ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
30 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

რას მოგვითხრობს ქალაქი- 2 ფოტომოთხრობა წარწერებისა და ნახატების სამყაროში

0

ამბის მოყოლის ათასგვარი საშუალება არსებობს. როდესაც ერთმანეთს ვესაუბრებით, ჩვენს  ამბებს ზეპირად ვუამბობთ, რა გადაგვხდა, როგორი დღე გვქონდა. როდესაც  დავალებაში რაიმე ამბის გადმოცემას გვთხოვენ,  ამბავს წერით ვყვებით, ასე გვიამბობენ მწერლებიც, მათი ნაამბობი კი ზოგჯერ მოთხრობის, ხან ნოველის, რომანის, ლექსის ფორმას იძენს. ზოგჯერ ამბავს ნახატით ვიგებთ, მაგალითად, ნიკო ფიროსმანის შესანიშნავი „კახეთის მატარებელი“ გახსოვთ? ფერები, პერსონაჟები, განწყობა – ყველაფერი ერთი დიდი და საოცარი ამბავია.

კიდევ როგორ ვყვებით ამბავს? კინოს, ვიდეოს, ფოტოს საშუალებით, შეიძლება ერთი წინადადებითაც გადმოვცეთ  და ათეულობით გვერდიც არ გვეყოს.

როდესაც კაცობრიობამ ფოტოგრაფია აღმოაჩინა, ადამიანების ხედვის წერტილი თითქოს შეიცვალა, უფრო ზუსტი და დაკვირვებული გახდა. გიყვარს საოჯახო ფოტოების დათვალიერება?  აკვირდები, როგორი განსხვავებაა შენი ბებია-ბაბუების, შენი მშობლებისა და შენს ფოტოებს შორის? რას გვეუბნება ფოტო, რას გვიამბობს? აი, შეხედე ამ ფოტოს, რა შეიძლება მომხდარიყო, რატომ ამოშალეს ეს ადამიანები ფოტოდან?

(წყარო:შსს არქივი)

ან ამ ფოტოს შესახებ რისი თქმა შეგიძლია? რა შეიძლება ესაუბრებოდნენ ერთმანეთს დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოს გმირები?

(წყარო-ციფრული ფოტომატიანე)

ამ წყვილზე რისი თქმა შეგიძლია?

( წყარო – ციფრული ფოტომატიანე)

 

მოკლედ, ფოტოთი ბევრი ამბის მოყოლა შეიძლება და აი, შენი დავალებაც. მოყევი, რა საიდუმლოს გიმხელს, რას გეუბნება, რას გელაპარაკება შენი ქალაქი კედლის წარწერებისა და ნახატების საშუალებით.

ამისათვის:

  1. მოიმარჯვე შენი ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ამოირჩიე მშვიდი, უქარო ამინდი და გაისეირნე შენს ქალაქში;
  2. გადაიღე კედლის წარწერა, ნახატი თუნდაც აფიშა, პლაკატი და სარეკლამო განცხადება
  3. შინ მისვლისას გადაათვალიერე შენი მოპოვებული მასალა, ამოარჩიე მათ შორის ისეთი, რომელიც რაღაც იდეით შეიძლება ერთმანეთთან დააკავშირო;
  4. დანომრე შენი ფოტოები და მოაგროვე ტექსტურ დოკუმენტში ისე, რომ რაიმე ამბავი გამოდიოდეს.
  5. ახლა კი თითო ფრაზით შეგიძლია ფოტოებით მოთხრობილი ამბავი განავრცო.
  6. გამოგივიდა ამბავი? ჩანს დასაწყისი და დასასრული?
  7. გაუზიარე სხვებს.

აი, რამდენიმე ფოტო შთაგონებისთვის:

 

 

  1. ნივთი, რომელიც ამბავს მიყვება

 

დავალების შესრულების ადგილი:

ა. ნებისმიერი ადგილი, სადაც ძველი ნივთები იყიდება, მაგალითად, თბილისი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ნავთლუღის ბაზრობა, ნებისმიერი მაღაზია, სადაც მეორადი სამოსი იყიდება, ანტიკვარიატის მაღაზიები…

 

  1. რას ვაკეთებთ :

ვირჩევთ ნივთს,  გადავიღებთ  ფოტოს, ვაკეთებთ ჩანიშვნას:

 

  1. რა ნივთია;
  2. როგორია, რისგანაა დამზადებული, აღწერეთ;
  3. რატომ ავირჩიე სწორედ ის;
  4. რით მიიქცია ჩემი ყურადღება;
  5. საიდან მოხვდა აქ?
  6. ვის ეკუთვნოდა?
  7. ვისიც იყო, იმას როგორ ხასიათზე აყენებდა?
  8. პატრონის პორტრეტი, ხასიათი…
  9. ქვეყანა, საუკუნე, დამატებითი ისტორია,
  10. სად იყო ამდენ ხანს?
  11. მფლობელმა სად იყიდა/ ვინ აჩუქა/სად იპოვა?
  12. რისთვის გამოიყენება, აქვს თუ არა მეორეული გამოყენება, მაგალითად, თუ იყენებენ რამე ისეთისთვის, რისთვისაც არაა განკუთვნილი?
  13. რატომ გაიტანეს სახლიდან?
  14. რატომ იყიდება?
  15. მუშაობს? გაფუჭებულია?
  16. როგორმა ადამიანმა უნდა იყიდოს?
  17. ვის მოეწონება, რატომ?
  18. ვინ როგორ შეიძლება შეაფასოს, ვისთვის რა ღირებულება ჰქონდეს?

 

მოქმედება:

ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედებიდან აირჩიე ერთი და მოჰყევი, რატომ მოიქეცი ასე და როგორ განვითარდება ამბავი, ნებისმიერი ვარიანტის არჩევისას:

  1. ნივთი ავიღე, პალტოზე გავიპრიალე, ღიღინით გავაგრძელე სეირნობა;
  2. ნივთი ჩუმად გამოვაცოცე და მტკვარში გადავაგდე;
  3. ნივთი მოვიპარე და ვინმეს ვაჩუქე, ვის?
  4. ნივთი ჩუმად გავაფუჭე, რატომ?
  5. ნივთი უკან დავაბრუნე და გამოვედი.
  6. წერის ეტაპი

 

შენ მიერ შედგენილ ჩანიშვნებს გადახედე, თითქმის დაწერილია პატარა ამბავი, ატყობ? ახლა რედაქტირების ეტაპზე გადადი და ტექსტი კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

 

 

თამაშები მედიაწიგნიერებისთვის

0

მედია, ანუ ინფორმაციული წიგნიერება უნარების ნაკრებია, რომელიც ინდივიდისაგან მოითხოვს,  გააცნობიეროს, ,,როდის არის საჭირო ინფორმაცია და  შეძლოს მისი ადგილის განსაზღვრა, შეფასება და ეფექტურად გამოყენება“ (ნატალია ინგოროყვა).

მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის  ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. მედიაწიგნიერების უნარები ყველა მოსწავლეს უნდა განუვითარდეს, რადგან თანამედროვე სამყარო სხვადასხვა მედიასაშუალებით უამრავ ინფორმაციას ავრცელებს, რაც განსაზღვრავს  მათ მოსაზრებებს, ცოდნასა და ურთიერთობებს.  აქედან გამომდინარე, მოსწავლეს უნდა შეეძლოს როგორც  მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება,  ასევე შექმნა, გამოყენება, ინტერპრეტირება; ახალი ინფორმაციის მიღება,  გაფილტვრა, მისთვის  მნიშვნელოვანი საკითხის გამორჩევა, კრიტიკულად აზროვნება და შეკითხვების დასმა. მოსწავლე, რომელიც ამ უნარებით იქნება აღჭურვილი, არ დაიკარგება ინფორმაციის ,,უსიერ ტყეში“ .

მედიაწიგნიერება თავისთავად გულისხმობს წიგნიერებასაც, რადგან  წიგნიერება  მხოლოდ წერისა და კითხვის უნარი არ არის. წიგნიერ ადამიანს უნდა შეეძლოს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებიდან მიღებული ინფორმაციის  დამუშავება; ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული ტექსტების გააზრება და ინტერპრეტირება.

ციფრულმა ეპოქამ  ყველას გაუადვილა მედიის შექმნა. ჩვენ ყოველთვის არ ვიცით,  ვინ შექმნა გზავნილი, რატომ შექმნა და რამდენად სანდოა. ამიტომ თანამედროვე მოსწავლე  კრიტიკულად უნდა აანალიზებდეს ყველა მედიაგზავნილს და უნდა შეეძლოს დასვას შეკითხვები:

  • ვინ შექმნა ეს პროდუქტი?
  • რა არის მისი შექმნის მიზანი?
  • ვისთვის არის განკუთვნილი?

 

მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ მედიაწიგნიერება  გულისხმობს კონტროლის დამყარებას, რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის  ზღვრის დანახვას; რომ ყველა მედიაგზავნილი იყენებს დარწმუნების ენას და რაიმე ქმედებისკენ უბიძგებს ადამიანს. მოსწავლისთვის შესაძლებელი რომ  იყოს რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის ზღვრის დანახვა, უნდა შევთავაზოთ ბევრი ისეთი აქტივობა, რომელიც განუვითარებს მედიაწიგნიერების აუცილებელ უნარებს. მოსწავლეები იქნებიან როგორც მედიის შემქმნელები, ასევე  მედიამესიჯის კრიტიკულად შემფასებლებიც.

 

მედიაწიგნიერების აქტივობები (დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის)

 

  • პროექტული სწავლება შესანიშნავი საშუალებაა, მოსწავლეს ციფრული უნარ-ჩვევები განუვითარდეს. ამ დროს მას სხვადასხვა ტიპის ტექსტთან უწევს ურთიერთობა, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს იყენებს; სწავლობს მიღებული ინფორმაციიდან არასასურველის  ,,გაფილტვრას“, უვითარდება ზეპირი მეტყველების,  აზრის გადმოცემისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები.
  • მოსწავლეებს შეაქმნევინეთ სხვადასხვა სახის მედიაპროდუქტი: მულტიმედიური, PowerPoint-პრეზენტაციები, კომიქსები, რეკლამები, ანიმაციური ვიდეორგოლები. ამ აქტივობით მოსწავლეები მედიის შემქმნელები და კრიტიკულად შემფასებლებიც გახდებიან.
  • აქტივობა „ მცდარი ინფორმაცია“ – მოსწავლეებს მიეწოდებათ ისეთი ინფორმაცია ისტორიულ  ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს დაუზუსტებელ, მცდარ მონაცემებს. ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ ბავშვები მასწავლებელთან ერთად ამოწმებენ და პოულობენ  შეცდომებს ლიტერატურულ თუ ინტერნეტ წყაროებში.  მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ამოიცნონ: მცდარი ინფორმაცია, გაზვიადება, დეზინფორმაცია და სიცრუე​.
  • აქტივობა ,, ნამდვილისა და მოგონილის გარჩევა“

მოსწავლეები  ნახავენ  სატელევიზიო  სიუჟეტს  კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. აანალიზებენ ნანახს, მასწავლებელი კი უბიძგებს იმისკენ, რომ მოიძიონ მოცემული თემა სხვადასხვა წყაროში (რეკომენდებულია 10 წყარო). ამის შემდეგ მათ ევალებათ მოძიებული ინფორმაციის გაანალიზება, შედარება ნანახთან და  საკუთარი აზრის გამოხატვა სტატიის, ნარატივის ან ესეის სახით. ამ აქტივობით მოსწავლე შეძლებს დაინახოს ზღვარი ნამდვილსა და მედიის მიერ გამოგონილ ამბებს შორის.

  • აქტივობა ,,ჟურნალისტი“

მონაწილეებს ენიჭებათ ნომრები, ირგებენ ჟურნალისტის როლს. პირველი ნომერი იწყებს ამბის თხრობას (წინასწარ შერჩეულ თემასთან დაკავშირებით), რაც გრძელდება 2 წუთის განმავლობაში. საინტერესო მომენტში წყვეტს მოყოლას ფრაზით – „გაგრძელება იქნება შემდეგ ნომერში“  და აგრძელებს მეორე მოთამაშე. აქტივობა მოსწავლეს უვითარებს  იმპროვიზაციის, მეტყველების, ფანტაზიის, მოსმენისა  და შემოქმედებით უნარებს.

მედიის შემქმნელები ცდილობენ, კონკრეტული გზავნილი მიაწოდონ მომხმარებელს, მაგრამ ადამიანები ამ გზავნილებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ, შინაარსს განსხვავებულად იგებენ.

  • აქტივობა ,, გაშეშებული კადრი“

კონკრეტულ თემაზე მოსწავლე ერთ-ერთი ფილმიდან ირჩევს პერსონაჟს, ასახიერებს და ახმოვანებს რომელიმე  კადრს, ეპიზოდს. დანარჩენებმა უნდა აღნიშნონ, რამდენად სწორად შეძლო მან მედიაგზავნილის აუდიტორიამდე მიტანა. ამ აქტივობით მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ყველა  ადამიანი ინფორმაციას – მოსმენილს, გაგონილსა თუ ნანახს თავისებურად აღიქვამს. ამიტომ აუცილებელია პირველწყაროს მოძიება/გაცნობა.

