შაბათი, მაისი 31, 2025
31 მაისი, შაბათი, 2025

ნეტავ გაკვეთილი არ დასრულდეს

0

ინტერვიუ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტ მასწავლებელ  – ხათუნა რაზმაძესთან

“  კარგი მასწავლებელი  ისე უნდა  წარმართავდეს   საგაკვეთილო პროცესს,რომ ბავშვებს კვლავ  რჩებოდეთ   დაუოკებელი სურვილი მისი გაგრძელებისა. ეუფლებოდეთ   განცდა იმისა, თუ რატომ  უფრო  დიდხანს არ  გაგრძელდა ეს საინტერესო და სათავგადასავლო წუთები, რომ კიდევ უფრო ბევრი ხალისი და   თამაში მოესწროთ ამ გაკვეთილზე.”- ამბობს ჩვენთან საუბრისას  ხათუნა მასწავლებელი. ხათუნა რაზმაძე-    წმინდა გიორგის სახელობის  საერთაშორისო სკოლის  მათემატიკის მასწავლებელია.  მისი პროფესიული კარიერა 22 წლიან გამოცდილებას მოიცავს და ეს წლები მისთვის მუდმივი სწავლა- განვითარების წლებია.

 

ას ნიშნავს მასწავლებლობა თქვენთვის?

 

ჩემთვის მასწავლებლობა დიდი ძალა   და უზარმაზარი შესაძლებლობაა, რომ  არ გავჩერდე , ვიმყოფებოდე მუდმივ განვითარებისა და სწავლის პროცესში.  თუ არა მასწავლებელი, აბა, რომელი პროფესიის ადამიანი უნდა იყოს სწავლაზე და  განვითარებაზე ორიენტირებული?!

რომ ასწავლო, ჯერ შენ უნდა  ვითარდებოდე,სწავლობდე, იცოდე, ფლობდე,   განიცდიდე,  რომ  მერე უკეთესად გადასცე მიღებული ცოდნა.   მასწავლებლობის 22 წლიანი გამოცდილების მიუხედავად ყოველწლიურად  ვზრუნავ საკუთარ პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე.   დღემდე დიდი ინტერესით ვესწრები  ტრენინგებსა და  ვებინარებს,  ვსწავლობ ბავშვზე ორიენტირებულ   ახალ მიდგომებს, ვეცნობი  სხვადასხვა   სტრატეგიას და მეთოდებს. დღემდე   აქტიურად ვარ ჩართული  მუდმივი  განვითარების მარათონში.  მასწავლებლობა ჩემთვის არის სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მასწავლებელი სამყაროს. მიღებულ ცოდნას სიხარულით  ვუზიარებ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს,   თანამოაზრეებსა და მასწავლებლებს. ჩვენ ერთად  ვერთვებით  ამ  “ურთიერთსწავლების ფერხულში”.

 

ოგორ მოხვდით სკოლაში, მოგვიყევით თქვენი პროფესიული  გადაწყვეტილების შესახებ…

 

ბავშობიდანვე ჩემი საოცნებო პროფესია იყო ექიმობა,  ხშირად ვთამაშობდი ექიმობანას  და მომავალში ვაპირებდი ექიმი გავმხდარიყავი. მართალია, შემდეგ   ჩავაბარე  სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ  არც კი მიფიქრია, ამერჩია  მასწავლებელის პროფესია.  მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა  ჩემი ცხოვრება უჩვეულო მოვლენამ შეცვალა.  დაიბადა ჩემი  მეორე შვილი,  გოგონა, რომელმაც  მხოლოდ სამი დღე იცოცხლა.  ეს იყო ყველაზე რთული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ამ ტკივილმა  მიმიყვანა სკოლამდე და აღმოვაჩინე, რომ ბავშვებთან ურთიერთობა იქნებოდა ამ მძიმე ტკივილის უებარი წამალი. სწორედ  ამ მიზნით მოვხვდი  ამ პროფესიაში. ერთ-ერთმა სკოლამ  შემომთავაზა ფსიქოლოგიის მასწავლებლობა. მეც ახალგაზრდული სითამამით დავთანხმდი  და ასე აღმოვჩნდი 16–17 წლის მოზარდებთან ფსიქოლოგიის მასწავლებლად.  თავდაპირველად ზედმეტად უხერხულადაც კი ვგრძნობდი თავს , თითქმის თანატოლებთან  რომ მიწევდა მასწავლებლის როლში ყოფნა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები იმ  პროფესიაში, რომელიც  მანამდე არასდროს ყოფილა   ჩემი ფიქრის საგანი.

 

ოგორი აღმოჩნდა ახალი გამოცდილება თქვენთვის, გაამართლა თუ არა თქვენმა მოლოდინმა?

 

ახალმა გამოცდილებამ ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა,  გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ გავწითლდი, როცა ასაკით თითქმის ჩემხელა  მოსწავლეებმა „მასწავლებელო’’ დამიძახეს. ამ დღიდან  დაიწყო ჩემთვის უცნობი და  უჩვეულო , მაგრამ პასუხისმგებლობით  სავსე  პროფესიული მარცვლის გაღვივება. დავიწყე  საკუთარ თავთან  ჭიდილი,  ყოველი მომდევნო დღისთვის ვეძებდი „კაუჭს“, „ხიდსა“ თუ „საყრდენს“  ბავშვებთან  სამეგობროდ. შედეგმაც არ დააყოვნა, ჩვენი მეგობრობა  დღითიდღე ღვივდებოდა პიროვნულ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობებით.  პროფესიის შეთვისების საწყის ეტაპზე მეშინოდა მომდევნო  დღის გათენების და მტანჯავდა კოშმარული სიზმრები, სადაც  ვხედავდი, თუ როგორ „უმსგავსო“ გაკვეთილს ვატარებდი, მაგრამ  ბავშვების ჩემდამი ნდობამ და სიყვარულმა მალევე შემიცვალა  საქმისადმი განწყობაც და  სიზმრებიც. აღმოვაჩინე, რომ  „გამომდის“ მასწავლებლობა.  თანდათან შევეჩვიე ჩემს   სტატუსს.  ინტერესით ვაკვირდებოდი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და ჩავაბარე მეორად ფაკულტეტზე, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა ჩემი პროფესია.  22 წლის ასაკში უკვე ვასწავლიდი პირველკლასელებს და ეს იყო დიდებული განცდა. სწავლების დაუოკებელი სურვილი, ბევრი გათენებული ღამე , რომ რაც შეიძლება საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი, მრავალფეროვანი რამ აღმომეჩინა. ამ ყველაფერმა , ბავშვებთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ  გადამატანინა  შვილის გარდაცვალებით მიღებული სტრესი.    ბავშვებისადმი უჩვეულო სიყვარულმა ასახვა ჰპოვა ჩემს  ოჯახზეც და მომანიჭა ჩემთვის საამაყო წოდება,  მერქვას  5 შვილის:  გიორგის, თამარის, ელენეს, ნინისა  და ბარბარეს დედა. ჩემი ცხოვრების  ორი უმთავრესი  სტატუსია: ვიყო პედაგოგი და ვიყო მრავალშვილიანი  დედა.

მასწავლებლობის პროფესიამ მომცა ბედნიერება, ჩემი ასაკის მიუხედავად მუდმივად  ვიყო ჩემი მოსწავლეების თანატოლ -თანასწორი. ოთხი შვილიშვილის ბებიობის  მიუხედავად, ვიყო „მარადახალგაზრდა“ და ვხედავდე ჩემში ჩამალულ „ბავშვს“.

 

ქვენ მასწავლებლის პროფესიისთვის ძალიან საჭირო წინარე ცოდნით – ფსიქოლოგიური განათლებით მიხვედით  სკოლაში. რამდენად მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იცნობდეს საკუთარი მოსწავლის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს?

 

ჩემი პირველადი პროფესია – სოციალური ფსიქოლოგია  ჩემთვის აღმოჩნდა  ხელშემწყობი ფაქტორი, რომ  საგაკვეთილო პროცესი კარგად მორგებულიყო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს.  ბავშვთა ფსიქოლოგიის ცოდნა, მათი  ასაკობრივი თავისებურებებისა და  განვითარების ეტაპებზე დაკვირვება, ხელს მიწყობდა  სასკოლო გარემოში პოზიტიური  ურთიერთობის ჩამოყალიბების,  საინტერესო მიდგომებისა და სწორი  სტრატეგიების შემუშავებაში, მეხმარებოდა სწავლა-სწავლების პროცესის   უკეთ დაგეგმვაში.

 

ას თვლით სწავლა-სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად და როგორია ბავშვზე ორიენტირებული სწავლება თქვენი აზრით?

 

ასწავლო 21-ე საუკუნის ბავშვს  საკმაოდ  რთულია,   ამ თაობის ბავშვები მიჯაჭვული არიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. მასწავლებელი უნდა გახდეს მათთვის ისეთი  ძლიერი მამოტივირებელი, რომ    სწავლების ინტერესმა  გადაძლიოს კომპიუტერთან  არაჯანსაღად   გატარებული  წუთები.  მასწავლებლის მისიაა სწავლება გახადოს ფერადი,  საინტერესო, თანამედროვეობაზე მორგებული, გაზარდოს კრიტიულად მოაზროვნე, შემოქმედებითი აზროვნებით დაჯილდოებული,  პრობლემაზე ორიენტირებული, თანასწორუფლებიანი, ტოლერანტი და  თვითრეალიზებული   მომავალი თაობა.

ყველა ბავშვს აქვს უფლება  ისწავლოს თანაბარუფლებიან გარემოში და სწორად მოერგოს საგაკვეთილო პროცესს.  თუ მასწავლებელი ახდენს  მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამორკვევას, მისი ინდივიდუალური წინსვლების აღმოჩენას , მისი წინარე ცოდნის გააქტიურებას, მაშინ  მასწავლებელს შეუძლია ყველა მოსწავლე  “მანათობელ ვარსკვლავად”  აქციოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გათვალისწინებით.

 

ანდემიურ გამოცდილებაზეც გვესაუბრეთ, ა აღმოაჩინეთ  ონლაინსწავლების  პროცესში  და რა შეგძინათ სწავლების ახალმა   ფორმატმა?

 

პანდემიის პერიოდი თანაბრად რთული აღმოჩნდა ყველასთვის. მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც და  მშობლებიც გაურკვევლობის განცდამ მოგვიცვა.   ჩვენს ცხოვრებაში  ერთბაშად შემოიჭრა ახალ-ახალი სირთულეები. განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის. სწავლების ამ საფეხურზე  უამრავი საპასუხისმგებლო დეტალი იჩენს თავს.  აქ ეყრება საფუძველი ყველა იმ  უნარ -ჩვევევის განვითარებას, რაც სწავლა-სწავლების პროცესში ქმნის უმთავრეს საძირკველსა და მნიშვნელოვანწილად, განაპირობებს  მოსწავლის განვითარებას.   ამის შეძლება საკლასო სივრცეშიც კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს მასწავლებლისგან, ახლა კი  ონლაინ სწავლების ფორმატში „აღმართული კედლის“  მიღმა უნდა განმეხორციელებინა.  ეს იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა ჩემთვის- არ ვიცოდი, რა გამომივიდოდა,  როგორ გავართმევდი თავს.  საგაკვეთილო სივრცეში ადვილია განახორციელო ის მრავალფეროვანი აქტივობები, მისცე ფერად-ფერადი მასალა, მაგრამ კედელი, რომელიც ონლაინ სწავლების გამო იყო ჩვენ შორის აღმართული, ფერს კარგავდა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთივე არაორდინალური და საინტერესო ყოფილიყო ონლაინ გაკვეთილი, როგორც მანამდე საკლასო ოთახში. არადა,    არც ისე კარგად ვფლობდით  ტექნოლოგიებს. ძალიან მიხარია, რომ  შევძელი  და  გამოვნახე ის   შინაგანი ენერგია, კარგად მოვერგე თვითსწავლისა და განვითარების ფორმებს და  მალევე მივაღწიე, რომ  საგაკვეთილო პროცესი ონლაინ სწავლების ფორმატში ისეთივე  სახალისო , საინტერესო და მრავალფუნქციური  გამხდარიყო როგორც პირისპირ სწავლებისას.   დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა: ჯერ საპრეზენტაციო ნაშრომები გავაზიარეთ, შემდეგ ანიმაციური ელემენტებით გავამდიდრეთ, მერე მულტიმედია წიგნიერება შევიტანეთ, მულტიმოდალური მიდგომებიც კი  გამოვიყენე … ორი თუ სამი კვირის შემდეგ, მე აღმოვაჩინე,  რომ ოთხი სხვადასხვა პლატფორმა ძალიან კარგად ვისწავლე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი გახდა ისეთივე ფერადი,  ისეთივე არაორდინალური, ისეთივე მრავალფუნქციური და საინტერესო,  როგორც ჩვეულებრივ საკლასო სივრცეში.

