შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

ნახვაწა

0

გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ეს ამბავიც ჩემს ბავშვობაში იქნებოდა ჩამარხული. ხომ არის, რაღაცების ბოლომდე დავიწყება რომ გინდა – ზოგის სამართლიანად და ზოგისაც უსამართლოდ – მაგრამ მაინც გინდა აღარ გაიხსენო.

90-იანების დასაწყისში იყო, სამეგრელო რომ მოოხრდა შინა და უცხო მარბიელებისგან; მერე კიდევ დევნილთა დიდ ნაკადს დაუხვდა ზუგდიდი და ცალკე პრეზიდენტ გამსახურდიას მასპინძლობის გამო, ლამის იყო ოჯახ-ოჯახ აგებინეს ხალხს პასუხი. აი, მაშინ, მე, ჩემი ძმა და და-ძმა თოლორაიები ხუთი-ექვსი წლისები ვიყავით. ერთ ეზოში ვიზრდებოდით და ლუკმას ვიყოფდით, რაც იმათ გაუჩნდებოდათ, ჩვენ გვიტეხდნენ, რასაც ჩვენ გამოგვიგზავნიდნენ, იმათთან ვიზიარებდით. ჩვენი მამები უცხოეთში იყვნენ, რაღაც იმდროინდელი ბიზნესპროექტის მაგვარი უნდოდათ აეწყოთ, მაგრამ კაპიკებს გამორჩებოდნენ ხოლმე, ისიც იშვიათად, თუ გაუმართლებდათ, მაშინ.

სიმინდი და რძის პროდუქტი მაშინ არ აკლდა სამეგრელოს, ბებიაჩემი სოფლიდან შვიდ კილომეტრს გამოივლიდა უტრანსპორტობაში, ადუღებული რძე რომ მოეტანა და მხოლოდ ათი წუთით დარჩებოდა ჩვენსას, – ქალაქში თქვეს, ეგებ ავტობუსი იყოს ხუთზე და წამიყოლოს ცაიშისკენო. ძროხებიც ჰყავდა, ქათმებიც და ისეთი შებოლილი ყველი მოჰქონდა, მისი უკეთესი მაგის მერე აღარც გამისინჯავს.

მენიუს წამყვანი ატრიბუტები, ცხადია, ღომი-ყველი და ლობიო იყო, თანდართული კომბოსტოს მჟავეთი. სკოლიდან დაბრუნებულები გემრიელ და არომატულ სადილს რომ მოვილევდით, ღუმელზე შემოდგმულ ქვაბს მივადგებოდით, სადაც ღვთაებრივი დესერტი გვეგულებოდა.

ალიო ქობალიას „მეგრულ ლექსიკონში“ ნახვაწა ამგვარადაა განმარტებული: „ღომის ქერქი, შერჩენილი ქვაბის ფსკერსა და კედლებზე“. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მოდით, ამ განმარტების შიგანშიც შევიჭვრიტოთ ერთი:

დანა-ჩანგლებით შეიარაღებულები ქვაბის კედლებიდან ვაცლით ქერქს, ზოგი მჭიდროდაა აკრული, მიმხმარია, მაგის ჩამოცლას სხვა გემო და შიშხათი აქვს, სურნელიც სხვანაირი ასდის. ნაკუწ-ნაკუწ იცლება ხრატუნა ნახვაწა, თეფშზე გადმოგვაქვს ან ხელში ვიჭერთ მოზრდილ ნაჭერს და ვაკნატუნებთ. აკნატუნე და რაზეც გინდა ილაპარაკე, წყალს მოგთხოვს თუ პურს! ჰა და ჰა, ერთი-ორჯერ კბილებშუა გაგეჩხიროს ან ღრძილს გაეხახუნოს უსიამოდ, წამსვე მოუნაცვლებ გვერდს და შენია!

თოლორაიებთან ვართ, ადამიანურ დუმილს მთლიანად თრგუნავს ნახვაწას კნატუნი და ხრაშუნი. ვხედავ გამომელია, ვის გინდა თხოვო, ნინიკოსკენ ვაპარებ თვალს, ისიც მამჩნევს, მცირე ნაჭერს გამომიწვდის და ამით კმაყოფილი მეუბნება:

– იცი, ჩემმა კლასელმა რა მითხრა?

– რაო?

– ნახვაწა ისე მიყვარს… ისე მიყვარსო, რომ აი, სნიკერსს მირჩევნიაო.

ამის თქმა იყო და – უაჰაჰაჰა, – აგვიტყდა სიცილი, გაგვცვივდა ხელიდან შერჩენილი ნახვაწები, ცრემლი წაგვსკდა, ერთმანეთს ვაწყდებით ბიჭები, ნინიკო კი გაკვირვებული გვიყურებს, მერე თვითონაც ეღიმება, მაგრამ უკან არ იხევს.

– არა, როგორ თქვა, რას მირჩევნიაო? – არ ვეშვებით.

– დამანებეთ თავი!

– თქვი, თქვი, როგორო, რას მირჩევნიაო?!

უაჰაჰა, უაჰაჰა…

გაჭირვებას და ამ ნაუცბათევად ჩამოვარდნილ კრიზისს რა ვუთხარი, თორემ არც გამახსენდებოდა ეს ეპიზოდი – სევდიანიც და სასაცილოც. ბავშვი რისი ბავშვია, ყველაზე დამთრგუნველი უპურობა, ტკბილეულის გაქრობა თავისი რეალობით – ნახვაწის ყოველდღიური ულუფით – არ გააქარწყლოს, არაფრად აქციოს ფუფუნების საგნები. ის, რაც ყველაზე მეტად ენატრება და უნდა, მაგრამ მიუწვდომელია, ამიტომ რაღაცით უნდა დააკნინოს, იმისი გემო იმ რაღაცაში, მისთვის ხელმისაწვდომში უნდა გააზავოს, გადმოასახლოს…

ეგ იყო ის დრო, დუხჭირი და დაუწყობელი, მაგრამ მის გაუხსნებლადაც რომ ვერ გაგვიძლია?!

 

ცხელი შოკოლადი და  მეტყველების ნაწილების სწავლება

0

დაწყებით საფეხურზე გრამატიკის სწავლებისას მასწავლებლები ვაწყდებით რიგ სირთულეებს, რომელთა გადალახვა არცთუ ისე ადვილია. მოსწავლეებს უჭირთ სიტყვებისთვის კითხვის სწორად დასმა და სიტყვების დაკავშირება გრამატიკულ ტერმინებთან, რადგან ამ ასაკის ბავშვს მხოლოდ რეალურ, კონკრეტულ ობიექტებზე შეუძლია სააზროვნო ოპერაციების ჩატარება.

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ გრამატიკული საკითხების პრაქტიკასთან დაკავშირება. მეტყველების ნაწილების შესწავლისას ხშირად ერეოდათ ისინი ერთმანეთში, უჭირდათ კითხვების სწორად დასმა. ვერ ხვდებოდნენ, რა საჭირო იყო მეტყველების ნაწილების შესწავლა. ვხვდებოდი, რომ უნდა მეპოვა განსხვავებული მეთოდი, რომლის დახმარებითაც საინტერესოდ და, იმავდროულად, ხალისით შევასწავლიდი გრამატიკულ საკითხებს.

იმისთვის, რომ გრამატიკის გაკვეთილები საინტერესო და ადვილად გასაგები გამეხადა, მიზნად დავისახე, შემექმნა მოსწავლეთა საჭიროებას მორგებული რესურსები. ასე შევქმენი „გრამატიკის დღიური“. ყოველი ახალი საკითხის შესწავლისას დღიურში ვაწებებ წინასწარ გამზადებულ და ამობეჭდილ საკითხებს. საკითხებს სქემების სახეს ვაძლევ, რათა ადვილად გასაგები იყოს. ყოველ საკითხს ერთვის მაგალითები და მოსწავლეს შეუძლია, თუ დაავიწყდა, დამოუკიდებლად გაიხენოს როგორც თეორიული მასალა საკითხის შესახებ, ისე პრაქტიკული მაგალითები.

 

 

პოზიტიური საკლასო გარემოს შექმნისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით გადავწყვიტე, ჩამეტარებინა საინტერესო ექპერიმენტი – მეტყველების ნაწილები აღმოჩენებით მესწავლებინა და ეს პროცესი დამეკავშირებინა ყოველდღიურ საქმიანობასთან.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილს, რომელზეც მოსწავლეებმა, ცხელი შოკოლადის მომზადების პროცესში, აღმოაჩინეს და დაასახელეს მეტყველების ნაწილები.

 

კლასი: მე-3

მოსწავლეთა რაოდენობა: 16

გაკვეთილის თემა: მეტყველების ნაწილები

გაკვეთილის მიზანი: ცხელი შოკოლადის მომზადების პროცესში მოსწავლემ ამოიცნოს და დაასახელოს მეტყველების ნაწილები.

ესგ-ის სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები:

ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის ნორმების დაცვა.

  • იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
  • სათანადოდ იყენებს პირის ნაცვალსახელებს;
  • სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში, სწორად ათანხმებს რიცხვით და /ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა და რიცხვში;

წინა მოსამზადებელი სამუშაოები:

გაკვეთილის ჩატარებისთვის საჭიროა:

  • მეტყველების ნაწილების ცხრილი;
  • დიდი საერთო ცხრილი – გაკვეთილის შეჯამებისთვის;
  • ცხელი შოკოლადის მოსამზადებლად საჭირო ნივთები და მასალები:

ადუღებული წყალი ან რძე, შოკოლადის ფხვნილი, შაქარი, მუყაოს ჭიქები, კოვზები, ჩაიდანი.

