შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

საინფორმაციო ლავა – როგორ გავუმკლავდეთ „სტიქიას“?

0

ყალბ ცნობებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება დღევანდელ სამყაროში არ არის ადვილი. ინფორმაცია სტიქიური ძალით მოედინება, ეს საინფორმაციო ლავა ყოვლისწამლეკავია. სხვათა შორის – ფხიზელი გონებისაც.

ბოლო დღეებში უამრავი “ახალი ამბავი” შევიტყვეთ. “მარიხუანა კორონა ვირუსისგან კურნავს”, “ვენეციის არხებში დელფინები დაცურავენ”, “სპილოები გამოთვრნენ და დაიძინეს”…

როგორ გავუმკლავდეთ სტიქიას, რომელსაც ხატოვნად საინფორმაციო ლავა შეგვიძლია ვუწოდოთ? რა უნდა ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს, რათა მათ შეძლონ ყალბი ცნობებისა და დეზინფორმაციის ამოცნობა?

ამ ონლაინ გაკვეთილის მასალა მეათე და მეთორმეტე კლასისთვის გავამზადე, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ყველასთვის აქტუალურია.

წყაროებისა და სპეციალური ლიტერატურის დამუშვების შემდეგ მოკლედ და ლაკონიურად ვცადე გადმომეცა უმთავრესი და ამ კვლევის “დაიბადა” მასთ ტექნიკა.

ახალი ამ მეთოდში არაფერია. უბრალოდ, შეკუმშული და მოსწავლეებისთვის მოსახერხებელი სახითაა წარმოდგენილი მედიაწიგნიერების ანაბანა.

ბევრი ვიფიქრე აბრევიატურაზეც.

ვცადე ათამდე სხვადასხვა ვარიანტი. საბოლოოდ, მასთ “დაჯდა”.

 

ბლოგში გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას, სავარჯიშოებს, მასალას და საკუთრივ მეთოდის აღწერას.

გამოყენებული რესურსების ჩამონათვალი:

ვებგვერდი commonsense.org – Fact-Checking, Fake News, and Understanding Bias

ვებგვერდი https://mastsavlebeli.ge – როგორ დავწეროთ  რეფლექსია

ვებგვერდი mediachecker.ge –  თებერვალში გავრცელებული დეზინფორმაცია; ვინ არიან ქართული ონლაინ გამოცემების მესაკუთრეები?

ვებგვერდი https://medialiteracynow.org/resources-for-teachers/

ვებგვერდი https://mediasmarts.ca

გაკვეთილის თემა და გეგმა

 

გამოწვევის ფაზა

 

 

 

მოსწავლეებს ვთხოვე, დაეთვალიერებინათ გუგლ საკლასო ოთახში ატვირთული ეს ფოტოები. დაფიქრებულიყვნენ და წერილობით ეპასუხათ შემდეგ კითხვებზე:

რა აქტუალური პრობლემაა ასახული მოცემულ ფოტოებზე? რა თემა აერთიანებს ამ ფოტოებს? რა ცოდნა გაქვს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით?

 

კითხვარი

საინტერესოა, რა წყაროებს იყენებენ ჩვენი მოსწავლეები ყველაზე ხშირად ახალი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ასევე მონაცემების გაანალიზებისა და დამუშავების უნარების განსავითარებლად გუგლის საკლასო ოთახში ავტვირთე კითხვარი:

 

კითხვარს მოსწავლეები ავსებენ და საბოლოოდ, თავად აანალიზებენ სტატისტიკურ მონაცემს – რა არის ინფორმაციის ძირითადი წყარო მათთვის.

ვაცნობთ ახალ ტექნიკას:

 

 

გაიაზრე მოცემული ინფორმაცია:

რატომ არის ეს ტექნიკა მნიშვნელოვანი?

ჩამოწერე კონკრეტული კითხვები  – რა ვერ გაიგე? რისი ახსნა/განმარტება გჭირდება? რა არის გაუგებარი?

მას შემდეგ, რაც ვუპასუხებთ მოსწავლეების კითხვებს, შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენ მიერ შემუშავებული ახსნა-განმარტებები. მოცემულ ნიმუშში თავი მოვუყარე დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, დავაჯგუფე მოცემული ტექნიკის შემადგენელი კომპონენტების მიხედვით. მაგალითად, მიზანი – ამ კომპონენტს მოჰყვება სპეციალისტის კომენტარი, ასე ვთქათ, „ირიბი განმარტება“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს, უკეთ გაიაზროს, რა იგულისხმება:

 

მიზანი:

ამონარიდი სტატიიდან „თებერვალში გავრცელებული დეზინფორმაცია“, ავტორი – ნინო დანელია, ვებგვერდი mediachecker.ge

 

 

რას ნიშნავს სანდოობა და როგორ მივხვდე, ვინაა სანდო?

ორმა ან მეტმა სანდო წყარომ უნდა დაადასტუროს დეტალები, მოგვაწოდოს ფაქტობრივი მონაცემები და გაუზიაროს საკუთარი გადაწყვეტილებები საზოგადოებას. სანდო წყაროებია ის ადამიანები, მეცნიერები, ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ექსპერტებს, თვითმხილველებს ან თავად არიან მოვლენის მონაწილეები, რაიმე დარგის სპეციალისტები ან ექსპერტები,  ვისაც შეუძლია ზუსტი და სანდო ინფორმაციის მოწოდება.

ნიმუში – გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის არხებში დელფინები შენიშნეს, ავტორიტეტულმა ორგანიზაცია „ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ (National Geographic) გააბათილა. მოსწავლეებს შეუძლიათ მცირე კვლევაც ჩაატარონ ამ მიმართულებით.

თარიღი – დრო მნიშვნელოვანია!

ახალი ამბავი არის ინფორმაცია, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ კონკრეტულ დროსა და მოცემულობაში, რათა რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ. თარიღის მითითება მნიშვნელოვანია, რადგან მოცემულობა/რეალობა იცვლება და ინფორმაცია განახლდება შესაბამისად.

მითხარი, ვინ დგას ინფორმაციის უკან და გეტყვი…

ტენდენციური ორგანიზაციებისა და ავტორების მიერ გამოქვეყნებულ ცნობებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ასეთებია ორგანიზაციები და ავტორები, რომლებიც მოქმედებენ კონკრეტული, სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე. ილუსტრაცია იხ. ქვემოთ:

წყარო: https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/72243-vin-arian-qarthuli-onlain-gamocemebis-mesakuthreebi

 

გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი დაეთმობა რეფლექსიას.

სთხოვეთ მოსწავლეებს, უბრალოდ, დაასრულონ ფრაზები:

 

  • საინტერესო იყო…
  • ყველაზე უკეთ გამომივიდა…
  • მე ვისწავლე…
  • გაკვეთილმა მომცა…
  • რთული აღმოჩნდა…
  • მე გავიგე, რომ…
  • მე ახლა შემიძლია…
  • გაკვეთილი მომეჩვენა…

 

 

 

 

 

ფლეშბარათებისა და სამუშაო ფუცლების გამოყენების უპირატესობა გაკვეთილზე

0

ისევე როგორც ყველა მოტივირებული მასწავლებელი, მეც ყოველთვის ვეძებ სხვადასხვა მეთოდს სასწავლო პროცესის გასახალისებლად, იმისთვის, რომ სწავლის პროცესი რუტინად არ იქცეს მოსწავლეებისთვის, რომ ფიზიკა მათთვის საყვარელ და საჭირო საგნად ვაქციო.

მინდა, საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაყრდნობით გაჩვენოთ ფლეშბარათებისა და სამუშაო ფურცლების გამოყენების უპირატესობა ფიზიკის გაკვეთილზე. შევეცადე, უცხო ენებისა და მათემატიკის სწავლებისას კარგად აპრობირებული ეს მეთოდი ფიზიკაშიც გადმომეტანა.

რა არის ფლეშბარათი (flashcard) და სამუშაო ფურცელი (worksheet)? ესენია მცირე ზომის ბარათები, რომლებზეც დატანილია მოკლე ინფორმაცია: განმარტება, ნახატი, ნახაზი, სქემა, დიაგრამა, ამოცანა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში.

როგორი უნდა იყოს ფლეშბარათები და სამუშაო ფურცლები? რა თქმა უნდა, ფერადი, ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი, მარტივი, მრავალჯერადი გამოყენების, მაგრამ მათი მომზადებისას აუცილებელია უამრავი ნიუანსის (სწავლების საფეხურის, კლასის, მოსწავლეთა მზაობის, ცოდნის დონის) გათვალისწინება.

ფლეშბარათებისა და სამუშაო ფურცლებისა დამზადებისას მასწავლებელმა, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა აზროვნების დონე, კლასის საჭიროებები, მოსწავლეთა უნარები, ცოდნის გამოცდილება, ბუნებრივი შესაძლებლობები და ინტერესები. მან სწორად უნდა შეარჩიოს გაკვეთილის შესაბამისი აქტივობები და სასწავლო მასალა ბარათებსა თუ ფუცელებზე გადაიტანოს. მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს, რა მიზანს ემსახურება მათი გამოყენება, რომელი აქტივობების განხორციელება შეგვიძლია მსგავსი ბარათებით, რა გავლენას მოახდენს მათი გამოყენება მეხსიერების გაუმჯობესებაზე.

სასურველია, ასეთი ფლეშბარათებისა და სამუშაო ფურცლების კომპლექტი მოჰყვებოდეს სასკოლო სახელმძღვანელოს დანართის (სამუშაო რვეულის) სახით, მაგრამ თუ მასწავლებელი კრეატიულია, მოტივირებული და „ცოტათი განსხვავებულიც“, შეუძლია, თვითონვე დაამზადოს ისინი კონკრეტული საკითხის შესასწავლად ჟურნალებიდან ამოჭრილი თუ ინტერნეტში მოძიებული სურათების საშუალებით.

ფლეშბარათები ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა ინფორმაციის მისაღებად. ეს ბარათები ხელს უწყობს ლოგიკურ-მათემატიკური და სივრცული ინტელექტის განვითარებას, საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ადვილად აითვისოს და დაიმახსოვროს ახალი ინფორმაცია, ტერმინი, განმარტება, ფორმულა. ასევე მათი მეშვეობით ადვილია ინფორმაციის აღდგენა და აუდიტორიისთვის წარდგენა. სწავლა-სწავლების პროცესი უფრო ეფექტური ხდება, თუ მასწავლებელი რაღაც ინტერვალით მიმართავს გამეორების მეთოდს. ინტერვალებით გამეორება არის სივრცეში გამეორება და მეხსიერებაში შენახვის ტექნიკა, რომელიც თამამად შეიძლება გამოვიყენოთ სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება სამუშაო ფურცლებს, ისინი წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ დიფერენცირებული სწავლებისთვის, სამუშაო ფურცელი შეგვიძლია შევადგინოთ მოსწავლის სწავლების ტემპის, ცოდნის დონის, ამოცანის სირთულის, სწავლის სტილისა და ინტერესების მიხედვით (Heacox, 2002).
დაკვირვება აჩვენებს, რომ საშუალო და საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეც კი სამუშაო ფურცლების გამოყენებისას უფრო აქტიური ხდება და უფრო მეტ ცოდნას იძენს.

სამუშაო ფურცლებზე მოცემული დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეს თუ გადავცემთ პასუხებს („გასაღებს“), ის თავად შეაფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, მოინიშნავს, რა გააკეთა სწორად და რა – არასწორად, რა საკითხი იცის და რაზე სჭირება ყურადღების გამახვილება, ანუ ეწევა თვითრეფლექსიას, წარმოდგენილი შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, მოსწავლემ თა­ვად შეაფასოს საკუთარი სწავლის დონე და თავადვე განსაზღვროს დრო, რომელიც მას სას­წავლო მიზნის მისაღწევად დასჭირდება.