 

ა მიდგომები გამოიყენეთ იმისათვის, რომ  ონლაინსწავლება უფრო საინტერესო პროცესად გექციათ?

 

საწყის ეტაპზე ჩვენ პრაქტიკულად გადავდეთ წიგნები გვერდზე , რადგან წიგნი ცოტა მეტ ბარიერს ქმნიდა; ჩავანცვლეთ საპრეზენტაციო აქტივობებით, ანიმაციებით, პატარა ზღაპრებით, აუდიოვერსიებით , ვიზუალური და გრაფიკული ცხრილებით და ა. შ.  არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა მათემატიკური უნარების ამ ფორმატში გააზრება, რთული აღმოჩნდა  ყველაფერი მოგვერგო მათემატიკაზე. ასეთი ტიპის აქტივობები ქართულში მეტ-ნაკლებად უფრო მოსახერხებელია. ამ მხრივ მათემატიკას სჭირდებოდა მეტი მამოტივირებელი რესურსი. ამ ყველაფერმა თავგადასავლების ერთად შექმნისკენ მიბიძგა. ჩვენ ერთად ვქმნიდით ძალიან საინტერესო თავგადასავლებს, პროექტებს, სახალისო მულტიმედიური ელემენტებით გაჯერებულ საპრეზენტაციო ნაშრომებს. ონლაინსწავლების პროცესში ჩავატარეთ მათემატიკური ვიქტორინაც,  მოვაწყვეთ ჩრდილების თეატრიც  მათემატიკური ფიგურებით, დავამზადეთ ხელნაკეთი წიგნები სათაურით  „რიცხვების სამყაროში“, ვითამაშეთ ვირტუალური  თამაშები, ვითვალეთ და ვიანგარიშეთ  ანიმაციებზე დაკვირვებით.  მეც მათთან ერთად ვიღებდი ახალ ცოდნასა და გამოცდილებას  მულტიმედიაწიგნიერების  განვითარების თვალსაზრისით.

 

არგი მასწავლებლის მთავარ მახასიათებლად რას თვლით, რით გამოირჩევა ის სხვებისგან?

 

კარგი მასწავლებელი ნიშნავს, იყო ყველა ბავშვზე თანაბრად ორიენტირებული, სასწავლო პროცესი უნდა გახადო ისეთი საინტერესო, რომ ბავშვს სკოლაში მოსვლა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ეხალისებოდეს. კარგი მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს, თუ როგორი განწყობით და მიდგომებით სწავლობენ ბავშვები უფრო კარგად. ყველა აქტივობა, სტრატეგია და მიდგომა ბავშვის მოტივაციის ასამაღლებელად უნდა იყოს მიმართული, რომ ყოველი გაკვეთილის შემდეგ ბავშვი ამბობდეს, – „ნეტავ კიდევ როდის გაგრძელდება, ნეტავ რატომ დასრულდა ასე მალე?”

 

ასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე  რას გვეტყვით?  რა მიზნები გქონდათ, როცა კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეთ?

 

ძალიან მიხარია, რომ მე  მერგო პატივი, გავხდე ამ საინტერესო, ამაღელვებელი და საამაყო  პროექტის  ნაწილი, რაც მნიშვნელოვანწილად გაზრდის, აამაღლებს, განამტკიცებს  ჩემს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას, ხელს შეუწყობს   პროფესიულ წინსვლას.  მჯერა იმის, რომ ჩემი გამოცდილება სტიმული იქნება ახალგაზრდა კოლეგებისთვის. კონკურსში მონაწილეობამ დამარწმუნა, რომ მასწავლებლობა ნამდვილად გამორჩეული, განსაკუთრებული და ღირსეული პროფესიაა.

მეამაყება, რომ მე დღეს  საუკეთესო  მასწავლებელი მქვია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

33 ამბავი აფხაზეთზე

0

ოთახში ლურჯი წიგნი მაქვს გადაშლილი და მასზე წერილის საწერად ვემზადები. წიგნს ჰქვია „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. მასში 33 ქართველი ავტორის ის მოთხრობებია შესული, რომლებიც აფხაზეთს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, ომსა და ოკუპაციას ეძღვნება.

ამ წიგნის და დღევანდელი დღის შინაარსი ერთმანეთს მუხტავს. ერთი დიდი ტკივილი გვჭირს ყველას და ამ ტკივილის ამბავი დღემდე გრძელდება. ის არა სამი ათეული წლის, არამედ საუკუნეების წინ დაიწყო და ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპივით, უკვე მერამდენე მსხვერპლი შთანთქა.

„ვილაპარაკოთ“ ჩვეულებრივი წიგნი არაა. ის ჩვენი მეხსიერების სკივრია, ჩვენი ტკივილის ანამნეზია. მასში ბევრი ხმაა, ზოგი მათგანი გუგუნებს და ბორგავს, ზოგიც უხმაუროდ, სინანულის ცრემლში მიიწრიტება და ცისფერ კვალს ტოვებს, ზოგი კი მეფური სიმშვიდით, დინჯად და დამაჯერებლად გამოთქვამს იმას, რის მოსმენასაც ამდენი ხანია ვუფრთხით, ან ჩვენც გვინდა, რომ ვთქვათ, მაგრამ ძალა არ გვყოფნის, ან ვამბობთ, მაგრამ ამ ნათქვამს არა აქვს ძალა…

აი, მწერლის სიტყვას კი სულ სხვა ძალა აქვს და სწორედ ამიტომაცაა ეს კრებული განსაკუთრებულად ღონიერი და საჭირო. მისი მნიშვნელოვანება იმთავითვე გაიაზრა მისმა სულისჩამდგმელმა, წიგნის იდეის და კონცეფციის ავტორმა – ირაკლი შამათავამ. ირაკლი თავადაა მწერალი, დევნილი მწერალი. ეს ორი სიტყვა – „დევნილი“ და „მწერალი“ რაღაცით ჰგავს კიდეც ერთმანეთს. მწერალი ხომ მუდმივ დევნილობაშია, საკუთარი თავიდან და სამყაროდან, შიშებიდან და კომპლექსებიდან დევნილობაში. თუმცა, როცა ამ შინაგან „ემიგრაციას“ რეალურიც ემატება, ეს უკვე საბედისწერო გამოცდილებაა. დევნილობა საკუთარ მიწაზე – განაჩენია. ირაკლი შამათავა ახალგაზრდა კაცია და რაც აქამდე დაუწერია, ყველაფერი ამ განაჩენის შედეგია. მათ შორის ეს კრებულიც, რომელშიც, საკუთარი ტექსტის ნაცვლად, მშობლიური სახლის ფოტო შეიტანა, სამურზაყანოს შუაგულში ჩატოვებული ბავშვობის სახლის ფოტო – მისი ყველაზე ნაღდი მოთხრობაც და რომანიც, მისი პირადი კოსმოსი…

„ეს წიგნი იმ ჭრილობებზეა, რომლებსაც ომი აჩენს, მაგრამ რომელთა მოშუშებაც მშვიდობას შეუძლია! რომ უკვე დროა, ვილაპარაკოთ, ეს წიგნი იმაზეა!“ – ვკითხულობთ კრებულის შესავალში. ამ წიგნში შესულ მოთხრობებს და რომანის ფრაგმენტებს, ირაკლისთან ერთად, თავი მოუყარეს მწერალმა ინა არჩუაშვილმა და პოეტმა ირმა ბერიძემ. კრებულის მხატვარ-ილუსტრატორი გახლავთ მამუკა ტყეშელაშვილი. წიგნი დასტამბა გამომცემლობა „ინტელექტმა“.

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ომის ნიუანსებსა და მშვიდობის პერსპექტივებზე ბევრი ითქვა და დაიწერა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში. კრებულში „ვილაპარაკოთ“ ბევრია ასეთი გახმაურებული ტექსტი (გურამ ოდიშარიას – „ძმისშვილი“, ბექა ქურხულის – „მკვლელი“, ნაირა გელაშვილის – „გუნდა აკაბა“, გელა ჩქვანავას – „შიშის საათი“, მარინა ელბაქიძის – „გაცვლა“ და ა.შ.). მათ დაწერისთანავე მიიქციეს მკითხველის ყურადღება, ააფორიაქეს და გაამძაფრეს ჩვენი რეფლექსია. კრებულში ისეთ ტექსტებსაც შეხვდებით, რომლებიც საგანგებოდ ამ პროექტისთვის დაიწერა (ნინო გუგეშაშვილის – „ორი კენჭი ანუ აქ იყო ჩაკ ბერი“, მანანა მენაბდის – „აძაფშსა და ბესლეთს შორის“ და სხვა). მოკლედ რომ ვთქვათ, კრებულმა თავი მოუყარა ყველა იმ ძველ და ახალ „ჩანაწერს“, რომელთა მთლიანობაში აღქმითაც მკაფიოდ გაისმის სიმფონია „ვილაპარაკოთ“ – დრამატული, მგზნებარე და ნათელი მუსიკა იმაზე, თუ რა უნდა ითქვას ომის სიჩუმის შემდეგ…

ამ კრებულში კიდევ რამდენიმე დევნილი მწერალია: გურამ ოდიშარია, გელა ჩქვანავა, თეა თოფურია. მათ ტკივილს სულ სხვა სიმწვავე აქვს. გადამდებია მათი სინათლის ენერგიაც – ისინი არა ომზე, არამედ ომის ყველაზე შეუძლებელ მხარეზე – სიყვარულზე, ადამიანურ სილამაზეზე, ღირსებაზე ლაპარაკობენ… არიან ავტორებიც, რომლებმაც აფხაზეთის ომი საკუთარი თვალით ნახეს – როგორც მებრძოლებმა, როგორც რეპორტიორებმა (რეზო თაბუკაშვილი, შორენა ლებანიძე, ვახტანგ კომახიძე, ბესო სოლომანაშვილი, ნანა აკობიძე და ა.შ.). მათ მიერ აღწერილი ომი იმ კინოს ჰგავს, რომელშიც მთავარ როლს ასრულებენ სიკვდილი და სიცოცხლე, მათი მუდმივი ლტოლვა ერთმანეთისკენ, კონფლიქტი, სიმახინჯე და მშვენიერება ჩამთრევ, უძირო, უდასასრულო სიუჟეტს ქმნის. ჩვენ კი მასში დღემდე თავგანწირვით ვმონაწილეობთ…

ეს წიგნი ომის და მშვიდობის ანატომიაა. ამ მოთხრობებში ყველა ნიუანსი, წესი და პარადოქსი აღბეჭდილია _ გარდაუვალი სიბნელით დაწყებული, მოულოდნელი ჰუმანიზმით დამთავრებული. ომში ყველაფერს ასმაგად მძაფრი სახე აქვს, ასმაგად მაღალი ხარისხი; ომის თანმდევია შიშიც და სიძულვილიც, ბედნიერებაც და სიყვარულიც, ოღონდ ისეთი მოულოდნელი გამოვლინებებით, როგორიც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება…

„ვილაპარაკოთ“ საჭირო წიგნია მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის. იზრდებიან თაობები, რომლებსაც აღარ აქვთ ემოციური კავშირი აფხაზეთთან, მხოლოდ ისტორიულ წყაროებში, ან მძაფრი გენეტიკური მეხსიერებით თუ აღიდგენენ იმას, რასაც აფხაზეთი ჰქვია და რაც ისეთივე საქართველოა, როგორც მათთვის ნაცნობი ყველა სხვა კუთხე. ეს კრებული დაეხმარება მათ აფხაზეთის გახსენებაში, ომის რეფლექსიაში, სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებაში, სამომავლო ურთიერთობებში.

