ორშაბათი, ივნისი 16, 2025
16 ივნისი, ორშაბათი, 2025

როგორ ველაპარაკოთ შვილის მასწავლებელს?

0

მშობლები და მასწავლებლები რეგულარულად ხვდებიან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებსაც აქვთ, მაგ. სწავლის პრობლემები, ემოციური დარღვევები ან ფიზიკური პრობლემები. ეს შეხვედრები შეიძლება ბევრ მშობელს აშინებდეს. შეხვედრისას სიმშვიდისა და ფოკუსირების შენარჩუნება მისი პროდუქტიულობის საწინდარია.

ქვემოთ მოცემულია 10 რჩევა მშობლებისათვის მასწავლებელთან შეხვედრისას.

  1. მოითხოვეთ შეხვედრა სკოლის საათებამდე ან მათ შემდეგ. მასწავლებლები დღის განმავლობაში ხშირად დაკავებული არიან, თავისუფალ პერიოდებშიც კი. ისინი დამატებით დროს შეიძლება იყენებდნენ საკლასო სამუშაოების შესაფასებლად, საშინაო დავალებების შესამოწმებლად ან სხვა მშობლების მეილებზე საპასუხოდ. მასწავლებელთან შეხვედრისას თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არაფერი შეგიძლით ხელს. შეხვედრების დანიშვნა მოსწავლეების მოსვლამდე ან მათი წასვლის შემდეგ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, მთელი ყურადღება თქვენ დაგითმოთ.
  2. თუკი რაიმე გაშფოთებთ, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ შეხვედრა, ნუ დაელოდებით მომდევნო დაგეგმილ შეხვედრას. სკოლაში პრობლემები უმალ იზრდება, როგორც კი ყურადღებას მოადუნებთ. მაშინვე, როგორც კი შეხვედრის საჭიროებას იგრძნობთ, დაუკავშირდით მასწავლებელს და შესთავაზეთ შეხვედრა. მასწავლებლები მოხარული იქნებიან, გაგესაუბრონ და თქვენთან ერთად მიიღონ გადაწყვეტილება, სანამ სიტუაცია შესამჩნევ პრობლემად იქცევა.
  3. ზუსტად განსაზღვრეთ მიზეზი, რატომ გსურთ შეხვედრა. თუკი არსებობს სპეციფიკური პრობლემა, შეხვედრის დანიშნულებაა საკითხზე ყურადღების გამახვილება და გონებრივი იერიშით გადაწყვეტის სხვადასხვა გზის მოძიება. წარმოიდგინეთ, რომ შეხვედრა ეხება საერთო აკადემიურ ან ქცევის პრობლემებს. ამ შემთხვევაში, გამოიყენეთ დისკუსია, რათა შეიმუშაოთ სტრატეგიები სკოლისა და სახლისათვის, ბავშვს რომ დაეხმაროთ. იმის ზუსტად ცოდნა, თუ რატომ გსურთ შეხვედრა, დაგეხმარებათ უკეთ ფოკუსირდეთ გადაწყვეტის გზების მოძიებაზე.
  4. მოამზადეთ მასწავლებელი შეხვედრამდე. გაუგზავნეთ შეტყობინება, მეილი ან გაესაუბრეთ ტელეფონზე, რათა შეატყობინოთ თქვენი შფოთვის მიზეზი და საშუალება მისცეთ, შეაგროვოს ინფორმაცია ან დააკვირდეს სიტუაციას თქვენთან შეხვედრამდე. როდესაც ორივე მხარე წინასწარ ემზადება, დისკუსიაც უფრო ფოკუსირებულია.
  5. მოემზადეთ შეხვედრისათვის. გაესაუბრეთ ბავშვს შეხვედრამდე, რათა გაიგოთ მისი აზრი. თუკი პრობლემა აკადემიურია, მოაგროვეთ საშინაო ან სასკოლო დავალებების ფრაგმენტები, რათა უკეთ შეძლოთ თქვენი პრობლემის ახსნა. თუკი პრობლემა უფრო ქცევას უკავშირდება, ჰკითხეთ ბავშვს, რა ხდება, რათა გაარკვიოთ, რატომ იქცევა ასე.
  6. ჩამოწერეთ კითხვები. მარტივად შეიძლება, დაგავიწყდეთ ყველაფერი, რაზე საუბარსაც მასწავლებელთან აპირებთ. კითხვების ჩამოწერა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ფოკუსი. არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი სახლში მისვლისას რომ იტყვი – „აი, კიდევ რისი კითხვა მინდოდა!“.
  7. გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ, რათა დაეხმაროთ მასწავლებელს. მასწავლებლები აფასებენ, როდესაც იციან „შიდა“ ინფორმაცია თავიანთი მოსწავლეების შესახებ, რათა დაეხმარონ მათ წარმატების მიღწევაში. მაგ. თქვენ შვილს კრეატიული იდეები ხმამაღლა საუბრისას მოსდის, თუ წყნარ გარემოში უკეთ მუშაობს? მსგავსი ინფორმაციის გაზიარება მასწავლებელს აძლევს ინფორმაციას საკლასო სტრატეგიების შესამუშავებლად.
  8. დაგეგმეთ მომავალი შეხვედრები. რაც არ უნდა იყოს საწყისი შეხვედრის მიზეზი, თქვენ გექნებათ სურვილი, თვალ-ყური ადევნოთ სიტუაციის განვითარებას. საუბრისას განიხილეთ, როგორ გეგმავთ მასწავლებელთან რეგულარულ კომუნიკაციას. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური ან ყოველკვირეული მეილი ან ყოველკვირეული მოკლე სატელეფონო ზარი. კარგი იქნება, თუკი ერთად გადაწყვეტთ მომავალი კომუნიკაციის მეთოდსა და სიხშირეს.
  9. იყავით მშვიდი და ფოკუსირებული შეხვედრის განმავლობაში. მართალია, ყველა მშობელი ემოციურია საკუთარ ბავშვზე საუბრისას, მაგრამ შეხვედრისას სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. როგორც წესი, მოთმინების დაკარგვა კონტრპროდუქტიულია და იწვევს შეხვედრის ორივე მონაწილის მიერ თავდაცვითი პოზიციის მორგებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სთხოვეთ ვინმეს წამოგყვეთ, რათა დაგეხმაროთ შეხვედრისას.
  10. პატივი ეცით მასწავლებლის შესაძლებლობას და როლს, რომელსაც ის თამაშობს თქვენი შვილის ცხოვრებაში. მასწავლებლები თქვენი პარტნიორები არიან თქვენი შვილის განათლებაში. მოეპყარით მასწავლებელს პატივისცემით და ისიც პატივისცემით გიპასუხებთ.

ძალიან ხშირად, მშობლები მხოლოდ მაშინ ეკონტაქტებიან მასწავლებლებს, როდესაც მწიფდება პრობლემა და ემოციური დაძაბულობა. გამონახეთ დრო შეხვედრებს შორის, რათა გაესაუბროთ მასწავლებელს. თუკი შვილი გიყვებათ, რომ მასწავლებელი მას დაეხმარა წარმატების მიღწევაში, ან მისმა რომელიღაც ქცევამ თავი კომფორტულად აგრძნობინა, გაუგზავნეთ მასწავლებელს სამადლობელი შეტყობინება. შეგიძლიათ იფიქროთ მოხალისეობაზე საკლასო ოთახში (ეს შეიძლება იყოს დოკუმენტაციის შევსება, დამხმარე მასალის დალაგება, კარადების დასუფთავება). მასწავლებელი დააფასებს თქვენს ძალისხმევას და შეიძლება, მოგეცეთ მასთან პირისპირ საუბრის შესაძლებლობა. მასთან ურთიერთობის დამყარება და თქვენი შვილის განათლებაში ჩართულობა შეიძლება დაეხმაროს თქვენს შვილს კლასში წარმატების მიღწევაში.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/lets-talk-about-mental-health/202109/10-tips-talking-your-childs-teacher?fbclid=IwAR0yOgQeaBnkAMfeHkRypCrnL4INA7t8n71_fU2CLSyh6uvbEvGbDxJQ5wA

 

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მადლიერება

1

„როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მადლიერება“ – დავწერე სათაური და დავფიქრდი: შესაძლებელია კი მისი სწავლება ან სწავლა? იქნებ ეს ნიჭი დაბადებიდან დაჰყვება ადამიანს? და თუ არა, როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვებს მადლიერების გრძნობა? რისი გაკეთება შეგვიძლია ამისთვის მასწავლებლებს?

„მადლობა“ – ეს უბრალო სამმარცვლიანი სიტყვა უდიდესი გრძნობის – მადლიერების გამოხატულებაა. ჩვენ, დიდებს, რატომღაც გვიჭირს მისი წარმოთქმა. იქნებ იმიტომ, რომ სახლში, ბაღში, დაწყებით კლასებში არ გაგვიმახვილეს ამაზე სათანადო ყურადღება; ან ჩვენ ვერ მოვუსმინეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი განცდა და გამოხატვა, რა მნიშვნელობა აქვს მას ურთიერთობებისთვის, რა გავლენას ახდენს ადამიანთა ქმედებებზე.

ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციის შესავალ ნაწილში ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ნატო ინგოროყვამ, თქვა: „მადლობა არასდროს არის ზედმეტი, ამიტომ მეც მადლობით დავიწყებ სათქმელსო“. ეს სიტყვები ღრმად ჩამებეჭდა გონებაში და თავს მახსენებს ყოველთვის, როცა გულით ვეუბნები ვინმეს მადლობას, როცა მოჩვენებით მადლიერებას გამოვხატავ ან როცა გულწრფელად მადლიერი ვარ, მაგრამ რატომღაც მერიდება თქმის.

ჰოდა, რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა მოსწავლეებმა ეს სიტყვა შეისისხლხორცონ?

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც, ვფიქრობ, მოსწავლეებს მადლიერების განცდას გაუღვიძებს და მის  გამოხატვას ასწავლის.

1) სთხოვეთ, აიღონ წიგნაკი, რომელშიც ყოველი დღის ბოლოს, დაძინებამდე, თუნდაც ერთი წინადადებით გადაუხდიან მადლობას ვინმეს ან რამეს. თავდაპირველად შეგიძლიათ გაანდოთ, თავად რის გამო ხართ მადლიერი, რათა მოსწავლეებმა დაინახონ, რომ მადლიერებას არ სჭირდება გრანდიოზული საქმეები. ახალი დღე გათენდა, კარგი ამინდია, თანაკლასელმა კალამი გვათხოვა, დღემ კარგად ჩაიარა – ეს ყველაფერი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მადლიერნი ვიყოთ.

ყოველი კვირის ბოლოს სთხოვეთ, სურვილისებრ, წაიკითხონ თავიანთი ჩანაწერები, ან თქვენ ჩაიბარეთ მათი წიგნაკები და ანონიმურად წაუკითხეთ კლასს. თავდაპირველად უფრო მისაღებია მეორე ფორმა, სანამ მოსწავლეები გაითავისებენ, რომ მადლობა მცირედის გამოც კი შეიძლება ითქვას. მიეცით ამას სისტემატური ხასიათი და აქტივობა დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

2) გონებრივი იერიშის საშუალებით გამოჰკითხეთ მოსწავლეებს, რა გრძნობა ეუფლებათ, როდესაც ვინმე მადლობას უხდის. ჩამოწერეთ ყველა განცდა, რომელსაც კი მოსწავლეები დაასახელებენ და თითოეულზე გაამახვილეთ ყურადღება, სთხოვეთ ბავშვებს, იმსჯელონ ამ საკითხზე და თქვენც გამოხატეთ მოსაზრება.

3) წაუკითხეთ მოთხრობები მადლიერებაზე, აჩვენეთ ფილმი და გამართეთ დისკუსია. ამ ფილმში ნაჩვენებია ახალგაზრდა მასწავლებლის დამოკიდებულება დედის მიმართ. ალცჰაიმერით დაავადებულ ქალს შვილი სახლში ვერ ტოვებს, ამიტომ ყველგან თან დაჰყავს, მათ შორის – სკოლაშიც. უვლის და უფრთხილდება. მოსწავლეები ყოველდღიურად ხედავენ ზრუნვისა და მადლიერების უდიდეს მაგალითს და ეს გრძნობა თანდათან მათშიც ღვივდება.

აგრეთვე შეგიძლიათ წაუკითხოთ ან აჩვენოთ ი. გოგებაშვილის ლომი და თაგვი, გამართოთ დისკუსია მასში აღწერილ სიტუაციებზე, მადლიერების გამოხატვასა და მის შედეგზე.

თუ ბავშვებს შევუქმნით გარემოს, სადაც ხშირად მოისმენენ სიტყვა „მადლობას“, თვალნათლივ დაინახავენ ამის მაგალითებს სახლში, ეზოში, სკოლაში და იმ გარემოში, სადაც ყოფნა უწევთ, ეს გრძნობა ღრმად გაიდგამს ფესვს მათ ცნობიერებაში. რადგან მადლობა მართლაც არასდროს არის ზედმეტი.