(მასწავლებელს მშობლებისგან უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსწავლეები არ არიან ალერგიულები რომელიმე პროდუქტის მიმართ).

 

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა1. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას.

მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს: შეგვიძლია თუ არა არსებითი სახელების „დაგემოვნება“? რომელ ზმნებს ვიყენებთ შინ, საოჯახო საქმიანობის დროს? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ნივთებს და საკვებ პროდუქტებს და ეკითხება: რა შეიძლება მოვამზადოთ ამ პროდუქტებისგან?

დიალოგის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ცხრილებს და უხსნის, რომ მათ უნდა მოამზადონ ცხელი შოკოლადი და მომზადების პროცესში გამოყენებული ყველა სიტყვა დააკავშირონ შესაბამის მეტყველების ნაწილთან.

 

ჯგუფი N

ჯგუფის წევრთა რაოდენობა:

არსებითი სახელი ზედსართავი სახელი რიცხვითი სახელი

 

ნაცვალსახელი ზმნა
ვინ ჯგუფი რა ჯგუფი
რაოდენობითი რიგობითი წილობითი

 

 

აქტივობა 2. ცხელი შოკოლადის მომზადების პროცესი

 

მასწავლებელი კლასს ყოფს რამდენიმე ჯგუფად, ურიგებს საჭირო ნივთებს და მიუთითებს: დამოუკიდებლად მოამზადონ ცხელი შოკოლადი, დააკვირდნენ კეთების პროცესს, დაასახელონ, რომელ ნივთებსა და პროდუქტებს გამოიყენებენ. დასახელებული სიტყვები შეიტანონ ცხრილში შესაბამისი მეტყველების ნაწილების გრაფაში.

თითოეული ჯგუფი აკეთებს მხოლოდ მათთვის განსაზღვრული რაოდენობის ცხელ შოკოლადს. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებულია და ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობს როგორც შოკოლადის მომზადებაში, ისე სიტყვების დახარისხებასა და ჩაწერაში.

მასწავლებელი აკვირდება მუშაობის პროცესს. მიდის ყველა ჯგუფთან და უსვამს რამდენიმე კითხვას: რა პროდუქტი გამოიყენეთ? რა რაოდენობის? როგორი იყო პროდუქტები?

მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაასრულებს ცხელი შოკოლადის მომზადებას, თითოეული მოსწავლე დააგემოვნებს მას. დაგემოვნების შემდეგ კიდევ ერთხელ შეავსებენ ცხრილს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 3: საერთო საკლასო ცხრილის შევსება

ცხელი შოკოლადის დაგემოვნებისა და ჯგუფებში ცხრილების შევსების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს საერთო საკლასო ცხრილს. ცხრილში თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეიტანოს მის მიერ მოგროვებული მონაცემები. საერთო ცხრილის შევსების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რომელი სიტყვები იყო საერთო და რომელი – განსხვავებული? რა გაუადვილდათ? რა გაუჭირდათ? რა სიახლე აღმოაჩინეს გაკვეთილზე? რას გაიმეორებდნენ შემდეგ გაკვეთილზე?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 4: გაკვეთილის შეფასება

 

გაკვეთილის დასრულებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ჯგუფების მიხედვით შეაფასონ ერთმანეთი. მოსწავლეებს ინდივიდუალურად ურიგებს გასასვლელ ბილეთებს და სთხოვს, შეაფასონ გაკვეთილი.

 

გასასვლელი ბილეთი

 

რა ისწავლე დღევანდელ გაკვეთილზე?

 

 

 

რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

 

 

 

ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამეხმარება…

 

 

 

 

შეფასების რუბრიკა

მოსწავლე სწორად სვამს კითხვებს სწორად ასახელებს მეტყველების ნაწილებს

 

ჯგუფური სამუშაოს შესრულება
აქტიურ. შესრულ. აქტიურ. შესრულ. აქტიურ. შესრულ.
             
             
             
             

 

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2020 წლის მეორე ნომერი

0

რედაქტორის წერილი

ახლა, როცა ჩვენი ყოფა და მთელი სამყარო შეიცვალა, რამდენიმე სიტყვა და სამიოდე მდგომარეობა გახდა მნიშვნელოვანი.

ამ სიტყვებსა და მდგომარეობაზე, ალბათ, ბევრი დაიწერება. მე ერთ მათგანს გამოვყოფ. უფრო სწორად, ის თავად გამოეყო სხვებს და პირველ სიტყვად, პირველ მდგომარეობად გამოგვეცხადა.

შიში – რაღაცნაირი სიტყვაა. თითქოს ორ მარცვალს შეგნებულად იმეორებს მეტი დამაჯერებლობისა თუ სიმყარისთვის. ის, რასაც ამ სიტყვით გამოვხატავთ, ალბათ, ჩვენთან ერთად დაიბადა და თან დაგვაქვს. ზოგჯერ თავს გვახსენებს და გვიპყრობს, ზოგჯერ ვივიწყებთ.

ამიტომაცაა ადამიანის ფიქრები ხან უშიშარი და ხანაც შიშნარევი.

ამ ბოლო დღეებში ჩვენმა ცხოვრებამ ეს სიტყვა ყველაზე მეტად მოირგო.

ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ახალი სასწავლო სემესტრისთვის ვემზადებოდით, გვითხრეს, რომ საკლასო ოთახები და აუდიტორიები ცოტა ხნით, უფრო კი განუსაზღვრელი ვადით, დაიხურა რეალური შეხვედრებისთვის და…

შიში ფორმაცვალებადი სიტყვაცაა. ხან რას ახლავს და ხან რა იწვევს.

როგორ ვასწავლოთ? – გაჩნდა კითხვა დახურულ კარს მიღმა და შიშმა ფართოდ გაახილა თვალები.

ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ – ამ სიტყვებთან გაშინაურებულები ვიყავით, მაგრამ…

რამდენიმე დღეში ეს შიში მრავალმა შესაძლებლობამ ამოავსო და აუდიტორიებში რეალური ყოფნა კომპიუტერის ეკრანებთან სხდომით და ინფორმაციის გადაცემით ჩავანაცვლეთ.

შეიცვალა სასწავლო დიზაინი. ის, რაც ყველაზე მეტად გვხიბლავდა – პირისპირ ყოფნა – გადაიდო. დისტანცია ამოივსო მოციმციმე ეკრანებით.

დავიწყეთ ტექნოლოგიების შიგნით მზერა და მათი აქამდე გამოუყენებელი შესაძლებლობების შესწავლა და გამოყენება.

„გესმით ჩემი?“ – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს ვიმეორებ, როცა ვირტუალურ აუდიტორიაში ჩემს სტუდენტებს ვესაუბრები. ძალიან დამაკლდა ის უკუკავშირი, რომელსაც მათთან კომუნიკაციისას ვიღებდი რეალურ აუდიტორიაში. იქ, სადაც თითქმის ყველაფერი ცხადია, სადაც იცი, ვინ არის შენთან, ვინ გისმენს და ვინ გაიგო, რისი თქმა გინდოდა.

თუმცა, ამ შესაძლებლობის მიღმაც დარჩნენ სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ და არც შესაბამისი ინსტრუმენტები აქვთ.

მათ არც კითხვით: „გესმით ჩემი?“ – ვაბეზრებ თავს.

მე ვდარდობ ჩვენი მოსწავლეების ამ არათანაბარ შესაძლებლობაზე. ვდარდობ იმაზეც, რომ არავინ იცის, ხვალ რა გამოწვევას შევეჯახებით; არავინ იცის, გავაგონებთ თუ არა ჩვენს ხმას მათ, ვისაც ჩვენი უნდა ესმოდეს.

მაგრამ მთავარი, რაც ამ დღეებში თითოეულმა ჩვენგანმა ისწავლა, ის არის, რომ სამყარო მართლა აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო და ადამიანებს, არც იზოლაციაში და არც ყოველგვარი შეზღუდვისგან თავისუფლებს, ერთმანეთზე უკეთესი არავინ გვეყოლება.

ხომ გესმით ჩემი?

ამ ნომერში წაიკითხავთ :

ჟურნალის გარეკანი და ილუსტრაცია

ჟურნალი მასწავლებელი 2020-2 შინაარსი

სახლი, როგორც გაკვეთილი და ნივთები, როგორც რეკვიზიტები

0

უკვე თვეზე მეტია ახალ სამყაროში ვცხოვრობთ, ახალ უნარებს, ჩვევებს გამოცდილებას ვიძენთ, მათ შორისაა,  საგაკვეთილო ფორმატი, ეკრანებთან მიმსხდარი მოსწავლეები და დისტანციური დავალებები. მშობლები? მშობლებიც იქვე ვართ, ჯერ-ჯერობით გარეთ გასვლა არ შეგვიძლია. იქნებ ჩვენც მშვენიერი რესურსი ვართ ამ პროცესის დასახმარებლად? იქნებ ბევრი რამე შეგვიძლია?

ამ შინ მეცადინეობამ კიდევ ერთხელ დამანახა,  როგორ კარგად მეცადინეობენ ბავშვები არასტრესულ და თავისუფალ გარემოში. კონცენტრირებულები, მობილიზებულები, მითითებასაც მარტივად იგებენ და  ინსტრუქციასაც. ეს ყველაფერი რომ დასრულდება, კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ, სტრესულ, საშიშ, მოსაბეზრებელ სივრცედ არ იქცეს სკოლა, იქნებ საშინაო გაკვეთილებმა კარგი მინიშნებები მოგვცეს?