როგორც ვიცი, კრებულის აფხაზურად თარგმნაც იგეგმება. ეს კიდევ უფრო გაზრდის მის მნიშვნელობას და ენგურსგადაღმა მხარესაც ჩართავს დიალოგში. სალაპარაკო კი მართლა ბევრია. ჩვენ ხომ სადღაც, საბედისწეროდ შევწყვიტეთ ის და გავჩუმდით…

აღზრდა აკრძალვების გარეშე – გამოწვევები და საფრთხეები

0

ერთხელ, ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა თავისი „გასაჭირი“ შემომჩივლა. „დამარცხებულმა“ იმედგაცრუება და გულისტკივილი ვერ დამალა და საუბრისას მითხრა, რომ მან და მისმა მეუღლემ შვილის აღზრდაში სერიოზული შეცდომები დაუშვეს. მართალია, ბავშვი ჯერ მხოლოდ 6 წლისაა, მაგრამ იმდენ პრობლემას გვიქმნის, ალბათ თავს ვერასოდეს გავართმევთო. როდესაც ქალბატონს ვთხოვე აეხსნა, თუ რაში ხედავდნენ ის და მისი მეუღლე საკუთარ შეცდომებს, მან ასეთი რამ მომიყვა: „იცით, სანდრო ჩვენი პირველი შვილია, ძალიან გვინდოდა მისთვის ყველაფერი საუკეთესო მიგვეცა და განსაკუთრებული პირობები შეგვექმნა. მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი მშობლები ძალიან მკაცრად გვზრდიდნენ, ყველაფერს გვიკრძალავდნენ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაკონტროლებდნენ, რასაც მოგვიანებით ორივე ტკივილით ვიხსენებდით. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენ თავად, როგორც მშობლებს, შვილის აღზრდის სრულიად განსხვავებული, იაპონური სისტემა გამოგვეყენებინა, მიგვენიჭებინა მისთვის სრული თავისუფლება და ყველანაირ აკრძალვაზე უარი გვეთქვა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდით, რომ სერიოზული შეცდომა დავუშვით და ბავშვი საფრთხის წინაშე დავაყენეთ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სანდროს სკოლაში შეყვანის შემდეგ. მისთვის არ არსებობს სიტყვა „არა“. თვლის, რომ ყველაფრის უფლება აქვს და შეუძლია აკეთოს ის, რაც მას სურს, არ ემორჩილება სასკოლო წესებს, რის გამოც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მასწავლებლებს და თანაკლასელებთანაც მუდმივად კონფლიქტი აქვს. მე და ჩემი მეუღლე შევეცადეთ, შეგვეცვალა ბავშვთან დამოკიდებულება და სახლშიც დავუწესეთ გარკვეული აკრძალვები, თუმცა სასურველი შედეგი მაინც არ გვაქვს – სანდრო არ ემორჩილება დადგენილ წესებს და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოესურვება. ვფიქრობ, ძალიან დავაგვიანეთ.

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ აღზრდის იაპონური სისტემა ნამდვილად არ მოგვიწოდებს, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ. მისი არსი ის გახლავთ, რომ წავახალისოთ ბავშვის სწრაფვა სამყაროს შემეცნებისკენ, ცოდნის შეძენისკენ და დავრთოთ ნება, მოსინჯოს მოქმედების ახალი, მისთვის სასურველი სახეები საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მათთვის უცხოა ფრაზები: „შენთვის ჯერ კიდევ ადრეა“, ან „შენ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ხარ“. ასეთი მიდგომების პირობებში 7 წლის ასაკს მიღწეული ბავშვების მშობლებისთვის საკმაოდ თვალსაჩინოა საკუთარი შვილის ინტერესები, მიდრეკილებები, ნიჭის გამოვლინებები. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ ისინი ბავშვის მკაცრ აღზრდას და მოითხოვენ მისგან თავდაუზოგავ შრომასა და ხასიათის სიმტკიცის გამოჩენას შემხვედრი პრობლემების დასაძლევად.

 

თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი უნაკლოც არ უნდა იყოს ამა თუ იმ ქვეყანაში აღზრდის თუ სწავლა-სწავლების მოდელი, არ იქნება გამართლებული კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით მისი შემოტანა და დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. ალბათ ყველას შეგვიმჩნევია, რომ „უცხო“ ნიადაგში გადარგვისას ხშირად მცენარეც კი იცვლის სახეს. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რომელიმე ქვეყნის წარმატებული მოდელის შემოტანა და მისი დანერგვის მცდელობა, თუ არ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, ცვლილებებისადმი საზოგადოების მზაობის დონეს, შეიძლება მარცხით დამთავრდეს, რისი მოწმეებიც ჩვენ არცთუ იშვიათად გავმხდარვართ ბოლო ათწლეულებში.

 

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ სამყაროში არაფერია მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი, რომ ყველაფერში შეიძლება პლუსების და მინუსების პოვნა, ვფიქრობ, ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საინტერესო იქნება აკრძალვების გარეშე აღზრდის სტილის გაანალიზება და მასში, როგორც უარყოფითის, ასევე დადებითის მოძიება.

 

აღზრდა აკრძალვების გარეშე

პლუსები:

  • როდესც ბავშვს ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკრძალვებს არ უწესებენ და უკან არ ახევინებენ, ის ბევრად აქტიურად შეიმეცნებს სამყაროს და ამჟღავნებს უფრო მეტ ცნობისმოყვარეობას, რაც ბუნებრივად მისი სწრაფი განვითარების პირობა ხდება;
  • ბავშვი, რომელმაც არ იცის სიტყვა „არა“, დარწმუნებულია, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მისი ძალაუფლების ქვეშაა. მთავარია მოინდომოს და ძალისხმევა გამოიჩინოს. ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს, რომ საკუთარი ძალების ასეთი რწმენით ცხოვრება ადამიანისთვის ბევრად ადვილია. სანამ სხვები ჯერ კიდევ ეჭვობენ და მერყეობენ, ის უკვე მოსინჯავს და თუ არ გამოუვა, იპოვის ახალ გზას, დაისახავს ახალ მიზანს და ახალ ამოცანებს;
  • პატარა, რომელიც აკრძალვების გარეშე იზრდება, ღია და გახსნილია სამყაროსათვის, ის მას კეთილად აღიქვამს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ცხოვრება ხშირად სწორედ ისეთი აღმოჩნდება ხოლმე, როგორც ჩვენ მასზე ვფიქრობთ, ზედმეტი აკრძალვებისგან თავისუფალ გარემოში გაზრდილი ბავშვისთვის ძნელი არ იქნება ადამიანებში სიკეთის დანახვა და ცხოვრებაც მძიმე და აუტანელი აღარ იქნება მისთვის;
  • როდესაც აკრძალვები ნაკლებია, ბავშვს ექსპერიმენტირების მეტი შესაძლებლობა ეძლევა. ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ ბავშვები, რომლებიც თავისუფალ, ნაკლებად მკაცრ გარემოში იზრდებიან, ადვილად ავლენენ შემოქმედებით უნარებს და მომავალში წარმატებებს სწორედ აღნიშნული მიმართულებით აღწევენ და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან.

 

მინუსები:

 

  • მშობლები, რომლებიც ბავშვთან ურთიერთობისას არასოდეს ამბობენ სიტყვას „არა“, სწრაფად კარგავენ ავტორიტეტს შვილის თვალში, შედეგად კი იღებენ უმართავ ბავშვს, რომელიც მიიჩნევს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ყველა ვალდებულია თავისი არსებობა მის სურვილებსა და ინტერესებს დაუმორჩილოს. ასეთი ბავშვის მშობელი ხშირად მზად არის, უარი თქვას თავის ინტერესებზე, მოთხოვნილებებზე 5 წლის თავნება ბავშვის სასარგებლოდ, რომელსაც სურს, რომ ოჯახში ყველაზე მთავარი თვითონ იყოს;
  • ბავშვებს, რომლებსაც ადრეული პერიოდიდან ყველაფრის ნებას რთავდნენ და რომელთათვისაც უცხოა წესები და წესებისადმი მორჩილება, ყველაზე სერიოზული პრობლემები ექმნებათ მაშინ, როდესაც თანატოლთა ჯგუფში ხვდებიან – საბავშვო ბაღში ან სკოლაში, სადაც ყველა ვალდებულია გარკვეულ წესებს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პედაგოგი უბრალოდ ვერ შეძლებს მუშაობას და მეცადინეობების ჩატარებას. ბავშვი, რომელსაც ყოველთვის ყველაფრის ნებას რთავდნენ, ხვდება სიტუაციაში, სადაც მკაცრი შეზღუდვებია მისთვის დაწესებული – რაღაცის აღება არ შეიძლება, რაღაც სხვას უნდა გაუყოს, გაუზიაროს და ა.შ. პატარა ადამიანისთვის ეს დიდი სტრესია, რაც ოჯახში არასწორი აღზრდის შედეგია. ახალ გარემოში მოხვედრისას ბავშვს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ ისწავლოს ამ გარემოში დამკვიდრებული წესების შესრულება. ყოველ აკრძალვაზე, დიდი ალბათობით, მას ძლიერი ემოციური რეაქცია ექნება. მოსალოდნელია ისტერიული გამოვლინებები იმ ბავშვებში, რომლებიც მიეჩვივნენ, რომ მათ ცრემლებზე ოჯახში ნებისმიერი მათი სურვილის შესრულებით რეაგირებდნენ. პატარები, რომლებსაც მშობლები ყველაფრის ნებას რთავდნენ, უკიდურესად რთულად ეგუებიან თანატოლებს ჯგუფში. ეს კი, თავის მხრივ, სერიოზულად ართულებს არცთუ მარტივ ადაპტაციის პერიოდს ჯერ საბავშვო ბაღთან, მოგვიანებით კი სკოლასთან. მშობლებს, რომლებიც ყველაფრის უფლებას აძლევენ ბავშვს, ძალიან უჭირთ აღზრდაში დაშვებული შეცდომების მოგვიანებით გამოსწორება.

 

რა თქმა უნდა, ბავშვს სჭირდება აკრძალვები და სწორედ ამიტომ უწესებენ მშობლები, საკმაოდ ადრეული ასაკიდან საკუთარ შვილებს მოქმედების საზღვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღზრდაზე ვერც ვისაუბრებთ, მაგრამ როგორ ავუკრძალოთ ბავშვს სწორად:

 

  • აკრძალვები არ უნდა იყოს ხშირი და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიყენოთ ის. წინააღმდეგ შემთხვევაში აკრძალვა ბავშვის მიერ შეიძლება შეურაცხყოფად იქნეს აღქმული;
  • ჩვენი აკრძალვები უნდა იყოს დასაბუთებული და, რაც მთავარია, „არ შეიძლება“ უნდა ვრცელდებოდეს ოჯახის ყველა წევრზე. მაშინ ბავშვს ეცოდინება, რა საზღვრები არ უნდა გადალახოს;
  • შევეცადოთ ჩვენ თავად არ გავუკეთოთ მოდელირება იმ ქცევას, რომელსაც ბავშვს ვუკრძალავთ; გავითვალისწინოთ, რომ პატარა დაკვირვებით და უფროსების მიბაძვით უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე ჭკუისდამრიგებლური საუბრების მოსმენით. თუ ბავშვს კომპიუტერულ თამაშებს ვუკრძალავთ, მაგრამ ჩვენ თავად შესაძლებლობას არ ვუშვებთ ხელიდან, რომ ამ საქმით დავკავდეთ, ბავშვი ადვილად დაარღვევს დაწესებულ აკრძალვებს და გააკეთებს იმას, რაც მას სურს;
  • აკრძალვების დაწესების დროს მშობლები უნდა მოქმედებდნენ შეთანხმებულად და თანმიმდევრულად. თუ ერთი მშობელი ბავშვს უკრძალავს რაიმეს, მეორე კი – ნებას რთავს, დაწესებული აკრძალვა ვერ იმოქმედებს; ბავშვი აღარ ენდობა დადგენილ შეზღუდვებს და მშვიდად არღვევს ჩვენ მიერ მიწოდებულ წესებს. ასევე უარყოფითი გავლენა ექნება აკრძალვებზე ჩვენს არათანმიმდევრულ მოქმედებას. თუ ჩვენ ბავშვს დღეს, ცუდ ხასიათზე ყოფნის გამო, ვუკრძალავთ ისეთ რამეს, რაც სულ ცოტა ხნის წინ ნებადართული იყო მისთვის, ჩვენი აკრძალვა უშედეგო აღმოჩნდება. დადგენილი წესები არ უნდა იცვლებოდეს ჩვენი გუნება-განწყობის მიხედვით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღზრდა გარკვეული აკრძალვების გარეშე წარმოუდგენელია. ბავშვის ფსიქიკა საჭიროებს წესებს, მაგრამ ისინი არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი. მუდმივი აკრძალვა და „არ შეიძლება“ აფერხებს ბავშვის აქტივობას, კლავს მასში ცნობისმოყვარეობას, ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება მის განვითარებაზე.

