ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
12 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

რატომ არის მნიშვნელოვანი ხმამაღლა კითხვა

0

კითხვა შეიძლება მეტროში ტელეფონზე, ფარნით საბნის ქვეშ, დამარცვლით კლასში. ყველაზე შედეგიანი – ხმამაღლა კითხვა. მისგან მომენტალური სარგებელი ნაკლებად თვალსაჩინოა, მით უფრო, თუ ბავშვი ოცდამეათედ გვთხოვთ ხმამაღლა გაიმეოროთ მისთვის საყვარელი ფრაზა, თუმცა მეცნიერები გვანუგეშებენ. მათი აზრით, რომ ეს ნამდვილად ღირებულია პატარა ადამიანის შემდგომი გონებრივი, სოციალური თუ ემოციური განვითარებისათვის.

ძველი თაობის ბავშვებისთვის წიგნი სამყაროსკენ მიმართული ერთადერთი ღია სარკმელი იყო. აქ ელოდა მას ეგზოტიკური ქვეყანა და შორეული გალაქტიკა, ზღაპარი და რეალობა. ამ გაგებით დღევანდელ ბავშვებს უამრავი მსგავსი ფანჯარა აქვთ, ნებისმიერ წიგნს კი უამრავი იაფფასიანი კონკურენტი ჰყავს – ინფორმაციის მიღების სწრაფი გზით, რომელიც მხოლოდ კომპიუტერის ჩართვას საჭიროებს. და მაინც, რატომ ღირს ვაკეთოთ ის, რასაც ადამიანები ცუკერბერგის ეპოქამდე და  გუტენბერგის ეპოქაში აკეთებდნენ, ვგულისხმობ ხმამაღლა კითხვას.

დიახ, ყველა იმ საქმიანობას შორის, რაც შეგვიძლია ბავშვის გულის გასახარად ვაკეთოთ, საუკეთესო კითხვაა. ის გაგიტაცებს, გამოგზაურებს დროსა და სივრცეში, საშუალებას გაძლევს შეჩერდე და იურთიერთობო, იცინო და მოიწყინო, დადგე ყირამალა. ნებისმიერი მასწავლებელი დაუყოვნებლივ ამოიცნობს ბავშვს, რომელსაც უკითხავენ. ასეთ ბავშვს უკეთ ესმის წაკითხულის მნიშვნელობა, სწორად აყალიბებს აზრებს, ლოგიკურია, უკეთ ამახსოვრდება საგაკვეთილო მასალა.

ამის გარდა, კითხვა ავითარებს კოგნიტურ შესაძლებლობებს. თქვენი შვილი გაცილებით გონებაგახსნილი იქნება, თუ წიგნებს პატარაობიდანვე წაუკითხავთ. იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს, შეგიძლიათ ვერბალური უნარებიდან დაიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, ბავშვებს, რომლებსაც უკითხავენ, რთული ლექსიკური ერთეულების მოსმენა უწევთ.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, უკვე ხუთი წლის ასაკში ბავშვები მკითხველი და არამკითხველი ოჯახებიდან სიტყვების მარაგით საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მეცნიერები ამბობენ, რომ ენობრივ ერთეულთა მაჩვენებელთა სხვაობა მილიონ-ნახევარს უახლოვდება. ისინი ერთმანეთს ადარებენ ბავშვებს, რომლებსაც საერთოდ არ უკითხავენ და ბავშვებს, რომლებსაც დღეში ხუთ წიგნს უკითხავენ.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბავშვთა ლექსიკაში სიტყვების რაოდენობა უშუალო კავშირშია ინტელექტის დონესთან. ასობით ათასი სიტყვა, რომელსაც გულმოდგინედ აწვდიდით თქვენს შვილს, გავლენას ახდენს მის აკადემიურ მოსწრებაზე. მოსმენის უნარები, წერისა და მეტყველების უნარი, ფონეტიკური სმენა, მასწავლებლის საუბრის გააზრება – ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ისმენდა თუ არა ბავშვი ოჯახში რთულ წინადადებებს. თუ მშობელი ბავშვს პირველ კლასამდე ენის მოჩლექით და მხოლოდ მარტივი წინადადებებით ელაპარაკება, მას უჭირს მასწავლებლის მეტყველების გაგება.

წიგნების ხიბლი არა მხოლოდ ინტელექტუალურ განცდებშია, არამედ ემოციურშიც. კითხვა ეხმარება თქვენს შვილს, შეიძინოს განსაკუთებული გამოცდილება. იმის მოსმენა, რომ გველეშაპი, რომელთანაც უიარაღოდ მივიდნენ, მშიერია, ხოლო წმინდა გრაალი კი თვალსა და ხელს შუა აგწაპნეს,  წარმოუდგენლად გამდიდრებს მის ლექსიკურ მარაგს. როცა შვილს ღარიბ ბიჭუნაზე მოთხრობას უკითხავთ, ის ახერხებს სხვის როლში ყოფნას, სწავლობს ემპათიას.

ამ თვალსაზრისითაც საკმარისი კვლევები არსებობს, მაგალითად, კემბრიჯში დაადგინეს, რომ მხატვრული ლიტერატურა სწორედ ის საშუალებაა, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება საიდუმლო „კუნთის“ გავარჯიშებაში – თანაგრძნობასა და გაზიარების უნარის გამომუშავებაში.

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კი გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც ადასტურებდა, რომ წიგნებში ჯადოსნური სამყაროს მოყვარულები სხვებთან შედარებით გაცილებით მგრძნობიარე და ტოლერანტული არიან. ჰარი პოტერის წაკითხვის შემდეგ, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებმა შეძლეს ცრურწმენების განადგურება.

ამერიკელმა მკვლევრებმა MRI სკანირების საშუალებით ბავშვების ტვინი შეისწავლეს, ისინი უსმენდნენ მოთხრობების ჩანაწერებს და ფონურ ხმებს. აღმოჩნდა, რომ ეფექტი სხვადასხვა იყო. კითხვის დროს ტვინის ის ნაწილები აქტიურდება, რომლებიც ეხება თხრობის გაგებას და ვიზუალურ გამოსახულების აღქმას უწყობს ხელს.

საინტერესოა, რომ რაც უფრო მასტიმულირებელ გარემოს უქმნიან ბავშვებს სახლში (ან, მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტს უკითხავენ), მით უფრო აქტიურად რეაგირებდა მათი ტვინი ამბებზე. კვლევა ჩატარდა მცირეწლოვან ბავშვებზე – სამიდან ხუთ წლამდე.

მოკლედ, თუ ვლაპარაკობთ ავტოფარეხის სახურავზე მოცეკვავე მარტორქაზე, ადამიანი  რთავს წარმოსახვას: ჯერ წარმოიდგენს ავტოფარეხს, მის სახურავს, გონებაში დახატავს მარტორქას და შექმნის მისი ცეკვის სურათი. ამ დროს ტვინს ნამდვილად უწევს გარჯა. გარჯას კი ხმამაღალი კითხვა აიძულებს.

ფანტაზია და წარმოსახვა – ახალი იდეებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების გენერატორია. არცერთ მულტფილმს არ შეუძლია განავითაროს ფანტაზია ისე, როგორც წიგნს. როდესაც ბავშვი ზღაპარს უსმენს, ის გონებრივად ხატავს სურათს, წარმოიდგენს როგორ გამოიყურებიან პერსონაჟები და დეკორაციები. ეს არის ერთგვარი სამუშაო, სრულიად დამოუკიდებელი. როცა ბავშვებს მულტფილმს სთავაზობენ, ასეთ დროს ისინი ვეღარ ახერხებენ პროცესში აქტიურ მონაწილეობას, რადგან მათთვის ყველა მოქმედება უკვე მზა სახითაა მოცემული და მათ შეუძლიათ მხოლოდ პასიური მაყურებლები იყვნენ.

დღეს ბევრი მშობელი და სპეციალისტი გვიყვება, როგორ შეიცვალნენ ბავშვები, უჩივიან მათ ჰიპერაქტიურობას, კლიპურ აზროვნებას. ნერვიულობის ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია წიგნის ხელში აღება და მათთვის ხმამაღლა კითხვა. არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ მშობლების კითხვა სასიკეთოდ მოქმედებს ბავშვების ქცევაზე. ხმამაღლა კითხვა ამცირებს ჰიპერაქტიურობის პრობლემების განვითარების რისკს.

ექსპერტების ვარაუდით, კითხვა ყველას „აბედნიერებს“ და ბავშვებს ნაკლებად სჭირდებათ ცუდი ქცევა იმისათვის, რომ მოზრდილის ყურადღება მიიქციონ. კიდევ ერთი ვერსიით, ბავშვები უკეთესად ავითარებენ თავიანთ სოციალურ და ემოციურ სფეროს, რადგან ისინი იღებენ ქცევის გარკვეულ მოდელებს რთულ სიტუაციებში; ინსტრუმენტებს, თუნდაც ახალი ლექსიკის სახით, მათი პრობლემების გადასაჭრელად. თუ წიგნში ამოუკითხავთ ფაქტი, რომ სხვა ბავშვებსაც უჭირთ, ვთქვათ, ოპერაში წყნარად ჯდომა და მოსაწყენი არიების მოსმენა, ეს დაეხმარება ბავშვს აკონტროლოს თავისი ქცევა ოპერაში.

ის რომ წიგნების კითხვა მეხსიერებას აუმჯობესებს, ალბათ გსმენიათ, მაგრამ, ამის გარდა, ის სტრესსაც ხსნის. ბრიტანელი ნეიროფსიქოლოგები ამბობენ, რომ წიგნის ხმამაღლა წაკითხვის დროს, ექვსი წუთის შემდეგ მსმენელს უნელდება აჩქარებული გულის რიტმი, იკლებს კუნთების დაძაბულობა. კითხვა უფრო ეფექტიანად განტვირთავს ადამიანს, ვიდრე სუფთა ჰაერზე სეირნობა ან საყვარელი კომპოზიციის მოსმენა.

როგორ წავუკითხოთ ბავშვებს? ეს უნდა გაკეთდეს გააზრებულად. კითხვა არ უნდა იყოს ფორმალური. მთელი გულით ჩაერთეთ კითხვის პროცესში. წაიკითხეთ სხვადასხვა ხმითა და ინტონაციით. ხაზგასმით აღნიშნეთ ძირითადი მომენტები, შეანელეთ და ააჩქარეთ კითხვა, ზოგჯერ იჩურჩულეთ, ზოგჯერ შეგნებულად დააპაუზეთ, ყურადღება გადაიტანეთ სხვა რამეზე და შემდეგ სთხოვეთ ბავშვს, შეგახსენოთ, სად შეჩერდით. ხაზი გაუსვით იმ ბგერებს, რომელთა გამოთქმაც მას უჭირს.

შეეცადეთ, იმსჯელოთ წიგნის ილუსტრაციებზე და აუცილებლად ისაუბრეთ წაკითხულის შესახებ. ჰკითხეთ ბავშვს აზრი გმირების, წიგნში განვითარებული საკვანძო მოქმედებების შესახებ, რას გააკეთებდა ის ამავე სიტუაციაში. აქციეთ ხმამაღლა კითხვა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტუალად.

ნოემბრის ქალი

0

ზოგადად ლიტერატურაში და, კონკრეტულად პოეზიაში, წარმატებამდე მიმავალი გზა, როგორც წესი, რთული, ხანგრძლივი, წინააღმდეგობებით და იმედგაცრუებებით სავსეა. ვინც მიზანსწრაფულია და ამ ყველაფერს უძლებს, ის იმარჯვებს, ვინც ხელს ჩაიქნევს, ანუ ვისი მოწოდებაც პოეზია არაა, ის სხვა, მეტწილად პრაგმატულ სფეროში იმკვიდრებს თავს და სამუდამოდ ივიწყებს თავის პოეტურ წარსულს. ჩემს თაობაში არაერთი, საკმაოდ ნიჭიერი, დამწყები პოეტი მახსოვს, ვინც წერას თავი მიანება, დღეს სხვა საქმიანობით არის დაკავებული და ბიურგერული ცხოვრების კიბეზე მაღლა და მაღლა მიიწევს, ყოველ შემთხვევაში, ჩემსავით იმაზე მაინც არ ფიქრობს, თვიდან თვემდე თავი როგორ გაიტანოს. ასეთ ადამიანებს პატივს ვცემ და ცოტა მშურს კიდეც მათი, რადგან მე ეს ვერ მოვახერხე.
როგორც აღვნიშნეთ, წარმატებისკენ მიმავალი გზა რთულია, მაგრამ არის გამონაკლისები, როცა პოეტები გამოჩენისთანავე იქცევენ ხოლმე მკითხველის და, რაც მთავარია, პროფესიონალი ლიტერატორების ყურადღებას, როცა მათ ლიტერატურულ ჟურნალებში თავიანთი ინიციატივითაც კი არ უწევთ ტექსტების გადაგზავნა – რედაქტორები თვითონვე ეხმიანებიან, კომპეტენტური ხალხი საჯარო თუ პირად საუბრებში საქებარ სიტყვებს არ იშურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ავტორები თვითტკბობის რეჟიმში გადადიან, რაც პროფესიულ განვითარებას გამორიცხავს და, შესაბამისად, პირველი კრებულის შემდეგ ვერაფერ ხეირიანს ვეღარ წერენ ხოლმე. თუმცა, არსებობენ ავტორები, რომლებმაც თავს დამტყდარი წარმატება მედგრად გადაიტანეს და ღირსეულად გააგრძელეს შემოქმედებითი გზა. ჩვენთვის საინტერესო, ამჯერად, ეს უკანასკნელნი არიან. როცა ასეთ პოეტებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ანა კალანდაძე გვახსენდება, რომელიც ორმოციანი წლების შუა ხანებში გამოჩნდა და იმთავითვე არნახული პოპულარობა მოიპოვა – კრიტიკოსები ხოტბას ასხამდნენ, მისი ლექსები, ხელნაწერების სახით, ხელიდან ხელში გადადიოდა.