სამუშაო ფურცლებითა და ბარათებით მარტივდება სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა. ასეთი მოსწავლეები ბარათების საშუალებით ახერხებენ კავშირების დადგენას, ბარათების იდენტიფიკაციას და ა.შ.
ასევე ეფექტურია მრავალრიცხოვან კლასში სამუშაო ფურცლებით ბლიც-გამოკითხვა. მაგალითად, ფლეშბარათებს თუ მივცემთ ასაწყობი ფაზლის სახეს და მოსწავლეებს შევთავაზებთ ასეთ თამაშს: „არ გაწყვიტო ჯაჭვი“, ერთ ჯგუფს დავალებად მივცემთ „ძალას“, ხოლო მეორეს – „სიმძიმის ძალას“, ისინი ადვილად გაართმევენ თავს დავალებას და მოახდენენ ასეთ დაჯგუფებას:

სახელწოდება აღნიშვნა SI სისტემის ერთეული შემოკლებული აღნიშვნა გამოსათვლელი ფორმულა მუდმივი სიდიდე
ძალა F ნიუტონი    
სიმძიმის ძალა Fსიმ ნიუტონი F=mg g»9.8 ნ/კგ

 

ამ სტატიაში წარმოდგენილია ჩემ მიერ შექმნილი ფლეშბარათები და სამუშაო ფურცლები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. ამ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილები სახალისოა; მოსწავლთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩართულია; მათი საჭიროებების შესწავლით და მათი სურვილების გათვალისწინებით მათთან ერთად ვადგენ სამუშაო გეგმას და შემთხვევითობის პრინციპით ვანაწილებ დავალებებს. ვცდილობ, თითოეულ მოსწავლეს მოვარგო ისეთი worksheet, რომ მივცე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება. შემუშავებული გვაქვს დროის მენეჯმენტი, თითოეული მოსწავლე ეწევა თვითრეფლექსიას და იღებს უკუკავშირს, ახდენს თვითშეფასებას და ცდილობს მიღებული შედეგების გაუმჯობესებას.

ამ ფლეშბარათზე მოცემულია ნახატები და მოსწავლეს ევალება, განსაზღვროს (ამოჭრას, დააჯგუფოს, მიუწეროს) აგრეგატული მდგომარეობა ოთახის ტემპერატურაზე:

ამ ფლეშბარათის გამოყენება კი სხვადასხვაგვარად შეიძლება: თავისუფალ ადგილზე იწერება ამოცანა, ნახატის ქვეშ კი – მისი სწორი პასუხი. მაგალითად: განსაზღვრეთ მანქანის სიჩქარე, მანქანის მიერ განვლილი მანძილი, მანქანის მიერ მგზავრობისას დახარჯული დრო, – და ა.შ. გარდა ამისა, მოსწავლეს ეძლევა საშუალება, თავად მოიფიქროს ამოცანა ამ თემაზე. შეგვიძლია მივუთითოთ თითოეული სხეულის სიჩქარის სხვადასხვა ერთეული, მოსწავლემ ისინი გადაიყვანოს SI სისტემის ძირითად ერთეულებში და ერთმანეთს შეადაროს:

მოცემული ბარათის საშუალებით მოსწავლეს საშუალება ეძლევა, ააგოს სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი:

აქ წარმოდგენილ ბარათებზე კი მოცემულია სხვადასხვა სირთულის ამოცანები ბერკეტის წონასწორობის შესახებ. ამ ამოცანების გამოყენება სხვადასხვაგვარად შეიძლება:

  • მივცეთ ფლეშქარდები მოსწავლეებს ცოდნის დონის გათვალისწინებით (დიფერენცირებული სწავლება)
  • ან როგორც საშინაო დავალება
  • ან როგორც შემაჯამებელი სამუშაო

 

მომდევნო ამოცანაში მოცემული ფლეშბარათი მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ჯგუფური (წყვილებში) მუშაობისთვის საკუთარი შეხედულებისამებრ:

 

 

რეკომენდაციას ვუწევ „ფლეშბარათებისა და სამუშაო ფუცლების“ მეთოდით სწავლების პოპულარიზაციას, რადგან ის ძალიან კომფორტულია მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მეთოდით სწავლობს უფრო მეტი მოსწავლე და სწავლობს უფრო მეტს, ხდება ინფორმაციის შენარჩუნება და იზრდება მოსწავლეების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

ფლეშბარათებითა და სამუშაო ფუცლებით სწავლება ინტერაქციული სწავლების მეთოდია და ღირებულია გრძელვადიანი მეხსიერების გაუმჯობესებისთვის, ეხმარება მოსწავლეებს როგორც საკუთარი თავის აღმოჩენაში, ისე გუნდური მუშაობის პრინციპების გათავისებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა – https://ncp.ge/
  2. ლ. ჩიჩუა, რ. ქანთარია. „ფიზიკის ამოცანათა კრებულები“. მე-7, მე-8 კლასები

 

 

 

 

 

 

სკოლა თავშესაფარი არ უნდა იყოს, არც მასწავლებლისთვის და არც მოსწავლისთვის

0

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიორგი ლიპარიშვილის პირველი გაკვეთილი ასეთი იყო: ეგონა, ჯგუფში ყველა მოსწავლე ტომ სოიერად და პეპი გრძელიწინდა ქცეულიყვნენ, თავდაყირა იდგნენ და გაკვეთილის ამოყირავებასაც აპირებდნენ. ახალბედა მასწავლებლის პირველი დღის გამოცდილება მაინც რთული აღმოჩნდა: გაკვეთილის შემდეგ ეზოში გავიდა, ღრმად ამოისუნთქა და დარეკა… თუმცა, ამის მერე თავადაც შეიცვალა და გაკვეთილებიც შეცვალა, ბევრი რამ თავადაც ისწავლა და მოსწავლეებსაც ასწავლა. ამასობაში, ორი წელიც გავიდა… ახლა გაკვეთილების შემდეგ უფრო ლაღად მოაქროლებს თავის სკუტერს და ახალ გაკვეთილებს გეგმავს თავისი მოსწავლეებისთვის.

თქვენ შესახებ მოგვიყევით. რატომ დაინტერესდით მასწავლებლობით?  

 

განათლებით ტელერადიოჟურნალისტი ვარ, რამდენიმე ტელევიზიაგამოვლილი, 10-ზე მეტ გადაცემაში ვმუშაობდი. ილიას უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, ვმუშაობდი და ვმუშაობ პიარში, სოციალურ მედიაში, მარკეტინგში, მუშადაც მიმუშავია. ჩემს ასაკზე მეტი პროფესია გამომივლია და ამიტომ, ყველა საქმეს პატივს ვცემ, მაგრამ მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობა აღმოჩნდა ჩემთვის. თან ასე მგონია, სკოლაში რომ ხარ, სულ ახალგაზრდა ხარ, სულ სწავლობ და მუდმივად განვითარების რეჟიმში ხარ.

მასწავლებლობაზე ფიქრი როდის დაიწყეთ?

მასწავლებლობაზე პირველად სტუდენტობის დროს შემომეფიქრა. „კინოს სახლში“ ქართულ ფილმს ვუყურებდი, ლევან აბაშიძე სოფლის სკოლის მასწავლებელი იყო, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სკოლაში ხან შეშას ჩეხდა, ხან სოფლის სხვა ამბებში ერთვებოდა, ბავშვებს ეთამაშებოდა… დარბაზი გადაჭედილი იყო. ფეხზე ვიდექი და ისე ვუყურებდი. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა ჩემზე.

 

როგორი იყო პირველი შეხვედრა სკოლაში ბავშვებთან და როგორ ჩაიარა პირველმა გაკვეთილმა?

 

პირველ გაკვეთილს ახლა მხიარულად ვიხსენებ, მაგრამ თავის დროზე ეს იყო შოკი. მეგონა, კლასში ყველა ტომ სოიერი და პეპი გრძელი წინდა იყო, განსაკუთრებული ნიჭის, უნარის, თავისუფლების, ძალის თავდაყირა ბავშვები. გაკვეთილის ბოლოს კლასიდან გამოვედი, მერე სკოლის გარეთ გავედი, ღრმად ჩავისუნთქე… მერე ცოტა აზრზე მოვედი, ძალა ვიპოვე, კიდევ ვცადე, მერე კიდევ და ახლა ეს კლასი ჩემი სადამრიგებლო კლასია.  ძალიან მხიარული, დამოუკიდებელი და ძალიან ყოჩაღი გოგო-ბიჭები არიან.

 

თქვენს ფეისბუქზე ხშირად აზიარებთ საგაკვეთილო პროცესის პოზიტიური გამოცდილების ამსახველ ფოტოებს. მოგვიყევით, როგორ გადაიქცა მოსაწყენი გაკვეთილები, საინტერესო და სათავგადასავლო პროექტებად?

მოსაწყენ გაკვეთილს ბავშვი არ გაპატიებს. პირიქით, სულ ფორმაში გამყოფებს, სულ მოლოდინი აქვს რაღაც ახალის, აინტერესებთ რას გავაკეთებთ დღეს, ამ კვირაში და ა. შ. კეთებით და პირადი გამოცდილების საფუძველზე ბევრ რამეს სწავლობენ და ერთადაც ვსწავლობთ, რადგან ამ პროცესში ბევრი რამ არის საინტერესო: თამაში,  ცდა,  აღმოჩენები, თავდაჯერება, საკუთარი თავისა და შესაძლებლობის რწმენა და ბევრი სიხარული. მაგალითად, ერთხელ ერთმა მოსწავლემ, ანამ ნაჭრისგან ჩანთა გააკეთა და შესაკრავად ლეგოები გამოიყენა. ჩვენ მასწავლებლებმა სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ცოდნა, რომელსაც ვაძლევთ, ცხოვრებაში უნდა გამოიყენონ და ახალ გამოცდილებად გარდაქმნან.

 

როგორ გეგმავთ ასეთ გაკვეთილებს და რა არის თქვენი მთავარი საგანმანათლებლო მიზანი?

 

ჩემი გაკვეთილების სამზადისი ბაბუაჩემის სახელოსნოს მახსენებს – ბევრ სხვადასხვა ყუთში ჩაწიკწიკებული ნივთები თაროზე წიგნებივით ჰქონდა შემოწყობილი, სამუშაო იარაღები ნახატებივით ეკიდა, მინის ჭერიც მოხატა, თიხისგან ლარნაკებს ამზადებდა, პროფესიით ელექტროინჟინერი ძველ ნივთებს ძველი ნივთების კოლექციონერივით აგროვებდა. მაგ. გაფუჭებული მაცივარი მწვანედ შეღება და კარადად გადააკეთა. მეც შემგროვებელი ვარ, მერე ბავშვებთან ერთად ვშლი, ან ბავშვებს ვაშლევინებ სხვადასხვა ტექნიკას. „გამომგონებლობანა” დავარქვი ამ პროცესს, გადაგდებას გადარჩენილ ნივთს ერთმანეთთან აკავშირებს ბავშვი და ახალ ნივთს, სათამაშოს აკეთებს. ზოგჯერ, კონკრეტული საქმე აქვთ, მაგალითად, მაგნიტური წიგნები ან მინიატურული ბლოკნოტების გაკეთებას ცდილობენ, რომლებსაც ჯერ მე ვსწავლობ, მასალას ვიმარაგებ და მერე ერთად ვაკეთებთ. ლეგოს რომ ინსტრუქცია მოჰყვება და უნდა მიჰყვე ამ ინსტრუქციას ასეა, ზოგჯერ ინსტრუქციის გარეშე ვიწყებთ მოქმედებას. მაგ. ნაგვის ჩასაგდები კალათა დავამაგრეთ, კალათბურთის ფარის ფორმის პატარა კალათა ურნის თავზე, რომ ნაგვის ურნაში ჩაგდებას თამაშით, დამიზნებით, მიზნით მივეჩვიოთ, გავიხსენოთ და გავითავისოთ.

ჩვენ გამოცდილებათა გაზიარების საუკუნეში ვცხოვრობთ და ამ გამოცდილებების გაზიარებით ვამზადებ მეც გაკვეთილებს, ზოგი მეგობართან მინახავს, ზოგი ინტერნეტსივრცეში, ფილმებში, წიგნებში (იდეების კორიანტელში), ბავშვებში, საკუთარ თავშიც, ქუჩაშიც და სახლშიც ვპოულობ…

მთავარი საგანმანათლებლო მიზანი კი ფიქრის აშლაა, იმაზე დაფიქრება, როგორ გავაკეთოთ, როგორ გავბედოთ ცდა, როგორ არ შევწყვიტოთ მცდელობები და როგორ ვაქციოთ ცოდნა საქმედ.

ხომ არ გაიხსენებდით ისეთ მასწავლებელს, რომელმაც თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა

მე ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ ჩემი სკოლის ისტორიის მასწავლებელმა რუსუდან ჟღენტმა ერთხელ აღმოაჩინა, რომ შემდეგი გაკვეთილიც ვიცოდი ხოლმე, ამიტომ გამათამამა და მე მახსნევინებდა გაკვეთილს. იმ დროს მეც მასწავლებელი მეგონა თავი. უნივერსიტეტში ლექტორმა ბუბა კუდავამ, როდესაც წერითი გამოცდა ჩავაბარე, სხვების ნაწერის გასწორებაში ჩართვა შემომთავაზა. ერთმა სტუდენტმა ნუციმ წერა მასწავლა, რამეს უნდა წერდეთო; ერთმა მოსწავლემ ლუკამ ფეხბურთი მასწავლა, შემაქო არაამქვეყნიურად ურტყამთო და იმის მერე სულ ვთამაშობ; მეზობელმა ლიანა დეიდამ კითხვის სიყვარული მასწავლა, როცა ჩემს ქალაქში არცერთი წიგნის მაღაზია არ იყო, მან  თავისი სახლის ბიბლიოთეკით გამაოცა; ჩემმა შვილმა თევდორემ, მამობა, შვილ-მამობა მასწავლა… ბევრი სახელი და გვარია ჩემი მასწავლებელი.

