამოვლება კი ბატონო. გაჭრილ თითზევ შეიძლება წასმა და ნემსის გაკეთების შემდეგ იოდის ბადის დახატვაც  (ნანემსარი, რომ არ გამაგრდეს) გამოცდილია.

თუ მაინც, ვინმე იოდს სახამებელს შეურევს და ტანსაცმელს ან მაგიდის გადასაფარებელს  დასვრის, ლაქას  ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით ამოიყვანთ.

შემდეგი შეცდომა „სოდის“ ხშირი  დალევაა და ამის შესახებ ერთ წინა  სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ „უცხოსთან“ ბრძოლის მსოფლიო დღე.

სოციალურ ქსელში უხვად შეხვდებით სტატიებს სხვადასხვა ბალახების შესახებ. ფიტოთერაპიას მეც პატივს ვცემ. ალქიმიკოსებიც იზიარებდნენ ბალახეულის სიკეთეს და გარკვეულ სიმპტომებს მართლაც კურნავენ.

მაგ. ვირისტერფას ჩაი  ხველას შველის, ოღონდ გააჩნია ხველების მიზეზი რა არის. თუ მარტივი გაციებაა, კი ბატონო, უშველის.

სხვა ამბავია წყალბადის პეროქსიდი.

ჩვენ, ქიმიკოსებს,  წყალბადის პეროქსიდზე  პირველ რიგში „სპილოს კბილის პასტა“ ამოგვიტივტივდება მეხსიერებაში. აიღებ 50% წყალბადის პეროქსიდს, ჩაასხამ კოლბაში, დაამატებ სარეცხის ჟელეს (ბევრი ქაფისთვის) და ბოლოს კატალიზატორად ჩაამატებ კალიუმის იოდიდის ან ფხვნილს ან ნაჯერ ხსნარს ( გააჩნია, როგორი ქაფის მიღება გსურს).

თუმცა, წყალბადის პეროქსიდს (მადლობა ღმერთს 3%-იანს) ადამიანები სვამენ და სხვებსაც იგივეს მოუწოდებენ. ამბობენ, რომ თუ წყალბადის პეროქსიდს დალევ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჟანგბადად და წყლად დაიშლება და ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანს.

წყალბადის პეროქსიდი ადამიანის ორგანიზმში ყოველგვარი დამატებითი მიღების გარეშე, ნივთიერებათა ცვლის პროცესში გამომუშავდება. მაშინვე იშლება წყლად და თავისუფალ რადიკალს წარმოქმნის. ეს უკანასკნელი უჯრედების ბიოლოგიურ მემბრანას აზიანებს. ამიტომაც, ჩვენს ორგანიზმში მთელი სისტემაა გამომუშავებული, რომელიც მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ზეჟანგისგან გვიცავს. ახლა დამატებით თუ ჩვენც დავლევთ, ეს სისტემა ნამდვილად ვერ მოერევა მის განეიტრალებას. ასევე, ზეჟანგის დალევამ შესაძლოა ლორწოვანი გარსის დამწვრობა გამოიწვიოს.

რაც ზედა აბზაცში ვთქვი, ოდნავ უფრო პროფესიონალურად დავწეროთ.

ცილას ყველა მივირთმევთ, ხორცს, ყველს, თევზს და ა.შ. ცილა ჩვენს ორგანიზმში ამინომჟავებად იშლება. თუმცა, ამით არ სრულდება და ამინმჟავები კატაბოლიზმის პროცესში კვლავ გარდაქმნებს განიცდიან. ერთ-ერთი ასეთი გარდაქმნა დეზამინირებაა. ეს ნიშნავს, რომ ამინო ჯგუფი ჩამოცილდება და თანმდევ პროდუქტად ამიაკი წარმოიქმნება. დეზამინირება რამდენიმენაირია: ჟანგვითი, ჰიდროლიზური აღდგენითი, შიგამოლეკულური, თუმცა ამიაკი ყველა შემთხვევაში გამოიყოფა. ჩვენი, ანუ ადამიანის ორგანიზმისთვის ჟანგვითი დეზამინირებაა დამახასიათებელი. ამიაკი ხომ წარმოიქმნება და ფერმენტების მოქმდებით, ერთ-ერთი კოფერმენტიდან (FADH2) წყალბადატომები პირდაპირ გადაეცემა მოლეკულურ ჟანგბადს და წყალბადის ზეჟანგი მიიღება. ოღონდ, ეს მაშინვე თუ არ დაიშალა და დაგროვდა, ორგანიზმი მოიწამლება. ამიტომ, მის დაშლას ფერმენტი კატალაზა აჩქარებს და წარმოიქმნება  H2O და 1/2O2. გათვლაც სწორედ ამაზეა, რომ ჩვენ პეროქსიდს  დავლევთ, კატალაზა კი მას დაშლის და უჯრედი ჟანგბადით გამდიდრდება. თუმცა, ჩვენმა ორგანიზმა იცის, რომ პეროქსიდი უნდა დავლიოთ? ამდენი კატალაზა გამომუშავდება? ცილასაც ხომ მივირთმევთ პარალელურად.

აი, ჭრილობაზე წყალბადის ზეჟანგი  ნამდვილად შეგიძლიათ დაისხათ. ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს. უფრო მეტიც, ყურშიც შეგიძლიათ ჩაისხათ, თუ გოგირდის საცობი დაგროვდება. საცობს დაარბილებს და ექიმი მეორე დღეს უფრო იოლად ამოიღებს. ოღონდ, მთლად ჩემს ნათქვამზე ყურში ჩასხმას ნურავინ დაიწყებს, ეგებ ისეთი საცობი გაქვთ, რომ წყლის ჭავლითაც უპრობლემოდ გამოდის გარეთ.

ან აგერ კიდევ ერთი რეცეპტი ამოვიკითხე. სიმსივნის დროს ან მისი პრევენციისთვის ორგანიზმში ტუტე გარემოს შენარჩუნებაა კარგიო. სრული სიმართლეა. იქვე რეცეპტიც არის, რომ სამ ლიტრ წყალს უნდა დაამატო სამი საშუალო ზომის დაჭრილი ლიმონი და ერთი კოვზი ჰიმალაის მარილი. საღამოს უნდა მოამზადო, მთელი ღამით იდგეს და მეორე დღეს საკვების მიღების წინ ორ-ორ ჭიქად უნდა დალიო… ყველაფერი გავიგე და სწორია…ლიმონიანი წყალი ორგანიზმს ტუტე არის შენარჩუნებაში დაეხმარება,  მაგრამ ჰიმალაის მარილი რაღა შუაშია? ან, იქნებ სახელწოდება ჟღერს ლამაზად და იმიტომ? ჰიმალაის მარილი ჩვეულებრივი მარილია, გარდა იმისა, რომ 3%-მდე მინერალებს შეიცავს, რომლებიც მარილისთვის ფერის მისაცემად საკმარისია. დანარჩენი 97% ნატრიუმის ქლორიდია, ანუ სუფრის მარილი და მთელი ერთი კოვზი რატომ უნდა ჩავყაროთ ლიმონიან წყალში ვერ მივხვდი. ჰიმალაის და სხვა მარილზე წაიკითხეთ აქ ფიქრები ხმამაღლა…მარილზე…

ერთი აბზაცი  ჰომეოპათიაზეც დავწეროთ. არა, წინააღმდეგი სულაც არ ვარ, ჩემი მეგობრის  სტომატოლოგს სურდო მოურჩინა. ალტერნატიული მედიცინის სისტემაა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზებით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მისი დამფუძნებელი გერმანელი ექიმია სამუელ ჰანემანი. მეთოდი იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს  დიდი განზავების  დოზებით. ჰოდა, სწორედ ამ დიდ განზავებაზე შეგვიძლია ერთი ცდა ჩავატაროთ.

ცდისთვის კონცენტრირებული გოგირდმჟავა გვჭირდება. მისი ფორმულაა H2SO4 . კონცენტრირებულია, მაგრამ  თავად მჟავა 98%-ია, დანარჩენი 2% კი წყალია. ავიღოთ მისი 1მლ და 50 მლ-იან კოლბაში დავამატოთ. ნიშნულამდე  გამოხდილი წყლით განვაზავოთ. კოლბას საცობი მოვარგოთ და კარგად შევანჯღრიოთ.  გავიხსენოთ, რომ გოგირდმჟავას მოლური მასაა 98,079გ/მოლ, საწყისი რაოდენობაა 1მლ, სიმკვრივეა 1,84გ/სმ3, 1მლ მჟავას მასაა 1,84გ, მოლების რაოდენობაა m/M =1,84/98,079=0,01876მოლი, მჟავას მოლეკულების რიცხვია :

0,01876მოლი•6, 022140857•1023=0,11297536•1023=11,297536•1021

ეს ბოლო მიღებული რიცხვი ჩვენი სამუშაო იქნება, ანუ, 1მლ გოგირდმჟავაში ამდენი გოგირდმჟავას მოლეკულაა. ახლა ამ პირველი კოლბიდან ავიღოთ 0,5მლ მჟავა და გადავიტანოთ სხვა 50მლ-იან კოლბაში და გამოხდილი წყლით ნიშნულამდე შევავსოთ. ანუ, კვლავ განვაზავოთ.  ამ მეორე კოლბაში გოგირდმჟავას მოლეკულების რაოდენობა იქნება 11,297536•1019. ანუ, მჟავას მოლეკულების რიცხვი 100-ჯერ შევამცირეთ. ასეთ განზავებას C1ტიპის ეწოდება. ახლა მეორე კოლბიდან ავიღოთ 0,5მლ მჟავა და გადავიტანოთ მესამე  50მლ-იან კოლბაში და გამოხდილი წყლით ნიშნულამდე შევავსოთ.  მესამე კოლბაში გოგირდმჟავას მოლეკულების რაოდენობა იქნება 11,297536•1017. ასეთ განზავებას C2ტიპის ეწოდება. ასე 15 სინჯი მოვამზადოთ და ყოველ შემდეგ კოლბაში წინა კოლბიდან 0,5მლ მჟავა გადავიტანოთ და განვაზავოთ. შემდეგ  ავიღოთ 15 სინჯარა და თითოეული კოლბიდან ნუმერაციის მიხედვით 5-10მლ დამზადებული ხსნარი გადავიტანოთ.

შემდეგ ეტაპზე ბარიუმის ნიტრატის ხსნარი გვჭირდება. თითოეულ სინჯარას თითო წვეთი დავამატოთ. სულფატ იონებზე თვისებითი რეაქცია ბარიუმის ნიტრატს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ბარიუმის ნიტრატი სულფატ იონების აღმომჩენია. რეაქცია ასე წარიმართება  Ba(NO3)2+H2SO4=BaSO4+2HNO3

წარმოქმნილი ბარიუმის სულფატი თეთრი ნალექის სახით უნდა გამოილექოს. ეს ნიშნავს, რომ თუ  სინჯარაში თეთრი ნალექი ან სიმღვრივე  წარმოიქმნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ სინჯარაში მჟავა ჯერ კიდევ არის…რაღაც რაოდენობით მაინც. მესამე სინჯარაში თეთრი ნალექი უკვე აღარ წარმოიქმნება. სიმღვრივეც კი არ არის.  ეს ნიშნავს, რომ მესამე სინჯარაში სულფატ იონები არის, ოღონდ თვისებითი რეაქციისთვის არასაკმარისი რაოდენობით.

საქმე ასეა, რომ მათემატიკის თანახმად, მესამე და შემდეგ სინჯარებში გოგირდმჟავა არის, მაგრამ ქიმია მათ ვერ ხედავს და თვისებითი რეაქციაც არ მიდის. ქიმიამ ეს წუთია ისიც დაგვიდასტურა, რომ იმაში რაც C12 ტიპის განზავებით იყიდება, მოქმედი წამლის მოლეკულა ფაქტიურად არ არის. არადა, საიტებზე მინახავს წამლები განზავებით C100 და C200.

