შაბათი, ივნისი 14, 2025
14 ივნისი, შაბათი, 2025

,როგორ განვავითაროთ მოსწავლის კრეატიული და კოგნიტური აზროვნება ისტორიის გაკვეთილზე

0

 

2018-2023 წწ. ესგ-ის საბაზო საფეხურის ისტორიის სტანდარტი მოსწავლისგან ისტორიული ეპოქის აღქმა/ანალიზს მოითხოვს, რაც სხვადასხვა ისტორიული ეპოქის არსებითი მახასიათებლების (სოციალურ-კულტურული განვითარება, რელიგია და მსოფლმხედველობა, სახელმწიფოებრივი განვითარება და პოლიტიკა) გამოკვეთას, ეპოქის უნიკალურობის ჩვენებას, თანამედროვეობასთან პარალელების გავლებას გულისხმობს. მასწავლებელს შეუძლია, ეფექტურად გადაჭრას სტანდარტის მოთხოვნები, თუ სწავლის პროცესში აქტიურად ჩართავს შემოქმედებითი ხასიათის დავალებებს.

როგორც ვიცით, შემოქმედებითი ხასიათის დავალებებიდან ძირითადად გამოიყოფა დავალებების ორი ჯგუფი: კოგნიტური (შემეცნებითი, აღქმითი) და კრეატიული დავალებები.

კოგნიტური დავალებები (შემეცნებითი, აღქმითი) მიმართულია მოსწავლის შემეცნებითი უნარების (შეკითხვების დასმის, მოვლენათა მიზეზების მოძიების, ექსპერიმენტების ჩატარების, გარემომცველი სამყაროს შეგრძნების) ფორმირებასა და განვითარებაზე, ხოლო კრეატიული დავალებები უზრუნველყოფს პიროვნების კრეატიული თვისებების ფორმირებას: ვარაუდის, ფანტაზიის, ახლის მოფიქრების უნარის განვითარებას.

როგორ შეიძლება მასწავლებელმა კოგნიტური და კრეატიული დავალებებით გავიდეს სტანდარტის შედეგებზე და თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი მოსწავლეებისათვის საინტერესოდ და სახალისოდ გააკეთოს.

I – კოგნიტური დავალებები

საგანი: ისტორია, კლასი: VII თემა: „ძველი აღმოსავლეთი

VII კლასში შედეგების მიღწევის შეფასების ინდიკატორებია: ძველაღმოსავლური პერიოდისთვის/ბრინჯაოს ხანისთვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების (დამწერლობა, სახელმწიფოებრიობა, რელიგიური სისტემები, „კომპლექსური საზოგადოება“) გამოკვეთა (ისტ. საბ.1,2,3,5,7,8,9,10,11,12).

 სავარაუდო აქტივობები:

1: ა) წაიკითხეთ ტექსტი. შეადგინეთ 3 შეკითხვა მოცემული ტექსტის გამოყენებით მიმართებაში; ბ) გადმოეცით, როგორ აიგო და რა მახასიათებლებით გამოირჩევა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება – ეგვიპტის პირამიდები; გ) რატომ არ დაკარგა გამოთქმამ – „ყველას ეშინია დროსი, ხოლო დროს ეშინია პირამიდების“ თავისი მნიშვნელობა დღესაც კი?

მაგალითი 2: „აღწერეთ კოგნიტური სქემა“: მოსწავლეები, მასწავლებლის მითითებით, ინფორმაციული ტექსტების დამუშავებისას ასრულებენ მსგავსი ტიპის დავალებებს (იხ. სურ.1):

1) ჯერ ავსებენ პირველ სვეტს – „სიტყვა/ცნება“ (აღსანიშნავია, რომ კოგნიტური სქემა გაკვეთილის სამივე ფაზაზე ივსება, აქედან პირველი სვეტი – გამოწვევის ფაზაზე);

2) შემდეგ მეორე სვეტს„მე მგონია“ და აქტიურად წამოაყენებენ ყველა იდეას, რომელიც თემას უკავშირდება, გამოთქვამენ ვარაუდებს;

3) ტექსტის კითხვისას მოინიშნავენ ყველა იმ ადგილს, რომელიც კოგნიტური სქემის შევსებისთვის სჭირდებათ და ავსებენ მესამე სვეტს – „ტექსტი ამბობს“;

4) მეოთხე სვეტში – „ილუსტრაცია“ – დაამატებენ თემის /საკითხის შესაბამის ვიზუალურ მასალას/ ნახატს/სიმბოლოს;

5) – ბოლოს მოსწავლეებს „გამოაქვთ დასკვნა“ და მოიყვანენ არგუმენტს, რატომ ფიქრობენ ასე.

სა /ცნება მე მგონია… ტექსტი ამბობს ილუსტრაცია გამომაქვს დასკვნა
სახელმწიფო      
უმაღლესი მმართველი      
სოციალური ფენები      
ჯარი/არმია      
ენა/დამწერლობა      
რელიგია და კულტურა      

 

          სურ. 1 – კოგნიტური სქემის ნიმუში ძველ ეგვიპტეზე

მოცემული აქტივობა – კოგნიტური სქემის აღწერა – შინაარსობრივად კომპლექსური ხასიათისაა. ის დიაგნოსტირების საშუალებას აძლევს მასწავლებელს და ეხმარება მოსწავლეს საკუთარი შედეგი დაინახოს „გარედან“, ამდიდრებს მოსწავლის ლექსიკურ მარაგს, ააქტიურებს აზროვნებას, გაგება-გააზრების-აღქმის უნარებს. შესაძლებლობას აძლევს მას, ამოიცნოს ძირითადი ინფორმაცია და მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი – ნასწავლი მასალა დააკავშიროს ყოფით ცხოვრებასთან. ამავე დროს დავალება აქტიური ინტერაქციით მიმდინარეობს, რადგან მისი შესრულების პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყნებენ როგორც ვერბალური, ისე არავერბალური აზროვნების უნარებს, ანუ მუშაობენ შემოქმედებითად.

II – კრეატიული დავალებები

ასეთივე განსაკუთრებულ შემოქმედებითობას მოითხოვს კრეატიული დავალებების შესრულება. ამ დროს სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ გააცნოს მოსწავლეებს დავალებების შესრულების სპეციფიკა და მოუყვანოს ნიმუშები. მაგალითად, კრეატიული დავალების კლასიკურ მაგალითად ითვლება შემდეგი პირობა: „1874 წელს პარიზში სამხატვრო გამოფენაზე წარადგინეს კლოდ მონეს ნახატი – „შთაბეჭდილება. ამომავალი მზე“. კრიტიკოსმა ლერუამ უარყოფითად შეაფასა ნახატი და თავის სტატიაში დამცინავად, „იმპერსიონისტებად“ (ფრანგულად impression – „შთაბეჭდილება“) მოიხსენია გამოფენის ყველა მონაწილე. ნახევარი საუკუნის შემდეგ მხატვრები ცდილობდნენ, მიეღოთ მსგავსი შეფასება არამარტო კრიტიკოსებისაგან, არამედ მხატვრობის მოყვარულთა მხრიდანაც.

დავალება: ა) თქვენი აზრით, თავის მხრივ, რა გააკეთეს იმპრესიონისტებმა კრიტიკოსების საპასუხოდ? ბ) რით გააკრიტიკებდნენ იმპრესიონისტები კრიტიკოსებს?

კრეატიულობაზე, აღქმაზე ორიენტირებული შემოქმედებითი დავალება საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გაიაზროს საკუთარი მიზანი, დაინახოს საკუთარი ზრდა და სწავლის შედეგი, შეაფასოს თანაკლასელების საგანმანათლებლო პროდუქტი.

მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაინახავს, როგორია მიდგომა კრეატიული დავალების შესრულების მიმართ, შესაძლებელია კონკრეტული დავალებების მიცემაც.

მაგალითი საბაზო საფეხურის ისტორიის სწავლების კურსიდან

კლასი – VII, თემა: ანტიკური და გვიანანტიკური ხანა (ისტ.საბ.1,2,4, 6, 8)

მას შემდეგ, რაც დაამუშავებენ თემას და გაივლიან საკითხს – რატომ მიმდინარეობდა დიდი ომიანობა ეგრისში“, მასწავლებელი მიმართავს კლასს – „დიდი ომიანობის“ დროს გუბაზ მეფის მკვლელობამ კოლხებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აიეტსაც და ფარტაძესაც თავ-თავიანთი მხარდამჭერი ჰყავდათ. ზოგი აიეტს უჭერდა მხარს და ზოგიც – ფარტაძეს. თქვენმა თანაკლასელმაც მოამზადა აიეტისა და ფარტაძის სიტყვების ანალიზი, რომელშიც გამოსჭვივის მისი შეხედულება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

დავალება:

ა) ეთანხმებით თუ არა თქვენი თანაკლასელის ამგვარ შეფასებას?

ბ) როგორ გრძნობებსა და ასოციაციებს იწვევს აიეტისა და ფარტაძის სიტყვები თითოეულ თქვენგანში?

გ) როგორ ფიქრობთ, რამდენად ასახავს ასეთი მიდგომა საქმის რეალურ ვითარებას?

გაკვეთილის უმნიშვნელოვანესი ეტაპია შეფასება. როგორ შევაფასოთ კრეატიული და კოგნიტური ხასიათის დავალებები? რადგან მოცემული ტიპის დავალებები შემოქმედებითი ხასიათისაა, ამიტომ პირველ რიგში შეფასებისთვის გამოიყენება განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები.

1) კომპლექსური ხასიათის დავალების დამუშავების ეტაპების სამახსოვრო (რამდენადაც კოგნიტური დავალებები ზოგადად კომპლექსური ხასიათისაა):

 

შეკითხვები რეფლექსიისთვის პასუხი
დაგეგმილი აქტივობები შეესაბამება სამიზნე ცნებებს, მკვიდრ წარმოდგენებს, საკვანძო შეკითხვებსა და შერჩეულ საკითხს? დიახ/არა
დაგეგმილი აქტივობები ხელს უწყობს კომპლექსური დავალების შესრულებისთვის საჭირო ცოდნის აგებასა და განმტკიცებას? დიახ/არა
დაგეგმილი აქტივობები ორიენტირებულია ცნებების ფორმირებასა და განზოგადებათა ჩამოყალიბებაზე? დიახ/არა
საკლასო შეფასების (განმავითარებელი ან/და განმსაზღვრელი) სტრატეგიები და საშუალებები შესაფერისია? დიახ/არა
დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სწავლების დიფერენცირებას ან/და რემედიაციულ სწავლებას? დიახ/არა
გენდერული ბალანსი დაცულია? დიახ/არა
ინკლუზიური განათლების პრინციპები დაცულია? დიახ/არა

 

 

ან – 2) ჩვენ თვითონ შევაქმნევინოთ მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედებითობის შესაფასებელი მარტივი რუბრიკა, სადაც ხაზგასმული იქნება მათი სიმწყობრის, მოქნილობის, შეფასების, რისკის გაწევის, გამოწვევების მოძებნის, და შემუშავების უნარები.

მოსწავლის შემოქმედებითობის შესაფასებელი მარტივი რუბრიკის ნიმუში:

 

4 3 2 1
სიმწყობრე მე ბევრ იდეაზე ვფიქრობ. მე რამდენიმე იდეაზე ვფიქრობ. სხვისი დახმარებით მე შემიძლია ვიფიქრო იდეებზე. მე მიჭირს იდეებზე ფიქრი.
მოქნილობა მე ვამჩნევ, რა  არის გამაოგნებელი, უჩვეულო და საინტერესო საყოფაცხოვრებო ნივთებსა და

სიტუაციებში.

 

მე ჩემ გარშემო უჩვეულო მოვლენებს და ნივთებს ვამჩნევ.

 

როდესაც ვინმე მიმანიშნებს, მე ვამჩნევ უჩვეულო მოვლენებსა და ნივთებს ჩემ გარშემო.

 

მე ძალიან იშვიათად ვამჩნევ უჩვეულო მოვლენებს ან ნივთებს ჩემ გარშემო.

შეფასება მე ვიცი რამდენიმე სტრატეგია, რომ გადავწყვიტო, რომელი იდეა ღირს

დასამუშავებლად.

 

მე შემიძლია ვთქვა, რომელი ჩემი იდეა ღირს დასამუშავებლად.

სხვისი დახმარებით მე შემიძლია ვთქვა, თუ რომელი ჩემი იდეა ღირს დასამუშავებლად.  

მე არ ვიცი, რომელი  ჩემი იდეა ღირს დასამუშავებლად.

რისკის გაწევა მე მიყვარს ახალი პროექტებისა და იდეების ცდა.

 

მე არ ვღელავ შეცდომების დაშვების გამო

სწავლის დროს.

მე ვცდი ახალ პროექტებსა და იდეებს.

 

მე არ ვღელავ შეცდომების დაშვების გამო სწავლის

დროს.