როგორია ის ერთი დღე, როდესაც კმაყოფილი ხართ თქვენი თავით, თქვენი საქმიანობით?

იმ დღეს მხრებში გაშლილი მოვაქროლებ სკოლიდან ჩემს თვითმავალს, სკუტერს, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე, მხოლოდ ჩემი მუხლის ენერგიით, ბორბლებისა და საჭის მოძრაობით დამაქროლებს. ჩემს თვითმავალს სკოლაში მეზობლებიც გაუჩნდა, ბავშვებიც დადიან სკუტერებით, ჩემი შვილიც. წარმატებული და ბედნიერი სკოლის დღეების ამბებს შვილს ვუზიარებ გზაში, მას ვუყვები ჩემს მცდელობებზე, წარმატებებზე, შეცდომებსა და სხვადასხვა შემთხვევებზე და ისევ ახალ სამზადისს ვიწყებ.

როგორი უნდა იყოს სკოლა მოსწავლისთვის?

სკოლა თავშესაფარი არაა, არც მასწავლებლებისთვის, არც ბავშვებისთვის და არც მშობლებისთვის. სკოლა ცოდნის, გართობის, თამაშის, ურთიერთობების, ცოდნის გაზიარებისა და ღირსების ზრდის ადგილია. თუ მოსწავლე ასე იყალიბებს ცოდნას, ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი სწორად მოქმედებს და ეს შედეგი  მასწავლებლისთვისაც  ძალიან დიდი ჯილდოა.

 

იზოლაცია ჰომეროსის გარეშე და უჰექსამეტროდ  

0

არ ვიცი, განგებ წავედი თუ რამ მაიძულა

რომ საკუთარ თავს გავქცეოდი –

ამ ვიწრო და უჟმურ ითაკას,
სავსეს ათასი ქრისტიანული ძმობითა
და
დამხრჩვალს საკუთარ და სხვებისგან ნასწავლ ეთიკით
“.

დინოს ხრისტიანოპულოსი

 

ამ საყოველთაო  იზოლაციათა, უფრო დრამატული ქართულით რომ ვთქვათ  – განკუნძულებათა[1] ჟამს, ადამიანებს სამყარომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ შეუცვლელად ძვირფასი ერთმანეთისთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთია. ამიტომ ჩვენი ყველაზე უფრო სიღრმისეულად მტანჯველი ინსტიქტისა თუ გარდუვალობის – მარტოობის განსაქარვებლად, ნაცადი და უებარი საშუალება – ლიტერატურა და ხელოვნება გაგვახსენდა მთელი თავისი დიდებულებით. და თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს, ეს უნდა იყოს ამ განსაცდელის ნათელი მხარეც.

რაკი გამონაკლისი არასდროს ვყოფილვარ, მეც ლიტერატურასა და ხელოვნებაზე დილეტანტურ ფიქრებში გამყავს ჩემთვის განკუთვნილი დრო, რომელსაც ფონად სამი ნახატი და რამდენიმე მითი გასდევს. ეს მითები და ნახატები მთელი ცხოვრებაა მიყვარს, მაგრამ მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში მე ვარ მათი პერსონაჟი. აქვე მინდა გახაროთ, რომ ამ მითებისა და ტილოების პერსონაჟები ბრძანდებით თქვენც, ჩემო ძვირფასო მკითხველებო.

არნოლდ ბეკლინი კუნძულების მხატვარია. არა მხოლოდ ამიტომ, მაგრამ სწორედ ამიტომაც მე – ასე მყარად „განკუნძულებულს“ ეს მხატვარი მახსენდება ყველაზე ხშირად. მის ფუნჯს ეკუთვნის ჩემი იზოლაციის ფიქრებით შეფერილ დღეთა პირველი ფონი – 1883 წელს შექმნილი ტილო, სახელწოდებით „ოდისევსი და კალიფსო“.

არნოლდ ბეკლინი გარდა იმისა, რომ კუნძულების მხატვარია, იგი ბერძნული კუნძულების მხატვარიცაა, უფრო სწორად კი იმ მითოლოგიური კუნძულებისა, რომლებიც მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის დასაწყისში მდებარეობენ. ამ კუნძულებზე და კიდევ სხვა, უფრო რეალურ კუნძულებზე შემდეგ ეპიზოდში გიამბობთ, აქ კი თხრობა მოგზაურობის ამბით მინდა დავიწყო.

თუ ფიქრობთ, რომ მოგზაურობის თანმდევი იზოლაცია ამ ჩვენი ვირუსული ეპოქის „მონაპოვარია“, მინდა დაგამშვიდოთ და პირველი და ყველაზე დიდი მოგზაურის – ოდისევსის ამბავი შეგახსენოთ:

ჰომეროსის „ოდისეას“ პირველსავე თავში ვკითხულობთ, რომ მაშინ, როდესაც ტროას ომსა და ზღვის ღელვას გადარჩენილი ყველა ბერძენი გმირი მშობლიურ ჭერქვეშ ნეტარებდა, „მარტოოდენ ოდისევსს, სამშობლოსა და მეუღლის მონატრულს, ღრმა მღვიმეში აკავებდა მისი ქმრობის მოწადინე თმამშვენიერი ნიმფა კალიფსო“[2]. სწორედ ამ სიტყვების ამსახველია ნახატი, რომელიც ჩემი იზოლაციის დღეთა პირველ ფონად დავასახელე და თან გაგიმხილეთ, რომ ზღვისკენ ანუ თავისუფლებისკენ პირმიქცეული, მჭმუნვარე და თავის ნამდვილ ცხოვრებაში დაბრუნების მოიმედე ოდისევსი გახლავართ მე და დიდი ალბათობით – თქვენც ეგ ბრძანდებით.

ბრძენი ოდისევსი, რომელმაც ერთი სისულელე მაინც ჩაიდინა ცხოვრებაში და საკუთარი სახელი გაუმხილა მის მიერ ერთადერთთვალდათხრილ კიკლოპ პოლიფემოსს, პოსეიდონის რისხვის გამო, მრავალი წელი დაეხეტებოდა ზღვასა და ხმელეთზე, კუნძულ-კუნძულ  დადიოდა, იკეტებოდა, თავს აღწევდა და ალბათ არცერთმა სხვა ლიტერატურულმა პერსონაჟმა არ უწყის მასზე უკეთ სიტყვა „იზოლაციის“ მნიშვნელობა. მიუხედავად მის მიერ მოვლილი მრავალი კუნძულისა, რომელთა შორის ყველაზე ჯადოსნური ალბათ მაინც ჩვენი მითოლოგიური ნათესავი ქალღმერთის, ჰელიოსის ასულის ან გნებავთ, მედეას მამიდის – კირკეს კუნძულია, მაინც ნიმფა კალიფსოს მღვიმე აღმოჩნდა ოდისევსის იზოლაციის უმძიმესი სამყოფელი, რომელშიც მთელი შვიდი წლის გატარება მოუხდა ბრძენ ბერძენ გმირს.

ბეკლინის ამავე ნახატზე ნიმფა კალიფსოსაც შენიშნავთ. მას ხელში ლირა უჭირავს და როგორც ბერძნული მითებიც გვამცნობენ, ამ ლირისა და სიმღერის წყალობით უქარვებს და ავიწყებს ოდისევსს ნოსტალგიას – შინ დაბრუნების ტკივილს.

შინ დაბრუნების ტკივილი, მიუხედავადა იმისა, რომ სინამდვილეში შინ ვიმყოფებით, დღეს ყველა ჩვენგანს გვჭირს. ოღონდ ეს შინ – შინ არ არის, ეს შინ არის გარეთ, ანუ იმ ადამიანებთან, ხეებთან, ბუჩქებთან, ქუჩებთან, ყვავილებთან და თუნდაც ბეტონის საზარელ ნაგებობებთან დაბრუნება, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ იზოლირებულ ცხოვრებას ასე ძალიან დააკლდა. ამ დანაკლისთა შევსებას კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელოვნებითა და ლიტერატურით ვცდილობთ. და თუ ბეკლინის ნახატსა და ჩვენს დღეებს კარგად დავაკვირდებით, მსგავსებასაც შევნიშნავთ და განსხვავებებსაც: განა კალიფსოს მღვიმეებად არ გვექცა საკუთარი სახლები? და ამ მღვიმეებში გამოკეტილებს ნოსტალგიის განსაქარვებლად ლიტერატურა და ხელოვნება მოგვიმარჯვებია ლირად, რომელზეც მე ახლა საკუთარ თავს ოდისევსის ამბავს ვუმღერი.

კუნძული ოგიგია, სადაც ნიმფა კალიფსოს მღვიმე მდებარეობს, არავინ იცის სადაა. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი ვარაუდი და ვერსია, რომლებიც რეალურ გეოგრაფიულ ადგილებს გვთავაზობენ ოგიგიად მოსააზრებლად. თუმცა ყველაზე სანდო და მისაღები ვერსია მეცნიერთათვის გახლავთ ადგილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვაში მდებარეობს და სხვაგან არსად. წარმოსახვა კი ის სწრაფმავალი ხომალდია, რომლითაც ჯორჯო დე კირიკოს ულისე ანუ ოდისევსი მთელ სამყაროსა და სამყაროს მიღმიერ სირვცეებს მოივლის: ეს ერთ ოთახში იზოლირებული ოდისევსია, ანუ მე, ანუ თქვენ.

უკვე მიხვდებოდით – ჩემი იზოლაციის დღეების მეორე ფონი ჯორჯო დე კირიკოს ეს ნახატია, სახელწოდებით „ულისეს დაბრუნება“ (1968). ჯორჯო დე კირიკო დიდი ხანია მიყვარს, ალბათ ყველაზე უფრო მეტადაც კი იმ მხატვართა შორის, ვის შემოქმედებასაც მეტ-ნაკლებად ვიცნობ. იგი სწორედ ამ ნახატის გამო შემიყვარდა და ცხადია, მერე იყო სხვა ნახატებიც.

ორი წლის წინ, ხანი აბუ-ასსადის ფილმი სახელწოდებით „მთა ჩვენ შორის“ ( https://www.imovs.ge/film/2412-mta-chvens-shoris-qartulad-2017-onlainshi-the-mountain-between-us-qartulad.html ) რომ ვნახე, მახსოვს, რაც გავიფიქრე: ძალიან ადვილია განსაცდელში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ერთად აღმოჩენილ ადამიანებს სამუდამოდ შეუყვარდეთ ან სამუდამოდ შესძულდეთ ერთმანეთი. ამ ფილმში სიყვარული იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ფილმშიც სიყვარული გაიმარჯვებს, იმიტომ რომ სხვა სცენარით გადარჩენიანი დასასრულები ვერ იწერება. მაგრამ ნიმფა კალიფსო უკვდავი გახლდათ, ოდისევსი კი მოკვდავი. ამიტომ მღვიმის განსაცდელი მხოლოდ ოდისევსის განსაცდელი იყო – ოღონდ უკუღმა: კალიფსოს სურდა ოდისევსი მის უკვდავ ქმრად ექცია, მაგრამ ნოსტალგიით მოსილი უკვდავება ოდისევსს არაფერში სჭირდებოდა, რადგან მისი სიყვარული სხვა კუნძულზე – ითაკაზე იყო. პარადიგმები სულ იცვლება და თან მუდამ იგივე რჩება: ჩვენ რა თქმა უნდა, უკვდავები არ ვართ და უსამართლობაა, რომ არც არავინ გვთავაზობს უკვდავებას, მაგრამ ჩვენი ნოსტალგია – შინ ანუ გარეთ დაბრუნების ტკივილი ოდისევსის ამბავში ის შვიდი წელიწადია, ჩვენ ამბავში კი იმედია, არაუმეტეს რამდენიმე თვისა, რომელიც კალიფსოს მღვიმეში უნდა გავატაროთ საიმისოდ, რომ ჩვენს ითაკას – გარესამყაროს დავუბრუნდეთ. ამ მღვიმეში კი ერთმანეთისგან დაშორებულებმა ერთმანეთის სამუდამოდ შეყვარება უნდა შევძლოთ – როგორღაც.