მე კი, როგორც მშობელი, მოგიყვებით ჩვენი საშინაო გაკვეთილების შესახებ, იქნებ გამოგადგეთ. მთავარი პრინციპია, რეკვიზიტები, თვალსაჩინოებები და რესურსები აქვე, ჩვენს სახლში, სამზარეულოში, სათამაშოების ძველ ყუთში, კარადასა და საკუჭნაოში მოვიძიოთ.

 

 

  • სახელმძღვანელოს ტექსტი იყო ეპიზოდი “პატარა უფლისწულიდან”, საქმოსანთან შეხვედრის ნაწილი.

გამოვიყენეთ რეკვიზიტები გაკვეთილებისთვის:

  • პატარა პრინცი, წიგნი;
  • გლობუსი;
  • წიგნი “ჩვენი პლანეტა”;
  • წიგნი “კოსმოსი”;
  • საანგარიშო;
  • კალკულატორი;
  • ჩვენი ხელით მომზადებული მზის სისტემის დიორამა;
  • პატარა პრინცის მოსასხამი, რომელიც ლელამ შეგვიკერა და დაბადების დღეზე აჩუქა გიოს;
  • რამდენიმე სათამაშო კოსმონავტი;
  • სათამაშო თვითმფრინავი;
  • მიკროფონი;
  • მობილური ტელეფონი, რომელიც კამერად გამოვიყენეთ;

 

  1. სანამ ეპიზოდის კითხვას დავიწყებდით, მწერლის ბიოგრაფიას შევეხეთ ორი სიტყვით, ვთქვით, რომ სამხედრო მფრინავი იყო ( რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ წიგნი მფრინავებზე და გავიხსენეთ, როგორ გამოიგონა ადამიანმა საფრენი აპარატები).
  2. ვილაპარაკეთ ტექსტსა და ილუსტრაციაზე, რომ ეგზიუპერი თავად იყო თავისი წიგნის ილუსტრატორი ( სულაკაურის გამომცემლობის გამოცემული პატარა პრინცი კარგად დავათვალიერეთ), საპირისპიროდ, ვნახეთ წიგნები, რომელთაც ცალკე ილუსტრატორი ჰყავს და აქ გიოს არ დავიწყებია გაეხსენებინა, რომ თავადაა წიგნის ილუსტრატორი.
  3. ვნახეთ ანიმაციის მცირე ნაწილი.
  4. გადმოვიღეთ გლობუსი და გიომ მანახა ყველა დიდი უდაბნო, იმიტომ, რომ ეგზიუპერი და პატარა პრინცი ერთმანეთს უდაბნოში შეხვდნენ, გავიმეორეთ წინა კლასში უდაბნოს შესახებ ნასწავლი მასალა ბუნების წიგნიდან, ვილაპარაკეთ უდაბნოზე.
  5. ცოტა ხნის წინ სპექტაკლადაც ვნახეთ პატარა პრინცი, ნაწილი წაკითხულიც გვაქვს, ამიტომ მოკლედ გავიხსენეთ, ვინ იყო, სად ცხოვრობდა და სად იმოგზაურა,სანამ საქმოსანს შეხვდებოდა (პლანეტების დიორამა დაგვეხმარა).
  6. წავიკითხეთ ეპიზოდი რამდენჯერმე, გავინაწილეთ როლები და განსაკუთრებით ბევრჯერ წავიკითხეთ დიალოგების ნაწილი.
  7. მათემატიკის ნაწილი – საქმოსანი ვარსკვლავებს თვლიდა, დიალოგში მოთხრობილი ვერბალური ნაწილი მაგალითებად ვაქციეთ, საანგარიშოზე ვიანგარიშეთ, მერე კალკულატორით გამოვთვალეთ, გავიხსენეთ, როგორ იწერება რამდენიმეშემადგენლიანი რიცხვითი სახელი ( საქმოსანი ფლობდა ხუთი მილიონ რაღაცა ვარსკვლავს), ვისაუბრეთ, როგორი ჭკვიანია ადამიანი, რომ ჯერ ჩხირებით ანგარიშობდა, მერე საანგარიშო და კალკულატორი გამოიგონა და ბოლოს, კომპიუტერი.
  8. ვისაუბრეთ, რას შეიძლება ფლობდე და რას არა და რას ნიშნავს ფლობა , რთული ეპიზოდია საკმაოდ, ალბათ ყველა მესამეკლასელს გაუჭირდება, მარტივი პრალელები ვცადეთ, მაგრამ არ იყო ადვილი).
  9. რეპორტაჟი პლანეტიდან- გადავიღეთ ტელეფონით, გიო იყო კოსმონავტი, რომელმაც იმოგზაურა მარსზე და იქ ნახა მაიკლ ჯექსონი, დევიდ ბოუი, ფრედი მერკური, თოჯინების თეატრი მოვაწყვეთ.
  10. დავწერეთ წერითი დავალება მფლობელობაზე, სადაც გიომ თქვა, რომ თუ რამეს ფლობ, უნდა მიხედო კიდეც მას.
  11. ამოვარჩიეთ და დავასათაურეთ ეპიზოდი და დავხატეთ, გიომ დახატა ვარსკვლავები, რომლებსაც ბანკში ვერ შეინახავ.

 

 

  • “სალამურას თავგადასავლის” პირველი თავი

გაკვეთილს დავარქვით ” შვიდი ჯადოსნური ნივთი ” და ასე მივყევით ტექსტის წაკითხვას და გააზრებას:

ნივთი 1 – კომპასი

” სალამურა ქონდარეთის აღმოსავლეთით მწყემსავდა ჭიამაიებს”. მოვძებნეთ ძველი კომპასი, ვისწავლეთ გამოყენება, ვნახეთ, რომ პირველი კომპასი ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იპოვეს, დავხატეთ და გამოვჭერით კომპასი.

ნივთი2 – ნებისმიერი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვნახოთ ამინდის პროგნოზი, ჩვენთვის ეს იყო ანდროიდის ამინდის აპლიკაცია.

( ჭიამაიებს ხომ ამინდის გასაგებად იყენებდნენ), ვნახეთ უახლოესი ამინდის პროგნოზი, ვუყურეთ რამდენიმე ვიდეოს გადაცემებიდან, სადაც ამინდის პროგნოზს გადმოგვცემენ.

ნივთი 3 ქოლგ

სალამურამ წვიმის დროს დაკარგა ჭიამაიები…

გავშალეთ ქოლგა, ჩავრთეთ და ვუსმინეთ წვიმის ხმებს

ნივთი 4 – სალამური

სალამურა სალამურზე უკრავდა, მოვუსმინეთ სალამურის ჟღერადბოას, ქაღალდისგან დავამზადეთ სალამური,

ნივთი 5 – მანათობელი სათამაშო

ჩვენ გავიმართლა, დიდი ჭიამაია-სათამაშო გვაქვს, რომელიც თან მუსიკას უკრავს, ჩავაქრეთ ოთახში შუქი და წარმოვიდგინეთ, როგორ გამოჩნდება სიბნელეში ციცინათელებით გარემოცული ბაია.

ნივთი 6 – ჰერბარიუმი

ბაიას ბაიას ყვავილებისგან შეკერილი კაბა ეცვა, ჩემს ჰერბარიუმში ბაია არა, მაგრამ სხვა გამხმარი ყვავილები  ეწყო, დავგუგლეთ ამ ყვავილის შესახებ და ბაიებიანი პეიზაჟი დავხატეთ.

ნივთი 7 – ჯიბის ფარანი

ბაია სალამურას ჭიამაიების მოძებნაში დახმარებას დაჰპირდა… ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სალამურას, სახლში შუქი ჩავაქრეთ და ჯიბის ფარნით ვითამაშეთ, ციცინათელები ვერა, მაგრამ პირველები ვიყავით, ვინც დავალება გაუგზავნა მასწავლებელს და ქებაც დავიმსახურეთ.

 

 ,,ვინ არის ყველაზე ჭკვიანი’’  და სხვა ინტერაქტიული თამაშები დისტანციურ სწავლებაში

0

ფაქტია, რომ სრულიად მსოფლიო აღმოჩნდა მოულოდნელი რეალობის წინაშე. საგანმანათლებლო სისტემაში გაჩნდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობა, რომელსაც უამრავი თანამდევი პრობლემა მოჰყვა, კიბერუსაფრთხოებითა და სხვა აუცილებელი ნორმების გათვალისწინებით.

ახლა ყველა ამ პრობლემის შესახებ საუბრობს, წუხს და ეძებს გამოსავალს, როგორ შეიძლება ამ პროცესის ისე წარმართვა, რომ მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი  საინტერესო და სახალისო იყოს.

სწორედ ამ ძიების პროცესში, მეც, როგორც მასწავლებელმა, აღმოვაჩინე ,,მედლის მეორე მხარე“ – ონლაინსწავლების უდიდესი სიკეთე და ეს გახლავთ გაკვეთილის დაწყება ინტერაქტიული თამაშებით.

თამაშის განხორციელება შესაძლებელია ეკრანის გაზიარებით, როგორც Teams-ის, ასევე -zoom-ის პლატფორმაზე. (არსებობს უამრავი ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, როგორ ხდება ეკრანის გაზიარება)

საგანმანათლებლო ვებგვერდი https://learningapps.org/ (რომელიც ბევრისთვის ნაცნობია) საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად სახალისო სავარჯიშოები შევთავაზოთ მოსწავლეებს, ჩავატაროთ შემაჯამებელი სამუშაო და ტესტირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა უფასოა და შეუფერხებლად მუშაობს.

