ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
30 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობის კალენდარი

0

Covid 19-ის პანდემიამ სკოლა და მშობელი კიდევ უფრო დააშორა ერთმანეთს. ერთი მხრივ, მშობლების გადატვირთულმა გრაფიკმა, მეორე მხრივ – სკოლებში დაწესებულმა Covid-უსაფრთხოების რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა მშობელთა მონაწილეობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში.

განვითარებული მოვლენების, მოსწავლეთა სასწავლო დანაკარგების, მუდმივ რეჟიმში ცვლადი სასწავლო რეჟიმის ფონზე, დღეს ისე, როგორც არასდროს საჭიროა, სკოლებსა და მშობლებს შორის გაიზარდოს კომუნიკაციისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი, რაც დადებითად აისახება ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, ქცევასა და სწავლის მოტივაციაზე.

გადაწყვეmastsavlebeli.geტილების მიმღები არის სკოლა. სკოლის მმართველ გუნდს აქვს სამართლებრივი ბერკეტები, შეიმუშაოს მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობის გეგმა-კალენდარი პანდემიის პირობებში, რათა მშობლები მინიმალური ძალისხმევის სანაცვლოდ სრულად ინფორმირებულნი და მეტად ჩართულნი იყვნენ შვილის სასკოლო ცხოვრებაში.

ამისთვის საჭიროა სამოქმედო გეგმის გაწერა, რომლის ავტორობაც აქტიურმა მასწავლებლებმა, მშობლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ერთობლივად უნდა იტვირთონ, მუშაობის პროცესში კონსულტაციები გაიარონ სხვა პედაგოგებთან და მშობლებთან, დასამტკიცებლად (შინაგანაწესში შესატანად) კი სკოლის მმართველ გუნდს წარუდგინონ.

ასეთი გეგმა მთლიანად სკოლას და თითოეულ პედაგოგს გაუმარტივებს მოსწავლეთა მშობლებთან კომუნიკაციას. დაეხმარება, მათი ჩართულობის გაზრდაში, აარიდებს ქაოსს, გაურკვევლობას, გაუთვალისწინებელ უსიამოვნებებს, შეამცირებს სამსახურებრივ სტრესს და დახარჯულ დროს. თანამშრომლობის ეს ფორმატი მეტად მოსახერხებელი იქნება მშობლებისთვისაც. ისინი გახდეიან პროცესების მონაწილე და პასუხისმგებლობის გამზიარებლები. მშობლებს წინასწარ ეცოდინებათ აქტივობების კალენდარი და შეძლებენ, დაგეგმონ თავიანთი დრო შვილის სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისთვის.

იმისთვის, რომ მკითხველი დარწმუნდეს, რამდენად მარტივად შეუძლიათ სკოლის თანამშრომლებსა და აქტიურ მშობლებს ასეთი გეგმის შედგენა, ცხრილი N1-ის სახით წარმოგიდგენთ შაბლონურ ფორმატს.

N მოქმედება მიზანი პასუხიმგებელი პირი შესრულების ვადა ან სიხშირე მონიტორინგი
1          
2          
3          
4          
5          
           
           
           
           
           

 

ცხრილი N1-ის თითოეული კატეგორია განვიხილოთ ცალ-ცალკე:

კატეგორია „მოქმედება“: ჩავწერთ იმ აქტივობის დასახელებას და მოკლე აღწერას, რომელსაც სკოლა გეგმავს მშობლებთან ერთად. (მაგალითად, მშობლებისთვის მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება SMS-ის საშუალებით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მხოლოდ საგნის დასახელებას და ქულებს კომენტარების გარეშე).

კატეგორია „მიზანი“: ჩავწერთ, რისთვის სჭირდება სკოლას ამ აქტივობის განხორციელება. ვინ და რა სარგებელს მიიღებს ამით. (მაგალითად, მშობელი მუდმივად საქმის კურსში იყოს შვილის მიღწევების შესახებ თითოეულ საგანში. დამრიგებელმა უნდა შეასრულოს ესგ-ით დაკისრებული მოვალეობა).

კატეგორია „პასუხისმგებელი პირი“: შესაძლოა, აქტივობას ატარებდეს კათედრა, დაწყებითი, საბაზო ან საშუალო სექტორი, მასწავლებელთა გუნდი, მაგრამ მნიშვნელოვანია, თითოეული აქტივობის განხორციელებაზე ერთი პირი იყოს პასუხისმგებელი. (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელი).

კატეგორია „შესრულების ვადა ან სიხშირე“: ზოგიერთი აქტივობა ერთჯერადად განხორციელდება; ზოგი – რამდენჯერმე; ზოგიც – გარკვეული რეგულარულობით. ამ კატეგორიაში უნდა მივუთითოთ, რამდენჯერ ტარდება და სასწავლო წლის რომელ მონაკვეთში. უმჯობესი იქნება პერიოდი და თარიღები მაქსიმალურად დაზუსტდეს. (ყოველი სასწავლო თვის ბოლო სამუშაო დღე).

კატეგორია „მონიტორინგი“: აღნიშნულ კატეგორიას შეავსებს სამოქმედო გეგმის სრულ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი. ეს შეიძლება იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი, საკითხით დაინტერესებული, აქტიური, მცოდნე მშობელი ან მასწავლებელი. აღნიშნულ გრაფაში კომენტარის სახით ჩაიწერება, ჩატარდა თუ არა აღნიშნული აქტივობა და რამდენად შედეგიანი იყო ის. შეფასების ინდიკატორად გამოდგება რაოდენობრივი და თვისებრივი მაჩვენებლები. მაგ. რამდენმა მშობელმა მიიღო მონაწილეობა, რაიმე თვალსაჩინო შედეგი თუ დადგა, ხომ არ საჭიროებს ჩატარებული აქტივობა დახვეწას, რა შეიძლება შემდეგ ჯერზე უკეთესად გაკეთდეს და ა.შ. (მაგალითად, აღნიშნული აქტივობა განახორციელა X რაოდენობის დამრიგებელმა. დამრიგებლებმა SMS გაუგზავნა მშობელთა Y რაოდენობას, უკუკავშირი მიიღო Z რაოდენობისგან, მშობლები ამ აქტივობას უმეტესად აფასებენ პოზიტიურად, რასაც მოწმობს მათი კომენტარები).

 

კალენდარი უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო ნაბიჯს, რაც სკოლისა და მშობლების რეგულარულ კომუნიკაციას ახლავს. მაქსიმალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა აქტივობა, რაც ცალკეულ სკოლასა და მშობლებს აქვთ პრაქტიკაში – დაწყებული გაცნობითი შეხვედრიდან, დასრულებული – მშობელთა წამახალისებელი აქტივობებით თუ ერთობლივი ღონისძიებებით. კალენდარში უნდა ეწეროს მშობელთა ყველანაირი ტიპის მონაწილება, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კომპონენტი, კლასის დამრიგებლის, საგნის მასწავლებლის თუ ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი შეხვედრა პირისპირ ან onlineსივრცეში.

გარდა ზემოთ წარმოდგენილი ცხრილი N1-სა, სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს მოსწავლეების მშობლებთან პირისპირ და online-შეხვედრების დროში გაწერილ განრიგს. კერძოდ, მშობელმა კონკრეტული დღეების, საათების და ფორმატის მითითებით უნდა იცოდეს, როდის და რა პირობებშია შესაძლებელი შვილის სკოლასთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმა იძლეოდეს შერეული კომუნიკაციის შესაძლებლობას, მშობელს და სკოლას შეეძლოს როგორც სკოლაში უსაფრთხო გარემოში შეხვედრა, ისე ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით კომუნიკაცია და, რა თქმა უნდა, სატელეფონო კავშირის დამყარებაც. ამისთვის უნდა არსებობდეს კალენდარი, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ცალკეულ პედაგოგთან მოსწავლის მშობლების მიღების დღეები, საათები და პირობები (ღია სივრცეში/სკოლის შენობაში/საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში თუ კაბინეტში);
  • ცალკეულ პედაგოგთან მოსწავლის მშობლის დისტანციური კომუნიკაციის დღეები და საათები (Teams, Zoom, Skype და სხვ.);
  • მოსწავლის მშობლის დირექციასთან ვიზიტის დღეები, საათები და პირობები. (ღია სივრცეში/სკოლის შენობაში და ა.შ.);
  • მოსწავლის მშობლის დირექციასთან დისტანციური კომუნიკაციის დღეები და საათები. (Teams, Zoom, Skype და სხვ.);
  • ვის და რა საშუალებით უნდა დაუკავშირდეს მშობელი ზემოთ ჩამოთვლილი ვიზიტების წინასწარ დასაჯავშნად;
  • გამონაკლისი პირები, ვისზეც არ ვრცელდება ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები;
  • გამონაკლისი შემთხვევების ჩამონათვალი, როცა მშობლის სკოლაში მისვლა, გამოძახება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

 

ასეთი კალენდრის გარეშე სკოლებს მოსწავლეთა მშობლებთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება გაუჭირდებათ. ამ მეთოდით მუშაობს არაერთი წარმატებული სკოლა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში.

 

 

როგორ ვასწავლოთ აკაკი წერეთლის „ქებათა ქება“ ღირებულებათა კონტექსტში?

0

აკაკი წერეთელი თავისი შემოქმედებით სამყაროს (წუთისოფლის) თავისებურ მოდელს ქმნის, რომელშიც განსაზღვრავს ადამიანის დანიშნულებას, არსებობის აზრსა და მიზანს. აკაკის „ქებათა ქების“ სწავლებისა და განხილვისას კარგი იქნება, თუ მასწავლებელი გააქტიურებს ღირებულებათა (ფასეულობათა) კონტექსტს, თავიდანვე დასვამს კითხვებს და გამართავს დისკუსიას:

  1. რა ღირებულებები, ფასეულობები აქვს თანამედროვე ადამიანს? (მათ შორის, მასწავლებელს, მოსწავლეს და სხვ.).
  2. რომელია მარადიული და წარმავალი ღირებულებები, რა განსხვავებაა მათ შორის?
  3. დროთა განმავლობაში იცვლება თუ არა ღირებულებები?

ამ კითხვებზე პასუხისას მოსწავლეებს შეეძლებათ მოიხმონ მაგალითები ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, გაიხსენონ კონკრეტულ პერსონაჟთა ქცევა და შექმნან ერთგვარი მოდელები. მაგალითად, როგორც ამას აკეთებს ვაჟა-ფშაველა ლექსში „კაი ყმა“. ამ ლექსის შესახებ უფრო იოლია მსჯელობა შემდეგი კითხვების მიხედვით:

  1. რა ღირებულებები აქვს კარგ ყმას (ე.ი. რას აფასებს, რის მიხედვით ცხოვრობს)?
  2. პოეტის აზრით, რა ღირებულებებით ცხოვრობენ მისი თანამედროვენი (შეიცვალა თუ არა კარგი ყმის ქცევის მოდელები)?
  3. დღეს რომელია ამ ღირებულებათაგან აქტუალური?

თემის გააქტიურებისათვის, კარგი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა ღირებულებათა სისტემის შესახებ მსჯელობა. რუსთველი პროლოგსა და „ავთანდილის ანდერძში“ ფორმულებივით გამოკვეთს რაინდის ქცევის „კოდექსს“ და შემდეგ პერსონაჟები პრაქტიკულად ასხამენ ხორცს ყოველივეს, ასევე პოემის ცალკეულ აფორიზმშიც ხატოვნად და ლაკონიურად წარმოჩნდება ის იდეალები, რომლებისკენაც ისწრაფვიან პერსონაჟები, რათა იყვნენ კაცები და ადამიანები (კაცობა გააზრებულია, როგორც გარკვეულ ღირსებათა ქონა, ხოლო ადამიანობა, როგორც ღვთის ხატებისა და მსგავსების ხსოვნა, უკვდავ სულზე ფიქრი, თავისუფალი არჩევანის აუცილებლობა და სხვ.).

აკაკი წერეთლის ლირიკული გმირის პათოსიც ისეთივეა, როგორიც ვაჟას „კაი ყმისა“. აქაც ქებათა ქება შესხმულია იმ ღირსებებისთვის, რომლებიც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რათა სრულყოფილად იცხოვროს. როგორც ილია ურჩევს თავის პერსონაჟს: „ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“. („კაცია-ადამიანი?!“)

ვინ არის აკაკის ამ ლექსის ლირიკული გმირი?

არსებობის აზრსა და მიზანზე დაფიქრებული, ინტელექტუალური, წიგნიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი იდეალების ღირებულებების გამოსახატავად მიმართავს ბიბლიურ ალუზიებს, რემინისცენციებს.

ზემოთ ნახსენები მცირე დისკუსიის შემდეგ შეიძლება ასეთი კითხვის დასმა:

რა ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას?

მოსწავლეები იმსჯელებენ, როგორ აღიქვამენ ბედნიერებას, მასწავლებლის დახმარებით გააფართოებენ ბედნიერების მნიშვნელობას. ილაპარაკებენ პირად გამოცდილებაზე, თვითონ მათ რა ანიჭებთ ბედნიერებას. გაიაზრებენ ამ ცნების ერთგვარ მოუხელთებელ ბუნებას, ფარდობითობას. შეიძლება რეიტინგის გაკეთებაც – ცნობილ ლიტერატურულ გმირებსა და თანამედროვეებს რა ანიჭებთ სიხარულს, ბედნიერებას.

აკაკის ლექსში შემოაქვს თრობის კონცეპტი, როგორც ბედნიერების სინონიმისა. თრობა ერთგვარი ექსტაზია, როდესაც ადამიანი ივიწყებს პრობლემებს, ყოველდღიურ წვრილმანებს, ტკივილს და მთელი არსით შეიგრძნობს იმ ნეტარებას, რასაც რაიმეზე ფიქრი, რაღაცის კეთება თუ ვიღაცასთან შეხვედრა ანიჭებს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება მოსწავლეებს წავაკითხოთ შარლ ბოდლერის „თრობა“, რომელშიც გამოკვეთილია, რომ ადამიანმა ყოველდღიურ რუტინას, დროს, წარმავლობას შეიძლება თავი დააღწიოს არა მხოლოდ ღვინით, არამედ პოეზიით, ქველმოქმედებით, სიყვარულით და კიდევ ათასი სხვა რამით (წადილისამებრ):

„სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც

მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით

და ნეტარებას მიმრავალკეცებს

მიდამო მისის მშვენიერებით“.