 

ხანდახან მე არ ვახორციელებ ახალ პროექტებსა და იდეებს, რადგან მეშინია შეცდომების დაშვების.

 

მე არასოდეს ვახორციელებ ახალ პროექტებსა და იდეებს.

გამოწვევების ძიება მე თავს ვუსახავ ისეთ ჩემს თავს ვუსახავ ისეთ მიზანს, მე მხოლოდ ისეთ მიზნებს ვისახავ, რომელიც იოლად მიღწევადია.  

მე ჩემს თავს მიზნებს არ ვუსახავ.

4 3 2 1
მიზანს, რომელიც სხვების აზრით რთულია. რომელიც რთული, მაგრამ ჩემთვის მიღწევადია.
შემუშავება როდესაც ვიცი, რომ კარგი იდეა მაქვს, ვამატებ დეტალებს, რომ

გავაუმჯობესო.

ჩვეულებრივ შემიძლია იდეას დავამატო დეტალები და

გავაუმჯობესო.

 

ხანდახან ვერ ვხვდები, როგორ გავაუმჯობესო იდეა.

 

მე არ ვიცი, როგორ გავაუმჯობესო იდეები.

 

კოგნიტური და კრეატიული დავალებების შემდეგ შესაძლებელია, მოსწავლეებს შევთავაზოთ კომპლექსური შემაჯამებელი დავალებაც, სადაც მაქსიმალურად გამოვლინდება გაწეული მუშაობით მიღწეული შედეგი.

 

კომპლექსური შემაჯამებელი დავალების მაგალითი – „სასკოლო გამოფენის დაგეგმვა“

 

დავალების პირობა: „წარმოიდგინე, რომ მუზეუმის თანამშრომელი ხარ და უნდა მოამზადო ექსპოზიცია ძველ აღმოსავლეთზე. გამოფენამ სრული შთაბეჭდილება უნდა შეუქმნას დამთვალიერებლებს ძველი აღმოსავლეთის შესახებ: როგორ ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რას საქმიანობდნენ, როგორ აღიქვამდნენ სამყაროს, როგორი საბრძოლო თუ სამუშაო იარაღებით სარგებლობდნენ, როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა მათი საქმიანობა, როგორი საცხოვრებელი და სატაძრო ნაგებობები ჰქონდათ. ამისთვის უნდა ჩამოწერო იმ ნივთების სია, რომლებიც გამოფენის მოსაწყობად გჭირდება (ნივთებში იგულისხმება როგორც არტეფაქტები, ისე რუკები, პოსტერები, მაკეტები, შეგიძლია გამოიყენო ისტორიის გაკვეთილებზე შექმნილი და გამოყენებული კოგნიტური სქემები, ცხრილები, ნახატები და საინფორმაციო ხასიათის ტექსტებიც).

 

სიის შედგენის შემდეგ შენი საგამოფენო ექსპონატები უნდა აღწერო და დაასაბუთო, რატომ არის საჭირო და მნიშვნელოვანი მათი წარმოდგენა.

 

შეგიძლია, დავალება წერილობით შეასრულო და თან ნახატებიც დაურთო, ან მოამზადო პრეზენტაცია PPT-ფორმით. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რაშიდაგეხმარადაგეგმვა;
  • როგორ, რა პრინციპით გაანაწილედაგეგმვისთვისსაჭიროაქტივობები;
  • რამოხდებოდარომელიმე აქტივობის გამოტოვებისშემთხვევაში.

 

რჩევები:

რადგან შენს ნამუშევარში უნდა ჩანდეს ცოდნა, რომელიც ამ თემის განხილვისას შეიძინე, ამიტომ მუშაობის დაწყებისას დაფიქრდით და უპასუხეთ კითხვებს:

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება (მაგალითად, ხომ არ არის საჭირო დავალების შესრულებამდე მუზეუმს ესტუმრო, ან ინტერნეტით მოიძიო და დაათვალიერო ძველი აღმოსავლეთის ამსახველი საგამოფენო სივრცეები)?

 

კოგნიტური და კრეატიული ხასიათის დავალებები ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევას, მოსწავლის წინსვლას, მისი შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდას და წარმატებით გამოიყენება სწავლებაში.

 

მგლის კბილის შემკვრელი

0

ჩემი სახლის გადაღმა ფრიალო კლდის პირას აშოლტილი ბალამწარა იდგა. ბავშვობაში არ ვიცოდი, რომ ხის წითლად აღუდღუდებული ნაყოფი შეიძლებოდა მწარე ყოფილიყო. ერთხელაც, კლდის ქიმზე თითისწვერებზე მდგარი, ვცდილობდი ტოტის მიწვდენას. ვწვალობდი, თუ მივწვდებოდი, ერთი ხელით, ტოტი დაბლა უნდა დამექაჩა და მეორეთი ნაყოფი მომეწყვიტა.

  • მანდ აღარ დადგე! თორემ ეშმაკი ხელს გკრავს და ხევში გადაგაგდებს, – მომესმა ზურგს უკან ცივი და მბრძანებლური ხმა. ტოტს ისე გავუშვი ხელი თითქოს ჭრელი გველი ყოფილიყო და მოვტრიალდი. შვინდის სახრეზე დაბჯენილი მოხუცი ქალი დავინახე. შემეშინდა ქალს კერპი სახე ჰქონდა, იმ კლდესავით კერპი.. გამოვიქეცი.

რამდენი წლის შემდეგ, როცა მეზობლის ძაღლმა დამგლიჯა და ღამე ტირილით ვიღვიძებდი, ბებიაჩემმა ნახშირი გამოიღო ღუმლიდან, ხელი მომკიდა და მაროსთან წამიყვანა. იმ მაროს სახლში ვნახე პირველად თაღიანი კედლები და ბუხარი. მარომ დამიყვავა, ნაზუქები მაჭამა. შემდეგ კი კალთა გადამაფარა სახეზე, კრუხი წიწილებს რომ გადააფარებს ხოლმე. მახსოვს, კალთას საქონლისა და რძის სუნი ასდიოდა, მარომ ლოცვის ბუტბუტი დაიწყო.

როცა ლოცვას მორჩა, ბებიაჩემს ნახშირი დაუბრუნა. ბებიაჩემმაც ნახშირი უმძრახი წყლით სავსე ჭიქაში ჩააგდო და ჭიქა კი ღამით, მთვარისა ვარსკვლავების დასახედად სარკმელთან დადო. დილით წყალში დამბალ ნახშირზე კბილი სამჯერ დამაჭერინა, ნალოცი წყალი მომასმევინა და პირი მომბანა. მახსოვს, არ მომეწონა – წყალში ნახშირის ნაფხვენები ეყარა, ბებიაჩემის კოჟრიანი ხელებიც დაბანისას სახეს მიკაწრავდა. ჩემი ღამეული კოშმარები გაჰყვა კია, ნაბან წყალს..

როცა მოვიზარდე, გავიგე, რომ მაროს მგლის კბილის შეკვრაც შეეძლო. ახლა უკვე დიდი, მე თვითონ მივადექი, საქონელი მყავდა დაკარგული.. თითქოს ცას ჩაეყლაპა, ვერსად ვაგნებდი სამ გრძელ დღეს მათ კვალს.

მარომ ახლა ხის სავარცხელი აიღო და შავი ძაფის ზედ შემოხვევა დაიწყო. ამჯერად ვარჩევდი ბუტბუტს:

„თეთრცხენიანო წმინდა გიორგი, შენ აუკარი მგელს ყბა, სულიერის ნამცეცი არ მოუხვედრო პირში…“. დანარჩენი ვერ გავიგე, მარო მიხვდა, რომ დადარაჯებული ვიყავი… როცა შელოცვას სხვა აყურადებს ძალა ეკარგება თურმე… იმასაც მივხვდი, რომ თურმე ერთ გადახვევა ძაფსაც თავისი ფასი აქვს…

საქონელი ჩაიყლაპა, ვერ ვიპოვე.. ალბათ იმიტომ, რომ შელოცვის არ მჯეროდა… რისიც გჯერა, ის გიხდება მშველელიც და წამალიც.

ნუ მოკლედ ასე იყო…

მე ახლაც სულ რაღაცის მიწვდენას ვცდილობ, მგონია, რომ ის რაღაც მწარე არ იქნება და პირში გატკბება. სანამ პირი გამიმწარდება ნეტავ დამესიზმროს მარო და მითხრას, რას აპირებს ეშმაკი..

 

 

 

 

 

 

 

 

 

განათლების ბაღი – ახალი სივრცე სკოლაში

0

გარემო, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ცოცხალი პროცესები, უფრო მეტად იძლევა განვითარების ასპარეზს. სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა მოტივაციის ამაღლების კარგი საშუალებაა.

ხშირად გაგვიგონია, რომ ახალგაზრდებს არ უყვართ სასკოლო გარემო, მისთვის თავის არიდება ურჩევნიათ. საკუთარი მოსწავლეობა რომ გავიხსენო, ჩვეულებრივი გაკვეთილები ჩემთვისაც მოსაწყენი და დამღლელი იყო, ერთი სული მქონდა, ზარი დარეკილიყო და სათამაშოდ გავვარდნილიყავი.

ახლაღა დავიწყე იმაზე ფიქრი, რა შეიცვლებოდა, ჩვეულებრივი გაკვეთილების გვერდით რომ ყოფილიყო სხვა პროექტებიც, სადაც მე ვიქნებოდი მნიშვნელოვანი ადამიანი. სწავლა გასცდებოდა სკოლის კედლებს, დაუკავშირდებოდა რეალურ ცხოვრებას და თამაშს.

ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, დღეს მოზარდებს უამრავ თავშესაქცევს სთავაზობს ინტერნეტი. დღეს უფრო რთულია, მოსწყვიტო მოსწავლე მისთვის ჩვეულ ყოველდღიურ გასართობს.

პრობლემის დანახვა წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი სასკოლო პრაქტიკა მოსწავლეებისთვის სწორედ ისეთი გარემოს შეთავაზებაზეა ორიენტირებული, სადაც მთავარ როლს თვითონ ირგებენ. ამაში სკოლის დირექცია მაქსიმალურად გვიწყობს ხელს და მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, სკოლაში არაფორმალური განათლების სერვისის მიწოდება არ შეწყვეტილა.

ერთ-ერთი საკლასო ოთახის ფანჯარა სკოლის უკან არსებულ მყუდრო სივრცეს გადაჰყურებს. ეს ადგილი ბუნებრივად არის იზოლირებული: ცალ მხარეს მოსახლის მიერ აშენებული კედელია, მეორე მხარეს – სკოლის საწყობი და სკოლის შენობა. როცა ამ ოთახში ვატარებდი გაკვეთილს და უკანა ეზოში ვიხედებოდი, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო ეს ადგილი მოსწავლეებისთვის მიმზიდველი მათივე პროდუქტიულობის გასაზრდელად.

 

როგორც კი დათბა და შესაძლებელი გახდა გაკვეთილების ღია ცის ქვეშ ჩატარება, მაშინვე გავედით გარეთ. ძველ, ჩამოწერილ სკამებზე დავსხედით ალუბლის ჩრდილში. სკოლის წინა ეზო უმეტესად მოსწავლეებითაა სავსე. დიდკონტინგენტიანი სკოლის პირობებში იქ გაკვეთილის ჩატარება წარმოუდგენელია. ბავშვებს ვუთხარი: „ჩვენ გვაქვს აუთვისებელი ფართი, სადაც შეგვიძლია, მყუდრო ადგილი მოვაწყოთ“. მოსწავლეებმა მაშინვე გამოთქვეს სურვილი, მოგვეტანა კუნძები, დაგვერგო ყვავილები და ა.შ. ნელ-ნელა სხვა იდეებიც გაჩნდა. ინტერნეტში წავაწყდით პალეტებისგან აწყობილი ლამაზი მაგიდებისა და სკამების ფოტოს. დავიწყეთ პალეტების ძიება. ამ პროცესში მთელი სკოლა ჩაერთო. ერთ-ერთი მასწავლებლის ძალისხმევით თემში არსებულმა საწარმომ 16 პალეტი გვაჩუქა. ეს იყო ჩვენი პირველი მიღწევა, რომელმაც მოტივაცია შეგვმატა.

 

შემდეგ მაგიდებისა და სკამების დამზადება დავიწყეთ. ამაში სპორტის მასწავლებელი დაგვეხმარა. მისმა დამოკიდებულებამ მთელი სკოლა აღაფრთოვანა.

პარალელურად გრძელდებოდა ტერიტორიის დასუფთავება და კეთილმოწყობა. მცენარეების დასარგავად გვჭირდებოდა ნაყოფიერი მიწა. მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან დაიწყეს თანამშრომლობა, მათ კი საქმეში მშობლები ჩართეს. ჩვენს სკოლაში მარნეულის მიმდებარე სოფლებიდანაც დადიან ბავშვები. შორი გზიდან უმეტესად მშობლებს მოჰყავთ. ერთი კვირის განმავლობაში დიდებს თუ პატარებს მოჰქონდათ მიწა და ნერგები საკუთარი ეზო-ბაღებიდან, ქოთნები და მოძველებული ნივთები. სკოლის მიერ ჩამოწერილ ნივთებს შორის აღმოვაჩინეთ ბევრი ძველი დაფა, რომლებითაც მოსწავლეებმა სივრცე შემოღობეს და შემდეგ თავიანთი სურვილით მოხატეს. ნახატებით გაფერადდა სკოლის უკანა კედელიც, რომელიც მანამდე სტანდარტული რუხი ფერის იყო.

