კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

გზა შემოქმედებითი კომპლექსური დავალებისკენ -ევრისტიკული სწავლების მოდელირება დიალოგური ფორმით

0

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურად ინერგება კომპლექსური, შემოქმედებითი ხასიათის დავალებების შესრულება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საგაკვეთილო პროცესში ტრადიციული პედაგოგიკური მეთოდებისა და მიდგომების ჩართულობის ხარისხი. ეს ბუნებრივია, რადგან კომპლექსური დავალებების ხასიათი და შინაარსი თავად მიუთითებს მოცემული მეთოდებისა და მიდგომების აქტუალობაზე.

შინაარსის მიხედვით, კომპლექსური დავალებები იყოფა:

  • შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის დავალებებად,
  • ლოგიკურ ამოცანებად და
  • დავალებებად, რომლებიც არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს.

ცნობილია, რომ სამუშაოს ორგანიზების ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შედეგიანობის თვალსაზრისით. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ კომპლექსური დავალებები ერთმნიშვნელოვნად შემოქმედებითი ხასიათის დავალებებია. შემოქმედებითი ხასიათის დავალებების ორგანიზებით კი, ერთი მხრივ, ახალ დონეზე ადის მოსწავლის კოგნიტიური და კომუნიკაციური, ინფორმაციის დამოუკიდებლად და შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის უნარები, მეორე მხრივ კი მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის რეკონსტრუირება და ინფორმაციის ძიების, კვლევის, ანუ ევრისტიკული პროცესები.

ევრისტიკული მეთოდი ცნობილია სოკრატული სწავლების სახელითაც, რომელიც ძირითადად გულისხმობს მოსწავლეების აქტიურად ჩართვას საკუთარი ცოდნის აგებაში კითხვა-პასუხის გზით (მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ფილოსოფოს სოკრატესგან, რომელიც მოსწავლეებს სწორედ ამ გზით ასწავლიდა ფილოსოფიას).

ევრისტიკული ძიების (ანუ სოკრატული მეთოდის) გამოყენებისას მასწავლებელი:

  • წაახალისებს მოსწავლეთა აზროვნებას და ხელს უწყობს ინტერაქციას;
  • სთხოვს მოსწავლეებს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე;
  • სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) კითხვებს (მაგ., რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?) და არ აწვდის არანაირ ინფორმაციას;
  • პრობლემური კითხვების დასმისას მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას;
  • ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომლებსაც გვაძლევენ ავტორიტეტები;
  • ამ დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს პრობლემის თაობაზე, თამამად წამოაყენებენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს;
  • აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს;
  • ცდილობენ ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას;
  • პრობლემური კითხვების დასმით მიმდინარეობს საგნობრივი ცოდნის უნიკალური განხილვა;
  • მოსწავლეები აკავშირებენ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ცოდნას;
  • გამოაქვთ დასკვნები და ახდენენ შეფასებას საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით;
  • სხვადასხვა ელემენტისგან ქმნიან ახალ სტრუქტურას და შედეგად იღებენ უნიკალურ შემოქმედებით, საგანმანათლებლო პროდუქტს

და ა. შ.

როგორც ვხედავთ, ევრისტიკული, კვლევა-ძიებითი მეთოდი შემოქმედებითი სწავლების დაკონკრეტებაა და პირიქით – ნებისმიერი შემოქმედებითი ხასიათის დავალება თავის თავშივე მოიცავს ევრისტიკულ მიდგომებს. აქედან გამომდინარე, თუ სასწავლო პროცესში ევრისტიკული ძიების მეთოდებს აქტიურად ჩავრთავთ, კომპლექსურ დავალებებს მოსწავლეები კიდევ უფრო საინტერესოდ გადაწყვეტენ.

მასწავლებლის მიერ მიცემულ ინსტრუქციებში, კომპლექსური დავალებების შესრულების გზებისა და ფორმების აღწერილობებში, აქტიურად ფიგურირებს ჰუმანისტური პედაგოგიკის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა:

  1. კონსტრუქტივიზმი – როდესაც მასწავლებელი მხოლოდ შემოქმედებითი ხასიათის დავალებას იძლევა და მაორიენტირებელ ფუნქციას ასრულებს და
  2. ევრისტიკა – რამდენადაც:

ა) „სისტემური, კომპლექსური მიგნებები“ მეტწილად დამოკიდებულია აღმოჩენებსა და ინოვაციებზე, ადრე შესწავლილი წესებისა და ახალი ფაქტების სინთეზსა და გაგებაზე, ცოდნის უნიკალურობაზე (ხოლო ევრისტიკული ცოდნა ეფუძნება ინდივიდუალურ ემპირიულ წესებს) და

ბ) საზოგადოდ, ევრისტიკული ძიება ორიენტირებულია ამოცანების, პრობლემური საკითხების ორიგინალურ გადაწყვეტაზე. ამიტომაც არის ევრისტიკული ძიებით მიღებული შედეგი შემოქმედებითი პროდუქტი; მით უფრო, რომ შემოქმედებითი აზროვნების პროცესში ადამიანი ხშირად ისეთ რამეს აღმოაჩენს, დაინახავს ან შექმნის, რაც მანამდე არავის მოსვლია აზრად. ეს კი ყველაზე უკეთესად თამაშის პროცესში წარმოჩნდება. კომპლექსური დავალებების შესრულებაში თამაშის ელემენტების აქტიური გამოყენებაც ერთ-ერთი მანიშნებელია მასწავლებლისთვის, რომ მას შეუძლია, „აქტიურად გადართოს“ მოსწავლე „ევრისტიკულ ძიებაზე“ და ამით საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტის მისაღებად მნიშვნელოვანი „სვლა“ გააკეთოს.

მაგრამ დისტანციურმა რეჟიმმა მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა თანამედროვე სწავლება და კომპლექსური დავალებების შესრულებაში ევრისტიკული მიდგომის გამოყენებამაც თითქოს დაკარგა უწინდელი მნიშვნელობა. თუმცა ეს – მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში დისტანციურმა სწავლებამ ტრადიციული მეთოდებისა და მიდგომების უნიკალურობა და ახალ-ახალი შესაძლებლობები გამოავლინა. მათ შორისაა ევრისტიკული ფორმით სწავლებაში გარკვეული ინოვაციების შეტანა. კერძოდ, დისტანციური მუშაობისას (თამაშის ელემენტების გამოყენებასთან ერთად) აშკარად გამოიკვეთა კომუნიკაციის დიალოგური ფორმების უპირატესობა. ამიტომ დისტანციურ გაკვეთილებზე ევრისტიკული და დიალოგური სწავლების ფორმების „შეერთებით“ უნიკალური შემოქმედებითი პროდუქტის მიღების ახალი შესაძლებლობები გაჩნდა.

ამგვარი მუშაობისას დიალოგი ერთგვარი მეთოდოლოგიური პრინციპიცაა და განხორციელების ინსტრუმენტიც. ამავე დროს, ის მოსწავლეთა თვითრეალიზაციასაც უზრუნველყოფს. მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს დისტანციურ გაკვეთილზე ევრისტიკული სწავლების მოდელირება დიალოგის საფუძველზე და თანაც ისე, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოსწავლეთა თვითრეალიზაციას და დასახული მიზნის მიღწევას.

როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს?

ევრისტიკული სწავლების მთავარი ელემენტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის შეკითხვა. პედაგოგიური პოზიციიდან, მოსწავლის მიერ დასმული შეკითხვა ის შემოქმედებითი პროდუქტია, რომელშიც ჩანს დიალოგი ცოდნასა და უცოდინრობას შორის, ადამიანსა და გარე სამყაროს შორის, კულტურასა და ცივილიზაციას შორის. და ეს ხორციელდება შეკითხვების სამი მეთოდოლოგიური ჯგუფის გააერთიანებით: „რა?“, „როგორ?“, „რატომ?“ – ანუ დიალოგის წარმოების ძირითადი კომპონენტების შერწყმის გზით. იმავდროულად, ეს კითხვები ის ძირითადი ნიშნულებია, რომელთა გარშემოც აიგება კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები, და ეს ევრისტიკული სწავლების მოდელირებას დიალოგური ფორმით კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

ევრისტიკული სწავლების სისტემაში დიალოგის კომპონენტების ჩართვით (მიზანი, შინაარსი, ფორმა, მეთოდები, კრიტერიუმები, შეფასება) საშუალებას ვაძლევთ მოსწავლეს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და უფრო შემოქმედებითი გახდეს. ამ მიდგომის გამოყენებისას მოსწავლეები გამოავლენენ:

  • სწრაფვას, ღრმად გაიაზრონ მასალა და გაიღრმაონ ცოდნა (დასვან კითხვები, რითაც ახალ შინაარს შესძენენ ცოდნას, სწავლას);
  • კრეატიულობას (კითხვების დასმის, მტკიცებულებებისა და არგუმენტირების, მეტასაგნობრივი კომპეტენციების გამოყენების, ევრისტიკული ხასიათის დავალებების შესრულების, დიალოგის წარმოების უნარების დემონსტრირება);
  • კოგნიტიურობას (მუშაობისას ისინი შექმნიან საინტერესო შემოქმედებით პროდუქტს, გაიღრმავებენ ცოდნას და ა.შ.).

 

მაგალითი 1. სწავლის ზედა საფეხური. ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, მოიგონოს შესაძლო დიალოგი ოპონენტებს შორის თემაზე: „რა არის ისტორია?“ იწყება ევრისტიკული, კვლევა-ძიებითი პროცესი და მოსწავლე ასრულებს დავალებას – წარმოადგენს დიალოგს, სადაც, ერთის აზრით, ისტორია მოვლენათა შემთხვევითი ჯაჭვია, ხოლო მეორის აზრით – კანონზომიერი და აუცილებლობით გამოწვეული მოვლენების შედეგი. მოცემულ კითხვაზე პასუხი ამავე დროს მოიცავს პასუხს კითხვაზე: „როგორ?“ მასწავლებლის თხოვნაზე, მოიყვანოს არგუმენტი, თუ რატომ ფიქრობს ასე (რითაც აქტიურდება დიალოგისთვის აუცილებელი მესამე შეკითხვაც – „რატომ?“), მოსწავლე ახდენს რეფლექსიას, განიხილავს რამდენიმე თვალსაზრისს, აწარმოებს დიალოგს ისტორიული შინაარსის ტექსტებს შორის, ისტორიკოსებს შორის, დიალოგს საკუთარ თავთან და ა.შ. წარმოდგენილი დასკვნებით კი მივიღებთ რეალურ შემოქმედებით პროდუქტს, რასაც ისახავდა კიდეც მიზნად მოცემული აქტივობები.

 

მაგალითი 2. საბაზო საფეხური. თემა – „ქრისტიანობა“. იმის შესამოწმებლად, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ქრისტიანობის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დეტალები, მასწავლებელმა ორ კლასს მისცა შემდეგი ტიპის კომპლექსური დავალება:

გაეცანით ინფორმაციას და ააგეთ ჰიპოთეზა, რომელიც პასუხს გასცემს ტექსტში აღნიშნულ განსხვავებას:

„ერთ-ერთ გორაკზე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. მუშაობის პროცესში გორაკის ძირას გამოიკვეთა ორი ნამოსახლარის ნაშთები: ერთი უნდა ყოფილიყო გაუმაგრებელი დასახლება, მეორე – თავის დროზე კარგად გამაგრებული ციხე-ქალაქი. ორივე დასახლების ფენები ერთმანეთს იყო შერეული. არქეოლოგებმა ციხე-ქალაქის ნანგრევებში იპოვეს ძირითადად ქრისტიანული რწმენისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ხოლო გაუმაგრებელი დასახლების ნანგრევებში – მხოლოდ წარმართული რელიგიის კვალი“.

ერთი კლასის მოსწავლეებმა მეტ-ნაკლებად გადაწყვიტეს ამოცანა, მეორე კლასის მოსწავლეებს კი დავალების შესრულება გაუჭირდათ. ასეთ დროს მასწავლებელი პრობლემის გადასაჭრელად მიმართავს ევრისტიკული დიალოგის ფორმას.

ევრისტიკული დიალოგი, სავარაუდოდ, ასეთ სახეს მიიღებს:

მასწავლებელი: ამოცანაში საუბარია არქეოლოგიურ გათხრებსა და ორი ტიპის დასახლებაზე – გამაგრებულ ციხე-ქალაქსა და გაუმაგრებელ დაბაზე, რომლებიც ერთმანეთშია შეჭრილი. თქვენთვის ცნობილია, რა საქმიანობას ეწევა არქეოლოგი და რა საკითხების გადაჭრა უწევს. აღწერილ შემთხვევაში რა კითხვა გაგიჩნდებოდათ თქვენ როგორც არქეოლოგს?

მოსწავლე: ერთსა და იმავე პერიოდს მიეკუთვნება ეს დასახლებები თუ სხვადასხვას?

მასწავლებელი: ვფიქრობ, საკითხი სწორადაა დასმული. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ეს კითხვა გაგიჩნდათ პირველად? ან რა გვაძლევს მასზე პასუხს?

მოსწავლე: თუ დასახლებები ერთი და იმავე პერიოდისა არ არის, მაშინ პასუხი ნათელია – ჯერ იყო წარმართული ხანის დასახლება, შემდეგ – ქრისტიანული.

მასწავლებელი: მაშინ რატომ იყო სხვადასხვა რელიგიის ნაშთები სხვადასხვა ადგილას? ხომ შეიძლებოდა, ისინი ერთსა და იმავე, ანუ შესაფერის ადგილას ყოფილიყო?

მოსწავლე: ეს ხომ ნათელია: ესე იგი, დასახლება ერთი და იმავე პერიოდისა იყო. რამდენიმე ნაშთი ერთგვარია, ორივე დასახლებაში ერთნაირი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს კვეთენ, შეჭრილები არიან ერთმანეთში.

მასწავლებელი: კარგი, დავუშვათ, ისინი ერთი და იმავე პერიოდისაა. რა გამოდის აქედან?

მოსწავლე: ის, რომ ეს იყო ორი ნაწილისგან შემდგარი დასახლება.

მეორე მოსწავლე: და რომ სიმაგრეში ცხოვრობდნენ მეომრები, გაუმაგრებელ დასახლებაში კი – მათ მიერ დამორჩილებული ხალხი, ან უბრალოდ რიგითი მოქალაქეები.

მესამე მოსწავლე: რომ ციხე-ქალაქში ცხოვრობდნენ დიდებულები, გაუმაგრებელ დასახლებაში კი – ღარიბები.

მასწავლებელი: რა არის სიმართლე, რომელი უფრო დასაჯერებელია?

მეოთხე მოსწავლე: ციხესიმაგრეში უნდა ცხოვრობდნენ დამპყრობლები, რომლებიც დამორჩილებული მოსახლეობის თვალში დიდებულები არიან.

მასწავლებელი: კარგი, მაგრამ რისი ბრალი უნდა ყოფილიყო, რომ სხვადასხვა რწმენის კვალი სხვადასხვა ადგილას აღმოჩნდა გაბნეული? რით აიხსნება ეს?

მოსწავლე: რამდენადაც ციხე-ქალაქში აღმოჩნდა ქრისტიანული რელიგიის ნიშნები, ე.ი. მდიდრებს შორის ეს სარწმუნოება უკვე იყო გავრცელებული, ხოლო ღარიბები რჩებოდნენ წარმართებად.