აკაკის ლექსში, რა თქმა უნდა, ლირიკული გმირი ისწრაფვის შეიმეცნოს საკუთარი თავი და სამყარო, გაიაზროს არსებობის აზრი და მიზანი. სწორედ ამ ეგზისტენციალურ კონტექსტში გაიაზრება ის ღირებულებები, რომლებსაც პოეტი წარმოაჩენს. ის „თვრება“ რწმენით, ბუნების მშვენიერებითა და სიყვარულით. ამ სამი კონცეპტის დახმარებით ეზიარება სამყაროს ჰარმონიულ ერთიანობას და თავს მის ნაწილად აღიქვამს.

მისთვის სამყარო ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც ადამიანს გამოცნობისკენ უბიძგებს. პირველ რიგში, ამ საიდუმლოს ის ბუნებაში შეიგრძნობს. ამიტომ კითხვა შეიძლება დაისვას ასე:

ლირიკული გმირი რატომ და როგორ აქებს ბუნებას?

ლირიკული გმირისთვის ბუნებასთან სიახლოვე, მასში ჩაწვდომა არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება (ამ კითხვაზე პასუხისას მასწავლებელი გაახსენებინებს მოსწავლეებს იმ ლექსებსა თუ მოთხრობებს, რომლებშიც ასეთივე გზნებით არის წარმოჩენილი ბუნებასთან სიახლოვისას განცდილი სიამოვნება, ნეტარება (ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და სხვ.). მოსწავლეები იმსჯელებენ ლირიკულ გმირთა განწყობილებებზე, ფიქრთა ნაკადებზე, რომლებიც ბუნებასთან ურთიერთობისას უჩნდებათ.

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ბარათაშვილის „ჩინარი“ უნდა გაიხსენონ: რომელშიც პოეტი წერს:

„მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!“ („ჩინარი“).

აკაკი წერეთელი არა მხოლოდ აქებს ბუნებას, არამედ ცდილობს მკითხველი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს აზიაროს, ეს არის შეგრძნება ღვთისა, რომელმაც სამყარო შექმნა „უთვალავი ფერითა“. ბუნება მისთვის ერთგვარი მედიუმია, რომელიც ღვთაებრივი სამყაროსკენ, საკუთარი სულის სიღრმეებისაკენ გზის გაკვალვაში ეხმარება.

ამგვარად, ლექსში გამოიკვეთება: ბუნება, როგორც თავისთავადი ღირებულება და, თანვე, დიდი საიდუმლოს მატარებელი. სწორედ ბუნება შეაგრძნობინებს ლირიკულ გმირს ღვთის არსებობს. ასეთი თვალსაზრისი პოეტურად გრიგოლ ორბელიანმა გამოთქვა „სადღეგრძელოში“: „ღმერთო, ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს ფერით უთვალავ მშვენებას“. თავის დღიურებში კი „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“ აღწერა, როგორ ჩამოვიდა ეტლიდან დარიალის ხეობის მშვენიერებით მოხიბლული, როგორ გაშალა ხელები და დაიწყო მხურვალე ლოცვა: „აროდეს არ მილოცნიეს ესრედ გულსმოდგინედ და ესრედ მხურვალებით, ვითარ მას წამსა“. ჩემთვის ეს შთამბეჭდავი ეპიზოდია, რომელიც მოწმობს პოეტის გულწრფელობას, როცა ის ამ თემაზე წერს თავის ლექსებში.

აკაკის ლექსში ლირიკული გმირი ამგვარად გამოხატავს თავის აღტაცებას:

„ვიშ, ამ საღამოს, მშვიდსა, საამოს,

ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..

რა უცნაურად, მაღლით ციურად

სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,

რომ საიდუმლო, სასიქადულო,

კაცსაც ბუნების შეატყობინოს

და, სადაც ჭკუა სცდება და სტყუა,

იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!“.

რა არის ეს საიდუმლო? რა ქმნის ამ ჰარმონიას?

ამ ჰარმონიის წყარო უფალია. ადამიანს ბუნება ასწავლის გზას ღვთისაკენ. ბუნებაც „მახარებელია“ ღვთისა. ლექსში ბიბლიური დავითის 148-ე ფსალმუნის სტრიქონების რემინისცენციებია: „აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი; აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი“.

მოსწავლეებისთვის ცხადი იქნება მარადიული ღირებულება ბუნებისა და ადამიანის ერთიანი ჰარმონიული არსებობის აუცილებლობასა. ე.ი. გამოიკვეთება ლირიკული გმირისთვის ამ ღირებულების მარადიულობა. ბუნებამ მას შეაგრძნობინა ღვთაებრივთან კავშირი:

„საიდუმლოდ ვცნობ,

რომ არის კაცში ღვთისა ხატება!..

რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა

ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა?..

ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება

ძლევამოსილად გარდამიცვალა?!“.

ბიბლიური ალუზია დაეხმარება მოსწავლეებს, გაიხსენონ „შესაქმე“, სამოთხისეული არსებობა, ადამიანის უშუალო კავშირი ღმერთთან, ცოდვით დაცემა და ამ პარადიგმათა საშუალებით უფრო ღრმად გაიაზრონ ლექსის სამყარო.

თემა შეიძლება გაიშალოს და გაიმართოს დისკუსია თანამედროვეობის კონტექსტში, მოსწავლეებმა იმსჯელონ პირად დამოკიდებულებაზე ბუნებასთან. შეიძლება სწორედაც აკაკის ამ ლექსმა უბიძგოს განსხვავებული ფიქრისა და ინტერპრეტაციისაკენ.

აკაკი საგანგებოდ უსადაგებს სათქმელს ამაღლებულ სტილს, ლექსიკას, მხატვრულ სახეებს. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს იმაზეც იმსჯელოს, ზოგჯერ თემა როგორ უკარნახებს ავტორს გამოთქმის თავისებურებას, გარკვეული ლექსიკისა თუ ინტონაციის, რიტმის შერჩევას (ამ თვალსაზრისით, კარგი მაგალითია „თორნიკე ერისთავის“ ის ეპიზოდი, როდესაც თორნიკე კათალიკოსს ესაუბრება. ამ თავში პოეტი 8-მარცვლიან რიტმს ცვლის 10-მარცვლიანით, რათა მუსიკალური ფონის შეცვლით მკითხველმა უფრო ღრმა შეიგრძნოს განსასჯელ თემათა განსხვავებულობა).

ლექსის ფონად საღამოა შერჩეული, რომელიც უფრო ამძაფრებს იდუმალების შეგრძნებას. ღამით მთვარისა და ვარსკვლავების სინათლის ნაკადებით გამოიკვეთება ცა, დედამიწა კი ბნელდება, ე.ი. ზეციური უფრო შესამჩნევი ხდება. მძაფრდება სმენაც, თითქოს ლირიკული გმირი ისმენს კოსმიურ მუსიკას. ყოველივე ერთმანეთს ეხმიანება და იქნება ზეციური ქორალი. ორკესტრის ჰარმონიული მრავალხმიანობით იმსჭვალება ყოველივე. ეს მუსიკალურ-ფერწერული პოეტური ხატები ქმნიან ლექსის ენერგეტიკულ ველებს, რომლებიც მკითხველის წარმოსახვას ააქტიურებენ:

„ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.

ძალთა დიდება, შექმნათა ქება,

არს საიდუმლო მათი ვედრება.

ქვეყნით ბუნება ბანს ეუბნება

და ეს ბანია „ქებათა-ქება“.

პოეტი ყურადღებას ამახვილებს „ყვავილთა ენაზე“ და ქმნის მშვენიერ მეტაფორას. ბუნება ცდილობს მასთან დალაპარაკებას იდუმალ ენაზე: „ყვავილთა ენა – არს სუნნელთ ფშვენა,/ საგალობელად აღმა კმეული“. ყვავილი სურნელის ენით ლაპარაკობს. ეს გვახსენებს ბარათაშვილის სტრიქონებს: „და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!“. („შემოღამება მთაწმინდაზედ“)

ამგვარად, ბუნება წარმოჩნდება, როგორც გზა, ხიდი ღვთაებრივისკენ. ეს ღამეული ზეციური შუქი თითქოს განწმენდს ლირიკული გმირის დღისეული საზრუნავების მტვრისაგან დალაქავებულ გულს, გონებას, სულს და ისევ გაახსენებს: „საიდუმლოდ ვცნობ, / რომ არის კაცში ღვთისა ხატება!“.

ეს არის „გაღვიძება“, რაღაც ისეთის დანახვა, რასაც დღის სინათლე უშლიდა ხელს. თუ ფიზიკური ძილი და გამოღვიძება ბუნებრივად მონაცვლეობს, სულიერ გამოღვიძებას ადამიანის ძალისხმევა სჭირდება. ასეთი გამოღვიძებული ლირიკული გმირი გამოკვეთს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას, ეს არის ღვთის რწმენა. ამ კონტექსტში შეიძლება აკაკის სხვა ლექსების გახსენებაც (მაგალითად, „სულიკოსი“).

არის თუ არა დღეს ღვთის რწმენა ისეთივე მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორიც იყო აკაკისთვის?

მოსწავლეები ამ თემაზე იმსჯელებენ ზოგადადაც და თავიანთი გამოცდილებითაც (თუ კლასში სხვა რელიგიის აღმსარებელნი ან ათეისტები არიან, ისინიც წარმოაჩენენ თავიანთ თვალსაზრისებს). კარგი იქნება რწმენის სიძნელეზე ილიას „განდეგილის“ ან სხვა ტექსტის მოხმობა (ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გახსენება).

ლექსში შემოიჭრება ლირიკული გმირის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება – სიყვარული, რომელიც მისთვის რწმენისგან განუყოფელია („ღმერთი სიყვარულია“ (იოანე, 4,8). ლექსის ანალიზის დასრულებისას, როცა ეს ნაწილები ისევ უნდა შეერთდეს მკითხველის გონებაში – ერთგვარი სინთეზი განხორციელდეს- მოსწავლეები გაიაზრებენ ლირიკული გმირისთვის ამ სამივე ღირებულების განუყოფლობას.

როგორ შეიძლება ადამიანმა გამოხატოს ღვთის სიყვარული, ის ხომ გამოუთქმელია, როგორც რუსთველი ამბობს: „ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“; ამიტომაც ლექსში შემოიჭრება სოლომონის „ქებათა ქების“ ალუზიები. მასწავლებელმა შეიძლება წაიკითხოს ფრაგმენტები, რომლებშიც სოლომონი ქალის მშვენიერების ხოტბა-დიდებით წარმოაჩენს ღვთის სიყვარულს: „აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები“ (1, 15). პარალელი შეიძლება გაივლოს დავით გურამიშვილის „ზუბოვკასთან“, სუფიზმთანაც (მასწავლებელი თუ ნახავს, რომ მოსწავლეებს ეს თემა დააინტერესებთ).

როგორ განიცდის ლირიკული გმირი სიყვარულს და როგორ გამოხატავს?

„შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო,

გამოუთქმელო კაცთა ენითა…

შენგან მგოსანი ფრთებშესხმული ვარ

და მონავარდე აღმაფრენითა,

რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ

უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო… “.

მასწავლებელი გაახსენებს მოსწავლეებს სიყვარულის თემაზე დაწერილ ლექსებს, მათ შორის, უპირველესად, ბარათაშვილისას („რად ჰყვედრი კაცსა“, „არ უკიჟინო სატრფოო“) და ისინი დაინახავენ, როგორ ეხმიანებიან პოეტები ერთმანეთს, როგორ ცდილობენ მსგავსი შეგრძნებების განსხვავებული ფორმით გამოხატვას.

საინტერესო იქნება გედის მეტაფორა-სიმბოლოზე ყურადღების გამახვილებაც, ამ ნატიფ, დახვეწილ, გრაციოზულ ფრინველზე არსებული პოეტური ლეგენდის გააქტიურება (შემდეგ ეს მსჯელობა გალაკტიონის პოეზიის შესწავლისას გამოადგებათ).

იმისთვის, რომ თავისი საყვარელი ქალის პოეტური ხატება შექმნას, მისი მშვენიერება შეაგრძნობინოს მკითხველს, ავტორი მისთვის იდეალური სამი ისტორიული პიროვნების სახეს აცოცხლებს. მისი იდეალები არიან: ნინო, თამარი, ქეთევანი. ამიტომაც შეყვარებულში სწორედ მათ ანარეკლებს დაეძებდა და ხედავდა (კარგი იქნება ისტორიული ექსკურსი სამივე პიროვნების გასახსენებლად):

„როცა ჭაბუკი გამოუცდელი

მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,

ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,

იმაში შენათხზ-შეერთებულად“.

საინტერესო იქნება იმაზე მსჯელობაც, მოსწავლეებს დღეს თუ ჰყავთ იდეალური ისტორიული პიროვნებები, რომელთა მიბაძვაც სურთ. მათი რომელი ქცევა ხიბლავთ და სხვა ამგვარი.

ფინალში პირველი სტრიქონების გამეორებით აქცენტირდება სამების ერთიანობა (ბუნება, ღმერთი, სიყვარული) (რა თქმა უნდა, „სულიკოს“ ეხმიანება -აკაკი ბაქრაძის ინტერპრეტაციით, ამ ლექსშიც ბუნება მიუძღვება ღვთისაკენ, ლირიკული გმირი სწორედ ვარდის, ბულბულის, ვარსკვლავის მშვენიერ სახეებში აღმოაჩენს სიყვარულის ღვთაებრივ კანონსა და ღმერთს).

აკაკის ამ ლექსის ესთეტიკის, ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო, შინაარსობრივი თუ სხვა ტიპის კონტექსტის ანალიზის გზით მოსწავლეები კარგად გაიაზრებენ, დროთა განმავლობაში რა ღირებულებები რჩება და რა იცვლება. რა არის ის საბაზისო, ფუნდამენტური ფასეულობები, რომლებიც ადამიანის ღირსეულ არსებობს განსაზღვრავენ და განაპირობებენ.