პირადად მე საკუთარი ავტომობილით ვეზიდებოდი კახეთიდან ხის კუნძებს, ხის მასალას ჩიტების სახლებისთვის, ნაყოფიერ მიწას ყვავილებისთვის და სხვა.

პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იბადება ახალ-ახალი იდეები, თუმცა უკვე ორიგინალური სახე მიიღო სკოლის უკანა ეზომ.

ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს პროცესი, რომელშიც მთელი სასკოლო თემი ჩაერთო: დირექტორი, მანდატური, დამლაგებელი, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სტუდენტები, რომლებმაც ჩვენი სკოლა დაამთავრეს. მთავარი მოქმედი გმირები კი მოსწავლეები იყვნენ. რომ არა მათი ენთუზიაზმი, მოტივაცია და მონდომება, ჩვენი ბაღის იდეა ხორცს ვერ შეისხამდა.

ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით სივრცე, რომელსაც „განათლების ბაღი“ ვუწოდეთ და სადაც საზაფხულო სკოლის ფორმატში ვმასპინძლობთ სტუმრებს.

„განათლების ბაღი“ არდადეგებზეც სავსე იყო მოსწავლეებით. სამოქალაქო აქტივისტები, სკოლის მასწავლებლები და უცხოელი მოხალისეები სხვადასხვა პროექტს ახორციელებდნენ. იმდენი მსურველი იყო, რომ რეგულაციების დაცვით მოსწავლეები ნაკადებად დავყავით. როცა ძალიან დაცხა, ჩვენი ბაღი პედაგოგების მიერ ნაჩუქარი ფერად-ფერადი ქოლგებით აივსო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შემოგვიერთდეს მარნეულის მეორე საჯარო სკოლის უკანა ეზოს „განათლების ბაღში“. არ გადაყაროთ ძველი ნივთები, გვაჩუქეთ და ჩვენ მათ ახალ სიცოცხლეს მივცემთ.

განათლების ბაღის კონცეფცია და იდეა გასცდა ჩვენი სკოლის ფარგლებს, მოვიპოვეთ გრანტი სივრცის კეთილმოწყობისა და დამატებითი ინვენტარის შესაძენად. მოსწავლეები სიამოვნებით დადიან მათივე ხელით შექმნილ სივრცეში, უვლიან ყვავილებს და ნაყოფიერად ატარებენ თავისუფალ დროს.

თანამედროვე სკოლის მართვა

0

წიგნი „თანამედროვე სკოლის მართვა“ აერთიანებს იმ თეორიულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება დამწყებ თუ გამოცდილ დირექტორებს წარმატებულ საქმიანობაში. ავტორთა ჯგუფი წარმოგიდგენთ ლიდერობის თეორიებთან, სკოლის დისტანციურ მართვასთან, განათლებაში მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვასთან, სკოლაში ადამიანური რესურსების მართვასთან, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება-დანერგვასთან, საგაკვეთილო პროცესის დაკვირვებასთან, სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვასთან, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასთან, უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფასთან, დემოკრატიული კულტურის განვითარებასთან და სკოლის ფინანსურ მართვასთან დაკავშირებულ საერთაშორისოდ აპრობირებულ თუ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ წარმატებულ გამოცდილებას.

 

წიგნის ავტორები: ბერიკა შუკაკიძე, ნატო ინგოროყვა, მანანა რატიანი, ხათუნა ბარაბაძე, ეკატერინე კვირიკაშვილი, სოფიკო ლობჟანიძე, ნათია ნაცვლიშვილი.

სახელმძღვანელოზე ასევე მუშაობდნენ: ვარდენ ნიქაბაძე, თამარ ლოსაბერიძე, ზაზა ჭანტურია, დიმონ არახამია, სულხან ჯიჯელავა, ნონა ჟვანია, ეკა თაბუაშვილი

დიზაინერი: ბესიკ დანელია

ტექსტების რედაქტორი: ნანა მაჭავარიანი

წიგნი გამოიცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

თანამედროვე სკოლის მართვა

რატომ უნდა ვისწავლოთ გეოგრაფია

0

მეთვრამეტე  საუკუნის რუსი სატირიკოსის დენის ფონვიზინის გმირის, მადამ პროსტაკოვას სიტყვების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, „რა საჭიროა გეოგრაფია, თუ საჭირო მისამართზე მძღოლი მიგვიყვანს?“   მით უმეტეს დღეს, როცა არსებობენ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი ადამიანები, უთვალავი რუკა, გზამკვლევები, ვიდეოფილმები, GPS-მიმღებები,  ტურისტული ფირმები და, რა თქმა უნდა, ინტერნეტი?

ჩვენი აზრით, გეოგრაფიის არცოდნა იდეალური, დახვეწილი უცოდინრობის მაჩვენებელია. რაც ყველაზე საინტერესოა, ის ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, რომლებიც უკვე ყველგან იყვნენ, სადაც კი პოპულარულია სტუმრობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჰყვება, რა კარგად დაისვენეს, მაგალითად, ტაილანდში, რუკაზე არათუ ტაილანდს, ევრაზიასაც კი ვერ გიჩვენებთ, იმიტომ რომ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენება მას არ დასჭირვებია: ისწავლა – მოყვა, წიგნი გადადო – დაივიწყა.

მაგრამ გეოგრაფია ხომ მხოლოდ რუკის ცოდნა არ არის?

გეოგრაფია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნებისმიერ ობიექტს, პროცესს და ფენომენს მათი სივრცული კანონზომიერებების მიხედვით. ეს მნიშვნელოვანია ყველა ასაკისა და ყველა პროფესიის ადამიანებისთვის, თუნდაც ზოგჯერ ამას ვერ ვამჩნევდეთ, ისევე როგორც ვერ ვამჩნევთ ჰაერს.  გეოგრაფია იძლევა თავდაჯერებას, არა უმწეობას, არამედ ყველაფრის  ხედვის სიდიადეს – გეოგრაფია ადამიანის მსოფლმხედველობის საფუძველია, ის გვასწავლის დედამიწაზე ცხოვრებას.

მაინც რატომ უნდა ვისწავლოთ გეოგრაფია?

  1. გეოგრაფიის ცოდნა ნებისმიერი პროფესიის აუცილებელი კომპონენტია. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მსოფლმხედველობის, მეცნიერული აზროვნების ლოგიკის, ინტელექტუალური და პროფესიული შეხედულებების, წამყვანი დებულებების ფორმირება, პიროვნების პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბება.
  2. გეოგრაფიის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისთვის. გეოგრაფიას შეუძლია დაადგინოს უმუშევრობის მიზეზები და შედეგები, განსაზღვროს თანამედროვე პროფესიებზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე, ჩამოაყალიბოს მოსაზრება საზოგადოების მიერ მოთხოვნილი შრომითი რესურსების ხარისხის შესახებ.
  3. გეოგრაფიის შესწავლა მნიშვნელოვანია წარმატებული კარიერისთვის. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციების, ადათ-წესების, კულტურისა და ვალუტის ცოდნა აუცილებელია კარიერული ზრდისთვის. დღეს არსებობს ბევრი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც თანამშრომლობენ სხვა ქვეყნებთან და იმისთვის, რომ გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ, ყველაფერი უნდა იცოდეთ ამ ქვეყნების შესახებ.
  4. გეოგრაფიის ცოდნა გვეხმარება საკუთარი ბიზნესის მართვაში. განურჩევლად საწარმოს მოცულობისა, უნდა ვიცოდეთ ჩვენს პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის, რესურსუზრუნველყოფის, გასაღების ბაზრის, შრომითი რესურსების გეოგრაფია.
  5. აფართოებს ჰორიზონტს – გეოგრაფიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა გვეხმარება კონკურსებში, ტესტებში, კროსვორდების ამოხსნასა და, უბრალოდ, ხალხთან საუბარში.
  6. ხელს უწყობს ცხოვრების კომფორტულობას. სასურსათო საქონლის შეძენა, მაღაზიებისა და ბაზრების მონახულება გულისხმობს მსოფლიოს ქვეყნების გეოგრაფიის ცოდნას და გვეხმარება მაღალი ხარისხის პროდუქციის არჩევაში მწარმოებელი ქვეყნებისა და შრომის საერთაშორისო განაწილების ცოდნის მიხედვით.
  7. გვეხმარება რთული მდგომარეობიდან მარტივად გამოსვლაში. თუ უცხო ადგილას დაიკარგეთ, მაგრამ იცით ორიენტაციის ელემენტარული საფუძვლები, თამამად გამოხვალთ რთული მდგომარეობიდან.
  8. ტურისტულ-რეკრეაციული ადგილების გეოგრაფიის ცოდნა, ამინდის მიხედვით ჩაცმის ჩათვლით, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, საჭირო გამაჯანსაღებელი ადგილის სწორად შერჩევას… გეოგრაფიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამინდის პროგნოზირება, რომ არაფერი ვთქვათ ტურიზმის როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარების პერსპექტივებზე.
  9. გვეხმარება, დავიცვათ თავი ისეთი არასასურველი ბუნებრივი მოვლენებისგან, როგორიცაა მიწისძვრა, მეწყერი, ტაიფუნი, ცუნამი, ღვარცოფი, გვალვა, მშრალი ქარი, წვიმა, წყალდიდობა… მათი წარმოშობის მიზეზების ცოდნა და ამ ფენომენების განმსაზღვრელი ხელსაწყოების, მათგან თავის დასაცავად საჭირო წესების ცოდნა (და გეოგრაფიაც ამასაც სწავლობს), გვეხმარება, გადავურჩეთ კატაკლიზმებს.
  10. გვანიჭებს ახლისა და იდუმალის შეცნობის სიხარულს. გეოგრაფია ავითარებს წარმოსახვას, გვაძლევს სასაუბრო თემებს (ბუნებრივი მოვლენებით დაწყებული, პოლიტიკური პროცესებით დამთავრებული), ავითარებს პრობლემის ძიების, იდენტიფიცირების, მიზეზების გაანალიზების, გადაჭრის გზების ძიების, კრიტიკული აზროვნების უნარებს.
  11. გვეხმარება დროსა და სივრცეში ორიენტირებაში. შესაძლოა შეგვედავოთ: “ნავიგატორების და ელექტრონული რუკების ხანაში?”. გეოგრაფიის გარეშე არ არსებობს გეოგრაფიული კოორდინატები, რომლებზეც დაფუძნებულია ყველა სანავიგაციო სისტემა.
  12. ხელს უწყობს ადამიანისათვის უსაფრთხო ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას. გეოგრაფიის შესწავლისას ჩვენ ვეძებთ გლობალური, რეგიონული, ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის გზებს. დღეს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მეცნიერებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი.
  13. ხელს უწყობს სხვა სასკოლო საგნებით დაინტერესებას. გეოგრაფიის გარეშე მოსწავლეებისთვის უინტერესოა ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა ბიოლოგია, ისტორია, ასტრონომია.

როგორ არის ინტეგრირებული გეოგრაფია სხვა მეცნიერებებთან?

. ბიოლოგია – ვსწავლობთ ბუნებრივ ზონებს, ფიტო და ზოოგეოგრაფიას;

. ეკოლოგია – ვაანალიზებთ ბუნების დაცვას და კაცობრიობის გლობალურ პრობლემებს;

. ფიზიკა – ვეცნობით ატმოსფერულ წნევას, მეტეოროლოგიურ მოწყობილობებს და ვაკვირდებით ამინდს;

. ქიმია – ნიადაგის, წყლის, ჰაერის, წიაღისეულისა და ქანების შემადგენლობა;

. ისტორია – ვსწავლობთ გეოგრაფიულ აღმოჩენებს, მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ცვლილებებს და მათ მიზეზებს, გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ისტორიას ვეცნობით ისტორიული რუკების მიხედვით;

. სოციალური კვლევები – ვსწავლობთ მმართველობის ფორმებს და სახელმწიფო სტრუქტურას, მოსახლეობის რაოდენობრივ, სქესობრივ-ასაკობრივ მაჩვენებლებს, მიგრაციებს, რემიტასებს, რელიგიებს, კულტურას, წეს-ჩვეულებებს;

. მათემატიკა – კოორდინატებისა და მასშტაბის გამოთვლა, მანძილების, ფართობების, სიმაღლეებისა და სიღრმეებიის გამოთვლა, ცხრილების, გრაფიკების, დიაგრამების აგება და ანალიზი;

. ეკონომიკა – მეურნეობის დარგები, მათი როლი ქვეყნის ეკონომიკაში, ქვეყნის განვითარების დონე, მშპ, ჰგი, გლობალიზაცია;

. ენები – გეოგრაფიული ობიექტების დასახელებათა მართლწერა, ენათა ოჯახები;

. სიცოცხლის უსაფრთხოება – რელიეფი და საშიში ბუნებრივი მოვლენები;

. ესთეტიკა – რუკის წაკითხვა და შედგენა ავითარებს ხაზისა და ფერის ჰარმონიის შეგრძნებას, უყალიბებს ესთეტიკის ელემენტებს, სიფაქიზეს, გემოვნებას და სხვა.