ზედა მარჯვენა კუთხეში არის პატარა ჩამოსაშლელი სამკუთხედი,  სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის ხელსაყრელი ენა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ენის შერჩევის შემდეგ დავაწკაპებთ ღილაკს ,,დანართების დათვალიერება’’.

ეკრანზე გამოჩნდება მრავალფეროვანი რესურსების ნაკრები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნებისმიერი საგნისა და კლასის მასწავლებელს შეუძლია იპოვოს საჭირო რესურსი. ავირჩევთ შესაბამის საგანს, თამაშს და ეკრანის გაზიარების ფუნქციით ვათამაშებთ ბავშვებს.

ხშირად მოსწავლეებს უჭირთ სასვენი ნიშნების სწორად დასმა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ძალიან  კარგია ინტერაქტიული თამაშების გამოყენება.  მოსწავლე კითხულობს წინადადებას და მასწავლებელს კარნახობს, რომელი სასვენი ნიშანი დასვას. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებს, შესაბამის ქულას დაიმსახურებს.

https://learningapps.org/1678257

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გრამატიკაში, მეტყველების ნაწილების გამეორების მიზნით, შემაჯამებელი სამუშაო შეგვიძლია ამ თამაშის გამოყენებით განვახორციელოთ.

https://learningapps.org/1798841

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულების შემდეგ უკუკავშირის სახით ეკრანზე ჩნდება წარწერა: ,,ყოჩაღ! თქვენ წარმატებით შეასრულეთ დავალება“, ან ,,მოიპოვეთ 20-დან 20 ქულა“. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ არასწორად უპასუხა შეკითხვას, სხვა შეკითხვაზე გადასვლის უფლებას ვერ მოიპოვებს, ეკრანზე ჩნდება ფერადი წარწერა, ან მოწყენილი კაცუნა, რომელიც მიუთითებს, ეძებოს სწორი პასუხი.

თამაშით შეიძლება ჩავატაროთ ასეთი ტიპის ტესტირება:

https://learningapps.org/2501096

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამგვარად, როგორც აღვნიშნეთ, https://learningapps.org/ -ზე ძალიან ბევრი რესურსის პოვნა და გამოყენებაა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ თამაში, რეგისტრაციის გასავლელად ვირჩევთ ღილაკს Login. გამოდის ფანჯარა ,,Greate account“. აღნიშნულ ფანჯარაში თანმიმდევრულად უნდა შევავსოთ მოცემული ველები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავაწკაპოთ ღილაკს: ,,დანართების შექმნა“.  აქ ვნახავთ მრავალფეროვან შაბლონებს: დაწყვილება, ჯგუფის არჩევა, ქრონოლოგია, მარკერები, ვიქტორინა, სიტყვის ჩასმა, თავსატეხი, კროსვორდი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გთავაზობთ  ,,ნაბიჯ-ნაბიჯ“ ინსტრუქციას, როგორ  შევქმნათ თამაში: ,,ყველაზე ჭკვიანი“.

  1. გავხსნათ შაბლონი ,,ვიქტორინა“ და მარჯვენა კუთხეში დავაწკაპოთ ღილაკს ,,შექმენით ახალი დანართი“.
  2. პირველ ველში ვწერთ სათაურს. ამ შემთხვევაში – არსებითი სახელი.
  3. მეორე ველში – დავალების პირობას: დააწკაპეთ სწორ პასუხზე.
  4. შემდეგ თანმიმდევრობით ვავსებთ ხუთასი, ათასი და სირთულის შესაბამისად, მილიონ ქულამდე კითხვებისა და პასუხების ველს, რომელშიც ვწერთ ერთ სწორ პასუხს და სამს- არასწორს.

 

 

 

 

 

 

 

 

  1. უკუკავშირის გრაფაში ვწერთ: – ყოჩაღ! თქვენ ყველაფერი სწორად გამოიცანით!
  2. დახმარების გრაფას გამოვტოვებთ.
  3. მარჯვნივ დავაწკაპებთ ღილაკს: დანართის შენახვა.
  4. დანართის გამოქვეყნება. თამაშის ქვემოთ არის ორი ღილაკი. ვირჩევთ საჯარო დანართებს და დავაწკაპებთ. თქვენი თამაში გამოქვეყნებულია.

 

 

ძალიან სახალისო თამაშის – ,,ვინ არის ყველაზე ჭკვიანი“ – საბოლოო სახე ასეთია. სწორი პასუხის შემთხვევაში გრაფა გამწვანდება და შესაბამისი ქულა აისახება ეკრანზე.

https://learningapps.org/display?v=pd9jjr95j18

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: დისტანციური სწავლების პროცესში თამაში პრაქტიკულად ასე უნდა განვახორციელოთ: ეკრანის გაზიარების შემდეგ მოსწავლეების  პასუხს მაუსით ვაწკაპებთ.

მინდა, გითხრათ, რომ ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გაკვეთილის დაწყება ინტერაქტიული თამაშებით და ცდილობენ, თვითონ შექმნან სხვადასხვა ტიპის თამაში.

ეპიდემიების ისტორია:- მეორე ნაწილი

0

ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციის შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი სამხრეთ ამერიკის კონტინენტის კვლევა ინტენსიურად გაგრძელდა XVIII-XIX საუკუნეებში. ქრისტეფორე კოლუმბი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ნაპირს (დღევანდელი ვენესუელა, მდინარე ორინოკოს შესართავთან კარიბის ზღვაში) პირველად ამერიკაში თავისი მე-3 ნაოსნობის შემდეგ მიადგა, აღფრთოვანებული იყო იქაური ბუნების მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით. თავის წერილში იგი ესპანეთის მონარქებს ფერდინანდ II  არაგონელსა და დედოფალ ისაბელა I კასტილიელს (რომელთა შეუღლების შედეგად მოხდა ესპანეთის ფორმალური გაერთიანება, ლ.ა.) წერდა:

„ეს ადგილი დედამიწაზე არსებულ სამოთხეს ჰგავს, რადგან იგი ეთანხმება იმ წმინდა და ბრძენი თეოლოგების აზრს, რომლებიც მე [ადრე[ ვახსენე. მსგავსად, ბევრი [სხვა] ნიშანიც ადასტურებს ამას, რადგან მე არსად წამიკითხავს ან გამიგია, რომ შესაძლოა ამდენი მტკნარი წლის არსებობა მიწის შიგნით, ასე ახლოს ზღვის მარილიან წყალთან. ყველაფერს ასევე ხელს უწყობს ამ ადგილებზე არსებული ძალიან რბილი ტემპერატურაც. და თუ ეს წყალი, რომელზეც მე ვსაუბრობ, სამოთხიდან არ მოედინება, მაშინ ეს კიდევ უფრო დიდი საოცრებაა, რადგან ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი დიდი და ღრმა მდინარე დედამიწაზე სადმე არსებობდეს“.

რა თქმა უნდა, საინტერესოა ვენესუელის ტროპიკული ბუნების კოლუმბისეული აღწერა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაპირს სამოთხეს ადარებს, თუმცა მე-19 საუკუნის მეწარმეებისთვის და მსოფლიოში ახლად დაწყებული ინდუსტრიალისტებისათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენდა სამხრეთ ამერიკის მდიდარი წიაღისეული და ხის უძვირფასესი სახეობებით სავსე ეკვატორული ტყეები. ამ მხრივ, სამხრეთ ამერიკა, თავისი უზარმაზარი ტყის ფართობებითა და ანდების უსაზღვრო სასარგებლო წიაღისეულით, ნამდვილად სამოთხეს წარმოადგენდა XIX საუკუნის ინდუსტრიული „კოლუმბებისთვის“. სამწუხარო კი ის იყო, რომ იმ დროს (და მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე) ამ კონტინენტზე მცხოვრები ტრადიციული საზოგადოებები და ადამიანები მხოლოდ იაფ სამუშაო ძალას და რიგ შემთხვევებში, ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენდნენ.

სამხრეთ ამერიკის შორეულ ადგილებში, მაგალითად, ამაზონიის მარადმწვანე ეკვატორულ ტყეებში ან ანდების მაღალმთიან ზეგნებზე, ადგილობრივების კონტაქტი ევროპელ კოლონიზატორებთან გარკვეულწილად შეზღუდული იყო. თუმცა კოლონისტების სურვილმა, მოეპოვებინათ ბრაზილიის, პერუსა თუ ბოლივიის სასარგებლო წიაღისეული და ძვირფასი ხე-ტყე, უკვე გარდაუვალი გახადა ბევრი ადგილობრივი ჯგუფის უშუალო კონტაქტი ევროპელებთან.

მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ევროპისა და ამერიკის საწარმოებში გაიზარდა ელექტოაპარატურის, მატარებლების, სხვადასხვა საიზოლაციო მასალის, საკისრებისა და ველოსიპედების წარმოება, მნიშვნელოვნად მოიმატა მოთხოვნამ კაუჩუკსა და რეზინზე. ამაზონის ტყეები, რომლებიც მდიდარი იყო კაუჩუკის ხეებით (Hevea brasiliensis, ლათ.), საჭიროებდა ამ კაუჩუკის შემგროვებლებს. ევროპელები, რომელთათვისაც ამაზონია უცხო და სახიფათო სამყარო გახლდათ, ყველანაირად ცდილობდნენ ადგილობრივების ჩართვას კაუჩუკის შეგროვების საქმეში. ინდიელების ნაწილი დაატყვევეს და მათ იძულებით ამუშავებდნენ ეკვატორულ ტყეებში, ნაწილმა კი უარი თქვა ევროპელებთან მონურ შრომაზე და თავს ამაზონიის კიდევ უფრო მიუვალ ადგილებში გადასახლებით უშველა. ამან, ნაწილობრივ შეაჩერა ინფექციების გავრცელება ამაზონიაში და ბევრი ადგილობრივი ტომი, დღესაც იზოლაციაში ან სახელმწიფოსთან მცირე კონტაქტის პირობებში, თავიანთთვის ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს.