 

 

სპეციალური მასწავლებლისთვის საჭირო დოკუმენტაცია – საქმიანობის განრიგი

0

სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს[1] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია საქმიანობის განრიგი – სამუშაო დღის წესრიგისა და კვირის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა საქმიანობის აღნუსხვა. პორტფოლიოს გზამკვლევის ავტორების თანახმად, განრიგის წარმოება სპეციალურ მასწავლებელს დაეხმარება სამუშაო პროცესის ეფექტიანად ორგანიზებასა და დაგეგმვაში, დროის მენეჯმენტსა და დამსაქმებლის წინაშე ანგარიშგებაში.

შემოთავაზებულია განრიგის სარეკომენდაციო ფორმები[2]. თუმცა სპეციალურ მასწავლებელს თავად შეუძლია შეიმუშაოს მისთვის მოსახერხებელი ფორმატი კვირის განმავლობაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი საქმიანობების შესაბამისად. მათ შორისაა:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა;
  • საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის მხარდაჭერა ან ასისტირება;
  • დაგეგმილი შეხვედრები საგნის მასწავლებლებთან, მშობელთან, დირექციის წარმომადგენელთან ან სხვა პირთან;
  • რესურსებსა და მასალებზე მუშაობა და ა.შ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა სპეციალური მასწავლებლის ყოველდღიური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. ინდივიდუალური მუშაობა, მართალია, უმეტესწილად, რესურს-ოთახში მიმდინარეობს, თუმცა შესაძლებელია, აღნიშნული საქმიანობა სკოლის სხვა სივრცეშიც ხორციელდებოდეს. ინდივიდუალური მუშაობის მიმდინარეობა ეფუძნება ინტერვენციის გეგმით განსაზღვრულ სასწავლო მიზნებსა და აქტივობებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში, გარდა ინდივიდუალური მუშაობისა, წყვილში მუშაობა ან ჯგუფური აქტივობების დაგეგმვაც მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს კომუნიკაციური და სოციალური უნარების განვითარებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან წყვილში ან ჯგუფში შეიძლება ვამუშაოთ მოსწავლის თანაკლასელი/თანაკლასელები ან სხვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.

სპეციალური მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესში თანამონაწილეობას შესაძლოა რამდენიმე მიზანი ჰქონდეს, კერძოდ:

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე დაკვირვება;

სწავლის სირთულეების იდენტიფიცირების მიზნით მოსწავლეებზე დაკვირვება;

საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტირება ან/და მხარდაჭერა;

მასწავლებლის მხარდაჭერა;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის თანაკლასელებთან პოზიტიური ურთიერთობები ჩამოყალიბების მიზნით დაგეგმილი აქტივობების განხორციელება და სხვ.

სპეციალურმა მასწავლებელმა მოსწავლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობა უნდა დაგეგმოს და განახორციელოს, რაც მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო რესურსების შექმნას მოითხოვს. ასეთ რესურსებად მოაზრებულია:

  • აკადემიური და კოგნიტური უნარების განმავითარებელი სავარჯიშო;
  • ადაპტირებული ტექსტი;
  • ბარათი;
  • ვიზუალური მიმანიშნებელი;
  • ხელნაკეთი რესურსი;
  • ტაქტილური და სენსორული რესურსები;
  • ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი აქტივობებისთვის საჭირო რესურსები (ბუკლეტი, პრეზენტაცია, ვიდეო) და სხვა.

 

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა, პრაქტიკულ კომპონენტთან ერთად, სხვადასხვა დოკუმენტის შექმნასა და წარმოებას მოიცავს. დოკუმენტაცია პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია და ამავდროულად ეხმარება სპეციალისტს დაგეგმილი პროცესების წარმატებით მართვასა და განხორციელებაში.

 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სპეციალური მასწავლებლის მრავალფეროვან პრაქტიკულ დოკუმენტებს შორის უნდა იყოს:

 ▪ მოსწავლის შეფასების შედეგების შეჯამება;

სასწავლო მიზნებისა და აქტივობების დაგეგმვა (ინტერვენციის გეგმა);

ისგჯგუფის სხდომის ოქმი;

მოსწავლის ქცევაზე დაკვირვების ჩანაწერების ანალიზი;

რთული ქცევის მართვის გეგმა;

წერილობითი რეკომენდაციები საგნის მასწავლებლისთვის;

წერილობითი რეკომენდაციები მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან საჭების შემთხვევაში სხვა პირისათვის;

ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმაში სპეციალური მასწავლებლის ფუნქციამოვალეობები;

სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის ანალიზი (რეფლექსია) და სხვა.

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანი მიმდინარეობისთვის გადამწყვეტად მოიაზრებენ სხვადასხვა რგოლის მჭიდრო თანამშრომლობას და თანმიმდევრულ კომუნიკაციას. სპეციალურმა მასწავლებელმა სამუშაო განრიგის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოს და წინასწარ განსაზღვროს დრო მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, მასწავლებელთან, ადმინისტრაციასთან, სხვა სპეციალისტთან ან საჭიროებიდან გამომდინარე სხვა პირთან შეხვედრისათვის. სხვადასხვა რგოლთან/პირთან თანამშრომლობა შესაძლოა გულისხმობდეს:

ისგჯგუფის შეხვედრას;

საგნის მასწავლებელთან, კლასის დამრიგებელთან შეხვედრას/კონსულტაციას;

სკოლის ადმინისტრაციასთან, ექიმთან და მანდატურის სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრა/კონსულტაციას;

ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან შეხვედრა/კონსულტაციას;

სხვა სპეციალისტებთან კომუნიკაციას (პირადი ფსიქოლოგი, თერაპევტი, სოციალური მუშაკი და სხვა.);

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, ოჯახთან ინდივიდუალურ შეხვედრას;

ცნობიერების ამაღლების მიზნით მშობლებთან, სასკოლო საზოგადოებასთან და მოსწავლეებთან დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას;

მულტიდისციპლინური გუნდის წარმომადგენელთან შეხვედრას და სხვ.

 

სპეციალური მასწავლებლის სამუშაო განრიგის შევსებისას მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ შემდეგ კომპონენტებს:

  • დრო (საათი) – სპეციალურმა მასწავლებელმა უნდა მონიშნოს, რომელ გაკვეთილზე, რა დროს, რა ტიპის საქმიანობას ახორციელებს;
  • მოსწავლე – კომპონენტის გასწვრივ სპეციალური მასწავლებელი წერს იმ მოსწავლის ინიციალებს, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება კონკრეტული საქმიანობა. ინიციალების გამოყენების მიზანი მოსწავლის კონფიდენციალურობის დაცვაა და სწორედ ამგვარად არის შესაძლებელი, არ მოხდეს მაიდენტიფიცირებელი დეტალების გამოყენება სხვა პირების მიერ;
  • საქმიანობა – სპეციალური მასწავლებელი მონიშნავს ან აღწერს, რას გულისხმობს მის მიერ განსახორციელებელი აქტივობა.

სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევში მოცემულია სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი ერთი კვირის განრიგი[3].

 

დღე საქმიანობა დრო (საათი) აღწერა
ორშაბათი ☒ ინდივიდუალური

☒ წყვილში მუშაობა

☒ კლასში მუშაობა

☐რესურსების მომზადება

☐ დოკუმენტაცია

☒ სხვადასხვა რგოლი

☐ სხვა

9:00 – 10:00

10:00- 11:00

12:00 – 13:00

13:00 – 14:00

14:00 – 15:00

15:00- 16:00

16:00 – 17:00

ნ.მ რესურს-ოთახში

თ.კ და ბ.დ წყვილში მუშაობა

ნ.მ კლასში ასისტირება შეხვედრა ბ.დ-ს მშობელთან

ბ.დ. რესურს-ოთახში

სამშაბათი ☒ ინდივიდუალური

☐ წყვილში მუშაობა

☒ კლასში მუშაობა

☒რესურსების მომზადება

☐ დოკუმენტაცია

☐ სხვადასხვა რგოლი

☐ სხვა

9:00 – 10:00

10:00- 11:00

12:00 – 13:00

13:00 – 14:00

14:00 – 15:00

15:00- 16:00

16:00 – 17:00

ნ.ნ კლასში ასისტირება ნ.ნ კლასში ასისტირება ნ.მ რესურს-ოთახში ილუსტრირებული ბარათები
ოთხშაბათი ☒ ინდივიდუალური

☐ წყვილში მუშაობა

☒ კლასში მუშაობა

☒რესურსების მომზადება

☐ დოკუმენტაცია

☐ სხვადასხვა რგოლი

☐ სხვა

9:00 – 10:00

10:00- 11:00

12:00 – 13:00

13:00 – 14:00

14:00 – 15:00

15:00- 16:00

16:00 – 17:00

 

თ.კ და ბ.დ წყვილში მუშაობა ნ.მ რესურს-ოთახში

ხუთშაბათი ☒ ინდივიდუალური

☐ წყვილში მუშაობა

☒ კლასში მუშაობა

☒ რესურსების მომზადება

☐ დოკუმენტაცია

☐ სხვადასხვა რგოლი

☐ სხვა

9:00 – 10:00

10:00- 11:00

12:00 – 13:00

13:00 – 14:00

14:00 – 15:00

15:00- 16:00

16:00 – 17:00

ნ.ნ კლასში ასისტირება ნ.ნ კლასში ასისტირება ბ.დ რესურს-ოთახში
პარასკევი ☒ ინდივიდუალური

☐ წყვილში მუშაობა

☒ კლასში მუშაობა

☒ რესურსების მომზადება

☐ დოკუმენტაცია

☐ სხვადასხვა რგოლი

☐ სხვა

9:00 – 10:00

10:00- 11:00

12:00 – 13:00

13:00 – 14:00

14:00 – 15:00

15:00- 16:00

16:00 – 17:00

ბ.დ რესურს-ოთახში

ნ.ნ რესურს-ოთახში

ნ.მ რესურს-ოთახში მოსწავლეების პორტფოლიოების გადახედვა

ცხრილი 1.

არასაკონტაქტო საათების დაგეგმვა და გამოყენება სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია დამოუკიდებლად, საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, გარკვეულ დოკუმენტაციაზე მუშაობა, მასალების მომზადება შესაძლებელია დისტანციურად განახორციელოს და არ იყოს საჭირო სკოლის შენობაში მისი ფიზიკურად ყოფნა.

მითითებულ გზამკვლევში მოტანილი ეს და სხვა მასალა სპეციალური მასწავლებლის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის ერთგვარ საფუძველს წარმოადგენს.

 

[1]file:///C:/Users/user/Desktop/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D.pdf

[2] იქვე, გვ. 117.

[3]file:///C:/Users/user/Desktop/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D.pdf გვ, 121.

კოპენჰაგენის ექსპერიმენტი. ოთხი მასწავლებლის ამბავი.

0

ოთხი მასწავლებლის ამბავია. ოთხი დანიელი კაცის, ვის ყოველდღიურ ყოფასაც რაღაც აკლია – მისახვედრად, გამოსათქმლად რთული. არა, თომას ვინტერბერგის ფილმი იმაზე არ არის, რომ მასწავლებლობა ძნელია. არც იმაზე, რომ ორმოცი წლის შემდეგ ცხოვრება სხვანაირი ხდება – ნაკლებად გახარებს ახალი დღე, ძილმორეული მოსწავლეების დანახვა, მათთვის რაღაცის ახსნის, კითხვებზე პასუხის გაცემის გარდაუვლობა…

დანიური სიტყვა Druk – ფილმის სათაური – გადაბმულ სმას ნიშნავს. ჩვენთან ფილმს ინგლისური სახელით იცნობენ: Another Round. ყველაზე ცნობილ კინოსაიტზე კი „კიდევ ერთი ჭიქა“ ჰქვია.

მასწავლებლები მხიარულად, თითქმის ხუმრობით იწყებენ ექსპერიმენტს, რომლისგანაც მერე ძალიან მნიშვნელოვანს ელიან – ყოველდღიურობის შეცვლას, სიცოცხლის უფრო მძაფრად განცდას, ძველ, კარგა ხნის წინ დავიწყებულ „მესთან“ დაბრუნებას. დროდადრო გადაწყვეტილების სისწორეზეც ფიქრობენ, მაგრამ გაუსაძლისად მოსაწყენ სინამდვილეში ფეხის ხელახლა დადგმა, ნაცნობ-ახლობლებისა თუ სარკეში გამრავლებული ანარეკლის საყვედურების მოსმენა როგორ უნდა უნდოდეთ? ცხოვრება ის არ არის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ცხოვრება ახლოსაც კი არ არის იმასთან, რაც უნდა იყოს და თუ ექსპერიმენტის შედეგად ნაპრალი დავიწროვდება, მხრებით სატარებელი ტვირთის სიმძიმე იკლებს, დღეებსა და ღამეებში მეტი სიხარული გაჩნდება, საპატიებელი არ იქნება ყველაფერი, რაც აქამდე მიგიყვანს?

ოთხნი კი არიან, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც მარტინი გვამახსოვრდება – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მადს მიკელსენია, ტრადიციულად, მეტისმეტად მომხიბვლელი. ისტორიის გაკვეთილები, რომლებსაც ის ექსპერიმენტის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას ატარებს, საკვირველად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სადღაა ყოფის ერთფეროვნებით მოქანცული, თავისი საფიქრალით გაბრუებული კაცი, აღარაფერი რომ აღარ უხაროდა? კლასში ქარიშხლის ხმაურია, აწმყოდ ქცეული წარსულია, საუკუნეების სიღრმიდან წამოსული დიდი ტალღებია…

ექსპერიმენტი ალკოჰოლის ზუსტად განსაზღვრული დოზის ყოველდღიურად მიღებას გულისხმობს – მხოლოდ სამუშაო საათებში, შაბათ-კვირის გარდა. მასწავლებლებმა ნორვეგიელი ფსიქიატრის, ფინ სკორდერუდის თეორია უნდა შეამოწმონ, სინამდვილეში კი უბრალოდ დაივიწყონ ის წესები, უხილავი წყალმცენარეებივით რომ შემოხვევიათ ხელებზე, ფეხებზე, ყელზე. მათ გამოა, რომ ერთ ადგილას დგომას მიეჩვივნენ. მათ გამოა, რომ სუნთქვა უფრო და უფრო უძნელდებათ.