ჰოდა, ნახეთ მედიაწიგნიერება რა არის? ქიმიის არ იყოს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვჭირდება.

მშობლები დისტანციური სკოლის კედლებთან

0

ზის და ვზივარ!

ის ეკრანთან, მე ეკრანს მიღმა.

მას ხედავენ, მე უხილავი ვარ.

ის საუბრობს, მე გასუსული ვარ.

უკვე მეორე კვირაა ასეა. დღეში სამჯერ, 30-30 წუთით.

ის online გაკვეთილზეა, მე online კავშირის ხარისხს უზრუნველვყოფ. ასე ვთქვათ, ტექნიკური პერსონალის ჯგუფს მივეკუთვნები. (პარალელურად სამსახურის საქმეს ვაკეთებ)

ზედმეტი ყურადღება რომ არ მივაქციო გაკვეთილის მიმდინარეობას, მოსწავლე შვილს ყურსასმენებს ვთავაზობ. ხან მთანხმდება, ხან – არა. ყურსასმენები მაინც აუცილებელი მგონია, მათი კლასის პირად სივრცეში უნებური ფიქრებით და შთაბეჭდილებებით რომ არ შევიჭრა. თუმცა გადაწყვეტილებას ყურსასმენების გამოყენების შესახებ, მაინც ბავშვი იღებს.

გაკვეთილის მიმდინარეობის დროს კომენტარებს არ ვაკეთებ, არც სიტყვით და არც სხეულის ენით. არ ვიმჩნევ, თუ ჩემმა შვილმა მასწავლებლის კითხვას ვერ უპასუხა; არც იმას, თუ რთულ კითხვაზე პასუხი პირველმა გასცა. მით უფრო, ყურადღებას არ ვამახვილებ მასწავლებლისა და სხვა მოსწავლეების კომენტარებზე.  არაფერს ვანიშნებ, თუ მხრებში მოხრილია, თავი მაგიდაზე უდევს, თმა აჩეჩილი აქვს, ეკრანს ახლოდან უყურებს და ა.შ. (თუმცა კი კომპიუტერთან მუშაობის წესები ოფთალმოლოგს საგანგებოდ გამოვკითხე და მიღებულ რჩევებს წერილის ბოლოს  გაგიზიარებთ). ყვეელა შენიშვნას გონებაში ვინიშნავ და ზოგს პირდაპირ, ზოგსაც ირიბად, მაშინ ვუზიარებ, როცა ერთმანეთთად საუბარი შეგვიძლია. (მაგალითად, ასე: ადვილი არ არის ხო, მასწავლებელებს უპასუხო, როცა პირისპირ არ ხარ მასთან?! ალბათ, დრო გჭირდება რომ შეეჩვიო!)

მოკლედ იქ, ეკრანს მიღმა, მხოლოდ ერთი მიზნით ვზივარ – დავეხმარო თუ დავჭირდები. სრულად ვაცნობიერებ, რომ online სწავლება დიდი სიახლეა, რომელსაც ბაშვებიც, მასწავლებლებიც და მშობლებიც იძულებით უნდა შევეჩვიოთ. ადაპტაციისთვის კი დრო გვჭირდება. კომუნიკაციის სხვა გზა ამ ეტაპზე არ გვაქვს. ამიტომ სჯობს ყველა რგოლი შევეგუოთ იმას, რომ სირთულეები იქნება. იმაზე მეტი ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ერთმანეთის დახმარებაა. ჩასაფრებულის პოზიცია მხოლოდ დააზიანებს საერთო მიზანს – პანდემიის პირობებში რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი განვიცადოთ და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პერიოდისთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება შევძლოთ.

გაკვეთილებს შორის სულ მცირე 30 წუთიანი ინტერვალია. ამ დროს უმეტესად აივანზე გასვლისთვის ვიყენებთ. ვერ ვიტყვი, რომ უბანში სადაც ვცხოვრობ კარგი ჰაერია, მაგრამ მზის სხივები რომ მივიღოთ, ნახევრად ღია ცის ქვეშ ცოტა ხნით ყოფნა მაინც აუცილებელი მგონია.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ სადილი, შემდეგ კი საშინაო დავალების მომზადების პროცესი იწყება. სამეცადინო მასალა „სლაიდებზეა“ მოცემული. Power Point-ში აწყობილ პრეზენტაციებს უმეტესად ვბეჭდავ. ეს გვეხმარება, რომ ბავშვმა კომპიუტერის გარეშე შეძლოს მეორე დღისთვის მომზადება.

ვატყობ, Online სწავლებით გამოწვეული თავდაპირველი აღტაცება ნელ-ნელა იკლებს. გასაკვირი არც არის, რადგან სკოლა მეგობრების და ზოგადად, ცოცხალი ურთიერთობების გარეშე, არც ისე სახალისოა. არ მინდა ამის გამო იმედგაცრუება განიცადოს. გაკვეთილების დაწყებამდე ვაგულიანებ. მაგალითად, ვეუბნები, რომ კარგად გამოიყურება. ასე, თმა ძალიან უხდება. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ კი ვცდილობ, შევავსო სოციალური ურთიერთობების დეფიციტი და მეტი დრო დავუთმო. ვამხნევებ და ვეუბნები, რომ მეცადინეობაში მე დავეხმარები. ამ სიტყვას იმდენად დიდი ძალა აქვს, მეცადინეობას დამოუკიდებლად იწყებს.

ხან თავად ამოვქექავ მივიწყებულ წიგნებს. მის გვერდით სახელმძღვანელოთი ხელში ვჯდები და წუწუნს ვიწყებ, როგორ დამავიწყდა ინგლისური და როგორ მჭირდება თავიდან სწავლა. წიგნით ხელში რომ მხედავს, ბედნიერდება და მეცადინეობა მისთვისაც სახალისო ხდება.

თუ შევატყე, რომ კვლავ მოდუნდა, ვთხოვ, მოიცალოს ჩემთვის, რათა მას ჩავაბარო იმ დღეს ნამეცადინები მასალა. სიხარულით აღარ იცის რა ქნას. ჩემს ნასწავლში შეცდომებს ადვილად პოულობს და გამოცდილებას მიზიარებს, რა მეთოდით ჯობია ვიმეცადინო.

წერილობით მომზადებულ საშინაო დავალებას თითოეული საგნის მიხედვით ტელეფონით “ვასკანერებ” (პროგრამა CamScaner) და დღის ბოლოს აღმზრდელ-პედაგოგს ვუგზავნი.

მეორე დღეს ისევ იგივე ხდება. მერე კიდევ იგივე და ღმერთმა იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ამ რეჟიმში  ცხოვრება.

მიჭირს თქმა, დისტანციურად სწავლა ბავშვებს უფრო უჭირთ, მშობლებს თუ მასწავლებლებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საქართველოს სკოლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც დღეს.

ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად სულ უფრო მეტი სკოლა თუ მასწავლებელი დროებით გადადის სწავლების დისტანციურ თუ ონლაინ რეჟიმზე. ამ პროცესის ეფექტიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული მშობლების თანადგომაზე. მით უფრო დაბალ კლასებში, როცა ბავშვებს კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები არ აქვთ გამომუშავებული, მშობლები სხვა ყველაფერთან ერთად ტექნიკური პერსონალის როლსაც ვითავსებთ. საბაზო და საშუალო საფეხურზე კი შვილებს მშობლებისგან გამხნევება და მოტივაციის ამაღლება კონტროლზე მეტად სჭირდებათ.

და ბოლოს!

რადგან online სკოლა კომპიტერთან ყოველდღიურ კავშირს მოითხოვს, ვფიქრობ მშობლები უნდა ვიცნობდეთ მხედველობის ჰიგიენის მარტივ წესებს, რომელიც ეკრანთან მუშაობის დროს უნდა დაიცვას ბავშვმა. ეს რჩევები მასწავლებლებსაც დაეხმარება, სწორად დაგეგმონ ბავშვების ასაკზე მორგებული გაკვეთილები.  თვალის ექიმთან დისტანციური კონსულტაცია საგანგებოდ გავიარე. ოფთალმოლოგ გელა ობერუხტინის რეკომენდაციებს მშობლებს და მასწავლებლებსაც გავუზიარებ:

  • განათება – კომპიუტერის მონიტორს არ უნდა ეცემოდეს შუქის ანარეკლები; ოთახი არ უნდა იყოს დაბნელებული; სიბნელის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი განათება. ეკრანსა და გარემოს შორის არ უნდა იყოს მკვეთრი კონტრასტი.
  • დისტანცია ეკრანთან – მონიტორის ეკრანიდან თვალებამდე უნდა იყოს 40-75 სმ. ტელეფონიდან – 30 სმ.
  • გაკვეთილების ხანგრძლივობა: პირველ კლასელებისთვის დასაშვებია 10 წუთი; II-V კლასელებისთვის 15 წუთი; IV-VII კლასელებისთვის 20 წუთი; VIII-IX კლასელებისთვის -25 წუთი; X-XII კლასელებისთვის – 30 წუთი. აღნიშნულ პერიოდებს შორის 5 წუთიანი შესვენებები.
  • თვალის ვარჯიშები გაკვეთილის დამთავრების შემდეგ მარტივი თვალის ვარჯიშები: მაგრად დავხუჭოთ ორივე თვალი 3- 5 წამით, გავიმეოროთ 6-8ჯერ. სწრაფად ვახამხამოთ თვალები 1 წუთის განმავლობაში. მსუბუქად დავაჭიროთ თითები დახუჭულ თვალებს 2 წამი და გავიმეოროთ 3-4 ჯერ.

 

 

ასე საჭირო სოციალური უნარები   

0

ჩემი შვილის მასწავლებელთან შეხვედრა მქონდა, საბავშვო ბაღს ამთავრებს და სკოლაში მიდის. იმაზე ვლაპარაკობდით, რამდენად მზად არის ახალი ეტაპისთვის. მითხრა, ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი და საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტ-ნაკლებად საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე იყვნენ შეთანხმებული, ბავშვმა თავიდანვე რომ იცოდეს, რომ წესი წესია, ისინი სხვებთან თანაცხოვრებას გვიმარტივებს და იმისთვისაა შექმნილი, რომ დავიცვათო.

 

დემოკრატიაც ხომ ეგ არის, ყველასათვის გამჭვირვალე წესებისა და კანონების შექმნა მონაწილეობის საფუძველზე და მათი დაცვა მანამ, სანამ უკეთეს წესებს არ მოვიფიქრებთ. უსარგებლო წესების წინააღმდეგ ბრძოლა და ერთმანეთის მოსაზრებების პატივისცემა.

 

ბაღში წესების დაცვა ბავშვებს რთული შემთხვევების უკონფლიქტოდ მოგვარებაში ეხმარება – დაელოდე, სანამ სხვა ლაპარაკობს და მერე თქვი შენი აზრი; თუ რამე არ მოგწონს, ახსენი, რა გიქმნის დისკომფორტს; პატივი ეცი სხვის სივრცეს; ჰკითხე მეგობარს, გათხოვებს თუ არა ნივთს; უნდა თუ არა დაგეხმაროს, არ დასცინო, არ დაარტყა, არ იყვირო და სხვა პრინციპები კომუნიკაციას უფრო მარტივს და მშვიდობიანს ხდის. მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემი შვილი გადასარევად ახერხებს ამ წესების დაცვას და რთული მდგომარეობებიდან გამოსავალს ვერბალური კომუნიკაციით ახერხებს – ჩხუბის, კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე.