მასწავლებელი: რით აიხსნება ეს?

მოსწავლე: ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ეწინაღმდეგებოდა დიდებულებს და მათ გამოც არ სურდა ახალი რწმენის მიღება, თუმცა დიდებულები უფრო წიგნიერები იყვნენ და მათ შორის ადვილად ვრცელდებოდა ახალი რწმენის ნიშნები.

მასწავლებელი: მაშ, რატომ არის ეს მხოლოდ ჰიპოთეზა?

მოსწავლეები: იმიტომ, რომ როცა გამოითქმის მოსაზრება, უნდა მოიძებნოს დამადასტურებელი ფაქტებიც, ამ შემთხვევაში – ისეთი, რომელიც დაადასტურებს, რომ გორაკზე მცხოვრები ხალხი სარგებლობდა რელიგიური ელემენტებით, რომელთა ნაშთები მართლაც იპოვეს არქეოლოგებმა.

მასწავლებელი: მაშასადამე, რა შეიძლება ითქვას ჰიპოთეზაზე?

მოსწავლეები: ჰიპოთეზა – ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ეფუძნება დასკვნების წყებას, მაგრამ ეს ვარაუდი ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად“.

მოსწავლეთა პასუხები ის განსაკუთრებული, უნიკალური შემოქმედებითი პროდუქტებია, რომლებიც ევრისტიკული დიალოგის გზით იქნა მიღებული, თანაც ისე, რომ დისტანცია მოსწავლე-მასწავლებელს შორის სრულებით არ ქცეულა ინფორმაციის წვდომისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად.

 

მაგალითი 3: დაწყებითი საფეხური. თემა – „ზმნის ფორმები“. მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეებს მიუთითა წინასწარ მომზადებულ სქემაზე და შესთავაზა, განესაზღვრათ გრამატიკული ნიშანი, რომლის მიხედვითაც გაარჩევდნენ ზმნებს შეთავაზებული ორი სვეტიდან.

I ეტაპზე მოსწავლეებს გაუჭირდათ დავალების შესრულება, მაგრამ მერე იპოვეს მათთვის ცნობილი ინფორმაცია (ზმნის ნიშნები) და მის საფუძველზე გამოთქვეს ვარაუდები, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ წინარე ცოდნა ამ ვითარებაში ნაკლებად გამოადგებოდათ. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ გრამატიკული განსხვავება აქ საერთოდ არ იყო, თუმცა მისი აზრი კლასმა არ გაიზიარა. მეორემ გამოთქვა აზრი რომელიღაც უცნობი ნიშნის „ზედმეტობის“ შესახებ, რომლის განხილვის დროსაც გამოიკვეთა მიზანი – ამ ახალი გრამატიკული ნიშნის პოვნა.

II ეტაპზე მასწავლებელმა მოსწავლეებს ძიება დააწყებინა ორი დაუმთავრებელი წინადადებით: „მე დიდხანს … მარკებს“ და „მე … ყველა მარკა“. მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა, ჩაესვათ ზმნა შესაფერის ფორმაში.

მათ ადვილად შეასრულეს ეს დავალება, მაგრამ განსხვავების პოვნა ამ ორს შორის ვერ მოახერხეს.

III ეტაპზე მასწავლებელმა სხვა ხერხს მიმართა – მოსწავლეებს შესთავაზა, წაეკითხათ პატარა მოთხრობა: „დედამ სამსახურიდან შვილებს დაურეკა და ჰკითხა, საქმე როგორ არისო? ერთმა უპასუხა, მე ვსწავლობდი გაკვეთილებს, ვასრულებდი დავალებას, ვემზადებოდი კარნახისთვის, ოთახის დალაგებისა და იატაკის დასუფთავებისთვისო; მეორემ – მე ვისწავლე გაკვეთილები, ამოვხსენი ამოცანები, მოვემზადე კარნახისთვის, დავალაგე ოთახი და იატაკიც დავასუფთავეო“.

მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელმა იკითხა: „როგორ ფიქრობთ, რომელ შემთხვევაში შეუძლია დედას, იყოს მშვიდად და რატომ?“

პასუხი: „მოთხრობის იმ ნაწილის გათვალისწინებით, როცა მეორე შვილმა დაასრულა სამუშაო, ადვილია განსხვავების პოვნა იმ სიტყვებს შორის, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენს პირველ შემთხვევაში მოცემული დაუმთავრებელი მოქმედების აღმნიშვნელ ზმნებს“. ამით მოსწავლეები დაეუფლნენ ცნებების – „ზმნის დასრულებული და დაუსრულებელი ფორმები“ – განმსაზღვრელ აზრს და დიალოგური ფორმით მუშაობისას შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტიც – საკუთარი არგუმენტები, შეკითხვები, პასუხები და შეიძინეს ახალი ცოდნაც (იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა უფრო სრულყოფილი იყოს, მასწავლებელს შეუძლია მოიყვანოს დამატებითი მაგალითები და მეტი თვალსაჩინოებისთვის შესთავაზოს მოსწავლეებს ცხრილის, ტაბულის, სქემის აგება, რასაც დისტანციური მუშაობის რეჟიმში ადვილად დაძლევენ ეკრანის გაზიარების გზით).

 

ევრისტიკული მეთოდის მოდელირება დიალოგის ფორმით ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას დამოუკიდებელი შემოქმედებითი მუშაობისთვის, ხელს უწყობს თვითკონტროლს და უნარების განვითარებას, ცოდნის აქტუალიზაციას. მუშაობისას მოსწავლე და მასწავლებელი თანაბრად ერთვებიან სასწავლო პროცესში და სწორი კომუნიკაციური კავშირის გზით საინტერესო შედეგამდე მიდიან.

 

 

 

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება

0

სამოქალაქო განათლება ნიშნავს მოსწავლეთა (ა) პოლიტიკურ წიგნიერებას, (ბ) კრიტიკულ აზროვნებას და განსაზღვრული დამოკიდებულებებისა და ღირებულებების განვითარებას, (გ) აქტიურ მონაწილეობას. მოქალაქეობრივი განათლების წარმატებული გამოცდილების სტრატეგიებიდან ამჯერად საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებას (სსს) შევეხებით.

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებას როგორც პოპულარულ საგანმანათლებლო ფილოსოფიას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბევრი მის ფესვებს ჯონ დიუისა და ჟან პიაჟეს ნაშრომებში პოულობს, ზოგი კი უფრო შორს, ალექსის დე ტოკვილამდე მიდის. ამ ფილოსოფოსებს სჯეროდათ, რომ სწავლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი პროცესში და როდესაც სწავლას კონკრეტული მიზანი აქვს.

ტერმინი „საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება“ გულისხმობს მეთოდს, რომლის დროსაც მოსწავლეები სწავლობენ გააზრებულად, ორგანიზებულ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით. ის რამდენიმე თავისებურებით ხასიათდება:

  • ხორციელდება საზოგადოებაში და ეხმიანება მის საჭიროებებს;
  • შესაძლებელია დაიგეგმოს სწავლების ნებისმიერ საფეხურზე (დაწყებითი, საბაზო, საშუალო, უმაღლესი);
  • ხელს უწყობს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას;
  • ინტეგრირებულია, აძლიერებს და აფართოებს (ძირითად) აკადემიურ კურიკულუმს ან საზოგადოებრივი საქმიანობის პროგრამების საგანმანათლებლო კომპონენტებს, რომლებშიც მოსწავლეები მონაწილეობენ;
  • მოსწავლეებს ან მონაწილეებს სთავაზობს სტრუქტურირებულ დროს მიღებულ გამოცდილებაზე ფიქრისთვის.

სსს-ის ყველაზე დიდი ხიბლი ის გახლავთ, რომ რაღაც რეალური და კონკრეტული კეთდება. სწავლა სხვა განზომილებაში გადადის. როცა მოსწავლეები ინტელექტუალურად და ემოციურად ჩართულები არიან, რაღაც ახალს აღმოაჩენენ ან ცალკეულ იდეებს შორის კავშირებს ამყარებენ. ის, რაც სკოლაში ისწავლეს, უცებ მნიშვნელოვანი ხდება მათი გონებისა და გულისთვის. გარდა ამისა, შედეგით მოსწავლეც და საზოგადოებაც თანაბრად მოგებულები რჩებიან.

სსს-ს საზოგადოების/თემის ჩართულობით სწავლებასაც უწოდებენ, რადგან ის სასწავლო მიზნებსა და საზოგადოების სამსახურს აერთიანებს ისე, რომ მოსწავლეთა განვითარებასაც უწყობს ხელს და საზოგადოების კეთილდღეობასაც. ის სწავლებისა და სწავლის სტრატეგიაა, რომელიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობას სწავლებასა და აზროვნებასთან აერთიანებს, რითაც ხელს უწყობს სწავლის გამოცდილებას, ასწავლის სამოქალაქო პასუხისმგებლობას და აძლიერებს თემს.

სსს-ის სარგებელი რამდენიმე მიმართულებით შეიძლება წარმოვადგინოთ: სწავლის სარგებელი, პიროვნული სარგებელი, სარგებელი თემისთვის/საზოგადოებისთვის, პროფესიული წინსვლა, სხვადასხვა ინსტიტუციასთან ურთიერთობა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

 

სწავლის სარგებელი:

  • დადებითი გავლენა აქვს მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებლებზე;
  • უვითარებს მოსწავლეებს უნარს, ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენონ;
  • დადებითი გავლენა აქვს ისეთ ზოგად უნარებზე, როგორიცაა გააზრება, პრობლემის ანალიზი, პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება და შემეცნება;
  • ავითარებს სირთულესა და ბუნდოვანებასთან გამკლავების უნარს.

 

პიროვნული სარგებელი:

  • პიროვნული ეფექტურობის ზრდა, იდენტობის ჩამოყალიბება, სულიერი და მორალური განვითარება;
  • პიროვნებათაშორისი ურთიერთობების, განსაკუთრებით – სხვებთან შეწყობილად მუშაობის უნარის განვითარება, ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარების სრულყოფა.

 

თემის/საზოგადოების სარგებელი:

  • სტერეოტიპული დამოკიდებულებების შემცირება და ინტერკულტურული ურთიერთობების განვითარება;
  • საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი უნარების სრულყოფა;
  • სკოლის დასრულების შემდგომ უფრო აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა.

 

პროფესიული წინსვლა:

  • კავშირები პროფესიონალებთან და, ზოგადად, საზოგადოების წევრებთან სწავლისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობისთვის;
  • აკადემიური წარმატება, ლიდერობის უნარები და პიროვნული ეფექტურობა აფართოებს პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს.

 

ინსტიტუციებთან ურთიერთობა:

  • აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო ურთიერთობა;
  • კმაყოფილების ზრდა სკოლის ფარგლებში და მის მიღმა ინსტიტუციებში;
  • კურსდამთავრებულთა მაღალი აკადემიური მაჩვენებლები.

 

ზოგადი რეკომენდაციები სსს-ისთვის

წარმატებულ სსს-ის განსაზღვრული ფორმატი აქვს, რაც მის მონაწილეებს მიზნების მიღწევაში უწყობს ხელს. ცალკეული ეტაპისთვის დეტალური გეგმის შექმნა საშუალებას გვაძლევს, მთლიანობაში წარმოვიდგინოთ საქმიანობა, დავაინტერესოთ მოსწავლეები და დავიცვათ წარმატებისთვის აუცილებელი ძირითადი სტანდარტები.

განვიხილოთ ფორმატის ძირითადი პუნქტები:

 

მომზადება – ამ საფეხურზე მასწავლებელი საკუთარ თავსაც და მოსწავლეებსაც ამზადებს სსს-ში ჩასართავად. შეიძლება დაწყება იმ პროექტის შერჩევით, რომელზე მუშაობაც გსურთ; იმაზე ფიქრით, როგორ დაუკავშიროთ ეს პროექტი სასწავლო პროგრამას; მოსწავლეთა და ადგილობრივ ორგანიზაციათა შესაძლო კავშირებზე ფიქრით; საზოგადოების საჭიროებებზე საუბრით და მოსწავლეთა ინტერესის აღძვრით, მოქმედებისთვის მომზადებით. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული პროექტი აქტუალურია/რელევანტურია საზოგადოებისთვის.

მოსწავლეთა ინტერესის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ ამ და ყველა მომდევნო ეტაპზე მათ ჰქონდეთ ხმის უფლება. მაგ., შესაძლოა კლასმა კენჭისყრით გადაწყვიტოს, რომელი საზოგადოებრივი საკითხის მხარდაჭერა სურთ ან პროექტში რა ინდივიდუალური წვლილის შეტანას ისურვებდნენ.

მოსწავლეებმა გადასაჭრელი პრობლემის შესახებ შეიძლება გაიგონ:

  • საკლასო ან მცირე ჯგუფებში დისკუსიით;
  • ვიზუალური გონებრივი იერიშით;
  • წიგნებით;
  • ინტერნეტკვლევით;
  • ახალი ამბების ანონსით;
  • ინფოგრაფიკით;
  • ვიდეოთი.

 

მოქმედება – ეს პრაქტიკული კომპონენტია, რომლის დროსაც მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნასწავლი და ის რეალურ საზოგადოებრივ საქმიანობას მიუსადაგონ. ამ ეტაპზე მოსწავლეები უშუალოდ ეხმარებიან საზოგადოების წევრებს და მათ, ვისზეც არსებულმა პრობლემამ იმოქმედა.

მოსწავლეებს შეუძლიათ, შეარჩიონ საქმიანობის შემდეგი გზები:

  • საველე გასვლები;
  • კვლევითი პროექტები;
  • ღონისძიებები;
  • ხელგარჯილობა/ხელოსნობა;
  • ფონდების მოზიდვა;
  • სწავლება;
  • საინფორმაციო კამპანია;
  • სხვადასხვა მომსახურება (დასუფთავება, მშენებლობა, გამწვანება და სხვ.).

 

გააზრება – ეს ეტაპი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაიაზრონ განხორციელებული საზოგადოებრივი საქმიანობა, გააანალიზონ, რა ისწავლეს და როგორ გამოიყენებენ ნასწავლს სასწავლო პროგრამაში. ამგვარი რეფლექსია წახალისებული უნდა იყოს ყველა ეტაპზე, თუმცა ამ საფეხურზე პროცესი უფრო სიღრმისეულია და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დაფიქრდნენ, რა ისწავლეს და რას გრძნობენ იმ საქმიანობისადმი, რომელიც საზოგადოებისთვის განახორციელეს.

მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსიისას შეუძლიათ გამოიყენონ:

  • ჯგუფური დისკუსია;
  • ჟურნალში ჩანაწერები;
  • სამუშაო ფურცლები;
  • ესე;
  • ბლოგი;
  • ვიდეო;
  • ლექსი ან სიმღერა;
  • ნახატები/ფოტოგამოფენა.

დანართის (N1) სახით გთავაზობთ რეფლექსიის ფორმის ნიმუშს.

 

დემონსტრირება – მოსწავლეებს შეუძლიათ, კლასს, სკოლას ან საზოგადოებას აჩვენონ/გააცნონ, რა ისწავლეს პროექტის ფარგლებში პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ. ეს მათ საშუალებას აძლევს, უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ საზოგადოებაში არსებული პრობლემები და ის, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ მის გადაჭრაში სხვა ადამიანებს.