არა, თომას ვინტერბერგის ფილმი ალკოჰოლიზმის პრობლემაზე არ არის. არც იმ კაცებზეა, სინამდვილისგან გასაქცევი გზა რომ სიკვდილისად უქცევიათ.

„სულ მარტო ვარ“, – აღმოხდება მარტინს მეგობრის დაბადების დღეზე, უკვე მთვრალსა და შესაბრალისად გულგახსნილს. მის სახლში მხოლოდ ერთი შეხედვით არის ყველაფერი სანიმუშოდ ლამაზი, საშუალო კლასის დანიელის წარმოსახვაში დახატულს მიმსგავსებული. ექსპერიმენტმა უნდა დაანახოს ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია, ყველაფერზე მაღლა დასაყენებელია. რამდენი წელი გაატარა რაღაც აუხსნელი მიზეზით დაბრმავებულმა, რამდენი დრო დაკარგა ერთი და იმავე უსარგებლო მოძრაობების, უსიცოცხლო სიტყვების გამეორებით გართულმა…

სხვების სასკოლო თუ არასასკოლო ცხოვრების ამბებიც ყურადღებას ითხოვს. თითოეული პატარა ეპიზოდი, რომელიც რაღაც არსებითს გვატყობინებს. სპორტის გაკვეთილზე სათვალიან უმცროსკლასელს აითვალწუნებენ – აბა, ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოო. უფროსკლასელს კი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდის ეშინია – მარცხთან გაშინაურებული სხვა შესაძლებლობებს, თვალწინ გაშლილ ბილიკებს ვეღარ ხედავს. ორივე შემთხვევაში მასწავლებლის გადაწყვეტილება ხდება განმსაზღვრელი – მისი უნარი, ახალ ადგილას დადგეს და ისე შეხედოს დამზაფვრელად დაბნელებულ სამყაროს, დაარღვიოს დადგენილი წესები.

ექსპერიმენტის დასასრულზე ბევრს არაფერს ვიტყვი – ფილმი, რომელსაც კომედიისა და დრამის ელემენტები თანაბრად აქვს, არც ბოლოს გვაძლევს ყურადღების მოდუნების საშუალებას. არა, შეუძლებელი არ არის, რომ მოსწავლეებისთვის ღმერთი გახდე. წარმოუდგენელი არ არის, რომ მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს ისე სწერდე, როგორც შეყვარებულს…

„რა არის ახალგაზრდობა? სიზმარი. რა არის სიყვარული? სიზმრის შინაარსი“, – ეს სიორენ კირკეგორის სიტყვებია, რომლებსაც ფილმის დასაწყისში გვახსენებენ.

დამამთავრებელი სცენა კი, უბრალოდ, ბრწყინვალეა. დაუვიწყარი. ანტიდეპრესანტების სიაში ჩასაწერი. კვლავ და კვლავ სანახავი, ფილმის დანარჩენ ნაწილთან ერთადაც და მის გარეშეც. წმინდა სიხარულია. მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ერთობაა. ყველა იმ კაცის თავბრუსხვევაა, ვისაც ბედნიერების დასანახი თვალი აეხილა.

 

 

 

კოვიდპანდემია და პულსოქსიმეტრი   

0

კოვიდპანდემიის პერიოდში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ხუთი სიტყვის დასახელება რომ სთხოვო ადამიანს, ქვევით მოცემული ჩამონათვალიდან ერთ-ერთი მაინც მოხვდება:

პირბადე, სადეზინფექციო საშუალება,  გასაბერი ბუშტი, CT (კატე), სატურაცია.

ყველა მათგანს გარკვეული დანიშნულება აქვს. მათ შორის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ხელსაწყოა პულსოქსიმეტრი, რომელსაც უფრო ხშირად ოქსიმეტრს ან სატურაციის აპარატს (სატურატორს) უწოდებენ. მაინც რატომ არის ის მნიშვნელოვანი? რა გზა გაიარა მან, თანამედროვე სახე რომ მიეღო?

განვითარების ისტორია: პირველი ოქსიმეტრი გერმანელმა მეცნიერმა გამოიყენა, მისი მოქმედება ეფუძნებოდა სპექტოფოტომეტრის მუშაობას.

1935 წელს კარლ მათესმა (Carl Matthes) ხელსაწყოს პულსოქსიმეტრი უწოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავებში კაბინები არ იყო აღჭურვილი წნევით და ეკიპაჟის წევრები ჰიპოქსიით ავადდებოდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ისეთი ხელსაწყოს გამოგონება, რომელიც სისხლში ჟანგბადის რაოდენობას დაადგენდა. 1970 წელს Hewlett Packard კორპორაციამ დაამზადა კლინიკური გამოყენების ოქსიმეტრი, რომლის მასა 15.9 კგ.-ს (35 ფუნტი), ღირებულება კი – 10,000 დოლარს შეადგენდა. ჟანგბადის განსასაზღვრად აუცილებელი იყო სისხლის თბილი ნიმუში, ამიტომ ხელსაწყო ინვაზიური იყო.

1974 წელს იაპონელმა მეცნიერმა Takua Aoyagi-მ დაამზადა არაინვაზიური ხელსაწყო, რომელიც თანამედროვე პულსოქსიმეტრის წინაპრად ითვლება. 1970 წლის ბოლოს ბიოქს-კორპორაციამ დაამზადა პულსოქსიმეტრი, რომელსაც რესპირატორული თერაპევტები და ანესთეზიოლოგები იყენებდნენ. ხელსაწყო შედარებით მსუბუქი (6.804 კგ = 10 ფუნტი), მაგრამ მაინც მოუხერხებელი იყო ქირურგისთვის, რომელსაც ერთ ხელში პულსოქსიმერი და მეორე ხელში ქირურგიული დანა ეჭირა. 1980 წელს მიკროპროცესორი მეცნიერებმა უფრო მცირე ზომისა და ძლიერი გახადეს. ამ დროს ოქსიმეტრის მასა მხოლოდ 500 გრამს (1 ფუნტი) შეადგენდა. 1990 წელს პულსოქსიმეტრი კიდევ უფრო დაიხვეწა და გაიაფდა. ის პულსსა და სხვა სასიცოცხლო პარამეტრებს ზომავდა. ამავე წელს Nonion კორპორაციამ დაიწყო უფრო მოქნილი ხელსაწყოს დამზადება. 1995 წელს კი დაამზადეს თითის პირველი ოქსიმეტრი.

1930 წელი ოქსიმეტრით მხოლოდ მეცნიერები სარგებლობდნენ;
1940 წელი ოქსიმეტრით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სამხედრო პილოტები სარგებლობდნენ;
1970 წელი პულსოქსიმეტრის გამოყენება დაიწყეს რესპირატორულმა თერაპევტებმა და ანესთეზიოლოგებმა;
1980 წელი პულსოქსიმეტრს მოიხმარენ არაკრიტიკული მედიცინის ექთნები;
1990 წელი პულსოქსიმეტრის გამოყენება დაიწყეს მედდებმა და მათმა ასისტენტებმა;
2014 წელი პულსოქსიმეტრს მოიხმარდნენ პაციენტები, რომლებიც ბინაზე გადიოდნენ მკურნალობის კურსს;
2020 წელი Covid-პანდემიის პირობებში კი ოჯახების უმრავლესობა პულსოქსიმეტრით აკონტროლებს ჟანგბადის დონეს სისხლში.

 

პულსოქსიმეტრი ყველაზე ეფექტურად და სწრაფად ადგენს სისხლში ჟანგბადის შემცველობას. მცირე ცვლილების დაფიქსირებაც შეუძლია გულიდან ყველაზე მეტად დაშორებულ ადგილებში, ფეხის თითებში, ხელის თითებში. არსებობს ცხვირის ოქსიმეტრიც.

პულსოქსიმეტრი ზომავს სისხლის ჟანგბადით გაჯერების ხარისხს. ანუ ოქსიჰემოგლობინის შემცველობას (%) სისხლძარღვებში მოძრავ არტერიულ სისხლში.

ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინის შემცველობას (%) აღნიშნავენ სიმბოლოთი: SpO2 –Saturation Peripheral Oxygen. სატურაცია – გაჯერებას ნიშნავს. სურათის მიხედვით სატურაცია ასე გამოითვლება:

სურათზე სულ ათი მოლეკულა ჰემოგლობინია. ჟანგბადით გაჯერების ხარისხის გასაგებად ჟანგბადით დაკავებული ჰემოგლობინის რაოდენობა უნდა გაიყოს ჰემოგლობინის საერთო რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში SpO2= 8/10X 100% = 80%.

მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ჟანგბადის კასკადური სისტემის შესწავლა. ეს არის მისი მოგზაურობა ატმოსფეროდან მიტოქონდრიაში.

ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაცია 21%-ია. ე.ი. ზღვის დონეზე მისი პარციალური წნევა წარმოებული წნევის 21%-ს შეადგენს. ზღვის დონეზე ატმოსფერული წნევაა 760 მმHg, ამიტომ ჟანგბადის პარციალური წნევა იქნება 760მმHg X 0.21 = 159 მმHg.

ე.ი ადამიანის ორგანიზმის გარედან ჟანგბადის წნევაა 159 მმHg. ეს არის ჟანგბადის კასკადური გადაადგილების საწყისი წერტილი. ის მოძრაობს მაღალი წნევის უბნიდან დაბალი წნევის უბნისკენ, ეს სხვაობა 3-4 მმHg მაინც უნდა იყოს. ადამიანის ორგანიზმი ატენიანებს ჰაერს. წყლის ორთქლის პარციალური წნევაა 47 მმHg, 760 მმHg- 47 მმHg = 713 მმHg. ამიტომ ჩასუნთქულ დატენიანებულ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევაა 713 მმHg X 0.21 = 149 მმHg ( ჩასუნთქული ჰაერი).

ალვეოლებში ჟანგბადის პარციალური წნევის გასაზომად გამოიყენება ფორმულა:

PAO2 = PIO2 – Pa CO2 /R;

PAO– ჟანგბადის წნევა ალვეოლებში;

PIO2   – ჩასუნთქული ჟანგბადის წნევა;

Pa CO– ნახშირორჟანგის წნევა არტერიაში;

R – სუნთქვის კოეფიციენტი.

PAO2 = PIO2 – Pa CO2 /R = 149 მმHg – 40მმHg / 0.8 = 149 მმHg – 50მმHg= 99 მმHg.

წნევათა სხვაობის გამო ჟანგბადი ატმოსფეროდან გადადის ადამიანის ორგანიზმში, ალვეოლებში. ალვეოლების მემბრანის გავლით ის უნდა გადავიდეს სისხლში, რის შედეგადაც ვენური სისხლიდან არტერიული სისხლი მიიღება. პროცესი დიფუზიის გზით (მაღალი კონცენტრაციის უბიდან დაბალი კონცენტრაციის უბნისკენ) მიმდინარეობს. ალვეოლებში ჟანგბადის პარციალური წნევა თითქმის 99 მმHg-ია. ფილტვის კაპილარებში ჟანგბადის პარციალური წნევაა 40 მმHg. წნევათა სხვაობა იწვევს ჟანგბადის გადასვლას ალვეოლებიდან ფილტვის კაპილარებში. ჟანგბადის გადასვლა ხდება ყოველ 75 წამში ერთხელ. ჟანგბადის გადატანის კასკადში წნევა მცირდება 5-10 მმHg-ით. არტერიულ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევაა 90-95 მმHg. თუ ფილტვის ალვეოლებში დაგროვდება ლორწო, ვითარდება პნევმონია. ამ დროს ჟანგბადის კასკადი დროში ხანგრძლივდება. ჟანგბადის პარციალური წნევა არტერიაში მცირდება. ამ დროს ალვეოლის კედლის განვლადობა შემცირდება. არტერიაში ჟანგბადის პარციალური წნევა (PaO2) განპირობებულია პლაზმაში გახსნილი ჟანგბადით. პლაზმაში გახსნილი ჟანგბადი დიფუზიით შედის სისხლის წითელ უჯრედებში და ჰემოგლობინის მოლეკულებთან წარმოქმნის დროებით კოვალენტურ ბმას ჰემოგლობინთან. არტერიული სისხლის ჟანგბადის 98% მოდის ჰემოგლობინთან დაკავშირებულ ჟანგბადზე. 2% ჟანგბადი კი პლაზმაშია გახსნილი. წნევაზე გავლენას არ ახდენს ჰემოგლობინთან დაკავშირებული ჟანგბადი. ეს წნევა უფრო მეტია, ვიდრე უჯრედებში არსებული წნევა. ამიტომ ჟანგბადის მოგზაურობა გრძელდება დიფუზიის გზით უჯრედში. ეს დინამიკური, არასწორხაზოვანი პროცესია. მის აღსაწერად გამოიყენება ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდი.

 

როგორც სურათიდან ჩანს სისხლის pH გავლენას ახდენს არტერიებში ჟანგბადის პარციალურ წნევაზე და შესაბამისად, ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინის შემცველობაზე, ანუ სატურაციაზე. სურ.3-სა და სურ.4-ში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, როცა ჟანგბადის პარციალური წნევაა 60 მმHg, ამ დროს SaO2 =90%-ს, როცა ჟანგბადის პარციალური წნევაა 50 მმHg, ამ დროს SaO2 =85%-ს.

ოქსიმეტრი ოთხი ნაწილისგან შედგება:

  • ორი დიდური ნათურა;
  • სინათლის შემკრები (კოლექტორი);
  • მიკროპროცესორი.

არსებობს ორი ტიპის ოქსიმეტრი:

ხელის თითის, ფეხის თითისა და ცხვირის ოქსიმეტრები მუშაობენ სინათლის გადაცემის გზით;

შუბლის ოქსიმეტრი მუშაობს სინათლის არეკვლის გზით;

ზოგი ოქსიმეტრი მუშაობს ორივე მეთოდით.