გეოგრაფიის გარეშე არ იქნებოდა მოგზაურობები, კულტურული მცენარეები, თანავარსკვლავედები და, რა თქმა უნდა, ადამიანი კოსმოსში ვერ გაფრინდებოდა (ის მაინც ხომ უნდა განისაზღვროს, სად დაბრუნდება ხომალდი?).

გეოგრაფია ძალიან დიდია. ეს არის ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მასშტაბები, ეს არის ჩვენი უზარმაზარი პლანეტა. გეოგრაფიის შესწავლისას თქვენ ხართ გეომორფოლოგი, კარტოგრაფი, ეკონომ-გეოგრაფი, მეტეოროლოგი, გეოლოგი, ოკეანოლოგი, ჰიდროგრაფი, ტოპოგრაფი და, საერთოდ, შეგიძლიათ თავი  ნებისმიერი პროფესიონალის ადგილზე წარმოიდგინოთ.

სავალდებულოა თუ არა გეოგრაფიის შესწავლა? პრინციპში, არა, მაგრამ სად ხარ გეოგრაფიის გარეშე? – არსად!


გეოგრაფიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ბავშვისთვის არა მარტო მთელი სამყაროს, არამედ მათი პატარა სამყაროს: სამშობლოს, მხარის, ქალაქის, სოფლის სიყვარულის, გაგებისა და დაცვის სწავლება. სწორედ   აქედან იწყება საქართველო და მთელი დედამიწა.

 

გამოყენებული წყაროები:

https://www.smore.com/bcs1

https://www.portal-slovo.ru/pedagogy/44557.php

https://media1.osstarigrad.edu.rs/2012/03/GEOGRAFIJA.jpg

https://www.vitamarg.com/article/causes/678-prichini-uchit-angliyskiy

https://prowines.ru/ka/nalogi-i-platezhi/d-fonvizin—satiry-smelyi-vlastelin-satiry-smeloi-vlastelin.html

გელა ჩარკვიანის ალგორითმი

0

– მოდით, ჯერ მითხარით, რა ალგორითმი გვაქვს დღეს, – ასე იწყებოდა ყოველი შეხვედრა, რომელსაც მალე წიგნი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მანამდე გელა ჩარკვიანის დისციპლინა და პასუხისმგებლობა შენც იძულებულს გხდიდა, მისი თამაშის წესებს მიჰყოლოდი.

„ალგორითმი“, ცხადია, მზად მქონდა. წიგნის რედაქციას ეხებოდა ეს თუ ახალ გამოცემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, მკითხველთან შეხვედრას თუ ტელევიზიებში სტუმრობას, გელა ჩარკვიანი ყველაფრისთვის საგანგებოდ ემზადებოდა. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვინც ასე პატივს სცემდა თავის საქმეს და ნათქვამ სიტყვას, შეთანხმებას. პირველ „ნაგერალაში“ უწერია კიდეც: „საქართველოში სიტყვის შეუსრულებლობის ნამდვილი პანდემიაა. ელემენტარული შეპირებაც კი, ისეთი, როგორიცაა „გადმოგირეკავ“, სრულდება დაახლოებით 10 პროცენტით. იმისათვის, რომ ჩვენს ცხოვრებას რამე დაეტყოს, ეს ციფრი 70-მდე მაინც უნდა ავიყვანოთ.“

ცხოვრების მთავარი წიგნის – „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ დაწყებამდე დამირეკა და მასთან მისულს რამდენიმე გაძეძგილი ყუთით დამხვდა. აჭრელებული გვერდების დასტა გამომიწოდა და მითხრა, – აქ არის თითქმის ყველა საკითხი, რაც არ უნდა გამომრჩეს. ამისთვის საჭიროა მივუბრუნდე იმ თანადროულ ჩანაწერებს, რასაც 90-იანებში, შევისთან მუშაობის დროს ვაწარმოებდი ყოველ დღე. მეხსიერებას ვერ ენდობი. ამიტომ როგორც კი დავრწმუნდი, რომ ეპოქალური მოვლენების ინსაიდერი ვიყავი, გადავწყვიტე, ყველა დღე ჩამეწერა იმ საღამოსვე. როგორც ვატყობ, ეს გამომადგა. დღეიდან ვიწყებ. ყოველდღე ერთ გვერდს დავწერ და პერიოდულად გამოგიგზავნი.

ეს იყო შრომისმოყვარეობისა და ჩანაფიქრის ზედმიწევნით შესრულების შთამბეჭდავი მაგალითი. წიგნი ნანას მიუძღვნა, ცხოვრების მთავარ სიყვარულს. განსაკუთრებით ემზადებოდა ეპილოგის დასაწერად, სადაც ამ სიყვარულის ცნობიერი, გამხელილი თუ გაუმხელელი იმპულსები უნდა ამოეწია, და ეს უმთავრეს ამოცანად ესახებოდა, – ერთი ამოსუნთქვით უნდა დაიწეროს და მკითხველმაც ასევე უნდა წაიკითხოსო.

ჯოისი და ჰაქსლი უყვარდა, „ულისე“ და „კონტრაპუნქტი“. ამიტომაც არ გამკვირვებია, ავტობიოგრაფიულ რომანშიც და ჩანაწერებში რიტმს, დინამიკურ სტილსა და პერსონაჟების ხატვის არაორდინარულ მანერას რომ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას. და კიდევ – ადამიანის ბუნების შავ-თეთრი პერსპექტივიდან კი არა, სწორედ მრავალფერი შინაგანი პრიზმიდან დანახვას: „დიდი მენიუს მოყვარული ვარ. მიყვარს მრავალფეროვნება. მომწონს, როცა ბუკიას ბაღთან ინკები ცეკვავენ.“

ყოველ 18 მაისს, თავის ბინაში, მეუღლის – ნანა თოიძის დაბადების დღეს იხდიდა. პატიჟებდა უახლოეს ადამიანებს, ნანას მეგობრებს, კლასელებს, თავის თანატოლებს. ეს ტრადიციასავით იყო – მეუღლეს სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომ. თბილი და უშუალო ურთიერთობები, სიმღერა და სხვადასხვა თაობის ადამიანების მხრიდან ერთმანეთისადმი გამოჩენილი ყურადღება სამუდამოდ დამამახსოვრდა იმ დღეებიდან.

– გელა, გელა, კლუბნიკა გასინჯე? –  ერთხელ ნანას მეგობარი მიადგა დიდი თეფშით სავარძელში ჩამჯდარ, ცოტათი შეზარხოშებულ მასპინძელს.

– ოოო, – თვალები გაუბრწყინდა ბატონ გელას, მეც მომიბრუნდა, – არ გინდა? – თავი დავუკარი.

– ეს ხომ შენი გამომცემელია, გელა? ხოდა, იდეა მაქვს: შენ ხომ გააკეთე „ნაგერალა 1“, „ნაგერალა 2“, „ნაგერალა 80“ და ახლა გააკეთა ნა-გელა-რა. ხო კაია? – გელა ჩარკვიანმა გულიანად გაიცინა თავისი საფირმო სიცილით.

ისკეიპიზმი და შეთავაზება გამომცემლობიდან – ხშირად ამბობდა, რომ სწორედ ამ ორმა მიზეზმა გადააწყვეტინა წიგნების დაწერა. პირადი აპოკალიფსები – ირაკლის და ნანას გარდაცვალება – რეალობიდან გაქცევისკენ უბიძგებდა. ზოგი ამ დროს სერიალებში ჩაიძირება, ზოგს მულტფილმები გაიტაცებს, მე გადავწყვიტე, მეწერაო. ეს იყო მისი ალგორითმი: რამდენიმე წიგნში მოექცია თავისი უნიკალური გამოცდილება – ორი სისტემის შვილის, საოცარი ბიოგრაფიის კაცის, აღიარებული დიპლომატის, სიყვარულის მეცნიერებათა დოქტორის, ერთგული მეგობრის და თანამებრძოლის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ლიბერალური ღირებულებების პოპულარიზატორის, უამრავი პოლიტიკური ივენთის თვითმხილველის, ინგლისური ენის განუმეორებელი მცოდნისა და მასწავლებლის გამოცდილება.

„ივენთი“ – ეს სიტყვა უყვარდა. ამტკიცებდა, რომ მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ორი სრულიად განსხვავებული ივენთი: პრეზიდენტ კლინტონთან შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და თავისი კატის – ფისო ივანიჩის ყოველდღიური თავგადასავლები.

თქვენობით მელაპარაკებოდა. ვერც ერთხელ ვერ შევბედე, გადამერწმუნებინა. სხვათა შორის, ამაში ძვირფას არიანე ჭანტურიას ჰგავდა – უმაღლესი რანგის ანგლისტს, მაგრამ გელა ჩარკვიანისგან სრულიად განსხვავებულ, ანაქორეტ კაცს.

ყეენაზე (მერაბ კოსტავა) და აკულაზეც (ზვიად გამსახურდია) ხშირად გვისაუბრია. დაუწერია კიდეც, მაგრამ პირადი საუბრებისას უფრო ჩავეძიებოდი ხოლმე. ჩემი კლასელები საქართველოს ეროვნული გმირები არიან და მთაწმინდაზე განისვენებენო, – სიამაყით იტყოდა. თვითონ ზვიად გამსახურდიას მტრისა და მოწინააღმდეგის ბანაკში მოუწია ყოფნამ, მაგრამ ის ორი ეპიზოდი – ზელიმხან იანდარბიევის სტუმრობა შევარდნაძესთან პირველი პრეზიდენტის საქართველოში დაკრძალვის თხოვნით („ნაცნობ ქიმერათა ფერხული“) და ლევან გურჩიანის (ავტორის პროტოტიპი „მერმისის ჭაღარა მთვარეებიდან“) შეფასებები ზვიად გამსახურდიას ღვაწლსა და დამსახურებაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობისა მგონია.

„ნაგერალა 80“ ასე დაასრულა: „ოთხმოცი წლის შევსრულდი, ჩემოდნებს ვალაგებ და მიხარია, რომ შთამომავლებს ისეთ საქართველოს ვუტოვებ, სადაც არ დასჭირდებათ ჩემსავით ცეკაში სირბილი ჩეხური კაფელის საშოვნელად.“ თანამედროვე და მომავლის საქართველოზე ფიქრი და თავისი პროგრესული მოსაზრებების ახალი თაობისთვის გაზიარება გელა ჩარკვიანის ყოველდღიური საქმე იყო. ამ მხრივ, განსაკუთრებით ფასეულია მისი რეკომენდაცია:

„ჩვენი ახალგაზრდები ფხიზლად უნდა იყვნენ, იმისათვის, რომ არ დაკარგონ ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი საზოგადოება. ისეთი არავინ უნდა წამოისკუპონ თავზე, ვინც შეძლებს საქართველო ისევ შეათრიოს სადღაც და ამ გზით გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი. ფხიზლად უნდა იყვნენ, მაგრამ იმისთვის, რომ არ მოტყუვდნენ, უნდა იყვნენ განათლებულები. პოლიტიკოსები იოლად ატყუებენ მათ, ვინც საკმარისად განათლებული არ არის. უნდა იკითხონ რაც შეიძლება მეტი და თავის პროფესიულ ლიტერატურასთან ერთად, ვურჩევდი კარგად შეისწავლონ ისტორია და პოლიტიკური ფილოსოფია. უნდა იცოდნენ სახელმწიფოს მოწყობის მოდელები და ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. ასე გამოუმუშავდებათ იმუნიტეტი ყოველგვარი სოციალური თუ სხვა ტიპის დემაგოგიის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენ არამარტო შევინარჩუნებთ ჩვენს მონაპოვარს, არამედ გავზრდით და განვავითარებთ მას.“

სხვადასხვა დროს ქვეყნის სამ პრეზიდენტთან ურთიერთობა – ზვიად გამსახურდიას კლასელობა, ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრობა თერთმეტი წლის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლობა და ოთხწლიანი ელჩობის პერიოდი ლონდონში, და რა თქმა უნდა ის, რაც მისი ცხოვრების ბედისწერად და საჩუქრად იქცა: „მეფის შვილი და მეფის მამა“. სწორედ ამ ავტოგრაფით უსახსოვრებდა თავის წიგნებს ახალგაზრდა მკითხველს და თან დაამატებდა, – სენდვიჩივით ვარ მათ შორისო.