ჯორჯო დე კირიკოს ნახატზე „ულისეს დაბრუნება“ ოდისევსის ნამდვილი მოგზაურობის ამბავია წარმოჩენილი. როგორც უკვე მოგახსენეთ, აზრთა სხვადასხვაობაა მეცნიერებაში იმის შესახებ – „ოდისეაში“ აღწერილი ადგილები რეალურ გეოგრაფიულ პუნქტებს შეესაბამება თუ არა. მე მეცნიერთა ის აზრი მომწონს და მხიბლავს, რომელიც ჯორჯო დე კირიკოს ნახატზე იკითხება. აქ, ამ ამბავში, ოდისევსი არსად არ მიდის. იგი საკუთარ ოთახში რჩება და ამ ოთახში მოგზაურობს.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია მარტოობაში, ერთ ოთახში ვისხდეთ და ისე ვიმოგზაუროთ, რომ ყველა არსებულსა და არარსებულ ნავსადგურში ჩავუშვათ ღუზა. ჩვენ შეგვიძლია ერთ ოთახში ვისხდეთ და იატაკის თუ ხალიჩის უხილავ სიღმეებში მივაკითხოთ ლესტრიგონებსაც, კიკლოპებსაც, ლოტოფაგებსაც, ფეაკებსაც, ვინახულოთ კიკონთა მხარეც, კირკეს კუნძულიც და ოგიგიაც, აქ ამ ოთახში მოვისმინოთ სირენების ღვთაებრივი ხმა და გადავრჩეთ, ამ ოთახის ხვეულებიდან ჩავძვრეთ ჰადესში და იმქვეყნად მყოფ სულებსაც კი ვესაუბროთ, ამ ოთახშივე მოვიმწყვდიოთ ქარები და ზღვის ღელვასაც ამ ოთახში შევალეწოთ ჩვენი ხოლმალდი, მაგრამ გადავრჩეთ. და რა თქმა უნდა, მოვუგოთ ომი უხილავ მტერს, რომლის სახელსაც აქ არ ვახსენებ.

ეს ოდისევსის ამბავია, რომელიც გვამცნობს, რომ მოგზაურობა მაშინაა ნამდვილი და დიდებული, როცა რაღაც ახალს შეიცნობ, მოგზაურობას მაშინ აქვს აზრი, როცა მასში ბრძენდები და თავადვე ხვდები „ითაკები რასაც ნიშნავენ“[3]. ამგვარ მოგზაურობას კი სულაც არ სჭირდება გარეთ გასვლა, უფრო მეტიც, ამგვარ მოგზაურობას მხოლოდ შესვლა სჭირდება – სამყაროსა და საკუთარ სიღრმეებში შესვლა.

ჯორჯო დე კირიკოს ოდისევსი, ისევე როგორც ჰომეროსის ოდისევსი საკუთარ თავში მოგზაურია. ასეთი მოგზაურისთვის კი არაფერს ნიშნავს ღია კარი, რომელიც ამ ტილოზე ჩანს, არაფერს ნიშნავს ფანჯარა, რომლიდანაც ტაძარსა და გარესამყაროს გახედავს, სამაგიეროდ, ყველაფერს ნიშნავს ოთხი კედელი და იატაკი, რომელზეც წარმოსახვის მღელვარე ზღვას გაშლის და მასში ხომალდს ისე ოსტატურად შეაცურებს, რომ ოთხი კედლის მნიშვნელობასაც წამში დაამსხვრევს. ამ მღელვარე ზღვას აქვს კიდეები, მაგრამ არა აქვს ფსკერი და ამიტომაც მის სიღრმეებში ნებისმიერი თავგადასავლის მოთავსებაა შესაძლებელი.

როდესაც აქ, ამ ჩემს ოთხ კედელში მეც გავშალე წარმოსახვის ჩემეულად მღელვარე ზღვა და ფიქრის ხომალდი შევაცურე მასში, მივხვდი, რომ არაერთი სამოგზაურო თავგადასავლის მიუხედავად, ესაა ჩემი ყველაზე დიდი და ნამდვილი მოგზაურობა – მარტო ყოფნა საკუთარ თავთან და განსაცდელში ერთად ყოფნა მთელ სამყაროსთან.

ეს დღეები და იქნებ თვეებიც ჩვენი ნამდვილი ოდისეაა, რომელსაც იზოლაციას ვეძახით. ამ დღეებსა და იქნებ თვეებშიც ჩვენ შეგვიძლია ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შევთავაზოთ საკუთარ თავს – დაუვიწყარი მოგზაურობა ოთხი კედლიდან სამყაროს ყველა სიღრმისაკენ. ამგვარი მოგზაურობის გაკვეთილებს კი უკვე მრავალი საუკუნეა გვიტარებს „ის მრავალნაცადი კაცი, რომელმაც ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროას წმინდა ციხე-სიმაგრე დააქცია“ და რომელიც ჯორჯო დე კირიკოს ნახატიდან მზერადახრილი მიგითითებთ: „გაიხედეთ მარჯვნივ ან მარცხნივ, ესაა თქვენი ტროა და მისი წმინდა კედელი, დაიხედეთ ძირს – ეს ხომ თქვენი ზღვაა, ჩაიხედეთ საკუთარ თავში – ესაა თქვენი ოდისეა და ერთადერთი ჭეშმარიტი მოგზაურობა“.

მესამე ნახატი, რომელიც ჩემს ოდისევსურ დღეებს გასდევს ფონად, გუსტავ კლიმტის „დანაეა“ (1907). ეს ნახატი და მითი, რომელიც ტილოზეა ასახული, გახლავთ ერთგვარი ფონი-გაფრთხილება, რომელიც გვიყვება ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ საიმედოდ გამოკეტა საკუთარი ასული – დანაე არგოსის მეფე აკრისიოსმა: ერთხელ მას უმისნეს, რომ დანაესგან ნაშობი შვილიშვილის ხელით სიკვდილი ელოდა. ამიტომაც გადაწყვიტა საკუთარი ასულის კოშკში იზოლირება მეფემ. მაგრამ მისნობას და ზევსის ნებას წინ რომ ვერავინ აღუდგება, აკრისიოსმა ვერ გათვალა: ზევსი ოქროს წვიმის სახით მოევლინა უკარფანჯრებო კოშკში გამოკეტილ დანაეს ჭერზე დატანილი ერთადერთი ხვრელიდან და მის წიაღში გმირი პერსევსი ჩასახა, რომელმაც შემდეგ მართლაც იმსხვერპლა აკრისიოსი.

იმედია, ვირუსს ზევსივით ოქროს წვიმად გარდასახვა არ შეუძლია, მაგრამ ეს მითი და ნახატი ჩემი ოდისევსური დღეების ფონია,  რომელიც იზოლაციის პირობებში სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.

ოდისევსის ამბავი ჰომეროსთან შინ – ითაკაზე დაბრუნებით მთავრდება. დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ამბავიც ასე დასრულდება – შინ ანუ გარეთ დაბრუნებით. და როდესაც ეს მოხდება და ჩვენი ოთხი კედლის ოდისეა მორჩება, არ გაგიკვირდეთ – მალე თუ მოგბეზრდეთ ის ძველი ყოფა, რადგან ამგვარ მოგზაურობას იგივე ვერ გადაურჩებით. ვერც ოდისევსი გადაურჩა – დაბრუნებულს მთელი ითაკა მობეზრდა, რადგან აღარც თვითონ იყო იგივე და აღარც მშობლიური კუნძული გახლდათ ძველი ითაკა. ამაზე ჰომეროსი არა, მაგრამ სხვა მწერლები და პოეტები გვიამბობენ. მათგან ყველაზე მეტად მე ორი მიყვარს – ნიკოს კაზანძაკისი და კონსტანტინოს კავაფისი. ორივე მათგანი დაბრუნებული და უკვე სხვაგვარი ოდისევსის ამბავს გვიყვება – ოდისევსისა, რომელიც გარბის ითაკიდან, რომელსაც აღარ ჰყოფნის ადგილი, სადაც 20 წელი მიეჩქარებოდა, აღარ ჰყოფნის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება უყვარდა, აღარ ჰყოფნის სიმშვიდე და უსაფრთხოება, ამიტომაც  სამუდამოდ ტოვებს ითაკას, რათა დაიწყოს  „მეორე დიდი ოდისეა, მაგრამ ვაი, რომ ახლა უკვე ჰომეროსის გარეშე და უჰექსამეტროდ“[4].

 

[1] იზოლაცია < insula (ლათ.) – კუნძული.

[2] ჰომეროსი, ოდისეა, I, 13-15 (ზ. კიკნაძისა და თ. ჩხენკელის თარგმანი).

[3] კონსტანტინოს კავაფისი, „ითაკა“.

[4] კონსტანტინოს კავაფისი, „მეორე ოდისეა“.

დისტანციური სწავლების ლაბირინთები  ვიდეოგაკვეთილების გარეშე

0

დღეს აქტუალურია კითხვები: რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებთან? რამდენად  თანაბარია დღევანდელ საქართველოში  ახალგაზრდების მიერ  ტექნოლოგიების ფლობა და ხელმისაწვდომობა?რამდენად მსგავსია ან განსხვავებულია დისტანციური და ტრადიციული სწავლების მეთოდები?

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ:

არიან მოსწავლეები, რომელთაც   მასწავლებელთან ურთიერთობა  ურჩევნიათ და მასწავლებლის ყურადღება და  პირდაპირი კომუნიკაცია მათთვის მნიშვნელოვანია.

არიან მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობა ან საერთოდ არ იცნობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

არიან მოსწავლეები, რომელთაც  ყოველთვის სჭირდებათ ბიძგი და შესაბამისი გარემო დავალების შესასრულებლად.

არიან მოსწავლეები, რომლებისთვისაც დამთრგუნველი და შემაშფოთებელია  ვიდეოგაკვეთილები.

დღეს იოლია დაასაბუთო – ხშირად, მოსწავლეები უფრო კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს,  ვიდრე მშობლები და მასწავლებლები. მოსწავლეები ძალიან სწრაფად  ახერხებენ ინფორმაციის მოპოვებას.

დღევანდელი სტატია იმ მასწავლებლების იდეების მიმოხილვას ეძღვნება, რომლებმაც  გახანგრძლივებული არდადეგების პირობებში, როდესაც მათ და მათ მოსწავლეებს  არა აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მოახერხეს თანამშრომლობა. მოდით ვნახოთ, რა მოიფიქრეს მათ თავიანთი მოსწავლეებისთვის.

ბუნებისმეტყველების  მასწავლებელი  მცირეკონტინგენტიან კლასის მოსწავლეებს სატელეფონო კომუნიკაციით  აძლევს  დავალებებს და  ახერხებს შემოწმებასაც.  მასწავლებელი  მოსწავლეების  მშობლების ტელეფონზე  რეკავს და მოსწავლეებს აძლევს  მარტივ  ინსტრუქციას:

აიღე ლობიოს 3-4 მარცვალი, დაალბე 3 დღე და განათავსე პოლიეთილენის პარკში, რომელშიც წინასწარ სველ ბამბას მოათავსებ ან პატარა  თავდახურულ ქილაში  მოათავსე, რომელშიც დანამული ქაღალდის ხელსახოცები მჭიდროდ გექნება ჩალაგებული (არ დაგავიწყდეს, ყოველ მეორე დღეს დანამე ხელსახოცები).  რასაც გააკეთებ, ფანჯრის რაფაზე დადე ან წებოვანი ლენტით ფანჯრის მინაზე დაამაგრე. დააკვირდი, როგორ მიმდინარეობს აღმონაცენის ზრდა-განვითარება და  აწარმოე დაკვირვების დღიური, ხოლო ფოტომასალა დედის ტელეფონიდან გადმომიგზავნე  დაკვირვების მეხუთე და მეათე დღეს.

 ეს  მოსწავლეების  გამოგზავნილი ფოტოებია:

 

 

მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც მცირეკონტინგენტიან  სკოლაში ასწავლის, თავის  ოთხ მეცხრეკლასელ მოსწავლეს,  ტელეფონით  რამდენიმეწუთიან  ინსტრუქციას აძლევს -ტრანპორტირის, თოკის, ფანქრის და   პატარა ქვის ან გირის გამოყენებით,   როგორ დაამზადონ ხელსაწყო კლინომეტრი და ავალებს,  ამ ხელსაწყოს  გამოყენებით  გამოთვალონ  საკუთარ  ეზოში ყველაზე მაღალი ხის სიმაღლე. შემდეგ მშობლების ტელეფონებზე დავალების ფოტოინსტრუქციას უგზავნის. ასე გამოიყურება ეს ექსტრემალური ფოტოინსტრუქცია.