მოსწავლეებს შეუძლიათ, თვალსაჩინოდ წარმოადგინონ ნასწავლი შემდეგი საშუალებებით:

  • დასკვნითი პრეზენტაცია;
  • სკეტჩი;
  • სლაიდშოუ;
  • ვიდეო;
  • ინფოგრაფიკა;
  • გრაფიკები/დიაგრამები;
  • წიგნი/პორტფოლიო.

 

მიღწევის აღნიშვნა – მოსწავლეებს შეუძლიათ, მიულოცონ საკუთარ თავს და სხვებს საზოგადოებისთვის გაწეული სამსახური და პრობლემის მოგვარებაში შეტანილი წვლილი.

ამ ეტაპზე შედეგებზე მნიშვნელოვანია ყურადღების ძალისხმევაზე გამახვილება. ცხადია, არაჩვეულებრივია დადებითი შედეგის აღნიშვნა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მოსწავლეთა თავდადებული შრომა და ერთგულებაა.

მუყაითობა და წარმატება მოსწავლეებმა შეიძლება აღნიშნონ შემდეგი ფორმით:

  • მადლიერების ბარათებით ან მცირე საჩუქრებით თანატოლებისა და თემის წევრებისთვის;
  • სკოლის შეკრებაზე ან სოციალურ მედიაში აღიარებით;
  • საკუთარი ძალისხმევის შედეგებზე მსჯელობით;
  • საკლასო წვეულებით (პიცა, ტკბილეული და სხვ.).

შთაგონებისთვის რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ, რომლებიც შესაძლოა გეგმის შედგენისას გამოგადგეთ:

 

1) საკითხი: წიგნიერება

მომზადება: აუხსენით მოსწავლეებს წიგნიერების მნიშვნელობა და წიგნიერების დაბალი დონის შედეგები ადამიანისა და საზოგადოებისთვის.

მოქმედება: შეაგროვეთ წიგნები და გადაეცით დაბალშემოსავლიან სკოლებს ან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს დაავალეთ, ასწავლონ კითხვა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. გახდით წიგნიერების ხელშემწყობი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტნიორი.

2) საკითხი: ცხოველებზე ზრუნვა

მომზადება: ესაუბრეთ მოსწავლეებს ცხოველთა თავშესაფრის, აყვანის, რეაბილიტაციისა და ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის თავიდან აცილების შესახებ.

მოქმედება: შეაგროვეთ ცხოველების საკვები და სათამაშოები ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაციის დახმარებით, მერე კი დაგეგმეთ საველე გასვლა თავშესაფარში ცხოველების მოსანახულებლად და მათ დასახმარებლად.

3) საკითხი: სიღარიბე და შიმშილი

მომზადება: ესაუბრეთ მოსწავლეებს საზოგადოებაში არსებული სიღარიბის, შიმშილის და ბავშვის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი გავლენის შესახებ. იმსჯელეთ იმაზე, რისი გაკეთება შეიძლება ასეთი ადამიანების დასახმარებლად.

მოქმედება: დაუკავშირდით ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც სიღარიბეს ებრძვის და მისი რეკომენდაციით, მოსწავლეებთან ერთად, თავი მოუყარეთ იმ სურსათსა და საგნებს, რომლებიც აუცილებელია უსახლკაროებისთვის.

4) საკითხი: გარემო

მომზადება: იმსჯელეთ აქტუალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე; დედამიწაზე მავნე ნარჩენების გავლენასა და მათი შემცირების გზებზე. ისაუბრეთ „შეამცირე, გადაამუშავე, ხელახლა გამოიყენე“ ციკლის მნიშვნელობაზე გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით.

მოქმედება: დასახეთ სკოლაში ნარჩენების ხელახლა გამოყენების შესაძლო გზები (მაგ., მაკულატურის შეგროვება). გააცანით სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებს, რისი გადამუშავება შეიძლება და რისი – არა. მოამზადეთ მოკლე ინფორმაციული პლაკატები.

5) საკითხი: მრავალფეროვნება და ინკლუზია

მომზადება: აუხსენით მოსწავლეებს, რას ნიშნავს უთანასწორობა. განსაზღვრეთ და აუხსენით მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა. იმსჯელეთ იმაზე, როგორ შეუძლიათ მრავალფეროვნების მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოქმედება: მოსწავლეებთან ერთად დაგეგმეთ და მოაწყვეთ სკოლაში „მრავალფეროვნების ზეიმი“. მოსწავლეები გაეცნობიან თანატოლთა განსხვავებულ კულტურებსა და ჯგუფებს. გახდით მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ხელშემწყობი ადგილობრივი ორგანიზაციის პარტნიორი.

 

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების გეგმის შექმნის შესაძლებლობები უსაზღვროა და ამ პროცესში, როგორც, საზოგადოდ, სწავლებაში, მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომა. სსს-ის წარმატებული გეგმა თანამშრომლობითი სწავლების ხელშეწყობის საუკეთესო საშუალებაა და წაახალისებს ჯანსაღ კომუნიკაციასა და რეფლექსიას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პროექტს აირჩევთ, რადგან საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება ნებისმიერ შემთხვევაში აკადემიური მიზნების მიღწევის, გუნდური მუშაობისა და ურთიერთობის ხელშეწყობის, სკოლის დადებითი კულტურის ჩამოყალიბების არაჩვეულებრივი გზაა.

დანართი

გამოყენებული ლიტერატურა:

თამარ მოსიაშვილი, საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, 2016

https://mastsavlebeli.ge/?p=12113

Bandy Joe (2018). What is Service Learning or Community Engagement? Center for Teaching, Vanderbilt University. https://cft.vanderbilt.edu/guides-sub-pages/teaching-through-community-engagement/

Corporation for National Service, National and Community Service Act of 1990.

Schmitz Suzanne (2012). How Local Schools can Promote Civic Education. Simon Preview.

 

როგორ ვასწავლოთ ოკუპაციის თემა მოზარდებს?

0

„პიკის საათისა“ და ინტერნეტგაზეთ  mastsavlebeli.ge-ის თანამშრომლობით დაგეგმილი საუბრების ციკლიდან.

„დადგა თებერვალი – ეს თვე, სამწუხაროდ, ქვეყნის ბედის ჩარხის უკუღმა დატრიალებასთან არის დაკავშირებული. ხშირად ვფიქრობ საქართველოზე 1921 წლის ოკუპაციის გარეშე. ხშირად მიჩნდება კითხვა – როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს, თავიდან რომ აგვერიდებინა „გაწითლება“? – ჯერ საკუთარ თავს კითხა და შემდეგ უკვე მოსწავლეებთან სცადა ამავე თემაზე საუბარი. მიზნად არა დემოკრატიული მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების, დამარცხების მიზეზებისა და საბრძოლო მოქმედებების სიღრმისეული ანალიზი, არამედ იმ მარტივად ადაპტირებადი რესურსის შექმნა დაისახა, რომელიც საგაკვეთილო პროცესში თემის გასაშლელად დაეხმარებოდა.

სტუმარი: თემურ სუყაშვილი – ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებელი;2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი.

ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე:

როგორ ვასწავლოთ ოკუპაციის თემა მოზარდებს?

ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრინციპები საგანმანათებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში

0

ადამიანის ცხოვრების გზა სავსეა დაბრკოლებებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით. ხშირია შემთხვევა, როცა საქმეში ხელმოცარულ ადამიანს მისი გაგრძელების სურვილი და მოტივაცია აღარ რჩება, სურვილი გადაულახავ ბარიერად, ხოლო აისბერგივით უეცრად აღმართული პრობლემა წარუმატებლობის გარანტად იქცევა. ადამიანი ყოველ განუხორციელებელ მიზანს დამარცხებად აღიქვამს, რაც საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენას აკარგვინებს.

თუ როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი მიძინებული შესაძლებლობები, როგორ ვმართოთ რთულ სიტუაციებში ჩვენი შინაგანი ძალები, როგორ გადავეჩვიოთ არასასურველ ჩვევებს, რა სტრატეგიები არსებობს წარმატების მისაღწევად, ამ პრობლემების მოგვარების გზებს გვთავაზობს ნეიროლინგვისტური პროგრამირება, თავისი პრაქტიკული ფსიქოლოგიით, რომლის პრინციპებით  მოქმედების შედეგი შეიძლება იყოს უკუკავშირი და არა მარცხი. ნეიროლინგვისტური პროგრამირების მიხედვით სასურველი მიზნის მისაღწევი გზა ჩნდება კრიტიკული უკუკავშირისა და მიზნისაკენ მიმავალი მრავალი ალტერნატივიდან სწორი მიმართულების შერჩევის შედეგად. ყველაფერი ის, რაც ამ გზაზე პრობლემად, დაბრკოლებად და მარცხად ვლინდება, ბევრად ღირებული და დახმარებებით სავსე უკუკავშირებია. ისინი ადამიანისთვის ეფექტური მიმთითებლის როლს ასრულებს მომავალში მიზნის გონივრულ დროში მისაღწევად.

მეცნიერების ეს შედარებით ახალი დარგი, პრობლემებით სავსე ცხოვრებისეულ გზაზე, ერთერთი პრინციპის მიხედვით  მიგვითითებს– ,,როცა რაიმე არ გამოდის, მოსინჯე სხვაგვარად”, ,,Wenn etwas nicht funktioniert, probiere etwas anders” (4, 60) ნეიროლინგვისტური პროგრამირება ადამიანს ეხმარება ადრინდელი, არაეფექტური ქცევისა და მოსაზრების შეცნობასა და ეფექტურით შეცვლაში. როცა რომელიმე კონკრეტული  მიდგომა პრობლემის დაძლევაში ვერ გეხმარებათ, ეცადეთ მის შეცვლას.

ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრინციპი  თითოეული პრობლემისთვის ერთი  კონკრეტული გამოსავლის არსებობაზე მიუთითებს – თავისთავად არაფერი ხდება, შესაბამისად არც პრობლემა წარმოიშობა. ადამიანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, მისივე შინაგანი მსოფლხედვის ინტერპრეტაციით, პრობლემად ყალიბდება.  როცა ის თავის მენტალურ რუკაზე პრობლემასთან გასამკლავებლად შესაბამის ცოდნა–გამოცდილებას ვერ მოძებნის,  წინ აღმართული „ბარიერი“ მისთვის დაუძლეველ პრობლემად იქცევა. ნეიროლინგვისტური პროგრამირების დახმარებით შევძლებთ,  პრობლემები გადაუჭრელ საკითხად კი არ წარმოვიდგინოთ, არამედ, მოვსინჯოთ მათი მოგვარება. ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების მიხედვით, დაბრკოლების  არსებობის შემთხვევაში ჩვენი ქმედება უნდა იყოს არა პრობლემაზე, არამედ მიზანზე ორიენტირებული. თუ ამ პრინციპს საგანმანათლებლო სფეროში გადავიტანთ, უსიამოვნო სასწავლო პროცესი შესაძლებელია სასიამოვნო აქტივობად ვაქციოთ.

ადამიანები ერთმანეთისაგან ,,მენტალურ რუკაზე დატანილ’’ პრობლემათა დაძლევის ინდივიდუალური მიდგომებითაც განსხვავდებიან. შესაბამისად, მენტალური რუკა წარმოადგენს შინაგან, ფსიქიკურ გზამკვლევს, რომელიც ინდივიდის გაჩენის წუთიდან გარემოსთან დამოკიდებულების შედეგად იძენს მასშტაბებს და აფართოებს მოქმედების არეს.  ნეიროლინგვისტური პროგრამირების მიხედვით ინდივიდთა ის მენტალური რუკაა საუკეთესო, რომელზეც გამოცდილების ან ცოდნის მიღების შედეგად პრობლემათა მოგვარების არაერთი ალტერნატიული გზაა ასახული. ნეიროლინგვისტიკის გააზრება პედაგოგიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებს დაეხმარება ღრმად გაიაზრონ, თუ რაოდენ დიდი ღირებულება აქვს ექსპერიმენტული სწავლების კომპონენტსა და ამგვარი გაკვეთილის დაგეგმვის აუცილებლობას.

ჩვენს სასწავლო სივრცეში თუ ფართო საზოგადოებაში ხშირად გვხვდებიან მოვლენათა  განსხვავებული აღქმის უნარის მქონე ადამიანები, რომელთა გამოცდილებებიც სწორედ აღქმის სხვადასხვა ბუნებიდან გამომდინარე ხედვის, სმენის, შეგრძნებების, ყნოსვისა და გემოს მიხედვით სტრუქტურირდება. თითოეული მათგანის მიხედვით გამოცდილების ცვლილებამ შესაძლებელია აღქმის საერთო ეფექტზე დიდი ზეგავლენა იქონიოს. ამ შესაძლებლობას იყენებს ნიროლინგვისტური პროგრამირება ადამიანში სასიამოვნო მოგონებების გაძლიერების, ახალი გამოცდილების სასიამოვნოდ მიღებისა და არასასიამოვნო მოგონებების ნეიტრალიზებისა და გაუვნებელყოფისათვის. ამგვარი პრინციპი ღირებულია სასწავლო გარემოში, ისეთ მოსწავლეებთან სწავლა–სწავლების პროცესში, რომლებიც არასასიამოვნო მოვლენად აღიქვამენ სასწავლო პროცესს.

ნეიროლინგვისტური პროგრამირება საინტერესო ახსნას გვთავაზობს უარყოფითად შეფასებული ქცევის შესახებ, თუ ეს ქცევა უმძიმეს შედეგებს არ იწვევს. თუ სიტუაციას, რომელშიაც ქცევა ვითარდებოდა, პოზიტიური შედეგები ჰქონდა, მენტალურ რუკაზე ის ფასდება როგორც ხელსაყრელი გზა. თუ უარყოფითად შეფასებული ქცევის მიღმა შეიმჩნევა დადებითი განზრახვა, შესაძლებელია ახალი ქცევის განვითარება, რომელიც დადებითად შეფასდება. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს მორალური განვითარების თეორიაში პოსტკონვენციონალური მორალური პრინციპის პრაქტიკულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ადამიანი არღვევს კანონს ისევ უფრო მაღალი ადამიანური ღირებულებების დასაცავად. ნეიროლინგვისტური პროგრამირების ეს პრინციპი დაეხმარება პედაგოგებს, გააცნობიერონ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავიანთი აღსაზრდელების მხრიდან გარკვეული წესების სიღრმისეულ დასწავლას და როგორ დაეხმარება მათ მიღებული გამოცდილება მორალური, ზოგადადამიანური და ტოლერანტული ქცევების გამოვლენა–ფორმირებაში.

ყველა ის რესურსი, რაც ადამიანს სჭირდება გარემოსთან ინტერაქციისათვის, მის განკარგულებაშია და მოიცავს ხედვის, სმენის, შეგრძნების, ყნოსვისა და გემოს აღქმის ელემენტებს. მისთვის ხელმისაწვდომი აღქმის ბუნებიდან გამომდინარე იყენებს რესურსს შესაბამისი მახასიათებლით გარემოსთან ადაპტაციისა და სამყაროს აღქმისათვის. სასწავლო გარემოში აღნიშნული პრინციპი ითვალისწინებს აღსაზრდელთათვის მრავალფეროვანი სასწავლო მასალის მიწოდებას, რომ შეძლონ  უნარების სწორი შეფასება  და პრაქტიკულ ცხოვრებაში მართებულად რეალიზება.

ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრინციპები შესაძლებელს ხდის კუნთებზე განტვირთვის კონტროლით გრძნობებსა და ფიქრებზე დადებით ზემოქმედებას, რაც სასწავლო გარემოში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის შედეგად მიიღწევა.

ნეიროლინგვისტური პროგრამირების უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს ადამიანსა და მის კომუნიკაციურ პარტნიორს შორის განხორციელებული ჯანსაღი კომუნიკაცია. ის ამ მოვლენას ასე ხსნის: ა პიროვნება ამოძრავებს ტუჩებს საუბრის დროს, ხმის ტალღები ხვდება ბ პიროვნების ყურს. ისინი გარდაიქმნება ელექტრონულ სიგნალებად და ბ პიროვნების ტვინისკენ იგზავნება, რომლის რეაქციაც აუცილებელია ა პიროვნებისთვის. ა პიროვნებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომუნიკაცია, სადაც ბ პიროვნება მოქმედებს ა პიროვნების ნათქვამისა და სურვილის მიხედვით. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის ის, რისაც მთქმელს სჯერა, არამედ ის, თუ როგორ მიიღებს ადრესატი და მიაღწევს თუ არა კონკრეტულ შედეგს. ამ მოცემულობის გამოყენება პროდუქტიულია პედაგოგთათვის, რათა სასწავლო მასალა აღსაზრდელებს კომუნიკაციის ამ პრინციპების დაცვით მიაწოდოს, რომ შედეგი თვალნათელი იყოს.

პრაქტიკული ფსიქოლოგიის ეს მიმართულება თანამედროვე მეცნიერებაში დიდ დახმარებას გაუწევს ნებისმიერ პედაგოგსა  თუ მოქალაქეს საკუთარი შესაძლებლობებისა თუ ემოციური ფონის სწორად მართვაში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ს.ჯანაშია, ნ., იმედაძე ნ.,გორგოძე ს., განვითარებისა და სწავლების თეორიები. მასწავლებლის პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი, 2011
  2. დიუი, ჯ., ჩემი პედაგოგიური მრწამსი –სკოლა და პროგრესი, ჟურნალი მასწავლებელი, 2014 წლის 06 ოქტომბერი
  3. ბარბაქაძე, ც., აუდიალური და კინესთეტიკური არხები–მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები, ჟურნალი მასწავლებელი, 2016 წლის 30 აგვისტო
  4. Long, A., Schweppe, R., Praxisbuch NLP, Die eigene Kräfte aktivieren und sich auf Erfolg programmieren. Südwest-Verlag, 2013

 

ჯადობაზობა

0

წიგნიცაა და წიგნიც. აი, ეს შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას გადაშალოთ, დამშეულ თვალს სათავისო მიაგებოთ და მერე, სანამ კითხვას შეწყვეტდეთ, ერთი გვარი და ერთი მუსიკალური კომპოზიციის სახელწოდება მაინც დაიმახსოვროთ – რომლებიც ბოლოს ახსენა ავტორმა. ან დასაწყისში – რა მნიშვნელობა აქვს? და მოძებნასა და მოსმენას წინ რაღა უდგას? სიხარულია – მაშინ უფრო, როცა არაერთხელ მოსმენილს, წლების წინ ყურშეჩვეულს გადააწყდებით.

ზურაბ ქარუმიძის „ჯაზის ცხოვრებას“ ვგულისხმობ, ხელის გაწვდენაზე რომ მიდევს, ლურჯი ქაღალდის სახელდახელო სანიშნებით გამოვსებული.

როგორ კარგად მახსოვს ის დრო, ჯაზი რომ უცხო იყო, ძალიან უცხო და შესაფერისი განწყობა, ყურადღების მოკრება, სხვა ყველაფრისგან გათავისუფლება მჭირდებოდა თუნდაც მცირე ხნით მის მოსასმენად. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ ტყეში შევაბიჯებდი, სასეირნო ადგილებს არ დავჯერდებოდი და სიღრმისაკენ გავწევდი.

ახალი, შეუსწავლელი ვირუსი, შეცვლილი ცხოვრება, გადაკარგული მეგობრები, რომლების ნახვის იმედიც გადამეწურა, წაკითხული წიგნების თავიდან წაკითხვის არცთუ უხიფათო ჩვევა, ჩუმი შეშლილობა, რომელიც ნელ-ნელა მომწონდა კიდეც – ეს ხომ იყო და ერთი ჯგუფი ვიპოვე, კლასიკური ჯაზის მოყვარულების. მხოლოდ 1920-35 წლების მუსიკას უსმენდნენ, ამ დროს შექმნილ-ჩაწერილს. ბიქს ბაიდერბეკი. დიუკ ელინგტონი. ფლეტჩერ ჰენდერსონი. ამიყოლიეს. ავყევი და მივხვდი, რომ კარგად ვარ, რომ სხვა აღარაფრის მოსმენა მინდა და თუ გული საკუნისწინანდელი სიხარულით ფეთქავს, სიცოცხლისკენაც მობრუნებულა.

მერე მეგობრის შვილმა ეს წიგნი მირჩია – ზურაბ ქარუმიძის ეს კარგი წიგნი, რომელიც გამოსაჩენ ადგილას უნდა იდოს მუსიკის მასწავლებლის მაგიდაზე. და, ცხადია, არა მხოლოდ მის მაგიდაზე. კენ ბერნსის დოკუმენტურ სერიალს „ჯაზი“ (2001) კი თვითონ გადავაწყდი – ათ ნაწილად გაყოფილი ფილმია ძველი ფოტოებით, ძვირფასი ჩანაწერებით, თავბრუდამხვევი ისტორიებით.

ჯადობაზობა, ჯადობაზები – სიტყვები, რომლებიც „ჯაზის ცხოვრების“ კითხვისას სულ თავში მიტრიალებდა, ავტორისაგან სწორად, ყურადღებით შერჩეული უნდა იყოს. მაშ, ვინ არიან ეს ადამიანები, შესაძლებლის საზღვრებს რომ არ სცნობენ? მაშ, რა ჰქვია მათ ხელობასა და ხელოვნებას, ფეხქვეშ რომ მიწას გაცლის და სადღაც შორს უწონო ქაღალდივით მიგაფრიალებს? არტ-ტეიტუმზე წერს, ოსტატობის მწვერვალს რომ მიაღწია, ისე უკრავდა, გეგონებოდა, ოთხი ხელი აბიაო. მაილზ დეივისზე კი ნათქვამი აქვს: „ბგერა განუმეორებელი ჰქონდა – მოუხეშავი და იმავდროულად ბუნებრივი, როგორც სუნთქვა, დიახ – მაილზი კი არ უკრავდა, არამედ სუნთქავდა საყვირით“.

ზემოთ მუსიკის მასწავლებელი ვახსენე. მთელ წიგნს თუ არ წაიკითხავს, ჩარლი პარკერის ამბები მაინც გადაიკითხოს – საყურადღებო და ჩასაღრმავებელი. ერთს აქვე ამოვწერ: „ჩარლის მოსიყვარულე დედა ზრდიდა, შვილზე გადაგებული და მისი ახირებების დამყოლი. თერთმეტი წლისას დანაზოგი გროშებით საქსოფონი უყიდა – ეგებ მუსიკამ სწორ გზაზე დააყენოსო. ჩარლიმ ერთხანს კი „ითამაშა“ იმ საქსოფონით, მაგრამ მალე მობეზრდა და მეზობელს ათხოვა, ისე, რომ რამდენიმე წელი არც გახსენებია. სკოლაშიც უვარგისი იყო, კლასიდან კლასში ძლივს გადაჰყავდათ. თუმცა გამოხდა ხანი და ისევ მუსიკის ჟინმა სძლია – ის თავისი განათხოვრებული საქსოფონი დაიბრუნა და დღის უმეტეს ნაწილს თავისებურ მუსიკალურ ეკზერსისებში ატარებდა. ღამღამობით კი კანზას-სიტის ბარებსა და კლუბებში დაყიალობდა“.

ელა ფიცჯერალდი – თვალი რამე შორეულ წერტილს გაუშტერეთ, წამით გაიხსენეთ, რა ქალი იყო, რა მომღერალი და მერე წაიკითხეთ: „ვოკალური დიაპაზონის სიფართოვესთან ერთად იგი დიდებულ ჟანრობრივ დიაპაზონსაც ფლობდა – ბოსა-ნოვასაც და „ბიტლზის“ სიმღერებსაც ისევე გაართვა თავი, როგორც მანამდე სუინგსა და ბიბოპს, სასცენო მანერები კი ერთობ სადა ჰქონდა – ეს გოროზი ქალი ზოგჯერ იდგა და რაღაცნაირად შებოჭილი მღეროდა, როგორც რომ ბაპტისტური საეკლესიო გუნდის სოლისტი, პირველად რომ გამოდის საკვირაო წირვაზე, ან კიდევ – როგორც რომ სკოლის მოწაფე გოგო, თავისზე ლამაზ ბიჭს სიყვარული რომ უნდა გაუმხილოს“.

რა აღარ მოვნიშნე წიგნის კითხვის დროს, მოყოლით კი, აბა, რას მოვყევი… ის ჯობია, თვითონ ნახოთ და ჯაზის ტყეშიც გაბედულად შეაბიჯოთ. ალაგ-ალაგ გაუვალიცაა, სახიფათოდ ჩაბნელებულიც, უცნაური არსებებით დასახლებულიც, მაგრამ რა ხმები ისმის, რა სიცოცხლეა!

 

ბოლო ზარი შინდისში

0

მახსოვს ტყვიისფერი ცა. ჰაერი _ გაჭიმული ატლასი _ ჩრდილების ამრეკლი. ამ ჩრდილებში გვირილები და მიხაკები ჩავაწყვეთ. კიდევ, ვარდები. 17 საფლავი მოირთო ტყვიისფერი ცის ქვეშ.

შიდა ქართლში, გორის რაიონის სოფელ შინდისში, რკინიგზის ძველ სადგურთან ახლა გმირთა მემორიალი და მათი სულების სახელზე აგებული ტაძარი დგას. იმ დღეს, რომელზეც ვყვები, მხოლოდ მემორიალი დაგვხვდა, ჯერ ტაძარი არც იყო აგებული და მემორიალიც _ საფლავის ქვებისა და იმ ტრაგიკული დღისგან „სახსოვრად“ შემორჩენილი ნივთებისგან შედგებოდა. თითოეული ნივთი თავისი ისტორიის ჟანგით ყვებოდა ამბავს დიდ გმირობასა და ღირსებაზე და ჩვენ ვეხებოდით მათ, ვხედავდით უკვდავების ამ სევდიან ილუსტრაციას.

2008 წლის აგვისტოს ომიდან მხოლოდ ორი წელი იყო გასული. მაისი იდგა და იმ დღეს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. თბილისიდან სხვადასხვა სკოლის მეთორმეტეკლასელების თავაწყვეტილი ჟრიამულიც გამოვიყოლეთ _ დაქროდნენ ქუჩებში თეთრ-პერანგაჭრელებულები, აჟივჟივებულები, აჭყვიტინებდნენ ფერად საყვირებს _ თითქოს მომავალს აძლევდნენ სიგნალს, გაბმულად და თავაწყვეტით, და მომავალიც გამოდიოდა შიშის ბურუსიდან (რადგან მასზე ყოველთვის მოქმედებს ასეთი შეძახილები!)… იმ დღეს, მხოლოდ ერთ სკოლაში „ჩატარდა“ ყველაზე განსხვავებული, უცნაური ბოლო ზარი, როგორსაც ალბათ მანამდე ვერც ის მოსწავლეები წარმოიდგენდნენ და როგორის წარმოდგენა ახლაც გაუჭირდება ყველას, ვისთვისაც ეს დღე მხოლოდ მხიარულებასთან, დროსტარებასთან, ლხენა-ყიჟინასთან ასოცირდება.

154-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მანანა კიკნაძემ, 2010 წლის 15 მაისს თავის მეთორმეტეკლასელებს ერთ ავტობუსში მოუყარა თავი. ავტობუსი შინდისისკენ დაიძრა.

შინდისის ბრძოლის შესახებ, დაწვრილებით, მე პირადად სწორედ იმ დღეს შევიტყვე. მერგო პატივი, ჩემს მეგობარ პოეტებთან _ მარიამ წიკლაურთან და მარიამ ხუცურაულთან ერთად ამ ბოლო ზარის მონაწილე ვყოფილიყავი. 2008 წლის 11 აგვისტოს, როცა უკვე დასრულებული იყო საომარი მოქმედებები და გამოცხადებული იყო ე.წ. „კორიდორი“, სენაკის მეორე ბრიგადის საშტაბო ასეული რუსული არმიის ჩასაფრებაში მოყვა. უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა 17 ქართველი მებრძოლი. 5 მეომრის გადარჩენა ადგილობრივმა შინდისელებმა შეძლეს.

ამ ისტორიას ბევრი გმირი ჰყავს _ ჯარისკაცებიც და ადგილობრივებიც. ლეგენდად ჰყვებიან ამბავს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა 22 მეომარი 500-კაციან რუსულ არმიას, როგორ ებრძოდნენ ავტომატების ამარა დარჩენილი ქართველები ტანკებით და ბეტეერებით აღჭურვილ მტერს… რამდენიმე დაჭრილმა სადგურთან მდებარე შენობის ნანგრევს შეაფარა თავი და მათაც გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ, რომ არა ერთ-ერთი ჯარისკაცის _ ალეკო ონიანის თავდადება: მუხლებში სასიკვდილოდ დაჭრილი ნათლულის, რომან ზოიძის თავი ედო ალეკოს, თანამებრძოლებს გასძახა თურმე _ მტერს ცოცხალი არცერთი არ ჩავბარდებითო, მერე „მამაო ჩვენო“-ს ლოცვა დაიწყო და ყუმბარას თავი წააცალა… მტრის თვალწინ აიფეთქა ალეკო ონიანმა თავი. ომის დაუწერელი კანონის თანახმად კი, როცა ერთ-ერთი მხრიდან ვინმე ასეთ თავგანწირვაზე მიდის, მეორე მხარე დროებით წყვეტს შეტაკებას, რადგან მსგავსი ქმედების განმეორების დიდი რისკია…

ასე მისცა ქართველმა ჯარისკაცმა დრო შინდისელ მოსახლეობას, დაჭრილები სამშვიდობოს გაეყვანათ.

როცა 11 აგვისტოს ერთ-ერთ გმირს _ შინდისელ ბადრი (ახმეტა) ხუციშვილს ეკითხებიან, არ გეშინოდა, იმ სასაკლაოდან მეომრები რომ გამოგყავდაო? ახმეტა (ამ სახელით იცნობს მას დღეს მთელი საქართველო) გაკვირვებით პასუხობს: იმ დროს ვერც შიშს ვგრძნობდი და ვერც ვერაფერს, მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რასაც გული მკარნახობდაო. გულის კარნახით, რამდენიმე თანასოფლელის დახმარებით, გაარიდა ცეცხლწაკიდებულ ბრძოლის ველს 5 დაჭრილი. მეომრები შინდისელებმა მალულად და სიცოცხლის რისკის ფასად შეიფარეს, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საპატრიარქოდან წარგზავნილი სასულიერო პირების დახმარებით გახდა შესაძლებელი დაჭრილების თბილისში გადმოყვანა.