 

 

ბეხვერია მამაო

0

ჩვენ უფრო მოლაპარაკე, მჭევრმეტყველი მოძღვრები გვამახსოვრდება. მამა გიორგი გულორდავა მოსმენის ნიჭით იყო დაჯილდოებული, სულიერი შვილის გამოცდილებას დინჯად უგდებდა ყურს და იმახსოვრებდა. საკუთარი თავი არასდროს გაექცეოდა – რამდენჯერაც და სადაც კი მინახავს, არსად გაჭრილა წინ, სხვებისთვის თავი არ გადაუმეტებია. ერთადერთხელ, მორიდებით შეუსწორა მასზე უფროს კაცს, ვინც ონავარ შვილიშვილს ეფერებოდა და თან მამა გიორგის უყვებოდა მასზე:

– ეშმაკ ბაღანა რე, მამაო!

– ეშმაკ ვარ, პატონ, მარა ცხვანტ ბაღანა ქოოფე. – ეშმაკი არა, მაგრამ ძალიან ცელქი შვილიშვილი კი გყოლიათო, რომ უთხრა, ის კაციც გაიბადრა და მოძღვარმაც ერთი ხელისმოსმით ჩამოაშორა პატარა დაუდგრომელ ბავშვს „ეშმაკის“ (თუნდაც მოსაფერებელი) იარლიყი.

 

*

მამა გიორგი გულორდავა ბებიაჩემის მოძღვარი იყო და უკანასკნელი აღსარება ბებიაჩემმა სწორედ მას გაანდო, გულწრფელად და თავისი წარსულის დაუზოგავად. შემდეგში ჩვენთან მოსული მღვდელი ხშირად იგონებდა იმ განცდას, რაც აღსარების მოსმენისას დაეუფლა. იტყოდა, – თითქმის ვერ ვიხსენებ ადამიანს, თავის ცხოვრებაზე ასე ელაპარაკოსო. არ მიკვირს, სხვების და პირველ ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ უშეღავათო ვარო ბებიამ სწორედ მამა გიორგის რომ გადაუშალა გული, და იმანაც მისი სინანული და ყოფის ყველა ხეთქება ადამიანური თანალმობით მიიღო.

– ოხ, შენ წახვალ ეხლა და აქეთ არ გამოიხედავ, – ღიმილით მითხრა მანცხვარკარის ეკლესიის ეზოში, ოდნავ შემთვრალმა და შეყვარებულმა ჩემი თბილისში წასვლის ამბავი რომ ვუთხარი.

– არა, მამაო, რას ამბობთ?! ორ კვირაში ერთხელ აქ ვიქნები, შაბათის ლოცვებზე და კვირაობით, წირვაზე.

– ვაიშ მეტი!.. – ძალიან მომინდა, ბებიაჩემის საყვარელი სიტყვებით დაელოცა გზა, ჩემს ყველა დაქადნებას და ტრაბახს რომ მოაყოლებდა ბებიაჩემი, – რაღაც არ მჯერა შენი, მაგასაც ვნახავთ, რა ბიჭიც ხარო.

მან კი მხოლოდ გამიღიმა და ჯვარი გადამსახა.

 

*

შინაგანად მშვიდი იყო და მამაციც, ძველი მებრძოლი ქრისტიანივით, რომლებსაც წიგნიერ განათლებაზე მეტად გულში დავანებული რწმენა ამაგრებდათ და მიუძღოდათ წინ. ზუსტად არ მახსოვს, „ბეხვერია მამაო“ ვინ შეარქვა, მაგრამ მეგობრების წრეში ეს მეტსახელი რომ დატრიალდა, ყველამ მისი გარეგნული ფიგურის აღსანიშნავად კი არა (ბეხვერია მეგრულად ბუთხუზას ნიშნავს), დიდი გულის მქონე კაცის ზუსტ სიმბოლოდ აღიქვა.

„მიჰხედეთ ფრინველთა ცისათა, რამეთუ არა თესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, რადგან მამა თქუენი ზეცათა ზრდის მათ…. განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძინდის! არა ჰშურებიან, არცა სთავნ…“ – ეს სახარებისეული, ქრისტეს და ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება ხშირად გამხსენებია მამა გიორგი გულორდავაზე ფიქრისას. ერშიც შემხვედრია ასეთი ადამიანები, მაგრამ რასაც დავკვირვებივარ, მათ ბევრი არც უფიქრიათ ამაზე, ასე ცხოვრება არ განუზრახავთ, თვითმიზნად არ გაუხდიათ:

ისინი უბრალოდ იმ ჭურჭლებად იქცნენ, სადაც ქრისტემ თავისი ღვინო ჩაასხა.

 

*

მამა გიორგის ადამიანში სიკეთისა არ ეეჭვებოდა. ასე მგონია, ბევრი მღვდელი ხშირად ნაკლს ეძებს თავის სულიერ შვილში და ამით ჩვეულებრივ ადამიანს ემსგავსება, რომელსაც გადაცდომების მხილება ცოტათი მოსწონს კიდეც. ყველა რომ ცოდვილი ვართ და ამით სამუდამოდ გამოჭერილი, ეს გვაბრკოლებს კიდეც, რომ საკუთარ არსებობაზე მეტნი ვიყოთ. მამა გიორგის სიკეთის დანახვა და წაქეზება უყვარდა, მაგრამ ამას საოცარი გულღიაობით და დაუყვედრებლად აკეთებდა.

მისი ქადაგებები ხანმოკლე იყო და ამით თავის ძმას – სქურის მონასტრის ბერ იოანეს ჰგავდა, რომელიც ძალიან იშვიათად, მხოლოდ ძალიან საჭირო მომენტებში ამბობს სიტყვას, თითქოს ზედმეტადაც მიაჩნია ჭეშმარიტებაზე საუბარი, ჭეშმარიტების ჭარბი სიტყვებით განმარტებაო.

 

*

ერთხელ ვუთხარი, სახარებას ვკითხულობ და მგონი წესია, მოძღვარს უნდა შეუთანხმო-მეთქი. კი, წესია, ზომა და წონა უნდა დაიცვა კაცმა, მაგრამ შენ შეგიძლია არ დაიცვა… მაინც ვერ დაიცავო… ისე, ათასი ხარახურის კითხვას, ჯობია სახარება წაიკითხო, მადლი შემოვა, ის სიტყვები ჩვეულებრივი სიტყვები არ არისო…

 

*

მის დაკრძალვაზე ვერ ჩავედი. მიჭირს ჩემი ქალაქის ადამიანებთან გამოთხოვება, მათ გაქრობასთან შეგუება. ბევრი იტყვის, სხეული ქრება, საქმე და სახელი კი რჩებაო. იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ცოცხლად შეხვედრის სიხარული მგონი ჯერ არაფერს ჩაუნაცვლებია აქ, ამ მიწაზე, არაფერს დაუჩრდილავს.

რამდენიმე კვირის შემდეგ, თავსხმა წვიმაში შევედი მანცხვარკარის ეკლესიის ეზოში, ცა ფეხად ჩამოდიოდა, ვეცადე დიდხანს ვმდგარიყავი მამა გიორგის საფლავთან, წვიმა არაფრად ჩამეგდო, მთელ სხეულზე მოდებულ სისველეს არ გამოვექციე. ერთი სანთლის ჩაქრობისხელა დაყოვნება მაინც რა გახდა, ზოგჯერ ამის მოთმინებაც არ გაგვაჩნია, არადა მეტს მგონი არც არავინ ითხოვს ჩვენგან. არც ღმერთი. არც ადამიანი.

სტაჟირება, როგორც სასწავლო შემეცნებითი აქტივობა (ნაწილი მეორე)

0

„მასწ, რა მაგარ რამეს ვგეგმავთ, ნეტა გამოგვივიდეს!“ – ეს ფრაზა არასოდეს დამავიწყდება. იგი პროგრამის ერთ-ერთ მონაწილეს ეკუთვნის, რომელიც მაშინ წარმოთქვა, როცა პირველად მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რისი გაკეთება მოუწევდათ სტაჟირების დღის ფარგლებში.

თანამედროვე ქართული სკოლა ხშირად ხდება საზოგადოების კრიტიკის ობიექტი. შინაარსიანი კრიტიკის ნაწილია ის, რომ სკოლა და გარე სამყარო ერთმანეთისგან დაშორებულია და ჩაკეტილია საკუთარ კედლებში. არადა, სწავლა ხომ სიამოვნებასთან და ახლის აღმოჩენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. შთაგონებით სავსე შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც კონკრეტული გაკვეთილი, ასევე პროექტი ან/და არაფორმალური განათლების რიგითი აქტივობა.

სწორედ ასეთი შთამაგონებელი აღმოჩნდა მენტორინგის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობა – სტაჟირების დღე. მთელი კვირის განმავლობაში ვიღებდი მოსწავლეების ემოციებით სავსე წერილებს: „მას, დღეს რადიოს ეთერშიც მიმიწვიეს სტუმრად“, „მას, მე გადაღებაზე ვიყავი“, „მას, მე ვაკვირდებოდი, როგორ იღებდნენ პაციენტებს“…

  • ვისთან ვითანამშრომლეთ?

სტატიის პირველ ნაწილში მიმოვიხილე, რა არის სტაჟირების დღე და როგორ დავგეგმოთ ის. მენტორინგის პროგრამაში ჩართული მოსწავლეები, საკუთარი ინტერესებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით შემდეგ ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ:

  • მარნეულის ტელევიზია;
  • რადიო მარნეული;
  • მარნეულის N5 საჯარო სკოლა;
  • „ჯეოჰოსპიტალი“ მარნეულის ფილიალი;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია.

პროგრამაში ჩართულმა თხუთმეტივე მოსწავლემ შერჩეულ ორგანიზაციებში 4-6 საათი გაატარა. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, თუ მოგიყვებით მონაწილეთა შთაბეჭდილებებზე და გაგიზიარებთ მათ გულწრფელ ემოციებს.

სამაია, X კლასის მოსწავლე

სტაჟირების დღე იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, ახალგაზრდები ჯერ ცხოვრებისეული კიბის დაბალ საფეხურებზე ვართ და ნელ-ნელა ავდივართ მაღლა.  არამარტო სტაჟირება, არამედ მთელი მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და დიდი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება მომავალში ცხოვრებისეული კიბის მაღალ საფეხურებზე ასასვლელად.

აქტივობამ ცოტა დამაფიქრა პროფესიის არჩევაში. მე სულ იურისტობა მინდოდა. და როცა რადიოში წავედი, დავფიქრდი – ხომ არ ავირჩიო ჟურნალისტის პროფესია? მით უმეტეს იმ დღეს მოულოდნელად რესპონდენტიც გავხდი…

ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იქნება, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სტაჟირება სასურველი საგნის მიხედვით. პირადად ძალიან, ძალიან მომეწონება ასეთი რამ. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ჩემს თანაკლასელებსაც მოეწონებათ. რაც მთავარია, შეიძლება ბევრი ბავშვის აზბი მობრუნდეს სწავლისაკენ, გააქტიურებისკენ. ისინი ხომ დღეს თავიანთ თავს დაინახავენ – რას და როგორ გააკეთებენ მომავალში…

ქეთა, XI კლასის მოსწავლე

სტაჟირების დღე პირადად ჩემთვის იყო ძალიან განსაკუთრებული და ახალი გამოცდილებით სავსე. ბევრი რამ ვისწავლე. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, დავკვირვებოდი სამუშაო პროცესს მარნეულის ტელევიზიაში. აქამდე სტაჟირება მეგონა მხოლოდ ისეთი პროცესი, რა დროსაც მომიწევდა სამუშაოს შესრულება. ახლა კი გავიგე, რომ ეს ასე არ ყოფილა. სტაჟირების დროს, პირიქით უნდა დავაკვირდეთ და ვისწავლოთ რაღაც. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გავცნობოდი, როგორ მუშაობს ტელევიზია.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში. აქამდე არასოდეს მიფიქრია, რომ მე სკოლაშივე შემეძლო ისეთი აქტივობის გავლა, როგორიც სტაჟირებაა. სკოლაში ეს აქტივობა აუცილებელია, რადგან ბავშვი უფრო ახლოდან უნდა დააკვირდეს იმ გარემოს, სადაც შეიძლება მომავალში მოუწიოს საქმიანობა; ნახოს ის სირთულეები და გამოწვევები, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ საქმიანობასთან. შესაბამისად, ამ აქტივობის შემდეგ, შეიძლება დადებითისკენ ან უარყოფითისკენ შეიცვალოს მისი დამოკიდებულება სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ.