  • აქტივობა „წერილი მთავარი გმირისგან“

მოთამაშეებს სთავაზობენ, დაწერონ წერილი მთავარი გმირის სახელით; მოირგონ რომელიმე სატელევიზიო წამყვანის, ფილმის გმირის, ან სარეკლამო რგოლის შემქმნელის როლი. დავალების შესრულების შემდეგ ისინი წარადგენენ თავიანთ წერილს და სხვებმა უნდა გამოიცნონ, რომელი გმირი გაახმოვანა. ამ აქტივობით მოსწავლე თავად ქმნის მედიაგზავნილს და ავრცელებს. ეს მას უვითარებს  აღქმისა და მედიაგზავნილის გადმოცემის უნარს.

  • აქტივობა ,,რეკლამის განხილვა“

შეარჩიეთ რეკლამა  და შეაფასებინეთ მოსწავლეს – რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რის გაყიდვას ცდილობს და არის თუ არა წარმატებული; დაწუნების რა ხერხებს მიმართავს შემქმნელი? თქვენ რას დაამატებდით, როგორ გააუმჯობესებდით?  ამგვარი აქტივობით  მოსწავლე შეძლებს განსაზღვროს გზავნილის მიზნები და შეხედოს მედიას კრიტიკული თვალით.

  • აქტივობა ,,იაზროვნე კრიტიკულად“

 

გამოიყენეთ ვიზუალური მედია, როგორიცაა ფილმი ან სატელევიზიო შოუ, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს, გაეცნონ პერსონაჟის თვისებებს. ანახეთ წაკითხული წიგნის მიხედვით გადაღებული  ფილმი.

დაუსვით შეკითხვები:

  • რით განსხვავდება ფილმი წიგნისგან?
  • რით არის ფილმის შემქმნელის ღირებულებები მსგავსი ან განსხვავებული ავტორის ღირებულებებისგან?
  • როგორია ეს განსხვავებები?
  • ცვლის ტექსტის შინაარსს?

ამ აქტივობით მოსწავლე ეჩვევა სხვადასხვა მედიაპროდუქტით მიღებული ინფორმაციის შედარებას, განხილვას, ანალიზსა და დასკვნების გამოტანას.

  • აქტივობა ,,შექმენი რეკლამა“

მოსწავლეებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაავალეთ, შექმნან რეკლამა. გამოიყენონ დარწმუნების სხვადასხვა მეთოდი და შეძლონ ნივთის გაყიდვა, პროდუქტის მიმზიდველად წარმოჩენა.


  • მედიის მანიპულაციის, ყალბი ინფორმაციის ზეგავლენის  მსხვერპლი ბევრი ადამიანი გამხდარა. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, დაწყებითი საფეხურიდანვე განვუვითაროთ მოსწავლეს კრიტიკული აზროვნება, მედიაგზავნილის შეფასების, ანალიზის, ინტერპრეტირების უნარები. ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი აქტივობები დაეხმარება მასწავლებელს, მოსწავლეს მედიაწიგნიერების საწყისი უნარები განუვითაროს.აქტივობა ,,ნამდვილი და მოგონილი“

სთხოვეთ მოსწავლეებს, კრიტიკულად შეაფასონ და გააუმჯობესონ ახალი ამბები 30-წუთიანი აქტივობით. გაკვეთილი იწყება  ახალი ამბების კლიპის ყურებით. დასასრულს ჰკითხეთ კლიპის შინაარსისა და სიუჟეტის შესახებ. ეს საშუალებას გაძლევთ, გამართოთ  დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესებდნენ კლიპს. მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად. მათ  უნდა დაწერონ კლიპის შეცვლის ხუთი გზა. შემდეგ შეუძლიათ წარმოადგინონ განახლებული ახალი ამბების სიუჟეტი. ამ აქტივობით მოსწავლე არის როგორც მედიაპროდუქტის კრიტიკულად შემფასებელი, ასევე შემქმნელიც.

  • აქტივობა ,,შექმენი კომიქსი“

კომიქსი არის კითხვისა და წერის ეფექტური მეთოდი; მოსწავლეს ეხმარება წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. კომიქსებით ხდება პერსონაჟების გაცოცხლება, ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა.  ასეთი აქტივობით მოსწავლეს უვითარდება ციფრულ ტექნოლოგიასთან  ურთიერთობის  უნარი, ასევე   წაკითხულიდან, მოსმენილიდან თუ ნანახიდან ძირითადი, მნიშვნელოვანი საკითხების გამორჩევის უნარი.

  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მოეწონებათ აქტივობა

,, ფოტომანიპულაცია“.   მოსწავლე შეძლებს ფაქტების გადამოწმებას და დეზინფორმაციის გაკონტროლებას. აქტივობა მოსწავლეს დაეხმარება იმის გარკვევაში, რამდენი ინფორმაციაა გაყალბებული და რამდენად შეესაბამება ფოტოში აღწერილი ამბავი რეალობას.

Google Image Search -ის საძიებო სისტემაში ფოტოს ატვირთვა შესაძლებელს ხდის, მოიძიოთ: 1) იდენტური ფოტო; 2) მასთან დაკავშირებული ტექსტი; 3) ვებგვერდები, სადაც ფოტოა განთავსებული. საძიებო სისტემა ატვირთული  ფოტოს გამოყენებით გავრცელებულ  უამრავ რესურსზე გვაძლევს წვდომას. ცხადია, ყველა მოძიებული მასალა სანდო ვერ იქნება. შესაბამისად, საჭიროა ნაჩვენებ შედეგებს შორის ყველაზე სანდო წყაროების გამორჩევა და მათი კრიტიკული ანალიზი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მასწავლებლის წიგნი ,,გამჭოლი კომპეტენციები“

https://mastsavlebeli.ge/?p=12743

  1. მედიაწიგნიერების  გზამკვლევი  https://www.mythdetector.ge/sites/default/files/Guidelines-web.pdf
  2. https://uonovtr.narod.ru/TK/fm.pdf?fbclid=IwAR243gdxqF54PjgV7bu8bEmNdJMWGswqS_abwek1lsyr01eGD34kPHmoxlY
  3. Media Literacy Activites ( Grades 2-3)

https://www.teacherspayteachers.com/Product/Media-Literacy-Activities-Lesson-Plan-Grades-2-3-Aligned-to-Common-Core-4512883?fbclid=IwAR3-OPMgyV1xVR1nX

 

 

 

 

კომპლექსური დავალება „დანერგე მომავალი“

0

ჩაი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავრცელებული სასმელია. მის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე უამრავი ლეგენდა შექმნილა და სამეცნიერო ნაშრომი დაწერილა.

„ჩაი აძლიერებს სულს, ხსნის დაღლილობას, აღვიძებს აზროვნებას და საშუალებას არ აძლევს სიზარმაცეს, მოგვერიოს; ამსუბუქებს და განაახლებს სხეულს… შეუძლებელია იმ სიმშვიდის აღწერა, რომელიც მისი დალევისას გეუფლებათ. სვით ეს მშვენიერი სასმელი და იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ იმ სირთულეებთან გამკლავება, რომლებიც, ჩვეულებრივ, ცხოვრებას გვინგრევს“, – ასე აღწერენ ჩაის მოქმედებას ერთ უძველეს ჩინურ ხელნაწერში.

ამბობენ, რომ ჩაი თხებმა აღმოაჩინეს: ერთხელ მათ ჩაის ფოთლები შეჭამეს და შესამჩნევად გააქტიურდნენ.

ჩაის შესახებ იმდენი წიგნი დაწერილა, რომ ყველა მათგანის წაკითხვას ადამიანის მთელი სიცოცხლეც არ ეყოფა. ხუთი ათასი წლის განმავლობაში მისი მოხმარების უზარმაზარი გამოცდილება დაგროვდა.

ევროპაში ჩაი ჩინეთიდან და იაპონიიდან დაბრუნებულმა მოგზაურებმა შეიტანეს. მის შესახებ მაშინვე დაიწერა ნაწარმოებები, მათ შორის – პორტუგალიურ და იტალიურ ენებზეც. ჰოლანდიელებმა მე-16 საუკუნის ბოლოს ჩინეთიდან ჩაის პირველი პარტია ჩაიტანეს სამშობლოში, საიდანაც ჩაი ინგლისში გავრცელდა.

აღმოჩნდა, რომ ეს სასმელი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხელს უწყობს საკვების მონელებას და ათვისებას. მას შესწევს უნარი, აღიქვას მავნე ნივთიერებები და დაშალოს ჩვენი კუჭის, ღვიძლისა და თირკმელების დასაცავად. გარდა ამისა, ხელს უშლის მცირე სისხლჩაქცევებს, ლორწოვანი გარსებიდან, ღრძილებიდან სისხლდენას.

ჩაის დამამშვიდებელი თვისებები უძველესი დროიდან იყო ცნობილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ტვინს ააქტიურებს კიდეც. სწორედ ეს სასმელი იწვევს აზროვნების სიმსუბუქეს და სისწრაფეს, აადვილებს შემოქმედებით პროცესს.

ცხელი ჩაი ზამთარში ათბობს და ზაფხულის სიცხეში აგრილებს. ის ხელს უწყობს სხეულის ზედაპირიდან აორთქლებას და აუმჯობესებს ორგანიზმის თერმორეგულაციას. ტყუილად კი არ სვამენ მას აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში. ჩაი ზრდის ადამიანის სხეულის გამძლეობას და იდეალურ სასმელად მიიჩნევა მოგზაურებისთვის, მეზღვაურებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ხშირად განიცდის ფიზიკურ და ნერვულ დაძაბულობას. სხვა საკვების უქონლობის შემთხვევაშიც კი მას შეუძლია, გარკვეული ხნით შეუნარჩუნოს ადამიანს ძალა და მისი ზოგადი მატონიზებელი ეფექტი დაახლოებით ექვს საათს გრძელდება. ეს კარგად იციან სპორტსმენებმა, მყვინთავებმა, მფრინავებმა და ასტრონავტებმა. შემთხვევითი არ არის, რომ „ყავის ქვეყნის“, ბრაზილიის ფეხბურთელები მატჩის წინ ყავას კი არ სვამენ, არამედ ჩაის.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაი ყველაზე ძვირფასი სამკურნალო და არომატული ნივთიერებების უნიკალური ბუნებრივი კონცენტრატია, რომელთა ნახევარი წყალში ადვილად იხსნება.

რამდენ ნივთიერებას შეიცავს ჩაი? მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერებმა გაშიფრეს ჩაის ქიმიური შემადგენლობა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი არ არის გამოკვლეული. გასული საუკუნის ბოლომდე ითვლებოდა, რომ იგი შედგება ოთხი ან ხუთი ძირითადი ელემენტისგან, თხუთმეტი წლის წინ უკვე დაახლოებით 130-ს იცნობდნენ, ახლა კი დაახლოებით 300-ს.

ჩაის გავლენით ტვინის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდება იზრდება და სუნთქვა უმჯობესდება.

ჩაი აღადგენს ძალას. დაღლილობისგან ადამიანს ნერვებიც დაძაბული აქვს, ჩაის წყალობით კი ის შრომისუნარიანობას იბრუნებს. ერთი-ორი ყლუპი ჩაი მოკლე დროში ხსნის დაღლილობას. ჩაი ადამიანის სხეულზე თითქმის ჯადოსნურ ეფექტს ახდენს. ხანგრძლივი ტურისტული მოგზაურობის შემდეგ უბრუნებს ადამიანს ნორმალურ რიტმს, განდევნის დაღლილობას.

ჩაი ამშვიდებს გულს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს მისი სასარგებლო ეფექტი აიხსნება სისხლძარღვების სპაზმების აღმოფხვრის და ამით სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების უნარით. ჩაი ხელს უწყობს გულის მუშაობის გაუმჯობესებას. მხოლოდ აჩქარებული გულისცემის დროს უნდა შეზღუდოთ ჩაის მოხმარება.

ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა დაბალი წნევის მქონე პაციენტებისთვის. სისხლძარღვების კედლების გამაგრებისა და სისხლდენისადმი მიდრეკილების შემცირების უნარის წყალობით ის ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა.

ჩაი კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს და ახალგაზრდა თაობას მოუწევს მათი აღმოჩენა.

მწარე გემოს გამო ჩაის თავდაპირველად თავისებური არომატის მქონე ბოსტნეულად იყენებდნენ. მხოლოდ VI საუკუნეში აღიარა ის სასმელად ჩინურმა არისტოკრატიამ. ჩაი იყო რელიგიური რიტუალების ატრიბუტი და წამალი. ჩაის ცერემონიის თანამედროვე იაპონური სახელი „ჩა-ნოიუ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „სამკურნალო ჩაის“.