 

იქიდან სამსახურში მივედი, საინფორმაციო გამოშვებებში სოლიდური, გადაწყვეტილების მიმღები კაცების თავყრილობა იყო, სადაც მოულოდნელად ერთმა მეორეს თავში წამოარტყა. იმან – რა ხდებაო და ატყდა ჩხუბი. ხელჩართული ჩხუბი, წიხლებით, მუშტებით და დალურჯებული თვალებით. არ არის კარგი, როცა ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ისე იქცევიან, როგორი ქცევაც სასკოლო ასაკის ბავშვსაც  კი აღარ შეეფერება. არც ის არის კარგი, ასეთ ხალხს ამ რუდუნებით გაზრდილი ბავშვების მომავალზე რომ აქვთ გავლენა.

 

ადაპტაციური სოციალური ქცევა იმას გულისხმობს, რომ უნდა შეეგუო ადამიანებს, რომლებთანაც გიწევს ურთიერთობა და იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფები. ასეთი ქცევა ორ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს: ერთი მხრივ, უნდა შეძლო გასაგებად და თავდაჯერებულად გამოთქვა და გამოხატო შენი სურვილები და განცდები და, მეორე მხრივ, შეძლო, გაუგო სხვას. ეს კი მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა პოზიციიდან დანახვას და შეფასებას მოითხოვს. შესაბამისად, სხვისი როლის გათავისების უნარის უქონლობა ხელს გვიშლის დავინახოთ მოვლენები სხვა ადამიანის თვალთახედვიდან, თანავუგრძნოთ სხვა ადამიანს.

 

გამართულ სოციალურ უნარებს, სხვა ადამიანებთან ჯანსაღი კომუნიკაციის გარდა, სწორი თვითმართვა, თვითშეფასება და თვითგამოხატვაც განაპირობებს. და თუ თვალს გადავავლებთ ადამიანებსა და ურთიერთობებს ჩვენ გარშემო, მივხვდებით, რომ ის, რასაც ბავშვებს ვთხოვთ და სამართლიანადაც, ვინაიდან ეს მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია, ზრდასრული საზოგადოებისთვის საკმაოდ დეფიციტურია.

 

როგორ შეიძლება ავხსნათ, თუ არა მწირი სოციალური უნარებით ის, რომ ყველა, ვინც არ მოგვწონს, გვინდა გაქრეს. ან ის, რომ დიალოგის, ახსნისა და მოსმენის გარეშე ვიქმნით წარმოდგენებს და მერე ამ წარმოდგენების ტყვეები ვხდებით ამა თუ იმ ადამიანთან, მოვლენასთან დაკავშირებით. თუ არა დაქვეითებული ადაპტაციური ქცევა, სხვა რით შეიძლება აიხსნას ჩვენი შიშები და ფობიები უმცირესობების, განსაკუთებული საჭიროების მქონე ადამიანების, უცხოების მიმართ – როგორ შეიძლება ვერ ვახერხებდეთ რაიმე ნიშნით განხვავებულ ადამიანებთან ერთად მშვიდად ცხოვრებას. კარგად განვითარებული თვითგამოხატვის უნარები რომ გვქონდეს, ხომ შევძლებდით ავუხსნათ მათ, ვინც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ გვიყვარს, რატომ ვცემთ პატივს და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნებოდა. ეცოდინებოდათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი იმედი შეიძლება ჰქონდეთ, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და გაკიცხვის და გარიყვის ნაცვლად მხარს დავუჭერთ. და სწორი თვითშეფასების პირობებში გვეცოდინებოდა, რომ ამ ყველაფერს არა მხოლოდ სხვებისთვის, ჩვენი საკუთარი თავებისთვისაც უნდა ვაკეთებდეთ, იმიტომ, რომ სადღაც შეიძლება შენ იყო უმცირესობის წევრი ან განსხვავებული, შეიძლება შენ დაგჭირდეს მხარდაჭერა ან გაძლიერება, შეიძლება შეგეშინდეს ან შეგეშალოს, შეიძლება უსამართლობის ან სულაც გარემოებების მსხვერპლი გახდე და ამ დროს გარშემომყოფებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, შეიძლება შენი გადარჩენაც კი. ადამიანი სოციალური არსებაა.

 

სოციალური უნარების განვითარების შესახებ დაწერილ მასალებში წერია, რომ პოზიტიური ინკლუზიური სოციალურობისთვის მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაციები და ემპათია, იმპულების გაკონტროლება, ბრაზის მართვა, პრობლემების გადაჭრისა და უკონფლიქტო კომუნიკაციის უნარები. აღნიშნულია ისიც, რომ ბავშვებისთვის ერთმანეთის ქცევა უფრო სამაგალითო და გადამდებია, ვიდრე უფროსების მცდელობები, დააკორექტირონ მათი კომუნიკაციის მეთოდები. უფროსების როლი ამ საქმეში ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ბავშვებს მკაფიო წესები ექნებათ და ეცოდინებათ, რომ ეს წესი არა მხოლოდ მათთვის, უფროსებითვისაც მოქმედებს და მათი დაცვა სულაც არაა ზედმეტი თავსატეხი. წესების დაცვის აუცილებლობაზე საუბრისას, იმის თქმაც არ დავივიწყოთ, რომ უმაღლესი ჭეშმარიტება არც რომელიმე წესია და თუკი რაიმე უკეთესს მოვიფიქრებთ, მისი შეცვლაც შეიძლება და უკიდურეს ვითარებაში, მათ წინააღმდეგ წასვლაც, თუმცა ეს გამონაკლისი იქნება, რომელიც წესს ამტკიცებს.

 

სოციალური უნარების განსავითარებლად და დასახვეწად რამდენიმე სასიამოვნო რამ შეგიძლიათ სცადოთ:

  • სამაგიდო თამაშები ჯგუფური ქმედებების წასახალისებლად;
  • იდიომების, ანდაზების, ფრთიანი გამონათქვამების ანალიზი და ენობრივი თამაშები სიტყვის ძალისა და ვერბალური იარაღების სიძლიერის შესაფასებლად;
  • საზოგადოებაში არსებული დაუწერელი წესების აღმოჩენა და მათი განხილვა, შეფასება, კრიტიკა;
  • კონკრეტული ქცევების დეკონსტრუქცია – რამ გამოიწვია ის, რაც გააკეთეთ, რა ემოციები, წინაპირობები, გარემოება უძღოდა წინ, შეიძლებოდა მოვლენების სხვაგვარად განვითარება?
  • საკუთარი თავისა და სხვების მოსმენის სავარჯიშოები – ელაპარაკეთ თქვენს თავს იმაზე, რასაც სხვებთან ერთად ინტერესით განიხილავდით და შეეცადეთ, გაიგოთ სხვებისგან ყოველ კომუნიკაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე იცოდით;
  • შეადგინეთ წესების სია, რომლებიც მოგწონთ და არ მოგწონთ და პერიოდულად გააკეთეთ ამ სიის რევიზია.

 

 

 

სიცოცხლის სიყვარული ჯეკ ლონდონის მოთხრობის სამყაროდან

0

გლობალური პანდემიის საფრთხემ თითქოს ყველას აგვიხილა „მესამე თვალი“, გვაიძულა ახლებურად შევხედოთ მოვლენებს და იმგვარი შეფასებები გავაკეთოთ, როგორსაც ადრე ვერ ვახერხებდით. ამ ჩაკეტილობის ჟამს მეტი დროა თვითძიებისა და ფილოსოფიური ჩხრეკისთვის. როგორც კი საფრთხე ახლოვდება, ადამიანი ინსტინქტურად იწყებს ფიქრს თვითგადარჩენაზე. დისტანციური სწავლების პროცესში მე და ჩემმა მოსწავლეებმა დავიწყეთ ახალი ტექსტების ძიება. თუ ადრე არაპროგრამული ტექსტების საკითხავად ათასგვარი აქტივობებით დატვირთულ მოსწავლეებს დრო არ რჩებოდათ, ახლა დრო გამოუთავისუფლდათ და საკუთარი სურვილით დაიწყეს წასაკითხი ტექსტების მოძიება. ინტერესი გაიზარდა უცხოური მწერლობისადმი, რათა ახალი და ახალი ლიტერატურული პარალელებით გაიმდიდრონ ცოდნა.

მსოფლიო მწერლობიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელ ავტორებს შორის ყოველთვის რჩება ჯეკ ლონდონი. და აი, როცა მორიგ საინტერესო ტექსტს ვეძებდი, წამომიტივტივდა მისი არაჩვეულებრივი მოთხრობა „სიცოცხლის სიყვარული“. თანაც თემატურად და აქტუალობით თანამედროვე რეალობას რომ ეხმიანება, ეს იყო გადამწყვეტი.  უფროსკლასელები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ამ ნაწარმოებით. ეს არის ლონდონისეული ხელწერით აღბეჭდილი დაუვიწყარი თავგადასავალი ორი კაცისა, რომლებიც ოქროს ფუთებით დატვირთულნი, გზას მიიკვლევდნენ ოკეანისკენ, სადღაც კანადის მიმართულებით, ჰუძონის (თანამედროვე ტრანსკრიფციით – ჰუდსონის) ყურიდან სან-ფრანცისკოსკენ. აშკარაა, რომ მოთხრობაში აღწერილია ისტორიაში „ოქროს ციებ-ცხელების“ სახელით ცნობილი პერიოდი, ე.წ. California Gold Rush,  რომელიც 1848 წელს დაიწყო და 1855 წლამდე გრძელდებოდა. ცნობილია, რომ ჯეიმს ვილსონ მარშალმა 1848 წლის 24 იანვარს სატერის დასახლებაში, მდინარე ამერიკან-რივერის კალაპოტში ოქრო აღმოაჩინა, რის გამოც ამ ტერიტორიას ათი ათასობით ამერიკელი და ევროპელი მიაწყდა. ზოგი მათგანი არნახულად გამდიდრდა, ზოგმა კი სიღარიბეს მაინც ვერ დააღწია თავი, რადგან იმ ჯუნგლების რეალობასა და ქაოსში ოქროს მოპოვება, შენარჩუნება და მისი გონივრულად გამოყენება არ ყოფილა იოლი ამოცანა ამ ადამიანებისთვის. ფორტუნა ყველას არ სწყალობდა. ოქროს ციებ-ცხელების შედეგი იყო ისიც, რომ ქალაქი სან ფრანცსკო მომთაბარეთა პატარა დასახლებიდან დიდ ქალაქად იქცა და კალიფორნია აშშ-ს შტატად გამოცხადდა. ოქროს ციებ-ცხელების უარყოფითი მხარე კი ის გახლდათ, რომ ოქროსმაძიებლები  აბორიგენ ინდიელებს ავიწროებდნენ და მშობლიური მიწებიდან ასახლებდნენ. გარდა ამისა, ოქროს მოპოვება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ცვლილებებს იწვევდა რეგიონში.

ჯეკ ლონდონი თავად გახლდათ ამ ამბების მონაწილე, ოღონდ მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს. ის ისედაც ხელმოკლე ოჯახიდან იყო და ქუჩის მაწანწალის ცხოვრებაც კი გამოუცდია, ასევე უწევდა კონსერვის ქარხანაში მუშაობა, მეზღვაურობა ხამანწკების დამჭერ გემზე, ხოლო 1894 წელს დაწყებულმა საყოველთაო ეკონომიკურმა კრიზისმა 18 წლის ჯეკი უმუშევრად აქცია. მან ციხესაც ვერ დააღწია თავი და სოციალისტად იქცა. ოცნებობდა მწერლობაზე, მაგრამ თავი ნიჭიერ შემოქმედად არ მიაჩნდა, რის გამოც ერთი წლით ალასკაზე წავიდა ოქროსმაძიებლად. ჯეკმა იქიდან განძი ვერა, მაგრამ მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება კი ჩამოიტანა. “კლონდაიკში მე ვპოვე ჩემი თავი. იქ ყველა დუმს. ყველა ფიქრობს. იქ თქვენ გიმუშავდებათ სწორი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. იქ გაფორმდა ჩემი მსოფლმხედველობაც,” – ასე იხსენებდა მწერალი ალასკურ ოდისეას და სწორედ ეს გამოცდილება გახდა მისი მოთხრობა „სიცოცხლის სიყვარულის“ შთამაგონებელი. მოგეხსენებათ, სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებში მოგზაურობის თემა ყველაზე დამაინტრიგებელი და მიმზიდველია.