აქბარი, VIII კლასის მოსწავლე

 

ჩემთვის სტაჟირების დღე სიხარულითა და სიახლეებით იყო სავსე. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, განსხვავებული და განსაკუთრებული სხვა დღეებთან შედარებით. მე პირადად 5 საათი გავატარე საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში. ამ დროის განმავლობაში საინტერესო ამბებს შევესწარი. დავინახე, როგორ გადაჭრა მცირე დროში კონფლიქტური სიტუაცია მაღაზიის კონსულტანტმა, რა ხერხებს მიმართავდა მენეჯერი თანამშრომლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და ა.შ.

შესაბამისად, ამ აქტივობამ დამაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია სტაჟირების გავლა. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, სკოლის ფარგლებში, ან სკოლის ფარგლებს გარეთ ხშირად გვქონოდა ასეთი შესაძლებლობა. პირადად მე მონაწილეობას მივიღებდი დიდი სიამოვნებით.

თაზაგული, XI კლასის მოსწავლე

სტაჟირების დღე ჩემთვის სიახლეებით სავსე და ძალიან საინტერესო იყო. მეგობრებთან ერთად ვიყავი მარნეულის ტელევიზიაში. ახლოს გავეცანი ჟურნალისტების საქმიანობასა და მათი ცხვრების წესს. ამასთან,  მივიღე დიდი გამოცდილება.

ჩემი აზრით, სტაჟირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან პროფესიის არჩევის დროს მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ინფორმირებული მომავალში საქმიანობის სფეროს შესახებ. ამ აქტივობამ დამაფიქრა – შემიძლია თუ არა გავხდე ჟურნალისტი, მაქვს თუ არა ამისთვის ყველა საჭირო თვისება?!

თუ სკოლაში, რომელიმე საგნის, თემის ან საკითხის ფარგლებში გვექნება სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, მე პირადად ძალიან გამიხარდება, რადგან მეტი გამოცდილების დაგროვების საშუალება მექნება.

ხადიჯა, IX კლასის მოსწავლე

სტაჟირება გავიარე საავადმყოფოში, სადაც ძალიან განსხვავებული, საინტერესო და საოცნებო გამოცდილება მივიღე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე და სტაჟირებამ დამარწმუნა ჩემი არჩევანის სისწორეში. სტაჟირების პროცესი იმდენად ემოციური იყო, ვერაფერზე ვფიქრობდი, თუმცა მივხვდი, რომ ოცნების ასასრულებლად გრძელი გზა მექნება გასავლელი. ჩემს კლასელებს და არა მარტო კლასელებს, ასევე მეგობრებსაც, ძალიან მოეწონებოდათ და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებდნენ. სამწუხაროა, რომ მარნეულში ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ისეთ აქტივობაში, როგორიცაა სტაჟირების დღე.

 

სალომე, IX კლასის მოსწავლე

სტაჟირების პროცესი ძალიან საინტერესო იყო, გავიგეთ ბევრი რამ ამ სფეროსთან დაკავშირებით და მივხვდი, რომ სატელევიზიო გადაცემები, რომელთა მომზადება ძალიან მარტივი მეგონა, თურმე უზარმაზარ შრომას მოითხოვს. ასე რომ, სტაჟირების შემდეგ უფრო მეტად ვაფასებ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს და არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით მეც შევუერთდე მათ.

სტაჟირებისას უფრო ახლოს გავეცანი ტელევიზიაში მომუშავე ადამიანების საქმიანობას.

  • ამ აქტივობამ იმაზე დამაფიქრა, რამხელა ენერგია დევს თითოეულ ნაბიჯში;
  • ვფიქრობ, რომ სტაჟირების დღის ფარგლებში მიღებული გამოცდილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

სხვადასხვა ორგანიზაციებიდან დაბრუნებული მონაწილეები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ პრეზენტაციების, პოსტერებისა თუ ვიდეო რგოლების საშუალებით.

ვიდეო (გთხოვთ, ეს ვიდეო ისე ჩავსვათ, რომ გაიშალოს)

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ეს პროცესი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ეწვიონ მათ მიერ არჩეულ სამუშაო ადგილს და დააკვირდნენ პროფესიონალს მცირე დროის განმავლობაში. შედეგად ექმნებათ გარკვეული წარმოდგენა სამუშაო გარემოს შესახებ. ამავდროულად სწავლობენ სწორ კომუნიკაციას, თანამშრომლობას, იფართოებენ თვალსაწიერს პროფესიებისა და საჭირო უნარების შესახებ.

სტაჟირება, როგორც სასწავლო შემეცნებითი აქტივობა (პირველი ნაწილი)

https://mastsavlebeli.ge/?p=29505

არგუმენტირებული ესე – რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის (მეორე ნაწილი)

0

წინა წერილში ვწერდით ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტული ტესტის არგუმენტირებული ესეების მიმოხილვასა და სტრუქტურაზე და წარმოვადგინეთ ერთი ნიმუში. ამჯერად კი გვსურს ყურადღება შევაჩეროთ ესეს მოცულობასა და შინაარსზე. მართალია, ესეს მითითებას ახლავს შენიშვნა, რომ ნაშრომი არ გასწორდება, თუკი მსჯელობა შემოიფარგლება ოთხი-ხუთი წინადადებით, ხოლო ნაშრომი, რომლის მოცულობა არ აღემატება 120 სიტყვას, ენობრივი თვალსაზრისით არ შეფასდება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არამცთუ 4-5 წინადადებისგან შემდგარი, არამედ 120-200 სიტყვით შემოფარგლული ესე ვერ ამოწურავს პრობლემის გარშემო დამაჯერებელ მსჯელობას და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიმსახურებს მაღალ შეფასებას. თუკი აბიტურიენტი ამომწურავად იმსჯელებს პრობლემის მიმოხილვასა და გენეზისზე, მის გარშემო გავრცელებულ ურთიერთსაპირისპირო თეზისებზე და არგუმენტირებული მსჯელობით შეეცდება, რომ ორივე თვალსაზრისის მომხრეთა პოზიციები შეაჯეროს, საკუთარი პოზიცია ნათლად გამოკვეთოს და მოიფიქროს რეკომენდაციები პრობლემის დასაძლევად, ამგვარი ამომწურავი ნაშრომის სავარაუდო მოცულობა 300 სიტყვაზე ნაკლები მაინც არ უნდა იყოს.  საუკეთესო ვარიანტი იქნება 400-500-სიტყვიანი მოცულობა.

ადვილია ესეს სტრუქტურის დასწავლა, თუმცა ამგვარ სქემებს, რომელთაც მასწავლებლები ხან ხარაჩოს, ჩარჩოს, გეგმა-პროსპექტს, ხან რას და ხან რას ვუწოდებთ, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და არავინ ითხოვს, რომ აბიტურიენტი მიჯაჭვული იყოს მშრალ სქემებს, პირიქით, რამდენადაც მეტად თავისუფალ, ორიგინალურ, ინდივიდუალური ხელწერით აღბეჭდილ ნაშრომს შექმნის, მით უფრო მაღალი შეფასების კანდიდატი გახდება. ეს სქემები შექმნილია ახალბედა, გამოუცდელი, ესეს სტრუქტურისა და შინაარსის არმცოდნე მოსწავლეების ხელშესაწყობად, რომ ადვილად ისწავლონ ნაშრომის აგების ტექნიკა, წინასწარ გამზადებული სქემა ეფექტურად დაიხმარონ. თუმცა არიან მაღალი სააზროვნო უნარების, სათანადოდ ინფორმირებული აბიტურიენტები, რომლებიც კარგად ერკვევიან გლობალურ, ლოკალურ თუ ჰუმანისტურ პრობლემებში, უსმენენ საინფორმაციო არხებს, ამუშავებენ და ფილტრავენ ინტერნეტით მოპოვებულ ინფორმაციებს, ეძებენ დამატებით რესურსებს ცოდნის შესავსებად, ფიქრობენ და აქტიურად  მონაწილეობენ დისკუსიებში სასკოლო თუ არაფორმალურ გარემოში და ამით ივითარებენ უნარებს. აბიტურიენტს უნდა შეეძლოს პრობლემის არსში წვდომა, მისი ღრმად გააზრება, ერკვეოდეს, თუ როგორია საზოგადოებრივი აზრი ამა თუ იმ თემის გარშემო, შეძლოს ადეკვატური კითხვების დასმა, პრობლემის ანატომიაში წვდომა, საკითხების მარკირება და სორტირება, აკადემიური და არგუმენტირებული პოლემიკა ოპონენტთან. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ესე არ არის მარტივი დავალება, თანაც აბიტურიენტები ხშირად ჩივიან, რომ ესეს თემა შესაძლოა მათთვის აღმოჩნდეს სრულიად უცხო, უცნობი, გაუგებარი, არ იცნობდნენ არც განსხვავებულ თვალსაზრისებს საკითხის გარშემო. თანაც ლიტერატურული ტექსტის საანალიზო თხზულებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ არჩევანი ესეს მოცემულობებში. ტესტი მოიცავს მხოლოდ ერთ დავალებას და ესეს მაქსიმალური შეფასება –  24 ქულა ტესტის მაქსიმალური შეფასების (70 ქულა) 16.8%-ია.

თანამედროვე მაღალკლასელთა პრობლემა ისაა, რომ მიჯაჭვულები არიან სოციალურ ქსელებს, ელექტრონულ თამაშებს, ხშირად უგემოვნო ტელესერიალებს, რასაც მიაქვს მთელი მათი დრო და ენერგია, აღარ რჩება რესურსები საიმისოდ, რომ იკითხონ წიგნები, ნახონ ხარისხიანი მხატვრული და შემეცნებითი ფილმები, ვიდეოები, მოისმინონ ლექციები, დაინტერესდნენ მსოფლიო სიახლეებით და გამოეხმაურონ საყოველთაო პრობლემებს, ჰქონდეთ საკუთარი შეხედულებები  და პოზიცია სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.  ამ რეალობის გათვალისწინებით, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ დაინტერესდნენ სიახლეების არხებით, მოისმინონ ინფორმაციები და შეივსონ ცოდნა იმ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, რაც თანამედროვე ადამიანს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

არგუმენტირებული ესე შეიძლება შეეხებოდეს ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, სამართლის, ადამიანის უფლებათა, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ თემებს. მაგალითად, როცა ესე მოითხოვს, რომ აზრი გამოვთქვათ სამუზეუმო  ექსპონატების საზღვარგარეთ გატანასთან ან ტურიზმთან, ქალთა უფლებებთან/გენდერულ საკითხებთან, გლობალიზაციის, ტერორიზმის, დემოკრატიის, კულტურათა დიალოგისა ან მასმედიის როლთან დაკავშირებით, ამგვარ ფართომოცვით თემებთან დაკავშირებით საჭიროა არა დილეტანტური და ზედაპირული ცოდნა, არამედ საკითხებში ჩაღრმავება და თუ აბიტურიენტს ამგვარ თემებზე არასდროს არავისთან ჰქონია პოლემიკა/დებატები, არ უმსჯელია და არ დაუსვამს კითხვები, აქტიურად არ მიუღია მონაწილეობა სასკოლო პროექტებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, მაშინ კომპეტენტური მსჯელობები გაჭირდება. ესეს წერას ჯერ კიდევ საბაზო საფეხურიდან ვსწავლობთ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ მე-12 კლასში, რამდენიმე თვეში ესეს წერის სწავლა რთულია.

რაც შეეხება ადამიანის ინტერესებთან, მის შინაგან სამყაროსთან, ქცევებთან, მორალთან დაკავშირებულ თემებს, აქ დიდწილად გამოგვადგება ლიტერატურის ცოდნა, რადგან მხატვრულ ტექსტებში ადამიანური პრობლემები ოსტატურად აისახება. ავიღოთ ერთი რომელიმე პრობლემა, რომელიც ფართოდ არის ასახული ჩვენს მწერლობაში და შევქმნათ ნიმუში ესესი, რომელშიც უხვად დავიმოწმებთ ლიტერატურულ მაგალითებს.