სასულიერო პირების ძალისხმევითვე დაუბრუნეს ოჯახებს იმ მეომართა ცხედრებისგან დარჩენილი ფერფლი და ძვლები, რომლებიც 11 აგვისტოს ბრძოლაში ჩაწვნენ. ერთი შინდისელი ყვებოდა: შაოსანი ქალი იდგა სადგურზე, დამწვარ მანქანასთან, დიდხანს იდგა და ტიროდა, მერე გამოაღო კარი და მუჭით გამოჰქონდა ფერფლი, ჩანთაში იყრიდა და ამბობდა _ ეს ჩემი შვილია, ეს ჩემი შვილიაო…

ახმეტა ხუციშვილი პროფესიით ელექტრიკოსია. ომამდეც და მერეც თავის საქმეს ერთგულად ემსახურება. ერთგულება მისი პიროვნული ბეჭედია. მან დაჭრილ მეომრებსაც უერთგულა და გარდაცვლილებსაც. ყველა ბოლო გზამდე გააცილა _ ამ სოფელშიც და მიღმა სოფელშიც. აგვისტოს იმ ტრაგიკული დღეების ბუქი რომ გადაიწმინდა, თავის სამუშაო ადგილას, დენის გადაჭრილი მილებისგან ჯვარი შეკრა და ბრძოლის ველზე დაამაგრა. ეს პირველი ნიშანი იყო. ახმეტამ მოაგროვა ასევე იმ დღის ნივთიერი ანაბეჭდები _ დაცხრილული „ბათინკები“, ჩაჩქანები, ტყვიები… ასე შეიქმნა შინდისის მემორიალი, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტად თვალსაჩინოვდება. სულ მალე კი, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, იქ შინდისის ბრძოლის ამსახველი მუზეუმიც გაჩნდება.

17 გარდაცვლილ ჯარისკაცს შორის ერთს, 22 წლის მიხეილ დვალიშვილს, ჯიბეში ლექსი უპოვეს. ამ ლექსმა შინდისის ისტორიას ახალი ფერი მისცა, ახალ ძალად გახმაურდა. ის იყო საბაბი, პირველწყარო რეჟისორის _ ედმონდ მინაშვილისთვის, რათა შინდისის ბრძოლის ამბავს გულდაგულ მიჰყოლოდა და ის მთელი საქართველოსთვის გაეცნო. ედმონდმა ახმეტა აღმოაჩინა, ახმეტამ და დანარჩენმა შინდისელებმა ყველაფერი უამბეს, _ ასე გაჩნდა, თავდაპირველად, დოკუმენტური, მერე კი მხატვრული ფილმის იდეა. ცოტა ხნის წინ ფილმ „შინდისის“ სატელევიზიო პრემიერაც შედგა. ამ ფილმმა არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა და დღეს შინდისის გმირების შესახებ საქართველოს გარეთაც იციან…

2010 წლის 15 მაისის „ბოლო ზარს“ ედმონდიც ესწრებოდა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი უახლესი წარსულის ამ ამბავმა მთელი ქვეყანა აალაპარაკა და ჩვენი თვალი და გული შინდისისკენ მიაპყრო.

„ტრადიციული ბანკეტისა და „ბოლო ზარის“ მიღმა, ქართველ ახალგაზრდას ცხოვრების გზაზე გასასვლელად სხვა „ხიდიც“ სჭირდება. სამშობლოს სიყვარული გმირების უკვდავყოფით უნდა იწყებოდეს“ _ ეს იყო მანანა მასწავლებლის ჩანაფიქრის იდეაც და მიზანიც.

გაკვეთილი უჩვეულოც იყო და „ჩვეულებრივიც“ _ ყველაფერი სიის ამოკითხვით დაიწყო. სიაში 17 ჯარისკაცის გვარ-სახელი მოხვდა. პასუხი _ „ვარ!“ _ მათ მაგივრად, 154-ე სკოლის მოსწავლეებმა გასცეს.

ოდნავ მოშორებით, ჯერკიდევ ნაომარი მიწის მტვერში ჩაკარგული ლიანდაგები კი მისდევდნენ გზას, რომელიც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გადო განგებამ.

მას შემდეგ ხშირად მიფიქრია მაგ დღეზე. რა იყო ეს? მასწავლებლის აქცია-პერფორმანსი? ცხოვრების გაკვეთილი? ალქიმია?.. მანანა კიკნაძემ ამ აქტით რაღაც უმნიშვნელოვანესი ჩაიდინა _ დიდი გამბედაობის, შესაძლოა რისკის ფასადაც, მოსწავლეებს „ბოლო ზარის ხიბლი“ გამოსტაცა და სულ სხვა, ყველაზე მტკივნეული მხრიდან შეახედა ცხოვრებას; იმ ზღვართან მიიყვანა, სადაც დიდი შეკითხვები და დიდი პასუხების მოლოდინია ხოლმე; სადაც იოლი არაფერია, თუმცა ეს შიშიც _ ცხოვრების, მომავლის შიში _ იმ გმირულად დაღუპული მეომრების სისხლის ფასადაა გამოსყიდული.

მას შემდეგ სულ მინდა, ამ „გაკვეთილზე“ ან დავწერო რამე, ან ვინმეს ვუამბო, მაგრამ ესაც რთულია, ძალიან რთული, რადგან მკითხველშიც და მსმენელშიც თავდაპირველი ემოციის დასაბადებლად, სიტყვასთან ერთად, კიდევ რაღაც აქტია საჭირო. რაღაც ქმედება, მოძრაობა, რომელშიც აი ის გმირობა და ღირსებაა არეკლილი, შინდისის ისტორიის შინაარსი, იმ ბოლო გაკვეთილის შინაარსი…

მე ველოდები ამ ძალას ჩემში. ის ბიჭები, შინდისელები, თავიანთი საქციელით, მუდმივად გვაიძულებენ _ ეს ძალა ყველამ ჩვენს თავში ვიპოვოთ. სხვაგვარად სიცოცხლე სადღაც, ლიანდაგებს შუა ჩაიხერგება.

სხვაგვარად, ფასს დაკარგავს სიცოცხლე.

 

 

 

 

 

 

 

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების ასაკობრივ-ფსიქოლოგიური  თავისებურებები

0

ვფიქრობ, დღეს ყველა თანხმდება, რომ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება აუცილებელია, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სახელმძღვანელოების, სასწავლო გეგმების შედგენისას და, ზოგადად, ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვთან ურთიერთობისას. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც უფროსი – მასწავლებელი ან მშობელი რაღაცას უხსნის ბავშვს, ის ვერ იგებს, დაბნეულობა აღებეჭდება სახეზე, უფროსი კი ბრაზობს და  გაოცებას ვერ მალავს: „რა უნდა ამის გაგებას, ეს ხომ ასეთი მარტივია?!“.

 

ჩვენთვის შეიძლება ეს მართლაც ადვილად აღსაქმელი და გასაგები იყოს, მაგრამ ბავშვის აღქმა, აზროვნება, ყურადღება და სხვა ფსიქიკური პროცესები ხომ სრულიად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის ფსიქიკური პროცესებისგან. სწორედ ამიტომ, თუ გვინდა გავუგოთ ბავშვს და ავხსნათ მისი ქცევა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებით ხასიათდება ბავშვი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო პერიოდში ბავშვთან ურთიერთობისას აღმოცენებული პრობლემების დაძლევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით საჭიროა დაწყებით სასკოლო პერიოდში, ვინაიდან ამ დროს ჩამოყალიბებული განწყობა-დამოკიდებულებები სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ ბავშვს მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში მიჰყვება. ძალიან ხშირად პედაგოგების მცდელობა, მოახდინონ კორექცია საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის ბავშვის დამოკიდებულებაში სწავლის მიმართ, უშედეგოდ მთავრდება. ამასთან ერთად, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, აღსაზრდელზე ზემოქმედების უდიდესი შესაძლებლობების მატარებელია. თუმცა, ამ შესაძლებლობების რეალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პედაგოგი ბავშვთან ურთიერთობისას გაითვალისწინებს მის განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სასწავლო პროცესში აღმოცენებული პრობლემების დასაძლევად კარგად უნდა ვერკვეოდეთ და ვითვალისწინებდეთ არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაში დაფიქსირებულ ცვლილებებს:

ფიზიკური, ანუ ბიოლოგიური განვითარება

  • ამ პერიოდში მიმდინარეობს ბავშვის ორგანიზმის ინტენსიური ბიოლოგიური ზრდა-განვითარება;
  • მატულობს ნერვული პროცესების აქტივობა – აგზნება ჭარბობს შეკავებას, რის გამოც ბავშვი ხასიათდება მომატებული ემოციური აგზნებადობითა და მოუსვენრობით;
  • მსხვილი კუნთების განვითარება უსწრებს წვრილი კუნთების განვითარებას, რის გამოც ბავშვს უჭირს ნატიფი, დახვეწილი მოძრაობების შესრულება, რომელთა განხორციელებაც სიზუსტეს მოითხოვს. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, გასაგები გახდება, რატომ უძნელდება უმცროსკლასელს წერითი სამუშაოების შესრულება, რატომ არ შეუძლია სწრაფად და დიდხანს წერა. ამიტომ, უნდა ვერიდოთ უმცროსი ასაკის მოსწავლეთა წერითი სამუშაოებით გადატვირთვას და მით უმეტეს ცუდად შესრულებული დავალების ხელმეორედ შესრულების მოთხოვნისაგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგანაც გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვს ხელი სწრაფად ეღლება, შესრულებული დავალების გადაწერა გაუმჯობესების ნაცვლად, პირიქით – აუარესებს შედეგებს.
  • ზრდის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს – გული არ იზრდება სხეულის პროპორციულად, ამიტომ, ბავშვს არ შეუძლია დიდხანს იყოს დაკავებული დაძაბული ფიზიკური აქტივობით.

კოგნიტური, შემეცნებითი პროცესების განვითარება

  • აღქმა – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აღქმა არასაკმარისად დანაწევრებულია, ამიტომ ის ხშირად ურევს მსგავსი მოხაზულობის ასოებსა და ციფრებს; ვერ ცნობს ფიგურას, თუ მას სივრცეში მდებარეობას შევუცვლით. ბავშვი აღიქვამს საგნის მთლიან გამოსახულებას და ვერ ხედავს მის ელემენტებს. საგანში ამჩნევს არა მთავარს, მნიშვნელოვანს, არამედ საგნის თვალშისაცემ თვისებებს (ფერი, ფორმა, ზომა). ყოველივე აღნიშნული აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც პატარებს რაიმე სასწავლო მასალას ვაწვდით აღსაქმელად;
  • ყურადღება – უმცროსი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელია სუსტად განვითარებული ნებისმიერი ყურადღება. ბავშვს უჭირს ყურადღების მართვა; სამაგიეროდ, კარგად აქვს განვითარებული უნებლიე ყურადღება – ყველაფერი ახალი, მოულოდნელი, საინტერესო, ნათელი იქცევს ბავშვის ყურადღებას. მან შეიძლება არ შეაჩეროს ყურადღება არსებით დეტალებზე სასწავლო მასალაში და პირიქით, ყურადღება გაამახვილოს არაარსებითზე, რადგანაც სწორედ მათ მიიქციეს მისი ყურადღება. ამ ასაკში ბავშვის ყურადღებას აკლია ასევე სიმტკიცე – ყურადღების ხანგრძლივი წარმართვა ერთი და იმავე მიმართულებით, ერთსა და იმავე ობიექტზე;
  • მეხსიერება – უმცროს სასკოლო ასაკში მეხსიერება ატარებს უნებლიე ხასიათს – ბავშვს ჯერ კიდევ კარგად არა აქვს განვითარებული დასამახსოვრებელი მასალის გააზრების უნარი. მეხსიერების წამყვანი ფორმებია ემოციური და თვალსაჩინო-ხატოვანი მეხსიერება. ბავშვები უფრო ადვილად და კარგად იმახსოვრებენ თვალშისაცემ, ნათელ და საინტერესო მასალას, რომელმაც მათზე ემოციური ზეგავლენა მოახდინა; ასევე კონკრეტულ საგნებს, მოვლენებს, სახეებს, ვიდრე განმარტებას, აღწერას, ახსნას;
  • აზროვნება – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია. მას უჭირს სიტყვიერად გამოთქმული აზრის გაგება, თუ ამ აზრს თვალსაჩინო საყრდენი არ გააჩნია. ამიტომ, ამ პერიოდში სწავლება ეფექტურია მაშინ, როცა აზროვნება ეფუძნება თვალსაჩინო ხატებს. უმცროსკლასელებს უჭირთ საგნებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება, ამიტომ სწავლების პროცესში მივაჩვიოთ ისინი საგანთა, მოვლენათა სისტემატურ ანალიზსა და სინთეზს, გავუცნობიეროთ მათ მოვლენათა შორის შინაგანი კავშირი და დავეხმაროთ, რომ განასხვაონ ისინი გარეგნული კავშირისაგან;
  • მეტყველება – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნების განვითარებასთან. მარტივი წინადადებებიდან ის გადადის რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებაზე, წინადადებების ფორმულირებისას იყენებს კავშირებს – „იმიტომ“, „რომ“, „თუ“, „იმისთვის“ და ა.შ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ასაკში ბავშვებს ზეპირი მეტყველება უკეთესად აქვთ განვითარებული, ვიდრე წერითი. წერის დროს ისინი, როგორც წესი, მოკლე წინადადებებს იყენებენ, მაშინ, როდესაც ზეპირი მეტყველებისას სათქმელს ბევრად უფრო გრძელი წინადადებებით გადმოსცემენ.

სოციალური, ანუ პიროვნული განვითარება

უმცროს სასკოლო პერიოდში ბავშვის სასწავლო წარმატებები დამოკიდებულია არა მხოლოდ ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების გარკვეულ დონეზე, არამედ იმაზეც, თუ როგორია მისი სოციალური, პიროვნული განვითარების დონე. თუ ბავშვი პიროვნულად, სოციალურად მზად არის სასკოლო სწავლისათვის, მას უნდა შეეძლოს, სასწავლო სიტუაციაში თავის თავზე აიღოს მოსწავლის სოციალური როლი, დაექვემდებაროს სკოლის წესებს, მიიღოს და განახორციელოს სკოლიდან მომდინარე ამოცანები. მომწიფებული უნდა იყოს იმ სოციალურ ურთიერთობებში ჩართვისათვის, რომელიც გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში მყარდება. ამასთან, უნდა შეეძლოს ანგარიში გაუწიოს ჯგუფის ინტერესებს და გაითვალისწინოს ჯგუფში მიღებული წესები. პიროვნული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისყოფის განვითარებას. თუ სკოლამდელ პერიოდში ბავშვი მიჩვეული იყო საკუთარი თავისადმი კონტროლის გაწევის გარეშე მოძრაობას, ლაპარაკს, გრძნობათა გამოვლენას, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოხატავდა თავის სურვილებსა და მისწრაფებებს, სასკოლო გარემო მას ავალდებულებს კონტროლი გაუწიოს ყველა თავის მოქმედებას, თავი შეიკავოს ზედმეტი მოძრაობისა და უადგილო სიტყვიერი რეაქციებისაგან, შეასრულოს უფროსების მოთხოვნები   და დავალებები მაშინაც კი, როცა ამის სურვილი არა აქვს. ყოველივე აღნიშნული ნებისყოფის განვითარების გარკვეულ დონეს საჭიროებს. ამდენად, კარგი ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების პირობებშიც კი, თუ ბავშვი პიროვნულად, სოციალურად არ არის საკმარისად განვითარებული, ის სერიოზული პრობლემებისა და სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უმცროს სასკოლო ასაკში სასწავლო პროცესის წარმატებულად და ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად გავითვალისწინოთ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებები და ნუ მოვთხოვთ ბავშვს იმაზე მეტს, რაც მას თავისი ასაკიდან გამომდინარე შეუძლია და თუ რომელიმე ასპექტით ამა თუ იმ მიზეზის გამო ჩამორჩება განვითარებაში და ისე ვერ ასრულებს დავალებებს, როგორც ჩვენ ვისურვებდით, საყვედურების და გაკიცხვის ნაცვლად დავეხმაროთ  და ხელი შევუწყოთ მის შემდგომ განვითარებას.