კუთხე და მრავალკუთხედები, გაკვეთილის გეგმა

0

 

სამიზნე ცნებაზე მუშაობისას შესასწავლი ერთ-ერთი საკითხი, როგორც შუალედური მიზანი, არის მრავალკუთხედის კუთხეთა თვისება მე-7 კლასში. გაგიზიარებთ ერთი გაკვეთილის გეგმას

სამიზნე ცნება: ბრტყელი ფიგურები და მათი ზომები

მკვიდრი წარმოდგენები:

  • ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურის ფორმა აქვს; გეომეტრიული ფიგურა შემოსაზღვრულია წერტილით, მონაკვეთით, წირით ან ზედაპირით.
  • მართებული მსჯელობითა და არგუმენტებით შესაძლებელია ახალი კანონზომიერებების ფორმულირება, ასევე არსებული ფაქტების გაანალიზება, რომელიც გვეხმარება პრობლემის გადაჭრასა და ახალი ცოდნის მიღებაში.
  • გეომეტრიულ ფიგურებსა და ელემენტებს შორის არსებობს გარკვეული კავშირი. აღნიშნული კავშირების გაგება და გაანალიზება ავითარებს მსჯელობა-დასაბუთების უნარს.
  • სიბრტყესა და სივრცეში გეომეტრიული ფიგურების ზომის გამოთვლა ხდება შესაბამისი წესით, გაზომვა ხდება შესაბამისი სტანდარტული ერთეულით.
  • გეომეტრიული პრინციპების ცოდნითა და გამოყენებით შეგვიძლია, აღვწეროთ და დავაკავშიროთ გეომეტრიული ფიგურები და მისი ელემენტები.
  • კვლევის მეშვეობით შესაძლებელია ახალი კავშირების აღმოჩენა და დადგენა.
  • გეომეტრიული მოდელი რეალურ ცხოვრებასა და სამყაროში მიმდინარე მოვლენებს გეომეტრიული ობიექტების მეშვეობით აღწერს. კარგი მოდელი გვეხმარება სამყაროში მიმდინარე პროცესების გაგებაში. ასევე სტრუქტურის აღქმასა და დასკვნების გაკეთებაში. სიბრტყეში ან სივრცეში გეომეტრიულ ობიექტებს სხვადასხვა ურთიერთმდებარეობა აქვთ.

საკითხი: კუთხეები მრავალკუთხედებში

ესგ-ის სტანდარტით მისაღწევი შედეგები:

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება (მათ.საბ.1,2,3,7,8);
  • თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით (მათ.საბ.1,2,3,4,6);
  • თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით (მათ.საბ.1,2,3,7,8,9).

საკვანძო შეკითხვა:

  • როგორ გვეხმარება ლოგიკური მსჯელობა ცოდნათა დაკავშირებასა და თეორემის დამტკიცებისათვის?
  • როგორ გვეხმარება გეომეტრიული ფიგურები გარემომცველი ობიექტების აღწერაში?

 

აქტივობა 1. გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა

მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს.

დრო: 1-2 წთ.

აქტივობა 2. ჩემი ქალაქის გეგმა (წინარე ცოდნის გააქტიურება)

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ კუთხეების ზომის დადგენას. მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეების პოვნას. ამოზნექილი მრავალკუთხედისა და წესიერი მრავალკუთხედების ამოცნობას.

დრო: 8-10 წთ.

რესურსი: კომპიუტერი. პროექტორი. GPS -გლობალური სატელიტური სანავიგაციო სისტემის ინტერაქციული რუკა. ქუთაისის ზოგიერთი უბნის ფოტორესურსი. ტრანსპორტირი.

აღწერა: მოსწავლეებს ვაჩვენებ ქალაქის გეგმას და ვეუბნები, ალბათ ხშირად გინახავთ ტაქსით მგზავრობისას მანქანაში ან თქვენი მშობლების მანქანაში დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობა (მობილური, სმარტფონი). მოწყობილობებს აქვთ ფიჭური მხარდაჭერა და GPS ტექნოლოგიების სერვისების დახმარებით მძღოლის გეგმის მიხედვით შეუძლია ორიენტირება.

მოსწავლეებს ვთხოვ, დააკვირდნენ ჩვენი ქალაქის გეგმას.

მასზე დატანილია ქუჩები, გამზირები, დასასვენებელი პარკები, მდინარეები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტები

არის თუ არა ამ სურათზე გეომეტრია? დავასახელოთ, რა გეომეტრიულ ობიექტებს ხედავთ სურათზე? ბავშვები ასახელებენ – წრფეები, წირები, პარალელური და გადამკვეთი წრფეები, კუთხეები, სხვადასხვა ფორმის მრავალკუთხედები…

კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად.

თითოეულ ჯგუფს ვურიგებ, A4 ზომის ფურცელზე ამობეჭდილ ჩვენი ქალაქის რუკის ნაწილს, და დავალების ბარათს. გაგიზიარებთ ერთი ჯგუფის მაგალითს.

ბარათი:

თქვენ წინ ჩვენი ქალაქის რამდენიმე ქუჩის გეგმაა. ქუჩა/გამზირი აღიქვით, როგორც წრფის ნაწილი.

უპასუხე კითხვებს:

1.      დაასახელე პარალელური წრფეები (ქუჩის დასახელება).

2.      იპოვე კუთხე, რომელიც იქმნება თავისუფლების ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირთან კვეთაში. იპოვე ამ კუთხის მოსაზღვრე კუთხე.

3.      რა ფიგურას ქმნის თავისუფლების ქუჩით, თავისუფლების ქუჩის I შესახვევითა და აღმაშენებლის გამზირით შემოსაზღვრული არე? არის თუ არა ის ამოზნექილი და რატომ? არის თუ არა ეს მრავალკუთხედი წესიერი და რატომ?

4.      ქალაქის მერია აცხადებს კონკურსს ახალი ქუჩის დასაპროექტებლად, ფარნავაზ მეფის II შესახვევი უნდა გააგრძელოს და შეუერთოს ფარნავაზ მეფის IV შესახვევს, ისე, რომ გზის სიგანე იგივე დარჩეს და საცხოვრებელი სახლების ეზოების მთლიანობა/საკუთრება არ დაირღვეს. დახაზე გზის პროექტი, უპასუხე კითხვებს:

·         რა კუთხე იქმნება ფარნავაზ მეფის IV შესახვევსა და ფარნავაზ მეფის II შესახვევს შორის?

·         რომელი მრავალკუთხედი მიიღება ფარნავაზ მეფის IV შესახვევის, ფარნავაზ მეფის II შესახვევის გაგრძელებითა და ფარნავაზ მეფის ქუჩებით? და არის თუ არა ის წესიერი მრავალკუთხედი და რატომ?

·         რამდენი გრადუსის ტოლია ამ მრავალკუთხედის უდიდესი კუთხე?

მოსწავლეებმა დაფასთან გამოიტანეს ნამუშევრები. წარდგენისას მსჯელობდნენ კუთხეთა სახეებსა და ზომებზე, მოსაზღვრე და ვერტიკალურ კუთხეთა თვისებებზე; მრავალკუთხედების სახეებსა და თვისებებზე. საკითხი დაუკავშირეს ყოფა-ცხოვრებას და მსჯელობისას თავად დაასკვნეს, რომ ქალაქის დაგეგმარებასა და მშენებლობაში მონაწილე ინჟინრები, არქიტექტორები, დიზაინერები გეომეტრიის გარეშე ვერ შეძლებენ ქალაქის ინფრასტრუქტურულ მოწყობას.

აქ წარმოდგენილია რამდენიმე ფოტო, მოსწავლეთა ნამუშევრები გაკვეთილზე.

აქტივობა 3. სამკუთხედის კუთხეების თვისება

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამის დადგენას.

დრო: 3-4 წთ.

რესურსი: ფერადი ფურცლებით დამზადებული სხვადასხვა ფორმის სამკუთხედები და მაკრატელი (თითოეული ჯგუფისთვის).

აღწერა: კლასი დაყოფილია 5-6 მოსწავლისაგან შემდგარ 4-ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვურიგებ სხვადასხვა სახის სამკუთხედს (გამოჭრილია ფერადი A4 ზომის ფურცლისგან, რომელთა გვერდების სიგრძეები მიახლოებით 15-20სმ-ია). მოსწავლეებს ვთხოვ, სამკუთხედს მოაჭრან სამივე კუთხე და ერთმანეთს მიაწყონ ისე, რომ სამივე კუთხის წვერო მოხვდეს ერთ წერტილში და კუთხეებმა ერთმანეთი არ გადაფაროს. მოსწავლეებმა თავად დაინახეს, რომ ოთხივე ჯგუფში სამკუთხედის კუთხეები ჯამში ქმნიან გაშლილ კუთხეს, 180°-ს.

აქტივობა 4: მრავალკუთხედის კუთხეების ჯამი

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ზოგიერთი მრავალკუთხედის შიდა კუთხეთა ჯამის პოვნას; მრავალკუთხედის კუთხეების ჯამის ფორმულის დადგენას. შეძლებენ წესიერი მრავალკუთხედის კუთხის ზომის დადგენას.

რესურსები: ფერადი ფურცლებით დამზადებული მრავალკუთხედები: ოთკუთხედი, ხუთკუთხედი, ექვსკუთხედი, შვიდკუთხედი; მარკერები და სახაზავები (თითოეული ჯგუფისთვის); დაფა, ცარცი.

დრო 3-4 წთ.

აღწერა: ჯგუფებს ვურიგებ ფერადი A4 ზომის ფურცლისგან გამოჭრილ მრავალკუთხედებს.( I-ლი ჯგუფი – ოთხკუთხედი, II ჯგუფი – ხუთკუთხედი, III ჯგუფი – ექვსკუთხედი, IV ჯგუფი – შვიდკუთხედი ) და ბარათს შესავსებად.

თითოეულ ჯგუფს ეძლევა ინსტრუქცია: მრავალკუთხედის ერთი წვეროდან გაავლე ყველა შესაძლო დიაგონალი. დათვალე რამდენ სამკუთხედად დაიყო ფიგურა და რადგან უკვე იცით, რამდენი გრადუსია სამკუთხედის კუთხეების ჯამი, ამ ცოდნის გამოყენებით იპოვეთ მოცემული მრავალკუთხედის კუთხეთა ჯამი. შეავსე ბარათი

ფიგურის დასახელება: – – –

n=… , (n გვერდების რაოდენობა)

ერთი წვეროდან გამოსული დიაგონალებით, რამდენ სამკუთხედად დაიყო ფიგურა?- – –

რამდენი გრადუსის ტოლია ფიგურის კუთხეთა ჯამი? – – –

 

აქტივობის შეჯამება:

მიზანი : n- კუთხედის კუთხეთა შიგა ჯამის დადგენა

დრო 4-5 წთ.

მოსწავლეთა ჯგუფებს გამოაქვთ თავიანთი ნამუშევარი და ჩემ მიერ დაფაზე წინასწარ დახაზულ ცხრილში ათავსებენ, რომლის ანალიზის შედეგად თავად აღმოაჩინეს კანონზომიერება, დაადგინეს დამოკიდებულება გვერდების რაოდენობასა და ფიგურის შემადგენელ სამკუთხედებს შორის ( n-2 ) და დაწერეს n-კუთხედის შიგა კუთხეების გამოსათვლელი ფორმულა.

მოსწავლეებმა განხორციელებული სამუშაოს საფუძველზე მარტივად გამოიტანეს დასკვნა, როგორ იპოვონ წესიერი მრავალკუთხედის თითოეული კუთხის ზომა.

მოსწავლეებმა შეძლეს მანიპულატივებისა და თვალსაჩინოების გამოყენებით პროცედურისა და ფაქტების უკეთ გააზრება და დემონსტრირება. ამ პროცედურის სრულყოფილად დაუფლების მიზნით თვალსაჩინოების გარეშე ვაკეთებთ სავარჯიშოებს სახელმძღვანელოდან.

აქტივობის განხორციელების ზოგიერთი ფოტო

აქტივობა 5 .სავარჯიშოს შესრულება

მიზანი: მოსწავლეს შეუძლია მრავალკუთხედის კუთხეების პოვნა

დრო:4-5 წთ.

აღწერა: სავარჯიშო სრულდება მთელი კლასის მოსწავლეთა ჩართულობით.

იპოვეთ მრავალკუთხედის კუთხეების გრადუსული ზომა.

აქტივობა 6. მრავალკუთხედის გარე კუთხე

მიზანი: მრავალკუთხედის გარე კუთხისა და მრავალკუთხედის გარე კუთხეების თვისების გაცნობა

დრო 4-5 წთ.

რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი

აღწერა: მე-5 აქტივობაში განხილული სავარჯიშოს ნახაზზე მოსწავლეებს განვუსაზღვრე, რას ეწოდება მრავალკუთხედის გარე კუთხე. მოსწავლეების ვთხოვე, ეპოვათ ამ მრავალკუთხედის ყველა წვეროსთან მდებარე, თითო თითოდ აღებული გარე კუთხის ჯამი.