მაგალითისთვის ავიღოთ ყველა ეპოქაში აქტუალური ორი თემა, რომელსაც მწერლობა უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა: 1. პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტი; 2. ავანტიურიზმი და დიქტატურა. ამ თემებთან დაკავშირებით ესეს მითითებები ჩამოვაყალიბოთ ამ სახით: 1. არსებობს თვალსაზრისი, რომ ვინაიდან პიროვნების კონფლიქტი მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან სიცოცხლისთვის საშიშია, უმჯობესია მას თავი ავარიდოთ; 2. არსებობს თვალსაზრისი, რომ ავანტიურიზმი და დიქტატურა საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობის პირდაპირპროპორციულად ძლიერდება. ვინაიდან წინა წერილში ესეს სრული ნიმუში შემოგთავაზეთ, შევეცადოთ ამჯერად აქ ვიმსჯელოთ მხოლოდ არგუმენტირების ნაწილზე.

მაგალითი I: ვინაიდან პიროვნების კონფლიქტი მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან სიცოცხლისთვის საშიშია, უმჯობესია მას თავი ავარიდოთ.

არგუმენტები და კონტრარგუმენტები:

იმ თეზისის მომხრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უმჯობესია პიროვნებამ საზოგადოებასთან დაპირისპირებაზე უარი თქვას, აპელირებენ სიცოცხლის უნიკალურობასა და განუმეორებლობაზე. ისინი აცხადებენ, რომ ადამიანის სიცოცხლის ფასად არაფერი ღირს. ნიკო ლორთქიფანიძე თავის ნოველაში „დადიანის ასული და მათხოვარი“ წერდა, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ზუსტად იმდენივე ღირს, რამდენიც – მთელი კაცობრიობისა. უმრავლესობას თავისი სამართალი აქვს, მას აქვს ძალა, მონოლითური ენერგია, რომლის დაძლევა ცალკე მდგომ, გარიყულ, მარგინალიზებულ ადამიანს არ შეუძლია და პოზიციების დათმობა გონივრულია. ამას მოწმობს ყველა მაგალითი ფილმებიდან და მწერლობიდან. პიროვნება ყოველთვის მარცხდება თემთან და მას ვერავინ დაუბრუნებს წართმეულ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ვერავინ აუნაზღაურებს დანაკლისს, უმჯობესია ის გაეცალოს კონფლიქტურ სივრცეს, იზრუნოს საკუთარ და ახლობელ ადამიანთა უსაფრთხოებაზე, თანამედროვე ადამიანი ორიენტირებულია კონფლიქტების დარეგულირებისა და ბედნიერებისკენ, სისხლისღვრა იდეისთვის არ არის საჭირო, ჯობია, ადამიანი დანებდეს საზოგადოებრივ კონიუნქტურას.

მოცემული თეზისის მომხრეებს მოჰყავთ უამრავი მაგალითი იმის საილუსტრაციოდ, რომ პიროვნების თემთან დაპირისპირება მთავარი გმირისთვის ტრაგიკულად სრულდება. ამის ნიმუშია ალუდა ქეთელაურის თავგადასავალი ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემიდან, მისივე „სტუმარ-მასპინძლის“ გმირების, ჯოყოლასა და აღაზას უსასტიკესი ხვედრი, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგის“ გმირის ჯერ თემიდან გარიყვა და შემდგომ სიკვდილით დასჯა. არამცთუ ასეთი მებრძოლ სულებს, თვით გიორგი ლეონიძის პერსონაჟ მარიტასავით უცოდველ და უწყინარ გმირებსაც კი, ვინც თანასოფლელთაგან განსხვავებულია, საფრთხე მოელის.

მოცემული თვალსაზრისის ანტითეზისის მომხრეები კი საუბრობენ ამაღლებულ იდეებზე, რომელთათვისაც თავგანწირვა ამ გმირებს უღირთ და როცა ადამიანისთვის გმირული სულისკვეთება სულმდაბლურ თვითგადარჩენასა და საკუთარ თავზე უარის თქმას წინ უსწრებს, მას უღირს თავგანწირვა. ამ თეზისის მომხრეები საუბრობენ იდეის უპირატესობაზე და ასკვნიან, რომ საზოგადოებას ყოველთვის ასეთი გმირები ავითარებენ, ხალხი მათგან სწავლობს. მოგვიანებით ხვდება თავის შეცდომას და ბაძავს  თავის მიერ უარყოფილ ადამიანს. ამის მაგალითია სწორედ „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალურ თავში მოთხრობილი ამბავი იმის შესახებ, რომ ჯოყოლას მიმართ უსასტიკეს თემს ლამის განუყრელ ხილვად ექცა ჯოყოლას, აღაზასა და ზვიადაურის შეხვედრა და ისინი დასახეს ვაჟკაცობის, დანდობის, სტუმარ-მასპინძლობის, გონიერების, ჰუმანიზმის, და-ძმობის მაგალითებად. პიროვნების მსხვერპლშეწირვის ფასად ხდება სწორედ საზოგადოების გაკეთილშობილება, გმირი ამას აცნობიერებს, მას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია, მან რომ თავისი იდეა უკან წაიღოს, მორალურად მოკვდება, რაც ფიზიკურ სიკვდილზე არანაკლები ტრაგედიაა. ასევე შეიძლება გავიხსენოთ შემთხვევები, როცა გმირი თემთან უსასტიკეს კონფლიქტში გამარჯვებული და ცოცხალი გამოდის. ამის მაგალითია რიჩარდ ბახის თოლია ჯონათან ლივინგსტონი, რომელმაც თემის აგრესია მიტევებით, სულიერი კათარზისითა და ახალი მწვერვალების დაპყრობით დაძლია, მიმდევრებიც გაიჩინა, მიუღწეველს მიაღწია და სრული ნირვანა მოიპოვა ცად ამაღლებით. თვით იგისაც, რომლის სიცოცხლე ახალგაზრდულ ასაკში ტრაგიკულად დასრულდა, უღირდა თავგანწირვა ამ იდეისთვის, რადგან სიკვდილის წინ იგი ხედავდა წელში გამართულ ზუს, ხილვაც ჰქონდა, ხედავდა მილიონობით სხვადასხვა ტომის ადამიანს, რომლებიც მომავალში გაიმართებოდნენ წელში და მისი იდეა საბოლოოდ გაიმარჯვებდა. იმდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს პიროვნება ეწირება, რომ გმირი უმალ სიცოცხლეს თმობს, ვიდრე ამაღლებულ იდეას.

მაგალითი II: ავანტიურიზმი და დიქტატურა საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობის პირდაპირპროპორციულად ძლიერდება.

არგუმენტები და კონტრარგუმენტები:

ავანტიურიზმი შესაძლოა უფრო მცირემასშტაბიანი იყოს, ვიდრე დიქტატურა, რომელიც ფართომასშტაბიან პოლიტიკურ რეჟიმებს გულისხმობს, თუმცა თუნდაც მცირე ლოკალში ამოზრდილი ავანტიურიზმი მაინც მასთან ახლოს არის ბუნებით, ყოველთვის მოიცავს საფრთხეს, რომ გადიდდეს, უმართავი და უკონტროლო გახდეს და შეიწიროს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა.

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მახინჯი სისტემები საზოგადოების გაუნათლებლობით, შიშითა და დაბალი ცნობიერებით სულდგმულობს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ხალხი უძლურია სასტიკისა და თაღლითური სქემების წინააღმდეგ.

პირველი თეზისის მომხრეები, რომელთა შორისაც მეც გახლავართ, საუბრობენ იმაზე, რომ დიქტატურა დასნებოვნებული საზოგადოებრივი წიაღიდან იშვება, ის სარგებლობს ხალხის სიბრმავით, ნელ-ნელა იკრებს ძალებს, ხალხი საფრთხეებს ვერ ამჩნევს, ან ამჩნევს, მაგრამ შიში და უვიცობა აიძულებს, რომ დაელოდოს მოვლენების განვითარებას, იცის, რომ საშიშია და უფრთხის საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლას, რასაც შემდეგ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. თუკი არ გამოჩნდა ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი და საპროტესტო მოძრაობა, ავანტიურიზმი და დიქტატურა მახინჯ ფორმებს იღებს და დგება ჟამი, როცა ის უკვე სისხლში ახშობს ყოველგვარ წინააღმდეგობას. პოლიკარპე კაკაბაძის პიესა „ყვარყვარე თუთაბერის“ გმირი, ავანტიურისტი ყვარყვარე ამბობს, რომ ხალხი ჯოხს თვითონ გაძლევს, რომ გაროზგო, უბრალოდ ჭკვიანურად უნდა ურტყა. განა ამის მაგალითი არ არის ჭაბუა ამირეჯიბის რომან „დათა თუთაშხიას“ გმირის, არქიფო სეთურის საქმიანობა და მის მონობაში მყოფი ბრბოს სიბრმავე?! რატომ გაჩნდა სტალინის კულტი საბჭოთა კავშირში ან ჰიტლერისა გერმანიაში? განა საზოგადოება ვერ ხედავდა, თუ რა სისხლიანი კალო დაატრიალეს ამ ადამიანებმა განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ, მაგრამ რაღაც უხილავი და გაუგებარი ძალა მართლაც რომ აბრმავებს, აყრუებს და ამუნჯებს საზოგადოებას, რითაც დიქტატორი სარგებლობს და უფრო და უფრო სასტიკ რეჟიმს აყალიბებს. ამის მაგალითი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროშიც კი ჩვენ თვალწინაა ჩრდილოეთ კორეის მმართველის სახით. კიმ ჩენ ინის რეჟიმი არის ტოტალიტარული რეჟიმების გამანადგურებელი ბუნებისა და საზოგადოების მოქალაქეობრივი თვითშეგნების სრული ნიველირების, უფრო კი სიკვდილის მაჩვენებელი. 37 წლის კაცმა მოახერხა, რომ მამისა და ბაბუის მიერ შექმნილი დიქტატურა უფრო და უფრო ოდიოზური და სასტიკი გახადოს და საზოგადოებაში პროტესტი საერთოდ მკვდარია.

ანტითეზისის მომხრეები საუბრობენ იმაზე, რომ დიქტატურას მოაქვს წინასწარ გამზადებული სქემები, რომლებთან დაპირისპირებაც რთულია, სიცოცხლისთვის საშიშია და საზოგადოებაც ნელ-ნელა უძლურდება. რეჟიმი კიბოს დასნებოვანებული უჯრედებივით ედება ყველაფერს, ნელ-ნელა იპყრობს ყველა სეგმენტს, ქმნის იდეოლოგიურ თუ სადამსჯელო მანქანებს, რომელთა გამოყენებითაც ახშობს საზოგადოებრივ მღელვარებას. ასე რომ არ იყოს, შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე საზოგადოებაში დიქტატურის არსებობა. გავიხსენოთ ჩვენს უახლოეს სამეზობლოში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები, რომლებიც წამებში ანადგურებენ წინააღმდეგობის მოძრაობის ყოველგვარ აქციას. ლუკაშენკოს რეჟიმმა სულ ახლახან  მსოფლიოს თვალწინ ათენიდან ევროპაში  მიმავალი „რაინეარის“ თვითმფრინავი იძულებით დაასმევინა მინსკში და დააპატიმრა ბელორუსული ოპოზიციის აქტივისტი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი. ამ გამაოგნებელ ფაქტს გამოეხმაურა ევროპაც და ამერიკაც, მაგრამ რეჟიმთან ბრძოლაში უძლურია ყველა.

მოცემული თვალსაზრისებიდან ორივე შეიცავს სიმართლის რაციონალურ მარცვლებს, თუმცა ცალსახად უნდა ითქვას, რომ საზოგადოების გულგრილობა, გაუნათლებლობა, შიში, დაბალი ცნობიერება აძლევს რეჟიმს ძალას. სოფლის სიბრიყვემ აქცია ჯაყო ჯივაშვილი სისხლისმსმელ წურბელად, არქიფო სეთურიც და ყვარყვარე თუთაბერიც. სოფლელები იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, რომ ყვარყვარეს ფიცრული ციხის დანგრევა და გაქცევა შეეძლოთ.