1914 წელს შესაძლებელი გახდა კაუჩუკის პლანტაციების ხელოვნური გაშენება აფრიკისა და აზიის ეკვატორულ პლანტაციებზე, რამაც შეაჩერა ამაზონიისა და იქ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შემდგომი ექსპლუატაცია.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალმა, დიდი მასშტაბის პროექტებმა – როგორიც იყო ტელეგრაფის ხაზების ან ავტობანების მშენებლობა ამაზონიის მარადმწვანე ტყეებში – მთავრობა იძულებული გახადა, შესულიყო იზოლირებული, ტრადიციული ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზე. მონადირე-შემგროვებელი ტომების ტყეებიდან გამოსაყვანად, მთავრობის წარმომადგენლებმა „შეიმუშავეს“ ახალი ტაქტიკა – შემდგომ მას „მოზიდვის ხაზი“ (attraction front) ეწოდა – რომლის მეშვეობითაც, მთავრობები ათწლეულების განმავლობაში „იზიდავდნენ“ ადგილობრივ, ტრადიციულ ტომებს. მთავრობა და კორპორაციები, მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიებზე, სანადირო ადგილებზე, ბაღებსა თუ მდინარეების სანაპიროებზე „საჩუქრად“ ტოვებდნენ ლითონის სასოფლო-სამეურნეო იარაღებს (ცული, მაჩეტე, დანები), სხვა სამომხმარებლო საქონელსა და მოწყობილობებს, რათა მათი მეშვეობით და მათზე მოთხოვნის გაჩენით, ადგილობრივები იძულებულნი გაეხადათ, ტყიდან გამოსულიყვნენ და ტყეების კაფვასა თუ გზების მშენებლობებზე ემუშავათ. სწორედ ასეთმა კონტაქტებმა „ფრონტის ხაზებზე“ მრავალი ინფექცია შეიტანა ამაზონის იზოლირებულ საზოგადოებებში და გაანადგურა ტყის მრავალი ტრადიციული საზოგადოება. ეს მანკიერი პრაქტიკა მხოლოდ 1988 წელს დასრულდა, როდესაც ბრაზილიის მთავრობამ შეწყვიტა ადგილობრივების ასეთი „მოზიდვა“ და დაადგინა ახალი, უფრო ადამიანური „No Contact” („არაკონტაქტის“) წესები და აკრძალა „საკონტაქტო ხაზის“ მეთოდების გამოყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ძალიან ტრაგიკული და ჭკუის სასწავლებელი იყო გასული საუკუნის 50-იან წლებში მომხდარი ამბავი, როდესაც ვენესუელის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრებ იონომამის ინდიელების კონტაქტმა უცხოებთან (სახელმწიფო პროგრამის ხალხთან და კათოლიკე მისიონერებთან) თითქმის მთლიანად გაანადგურა ამაზონიის ტყეებში მცხოვრები ეს ტრადიციული ხალხი. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჩუტყვავილას ეპიდემია გახდა.

დღეს, 50 წლის შემდეგ, დავი კოპენავა, ეპიდემიის შემდეგ გადარჩენილი ბავშვი, იხსენებს,  როგორ მოხდა იონომამის ხალხის პირველი შეხება ევროპელებთან: „არაკას მდინარის პირას, კოპენავას ბებია-ბაბუა და სხვები პირველად გადაეყარნენ თეთრ ხალხს, რომლებმაც მათ ცულები და მაჩეტეები გადასცეს. ამის შემდეგ ტომის წარმომადგენლებმა ევროპელების მიერ ნაჩუქარი იარაღები ტომში გაანაწილეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ეპიდემია“. დღეს, ინდიელების ეს ერთ დროს მრავალრიცხოვანი ტომი, მხოლოდ 32,000 ადამიანს ითვლის. ამჟამად, კოპენავა იანომამის ხალხის აქტიური ადვოკატია და მათი უფლებების დასაცავად იბრძვის.

სამწუხაროდ, დიდი ბიზნესისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი სახელმწიფოს ულტრალიბერალური პოლიტიკის გამო, კვლავ გრძელდება ამაზონიისა და ანდების სასარგებლო წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მზარდი ექსპლუატაცია, რაც პირველ რიგში არღვევს ამ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემების მდგრადობას, რაც პირდაპირ აისახება ტრადიციული, იზოლაციაში მცხოვრები საზოგადოებების ყოველდღიურობაზე. მაგალითად, 2007 წელს, პერუს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ალან გარსიამ (რომელსაც მოგვიანებით კორუფციაში დაადანაშაულებენ) საჯაროდ განაცხადა, რომ პერუს ამაზონიის ნაწილში აღარ არსებობებენ ტრადიციული, ადგილობრივი ტომები. სამწუხაროდ, გარსიას ამ განცხადების უკან იდგა მისი სურვილი, თავისუფლება მიეცა საერთაშორისო (ძირითადად აშშ-ის და ევროპული) კორპორაციებისთვის, რომლებსაც სურდათ ამაზონიის მდიდარი რესურსებისა და წიაღისეულის მომგებიანი კონცესიების მიღება (რასაც დღეს საქართველოში უცხოელ ინვესტორებს ვეძახით, ლ.ა.). გარსიას ეს განცხადება იმისთვის დასჭირდა, რომ გადაელახა გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და პერუს მკვიდრი მოსახლეობის დამცავი ჯგუფების წინააღმდეგობა. როგორც პრეზიდენტმა გარსიამ განაცხადა, „გარემოსდამცველები სპეციალურად იგონებენ პერუში მცხოვრებ ტრადიციულ ტომებსა და იზოლირებულ საზოგადოებებში მცხოვრები ადამიანების რიცხვს, რათა ამაზონიის რეგიონში შეაჩერონ გაზისა და ნავთობის მოპოვება და ქვეყნის განვითარება“.

ანთროპოლოგების უმეტესობა გარსიას ამ განცხადებებს არ ეთანხმება. ბრაზილიაში მომუშავე ინდიელთა ეროვნული ფონდი (FUNAI) ადასტურებს, რომ ამაზონიაში დღესაც ცხოვრობს 26-ზე მეტი იზოლირებული ჯგუფი, ხოლო დაახლოებით დამატებით 78 ტრადიციული ტომი იმალება ან გაქცეულია ტრადიციული საცხოვრისიდან.

ტრადიციული საზოგადოებების კონტაქტი თანამედროვე ცივილიზაციასთან დღესაც ხდება – ხანდახან ეს კონტაქტი ადგილობრივი ტომების ინიციატივით ხდება და ასეთი კონტაქტები, როგორც FUNAI-ის ანგარიშები ადასტურებენ, მზარდია როგორც ბრაზილიაში, ისე  – პერუში. მთავარი მიზეზი, შესაძლოა მათი ტერიტორიის ხელყოფა იყოს: ტყის უკანონო მჭრელებისგან ან ადამიანთა ტრაფიკინგისგან თავის დაღწევის მიზნით.

2013 წლის აგვისტოში, პერუს ტყის რეინჯერებმა გადაიღეს ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი იზოლირებული ტომის, მაშკო-პიროს ასი წევრი ამაზონიის ერთ-ერთ მცირე დასახლებაში, მონტე-სალვადოში შემოიჭრა. ტომის წევრებმა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ მუქარის შეძახილებით, შემოიარეს სოფელი, ჩატეხეს ფანჯრები, დახოცეს სოფლის ძაღლები და ქათმები, შეძახილებით დასდევდნენ სოფლის მცხოვრებთ, რის შემდეგაც დატოვეს სოფელი. ამ უცნაური შეტევის შემდეგ, გამოითქვა მოსაზრება, რომ მკვიდრი მოსახლეობის ბრაზი შიმშილმა წარმოშვა – ბოლო წლებში ძლიერ შემცირდა ამაზონიის პეკარისა (იქაური საშუალო ზომის გარეული ღორის სახეობა) და ამაზონური კუს რაოდენობა (რომელთა კვერცხებიც ტყის მცხოვრებთა ძირითადი საკვებია მშრალი სეზონის დროს).

ასევე FUNAI-ის მონაცემებით, 2014 წელს ფონდის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ბრაზილიის სამი იზოლირებული ტომის წარმომადგენლებს – იმ ჯგუფებს, რომლებსაც ადრე არანაირი შეხება არ ჰქონიათ გარე სამყაროსთან. ამავე წლის ივნისში, ამ ჯგუფიდან ერთ-ერთი ტომის, შინანეს (Xinane) მხცოვრებნი ტყიდან გამოვიდნენ და შევიდნენ სოფ. სიმპატიაში (შტატი აკრი/Acre). ახალგაზრდა ინდიელებმა სოფლის ეზოებიდან რამდენიმე ლითონის იარაღი და ტანსაცმელი წაიღეს, თუმცა უმეტესწილად მშვიდობიანები იყვნენ. ეს მათი პირველი ოფიციალური კონტაქტი გახლდათ გარე სამყაროსთან. ერთი დღის შემდეგ, როგორც ამას „ფუნაის“ ფონდის წარმომადგენლები აღწერენ, შინანეს ხალხი ახველებდა და ცუდად გამოიყურებოდა. როდესაც ექვსი დღის შემდეგ  ფონდის გაგზავნილმა ექიმმა შინანეს დასახლებას მიაღწია, განაცხადა, რომ ტომის ხალხს რომელიღაც ვირუსი შეეყარა, თუმცა საბედნიეროდ, მან ტომის მოსახლეობისთვის შედარებით ადვილად ჩაიარა და გართულებები არავის ჰქონია. „ფუნაის“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეპიდემიების ტრაგიკული ისტორიების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია იმ რესურსების მოზიდვა, რომლებიც კომპეტენტური და სწორი ინტერვენციებისთვის არის საჭირო.