წითელი ნათურა ასხივებს ხილულ სინათლეს (660 ნმ ტალღის სიგრძის ხილული სპექტრის წითელ სხივებს), იისფერი ნათურა – 940 ნმ. ტალღის სიგრძის ინფრაწითელ სხივებს. ყვითელი მართკუთხედი შთანთქავს სინათლეს მას შემდეგ, რაც ის ადამიანის თითში გაივლის. როცა ოქსიმეტრი ჩართვის დროს ანათებს, სინათლე მხოლოდ ხილულ სინათლეს შეესაბამება. მეორე ლედ ნათურაც ასხივებს სინათლეს, მაგრამ მას ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს.

პულსოქსიმეტრში მოქმედებს ფიზიკის ორი კანონი:

ბიირის კანონი (Beer’s Law) და ლამბერტის კანონი (Lambert’s Law).

 ბიირის კანონის მიხედვით შთანთქმული სინათლის რაოდენობა კონცენტრაციის პროპორციულია (ამ შემთხვევაში ჰემოგლობინის); მარცხენა სურათზე ოქსიჰემოგლობინის კონცენტრაცია უფრო ნაკლებია და შთანთქმული სინათლის რაოდენობაც მცირეა.

ლამბერტის კანონის მიხედვით შთანთქმული სინათლის რაოდენობა პროპორციულია სინათლის მიერ სინათლის შთამნთქმელი ნივთიერების სისქის. მარცხენა სურათზე ჰემოგლობინის შემცველი შრის სისქე უფრო ნაკლებია, ამიტომ მარჯვენა სურათზე შთანთქმული სინათლის რაოდენობა უფრო მეტია. ეს გამომდინარეობს ლამბერტის კანონიდან.

HbO2 უფრო მეტ ინფრაწითელ სხივებს შთანთქავს, ვიდრე წითელ სინათლეს; Hb – შთანთქავს უფრო მეტ წითელ სინათლეს, ვიდრე ინფრაწითელს. მიკროპროცესორში ხდება შეგროვილი მონაცემების ანალიზი.

წითელი სვეტი მიუთითებს დეზოქსი ჰემოგლობინის მიერ შთანთქმული წითელი სინათლის რაოდენობას, იისფერი სვეტები კი ოქსიჰემოგლობინის მიერ შთანთქმული ინფრაწითელი სინათლის რაოდენობას შეესაბამება. რაც უფრო მაღალია იისფერი სვეტი, მით უფრო მაღალია სისხლის ჟანგბადით გაჯერებულობის ხარისხი.

ოქსიმეტრის შეზღუდვები

  1. პულსოქსიმეტრი არ აჩვენებს SpO2=100%, რადგან ბიირისა და ლამბერტის კანონები ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა სინათლე ვრცელდება წრფივად. ადამიანის სისხლში არის წითელი და თეთრი უჯრედები, რომლებსაც შეუძლიათ სინათლის მიმართულების შეცვლა.

მიკროპროცესორი დაკალიბრებულია და ცდომილება ძალიან უმნიშვნელოა.

  1. პერიფერიული სისხლით ქსოვილი ცუდად მარაგდება. როცა პერიფერიული სისხლის რაოდენობა მცირეა, ოქსიმეტრის მიკროპროცესორთან სუსტი სიგნალი მიდის, ამიტომ წინასწარ საჭიროა ხელების გათბობა. ყველა ოქსიმეტრს აქვს ტემპერატურის მინიმუმი, რომელზეც ის ზუსტ შედეგს იძლევა. ზოგჯერ პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს სისხლძარღვების შევიწროება.
  2. ოქსიმეტრით სარგებლობამდე ადამიანი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში და ხელები არ ამოძრაოს. მოძრაობის შემთხვევაში სისხლის ნაკადის მოცულობა იცვლება და პულსოქსიმეტრის ჩვენებაც ცვალებადია.
  3. ინტრავენური საღებავები, მეთილენის ლურჯი, ინდოციანინის მწვანე, ინდიგოკარმენი ცვლიან ოქსიმეტრის ჩვენებას. პულსოქსიმეტრს არ აქვს მონიტორის გამაგრილებელი. მისი ჩვენება 97% ზოგჯერ ნახშირორჟანგით არის განპირობებული.
  4. ოქსიმეტრის ჩვენება არასწორია, თუ ადამიანის სისხლში არის კარბჰემოგლობინი (HbCO). თანამედროვე ოქსიმეტრები ამ ნაკლს ასწორებენ და შეუძლიათ კარბჰემოგლობინის და ოქსიჰემოგლობინის ერთმანეთისგან განსხვავება. არსებობს ოქსიმეტრები, რომლებიც ზომავენ როგორც ოქსიჰემოგლობინის, ასევე კარბჰემოგლობინის კონცენტრაციას სისხლში.

გამოყენებული ლიტერატურა: https://bit.ly/3kaPDID

https://bit.ly/3j2tY64

https://bit.ly/3j0PrfL

https://bit.ly/3szPAKy

რა საფრთხის შემცველია ხმააწეული ტონით საუბარი ბავშვთან ურთიერთობისას

0

ალბათ ძნელია, მოიძებნოს ისეთი აღმზრდელი, რომელსაც არასოდეს მიუმართავს აღზრდის შედარებით უფრო მკაცრი მეთოდებისთვის და არ გამოუყენებია ხმააწეული ტონი ბავშვთან საუბრისას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თუ ჩვენ ხანდახან ავუწევთ ხმას ბავშვთან ურთიერთობისას, ეს არ ნიშნავს, რომ გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ მის ფსიქიკას, მაგრამ როდესაც აღმზრდელისთვის ყვირილი ბავშვზე ზემოქმედების ძირითად იარაღად იქცევა, ეს შეიძლება სერიოზული ზიანის მომტანი აღმოჩნდეს სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.

მართალია, დღეს ბევრი მშობელი უარს ამბობს ბავშვის ფიზიკურ დასჯაზე, მაგრამ ვერბალური აგრესია აღმზრდელთა უმრავლესობისთვის ჩვეულებრივ სააღმზრდელო საშუალებად რჩება. იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა მშობელი ყვირილით ელაპარაკება ბავშვს. ზოგიერთი დედა ან მამა კი საერთოდ ხმააწეულ ტონს იყენებს ბავშვთან ურთიერთობისას.

     საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყვირილი ფიზიკურ დასჯაზე არანაკლები ზიანის მომტანია ბავშვისთვის. მაინც რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ, თუ ყვირილი ბავშვთან ურთიერთობის ყოველდღიურ ნორმად გვაქვს ქცეული:

  • უფროსების ყვირილი ბავშვებს, როგორც წესი, აშინებს. ყვირილის დროს პატარა იმყოფება მუდმივი სტრესის მდგომარეობაში, რომელზეც ორგანიზმი სათანადოდ რეაგირებს. ყვირილს ხშირად ბავშვები თავდასხმად აღიქვამენ, ამიტომ, თავადაც ერთვებიან „ბრძოლაში“, პასუხად თავადაც სწავლობენ ყვირილს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი პირდაპირ ითვისებს უფროსების ქცევის მოდელს და ყვირის არა მხოლოდ მშობლების შენიშვნებსა და თხოვნაზე, არამედ უყვირის თანატოლებს, მეგობრებს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც რაიმე ტიპის საყვედურით მიმართავს მას. ამგვარად, ის ცდილობს თავი დაიცვას. თუმცა, არიან ისეთი ბავშვებიც, რომელთა ფსიქიკა და ქცევა, აღმზრდელთა მხრიდან მუდმივი ყვირილის შემთხვევაში, განსხვავებული მიმართულებით იცვლება – ასეთი ბავშვი ხდება ჩაკეტილი, ჩუმი, გულჩათხრობილი. მას აშინებს ნებისმიერი ხმააწეული ტონი, მით უმეტეს – ყვირილი. აკეთებს ყველაფერს, რომ უფროსებს ასიამოვნოს, ოღონდ არ გამოიწვიოს მათი რისხვა. ის მუდმივად დანაშაულის გრძნობას განიცდის და ფარული აგრესია უგროვდება;
  • ბავშვი, რომელსაც მუდმივად უყვირიან, განიცდის მთელ რიგ ნეგატიურ ემოციებს: შიშს, რისხვას, წყენას, სევდას. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ხასიათის ისეთი თვისებების ჩამოყალიბებაზე, როგორიცაა: შფოთიანობა, აგრესიულობა, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, ჩაკეტილობა, დამოუკიდებლობის ნაკლებობა, დეპრესიულობა. ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, თვითშეფასებაც დაქვეითებული აქვთ. ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება ნერვული, ფსიქიკური დარღვევები: ენურეზი, უძილობა, ნერვული ტიკები, ფობიები, მავნე ჩვევები (ფრჩხილების კვნეტა, ტუჩის კვნეტა და ა.შ.). თუ ბავშვი ბუნებით ლიდერია, ყვირილი შეიძლება გახდეს მისი ღია აგრესიული მოქმედების მასტიმულირებელი;
  • ყვირილს შეუძლია სიყვარულის განადგურება. ბავშვები ყველაფერს სიტყვასიტყვით აღიქვამენ და როდესაც მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი უყვირის, ისინი ფიქრობენ, რომ მშობლებს აღარ უყვართ, ან კიდევ უფრო უარესი – სძულთ იგი. რა სიტყვებიც არ უნდა ითქვას მოგვიანებით ქვეცნობიერის დონეზე ბავშვი სიტუაციას იმახსოვრებს. ის თავს გრძნობს დაჩაგრულად, შეურაცხყოფილად და შეიძლება ყველაფერში გამოიჩინოს მორჩილება, ოღონდაც მშობლის სიყვარული დაიმსახუროს;
  • მუდმივი ყვირილის გარემოში გაზრდილი ბავშვები მოგვიანებით, როცა საკუთარ ოჯახს ქმნიან, ისევე უყვირიან შვილებს, როგორც თავად იყვნენ მიჩვეული ბავშვობაში. ყვირილი მათთვის, როგორც წესი, ოჯახური კომუნიკაციის ნაწილი ხდება;
  • ყვირილი ფიზიკურადაც აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას. ბავშვი, რომელსაც ყველა უყვირის, განწირულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის. მშობლების უხეშობა აფერხებს ტვინის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და შეიძლება სიმსუქნეც კი გამოიწვიოს. და, რაც ყველაზე სახიფათოა, ყვირილმა, სიტყვიერმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ, გაკიცხვამ დედის ან მამის მიერ ბრაზის, მრისხანების დროს შეიძლება მნიშვნელოვნად და სამუდამოდ შეცვალოს ბავშვის ტვინის სტრუქტურა;
  • ბავშვს უჭირს თბილი, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა მშობლებთან, რომლებიც მუდმივად ყვირილით ცდილობენ მის დამორჩილებას – ის უბრალოდ ემოციურად იკეტება. ამას კი შედეგად ურთიერთობის გაუარესება მოჰყვება, რაც განსაკუთრებით საზიანოა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. თუ ბავშვთან აღნიშნული დამოკიდებულება დიდხანს გაგრძელდება, სერიოზული პრობლემები დაფიქსირდება მის სოციალურ განვითარებაშიც. ცნობილია, რომ საზოგადოებასთან ბავშვის ურთიერთობა დამოკიდებულია მის ურთიერთობებზე ოჯახში. მუდმივი ყვირილის გარემოში გაზრდილ ბავშვს, როგორც წესი, უყალიბდება უნდობლობა გარემომცველი სამყაროს მიმართ, რაც ხელს უშლის მოზარდს, განიცადოს სიხარული, დაამყაროს ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, იპოვოს მეგობრები. თავს ზედმეტად გრძნობს ამ სამყაროში და კიდევ უფრო მეტად იკეტება საკუთარ თავში, რაც მის სოციალიზაციას სერიოზულად აფერხებს.

საეჭვოა, რომ რომელიმე მშობელს სურდეს საკუთარი შვილისთვის ასეთი მომავალი. ხშირად თავადაც განიცდიან და ნერვიულობენ კიდეც, როცა შვილთან ყვირილით უწევთ საუბარი და პრობლემების ამ გზით მოგვარება. უარსაც არ იტყოდნენ საკუთარი ქცევის შეცვლაზე. მართალია, ჩვევად ჩამოყალიბებულ ქცევაში ცვლილებების შეტანა არც ისე ადვილია, მაგრამ, თუ მშობელი კარგად გააცნობიერებს, რა ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შვილისთვის, მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის  მისი აღზრდის სტილი, ვფიქრობ, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ რაიმე შეცვალოს ბავშვთან ურთიერთობაში და უარი თქვას ყვირილზე.

იმისათვის, რომ მოვაგვაროთ პრობლემა, პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ ის და ვიპოვოთ მისი გამომწვევი მიზეზები:

  • ყვირილით ურთიერთობა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და ემოციურ მდგომარეობაზე კონტროლის დაკარგვითაა გამოწვეული. ნეგატიური გრძნობები ზედაპირზე ამოტივტივდება და მათი „ადრესატი“ ხდება ბავშვი, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან პატარაა შეტევის მოსაგერიებლად ან ასეთი აფეთქების თავიდან ასაცილებლად;
  • უკმაყოფილება საკუთარი მდგომარეობით, საკუთარი ცხოვრებით, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის პრობლემები, მიმდინარე მოვლენებზე ზემოქმედების მოხდენის უუნარობა – ასევე შეიძლება გახდეს ნერვული აფეთქებისა და ყვირილის მიზეზი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი ყვირილით გამოხატავს თავის უსუსურობას;
  • სასურველი შედეგის დროულად მიღების სურვილმა ასევე შეიძლება უბიძგოს ადამიანს ყვირილისკენ. დამაჯერებელი არგუმენტების მოძიება და სიტუაციიდან გონივრული გამოსავლის პოვნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ყვირილი. და, როდესაც მშობელს უსიამოვნებები აქვს სამსახურში ან სახლისკენ მიმავალი ქუჩაში კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდება, სახლში მოსული მთელ ბრაზს ბავშვზე ანთხევს და თავისუფლდება უარყოფითი ემოციებისგან. დროთა განმავლობაში კი ასეთი ქცევა ჩვევად გადაექცევა და ყვირილი ხდება ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი ხერხი. გარდა ამისა, ბევრის აზრით, ყვირილი მიზნის მისაღწევად ყველაზე მოკლე გზაა, თითქოს სასურველ შედეგსაც უცებ ვიღებთ, მაგრამ საეჭვოა, რომ ამ გზით შევძლოთ ბავშვში სასურველი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ასე, მაგ., თუ ბავშვმა ყვირილის ან შიშის გამო დაალაგა ოთახში მიმობნეული სათამაშოები თავის ადგილას, საეჭვოა, რომ ის ამას მომავალში თავისით, დამოუკიდებლად და შეხსენების გარეშე გააკეთებს. შემდეგ ჯერზე საჭირო იქნება უფრო ხმამაღლა დაყვირება;
  • ყვირილი გვიჩვენებს მშობლების უმწეობას. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანი, ემოციური ინტელექტის მაღალი დონით, საეჭვოა თავს დაატყდეს ბავშვს ყვირილით. ყვირილი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მშობელმა არ იცის, რა გააკეთოს მოცემულ სიტუაციაში და არ შეუძლია, იპოვოს საკუთარ თავში ძალა ემოციების „მოსათოკად“ და ქცევის სამართავად.