ჩაი შეუცვლელი გამაჯანსაღებელი საშუალებაა. ის აუმჯობესებს მადას, იცავს კანიდან, ლორწოვანი გარსებიდან, ცხვირიდან სისხლდენისგან. კურნავს გაციებას, ცხელებას.

ერთი-ორი ფინჯანი ჩაი მონელების ხელშემწყობი შესანიშნავი საშუალებაა. ალბათ ეს არის ერთადერთი სასმელი, რომელიც ნებადართულია ყოველგვარი დიეტის დროს. ჩაი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დეზინფექციას, სპობს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ყველაზე საშიშ დაავადებებს – ტიფს, დიზენტერიას.

ჩაი აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას, აქვეითებს არტერიულ წნევას და სასარგებლოა ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

ფთორის შედარებით მაღალი შემცველობის წყალობით შესაძლოა ის კბილის კარიესის პროფილაქტიკის საშუალებადაც გამოდგეს.

ჩაი გამაგრილებელი სასმელიცაა. ზაფხულში შუა აზიის ვერც ერთი მკვიდრი ვერ ძლებს მწვანე ჩაის გარეშე.

ჩინურ ხალხურ მედიცინაში ჩაის დიდი ხანია იყენებენ მოწამვლის, კანის დაავადებების, ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის დროს.

ჩაი აადვილებს ზამთრის გადატანას – არა მხოლოდ იმით, რომ ათბობს, არამედ იმითაც, რომ ვიტამინებით ამარაგებს ორგანიზმს. სოფლად ის აადვილებს მუშაობას ზაფხულის სიცხეში, არის შესანიშნავი დიაფორეზული საშუალება.

დღეს ცოტა თუ სვამს ჩაის მხოლოდ ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით. ჩაი სულ სხვა მიზეზით გახდა კაცობრიობის საყვარელი სასმელი. ჩაის სმა ესთეტიკური სიამოვნებაცაა. სერ გლადსტონს უთქვამს: „თუ შეგცივდა, ჩაი გაგათბობს; თუ დაგცხა, გაგაგრილებს; თუ დეპრესიული განწყობა გაქვს, გაგამხნევებს; თუ აჟიტირებული ხარ, დაგამშვიდებს“.

ამ ყველაფერთან ერთად, ჩაი აღადგენს და ინარჩუნებს ნიადაგის სტრუქტურას, უზრუნველყოფს მას ტენიანობით და ანადგურებს სარეველას. ზაფხულში რამდენჯერმე ხდება ბორცვების გაფხვიერება. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ ჰექტარზე ჩაის ბუჩქები ყოველწლიურად მოიხმარს რამდენიმე ასეულ კილოგრამ აზოტს, კალიუმს და ფოსფორს, ცხადი ხდება, რა ღირს ჩაის მწარმოებლების შრომა. პლანტაციის ნაყოფიერება არ მცირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მუდმივად ივსება საკვები ნივთიერებებით, მით უმეტეს, რომ წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები განსაკუთრებული ნაყოფიერებით არ გამოირჩევა. მინერალური განაყოფიერების შედეგად ჩაის ბუჩქების მოსავლიანობა 5-8-ჯერ იზრდება.

ევროპის ქვეყნები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: პირველში ჩაის უფრო ეტანებიან, მეორეში – ყავას. შეგახსენებთ, რომ ყავა ევროპაში ჩაიზე 100 წლით ადრე შემოვიდა.

2016 წლის იანვარში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა – „ქართული ჩაი“ წამოიწყო. პროგრამის მიზანი ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაა. 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდა.

აი ასეთია ჩაი..

ყოველივე ამან ძალიან დამაინტერესა და ვფიქრობ, ჩვენი მოსწავლეებისთვისაც კარგი საკითხი იქნება სამუშაოდ. მხოლოდ კომპლექსური დავალების იდეას და რესურსებს გთავაზობთ. ნაბიჯები და აქტივობები სახელმძღვანელოზე დაყრდნობით შეიძლება დასავლეთ საქართველოს თემის ფარგლებში გაიშალოს.

 

საკითხი: ქართული ჩაიდანერგე მომავალი

ცნებები: გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი; გეოგრაფიული გარსი; მოსახლეობა და მეურნეობა.

საკვანძო შეკითხვა: კვლევის ანგარიშის საშუალებით როგორ დავარწმუნო კომისის წევრები ჩაის კულტურის აღორძინების აუცილებლობაში და რატომ უნდა შეიტანონ ის დაფინანსების შეღავათიან (ასპროცენტიანი დაფინანსებით) პროგრამაში?

 

კომპლექსური დავალების პირობა: „ქართული ჩაი ინდურისგან, ჩინურისგან და ა.შ. განსხვავდება იმით, რომ, პირველ რიგში, საქართველოს აქვს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა. დასავლეთ საქართველოში მთისა და ზღვის ჰავა ძალიან უხდება ჩაის კულტურას და აძლევს მას რბილ და სასიამოვნო არომატს. ქართულ ნედლეულს არ სჭირდება შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების დამატება. სწორედ ეს მახასიათებლები გამოარჩევს ქართული ჩაის გემოსა და ხარისხს სხვა კულტურებისგან“.

2016 წლის იანვარში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა – „ქართული ჩაი“. პროგრამის მიზანი ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული პლანტაციების რეაბილიტაციაა. 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდა.

დღეს საქართველოში ჩაის კულტურა ბოლომდე აღდგენილი არ არის. ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ან განადგურებულია ძველი პლანტაციები. მსოფლიოს ჩაის ბაზარზე დიდი კონკურენციაა, ამიტომ ქართული ჩაის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

წარმოიდგინე, რომ აგრონომი ხარ და გსურს დასავლეთ საქართველოში ჩაის კულტურის აღორძინებაში მიიღო მონაწილეობა. შენი მიზანია, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ წარმომადგენლები დაარწმუნო, ჩაის კულტურა შეიტანონ დაფინანსების შეღავათიან (ასპროცენტიანი დაფინანსებით) პროგრამაში. ამისთვის უნდა შეისწავლო ჩაის თვისებები, წარმოშობა, გავრცელების არეალები და კომისიას წარუდგინო კვლევის ანგარიში.

კვლევის ანგარიშში წარმოაჩინე:

  • რომელი ფაქტორები განაპირობებს საქართველოში ჩაის კულტურის მოყვანის შესაძლებლობას;
  • რა გავლენას მოახდენს ჩაის კულტურის აღორძინება რეგიონის მოსახლეობისა და მეურნეობის სტრუქტურასა და ეკონომიკაზე;
  • როგორ შეიცვლება ჩაის კულტურის აღორძინების შედეგად რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკა;
  • როგორ იმოქმედებს ჩაის კულტურის აღორძინება რეგიონისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე.

კომპლექსური დავალების შესასრულებლად გამოგადგებათ შემდეგი რესურსები:

https://mastsavlebeli.ge/?p=1165

https://businessfeed.ge/chais-istoria-saqarthveloshi/ ; https://agronews.ge/ganakhlebuli-chais-jishi-kolkhida/

https://khasaia.wordpress.com/2016/08/26/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98/

https://www.bpn.ge/article/34727-sxvadasxva-jishis-chais-kultura-sakartvelos-otx-regionshi-12-atas-hektarze-gashendeba/

https://agronews.ge/rodis-da-vin-shemoitana-chais-pirveli-buchqi-saqarthveloshi/

სამყარო, როგორც სიმულაცია

0

„ჩვენთვის უკეთესიც კი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ რასაც ჩვენ რეალობად ვიღებთ, აღმოჩნდეს სიმულაცია, რომელიც შექმნა რომელიმე სხვა რასამ ან ადამიანებმა მომავლიდან.“

ილონ მასკი

 

რამდენი თეორია გსმენიათ სამყაროს შესახებ? ალბათ ძალიან ბევრი, არგუმენტებიც გიძებნიათ და შეგიდარებიათ, რომელი უფრო სანდოდ გამოიყურებოდა; ევოლუციის თეორიაზეც გიფიქრიათ და აი, იმაზეც: რა იცი, იქნებ ზემოდან უცხოპლანეტელებმა ჩამოგვყარესო. ეს უკანასკნელი ალბათ ძალიან არასერიოზულად მიგვიღია: – უცხოპლანეტელები არა, ისა… ვის უნახავს უცხოპლანეტელი, სად არის მტკიცებულებები? ამიტომ ამ თეორიას შეთქმულების თეორიის ნაწილად ვაღიარებდით და გამოვტოვებდით ხოლმე ჩამონათვალში.

ბავშვობაში პირველად რომ ის თეორია გავიგე: აი, ყველაფერი რომ არის/არსებობს, მაგრამ მაინც არ არის და ილუზიაა… მგონი მთელი კვირა შეშინებულს არ დამძინებია. როგორ შეიძლება, რომ ვიყო და თანაც ვითომ არ ვარსებობ? სამყარო ილუზიააო…? ჰმ… არამც და არამც… ვეწინააღმდეგებოდი, როგორც შემეძლო… ისე მინდოდა, რომ ვყოფილიყავი და ყველაფერი არსებულიც ნამდვილი ყოფილიყო.

მერე, უფრო გვიან, იმაზე დავიწყე ფიქრი, რა არის სინამდვილეში სინამდვილე? ან სინამდვილეში ილუზია?  იქნებ ეს ყველაფერი პირიქითაა? ავივსე ქაოსით და სინამდვილეში, ვერაფერი გავარკვიე… რომელ სინამდვილეში? – ეგეც ვერ… მივხვდი, რომ რაღაც ისეთის გაგებას ვეჭიდებოდი, რაც ადამიანური აღქმის პარამეტრებში ვერ ჯდებოდა და მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, გარდა ლოგიკურ-ანალიტიკურისა, კიდევ როგორ შეეძლო ადამიანს ინფორმაცია მიეღო სამყაროდან? მოკლედ, ძალიან შორს/ღრმად წავედი… აი, სადღაც მისტიკის ზღვარზე, სადაც მეცნიერება სრულდებოდა. ამიტომ ისევ უკან დავბრუნდი…. ჰოდა, საბოლოოდ, ჩემს თავს შევუთანხმდი: რაკი სინამდვილეში, არავინ არ იცის, რა არის სინამდვილე, სამყაროს შესახებ ნებისმიერ თეორიას განვიხილავ როგორც ფაზლის ერთ ნაწილს ან სულაც – მეტაფორას.

ამ ახალ თეორიასაც სწორედ ასე შევხედე, თუმცა მეცნიერებში დღემდე მიმდინარეობს ამაზე დებატები: არის თუ არა სამყარო სიმულაცია, ან თუნდაც კომპიუტერული თამაშის სუპერ-ვერსია, რომელიც რომელიღაც განვითარებულ პლანეტაზე მოწყენილმა სტუდენტმა დაწერა?

 

ის აზრი, რომ სამყარო ილუზიაა ან ხელოვნურია, ახალიც არ არის. გაიხსენეთ ჯერ კიდევ პლატონის „გამოქვაბულის მითი“: ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, სულაც არ არის რეალობა, არამედ ჩრდილების თამაშია კედელზე.

სინამდვილის გაურკვევლობის ამბავში კი აგერ სიმულაციის თეორიის მამა NICK BOSTROM-იც მეთანხმება:

„რეალობა – ეს არის ის, რაც არავისთვის არ არის ცნობილი. თუმცა ფილოსოფოსები, რომლებიც ცნობიერებას სწავლობენ, ჩვეულებრივად უშვებენ, ცნობიერების „დამოუკიდებლობას სუბსტრატისგან“. სინამდვილეში, ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება შეიძლება ბევრ რამეზე იყოს დამოკიდებული: ცოდნაზე, ინტელექტზე, ფსიქიკურ ორგანიზაციაზე, ლოგიკური სტრუქტურების ცალკეულ დეტალებზე და ასე შემდეგ.

ერთ-ერთი პირობა, რომელიც ცნობიერებისთვის აუცილებელი არ არის, ეს არის ბიოლოგიური ქსოვილი. არ არის აუცილებელი, რომ ის ეფუძნებოდეს ბიოლოგიური ნერვული ქსელის ნახშირბადს. იგივე ეფექტი შეგვიძლია მივიღოთ კომპიუტერში ჩაშენებულ სილიციუმის პროცესორებიდან.“[1]

აქედან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ნიკ ბოსტრომი აღნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძლება ჰქონდეს ცნობიერება, რადგან ისინი მხოლოდ თანამედროვე დაბალი შესაძლებლობის კომპიუტერებს იცნობენო, მაგრამ მომავალში ისეთ სრულყოფას განიცდის ტექნოლოგიები, რომ კომპიუტერები გახდებიან მეტად გონიერები და ცნობიერებიო.

ჩვენ ალბათ ვერც წარმოვიდგენთ, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს და რას ნიშნავს საერთოდ „ცნობიერი კომპიუტერი“, როცა ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვით, რომ ის ცნობიერია.