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ესეების წერისას აქტიურად დაიმოწმონ მხატვრული ტექსტები, რაც მათ ნაშრომს უფრო საინტერესოს, დამაინტრიგებელსა და ხატოვანს გახდის.

 

 

“ციფრული სკოლა-საქართველო” – ტექნოლოგიებით გაჯერებული სასწავლო გარემოს დანერგვისთვის

0

ბოლო ათწლეულია ტექნოლოგიებით გაჯერებული სასწავლო გარემოს დაგეგმვა-დანერგვის მნიშვნელობას არაერთი საერთაშორისო თუ ლოკალური პოლიტიკის დოკუმენტი აღწერს. საკითხის აქტუალობა კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა კოვიდ19 ეპიდემიისას, როდესაც სასწავლო გარემო ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

ეფექტიანი ტექნოლოგიებით გაჯერებული სასწავლო გარემოს დანერგვისას სკოლის დონეზე ცვლილებების მართვა მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა ციფრული ინფრასტრუქტურა პედაგოგიკის საუკეთესო საჭიროებებსა და გამოწვევებს მოერგოს. ხშირ შემთხვევაში, არა ციფრული ტექნოლოგიების ნაკლებობა, არამედ ამ ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენებაა პრობლემა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ: რამდენად ემსახურება ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენება მოსწავლის სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას; როგორ ხდება ინოვაციური პრაქტიკის დანერგვა ისე, რომ მოსწავლის ყოველდღიურ სასწავლო გამოცდილებას შეადგენდეს და არა „საჩვენებელი“ გაკვეთილების ნუსხას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ვერაფერს ცვლის. სკოლის დონეზე ციფრული სტრატეგიის ზუსტი განსაზღვრა, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტია.

პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, სკოლის დონეზე ციფრული სტრატეგიისა და თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „დიჯისოლთმა“ დაამუშავა ონლაინ კურსი “ციფრული სკოლა საქართველო“. კურსი დაინტერესებულ სკოლას დაეხმარება:

  • ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით სკოლის ციფრული მოწიფულობის თვით-შეფასება გააკეთოს, რათა ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პრაქტიკაში საკუთარი მიღწევები და გამოწვევები გააანალიზოს;
  • ჩამოაყალიბოს საერთო ხედვა სკოლის ციფრული სტრატეგიის შესახებ;
  • ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის ციფრული სტრატეგია შექმნას;
  • სკოლის ციფრულ დღის წესრიგს პოპულარიზება გაუწიოს სკოლაში, სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
  • ახალ ციფრულ ინსტრუმენტებსა და რესურსებს გაეცნოს ინოვაციური ციფრული სასწავლო პრაქტიკის დასანერგად;
  • ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად აქტივობები დაგეგმოს, განახორციელოს და შეაფასოს.

ონლაინ კურსი 4 მოდულს მოიცავს შესაბამისი მასალებით:

  1. სკოლის ციფრული ინოვაციები: რა, რატომ და როგორ;
  2. სკოლის ციფრული განვითარების თვითშეფასება;
  3. ცვლილებების დიზაინი;
  4. ციფრული ინოვაციური პროექტის პოპულარიზება სკოლაში.

კურსში მონაწილეობა და მასალების გამოყენება ნებისმიერ დაინტერესებულ სკოლას შეუძლია მისთვის მოსახერხებელ დროს და დამოუკიდებლად.

 

ჟურნალ “სკოლის მართვის” 2021 წლის მეორე ნომერი გამოიცა

0

საინტერესოა, როგორი უნდა ყოფილიყო საუკუნისწინანდელი სკოლის დირექტორი,

ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდა ქალი, ზაქარია ფალიაშვილის, ვანო
სარაჯიშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილისა და სხვათა მეგობარი, რომელმაც თავის
სკოლაში მასწავლებლად სულ ახალგაზრდა, პროგრესული იდეებით შეპყრობილი
დიმიტრი უზნაძე მიიწვია და, მასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, სრულიად
ახალი, განსხვავებული რეალობის შექმნა დაიწყო…
დიახ, ამ ნომერში მარიამ ყაუხჩიშვილს გაგაცნობთ, რომელსაც თამამად შეგვიძლია
ვუწოდოთ ქართველი მარია მონტესორი. მისი დახმარებით, კიდევ ერთხელ და ერთად
გავუსწოროთ თვალი არცთუ ისე შორეულ წარსულს და ერთად დავფიქრდეთ, რა იწვევს
იმას, რომ საუკუნისწინანდელი საგანმანათლებლო მიზნები და აქტუალური საკითხები
დღესაც უცვლელი და აქტუალურია…
წინამდებარე ნომერი რამდენიმე საკითხის შესახებ დაგაფიქრებთ – სკოლების დაფი-
ნანსების რა მოდელები არსებობს და ახდენს თუ არა გავლენას სკოლების დაფინან-
სების ესა თუ ის მოდელი განათლების ხარისხზე; გთავაზობთ კვლევას საქართველოში
სკოლების დაფინანსების რამდენიმე საკითხის შესახებ.
სასწავლო წლის ბოლოს, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლიდით დისტანციური სწავ-
ლების კვლევას და, განვლილი ურთულესი წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით,
გიზიარებთ რეკომენდაციებს სკოლის დირექტორებისათვის, როგორ გავუმკლავდეთ
პანდემიით გამოწვეულ რეალობას.
მოცემული ნომრისთვისაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია სასკოლო პროექტების
საკითხები – როგორ ვმართოთ სასკოლო პროექტები, რა გავლენას ახდენს, ჩვენი მას-
წავლებლებისა და სკოლის ხელმძღვანელების აზრით, სასკოლო პროექტები მოსწავ-
ლეთა სოციალურ თუ აკადემიურ უნარებზე; გაგაცნობთ სასკოლო პროექტების ყველაზე
მასშტაბურ ევროპულ პლატფორმას – eTwinning-ს და მასში გაწევრიანებისთვის საჭირო
პროცედურებს, იმ იმედით, რომ საქართველოდან უფროდაუფრო მეტი სკოლა გამოთქ-
ვამს მზაობას, შეუერთდეს eTwinning-ის დიდ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს და
უცხოელ კოლეგებთან ერთად მოიფიქროს და განახორციელოს სასკოლო პროექტები.
დაბოლოს – გილოცავთ ურთულესი სასწავლო წლის დასრულებას! ამ წელმა ბევრი რამ
გვასწავლა ყველას, მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ,
ისაა, რომ თითოეული ჩვენგანი იმაზე მეტ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ვიდრე
აქამდე გვეგონა და რომ ამ გამარტივებული სოციალიზაციის საუკუნეშიც ადამიანისთვის
ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი მაინც ადამიანია…

მთავარი რედაქტორი: ნათია ნაცვლიშვილი

ამ ნომერში წაიკითხავთ:

სკოლის მართვა#2

კორექტორი– მაია წიკლაური
დიზაინერი–  ბესიკ დანელია

ნომრის ავტორები 

ლელა მახოხაშვილი, ერიკ ა. ჰანუშეკი. ბერიკა შუკაკიძე, მაია არავიაშვილი, გურამ სულაქველიძე. ნონა პოპიაშვილი, ხატია მატკავა, დენის წურწუმია, სალომე ცხვედიანი.


სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე
განათლების დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორი
მანანა რატიანი
გეოგრაფიის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილე
დავით ხვედელიძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
მაია არავიაშვილი
სოციოლოგიის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროსი
ნატალია ინგოროყვა
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის
საინფორმაციო- საგანმანათლებლო და
მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
ხათუნა ბარაბაძე
პედაგოგიკის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მასწავლებლის პროფესიის
რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი
დენის წურწუმია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის
სამმართველოს უფროსი,
განათლების სამართლის მკვლევარი
კახა ჩხარტიშვილი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის
უფროსი

 

 

მზაკვრული კითხვები

0

90-იან წლებში ქართულ ბაზარზე ფეხსაცმლის ახალი ბრენდი გამოჩნდა. მომხმარებელთა სურვილების და ინტერესების კლევა მარკეტინგულ კომპანიას მიანდეს. ინტერვიუერმა წინასწარი შერჩევითა და ბიჯის დაცვით თბილისის გარეუბანში მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა, დიასახლისს კვლევის მიზანი გააცნო და თანხმობაც მიიღო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ არ გაისმა შეკითხვა – „ბოლოს როდის შეიძინეთ ფეხსაცმელი?“ რესპონდენტმა, პასუხის ნაცვლად, პირი სამზარეულოსკენ იბრუნა და  ქმარს გასძახა –  კაცო, გესმის? უკვე ხალხი  მოდის და მეკითხება, ახალი ფეხსაცმელი როდის ვიყიდე და შენ კიდევ ეს საერთოდ არ გაღელვებსო. ატყდა ერთი აყალ-მაყალი, მადარდებს-არ გადარდებს, ძველებია-ახლებია, ზამთრისაა-ზაფხულისაა და ინტერვიუ ნაადრევად დასრულდა. მხოლოდ წარმოსახვას თუ მივანდობთ იმასაც, რას უპასუხებდა წყვილი მაქს ფრიშის შეკითხვას – „თქვენი ნება რომ ყოფილიყო, ცოლქმრობას გამოიგონებდით?“ – ან თუ დაემთხვეოდა მათი პასუხები ერთმანეთს.

„კითხვარი“ შვეიცარიელი მწერლის უპასუხო კითხვების კრებულია, რომელიც  აღმოსავლეთ ბერლინის გამომცემლობამ, „ფოლკ უნდ ველტმა“, პირველად ავტორის სიცოცხლეშივე დაბეჭდა. მართალია, მთელი ტირაჟი საახალწლო საჩუქრებად იყო გათვალისწინებული, მაგრამ რამდენიმე ეგზემპლარი მაინც გაიყიდა. 1974 წელს, როდესაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ფრიშს საკუთარი კითხვები დაუსვეს, ასე უპასუხა:  „ეს კითხვები, რომელთაც ახლა თქვენ მისვამთ, რასაკვირველია, მზაკვრული კითხვებია, კითხვები, რომლებსაც მე ვერ ვპასუხობდი და არც სხვა მინდა ვაიძულო, მათ უპასუხოს. მე მხოლოდ მინდოდა, ყურადღება გამემახვილებინა ამ კითხვებზე.“

მიუხედავად ამისა, „კითხვარის“ გაცნობის შემდეგ ბევრ მკითხველს უჩნდებოდა სურვილი, საყვარელ მწერალს შეხმიანებოდა და მისთვის პასუხები გაეგზავნა, ჟურნალ-გაზეთები კი გამზადებულ კითხვებს ინტერვიუებისთვის იყენებდნენ. კრებულის განსაკუთრებული პოპულარობა მაინც გამომცემლობა „ზურკამპს“ უკავშირდება, რომელმაც 1992 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 11-ის ნაცვლად 14-კითხვარიანი კრებული გამოსცა და ტირაჟი არაერთხელ გაიმეორა.

იმედი, მორალი, ალკოჰოლი, ქალები, ცოლქმრობა, ტექნიკა, ფული – თითოეული თემატური კითხვარი 25-მდე კითხვას აერთიანებს. შესაძლოა, ზოგი შეკითხვა ჩემსავით შეუსაბამოდ მიიჩნიოთ, ზოგიერთი რიტორიკულად მოგეჩვენოთ, ზოგმა კი ისე გაგაღიზიანოთ, რომ ერთ კითხვარს თავიდან ბოლომდე ვერც მიჰყვეთ, მაგრამ მათი ნაკრებიც არანაკლებ საინტერესო საღამოს გაგატარებინებთ.

 

  1. შეგიძლიათ ადამიანის არსებობის (ანუ პირველი სამყაროს) წარმოდგენა უკომპიუტეროდ?

არა, გულს ხომ ვეღარ გამოვაცლით სამყაროს, რომელიც ასე იწერება: < და 3 ერთად.

  1. მორალისტურ სიზმრებს ხედავთ?

მხოლოდ ცხადში.

  1. გეშინიათ სიკვდილის? რა ასაკიდან?

არ მახსოვს თავი ამ ფიქრის გარეშე. თავი 3-4 წლიდან მახსოვს.

  1. რას უპირისპირებთ შიშს?

მაცოცხლებელ შეცდომებს იმის შიშით, რომ მათ ჩადენას ვეღარ მოვასწრებ.

  1. გიყვართ ღობეები?