როგორ გავთავისუფლდეთ ყვირილის ჩვევისგან – რეკომენდაციები:

  • პირველ რიგში, გავითვალისწინოთ, რომ ყვირილის პრობლემის დაძლევა და მისგან გამოწვეული ემოციური ზიანის შემცირება შესაძლებელია;
  • საჭიროა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვაქვს ეს ჩვევა. გავაანალიზოთ კვირის განმავლობაში რამდენჯერ „ავფეთქდით“ რაიმე მიზეზით თუ უმიზეზოდ. გვეუბნებიან თუ არა მეგობრები და ახლობლები, რომ ხშირად ვყვირით, ვიპყრობთ თუ არა უცხო ადამიანების ყურადღებას ჩვენი ყვირილით. თუ ეს ასეა, უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ: „მე ზედმეტად ხშირად ვყვირი, ეს ფაქტია“. თუ ადამიანი ამას უარყოფს და ცდილობს საკუთარი თავის გამართლებას, ის არ არის მზად ებრძოლოს ამ ჩვევას;
  • ქცევის მართვის პროცესში დადებითი გავლენის მომტანი იქნება მოსალოდნელი შედეგების ვიზუალიზაცია. თუ ვგრძნობთ, რომ სადაცაა „ავფეთქდებით“, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა ზიანს მივაყენებთ ბავშვს – როგორ ეშინია, ტირის, გაფართოებული თვალებით გვიყურებს, კანკალებს და პატიებას გვთხოვს. ასეთი სურათი სწრაფად გამოგვაფხიზლებს და ჩვენს ემოციებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ მისცემს;
  • წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება შეხედონ ჩვენს ქცევას ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან ჩვენი ყვირილის მიზეზი. შესაძლოა ამან შეგვაჩეროს;
  • დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ნერვულ სისტემაში ყველაფერი რიგზეა. ცხოვრების აჩქარებული ტემპი და მუდმივი სტრესი ადამიანის ნერვულ სისტემას დაუცველს ხდის. ზოგჯერ მუდმივი ყვირილი დეპრესიის, ნევროტული აშლილობის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შედეგია;
  • გრძნობების გახმოვანება ასევე მნიშვნელოვან დამხმარე საშუალებას წარმოადგენს. არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი ნეგატიური გრძნობების გამო, უნდა ვისაუბროთ ღიად: „ძალიან გაბრაზებული ვარ“! „აღშფოთებული ვარ შენი საქციელით“! – ასეთი ფრაზები უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე ყვირილი;
  • ვაღიაროთ, რომ ყვირილი ძლიერების კი არა, ჩვენი სისუსტის მაჩვენებელია. ამ აზრმა შეიძლება გაგვაჩეროს და გვაიძულოს გადავხედოთ ჩვენს ქცევას;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოვახერხებთ ყვირილის შეკავებას, ბოდიშის მოხდა მაინც უნდა შევძლოთ. გულწრფელი ბოდიში ნამდვილად არ ამცირებს ჩვენს ავტორიტეტს, პირიქით, ბევრად შეამსუბუქებს კონფლიქტის შედეგებს და ასევე დაგვეხმარება ბავშვთან ღია კომუნიკაციის დამყარებაში.

დაბოლოს, ყვირილი სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ გვიყვარს. ბევრი სიტუაცია ნაკარნახევია საღი აზრით და კეთილი ზრახვებით. უბრალოდ, აუცილებელია დავფიქრდეთ იმაზე, როგორ ვავლენთ ჩვენს სიყვარულს და მზრუნველობას ბავშვის მიმართ. ყვირილი ვერ დაგვეხმარება აღზრდაში. ის ბავშვს მხოლოდ წყენისა და უმწეობის განცდას უქმნის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მივაღწიოთ ბავშვის მხრიდან  გულწრფელად ბოდიშის მოხდას და დაშვებული შეცდომების აღიარებას, თუ ჩვენი ურთიერთობა მასთან ყვირილის ფონზე მიმდინარეობს. ამიტომ, რაც უფრო იშვიათად დავკარგავთ მოთმინებას და არ დავიწყებთ ყვირილს, მით უკეთესი იქნება არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ საერთოდ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც.

 

 

 

პოეტური ენის შესახებ

0

პოეზია, ისევე როგორც ენა, ცოცხალი მოვლენაა და მუდმივად იცვლება – ფორმის, სტრუქტურის, სტილისა და ესთეტიკური კონტექსტის მიხედვით. ის სულიერ-ინტელექტუალური ემოცია, რომელსაც ლექსი მკითხველში/მსმენელში აღძრავს, უპირველესად, სწორედ ენის წყალობით მიიღწევა. ენა კი ფართო ცნებაა და მასში უამრავი კომპონენტი იგულისხმება.

შევხვედრივარ პოეზიის მგზნებარე მოყვარულებს (არ ვგულისხმობ ლიტერატორებს და ფილოლოგებს, ვისაც ისედაც პროფესიულად ევალება ლექსის ცოდნა), რომლებსაც ლექსის, პოეზიის სრულიად კონკრეტული სიყვარული აქვთ და შეუძლიათ ისე ზუსტად განიხილონ პოეტური ტექსტი – ტროპებად და მეტაფორებად, საზომებად, რითმის სახეებად დაშალონ და თითოეულზე იმსჯელონ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულვარ, ლექსმცოდნეობაც ერთგვარი პოეზიაა, უფრო სწორად კი, პოეზიას აქვს ეს უნარი – თავისი ენერგიის მაგიით მოიცვას ყველაფერი გარშემო, მათ შორის ერთი შეხედვით მოსაწყენი და პროზაული „მეცნიერული ჩხირკედელაობა“.

ცოტა ხნის წინ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ნინო პოპიაშვილის სამეცნიერო კრებული „პოეტური ენის საკითხები“ ჩამივარდა ხელში, რამაც ეს ფიქრი და განწყობა ხელახლა ამიშალა. მით უფრო, რომ ამ წიგნში მოყვანილ მაგალითებს შორის, კლასიკად ქცეულ ლიტერატურულ ტექსტებთან ერთად, არანაკლები წილი თანამედროვე ქართული ლიტერატურისაცაა. ეს კი ნიშნავს, რომ პოეტურ ენაზე საუბრისას მკვლევარი სრულყოფილ სურათს ქმნის – კლასიკური და თანამედროვე ტენდენციების, გრადაციებისა და სიახლეების რეტროსპექტივას.

პოეტური ენის ნაწილი ლექსიკაა, რომელიც თავის მხრივ უამრავი ქვეჯგუფისგან შედგება: სინონიმები, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, ტავტოლოგია, რეგიონალიზმები, ეთნოგრაფიზმები, ბარბარიზმები, ევფემიზმები, სოციოლექტები და ა.შ.

წიგნი პოეტური ლექსიკისა და ტროპის საკითხებს დაწვრილებით განიხილავს. „პოეტური ლექსიკა, ერთი მხრივ, ლიტერატურული უნივერსალიაა, შაბლონია, რომელიც მსოფლიო ლიტერატურული პროცესების თანმდევი და შემადგენელი ნაწილია. მეორე მხრივ, იგი ორიგინალური და დამოუკიდებელი შემოქმედებით ხასიათდება, ვლინდება ნაწარმოებში და სრულიად დამოუკიდებელ, განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ პოეტურ სახეს ქმნის“, – ვკითხულობთ შესავალში.

პოეტურ ენაში მხოლოდ პოეზია არ იგულისხმება (მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც ტერმინი, იმ დროის კონტექსტში შეიქმნა, როცა მხატვრული მეტყველების ყველაზე გავრცელებული, დომინანტური ფორმა პოეზია იყო). პოეტური ენის/ლექსიკის მაგალითები უხვადაა ქართულ პროზაშიც და ამაში წიგნში მოყვანილი მაგალითებიც გარწმუნებთ. პოეტური ენა თანაბრად ემყარება ასევე, ენის განვითარების სამ ეტაპს: ხალხურს, ლიტერატურულსა და სახელმწიფოებრივს. „მხატვრული მეტყველება არ არის მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელი. იგი გვხვდება ყოველდღიურ მეტყველებაშიც, მაგალითად, „ცეცხლი მეკიდება“, ან: „კოკისპირულად წვიმს“, – დასრულებული მხატვრული სახეა, რომელსაც ხშირად იყენებენ ჩვეულებრივ საუბარშიც“, – წერს ნინო პოპიაშვილი და იმასაც აღნიშნავს, რომ პოეტური მეტყველება ესთეტიკური ფუნქციის მატარებელია, შესაბამისად, პოეტური ენა შემოქმედებითი ენაა.

რაც უფრო მდიდარია ენა, მით უფრო მრავალფეროვანია მისი შესაძლებლობები. კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურული მაგალითების მოხმობით, ნინო პოპიაშვილმა იმ გზის/გენეზისის შთაბეჭდილებაც შეუქმნა მკითხველს, რომელიც ენამ საუკუნეების განმავლობაში განვლო. კულტუროლოგიურ-ფილოლოგიური ასპექტების გარდა, ეს მოვლენა ალბათ საინტერესო საკვლევია სოციოლოგიურ ჭრილშიც, როგორც ენის – ყოფიერების სახლის – მთავარი ბინადრის – საზოგადოების განვითარების რეტროსპექტივა. (თუმცა, თუ პოეტურ ენასა და პოეზიაზე მიდგება საქმე, „განვითარება“ ალბათ ძალიან პირობით და უხერხულ ტერმინადაც მოგვეჩვენება, რადგან საუკუნეების წინანდელი „პოეტური ენის რესურსი“ ისეთივე მომნუსხველი და თანამედროვე შეიძლება იყოს, როგორც, გუშინ ან დღეს შექმნილი ტექსტის პოეტიკა. პოეზია ცივილიზაცია არაა, პროგრესი რომ განიცადოს. ის თვითონ ბადებს პროგრესს ენობრივ-სააზროვნო სივრცეში და ამ პროგრესის „მომხმარებელია“ საზოგადოება).

ვფიქრობ, ეს წიგნი ძალიან დაეხმარება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. მისი კითხვისას, წარმოვიდგინე კიდეც გაკვეთილი, სადაც მოსწავლეები, პედაგოგთან ერთად, რომელიმე ლიტერატურულ ტექსტს ამ წიგნის მიხედვით არჩევენ, პოულობენ და განმარტავენ – ბარბარიზმებს, ევფემიზმებს, ოკაზიონალიზმებს, პოლისემიას, პარონიმებს, ტავტოლოგიას და ა.შ. ან შესაძლოა, თითოეულმა მოსწავლემ თითო საკითხი აირჩიოს და მასზე წარმოადგინოს მაგალითები. რაც უფრო მეტი, მით უკეთესი…

მით უფრო, რომ ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტი შეიძლება „ცდისპირად“ იქცეს. ასე, მათი შესწავლაც შესაძლოა ბევრად სახალისო აღმოჩნდეს, მაგალითად, ჟარგონიზმები აკა მორჩილაძის პროზაში, ან დიალექტიზმები ალექსანდრე ყაზბეგის რომანებში; ევფემიზმები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებში ან დისფემიზმები ილია ჭავჭავაძესთან; ოქსიმორონის ნიმუშები ბესიკ ხარანაულთან, ან მეტაფორები იმავე პოეტთან, გნებავთ სხვა პოეტებთან; ან შესაძლოა, სულაც თავად შექმნან მოსწავლეებმა ახალი ტექსტები, სადაც პოეტური ენის ამ რესურსებს გამოიყენებენ. ეს თამაშიც საინტერესო იქნება თუნდაც იმის გასააზრებლად, რამდენად/როგორ ფლობენ მოსწავლეები მშობლიურ ენას, რამდენად მხატვრულად აზროვნებენ და რამდენად ანიჭებთ სიხარულს ენაში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა…

იმის თქმა მინდა, რომ წიგნი „პოეტური ენის საკითხები – პოეტური ლექსიკა/ტროპი“ საჭირო თანასახელმძღვანელოდ შეიძლება აქციონ მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც და კიდევ უფრო მეტად გაიფართოონ ენობრივი პოეტიკის ცოდნა/აღქმა. მით უფრო, რომ პოეტური ენა „ღიაობით გამოირჩევა, მიისწრაფვის განახლებისა და ცვლილებებისკენ, ახალი ფორმებისა და შესაძლებლობების ძიებისაკენ“ (ნ.პოპიაშვილი), ამ პროცესში ჩართულობა კი ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და ორიგინალური სულიერ-ინტელექტუალური შთაბეჭდილებაა.

 

ელექტრონული რესურსები არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლის“ შესწავლისთვის

0

ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს წუთი, როცა თავს მარტოსულად იგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი, სკოლა და საზოგადოება მის გვერდით არიან.

ჩვენ შევეცდებით, ამ სტატიაში თავი მოვუყაროთ რესურსებს, რომლებიც არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლის“ სწავლებისას გამოვიყენეთ, რათა მოსწავლეებისთვის გვეჩვენებინა, როგორ შეიძლება გადააქციო სუსტი, მარტოსული ნაბიჯები მამაკაცურ, გაბედულ სვლად, დაგვეფიქრებინა ნებისმიერი ტიპის პრობლემის დაძლევის გზებზე ნებისმიერ საზოგადობაში.

