ორშაბათი, ივნისი 2, 2025
2 ივნისი, ორშაბათი, 2025

გაკვეთილის თემა – სეზონები. თბილი სიტყვების შემგროვებლები

0

გაზაფხული გაღვიძების სეზონია. ის დროა, ყველა სითბოს მარცვალი თბილი ქვეყნებიდან მერცხლებთან ერთად რომ ბრუნდება, ღვივდება და იბარტყებს. წელს ძალიან დააგვიანდა გაზაფხულს. თოვლიან თებერვალს ასეთივე ცივი მარტი მოჰყვა. დიდი ქალაქის ბინადრები აპრილის შემოსვლასაც ვერ ვგრძნობთ, თუ უბნის პატარა სკვერში არ გვეგულება, ვთქვათ, ატმის პატარა ხე, რომელსაც პერიოდულად ვაკითხავთ გაზაფხულის გამოჭერის იმედით. ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც გაზაფხული ვერაფრით გამოგეპარება. შეხვალ ზამთრულად მობუზული სკოლის ეზოში, შენობის კედელთან ატუზული ტყე კი ენძელებით ან ყოჩივარდებით ხელში შემოგეგებება. ჰაერიც თბილი წვიმით და ნედლი ყლორტ-ბალახების სურნელით გაჟღენთილა და ნაზამთრალი სითბოსა და სიმსუბუქის შეგრძნებით გავსებს.

ერთ დღესაც, მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი თაიგული რომ დამახვედრეს მაგიდასთან,  ზამთართან გამომშვიდობება გადავწყვიტე და „თბილი სიტყვების დღე“ მოვაწყვე. „საჩხრეკ“ მასალად რევაზ ინანიშვილის „ბედნიერება“ მოვიმარჯვე. ჯერ ბავშვებს ვთხოვე, გაეხსენებინათ მინიმუმ ერთი მიზეზი, რის გამოც, თავი ბედნიერად უგრძვნიათ. შემდეგ დახუჭული თვალებით მოგზაურობის დრო დადგა. ჩემი მოსწავლეები ბედნიერ მოგონებებში დაბრუნებას და  მონატრებულ ადამიანებთან ჩახუტებული თუ პირველი თოვლის დანახვით თვალებგაბრწყინებული საკუთარი თავის დანახვას შეეცადნენ. ის, რისი აღდგენაც მეხსიერების ფოტოფირმა შეძლო, ფურცელზე შეძლებისდაგვარად გადმოხატეს და „ბედნიერების სკივრში“ შეინახეს. ბრჭყვიალა ემოციებით აღჭურვილები, მწერლისეულ სითბოში შევიყუჟეთ და მისი აივნის წინ ჩამწკრივებული სახლების, ხეების, ვენახების თუ ნაოჭებში ნისლჩამდგარი მთის იქით გადახვეწილი ქეჩოაჯაგრული განწყობები  ბედნიერი სიტყვების ქვეყანაში შემოვასახლეთ.

„მართლა რა არის ეს ბედნიერება, ასე ხშირად რომ ვნატრობთ? ალბათ სითბოსავით კარგი რაღაც, არა?!“

წავიკითხეთ. ერთხანს გავყუჩდით… მერე გადავწყვიტეთ, ჩვენ-ჩვენი „ღუდღუდა“ მოგონებების მოთხრობად ქცევა გვეცადა. მაგალითი ხომ უნდა მიმეცა?! ჰოდა, მოვხსენი პირი წარსულის გუდას და მოსწავლეებს ბავშვობის ჭერქვეშ გამოზამთრებული თბილზე თბილი ამბები გავუზიარე:

დაახლოებით შვიდი-რვა წლისა ვიქნებოდი, ხის პატარა ფიცრულ ქოხში მოწყობილ კლუბში ჩემი პირველი ფილმის  „ზიტა და გიტა“ სანახავად რომ წამიყვანეს. წარმოდგენა არ მაქვს, ნაომარი, ჩაბნელებული და დამშეული ქვეყნის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში რა გზებით ჩამოაღწია ინდოეთმა. თუმცა მაშინ მსგავსი კითხვები ჯერ არ მაწუხებდა. ჩუმად ვიჯექი ხის გაურანდავ „ჯორკოზე“, გაფართოებული თვალებით შევცქეროდი უცნაურად მოცეკვავე გამოსახულებებს და თავი ყველაზე საოცარი მოვლენის მონაწილე მეგონა. ეს გრძელი გზაც, მეზობელი სოფლისაკენ და უკან, უფროს გოგო-ბიჭებს ადევნებულმა, ჩუმი ხვნეშით, მაგრამ დიდური სიამაყით გავიარე.

მეხსიერების კინოლენტას პატარა აღმოჩენებით გამოწვეული ბედნიერების არაერთი ნათელი კადრი შემოუნახავს. ერთ-ერთ მათგანზე ისევ ზემოაღნიშნულ სოფელში ვარ და ხევის წყლის მოვლა-პატრონობას მთელ ჩემს ბავშვურ დროსა და ენერგიას ვახარჯავ. პატარებს ხომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, გაცილებით იდუმალი და ვრცელი ეჩვენებათ. მეც ჩემი სოფლის „უზარმაზარი“ ეზოს დალაშქვრა არასდროს მბეზრდებოდა და ყოველთვის აღმოვაჩენდი-ხოლმე ისეთ ადგილს ან მოვლენას, რომელიც მხოლოდ ჩემი იყო. მაგალითად, ბლის ხეს, რომელიც ათობით ხეებს შორის გამოვარჩიე, რადგან ტოტების განლაგება მასზე აძრომას მიადვილებდა, თან კარგი ჩრდილიც ჰქონდა და ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ მიგრილებდა… შემდეგ კადრში ხელში თოხი მიჭირავს და ეზოს ბოლოში ჩამომავალი პატარა ღელის კალაპოტს ვაფართოვებ, შლამისა და ათასი ჯურის ნაგვისგან ვწმენდ. ეს ის დროა, საკუთარ მდინარეზე ოცნებამ წყლის „მოშინაურება“ რომ გადამაწყვეტინა. ჯერ გუბეების ტბად ქცევა ვცადე, შემდეგ ღელისპირის გაფართოება დავიწყე. თუმცა, წვიმების სეზონს თუ არ ჩავთვლით, წყალი ისევ კოჭამდე მწვდებოდა და სასიამოვნოდ მიგრილებდა თითქმის ჩემსიმაღლე თოხის ქნევით დახეთქილ ხელისგულებს.

კიდევ ერთი კადრი, რომელიც ბავშვობის თბილი მოგონებების საცავში მეგულება და მათბობს, გაგიკვირდებათ და, პურის რიგს უკავშირდება. ოღონდ ქალაქურს კი არა, ისევ ჩემი ბავშვობის სოფლისას, პატარა საცხობის კართან ათას საინტერესო ისტორიად რომ იწერებოდა. ხანდაზმულები მეორე მსოფლიო ომის ამბებს იხსენებდნენ, აი ისეთებს, ვერც ერთ წიგნში რომ ვერ ნახავ, რადგან ვინმე რიგითი ბესარიონის იარები და შთაბეჭდილებები დიდი მსოფლიოსთვის ერთ პატარა უმნიშვნელო მოგონებას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, მსმენელებს არც თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების განხილვა-გაქილიკების გარეშე გვტოვებდნენ. ამ თანაზიარ მოგონებებში გამოჭერილი ნათელი წარსულითა და ჯერ კიდევ ბუნდოვანი მომავლის იმედით გამთბარი ახალგაზრდები, „ჯიმი, ჯიმი, აჯა, აჯას“ ღიღინით ველოდით ჩვენს წილ „პურს ჩვენი არსობისას“.

სადაცაა გაიღება ის ხის საღებავგახუნებული პატარა კარი და გამოვარდება დალოცვილი, ჟრუანტელის მომგვრელი სურნელი, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე საზრდო. სწორედ ეს სურნელია იმედი იმისა, რომ ამ პატარა, ლამფის შუქით განათებულ სოფელში ხვალაც აუცილებლად გათენდება.

 

ამ ჯადოსნური დღის დასასრულს რამდენიმე მყუდრო, მოსაფრთხილებელი სიტყვის „გაცოცხლებაც“ შევძელით. ჯერ იმაზე დავფიქრდით, თუ რომელი სიტყვა-ცნება გვაბედნიერებს ყველაზე მეტად, რის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება. შემდეგ პატარა მოგზაურობა მოვაწყვეთ კალიგრაფთა სამყაროში და ნამდვილი „სიტყვის მხატვრების“ ნამუშევრები დავათვალიერეთ. ბოლოს კი ჩვენი რჩეული სიტყვების კალიგრაფიული ნიმუშები შევქმენით.

მაისის მოგონება

0

ჩემი ერთი მასწავლებელი, რომელიც სკოლიდან შორს გავიცანი, ძალიან ჰგავდა მაისს. იმ მაისს, რომელიც უკვე მერამდენედ მოგვადგა კარს და გვიკაკუნებს. და ამ მსგავსების გამოა, რომ ეს რაღაც ყოველთვის მაისის მოახლოებისას მემართება ხოლმე – ვერაფერ სხვაზე ვერ ვწერ და ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომლებსაც არა სკოლაში, არამედ სადღაც სხვაგან შეხვდით. არსებობენ მასწავლებლები, რომლებსაც სკოლასთან მას შემდეგ არ ჰქონიათ არანაირი შეხება, რაც საშუალო განათლება მიიღეს, არადა, შეძლეს და ყველაზე ეთიკური და სევდიანი კვალი დატოვეს ჩვენზე. უკვე 4 წელია მაისის ყოველი მოახლოებისას სხვაზე ყველაფერზე წერა ძნელია, იმიტომ, რომ:

იქ, სადაც ჩემი ეზო მთავრდება და სხვა ეზო იწყება, დღეს მკვდარი სახლია დაყუდებული მოგონებების მონუმენტივით. შემიძლია ავდგე, შევიდე და არათუ ვირუსი, სულიერიც კი არ გამომეგებება ვინმე და მეტყვის: „არა მგონია იმდენად პრიმიტიული არსება იყოს ღმერთი, რომ ჯოჯოხეთში ადუღებულ ქვაბებს დასტრიალებდეს და ხალხს ტანჯვას აიძულებდეს“. იმიტომ, რომ ის, ვინც წესით ეს უნდა თქვას, აღარ არის და აღარც იქნება, რადგან სამყარო არაფერს ეკიდება იმდენად დიდი პასუხისმგებლობით, როგორც სიკვდილის საკითხს. 4 წლის წინ კი იმ სახლში, რომელსაც ახლა ფანჯრიდან ვუყურებ, ჩემი დიდი მეგობარი და მასწავლებელი ცხოვრობდა, ჩემზე ორჯერ უფროსი, ბავშვობიდან ჩამოყალიბებული რწმენის თუ ცრურწმენის მიხედვით კი, ყველაზე იდუმალი დედამიწაზე. ამიტომ იყო, რომ რაც კი რამ დამიწერია ოდესმე იმ კაცს ვარიდებდი და ერთხელ, როცა ფოთში იმ დროისთვის ახალდაბრუნებული და ქალაქისკენ რაღაც საჩქარო საქმეზე მიმავალი ვაპირებდი მისი სახლისთვის გვერდი უჩუმრად ამევლო, მოულოდნელად დავინახე, როგორ იჯდა ეზოში მძიმე ინფარქტგადატანილი, თავზე ქუდი ეხურა და მკერდით მზეს ეფიცხებოდა. შევედი, მოვიკითხე. მისაყვედურა და ჩემი სადებიუტო წიგნის ამბავი მკითხა. მე კი ვუთხარი, რომ რამდენიმე საათში დავბრუნდებოდი, გადმოვიტანდი იმ წიგნსაც და მართალია, ძველებურად ღვინოს ვერ დავლევდით, მაგრამ ბევრს ვილაპარაკებდით. მახსოვს, როგორ გამოვიხურე ჭიშკარი და მიყურებდა. იმ თვალებში კი ისევ ჰქონდა ირონიის ნაპერწკალი და მომეჩვენა, რომ რაღაც ისეთი იცოდა, მე რომ არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა ვიცი. მერეც, როცა უკვე მივეფარე თვალს, კარგა ხანს ვხედავდი იმ თვალებს – ქუჩაში, აფთიაქში, ყველა მოსახვევში, სადაც კი იმ დღეს მოვხვდი და როცა სახლში დავბრუნდი, თავის ეზოში აღარ დამხვდა. მითხრეს, რომ სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში. საჩქაროდ რაღაც წავაწერე წიგნს და რადგან მისი მონახულების უფლება არ მქონდა, გავუგზავნე ექიმის ხელით. ერთ კვირაში წავიდა, მოწყდა პაწაწინა ყვავილივით, ჩემსა და მის ეზოებს შორის მდგარ ტყემლის ხეს რომ სცვივა ახლა ყოველ გაზაფხულზე და, რაც მთავარია, პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა: წაიკითხა თუ არა წიგნი? არ უღალატა ჩემი ბავშვობის ცრურწმენას და ისეთივე დარჩა, როგორიც ყოველთვის მეგონა, რომ იყო: იდუმალი და ზომიერად ირონიული.