წლების განმავლობაში მისი ოფიციალური ფეისბუკგვერდის მართვამ დამარწმუნა, რომ სულ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, ვისაც ამგვარი პატივისცემა, სიყვარული და აღიარება ხვდა წილად სიცოცხლეში. ყოველი ახალი პოსტი მოვლენად იქცეოდა სოციალურ ქსელში, ინბოქსი ვერ იტევდა აღმატებულ ეპითეტებს ნაცნობი თუ სრულიად უცნობი ადამიანებისგან. ბატონ გელასთან ვათანხმებდი ხოლმე ფეისბუკპოსტების თემატიკას, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ოდნავ პროვოკაციულებს. მახსოვს, რა აჟიოტაჟი გამოიწვია „ნაგერალადან“ აღებულმა ციტატამ: „მამიდათმავალი გახლავართ, თუ გყავთ სიმპათიური მამიდა, გამაცანით“. შუახნის და შუახანს გადაცილებული ქალების სიყვარულის ტალღამ ნიუსფიდი წალეკა.

წერილების ნაკადი არ წყდებოდა – ითხოვდნენ ავტოგრაფებს, მასთან სტუმრობას, მის სტუმრობას რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, საჯარო ლექციებს, ყველაზე ხშირად კი ინგლისურში მომზადებას ან სულ მცირე, რჩევას და დაკვალიანებას ამ მიმართულებით.

„English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ თეონა და ნანა ჩარკვიანებს მიუძღვნა. ქალიშვილს და შვილიშვილს. მათ, ვისზე ზრუნვასაც პირადი აპოკალიფსების შემდეგ თავისი სიცოცხლის გამართლებად და აზრად მიიჩნევდა. ალბათ სიმბოლურიცაა, რომ უკანასკნელი წიგნი ატარებს იმ  გზავნილს, რაც გელა ჩარკვიანის ცხოვრების მიზანი იყო: ლინგუა ფრანკას სწავლება ნოვატორული მეთოდით და მისი მეშვეობით სამყაროს სხვადასხვა მხარეში მყოფი მილიონობით ადამიანის ერთმანეთთან დაახლოება.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნანას ოდესმე ჩემზე მეტი ეცოდინებოდა. დღეს ასეა, მან იცის, რა არის არყოფნა“ – ჩაიწერა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ უბის წიგნაკში. დღეს გელა ჩარკვიანიც უკვე მათთანაა – მონატრებულ ნანასთან და ირაკლისთან ერთად, „საბოლოო ჭეშმარიტებაში, იქ, სადაც სრული სიცხადეა“.

სულის ლაბირინთები

0

ავგუსტ სტრინდბერგი იმ მწერლებს მიეკუთვნება, რომლებსაც შეუძლიათ, როგორც უილიამ ბლეიკი იტყოდა, „ქვიშის მარცვალში მარადისობა დაინახონ“. ის მკითხველს აოცებს ადამიანის სულის, როგორც მრავალშრიანი პალიმფსესტის, ექსპრესიული წარმოჩენით. სტრინდბერგის ესთეტიკა მოდერნისტულია, თუმცა ნატურალისტური სტილის პიესებიც აქვს. მას კარგად იცნობენ საქართველოში, რადგან მისი არაერთი თარგმანი გვაქვს („წითელი ოთახი“, „ჰემსელები“, „მამა“, „ფრეკენ ჟული“, „ზმანება“, „მასზე ძლიერი“, „ფარია“). ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ დადგა „მამა“ (1998 წ.), ხოლო დათა თავაძემ – „ფრეკენ ჟული“ სამეფო უბნის თეატრში (2014 წ.). მისი ფსიქოლოგიური სიღრმით გამორჩეული ნაწარმოებები ძლიერ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე. ახლახან კი შვედურიდან ნათია მერებაშვილმა  თარგმნა პიესა „სიკვდილის ცეკვა“. ცნობილია, რომ ეს ნაწარმოები მწერალმა თავისი მუზის, დაგნი იუელის, სიკვდილის შემდეგ დაწერა. პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე, დაგნი იუელის ცხოვრება და იდუმალებით მოცული მკვლელობა ქართველ და უცხოელ მწერალთა შემოქმედებით იმპულსად იქცა. მშვენიერი გარეგნობის მწერალი ქალი ისეთი ცნობილი შემოქმედების შთამაგონებელი იყო, როგორებიც იყვნენ: ედვარდ მუნკი, (რომელმაც დაგნის არაერთი პორტრეტი დახატა), კნუტ ჰამსუნი და ჰენრიკ სენკევიჩი. დაგნი იუელი თბილისში, სასტუმრო „გრანდ ოტელში“ მოკლა საყვარელმა (1901წ.). მისი თბილისში „გამოქცევის“ ერთ მოტივად მკვლევრები ქმართან უთანხმოებასაც ასახელებენ.

ავგუსტ სტრინდბერგის პიესაში „სიკვდილის ცეკვა“ მთავარი ინტრიგა ოჯახურ გარემოში იხატება. სიკვდილი სიცოცხლის ჩრდილად წარმოჩნდება. მინიმალისტურ სტილში დახატულ სცენაზე ვითარდება ცოლ-ქმრის დრამატული ისტორია. ადამიანები თითქოს საკუთარ თავს, ახლობლებსა და სიკვდილს ეთამაშებიან, ამ თამაშში კარგავენ „მეს“ და ისევ პოულობენ. მათ ურთიერთობაში ეროსისა და თანატოსის ერთდროული არსებობაც თვალნათლივ გამოიკვეთება. როგორც სტრინდბერგის სხვა ნაწარმოებებში, აქაც მნიშვნელოვანია ქალისა და კაცის ურთიერთობა, დაძაბულობის ის ველები, რომლებიც მათი ერთად ყოფნისას იქმნება. ამ პიესაშიც ერთგვარ რიტმს ქმნის მღელვარებით დამუხტვისა და სიმშვიდით განმუხტვის მძაფრი სცენები. მკითხველის თვალწინ იმართება უხილავი დუელები და ორთაბრძოლები, რომელთა აქტორები ცოლ-ქმარი, მათი შვილი და მეგობარი არიან.

„მე ცხოვრებისეულ სიამეს მძაფრ, პირქუშ შეტაკებებში ვხედავ და ვტკბები, როცა რაღაცას ვიძენ, რაღაცას ვსწავლობ“, – წერს ავგუსტ სტრინდბერგი „ფრეკენ ჟულის“ წინასიტყვაობაში. ამ პიესაშიც სიყვარულის, სიძულვილის, ერთგულების, ღალატისა და შურისძიების გრძნობები ერთმანეთშია ჩაწნული. ტოლსტოის რომანის „ანა კარენინას“ ცნობილი დასაწყისი გვახსენდება: „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად“. ამ ოჯახის უბედურებაც თავისებურია, რომლის ხლართებში პიესის განმავლობაში მკითხველი ცდილობს გარკვევას.

ედგარი, ციხესიმაგრის არტილერიის კაპიტანი, მეუღლესთან, ყოფილ მსახიობ ალისასთან ერთად განმარტოებით ცხოვრობს. ორივეს აწუხებს სულიერი ტრავმები, ორივე უკმაყოფილოა საკუთარი თავითა და ცხოვრებით. რეალურად, მათ სძულთ ერთმანეთი. მათი დახშული, ჩაკეტილი სივრცის შემინული კარიდან ჩანს ზღვა, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, რომელიც ასე აკლია ორივეს. სულიერ-მატერიალური სიცარიელისაგან დაღლილებსა და მოწყენილებს 25-წლიანი ცოლქმრობის როლური თამაში მოსწყენიათ, „ვერცხლის ქორწილის აღნიშვნა“ მხოლოდ უბედურებას დაფარავდა, რადგან გამქრალია ვნება, გატაცება, სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობა. ახლა მხოლოდ ჩუმი, ფარული ჭიდილია და ერთმანეთის „ჭამა“, მცირე მიზეზის გამო ღიზიანდებიან და ყველაფერში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მხოლოდ გულგრილობა და ყოველივეს მიმართ სრული განურჩევლობა მოციქულობს მათ შორის. შემოდგომაა გარეთაც და მათ სულშიც, ჭკნობისა და სამყაროს მიძინებისთვის მზადების ჟამი. მათ გაუწყვეტიათ კონტაქტი საზოგადოებასთან, რადგან სიყალბეს, მოჩვენებითობას ხედავენ გარეთ, თუმცა საკუთარ ფარისევლობას, თვალთმაქცობას ვერაფერს უხერხებენ. ქალი ქმარს ტირანობასა და კარიერის შეწყვეტაში ადანაშაულებს. შვილებზე ფიქრიც კი არ აერთიანებთ, რადგან ეს მათი თანხმობისა და შერიგების კი არა, გაუთავებელი კონფლიქტის მიზეზი ხდება, რადგან განსხვავებულად წარმოუდგენიათ მათი მომავალი.  ალისას ბიძაშვილის, კურტის, კარანტინის უფროსის, გამოჩენამ თითქოს უნდა შეარხიოს ამ ოჯახის დამყაყებული, უმოძრაო სივრცე. ასეც ხდება, მაგრამ ეს უფრო მეტად წარმოაჩენს ამ ურთიერთობის სიმყრალეს, რომელიც ორივეს სულს უხუთავს და ქმრის სიკვდილსაც იწვევს. ამ ოჯახის სასოწარმკვეთი გაუცხოება და პერსონაჟთა სიმარტოვე კარგად ჩანს კაპიტნის სიტყვებში: „შამპანურზე გამახსენდა! ორი ბოთლი უნდა იყოს დარჩენილი. გინდა, ამოვიტანოთ და თავი მოვიკატუნოთ, ვითომ სტუმრები გვყავს?“. თავის მოტყუება გამხდარა მათი მთავარი იარაღი ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებთან დაპირისპირებისას. მწერალი სწორედ იმ ეპიზოდებს ხატავს, როცა ისინი ნიღბებს იხსნიან და ერთმანეთის წინაშე სულიერად გაშიშვლებული წარდგებიან. ეს კი მათ მტკივნეულ გაღვიძებას იწვევს. გამოფხიზლებას კი ბუნებრივად მოსდევს არსებული ვითარებიდან თავდაღწევის სურვილი, მაგრამ მალევე ხვდებიან, რომ წლების განმავლობაში თვითონვე უშენებიათ გაუცხოების ცხრაკლიტულები, რომელთა გასაღებები დაუკარგავთ ან დავიწყებიათ მათი შენახვისა თუ გადამალვის ადგილები. 15-წლიანი უნახაობის შემდეგ კურტთან შეხვედრა ძველ, თითქოს მოშუშებულ ჭრილობებს ხსნის. მათი მტანჯველი ურთიერთობის იარათა ტკივილებიც განახლდება. კურტის პირადულ პრობლემათა შემოტანით მწერალი აფართოებს პიესის საკითხთა წრეს. ასე ჩნდება მეგობრობის, ერთგულების, ღალატის, ძალაუფლების, სოციალიზაციის, თაობათა ურთიერთობის თემები. მნიშვნელოვანია, რომ კურტი ძველ მეგობრებთან სტუმრობისას ერთგვარ შეხუთულობას იგრძნობს: „თითქოს იატაკქვეშ გვამი გდიაო და აქ ისეთი სიძულვილია, სუნთქვაც კი მიჭირს“. პერსონაჟების მცდელობა, ძველი დრო გაიხსენონ, ქვეცნობიერიდან წამოატივტივონ ურთიერთობის ლაღი, ბედნიერი სურათები, დაუკრან, იცეკვონ, კრახით სრულდება. ამიტომაცაა, რომ კაპიტნის ცეკვას, თავისუფლებისაკენ სწრაფვას რომ გამოხატავს, მისი გულისწასვლა მოჰყვება, როგორც სიკვდილის რეპეტიცია.

ეგოიზმის ტყვეობაში ედგარი თავს დაცულად გრძნობს და თავისი ფილოსოფიით აანალიზებს ცხოვრებას: „მთელი ჩემი ცხოვრება, ირგვლივ მხოლოდ მტრები მეხვია, მაგრამ ამან ზიანი კი არ მომაყენა, გამაძლიერა! ერთხელაც, როცა სიკვდილი მომაკითხავს, შემიძლია ვთქვა, რომ არავისთან ვალში არა ვარ, რომ მე, ამქვეყნად, უფასოდ არაფერი მიმიღია და ყველა ნამცეცი, რაც ჩემია, ბრძოლითა მაქვს მოპოვებული!“. ედგარის შინაგან სამყაროსა და ბუნებაზე კარგად მეტყველებს მისი კურტისეული დახასიათება: „ის ყველაზე ამაყი კაცია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. „ვარსებობ, მაშასადამე, ღმერთიც არსებობს“. ედგარი გვაგონებს როტმისტრს (სტრინდბერგის „მამა), რომელსაც ურყევად სჯეროდა საკუთარი თავისა, მაგრამ მცირე ეჭვი ურჩხულად ექცა, მისი ნებისყოფის ხერხემალი გატეხა და სული დაუშალა, ისე დაიპყრო, საბოლოოდ გაანადგურა. ალისა იხსენებს ქმრის ნათქვამს: „მაჩვენე ის კაცი, რომელზეც მე უნდა ვიეჭვიანო!“. ალისას ავადმყოფურად მიაჩნია ქმრის სიამაყე: „ის ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას! სამყარო მისი პირადი მოხმარებისთვის არის შექმნილი! მზე და მთვარე იმიტომ ამოდის, რომ მისი დიდება ვარსკვლავებს ამცნოს!“. აქ ჩანს ედგარის ერთგვარი მეგალომანიაც, რომელიც მის ფსიქიკას უფრო ანგრევს.