 

სტატია მომაზადა ლევან ალფაიძემ

 

4 აპრილი – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების დღე

0

4 აპრილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების დღეა. სწორედ, 1949 წლის 4 აპრილს,  თორმეტმა დამფუძნებელმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ვაშინგტონის ხელშეკრულებას.  სტატია სწორედ ამ თარიღს ეხმიანება. გთავაზობთ ნატოს თემაზე აგებულ პრაქტიკულ დავალებებს, რომელიც  გამოგადგებათ დისტანციური სწავლებისას.  დღეს ყველა უცნაურ ვითარებაში ვიმყოფებით. არ გვაქვს ტრადიციული გაკვეთილების ჩატარების საშუალება. ვფიქრობ, რომ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ მოსწავლეებში კვლევა-ძიებისა და მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისათვისაც.

ჩვენი მოსწავლეები საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ საბაზისო ცოდნას იღებენ გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქლაქო განათლების გაკვეთილებზე. ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები სკოლებში რეგულარულად ატარებენ შეხვედრებს. დღეს საქართველოს ისე სჭირდება ძლიერი, საიმედო პარტნიორი, როგორც არასდროს. ამიტომაც წარმოადგენს ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას. „ნატო-ში გაწევრიანებას საქართველო განიხილავს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, შემდგომი ინსტიტუციური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას“  – ვკითხულობთ 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. ქვეყნის  ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულის შესახებ. მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია ნატოს ცნობადობის გაზრდა ახალგაზრდებში. მათ შესაძლებლობა ექნებათ, კრიტიკული გააზრებით წინ აღუდგნენ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას.

მოსწავლეთა ინფორმირება სხვადასხვა გზით შეიძლება. ვინაიდან, ამ ეტაპზე არ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება, გთავაზობთ აქტივობას, რომელიც თქვენს მოსწავლეებს დაეხმარება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახლოს გაცნობაში, საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესაწავლასა და შესაბამისი დასკვნების გამოტანაში.

შინაარსობრივად პროცესი პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველ ნაწილში, Teams-ის თუ სხვა ნებისმიერი პლატფორმის დახმარებით,  თქვენ ატარებთ მცირე პრეზენტაციას (პრეზენტაციის სანახავად დააჭირეთ აქ). პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მიეცით ინსტრუქციები და გაუგზავნეთ  ქვემოთ მოცემული დავალებები.

პირველი დავალება ეხმიანება ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორიას, ორგანიზაციის მიზნებს, ამოცანებსა და სტრატეგიას. მოსწავლეებს სთხოვეთ, უყურონ დოკუმენტურ ფილმს „ბერლინდიდან ბერლინამდე“ და შეავსონ ქვემოთ მოცემული ცხრილის I-IV სვეტი. სასურველია, V და VI სვეტების შესავსებად საჭირო ინფორმაცია  დამოუკიდებლად მოიძიონ.  თუ ფიქრობთ, რომ ამას ისინი ვერ შეძლებენ, მაშინ მიაწოდეთ ქვემოთ მოცემული ბმულები.

სტატია – ნატოს მიზნები, ამოცანები და სტრატეგია

ვიდეო – რას წარმოადგენს ნატო?

ნატოს გაფართოების ისტორია

 

მარშალის გეგმა;  სამხედრო გაერთიანების შექმნის წინაპირობები;

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნა.

საბჭოთა კავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით და დასავლეთის რეაქცია. ნატო და ბერლინის კედლის დანგრევა. ნატოს მიზნები, ამოცანები და სტრატეგია.

 

ნატოს სადამფუძნებლო დოკუმენტის მე-5 მუხლი და კოლექტიური თავდაცვა

ნატოს გაფართოების ისტორია და თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.

 

 

მეორე დავალება ეხება საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიას, ინტეგრაციის/გაწევრიანების ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მიმოხილვას.  მოსწავლეებს სთხოვეთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებზე მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია და შეავსონ ცხრილი.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები ინფორმაციის მოძიების პროცესში წააწყდებიან სირთულეებს, გაუგზავნეთ დამხმარე რესურსებში მითითებული ბმულები.

ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორია მნიშვნელოვანი თარიღები გაწევრიანების მექანიზმები თანამშრომლობა ნატოსთან, ნატო-ს პროგრამები

 

ფაქტობრივი ინფრომაციის დამუშავების შემდეგ,  სასურველია, მოსწავლეებს მივცეთ საკუთარი აზრის გამოხატვის, კითხვების დასმისა და მოლოდინების დაფიქსირების საშუალება.

ნატოში ინტეგრაცია ქვეყანას მოუტანს…
ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს, რადგან…
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ნატო არის…
ვფიქრობ, რომ (თავისუფალი თემა)…
შეკითხვები…

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, მიუხედავად ამისა, სასწავლო პროგრამა არ იძლევა საკითხის სიღრმისული შესწავლის საშუალებას.  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, შემომეთავაზებინა აქტივობა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თქვენთვის აქტუალურ თემად მექცია. დისტანციური სწავლება იძლევა ინფორმაციის მოძიების მრავალგვარ საშუალებას, სასურველია, მოსწავლეებმა ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენონ. მოიძიონ, დაამუშაონ, გააანალიზონ, იმსჯელონ მოცემულ საკითხზე, დასვან შეკითხვები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. ვფიქრობ, რომ კოლეგებისთვის შემოთავაზებული რესურსი მზა პროდუქტია პრაქტიკული თვალსაზრისით, ხოლო მისი გამოყენება საშუალო საფეხურის მოსწავლეებს დაეხმარება ცოდნის შეძენასა და ქვეყნის პრიორიტეტების გააზრებაში.

 

დამხმარე რესურსები:

საქართველო და ნატო – საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

რა არის NATO – საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  – თანამშრომლობა ნატოსთან

კოლექტიური თავდაცვის პრინციპი

დოკუმენტური ფილმი – „ბერლინდიდან ბერლინამდე“

რას წარმოადგენს ნატო, რატომ აგრძელებს არსებობას და როგორ ფუნქციონირებს ის?

პრეზენტაცია

NATO ონლაინ რუკაზე

2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია

ვწერ მასწავლებლისთვის!

0

ირმა ტაველიძე-მწერალი, მთარგმნელი

„ათი თუ თერთმეტი წლის ვიყავი და ორსართულიანი წითელი ავტობუსის მეორე სართულზე, დედაჩემის გვერდით ვიჯექი. არ მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით, თუმცა ისე გამიტაცა თავისუფალმა ასოციაციებმა, ზოგადად, ბავშვებს რომ სჩვევიათ – სიტყვა სიტყვას რომ მოჰყვება, იდეა – იდეას, დედაჩემი მომიბრუნდა და მითხრა: „ეს რა წარმოსახვა გაქვს!“ არა, მკაცრად არ უთქვამს, არც სასაყვედუროდ. უფრო მსუბუქი შენიშვნა იყო, სახალისო. თუმცა მივხვდი, რომ „წარმოსახვა“ არც ისე კარგი, სულაც შეუთავსებელი რამ უნდა ყოფილიყო – შეუთავსებელი ზრდასრულობასთან, პიროვნულ სიმწიფესთან, სამყაროში გზის გაკვალვასა და საარსებო ფულის შოვნასთან“, – იხსენებს თანამედროვეთაგან, ალბათ, ყველაზე დიდი ბრიტანელი მწერალი ჯულიან ბარნსი. შეცდომა რომელ მშობელს არ დაუშვია – ისეთიც, ათწლეულების შემდეგაც რომ ახსოვთ შვილებს. ბავშვის წარმოსახვის ძალით, ცოტა არ იყოს, შეშინებული ქალი კი ამავე დროს მასწავლებელია. ცხადია, მასწავლებლებიც უშვებენ შეცდომებს, დიდსა თუ მცირეს, ზოგჯერ ადამიანის მთელი ცხოვრების განმსაზღვრელსაც.

„მაშ, შენ ფიქრობ, რომ წარმოსახვა არც ისეთი მნიშვნელოვანია? გაჩვენებ, რომ სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა. დაგანახებ, რომ ბავშვობისთვის დამახასიათებელ ასოციაციურ აზროვნებას მწერლური გამონაგონის სწორად მართულ, ოსტატურად აგებულ ასოციაციებამდე მივყავართ. დაინახავ ამ ყველაფერს და მიხვდები, რომ ცდებოდი“, – ასე უკვე მწერლობის გზაზე შემდგარი ჯულიან ბარნსი ფიქრობს, რომელიც მადლიერიც კია დედამისის, სკოლის მასწავლებლის – დაუფიქრებლად ნათქვამი იმ სიტყვებისთვის, გულისტკენისთვის.