აი, ტექნოლოგიების ასეთ გიგნტურ შესაძლებლობებს ეფუძნება სამყაროს სიმულაციის თეორია. თუ როგორმე წარმოვიდგენთ, რომ სამყაროში (არა დედამიწაზე) არსებობენ ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული რასები, რატომ არ შეიძლება, რომ მათ განვითარების ისეთი დონე ჰქონდეთ, რომ მატერიალურ დონეზე ქმნიდნენ ცხოვრების სიმულატორს, ისეთ, როგორიც დედამიწაა. ჩვენც ხომ გვაქვს კომპიუტერული თამაში  – ცხოვრების სიმულატოი –  The Sims. სადაც შეგიძლია რამდენიმე სიმი შექმნა; მართო და აკონტროლო მათი ცხოვრება. და იქნებ ჩვენ ვართ „თამაშში თამაში“, „ცხოვრებაში ცხოვრება“? და ხომ შეიძლება ჩვენმა შექმნილმა პერსონაჟებმა მერე თავისი თამაში შექმნან და ახლა მათ ჰქონდეთ გავლენა თავის შექმილ პერსონაჟებზე? და ასე, ფრაქტალურად და უსასრულოდ. იქნებ ღმერთი მართლა პროგრამისტია?

და ჩვენ რამდენჯერ გვითქვამს, რომ „დიდი ძმა გვიყურებს“, რომ „გვაკონტროლებენ“, „გვითვალთვალებენ“ და ის ვინც ამას აკეთებს, იქნებ სულაც არ არის ხელისუფლება და მთავრობა? იქნებ სწორედ მათ მართავენ და აკონტროლებენ და გვთავაზობენ „თავის წესებს“… ან იქნებ მართლა „მატრიცაში“ ვართ?

მოკლედ, ძალიან შორს შეიძლება წავიდეს ფანტაზია, თუმცა, როგორც გითხარით, მსგავსი თეორიები საინტერესოა, როგორც მეტაფორები ან როგორც ფაზლის ნაწილი და არა ერთადერთი და ჭეშმარიტი რეალობა; თუ ღრმად გავიაზრებთ, შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ ასეთი ხედვაც არ არის საფუძველს მოკლებული. ხელოვნური ინტელექტი ხომ სულ უფრო მეტად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. გაიხსენეთ, ფეისბუკზე რეკლამები. არა მხოლოდ გუგლში დაძებნილ ნივთებს გვთავაზობს ალგორითმი, არამედ გადახდის ბარათებთან მიბმული მონაცემთა დამუშავებით „ზეპირად“ იცის: რას ვყიდულობთ, რას მივირთმევთ, რა გვჭირდება. უფრო შორსაც მიდის და უფრო მეტი ადამიანი წერს იმის შესახებ, რომ სახლში ნათქვამი ნივთის საჭიროებას წამში პასუხობს ფეისბუკზე რეკლამის ამოყრით… და კიდევ უფრო შორს: ხმაც რომ არ ამოგიღია, უბრალოდ რომ გაიფიქრე, რომ რაღაც გჭირდება და მოულოდნელად „ხსნის გზას“ იუთუბზე ან ფეისბუკზე, ან სხვა სოციალურ ქსელში, რეკლამა გთავაზობს. თავადაც მქონია მსგავსი გამოცდილება და ბოლოს ის გავარკვიე, რომ მალე კომპიუტერი (თუ უკვე არ…) ჩვენი ტვინის მდგომარეობასაც შეისწავლის და ფიქრებსაც „გადათარგმნის“ აი, ეს კომპიუტერი, რომელთანაც ახლა ვზივარ და კლავიატურაზე ვაწკაპუნებ. რა ვიცი, იქნებ ამ სტატიის წერაც მისი შთაგონებაა?

ერთი სიტყვით, საინტერესო ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, როცა ტექნოლოგიები მისტიკისგან შორს აღარ არის.

„ილონ მასკის მიხედვით: ჩვენ სიმულაციურ სამყაროში ვარსებობთ და გიგანტური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ვიმართებით. სწორედ ისე, როგორც ეს ვიდეო თამაშებშია. ჩვენი გონებაც კი სიმულაციის მეშვეობით იმართება.

ამ თეორიის მიხედვით, The Matrix არის ერთადერთი რამ, რასაც ვერ გავექცევით, რადგან ამ სამყაროში “ვცხოვრობთ” და მისი განუყოფელი ნაწილი ვართ.

რატომ უნდა ვირწმუნოთ ეს თეორია? არგუმენტი მარტივია: ჩვენ უკვე მივიღეთ სიმულაცია და უკეთესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ნელ-ნელა გაუმჯობესებული ცხოვრება გვექნება.

მაგალითისთვის, თუ კომპიუტერული სიმულაციის მეშვეობით, ცხოველთა და მცენარეთა ქცევისა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და მართვა შეგვიძლია, უფრო ძლიერი ზეგავლენის მეშვეობით, ადამიანთა ქცევის მართვასაც შევძლებთ.“[2]

 

ჰოო… არ ვიცი, მასკის პერსპექტივა სადამდე მიგვიყანს საბოლოოდ: მარსზე თუ იმას იქით?

 

ახლა კი საკითხს სხვა მხრიდან შევხედოთ: კოვიდსიტუაციის გამო ჩვენ თითქმის ვირტუალურები  გავხდით. ლინგვისტიკაში როცა პირველად „ენობრივი ადამიანის“ ცნებაზე დავფიქრდი, ვცდილობდი მკაფიოდ დამენახა, რა განსხვავება იყო თავად ადამიანსა და ენობრივ ადამიანს შორის, ანუ ადამიანი თავსთავად და ის, რომელსაც ადამიანი ენობრივად, ენის მეშვეობით წარმოადგენდა; ვფქრობდი, რომ ეს ორი არსება ერთმანეთს მნიშვნელოვნად დაშორებული იყო, რადგან სიტყვა, რომელიც მას გამოხატავდა, მეტწილად სიყალბეზე ან შაბლონზე დაფუძნებული მეტყველება იყო. ახლა კი წარმოიდგინეთ ადამიანის რასის ახალი შტამი: ვირტუალური/ციფრული ადამიანი. პირველად, როცა აუდიტორიის ნაცვლად კომპიუტერში შავ ეკრანთან მქონდა ლექცია, რომელზეც სტუდენტები ავატარებით იყვნენ, ცოტა უცნაურად ვიგრძენი თავი; ვთქვი, რომ ეს ის არ არის, მაგრამ რაკი სხვა გზა არ არის, ასე უნდა გავაკეთოთ. ანუ ცხოვრებამ დაგვიდგინა რაღაც ახალი წესი, ჩაგვაგდო ახალ მოცემულობაში, სადაც ციფრულობის გარდა სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა. თანამედროვე ადამიანი მეტწილად უკვე ვირტუალურია და უფრო და უფრო ვითარდება ამ მიმართულებით; ვემსგავსებით ფილმის, „სუროგატების“, პერსონაჟებს: სახლში, ტახტზე წამოწოლილები რომ მართავენ თავის ავატარებს. ან უნდა გადავაგდოთ კომპიუტერები და ტყეში წავიდეთ მაშინ საცხოვრებლად, ან – უნდა მივყვეთ ტექნოლოგიებს და ჩვენი, კაცმა არ იცის, როგორი ნამდვილი არსებობა, ჩავანაცვლოთ ვირტუალური არსებობით…

არავინ იცის, საით მიდის სამყარო, მაგრამ ის ვიცით, საით მივდივართ ჩვენ?

ღირს, მასწავლებლებო, ამაზე დაფიქრდეთ და აფიქროთ თქვენი მოსწავლეებიც!

 

 

[1] NICK BOSTROM, ARE YOU LIVING IN A COMPUTER SIMULATION?

https://www.simulation-argument.com/simulation.pdf

[2] https://www.allnews.ge/saintereso/150177-aris-tu-ara-samqaro-romelshic-vcxovrobt-simulacia/

 

ჟურნალ “სკოლის მართვის” 2021 წლის მეოთხე ნომერი გამოიცა !

0

ჩემი დიდი ბებია იაკობ გოგებაშვილის ნაჩუქარი წიგნებით სწავლობდა, თუმცა მამა უშლიდა თურმე სწავლას – ბუჩქებში ვიმალებოდი და ისე ვკითხულობდიო… იაკობ გოგებაშვილი მხოლოდ წიგნების ჩუქებით არ შემოფარგლულა – განათლება უნდა მიიღოსო და თბილისში წამოუყვანია. ძალიან გამოუჩენია თავი ჩემს დიდ ბებიას და სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩაუბარებია. სანიმუშოდ სწავლობდა თურმე, მაგრამ მალე გამორიცხეს – გლეხის გოგოს ადგილი აქ არ არისო (თვითონ „კრესტიანკას“ ამბობდა). რამდენჯერ მიფიქრია, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება რომ ჰქონოდა…

 

მას შემდეგ მთელი საუკუნე გავიდა, მაგრამ განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას სიმწვავე დღემდე არ დაუკარგავს. პირიქით – პანდემიამ და დისტანციური სწავლების იძულებითი რეჟიმით გამოწვეულმა გარემოებებმა ეს საკითხი განათლებაზე არათანაბარი წვდომისა და უთანასწორობის ახალი, თანამედროვე, განსხვავებულად დისკრიმინაციული და უფრო უხილავი შინაარსით დატვირთა.

 

განათლების, ერთი შეხედვით, ადვილად მიღების ეპოქაში, Teams-ის, Zoom-ისა და სხვა პლატფორმების განზომილებებში ისევ აქტუალურია ის, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება. დისტანციური სწავლების რეჟიმში ისევ და ისევ სკოლას ვთხოვთ სათანადო მობილიზებას – არ დარჩეს არავინ სასწავლო პროცესის მიღმა და სკოლებს უწევთ უდიდესი ძალისხმევის გაღება, უპასუხონ როგორც ძველი, ასევე, ახალი რეალობის მოთხოვნებს. ისევ და ისევ – დიდი მადლობა სკოლებს ამისთვის!

 

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჟურნალის ამ ნომერში მკითხველისთვის პანდემიის პირობებში სკოლის საჭიროებების დადგენის ინსტრუმენტი შეგვეთავაზებინა და დისტანციური სწავლების ეფექტურობის შეფასების ახალი რესურსი გაგვეცნო.

 

მკითხველს ვუზიარებთ წამყვანი მსოფლიო თეორეტიკოსების მოსაზრებებს განათლების როლზე ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაში, თვალს გადავავლებთ დირექტორის პროფესიის განვითარებას საქართველოში, გავეცნობით საინტერესო ინტერვიუებსა და კვლევებს.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფიქრალი, რომელსაც ჟურნალის ეს ნომერი გთავაზობთ, სწავლა-სწავლების პროცესში მშობლის როლია. პანდემიამ ეს როლი კიდევ უფრო მკაფიო შინაარსითა და პასუხისმგებლობით დაგვანახა და ამ პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევისთვის ჩვენ STEAM განათლებასა და არაფორმალური განათლების აქტივობებს გთავაზობთ…

და, რა თქმა უნდა –

გილოცავთ მორიგი ურთულესი წლის დასრულებას და, როგორც არასდროს, ისე ერთიანია მთელი მსოფლიო საახალწლოდ ჩათქმულ თან იდუმალ, თან გაცხადებულ სურვილში, თუ როგორი 2022 გვინდა… სწორედ ამ სურვილს ვუერთდებით ჩვენც!

რედაქტორი- ნათია ნაცვლიშვილი

ამ ნომერში წაიკითხავთ :

სკოლის მართვა

დიზაინერი–  ბესიკ დანელია

კორექტორი მაია წიკლაური

 

ნომრის ავტორები 

ბერიკა შუკაკიძე, ლელა მახოხაშვილი,  ხათუნა ბარაბაძე,  ეკატერინე დაფქვიაშვილი, გურამ სულაქველიძე, მაია არავიაშვილი, ნონა პოპიაშვილი, ელისონ კლეინი, ეკა მგელაძე, კახა ჟღენტი, სალომე ცხვედიანი, თამარ მეგრელიშვილი დენის წურწუმია.

ნომრის სტუმრები: დოქტორი კორინა ბორერი,  მკვლევარი და პროექტების მენეჯერი
ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტში.

 ვასილ ხოდელი- ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი 

სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე
განათლების დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორი

დავით ხვედელიძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
მაია არავიაშვილი
სოციოლოგიის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროსი
ნატალია ინგოროყვა
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის
საინფორმაციო- საგანმანათლებლო და
მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
ხათუნა ბარაბაძე
პედაგოგიკის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მასწავლებლის პროფესიის
რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი
დენის წურწუმია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის
სამმართველოს უფროსი,
განათლების სამართლის მკვლევარი
კახა ჩხარტიშვილი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის
უფროსი

 

 

 

 

 

 

როგორ დავაბრუნოთ მართიკო თავის სახლში

1

ერთი წიგნის შესახებ, რომელიც მასწავლებლებს წყალივით გვჭირდება

 

ერთ ჯადოსნურ წიგნზე უნდა მოგიყვეთ. მართალი გითხრათ, ამ წიგნზე საჭირო წიგნი ბოლო დროს არ შემხვედრია. ლელა ცუცქირიძის „მართიკოს ვაშლის ხე“ ისეთი ამბავია, ერთნაირად რომ მონუსხავს დიდებსაც და პატარებსაც.