ახლა, როცა რაღაც ამაზრზენ სტატისტიკას მიჩერებული დედამიწის მკვდრებს საკუთარი ოთახებიდან ვითვლით, ბევრი დრო გვრჩება ფიქრისთვის როგორც მას, ვინც უკვე იფიქრა და ვერ იპოვა ერთი მიზეზიც კი, რატომ უნდა გაგრძელებულიყო სიკვდილის მერე თუნდაც წამით სიცოცხლე, მარადიულ არსებობაზე რომ აღარაფერი ვთქვა.

და რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ, მით უფრო მივხვდებით, რომ ამ არსებობას მყარი დასაყრდენი არასდროს გააჩნდა.

ბოლოს წავა ალბათ ეს ვირუსიც და გაზაფხული გაცილებით ხელშესახები როცა გახდება, ვიდრე ფანჯრებიდან ჩანს, მისი ბოლო თვე ისევ იმ მასწავლებლის სიტყვებს გამახსენებს, ერთადერთი ტყემლის ხის მიღმა რომ ცხოვრობდა 4 წლის წინათ და ახლა იქ აღარ არის. და გავიმეორებ:

„მაისის ეს დღე, ჩვეულებისამებრ მზიან-ლირიკულია და ფიქრებითაც, უფრო დიდი სიამოვნებით მოგონებათა კრიალოსანს მარცვლავს, სევდანაფერი ღიმილით, ვიდრე მომავლის იმედიან ყიჟინას აყურადებს“.

 

სტაჟირება, როგორც სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა (ნაწილი პირველი)

0

 

რა არის work shadowing (შემდგომში სტაჟირების დღე)?

პირდაპირი თარგმანით ეს ტერმინი ვინმეს „სამუშაო ჩრდილქვეშ“ ყოფნას ნიშნავს. ეს არის გამოცდილების მიღების ერთგვარი ფორმა, რომელიც გულისხობს სამუშაოს შემსრულებლის საქმიანობაზე დაკვირვებას და იმის გარკვევას, როგორ ასრულებს ის კონკრეტულ საქმეს და/ან რომელ უნარებს იყენებს მის შესასრულებლად. აღნიშნული მკვეთრად განსხვავდება სტაჟირების ტრადიციული ფორმისგან, რადგან მოკლევადიანია (შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღე ან რამდენიმე საათი), არ არის ანაზღაურებადი, მიზნად ისახავს შეხედულების შექმნას გარკვეულ სამუშაოზე და არა უშუალო გამოცდილების მიღებას.

მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნები მუდმივად ეძებენ ისეთ მიდგომებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. მაგალითად, არსებობს მეთოდი, რომელიც გულისხმობს, საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებას. შესაბამისად ვთანხმდებით, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად უნდა უკავშირდებდეს ცხოვრებისეულ რეალობას. ეს, შეიძლება ითქვას როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაზე. მსგავსი მიდგომა, მომავალში, ზრდის გამოწვევბისადმი მდგრადობას.

ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას Work shadowing, ანუ სტაჟირების დღე წარმოადგენს, რასაც ძალიან კარგად იყენებს მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო მოდელის მქონე ესტონეთი. თვითმართული სწავლების ფარგლებში გიმნაზიის მოსწავლეები სხვა აქტივობების პარალელურად აკვირდებიან მათთვის სასურველ და საინტერესო პროფესიაში დასაქმებულ პირებს და შემდეგ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთსა და მენტორს.

2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, ტალინის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინოვაციისა და ლიდერობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, სალომე ხურციძის დახმარებით მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლების მოსწავლეები მენტორინგის პროგრამაში ჩავრთე, რომელიც თვითმართული სწავლების ნაწილს წარმოადგენს (თვითმართული სწავლების არსს სიღრმისეულად განვიხილავ შემდგომ სტატიებში). პროგრამის დაწყებისთანავე სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ. ამის გამო მისი განხორციელება დისტანციურ რეჟიმში გავაგრძელეთ. ასეთ ფორმატში შეუძლებელი იყო სტაჟირების კომპონენტის სრულყოფილი ამოქმედება…

…თებერვლის დასაწყისში, ფიზიკურ გარემოში დაბრუნებისთანავე დავიწყეთ სტაჟირების დღის დაგეგმვა. სტატიაში გაგიზიარებთ, როგორ დავგემოთ სტაჟირების დღე, ისე, რომ იყოს შემეცნებითი და დატვირთული ახალი გამოცდილებით.

როგორ დავგეგმოთ მოსწავლეთა სტჟირება?

  • გავაცნოთ სტაჟირების ძირითად პრინციპები;.

მთავარია, ერთად გავიაზროთ, რომ ეს სტაჟირება არ გულისხმობს რაიმე სამუშაოს შესრულებას ან დახმარებას. მათ მოუწევთ, შერჩეულ ორგანიზაციაში დააკვირდნენ ერთ კონკრეტულ თანამშრომელს ან მცირე ჯგუფს წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით.

გონებრივი იერიშის პრინციპით ჩამოვთვალეთ ორგანიზაციები/დაწესებულებები, რომლებთანაც შეგვეძლო კომუნიკაცია. ჩამონათვალი საკმაოდ მოცულობითი გამოვიდა. პირველსავე ეტაპზე გამოკვეთილი შესაძლო ვარიანტები დავჰყვავით საჯარო და კერძო სექტორებად.

  • შევიმუშაოთ დაკვირვების ფორმა.

ყოველკვირეული შეხვედრების ფორმატში შევიმუშავეთ დაკვირვების ფორმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რაზე მოუწევთ დაკვირვების წარმოება. ეს შეიძლება იყოს ისეთი კომპეტენციების გამოვლენა, როგორებიცაა: ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები, თანამშრომლობა, კრეატიული მიდგომა, მოქალაქეებთან ურთიერთობა, ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა. ჩვენს შემთხვევაში, აქცენტი გავაკეთეთ 21-ე საუკუნის უნარებზე, კომუნიკაციაზე, ვალდებულებების გადანაწილებაზე და სტრესულ გარემოზე.

  • შევთანხმდით სტაჟირების დღეს მიღებული გამოცდილების გაზიარების ფორმატზე.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, როგორი საშუალებით მოუწევთ სტაჟირების დღის შთაბეჭდილებების გაზიარება. ეს შეიძლება იყოს მარტივი პრეზენტაცია, პოსტერი, ვიდეო და სხვა. მთავარია, წინასწარ იყვნენ მზად ამისთვის. მომზადებული პრეზენტაცია უნდა სცემდეს პასუხებს შემდეგ საკითხებს:

  • სად იყავით სტაჟირების დღის გასავლელად?
  • რამდენად კმაყოფილი ხართ მიღებული გამოცდილებით?
  • ჩამოთვალეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები, რაც თქვენ მიერ არჩეულ ორგანიზაციაში დასაქმებულს სამუშაოს შესასრულებლად სჭირდება;
  • დაასახელეთ, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც სტაჟირების დღის შედეგად ისწავლეთ;
  • დაასახელეთ, რომელი პიროვნული თვისებები სჭირდება ამ პროფესიაში დასაქმებულ პირებს…
  • გამოვკვეთოთ ინტერესები და მოსწავლეთა საჭიროებები.

მარნეულში ბევრი ორგანიზაცია და დაწესებულებაა და შესაბამისად, არჩევანიც დიდია. შესაძლებელია, სოფელში დაწესებულებების ნაკლებობა იყოს. ამის გამო არ დანებდეთ, რადგან თითქმის ყველგან არსებობს  მაღაზია, ამბულატორია, საბავშვო ბაღი თუ სხვა სივრცე, სადაც სტაჟირების ფორმატში საინტერესო და ინფორმაციული დაკვირვება წარიმართება. თუ არ იქნება ორგანიზაციების/დაწესებულებების სიმრავლე, დაყავით მოსწავლეები მცირე (3-4-კაციან) ჯგუფებად.

  • პროტოკოლის წესების შეთანხმება.

მოსწავლეებმა განსაზღვრული საათები უნდა გაატარონ მათთვის უცხო გარემოში. მნიშვნელოვანია, მიიღონ თანხმობა ფოტო/ვიდეოგადაღებაზე, არ დაარღვიონ დადგენილი ქცევის წესები, დაიცვან კოვიდშეზღუდვები და ა.შ.

პანდემია და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, ერთ-ერთ დამაბრკოლებელ გარემოებად მოგვევლინა. სწორედ ამის გამო საჯარო სექტორის წარმომადგენლები ნაკლებად წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. მოსწავლეებმა მიმართეს იუსტიციის სახლს, მაგისტრანტ სასამართლოს, ცენტრალურ საავადმყოფოს და სხვა ორგანოებს, მაგრამ მათგან უარი მიიღეს. სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ოთხ ორგანიზაციაში განხორციელებულ წარმატებულ სტაჟირებას, მოსწავლეების დაკვირვების შედეგებსა და მიღებულ შთაბეჭდილებებს.

გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

მასალის გრაფიკული სახით ორგანიზაცია აზროვნების პროცესის დემონსტრაციის პოპულარული მეთოდია. გრაფიკული (ვიზუალური) ორგანიზატორები, ანუ კოგნიტური დიაგრამები წერილობითი და ვიზუალური კომუნიკაციის ინსტრუმენტია, რომელიც გრაფიკული ხერხით – მოდელებით, ნახატებით, ნახაზებით, სქემებით, დიაგრამებით და სხვ. – ახდენს ცოდნის, იდეების, მათ შორის კავშირების რეპრეზენტაციას. ისინი შინაარსის თავლსაჩინოდ გადმოსაცემად გამოიყენება და ინფორმაციის ორგანიზებაში გვეხმარება, რათა გაგვიადვილდეს მისი დამახსოვრება, ათვისება, ანალიზი და გამოყენება.

გრაფიკული ორგანიზატორები მოსწავლეებს ეხმარება წაკითხულის გაგებასა და გააზრებაში, არსებითი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში; მოვლენებსა და ფაქტებს შორის ურთიერთკავშირის დანახვაში; რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ სტრატეგიის ტრანსფერს სხვა მასალის დამუშავების დროს.

შესაბამისად, გრაფიკული ორგანიზატორების საშუალებით მოსწავლე ანაწევრებს და  ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას, შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას, ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას, სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.