 

სწორედ ასეთივე წარმატებულ დებიუტთან გვქონდა საქმე ტარიელ ხარხელაურის შემთხვევაში, მისი პირველი კრებული – „წყალი საკალმახე” – საუკეთესოა მის შემოქმედებაში და ერთ-ერთი საუკეთესო ქართულ პოეზიაში.

 

უახლოეს წლებში ასეთივე აჟიოტაჟი გამოიწვია ნინი ელიაშვილის გამოჩენამ. იგივე შეიძლება ითქვას პროზაში მოსულ დათია ბადალაშვილზე.

 

მათ რიცხვს განეკუთვნება ირინა ტაბაღუაც, რომლის ლექსები ბოლო რამდენიმე თვეა პერმანენტულად იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ ის სულ რაღაც ორი წელია წერს. პირველ წელიწადს კლასიკური ლექსის წინაშე ვალის მოხდის შემდეგ, ვერლიბრზე გადავიდა. ვისაც მისი კონვენციური ლექსები წაუკითხავს, დამეთანხმება, რომ ირინა იქაც საინტერესო იყო, მაგრამ საკუთარი თავი სწორედ თავისუფალ ლექსში იპოვა და სწორედ ამ ლექსებით მიიქცია საყოველთაო ყურადღება. ვიცი, რომ რამდენიმე ავტორიტეტული ლიტერატორი უკვე მუშაობს წერილზე, სადაც მისი შემოქმედება იქნება მიმოხილული. ესეც უცნაურია, რადგან ირინას ჯერ სადებიუტო კრებულიც არ აქვს გამოცემული, თუმცა ამაზეც მიდის მუშაობა და მალე გამოვა მისი წიგნი ცნობილი პოეტის და მწერლის რედაქტორობით.

 

რამ განაპირობა მისი ლექსების ასეთი უეცარი პოპულარობა? მთავარი მიზეზი გულწრფელობაა, რომელსაც ზოგიერთი სითამამეს უწოდებს. ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ გულწრფელნი და ღიად ვისაუბროთ იმაზე, რაზეც გვსურს საუბარი, მაგრამ საამისოდ გამბედაობა არ გვყოფნის. ირინას ლექსები აბსოლუტურად გულწრფელია, ამ ლექსებში ერთ ყალბ ნოტსაც ვერ იპოვი. კი ბატონო, ვუწოდოთ ამას სითამამე. ეს სითამამე არასოდეს გადადის ვულგარულობაში, არასოდეს ღალატობს ზომიერების გრძნობა, შემოიფარგლება მხოლოდ იმ „თამამი” ლექსიკური ერთეულების გამოყენებით, რომლებიც კონკრეტული ემოციისა და განცდის გულწრფელად გამოსახატად სჭირდება. ქალი პოეტის მხრიდან ასეთი გულწრფელობა, რომელიც მსოფლიომ კარგა ხნის წინ მოიტოვა უკან, ჩვენში ჯერ კიდევ გაკვირვებას იწვევს. დარწმუნებული ვარ, ბევრია ისეთი პოეტი ქალი, ვინც ირინას ლექსებში ისეთ სათქმელს პოულობს, რომლის თქმასაც თვითონ მხოლოდ გულში ბედავს. ეს არ არის ყურადღების მისაქცევად და იაფფასიანი ეპატაჟისთვის საჭირო სითამამე. ლექსებიდან ჩანს, რომ ავტორი უბრალოდ იმას წერს, რაც ეწერება და არაფრად დაგიდევთ საზოგადოებასა და ლიტერატურაში მიღებულ ნორმებსა და სტანდარტებს. როცა მის ლექსებს ეცნობი, აბსოლუტურ თვითმყოფადობასთან ერთად, იმასაც აცნობიერებ, რომ ამ პოეტს ქართულ ლიტერატურაში არ ჰყავს წინაპარი. მისი ლექსები შეუდარებიათ ნინო თარიშვილის ლექსებისთვის და პაოლოს „დარიანულებისთვის”, მაგრამ ეს არ მგონია მთლად სწორი ლიტერატურულ-გენეალოგიური ხაზის გავლება. თუ მაინცდამაინც ძირების ძიება გვინდა, ალბათ უფრო ანგლო-ამერიკელ რამდენიმე პოეტს ენათესავება, თუმცა ესეც შემთხვევითი გადაძახილები უფროა. როგორც უკვე ვთქვი, ირინა წერს იმას, რაც ეწერება, პარალელების გავლება კი ლიტერატორების და მკითხველების საქმეა.

 

კომპოზიციური თვალსაზრისით ირინას ლექსები ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ: ერთ ნაწილში მედიტაციურ-სენსუალური გაელვებები მოზაიკურადაა განლაგებული, საერთო განწყობა კი ფრაგმენტებს მტკიცედ კრავს და ეს დეტალები ერთიან ლექსად წარმოგვიდგება. მეორე ნაწილში ნარატიულ-ლირიკული პასაჟები ენაცვლება ერთმანეთს. ორივე კომპოზიციური ქარგა დილეტანტი მკითხველის დაბნეულობას იწვევს, პირველ შემთხვევაში მისთვის ზოგიერთს ზედმეტი დაქსაქსულობა დაუბრალებია, მეორე შემთხვევაში კი – პროზაული ტექსტის პოეზიად გასაღება. თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა მკითხველთა ნაწილს, სამწუხაროდ, მსოფლიო პოეტური გამოცდილების ზედაპირული ცოდნაც კი არა აქვს და ვერლიბრი დღემდე „ლიბერასტული ევროპის“ კულტურული დივერსია ჰგონია.

 

ირინა არ თამაშობს ლექსებში, ყველა ლექსის ლირიკული გმირი თვითონაა: ქმარს გაცილებული და, ერთგვარად, ემანსიპირებული ქალი; არც ისე კარგი დედა; ზარმაცი, მშობლების კმაყოფაზე მყოფი შვილი; შეყვარებული ქალი, რომელსაც, ღამით, თავისი ინდუსტრიული ქალაქის ქუჩებში ხეტიალი უყვარს. ღიად წერს თავის ქალურ პრობლემებზე, დედობრივ გამოცდილებაზე. სხვაგან ვერსად შეხვდებით საკეისრო კვეთის შემდეგ დარჩენილი ნაიარევის ასეთ ესთეტიზაციას:

 

„მაშინ ბავშვები არ მყავდა,

არც ნაიარევი მუცელი მქონდა.

მარინისტულ პეიზაჟს ჰგავს მუცელი,

ნაიარევი – ზღვის ჰორიზონტია,

ჭიპი – მზეა.

მოკლედ, მე ჩემი დაისი მაქვს“.

 

მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს საყოველთაო ყურადღება ხელს არ შეუშლის ირინას სამომავლოდ თავისი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში. ბლოგს კი ენ სექსტონისადმი მიძღვნილი მისი პატარა ლექსით დავამთავრებ, რომელსაც „ნოემბრის ქალები“ ჰქვია (ავტორიც და ადრესატიც ნოემბერში არიან დაბადებულნი):

 

„მან პულიცერის პრემია მიიღო,

მე – რუსთაველის.

მეექვსე ჭიქაში

ფეხებზე გვეკიდა ნობელი.

საშინლად ვხარხარებდით.

ვამჩნევდით,

თუ როგორ წყდებოდა ფრთხილად

ჯაჭვი არაყში.

ყველა ხედავდა ჩვენს გარყვნილებას,

მოგვწონდა ჩვენც ეს,

„ნოემბრის ქალებს”.

 

თემა – ადამიანი და ბუნება

0

„როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს ცხოველი?“

„როგორ ჩავუნერგოთ შვილებს ბუნებისა და ცოცხალი არსებების პატივისცემა?“

„რა უნდა გავაკეთოთ სკოლებში, რომ ბავშვებს ცოცხალი არსებების მიმართ ფრთხილი და მზრუნველი, უსაფრთხო მიმართებები ჩამოუყალიბდეთ?“

 

ეს კითხვები მშობლებსა და მასწავლებლებს უჩნდებათ. პასუხისმგებლობაც თანაბრადაა გასანაწილებელი. წერილში საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის მომზადებული გაკვეთილის გეგმა მინდა გაგიზიაროთ. მხატვრული ლიტერატურა ხომ ღირებულებების, განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესში შეუცვლელი რესურსია.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაში არაერთი ისეთი ტექსტია შეტანილი, რომლებიც თემას „ადამიანი და ბუნება“ ეხება. ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს თემატური საკვანძო შეკითხვების და შესაბამისი ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით ისეთი საკითხების დამუშავებას, როგორიცაა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა.

 

მასწავლებელს გაკვეთილის გამოწვევის ფაზაზე შეუძლია დასვას ისეთი კითხვები, რომელთა მეშვეობითაც მოცემულ თემაზე მოსწავლეებში ცოდნას, განცდებს, შთაბეჭდილებებს გაააქტიურებს. დაეხმარება მათ გაიხსენონ, რა იციან, რა სმენიათ, რა გამოცდილება აქვთ.

 

სოფლად ან ქალაქში მცხოვრებთ ცხოველებთან ურთიერთობის ყოველდღიური გამოცდილება აქვთ. შინაური ცხოველი, შეიძლება, ყველას არ ჰყავდეს, მაგრამ, მაგალითად, მიუსაფარ, უპატრონო ძაღლებსა და კატებს ყველანი ვხვდებით.

რას ვგრძნობთ მათი ხილვისას? შიშს? სიბრალულს? ზიზღს? შინ წაყვანის და მოვლის სურვილი გვეძალება თუ ქვის მოხელთებას და ამ მოუვლელი არსების რაც შეიძლება შორს განდევნას ვცდილობთ?

რას გვასწავლის ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე შექმნილი ტექსტები? რამდენად და როგორ დაგვეხმარება მათი გაცნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

 

საკითხის გასაშლელად ორ ტექსტს გთავაზობთ. ერთი – პოეტურია, მეორე -პროზაული.

ერთი – მეცხრამეტე საუკუნის ფრანგ პოეტს, შარლ ბოდლერს ეკუთვნის, მეორე – მეოცე საუკუნის ქართველ მწერალს, რეზო ინანიშვილს.

 

გამოწვევის ფაზის შემდეგ მოსწავლეები ბოდლერის ლექსს, „ალბატროსს“, გაეცნობიან.

ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, გივი გეგეჭკორის, მიერ ფრანგულიდან ბრწყინვალედ თარგმნილი ეს ლექსი საოცრად შთამბეჭდავია და მოსწავლეებს დაეხმარება, „გადაბარგდნენ“ საკლასო ოთახებიდან ზღვის უკიდეგანო სივრცეში მცურავი გემის გემბანზე.

შარლ ბოდლერი – ალბატროსი

აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,

როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,

იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს, დიდ ალბატროსებს,

რომელნიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.

 

მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,

ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,

მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება

და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.

 

ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,

ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,

ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში

და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.

* მოცემულია ლექსის პირველი სამი სტროფი

 

დავეხმაროთ მოზარდებს, წარმოსახვაში გააცოცხლონ ეს სურათი.

რას ვხედავთ?

აბორგებულ, აზვირთებულ ზღვას – სტიქიონს რომ უწოდებს პოეტი.

გემბანზე მატროსები, მეზღვაურები შეკრებილან. მოცალეობის ჟამი აქვთ, როგორც ჩანს.

საქმე არ აქვთ.

ეს პირქუში, მუდამ შრომასა და ჯაფაში, ფიზიკურ შრომაში დაქანცული კაცები მოწყენილობის გაქარვებას ცდილობენ და…

ზღვის ულამაზეს ფრინველს, ალბატროსს იჭერენ.

„მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს“ –

 

წარმოიდგინეთ, თავისუფალ ფრენას, ნარნარს, ზღვასა და უკიდეგანო სივრცეს მიჩვეული ცოცხალი არსების განცდები, როდესაც მას იჭერენ და უხეშად ახეთქებენ გემბანს.

პოეტი ამ ფრინველს ლაჟვარდის მეფეს უწოდებს. გასაოცარი ეპითეტია. ლაჟვარდი – აქ ლურჯ ცას ნიშნავს. ალბატროსი – ლურჯი ცის მეფეა.

და ის მოსწყვიტეს ცას და სინათლეს.

როგორ გრძნობს თავს?

 

„შერცხვენილი უმწეოდ კვდება და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს“ –

როგორი ზუსტი და თვალსაჩინოა ეს შედარება.

მკითხველი ხედავს მშვენიერ არსებას, წუთის წინ ლაღად რომ ფრენდა, ახლა კი ფრთები ნიჩბებივით დამძიმებია, ძლივს მიათრევს სველ გემბანზე.

 

როგორ იქცევიან ადამიანები ამ დროს? „ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში და ხორხოცით ბაძავენ დაკოჭლებულ ფრთოსანს, ხტუნვა-ხტუნვით.

საზარელი სანახაობაა – ადამიანები გემზე მოწყენილობისგან თავის დასაღწევად საზარელ რამეს იკადრებენ.

რა ფიქრები აღძრა ლექსმა?