ალისაც და ედგარიც ნარცისული ტიპის ადამიანები არიან. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვამპირებივით სწოვს სისხლს და ფსიქოლოგიურად ძალადობს. ცოლ-ქმრის დიალოგები ნელ-ნელა უფრო გამოკვეთენ ადამიანებს, როგორც დემონებს და მათ მიერ ერთმანეთის საწამებლად შექმნილ ჯოჯოხეთს. შურისძიებით შეპყრობილი ალისა აღარ ერიდება არაფერს და ედგარს მიახლის: „შენ, ვინც მეტისმეტად ამაყი ხარ საიმისოდ, რომ იეჭვიანო, შენ ვერასოდეს ხვდებოდი, როგორ გმართავდი და როგორ გატრიალებდი იქით, საითაც მინდოდა, რომ გაგეხედა!“. კაპიტნის ქედმაღლობა და თვითდადანაშაულების უუნარობა მის სიკვდილისწინა სიტყვებშიც წარმოჩნდება: „მიუტევე მათ, რადგან არ იციან რას აკეთებენო“. თუმცა ჯვარცმულის სიტყვების გამეორებით მისი შინაგანი ტანჯვაც წარმოჩნდება.

კურტის გამოჩენა ააშკარავებს ალისასა და ედგარის სულისშემხუთველ გაუცხოებას: „ჩემთვის ის უცხო კაცია. ისეთივე უცხოა, როგორც ოცდახუთი წლის წინათ იყო! მე არაფერი ვიცი ამ კაცზე“; „მთელი ცხოვრება ამ კოშკში ვიყავი გამომწყვდეული და მდარაჯობდა კაცი, რომელიც ყოველთვის მძულდა. ახლა კი, ისე უსაზღვროდა მძულს, მისი სიკვდილის დღეს, ჩემი სიცილით ჰაერიც კი აზრიალდება“; „ერთმანეთს ვართ შეტყუპულები და გაცალკევება არ გვიწერია. ერთხელ, ჩვენსავე სახლში, ხუთი წელი ვიყავით გაყრილები… ახლა კი, ჩვენი დაშორება, მხოლოდ სიკვდილს თუ ძალუძს და ჩვენც ვსხედვართ და ველოდებით, როდის მოგვიტანს თავისუფლებას!“.

ცოლ-ქმარი გრძნობს და აღიარებს, რომ წლების განმავლობაში მათი სიძულვილი იმდენმა რამემ ასაზრდოვა, რომ ირაციონალურ ფენომენად იქცა. მათი შემყურე კურტი კი დაასკვნის: „ამას სიყვარულის სიძულვილი ჰქვია და ერთიც და მეორეც ქვესკნელის შვილია!“. ამ ურთიერთობის ერთადერთ მახასიათებლად უბედურება იქცა: „ერთი უბედურება მეორეს იზიდავს. ბედნიერება კი უბედურებას გვერდს აუქცევს ხოლმე. ამიტომაც არის, რომ ჩვენ, უბედურების გარდა, ვერაფერს ვხედავთ!“.

დროის ვერტიკალური ჭრილებით პიესის სტატიკური გარემო მრავალფეროვნდება. მწერალი, ჩვეული ფსიქოლოგიზმით მიუძღვება მკითხველს პერსონაჟთა სულის ლაბირინთებში. სტრინდბერგის ამ პიესაშიც ჩანს პერსონაჟთა საუბრისა თუ ქცევის მრავალფეროვანი მოტივაცია. ზოგი ზედაპირზეა და იოლი მისახვედრია, ზოგი კი სიღრმეშია და ბოლომდე ამოუცნობი რჩება. მწერლისთვის ადამიანი გამოცანაა, რომელსაც ბოლომდე ვერ ამოხსნი. იგი წერდა: „მრავალფეროვანია ადამიანის სულიერი სამყარო… „ცოდვას“ მეორე მხარეც აქვს, რომელიც ძალიან წააგავს სათნოებას“.

ეს პერსონაჟები არ არიან ცალმხრივნი, არამედ ხასიათთა მრავალფეროვნებას ამჟღავნებენ. სტრინდბერგი ერთგან ასე თვალსაჩინოდ წერდა ადამიანური ქცევის ბოლომდე ჩაწვდენის შეუძლებლობაზე: „ჩემთან ქმედების მოტივაცია არაა მარტივი და მოვლენების ხედვის პერსპექტივაც არაა მხოლოდ ერთი. ნებისმიერი ცხოვრებისეული მოვლენა – და ეს, შედარებით ახალი აღმოჩენაა, – გამოწვეულია მეტ-ნაკლებად ღრმა მოტივების მთელი წყებით“, „ადამიანმა თავი მოიკლა! ბურჟუა იტყვის, ალბათ საქმე ჩაუვარდაო! სიყვარულში არ გაუმართლაო! – იტყვიან ქალები. რაღაც დაავადება სჭირდაო! – იტყვის სნეული. მოლოდინი გაუცრუვდაო! – იტყვის უიღბლო. თუმცა, შესაძლებელია, რომ ამ საქციელის მოტივი იყოს ეს ყველაფერი ერთდროულად, ან სულაც – არცერთი, რადგან თვითმკვლელმა ნამდვილი მოტივი გადამალა და წინ სულ სხვა რამ წამოსწია, რომ მასზე სიკვდილის შემდეგ აუგი არავის ეთქვა!“ („ფრეკენ ჟულის“ წინასიტყვაობიდან). ამ პიესაშიც მკითხველის გონებაში პერსონაჟთა ქმედების მოტივაციის მრავალფეროვანი სპექტრი იშლება.

სტრინდბერგმა იცოდა, რომ მკითხველი ადამიანის დაფარული მხარის, მისი „ნაქარგობის“ შიდა პირის, დაბლანდული ძაფების დანახვას ესწრაფოდა, სულის „მექანიზმის“ შესწავლას, ზარდახშის ორმაგი ფსკერის დათვალიერებას, ჯადოსნური ბეჭდისთვის ხელის შეხებას, სხვის ბანქოში ჩახედვის ცნობისმოყვარეობა კლავდა, ამიტომაც არც ამ პიესის კითხვისას გაუცრუვდება მკითხველს იმედი და პერსონაჟთა სულის სწორედ ამ უხილავ ლაბირინთებში იმოგზაურებს.

პიესაში გამოიკვეთება მშობლებისა და შვილების ეკლექტური, შინაგანი წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობა. როგორც კაპიტანი ამბობს: „მშობლებს იშვიათად ესმით, რა არის უმჯობესი მათი შვილებისთვის!“. ნაწარმოების ერთგვარ წყვდიადში სინათლის სხივივით შემოიჭრება კურტის ვაჟსა და იუდიტს შორის (რომელიც ალისასა და ედგარის ქალიშვილია) დაბადებული სიყვარული, ცინცხალი და სუფთა. ამიტომაც იტყვის ალისა შვილზე: „თურმე ყვავილი, ნაგავშიც შეიძლება გაიზარდოს!“. მკითხველმა კი იცის, ეს სიყვარულიც განწირულია იმისთვის, რომ დაიტიოს სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთდროულად, თუკი მასში რაიმე ფარული სულიერი თუ მატერიალური, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ანგარება გაერევა. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ, როგორც კაპიტანი ამბობს, „მცირე წარმატება სიკეთეს გვმატებს, წარუმატებლობა კი მგლად გვაქცევს“.

მრავალმნიშვნელოვანია ალისას სიტყვები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ წარმოთქვამს: „მე ეს კაცი უნდა მყვარებოდა და მძულებოდა“. მკითხველს სჯერა მისი გულწრფელობისა. ცხოვრება ყოფითი დრამების, მათ შორის, ამ ოჯახის, მთავარი რეჟისორია, ხოლო ადამიანები თამაშობენ თავიანთ როლებს და საბოლოოდ, სანამ ფარდა დაეშვება, სიკვდილის როკვასაც ასრულებენ.

ლიტერატურული პარალელები – ედგარ ალან პოს „უილიამ უილსონი“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“

0

მსოფლიო ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა რომანტიზმმა – მრავალწახნაგოვანი ნოვატორობით, გულწრფელი ემოციებით, უკურნებელი სევდითა და ადამიანური ტკივილით გაჯერებული ტექსტებით. მან გააერთიანა ლამის მთელი პლანეტის ხელოვანები. ქართული ლიტერატურის ისტორიის სწავლებისას ჩვენი რომანტიკული ლიტერატურული სკოლა მოსწავლეთა დიდ მოწონებას იმსახურებს. ახალ თაობებს იზიდავს გამოსახვის ის ხერხები და თემები, რომლებიც მახლობელი, აქტუალური და ნათლად აღსაქმელია თანამედროვე ადამიანისთვისაც. მეთერთმეტე კლასი სწავლების ის საფეხურია, როცა მოსწავლე მზადაა ღრმად გაიაზროს მწერლობის იდეური აქცენტები, რომანტიკოსი პოეტების ფაქიზი სულიერი სამყარო, ჩასწვდეს მათ ესთეტიზმსა და ფილოსოფიურ მსოფლაღქმას. ბავშვები სვამენ კითხვებს, იკვლევენ ალეგორიებსა და მეტაფორებს და ხშირია აღმოჩენის სიხარული, ნაწარმოებების ნაირგვარი ინტერპრეტაციები. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მეოცნებე ნატურებზე.

ტექსტების სინთეზირება და ლიტერატურული პარალელები, მოგეხსენებათ, ცოდნის მაღალი საფეხურია, ხოლო რომანტიზმის იდეურ-მხატვრული მახასიათებლებისა და თემატური მოტივების გააზრების პროცესში უამრავი პარალელის თანხვედრა ხდება, რადგან რომანტიკოსი მწერლების შემოქმედება პოპულარულია და მათ არასდროს აკლია მკითხველის ყურადღება. ყოველ წელს, როცა მეთერთმეტე კლასში ქართული რომანტიზმის სწავლებას ვიწყებ, სანამ მე ვიტყოდე ჩვენი რომანტიკოსების რჩეულ ჟანრებზე რამეს, მოსწავლეები დამასწრებენ ხოლმე და მეკითხებიან: მასწავლებელო, ევროპელი და ამერიკელი რომანტიკოსები ხომ პროზის ჟანრებსაც მიმართავდნენ, ბევრი რომანიც შექმნეს, რატომ არ დაიწერა ქართული რომანტიკული მოთხრობა ან რომანი? ამ ლეგიტიმურ კითხვაზე ცალსახად ამომწურავი პასუხის გაცემა, რასაკვირველია, შეუძლებელია, მაგრამ ჩემი პასუხი ის არის, რომ ლირიკის ენა უფრო მშობლიური, უფრო მისადაგებული აღმოჩნდა ჩვენი პოეტების ტრაგიკულ განცდებთან, ხოლო რომანს რაც შეეხება, მეცხრამეტე საუკუნის ქართულმა მწერლობამ ის საერთოდაც ვერ შვა, რადგან, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, დაპყრობილ, პროვინციად, კოლონიად ქცეულ პატარა ქვეყანაში არ იყო ფართოპლანიანი ნაწარმოების სიუჟეტისთვის საჭირო ასპარეზი, დრამატული ამბები და თავგადასავლები ვერ იქნებოდა იმ მასშტაბის, რომ რომანის ფერადი სამყარო დაბადებულიყო…

მეთერთმეტე კლასში ჩვენი გაკვეთილის თემაა ნიკოლოზ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“, რომლის სიღრმეებში წვდომას ბავშვები იოლად ახერხებენ. 1836 წელს 19 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილი ცხოვრების გზის ძიებაში საკვირველ სულიერ ტკივილზე საუბრობს. ლექსი ლირიკული აღსარებაა და გვიზიარებს პოეტის ძიებებს, ტკივილიან განცდებს. იდუმალი ხმა ასდევნებია ჭაბუკ ლირიკულ გმირს და დაუკარგავს მისთვის მოსვენება, ახალგაზრდა, ვნებებით სავსე გული ნაღვლით დაუსნეულებია. პოეტი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც წუთისოფელი შეიცნო, ეს ხმა მოუცილებლად თან სდევს და „სულ ერთ რამეს უწვრთნის მას გულისა ჭირად“… „ეძიე, ყრმაო, შენ მხვედრი შენი, ვინძლო იპოვო შენი საშვენი“… ლირიკული გმირი გულწრფელად აღიარებს, რომ საკუთარ ხვედრს ეძიებს, მაგრამ ვერ პოვებს და ამის გამო კაეშანს ვერ იშორებს…

ლექსის ბოლო სტროფები სულიერად განადგურებული და აღშფოთებული ლირიკული გმირის ფილოსოფიურ კითხვებს ახმოვანებს:

„ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა შეუწყალისა სინიდისისა?
მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა, მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა.
ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი, ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?
ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ, სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ?“.