წიგნი ილუსტრირებულია და საოცარი, სახასიათო ილუსტრაციებით უფრო მეტია გადმოცემული, ვიდრე ტექსტით. ძალიან რთულია, ომის თემაზე საბავშვო წიგნი შექმნა, თანაც ისეთი წიგნი, რომელიც მკითხველს იმედს, რაღაც მიღმიურისა და ჯადოსნურის რწმენას ჩაუსახავს. ლელამ და მისმა ქალიშვილმა ეს მოახერხეს და მკითხველებს ძვირფასი საჩუქარი გაგვიკეთეს, მასწავლებლებისთვის კი ეს საჩუქარი კიდევ უფრო საჭირო და დროულია.

ამბავს პატარა გოგო მართიკო ჰყვება. ტექსტი მარტივი, გასაგები და გაუპრანჭავია, ისეთი, როგორიც პატარა გოგოს შეჰფერის, თუმცა ამ პატარ-პატარა წინადადებებში, მოკლე-მოკლე დიალოგებში მთელი ისტორია იკითხება, თითოეული სიტყვა ომგამოვლილი ადამიანების, ბავშვების განცდებსა და შიშებს იტევს.

განცდები გოგონასი, რომელმაც საყვარელი ადამიანი, საყვარელი სახლი, მოგონებები დაკარგა, გვაშფოთებს და მთელი სიცხადით შევიგრძნობთ ომის საშინელებას, მით უფრო, რომ ეს ომი სულ ახლახან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენთან ძალიან ახლოს მოხდა.

ილუსტრაციებით გადმოცემული ემოციები, კვამლი, ცეცხლის ენები პატარა თუ დიდ მკითხველს ერთნაირად მონუსხავს და აფიქრებინებს: „ნეტავ აღარასოდეს აღარსად იომონ ადამიანებმა, არცერთი ბავშვი აღარ დარჩეს ობლად და უსახლკაროდ!“

მართიკოს კი აქამდე არასდროს ენახა ნამდვილი ომი: „მე მაშინ ექვსი წლის ვიყავი და არ ვიცოდი, რა იყო ნამდვილი ომი. იმას ვდარდობდი, რომ ჩემი ფისო ლამარა არსად ჩანდა“.

ექვსი წლის ბავშვის თვალით დანახული ომი კიდევ უფრო შემზარავი და დამთრგუნველია. იმედისა და საყრდენის ძიებაშია მართიკო, და ამ იმედად იქცევა ვაშლი, რომელიც მამამ გამოთხოვებისას მისცა და დაჰპირდა, რომ ძალიან მალე ნახავდა.

მართიკო ვაშლის კურკებისგან ვაშლის ხეს გაახარებს, და ეს ჩემთვის სიმბოლოა იმისა, რომ გმირები უკვალოდ არ ქრებიან, რომ ისინი ტოვებენ შთამომავლობას, რომელიც ერთ ვაშლს ვაშლის ბაღად აქცევენ.

წიგნი ნამდვილი განძია მასწავლებლის ხელში. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ნამდვილი, რეალური პატრიოტიზმი, როგორ ვაჩვენოთ, რა არის სამშობლოსთვის თავგანწირვა გულზე მჯიღის ცემისა და პათეტიკური სიტყვების კორიანტელის გარეშე? – ამის პირდაპირ ინსტრუქციას „მართიკოს ვაშლის ხე“ მოგვცემს. ის დაგვანახებს, რომ ახლახან და არა ათასწლეულების წინათ, აქვე ახლოს და არა შორეულ ქვეყნებში, ადამიანები ხდებიან გმირები, სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სიტყვები არ არის – ის ქმედებებით რეალიზდება. რეალურად არსებობს ამქვეყნად უამრავი მართიკო, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ის ჯოჯოხეთი, იმ ქვეყანამ რომ დაატრიალა, რომლისთვისაც „მტერი“ დღესაც ვერ დაგვირქმევია თამამად, რომელსაც ვიღაცები დღემდე შენატრიან.

მასწავლებლებმა თავად გადაწყვიტონ, რომელ კლასში შეიტანენ, მე კი მათ რამდენიმე აქტივობას ვურჩევ.

 

წიგნის ხმამაღლა კითხვა: მასწავლებელი უკითხავს ბავშვებს წიგნს და თითოეული აბზაცის შემდეგ ეკითხება, როგორ გაგრძელდება, მათი აზრით, ამბავი – შეხვდება მართიკო მამას? გაიხარებს ვაშლის თესლი ქოთანში?

გაგრძელება: როგორ ფიქრობ, როგორ გაგრძელდება მართიკოს ცხოვრება? კარგი იქნება, თუ გაგრძელებას ნახატებით წარმოვადგენინებთ, რადგან ამ წიგნში ილუსტრაცია და ტექსტი ერთ მთლიანობას ქმნის.

მოყევი ამბავს მართიკოს დედის პირით: ნაცვლად ბავშვური ენისა და სტილისა, ბავშვებს მოუწევთ შეარჩიონ ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებითაც, მათი აზრით, მართიკოს დედა ისაუბრებდა ომსა და დიდ დანაკარგზე.

აღადგინე ეპიზოდი: რა გადახდა თავს მართიკოს მამას? იქნებ სულაც არ გაფრენილა ჩიტივით ცაში, როგორც სანდრო პაპა ამბობს, იქნებ ტყვედ ჩავარდა და ერთი სული აქვს, თავი დაისსნას და თავის პატარა გოგოს ჩაეხუტოს? დაე, ბავშვებმა ფანტაზიას გასაქანი მისცენ და მოიგონონ ამბები, თავგადასავლები – იმაზე, თუ როგორ ხდებიან ადამიანები გმირები.

არგუმენტირებული ესე: მართიკო, როდესაც მამიკოს გაფრენის შესახებ გაიგებს, გაბრაზებული ეტყვის სანდრო პაპას: „მერე, რატომ გახდა გმირი?! ყოფილიყო უბრალოდ ჩემი მამიკო! ცაში რა უნდოდა?! მე ხომ აქ დაბლა ველოდებოდი-მეთქი!“ რა საჭიროა გმირობა? რატომ ხდებიან ადამიანები გმირები? საერთოდ, რატომ სწირავენ სამშობლოს სიცოცხლეს? რამდენნაირი გმირობა არსებობს? გმირობისთვის აუცილებელია სიკვდილი? ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც ამ ეპიზოდის ინსპირაციით დისკუსიას გამოიწვევს და საბოლოოდ ბავშვები წერილობით ჩამოაყალიბებენ კიდეც.

რა მოხდებოდა, მართიკოს მამა მტერს რომ არ შებრძოლებოდა და სოფელი მიეტოვებინა? რა მოხდებოდა, რომ სოფელი არ დაეცვა? ამ საკითხზე მსჯელობისას შეიძლება სხვა მაგალითების მოხმობაც ისტორიიდან. თხზულების დაწერაც კარგი იქნება.

„იქნებ ადამიანები არ მიფრინავენ, იქნებ ბრუნდებიან მათთან, ვინც ძალიან უყვართ. უბრალოდ, ჩვენ მათ სულ სხვადასხვანაირად ვხედავთ“ – ეს ჯადოსნური, მისტიკური ამბავია, ამ თემაზე ბავშვებმა შესაძლოა ნახატებიც შექმნან, გამოძერწონ ან პატარა ესეები, ჩანახატები დაწერონ. ჰქონდეთ ბავშვებს იმის რწმენა, რომ ყველაფერი აქ, დედამიწაზე არ სრულდება და ყველაფერს თავისი გაგრძელება აქვს. ვინ იცის, რამდენი ისეთი ბავშვის გულს მოვფენთ იმედის სხივებს, რომლებიც უდროოდ გაფრენილი საყვარელი ადამიანების ან ცხოველების სევდას დაატარებენ. მასწავლებლები ხომ მოსწავლეების სულსაც ვეხებით ხოლმე, და ეს შეხება შვების მომგვრელი უნდა იყოს.

დაბოლოს, დაბრუნდება თუ არა მართიკო შინ? ეს ის კითხვაა, რომელზეც მხოლოდ მართიკოს ცხოვრება კი არა, მთლიანად ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. რატომ? ო, ეს უკვე საკლასო ოთახში განსახილველი საკითხია. როგორ შეიძლება დავაბრუნოთ მართიკო თავის სახლში? – იქნებ ახალმა თაობამ მაინც გამონახოს გზები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაკარგულ ტერიტორიებს დაუბრუნებს და მავთულხლართებს ვაშლის ბაღებით შეცვლის. ბავშვები ხომ ისე ფიქრობენ და ისეთი იდეები მოსდით, ჩვენ, უფროსები, ვერც ვიოცნებებთ. ჰოდა მივცეთ გასაქანი, ვალაპარაკოთ, ვაწერინოთ, ვაფიქროთ, და იქნებ მართიკოც დაბრუნდეს თავის სახლში – ალბათ უკვე გაზრდილი, მაგრამ მუდამ მამიკოს ვაშლების ბაღზე მეოცნებე.

მოდი, ზღაპარო და გადაგვარჩინე…

0

„ძილისპირული – ადამიანი არის ის განწყობა და გარემო, რომლებსაც ქმნის. გემშვიდობებით და ვიძინებ ხეების თანამყოფობით. ჰო, თუ ციყვმა ან ენოტმა შემოისეირნა, მთლად სახალისო გახდება ჩემი ცხოვრება. ბურიანში ხომ რეალური დროის მიღმა აღმოვჩნდი, ზღაპრის მომნუსხველ სინამდვილეში, როცა მგლის ყმუილის თანხლებით ვახშმობ“, – ვწერდი ძილის წინ, ბურიანში მოხვედრილი. აქ ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაშია. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ტყის შუაგული, ყველგან პოეზია და მასპინძლის მორთმეული ზღაპრის მზესუმზირები, გარშემო – დახვეწილი სილამაზე, ბუნებისა თუ ადამიანის ხელით შექმნილი. ყველაზე მეტად კაცი მაშინ ემსგავსება ღმერთს, როცა შემოქმედებას ქმნის. ბურიანული სამყაროც ორი საოცარი ადამიანის, ჟურნალისტების – პოეტ-რობაისტ ელგუჯა მარღიასა და მანანა გეგიძის შექმნილია. აქ თავს სტუმრად როდი გრძნობ – მთლიანად ექსოვები ბუნებრივ თუ ადამიანურ კონტექსტში, გარემოს ნაწილად იქცევი. ამას ემატება მასპინძლების ჩვენს ქვეყანაში უკვე ატავიზმად ქცეული კეთილგანწყობა, რომლითაც მეგზურობას გიწევენ ამ უჩვეულო განზომილებაში.

სვანეთიდან მთების ალპური ზონის ჯადოსნური ყვავილების გვირგვინები წამოვიღე და წლობით ვინახავდი, მიუხედავად იმისა, რომ გახუნდა. ახლაც მაქვს ბურიანული მზესუმზირების „რთვლიდან“ წამოღებული ფერადი (ღვინისფერიცაა) მზესუმზირები. ხმელია, მაგრამ იქაურ ენერგეტიკას ინახავს და გახსენებს ყველაფერს: ღამეული ტყის ფოთლების იდუმალ შრიალს, ნანასავით რომ ჩაგესმის, მეექვსე საუკუნის ეკლესიას, რომლის ტრანსცენდენტურ რკალში უჩვეულო ამბები ხდება და მოულოდნელად გზაზე გადარბენილი ციყვუნიას მუქი წითელი ფაფუკი კუდის ბზინვარებას. და ისევ და ისევ, თითქოს მარად ვბრუნდები ბურიანში…

მათ ჰქვიათ „თორო არტ ბურიანი“. სწორად გაგახსენდათ ჰენრი დევიდ თორო. „როცა ვაგროვებთ ქონებას ჩვენთვის ან შთამომავლობისთვის, ვქმნით ოჯახსა თუ სახელმწიფოს ან სახელის მოხვეჭას ვცდილობთ, ჩვენ მოკვდავები ვართ, მაგრამ როგორც კი ჭეშმარიტებას მივეახლებით, უკვდავნი ვხდებით და აღარც ცვალებადობა გვაშინებს და აღაც უბედური შემთხვევა“, – წერდა ეს დიდი ამერიკელი მწერალი, ნატურალისტი, აბოლიციონისტი, რომელიც იზიარებდა ტრანსცენდენტალიზმის იდეებს და უმხედრდებოდა თანამედროვე ცივილიზაციას. მას სულაც არ ჰქონია ტრადიციული სურვილი – კარიერა აეწყო. ამიტომაც გადავიდა საცხოვრებლად 1845-1847 წლებში უოლდენის აუზის სანაპიროსთან, საკუთარი ხელით ააგო ქოხი და იქვე დასახლდა, მოსწყდა ყველასა და ყველაფერს. ეს ექსპერიმენტული ცხოვრება, როცა ველურ პირობებში მოიპოვებდა საარსებო ლუკმას, მწერალმა შემდგომ თავის ნაწარმოებში „უოლდენი ანუ ცხოვრება ტყეში“ აღწერა. როცა ბურიანის ულამაზეს ტყეში ელგუჯა მარღიას მიერ თოროს შთაგონებით აგებულ ქოხს ნახავთ, რომელშიც საოცარი ინტიმი, წიგნებით სავსე თაროები, კედლებზე – წარწერა-რობაიები და მყუდრო პოეტური გარემო შემოგეგებებათ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით იმ კონცეფციის სიმართლეში, რომლის მიხედვითაც ცივილიზაციისა თუ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარება არ არის სულიერი სრულყოფის პირდაპირპროპორციული.