ამ შთამბეჭდავი, საოცრად სურათხატოვანი მხატვრული ტექსტით რა „დახატა“ პოეტმა?

 

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ვთხოვთ, განცდილი სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ხერხით გამოხატონ. მაგალითად, დახატონ ილუსტრაცია მოსმენილი ლექსის მიხედვით.

ინსტრუქცია:

აარჩიე რომელიმე მონაკვეთი (რამდენი  კადრია ლექსში, რომელიც „ცხოვლად სულს დააჩნდება“…) – მაგალითად, როგორ მისდევენ ფრენა-ფრენით ალბატროსები გემს, როგორ მოიხელთებენ ერთ-ერთს მატროსები ან ნებისმიერი, შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი და დახატე.

თუ ფიქრობ, რომ ხატვა არ გამოგდის, სიტყვიერი ილუსტრაცია შექმენი. სიტყვიერად აღწერე, რას და როგორ დახატავდი, როგორ გაანაწილებდი ფურცელზე, რა ფერებს გამოიყენებდი, რამდენი მოქმედი პირი იქნებოდა შენს ნახატზე, რა ფერებს გამოიყენებდი, რა განწყობის შექმნას შეეცდებოდი ილუსტრაციით.

 

მასწავლებლის შეხედულებისამებრ, შესაძლებელია სხვა ტიპის კომპლექსური დავალების პირობის შეთავაზებაც – მაგალითად, ალბატროსის ხედვის კუთხის წარმოდგენა პირველ პირში – რას გრძნობს ის? რას განიცდის? რაზე ფიქრობს? ამგვარი შემოქმედებითი გარდასახვა ემპათიის გრძნობასაც გაააქტიურებს.

 

ამ სამუშაოს შემდეგ ( რომელსაც შეიძლება ორი ან მეტი გაკვეთილიც კი დაეთმოს. ლექსში არაერთი საინტერესო მხატვრული ხერხი და სახეა, რომლებზე მსჯელობაც საკვანძო ცნებების დამუშავების შესაძლებლობასაც აძლევს მასწავლებელს…) პროზაული ტექსტი შევთავაზოთ მოსწავლეებს.

რეზო ინანიშვილის მოთხრობა „თეთრი ყანჩა“ .

თავიდანვე გააფრთხილეთ მოსწავლეები, რომ მოთხრობის მხოლოდ ნაწილს გააცნობთ. კარგი იქნება, თუ მათ სურვილი გაუჩნდებათ და დავალებების შესრულების შემდეგ თავად მოიძიებენ მოთხრობას, ბოლომდე გაეცნობიან.

 

თეთრი ყანჩა

გოგი, მეექვსეკლასელი ფერმკრთალი, მაღალი ბიჭი, ბაღში შევიდა. ბაღი დათოვლილი იყო, თანაც ისევ თოვდა: მშრალი, მსუბუქი ფიფქები უწესრიგოდ ბორიალობდნენ ბურუსიან ჰაერში. გაზონებს შორის ჯერ არავის გაევლო.

გოგის ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეყო. ნიკაპზე ლურჯი ფუმფულა კაშნე შემოეხვია, მაღალყელიან შავ ფეხსაცმელებს ფრთხილად ადგამდა თოვლზე და კაკლის მურაბასავით პრიალა თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა… თოვლი მხოლოდ წიწვოვანი ხეების ქვეშ არ იდო, იქ მიგრეხილმოგრეხილი ხმელი ფოთლები და ნემსებივით წამახული წიწვები ეყარა. ყველაფერს მოწყენილობის იერი დაჰკრავდა, ქუჩიდან შემოსული ავტომობილების ხმაურსაც კი.

უცებ გოგი შედგა და თავი წინ წასწია, რაღაცას დააკვირდა. ხელები ჯიბიდან ამოიღო, რამდენიმე ნაბიჯი კიდევ უფრო ფრთხილად გადადგა, ისევ გაჩერდა, ისევ რაღაცას დააკვირდა და სახე თანდათან გაუნათდა. ერთი გაბარდღული შავი ფიჭვის ძირში, მრგვალად მოხაზულ შავ მიწაზე, მაღალფეხება თეთრი ყანჩა იდგა, თავი ბეჭებზე დაედო, ვარდისფერი ნისკარტი წინ წამოეშვირა და სთვლემდა. გოგიმ ქვას დაუწყო ძებნა. იპოვა გაზონების პირას გაყოლებული ტუიების ძირში, ერთი არ იკმარა, მეორე და მესამეც მოძებნა, ფრთხილად, ფეხისწვერებზე სიარულით ყანჩას გვერდიდან წამოუარა და, ათიოდე ნაბიჯზე რომ მიუახლოვდა, ქვა მთელი ძალით ესროლა. ქვა ჯერ ფუნჯივით დაშვებულ წიწვებს მოხვდა, მერე ფიჭვის ძირს და, უკან გადმოვარდნილი, ხტუნვა-ხტუნვით შეგორდა თოვლში. ყანჩა წინ წავარდა, კისერი დაიგრძელა, ფრთები მიწაზე წაათრია, რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა და ისევ შეჩერდა, წვრილ, უსაშველოდ აწოწილ ფეხებზე უმწეოდ ქანაობდა. გოგიმაც რამდენიმე ნაბიჯი წადგა წინ და ახლა მეორე ქვა ესროლა. მეორეს მესამეც მიაყოლა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოარტყა. ყანჩა აფლატუნდა, თოვლი ააფორიაქა და ტუიების ღობეში შეიყუჟა. გოგი მიხვდა, ყანჩა ვერ ფრინავდა. კვალში გადახტა. ხელები ფეხბურთელთა მეკარესავით ასწია მკერდთან, უკანასკნელი ნაბიჯები სულ ფრთხილად, ფრთხილად წადგა და, როცა დარწმუნდა, უკვე მისწვდებოდა, უცებ წავარდა თოვლში. ყანჩა აფათქუნდა, გოგიმ ხელებში მისი ცივი, სველი ბუმბული იგრძნო, იმასაც მიხვდა, ყანჩამ ნისკარტი რამდენჯერმე დაჰკრა მაჯაზე, მაგრამ ხელები აღარ გაუშვა. ასევე, თოვლში მწოლიარემ მოიქცია ყანჩის ორივე ფეხი და ერთი ფრთა მარცხენა ხელში, წამოდგა და ახლა აფათქუნებულ მეორე ფრთაში წასწვდა. ყანჩა ნისკარტს სცემდა, მაგრამ იმდენად უნიათოდ, რომ სულ არ სტკიოდა. მეორე ფრთაც რომ დაუჭირა, გახარებული გაიქცა შინისაკენ. ყანჩა ძალიან მსუბუქი აღმოჩნდა თავის ტანთან შედარებით. გოგი შეჩერდა და ბეჭები მოუსინჯა: ხელში მხოლოდ ტყავგადაკრული წვრილი ძვლები მოხვდა, გული ეტკინა, მაგრამ მაშინვე გადაწყვიტა, რომ კარგად აჭმევდა და მალე მოაღონიერებდა.

 

ტექსტის დამუშავება – სანიმუშო ინსტრუქციები

საკუთარი თავი წარმოიდგინე გოგის ადგილზე.

მიდიხარ შენთვის და უცბად – მაღალფეხება თეთრ ყანჩას დაინახავ.

ვარდისფერი ნისკარტი აქვს.

თვლემს.

ბუნების შვილი, ლამაზი ყანჩა – ქალაქის შუაგულში.

როგორ მოიქცევი?

გადაგხდენია თუ არა თავს მსგავსი რამ?

როგორ მოიქცეოდი, შენ რომ დაგენახა უსუსური არსება?

იფიქრე და ივარაუდე…

როგორ ფიქრობ, რას გააკეთებს გოგი შინ მისვლისთანავე?

როგორ გაგრძელდება ამბავი? რას ფიქრობ გოგიზე? რას ურჩევდი გოგის, მასთან გასაუბრება რომ შეგძლებოდა?

წერითი სამუშაო

ეს ფიქრები წერილობით მოაწესრიგე და რვეულში ჩაწერე.

 

დააკვირდი  ტექსტის ენას

იმისთვის, რომ მწერალმა „იქ ყოფნის განცდა“ შეგიქმნას, ის იყენებს აღწერას, აღწერაში კი ეპითეტებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ძალიან ზუსტი წარმოდგენა გვექმნება – როგორია გარემო?

მიგრეხილმოგრეხილი ხმელი ფოთლები და ნემსებივით წამახული წიწვები ეყარა იმ ბაღში.

ყანჩა კი გაბარდღული შავი ფიჭვის ძირში თვლემდა.

როგორი სიტყვაა – გაბარდღული…როგორ ფიქრობ, რას უნდა ნიშავდეს? როგორი წარმოიდგინე ეს ფიჭვი?

საინტერესო იქნება ამ ორი ტექსტის შედარებაც. როგორაა წარმოჩენილი თემა – ადამიანი და ბუნების შვილი – ორი განსხვავებული ჟანრის ტექსტში? რა მიმართებები იკვეთება?..

 

მრავალფეროვანი დავალებები, შთამბეჭდავი და საინტერესო აქტივობები, ტექსტები დაეხმარება მოსწავლეს, გამოავლინოს და განივითაროს შემოქმედებითი უნარები. მოცემულ ნიმუშებზე დაყრდნობით მასწავლებლებს შეუძლიათ თავადვე შექმნან კომლექსური დავალებების ანალოგიები კლასის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 

 

 

 

 

 

ფენტეზი,ფანტასტიკა, დისტოპია და სხვა – ლინგვისტური ამბები ლიტერატურაში

0

მგონი, უკვე შევთანხმდით, რომ ის დაუმსახურებელი ლიტერატურული „სნობიზმი“, რომლითაც ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრის ტექსტებს ვაფასებთ ხოლმე, მთლად სწორი არ არის და, რაც მთავარია, კიდევ ერთი დაბრკოლებაა ამ ჟანრის თაყვანისმცემლებს, ჩვენს მოსწავლეებსა და ჩვენ შორის.

ეს საოცრად საინტერესო, პოპულარული ჟანრი ბოლო დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ჩვენ ფაქტობრივად  ყოველდღიურად ვაწყდებით ამ ლიტერატურას ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენც რომელიღაც წიგნის პერსონაჟები ვართ, ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჟანრული ლიტერატურა სწავლებისათვის. იქნება ეს ლიტერატურა, მითოლოგია, საბუნებისმეტყველო საგნები, ტექნიკური  თუ კომპიუტერული მეცნიერებანი.  ჩვენ შეგვიძლია ამ მრავალფეროვანი წიგნების საშუალებით კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი გაკვეთილები.

მაგალითისთვის, მოგიყვებით, როგორ შეიძლება ფენტეზისა და ფანტასტიკის საშუალებით უფრო მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი გრამატიკისა და ლიტერატურის გაკვეთილები.

ენა ყველაზე მთავარი ლიტერატურული იარაღი, საშუალებაა, პერსონაჟი, სამყარო, ამბავი – ენობრივი თავისებურების გარეშე რთული გადმოსაცემია, ახალს არაფერს ვამბობ, ფენტეზისა და ფანტასტიკაში ხშირია გამოგონილი, ხელოვნური ენები. ეს საინტერესო  ლინგვისტური თამაში კიდევ უფრო აინტრიგებს, ახალ სამყაროში შეუძღვება მკითხველს.  ენის წარმოშობასა და მსოფლიოს ლინგვისტურ მრავალფეროვნებაზე საუბრისას, გამოგონილი ენები, მაგალითად, ტოლკინის, ამ შესანიშნავი მწერლისა და ლინგვისტის ლინგვისტური ექსპერიმენტები მოსწავლეებს ახალ საფიქრალსა და ინტერესს გაუჩენს.

თუ ენა მსოფლხედვაა, სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაა, როგორია ის სამყარო, რომელსაც ესა თუ ის გამოგონილი ენა აქვს? იქნებ ჩვენც გამოვიგონოთ რომელიმე ენა? ეს ლინგვისტური თამაში რთული სულაც არ იქნება, მთავარია თუნდაც რამდენიმე გრამატიკული ან ფონეტიკური  სისტემა, წესი განვუსაზღვროთ. მაგალითად, ენა ხმოვნების გარეშე, ან ენა მხოლოდ ხმოვნებით, ენა, რომელშიც მხოლოდ ერთმარცვლიანი სიტყვებია ან რომელშიც ყველა ლექსიკური ერთეული ასო რ-ზე იწყება.

ტოლკინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მთელი ცხოვრების მანძილზე იკვლევდა უძველეს და შუა საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლებს და ამავე დროს ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ენათმეცნიერების დარგში. ის ჯერ მეცნიერი იყო და შემდეგ მწერალი გახდა, რაც მის მიერ შექმნილ ახალ, ლიტერატურულ სამყაროსაც და მის ენებსაც ეტყობა, შავი ენა, სინდარინი თავისი დიალექტებით, ვესთრონი, ჰობიტური, როჰირიმული და სხვა – ეს ენობრივი სისტემები ძალიან მრავალმხრივი და საინტერესო ლინგვისტური მუშაობისა და ცოდნის შედეგია.

საინტერესოა, რომ ასეთი გამოგონილი ენა ქართულ ლიტერატურაშიც გვხვდება, ალექსანდრე აბაშელის ცნობილ რომანში „ქალი სარკეში“, მარსელი ქალი სწორედ მარსულ ენაზე ლაპარაკობს:

„კამარელი მივარდა აპარატს და საჩქაროდ თავზე წამოიცვა.