კოგნიტური დიაგრამები გამოიყენება, როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას, ასევე, მასალის ათვისების შემდეგ, შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს; ტექსტის კითხვისა და დამუშავების, ასევე წერითი სამუშაოს დაწყების დროს; საშინაო დავალების, ან საკლასო სამუშაოს დროს; ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში მუშაობის დროს. როგორც დიდაქტიკური საშუალება, ისინი ილუსტრაციულ, კომუნიკაციურ და კოგნიტურ ფუნქციას ასრულებს და გამოიყენება არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, არამედ მოსწავლეთა საქმიანობის გამოხატავად საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვისას, პრობლემის გადაჭრისას, გადაწყვეტილების მიღებისას და კვლევების წარმოებისას.

გრაფიკული (ვიზუალური) ორგანიზატორების შემდეგი სხვადასხვა სახე არსებობს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

დროის სკალა, რომელიც მოვლენებს, პროცესებს, ამბებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოსცემს, მაგ, მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირება, საქართველოს ტერიტორიის ფორმირება, კონტინენტების წარმოშობის ისტორია და სხვ.

მოვლენათა ჯაჭვის გამოყენება სასარგებლოა მაშინ, როცა საჭიროა მოქმედებათა ეტაპების ორგანიზება, მოვლენათა თანმიმდევრობის აღნიშვნა, ობიექტის, მოვლენის ან პროცესის მოქმედებებისთვის თვალ-ყურის მიდევნება, მოვლენის უმნიშვნელოვანესი მომენტების ჩაწერა, მაგ: ვულკანის ამოფრქვევის, მეწყერის წარმოქმნის ეტაპები.

ციკლური (წრიული) დიაგრამები ციკლის ცალკეულ იტერაციებს გვიჩვენებს – და გამოიყენება ერთი და იმავე თანმიმდევრობის მქონე მოვლენათა სერიის, მაგ: წყლის წრებრუნვის გამოსახატად.

შედარებისა და შეპირისპირების სქემები – ვენის, „სამყურას ფოთლის“ და T -დიაგრამები გამოიყენება ორი ან რამდენიმე კატეგორიის ობიექტის, მოვლენის, პროცესის მსგავსება-განსხვავების იდენტიფიკაციისთვის. ვენის დიაგრამას, ჩვეულებრივ, იყენებენ ორი სხვადასხვა წყაროდან მიღებული ერთი ფაქტის, მოვლენის, პრობლემის, ტექსტის და ა.შ. შესახებ ინფორმაციის შესადარებლად. თუ ადარებენ სამ სხვადასხვა ობიექტს, გამოიყენება „სამყურას ფოთლის“ დიაგრამა. მაგ: გერმანიისა და საფრანგეთის გეოგრაფიული მდებარეობის შესადარებლად ვენის დიაგრამის გამოყენებაა მიზანშეწონილი, ხოლო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესადარებლად – „სამყურა ფოთლის“.

T – დიაგრამა საკითხის ყველა მხარეს ასახავს, მაგ: მხარდამჭერ და საწინააღმდეგო არგუმენტებს, პლუსებსა და მინუსებს, ფაქტებსა და მოსაზრებებს. მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა, მაგ: აშენდეს უნდა თუ არა სვანეთში  ჰიდროელექტროსადგური, უნდა გაწევრდეს თუ არა საქართველო ნატოში და სხვ.

იერარქიული ორგანიზატორების საშუალებით ხდება ობიექტების, ელემენტების, მნიშვნელობების, ცნებების თანმიმდევრობით დალაგება მათი რანგის, თვისებების, მნიშვნელობების საფუძველზე. მათ მიეკუთვნება სამკუთხა (პირამიდალური) დიაგრამა, რომელშიც დონის (ფენის) სიმაღლე მის სტატუსს წარმოადგენს იერარქიაში, ხოლო სიგანე – ამ დონის შემცველი ელემენტების რაოდენობას; ხეები ობიექტის, მოვლენისა და პროცესის სტრუქტურასა და კლასიფიკაციას სხვადასხვა კუთხით გვიჩვენებს. ასეთი პირამიდები შეიძლება გამოყენებული იქნეს მთებში სიმაღლებრივი სარტყლურობის, ლანდშაფტების გავრცელებისა და სხვ. საჩვენებლად.

კონცეპტუალური ორგანიზატორები განსახილველი თემის მთავარი იდეების, შინაარსის არსს – ფაქტებს, თვისებებს, საკვანძო სიტყვებს ხსნიან. ასეთია მენტალური (აზრობრივი) რუკა, ანუ ინტელქტრუკა, რომელიც ფოკუსირებულია ერთ რომელიმე ცენტრალურ იდეაზე და რომლის დეტალიზაცია ამ იდეასთან დაკავშირებული კატეგორიების მიხედვით რადიალური იერარქიის ან ხისმაგვარი სტრუქტურის მეშვეობით ხდება. მაგ: თემა ორიენტირების შესწავლისას შესაძლებელია ასეთი მენტალური რუკის შედგენა.

მონაცემთა გრაფიკული ორგანიზატორები – გრაფიკები, ბადეები, ცხრილები – გამოიყენება რაოდენობრივი მონაცემების სქემატური სახით წარმოსადგენად.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენებით პედაგოგი ხელს უწყობს მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. მათი საშუალებით შესაძლებელია შემდეგი პედაგოგიური ამოცანების შესრულება: აპრიორული (წინარე) ცოდნის აქტუალიზაცია და ახალ ინფორმაციასთან დაკავშირება; ცოდნისა და განათლების მიღების პროცესის მხარდაჭერა და გააზრება (კლასიფიკაცია, გენერალიზაცია, სხვადასხვა ტიპის ასოციაციის გამოვლენა და სხვ.); კრიტიკული აზროვნების უნარებისა და მაღალი დონის კოგნიტური პროცესების – ანალიზის, შეფასებისა და შექმნის – განვითარება; საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგების დოკუმენტირება, მოსწავლეთა მიღწევების შეფასება (წინარე, შუალედური და საბოლოო კონტროლი).

 

 

 

„გოჭი პეპა“ – უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი გზავნილები ბავშვებს

0

 ბავშვის სრულფასოვან განვითარებაში, თავისუფალ, ლაღ ადამიანად ჩამოყალიბებაში ოჯახის შემდეგ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ანიმაციურ ფილმებსა და წიგნებს. თუ დავკონკრეტდებით, იმ პერსონაჟებს, რომლებიც უყვართ, მოსწონთ და აღაფრთოვანებთ.

ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟების ხედვა, მოსაზრებები, ცხოვრების სტილი – მისაბაძი და საოცნებო ხდება. და სწორედ ამ დროს იტვირთება მათ ცნობიერში მათი სამომავლო „მე“, ის „მე“ როგორადაც მათ სურთ ყოფნა. ეს იმდენად დაუვიწყარი შთაბეჭდილებებია, რომ არასოდეს ხუნდება და გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე, აზროვნებასა და ღირებულებებზე.

ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთია ბრიტანული მულტსერიალი „გოჭი პეპა“, რომელშიც სწორად რომ ბავშვების სამყაროა წარმოდგენილი – ნათლად და გასაგებად. პერსონაჟები მარტივად არიან დახატული, ზედმეტი გადატვირთულობის გარეშე. პასტელის თბილი ფერები, უკან – სადა, მარტივი ფონი ბავშვს არ აღიზიანებს და მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს. უნდა აღინიშნოს მუსიკაც, რომელიც ასევე სიმშვიდისა და ბედნიერების განწყობას ქმნის.

ანიმაციაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ოჯახს, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ, ყველა გადაწყვეტილებას, უმნიშვნელოსაც კი ერთად იღებენ, ერთმანეთს წყენას პატიობენ და პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.

მულტსერიალის ყველა სერია იწყება: ოჯახის გაცნობით – დედა და მამა ღრუტო, გოჭი – გოგო პეპა და უმცროსი ძმა – ბიჭი ჯორჯი. შემდეგ კადრი მათ სახლზე გადადის – როგორც ოჯახის მთლიანობის სიმბოლოზე.

პეპას ოჯახი ნამდვილად ბედნიერია და მათი ემოციები, ყოველთვის მკაფიოდ, ბავშვებისთვის გასაგებად, მარტივადაა გამოხატული. ეს იქნება მოწყენა – ამობრუნებული რკალით თუ იმ მხიარულებით, ოჯახის ყველა წევრის გულიანი სიცილი რომ მოსდევს.

პეპას ისტორიები მხოლოდ ბავშვებისთვის როდია, მშობლებისთვისაც აუცილებელი სანახავია და ბევრი რამის სწავლა შეიძლება მამა და დედა ღრუტოებისგან. მაგალითად, იმის, რომ ჩვენს შვილებს ვესაუბროთ, შეცდომები ვაპატიოთ და კარგი საქციელისთვის შევაქოთ.

ამ ძალიან საყვარელ ოჯახს, საკუთარი „ოჯახური“ თამაშებიც აქვს, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ბავშვების განვითარებისთვის.  მაგალითად, როდესაც პატარა ძამიკო ჯორჯს თავისი საყვარელი დინოზავრი დაეკარგება – მის ძიებაში მთელი ოჯახია ჩართული. მამა ღრუტო აცხადებს, რომ მისი პოვნა გამომძიებლის საქმეა.

– და ვინ არის გამომძიებელი? – კითხულობს პეპა, რასაც მამა ღრუტოს პასუხი მოსდევს და ცნობისმოყვარე, აქტიური პეპა მაშინვე გამომძიებლად იქცევა. აბა, როგორი საქმეა, საყვარელ ძამიკოს საყვარელი დინოზავრი დაეკარგა და ის მოწყენილია, დროა გამხიარულდეს. პეპას გამომძიებლობაში მთელი ოჯახი ეხმარება, აძლევენ მითითებებს, რჩევებს – დასასრულ კი სათამაშოს პოულობენ და ყველა ბედნიერია, პეპას კი მამა ღრუტო აქებს, ის მშვენიერი გამომძიებელი და დაიკოა.

ხშირად, შევამჩნევთ ასეთ კადრს: მამა და პეპა ჭადრაკს თამაშობენ, დედა კი წიგნს კითხულობს – ეს სწორედ რომ ოჯახური იდილია და ნორმაა. პატარა ასაკიდანვე ოჯახის რაობაზე მსგავსი წარმოდგენების შექნა მეტად საჭირო და აუცილებელია.

გარდა ამისა, ეს ეპიზოდი – წიგნიერებისა და ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციასაც ეწევა.

როდესაც პეპას ოჯახზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ არის გადანაწილებული მის ოჯახში მამისა და დედის როლები. მაგალითად, სერიაში „დედა ღრუტო მუშაობს“ – დედას ბევრი სამუშაო აქვს კომპიუტერთან, მამა ღორი კი სამზარეულოში წვნიანს ამზადებს. შემდეგ, როდესაც მამა დედას კომპიუტერის შეკეთებას ცდილობს, დედა ღრუტო წვნიანს ამზადებს. აქ არავინ არაფერს თაკილობს, პირიქით ერთმანეთს ეხმარებიან და ოჯახში იმ საქმეს ჰკიდებენ ხელს, რომლის გაკეთებაც საჭიროა იმ მომენტისთვის. სამომავლო სწორი გენდერული წარმოდგენების ჩამოყალიბებისთვის პეპას სერიალი ბავშვებს მნიშვნელოვან გზავნილებს აწვდის.

მულტფილმში გვხვდება მკვეთრი ინსტრუქციაც, რომელთა ცოდნა მათი მაყურებლებისთვის აუცილებელია. მაგალითად: „პეპა, თუ გუბეში ხტუნვას დააპირებ, ჩექმები აუცილებელია“ და სხვ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბავშვების აღზრდა-განათლებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბებია და ბაბუაც. როცა პეპა სასკოლო სპექტაკლისთვის როლს სწავლობს, მას ოჯახის ყველა წევრი ეხმარება და ამხნევებს.