ელგუჯა მარღია პირველი და გამორჩეული ქართველი პოეტი-რობაისტია. ეს სალექსო ფორმა ომარ ხაიამის სახელთან ასოცირდება. „როცა დრო ასე ძვირად ფასობს, ოპტიმალურია ასეთი ლაკონიურობა, მაგრამ ამ ვიწრო კალაპოტმა უნდა დაიტიოს აზრის სიღრმეცა და მძაფრი ემოციაც, ყოფიერების ტრაგიზმიცა და მისგან თავდაღწევის გზებიც“, – წერს ლია კარიჭაშვილი და სწორი გზაც აურჩევია პოეტს ამ ტრაგიზმისგან თავის დაღწევისა ბურიანული ბუნების ოაზისში. მისი აქ ცხოვრებაც ფიქრიანია, ესთეტიკური, ბუნებისა თუ აზროვნების სიღრმეებში წვდომისა.

 

„შორს, ჰორიზონტზე, შურდულივით მიჰქრის თოლია,

ზღვამ ჩემი ფიქრი მზის ბილიკით გაიყოლია…

როცა ბუნებას უბრუნდები მისი ნაწილი, –

თურმე ცხოვრებაც რა მსუბუქი და იოლია…“ („სიმსუბუქის რობაი“)

 

ეს სიმსუბუქე არც ისე მარტივია და დიდი შრომითა და თანადგომით მიიღწევა. თუმცა ეს არ გაგიკვირდებათ, როცა ბურიანის დიდი სახლის მშვენიერ დიასახლისს – მანანა გეგიძეს გაიცნობთ, თავისი დახვეწილი გემოვნებით, დიდი კაცთმოყვარეობით და კოლხი ქალის ძირძველი, გასაოცარი ალღოთი ცხოვრებისა თუ ადამიანების მიმართ. იმედითა და პატივისცემით განგაწყობს ამ ბუნებასა თუ ერთმანეთთან ჰარმონიული წყვილის ცხოვრების წესი. ძალიან საინტერესოა მათთან ურთიერთობა, წიგნითა და პოეზიით აღასავსე, და როცა შინ ბრუნდები, გული გწყდება, რომ უკვე ძალიან ახლობელ ადამიანებს გამოეთხოვე, თუმცა განცდაც გაქვს, რომ მათი სახით ყოველთვის დაიგულებ სულიერ თავშესაფარს და ესაა ადგილი, სადაც ყოველთვის სიხარულით მიგიღებენ.

 

ნოემბერში მელოდნენ, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ ჩავედი და ზღაპრის შემოდგომა ვერ ვნახე. თუმცა ზამთარი წინაა. ალბათ ვერაფერი შეედრება ბურიანულ ზამთარს – ბუხრის სიმშიდე და მაგია, „სახლში შემოსული“ მოალერსე ხეები, რომლებზეც ჩიტის ულამაზესი, პაწაწა დათოვლილი სახლები თავ-თავის ამბავს გიყვებიან. თითქოს დრო ჩერდება, თითქოს ღმერთს მიეახლები, ასე წრფელს, ფაქიზსა და საყვარელს. აქ თითქოს ხილულისა და უხილავის ზღვარია. და პოეტის ფიქრები „გადაგედება“:

 

„ვხედავ, ჩემთვისაც მოიცალე, წამი დამითმე

ამ სამყაროში… სიყვარულით გული გამითბე…“

 

მიხარია, რომ სადღაც არის ადგილი, სადაც სითბოთი დაგხვდებიან, სადაც „განისვენებს“ სულიცა და ხორციც წუთისოფლის ორომტრიალისგან.

ზღაპარი მომელის!…

 

 

 

ზრდასრული შვილები – წესები, საზღვრები, სოციუმი

0

ამ სტატიაში ისევ და ისევ მშობლობაზე უნდა ვისაუბროთ. კერძოდ, ისეთ მშობლობაზე, როდესაც უფროსები იყენებენ ძალაუფლებას, როცა რაიმე პრობლემის წინაშე დგებიან. რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე, ისაუბრო მტკიცე, მშვიდი ტონით, გამოხატო გრძნობები, არ ჩადგე ბრალმდებლის როლში და სთხოვო შვილს, შეცვალოს ქცევა, მას შემდეგ, რაც ზუსტად აუხსნი, რატომ არის მნიშვნელოვანი ესა თუ ის ცვლილება, – ამბობენ ავტორები – Gill Hines და Alison Baverstock (ამ ავტორების წიგნი: „თქვენი ზრდასრული შვილები“ მოგვითხრობს ადამიანის ასაკობრივი განვითარების ძალიან საინტერესო ეტაპზე – ზრდასრულობა ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი მრავალ სირთულესა და წინააღმდეგობას აწყდება. ვფიქრობ, ქართველი მკითხველისათვის საინტერესო იქნება განსხვავებული ხედვისა და გამოცდილების გაზიარება). მსგავსი ტიპის აღზრდა კარგად მუშაობს მოზარდებთან ურთიერთობისას და ნაკლები შედეგი აქვს მცირე ასაკის ბავშვების აღზრდის პროცესში.

საუბარია ასერტულ აღზრდაზე (ინგლ.: assertiveness – დარწმუნება, დასაბუთება, ადამიანის უნარი – არ მოექცეს სხვების გავლენის ქვეშ, დამოუკიდებლად დაარეგულიროს საკუთარი ქცევა და პასუხი აგოს მის შედეგებზე). მკითხველმა რომ უკეთ გაიგოს, რატომ არის აღზრდის ასეთი სტილი 16 წლიდან მოზარდებისთვის უფრო შედეგიანი, გეტყვით, რომ მცირე ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული აბსტრაქტული აზროვნების უნარი, რომელიც, ავტორების აზრით, ზოგ შემთხვევაში ოცი წლის ასაკიდან ვითარდება.

მოზარდობის ასაკში შესული ბავშვის აღზრდა ხშირად სერიოზულ განსაცდელად ექცევა ხოლმე მშობლებს/აღმზრდელებს. მიზეზი კი უმეტეს შემთხვევაში ის არის, რომ მოზარდს საერთოდ არ სურს უფროსების მოსმენა. არც აკრძალვები ჭრის და არც დასჯა მუშაობს. შეგვიძლია მოზარდს ინდივიდუალური სასჯელი შევურჩიოთ: არ მივცეთ ჯიბის ფული, ან ჩამოვართვათ მანქანის გასაღები. თინეიჯერს უმჯობესია ვესაუბროთ, როგორც ზრდასრულ ადამიანს. უდავოა, რომ მშობელს გაცილებით დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და ადამიანის ქცევებშიც მეტად ერკვევა, ვიდრე მისი თინეიჯერი შვილი, მაგრამ უნდა აღიაროთ, რომ საკუთარ გარემოცვასთან ურთიერთობებში და იქ არსებულ კანონზომიერებებში ის უკეთ ერკვევა. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, მოზარდ შვილებთან ისეთი ურთიერთობების შენარჩუნება, სადაც შესაძლებელი იქნება ერთმანეთის მოსმენა, აზრების გაზიარება, ერთმანეთისთვის დახმარების შეთავაზება, ისეთი კითხვების დასმა, რომლებმაც შესაძლოა გარკვეულ განსჯებს მისცეს ბიძგი. იმისათვის, რომ ახალგაზრდა ადამიანმა თქვენი დახმარება მიიღოს, არ მოგერიდოთ თავადაც სთხოვოთ მას თანადგომა, რადგან ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ასე ადამიანებს შორის გაცილებით თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ყალიბდება. ახალგაზრდა ადამიანის აღზრდის ერთ-ერთი მძლავრი მეთოდია, გახდეთ მისთვის მისაბაძი მაგალითი. ფსიქოლოგებისგან ხშირად მოისმენთ: თუ შვილს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე გავლენაზე ესაუბრებით და თავად არ ერიდებით მსგავს ნივთიერებებს, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ის ფარისევლობაში დაგადანაშაულებთ. იგივე ხდება, როდესაც მეუღლეს უხეშად ექცევით და შვილს კი ჰარმონიული ურთიერთობების საჭიროებაზე „უკითხავთ ლექციას“. საკუთარი საქციელით მაგალითის მიცემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საუბარი.

„თქვენი ზრდასრული შვილების“ ავტორები, Gill Hines და Alison Baverstock ამჯერად გვასწავლიან, რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს ზრდასრული შვილების მშობლები. უდავოა, რომ გარკვეულ ასაკში მშობლებმა შვილებს უნდა მისცენ „დაშორების“ საშუალება, რათა ბავშვები გაიზარდონ და დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ. და მშობლები? ისინიც უნდა „გაიზარდონ“ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება გააგრძელონ. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ოჯახი არის რთული წარმონაქმნი, სადაც მუშაობს გარკვეული როლური მოდელები. ნებისმიერი ცვლილება აისახება ოჯახის თითოეულ წევრზე. ეს ცვლილება შესაძლოა იყოს პოზიტიური ან ნეგატიურიც კი. ზოგჯერ, ოჯახიდან წასული (პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით) უფროსი ძმა, რომელიც „მშვიდობისმყოფელის“ როლს ასრულებდა, ათავისუფლებს ადგილს უმცროსისთვის. თავის მხრივ, სავარაუდოდ, უმცროსი სრულიად ახალი, მოულოდნელი კუთხით გამოიჩენს თავს. არცთუ იშვიათად ახალი რეალობა ოჯახში მოულოდნელად სიმშვიდესა და ჰარმონიას აღადგენს, რადგან „წასული“ წევრი მუდამ არღვევდა წესებს და სახლში დაძაბულ გარემოს ქმნიდა.

პრაქტიკული ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები ოჯახებს უბიძგებს, შეცვალონ ფილმების ყურების დრო, ადგილი ან მისი თემატიკა. როდესაც ოჯახს ახალგაზრდა წევრი სიმბოლურად ან მართლა ტოვებს, ადამიანები დანაკარგს განიცდიან. თუმცა უმჯობესია ეს სიტუაცია ოჯახმა გამოიყენოს შეკავშირებისთვის, რეალური პოზიტიური ცვლილებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მართლაც ყველა მოწყენილი და სევდიანია, ავტორები მშობლებს ურჩევენ, დასხდნენ ოჯახურ წრეში და ისაუბრონ მიმდინარე მოვლენების შესაძლო შედეგებზე, საკუთარ გრძნობებზე. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრის შედეგად გამოგითავისუფლდებათ დრო და სივრცე.

მშობლებო/უფროსებო, მას შემდეგ, რაც თქვენი ოჯახი ახალი რეალობის წინაშე დადგება და საკუთარ თავს უფლებას მისცემთ, მეტი დრო დახარჯოს სალონში, ჩაეწეროს სატრენაჟორო დარბაზში ან განაახლოს ცურვაზე სიარული, სანამ გადაწყვეტთ რაში გამოიყენოთ თავისუფალი დრო და თუნდაც ფინანსები, აუცილებელია საკუთარ თავს შეჰპირდეთ, რომ გააცნობიერებთ შემდეგ რეალობას: ოჯახში ყოველთვის უამრავი საქმეა და ყველაფრის გაკეთება წარმოუდგენელია. ამიტომ გამოყავით კვირაში რამდენიმე საათი, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვნით. ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების გარდა, შესაძლებელია რამე ახლის სწავლა გადაწყვიტოთ და ჩაეწეროთ კურსებზე, ან დაესწროთ ტრენინგებს; ან იქნებ შეძლოთ დიდი ხნის ნატვრა აისრულოთ და დაიწყოთ წიგნების კითხვა. ტრენინგებზე დასწრების შემდეგ იქნებ თავადაც ჩაუტაროთ სხვებს ტრენინგები საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად; იქნებ მონატრებულ მეგობრებთან ყოველკვირეული შეხვედრების ტრადიცია აღადგინოთ? მოკლედ უამრავი რამ არის, რის კეთებაც გინდოდათ და აი, სწორედ ახლა მოგეცათ დრო და საშუალება, განახორციელოთ საოცნებო გეგმები.