იმავე წუთს ყურები აევსო დამატკბობელი ხმით: ქალი ლაპარაკობდა. მაგრამ სიტყვები იყო გაუგებარი: ,,შანორ დენ ობრა ვენ გარა ობრან სანორენ ლარგო”, თითქოს მღეროდა უცნაურ სიტყვებს და ნათლით მოსილ სახის ელვარებას აფრქვევდა ეკრანზე.“

კიდევ ერთი საინტერესო გამოგონილი ენა, რომელიც ლიტერატურული პარალელებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ გველების ენაა „ჰარი პოტერიდან“, რომელზეც რამდენიმე ჯადოქარი და ჰარი პოტერი საუბრობს. გველების ენაზე რა გაგახსენდათ? გველისმჭამელი ხომ არა? ეს ყოველისშემცნობელი პერსონაჟი, რომელიც ჰარი პოტერს შეგვიძლია დავუკავშიროთ და ამ საშუალებით ახალგაზრდა მკითხველებისთვის უფრო ახლობელი გავხადოთ.

საინტერესო ტექსტები გრამატიკის გაკვეთილებისთვის ქართულ საბავშვო ლიტერატურაშიც შეგიძლიათ მოძებნოთ, მაგალითად,  ნუნუ ნაკაშიძის „ უღუ და თეთ“, სადაც ორი პირველყოფილი ბავშვი გარემოს სწავლობს, ემოციებს პირველად გამოცდის და სახელს არქმევს, სახელდება – უმნიშვნელოვანესი ლინგვისტური პროცესია, რომელიც ძალიან საინტერესო ექსპერიმენტის სახით შეგიძლიათ გააცოცხლოთ ბავშვებთან.

ცენზურასა და 1937 წლის რეპრესიებზე საუბრისას ჯორჯ ორუელის 1984 და ახალმეტყველება ( ნიუსპიკი) გაიხსენეთ, ეს ექსპერიმენტი გულისხმობდა ენიდან ყველა იმ სიტყვის ამოღებას, რომელიც ტოტალიტარიზმს ეწინააღმდეგებოდა. ენა არის ადამიანი, შესაბამისად, როდესაც ენას იმორჩილებ, ადამიანიც შენი ქვეშევრდომია. ეს ძალიან კარგად იციან ტოტალიტარულმა სისტემებმა და ორუელის ეს ექსპერიმენტი შესანიშნავი ლიტერატურული გაფრთხილებაა.

გამოგონილი ენების საინტერესო მაგალითები შეგიძლიათ იპოვოთ ჰოვარდ ლავკრაფტის საკულტო წიგნში „ქთულჰუს ძახილი“, რომლის ძალიან კარგი ქართული თარგმანი არსებობს.

და ბოლოს,  საინტერესო ენობრივი ექსპერიმენტია დენიელ კიზის რომანში „ყვავილები ელჯერნონისთვის“, შეგიძლიათ, სთხოვოთ თქვენს მოსწავლეებს დააკვირდნენ, როგორ იცვლება ჩარლის მეტყველება მის ინტელექტუალურ ცვლილებასთან ერთად, რადგან  ეს მთავარი ლიტერატურული ხერხია პერსონაჟის ტრაგიკული ამბის თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად მოყოლისათვის.

 

 

 

 

როგორ ვამეცადინოთ პირველკლასელები

0

ჩემი შვიდი წლის ბიჭი მეორეკლასელია. მე მისი ქართულის მასწავლებელი ვარ. გუშინ პირველად დაწერა საკმაოდ რთული ინსტრუქციის საშინაო დავალება დამოუკიდებლად. დავალება ამგვარი იყო: 1. წამმზომის მეშვეობით ხუთჯერ წაიკითხე მოთხრობა და რვეულში ჩაინიშნე დრო; 2. შეარჩიე ერთ-ერთი პერსონაჟი მოთხრობიდან „მოუთმენლობის მსხვერპლი“ და დაწერე გმირის რუკა. გმირის რუკაზე გაკვეთილზე ვიმუშავეთ და როგორც ჩანს, ნაყოფიერად, რადგან სწორად შეარჩია პერსონაჟი, მოიფიქრა მისი თვისება და არგუმენტიც დაწერა. ინსტრუქციის გაცნობას დიდი დრო დავუთმე. ამ ბოლო დროს საშინაო დავალების ინსტუქციას რამდენიმე მოსწავლე წერილობით ინიშნავს კიდეც.

დაწყებით საფეხურზე ყველა დეტალს  მნიშვნელობა აქვს.  ასოების ბადეში სათანადოდ განთავსებისა და მოხაზულობის შემდეგ უნდა ისწავლონ, როგორ დაწერონ თვე და რიცხვი, სათაური, ისარი, წერტილ-მძიმე; როდის უნდა დაიწყონ ახალი ხაზიდან წინადადება. მასწავლებელი მოდუნების საშუალებას ვერ აძლევს თავს – ერთ გაკვეთილზე თითოეულთან რამდენჯერმე მივდივარ.  მუდმივი თვალის დევნება სჭირდებათ, რათა პროცესი სწორად წარიმართოს, რომელიმე არ ჩამორჩეს  მუშაობის ტემპს. სამაგიეროდ, შედეგი არის ენითაუწერელი სიხარული. როდესაც გაკვეთილი სრულდება და შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად ფერადი კალმით ხელში მერხებს შორის დავდივარ, პატარა თითებით დაფიდან გადაწერილი თუ დამოუკიდებლად ჩაწერილი სიტყვები უდიდესი ძალით მავსებს.

თუმცა, დამოუკიდებლად შესრულებულ დავალებამდე დიდი და შრომატევადი გზა გამოვიარეთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საკუთარი გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიის გამო მასწავლებლის როლის შესრულება მშობლებს უწევთ. მე კი ჩემს გამოცდილებას დედისა და მასწავლებლის პოზიციიდან გაგაცნობთ.

პირველად პირველ კლასში

ეს იყო ექვსი წლის წინ. მაშინ ჩემი გოგონა სოფელ უწერის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი გახდა. თეკლა დამოუკიდებლობას იყო მიჩვეული. მეცადინეობის დრო რომ დაგვიდგა,ურთიერთობა დაგვეძაბა. მახსოვს, რამდენჯერმე ხმასაც ავუმაღლე. თეკლას ცრემლებმა გამომაფხიზლა. ვერ მოვრიგდით და მეც აღარ მიცდია ჩარევა. ვფიქრობდი, რომ რადგან ბევრს კითხულობდა, ეს დაეხმარებოდა ციფრებისა და ასოების სამყაროში გზის გაკვალვაში. ვფიქრობდი, რომ კალიგრაფიასაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მთავარი ჩემთვის მისი ემოციური მდგომარეობა, საკუთარ ძალებში დარწმუნება იყო. ახლა რომ ვუღრმავდები, ასე თავისუფალ ნებაზე მიშვება შეცდომა იყო. თუმცა, დრო რომ დაბრუნდეს, ალბათ, ვერაფერს შევცვლი, რადგან პირველკლასელის სწავლების მეთოდები მასწავლებლობისას ვისწავლე, ზოგი რამ – გამოცდილი კოლეგებისგან, ზოგი კი – პირადი დაკვირვების შედეგად.

მშობელი და მასწავლებელი

პირველი კლასი მნიშვნელოვანი ეტაპია სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ამისთვის მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობაა საჭირო. საწყის ეტაპზე მშობლებსაც სჭირდებათ სათანადო ცოდნის მიწოდება, თუ როგორ ამეცადინონ ბავშვები. მშობლებთან ურთიერთობის მრავალი ფორმა შეიძლება შევარჩიოთ: პრეზენტაცია, პირადი საუბრები, სოციალური ქსელი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობას ორმხრივი დაინტერესება და ჩართულობა სჭირდება.

რაზე უნდა გავამახვილოთ მასწავლებლებმა ყურადღება მშობლებთან საუბრისას:  

მოთმინება

პირველკლასელი მოსწავლის მეცადინეობისას ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უპირობოდ უნდა გვახსოვდეს, ეს არის მოთმინება. ბავშვებისთვის ასოების წერა, წიგნთან და რვეულთან დამეგობრება ურთულესია. ის, რაც ჩვენ უკვე კარგად გამოგვდის, მათთვის მეკლდეურობას ან სიღრმეში ყვინთვას უდრის. თუმცა, თანამედროვე სამყაროს ცხოვრების რიტმი, ათასი მოვალეობა და საქმე ხშირად სიმშვიდეს გვირღვევს. სამწუხაროდ, მშობელთა უმრავლესობა მკაცრად ეპყრობა ბავშვებს. სწორედ ამ დროს სჭირდებათ მასწავლებლის დახმარება მათ, რადგან გაღიზიანებას და ბრაზს არცოდნა იწვევს. სასურველია, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ საწყის ეტაპზე ყველაფერი რთული და ბუნდოვანია. გვახსოვდეს, რომ წერა-კითხვის სწავლას ნამდვილად ყველა შეძლებს, უბრალოდ, მთავარია, როგორ ვასწავლით, რადგან თუ ამ ეტაპზე სწავლა სიამოვნებასა და სიხარულს არ დაუკავშირდება, დროთა განმავლობაში ბავშვებს გული აუცრუვდებათ. ჩვენი სასკოლო ცხოვრების რეალობას თუ ჩავუღრმავდებით, ადვილი შესამჩნევია, რომ მოსწავლეებს სწავლა ზედა საფეხურზე  აღარ მოსწონთ. ამის მიზეზი კი დიდწილად სწორედ დაწყებით საფეხურზე არასწორად წარმართული სწავლების ფორმა შეიძლება აღმოჩნდეს. თავდაპირველად ყველაფერი რთულია და მეტ დროს მოითხოვს. თითოეული ასოს, შემდეგ კი სიტყვისა და წინადადების ბადეში განთავსებას პატარა თითები ძლივს ახერხებენ, დიდი დრო სჭირდებათ და თითოეულ შეცდომას მღელვარებით ხვდებიან. მათი მდგომარეობის აღსაქმელად მშობლებს ხშირად ვთავაზობ ბადეში წერას. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ კიდევ უფრო მომთმენი მას შემდეგ გავხდი, რაც პირველკლასელებისთვის ნიმუშად ბადეში ასოებისა და სიტყვების გამოწერა დავიწყე.

სწავლა თამაშით

პირველკლასელები სკოლაში ერთგულად და დაჟინებით დაატარებენ თოჯინებს, დინოზავრებს, მანქანებს. საყვარელი ნივთები ახალ სამყაროსთან დამეგობრების საშუალებად გამოუნახავთ. ისინი თამაშობენ და თანამედროვე პედაგოგიკაც მასწავლებლებს უამრავ სტატიასა და მეთოდს გვთავაზობს, თუ როგორი მნიშვნელოვანია თამაშით სწავლება. თუ გვინდა, რომ სწავლისადმი ცნობისმოყვარეობა გავუღვივოთ, ასოებითა და რიცხვებით თამაში უნდა ვისწავლოთ. ჩემს პირველკლასელებს ანბანი გასულიერებული ამბებით ვასწავლე. მე ვუამბობდი თითოეულ ასოზე ახალ-ახალ ამბავს, ისინი მოსმენილს ხატავდნენ,  შემდეგ კი სახლში ჰყვებოდნენ და ეს ყველაფერი ძალიან მშვენიერია.

შექება

ჩემი დაკვირვებით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რა გამოსდით კარგად. შექება და წახალისება ძლიერი იარაღია. საკუთარ ძალებში დარწმუნება უმნიშვნელოვანესია, რადგან დაბალი თვითშეფასება სწავლაში ხელს შეუშლით. ზედმეტი სიმკაცრე კი მათ ფაქიზ ბუნებას უზარმაზარ ტრავმას აყენებს. მშობლებს ხშირად ვუმახვილებ ყურადღებას შექების მნიშვნელობაზე. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ გადაჭარბებული თვითშეფასებისგან თავის ასარიდებლად შექების სწორი ფორმულირებაც უნდა ვისწავლოთ, მაგალითად, „შენ ყველაზე მაგარი ხარ!“ – არასწორი მიდგომაა და დროთა განმავლობაში იმდეგაცრუების მომტანიც აღმოჩნდება. ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთვის საუკეთესოები არიან, მაგრამ ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ სხვაც საუკეთესოა მისი მშობლებისთვის. აი, მასწავლებლებს კი დიდი ძალისხმევის გაღება გვმართებს, რომ თითოეულმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს.   მთავარია, მისი პატარა მცდელობა და მიღწევაც კი არ დავტოვოთ  ყურადღების მიღმა და არასდროს შევადაროთ ერთმანეთს ისინი. ვიღაც სწრაფად წერს, ვიღაცას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიღაც მოწესრიგებულია, ვიღაცას კი ერთ ადგილზე გაჩერება უჭირს. ხასიათისა და შესაძლებლობების მრავალფეროვნება ქმნის სოციუმის ატმოსფეროს და თუ ის ჯანსაღი მიდგომით არის გაჯერებული, თუკი, შექება-წახალისების მექანიზმი სწორად არის წარმართული, კარგი შედეგიც არ აყოვნებს.    