მხოლოდ ტრიფოლიატის და იმგვარად გაკრეჭილი, შარა-გზაზე მიმავალი ადამიანი რომ არ დაფაროს – მიესალმო, მოგესალმოს.

  1. რატომ გსიამოვნებთ სხვისი დასაჩუქრება?

სიყვარული უფრო ხელშესახები რომ ხდება, იმიტომ.

  1. რა მოგწონთ ახალ აღთქმაში?

ახალი აღთქმის წიგნის ყდა ძაღლმა შემიჭამა, სხვა რა დაეწუნება.

  1. თქვენთვის სამშობლოს აქვს დროშა?

მუქი მწვანე, ნარინჯისფერი ყვავილებით, დედაჩემის ძველი კაბისგან შეკერილი.

  1. აღიქვამთ დედამიწას მშობლიურად?

პანდემიისგან ამაზე უკეთესს რას უნდა ველოდოთ?!

  1. გიფიქრიათ ემიგრაციაზე?

მხოლოდ იმიტომ, რომ გაზაფხულზე რიგის ქუჩის წაბლების ყვავილობისას მეტი სიხარული ვიგრძნო.

  1. გინდათ, იყოთ უკვდავი?

არა და საამისოდ არც არავის გავიმეტებდი.

  1. როგორ იხსენიებთ დაკარგულ მეგობრებს?

როგორც ძველ მეგობრებს.

  1. დავუშვათ, გწამთ ღმერთის: იცით რაიმე იმის მანიშნებელი, რომ მას იუმორის გრძნობა აქვს?

ჰომო ერექტუსი ხანდახან ისევე სასაცილოდ მეჩვენება, როგორც უკანა თათებზე მოსიარულე ძაღლი.

  1. მიგაჩნიათ, რომ კარგი მეგობარი ხართ?

დიახ, რადგან ყოველდღიურად არავის ვეხმიანები.

  1. რამდენი ფული გინდათ, რომ გქონდეთ?

უკვე შეგვიძლია, იმ თანხას ნიგვზით შეკმაზული დიყისა და ქაცვის კომპოტის საფასური გამოვაკლოთ.

  1. გიცხოვრიათ ნაღდი ფულის გარეშე?

დიახ, მაშინაც კი, როდესაც პლასტიკური ბარათები არ არსებობდა.

  1. გაქვთ საიქიოს იმედი?

უიმედოდ არ ვუყურებ, მაგრამ არ ვიცი, რა საჭიროა ასე შეწუხება.

  1. რის იმედით მოგზაურობთ?

იმის იმედით, რომ ერთხელაც მუზეუმში გულშეწუხებული არ გავიშხლართები და მოფერიანებულს ჩემი ქმარი არ მეტყვის, ბილეთების ჯიხურთან გამოფენის დათვალიერების კი არა, „კოიკის“ ფასი უნდა გვეკითხაო.

  1. ხელოვნების ნიმუშებს აგროვებთ?

დიახ, მუზეუმებში წასასვლელად გული რომ გავიმაგრო.

  1. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ცოლქმრული ცხოვრება უიუმოროდ?

წეღან სწორედ ამას მოგახსენებდით.

  1. როგორ ხვდებით, რომ გიყვართ?

მაქს, მაქს…

  1. გინდათ, რომ აბსოლუტური მეხსიერება გქონდეთ?

რა თქმა უნდა, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი აღარავის სჯერა.

  1. რის გამო ხართ მადლიერი?

თუნდაც იმის გამო, რომ მეგობარმა თითებით სტვენა მასწავლა.

  1. რა გირჩევნიათ, მკვდარი იყოთ, თუ კიდევ ცოტა ხანს იცოცხლოთ, როგორც ჯანმრთელმა ცხოველმა? რომელი ცხოველი იქნებოდით?

ვაკის პარკის ციყვი.

  1. რატომ არასოდეს ტირიან მომაკვდავები?

ალბათ იმიტომ, რომ არაფერი მთავრდება ისე, როგორც იწყება.

P.S. ბოლოს ახალი ფეხსაცმელი მაისში შევიძინე. ასე სრულდება ხოლმე ჩემი ყოველი მცდელობა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით თავი მოვიწონო. სახლში მისვლამდე მაღაზიაში შევივლი, ქალამნებს მოვირგებ და გზას ისე ვაგრძელებ. ბატონო? კიდევ მკითხეთ რამე?

 

რატომ არის სკოლების დახურვა ბოლო გამოსავალი

0

სკოლები უნდა გაიხსნას რისკების შეფასებით — ვითარების მონიტორინგით, განსაკუთრებით კორონავირუსული ინფექციის შტამებზე დაკვირვებით ­— და სკოლების დახურვა უნდა იყოს ბოლო გამოსავალი.

ბევრ განვითარებად ქვეყანაში სკოლები უკვე წელიწადზე მეტია, რაც სრულად ან ნაწილობრივ დახურულია. UNESCO-ს მონაცემებით 2021 წლის 29 მარტის მდგომარეობით სკოლები ყველაზე ხანგრძლივად ბანგლადეშში — 47 კვირით დაიხურა. მას მოსდევს მიანმარი, 43 კვირის განმავლობაში დახურული სკოლებით და ფილიპინები — სასწავლო დაწესებულებების 33 კვირიანი კარანტინით. მსოფლიოში სკოლების ნაწილობრივი დახურვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ნეპალს (53 კვირა) და განსაკუთრებით ხანგრძლივად ბავშვებს სახლში ყოფნა განვითარებად სამხრეთ აზიაში მოუწიათ.

აზიის განვითარებად ქვეყნებში კოვიდ-19-ის შტამების გავრცელებასთან ერთად, პოლიტიკის სპეციალისტები შესაძლოა, სკოლების დახურვის გახანგრძლივებაზეც  ალაპარაკდნენ, მაგრამ რამდენად მართებულია ეს მიდგომა?

ზოგს მიაჩნია, რომ სკოლები არ უნდა გაიხსნას მოსახლეობაში მასშტაბური ვაქცინაციის  დასრულებამდე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავებას. თუმცა, ამ მიზნის მიღწევას დრო დასჭირდება, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, გართულებულია ლოგისტიკური საკითხები და არ არსებობს ვაქცინის განთავსების ეტაპობრივი მიდგომები, მით უმეტეს, რომ სკოლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ჯერ სრულად არ არის განვითარებული.

ამ ფონზე ისმის კითხვა: უნდა იყოს თუ არა განვითარებად ქვეყნებში სკოლების დახურვა პრიორიტეტი?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლების დახურვა ბოლო გამოსავალია. მისი მოსალოდნელი ეკონომიკური ხარჯი უზარმაზარია: აზიის განვითარების ბანკის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში მომავალი შემოსავლის მოსალოდნელი დანაკარგი საშუალოდ 1.25 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოსწავლე მომავალი შემოსავლიდან ყოველწლიურად 180 აშშ დოლარს დაკარგავს. გარდა ამისა, ბევრ განვითარებად ქვეყანაში გართულდა ონლაინ და დისტანციური სწავლების დანერგვა, რაც გამოწვეული იყო ციფრულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე არათანაბარი წვდომით. შედეგად, მრავალი ბავშვი სწავლის გარეშეა დარჩენილი.

აშკარა გრძელვადიანი ეკონომიკური დანაკარგებისა და სწავლების მზარდი უთანასწორობის მიუხედავად, ბევრს მაინც მიაჩნია, რომ ბავშვების კოვიდ-19-ისგან დასაცავად სკოლები უნდა დაიხუროს. მაშინ, როცა ბოლო კვირების განმავლობაში ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება კოვიდ-19-ის ახალი შტამები, კარანტინის გამოცხადება და სკოლების დახურვა ლოგიკურია, მაგრამ არის თუ არა სკოლების დახურვა კარგი გადაწყვეტილება ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იმ ქვეყნებში, სადაც რისკები შედარებით დაბალია?

ავსტრალიის, გერმანიის, იტალიის, კორეის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემები გვაჩვენებს, რომ სკოლების დახურვას მცირე ან არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებზე.

რეალობას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ სკოლების დახურვის გამო ბავშვები მუდმივად კარანტინში სულაც არ იმყოფებიან. ზოგიერთი მათგანი სახლებში ან სათამაშო მოედნებზე ხვდება მეგობრებს  და პირბადეებს არ ატარებენ. მაშინაც კი, როცა ბავშვები მუდმივად სახლში არიან, ბანგლადეშის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ღარიბი ოჯახებიც კი მიმართავენ რეპეტიტორების მომსახურებას სკოლის დახურვით გამოწვეული დანაკარგების ასანაზღაურებლად. ასეთმა ქცევამ შესაძლოა, გაზარდოს კოვიდ-19-ის გავრცელების რისკები როგორც ბავშვების, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის.

ზოგიერთ კვლევაში განხილულია, თუ რა გავრცელება ექნებოდა კოვიდ-19-ის ინფექციას, რომ არა სკოლების დახურვა. ავსტრალიის, გერმანიის, იტალიის, კორეის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემები გვაჩვენებს, რომ სკოლების დახურვას მცირე ან არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებზე. გამონაკლისს წარმოადგენს ისრაელი, სადაც სკოლების გახსნის შემდეგ კოვიდ-19-ის შემთხვევების მცირედი, ეტაპობრივი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა, არ გაზრდილა მასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები.

პოლიტიკის სპეციალისტები შესაძლოა, შემოგვედავონ, რომ განვითარებად ქვეყნებში კვლევების ნაკლებობაა და მონაცემთა შეგროვება ჭირს. ეს გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ქვეყნების სკოლებში შესაძლოა, ჯერ კიდევ არსებობდეს წყლისა და სანიტარული წერტილების კეთილმოწყობის პრობლემა. არ არის გამორიცხული საკლასო ოთახებში მოსწავლეთა მაღალმა სიმჭიდროვემ და მასწავლებლების მიერ გაკვეთილების ხშირმა გაცდენამ სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას ხელი შეუშალოს. პოლიტიკის სპეციალისტებმა შესაძლოა, ასევე მოიყვანონ არგუმენტი, რომ ზემოთ მოყვანილი ქვეყნების მონაცემები მოძველებულია და არ შეესაბამება კორონავირუსული ინფექციის ახალი ფორმების გავრცელების ტემპებს, რამაც შესაძლოა პედიატრიული ინფექციები გამოიწვიოს და ზოგიერთი შემთხვევა სკოლის ასაკის ბავშვების სიკვდილიანობითაც  დასრულდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის შტამები აქტიურად არ ვრცელდება, თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი დაკვირვება აწარმოოს სკოლების საპილოტე გახსნის გზით, თუმცა ცხადია, დაცული უნდა იყოს მოსწავლეთა უსაფრთხოების წესები. შეიძლება კოვიდ-19-ის ახალმა შტამებმა უფრო მეტ ბავშვზე  მოახდინოს ზეგავლენა, აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსული ინფექცია აუცილებელი არ არის, უკავშირდებოდეს სკოლების გახსნას. დახურული სკოლებით გამოწვეული შედეგი შესაძლოა, საკმარისი არ იყოს იმ გამოუსწორებელი ზიანის გასამართლებლად, რომელიც ბავშვებს  მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში მიადგებათ.

შესაძლოა, განვითარებადი ქვეყნების მონაცემები სწრაფად არ გამოვლინდეს, მაგრამ ხელმისაწვდომია უამრავი სახელმძღვანელო და მიღებული გამოცდილება, თუ როგორ უნდა გავხადოთ სკოლა უსაფრთხო, თუნდაც, მაგალითად, პირბადის ტარებით. შესაძლოა, რეკომენდაციების ზედმიწევნით შემსრულებელი სკოლები უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე ბავშვების სახლში დატოვება.

უდავოა, რომ სკოლების გახსნის შემთხვევაში საჭიროა სიტუაციის მონიტორინგი, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს კოვიდ-19-ის შტამების ზეგავლენაზე. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლების დახურვა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არ არის. სკოლების გახსნა რისკების შეფასებით უნდა გადაწყდეს და დახურვა უნდა იყოს ბოლო გამოსავალი.

 

ავტორები:

ჰიუნჩეოლ ბრაიანტ კიმი, ჰონგ კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სუნგსუპ რა, აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის ადამიანის და სოციალური განვითარების განყოფილების დირექტორი.

რიოტარო ჰაიაში, აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის სოციალური სექტორის სპეციალისტი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...