უშუალოდ ტექსტის გაცნობამდე, გამოწვევის სახით, ვისაუბრეთ ჩაგვრაზე, ბულინგზე, განვიხილეთ, როგორ დგას ეს პრობლემა თანამედროვე ბავშვების ცხოვრებაში და ვნახეთ ანიმაცია „ბულინგი სკოლაში“. ანიმაციაში ნაჩვენებია ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების სწორი ჩართულობა პრობლემის მოგვარებაში.

ვიდეოს ნახვის შემდეგ გავეცანით ტექსტს და პარალელი გავავლეთ ნანახსა და წაკითხულს შორის. ანიმაცია ზედმიწევნით ეხმიანება ნაწარმოების იმ ეპიზოდს, სადაც პუპუზა, კურკა, გეო და ჭორფლიანი ჩაგრავენ ბიჭს. ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა, თუ მისი უფლებები დაირღვა. დახმარება მხოლოდ მსხვერპლს სჭირდება თუ მოძალადესაც? რატომ?

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ნაწარმოებში იკვეთება, ცხოველებზე ძალადობაა. მეხუთეკლასელებმა უკვე კარგად იციან, რას ნიშნავს კანონი და რატომ უნდა ვიცავდეთ მას. მათ გავაცანით სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, სადაც წერია: „ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“. ერთად ვნახეთ ანიმაცია „კიტბული, რომელშიც მოთხრობილია ძაღლისა და მისი მოძალადე პატრონის სევდიანი ამბავი.

შევთანხმდით, რომ თუ სადმე ცხოველების წამების ან მათზე ძალადობის შემთხვევას წავაწყდებით, აუცილებლად მივმართავთ პოლიციას და მოვითხოვთ დამნაშავეთა 259-ე მუხლით დასჯას.

ტექსტის სრულად გაცნობისა და გაანალიზების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვეთ, ენახათ რეჟისორ ლეილა გორდელაძის ფილმი „ძაღლი“, გადაღებული ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. შევადარეთ მოთხრობის პერსონაჟი გია ფილმის პერსონაჟ გოგიტას. შედარებისთვის ეფექტურად ვიყენებდით პერსონაჟის რუკებს.

საბოლოოდ მოსწავლეებმა ნაწარმოებში დასმული ძირითადი პრობლემები ამგვარად ჩამოაყალიბეს:

 

 

ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ანიმაცია „გასაყიდი თაგვი“, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ იპოვა განსხვავებული გარეგნობის ბიჭმა მასავით განსხვავებული თაგვი და როგორ დაუმეგობრდა.

ნაწარმოებმა და ანიმაციამ მიგვახვედრა, რომ როდესაც გგონია, ყველაფერი დასრულდა და განსაცდელს ვერ გაუმკლავდები, სწორედ მაშინ შეიძლება გამოჩნდეს ვინმე ისეთი, ვინც გზას გაგინათებს, თვითშეფასებას აგიმაღლებს, საკუთარი თავის რწმენას შეგმატებს, დამოუკიდებლობას გასწავლის და გამართული ნაბიჯებით სიარულს შეგაძლებინებს.

ერთი სტატიის ფარგლებში, ბუნებრივია, შეუძლებელია, ამომწურავად ვისაუბროთ იმ მრავალფეროვან რესურსებზე, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობითა და აზრთა გაზიარებით მიღებული შედეგი, ვფიქრობთ, თქვენც გამოგადგებათ არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლის“ პრობლემებზე ორიენტირებული სწავლებისას.

ტიგრან თარზიანი – დემოკრატიული ცვლილებებისთვის

0

ტიგრან თარზიანის საქმიანობა, მისი იდეები და განხორციელებული პროექტები მალალა იუსაფზაის ცნობილი გამონათქვამის – „ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს, ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს სამყარო“ – ერთგვარი დასტურია.

ტიგრანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩმანაში ცხოვრობს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერება შეისწავლა, ერთი წლის წინ თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ დააარსა და ამ მიზნის მისაღწევად, სასიკეთო ცვლილებებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად ყოველდღე შრომობს.

„ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება და უფლება, იცხოვრონ თანასწორ, განმავითარებელ და ჯანსაღ გარემოში. ამის მისაღწევი ერთადერთი გზა – ხარისხიანი განათლებაა“ – ამბობს ტიგრანი და იმ პრობლემების შესახებ გვესაუბრება, რომლებიც ამ უფლების მიღმა ტოვებს ჩვენს მოქალაქეებს.

 „რეგიონში, სადაც მე ვცხოვრობ, ბევრი გამოწვევაა. პრობლემების დიდი ნაწილი ერთმანეთთან კავშირია. ჩემთვის უმთავრეს გადასაჭრელ პრობლემად რჩება განათლების ხელისაწვდომობა. ხარისხიანი განათლების გარეშე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარება, სამოქალაქო აქტივიზმის განვითარება, მუნიციპალიტეტიდან მიგრაციის შეჩერება რთულად წარმოსადგენია. ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციებისა და სათემო გაერთიანებების პასიურობის მიზეზიც ეს გახლავთ. მოსახლეობას მათივე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე აზრს არავინ ეკითხება, მათი ინტერესი, ჩართულობაც არაა სათანადო. ესეც, რასაკვირველია, განათლების, ინფორმაციის უკმარისობის, საკუთარი უფლებების უცოდინარობის ბრალია“.

თავად, როგორც ამბობს, გაუმართლა. ის ბავშვობიდან ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც წიგნიერება, განათლება, სწავლა ფასობდა.

„მშობლები იხსენებენ, რომ ყოველთვის ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. მეც ასე მახსოვს ჩემი ბავშვობა. სოფელში არც მაშინ გვქონდა საბავშვო ბაღი, არც ახლა გვაქვს. განვითარების არანაირი საშუალება არ არსებობდა არც მაშინ, არც ახლა – არც რაიმე წრე, არც რაიმე შემეცნებითი სივრცე…

 ბავშვობიდან ჩართული ვიყავი სოფლის მძიმე ყოველდღიურ შრომაში, ფიზიკურ სამუშაოში. საღამოობით, როცა თავისუფალი დრო მრჩებოდა, ფეხბურთსა და დედაშვილობანას ვთამაშობდით. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, ამის გარდა, წიგნის კითხვაც მაინტერესებდა და ბევრს ვკითხულობდი.

ბიძა ჟურნალისტი იყო, მისი სამუშაო მაგიდა მუდამ წიგნებით სავსე მახსოვს, ბაბუა ყოველ საღამოს წიგნს კითხულობდა. ეს ნათლად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

ბიძაჩემი სულ ამარაგებდა ბიბლიოთეკას ახალი წიგნებით, ბაბუაც შეძლებისდაგვარად ავსებდა მარაგს საბჭოთა პერიოდის წიგნებით. ამ ორმა ადამიანმა წიგნის სიყვარული და ფასი მასწავლა.

დღეს მე ვამარაგებ ჩვენი სახლის ბიბლიოთეკას ქართულენოვანი წიგნებით. კი, ძალიან ნელი ტემპით, რადგან დღეს წიგნი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი ყოველთვიური შემოსავლიდან რაღაც ნაწილი ყოველთვის გადავდო ახალი წიგნის შესაძენად.

„საშინაო ბიბლიოთეკა ყველა მსურველისთვის“

„ახლო მომავალში ვგეგმავ სახლში პატარა ოთახის მოწყობას, სადაც იქნება საბავშვო ლიტერატურა, რუკა, მათემატიკისა და ფიზიკის სასწავლო მასალები. იქ თავისუფალ დროს ბავშვებთან გავატარებ. ეს სივრცე არამარტო ჩემი ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ სოფელში მცხოვრები ნებისმიერი ბავშვისთვის. ბოლოს და ბოლოს, მათ ექნებათ შესაძლებლობა კვირაში ერთი ან ორი საათი დაკავებული იყვნენ შემეცნებითი და შემოქმედებითი საქმიანობით“.

სკოლა მაშინ და სკოლა ახლა

მე სოფელ უჩმანის სომხურენოვანი სკოლა დავამთავრე. სკოლაში არ იყო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ქართული და ინგლისური ენის მასწავლებელი, ქართული ენის სწავლებისა და უბრალოდ, ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. ზუსტად იგივე ვითარებაა დღესაც. კვლავ არ გვყავს კვალიფიციური კადრები, პროფესიონალი მასწავლებლები, მოსწავლეებს არ აქვთ სახელმძღვანელოები. მოკლედ რომ შევაფასო, მთელი 12 წელი უბრალოდ დროს ვატარებდი სკოლაში და რომ არა ჩემი ოჯახის მონდომება და მხარდაჭერა, მეც უმრავლესობის მსგავსად არასრული განათლებით დავრჩებოდი. რა მახსოვს სკოლიდან? რამდენიმე სომეხი პოეტის ლექსი – ზეპირად და სკოლაში რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. სულ ესაა. რა გასაკვირია, რომ ვისაც სწავლა უნდა, ქვეყნიდან მიდის.

„ჩვენ მივხედავთ“…

ჩემი სოფელი, უჩმანა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, აქ ადრე 130-მდე კომლი ცხოვრობდა, ახლა 40-45. საბჭოთა ინფრასტრუქტურიდან ძირითადად ნანგრევებია დარჩენილი. ახლა გვინდა, რომ ბიბლიოთეკის აღდგენაზე შევიტანოთ პროექტი. მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, რემონტი თავის თავზე აიღონ, წიგნებისა და კომპიუტერების საკითხებს ჩვენ მივხედავთ.

 

ახლა

ვმუშაობ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“, პერიოდულად ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტშიც. ასევე, 1 წლის წინ დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“. ჩვენი აზრით, საკმაოდ პასიურია ამ რეგიონში აქტივიზმი და მესამე სექტორი. ახალგაზრდების მობილიზება დღემდე გამოწვევაა, თუმცა, მაინც ვახერხებთ პატარა ნაბიჯებით წინსვლას. მაგალითად, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. შეხვედრები ყველა მსურველთან გვაქვს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. პროექტის გაკეთება გადავწყვიტეთ არა წმინდად იურიდიული ან კანონის გაცნობის მიმართულებით, არამედ ზოგადად, უფლებების გაცნობის კუთხით. ადამიანები მათთვის გასაგები ენით, სიტუაციური სავარჯიშოების პრაქტიკულად შესრულებით იგებენ საკუთარი უფლებების შესახებ. ევროსაბჭოს ერთ-ერთ ტრენინგზე ვნახე ასეთი მოდელი და გადმოვიტანეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯავახეთში ფუნდამენტურ უფლებებზე ვისაუბროთ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება, უზრუნველყოფილი იყვნენ ისეთი საჭიროებებით, როგორიცაა, მაგალითად, საბავშვო ბაღი, რომელიც აქ ან არ არსებობს, ან არის, მაგრამ არ არის დაცული შესაბამისი პირობები, ჰიგიენა, სტანდარტები და ა შ.

არჩევანი – დაბრუნება

ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე დაიწყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 4+1 პროგრამით მოვხვდი. სტუდენტურ ცხოვრებასთან ადაპტირება თავიდან ძალიან რთული იყო. პირველ კურსზე ქართულად ვერც ვსაუბრობდი თავისუფლად. უნივერსიტეტის 5 წელი თვითგანვითარების არაჩვეულებრივი შანსი აღმოჩნდა ჩემთვის. უნივერსიტეტი იყო ადგილი, სადაც ყველა საჭირო რესურსი მქონდა – ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ლაბორატორიები, ლექტორებთან ურთიერთობა. ამ 5-მა წელმა ბევრი რამ შემძინა. ზოგადად, პროგრამა 4+1 2010 წლიდან მოქმედებს და უამრავი ახალგაზრდაა ჩართული. პრობლემა ისაა, რომ განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდებს არ სურთ რეგიონში დაბრუნება. ეს გასაგებია, არც სამუშაო ადგილებია, არც განვითარების საშუალება.

უნივერსიტეტის შემდეგ კერძო სექტორში ვმუშაობდი. ხელფასიც კარგი მქონდა და თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. ეს საჭირო იყო. დავტოვე სამსახური და ჩემს მშობლიურ ნინოწმინდაში დავბრუნდი, გავერკვიე პრობლემებში და დავიწყე მუშაობა.  

არ ვიცი, რამდენად დავეხმარები ჩემს მხარეს, მაგრამ, ვიცი, რომ რაღაცაში დავეხმარები…

 

 

 

საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ – მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის

0

2015-2016 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში დაინერგა არჩევითი საგანი მეწარმეობის საფუძვლები. აგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესწავლაში ეხმარება. თამარ მორგოშია პროფესიით ეკონომისტი და N175 საჯარო სკოლის მეწარმეობის, ეკონომიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. როდესაც სკოლაში არჩევითი საგნის მასწავლებლობა შესთავაზეს, ახალ გამოწვევას დასთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უფიქრია მასწავლებლობაზე. თამარს მოსწავლეებთან მუშაობა მოეწონა, რამაც მისი შემდგომი საქმიანობაც განაპირობა. ის მეწარმეობის სწავლების პროექტში 2008 წლიდან არის ჩართული და პირველი წარმატებებიც მავე წელს მოიპოვა თავის მოსწავლეებთან ერთად. სამეწარმეო გაკვეთილების და მოსწავლეებში სამეწარმეო ხედვების განვითარებაზე იგი ჟურნალ მასწავლებელთან საუბრობს.

 

 

თამარ, გვესაუბრეთ თქვენი საგნის მეწარმეობის საფუძვლების შესახებ. ა არის მეწარმეობა და რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ ეს საგანი?

 

დავიწყოთ იქიდან, რა არის მეწარმეობის საფუძვლები და რას ითვალისწინებს ამ საგნის შესწავლა. პროგრამა „კომპანია“ წარმოადგენს მეწარმეობის საფუძვლების მეთოდს, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ეკონომიკური და ბიზნესმეცნიერების პრინციპებს, ამავე დროს ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მიღებული განათლება რეალური ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად გამოიყენონ.