Gill Hines და Alison Baverstock კიდევ უფრო შორს მიდიან და მშობლებს ერთგვარ კითხვარს სთავაზობენ, რათა მათ მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება და საუკეთესო არჩევანი გააკეთონ. კითხვარის შევსებამდე ერთგვარი ინსტრუქციის სახით: იფიქრეთ პასუხებზე, მაგრამ ყურადღება მიაპყარით ყველა იმ ვარიანტს, რომლებიც თავში მოგივათ, არ იჩქაროთ მათი უარყოფა. მაშ ასე:

  • დრო რომ მქონდეს…
  • ვისურვებდი მესწავლა…
  • ძალიან მომწონს… მაგრამ მე ხომ დიდი ხანია, რაც ეს აღარ მიკეთებია;
  • ადამიანი, რომელთან ერთადაც მინდა უფრო მეტი დრო გავატარო, არის…
  • ახალი საქმიანობა, რომლის კეთებასაც ვისურვებდი არის…
  • აი, სწორედ ასე მინდა ვექცეოდე საკუთარ თავს…

ძვირფასო მშობლებო, ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რაც თქვენს ცხოვრებას ამდიდრებს და იმას, რისი კეთებაც გამხნევებთ, სიცოცხლის ხალისსა და საკუთარი ძალების რწმენას გმატებთ. სწორედ ეს უნდა განავითაროთ და გაუფრთხილდეთ მათ. მშობლები, ხშირად უაზრო რუტინით „კლავენ დროს“, რადგან ისინი მიჩვეული არიან, აკეთონ საქმეები ამგვარად და არა სხვანაირად. აი, თუნდაც – უამრავი საჭმელი გაამზადონ და გაუგზავნონ შვილს, მაშინაც კი, როცა დარწმუნებული არიან, რომ ამდენს ის ვერ შეჭამს. თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლები შვილს პირად ნივთებსაც კი ურეცხავენ. უდავოა, რომ არსებობს ისეთი ჩვევები, რომლებზეც აუცილებელია მშობლებმა პრინციპული უარი თქვან, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული ჩვევები შეიძლება ტრანსფორმირდნენ, თუ, რა თქმა უნდა, მშობლები ამას თავად მოისურვებენ. სასარგებლოა ჩვევები, რომლებიც უფროსების მობილიზაციისკენაა მიმართული. ასევე, არსებობს საქმიანობები, რომელთა შესრულება მხოლოდ შვილების კეთილდღეობას ემსახურება და როდესაც შვილებს ის აღარ სჭირდება, მათი სარგებლიანობაც ძალას კარგავს. აქვე ერთ ამბავს მოგიყვებით:

ელისო მრავალი წლის განმავლობაში მოზარდების დებატკლუბს უძღვებოდა. დროთა განმავლობაში მისთვის ეს საქმიანობა ძალიან საინტერესო გახდა და ის პრაქტიკულად პროფესიონალად ჩამოყალიბდა. ელისო უფრო მეტ სიამოვნებას იღებდა ამ საქმიანობით მას შემდეგ, რაც მისმა შვილებმა სკოლა დაამთავრეს და სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელეს. გარდა ამისა, მისმა მეგობარმა, რომელიც მუსიკის მასწავლებელია, დახმარება შესთავაზა, რათა ერთად ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოეყალიბებინათ, რაც მეგობრებმა დიდი სიამოვნებითა და წარმატებით გააკეთეს. ეს სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც დედამ თავს უფლება მისცა საკუთარი, პირადი ცხოვრებისათვის დაეთმო ძირითადი დრო.

ქართველ მშობლებს: ვფიქრობ, ღირს დაფიქრება და იქნებ, მიბაძვაც არ იყოს ურიგო!!!

 

 

განმავითარებელი შეფასება – „გასასვლელი და შესასვლელი ბილეთები“

0

სასწავლო პროცესში განმავითარებელი შეფასების გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. სასურველი შედეგის მისაღებად მასწავლებლები ყოველდღიურად ადევნებენ თვალს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. განმსაზღვრელი შეფასება სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე მიღწეული შედეგების გასაზომად გამოიყენება. სწავლა-სწავლების პროცესში კი მასწავლებლებს ინტენსიურად გვჭირდება ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს  მუდმივად დავეხმაროთ მოსწავლეებს სასწავლო  მიზნის მიღწევაში. მასწავლებლებს  განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები გვჭირდება, რათა საჭირო დროს  მათი ადეკვატურად გამოყენება შევძლოთ. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ყველაზე საიმედო საშუალებაა იმისთვის,   რომ მოსწავლეებმა სასწავლო მიზნისკენ მიმავალ გზას არ გადაუხვიონ.

როგორ გვეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებლებს? – განმავითარებელი შეფასება გვაძლევს საშუალებას შევამოწმოთ მოსწავლეების გაგების და გააზრების დონე, ეს კი, თავის მხრივ, გვეხმარება შესაბამისად დავგეგმოთ სწავლების პროცესი, დავაკვირდეთ  მოსწავლეების მიღწევებს და მოვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ თითოეულ მათგანს წინსვლაში.

განმავითარებელ შეფასებებზე დაყრდნობით  და მის   საფუძველზე  მასწავლებლებს სწავლების პროცესში ცვლილების შეტანა შეგვიძლია. განმავითარებელი შეფასების არსიც სწორედ ისაა, რომ მოსწავლეებს შედეგის გაუმჯობესებისათვის საჭირო გარემო შევუქმნათ.

განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სწავლების პროცესის მიმდინარეობისას, ამისთვის უამრავი სტრატეგია თუ ინსტრუმენტი არსებობს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მასწავლებლებს, განვსაზღვროთ, რა ცოდნა მიიღო თითოეულმა მოსწავლემ გაკვეთილის დასაწყისიდან დასასრულამდე, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად დინამიური და ტრანსფერული იქნება ეს ცოდნა ასევე შენარჩუნდება ეს ცოდნა შემდეგი გაკვეთილისთვის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩემთვის პრიორიტეტული გახდა იმის განსაზღვრა, თუ რა გაიგეს მოსწავლეებმა გაკვეთილზე  და  რამდენად სიღრმისეულად გაიაზრეს შესასწავლი საკითხი.   ამ მიზნით დავიწყე საგაკვეთილო პროცესში  ყველასათვის კარგად ნაცნობი ინსტრუმენტის – „გასასვლელი და შესასვლელი ბილეთების“ გამოყენება.

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ „გასასვლელ ბილეთებს“, რომელსაც ავსებენ ინდივიდუალურად. ეს ინსტრუმენტი ძალიან ეფექტურია იმის გასარკვევად თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა გაკვეთილზე განხილული საკითხები, რა ხარვეზები დარჩა და რა უნდა გავითვალისწინო შემდეგი გაკვეთილის დაგეგმვისას. ასევე, აღმოჩენილი ხარვეზების გათვალისწინებით, ვამზადებ შემდეგი გაკვეთილის  „შესასვლელ ბილეთებს“, რომელსაც მომდევნო გაკვეთილის დასაწყისში ვურიგებ მოსწავლეებს. შესასვლელი ბილეთები მეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ მოხდა წინა გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაგება-გააზრება და მაძლევს  გაკვეთილის წარმართვის მიმართულებებს, ანუ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  ვახდენ  გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას.

პრაქტიკამ მაჩვენა, რომ გაკვეთილის ბოლოს და შემდეგი გაკვეთილის დასაწყისში ამ ინსტრუმენტების გამოყენება  ეხმარება  ჩემს მოსწავლეებს, გაიაზრონ, რის გაგება უჭირთ და რატომ, გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, დასვან დამაზუსტებელი  კითხვები. მე კი მაძლევს საშუალებას შევამოწმო  მოსწავლეების გაგების და გააზრების დონე და მეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ დავგეგმო შემდეგი სწავლების პროცესი.

   მაგალითად, მეექვსე კლასში შესაბამისი საკითხების ახსნის, ვარჯიშის შემდეგ გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ გასასვლელ ბილეთებს, რაც მოსწავლეებს აძლევს თვითრეფლექსიის საშუალებას, ხოლო მე მოსწავლეების გაგება გააზრების დონის გადამოწმების საშუალება მეძლევა.

 შემდეგ გაკვეთილის დასაწყისისთვის მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ შესასვლელ ბილეთებს, რაც საშუალებას მაძლევს, ზუსტად განვსაზღვრო წინა მასალის გაგება -გააზრების  დონე და ამის საფუძველზე ვახდენ გაკვეთილის მოდიფიცირებას მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად. ეს შემდეგი გაკვეთილისთვის მომზადებული შესასვლელი ბილეთია.

 

ასეთივე გასასვლელი და შესასვლელი ბილეთების ნიმუშებს გთავაზობთ მერვე კლასის მოსწავლეებისთვის. გასასვლელი ბილეთი მოსწავლეებს ურიგდებათ გაკვეთილის ბოლოს და მოსწავლეები გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენებით ასრულებენ დავალებას:

 

შემდეგი გაკვეთილის საწყის ეტაპზე კი მოსწავლეები ავსებენ შესასვლელ ბილეთს, რომელიც ასე გამოიყურება:

 

 

 

   განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა გასასვლელ და შესასვლელ ბილეთებზე მუშაობა მეხუთეკლასელი მოსწავლეებისათვის. ასოითი და რიცხვითი გამოსახულებების შესწავლისას  მოსწავლეებს შევთავაზე  ასეთი სახის გასასვლელი ბილეთი:

შემდეგი გაკვეთილის დასაწყისში კი მოსწავლეებმა შეავსეს ჩემ მიერ წინასწარ მომზადებული  შესასვლელი ბილეთები.  

ჩემი დაკვირვებებიდან  იკვეთება, რომ ამ ტიპის ინსტრუმენტების რეგულარულად გამოყენება  ხელს უწყობს  მოსწავლეებში  მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია მათემატიკის სწავლა-სწავლების პროცესში  და აძლიერებს  მოსწავლეთა თვითშეფასების, თვითმონიტორინგის გამჭოლ უნარებს და ეხმარება მათ გახდნენ წარმატებულები.

Festina lente: სად ეჩქარება მასწავლებელს?

3

თანამედროვე სამყაროში ყველა და ყველაფერი თითქოს თავბრუდამხვევი სიჩქარის დაუოკებელი ვნებითაა შეპყრობილი. დრო თითქოს კატასტროფულად შეიკუმშა და შემცირდა. შინ თუ გარეთ, ქუჩასა თუ ტრანსპორტში, ვხედავთ დროის დეფიციტით დამწუხრებულ ადამიანებს – ყველას სადღაც ეჩქარება, ყველას სადღაც აგვიანდება, ყველა საქმე მოსასწრებია, მათ შორის – რაღაცის სწავლა, გაგება თუ გააზრება. სიჩქარეს ტემპს მატებს ათასგვარი რეკლამა, რომლებიც დაუყოვნებლივ რაღაცის შეძენის, ფლობის, მოპოვებისკენ გვიბიძგებს იმგვარი დარწმუნებულობით, თითქოს იმ რაღაცის გარეშე სიცოცხლეს აზრი დაეკარგება, ბედნიერება სადღაც გასხლტება. ხშირად ნახავთ რეკლამებს იმის შესახებ, რა იოლად და სწრაფად შეიძლება გახდე პროფესიონალი, დაოსტატდე ამა თუ იმ საქმეში, ორიოდ დღეში შეისწავლო უცხო ენა და ა.შ.

სამწუხარო და დასაფიქრებელი კი ისაა, რომ ეს უკონტროლო და თავაშვებული სწრაფი რიტმი სასწავლო პროცესსაც ახლავს. დღეს მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც ბევრი რამ აქვთ მოსასწრები, ამიტომ იქმნება სტრესული გარემო, რომელიც ცოდნის შეძენას აფერხებს. არადა, კარგი იქნებოდა, ყველასთვის ცნობილი ლათინური ფრთიანი გამოთქმა თუ სენტენცია, ერთგვარი ოქსიმორონი Festina lente (იჩქარე ნელა) – სასკოლო სივრცისთვისაც გააქტიურებულიყო როგორც მაგიური ფრაზა ტემპის შესანელებლად, ფაქტებისა თუ მოვლენების სიღრმისეულად გასააზრებლად.