ამის შემდეგ მოსწავლეებს ვკითხე, როგორ ფიქრობთ სხვადასხვა რაოდენობის გვერდებიან მრავალკუთხედებში გარე კუთხეთა ჯამი 360 º-ია თუ იცვლება?

მოსწავლეთა მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ, მათ ეკრანზე ვაჩვენებ სიმულაციას https://www.geogebra.org/m/FKDa43gU.

სიმულაცია სიტყვების გარეშე გვაჩვენებს მტკიცებულებას. მოსწავლეებმა სიმულაციის დახმარებით მარტივად გამოიტანეს დასკვნა, მრავალკუთხედის გარე კუთხეების ჯამი 360 º-ია.

აქტივობა 7: სავარჯიშოების შესრულება

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და გამოყენება სავარჯიშოების შესრულებისას.

დრო 5-6 წთ.

აღწერა. ჯგუფებს ეძლევა ამოცანა: წესიერი მრავალკუთხედის შიდა კუთხის ზომა ტოლია 150º-ის. რამდენი გვერდი აქვს ამ მრავალკუთხედს? გარე კუთხის შესახებ ცოდნის გამოიყენებით როგორ გასცემთ პასუხს არსებულ კითხვაზე?

სავარჯიშოს ოთხივე ჯგუფმა გაართვა თავი. მოსწავლეებმა იმსჯელეს ამოცანის ამოხსნის განსხვავებულ სტრატეგიაზე.

საშინაო დავალება

დავალება: დაჩიმ განაცხადა, რომ მას შეუძლია დაფაროს მისი აბაზანის იატაკი მართკუთხედის ფორმის ფილებით, მათ შორის ყოველგვარი სიცარიელისა და თანაკვეთის გარეშე. სალომე ამბობს, რომ მას იმავეს გაკეთება შეუძლია ტოლგვერდა სამკუთხედების საშუალებით. რომელია მართალი და რატომ? ექსპერიმენტის გზით დაადგინეთ, შესაძლებელია თუ არა სხვა ფორმის გამოყენებით იატაკის მოპირკეთება ისე, რომ მათ შორის არ იყოს სიცარიელე ან თანაკვეთა. ახსენით მიღებული შედეგი.

მოსწავლეთა ნამუშევრები იხილეთ აქ.

აქტივობა 8. გაკვეთილის შეჯამება

გაკვეთილი შევაჯამე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტით 3-2-1.

დრო: 2-3 წთ.

მოსწავლეებს ვთხოვე, გაკვეთილის შესახებ შეევსოთ ბარათი.

3 რამ, რაც ვისწავლე –

2 რამ, რაც გავიგე –

1 რამ, რაც მინდა გითხრათ –

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis

 

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-7 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/meshvide-klasi/

  1. CK-12 ელექტრონული სახელმძღვანელო. მე-7 კლასი

https://flexbooks.ck12.org/user:c2vuzc50by5zywxvbwvaz21hawwuy29t/cbook/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98-8249917/

 

ემოციური წიგნიერება და საბავშვო ლიტერატურა

1

ემოციების გარეშე ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი, უღიმღამო და უფერული იქნებოდა. შიში, სიძულვილი, სიყვარული, ბრაზი, სირცხვილი, გაკვირვება – ყველა ემოცია ჩვენში ცხოვრობს და ზოგჯერ საჭირო დროს, ზოგჯერ არც ისე საჭირო დროს გადმოიფრქვევა. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ისინი ხომ ხშირად იმაზე მეტ ემოციას გვაჩვენებენ, ვიდრე ამას სადმე ვნახავთ; ხან სიხარულისგან ცას სწვდებიან, ხან კი ისე ვერ იმორჩილებენ ბრაზსა და ნეგატიურ განცდებს, სასოწარკვეთილებამდეც კი მივყავართ. ასეთ დროს არ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ არსებულ უსიამოვნებას, როგორ დავამშვიდოთ ისინი – ბოლომდე მივცეთ გამოხატვის საშუალება, რომ სული მოითქვან, სტრესისგან გათავისუფლდნენ თუ ავუკრძალოთ.

 

ხშირად მშობლები უფრო მეტ ყურადღებას ვამახვილებთ ბავშვის ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებაზე. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია სოციო-ემოციური კომპონენტიც და ამ უნარების განვითარებაზე ზრუნვა. კარგი ფიზიკური და კოგნიტური უნარების მიღმა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ შეიმეცნებს ბავშვი საკუთარ თავს; რა იცის მან საკუთარ პიროვნებაზე, თვისებებზე, განცდებზე; რას ფიქრობს სხვებზე, როდესაც ურთიერთობს მათთან და რას ელის მათგან; რამდენად შეუძლია თანაგანცდა იმ ადამიანებისა, ვისთანაც ურთიერთობა აქვს.

 

ემოციებზე დაკვირვება ადამიანებს ბევრ რამეს გვასწავლის, გვაფიქრებს, გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე და ცხოვრების ხარისხზე. თუ საკუთარ ემოციებს დავაკვირდებით, სხვების გაგებაც არ გაგვიჭირდება. გამოვიცნობთ – რა სწყინთ, რა უხარიათ, რა უნდათ – რადგან უკვე გაწაფული ვიქნებით ემოციების წაკითხვაში. საკუთარი და სხვისი ემოციების იდენტიფიცირება – ეს უკვე ემოციური წიგნიერების საფუძველია. როდესაც გესმის საკუთარი თავის, მიჰყვები გულის ხმას, ასევე შეგიძლია გაუგო სხვებსაც და ემოციების მიღმა მათი ნამდვილი გრძნობები დაინახო.

 

რა გავლენას ახდენს ბავშვის ემოციებზე საბავშვო ლიტერატურა და რატომ შეიძლება გამოგვადგეს მხატვრული ლიტერატურა ემოციური წიგნიერების, ამ მნიშვნელოვანი კომპეტენციის განსავითარებლად – ამ საკითხზე კიდევ ერთხელ მაშინ დავფიქრდი, როდესაც ჩემს ექვსი წლის გოგონას ასტრიდ ლინდგრენის არაჩვეულებრივ წიგნს „მადიკენის თავაგადასავალს” ვუკითხავდი.

 

მჯერა, რომ წიგნები ცვლიან ადამიანებს, ამდიდრებენ მათ სულიერ სამყაროს და უფრო შთამბეჭდავს ხდიან მათ ცხოვრებას, განსაკუთრებით ბავშვების ცხოვრებას, რომელიც უსიხარულო – არა, მაგრამ ზოგჯერ მოსაწყენი ნამდვილადაა. კარგი მწერლები კი ამას ისე აკეთებენ, რომ მათ წიგნებს მანამდე ვერ წყდები, სანამ ბოლო თავამდე არ ჩაიკითხავ. ასეთი წიგნები სავსეა მინიშნებებით, რომელიც ბავშვმა მშობელთან ერთად ან მის გარეშე უნდა ამოიცნოს. ეს მინიშნებები მნიშვნელოვანი თემებისკენ, დასაფიქრებელი საკითხებისკენ უკვალავს გზას პატარა ადამიანებს. სწორედ ასეთი წიგნია „მადიკენის თავგადასავალი” და თუ ლინდგრენის შემოქმედება გიყვართ, გეტყვით, რომ ნამდვილად ისიამოვნებთ კითხვით. დაიწყებთ თუ არა კითხვას, აღარ მოგინდება იუნიბაკენიდან წამოსვლა. აღარ მოგინდება, თვალი მოსწყვიტო მადიკენს და სასაცილო ლისაბეტს, გინდა იქ დარჩე მათი იდილიური ცხოვრების მეთვალყურედ.

 

ცელქი, გონიერი და ემპათიური მადიკენი იუნიბაკენში ცხოვრობს პატარა დაიკო ლისაბეტთან, დედ-მამასთან და მოახლე ალმასთან ერთად. ისე ცხოვრობს, ბევრ ბავშვს მოანდომებს იუნიბაკენში „გადაცხოვრებას”. მადიკენი ათას რაღაცას იგონებს, რომ ცხოვრება გაიხალისოს და ხიფათიანი დღეებიც არ აკლია. 6 წლის ანასტასია განუწყვეტლივ ითხოვდა, არ დამესრულებინა კითხვა და იუნიბაკენელ კუდრაჭებთან „მეგობრობის” სიხარული კიდევ დიდხანს გაგვეხანგრძლივებინა.

 

მწერალს ბავშვებისთვის დაწერილ წიგნში სოციალური თემატიკაც შემოაქვს, ვფიქრობ იმ მიზნითაც, რომ გაზარდოს მათი სოციალური ცნობიერება. ამ თემატიკის მკაფიო, ხაზგასმულ ნიუანსებს წიგნში ბევრგან შევხვდებით. ყველასთვის საყვარელი მწერალი, ბავშვებს ისეთ ღირებულებებზე ესაუბრება, რომლებიც მათ სხვების თანაგანცდას ასწავლის. ასტრიდ ლინდგრენი გვიყვება ღარიბ ოჯახებზე და ღარიბ ბავშვებზე, როგორ ართმევთ მათ სიღარიბე სინათლეს თვალებში, როგორ არ ბრწყინავს საშობაოდ სისუფთავისგან და ბედნიერებისგან მათი სახლები; გვიყვება ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პერსონაჟზე – ლინდკვისტზე; მადიკენის საოცარ მამაზე, რომელიც ყოველთვის მზად არის საყვარელ ქალიშვილს ბოლომდე მოუსმინოს, ელაპარაკოს და მასთან ერთად იმსჯელოს; გვიყვება მადიკენის დედაზე, რომელსაც ზოგჯერ თავი ეცოდება და დილით საწოლიდან არ დგება (ანასტასიამ თქვა, რომ შეიძლება დეპრესია ჰქონდესო); გვიყვება ბავშვების შრომაზე, როცა მათთვის და მათი ოჯახებისთვის განათლება აღარ არის პრიორიტეტი. ყველა ეს ამბავი საოცარი ოსტატობით, ბავშვებისადმი უპირობო პატივისცემითა და სიყვარულით არის დაწერილი.

 

„რას ნიშნავს სიღარიბით გამოწვეული უმწეობა?” – კითხულობს ავტორი და აქაც მადიკენის თვალით და მისი განცდებით გვანახებს სიღარიბით გამოწვეული უმწეობის მაგალითებს. იუნიბაკენელი პატარა, მგრძნობიარე გოგონა მადიკენი ცხოვრებაში პირველად ეჯახება  სიღარიბით გამოწვეული უმწეობის ცოცხალს მაგალითს, მისი მეგობრის, აბე ნილსონის ოჯახის სახით. ნილსონების ოჯახი ღარიბია, სახლის ვალს ვეღარ იხდიან, მამა ნილსონი უპასუხისმგებლოა, სვამს, მათ ოჯახში ბევრი ჩხუბი, დავიდარაბა და უხალისობაა. ავტორი გვიჩვენებს, როგორ კარგავს ადამიანი შინაგან საყრდენებს, როგორ იშლება და ნაწევრდება მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სიღარიბეში და ამის ყურება საშიში, შემზარავი და ზოგჯერ გულისამრევიც კი ხდება.

 

თუ ბავშვების ცხოვრებაში მეტ ლიტერატურას შევიტანთ, ჩვენ შეგვეძლება გავზარდოთ არა მარტო წიგნიერი ადამიანები, არამედ განვავითაროთ მათში სხვადასხვა კომპეტენციები და ეს ნამდვილად შესაძლებელია. პერსონაჟებზე დაკვირვება, მათი ხასიათისა და ემოციის წაკითხვა, მათი გრძნობების განცდა, ახალი თემების წამოჭრა და მასზე მსჯელობა ნამდვილად ზრდის პატარა ადამიანებს როგორც კოგნიტურად, ისე ემოციურად. ასე რომ, ემოციები, დადებითიც და უარყოფითიც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ნაწილია ჩვენი ცხოვრების. რომ არა ემოციები, ძნელი იქნებოდა ჩვენი ქცევების, დამოკიდებულებებისა და გარემოს შეცვლა და არც ემპათია გაგვიჩნდებოდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჩვენგან ნუგეში და ზრუნვა სჭირდებათ.

 

 

 

 

ფერადი გაკვეთილებიდან კომპლექსურ დავალებამდე

0

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში და პანდემიის პერიოდში „ფერადი გაკვეთილები“ კომპლექსური დავალების ნაწილად ვაქციე. გარკვეული მოდიფიცირების შემდეგ ამ დავალებების შესრულება მე-9 კლასიდან მე-11 კლასამდეა შესაძლებელი. მისით განსაკუთრებით დაინტერესდნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები. პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე კლასებში ბევრი პრობლემა დამხვდა. ამ რესურსებმა თითქოს გამოაფხიზლა ბავშვები და ძალიან კარგი დავალებებიც მივიღე. მათმა მსჯელობამ და დასკვნამ ძალიან გამახარა. განსაკუთრებით განათლებასთან დაკავშირებული მსჯელობა მომეწონა: „ამ საკითხების სწავლება აუცილებელი და საჭიროა, რადგან გამოკითხვამაც აჩვენა, რომ საზოგადოების ცნობიერება არასახარბიელოა“.