პეპას და მისი ოჯახის ამბების ნახვა არც მასწავლებლებს აწყენდათ. პეპას ბაღის მასწავლებელი ქალბატონი თხა იდეალური მასწავლებელია. როდესაც პეპა წუხს იმის გამო, რომ მის ძმას ხატვა კარგად არ გამოსდის, მასწავლებელი ეუბნება: იქნება, შენ სცადო და დაეხმაროო. თუმცა, როდესაც პეპას მიერ ნასწავლი ყვავილი ჯორჯის ფურცელზე დინოზავრი გამოდის, მასწავლებელი ორივეს ნამუშევარს აქებს და კედელზე გამოფენს. მისი თითოეული სიტყვის მოსმენისას, რჩება შთაბეჭდილება თითქოს მასწავლებლის სახელმძღვანელოს ვკითხულობდეთ, რთულ მომენტში რა უნდა ვთქვათ და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია ბავშვებს.

პეპას ჯგუფში მხოლოდ ღორები არ სწავლობენ. აქ შეხვდებით თეთრ ბაჭიას, შავ ლეკვს, ყვითელ კნუტს და სხვ. ეს განსხვავებულობა არავის ადარდებს, საუკეთესო მეგობრები არიან და ერთად მშვენიერ დროსაც ატარებენ. რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვებში ტოლერანტული ხედვის, განსხვავებულის მიმღებლობისა და ემპათიის ჩამოყალიბებაში.

პეპას პერსონაჟი ძალიან კეთილი და ცნობისმოყვარეა. მას არასდროს ავიწყდება საკუთარ ძმაზე ზრუნვა, „მადლობისა“ და „ბოდიშის“ თქმა. პეპა უშვებს შეცდომებს, ზუსტად ისეთივეს როგორსაც უშვებენ ამ ასაკის ბავშვები. მაგალითად, ძალიან ჩვეულებრივს და ნაცნობს: უფროს დას არ უნდა, რომ მის ჯგუფში მისმა უმცროსმა ძმამ იაროს, რადგან მას საკუთარ მეგობრებთან თამაში სურს და არა ჯორჯთან. თუმცა შემდეგ ამ შეცდომებს ასწორებს და მაყურებლებსაც ასწავლის პრობლემების გადაჭრის გზებს.

პეპას ძალიან უყვარს საკუთარი ოჯახი, დედიკოს დაბადების დღეზე სიურპრიზის მომზადებაში მთელ ოჯახთან ერთად აქტიურადაა ჩართული.

საინტერესოა დედა ღრუტოს დაბადების დღე – რომელიც იწყება საუზმით ლოგინში. საუზმეს – ერთ ცალ ვარდთან, პეპას და ჯორჯის მისალოც ბარათთან ერთად მამა ღრუტო მიართმევს. დედა ღრუტო საოცრად გახარებულია.

ტორტზე დასანთები სანთლები არ კმარა, თუმცა ეს რა მოსატანია, მერე რა, იყოს სამი სანთელი, მთავარია, რომ წვეულება გაგრძელდეს და დედა ღრუტო ბედნიერი იყოს. დაბადების დღეზე სტუმრად ბებია და პაპაც მოდიან, საჩუქრად კი იუბილარი ულამაზეს კაბას იღებს. და სწორად იმ დროს, როდესაც დედა ღრუტო, ახალ მბზინვარე კაბაშია გამოწყობილი მამა ღრუტო უცებ პიჯაკის ჯიბიდან ორ ბილეთს იღებს და მეუღლეს საყვარელ სპექტაკლზე ეპატიჟება. სანამ დედა გადაწყვეტს, ბებია მაშინვე პასუხობს, რომ არ არის პრობლემა ბავშვებს ის დაიტოვებს, რაც ძალიან ამხიარულებს პეპას და ჯორჯს. ნაცვლად იმისა, რომ მანაც თეატრში წასვლის სურვილი გამოთქვას. ყველა ბედნიერია.

ბავშვები კი სწავლობენ, როგორ გაუგონ და შეიყვარონ, როგორ გააბედნიერონ მშობლები, ძმები, მეგობრები, ოჯახის სხვა წევრები.

ძალიან ბევრის თქმა შეიძლება პეპას ოჯახზე, მის პერსონაჟზე და იმ გზავნილებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესი, საჭირო და აუცილებელია, თუ ჩვენი შვილების სწორ ღირებულებებით აღზრდა, კეთილ, მოსიყვარულე, ტოლერანტულ, მეგობრულ და მშვიდ ადამიანებად ჩამოყალიბება გვინდა. რომლებისთვისაც ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იქნება ამქვეყნად, ხოლო სახლი კი – საუკეთესო ადგილი.

 სწავლა-სწავლების პროცესში უკეთესი შედეგისთვის

0

ამ სტატიაში ვისაუბრებ იმის შესახებ, როგორ უნდა მოახერხოს მასწავლებელმა სასწავლო პროცესში პიროვნების სამი ტიპის გათვალისწინება. რა მეთოდები და სტრატეგიები უნდა გამოიყენოს აღქმის სხვადასხვა ტიპის მოსწავლესთან და რა არის მნიშვნელოვანი მათი ინტერესის გასაღვივებლად.

ზოგადად, აღქმის სხვადასხვა ტიპის მოსწავლესთან ინფორმაციის გადაცემა სასურველია გასხვავებული საკომუნიკაციო ფორმით. თანამედროვე ტექნოლოგიები უამრავ საშუალებას გვთავაზობს ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენი სამყარო მეტწილად ვიზუალურად აღიქმება. მესამე ათასწლეულში საზოგადოება და მეცნიერება განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა და ისევ სწრაფად მიიწევს წინ. შეიცვალა სამყარო და ინფორმაციული ველი. შესაბამისად, ხდება მეცნიერების ახალ მეთოდოლოგიებზე გადაწყობა.

ეს პროცესი დააჩქარა იმ რეალობამ, რომლის წინაშეც პანდემიამ სამყარო და ადამიანი დააყენა. დისტანციური სწავლების დროს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ინფორმაციისა და დასასწავლი საკითხების სხვადასხვა საშუალებითა და ფორმით გადაცემა.

როგორც ცნობილია, ადამიანი ინფორმაციას იღებს შეგრძნების 5 ძირითადი გზით. ესენია – მხედველობა, სმენა, შეხება, გემოვნება, ყნოსვა. ინფორმაციის მიღების პირველი სამი არხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ სამიდან კი რომელიმე ერთი ადამიანს ყველაზე მეტად აქვს განვითარებული. ფსიქოლოგები ადამიანებს ყოფენ – აუდიალებად, კინესთეტიკებად და ვიზუალებად. ვიზუალები – „ხედავენ“; აუდიალებს – „ესმით“; კინესთეტიკები – „გრძნობენ“.

ყველა შემთხვევაში ენა უნივერსალურია. მეტყველების დიაგნოსტირებით შესაძლებელია დავადგინოთ, აღქმისა და აზროვნების რომელ ტიპს განეკუთვნება ადამიანი. ყველაფერი მაინც ენით და ენაში გამოიხატება. წარმოიდგინეთ, რომ ენა არის მასალა, რომლისგანაც „ხატავ“, ქმნი მუსიკას და მოქმედებ შეგრძნებებზე…

მსმენელები შეიძლება იყვნენ განსხვავებული აღქმის, აზროვნებისა და შემეცნების ადამიანები.

მასწავლებლის მეტყველება, სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ყოველთვის უნდა იყოს გათვლილი ყველა კატეგორიაზე, რათა მოსწავლეს გაუხსნას აზროვნების ყველა არხი. მოზარდებს უნდა ესმოდეთ საკუთარი თავისა და ერთმანეთის. ასეთი მიდგომებით სწორად ამოირჩევენ მომავალ პროფესიას. განსხვავებული პროფესიები ხომ განსხვავებულ უნარებს მოითხოვს.

როგორ ამოვიცნოთ მოსწავლეთა ტიპები აღქმის მიხედვით?

ვიზუალი ამბობს:
„ვხედავ საითაც მიგყავს საქმე”;
~„პერსპექტივას ვერ ვხედავ”;
„შეხედე ერთი ამას!”.

ამბავს გადმოსცემს სიტყვებით. ნახატები, ხატოვანი აღწერა, ფოტოგრაფია უფრო მნიშვნელოვანია აღქმის ამ ტიპისთვის, ვიდრე სიტყვები. ისინი უეცრად ამჩნევენ იმას, რის დანახვაც შესაძლებელია: ფერი, ფორმა, ხაზი, ჰარმონია და უწესრიგობა.

ვიზუალი მსმენელები, როგორც წესი, კარგად გრძნობენ თავს თანამედროვე საკლასო გარემოში. ბოლოს და ბოლოს, ამდენი რესურსია ვიზუალისთვის – დაფები, პლაკატები, ელექტრონული რესურსები და ა.შ. ამ მოსწავლეებს აქვთ მრავალი ძლიერი მხარე, რაც ხელს შეუწყობს სკოლაში მათ მიღწევებს.

ვიზუალები, როგორც წესი, უმრავლესობაში არიან. მათ უადვილდებათ ახალი ინფორმაციის ვიზუალურად– სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით – მიღება. მათ ურჩევნიათ სასწავლო მასალას ხედავდნენ, ვიდრე ისმენდნენ ან რაიმეს აკეთებდნენ. საკლასო გარემოში მათთვის ყველაზე ეფექტური ვიზუალური მასალების გამოყენებაა.

აუდიალი ამბობს:
„ძალიან ხმამაღალი განცხადებაა თქვენი მხრიდან”;
„შენი კარგად არ მესმის”;
„შეხმატკბილებული მოდიოდნენ”.

აუდიალისთვის – მთავარია რიტმი, ჰარმონიულობა, ჟღერადობა. ამ ტიპისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც აკუსტიკურია: ხმა, სიტყვა, მუსიკა, ხმაურის ეფექტები.

აუდიალური სტილის ადამიანებს ურჩევნიათ, მასალა მოისმინონ. ისინი უკეთ იმახსოვრებენ საუბარს, დისკუსიას, დიალოგებს. ასეთი ადამიანებისათვის ყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში ლექციების მოსმენა, დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობაა.

ასეთი მოსწავლეები, საბავშვო ბაღიდან დაწყებული სკოლის დასრულებამდე, სასწავლო პროცესში ყველაზე მეტად ჩართული იქნებიან, თუ პროცესი მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

კინესთეტიკი ამბობს:
„თბილი ურთიერთობები მაქვს”;
„ვერაფერს ვხედავ ხელჩასაჭიდს”.

ამბავს გადმოსცემს ემოციებით. მისთვის მთავარი შეგრძნებებია. დიალოგისას კინესთეტიკებს აინტერესებთ ადამიანის შინაგანი შეგრძნებები. კინესთეტიკური სტილის ადამიანებს უადვილდებათ სწავლა, როდესაც რაიმეს აკეთებენ, ჭრიან, აგებენ, აწყობენ ან ასრულებენ როლებს. მათ ურჩევნიათ ინფორმაცია გადაამუშაონ მოძრაობითა და დემონსტრირებით. ასეთი ადამიანები საკლასო გარემოში ყველაზე ადვილად მაშინ სწავლობენ, როდესაც ისინი ფიზიკურად აქტიური არიან.

კინესთეტიკებს მრავალი ძლიერი მხარე აქვთ, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება: თვალის კარგი კოორდინაცია; სწრაფი რეაქციები; შესანიშნავი საავტომობილო მეხსიერება; წარმატებული არიან სპორტში, ხელოვნებასა და როლურ თამაშებში; არიან ენერგიული.

ძნელია, ყველა მოსწავლეს თავისთვის სასურველი არხით მივაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა მასწავლებელმა სწავლის პროცესი ისე უნდა დაგეგმოს, რომ სასწავლო მასალა ყველასათვის ადვილად აღქმადი იყოს.

რეკომენდებულია სწავლების მრავალფეროვანი, კომბინირებული მეთოდების გამოყენება, რაც ყველა მოსწავლეს მეტ-ნაკლებად აქტიურს გახდის – საინტერესო ვიზუალური მასალების გამოყენება, მულტიმედია, გასაგები და საინტერესო არგუმენტები; მოსწავლის ჩართვა დისკუსიაში; დემონსტრირებისა და სიმულაციების გამოყენება, ექსპერიმენტები, როლური  თამაშები და ა.შ.