მასწავლებელსაც სულ ეჩქარება, მოსასწრები აქვს სასწავლო პროგრამა, რომელიც გადატვირთულია. მიუხედავად იმისა, რომ საათები განაწილებულია, ყოველი წუთი გათვლილია, დრო მაინც არ ჰყოფნის იმისთვის, რომ, მაგალითად, სახელმძღვანელოში მოცემული მასალა რიგიანად და გეგმაზომიერად გაიაროს და ამოწუროს. უამისოდ კი ეუფლება ნაკლულოვნებისა და დანაშაულის განცდა, რომ სათანადოდ არ იჩქარა. მერე კი, ცოტა დრო თუ გამონახა შეყოვნებისთვის, დიდი ფიქრი არ უნდა იმას, რომ დაასკვნის – ყველა საკითხის შესწავლის დაგეგმვა არ იყო გონივრული, არ იყო საჭიროება ამისა, რადგან ისედაც მიაღწევდა მიზანს. ასე კი დრო დაკარგა. მნიშვნელოვან თემას ცოტა დრო დაუთმო, რადგან ამისთვის მეტი საათი რომ გამოეყო, სხვა რამეს მოაკლდებოდა. თანაც პედაგოგი ხშირად თვითონ არ განსაზღვრავს შესასწავლ თემათა თუ საკითხთა რაოდენობას – ის ეროვნული სასწავლო გეგმითა თუ სასკოლო ამოცანებითაა განსაზღვრული. ამას ემატება ბიუროკრატიული ფორმალობები, ათასგვარი მსხვილმან-წვრილმანი, რომლებიც მან უნდა შეასრულოს, რათა სტატუსი შეინარჩუნოს, განვითარებაზე იზრუნოს. ამ სისწრაფეში კი ხშირად ხელიდან უსხლტება მთავარი და მნიშვნელოვანი, რომელსაც მაშინ აღმოაჩენს, თუ ამ სპრინტერულ სრბოლაში მოულოდნელად შეჩერდა, ამოისუნთქა, შეყოვნდა, გაიაზრა, რას რისთვის აკეთებს, მოკლევადიანი გეგმა უფრო მასშტაბურ გრძელვადიან მიზნებთან დააკავშირა, სასწავლო ამოცანები არა ცალკე, მოწყვეტილად, არამედ მთლიანობაში, პერსპექტივიდან დაინახა და შეაფასა.

ერთ ძველ იგავში ბრძენი ურჩევს ადამიანს, სანამ რამეს დაიჯერებს ან გადაწყვეტილების მიიღებს, ის სამ საცერში გაატაროს. საცერში გატარება მეტაფორაა და გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფრის დინჯად აწონ-დაწონას გულისხმობს, რათა ადამიანს ფიქრის საშუალება მიეცეს. იგავში კაცი ბრძენს ეუბნება, რომ მეგობრის ნათქვამი უნდა აუწყოს, რომელიც მას ეხება. ბრძენი კაცს აყოვნებს სიმართლის, სიკეთისა და სარგებლიანობის სამი საცერით, რომლებიც გულისხმობს, რომ მთქმელმა მხოლოდ მაშინ უნდა თქვას ამბავი, თუ დარწმუნებულია მის სიმართლეში, სიკეთესა და სარგებლიანობაში.

ამ იგავის ანალოგიით, მასწავლებელმაც ერთგვარ საცერში უნდა გაატაროს თავისი სასწავლო გეგმები და ამოცანები. მაგალითად, ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ აუცილებელია მოსწავლის განვითარებისთვის (აუცილებლობის საცერი), შემდეგ დარწმუნდეს, რომ მოსწავლეს გამოადგება ეს ცოდნა პრაქტიკული თუ სულიერი საქმიანობისთვის (პრაქტიკულობის საცერი), მომდევნო საცრად კი უნდა იქცეს დრო (რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება დროის მოცემულ მონაკვეთში). ეს მეტაფორული საცრები მასწავლებელმა ჩვენზე უკეთესად შეიძლება მოიფიქროს და გაამრავალფეროვნოს, მიუსადაგოს საკუთარ თავს. რაც უფრო მეტ „საცერს“ მოიფიქრებს, მით უფრო შეანელებს ტემპს, რათა ყოველივე დინჯად განსაჯოს და პურს, რომელიც ამ „გაცრილი ფქვილისგან“ უნდა გამოაცხოს, სურნელიც, ფორმაც და ნოყიერებაც უკეთესი ჰქონდეს, ისეთი, რომ მოსწავლეს სწავლა მოანდომოს და მართლაც აუცილებელ ყოველდღიურ საზრდოდ ექცეს.

ამერიკელი ელენა აგილერი, განათლების საკითხებზე არაერთი სტატიის ავტორი, თავის წერილებში ხშირად ეხება ამ თემას („როგორ შეიძლება, შენელებამ დიდი ცვლილებები გამოიწვიოს“, „10 რჩევა მასწავლებელს ტემპის შესანელებლად“ და სხვ). მისი აზრით, თუ სასწავლო პროცესს თუ მთლიანად განათლების სისტემას წარმოსახვით, ზემოდან დავხედავთ, როგორც რუკას, რათა გავერკვეთ, რა ხდება, უპირველესად, დავინახავთ ქაოსურ მოძრაობებს, ერთგვარ მორევს, რომელშიც ერთმანეთს ეხეთქება ათასგვარი პროექტი, იდეა, გადაწყვეტილება. პედაგოგებიც ყვინთავენ ამ მორევში, ცდილობენ ნაპირზე გასვლას, სული ეხუთებათ. ამ წარმოსახვით რუკაზე თითქოს ფიზიკურად და სულიერად იშლება მათი არსება. აქ არის შფოთვა, სტრესი, იმედგაცრუება. ელენა აგილერი ამერიკული სკოლების მაგალითზე მსჯელობს და ვხედავთ, რომ ეს საქართველოსთვისაც აქტუალური და მნიშვნელოვანია. მართლაც, ყოველივე ამან შეიძლება დეპრესია და უიმედობა გამოიწვიოს, ამიტომ საჭიროა ტემპის შენელება, მეტი სიმშვიდე, მეტი დროის დათმობა რეფლექსიისთვის, შედეგების ანალიზისთვის. სკოლა არ უნდა დაემსგავსოს სწრაფი კვების ობიექტებს, რომლებიც ადამიანებს არაჯანსაღი საკვებით ანაყრებენ, რადგან მოკლე ხანში მათ ისევ მოშვდებათ.

რასაკვირველია, მასწავლებელმა ისე უნდა გაანაწილოს სასწავლო ამოცანები, რომ ნელა, მშვიდად, აუღელვებლად შეასრულოს ისინი და ამგვარად, მოსწავლეებიც აარიდოს სიჩქარით გამოწვეულ მღელვარებას. აგილერი საზოგადოდ სწავლების ტემპის პარადიგმის შეცვლაზე მსჯელობს. ვფიქრობ, მასწავლებელს გამოადგება მისი გამოცდილება.

 

პირველი რჩევა: მიზნების შემცირება

მასწავლებელი, რასაკვირველია, განსაზღვრავს მიზნებს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც, მაგრამ საჭიროა მკაცრი გადარჩევა, გამოხშირვა. შესაძლოა, მაცდუნებლად გამოიყურებოდეს მიზანთა მრავალფეროვნება, მაგრამ აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა, შედეგების უფრო ნათლად წარმოდგენა; უპირველეს ყოვლისა, იმგვარი ამოცანის შესრულება, რომელიც სასწავლო პროცესს აბრკოლებს.

 

მეორე რჩევა: კალენდრის შემსუბუქება

კალენდარში ჩანიშნული აქტივობებიდან მხოლოდ აუცილებლის დატოვება. სურვილები შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მასწავლებელმა საკუთარი შესაძლებლობების ანალიზისა და გარემოებათა გათვალისწინების გზით თავი უნდა დაირწმუნოს, რომ ყველაფერს ვერ მოასწრებს, ამიტომ რაღაცებზე უარი უნდა თქვას, სამაგიეროდ, მეტი დრო დაიტოვოს თითოეული საქმის ხარისხიანად შესასრულებლად. კალენდარში ბევრი რამის მონიშვნა თავიდანვე გულისხმობს გადარბენას, მიფუჩეჩებას, თავის მოტყუებას.

 

მესამე რჩევა: კოლეგებთან ურთიერთობა

მასწავლებელმა უნდა გამონახოს დრო კოლეგებთან საურთიერთოდ, მათთვის კითხვების დასასმელად, გამოცდილების გასაზიარებლად. ამ ურთიერთობას შეიძლება ოფიციალური შეხვედრის ფორმა მიეცეს, რომელზეც რომელიმე ერთ საკითხს განიხილავენ, მაგრამ აუცილებელია არაფორმალური შეხვედრებიც. შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს კოლეგისგან ისეთ კითხვებზე პასუხის მიღება, როგორიცაა, მაგალითად, რა მოხდა ბოლო კვირის განმავლობაში გაკვეთილზე ისეთი, რამაც კმაყოფილების განცდა მოჰგვარა? ან რომელი მოსწავლე როგორ შეიცვალა? ან თვითონ მასზე თუ იმოქმედა რომელიმე მოსწავლის ქცევამ და თუ განიცადა რამე ისეთი, რამაც სასწავლო მეთოდისა თუ ხერხის შეცვლისკენ უბიძგა?

 

მეოთხე რჩევა: ურთიერთობა მოსწავლესა და მშობელთან

მასწავლებელმა დრო უნდა გამონახოს და დაინტერესდეს, რას ფიქრობს მოსწავლე მასა თუ სასწავლო პროცესზე. ამ გზითაც უნდა მოიპოვოს მისი ნდობა, რათა მოსწავლემ გულწრფელად გაუზიაროს გასაჭირი, სთხოვოს დახმარება. ეს შესაძლებლობას მისცემს პედაგოგს, გაიაზროს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და დაეხმაროს სწავლასთან დაკავშირებული უნარების გაუმჯობესებაში. მოსწავლემ უნდა იგრძნოს კეთილგანწყობა და იფიქროს, რომ მასწავლებელს უხარია მისი წარმატება და აღელვებს მარცხი.

კიდევ ერთი რჩევაა, მასწავლებელმა საკუთარ თავსაც და ე.წ. წვრილმანებსაც დაუთმოს დრო. მაგალითად, წვრილმანად არ უნდა მიიჩნიოს უგუნებობა, მცირე ავადმყოფობა თუ მოშიება; საკუთარ თავს პაუზის, გამოჯანმრთელების, დანაყრების საშუალება უნდა მისცეს. მისი ავადობაცა თუ შიმშილიც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე. მასწავლებლის სიმშვიდე, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, შინაგანი ჰარმონია აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლესაც გაუჩნდეს ამგვარივე განცდები და მღელვარების, შფოთვისა და სტრესის, სულიერი ტრავმების გარეშე ისწავლოს.

სიჩქარეს რომ ვნება მოაქვს, ამის საილუსტრაციოდ მსოფლიო ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან არაერთი ისეთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც აჩქარებამ, სულსწრაფობამ მარცხი და ტკივილი გამოიწვია. „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ – ამბობს ბრძენი ავთანდილი, რომელიც სწორედ იმით გვხიბლავს, რომ დინჯად და აწონილ-დაწონილად მოქმედებს. თუმცა ერთხელ მასაც „შეეშალა“, აჩქარდა და ტარიელს ნესტანის მიერ ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილი რიდის ნაწილი და წერილი აჩვენა. გულანშაროდან ახალი ამბით დაბრუნებულმა ავთანდილმა „მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გაძლო, აუჩქარდა“ და ტარიელს მიახარა. ტარიელს კი სიხარულისგან გული წაუვიდა, კინაღამ მოკვდა („ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა“). ავთანდილი მოთქვამს, თავს იდანაშაულებს, რომ „დაზმით“, ე.ი. დინჯად და დაყოვნებით არ შეატყობინა სასოწარკვეთილ მეგობარს სასიხარულო ცნობა:

„მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?

თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დაზმით გაგონებულსა!“

რუსთაველი კი, როგორც ადამიანური ბუნების, სულის სიღრმეთა მცოდნე, დაასკვნის: „გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, / ჭირსა და ლხინსა – ორსავე ზედა მართ ვითა ხელია“.

„განუგებლად“, აჩქარებით დაწერა წერილი ბაგრატ კურაპალატმა, როდესაც საბა იშხნელი გრიგოლ ხანძთელის უკითხავად დაიბარა და მერე სანანებელი გაუხდა („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“).

საზოგადოდ, ტემპი კულტურისა და ცივილიზაციის ერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშანსაც ააშკარავებს: ცივილიზაცია გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება, – ამას თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებიც ცხადყოფს, – ხოლო კულტურას საუკუნეებზე გაწელილი რიტმი აქვს, დროისა და სივრცის მშვენიერებით „ტკბება“ და ადამიანსაც აყოვნებს, რათა მან სამყაროს მრავალფეროვნების გემო და სურნელი შეიგრძნოს, მზერა რამეს ხანგრძლივად ჩამოაყრდნოს, სულს, გულსა და გონებას გარინდების საშუალება მისცეს, საკუთარ სულიერ სიღრმეებში შეიხედოს. „ვინც ჩქარობს, მოუგვიანდესო“, – გვასწავლის ქართული ანდაზა. მასწავლებელმაც უნდა გამოსტაცოს თავი თავბრუდამხვევ რიტმს, რათა „არ მოუგვიანდეს“ და ბევრი რამ, სისწრაფით მიფუჩეჩებული, ხელმეორედ გასაკეთებელი არ გაუხდეს.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...