 

კომპლექსური დავალებები მდგრადი განვითარების მიზნებსა და ეკონაკვალევს ეხება. რესურსები ფაქტობრივად იგივეა, მხოლოდ დავალებამ იცვალა ფორმა. შინაარსი და მიზანი უცვლელია – ცნობიერების ამაღლება და გარემოზე ზრუნვა.

 

კომპლექსური 1.

საკითხი: მდგრადი განვითარების მიზნები

ცნებები: გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი – (შედეგები: 1,2.3.6.9); მდგრადი განვითარება (შედეგები: 7,9,10,11,12,13).

საკვანძო შეკითხვა: როგორ გავაცნობიერებინო დეკლარაციის საშუალებით საზოგადოების წევრებს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მნიშვნელობა ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების პროცესში?

კომპლექსური დავალების პირობა

 

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი (UN, 2015) დაამტკიცა. აღნიშნული ახალი გლობალური ჩარჩო, რომელიც კაცობრიობის მდგრადი განვითარების გზაზე დაყენებას ემსახურება, შემუშავებული იქნა 2012 წელს ბრაზილიაში. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ გაეროს წევრი სახელმწიფოები, და მილიონობით ადამიანი, რომლებიც ეროვნულ კვლევებს აწარმოებდნენ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე – ათასობით პროცესში მონაწილე დაინტერესებული მხარე მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

 

წარმოიდგინე, რომ შენ ხარ ღია მმართველობის პარტნიორობის კომიტეტის წევრი და მონაწილეობ გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაში. შენი მიზანია, შეიმუშაო ღია მმართველობის პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის“ განხორციელების შესახებ.

 

დეკლარაციაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • როგორ უკავშირდება ერთმანეთს მდგრადი განვითარების მიზნების მთავარი კომპონენტები;
  • რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ქვეყნების კეთილდღეობისათვის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას;
  • როგორ იმოქმედებს საქართველოს მომავალზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში მონაწილეობა.

 

რესურსები: ანიმაციური ფილმები – გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები; მდგრადი განვითარება განათლებით; ტექსტი – გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ; ღია მმართველობის პარტნიორობის გზამკვლევის სპეციალური გამოშვება – მოიცავს ღია მმართველობის პარტნიორი ქვეყნების ვალდებულებებს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

შესაძლებელია ამ ორი კომპლექსური დავალების გაერთიანებაც, თუმცა დეკლარაციის შემუშავება ძალიან საინტერესო პროცესია. ამიტომ ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელ დავალებებად შესრულება უფრო ეფექტური იქნება.

 

კომპლექსური 2

 

საკითხი: ჩემი ეკონაკვალევი

ცნებები: გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი – (შედეგები: 1,2.3.6.9); მდგრადი განვითარება (შედეგები: 7,9,10,11,12,13).

საკვანძო შეკითხვა: როგორ გავაცნობიერებინო საზოგადოების წევრებს ეკონაკვალევის ცოდნის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში შემეცნებით – გასართობი სატელევიზიო გადაცემის საშუალებით?

კომპლექსური დავალების პირობა:

 

მდგრადი განვითარების სხვა მიზნების (SDG) მიღწევის საშუალებას განათლება წარმოადგენს. იგი მდგრადი განვითარების არა მხოლოდ განუყოფელ ნაწილს, არამედ მისი უზრუნველყოფის მყარ საფუძველსაც წარმოადგენს. განათლება, რომელიც ამ მიზნების მიღწევის საფუძველს ქმნის, დამოუკიდებლად არის წარმოდგენილი მდგრადი განვითარების მე-4 მიზანში.

 

სწორედ ამიტომ განათლება არის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ერთ-ერთი არსებითი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგია.

 

წარმოიდგინე, რომ შემეცნებითი გადაცემის რეჟისორი ხარ. ეკონაკვალევის შემცირების პროგრამის ძირითადი მიზნების გაცნობისა და მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით მოამზადე შემეცნებით-გასართობი სატელევიზიო გადაცემა თემაზე: „ჩემი ეკონაკვალევი“.

 

გადაცემაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა როლი აქვს პიროვნების როლს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში;
  • რა როლს ასრულებს ადამიანის ეკონაკვალევის ცოდნა ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში;
  • როგორ შეიძლება ეკონაკვალევის შემცირება.

 

რესურსები: სტატიები – მაია ბლიაძე: მწვანე ეკონომიკა; ჩემი ეკონაკვალევი

მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მიხედვით; ჩემი ეკონაკვალევი.

მწვანე ქალაქები, როგორც ურბანიზაციის უარყოფით შედეგებზე პასუხი;

 

ეკონაკვალევის ზომის გამოთვლა.

 

რაც შეეხება გადაცემებს, მოსწავლეებმა სხვადასხვა მიმართულება აირჩიეს – ზოგმა მოდაზე გააკეთა აქცენტი, ზოგმა მწვანე ეკონომიკაზე, ზოგმა საერთოდ სხვა მიმართულება აირჩია. დავალებების გაერთიანებით გამოვიდა გადაცემათა ციკლი. ეს იყო გასულ სასწავლო წელს პანდემიის პერიოდში.

 

ამ სასწავლო წელსაც ძალიან საინტერესო დავალებები მივიღე. მოსწავლეებთან ერთად შემოქმედებითი პროდუქტი შევცვალეთ და გადაცემა სტატიით ჩავანაცვლეთ. ამჯერადაც გამოიკვეთა განსხვავებული აქცენტები, ყველა თავისებურად საინტერესო და დასაფიქრებელი. შემეცნებითი ჟურნალის შექმნის იდეაც კი დაიბადა.

ჟურნალის რა მოგახსენოთ და ეკოცნობიერების ამაღლებაზე ნამდვილად ვიმუშავეთ.

როცა ჩიტები მიფრინავენ

0

საით?

ალბათ შორს…

 

ეს წერილი ისეთ ამბებზეა, რომლებზეც არ ვსაუბრობთ, დუმილი გვირჩევნია, იმიტომ რომ არ ვიცით, რა ვთქვათ, იმიტომ რომ სიტყვები მიფრინავენ, ზუსტად მათსავით, ვის შესახებაც უნდა მოვყვე. მოვყვე არა – ვთქვა ის სიტყვები, რომლებიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რადგან სიტყვებს ბევრი რამ შეუძლიათ, მათ შორის – განკურნებაც და განადგურებაც. მე მაკურნებელ, ხელახლა დამბადებელ სიტყვებს ავირჩევ, რომ მიწამდე ჩაწოლილ ნისლში გზა გავიგნოთ, რომ უსიერ ტყეში მზის კომორები ვიპოვოთ და ერთი ძალიან, ძალიან ღრმად ამოვისუნთქოთ.

მასწავლებელს ორი ცხოვრება აქვს: ერთი – ჩვეულებრივი, როგორიც ყველა ადამიანს, მეორე – მასწავლებლური. აი, ამ მასწავლებლურ ცხოვრებაში მასწავლებელი იმდენ ცხოვრებას ასწრებს, რამდენი მოსწავლეც ეყოლება. ეს მეორე ცხოვრება ძალიან დაძაბულია, სუპერგმირობას მოითხოვს, ოღონდ ხშირად ესეც არ არის საკმარისი. ამაზე მეტი, გაცილებით მეტი უნდა შევძლოთ, რომ კომორებმა ჩამოაღწიოს დაბურულ ტყეში.

რატომ გავბედე ისეთ საკითხზე ლაპარაკი, რომელსაც ტაბუ ადევს? რომელზე საუბრის დროსაც სიტყვები ქრება? რომელზეც მხოლოდ ვტირით? რომელიც გვანადგურებს? რომელიც სასოწარკვეთილებაში გვაგდებს? იმედს გვართმევს? თავს ყველაზე უსუსურად გვაგრძნობინებს და ჩვენი მასწავლებლური სუპერგმირობაც წვიმაში მოყოლილი მაკიაჟივით იღვენთება, იდღაბნება, და ჩვენც ვშიშვლდებით, ნიღაბს ვიხსნით, სამყაროს წინაშე წარვდგებით ყველაზე უსუსურები, ყველაზე სევდიანები, რადგან ჩემმა მოსწავლემ ეს სამყარო დატოვა, რადგან ჩემი ჩიტი სადღაც შორს გაფრინდა და ახლა კლასში მისი ცარიელი მერხი შავ ხვრელად ქცეულა და მთელ ჩვენს ბედნიერებას, ოცნებებს, ყველა ჩატარებულ და ჩაუტარებელ გაკვეთილს სიღრმეში ითრევს, განადგურებას გვიქადის და არაფრად გვაქცევს? რატომ გავბედე და იმიტომ, რომ ჩემთვის ეს განცდები იმდენად ნაცნობი და მშობლიურია, ეს სასოწარკვეთილება იმდენ ხანს იყო ჩემთან, რომ მოვიშინაურე! ამიტომ, დიახ, მე სიტყვები მაქვს, იმიტომ რომ ჩემმა გაფრენილმა შვილმა ამის ძალა სადღაც უსასრულობიდან შურდულით მტყორცნა. მორჩა, ახლა ეს გახდა ჩემი სისუსტეცა და ძლიერებაც, უბედურებაცა და ბედნიერებაც. აი, სუპერმენები რომ ხდებიან კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ასტეროიდებისა და ამოუცნობი ენერგიების წყალობით, დაახლოებით ასეთი ამბავია, ოღონდ უფრო ჩახლართული და მისტიკური.

ბათუმის ტრაგედიამ მთელი სამყარო ამოაყირავა და ცხოვრება დააპაუზა. დიახ, აღარასოდეს იქნება ჩვენი ცხოვრება ისეთივე ლაღი და უდარდელი, ან როგორ შეიძლება სხვანაირად, როდესაც ჩვენგან სულ რამდენიმე კილომეტრზე ბავშვები ისე გაფრინდნენ, თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოასწრეს. ამ სამყაროს მიტოვება არ ყოფილა მათი არჩევანი, მათი სურვილი, მზად არ ყოფილან ამისთვის, ამიტომ ეს ამბავი კიდევ უფრო მტკივნეული და კიდევ უფრო მწარეა.

მათი მასწავლებლები კი, ეს სუპერგმირი მასწავლებლები, მარტო დარჩენნენ შავი ხვრელების პირისპირ – უამრავი გაფართოებული, ცრემლიანი თვალის პირისპირ, რომლებსაც ერთადერთი რამ აინტერესებთ: რატომ და სად წავიდა მათი კლასელი?

სად გაქრა ერთ დროს ჩახჩახა პლანეტა, ამხელა სევდა როგორ დაიტევს ერთი პაწაწინა კლასი?

ჰოდა, მასწავლებლებიც ჰყვებიან დამამშვიდებელ, მანუგეშებელ ამბებს, რომ მათ კლასელებს უფალთან ჩახუტების და მარადიული ნეტარების ბედნიერება ხვდათ წილად, რომ ანგელოზებად იქცნენ და ამიერიდან ზემოდან გადმოხედავენ, დაეხმარებიან, თუ გაუჭირდათ, ნატვრებსაც კი აუსრულებენ.

მაგრამ ბავშვებს უფრო მეტი სჭირდებათ – ფაქტები და ისტორიები. ინტერესი და ცნობისმოყვარეობა არ ასვენებთ. ნეტავი ახლა რას გრძნობენ? რას ფიქრობენ? მოწყენილები არიან თუ ბედნიერები? ჯადოსნურ ბაღში დასეირნობენ თუ ღრუბლებში დაფრინავენ? ფრთები მართლა აქვთ? და სული თუ გამჭირვალეა, თუ ვერ ვხედავთ, როგორ გამოიყურება ნეტავი?

და აი, ასეთ უმძიმეს დროს, როცა სიტყვები უკვე ვეღარ იძებნება, შეხედავს მასწავლებელი ცრემლით სავსე, სევდიან თვალებს და დაიწყებს „ძმები ლომგულების“ კითხვას. აქ არის ყველა პასუხი, აქ არის ის, რაც გაფრენილი ჩიტების კვალს მიგვაგნებინებს: „და ჩემი სული – თეთრი მტრედი/ მოფრთხიალდება შენს მყუდრო სახლში, /ო, სიყვარულო, მოგძებნის და სამუდამოდ მოისვენებს შენს მკერდზე, კარგო…“

როდესაც ჯონათანი გაფრინდება და დიდ მოგზაურობას შეუდგება, როდესაც მამაცი ბიჭი ამ სამყაროს და თავის ავადმყოფ ძმას მიატოვებს, მისი მასწავლებელი დაწერს: „შენი სკოლის მასწავლებელი არასოდეს დაგივიწყებს, შენს თანაკლასელებს და თანასკოლელებს დიდხანს ემახსოვრები. საშინელი სიცარიელე იქნება კლასიში უშენოდ, ჩვენო მხიარულო, მშვენიერო ჯონათან, მაგრამ ისინი, ვინც ღმერთებს უყვართ, ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას. მშვიდობით განისვენე, ჯონათან ლომგულო!“

ამ სამყაროდან გაფრენილი ძმების საოცარი თავგადასავლის მოსმენა, ნანგილიას მშვენიერება და ჯადოსნურობა, ბიჭების სიმამაცე, ბოროტებასთან ბრძოლა, ბავშვებს ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს და შავ ხვრელად ქცეული მერხიც იქნებ ისევ იქცეს ადრინდელ, ჩახჩახა ვარსკვლავად. მით უფრო, თუ მასწავლებელი სთხოვს ბავშებს, მოხატონ ის, გაალამაზონ, ყვავილები, გულები მიაწებონ, ბარათებით გააფორმონ,  გულიდან ამოსული სიტყვებით დაამშვენონ, შეიძლება საჩუქრებიც კი მიუტანონ. ამით ემოციების გამოხატვის გზას გავუხსნით, თან მერხიც აღარ გამოჩნდება ისეთი ცარიელი და სევდიანი – ის მოგონებებისა და სიყვარულის კერად იქცევა, იქცევა სიმბოლოდ დიდი მოგზაურობის დაწყებისა.