დაწყებით კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას ყველა არხი თითქმის სათანადო დონეზე აქვს განვითარებული, აქვს ნორმალური ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური შესაძლებლობები. მხოლოდ კინესთეტიკები საჭიროებენ მასწავლებლის ნათქვამის „თავიანთ ენაზე” თარგმნას. ამიტომაც მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე დანარჩენებს. ხშირად ასეთი ბავშვები  უყურადღებობის გამო საყვედურს იღებენ, თუმცა ეს მათი ბრალი სულაც არ არის.

კინესთეტიკები ვერ ასწრებენ სკოლის პროგრამასთან თანხვედრაში მუშაობას და ამიტომაც მათი უმრავლესობა უმცირესობაში ხვდება. დაწყებით საფეხურზე სწავლა ძირითადად უკავშირდება კეთებას. ამიტომ, კინესთეტიკები ნაკლებად იჩაგრებიან. შუა კლასებში სწავლება აუდიალური ხდება და აქედან იწყება პრობლემები მათთვის, ვინც ვერ ახერხებს სწავლების ამ ფორმაზე გადართვას. ზედა კლასებში სწავლება უმეტესად ვიზუალური ხდება, ამიტომ, აუდიალები და კინესთეტიკები კიდევ უფრო ჩამორჩებიან და ფავორიტები ვიზუალები ხდებიან.

მასწავლებლის სამუშაოს დიდი ნაწილი იხარჯება მთელ კლასზე და ახალი შინაარსის გადაცემაზე; მხოლოდ მცირე დრო – ინდივიდუალურ სწავლებაზე. ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მუშაობას ყოველთვის არ მოაქვს შედეგი, რადგან ინდივიდუალური მიდგომისთვის მასწავლებელს ბევრი დრო არ რჩება.

აღნიშნული საკითხის ცოდნა ერთობ მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, რადგან სწავლებაც და აღზრდაც ადამიანთა შორის ურთიერთქმედების შედეგია. მასწავლებელსაც და მოსწავლესაც აქვთ აღქმის საკუთარი ხერხები. იმისთვის, რომ ინფორმაციამ გადამცემიდან მიმღებში შეაღწიოს, არხები სათანადოდ გამტარი უნდა იყოს.

ეს არხები სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარი გამტარობით ხასიათდება.

ვიზუალი მასწავლებელი:

ლაპარაკობს სწრაფად;

ხშირად ხმარობს ვიზუალურ ნიშნებს, დაფას;

დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფორმებს;

ცდილობს მოიცვას დიდი მოცულობის მასალა;

არ კარგავს მოსწავლეებთან უკუკავშირს.

აუდიალი მასწავლებელი:

ლაპარაკობს რიტმულად;

უყვარს კლასში დისკუსია;

მის გაკვეთილებზე მოსწავლეები ხშირად კითხულობენ;

იმეორებს მოსწავლეთა კომენტარებს;

უყვარს ჭკუის სწავლება, რომელსაც იწყებს სიტყვით: „რამდენჯერ…”.

კინესთეტიკი მასწავლებელი:
ლაპარაკობს ნელა;

რთავს მოსწავლეებს პროექტებში, თამაშებში, სცენარებში;

დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შინაარსს;

მოსწავლეთა შეფასების დროს ორიენტირებულია იმაზე, რის გაკეთება შეუძლია მოსწავლეს.

ვიზუალი მოსწავლე:

დისციპლინირებული და ორგანიზებულია;

წყნარი და დაკვირვებულია;

ორიენტირებულია გარეგნულ ნიშნებზე;

ადვილად იმახსოვრებს თვალსაჩინოებებს;

ძნელად ითვისებს სიტყვიერ ინსტრუქციებს;

კარგი მთხრობელია;

აქვს ფანტაზიის უნარი;

საუბრის დროს ნიკაპი ზემოთ აქვს აწეული;

აქვს მაღალი ხმა;

კარგად ახსოვს ის, რაც დაინახა.

აუდიალი მოსწავლე:

ლაპარაკობს საკუთარ თავთან;

იოლად ეფანტება ყურადღება;

მოსმენილს იოლად იმახსოვრებს;

უპირატესობას ანიჭებს ანგარიშს და წერას;

იოლად ითვისებს უცხო ენებს;

უყვარს მუსიკა;

სწავლობს მოსმენით;

ლაპარაკობს რიტმულად;

უყვარს დისკუსიაში ჩართვა;

მნიშვნელობას ანიჭებს ხმის ინტონაციას.

კინესთეტიკი მოსწავლე:

ბევრს მოძრაობს;

უყვარს ახლოს დგომა;

ახასიათებს მრავალფეროვანი ფიზიკური რეაქციები;

სწავლობს კეთების პროცესში;

იმახსოვრებს სეირნობის დროს;

ტაქტიანი და ლაკონიურია;

კითხვის დროს თითს აყოლებს ნაწერს;

უყვარს წიგნები, ორიენტირებულია სიუჟეტზე;

ახსოვს ზოგადი შთაბეჭდილებები;

დეტალებში სუსტია.

ვიზუალთან მუშაობა:

  • სიტყვიერი ლექციები გაამდიდრეთ დიაგრამებით, სიმბოლოებით, ფერადი პრეზენტაციებით ან სხვა ვიზუალური რესურსებით;
  • მიეცით წერილობითი მითითებები და განმარტებები;
  • მიეცით მოსწავლეს კლასში განმარტოებით კითხვის დრო;
  • გაამრავალფეროვნეთ სასწავლო პროცესი სასწავლო მეთოდებითა (ლექციები, ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური, წყვილები, წრეები) და დავალებებით, ამ დროს ყველა ტიპის ყველა მოსწავლე ჩართულია;
  • ვიზუალურად აჩვენეთ თქვენს მოსწავლეებს, როგორ უნდა შეასრულონ დავალება;
  • აჩვენეთ და დაავალეთ შექმნან ბარათები;
  • დავალებები მოთხოვეთ წერილობით.

აუდიალთან მუშაობა:

  • აუდიალებთან მუშაობისას გამოიყენეთ წარმართეთ დისკუსიები და წაახალისეთ კლასის ჩართულობა;
  • ლექციების დროს სთხოვეთ ასეთ მსმენელს, ჩამოაყალიბოს იდეები საკუთარი სიტყვებით;
  • სასურველია, გავაკეთოთ ჩანაწერები, რათა აუდიალმა მას რამდენჯერმე მოუსმინოს;
  • ასეთ მოსწავლეებს მიუთითეთ დასასწავლი მასალის აუდიოჩანაწერების ბმულები;
  • ნება დართეთ გამოკითხვა ან გამოცდა ჩააბარონ ზეპირად და არა წერილობით;
  • გაკვეთილის გეგმებში გაითვალისწინეთ – წყვილების კითხვა, ჯგუფური მუშაობა, ექსპერიმენტები, პროექტები და წარდგენები.

კინესთატიკთან მუშაობა:

  • მიეცით კინესთეტიკ მოსწავლეს გაკვეთილზე ოდნავი გადაადგილების საშუალება;
  • შესთავაზეთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი – ლექციები, დაწყვილებული საკითხავები, ჯგუფური მუშაობა, ექსპერიმენტები, პროექტები, პიესები და ა.შ.;
  • სთხოვეთ თქვენს კინესთეტიკ მსმენელს, შეასრულოს შესაბამისი დავალებები ლექციის დროს, როგორიცაა სამუშაო ფურცლის შევსება ან ჩანაწერების გაკეთება;
  • სთხოვეთ კინესთეტიკ მოსწავლეს ლექციებამდე და ლექციების შემდეგ, შეასრულოს ისეთი დავალებები, რომლებიც საჭიროებს მოძრაობას, ფურცლების თუ სხვა საჭირო ნივთების დარიგებას, დაფაზე წერას ან მერხების გადაწყობასაც კი;
  • საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილის დროს მოსწავლეს შეასრულებინეთ მსუბუქი ვარჯიშები;
  • ასეთ მოსწავლეს ჩაუტარეთ მოკლე ლექციები;
  • შესთავაზეთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი – ლექციები, დაწყვილებული საკითხავები, ჯგუფური სამუშაოები, ექსპერიმენტები, პროექტები, სპექტაკლები და ა.შ.
  • ჩართეთ კინესთეტიკური აქტივობები ლექციის დროს;
  • გამოიყენეთ ბარათები, კომპიუტერული საქმიანობა, კამათლები, დომინო, ყალბი ფული და მონეტები ერთეულების გამოსათვლელად;
  • გამოიყენეთ ყველაფერი, რაც მათემატიკის აბსტრაქტულ ცნებებს გარდაქმნის მათემატიკის კონკრეტულ აქტივობებად;
  • ჩაერთეთ სტუდენტებთან სავარჯიშო სამუშაოების შესრულებაში, გაკვეთილის სპეციფიკიდან გამომდინარე.

დასკვნის სახით – მასწავლებელმა:

  • უნდა იცოდეს აღქმის ტიპების მიხედვით, როგორია თითოეული მოსწავლე – ვიზუალი, აუდიალი თუ კინესთეტიკი;
  • მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ზრუნვა;
  • ერთი გაკვეთილის განმავლობაში საჭიროა რამდენიმე სხვადასხვა აქტივობა, რათა გაითვალისწინოთ ყველა მოსწავლის სწავლის სტილი;
  • მოზარდებს უნდა განვუვითაროთ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ დამაჯერებლად საუბარი. ამ მიზნით სასურველია პრეზენტაციების მომზადება და ფერადი, სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოების გამოყენება;
  • ძალიან მნიშვნელოვანია მარკირებული კითხვის მეთოდი. ტექსტის ანალიზი, კომენტარები, დისკუსიები;
  • ცხრილების, დიაგრამების, გრაფიკების აგება და უკვე აგებულის შინაარსის გაგება, გამოყენება, ანალიზი მოსწავლეს სააზროვნო არხების განვითარებაში დაეხმარება;
  • ჩაატარებინეთ მოსწავლეს სადემონსტრაციო მარტივი ცდები; გააკეთებინეთ ვირტუალური ანიმაციები და ექსპერიმენტები; სასწავლო კვლევითი პროექტები, თუნდაც მარტივი ექსპერიმენტები, რის გაკეთებასაც მოზარდი დამოუკიდბლად შეძლებს;
  • უნდა ვასწავლოთ ერთ კონტექსტში ნასწავლის მეორეში გამოყენება (ცოდნის ტრანსფერი);
  • ხელი შევუწყოთ მოზარდს თავის თავში უფრო ღრმად განმარტოს მოცემული მოვლენა თუ საკითხი; დავეხმაროთ წარმოსახვის უნარის განვითარებაში; წავახალისოთ მოსწავლეთა კრეატიული აზროვნება.

 

მასწავლებლის ძალისხმევას შედეგი ექნება, თუმცა ეს ვერ იქნება საკმარისი. ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოები, სასწავლო პროგრამები და ის მოთხოვნები, რომლებიც განათლების რეფორმების ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ და პედაგოგებამდე მიიტანონ.  უნდა ვიცოდეთ, ვის ვასწავლით და რა მეთოდები და სტრატეგიები გაგვიყვანს შედეგზე.  ჩვენი შრომის პროდუქტი ხომ მოსწავლეა და ფუჭია ყველა ძალისხმევა, რომლებსაც ამ მიზნამდე ვერ მივყავართ.