მოთხრობის მთავარ გმირს სახელი არ ქვია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის იმ ეპოქის ოქროსმაძიებლის ანუ საკუთარი თავის მაძიებლის განზოგადებული სახეა და თავად მწერლის ორეულიც არის. ცნობილია, რომ ჯეკ ლონდონი თავისი ტექსტების მთავარ გმირებში ხშირად აცოცხლებს საკუთარ „ალტერ ეგოს“. გავიხსენოთ თუნდაც მის Magnum Opus-ად მიჩნეული რომანი „მარტინ იდენი“, რომელშიც მთავარი გმირი საოცრად ენათესავება ავტორს და მისი ცხოვრების ფინალიც – თვითმკვლელის ბედისწერა – მწერლის ბიოგრაფიულ მომენტებს ემთხვევა. 40 წლის ჯეკ ლონდონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თითქოს „მარტინ იდენით“ საკუთარი აღსასრული იწინასწარმეტყველა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა ოჯახი, თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა და დეპრესიული ფსიქიკის პიროვნება იყო. ზოგადად ეს დამახასიათებელია მეოცე საუკუნის დასაწყისის მწერლებისთვის. ამის შესახებ ვწერდი ერთ-ერთ წერილში, სადაც ესპანური მწერლობის კლასიკოსის, ხუან რამონ ხიმენესის ცხოვრებასა და შემოქმედებას ვეხებოდი. მართალია, ერთი წმინდად პოეტი-ლირიკოსია, ხოლო მეორე – პროზის ოსტატი, მაგრამ ეს ორი დიდი მწერალი რთული ფსიქოემოციური განწყობებით ახლოს არის ერთმანეთთან.

ჩემს ერთ მოსწავლეს ყველაზე მეტად ის მოეწონა, რომ მოთხრობაში გასაოცარი სიცხადითა და ოსტატობით არის აღწერილი ის რთული გეოგრაფიული მოცემულობა, რომლის გადალახვაც მთავარ გმირს უწევს. დაუსრულებელი ტრამალები, ხრიოკი, ხან ჭაობი, უნაყოფო სივრცე, მტაცებელი ცხოველების თარეში, არა საკვები, არა სანადირო, არა ხეხილი, არა სიმწვანე, არა სუფთა წყალი, არა თავშესაფარი და ეს ყველაფერი გრძელდება უთვალავი დღის, უსასრულო მილების მანძილზე.

„ზურგზე თასმებით შემოეკრათ დიდი ფუთები, ფუთებს შუბლზე მოჭერილი ღვედებითაც იმაგრებდნენ“… ეს, რასაკვირველია, ოქროთი გატენილი ტომსიკები იყო. ჯეკ ლონდონი ხატავს 2 განსხვავებულ ადამიანს, რომელთაც კრიტიკულ სიტუაციაში მკვეთრად განსხვავებული სახეები აჩვენეს. ისინი ერთად დაადგნენ რთულ გზას, მაგრამ როცა მთავარმა გმირმა ფეხი იტკინა, ბილმა, „მეგობარმა“ ის სიტყვის უთქმელად მიატოვა. ჩვენმა გმირმა კი საოცრებები აკეთა თვითგადარჩენისთვის, მან მიხვედრილობის, სიმამაცის, ნათელი გონების, შეუდრეკლობის საოცარი მაგალითი აჩვენა მკითხველს. მოთხრობა საკმაოდ ვრცელია, 20 გვერდამდე და დაწვრილებით არის აღწერილი დასუსტებული და ბედისგან განწირული კაცის ბრძოლა სიცოცხლისთვის, დაუოკებელი ჟინი, წყურვილი სიცოცხლისა, რომლის ჩაკვლა ადამიანში წარმოუდგენელია. ის სწორად ანაწილებდა დროს, საკუთარ რესურსებს, ძალას, ფსიქოლოგიურ მდგრადობასაც აკონტროლებდა. იკვებებოდა ყველაფრით: ძირხვენებით, ფესვებით, ცოცხალი ჭიჭყინებით, მგლების გამოხრული ძვლებით, რომელთაც როგორღაც ფქვავდა, დაუძლურებული, ინახავდა ასანთის ღერებს, გათვლილი ჰქონდა ყველა ვარიანტი საკუთარი მომავლისა, დაანგარიშებული ჰქონდა ყოველგვარი სირთულე, გამოუვალ სიტუაციაში მოქმედების გეგმა. როცა მიხვდა, რომ ოქროს ტომსიკის თრევა უჭირდა, ძვირფასი ტვირთი გაყო და კლდეზე დატოვა, შემდეგ დარჩენილი ნახევარიც გაყო და ბოლოს მთლიანად მოისროლა ოქრო, რომელიც ახლა, ამ მოცემულობაში სასაცილოდ გამოიყურებოდა, სრულიად არანაირ ღირებულებას არ წამოადგენდა, მხოლოდ ტვირთი და ხელის შემშლელი იყო.

უაღრესად ექსპრესიულია ფინალური სცენები, სადაც უკვე სრულიად გამოფიტულ, მომაკვდავ კაცს ასევე მომაკვდავი, სნეული მგელი აეკიდება. მგელს კაცის დაგლეჯის ძალა არ აქვს, მაგრამ ელოდება, როდის დაეცემა და მოკვდება ის. თუ მგელი უფრო ადრე მოკვდებოდა, რასაკვირველია, კაცი შეჭამდა მას. ეს ორი მომაკვდავი არსება ცხოვრებისეული თვითგადარჩენის მარათონის ალეგორიული სახეა. კაცს არ ჰქონდა საიმისო, ძალა, რომ ეს აქსუტუნებული მგელი დაეხრჩო, მაგრამ ბოლოს ის მაინც მოახერხა, რომ ზედ გადააწვა მას და მოგუდა.

როცა გადარჩენისთვის ბრძოლის უკანასკნელი ქანციც კი გამოელია კაცს და აპათიაში ჩავარდა, როცა უკვე აღარაფრის შეგრძნება აღარ შეეძლო, აღარც ტკიოდა, აღარც შიოდა და მისთვის სულერთ იყო, გადარჩებოდა თუ ვერა, ამ დროსაც კი მის ქვეცნობიერში სიცოცხლის სიყვარული არ კვდებოდა და აიძულებდა, რომ უკვე სიარულის უნარს მოკლებულს მატლივით ეხოხა, რომ ზღვისკენ, გემისკენ, გადარჩენისკენ ეზიდა ცოცხალ ლეშად ქცეული სხეული.

მან ბილის გვამი მგლებისგან დაგლეჯილი იპოვა გზაზე. იქვე ეგდო ოქროთი სავსე ტომსიკაც. კაცს გაეცინა იმის გაფიქრებაზე, რომ ბილმა ბოლომდე არ დათმო ოქრო და ამას შეეწირა კიდეც. ბილს რომ მისი ცხედარი ენახა, უსათუოდ დაიწყებდა მისი ძვლების გამოხრას, მაგრამ მას არ შეეძლო მეგობრის ძვლების ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო.

აქ იდეური ქვეტექსტი ისაა, რომ მიუხედავად თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში ადამიანის ცხოველური ბუნებისა, ადამიანში მაინც ბოლომდე ცოცხლობს მორალი. ყველაში, რასაკვირველია, არა, მაგრამ ზოგადად ადამიანი მორალური არსებაა და მას ეს განასხვავებს მტაცებელი ცხოველებისგან.

შიმშილი! სიკვდილის შიში! – ეს ორი შემზარავი დემონი ყველაფერს კლავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა სულსა და გონებაშიც ეს დემონები მაინც ვერ ამოშანთავენ ღირებულებებს.

კაცი ვეშაპმჭერ „ბედფორდის“ სამეცნიერო ექსპედიციის წევრებმა გადაარჩინეს და რამდენიმე კვირაში ის უკვე ფეხზე მყარად იდგა, თუმცა შიმშილის შიშმა მისი ფსიქიკა საგრძნობლად შეცვალა. აი, რას გვამცნობს მოთხრობის ფინალი: „საუზმის შემდეგ კაცი გაძვრებ-გამოძვრებოდა, რომელიმე მეზღვაურს მიადგებოდა და მათხოვარივით გაუწვდიდა ხელს. ისიც ჩაიცინებდა და მეზღვაურული ბისკვიტის ნატეხს გაუწვდიდა. კაცი დასტაცებდა ხელს, ხარბად დააცქერდებოდა, როგორც ძუნწი ოქროს და ხალათის უბისაკენ გააქანებდა. იღიმებოდნენ და ასე იქცეოდნენ სხვა მეზღვაურებიც. მეცნიერები გონივრულად მოიქცნენ და კაცი ნებაზე მიუშვეს. მისი საწოლი ჩუმად შეამოწმეს. საწოლი ორცხობილით იყო სავსე, ორცხობილით იყო გამოტენილი ლეიბი, ორცხობილით იყო გაჩურჩული ყველა კუთხე და ხვრელი. თვითონ საღ გონებაზე იყო. მომავალი შიმშილობისთვის საჭმელს იმარაგებდა მხოლოდ – ეს იყო და ეს. ამისაგან განიკურნებაო, თქვეს მეცნიერებმა, და ასეც მოხდა, სანამ „ბედფორდის“ ღუზა სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაგრუხუნდებოდა“…

სიცოცხლის სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა.

ამასწინათ მეგობარს ვეუბნებოდი, რომ კორონავირუსის ინფექციის იმდენად არ მეშინია, რამდენადაც მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსისა, რომელსაც ყოველგვარი ადამიანური ღირებულების სრული ნიველირება შეუძლია. ჩემმა თაობამ გამოიარა XX საუკუნის 90-იანი წლები, შიმშილი, სიღატაკე, კრიმინალი, აპათია, სიკვდილი, საპატიმროები, ომი, უსამართლობა, ქაოსი… მაგრამ მგონია, რომ იმავეს გადატანა ახლა გამიჭირდება. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ისე ტრაგიკულად არ განგვიცდია ის რეალობა.