გაფრენილი კლასელის სახელით ჩადენილი სიკეთე ხომ ყველაზე დიდი სიკეთეა! მოდი, მოაგროვონ სახლში ის ნივთები, რომელთა გაცემაც მოუნდებათ და წამოიწყონ ერთი დიდი საქველმოქმედო პროექტი: გავცეთ მათი სახელით, ვინც წასვლა არჩია, ან მათი სახელით, ვისაც ამ სამყაროს მიტოვება მოულოდნელად მოუწია – ჩვენი სამყაროები ხომ მაინც მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, აქაური, ამ სამყაროსეული საქმეები იმ სამყაროშიც აისახება, ოღონდ ცოტა განსხვავებულად, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენს გზავნილებს იღებენ, ჩვენ შეგვიძლია, დავუკავშირდეთ მათ და ეს კავშირი ყველაზე მარადიული, ყველაზე გამძლეა, ყველაზე სევდიანი და, ამავე დროს, დიდი იმედის მომცემიც. ჰოდა, ჩვენი კეთილი საქმეები იმ სამყაროში ვარდებად და ყაყაჩოებად, იებად და ენძელებად, იასამნებად და შროშანებად აბიბინდება! ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა საყვარელ ადამიანს სხვა სამყაროშიც ასეთ საჩუქრებს სჩუქნი და ეუბნები, რომ გიყვარს, რომ გჯერა მისი არსებობისა, გჯერა, რომ ის მუდამ შენთან იქნება – მოღუღუნე მტრედად თუ მოულოდნელად ამოსულ ვაშლის ხედ.

და ეს ამბავი იქცევა პირველ შეჯახებად ცხოვრებასთან, მიღმიერ სამყაროსთან შეხების პირველ გაკვეთილად, მასწავლებელი კი, ეს სუპერძალების მქონე არსება, ახლა უკვე ცხოვრების მასწავლებლად იქცევა, ახლა უკვე წარუშლელ კვალს დატოვებს მათ ცხოვრებაში, ახლა უკვე საერთო სევდა ექნებათ, საერთო რწმენა და საერთო იმედიც. რომ ოდესმე, ბევრი წლის შემდეგ, მთელი კლასი ისევ ერთად შეიკრიბება, ოღონდ ამ დროს არც ერთი მერხი არ იქნება შავად პირდაღებული, პირიქით, ყველა იკაშკაშებს და იბრწყინებს, მასპინძლობას კი ადრიანად გაფრენილი ჩიტები გაუწევენ.

შილერი – ისტორიის მასწავლებელი

0

ოზურგეთის თეატრის მუზეუმში შესვლისთანავე თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ძველი, გახუნებული აფიშა. მშვენიერ ჩარჩოში ჩასმული განცხადებიდან შეიტყობთ, რომ გურიის სცენებზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იდგმებოდა დიდი გერმანელი შემოქმედის ფრიდრიხ შილერის ცნობილი ტრაგედია „ვერაგობა და სიყვარული“. საქართველოს არაერთ რეგიონულ თეატრში ვყოფილვარ სტუმრად, ყველგან ვსვამ კითხვას ვიურთენბერგელი მწერლის შესახებ და ყველგან მპასუხობენ, რომ საბჭოთა ეპოქაში გოეთეს მეგობრის პიესებს საპატიო ადგილი ჰქონდა მიჩენილი დასის რეპერტუარში. როგორც ჩანს, წარსულში ქართველ თეატრალებს ძალიან უყვარდათ ევროპელი გენიოსი.

ფრიდრიხ შილერის სახელს თანამედროვე ახალგაზრდებიც შესანიშნავად იცნობენ. გასულ სემესტრში ჩემმა თითქმის ყველა სტუდენტმა იცოდა, რომ ევროკავშირის ჰიმნად შერჩეულ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ხშირად შილერის ლექსის „ოდა სიხარულს“ თანხლებით ასრულებენ. ერთ მათგანს ჰიმნის ორი ქართული თარგმანიც კი ჰქონდა დაზეპირებული. ცხადია, ერთი პოეტური ნაწარმოების პოპულარობა არაფერს ნიშნავს. შილერი ქართული საზოგადოებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებული სარგებლობის მოტანა კი მას ისტორიის მასწავლებლებისთვის შეუძლია. ის არ ძველდება!

ფრიდრიხ შილერის თავდაპირველი პროფესია ჰუმანიტარულ მეცნიერებებს არ უკავშირდებოდა – ღარიბი დალაქისა და მებაღის ოჯახში დაბადებული ბიჭი იძულებული იყო, ვიურთენბერგის ჰერცოგის კარლ ევგენის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს დევნილობა და დესპოტი მმართველის რისხვა ემუქრებოდა. სამხედრო სკოლაში პოეტი მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა. რვაწლიანი ტანჯვა-წამების შემდეგ მან ძლივს დაასრულა სასწავლებელი და გაჭირვებით მოიპოვა პოლკის ექიმის კვალიფიკაცია. სამწერლო და სამედიცინო საქმიანობის გარდა, შილერს მოღვაწეობის კიდევ ერთი ასპარეზი ჰქონდა. არქივებსა და ბიბლიოთეკებში ათწლიანი მუშაობის შემდეგ ყოფილი ექიმი გოეთეს თხოვნით იენის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ექსტრაორდინარულ პროფესორად მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ვაიმარის, გოთის, მანჰაიმისა და კობურგის ჰერცოგებს ექვემდებარებოდა, სასწავლებელში შტატგარეშე პროფესორებისთვის ანაზღაურება გათვალისწინებული არ იყო. ლექციის შემდეგ სტუდენტები შესაწირავ ყუთში აგროვებდნენ თანხას და სწორედ ღარიბი მსმენელების გროშები მიიჩნეოდა მეორეხარისხოვანი პედაგოგის გასამრჯელოდ (იენის უნივერსიტეტი უკვე წლებია ყოფილი უხელფასო მასწავლებლის სახელს ატარებს). დიდი გაჭირვება შილერისთვის გადაულახავ ბარიერად არ ქცეულა. მას უყვარდა ისტორია და სურდა, ცოდნა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. შესაბამისად, მზად იყო საშინელი სოციალური პირობების ასატანად. ისტორია მისთვის ერთგვარი თავშესაფარიც გახლდათ. წარსულის კვლევის საშუალებით მწერალი გაურბოდა თანამედროვე კრიტიკოსებს, თეატრის მოღვაწეებს, ვაჭრებს, საშუალო კლასის მოსაწყენ წარმომადგენლებს, რომლებსაც არ ჰყოფნიდათ თვალსაწიერი პოეტის მისწრაფებათა შესაცნობად.

ისტორიის დარგში შილერი მხოლოდ ლექციებს არ კითხულობდა. ბევრმა არ იცის, რომ იენის უნივერსიტეტის პროფესორის კალამს ეკუთვნის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნარკვევი ნიდერლანდების, გერმანიის, ავსტრიისა და საფრანგეთის ისტორიის შესახებ. გარდა ლექციებისა და სამეცნიერო თხზულებების მომზადებისა, შილერი ისტორიკოსის პროფესიული ეთიკის განვითარებაზეც ზრუნავდა. საჯარო განხილვების დროს იგი ხმალამოღებული უპირისპირდებოდა დარგის იმ სპეციალისტებს, რომლებსაც სიახლეები სძულდათ; რომლებიც, ახალი ფაქტებისა და წყაროების აღმოჩენის მიუხედავად, უარს ამბობდნენ სახელმძღვანელოებისა და მიდგომების გადახედვაზე. „ახალმა მოვლენამ, ახალაღმოჩენილმა კანონმა თავდაყირაც რომ დააყენოს მთელი მეცნიერული ნაღვაწი, აზრიც რომ დაუკარგოს წლების განმავლობაში დაგროვილ მთელ ცოდნას, ნამდვილ ისტორიკოსში ჭეშმარიტების სიყვარულმა მაინც უნდა სძლიოს კარგად დამკვიდრებული სისტემისადმი ერთგულების გრძნობას“, – ამბობდა ყოფილი ჯარისკაცი.

ბუნებრივია, ისტორიკოსი მწერლის ლიტერატურული ნაწარმოებები აღბეჭდილი გახლავთ ევროპის წარსულის უმნიშვნელოვანესი სურათებით. შილერის დრამებიდან ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ „ბებერი კონტინეტის“ ისტორიის უმთავრესი ეპოქების, ერების ჩამოყალიბების, რელიგიური ომების შესახებ. მისი ტრაგედიები გარდასულ საუკუნეთა მთავარი სოციალური და იდეური კონფლიქტების შესახებაც მიგვანიშნებს. მოკლედ, შილერის ქართულად თარგმნილი პიესები ისტორიის ნებისმიერი მასწავლებლისა და მისი მოსწავლეებისთვის შესანიშნავ დამხმარე რესურსად შეიძლება იქცეს.

ვთქვათ, მსოფლიოს ისტორიის გაკვეთილი XVI საუკუნის ევროპაში დატრიალებულ მოვლენებს ეძღვნება. აღნიშნულ საუკუნეში დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა ნიდერლანდები გახლდათ. ვაჭრობა, ხელოსნობა, ზღვაოსნობა, მსუბუქი მრეწველობა ჰოლანდიელთა მეურნეობის წამყვან დარგებს წარმოადგენდა. ადგილობრივთა გამდიდრება ხელს არ აძლევდა ესპანეთის ტახტს. იბერიელი ჰაბსბურგები კათოლიკური ეკლესიისა და ინკვიზიციის დახმარებით მუსრს ავლებდნენ განვითარების გზაზე შემდგარ პროტესტანტ ნიდერლანდელებს. რელიგიურ დაპირისპირებას პირველი დიდი რევოლუცია მოჰყვა. ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ ჰოლანდიელი პარტიზანები ჰერცოგი ალბასა და სხვათა ჯარების წინააღმდეგ. საბოლოოდ ნიდერლანდების რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

ამ მოვლენებისთვის თვალის მიდევნება შილერის „დონ კარლოსის“ საშუალებითაც გახლავთ შესაძლებელი. ცხადია, ნაწარმოებში უზუსტესად არ არის ასახული ისტორიული ფაქტები, მაგრამ ტრაგედია მოსწავლეებს მთელი სისავსით დაანახებს ესპანეთის სამეფო კარს. ისინი შეძლებენ სასახლეში გამეფებული განწყობების, მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებების აღმოჩენას. „დონ კარლოსის“ წაკითხვის შემდეგ უფროსკლასელები მხედართმთავარ ალბას მაგალითზე ადვილად შეძლებენ ფანატიკოსი კათოლიკეების სახის გარჩევას, მეფე ფილიპესა და მარკიზ პოზას ურთიერთობის საფუძველზე კი გააცნობიერებენ, თუ როგორ სპობს თვითმპყრობელობა თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას. დონ კარლოსის სიკვდილის შედეგად დაობლებულ ტახტზე ფიქრისას კი შეიძლება ზოგიერთი ფეოდალურ-კათოლიკური წყობის დესტრუქციულობის აღმოჩენამდეც კი მივიდეს. ყოვლისშემძლე მეფე შვილის დაცვასა და მემკვიდრის გადარჩენაზეც კი უარს ამბობს, რათა ჭაობში დასადგურებულ სიმშვიდეს საფრთხე არ შეექმნას.