ბარათაშვილის ეს ლექსი მრავლისდამტევია ზოგადად ეპოქის სულის ამოსაცნობად… როცა ბავშვები სვამენ კითხვებს, თუ რატომ იკითხება ქართველი პოეტების ტექსტებში ესოდენ ღრმა სულიერი ტკივილი, ჩვენი პასუხი არის ის, რომ „მსოფლიო სევდის“ გამოხატვა მხოლოდ ლოკალური ლიტერატურული მოვლენა როდია. ზოგადად მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ადამიანის გონება და სული იყო ასე „მოწყობილი“, უსამანო ტკივილის განმცდელი, სენტიმენტალური, მეოცნებე, ფაქიზი, მოწყვლადი… საგაკვეთილო პროცესი მეტყველ, ადეკვატურ, გამომსახველ ლიტერატურულ პარალელს ითხოვს და აი, ისიც: ედგარ ალან პოს მოთხრობა „უილიამ უილსონი“.   ბიოგრაფიებშიც სიახლოვე იკვეთება: პო 1809 წელს დაიბადა, 8 წლის შემდეგ – ნიკოლოზ ბარათაშვილი… ორივე რომანტიკული სკოლის ვარსკვლავია თავის სამშობლოში… ტატო 1845 წელს გაშორდება თავის დამტანჯველ წუთისოფელს, ხოლო ედგარი 4 წლის შემდეგ წავა ისევე მისტიკურად, როგორიც მისი სული და შემოქმედება იყო. ამ ნაწარმოებთა შექმნის თარიღებიც ახლო-ახლოსაა. ბარათაშვილის ლექსი 1836 წელს დაიწერა, ხოლო პოს მოთხრობა – 1839-ში. ბარათაშვილის „ხმა იდუმალისა“ და პოს „უილიამ უილსონის“ შესადარებლად ყველაზე მორგებული ცნობილი კოგნიტური სქემა – ვენური დიაგრამა აღმოჩნდა. მართალია, მეთერთმეტე კლასში ეს სქემა თითქოს უკვე ფუნქციადაკარგული და მოძველებულია, მაგრამ აქ ნამდვილად მაღალ დონეზე ასრულებს თავის ფუნქციას.

რა აქვთ განმასხვავებელი მოცემულ ტექსტებს?

„ხმა იდუმალი“:

  1. ბარათაშვილის ლირიკული გმირი ეძიებს საკუთარ ბედისწერას და აცხადებს, რომ სინდისი სუფთა აქვს: „ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა შეუწყალისა სინიდისისა? მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა, მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა”…
  2. ლირიკული გმირი გაორებულია, თუმცა საკუთარი ძალების რწმენა მასში ერთგვარად მაინც იგრძნობა და იდუმალი ხმა, სავარაუდოდ, არის არა მისი ალტერ ეგო, არამედ დაუნდობელი წუთისოფელი, ბედისწერა;
  3. ლექსის ბოლო ტაეპებით ირკვევა, რომ მთავარი ლირიკული გმირი მაინც ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია… ანუ სადღაც იმედი მაინც იკითხება… ჯერ ყველაფერი არ დამთავრებული…

„უილიამ უილსონი“:

  1. პოს გმირი თავის ყველა მონოლოგში აღიარებს, რომ მისი სინდისი დამძიმებულია ცოდვით, უსიყვარულობით, ადამიანთა დაუნდობლობით, თაღლითობის, პარვის, სიცრუის, მრუშობის, ანგარების, ბილწი ადამიანური ვნებების ტვირთით…
  2. უილიამ უილსონი გაორებულია, მისი ბიოგრაფია და დაბადების თარიღიც კი ემთხვევა ავტორისას და ის აღმოაჩენს, რომ მისი მსგავსი არსება, რომელიც მას დევნის და მოუწოდებს ცოდვათა დაძლევისკენ, მისი მეორე „მეა“…
  3. უილიამი მოთხრობის ფინალში კლავს თავის მეორე „მეს“, ანუ თვითმკვლელად იქცევა… მისი აღმოჩენა სარკესთან შემზარავია: „მეტოქე – უილსონი იდგა ჩემ წინ, სულთმობრძავი, სახემორღვეული… მისი განუმეორებელი სახის ყოველი ნაკვთი სრულიად დამთხვეოდა ჩემსას! გათავდა, მორჩა, შენ გაიმარჯვე, მაგრამ აწ მკვდარი ხარ, მკვდარი ამ სოფლისთვის, სასოებისთვის, მაღლა ცისთვის! ჩემში იყო შენი არსებობა და ჩემშია შენი სიკვდილიც, საკუთარი სახე გამცნობს, ვით მოიკვეთე სამარადისოდ!“.

„ხმა იდუმალი“ – „უილიამ უილსონი“ – რა აქვს საერთო ამ ორ ნაწარმოებს?

  1. ახალგაზრდა რომანტიკოსი მწერლების სულიერი ძიებანი, გარდასახული მათ მიერ გაცოცხლებული მხატვრული სახეების (ლექსის ლირიკული გმირი/მოთხრობის პერსონაჟი) განსაცდელში…
  2. „მსოფლიო სევდის“ უკიდეგანო ოკეანე, რომელიც გმირის დემორალიზაციას იწვევს…
  3. სულიერი გაორება, საკუთარი თავის მისტიკურ, ილუზორულ, ირეალურ სამყაროში წარმოჩენა…

ტექსტების განხილვის პროცესი უაღრესად საინტერესო, ცოცხალი და შთამაგონებელია და გაკვეთილზევე იბადება ლიტერატურული ესეის შექმნის იდეა. ესეის ვასათაურებთ ასე: „ნიკოლოზ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“ და ედგარ ალან პოს „უილიამ უილსონი“ – მგლოვიარე სულების გადაძახილი ოკეანის გაღმა-გამოღმა…“. ბავშვები ამბობენ, რომ ესეის შექმნის პროცესი არ იქნება დამღლელი და უსიამოვნო, ეს ტექსტები მათ დაეხმარა ერთმანეთის სათქმელის ამოცნობაში, სინთეზის პროცესი იყო დამაინტრიგებელი, შემეცნებითი, დამაფიქრებელი. გაკვეთილზევე ვქმნით ესეის შეფასების კრიტერიუმებს, სადაც ადეკვატური გაგება, ნაშრომის აგება, ორიგინალური და არაშაბლონური აზროვნება, ზოგადი განათლება/წიგნიერება და ანალიტიკური უნარები  ხდება გადამწყვეტი. მეც იმედი მაქვს და ჩემს მოსწავლეებსაც, რომ გაკვეთილი ნაყოფიერი იქნება, მიზნამდე მიგვიყვანს და მსოფლიო მწერლობის უდიდესი ლიტერატურული მიმართულების ქვეტექსტების ამოცნობას ასწავლის ბავშვებს.

 

ხარანაულის უპირატესობა (კრებული ,,ეჰ, ბესარიონ’’)

0

(კრებული ,,ეჰ, ბესარიონ’’)

ბესიკ ხარანაული საყრდენად იქცა. გნებავთ პოეზიის, გნებავთ უფრო მეტის – თუ ამგვარი მეტი არსებობს.

„აჰა, მოგიჭრი ჯოხს, წამო, ვიაროთ“ – ჯოხის მოჭრის უფლება უნდა მოიპოვო, მით უფრო – მიწოდების. ამას საუკუნეში რომ წელიწადია, იმაზე ნაკლები ადამიანი ახერხებს საუკუნეში. ხარანაულმა ეს მოახერხა და მისი სახელის წინ სიტყვა „დიდი“ ბუნებრივია. ძნელია დიდად ყოფნა, იმ ქვეყანაში, „რომელსაც წელში გამართვის ეშინია“, მაგრამ ბესიკი ახერხებს – ყველა ახალი ფრაზითა და წიგნით. „ეჰ, ბესარიონ“ – მორიგი დასტურია – ამოოხვრა ამ მრავალმხრივ ჩაკეტილ წელთა გამო, ოღონდ არამხოლოდ დარდის, არამედ ფიქრის ამოოხვრა. და სადაც წუხილი ფიქრისაცაა, ის ყოველთვის ტოვებს გზას გამოსავლისთვის, რადგან – „ადამიანი, არის სასწაულის შვილი, ვინც გინდა იყოს – ეს არის მისი თანდაყოლილი ინსტინქტი“.

როგორია მისი პატრიოტიზმი? სოციალური პროტესტი? აი, ამგვარი, მარტივი და ზუსტი, ბოლო ოცდაათი წლის პორტრეტი:

„საქართველოში წყენის დღე სამას სამოცდახუთია“.

დიდი ნათესავების დიდი ნათესავია სევდის ველზეც.

„ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი,

ყოველთვის არის ნაღვლის პირას ღია ფანჯარა“ (ელუარი).

„ერთ ფანჯარაში მხოლოდ ცა იყო,

დანარჩენში კი იყვნენ ლანდები“ (ხარანაული).

ან ვის შეუძლია ადამიანად ყოფნის სევდის ასე ზუსტი, მსუბუქად ირონიული და ამავდროულად პარადოქსულად იმედიანი გამოხატვა:

„არ ვიცი, რატომ, მაგრამ მომინდა, რომ ვიყო ცოცხალი“.

მაგრამ რას უდრის ხარანაულისეული სიცოცხლე? ბესიკი პოეტის ყველაზე სახიფათო საცდურს – „მხოლოდ მეს“ – კარგა ხანია, რაც გასცდა. შესაბამისად, ეს წიგნი, სხვაზე დარდის წიგნია, მაგრამ ეს სხვა თვითონაცაა. ალბათ ასეთია ჭეშმარიტი პოეტური ემანაციაც. ჰოდა, რა არის მისი, ჩემი და სხვისი სიცოცხლის მთავარი კითხვა:

„კაცს ეშინია კარგა ყოფნისა, – მერე რაღა ქნას?“

კარგი კითხვაა ღმერთმანი. მეზღაპრეც ამიტომ ამთავრებს ზღაპარს იქ, სადაც გარდაუვალი ფრაზა მოდის:

  • ,,ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად’’. კი, ამთავრებს. მერე რაღა დაწეროს, რაღა ქნას?

ადამიანი ტანჯვაშია საინტერესო. პოეტი მით უფრო. ეს წიგნი ამ ამბავზეა.