 

 

 

 

საშლელები – რეპრესირებული ტკივილების მეტაფორა

0

მინდოდა დამეწერა, გასულმა წელმა მეტისმეტად მძიმე ახალგაზრდული ისტორიებით დაგვამახსოვრა თავი-მეთქი. თუმცა ეს განსაცდელი, ვირუსივით, 2020-ში არ დაბადებულა და არც მისი წასვლით დასრულებულა. მას გაცილებით დიდი ისტორია და რთული აგებულება აქვს. თუმცა პანდორას ყუთი, თითქოს, ერთიანად ამოიფრქვა შემზარავ ამბებად, სასოწარკვეთილ მიმიკებად, ფრაზებად, ქუჩის წარწერებად, გულისგამაწვრილებელ მელოდიებად და ჯერ კიდევ შეუჩერებლად აზიდებს ჩვენი ცნობიერების ბნელ კუნჭულებში გადავიწყებულ, უთქმელ ტრავმებსაც.

ვიცით – ადამიანური ტრაგედიები დროის, სივრცისა და სხვა პირობითობების მიღმაა. ისინი უკვე მოხდა. მათ ვერც შეცვლი, ვერც ჯადოსნური ჯოხის აქნევით გააქრობ. მე ვფიქრობ, გაკვეთილადაც ვერ გამოდგება.

ერთადერთი ეთიკური კითხვა, რაც შეიძლება ასეთ დროს საკუთარ თავსა და საზოგადოებას დაუსვა, ისაა, თუ როგორ შევეცადეთ, შეგვეცვალა სამყარო უკეთესობისკენ ჩვენი მოსწავლეების, შვილების, მოზარდი მოქალაქეებისთვის? რითი უპასუხა სახელმწიფომ, მედიამ, ეკლესიამ და რა თქმა უნდა, სკოლამ – უშუალოდ მის წიაღში ამოფრქვეულ უბედურებებს? რა გამოსავალი, რომელი ახალი მიდგომა, ინსტრუმენტი, პლატფორმა შევთავაზეთ მოზარდებს, რათა მათ ერთმანეთის მიღება, დანდობა და თანამშრომლობა ესწავლათ?

საინტერესოა, ხელოვნებამ, მწერლობამ როგორ აირეკლა ეს პრობლემა. თუკი ლიტერატურა სარკეა, რომელიც ცხოვრებას ბაძავს, სადაც მჭვრეტელმა საკუთარი თავი უნდა ამოიცნოს, საკუთარი ტკივილები გვერდიდან დაინახოს და განიწმინდოს, უკეთესი გახდეს, რატომ არის ე.წ. ლიტერატურული კანონი სკოლაში სამუზეუმო ექსპონატივით ხელშეუხებელი?

მეტად სევდიანი ამბავია, რომ ყმაწვილი ადამიანების ხმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ძალიან სუსტად, ან თითქმის, არ ისმის. იმ საამო და იშვიათ მცდელობებს კი, სადაც მწერლები მოზარდთა ენით ლაპარაკობენ, ლიტერატურის სახელმძღვანელოები ყურს უყრუებს. რომლებიც არ უყრუებს და ამ საჭიროებას თვალს უსწორებს, ასეთები, როგორც წესი, სახელმწიფო გრიფის გარეშე რჩება, თითქოსდა, ლიტერატურული კანონიდან ერეტიკული თუ ნაივური გადახვევის გამო. დღემდე ერთი-ორი ავტორი თუ მაინც შეეცადა, მსოფლიოს საყმაწვილო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების შემოტანას, მაქსიმუმ, დამხმარე რესურსების სახით, ეს სახელმძღვანელოები მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა არ მიიღო, როგორც „არაქართული“, „რთულად სასწავლებელი“, ან მოსწავლეთათვის „რთულად აღსაქმელი”. როგორც ჩანს, ქართულ ლიტერატურას სკოლაში მასწავლებელთა და საგნობრივი პოლიტიკის შემქმნელთა დიდი ნაწილი ხედავს, როგორც სტერილურ, ხელშეუხებელ სამუზეუმო ექსპონატს, ნივთიერ ძეგლსა და საგანძურს. ამიტომ შორდებიან მოსწავლეები ლიტერატურას და არა იმიტომ, რომ უქნარა თაობა მოდის, ან, რომ „ვეფხისტყაოსანი“ საყმაწვილო პრობლემებზე ვერ „გადმოითარგმნება“. გამონაკლისები ისევ ცალკეული მასწავლებლების დიდი ძალისხმევის მიღწევებად უნდა მივიღოთ.

წარმოიდგინეთ, როგორი საინტერესო ინსტრუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული ლიტერატურა მოზარდთა ფსიქო-ემოციური, ან, თუნდაც, სამოქალაქო პრობლემების რეფლექსიისთვის. თუმცა, თითქოს, უხილავი ხელი არ აძლევს საშუალებას მოზარდებს, სიცხადე შეიტანონ თავიანთ ყოფაში, შეძლონ საკუთარი განცდების ვერბალიზება, დამოკიდებულებების შეფასება-გადაფასება, ქცევების მართვა, საბოლოოდ – სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების ამ ბუნდოვან, ნისლიან ღირებულებრივ გარემოში ორიენტირება.

ეს დამთრგუნველი ბუნდოვანება და ბურუსი, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი და სასკოლო ცხოვრების მეტაფორა კარგად გადმოსცა თამარ გეგეშიძემ თავის საყმაწვილო რომანში – „საშლელები“. ტექსტი მრავალმხრივაა საინტერესო – თავისი თემატური დიაპაზონით, საინტერესო გმირებით, ავთენტური ამბებით, სწორი ინტერტექსტებით, თუმცა ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება, რაც წიგნისგან დამრჩა, სწორედ ეს ნისლიანი, ბუნდოვანი მიკროკლიმატია. ეს აღქმა, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე ჩემი სიყმაწვილის დავიწყებული ტრავმების გამოძახილიც იყოს, თუმცა მე ვფიქრობ, ავტორის მიერ ძალიან გულწრფელად და ოსტატურად შესრულებული თხრობის ეფექტია.

„საშლელები“ მოზარდების სასკოლო ცხოვრებაზე ცამეტი წლის ანას ენით გვიამბობს. თხრობა ძალიან გულწრფელი და სადაა. სიფაქიზის მიუხედავად, დიდი პროტესტით დამუხტული. ესეც საკმაოდ უჩვეულოა, რადგან მსოფლიო ლიტერატურაში მოზარდების ჯანყი, უმეტესად, ყმაწვილი კაცების სპეციფიკურ, საკმაოდ უხეშ ენასთანაა გაიგივებული, ან იმ გოგოებთან, რომლებიც, თითქოს, სათქმელის ვალიდაციისთვის ბიჭებივით ლაპარაკს, ქცევას, პროტესტის „ბიჭური“ სტილით გამოხატვას ცდილობენ. მერვეკლასელი გოგონას მგრძნობიარე თხრობა კი, თითქოს, იისფერი ვენასავით ნატიფად და ზუსტად ფეთქავს ჩვენი ღონემიხდილი საყმაწვილო ლიტერატურის მაჯაზე. ეს ხმა, ცხადია, წინამორბედი გმირი გოგოების – ნაირა გელაშვილის ნიას („მე ის ვარ“), თეა ლომაძის მარიამის („წერილი ბოთლში“) ალტრუიზმით, ეიფორიით, გულწრფელობით, გამბედაობითაც საზრდოობს, თუმცა ბევრი თვითმყოფადი შტრიხი და ახალი კონტექსტი შეუძენია.

საერთოდ, უმწეო ბავშვის, მით უმეტეს, მგრძნობიარე გოგოს სულიერი სამყაროს გადმოშლა, როგორც ომის, რეჟიმის ან – პატრიარქალური საზოგადოების ბრუტალურობის, დეჰუმანიზებულობის კონტრასტი, ლიტერატურასა და საყმაწვილო რომანშიც, კარგად გამოცდილი ხერხია. ამ კონტექსტში არ შეიძლება, თამთა მელაშვილის „გათვლა“ არ გაგვახსენდეს, რომელიც ამგვარი მცდელობის ერთ-ერთი პირველი და ძალიან შთამბეჭდავი ნიმუშია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.

ამავე ხერხს მიმართავს თამარ გეგეშიძე. როგორც ჩვენში იტყვიან, „სიფრიფანა გოგოს“ ჭვრეტას, მის ეგზისტენციურს კითხვებს, ფაქიზ და წრფელ ამბოხს სალი კლდესავით ხვდება ქანცგაწყვეტილი დედებისა და ინფანტილური მამების, გულგრილი მასწავლებლებისა და ბრაზიანი მეზობლების მიერ გულმოდგინედ ნაშენი, ღირებულებრივად ეკლექტური, უკიდურეს მატერიალიზმსა და რელიგიურ მისტიციზმს შორის მუტანტ ურბანულ ნაგებობასავით ამოზრდილი, უსახური საზოგადოებრივი სტრუქტურა.

ანა რიგითი ინტელიგენტი, მშრომელი და პატიოსანი ოჯახის შვილია, თუმცა  საზოგადოებაში, რომელიც ჰუმანიზმის კრიზისს განიცდის, ასეთი მშობლებისთვისაც კი ხშირად ნათესავ-მეზობლების აზრი, საზოგადოებრივი წესები და რიტუალები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე – საკუთარი შვილების მიმართ ემპათია. ამგვარ საზოგადოებაში ბავშვი არ განიხილება, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი, თავისთავად ღირებული ქმნილება, რომელსაც თვითმყოფადი განცდები, სურვილები, ინტერესები აქვს. ამიტომ არცთუ იშვიათად, ანას დაბნეული მშობლები უნებლიეთ უარყოფენ შვილების ინტერესებს, მათ განცდებს, მეორე მხრივ კი, დიდი მონდომებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ მათს ასაკობრივ ახირებებს. საპირისპიროდ, მოზარდები თავგანწირვით ილტვიან თავისუფლებისკენ – ზოგი ლიტერატურულ წრეებში ეძებს ამ ძალას, ზოგი – ექსტრემალურ სპორტში.

მაგალითად, ანას უფროსი ძმა, კოსტა სამთო ველოსპორტის ერთ-ერთი განხრით, დაუნჰილითაა დაკავებული. როგორც ჩანს, კოსტას არ აქვს ოჯახის მხარდაჭერის იმედი და, ალბათ, ამიტომ არ უმხელს მშობლებს თავისი გატაცების შესახებ. გზას, რომელსაც მათი მშობლები სიუჟეტური ქარგის განვითარებასთან ერთად გადიან, მათ სრულ ფერისცვალებამდე მივყავართ. რომანის ფინალში მშობლებისთვის უმნიშვნელო ხდება საზოგადოებრივი აზრი და სრული თავდაჯერებით უჭერენ მხარს შვილის საყვარელ საქმიანობას, უფრო ზუსტად – წაახალისებენ მის სწრაფვას თავისუფლებისკენ. თითქოს, თავიანთი სწორი ღირებულებრივი არჩევანითა და ჰუმანურობით, ალეგორიულად, ისინიც დიდი ნახტომით თავზე გადაევლებიან „მამათა“ და „შვილთა“ შორის გაჩენილ უზარმაზარ ნაპრალს, რომელზეც ეს წიგნი გვიამბობს.

მამათა და შვილთა, რბოლას სხვადასხვა „ორბიტებზე“, ბუნებრივია, განსაზღვრული ისტორიული, კულტურული და სოციალური კონტექსტიც აქვს. ლიტერატურაში ახალგაზრდობა იმთავითვე გაიგივებული იყო ჯანყთან, პატიოსან შემართებასთან, ალტრუიზმთან, თუმცა, გარდა ამისა, არაერთი თანამედროვე კვლევა ამბობს, რომ Z თაობაში (Gen Z), აი, იმ თაობაში, რომელსაც გრეტა ტურნბერგი წარმოადგენს, ღირებულებრივი ალგორითმები არსებითად შეიცვალა. ამ თაობას გაცილებით დიდი მგრძნობელობა და პასუხისმგებლობა აქვს გარემოსა და ადამიანების მიმართ. ისინი, ყველაზე პატრიარქალური გაგებით, „მამათა“ მიერ შექმნილ ძალაუფლების პარადიგმას მძლავრად არყევენ. ეს ეკოფემინისტური მოდელი კი ძალიან ახლო დგას „საშლელების“ პროტაგონისტი რომანტიკოსი (ამ სიტყვის ფართო გაგებით) გოგოს ერთი შეხედვით, უმწეო და, ამავდროულად, ძალუმ, წრფელ პათოსთან.

თეა ლომაძის – „წერილი ბოთლში“ შემთხვევით არ გამიხსენებია. ეს წიგნი, თითქოს, ინტერტექსტივით შემოდის „საშლელებში“ ანას თანაკლასელ ბათას თხზულებიდან – „დედა სკოლაში მიდის“. ბიჭი დედამისის ბავშვობის ყველაზე ნათელ მოგონებას აღწერს სოხუმიდან – გზას მწვანე ხეივნიდან და ზღვისპირა კენჭებიდან – იქაური სკოლის ჭრიალა კარამდე. და მიუხედავად იმისა, ანამ და მისმა მეგობრებმა ბევრი არაფერი იციან აფხაზეთზე, შესაძლოა, სწორედ ბათას დედის სიყმაწვილეა თეა ლომაძის წიგნის პროტაგონისტი მარიამი, ვისმა სევდიანმა და გულწრფელმა თხრობამ სოხუმის დაცემასა და დაკარგულ ბავშვობაზე ყველას გამორჩეულად დაგვამახსოვრა თავი.

მართალია, მას მერე ფასადი შელამაზდა, თუმცა არსებითად ბევრი არაფერი შეცვლილა საზოგადოებაში, სკოლასა და ოჯახში იმ თვალსაზრისით, რომ უთქმელი და გადავიწყებული ტრავმები  ტრავმებად დარჩა. შესაძლოა, ოჯახები ეკონომიკურად წელში გაიმართნენ და 90-იან წლებთან შედარებით, განათლებისა და პატიოსანი შრომის პერსპექტივაც გამოჩნდა, თუმცა ამასთან ერთად, ჩემი თაობის მშობლებს უკიდურესი გაჭირვების შემდეგ უკიდურესმა მომხვეჭელობამ შეგვიპყრო. მატერიალისტური პრიორიტეტების მიღმა დარჩნენ შვილები, რომლებიც უდავოდ იღებენ უფრო ძვირადღირებულ განათლებას, უფრო კარგადაც იმოსებიან, სწავლისა და გართობის საშუალებების დიდი არჩევანიც აქვთ, თუმცა ამ სიკეთეებისთვის გაცილებით დიდ ფასსაც იხდიან. მშობლებთან გატარებულ უფრო და უფრო მცირე დროს, უფრო ნაკლებ ყურადღებას, ნაკლებ ემპათიას, შესაბამისად, ნაკლებ მხარდაჭერასაც.