XVI საუკუნის დასავლეთი, ნიდერლანდების რევოლუციის გარდა, კიდევ ერთმა მოვლენამ შეაზანზარა. ეპოქის ყველა მკვლევარი გატაცებით საუბრობს შოტლანდიის კათოლიკე დედოფლის მარიამ სტიუარტისა და ინგლისის პროტესტანტი მონარქის ელიზაბეთის დაპირისპირებაზე. ქალი ლიდერები კუნძულზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის ერთმანეთს არ ინდობდნენ. ქალთა ლეგენდარულ ორთაბრძოლას შტეფან ცვაიგამდე შესანიშნავი წიგნი მიუძღვნა ფრიდრიხ შილერმა. გერმანელი თავის თხზულებაში დაწვრილებით არ აღწერს მარიამ შოტლანდიელის თავგადასავალს, მისი ნაშრომი მოსწავლეებს ინგლისელთა მიერ დედოფლის სიკვდილით დასჯის მნიშვნელობაზე ჩააფიქრებს. მარიამ სტიუარტი პირველი მონარქი გახლდათ, რომელსაც განაჩენი ოფიციალურმა სასამართლომ გამოუტანა. ფრანგი პრინცესა პირველი გვირგვინოსანი იყო, რომელსაც ღიად მოჰკვეთეს თავი. ქალის უსამართლო მკვლელობის შემდეგ აბსოლუტიზმის, სამეფო ოჯახის წევრის სიწმინდისა და ხელშეუხებლობის მითი უმძაფრესად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ნაწარმოებში კარგად ჩანს, თუ როგორ იყენებდა სისხლისღვრასა და ძალმომრეობას მაშინდელი სახელმწიფო სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

შილერი უყურადღებოდ არც თავისი ქვეყნის მატიანეს ტოვებს. გერმანიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი ოცდაათწლიან ომს უკავშირდება. მეჩვიდმეტე საუკუნის სამი ათწლეულის განმავლობაში გერმანია ევროპელი მონარქებისა და დიდგვაროვნების, კათოლიკური და პროტესტანტული ბანაკების საომარ თეატრად იყო ქცეული. ერთი ერის წარმომადგენლები ფეოდალური გარჩევებისა და ძალაუფლების გადანაწილების მიზნით წამოწყებული თამაშების საფუძველზე ერთმანეთს ჟლეტდნენ. სწორედ ეს კატასტროფაა აღწერილი შილერის ტრილოგიაში „ვალენშტაინი“. შილერი დრამაში აცოცხლებს ისტორიის რეალურ მოქმედ პირებს, ფსიქოლოგიური, სოციალური, პოლიტიკური პერსპექტივებიდან განიხილავს თითოეული მათგანის გადაწყვეტილებებს, უზუსტესად წარმოაჩენს ოცდაათწლიანი სისხლისღვრის გამანადგურებელ შედეგებს გერმანიისა და მთელი ევროპისთვის.

თავად რომ მასწავლებელი ვიყო, დასავლეთის ისტორიის უკეთ შესასწავლად შილერის რომელიმე დრამას სასკოლო სცენაზე დავდგამდი. წესით, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების რიგითი წარმომადგენლები ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიტერატორი პარალელურად უმაღლესი კლასის ისტორიკოსიც გახლდათ, მას შეეძლო ისტორია ხელოვნების, პოეზიის შუქზე შეესწავლა. ისტორიისა და ლიტერატურის ასეთი ურთიერთგადაჯაჭვულობა კი შესანიშნავი იარაღია ბავშვის დაინტერესებისთვის.

ჩინეთი – აღმოსავლეთის დრაკონი, რომლისაც არ გვესმის

0

ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის

(სტატია მომზადებულია ორიენტალისტების, პროფესორების ა. მასლოვის, ა. კარნეევის, ტ. რუსკოლას და ჯ. ვასსერსტრომის ლექციების მიხედვით)

 

რატომ რჩება დღევანდელი ჩინეთი მსოფლიოსთვის გამოცანად? რამ განაპირობა მეტწილად სასოფლო-სამეურნეო, კომუნისტური, ავტორიტარული წესებით მართული ქვეყნის ასეთი არნახული წინსვლა ტექნოლოგიებში, სოფლის მეურნეობაში, სამხედრო საქმესა და სოციალურ მოწყობაში? რა საიდუმლოს ფლობს ეს სახელმწიფო, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და, მიუხედავად ამისა, რომლის ეკონომიკური ზრდა და განვითარება კვლავ ყველაზე მაღალია მსოფლიოში, სახელმწიფო, რომელიც ერთ დროს არც ისე მდიდრიდან საშუალო და მაღალი შემოსავლების ქვეყნად გადაიქცა?

ოპიუმის ომებში ჩინეთის დამარცხებამ და მის ნავსადგურებში (გუანჯოუ/კანტონი, სიამენი, სუჯოუ, ნინგბო, შანხაი, ჰონგ-კონგი, მაკაო) ევროპელების გაბატონებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ევროპელთა უპირატესობითი დამოკიდებულება ჩინეთისა და ჩინელებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში უამრავი წიგნი, სტატია და კვლევა გამოქვეყნდა ჩინეთის სოციალურ მოწყობაზე, პოლიტიკასა და კულტურაზე, მისი ეკონომიკის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის მწირი იყო. არავის ჰქონდა პასუხი მარტივ კითხვაზე: რამდენი იყო, ვთქვათ, 1900 წელს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე? როგორი იყო შობადობის ან საკვებით უზრუნველყოფის (აუცილებელი კილოკალორიების რაოდენობა დღეში) მაჩვენებლები დამანგრეველი ომების დროს ან მათ შემდეგ?

დღესაც კი ჩინეთის ისტორიის მკვლევრებისთვის გაურკვეველია, როგორი იყო ჩინეთის იმდროინდელი მდგომარეობა ეკონომიკისა და მისი მართვის კუთხით. ბრანდტი, მა და რავსკი (ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა, 2012) თავიანთ სტატიაში ჩინეთის 1900 წლის ეკონომიკის შესახებ წერენ, რომ ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური წარმატება უფრო მე-19 საუკუნის ეკონომიკურ გამოცდილებასა და მდგრადობას უკავშირდება, ვიდრე დენ სიაო პინის 80-იანი წლების რეფორმებს. სამწუხაროდ, დღესაც კი არ შეგვიძლია იმის თქმა, რამდენად შეედრებოდა იმდროინდელი ევროპა თავისი ეკონომიკური განვითარებით მე-19 საუკუნის უკვე 400-მილიონიან ჩინეთს.

რადგან ამ კითხვებზე პასუხები თითქმის არ გვაქვს, შეუძლებელია იმის მტკიცებაც, რომ მე-20 საუკუნის ჩინეთი „ჩამორჩენილი“ ქვეყანა იყო. ალბათ ამიტომ, ევროპელებისა და ამერიკელებისთვის ჩინეთის „ჩამორჩენილობის“ ერთადერთ არგუმენტად შესახებ რჩება მისი დამარცხება დასავლეთის კოალიციურ ჯარებთან მე-19 საუკუნის ოპიუმის ომებში და ჩინეთის ბაზრის დაპყრობის დაუოკებელი სურვილი. სწორედ ამ დაშვებაზე და ხანდახან სპეკულაციებზეც აიგო ჩინეთის გამოჩენილ მკვლევართა (ტოინბი, ბრედლი და სხვები) კულტურულ-ეკონომიკური თეორიები მსოფლიოსა და ჩინეთის ეკონომიკის შესახებ.

ამ დროს ჩამოყალიბდა სტერეოტიპები ჩინეთის ცივილიზაციურ ჩამორჩენაზე და ერთ დღესაც, როდესაც მსოფლიომ ჩინეთის არნახული ზრდა „აღმოაჩინა“ (მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე), იგი დაფრთხა, რადგან დაინგრა ის იდეური კონსტრუქცია, რომელიც ჩინეთს ღარიბი და იაფი კომუნისტი მუშებით დასახლებულ ქვეყნად აღიქვამდა.

ერთ-ერთი საბჭოთა ჟურნალი, რომელიც 80-იანი წლების ჩინეთის ეკონომიკაზე წერდა, მკითხველს არწმუნებდა, რომ „კი, ჩინეთი ვითარდება, მაგრამ სსრკ-ს განვითარების დონის მისაღწევად მას, სულ მცირე, 100-150 წელი დასჭირდება“. ახლა, რა თქმა უნდა, ადვილია აკრიტიკო 30-40 წლის წინ გამოთქმული მოსაზრებები, მაგრამ თუნდაც იმ დროს დასავლეთი თუ საბჭოთა კავშირი ცოტა მეტი ყურადღებით რომ მოჰკიდებოდნენ 80-იან წლებში ჩინეთის განვითარების ძირეულ ფაქტორებს, მათი პროგნოზები ალბათ უფრო ახლოს იქნებოდა სინამდვილესთან. კერძოდ, ჩინეთის ისტორიისა და სხვა ქვეყნებთან მისი ურთიერთობის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლო იყო მომავლისკენ მისი სწრაფვისა და მიმართულების სწორად აღქმა და გათვალისწინება. ისტორია წარმაოდგენს იმ ხატს, სურათს, რომელიც ადამიანთა გონებაშია დარჩენილი ან ასახული. ამ კუთხით ჩინელების გონებაში ჩინეთის ისტორია წარმოადგენდა და კვლავ წარმოადგენს წარმატებული, ძლიერი და ერთიანი ერის სურათს. თუ ამ „ჩინურ წარმოდგენას“ შევადარებთ ევროპულ ან ევროპაცენტრულ წარმოდგენებს, დავინახავთ, რომ ევროპელთა გონებაში მუდმივად არსებობდა დაშვება ევროპის უდავო უპირატესობის შესახებ ნებისმიერ აზიურ თუ სხვა ცივილიზაციასთან შედარებით.

ამის მიზეზები საკმაოდ ობიექტურად გამოიყურებოდა: ევროპელი ეკონომისტები მაშინაც ამტკიცებდნენ და დღემდე ამტკიცებენ, რომ ევროპული მართვის მოდელი, მანქანა-დანადგარები, ქარხნები (რომლებიც ჯერ კიდევ არსებობობს ევროპაში), წარმოება, პროდუქცია და კვალიფიციური მუშახელი წარმოადგენა და ისევ წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს ევროპის (და ამერიკის) ეკონომიკურ, მენეჯერულ და, საბოლოოდ, პოლიტიკურ და ცივილიზაციურ უპირატესობას აზიის ქვეყნებთან მიმართებით.

მეორე ფაქტორი და არგუმენტი გახლდათ ევროპული მეცნიერების წინსვლა და აღმოჩენები: ევროპულმა ცივილიზაციამ საგრძნობლად წინ წაიწია სამხედრო აღმოჩენებით და ტექნოლოგიური ცოდნით და, საზოგადოდ, ტექნოლოგიებით, რომლებიც მან ევროპაშივე დაწყებული პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს შეიძინა.

ისტორიულად ისე მოხდა, რომ ჩინეთში გამოგონილმა და შექმნილმა დენთმა ევროპაში უმაღლეს განვითარებასა და გამოყენებას მიაღწია სამხედრო სფეროში: შუა საუკუნეების პორტუგალიური სამხედრო გემებით დაწყებული, ამერიკული სახაზო ხომალდებით დამთავრებული, ევროპული სამხედრო მანქანა საგრძნობლად აღემატებოდა აზიის ნებისმიერ სამხედრო ძალას. ამ ძალის მეშვეობით ესპანური, ფრანგული, ამერიკული და, რაც მთავარია, ბრიტანული კოლონიზაცია და კოლონიური ომები ევროპელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ამან წარმოშვა კიდევ ერთი მძლავრი არგუმენტი აზიელებთან შედარებით ევროპელთა აშკარა უპირატესობის შესახებ.

ამ დროს გაჩნდა ვიქტორიანული ეპოქის (1837-1901 წ.წ.) და, საზოგადოდ, ინდუსტრიალიზაციისა და განმანათლებლობის დროის ცნობილი ლოზუნგი: „ცოდნა ძალაა“ და ჩვენ ჩვენს გონებაში ყველაფრის გამოთვლა შეგვიძლია. ამაში მეცნიერება დაგვეხმარება!“ ამ წარმოდგენას ამყარებდა ავტორიტეტული ფრანგი ისტორიკოსის ფერნან ბროდელის (Fernand Braudel) და სხვა დასავლელი მეცნიერების (ლ. ფევრი, მ. ბლოკი, ე. ლაბრუსი და სხვანი) ნაშრომები, რომლებიც ევროპული ფინანსური, ეკონომიკური, საბანკო და მართვის მოდელების და, საზოგადოდ, ევროპული „გზის“ უპირატესობას ამტკიცებდა.

ამ გაბატონებული მოსაზრების საპირწონედ საინტერესოა იმ მეცნიერთა მოსაზრებები, რომელბიც ცდილობენ ახსნან ჩინეთის როგორც მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი და დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყნის მდგრადობა, სიცოცხლისუნარიანობა და დღისათვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი განვითარება. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, აღმოსავლეთმცოდნე ალექსეი მასლოვის თანახმად, ჩინეთის სტაბილური განვითარებისა და წინსვლისთვის ყოველთვის არსებობდა რამდენიმე ფაქტორი:

1) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა ტიპის მოდელი – ჩინეთის ეკონომიკური განვითარება XVIII საუკუნის ბოლომდე ევროპისა და ამერიკისგან სრულიად განსხვავებული გზით მიმდინარეობდა. მისი ეკონომიკა გაცილებით უკეთ იყო ორგანიზებული, რაც იწვევდა იმას, რომ მე-18 საუკუნეში ჩინელები უკეთ იკვებებოდნენ, ჰქონდათ უფრო მაღალი შობადობა და ნაკლები სიკვდილიანობა და, რაც მთავარია, ჰქონდათ მემკვიდრეობით გადმოცემული ცოდნის უფრო მაღალი ხარისხი.