ხშირად  ისმის კითხვა, რას აკეთებენ  სოფლის სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ვიდეოგაკვეთილებს ვერ უტარებენ თავის მოსწავლეებს. განსაკუთრებით საინტერესოა დაწყებითი კლასების მასწავლებლებისა და მოსწავლეების ბედი.   მოდით გავეცნოთ რამდენიმე  აქტივობას:

დაწყებითი კლასების მასწავლებელი,  რომელიც სოფლის სკოლაში პირველ კლასს ასწავლის, არ ივიწყებს თავის მოსწავლეებს და ცდილობს  მშობლების მცირე, მაგრამ ეფექტური ჩართულობით,  გაუხალისოს მათემატიკის  სწავლება თავის მოსწავლეებს.

სატელეფონო კომუნიკაციით მასწავლებელი სთხოვს მშობელს, რესურსად გამოიყენოს მაკულატურად „განწირული“ რაიმე ფოტო  დაძველებული/დაზიანებული ჟურნალიდან, გაზეთის ფოტო, მისი უფროსი შვილების მიერ გაფერადებული კონტურული ნახატი და ა.შ. და  შვილისგან მალულად დაამზადოს  ე.წ. 6 ნაწილიანი ფაზლი.  ასევე აიღოს რვეულის ან თაბახის ფურცელი და ისიც 6 ნაწილად დახაზოს. თითოეულ უჯრაში კი ჩაწეროს ამოსახსნელი მაგალითები 20-ის ფარგლებში. მეტი სიცხადისთვის მასწავლებელი მშობელს უგზავნის ამ სამუშაოს ფოტოინსტრუქციას და სთხოვს: 1. დაჭრას  რიცხვებიანი ფოტო 6 ნაწილად, ხაზებით დაიცვას სიზუსტე. შვილთან ერთად  შეასრულოს დავალება ანუ მხარი დაუჭიროს შვილს და მაგალითის პასუხის შესაბამისი ფაზლის ნაწილი ზემოდან დაადოს მაგალითებიან ცხრილს. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ კი ბავშვი აწყობილ სურათს მიიღებს.

ასევე, სატელეფონო კომუნიკაციით მასწავლებელი დახმარებას სთხოვს მშობელს და აძლევს ასეთ მარტივ ინსტრუქციას:

  1. აიღეთ თაბახის ან რვეულის ფურცელი;
  2. გაკეცეთ შუაზე;
  3. ფურცლის ზედა ნახევარზე ბავშვმა გაზაფხულის პეიზაჟი ან ოჯახის წევრები დახატოს;
  4. მეორე ნახევარზე დახაზეთ ცხრილი 5/6, რომელშიც ჩაწერეთ რიცხვებს 1-დან 30- მდე ზოგიერთი რიცხვის გამოტოვებით;
  5. ნახატსა და ცხრილს შორის თავისუფალ ადგილზე  მოსწავლემ დაწეროს სიტყვა აპრილი.

ანუ მოსწავლე მშობელთან თანამშრომლობით ქმნის „აპრილის თვის კალენდარს“

მასწავლებელი მშობელს უგზავნის   ფოტოინსტრუქციას, რომელსაც ახლავს  შესასრულებელი სავარჯიშოც.

 

თქვენს შვილთან ერთად შეასრულეთ ეს სავარჯიშო:

დათვალეთ, რამდენი რიცხვია გამოტოვებული?

დააკვირდით ჰორიზონტალურ მწკრივებს, თითი გააყოლეთ თითოეულს და დათვალეთ,  რამდენი რიცხია თითოეულ მწკრივში გამოტოვებული?

ახლა დააკვირდით ვერტიკალურ მწკრივებს, თითი გააყოლეთ თითოეულს,   თითოეულ მწკრივში რამდენი რიცხვია გამოტოვებული?

თუ სულ 12 რიცხვია გამოტოვებული, მოდი გამოვიცნოთ, რომელ აპრილს განახევრდება გამოტოვებული რიცხვები? შემდეგ მოსწავლემ შეავსოს გამოტოვებული რიცხვები და  მიღებული კალენდარი გააკარით კედელზე და გამოიყენეთ მთელი თვის განმავლობაში.

ასევე გიზიარებთ რამდენიმე ფოტოინსტრუქციას, რომელიც შესაძლოა  დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცეს  სიტუაციურად შექმნილი  „საშინაო სკოლებისთვის“.

რა გახსენდებათ ჯეინ ფონდას სახელის გაგონებისას?

0

2010-იან წლებში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიღვიძა. ქვეყნის პოლიტიკურ პროცესზე მხოლოდ პოლიტიკოსები აღარ ზემოქმედებენ. გადაწყვეტილებების მიღების საკითხი უკვე საზოგადოების აქტიურ წევრებსა და მათ წინააღმდეგობაზეც არის დამოკიდებული. სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებული მრავალფეროვნებითა და მრავალგვარობით ხასიათდება. აქტივისტებს შორის შეხვდებით მართმადიდებელ მშობლებსაც და სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებსაც, მუშათა უფლებების დამცველებსაც და ბანკების ლობისტებსაც, ეკოლოგებსაც და ტექნოკრატებსაც. ბევრმა უკვე აღარ იცის, თუ ვის ენდოს და ვისი გულწრფელობა დაიჯეროს. მეც ხშირად ვიბნევი ხოლმე, მაგრამ არის ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის საქმიანობაც წლებია იმსახურებს ჩემს პატივისცემას. ნათია ჩიქოვანი ხელოვნებისა და მარკეტინგის სფეროში მუშაობს, მაგრამ მაინც არასდროს ავიწყდება ჩვენი საზოგადოების ყველაზე სუსტ, ხმადაკარგულ, საფრთხის ქვეშ მყოფ წევრებზე ზრუნვა. ნათია ქალებისა და ცხოველების აქტიური დამცველია. იცავს მათ ყველგან და ყოველთვის, ყველა იმ საშუალებით, რომელიც კონკრეტულ მომენტში ხელთ აღმოაჩნდება. ნათია ხშირად ახერხებს ჩაგვრისა და შევიწროვებისთვის განწირული ქალების თანადგომას, ყოველთვის უნარჩუნებს სიცოცხლეს სასტიკი ადამიანების მიერ სიკვდილისთვის გამეტებულ კატებსა და ძაღლებს. ალბათ, ძალიან დიდი ძალისხმევა და თავგანწირვაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა შრომასთან, პირადი შემოსავლის შეგროვებასთან, კარიერისა და ოჯახის მოწყობასთან ერთად, მეგობრების, უცნობებისა და ოთხფეხების საჭიროებებზე ფიქრიც მოასწროს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყოველთვის ინტერესით ვეცნობი ნათიას მოსაზრებებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. ამასწინად, ნათიას წყალობით ხელახლა აღმოვაჩინე ჯეინ ფონდა.

რა გახსენდებათ ჯეინ ფონდას სახელის გაგონებისას?

ცხადია, ბევრ ჩვენგანგანს თვალწინ წარმოუდგება ჯეინ ფონდას სამსახიობო შემოქმედება. ის ხომ ჰოლივუდის ვარსკვლავია?! მას ყველა ტიტული აქვს მოპოვებული, რომელზეც მსახიობმა შეიძლება იოცნებოს. ჯეინ ფონდა ორჯერ დაჯილდოვდა „ოსკარით“, გახლდათ ბრიტანეთის კინოაკადემიის რჩეული, „ემმის“ ლაურეატი, მის საპატიო პრემიებს შორის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“. ნიუ-იორკელი გამორჩეულია იმითაც, რომ 1950-იანი წლებიდან დგას გადასაღებ მოედანზე. ოსკაროსანმა ბოლო გახმაურებული როლი 2018 წელს შეასრულა. მან მონაწილეობა მიიღო ბილ ჰოლდერმანის ფილმში „წიგნის კლუბი“. თითქოს უკვე ყველაფერია ნათქვამი ქალის საჯარო საქმიანობის შესახებ. ჯეინ ფონდას შემოქმედებითი მონაგარი სამ-ოთხ ადამიანს ეყოფოდა წარმატებული ცხოვრებისთვის. მსახიობის განსაკუთრებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას პროფესიით არ შეუზღუდავს თავისი პიროვნება. ვარსკვლავს ყოველთვის მიაჩნდა, რომ თავისი პირადი საქმის მიღმაც უნდა გადაედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი, საზოგადოებისათვის სასარგებლო ნაბიჯი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯეინ ფონდას სამოქალაქო აქტიურობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

ჯეინ ფონდას პოლიტიკური მოღვაწეობა სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებს. მსახიობისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო აშშ-ის ჯარების ინტერვენცია ვიეტნამში. იგი მიიჩნევდა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები გაუგებარი მიზეზებით იღუპებოდნენ ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. ნიუ-იორკელს აღელვებდა ჩრდილოეთ ვიეტნამში ბლოკირებული, დაბომბილი და შიმშილის პირას მყოფი ადგილობრივების ბედიც. სხვა მრავალ ცნობილ ადამიანთან და ახალგაზრა მოქალაქესთან ერთად იგი მონაწილეობას იღებდა მრავალმილიონიან პაციფისტურ დემონსტრაციებში, საუნივერსიტეტო მოსმენებსა და განხილვებში, საჯარო დებატებში და ხელისუფლებისგან ჯარების დაუყოვნებლივ დემობილიზაციას ითხოვდა. მსახიობმა ძალიან სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და 1971 წელს ჰანოის, ჩრდილოეთ ვიეტნამის დედაქალაქს ეწვია, რათა ადგილობრივები და ამერიკელი ტყვეები მოენახულებინა. მან ფრონტის ხაზიდან კიდევ ერთხელ დაგმო ომი და მხარეებს მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა.

ჯეინ ფონდა პაციფისტური მოძრაობის გარდა, ქალთა ჯგუფების მხარდამჭერადაც მიიჩნევა. 1970-იანი წლებიდან დღემდე ხელოვანი სხვადასხვა კამპანიის აქტიური მონაწილეა. მაგალითად, იგი ხმალამოღებული ებრძოდა კენიის ელიტებს, რომლებიც ქალთა წინდაცვეთას გარდაუვალ აუცილებლობად აცხადებდნენ და პატარა გოგონებს სამუდამო ტანჯვისთვის იმეტებდნენ. „ბარბარელას“ როლის შემსრულებელი მსოფლიო პრესის ფურცლებზე ყოველთვის ილაშქრებდა თალიბანის მიერ ქალთა გაუპატიურების მასობრივი შემთხვევების წინააღმდეგ. ცხადია, ფონდას ყურადღების მიღმა არ რჩებოდა შიდა ამერიკული პრობლემატიკაც. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაიწყო საუბარი ოჯახურ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაზე.

ფემინიზმი და პაციფიზმი უკვე ათწლეულებია საკმაოდ პოპულარულ პოლიტიკურ მიმდინარეობებად ჩამოყალიბდნენ. აღნიშნული ტენდენციების მხარდაჭერა თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში კარგ ტონად ითვლება. დღევანდელ ეპოქაში უკვე მილიონობით მომხრე ჰყავს ქალთა და მშვიდობის მოძრაობებს. ჯეინ ფონდა მხოლოდ მრავალრიცხვოვანი ძალების გვერდით არ იდგა ხოლმე. მას შეეძლო ყველაზე დაჩაგრული და დავიწყებული ჯგუფების გასაძლიერებლად ამოეღო ხმა. 1970 წელს იგი პირველად გამოჩნდა ადგილობრივი ამერიკელების, ინდიელების დემონსტრაციაზე, სადაც კონტინენტის პირველყოფილი მოსახლეობის განადგურების გამოცდილება გააპროტესტა.

ჯეინ ფონდა დღესაც აქტიურია. ის 2019 წელს სამჯერ დააპატმრეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. ფონდა მწვანე აქტივისტებთან ერთად დონალდ ტრამპისა და მსოფლიოს სხვა ლიდერების პოლიტიკას აპროტესტებდა, რომელიც არაფრად აგდებს გარემოს გადანადგურების შემთხვევებსა და კლიმატის ცვლილების გამოუსწორებელ შედეგებს.

ამერიკელი ლეგენდა დღესაც ფორმაშია, ამდენი ბრძოლის შემდეგ კვლავ თვალისმომჭრელად გამოიყურება და თავისი ხელით წერს ხელოვნების ისტორიის ახალ ფურცლებს. ჯეინი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გახლდათ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე, სადაც პირველად საუკეთესო ფილმის პრემია უცხოენოვანმა, ანტიკაპიტალისტურმა სურათმა დაიმსახურა.

თქვენ ვერ დამისახელებთ ხელოვნების ქართველ წარმომადგენელს, რომელიც საკუთარი შემოქმედების ტყვე არ გამხდარა. ქართველი მსახიობებისათვის სამოქალაქო აქტივიზმი და პოლიტიკური იდეების ერთგულება მოცლილების საქმეს წარმოადგენს.