დასასრულ, მინდა შევეხო ახალი სკოლის მოდელს და მისი მიდგომებით მუშაობას. ვფიქრობ, ამ სტატიაში განხილული პრობლემების მოგვარება ნაწილობრივ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობით მოხერხდება. შესაძლებელია, მოსწავლემ ვერ შეძლოს კომპლექსური დავალების ყველა ნაწილის თანაბრად დაძლევა, თუმცა ყველა მოსწავლე სამუშაოს იმ ნაწილს შეასრულებს უკეთ, რომელ ნაწილიც განკუთვნილია მისთვის შესაფერისი ტიპისთვის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

„მასწავლებლის წიგნი – გამჭოლი კომპეტენციები – სემიოტიკური წიგნიერება“ – ცირა ბარბაქაძე;

„სარკმელი მოსწავლის სამყაროში”- მარინე ჯაფარიძე;

https://www.thoughtco.com/visual-learning-style-3212062;

https://www.thoughtco.com/auditory-learning-style-p3-3212038;

https://www.thoughtco.com/the-kinesthetic-learning-style-3212046.

კოგნიტური სქემები ლექსის სწავლებისთვის , ლექსის რუკა, ლექსის ატლასი

0

ამბავი იმით დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ პანდემიურ ზამთრის საღამოს, დიდ დიღომში, საშობაო ღვეზელების მცხობელ პოეტს, შორეული აზიური ქვეყნიდან   უცნობმა ქალმა მომწერა, რომ მისი შვილი,  ინგლისური სკოლის მეშვიდეკლასელი, სასკოლო პროექტს აკეთებს აუტიზმზე, კონკრეტულად, ჩემი ლექსის ,”ამეტყველების” მიხედვით, რომელიც პოეტური თარგმანის ცენტრის საიტზე ნახა ინგლისურად და მთხოვა დახმარება, ვუამბო, რა გახდა ამ ლექსის დაწერის შთაგონება.

რა თქმა უნდა, გამიკვირდა, მაინც ძალიან შორსაა ის აზიური ქვეყანა, მერე გამიხარდა და ცოტათი, ცნობილ პოეტადაც ვიგრძენი თავი. ინტერვიუც ჩავნიშნეთ და ვილაპარაკეთ. პაწია ვიდეომიმართვაც ჩავწერე, ბოლოს კი სასკოლო პროექტს თვალს შევავლებ-მეთქი, ვთხოვე.

სიმართლე გითხრათ, იმ კვლევამ, რომელიც გამომიგზავნეს, ძალიან გამაკვირვა, აუტიზმზე ინფორმაციის, სტატისტიკური კვლევებისა და მეთოდოლოგიის შემდეგ, პროექტის დიდი ნაწილი პოეზიას ეთმობოდა. კერძოდ,  ლექსის რამდენიმე ეტაპიან რუკას, სადაც სხვადასხვა საშუალებით განხილული იყო ლექსის სტრუქტურა, პროსოდიკა, ფონეტიკა, რითმა, რიტმი, მარცვლების რაოდენობა, გრაფიკული გამოსახულება და ა.შ და აშ.

საბოლოოდ, არცერთი დეტალი არ იყო გამოტოვებული და მოსწავლე თავიდან ბოლომდე იკვლევდა და სწავლობდა მოცემულ პოეტურ ტექსტს. სქემა ძალიან მომეწონა, მისი გამარტივება და მოსწავლეებთან გადატანაც ვცადე.

ყველაზე კარგი ამ მეთოდს რაც აქვს, ისაა, რომ დისტანციური სწავლების პროცესში განსაკუთრებით კარგად გვადგება. მე ლექსის რუკის ციფრულ ვერსიას გთავაზობთ, შესაძლოა, ასეთივე დიდ ფორმატზე მოვამზადოთ, სადაც კალიგრაფიას, ხატვას, აპლიკაციასაც გამოვიყენებთ. ამ მეთოდით მარტივია დავალების მიცემა, გამოკითხვა, უკუკავშირი.

  1. გთავაზობთ რუკის ყველაზე მარტივ ვერსიას, საილუსტრაციოდ გამოვიყენებ ტერენტი გრანელის ლექსს „სიცოცხლე“

როგორც ხედავთ, ლექსი გაფერადებულია ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც მოცემულია ლექსის ქვემოთ. ჩვენ შეგვიძლია დავალებად მივცეთ მოსწავლეს, სხვა ტექსტის ასევე გარჩევა და გაფერადება. შესაძლოა, დავალება და რუკა ცოტათი გავართულოთ და დამატებითი ფერების საშუალებით გამოვყოთ ნებისმიერი სხვა დეტალი, რაზე ყურადღების მიქცევაც გვჭირდება. იქნება ეს პოეტური ფონეტიკა – ბგერწერა, ასონანსი, დისოსნანსი, ალიტერაცია, ტროპის სახეები ან სულაც გრამატიკული საკითხები.

რუკის  მრავალგვარი ვერსია შეგიძლიათ შექმნათ, იმის მიხედვით, თუ რომელი საკითხია თქვენთვის პრიორიტეტული. ერთი ლექსის სხვადასხვაგვარი რუკის საშუალებით კი სულაც ლექსის ატლასი აკინძოთ, რომელიც ერთი პოეტური ტექსტის სრულყოფილად გაგებაში დაეხმარება მოსწავლეებს.

აბა, წარმოიდგინეთ, ლექსის ატლასი, რომელიც აერთიანებს ლექსის ლექსიკურ, კონტექსტის, შინაარსის, ემოციის, ტროპულ, გრამატიკულ, ფონეტიკულ და სხვა რუკებს. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო რესურსი იქნება პოეტური ხელოვნების წვდომისა და გააზრებისათვის. საბოლოოდ, რამდენიმე რუკისგან შედგენილი ატლასი შემაჯამებელი დავალების ფუნქციასაც შეასრულებს.

ტრანსფორმაციული მეტაფორები და ცვლილებების გზა

0

„ჩვენ, ადამიანებმა აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ჩვენი ტანჯვები,

მოვისმინოთ და შევიდეთ მასში, გამოვცადოთ და,

რაც მთავარია, ვისწავლოთ ცხოვრება მის მიღმა“.

Marilyn Atkinson   

 

ჩვენი მენტალური რუკა და ცნობიერების ლანდშაფტი გადავსებულია ნიშნებით – სიმბოლოებითა და მეტაფორებით, რომლებიც დამოუკიდებელ და შეუვალ ციხე-სიმაგრეებს ქმნიან. იმდენად მყარია მათი კედლები, ზოგჯერ თავად ჩვენ, მათ ამშენებლებსაც გვიჭირს შიგნით შევიხედოთ, იქნებ სულაც ეს ის არ არის, რაც გვგონია და რაც გვჭირდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ ჩვენი ცნობიერების სივრცეები, გავხსნათ ყველა კარი და ამოვძირკვოთ ყველა სარეველა მცენარე. ძალიან მარტივი ხერხით შეგვიძლია ამის დაწყება – იმ პრობლემების გამოკვლევით, რომლებიც ცხოვრებაში გვხვდება. ყველა პრობლემას თავისი უნიკალური მეტაფორა აქვს და თუ გამოვიკვლევთ და შევქმნით ახალ ტრანსფორმაციულ მეტაფორას, ამით ახალ შესაძლებლობებს გავაჩენთ. ამის შესახებ გვესაუბრება ფსიქოლოგი მერილინ ატკინსონი წიგნში „ცვლილებების გზა“[1].

ის წერს, რომ ჩვენი ცხოვრების მთლიანობა ადვილად შეიძლება დაირღვეს, რადგან ჩვენ თავად ვყოფთ მას ნაწილებად და ვაშენებთ წარმოსახვით კედლებს. ადამიანმა შეიძლება უცებ აღმოაჩინოს, რომ ჩაციკლულია რაღაც მდგომარეობაში, ერთ გარკვეულ რადიოსიხშირეზე და გამოსავალს ვერ პოულობს.

პირადი ტანჯვა, როგორც გითხარით, მეტაფორულია, მაგრამ ეს იმ ტიპის მეტაფორაა, რომელიც შეზღუდულ ისტორიას ქმნის, სევდიან ისტორიას, ამიტომ ის უნდა ჩავანაცვლოთ.

მნიშვნელოვანია, რომ პულტი ჩვენს ხელშია და უნდა მოვსინჯოთ ყველა სიხშირე, რომელსაც ჩვენი მენტალური ანტენები „იჭერს“ და მერე შევარჩიოთ. მთავარია, დავრწმუნდეთ, რომ ყოველთვის არსებობს სხვა გზა, სხვა სიხშირე, სხვა განზომილება.

ტრანსფორმაციული მეტაფორების აგებით ვეხმარებით საკუთარ თავს და შემდეგ სხვებს, შექმნან ახალი იდენტობები. ეს იგივეა, რომ ააშენო სახლი უამრავი სარკმლით, რომელიც, ამავე დროს, ისეთ ძლიერ საფუძველზეა, რომ შეუძლია გაუძლოს ძლიერ ქარიშხლებს.

წარმოიდგინეთ, ცხოვრობთ სახლში, რომელსაც არცერთი სარკმელი არა აქვს! წარმოიდგინეთ? მით უფრო, თუ ცხოვრების უმეტეს ნაწილს შინ ატარებთ (კოვიდპანდემიის დროს ეს კიდევ უფრო აქტუალურია). ახლა კი წარმოიდგინეთ სახლი, უამრავი სარკმლით, საიდანაც სულ ახალ-ახალი პეიზაჟები მოსჩანს, რაც ახალი მოქმედებისთვის განგაწყობთ! თუ სიმყუდროვე მოგინდებათ, შეგიძლიათ, ფარდები გამოიყენოთ, მაგრამ ყოველთვის გეცოდინებათ, რომ ფარდის გადაწევა შესაძლებელია, რასაც ვერ მოახერხებთ უსარკმლო სახლში.

ეს ამბავი პირდაპირი მნიშვნელობითაც შეგიძლიათ გაიგოთ და მეტაფორულადაც. მეტაფორულად გადაიტანეთ ცნობიერებაზე და აღმოაჩენთ რეზონანსს ფიზიკურ და მენტალურ განზომილებებს შორის.

„ჩვენ, ადამიანებმა აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ჩვენი ტანჯვები, მოვისმინოთ და შევიდეთ მასში, გამოვცადოთ და, რაც მთავარია, ვისწავლოთ ცხოვრება მის მიღმა“ (მერილინ ატკინსონი).

მეტაფორების გამოყენება გვეხმარება, რომ აღმოვაჩინოთ ახალი გზები და შესაძლებლობები, რათა გავთავისუფლდეთ ძველი შაბლონებისგან.

მთავარია, გავიგოთ, რა გვინდა სინამდვილეში? და დავაპროექტოთ ახალი საცხოვრებელი წელიწადის ყველა დროისთვის.

ამგვარად ჩვენ გადავრთავთ ცნობიერებას არჩევანზე და ცვლილებებზე.

ცნობიერების მეტაფორათა სხვადასხვა სახეობა დანიშნულია იმისთვის, რომ გაუხსნას ადამიანს სხვადასხვა უნარი, მდგომარეობა, ცნობიერების ხარისხი. ატკინსონის მიხედვით, ის (მეტაფორა) არის მეტეოროლოგი, რომელიც გაცნობებთ მოსალოდნელი ამინდის შესახებ და, ამავე დროს, გეხმარებათ, შესაბამისად ჩაიცვათ ქუჩაში გასვლისას.

მეტაფორები უჩვენებენ ადამიანებს საკვანძო ორიენტირებს, რომლებიც განსაზღვრავენ ცნობიერების ხარისხს.

ცნობიერების მეტაფორების შექმნის სწავლით, თქვენ სრულყოფთ თქვენს ახალ ჩვევებს, დააკვირდებით საკუთარ თავს ცხოვრების სხვადასხვა კონტექსტში. მეტაფორების საშუალებით ჩვენს ცხოვრებაში იწყება ცვლილება, რომელიც პარადოქსული ხასიათისაა – მტკივნეულია, თუმცა ამავე დროს გვჩუქნის თავისუფლებას.