მეორე მხრივ, თავად ბავშვებიც ჩავაბით ამ დაძაბულ, შემგროვებლურ რბოლაში, რადგან ვასწავლეთ, რომ რაკი დრო ფულია, ის მხოლოდ მონეტიზებადი ცოდნის დასაგროვებლად უნდა დახარჯო. ამ ქანცგაწყვეტილ მარათონში კი მოზარდებს აღარ რჩებათ მეგობრებთან ურთიერთობის, სილაღის, მოდუნების საშუალება; ვეღარ იცლიან სხვებთან და საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის, საკუთარ განცდებთან და სხეულთან დიალოგისთვის.

90-იანების შემდეგ, თითქოს, სკოლაც დაოსტატდა ისეთი ტერმინებით თავის მოწონებაში, როგორიცაა „ინტერაქტიურობა“, „კვლევითი უნარები“, „ფასილიტაცია“, „გუნდური მუშაობა“, „ინდივიდუალური მიდგომა“, „პროექტებით სწავლა“, თუმცა ამ ტერმინების სიმყიფე ბოლოდროინდელმა ამბებმა განსაკუთრებით მწვავედ გვაჩვენა. აღმოჩნდა, რომ სკოლა ისევ ის მოუქნელი, თვითკმარ სტრუქტურებსა და თეორიებზე ორიენტირებული ნაგებობაა, რომლის ცივი და დამთრგუნველ დერეფნების ნისლში ბავშვები, როგორც ინდივიდები, ორიენტაციას კარგავენ.

აღმოჩნდა, განათლების ცენტრში არ მოიაზრება ბავშვი, მოზარდი, რომელიც მისთვის არა თვითმყოფადი სუბიექტი, არამედ – ცოდნის მიმღები ობიექტია, „სუფთა დაფაა“. აღმოჩნდა, რომ სკოლაში ბავშვები კვლავ მარტო არიან  ძალადობასთან, ჩაგვრასთან, საკუთარი სხეულის სიძულვილთან, სოციალურ უთანასწორობასთან, საგანმანათლებლო სირთულეებთან, უპასუხო და მიჩქმალულ განცდებთან, თვითუარყოფის მომწამლველ მიდრეკილებასთან და სკოლა, ცალკეული ბედნიერი შემთხვევების გარდა, მათ ამ პრობლემებთან  გამკლავებაში ვერაფრით ეხმარება.

სწორედ, ამ პრობლემების გარშემო ვითარდება „საშლელები“, რომელიც თამარ გეგეშიძის მეორე საყმაწვილო რომანია. უნდა ითქვას, რომ ეს ავტორი, მუდამ, დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით, თუმცა მაინც თამამად ახმოვანებს საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის – მოზარდთა პრობლემებს და ამ მხრივ ერთ-ერთი უიშვიათესია თანამედროვე ქართველ ავტორებს შორის.

ხშირად მიფიქრია, სულ რაღაც ოცდაათიოდე წელი გავიდა ჩემსა და ჩემი შვილების ბავშვობას შორის, არადა, ორი სხვადასხვა ეპოქაა სრულიად განსხვავებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კონფიგურაციებით. და მიუხედავად იმ დიდი შესაძლებლობებისა, რითაც გლობალიზაცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები ჩვენს შვილებს აჯილდოებს, მთელი ამ სამი ათეული წლის შემდეგაც ისინი ფსიქო-ემოციურად, ინტელექტუალურად ჩვენი თაობის ღია ჭრილობებს ვერ იშუშებენ.

როგორც ჩანს, ამ ტრავმების, მარცხის ისტორიების შესახებ ბევრი არაფერი დაწერილა, საკმარისად არ თქმულა სკოლაში, მედიასა თუ საკვირაო ქადაგებებზე. მეტიც, ამ „მემკვიდრეობას“, რომელსაც ახალი და ახალი თაობები ტვირთად ეზიდებიან, სკოლაც, ოჯახიცა და საზოგადოებაც პირდაპირ დავიწყებით, მეტაფორულად – საშლელებით უპირისპირდებიან. არ ვიცი, რამდენად ახერხებს ეს ტრავმები გაქრობას, უფრო გაბლარულ და ჭუჭყიან მტკიცებულებებად რჩება ჩვენს ისტორიასა და მეხსიერებაში. როგორც ანას მეგობარი – თოკო ამბობს, დიდი ფანქარი უნდა გვქონდეს, რომ ჯერ ყველაფერი დავხატოთ, რისი წაშლაც გვინდა და მხოლოდ მერე ვიფიქროთ მათ დავიწყებაზე. ეს არის ამ წიგნის მთავარი გზავნილიცა და ზუსტი მეტაფორაც – ახალგაზრდა ადამიანების განცდების, ტკივილების, საფიქრალის მოხელთება და  ფორმულირება. ისევ რუსთველს თუ დავესესხებით, „მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს“ ჰკურნოს“…ფორმულირება. ისევ რუსთველს თუ დავესესხებით, „მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს“…

მოზარდობის ხანა – კავშირი მოტივაციასა და კრეატიულობას შორის

0

თანამედროვე ფსიქოლოგიაში მოტივაციასა და კრეატიულობას შორის ურთიერთმიმართების შესწავლა მეცნიერების მიერ ფართოდ განხილვის საკითხია.

 

მოტივაციაზე საუბრისას მკვლევრები ხშირად ხაზს უსვამენ მოტივაციის როგორც გარეგან, ისე შინაგან ტიპს და განიხილავენ მას სხვადასხვა ცვლადთან მიმართებაში.

 

ზოგიერთი ავტორი კრეატიულობას განსაზღვრავს როგორც ინდივიდის შემეცნებით უნარს, რომელიც მოითხოვს სამ განსხვავებულ და ამასთან, ურთიერთდაკავშირებული მახასიათებლის თანაარსებობას ინდივიდში.

 

ეს მახასიათებლებია: კოგნიტური (ინტელექტი და ცოდნა); პიროვნული (პიროვნება, მოტივაცია და ემოციები) და გარემო ფაქტორები (Sternberg, Lubart 1995).

 

დღესდღეობით მეცნიერები კრეატიულობას სხვადასხვა ფორმით განმარტავენ და სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ მას.

 

მრავალი მკვლევრის თანახმად, კრეატიული გარემოს არსებობა ნებისმიერი სკოლის სისტემის აუცილებელი ნაწილია, გამომდინარე იქედან, რომ ის მოსწავლეებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს.

 

მეცნიერებმა რიგი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ შინაგანი მოტივაცია, არის მოტივაციის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ტიპი, რომელიც დადებითად ზემოქმედებს ინდივიდის კრეატიული აზროვნების განვითარებაზე. ხოლო გარეგანი მოტივაცია, პირიქით ამცირებს მისი გამოხატვის შესაძლებლობებს (Amabile, 1988).

 

საგანმანათლებლო მიმართულების მიხედვით მოტივაცია არის მრავალგანზომილებიანი სტრუქტურა, რომელიც დადებითად კორელირებს ინდივიდის სასწავლო და აკადემიურ მოტივებთან (Mohamadi, 2006).

 

დღესდღეობით მოტივაციის უამრავი განმარტება არსებობს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის დისციპლინას. მათ შორის არის საგანმანათლებლო დისციპლინაც, რომლის მიხედვით მოტივაცია განიმარტება, როგორც სამი განზომილებისაგან შემდგარი ფენომენი, სადაც გაერთიანებულია, ერთი მხრივ, ინდივიდის რწმენა, რომ მას აქვს უნარი წარმატებით გაართვას თავი სპეციფიკურ დავალებებს; მეორე მხრივ, ინდივიდის მიზნები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული დავალების შესრულებასთან. დაბოლოს ის ემოციური პასუხები, რომლებსაც ადგილი აქვს პიროვნების მხრიდან კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ სიტუაციაზე (Hassanzadeh, Amuee, 2001).

 

ერთ-ერთი კვლევა, რომელიც 2015 წელს საფრანგეთში ჩატარდა, მიზნად ისახავდა, ფსიქოლოგებს შეესწავლათ სკოლის გარემოს გავლენა მოზარდის კრეატიულობის პოტენციალზე, მოტივაციასა და ცხოვრებით კმაყოფილებაზე (Maud Besançon, 2015).

 

კვლევაში ავტორები განიხილავენ სხვადასხვა საკითხს, სადაც განმარტავენ, რომ კრეატიულობა არის პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს როგორც უნარი ისე გააჩნია, თუმცა მისი განვითარების ნაირსახეობა დამოკიდებულია სხვადასხვა პიროვნულ თუ გარემო ფაქტორების ზემოქმედებაზე.

 

მოცემულ სტატიაში ავტორები იკვლევენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ცვლადს. კერძოდ: გარემოს, პიროვნულსა და კოგნტიურს, რომლებიც გავლენას ახდენენ მოზარდის კრეატიულობის ხარისხზე, მოტივაციასა და ცხოვრებით კმაყოფილებაზე.

 

სტატიაში მეცნიერების მიერ დამატებით შესწავლილია სასკოლო გარემოს გავლენა ზემოთ ხსენებულ საკვლევ ცვლადებთან მიმართებაში და საუბარია პედაგოგიურ ფაქტორზე, როგორც სასკოლო კლიმატის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილზე.

 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის კონკრეტული რეგიონის, კერძოდ, ვალდორფისა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. კვლევის განხორციელებამდე მკვლევრები ვარაუდობდნენ სხვადასხვა შინაარსის ჰიპოთეზებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

 

მათი აზრით, პედაგოგიური სწავლების ტიპი, გავლენას ახდენს მოსწავლის როგორც კრეატიულობის ხარისხზე, ასევე მოზარდის მოტივაციისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონეზე. გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კრეატიულობა დაკავშირებულია მოსწავლის კონკრეტული მოტივაციის ტიპთან და ცხოვრებით კმაყოფილების გარკვეულ დონესთან.

 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არ ვლინდება განსხვავებული შედეგები კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგიური სწავლების ტიპსა და კონკრეტული სკოლის მოსწავლის ცხოვრებით კმაყოფილების მაღალ და/ან დაბალ ხარისხს  შორის.

 

გარდა ამისა, მიმდინარე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის ნეგატიური კავშირი კრეატიულობასა და მოზარდის გარეგანი მოტივაციის ტიპს შორის და მაღალი გარეგანი მოტივაცია მოზარდებში  განსაზღვრავს დაბალ კრეატიულ შედეგებს.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წინამდებარე კვლევის შედეგად ვალდორფის სკოლის მოსწავლეებში, განსხვავებით საჯარო სკოლებისაგან, დადასტურდა დაბალი გარეგანი მოტივაციის ტიპი და მაღალი კრეატიულობის დონე, ხოლო საჯარო საშუალო ასაკის სკოლის მოსწავლეებში მაღალი გარეგანი მოტივაციის ტიპი და დაბალი კრეატიულობის ხარისხი. შესაბამისად, დადგინდა, რომ მაღალი შინაგანი მოტივაცია სასკოლო საშუალო ასაკის მოზარდებში განსაზღვრავს მაღალ კრეატიულ შედეგებს.

 

მიმდინარე კვლევიდან გამომდინარე სასურველია, მოხდეს შინაგანი მოტივაციის გაძლიერება საშუალო სასკოლო ასაკის მოზარდებში სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით, რათა მომავალში მივიღოთ მაღალი კრეატიულობის უნარის მქონე ინდივიდი.

 

მოცემულ კვლევას გააჩნდა რიგი შეზღუდვა, სადაც საუბარია ცხოვრებით კმაყოფილებაზე, როგორც ერთ-ერთი ცვლადის გაზომვის შესახებ და მეცნიერების მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც სასურველია, სამომავლოდ ეს ცვლადი მოსწავლეებში შესწავლილ იქნას სხვა კომბინირებული ინსტრუმენტით, სადაც მკვლევრებს მიეცემათ საშუალება, გაითვალისწინონ მოსწავლეების არამარტო მიმდინარე ცხოვრებით კმაყოფილების დონის ინდექსი, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა წარსული გამოცდილება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ჩირგაძე, უ. (2020); სამაგისტრო ნაშრომი ,,სკოლის სასწავლო გარემოს გავლენა, მოსწავლის კრეატიულობის ხარისხსა და მიღწევის მოტივაციაზე’’;
  2. Maud Besançon, F. F. (2015, October ). Influence of school environment on adolescents’ creative potential, motivation and well-being. Learning and Individual Differences, 43, 178-184.

 

 

ინტერნეტმაღაზია – მოქმედებები რიცხვებზე ქართული ფულის ერთეულებით. კომპლექსური დავალება

0

 მოქმედებები რიცხვებზე ქართული ფულის ერთეულებით

„თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინტერნეტში, მაშინ თქვენ არ ხართ ბიზნესში”. ბილ გეითსი

 

ბოლო წლებში ონლაინმაღაზია აღარავისთვისაა უცხო, თუმცა პანდემიის ჟამს ონლაინვაჭრობა გეომეტრიული პროგრასიით გაიზარდა და კვლავ მზარდია. მასში ყოველდღიურად უამრავი ახალი წევრი ერთვება. მეოთხე კლასში რიცხვებზე  მოქმედებების უკეთ გააზრებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი აუცილებლობის დასანახად  ონლაინმაღაზიაში ნივთების ყიდვა-გაყიდვით მოსწავლეებს შევასწავლე ნატურალური რიცხვების შეკრების, გამოკლებისა და შედარების მოქმედებები. მინდა, გაგიზიაროთ მეთოდი.

საკითხის შესწავლას დავუთმე 2 კვირა.

სამიზნე ცნება: მოქმედებები რიცხვებზე

საკითხი: ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებები – შეკრება; გამოკლება; შედარება.

თემის დასაწყისში პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს ვეკითხები:

– ახლა, როცა ქვეყანაში პანდემიის გამო სავალდებულო რეგულაციები დაწესდა, მაღაზიებში დადიხართ? პასუხები არაერთგვაროვანია. დიახ, სასურსათო მაღაზიებში დადიან.

– ტანსაცმელს როგორ ყიდულობთ? აქაც სხვადასხვა პასუხი იყო, ან არ ყიდულობენ ან ონლაინმაღაზიებში იძენენ მათი მშობლები.

– რა გსმენიათ ონლაინმაღაზიებზე? – როგორ ხდება ონლაინმაღაზიებში პროდუქციის ყიდვა -გაყიდვა?

– როგორ ფიქრობთ რა ნივთების ყიდვა -გაყიდვაა შესაძლებელი?

– როგორ ხდება ანგარიშსწორება და საქონლის მოტანა?

– რა არის საჭირო იმისათვის, რომ ონლაინმაღაზიიდან რაიმე ნივთი შეიძინო?

– რა არის საჭირო, რომ ბიზნესმენმა ონლაინმაღაზია შექმნას?

– საჭიროა თუ არა, ყიდვა-გაყიდვისას კარგად ვიცოდეთ მათემატიკური მოქმედებები?

კითხვა-პასუხისა და რამდენიმე ინლაინმაღაზიის საიტის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებს გააქტიურება და  დაინტერესება შევამჩნიე. ამის შემდეგ გავაცანი დავალება:

წარმოგიდგენთ კომპლექსური დავალების ბარათს.