ონლაინსწავლების გასაკვალი ბილიკები, ანუ „ისწავლე ყოველი დღისგან!“

0

ჩემი სტუდენტებისათვის ბევრჯერ დამივალებია, გვემსჯელა თემაზე:  „სახლიდან გაუსვლელად“. მაშინ ამას რომანტიულად ვუყურებდით. ვფიქრობდით, რამდენი რამის გაკეთება იყო შესაძლებელი სახლიდან გაუსვლელად, რას გავაკეთებდით ინტერნეტით და რას ვერ შევძლებდით. ახლა კი ეს რეალობა დადგა მთელ მსოფლიოში.

ონლაინსწავლებას მრავალმხრივი და ფართო შესაძლებლობები აქვს. ეს არა მხოლოდ მომავლის, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო და ახლა, ბოლო დღეებმა, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა ონლაინსწავლების მეთოდებთან. ამ მეთოდების ნაწილი სრულიად ახალია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისათვის, ნაწილი კი გამოიყენებოდა სხვადასხვა სასწავლო კურსისათვის.

„ონლაინ სწავლა სახალისოა“. – გვეუბნება ერთ-ერთი ონლაინპლატფორმის სლოგანი. ინგლისურად: „Online Learning is fun”, გერმანულად: “Onlain Lernen macht Spas”. 2016 წელს ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამერიკაში 90%-ზე მეტი მოსწავლე კმაყოფილია ონლაინსწავლებით და ფიქრობს, რომ ონლაინსწავლება ისევე სასარგებლოა, ან უმჯობესია, ვიდრე ტრადიციული სწავლება.  წყარო

ბოლო დღეებია, ონლაინსწავლების პრაქტიკა განსაკუთრებით გააქტიურდა. მასწავლებლები და ლექტორები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, სოციალურ ქსელში გაჩნდა ჯგუფები, რომლის წევრებიც სხვადასხვა პლატფორმასა და მეთოდებზე მსჯელობენ პედაგოგები. მეც  ერთ-ერთი ჯგუფის წევრი ვარ. ვიღებ ინფორმაციას, ხშირად, ბევრს და სხვადასხვა პრაქტიკიდან გამომდინარეს. მასალებისა და ინფორმაციის ნაწილი ძალზე პერსონალური და ინდივიდუალურია, რაც, მოსალოდნელიც არის. ნაწილი ფართო და ზოგადია. საბოლოო ჯამში, ასეთი რესურსები გვეხმარება პრაქტიკულადაც და მოტივაციის თვალსაზრისითაც, საინტერესო და შინაარსიანი გახდეს ჩვენი გაკვეთილები და ლექციები.

უნივერსიტეტები ქმნიან ან აახლებენ ელექტრონულ პლატფორმებს, იქმნება ელექტრონული რესურსები, დასაწყისში გამოჩნდა ტექნიკური და შინაარსობრივი ხარვეზები, რაც სხვადასხვა ობიქტური და სუბიექტური მიზეზიდან მომდინარეობს, თუმცა იქმნება ელექტრონული მასალები, რაც მომავალში კიდევ უფრო სასარგებლო იქნება სწავლებისათვის. შეიქმნება კურსების ელექტრონული ვერსიები, რიდერები, რესურსები, სალექციო კურსები, სასწავლო კურსების ელექტრონული გზამკვლევები, რომლებიც სხვა დროსაც გამოადგებათ სტუდენტებს. ლექტორები წერენ ვიდეოლექციებს, რომლებიც შემდეგშიც სასარგებლო რესურსი იქნება. გააქტიურდა აქამდე პასიურად არსებული ელექტრონული ბიბლიოთეკები. დამატებითი რესურსები და მასალები ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს და მჯერა, რომ ამ უნარების განვითარება გაამდიდრებს ჩვენს საგანმანათლებლო ბაზას.

სკოლებში ამუშავდა აქამდე დაუტესტავი ონლაინპლატფორმა, რომელსაც მრავალი ხარვეზი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, პედაგოგები ცდილობენ, სხვადასხვა მიმართულებით გამოძებნონ სწავლების შესაძლებლობები.

სირთულეები ჩნდება მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე ონლაინ პლატფორმაზე გადავიდა. როგორც ყოველთვის, ყველაფერი ინდივიდუალურ ჭრილში უფრო თვალსაჩინოა. პედაგოგების ნაწილი სხვადასხვა გზით ცდილობს სწავლების ონლაინმეთოდებით მუშაობას, ზოგი მხოლოდ დავალებებს აგზავნის. მიუხედავად ამისა, მაინც პოზიტიურია ეს ცვლილებები. ჩანს საერთო მობილიზაცია, ელექტრონული სწავლების სახით გამოჩნდა გამოსავალი და ალტერნატივა. ყველანი მობილიზებულები ვართ: სკოლებიც, უნივერსიტეტებიც, მასწავლებლებიც, ლექტორებიც, მოსწავლეებიც, სტუდენტებიც და მშობლებიც.

მიუხედავად ასეთი აქტიურობისა, ჩვენ, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები ონლაინსწავლების ბილიკებს ვკვალავთ და ზოგ შემთხვევაში გარკვეულ პრობლემებსაც ვაწყდებით.

ტექნიკურ პრობლემებთან ერთად ონლაინსწავლების პროცესში რამდენიმე დამატებითი შეკითხვა გაჩნდა.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სახლში ორი, სამი, ან მეტი ბავშვია და მათი ონლაინგაკვეთილები პარალელურად მიმდინარეობს? ეს პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულია, თუ ბავშვები დაწყებით კლასებში, ან საბაზო სკოლაში სწავლობენ, არ აქვთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ რეგისტრაციას, თითოეულ გაკვეთილზე, ან საგანზე ჩართვას, ვერ ახერხებენ მიკროფონში საუბარს და ა. შ. ასეთ შემთხვევაში მშობელიც ესწრება გაკვეთილს, ეხმარება ტექნიკურად, შინაარსობრივ ნაწილშიც მონაწილეობს, ინიშნავს დავალებებს და სხვა, მაგრამ ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება, თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია. ტექნიკურ ხარვეზებთან ერთად: ჩართვებისა და გათიშვის, რეგისტრაციის გავლისა და სხვა ტექნიკური შეფერხებების გარდა, ეს პრობლემები და მშობლების ჩართულობა დამატებითი კომპონენტია, რომელიც აქამდე ნაკლებად ჩანდა. ამას ემატება კომპიუტერების არასაკმარისი რაოდენობა ოჯახში, ონლაინგაკვეთილების დროს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამუშაო სივრცის ნაკლებობა. რეალურად ხომ შეიძლება, ბავშვები სხვადასხვა კლასში იყვნენ, რაც დამატებით სამუშაო სივრცეებს მოითხოვს და რთულია, ოჯახმა ეს სრულიად უზრუნველყოს.

შეიცვალა სასწავლო პარადიგმაც. ტრადიციულად, საშინაო დავალება მოჰქონდათ მოსწავლეებს, კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის იყო უშუალო. მოსწავლემ უმრავლეს შემთხვევაში კარგად იცოდა, რა ჰქონდა დავალებად და როგორ უნდა შეესრულებინა. ამჟამად კი, მასწავლებლების მიერ სხვადასხვა ჩათების, სოციალური ქსელების დახმარებით გამოგზავნილი დავალებები უნდა გადასცენ მშობლებმა მოსწავლეებს. ასევე, მშობლების დახმარებით უნდა მოხდეს მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებების გადაცემა მასწავლებლებისთვის. და თუ მანამდე არსებული სქემა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

 

მასწავლებელი – მოსწავლე – (მშობელი) – მოსწავლე – მასწავლებელი

 

ამჟამად სქემა ასეთია:

 

მასწავლებელი – მშობელი – მოსწავლე – მშობელი – მასწავლებელი.

გაკვეთილის არატრადიციულობა მასწავლებელსაც უქმნის პრობლემებს და მოსწავლეებსაც. ზოგი დავალება ცალკე სამუშაოს გულისხმობს, როგორებიცაა დამატებითი დავალების, მასალების დარიგება. თუ ყველაფერი ინტერნეტშია, მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ დავალებები კომპიუტერში, ან ამობეჭდონ და ისე შეავსონ, ამასაც თავისი პრობლემები აქვს. მშობლების ჩართულობა აქაც საჭიროა.

ბოლოს კი, მინდა კიდევ ერთი რიტორიკული შეკითხვა დავსვა. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სახლში რამდენიმე ბავშვია, კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გარეშე და მშობელი, რომელიც ასევე პედაგოგია, მასწავლებელი ან ლექტორი და მასაც იმ დროს უწევს ვიდეოგაკვეთილების, ან ვიდეოლექციების ჩატარება, ონლაინსწავლება, როცა შვილებს აქვთ ონლაინგაკვეთილები? ჩვენი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. დაგეგმილი და დალაგებული სემესტრი უცებ იცვლება და ახალ რეალობას ახალ-ახალი მოულოდნელობები მოაქვს. როგორც რომაელები ამბობდნენ: „დღე დღის მასწავლებელია“ – “dies diem docet”.
ჩემი აზრით, დღეს ჩვენი სლოგანი ასეთია: „ისწავლე ყოველი დღისგან!“.

ონლაინსწავლების ბილიკები გასაკვალია. მეც ამ ბილიკებს მივუყვები.

 

 

 

ხელოვნება საშინაოდ, სახალისოდ

0

(წიგნის სანიშნეები, გრატაჟი, კოლაჟი და რამდენიმე ვირტუალური რესურსი)

რამდენიმე დღეა, ამ ხანგრძლივი არდადეგების პერიოდში, ჩემი მოსწავლეები სახლში შესრულებულ ნახატებს ონლაინ მიზიარებენ. დიდი ენერგია და ემოციები მოაქვთ ბავშვების გამოგზავნილ ნამუშევრებს, გაზაფხული, აყვავებული რტოები, წაკითხული წიგნების შთაბეჭდილებები, მათი ფიქრები, შეფასებები. სიხარულიცაა, სევდაც.

11 წლის ქეთო ოსკარ უაილდის ზღაპრების შთაბეჭდილებებზე მწერს. უფლისწულის თვალებზე დიდხანს ვფიქრობდი, სიბრმავე როგორ გამომესახა და ბოლოს თვალებდახრილი დავხატეო. მერე ბულბულის და ვარდის სიყვარულის ამბავზეც ვისაუბრეთ და ჩუმად დავასრულეთ მიმოწერა.

გუშინ რამდენიმე მოსწავლემ ნახატებს საკუთარი ხელით შექმნილი წიგნის სანიშნეები და ბარათების ფოტოებიც გამოაყოლა.

*

სანიშნეების იდეა ბავშვებთან ერთად ადრე მოგვაფიქრდა, როცა სკოლაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვისთვის ვემზადებოდით. სიხარულით აიტაცეს მეექვსეკლასელებმაც და მეცხრეებმაც. მაშინ სანიშნეები და ღია ბარათები ნახატებით გააფორმეს, ზოგმა ორნამენტებით მოხატა, ზოგს მეგობრების პორტრეტებით მოუნდა სანიშნე ჰქონოდა და ზოგმაც მხოლოდ წარწერები გაუკეთა, ლექსების სტრიქონები, საყვარელი სიმღერების ფრაგმენტები, აფორიზმები, ანდაზები, საკუთარი აზრები. (სურ. 1)

ახლა არდადეგებზეც გამოგვადგება ჩვენი გამოცდილება. წაკითხული წიგნების შთაბეჭდილებები თუ დეტალები ნახატებად შეიძლება აქციონ, სანიშნეებზე წიგნიდან საყვარელი ციტატები ან გმირების პორტრეტები გადმოიტანონ.

სხვადასხვა ზომის და ფორმის სანიშნის გამოჭრა ჩვეულებრივი თეთრი ან ფერადი, თხელი ან სქელი ქაღალდისგან შეიძლება. სახატავი მასალაც, რაც სახლში მოეპოვებათ –  ფანქრები, პასტელები, მარკერები, საღებავები – იმას გამოიყენებენ.

*

სახლში გრატაჟის ტექნიკითაც იხალისებენ. გრატაჟი ჩემს მოსწავლეებს ვიცი, რომ უყვართ და, ალბათ, ვისაც ჯერ არ უცდია, ყველას მოეწონება, რადგან მომაჯადოებელი ეფექტების მიღება შეიძლება, როგორც ბავშვების ამ ნამუშევრებშია – „გრატაჟის დრაკონი“, „ორნამენტი“, „ვარდი“. (სურ. 2, 3, 4 )

გრატაჟის შესრულების პროცესი იდუმალ თამაშს ჰგავს. ვინც არ იცის და გამოუცნობის მოლოდინშია, არც კი სჯერა, რომ ამოკაწვრის მერე შავი ფონიდან შეიძლება ფერებმა გამოანათოს.