როცა მეთორმეტე კლასში ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ ვისწავლეთ და ეპოქალურ კრიზისებზე ვსაუბრობდით, უნებურად ბავშვებთან მოვყევი 90-იან წლებში, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, შევარდნაძის რეჟიმის დროს საქართველოში არსებული რეალობა. ბავშვები საოცრად დაინტერესდნენ. ჩვენი მშობლებიც ამ თაობის ადამიანები არიან და ამის შესახებ კი მოგვისმენია, მაგრამ ასე გვგონია, რომ ისინი აჭარბებენ, უტრირებენ და მართლა გვაინტერესებს, სინამდვილე შეულამაზებლად როგორი იყოო. მოვყევი რეალური ამბები ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი თვალით ნანახი, ზოგი ჩემს თავს გადახდენილი და ზოგი – სხვისას… და ვთქვი, რომ იმდროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმებისა და იარების მოშორება ძალიან გამიჭირდა. ერთმა გენიალურმა ადამიანმა, ჩემმა საოცარმა მოსწავლემ ემოციურად თქვა:

  • აუუუუ, როგორ მინდა მსგავსი რამეები მეც გამოვცადო… რა იქნებოდა, იმ ეპოქაში დავბადებულიყავი!
  • – რას ამბობ, სამაგისოდ ან მე როგორ გაგიმეტებ, ან შენ როგორ იმეტებ თავს? – ვკითხე გაოცებულმა…
  • მასწავლებელო, მე ახლა ჩემს ოთახში ყველაფერი მაქვს, რაზეც კი მიოცნებია და საკმარისია, რამე მომინდეს, ჩემი მშობლები ყველაფერს მისრულებენ. რეალურად, ცხოვრება რა არის, მე არ ვიცი. დიდი სიამოვნებით გავივლიდი იმ გზას, რომელიც თქვენ გაიარეთ, გამოვცდიდი იმ ყველაფერს, რომ ცხოვრება შემეცნო, საკუთარი თავი მეპოვა. თქვენ იმიტომაც ხართ ძლიერი ადამიანი, რომ ეს ყველაფერი გამოვლილი გაქვთო…

გამაოცა ამ ბავშვის პოზიციამ, თუმცა დავეთანხმე… მე რომ თბილისიდან სამეგრელოში მიმავალს, დათოვლილ ხაშურთან 3 დღით გაჩერებულ მატარებელში შიმშილი არ გამომეცადა და თოვლის ჭამით არ გადამერჩინა თავი… ან სოფელში დედასთან ჩასულს მისთვის არ მომეყოლა, რომ რამდენიმე დღე სახლში საერთოდ არაფერი მქონდა საჭმელი, თვით ერთ მუჭა ბრინჯიც კი და დედას, ნაცვლად შეცოდებისა, არ ეთქვა:

  • დიდი ამბავი, თუ რამდენიმე დღე მშიერი იყავი, ერთხელ შიმშილი ხომ უნდა გამოგეცადა? შენ ლენინგრადის ბლოკადის ამბები ხომ გაქვს წაკითხული და იმ რეალობაში რომ მოხვედრილიყავი, რას იტყოდიო?..

დახეული ფეხსაცმლით სიარული რომ არ გამომეცადა… როცა ბიჭთან ერთად  ერთად ქუჩაში სეირნობისას იმაზე ფიქრი მიბურღავდა ტვინს, რომ ბიჭს ჩემი კარგა გემრიელად დახეული ფეხსაცმელი არ შეენიშნა და ფეხს შებრუნებულად ვადგამდი… სავარაუდოდ, კი შენიშნავდა, ისე იყო დახეული და ბიჭები ხომ ყოველ დეტალს აკვირდებიან, როცა გოგო აინტერესებთ, მაგრამ არ შეიმჩნია იმანაც… ის რომ არ ყოფილიყო, ეს რომ არ ყოფილიყო… აღარ გავაგრძელებ… მე მე არ ვიქნებოდი, სიცოცხლის სიყვარული ასეთი დაულეველი დოზებით არ მექნებოდა…

და ახლა, როცა სამყაროს პანდემია არნახული მასშტაბებით უტევს, რომლის მსგავსს მე არ მოვსწრებივარ, სიცოცხლის სიყვარული უფრო და უფრო ღრმად და ძალუმად იღვიძებს და მაიძულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო ჩემი და სხვათა სიცოცხლეების გადასარჩენად… ჯეკ ლონდონის მოთხრობამაც ხომ ეს მასწავლა? ტექსტებში ჩვენი მეორე, მესამე და მეასე ცხოვრება აღიწერება… დიახ, ასეთი ჯადოქრობაა მწერლის კალამი!

 

 

 

ეპიდემიების ისტორია – პირველი ნაწილი

0

როგორ ჩაიტანეს ევროპელებმა ავადმყოფობები ახალ სამყაროში

დღეს ახალი კორონავირუსის გლობალური მასშტაბით გავრცელების გამო იძულებულნი ვართ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი და შევეგუოთ იმ ახალ რეალობას, რომლის შესახებ დედამიწაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ბევრი არაფერი ვიცით.

ახალი ვირუსი, COVID-19, როგორც მას უწოდეს, დაუჯერებელი სისწრაფით ვრცელდება მთელ პლანეტაზე და ტრაგიკულ მოვლენებს იწვევს უამრავ ქვეყანაში. ადამიანები, ოჯახები, ქალაქები, სახელმწიფოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ცდილობენ გაერკვნენ მიმდინარე პროცესებში და იძულებულნი არიან, უპასუხონ ბუნების ამ მოულოდნელ გამოწვევას – ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს.

ჩინეთი, სამხრეთი კორეა, იტალია, ირანი, ესპანეთი, საფრანგეთი… ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსმა ასიათასობით ადამიანი უკვე დააავადა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც, რომელიც დღეს უკვე ათასობით აღირიცხება. ისტორიულად, დედამიწას ახსოვს მრავალი ვირუსული პანდემია, რომლებმაც წარსულში, ჩვენზე ტექნოლოგიურად ნაკლებად განვითარებულ და აღჭურვილ სამყაროში მილიონობით ადამიანი შეიწირა და ადამიანებს მაშინაც ერთად უწევდათ ამ უხილავ მტერთან გამკლავება.

ევროპა, რომელიც ჩინეთის შემდეგ, დღეს ყველაზე მეტად დაზიანდა კორონავირუსისგან, წარსულში მრავალჯერ ყოფილა სასიკვდილო ეპიდემიების სათარეშო ასპარეზი. ევროპელებმა მე-15 საუკუნეში „უხილავი სიკვდილი“ ყოველგვარი ბოროტი ზრახვების გარეშე ჩრდილოეთ ამერიკაში ჩაიტანეს. მსოფლიოში სახელგანთქმული მოგზაურის, ავანტიურისტისა და კოლონიზატორის, ქრისტეფორე კოლუმბის სამი ფრეგატისგან („სანტა მარია“, „პინტა“ და „ნინია“) შემდგარი ესკადრილიის ჩასვლა ისპანიოლაში (დღევანდელი კუნძული ჰაიტი, კარიბის ზღვაში) სამუდამოდ შეცვლის დედამიწის დასავლეთ ნახევასფეროს ისტორიას და დასაბამს დაუდებს ახალ ერას, რომელიც მილიონობით ადამიანის ექსპლუატაციას, ავადმყოფობასა და სიკვდილს გამოიწვევს.

ქვემოთ გთავაზობთ ამერიკის წარსული თუ უახლესი კოლონიზაციის ტრაგიკული ისტორიის მოკლე ვერსიას, რომელშიც ერთ-ერთი მთავარ მოქმედ „პირებად“ ევროპიდან ამერიკაში შესული დაავადებები გვევლინებიან:

ამერიკის კონტინენტზე ევროპელების  ჩასვლამ ახალ სამყაროში (ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას) დასაბამი დაუდო ავადმყოფობებს, ომებსა და მონობას, რომლებიც ამერიკის ორივე კონტინენტის უამრავი ადგილობრივი ტომის განადგურებისა და გადაშენების მიზეზი გახდა.

1492 წლის 12 ოქტომბერს სან-სალვადორის კუნძულზე ტაინოს ტომის (კუნძულ ჰაიტის, ბაჰამების არქიპელაგისა და კუნძულ კუბის მკვიდრი მოსახლეობა, სხვა სახელი ლიტერატურაში: არავაკები, ლ.ა.) მცხოვრებნი ზღვის სნაპიროს მიადგნენ, რათა შეხვედროდნენ უცხოელ მეზღვაურებს, რომლებიც პირველად გამოჩდნენ მათ მიწაზე. დღეს გავრცელებული წარმოდგენით (სხვა, ნაკლებად მიღებული მოსაზრებების ფონზე), სწორედ კუნძული სან-სალვადორი (კ. გუანაჰანი, ბაჰამის კუნძულების არქიპელაგში) იყო პირველი მიწა, რომელზეც კოლუმბმა და მისმა მეზღვაურებმა პირველად დადგეს ფეხი 1492 წლის 12 ოქტომბერს, ესპანეთიდან ათკვირიანი მოგზაურობის შემდეგ.

იმ დღეს ტაინოებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა მოჰყვებოდა ამ სტუმარ-მასპინძლობას. ტაინოებმა (რომლებიც იმ დროს, ახალი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მეომარი ტომი გახლდათ, ლ.ა.), კეთილი ნების გამოსახატავად, ძირს დააწყვეს იარაღები და უცხო სტუმრებს – ქრისტეფორე კოლუმბსა და მის რამდენიმე მეზღვაურს – მეგობრობის გამომხატველი საჩუქრები შეაგებეს: ფერადი თუთიყუშები, ბამბისგან დამზადებული ძაფების გორგალი, ადგილობრივი ხილი და სხვა. „ტაინოები ისე დაგვიმეგობრდნენ, რომ ეს ნამდვილი საოცრებაა“, წერდა კოლუმბი, ამერიკაში თავისი პირველი მოგზაურობის შემდეგ.

პირველივე ექსპედიციის დროს, კოლუმბი და მისი მოგზაურები აღმოაჩენენ ბაჰამების მახლობლად მდებრე მსხვილ კუნძულებს ჰაიტის/ჰისპანიოლას (რომელიც კოლუმბს იაპონია ეგონა, ლ.ა.) და კუბას (რომელიც კოლუმბს ჩინეთად წარმოედგინა).

სწორედ კ. ჰაიტიზე ტოვებს კოლუმბი თვის 39 მეზღვაურს (ფრეგატ „სანტა მარიას“ დაზიანების გამო) და აარსებს მცირე კოლონიას, სახელად ‘ლა ნავიდად’. ერთი წლის შემდეგ, 1493 წლის ნოემბერში, ქრისტეფორე კოლუმბი, თვის ძმებთან, ბარტოლომეო და ჯოვანისთან ერთად, ბრუნდება ახლად აღმოჩენილ არქიპელაგზე, თუმცა, მათი პირველი დასახლება, ლა ნავიდადი დაცარიელებული და გადამწვარი ხვდება, ხოლო მისი მეზღვაურები – დახოცილი. ამიტომაც, კოლუმბი და მისი ძმები ახალ ეკიპაჟთან ერთად ახალ დასახლებას, ლა ისაბელას, უყრიან საფუძველს, მას უკვე სხვაგან აფუძნებენ (დღევანდელი დომინიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთი სანაპირო, კ. ჰაიტიზე) და იწყებენ „ჩინეთის ოქროს“ გამალებულ ძებნას.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, იმ დროს ისპანიოლას (დღევანდელი კ. ჰაიტი – მეორე სახელია ჰისპანიოლა – საკმაოდ მოზრდილი კუნძულია – ფართობი 76,000 კვ. კმ) მკვიდრი მოსახლეობის, ტაიონების რაოდენობა რამდენიმე მილიონ ადამიანს აღწევდა. 1548 წლისათვის ესპანელი ჟამთააღმწერნი აღნიშნავენ, რომ ტაინოების რაოდენობა 500 ადამიანამდეა შემცირებული – ესპანელების მიერ ახალ სამყაროში ჩატანილმა დაავადებებმა, ჩუტყვავილამ და გრიპმა (influenza, ინგლ.), ორმოცდაათიოდე წელიწადში მოსპო კუნძულ ჰაიტის/ჰისპანიოლას, კუბისა და პუერტო-რიკოს ტაინოების მრავალმილიონიანი პოპულაცია.

მსგავსი ხვედრი ერგოთ მექსიკის მკვირდ აცტეკებსაც – მათი უმრავლესობა, XV-XVI სს. ესპანელების მიერ კოლონიზაციის პერიოდში შემოტანილი ჩუტყვავილით დაიხოცება.