შეცდომები

გასაკვირია უფროსების ხისტი დამოკიდებულება შეცდომებისადმი. ახლა ჩემი შვიდი  წლის ბიჭი სკეიტბორდზე დადგომას მასწავლის. მომიშვერს მხრებს და მეც იმედიანად ვებღაუჭები. როლებს თუ გავცვლით, მათი შეცდომებიც აღარ გაგვაღიზიანებს. ვაღიარებ, რომ ერთი და იმავე ინსტრუქციის ათასჯერ გამეორების შემდეგ კვლავ რომ შეცდომა დაუშვია, საყვედურიც მითქვამს, მაგრამ გაბრიელი მყარ არგუმენტს მახვედრებდა ხოლმე, მე პირველკლასელი ვარ და ახლა ვსწავლობ წერასო. სკეიტბორდზე დგომას ის კიდევ უფრო მეტ მოთმინებას ამჟღავნებს. ჩვენ მათგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ.

სწავლება შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია. შეცდომა გამოცდილებად უნდა ექცეთ. მთავარია, სწორი მიმართულება მივცეთ და საკუთარი შეცდომებისადმი უგულო დამოკიდებულება თავიდან ავიცილოთ. პრაქტიკულ რჩევად შემიძლია შემოგთავაზოთ ერთი მარტივი ხერხი – თავად ჰკითხეთ, გამოწერილი ასოებიდან რომელი მოსწონს ყველაზე მეტად და ფერადი კალმით ან ფანქრით გააფერადეთ, ჩასვით „გულში“ ან „ბუშტში“, შემდეგ მოძებნეთ ის ასო, რომელსაც „დახმარება“ სჭირდება – დაგრეხილია, სხვის ხაზზეა ჩასკუპებული ან ფეხი აკლია და ისიც გააფერადეთ.

იუმორი

რამდენიმე წელი და პრაქტიკული საქმიანობა დამჭირდა იმისთვის, რომ იუმორი სწავლების პროცესში ერთგვარ მეთოდად გამომეყენებინა. მაგალითად, როდესაც გაბრიელი დაკლაკნილ ასოს წერს, ვეუბნები, რა არის, ო-ს როგორი მოგრეხილი ფეხი აქვს ან რა მოფახფახებულია ქ-ს ზურგი-მეთქი და პატარა ბიჭიც გულიანად ხითხითებს. აქაც ზომიერებაა საჭირო, რადგან ხითხითი შეიძლება თავშეუკავებელ ხარხარში გადაიზარდოს და აკანკალებული ხელით კიდევ უფრო გაუჭირდება წერა.

ნებისყოფა

მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვებს ნებისყოფა არ აქვთ. ამის მიზეზად ტექნოლოგიური სამყაროს მიმზიდველობა და  მიჯაჭვულობა დავასახელოთ. ეკრანთან ყველაფერი მარტივია: თითს გადაუსვამ ეკრანს და გოგონას ვარცხნილობას წამებში გააფერადებ, ვირტუალურ სამყაროში ყველაფერი ადვილად მისაღწევია. ყურებაც სტატიკური პროცესია – კიდურები გაჩერებულია, თვალი არ მოძრაობს. აი, სკოლაში კი თითები მჭიდროდ უნდა მოუჭირონ კალამს და წვრილ ბადეში ასო ჩატიონ, უნდა მოისმინონ, უნდა გააფერადონ, მაკრატლით უნდა გამოჭრან… კიდევ  ათასი „უნდა“ ატყდებათ თავს. მასწავლებლისთვის ადვილი შესამჩნევია, რომელ ბავშვს აქვს სათანადო სკოლამდელი განათლება მიღებული. წერა-კითხვის ცოდნას არ ვგულისხმობ, ეს ინდივიდუალური და მრავალშრიანი საკითხია. ადვილი შესამჩნევია, რომელ ბავშვს უყვებოდნენ და უკითხავდნენ ზღაპრებს, რომელ ბავშვთან ერთად ხატავდნენ და ჭრიდნენ სხვადასხვა სახალისო აპლიკაციისთვის დეტალებს.

თუმცა, არც პირველ კლასში არ არის გვიანი. ნებისყოფის გამოსამუშავებლად ძალიან კარგი მეთოდია ხმამაღალი კითხვა. როგორც დიმიტრი უზნაძე წერს, ნებისყოფა თანდაყოლილი თვისება არ არის, ის ბავშვს თანდათან უნდა განვუვითაროთო. არ იდარდოთ, არ იღელვოთ, თუ თქვენი პირველკლასელი შვილი ყურადღების მოკრებას ვერ ახერხებს. ახლა შეიძლება წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, მაგრამ, თქვენი ჩართულობით, თანდათან ნებისყოფაც განუვითარდება. ამისთვის შეარჩიეთ ისეთი წიგნი, რომელიც თქვენთვისაც უცნობია და ყოველდღიურად წაუკითხეთ. გახაზეთ საინტერესო სიტყვები და წინადადებები. გააკარით კედელზე ფორმატი და ბავშვთან ერთად შინაარსი დახატეთ. შეგიძლიათ მინისპექტაკლიც დადგათ. ბავშვებს სჭირდებათ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სინამდვილეა. ფანტაზიის სამყაროში მეგზურობა – რეალობიდან გასვლა და უკან მშვიდად დაბრუნება, ხმამაღალი კითხვით ნებისყოფის გამომუშავება, ნდობის გაცხადება, სიტყვათა მარაგის დაგროვება და დადებითი შთაბეჭდილებებით დამუხტვა ნამდვილად შესაძლებელია.

რუტინა

ეს ის საკითხია, რომელიც პირადად ჩემთვის აქილევსის ქუსლად ქცეულა. სამი შვილის, სახლის საქმეების, სადილის მზადებისა და სამსახურის პარალელურად ერთი და იმავე დროის გამოძებნა პირველკლასელი ბიჭის სამეცადინოდ ძალიან რთული აღმოჩნდა. თან შარშან ჩემი გოგონა 6 თვის იყო. ვიცი, რომ უდროობა ბევრ დედას თავმოუბმელ პრობლემად რჩება, თუმცა, პირველ ეტაპზე აუცილებლად სჭირდებათ დახმარება მეცადინეობისას. პრობლემის გადაჭრის გზად შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ ბავშვი გადააბაროთ ნდობით აღჭურვილ პირს, რომელიც საშინაო დავალებების მომზადებაში დაეხმარება მას, რომელიც შეცდომების დაშვებისას არ ეჩხუბება და ერთსა და იმავე დროს დასვამს სამეცადინოდ.

დავალების რაოდენობა

საშინაო დავალება არ შეიძლება პირველ კლასში იყოს ძალიან ბევრი. ყველას გვსმენია იტორიები დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის ტექსტების დაზეპირების მიცემის შესახებ. ამ დროს, ბავშვებს, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირთ სკოლასთან შეგუება.  ამ ზაფხულს აგარაკზე ერთმა მშობელმა მიამბო, რომ მის პირველკლასელ გოგონას დასაზეპირებლად ჰქონდა მწერლის ბიოგრაფია. ბავშვს გაუჭირდა სკოლსთან შეგუება. ასეთ დროს გამოსავალი ორმხრივი დიალოგია. ვფიქრობ, მასწავლებელთან საშინაო დავალების შესახებ საუბარი ბევრ გაუგებრობას გაფანტავს.

 ინსტრუქცია

საშინაო დავალებების გასაგებად სკოლასთან თავმოყრილი მშობლები თანამედროვე სკოლის რეალობაა. ეს პროცესი სოციალურ ქსელშიც გრძელდება ხოლმე. ცხადია, არ ვგულისხმობ გამონაკლის შემთხვევებს, თუმცა, დღეს მშობლები საკუთარ თავზე იღებენ საშინაო დავალებების გაგებას და ეს წლობით გრძელდება.  ამიტომ პირველივე კლასში დიდი დრო უნდა დაეთმოს მკაფიო ინსტრუქციის მოფიქრებას, ბავშვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. საწყის ეტაპზე შუამავლობა მშობელს აკისრია, ნელ-ნელა კი დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაიზარდოს. თუკი ამ მხრივ მასწავლებლები და მშობლები გულისხმიერად ვიმუშავებთ, პრობლემაც მოგვარდება და ბავშვებიც დამოუკიდებლები გახდებიან. მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ და, მეტიც, ჰაერივით სჭირდებათ.

 

დამოუკიდებლობა

რა მოლოდინი გვაქვს სკოლისგან? თუკი, ამ შეკითხვას ფურცელზე დავწერთ და პასუხებს ჩამოვწერთ, დამაფიქრებელ შედეგს მივიღებთ. დამოუკიდებლობა – ეს არის ის, საიდანაც იწყება ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება. საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება კი მკაფიო  ინსტუქციას, ყურადღების მობილიზებასა და სწავლებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას უკავშირდება. მთავარია, პასუხისმგებლობა დავაკისროთ, მათ ნაცვლად არ ვიმოქმედოთ და ისინი ამას ნამდვილად შეძლებენ.

 

თანამშრომლობა მასწავლებელთან

პირველი მასწავლებელი დაუვიწყარი ადამიანია ჩვენს ცხოვრებაში. როგორც წესი, მასწავლებელი ბავშვისთვისაც შეუცვლელ ავტორიტეტად იქცევა ხოლმე და „მასწავლებელმა თქვა“ კი – უპირობო ჭეშმარიტებად. ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის გავლისას აუცილებელია მშობლისა და მასწავლებლის კეთილგანწყობილი ურთიერთობა. ბავშვი მშობლის დამოკიდებულებას ძალიან კარგად გრძნობს და, თუკი გვინდა, რომ მეცადინეობა სიხარულს, სიამოვნებას უკავშირდებოდეს და შედეგიანიც იყოს, ორმხრივი ჩართულობა მოგვიწევს.

ურთიერთობა

ჩვენი პირველკლასელი შვილები და აღსაზრდელები მალე იზრდებიან. არასდროს დაბრუნდება უკან ის დრო, როცა ისინი კანკალით წერდნენ ასოებს. უფრო თავისუფლად დაიწყებენ წერას, საუბარს, აზრის ჩამოყალიბებას. აღარც „დიდედა“ ეგონებათ მდინარე ან დედა, აღარც „მკვეხარაზე“ იტყვიან, რომ „ბლატნოის“ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, მათი პასუხები ისეთივე სასაცილო და გულწრფელი არ იქნება, როგორც ეს ახლა არის. ამიტომ დატკბით ამ ეტაპით. შექმენით ურთიერთობის თქვენეული კუნძული და გაუფრთხილდით ამ დღეებს, აღიჭურვეთ რკინისებური მოთმინებით, შეიყვარეთ თქვენი შვილის მასწავლებლები, წიგნები, სასკოლო ნივთები, შეცდომები, შეაქეთ და წაახალისეთ, უთხარით, რომ შეცდომები ბუნებრივია, ესაუბრეთ ინსტრუქციის მნიშვნელობაზე და იცინეთ მათთან ერთად. შფოთვა დაივიწყეთ და ნდობა გამოუცხადეთ პატარა ადამიანს, რომელსაც  უზარმაზარი პასუხისმგებლობა დასტყდომია თავს.

 

 

 

რამდენიმე რჩევა მშობლებს ონლაინსწავლებისას შვილების ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებლად

0

ყველა რჩევა, რომლებსაც ქვემოთ ამოიკითხავთ, ორ მთავარ მიზანს ემსახურება:

* წავახალისოთ ბავშვი მეტი ავტონომიის მიცემით. დავეხმაროთ, სხვა მოსწავლეებთან უფრო მჭიდრო კავშირი იგრძნოს.

* სათანადოდ მოვუწყოთ გარემო, რომ საქმეზე კონცენტრირება მოახერხოს და კომპეტენტურობის შეგრძნებით ისიამოვნოს.

 

ამისთვის:

  1. მიეცით სხვა ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

* დისტანციური სწავლის დროს მოტივაციის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბავშვები თავს გარიყულად გრძნობენ. ბავშვებს მოსწონთ გუნდის ნაწილად ყოფნა და სხვა ბავშვებთან ერთად მუშაობა. ასე რომ, ეძებეთ გზები იზოლაციის დასაძლევად.

დაუკავშირდით შვილის თანაკლასელებს და დაუგეგმეთ დრო Zoom-ში შესახვედრად და ერთად სამეცადინოდ. შეგიძლიათ შესთავაზოთ ისეთ საკითხებზე მუშაობაც, რომლებიც მასწავლებელს არ დაუვალებია, მაგრამ განამტკიცებს კავშირს ბავშვებს შორის. მაგალითად, რომელიმე წიგნის განხილვა. ბავშვები მეტი ენთუზიაზმით მოეკიდებიან ამ წიგნს და, საერთოდ, კითხვას.

* შეუთანხმდით ნაცნობ ოჯახებს და შეკრიბეთ რამდენიმე ბავშვი, რომ დასხდნენ და ერთად იმუშაონ (პირბადეებით და დისტანციის დაცვით ან სულაც ღია ცის ქვეშ). მოუმზადეთ რამე სასუსნავიც, რომ, როცა მოშივდებათ, პირი ჩაიგემრიელონ.

* გამართეთ Zoom-ში სათამაშო შეხვედრები. ერთად თამაში ბავშვებს აახლოებს და მომავალში ისინი მეტი სიამოვნებით მეცადინეობენ ერთად.

 

  1. შეუდგინეთ დღის განრიგი

* როცა განრიგი არ არსებობს, ყოველი წუთი იქცევა ბრძოლად იმისთვის, რა გააკეთოს ბავშვმა ამის შემდეგ. განრიგი აღმოფხვრის ქაოსს და ბადებს რწმენას, რომ ცხოვრება საჭიროებისამებრ მიედინება. ამასთან, განრიგი ავითარებს თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქს, რადგან ბავშვმა იცის, რას უნდა ელოდეს. დაბოლოს, ბავშვი, რომელმაც იცის, რომ მალე გართობის დრო მოვა, უინტერესო დავალებებს უფრო ადვილად ართმევს თავს.