მაბეზღარობა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, მაბეზღარობა ნამდვილად არ არის ის თვისება, რომელიც ადამიანებისთვის, განურჩევლად ასაკისა, არმოსაწონ თვისებებს შორის ბოლო ადგილს იკავებდეს. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სიტყვები: მაბეზღარობა, ენატანიობა ნეგატიური ქვეტექსტის მატარებელია და უარყოფით ასოციაციებს იწვევს. ამიტომ ბევრ მშობელს ძალიან აშფოთებს და აღელვებს, როცა მისი შვილი იწყებს მუდმივად სხვების დაბეზღებას, ენატანიობას. მაბეზღარა ბავშვი, როგორც წესი, პედაგოგებისთვისაც სერიოზული თავსატეხი ხდება. ჩვეულებრივ, ბავშვები გაურბიან მაბეზღარა, ენატანია თანატოლებს, რის შედეგადაც პატარა მაბეზღარა შეიძლება თანატოლთა ჯგუფისაგან იზოლირებული, გარიყული აღმოჩნდეს, რაც, თავის მხრივ, მთელი რიგი ქცევითი და სასწავლო პრობლემების აღმოცენების მიზეზი ხდება, რადგან, თუ ბავშვი კომფორტულად არ გრძნობს თავს  თანატოლთა ჯგუფში, არ არის მათი მხრიდან აღიარებული, ის სწავლაზე უკვე ვეღარ ფიქრობს და ხშირად ჩვენთვის მიუღებელ ქცევებსაც მიმართავს. ასეთი, უკვე ჩამოყალიბებული ქცევის კორექცია კი ნამდვილად არ არის ადვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მაბეზღარობა, ენატანიობა ბავშვებში არავისთვის და მით უმეტეს აღმზრდელთათვის ნამდვილად არ არის სასურველი, არცთუ იშვიათად აღნიშნული თვისებების ჩამოყალიბების და გამოვლენის მაპროვოცირებლები ისინი თავად ხდებიან. წლების წინ ერთი საკმაოდ საყურადღებო სიტუაციის უნებლიე მოწმე აღმოვჩნდი. სკოლის დერეფანში მყოფს ერთ-ერთი საკლასო ოთახიდან ბავშვის ტირილი შემომესმა. ოთახში შესულს ძალიან უცნაური სცენა დამხვდა – კლასში მასწავლებლის არყოფნის მიუხედავად, ბავშვები გაუნძრევლად ისხდნენ მერხებთან და მორჩილად შეჰყურებდნენ თანაკლასელ გოგონას, რომელსაც პედაგოგის ადგილი დაეკავებინა – მის მაგიდასთან იჯდა, ხელში ავტოკალამი ეჭირა და ფურცელზე რაღაცას ინიშნავდა. ერთადერთი რამ, რაც ამ „იდილიას“ არღვევდა, პირველ მერხთან მჯდომი პატარა ბიჭუნას გულამოსკვნილი ტირილი იყო. შევეცადე ბავშვის ტირილის მიზეზი გამეგო, მაგრამ ტირილისაგან დაღლილს და შეწუხებულს ჩემთან საუბრის სურვილი იმ წუთას ნამდვილად არ ჰქონდა. სამაგიეროდ მისმა თანაკლასელებმა ყოველგვარი შეკითხვების გარეშე, შესანიშნავად გამარკვიეს საქმის არსში. „ნანუკას სიაში მოხვდა და ამიტომ ტირის“, „აი, მასწავლებელი რომ დაბრუნდება კლასში, მას აუცილებლად დასჯის“. როგორც მოგვიანებით გავიგე, კლასიდან რამდენიმე წუთით მოულოდნელად გასულ მასწავლებელს თავისი „შემცვლელი“, „სანიმუშო“ მოსწავლე, პატარა ნანუკა ჰყავდა დატოვებული, რომელიც პედაგოგის მაგიდასთან მოკალათებული „მშვენივრად აკონტროლებდა“ სიტუაციას და თითოეული თანაკლასელის ქცევას აფიქსირებდა. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მასწავლებლის ავტორიტეტი, მისი გავლენა მოზარდზე სუსტდება და თანატოლების გავლენა ძლიერდება, ნანუკასნაირ ბავშვს მეგობარი არ ეყოლება კლასში, როგორადაც არ უნდა აქებდეს მას მასწავლებელი. ადვილი შესაძლებელია საერთოდ გარიყონ კიდეც ჯგუფიდან. კლასში რამდენიმე ასეთი ინფორმატორის არსებობა კი მთელ ჯგუფს ისეთ არამეგობრულად ჩამოაყალიბებს, რომ უფროსებს ახალი თავსატეხი გაუჩნდებათ, როგორ დაამეგობრონ ერთ კლასში მყოფი ბავშვები ერთმანეთთან. ხანდახან ბავშვებში ენატანიობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი თავად მშობლებიც ხდებიან, როცა სკოლიდან დაბრუნებული ბავშვისაგან მოითხოვენ დეტალურ „ანგარიშს“ მისი თანაკლასელებისა და პედაგოგების შესახებ – „როგორ იქცეოდა დღეს მასწავლებელი, ვის ეფერებოდა, ვის უბრაზდებოდა, რამდენად გასაგებად აუხსნა გაკვეთილი, ვინ შეაქო, ვინ გაკიცხა. ასეთ ცნობისმოყვარე მშობლებს, როგორც წესი, ყველა წვრილმანი აინტერესებთ და დაჟინებით მოითხოვენ ბავშვისგან, რომ არაფერი დაუმალოს. ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე მასწავლებელს ან მშობელს გაცნობიერებულად, გააზრებულად შეჰქონდეს თავისი წვლილი მაბეზღარას ჩამოყალიბებაში. ამასთან, შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეული, მაგრამ, როცა ბავშვთან მუშაობას დავიწყებთ ენატანიობის დაძლევაზე, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წვლილიც აღნიშნული თვისების ჩამოყალიბებაში და ვიზრუნოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე.  რა თქმა უნდა, უფროსების, აღმზრდელების როლი ბავშვში ამა თუ იმ თვისების ჩამოყალიბებაში დიდია, მაგრამ ზემოაღწერილი ქცევა არ არის ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ბავშვის მაბეზღარობა გამოიწვიოს.

     ბავშვებში ენატანიობის, მაბეზღარობის გამომწვევი  ძირითადი მიზეზები:

  • ზოგიერთი ბავშვისთვის მაბეზღარობა შეიძლება იყოს საუკეთესო ხერხი ყურადღების მისაპყრობად, იმ შემთხვევაში, როცა ამჩნევს, რომ საბავშვო ბაღში, სკოლაში ან ოჯახში სხვა ბავშვს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. ყურადღების ცენტრში მოხვედრის სურვილი ნებისმიერ ფასად, თუნდაც ნეგატიური ქცევის გზით;
  • სხვების ქცევაზე საუბრის უკან შეიძლება იდგეს სრულიად გულწრფელი სურვილი, აღადგინოს სამართლიანობა, იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და ა. შ. ხშირად ასე იქცევიან ძალიან მკაცრი მშობლების შვილები, რომლებიც მიაჩვიეს მკაცრ წესებს, რომელთა დარღვევა იწვევს ძლიერ შფოთვას, სურვილს – დაუყოვნებლივ დააბრუნოს ყველაფერი ჩვეულ ვითარებაში;
  • ხშირად ბავშვები სხვებს აბეზღებენ უბრალოდ ისე, ვერც ამჩნევენ, რომ აკეთებენ ცუდს. ყველაზე ხშირად ასე იქცევიან 7 წლამდე ასაკის პატარები, რადგანაც ვერ აცნობიერებენ, ვერ ხვდებიან საკუთარი ქმედების უარყოფით შედეგებს, მით უმეტეს, თუ აღმზრდელიც, მასწავლებელი ან მშობელი, მიწოდებული ინფორმაციისათვის იწონებს ბავშვის ასეთ ქცევას ქებით, დადებითი კომენტარებით;
  • ხშირად მაბეზღარობა ვლინდება, როგორც პასიური აგრესიის ფორმა, სხვა ადამიანებით მანიპულაციის საშუალება. ბავშვური ლოგიკა ამ დროს ძალიან მარტივია: „არ შემიძლია ვიყო სხვებზე ძლიერი, სხვებზე ჭკვიანი; ასე რომ, ვიქნები ყველაზე მოხერხებული, ყველაზე ეშმაკი“;
  • არცთუ იშვიათად ბავშვს ენატანიობისკენ უბიძგებს დაბალი თვითშეფასება. ასეთი ბავშვისთვის მაბეზღარობა წარმოადგენს თვითდამტკიცების ხერხს სხვების ხარჯზე;
  • უფროსებთან თანატოლების ქცევაზე ფარულად საუბრის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე ძალაუფლებისკენ სწრაფვა: „თუ შენს სმარტფონს არ მათხოვებ, დედას ვეტყვი, რომ ცუდი სიტყვა თქვი დღეს ქუჩაში“;
  • ხანდახან პატარას ენატანიობისკენ აღძრავს უფროსებთან „თანამშრომლობის“ სურვილი. ბავშვი უყვება უფროსს თანატოლის ქცევის შესახებ მის აღზრდაში „დახმარების“ მიზნით;
  • პრობლემის გადაჭრის უცოდინარობა და უუნარობა ხშირად აიძულებს ბავშვს, მიმართოს უფროსს რჩევისათვის, რადგან არ იცის, როგორ მოიქცეს სწორად. ამ დროს მას თანატოლებთან ურთიერთობის ისეთ საკითხებზე უწევს საუბარი, რომ შეიძლება ბევრის მიერ ეს ენატანოიბად იქნეს აღქმული;
  • საკმაოდ ხშირად პატარას მაბეზღარობისკენ აღძრავს წყენა და შური. მას შეიძლება შეშურდეს თანაკლასელის, თუ ის მასწავლებელმა შეაქო. ამის გამო უჩნდება სურვილი, დააბეზღოს თანაკლასელი, როცა ის ისეთ რამეს გააკეთებს, რაც მასწავლებელს არ მოეწონება.

 

რეკომენდაციები – როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ენატანიობას და მაბეზღარობას:

  • მოვერიდოთ ბავშვის დადანაშაულებას, მასთან ჩხუბს და საყვედურებს. ყვირილი და დასჯა ვერ მოაგვარებს პრობლემას. საუკეთესო შემთხვევაში პატარა სხვასთან დაიწყებს ამბების მიტანას, უარეს შემთხვევაში კი საერთოდ შეწყვეტს საუბარს თანატოლებთან თავის ურთიერთობებზე. ამასთან, იფიქრებს, რომ უფროსებს საერთოდ არ აღელვებს მისი პრობლემები. რაც უფრო ხშირად განმეორდება ასეთი სიტუაცია, მით უფრო დაუცველი გახდება ბავშვი და დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას. გავითვალისწინოთ, რომ პატარას ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული საფუძველი. მოვისმინოთ მისი მონათხრობი მშვიდად, შევეცადოთ გონივრულად შევაფასოთ სიტუაცია. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. დავაზუსტოთ, ხომ არ სჭირდება მას ჩვენი უშუალო დახმარება. შესაძლოა ის მაბეზღარობისკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ ეძებს ჩვენს მხარდაჭერასა და რჩევას. საყვედურების ნაცვლად აჯობებს ასეთ დროს პრობლემებთან გამკლავება და მათი დამოუკიდებლად გადაწყვეტა ვასწავლოთ ბავშვს;
  • დავუთმოთ ბავშვს უფრო მეტი დრო. მაბეზღარობისა და ენატანიობისკენ მისწრაფება პატარას ხშირად მაშინ უჩნდება, როცა უფროსები ნაკლებ დროს ატარებენ მასთან. ასეთ შემთხვევაში ის თავს ზედმეტად და არასაჭიროდ თვლის. ცდილობს მშობლების ყურადღების მიპყრობას და ამიტომ იწყებს ლაპარაკს ყველაფერზე, რაც საინტერესოდ მიაჩნია; თუ მას ექნება საშუალება, უფრო მეტი დრო გაატაროს მისთვის საყვარელ ადამიანებთან, შემხვედრი პრობლემა საგანგაშოდ აღარ მოეჩვენება, თავს უფრო დარწმუნებულად იგრძნობს ნებისმიერ სიტუაციაში და რაც მთავარია, დაიწყებს ფიქრს, თუ რის გაკეთება შეუძლია დამოუკიდებლად ამა თუ იმ ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად;
  • შევუქმნათ ბავშვს პირობები იმისათვის, რომ ის დაკავდეს მისთვის საინტერესო საქმიანობით, სადაც ის საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს. ხშირად მაბეზღარები ხდებიან ბავშვები, რომელთაც სურთ საკუთარი თავის გამოვლენა, საკუთარი თავდაჯერებულობის მტკიცება, მაგრამ უფროსების დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ ამას. ბავშვს სჭირდება საქმე, რომელშიც ის წარმატებული იქნება, თავს ლიდერად იგრძნობს და სხვებისთვის რჩევების მიცემასაც შეძლებს. ეს საშუალებას მისცემს მას, ნაკლები ყურადღება მიაქციოს სხვათა საქმიანობას, ნაკლებად დაკავდეს სხვისი ქცევის კონტროლითა და თვალთვალით; ასწავლის ინიციატივის გამოვლენასა და დასახული მიზნების მიღწევას. ასეთ დროს არ დაგვავიწყდეს, მხარი დავუჭიროთ ბავშვს თავის წამოწყებაში, მცდელობაში და ვაჩვენოთ, თუ როგორ ვამაყობთ მისი წარმატებით;
  • მოვერიდოთ სხვა ბავშვების ქებას ჩვენი პატარას თანდასწრებით. როდესაც მშობელი აკრიტიკებს საკუთარ შვილს, ის იწყებს ფიქრს, რომ არ არის საკმარისად კარგი იმისათვის, რომ მშობლებს  მოსწონდეთ. თუ ამავდროულად მშობელი აქებს სხვებს, პატარამ შეიძლება დაიწყოს ეჭვიანობა და შეშურდეს იმ ბავშვის, რომელსაც მისი დედა ასე აქებს. სწორედ აქედან იწყება მაბეზღარობა და ენატანიობა. ბავშვი უყურადღებოდ არ ტოვებს საკუთარი მშობლის ნაქები ბავშვის არცერთ წარუმატებელ ნაბიჯს, ყველანაირად ცდილობს, დაანახოს მას, რომ ის ბავშვი არც ისეთი კარგია, როგორც მას ჰგონია.  სხვა ბავშვებთან შედარების ნაცვლად უკეთესი იქნება, ვასწავლოთ პატარას თავად დაინახოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმუშაოს პრობლემების დაძლევაზე და წარმატებული ნაბიჯების გადადგმისას  არ დაგვავიწყდეს მისი შექება.

დაბოლოს, ბავშვთან დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობისას გვახსოვდეს, რომ არ არსებობს დაუძლეველი სირთულე, მთავარია მოთმინება, სიყვარული და თანმიმდევრულობა მოქმედებისას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...