2) ჩინეთში ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშემწყობი მოდელი. მაგალითად, XVI-XVII საუკუნეების ჩინეთში დისკუსია და საკითხების საჯარო განხილვა გაცილებით ხშირად მიმდინარეობდა, ვიდრე ევროპაში. პარადოქსულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმ დროს ჩინეთი ბევრად უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე იმდროინდელი ევროპა.

3) ჩინეთის რელიგიური ცხოვრების მოდელი – ეს განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ და იგი ევროპელთათვის, თავისი განსხვავებულობის გამო, ცოტა მტკივნეული აღსაქმელი იყო. მასლოვის აზრით, ევროპული ქრისტიანობის საყოველთაოობამ, საერთო რელიგიურმა დოქტრინამ და საეკლესიო ინსტიტუტების არსებობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ევროპის სამომავლო განვითარება; ევროპული საეკლესიო მოდელი იმთავითვე მოიაზრებდა მის პირამიდისებრ იერარქიას და ცდილობდა ყოფილიყო სახელმწიფოს სარკისებური ანარეკლი. თავის მხრივ, სახელმწიფო ცდილობდა საეკლესიო სისტემის იმიტაციას. საბოლოოდ ეს, ადრე თუ გვიან, ყველა ევროპულ სახელმწიფოში იწვევდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთთან შეზრდას. მიუხედავად ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული წესებისა და ამ წესების აღსრულებისა, ეკლესია კიცხავდა ადამიანს (ცოდვებისათვის), ხოლო სახელმწიფო სჯიდა.

ეს მოდელი, ერთღმერთიანობა და ადამიანთა ერთიანობა ეკლესიაში, ჩვენი, ქრისტიანული წარმოდგენით, ბუნებრივი სისტემაა, რომელსაც საბოლოოდ ერის გაერთიანება მოაქვს. ამის კლასიკური მაგალითია ევროპული ქრისტიანობა, როდესაც იმპერატორი კონსტანტინე მას სახელმწიფო რელიგიად აცხადებს, იწყებს რომის იმპერიის გაქრისტიანებას და მის გარშემო საქრისტიანოს ჩამოყალიბებას. მსგავსი ისტორია აქვს ისლამსაც, როდესაც მოციქულ მუჰამედის გარშემო გაერთიანებული ერთი არაბული ტომის ერთღმერთიანობამ მოიტანა სხვა არაბული ტომების გაერთიანება ერთი ღმერთის (ალაჰის) გარშემო.

ჩინეთის ისტორია და რელიგიის ისტორია მსგავს არაფერს იცნობს: ჩინეთში არ არსებობს მთავარი დაოსისტი ან მთავარი ბუდისტი თუ კონფუციანელი; აქ არ არსებობს არათუ ერთიანი ღმერთი, არამედ ისიც კი უცნობია, რამდენი ღმერთი ან ღვთაებაა ჩინელთა პანთეონში… მიუხედავად ამისა, ჩინეთი არ დაშლილა (განსხვავებით რომისა და ბიზანტიის იმპერიებისა თუ არაბთა ხალიფატისგან), ამის მცდელობაც კი არასდროს ყოფილა (!).

ქრისტიანობისგან განსხვავებით, ჩინურ რელიგიებს არასოდეს დაუსახავთ მიზნად ჭეშმარიტების პოვნა და მისი სახელით მოწინააღმდეგეთა დამარცხება. სამწუხაროდ, სწორედ რელიგიური ომებისა და დაპირისპირების დროს ხდებოდა როგორც ევროპის (ასწლიანი ომი, ოცდაათწლიანი ომი, ინკვიზიცია), ისე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის (ჯვაროსნული ომები) მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. ეს, ბუნებრივია, იწვევდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მოწყვეტას სამუშაოსგან, საცხოვრებელი ადგილისგან, ოჯახისგან, რაც უმალვე აისახებოდა როგორც ქვეყნის დემოგრაფიაზე, შობადობასა და სოციალურ სტრუქტურაზე, ისე დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის შექმნასა და ევროპულ ეკონომიკაზეც. გარდა ამისა, ევროპელები ეჩვეოდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, ზიზღსა და მტრობას (სხვადასხვა მიზეზით), რაც საბოლოოდ ყოველივე ახლისადმი (იდეები, წესები, კანონები, რელიგიები) ეჭვსა და მტრობას ბადებდა.

ასეთი დაპირისპირება, განსაკუთრებით – რელიგიურ საფუძველზე, ჩინეთსა და იაპონიაში, მიუხედავად მათი თითქმის ხუთიათასწლოვანი ისტორიისა, არასდროს ყოფილა! აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩინეთში რელიგიური შემწყნარებლობა ოდითგანვე ყოფილა დამკვიდრებული და ის დღესაც შენარჩუნებულია (თუ არ ჩავთვლით დღევანდელ პრობლემებს ჩინეთის ფარგლებში მყოფ ბუდისტურ-ლამაისტურ ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სინძიანში, სადაც ბოლო წლებში ახალ ისლამურ სწავლებათა გავრცელების მცდელობას ჰქონდა ადგილი).

ჩინეთში ძნელად აღიქმება პოსტულატი საერთო ჭეშმარიტების არსებობის შესახებ. იქ ჭეშმარიტებას ღაღადებს ადგილობრივი, ლოკალური მასწავლებელი, ბრძენი. იქ არ არსებობს ეკლესიის ან რელიგიის ინსტიტუტის ფორმატი. მიუხედავად ჩინეთის უმდიდრესი რელიგიური ისტორიისა და კიდევ უფრი მდიდარი რელიგიური (დაოსისტური თუ ბუდისტური) ბიბლიოგრაფიისა, ჩინეთს არ აქვს ერთიანი რელიგიური წიგნი! შესაბამისად, არ დაწყებულა კამათი მის ინტერპრეტაციებზე, დოგმებსა და რელიგიურ კანონებზე. ჩინეთში ისტორიულად არ არსებობდა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი (განსხვავებები, დაპირისპირება, შეუწყნარებლობა, მიუღებლობა), რომელიც არღვევდა და შემდეგ ახალ სტიმულს აძლევდა ევროპულ ცივილიზაციას. ქრისტიანულმა ქადაგებამ და, საზოგადოდ, ქრისტიანულმა პროზელიტიზმმა (საკუთარი რელიგიური მრწამსის პროპაგანდის შედეგად სხვა რელიგიის მიმდევართა საკუთარ სამწყსოში გადმოყვანა) და მისიონერობამ ევროპული ცივილიზაციის საზღვრები გააფართოვა და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და აზიაში გადაიტანა. ამ პროცესმა, რომელიც ევროპულ კოლონიზაციას დაემთხვა, უამრავი მსხვერპლი და ომები მოიტანა.

ასევე დიამეტრულად განსხვავებულია ქრისტიანთა და დაოსელთა თუ ბუდისტთა, წარმოდგენა გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის შესახებ. ქრისტიანების ცხოვრების არსი ცხონება და ღმერთის წინაშე წარდგომაა. ამის საფუძველზე და ამის ემოციური გააზრების საშუალებით ქრისტიანულმა კულტურამ შვა მრავალსაუკონოვანი მძლავრი, მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული ფენა: ლიტერატურა და მხატვრობა, მუსიკა და პოეზია. ჩინელები, ქრისტიანებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო პრაგმატულები აღმოჩნდნენ: მიუხედავად იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ ბუდიზმსა და დაოსიზმში არსებული წარმოდგენებისა, ძნელად იპოვით ჩინელს, რომელიც განიცდის იმას, თუ რა მდგომარეობაში წარდგება იმქვეყნად გადასახლებისას… ეს არასდროს ყოფილა ტრადიციაში, შესაბამისად, ჩინელები ცხოვრობენ დღევანდელი დღით – აქ და ახლა. ეს კი პირდაპირ მიუთითებს ყველა ჩინელს, იყოს პრაგმატული: დღეს მოიგოს, დღეს იშოვოს ფული, დღეს გააკეთოს საქმე და ა.შ. ბევრისთვის (განსაკუთრებით – ტრადიციული ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისა თუ კათოლიკეებისთვის) ეს მიუღებელი იყო, ჩინელების ასეთი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი მათ ამორალურად მიაჩნდათ. ჩინელები ბევრი ევროპელისთვის უკიდურესად პრიმიტიულები და, ამავე დროს, პრაგმატულები იყვნენ. თუმცა ეს მალევე დასრულდა, როდესაც ევროპაში გაჩნდა პროტესტანტიზმი (ლუთერანობა და კალვინიზმი), რომელმაც შრომა, ვაჭრობა და ფულის კეთება ღვთის მადლად მიიჩნია. სწორედ ასე იქცეოდნენ ჩინელები; ისინი ყოველთვის ვაჭრობდნენ და ყოველთვის ცდილობდნენ ფულის შოვნასა და მოგებას.

მსგავსებათა მიუხედავად, ჩინეთის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩინეთის რელიგიებს: ა) არ ჰქონდათ დაპირისპირების ან მტრობის ფუნქცია; ბ) არ წარმოშობდნენ წინააღმდეგობებს ჯგუფებსა და ადამიანებს შორის; გ) არ გადაჰქონდათ ადამიანების ყურადღება სოციალური ცხოვრებისაგან. შესაძლოა, რელიგია ჩინეთში იმიტომ „მუშაობდა“ ასე, რომ იგი არასოდეს ყოფილა სახელმწიფოსთან ერთად. იგი ყოველთვის სახელმწიფო სტრუქტურების „გარეთ“ არსებობდა; ჩინეთში არასდროს მომხდარა, რომ იმპერატორის გვერდით რომელიმე რელიგიური ლიდერი (პატრიარქი, დაოსისტი მოძღვარი, ლამა) მდგარიყოს; ჩინეთში ყოველთვის მხოლოდ იმპერატორი განსახიერებდა რელიგიურ, სულიერ და ადმინისტრაციულ ჭეშმარიტებას მის მთლიანობაში. ჩინელების წარმოდგენით, მხოლოდ იმპერატორის ხვედრი გახლდათ ციდან მოსული ენერგიის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის კარზე მუდამ იყო დაოსელი და ბუდისტი სამღვდელოებაც (შეადარეთ ფრანგი მონარქებისა და კათოლიკე კარდინალების მუდმივი დაპირისპირება და ხშირად საქართველოს მეფეების რთული დამოკიდებულება სასულიერო იერარქებთან). აშკარაა, რომ სახელმწიფოს ხალხის დამორჩილებისა და მართვისთვის ყოველთვის სჭირდებოდა ეკლესია. საბედნიეროდ, დღეს ევროპულ სამყაროში რელიგია და რელიგიურობა ბევრად უფრო ინტიმიზებულია (პირადი, ინტიმური ხასიათი აქვს) და აღარ ეკისრება ის ფუნქციები, რომლებიც ეკლესიას დასაბამიდან ჰქონდა და გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ასრულებდა ახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად. რწმენა დღეს პერსონალურ, პირად გამოცდილებად ჩამოყალიბდა. ჩინეთი აქაც სხვა გზით წავიდა: იქ ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდნენ რელიგიურ გრძნობებს და პატივს სცემდნენ ყველა ღმერთსა თუ ღვთაებას. ამას შეიძლება ვუწოდოთ სინკრეტიზმი (ბერძნ. „შეერთება“) ან ყველა სახის სულიერი ენერგიის დაშვება ადამიანის ცხოვრებაში.

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

1

ჟურნალის ეს ნომერი „მედიაწიგნიერების“ თემას მიეძღვნა.

თანამედროვე სამყაროში მოდური გახადა სიტყვა – მედიაწიგნიერება. ჩვენთანაც ხშირად გაიგონებთ. მის აუცილებლობაზე ხშირად  საუბრობენ.

სხვადასხვა  წყარო, მედიაწიგნიერების  განმარტების თავის ინტერპრეტაციას გვთავაზობს. თუმცა, იმას, რომ ეს გახლავთ ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულების ერთობლიობა ყველა აღიარებს. ცოდნა, უნარი და მოტივაცია კი  აერთიანებს სამ კითხვას: რა? როგორ? რატომ? რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?

როცა თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის მოძიება პრობლემა თითქოს აღარ არის, მეტიც, ეს ინფორმაციული ნაკადი იმდენად ბევრი და მრავალფეროვანია, პრობლემა მის შერჩევა -გადარჩევასა და გაფილტვრაშია,  რადგან  ის,  თუ როგორ ახერ­ხებს ადამიანი ზღვა ინფორ­მა­ციასა და ამ ინფორმაციის გამავრცელებელ უამრავ წყაროსთან ურთიერ­თო­ბას, განსაზღვრავს მის წარ­მა­ტებას, მის ად­გილს საზოგადოებაში, სარ­გე­ბელ­სა და ზიანს საქმიანობაში,  პირად ცხოვ­რე­ბასა და ყოველდღიურობაში.