ეპიდემიები მალევე იქცა ევროპელებისა და ადგილობრივების კონტაქტის პირდაპირ შედეგად. 1520 წლის აპრილში, ესპანური გარნიზონი შევიდა დღევანდელ ქ. ვერაკრუზში (მექსიკის აღმოსავლეთი, კარიბის ზღვის სანაპირო), სადაც ესპანელებმა, სამუშაო ძალად შეიყვანეს აფრიკიდან წამოყვანილი შავკანიანი მონები, რომლებსაც თან მოჰყვა ჩუტყვავილას ინფექცია. ორი თვის შემდეგ ესპანური ჯარი აცტეკების დედაქალაქს, ტენოჩტიტლანს იპყრობს (ქ. მეხიკოს მიდამოები). უკვე იმავე წლის ოქტომბერში ინფექცია მუსრს ავლებს მთელი ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტს (!), რაც მეცნიერების გამოთვლებით, 300,000-500,000 ადამიანს უდრის. ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა აცტეკების იმპერატორი, კუიტლაჰუაკი და მისი ამალის უმრავლესობა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ესპანელების მიერ აცტეკების განვითრებული და ძლიერი იმპერიის საბოლოო მარცხი. როგორც მატიანე აღწერს, როდესაც ერნან კორტესის (ესპანელი კონკისტადორი, მექსიკის მომავალი მმართველი) სამხედრო შენაერთებმა ტენოჩტიტლანის ასაღებად საბოლოო შეტევა დაიწყეს, ქალაქის ქუჩები მოფენილი იყო დაავადებულთა გვამებით. სწორედ ამან მისცა ესპანელების შედარებით მოკრძალებული რაოდენობის ჯარს, აცტეკების ძლიერი და მრავალრიცხოვანი შენაერთების დამარცხების საშუალება.

მიკრობები, რომელთა მიმართაც ადგილობრივ ხალხებს იმუნიტეტი არ გააჩნდათ, იწვევდნენ დაავადებებს ყველგან, სადაც ევროპელი ახალმოსახლეები ფეხს დადგამდნენ. როგორც Khan Academy-ის ერთ-ერთ კვლევაშია აღნიშნული, ჩრდილოეთ ამერიკაში, 1616-1618 წლებში, ევროპელების ახალ კონტინენტზე დასახლებამ ადგილობრივი ინდიელების მთელი რაოდენობის 75%-ზე მეტი შეიწირა! მეჩვიდმეტე საუკუნის 30-იან წლებში, ამერიკის დიდი ტმების რაიონში მცხოვრები ჰურონებისა და იროკეზების ტომების (ჩრდ. ამერიკის ინდიელები, ადგილობრივი მოსახლეობა) ნახევარზე მეტი ჩუტყვავილამ შეიწირა. ამ ეპიდემიების დროს, ყველაზე ხშირად ბავშვები და მოხუცები კვდებოდნენ, რამაც თავის მხრივ ცოდნისა და ტრადიციის თაობებზე გადაცემის ისტორიული ჯაჭვი გაწყვიტა და ადგილობრივების ცხოვრების წესი შეცვალა.

ამერიკის ზოგიერთმა ადგილობრივმა ტომმა, ევროპელებისგან მიღებული დაავადებები ჩათვალა იარაღად, რომელსაც სულები იყენებდნენ მათ წინააღმდეგ. შესაბამისად, ბევრგან, ინდიელებმა წამოიწყეს, ე.წ. „გლოვის ომები“ (ინგლ.“mourning wars”) დღევანდელი აშშ-ის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე, რომელთა მიზანი იყო, დაეტყვევებინათ ახალმოსახლეები და ტრადიციული რიტუალით (წამება, მსხვეპლშეწირვა) „დაეწყნარებინათ“ მათ წინააღმდეგ ამხედრებული სულები.

როგორც ვხედავთ, დღეს ჩვენთვის ნაცნობმა და გარკვეულწილად ჩვეულებრივმა, თუმცა იმ დროს სიცოცხლისთვის საშიშმა, ინფექციურმა დაავადებებმა, ამერიკის კონტინენტზე სრულიად მოულოდნელი და ტრაგიკული შედეგები გამოიღო, რამაც უკიდურესად გაამწვავა ადგილობრივი ინდიელებისა და ევროპელი კოლონისტების ისედაც უსიამოვნო და დაძაბული ურთიერთობები. შედეგად, ისინი საყოველთაო ომებში და უკიდურეს სისასტიკეში გადაიზარდა.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტებიც, რომ ზოგიერთ ადგილობრივ ტომს, „ევროპული“ ინფექციები ნაკლებად შეეხო. ჩუტყვავილას ვირუსი, რომელიც ტიფთან, ქოლერასთან, დიფტერიასა და შავ ჭირთან ერთად ადგილობრივების მთავარი „მკვლელები“ იყვნენ, ბევრად საშიში იყო მჭიდროდ დასახლებული ტენოჩტიტლანისთვის (მექსიკა), თუმცა ნაკლებად ვრცელდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ვაკეებზე (პრერიებზე), სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე იმ დროს ძალიან დაბალი გახლდათ.

ინდიელების ის ტომები, რომლებიც მონადირეობა-შემგროვებლობით ირჩენდნენ თავს, როგორც წესი, მომთაბარეობას ეწეოდნენ და თან მიჰყვებოდნენ დიდი ამერიკული ბიზონების ჯოგებს. მიგრაციული წესით მცხოვრებ ინდიელთა მცირერიცხოვან ტომებში ინფექციები ვრცელდებოდა, თუმცა ტომის რიცხოვნობიდან გამომდინარე, მათ მცირე მასშტაბი ჰქონდათ და მათი შეზღუდული კონტაქტების გამო ნაკლებად ვრცელდებოდა ამერიკული პრერიის უზარმაზარ ფართობებზე.

1837-1838 წლის ჩუტყვავილას ეპიდემიის დროს, რომელიც ზემო მისურის მიდამოებში გავრცელდა (ცენტრალური აშშ), დიდი დანაკარგი განიცადეს „ბლექფუტის“ ტომებმა, თუმცა ამავე დროს, მათი მეზობელი არაპაჰოს ტომებმა (Gros Ventre, ფრანგ.) თითქმის ინფიცირების გარეშე გადაიტანეს ეს პერიოდი.

 

 

ვზრუნავ, თუ…?

0

სიჩუმე რამდენიმე წამის მანძილზე გაგრძელდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც უცნაური ხდება ჩემ თავს: კუნთები მსუბუქად მეძაბება, უხერხულობის განცდა მწიფდება და, თითქოს, გონებას და სხეულს სცდება. მგონია, რომ თუ ახლა არ გავთავისუფლდი ამ მოუსვენრობისგან, უსასრულოდ გაგრძელდება სიჩუმე.

ჩემ წინ ჩემი სტუდენტია, რომელთანაც განსაზღვრული საკითხების განსახილველად გვიანობამდე შემოვრჩით. ახლა გამოცდა არ არის. არ ვაფასებ: არც განმავითარებელი, არც სხვაგვარი შეფასების საშუალებით.

სტუდენტი მეუბნება, რომ კითხვა ვერ გაიგო. ვცდილობ, ზედმიწევნით ზუსტად გავუმეორო, შემდეგ განვუმარტო და დავუზუსტო, რას ვგულისხმობდი იმ კითხვაში. სტუდენტი ჩემ წინ მორცხვად ზის: თავდახრილი, მოუსვენრად აცეცებს თვალებს და მხოლოდ დროდადრო მისწორებს თვალს. ვვარაუდობ, რომ დაზუსტების შემდეგაც, არ აქვს პასუხი. ცოტა დრო მაქვს, მივხვდე, რას განიცდის და რა ჰქვია მის განცდას. მგონია, თუ კითხვაზე პასუხს შევთავაზებ, გაცილებით მშვიდად იგრძნობს თავს. სავარაუდოდ, იმაზე დარდობს, რომ პასუხი არ აქვს. შეიძლება, ჩემგან გაკიცხვასაც ელის.

რა შეიძლება გავაკეთო ამ შემთხვევაში?

I ვერსია – სწორი პასუხის შეთავაზება

შემიძლია, ჩემს სტუდენტს თავად შევთავაზო სწორი პასუხი. რას მივაღწევ? ერთი მხრივ, გავთავისუფლდები იმ შფოთვისგან, რომელსაც, რატომღაც, ვგრძნობ უხერხული სიტუაციის არსებობის დროს.

დაკვირვებიხართ, რას განიცდით, როცა სხვა ადამიანი შეუსაბამოდ იხუმრებს ან რაიმე შემაცბუნებელი შეემთხვევა? ამ შემთხვევაში, ზოგიერთ ჩვენგანს გაქცევის ან უხერხულობის განმუხტვის ძლიერი სურვილი იპყრობს.

შესაძლოა, ასეთივე სურვილმა მაშინაც მოგიცვათ, როდესაც თქვენ წინ თქვენი მოსწავლეა, რომელიც უიმედოდ დაჰყურებს თავის დაშვებულ შეცდომას ან მისი უმოქმედობა და სევდა იმისკენ გიბიძგებთ, რომ მას მზა პასუხი შესთავაზოთ. ანუ, არათუ პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტის გზების აღმოჩენაში ეხმარებით, არამედ – პრობლემურ სიტუაციასთან გამკლავების გზას პირდაპირ სთავაზობთ.

ადამიანის ერთ – ერთი ძირითადი მოთხოვნილება უნარიანობის განცდაა.

რას ნიშნავს ეს მოთხოვნილება?

მე მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ შემიძლია, დაბრკოლებებს გავუმკლავდე.

როგორ შეიძლება ეს განცდა შემექმნას?

როდესაც საკუთარი შეცდომის შედეგად წარმოქმნილ დაბრკოლებებთან გამკლავება თავად შემიძლია.

როგორ შემიძლია, განვივითარო ეს განცდა?

როდესაც მცირეწლოვანი ვარ, მჭირდება მფარველი, რომელიც დაშვებული შეცდომის აღმოჩენაში დამეხმარება, ერთად შევძლებთ, შეცდომის გასწორების შესაძლო გზებზე ფიქრს.

რას გულისხმობს ეს უკანასკნელი?

მე მჭირდება უსაფრთხო საყრდენი: უსაფრთხოების განცდა, როდესაც შეცდომას ვუშვებ. ადამიანი, რომელსაც ვეყრდნობი, მჭირდება, ერთი მხრივ, განჭვრედატი იყოს: ჩემს დაშვებულ შეცდომებზე მისი ქცევების წინასწარმეტყველება შემეძლოს. მეორე მხრივ – უსაფრთხო: ვიცოდე, რომ ჩემი შეცდომა მისთვისაც სწავლის შესაძლებლობაა.

ამას იმ შემთხვევაში ვგრძნობ, თუ ერთად ვსვამთ ისეთ კითხვებს, როგორიცაა:

„შეგიძლია, განსაზღვრო, რა შეასრულე შეცდომით შენს დავალებაში?“ – ეს კითხვა განმაწყობს, თავად ვეძებო შეცდომები, ვიფიქრო, რა შეიძლებოდა, შემშლოდა. ამასთან, ავითარებს ჩემს უნარს, ვარაუდი გამოვთქვა ჩემს შესრულებულ დავალებაზე.

მასწავლებლისთვის კი მსგავსი კითხვები მნიშვნელოვანია, რამდენადაც:
ა) წარმოდგენას უქმნის მას, შეუძლია თუ არა მოსწავლეს დაუშვას შეცდომის არსებობა. ანუ, შეუძლია თუ არა გაიაზროს დავალება.
ბ) გააანალიზოს მოსწავლის ცოდნაში არსებული შეზღუდვები და განსაზღვროს, რას ფიქრობს მოსწავლე დაშვებულ შეცდომაზე.