ბავშვებს სამუშაოდ თეთრი ფურცელი, ზეთის პასტელები, შავი ფერის გუაშის საღებავი, ხის წაწვეტებული ჩხირი (ამოსაკაწრად) დასჭირდებათ.

ჯერ თეთრ ფურცელს ფერადი პასტელებით გააფერადებენ. ფერები შეუძლიათ ცისარტყელისებრად დასვან ან როგორც გაეხარდებათ, შემდეგ ამ გაფერადებულ ნახატს მთლიანად შავი გუაშით დაფარავენ. გაშრობის შემდეგ კი, ჩხირების დახმარებით, ულამაზესი ნახატები, ფორმები და ორნამენტები ნაკაწრებით შეუძლიათ შექმნან. ამ „ნაჩხაპნების“  წყალობით ფონის სიშავიდან ფერადი გამოსახულებები გამოჩნდება.

*

მასალების მხრივ კოლაჟის ტექნიკა სახალისო, ეკო-მეგობრული და ხელმისაწვდომია სახლში სამუშაოდ. და მგონია რომ ამ ჩვენს სიურრეალისტურ მოცემულობაში ეს აქტივობა განტვირთვის ძალიან კარგი საშუალება იქნება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.  კოლაჟს დიდი ხიბლი აქვს, თითქოს ჩვენს ცნობიერებას ათავისუფლებს და გარეთ გამოაქვს ფიქრები და გრძნობები. კარგი იქნება შერეული ტექნიკის გამოყენება – კოლაჟთან ერთად სხვა მასალები: საღებავები, ფანქრები და მარკერები.

ხელოვნება ხომ ყველაფრისგან ან ნებისმიერი რამის კომბინაციისგან შეიძლება „გააკეთო“.

მასალად ძველი ჟურნალ-გაზეთები, ბუკლეტები, მუყაო, ფერადი ქაღალდი, მეორადი ქაღალდი, ქსოვილის ნაჭრები, წებო, მაკრატელი, საღებავები, ფანქრები და მარკერები გამოგვადგება.

შთაგონებისთვის ბავშვებს კოლაჟის ოსტატები გავაცნოთ, პიკასო, ბრაკი, დადაისტები, სიურრეალისტები და კიდევ ბევრი დიდი ხელოვანი, ვინც ამ მედიაში მუშაობდა და მუშაობს (https://www.tate.org.uk/art/art-terms/c/collage).

ბავშვებს კოლაჟების შექმნა სიმბოლოებით, ფერებით, ფორმებით და ტექსტით შეუძლიათ, რომლითაც გამოხატავენ საკუთარ აზრებს და დამოკიდებულებებს რაიმე მოვლენის მიმართ.

კოლაჟზე მუშაობისას გაიაზრებენ, როგორ შეიძლება გამოსახულებები კონცეპტების და იდეების ვიზუალურ მეტაფორად აქციონ და ნამუშევარში პერსონალური  მხატვრული ხედვა გამოავლინონ. შეუძლიათ, იფიქრონ აბსტრაქტული კოლაჟების შექმნაზე ფერისა და ფაქტურის გაერთიანებით. კოლაჟები საკვების თემაზეც (ხილი, სასუსნავები) სახალისო იქნება, ექსპერიმენტები ჩაატარონ.

დასრულებული კოლაჟების დასათაურება ცალკე ამბავი და ცოცხალი პროცესია, ნამუშევარს როგორ აკვირდებიან, აანალიზებენ, რა გამოუვიდათ, სიტყვებს გონებაში ალაგებენ და მერე ფრთხილად წარმოთქვამენ, სათაური რომ მოერგოს და ზუსტად გამოხატოს ავტორის ხედვა.

ერთხელ სკოლაში კოლაჟის გაკვეთილისთვის სამი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ნახატის გმირი – ლეონარდოს „მონა ლიზა“, ვერმეერის „გოგონა მარგალიტის საყურით“და რენე მაგრიტის „ადამიანის შვილი“ ავირჩიე. სილუეტები წინასწარ მოვამზადე, ნახატებიდან Paint 3D-ს დახმარებით ამოვჭერი მონა ლიზას თავი და ხელები, ვერმეერის გოგონას და მაგრიტის კაცის ფიგურები ფონიდან მოვხსენი. შემდეგ ფერადი პრინტერით ამოვბეჭდე და ეს გამოსახულებები, რომლებიც პირობითად „მარცვლებად“ მოვნათლე,  ყველა მოსწავლეს სათითაოდ დავურიგე.

გაკვეთილზე ბავშვებს უნდა შეექმნათ კოლაჟი შერეული ტექნიკით, თემა – იუმორისტული კოლაჟი, „პერსონაჟების“ მოგზაურობა თანამედროვე დროში, თავისუფალი ინტერპრეტაციით.  ჟურნალ-გაზეთების ფოტოებისა და ქაღალდების გროვიდან რაც მოეწონებოდათ, შეეძლოთ გამოეყენებინათ, ოღონდ ჩემ მიერ მომზადებული „მარცვლები“ – მონა ლიზა, ვერმეერი ან მაგრიტი ნამუშევარში აუცილებლად უნდა ჩაერთოთ.

მუშაობის პროცესი ძალიან მხიარულად ჩავატარეთ. „მარცვლებმა“ თავისი საქმე გააკეთეს,  შემოქმედებითი ენერგია  და იუმორი ერთიანი ძალით აენთოთ და ძალიან კარგი ნამუშევრები შექმნეს.

ქეთის კოლაჟში მონა ლიზა ვერმეერის გოგონას შეხვდა, ფონზე ფენებად და შრეებად დაწებებული სხვადასხვა ფაქტურის, ფერის, ფორმის  ქაღალდის ნაკუწები და წარწერები ერთიან კომპოზიციად შეიკრა, წინა პლანზე წითელი პასტელის აქცენტიც ძალიან მოუხდა. (სურ. 5)

მეორე ქეთის კოლაჟში მონა ლიზა გიდია, უცხოელ სტუმრებს აცნობს საქართველოს. (სურ. 6)

ანას კოლაჟში მოქმედება კინოში ხდება. (სურ. 7)

ელენესთან ორი პარალელური სამყაროა. (სურ. 8)

ნიკამ კი გმირები მაკდონალდსში დაპატიჟა. (სურ. 9)

*

მსოფლიოს მუზეუმები და გალერეების ვირტუალური ექსპოზიციები ხელის გულზეა – https://artsandculture.google.com/  – ზე. ერთი დაწკაპუნებით მუზეუმში შევაბიჯებთ, ნამუშევრებს მაღალი რეზოლუციით დეტალურად დავათვალიერებთ, დაკვირვების, ფიქრის, უსაზღვრო შესაძლებლობა გვაქვს.

ბავშვებისთვის სახალისოდ :

ტეიტის მუზეუმის ვებგვერდი – https://www.tate.org.uk/kids, თანამედროვე ხელოვნების სამყარო, სახალისო აქტივობები, თამაშები და ქვიზები.

მომას ვებგვერდი – https://www.moma.org/audio/playlist/2 აუდიო მასალა მუზეუმში დაცული თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების შესახებ.

მეტროპოლიტენ მუზეუმის დროის მანქანა  – https://www.metmuseum.org/art/online-features/metkids/time-machine

 

 

აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურა თუ თავისუფალი არჩევანი

0

მოზარდები და წიგნები

 12 წლის თეკლას გულახდილი ინტერვიუ

 

არასდროს ვყოფილვარ იდეალური მოსწავლე, ალბათ საშუალოზე ოდნავ მეტი შესაძლებლობისა მეთქმოდა. რაიონში ვსწავლობდი, ბებია სკოლაში მუშაობდა და ისეც ხდებოდა, რომ მისი ხათრითაც დაუწერიათ ფრიადები. მეცადინეობაზე მეტად კითხვა მიყვარდა და ფიზიკის კანონების დაზეპირებაზე მეტად ყაზბეგისა და ეგნატე ნინოშვილის სამყაროების ტრაგედიები მიზიდავდა.

წიგნები ჩემთვის არ ურჩევიათ, ამის დრო და თავი მაშინ არავის ჰქონდა. უბრალოდ, ჩემი ოჯახის დიდი ბიბლიოთეკა ჩემს ხელში იყო, უმთავრესად ქართული პროზის შედევრებით, უცხოური დეტექტივებითა და კლასიკოსების ნაწარმოებებით. ბევრი ის წიგნი გამოვტოვე, მიღებული მოსაზრების თანახმად, ამ თუ იმ ასაკში რომ უნდა წაიკითხოს მოზარდმა. ხშირად სულ სხვანაირი წიგნები მიტაცებდა – ბავშვებისთვის შეუფერებელი და უინტერესო. გამოვტოვე ჟიულ ვერნი და მაინ რიდი, ლინდგრენის მხოლოდ „პეპი გრძელწინდა“ აღმოვაჩინე ჩვენს ბიბლიოთეკაში, წავიკითხე, მაგრამ არ აღვფრთოვანებულვარ. რატომღაც იმერელი გლეხების გასაჭირი და უბედურება უფრო ახლოს იყო ჩემთან, ვიდრე შვედი ბავშვების გასაოცარი თავგადასავლები. ქაოსურად, კალაპოტის გარეშე ვკითხულობდი. ნინოშვილის, ყაზბეგის, კლდიაშვილის დამსახურებაა, საშინელი პროტესტი რომ გამიჩნდა ქალებისადმი დამოკიდებულების, მათი ჩაგვრის გამო. ამ ყველაფერს კი რაიონში მიღებული სტერეოტიპები დაერთო და მოკლედ, ცოტა მაკლდა, რომ მეფეთქა.

წიგნი მხოლოდ სიამოვნება არ ყოფილა ჩემთვის – ის აგურ-აგურ აშენებდა ჩემს პიროვნებას, შესაძლოა, ქვეცნობიერის ღრმა შრეებსაც, და მსოფლხედვას.

იმ დროს თავისი გმირები ჰყავდა, თავისი სულისკვეთება ჰქონდა. მოზარდებს ომი, უსამართლობა, მომავალი კეთილდღეობა გვაღელვებდა, გვწყუროდა თავგადასავლები და მძაფრი შეგრძნებები – იმიტომ, რომ ასეთი შეგრძნებების მომტანი მოწყობილობები, უშუქობის გამო, უფუნქციოდ ქცეულიყო. ამ შეგრძნებებსაც ვეძებდით წიგნებში და „მგლის ბილიკის“ მსგავსი ტექსტებით ვცდილობდით დანაკარგის ანაზღაურებას.

იმის თქმა მინდა, რომ ყველა დროს თავისი ინტერესები და სურვილები მოაქვს. კლასიკა კლასიკად რჩება, მაგრამ მის პარალელურად ჩნდება ისეთი ლიტერატურაც, რომელიც მოზარდებისთვის ახლობელი და აუცილებელი ხდება. შესაძლოა, დიდი ლიტერატურული ღირებულებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ადამიანს აძლევდეს შეგრძნებებს, პასუხებს, ემოციებს.

დღეს, შეგრძნებებით გადატვირთულ ეპოქაში, რთულია, ძალიან რთულია მოზარდის წიგნთან მიყვანა და ყურების ემოციის კითხვის ემოციით ჩანაცვლება. ეს ყველაფერი უფრო ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყო და განავითარო. რამდენს უკითხავს, რა წავაკითხოთ 12 ან 14 წლის ასაკშიო. სამწუხაროდ, მზა რეცეპტები არ არსებობს, არც სწორედ ამ ასაკში აუცილებლად წასაკითხი წიგნები. წინ მთელი ცხოვრებაა და ოდესმე ამ წიგნებს თავად იპოვიან.

ჩემი შვილი 12 წლისაა. ჩვეულებრივი მოზარდია, უყურებს იუთუბს, აპროტესტებს უსამართლობას და საკუთარი თავით დიდად არ არის აღფრთოვანებული.

ვაღიარებ, რომ ხშირად არ კითხულობს „ამ ასაკში წასაკითხ“ წიგნებს. პროტესტი უჩნდება ბევრი რამის მიმართ, განსაკუთრებით ქართულ პროზას ებრძვის (არადა, მე მის ასაკში სწორედ ქართულმა პროზამ გადამარჩინა და მაქცია იმად, რაც ვარ). ვცდილობ, ჩემი შეხედულებები არ მოვახვიო თავს და მის მიმართულებებს მივყვე. შიგადაშიგ ვკითხულობთ „აუცილებლად წასაკითხ“ ტექსტებს და ერთადაც განვიხილავთ, თუმცა მისი ძირითადი საკითხავი ძალიან განსხვავებულია.