ბავშვობიდან, სკოლის წლებიდან, ალბათ, ბევრს მოგვყვება ასეთი მოგონებები. დავიწყება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე დაგვავიწყდებოდა. და იქნებ მათი მოყოლა იყოს ის, რაც სხვას, უცხოს შვილისთვის, მოსწავლისთვის სათქმელ სიტყვებს ააწონინებს, მზერას დაუწმენდს და თუნდაც ყოველმხრივ მიუღებელი, შემზარავი  სიმართლის მიღებას შეაძლებინებს? იქნებ სადღაც წაკითხულს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე საკუთარ თავთან კამათში უცაბედად წამოცდენილს? „საიდან უნდა მცოდნოდა? სად უნდა წამეკითხა?“ – მეუბნება ხოლმე დედაჩემი. ვერ შეედავები. საიდან?

ხანდახან მგონია, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვწერ. ხანდახან ერთადერთ მკითხველს ვხედავ, რომელიც ოთხად გაკეცილ წერილს აუჩქარებლად შლის და ხელისგულით ასწორებს, სანამ წაიკითხავდეს. ჰო, წერილებია – იმ იმედით დაწერილი, რომ სიტყვები რაღაცას შეცვლის, რომ სიტყვებს ისეთივე ძალა აქვს, როგორიც – ბავშვის თუ ბავშვობის ბნელ ტყეში სახეტიალოდ შებრუნებულის წარმოსახვას.

ირმა ტაველიძის წერილებს იხილავთ ბმულში

ირმა ტაველიძის წერილები მასწავლებლისთვის

ანბანის შესწავლის რამდენიმე სახალისო მეთოდი

0

ორი წლის წინ, გაკვეთილების შემდეგ მე და ჩემი უფროსი მეგობარი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი პატარა კაფეში ვსადილობდით. მაშინ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ პირველკლასელებისთვის სწავლება ენატრებოდა. მართალი გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. გამახსენდა, რა დიდი ძალისხმევა სჭირდებათ მასწავლებლებს წერა-კითხვის სწავლებისას. ახლა, როცა ისევ პირველ კლასს ვასწავლი, უკვე ვხვდები, რას გულისხმობდა ჩემი მეგობარი ხათუნა. ის რომ არა, მგონია, რომ ასე სიღრმისეულად ვერ ჩავწვდებოდი ანბანის სწავლების საიდუმლოებასა და მნიშვნელოვნებას.

მართლაც უჩვეულო შეგრძნებაა, შენს მდინარებაში რომ იწყებენ ტივტივს პირველკლასელი ადამიანები. ამასთანავე, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც.

რა უნდა გავატანო სკოლაში გატარებული დღეებიდან? – ამ კითხვის ირგვლივ იწყებ ტრიალს. ფიქრს იდეები უწყვეტად მოჰყვებიან და ქმედების დრო დგება.

ამ ყოველივეზე ფიქრმა კი ანბანის სწავლების რამდენიმე მხიარული მეთოდი აღმომაჩენინა და გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ. დაწვრილებითი აღწერილობის დაწყებამდე, ჩამოვთვალოთ აქტივობათა დადებითი მხარეები:

  • მოსწავლეებს უვითარდებათ წვრილი მოტორიკა;
  • სწავლობენ ასოთა მოხაზულობას;
  • აღიქვამენ ბადის სივცრულ მახასიათებლებს;
  • წერენ ხალისით;
  • ადვილად იმახსოვრებენ ასო-ბგერებს;
  • დაუვიწყარი ხდება სწავლების პროცესი.

 

ნაჭრის ასოები

წარმოიდგინეთ, რომ პირველ კლასში ხართ და ახლა სწავლობთ ანბანს.  მასწავლებელს კი ყოველი ახალი ასო-ბგერის შესწავლისას შეკერილი  „მ“, „შ“ ან „უ“  „მოჰყავს“. მართალია, თავიდან არ განახებთ. საგულდაგულოდ მალავს ხან ტყავის ზურგჩანთაში, ხან – ჭრელ ყუთში, მაგრამ მშობლიური ენის სახელმძღვანელო წიგნი გამოცნობას აადვილებს.  ერთი სული გაქვთ, დაინახოთ, რა ფერია, რა ახატია და კიდევ უფრო მეტად გელევათ სული, სანამ ახალი ასოს შესახებ ზღაპარს მოისმენთ.

ვფიქრობ, წარმოსახვითი მოგზაურობა მოგეწონათ. მეც ასე დავასრიალებ დროსა და სივრცეში ჩემი იდეების ნავს და ვფიქრობ, რა გამიხარდებოდა ყველაზე მეტად – მგონი ის,  რომ პირველკლასელი ვიყო და ახლა ვსწავლობდე ანბანს.

სამწუხაროდ, ჩემი პირველი კლასის ისტორიიდან არცერთი ასოს შესწავლის ამბავი არ მახსოვს. მე კი მინდა, რომ ანბანის სწავლების პერიოდი ბავშვებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდეს.

ასოების შეკერვა არც ადვილია თვითნასწავლი მკერავისთვის და არც შეუძლებელი.

საჭიროა ფერადი ნაჭრები, სილიკონი შიგთავსისთვის (მატყლი ან ბამბაც გამოდგება) და საკერავი მანქანა, თუმცა, შეკერვა ხელითაც შესაძლებელია.

 

ძაფები

ქსოვა თუ გიყვართ,  ფერადი ძაფების ნაკუწებიც გექნებათ თუ არადა, რომელიმე კოლეგას ან მშობელს ექნება. ძაფებს ვანაწევრებთ თანაბარ ნაწილებად. კლასს ვყოფთ ჯგუფებად. მიგვაქვს დიდი ფორმატი, რომელზეც დაწერილია ერთი (ორ ან სამსიტყვიანი) წინადადება ნაცნობი ტექსტიდან, ბავშვებს ვურიგებთ თხევად წებოს და ყოველ ჯგუფს ინდივიდუალურად ვუჩვენებთ, როგორ უნდა იმოქმედოს. ბავშვები რიგრიგობით უსვამენ წებოს ერთ ასოს, ირჩევენ სასურველი ფერის ძაფს და იმ მიმართულებით იწყებენ შემოვლებას, როგორც იწერება კონკრეტული ასო.

ამგვარად მოსწავლეები უფრო უკეთ აღიქვამენ თითოული ასო-ბგერის მოხაზულობას, აგებულებას, წერის მიმართულებას, ბადის თავისებურებას, თან ძაფის სირბილე მათ თითებს ათბობს, ფერების სიხასხასე განწყობას ამაღლებს და მეგობრებთან ერთად ფუსფუსისას ერთმანეთის მოსმენასა და დანახვას სწავლობენ.

 

როგორ გამოვაცხოთ ანბანი?

წლებია მე და ჩემი შვილები ორცხობილის ცომთან და გამოსაჭრელ ფორმებთან ვმეგობრობთ. წელს ასოების გამოძერწვა და გამოცხობა მოგვაფიქრდა. ხშირად მეკითხებიან ორცხობილების რეცეპტს და მისი გაზიარებით თქვენც გაგიადვილებთ საქმეს:

 

          2 კვერცხი 2 ჭიქა შაქართან ერთად ჩანგლით ავთქვიფოთ, დავუმატოთ ერთი შეკვრა გახეხილი კარაქი, მოვაყაროთ ვანილი, შემდეგ შევაზილოთ იმდენი  ფქვილი, რომ საშუალო სისქის ცომი მივიღოთ. მოზელილი ცომის გუნდა 15-20 წუთით საყინულეში შევდოთ.

ასოების გამოძერწვისას გაითვალისწინეთ, რომ ძალიან თხელი ცომი ადვილად იწვება და ცუდი გემო აქვს. მთავარია, ბავშვმა გაიხსენოს ასოს მოხაზულბა და ბადეში „ცხოვრების“ შესახებ წარმოდგენა განიმტკიცოს.

ხშირად წინასწარ მოზელილ ცომს საყინულეში ვინახავ. როდესაც სტუმრად შვილების მეგობრები გეწვევიან, ანბანის გამოძერწვა სახალისო აქტივობად შეიძლება აქციოთ.

 

პლასტილინი

პლასტილინით ასოების ძერწვა ერთ-ერთი სასიამოვნო და საყვარელი საქმიანობაა. ჩვენ ხელოვნების მასწავლებელთან ერთად ვძერწეთ. წინასწარ მოვიმარაგეთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის მარცვლეული და ბურღულეული, კლასი  სამ მწკრივად დავყავით და თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად გამოძერწა ერთი ასო, ფურცლის ქვედა ნაწილში კი – სიტყვა. ნამუშევრები გარკვეული დროის განმავლობაში გალერეაში გვქონდა გამოფენილი, ახლა კი საკლასო ოთახში ვინახავთ. ყველა ასო განსხვავდება ერთმანეთისგან: ზოგი ერთფეროვანია, ზოგი – ფერადი, სხვადასხვაგვარად გაფორმებული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მუშაობის პროცესი იყო – მოსწავლეებს წახალისებისას და შექებისას თავდაჯერებულობა ემატებოდათ, რაც მათ ნამუშევრებზეც აისახებოდა.

პლასტელინი, როგორც ცომი და თიხა, საუკეთესო საშუალებაა წვრილი მოტორიკის (თითების დასამორჩილებლად) განსავითარებლად და თითის წვერებზე განლაგებული ნერვული დაბოლოებების გამოსაფხიზებლად.

პერიოდულად ანბანის სწავლების პროცესში პლასტელინით ასოების გამოძერწვას ვავალებდი მოსწავლეებს.

 

თიხა

          დეკემბრის მიწურულს საკლასო ოთახის საახალწლო გაფორმება მთავარი საზრუნავი ხდება. ახალი წლის მოლოდინში სკოლის სარემონტო სამუშაოების ნარჩენებით ნაძვის ხე ავაწყვეთ, სათამაშოებად კი თიხისგან გამოძერწილი ასოები გამოვიყენეთ.