* მკაფიოდ მონიშნეთ ყოველდღიური საქმიანობის დასაწყისი. აიძულეთ ბავშვი, ისე მოემზადოს, თითქოს სკოლაში მიდის, ნაცვლად ლოგინში ღამის პერანგით კოტრიალისა. დააყენეთ მაღვიძარა და როდესაც რეკას შეწყვეტს, უთხარით ბავშვს, რომ ზარი დაირეკა და სწავლის დროა.

* თუ გსურთ, ბავშვი განრიგს მიჰყვეს, დაიხმარეთ მის შედგენაში. ბავშვებს სჭირდებათ განრიგი, რომელიც ადვილი გასაგები იქნება მათთვის, სასურველია, ფოტოებით, ნახატებით, ფერადი ფანქრებით ან მარკერებით გაფორმებული.

* მიეცით 30 წუთში ერთხელ შესვენების საშუალება, თუმცა ამ ნახევარსაათიან პერიოდებშიც შეიძლება მოუწყოთ რამდენიმე ხანმოკლე შესვენება და ნება მისცეთ, ადგეს და ადგილზე იხტუნოს, წყალი დალიოს, სიმღერა ჩაურთოთ და აცეკვოთ.

* თავისუფალი დრო დაუთმეთ ეზოში თამაშს, საბავშვო წვეულებებს, ხელოვნებას, ხელსაქმეს, ცხობას, სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს, “გამოგონებებს”, შენებას, სენსორულ თამაშს, თავისუფალ თამაშს, კითხვას. ამ ყველაფერს – დღეში არანაკლებ სამი საათისა. ეს ის საწვავია, რომელიც ბავშვს სტრესთან გამკლავებაში დაეხმარება.

* ბავშვთან კავშირი თქვენი საიდუმლო იარაღია, ასე რომ, ისიც ჩართეთ ყოველდღიურ რუტინაში: ერთად თამაში, კითხვა, თუნდაც უბრალოდ ჩახუტება.

 

  1. ხელი შეუწყვეთ, რომ სასკოლო მინიმუმი მაინც შეასრულოს.

* ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ თქვენი შვილი დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე იმეცადინებს. ბავშვებს ღლის ონლაინ რეჟიმში სწავლა. ნუ მისცემთ შუა გაკვეთილზე ქსელიდან გამოსვლის ნებას, მაგრამ ასწავლეთ ხმისა და გამოსახულების გათიშვა, რომ დროდადრო შეისვენოს.

* შეაფასეთ, რა შეუძლია თქვენს შვილს და რას ითხოვს სკოლა მისგან, რათა ოქროს შუალედი იპოვოთ.

 

  1. შეიმუშავეთ ანგარიშვალდებულებათა სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს თქვენს შვილს, შეძლებისდაგვარად მართოს საკუთარი თავი.

* ყველა ბავშვს აქვს დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას მოტივაციაც უფრო მაღალია და ბავშვიც ნაკლებად “იბრძვის ძალაუფლებისთვის”.

შეგიძლიათ, დავალებები დაფაზე ჩამოწეროთ ან აღრიცხვის ბარათები გამოიყენოთ. შეთანხმდით, რომ, მაგალითად, ბავშვი ყოველდღე შეასრულებს ექვს დავალებას და თითოეულის შესრულების შემდეგ მოგიტანთ შესაბამის ბარათს, რომ მასზე მითითებული დავალება შესრულებულად მონიშნოთ.

* მიეცით ნება, თავად აირჩიოს, როდის რას გააკეთებს – ჯერ რთულ დავალებას შეასრულებს თუ ადვილით დაიწყებს და რთულს ბოლოსთვის მოიტოვებს.

* თუ ხედავთ, რომ ბავშვი მუშაობის დაწყებას არ ჩქარობს, ჰკითხეთ, რამდენ წუთს შეძლებს პირველ დავალებაზე მუშაობას შესვენებამდე და რის გაკეთებას ისურვებს შესვენებისას. დააყენეთ წამზომი სწორედ ამდენ წუთზე და შემდეგ ოთხი-ხუთი წუთით შეასვენეთ. ამ დროს გააკეთეთ რაიმე აქტიური ან სენსორული (გაბერეთ ბუშტები, იჭიდავეთ და სხვ.).

 

  1. მოუწყვეთ სამუშაო კუთხე ისე, რომ სწავლისთვის განეწყოს.

 

* საწოლის დანახვა ძილს გვგვრის, თეფშების დანახვა კი გვამცნობს, რომ ჭამის დროა. ასევეა საჭირო სამუშაო სივრცეც, რომელიც ბავშვს სამეცადინოდ განაწყობს.

ზოგ ბავშვს შეუძლია მარტო მეცადინეობა, მაგრამ უმრავლესობა უფრო მშვიდად გრძნობს თავს, როცა მშობელი სიახლოვეს ტრიალებს და უფრო იოლად ახერხებს დავალებაზე კონცენტრირებას.

ყურადღება მიაქციეთ ერგონომიკას. მაგალითად, ეკრანი ისე მოათავსეთ, რომ ბავშვი პირდაპირ უყურებდეს, კლავიატურა და მაუსი – ისე, რომ იდაყვები 90°-იანი კუთხით ჰქონდეს მოხრილი. თუ ბავშვს მაგიდასთან დგომა და ისე მუშაობა ურჩევნია, ნუ აუკრძალავთ, მაგრამ თუ მოძრაობისას ყურადღება ეფანტება, ჯობია, იჯდეს.

* განუვითარეთ სასკოლო ნივთების, წიგნების, რვეულების თავ-თავის ადგილას შენახვის ჩვევა.

* მეამბოხე ბავშვებს რთული დავალებების შესრულება შეგიძლიათ სახალისო ადგილას – პარკში ან, მაგალითად, ოთახში მოწყობილ კარავში შესთავაზოთ.

 

  1. თვალ-ყური ადევნეთ.

* ბავშვისთვის მთელი დღე თვალ-ყურის დევნება ძნელია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც სხვა საქმეც მრავლად გაქვთ, მაგრამ ონლაინ სწავლისას ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ მეთვალყურეობა.

დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევა ნელ-ნელა ყალიბდება. თავდაპირველად მეტად ხართ ჩართული პროცესში, მერე და მერე კი თქვენი შვილი უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს და თქვენი ჩართულობაც მცირდება. თქვენი ძალისხმევა ამაოდ არ ჩაივლის – თქვენი შვილი გაიზრდება ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან პიროვნებად, რომელიც ჯერ სწავლაში, მერე კი ცხოვრებაში აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/peaceful-parents-happy-kids/202009/remote-learning-6-tips-engage-and-motivate-your-child

 

რა გავლენას ახდენს მშობლის თვითშეფასება ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე

0

საკამათო არ უნდა იყოს, რომ მშობლის როლი შვილის აღზრდაში განუზომელია. მშობელი ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი პატარა ბავშვისთვის, უპირობო ავტორიტეტია. პატარა დამოკიდებულია მშობლებზე და მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებს. ამასთან, ის იძულებულია, დაემორჩილოს მშობლებს და შეასრულოს მათი მოთხოვნები. აღზრდის პროცესში მშობელი ბავშვისთვის მოდელია, რომლის ქცევაზე დაკვირვებითაც ის ბევრ რამეს სწავლობს. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მშობელიც ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით. შესაძლოა, არც ის იყოს ყველაფრის მცოდნე, ყველაფერში დარწმუნებული და ისიც განიცდიდეს სირთულეებს როგორც გარშემო მყოფებთან, ისე საკუთარ თავთან, საკუთარ თვითშეფასებასთან დაკავშირებით.

როგორ მოქმედებს მშობლის თვითშეფასება ბავშვის თვითშეფასებაზე? როგორი თვითშეფასება შეიძლება ჩამოუყალიბდეს ბავშვს, თუ მშობელს არც ისე დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე? ვარიანტი ბევრია, რადგან სხვადასხვა ადამიანი ქცევის სხვადასხვა მოდელს იყენებს, მაგრამ მსგავს სიტუაციებში უმთავრესად რამდენიმე ტენდენცია შეინიშნება:

დაბალი თვითშეფასების მქონე მშობლების შვილებს:

* ეშინიათ ინიციატივის გამომჟღავნების. ისინი ხედავენ, რომ მათი მშობლები არც კი ცდილობენ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას იმის შიშით, რომ არ გამოუვათ. შედეგად ვერც თავად პოულობენ საკუთარ თავში ძალას და გამბედაობას იმისთვის, რომ სცადონ, მარცხი განიცადონ, ისევ სცადონ და მიზანს მიაღწიონ. ისინი სხვა გზას ირჩევენ და ყველაზე მარტივი სცენარით მოქმედებენ.

* უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა. თუ მშობლებიც კი, რომლებიც შვილებისთვის მთავარ ავტორიტეტს წარმოადგენენ, არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში, უჭირთ გარშემო მყოფებთან კომუნიკაცია და, საზოგადოდ, სოციალური კონტაქტების დამყარება, რას უნდა ველოდეთ ბავშვისგან, რომელიც საკუთარ ქცევას მშობლების ქცევის მოდელის საფუძველზე აგებს?

* სჯერათ, რომ ცუდები არიან. პრობლემა იქიდან მომდინარეობს, რომ მშობლები, რომლებსაც აკლიათ საკუთარი თავის რწმენა, შვილებს ხშირად მკაცრად ეპყრობიან, მათგან საუკეთესო ნიშნებს და იდეალურ ქცევას მოითხოვენ. მათ სჯერათ, რომ ასე აღზრდილი შვილით იამაყებენ და საზოგადოებაში სანატრელ სტატუსს მოიპოვებენ. მაგრამ ბავშვები ბავშვებად რჩებიან – ხან ცდებიან, ხან ზარმაცობენ, ხან რამეს აფუჭებენ და ამისთვის ისეთ საყვედურებს იღებენ, რომ გულწრფელად იჯერებენ საკუთარ არასრულფასოვნებას.

ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლები შეგნებულად იქცევიან შვილების საზიანოდ. აღზრდაში უდიდეს შეცდომებსაც კი ისინი ბავშვის სიყვარულით და იმის რწმენით უშვებენ, რომ ასე ჯობია. უფრო მეტიც: შეცდომების გარეშე ბავშვის აღზრდა პრინციპულად შეუძლებელია. მაგრამ თუ უკეთესად შევიცნობთ საკუთარ თავს და გავაცნობიერებთ საკუთარი ქცევის მოტივებს, ჩვენი შეცდომები ნაკლებად სერიოზული და ნაკლებად საზიანო იქნება.

რას ვიღებთ შედეგად, როდესაც ბავშვებს არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე მშობლები ჰყავთ?

* რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ასეთი მშობლების შვილები ხშირად საკუთარი თავის რწმენას მოკლებულები და მარტოსულები არიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე შეყვარებული მშობლები მთელ დროს, ენერგიას, შემოსავალს საკუთარ გარეგნობას და კარიერას ახარჯავენ. მათი შემყურე ბავშვები თავს ზედმეტებად მიიჩნევენ. ასეთი მშობლები ხშირად ცდილობენ, უყურადღებობა ძვირად ღირებული საჩუქრებით გამოისყიდონ, მაგრამ ნივთები, რა ძვირფასიც არ უნდა იყოს, მშობლიურ სიყვარულს, სითბოს და ყურადღებას ვერ შეცვლის.

* არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე მშობლების შვილებს შორის სხვა კატეგორიის ბავშვებიც გვხვდებიან: ისეთები, რომლებსაც, პირიქით, სჯერათ, რომ მათ წინაშე ყველა ვალშია და ვალდებულია, მათ ემსახუროს. ეს იმ მშობლების შვილები არიან, რომლებიც მთელ დროს შვილებთან ატარებენ, მაგრამ საუბრით და ქცევით მათში სამყაროს არასწორ აღქმას განამტკიცებენ. ასეთ ბავშვებს საჭიროდ არ მიაჩნიათ, თავად გაიღონ ძალისხმევა მიზნის მისაღწევად – ისინი ელოდებიან, როდის დაეცემა სამყარო მათ ფერხთით. თავისთავად ცხადია, ასეთი რამ არასოდეს მოხდება, მიზანსწრაფულობის განვითარება კი მოგვიანებით ძალიან ძნელი იქნება.

* არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე მშობლების შვილები შესაძლოა თავდაჯერებულ და თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და წარმატებული ლიდერები გახდნენ, მაგრამ ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მშობელი გონივრულად მოიქცევა და გაითვალისწინებს საკუთარი გადაჭარბებული თვითშეფასების უარყოფით გავლენას ბავშვზე.

რას ხდებამ როდესაც მშობელს ადეკვატური თვითშეფასება აქვს? ბუნებრივია, ასეთი თვითშეფასება ოპტიმალურია მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, რომლებიც სამყაროსთან და საკუთარ თავთან დამოკიდებულებას სწორედ მშობლებისგან სწავლობენ. საკუთარ თავში საკმარისად, მაგრამ არა უზომოდ დარწმუნებული ადამიანები სწორედ ისინი არიან, რომლებსაც სირთულეების გარეშე შეუძლიათ იქონიონ სოციალური ურთიერთობები გარშემო მყოფებთან, გართულებების გარეშე აკეთონ თავიანთი საქმე, ადვილად შეეგუონ გარემოს ცვლილებებს და საკუთარი თავის ფლობის უნარი შეინარჩუნონ.