ვიფიქრე, თეკლას რამდენიმე პასუხი ზუსტად ისე ჩამეწერა, როგორც მითხრა. რა ვიცი, იქნებ სწორედ ასე ფიქრობენ მოზარდები, ან იქნებ ჩემი შვილი გამონაკლისია, თუმცა ეს პასუხები საინტერესო უნდა იყოს.

ვეკითხები: საერთოდ რატომ კითხულობ წიგნებს?

როდესაც ამ სამყაროთი ვიღლები, მინდა, რომ სხვა სამყაროში დავიკარგო.

დაუფიქრებლად მპასუხობს.

შემდეგ კითხვაზე გადავდივარ: როგორი წიგნები მოგწონს?

– ფენტეზი, თავგადასავალი, ისეთი წიგნები, რომლებშიც საიდუმლოა ამოსახსნელი. ფენტეზი – დრაკონებით. წიგნებს შეუძლია, დაგანახოს ისეთი სამყარო, რომელიც სულ სხვანაირი წარმოგედგინა და წიგნებმა სხვანაირად დაგანახა.

გრაფიკული კომიქსები მომწონს, ნამდვილი ამბებიც მომწონს, ოღონდ – სინამდვილის მეორე მხარეს რომ განახებს.

სხაპასხუპით არაკრაკებს.

ახლა რას კითხულობ და რას იტყვი ამ წიგნზე?

– სარა ბენვილის „უკანასკნელ ფოთოლცვენას“. წიგნი ჩვიდმეტი წლის ბიჭზეა, რომელსაც ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი აქვს. ბიჭი აღწერს იმ სამყაროს, რომელშიც თავს არაკომფორტულად გრძნობს. გარშემო მყოფები მას ჩვეულებრივ ადამიანად ვერ აღიქვამენ და ვერ იღებენ. ონლაინ მეგობრებს იძენს, რომლებსაც კი არ ეცოდებათ, არამედ მისი შინაგანი სამყარო აინტერესებთ.

რატომ მოგწონს ეს წიგნი?

– ისეთი ამბავია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს და საზოგადოებას უჭირს ამ პრობლემის დანახვა. ასეთ ადამიანებსაც აქვთ ოცნებები, სურვილები, უნდათ რაღაცები. ამ ბიჭის ოცნებაა, რომ გაიზარდოს, შვილები ეყოლოს და იმდენი ნაყინი აჭამოს, სანამ გული არ აერევათ. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია.

რატომ არ მოგწონს ხოლმე ჩემი შერჩეული წიგნები?

– ბავშვებს არ უყვართ, როდესაც ეუბნებიან: „უნდა წაიკითხო“. მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ ისეთი წიგნები, რომლებშიც „დიდი სიღრმეებია“. მაგალითად, „ბიძია თომას ქოხი“. თუმცა რასიზმი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ეს პრობლემა უკეთ დავინახე, როცა წავიკითხე „ღვარძლი, რომელსაც თესავ“, ფილმიც ვნახე და ჩემთვის ეს პრობლემა ბევრად უფრო ნათელი გახდა. მე ისეთი წიგნები მომწონს, რომლებიც ჭკუას არ გასწავლის – ასეთი უნდა იყოო და იდეალური გმირი არ ჰყავს. მაგალითად, „თბილი სხეულები“, რომელიც უბრალოდ ზომბის და ადამიანის სიყვარულზეა. თუმცა აქაც განსხვავებულის მიღება და სიყვარულია.

ძალიან მომეწონა „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“, ნატო დავითაშვილის. ისე კარგად იყო ეს სამყარო აღწერილი, რომ მკაფიოდ დავინახე დრაკონები, გემები, ზღვები, პერსონაჟები, კუნძულები და ასე შემდეგ. ისეთი უცნაური სამყარო იყო, რომელიც მე არასდროს არ მინახავს და მასში მოგზაურობა მომინდა.

ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი, რომელზე საუბარიც მოგინდება.

„პერსეპოლისი“ – მარჯან სატრაპი. განსხავებული ქვეყნის და ცხოვრების აღწერაა. მარჯანი ძალიან დაღლილია სექსიზმით, იმ ფაქტით, რომ კაცები უფრო ძლიერები არიან და შეუძლიათ, ქალებს ნივთებივით მოექცნენ. განსხვავებული აზრის გამო ხალხს ხოცავენ და აწამებენ. ის ცდილობს, ეს ყველაფერი შეცვალოს. თუმცა არც ისე კარგად გამოსდის, მაგრამ მაინც ცდილობს. წიგნიც ერთ-ერთი მცდელობაა. მარჯანი იკარგება, საკუთარ თავს კარგავს, ევროპაში რომ მიდის, რადგან ხალხს ტერორისტად მიაჩნია – დასცინიან მისი ქვეყნის ცუდი რეპუტაციის გამო. ეს წიგნი გვაჩვენებს, როგორია იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც გამუდმებით ბრძოლაში არიან. წიგნში აღწერილია, როგორ დაუხოცეს საყვარელი ადამიანები თვალწინ, როგორ დაინახა, რომ ჩამოინგრა კორპუსი ომის გამო და მეგობრის „ბრასლეტი“ როგორ აღმოაჩინა ნანგრევებში. ეს ხალხი ისეთ ადამიანებს აღმერთებდა, რომლებმაც თავი გაწირეს, დაიხოცნენ. ისინი სიკვდილს აღმერთებდნენ, სიკვდილი ძლიერებად მიაჩნდათ და, ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ სიცოცხლე მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

რას ურჩევდი მშობლებს?

შვილებს აცადონ, რაც უნდათ, ის წაიკითხონ, არ დააძალონ. უნდა დააინტერესონ, გააცნონ სამყაროები, ტელეფონი არ გამოგლიჯონ ხელიდან, შეიძლება იქაც კითხულობდნენ რამეს. უნდა იმუშაონ, რომ შვილები წიგნთან მიიყვანონ, ოღონდ არა დაძალებით და „უნდათი“.

რას ურჩევდი მოზარდებს?

ისეთი წიგნები იკითხონ, რომლებშიც დაიკარგებიან, მოეწონებათ და ნაძალადევად არ წაიკითხავენ. თუნდაც დიდი სიბრძნე არ იდოს. წიგნების კითხვა ძალიან გამოადგებათ თვალების გახელაში, უფრო მრავალფეროვან და ლამაზ სამყაროებს დაინახავენ.

ოდესმე წიგნი რომ დაწერო, როგორი იქნება ის?

ისეთი, რომელშიც განსხვავებული წესებია, ან არ არის წესები, ამობრუნებულია სამყარო და არავის გაუჩნდება კითხვა: „რატომ?“ შენ ხომ გოგო ხარ, არ შეგეფერება, ან შენ ხომ ბიჭი ხარ, რატომ მოგწონს ვარდისფერი, რატომ თამაშობ თოჯინებით? ჩემი პერსონაჟი პრობლემებს შეებრძოლება მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად ან სულ მარტო. შეიძლება, მარტოობა უფრო კომფორტულიც იყოს, და მნიშვნელობა არ აქვს, ეს მისი პრობლემა იქნება თუ მსოფლიოსი, რადგან ერთი ადამიანის პრობლემაც უკვე სამყაროს პრობლემაა.

 

თეკლას პასუხებში ერთი სიტყვაც არ შემიცვლია. შესაძლოა, ეს ერთი მოზარდის ინდივიდუალური მოსაზრებები იყოს, შესაძლოა, ბევრის სათქმელს გამოხატავდეს. ასეა თუ ისე, კარგი იქნება, ჩვენ, დიდები, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ჩვენი წარსული გამოცდილებით არ განვსაზღვროთ ახალი თაობის ინტერსები, სულ, სულ ცოტათი ვენდოთ და არ შევუზღუდოთ ის თავისუფლება, რომელიც ასე გვაკლდა და რომელიც ჩვენზე მეტი ჩვენს მოზარდ შვილებს აქვთ. რაც მთავარია, მათ წიგნიერებაზე ზრუნვა ჩვილობიდანვე დავიწყოთ, ვუკითხოთ და კრიტიკის გარეშე მოვისმინოთ მათი პასუხები. დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და, ბოლოს და ბოლოს, ისეთები მივიღოთ ისინი, როგორებიც სინამდვილეში არიან – კორექტირებისა და უხეში ჩარევის გარეშე, ვაცადოთ, მოვუსმინოთ, პატივი ვცეთ. იქნებ სწორედ ეს გვჭირდება ამ სასტიკ და გაუცხოებულ სამყაროში.

 

ფიზიკური აღზრდა დისტანციური სწავლებისას

0

პანდემიამ, სახელად  COVID- 19-მა,  ყველა ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა და რადგან ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,  პირნათლად ვასრულებთ მოწოდებას „დარჩი სახლში!“

ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად ბავშვებს შეეხო, რადგან სკოლას, ეზოს,  თამაშს მიჩვეულები შინ  გამოიკეტნენ და ირგვლივ ყველა – ოჯახის წევრები, მეგობრები თუ სახელმწიფო მუშაკები ყოველდღიურად მოუწოდებენ  21 აპრილამდე დარჩით სახლშიო. მშობლები თუ მასწავლებლები ათასგვარ საშუალებას მიმართავენ, ასეთ სიტუაციაში  რაიმე აქტივობით  დააკავონ ბავშვები, ცდილობენ, შინ ყოფნა  გაუსაძლისი არ იყოს მათთვის. სოციალურ ქსელში  ხუმრობაც კი გავრცელდა, წერენ, რომ „კორონას საწინააღმდეგო ვაქცინას მეცნიერები თუ ვერ გამოიგონებენ, მას უმოკლეს დროში მშობლები შექმნიან“, რადგან მთავარ პრობლემას ბავშვების შინ,  ჩაკეტილ სივრცეში გაჩერება და  მათთვის საინტერესო აქტივობების მოფიქრება წარმოადგენს.

მართალია!

გაზაფხულია. ბუნება იღვიძებს.  ბიოლოგიურად იღვიძებს ადამიანის ორგანიზმიც. მასში მრავალი ცვლილება ხდება და ყველაზე მეტად ახლა სჭირდება ფიზიკური აქტივობა. ბავშვებში ცვლილებები  უფრო მოჭარბებულადაა. ეს არის დრო, როცა მათ სხეულს ვარჯიში, სუფთა ჰაერზე გასეირნება,  გაკაჟება და სწორი კვება სჭირდება.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში I-IV კლასების ფიზიკური აღზრდის კვირეული საათობრივი დატვირთვა ორი გაკვეთილიდან სამ გაკვეთილამდე გაიზარდა, რაც პირდაპირ მეტყველებს განათლებისთვის მნიშვნელოვან ასპექტზე, რომ 6-10 წლის ბავშვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია  სწორი ფიზიკური განვითარება.

„ფიზიკური აღზრდა და სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დისციპლინაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშვის, როგორც ფიზიკური, ისე კოგნიტური, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაში. ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას და გაკაჟებას, სხეულის პროპორციებისა და სწორი ტანადობის ჩამოყალიბებას, მოსწავლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების გაუმჯობესებას“(კიკალიშვილი ლ. გვ.8).

დაწყებით კლასებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს უმეტესად დამრიგებლები ატარებენ. ხშირად მსმენია ამ ასაკის ბავშვებისგან, რომ მათი მასწავლებელი სპორტის ნაცვლად, ქართულის ან მათემატიკის ჩატარებას ამჯობინებს,  რაც უარყოფითად აისახება მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე.

ახლა, როცა ქართველი მასწავლებლები თავს არ ზოგავენ და ცდილობენ, ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევას და ალღო აუღონ დისტანციური სწავლების სირთულეებს, ფიზიკური აღზრდის პრობლემამ კიდევ უფრო  იჩინა თავი.  არა და  უმარტივესია, კითხვასა და  ანგარიშის სწავლებასთან ერთად,  ბავშვებს ავუხსნათ, თუ როგორ ივარჯიშონ სწორად, ასაკის შესაბამისად, თუნდაც სახლის პირობებში. დამერწმუნეთ, ზედმიწევნით და ხალისით შეასრულებენ და დამამტკიცებელ ვიდეოებსაც სიამოვნებით გამოგიგზავნიან.

გთავაზობთ რამდენიმე სახის მარტივ ვარჯიშს I-IV კლასელთათვის:

ვარჯიში შეასრულონ განიავებულ ოთახში, აივანზე ან ეზოში (საკუთარი ეზოს არსებობის შემთხვევაში).

ფიზიკური  აღზრდის  მოთელვითი ვარჯიშები სულ 5-7 წთ:

 

 

დარჩით სახლში და ივარჯიშეთ!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ფიზიკური აღზრდა (სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებისთვის) , კიკალიშვილი ლ. და ავტორთა ჯგუფი, თბილისი, 2018.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...