დაკვირვება შეგვიძლია დავიწყოთ საკუთარ მეტყველებაზე. გამოვიკვლიოთ, როგორ მეტაფორებს მივმართავთ დეპრესიის ან ცუდი განწყობის დროს? გაიხსენეთ, რას ადარებთ თქვენს მდგომარეობას?

თითქოს ჭაობში იძირები? თითქოს ტყეში დაიკარგე? თითქოს ენერგიის წყარო გადაგიკეტეს? თითქოს შავი ღრუბელია შენს თავს?…….

ამ მეტაფორების გაცნობიერების შემდეგ კი შექმენით ისეთი მეტაფორა, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნება:

თუ ჭაობში იძირები, მაშინ გახდი ბარონი მიუნჰაუზენი, რომელსაც ჭაობიდან საკუთარი თავი ამოჰყავს ცხენთან ერთად!

თუ ტყეში დაიკარგე, მაშინ პოულობ კომპასს, რომლის მეშვეობითაც გადიხარ სასურველ მხარეს;

თუ ენერგიის წყარო გადაგიკეტეს, მაშინ ეძებ შენი კვების ბლოკს და დაკეტილს უშვებ!

თუ შენს ზემოთ შავი ღრუბელია, მაშინ – გამოდის მზე და ღრუბელს ფანტავს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ნეგატიური მეტაფორა „გამოჰყვება“ თქვენს მეტყველებას, იქვე ჩაუსაფრეთ შემცვლელი მეტაფორები და ჩაანაცვლეთ… 2-3 მცდელობის შემდეგ უკვე თქვენი თავის ტვინი გაიმეორებს ავტომატურად დამახსოვრებულს და ტრანსფორმაციის ძალასაც მალე იგრძნობთ!

რაც შეიძლება მკაფიოდ დაინახეთ, წარმოიდგინეთ ის მეტაფორები, რომლებითაც ნეგატიურ მეტაფორებს ანაცვლებთ!

ტრანსფორმაციული მეტაფორები შეცვლიან არა მარტო თქვენს მდგომარეობას, არამედ ისწავლით ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიური ენერგიის პოზიტიურად გარდაქმნას. ნებისმიერი პრობლემის დროს  თქვენი გავარჯიშებული ტვინი აუცილებლად და ძალიან სწრაფად მოგინახავთ გამოსავალს!

მასწავლებლებს კი ვურჩევ, რომ ლიტერატურული ტექსტებიდან ნეგატიური მეტაფორები მოსწავლეებს გარდააქმნევინონ პოზიტიურად, რითაც მათ გამოუმუშავებენ პრობლემიდან გამოსავლის სწრაფი ძიების უნარს, ემოციის ტრანსფორმაციის უნარს, ფანტაზიის უნარს, კრეატიულობას…

მაგალითად, ტერენტი გრანელის პოეზიიდან:

„სადაც მე ვდგავარ, იქ უფსკრულია,

იქეთ არავინ არ იხედება“.

&

„სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან

და მოვა  მწუხარება, ჩემი ლურჯი ფრინველი”.

&

როგორ შეცვლიდნენ პოზიტიური აფირმაციით მოსწავლეები ასეთ მეტაფორებს? მაგალითად, ასე:

სადაც მე ვდგავარ, იქ სიმშვიდეა

ულამაზესი ცა და ხედები…

არ არის აუცილებელი „ლექსად“ ჩანაცვლება; ამ შემთხვევაში, მთავარია, ნეგატიურის გარდაქმნა პოზიტიურად;

სიხარული გაივლის მოგონების მაღლობთან,

მოვა ბედნიერება, ჩემი ლურჯი ფრინველი…

როგორც არასდროს, დღეს ყველა ადამიანს და სამყაროს სჭირდება ტრანსფორმაცია. მოსინჯეთ ეს მეთოდი და ისიამოვნეთ შედეგებით!

[1] Creating Transformational Metaphors, by Marilyn Atkinson    https://loveread.ec/read_book.php?id=45054&p=2

 

მიზნობრივი წერა: სარეკლამო ბუკლეტი ექსკურსიისთვის

0

წერის უნარებზე მუშაობა დიდ დროს და მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს. მიზნობრივ წერასთან დაკავშირებული დავალებები მოსწავლეებს უღვივებს მოტივაციას და უვითარებს ორიენტირებული წერის საბაზისო უნარებს. იქამდე, სანამ მოსწავლე სამუშაო პროცესის თვითდაგეგმვას მიეჩვევა, სასურველია, შევაიარაღოთ ე.წ. ინსტრუქცია-ხარაჩოებით, რომლებიც მრავლად გვხვდება საგანმანათლებლო მეთოდურ თუ სასწავლო სახელმძღვანელოებში და კონკრეტულ თემას/ამოცანას აქტივობის მიზნიდან გამომდინარე შეგვიძლია შევუსაბამოთ. დღეს სწორედ ამგვარი საყრდენების გამოყენებით მარტივი სახის პრაგმატული ტექსტის შედგენაზე ვისაუბრებ.

პანდემიამ სკოლა ძალიან შეცვალა, მისი დინამიკური, მრავალფეროვანი ყოველდღიურობა მდორე, ერთფეროვან რუტინად გარდაქმნა. ჯგუფური აქტივობების განხორციელების შეზღუდვამ  მოსწავლე-მასწავლებლების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შემაჯამებელი აქტივობა – შემეცნებითი ტურებიც გააუქმა. თუმცა ამ უსიამო სიტუაციიდან რაღაც სარგებლის მიღებაც შეიძლება. მე და ჩემი მოსწავლეები ტურისტული კომპანიების ახალბედა თანამშრომლებად ვიქეცით და ჩვენ-ჩვენი დედულეთ-მამულეთის პოპულარიზაციისკენ მიმართული სარეკლამო ბუკლეტების შექმნა ვცადეთ. ნამუშევრების პრეზენტაციის დღეს კი ვირტუალურად ვიმოგზაურეთ ერთმანეთის მშობლიურ მხარეებში.

პროექტზე მუშაობა გონებრივი იერიშით დავიწყე. მოსწავლეებს ვთხოვე, დაესახელებინათ, თუ რა ენატრებოდათ განსაკუთრებით სასკოლო ცხოვრებიდან. როგორც ვვარაუდობდი, უმეტესობამ ე.წ. გასვლითი ღონისძიებები დაასახელა. შემდეგ დაისვა მთავარი კითხვა – როგორ ვიმოგზაუროთ სახლიდან გაუსვლელად?! გადავწვდით წიგნებს, ფილმებს, ფოტოალბომებს… ბოლოს გავიხსენეთ ადამიანები, რომლებიც მინიმუმ ერთი დაუვიწყარი მოგზაურობის დაგეგმვაში მაინც დაგვხმარებიან. აი ასე „მივადექით“ ტურისტული კომპანიების ჩარაზულ კარებს და რადგან ხელმისაწვდომი საქმიანობების ჩამონათვალიდან რეკლამის სფერომ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, საზაფხულო-შემაჯამებელ პროექტზე მუშაობა აღნიშნულ მიმართულებასთან დაკავშირებული საწყისი უნარ-ჩვევების ათვისებით დავიწყეთ.

21-ე საუკუნეს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სარეკლამო საქმიანობის აღზევების ხანა. სოციალური, პოლიტიკური თუ საინფორმაციო ხასიათის რეკლამებითაა გაჯერებული ჩვენი საცხოვრებელი გარემო – ქუჩა, ტრანსპორტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და ა.შ. ტერმინის მნიშვნელობას თუ დავუკვირდებით, რეკლამის ფრანგული შესატყვისი (გაპროტესტება, დამტკიცება, დაყვირება) მის მიზანს ცხადად დაგვანახვებს. მაღალი კონკურენციის პირობებში, თვითდამკვიდრებისა და გაყიდვების პროცენტის გაზრდის მიზნით, რეკლამა ხშირად საჭიროების ილუზიასაც თავად ქმნის. აღნიშნული კონცეფციის თვალსაჩინო მაგალითია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო რეკლამად აღიარებული  California Milk Processor Board  სლოგანით – „Got Milk?“ (რძე გაქვს?). ამ სარეკლამო მესიჯის იდეა მნიშვნელოვნად შემცირებული გაყიდვების შედეგად წარმოიშვა. რძე გემრიელი საუზმის მთავარი კომპონენტად საკმაოდ დამაჯერებლად იყო წარმოდგენილი, შეკითხვის სახით ფორმულირებული სლოგანი კი ერთიორად ამძაფრებდა კომპანიის მესიჯს მომხმარებელთა მიმართ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი ნეგატიური შეფასების მიუხედავად, სწორედ წარმატებულმა სარეკლამო კამპანიამ აქცია „კოკა-კოლა“ მსოფლიოში ცნობილ და ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ბრენდად.

1971 წელს ბილ ბეკერის ავტორობით გადაღებული კლიპის მიზანი გამაგრილებელი სასმლის მსოფლიო ხალხთა საერთო ინტერესად წარმოჩენაა. მეტიც, ეს ერთგვარი უნივერსალური პროდუქტი მათ საერთო ენის გამონახვაში ეხმარება. სარეკლამო მესიჯი უდავოდ უნივერსალური და აქტუალურია. აღნიშნული კომპანია დღემდე უკვდავ ადამიანურ ღირებულებებზეა (მშვიდობა, ოჯახური სიმყუდროვე, ადამიანური თანადგომა, საიმედოობის განცდა და ა.შ.) ორიენტირებული, რის მაგალითად 2020 წლის საახალწლო სარეკლამო რგოლიც კმარა.

რეკლამის სამყაროში მცირე ექსკურსიის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ პროექტზე მუშაობას შევუდექით. ჯერ რეკლამის ფორმებს (ბანერი, ბუკლეტი, მორბენალი სტრიქონი, ვიდეორგოლი) დავაკვირდით, შემდეგ კი სლოგანის, ანუ ლაკონურად გადმოცემული მთავარი მესიჯის ეფექტურობა შევაფასეთ. აქვე ბოლო პერიოდის ყველაზე დასამახსოვრებელი სარეკლამო სლოგანებიც გავიხსენეთ და  ნიმუშების სახით სამუშაო  დაფაზე განვათავსეთ.

სლოგანის მნიშვნელობის გააზრებისა და სარეკლამო ფორმატის შერჩევის შემდეგ, ბუკლეტის დანიშნულებისა თუ ვიზუალური ეფექტების შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება დავიწყეთ. მთავარ თვალსაჩინოებად ჩვენივე სკოლის სარეკლამო ბუკლეტი გამოვიყენე. ამჯერად მომხმარებლის თვალით შევხედეთ სამად გაკეცილ ფერად მუყაოზე დატანილ სიტყვიერ თუ ფოტო მასალას და საერთო საინფორმაციო მასიდან მთავარი მესიჯების ამოკითხვა ვცადეთ.

ახლა კი დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენების პროცესი. აქტივობა სასწავლო საფეხურის მიხედვით გავამარტივე/გავართულე. ციფრულ ტექნოლოგიებში ნაკლებად გაწაფულ მოსწავლეებს მივაწოდე ბუკლეტის მზა ჩარჩო მკაფიო მინიშნებებით, რომელთა დახმარებითაც მოძიებული თემატური ინფორმაცია თუ ფოტომასალა სათანადო ველებში უნდა განეთავსებინათ. შედარებით გამოცდილებს თავიანი ბუკლეტის დიზაინის შექმნაც ევალებოდათ. აქვე გაგიზიარებთ ბუკლეტის  ერთგვარ ყდას, რომელიც მოდელირების პროცესში გაკვეთილზე დავამზადე.