პროგრამა „კომპანია“ 2016 წელს აღიარებულ იქნა, როგორც საუკეთესო სამეწარმეო უნარების განმავითარებელი პროგრამა.

კომპანიის პროგრამაში მოსწავლეები შეისწავლიან, როგორ უნდა დააფუძნონ საკუთარი ბიზნესი და მოახდინონ მისი ოპერირება.

პროგრამის ფარგლებში ისინი მუშაობენ იდეების გენერირებაზე, იკვლევენ ბაზარს, ირჩევენ დირექტორთა საბჭოს. ისინი ასევე მოიზიდავენ სააქციო კაპიტალს, დააფინანსებენ, განავითარებენ და ბაზარზე გაიტანენ პროდუქტს ან მომსახურებას მათი არჩევანის მიხედვით. გასცემენ ხელფასს, წლის ბოლოს კი მოამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებას მათი აქციონერებისათვის და მოახდენენ კომპანიის ლიკვიდაციას, რადგან ეს არის სასწავლო პროექტი და იგი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.

პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მომავალში მათ თავის დამკვიდრებაში დაეხმარება; ასევე გააცნოს მათ ბიზნესის და ეკონომიკის რთული ცნებები მოქმედებაში (პრაქტიკაში), დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები, გაუჩინოს პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი, აქციოს ისინი თავისუფალ მოქალაქეებად დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკის საქართველოში. ამ პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს ასევე საშუალება აქვთ, ჩაერთონ სამეწარმო უნარ-ჩვევების სერტიფიცირების პროგრამაში „The Entrepreneurial Skills Pass“ (ESP).

დაგვიზუსტეთ დეტალები ამ პროგრამის შესახებ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და რაში დაეხმარება ეს პროგრამა მოსწავლეებს?

 

„The Entrepreneurial Skills Pass“ (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირების პროგრამა ევროპაში დამკვიდრებული სტანდარტებით 15-დან 25 წლამდე ასაკის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. საქართველოში ამ სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მოსწავლეებს ან სტუდენტებს, რომლებიც „Junior echievement საქართველოს“ „მოსწავლეთა კომპანიის“ მეთოდოლოგიით სწავლობენ „მეწარმეობას“. აღნიშნული პროგრამის გავლა მოსწავლეს სძენს საჭირო უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც დაეხმარება საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში ან წარმატებით დასაქმებაში. ESP ჩაბარებით დასტურდება, რომ მოსწავლე/სტუდენტი ფლობს სამეწარმეო უნარებს და კომპეტენციებს, რაც კონკურენტულ უპირატესობას სძენს მას სამუშაო ბაზარზე შესვლისას, ზრდის დასაქმების შანსს და დამსაქმებლებს ნათელ წარმოდგენას აძლევს პოტენციური კანდიდატის შესახებ. ESP-ის სერტიფიკატი აღიარებულია მთელს მსოფლიოში დამსაქმებელსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ სერტიფიკატის მქონე ახალგაზრდები საუკეთესო მუშაკები არიან.

 

გვესაუბრეთ სასწავლო პროცესის პრაქტიკულ ნაწილზე, როგორ ასწავლით და როგორ გეგმავთ გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის?

 

საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ უნიკალურია იმით, რომ დაფუძნებულია კეთებით სწავლებაზე. თავდაპირველად ვიწყებთ იდეების გენერირებას, ვიკვლევთ მიზნობრივ ბაზარს, ვაკეთებთ ამ იდეის SWOT-ანალიზს და ვარჩევთ სასურველ იდეას. ამის შემდეგ ვიწყებთ კომპანიის ჩამოყალიბებას. არჩევნების წესით ვირჩევთ კომპანიის გენერალურ მენეჯერს (CIO). დანარჩენი მოსწავლეები თავდაპირველად აკეთებენ საკუთარი უნარების შეფასებას, რის მიხედვითაც ავსებენ CV-ს კონკრეტულ პოზიციაზე სამუშაოდ: მარკეტინგის მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი, წარმოების მენეჯერი, HR მენეჯერი. გაივლიან გასაუბრებას. მოსწავლეთა კომპანია გადის ყველა იმ საფეხურს, რომელსაც ნებისმიერი ბიზნესკომპანია ახორციელებს. კომპანიის „სტაფის“ დაკომპლექტების შემდეგ დარჩენილი მოსწავლეები ნაწილდებიან მათთვის სასურველ განყოფილებაში. ამის შემდეგ უკვე იწყება მთლიანი პროცესი პროდუქციის შექმნიდან მის რეალიზაციამდე – სააქციო კაპიტალის მოზიდვა, ნედლეულის შესყიდვა, წარმოება, გასაღების ბაზრის ძიება, რეკლამირება, გაყიდვა, ხელფასების გაცემა და წლის ბოლოს კომპანიის ლიკვიდაცია. (როგორც სასწავლო კომპანია თავისუფალი ვართ გადასახადებისგან).

 

2020 წელს თქვენი სკოლა ევროპის 25 ქვეყნის 39 საუკეთესო სამეწარმეო სკოლებს შორის დასახელდა. ვესაუბრეთ ღონისძიებაზე, რომელსაც სამეწარმეო სკოლის ჯილდო ჰქვია, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით.

 

ჩვენი სკოლა 2008 წლიდან თანამშრომლობს „Junior echievement საქართველოსთან“. ჩვენ ყოველწლიურად ვვითარდებით და ვიზრდებით. ვცდილობთ, ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო პროდუქტი შევქმნათ. ამ მუშაობის შედეგი იყო ის, რომ 2020 წელს N175 საჯარო სკოლა დასახელდა როგორც საუკეთესო სამეწარმეო სკოლა, რაც, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო გერმანიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩატარდა ონლაინ. მასში მონაწილეობდნენ ევროპის 25 ქვეყნის საუკეთესო სამეწარმეო სკოლის მეწარმეობის პედაგოგები. ევროპის საუკეთესო სკოლების 2020 წლის დაჯილდოების მეორე ნაწილი დაეთმო ვორქშოფებს. სადაც მოხდა უცხოელი კოლეგების მიერ, ჩვენთვის, მიწვეული მასწავლებლებისთვის, გამოცდილების გაზიარება, რაც ძალიან საინტერესო იყო და დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის განვითარებაში.

 

ოგვიყევით იმ პროექტებზე, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში ახორციელებთ თქვენს სკოლაში. ომელ პროექტს გამოარჩევთ განსაკუთრებით და რატომ?

 

ამ წლების განმავლობაში ჩემს მოსწავლეებთან ერთად საკმაოდ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. გამოვყოფდი ორ მათგანს, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

 

2017-2018 სასწავლო წელს სამეწარმეო განათლების ფარგლებში X კლასის მოსწავლეებთან განვახორციელე პროექტი ,,Skill board“. კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტი – მოტორული უნარებისა და აზროვნების განმავითარებელი დაფა, რომელიც გათვლილი იყო სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, ასევე სამ წლამდე ბავშვებისათვის.

თებერვლის თვეში „Junior echievement საქართველომ“ კომპანია „Skill board“ შეარჩია ესტონეთის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად. სადაც დავიმსახურეთ ტიტული „Best foreign company“ და გადმოგვეცა სერტიფიკატი.

ამის შემდეგ დავიწყეთ მზადება „Junior echievement“-ის მიერ ორგანიზებული საქართველოს გამოფენა-გაყიდვისათვის. სადაც, ჟიურის გადაწყვეტილებით კომპანია „Skill board“-მა დაიმსახურა ჯილდო „Best company“და გადავიდა შემდეგ ეტაპზე.

„თბილისი მერიოტში“ „Junior echievement საქართველოს“ მიერ წლის კომპანიის შესარჩევ კონკურში წარმოდგენილ იქნა ხუთი კომპანია, მათ შორის იყო 175-ე საჯარო სკოლის კომპანია „Skill board“.  ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. კომპანია „Skill board“ წარმატებით დაიცვა თავისი პროექტი და დამსახურებულად მოიპოვა ტიტული „წლის კომპანია“ – „Company of the year“ და თასი.

ივლისის თვეში „Skill board“-წარადგინა საქართველო „Junior echievement ევროპის“ კონკურსზე სერბეთში, ქალაქ ბელგრადში.

2019 წ. – მოსწავლეთა კომპანია „skill board“-მა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციების „სიქასა“ და „EMT“-ის მიერ ორგანიზებულ „Diamond Callenge“-ის სოციალური საწარმოების კონკურსში, სადაც ასევე პირველი ადგილი დაიმსახურა და მიწვეულ იქნა აშშ-ში, დელავერის უნივერსიტეტში, აპრილის თვეში. აშშ-ში გასამგზავრებლად ტექნოპარკის „GITA“-ს სამგზავრო გრანტი მოიპოვა. მსოფლიო სოციალურ საწარმოთა კონკურსზე, დელავერის უნივერსიტეტში „skill board“ დასახელდა მსოფლიოს ტოპ 9 სოციალურ საწარმოთა შორის.

 

მეორე პროექტი, რომელიც ასევე ძალიან განსაკუთრებულია ჩემთვის, რომელიც განვახორციელეთ 2020 წელს – „Helmet Vision“ მეხანძრის ჩაფხუტი, აღჭურვილია იმგვარი მოწყობილობით, რომელიც ეხმარება მეხანძრეს დაკვამლიანებულ გარემოში ორიენტირებაში. (პროდუქტი აღჭურვილია ულტრასონიკებით, რომელიც აღიქვამს წინაღობებს და მეხანძრეს კარნახობს რომელ მხარეს უნდა გადაადგილდეს). მოსწავლეთა კომპანია „Helmet Vision“ თებერვლის თვეში „Junior Achievement Georgia“-ს მიერ შერჩეულ იქნა ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად. „Junior Achievement Estonya“-ს  – მიერ დაჯილოდოებულ იქნა ნომინაციაში  „Best innovation company“. აპრილში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაში და დასახელდა ნომინაციაში „Best company“. დაცვის ეტაპზე კი დაიმსახურა ჯილდო „2020 წლის კომპანია“ და თასი. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ონლაინ გამართულ ევროპის მოსწავლეთა კომპანიების ჩემპიონატზე „Helmet Vision“ წარადგინა საქართველო პორტუგალიაში. დაიმსახურა „Citi Fundition“-ის სიმპათია და მოსწავლეებმა მიიღეს ფასიანი პრიზები.

 

ას გვეტყვით თქვენს მოსწავლეებზე, როგორ მუშაობენ ისინი და რამდენად ინტერესდებიან საგნით?

 

ამ პროგრამის მიმართ დაინტერესება დიდია ჩვენს სკოლაში, ძალიან ბევრი მოსწავლე ირჩევს ამ არჩევით საგანს.

მოსწავლეები ამ პროექტზე მუშობისას გამოიმუშავებენ გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციის, მარკეტინგის, ოპერირების, ფინანსების მართვის უნარებს. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოსწავლეებმა, რომელთაც გაიარეს ეს პროგრამა ისეთი უნარების შეიძინეს, რამაც მათი მომავალი პროფესია განსაზღვრა. მათ იმავე მიმართულებით განაგრძეს სწავლა უნივერსიტეტში რა პოზიციაც ეკავათ კომპანიაში. (მაგ: HR მენეჯერი- ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ა. შ.).

გარდა ამისა, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც სხვადასხვა დროს გაიარეს ეს პროგრამა, სერიოზულად  ფიქრობენ, დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანია, როგორც სტარტაპი და დაიწყონ რეალური ბიზნესი.

 

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, ხომ არ მუშაობთ ახალ პროექტზე?

 

junior Achevement საქართველო ხშირად გვანებივრებს საინტერესო პროექტებით, სემინარებით, ვორქშოფებით. ამჟამად ვმუშაობ მათ მიერ შექმნილ მოდულზე „პროექტების მართვის მენეჯმენტი“, რომლის ტრენინგსაც უკვე ვიწყებ მეწარმეობისა და ეკონომიკის ჯგუფის მოსწავლეებთან. ეს არის ელექტრონული სწავლების რესურსი https://jag-elearning.ge, რომელიც შეიქმნა JA კომპანიის პროგრამის დამატებით მოდულად და უკავშირდება მის სასწავლო გეგმას. იგი ეტაპობრივად საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ პროექტის მენეჯმენტის ყველაზე მოთხოვნად პროცესებს, უნარებსა და კონცეფციებს. ამ გზით მათ შეეძლებათ გამოიყენონ ისინი მოსწავლეთა კომპანიაში ან ნებისმიერ სამომავლო პროექტში. პარალელურად ჩართული ვარ სასკოლო პროექტში „ფინანსური წიგნიერება“, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის კლუბის წევრ მოსწავლეებთან ერთად ვატარებთ „junior Achevement“-ის პროგრამას „ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში“ მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებისათვის.

რაც შეეხება უშუალოდ მეწარმეობის საფუძვლების პროექტებს, ერთი მათგანის შესახებ გესაუბრებით.

მიმდინარე წელს ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეთა კომპანია „ROBOBOOK“, რომელიც აწარმოებს ინტერაქციული წიგნს, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ გზას რობოტიკის შესასწავლად. მასში სასწავლო კურსთან ერთად თავმოყრილია პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც სწავლისა და შემეცნების პროცესს კიდევ უფრო პროდუქტიულსა და ნაყოფიერს ხდის. სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, მიღებული ცოდნისა და წიგნში არსებული დეტალების საშუალებით, მოსწავლეს შეუძლია ააწყოს სმარტსათამაშო. წიგნი წარმოდგენილია როგორც სტანდარტული სახით, ასევე უზრუნველყოფილია აუდიოვიზუალით. რობობუქის მთავარი მიზანია, მოზარდებში STEM-უნარების განვითარების ხელშეწყობა. დღესდღეობით საქართველოში, მართალია მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროს განვითარებაზე, თუმცა საქართველო მაინც რჩება მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებელ და არა მწარმოებელ ქვეყნად. ჩვენი კომპანიის მიზანია, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან საქმეში და შევქმნათ ისეთი სასწავლო რესურსები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება ამ მიმართულებით განვითარებაში.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...