დავალების პირობა

ბოლო წლებში მომრავლდა ინტერნეტით პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა, რასაც ინტერნეტმაღაზიები უწევენ ორგანიზებას.

ციფრული რესურსის „ვსწავლობ თამაშით“ ან სახატავ ფურცელზე ფერადი ფანქრების გამოყენებით დახატე და შექმენი შენთვის სასურველი ნივთების (მაგალითად, ტანსაცმლის) ინტერნეტმაღაზია.

·         მაღაზიაში გასაყიდად დადე 8 ნივთი.

·         რვავე საქონლის ფასების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს და უნდა იყოს 500 ლარზე მეტი.

თითოეული საქონლის ფასი გამოსახეთ ლარებითა და თეთრებით (მაგალითად, კაბა ღირს 79.99 ლარი).

დავალების  შესასრულებლად  გაითვალისწინეთ

·         ინტერნეტმაღაზიის ფორმატი ინტერნეტმაღაზია

·         ციფრული რესურსით ან სახატავი საშუალებებით, აღწერე თითოეული პროდუქციის ფოტო და მიუწერე ფასი.

·         გაითვალისწინე 1 ლარი შედგება 100 თეთრისაგან.

 

დავალების წარდგენისას ისაუბრე:

·         როგორ შექმენი ინტერნეტმაღაზია;

·         როგორ მიანიჭე ფასები საქონელს? (არის თუ არა რეალურ ფასებთან მიახლოებული);

·         წარმოადგინე რვავე საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი გამოთვლები;

·         ისაუბრე, აკმაყოფილებს თუ არა შენ მიერ შექმნილი ინტერნეტმაღაზია დავალების სამივე პირობას;

·         შენს მაღაზიაში რომელია ყველაზე ძვირადღირებული საქონელი და რამდენით ძვირია ის ყველაზე იაფიანთან შედარებით;

·         თუ გაქვს 350 ლარი, მაქსიმუმ რამდენი ნივთის ყიდვა შეგიძლია?

·         რა სტრატეგია გამოიყენე „ფასების“ შეკრება გამოკლების დროს?

·         შეგიძენიათ თუ არა ოჯახში რაიმე ნივთი ინტერნეტმაღაზიაში?

·         შექმენი მსგავსი დავალება შენი მეგობრებისათვის.

 

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

·   რა ოპერაციებია საჭირო გამოსაანგარიშებლად და რაოდენობის დასადგენად და როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა, რომ გამოთვლები ვაწარმოოთ იმის მიხედვით, თუ როგორ არის საჭირო ზუსტი თუ მიახლოებითი გამოთვლა?

·   როგორ გვეხმარება არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში?

·   რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვას გამოთვლების წარმოებისათვის?

 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლისათვის:

·         პირველ რიგში შეასრულე სავარჯიშოები, ის დაგეხმარება კომპლექსური დავალების შესრულებაში სავარჯიშოები;

·         თუ დავალებას შექმნი ციფრული რესურსის„ ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით, მაშინ დაგეხმარება ეს ინსტრუქცია ვსწავლობთ თამაშით.

·         შექმენი ინტერნეტმაღაზია, დაალაგე პროდუქცია და მიუწერე შესაბამისი ფასი.

შემდეგ დაიწყე დავალების სამივე პირობის გადამოწმება. თუ შენ მიერ შექმნილი „ინტერნეტ მაღაზია“ რომელიმეს არ აკმაყოფილებს, შეცვალე ფასები.

 

მოსწავლეებს ვეუბნები, რომ დავალება უნდა წარმოადგინონ ორი კვირის შემდეგ, რომელიც შეამოწმებს, რა  ისწავლეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე კი ყოველ გაკვეთილზე ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლით, როგორ შევასრულოთ შეკრება-გამოკლებისა და შედარების მოქმედებები ფულის ერთეულების დახმარებით. რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენოთ მოქმედებათა ეფექტური შესრულებისათვის, და რატომაა მოსახერხებელი ზოგჯერ მიახლოებითი გამოთვლების ჩატარება.

ჯერ ვიხსენებთ წინარე ცოდნას. ვასრულებთ ნატურალურ რიცხვებზე შეკრება-გამოკლებისა და შედარების სავარჯიშოებს (სამნიშნა ოთხნიშნა). შემდეგი დავალებაა ქართული ფულის ისტორიის შესახებ ინფორმაციისა და დღეს მიმოქცევაში არსებული ბანკნოტების მოძიება. მომდევნო დავალება არის საფულის ან ყულაბის შექმნა. ბავშვები ხატავენ ან ამობეჭდავენ ფულის კუპიურებს, ასევე მონეტებს, ამოჭრიან და გარკვეული რაოდენობის ფულის მარაგს ქმნიან. რამდენიმე გაკვეთილს ვუთმობ სიტუაციურ ამოცანებსაც. მაგალითად, ტექნიკის მაღაზიაში ვიყიდოთ რაიმე ნივთი. მოსწავლეებს ვუჩვენებ ინტერნეტმაღაზიის ფორმატის მსგავს ფოტოს.

ვთქვათ, გვინდა ტექნიკის შეძენა.

მთელ კლასთან ერთად შევავსეთ ცხრილი.

ნივთის  დასახელება ფასი. ₾
ტელევიზორი TCL
  ტელევიზორი PANASONIC
ტელეფონი APPLE IPHONE 11
გამათბობელი ILITEK IL
ტელეფონი HUAWEI P30

ბავშვებმა უპასუხეს კითხვებს: საკმარისია თუ არა 1000 ლარი ტელეფონის შესაძენად? 1450 ლარიდან რამდენი დაგრჩება თუ იყიდი PANASONIKIS ფირმის ტელევიზორს? 2000 ლარში მაქსიმუმ რამდენი ნივთის შეძენაა შესაძლებელი? თუ დედის ხელფასი 700 ლარია მამის კი 840, შეძლებს თუ არა ოჯახი, იყიდოს რომელიმე ფირმის ტელევიზორი, ისე, რომ სხვა ხარჯებისთვის 500 ლარი მაინც დარჩეს? ტელეფონის HUAWEI P30-ის შესაძენად ბებო ყოველ თვეში 80 ლარს გჩუქნის, ბაბუა კი 100 ლარს. რამდენ თვეში შეძლებ ამ ტელეფონის ყიდვას და რა თანხა დაგრჩება?

შემდეგ მოსწავლეები თავიანთ ყულაბაში ჩავახედე, და უკვე ინდივიდუალურად პასუხობდნენ მსგავს კითხვებს. ეყოფათ თუ არა თანხა რომელიმე ნივთის შესაძენად? რა თანხა რჩება საფულეში თუ იყიდის რომელიმე ნივთს? რამდენი უნდა დაამატოს, რომ შეძლოს რომელიმე ნივთის ყიდვა? როდის დასჭირდა ზუსტი გამოთვლები და როდისაა ხელსაყრელი გამოთვლების „სწრაფი შეფასება?“ და ა.შ

მომდევნო გაკვეთილზე უკვე მონეტებიც ჩავრთეთ მოქმედებაში. (ახალი მასალა. ლარითა და თეთრებით გამოსახული ფასების შეკრება-გამოკლება, შედარება). ჯერ ვვარჯიშობთ, როგორ ჩავწეროთ ლარითა და თეთრებით გამოსახული ფასები. შემდეგ მოქმედებების შესასრულებლად ისევ გავითამაშეთ სიტუაცია. ამჯერად მოქმედება ონლაინაფთიაქში ხდება. მოვიძიე ყელის ტკივილის წამლები, მოსწავლეებს ვაჩვენე ფოტო.  ვთქვათ, აგვტკივდა ყელი. სამი პრეპარატი საკმარისია ყელის მოსარჩენად. აქედან ერთი აეროზოლი (სპრეი) უნდა იყოს, ერთი – ტაბლეტი, ერთიც – სითხე. სულ 40 ლარი გვაქვს. რომელ პრეპატარებს იყიდით? გამოიყენეთ ჯამის სწრაფი შეფასების ხერხი, პასუხი დაასაბუთეთ. რა თანხა დაგრჩება პრეპარატების ყიდვის შემდეგ? ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია შეკრების რომელი ხერხია მიზანშეწონილი – სწრაფი  თუ ზუსტი?

მოსწავლეების ეძლევათ დავალება ინდივიდუალური მუშაობისათვის. უნდა  მოიფიქრონ კითხვები და ამოცანები მოცემული ფოტორესურსის ირგვლივ. და მეთოდით „გადააწოდე მიკროფონი“ შეკითხვა დაუსვან თანაკლასელებს.

შემდეგ ისევ საკუთარ ყულაბებსა და საფულეებს ვუბრუნდებით და მსგავს კითხვებს საფულეში არსებული ფულის კუპიურებისა და მონეტების მიხედვით პასუხობენ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალებად. ასევე განვიხილავთ სავარჯიშოებს სახელმძღვნელოდან.

იმის გასარკვევად, თუ როგორ გაიაზრეს მოსწავლეებმა საკითხი, როგორ ასრულებენ რიცხვებზე მოქმედებებს, მათ ვაწერინებ შუალედურ ქვიზს  https://www.tvschool.ge/s/hw/fW3IOJY_N.  ქვიზის შედეგების ანალიზის საფუძველზე ვგეგმავ მომდევნო საქმიანობას

ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეებს ხშირად ვახსენებდი, რომ დავალება  წარსადგენია კლასის წინაშე და მათ  ეტაპობრივად შეუძლიათ შექმნან, რაც შეიძლება შემოქმედებითი პროდუქტი. ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენე დავალების პირობა და გასათვალისწინებელი რჩევები. შეფასების რუბრიკაც გავაცანი (ესაა მოსწავლისთვის ადაპტირებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკა სოლო ტაქსონომიის მიხედვით).

დაბალი საშუალოზე დაბალი მაღალი საშუალოზე მაღალი მაღალი
ვერ იაზრებს ამოცანის პირობას, ვერ იწყებს დავალებას. ან შეიძლება გამოიტანოს გასაყიდად სხვადასხვა სახეობის რვა ნივთი. მოსწავლემ წარმოადგინა ინტერნეტმაღაზია და გამოიტანა გასაყიდად რვა ნივთი, მიუწერა მას ფასი შესაბამისი შეზღუდვით. ფასი ლარსა და თეთრებში. რვავე ნივთი ერთი და იმავე სექციიდანაა. *წარმოადგინა  ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით, ან სახატავ ფურცელზე, ფერადი ფანქრების გამოყენებით.

*გასაყიდად გამოიტანა დავალების პირობაში მითითებული რაოდენობის ნივთი- 8 ნივთი.

*თითოეულ საქონელს მიუწერა პირობის მიხედვით გათვალისწინებული ფასი – თითოეული ლარსა და თეთრებში. ფასები შეესაბამება რეალურს.

*საქონლის ფასების ჯამი აკმაყოფილებს დავალების პირობას. რვავე საქონლის ფასის ჯამი არ  აღემატება 600 ლარს და არის 500 ლარზე მეტი. აქვს ხარვეზები.

*ერთმანეთთან ვერ აკავშირებს საქონლის ჯამის მიახლოებით და ზუსტ გამოთვლებს.

 

*წარმოადგინა  ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით, ან სახატავ ფურცელზე, ფერადი ფანქრების გამოყენებით.

*გასაყიდად გამოიტანა დავალების პირობაში მითითებული რაოდენობის ნივთი – 8 ნივთი.

*თითოეულ საქონელს მიუწერა პირობის მიხედვით გათვალისწინებული ფასი- თითოეული ლარსა და თეთრებში. ფასები შეესაბამება რეალურს.

*საქონლის ფასების ჯამი აკმაყოფილებს დავალების პირობას. რვავე საქონლის ფასის ჯამი არ  აღემატება 600 ლარს და არის 500 ლარზე მეტი.

*წარმოადგინა საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი გამოთვლები.

*მსჯელობს დამაჯერებლად.

*წარმოადგინა  ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით, ან სახატავ ფურცელზე, ფერადი ფანქრების გამოყენებით.

*გასაყიდად გამოიტანა დავალების პირობაში მითითებული რაოდენობის ნივთი – 8 ნივთი.

*თითოეულ საქონელს მიუწერა პირობის მიხედვით გათვალისწინებული ფასი – თითოეული ლარსა და თეთრებში. ფასები შეესაბამება რეალურს.

*საქონლის ფასების ჯამი აკმაყოფილებს დავალების პირობას. რვავე საქონლის ფასების ჯამი არ  აღემატება 600 ლარს და არის 500 ლარზე მეტი.

*წარმოადგინა საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი გამოთვლები.

*მსჯელობს დამაჯერებლად.

*აკავშირებს დავალების პირობას რეალურ ცხოვრებასთან, მოჰყავს მაგალითები

*ქმნის მსგავს დავალებას 3 პირობით.

 

 

ახლა წარმოგიდგენთ ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარს

თუ ამ კონკრეტული მოსწავლის ნაშრომს განვიხილავთ, მან შექმნა ამოცანის მიხედვით ინტერნეტმაღაზია. რვავე ნივთს დააწერა შესაბამისი ფასი ლარებსა და თეთრებში. ისე, რომ ფასთა ჯამი 500 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. მეორე ფურცელზე უკვე აწარმოებს გამოთვლებს. პირველ მოქმედებაში ფასები ჩაწერა ლარებში, ზოგიერთი დაამრგვალა. მეორე მოქმედებას „სწრაფი შეკრების“ ხერხით ასრულებს. ამით აჩვენებს, რომ ფასთა ჯამი 500-დან 600 ლარამდეა. შემდეგ მოქმედებაში აწარმოებს ზუსტ გამოთვლებს თვისებების გამოყენებით და ადგენს, ზუსტად რა თანხა რჩება 600 ლარამდე შესავსებად. შედარების მოქმედებას აკეთებს სწორად, ბოლო მოქმედებასაც სწორად აფასებს. მესამე ფურცელზე კი ქმნის მსგავს ამოცანას თანაკლასელებისთვის. წარდგენის დროს მსჯელობს ლოგიკურად და საკითხს უკავშირებს ყოფით ცხოვრებას. დავალება წამოადგინა სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით.

შეფასების რუბრიკის  მიხედვით იმსახურებს მაღალ შეფასებას, სოლო ტაქსონომიის დონეებთან  შესაბამისობაში, ესაა აბსტრაქტული დონე.

შემოგთავაზებთ სხვა მოსწავლეთა ნამუშევრებსაც (შეფასების გარეშე)

მოსწავლეებს მოსწონთ კეთებით სწავლა.

მოსწავლეებმა გაიაზრეს:

  • ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო, ზოგიერთში კი, მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია;
  • არითმეტიკული მოქმედებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან;
  • არსებობს რიცხვების შეკრება/გამოკლების რამდენიმე სტრატეგია; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

თემის დასასრულ მოსწავლეს შეუძლია:

  • იმსჯელოს იმის შესახებ, მოცემულ სიტუაციაში როგორი გამოთვლაა საკმარისი ზუსტი თუ მიახლოებითი;
  • კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის;
  • შეკრება/გამოკლების სტრატეგიების შერჩევა და ანალიზი, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შედგენისათვის. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისათვის. (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით) ქეთი ცერცვაძე

https://clck.ru/SkNrc.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...