მაინც, რა უნდა ვიცოდეთ ინფორმაციასთან მიმართებაში? მედიაწიგნიერი ადამიანი ახერხებს : განსაზღვროს საჭირო ინფორმაციის მოცულობა; შეაფასოს საჭირო ინფორმაცია ეფექტურად; შეაფასოს ინფორმაცია და მისი წყაროები კრიტიკულად; გააერთიანოს შერჩეული ინფორმაცია საკუთარი ცოდნის ბაზაში; ეფექტიანად გამოიყენოს ინფორმაცია სპეციფიკური მიზნების მისაღწევად; გააცნობიეროს ინფორმაციის გამოყენების თანმდევი ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური საკითხები და ეთიკურად და სამართლიანად გამოიყენოს ინფორმაცია.

ამასთან, მედიაწიგნიერი ადამიანი სვამს კრიტიკულ და დამაზუსტებელ კითხვებს,  აანალიზებს ნაგულისხმევ ვარაუდებს, იცის, როდის და რამდენი ისაუბროს, რა  თქვას და როგორ თქვას, უფრთხილდება საკუთარ და სხვის დროს,  ამოწმებს და ადარებს  ინფორმაციის წყაროებს.

მოდურია, − ვთქვი წერილის დასაწყისში. თუმცა, იქვე გავიფიქრე, რომ მას სეზონურობა არ ემუქრება, რადგან ყოველდღიურად იხვეწება ინფორმაციის მიწოდების ხერხები და ინსტრუმენტები, იხვეწება ინფორმაციის ტექსტები და ქვეტექსტები,  დარწმუნების მეთოდები.

დღეს უკვე ქართულ ენაზეც უხვად გვაქვს წიგნები, გზამკვლევები, ტარდება ტრენინგებიც, რაც თავისთავად  დაგვეხმარება მედიაწიგნიერების რაობის  და მისი მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში, ასევე, სასწავლო პროცესში ამ უნარის უკეთ გამომუშავებაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვისწავლოთ,  ინფორმაციის კრიტიკული გააზრება და კითხვების სწორად დასმაა.

შეიძლება თქვათ, რომ   ეს ყველაფერი ვიცით, რომ უკვე მრავალჯერ ვისაუბრეთ ამის შესახებ.

ალბათ ასეცაა, თუმცა, როცა ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოების, მასწავლებლების, ჩვენი მოსწავლეების  საერთო სურათს გადავხედავთ, რომლის ერთ-ერთი  სარკე სოციალური ქსელია, უნებურად მიჩნდება კითხვა – სინამდვილეში ვიცით?

ასეა, ჯერ კითხვის სწორად  დასმა უნდა ვისწავლოთ, კითხვითი სიტყვები შევიყვაროთ და რაც მთავარია, მათი გამოყენება გავბედოთ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე, მაია ჯალიაშვილი, თამთა დოლიძე, თემურ სუყაშვილი,   ნათია უჩავა,   ირმა კახურაშვილი,  შორენა ტყეშელაშვილი, ქეთევან მიქაძე, ნასტასია არაბული, ცირა ბარბაქაძე.

 

ჟურნალის ჩამოწერა და წაკითხვა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი”#6

ტერმინოლოგია

0

როგორ აღვნიშნოთ ესა თუ ის სამეცნიერო ტერმინი? რა შესატყვისები მოვუძებნოთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიღწევას? რა მოვუხერხოთ ენაში შემოჭრილ ბარბარიზმებს? რა მივიჩნიოთ ნეოლოგიზმად? რომელი ტერმინი გაუძლებს დროს?

ამ აქტუალურ შეკითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ გვაქვს და, შეიძლება ითქვას, რომ დაკვირვებისა და კვლევის გარდამავალ პერიოდში ვართ.

ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ გაჩნდა და კვლავაც ჩნდება ახალი საკომუნიკაციო ენის შექმნის საჭიროება.

საინტერესოა, როგორ ყალიბდებოდა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია? რა „გაკვეთილები“ ვისწავლეთ ისტორიიდან? რა გამოცდილება შეიძლება გავიზიაროთ და რა ცოდნას დავეყრდნოთ?

ბლოგში წარმოგიდგენთ მცირე ისტორიულ ექსკურსს.

ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის მკვლევრის, როგნედა ღამბაშიძის აზრით, ქართული ტერმინების ისტორია სათავეს ქართული მწერლობის შექმნის დასაწყისიდანვე იღებს. მეათე-მეთორმეტე საუკუნეებში უკვე გვაქვს მეცნიერული ლექსიკის ქართულ ენაზე შექმნის მცდელობები. „ქართული ენის განვითარებამ ამ დროისთვის ისეთ დონეს მიაღწია, რომ მას შესწევდა უნარი გადმოეცა მაშინდელი განვითარებული აზროვნების თითქმის ყველა ნიუანსი“(როგნედა ღამბაშიძე, „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“, გვ.91). იმ პერიოდში შემოღებული და დამკვიდრებული არაერთი სიტყვა დღესაც ერთადერთია სამეცნიერო ლიტერატურაში.

გაინტერესებთ ეს სიტყვები?

არსი, არსება, არსებითი, მეტყველება, ბუნებათა მეტყუელება (დღევანდელი ბუნებისმეტყველება), სიბრძნის მეტყუელება, ძლიერება, გონება, გონიერება, გონიერი, ნივთი, ნივთიერი, სულიერი, ურთიერთობა, ჭეშმარიტება, შეზავება, სისრულე, სიმარტივე, სივრცე, უმეცრება, მეცნიერება, შუამდგომლობა, თანამზრახველობა, მხედველობა, ქმნადობა, ხორციელი, გულისხმა, შემოქმედებითი, თვითმპყრობელობა, რომელობა, რაოდენობა, ვარსკვლავთმრიცხველობა, თანამზრახველობა, მიმართება და ბევრი სხვა.

თუ დავაკვირდებით და გავიაზრებთ, დასახელებულთაგან უმრავლესობა დღესაც იმდროინდელი მნიშვნელობითაა გავრცელებული და ეს მოცემულობა მშვენიერი დასტურია იმისა, რომ ზუსტად, სწორად, ფრთხილად და მართებულად შერჩეული შესატყვისი ენაში ადგილს მყარად იმკვიდრებს.

შემდგომ საუკუნეებში ლექსიკოგრაფები, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და მთარგმნელები მცდელობას არ აკლებდნენ ლექსიკური მარაგის შევსებას.

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონმა, რომელსაც ვახტანგ მეექვსემ „სიტყვის კონა“ უწოდა (შეცდომით მიაჩნიათ, რომ ლექსიკონის სათაური ავტორისეულია), ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ენის გამდიდრების, ლექსიკური ფონდის შენარჩუნების საქმეში. საბას ლექსიკონის უბრალო გადაფურცვლაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, თუ რა სიფრთხილითა და ყურადღებით უდგებოდა საქმეს მწიგნობარი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ცნებათა უჩვეულო დეტალიზაციისა და მეცნიერული მიდგომის თვალსაზრისით დღესაც ძირითადი წყაროა სპეციალისტებისთვის.

აქ საგანგებოდ აღვნიშნავთ ილიას წვლილსაც. ცნობილია, რომ მას უნდა ვუმადლოდეთ ისეთი ტერმინების შემოღებასა და დამკვიდრებას, როგორიცაა – მიმართულება, ღირებულება, სინამდვილე, უარყოფა, უფლება, შინაარსი, თვალთახედვა, ნაფიცთა მსაჯულება და სხვა.

მწერლები და ლექსიკოგრაფები დაუღალავად აგროვებდნენ მასალებს, იკვლევდნენ დიალექტებს, ინახავდნენ სიტყვებს ხალხური მეტყველებიდან და იყენებდნენ, აღნუსხავდნენ თავიანთ წიგნებში, სახელმძღვანელოებსა და ლექსიკონებში. ასე ივსებოდა, მდიდრდებოდა დარგობრივი და სხვადასხვა მიმართულებით საჭირო, აუცილებელი ლექსიკა. მაგალითად, რაფიელ ერისთავის ხელნაწერ სალექსიკონო მასალაში უხვადაა ურმის, შენობის, დაკლული საქონლის ნაწილების სახელწოდებები, ადამიანთა ხმების სახელები, ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა სახელები. მანვე გადმოაქართულა და დაამკვიდრა ენაში ისეთი ტერმინები და სიტყვები, როგორიცაა: კონცხი, აფრა, ოწინარი, ბუნიობა, კუნძული, რუკა და ა.შ.

სიტყვა ჟანგბადი ქართველი ქიმიკოსის, ვასილ პეტრიაშვილის დამსახურებით გვაქვს. როგორც ცნობილია, 1870-იან წლებში რუსული სიტყვა „კისლოროდისთვის“ აღსანიშნად მჟავბადი იხმარებოდა. ვასილ პეტრიაშვილმა კი ეს სიტყვა ჟანგბადით ჩაანაცვლა.

მეცნიერული ტერმინოლოგიის საჭიროებისა და „გასაჭირის“ საკითხი მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე „დაგვიდგა“. მეცნიერების მრავალი სხვადასხვა დარგის განვითარებამ უამრავი ახალი შესატყვისის გაჩენის აუცილებლობა წარმოშვა.

ტერმინოლოგიის დადგენისა და შედგენისთვის საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მიერ 1920 წელს გამოიცა ტექნიკური ლექსიკონი. ამ წიგნში თავმოყრილი სიტყვები ნათელი მაგალითია იმისა, რომ სამეცნიერო ცნების შესატყვისის მოძიება მშობლიური ენის წიაღში, ერთი მხრივ, სავსებით შესაძლებელია და მეორე მხრივ, ზომიერების დაცვის გარეშე, გადამეტებულმა პურისტულმა დამოკიდებულებებმა ღიმილისმომგვრელ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ამ ლექსიკონში ნახავთ ისეთ სიტყვებს, რომელთა გარეშეც დღევანდელი სამეცნიერო ლექსიკა რთული წარმოსადგენია. ესენია: წნევა, დენი, სადენი, სინჯარა, ხრახნი, ხსნარი, წნეხი, წინაღობა, ნათურა, სანთურა, ძრავა, ბრჯენი, კუთრი, ბუდობი, მინარევი, მდგრადი, მართი კუთხე, მართობი, სამკაპი, საცხი, ჯვარედინი…

ამასთან, აქვე ნახავთ საერთაშორისო ტერმინთა გადმოქართულების წარუმატებელ მცდელობებს. მაგალითად, ბენზინი – ბანჭვინი, კანტორა – ანგარანი, დეპო – საყუდი, კომპლექტი – სავსი, მონოპოლია – ხოლოუფება, ტერმინი – სახელსახი, ინსტრუქცია – ხელსაძღვანო, კლასი – განწალი, რადიაცია – სხივარობა, სექცია – განწევრი, სპირტი – ძალარი, რეზერვუარი – მარაგა, ფოსფატები – ციცინადები, მოლეკულა – წიარა და ა.შ.

რა ვითარებაა დღეს?

ჰიპერკავშირი, კლავიატურა, თხევადკრისტალური, მეხსიერების ბარათი, რუთინგი, ტრაფიკი, ინტერფეისი, ქულერი, სვიჩი, დედაპლატა, ვიდეობარათი, ლეპტოპი, მენტორინგი, ჰეითსფიჩი, ბულინგი, დამუთვა, დაშეარება, ნიუსი, ელექტორატი, მარკეტი, კოტონი, დენტისტი, ტინეიჯერი, შოპინგი, ივენთი, არტი, ბრენდი, ფეშენი, დეველოპერი, სივი, სეტინგი, აპი, რესტარტი, სპამი, ენჯეო, ვორკშოპი, გაიდლაინი, კონტენტი, ნარატორი, უკუკავშირი, ფიდბექი, პიარი, თბოიზოლაცია, ფეიკი, ჩელენჯი, სტაფი, თიმი, ერორი… თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ მეტყველებასა და აქტიურ ლექსიკურ მარაგში ეს და სხვა უამრავი სიტყვაა დალექილი. ამათგან ზოგიერთი სესხების მაგალითია, ზოგი – ბარბარიზმის, ნაწილი დავიწყებას მიეცემა და ქართული შესატყვისებით ჩანაცვლდება, რამდენიმე კი აუცილებლად დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს ორთოგრაფიულ და განმარტებით ლექსიკონებში.

ზედაპირული დაკვირვების შედეგად ასეთი სურათი იხატება – სამეცნიერო-ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის გამოყენებისას ყველაზე ხშირად სესხება, კალკირება, ქართული სიტყვათწარმოების მცდელობები და აფიქსაცია (სიტყვის შესაქმნელად სიტყვის დასაწყისში, შუაში ან ბოლოს პრეფიქსის, ინფიქსისა და სუფიქსის დამატება) გვხვდება.

საინტერესოა, დღეს შემოღებული და ხმარებული სიტყვებიდან რომელი დაიმკვიდრებს ადგილს ენაში? რას დაწერენ 100 წლის შემდეგ ენის სპეციალისტები თავიანთ ბლოგებზე, ელექტრონულ ცნობარებსა თუ ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების იმდროინდელ საშუალებებში?

როგნედა ღამბაშიძის წიგნის ციფრული ვერსია იხ. აქ

გააციფრულა და „მცდარბეჭდილის საძმოს“ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ვახტანგ ელერდაშვილმა

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...