„რა შემიძლია, გავაკეთო, შენ რომ უკეთ შეძლო დავალების შესრულება?“ – შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს კითხვა მეტისმეტად შეუსაბამოა მცირეწლოვანი ბავშვისთვის და მისი გაჟღერება უშედეგო იქნება. თუმცა, ამ კითხვაზე მიღებული პასუხები თქვენ დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორ წარმოუდგენია მოსწავლეს თქვენი მონაწილეობა უნარების გაუმჯობესებაში. იქნებ, თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც ისურვებდა, დამოუკიდებლად ეცადა კონკრეტული შეცდომის გამოსწორება.

„მოდი, ერთად ვცადოთ, ამ შეცდომაზე დაფიქრება. როგორ ფიქრობ, რატომ დაუშვი ეს შეცდომა?“ – ეს კითხვა მოსწავლეს, ერთი მხრივ, აფიქრებინებს, რომ თქვენ, როგორც მფარველი, მზად ხართ, უნარების გაუმჯობესებისთვის მასთან ერთად იყოთ. მეორე მხრივ, ეს კითხვა ქმნის ვარაუდების წარმოქნის მზაობას, როგორ შეიძლებოდა ეს შეცდომა დაეშვა მოსწავლეს, რაც მას დაეხმარება, გაიაზროს ის ნაბიჯები, რომლებმაც მცდარ შედეგამდე მიიყვანა.

რისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი?

მზრუნველობა ადამიანის ისეთი მოთხოვნილებაა, რომლის დაკმაყოფილებაც ნებისმიერი სახის ურთიერთობაში სურს ადამიანს იმისგან დამოუკიდებლად, აღიარებს თუ არა ამ მოთხოვნილების არსებობას. ზრუნვა ყურადღების და გულისხმიერების გამოხატვასთან ერთად, ადამიანების უნარიანობის განცდის განვითარებაში დახმარებას გულისხმობს.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, საკუთარი ქცევების გააზრებისთვის ისეთი კითხვები დავსვათ, როგორიცაა:

ა) რას ვფიქრობ ჩემი მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებზე? – იქნებ, ჩემი მოსწავლის დაშვებული შეცდომები ჩემს დამარცხებად მიმაჩნია? იქნებ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი მოსწავლის შეცდომებზე?

ბ) რას მაგრძნობინებს ჩემი მოსწავლის დაშვებული შეცდომები? – მასწავლებლობა განუყოფელია უიმედობის და დამარცხების განცდისგან. არსებობს დღეები, როდესაც ფიქრობ, რომ შენი საქმიანობა უშედეგოა და დადებითისკენ არაფერს ცვლის შენი ძალისხმევა.

გ) როგორ ვიქცევი ჩემი მოსწავლის დაშვებული შეცდომების საპასუხოდ? – იქნებ, ვცდილობ, მარცხის განცდისგან დავიცვა თავი და, ამიტომ, მოსწავლეს თავად ვთავაზობ სწორ პასუხებს? იქნებ, კითხვასა და პასუხს შორის ჩამოვარდნილი სიჩუმე მაშფოთებს და ვცდილობ, ეს სიჩუმე რაც შეიძლება სწრაფად დავასრულო სწორი პასუხისკენ გზის გამარტივებით?

II ვერსია – როგორ მოიქცეოდით თქვენ?

აქ თქვენი თვითანალიზის სივრცეა. აღწერეთ თქვენი მოსწავლის შეცდომამ რა გაფიქრებინათ, რა გაგრძნობინათ და რისკენ გიბიძგათ.

ზრუნავთ მასზე და თქვენს თავზე?

თუ…?

პატარა ქალაქი, სკოლა და ტკბილეული

0

ახლა, როცა უკვე გავიზარდე, როცა ბევრი მოვლენა შევაფასე თუ გადავაფასე, როცა მასწავლებელიც გავხდი და თავად ვაკვირდები სხვების ზრდას, ხშირად ვფიქრობ პატარა ქალაქზე, სადაც გავატარე ბავშვობა, ადამიანებზე, რომლებმაც ჩამიქროლეს და ჩემს ფიქრებზე კვალი დატოვეს და სკოლაზე – ურთიერთობებისა და კავშირების ამ პირველწყაროზე ნებისმიერი ბავშვისთვის.

პირველი, რაც სკოლასთან მაკავშირებს, ის „კოდური“ სიტყვები თუ მოქნილი ფრაზებია, რომლებსაც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ ვიყენებდით და შესაბამისად, მათი მნიშვნელობაც მხოლოდ ჩვენ გვესმოდა. მაგალითად, ასე:

– ბავშვებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! (ნუ მაიძულებთ, მკაცრად მოგექცეთ, მთელი დასვენების განმავლობაში ისხედით ჩუმად და გაუნძრევლად!)

– აბა, დავალება! (თქვენი დრო მოვიდა, ძვირფასო უკანა მერხებზე მსხდომებო!)

– მარჯვნისაააააკენ! (ეს მარჯვენაა, ეს – მარცხენა, ეს – მარჯვენა, ეს – მარცხენა!)

ან სულაც:

– რას დაყუდებულხართ ცარიელი გაზის ბალონებივით? – ეს ფრაზა კი რთული გასაშიფრია, რადგან ჩემს ბავშვობაში ის გულისხმობდა დიდ სატვირთო მანქანას, რომელსაც ძვირადღირებული გაზის ბალონები დაჰქონდა, გაზის სადენის ჩართვა-გამორთვას ყოველ დილა-საღამოს, რათა ღამით გაზს არ გაეჟონა და ქურის სწრაფად ანთება-ჩაქრობას, რომ საჭმლის მოსამზადებლად, რაც შეიძლება ნაკლები გაზი დახარჯულიყო. და ვაი, თუ შუა თვეში აღმოაჩენდი, რომ ტაფაზე დაკრული მჭადი რატომღაც არ ცხვება. ეს ნიშნავდა ელექრტოენერგიის, ეგრეთ წოდებული „შუქის“ უსასრულო ლოდინს და ნავთის ქურების ყოვლისმომცველი სურნელის ატანას. ამიტომაც ზემოთხსენებული ფრაზა იშიფრებოდა ასე:

– რა უფუნქციოები ხართ, პირდაპირ მზარავს ამის ცქერა!

სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, წესრიგი და სიმკაცრე ბატონობდა! ნამდვილი სიმკაცრე! მაგალითად, აკრძალული იყო თებერვლის სიცივეში საგაკვეთილო დროს ეზოში პერანგმოღეღილი და სახეალაპლაპებული ბავშვებისთვის ბურთის თამაში და თავგანწირული ყვირილი, რაც ეზოს მხარეს მდებარე ყველა საკლასო ოთახში მიმდინარე გაკვეთილს ჩაშლით ემუქრებოდა. გარდა ამისა, აკრძალული იყო გაკვეთილის გაცდენა მოსწავლის მიერ გამოგონილი მუცლის ტკივილის ან ნაწლავების გადახლართვის მიზეზით, დავალების არქონა ყოველ მეორე კვირას ოჯახის უფროსი თაობის წევრების სიკვდილიანობის მიზეზით, ან სათადარიგო მიზეზებით:

– მას, სახლი ჩამოიქცა და კინაღამ შიგ მომიყოლა. სამწუხაროდ, ჩემი სკოლის ჩანთა ვერ გადავარჩინეთ!

– მას, გუშინდელი თავსხმა წვიმა ხომ გახსოვთ? ჰოდა, ზღვამ წაგვლეკა და დავალების რვეული წაიღო!

– მას, სწორედ ის ფურცელი, რომელზეც დავალება მეწერა, ძაღლმა შეჭამა და, მგონი, მერე გადმოაფურთხა.

აკრძალული იყო დაგვიანებაც სრულიად გასაგები მიზეზებით: ლიფტი შახტაში ჩავარდა, გზად ქუჩაში ხანძარი გაჩნდა, სახლთან ყაჩაღები დამხვდნენ და ყველაფერი წამართვეს, მათ შორის, დავალებით სავსე რვეულიც. თუ არ გჯერათ, „იაპონჩიკას“ (დაბალი ბიჭი წვრილი თვალებით) ან „თავგასას“ (მაღალი ბიჭი ზომაზე ოდნავ დიდი თავით) ჰკითხეთ, მას!

არ მესმის, რატომ, მაგრამ აკრძალული იყო ფანჯრიდან გადახტომაც. ამიტომ ერთხელ, როდესაც ჩემი ძმა და მისი მეგობრები ფანჯრიდან მაინც გადახტნენ, რათა ქუჩაში ძაღლების ჩხუბისთვის უფრო ახლოდან ეცქირათ, დასჯის მიზნით, „დამნაშავეებს“ მთელი დღე საკლასო ოთახები ალაგებინეს. მაგრამ ჩემი ძმა სახლში მაინც კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდა. იმის გამო არა, რომ შრომით დაღლილი ბავშვები დირექტორს თავის კაბინეტში შეუყვანია, ყავითა და შოკოლადებით გამასპინძლებია და მათ უსაფრთხოებაზე უსაუბრია, არამედ უფრო იმიტომ, რომ აღმოუჩენია, თურმე, დირექტორები ჩუმ-ჩუმად ყავას სვამენ და ტკბილეულს შეექცევიანო.

ალბათ, სკოლაში არაფერს ექნებოდა ფასი, რომ არ ყოფილიყო ხუთწუთიანი ნეტარი შესვენებები და გაწელილი კარტოფილის ღვეზელები, რომლის მოსაპოვებლადაც ზარის დარეკვისთანავე კარებს ვაწყდებოდით, დერეფანში თავქუდმოგლეჯილები მივრბოდით, კიბის მოპრიალებულ მოაჯირზე წივილ-კივილით ვსრიალებდით და გულამოვარდნილები ვდგებოდით ისეთივე გრძელ რიგში, როგორიც იყო თავად ღვეზელები. ეს თავგანწირული რბოლა, მასწავლებლებს რომ უტაქტობად, უხეშობად ან მოუთმენლობად ეჩვენებოდათ, ჩვენთვის შვება იყო, თავშესაფარი ორ გულისგამაწვრილებელ გაკვეთილს შორის, ამიტომაც, შენიშვნების მიუხედავად, გვიჭირდა მასზე უარის თქმა. მერე ვიდექით სკოლის ეზოში, ფეხებამდე დაგვთრევდა ჩვენი ღვეზელები, თითებზე ჩამოგვდიოდა ზეთი, მაგრამ სუფთა ჰაერსა და ლუკმებს ერდროულად ვყლაპავდით და ბედნიერები ვიყავით. მახსოვს, ნამდვილად ვიყავით ბედნიერები!

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო – მთავარი მოქმედება ეზოს ბოლოს, დაკეტილ ჭიშკართან იწყებოდა, სადაც ჭიშკრის ღრიჭოებიდან არალეგალურად ვყიდულობდით ძვირფას ტკბილეულს. დასვენების ზარის დარეკვისთანავე აქ მოდიოდნენ „გამყიდველი ბებოები“ მუყაოს დიდი ყუთებით და ოჰ, რას არ გვთავაზობდნენ – შოკოლადიან და ჯემიან ფუნთუშებს, ტკბილ ჩხირებს, ზეფირებს, ზოლიან ორცხობილებს… გაფაციცებით ვაჭრობდნენ, ტკბილეულს გვიქებდნენ, ხურდას გვიბრუნებდნენ და ზოგჯერ სურნელოვან ფუნთუშას უფულოდაც აძლევდნენ რომელიმე დიდლოყება ბიჭს, მეორე დღეს ვალის დაბრუნების იმედით. მათი სახეები არასოდეს დამავიწყდება – ტკბილეულის ქვეყნის მოციქულების!