ამრიგად, მშობლების თვითშეფასება უშუალო გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე, მის მიერ სამყაროს აღქმაზე, მის ქცევასა და პიროვნულ თვისებებზე. ასე რომ, უნდა შევაფასოთ რა დონეზეა თავად ჩვენი თვითშეფასება. თუ მისი შეცვლა ვერ მოვახერხეთ, იმას მაინც შევძლებთ, რომ ბავშვის სწორად აღზრდაში ხელი არ შეგვიშალოს. მუდამ გვახსოვდეს, რომ ბავშვები სამყაროს მშობლების თვალით უყურებენ და თუ მშობლებს არ სჯერათ საკუთარი ძალების, ეშინიათ გარშემო მყოფთა აზრის ან, პირიქით, ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე, დიდი ალბათობით, ამ თვისებებს შვილებსაც გადასცემენ.

ამბავი, რომლის წაკითხვა ბავშვობაში ძალიან მინდოდა

0

საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ პარალელურად ესეების ქვეკონკურსი გრძელდება, სადაც მონაწილეობას უფროსკლასელები იღებენ. ყოველ კვირას ცხადდება ესეს ახალი თემატიკა და მოსწავლეები თავიანთ აზრებს გვიზიარებენ წიგნისა და ლიტერატურის შესახებ.

კონკურსის მესამე კვირის თემა „ამბავი, რომლის წაკითხვა ბავშვობაში ძალიან მინდოდა (და რომელიც დღემდე არ დაწერილა)” იყო. მრავალ საინტერესო ესეს შორის ჟიურიმ ნანა გელიტაშვილის ტექსტი გამოარჩია, რომელიც კონკურსის პირველი კვირის გამარჯვებული გახდა.

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს.

 

ავტორი ნანა გელიტაშვილი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლა, XI კლასი

 

ამბავი, რომლის წაკითხვა ბავშვობაში ძალიან მინდოდა

(და რომელიც დღემდე არ დაწერილა)

 

ყოველთვის ვკითხულობდი წიგნებს, ვუყურებდი ფილმებს, ვუსმენდი ათასნაირ ისტორიას, თითოეულმა მათგანმა წარუშლელი კვალი დატოვა განვლილი ცხოვრების მოგონებებში, რომლებსაც ძლიერ ვუვლი და ვუფრთხილდები.

5 წლის ვიყავი… ძალიან მიყვარდა კედლებზე ხატვა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებას უფროსები არ მაძლევდნენ (ჩარჩოებში ცხოვრებას დავარქმევდი ამას). მე მაინც ვაგრძელებდი იმის კეთებას, რაც სიამოვნებას მანიჭებდა. ასევე ვწერდი ჩემ მოგონილ იეროგლიფებს და საკუთარ ისტორიებს ვუგონებდი მათ, მაგრამ ერთ დღესაც სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე დამეხატა გოგონა ჩემი დის ოთახის კედელზე. ისეთი ლამაზი იყო მაშინ ჩემს წარმოსახვაში იგი, რომ მთელი დღის განმავლობაში ვიჯექი და ვუყურებდი… ვფიქრობდი, რომ ჩემი განუყრელი მეგობარი იყო იმ წამიდან, როდესაც ის ჩემი პატარა ხელებით შეიქმნა.

იმის მერე მინდოდა რომ ვინმეს დაეწერა მის შესახებ რაიმე პატარა ამბავი, რომელსაც ძილის წინ დედა წამიკითხავდა ხოლმე, მაგრამ ამაოდ. ახლა კი მინდა, თვითონ დავწერო მის შესახებ პატარა ამბავი.

“მე ვარ გოგონა, რომელიც ერთი დიდი სახლის კედელზეა დახატული, აქედან სამყარო სულ სხვაგვარია… თქვენ, ადამიანები თავისუფლად ცხოვრობთ და მაინც შებოჭილად გრძნობთ თავს, აბა, მე რაღა უნდა ვთქვა, ვერც კი ვმოძრაობ. არაფრის საშუალება არ მაქვს, ვუყურებ ყოველდღე ამ სახლში მცხოვრებ ადამიანებს და მათ თითოეულ მანერას ვუკვირდები… მათ ღიმილს, ტირილს, ზოგჯერ ყვირილსაც (მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი დიდი საგანძური მოგცეს, როგორიცაა სიცოცხლე და შენ ბრაზდებოდე და ყვირილში კარგავდე დროს), გაოცებას, გვერდში დგომას, უამრავ რამეს ვხედავ და ღამე, როცა იძინებენ, ვფიქრობ, რა კარგია ოჯახი. იმ პატარა გოგონას, რომელმაც დამხატა, ჩემი ოჯახის წევრებიც რომ დაეხატა კარგი იქნებოდა, მარტოდ არ ვიგრძნობდი თავს და უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. ის ყოველთვის მესაუბრება, თავის საიდუმლოებს მიმხელს და იმდენ საინტერესო რამეს ვიგებ ადამიანებზე, მისი ოთახში შემოსვლა ჩემთვის ახალ ისტორიას ნიშნავს.

უამრავი რამ გავიგე ადამიანებზე, მათ ცუდი მხარეები და ასევე კარგი მხარეებიც აქვთ, ზოგი ჭკვიანია, ზოგი არა, ზოგი უკეთილშობილესია (მაგალითად, ჩემი შემქმნელი), ზოგიც კი სამწუხაროდ ბოროტი. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც ცხოვრება ბეზრდებათ (ეს იმისგან გავიგე, ვის ოთახშიც ვცხოვრობ, თურმე თინეიჯერი როცა ხარ, მაშინ ფიქრობ ასე), მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც პოზიტიურად უყურებს სამყაროს. მოკლედ სხვადასხვანაირი ადამიანების კატეგორია არსებობს, მაგრამ თითოეული მათგანი უნიკალურია და განსხვავებული ყველასგან.

დღეს გავიგე, რომ ოჯახი სხვაგან გადადის საცხოვრებლად და სრულიად მარტო დავრჩები სახლში. უმძიმესი ამბავია, ვიცი, რადგან საოცრად შევეჩვიე ადამიანებს, ის პატარა გოგონა იმედია არ დამივიწყებს და სულ ვემახსოვრები. მე პირადად არასდროს დავივიწყებ, რადგან ის ჩემი მეგობარი გახდა და მეგობრის დავიწყება დიდი დანაშაულია.”

ეს იყო მოკლე ამბავი, რომელშიც ასე თუ ისე გადმოვეცი ჩემი სათქმელი ადამიანებზე, რა თქმა უნდა, მათ უნიკალურობას ვერავინ ბოლომდე ვერ აღწერს, მაგრამ ჩემი თვალით დანახული ადამიანების სახე ასეთია, ეს ამბავიც განსაკუთრებულია, რადგან რისი წაკითხვაც სულ მინდოდა, დღეს კი მე თვითონ დავწერე.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი გრძელდება, მომავალ კვირაში იხილავთ ახალ გამარჯვებულ ესეს თემაზე „ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნის ალტერნატიული დასასრული“. სწორედ ეს არის ამ კვირის საკონკურსო სათაური.

დაინტერესებულ მოსწავლეებს საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა 1 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე essays@karchkhadze.ge.

დოკუმენტი ინკლუზიურ კლასებში სპეციალური თუ საგნის მასწავლებლებისთვის

0

ABC მოდელი და ქცევაზე მუშაობის დოკუმენტაცია[1]

მოდელი, რომლის შესახებაც სტატიაში გვსურს საუბარი, შემუშავებულია ქცევაზე დაკვირვებისთვის და მოიცავს იმ სიტუაციური ფაქტორებისა თუ ცვლადების აღრიცხვას, რომლებიც წინ უძღვის ან მოსდევს კონკრეტულ ქცევას. აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ინკლუზიურ კლასებში სპეციალური თუ საგნის მასწავლებლებისთვის რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობის დაწყებისას ასეთი ქცევის მართვისა და პრევენციისა. მას საფუძვლად უდევს ბერას ფრედერიკ სკინერისეული „რესპონდენტული“ ანუ საპასუხო ქცევის ტიპი, რომელშიც სტიმული ყოველთვის წინ უძღვის რეაქციას.

საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ ქცევაზე დაკვირვების მიდგომა განათლებაში ქცევის ფსიქოლოგიის გზით ჩნდება. ბიჰევიორისტები[2] მიიჩნევდნენ, რომ ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს მხოლოდ უშუალო დაკვირვებისთვის მისაწვდომი მოვლენები და ვინაიდან ცნობიერების შესწავლა კვლევის მეცნიერული მეთოდებით შეუძლებლად მიაჩნდათ მისი „დაფარულობისა და სუბიექტურობის გამო“, მეცნიერული ფსიქოლოგიის შესწავლის საგნად ადამიანის ქცევას სახავდნენ. დღესდღეობით კოგნიტიურ თუ ჰუმანისტურ მოძღვრებებთან მიმართებით XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული ამ მოძღვრების თანამედროვე სასკოლო განათლებაში გამოყენება ყველაზე ეფექტურია პრობლემური ქცევის შეცვლაზე მიმართული ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისთვის, ქცევის შეფასებისა და ანალიზისთვის, რამდენადაც ქცევის შეფასება ემსახურება პრობლემური ქცევის ფუნქციის განსაზღვრას.

ქცევის შეფასების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ABC მოდელით შექმნილი ფორმა, რომელიც მოიცავს დაკვირვებას ქცევაზე და იმ სიტუაციური ფაქტორებისა თუ ცვლადების აღრიცხვას, რომლებიც წინ უძღვის ან მოსდევს კონკრეტულ ქცევას.

ABC მოდელში A (Antecedent) აღნიშნავს წინაპირობას, B (Behavior) – ქცევას, ხოლო C (Consequence) – შედეგს.

წინაპირობა[3] განიმარტება როგორც ქცევის წინმსწრები ნებისმიერი მოვლენა ან გარემოება. წინაპირობის გრაფაში აღიწერება ქვევის წინმსწრები მიზეზი. ქცევა აღიწერება კონკრეტული ცნებებით, დეტალურად, ინტერპრეტაციების გარეშე. მაგ., რამაზი უყვირის საბას; ლუკა თანაკლასელს რვეულს პარავს; სანდრო მუხლებზე დგება და ყვირის და ა. შ. ABC მოდელში ქცევის ზუსტი განსაზღვრისას ბავშვთან დაკავშირებული ყველა პირისთვის იოლდება მისი კონკრეტული ქცევის ამოცნობა, დაკვირვება და ინტერვენციის გეგმის შემუშავება. შედეგი მოსდევს ქცევას და სწორედ მისი მეშვეობით დგინდება მაპროვოცირებელი და ქცევის შემანარჩუნებელი ფაქტორები.

ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ შედეგებმა შესაძლოა განამტკიცოს არასასურველი ქცევა და მთავარი კითხვა, რომელი უნდა დავსვათ, ასეთია: რას იღებს ბავშვი ამ ქცევის საშუალებით? თუ შედეგი სუბიექტისთვის სასურველია, ქცევა კვლავ გამოვლინდება. თუ არასასურველია – ჩაქრება.

ქცევის შედეგების განსაზღვრისთვის დამხმარე კითხვებია:

  • რა გამოიწვია ქცევამ?
  • რა გააკეთეს ან თქვეს გარშემო მყოფებმა, თუკი ქცევა სოციალურ სიტუაციაში აღმოცენდა?
  • ხომ არ წამოიწყო ან, პირიქით, შეწყვიტა სხვა პირმა ინდივიდთან ინტერაქცია?
  • მიიღო თუ არა ინდივიდმა რაიმე?
  • დაკარგა თუ არა ინდივიდმა რაიმე?
  • ხომ არ დაიწყო ან შეწყდა აქტივობა ინდივიდის ქცევის შემდგომ?
  • შეიცვალა თუ არა გარემო ან გარემო პირობები?

ABC მოდელის სრული ფორმა ასე გამოიყურება:

განმახორციელებელი : _______________________

დაკვირვების ადგილი: _______________________

მოსწავლე: __________________________________

 

 

ზუსტი დრო

A

წინაპირობა

(დეტალურად აღწერეთ, რა ხდება უშუალოდ ქცევის გამოვლენის წინ (გარემო, ადამიანები და სხვ.)

B

ქცევ

(აღწერეთ, რა სახით ვლინდება ქცევა)

C

შედეგი

(დეტალურად აღწერეთ, რა ხდება ქცევის გამოვლენის შემდეგ, რა შედეგები მოჰყვება ქცევას როგორც მოზრდილების, ასევე თანატოლების მხრიდან)

 

შენიშვნა

10.44

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებლის თხოვნაა, მოსწავლეებმა ჩართონ კომპიუტერები

 

ზაზა მუხლებზე დგება და დაჩოქილი მიდის მასწავლებლის მაგიდისკენ. მასწავლებელი მიდის ზაზასკენ, რათა წამოაყენოს, ზაზა სწვდება კესოს პენალს და პირში იდებს. კესო ღიზიანდება. მასწავლებელი სთხოვს მას, გაუგოს ზაზას, ზაზას კი სთხოვს, სხვა დროს ასე აღარ მოიქცეს, ჰკიდებს ხელს და სვამს თავის სკამზე.  
 