საძერწი თიხა წიგნის მაღაზიებში იყიდება. ასოების „დამტვრევის“ თავიდან ასაცილებლად, სასურველია, სქელი ფორმა მივცეთ მათ.

ჩვენ თიხის ასოები გაშრობის შემდეგ ფერად-ფერადად შევღებეთ.

 

შტოები

„არც ტოტს მოგვტეხავს, არც შტოსა,

და არც შეგვირხევს ფესვებსო…“

ეს სტრიქონები ამონარიდია შიო მღვიმელის ლექსიდან „ნაძვები“. დედა ნაძვი თავის ხუთ შვილს ამშვიდებს, რომ ქარის არ შეეშინდეთ. ტოტი და ფესვები გასაგებია, მაგრამ ხშირად ისმის შეკითხვა – რას ნიშნავს „შტო“?

შტო ტოტის პატარა ნაწილია. შტოებით ასოების აგება საინტერესო თამაშად შეგვიძლია ვაქციოთ. ამისთვის დაგვჭირდება შტოებით ბავშვების მომარაგება. მართალია, თიხისგან და პლასტელინისგან განსხვავებით, ცოტა დაუმოჩილებელი მასალაა, მაგრამ პროცესი სახალისო თამაშად  შეგვიძლია ვაქციოთ.

 

კენჭები, ნიჟარები, ბუმბული

წვრილი კენჭებით ასოების შედგენა სახალისო იქნება. კენჭების მოსაგროვებლად მდინარეზე ან ზღვის სანაპიროზე უნდა წახვიდეთ.

ზღვაზე ხშირად ვაგროვებთ გამორიყულ ნიჟარებსაც. აბა, წარმოვიდგინოთ, რა ლამაზი იქნება ნიჟარებით აწყობილი ნებისმიერი ასო-ბგერა.

სკოლისაკენ მიმავალ გზაზე მე და ჩემი პირველკლასელი ბიჭი ხშირად ვპოულობთ ბუმბულებს. ზოგი ისეთი გრძელია, „ბ“-ს თავსა და მუცელს შორის ხიდად გაიდება. ასოების „დასაწერად“ ხელოვნური ბუმბულის გამოყენებაც შესაძლებელია.

 

ფუნჯი

          სხვადასხვა ზომის ფუნჯები და ფერადი საღებავები ასოების შესწავლის პერიოდში არტთერაპიად შეიძლება გამოვიყენოთ. ჩემი სტუდენტობისას უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ  იყო კაფე, რომელიც ერთი წლის წინ მოვინახულე. ყველაფერი შეცვლილი დამხვდა: ინტერიერი, მენიუ, სტუდენტები. კედლებზე კი დახატული ასოები ჩამოეკიდათ. ამ იდეის საკლასო ოთახში გადმოტანის სურვილი მაშინ გამიჩნდა. საინტერესოა, ვინ როგორ ნახატს შექმნის. გაკვეთილზე ფუნჯით წერისა თუ ხატვის  დაგეგმვა სასურველი იქნება ხელოვნების მასწავლებელთან ერთად.

 

ჰაერი, დაორთქლილი მინა

ამ აქტივობისთვის კი მხოლოდ დაორთქლილი მინა დაგჭირდებათ.

აბა, სცადეთ და ჰაერში „დაწერეთ“ რომელიმე სიტყვა. გაოცდებით იმის აღმოჩენისას, რა ყოჩაღად გაართმევენ თავს ბავშვები ჰაერში დაწერილის ამოკითხვას. გარდა იმისა, რომ ასოების მოხაზულობას სწრაფად მიაჩვევენ თვალს, სიტყვის ამოკითხვის პროცესსაც აჩქარებს.

დაორთქლილ მინაზე წერაც სახალისოს გახდის ასოების შესწავლას.

 

ასე რომ, ბავშვებისთვის საანბანო პერიოდი დაუვიწყარი იქნება თუ არა, ჩვენზე -მასწავლებლებსა და მშობლებზეა დამოკიდებული.  მოვინდომოთ, ვიფიქროთ, იდეები ერთმანეთს გავუზიაროთ და ნებისმიერი რამ შეგვიძლია ვაქციოთ რესურსად: თოვლი, ქვიშა, ქვები, მუყაო, ღილები, ბამბა… მთავარია, პატარა თითები „მოვარჯულოთ“, 33 განსხვავებული მოხაზულობისა და აგებულების ასო-ბგერა მოვიშინაუროთ და მშობლიური ენის განუმეორებელ, ერთადერთ სამყაროში მოსწავლეებს დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით შევუძღვეთ.

 

 

 

 

ერთი მშობლის თვალით დანახული დისტანციური სწავლება

0

რამდენიმე კვირაა  ოჯახში დისტანციური კუთხე მოვაწყვეთ შვილებისთვის; თითქოს გასხვავებულ წესებს  ვემორჩილებით ოჯახის ყველა წევრი. სამი სხვადასხვა ასაკის შვილისთვის,  ვახერხებთ დროის  და რესურსების გადანაწილებას ისე, რომ არც ერთი არ დაზარალდეს და შემეცნებითიც იყოს მათთვის ყველა დღე. ბევრს საუბრობენ ასეთი გაკვეთილების ხარვეზებზე.  მაგრამ მინდა მშობლის თვალით დანახული ამბები  მოგიყვეთ.

დილიდან საღამომდე ვხედავთ, როგორ იმართება, იგეგმება ჩვენი შვილების დღე. ნელ-ნელა მოდის შესასრულებელი დავალებები. სანამ ოჯახურ საქმეებში ვარ, მამა-შვილებთან  თანამშრომლობს და ცდილობენ ერთად შეარჩიონ ბიოლოგიისთვის საჭირო პრეზენტაციის დასაწყისი, ასევე  ეხმარება ბავშვებს ქიმიის პარაგრაფის  გააზრებაში, უცხო ენის თარგმნაში.   ამასობაში მოდის ქართულის დროც – ანუ: ჩემი საათი.

ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებით მოზარდი არ არის დაძაბული, ნაკლებია გაუგებრობა, მაღალია დავალების შესრულების მოტივაცია, არ აქვს უარყოფითი მოლოდინი,  არ  შფოთავს, ზოგადად, საგნებისადმი მეტი კეთილგანწყობაა დისტანციურად. თავიდან ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ასე გაგრძელდა. გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მოთხრობის დასრულება შესთავაზა კლასს ქართულის პედაგოგმა. ღამის თორმეტის ნახევარზე ,,უნდა დავწეროო“ _ თქვა  და ლეპტოპში მისი  ორიგინალური ვერსიის აკრეფა დაიწყო. ვაკვირდები. სიტყვა სიტყვას მისდევს, წინადადება წინადადებას…გაკვირვებულ-ნასიამოვნები მხოლოდ ის მადარდებს, რომ გვიანია და ძილის დროა.

რამ შეცვალა რადიკალურად  ერთი მოსწავლის (ჩემთვის შვილის) ქცევა და რამ გაუღვივა სწავლის სურვილი? მგონი, პასუხსაც მივაკვლიე:

√ ის ხშირად გაურბოდა კლასის წინაშე დავალების წარდგინებას ან მსჯელობაში აქტიურად ჩართვას. როგორც კი გარკვეული სოციუმის წინაშე რაღაცის ,,დამტკიცება“ არ სჭირდება,  გაცილებით ღიაა და მოტივირებული.

√ აქამდე  თავდაჯერებულობა  აკლდა, ახლა ძალიან უხარია მასწავლებლის კომენტარი: ,,ყოჩაღ, ჩართულობა გაზარდე და ეს მახარებს.“

√ ორივეს _ მეც და მამამისსაც საკმაოდ დაკავებულ გრაფიკში გვიწევდა მუშაობა. ჩემი გაკვეთილების შემოქმედებით პროცესში მთლიანად ჩართულს,  შვილისთვის დრო არ გვრჩებოდა. ახლა კი: ერთად ყოფნა, სამივე ოთახში სამეცადინო გარემო და  ყველა საგნით თანაბრად დაინტერესება,  გაცილებით სასიკეთოა ჩემი შვილისთვის, შეიცვალა მისი, როგორც მოსწავლის, სწავლისადმი დამოკიდებულება.

საღამოს, ძირითადად, სიტყვების გამოცნობას ვთამაშობთ. თამაშში სკოლამდელი ასაკის პატარაც  ერთვება და ცდილობს  გამოიცნოს ჩაფიქრებული  სიტყვა.   სკოლის ორი მოსწავლისთვის კი  ხალისით გადის დრო.  საინტერესო ფილმებია დღის წესრიგში. საკითხავი ლიტერატურაც კი ისეთი აირჩიეს, ადრე რჩევის და ხვეწნის მიუხედავად რომ არ გაკარებიან.  მამის როლი ახლა გაათმაგდა.  გარემოსდაცვით ვებინარს ასმენინებს ორივეს. შემდეგ უნდა განიხილონ  მოსმენილი საკითხები. გარემოს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება,  ეს უნდა ისწავლონ და გააცნობიერონ  მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,განათლების იდეა საკუთარ თავზე დაფიქრებაა“, მაშინ ,,დარჩი სახლში“  საუკეთესო პერიოდია საკუთარი შვილების შესაცნობად! როგორც მშობელი, სარკეში იხედები და ხედავ შენს გადაცდომებსაც, სწორხაზოვან მიდგომებსაც და  საჭიროებებსაც უკეთ აცნობიერებ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...