ახლა, როცა უკვე დიდი ვარ, ბევრი მოვლენა შეფასებული თუ გადაფასებული მაქვს, მასწავლებელიც ვარ და სხვების ზრდასაც ვაკვირდები, ქუჩაში შემთხვევით მხვდება „ტკბილეულის ბებო“. მაშინვე ვცნობ და, მგონი, მცნობს კიდეც. ან, უბრალოდ იცის, რომ ყველა უფროსი ოდესღაც ბავშვი იყო, რომელიც მის ზეფირებს ჭამდა. ვუახლოვდები და ვაკვირდები – იგივე ქალაქია, იმგვარივე ყუთი უჭირავს, ისეთივე ტკბილეულით სავსე. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ცოტათი ხელები უცახცახებს და აღარც ფუნთუშები გამოიყურება ძველებურად მადისაღმძვრელად. მე ვჩერდები, ვუღიმი, ჩანთაში ხელებს ვაფათურებ და ვყიდულობ რამდენიმე შოკოლადს, ჩხირებს, ორცხობილას, თან ენას არ ვაჩერებ, ვაქებ და ვაქებ ჩემს შენაძენს. ძველებურად ფაციფუცობს, იღიმება, ყველაფერს სათუთად მილაგებს ცელოფანში, მაგრამ, მგონი, ყველაფერს ხვდება. ხვდება, რომ გავიზარდე და ხრაშუნა და ტკბილი ზეფირები ადვილად ვეღარ გამაბედნიერებს!

ის, რაც სკოლის საზოგადოებას აინტერესებს

0

თანამედროვე თაობა მრავალფეროვან სამყაროში ცხოვრობს, ამიტომ მრავალფეროვანი უნარ-ჩვევები სჭირდება მასში წარმატებული ინტეგრაციისთვის. ბავშვებისთვის მოსაწყენია ინფორმაციის მიღება ლექციის სახით. როცა ისინი თავად აქტიურობენ მის შეკრების პროცესში, შედეგიც უკეთესია.

პროექტი, რომლის შესახებაც მინდა მოგიყვეთ, ჩემს მეოთხეკლასელებთან განვახორციელე, თუმცა მისი ფორმატი საშუალებას იძლევა, უფროსკლასელებსაც შევთავაზოთ. მას შემდეგ, რაც წინა ორი წლის განმავლობაში ჩვენს კლასში წარმატებით განხორციელდა პროექტი „ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს“, რომლის შეს ახებაც უკვე მოგიყევით ერთ-ერთ სტატიაში როგორ ვაქციოთ მოსწავლის ინტერესები სასწავლო პროექტადსაჭიროდ მივიჩნიე, მასში მცირედი ცვლილება შეგვეტანა, რათა მოსწავლეებისთვის მოსაწყენი არ ყოფილიყო ამ პროექტში მონაწილეობა. ბავშვებს შევთავაზე, რომ, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში თითოეული მათგანის ინტერესთა სფეროს გავეცანით, მასზე შეკრებილი ინფორმაცია მოვისმინეთ, ახლა სასკოლო საზოგადოების ინტერესთა სფერო გამოგვეკვლია და ამაზე შეგვეკრიბა ინფორმაცია. სახელი მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე – პროექტს დავარქვით „ის, რაც სასკოლო საზოგადოებას აინტერესებს“.

პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ინდივიდუალურად უნდა ჩაეტარებინათ ერთგვარი კვლევა, შეერჩიათ ხუთი სასურველი რესპონდენტი, აუცილებლად სკოლის კედლებში, და ჩაენიშნათ თითოეული მათგანის პასუხი კითხვაზე: რა აინტერესებს. გამოკითხეს პარალელურკლასელები, თანასკოლელები, მანდატურები, დარაჯები, დამლაგებლები, ადმინისტრაცია, მოკლედ, ვისაც ვინ უნდოდა. ჩაინიშნეს მათი ინტერესის სფეროები.

მეორე ეტაპზე მოსწავლეები გაერთიანდნენ ჯგუფებად (თითოეულში – 4 მოსწავლე). განიხილეს შეგროვებული პასუხები, სულ – 20 ცალი (რადგან თითოეულს 5 ადამიანისგან ჰქონდა მიღებული პასუხი). მსგავსი პასუხები გააერთიანეს და ჩამოაყალიბეს ერთი თემა, იმ სფეროზე, რომელიც მიღებულ პასუხებში ყველაზე მეტჯერ ფიგურირებდა.

მესამე ეტაპზე თითოეულმა ჯგუფმა შეაგროვა ინფორმაცია შერჩეული თემის შესახებ. დაიწყეს მზადება საბოლოოდ წარდგენისთვის.

მეოთხე ეტაპზე გაიმართა პრეზენტაცია, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ არა მარტო თანაკლასელები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც გამოკითხეს.

პროექტი თავისი ფორმატით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. სასკოლო საზოგადოების პასუხებიდან გამომდინარე, შეირჩა საინტერესო თემებიც:

  • „წარმატებული, მშვიდობიანი, ბედნიერი ცხოვრება, სადაც ბავშვები დაცულნი არიან“.
  • „რა არის განათლება და გვადგება თუ არა პროფესიის არჩევისას?“ (ყურადღება მახვილდება შემდეგ პროფესიებზე: დანტისტობა, მომღერლობა, დიზაინერობა, მხატვრობა)
  • სწავლის აქტიური სახეები (ცეკვა, კარატე…)
  • „კოსმოსის უცნაური ამბები“
  • „ზოგადი განათლება“
  • მუსიკის როლი სპორტში (კალათბურთი, ფეხბურთი)
  • „ცეკვის სიკეთეები“
  • „ჟურნალისტების როლი მოდის, სპორტისა და ხელოვნების განვითარებაში“

აღსანიშნავია, რომ პრექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა მოეწვიათ ერთი ან ორი ისეთი სტუმარი, რომელიც კომპეტენტურად მიაჩნდათ იმ სფეროში, რომელსაც მათი პრეზენტაცია ეხებოდა. მაგალითად, გუნდმა, რომელსაც ჰქონდა თემა „წარმატებული, მშვიდობიანი, ბედნიერი ცხოვრება, სადაც ბავშვები დაცულები არიან“, სტუმრად მოიწვია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე. მოწვეული სტუმრებიც აქტიურად ჩართეს საკუთარ გამოსვლებში და, საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული გამოსვლა გამოუვიდათ, რასაც აუდიტორიის შეფასებებიც მოწმობდა. ერთ-ერთმა გუნდმა, რომლის თემაც იყო „ზოგადი განათლება“, სტუმრად სკოლის ხელმღვანელის, საგანმანათლებლო პორტალ „izrune.ge“-ს დამფუძნებლის, ზოგადი განათლების განვითარების დარგში აქტიურად მოღვაწე გოჩა ტყეშელაშვილის მოწვევა გადაწყვიტა.

ბავშვები წერენ წერილებს, უხსნიან სასურველ სტუმრებს, რატომ სურთ მათი მოწვევა და არწმუნებენ, რომ ესტუმრონ.

პროექტის ფარგლებში შვილებს აქტიურად ეხმარებიან მშობლებიც.

მიზანი, რომ მოსწავლეებმა განივითარონ კვლევის, შემოქმედებითი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, პრეზენტაციის, აუდიტორიის წინაშე საუბრის და სხვა უნარ-ჩვევები, პროექტის ფარგლებში მიიღწევა.

კორონას დღიურები / ნაწილი პირველი

0

მორწმუნესთვის ეს სასჯელია რწმენის სიმცირის გამო.

ურწმუნოსთვის ეს სასჯელია ფიქრის ნაკლებობის გამო.

მოგზაურისთვის ეს სასჯელია გზების გამოტოვების გამო.
მდიდირისთვის ეს სასჯელია გადარაზული ფულის საცავის გამო.
მკითხველისთვის ეს სასჯელია წაუკითხავი წიგნების გამო.
შეყვარებულისთვის ეს სასჯელია დავიწყებული კოცნის გამო.
მტრისთვის ეს სასჯელია დავიწყებული პატიების გამო.
ადამიანისთვის ეს სასჯელია სიცოცხლის ვერ შემჩნევის გამო. სიხარულის ვერ შემჩნევის გამო. ტკივილის ვერ შემჩნევის გამო. ბედნიერების ვერ შემჩნევის გამო. მწუხარების ვერ შემჩნევის. სხვისი ვერ შემჩნევის გამო. საკუთარი თავის ვერ შემჩნევის.
მსოფლიო არასდროს ყოფილა ასე ჩაკეტილი და ასე ერთიანი. ეს ამ ვირუსის უმთავრესი პარადოქსია. დიდი და მნიშვნელოვანი პარადოქსი.
შეიცვლება რამე? ვერ გიპასუხებთ. ადამიანის განსაზღვრა წარმოუდგენელი რამეა. ან ეგებ შეიცვალა უკვე. ძალიანაც შეიცვალა. მე მინდა, რომ შეიცვალოს.

 

ცარიელ მანქანის სამრეცხაოში ვზივარ ერთადერთი მოწყენილი კლიენტი. ცოტა დრო მაქვს და თქვენს გასახალისებლად, წარმოვიდგინე, მსოფლიო კლასიკის შედევრების დასაწყისები კორონავირუსის კონტექსტში რომ დაწერილიყო. ცხადია, კამიუს ,,უცხოს” ან ტვენის ,,ტომ! პასუხი არ არის!” შავ იუმორად ქცევას მოვერიდე.
მაშ, ასე:

“გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, აფთიაქში რომ შევიდა და პირბადე ხომ არ გაქვთო, იკითხა. პირველად მაშინ გადარჩა დახვრეტას”
(გაბრიელ მარკესი. “მარტოობის ასი წელიწადი”)

“კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა და აფრიკაში ამსიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან გაყინული და გამოფიტული დისპენსერი გდია. კაცმა არ იცის, ვინ აიტანა იმ სიმაღლეზე” (ერნესტ ჰემინგუეი. “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა)

“გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, თბილისის აეროპორტს ორი ნიღბიანი მოქალაქე ეწვია”
(მიხაილ ბულგაკოვი ” ოსტატი და მარგარიტა”)

“წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელშიც ამჯერად სადეზინფექციო სითხე ესხა”
(ჯეიმს ჯოისი ,,ულისე)

,,საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ დიდი ქონების პატრონ მარტოხელა მამაკაცს, თუ ის ბოლო დროს იტალიაში იყო, უსათუოდ კარანტინი სჭირდება”
(ჯეინ ოსტინი ,,სიამაყე და მცდარი აზრი”)

 

ჟურნალ “სკოლის მართვის” პირველი ნომერი გამოიცა

0

გამოიცა ჟურნალ “სკოლის მართვის “ 2020 წლის პირველი ნომერი.

რედაქტორი- გია მურღულია

კორექტორი– მაია წიკლაური

დიზაინერი–  ბესიკ დანელია

ნომრის ავტორები: მარიამ ჩიქობავა, ნინო გურგენიძე, თამარ ჯაყელი, ია აფთარიშვილი, ნიკოლოზ სილაგაძე, ალექსანდრე ასათიანი, თინათინ ცერცვაძე

სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე – განათლების დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი
ნატალია ინგოროყვა- სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო- საგანმანათლებლო
და მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
არჩილ სუმბაძე- ბაქსვუდის სკოლის დირექტორი
ავთანდილ აბდუშელიშვილი- სკოლა „შავნაბადას“ დირექტორი
გიორგი გახელაძე- ევროპული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

გიორგი ჭანტურია – კოალიციის „განათლება ყველასათვის“ დირექტორი

 

ამ ნომერში წაიკითხავთ:

სკოლის მართვა #1

სკოლის მართვა

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...