ბუკლეტის შიდა მხარეს სამ სვეტად განვათავსე საქართველოს რამდენიმე მაღალმთიანი რეგიონის ფოტომასალა და გართობის ნაირსახეობის ამსახველი ფოტოები, რომლებიც დამატებით ინფორმაციას აწვდიდნენ „ტურისტს“ და გარკვეულწილად პასუხობდნენ სლოგან-შეკითხვას: „რატომ მთაში?!..“

ჩემი აზრით, სარეკლამო მესიჯის სწორად გაშიფვრა და  მისი მომნუსხველი გავლენისგან თავის დაცვა ერთ-ერთი საჭირო უნართაგანია, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს რეკლამის საუკუნეში დაბადებული ადამიანი. მართალია, აღებ-მიცემობა ერთ-ერთი უძველესი საქმიანობაა, მაგრამ ბოლო წლებში შოპინგის ციებ-ცხელება პიკს აღწევს. მერე რა, თუ არ გჭირდება ბოლო მოდელის სმარტფონი, მანქანა და ა.შ. საჭიროების ილუზიის შექმნას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხიანი რეკლამა რეალური საჭიროების დროს პროდუქტების ზღვიდან შესაფერისი ერთეულის არჩევას გვიადვილებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ისეთ უსიამო გარემოშიც კი, როგორიც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებია, სკოლამ ობიექტურად საჭირო და აქამდე დროის უმცირესობის გამო დღის რეჟიმში ვერაფრით ჩატეული პრაქტიკული უნარების განვითარებაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება. იმედია, თქვენც ეფექტურად გამოიყენებთ პანდემიურ გამოწვევებს, რადგან დაბრკოლების დარაბებს მიღმა, როგორც წესი, ყოველთვის გაზაფხულია.

საბავშვო ბაღში უკვე გვიანია

0

საბავშვო ბაღის თანამშრომელი ხართ? ახალშობილის დედა ან მამა? იქნებ უბრალოდ რთული შვილი გყავთ და მიზეზი ვერ გაგირკვევიათ, ან გაინტერესებთ, რა გამოგრჩათ უკვე თინეიჯერი შვილის აღზრდისას? ეს წერილი შესაძლოა გამოგადგეთ.

 

იაპონელები რომ სრულიად განსხვავებულთან ერთად, გამორჩეული ხალხიცაა ბევრი დამეთანხმება. მათი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ სრულიად არასტანდარტული და ვიტყოდი, არაამქვეყნიურია, რადგან ამ ბუნებით მოფიქრალ, ღრმად მოფიქრალ ერში ზედაპირულობა დიდ უკულტურობად ითვლება.

ყველაფერი იაპონური ჩემში აღფრთოვანებას თუ არა, გაკვირვებას ნამდვილად იწვევს და სწორედ ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როდესაც მასარუ იბუკას ძალიან მაგარი წიგნი ჩამივარდა ხელთ.

იბუკა კორპორაცია „სონის“ დამფუძნებელია. ამ კაცმა თავისი იდეებით ერთხელ უკვე შეცვალა მსოფლიო. თითქოს მისი სული იაპონიის სულის გამომხატველად იქცა და სადაც სონის ამბობენ, იქ ყველას იაპონია გვახსენდება.

და მაინც, ამ გიგანტური ენერგიის პროფესიით ინჟინერს ცხოვრების უმთავრეს გამოწვევად განათლება დაუსახავს. ხანდახან, ბედისწერა ადამიანებს უცნაურად ეხმარება ხოლმე სამყაროს შეცვლის სურვილში უკან დასახევი გზა მოიჭრას და აი, მასარუს ამ გამოცდის გავლა საკუთარი შვილის მაგალითზე მოუხდა – იბუკას შვილი გონებრივი განვითარებით სხვა ბავშვებს მკვეთრად ჩამორჩებოდა, საზოგადოებამ და განათლების სისტემის სტანდარტულმა მიდგომებმა კი არაფერი ან ვერაფერი იღონა საიმისოდ, რომ მისი შვილი ნორმალურ, განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო.

ეს დამღა – „გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა“ განაჩენია, იბუკასთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. შვილის პირადი ტრაგედია იაპონელი გენიოსისთვის საკითხში არსებითად ჩაღრმავების საფუძველი და მიზეზი გახდა. ინჟინერმა კაცმა დაივიწყა ყველა და ყველაფერი ირგვლივ, რომ ცხოვრების მთავარი ნაშრომი „საბავშვო ბაღში უკვე გვიანია“ დაეწერა და შეეცვალა ათასობით, ასობით ათასობით ადამიანის ცხოვრებაც და იქნებ კაცობრიობის გზაც ფაშიზმისგან და „არასრულყოფილებისგან გათავისუფლებისგან“ მაღალგანვითარებულ საზოგადოებამდე, სადაც უვარგისი და არასაჭირო სული არ იბადება.

მასარუმ 1969 წელს „ადრეული განვითარების იაპონური ასოციაცია“ შექმნა, რომლის იდეაც და კონცეფციაც ერთ მარტივ პოსტულატს ეფუძნება – ადამიანის სრული პიროვნული ჩამოყალიბება 5 წლიდან 8 წლამდე კი არ ხდება, როგორც ამას ბევრი დასავლური სკოლა ამტკიცებდა (არც ფროიდის ცნობილი თეზა, რომ ადამიანი 5 წლამდე იქმნებაო), არამედ 3 წლის ასაკში მთავრდება.

ის, რაც ჩვენ, მშობლებს ხშირად გვგონია, რომ „პატარა სული“ ჯერ ადრეა და ბაღიდან უნდა მოხდეს მისი წვრთნაც, ფორმირებაც და ჩამოყალიბებაცო, იბუკასთვის სრული უაზრობაა. ავტორი ამტკიცებს (და ეს მეცნიერულად მტკიცდება), რომ ადამიანის ტვინის უჯრედების 70-80% სამ წლამდეა ჩამოყალიბებული და ეს საკმარისად ნოყიერი ნიადაგია იქ გენიალური ხის გადასარგავად. მასარუსთვის არ არსებობს უფრო ნიჭიერი და ნაკლებ ნიჭიერი ადამიანი, ის აქ ქრისტიანულ ლოგიკას მიყვება და ამბობს, რომ ყველა გონება და ყველა სხეული სასტარტო პირობებით თანასწორია. მოცარტი შეიძლება დაიბადოს ვენაშიც და კასპშიც, გააჩნია რომლის ოჯახი უფრო მზად იქნება შვილს მუსიკა დედის რძესთან ერთად მიაწოდოს. და ცნობილია, რომ მოცარტის მამას იდეაფიქსი ჰქონდა გაეზარდა გენიოსი. ის შვილს მართლაც თვეებიდან ასწავლიდა მუსიკას, ბავშვს, ვინც ჯერ სიარული და ლაპარაკი არ იცოდა, ასმენინებდა თანამედროვე კომპოზიტორებს და ვოლფგანგის ცხოვრებაშიც იმაზე მეტად იყო მუსიკა, ვიდრე სასმელი წყალი.

ეს მეთოდი დოქტორმა სუზუკიმ თავის „ახალგაზრდა ტალანტების“ სკოლაში სცადა და ალბათ ყველას გინახავთ არაამქვეყნიური კადრები, სადაც 4 წლის იაპონელი ბიჭი პაგანინის სავიოლინო კონცერტს უკრავს, ან 5 წლის იაპონელი გოგონა რახმანინოვის Moment Musicaux No. 5 in D-flat major. და მაინც, იბუკას მეთოდი და მიზანი გენიოსების კი არა, ბედნიერი ადამიანების აღზრდაა და ამას მიუძღვნა ამ საოცარმა კაცმა ცხოვრების დარჩენილი წლებიც.

 

Tabula rasa

 

იბუკა ამტკიცებს, რომ ადამიანის სხვანაირი განვითარება, რასაც საზოგადოება ჩამორჩენას, დაავადებას და სხვას ეძახის, პირიქით, პიროვნების უზარმაზარ პოტენციურ შესაძლებლობებზე მეტყველებს. საამისოდ მას შესანიშნავი მაგალითი მოჰყავს თუ რატომ იბადება ბავშვი სრულიად უმწეო სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, მაგრამ ყოველ მომდევნო დღეს მისი გონებრივი შესაძლებლობები გეომეტრიული პროგრესიით უსწრებს წინ დანარჩენ ცოცხალ არსებებს.

იბუკა სამწლამდელთა მიმართ აღზრდის სრულიად არასტანდარტულ და უცნაურ მიდგომებზეც ლაპარაკობს, რამაც ძალიან დამაბნია და ბევრი მაფიქრა.

 

მკაცრი დედა, რბილი დედა

 

ავტორი წერს, რომ თანამედროვე აღზრდის სკოლა უკუღმართულად მუშაობს ბავშვებთან მიმართებით, მშობელიც და საზოგადოებაც ალერსიანია სამ წლამდე ბავშვთან და ბაღის ასაკიდან მომენტალურად მკაცრ და პიროვნული ნების შემზღუდავ „მონსტრად“ შეიძლება გადაიქცეს. მოსიყვარულე დედები მრისხანე დედებად გადაიქცევიან ხოლმე შვილებიც ამ გავლენების წყალობით სულ უფრო შორდებიან ღვთიურ ინდივიდუალიზმს და ყალიბდებიან სტანდარტულ და „გამოძერწილ“ ადამიანებად. იბუკა ურჩევს ყველას, რომ შეწყვიტოს შვილზე ზეგავლენა საბავშვო ბაღში მისვლასთან ერთად და იქცეს მეგობრად და არა მენტორად მოზარდისთვის.

 

შეატრიალეთ „შეუძლებელია“ და „შესაძლებელია“ ასაკის მიხედვით

 

იბუკა წარმოუდგენელ პარადიგმას გვთავაზობს და ამბობს, რომ რაც ზრდასრულისთვის შეუძლებლად გვეჩვენება ის ბავშვისთვის უიოლესია და რაც უფრო შეუძლებელი და მიუღწეველი გვგონია რაღაც უფროსებს ის ეადვილებათ… ჩვილებს.

მაგალითად ორ ახლოს მდგომ მანქანას შორის შეიძლება ვერ ჩააყენოს თავისი ავტომობილი 9 თვის ჩვილმა, მაგრამ ის უფრო მალე და უკეთესად ისწავლის ცურვას, ვიდრე ამ სტატიის დამწერი ცდილობს და ვერც გამოსდის. მასარუ ამბობს, რომ სწორად მოწოდებული ალგებრა 3 წლამდე ბავშვისთვის სრულიად გასაგებია და ამას მისი „ადრეული განვითარების სკოლაში“ ასწავლიან კიდეც.

 

არ არსებობს უნარ დაქვეითებული ბავშვი

 

იბუკას წიგნი იმედის სხივივითაა, განსაკუთრებით მშობლებისთვის, ვისაც სპეციალური საჭიროებების მქონე შვილი ესტუმრათ კოსმოსიდან.

გარკვეული ტიპის საზოგადოებები ჯერ მზად არ არიან დაინახონ რა უდიდესი და განსხვავებული განძისა და ენერგიის მატარებლები არიან ასეთი ბავშვები. ბუნება ბრძენი გონის შექმნილია, შეუძლებელია და არც იქნებოდა სამართლიანი რომელიმე სული თუ გნებავთ სხეული ღმერთს არასრულყოფილი შეექმნა.
იბუკა ამბობს, რომ მთავარია ვისწავლოთ გარჩევა და არსში ჩასვლა, თუ ვინაა ბავშვი, რა პიროვნებაა და რა შესაძლებლობები აქვს მას და სწორედ ასეთი პატარა მთებს გადადგამს თავისი შინაგანი რესურსით.

 

და უფრო მთავარი, რასაც იაპონელი ინჟინერი, ჩემთვის უკვე დიდი მასწავლებელი მასარუ იბუკა გვასწავლის შემდეგია: აუცილებელი ის კი არაა ადამიანმა ჯადოქარივით დაუკრას ვიოლინო ან გამოიგონოს უეკრანო ტელევიზორი, არამედ როდესაც ერთს ან მეორეს გააკეთებს ან ვერ გააკეთებს, იყოს უბრალოდ ბედნიერი და მადლიერი იმისთვის, რომ ის განუმეორებელი ინდივიდია, პიროვნებაა და დაიბადა.
 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...