11.00

 

 

 

ზარის დარეკვისთანავე შემოდის ქართულის მასწავლებელი, რომელიც დამრიგებელიცაა. მასწავლებელი ზაზას უთითებს, გადაშალოს წიგნი ზაზა ზის, იღებს წიგნს, შლის და ათვალიერებს, შემდეგ ხურავს და მთელი ძალით უსვამს მაგიდას. გადაყრის საგნებს მერხიდან, მერე დგება და ხმაურით იღებს. ბავშვების რეაგირებაზე იწყებს საკლასო ოთახში სირბილს. მასწავლებლის კომენტარზე შლის წიგნს და კითხულობს ხმამაღლა, არ ჩუმდება.

 

 
11.05 მასწავლებელი მიდის ოთოს მერხთან და აქებს მის დავალებას ზაზა ინტერესით უცქერის, მერე უცებ წამოიყვირებს: „ეეეჰ!“ და შლის წიგნს. მერე კი შლის დავალების რვეულს და მასწავლებელთან მიაქვს.  

 

სპეციალისტები მიგვითითებენ, რომ ABC ფორმატით ქცევაზე პირდაპირი დაკვირვება უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით არ მოხდება ცვლადებს შორის მიმართებისა და გარკვეული კანონზომიერების აღმოჩენა. გამონაკლისია ის ქცევები, რომლებიც ზიანს აყენებს თავად ბავშვს ან მის გარშემო მყოფებს.

მიჩნეულია, რომ სასურველის მიღება ან არასასურველის თავიდან აცილება წარმოადგენს ქცევის ძირითად ფუნქციას, მიზანს, შემანარჩუნებელ ფაქტორს. სასურველი ქცევის შედეგი არ უნდა იყოს დამაჯილდოებელი. თუ ქცევა მეორდება, შედეგი დამაჯილდოებელია. ადამიანი აღნიშნული ქცევით ან რაიმე სარგებელს იღებს, ან არასასურველ ქმედებას და/ან ემოციას იცილებს თავიდან.

სპეცმასწავლებლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ABC მოდელი აადვილებს რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობას და მათი ქცევის მართვას. ქცევის მართვის ეფექტური სტრატეგიების შემუშავების გარანტია ABC ფორმატით ქცევის წინაპირობებისა და შედეგების იდენტიფიცირება და ანალიზი, რომელსაც სპეციალური მასწავლებელი მოსწავლის მშობელთან, დამრიგებელსა და საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობით ნერგავს და სახავს წარმატების მიღწევის გზებს.

ჩვენს მოდელში წარმოდგენილი ქცევებიც სულაც არ არის გამოგონილი. მასში გამოგონილი მხოლოდ მეორეკლასელი ბავშვის სახელია. ბავშვისა, რომელიც ახლა მეექვსე კლასშია და სამაგალითოდ იქცევა.

გარდა ABC ფორმატის წარმოებისა, ბავშვის ქცევაზე მუშაობისას ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტია

ქცევაზე მუშაობის გეგმა[4].

ის შემდეგნაირად უნდა შევავსოთ:

ბავშვის სახელი, გვარი: __________________

ბავშვის ასაკი ____________________________

დიაგნოზი _______________________________

აკადემიური უნარები: ______________________________________________________

___________________________________________________________________________

სოციალური უნარები: ______________________________________________________

___________________________________________________________________________

ინფორმაცია ოჯახის შესახებ ________________________________________________

___________________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია : _____________________________________________________

______________________________________________________________________________

 

პრობლემური ქცევა ქცევის გამოვლენის სიხშირე/დრო წინაპირობა შედეგი
 

 

     
 

 

     

 

ქცევის მიზანი/მოტივი:

_______________________________________________________________________

ჩამანაცვლებელი/სასურველი ქცევა:

____________________________________________________________

ჩარევის სტრატეგია (რა არის გასაკეთებელი, მიზანი):

___________________________________________

ჩასატარებელი

აქტივობების ეტაპები

პერიოდები განხორციელების ადგილი აქტივობაში მონაწილე პირები
 

 

     
 

 

     

 

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული დოკუმენტაცია დაეხმარება სპეციალურ მასწავლებლებს თავიანთი რთული სამუშაოს წარმატებით შესრულებაში – ის ხომ მსოფლიოში აღიარებული ექსპერიმენტატორისა და ვირტუოზი მომთვინიერებლის, ბერას სკინერის გამოცდილების ნაყოფია. და თუ, მასავით, მტრედს რამდენიმე წუთში ცეკვას ვერ ვასწავლით, ის ხომ ნამდვილად შესაძლებელია, ჩვენი მოსწავლეების რთული ქცევა დავამარცხოთ და ის ყველასთვის გასახარი შედეგებით ჩავანაცვლოთ.

[1] მცირე ხნის წინ სპეციალური მასწავლებლების ასოციაციის გვერდზე აღნიშნული მოდელის ხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ წერილის მომზადებაც სწორედ აღნიშნულმა ინტერესმა განაპირობა.

 

[2] ჯ. უოტსონი, ე. თორნდაიკი, ბ.ფ. სკინერი

[3] ამ საკითხს ჩვენი ცალკე წერილი მიეძღვნა.

[4] აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ ვხელმძღვანელობთ მაკლეინის ასოციაციის მიერ გამოცემული სატრენინგო კრებულით „ქცევის მართვა“ (თბილისი, 2017) და ამავე ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და დანერგილ გამოცდილებას, მათივე თხოვნით, სიამოვნებით ვუზიარებთ ინკლუზიური განათლების დარგში მომუშავე სპეციალიტებს, რომლებისთვისაც საინტერესო და რამდენადმე მიუწვდომელია აღნიშნული ფორმები.

სკოლის მასწავლებელი ინგლისში

0

რამდენს შრომობს და რა შემოსავალი აქვს ინგლისში სკოლის მასწავლებელს

 

დღეს ინგლისის სკოლის მასწავლებლის მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე მოგითხრობთ – რა ანაზღაურება აქვთ, პროფესიული განვითარების რა ეტაპებს გადიან, საიდან იწყება პროფესიაში შესვლის ზღურბლი და რით არის მიმზიდველი მასწავლებლობა თანამედროვე რიგითი ბრიტანელისთვის.

ბრიტანელი სკოლის მასწავლებლის მუშაობის მთავარი უპირატესობა ხანგრძლივი არდადეგებია. ამის შესახებ ალბათ თქვენც გსმენიათ. ბრიტანელ მასწავლებელს სხვა ქვეყნების კოლეგებთან შედარებით, გაცილებით მეტი მოდუნების შესაძლებლობა აქვს. აქაური მასწავლებლები შვებულებაში ყოველ ორ თვეში ერთხელ გადიან, რის გამოც წელიწადში დასვენების 13 კვირა უწევთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასევე უწევთ, მოერგონ სასწავლო გრაფიკის მჭიდრო ჩარჩოს, რაც არცთუ მარტივია. გარდა ამისა, ხშირად დასვენების ლომის წილს მასწავლებლები ასობით რვეულის შემოწმებასა და საანგარიშო დოკუმენტაციის შევსებაში ხარჯავენ.

ბრიტანულ საჯარო სკოლაში მუშაობა ბევრ მასწავლებელს თავისი სტაბილურობითა და პროფესიული ზრდის აშკარა პერსპექტივით იზიდავს. მასწავლებლის ხელფასს სახელმწიფო განსაზღვრავს და, როგორც კი, მასწავლებელი კარიერაში წინ წაიწევს, მისი ფინანსური შემოსავალიც იზრდება.

მასწავლებლების ნაკლებობა, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების სფეროში, მასწავლებლის პროფესიას საკმაოდ საიმედოს ხდის. ქიმიის, ფიზიკის, ინფორმატიკისა და მათემატიკის მასწავლებლები გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მოთხოვნადი არიან. ამ საგნებში ვაკანსია უფრო მეტია, ვიდრე განაცხადი. ასევე,  მასწავლებლობის პირველივე დღეებიდან მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საპენსიო პროგრამაში, რითაც სამომავლოდ თავიანთ სარგებელს უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება პროფესიაში შესვლის ზღურბლს, ინგლისის საჯარო სკოლაში პედაგოგი რომ გახდე, არ არის საჭირო პედაგოგიკის ბაკალავრიატის მიღება. საკმარისია კვალიფიციური მასწავლებლის სტატუსის მოპოვება. მასწავლებლად გახდომის ყველაზე პოპულარული გზაა სპეციალიზებული უმაღლესი განათლების შემდეგ, მასწავლებელთა მომზადების ყოველწლიური პროგრამა PGCE-ის გავლა (Postgraduate Certificate of Education).

ვინაიდან მასწავლებლობა მოთხოვნადი პროფესიაა, ბრიტანეთის მრავალ უმაღლეს სასწავლებელში გათვალისწინებულია სტიპენდიები გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სტუდენტებისთვის. ზოგიერთ სპეციალობაში დაფინანსება მოიცავს არა მხოლოდ სწავლის ღირებულებას, არამედ საცხოვრისისა და ცხოვრების სხვა ხარჯებს. მაგალითად, მაქსიმალური სტიპენდია 2017/2018 სასწავლო წლისთვის დაახლოებით 30,000 £ იყო. უცხოელი სტუდენტები თვითონ იხდიან სწავლის თანხას. თუ ბრიტანელებისთვის სწავლის საფასური 9,250 50 £ შეადგენს, არაევროპული ქვეყნებიდან სტუდენტებისთვის  16,500 £-მდე იზრდება.

ოფიციალურად და ყველაზე ხშირად სასწავლო დღე სკოლაში დილის 8 საათზე იწყება და მთავრდება არაუგვიანეს შუადღის 4 საათისა, ანუ საღამო მასწავლებელს თავისუფალი უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში, ბრიტანეთში მასწავლებლები არანაკლებ ბევრს შრომობენ და ზოგჯერ იმაზე მეტსაც კი, ვიდრე სხვა ქვეყნის მასწავლებლები. ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის ცნობით, საშუალო სკოლის პედაგოგები მუშაობენ კვირაში 63.3 საათს, მიაქვთ რვეულები სახლში დავალებების შესამოწმებლად, შაბათ-კვირას კი ელექტრონული ჟურნალის შევსებით არიან დაკავებული. არ დაივიწყოთ დამატებითი წრეები და ფაკულტატივები, შეხვედრები მშობლებთან, სემინარები და კონფერენციები, მოსწავლეებთან საკვლევი და საპროექტო სამუშაოები და სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესი. ამ ყველაფერზე მასწავლებელია პასუხისმგებელი.

რა ანაზღაურება აქვს ინგლისელ მასწავლებელს? დიდ ბრიტანეთში მასწავლებელთა ხელფასის გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ უბანშია დასაქმებული მასწავლებელი, ანუ სად მდებარეობს სკოლა (ყველაზე მაღალი ხელფასი ქალაქების მიხედვით ლონდონელ მასწავლებლებს აქვთ). რა პედაგოგიურ გამოცდილებას ფლობს და რამდენად იცავს სტანდარტებს – ამაზე დეტალურად ქვემოთ გიამბობთ.

მასწავლებელთა საწყისი ანაზღაურებაა ლონდონში 28,098 ფუნტია და ინგლისში 22 467 £-დან. საბაზოდან უფრო მაღალ სახელფასო შკალაზე გადასვლისას მასწავლებლის მოსალოდნელი ხელფასის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს 46,000 ფუნტამდე. საბაზო განაკვეთს შესაძლებელია მიემატოს 2,064-დან 4,075£-მდე, როგორც პრემია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის (SEN) ან დამატებითი ადმინისტრაციული დატვირთისთვის (TLR) – ამაში შედის საგნობრივი სასწავლო პროგრამის შედგენა, ჩანაწერები ბავშვთა აკადემიური მოსწრების შესახებ და სხვა ადმინისტრაციული მოვალეობები. სისტემის ამგვარი მოქნილობა მასწავლებლისთვის აბსოლუტური ნამდვილი პლუსია, მაგრამ იმისათვის, რომ მასწავლებელმა ისეთივე ხელფასი მიიღოს, როგორც ვთქვათ, ლონდონელმა ოფისმუშაკმა, ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს.

მასწავლებელთა უმეტესობა თავიანთი მუშაობის მთავარ უპირატესობად ასახელებს  შესაძლებლობას, გადასცეს ბავშვებს საგნის ცოდნა და სიყვარული, შეინარჩუნოს ახალგაზრდული სულისკვეთება ახალგაზრდა, ცნობისმოყვარე თაობის გვერდით.  მათ უმრავლესობას სწამს, რომ მასწავლებლობა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე კშემოქმედებითი პროფესიაა, რომელიც „აშენებს“ ადამიანს და რომლის შედეგადაც ყველაზე მეტ კმაყოფილებას იღებენ.

ამავე დროს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პროფესია. მაგალითად, ათი წლის წინ, მასწავლებელთა პროფკავშირის კვლევამ დაადგინა, რომ ბრიტანელ პედაგოგთა შორის თვითმკვლელთა პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფებში. მომატებული შფოთვა, დეპრესია, დაძაბულობა მასწავლებლების დატვირთული გრაფიკისა და კარგ საგამოცდო შედეგზე ორიენტაციის მიზეზიც იყო.

ინგლისში ყველა მასწავლებელმა, ისევე როგორც სკოლებმა, უნდა გაიაროს სპეციალური კომისიის რეგულარული შემოწმება, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის. ეს ხელს უწყობს ბრიტანეთის სკოლებს განათლების მაღალი დონის შენარჩუნებაში, მაგრამ  შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების მოყვარულ მასწავლებლებს გარკვეულ ჩარჩოებში ამწყვდევს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...